Admin

 Number of posts : 7039 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე Sun Jun 05, 2022 9:16 am | |
| La Nouvelle Vague-ის გახსენება, ანუ „38, 44“-ის გამო (მხოლოდ შთაბეჭდილება, ისიც შორიდან და მიახლოებისთვის) ნესტან ნენე კვინიკაძის რომანის „38, 44“ წაკითხვის და, ისედაც, მისი სხვა ნაწარმოებების გაცნობის შემდეგ რომ ფილმივით დაინახავთ იმ ყველაფერს, რასაც სიტყვებით გაეცანით, ეს იმის ბრალია, რომ ამ მწერლისა და დრამატურგის სიყვარული და პროფესიაც სწორედ „მის უდიდებულესობა კინოს“ უკავშირდება. ერთია, კინო გიყვარდეს, მაგრამ მეორეა და დიდად საშურიც, შესაფერისი ფორმითა და ზომიერებით, ლიტერატურაში გადმოიტანო კინოს ხერხები და შექმნა საკუთარი, თითქოს ლაპიდარული და მკაცრი, მაგრამ უარესად მგრძნობიარე და ზუსტი სტილი, რითაც თავის „ოქროს მონეტას“ მოჭრის ხოლმე მწერალი. საკუთარი სტილის დამკვიდრება კიდევ იოლად სულაც არა ხდება ხოლმე და თუ მწერალი არავისგან არ „იწერს“ სტილს და თავისი „ოქროს მონეტა“ აქვს, ჭკუაში არ მოსდით ხოლმე არც ერთ დროში და არც ერთ სისტემაში, რადგან სწორედ ის გააჩნია, რაც დანარჩენებს არ აქვთ... ამიტომაც ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ ზემოხსენებული რომანი, გაიხსენოთ გასული საუკუნის მიწურულისა და ამ საუკუნის დასაწყისის თბილისი, დახატული ნესტან ნენე კვინიკაძის მიერ ლიტერატურაში თამამად შემოტანილი „სტოპ-კადრებითა“, „ჩაბნელებებით“ თუ „წაფენებით“, ეგრეთ წოდებული „ბნელი და სასტიკი ოთხმოცდაათიანების“ ჟამიანობის ხანა, სადაც ყველაფერი არ ყოფილა ბნელი და სასტიკი, რადგან ყველაზე ულმობელ დროშიც იხარებენ ხოლმე სიყვარულის ყვავილები, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ მარადიულობა სწორედ ამ სწრაფად წარმავალზე რომ არის შეყვარებული, ეს მშვენივრად იცის მწერალმა და ამაში ჩვენც გვარწმუნებს... ... და ამ რომანის წაკითხვის მერე თუკი თქვენც ჩემსავით დაინახავთ ჯერ-არ-გადაღებულ ფილმს, რომელიც საერთოევროპული დონისაა, ხოლო მერე კი გაგახსენდებათ „ფრანგული ახალი ტალღა“ (La Nouvelle Vague) და ამ ექსპერიმენტული მიმდინარეობის საუკეთესო რეჟისორების, ფრანსუა ტრიუფოს, ჟან-ლიუკ გოდარის, ერიკ რომერის, კლოდ შაბროლის და ჟაკ რივეტის საუკეთესო ფილმები, მაშინ მწერალს საწადელისთვის მიუღწევია. როგორც მე მგონია და თავისი თავად იფიქროს ყველამ... მიხო მოსულიშვილი 23 დეკემბერი, 2021 ბმული: * https://www.facebook.com/photo/?fbid=4643743099036814&set=a.1926577720753379 | |
|