არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ქეთევან შენგელია

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ქეთევან შენგელია Empty
PostSubject: ქეთევან შენგელია   ქეთევან შენგელია EmptySun Feb 03, 2019 11:10 am

ქეთევან შენგელია Keteva12
Ketevan Shengelia

ქეთევან შენგელია

დაიბადა 1965 წელს ქ. თბილისში, ქიმიკოსების ოჯახში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იქვე დაიცვა დისერტაცია ლიტერატურის ისტორიაში(ქართველ მწერალთა მიმართებები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასთან) დაამთავრა კინოდრამატურგიის და ფერწერის ფაკულტეტებიც. არის მწერალთა გაერთიანების "მნათობის" გამგეობის და რამდენიმე სამწერლო გაერთიანების და ასოციაციის წევრი; აგრეთვე, ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი; ქართულ-ესპანური კულტურის ცენტრის წევრი; ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მეგობართა კლუბის წევრი. 1985 წლიდან მისი ლექსები, ესეები, მოთხრობები, თარგმანები და წერილები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ქეთევან შენგელიას ლექსები თარგმნილია რამდენიმე ენაზე. შეტანილია სხვადასხვა ტიპის პოეზიის ანთოლოგიებში და კრებულებში საქართველოში, უცხოეთში. მისი მოთხრობის მიხედვით ზ. კანდელაკმა დადგა რადიოპიესა "პანდა".
მუშაობდა სხვადასხვა ადგილას: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ტელევიზიაში "მზე"; 1993-2007 წლებში - წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტში მეცნიერთანამშრომლად. არის ფილოლოგიის დოქტორი და თსუ-ში კითხულობდა ლექციების კურსს - უახლესი ქართული ლიტერატურა, აქვე, 7 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა "ლიტერატურულ სახელოსნოს'. არის ასამდე ლიტერატურული საღამის ორგანიზატორი; იყო თსუ-ს "ქალთა საკრებულოს' წევრი. 2011 წლიდან ასწავლის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობს "ლიტერატურულ-შემეცნებით სახელოსნოს". 2006 წლიდან 2014 წლამდ მუშაობდა აგრეთვე შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერთანამშრომლად. 2010 წელს მიჰყავდა ინტერნეტ ტელევიზიაში საავტორო გადაცემა "საუბრები ხელოვანთა შესახებ" (რაფაელის, ვაჟა-ფშაველას, ანტონიო გაუდის, ჩარლი ჩაპლინის, პაბლო პიკასოს, მეტერლინკის, სემუელ ბეკეტის, ემილი დიკინსონის, გაბრიელა მისტრალის, ვან-გოგის, ერნესტ ჰემინგუეის, მიხეილ ჯავახიშვილის, და სხვათა შესახებ); 2010-11 წელებში მიჰყავდა საავტორო ყოველკვირეული რადიორუბრიკა 'მშვენიერების სამყაროში'. გამართულია მისი 14 პერსონალური საღამო.
2017 წლიდან ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ პროექტს „სამი სავარძელი ხელოვანთათვის"; სადაც თვეში ერთხელ ხდება სამი განსხვავებული სფეროს (მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა) შემოქმედის ერთობლივი წარდგენა. 2017 წელს დააარსა Art კლუბი „შავი ლომი".
მიღებული აქვს: აკაკი წერეთლის სახელობის პრემია (2016), ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია (2017), ნიკო სამადაშვილის სახელობის პრემია (2017) ანა კალანდაძის სახელობის პრემია (2015) და ქრისტიანული პოეზიის ფესტივალზე - "წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი".
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჰობი: ფერწერა, არქირექტურა, ცხენოსნობა.

მკითხველი ქეთევან შენგელიას შემოქმედებას იცნობს შემდეგი წიგნებით:

* "თოვლივით თეთრი მწუხარება" 1997. (ლირიკა);
* "აკაციის ხეივანი" 2002. (ლირიკა);
* "ქართველ მწერალთა მიმართებები ვაჟა-ფშაველასთან" 2005. (ნარკვევი);
* "მზისფერი ქუდი" 2005. (ლიტერატურული ნარკვევები და ესეები);
* "ცეცხლი და მდინარე" 2009; (ლიტერატურული ნარკვევები და ესეები);
* "მზე და ღრუბელი" 2009; (ლირიკა);
* "ქარიშხლის ტაში" 2012. (ლირიკა);
* "გამარჯვებული ყოველთვის, ტრაგიკულიც რომ იყოს"(ფიქრები ვახტანგ კოტეტიშვილის სამყაროს შესახებ) 2012 (ნარკვევი);
* "ასი ლექსი" 2014.


ქეთევან შენგელია - პანდა

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია

მონაწილეობენ: დიმა ჯაიანი, ლილი ხურითი, ნანა ხურითი.

ჩაწერილია 2010 წელს

ბმული:
* https://youtu.be/UjODeNavGws
* http://keti.ge/menu_id/1/lang/1
* https://www.facebook.com/ketevan.shengelia.7

sunny


Last edited by Admin on Tue Feb 12, 2019 4:49 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ქეთევან შენგელია Empty
PostSubject: Re: ქეთევან შენგელია   ქეთევან შენგელია EmptySun Feb 03, 2019 11:12 am

ქეთევან შენგელია

მიმინოს

სიბნელეშია დაგეშილი შენი ნერვები
და კვერცხის გულებს შეგაჩვიეს ხორცის მაგიერ,
ტყავის თათმანზე შემომჯდარი გასცქერი სივრცეს,
მრავალჟამიერ,
მრავალჟამიერ!
ო, რა თვალები _ წყვილი შავი სწრაფი შურდული,
არც გელოვანი, არც აფხაზი და არც ბურდული…
და მაინც, ასე შემართული, ხარ ფრთაგაშლილი,
მოინადირებ ამ სამყაროს ევას ვაშლივით.
შენ და ხარ ჩემი,
უარჰყავი კვერცხის გულები,
მეც მხიბლავს სივრცე, არ მაშინებს დაკარგულები.
მოდი, დავიძრათ, ვინ-ვის?!.. მიზანს არ ავაცილოთ;
შენ სახლობ ჩემში და მე შენში _ ჩემო ნაწილო!
ვიფრინოთ მზისკენ,
თუმცა მზემდე მიდის ვერავინ,
მაგრამ გზად მაინც აგვცილდება
მავნე მზვერავი.
ვიფრინოთ მზეშიც, ქარშიც, თოვლშიც, უკუნ ღამეშიც…
მთავარია, რომ ვერ გაგვაბან ვერსად მახეში
და სწრაფად, თუნდაც გულის ძგერის ხმა ჰგავდეს ზარებს,
ზრიალსაც ჰგავდეს, ჰგავდეს ზრიალს,
თუნდაც წამიერს,
მრავალჟამიერ, ჩემო დაო!
მრავალჟამიერ!


2009 წ.
დაბ. ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” (N1. 2010 წ.)

sunny
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ქეთევან შენგელია Empty
PostSubject: Re: ქეთევან შენგელია   ქეთევან შენგელია EmptySun Feb 03, 2019 11:13 am

ქეთევან შენგელია

იქნება არ ვარ?

სიზმარში ვარ თუ, ცხადში ვარ ნეტა?
საერთოდ თუ ვარ, ისიც არ ვიცი,
იქნებ უბრალოდ ჩრდილი ვარ ხეთა,
იქნებ ყვავილთა დობილ-ნაფიცი?
ბრუნავს ეს მიწა და მიწის ირგვლივ,
ტრიალებს ბურთი _ მთვარე ამხელა,
არეული და დამფრთხალი ივლი,
თუ გაგიჭირდა ფიქრის გამხელა.
სიზმარში ვარ თუ… არა ვარ გონზე,
მზე მაინც ვიცი როდის ანათებს,
თუკი ლანდიც ვარ, მე მაინც მოგწერთ
ამ სამყაროზე, მომცრო ბარათებს.

2011

sunny
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ქეთევან შენგელია Empty
PostSubject: Re: ქეთევან შენგელია   ქეთევან შენგელია EmptySun Feb 03, 2019 11:16 am

ქეთევან შენგელია

***
მე ვიცი რასაც მოყვები ახლა,
ამას ყვებოდა გრიგალი წუხელ,
მიაჭრიალებს ბედი წვალებით
ადამის მხრებზე შემოდგმულ უღელს.

ვის უკვირს ჩიტი ნანადირევი,
კაენის ცოდვა, თევზის ფართხალი,
აღარ დავეძებ სხვასთან რომ სტყუი,
შენს თავთან თუ ხარ მაინც მართალი?!


ვენერას ნათლული

ნაწვიმარ მოლზე ხელები რკალად,
თავს ზემოთ ნაზად შემოგიწყვია,
მზე მოგწონს კაცის ალერსის დარად
და შიშველ მუხლზე გიზის ნიბლია.
შენს ფეხებს შუა იების ბუჩქი,
დალალიც ლურჯად ნაპატიები,
გაბრუებული ეგ ქვედა ტუჩი,
სხეული სავსე ცხელებ-ციებით;
არც ჰერმესი და აგამემნონი,
თუმც, ვენერაა შენი ნათლია...
სხეულში გიზის შლეგი დემონი,
გაეცი „სიბრძნე“, რადგან მადლია;
ქარიშხლიანი ქალღმერთის დარად,
არ გყავს დიდებულ გრძნობის ვასალი,
ნაცნობ-უცნობი ეჭვი გჭამს მარად,
ლოკი სჯობდა თუ ურჩი ლასალი?!
იღვიძებს მთვარე, როცა მზეს სძინავს,
ძირს, განთიადზე მამლის დეზები!
დაიბადება ყრმა, პაწაწინა,
გაცოცხლდებიან ძველი ფესვები.
კლდეს მოსწყდა ლოდი, მოხტის მდელოზე,
ბორგავს სამყარო და სიზმრად ხედავს:
სხეულს, რომელსაც უნდა ელოდე,
იმ ქალს, რომელიც გახდება დედა.



***
იქნებ დამტოვოთ,
ჩემს სიმარტოვეს,
სულ არ უხდება უცხოს თვალთვალი.
ო, რა სანდოა,
ღვთისმშობელივით,
ლექის ბწკარი და პურის თავთავი…
ეს შემოდგომაც ხომ მიილია,
მოიპარება ისევ ზამთარი,
წევს მთაწმინდაზე დიდი ილია,
საქართველოსთან ცამდე მართალი.


აგარაკზე

მაინც ჩამდგარა ქარი ავყია,
მიწყდა ფეხის ხმაც, სუნთქვაც, ჩურჩულიც,
დაუნდობელი და ამაყია,
ეს სიმარტოვე – თეთრი ურჩხული.

იტირებს, ღრუბელს რა უნდა მეტი?!
ნისლებმა მთები ისევ დამალეს,
ვზივარ და ვფიქრობ: ვინ იცის ბედი,
როგორ გამითხრის გულში სამარეს


დამწიფდა უნაბი

დამწიფდა უნაბი,
ვაშლი და გულაბი,
ქარვისფრად ღვივიან
ზედაზნის მახლობლად,
მადლობა შემოქმედს
ამ თბილი მიწისთვის,
მტკვრისთვის და რიწისთვის,
ბზიფისთვის მადლობა.
მადლობა უშბისთვის,
დიკლოსთვის, მუცოსთვის,
ჯვრისთვის და როკისთვის,
ცრემლისთვის მადლობა;
უსმინე ნოემბერს,
ნიავმა
ხრაშუნა ფოთლები გაფანტა
კოლხეთის დაბლობთან.
დამწიფდა უნაბი,
ვაშლი და გულაბი –
ღვივიან ტოტებზე,
მზე ჩადის. ბინდია . . .
მთებიდან, ფიქრებით
დაღლილი ჩამოდის,
უბელო თეთრონით,
უხანჯლო მინდია.


ლომებზე

ლომებზე ვდგავარ, მზისფერ ლომებზე,
მიმაგელვებენ ფაფარაშლილნი,
და დედამიწაც ამ სისწრაფეში,
ბრუნავს და ბრუნავს ცოდვის ვაშლივით.
ხომ არ გგონია ჩერდება წამი,
კაენს და აბელს თავისი უჭირთ,
ზოგჯერ შეკრული, ზოგჯერ დაშლილი,
ხან ცარიელი, ხან სავსე კუჭით
კაცობრიობა ტირის და მოთქვამს,
მავნებლობს, ცრუობს, აბეზღებს, იბრძვის...
ხან წმინდანია მისაბაძი და
ხან მოხდენილი "დიაცი სიძვის"...
კაცობრიობა ტირის და მოთქვამს,
ხანდახან მაინც გმირებს ადიდებს,
ზოგჯერ დიდია ჩვენი სამყარო,
ზოგჯერ ციდა და მოჰგავს სათითეს...
თან, გააჩნია საიდან უმზერ,
ანდა, საერთოდ, ფიქრად რა გიდევს?!
ლომებზე ვდგავარ, მზისფერ ლომებზე,
მიმაგელვებენ თავის ჭკუაზე,
ვიღიმი, ვტირი, მძულს, მიყვარს, ვშრომობ,
ვაშენებ, ვამსხვრევ, არ ვარ უარზე,
ხან სადედოფლო სუფრა ბჟღვრიალებს,
ხან ვყაბულდები პურის ყუაზე...
ასე იყო და ასე იქნება -
აქეთ, მხედრები, იქით, ჩარჩები,
ჰოდა, ცხოვრებაც განა რამეა,
არც მოკვდები და არც გადარჩები.


sunny
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ქეთევან შენგელია Empty
PostSubject: Re: ქეთევან შენგელია   ქეთევან შენგელია EmptySun Feb 03, 2019 11:34 am

ქეთევან შენგელია Keteva10

ქეთევან შენგელია

ამოუცნობის ინტერპრეტაციები დრამატურგიაში
(სამუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ და მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“)

მხატვრული ლიტერატურა ძირითადად ფასდება იმის მიხედვით, თუ რას ამბობს ავტორი და როგორ ამბობს იგი. რეალობასა და ირეალობას შორის დიდი მწერლის მიერ განცდილი ცხოვრებისეული სიმართლეც და ილუზიაც ნაირგვარი ინტერპრეტაციისა და ფორმობრივი ვარიაციების მეშვეობით ემოციურ ზემოქმედებას ახდენს; ეს იწვევს მკითხველისა და მთხრობელის თანაგანცდას ძალდატანების გარეშე. ამგვარ მწერლებს მიეკუთვნებიან სამუელ ბეკეტი და მორის მეტერლინკი. ნაწარმოებები: „გოდოს მოლოდინში“ და „ლურჯი ფრინველი“, სწორედ, თხრობის ფორმობრივ თავისებურებთა და, შეიძლება ითქვას, გამარჯვებულ ექსპერიმენტთა მაგალითებს წარმოადგენენ. ალბათ უინტერესო არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა.
ადამიანის ბუნება ოდითგანვე მოწოდებული იყო შეეცნო ყველა დაფარული საიდუმლო, გაეგო და აღმოეჩინა, რაც მისთვის ჯერაც მიუწვდომელი და მიუღწეველი იყო. განათლებამ და მეცნიერულმა აღმოჩენებმა ვერ სრულყო, ვერ დაამშვიდა ის; რადგან ადამიანს მშვენიერი რეალობის, ლამაზი გარემოს მოლოდინის სურვილი ისევ შერჩა.
სამუელ ბეკეტის პერსონაჟების არსებობაც დაუსრულებელი მოლოდინი და იმედია. ისინი გოდოს ელოდებიან, რომელიც, რა თქმა უნდა არ მოდის. ნაწარმოებში არ ჩანს, ვინ არის მოლოდინის „საგანი“.
პიესის გმირების: ლაკის, პოცოს, ვლადიმირის, ესტრაგონის მეტყველება, აზრგამოცლილი და აბსურდულია. მათი ყოფა კი _ უიმედო და კომიკური; თუმცა, ისინი ტრაგიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან და მუდამ ელიან ამოუცნობ არსებას – გოდოს. ესე იგი იმას, ვინც მათთვის უკეთესი მომავლის დასაწყისის და უაზრო ყოფის დასასრულის მომტანი იქნება. უკეთესი, შინაარსიანი სინამდვილის ლოდინი ყველაზე ადამიანური თვისებაა და როცა ამის იმედი ქრება, მაშინ პიროვნების გრძნობები და ემოციები თითქმის განწირულია. ამ მეტაფიზიკის ირგვლივ ტრიალებს ავტორი. პიესის პერსონაჟებს ერთმანეთთან მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ სათქმელი. ბუნდოვანი და უაზროა მათი წარსულიც და ადამიანური ისტორიაც. მომავლისგან რას ელიან, თავად არ იციან.
ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია მომავალზე ფიქრის გარეშე, თუმცა მისი განჭვრეტა ძალზე იშვიათად ხდება. ბეკეტის პერსონაჟებს კონკრეტული არაფერი უნდათ და რაკი თავად ვერ განუსაზღვრავთ ცხოვრების მთავარი მიზანი და სურვილი, ამის გადაწყვეტასაც სხვისგან ელიან. ელიან „რაღაცას“, რაც უაზრო ცხოვრებას აზრს შესძენს ან მოაწესრიგებს მათ გარშემო არსებულ ქაოსს.
„ბეკეტის პერსონაჟები ძალიან მშრალად ლაპარაკობენ, მათი ლექსიკონი ძალზე ღარიბია, ფრაზები დაუმთავრებელნი და უმნიშვნელონი. როცა საჭირო სიტყვას ვერ პოულობენ, მიმიკას მოიშველიებენ ხოლმე. მნიშვნელობას მოკლებული და დაცარიელებული მეტყველებით, დიალოგებით, რაც პიესის მამოძრავებელი ძალაა, უნდა შეიქმნას მაგიური ძალა, რომელიც მაყურებელს ჩაითრევს. ამგვარი მეტყველებით გამოიხატება ადამიანის უაზრო არსებობა და საბოლოო განადგურების წინაშე (ბეკეტის პერსონაჟები ნელ-ნელა სრულ დეგრადაციას განიცდიან) სწორედ ამ უმნიშვნელო სიტყვებითა და ფრაზებით ცდილობს ადამიანი თავს უშველის. უაზრო დიალოგები, ულოგიკო ფრაზები და დაუმთავრებელი აზრების შემცველი წინადადებები, რომლებიც არ შეესაბამება რტაგიკულ სიტუაციას, პიესას სიმძაფრეს მატებენ.
ანტი-თეატრის ზოგიერთი დრამატურგის პიესაში მეტყველება თავის თავს შლის და იმ რეალობასაც ანგრევს, რომელიც უნდა დაიხატოს. ჟან რენე თვლის, რომ არ არსებობს ადამიანური ურთიერთობის ჭეშმარიტება, რადგან ყველაფერი სიტყვით გამოიხატება, ხოლო ყოველი სიტყვა შეიცავს ტყუილს. იონესკო კი ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი საუბარი აღარ შეიძლება მიმდინარეობდეს პერსონაჟებს შორის, რადგან ჩვეულებრივი სიტყვებითა და დიალოგებით აღდგება სამყაროს ხედვის ესა თუ ის კონცეფცია. საუბარი, მეტყველება უნდა დაიშალოს. ამიტომ მიმართავს იგი ტავტოლოგიებს, წინააღმდეგობრივ ფრაზებს, გაურკვეველ ბგერებს და შეუსაბამო გამოთქმებს“(ბაქრაძე 1972: 207).
პიესაში დრო და სივრცე არ არის დაკონკრეტებული. სად არიან პიესის გმირები, საიდან მოდიან და საით მიდიან, არც ეს არის გარკვეული; ეს ფონი ასახავს პერსონაჟთა აბსურდულ მდგომარეობას და ამით, ალბათ, კაცობრიობის აბსურდულ ყოფაზეც მიგვანიშნებს ავტორი. მოვიგონებ ერთი ფილოსოფოსის აზრს: „დრო და სივრცე წესრიგის ის ფორმებია, რომელშიც მთელი სინამდვილეა ჩამოსხმული... ჩვენ უნდა დავადგინოთ დროისა და სივრცის ჭეშმარიტი ბუნება ჩვენს ადამიანურ სინამდვილეშიო“(კასირერი 1983: 96). აქედან გამომდინარე დროისა და სივრცის უარყოფა ადამიანური ყოფისა და, რაც უფრო უარესია, აზროვნების მოუწესრიგებლობასა და არათანამიმდევრულობაზე მიუთითებს.
გოდო სიმბოლური ხატია, თუმცა საინტერესოა, რომ თავად მწერალი ყოველგვარ სიმბოლიზაციას უარყოფდა ამ პიესაში, ალბათ იმიტომაც, რომ პერსონაჟთა ამგვარი ყოფის მიღმა იგულისხმება ნამდვილი, რეალური ტრაგიზმი, რომელიც არა მარტო აბსურდულ ყოფაში მცხოვრები ადამიანის სულში ჩნდება, არამედ, მასთანაც, ვისი ცხოვრებაც თითქოს მოწესრიგებული და მიზანმიმართულია. გონიერი კაცის არსებობა ხომ უფრო გულისხმობს ტრაგიზმს. დავიხმარებდი დიმიტრი მერეჟკოვსკის სიტყვებს: „სიმბოლოები ბუნებრივად უნდა ამოდიოდნენ სინამდვილის სიღრმიდანო“(პაიმანი 1998: 93).
ურთიერთგაუგებრობისა და ურთიერთშეუწყნარებლობის გამო ხშირად იპყრობს ადამიანს სასოწარკვეთა. სწორედ ამგვარი ურთიერთობებით იტანჯებიან ბეკეტის გმირები. მის შესახებ არაერთი სავარაუდო ვერსია გამოითქვა კრიტიკოსთა და ლიტერატორთა მიერ; ნაწარმოების სახელიდან გამომდიმარე ზოგიერთი თვლიდა, რომ ღმერთს მოელოდა ღმერთდაკარგული კაცობრიობა; თავად ბეკეტი უარყოფდა ამ ვერსიას. Oეს ის შემთხვევაა, როცა ურთიერთგამომრიცხავი აზრებითაც ვაღიარებთ გოდოს არსებობის აუცილებლობას, რომელიც ადამიანის გულში არსებულ, ალბათ, თანდაყოლილ იმედს მაინც ნიშნავს, თუ დიად სასწაულს არა.
ბეკეტს ჰკითხეს, თუ ვინ იყო გოდო და რას ნიშნავდა ეს სიტყვა; ავტორმა უპასუხა: „მე რომ მცოდნოდა პიესაში დავწერდიო“. ეს ცხოვრებისეული სიმართლე ლიტერატურულ სიმართლედ აქცია ავტორმა. თუ მისთვის ამოუცნობი არ იქნებოდა გოდო, ვერც მკითხველს დააჯერებდა, რომ მისი უჩინარი გმირი ბოლომდე შეუცნობელი იყო. შეუცნობელია თავად სამყაროც და ყველა დიადი მოსალოდნელი „ამბავიც“, ხშირად მოულოდნელობის ბურუსშია გახვეული.
ნაწარმოებიზე მსჯელობის დროს აუცილებლად უნდა განვიხილოთ სხვა ვერსიაც: როცა არაფერს ნიშნავს ბეკეტის ცნობილი პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არის გოდო. ეს გავრცელებული მწერლისეული ხერხია, როცა ხელოვანი თავის გმირებს ზურგს „უმაგრებს“ და ამავე დროს იქცევა ისე, თითქოს თავად არაფერ შუაშია. თუ ესტრაგონი, ვლადიმირი, პოცო და ლაკი ცხოვრობენ აბსურდულ სიტუაციაში, უღმერთო სამყაროში და ღმერთს ელოდებიან ეს ტრაგი-კომიკური ყოფაა. პერსონაჟთა ურთიერთობა, ლოგიკას მოკლებული და უაზროა. აქ არ შეიძლება მათთან ღმერთი იყოს და იგივე მიზეზის გამოც, სწორედ მათთვის, ღმერთის მოლოდინია აუცილებელი. სიტუაციის გროტესკული ფონი უფრო უკეთ ძნელი დასახატია.
აბსურდულ სამყაროში ღმერთის მოლოდინი უაზრობაა, ამავე დროს, უაზრობაა ასეთ სამყაროში გამოცხადებული ღმერთიც, რადგან ის უსათუოდ „მკვდარი“ იქნება; სხვაგვარად სამყარო აბსურდული არ იქნებოდა. ჰეგელის მიერ ნათქვამი ფრაზა _ „ღმერთი მოკვდა“ (რომელსაც შემდგომ მხოლოდ გაიმეორებს ნიცშე), პიესაში მხატვრული ინტერპრეტაციის ნიმუშია. აქ ყველაფერი ღირებულებებს მოკლებულია, სამყარო კი უაზრობად ქცეულა. „ჩვენ ადამიანები ვართ“ _ ამბობს ვლადიმირი და ამ ადამიანური ტკივილებისა და უსაშველო ყოფის გამო დაეძებენ პიესის გმირები იმედს.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მკითხველს შეუძლია ისე გაიგოს ნაწარმოები, რომ ეს ავტორისთვის სრულიად მოულოდნელი იყოს. უფრო ზუსტად, მკითხველი საკუთარი გემოვნებისა და, რაც მთავარია, თავისი ეპოქის მოთხოვნილების მიხედვით, ისეთ აქცენტებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაზეც ავტორს სრულიად არ უფიქრია. მხატვრული ნაწარმოების (და, არა მარტო მხატვრული ნაწარმოების, არამედ ფილოსოფიური სისტემებისაც), თანამედროვეობის პოზიციიდან გაგება სწორედ ამას გულისხმობს. „არასწორად გაგებული ძველი“, ეს არის ერთადერთი სწორი გაგება. ამ ხაზს მიჰყვებოდა კლასიკური ფრანგული დრამატურგია, რომ არაფერი ვთქვათ, კლასიკურ გერმანულ ესთეტიკაზე. თუმცა, ამ ყოველივეს არაფერი აქვს საერთო ეგრეთ წოდებულ „ნონ-ფინიტას“ თეორიასთან.
მწერალმა იცის, რომ ყველას თავის გოდო ჰყავს. ადამიანები მიზნებით და სურვილებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თითოეული მათგანის მიზნის ასრულება მოლოდინს გულისხმობს. სურვილის, საწადელის ასრულებასთან ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლის აზრია (თუ თავად ასე მიიჩნევს) დაკავშირებული, ეს კი, ყოველთვის გულისხმობს ცვლილებებს, ერთფეროვანი ყოფის ნგრევას და პოზიტიურ სიახლეს. საამო ცვლილებების გარეშე ძალიან მძიმე ასატანი ხდება ყოველდღიური ცხოვრება, ამტომაც, სასოწარკვეთილი ესტრაგონი და ვლადიმირი თავის ჩამოხრჩობას აპირებენ... ნაწარმოების ფინალში არაფერი ირკვევა. პიესა მთავრდება ისეთი დიალოგებით, როგორითაც დაიწყო. ამ აბსურდული საუბრებით ბეკეტი მნიშვნელოვან საკითხზე დაფიქრებას გვთავაზობს. თუ არსებობს მშვენიერება, მაშინ მოვა, თუ არა და... ადამიანი უკეთესი არსებობის მოლოდინს მაინც ვერ შეელევა.
მორის მეტერლინკის პიესაშიც სიმბოლოთა „ანსამბლია“ წარმოდგენილი. აქ ბავშვები ეძებენ ლურჯ ფრინველს, რომლის მოსაპოვებლადაც მრავალგვარი გასაჭირის დაძლევა უწევთ. ისინი აღმოჩნდებიან: ფერიის სასახლეში, მოგონებების ქვეყანაში, ღამის სასახლეში, ტყეში, Bბედნიერების წალკოტში და მომავლის ქვეყანაშიც კი... ბედნიერების მოსაპოვებლად ხომ უამრავი დაბრკოლება უნდა გადაილახოს: მუდამ შრომაში უნდა იყო, ცოდნის გზით ეძებდე ჭეშმარიტებას და მიიკვლევდე გზას შეუცნობელი სიხარულის მისაღებად. დაკონკრეტება იმისა, თუ რა არის ლურჯი ფრინველი, ალბათ, არასრულფასოვან მსჯელობამდე მიგვიყვანს. მის შესახებ, მხოლოდ, სავარაუდო ვერსია შეიძლება გამოითქვას.
ლურჯი ფრინველი ბედნიერების, ჭეშმარიტების, სიყვარულის და რაღაც „დიადის“ სიმბოლოა. მისი დაუფლების წყურვილი ყველა ადამიანისთვის ახლობელია (ერთია ოღონდ, ვინ რას ეძახის ბედნიერებას). სიმბოლური ხატი(ლურჯი ფრინველი), რომელიც მწერალმა შეარჩია თავისი ბუნებით (ის ხომ ფრთოსანია) და ლირიული ფერით მის აღმატებულ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს.
სიმბოლოს შინაარსი გულისხმობს მის დაუკონკრეტებელ ან ნახევრად დაკონკრეტებულ ჩანაფიქრს. შეიძლება მასში მოიაზრებოდეს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე „რამ“. ზოგჯერ „სიმბოლოს თვით იდეა წარმოადგენს – როგორც ამას პლატონი ფაქტობრივად გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ ის არის, შესაბამისად, მარადიული აზრის ფორმა, რომელზედაც ცალკეული გამოსაცდელი საგანი მიუთითებს და რომელიც იგულისხმება გამგები გონის მიერ“(გუარდინი 2008: 117).
ავტორი ერთგან გვახსენებს იმასაც, რომ ის, რაც შორეული და მიუღწეველი გვგონია, თუკი ხელშესახები გახდება შეიძლება ფასი დაკარგოს. ასე იცვლის პიესაში ერთგან ფერს დამწყვდეული ფრინველი და სილურჯეს კარგავს; ესე იგი, კარგავს მთავარს _ ხიბლს, რის გამოც ის ასე სასურველი იყო. და-ძმა, ტილტილი და მიტილი, ამის შემდეგაც აგრძელებენ სანატრელი ბედნიერების ძებნას.
სამყაროს შეცნობა რომ დასრულდეს, დასრულდება ძიების რთული და საინტერესო პროცესი. დასრულდება განვითარება, რომელიც გულისხმობს მოძრაობას, მნიშვნელოვან სურვილებს და მოსალოდნელი ბედნიერების შესახვედრად გულში გაჩენილ მზაობას. ლურჯი ფრინველი თუ დატყვევებული ან დაჭერილია, შესრულებული, განხორციელებული და მიღწეულია მიზანი; უკვე ჩვენს ხელთ არის რაღაც `დიადი~. ეს ყოველივე კი არაბუნებრივი იქნება, რადგან არ შეიძლება ადამიანს სამარადჟამოდ ხელში ჰქონდეს მომწყვდეული ბედნიერება, ჭეშმარიტება, სიყვარული... ძიების პროცესის დასრულება, ადამიანის გაბედნიერების შემდეგ, მის გაუბედურებას გამოიწვევს. ის მოიწყენს, უფუნქციოდ დარჩება, ვეღარ იქნება გახარებული.
ტანჯვა მრავალგვარია: კაცთა შორის გაჩენილი მტრობა, გაუტანლობა, ღალატი, ავადმყოფობა და ნივთიერ გაჭირვება, უვიცობა, ბედის უკუღმართობა... ადამიანის გულში გაჩენილი უსაფუძვლო სევდაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი ყოფის გამოსწორება, მისი დაძლევა, ბედნიერებისკენ სწრაფვაა. ეს კი, სიძნელეთა გადალახვას გულისხმობს. ამგვარი პროცესი არასდროს არ არის მოსაწყენი, ის მუდამ მთავარია და ჰქვია ცხოვრება.
„ლურჯ ფრინველში“ გამჟღავნებულია მწერლის ფილოსოფიური შეხედულებები და დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ბავშვები არ უშინდებიან არც ბნელ, ბოროტ ღამეს, არც ტყეს, არც ნადირს. ისინი თავდაუზოგავად მიიწევენ წინ და არ ეპუებიან არნაირ სიძნელეს. ამით ავტორი კიდევ ერთხელ მიგვითითებს ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებზე. მის უნარზე _ გადალახოს ან თავად ეძიოს დასაძლევი „სიმაღლეები“. მწერალი არაპირდაპირ, არამედ მცირე, უმნიშვნელო მინიშნებით, გვახსენებს ძალიან მნიშვნელოვან ერთ-ერთ უპირველეს რეალობას, რომ ადამიანში ძალიან დიდი ენერგიაა; მას თითქმის ყველაფერი შეუძლია, ოღონდ ამ ენერგიის სწორად გამოყენებისათვი გასაღები ძნელი მოსაძებნია. ამისათვის ინტუიცია და ცოდნა, ძლიერი სურვილი, სიყვარული და კიდევ ერთი ამოუხსნელი „რამ“ არის საჭირო.
„გოდოს მოლოდინისაგან“ განსხვავებით, ამ პიესაში მწერალი გვახსენებს ამქვეყნიურ ბედნიერებებს, რომელთა მიმართაც ჩვენ შეიძლება თვალახელილნი ვერ აღმოვჩნდეთ და ვერ დავაფასოთ, რადგან ისინი ყოველდღიურ ყოფას ახლავს თან. ხშირად კი ის, რაც დიადი უბრალოებით ეძლევა ადამიანს, უფრო ძნელი დასანახია, ვიდრე შორეული და მიუწვდომელი ოცნება. პიესაში პერსონაჟებად ცოცხლდებიან ლურჯი ცის ბედნიერება, ჯანმრთელობის ბედნიერება, მზიანი დღეების ბედნიერება, წვიმის მოსვლის ბედნიერება, ზამთრის ცეცხლის ბედნიერება, უმანკო ფიქრის ბედნიერება, სამართლიანობის სიხარული, გაგების სიხარული, სილამაზის შეგნების სიხარული, სიკეთის სიხარული, ფიქრის სიხარული, სიყვარულის სიხარული, დედის სიყვარული... ეს ყოველივე, როცა აკლდება ადამიანს მხოლოდ მაშინ ხვდება, რა სიმდიდრეს სთავაზობდა სამყარო წარსულში. ყველაზე გავრცელებული ადამიანური ნაკლი თუ შეცდომა _ ვერ შემჩნევა არსებული სიხარულის და უშრომლად ცხოვრების მიერ ბოძებული სიკეთისა, ფაქიზად, ყოველგვარი განსჯის გარეშეა გამომზეურებული ამ პიესაში.
ნაწარმოების ფინალში ყოველთვის აკუმულირებულია ხოლმე მწერლისეული კრედო. პიესის დასასრულს გოგონასა და ტილტილის საუბარია გადმოცემული: როცა სასოწარკვეთილი გოგონა დაკარგულ ფრინველს მისტირის, ტილტილი პასუხობს _ „ნუ ტირი! არა უშავს რა, ისევ დავიჭერ!.. (წინ წარმოდგება და დამსწრე საზოგადოებას მიმართავს) თუ რომელიმე თქვენგანი დაიჭერს, ძალიან გთხოვთ, დაგვიბრუნოთ...…ეგ ფრინველი ჩვენთვის საჭიროა, რომ შემდეგში ბედნიერები ვიყოთ“(მეტერლინკი 1966: 101).
პიესაში ერთგან ირკვევა, რომ გოგონას ლურჯი ფრინველი ჰყავს, ტილტილს კი იმაზე ბევრად ლურჯი ფრინველებიც უნახავს. ეს თითქოს ნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით და-ძმის ინტერესს მათი ფრინველიც აკმაყოფილებს და იმავდროულად იგულისხმება, რომ აღმოჩენილი ჭეშმარიტების შემდეგაც გრძელდება სამყაროს ამოცნობა. ბავშვებმა შეიძინეს ცოდნა და გამოცდილება, შესწვდნენ ამქვეყნიურ სიმაღლეს და სიკეთეს; მაგრამ აზროვნებისა და სულიერების განვითარების გზა უსასრულოა, ამიტომ სამყაროს შეცნობა გრძელდება.
ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მას სურს გაერკვეს, რა ხდება კოსმიურ სივრცეებში და ბუნების ყოველ საიდუმლოსთან მიახლება სასწაულის ტოლფასია მისთვის. უფრო ლურჯი ფრინველები ცოდნის, სიკეთისა და ზნეობის შემდგომი საფეხურებია. რაც შეეხება ლურჯ ფრინველს, ის, ბავშვებს მაინც გაუფრნდებათ, რადგან არ შეიძლება ერთხელ „მოპოვებულით“ სამუდამოდ დამშვიდდეს ადამიანი.
საოცნებო, ამოუცნობი სამყაროს აღმოჩენის, ჭეშმარიტებისა და იდეალების ძიების სურვილი მუდამ თან სდევს კაცობრიობის ისტორიას, ძიება სამარადჟამო პროცესია. სწორედ ეს საკითხია მეტად ორიგინალური პერსონაჟების მეშვეობით ახსნილი ამ ფილოსოფიურ პიესაში, თუმცა ეს ნაწარმოებიც, „გოდოს მოლოდინის“ მსგავსად, თავისუფალი აზროვნების და მსჯელობის საშუალებას ყოველთვის ტოვებს.


დამოწმებანი:
* ბაქრაძე 1972: ბაქრაძე მ. სამუელ ბეკეტის პიესა „გოდოს მოლოდინში“. ჟურნალი ხომლი თბ.: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, N 8, 207.
* გუარდინი 2008: გუარდინი რ. რელიგია და გამოცხადება, თბ.: 117.
* კასირერი 1983: კასირერი ე. რა არის ადამიანი? თბ.: გამომცემლობა „განათლება“, 96.
* მეტერლინკი 1966: მეტერლინკი მ. ლურჯი ფრინველი, თბ.: გამომცემლობა „ნაკადული“ 101.
* პაიმანი 1998: Паиман А. История русского символизма, М.: 93.

გამოქვეყნებულია ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის შრომებში, ტ. IV და წიგნში „ცეცხლი და მდინარე“ 2009.


sunny


Last edited by Admin on Sun Feb 03, 2019 12:13 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ქეთევან შენგელია Empty
PostSubject: Re: ქეთევან შენგელია   ქეთევან შენგელია EmptySun Feb 03, 2019 11:38 am

ქეთევან შენგელია

***
ოქტომბრის ბოლო... კახეთის ხედი...
მტევანი ივსებს უბეს სიტკბოთი,
დაგვჩერებოდა მზე _ ქვეყნის ბედი,
როგორ მწამდი და როგორ მინდოდი...
ნატვრის ხის ტოტზე ჩიტი გალობდა,
ხესაც ნაყოფი ესხა ედემის,
ზეცამ დაუშვა ჩვენზე წყალობა,
კვლავ ყვავილობენ ჩემი ქედები;
გადაფრენილან მერცხლები უკვე,
თივაც დაუდგამთ კოხტა ზვინებად,
ხუთი წლის შემდეგ ამ სიყვარულზე,
ნეტა ისევ თუ გაგვეღიმება?!
თუ მაინც ტანჯვის ალი გაგვთიშავს,
როგორც დაჭრილ და დაღლილ მეომრებს,
დავხუჭავ თვალებს, ალბათ მაშინაც,
წარსულს ხსოვნაში გავიმეორებ.

გამოქვეყნებულია ლიტერატურულ გაზეთში 9-22 თებერვალი. 2018. ნომერი 3

sunny
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ქეთევან შენგელია Empty
PostSubject: Re: ქეთევან შენგელია   ქეთევან შენგელია EmptySun Feb 03, 2019 11:40 am

ქეთევან შენგელია

***
მთელი ცხოვრება მოლოდინია
და მერე დაგღლის, აბა რას იზამს?!
გააფერმკრთალებს ცდუნების ნაყოფს,
მარგალიტივით პატარა მიზანს.

ჩვენ ველოდებით ფრთაშესხმულ იღბალს,
სიყვარულის ჩრდილს – ხეზე ლიანებს,
ნამდვილად მარტო სიკვდილი მოდის,
ის არაფრით არ დაიგვიანებს.

2000.
დაბეჭდილია ჟურნალ `მნათობში~ და წიგნში `მზე და ღრუბელი~

sunny
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ქეთევან შენგელია Empty
PostSubject: Re: ქეთევან შენგელია   ქეთევან შენგელია EmptySun Feb 03, 2019 11:43 am

ქეთევან შენგელია Keteva11

ქეთევან შენგელია

ჩიტად ვიქცევი მერე სხვა ქვეყნად

ალბათ მაშინებდა ავსული და
უკვე მონუსხული ვხვდები ქარებს...
ხეო, წარმართული წარსულიდან,
დამელაპარაკე, შემიფარე!
ზორბა ტოტებით რომ მოგიზიდე,
ეგ ფესვები უკვე ბერდებოდა;
ჩიტად ქცევამდე რომ მომიცდიდე,
ყველფერი კრგად გვექნებოდა;
იქით ჯოჯოხეთი დარჩებოდა,
ვისიყვარულებდით, ვიამებდით,
ლხინი იქნებოდა გარშემო და
იქვე იქნებოდა მზიანეთი.

გამოქვეყნებულია „ლიტერატურულ გაზეთში“, 9-22 თებერვალი, 2018. N3

sunny
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ქეთევან შენგელია Empty
PostSubject: Re: ქეთევან შენგელია   ქეთევან შენგელია EmptySun Feb 03, 2019 12:20 pm

ქეთევან შენგელია

ათონის კრებული

იჯდა ზოსიმე* ივერიის ნათელ ლავრაში,
ხელნაწერ კრებულს უფლის სულის
მზერა ათბობდა;
ენთო სანთლები
და ყაყაჩოც სანთლებად ენთო;
ქარი ცელქობას ვერ ბედავდა ახლოს ათონთან.
ლოცვა ისმოდა,
შრიალებდა თალხი სამოსი,
ურჩი ეგონა ერთი ბერი მამა იაკობს,
ირიჟრაჟა და იქ არავის ეძინა მაინც;
მზის ერთი სხივი, იმ წუთიდან
ღამეს მიაპობს.

---
* 1072-1077 წ.წ., ათონის მთაზე მოღვაწე "უღირსი ზოსიმე".

გამოქვეყნებულია წიგნში "ქარიშხლის ტაში" და ჟურ. "ლიტერატურული პალიტრა", 2011

sunny
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ქეთევან შენგელია Empty
PostSubject: Re: ქეთევან შენგელია   ქეთევან შენგელია Empty

Back to top Go down
 
ქეთევან შენგელია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: