ენვერ ნიჟარაძე
სისხლის ყივილიმე ვდგევარ ხახმატში, მოჩითულ მინდორში,
მაღლით ცა დამყურებს ლურჯი და ლივლივა,
ამაყ არწივთა და ორბთა სამკვიდროში ---
მთაში ამომაგდო კვლავ სისხლის ყივილმა.
დღეა ჯიღიანი, მაბრმავებს ჩახჩახა
მნათობის ციაგი და შუქთამფენობა,
ხატის წინ ათასი კოცონი გაჩაღდა
და ეშხში შესული დუღს ათანგენობა.
აქ, რომ პირუტყვია შეთქმული საკლავად---
ქვაბები დევების ყბებივით დანთქავენ,
ხოლო დაზვინული ძვლები კი სახრავად
ნადირს და ყვავ-ყორანს ეყოპათ ზამთრამდე.
მტვრიანი დროშები გამოაქვს დეკანოზს,
და მრევლს ამწყალობებს დომბური ბუხუნით,
თითქოს გააღვიძოს სურს მკვდართა ქვეყანა
და სამიდღემჩიო დაუფრთხოს უკუნი.
ეჰ, ვგრძნობ, რომ ბახუსის გავხდები ზვარაკი,
დღეს თავს ვინ მოიკლავს დარდით და კაეშნით,
დაგრეხილ ყანწებში ლიცლიცებს არაყი
და ლუდი ქაფქაფებს სპილენძის ჯამებში.
ჩუმად ვეფერები მოვერცხლილ სატევარს,
ძველთაძველ სამკაულს ხევსურულ ტალავრის,
სისხლი მემღვრევა და ძალა მემატება
და ჩემი მომრევი არა ჩანს არავინ.
ტაბლებზე ხინკალი გროვდება გორებად
და ბრწყინავს მაცდურად ერბო და ხავიწი,
არ ვიცი არაყმა თუ ამაფორეჯა,
არ ვიცი დაღდაღა მზის კოცნით დავიწვი.
ქეიფის ნიშატმა გაჟღინთა ჰაერი
ვარვარებს ფიქალი, დუღდება სინდიყი,
ანაზდად კაჟივით ნაკვესი შაირი
ჭიუხებს შეასკდა ვითარცა ფინდიხი.
გაგიჟდა გარმონი, გაენთო ფანდური,
დოლი აბაგუნდა გულამოვარდნილი,
გახურდა ტორტმანი და ბუქნა ხვადური,
კბილების ხრჭიალი, ბრდღვინვა და ქადილი.
მეც ვგრძნობ ველურმა მომზიდა მშვილდივით,
როს ქალამ ხევსურმა, სიზმრად, რომ მინახავს,
შორიდან თვალებით დამიწყო ჭიდილი
და მზერიტ კეფამდე გამბურღა კინაღამ.
უსიტყვოდ მეძახის ურჩი და დიდგული,
ქალაი, მთვარისა და მზის დასაკოცნელი
და მის ნაწნავებზე ბრიალებს სინგური
და ლამაზ სხეულში წრიალებს ფოცხვერი.
ძვირფასო, ჭიხვინებს ქურანი უბელო,
რომ არ მიიკარა ლაგამ-უზანგები,
ვიწრო ბილიკებზე ავარდა ღრუბელი
და ასხლტა ჯირითი ელვა-ზიგზაგებით.
აღარ ვერიდები არვის და არაფერს,
ან ხმალში ან დოღში ჯაბანი როდი ვარ,
ჰა ჩემი ქურანი მოფრინავს ქარაფზე,
მოვდივარ,
მოვდივარ,
მოვდივარ!