Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: მორის ფოცხიშვილი Sun Sep 06, 2020 4:57 pm
Moris Potskhishvili
ლაზიერის გამბიტი
ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს, არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს, მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც. დამუხტულია კეთილი სიბრძნით, ემორჩილება დედოფლის კდემას, _ ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის, ყველა პაიკი მეფისთვის კვდება. მაგრამ, ო, მაგრამ, ადრე თუ გვიან მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან. ერთ მცირე ყუთში ერთად თავსდება აზრი, ოცნება, სიმართლე, ჭორი... არის უთუოდ რაღაც მსგავსება ამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკს შორის, ჩვენ რომ ვთამაშობთ ყოველთვის, ყველგან გულდაჯერებით და გამძაფრებით, _ დაფაზე რჩება პატარა სევდა, პაიკის სევდა, სხვა არაფერი.
მორის ფოცხიშვილი
მორის თომას ძე ფოცხიშვილი (დ. 11 ივნისი, 1930, თბილისი — გ. 1997[1]) — ქართველი პოეტი.
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განყოფილება. 1959–1965 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნებაში“. 1979-1982 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, 1983-1987 წლებში — გამომცემლობა „ნაკადულის“ დორექტორი. 1987 წლიდან მუშაობდა წიგნის პალატის დირექტორად. პირველი ლექსები 1950 წელს გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული „ალუბლები წვიმაში“ — 1957 წელს. ამას მოჰყვა მისი შემოქმედებისათვის მნიშვნელოვანი კრებულები: „ხმა“ (1966), „რწმენა“ (1970), „შენითა“ (1983), „შენ სიყვარულო, შენ“ (1991), „სანთელ-საკმევლისა“ (1998) და მრავალი სხვა კრებული თუ ერთტომეული. იგი ლაურეატია ნ.ოსტროვსკის, გ. ტაბიძის, ა. წერეთლის, ზვიო ზდოსლავის, ო. თუმანიანის სახელობისა და სახელმწიფო პრემიებისა. მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი (1983).
მორის ფოცხიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან თარგმნა სერგეი ესენინის, ნიკოლოზ ტიხონოვის, ბორის პასტერნაკის, ანდრეი ვოზნესენსკის, ევგენი ევტუშენკოსა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინელ, ბელორუს და მოლდაველ პოეტთა ლექსები.
მორის ფოცხშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე.
გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია ანდერძისამებრ მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები * 1983 - ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი * ზვიოზდოსლავის სახელობის პრემია * ოვანეს თუმანიანის სახელობის პრემია * აკაკი წერეთლის სახელობის პრემია * გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია * საქართველოს სახელმწიფო პრემია * ნიკოლოზ ოსტროვსკის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია * შენ, სიყვარულო, შენ : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, 1991. - 191გვ. * გზა ტაძრისაკენ : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ქართული თეატრი, 1990. - 608გვ. * ლოთი შფოთი : საყმაწვილო პოემა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 64გვ. * ჩანგო ჩემო ქართულო : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1988. - 109გვ.
თეთრი კედელი თითქოს თოვლია და ყინულივით სცივათ სასმურებს, აქ ვიღაც მოვა, ასე მგონია, და სუყველაფერს აახმაურებს.
Last edited by Admin on Mon Sep 07, 2020 6:50 pm; edited 4 times in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მორის ფოცხიშვილი Sun Sep 06, 2020 5:02 pm
მორის ფოცხიშვილი
„ვერის უბნის მელოდიებიდან“
ხმას არ იღებს. გულში ფიქრობს, ერია თუ ბერია, - “მაშინ რაღაც მაინც იყო, ახლა არაფერია!”
ბევრი უხმოდ წრუპავს “სიტროს” - “დროს მარილი აკლია”, “მაშინ ყრუმუნჯობა იყო, ახლა ლაპარაკია!”
ზოგი ძველ დროს ვერ ელევა, როგორც კუთვნილ კერიას, - “ცუდიც ბევრი იყო, მაგრამ კარგიც ბევრი ერია!”
თავს იზღვევენ ზოგ-ზოგები და ძველ “მარშებს” მღერიან, - “მაშინ ყველაფერი იყო, ახლაც ყველაფერია!”
იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, ცოტაა თუ ბევრია, - “მაშინ არაფერი იყო, ახლაც არაფერია!”
