არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ბადრი გუგუშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

ბადრი გუგუშვილი Empty
PostSubject: ბადრი გუგუშვილი   ბადრი გუგუშვილი EmptyMon Dec 22, 2008 4:21 pm

ბადრი გუგუშვილი Badri_10
Badri Gugushvili

ნატურმორტი

შენ ფიქრებმა გაგიტაცეს და ჭიქა ჩაი
მაგიდაზე დაგირჩა მარტო.
უყურებ ჭიქას - დედის მიერ ნაჩუქარი
საჭიქით რომ იმშვენებს სხეულს.

მუქ სითხიდან ამოჩრილ კოვზს
მიეყინა შენი ფიქრები და თითების ანაბეჭდები.
ორი საფერფლეც - ერთი ძვლისა,
მეორეზე დაჭყლეტილი სიგარეტები...

ხასიათში კვლავ ცოცხლობს ბავშვი...
არადა, როგორ გჭირდება ახლა, რომ იყო კაცი -
დინჯი, უთქმელი და გამიზნული.


ბადრი გუგუშვილი

(1951-1996)

პროფესიით მშენებელი–ინჟინერი იყო. წერა გვიან დაიწყო. მუშაობდა მთარგმნელობით კოლეგიაში.
1980 წლიდან მონაწილეობდა მრავალ ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ აქციაში, ბოლოს განმარტოებით ცხოვრობდა სოფელ დიღომში, თავის აგარაკზე, სადაც 1996 წლის აღდგომას თავი ჩამოიხრჩო.

წიგნები:
* "დღე კაცისა" (1990)
* "შენს გვერდით მდგომი ადამიანი" (1991)
* "შენდამი, უფალო..." (1992)
* "გზა განწმენდის" (1993)
* "ხორცის მუზა" (1993)

ბმულები:
* https://poetry.ge/pages/badri-gugushvili/poems
* https://youtu.be/gB3HGiHP25o
* https://demo.ge/index.php?do=full&id=1793
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გუგუშვილი%20ბადრი

@


Badri Gugushvili ბადრი გუგუშვილი
•Dec 10, 2019

პოეზიაში ქართველ 90-იანელთა ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, "ხორცის მუზის" ავტორი ბადრი გუგუშვილი სიცოცხლის ბოლომდე ხატავდა და თავის პოეტურ კრებულებსაც გრაფიკულად თავად აფორმებდა. ეს სლაიდშოუ მისი აბსტრაქტული ფერწერის უმცირეს ნაწილს წარმოგიდგენთ.

study


Last edited by Admin on Mon Apr 26, 2021 3:40 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

ბადრი გუგუშვილი Empty
PostSubject: Re: ბადრი გუგუშვილი   ბადრი გუგუშვილი EmptyMon Apr 26, 2021 2:10 pm


GIORGI BUNDOVANI - 17.07.2011. IN "CAUCASIAN HOUSE"...
•Jul 19, 2011

ABOUT POET - BADRI GUGUSHVILI...

* https://youtu.be/LH7p7campao


ბადრი გუგუშვილი

ლექსები

დაგვიანება

ერთზე მეტი ნაბიჯი თუ გადადგი,
უსასრულობაში მისვლა
დაგაგვიანდება.


თოვლი მზეში

რას ვეძებ შენში
სიხარულო და ბედნიერებავ _
შენს მზეში ხომ სიბრიყვე მათოვს.



მეთოდი

რით ვერ გაიგეთ, რომ
ჩემი ღარიბული ტანსაცმლით,
მოუწყობელი ბინით
და ცუდი ხასიათით
თავს ვიცავ თქვენგან.



ღამე

დედამიწამ
ჩაისუნთქა
პეიზაჟი.

study


Last edited by Admin on Mon Apr 26, 2021 2:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

ბადრი გუგუშვილი Empty
PostSubject: Re: ბადრი გუგუშვილი   ბადრი გუგუშვილი EmptyMon Apr 26, 2021 2:15 pm

ბადრი გუგუშვილი Badri_11

ბადრი გუგუშვილი

ხორცის დედოფალი (ხორცის მუზა)

1

ო, რა ხანია, დედოფალო,
რაც ტკბები ჩვენი ხარბი თვალებით?
რა ხანია, რაც ვერ იოკებ ჟინს,
რომლითაც დადიგეშია შთამომავლობა?
შენს სავალ გზებზე ხალიჩასავით გაფენილა ჩვენი ხორცი,
ხორცი, რომელიც ვერ ძღება ხორცით.
ხორციდან ხორცზე დააბიჯებ,
თაობიდან თაობამდე
და ათასობით გეგებით ფეხქვეშ.
ო, დიდებულო ქალბატონო, უკვდავება გაგინაღდია!

ბნელში ხელისცეცებით ვეძებთ
შენს უძღებ სხეულს.
მარტოობაც კი ნაყრდება ხორცით.
დიდებულად მოგიგონია –
ხორცის თეთრი ხაფანგი, რომელშიაც გამოვმწყვდეულვართ.
რა ოსტატურად გააცურე «მე»,
რომელმაც არც კი იცის სხვა ნავსაყუდი.
შენში ჩავუშვებთ ღუზას და უფლის სველი სხეულიც
შენ გეწვეთება. მხოლოდ შენგან ამოვიყივლებთ
და თეთრი ხორცის ოკეანეც
თანდათან ქელავს დედამიწას, რომელიც ნაყრდება ჩვენით
და ვერაფრით ვეღარ გამოძღა.
დედამიწა ნაყრდება ხორცით.
ოი, რამდენში დაბადებულხარ
და რამდენი დავბადებულვართ?!
საუკუნეებს ათამაშებს უთეთრესი სველი ხორცი
და სამყაროსაც ემუქრება გადაოხრებით ხორცი,
რომელიც ვერ ძღება ხორცით,
გალაქტიკებში ჩავარდნილი ხორცის ნაფლეთი.
ო, დედოფალო, რა დიდებულად მოგიგონია.

ხორცით შენდება პირამიდები.
ფარაონის გამხმარი ხორცი.
ხორცით შენდება ქალაქები,
ქალაქები ივსება ხორცით.
მატარებლები, მორგები, თვითმფრინავები ივსება ხორცით.
ხორცი დგება ხორცის რიგში,
ხორციანი კილომეტრები.
ხორციანი შამფურები, სინჯარები და მენზურები.
ანატომიის გაკვეთილები,
ექიმის მიერ გაკვეთილები.
მითხარი, ერთი, რა დაგანაყრებს?

ო, ბარბაროსო ქალბატონო,
ნუთუ უფალიც ნაყრდება შენით?
ხორცის შეწირვამ შეიწირა თავად აბელიც.

პიგმალიონმა მარმარილო აქცია ხორცად,
ღმერთმა კი თიხა.
ეკლესიები ინაწილებენ წმინდანის დაფლეთილ სხეულს.
ღმერთო, შენც ხომ ხორციელად გამოგვიცხადდი,
მერე ხორცსაც ვერ შეელიე
და ხორციელად აღსდექ ჩვენს თვალწინ.

ო, დედოფალო, რა დიდებულად მოგიგონია!

ხორცი ცეკვავს,
ხორცი როკავს,
ხორცი ზანზარებს,
ხორცი ხატავს,
ხორცი მღერის,
ხორცი დაგვტირის,
ხორცი ლპება,
ხორცი კვდება
და ვიბადებით ხელმეორედ
ხორციდან ხორცი!
ო, დედოფალო, რა დიდებულად მოგიგონია!

უთვალავ შვილებს, რათა გამოძღნენ,
ერთმანეთის სუნით ააგზნებ.
შეუბრალებლად ეძგერება ცხოველი ცხოველს,
იმისთვის რომ გაიბჟიროს შენი უძღები ტანი,
ტანი, რომლის ატომადაც მეგულვის თავი.
ჰო, ვძღები ხორცით,
დაბადებიდან მე ვძღები ხორცით,
მანამდე ხორცში ვიზეიმე ჩემი ხორცობა,
ხორცში მოვმწიფდი,
ხორცით ვიშვი,
ხორცად შობილი
ხორცად მოვკვდები,
ჩემი ხორცი ზარ-ზეიმით ჩაივლის ქალაქს,
მანამ ზეიმით გამოვილევ სიცოცხლის მარაგს
და ზარ-ზეიმით მივაშურებ ხორცის სამარეს
და ჩემს ხორცში ზარ-ზეიმით აფუხფუხდება
უამრავი ჭია და ღუა.
ო, ზარ-ზეიმი მაშინ ნახეთ,
ო, ზარ-ზეიმი!

ო, ქალბატონო, რა დიდებულად მოგიგონია!
რად გვინდა ცრემლი,
როცა ხორცი ასე ზეიმობს,
როცა ჩვენს ხორცს ამდენი ძალუძს!

ხოლო ქელეხზე
ყველა ერთად გავძღებით ხორცით,
ხორცით, რომელიც ასე უხვარ ყრია სუფრაზე,
კედლებიც კი შეისრუტავენ ხორცის ოხშივარს.

2

და არა მარტო ცხოველი ცხოველს,
ათიათას ჯგროდ შეკრებილნი
ეჯახებიან ერთიმეორეს
ხორცის ტალღები.
ხორცის ტალღები გადაუვლის სახელმწიფოებს.
ხორცით ითხვრება დედამიწა.
ზვინებად ყრია ველ-მინდვრებზე და ფერდობებზე
აყროლებული ხორცის გვამები,
რომლებსაც დღესაც შეუბრალებლად ჯიჯგნის ყორანი.
გაუმაძღარო დედოფალო,
ნეტავ რამე თუ დაგანაყრებს?
ისტორიის სასაკლაოზე,
ოი, რამდენი შეგიწირია!
თითქოს გვამრავლებ, თითქოს გვთესავ მხოლოდ იმისთვის,
რათა მოგვიმკა სიკვდილის ცელით.
ო, დედოფალო,
დედოფალო,
ო, რა ხშირად ვაზროვნებთ შენით,
თავში გვიდევს ხორცის ნაჭერი,
ხორცის ნაგლეჯი,
ხორცის ერთი ფთილა ღრუბელი,
რომელსაც მეტი არც კი ძალუძს გარდა იმისა,
რომ კბილებით დავიცვათ თავი
ან კბილებით დავგლიჯოთ მტერი.
ისტორიის სასაფლაოზე
გვერეკება ტვინის ღრუბელი.
ტვინის ღრუბელი მეფეთა თავში,
ტვინის ღრუბელი მათხოვრის თავში,
ტვინის ღრუბელი შეუბრალებელ მზეთუნახავში,
ტვინის ღრუბელი გვერეკება
ისტორიის სასაკლაოზე,
ო, დედოფალო.

3

და არა მარტო ჩვენი ხორცით ძღები, უგულოვ,
ჩვენი ცოდვითაც იოკებ სურვილს!
პირველი ცოდვა,
ქალის გემო,
ქალის სხეული,
ქალის თეთრი ხორცი მარადიული,
მარადიული კურტიზანი დამათრობელი, დაუნდობელი.
ოკეანეში ჩავარდნილი ხორცის ნაფლეთი.

ხოლო დილით
ქალის თეთრი ძუძუებიდან
ამოდის მამრის გამძღარი ფაშვი.
ჯერ უნდა გაძღე, რათა ქალის გაიგო გემო.
ღამით ხორცი იძინებს ხორცთან.
ცაზე კი მთვარე, მათხოვარის გამხმარი კუჭი.
გულიც ხორცის ნაგლეჯია, წარმოიდგინეთ,
დედის გულიც ხორცი ყოფილა.
ნეტარებისთვუს ჩვენ ხომ ხორცით ვეშვებით ხორცზე,
ვით ასტრონავტი უცნობ მიწაზე.
ხორცის ხუჭუჭა ქერუბინები, თეთრი ბავშვები.
ხორცი ხორხოცებს ბოროტებისა.
პატიოსნება მედლის მხოლოდ ერთი მხარეა,
რატომ გჭირდებით ამორალური?!
თავიდან ყველა ნამუსით იწყებს,
შემდეგ კი მოდის ის, რაც ჩვენ გვძულდა –
ხორცის მუზა,
დედოფალი
და ყველაფერი თავდაყირა გადაბრუნდება:
ღალატის სუნი ერთგულებაში,
მრუში ქმრები,
მრუში ცოლები,
მრუში ძმები,
მრუში ძმაკაცი.
ქრისტეს ასაკი მაინც უნდა გალიო სუფთამ,
რომ გაიგო ხორცის გემო, ღალატის გემო.
აფუხფუხდები ღალატის ზღვაში და ძლიერ გიკვირს,
შენზე ათასჯერ სულწაწყმედილებს შენი რომ სჯერათ:
ნუთუ ვინმეს მობეზრებია ქვეყნად ღალატი?
ღალატისათვის მიიღე ხორცი,
ნიჭისთვის ჯილდოდ მიიღე ხორცი,
ერთგულებისთვის მიიღე ხორცი,
თავდადებისთვის მიიღე ხორცი,
ყველანაირი სიკეთის ნაცვლად მიიღე ხორცი.
ხორცის მუზა შემოგვაცმევს ილუზიის ტურფა ტანსაცმელს.
ხორცის გუთანი
სულს გადახნავს,
სულს აგიოხრებს,
რათა მერე, სიკვდილის წინ,
მასზე მოიმკა ჭეშმარიტება!
ეს შენ ხორხოცებ სულის სიღრმეში,
ეს შენ ხორხოცებ,
ო, დედოფალო!

4

ამ მაგიდებზე რად ყრია ნეტავ ამდენი ხორცი?
ერთი კრავი ნეტავ რამდენმა გაინაწილა?
რამდენ ოჯახში ტკბებიან შენით, ჭრელო ბოჩოლავ,
ჭრელო კერპო ჩვენი ფაშვისა?
ამოწყვეტილი ირმების ჯოგი,
ლელიანში აფრენილი ფერალი იხვი,
ალყაშემორტყმულ ქალაქებში
საქონლის ხორცად გასაღებული ხორცი კაცისა.
ყივის, ყივის გაპუტული თეთრი მამალი
და დილით ქალის ძუძუებიდან
ამოდის მამრის გამძღარი ფაშვი...…
ეს შენ ხორხოცებ, დედოფალო,
რა გულიანად ხორხოცებ, ვხედავ
და მშურს შენი,
მთელი გულით მშურს, შენი, შენი,
რადგან ხორხოცებ,
ხოლო მე ვტირი!
ხორცის მეფენი,
ხორცის რაინდნი,
ხორცის დენდები,
ხორცის დიადი არისტოკრატნი,
ულამაზესი ხორციელი მანდილოსნები –
გეთაყვანებით
ხორცის
დედოფალს!

study


Last edited by Admin on Mon Apr 26, 2021 3:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

ბადრი გუგუშვილი Empty
PostSubject: Re: ბადრი გუგუშვილი   ბადრი გუგუშვილი EmptyMon Apr 26, 2021 2:19 pm

ბადრი გუგუშვილი

უკანასკნელი ავტობუსი

უკანასკნელ ავტობუსში
ალბათ ყველაზე მეტია ის, რასაც დავეძებ...
მათ ვინც უკვე დაიგვიანეს,
ეხლა უკვე არ ეჩქარებათ...
გადაქანცულებს მობეზრდათ დაღლა
და ნებივრობენ ეხლა დაღლის მაგნიტურ ველში...
ავტობუსსაც არ სურს ჯაყჯაყი
და მიცურავს სველ ზედაპირზე...
ლამპიონებმა მოიშორეს ქალაქის მტვერი
და საყვარელის მომლოდინე ქალებივით კვესავენ თვალებს...
ტაქსი ამთქნარებს
უკანასკნელი ავტობუსის მომლოდინე მგზავრების გვერდით...
კვირეებით სახურავზე ნაგროვებ მტვერს ჩარეცხავს წვიმა,
თან უფრო მეტად დაასველებს აივანზე გადმოფენილ
სველ ღამის პერანგს...
შუქნიშანი ათამაშებს წითელ, ყვითელ, მწვანე ბურთულებს,
ხოლო აფიშა იტყობინება, თუ რა სპექტაკლი გასულა გუშინ...
მანდილოსნებთან მოაბიჯებს ვიღაც ამაყად,
უმანდილოსნოდ დარჩენილები მობუზულან
გაწუწული ყვინჩილებივით...
ალვა წვრილი ტოტებით ცდილობს,
დამძიმებულ ცას შეებჯინოს...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

ბადრი გუგუშვილი Empty
PostSubject: Re: ბადრი გუგუშვილი   ბადრი გუგუშვილი EmptyMon Apr 26, 2021 2:20 pm

ბადრი გუგუშვილი Aaaaa_15

ბადრი გუგუშვილი

ხელისგულები ეძებენ ...

ხელისგულები ეძებენ ქალაქს,
შენს სუსტ ცრემლებზე რომ დაეტევა;
ქალაქს,
რომელსაც შეიფარებს პეპელას ფრთები

და ფუტკრის მიერ ატაცებული ყვავილის მტვერი;
ქალაქს,
რომელშიც ყველა ცხოვრობს,
ვინც ჩვენამდე დაბადებულა;

ქალაქს,
რომელშიც სიკვდილისთვის არ გვიმეტებენ.


study


Last edited by Admin on Mon Apr 26, 2021 3:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

ბადრი გუგუშვილი Empty
PostSubject: Re: ბადრი გუგუშვილი   ბადრი გუგუშვილი EmptyMon Apr 26, 2021 2:23 pm

ბადრი გუგუშვილი

დღეები რომლებიც იყვნენ და გაქრნენ

სად წავიდნენ ის დღეები, რომლებიც იყვნენ?
სად დაიკარგნენ ასე უკვალოდ?
თითქოს იმ დღეებმა კარები გამოიხურეს
და თან წაიღეს უამრავი სახელი, ლანდი;
იქნებ გამჭვირვალე, დღისფერმა ბადემ
მომტაცა ისინი _
ხოლო ჩემში კი დატოვა შავი ლაქები,
რომელთა ფონზეც უსახო სილუეტები ირხევიან;
ანდა იქნებ ყოველდღიურის მღვრიე მორევმა
შთანთქა ისინი,
თქვენი და ჩემი სულის ბნელ უფსკრულში გადაისროლა.
ო, დღეებო, ჩემს არსებობას
მე თქვენში ვტოვებ
და ვნამცეცდები მეც თქვენსავით
წუთით, წამებით;
როგორც თქვენ ქრებით უნიადაგოდ,
იმის იმედით თითქოს წაგიღეთ,
მეც თავი უნდა მოვიტყუო,
თითქოს სხვები წაიღებენ
ჩემი სულის ცქრიალა წვეთებს.

study


Last edited by Admin on Mon Apr 26, 2021 3:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

ბადრი გუგუშვილი Empty
PostSubject: Re: ბადრი გუგუშვილი   ბადრი გუგუშვილი EmptyMon Apr 26, 2021 2:24 pm

ბადრი გუგუშვილი

ჩემს ლირიკულ გმირს

ჩემზე ათასჯერ ბედნიერი ხარ,
რადგან შენს მონად და მორჩილად გადამაქციე,
შენს სურვილებს ინსტინქტურად ვანხორციელებ.
შენ მიითვისე ჩემი სული, ჩემი სხეულიც
და მთლიანად გსურს ჩამაყენო შენს სამსახურში.
ჩემს წილ ტანჯვას და ვაებას შენ მიითვისებ,
შემდეგ ამით თავს მოიწონებ ხალხის წინაშე.
რატომ არ მაქვს ის სიცბიერე,
შენ რომ გაცოცხლებს სამარადისოდ.
ყველაფერი კარგი, ცუდიც, რაც მჭირდებოდა, მიისაკუთრე
და დამტოვე ცხოვრებაში
ნერვებისა და სისხლის ამარა.
შენ ხომ ჩემი თავიც წამართვი
და თავი მოგაქვს იმით, რაც შენი არ ყოფილა, ვიტყვი, არასდროს.
შენ რომ არა,
ხომ შევძლებდი ცხოვრებაშიც
ისეთი ლაღი, ნათელი ვყოფილიყავი,
შენ რომ იქნები ჩემი სიკვდილის შემდეგ.
ჰო, შენ მართმევ იმ ილუზიებს, მე რომ მჭირდება, აქ, ცხოვრებაში!
შენ მართმევ იმ ნამდვილ განცდებს და აღმაფრენას,
ასე რომ ვეძებ, აქ, სიცოცხლეში.
მიგაქვს ჩემგან ჩემი წილი ბედნიერება,
რათა ამით ჩემს შემდეგაც გაიხანგრძლივო შენ არსებობა.
აქ ავტომატად გადამაქციე და ჩამჩიჩინებ:
გაუძელი,
თავს ნუ მოიკლავ,
ტკივილების სიღრმე იგრძენი,
მარტოობას გაუგეო ნამდვილი გემო,
უნუგეშობა ნუ შეგაკრთობს, იცოცხლეო ჩემი იმედით,
წარმატებას მოგიტანო, ასე მპირდები,
ათასჯერ მეტად თუ იწამებო, ვიდრე ცხოვრების ადამიანი -
რას არ მპირდები, რანაირად არა ცდილობ ჩემს გაცურებას
და აღწევ კიდეც შენსას იმითაც,
რომ ცხოვრების დამიკარგე საჭირო ალღო.
სიცოცხლეშივე უნდა გავერკვეთ,
რაა შენი და რაა ჩემი,
მაგრამ შენ მუდამ დამხარხარებ და მომიწოდებ უანგარობას,
მე კი ვკივი გამწარებული:
არაფერში არ მჭირდება ეგ შენი ლუპა, ტელესკოპი,
რათა ნათლად დავინახო ცხოვრების სახე
და ამით წარვდგე სასახელოდ მომავლის თვალწინ.
შენ ხომ იმასაც ჩამჩიჩინებ,
რომ რასაც შენ ითხოვ,
სწორედ იმასვე ითხოვს ცხოვრება -
მაგრამ მაინც მიპასუხე:
ღირხარ კი იმად,
შენთვის დავთმო ილუზიები,
ღირხარ კი ჩემს ხორცად და სისხლად?!


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

ბადრი გუგუშვილი Empty
PostSubject: Re: ბადრი გუგუშვილი   ბადრი გუგუშვილი EmptyMon Apr 26, 2021 2:28 pm

ბადრი გუგუშვილი

***
გიგრძნიათ
როგორ იძინებს ღამე?
როგორ წვება ის თავის თავში
როგორ იფარებს
სადარბაზოთა ნათურების
დაწინწკლულ საბანს
და თავს როგორ ჩამოსდებს ხოლმე,
ლამპიონებით აქათქათებულ
ქუჩის ბალიშზე?

ეს ბორცვები
მისი უმანკო ძუძუებია
ხვალ მათ უთუოდ
მოასწორებენ.

ხვალ ამ ღამიდან აფრინდება
კიდევ ერთი
პეპელა დღისა.


study


Last edited by Admin on Mon Apr 26, 2021 3:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

ბადრი გუგუშვილი Empty
PostSubject: Re: ბადრი გუგუშვილი   ბადრი გუგუშვილი EmptyMon Apr 26, 2021 2:30 pm

ბადრი გუგუშვილი

მუდარა

პოეზიავ, ჩემი სატრფო ხარ,
როგორც არ უნდა ჩამეკონო,
ვერაფრით ვერ მაკმაყოფილებ.
იქნებ მე ვარ გაუმაძღარი
და არ მყოფნის შენი სიავე,
სიამედ რომ მომინათლია.
ო, რომ იცოდე, რა ძალუმად ვგრძნობ
შენს კაპილარებს,
წვეთ-წვეთობით მსურს ამოგწოვო
შენი სისხლის ყოველი წვეთი.
ბარბაროსული გაავებით ველტვი შენს სივრცეს
და ნეტარება მეუფლება გაუგონარი.
შენი დიადი უსასრულობა
მეჩვენება კვერცხის ნაჭუჭად
და სამყარო ჩემს ხელისგულზე ფართხალებს ხოლმე
შეუღინღლავ ჩიტის ბარტყივით.
ო, პოეზიავ, ჩემო უგულო ცოლო,
ახარხარდი და მომახალე ის სიმართლე,
გულდაგულ რომ მალავენ ჩემგან,
ამიხილე სუყველა თვალი და დამანახე
სილამაზე და სიბრმავეც კაცობრიობის.
ო, პოეზიავ, ნუ დამინდობ, მეტად გალაღდი
და მაზიარე უსაკვირლეს მეტამორფოზებს,
გადამისროლე დროისა და ფიზიკის მიღმა,
მოწმე გამხადე კოსმიური კატასტროფების.
ო, პოეზიავ, დამიღარე მთელი სხეული შენი ბრჭყალებით,
გაანაწევრე ჩემი სული აუარებელ ნაწილაკად
და მაზიარე შენი ცეცხლის უზადო ბრწყინვას,
რათა სიტყვა, კოცნასავით რომელსაც მჩუქნი,
დავიხსნა შენი ტყვეობიდან და ჩემით ავანთო.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ბადრი გუგუშვილი Empty
PostSubject: Re: ბადრი გუგუშვილი   ბადრი გუგუშვილი Empty

Back to top Go down
 
ბადრი გუგუშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: შეუნდოთ ღმერთმა...-
Jump to: