არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ირაკლი შამათავა

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ირაკლი შამათავა Empty
PostSubject: ირაკლი შამათავა   ირაკლი შამათავა EmptySun Sep 27, 2020 11:33 am

ირაკლი შამათავა Irakli14
Irakli Shamatava

ირაკლი შამათავა
მწერალი, იურისტი

დაიბადა 1987 წლის 14 ნოემბერს, ქალაქ გალში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრიატი 2011 წელს; კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა 2016წელს.

არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი. სამართლის აქტუალურ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო სტატია; მისი მოთხრობები იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში: "ცისკარი", "ქართული მწერლობა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა", "ალავერდობა", "მერანი", "ქართული სიტყვა". პროზაული ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენებზე). თარგმანები დაიბეჭდა "ცოცხალი წიგნების" ინგლისურენოვან ანთოლოგიაში, (2017-2018), ასევე მსოფლიო ხალხთა პროზაულ ანთოლოგიაში (2012-2014); ნაწერები განთავსებულია Lib.ge, Lit.ge-ზე და urakparaki.com-ზე. მისი მოთხრობა "კაენი და სახარება" თარგმნილია რუსულ და სომხურ ენებზე. რუსულ ენაზე თარგმნილი მოთხრობა შესულია მსოფლიო ხალხთა პროზაულ კრებულში; ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით, ლექტორი; არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტიპენდიანტი (2009); დაჯილდოებულია: სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „ალერდი“ (2011); გურამ რჩეულიშვილის პრემია (ორგზის) (2012-2013); წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის პრემია (2016); ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია (2016).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
* აფხაზეთის ლიტერატორთა და შემოქმედთა გაერთიანება, წევრი
* საავტორო უფლებათა ასოციაცია, წევრი
* საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია , წევრი
* საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
* 2012 - გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია - მინიატურისათვის "ბავშვობადაკარგული თაობა"
* 2012 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია - რომანისათვის "დემნა უფლისწული"
* 2010 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "მცირე პროზა", II პრემია - მოთხრობისათვის "კაენი და სახარება"

წიგნები
* გამშვები პუნქტი - თბ. გამომცემლობა ინტელექტი, გვ. 216 - ISBN 978-9941-31-063-8
* თბილისი - ძველი და ახალი = Tbilisi - old and new : ფოტოალბომი (რედაქტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 148გვ.. - ISBN: 9789941274183
* ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი "თბილისი" (2016) : კრებული (რედაქტორი). - თბილისი, 2016. - 278გვ.. - ISBN: 978-9941-0-8563-5
* ცხოვრება, როგორც სინამდვილეშია : ნოველები, წერილები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 193გვ.. - ISBN: 978-9941-22-288-7
* დემნა უფლისწულის აჯანყება ანუ უკანასკნელი ბაგრატიონის სისხლიანი ქრონიკა : ისტ. რომანი (ავტორი). - თბილისი, გლობალ-პრინტი+, 2011. - 192გვ.. - ISBN: 978-9941-0-3744-3
* ბავშვობადაკარგული თაობა : მოთხრობები, მინიატურები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2011. - 136გვ.. - ISBN: 978-9941-0-3350-6
* ოდიშის დიდი მთავარი [ლევან II დადიანი] : ისტორიული რომანი (ავტორი). - თბილისი, საარი, 2007. - 229გვ.. - ISBN: 978-9941-0-0119-2

ბმულები:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000709/
* https://intelekti.ge/author_ge.php?id=501
* https://www.facebook.com/i.shamatava/

Exclamation


ირაკლი შამათავა პროექტში „ავტორიTETE" / Irakli Shamatava Proektshi „ავტორიTETE"
• Mar 5, 2020

TSU Library

თსუ ბიბლიოთეკის პროექტი - ,,ავტორიTETE’’

ირაკლი შამათავა - მწერალი, იურისტი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მთავარი სპეციალისტი

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, ცნობილი ქართველი მწერლებისა და პოეტების ახალი გამოცემების ავტორისეულ წარდგენას მკითხველისათვის ვიდეოს სახით.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ირაკლი შამათავა Empty
PostSubject: Re: ირაკლი შამათავა   ირაკლი შამათავა EmptySun Sep 27, 2020 11:42 am

ირაკლი შამათავა 000010
გამშვები პუნქტი
ირაკლი შამათავა

ISBN:978-9941-31-063-8
კატეგორია:თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:216
ფორმატი:A5
ყდა:რბილი
ფასი:12.95

ირაკლი შამათავა აფხაზეთიდანაა. დევნილობა მისი სტატუსია, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ფორმა და ძალა აქვს. დევნილობა მისი შინაგანი მდგომარეობაცაა, გარესამყაროს მიმართ ემპირიული პოზიცია, რაც მის შემოქმედებით ენერგიად იქცა.
კრებულში თავმოყრილი მოთხრობები ამ დრამატული მდგომარეობის მხატვრული ანაბეჭდებია. ახალგაზრდა მწერალი „ბავშვობადაკარგული თაობის“ სახელით იხსენებს უახლესი წარსულის ყველა იმ ნიუანსს, რამაც არა მხოლოდ ამ თაობის, არამედ მთელი ქვეყნის სულიერ-სოციალური კრიზისი განაპირობა.
მუდმივი ომის რეჟიმში მყოფი ადამიანის თავგადასავალი, ფატალურ სიღრმეებთან ერთად ისეთ სინათლესაც გულისხმობს, რომელსაც სწორედ მწერლები ამჩნევენ და უყვებიან მკითხველს, როგორც ადამიანური შესაძლებლობების, გამძლეობის, სიყვარულის გადამდებ მაგალითებს.
ძალადობრივი სამყარო გლობალური ფონია, რომელზეც ირაკლი შამათავას მოთხრობების პერსონაჟები იძერწება. ამ ექსტრემალურ მოზაიკაში მტრისა და მოყვრის ცნებები ახალ განზომილებაში გადადის. აფხაზი და ქართველი იმ საერთო შინაარსის სათავესთან იკვეთება, სადაც ისტორია ყველაზე ზუსტი და შეუვალია. სწორედ ამ ერთიანობაზე მეტყველებს ის, რომ კრებული ორენოვანია – ქართული და აფხაზური. ეს მწერლის მკაფიო პოზიციაა. მისი შეტყობინებაა – ომს სიყვარული ამარცხებს.
ეს კი ასე ჟღერს - ქართულადაც და აფხაზურადაც.

(ნინო სადღობელაშვილის წინასიტყვაობიდან)


: @:


„ომს სიყვარული ამარცხებს!“ – ირაკლი შამათავა

„გამშვები პუნქტი“ – „ბავშვობადაკარგული“ მწერლის ქართულ-აფხაზური კრებული
26/09/2020


ირაკლი შამათავა აფხაზეთიდანაა. ხუთი წლის იყო, ქალაქ გალში მშობლიური სახლ-კარი იძულებით რომ დაატოვებინეს. ომისდროინდელი მოგონებები ფოტოფირივით წლობით აიკინძა ნიჭიერი მწერლის შემოქმედებაში და „ბავშვობადაკარგული თაობის“ შემდეგ მორიგი პროზაული კრებული – „გამშვები პუნქტი“ გამოსცა. ქართულ-აფხაზური წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა, მისი ძირითადი ხაზი ისევ აფხაზეთის ომია…


- ირაკლი, თქვენმა წიგნმა „გამშვები პუნქტი“ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ გამოცემიდან მოკლე დროში რამდენიმე ენაზეც კი ითარგმნა. როგორ ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა?

- წიგნი ნახევრად ავტობიოგრაფიულია და აფხაზეთის ომის რეალურ ამბებს ეფუძნება. „გამშვები პუნქტი“ ორად გაყოფილ საქართველოზეა, ენგურს გაღმა და გამოღმა დარჩენილ ქართველებზე… „წიგნში დენთის სუნი ტრიალებს, თუმცა ბევრს არ ისვრიან“. მთავარი გზავნილია: შევეშვათ გამოძიებას, თუ რომელმა მხარემ გამოჰკრა პირველად იარაღის სასხლეტს ხელი; რომ ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ სიყვარულით უნდა შევძლოთ. აფხაზისა და ქართველის საერთო შინაარსის სათავესთან იკვეთება ამბები, რომლებიც ისტორიის კუთვნილება ხდება. კრებულის ორენოვნებაც, ქართული და აფხაზური, შერიგების ერთგვარი მცდელობაა – ომს სიყვარული ამარცხებს.

როცა წიგნზე ვმუშაობდი, ჩემი მიზანი იყო „გამშვები პუნქტი“ აფხაზურად თარგმნილიყო და გადაელახა მავთულხლართები, ხელოვნური ბარიკადები… უკვე დღეს, წიგნს კითხულობენ გალში, გაგრაში, ოჩამჩირესა და სოხუმში.

- წიგნის გამოცემამდე თქვენც იმყოფებოდით აფხაზეთში. მოგვიყევით იქაური ამბები…

- აფხაზეთში ბოლოს ორი წლის წინ ვიყავი, როდესაც მამას ბიძაშვილი გარდაეცვალა. წასვლა ძალიან სარისკო იყო. ასეთ დროს ალტერნატივა ან მდინარის გადაცურვაა, ან ოფიციალური მიწვევა, რასაც არასდროს დავთანხმდები… მდინარე ადრეც არაერთხელ გადამილახავს. ენგური ომის მერე განსაკუთრებით შეუპოვარი გახდა…

რა გითხრათ? რთულია ომგამოვლილ სოფელზე და მონატრებულ ადამიანებზე მხატვრულად წერა! აფხაზეთში ჩასვლის დროს ერთმანეთში ირევა ტკივილი, სევდა, ბრაზი, სიხარული. საკუთარ სახლში სტუმრად ერთი დღით ჩასულს, რაღაცნაირი იმედით შემოგყურებენ… მე თითოეულ აფხაზეთელში დედაჩემის სევდიან თვალებს ვხედავ…

ვნახე გადამწვარი სოფელი, აქა-იქ გადარჩენილი ნასახლარები, ფარღალალა ღობეები, დაცარიელებული ბეღელ-ნალიები, წაქცეული გალავნები, ხიმინჯმორყეული ოდები… ყველგან ველური ლეღვი ხარობდა. მიუხედავად დაცარიელებული სახლებისა, თითქოს ადამიანური ხმები ჩამესმოდა… აყვავებულ მაგნოლიას და აკაციას ისევ ისეთი ბავშვობისდროინდელი სუნი აქვს, რომელსაც ხანგრძლივად დავატარებ თბილისშიც. მინდოდა ყველაფერი მეხსიერებაში ჩამრჩენოდა, ამიტომ არაერთი ფოტო გადავუღე იქაურობას და ოცდაოთხ საათში უკან დავბრუნდი. ჩემი წიგნის პრეზენტაციის დღეს კი, ეს ფოტომასალაც გამოვფინე, რომელიც სხვადასხვა სატელევიზიო არხზე უჩვენეს საზოგადოებას.

მით უმეტეს საინტერესოა, აფხაზეთთან მიმართებით რამდენად ამოწურეთ თქვენი სათქმელი?

ამ წიგნით სათქმელს ვერ ამოვწურავ, დასაწერი კიდევ ბევრი მაქვს. უპირველესად ის, რომ წიგნში ვერ შევიტანე საოჯახო პორტრეტები, ისტორიები, რომლებიც ასე მრავლად მაქვს…

- კონკრეტულად რაიმე ისტორიას ხომ არ გაიხსენებდით?

- დასაწერი მაქვს ბიძებზე, განსაკუთრებით მამის ძმის, ნიაზ შამათავას ისტორია, ვფიქრობ, უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ის 2010 წელს გარდაიცვალა. ომის დროს იარაღის ხელში აღება ვერ შეძლო, რადგან არ იცოდა, ვისთვის ესროლა. დარჩა ასე შუაგულ ომში… მერე კი მესაფლავე გახდა… „ცინკის“ კუბოებს ამზადებდა. უამრავი ადამიანი დაასაფლავა ისე, რომ არც ეროვნულობას კითხულობდა, არც მტრის ხატებას დაეძებდა. მარხავდა ყველა უპატრონო მიცვალებულს…

კიდევ იმ გმირ მამიდაზეც უნდა გიამბოთ, რომელმაც დევნილობის დროს სამოცდაათი ადამიანი მიიღო სტუმრად და რადგან ყველას სახლში ვერ დააბინავებდა, ამიტომ კარავი გაშალა. და ჰყავდა დევნილი სანათესაო ასე თვეობით, წლობით და ლუკმაპურს უნაწილებდა ყველას… იმ მამიდაზეც უნდა გიამბოთ, ფოთში საცხოვრებლად რომ მიგვიპატიჟა და პირველმა მასწავლა ქართულად წერა-კითხვა… კიდევ იმ გამზრდელ ბიცოლაზე მაქვს მოსაყოლი, რომელმაც კუთვნილი თანხით, ვიდრე თავად დააბინავებდა ქმარ-შვილს, ჩვენ გვიყიდა სახლი. როგორც მოგვიანებით ჰყვებოდა, ისეთი სევდა დაუნახავს მამაჩემის თვალებში, სხვაგვარად როგორ მოიქცეოდა… ეს ისტორიები ჯერ კიდევ ელოდება თავის მკითხველს და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავწერ.

- ძალზე ჰუმანური და სულშიჩამწვდომი ამბებია, ვფიქრობ, ამ მონათხრობის წაკითხვის შემდეგ მკითხველი კიდევ უფრო დიდი ინტერესით და მოუთმენლად დაელოდება თქვენს მორიგ ლიტერატურულ ნაწარმოებს ამ თემაზე.

- აფხაზეთის თემა ძალიან ფაქიზია, ახლაც ბეწვის ხიდზე გადის ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. იმის მიუხედავად, რომ 5 წლის ასაკში ოჯახთან ერთად იძულებით დაგვატოვებინეს სახლი, დღემდე უხილავი ძაფებით ვინარჩუნებ კავშირს ჩემს სახლთან, ეზოსთან, ახლობელ ადამიანებთან, ბიძებთან, ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან და მათ ოჯახებთან, რომლებიც იქ დამრჩნენ. ამიტომ შევცვალე „გამშვებ პუნქტში“ გეოგრაფიული არეალები, პერსონაჟთა სახელები და წიგნში შემავალ ექვსივე მოთხრობაში მოვყევი ის ისტორიები, რაც სხვადასხვა წლებში შემეხო მე და სხვა ბავშვობადაკარგულ თაობას…

დევნილობის ჯაჭვი მთელი ცხოვრება მომყვება და ეს ჯაჭვი ისეთი გრძელია, ისეთი გაუსაძლისი, რომ… თითქოს ყველგან მხვდებოდა: სკოლის ჟურნალში, მეგობრობის დღიურში, საკლასო ოთახში, ექსკურსიებზე… დღემდე ასეა. აგერ, 27 წელი გავიდა, რაც სოხუმი დაეცა, ჩვენ კი შავიზღვისპირეთში, ქალაქ ფოთში დავსახლდით; ახლაც რომ ჩახვიდეთ ქალაქში და იკითხოთ ირაკლი შამათავა, გეტყვიან: „ააა, იის? დევნილი ბიჭი? მწერალი რომ გახდა?“ – თითქოს ამ „განაჩენს“ მარტო შინდაბრუნება თუ გააქარწყლებდა, მაგრამ ვართ ასე მოლოდინში… გადის დღეები, თვეები, წლები… დაბრუნებას კი ძალიან დაუგვიანდა…

- თქვენ, როგორც მწერალი და ხშირ შემთხვევაში მთხრობელ-პერსონაჟი, როდის გრძნობთ ყველაზე მტკივნეულად ოკუპაციის ძალას?

- ორი თვის წინ მამიდა გარდამეცვალა სოფელ მზიურში. დაკრძალვამდე მაინც იმედი მქონდა, რომ როგორღაც შევაღწევდი აფხაზეთში, მაგრამ გავცუდდი. ჰოდა, ენგურს გამოღმა განაჩენგამოტანილ დებთან, ფეხმოკვეთილ ბიძასთან და სანათესაოსთან ერთად ვიდექი (ცხოვრება დევნილობის ჯაჭვს ხანდახან ჭირისუფალთა რიგებითაც ანაცვლებს). მამიდის ცხედრიდან ათიოდე კილომეტრი გვაშორებდა და ასე ვცდილობდით ხმის მიწვდენას. წარმოიდგინეთ, ყველაზე ახლოს ხარ მიცვალებულთან და, ამავდროულად, ყველაზე დიდი ბარიკადია შენ თვალწინ აღმართული! სწორედ ამ დროს ხვდები, როგორია ოკუპაციის ძალა და რამდენად მტკივნეულიც! სიკვდილზე ფიქრი არაფერია, უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ ასე მოკლე მანძილი გაშორებს და ვერა და ვერ ჩასულხარ. არ ვიცი, როგორ გინდა ატარო ეს სევდა მთელი ცხოვრების მანძილზე… თან ეს ხომ არაა პირველი შემთხვევა? …და გავაკეთე მომავალი წიგნისთვის მინიმალისტური ჩანაწერი: „დგას ტკივილისგან დაკრუნჩხული სანათესაო ენგურს გამოღმა და ვიყურებით საათზე, ყოფიერების აუტანელ მრიცხველზე. ცოტაც და – დასრულდება ყველაფერი, რასაც ჰქონდა თუ არ ჰქონდა აქამდე აზრი! მორჩა! არავინ ხარ, საერთოდ არავინ! ჯვალოს ტომარა უფრო ახერხებს აფხაზეთში გადასვლას, ვიდრე მე და ენგურსგამოღმა დარჩენილი სანათესაო!.. დრო უფრო და უფრო მოკლდება. ვგრძნობ, მზის ჩასვლამდე მიაყრიან მამიდას იმ მიწას, რომელთან განშორება ერთი დღეც არ მოისურვა…“

კადრ(ებ)ივით ცოცხლდება მოგონებები… 1993 წელი… მამიდა ნაღმზე აფეთქდა და ცალი ფეხი დაკარგა. გაგანია ომის დროს ცოტა ხნით ფოთში, ჩვენთან შეაფარა თავი, მაგრამ ვერ გაძლო. შვილებსაც ჩააკითხა უცხოეთში, – სცადა ეცხოვრა, მაგრამ რა მისი ბრალი იყო, რომ ვერ იგუა იქაური კლიმატი და მიხვდა, ბედნიერება მხოლოდ აფხაზეთში ელოდა. დაე, ეგუგუნა ქვემეხებსა და ტყვიებს მთელი 27 წელი. დაე, ევლო სახლის წინ ტანკებს და რუსულ სამხედრო ტექნიკას. თუნდაც ეცხოვრა შიშსა და სტრესში! მაინც ასე აჯობებდა. ძვირფასი მეუღლის, დედ-მამის, და-ძმის საფლავების სიახლოვეს მაინც იქნებოდა… ყველაფერს (მათ შორის, უცხოობაში უზრუნველ ცხოვრებას) არჩია მარტოობა და საკუთარ სახლში სიკვდილი… ასეთი რამ მხოლოდ გმირ ქალებს შეუძლიათ, რომლებიც გვაძლევენ მომავლის რწმენას, რომ მაინც დავბრუნდებით!.. გრძნობ, ბევრი რამის თქმა გინდა კიდევ, მაგრამ ამისთვისაც არ გყოფნის ძალა და ილაჯწართმეული ისევ რჩები ტკივილის პირისპირ. ეძებ გზას, რომ განაგრძნო ყელზე სამართებელივით მობჯენილი უაფხაზეთო ცხოვრება…

- და ცხოვრების ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს ლიტერატურულ-სამწერლობო ასპარეზზე, სამომავლოდ რას აპირებთ და, საერთოდაც, გვიამბეთ, როგორ დაიწყეთ წერა?

- ამჯერად, მწერალ ინა არჩუაშვილის რედაქტორობით, გამოვცემ მორიგ კრებულს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართველი მწერლების მაღალმხატვრულ პროზაულ ტექსტებს აფხაზეთის ომზე. ეს ისეთი უიშვიათესი გამოცემა იქნება, რომ ვისურვებდი წიგნს ემოგზაურა როგორც აფხაზეთში, ისე მთელი მსოფლიოს გარშემო…

ლიტერატურულ დებიუტს რაც შეეხება, თავიდან ლექსებს ვწერდი, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ ამბის ჩემეული თხრობა პოეზიაზე მეტად პროზაში გამომდიოდა. ჰოდა, შევწყვიტე ლექსების წერა! გაჩერებაზე მაგარი რამე არ არსებობს სამყაროში. როცა რაღაც არ გამოგდის ან ცუდ ხარისხში აკეთებ, უნდა შეეშვა ამ საქმეს. ეს მარტო ლიტერატურას კი არა, ყველაფერს შეეხება. ბავშვობაში თითქმის ყველა სპორტი გამოვიცვალე, ცხვირის გატეხა გახდა საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ჩემგან მოკრივე არ გამოვიდოდა; ფეხბურთზე სირბილი რომ დამეზარა, სულ რაღაც ერთ კვირაში მივხვდი, მეტისმეტად ადრე მოვიდა ჩემში დაღლა და ასე წარმატებას ვერ მივაღწევდი. როცა დეკემბერში ნიჩბოსანთა კლუბში პროფესიონალი კანოისტივით შევიჭერი მდინარე კაპარჭინაზე, ისე რომ ნავის ტექნიკური მონაცემები არ შევამოწმე და კანოე შუა წყალში დამეძირა, გარდა იმისა, რომ ფილტვების ანთება ავიკიდე, მივხვდი, სპორტი საჩემო საქმე არ იყო… რაც უფრო დროულად ამოწურავს ადამიანი თავის „ექსპერიმენტებს“, მით მალე იპოვის თავის ეგოს სამყაროში. ეს ამბები ცოტა განსხვავებულად, მაგრამ მაინც მოვყევი მოთხრობაში „სახლიდან გაქცეულის დღიურები“, რომელიც შესულია წიგნში „გამშვები პუნქტი“.
თუმცა მაინც მგონია, რომ ჯერაც ძიების პროცესში ვარ. რაც მეტს ვცდილობ, მით მეტი მინდება. ადამიანურია ესეც. ალბათ, ერთხელაც ხმაურით დავიღლები და შესაძლოა ყველაზე კარგი ნაწარმოები იმ დაღლის დროს შევქმნა… რაც ყველაზე ძლიერ მომინდა 32 წლის ასაკში, ეს წყნარად ცხოვრებაა. იქნებ ამიტომაც, აჯობებს ვისწავლო კინემატოგრაფია, ფოტოგრაფია… შევიძინო ერთი ფოტო-ვიდეოაპარატი და დავიწყო ცხოვრების კადრების აკინძვა. უმრავლესობა ფოტოკადრს შავ-თეთრად გადავიღებდი, იშვიათ შემთხვევაში ფერადსაც გამოვურევდი. ფილმად გიამბობდით აფხაზეთის ომში დაბერებულ, დანაოჭებულ თაობებზე, მოხუცებზე და ბედსშეგუებულ ახალგაზრდობაზე…

- მანამდე, თუ არ ვცდები, „გამშვები პუნქტი“ საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვრცელდება და ემიგრანტებს აქვთ მისი წაკითხვის შესაძლებლობა… რას ეტყოდით მათ?

- დიახ, წიგნი გამოცემისთანავე მცირე ტირაჟით გავრცელდა საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში. გარდა ამისა, ელექტრონული ვერსია განთავსებულია saba.com-ზე, სადაც ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია წიგნის ელექტრონულად შეძენა და წაკითხვა. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ევროპიდან მომდის წიგნზე შთაბეჭდილებები და ეს ისეთ სიხარულს მანიჭებს, რომ აღწერაც გამიჭირდება.

ემიგრანტობა უდიდესი სევდაა, მით უფრო, რომ აფხაზეთის ომის მერე ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა უცხოობაში გადახვეწილიყო. ისინი შორს არიან ოჯახებისგან, მეგობრებისგან, საფლავებისგან… სწორედ ამიტომ, მე მათაც გმირებად მივიჩნევ, რადგან ოთხმოცდაათიანებში შეძლეს გადარჩენა, ფეხზე წამოდგომა და ხელახალი ცხოვრების დაწყება. რომ არა მათი ეს ხასიათი, ბავშვობადაკარგულობიდან ცხოვრებადაკარგულებად იქცეოდნენ.

აქვე გეტყვით, რომ მე, როგორც დევნილს, მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში მომიწია ცხოვრება, სახლი მაინც ერთი მაქვს. მართალია, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის მე არ მეკუთვნის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ადამიანი არის მეხსიერება, რომელშიც ინახება მხოლოდ ის მასალა, რომელიც ძვირფასია. ჩემი საკუთრება კი, რამდენჯერაც არ უნდა დამიწვან სახლი და რამდენჯერაც არ უნდა გამომხიზნონ, მაინც სოფელ რეფი-შეშელეთშია. სხვათა შორის, დიდი ილია ვეკუას სოფელია ეს შეშელეთი და მისი მუზეუმი რომ გაძარცულია, ამით ორმაგად ვხვდები ომის ნეგატიურ შედეგს.

- დაბოლოს, წელს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 27 წელი სრულდება – თქვენი სათქმელი…

შინ დავბრუნდებით!.. თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ჯერ ერთმანეთი გვყავს დასაბრუნებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მიწა, ყველა გეოგრაფიული არეალი თავის მნიშვნელობას (და)კარგავს.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი


ბმული:
* https://nostal.ge/2020/09/26/oms-siyvaruli-amarcxe/?fbclid=IwAR3G92_Ej4XRvYwudaJM0ax3KWn3xlI4erTtS2GObQblxJuHTYclrTLrfKM


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ირაკლი შამათავა Empty
PostSubject: Re: ირაკლი შამათავა   ირაკლი შამათავა EmptySun Sep 27, 2020 11:53 am

ირაკლი შამათავა

გამშვები პუნქტი

1992 წლის შემოდგომაა... სულ რაღაც ხუთი წლის ვარ. ამ ასაკში შეუძლებელია ყველაფრის ზედმიწევნით გახსენება! ერთადერთი, რაც კარგად მახსოვს საყვირის ხმაა და ბუნდოვნად გარჩეული სიტყვები - სწრაფად დატოვეთ სოფელი, ომია და მტერი გვიახლოვდება... არაფრით მესმოდა ვინ მოგვსდევდა და ვერც ის წარმომედგინა, ჩვენს კეთილშობილ და სტუმართმოყვარე ოჯახს რანაირად შეიძლებოდა ავისმოსურნე ჰყოლოდა! სხვათა შორის, ეს „ხმა“ დღემდე მომსდევს და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სულ სადღაც გავრბივარ, მას მერე ხომ ადგილუპოვნელი გავხდი.
ომის წყალობით, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პირველი ხელოვნური საზღვარი გაჩნდა - ბარიკადები ენგურის ხიდთან, რომელმაც ჩახერგა მშვიდობიანი ურთიერთობა და განსხვავებული პულსაციით ააძგერა მოძმე ერის გულები. დღეს, მემატიანე ხიდი გახდა შინდასაბრუნებელთა გზამკვლევი და რუკის ფუნქციის მატარებელი.
მდინარე ენგურს გამოღმა, სოფელ რუხთან დავრჩით სრულიად უქონლები. რაც ომის ქარცეცხლს გადაურჩა, [ვგულისხმობ წვრილმან საყოფაცხოვრებო ნივთებს] ისიც მხედრიონლებმა წაგვართვეს. თითქოს „მავთულხლართების ქალაქს“, გამოვექეცით, მაგრამ არანაკლები ბარიერები აღიმართა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სამაგიეროდ, ჭირიც მარგებელიაო რომ იტყვიან, გაძარცულებმა და უსახლკაროებმა ერთი რამ მოვიპოვეთ, - დევნილის სტატუსი, (ისიც, თუ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა არ განმარტა, დღემდე ვერ გაემიჯნა ლტოლვილისას).
სტატუსზე გამახსენდა, იმ რთულ წლებში, ერთი ბუზღუნა ქალი გადაეკიდა დედას: - განა კმაყოფილი არ ხართ? ომმა ბაღებისა და სასტუმროების პრივატიზების შესაძლებლობა მოგცათო, რაზეც დედა აუღელვებლად პასუხობდა: - კმაყოფილება და უკმაყოფილება ცხოვრების მონაპოვარია. პირველს ხასიათი და მდგომარეობა განაპირობებს, უკანასკნელს - უქონლობა. ოცდაათი წლის ასაკში, ზღვა ადამიანური დანაკარგის ფონზე, ხელახლა ვიწყებთ ცხოვრებას, შენ კი ნუგეშის ნაცვლად... ბაბილონურ ენებზე მოსაუბრე ქალებს ვგავართ ჩვენ, არ გვესმის ერთმანეთის გაჭირვების და არც ღირს წყენამ მოწამლოს მეზობლური ურთიერთობაო.
ასე დაიწყო მომთაბარეობა, ჩემოდნით წანწალი სოფლიდან – სოფელში, ქალაქიდან – ქალაქში. გაქცევა სახლებიდან, მერე საკუთარი თავებიდან, საბოლოო განაჩენი - უმისამართო მოგზაურობა. არ გვქონდა კომპასი, არც გეზი უსწავლებია ვინმეს. ავადსახსენებელ წლებში, განა ვინმეს შეეძლო მეგზურობა. მაინც რაღაცნაირად გადავრჩით!.. დაგვფერფლეს და ისევ ფენიქსივით აღვსდექით. როგორც მოკვდავებს, უამრავი რამ დაგვჭირდა, არა ფუფუნებისთვის, არამედ საარსებოდ, თავის გასატანად! ბავშვური ქვეცნობიერი ვერ იგებდა, რატომ ვიწექით იატაკზე, რა იქნა სათამაშოები და რას ნიშნავდა ასე ყოველ წუთში ნათქვამი სიტყვა უსახლკარობა. არც ის მესმოდა, თაკარა სიცხეში ან წვიმაში რატომ ვიდექით პურის, ნავთის, ჰუმანიტარული დახმარების თუ ათასი რამის რიგებში. არც ის მესმოდა, სკოლაში შესვლის პირველივე დღეს რატომ მეუბნებოდა თანაკლასელი: - ომი იმიტომ მოხდა, ქართული ენა რომ დაივიწყეთ და სათანადო პატივი არ ეცითო!.. (კლასელის სიძულვილის ენაზე მხრებს ვიჩეჩავდი, რა პასუხი უნდა მქონოდა).
ოთხმოცდაათიანების საქართველოში უცებ გავიაზრე ბავშვობადაკარგულობა და ცეცხლს გადარჩენილი ფოტომატიანეთი შევეცადე აღმედგინა ენგურზე ცურვის (ნაადრევად) დაუფლება, თევზაობა, საპოვნელას, ნიშხანიშხას, კლასობანას, ომობანას და ორდროშობანას თამაში. გამახსენდა, დიდედას ვებერთელა ეზოში, როგორ ვიკრიბებოდით ბიძაშვილები და მშვენიერ სოფიას გვირილებით ვუმტკიცებდით სიყვარულს. წლების მერე, გვირილის ყოველ შეხებაზე „მიყვარვარ, არმიყვარვარ“ ჩანაცვლდა - „დავბრუნდებით, არდავბრუნდებით“.
გადარჩენისთვის საჭირო იყო ერთმანეთის ხათრით და ჯიბრით ცხოვრება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ნახათრალ-ნაჯიბრალმა სიცოცხლემ არ გაამართლა და მთავარი კომპონენტი - სიყვარული გამოგვრჩა. მივხვდი იმასაც, რომ ცხოვრება საოცრად ჰგავდა შავ-თეთრ გამოსახულებიან გაბღენძილ ტელევიზორში ნაჩვენებ მოკლემეტრაჟიან ფილმს და იგი სულაც არ იყო ველოსიპედის ტარებასავით მარტივი... რომ ქრისტიანის ოჯახში დაბადებული კაცი, ჯვარს იმისთვის არ ვატარებდი, რწმენა სა(ყოველ)თაოდ აღიარებული [მოდური] არ იყო. სააღდგომო კვერცხი, ასოციაციით, ნებისმიერი ფერი შეიძლებოდა ყოფილიყო, გარდა წითლისა!.. რომ არ შეგვეძლო გვქონდა ჩვეულებრივი, ტრადიციული აღდგომა და მუდამ ვეძიებდით მისტიკურ ჯვარცმას.
ისეთი განცდა მაქვს, ლარნაკში გამხმარ ყვავილს რომ შეიძლება დაეუფლოს. ომისდროინდელ ჭრილობას ვერ ვშველი, თორემ უბრალო ქრისტესისხლათი იარა მრავალგზის მომირჩენია... ქვიჯაში დანაყულ ნიორივით ვარ! ვცდილობ ტკივილის მხატვრულად მოგერიება ვისწავლო და მას ყოველ ჯერზე ინდივიდუალური თერაპიით ვუბრუნდები!.. შემდოგომის სუსხში, უტანსაცმლოდ დარჩენილ მოზარდს, არაფრით მეჯერა, რომ ომის კადრების პარალელურად სხვა ცხოვრებაც არსებობდა... რომ ადამიანები იარაღის სასხლეტზე მხოლოდ თითის გამოკვრით კი არ ერთობოდნენ, ან ხელოვნური საზღვრების დაკანონებით, არამედ - სხვა უფრო ზეაღმატებულზე ფიქრითაც. რომ მიუხედავად პურის რიგებისა, ლამფის დაუვიწყარი სუნისა თუ მეზობლისგან ნასესხები ხახვის ან ღერღილის ფქვილისა, გაცილებით ერთმუშტადშეკრულნი ვიყავით... ჭირიც საერთო იყო და ლხინიც საზიარო, ომისას დარდის მოკავშირენი გავხდით, შევიქმენით ხელოვნური იმედი და გათითოკაცებით ცხოვრებაზე ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვით. [სხვათა შორის, ეს ერთობაც ომმა გვასწავლა და იმაზე შიშმა, სახვალიოდ ბევრად მეტი არ დაგვეკარგა. ბავშვობადაკარგულობის მერე დიდი ალბათობით, - ცხოვრებადაკარგულიც შეიძლებოდა გავმხდარიყავი].
ომმა სამწუხარო ჭეშმარიტება დაგვანახა. ხელის ერთი მოსმით გაგვიქრო ქართულ-აფხაზური, ათასწლეულობით შესისხლხორცებული იდილია. გაუკაცრიელდა კარ-მიდამო, ხოლო მარანს, სადაც უწინ ვაზის ნაჟურს ვღვრიდით, მორიელები შეესივნენ. ისლით დახურულ ოდას საბუხრე მოერღვა; დაცარიელდა ნალიაცა და ბეღელიც. თავლაში ნაკელი გახმა და არც მსხვილფეხა საქონლის აბღავლება ისმის, საღამო ხანს სახლის კართან მომდგართ რომ სჩვეოდათ. ჭამდე მისასვლელი ბილიკი ეკალ-ბარდებით დაიფარა. ქანდარაზე გადმომდგარი მოკუნტული ქათმების ადგილას ყვავებმა იწყეს ბოინი და ყრანტალით აიკლეს იქაურობა. თურმე ისეთი ამაზრზენი სანახავია სოფელი, რომ ძველებურად შიში მიპყრობს, ზუსტად ისე, მეხის გავარდნისას რომ მეუფლებოდა და აფორიაქებული კარადაში ვიყუჟებოდი, ვიდრე გრუხუნის ხმა არ მინავლდებოდა.
ასე გაიქცა წლები. ჩვენ, ბავშვობადაკარგულები, გავიზარდეთ, ცხოვრების გზა გავისიგრძეგანეთ და აწ უკვე დიდ ბავშვებს შანელის ფერებით კი არ გვსურს სამყაროს აღქმა, არამედ სხვა უფრო მხიარული კოლერით. ფერი, სადაც არ არის შავი და თეთრი... ფერი, რომელშიც ყოველივე არ მეწამულისფერდება, არამედ მანათობელ მზესავით ხასხასაა!
ყველა ალიონზე ის განცდა მაქვს, ჰა და ჰა, საცაა აფხაზეთის მთებიდან ამოიწვერება მზე და ბოლოს თავს ისევ ზღვისპირეთში დაიხრჩობს. იქ, სადაც სამყარო ყველაზე იდუმალი და რომანტიკულია. „დაკარგული სამოთხის“ მაძიებელი მარტო ჯონ მილტონი კი არა, ყველა ოთხმოცდაათიანელია!..
არ მინდა მახსოვდეს ომის სისასტიკე, მაგრამ არც დავიწყება მინდა. რადგან ომის პარალელურად, მახსენდება ჟამთააღმწერელი ნაძვის ხე, რომელიც სულ ერთი ციდა დავტოვე და გიგანტურად გაზრდილი დამხვდა. მახსენდება მამის დაპირება, ერთად მოვრთოთ საახალწლოდო და შენ ყველაზე გასაოცარი ნაძვი გექნებაო… მახსენდება მეზობლისგან გამოგზავნილი ფოტო, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ჩემს ბუნდოვან მეხსიერებაში შემორჩენილ სახლთან... მახსენდება აწგარდაცვლილი ბიძის აღტაცებული თხრობა: - საოცრად იწვოდა სოფელი და ათას ფერებში ინაცრებოდა იქაურობა, დამუნჯებული კაცი კი ვცდილობი მიმეღო ყოველივე ისე, როგორც ბედისწერის საჩუქარი... მახსოვს ენგურს გამოღმა დარჩენილი ბავშვი, ღამის სიზმრებში, როგორ ვმოგზაურობდი ენგურს გაღმით. ვეძებდი ბავშვობისდროინდელ სურნელს, რეჰანისა და პიტნის მძაფრ სუნს, ყოველ ზაფხულს ბოსტნიდან რომ ამოდიოდა.
კიდევ ერთი ძალიან თბილი სუნი მახსოვს, ბებიაჩემის კალთის სურნელი, სულ პატარა რომ ჩავკიდებდი ხელს და მთელი ძალით ვებღაუჭებოდი. ამ სურნელს მე ჩაჭიდების და განუყრელობის სურნელი დავარქვი... ეს სურნელი სამუდამოდ აფხაზეთში დარჩა, ომის დროსაც და მერეც, - როგორც წმინდა რელიკვია... ის სამუდამოდ იქ განისვენებს.
რაც ფრაგმენტულად მახსოვს და ბუნდოვნად, ნელ-ნელა ისიც ქრება. მე მინდა ისე ძლიერ მახსოვდეს, რომ ეს მეხსიერება გადავცე ჩემს შვილებს, მათ კიდევ თავიანთ შვილებს, კავშირი იყოს მარადიული და უწყვეტი... მანამ, სანამ განსხვავებული პულსაციით აძგერებული გულები კვლავ არ შეერთდება და ხელოვნური საზღვრები არ მოირღვევა.
მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია, ქრონიკული დევნილობით დაღლილებმა ერთმანეთისთვის ვილოცოთ, შევწყვიტოთ კონფლიქტი არაფრის გამო და ღმერთს შევთხოვოთ, - სამუდამოდ შეწყდეს მავთულხლართობანა...



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ირაკლი შამათავა Empty
PostSubject: Re: ირაკლი შამათავა   ირაკლი შამათავა EmptySun Sep 27, 2020 2:47 pm

ირაკლი შამათავა

(პილა)ტე

ხის ფარდულთან, სოფლის განაპირა მხარეს, მოხუც პილას მოვკარი თვალი. დამწუხრებული და სევდიანი მეჩვენა, ჰქონდა კიდეც საამისო მიზეზი.
სამი თვის წინ, ხანგრძლივი სნეულების შემდეგ, მეუღლე გარდაეცვალა. სიკვდილი უცხო არ ყოფილა ბერიკაცის ცხოვრებაში. ამბობდა კიდეც: როგორ ვიტრაბახო, თუმცა ფაქტია, სიკვდილის გამზრდელადაც გამოვდექიო.
აფხაზური ტრადიციით, ჯვრისწერის დღეს, პილამ ცოლს სახელი გადაარქვა –პელაგია უწოდა. მას შემდეგ, ქალისთვის ნამდვილი სახელით არავის მიუმართავს.
ღვთისნიერი ქალი არ ეთანხმებოდა ხატზე გადაცემის რიტუალს. სახლში მხოლოდ ამ ტრადიციის გამო კამათობდნენ. „გინოჩამა“ ყოველ ჟაშხა [კვირა] დღეს იმართებოდა.
– წყევლას „გითოხვამა“ მირჩევნია, – იტყოდა პილა. – მაგრამ ათასწლეულის ტრადიციას როგორ განვუდგე, წინაპართა ანდერძი რანაირად დავივიწყო ხალხს!
ოჯახი უშვილობას უჩიოდა და ამის გამო ბედიაში დადიოდნენ, ილორის ყოვლისშემძლე წმინდა გიორგის ხატის მოსალოცად...
მახსოვს, ერთხელ ჩემი თანდასწრებით მეზობელმა ცნობისმოყვარედ ჰკითხა პელაგიას, ბერწი რომელია თქვენ შორისო, რაზეც უპასუხა: ღირსება დუმილშიაო და არა ამბის საქვეყნოდ მოყოლაში!..
დაზამთრებამდე, ტყის საჭრელად წასვლა სჩვეოდა პილას. მკაცრი და სუსხიანი ზამთარი არ იცოდა აფხაზეთში, თუმცა ნაბადს მუდამ ატარებდა და ხის ჭრით დაღლილი, უამინდობის დროს საწვიმარში გაეხვეოდა.
მთელი დღის დაღლილ პილას, ძილბურანში, ტირილის ხმა ჩაესმა. თავდაპირველად ხმა კატის კნავილს მიამსგავსა, მერე მგლის ყმუილს და ბოლოს ქარის ზუზუნს. ექოს ხან მდინარის აღმა სდია, ხან – დაღმა... ხედავს, ხუთი-ექვსი წლის ბიჭი ბალახს ჭამს. უმწეოდ დარჩენილი ბიჭუნა საშინლად გამოიყურებოდა.
პილა ეცადა გაველურებულ ბიჭს გამოლაპარაკებოდა, მაგრამ ხელიდან უსხლტებოდა. [ლაპარაკიც არ შეეძლო და ყრუ ხმებს გამოსცემდა]. ბოლოს, როგორც იქნა, დაიყოლია და სახლში წაიყვანა...
– ასე უპატრონო ბავშვის სახლში მოყვანა სად გაგონილა, პილა. – უსაყვედურა პელაგიამ. – იქნებ ოჯახს გაეპარა, გზა-კვალი აერია და შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს ბიჭი.
– წმინდა გიორგის საჩუქარია, - სახელიც გიორგი დავარქვი!..
– ნივთს რომ ყიდულობენ, წარმომავლობას ადგენენ. ხრუსტალი ჩეხურია სანაქებო, ვაზის ჯიშებში ჩვენთან ავასირხვა, აჩკიკიჟი და ხაფშირაა გამორჩეული. რაც არ უნდა მოინდომო ცოლიკაურის ან ხვანჭკარას მოყვანა, კლიმატი და ნიადაგი არაა ჩვენთან შესაფერისი და ბუნებრივ თვისებებს კარგავს... ძროხასაც რომ ყიდულობენ, ჯიშს და წარმომავლობას იკვლევენ!..

...
პელაგიას დაკრძალვის დღიდან, პილა შავებით შემოსეს. თან დააჯერეს, შავი გლოვის კი არა, პატივისცემის ნიშანია, მიცვალებულთა პატივგება - ცოცხალთა უპირატესობაო!..
მრავალწლოვან ნაძვის ჩრდილებს ეფარებოდა. მზე არც კი ათბობდა, მოხუციც შეგნებულად არ ცდილობდა ნაოჭიანი სხეულის გათბობას. ნაღვლობდა ახალგაზრდული სისხლი რომ გაეყინა და სხეული ცოცხლად გაეხრწნა. - „ესეც სიბერის ძღვენი“, - გაიფიქრა პილამ. ღრმა მწუხარების ფონზე ირეკლებოდა მოხუცის უბედური პირსახე და ტუჩის ცმაცუნით ამბობდა: არსებობენ ისეთნიც, რომელთაც ბედი არასდროს სწყალობთ.
ცოტა ხნით ბაღში განმარტოვდა. მოგონებებმა შეაწუხა და სასაფლაოზე წასვლა მოუნდა. მინდვრის ყვავილები დაკრიფა. „არ ივარგებსო“, - გაიფიქრა და მეტისმეტი სიფერმკრთალისთვის დაიწუნა. ყვავილებით მოვაჭრე მეზობლისგან მიხაკების ყიდვა გადაწყვიტა. ბარბაცით შევიდა საძინებელში. კარადა გამოაღო, საიდანაც ძველმანი, თუნუქშემოცრეცილი ზარდახშა ამოიღო. გულმოდგინედ ჩაიხედა და... გაქურდვით შეცბუნებულმა გიორგის დაუძახა:
– დასანანია, თუ ქურდობა თანდაყოლილ თვისებად გექცა. ასაკი ადამიანს მარტო კი არ აბერებს, მეხსიერებას უფანტავს. მაგრამ... ისეთი სიბერე არ მარგუნა განგებამ, გონება ამრეოდა და თვალისჩინი დამკარგვოდა.
– სამართალი ღვთისა, განჩინება ჭეშმარიტებისა! – წინადადების დასრულება არ აცალა მამას და მოხუცს წინაპართა სალოცავებისკენ უბიძგა.
– მაშ, შენ არ მოგიპარავს? – გიორგის უცოდველობა სახეზე აღბეჭდვოდა და ამით გათამამებულმა პილამ მხიარულად მოიმარჯვა კელაპტარი... ასანთს ვერ ხმარობდა, ამიტომ კაჟის ქვის ხახუნით გააჩინა ცეცხლი.
მაგიდაზე ხატები ელაგა. ზოგადად, ხატს მოწიწებით კედელზე ჰკიდებენ და რა დასანანია, რომ დალურსმულ ადგილას არ აღმოჩნდა მათთვის ადგილი.
...სამართალი ცხენთა მპარველისა, საქონლის მიმტაცებლისა, ავაზაკისა და გვარების სქოლიო გადმოშლილიყო. მოხუც პილას ხატის დახმარებით სიმართლის გამოაშკარავებას თხოვდნენ. ადამიანთა ბედნიერებასა და უბედურებაზე ისე აბანინებდნენ ხელს, როგორც პილატეს, ამიტომ შემოკლებით პილა დაარქვეს.
მოდიოდნენ მასთან ქვრივები, მარტოხელები, ჭირისუფლები, მეგობარ-ნათესავები, უცნობნი თუ საპატივცემლო სტუმრები. – პილა, ღვთის მადლმა, უნდა მისაშველო როგორმეო. პილა ასე და პილა ისეო...
ცერემონიაც ერთიანად გასაოცარი იყო. პილა აიღებდა რკინის თეფშებს, სასწორს, – მერე რკინაზე დაჰკრავდა ჩაქუჩს და იტყოდა:
– უწიოს წყევლამ ყოველთა წმინდანთა და ამიერთა განმგებელთა; ილორის გიორგიმ ჰპოვოს სიმართლე მომჩივანთა და ბრალეულთა შორის! იყოს ნათელი, ვითარცა ოდესღაც განანათლა ღმერთმა ედემი. ხოლო უსჯულომ, რომელმან მიიტაცა ჭირვეულთა, ქონება, გახდეს ზვარაკად შეწირული! თუმც, საფლავიც ზედმეტი აღმოჩნდეს ქურდისთვის. ღვიძლ მამასთან ერთად ეძიოს განსასვენებელი გეენიას. უკეთუ დანაშაული აღიაროს, ღვთისგან შეწირულ არს და სახლის ეზოში, ჩემივე ხელით დაიკლას ცხვარი!
საღვთო რიტუალს ხალხი ესწრებოდა. საბუხრე ადგილას, სანახევროდ წყლით ავსებული და გამურული ქვაბი ეკიდა. დაინახავდით გოდორს, ლიფლიფს, ლუმბას, რკინის ჯვრებს, თოკებს, დანებს, მარმარილოს ნატეხებს, რომელიც სავარაუდოდ მაგიდის მაგივრობას სწევდა. დრუნგილის ნატეხს ხორცსაკეპად იყენებდნენ, ამაზე დასისხლიანებული დანა მეტყველებდა. მოძველებული საათის წიკწიკი საშინლად აღიზიანებდა პილას, ამიტომ საგანგებოდ გაეჩერებინა!.. აჩრდილები დასდევდნენ, დამღუპველი ჰალუცინაციები უკარგავდნენ მოსვენებას, სანანებლად ის დარჩენოდა, რომ ამჟამინდელ საქმეს ვერ შეასრულებდა წლების შემდეგ.
ხატზე გადაცემის პროცესის დასრულებისას პილა აიღებდა ლურსმანს და კედელში აჭედებდა. ნეკა თითიდან ნადენ სისხლს ხატს წაუცხებდა, სისხლიან იარაღს ხელსახოცში გაახვევდა. მთელი ამ ხნის მანძილზე სანთელს ანთებდა, ფიჭას გუნდრუკად იყენებდა. ბოლოს, კმაყოფილსა და დაღლილს შუაღამეზე ჩაეძინებოდა.
ყველა სოფელს განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს, პირობები კი თანმიმდევრულად ერთნაირი...
დილით უთენია ადგებოდა. ხარ-ძროხას საძოვარზე გარეკვამდე მოწველიდა. რძისგან ნადუღს და ყველს დაამზადებდა. საკვამურში ცეცხლს დაანთებდა. გასახმობად დაკიდულ შაშხს, პილპილსა და სულუგუნს ცეცხლს შეუკეთებდა. პილა დროთა მონაცვლეობაში გამოზოგილ წუთებს მიზნობრივად ხარჯავდა. წინასწარ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა ხვალინდელ დღეს, როგორ გაეტარებინა ოცდაოთხი საათი, რომელიც მისი გაუწაფავი გონებით, რატომღაც მთელი დღე უნდა ყოფილიყო. ეს მისი ერთფეროვანი ცხოვრება იყო, თუმცა მეტიც არ ნდომებია წუთისოფლისგან. მართალი ყოფილა, როგორ გარემოსაც შეგაჩვევენ, იმას გვერდს სიბერეშიც ვერ აუვლიო.
სათოხარზე მიმავალს ვაჟი შემოხვდა. დაწყევლილ იყოს ის დღე. პილას შავი სამოსის ნაცვლად მოყავისფრო ქურთუკი ჩაეცვა. წყრომით შეახსენა გიორგიმ საფლავის უპატივცემლობა.
– მაგრამ საკუთარ თავზე შეყვარებულ ბერიკაცს რაში გენაღვლება ცოცხალ-მკვდარი. ხატზე გადაეცი ერთადერთი ვაჟი, რომელმაც მამისგან უკითხავად აიღო ძვირფასეულობა და მცირეოდენი ფული... განძს პატრონი თუ არ აღმოუჩნდა, განა ცოდვა არ იქნება დასაფლავად?
ღონემიხდილი პილა ბამბუკისგან დაწნულ სკამზე ჩამოჯდა. რაღაც არსება შემოიჭრა მასში, გველივით დაიკლაკნა და ასისინდა: „პილა, პილა, სად არის შენი მე, ნუთუ პიროვნების სამოსელს გასცდა?..“ – ახმაურდა უშნო კილოს მქონე ექო და გააჯავრა: – „ვინ გააგრძელებს შენს საქმეს? ნუთუ ბაბუის დანატოვარი უნდა უარყონ ცუდმა მემკვიდრეებმა? სად არის სამართალი? ამჩნევ, როგორ დაშორდი შენს ფესვებს? პილატე დაგარქვეს და პილად გადაკეთდი. აჰ, ჰა, ჰა... ეს რა გასჭირვებია უძლეველ პილას?!“
ვაჟი კვლავინდებურად ცხარობდა: – გეგონა ხატით ეძიებდი ჭეშმარიტებას. სამწუხაროდ, ამ სიყალბეს შესწირე ნახევარი საუკუნე... ადამიანთა უბედურებით ერთობოდი და კედლებზე აჭედებდი ვიღაცისთვის ზმანებას, მირაჟს, ოცნებას, სხვებისთვის – იმედს! შენი სიკვდილი ბედნიერებაა, ქელეხი ცოტათი დაანაყრებს ომისგან დამშეულ თანასოფლელეთ... საგვარეულო მემკვიდრეობა აღარ იარსებებს, როგორც წარსულის მანკიერი გადმონაშთი.
– სიწმინდის ხელყოფას არ გაპატიებენ, შვილო! ურწმუნოება არ მიგეტევება!
– არ ღირს სიწმინდის ხსენება, მამა. წინაპართა ტრადიციები ზოგჯერ მაინც საჭიროებენ დასამარებას. დაე, იპარონ ადამიანებმა, ჰკლან ერთმანეთი და მორიგდნენ ცათა სასუფეველში. რამეთი ხომ უნდა გაერთოს კაცი სოფლად. ერთი საზიზღარი წესი დასჩემდა განგებას, ღვარძლიანებს კეთილთა ჯიბრზე ხანგრძლივი სიცოცხლით ასაჩუქრებს... გუშინ შენს სამლოცველოში სამას სამოცდასამი ლურსმანი დავთვალე... ბოლოს დავიღალე და გული დამწყდა, რომ ამდენი ადამიანის ბედი ერთი გულბოროტი კაცის ხელში აღმოჩნდა. მწამს, ის დროც მოვა, საკუთარი ხელით იღებდე იმავე ცოდვებს, ვითომდა სიმართლის საძიებლად რომ ჩაასვი კედელს!
სახლიდან სირბილით გავარდა. გზაჯვარედინზე თანმხვედრ ავტომობილს შეუვარდა და... მახსოვს, ტირილი და მოთქმა მოხუცი პილასი, რომელიც შვილის ცხედარს ხელსაც ვერ ჰკიდებდა. – ასეთი განაჩენისა მჯერაო, ამბობდა შეშლილი. ვაი, რომ ავბედითი სიტყვების მსხვერპლი ჩემი ძეა...
აიღო ურო. ერთხელ დაჰკრა რკინის ფირფიტაზე. ასისინდნენ ყრუ თანხმოვნები, უშნო, ჯერაც დაუხვეწავი ბგერები. სააღმსარებლო „ინსტრუმენტი“ აპირებდა ახალი წყევლის გულში ჩაკვრას. აი ისე, ძილისპირულზე პატარა რომ ჩაიხუტებს საყვარელ თოჯინას. მათდა საუბედუროდ, წყევლის ნაცვლად, გოდება მოესმათ. როგორ ამბობდა?! ნუთუ ბოდავდა?!
– წინაპართაგან დატოვებულ ადათ-წესებს მაზიარეს ბავშვობაში. ყრმას რასაც ასწავლი იმას იმეორებს უნებლიეთო... წკროოო, - დაიჩივლა წყევლის მომლოდინემ. ზანზალაკის ხმასავით თავის ცხოვრებასა და მერმისს ეთამაშებოდა ჭარმაგთაგანი. ექო აშკარად სჯაბნიდა ბანს. ისე, როგორც სინათლე ჰფანტავდა წყვდიადსა და ბნელეთს.
შუაღამეზე რაღაც შელოცვა წარმოთქვა. ახსენებდა ბუნდოვნად ხატთაგან შერისხულებს. წარსულსა და აწმყოს ერთმანეთს აჯიბრებდა, მაგრამ მომავალი არ ჩანდა. – ღმერთებს მომავალი ისევე არა აქვთ, როგორც წარსული, – სიმწრით ჩაიცინა და პაპიროსს ცეცხლი მოუკიდა. ბოლი ჰაერში გაიჭრა, იგრძნო სილაღე და სითავისუფლე პილასგან, რომელიც გაფითრებული მზერითა და მამობრივი თვალებით მიცვალებულს ეალერსებოდა.
შეგნებულად გადაწვა საბნები, ფარდები, სახლი... ზედ გადაემხო მკვდარ შვილს, შურისძიებით დაღლილ პონტოელივით... და ამ მისტიკური სიკვდილისას იგრძნო, როგორ გახდა ისევ პილა(ტე).
ვერც სახანძრომ მოუსწრო, არც სასწრაფომ უშველა. ადამიანებს ტკბილად ეძინათ, მთელი დღის დაღლას იქარვებდნენ. თან ხომ იცით, სხვას სხვისი ბედი ნაკლებად ადარდებს. ამდენი პირადულის და კუთვნილზე ფიქრის გამოა ალბათ ჩვენს პიროვნებას რომ უჭირს...
ლამაზად დაინაცრა მოხუცი პილა, თავის მოყავისფრო ქურთუკიანად, სალოცავიან-ტრადიცია-მიცვალებულიანად!..
რამდენიმე წლის შემდეგ, პილას სიტყვები გამახსენდა და შვილს ვუთხარი:
– ყველა სოფელს ცხოვრების წესი ერთნაირი აქვს, ჩვეულებები განსხვავებული-მეთქი. ისიც, ბრძნულ დარიგებანს პილას ეზოში თამაშს ანაცვალებდა.
ერთხელ, დაახლოებით ასამდე ლურსმანი და ჩაქუჩი მოიტანა, რომელსაც ნახევრად დამწვარი სახელური ჯერაც შემორჩენოდა. – აქ, ასზე მეტი რკინეულობა არის-მეთქი.
– წადი და სამჯერ მეტსაც აღმოაჩენ, თუ პილას ნასახლარზე შენსავით სხვაც არ ერთობოდა მთელი ამ წლების მანძილზე, – ვუპასუხე.
და ერთად წავედით პილას ქოხის ნამწვარზე. ხალისიანად ვიქექებოდით მოხუცის წარსულში, რომლის მაშინდელ უმომავლო აწმყოზე გვეცინებოდა და გულმხიარულები ხელებს ვიბანდით პილატე პონტოელივით.
ვინ იცის, ეგებ მართალი იყოს, გულბოროტები და ღვარძლიანები კეთილთა ჯიბრზე დიდხანს ცხოვრობენო. ასე თუ ისე, ჩვენ ერთმანეთის ხათრით და ჯიბრით ვცხოვრობთ დედამიწაზე...


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ირაკლი შამათავა Empty
PostSubject: Re: ირაკლი შამათავა   ირაკლი შამათავა Empty

Back to top Go down
 
ირაკლი შამათავა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: