Last edited by Nicoletta La Chatte on Sun Apr 07, 2019 1:41 pm; edited 3 times in total
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მანანა ღურჭუმელიძე Sun Apr 07, 2019 12:54 pm
მანანა ღურჭუმელიძე
ამ გზამ გამიყოლია...
ეს მერამდენედ შეირხა ჩრდილი, პრიალა პარიკს შვენის პროფილი; კიდევ ერთი დღე ჩაბარდა წარსულს ვნებადამცხრალი და კმაყოფილი. თურმე, ჰქონია სასრული ამ გზას ნავსაყუდელში დგანან გემები; ისმის ასფალტზე მინის მსხვრევის ხმა და სარკე ბრწყინავს განამთელები. ნავსაყუდელში დგანან გემები, ელოდებიან აფრის აშვებას, რომ შემოასკდეს დაჭიმულ ბაგირს ჰორიზონტების ამირაჟება. დაემშვიდობე ნაცნობ ნაპირებს, ვის უხმობს ეს გზა - ფრთამალ თოლიას? - თქვენ, უკაცრავად, ხომ არ გეშლებით!.. თუმცა... მეც ამ გზამ გამიყოლია.
ეს, მერამდენედ შეირხა ჩრდილი!
მანანა ღურჭუმელიძე, კრებულიდან „სკანდალური კარნავალი“, 1994 წ.
_________________ Nicoletta La Chatte
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მანანა ღურჭუმელიძე Sun Apr 07, 2019 12:56 pm
მანანა ღურჭუმელიძე
ჯულიეტა მკურნალობის მორიგი კურსის დამთავრების შემდეგ რომეოსკენ იჩქარის...
(ციკლიდან „იქ, მიჩიგანთან...“)
დღეს მშვენის კოლჰოტკა ბარძაყზე ნაყშებით, უზადო პეიზაჟს ირეკლავს პარკეტი, ვია პალაცოზე კვლავ მელის მიჯნური უბეში შპრიცის და ამპულის პაკეტით. დავემშვიდობე დისპანსერს გუშინწინ (მაწუხებს გავაზე სიმსივნე ნანემსრის) შენ კი მითავაზე ძვირფასი პანღური დაღლილ-დაქანცულს და ისედაც დაგესლილს. მერე ეგრევე ხვრინვა ამოუშვი, მუდრეგო, საწოლში ვერა ხარ ძლიერი; თუმცაღა, რას გერჩი კაეფში გაშოტილს, არც მე მაქვს ვენერას ხოში და იერი, ასე სჯობს: - მუთაქა ჩავიდოთ შუაში, რა გზაა, - განთიადს შევხვდები მარტოკა; როგორც ჩანს, იგიჟა წუხელის გემოზე, ეს წუწკი ჯენტლმენი თავსაც ვერ ატოკებს. ვაბოლებ, ტუმბოზე თვლემს ბიუსტჰალტერი, სირჩაში მაცდურად გიზგიზებს არაყი; - თქვე ჩემის კვინტრებო, ფეხებზე მკიდიხართ, ეგ თქვენი აკლდამა ფურთხადაც არა ღირს!
_________________ Nicoletta La Chatte
Last edited by Nicoletta La Chatte on Sun Apr 07, 2019 1:07 pm; edited 1 time in total
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მანანა ღურჭუმელიძე Sun Apr 07, 2019 12:57 pm
მანანა ღურჭუმელიძე
ფრანსუაზა - ფრანსუას
ვუძღვნი ტ. ჭანტურიას
დაეხტება შემოდგომის ნისლის ფერი ურცხვი დღეები და კუდმოწყვეტილ უნასივით მიირკალება; მე რომ ვგლოვობდი, იმ საათის ჩამოჰკრა ზარმა, გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა. „ვიყავი ისეთი ლამაზი და ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან შენზე ოცნებაში გავსულელდი. საკინძეს ვისწორებდი, ვიმორცხვებდი, ზეცა საზმანები გიქე მე, მერე - ხათრი ვეღარ გაგიტეხე, ბუჩქებში... ძველებურად მიგემე. ლექსები წამიკითხე ბოდლერის და უცებ გავიხსენე მოლიერი, - ვიყავი კაბაწამოხდილი, მგესლავდა შავი მორიელი. ეს კაბა, ლილისფერი, ვარდნაფენი, მოწმე ჩვენი წრფელი ალერსის, ისე გათხელდა და გაიცრიცა, მგონი კოცნის ხმაც კი არ ესმის...“ სენის ნაპირზე, „წითელ არვესთან“, ჩამოწვა სმოგი, დღეს ვიღას ახსოვს, კახპების გიჟო, ეგ შენი ურვა!... - მოვედით, ფრანსუა, გაიღვიძე, გველის პარიზი, მექანიკური სანაგვე ურნა.
შემოწოლილი გაზაფხულის სუნთქვა მაძალებს ლექსები ვწერო, სადღაც მიაფრენს ჩემს თეთრ ლეჩაქს ცალფეხა წერო.
_________________ Nicoletta La Chatte
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მანანა ღურჭუმელიძე Sun Apr 07, 2019 12:59 pm
მანანა ღურჭუმელიძე
გაუგონარი მკრეხელობის გამო ამ ლექსს სათაური ვერ დავარქვი
არ მოგწონთ ეს ჩაჩი, კლოუნის შარვალი, ყირაზე გადავალ გონჯი არლეკინი, თქვენთვის შეინახეთ უბიწო მანდილი, ვერაფერს შემასმენთ, ისე ვარ გატლეკილი. მე თითქმის მიყვარხარ, ნუშები აყვავდა, ნუთუ შენ არა გცემს სურნელი თივის, წავიდეთ ამაღამ სათნო მარიამთან, ჩვენთვის ოთახი აქვს და ღვინო ცივი. რად გიკრთის, ძვირფასო, ბრჭყვიალა შარავანდი, შეხედე, ნაპრალებს ხახა დაუღია, - ის შენი ნაჩუქარი უზალთუნი ყვავ-ყორანს, ყვავ-ყორანს წაუღია. ჩვენ მაინც დილამდე ვინებივროთ, ტრაბახით ავიკლებ მერე ქალებს: - წუხელი მეუფეს ვუყოფდი სარეცელს, ვნებით მიკოცნიდა თვალებს. ეს მე გეახელი, მოვედი შორიდან, გოლგოთა ვერ ვიწამე, წმინდაო მარიამ, სახლის კარს ღიად ვტოვებ შობა ღამეს, აღდგომას ჩემთან მოვა, მოვწონვარ ძალიან!
_________________ Nicoletta La Chatte
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მანანა ღურჭუმელიძე Sun Apr 07, 2019 1:06 pm
მირიან ბოქოლიშვილი
მანანა ღურჭუმელიძის პორნო პოეზია
„გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შენზე ოცნებაში გავსულელდი, მერე – ხათრი ვეღარ გაგიტეხე ბუჩქებში ძველებურად მიგემე, ვიყავი კაბა აწეული“.
ესაა ლექსი ციკლიდან „მოდერნიზაციის შემდეგ“. მისი ავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძეა. ღურჭუმელიძის სკანდალური ლექსები „პრაიმტაიმს“ სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა ხელში. ეროტიკული, ზოგისთვის კი პორნოგრაფიული შტრიხების შემცველი პოეზია ჯერ მხოლოდ ნაბეჭდი სახით გავრცელდა ვიწრო წრეში, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მალე კრებულის გამოცემაც იგეგმება სახელწოდებით – სკანდალური კარნავალი.
48 წლის პედაგოგის, მანანა ღურჭუმელიძის ლექსებს ძნელია, შემოქმედება უწოდო, თუმცა, თავად ამ ლექსებით ძალიან ამაყობს...
„ბოზანდარა დაქალებო, ჭორიკნებო ართვალებო, საქმე ნახეთ, მოუარეთ თქვენ თქვენს ტრ...-ს“.
ერთი სიტყვით, პედაგოგთა პროფკავშირების თავქალი ნამდვილად არ ხუმრობს, თუმცა პოეზიაზე მეტად სკანდალური მისი გეგმებია. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ღურჭუმელიძე არ მალავს, რომ მალე საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას აპირებს, რომლის პრეზენტაცია შესაძლოა, ერთ-ერთ საჯარო სკოლაშიც კი შედგეს. მანანა ღურჭუმელიძე:
– ეს ლექსები ახალგაზრდობაში დავწერე, 90-იან წლებში. შემდეგ ლიტერატურის ინსტიტუტმა დაბეჭდა თავის ანთოლოგიაში. ძალიან კარგი ანოტაცია გამოაქვეყნა მირიან ლობჟანიძემ და კრიტიკოსმა გია ბენიძემ. ეს არის ჩემი პროტესტი.
ამჟამად თუ წერთ კიდევ? – ბევრს ვეღარ ვიცლი, მაგრამ ბოლო პერიოდში დავწერე კიდევ რამდენიმე. მაგალითად, სულ ახლახან, როცა ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად ამირჩიეს, ვიჯექი მაგიდასთან ევროპის შუაგულში და მახსენდებოდა მამაჩემი... ვფიქრობდი, ნეტავ ახლა თუ ხედავდეს, როგორ აღიარეს მისი შვილი ევროპის მასწავლებელთა ლიდერად. აღელვებულმა დავწერე მაშინ ერთი ლექსი. სხვათა შორის, ჩემი ლექსები თავის დროზე იბეჭდებოდა „ცისკარში“, „მნათობსა“ და „განთიადში“. ანშლაგით იყიდებოდა შემდეგ ეს გაზეთები. ეს იყო ახლის თქმა.
ცოტა არ იყოს და, თამამი ლექსებია, არა? – რა თქმა უნდა, განსაკუთრებით თამამი იყო იმ პერიოდისთვის, მაგრამ მე სითამამე არასდროს მაკლდა. ეს იყო პროტესტი არსებულ რეალობასთან.
პროტესტი ეროტიკული ფორმით გამოხატეთ? – ნუ, ხო, ეროტიკული ლექსებიც არის, მაგრამ მაინც ზღვარზე გადის. ამ ლექსებს დადებითი შეფასება მოჰყვა კრიტიკოსებისგან.
კონკრეტულად? – როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი იყო გია ბენიძე, ასევე ლობჟანიძემ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატია, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩემ მიერ საინტერესო ლექსები შეიქმნებოდა.
კრებულის გამოცემას აპირებთ... – დიახ, ვაპირებ ახალი კრებულის გამოცემას. შევა თქვენ მიერ ნახსენები ლექსებიც და კიდევ რამდენიმე ახალი. მე ვიტყოდი, რომ ჩემი ლექსები იყო პირველი თამამი სიტყვა ტაბუდადებულ ქართულ პოეზიაში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამას არაფერი სკანდალური არ მოჰყოლია. მე სკოლის მოსწავლეობიდან ვწერდი მშვიდ ლექსებს, ვეცნობოდი საზღვარგარეთულ ლიტერატურასაც. მაშინ ინტენსიურად ხდებოდა უცხოური ლიტერატურის თარგმნა. იგივე ფრანსუა ვიონის ვეცნობოდი და ამის შემდეგ დავწერე ეს ლექსები. მახსოვს, ერთხელ ჩემი მეგობრები იყვნენ სტუმრად, გია ბენიძეს წავუკითხე ეს ლექსები, მან გამომართვა და მითხრა: არ გაქვს უფლება, ეს ლექსები თაროზე შემოდოო. სამი რამით ვამაყობ ჩემს ცხოვრებაში, ესაა: ოჯახი, ლექსები და პროფკავშირი.
ანუ თქვენ ამაყობთ ამ ლექსებით? – რა თქმა უნდა, ვამაყობ.
ქალბატონო მანანა, ცოტა ხნის წინ ერეკლე დეისაძის წიგნს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. თქვენ რა დამოკიდებულება გქონდათ ამ საკითხზე? – არ მაქვს წაკითხული ეს წიგნი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებაში არის აგრესია. არ ვართ ტოლერანტულები. უნდა შევეგუოთ, რომ ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც დაწერენ ისეთ ნაწარმოებს, როგორიც დაწერა დეისაძემ და ისეთებიც იქნებიან, როგორსაც წერდა მუხრან მაჭავარიანი, ილია ჭავჭავაძე, ანა კალანდაძე... ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ემოცია. უნდა გამართულიყო თუ არა ამ წიგნის განხილვა ილიას უნივერსიტეტში? იცით რა, ამაზე ჩემი აზრი მაქვს და შეიძლება, საზოგადოებისგან წყრომაც დავიმსახურო: განიხილებოდა თუ არა ეს წიგნი უნივერსიტეტში, მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის გადასაწყვეტია. ვიღაცას ასეთი გემოვნება აქვს, ვიღაცას სხვანაირი, ხომ? საქართველოში, როგორც წესი, ბაყაყს არ ჭამენ, მაგრამ მე ვჭამ. ამის გამო ხომ არ შეიძლება, ჩამქოლო?
თქვენ თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი თამამი ლექსების განხილვა მოაწყოთ თუნდაც სკოლებში? – დიდი სიამოვნებით გავაცნობ ბავშვებს. მე მათ ავუხსნი ამ ყველაფერს. ეს არ არის ისეთი ლექსები, რომ ვერ გაიგონ. მე იმდენი რამ არ ვიცი, რაც პატარა ბავშვებმა იციან და ჩვენი პრობლემაც სწორედ ის არის, რომ ამას ვერ ვხედავთ. ჯერ წიგნი უნდა გამოვცე და მერე სიამოვნებით, რატომაც არა?! როდესაც ამ ლექსებს ვწერდი და მეორე დღეს ვეცნობოდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ღმერთო ჩემო, ეს ლექსები მე დავწერე?!
ერთი სიტყვით, საკუთარი „შემოქმედებით“ მოხიბლული ღურჭუმელიძე შესაძლოა, მალე დეისაძეზე დიდ სკანდალში გაეხვიოს. თუ დეისაძემ თავისი თამამი განაცხადი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს გააცნო, ღურჭუმელიძე უფრო შორს მიდის და ეროტიკული ლექსების განხილვას სკოლებში გეგმავს. მასწავლებლებს, რომელსაც ჩვენ ამ ლექსების შესახებ ვუამბეთ, ერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ: პედაგოგი და მით უმეტეს, პედაგოგთა გაერთიანების თავმჯდომარე ბავშვებს მორალს უნდა ასწავლიდეს და არა ისეთ ლექსებს, როგორიცაა, მაგალითად, ეს:
„კიბის ქვეშ, ნორჩ კლიენტს, რომ ვემსახურებოდი, შიშით და კანკალით, სწორედ იმ მომენტში წამადგა თავს წუწკი ზედამხედველი, ამას ხომ არ-თქო – კინაღამ გავივლე გულს აზრი მკრეხელი. აქ რას ჩალიჩობო – დამიღრიალა იმ კახპის ნაშობმა. კი შევთავაზე, მაგრამ რად გინდა, არ იხარშება. ისეთი მთვრალია – კიდეც რომ ვიკისრო, დამბურჯგნის, დამლოშნის, დამკაწრავს და მაინც ხეირს ვერ დამაყრის...“
ჩვენ ღურჭუმელიძის ეს თამამი პოეზია პირველი კლასიკური გიმნაზიის ფსიქოლოგს, ქალბატონ ლუიზა ქურულსაც გავაცანით. მისი შეფასებით, ამ ლექსების მოსწავლეებამდე მიტანა დაუშვებელია.
ლუიზა ქურული, ფსიქოლოგი: – ეს მანანა ღურჭუმელიძის ლექსებია? არ გადამრიოთ. უბრალოდ, შემაშფოთებელია. დღევანდელმა აქსელირებულმა ბავშვმა რომ წაიკითხოს ეს, არაფრით არ შეიძლება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს იქნება მასზე ზემოქმედება. ეს თაობა თავისთავად ისედაც გათვითცნობიერებულია ბევრ საკითხში და დამატებითი სტიმულატორები საჭიროდ არ მიმაჩნია. მოგეხსენებათ, დღეს უკვე ტელევიზიით არ გადის ფილმი, მსგავსი სცენები რომ არ იყოს ნაჩვენები. ნამდვილად უარყოფითი პოზიცია მაქვს. აქ ასაკობრივი ზღვარიც გასათვალისწინებელია. წარმოუდგენელია ამ ლექსების მოსწავლეებამდე მიტანა. მსგავსი ლიტერატურის მიწოდება, თუნდაც მისი განხილვა მოსწავლეების თანდასწრებით, ვფიქრობ, სამშობლოს ღალატის ტოლფასია.
რამდენად სწორია, როდესაც პედაგოგი წერს ამას? – არ ვიცი. ეს არის ის ლიტერატურა, რომლის გასაკრიტიკებლადაც სიტყვები არ მყოფნის.
რამდენად არის ეს ლექსები პროტესტის გამომხატველი? – აქ მე პროტესტის გამოხატვას ვერ ვხედავ. პროტესტი ვის მიმართ? ეს არ ჩანს ამ ლექსებში. აქ უფრო სხვა პრობლემაა. ვინაა პროტესტის ადრესატი? პროტესტი სოციუმის მიმართ გამოიხატება აბსოლუტურად სხვა ტექსტით და სხვა ფორმებით.
manana ghurchumelidze - archevnebi 2008 Published on Sep 18, 2009 მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა პედაგოგებთან არჩევნების წინ. პედაგოგთა პროფესიული კავშირის, „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი მანანა ღურჭუმელიძე
_________________ Nicoletta La Chatte
Last edited by Nicoletta La Chatte on Sun Apr 07, 2019 1:33 pm; edited 1 time in total
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მანანა ღურჭუმელიძე Sun Apr 07, 2019 1:23 pm
მანანა ღურჭუმელიძის მიმართვა საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას
საქართველოს განათლების მუშაკთა პროფესიული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად, პოლიტიკურ დევნილებაში მყოფი, მანანა ღურჭუმელიძე პედაგოგებისთვის საგანგებო მიმართვას ავრცელებს. გთავაზობთ, ტექტს უცვლელად:
„უკვე ორი წელია, ემიგრაციაში ვიმყოფები და საზღვარგარეთიდან ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ეს არ იყო ჩემი არჩევანი. ეს იყო იძულებით ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მაიძულა ხელისუფლების მიერ პირადად ჩემსა და მთლიანად მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ. მედიატერორი ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების უმძლავრესი იარაღია, რომელიც უფრო ”ეფექტურად” აღწევს მიზანს, ვიდრე ქილერის მიერ ნასროლი ტყვია.
დღეს საქართველოს მასწავლებლობა სრულიად დაუცველია. მას აღარ ჰყავს საკუთარი პროფესიული კავშირი და დარგის მუშაკთა ბედი მთლიანადაა დამოკიდებული როგორც სამინისტროს, ასევე საშუალო რგოლის ხელმძღვანელთა (რესურსცენტრები, დირექტორები) და მანდატურთა ხუშტურებზე.
იმ პერიოდში, როდესაც მე ვხელმძღვანელობდი საქართველოს განათლების მუშაკთა პროფესიულ ორგანიზაციას, ყველაფერს ვაკეთებდი მასწავლებელთა შორის მებრძოლი სულისა და სოლიდარობის გრძნობის ჩამოსაყალიბებლად. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო, ბევრი ვერაფერი შევძელი, თუმცა საზოგადოებას ახსოვს 2006-2010 წლებში ჩვენს მიერ ჩატარებული ხმაურიანი აქციები და მანიფესტაციები. დიახ,იმ წლებში საქართველოს მასწავლებლობა იბრძოდა და არ ნებდებოდა ძალადობას. მას არ დაუკარგავს ყველაზე მთავარი- ღირსების გრძნობა, რომლის გარეშე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე კვალიფიციური პედაგოგიც კი განწირულია კრახისთვის საკლასო აუდიტორიაში. სწორედ ამ შეურიგებელი პოზიციის გამო დამიპირისპირდა მთელი სახელმწიფო აპარატი, პრეზიდენტი, განათლების სამინისტრო, კორუმპირებული მედიასაშუალებები და საბანკო სექტორიც კი. სწორედ ამ უთანასწორო შეჯახების შედეგად დაინგრა თქვენი უფლებების დამცველი ორგანიზაცია.
და დღეს, სამშობლოდან 10 000 კილომეტრით გადახვეწილს, გული მტკივა, როდესაც ვხედავ, როგორაა ლაფში ამოსვრილი და საბურთაოდ ქცეული მასწავლებლების სახელი. გული მტკივა, როდესაც ვუყურებ პრეზიდენტთან შეხვედრებზე მიკროავტობუსებით ცხვრებივით მირეკილ ჩემს კოლეგებს. გული მტკივა, რადგან ვეღარ ვხედავ მათ ანთებულ თვალებს და შემართებას. პირიქით, თქვენს შორის საყოველთაო აპათიაა გამეფებული. თითქოს შეგუებიხართ თავსმოხვეულ უსამართლობას, ხელი ჩაგიქნევიათ და დინებას მიყვებით მკვდარი თევზებივით. ნუთუ ერთხელ მაინც არ დაფიქრებულხართ იმაზე, რატომ გთვლით საზოგადოებრივი აზრი მომავალ არჩევნებში სისხლიანი რეჟიმის უპირობო მხარდამჭერებად? ნუთუ არ გაწუხებთ თქვენი მისამართით გამოვლენილი ირონია და აგრესია? თქვენ ხომ ბავშვებს უნდა ჩახედოთ უმანკო თვალებში მათ თქვენს სახეზე ამოიკითხონ ის, რაც სულიერ საზრდოს მისცემს თაობას და დაეხმარება აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. და ამ დროს რა ხდება? თქვენი უმეტესობა დუმს და ხმას არ იმაღლებს ძალადობის წინააღმდეგ. ნაწილი პირიქით, აქტიურად ჩამდგარა სისხლიანი რეჟიმის სამსახურში. ზოგი უბნის კოორდინატორია, ზოგიც- საარჩევნო კომისიის წევრი და სწორედ თქვენი დახმარებით აპირებს ხელისუფლება გაყალბების ჯოჯოხეთური კარუსელის დატრიალებას. ზოგიერთი კი ადმინისტრაციის დავალებით მონდომებით აგროვებთ ინფორმაციას მოსწავლეთა მშობლების პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ... სირცხვილია ეს ყოველივე.
მე კარგად ვიცი, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა შინაგანად კრიტიკულად ხართ განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ახლა გადამწყვეტი მომენტია და დადგა დრო, თქვენი განწყობა რეალურ ქმედებაში გამოიხატოს. გახსოვდეთ , ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთხელ დარჩენა ხელისუფლებაში კატასტროფა იქნება მთლიანად ქვეყნისთვის, პირველ რიგში, განათლების სისტემისთვის. ეს ადამიანები რვა წელი გატყუებდნენ და აბუჩად გიგდებდნენ თქვენ. მათი დამსახურებაა, ათასობით თქვენი კოლეგა ქუჩაში რომ აღმოჩნდა და საზღვარგარეთ გადაიხვეწა. ეს სწორედ ისინი ერეკებიან დღესაც სკოლებიდან განსხვავებული შეხედულების მქონე პედაგოგებს.
ეჭვი არ შეგეპაროთ- ისინი, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ძველებურად განაგრძობენ ბოგინს და განათლების სისტემის ნგრევას. ნუ იმედოვნებთ, რომ რომელიმე თქვენგანი გადარჩება თავის ჩაღუნვისა და ხმის გაკმენდის ხარჯზე. ეჭვიც არ შეგეპაროთ- თითოეული თქვენგანის ჭიშკართან წამოიჩოქებს დორბლიანი აქლემი და მერე გვიანღა იქნება თითზე კბენანი.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რიგითი არჩევნები არაა საქართველოს მოსახლეობისთვის. ამ დღეს უნდა გაირკვეს ჩვენი სახელმწიფოდ ყოფნა-არყოფნის პერსპექტივა. ამ დღეს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას ძალადობასა და უსამართლობას. ამ დღეს უნდა დავამწტკიცოთ, რომ შემდგარი ერი ვართ და შეგვიძლია კუთვნილი ადგილი მოვნახოთ ცივილიზებული ქვეყნების გალერეაში. თქვენ, საქართველოს მასწავლებლებმა 1 ოქტომბერს ხმამაღლა უნდა თქვათ სათქმელი. ამ დღეს ხელისუფლების გვერდით დგომა სირცხვილია. მეტიც, იგი ხარაკირის ტოლფასი ქმედებაა.
მე შორს ვარ იმისგან, არჩევნებში ამა თუ იმ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერისკენ მოგიწოდოთ. თქვენ უკეთ იცით, ვინ იმსახურებს ნდობას წარსულში ნაკეთები საქმეების, ახლანდელი პოზიციისა და პერსპექტივის გათვალისწინებით. მთავარია, უარი უთხარათ სიყალბეს და დაიბრუნოთ ღირსების გრძნობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გექნებათ მორალური უფლება, შეაღოთ საკლასო ოთახის კარი, თვალებში ჩახედოთ აღსაზრდელებს და მწარე სირცხვილის გრძნობა არ მოგგვაროთ მათმა მომლოდინე, გამომცდელმა მზერამ. მხოლოდ ამ ანტიხალხური ხელისუფლების შეცვლის პირობებში ექნება ქვეყანას ნორმალური განვითარების პერსპექტივა. მხოლოდ ასეთ პირობებში შევძლებთ მასწავლებლები, თავიდან დავიწყოთ ჩვენი გაპარტახებული ორგანიზაციის მშენებლობა, იმ ორგანიზაციისა, რომელიც უეჭველად გახდება თქვენი უფლებების დაცვის გარანტი ახალ საქართველოში. მე მჯერა თქვენი, კოლეგებო"- წერია მიმართვაში.
Last edited by Nicoletta La Chatte on Sun Apr 07, 2019 1:27 pm; edited 1 time in total
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: მანანა ღურჭუმელიძე Sun Apr 07, 2019 1:26 pm
კანადის სასამართლომ მანანა ღურჭუმელიძეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა
08.02.2012 ნატალია სარქისაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი
კანადის სასამართლომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყოფილ პრეზიდენტს მანანა ღურჭუმელიძეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.
„კანადის მთავრობას თავშესაფრის მოთხოვნით ოფიციალურად 2010 წლის 23 სექტემბერს მივმართე. ოქტომრის ბოლოს დაიწყო შესაბამისი პროცედურები, გამომიყვეს ადვოკატი, დამინიშნეს დახმარება და ემიგრაციის სამსახურმა დაიწყო ჩემი საკითხის შესწავლა. სამი თვის წინ მაცნობეს, რომ 7 თებერვალს დანიშნული იყო ჩემი საკითხის განხილვა.
- რით ადასტურებდით, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით გდევნიდათ?
- მე წარვადგინე „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტები, პუბლიკაციები, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით იბეჭდებოდა. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლითაც პროცესები მოვუგე ჩემს „ოპონენტებს“ და კიდევ ბევრი სხვა დოკუმენტი, მხარდასაჭერი წერილები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან. პროცესი სულ 1 საათი და 45 წუთი გაგრძელდა. მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მე პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომენიჭა. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებ. მადლობას გიხდით, რომ აშუქებთ განათლების პრობლემებს და ეხმარებით მასწავლებლებს დაიცვან უფლებები. მოსამართლეს თან ჰქონდა თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პოლიტიკური ნიშნით ისტორიის მასწავლებლის თამარ სუხიაშვილის გათავისუფლების შესახებ.
- ვიდრე პროფკავშირის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგებოდით და კანადაში წახვიდოდით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თქვენს წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება მიმდინარეობდა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თანხების მითვისებასთან დაკავშირებით.
- ჩემი წამოსვლის შემდეგ ორგანიზაციაში შეყვანილი ჰყავდათ დამოუკიდებელი აუდიტი, რომელმაც მცირედი დარღვევაც კი ვერ აღმოაჩინა. საქართველოს პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ არასდროს ჰქონია საქმე აღძრული, დაინტერესებული პირები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას“.
შეგახსენებთ, რომ მანანა ღურჭუმელიძე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის თანამდებობიდან 2010 წლის სექტემბერში გადადგა. მანანა ღურჭუმელიძე კანადაში გაემგზავრა და კანადის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა. მისი თქმით, საქართველოდან წასვლის მიზეზი, სახელმწიფო სტრუქტურებისგან მისი და მისი ოჯახის წევრების დევნა გახდა. იმ დროისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მანანა ღურჭუმელიძეს პედაგოგთა საწევროებიდან თანხების მითვისებისა და არამიზნობრივი ხარჯვისთვის ედავებოდნენ.