| | თამაზ ბიბილური | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 4:21 pm | |
|  Tamaz Bibiluri თამაზ ბიბილურიმწერალი, სცენარისტი, პუბლიცისტი დაიბადა 1934 წლის 9 აპრილს, გურჯაანის რაიონის სოფელი ვაჩნაძიანში. 1956 წელს დაამთავრაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“ (ბოლოს – რედაქტორის მოადგილედ), ხოლო 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – გაზეთ ”ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორის მოადგილედ. თამაზ ბიბილურის ლიტერატურული დებიუტი შედგა 1957 წელს ჟურნალში ”ცისკარი”, სადაც მისი მოთხრობები გამოქვეყნდა. 1973 წელს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი – ნარკვევებისა და მინიატურების კრებული. ამას მოჰყვა: მოთხრობების კრებული: ”ნიღაბი”, რომანები: ”ჟამი კითხულისა”, ”მთვარის შვილი”, ”ჩივილი”, რომანი: ”შვიდი ხმისა და ტოროლასათვის”, ბოლოს კი საყმაწვილო წიგნი: „წელიწადის დრონი“ (1989), რომელსაც 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ბიბილურის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია უცხო ენებზე, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმები. თამაზ ბიბილური გარდაიცვალა 1992 წლის 10 დეკემბერს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. წიგნები: * მწერლობა : წერილები, პორტრეტები, შტრიხები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2011. - 576გვ.. - ISBN: 978-9941-9224-6-6 * წელიწადის დრონი : უმცრ. სასკ. ასაკ. ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1989. - 341გვ. * მცირე სარკმელი : ლიტ. წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 302გვ. * ჟამი კითხულისა; ჩივილი; შვიდი ხმისა და ტოროლასათვის (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 716გვ. * მთვარის შვილი : რომანი და მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1981. - 531გვ. სცენარის ავტორი: * ჟამი, 1996, რეჟისორი ზაზა ილურიძე, გადაღებულია რომანის „ჟამი კითხულისა“ მიხედვით. - https://www.imdb.com/title/tt0852561/?ref_=nm_ov_bio_lk1* გზა ჩალაურისაკენ, 1994 * მენახირე, 1984 * ყველაწმინდა (ალავერდი), 1977 ჯილდოები, პრემიები და პრიზები: * 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, წიგნისათვის: „წელიწადის დრონი“ (1989) ბმულები: * https://ka.wikipedia.org/wiki/თამაზ_ბიბილური* http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=666* https://www.imdb.com/name/nm0080905/* https://mundusi.files.wordpress.com/2014/02/weliwadis-droni-1.pdf - თამაზ ბიბლური - „წელიწადის დრონი“ * http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000884/* https://burusi.wordpress.com/2011/01/04/tamaz-bibiluri/ * https://www.facebook.com/თამაზ-ბიბილური-167784186624619/ 
Last edited by Admin on Tue Dec 24, 2019 5:05 pm; edited 4 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 4:28 pm | |
| ნუგზარ რეხვიაშვილი თამაზ ბიბილურის გახსენებაალბათ, ცოტა ადამიანმა თუ იცის თამაზ ბიბილურის შესახებ, კიდევ უფრო ნაკლებმა-მის შემოქმედებაზე. თამაზ ბიბილური სამოციანელთა წარმომადგენელი და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მწერალთა იმ მცირე ჯგუფის წევრი იყო, რომლებმაც თავისი პროფესიონალიზმითა და ნიჭით ქართული მწერლობა კიდევ უფრო გაალამაზეს. თამაზ ბიბილური ფილოსოფიური ღრმა ფიქრებით წერდა, რაც პირველ რიგში, მის მოთხრობებსა და რომანებში აისახა. თუ მის ნაწერებს ერთხელ მაინც გადახედავთ, მაშინვე იგრძნობთ, რომ თამაზი გამორჩეული მწერალი იყო, მისი წერის სტილი არ გავდა სხვისას. თამაზ ბიბილური "ნათელხილვის ოსტატი" იყო, იგი წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. წერდა უჩვეულო დაფიქრებით და მისი ნაწერი მკითხველს შინაგანი ჩაღრმავებისკენ უბიძგებს. მართლაც, რომ განსხვავებული და დამაფიქრებელია მისი რომანები: "ჟამი კითხულისა" და "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის". ორივე ფსიქოლოგიურ ჟანრს მიეკუთვნება და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ნაწარმოებები მწერლის შემოქმედებითი წვის მწვერვალია. თამაზ ბიბილურმა შექმნა შედევრები, რომლებსაც მომავალი თაობები უფრო მეტად დააფასებენ. დღევანდელი გადასახედიდან კი, ორმაგად დასაფასებელია მწერლის შემოქმედება, რადგან დროსთან ერთად უფრო მეტად გვენატრება ის გულწრფელობა, რომელსაც თამაზ ბიბილური მთელი სიცოცხლე ატარებდა. რომანებში დასმული პრობლემები ეხმიანება დღევანდელობასაც და ბევრი მსგავსების დანახვაც შეიძლება. სულ უბრალო ეპიზოდები მოვიყვანოთ. "ჟამი კითხულისა" - „წარსული მიწაში იმარხება, მაგრამ ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ და მიწიდან გვესმის ყრუ გუგუნი… ეს წარსული გუგუნებს და თავის თავს გვახსენებს“. ასე ამთავრებს მწერალი რომანს, როგორი მშვენიერი დასასრულია არა, თითქოს ხაზგასმულია ის, რომ ადამიანებს არ უნდა აშინებდეთ ეს ხმა, რადგან იგი მათ წარსულს ახსენებს და ამავდროულად ცხოვრების გაგრძელების აზრს ანიჭებს. "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის" - "შეთხზული ამბის ავტორს თუ დავუჯერებთ, აბრია მახაურს, სიკვდილს რომ ხვდებოდა, ტოროლას გალობა ჩაესმოდა. იმ წამში კი მზის ერთ პლანეტა დედამიწაზე ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა". ასე დაამთავრა თამაზ ბიბილურმა ეს რომანი. თითქოს მწერალმა შეგვიქმნა ამაღლებულის განცდა, დაგვიხატა ცხოვრების ამაოება და რომ ადამიანმა მხოლოდ ამქვეყნიურზე არ უნდა იფიქროს, რომ ყველანი საბოლოოდ სიკვდილის შვილები ვართ, მაგრამ მოკვდე ისე, რომ მართალი, პატიოსანი კაცის სახელი დატოვო - ეს ყველაზე მშვენიერია რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. დიახ, თამაზ ბიბილურის რომანები წაკითხვის შემდეგ უფრო მეტი დაფიქრებისა და ჩადენილის გააზრებისკენ მოგვიწოდებს. თითქოს მწერალმა მკითხველის სულში შეაღწია და ყველა ცხოვრებისეულ კითხვას გასცა პასუხი. ამ ორი ციტატიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი "ქართულით" წერდა ბიბილური და რომ იგი ერთგულია იმ ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების, რომლებიც მარად უცვლელია, და ვიდრე ერთი მკითხველი მაინც ეყოლება თამაზ ბიბილურის შემოქმედებას, მისი სახელი დავიწყებას არასოდეს მიეცემა. 12 ივნისი, 2019  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 4:29 pm | |
| თამაზ ბიბილური გაზაფხულიაგაზაფხულია ყველაფრის დასაბამი. გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, იწყება სიცოცხლე. გაზაფხულს მოჰყვება მზიანი დღეები და სითბო. ასე უნდა ვთქვათ, ასეა ოდითგანვე ნათქვამი, თორემ თვითონ გაზაფხული მოჰყვება მზეს, მზიდან მოდის სითბოც და ალერსიც. „მზე დედაა ჩვენიო“, ხალხური ლექსი ამბობს. ჩვენ, ყველანი, მზის შვილები ვართ, მზის სითბო გვათბობს, გვკვებავს და გვზრდის. მზე განაგებს მონაცვლეობას დროისას და თანაც მუდამ ზუსტად და შეუმცდარად. აი, წელსაც დიდი ზამთარი იყო, დიდი ყინვები და სიცივეები გამოვიარეთ, და ჰა, თებერვალი მიიწურა, ზამთრის უკანასკნელი თვე, და გაზაფხულს ველით. საცაა მოვა, მოვა უჩინრად („თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო“, — ამბობს ხალხური ლექსი). იქნებ უკვე მოსულა კიდეც და ჩვენ, ქალაქის მკვიდრნი, ჯერ ვერაფერს ვგრძნობთ, ჯერ ვერაფერს მივმხვდარვართ. იქნებ სოფლელები უკვე მიხვდნენ კი არა, კარგადაც ხედავენ გაზაფხულს... არა, ჯერ ქალაქამდე, ეტყობა, არ მოუღწევია... მაშინ ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენ წავიდეთ გაზაფხულის შესახვედრად. ის ხომ გზაშია, მოდის და ჩვენც ისე შევხვდეთ, როგორც მის მობრძანებას ეკადრება. შევხვდეთ სადმე ქალაქიდან შორს, ტყეში, ჭალაში ან მინდორში. გაზაფხულის მოახლოებას ზოგი როგორ ხატავს, ზოგი როგორ. უმეტესობა გაზაფხულის მახარობლად ენძელებს და ყოჩივარდებს მიიჩნევს. თხელ თოვლზე, ოდნავ, ცისფერი რომ დასდებია (ხალხი ლილო-ჭრილოს ეძახის), ალაგ-ალაგ რომ უკვე გამქრალა და მიწიდან თავწამოყოფილი ბალახი მწვანედ ხასხასებს, ალაგ კი თეთრად შერჩენია, ხო, სწორედ ამ თეთრად თუ მოცისფროდ შემორჩენილ სიფრიფანა თოვლში, თავს ამოჰყოფენ ცისფერი, ყელმოღერებული ყვავილები, რომლებსაც ენძელა ჰქვიათ, ჩვეულებრივად კი გაზაფხულის მახარობლებს ვეძახით. ზოგი გაზაფხულის მახარობლად შოშიების მოფრენას მიიჩნევს. აბა გავიხსენოთ ლექსი: „რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ასე ადრიანადა, რა ვქნა, ვერ ვძლებდი უთქვენოდ, ვიყავი დარდიანადა“. ამას თქვენოდენა ყმაწვილებს ეუბნება ადრიან გაზაფხულზე თბილი ქვეყნიდან მობრძანებული შოშია. თბილ ქვეყანაში რად წავიდა? ზამთარს გაერიდა. ზოგი ფრთოსანი ზომ ზამთარს სხვა ქვეყანაში ატარებს, შემოდგომაზე გაფრინდება სხვებთან ერთად და გაზაფხულზე ისევ ჩამობრძანდება. მაგრამ ამაზე ცოტა მერე ვთქვათ, გაზაფხული რომ მართლა დადგება და თბილ ქვეყნებში წასული ფრინველებიც მარ-თლა ჩამობრძანდებიან. ჯერ გაზაფხული არ დამდგარა, ჯერ ბუნება და ჩვენც (ჩვენც ხომ ბუნების შვილები გვქვია) მხოლოდ გაზაფხულის მოლოდინში ვართ.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 4:30 pm | |
| თამაზ ბიბილური მერცხლის ბუდეგინახავთ მერცხლის ბუდე? თუ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ. თუ არ გინახავთ, ვერც ვერაფერს შევადარებთ, რომ ცხადად წარმოიდგინოთ. მერცხლის ბუდე მხოლოდ მერცხლის ბუდეს ჰგავს და ამიტომაა, ლამაზი, სხვებისაგან გამორჩეული. ჯერ საერთოდ ჩიტის ბუდეზე ვთქვათ... არც ჩიტის ბუდე გინახავთ? ამისი დაჯერება კი აღარ შეიძლება. ტყეში ერთხელ მაინც არავის წაუყვა-ნიხართ, არც დედ-მამას, არც უფროს და-ძმებს, არც პაპა-ბებიებს? თუ არ წაუყვანი-ხართ, ახლავე გადადეთ ეს წიგნი და ხმამაღლა თქვით, რომ ხვალ ტყეში აპირებთ წას-ვლას, რომ, თუ გამოგყვებიან, ხომ კარგი, თუ არადა ვინმე ტოლ-მეგობარს გაიყო-ლებთ და მაინც წახვალთ, აუცილებლად წახვალთ, არ უნდა ლაპარაკი! და ვიდრე მართლა წახვიდოდეთ, ვილაპარაკოთ მერცხალზე, მერცხლის ბუდეზე, ჩიტის ბუდე-ზე. აბა, დააკვირდით, შემოდგომის გაშიშვლებულ ტყეში ხეზე დარჩენილ ბუდეს. კარგად დააკვირდით და შეიძლება სევდაც კი მოგერიოთ. მიტოვებულ სახლსა ჰგავს ჩიტის ბუდე, გამოკეტილ სახლს. ახლა იქ არავინ ცხოვრობს. ზაფხულში კი სიცოც-ხლე დუღდა და გადმოდუღდა. იყო ერთი ჟღურტული, სტვენა, გალობა, სხვა ბუდე-ებში გადაფრენ-გადმოფრენა. შემოდგომაზე ჩიტის ბუდე მიტოვებულ სოფელსაც ჰგავს. ერთი ბუდე, მეორე, მესამე და უკვე სოფელიც იქნება... ყველაფერი ერთად კი სიცოცხლის ხსოვნას ინახავს: აქ ცხოვრობდნენ, დაიზარდნენ, ფრენა ისწავლეს და გაფრინდნენ, რათა გაზაფხული რომ დადგება, კვლავ მობრუნდნენ, ან ახალი ბუდეე-ბი აშენონ. მჭიდროდაა ნაგები ეს ბუდეები... ვის როგორ ჭირდება... ზოგი ბუდე ნა-ზია და სათუთი, რბილი ჩალისაგან და ბუმბულისაგან ნაგები, ზოგი უფრო კაჭაჭები-დან და ეკალ-ბარდებიდან მოტანილი „მასალით“. დიდ, უხეშ ბუდეებში დიდი ფრინველები სახლობენ. პატარა ბუდეებში — წვრილ-წვრილი ჩიტები. მერცხლის ბუდე კი მაინც სულ სხვა არის. მერცხალი ტყეში არ ცხოვრობს, ადამიანის გვერდით უყვარს უმეტესად ყოფნა, სახლის სახურავებს, სახლის კედლებს ეტანება. სახურავ-ქვეშ, აივნის აქეთ რომ ცოტაზე გადმოშვერილა კოხტად ნათალი ფიცრები (კოჭებს რომ ეძახიან), სწორედ იმ კოჭებზე უყვარს მერცხალს „სამოსახლო ადგილის“ შერჩე-ვა. აი, თბილი დღეები დაიჭირა და იმ ერთ მშვენიერ დღესა თუ საღამოს, მერ-ცხლებიც მოფრინდნენ. ზოგს შარშანდელი ბუდე ხელუხლებლად ხვდება. ზოგმა ახ-ლა უნდა ააშენოს, ოჯახი გამრავლდა და ახალი ბუდე გამხდარა საჭირო; ზოგი თავის ძველ პატრონს, ანუ სახლის მობინადრეს გაბუტვია, რაღაცა აწყენინეს, რაღაცით ატ-კინეს გული, ან ბუდე არ დახვდა იმგვარად, როგორადაც დატოვა, ან სულაც ჩამოუშ-ლიათ ონავარ ბავშვებს. ახლა სხვაგან უნდა იპოვოს ადგილი, სხვაგან უნდა ეძიოს კე-თილი ოჯახი. მერცხალს კეთილი ხალხი უყვარს, ისეთი, სულ რომ არ შეეშინდება იმათი, ხელს რომ არ აუქშევენ, თავს რომ თვითონაც ოჯახის წევრად იგრძნობს. ჯერ რამდე-ნიმეჯერ მოფრთხიალდებიან დედალ-მამალი მერცხლები და იქაურობას კარგად დაზვერავენ. თუ მასპინძელს სიკეთე შეამჩნიეს, გაფრინდებიან, მაგრამ ისევ მალე მობრუნდებიან, მერე იქვე ჩამოჯდებიან და ჭიკჭიკს გააბამენ, ჩვენზე „საუბრობენ“, მასპინძლებზე — აბა, რა ხალხი ვართ, შეიძლება თუ არა ჩვენს გვერდით ყოფნა, ან უკვე გეგმას აწყობენ, სად რა იშოვონ, საიდან რა მოიტანონ, რომ ბუდე მკვიდრადაც ააგონ და ლამაზადაც. მერცხლის ბუდე აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს. მერე იწყება შენება. მოაქვთ ბუმბული, ბალახის ღეროები, ნამჯა. „უყრიან“ საძირკველს (ანუ მკვიდრად აშენებენ), ხისა და კედლის კუთხეში, მიყუჟულ ადგილზე ამოჰყავთ „კედლები“. კედლები თითქოს გვირისტადაა ნაგები, თითქოს უწვრილესი აგურით ამოუყვანიათ და მერე აყალო მიწით შეულესიათო. ამოდიან კედლები და ბუდე ნელ-ნელა ემსგავსება ძველისძველ ციხის გოდოლს. თუ აქვე, ბუდის წინ, ჩამოსაჯდომი ლურსმანი ან ჯოხია, ხომ მთლად კარგი, ჩამოსხდე-ბიან მერცხლები და ჭიკჭიკებენ, თვითონვე ტკბებიან თავიანთი ოსტატობით. ბუდე მზად არის! ღამღამობით ამ ბუდეში არხეინად სძინავთ და ვინ იცის, უთუოდ კვერცხებიც გაჩნდნენ ბუდის ბუმბულიან ძირში. დედა-მერცხალი ბუდიდან ფეხს აღარ იცვლის. და ერთ დღეს, როცა ჯერ კიდევ არავინ ელოდა, ბუდიდან ისმის ჭყიპინი. ეს პატარა მერცხლების — ბარტყების ხმაა. მერცხლებმა ბარტყები დაჩეკეს. ორიოდე დღეც და ბარტყები ჭყიპინით იკლებენ იქაურობას. ჯერ ბუდიდან კარგად არც ჩანან, მარტო მათ ყვითელ ნისკარტსა და ფართოდ დაფჩენილ პირს ვხე-დავთ. მოფრინდება დედა მერცხალი და რაღაც „ნუგბარს“ აუცილებლად მოიტანს. ისინიც გააღებენ ყვითელ ნისკარტს და ჭყიპინებენ არა მე, არა მეო, ერთმანეთს ეცი-ლებიან; ცოტაც და ერთმანეთს მუჯლუგუნებს ურტყამენ, დავასწრო და მე ჩავიკოკ-ლოზინო ყელიო. ამასობაში, ამ ჟივილ-ხივილში, ამ ჭყიპინში, ამ დატუქსვასა და ალერსში (მერცხლებიც მშობლები არიან და ალერსიც იციან და დატუქსვაც), ბარტყე-ბი იზრდებიან. და რადგან მერცხალიც ფრინველია, ცხადია, თავდაპირველად ფრენა უნდა ის-წავლოს. ჯერ გაუბედავად ტოვებენ პატარები ბუდეს. მშობლებიც ღელავენ, როგორც ღელავს დედ-მამა, როცა პატარა პირველად გა-დადგამს ფეხს. რაღა თქმა უნდა, მარცხიც ხდება და ზოგჯერ სასაცილო ამბებიც. ბო-ლოს კი მაინც ყველაფერი კეთილად მთავრდება, ყველა წყენა და ფათერაკი, მღელვა-რება და ფიქრი ფერმკრთალდება და ბარტყებიც ფრენას სწავლობენ. სახლის აივანზე მიკრული ბუდე და იქ ჩასახლებული მერცხლის ოჯახი მშვე-ნებაა მთელი კარ-მიდამოსი. მახსოვს, ჩვენს სოფელში, ჩვენი სახლის გვერდით, ორი მეზობელი ცხოვრობ-და, ორი ოჯახი. ომის დრო იყო და დიდი გაჭირვება იდგა. ხალხს ლუკმა პურიც კი არ ჰქონდა ხშირად და ამ ორ ოჯახსაც ძალზე უჭირდა. ერთი ოჯახი დიდი იყო, რომ იტყვიან, წვრილ-შვილიანი — დედ-მამა და ხუთი მოზრდილი შვილი. მეორე ოჯახი პატარა და უმწეო, — მოხუცი ცოლ-ქმარი, შვილი კი — ომში წა-სული და შინმოუსვლელი. წლითიწლამდე თავი ძლივს გაჰქონდათ. სარჩოს შოვნა უჭირდათ, მაგრამ ერთი დიდი სიმდიდრე ჰქონდათ: მთელს ჩვენს უბანში მერცხლები ბუდეს მხოლოდ იმათ მარანში და სახლის ერდოზე იშენებ-დნენ. ამ სიმდიდრით ორივე ოჯახი დიდად ამაყობდა და, ალბათ, არჩევანზე რომ მიმდგარიყო საქმე სხვა სიმდიდრეზე ვერც გაცვლიდნენ.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 4:32 pm | |
| ლელა ჯიყაშვილი „რა წუმპეშიც უნდა დავეშვათ, მუდამ ადამიანებად უნდა დავრჩეთ“ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი თამაზ ბიბილური სამოციანელთა წარმომადგენელი იყო. მისი პირველი წიგნი, "ჩქარა" (ნარკვევები და მინიატიურები) 1973 წელს დაიბეჭდა, მას მოჰყვა მოთხრობების კრებულები: "ნიღაბი", "ჩივილი", "მთვარის შვილი", რომანები: "ჟამი კითხულისა", "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის", ლიტერატურული წერილები და საყმაწვილო წიგნი "წელიწადის დრონი". შინაგანად ესთეტი ხელოვანი უხმაუროდ ქმნიდა იმას, რასაც შთამომავლობა დროთა განმავლობაში უფრო დააფასებს. ქართული პროზის საგანძურის მომავალ ტომში თამაზ ბიბილურის შესანიშნავი რომანი "ჟამი კითხულისა" და ის მოთხრობები შევიდა, რომლებიც უკვე შეიყვარა მკითხველმა. თამაზ ბიბილურისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა - არც სიმდიდრეს, არც თანამდებობას... მშვიდად ფიქრობდა მომავალზე, მაშინაც კი, როცა გრძნობდა, ამქვეყნიური მომავალი საათებს ითვლიდა. ნანახი ბევრი ჰქონდა, თუმცა წლებს ბევრს ვერ დაითვლიდა - სულ 58-ისა იყო. თამაზ ბიბილური რაღაცნაირად ღრმად ხედავდა და ეს სიღრმე ტკივილთან ერთად სიბრძნესა და სიმშვიდესაც ანიჭებდა. სულ უბრალო ეპიზოდს ვკითხულობ: "ესეც სოფელი! ქვევით, ხეობაში სოფელი გადაიშალა. აღარსად მიგვეჩქარებოდა. ვისხედით და ვისვენებდით. მერე ფერდობი სირბილით ჩავიარეთ და ბინდისას ბებრების სახლს მივადექით. დავიძახეთ. პასუხი არავინ გაგვცა. ახლა მეორე სახლს მივადექით და იქაც დავიძახეთ. პასუხი მაინც არავინ გაგვცა. შუა სოფელში მეხნაკრავივით შევჩერდით. - მიტოვებული სოფელი!!! ბინდში ახლაღა შევნიშნეთ: ჭინჭარმოდებული ეზოები, მონგრეული ყორე, უკარ-ფანჯრო სახლები, უკრამიტო კავები, ჩატეხილი საყვავე, ბალახიანი ბაკი. სოფელში არ ყეფდნენ ძაღლები. არ ყიოდა მამალი. ხმა აღარ ამოგვიღია. მიტოვებული სოფელი სასაფლაოს ჰგავს და იქ ხმამაღალი ლაპარაკი არ შეიძლება". თამაზ ბიბილურის ყოველი სტრიქონი იმ პირველსაწყისთან გაბრუნებს, რის გამოც ადამიანად ხარ გაჩენილი, რის გამოც უნდა ხედავდე და გტკიოდეს, მოკრძალებით ჩურჩულებდე და ხანაც ომახიანად იძახოდე სავაჟკაცოს. "რა ყოფაშიც არ უნდა ჩავვარდეთ, რა მწვერვალზეც უნდა მოვექცეთ, ან რა წუმპეშიც უნდა დავეშვათ, მუდამ ადამიანებად უნდა დავრჩეთ, რადგან ღმერთმა მხოლოდ ადამიანად გაგვაჩინა, რადგან არ ვიცით, ჩვენი გაჩენით, ამ უსაზღვრო სამყაროს რა მიზანი ამოძრავებდა, რა დიდი იმედი ჰქონდა ჩვენი, ან პირიქით, რაოდენ მცირედი მისია დაგვაკისრა", - წერდა ის ადამიანობაგამეჩხერებულ სამყაროში. ვიდრე ადამიანებად დავიბადებით და ვიარსებებთ, მას სულ ეყოლება მკითხველი. 2010, 12 ივლისი  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 4:53 pm | |
| ირმა ხარშილაძე „იყო ამაყი და მორჩილი, ბოროტთაგან განშორებული სინათლე და სიწმინდის განსახიერება“"შესულხართ ოდესმე ძველი წიგნების მაღაზიაში? გადაგიფურცლავთ მრავალგზის გადაფურცლული წიგნი, რომელიც ბევრჯერ წაუკითხავთ, მაგრამ მაინც არაფერი დაჰკლებია? პირიქით, დროისაგან უფრო მიმზიდველი გამხდარა, უფრო მშობლიური, როგორც ძველი სახლი, როგორც ძველი ქალაქი, როგორც ძველი ტაძარი. გამოგიცდიათ სიხარული დიდი ხნის ნანატრი წიგნის შეძენისას, როცა შინისაკენ მოუთმენლად მიდიხართ, რათა მალე განმარტოვდეთ, მალე დარჩეთ პირისპირ წიგნთან, მალე ეზიაროთ მის სიბრძნეს, განიცადოთ მასთან შეხვედრის სიხარული, ეს იდუმალი ძალა, რომელიც ამ უბრალოდ აკინძული ქაღალდებიდან, ამ გვირისტად ჩარიგებული ასოებიდან მოდის, მთელ შენს არსებას იმორჩილებს და, რაც მთავარია, სამუდამოდ შენთან რჩება. ის მხოლოდ შენია, თუნდაც წიგნი მილიონებმა წაიკითხონ...", - წერდა თამაზ ბიბილური, მწერალი და ჟურნალისტი; რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და მონაწილეც კი; "ნათელხილვის ოსტატი", რომლის ნაწარმოებები ათიათასობით იბეჭდებოდა და რომელიც ძალიან უყვარდათ; რომელიც ყოფილა მართალი, ზუსტი, გულში ჩამწვდომი და ჰყვებოდა ლაღად, თავისუფლად და საინტერესოდ "მუხლადი, ცოცხალი სიტყვით"... "ქართული პროზის საგანძური" ჟურნალ "გზასთან" ერთად XX ტომად XX საუკუნის მეორე ნახევრის ამ საინტერესო მწერლის რომანს - "ჟამი კითხულისა" - და რამდენიმე მოთხრობას წარმოგიდგენთ. წიგნის გამოსვლამდე კი, ტრადიციულად, ავტორზე გიამბობთ. თამაზ ბიბილურის მეუღლე, ფილოლოგი და ჟურნალისტი, ქალბატონი თიურა ვაშაძე იხსენებს: - მის სახელსა და გვარს პირველად 1957 წლის სექტემბერში "შევხვდი". მეორე კურსის სტუდენტებს დოცენტმა თამარ ბელინსკაიამ ჟურნალ "ცისკრის" ივლისის ნომერი შემოგვიტანა და წაგვაკითხა მანამდე ჩვენთვის უცნობი ავტორის - თამაზ ბიბილურის 3 ნოველა: "ჩემი და", "მრისხანე კაცი", "გაპარვა" (ეს ნოველები თამაზს შემდგომ, არც ერთ გამოცემაში აღარ შეუტანია) და მომავალ ჟურნალისტებს მათი თარგმნა დაგვავალა... მეხუთე კურსზე კი მე და ჩემი ექვსიოდე თანაჯგუფელი გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" მიგვავლინეს პრაქტიკაზე. 60-იან წლებში ქართულ ახალგაზრდულ გაზეთში ბევრი ნიჭიერი ჟურნალისტი მუშაობდა, მაგრამ ჩვენთვის თამაზ ბიბილური მაინც გამორჩეული იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი პირველი ზიარება მხატვრულ თარგმანთან მის სახელთან იყო დაკავშირებული, თანაც, ასაკითაც ახლოს იყო ჩვენთან... დამთავრდა პრაქტიკა. დასრულდა უნივერსიტეტში სწავლის წლებიც. ზაფხულის ერთ დღეს, რუსთაველის პროსპექტზე მიმავალმა, შორიდან თამაზ ბიბილურსა და ნოდარ ებრალიძეს მოვკარი თვალი. მეორე მხარეს გადასვლას ვერ მოვასწრებდი, არადა, არ ვიცოდი, რა მექნა - თავჩაღუნულს გამევლო თუ მივსალმებოდი. მე ხომ ისიც არ ვიცოდი, "დავამახსოვრდი" თუ არა მათ. როცა გავუსწორდი, შეჩერდნენ, მომესალმნენ და მომიკითხეს, თანაც დასძინეს - რატომ აღარ შემოივლი ჩვენთან რედაქციაშიო? ფრთაშესხმული ვიყავი, ბედნიერი - მათ შემამჩნიეს! შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ თბილისიდან წავედი. და აი, ოქტომბრის ორში (ამ დღეს რა დამავიწყებს!) მირეკავს ნორა ნორაკიძე (გაზეთის განყოფილების გამგე, რომელთანაც გავიარე პრაქტიკა და რომელსაც დიდი წვალებით დაუდგენია ჩემი ადგილსამყოფელი) და მეუბნება: ფეხით რომ მოგიხდეს ჩამოსვლა, ხვალ დილით რედაქციაში უნდა გამოცხადდე რედაქტორთანო... აი, ასე გავხდი ამ დიდებული "ოჯახის" წევრი... 13 წელი ვიმუშავეთ მე და თამაზმა ერთად. შემდეგ, დიდმა ლიტერატორმა, ბატონმა ვახტანგ ჭელიძემ გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" მიიწვია მოადგილედ. აქედან დაიწყო მისი ინტენსიური სამწერლო მოღვაწეობაც. დაიწყო და... როგორც ერთი კოლეგა წერდა, "სულ მალე თხემზეც მოექცა"... თამაზს მკრეხელობად მიაჩნდა, ადამიანს მეუღლის შემოქმედებასა თუ პიროვნულ ღირსებებზე საჯაროდ აზრი გამოეთქვა, საკმარისი იყო, თუნდაც ძალზე მოკრძალებული ეპითეტი წამომცდენოდა რომელიმე ახლობელთან (სხვებთან როგორ გავბედავდი?!) მის ახალგამოქვეყნებულ წერილსა თუ ბელეტრისტიკაზე, რომ აღშფოთებით შემაჩერებდა: რა მოგივიდა, როგორ შეიცვალე, ეს არ გეკადრებაო!.. მაშინ, საქციელწამხდარს, ვერ მშველოდა ვითომ ხუმრობით მოხმობილი არგუმენტი, - რომ მე ჟურნალისტი ვარ და ჩემი პროფესია უფლებას მაძლევს, ისევე გამოვთქვა აზრი მის შემოქმედებაზე, როგორც სხვისაზე. სწორედ ამგვარი "წვრილ-წვრილი" ღირსებები გამოარჩევდა თამაზს სხვათაგან. სწორედ ამგვარ "წვრილ-წვრილ" ღირსებათა გამო, ერთობლივმა ცხოვრებამაც კი ვერა დააკლო რა იმ მშვენიერსა და ამაღლებულს, რასაც რომანტიკოსი და ამავე დროს მაქსიმალისტი პერსონები ერთმანეთისგან მოითხოვენ... წერილში "სტილი" თამაზ ბიბილური წერდა: "...თქვენ გინდათ, გაიგოთ, თუ რას ვფიქრობ საკუთარ სტილსა და ენაზე... აბა, რა გიპასუხოთ? ასე მგონია, ზოგჯერ ზედმეტად ვარ მოჩუქურთმებული. ყოველ შემთხვევაში, ამას რომ გავიფიქრებ, ჩემს ხელნაწერს დაუნდობლად ვებრძვი ხოლმე. სურვილით კი ის მინდა, რომ ჩემი სტილი უაღრესად სადა და უბრალო იყოს. ეზოში თუ მაღალი ხე იდგა, უნდა ვთქვათ, რომ მაღალი ხე იდგა, "ასოციაციური" ხერხებით ამ ხის აღწერა დროის დაკარგვა მგონია. ნაწარმოების სტილი და ფორმა თავისით იბადება. ყოველ სათქმელს თავისი ფორმა თავისით მოჰყვება. მთავარია, ეს ფორმა მოიხელთო. როცა წერას ვიწყებ, ფორმა უკვე არსებობს. ისეც ხდება, რომ ზოგჯერ შინაარსი ფორმამაც გიკარნახოს, ფორმა იყოს პირველადი. ბოლოს და ბოლოს, ნაწარმოების ფორმაც ხომ ისევე გვხიბლავს, როგორც მისი შინაარსი?" კრიტიკოსი გურამ გვერდწითელი თამაზ ბიბილურის რომანს - "ჟამი კითხულისა" - გაბრიელ გარსია მარკესის "პატრიარქის შემოდგომის" პარალელურად განიხილავს: "ბოროტებას საერთოდ, თავისი წარმოშობის ძირებიც აქვს და გამოხატვის მიმსგავსებული ფორმებიც. მარკესის და ბიბილურის წიგნებშიც ამ სენის უპირველეს თვისებად დამთრგუნველი შიშია მიჩნეული. ამ ორთავე, მაღალმხატვრული რომანის სათქმელის მასშტაბურობა ზოგადსაკაცობრიოა, მიუხედავად იმისა, ერთი ლათინური ამერიკის ქვეყნის, მეორე კი სულაც ქართული მთის ერთი თემის ცხოვრებაზეა დაწერილი. როცა თამაზ ბიბილურის რომანი იწერებოდა და, მგონი, უკვე დამთავრებულიც იყო, მარკესის "პატრიარქის შემოდგომას" ჩვენში ჯერ არავინ იცნობდა და არც შეეძლო მის შესახებ რაიმე სცოდნოდა. თუ სიმართლე გინდათ (ამას გთხოვთ, მიკერძოებაში ნუ ჩამითვლით), ამ ორი რომანიდან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება "ჟამი კითხულისამ" მოახდინა"... ალბათ, თანამედროვე ქართველი მკითხველი, რომელიც ინტერესით ეცნობა გაბრიელ გარსია მარკესის ნაწარმოებებს, ასევე დიდი ინტერესით წაიკითხავს თამაზ ბიბილურის ამ რომანს და შთაბეჭდილების გაზიარებასაც არ დაიზარებს. პოეტი ქალბატონი, ბორენა ჯაჭვლიანი თამაზ ბიბილურს "მაძიებელსა და მეოცნებეს, რომანტიკოსსა და სენტიმენტალურს უწოდებს და დაურთავს: "მის დახვეწილ სულს არაფერი გამოეპარებოდა: არც კარგი ლექსი, არც სურათი და მუსიკალური ნაწარმოები; სპექტაკლი თუ ფილმი; რეჟისორი თუ დრამატურგი". მწერალ ვახტანგ ჯავახაძის აზრით, "მისი სტიქია მაინც მარტოობა იყო, რაც ალბათ ჭეშმარიტი შემოქმედის ყველაზე ბუნებრივი და სასურველი თავშესაფარია". ჯანსუღ ჩარკვიანი კი წერს: "იყო ამაყი და მორჩილი, ბოროტთაგან განშორებული სინათლე და სიწმინდის განსახიერება". თამაზ ბიბილურის ჩანაწერში ვკითხულობთ: "მე მას თავისუფლება ვასწავლე. მაგრამ მთავარი ვეღარ ვუთხარი, რომ ამქვეყნად არავინ არის თავისუფალი. რომ ამ მირიად ვარსკვლავთა შორის ყველა ერთმანეთს გადაჯაჭვია. მზე ჩაფრენია თავის პლანეტებს და ხელიდან არც ერთს არ უშვებს. პლანეტები - თავის უმრწემეს თანამგზავრებს. თავად მზე კი, თითქოს მძლავრი და თვითმპყრობელი, არავინ უწყის, რამდენი ვარსკვლავის ნებაზე დაძრწის ბნელით მოცულ, შიშით გათანგულ, უკიდეგანო სამყაროში". თიურა ვაშაძის მინაწერი: "ეს უთარიღო ჩანაწერი (თამაზის ჩანაწერებში იშვიათად თუ შეხვდებით თარიღს) ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეების განწყობილებას აღმიდგენს. ზაფხულის ღამეები. დაცარიელებული ქალაქი. უჩვეულო სიწყნარე. მხოლოდ ჭრიჭინობელების ხმა ისმის. თამაზს, რა თქმა უნდა, არ სძინავს. აივანზე ზის და ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას გასცქერის. მე დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვდგავარ - სამსახური, ოჯახის ტვირთი და გულისშემძვრელი ტკივილი, რომელსაც მგონია, რომ მის უჩუმრად ვატარებ. შუაღამეა. რა თქმა უნდა, ვერ ვიძინებ. წამოწოლა ალბათ მიშველიდა, მაგრამ არ მინდა, თუნდაც ერთი წუთი დავკარგო მასთან ყოფნისა. შიშს ვყავარ შეძრული: ვაითუ ძალზე ცოტა დარჩა, ვაითუ მალე სანატრელი გამიხდეს თუნდაც ეს სულისშემძვრელი ღამეები. მეც გავდივარ აივანზე. ვჯდები სავარძელში, ერთად გავცქერით ზეცას და სამყაროს უსასრულობაზე, იმ საოცარ იდუმალებაზე ვსაუბრობთ, რასაც ადამიანში სიჩუმე და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა აღძრავს. თამაზის საუბარი ისე მშვიდია, როგორც მარადიულობა. რიჟრაჟისას წავთვლემთ"... თამაზ ბიბილური 1992 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. ჟურნალი "გზა", 09-07-2010  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 4:55 pm | |
| ლალი ავალიანი არდავიწყება"არდავიწყება მოყვრისა" - ქართველობის ერთ-ერთი ჩინებული ნიშან-თვისება, ბევრ სხვა, ჩვენი ცხოვრებიდან ნელ-ნელა გაძევებულ ტრადიციულ სიკეთესა თუ ღირსებასთან ერთად, - ლამის წარსულს ჩაბარდეს. განსაკუთრებული სიმძაფრით შეიგრძნობა ეს ქართული კულტურის იმ დიდებულ მოღვაწეთა მიმართებით, რომელნიც, იაპონელთაგან განსხვავებით, "ეროვნულ განძად" არ არიან სახელდებულნი, თუმცა, არსებითად, სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენი ეროვნული სიამაყის წყაროს; ქართული სულიერებისა და კულტურის, მისი საიმედო მომავლის ურყევ საძირკველს. ზემოთქმული ქართველ მწერლებსაც ეხება, მათ შორის, - ე.წ. "ცოცხალ კლასიკოსებს" (დღეგრძელობა მათ!), რომელნიც სრულიადაც არ არიან ღირსებისამებრ დაფასებულნი არც მატერიალურად და არც მორალურად (რაც უმთავრესია). მაშ, რაღა უნდა ითქვას იმ მწერლებზე, რომელნიც აღარ არიან სააქაოს; რომელთაც სიკვდილშიც არ გაუმართლათ, რადგან დიდი არეულობისა და "მძულვარების მძვინვარების" წლებში განეშორნენ წუთისოფელს. მათ შორის იყო თამაზ ბიბილურიც. აღესრულა 1992 წლის 10 დეკემბერს. თითქოს სიმბოლურია, რომ ბრწყინვალე პუბლიცისტური ესეი, მძაფრი ტკივილითა და წინასწარმეტყველური პათოსით აღსავსე (მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ სამოქალაქო თუ კუთხურ, არც ვიცი რა ვუწოდო, - ომის ზღვარს ვუახლოვდებოდით) "მძულვარების მძვინვარება" მისი ბოლო, მნიშვნელოვანი პუბლიკაცია გახლდათ: 1991 წლის მიწურულს დაწერილი ესეის გამოქვეყნება "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორის მოადგილემ თამაზ ბიბილურმა, "მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა", მხოლოდ 1992 წლის იანვარში მოახერხა. საკმაოდ უჩვეულო იყო თამაზ ბიბილურის - შესანიშნავი პროზაიკოსის - შემოქმედებითი გზა: მის პირველ მოთხრობებს წარმატებულ დებიუტს ვერ ვუწოდებთ. საბედნიეროდ, კრიტიკის დროებით გულგრილობას და უნდობლობას მწერალი არ შეუშფოთებია. იგი აუჩქარებლად, დინჯად, შეუპოვრად მიჰყვებოდა თავისი შემოქმედებითი გზის სპირალს, სანამ, მისი ერთი რომანის გმირისა არ იყოს - "ქედს არ მოექცა თავზე", სანამ მხატვრული სიმწიფის თხემს არ მიატანა. ეს იმანაც განაპირობა, რომ თამაზ ბიბილური პროფესიონალი ჟურნალისტი გახლდათ. მისი, 1958 წელს გამოქვეყნებული პირველი მოთხრობები, რომელნიც აღარ დაბეჭდილა განმეორებით, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ავტორმა, პირველ კრებულში "ჩქარა!" (1973 წ.) არც კი შეიტანა. წიგნში, ძირითადად, მისი ჟურნალისტური ნაღვაწი იყო წარმოდგენილი. თამაზ ბიბილურმა მკითხველს შესთავაზა "საჭაშნიკო პატარა მინიატურებიც, საქართველოს გზებსა და ბილიკებზე, სოფლებსა და ქალაქებში ხეტიალის დროს წამოკრეფილი". კონკრეტულ, ნამდვილ ამბებზე აგებულ ამ მინიატურებს ჟურნალისტური ელფერი ჰქონდა, ჟურნალისტი აქ ჯერ კიდევ სჯაბნიდა ბელეტრისტს. ავტორმა შემდეგშიც ჩინებული მხატვრული ალღო გაამჟღავნა, როცა მოთხრობების პირველ წიგნში "ნიღაბი" (1975 წ.) ზემოთხსენებულ თხზულებათაგან ერთადერთი და საუკეთესო - "დამშვიდობება" შეიტანა. იმთავითვე გაცხადდა, რომ "ნიღბის" ავტორი ქართულ თანამედროვე პროზაშიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებდა. ასეც მოხდა: 1978 წელს გამოქვეყნდა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური რომანი "ჟამი კითხულისა", რომელიც უფრო ადრე დასტამბულ ვრცელ მოთხრობასთან - "ჩივილთან" ერთად, ავტორის აღმავლობის დასტური გახდა. იგივე ითქმის რომანზეც "შვიდი ხმისა და ტოროლისათვის" და ბრწყინვალე საბავშვო წიგნზე "წელიწადის დრონი" (1984 და 1989 წლები; 1992 წელს კი "წელიწადის დრონისათვის" ავტორს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა). დღევანდელი გადასახედიდან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რჩეულთა იმ მცირე გუნდს, რომელიც XX საუკუნის ბოლო ორ-სამ ათწლეულში, ქართული მწერლობის დვრიტას ადუღაბებდა ჩინებული პროზით - მინიატურებით, მოთხრობებით, მხატვრულ-დოკუმენტური თხზულებებით, რომანებით, პუბლიცისტური თუ ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებითა და ესეებით - თამაზ ბიბილურიც მიეკუთვნებოდა. ...რჩეულთა იმ მცირე გუნდს, რომელიც მწერლის ნიჭიერებას, მაღალ პროფესიონალიზმს, შემოქმედებით ნაყოფიერებას, დაძაბულ სარედაქციო მუშაობას - სანიმუშო მოქალაქისა და უაღრესად პატიოსანი, სინდისიერი პიროვნების თვისებებს უხამებდა, - თამაზ ბიბილურიც მიეკუთვნებოდა. ჩრდილში ყოფნას შეჩვეულმა, თავმდაბალმა და მშვიდმა, შესანიშნავად იცოდა თავისი შემოქმედების ჭეშმარიტი ფასი. პირად ცხოვრებაში - გაწონასწორებულ და, თვალის ერთი შევლებით, - მშვიდ და ფრთხილ ადამიანს, შემოქმედებაში მძაფრი, ყოვლისმომცველი ვნებები იზიდავდა. ხშირად უთქვამს, - პროზას თავისი კანონები აქვსო; - სიცოცხლის დასასრულამდე ცდილობდა ჩასწვდომოდა ამ კანონებს და თავის თხზულებათა სრულყოფისათვის გამოეყენებინა, თუმცა, გაუმართლებელ ექსპერიმენტებს მუდამ ერიდებოდა. ღრმად ერუდირებულ ავტორს, მსოფლიოს უახლესი პროზის ხერხების დაუფლება და "გაქართულება", მათი ეროვნულ სამოსში შებურვა და საკუთარი სტილისათვის მისადაგებაც უცდია. კობა იმედაშვილს შენიშნული აქვს, რომ მისი თხზულებანი დიდი შინაგანი ტრაგიზმით არის დამუხტული, მაგრამ შეფარულ იუმორს სიმშვიდე და შვება შემოაქვს; რომ ავტორისა და პერსონაჟების მზერა უფრო სულშია ჩაბრუნებული, აქ მიმდინარე პროცესები კი იმდენად ღრმა და ძლიერია, რომ გარეგნულ ქმედებას ნაკლები ყურადღება ექცევა; მძაფრად არის წარმოჩენილი ადამიანის მარტოობა და მარტოობის დაძლევის გზაც - მოყვასის სიყვარულის გზა. შეუძლებელია არ აღვნიშნო ისიც, რომ პროზის "სიწმინდისა" და მისი კანონების დამცველი თამაზ ბიბილური პოეტური პროზის ოსტატია. პოეტურია მისი სტილი სხარტი დიალოგებით დაყურსულ მომცრო ჩანახატებში, "ეპიკური სიდარბაისლით" აღსავსე ვრცელ მოთხრობასა თუ რომანებში. პროზის პოეტურობას მრავალი კომპონენტის ერთობლიობა განაპირობებს (რიტმულობა, მუსიკალურობა, ხატოვანი და ემოციური ენა, ამაღლებული განწყობილება, პოეტური სიუჟეტი და ა.შ.) და, რაღა თქმა უნდა, ავტორის სტილის პოეტურობაც განსაკუთრებით მაშინ მჟღავნდება, როცა მის თხზულებებში ზემოხსენგებულ ნიშნან-თვისებათაგან რამდენიმეა წარმოჩენილი. თუ ვირწმუნებთ სომერსეტ მოემის სიტყვებს, - "გამძლეა ის, რაც პოეტურია", უნდა ვიწამოთ თამაზ ბიბილურის ლიტერატურული მემკვიდრეობის გამორჩეული ცხოველმყოფელობა. საუბედუროდ, მწერლის "თხემზე ყოფნის" ჟამი სულ რაღაც ათიოდე წლით შემოიფარგლა, არსთა გამრიგემ, საბედნიეროდ, ეს ჟამი შემოქმედის შესაშური ნაყოფიერებით და უკვე მძიმედ დასნეულებული თამაზ ბიბილურის თავდაუზოგავი, გმირული შრომისუნარიანობით აღბეჭდა. სხვა, მის ადგილას, წლობით მიეჯაჭვებოდა სარეცელს, ის კი მუშაობდა შინაც და გარეთაც; მუშაობდა ზოგჯერ იმედგადაწურული, ზოგჯერ შეურაცხყოფილი და გაწბილებული, მაგრამ იმისი ნათელი შეგნებით, რომ მუშაობდა - მომავლისათვის. ეს კი ნამდვილი გმირობის ტოლფასი იყო. სევდა და ნაღველი თან სდევდა სიცოცხლის მიმწუხრს; მხოლოდ ოჯახური სითბო და მეგობრების გულწრფელი თანადგომა თუ უმსუბუქებდა ხვედრს; ამაო მკურნალობით გატანჯული, კაეშნიანი თვალებით - იმჟამინდელი თბილისის აბსურდული ყოფის ფონზე, რასაც ძლიერ განიცდიდა, - ასეთი ჩამრჩა მეხსიერებაში უკანასკნელად ნანახი თამაზ ბიბილური. უდროოდ წასული მწერლის შემოქმედება დღეს ისტორიის კუთვნილებაცაა და თანამედროვე ლიტერატურული პროცესის განუყოფელი ნაწილიც. ზოგი თხზულება, თითქოს რელიქტურად" რომ აღიქმება (მაგ. "ჟამი კითხულისა" ან "ჩივილი"), საოცრად ეხმიანება ჩვენს დღევანდელობას. საყოველთაო გლობალიზაციის ფონზე, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის დაკნინება-ნიველირების საფრთხის წინაშე, - განუზომელია "წელიწადის დრონის" მნიშვნელობა. თამაზ ბიბილურის ლიტერატურული მემკვიდრეობის ღრმა სულიერება, ერთგულება ეროვნული ტრადიციებისა და მარადიული ფასეულობებისადმი, დახვეწილი ფსიქოლოგიზმი თუ შეფარული იუმორი, უზადო ქართული, რომელსაც ძნელად თუ მოეძებნება დღეს ანალოგი, - ცხადჰყოფს მის თხზულებათა ძალმოსილებას. კარგი იქნება, თუ ზოგი ახალბედა პროზაიკოსი, აგრერიგად რომ მიელტვის ქუჩური ჟარგონის "ესთეტიზაციას" და, საბოლოოდ, დედის გინებითა და უწმაწური სიტყვებით "შეზავებული", უფუნქციო ვულგარიზმებით და ბარბარიზმებით გადატვირთული ენით ცდილობს ფონს გასვლას, - დაკვირვებით გადაიკითხავდა მის ლაპიდარულ პროზას. თამაზ ბიბილურსაც ხომ ჰყავდა დიდი მასწავლებლები - ნიკო ლორთქიფანიძე, რომლისგანაც დახვეწილი ლაკონიზმი აითვისა; "ნატვრის ხის" ავტორი გიორგი ლეონიძე, რომლის საგანგებო ინტერესი თავანკარა ქართულისადმი, "მუხლადი", "ბედაური" სიტყვებისადმი, პოეტური, ამაღლებული სიუჟეტისადმი, - სანიმუშოდ მიაჩნდა (სხვათა შორის, მწერალმა მშვენიერი, ვრცელი სტატია უძღვნა გიორგი ლეონიძეს - "დიდი ნატვრის ხე"); თამაზ ბიბილურის მოთხრობებში საცნაურია ქართული ზღაპრისა და ცინცხალი ხალხური იუმორის კვალიც. თამაზ ბიბიულური მთელი სიცოცხლის მანძილზე მუშაობდა გაზეთების ("ახალგაზრდა კომუნისტი", "ლიტერატურული საქართველო") რედაქციებში; საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა მწერლებთან. შესანიშნავი რედაქტორი იყო (ამაში არაერთხელ თავად დავრწმუნებულვარ) და ახალგაზრდებიც მუდამ ეტანებოდნენ, ბევრ სასიკეთოს სწავლობდნენ მისგან. ახლა, როცა შეუზღუდავად და ყოვლად გაუმართლებლად დავამკვიდრეთ უფუნქციო უცხო სიტყვები, - ჟურნალ-გაზეთებში, ნებისმიერ საჯარო გამოსვლებში, ტელევიზიაში, პარლამენტში, თვით მწერლობაშიც კი, - ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო; უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე თამაზს ვრცელი სიტყვა წარმოუთქვამს, მრავალრიცხოვან შეკითხვებზეც ამომწურავი პასუხი გაუცია. დასასრულს, უაღრესად განათლებულ და ლიტერატურაზე შეყვარებულ ქალბატონს, სტუდენტების უსაყვარლეს პროფესორს ვიოლეტა ცისკარიძეს ახალგაზრდების ყურადღება მიუპყრია იმ იშვიათი გარემოებისათვის, რომ ქართველ მწერალს, საათნახევრიან ზეპირ მოხსენებაში ერთი უცხო სიტყვაც კი არ დასჭირვებია... უკვე მოგახსენეთ, რომ თამაზ ბიბილურმა კარგად იცოდა თავისი თხზულებების ჭეშმარიტი ღირებულება; თუმცა, მისდა სასახელოდ, დღემუდამ ცდილობდა, ახალი რამ შეეძინა თვითონაც და მკითხველისთვისაც გაეზიარებინა. მიღწეულით მუდამ დაუკმაყოფილებელი, ახლისმაძიებელი შემოქმედი, კიდევ ბევრს რასმე მოიხელთებდა, რომ დასცლოდა. ლიტერატურისადმი მიძღვნილი წერილების კრებულს ("მცირე სარკმელი", 1988 წ.) თამაზ ბიბილურმა ამგვარი წინათქმა წარუმძღვარა: "მივხვდი, რომ ლიტერატურას და იმ ცხოვრებას, რომელიც ლიტერატურას კვებავს, მხოლოდ ჩემეული მცირე სარკმელიდან ვუცქერდი, ვხედავდი იმას, რისი დანახვაც შემეძლო ან რისი დანახვაც ჯერჯერობით მოვასწარი. ლიტერატურა ვრცელია, როგორც ჩვენი დედამიწა. მცირე სარკმლიდან კი ყველაფერი არ ჩანს..." მწერლის ობიექტივიზმსა და თავმდაბლობაზე მიგვანიშნებს ესეც: "ახლის, ჯერ ართქმულის თქმა, საერთოდ, უაღრესად ძნელია. ამას იშვიათად თუ ვინმე ახერხებს და იმათაც გენიოსებს უწოდებენ ხოლმე. მაგრამ მწერლობა მარტო გენიოსებით დასახლებული მატერიკი ხომ არ არის"... ("საუბარი კრიტიკოს როსტომ ჩხეიძესთან"). ახლა, როცა თვითრეკლამა და საკუთარი "ნიჭით" ტკბობა მწერალთა გარკვეული ფენისათვის ნორმად იქცა, - განსაკუთრებით გვხიბლავს თამაზ ბიბილურის თქმული, უპირატესად, მის მაღალ პროფესიონალიზმზე რომ მეტყველებს. ახლა სხვა დროა, "ცაში ასახედად ვერავინ იცლის" (ესეც თამაზ ბიბილურის სიტყვებია); მაგრამ სწორედ მისი შემოქმედებაა ის პატარა სარკმელი, საიდანაც მუდამ მოჩანს ცა. „ლიტერატურული საქართველო“, 2002-12-06  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 5:03 pm | |
|  სერია „ქართული პროზის საგანძური“ ჟამი კითხულისა, ტ.20 თამაზ ბიბილური ISBN: 9789941413841 გამოშვების წელი: 2010 გამომცემლობა: პალიტრა L წიგნის ენა: ქართული ყდის ტიპი: რბილი გვერდების რ-ბა: 320 თამაზი ბიბილურის ლიტერატურული დებიუტი შედგა 1957 წელს ჟურნალ "ცისკარში", სადაც მისი მოთხრობები გამოქვეყნდა. მას დაწერილი აქვს ნარკვევები და მინიატურული კრებულები. მის საყმაწვილო წიგნს - "წელიწადის დრონი", კი 1992 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. წიგნში შესულია მოთხრობები: "ჟამი კითხულისა (რომანი)"; "საწყალი დედაბრისასა"; "ვენახი"; "მყუდროზე"; "ცხენი"; "სიცილი"; "ბოლოკეთილი"; "დამშვიდობება"; "დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი"; "მთვარის შვილი".  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 5:07 pm | |
| თამაზ ბიბილური ჩივილი(ნაწყვეტი რომანიდან) სანამ სვრელი არ გაიტანა, ჯიღაურს საქმეზე ხელი არ აუღია, მაგრამ იმ უცხო კაცის ხმის გაგონება მაინც გაუხარდა. მესამე დღე იყო უთამბაქოობა აწვალებდა. არც მგზავრს აუვლია ვინმეს და ვერც ბიჭი გაგზავნა ქვევით, თამბაქოს საშოვნელად. ისედაც არ უყვარდა ჯიღაურს ბიჭის სადმე გაგზავნა, ბიჭი თუ თვალში მოაკლდებოდა, რაღაც სიცარიელე ერეოდა. ჯიღაურმა არ იცოდა, რა ერქვა ამ სიცარიელეს. მარტო ის იცოდა, რომ ბიჭის თვალიდან მოშორება არ უყვარდა და თუ დიდი რამ საქმე არ ჰქონდათ, ან სკოლა არ უხმობდა, ბარში არასოდეს გაუშვებდა. თვითონ კი დაფიცებული იყო. ეს ფიცი გუნებაში, თავის თავთან დადო და შეასრულა კიდეც: ოცი წელიწადი ისე გავიდა, ბარში აღარ ჩასულა. ფიცით კი იმ დღიდან დაიფიცა, ომიდან რომ დაბრუნდა. იქ, ომში, პირველი დღიდანვე მიხვდა, რომ ადამიანი მიწის შვილი იყო და თავისი წილი მიწა ყველას ეკუთვნოდა. ადამიანი ვალდებული იყო სიყვარულით მოევლო ამ მიწისთვის და ჯიღაურმაც, როგორც კი ბეწვზე გადარჩენილი დაუბრუნდა თავის წილ მიწას, იფიქრა, კაცი მადლიერი უნდა იყოსო და აქედან ფეხი აღარ მოუცვლია. ომის გახსენება არ უყვარდა ჯიღაურს და რაკი ისედაც მოლაპარაკე კაცი არ იყო, ცოლ-შვილმაც კი არ იცოდა, რა ტანჯვა-წამება გამოიარა, ვიდრე თავისი სოფლის დაკიდულ ბილიკზე ხელახლა ამოივლიდა. შინ მობრუნებულს აღარც დედ-მამა დახვდა, აღარც საცოლე. იჯდა ჯიღაური მარტოკა სახლის ბანზე და სოფელს გასცქეროდა. სოფელი მშვიდად იყო. სახლებიდან კვამლი ამოდიოდა. ქალები ძროხებს წველიდნენ. ბოსლისა და რძის სუნი იდგა. ჯიღაურს რძე მოუნდა. მაშინ ბებერმა თოთიამ, ჯიღაურის პაპის ნაძმობმა, იქვე, ყორეს გადაღმა რომ ცხოვრობდა, ხელი დაუქნია და დაუძახა, აქეთ გადმოდი, აქ არა ვართო? მაგრამ ჯიღაურს არავისთან წასვლა არ უნდოდა, საკუთარ ეზოში, საკუთარ ბანზე ყოფნა ყველაფერს ერჩივნა. აქ ჯდომა და თბილი რძე უნდოდა, მაგრამ რძე კაცის სასმელი არ იყო და თოთიას ვერ ეტყოდა, რძე გადმომიტანეო. ბებერ თოთიასაც აღარაფერი უთქვამს და თვალს მოეფარა. ცოტა ხნის მერე კი ეზოში შემოიხედა, ცალ ხელში ხელადა ეჭირა, ცალში – ბოღჩაში გამოხვეული ჭამადი. ტაბლა იქვე, ბანზე გაუშალა ჯიღაურს და პირველი ჭიქაც თავისი ხელით დაუსხა... მას შემდეგ ბევრი ხანი გაივლის. სოფელი აიყრება და ჯიღაური მარტო დარჩება. ჯიღაური სოფლის ფეხის ხმას არ აჰყვება, სოფელს ზურგს შეაქცევს, გატყიურდება და მარტო ხარივით მიწის მხვნელი და პურის მთესველი გახდება. მარტო შეშას მოზიდავს ტყიდან და საფქვავს ჩაიტანს ჭალაში ჩადგმულ პატარა წისქვილში. სალამი დაავიწყდება და სახეზე ყომრალი გადაედება, მაგრამ არასოდეს დაივიწყებს არც იმ ერთ ჭიქა ღვინოს და არც ბებერ თოთიას, რომელმაც სწორედ ის მოუტანა, რაც თურმე იმ წუთში ჯიღაურს სწყუროდა – ერთი ჭიქა ღვინო! მაგრამ ეს მარტო ჭიქა ღვინო კი არ იყო, კაცის მიწაზე დაბრუნებას, თვითონ დედამიწას გამოხატავდა, ბებერმა თოთიამ იმ ჭიქა ღვინით თითქოს მოძღვარივით აკურთხა ჯიღაურის მთელი ცხოვრება, მთელი გზა, კაცს რომ უნდა გაევლო ამ გაზაფხულის მშვიდი საღამოდან უკანასკნელ მზის ჩასვლამდე. იმ ერთი ჭიქა ღვინით თითქოს სამუდამოდ დაიწერა ჯიღაურის ცხოვრების წესი და ადათი. ბებერი თოთიას ხელები ძველ, დაღარულ პერგამენტს ჰგავდა, ბალღობისას, სოფლის ეკლესიაში, მღვდლის ხელში რომ ენახა ჯიღაურს, ტუჩმოტეხილი ხელადა – გუმბათმორღვეულ ეკლესიას; ხელადიდან გადმოღვრილი ღვინო კი ისე რეკდა, როგორც სამრეკლოს მრწემი ზარი ნიავის შემოქროლვაზე. მაშინ ჯიღაურმა პირველად გაიფიქრა, რომ ბედნიერება სრულიად უბრალო რამ ყოფილა: აი, ეს ერთი ჭიქა ღვინო, ხმიადი, ხახვის ფოჩი, ეს მშვიდი, ბებერი თოთია, ბოსლის და რძის სუნი და, რაც მთავარია, სიჩუმე. ჯიღაურს სწორედ სიჩუმე ენატრებოდა, მშვიდი და მომთენთავი სიჩუმე; თბილი მზე, ლურჯი ცა, სახლის ერდოზე მიკრულ ბუდესთან აჭყლოპინებული მერცხლები. სწორედ იმ წამში გაიფიქრა ჯიღაურმა, რომ რაც უნდა მომხდარიყო, ამ მშვიდ, ნეტარ თვლემაში ჩაძირული ეზოდან ფეხს არ მოიცვლიდა, აქ იცხოვრებდა, აქ მოკვდებოდა და აქვე, ორიოდე ნაბიჯს იქით დაიმარხებოდა. გაივლის კვლავ დიდი ხანი და ჯიღაური ამ აღთქმას დაარღვევს. მაგრამ ეს იქნება დიდი ხნის მერე, როცა ცხოვრება თითქმის დასრულდება და უკვე აზრი აღარაფერს ექნება, როცა ჯიღაურს ყველაფრის იმედს წაართმევენ; როცა ჯიღაურის შეუპოვარი ცოლიც კარს გამოიკეტავს, აქაურობას მიატოვებს და სადღაც წავა, როცა დედაკაცი გაიფიქრებს, რომ მთელი დედამიწა ცოდვითაა დამძიმებული, რომ დედამიწაზე დასამალი ადგილი აღარსად დარჩენილა და ყვირილს დაიწყებს. დიახ, ეს მოხდება დიდი ხნის მერე, სწორედ იმ დღის კვირაძალზე, ვიდრე ჯიღაური სიკვდილს შეხვდება.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 5:12 pm | |
| თამაზ ბიბილური დიდი ბიჭი და პატარა ბიჭიბინდია. საცაა დაღამდება. ცივა. ცა მოკრიალდა. ცოტა ხნის შემდეგ სიცივე უფრო მოუჭერს. სოფლის კოოპერატივის წინ აღარავინ დარჩა, ყველა წავიდ-წამოვიდა. მარტო დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი დგანან, საქმე არაფერი აქვთ, დგანან და ლაპარაკობენ. დიდ ბიჭს მოკლე, თბილი ჯუბა აცვია და უხეში ტყავის ჩექმები. არც ისე დიდია, მაგრამ პატარა ბიჭის გვერდით მთასავით მოჩანს. პატარა ბიჭი გრძელ ქურქში შეხიზნულა, ქურქი კოჭებამდე დასთრევს, თბილი ქუდი ყურებზე ჩამოუფხატავს, მაინცა სცივა და დიდი ბიჭის გვერდით ნიბლიასავით მობუზულა. თუ მეგობრობაზე მიდგება საქმე, ამ ორში დიდი ბიჭი ულაყივით მიჭიხვინობს, პატარა ბიჭი ჯერ ისევ დაუნალავი კვიცივით, ალალბედად მისდევს უკან. დაუბერა. ცივა. _ შინ წავიდეთ, ბიჭო! _ ამბობს პატარა ბიჭი. _ შინ არა, ის არ გინდა? ვერა ხედავ, როგორ მოკრიალდა! _ რო მოკრიალდა, უფრო არა ცივა? ყინვამაც მოუჭირა! _ მოუჭიროს, შენ რა გენაღვლება... _ ზოგი მე მკითხე... _ დედალი ხარ. _ დედალი შენა ხარ. _ დედალი ხარ, მაშ, რა ხარ, აბა, შენ თავზე დაიხედე... დაღამდა. დიდი მთვარე ამოვიდა. ვარსკვლავებიც გამოჩნდა. მილიციელმა ჩაიარა და ბიჭები თავით ფეხამდე შეათვალიერა. _ რას აკეთებთ, ბიჭო! _ არაფერს, რას უნდა ვაკეთებდეთ? _ შეეშინდა პატარა ბიჭს _ წადი, დაიკარგენით! უფრო აცივდა. გარშემო ჭაჭანება აღარავისი ჩანს. აღარც შეშას ჭრიან, აღარც ძროხა ღმუის. სახლებში სინათლეები აინთო. საკვამურებიდან ბოლი ამოდის. _ წამო, ღვინო დავლიოთ! _ რა თქმა უნდა, ამასაც დიდი ბიჭი ამბობს. _ ღვინო არა, ის არ გინდა? _ დედალი ხარ. _ ჰო, რაკი შენ იტყვი. _ აბა, როდისმე დამთვრალხარ? პატარა ბიჭი არასოდეს დამთვრალა და ხმას არ იღებს. _ ჰოო! _ ამბობს დიდი ბიჭი. _ თორე შენ კი აი... _ ლუღლუღებს პატარა ბიჭი. _ ამ წინებზე ვინ დალია ორი ბოთლი ღვინო? _ ორი ბოთლი, მაშ... მოგართმევდნენ. _ მაშ, მტყუნის... ვთქვა? არა, ვთქვა? _ თქვი რა... _ ხო იცი, რო არ ვიტყვი... დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი სოფლის სასადილოში შედიან. სასადილო ცარიელია. ფეჩიც ჩამქრალია და ცივა. დახლიდარი კუთხეში მიმჯდარა და საანგარიშოს აჩხაკუნებს. დიდი ბიჭი პატარა ბიჭს ყოჩივით მიუძღვის და დახლთან ჩერდება. _ ერთი ბოთლი საფერავი! დახლიდარი ჯერ ეჭვით იცქირება, მერე ბოთლსა ხსნის, თეფშზე ყველსა და მწნილს ალაგებს: _ მემრე მე არ დამბრალდეს... მამაშენმა ამ წინებზედაც ლანძღვა დამიწყო. მე რა ვქნა, უარ ხო ვერ გეტყვი? განაღა ბალღი ხარ... რამდენისა ხარ? _ ოცისა. მემრე რა რო... _ მემრე ისა, რო ფული ვინ მოგცა? _ ვინ უნდა მომცეს? არა ვმუშაობ?.. მთელი შემოდგომა ტრაქტორებზე ვეგდე. დახლიდარი ჩუმდება და ისევ კუთხეში მიიყუჟება. ბიჭები იქით, დარბაზის ბოლოში, დაბალ მაგიდას მიუსხდებიან. დიდი ბიჭი ჭიქას ავსებს. პატარა ბიჭი თავის ჭიქას გვერდზე გასწევს. დიდმა ბიჭმა იცოდა, რომ ასეც მოხდებოდა და აღარა ბრაზობს, მარტო თვითონ სვამს და სადღეგრძელოებსაც თვითონ იგონებს. _ ეს ამ ჭიქით გაუმარჯოს მშობლებს... მშობლები რო არა ყოფილიყვნენ, არც ჩვენ ვიქნებოდით... _ ამ ჭიქით ჯარში წასულ ბიჭებ გაუმარჯოთ, ვახტოსა და პაატას... გაზაფხულზე მეც წამიყვანენ. _ მეც... _ ჩუმად ამბობს პატარა ბიჭი. _ ვისაც ვინ უყვარს, იმათ გაუმარჯოს... _ განაგრძობს დიდი ბიჭი და უცებ სიცილი აუტყდება... _ რა გაცინებს, ბიჭო! _ გამოსძახის დახლიდარი. _ გოგოებ გაუმარჯოს!@_ ეძახის დიდი ბიჭი და ჭიქას მაღლა სწევს. _ ნამდვილი მამაილა ხარ! _ ხითხითებს დახლიდარი. დიდმა ბიჭმა ბოთლი გამოცალა. წაბლისფერ ლოყებზე სიმხურვალე მოერია. ტუჩები გაუწითლდა. წიწაკის მწნილი ეგრევე, მთელად გადაყლაპა და წამოდგა. პატარა ბიჭს იმედი მიეცა, მივდივართო და ისიც აჰყვა. _ კარგად იყავი! _ კაცივით გასძახა დიდმა ბიჭმა დახლიდარს... _ აბა, შენ იცი... კინოში არ წახვიდე, იცოდე, მთვრალი ხარ! _ გამოსძახა დახლიდარმა. გარეთ მთვარე ანათებს. თოვლი თეთრად ქათქათებს. დღესავით ღამეა. _ გოგოსთვის გიკოცნია? _ ჩურჩულებს დიდი ბიჭი და პატარა ბიჭს დასცქერის. პატარა ბიჭს არასოდეს უკოცნია გოგოსთვის და ხმას არ იღებს. _ ეგე! დიდი ბიჭს თვალები უელავს, პატარა ბიჭი თვალს ვერ უსწორებს. _ თორე შენ კი აი... _ ჩურჩულებს პატარა ბიჭი. _ მაშ, ის რა იყო, იქა, როცა... _ მე რა ვიცი, იქ ვიყავი? _ როცა არ იცი, გაჩუმდი. _ გაჩუმებული არა ვარ? ცოტა ხანს ჩუმად არიან. _ ცივა! _ ამბობს პატარა ბიჭი და ქურქში უფრო იბუზება. _ წამო, ნათელა შევაშინოთ! _ ეუბნება დიდი ბიჭი. _ თუ გამოგივარდნენ იმათები! _ იმათები ქალაქში არიან. _ არ ამოვიდოდნენ? _ ვერ დაინახე, ავტობუსი ცარიელი ამოვიდა. _ შინ უნდა წავიდე. _ დედალი ხარ, მაშ, რა ხარ... _ ხო, რაკი შენ იტყვი. _ წამო, რაღაცა უნდა ვუთხრა. _ როდის დაგპატიჟა? _ თორემ არც კი, აი... _ კალთები ჩამოგახია... _ არ წამოხვალ და ნუ წამოხვალ! არ წამოხვალ და ამ ჩემ ფეხებ! დიდი ბიჭი გზას დაადგება, ფიქრობს, პატარა ბიჭიც გამომყვებაო. პატარა ბიჭი არ მიჰყვება და დიდი ბიჭი გამოსძახებს: _ არ მოხვალ? _ შინ უნდა წავიდე! _ აბა, ნუ წამოხვალ! _ იმუქრება დიდი ბიჭი და ისევ მობრუნდება. დიდი ბიჭი გაბრაზებული ქოშინებს. პატარა ბიჭი ქვემოდან შესცქერის. _ არ წამოვალ! _ ამბობს პატარა ბიჭი და დიდმა ბიჭმა უკვე იცის, რაც უნდა უთხრას, ვეღარაფრით შეაშინებს. უცებ დიდი ბიჭი სილას გააწნავს. პატარა ბიჭი ხელს შეუბრუნებს, მაგრამ თოვლში წაიქცევა. დიდი ბიჭი არც კი მოიხედავს, გზას დაადგება. პატარა ბიჭი წამოდგება, თოვლს ჩამოიბერტყავს, ნაწყენია და ამ წუთში ფიქრობს, რომ ყველაფერი დამთავრდა, დიდ ბიჭს აღარასოდეს დაელაპარაკება, უცებ სიცარიელე დაეუფლება და ცრემლებს მოიწმენდს. დიდი ბიჭი შარაზე მიალაჯებს. ცივა, უფრო მეტად ცივა. დიდი ბიჭი მიდის და უკან აღარ იხედება. წყაროსთან არავინაა. არც ფოსტასთან ჭაჭანებს ვინმე. კინო კარგა ხანია დაწყებულა. სიცივისაგან აძაგძაგებული უბილეთო ბალღები სარკმლებიდან დარბაზში იჭვრიტებიან. დიდი ბიჭი გზიდან გადაუხვევს და ორღობეში მიდის. ღობის გადაღმა ვიღაცა შეშას ჭრის. დიდი ბიჭი აქეთა ღობესთან ჩერდება და სახლს გასცქერის. სახლში სინათლე ანთია. _ ნათელა შინ არი! _ ფიქრობს დიდი ბიჭი და ხეს მიეყრდნობა. პაპიროსი მოუნდება, მაგრამ პაპიროსი არა აქვს. ღვინისგან გახურებულ სხეულს აღარ სცივა. დიდი ბიჭი ღრმად სუნთქავს და პირიდან ორთქლი გამოსდის. ჩუმად ღიღინებს. მერე ცოტა ხმასაც აუწევს. სარკმლიდან არავინ იხედება. გადმოღმა ეზოში ისევ შეშას ჭრის ვიღაცა. ბიჭი ბრაზობს, რაღა დროს შეშის დაჭრაა, ეს ვიღაცაა, აქამდე სად იყოო და ხეს ეფარება. მერე ცნობისწადილი დასძლევს და ღობის იქით გადაიხედავს. შეშას ჟუჟუნა ჩეხავს. ბიჭს ეცინება და ახლა ჟუჟუნას გასცქერის. * * * ჟუჟუნა ქალაქში იყო გათხოვილი. ერთი-ორი წლის შემდეგ უკან დაბრუნდა _ ცარიელი, უქმრო და უშვილო. ცუდად არ იქცეოდა, კაცებს ახლოს არ იკარებდა. მარტო მხიარულება უყვარდა, სადაც კი საბაბს იშოვიდა, გიტარას აიღებდა და მღეროდა. სოფელმა მაინც აითვალწუნა. ერთხელ, შუაღამისას, კარზე კოლექტივის თავმჯდომარე მიადგა მთვრალი. ჟუჟუნა გამოვარდა და აგური ესროლა. მერე მთელი სოფელი ამ აგურზე ლაპარაკობდა. მარტო ერთი ზნე სჭირდა ჟუჟუნას: შაბათ-კვირას სოფელში გული არ უდგებოდა, ან თელავში წავიდოდა, ან გურჯაანში. ქალაქშიც ხშირად უნახავთ... ეს იყო და ეს... * * * ჟუჟუნა შეშას ჩეხავდა. დიდი ბიჭი ნასვამი იყო, შეეცოდა ჟუჟუნა და ჩაახველა. ჟუჟუნამ ეჭვით გამოხედა, ცული გადააგდო, იცნო ბიჭი და ღობისკენ წამოვიდა. _ საღამო მშვიდობისა, ჟუჟუნა! _ მანდ ვის ელოდები, ბიჭო... _ ისე... არავის... _ არავის... შენ მე რამეს გამომაპარებ? _ რა უნდა გამოგაპარო? _ არაფერი. ჟუჟუნამ ცული აიღო და ბიჭს გამოსძახა: _ იარე მასე, აქ რა, მოხვალ და შეშას დამიჭრი? ბიჭმა ღობის მარგილი ჩაბღუჯა და თქვა: _ რატომაც არ დაგიჭრი! _ გადმოდი. აი, ცული და აი, შენ. წელი მომწყვიტა. ქალაქში ვიყავი. მოველ და სახლი გაყინული დამხვდა. ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, ხომ არავინ მიყურებსო და რაკი არავინ უყურებდა, აღარც ჭიშკრიდან მოუვლია, იქვე, ღობეზე გადაალაჯა და ეზოში გადავიდა. ქალმა თავით ფეხამდე ახედ-დახედა, გაუცინა და ცული მიაწოდა. _ რამსიმაღლე ხარ, ჩემ ხელში კი გაიზარდე. ბიჭმა პასუხი არ გასცა, ნაჯახი აიღო და კუნძს მიადგა. _ ეგ კუნძი დამიჩეხე და მეტი არც მინდა, ერთ-ორ დღეს მეყოფა. ბიჭმა ცული მოიქნია და კუნძი გადახეთქა. _ მე შენ გეტყვი, ღონე არა გაქ! ბიჭმა ცული კუნძზე მიაგდო, ჯუბა გაიხადა და ქალს გადაუგდო. ქალმა დაიჭირა, ფრთხილად მიიხედ-მოიხედა და მხრებზე მოიხურა. ჯუბა თბილი იყო. _ ცივა... _ გააკანკალა ქალს. ბიჭი შავი, სქელი ჯემპრის ანაბარა დარჩა. ისევ ცული აიღო და კუნძს მიადგა. ქალს ზედაც არ უყურებდა, ღონივრად იქნევდა ცულს და დახეთქილ შეშას იქით, გაყინული თოვლისკენ ისროდა. _ რა გეჩქარება ნეტა... _ ჩურჩულებდა ქალი. ბიჭი ხმას არ სცემდა და ქალი განაგრძობდა: _ ერთ-ორ დღეს მეყოფა, საცაა ზამთარიც გავა. _ თუ არა და, აქ არა ვარ? _ შენ სადა გდიო? მე შენ გეტყვი და, ყოველდღე გხედავ... რამდენი ხანია არ დამინახიხარ... _ რავი, აბა... _ მაგრე იყოს, მეტი აღარ დააწვრილო. წვრილი შეშა მალე აპრიალდება და მალე იცის ჩაქრობა. ბიჭმა ცული თოვლზე მიაგდო, ღრმად ქშინავდა, ხვითქი გადასდიოდა. _ ხო არ დაიღალე? _ იკითხა ქალმა. _ რა დამღლიდა... _ რა დაგღლის, შენთვის ეს რა არი? დევივითა ხარ... იდგნენ და ერთმანეთს უცქერდნენ. _ შეშა მკლავებზე დამიწყვე, საჩეხში ავიტან, _ თქვა ქალმა. _ მე ავიტან! _ პირქუშად ჩაილაპარაკა ბიჭმა. _ დღეს რა გუნებაზე ხარ? _ გაიცინა ქალმა. ბიჭმა შეშა კოხტად დააწყო. ორივე ხელი მოხვია და წელში გასწორდა. _ კიდევ დამიმატე, _ უთხრა ქალს. ქალი აფუსფუსდა, რამდენიმე ნაჭერი კიდევ აიღო და აიღლიავებულ შეშას დაამატა. ბიჭი ნელა, მძიმედ, დათვივით წავიდა აივნისკენ. ქალი ბიჭს გაჰყვა. მერე გადაუსწრო, აივნის კარი გააღო და დაელოდა. ბიჭი ქშენით ამოდიოდა კიბეზე. კიბე ჭრიალებდა. ბიჭმა შეშა აივანზე დაყარა და სახლი შეზანზარდა. _ ნელა, თავზე არ დამანგრიო, _ გაუცინა ქალმა. პირისპირ იდგნენ. ქალი უღიმოდა. თავჩაქინდრული ბიჭი თვალს ვერ უსწორებდა. _ განა არ ვიცი, ვისთვისაც იდექი, _ გაიცინა ქალმა. _ რა იცი... _ ვიცი... სხვა დროსაც დამინახიხარ. ქალი უფრო მიუახლოვდა. ბიჭი ღრმად სუნთქავდა. _ იი, მთვრალი ყოფილხარ, _ თქვა ქალმა. ბიჭს გაეცინა. _ მეც არა ვთქვი... ბიჭი ფიქრში წავიდა და უცებ შეეშინდა. _ მთვრალი ყოფილხარ, _ გაიმეორა ქალმა. ბიჭს ისევ გაეცინა. _ არსად წახვიდე, გახსოვს, ამწინებზედაც რო იჩხუბე... მაშინაც მთვრალი იყავი... სხვა დროს შენი ჩხუბი არ გამიგია. ქალის ხმა თითქოს საიდანღაც, შორეთიდან ისმოდა. _ აჰა, შეგცივდება, _ თქვა ქალმა და ბიჭის ჯუბა გადაიძრო. ბიჭმა ხელი გაუწოდა, ქალმა უსიტყვოდ ანიშნა, _ მე თვითონ მოგახურავო, ბიჭის მხრებს შესწვდა და ჯუბა მოახურა... და ეგრევე დარჩა _ ბიჭის მხრებზე ჩამოკიდებული; მერე ზურგით მიაწვა ოთახის კარს და ბიჭიც თან გაიყოლა... ცახცახით უკოცნიდა თვალებს, ყვრიმალებს, ყურებს... მერე ტუჩები მოძებნა... გარშემო სიბნელე იყო. ბიჭი მიეცა სიბნელეს. * * * _ დაიღალე? _ დაიჩურჩულა ქალმა და ბიჭს შუბლზე ოფლი მოსწმინდა. _ თავი დამანებე! _ შეუღრინა ბიჭმა. _ რა გეწყინა? _ არაფერი, რა უნდა მწყენოდა? ბიჭმა შარვალში გაუყარა ფეხები და წამოდგა. _ მიდიხარ? ბიჭმა ხმა არ გასცა. _ ცოტა ხანი მოგეცადა. _ რა გინდა? _ არაფერი, რა უნდა მინდოდეს... _ ხვალ საღამოს... _ რა ხვალ საღამოს? _ მოვიდე? _ ცუდი არაფერი იფიქრო... რა ჩემი ბრალია. ჯერ ბედნიერი არა ვყოფილვარ. ღმერთმა გამოგგზავნა. პირველად ვიყავი ბედნიერი. ყოველღამე მესიზმრებოდი... შენ რა გესმის... შენ ჯერ არაფერი არ გესმის... ბიჭი კართან მივიდა. ქალმა შეაჩერა. _ არავის ეტყვი? _ ვის უნდა ვუთხრა... _ არა... მითხარი... არ იტყვი? _ არ ვიტყვი. _ ხო იცი, მეტიც არ უნდათ... _ არ ვიტყვი. _ თავს მოვიკლავ, იცოდე... _ არ ვიტყვი. ბიჭმა კარი გააღო და კიბეზე დაეშვა. _ არავინ დაგინახოს. _ ნუ გეშინია. _ ხო იცი, რაღას არ იტყვიან. _ რა უნდა თქვან? _ რა ვიცი, ათასი რაღაცა... ბიჭი ეზოში ჩამოვიდა. ქალმა ჩურჩულით გადმოსძახა: _ ღამე მშვიდობისა მაინც გეთქვა, ბიჭო! _ ღამე მშვიდობისა... ბიჭი ორღობეში გამოვიდა. ცოტაზე გაიარა და ღობეს მიეყრდნო. აგრე იდგა კარგა ხანს. უცებ მთელ სხეულს სილაღე და სიმსუბუქე დაეუფლა. გაეცინა. მერე უფრო გაეცინა. ორღობეში მირბოდა და იცინოდა. მერე შეჩერდებოდა, ღობიდან მარგილს ამოაძრობდა, ღობესთან მომწყდარ ძაღლებს აცოფებდა და გარბოდა. მთელ ორღობეში ძაღლთა გნიასი და ყეფა მიაცილებდა. უცებ სიმღერა მოუნდა და სიმღერა დაიწყო. ასე ყმუის ხოლმე მგელი, ხროვას ჩამორჩენილი, უგზო-უკვლოდ ტყედ მიმავალი. * * * დიდი ბიჭი პატარა ბიჭის სახლთან დგას. პატარა ბიჭის ოთახიდან სინათლე გამოდის. იქ მყუდროებაა, სითბო. პატარა ბიჭი ალბათ წიგნსა კითხულობს, ან რადიოს აწვალებს. დიდი ბიჭი ღობეზე გადახტება და სარკმლის ქვეშ აიტუზება. კენჭს აიღებს და ფანჯარას ესვრის. სარკმელი იღება. _ მე ვარ, _ ჩურჩულებს დიდი ბიჭი, _ თქვენებს სძინავთ? _ ხო! _ ცოტა ხნით ჩამოდი, რაღაცა მაქ სათქმელი. _ ჩამოვალ! _ ამბობს პატარა ბიჭი და სარკმელს ხურავს. დიდი ბიჭი დგას და ელოდება. პატარა ბიჭი მალე ჩამოდის და წინ მორჩილად გაუჩერდება. _ არ შეგცივდეს, _ ეუბნება დიდი ბიჭი. _ რა შემაცივებს... დიდი ბიჭი ერთხანს შესცქერის, თითქოს დიდი რამ ამბავი უნდა გადაწყვიტოსო, ყოყმანობს და მერე ჩურჩულებს: _ თუ გინდა, გამარტყი... პატარა ბიჭი ზურგს შეაქცევს. ხმას არ იღებენ. _ რა გინდოდა? _ ჩაილაპარაკებს მერე პატარა ბიჭი. _ არაფერი... _ იცინის დიდი ბიჭი. _ იცინე... იცინე... დიდი ბიჭი იცინის. ჯერ თოვლზე დადგება თავდაყირა, მერე მალაყებს გადადის, მერე და მერე სულ აიწყვეტს და გზაზე სრიალ-სრიალითა და ყმუილით დაეშვება. ძაღლები ყეფენ და ღობეებს აწყდებიან. აქა-იქ სახლის კარიც იღება და ვიღაცა გამოიხედავს. ვიღაცა ძაღლსა ტუქსავს და ისევ სიჩუმე ჩამოდგება. ახლა სიჩუმეში სულ შორიდან, ორღობის ბოლოდან ისმის დიდი ბიჭის ხმა. «ხვალე გადმოხვალ? დილითვე გადმოდი!.. არ დაიგვიანო, იცოდე!..» ასე მთავრდება ეს ზამთრის ღამის მოთხრობა... და რაღა თქმა უნდა, მთვარე ისევ ანათებს, ვარსკვლავები ისევ ჟიკჟიკებენ და ცივა, ცივა, ცივა...  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 5:14 pm | |
| თამაზ ბიბილური დამშვიდობებახალხით გაჭედილი ავტობუსი მიქრის. ნაბდისქუდიანი, წარბებჩამოფხატული ბერიკაცი მოკუნტული დედაბრისკენ მიიწევს. დედაბერი ჯინურა კალათებში მოკეცილა და აქეთ-იქით ცქვიტად იცქირება. _ შენ მაგდანა არა ხარ? _ ეკითხება ბერიკაცი. _ მაგდანა ვარ, მაგდანა... _ გამარჯობა, მაგდან! _ შენ მიხა არა ხარ? _ მიხა ვარ, მაშ... _ როგორა ხარ, მიხავ, როგორა ხარ, ბიჭო! _ ხი-ხი-ხი-ხი... ბიჭიო... _ ხითხითებს იქვე მდგარი პატარა ბიჭი. _ რა გაცინებს? ჩემთვის ისევ ბიჭია! _ ტუქსავს დედაბერი ბიჭს. _ როგორა ხართ, ბიჭიო, როგორა? _ აბა, როგორ ვიქნებით, არა გვიშავ რა... _ თქვენები როგორ არიან? შვილიშვილები დაათხოვე? _ კარგად არიან. დიდს კარგი ყისმათი შეხვდა, ქალაქშია, ეხლაც იქიდან მოვდივარ. შუათანა ახმეტაში გავათხოვეთ. ისინიც კარგად არიან. მარტო პატარაზე გვეთანაღრება გული. _ იმ ნაბოლარაზე? _ ვერ შეხვდა კარგი ბედი: სიფხიზლეში კიდევ არა უშავ რა, დათვრება და გაგიჟდება. _ რად გაატანეთ? _ ვინა გვკითხა? ალავერდში ვიყავით. მოვბრუნდით და შინ აღარ დაგვიხვდა: ფშაველში გაპარულიყვნენ, ბიჭის მამიდასთან. _ შინ უნდა ჩაგეკეტნათ. _ ჩავკეტეთ... ფანჯრიდან გადამძვრალიყო. _ ეეხ, ეხლანდელები... _ შენ? შენ როგორღა ხარ? _ იი, შენ კი გაიხარე... _ სადა ყოფილხარ? _ ქალაქში. ვარიები მყვანდა გასაყიდად. _ გაჰყიდევი? _ მუქთად უნდოდათ! აბა, ერთი კრუხი თქვენ დასვით-მეთქი... _ მაგათ იგრე ჰგონიათ... _ ესეც ჩვენი სოფელი... _ ამბობს ბერიკაცი და ჩასასვლელად ემზადება, _ აბა, კარგად იყავი, მშვიდობით... _ მშვიდობით, ვინ იცის, ვეღარცა გნახო. _ აბა, რა ვიცი, ვინ იცის... _ მშვიდობით, ბიჭო... მიხა ჩადის. დედაბერი უცებ წამოხტება, ფანჯარას მივარდება და ეძახის... _ ბიჭო! მიხავ! _ ხოო! _ აბა, ჩემზე თუ რამე გაიგოთ, გადმოდით, არ დაიზაროთ! _ ნუ გეშინია! _ გადმოდით... ჩემიანები ხართ... გეკუთვნით! ბერიკაცი პასუხს აღარ იძლევა. დედაბერი თვალს გააყოლებს. _ ხი, ხი-ხი-ხი... ბიჭიო... _ ხითხითებს ბიჭი. ბერიკაცი უკან აღარ იხედება. დედაბერს გული სწყდება. მერე აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედავს და ისევ პატარა ბიჭს მიუბრუნდება: _ ხო, რა გაცინებს? ჩემთვის ისევ ბიჭია...  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური Tue Dec 24, 2019 5:42 pm | |
|  წიგნის დასახელება – „მთვარის შვილი“ ავტორი - თამაზ ბიბილური რედაქტორი - ირ. არაბული მხატვარი - კ. ფაჩულია გამომცემლობა – „საბჭოთა საქართველო“ ყდა – რბილი გამოცემის წელი – 1981 ფასი - 1 მან. 50 კაპ. წიგნში შესულია მოთხრობები: "საწყალი დედაბრისასა"; "ვენახი"; "მყუდროზე"; "ცხენი"; "სიცილი"; "ბოლოკეთილი"; "დამშვიდობება"; "დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი"; "ქათმები", "დათო", "ყველაწმინდა", "ნიღაბი", "მთვარის შვილი", "ჩონგური", "ბერიკაობა", "ჩივილი" და "ჟამი კითხულისა" (რომანი).  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: თამაზ ბიბილური  | |
| |
|  | | | თამაზ ბიბილური | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|