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მორის ფოცხიშვილი Sun Sep 06, 2020 5:04 pm
მორის ფოცხიშვილი
ქვაზე ამოკითხული
ვაი შენ, წუთისოფელო, დაგცადე ათასფერადა, _ შორით დაგიდექ, შორიდან არა, არ ღირდი ცქერადა, ახლოს მოველ და დამდაგე, გამხადე დღეთა წერადა, გავიქეც, გამომეკიდე, გზა მომიქციე მტვერადა.
ცეცხლად მეკიდე, მე კიდევ დარდი ისედაც მკვერავდა, ვერ იქნა, გაგსწორებოდი, ვერ იქნა, აუჰ, ვერა და... კლდე იყავ, კენჭიც არ გქონდა მოსარყევ-მოსამტვრევადა.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მორის ფოცხიშვილი Sun Sep 06, 2020 5:05 pm
მორის ფოცხიშვილი
დაშვებული ფარდები
დაშვებული ფარდები, დაკარგული წლები, _ არა, არ გიჯავრდები, დედას გეფიცები! დაბინდული ნისლები, დამსხვრეული ფრთები, _ არა, არ მესიზმრები, აღარც მელანდები... ჩამქრალი კელაპტრები, ხავსიანი ქვები, _ აღარ მომენატრები, აღარც მეყვარები. დასეტყვილი ვენახი, დაწყვეტილი გზები... არა, მე არ გეძახი, დედას გეფიცები!
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მორის ფოცხიშვილი Sun Sep 06, 2020 5:06 pm
მორის ფოცხიშვილი
დონკიხოტები
სიზმარ-ცხადის თეთრი დროშით, თეთრი ნუშის ტოტებით, ჩვენც დავდივართ საწუთროში, როგორც დონკიხოტები.
წამით ნისლად ავიშლებით, გზა ქარივით იწივლებს... ჩვენც ვაწყდებით გაგიჟებით ჩვენი ქარის წისქვილებს.
ჰეი, სად არ უცინიათ ჩემზე, შენზე, სხვისზედაც... სად ხარ, ჩემო დულცინეა, რომელ შარაგზაზედა?!
ვიარე და ვიოცნებე თეთრი ნუშის ტოტებით... ჩვენც მოვკვდებით, ჩვენც ვიცოცხლებთ, როგორც დონკიხოტები!
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მორის ფოცხიშვილი Sun Sep 06, 2020 5:06 pm
მორის ფოცხიშვილი
ვინც ამ გოგოს გააცინებს
შტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინც მისწვდება _ მისია, ვინც ამ გოგოს გააცინებს, გოგოს გული მისია... ეს ცხოვრება ასე არის, ის ცხოვრება ისეა. _ ეს მანდილი ვისი არი? _ ეს ჩანგური ვისია? _ ეს ხომ ჩემი დისი არი... _ ეს ხომ ჩემი ძმისია! ვკისკისებდით მალხაზები, დარდი გვქონდა რისია?! თურმე დასასრული იყო, მე ვთქვი _ დასაწყისია. როგორ გაჰქრა სიყმაწვილე, ვეღარ ამომიხსნია. შტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინ გაიგოს, ვისია? ბაღში გოგო დაგოგმანებს, გოგოა თუ ნისლია?! ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს, ვინც აკოცებს _ მისია. ეს ცხოვრება ასე არი, ის ცხოვრება ისეა.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მორის ფოცხიშვილი Sun Sep 06, 2020 5:09 pm
მორის ფოცხიშვილი
ქარაგმა
წიწილა გამოამტვრევს კვერცხს, როგორც დილეგს და ფილტვებს აივსებს აისით, _ აისის კვალდაკვალ ივლის და ირბენს თავისუფლება და ხალისი... მე კი ვივიწროვებ ოცნების გარსს, სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს, ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგას და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს. სიცხის საზომივით გატეხილ ღამეს ვერცხლისწყლის წვეთებად ეფანტება ჩემი ფიქრები, _ ისევ ველოდები უებარ წამლებს და დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით. იისფერდება ყორანივით შავი კარსანი, ლილისფერდება მცხეთის მინდვრები... შენ, სულო ჩემო, წიწილასავით მწუხრიდან როდის ამოფრინდები?! _ თენდება! _ ჩხრიალებს იმედის ღელე და თავქვე მიდენის ბატებივით ფარფატა ნისლებს, მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს, რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.
რწმენის ნაჭუჭიდან გავყურებ გზას ვხსნი იჭვის ძაფებად დახლართულ ქარაგმებს, ჭაობის ყანჩა კი ცალ ფეხზე დგას და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მორის ფოცხიშვილი Sun Sep 06, 2020 5:10 pm
მორის ფოცხიშვილი
ცა უსასრულო
ცა უსასრულო, ზღვა უნაპირო, გზა - ატლასივით გლუვი გემბანი. მოგიგონებდი, მაგრამ ვაი, რომ აყვირდებიან მოგონებანი. შეაშფოთებენ იელებს ძილში. დააღვიძებენ სიზმრებს, ვით ბავშვებს, დააფეთებენ დაბორკილ რაშებს,- ვაით და ვიშით, ვაით და ვიშით... მოგიგონებდი, კვლავ რომ არ მქონდეს, აწ დაკარგულის დაკარგვის შიში.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მორის ფოცხიშვილი Sun Sep 06, 2020 5:11 pm
მორის ფოცხიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილს
უთქმელობა სიტყვას ჟანგავს, თქმულ სიტყვაში კრისტალდება სისხლი, - მწუხრი იცის დიდმა დარდმა, მაგრამ დარდმა შუქის ამოფრქვევაც იცის იქ, წარსულში ვიღაც გვჩაგრავს, ცხრაკლიტულში სიმწრის ყვავილს ვიცრით, - ხალხმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ ხალხმა თითქოს არაფერი იცის. ბორგვა მისი ბუზღუნს არ ჰგავს, მშვიდად ძერწავს თავის გრემს და ყინწვისს, - იცის თავის გაჩუქება, მაგრამ საქართველომ თავის ფასიც იცის! გულმოკლული ზოგჯერ რწმენას ჰკარგავს, ნაღვერდლებზე ფეხით გადის ციმციმ, - ღვიძლი შვილის გამეტებაც იცის, მაგრამ აღდგომა და გულში ჩაკვრაც იცის! სატკივარზე თვალს დახუჭავს ალბათ, თუნდ ეშმაკსაც შეეკვრება ფიცით, - კუჭატნელთა აღზევებაც იცის, მაგრამ მარაბდელთა ამხედრებაც იცის! გენი მისი არ დაირტყამს მათრახს, და სულ გვარზე იხტუნავებს კვიცი, - იქნებ ჯაყოს სახლში უშვებს, მაგრამ ჯაყოს გარეთ გაძევებაც იცის! არ მოიშლის ფარნავაზურ ანბანს გულთმისანი და ჯიუტად ფიცხი, - იცის თავის მოტყუებაც, მაგრამ სამართალმა სიმართლის გზა იცის! ივერიას გაშლილი აქვს ფრთები, სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრ და ალგეთზე ღვთის მადლით და ნებით მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ!!!
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მორის ფოცხიშვილი Sun Sep 06, 2020 5:12 pm
მორის ფოცხიშვილი
ბაბუაწვერა ცირკის მავთულზე
ჩაუყლაპიათ საყვირებს ენა, ვჩნდები ვით ჭრელი სამიზნე ტირში, ძირს რჩება ჩემი ნიღაბი – რწმენა, მავთულზე გადის მარტოდენ შიში...
მავთულზე გადის ბაბუაწვერა, ვით მელოდია თოვლივით წყნარი, არ შეკრთე, ეცებ არ ამოაგდო მაგ წყნარ თვალებში ჩამდგარი ქარი.
ძალზე წვრილია იმედის ძაფი, მაგრამ ნუ ღელავ, ნუ ღელავ მხოლოდ, დიდი სიცოცხლეც მალი და სწრაფი მავთულზე სვლაა ბოლოს და ბოლოს.
ჩვენ კიდევ ვიფრენთ, ჩვენ კიდევ გავძლებთ, თუმც ისევ გვბორკავს იჭვები სურო, უკვდავებისკენ გაჭიმულ ძაფზე მეც შენთან ერთად ვფარფატებ, სულო.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მორის ფოცხიშვილი Sun Sep 06, 2020 5:26 pm
მორის ფოცხიშვილი - ნადირობა •Sep 7, 2020
ნადირობა მორის ფოცხიშვილი (კითხულობს ავტორი) ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020
სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიკეთეს მგვრის, - ავფრინდები და... ვაიმე... ავფრინდები და ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს, სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა... თეთრი სეტერი ქრის... მე მაინც უნდა ავფრინდე, - ავფრინდები და... ფრრი...
*** The Hunting The verse by Moris Potskhishvili (in Georgian) This clip is made with: Yuriko Nakamura - Nostalgia Piano Instrumental Relaxing Music. This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020