არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ესმა ონიანი

Go down 
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 11:31 am

ესმა ონიანი Autopo10
Esma Oniani


***
ყვავილი ყვავილად ვარ ნახსენები
და პური – პურად.
ჩაკირული ვარ და უსახო ცრუ ბრძენთათვის
ანდა ბრიყვთათვის,
მხოლოდ ჭეშმარიტთ ვეჩვენები მრავალფერი და მრავალგულა.


ესმა ონიანი
მხატვარი, პოეტი

ესმა ონიანი დაიბადა 1938 წლის 20 ივლისს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის 23-ე ქალთა სკოლა ოქროს მედლით. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (უ. ჯაფარიძის კლასი) 1963 წელს. 1966-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად.
1969-1999 წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი.
მისი შემოქმედება ძირითადად თბილისს უკავშირდება; შექმნა თბილისელთა პორტრეტები: "მანანა გედევანიშვილი" (1963, კერძო კუთვნილება), "ოთარ იოსელიანი" (1964, მხატვრის სახელოსნო), "დავით ჯავახიშვილი" (1965, კერძო კუთვნილებაა), "გურამ რჩეულიშვილი" (1970, კერძო კუთვნილება), "ლატავრა ფოჩიანი" (1978), "დედა კრეპდეშინის კაბაში" (1987), "დის პორტრეტი" (1980), "დავით კაკაბაძის პორტრეტი" (1982; წლის საუკეთესო ნამუშევარი, ორივე - მხატვრის სახელოსნო) და სხვა. ფერწერული ტილოების სერიები: "სამოთხე", "ქართველები", "ბავშვობა". 1969 წლიდან პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები, ავტორია 4 კრებულისა, რომლებშიც შესულია ლექსთა ციკლები თბილისურ ყოფასა და თბილისელებზე. 200 წელს თბილისში მოეწყო მემორიალური გამოფენა და პრეზენტაცია წიგნისა "ლექსები, ესეები, წერილები".
1987 წელს იაპონიაში ჩატარებულ გამოფენაზე მისი ნამუშევარი დაჯილდოვდა მედლით. 1999 წლის 31 იანვარს ესმა ონიანი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
* 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ)

წიგნები
* შენ, უმაღლესო : ლექსები და თარგმანები (ავტორი). - თბილისი, "საუნჯის" გამ-ბა და სტ., 2013. - 52გვ.
* გვეფერფლება ცეცხლში სულები : ციკლიდან "ისევ გადახვევები 4 ნაწილად : ლექსები (ავტორი). - თბილისი, "საუნჯის" გამ-ბა და სტ., 2013. - 64გვ.. - ISBN: 978-9941-442-61-2
* ძველი რვეულებიდან (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 154გვ.
* ლექსები, ესეები, წერილები (ავტორი). - თბილისი, 2000. - 448გვ.
* რა არ მავიწყებს : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 79გვ.

ბმულები
* http://ka.wikipedia.org/wiki/ესმა_ონიანი
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008515/
* https://burusi.wordpress.com/art/esma-oniani/
* http://book.gov.ge/en/author/oniani-esma-/96


დროის ჩანაწერები - ესმა ონიანი

TV ertsulovneba
Published on Sep 2, 2015

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Mon Mar 11, 2019 12:02 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 11:34 am

ესმა ონიანი

„სიძე თუ მოდის, მოვიდეს თუ არა და მეძინება“
(უთქვამს ოსის პატარძალს)

ციკლიდან „დანახული ანდაზები“

„ხაჭაპურის ჭიპივით მოკუმა პირი,
თვალები ატრიალა მძივებად:
„საქმეა გასაკვირი,
თუ მოდის, მოვიდეს, თუ არა და მეძინება“.
კარი არ აჭრიალდა მძიმე,
სიგრილე ლეკვივით ლეკვივით არ შეუვარდა წვივებში.
პატარძალი თავს ძილიდან ვეღარ იძვრენს –
მივიდა ტახტთან, მიეშვა.
ჩამოჰყარა ქოშები, ვეღარას არკვევს,
წითელი თავშალი მგონი შეჰყვა საბანქვეშ.
ძუძუ ცომის გუნდასავით მიეწება მკლავზე;
ოსური მთვარისხელა ღაწვები განივრად ანათებს.
პატარძალი ფშვინავს,
სასთუმალთან ვერცხლის თასში წყალია
აბობოქრების პირას.
გადაბრუნდება – ღონიერ ბარძაყებს
ტახტი ვეღარ უძლებს, ძაგძაგებს.
თაფლით გაწებილ ძილში
პატარძალი შეკრთება, ითრთოლებს –
თბილი ტუჩებით დაეწაფა სიძე
ხორცისფრად კოცნის, ვეღარ იშორებს.
სიძე კი წევს მშვენიერ ბილიკზე ტყეში,
არც აპირებს აგომას,
მთვარე გვერდს უვლის –
შინ ნაქსოვ პერანგის თვალ-ბუდა ხვრელებში
ჭრილობა მოჟონავს, მწიფე ლეღვივით
ძუძუს თავზე გადამთხვეული“.


Exclamation


ნინო კასრაძის პერფორმანსი: ''ესმა ონიანი''
Streamed live on Dec 15, 2017

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Mon Mar 11, 2019 11:40 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 11:38 am

ნინო დარბაისელი

გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით
(ესმა ონიანის პოეზიის ზოგიერთი ასპექტი)

,,ჩემთვის მეგობრებს უთქვამთ, თითქოს ჩემს ლექსებს ემჩნევა, რომ მათი ავტორი მხატვარია და როდესაც დაუსახელებიათ საამისო ნიშნები, გამორკვეულა, რომ გარეგანი, ზერელე მსგავსება აძლევთ ამის საბაბს. სინამდვილეში საგნობრიობა, კონკრეტულობა, დეტალების სიყვარული, ფერული ნიუანსების ზედმიწევნით დაზუსტების ცდა (განსაკუთრებით ეს ფეროვნების გამუდმებული არდავიწყება-გადმოცემა ახსენებთ ფერწერას).

ეს არ არის სწორი; მათ ავიწყდებათ, რომ ფერს საერთოდ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანურ ყოფიერებაში. ჩვენთვის სამყაროს ხილულობა-გაცხადებაში,, — წერდა ესმა ონიანი 1982 წელს, ალმანახ «კრიტიკაში» გამოქვეყნებულ ესსეში «ფიქრები პოეზიაზე» (ონიანი ე:301).
მართლაც, ვინ არის ესმა ონიანი: მხატვარი, რომელიც ამავე დროს პოეტი იყო? (მსოფლიო ხელოვნების ისტორიამ არაერთი ამგვარი ბედნიერი ნიმუში შემოგვინახა, თუმცა საკუთრივ ქართული ხელოვნება, ამ მხრივ, სულ რამდენიმე შემთხვევას იცნობს); იქნებ, მისი სახით, სრულიად სხვა რიგის მოვლენასთან გვიხდება შეხება?
გარდაცვალების შემდეგ გამოცემული მისი კრებულის გარეკანის ბოლო გვერდზე ნაზი კილასონიას სიტყვებია: «შეიძლება, ყველა მხატვარმა არ იცის, რომ იგი პოეტია. შეიძლება, ყველა პოეტმა არ იცის, რომ იგი მხატვარია... ესმა ონიანი კი ის ფენომენია, პოეზიაც და მხატვრობაც რომ თანაბრად ხელეწიფება. მისთვის სიტყვა და ფერი საშუალებაა სულიერი სამყაროს გამოვლენისა».

*
ესმა ონიანის ლექსების უმრავლესობა 60-80-იან წლებშია შექმნილი, იმ დროს, როდესაც შემოქმედს მეტი თავისუფლება ენიჭება და უკვე მისი გადასაწყვეტია, დასჯერდეს ჩრდილში ყოფნას თუ გახდეს იდეოლოგიურად ანგაჟირებული და შესაბამისად, მიითვალოს ყველა ის ყოფით-სოციალური უპირატესობა, რასაც ხელისუფლება ამისათვის გაიღებს.

ეს არ არის ალტერნატიული არჩევანი, რადგან შესაძლებლობის ამ ორ პოლუსს, მიზიდულობის ორ ცენტრს შორის დიდი სივრცე რჩება სხვადასხვაგვარი ლავირებისთვის. და ამ დიდ სივრცეში ეწერება იმდროინდელი ქართული ლიტერატურის ერთი დიდი კორპუსი.
ესმა ონიანი კი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც ჩრდილში რჩება, თუმცა, როგორც მისი წერილების გაცნობა გვარწმუნებს, ადამიანურად მაინც მუდმივად უჭირს, შეურიგდეს უყურადღებობას, იგნორაციას კრიტიკის მხრიდან. (ონიანი ე.: 375-376) თითქოს ამის საკომპენსაციოდ, წერილბსა თუ ჩანაწერებში იგი არაერთგზის მსჯელობს პოეზიის რაობის, პოეზიისა და ფერწერის ურთიერთმიმართების, ლექსის იმ გამომსახველობით საშუალებათა შესახებ, რომელსაც თავად იყენებს; ადარებს თავისუფალ ლექსსა და ტრადიციულ, კონვენციურ ლექსს: «თავისუფალი ლექსი, მისი თავისუფლება ჩემთვის არის — «თავისუფლების მკაცრი საკანი», გამუდმებულად მაკონტროლებელ-წარმმართავი ნების ბატონობა»... (ონიანი ე: 297)
მართლაც, თუ კონვენციურ ლექსებში მისი პოეტური «ტეხნე» შორს არის სრულყოფილებისაგან, თავისუფალ ლექსებს გამორჩეულობის ტვიფრი აზის და ,ფორმის მხრივ, ორი ძირითადი სახისაა. ერთია დისმეტრული ლექსი, მეორე კი დისმეტრული ლექსი კონვენციური ჩანართებით, ანუ გარდამავალი სახეობა. ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ე.

ონიანი არ არის თავის თანამედროვეთაგან ერთადერთი, რომელმაც თავისუფალ ლექსში პოეზიისა და სახვითი ხელოვნების დაახლოება სცადა.
ყველაზე მკვეთრი, თუმცა ფასადური მსგავსება, ამ მხრივ, მას ლია სტურუასთან აქვს, მათ შორის სხვაობას კი ძირითადად ორი რამ ქმნის. პირველია შემოქმედებითი ინტენცია.
თუ ლია სტურუას ინტიმურ პოეტურ სივრცეში, რომელიც ყოფით-ურბანისტული ანტურაჟით არის შევსებული, ღერძად წამომართულა ავტორის ლირიკული მე, ესმა ონიანის სივრცე არგაერთღერძოვანია, უკიდეგანო და ამ სივრცეში პოეტი-მედიუმი დაუსრულებლად იცვლის სამყოფელს, დაუსრულებლად გადაადგილდება შიდა და გარე, ყოფითსა და ყოფისმიღმიერ გარსებში.
მეორე სხვაობა ენასთან დამოკიდებულებაში მჟღავნდება. ლია სტურუს ნაკლებად იზიდავს სალიტერატურო-პოეტურ ენასთან იმგვარი რისკიანი ჭიდილი, რომელიც ყოველთვის როდია მხატვრული ეფექტის, წარმატების მომტანი, ეს კი ესმა ონიანის პოეტური სტიქიის მუდმივი თანამდევია, იგი თითქოს საგანგებოდ ახდენს ლექსის ჟღერადი პლანის რედუცირებას, თვით რითმასაც კი, რომლის ღირსებაზეც წერილებში საგანგებოდ მსჯელობს ,მის კონვენციურსა თუ თავისუფალ ლექსებში ორიგინალობა ნაკლებად ახასიათებს, ეს უფრო ან «საყოველთაო მოხმარების» სარითმო წყვილებია, ან მინიშნება რითმაზე, რათა, ერთი მხრით, «პოეტური ინფორმაციის მოწოდება-ელვისმიერობას» შეუწყოს ხელი, (ონიანი ე: 298) მეორე მხრით კი, აღმქმელის, რეციპიენტის ყურადღებას, იმაგინაციურ პლანზე კონცენტრირებისას, მეტი დაძაბულობისაკენ უბიძგოს. შესაძლოა ეს — რეაქციაც იყოს გალაკტიონის ლირიკის ინერციით გაკეთილხმოვანებული ტრადიციული ქართული ლექსის გავლენისაგან თავის დასაღწევად.


ასეა თუ ისე, თანამედროვე მკითხველს ესმა ონიანის პოეზიასთან შეხვედრისას დაძაბული, რთული სამუშაო ელის და ამ სირთულეს ერთდროულად ენობრივი წინაღობებიც ამძაფრებს და ის გარემოებაც, რომ მისი მეტნაკლებად სრულყოფილი აღქმისათვის საჭიროა ავტორისეულ იმაგინაციურ ნაკადთა ინტენსიური წარმოსახვის საგანგებო უნარიც.

*
ესმა ონიანი პოეტი-დესკრიპტორიც არის და კრეატორიც. ამის მიხედვით მისი ლექსების დაჯგუფებაც კი არის შესაძლებელი.
მისი დესკრიფციური ლექსები ძირითადად პოეზიის ენაზე სახვითი ხელოვნების სპეციფიკური «სათქმელის» ტრანსფორმირების პირობებში იქმნება და ამ ამოცანის დასაძლევად იგი ფერის, პლასტიკის, ხასიათის გადმოსაცემად კომპოზიტთა წარმოებას ხშირად მიმართავს. ასე ჩნდება ახალი ზედსართავი სახელები, ზმნიზედები, რომელიც ძირითადად ვნებითი და საშუალო-ვნებითი ზმნებით გადმოცემულ მდგომარეობასთან ერთად ქმნიან პოეტურ სინტაგმებს, მეტაფორულ სახეებს.
ლექსი «შავი» თითქმის ყველა ამ ნიშანს აერთიანებს:

გამოხმობილია ფხვნილიანი დაპრესილი მოკვდინებიდან
დამწვარი ძვლების, ყურძნის დამწვარი ძგიდეების
ჰაერუკმარი, შავი ნახრუკი;
(«გუდრონის» სუნი — ქუჩაში ჩანან თეთრ წინსაფრებით
მოწყენილი მოწაფეები,
ცხელია შავ-თიმთიმა ახლად სხმული ასფალტის ფაფა —
ბაბუას ფარნის, რინიგზების, შავისა და სუნის კავშირი)
ატმის კურკების, ნაჭუჭების შავი გურგური,
გადამჭვარტლული ოთახების ლამფის ყელის შავი არშია.
და ჩემს ბებიას, ღაბუას და ღაბაბიანს, შავ-ჭრელ თავშლიანს,
ხელმოცახცახეს ცრემლებით ვნატრობ.



(ონიანი ე: 47-48)

რაც შეეხება მის კრეაციულ ლექსებს, აქ ძირითადად მოქმედებითი ზმნების სიჭარბე განაპირობებს სახეთა დინამიკას. ამ შემთხვევაში მისი, როგორც სუბიექტი-პერსონაჟის მეტყველება გამორჩეულად თავისუფალია; ინტონაციაც ამ დროს მძლავრობს, თუმცა მკვეთრად აღმავალია, (ზოგჯერ აგრესიულობის ზღვრამდე მისულიც) წრფელი, აფირმაციული, თვითკონფირმაციულიც კი, და როგორც, ალბათ, თავად იტყოდა, ურყევი, უღალატო, მედგარი...
დაყვავების, ორჭოფობის, უმწეობის, შეთავაზების, შეცხადების და ა.შ. ინტონაციებით ამ კრეაციულ ლექსებში სხვათა ხმებია შეფერილი და ეს სხვები ძირითადად მისი პოეტური ფანტაზიით ხორცშესხმული ის პერსონაჟები არიან, რომელთაც ქართული ზეპირსიტყვიერების სამყაროდან, უძველეს ხალხთა მითოსიდან, ისტორიიდან თუ ხელოვნებიდან ახალ პოეტურ სივრცეში დასამკვიდრებლად გამოიხმობს ავტორი.

*
მინი-პოემაში — «გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით», კომბინირებულია ნიშანთა მთელი წყება, რომელიც ზოგადად მის კრეაციულ ნაწარმოებებს ახასიათებს:
ნაწარმოების ნარატიული ჩარჩო-მონახაზი ასეთია: ქმრებისგან უარყოფილი, სიყვარულით გაუხარელი ოთხი ქალი სოფლის გარეთ, ერთ კლდოვან ალაგას მიდის, რათა შეასრულოს შურისძიების მაგიური რიტუალი და ქვის სულთან დაამყაროს კავშირი. თითოეულს შესაწირად კვერი აქვს წამოღებული:

ეს კვერი საზიზღარი —
ქვიშა, ფეტვი და ჭინჭარი ნახარში
გახმა და ჩაბრტყელდა ცეცხლსა და ღადარში
მიიღე, ქვის სულო!

ამ სიტყვების შემდგომ თითოეული ყვება თავისი მწარე სიყვარულის ამბავს. ერთი მათგანი ასე გამოხატავს გულისთქმას:

«შავი ფრთებივით გავშალე თმები ქარსა და მზეში!
თვალებს გამიფატრავს სხივი რისხვისა, მბრწყინავი ეშვი!
ჩემი სიყვარული, დღემდე მდუღარი,
შეაწყდა კედელს,
ძველი გაშმაგებით, წალეკვის მუქარით
მიყვარხარ დღემდე!
ტანს შემოვიგლეჯ სამოსს,
ყრუსა და ჩამშრალს,
ჩემი სხეული ნახონ,
მზესავით მახლავს!
ჩემი თეთრი მკერდი — თასი,
ცისფერი ბზარით,
მისი სიმთვრალე გასვი —
ტკბილიც და მწარიც.


ღელვა ჩემი ტანის არხევს
მრგვლად მცურავ მუცელს,
მას თეთრად ავსილი მთვარე
ტყუპსავით უცქერს.
მეღვრება ქაფშეკრულ ჩანჩქერად
მაღალი ყელი,
მზესავით სხეული გაჩვენეთ,
სიშმაგის მგვრელი,
მოვვარდი მძიმე ქვებთან სურვილგანათელი!
სხეული ავმართე
ურვით, გააფთრებით.
(ონიანი ე: 113-114)

ყოველი ქალი ქვის სულს შესთხოვს, ისე გამოფიტოს თავისი გამამწარებელი, როგორც საზიზღარი კვერი. წყევლის დასრულებისას ამ მწარე კვერს ქვის ქვეშ დებენ, ზურგით კლდეს მიეხლებიან და გულშემსუბუქებულნი ბრუნდებიან შინ.
ყოველივე ეს განცდილ-დანახულია აქტორად ტექსტში წარმოდგენილი ავტორის მიერ, რომელიც დასაწყისიდანვე შემოდის თავისი სასიყვარულო აღსარებით:

მიყვარხარ!
ქალები ჩამოსხდნენ თავშალჩამოშვებით
(მიყვარხარ),
მშრალი გულისპირით
(იცოდნენ წინასწარ,
ჯერ მეც არ ვიცოდი,
რომ მიყვარხარ, მიყვარხარ),
ახლა დაიწყებენ წესსა და შელოცვას
შენი განდევნისა და მოშორებისთვის, —
მათი მხრების რიგი მოხრილად ირწევა,
მათი სურვილები ამ წუთს დაელოდა,
რომ დაუმალავად გულწამღებ სიშიშვლით ეთხოვა ქვებისთვის.
(ონიანი ე: 110)

მინი-პოემაში ბოლომდე აუხსნელი რჩება, ვის მიემართება ეს აღსარება და რაკი შინმიმავალი ოთხი ქალის გზაზე გამოჩნდება თავისი სახლის ბჭესთან მჯდომი, ხორციელად დაძაბუნებული ბებერი კაცი, რომელმაც უთქმელად იცის ამ ქალთა ამბავი და უფრო მეტიც, — რა მოჰყვება მათ მაგიურ წყევლას, სავარაუდოა, რომ სწორედ მას უნდა გულისხმობდეს ავტორ-აქტორის, მჭვრეტელის აღსარება — ბებერ კაცს, რომელსაც ხორციელი არსებობის წვენი დაშრობია, მაგრამ რაღაც, სხვაგვარი არსებობის ვნება კვლავ ძალუმად უფეთქავს.
მინი-პოემის სათაურიც «გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით», ამას უნდა მიგვანიშნებდეს, რადგან ამ უჩვეულო სიტყვათშეთანხმებას სხვა ახსნა არ ეძებნება.

გარდაუვალი სიყვარულის წრე აქ სწორედ ბებრად წარმოსახული, ქარის სიმღერად ქცეული კაცის სახეში იკვრება:

ხან სიზმრად ვხედავ
ჩემი სიცოცხლის
ქარად გახდომას. —
სხეულს მიკოცნის
წლებით ნაოხარს
ქარის სიმღერა,
და დავიჯერებ ამას იმდენად,
თვითვე ვიქცევი ქარის სიმღერად:
«ვაპობ ბაგეებს,
ვარ ქარი, ქარი!
წყურვილი შორით
გადამაგელვებს,
გახსნმილ ბაგეებს
ვაწებებ თრთოლვით,

რასაც შევხვდები —
მთებს თუ ვაკეებს!
მზე ვერ მაკავებს!
( ონიანი ე:116)

ლირიკულ აღსარებას, რომელიც მინი-პოემის დასაწყისში — ქალის ხმით გაისმა, ეს ბებერი კაცი შორეულ ექოსავით ეხმიანება:

ვთვლემ, ვთვლემ და ფიქრებს,
დიდხნის ნაფიქრალს,
ნადუღ თაფლისფერს,
ისევ ვაღვიძებ:
მიყვარხარ!
იცოდნენ წინასწარ,
ჯერ მეც არ ვიცოდი,
რომ მიყვარხარ, მიყვარხარ!
შენი სიშორე ხელშეუხები უქმად ჩამოჰყრის:
ქალების ბუტბუტს,
მშრალად გამოცლილ შრიალს სამოსის,
ღვარძლიან წყევლას,
სიავის ურჩხულს.
(ონიანი ე:118)

არაფერი ქმნის ისეთ მკაფიო წარმოდგენას პოეტის შესახებ, როგორც ადამიანურ ღირებულებათა სისტემისადმი მიმართება , ღირებულებათა საკუთარ იერარქიაში სიყვარულისთვის მიჩენილი ადგილი და რეცეფციის თავისებურება.
ამ მინი-პოემაში სიყვარულის პოეტისეული კონცეპტის ექსპლიცირება ესმა ონიანის ლექსებისათვის ტიპობრივი სახით ხდება. ეს კონცეპტი, რომელიც ქართული პოეტური აზროვნების ტრადიციის ჩარჩოებს ერთგვარად არღვევს, ზოგადად პოეზიის უძველესი ძირებიდან მომდინარეობს და, თუკი დიდ, ფართო პოეტურ კონტექსტში მოვიაზრებთ, დღესდღეობით იქნებ ტრივიალურიც კია მაგრამ იმ დროისათვის,, როცა მინი-პოემა იქმნებოდა, იგი უჩვეულო სიახლის ნიშანს ატარებდა.
კონცეპტი დაახლოებით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
სიყვარული — ეს არსებათა მიმართებების იმგვარი კომპლექსია, რომელშიც ყოველივე: სული და სხეული, გრძნობა და გონება ურთიერთგანმსჭვალვის, შერწყმის, სრული და ჰარმონიული ერთობისაკენ ისწრაფვის და ეს სწრაფვა ძალმოსილია მაშინაც კი, თუ ფატალური გარდუვალობა არსებათაგან რომელიმეს რიგით მოკვდავთათვის გაუღწეველ//შეუღწეველ, სხვა მიღმიერ სამყაროში არგუნებს ყოფნას, რადგან უკიდეგანო სამყარო, რომელიც თვალს დაშლილი, ქაოტური ეჩვენება, სინამდვილეში ერთიანი და ჰარმონიულია, ჰარმონიულობის შეგრძნებას, მიგნებას კი პოეტური სენსორები სჭირდება.


პოეზიას, როგორც გზას სამყაროს ერთიანობისა და ჰარმონიულობის წვდომა-აღდგენისა, ესმა ონიანი არაერთგზის ეხება თავის ესსეებში.

ამ გზაზე მრავალი წინაღობაა გადასალახი, მაგრამ «მით უფრო სრულქმნილია ნაწარმოები, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობათა, მძაფრად დაპირისპირებულთა მოხელთებას შეძლებს, [...] მოურიგებელ წინააღმდეგობათა ერთ მთელად, «სრულად» მოწოდება არის სწორედ ჭეშმარიტი ნაწარმოების წარმოშობის პირობა» (ონიანი ე: 307)
კვლავ სიყვარულს მივუბრუნდეთ. თუ მზერას მივაპყრობთ მრავალსაუკუნოვან ქართულ პოეტურ გამოცდილებას და გავიხსენებთ, რარიგ დაბალ საფეხურზე ათავსებდა შოთა რუსთაველი ხორციელ ვნებას; რარიგ იმპერატიული იყო საუკუნეთა მანძილზე შეგონება, რომელიც მამუკა ბარათაშვილმა მოგვიანებით, პოეტებისადმი რჩევის სახით ,ასე გამოხატა : «თუ სიყვარულზედ იტყვი, ცოლ-ქმრულს სიყვარულზედ სთქვი, და რომ არა ბესიკის, საიათნოვას, მეტადრე დ. გურამიშვილის, უფრო გვიან კი ალ. ჭავჭავაძის პოეზია, რა ძალით მოქმედებდა ჩვენს სიტყვაკაზმულ მწერლობაში შორით წვისა და დაგვის ინსტიტუტი, ვფიქრობ, ესმა ონიანის მიერ სიყვარულის ამგვარი პოეტური გააზრება მნიშვნელობას შეიძენს, მით უფრო, რომ მეოცე საუკუნის პოეზიაშიც მას ამ მხრივ, წინამორბედი თითქმის არ დახვედრია.
გ. ტაბიძის პოეზიაში არათუ სულიერ-ხორციელი სიყვარულის ერთიანობის ნიმუში, ეროტიზმის — ხორციელი ტრფობის ორიოდე გამოვლინებაა, ისიც — ადრეულ ლირიკაში. მოგვიანებით ქალი-სატრფოს გრძნობად-კონკრეტული სახე მასთან პრაქტიკულად არ გვხვდება.


ცისფერყანწელებთან ეროტიკული განცდები და წარმოსახვანი ისეა გადმოცემული, რომ თითქმის მთლიანად მოხსნილია სპირიტუალური პლანი.
აღარას ვიტყვი ხორციელი სიყვარულის, ვნების მიმართ იმ შემფასებლურ-ნეგატიური დამოკიდებულების გამომხატველი უკვე მრავალსაუკუნოვანი ირონიულ-პაროდიული ტრადიციის შესახებ, რომელიც მკვეთრად გამოიხატა აკაკი წერეთლის პოეზიაში და შემდგომი თაობები დაეყრდნო... (ეს ყოველივე ცალკე მსჯელობისა და კვლევისა თემაა).
ეროტიზმი ესმა ონიანის პოეზიაში ხან მკაფიო, დინამიური იმაგინაციების სახით არის წარმოდგენილი, ხან კი ისე ავლენს საკუთარ ძალმოსილებას, რომ არ ჩანს, მაგრამ მოქმედებს, კვალს ტოვებს, როგორც ქარი.
მისტიციზმისა და ეროტიზმის სიახლოვე მის კრეაციულ ლექსთა ერთ წყებაში აჩენს ვარაუდს, რომ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ეს ლექსები ყველაზე მეტად ეხმიანება ძველ აღმოსავლურ მოძღვრებებს, რომელშიც მისტიკურ-ეროტიკული ერთობის საიდუმლოა ჩაუნჯებული, თუმცა მათში უპირველესად ძლიერია წარმართობისა და ქრისტიანობის გავლენა. ამ და სხვა რელიგიათა შერწყმისა და არა დაპირისპირების ნაყოფია ესმა ონიანის პოეტური კონფესია.
,,მწამს, რომ არს ენა რამ, საიდუმლო უასაკოთ და უსულთა შორის’’ — წერდა ნ.

ბარათაშვილი.
ესმა ონიანმა პოეზიაში ამ ენის მიგნება სცადა და შექმნა საკუთარი იდიოლექტი: გამსჭვალული, გაჯერებული მშობლიური ენის ლექსიკური და ფრაზეოლოგიური წიაღისეულით და ენის ბუნებრივ სიტყვათწარმოებასთან მორგებული თუ მოურგებელი, ზოგჯერ დაპირისპირებული, ოკაზიონური ნეოლოგიზმებით, რათა საკუთარ პოეტურ ველში აღედგინა უხსოვარი დროიდან გაწყვეტილი კავშირი, ერთობა საგნებსა და მოვლენებს, თვალითხილულ და მიღმიერ სამყაროებს შორის.


დამოწმებული ლიტერატურა:
ონიანი ე: ონიანი ე. ლექსები,ესსეები,წერილები: გამომცემლობა ‘’საარი’’.თბ. 2000.

Exclamation


ნინო კასრაძე. ესმა ონიანის ლექსი – „გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით“
Published on Dec 3, 2016
2016 წლის 30 ნოემბერს წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ ნინო კასრაძის იმპროვიზებული წარმოდგენა – „საუბრები ესმა ონიანზე“ – გაიმართა. მსახიობმა პოეტისა და ფერმწერის – ესმა ონიანის ლექსები და ჩანაწერები წაიკითხა. (ვიდეოს ავტორი: ერეკლე სოსელია).

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 11:42 am


ესმა ონიანის პერსონალური გამოფენა

Artareatv
Published on Jul 18, 2013

თიბისი არტ გალერეაში ესმა ონიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენილ ნამუშევრებს შორისაა ესმა ონიანის "დავით კაკაბაძის პორტრეტი", რომელიც 1982 წელს მხატვართა კავშირმა წლის საუკეთესო ფერწერულ ნამუშევრად აღიარა.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 12:03 pm

ესმა ონიანი

ტყვე

ჩემი ფიქრების მარწუხებში მყავხარ მომწყვდეული -
თავის მოდრეკას არ გაცლი.
ბორგავ და ცდილობ, გაურკვევლისგან განთავისუფლდე,
იგი ტკბილი დაბეგვით გიბრუებს სხეულს,
მოგეცვარა კისერი,
თვალები ერთმანეთისკენ მიგორავს ვნებით შეძრული,
შენ წინაშე ვარ მწარე სიცხადით,
სხეულთა შეტკბობის უიმედო სიშორით.
გინდა გასხლტე უნამდვილო სინამდვილისგან,
მაგრამ არ გიშვებ,
ჩემი ფიქრებით შორიდანვე გიმწყვდევ
მწარედ ტკბილი მარწუხებით.
თვით აშვების წუთებშიც,
როცა ფიქრით არ გიბორკავ ყოფას,
ჩემმიერობა ყვითელ ჩალმასავით გეხვევა თავზე.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 12:05 pm

ესმა ონიანი

მოქანდაკის ლექსი ნეფერტიტისადმი მზის ამოსვლისას

ნეფერტიტი ნიშნავს - ''მშვენიერი მოვიდა''
ნეფერტიტი შემდგომ გახდა - ნეფერნეფრუატონ,
რაც ნიშნავს:''მშვენიერია მშვენიერებით ატონისა''.

მშვენიერო,მოსულხარ!
ქვიშის ცეცხლი ყვითლად შრიალებს;
მუხლჩაკეცილს მომნუსხავ,
შემოდგები მეფურ იერით.

რძისფერ სამოსით,
თვალში თრობით გადაღმიერით -
მზისთვის ნაზოგ გაუპობ კოცნით
მოსულხარ,მშვენიერო!

ფშატისფერი ძუძუს ნაყოფი
სურნელითა და ალმურით -
გდია ქვიშაში მომცრო ნაპობით
სანელსაცხებლე ქვა-ქაშანურის.

მშვენიერო ,მოსულხარ,
თვალდაუღწევ ბურანით შემმოსავი;
ზეთით ნაზელ მუცელზე
ჭიპი გიბზინავს ხბოს ნესტოსავით.

მომლოდინე,
ჩურჩულით ტკბილად ხმიერით,
სელისფერ ტერფებით,
მოსულხარ,მშვენიერი
შეჭდობის დროა - აჰა,ამოდის!
მძიმედ ჩახურდა ჯიღა,ცად მგორავი ცხელი ატონით,
ქუთუთოს მიღმა
თვალმა იკლო ვნებით დამდნობით;
ნილოსი სულ ავსილა,ლერწმებს ხრავენ ოქროს ხრტილები,
ცხობას იწყებს ქვიშა და სილა,
ატეხვით ხტიან შავი მოზვრები,რქებწაკვნეტილები;
შროშანა შრება,ნიჩბების ტევრში - ჩრდილ -ზოლა წყალი,
ხურმების ცვენა ფიცრებს აჩნია ნაზელად მტკბარი.
აგდებს ნუშის მსგავს ენას - ნაყოფი გასკდა კურკიანად,
წებო-წითელი დენა,
ხე სიმძიმით დაკუზიანდა;
გახშირდა ვნებით ოხვრა,
ცად მგორავი ცხელი ატონით,
ბატონ-უფლის დამყოლი მოხვალ
ლოცვა-მადლობით.
მშვენიერო,მოსულხარ
აღერილი ყელის მშვენებით -
მზის ალერსით მოგლუვდა,
შემომსხდარი ოქროს ენებით.
მშვენიერო,მოსულხარ,
გაგვაოგნე შენი მშვენებით!

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 12:07 pm

ესმა ონიანი

შუმერთა ლოცვა აბზუსადმი

აბზუ*, ნუ მოხვალ! ფისისფერი თვალი გვაშორე!
სადაც ხარ, იყავი!
ბებერ მეფესავით ბარდებში იბოდიალე
გასიპულ ფლასტებით.
ფშუტეთვალებიან კვერთხ-გვირგვინს ჩამქრალ ოქროსას ატარებ.
აბზუ, შენთან წამოსულნი დაითვალე
ნელ-ნელა, არ იჩქარო;
მზერა მოანაცვლე,
სუყველა გაიხსენე სათითაოდ:
მოხუცების თეთრი ხუხულები,
წვერებით, წაქისფერებით,
აბზუ, კაცები, შეწყვეტილნი, ძალადაულევი,
ბებერი ქალები ფქვილიან თვალებით,
აბზუ, ბავშვები მობარბაცე,
აბზუ, რძესავსე დედები,
ძუძუ სამუდამო შედედებით,
აბზუ, თოთო-ფრცქვნილი ქალწულები
სარეცელს მიჯაჭვიან ეკლიანს,
აბზუ, ჭაბუკები თმების მზიანი ხვრელებით,
ვნებადაუმცხრალი გახელებით,
ყველას შეხედე -
კაჟისფერ მზეში კრიჭა შეკვრიათ!
აბზუ, ნუ მოხვალ,
ჯერ შენთან წამოსულნი დაითვალე სათითაოდ,
ნელა დაითვალე,
არ იჩქარო!

---
* აბზუ - სიკვდილის ღმერთი შუმერულ მითოლოგიაში.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 12:13 pm

ესმა ონიანი

***

ცა ჩამომტირის არეული შიშველ ტოტებში,
მტოვებენ დამშრალ სილამაზით ფოთლები
წყნარად;
ვემშვიდობები პირ-დამსკდარი, ხმელი გოდებით
მწუხრის მზის სხივებს, გარინდულნი ველზე
რომ წვანან.
ჩემი სიცოცხლის მიწურული ჩნდება უჩუმრად;
მივდივარ. დგება ლურჯი ღამე გრილი, უძირო.
გავხმი. ვერ ვხედავ დედმიწას, გაქრა სიცოცხლე,
რა მოვისმინო, რაღა ვიგრძნო, ან რას ვუცქირო.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 12:14 pm

ესმა ონიანი

ანგელოსი

მწიფე სუნებით გაბრუებული,
მე გრძელთმიანი, საზიზღარ ქვეწარმავალივით
მივიზლაზნები შუადღის მზეში, დამდნარ ასფალტში.
სად გინდა გასვლა,
როცა მარტოობა მხოლოდ სასაფლაოზეა და
წიგნების მაღაზიაში.
დღეს, ურმებზე დაბარგებულ გლეხების
ცნობისმოყვარე მზერის არ მაქვს სურვილი,
ისინი, ჭუჭყიან პატარებთან ერთად,
ყურძნის წვენით გათხუპნულები,
მიყურებენ მე - მოჩვენებას,
რომელიც საფლავის ქვებს ეფარება.
დღეს წიგნის დღეა, მაგრამ ნატალა
ტუჩაბზუებით და მტრულად მიცქერს,
მისი ანზორი დახლის ქვევიდან
ნეკა თითზე წაზრდილი ფრჩხილით
პერსონაჟობას იხდენს - ჟანრი უცვლელი.

თუმცა, იმ დროს, აბა, რა ერქვა, საშინელებათა?!
მიამიტი დედინაცვლის ასულები.
გუდიანი კაცი,
გვრიტების შემგროვებელი.
მაგრამ, წიგნებისგან შორს,
ჩემს ქვეყანაში ქუხდნენ მთები,
ზღვას კი ქვიშა გადმოსდიოდა.
იყო ომი, და ჯარისკაცები, დაუმარხავნი
იწვნენ ცის პირას, ბედის ანაბრად.
„თეთრი სტუმრები“ - ჩუმი წიგნი.
აი, რა მსურდა.
წამოვედი და შემოდგომის საღამოს,
დავემალე იქ, სადაც მთვარე ღამღამობით
მშობიარობდა, ანუ სხვენში
და ეს ლექსები და ეს სახელი ესმა ონიანი,
სურათ-ხატებად გამიცოცხლდა.
ასე დაიბადა ეს ჩემი თავშესაფარი, ნავმისადგომის გარეშე.
მე წამოსვლისას,
ბევრ რამეს ხელი გავაშვებინე,
მე მივატოვე დამტვერილი სასაფლაოს ხმელი ჭადრები,
და ეს წიგნი და ეს სახელი ესმა ონიანი
თან წამოვიღე.
მაგრამ, ქალაქი, სადაც უნდა მესწავლა ხელობა,
სადაც ვისწავლე ჯოჯოხეთის სურათებზე წერა,
დამხვდა ომისგან გაბრუებული,
ნაშიმშილარი, ნაავადარი.

სახლიდან უნივერსიტეტის ბაღამდე,
მე გავდიოდი ესმა ონიანის სახლის ჭიშკარს,
მე დავდიოდი ამ ქალაქში და თავში აზრადაც არ გამივლია,
რომ გამეკითხა ლექტორებთან,
ნეტავ, სად სახლობს პოეტი ქალი,
ნეტავ, იმ დროში აკრძალულ უფალს, გაგრძელებებად
ისევ თუ ხატავს?!

ვინ იცის, სტუდენტურ ზურგჩანთით,
სადაც მუდმივად დამქონდა პოეტის წიგნი ავგაროზივით,
პლეხანოვზე, რამდენჯერ გვერდითაც კი ჩავუარე,
ვინ იცის,
და მან ჩემი თვალები საკუთარი ლექსებით იცნო.
თუმცა,
მე ახლაც,
როცა წუთისოფლის მშიერ ხახამდე ერთი ნაბიჯი მრჩება,
ვგრძნობ უხილავ ხელს,
რომელსაც, როგორც ხავსს, ისე ვეჭიდები,
რომელიც, მიმიყვანს ხოლმე ესმა ონიანის პოეზიასთან
და მესმის: დარჩი.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 12:19 pm

ესმა ონიანი

არაფერი

ვუახლოვდებით ასწრაფებით არაფრის ქარებს,
არაფერი – ყოფნის ყოფნა დაუსაბამო,
არაფერი – ყოველივე,
ჩვენთვის – უბრალოდ არაფერი.
არაფრის ქარი.
უსასრულობის ულმობლობა დამანთქევარი,
უსასრულობა უსასრულოდ – აი ეს არი.
არრა მკვნესარი, არ მგალობელი,
არ უშფოთველი, არრა ვნებული.
არაფერი უფუძეოდ დაფუძნებული.
უსასრულობა უსასრულოდ – აი ეს არი.
არაფერი – არა რა ფერი
ჩამომძიმდება წვეთი ჩვენსკენ ჩამოსაწყვეტად, თრთის –
აფერადდება მოწყვეტილი, ვიშვებ-ვივსებით,
არაფერი კი უსადინარო ჯიქანივით კვლავ ასწორდება და აგლუვდება.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 12:21 pm

ბორის პასტერნაკი

ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე

ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე
უსაზღვროდ ერთობ.
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
ქარბუქი ქარგავდა მინაზე
გვიმრიან ბექობს,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
სანთელს აფეთებდა ქარი და
ცდუნების ალმურს
ფრთები აეფოფრა, გაშლიდა
ტანს ვნება-დაძრულს.
და დაეცემოდა კაკუნით
ძირს ქოში წყვილი,
კაბაზე ცრემლად დანამული
ცვიოდა ცვილი.
და თეთრად ერთვოდა მიდამო თოვლს,
სრულად ენთო,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.
გასხივოსნებულ ჭერზე დამრეცი
წვებოდნენ ჩრდილები
ხელების ხლართების, სხეულთა ხლართების,
ბედით შეყრილების.
ბარდნიდა მთელი თებერვლის თვე
ხშირ-ხშირად ერთობ,
სანთელი ენთო მაგიდაზე,
სანთელი ენთო.


თარგმნა ესმა ონიანმა.



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 12:23 pm

სერგეი ესენინი

აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ

აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ,
ქრება ყოველი, როგორც ხეზე ყვავილების თეთრი ფიფქები.
ჭკნობის ოქრო ამიგიზგიზებს,
აღარასოდეს ახალგაზრდა აღარ ვიქნები.
შენ, ჩემო გულო, გამალემით კვლავ აღარ გალობ,
საცაა სიცივე წაგეტანება,
და არყოვანის ჩითის სამყარო
ვერ შემიტყუებს ფეხშიშველა სატანტალებლად.
ო დახარჯულო ხელუხლებლობავ!
ვაღარ მიღვივებს ბაგეთ სიალეს,
თვალების შფოთს და მოზღვავებულ სიჭარბეს გრძნობის
ძველებურად სული იგი მოხეტიალე.
ახლა სურვილებს იშვიათად და ძუნწად ავშლი,
სიცოცხლევ ჩემო, ნეტავ ხომ არ დამსიზმრებიხარ?
თითქოს გავვარდი ვარდისფერ რაშით
გაზაპხულის მოგუგნე სანახებიდან.
ყველა, ჩვენ ყველა ქრობის ნიშნით დადაღული ვათ,
ნელა იღვრება ნეკერჩხლების ფოთლის სპილენძი…
იყავ კურთხეულ სამარადისოდ,
რასაც სიცოცხლის გასაქრობად თურმე ვიძენდით.


თარგმნა ესმა ონიანმა.



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 12:24 pm

ესმა ონიანი 1e0b44376

ესმა ონიანი

ტერენტი გრანელი

,,ხოლო აწ ესე რა ჰგიეს სარწმუნოება, სასოება და სიყვარული,
სამი ესე, ხოლო უფროს ამათსა სიყვარული არს.”
არ სჭირდება ტერენტის შეღავათები! ის დიდი პოეტია; საერთოდ დიდი რა არის? არსებობს ერთადერთი განსაზღვრება (ამისათვის) – ნამდვილი!
რა შეიძლება ადამიანს უთხრა ამაზე მნიშვნელოვანი, იმაზე მეტი, რაც თავად მისი სიცოცხლეა, არსებობაა, ამჟამად არსებობაა; დაბადება! ყოფნაში უკვე არყოფნის გარდაუვალობა.
სიყვარული ამოძრავებს ტერენტი გრანელს; ტერენტი გრანელი ვერ გამოსულა სიყვარულის გრძნობიდან, მან ვერ დაიხსნა თავი სიყვარულისაგან; სიყვარულია მიზეზი მასთან სინანულისაც, ტირილისაც, სიხარულისაც. ადამიანთა უმეტესობა სიყვარულის გამუდმებულ ცვლაშია: მოვა – აქაურობა უყვარს, წავა – იქაურობა, დაბრუნდება – ისევ აქაურობა, იქაურობა აღარ ახსოვს, წავა – ისევ იქაურობა, აქაურობა აღარ ახსოვს; ტერენტის ერთნაირად უყვარს და ერთნაირად არ ავიწყდება; იგი მთლიანად გაჟღენთილია იქაურობის ხსოვნით, (ასევე აქურობის სიყვარულით), იგი მოცულია იქაურობიდან მოყოლებული აქაურობის სხვადროს უკვე დათმობის მოუშორებელი სევდით, უკვე არსებული განშორების ხსოვნით. იგი წინა წასვლაზე თითქოს სამუდამოდ იყო გამსუბუქებული, განთავისუფლებული, მაგრამ არაჩვეულებრივმა ხსოვნამ, მონატრებამ, თავისდროზე აქაურობის უზენაესი სიყვარულით სიყვარულმა ისევ გაჭოლა დაბრუნების სხივით; იგი დაბრუნდა სიყვარულის ძალით, მონატრების, ერთხელ კიდევ ნახვა–გახსენების ძალით – გასაკეთებელი კი აქ თითქოს აღარაფერი ჰქონდა, მას ამოწურული ქონდა ადამიანად მოსვლის მარაგი, – მაგრამ დაარღვია და ერთხელ კიდევ ჩაეკრა მკერდში ადამიანობას; თვალცრემლიანი, შეხვედრის, ცნობის, სიხარულით გაბრუებული. ამავე დროს ასეთვე ძალიათაა მოცული უკვე არსებული განშორების ხსოვნით, რაც უწინდელი განშორების სარკეცაა, მისი დაუვიწყებლობა იქაურობისა (იქ გადასვლისა) არ აძლევს მას საშუალებას თუნდ სულ მცირე ხნითაც კი ბრმად ადამიანად ყოფნისა, ადამიანურ – მიწიერი ბანგით ცოტა ხნით დასვენება-გაბრუებისა (შეცდომაა, – მას რომ სიკვდილისა და ტირილის პოეტად მიიჩნევენ ხშირად; ყველაზე ძლიერად იგი გრძნობს სწორედ აქაურობის აქაურულ სიმშვენიერეს და სიყვარულს, მისი დათმობის და შემდეგ მონატრების შიშს). მაგრამ იგი დაბრუნდა და უკვე ადამიანია, ახლა იგი სანამ სიკვდილის კარით არ გავა, ვაღარაფრით მოიშორებს ამ ქერქს, ამ ადამიანობას; ახლა მან ამ ზურგით, ამ ადამიანური ზურგით უნდა იგემოს ყველაფერი (ზიდოს თავის ჯვარი), ახლა მან ადამიანური მტკივნეულობა-მგრძნობელობით უნდა განიცადოს ის, რაც მას ასე ენატრებოდა. მაგრამ მასში ადამიანად ყოფნის ენერგია-მარაგი ამოწურულია, ეს “გეგმისგარეშე” დაბრუნებაა, ამიტომ იგი გამუდმებული ხლეჩვის ზღვარზეა: უმძაფრესი მონატრება-სიყვარული და ადამიანურო ფეხმოუკიდებლობა; ვერ შეძლება, ვეღარ გაძლება, ადამიანად არსებობის ვერ ცოდნა, ვერ შეთავსება, და თანაც მისკენ უდიდესი სიყვარულითა და ცრემლით ლტოლვა. პოეზია – მისი უტყუილო, ნამდვილი ბუნების შედეგია. ჭეშმარიტი პოეტი, მხოლოდ თავისი სულის გამოცდილების ნამდვილობას მიელტვის პატიოდნად, სულის “ბიოგრაფიას” სულის აქ ყოფნის “ისტორიას” ტოვებს. აჟამად ტერენტი ადამიანია და სწორი ადამიანური ბუნება უბიძგებს ქმედებისაკენ, ამქვეყნიურად საჭიროდ ყოფნისკენ, სიყვარულით სავსებას გადმოღვრა სწყურია. მაგრამ სიყალბით ქმედება მას არ ძალუძს, ხოლო ადამიანურად ფეხმოუკიდებელი, იმ ნამდვილი სინამდვილის მეტს, რაც მის “მე”- შია, ვერაფერს ეფუძნება. მისი ბუნება შემოქმედებითია და უაღრესად მართალი, ეს არ აძლევს საშუალებას ადამიანურად მოიმოქმედოს ის, რაც მასში არ არის, ხოლო მასში მხოლოდ ამქვეყნიური არსებობის სიყვარულის ხსოვნა, მასთან სხვა დროს უკვე განშორების სევდის ხსოვნა და მომავალი განშორების მოლოდინია. მისი სწორი ადამიანური ბუნება წინ აღუდგება გამოგონილსა და ყალბს, ნამდვილი კი მასში მხოლოდ იქედან გამოყოლილი ყოვლის მოცვის ხსოვნაა, ადამიანურად გამოუთქმელი, მაგრამ დაუძლეველი – შიდა წარმმართველი ძალისმიერობით. ადამიანური (მიწიერი) წარმოდგენით მისი დაუფუძვნელობა ვერაფერს აკლებს ყოვლისმოცვაში ყოფნის გამოცდილების შუქს, ყოვლისმოცვის ხსოვნით მინიჭებულ ძალმოსილებას. ეს იყო სწორედ რაც აძლებინებდა მას, რაც ანიჭებდა საკუთარი თავისადმი რწმენას; რაც განამტკიცებდა მასში მისი ადამიანური ნამოქმედარის, მისი პოეზიის გამართლებულობის, ნამდვილობის, უკეთესობის მიხვედრას.
და ახლა წარმოიდგინეთ რა პერიოდის საქართველოში, თბილისში მოუხდა არსებობა ტერენტის; როცა იკვირტებოდა მომავალი, გასაფურჩქნი ყვავილი საბჭოურ ინტერნაციონალიზმის, განსაკუთრებით რუსულ-ქართული “მოსიყვარულე” პოეტური ძმობისა. წარმოიდგინეთ რა “თავის ადგილზე” აღმოჩნდა უნიჭიერესი, უმგრძნობიარესი პოეტი, მართალი და შინაგანი სისავსით უკომპრომისო; მარადიულობაზე მომართული, უფაქიზესი გაუწყვეტელი სიმებით ჩახლართული აქაც და იქაც, ქართულ ჭეშმარიტ სურნელში.


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Mon Mar 11, 2019 12:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 12:28 pm

ნინია სადღობელაშვილი

ესმას ესმა

„ადამიანო, შენს წინა ვარ, თუ რამეს ეძებ, ადამიანო, შენს წინა ვარ, მიყვარხარ, მიცან!”

წელიწადის ერთადერთი დღე – 31 იანვარი არ უყვარს – ირინე ონიანს. ამ დღეს მისი უმცროსი და, მხატვარი, პოეტი ესმა ონიანი გარდაიცვალა. ირინე ესმა ონიანის სახლის მასპინძელია. თუკი ვინმე აღმაშენებელის გამზირზე იმ შენობას ჩაუვლის, სადაც გახუნებულ შინდისფერ მარმარილოს ბარელიეფს ესმა ონიანის სახელი აწერია, შეუძლია შეჰყვეს ამ სახელს სადარბაზოში, ავიდეს ბოლო სართულზე და ესტუმროს დეიდა ირინეს, რომელიც ყოველდღე ისედაც სტუმარს ელოდება; გულშემატკივარს, ესმას შემოქმედების თაყვანისმცემელს ელოდება და არის ამ მოლოდინში ვეებერთელა ტკივილიც და სიცოცხლით სავსე იმედიც!..
უცნაური ბედის შემოქმედია ესმა ონიანი. მისი რანგის ხელოვანს ალბათ, გაცილებით მეტი ყურადღება და დაფასება უნდა ჰქონოდა სიცოცხლეშიც და მერეც, თუმცა გარემოს (საზოგადოებას, კოლეგებს) დიდად არც არასდროს გაუნებივრებია. თითქოს ცხოვრებამ საგანგებოდ იმომჭირნევა მისი ამქვეყნიური „პატივი“, რათა მთლიანად ჩაძირულიყო ესმა ონიანი თავისი უკიდეგანო და ღვთაებრივი მარტოობის ბრწყინვალებაში და სრულყოფილად მიძღვნოდა შემოქმედებას – მის დედოფლურ ხვედრს, ნიჭს, ბოლოს კი, თავად ქცეულიყო თავისივე პოეზიად და მხატვრობად, როგორც ყველა ჭეშმარიტი რჩეული…
ხოლო მან, ვინც ასეთ სულებს ირჩევს ხოლმე თავისი ნების გამოსახატად, კარგად იცოდა, რა თიხაც იყო ესმა ონიანი – სამეფო ძღვენი, დიდი სული, რომელმაც უხმაუროდ და ღირსეულად დაიუნჯა ღვთაებრივი ჩანაფიქრი. ასეთ ხელოვანებს ვერც იჩერებს ხოლმე წუთისოფელი, თავის ბლანტ შრეებზე, ისინი მუდმივად სადღაც შორს არიან, ძალიან შორს, სხვაგან და თან ყველაზე ახლოს – ადამიანთან.
„მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერებში”, რაინერ მარია რილკე თავის პერსონაჟს, 28 წლის ყმაწვილს ასეთ რამეს ათქმევინებს: „მე ვსწავლობ ხედვას. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, რომ ყველაფერი უფრო ღრმად იჭრება ჩემში და იმ ადგილას აღარ ჩერდება, სადაც ადრე წყდებოდა ხოლმე. რაღაც შინაგანი სამყარო აღმოვიჩინე, რომლის შესახებ არაფერი ვიცოდი წინათ”.
მალტე ბრიგემ ეს ყოველივე საკუთარ თავში, პარიზში მოგზაურობისას აღმოაჩინა. რილკეს ეს ერთადერთი რომანიც აღმოჩენის, ხედვის სასწაულს ეძღვნება. არ ვიცი, ვისთან როგორ და როდის, მაგრამ, როცა ესმა ონიანს ვკითხულობ, მტკიცედ მგონია, რომ ნებისმიერ მის წამკითხველში, კითხვის და ხედვის „გახსნის” წამი ერთმანეთს დაემთხვევა. ესმას პოეზია იქცევა იმ ღვთაებრივ მომენტად, როცა ადამიანმა ხედვა უნდა დაიწყოს.
რადგან, თავად ესმას პოეზიაა ამ ღვთაებრივი წამის – ადამიანში გულის, იგივე უფლის თვალის ახელის შეყოვნება. გამუდმივება. თავადაა ეს პოეზია ამ ამაღლებულიდან განცდილი და დანახული სამყარო. ხილული სინამდვილე – უცხო, მაგრამ მშობლიური, თავისთავადი.
ეს სიტყვაც „ნამდვილი”, ესმა ონიანის საყვარელი სიტყვაა და „დიდის”, „ჭეშმარიტის”, „გენიალურის” ნაცვლად მხოლოდ მას იშველიებს. შესაბამისად, ჩვენ „დიდ პოეზიაზე” კი არა, ნამდვილ პოეზიაზე ვსაუბრობთ.
როდის გავიცანი ესმა ონიანი?
მახსოვს ნახატები. უფრო სწორედ, რამდენიმე პორტრეტი – დედის, დის, საკუთარი, გურამ რჩეულიშვილის. მახსოვს ფერები და ის, რომ ამ ფერებმა ჩემს ცხადშიც გადმოინაცვლეს – მთელი ცა და ცისქვეშეთი ბროწეულისფრად ღუოდა, სულშიც სამუდამოდ ჩამელექა, როგორც კაბაზე გადაქცეული ღვინის ღრუბელი… მახსოვს, სადღაც ეწერა ესმა ონიანის მეგობრობაზე ჩემს ორ უსაყვარლეს მწერალთან – გურამ რჩეულიშვილთან და ერლომ ახვლედიანთან. სახელებიც კი, უცნაურად მჟღერი შეარქვა თურმე მათ და ასე, ერთმანეთში მონათლულები ცხოვრობდნენ. მერე კი, საკუთარ ისტორიაშიც გახაზა წამი, სამუდამო სამანი, მიჯნა, რომლის აქეთაც „ესმას ესმა”. საკუთარ სახელში ზმნის სიმძიმით ჩაკირული ეს მისტერია მისივე ბედისწერად იქცა.
დიახ, ესმა.
ლაღობდა კიდეც თავისი სახელის მისტიკური ევფონიით:

„ეს იყო ვინმე ქალი ესმაო,
სუყველაფერზე ასე ამბობდა:
ეს მე ვიციო, ეს მე მესმაო”.

ადამიანს ალბათ ყველაზე უფრო, თავისი მგრძნობელობა აახლოებს ჭეშმარიტებასთან. ეს მგრძნობელობა, ცხადია, შემოქმედში კიდევ უფრო გაძლიერებულია. ზოგჯერ კი, ისეთი მძლავრიც, რომ კლდეს გახეთქავს თავისი გულისშემძვრელი სიფაქიზით. რილკეს რომანის პერსონაჟი ვახსენე, მისი ხედვის მთავარი მიზეზიც სწორედ უკიდურესად გაფაქიზებული მგრძნობელობაა; მდგომარეობა, რომელიც მთლიანობაში განაჭვრეტინებს მას სამყაროს. განაჭვრეტინებს როგორც ჭეშმარიტ ხელოვანს. პოეტს. ესმა ონიანის ლექსები მგრძნობელობის უმაღლეს რეგისტრშია შესრულებული. განცდის სინატიფე, სიღრმე და სიკამკამე ერთდროულად, საბედისწერო იერს სძენს და მთლიანად ლექსი კი ისე იკითხება, როგორც ხელისგულზე დაყურსული ნაღმი, ან როგორც ნოტიო ტოტზე აბერილი ქერქი – კვირტის გადმოსკდომამდე.

„და ჩემი მკლავების თეთრი ერთობა
ახლა ეჩვენებათ თრობად და სიკვდილად,
ასე ვისახებით ახლა ამ განფენით,
ჩემ მიერ სახებით შეკრულნი ირგვლივად”.

აქ ყველა დაბადებას განსაკუთრებული ელვარება ახლავს. განუზომელი, ღვთაებრივი დღესასწაული:

„ენის ბაღნარში ფშუოდნენ უკვე ფარშავანგები,
აღარ ჰქონდა შეუკვეცავს საყრდენი მყარი –
და დანის პირზე ბასრად აინთო ნამდვილი სიტყვა,
და ტყვიასავით დაიტენა სისხლის მზეთა გამოსასხმელად”.

ამ ლექსს „თავისუფლების მკაცრი საკანი” ჰქვია. პატარა, სულ რამდენიმე სტრიქონიანი ლექსია, მაგრამ ეპოსის სივრცე და ჰორიზონტი აქვს. სათაურშივე – ანტითეზის სიმძიმე – სად თავისუფლება და სად მისივე საკანი. მთელი ლექსი კი პარადოქსითაა გაჟღენთილი, ისევე, როგორც ესმა ონიანის პოეზია და აზროვნება.
შემოქმედის თავისუფლება – ენის, გნებავთ სიცოცხლის საკნითაა შემოზღუდული; მსხვერპლშეწირვის სისხლიან მზეს ბაღნარში მფშვინავი ფარშავანგების სიმშვიდე აცხრობს; ის ნამდვილი, ის მარადიული სიტყვა – შემოქმედის სულის ნაყოფი – დანის პირზე ანთია და საბედისწეროდ ელვარებს… ყოველივეს კი ერთი თვალი ჭვრეტს. ის, ვინც „არც როს ინებებს უღირს შვილთა გამოსარჩლებას – მწიფე შავით ნთქავს, ფარვა-საკმარით”.
უღირსთათვის არცაა ალაგი თავისუფლების მკაცრ საკანში.
ეს ანტინომიური სივრცეც – თავისუფლების საკანი – უკეთეს მსაზღვრელად მესახება იმ სივრცის აღსაწერადაც, რასაც ესმა ონიანის ლექსის კომპოზიცია, არქიტექტონიკა ჰქვია. მისი ლექსები იმდენად მონოლითური, მყარი, შეკრულია, რომ მკითხველს მთლიანობაში „ეძლევა” შესაგრძნობად და აღსაქმელად. თავადაც წერს ამის შესახებ: „თქვენ მე ვერ მიპოვით ბზარს (როდესაც მე დარწმუნებული ვაკონკრეტებ სათქმელს), ვერსაიდან შემომეღვრებით, ისეა აგებული ჩემი სათქმელის რაობა, ვერ მიეწებებით, მიემატებით, ვერ შეიჭრებით, ვერ პოულობთ ნაწიბურებს, რომელიც მისი გადახსნის საშუალებას მოგცემდათ”.
ესმა ონიანის პოეზიაში ეპოსის სული იძვრის. არამხოლოდ მითოსური სიუჟეტების, ინტერპრეტირებული ანდრეზების, დრამატული ეპიზოდების გამო. არამედ სათქმელის არქიტექტონიკაშიც ეპიკოსის ოსტატობა მჟღავნდება, ლექსის მხატვრული იდეის გადაწყვეტაშიც. ეს პოეზია ერთდროულად ძველიცაა და უახლესიც, ანუ, მარადიული. ნებისმიერი ქვეყნის ეპოსს დაამშვენებდა მისი ლექსები „დალი კლდეში მშობიარობს”, „მოღალატე ცოლის ამბავი”, „დედის დედა და უპოვარი ეფემია მეზობელი სოფლიდან”. ეს მძლავრი ეპიკურობა, ესმა ონიანის შემოქმედების მთავარი ბუნების – მთლიანობის, მონოლითურობის მიზეზი მგონია. ამ პოეზიაში ერთმანეთისგან გაუმიჯნავია სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებანი, თანაბარი მხურვალებითაა განცდილი დღისა და ღამის, ანუ მზისა და სიზმრის მისტერია. აქ ერთმანეთს ისე ენაცვლება თუნდაც შავი და წითელი, რომ მათი შინაგანი კონტრასტი საერთო დასაბამის, პირველ-ფერის არსებობას ადასტურებს.
ეპიკური, მტკიცე, შესაძლოა ოდნავ მკაცრიც კი, თუმცა ამომავალი მზის დიდებულებით სავსე შინაარსი ესმა ონიანის პოეზიაში მისმა სვანურმა წარმოშობამაც განაპირობა. ამ პოეზიას მზის სადიდებელი მუსიკა ახლავს. ხან სვანეთის მთებივით მძიმედ, ვეება აკორდებით მოზანზარებს (ეს სიტყვაც „ზანზარი”, ესმას საყვარელ სიტყვათა მწკრივიდანაა.), დუმილის პაუზებად კი, სქელი და მფშვინავი ნისლები წვება, ხან კლდეთა თავზე მოწმენდილი ცის სიკამკამე აქვს, მკაფიოდ გესმის, ბატკნის ეჟვნებივით როგორ წკრიალებენ ვარსკვლავები. ასეთი მოტივითაც გემღერება:

„მე – შთამომავალი შთამომავალთა,
როგორც მსხვერპლთა, ისე აფთართა,
ვარ წაგოზილი ერთ-ერთი გვარით –
მზის გვირგვინში ამომავალთა,
სისასტიკით შავად მართალთა,
მართლიდან კეთილ გამომავალთა,
გაშიშვლებული შუბლის გვირგვინით
წითელ გვირგვინში ამომავალთა,
შავი ღაზლით მაქვს შუბლი გაკრული
მე, შთამომავალს შთამომავალთა” (შთამომავალი”)

და, ასედაც:

„ამოვიწევთ ქვებიდან,
ამოვიშლით მხრებს,
ამართულებს ზევიდან
დაგვეცემა მზე.
მზე.
ვდგავართ ფეხებგამდგარი,
ემძიმება კლდეს,
თეძოჩაწურულები
თვითონ ვგავართ ქვებს,
მიშვერილებს ცისაკენ,
მიბჯენილებს მზეს”. (სვანების სიმღერა მზეზე).

არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი შემოქმედისთვის დროის, ეპოქის კონტექსტი. ისტორიულ გამოცდილებას ამაზე სხვადასხვა მოსაზრება აქვს. არ ვიცი, რამდენად აუცილებელია საუკუნეთა შემდგომ იმის გააზრება, თუ რა ეპოქაში, რა კონკრეტული სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ფორმაციის ჟამს დაიწერა „ილიადა” ან „ვეფხისტყაოსანი” და, რა თავისებურებები განაპირობა ვიქტორიანულმა ინგლისმა შექსპირის შემოქმედებაში. მარადისობის უშველებელ ტილოზე ხომ ყოველი დრო ხანდახან ძალიან პირობითია და, როცა ყველაფერი ქრება, მტვერდება, მხოლოდ მარადიული მშვენიერებანი რჩება, როგორც მთის წვერზე ამართული ბაზილიკები… და მაინც, ადამიანურ სამყაროში, რახან ყველანი თავისუფლების საკანში გავჩნდით, ეპოქაც ჩვენ-ჩვენი გვერგო. შესაბამისად, სრული პორტრეტის წარმოსაჩენად, ეპოქის ფონი ალბათ უპრიანია.
ამ შემთხვევაში კი, ესმა ონიანი, თავისი შემოქმედებით, პიროვნული ისტორიით, თავისუფლების მძლავრი განცდით – აბსოლუტურად ამოვარდნილია თავისივე ეპოქის ფონიდან. კომუნიზმისა და მასთან დაკავშირებული უამრავი უკეთურობის პირობებში, სტერეოტიპული, შიშიან-კომპლექსებიანი აზროვნების ჩარჩოებში, ღვთისგან დაცლილი სულიერების შემზარავ ჭრიალში, ესმა წარმოუდგენლად სუფთა, თვითმყოფად, ღვთიურ ხმას გამოსცემდა. მისი მხატვრობა და პოეზია, მისი ესეისტიკა, იყო რაღაც ახალი, ჯერ აქამდე არგანცდილი და არნანახი მშვენიერება. ეს ქალი აზროვნებდა მოელვარე პარადოქსებით, „გაუთიშავი გონებით”, როგორც თავად იტყოდა; სამყაროს ჭვრეტდა რენესანსულ, მსუყე, თავბრუდამხვევად სურნელოვან ფერებში, თითქოს ვიღაცას მასში, მის ეპოქაში, მთელს სააქაოში, ძალიან მოშივდა და ამ დიდი, საყოველთაო სულიერი შიმშილის დამპურებლად გაჩნდა მისი შემოქმედებაც. აინტერესებდა თემები, რომლებსაც უფრთხოდნენ და ერიდებოდნენ – სიკვდილ-სიცოცხლის, ღვთაების, ზეცის, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის! მისთვის ადამიანის ბედი იყო მთავარი სავალალოც და სალხინებელიც, ადამიანს იწვევდა თავის უკიდეგანო მარტოობაში, მას უხმობდა. მისი პოეტური იერი, მისი სულის მდგომარეობა ჯვარცმის მისტერია იყო, იდგა ეპოქისა და მარადისობის მიჯნაზე, მკლავებგაშლილი და უშიშრად ამბობდა: „მაჭედებდნენ როცა ლურსმანს ძვალში ჭახუნით, მივიწყებული ამოინთხა ჩემში მაშინვე, გული გამრთელდა სიყვარულით, გადანაპრული”… ის მეტყველებდა უცნაური ენით. უცნაური ინტონაციით, თითქოს შეძლო და დუმილი თარგმნა. თითქოს დუმილის გლუვ, თეთრ კედელს სულის იარაღით მიადგა და სიტყვებად გამოტეხა, გამოთალა.
რაც უნდა ცრუთა და ბრიყვთა ასპარეზი იყოს ეს დედამიწა, რაც უნდა ყალბთა და უსახურთა – სამყაროს ღვთის დიდი თვალი დაჰყურებს და ამ უამრავს ისევ ის ერთი წამი გადაწონის, ერთი მშვენიერი, მაღალი წამი, როცა ნამდვილი მკითხველი ნამდვილ პოეზიას ეზიარება.
როცა ეს წამი იმ თვალს მკითხველშიც აახელს.
ესმა ონიანის პოეზია ამ წამის მარადისობად იქცა.
31 იანვრის იებს კი ვინმე აუცილებლად მიუტანს – ირინე ონიანს, ესმას ერთადერთ დას და ჭირისუფალს, ვინმე, ვისაც ესმის ესმას ძახილი, სიკვდილის მერეც და სამუდამოდ, ესმის, უყვარს და მხნევდება ამით.


13 თებერვალი, 2018


* http://mastsavlebeli.ge/?p=16938

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 462
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი EmptyMon Mar 11, 2019 12:37 pm

მიხო მოსულიშვილი

ნამდვილობის ხეივანი, ანუ ალბომი, რომელიც მეფეებთანაც კი თავისუფლად დააგვიანებს

ესმა ონიანი. “1939-1999.
ფერწერა. გრაფიკა. პოეზია”. შემდგენელი ირინე ონიანი. რედაქტორი ზურაბ ჭუმბურიძე. ინგლისური თარგმანი არიანე ჭანტურია, გერმანული თარგმანი მანანა პაიჭაძე, თამარ ჭუმბურიძე. ფოტოები გურამ წიბახაშვილისა და მანანა კოვზირიძის.
დიზაინერი გოგი წერეთელი. კომპიუტერული უზრუნველყოფა ლუკა გოცირიძის. ეძღვნება ესმას მშობლებს ეკატერინე აბაშიძესა და ვასილ ონიანს.


ეს ესმა ონიანის ბავშვობისდროინდელი ფიქრი-თამაში იყო.
“სულ რომ არაფერი არ იყოს”, - ფიქრი ჩაიხვეოდა შიგნით შუბლში თუ უკან, სადღაც, თავის ფუძესთან და...
“სულ რომ არაფერი არ იყოს?! სულ რომ არაფერი არ ყოფილიყო? – რომ! არ შეიძლება, რომ არაფერი არ იყოს...”
და თითქოს შემაწუხებლად თრგუნავდა და თან ამით სიამოვნებდა. იმის გამო, რომ იწყებოდა არაჩვეულებრივად ცხადი, ულმობლად გარდაუვალი შეგრძნება ამ ფიქრ-იდეის სისწორისა, ულმობელ-გარდაუვალობისა; ფიქრისა, რომელსაც თავად გადაწყვეტდა ხოლმე რომ წამოეჭრა, გაირინდებოდა სადმე, უფრო ტახტზე წამოწვებოდა და აინტერესებდა, კიდევ ერთხელ განეცადა, გაყოლოდა ამ ფიქრ-თამაშს (რადგან ბავშვი იყო, ასე ეგონა, რომ თამაშობდა), რომ ის რაღაც გამოეწვია, რომელიც იზიდავდა, თრგუნავდა და თან ვერ ეშვებოდა რაღაცით კმაყოფილი.
“სულ რომ არაფერი არ ყოფილიყო, - არ შეიძლება, რომ არაფერი არ იყოს!”
იმის გამო, რომ ასე ხედავდა, ამაზე ფიქრობდა, უკვე აღარ შეიძლებოდა არ ყოფილიყო.
თითქოს ისევ სულში ჩაბრუნებოდა თვალები, გული ჩქროლავდა - სულ რომ არაფერი არ ყოფილიყო?
და ულმობელი იყო – არაფრის არ ყოფნასაც ყოფნად წარმოიდგენდა.
იყო ულმობელი ცხადი - “არ შეიძლება, არაფერი არ იყოს! არ შეიძლება, არაფერი არ იყოს! არ შეიძლება, არაფერი არ იყოს!”
თავის არსებობას სძირავდა გაქრობის შეგრძნებაში და მისი გონება გონებრიობდა თავისი ადამიანური გაქრობის შეგრძნებით. მაგრამ “არაფერი” - “არ შეიძლება, არაფერი არ იყოს!” ულმობელი, გადიდებული, მოუცველ-უსასრულო არაფრის არ ყოფნა – რა საშინელი იყო და თან რა მიმზიდველი...
ბავშვობისას თამაშ-თამაშით იწყებდა საკუთარი თავისთვის იმ სიამოვნების, ნეტარების მინიჭებას, რომელსაც იწვევდა ამ ფიქრ-თამაშის უცნაური, ასე ნათელი, შეურყეველი სისწორე, ულმობელი გარდუვალობა; ამ ფიქრ-თამაშში გაცხადებული იდეის ულმობელი, აუცილებელი, უსასრულო სისწორე ნეტარებით ტანჯავდა...
გამოხდება წლები და ბატონი რეზი თვარაძე შეუმცდარი ალღოთი ამოიცნობს და ჩვენც დაგვანახვებს ესმა ონიანის ფერწერისა თუ პოეზიის ფენომენს:
“ესმა ონიანმა დავანახვა რაღაც სასწაულის ძალით როგორ ჩამოდის თითქოსდა ზესთა წყაროებიდან, ზესთა სოფლიდან სული ინდივიდუალური და რა ფერებად, რა ხმებად გარდაისახება ეს სამყარო, ხილული სამყარო ამ სულში და როგორ მოხდება შერწყმა ამ ორი საოცრებისა, ღვთაებრივი და ხილული სამყაროებისა”.
ხოლო ეს ღვთაებრივი, ჩემი აზრით, სწორედ ისაა ესმა ონიანის ბავშვობის ფიქრ-თამაშში, რასაც “სულ რომ არაფერი არ იყოს!” ჰქვია; ხილული სამყარო კი - “არ შეიძლება, არაფერი არ იყოს!”
თითქოსდა შორიდან დავიწყე, მაგრამ შეუძლებელია, ესმა ონიანის ფერწერის, გრაფიკის და პოეზიის ალბომი გქონდეს შინ, საწერ მაგიდაზე; ხშირ-ხშირად ათვალიერებდე, კითხულობდე, ეჩვეოდე მის შემოქმედებას – ნახატებს, ლექსებსა თუ ესეებს; მერე 2000 წელს გამოცემული მისი ლექსების, ესეების და წერილების შედარებით სრული კრებულის დაკვირვებით წაიკითხო და – ამის მსგავსი შესავალი არ დაწერო.
ეს კი ბავშვობის ფიქრ-თამაშის მოგვიანებული პოეტური დასტურია

არაფერი

ვუახლოვდებით ასწრაფებით არაფრის ქარებს,
არაფერი – ყოფნის ყოფნა დაუსაბამო,
არაფერი – ყოველივე,
ჩვენთვის – უბრალოდ არაფერი.
არაფრის ქარი.
უსასრულობის ულმობლობა დამანთქევარი,
უსასრულობა უსასრულოდ – აი ეს არი.
არრა მკვნესარი, არ მგალობელი,
არ უშფოთველი, არრა ვნებული.
არაფერი უფუძეოდ დაფუძნებული.
უსასრულობა უსასრულოდ – აი ეს არი.
არაფერი – არა რა ფერი
ჩამომძიმდება წვეთი ჩვენსკენ ჩამოსაწყვეტად, თრთის –
აფერადდება მოწყვეტილი, ვიშვებ-ვივსებით,
არაფერი კი უსადინარო ჯიქანივით კვლავ ასწორდება და აგლუვდება.

და თუკი დავინტერესდებით და ვიკითხავთ, რა არის ესმა ონიანის პოეზია, ამის პასუხსაც სარეცენზიო ალბომის წერილების განყოფილებიდან გაგვცემს ავტორი:

“ყველაფერი ეს კავშირშია სიჩქარე-ინფორმაციის (აქ და ყველგან პოეტური ინფორმაცია იგულისხმება) ურთიერთმიმართებასთან; პოეზიის ეფექტია – მოსაწოდებელი დროის მაქსიმალური შემცირება სიჩქარე-ინფორმაციის მაქსიმალური ზრდის გამო (“გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი”). ჭეშმარიტ პოეტურ ნაწარმოებში ჩატევა-ინფორმაცია-მიწოდება მოწასოდებელი დროის გაცილებით მცირე მონაკვეთში ხდება, ვიდრე მდარე ხარისხის ნაწარმოებში, სადაც “ტყუილად დახარჯული” დროის დიდ მონაკვეთებზე აქა-იქ გაბნეული მარცვლებია ინფორმაციისა. დიახ, “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის” არის ფორმულა პოეზიის ეფექტისა – რაც შეიძლება სწრაფი, თვალმიუდევნებელი გაელვებით, მეტი თქვას, მოიცვას.
რაც უფრო სწრაფია - “მიწოდება-ინფორმაცია-ჩატევა” და ამის გამო თითქმის გალეულია “დრო”, მით უფრო ინტუიციურის, ქვეშეცნეულის, ბედნიერ-უცაბედის შთაბეჭდილებას სტოვებს იგი; სიჩქარის ზრდა – დროის შემცირება გადადის უსასრულოდ მიმლევ დროში, რომელშიც ჩატეული შესაბამისად უსასრულოდ გაზრდილი ინფორმაცია სხვა “სიჩქარის” ადამიანში იწვევს შემთხვევითის, ინტუიციურად მიგნებულის შთაბეჭდილებას” (ესმა ონიანის წერილიდან “ფიქრები პოეზიაზე”).

ამავე წერილში, სადაც ავტორი თავისი შემოქმედებითი პრაქტიკიდან მიდის თეორიულ დასკვნებამდე და არავითარ შემთხვევაში პირიქით, პოეტური ნაწარმოების “ქმნადობის” სამგვარ პროცესს გამოყოფს:

“1. შიდა-სისწრაფე-ქვეცნობიერის უბრალო მიყოლა-ფიქსირება გარეთა მაორგანიზებელ სიჩქარესთან შეუღვრელად არის ნაკადი, უფორმობა.
2. გარეთა განსჯითი, გაუნაზებელ-ნელი სიჩქარის მიერ `მოთხრობილი~ შიდა სისწრაფე გვაძლევს შედეგად იმ მიზანდასახულ, ცივ `ნაკეთობებს~, რომლებიც თავისი მკვდარი ხმით, უსინათლო ყინულ-თვალებით, განზრახ ბრძნულ-ტანჯულად შეჭმუხვნილი შუბლით ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მათ ასდით გულ-ღვიძლისმიერი სისხლ-ოხშივარი; ხოლო მკვდრის შემოსვა საქორწილო ტანსაცმლით, ვერაფრით ვერ გვაჯერებს იმაში, რომ ის სიცოცხლით, ვნებით და სიყვარულით სავსეა.
3. თუ გაფაქიზებული, უაღრესად ასწრაფებული გარეთა სიჩქარე დაეწევა და დროის თითქმის არარსებულ მონაკვეთში შეეღვრება შიდა-სიჩქრეს, მაშინ ვიღებთ არც ქაოსსა და არც ცივ გაქვავებას, არამედ იბადება სრულქმნილება, რომელიც უსასტიკეს, გამძაფრებულ წინააღმდეგობათა მოგალობე მთელია.
ასეთ ნაწარმოებებში სიღრმე-სირთულე იმდენად შეფარულია ამ სრულქმნის წყალობით, რომ “ქვეცნობიერის” სიღრმეებში “წვდომის” ნიღბით მოქმედ პოეთტა უხეშ, მორახუნე “სირთულეს” ყურმიჩვეული შემფასებელი ვერასგზით ვერ გაიგონებს მას; ანდა გაუაზრებელ შემთხვევითობა-შთაგონებად (აქედან შთაგონებაზე მათი საოცრად მცდარი წარმოდგენა) მიიღებს მას”.

თუკი ამ პასაჟებმა ვერ დაარწმუნა მკითხველი, რომ ესმა ონიანი ბრწყინვალე ესეისტიც არის, ამდენი ციტირების გამო ბოდიშის მოხდით (არაფა, უკეთესად როგორ გინდა, რომ თქვა!), კიდევ ერთ ადგილს მოვიყვან მისი წერილიდან - “მუსიკა, პოეზია, ფერწერა”:

“ჭეშმარიტი ფერწერის შემთხვევაში დრო ამოქმედებულია მისი (ფერწერის) სიძლიერის სიღრმეში ჩამთრევი უნარით; მისი ეფექტი უსასრულოდ სვლადია სიღრმეში, როგორც ყოველი დარგის ჭეშმარიტი ნაწარმოებისა. მაგრამ ფერწერის შემთხვევაში ეს არის ფიზიკურად ერთბაშად ხილული გამუდმებული სვლა სიმთლიანიდან ნაწილთა სიღრმისკენ და პირიქით; ეს არის გამუდმებული ხილული მომენტი მთელის ნაწილებად და ნაწილების მთელად გადაღვრა-გადმოღვრისა, ეს არის ნეტარება მთელის მთელად გამუდმებული აღმოცენებისა, - ამ აღმოცენების გამუდმებული დანახვის შესაძლებლობისა აღქმა-სინათლის უჩქარესი გზით”.

ესმა ონიანის პერსონალური გამოფენის ნახვის შემდეგ, რომელსაც თავად მხატვარი ვეღარ მოესწრო, იორგ ა. ჰენლე იტყვის:

“მნახველი მიჩვეულია იმას, რომ აკვირდება მხატვრის თანმიმდევრულ ევოლუციას; აქ კი ის ხვდება ხელოვანს, რომელიც არ ემორჩილება ჩვეულებრივ წესებს და კანონებს და, მისი რაიმე ჩარჩოებშო მოქცევა შეუძლებელია; ხელოვანს, რომელიც ყველაფერს ფლობს უბადლოდ, მაგრამ არ ემორჩილება კლასიფიკაციას.
ამდენად, საგამოფენო დარბაძში სიარული ბუნებაში გასეირნებას ჰგავდა: მრავალფეროვნება ნაცვლად “წესრიგისა”.

და რაც კარგად შეიგრძნო აქ ნახსენებმა ფერწერის დამფასებელმა, სწორედ იმაზე ესმა ონიანს უკვე გაცემული აქვს პასუხი:

“ჭეშმარიტი ნაწარმოების კანონზომიერებაა ისეთი, რომ ის ყველა დროში გამძლეა და მისი “პირადი” სრულყოფილება, როგორც ჩაკეტილი ირგვლივ გალავანში, მოიცავს ყოველივეს, რაც საჭიროა მისი მარადიულობისათვის: ის, რომ დროის ფაქტორი ვერავითარ როლს ვერ თამაშობს უკეთესობა-უარესობაში; ნამდვილები ზემოთ აღმავალ ხაზს კი არ ქმნიან, არამედ ხეივანს. ნამდვილობის ხეივანში დრო მკვდარია და მუდმივი სიცოცხლე სუფევს”.

ღრმად თუ დავაკვირდებით ფერწერული ამოცანების დასმისა და გადაწყვეტის ესმა ონიანისეულ მიდგომას, შეიძლება დავასკვნათ, რომ თავისი შინაგანი ალალ-მართლობით, საგანთა თუ მოვლენათა არსის (და არა აღწერის!) გადმოცემის განუმეორებელი კულტურით ეს დიდი შემოქმედი (როგორც პოეტი და როგორც მხატვარი) ნიკო ფიროსმანაშვილის გზის ორიგინალური და თავისთავადი გამგრძელებელია (და არა ეპიგონი!).
ერთ სალაღობო ლექსში (“მეფე ვახუშტის ჰყავდა ნაცნობი...”), სადაც მეფე მოპატიჟეებს მიუგზავნის თავის ნაცნობ ქალს, ესმას, დაპატიჟებული ასეთ პასუხს შეუთვლის მეფეს: `მეფეებთანაც კი ვაგვიანებ, აი, ვინა ვარ ქალი ესმაო~.
და მართლაც, ესმა ონიანი ის შემოქმედი იყო, ვისაც თავისუფლად შეეძლო მეფეებთანაც კი დაეგვიანებინა, ხოლო ახლა კი, როცა შემოქმედი ამქვეყნად აღარ არის, ეს ალბომი სწორედ ისეთი ხელი-ხელ საგოგმანებია, ისე აღვსილა მხატვრის სულით – ნახატები იქნება, ლექსები თუ ესეები (სადაც მან თავისი ბავშვობის ფიქრ-თამაშის - “სულ რომ არაფერი არ ყოფილიყო!”, “არ შეიძლება, რომ არაფერი არ იყოს...” - ხორცშეხმა მოახერხა), ისე ახლოსაა სრულქმნილებასთან, რომ მასაც, ამ ალბომსაც შეუძლია მეფეებთანაც კი დაიგვიანოს...
ეს ესმა ონიანის ბავშვობისდროინდელი ფიქრი-თამაში იყო.
“სულ რომ არაფერი არ იყოს”, - ფიქრი ჩაიხვეოდა შიგნით შუბლში თუ უკან, სადღაც, თავის ფუძესთან და...

მინაწერი:

ესმა ონიანის ნამუშევრების თვალიერება-კითხვისას, დავიჯერო, ტყუილად მახსენდება ხოლმე ერთი ადგილი ტანის ეპოქაში მცხოვრები პოეტისა და მხატვრის ვან ვეის, იგივე მო-ძეს (701-761 წ.წ.) ტრაქტატიდან “ფერწერის საიდუმლოებები”:
“როცა ხელი ფუნჯებსა და ტუშს მიმართავს, ისეც მოხდება ხოლმე, რომ ეს ხელი დავიწყებაში დახეტიალობს და თამაშობს... ხოლო წლები მთვარის მიღმა მიდიან, მარადისობისკენ. და ფუნჯიც მოუხელთებელ საიდუმლოთა საძებნელად უნდა წავიდეს”.

***
ესმა ონიანმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, სისიტემატურად მონაწილეობდა საკავშირო, ამიერკავკასიის მხატვართა , რესპუბლიკურ და საშემოდგომო, საგაზაფხულო გამოფენებში. მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ლატვიაში და იაპონიაში, სადაც ჩატარებულ გამოფენაზე მისი ნამუშევარი დაჯილდოვდა მედლით. პარალელურად სისტემატურად წერდა ლექსებს. 1978 წელს მოეწყო მისი ლექსების პირველი კრებულის გარჩევა სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ესმა ონიანი 1999 წლის 31 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ მას მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
ესმა ონიანი ძირითადად პორტრეტებზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ეს საკმაოდ რთული ჟანრია მხატვრობაში, თუმცა მისი ყველა პორტრეტი, სახის ყველა დეტალი თუ შტრიხი ესმა ონიანის დიდ პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. ნახატებში დომინირებს წითელი და ვარდისფერი ფერები. მის შემოქმედებას საზოგადოება მაინც "დავით კაკაბაძის" პორტრეტიდან იცნობს, რომელმაც 1982 წელს მიიღო მხატვართა კავშირის მედალი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის.
ესმა ონიანის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს მისი ოჯახის წევრების, დედის, დისა და მამის პორტრეტებს..

* http://www.bu.org.ge/x534?lang=geo

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ესმა ონიანი Empty
PostSubject: Re: ესმა ონიანი   ესმა ონიანი Empty

Back to top Go down
 
ესმა ონიანი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება (მხატვრობა, კინო, თეატრი, მუსიკა) :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: