| | ეკა ღაღანიძე | |
| | Author | Message |
---|
Nicoletta La Chatte Admin


 Number of posts : 527 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
 | Subject: ეკა ღაღანიძე Thu Mar 07, 2019 8:16 pm | |
| _________________ Nicoletta La Chatte 
Last edited by Nicoletta La Chatte on Thu Mar 07, 2019 8:26 pm; edited 1 time in total | |
|  | | Nicoletta La Chatte Admin


 Number of posts : 527 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
 | Subject: Re: ეკა ღაღანიძე Thu Mar 07, 2019 8:21 pm | |
|  ეკა ღაღანიძე კვირაში ორჯერ ჩვენ ერთმანეთს კვირაში ორჯერ ვხვდებით. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი გასაღები აქვს და შეუძლია სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს მივიდეს იქ. თუმცა ასე არასოდეს ხდება. ვხვდებით საბითუმო აფთიაქის წინ, შუქნიშნის ბოძთან. ნაცნობი ნაცრისფერი ავტომანქანის გამოჩენისთანავე ვძაბავ ყურადღებას, რათა მოვასწრო ნელი სვლით მომავალი „ოპელის“ კარის გამოღება, პალტოს კალთების აკეცვა, კაბინაში შეძრომა ისე სწრაფად, რომ მოძრაობის წუთიერი შეფერხებით გაღიზიანებულმა მძღოლებმა დამაყრუებელი სიგნალებით არ ამიკლონ, თან ნუგზარის კმაყოფილი ღიმილიც დავიმსახურო. ჩვენ იქ ერთად დავდივართ. ნაცრისფერი ავტომანქანით, რომელსაც მეტად მოხერხებული რბილტყავიანი სავარძლები აქვს და რომლითაც სიამოვნებით ვისეირნებდი ღამის, თუნდაც ჩაბნელებულ, მაგრამ მაინც ლამაზ, სევდით მონისლულ ქალაქში, რომელსაც აქა-იქ მაინც უცინის მორცხვად მბჟუტავი ნათურა. ხოლო თუ ვარსკვლავებიც იგიჟებენ თავებს, ქალაქი ხომ ქალწულივით იწყებს კეკლუცს და სქელ ნაწნავ-მტკვარში სურნელოვან ფიფქებად იბნევს ციმციმა ნაპერწკლებს. თუმცა მე ვიცი, რომ სურვილი იმიტომაც არის სურვილი, რომ კვლავ სურვილად უნდა დარჩეს და რომ ქალისა და კაცის ურთიერთობაში გარემოებებთან შეგუება ცხვირის ჩამოშვებასთან შედარებით უფრო მომგებიანია. ასე, რომ კომფორტულ ავტომანქანაში მჯდარი ვცდილობ დავტკბე იმ ხედის თვალიერებით, რომელიც ორი წელია მინაზე მიკრული ფირივით უცვლელი რჩება. ვეგუები ხედივით უცვლელ შთაბეჭდილებას, რომ დღის ქალაქი ისევე მოსაწყენია, როგორც ყოველდღიურად ერთი და იმავე საწოლის სწორება და თან რამდენიმე სეზონნატარები ფეხსაცმელივით გაცვეთილი. ნუგზარი გზად ან ნამცხვრის რამდენიმე ნაჭერს ყიდულობს, ყოველთვის ორ-ორ ერთნაირს, ან ნაყინსა და ფორთოხლის წვენს. სასმელი მაცივარშია. ყავაც. თანაც მუდმივად. არ ილევა, არც ყავის მარაგი და არც სასმელი. ნუგზარს გული აწუხებს. არითმია თუ რაღაც ამის მსგავსი. ჩვენ იშვიათად ვწრუპავთ: ის არაყს, მე ლუდს. ცოტ-ცოტას. ისიც იძულებით, რადგან რომელიღაც საერო ან საეკლესიო დღესასწაული აუცილებლად ემთხვევა კვირის იმ ორი დღიდან ერთ-ერთს, როცა ჩვენ ქალაქის გარეუბნის ბლოკის კორპუსის მეექვსე სართულის ერთ ოთახიანში ვიმყოფებით ორი-სამი საათით. ვსხედვართ და ვისრუტავთ პირით სასმელს, ყურებით სიჩუმეს, თვალებით ერთმანეთის მდუმარე სახეებს. ეს ხდება სინათლის მოსვლამდე. ასე ვისვენებთ, ლიფტის მოშლის გამო მეექვსე სართულზე ფეხით ასვლით დატვირთვის განმუხტვით და ენერგიის აღდგენით გამართლებული ჩვენი დროებითი სიმშვიდისას მე ვფიქრობ კროსვორდების შეუვსებელ ლაბირინთებზე, ნუგზარი მანქანის ზეთზე, ან დოლარის მერყევ კურსზე. ნამდვილად ასეა და სრულიადაც არ მეპარება ეჭვი ჩემს ინტუიციურ მონაცემებში. სხვა რა უნდა გააკეთო?! ვსხედვართ და სინათლის მოსვლას ველოდებით. სანთლის ან ლამპის შუქზე კარტს ვერ ითამაშებ, ტელევიზორსაც ვერ უყურებ. მაგნიტოფონის ელემენტები კი უმრავლეს შემთხვევაში დამჯდარია, მათ დაჭყლეტაც ვეღარ შველით, რადგან აუდიო კომაში ჩავარდნილივით ხრიალებს. ვსხედვართ, ვსვამთ. უფრო ხშირად ჩაის, ვეწევით სიგარეტს. ნუგზარს არ უყვარს ლაპარაკი, მოსმენა ურჩევნია. მამაკაცების უპირატესობა ხომ კარგად განვითარებული სასმენი ორგანოებია. ამიტომ თითქმის ყოველთვის მე ვმეტყველებ. ვუყვები ჩემი სამსახურის ამბებს. რაღაც-რაღაცეებს ვიტყუები კომიქსებში ამოკითხულის ინტერპრეტაციით. ვცდილობ გავართო, თორემ თუ მობეზრდება, შეიძლება გასაღები გამომართვას. მე კი კვირაში ორჯერ აქ სიარული მირჩევნია, არსად წასვლას. ზოგჯერ ტელეფონი რეკავს. სახეს თუ ძაბავს და ყვრიმალთან ნერვი უხტის, ესე იგი მისი ცოლია. ძირითადად სატელევიზიო გადაცემების პროგრამის, ან ჭურჭლის სარეცხი ჟელეს ყიდვას ავალებს. ნუგზარიც თანხმდება და გათიშულ მობილურს მაგიდაზე დებს. ისიც, მობილურიც, მწვანე თვალს მიკრავს და ბაასის გაგრძელების უფლებას მაძლევს. აი, უკვე ცხრამეტი და კიდევ ორი საუკუნე კვლავ ნავთის ქურა. ღაღანებს „ფუჯიკი“ და დაწითლებულ თითებს შამფურივით ვატრიალებ, თან ვცდილობ გავიხსენო რაიმე ბებიის მონაყოლიდან ნავთის ქურაზე. არაფერი გამომდის. ნავთისა და ნავთის ქურის ამბავი იმდენად ძველია, რომ ბებიებსაც კი აღარ ახსოვთ. არც ისე იშვიათად გვშივდება კიდეც. სამზარეულოში გავდივართ. იქ მე ვლაპარაკობ, სიგარეტს ვეწევი, უზურგო სკამზე ჩამომჯდარი დროს არ ვკარგავ, კისრის ვარჯიშებს ვაკეთებ ტკაცატკუცით, თან ნუგზარს ვუყურებ, როგორ ჭრის ძეხვს, თქვეფს კვერცხს, აზავებს საწებელს. მერე ათუხთუხებული ტაფის სახელურს სვიტრის ჩამოწელილი მკლავის მეშვეობით ეჭიდება, დათუთქვას აცილებული ხელის მოქნილი მოძრაობით მაგიდაზე დგამს უცნაურ ტაფამწვარს, თითებზე სულს იბერავს და „ჩააქრე“,-- მეუბნება სიგარეტზე. ვჭამთ მადიანად. თუმცა ჩვენი ყბების ნელი და ხანგრძლივი მოძრაობა, თეფშებზე გასრიალებული დანა-ჩანგლის მცირე წკარუნი, ეთიკის ყველა ნორმის დაცვით სრულდება. ერთმანეთს ვეპრანჭებით... ყოველთვის მომწონდა მამაკაცები სამზარეულოში. ვჭამ და წამიერ ნაფიქრს ვუღიმი: ჩვენ ორნი კვირაში ორჯერ კი არ დავდივართ ამ ბინაში, არამედ აქ ვცხოვრობთ საერთოდ. „რა კარგია“,-- ვაქებ მის ნახელავსა და ჩემს ნატვრას. სააბაზანოში მორიგეობით შევდივართ. ცხელ წყალში ჩაწოლილი ნეტარებას დიდი ხნით ვერ ვეძლევი, რადგან კარზე კაკუნით მიხმობს და მეც აბაზანიდან იძულებით ამომძვრალი, ნახევრად მშრალი თბილ ქვეშაგებში შეკუნტვით ველი სურნელოვან ქაფში მისი ჯერი ჭყუმპალაობის დასასრულს. „უსაფრთხო სექსი“, ამბობს ნუგზარი ქაღალდის გახევისას ერთი და იმავე ტონით. სექსი პრეზერვატივით. აუტანელია. მაგრამ ისე ვიქცევი, როგორც მას სურს. შეხვედრამდე ვყიდულობ ერთი-ორს იქვე აფთიაქში და ხელჩანთაში ვინახავ. დროებით. გამყიდველი გოგონა ჩემი დანახვისთანავე უთქმელად ირჯება, დახლის ქვედა თაროდან გამოღებულ ზუსტად იმ რაოდენობას მაწვდის, რაც მინდა. მეც ყოველთვის მზად მაქვს ფული, ისე, რომ ხურდის დაბრუნებაზე წვალება არ მოუწიოს. უხერხულია. ადრე, ბავშვობაშიც ვყიდულობდი ასეთ ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეულს. ოღონდ ის საღეჭი რეზინა იყო, აფთიაქის მაგივრად გასტრონომის მოხუცი გამყიდველისათვის მიწევდა ხურდის მიწოდება და ეს ორი გამყიდველი ისევე არ გავს ერთმანეთს, როგორც ჩემი წარმოსახვა და ჩემივე ცხოვრება, რომლებიც წარმატებით ახერხებენ ურთიერთ დანესტვრას. „შენთან ვიგრძენი თავი ნამდვილ ქალად“,-- აი, ფრაზა განკუთვნილი ნუგზარის თვითკმაყოფილებისათვის. და სულაც არ მრცხვენია, რომ ვიტყუები. სიცრუე საჭიროა, რათა კარგად გამოიკეტო საკუთარ თავში და მსუსხავი კითხვებით არ შეგაწუხონ. თუმცა, არა მარტო ის, შენც კარგად ხარ მოკალათებული. საფერფლეში უკვე არაფრისმომცემ სიგარეტის ნამწვსა და დარდს ერთდროულად სპობ. დაკლაკნილი ემბრიონივით ყრია გამჭვირვალე ბროლის თასში და რომ ამჩნევ, თავადაც კმაყოფილი ხარ, რადგან უპენსიო სიბერე გაზეთებისა და ათას ერთი წვრილმანის გაყიდვით შენ არ გემუქრება. ჯერ კიდევ კარგად ხარ. შუაღამით არ გეღვიძება, ხელები არ გიბუჟდება. არც უნებლიე ნერწყვით ასველებ საურს. მელასავით მისუნსულებ. იმედებით ამოხორხლილ ტვინს კოხტად დავარცხნილი თმის ქვეშ მალავ და ცხოვრების შარა-შუკები კი არა, ახალ გაუთოებულ-გაპიწკინებული გზატკეცილები გიღიტინებს ქუსლებზე. კვირაში ორჯერ, საღამო ხანს ნუგზარი სიმეტრიული სიზუსტით გადანაწილებულ ამბორს სხეულზე მიტოვებს და ჩემს მუცელზე თავჩამოდებული თვლემას იწყებს. მე თითებს დავუცურებ თმაში და ვისმენ ფშუილითა და ტუჩების ცმაცუნით დადასტურებულ მის ნახევარსაათიან ძილს. ამ ბინაში კედლები ძალიან თხელია. სამზარეულოს კედლის საათის რეკვა თავისუფლად აღწევს ჩვენამდე. ბომ, ბომ, ისე ომახიანად რეკავს, თითქოს საუკუნეებს გამოღწეული ბერიკაცი იყოს. არადა ერთი ციდა, თეთრი პლასტმასის თხელი და მსუბუქი ჩინური საათია. ერთი ან ორი წლის თუ იქნება. ზარების რაოდენობა გვაგებინებს, როდის გვაგვიანდება. ვისურვებდი, რომ ეს ბინა სქელკედლებიანი ყოფილიყო, ან ეს საათი გაჩერდებოდეს მაინც... ვიცმევთ აჩქარებით, ჩავრბივართ კიბეებზე, ვსხდებით ნაცრისფერ „ოპელში“ და გზაში მე აღარ ვლაპარაკობ. ისევ აფთიაქის წინ, შუქნიშნის ბოძთან ჩამოვდივარ და შინ ვბრუნდები. ჯიბეებში ხელებ, საყელოში ცხვირ-პირჩაყოფილი სახლისკენ ფეხით მიმავალი ხანდახან მაინც ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ არ მინდა ნუგზარის ცოლის ნახვა და როგორ მინდა - ის ქალი ჩემზე ბევრად ლამაზი იყოს, რადგან დამტანჯავდა იმის გაგება, რომ ყოველთვის მასთან ბრუნდება. მივდივარ და ვფიქრობ. მივდივარ და ვფიქრობ. მერე მბეზრდება სევდიანობა. მივდივარ და აღარ ვფიქრობ. დღევანდელი შეხვედრით ნასიამოვნები მესამეკლასელივით ასკინკილით ვიწყებ მოძრავ ფილებთან კლასობანას თამაშს. შინ ვბრუნდები. სურვილი, რომელიც ოცი წლის მანძილზე ყოველი დეკემბრის თვის დადგომისას ერთგულად მიბრუნდება, არადა არ კარგავს სიძლიერეს. სუსხიან ზამთარში, როცა ჩემი ცხვირი, ან რომელიმე ყური, მოყინვის სწორუპოვარი კანდიდატურა, წითლდება და მძლავრი მოქნევის შედეგად შესაძლოა დამზრალ მიწაზე დაეპერტყოს, მე მურა დათვივით მინდება ძილი. გამოვიძინებდი სამი თვით და გაზაფხულზე მოსუქებული, გვერდაბგამომთბარი კვლავ მხარში შევუდგებოდი ყოველდღიურობას. თუმცა რაღა დაგიმალოთ და არც მიწაა ამ ქალაქში, არც გაუსაძლისი ყინვა და დათვობამდე ხომ შორი ევოლუციური გზა მაქვს გასავლელი... ვუწყრები თბილისურ ზამთარს, რომელიც ხელს არ მიწყობს სეზონური გულისთქმის განხორციელებაში. აქაურ ამინდს ფუნქციური მოშლილობა-ანტერორეტროგრადული ამნეზია დაემართა. გათავხედებული მზე ოცგრადუსიან სხივებს ისვრის. ბერძნებისაგან გაბრიყვებულს მართლა ჰელიოსი ჰგონია თავი. თბილა, იანვრის შუა რიცხვებია და უსაქმურობით ხელებფხანია დიასახლისები საბნებს ამზეურებენ. მე ნუდისტური ურცხვობით ვდგავარ სამზარეულოს ფანჯარასთან და თხუთმეტწუთიან ლოდინს სიგარეტის წევით ვუმკლავდები. არც თვალის ვარჯიში მავიწყდება. კითხვით თავს მაინცდამაინც არ ვიტვირთავ. მითუმეტეს, რომ წასაკითხიც აღარაფერი იწერება. კარგა ხანია დაიწერა და წაიკითხა კიდეც. მაინც შემომეჩვია თვალის ასიმეტრია. გუგების ტრენინგები: ჯერ შუშაზე დაჭერილ ნაკაწრს ვაკვირდები, შემდეგ შორეული ხეივნის ზოლს. მერე თვალისჩინის ხვრელის წრიული მოძრაობები მარცხნიდან მარჯვნივ და საპირისპიროდ. თვალის დახუჭვა-გახელა, დახუჭვა-გახელა. აი, მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო მეთოდი. ჩვენი სამზარეულოს ფანჯრიდან მხოლოდ კორპუსები ჩანს, შორეული მთის ფერდობსა და ერთ ციცქნა ხეივანს თუ არ ჩავთვლით. მხოლოდ მიჯრით მიწყობილი კორპუსები. სიდიდით - ფანჯრის ჩარჩოში ჩატეული. ფერით - გამოუხეხავი კბილების მსგავსი. ისე, სხვის ფანჯრებში ცქერა დიდი ვერაფერი თავშესაქცევია - უცნობი ფიგურები ნაცნობი, თითქმის შენი მოძრაობებით... ჰაააა! ... - გაბმულტონიანი შორისდებული და უეცარი ხილვა ორას ოცი ვოლტით მარყამს, რადგან სრულიად მოულოდნელად ვაწყდები მის სახეს. „თვალებპაჭუნა, პირაშკმული შიშველი ქალი სიგარეტით ხელში - საინტერესო სანახავია“, ამას მერე ვფიქრობ, შუაღამით საწოლში აწრიალებული. მანმადე კი, მისი დანახვისის რამის საფერფლე მივარდება ხელიდან, ისეთი სისწრაფით ვხტები განზე. ფარდას ამოფარებული ვეღარ ვბედავ განძრევას. საკუთარ გულისცემას ჯერ ყელში ვგრძნობ, მერე ნიკაპი მიცახცახებს. დახრილი, მეტლახზე გახოხებით უკვე ფანჯრის მეორე მხარეს ვახერხებ წელში გასწორებას და წამების წინ ნავარჯიშებ თვალს ფრთხილად ვაპარებ იმ ფანჯრისაკენ, საიდანაც ახალგაზრდა კაცი კვლავ მიღიმის. ესე იგი არ მომლანდებია. წინ გადმოხრილი სილუეტი შეჭმუხნილი შუბლით მინას მიკვრია და ჩვენი სამზარეულოს შიგნით იმზირება. მეძებს. კისერზე ორჯერშემორკალული ჭაობისფერი შარფის ბოლოები ცალი ხელით მუცელზე მიუკვრია და ისევ იღიმება. გაოგნებული უკან-უკან ვიხევ, ასეთი სვლით დაახლოებით სამი ნაბიჯი უნდა მაშორებდეს კარამდე. კედელ-კედელ თუ ვიმოძრავებ და თანაც არ წავიბორძიკებ, შეუმჩნევლად გავალ. ასეც ვიქცევი. სამზარეულოდან გასული ნუგზარის მიერ სახელდახელოდ გაშლილ ტახტზე გადაფარებულ პლედში კუდმოწყვეტილი ხვლიკივით შესრიალებული ვყუჩდები. ველოდები ნუგზარს. ვერაფრით ვერ ვმშვიდდები. არა, ნუგზარს არაფერს ვეტყვი. კაცებს არ სიამოვნებთ, როცა მათ კუთვნილებას ეპოტინებიან, თუნდაც მზერით. ვინ არის? სავსებით დასაშვებია, რომ სხვა დროსაც მხედავდა. მე ხომ ასეთი ქარაფშუტული ქცევა მაქვს - ვდგავარ ფანჯარასთან შიშველი და ვეწევი სიგარეტს. აქამდე მეგონა, არავინ მხედავდა. ვწევარ და ვერ ვწყნარდები. - რა გჭირს? - ნუგზარისათვის ზედმეტად აფორიაქებული ვჩანვარ. - არაფერი, - ვცდილობ დავმშვიდდე და კეთილსინდისიერად შევასრულო ის მოვალეობა, რაც ორი წელია მაკისრია. წასვლის წინ ვბედავ ფანჯრიდან გახედვას. მოპირდაპირე ფანჯარაში არავინაა. იქნებ არც იყო. მომეჩვენა. რადგან მოჩვენებები არასოდეს ისადგურებენ ჩემნაირ მოსაწყენ ადამიანებთან, ფანჯრის პაემნები კვლავ გაგრძელდა. ნუგზარის მიერ შხაპის მიღების პერიოდში, ახლა უკვე ხალათწამოსხმული სიგარეტით ხელში ვდგები სამზარეულოს ფანჯარასთან. ჭაობისფერკაშნეიანი მამაკაცი უკვე ხელსაც მიწევდა. ვიდექი, ვეწეოდი, ვიცინოდი, ცოტაც და ვირწმუნებდი, რომ სწორედ ის იყო. ის ერთადერთი, რომლისთვისაც ღამეებს გავათევდი სიურპრიზად ჩემი ხელით ნაქსოვი ჯემპრის შესაქმნელად, კულინარიის წიგნის ფურცლებს გავცვეთდი უგემრიელესი სადილის მოსამზადებლად. ის კი, კისერზე ჭაობისფერკაშნე-შემოგრაგნილი, სავარძელში გადასვენებული გაზეთს იკითხავდა იმ იდუმალი ღიმილით, რომელსაც უშურველად აფრქვევდა. კვირის თავზე ვიცოდი, რომ მის ოთახში ერთი საწოლი და ერთი სკამი იდგა. ერთი სკამი ზედ დახვავებული ტანსაცმლით, რომელიც ავანგარდის წარმატებულ შედევრს ჩამოჰგავდა. ვხედავდი მაგიდის კიდეს აბაჟურმომტვრეული ლამპით, ჩაის ჭიქით, თიხის ქოთანს ფანქრებისა კალმების ფერადი ხით. მწვანე ფარდის ნაწილი ჩემგან განსხვავებით, მორცხვად ატუზულიყო ფანჯრის კუთხეში და მთელი სივრცე თეთრი დღის ფარდისათვის დაეთმო. მის ოთახში სინათლე არასოდეს ინთებოდა. მე კი მსურდა ოთახის უფრო უკეთ დათვალიერება, ფეხის თითებზე დოგმა და კისრის მარჯვე მოძრაობები არ მშველოდა. ხუთიდან ექვსის თხუთმეტ წუთამდე. თხუთმეტწუთიანი უცნაური შუალედი, როცა შემეძლო მისი ხილვა. ვინ იყო? მინდოდა, ძალიან მინდოდა ამის გაგება. ვიდექი მისთვის შეუმჩნეველი შინაგანი ღელვით, ღიმილს ღიმილით ვპასუხობდი და ფიქრით ამ ახალგაზრდა კაცის კუთვნილ სამყაროს იმ ნაგლეჯში, სადამდეც აღწევდა ჩემი ყოვლისშეტყობის მოსურნე მზერა. ნუგზარმა არაფერი იცოდა. არც უნდა სცოდნოდა. ხუთიდან ექვსის თხუთმეტ წუთამდე... აღარ მაღიზიანებდა ჩემი საყვარლის აბაზანაში განმარტოება. ვნატრობდი, ამ პერიოდის თუნდაც წამებით გახანგრძლივებას. აბაზანის კარის ჭრიალი თითქოს მიჯნავდა ჩემს იმედსა და ჩემივე ნებით წამოკიდებულ მოვალეობას. უკვე ვხვდებოდი, რომ უკან აღარ დავიხევდი. ბედნიერება ფანჯრის მინის იქით მელოდა. ვბრაზობდი, გაზქურაზე უყურადღებოდ მიტოვებული ჩაიდანივით ვთუხთუხებდი. მაგრამ ვგრძნობდი, რომ ცოტა კიდევ უნდა მომეთმინა. სულ ცოტა და მერე ამაყად შემეძლო მიმეხალა ნუგზარისათვის ყოველივე, რასაც ვფიქრობდი მასსა და მის კვირის ორჯერად სექსუალურ აქტებზე. ნუგზარი ჩემს ირონიულ ღიმილს იწვევდა. უცებ აღმოვაჩინე, რომ ის ერთი საცოდავი, ულამაზო, ღიპიანი და მელოტი კაცი იყო და მიკვირდა - აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი მის უამრავ ნაკლს, რაც დღითი დღე აშკარავდებოდა. პურს ჭრიდა - ღიპი უთახთახებდა, ჭამის დასრულებისთანავე ასანთის ღერით კბილებს ისუფთავებდა და პირის წკლაპუნით ყლაპავდა პირის ღრუში ჩარჩენილ საკვებს, კიბეებზე მისი ასაკისათვის შეუფერებელი ტინგიც-ტინგიცით არბოდ-ჩარბოდა და დაბანის მიუხედავად, იღლიები უყარდა. ვეღარ გამეგო, რატომ ვიყავი მასთან ამდენ ხანს? ალბათ, მებრალებოდა. სხვა რაღა უნდა ყოფილიყო?!... ცოტა კიდევ უნდა მომეთმინა. მანამდე კი ვხარობდი, მჯეროდა, რომ მოპირდაპირე კორპუსში სწორედ ის ცხოვრობდა, ის ერთადერთი... საიდუმლო მქონდა და არავინ მეგულებოდა ჩემი სასიხარულო გულისთქმის დამცხრობი. ორი კვირის თავზე მისი ფანჯრიდან გადმოკიდებულმა გრძელმა ფორმატმა კიდევ ერთხელ შემაშინა. „ხვალ შვიდ საათზე ოპერის ბაღთან“ - წითელი ფერის მტკაველა ასოები. სწრაფად დავუქნიე თავი, არ გადაიფიქროს-მეთქი. მას არც კი შეუმჩნევია ჩემი მოძრაობა, ქაღალდს ახვევდა. ამ საღამოს ბევრი ვაცინე ნუგზარი, ვყვებოდი და ვყვებოდი არც ვიცი ტვინში საიდან შემოფრენილ ანეკდოტებს, სიცილისაგან ცრემლები მცვიოდა, ფეხებს ვაბაკუნებდი და „ხვალ შვიდ საათზე“ - კარგად ვიმახსოვრებდი. იმ საღამოს, როგორც არასდროს, ისე მიმეჩქარებოდა შინისაკენ. უამრავი საზრუნავი მქონდა. მომზადებისათვის რაღაც ოცდაოთხი საათი მრჩებოდა. ეს კი არაფერია ოცნების მამაკაცთან შეხვედრისათვის მოსაწესრიგებლად. მისი ოთახის ფარდა მწვანე ფერისაა. უნდა ვივარაუდო, რომ ეს მისი საყვარელი ფერია. ამიტომ ჩემს გარდერობს კარგად გადავქექავ. აუცილებლად მექნება მწვანე კაბა, ან სვიტერი მაინც. უთუოდ მექნება. თუ არადა რომელიმე მეგობარს ვეთხოვები. ღამე გვერდიდან გვერდზე წრიალში გავატარე. მგონი მეძინა კიდეც, რადგან სიზმრად პაემნის დღეს ვხედავდი: თბილი თოვლი მოდიოდა, ბაღში ვიჯექით გრძელ სკამზე და ფეხებისაგან განსხვავებით ხელის თითებზე მთბილოდა, რადგან მას ჩემი ხელები ჩაებღუჯა და პირთან მიტანილს სუნთქვით მითბობდა. „მე შუათითზე მეჭეჭი მაქვს, აი, ნახე“, ვიცინოდი და თითებზე შეორთქლილ სითბოს, ნაკადულებად ფეხებისაკენ ჩასრიალებულს ვეღარ ვუძლებდი. მერე მე თეთრი ბლის მურაბის კურკას ენის წვერით, ის კი მაგიდის ქვეშ შემძვრალი, ჩემი მეგობრის გოგონას ეთამაშებოდა და ახლა უკვე ვხარხარებდი და ვერაფერს ვპასუხობდი ჩემი დაქალის მიმიკებით დასმულ შეკითხვას ამ უცხო მამაკაცის შესახებ. დილით ცხრის ნახევარზე დავრეკე სამსახურში. ავადმყოფობის მომიზეზებით ხველებით ავიკელი ყურმილი. გამათავისუფლეს. სად მქონდა სამუშაოს დრო! შვიდ საათამდე ცოტა დრო მრჩებოდა. მწვანე კაბა მართლაც აღმომაჩნდა სახლში. არც ისე ახალი, მაგრამ არა უშავდა რა. რაც მთავარია, მწვანე იყო. აი, მთავარი ატრიბუტი კაბის სილამაზის განმსაზღვრელი, რასაც ვერავითარი ფერი ვერ დაჯაბნიდა დღეს. ლამის ტუჩებიც მწვანედ შემეღება. თვალები ხომ ვერ გადაურჩა მწვანე ლინზების ტარებას. დღეს ასე იყო საჭირო. დღეს მე ლამაზი უნდა ვყოფილიყავი. ისეთი ლამაზი, როგორიც არასდროს... ეპიზოდი ორთა შეხვედრით დაინტერესებულთათვის. მოქმედების ადგილი: ჩაის სახლი „ვინსენტ“. მოქმედების დრო: შვიდი საათი და თხუთმეტი წუთი. მოქმედი პირები: ქალი - ოცდაექვს წლამდე, მწვანეთვალება და მწვანეკაბიანი. კაცი - იმავე წლოვანების, ჭაობისფერკაშნეიანი. მოქმედება: ჩაის სმა. სურათი ერთადერთი. კაფე ერთი ოფიციანტითა და ორი კლიენტით. ისმის ნებისმიერი ჩუმი მუსიკა. დუმილს კაცის რბილი ხმა არღვევს. კაცი: მიხარია რომ შევხვდით. ქალი: მეც. კაცი: ნამცხვარი ხომ არ აგვეღო? ქალი: ოოო, არა! ექვსის მერე არ ვჭამ. კაცი: იმიტომაც ხართ ასეთი მშვენიერი გარეგნობის. ორივე იღიმება. ქალი: შენობით არ ვილაპარაკოთ? კაცი: ვილაპარაკოთ. კვლავ ღიმილი. კაცი: იქ, იმ სახლში რას აკეთებთ? ქალი: (ჩაის მოზრდილ ყლუპს ხმაურით ყლაპავს) იცი, ეს თავისებური პროფესიაა... მე მხატავენ... როგორ აგიხსნა... კაცი: გასაგებია. მეც ასე ვფიქრობდი. ბევრნი არიან? ქალი: არც ისე ბევრნი. კაცი: კარგად გიხდიან? ქალი: საკმაოდ. კაცი: რაღაც უნდა გთხოვო. ქალი: (ფინჯანს ლამბაქზე დგამს, ღრმად სუნთქავს და ცდილობს დამშვიდდეს: ღმერთო ჩემო, რა უნდა მთხოვოს. სახლში თუ დამპატიჟებს, აუცილებლად წავყვები. ხომ არ გაუკვირდება, პირველივე თქმაზე რომ ვთანხმდები? რა მოხდა?!...) გისმენ. კაცი: როგორ გითხრა... პირველად რომ დაგინახე, მაშინვე გამიჩნდა შენი გაცნობის სურვილი. ვიცი, რომ დამეხმარები... მეც მინდა პოზირება. უთხარი იმათ, არ სჭირდებათ მამაკაცი? ყოფილი წყალბურთელი ვარ და სხეულიც საკმაოდ დაკუნთული მაქვს... ცოტა ფულს მეც ვიშოვი. ამ დროში... ხომ ხვდები?... არ მაწყენდა. რას ფიქრობ, გამოვა? ქალი: გამოვა. გამოვა, აბა რა! ფარად არ არის საჭირო. მით უმეტეს, მწვანე. ძალიან ვმარტოობ. იშვიათად, მაგრამ მაინც მინდება ტირილი. გავიღვიძე. ჩემი ოთახი. სქელი ფარდებით გამაგრებული ღამის სიბნელე. როგორც კი ინათებს, კატას მოვძებნი. სადმე იქნება შემძვრალი. მაინც ვიპოვი. დავალევინებ რძეში გარეულ დიხლოფოსს. ცოტას მოვეფერები და ისიც მოკვდება. ჩემს ფლოს (ასე ერქმეოდა კატას, რომ გადარჩენილიყო) ვეფხვივით ზოლები აქვს. გადავუთვლი. მე იმდენნაირად დავიტირებ, რამდენი ზოლიც აქვს და გულიც დამეღლება. დაღლა კი მათავისუფლებს მარტოობის დარდისაგან... დღისით თავს უკეთ ვგრძნობ. ტვინს, გამარგლულს სარეველა აზრებისაგან, მსუბუქად ვკვებავ გაზაფხულის მოსვლის იმედით და აღარ ვმარტოობ. ამას წინათ „მზიურთან“ ჩავიარე. სიღრმიდან მუსიკა და მიკროფონთან ჭიდილში დაწყვეტილი ხმა აღწევდა. ახალგაზრდების ნაკადს მეც ჩავყევი. სცენის გარშემო მომრგვალებულ-დააფრაკებული სკამები ჭრელაჭრულა ხალხით ივსებოდა. არაბივით თეთრ ზეწარში გახვეულ ფიგურას მივუჯექი. სიგარეტს მოვუკიდე. სანამ ერთი ღერი მოვწიე, იმის გაგება მოვახერხე, რომ რაღაც ფესტივალი ტარდებოდა ღია ცის ქვეშ. ბაღის ქვედა ნაწილში მხატვრები დასეირნობდნენ, დროდადრო საკუთარ ნახატებს ათვალიერებდნენ. ამ სცენაზე კი ლექსებს კითხულობდნენ. ვისაც არ ეზარებოდა. ერთი შორტიანი ბიჭი, მონგრეული ფეხებითა და კევის ღეჭვით მიკროფონს არწევდა და „ვისაც ჩემი ლექსები არ მოგწონთ, აი, აქ მკიდიხართო“, - ფეხებშუა გვითითებდა. მე შემეცოდა ტაშის დამკვრელები. სანამ ესენი პოეზიის კითხვაში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, მხიარული გოგონები მუყაოს ყუთებით პრეზერვატივებს არიგებდნენ. მუჭით ამოვიღე და წამოვედი. ნაგვის ყუთში გადაყრამდე ერთი-ორი დღით ჩანთით ვატარე. ისევ აფთიაქში ყიდვა მირჩევნია. ისევ ხურდას ვამოწმებ და გაშლილ ხელისგულს ნაცნობ გოგონას ვუწვდი ხოლმე. ჩვენ შეგვეძლო ჩემთან შევხვედრილიყავით. ჩემს სახლში. ნუგზარს არ სურს. ამბობს, ქალაქის გარეუბანში შეხვედრა უფრო საიმედოაო. იყოს საიმედო. რახან მას ასე სურს... კვირაში ორჯერ ვდგავარ საბითუმო აფთიაქის წინ, შუქნიშნის ბოძთან, ნაცრისფერ „ოპელს“ ველოდები და გული მიფანცქალებს, ვაითუ, არ მოვიდეს.  _________________ Nicoletta La Chatte 
Last edited by Nicoletta La Chatte on Thu Mar 07, 2019 8:26 pm; edited 1 time in total | |
|  | | Nicoletta La Chatte Admin


 Number of posts : 527 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
 | Subject: Re: ეკა ღაღანიძე Thu Mar 07, 2019 8:25 pm | |
|  ეკა ღაღანიძე სტუმარ-მასპინძელი ძმას ნოემბრის თვეში ხუთსართულიანი სახლის სარდაფში მცხოვრები გიჟი სონას მეგობარი ხუთი კატიდან ერთ-ერთი ხეზე აძვრა და ვეღარ ახერხებდა ჩამოსვლას. ჭრელი ფუშფუშა გუნდა ბრჭყალებით ებღაუჭებოდა მსხვილ ტოტს და საშინლად ჩხაოდა. კატის დადარდიანებული პატრონი ბუტბუტითა და გრძელი ჯოხის ქნევით ხეს გარშემო უვლიდა. ხან ჯოხს უკაკუნებდა, ხანაც ჯაჯგურით ცდილობდა ალვის ხის შერხევას. ბავშვებმა მიანებეს თავი ბურთის თამაშს და სონასთან ერთად გარს უვლიდნენ ხეს “ფისო, ფისო, ჩამოდი”-ს ძახილით. რამდენიმე დღის ხვეწნამ არ გაჭრა. შეშინებული კატა კენწეროსაკნ მიიწევდა და კვლავ აგრძელებდა ჩხავილს, რაც ღამ-ღამობით ძილს უფრთხობდა კორპუსის მცხოვრებლებს. საბოლოოდ ბავშვების მშობლები იძულებული გახდნენ, აქტიურად ჩაბმულიყვნენ კატის გადარჩენის კეთილშობილურ საქმეში. ხელდახელ შეიქმნა ჯერ ფონდი, მერე გეგმა. მოიყვანეს ამწე და სპეცტანსაცმლიანი მუშა კარგახანს ექაჩებოდა ტოტზე ბრჭყალებით ჩაბღაუჭებულ კატას, რათა შემდგომ უკვე ტაშით დაჯილდოებული ძირს დაშვებულიყო, კომბინიზონი ამაყად დაეფერთხა და მანქანის კაბინიდან ენერგიულად ექნია ხელი ჟივილით გამოდევნებული ბავშვებისათვის. ნოემბრის თვეში მეზობლები ღიმილით ულოცავდნენ ერთმანეთს კატის გადარჩენას, ნელ-ნელა იშლებოდნენ და უბრუნდებოდნენ ღამის მშვიდობიან ძილს. * * * უკვე სადავო აღარაა ეს გარემოება და სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებენ – მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ერი ქართველი ერია. ქართული ოჯახი, რომელიც არქაულ ადათ-წესებზე დაფუძნებით იქმნება, საუკუნეობით ინარჩუნებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ საამაყო თვისებას – სტუმარ-მასპინძლობის ჩვევას. სტუმრის მიღება-დახვედრა-გასტუმრება არავისგან გვესწავლება. მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ერის ისტორია ჯოყოლა ალხასტაისძის ოჯახით იწყება. ჯოყოლა – ოცდაათი წლის დროებითი უმუშევარი თბილისელია, რომლის ორკაციანი ოჯახი მუდამ მზადაა სასურველი თუ უსურველი სტუმრის მისაღებად. კანალიზაცია-ვენტილაციის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე დასრულდა სტიპენდიის მიღებით ჯოყოლას საოჯახო ბიუჯეტში მოკრძალებული წვლილის შეტანის ოთხწლედი. ეგ შენი დიპლომი დახიე და ქერტლად გადაიყარე თავზე. არცერთი მისი თანაკურსელი არ მუშაობდა სპეციალობით, დრო იყო ასეთი. ასე რომ, არავის გაჰკვირვებია წითელდიპლომიანის უმუშევრობა. ჯოყოლა რისი ჯოყოლა იყო, ნადირობა და აქედან გამომდინარე, ხეტიალი რომ არ ჰყვარებოდა. ხოლო თუკი დავკონკრეტდებით ქალაქის მასშტაბით და მარტივი ახსნითაც დავკმაყოფილდებით – ფეხით სიარული უყვარდა. ხშირად დადიოდა. უფრო ხშირად, ვიდრე თვით სიტყვა “ხშირად” იტევს ამ მნიშვნელობას. ძილშიც დადიოდა, ტელევიზორის ყურებისას დადიოდა. თუმცა, ყველაზე მეტად მკვდარ ქალაქში დადიოდა, ბინძურ ტროტუარებზე, ბათქაშჩამოყრილ კედლებთან დგომისას. ასე რომ, ხშირად დადიოდა. ფეხით. გზის ფულიც ეზოგებოდა და ჯანმრთელობაც. ძირითადად ძველ უბნებს ეტანებოდა. მკვდარი ქალაქი მართლაც რომ ეპასუხებოდა მის უცვლელ განწყობილებას. მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან კლდეზე გადმოკონწიალებული ორსართულიანი სახლების დამსკდარი კედლები ნაპრალებით უღიმოდნენ და უბანივით დაძველებულ, ნახევრად ჩაშლილ აგურებს უჩენდნენ. იდგა და ათვალიერებდა ხის კიბის ნარჩენებს, ან ხელში ატრიალებდა მიწიდან აღებულ, მისი ვარაუდით, მოაჯირის ყოფილ რიკულს. შემთხვევით, თუკი ბავშვების მოყიჟინე ლაშქარი ჩაურბენდა, ან ვიღაც, ზედა სართულის დიასახლისი გადმოასხამდა ტაშტით საპნიან წყალს, მხოლოდ ნაკადის ჩხრიალი, ან გვერდით ჩაქროლილთა ღრიალი აფხიზლებდა და იგიც დამფრთხალი, ტალახის შხეფებით დაწინწკლული შარვლის ტოტების ფართხუნით ტოვებდა ახლობელ, ღია სიძველეთსაცავს, რომლის დარაჯი სადღაც გამქრალიყო, ან საერთოდ გადაეტანა თავისი სადარაჯო პუნქტი სხვა უფრო სარფიან ალაგას, თუნდაც ვიგინდარებივით მომრავლებული ბეტონის, ვიტრაჟული მრავალფეროვნებით დამშვენებული შენობების დასაცავად. ძველი თბილისიდან გამოღწეული რუსთაველის პროსპექტისაკენ აუყვებოდა ქუჩებს. თანამდებობიან ნაცნობებს ჩამოუვლიდა, მოიკითხავდა, ისე, სხვათა შორის, ჰკითხავდა – საჩემო არაფერი გაქვთო? ისინი პირდებოდნენ, ბეჭებზე ხელებს უტყაპუნებდნენ, ცოტა ხანში გამოიარეთო – ისტუმრებდნენ. ჯოყოლაც დადიოდა. აკი არ ეზარებოდა სიარული. თუმცა არც ისეთი სულელი იყო, ვერ მიმხვდარიყო, რომ სხვისი გასაჭირი სადარბაზოს ფანჯრის რაფაზე შემოგდებულ სიგარეტის დაცლილი კოლოფივით რომაა, რომელსაც იმ შემთხვევაში ენიჭება მნიშვნელობა, ნდომის ობიექტი ხდება და მონატრების სურნელი ეძლევა, თუ ჯიბეში ხურდაც არ გიყრია. თუმცა, სხვა დროს ფილტვებდამტვერილი ვერც კი ამჩნევ მის არსებობას რაფაზე. უმუშევრობაში შემოლეული იმედი ჯოყოლას თანდათანობით წელში ხრიდა. ნაცრისფერი ასფალტის ცქერით თვალები იმიტირებული მიწისფერი უხდებოდა. რცხვენოდა, რომ ცოლი ინახავდა. ხანდახან დროებით სამუშაოს შოულობდა. სადღაც ბოთლებს რეცხავდა, სადღაც ფიცრის ყუთებს ტვირთავდა. ცოლის უჩუმრად დაძვრებოდა და მოპარული დენი გადაჰყავ-გადმოჰყავდა შემკვეთის სურვილისამებრ. ამაში ყველაზე კარგად უხდიდნენ. ორ კვირაში, ან უკეთეს შემთხვევაში, თვის ბოლოს გასამრჯელომიღებული სიხარულით მოარბენინებდა სანოვაგით დატენილ პარკებს სახლში. ერთ მუჭა საღეჭ რეზინას ეზოს ბავშვებს ურიგებდა. აღაზას მოსვლამდე სადილის მომზადებასაც თუ მოასწრებდა, იმ საღამოს პატარა ბავშვივით ფანჯარასთან ატუზულს ცოლის მოლოდინში თვალები და კოხტად დავარცხნილი თმა ერთნაირად უბრწყინავდა. მერე რა, რომ საყვარელი სილუეტის დანახვისას კარისკენ გაქცეული ჯოყოლა შემთხვევით სკამს წამოჰკრავდა ფეხს, გადაყირავებული სკამი მაგიდას ეჯახებოდა, მაგიდიდან ფორთოხლის წვნიანი გრაფინი ვარდებოდა, იმსხვრეოდა, ხოლო აღაზას საყვარელი, საგანგებოდ მისთვის ნაყიდი სითხე იატაკზე იღვრებოდა და მართლაც საგანგებო ყურადღების ღირსი ხდებოდა. სამსახურიდან დაბრუნებული აღაზა ოთახში შემოსვლისთანავე ჟაკეტსა და დაღლილობას ერთდროულად იძრობდა მხრებიდან და ცოლ-ქმარი სიცილითა და ტილოთი დასდევდა პარკეტზე რვაფეხას საცეცებად გასრიალებულ ყვითელ სლიპინა სითხეს. ტილო ისრუტავდა გემრიელ სითხეს და არავინ იყო ამ ოთახში უკმაყოფილო. ცოლ-ქმარი ბედნიერი იყო. მეტი არც არაფერი უნდოდათ. იმ დღეებში აკვიატებული აზრი: “კიდევ კარგი, შვილი არა გვყავს” – არ ახსენდებოდა ჯოყოლას. ეს სხვა დღეებში ხდებოდა. მაშინ, როცა დროებითი სამუშაო არ იყო. დროებითი სამუშაო კი უფრო ხშირად არ იყო, ვიდრე იყო. და ეს დამთრგუნველი აზრიც სწორედ იმ გაყინულ დღეებში არსებობდა. როცა ჯერჯერობით ცხოვრების ფსკერზე არა, მაგრამ ჭიქის ფსკერზე დანახული საკუთარი სახე საშინლად სძულდა. მართლაც რომ აკრთობდა თვალის მოძრავი გუგები და წარბებს შუა გამკრთალი კლაკნილი. ჩაის სვამდა, თუ ყავას, სველი ფაიფური მშვენივრად ირეკლავდა მუქ ჩრდილებს. ჯოყოლას მეტად აფორიაქებდა ჩრდილად ქცევის შიში. არც თავმოყვარეობა ასვენებდა. თუმცა არავინ აყვედრიდა ლუკმას. აღაზა უწყინარი ქალი იყო, გაკვეთილებზეც კი არ უყვიროდა თავსგასულ მოსწავლეებს. მუდამ იღიმოდა. მაშინაც ცდილობდა გაღიმებას, როცა ღამით შემთხვევით გამოღვიძებული ჯოყოლას ჭერისკენ მიმართულ მზერას შენიშნავდა. ქმრისკენ გადატრიალებული მკლავებით კისერზე ეხვეოდა და აჩქარებული სუნთქვით ამოძრავებულ მკერდს უკოცნიდა. “სულ ესე ხომ არ ვიქნებით. მალე ყველაფერი კარგად იქნება”, – ეჩურჩულებოდა თვალებდაჭყეტილ ქმარს. “რა თქმა უნდა”, – ეთანხმებოდა ჯოყოლა და საფეთქლებზე ჩამოცურებული ცრემლები ყურებს უწვავდა. * * * სტუმარი უკვე ჰოლში იდგა და ფიცრის ღობესავით გამხმარ ხელს უწვდიდა. დიასახლისმა სველი თითები უხერხულად შეითვალიერა, მცირე ყოყმანის შემდეგ ღიმილი და მოხრილი მაჯა ერთდროულად შეაგება მოსულს. ჯოყოლას ბავშვობის მეგობარი ცოტათი ჩამოჰგავდა კიდეც თავად მას. მოკლედ, შეჭრილი თმა ყვრიმალებთან კოხტად გამოყვანილ მოგრძო ბაკებს ეყრდნობოდა. თვალების, თმის, ტყავის პიჯაკის ერთფეროვნება მას წაბლისფერი ყუთიდან თავამოყოფილ წაულას ამსგავსებდა. სიგარეტის საშოვნელად უბანში გასულ და შემდეგ უკან მობრუნებულ ჯოყოლას მოჰყვა იგი, ცქმუტვითა და პერანგის საყელოს ხშირი სწორებით ააფორიაქა ორთა სამყოფელის მინავლებული არსებობა. აღაზამ დუჟმომდგარი, გაცოფებული სარეცხის მანქანა სასწრაფოდ მოსწყვიტა დენის უსასრულო წყაროს, მოხსნილი წინსაფარი ნახევრად გარეცხილ თეთრეულს დააპერტყა, შალგადაკრულ ფერდებზე თითების მშრალებით თვალმოჭუტული ჩააკვირდა სარკეს. სავარცხლით თავი მოიქექა, სინათლის ჩაქრობამდე ერთხელ კიდევ გახედა საკუთარ პროფილს და აბაზანის კარი კმაყოფილმა გამოიხურა. სამზარეულოს არეულობამ ცოტა არ იყოს შეაშფოთა, მაგრამ თავი დაიმშვიდა, სტუმარს აქ რა ესაქმებაო, გადმოტრიალებულ, გასაწმენდად გამზადებულ ფეხებაშვერილ სკამებს გადაალაჯა და კარგამოღებულ ბუფეტამდე მიღწეული დოინჯშემორტყმული და შუბლშეჭმუხნილი ჩააკვირდა კარადის შიგანში შეყუჟულ მწირ სანოვაგეს. საკარაქეში უშნოდ გაზეპილ ყვითელ მასას დანის გადასმით ზედაპირი გადაუსწორა. პურის ხუთიოდე ნაჭერი თეფშზე დიაგონალურად განალაგა. გაქვავებულ-გაყავისფრებული ლიმონი დასუნა და ისევ თაროზე დააბრუნა. ჩაიდანის აშიშინების მოლოდინში გაირინდა. აღაზამ ყური მიუგდო სასტუმრო ოთახიდან მომავალ ბგერებს. ბავშვობის მეგობრები ხან ჩურჩულით, ხანაც ხმამაღალი სიცილით დასდევდნენ მოგონებებს სკოლის დერეფნებში, სახურავებზე, მაშინდელ გაუჩეხავ ბაღებში. ქალს ესიამოვნა ქმრის ხმამაღალი სიცილი. ათასგვარი აზრით დახუნძლულს განსაკუთრებით არ ასვენებდა სხვისთვის გაუგებარი დანაშაულის კომპლექსი ჯოყოლას მიმართ. ამიტომაც ახარებდა ყოფით სიტუაციებში შემოჭრილი იშვიათი სიხარული – განსხეულებული მოულოდნელი სტუმრის სახით. “ჩაის ხომ დაგვალევინებ?” – ჯოყოლას ლაღი შეკითხვა სასიამოვნოდ ჩაესმა. “ახ-ლა-ვე” – წაიმღერა, გაზქურა გამორთო, სინზე განაწილებული ფინჯნები ერთხელ კიდევ შეასწორა და სამზარეულოდან სასტუმრო ოთახამდე ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა. იჯდა ორ მამაკაცთან ერთად, ჩაის სვამდა და მთელი დღის შრომით დაღლილ კუნთებს ასვენებდა. მამაკაცები გაცხარებით კამათობდნენ მათემატიკის მასწავლებლის მიერ შემუშავებული დასჯის სასტიკ მეთოდებზე. ქალს ისღა დარჩენოდა, რომ მხოლოდ ესმინა, რადგან იმ შორეულ წარსულში არცერთი მათგანის არსებობაზე არაფერი იცოდა, მით უმეტეს, მათი კაპარჩხანა მათემატიკის მასწავლებლის შესახებ საიდან უნდა სცოდნოდა. ასე რომ, დრო იხელთა და მობოდიშებით, რვეულები მაქვს გასასწორებელიო, სამზარეულოში გავიდა. სტუმარმა თანაგრძნობით გააყოლა თვალი ჯოყოლასთვის უნაზეს, სკოლის ბავშვებისათვის კი, ვინ იცის, უსაშინლეს არსებას. ჩამობნელდა. თებერვლის სუსხი ფანჯრებზე ზღაპრულ ფიგურებს ხატავდა. ლამპასა და აღაზას თავები ჩაეხარათ რვეულებისაკენ. ერთნაირი ინტერესით ჩასცქეროდნენ მეხუთეკლასელების აბდაუბდას. უეცრად აღაზა ჩვეულ საქმიანობას მხარზე მოხვეულმა ქმრის მკლავმა და შუბლზე სისველედ შერჩენილმა კოცნამ მოწყვიტა. “ჩვენთან რჩება”, – ჩაიდუდუნა ჯოყოლამ და ცოლის ტუჩებს ეძგერა. “ჩუუ, სირცხვილია”, – აღაზამ ხელი აუქნია და თვალი გააპარა სასტუმრო ოთახისკენ, საიდანაც სტუმარი შიკრიკად გზავნიდა მოკლე-მოკლე ხველებას და ადასტურებდა მათთან დარჩენის აუცილებლობას. შუაღამის დაწყებას ხუთი წუთი აკლდა. წვრილ ბაგირზე წიწილის ნაფეხურებად გამომწკრივებულ ასოებს ერთხელ კიდევ ჩააკვირდა და წითელი მელნით მოხაზულ ნიშანს მოხსნილი სათვალე დააფარა. შუშიდან თავი თამამად გამოყო ორმაგად გაბერილმა ხუთიანმა. აღაზამ თითები გაატკაცუნა და წამოდგა. ასანთი და სანთელი ქვედაბოლოს ჯიბეში ჩაიდო. სინათლის ჩაქრობამდე თეთრეულის სასტუმრო ოთახში გატანა უნდა მოესწრო. ასე რომ, მოგონებების საფარში შეყუჟული მამაკაცები რომ არ დაეფრთხო, ფრთხილად აწყობდა ჯერ გახამებულ თეთრეულს დივანზე, მერე სახვალიო გეგმებს: სკოლაში წასვლამდე ჩაირბენს მაღაზიაში, ნისიად აიღებს კვერცხს, ძეხვს, პურს. ოჯახის ბიუჯეტის გათვალისწინებით აირჩევს პროდუქტის ხარისხიანობას. საუზმეს მოამზადებს, რათა გაღვიძებულებს სამზარეულოში გაშლილი სუფრა დახვდეთ დიასახლისის მაგივრად. ძალიან თუ გათამამდება, შეიძლება რძის ნაწარმის ამოტანაც. როგორც იქნა, დაწვნენ. სტუმარი სასტუმრო, ხოლო ცოლ-ქმარი საძინებელ ოთახებში განაწილდნენ და თავიანთი შესაფერისი სიზმრებიც გადაინაწილეს. სიჩუმე, დამწვარი სანთლის სუნი, ბავშვობის მოგონილი მოჩვენებები ხელიხელგადახვეულები მსუბუქი რწევით გარს უვლიდნენ საბნებიდან ადენილ სუნთქვას. აღაზას მიერ ჩაფიქრებული საუზმის მომზადებამდე ხუთ საათზე მეტი რჩებოდა, როდესაც კარებზე ატეხილმა რახუნმა ერთდროულად წამოყარა სტუმარ-მასპინძელი. გაოცების დრო აღარ რჩებოდა. ღამისპერანგიანი აღაზა კარებს ლოყით მიკვროდა და ამაოდ ცდილობდა მხრებზე მოგდებულ ხალათში ხელის გაყრასა და აურზაურის მიზეზის გარკვევას. “ვინ არის? ვინ არის?” პასუხად – გააღეთ კარები, პოლიციაა. კარზე რკინის ნივთის დაკვრამ და გასაღების ღრიჭოში შემოვარდნილმა მკაცრი ტონის ტალღამ უკან დახია ქალი. ის ზურგით მიასკდა ლოგინიდან ტრუსისამარა წამომხტარ სტუმარს. სანთლის ძებნაში ჯოყოლასაც დაეჯახა. ქმარი აჩქარებით იცმევდა შარვალს. “გავაღებთ, გავაღებთ”, – ქალი ვედრებით ეჩურჩულებოდა კარის შემომტვრევის მუქარით გამძვინვარებულ მომხდურებს. “ნუ გეშინია, რაღაც გაუგებრობაა, ალბათ…” ჯოყოლა ხელის ცეცებით ეძებდა კარის სახელურს. კარის გაღება შემოლეწვას, ხოლო კანონის მცველთა არმია დამშეულ ხროვას ჰგავდა. ოცამდე მაინც იქნებოდნენ. იარაღის ჟღარუნით შემოდიოდნენ, ზრდილობიანად უთმობდნენ ერთმანეთს გზას და ფრთხილად ალაჯებდნენ კარებთან ჩამჯდარი ქალის ფეხიდან წამძვრალ ცალ ქოშს. ფეხშიშველა სტუმარს შარვლის ამოცმა კი, მაგრამ აივნიდან გადახტომა ვეღარ მოესწრო. რკინის მოაჯირზე გადამჯდარს მიუსწრეს და ხელებგადატრიალებული ჰოლში შემოათრიეს. “მკვლელს იფარავთ, თქვენი დედა…” – იღრიალა ფორმიანმა. მერე ქუსლებზე შემოტრიალდა და ბრძანა: “ესეც წამოიყვანეთ”. გაფითრებული მასპინძელი სტუმარს ამოუყენეს გვერდით. “რა ხდება, გამაგებინეთ” – “არ იცი, არა?! უხ… შე, ნაბიჭვარო!” – მრავალწახნაგა მუშტი პასუხად ჯოყოლას. როცა ხელებგადატრიალებული ბავშვობის მეგობრები წაათრიეს, აღაზა კვლავ იატაკზე იჯდა და ცდილობდა მომხდურთა გაავების მიზეზის შეტყობას. “კაცი მოკლა, თანამშრომელი მოგვიკლა მაგ ნაბიჭვარმა… შენი ქმარიც მაგისნაირია… აბა, რა უნდოდა თქვენს სახლში?” – მოძღვრავდა ერთ-ერთი და ჯერ სტუმრის მიერ აივნიდან გადაგდებულ, ხოლო მერე პოლიციელის მიერ ნაპოვნ პისტოლეტს ნათქვამის დასადასტურებლად თვალებში თხრიდა ქალს. “ის… სკოლიდან… ბავშვობის მეგობრები… სიგარეტის სათხოვნელად ჩასულს შეხვდა…” ამის საპასუხოდ – “ქალო, რეებს ჩმახავ! ვის გაუგია ოცდაათი წლის კაცი სიგარეტის სათხოვნელად ქუჩაში გავიდეს?” ფეხშიშველი ორი დამნაშავე გისოსებიან შავ მანქანაში ჩატენეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მკვლელის ასე ადვილად აყვანით კმაყოფილი გამომძიებელი უკვე სასტუმრო ოთახში იჯდა და ჩხრეკის დაწყებამდე დიასახლისთან გასაუბრების მოლოდინში კალამს აკაკუნებდა მაგიდის გალაქულ ზედაპირზე. აღაზა წამოდგა, კოჭლობით გავიდა ფორმიანებით გავსებულ აბაზანაში, ონკანი მოუშვა, სახეზე ჩამოისვა სიცივითა თუ შიშით აკანკალებული თითები და სასტუმრო ოთახში შებრუნდა. – ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე, – მშვიდად უთხრა აღაზამ გამომძიებლის კალამს. – დაწყნარდით, ყველაფერი გაირკვევა, – უპასუხა კალამმა და საქმიანად ამოძრავებულმა ლურჯი ასოები გაამწკრივა ფურცელზე. მოწმეებად შემოყვანილი მეზობლები უტყვი თანაგრძნობით აკვროდნენ მათთვის მიჩენილ კედელს. სადაცაა პროჟექტორებს მოიტანდნენ და ჩხრეკასაც დაიწყებდნენ. – ჩხრეკის ორდერი თუ გაქვთ? – გაუბედავად იკითხა აღაზამ, მითუმეტეს, რომ უკმეხ პასუხს “საგანგებო მდგომარეობისას ორდერს არ ვსაჭიროებთ”, ისედაც ელოდა. რაღა მალაპარაკებსო, მოიბუზა და იქვე, კთხეში ჩაჯდა. სკამისკენ ნაბიჯის გადადგმა უფრო ძნელი იყო, ვიდრე უცხო მამაკაცების თვალწინ იატაკზე გაშხლართვის სირცხვილის დაძლევა. ქალმა თვალები დახუჭა, ნაოჭებში ჩამხმარ და ჩამუქებულ დერმაკოლივით ძნელად მოსაშორებელ რეალობას გულგრილად მიუგდო ყური. აქამდე მხოლოდ ეკრანზე ნანახი პოლიციის უფროსის ქვედა ტუჩი და ღაბაბჩამოგრძელებული სახე აღაზას კუთვნილ სავარძელში განფენილა. შუბლშეჭმუხნული ბოსი იარაღის არსენალის ამოღებითაა დაინტერესებული და ფეხს არ იცვლის. ზის და მხედველობის არედან არ უშვებს დაფაცურებულ მჩხრეკელთა არცერთ მოძრაობას. “ოქროულობა პარკში ჩააწყვეთ და ხელში გეჭიროთ” მითითებაზე აღაზა ხმარებისგან გაცვეთილ, გალეულ, ოქროსრგოლწამოცმულ თითს ზევით სწევს და აცხადებს, რომ მხოლოდ ესაა მისი ქონება. შავ პალტო-ქუდიანი კაცი ქშენით იკვლევს გზას ფორმიანებს შორის, თავის დაკვრით ესალმება უფროსს, რის შემდეგაც იწყებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებას. ფარნებმომარჯვებული რიგითები შავ პალტო-ქუდიანს დასდევენ და ცდას არ აკლებენ, რათა კარგად გაუნათონ ოთახის ყველა საეჭვო კუთხე-კუნჭული. ასეთი რამ იშვიათად ხდება. არაფერი არ უნდა გამოგეპაროს. აღაზა თითებშუა მოქცეული თვალებით ასცქერის შავ პალტო-ქუდიანის თითებს და უეცრად უჩნდება პროტესტი სწრაფად მოძრავი თითების მიმართ. ეს თხელი თითები კლავიშებიან ინსტრუმენტზე შეხებით მიღებული სიამოვნებისათვის უფროა შექმნილი, ვიდრე ლეიბსა და საწოლს შუა სრიალისათვის. პატრონისგან განსხვავებით, ფერმკრთალი თითები ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეულ, დაფასოებულ ნარკოტიკს. უფრო სწორად, პოულობდნენ და მერე ეძებდნენ. ნარკოტიკს. ან იქნებ ჯერ აფასოებდნენ, მერე ეძებდნენ. ან ჯერ ეძებდნენ, აფასოებდნენ და მერე პოულობდნენ კიდეც. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, თუკი ცხოვრებაში ფაქტების არითმეტიკული გადანაცვლებით არ იცვლება შედეგი. შედეგი კი სახეზე და ხელებზე იყო. ქალის დამფრთხალ სახეზე და კაცის ხელზე. შავ პალტო-ქუდიანის ყოველი თითის საზიარო ხელისგულზე ესვენა ვერცხლისფერ ქაღალდზე გაშლილი თეთრი ფხვნილი და ამავე კიდურის პატრონი ნესტოებით ეხებოდა სათუთად. “აჰაა… ნარკოტიკი ამოვიღეთ!” – ლურჯი ფერი კვლავ განაგრძობდა ასოების გადაბმას ფურცელზე. ნარკოტიკი… ნარკოტიკი… ბევრისმთქმელი სიტყვა მარცვალ-მარცვალ გაბნეული კედელს შეასკდა და ინერციით უკანდაბრუნებული ქალის სხეულის ბუნდოვან ლაბირინთში ჩაინთქა. ჩხრეკა გრძელდებოდა. ფორმიანები კვლავ ბორიალობდნენ არეული ოთახების უსივრცობაში. აღაზა კი კვლავ იჯდა და უყურებდა, თუ როგორ დაგორავდა გადაყირავებული ვაზა წრეზე. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ოქროსფერი ყვავილები. ლოყებდაბეჟილი ვაზა ფორმიანებს ფეხებში ებლანდება. ამიტომაც თავიდან მათ რისხვიან პანღურებს, ხოლო შემდეგ კარადის თავზე შემოდგომასაც კი იმსაურებს. პატრონივით გვარიანად დაბეგვილი, თუმცა პატრონისგან განსხვავებით უემოციოდ ზევიდან დაჰყურებს მომხდურთა ბორიალს. აღაზამ სხეული ძლივძლივობით აითრია და სხვებივით ისიც აედევნა შავ ქუდ-პალტოიანის ამალას, რათა მცირე განმარტებები მაინც მიეწვდინა მის კუთვნილ ნივთებში მქექავთათვის. “ეს გამხმარი პიტნაა”, – ბუფეტის გამოღებულ კარს ლოყით მიეყრდნო. “გადი, რა ქალო” – ღმუის მჩხრეკველი, რომელიც მორიგეობით ჰყოფს ცხვირსა და თითებს რკინის ყუთში. ყურადღებით სრისავს ღეროებიან ფოთლებს. ყნოსავს. რამდენიმე წამში ინტერესს უკმაყოფილება ცვლის და მალე გაწბილებული, პიტნის სუნის ფრქვევით ტოვებს არეულ-დარეულ ბინას. თითქოს ამას ელოდნენო, განრისხებულმა ფორმიანებმა კარები გაიჯახუნეს და გინებით ჩაათავეს სახლის კიბეებიცა და ჩხრეკაც. მოწმეებად მოყვანილი მეზობლებიც გაიხვეტნენ და თან გაიყოლეს თანაგრძნობით დაბრეცილი სახეები. ოროთახიანი ბინის მარტოდ დარჩენილი დიასახლისი სასტუმრო ოთახის შუაგულში იდგა, აყრილ-დაყრილი ნივთებიდან პეპლებად აფარფატებული მტვერი ტანსაცმელზე ეყრებოდა, ხოლო დაოსებული თვალებიდან ჩამოცვენილ ცრემლს სიჩუმეში წკაპა-წკუპი გაუდიოდა იატაკზე გაშლილ, ალბომიდან ამოცვენილ წარსულის ნაცნობ ფოტოებზე. * * * საღამოხანს ესა თუ ის ოჯახი სრული შემადგენლობით მიუჯდება ტელევიზორს. სწორედ ამ დიქტორის ეკრანზე გამოჩენისას სენსაციების მოყვარულნი ხელებს იფშვნეტენ. მის ორატორულ ნიჭში არაერთხელ დარწმუნებულნი გაფაციცებით ელიან დიქტორის მონოლოგს, რომელიც ასე გაიჟღერებს: “ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო, მოგმართავთ თქვენ, ყოველ თქვენთაგანს, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ბოლო დროს გახშირდა ნაძირალების დაუნდობელი თარეში. და აი, კიდევ ერთი საზარელი ფაქტი: მოკლულია პოლიციის თანამშრომელი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? საჭიროა კანონის გამკაცრება. მთელმა საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს ხმა… თუმცა არ სძინავთ კანონის დამცველთ: დაკავებულია ბოროტმოქმედთა ბანდა, მხილებულნი არიან ნარკოტიკების რეალიზატორები… მათი ბინიდან აომღებულია ნარკოტიკები. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებს აქტიური მუშაობისათვის…” დიქტორის მონოლოგი იქნება გრძელი, მთლიანად მოიცავს თბილისელთა რამდენიმე დღის სალაპარაკო თემას და არავის არაფერი ეცოდინება პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი საკნის რადიატორზე ბორკილებით მიბმულ, ნაცემ, ნეკნებჩამტვრეულ, ჩაიში გახსნილი ჰალუცინატორებით გამოთაყვანებულ ჯოყოლა ალხასტაისძის არსებობის შესახებ. * * * თებერვლის თვეში ხუთსართულიანი სახლის სარდაფში მცხოვრები გიჟი სონას მეგობარი ხუთი კატიდან ერთ-ერთი ხეზე აძვრა და ვეღარ ახერხებდა ჩამოსვლას. ჭრელი ფუშფუშა გუნდა ბრჭყალებით ებღაუჭებოდა სქელ ტოტს და საშინლად კნაოდა. არსად ჩანდნენ არც კატის დადარდიანებული პატრონი, არც ეზოში მოთამაშე ბავშვები. თებერვლის ხუთდღიანი ქარიშხალი შხუილით ალეწავდა ტოტებს ალვის ხეებს. ერთდროს ყოფილი შინაური ცხოველის კნავილი არავის ესმოდა. მხოლოდ შემთხვევითი გამვლელი თუ ახედავდა ხეს. წამიერ გაოცებას გულგრილი მზერა სცვლიდა. “რა უტვინო კატაა…” – ხალხის გაღიზიანება უფრო ათამამებდა გამძვინვარებულ ქარს. ხუთი დღის განმავლობაში გლეჯდა ქარი ტოტებს. ხუთი დღის განმავლობაში შეუსვენებლად ჩხაოდა კატა. თებერვლის თვის ბოლოს ქარიშხალი ჩადგა და კატის ჩხავილიც აღარ აწუხებდა ადამიანის ყურს. ალბათ, ქარმა ჩამოაგდო და გადარჩა. 2008  _________________ Nicoletta La Chatte 
Last edited by Nicoletta La Chatte on Thu Mar 07, 2019 8:33 pm; edited 1 time in total | |
|  | | Nicoletta La Chatte Admin


 Number of posts : 527 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
 | Subject: Re: ეკა ღაღანიძე Thu Mar 07, 2019 8:30 pm | |
|  ეკა ღაღანიძე კვირაში ხუთჯერ ბებიაჩემი სამჯერ იყო გათხოვილი. ეს – ოფიციალურად. მისი სამჯერადი სამოქალაქო ქორწინება, ტიტულიანი და ბეჭდიანი მოწმობით დადასტურებული, ჩვენი საგვარეულოს ქილიკის საბაბი გამხდარიყო. ისე, რა დასამალია და, ბევრი თანამგზავრი ჰყავდა. სწორედ რომ – თანამგზავრი, რადგან არასდროს ჩერდებოდა ერთ ადგილზე. მთელი საქართველო ჰქონდა შემოვლილი. სად არ უცხოვრია. ქვეყნის ყველაზე გადაკარგული სამხრეთიდანაც მიგვიღია ბებიაჩემის მიერ გამოგზავნილი შობა-ახალი წლის მისალოცი ბარათები. როცა ერთმანეთი გაგვაცნეს, მისი პირველი ქმარი, ანუ ბაბუაჩემი, დიდი ხნის გარდაცვლილი იყო და ორმოცდაათი წლის ქალს, მორიგ თანამგზავრთან ერთად, ჩვენს ქალაქში დასახლება გადაეწყვიტა. ასე რომ, იმ დროისათვის ქალაქიდან ქალაქში არა, მაგრამ ბინიდან ბინაში გადაბარგებით იყო დაკავებული. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მაინც იწყებდა მუყაოს ყუთების მომარაგებას და სიის წერას. შვიდი წლის ვიყავი პირველად ბებიასთან რომ მიმიყვანეს. ჩვენთან რატომღაც არ მოდიოდა. თავად უნდა ვწვეოდით და თანაც, აუცილებლად ბინის დაცლის დროს. სამუდამოდ დამამახსოვრდა ტანმორჩილი, მკერდსავსე ქალი როგორი სიმკაცრით, მოკლე-მოკლე ფრაზებით მიმართავდა ავეჯის გადამზიდებს. გენერალსიმუსივით ხელგაშვერილი წითელთმიანი ქალბატონი იძლეოდა ბრძანებებს, დაბნეული ჯარისკაცები კი აქეთ- იქით დატყაპუნობდნენ. ეზოში სატვირთო მანქანა იდგა. კაბინაში მჯდარ მძღოლს კარი გამოეღო, კისერწაგრძელებული, ჩემსავით თვალმოუშორებლად უყურებდა ბებიაჩემს და მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კაცსაც ბებიას წელზე შემოხვეულ ცისფერ, ატლასის ლენტზე ასხმული გასაღებები მოსწონდა, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ასე უცნაურად რომ ჩხარუნობდა. გასაღებებზე თითების შეხების სურვილით აცეტებული მშობლების მაგრად ჩავლებული ხელებიდან დასხლტომას ამაოდ ვცდილობდი. ვიკლაკნებოდი, მზად ვიყავი, ორივეს ხელები დამეკბინა, ოღონდ დამესწრო იმ კაცისთვის და ცისფერ, ატლასის ლენტს პირველი შევხებოდი. ასეთი სურათები მრავალჯერ მეორდებოდა. იცვლებოდა მხოლოდ წელიწადის დრო და ჩემი ასაკი. ბებიაჩემი კვლავ და კვლავ ახალ ბინაში გადადიოდა. ისევ იდგა ეზოში ავეჯითა და თავგადასკოჩილი მუყაოს ყუთებით გაძეძგილი სატვირთო მანქანა. მე და ჩემს მშობლებს მხოლოდ უკომენტაროდ მოვლენების თვალის დევნება გვევალებოდა. ბებია კი, როგორც ყოველთვის, ფუთავდა ნივთებს, ანაწილებდა ყუთებში, დარბოდა და დაჭახჭახებდა. მერე ბინის სანახავად ავდიოდით. რაც უფრო მაღალ სართულზე იყო ბინა, მით უფრო სიხარულით მივხტუნავდი. ორ საფეხურზე ერთად ახტომას ვცდილობდი. სანამ ჩემი მშობლები ბინას ათვალიერებდნენ, მე და ბებია ცარიელ, ფართო ოთახში მუყაოს ყუთებზე ვსხდებოდით და ვსაუბრობდით: – მომიყევი, ძვირფასო, შენს ახალ მეგობრებზე.ენის გაუჩერებლად ვყვებოდი ჩემს ახალ მეგობრებზე, რადგან ძალიან ადვილია ილაპარაკო არარსებულზე. თამამად ვიგონებდი ისტორიებს. ბებია რომ იწყებდა ლაპარაკს, მეგონა, ლამაზ ღილებს ვყლაპავდი. ვუსმენდი. რაღაც მნიშვნელოვანს რომ ამბობდა, ვხვდებოდი, მაგრამ – რას, ვერ ვიგებდი. მისი სიტყვები ბრჭყვიალა ღილებივით მეჩხირებოდა ყელში. – გირჩევ, ადამიანებთან ზედაპირული ურთიერთობები იქონიო. ჩარბენის პრინცინით. ასეთ შემთხვევაში ვერ ასწრებენ ღალატს. ახალ-ახალი, დროებითი ურთიერთობები უფრო გულახდილია... დაიმახსოვრე, ძვირფასო... ამ “ძვირფასოს” კრუტუნით წააგრძელებდა. მაშინ არ მესმოდა, რას ნიშნავდა გაფრთხილება “არ ენდო კაცს, რომელიც ორკარიანი სახლის აშენებას დაგპირდება”. მიკვირდა, რატომ უნდა აეშენებინა ვინმეს სახლი ჩემთვის და ისიც ორი შესასვლელ-გამოსასვლელით?! კითხვებს მაინც არ ვსვამდი, თავს ვუქნევდი და ნერვიულობისგან ხელისგულები მიოფლიანდებოდა. ბოლოს ბებიაჩემი დაამთქნარებდა, დავიღალეო, იტყოდა, თავს კედელს მიაყრდნობდა და თვალებს ხუჭავდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი შინ დაბრუნების დრო დამდგარიყო. ამ ვიზიტების მერე ღამე ვერ ვისვენებდი, საწოლში ვწრიალებდი. გვერდით ოთახიდან გამოღწეული დედაჩემის აღელვებული ხმა ღამეს უფრო აუტანელს ხდიდა. – საშიში ქალია! ... რას ასწავლის ბავშვს!... – ვერ მშვიდდებოდა. ცხელ, ზეთიან ტაფაზე მჯდარივით შიშხინებდა. – ეგ გადაჭრილი რემბო, ეგა! ... მე და ჩემი შვილი აღარ წამოვალთ, მორჩა... მაინც მივდიოდით. წლები გადიოდა. ამ მოუსვენარი ქალის რჩევა– დარიგებების რიტუალს, რომელიც წვნიანის ჩანგლით ჭამას ჰგავდა, თანდათანობით ვეჩვეოდი და უკვე აღარ მეშინოდა, პირიქით, მეღიმებოდა ჯიუტი მოხუცის ახირებებზე. ბებიაჩემი სამჯერ იყო გათხოვილი. მე ერთხელ გავთხოვდი და ისიც ძლივს... ბებია მუხადგვერდის სასაფლაოზე წევს და ალბათ, ჩემი ქმრის გახსენებაზე დღესაც აკრობატულ ბრუნებს აკეთებს საფლავში. სამოცდაათი წლის დაპატარავებული, ჩამრგვალებული, მაგრამ მაინც ამაყი და თავაწეული, წითელთმიანი ქალი ისევ იჯდა მუყაოს ყუთზე, რომანიკო რომ გავაცანი. რაღაც ვერ მოუვიდა თვალში. სიძემ თავის მოწონება სცადა. კომიკური რევერანსის მერე ყავისფერხალებიან ხელზე ეამბორა. ხელოვნერად, თითქმის დაცინვით გამოუვიდა. ბებიაჩემი არ განძრეულა. არც კი შეუხედავს მისთვის. დავიღალეო, თქვა და თვალები დახუჭა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მეც, მისმა საუკეთესო შვილიშვილმაც კი, ჩემი არჩევანით იმედები გავუცრუე და სიცოცხლის მიწურულს ამპარტავან ქალბატონს სადღესასწაულო სუფრის მაგივრად ვახშმის ნარჩენებივით შევრჩი ხელში. სახლი, რომელიც ჩვენი თანაცხოვრების მესამე წელს შევიძინეთ, მართლაც, ორკარიანი აღმოჩნდა. ეს ფაქტი გვიან დავუკავშირე ბებიაჩემის მონოლოგებს. მანამდე არც ბებია გამხსენებია და არც მისი გაფრთხილება. ის ხანა, როცა ჩემი თითები რომანიკოს თითებში მოქცეულიყო, მისი თითები – მისივე ქურთუკის ჯიბეში, და მე და რომანიკო ჩვენი ქალაქის ქუჩებში დავყიალობდით, გვეგონა უსასრულოდ გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, ძალიან ადრე დასრულდა. ჩვენი ქალაქიც თითქოს თან იყო და თან აღარ იყო. თითქოს უცხვირპირო უცხო პლანეტელებით დასახლდა. მე და რომანიკოს იზოლირებული თავშესაფარი გვჭირდებოდა. მათგან გამიჯვნის მიზნით, მაღალგალავნიანი სახლის ძებნა დავიწყეთ. თუმცა ამ მეთოდმა უკუპროცესი დააჩქარა. მოკლედ, სახლს ორი კარი ჰქონდა. ერთი – ძირითადი, შემოსასვლელი, რკინის კარი, მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული რაზით და კოჭაკით; მეორე – ხისჩარჩოიანი, ვიტრაჟული მინით, რომელიც სამზარეულოდან ვერანდის გავლით ბაღში გიხსნიდა გზას. ორი საძინებელი, ერთი ბუხრიანი სასტუმრო ოთახი, კაბინეტი და დიდი სამზარეულო – სავსებით საკმარისი ფართი იყო წყვილისათვის, მანამ სანამ თანაცხოვრებას თანაარსებობა არ ჩაენაცვლა და ფილოსოფიურად მოაზროვნე ჩემს ქმარს ცხოვრების შეცვლის, ყოფიერების გადახალისების სურვილი არ გაუჩნდა. ძველი, კამაროვანფანჯრებიანი, აგურით ნაგები ერთსართულიანი სახლი ვიღაც ბიოლოგისგან ვიყიდეთ. ეზოს მისი ხელი ნამდვილად ეტყობოდა. ხეხილის ბაღში ბოსტნეულის კვლების ორი რიგი ჯუჯა მთაგრეხილივით გაწოლილიყო. ეზოს მაღალი ღობის თავზე მეზობლის ეზოს ბინადარი კედრის ხეების კენწეროები ძლივს ჩანდა. ღობის მთელ გაყოლებაზე სუროს ფოთლები მიცოცავდა. თავიდან ძალიან მოგვეწონა, მოგვეწონა კი არა, შეგვიყვარდა აქაური სიმყუდროვე. საქეიფო დანიშნულების, წნელისგან შეკრული ფაცხა ჩვენ შეშის შესანახ ფარეხად ვაქციეთ. ქართული, მამა-პაპური სუფრების შლის მოყვარულები არ გახლდით. იმ ბიოლოგმა ფაცხის კუთხეში დაბზარული, თიხის ქოთნები დაგვიტოვა. მიწაჩამხმარი ქოთნები გადავყარეთ, მაგრამ ყვავილების მოვლის იდეა ჭკუაში დამიჯდა. ხალისით შევიძინე პლასტმასის ფერად-ფერადი ქოთნები და ეზოში გადავანაწილე ალუბლის ხეებისა და დაფნის სურნელოვანი ბუჩქების ქვეშ. ენთუზმიაზმით შევუდექი ყვავილების დარგვას. რომანიკო მოლბერტს ეზოში გამოიტანდა, ცერეცოს ქოლგებს გვერდში ამოუდგებოდა და ხატავდა. მეც იქვე ვიყავი, ან ყვავილებს ვრწყავდი, ან რომელიმე მოწყენილ მცენარეს მიწას ვუცვლიდი. საღამოებს ბაღში ვატარებდით. კატა არ გვყავდა, თუმცა მეზობლის კატები ხშირად გვსტუმრობდნენ. შინაურულად დასეირნობდნენ ჩვენს ბაღში. ახლაც არ გვერიდებიან, პირდაპირ ვერანდაზე ეძლევიან ნეტარ, ზაფხულის ძილს. რომანიკოს ხასიათის ცვალებადობის გამო ერთი-ორჯერ ამოპანღურებულები, მაგრამ მაინც კუდაწკეპილები, ტანზნექვით დღესაც გვერდით ჩაგვივლიან ხოლმე, თითქოს ამ სახლის პატრონები ჩვენამდეც იყვნენ.გარემონტებული, სუფთა სახლი იყო. მაინც გადავღებეთ კედლები, სააბაზანოში კაფელი და მეტლახი ავყარეთ. ჩვენი გემოვნებით შევარჩიეთ კედლების, ფარდების, კიბის მოაჯირის ფორმა, თუ ფერი. ორ თვეში მოვრჩით შენობის შიდა ინტერიერის გადაკეთებას და ჩვენი ნახელავით ვტკბებოდით. უფრო და უფრო მოგვწონდა ჩვენი სახლი და ამიტომაც, ნამდვილად ვეღარ დავთმობდით. გადავწყვიტეთ, რომ არ გავყიდოთ. შევთანხმდით, რომ პრობლემებს ჩხუბისა და ისტერიკის გარეშე მოვაგვარებთ. რომანიკომ სწორედ ასე სთქვა: „ისტერიკის გარეშე“. ესე იგი, არავის ჩავრევთ. განსაკუთრებით, დედაჩემსა და ჩემს ორ დეიდას გულისხმობს, რადგან ბევრი სმენია ქალთა კოლექტიური ყიჟინის მომწამვლელ ზეგავლენაზე. მართალია, ბებიაჩემი რომანიკოს ცხვირს უბზუებდა, მაგრამ ის მაინც კარგი მხატვარია. მისი ნახატები წარმატებით იყიდება სანაპიროზე. ბევრს და ხარიახიანად ხატავს. კარგადაც უხდიან. ჩემი ქმარი შემოქმედია. მისთვის აუცილებელია მარადიული წვა, ლტოლვა. მოკლედ – ახალი ქალი. დრო თავისას შვება და რაღაც-რაღაცების გადაფასების და გამო, მიხვდა – მე აღარ ვუყვარვარ, თუმცა პატივს მცემს და ეს გრძნობა საკმარისია იმისათვის, რომ ერთ ჭერქვეშ ვიცხოვროთ. ერთმანეთს ვჭირდებით და მეგობრებად ვრჩებით. ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ჩვეულებრივი რამაა. მისაღებია ნებისმიერი ცოლ-ქმრისათვის, მარგამ არამაც და არამც ჩვენთვის. ვერ შეეგუება სიყალბეს, ვეღარ მოიტყუებს თავს და მითუმეტეს, ჩემი მოტყუება არ სურს. რომანიკო ამბობს, რომ კომპლექსიანი მამაკაცი კი არაა რომ სექსში პარტნიორები იცვალოს, არამედ ხელოვანია და შთაგონება სჭირდება. ასე მიხსნის იმ მრავალრიცხოვან ქალთა არმიის დანიშნულებას, თითქმის ყოველდღე ჩვენი სახლის კიბეზე რომ არბი-ჩარბიან და კეთილი სალმით გვერდს მივლიან. გამომიტყდა, რომ არაა დაზღვეული ვინმე შეუყვარდეს კიდეც, რომ სიყვარულისაგან თავს ვერ შეიკავებს, რადგან სიყვარული გავსებული შარდის ბუშტი არაა. რომანიკო ამბობს, რომ უმადური ადამიანი არაა – იცის ჩემი ფასი. რა თქმა უნდა, დამეხმარება მომავლის გააზრებით დაგეგმვაში. არც მე ვარ ბნელი და გონებაშეზღუდული და იმედოვნებს, რომ გავუგებ. თავს ვუქნევ, არც სახე მეღრიცება და არც ცრემლებით ვცდილობ ჩემდამი სიბრალულის გამოწვევას. უბრალოდ ვეკითხები: – შენი აზრით, ახლა რა უნდა ვქნა? იწყებს ახსნას. ხმის ინტონაციაზე ვატყობ, რომ ახარებს, მარადიული მორჩილების მორიგი სცენა: – ვიცი, როგორც უნდა მოიქცე: მოძებნი ისეთ სამსახურს, სადაც შეძლებ გამოავლინო შენი უნარი. დამიჯერე, შრომა მოგანიჭებს შინაგან კმაყოფილებას. უნდა განთავისუფლდე ეგოიზმისაგან. რომანიკო მართალია. არასდროს მიმუშავია. დიასახლისობაც რაღაც არ გამომდის. – გეყოფა ქათამივით მიწაში ქექვა! ჯობია სერიოზულ საქმეს მოკიდო ხელი. არ მოგბეზრდა ერთი და იგივე : ყვავილებს დარგავ – გაახარებ, დარგავ – გაახარებ?! ... გარეთ უნდა გახვიდე, ხალხში. ასე ცხოვრება აღარ მეგონა, პირიქით, ამ სახლში ჩავიკეტებოდით ორნი და ერთმანეთი გვეყოფოდა. რასაკვირველია, ვცდებოდი.აქ დასრულდა ჩვენი დიალოგი, რომელიც შედგებოდა მისი ვრცელი დარიგებებისაგან და ჩემი მრავალჯერადი პასუხისაგან – „დიახ”... საშინაო საქმეები გავინაწილეთ. შევადგინეთ ცხრილი და მაცივრის კარზე მივაკარით. განრიგის მიხედვი ყოველ მეორე დღეს მიწევს საოჯახო საქმიანობა. თუ აქამდე მხოლოდ მე უნდა მეკეთებინა სადილი, მერეცხა თეთრეული, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მძულდა და ამის და გამო ნესტისაგან დაობებული, ამჟავებული სარეცხი კვირაობით ეყარა საკუჭნაოში, ახლა შრომის გადანაწილების შედეგად თეთრეულიც დროულად ირეცხება და სამზარეულოს ნიჟარაში პირამიდებად დახვავებული ჭურჭელიც. ნაგვის ყუთიც ყოველ დილით ასე რომ, დღეს ჩვენ გაყრილები ვართ და ერთად ვცხოვრობთ იმ სახლში, რომელიც ნამდვილად გვიყვარს. – გაიცანი, ჩემი ცოლია, – ასე აცნობს რომანიკო ჩემს თავს მეგობარ ქალებს, შინ თუ დავხვდი. ყოფილიო – არ აყოლებს. ალბათ, ქალებმა ჩვენს სახლში მოსვლამდე იციან ჩემი ფიქტიური სტატუსი... თვითშემოწმების აუცილებლობამ მარტივი და მოკრძალებული ქალი მიზანდასახულ ქალად მაქცია. ყოველი მეორე დღე შემიძლია წინასწარ დავგეგმო და დილიდან საღამომდე რაც მინდა ის ვაკეთო. არავითარი ვალდებულებები... არავის მიმართ... მხოლოდ საკუთარ თავზე ვზრუნავ. თავიდან გამიჭირდა, ახლა უკვე მივეჩვიე თავისუფალ დროს ყაირათიანად ვიზოგავ. თუ მინდა, მაღაზიებს, გამოფენებს ვლაშქრავ, ან სტუმრად დავდივარ. ღამ-ღამობით ჩემს საძინებელ ოთახში პირდაღმა მწოლიარე რომანიკოს რჩევით ნაყიდ უფასო განცხადებების გაზეთებს მუქი ფერის ფლომასტერით ვაჭრელებ. სამსახურს ვეძებ. თითქმის ერთი თვე გავიდა. მოთმინებით ვფურცლავ გაზეთებს. დასაქმების ბიუროსაც მივაკითხე. ხეირიანი ვერაფერი შემირჩიეს. ზოგან ასაკს მიწუნებდნენ, ზოგან გარეგნობას. ამას უცხო ენისა და კომპიუტერის უცოდინარობა ემატებოდა. მალე მივხვდი, არაფერი გამომდიოდა. ისღა დამრჩენოდა – საწოლზე პირაღმა მწოლიარეს, განცხადებებიდან ამოკითხული ინფორმაციული ქაოსით გაბრუებულს ჭერში მეცქირა და ჩამქრალი ვულკანის ჩავარდნილი კრატერივით ჭიპში თითის ტრიალით გამერთო თავი. ვატყობდი, ცოტაც და, ავფეთქდებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბაქანზე ვიდექი, ჩაქროლებული მატარებლის ბოლო ვაგონს უნდა შევხტომოდი, მე კი – დაბზარული ფაიფურის თოჯინასავით ბაქანის ფილას მიწებებული განძრევას ვერ ვბედავდი... დილით ისევ გავდიოდი ქუჩაში, ისევ ყურადღებით ვათვალიერებდი ყველა ბოძზე მოფრიალე განცხადებას. დამლაგებლობაზეც არ ვიტყოდი უარს, ოღონდ საკუთარი თავი გამომეცადა. დღესაც იგივე მიზნით სუპერმარკეტთან ვიდექი, კარი რომ გაიხსნა და ქაღალდის ჩანთებით დატვირთულმა ქალბატონმა ჩემს გვერდით ჩავლა სცადა. ხილით სავსე ჩანთა თეძოზე გამკრა. გავხედე, გავუღიმე. – უკაცრავად. – თქვა მან. თავი დავუკარი. ისევ გავაგრძელე შუშის კარზე მიმაგრებული განცხადების კითხვა. ის კი, რატომღაც წასვლას არ ჩქარობდა. – საოცარი ღიმილი გაქვთ. – შუახნის ქალს წითელი, ტალღოვანი თმა ასაკის შეუფერებლად მოშიშვლებულ, მსუქან მხრებზე ეყარა.შევიშმუშნე. – შენ კი ბებიაჩემს ჰგავხარ. – მინდოდა მეთქვა. დროულად შევიკავე თავი.ქალმა ჩანთები ტროტუარზე დადო და ჩემსავით განცხადებას მიაცქერდა. – სამუშაოს ეძებთ? – მკითხა გახარებულმა და ხელჩანთიდან ამოღებული სავიზიტო ბარათი გამომიწოდა. – გამომართვით, იქნებ დაინტერესდეთ. მადლობის ნიშნად კვლავ გავუღიმე. ბარათზე არც დამიხედავს ისე გამოვართვი, ზურგი შევაქციე და ნაბიჯს ავუჩქარე, თითქოს გამოკიდებას აპირებდა ვინმე! რომანიკო სახლში დამხვდა, ოღონდ სტუმარი ჰყავდა. ის და მისი მეგობარი ქალი კაბინეტში მუსიკას უსმენდნენ. რომანიკოს საამაყო ფირფიტების კოლექციიდან სამოციანი წლების ჯაზური მუსიკა ამოერჩიათ. ტამტამებისა და საქსაფონის ერთმანეთში არეული რიტმის ხმამაღალი ჟღერა სიყრუეს მოგანდომებდა. მე რომ იმ ქალის მაგივრად ვყოფილიყათი ოთახში, ვნებიან და ცეცხლოვან ტანგოს ვამჯობინებდი. წყალი გადავივლე, სამზარეულოში მოვკალათდი ჩაის დასალევად. კარი ნახევრად ღია დავტოვე, რათა სტუმრის წასვლა არ გამომპარვოდა.რომანიკო ამბობს, რომ სექსუალური პრობლემები უმნიშვნელო ნიუანსივითაა და სწრაფად მოგვარებადია. სათესლე ჯირკვლების დაცლა– არდაცლამ არ უნდა შეარყიოს ჩვენი ურთიერთობა, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტიმი სანთლების შუქზე, მსუბუქი სასმელი და მუსიკის სმენა... ტელევიზორი ჩავრთე. კაბინეტიდან გამომავალი ხმების ჩასახშობად ხმას ავუწიე და ესპანურ სერიალს ჩავუჯექი.დღევანდელი ახალი ამბის მოყოლის სურვილის გამო მოუსვენრად ვიჯექი მაგიდასთან, ჩაის ვსვამდი, ქიშმიშიან ორცხობილას ვახრამუნებდი, ბარათს დავყურებდი და სტუმრის წასვლას ველოდი. „სიცილის თერაპია“ – ეწერა ბარათზე. ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?! მესამე ფინჯანი ნახევრამდე დავიყვანე. მოთენთილს თვალები მეხუჭებოდა. ისევ ბებიაჩემი გამახსენდა. „იდეალური ქმარი – მკვდარი ქმარია” – მასწავლა მან. იქნებ მომეკლა კიდეც... წარმოვიდგინე რომანიკოს მოწამლული, თვალღია სხეული, გაკვირვებულ-შეშინებულმზერიანი სახე, სიმწრით დაკვარჩხული თითები, ტუჩის კიდეზე შემხმარი თეთრი ქაფი... გამაჟრჟოლა. უკვე ვბოდავდი. საათს ავხედე, ხუთ საათში გათენდებოდა. რომანიკოს სტუმარი ალბათ, ჩვენთან რჩებოდა. დილამდე სამზარეულოში ჯდომას მეც არ ვაპირებდი. ამიტომ ჩემს საძინებელ ოთახში შევიკეტე. გადავწყვიტე. ხვალ წავიდე “სიცილის თერაპიის” ოფისში. რომანიკოს კი მერე მოვუყვები ყველაფერს. “სიცილის თერაპიის” ოფისს ფეშენებელური შენობის მეხუთე სართულზე ერთმანეთში გამავალი, მინის ტიხრებიანი ოთახები ეკავა. ყველაზე დიდ და ნათელ ოთახში შემიყვანეს. წრეზე მდგარ სკამებზე მსხდარი უმუშევრები აღფრთოვანებითა და ცნობისმოყვანეობით შუყურებდნენ ჩემს ნაცნობ ქალბატონ ფსიქო-თერაპევტს. ის კი ქვიშრობთა მბრძანებელივით დასტრიალებდა რკინის სკამებს აკრულ, ქვიშის მოუხელთებელი მარცვლებივით მცქმუტავ ადამიანებს. როგორც მჩვევია, აქაც დავიგვიანე. წითელთმიანმა ქალბატონმა მარაოიანი ხელით ცარიელ სკამზე მიმითითა, თვითონ ბორბლებიანი სავარძელი შემოაგორა და ოთახის ცენტრში დაჯდა ისე, რომ ყოველ ჩვენთაგანს შეძლებოდა მისი შეთვალიერება. დავაკვირდი. მისი თმა, რომელიც არაბუნებრივად წითლად ელავდა, ხნით შეღებილი ჭაღარა აღმოჩნდა, სახე კი – “ლიფტინგის” თორმეტსაათიანი კრემით გადაჭიმული. გაბრაზებულ გულზე ფურცელს რომ დაკუჭავ, მერე კი სიფიცხეგადავლილი, ისევ გაასწორებ, გაატკიცინებ, შეიძლება უთოც გადაატარო ზევიდან – სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა მისი მოვლილი სახე. აშკარად ჩანდა, რომ ქალი ახალგაზრდობას კატის კლანჭებით ებღაუჭებოდა. თუმცა ვაშლის ჩირივით ყვითელ და მოპრუჭულ ხელის კანს ვერას შველოდა. – მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. – ქალმა დაკეცილი მარაო ხელისგულზე მსუბუქად დაირტყა. – მე გახლავართ ინსტრუქტორი. დღეიდან ჩვენ უბრალო თანამშრომლები კი არა, პარტნიორები და მეგობრები ვხდებით. თითოეული თქვენგანის მონაცემები საფუძვლიანად შევისწავლეთ და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ თქვენ გეძებდით. ბედმა გაგვიღიმა – იქ მოხვედით, სადაც ისეთ რამეს შეისწავლით, რის საშუალებითაც სხვებსაც დაეხმარებით და თავადაც დაკმაყოფილდებით. თქვენ შეგიძლიათ სამყაროს შეცვლა. თქვენი ღიმილი ბევრ ადამიანს სჭირდება. ჩვენი დანიშნელებაც ხომ ესაა – ვემსახუროთ კეთილ საქმეს. მისი სიტყვებით გათამამებულები ავმოძრავდით და ერთმანეთს თანხმობისა და უცნაური საიდუმლოს განდობის ნიშნად ღიმილით გადავხედეთ. მარაოიანი ქალის ასისტენტმა, გრძელთმიანმა ყმაწვილმა მინერალური წყალი ჩამოგვირიგა. დაძაბულობა სრულად მოგვეხსნა. – ღიმილს რომ უდიდესი ძალა აქვს, უჩემოდაც მშვენივრად მოგეხსენებათ. მაგრამ ის თუ იცით, რომ არსებობს ერთადერთი სახისმიერი გამომსახველობითი ნიშანი, რაც ძალიან შორი მანძილიდან, თითქმის ორმოცი მეტრის სიშორიდანაც კი ჩანს. აბა, რა არის ეს? ... ესაა თქვენი ღიმილი! არა აქვს მნიშვნელობა ამ დროს ბედნიერი ხარ, თუ არა. მთავარია – გაიღიმოთ. ღიმილის დროს თქვენს სხეულში სასიკეთო ცვლილებები მიმდინარეობს: სისხლის წნევა დაბლა იწევს, გულის ცემა შენელებულია, სხეული ისვენებს, სრულ რელაქსაციას განიცდის. სიცილი სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ. კანი ელასტიური ხდება. მერწმუნეთ სიცილი წამალზე უკეთესია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სამოცწამიანი სიცილი ორმოცი წუთის ძილს უდრის... – თუკი არ მეცინება ?! – იკითხა ერთმა კაცმა. – საინტერესო კითხვაა. გიპასუხებთ. – ჩვენმა ინსტრუქტორმა წყალი მოსვა. მარაო კვლავ გაშალა და ააფრიალა. – გაგიკვირდებათ, მაგრამ აგიხსნით, რომ არსებობს ნამდვილი და ცრუ ღიმილი. ეს თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ. ნამდვილი ღიმილი ოთხი წამი გრძელდება, ცრუ კი – რამდენ ხანსაც გენებოთ. ცრუ ღიმილს ვხვდებით იმ პოლიტიკოსების სახეზე, რომელთაც წააგეს არჩევნები, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ, ან ჩვენი მეზობლების სახეზე, შუაღამით კარზე რომ მივადგებით რაიმეს თხოვნით, ის კი – ღიმილით ცდილობს გვაჩვენოს, რომ მოხარულია ჩვენი ხილვით. აბა, გამოტყდით, განა ხშირად თქვენც არ იღიმებით მათ მსგავსად?... საერთოდ, ტვინი ვერ ანსხვავებს: ცრუდ იღიმებით, თუ ნამდვილად გეცინებათ. ორივეს ბედნიერება მოაქვს ადამიანისათვის. კარგი სიცილის დროს ჩვენ ვიუმჯობესებთ ორგანიზმის იმუნურ სისტემას. აქ ჩვენ შეგასწავლით სიცილის დროს სწორ სუნთქვას. ამ დროს ტვინი იკვებება სიამოვნების ელემენტებით... მაშ ასე, ორკვირიანი დახელოვნების კურსს გაივლით და მერე შეუდგებით საქმეს. ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით. მთავარია, რწმენით მოეკიდოთ დაკისრებულ ვალდებულებებს და დაიჯეროთ საკუთარი ძალები.ახლა კი, ჩემი ასისტენტი – ოთარი გვერდით ოთახში გაგიყვანთ და პროგრამაზე გაგესაუბრებათ. წამოვიშალეთ. – სავალდებულო არაა, მაგრამ გირჩევთ, რომ შეიძინოთ. – სხვათაშორის თქვა ჩვენმა ინსტრუქტორმა და სტელაჟზე ჩამწკრივებულ თხელყდიან ბროშურებზე მიგვითითა. ხუთი ლარი გადავიხადეთ და იღლიაში ბროშურაამოჩრილებმა დავტოვეთ “სიცილის თერაპიის” ოფისი იმ იმედით, რომ მომდევნო სეანსი კიდევ უფრო საინტერესოდ წარიმართებოდა.თბილისი, მაისის თვე, დღე – ხუთშაბათი, საღამოს 21 სთ. 15 წთ. მაღალგალავნიანი კერძო სახლის სასტუმრო ოთახი.ქალს ტელეფონის ყურმილი უჭირავს ხელში. – რომანიკო, ახალი ამბავი მაქვს შენთვის. – ჰოო? – სამსახური ვიშოვე. თანაც მგონი, ძალიან კარგი სასმსახური. – ყოჩაღ! კარგი გოგო ხარ!... ასეც ვიცოდი!... მერე ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი. – გვიან დაბრუნდები? – დღეს აღარ მოვალ. ხვალ საღამოს კი აუცილებლად აღვნიშნოთ... შამპანიური მაცივარშია. – კარგი. ხვალ იყოს... – ახლა რას აკეთებ? – არ ვიცი... არაფერს... – ჯობია დაწვე და დაიძინო. ადრე ადგომას უნდა მიეჩვიო. უკვე საქმიანი ქალი ხარ! – ჰო, დავწვები. ძილი ნებისა,ძვირფასო. – ნახვამდის. თბილისი, მაისის თვე, დღე – ხუთშაბათი, საღამოს 21 სთ. 15 წთ. „სიცილის თერაპიის“ ოფისი. შუახნის ქალი ტელეფონზე ლაპარაკს ამთავრებს და ყურმილს კიდებს. გრძელთმიანი ახალგაზრდა კაცი ორ ჩაის ფინჯანს მაგიდაზე დგამს და ჩაფიქრებულ, თუმც კმაყოფილსახიან ქალს გვერდით უჯდება. – დავიღალე. – ნაზად, გაპრანჭვით ამბობს ქალი. მერე კაცისკენ იხრება და დაძარღვულ კისერსა და მხარს შუა გარუჯულ კანზე კოცნის. – კიდევ ერთი ჯგუფი დაგვემატა. კარგად ავაწყეთ ჩვენი ბიზნესი, არა? – ასე თუ გავაგრძელებთ, დაფინანსებას გაგვიზრდიან და შეიძლება კარიბის ზღვაზე ერთ გემრიელ კრუიზსაც გამოვკრათ ხელი. – სულ გამოთაყვანდა ეს ხალხი! მართლა სჯერათ რასაც ვეუბნებით? – სჯერათ რომელია!... უსარგებლო ნივთების ბაზარზე მგონია თავი! ხარხარი მოგინდება ამდენი გულუბრყვილო სახის დანახვაზე... – ტყავის სავარძლის საზურგეზე თავგადაგდებული ქალი სიგარეტს ეწევა და ჭერისკენ ამავალ ბოლის რგოლებში საჩვენებელი თითის გაყრით ერთობა. – ცოტათი მეცოდებიან კიდეც... – როგორც ჩვენი შეფი ამბობს, შებრალების გზა დახშულია ჯოჯოხეთის კარიბჭით, როცა საქმე ფულს ეხება. რაც მთავარია, კლიენტურა კმაყოფილია. – უცნაურია. – არაფერია ამაში უცნაური. ადამიანს თუ სჭირდება, სისულელეს ადვილად იჯერებს. – არ ვიცი, არ ვიცი... – ჰოდა, რომ არ იცი, ჩემო კარგო, მე უნდა დამიჯერო, თორემ სამსახურს დაკარგავ.წითელთმიანი ქალი ამთქნარებს. – აღარ წავიდეთ? – ჩაი დავლიოთ და წავიდეთ. ვინ იცის, რამდენი დრო დამჭირდებოდა იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს სიმშვიდეში ვყოფილიყავი. რომ არა რომანიკო, იქნებ კვლავ ძველებურად სახიფათო ცხოველებით დასახლებულ ზოოპარკში ჩავრჩენილიყავი და მცდარი წარმოდგენებით მეცხოვრა.ახლა ვიცი, რომ მყავს ერთგული მეგობარი – ჩემი ყოფილი ქმარი, რომანიკო. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ უშფოთველად ვიძინო. დილით კი, როცა სამსახურში წასვლის წინ სამზარეულოში შევდივარ, მაგიდაზე სახელდახელოდ ჩემთვის გამზადებული, ფოლგაში შეფუთული ბუტერბროდები მხვდება. თუ ღამე შინ რჩება, დილისათვის საგზალს მიმზადებს. მსიამოვნებს მისი ყურადღება. ადრე ხომ ასეთი არაფერი ხდებოდა. ადრინდელი ჩვენი თანაცხოვრება ცხელი წყლით სავსე ქვაბში თითის ჩაყოფას ჰგავდა. ყველაფერზე ვფიქრობდი და ვდარდობდი. ახლა წყალიც გაგრილდა და ფიქრიც განელდა. არაფერზე და არავიზე ვნერვიულობ. არც ისე იშვიათად მეც დავდივარ პაემნებზე. კაცებს ინტერნეტით ვეცნობი. მათ ვხვდები წყნარ, ბნელ კაფეებში და ვაკვირდები. არ უნდა შევიჩვიო, დავიახლოვო, თუ რაღაც ამის მსგავსი. ერთჯერადი სექსის პარტნიორი არ უნდა გამომეჩხიროს ყოველდღიურობაში, რომელიც მისი არსებობის გარეშე მაქვს დაგეგმილი. მე ჯერ ეს არ მჭირდება. მერე ვნახოთ... მამაკაცს ვირჩევ მხოლოდ ფიზიკური მონაცემების მიხედვით. არ მაინტერესებს არც მისი ვინაობა, არც მისი სოციალური მდგომარეობა, არც პროფესია და ასაკი ხომ მით უმეტეს... საკმაოდ ბევრნი დაგროვდნენ. გამოცდილებაც მომემატა და უფრო თავდაჯერებულიც გავხდი. ჩემი და ჩემს მიერ შერჩეული მამაკაცის ერთად გატარებული ერთადერთი საღამო მხოლოდ დროებით სიამოვნებაზე, ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა გათვლილი. ცხელ ზაფხულში ბანანის ნაყინის ჭამის მსგავსად. აირჩევ, შეჭამ, გაგრილდები. მერე კვლავ შეჭამ. ოღონდ ამჯერად შეიძლება მარწყვის ან სულაც შოკოლადის ნაყინი ამჯობინო. არაფერის ამაში უცნაური და მიუღებელი. ასე რომ, სხვისი ბუდის კიდეზე ჩამომჯდარი ჩიტი კი არ ვარ! საკუთარი სახლიც მაქვს და საქმეც. სასარგებლო საქმე. დარწმუნებული ვარ – ვჭირდები ადამიანებს. საქმიანი ქალის იმიჯი მშვენივრად მოვირგე. ძალიან მარტივია ადამიანების კეთალგანწყობის მოპოვება – მხოლოდ გაიღიმე...კვირაში ხუთი დღე, შაბათ-კვირის გარდა, ძალიან დაკავებული ვარ. უამრავი გამოძახება მაქვს, რადგან უკვე პროფესიონალი მცინარა ვარ. გასამრჯელოს ფასად მოვალ თქვენს ოჯახში, შეუსვენებლად ვიცინებ თქვენთვის. ზოგჯერ ორმოცი წუთითაც მიწევს სიცილი. მერე რა, სულაც არ ვიღლები! მე ვიცინი. შენ კი, გინდა თუ არა, მაინც იწყებ სიცილს. ამყვები ისე, რომ არც კი იცი – რაზე იცინი და არცა აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარი აქ სულ სხვაა. მთავარია: სტრესული დაძაბულობა გეხსნება და ფრჩხილში ჩარჩენილი ჭუჭყივით იშორებ დარდს. შაბათ-კვირას ძირითადად შინ ვრჩები. რომანიკოს ვეხმარები. ბევრი სახატავი დაუგროვდა. შეკვეთების რაოდენობა იზრდება და იზრდება. უქმე დღეებში ბაღში გავდივართ. რომანიკო ცერეცოს ქოლგებთან მოლბერტს მიწაში არჭობს და ხატავს. მე ან ყვავილებს ვრწყავ, ან ტილოს ქვეჩარჩოზე ვჭიმავ. თუ დაურეკეს და წასასვლელი გახდა, მე ვრჩები და ვაგრძელებ ტილოს დაგრუნტვას. თუ დამიბარებს რომანიკო, ფერსაც დავადებ, ფონს გავუმზადებ მოსვლამდე, რათა მექანიკურ სამუშაოზე არ გაცდეს და რაც შეიძლება თავისუფლად ხატოს. ბებიაჩემი სამჯერ იყო გათხოვილი და მთელი ცხოვრება მოგზაურობდა. მე კი – ერთხელ, მაგრამ მივხვდი, რომ სულაც არ არის აუცილებელი ქალაქიდან ქალაქში, ან ბინიდან ბინაში იწოწიალო, რათა ადამიანებს გაექცე. ანდაც – რა საჭიროა გაქცევა? ჩვენ, ყველანი ჩვენი სურვილებითა და მოქმედებებით ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მართლაც, ძალიან სასაცილოა გაუბრაზდე სხვას იმაზე, რასაც თავადაც აკეთებ. ვცხოვრობთ მე და რომანიკო ერთ სახლში, რომელიც გვიყვარს, გვაქვს საქმე, გვყავს მეგობრები და გართულებების გარეშე ენაცვლება თვე თვეს. ისე, სხვათა შორის, შაბათ– კვირას ნუ შემაწუხებთ, რომანიკოს ვეხმარები. ხოლო კვირის დანარჩენ ხუთ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ საათზე შემიძლია გეწვიოთ და სიამოვნებით ვიცინებ თქვენთვის.  _________________ Nicoletta La Chatte  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ეკა ღაღანიძე  | |
| |
|  | | | ეკა ღაღანიძე | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|