
Ghigauri's family in the Forest Sabaduri, Georgia - February 2, 2020
წერის ბედისწერისას გეტყვი, მარიამო...(მიხო მოსულიშვილის პასუხები თხუთმეტი წლის მარიამ გიგაურს, რომელიც 2004 წლის 8 აპრილს არის დაბადებული, თანაც მწერლისა და ასტროლოგის, რამაზ გიგაურის ქალიშვილია... და საიდან ეს ლაპარაკი და იქიდან, რომ, თურმე, სკოლიდან ინტერვიუების დავალება ისევ სცოდნიათ...)1. რატომ აირჩიეთ მწერლობა, მწერლის პროფესია?
- მწერლობა, არა მგონია, პროფესიად მქონდეს, უფრო საკუთარი თავის შეცნობაა ჩემთვის, ეს როცა ვწერ და როცა ვკითხულობ, - სხვებისაც.
ისე კი, მე პროფესიით გეოლოგი ვარ, ეს კი მოგზაურობას და ახლის შეცნობას უკავშირდება, რაც ძალიან გამომადგა წერისას.
2. დამატებით, რა უნარები შეგძინათ მწერლობამ, რაც თქვენ მანამდე არ გქონდათ?
- თუ წერ, წლების მერე გამოცდილება მოდის, ენაზე როგორ იმუშაო, ამბავს როგორ მოექცე, საით განავითარო, ადამიანებს ფსიქიკას უფრო კარგად ხედავ... თანაც წერა დიდ ენერგიას ითხოვს, მერე ეს ნაწარმოებში ჩადებული ენერგია მკითხველში გადადის და სწორად უნდა გქონდეს ეს მხარე წარმოდგენილი, - ამ ყველაფერს კი წლების მუშაობა სჭირდება საკუთარ თავზე და სულ სწავლა... ეგრე რომ მუშაობს მწერალი, მისი პიროვნება ვითარდება და შედარებით წინ მიდის სრულყოფის გზაზე, რომელსაც დასასრული არა აქვს, თუკი დაადექი...
3. შეგცვალათ თუ არა პიროვნულად მწერლობამ, საერთოდ, წერამ და თუ კი, მაშინ როგორ?
- კი, შემცვალა და უკეთესობისკენ უფრო, როგორც წინა პასუხში მოგახსენეთ... როგორ და, გამოცდილება დამიგროვდა, ვინ როგორია და რატომ, რაც სულაც არაა ცუდი, უფრო პირიქითაა.
4. რა სირთულეები გხვდებათ ხოლმე წერისას ან წიგნების გამოცემისას?
- წერისას სირთულეეები ბევრი არაა, თუ დავიწყე, ვეღარ გამაჩერებს ვერავინ და ვერაფერი. წერამდეა ხოლმე სირთულეები, ანუ წერა რომ დავიწყო... სანამ ზუსტად არ ვიცი, რა მინდა ამ დაწერილით ვთქვა, რატომ, არაფერს ვწერ... წერაც როგორ, ჩანაწერები მაქვს მე ბევრი და თავად მომთხოვს ხოლმე რომელიმე მათგანი, რომ ახლა ჩემი ჯერიაო და მეც იმას ჩავუჯდები ხოლმე.
წიგნების გამოცემისას სირთულეები ხან ბევრია ხოლმე და ხან ცოტა. გამოუცემელიც დამჩენია რამდენიმე წიგნი. მერე რა? დრო მოვა და ისინიც გამოვა. მწერალს შეიძლება წიგნი არ გამოუცენ, მაგრამ ის მაინც დაწერს. თუ არა და, არავითარი მწერალი ის არა ყოფილა.
5. არის თუ არა ისეთი წინაღობები და პრობლემები, რომლებსაც შეუძლიათ დამწყებ მწერალს ხელი ააღებინოს წერაზე?
- მწერლობა ისეთი ბედისწერული რამეა, თუკი დაიწყე, ვეღარაფერი აგაღებინებს ხელს. თუ გასართობად წერ, მაშინ კი იოლია, ალბათ...
6. შეგიძლიათ თუ არა გაიხსენოთ ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი გამოცდილება, მას შემდეგ, რაც წერა დაიწყეთ?
- კარგი ის არის, რომ ჩემი დაწერილი თუ თარგმნილი ოცდახუთამდე წიგნია გამოსული, საქართველოში, გერმანიაში, ლატვიაში და თურქეთში; ჩემი დაწერილი პიესებით თეატრებში თხუთმეტამდე სპექტაკლია დადგმული და კინოცაა გადაღებული ჩემი სცენარით; ხოლო ცუდი ის არის, რომ ვაითუ, ერთიც არ ვარგა ამდენი რამიდან? ესეთი ეჭვი ძალიან კარგია, მომდევნო ნაწარმოებს ეს დააწერინებს ხოლმე მწერალს...
7. თქვენი წიგნებით მოგიხდენიათ თუ არა კონკრეტულ ადამიანზე ან ადამიანებზე გავლენა და შეგიცვლიათ მისი ცხოვრება?
- ადამიანის ცხოვრების შეცვლა ესე, წიგნით რომ იოლი იყოს, სულ ანგელოზები გავხდებოდით. სახარებამ ვერ შეცვალა ოცი საუკუნის მანძილზე ადამიანი და ერთი მწერლის დაწერილ წიგნს მაგას ნუ მოვთხოვთ, მარიამო... კარგი წიგნი კი ცდილობს ადამიანის გაუკეთესებას, მაგრამ ადამიანი ძალიან რთული ფენომენია და იოლი არაა იმისი შეცვლა...
ცხოვრების შეცვლაში თუ იმას ვიგულისხმებთ, რომ ჩემი ნაწარმოებების პერსონაჟების სახელები დაურქმევიათ ხოლმე, ეგ კი. აი, მაგალითად, თამთა რომ დავარქვი ჩემს ერთ პერსონაჟს ჩემი სტუდენტობისას, მაშინ ეს სახელი მოდაში არ იყო, მერე და მერე დაიწყეს ამ სახელის დარქმევა, თუ სწორად მივხვდი და არ მეშლება რამე, და ახლა ნახე, როგორ მოდაშია და რამდენი თამთაა უკვე...
8. ახდენს თუ არა მწერლობა თქვენს პირად (ოჯახურ) ცხოვრებაზე გავლენას?
- როგორ არ ახდენს, ოჯახი და ნათესავ-ახლობლებიც მეტი პატივისცემით გიყურებენ. ხედავენ, რომ ტყუილ-უბრალოდ კი არ ირჯები, მართლა წერ, წიგნებად გამოსცემ, პიესებად იდგმება და რომ ნახავენ, ზოგი მათგანი მოწონთ ხოლმე... მით უმეტეს, თუკი დაგუგლეს კიდეც ჩემი სახელი და გვარი და ვიკიპედიაზე ნახეს ეს სტატიაც -
https://ka.wikipedia.org/wiki/მიხო_მოსულიშვილი 9. რა რეკომდენაციებს მისცემდით დამწყებ მწერლებს?
- იმ რეკომენდაციას მივცემდი, რომ არაფერი რეკომენდაცია არ სჭირდება და არავისი... თუკი ვინმე წერის ბედისწერამ აიტანა და მოწოდებას ხედავს ამაში, ის თავადვე მიხვდება, რომ განათლება სჭირდება, ამიტომ საკუთარ თავზე ბევრს იმუშავებს, ბევრს წაიკითხავს, აზროვნების უნარის დახვეწას ეცდება და დააკვირდება ცხოვრებას. სულ იმას ეცდება, უკეთ როგორ გამოხატოს სათქმელი.
და იმასაც ინატრებს, რომ იქებ მართლა დავწერო კარგი წიგნიო, წინა ნამუშევრებით სულ უკმაყოფილო იქნება და იმიტომ...
6 ნოემბერი, 2019 წელი 