არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 დათია ბადალაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 7:34 pm

დათია ბადალაშვილი Datia_12
Datia Badalashvili

დათია ბადალაშვილი
მწერალი, ბიბლიოთეკარი

დაიბადა 1989 წლის 29 სექტემბერს დაბა მანგლისში.
2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი.
იბეჭდება 2015 წლიდან.
ცხოვრობს და მუშაობს ბიბლიოთეკარად სოფელ დიდ თონეთში.

2015 წელს სექტემბერში დებიუტი „ცისკარში“.
2016 წლის იანვარში - „ლიტერატურულ გაზეთში“. ამავე წლის აპრილში „ლიტერატურულ მესხეთში“.
2017 წელს ისევ „ცისკარში“ და „ლიტერატურულ გაზეთში“.
გაზეთ „ივერიის“ პრემია 2017 წელს.
პენ-მარათონი 2018 წლის ფინალისტი.

„მხოლოდ იმისთვის ღირს თავის შეწუხება, ვინც შენს მცირე ძალისხმევასაც ხედავს.
და იმას, თუ რას აკეთებ მისთვის...
არ ხედავს და, თუ ერთხელ დაიბრმავა თვალი, მერეც დაიბრმავებს.
სისულელეა, მეტი ძალისხმევით სცადო მისთვის თვალის ახელა.“


დათია ბადალაშვილი Datia_11


#ახალიდღე სოფელ დიდ თონეთში მცხოვრები მწყემსი, მწერალი და ბიბლიოთეკარი
08:10, 22.01.2019

დათია ბადალაშვილი – სოფელ დიდ თონეთში მცხოვრები მწყემსი, მწერალი და ბიბლიოთეკარი.
29 წლის ახალგაზრდამ წლების წინ მიტოვებული ბიბლიოთეკიდან წიგნები მოაგროვა და რამდენიმე დღეში სოფელში ახალ ბიბლიოთეკას გახსნის. დათია ბადალაშვილი ხუთი წლის წინ დედაქალაქიდან საცხოვრებლად სოფელს დაუბრუნდა. მაშინ დაიყო წერაც და ახლა მის მოთხრობებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთი ბეჭდავს. ავტორები: ანა მასხარაშვილი, ბექა გაჩავა.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/დათია_ბადალაშვილი
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014443/
* https://www.facebook.com/dato.badalashvili
* http://progressnews.ge/tsetskhlad-naqtsevi-sathqmeli-stu-is-studenti-dathia-badashvili/
* https://www.facebook.com/დათია-ბადალაშვილი--1432286260338056/
* https://1tv.ge/video/akhalidghe-sofel-did-tonetshi-mckhovrebi-mwyemsi-mwerali-da-bibliotekari/
* https://1tv.ge/elit_author/datia-badalashvili/
* https://intelekti.ge/book_ge.php?id=735


#ახალიდღე სოფელ დიდ თონეთში მცხოვრები მწყემსი, მწერალი და ბიბლიოთეკარი

Georgian Broadcaster
Published on Jan 21, 2019

study


Last edited by Admin on Fri Sep 20, 2019 11:44 pm; edited 19 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 7:44 pm

დათია ბადალაშვილი

ძაღლი

ლეკვი მომიყვანა, კნაჭა ბიჭია, ნედლი კაკლისგან გაშავებული ხელებით. ლეკვს ახალი ახელილი ჰქონდა თვალები, საქონლის თბილი ბაგის და რძის სუნი ასდიოდა ისევ. დედალი გამოდგა. მე ისედაც, მამაჩემმაც ვერ გაიმეტა ხელ მეორედ გასაჩუქებლად.
ვპარავდი დედაჩემს რძეს, ახალ პურს და ვაჭმევდი. დამრგვალდა „წამოვიდა წვიმაწყალივით“ როგორც ბებიაჩემი გოჭებზე ამბობდა ხოლმე. ბურთა დავარქვით, გულაღმა წაქცეულს წამოდგომა უჭირდა სიმსუქნის გამო. ეთამაშებოდა ყველას, მამაჩემთან გასაკრეჭად მოსულებს, მეზობლის კოჭლ ცხენს, თოკმა ფეხი რომ გაუფუჭა და თავიანთი ბოსტნიდან გრძელი კისრის წყალობით ჩვენს ყვავილებს ჭამდა. უყვარდა ფეხზე კბენა, ყოველგვაი გაბოროტების გარეშე და ამის გამო შეიძლება ფეხდაფეხ ედევნა მთელი დღე.
ზაფხულში თიბვის დროს, როცა შუადღით მუშაობა აუტანელი ხდებოდა, მწვანე ბალახი ყვითლად იწყებდა კვდომას, ხო იცით აგვისტოში ყვითელი სიკვდილის ფერია, ლეკვი გაეხვეოდა, ბებიაჩემის გასარჩევად გაშლის მატყლში და ეძინა. აიშვერდა მაღლა ოთხივე ფეხს. ხო და ჩხუბობდა ბებიაჩემი:
„ახალი ჩულქი დამიხიაო, ამ დასაწველმა“, მაგრამ მალევე უბრუნდებოდა, „დასაწველ“ ლეკვზე გული და პატიჟებდა მატყლზე:
„დაწე, გოგო ნანინა ქენი“
არ დადგებაო ამისგან „ფხიზელი“ ძაღლი, ამბობდა მამაჩემი. ყურების დაჭრა მოუნდა, „გამოფხიზლების „ გამო და არ დავანებე. არ მოუხდება მეთქი.
სწავლა დაიწყო და წამოვედი სოფლიდან, არდადეგებზე ავბრუნდი ისევ. ლეკვი გაზრდილი დამხვდა. თვეები ჩვენთვისაა ცოტა, ალბათ ძაღლისთვის ძალიან ბევრი.
მამაჩემი აშკარად კმაყოფილი იყო ძაღლით, ფხიზელია, მთელი ღამე ყეფს. უცხო საქონელს არ აჩერებსო ეზოში. ბებიაჩემი სიძეებს ელოდებოდა უკვე, აძუნდებაო მალე, ასკვნიდა, ვეტექიმ ეფრემასავით. დავუსხი საღამოს მოპარული რძე, ჩავუფშვენი ახალი პური და როცა თამაში ვცადე, წამწვდა გაავებული საკბენად ფეხებში.
გაზრდილიყო და გაბოროტებულიყო...
არ მომეწონა ეს, მერჩივნა ისევ ისეთი მხიარული და უწყინარი დარჩენილიყო. (ჯანდაბას წაერთმია წიგნი და მედევნა კარტოფილის კვლებზე, ეთქვა მერე ბებიაჩემს არაფერი გეშველებაო...)
მარა მას რას ვერჩოდი, მე თვითონ ვიცვლებოდი დღითი-დღით, სქელკანიანი ვხდებოდი: აღარ მაღელვებდა ფილმი ცუდი დასასრულით, კუთხეში მდგარი ბებრული ცრემლით მტირალი მათხოვარი, კარგი წიგნი და წყაროში ჩაცვენილი ვერხვის ოქროსფერი ფოთლები, ჰაერით სავსე კოპლები გიშერივით შავ კუნელზე. ჰოდა რაღას ვერჩოდი ძაღლს... დაღამდა ...
თებერვლის ღამეა ცივი, თოვლის ღამეული მსხვილი ფანტელით. ვზივარ ჩამქრალ ღუმელთან და ვკითხულობ, ბუნინის ლიკას, სანთლის შუქზე, ინტერნეტის ხანაში.
ვრჩები წიგნს და ჩემი ძაღლის გაავებული ყეფაც მესმის. მგელია! ძაღლს წაიყვანს. გავვარდი წინდების ამარა მუხლამდე თოვლში, მივრბივარ, მივრბივარ და ვყვირი მთელი ძალით. ვეძახი ძაღლს. ფერდაზე ვაშლის ხესთან ხელებზე გავხოხდი კიდევაც. ახლა უკვე ჩემი ძაღლის უმწეო წკმუტუნი მესმის, ხევს გადაღმა კილომეტრს იქით. გული რომ ამომვარდა გავჩერდი.
თოვლში ნაგორავები, სისხლი და დიდი ნაკვალევი დავინახე მგლის. ჩავჯექი თოვლში ქარის ხმა ხევის ლუკ-ლუკი და გაყინული ნერგის ტოტების ტკაცა-ტკუცი ისმოდა მხოლოდ.
„ვეღარაფერს უშველიო წაიყვანა უკვე“ დამიყვირა მამაჩემმა სახლიდან. ჩემი გულჩვილობით გაბრაზებულმა, იმ ღამესავით სუსხიანი ხმით. მგლის ბოღმა, რომ არა აუცილებლად მოვაღებდი პირს.
მე მაინც დიდი ხანი ვეძახდი ძაღლს, უმწობით გატენილი ბრაზით და სველი ფეხებით.

2015 წ.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 7:45 pm

დათია ბადალაშვილი

გიორგობა

გიორგობა ხო იცით, სუ ცუდი ამინდია, აღდგომასავით. ქარია და იცრემლება მთელი დღე. გვერდზე მომყოლი რომ არა, შეიძლება სამჯერ შემოვლაც დაგეზაროს საყდრის გარშემო. ახლა ქარი არ გაცდის სანთლის ანთებას. გიქრობს, ხელის აფარებაც არ შველის, თუ ცრუმორწმუნე ხარ, შეგეშინდება კიდევაც, მოგეწურება გული ცუდის მოლოდინით. ილოცებ და გამოხვალ გარეთ, ნახავ მოგვარეებს ბატკნით ხელში, მოუტრუსავენ ბატკანს სანთლით შუბლს, გამოსჭრიან ყელს და სისხლით ჯვარს გამოუსახავენ, ვისზეცაა შეთქმული.
იქით მამალზე მიგიპატიჟებენ დალევ სხვადასხვა ღვინოს, მჟავე ჟიპიტაურსაც, მოგეკიდება და წამოხვალ, აჭინჭყლებულ მლოცველებს თავს გამოარიდებ. მოდიხარ, ეშვები ფერდაზე და ძირს იყურები მამლის თავებსა და ბატკნის ტყავს ფეხი, რომა რ დააბიჯო.
მარა იმ გიორგობას დღე იყო თბილი, სუნი ისგა გაზაფხულის, ცეცხლ მოკიდებული ფოთლების და ნაბაგური თივის.
ეშინოდათ, გაიყვავილებს ხეები, გამოიტყუებს გარეთ კვირტს და მოსცემსო ყინვას. ვიჯექით მე და დათვი და ვსვამდით. დათვობის არაფერი ეტყობოდა მარტო ყვავის ბუდესავით თმები და ნიჩაბივით დიდი კალატოზის ხელები. ნამცეცობა გვქონდა, დილიდანვე დაეკლათ ცხვარი მის ქალაქელ ძმებს „ოჯახზე იყოო მზვარად დაყენებული“ მარტო იყო, გამექცაო ის ბებერი ბოზი ცოლზე ამბობდა.
ვსვამდი მარტო და ვეწეოდი, დათვის ასტრას, რო დავილაპარაკებდი მიქვრებოდა. არ მიმდიოდა მსუქანზე გული, არა და ვინ დაგიტოვებდა მჭლეს ნამცეცობისას. გადმოვდგავდი თუ არა ჩაქაფულის ქვაბს ცეცხლიდან იყინებოდა ქონი ყვითლად.
-ქონიანი ჭამე შე ვირიშვილო, გულს დაგიჭერს. შემამჩნია დათვმა, უშნოდ რო ვიღეჭებოდი.
- ჰაი დედასა, კიტრელიშვილო! ომის მერე გორველის პურსა ვჭამდით. 14 წლის ვიყავი ჩემი ძმის ბადლივ ოდისში ხარების სამწყემსად, რომ გამიშვეს.
მშიოდა, მოვხუხე ნედლი, წყლიანი თავთავები ცეცხლზე და გეახელი კარგად. შენსავით კი არ წამიღია გვერძე ცხვირი.
გამოგვერდილმა ჭყინტი თავთავით, მივწექი გადაღმერთილი პანტის ძირში. დამწოლია შავი ძილი... არ ვიცი რას ვხედავდი სიზმარში, ცხადში წკეპლის სიმწარე კი ვიგრძენი. მეველე დამდგომია თავზე, გიორგა ტრიკიანი.
ხარები ყანაში შესულიყვნენ...
ერთიც დამინაცვლა „ძილი შეიძლებოდაო ახლა“? გაქცევას ვინ ჩივის, ვერ ვდგებოდი ფეხზე. ხალათიც წამართვა, დიდი რომ იყო შრომა დღეზე წაგათრევდიო დამამადლა.
გამომიშვა ტირილ-ტირილით...
„აძაღლდეს იმის სული, ღმერთო მაპატიე ამ გიორგობა დღეს“.
ვრჩებოდით უკვე, ამოსდო დათვმა ნიჩაბივით მაგიდის კიდეს, მეორეთი მაგიდაზე პურის ნამცეცებს მოუსვა და გადაუშვა უკბილო პირში.
წამოვედი ქვას ხეთქავდა ყინვა.
გათოვდა ღამით.
კიდევ კარგი თორემ, ხომ გამოიტყუილებდა ხეხილს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 7:47 pm

დათია ბადალაშვილი

სიცოცხლე ერთი ლამაზი წამია...

სიცოცხლე ერთი ლამაზი წამია. წამია, წამი_სოფელი და თვალსა და ხელს შუა გაქრობასაა ნაჩვევი. ეს წამი ია_ვარდით მოფენილი სულაც არ იქნება, ყველამ იცის ეს, ჭკვიანმაც და გამოცდილებით დაჭკვიანებულმაც.

მაგრამ სავსეა ლამაზი წამებით ჩვენი სიცოცხლის ერთ ლამაზ წამში. სულ ერთია რა წამი იქნება ეს:

„დაბადება დედის ტკივილიანი ბედნიერებით სავსე ცრებლები“

„პირველი ნაბიჯი. სათამაშო. გაყვლეფილი მუხლი.“

„ვარსკვლავებით მოჭიქული ცის ჭვრეტა, როცა ყველაზე და ყველაფერზე დიდი გგონია თავი. ვარსკვლავები კი შენს საწოლთან დაკიდული ბრჭყვიალა და ჟღარუნა სათამაშოებია მეტი არაფერი, ოღონდ ცოტა შორეული და მიუწვდომელი ოცნებასავით.“

„ჯიუტი ქოჩრის ვარცხნა ნერწყვით თუ ცივი წყლით.“

„პირველი სიყვარული, მწველი კოცნა. შფოთვა გატეხილი ღამე, შეიძლება ლექსიც.“

„პირმშო და შენიანის აღმოჩენა მასში.“

და თუ სკეპტიკოსი კი არა რელიგიური ხარ, სულ ერთია ვისი გწამს ქრისტესი თუ ბუდის, გჯერა გარდაცვალილი მშობლის მკვდრეთით აღდგომის თუ მისი რეინკარნირების ვიღაცის თუ რაღაცის, სულში, ამ პატარა სიხარულებით გახარებული დაემხობი მწვანედ დახავსებულ ეკლესიის წინ მუხლებზე, ემთხვევი ჩაშავებულ სანთლის ნაღვენთს და იღაღადებ:

_მადლობა შენ ღმერთო! დღევანდელი წამისთვის!

და კიდევ ელი ამ ერთი წამისაგან , კიდევ მრავალ ლამაზ წამს. ამიტომაც ვებღაუჭებით და გვეშინია მისი დაკარგვის.

არაფერს ვიტყვი სინანულზე, ამ წამში დაშვებული შეცდომების გამო. იმედგაცრუებებზე.

როცა საფეთქლებში ჭაღარა გეპარება, ტკბილ_მწარე წამების გადაფასებას იწყებ. ხვდები რომ უნდა დაგეჭირა წამი, უნდა გამოგეგლიჯა სიცოცხლისთვის, რადგან ,ის ვინც არასოდეს ცხოვრობს წამისთვის, ის არასოდეს ცხოვრობს...

არაფერს ვიტყვი ბებერი ხესავით დაკოჟრილ სხეულზე. არც ახალგაზრდების გულუბრყვილო სიცილზე, შენს ზურგს უკან, შენი ჩანჩალა მუხლების გამო.

სიკვდილისაც აღარ გეშინია მამაცდები, სიკვდილი შენთვის რბილ და თბილ საწოლში დაძინებაა, მთელი დღის თამაშის შემდეგ, ფეხებსაც რომ დაგითბუნებენ მზრუნველობით ღამე რომ არ შეგცივდეს.

არც შენი შვილების ცრემლებზე ვიტყვი რამეს, შენი წამის დასრულებისას.

რატომ?!

ნაჩუქარი ცხენისთვის კბილების სინჯვა უმადურობააო იმიტომ!

ლამაზია სიცოცხლე იმ ტკბილ_მწარე წამების გამო, რომელსაც ის გვჩუქნის.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 7:48 pm

დათია ბადალაშვილი

რაღაც დღიურის მსგავსი

მოვა თებერვალი, გაზაფხულის პირი, აამღვრევს ბუნებას და უჩენს ადამიანს ჩუმ სატკივარს, მოხუცებს განსაკუთრებით. ეხუმრები შენ ოთხ გარდაცვლილს ორ კვირაში?! მეხუთე ბოტანიკის მოხუცი მასწავლებელი იყო, ნამლევა, მკაცრი. როცა გავაბრაზებდი მემუქრებოდა, ფანჯრიდან გადაგაგდებო უკვე მეცხრე კლასელ ვირს.
გადავწყვიტე მეც მივხმარებოდი მესაფლავეებს, ჯერ ერთი მადლია, მეორეც მახსოვდა მისი ნასწავლი ბუტკო და ფოტოსინთეზი. წავედით საფლავის გასათხრელად ერთი მოხუცი ყრუ–მუნჯი, ერთიც ახალგაზრდა გვერდზე გადაღმერთილი ლოთობით და მე, უშნოდ გამომღამებელი წუთისოფლისა. გამოგვყვა კოჭლი ბებერი თავთიხაც. ადრე სასაფლაო სათიბი იყოო ჩემი, იხტუნავა კალიასავით კოჭლი ფეხით, აქეთ გზისკენ ნუ გადმოხვალთ მე და ჩემი ცოლი უნდა დავიმარხოთო. კაცი გულზე დასაყრელი შავი მიწით რომ ვერ გაძღება...
გაღმა ძველი სასაფლაოა სოფლის ასაკის. ვიღას არ ნახავ ქვაზე ამოკვეთილს, კავიან მეცხვარეს თუ გუთნის დედას. ფიჭვი დგას ბევრი და სოჭი. მიწა მაგარი, სალი კლდე, ამიტომაც ხალხი აქეთ მარხავს, ახალ სასაფლაოზე, არავის უნდა თავის მკვდარს გულზე ლოდი დააყაროს.
ახალზე ბებერი კაკლებია, უამრავი მარმარილო თუ გრანიტი, ვერ ვერკვევი კარგად. მარჯვნივ წმინდა გიორგის საყდარი, მარცხნივ ღვთის მშობელი.
მიწის ზედაპირს ბელტებს აჭრი და საფლავის პირზე ალაგებ მიჯნა რომ არ დაგერღვეს. მერე ნელ-ნელა სიღრმეში ჩადიხარ, მიწას მაღლა ყრი, შორს არა, იქვე. ხვალ დილას ისევ შენ უნდა მიაყარო. მუნჯი მიტევს, ნიჩაბს ნუ მაწვდიო ხელში. არ შეიძლება თურმე, მეცინება მეც და მიწაზე ვაგდებ.
ჯერ თიხა გვხვდება, მუდმივად სველი, მერე კი შავი მიწა, ისეთი შავი, იფიქრებ ვიღაცას განგებ გაუპოხიერებიაო. გვერდზე გადაღმერთილი ფილოსოფოსობს: „რამდენი შეჭამა ამ მიწამ და კდიევ რამდენს შეჭამსო“.
ზომა როგორც წესი მეტრანახევარია, მალ-მალე ჩაზომება გვეზარება. როცა ზედაპირს ნიკაპით გაუსწორდები საფლავი მზადაა.
ვლაპარაკობდით იმაზე, რომ თუ როგორ კარგი ამინდი დაუდგა მიცვალებულს - არც ჭირისუფალს აწვალებს და არც მოტრიალეს. მოუვიდოდა ხალხი თუ ვალი დაედებოდათ.
ვიღლები, ხელიც ამებებრა, ამოვდივარ და აკოკოლავებულ მიწაზე ვჯდები. მაღლა გაიფიქრებ - ვისაც ვერ იტან იმისთვის ბელტსაც არ გადააბრუნებ. ეგაა მხოლოდ, გაგიჭირდება საყვარელი ადამიანისთვის მიწის მიფარება. იმაზეც იფიქრებ, არა ინატრებ, არ ნახო მათი სიკვდილი, ვინც გულით საყვარელია შენთვის. ამისთვის მზად ხარ, რომ შენ წახვიდე წინდაწინ.
გამოგიგზავნიან საჭმელს, ჯდები, არც იბან, იფშვნეტ გამხმარ მიწას ხელიდან. პირველს ახლად შესვენებულს მოიხსენიებ, მერე უდროოდ წასულებს ვინც გული დაგვწყვიტა. იცი რაა? იქნებ ის უდროოდ წასული იმდენს მიხვდა, მე დროულად რომ წავიდე ვერ მივხვდები, არ ვიცი.
კიდევ მოიხსენიებ უპატრონოებს აღდგომას წითელი კვერცხის გამგორებელი რომ არ ჰყავთ.
სასმელისგან შეგახურებული მერე რას იტყვი აღარაა საინტერესო.
როგორ შეიძლება კაცი თებერვალში მზეს დაემდუროს ნუ აცხუნებო?! მარა მაჭერდა სასმლით გახურებულ შუბლზე. ფიჭვები შორს იყო, მივწექი საფლავის გვერდზე და მივეხუტე ცხელი შუბლით ცივ მიწას.
ბოლოჯერღა ჩავედი დაბლა და მივეზომე ნიკაპით, გავუსწორდი უკვე.
მოვრჩით.
მოვიკიდე წერაქვი და ჩამოვუარე მიწას ამოფარებულებს.
ღმერთო, როგორ არ უხდება ქვაზე დახატული ლამაზი სურათი ჭიისგან შეჭმულ მკვდარს...
მივხვდი როგორი უნდა იყოს ჩემი საფლავი - უბრალოდ გათლილი ლოდი, გვარი და სახელი.
ერთი სასაფლაოს ღია კარი მივკეტე. ქვას გავხედე, ლამაზი ქალია ძალიან და იქვე ეპიტაფიაც:
„ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ. თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი.“
რომ არ ვიცი მაგას ვჩივი მეც ...

2016. 4 მარტი

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 7:49 pm

დათია ბადალაშვილი

ჩემ ხსოვნაში

ის დრო ხომ გახსოვთ, დენის მოსვლა დღესასწაულივით, რომ იყო?
მანამდე კი მიდიოდა და ბნელდებოდა სოფელი. დაიწყებდნენ უფროსები მთავრობაზე გინებას, უფრო უფროსები კომუნისტების ნატვრას, ქალები კი : „სინათლე გამოელიოთო თვალში“.
გამგზავნიდნენ გარეთ ღამით, როცა ქარი აბუქებდა თოვლს: გაიხედე ალგეთ გაღმა სოფლებში თუ არისო სინათლე. თუ იქ იყო და... დათვებს აქვთ სინათლე ჩვენთან რა სატკივარი სჭირთო?!
ჩვენ, გაღმა სოფლელ მთიულებს დათვებს ვეძახდით. ისინი წოპრეებს გვეძახდნენ. წოპრე რას ნიშნავს არ ვიცი, ვფიქრობ, რომ კარგს არაფერს.
თუ უფროსებს „მაღლა ასახედი“ სასმელი ბლომად ჰქონდათ, მოვიდოდნენ ხასიათზე: გავიდეთო დათვებთან და იქნებ გვასესხონო თითო ვედრო შუქი.
თენდებოდა, უსინათლოდ მაინც...
მონტიორი გვყავდა ერთი, კუსოკას ეძახდნენ. რა ეტყობოდა კუსოკის? მაღალი, ხმელი კაცი იყო, დინჯი. არ მოვიდოდა სინათლე და ჩვენ პატარები სკოლიდან მომავლები, უფროსები მაღაზიასთან აყუდებულები: როდის მოვა სინათლე მიშა პაპა? როდის მოვა სინათლე მიშა ძია? გავაბეზრებდით კითხვებით, ის კი დინჯად - მოდისო, გზაშია.
გავიზარდე ასაკით, ისე რა გითხრათ. ახლა ყველაფერია, ხალხი აღარაა ოღონდ.
მე მაინც ველოდები სინათლეს, რომელიც მოდის, გზაშია.
ჯიუტად, მოთმინებით...
...
იყო ერთი კაცი, ვანო. ყოჩოს ეძახდნენ. კი იყო ყოჩივით, მოიხსნიდა დიდ, მსხვილბალთიან ქამარს, ამოსდებდა მოზრდილ ქვას და ეწეოდა კბილებით. თავისგამოსადებად კი არა, ისე, მუღამის გულისთვის.
მოიყვანა ცოლი და გალექსა ვანუა ყოჩომ:
„ავიღე ვალი,
ვითხოვე ქალი,
არ გამომადგა,
პანჩური ვკარი“

რატომ ემდუროდა ცოლს არ ვიცი, ჩემს ხსოვნაში ტკბილი ქალი იყო.
მოკვდა ყოჩო უცბად 9 მაისს. მოვიდა დიდი თოვლი, შეკრა გზები. ნამქერს გამოსწრებული, მოკლეპერანგიანი ჭირის მოზიარეები კავკავებდნენ სიცივით. იდო თოვლი თეთრად, თთრად აყვავებულ ტყემლებზე და ალუბლებზე.
მე კი მიხაროდა, არ მომიწევდა ლექსის წაკითხვა მთელი სოფლის თვალწინ „შინმოუსვლელთა ობელისკზე“, ხმამაღლა, გამოთქმით.
ისევ ვფიქრობ, რა აქვს საერთო ვალის აღებას ცოლის მოყვანასთან? მგონი „ინანებ, არ ინანებს“ ჰგავს.
არ ვიცი, რომ მოვიყვან გავიგებ.
...
და იყო ერთიც, როცა მოკითხავდი როგორ ხარო, გპასუხობდა ამინდივითო.
ამინდი როგორი უყვარდა არ ვიცი, დალევა უყვარდა, ჭუჭხის ხაზებჩამჯდარ, შესიებულ სახიანს.
ვიდექით ერთ, ოქტომბრისთვის უჩვეულოდ ცივ დღს, მე ცოტნე და ის. ხმაური ისმოდა ქვემოდან. ჩხუბი გვეგონდა და მოთქმა იყო. ახალგაზრდა იყო მკვდარი, გულით. რატომ არ წახვედიო დაკრძალვაზე? მკითხა. მეზარებოდა მე წასვლა მოტრიალედ, ხაშლამის გამო ისედაც წავიდოდა ბევრი. შეუბრუნე კითხვა რატომღა არ წახვედი-მეთქი შენ? მეშინიაო მკვდრის, ვერ მივდივარო ახლოს.
ვეწეოდით მის უფილტროს, მოვსუტავდი, გავაღვივებდი, დავილაპარაკებდი დამიქვრებოდა. ვაფურთხებდი თუთუნის ნაფლეთებს.
„ისე, ერთხელაც არ დამსიზმრებიაო ის“ გვითხრა, როცა მოთქმა მიჩუმდა და ჩვენც მოწევას მოვრჩით.
სიმამრზე ამბობდა, ნაჯახით ჰყავდა მოკლული რუსეთში.
მოკვდა ისიც, მარტო, როცა ზამთარი დაღმართზე დაეშვა. ~
ამინდი?! დნებოდა თოვლი, გადადიოდა ნიაღვრები...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 7:50 pm

დათია ბადალაშვილი

„არაკაცი“ ან „მეზობლის ცოლი“

წვიმდა იმ ოქტომბრის ნისლიან დღესაც, ვიჯექით ღუმლის გვერდზე და ადესის ღვინოს ვსვამდით, მჟავე იყო „კაჭკაჭს დააჩხავლებდა“...
მაღლა ასახედი რომ მოგვირჩა...
ნათელა ხო გახსოვს ოსი? გოგიას ცოლი, ჩვენი მეზობლის „ჭლექის“, არ იყო წმინდა წყლის „გორაობდა“ და „ფანტავდა“ ხან ვისთან და ხან ვისთან. ერთხელ მითხრა: არაკაცი ხარო.
-რატომ მეთქი? -ვკითხე
მთაში ეთესა ჭლექს იმ წელს კარტოფილი. ამოღებას ვშველოდი, მაშინაც ბრმა კი არ ვიყავი, ორთავ თვალიდან. სამნი ვიყავით, მე ჭლექი და ჭლექის ცოლი. ვრჩებოდით უკვე აკრეფას და დაგვანება ჭლექმა თავი, წნიკიღა დარჩა, ორიმეშოკიღა აკრიფეთ და წამოდითო.
წავიდა თვითონ დალთველებისთვის შეშის ჩასატანად. დავრჩით მარტონი, მე და ის ქალბატონი, უკან მომდევდა ჯერ, მერე კი წინ წავიდა...
გამისწორდება წაიყუყება წინ, აჩენს ბარძაყებს, მუხლამდე მზემოკიდებულს, მაღლა კი თეთრს, თოვლივით თეთრს... წავააა, გაჩერდება ისევ...
მერე ჩამოჯდება და მრგვალი მუხლისთავებიდან გამხმარ მიწას იცლის, თან მომხედავს და მიყურებს...
მიყურებს და მიყურებს...
დამცხა, ავიჭერი, ხმელ ბელტებს ვყრიდი მეშოკში, კარტოფილის მაგივრად. ვფიქრობ წავწვდეეე, თან მეშინია არავინ მომატანოს, სისხლი კი მცემდა შუბლიში. კიდევ კარგი მოგვადგა ჭლექიც.
იქიდან გზაში ქმრის გვერდზე მჯდომი, გადმომხედავდა და ჩუმ-ჩუმად იცინოდა...
მერე ბიჭი რომ დანიშნა ვიჩხუბეთ, ვიწიეთ ერთმანეთზე, იმის ნათრევმა ცოლმა კი მომაძახა: „არაკაცი ხარო“!
ჩემს რძალს რაღა უნდოდა მეტი: რატომ გითხრაო?
რას ვეტყოდი?!
არადა მერე იტყვიან, შინაურია არ შეიძლებაო, თანაც არ გინდა შეხედე ღმერთს, გამურული სახით.
წვიმდა ისევ, ძაღლი არ გაიგდებოდა გარეთ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 7:53 pm

დათია ბადალაშვილი

გარე-გარე მოსიარულე

ბიჭი კი არ ჭრიდა, გლეჯდა ბალახს. შეაწუხებდა წელი, ჩამოეყრდნობოდა პირგალეულ ცელს და ფიქრობდა. ვერაფერს ვერ უდებდა გულს, იჯდა და სვამდა მარტო, აკაციასთან, მაღაზიის ჩრდილში. მოწევდა და აგრძელებდა თიბვას. ფიქრობდა, დაღლილზე მკლავების ტეხვა, სიცარიელეს დაავიწყებდა, სიცარიელეს, რომელიც დილით თვალის ახელისთანავე ასდევდა. ამიტომ არც უნდოდა გათენებულიყო. სწავლა მიატოვა, მიაჩნდა, შეიძლება იცოდე ბევრი რამ, მარა არა ის, როგორ გაუძლო და იცხოვრო. თუმცა აქაც ვეღარ პოულობდა ადგილს. გაგიჟდა მამამისი (არ აძლევს მაგის უტვინო თავი, მოსვენებასო ფეხებს) .
აღარ უთხრა მამას, აქაც არ ვარო კარგად. თათრებს მინდა გავყვე, საზაფხულო საძოვარზეო.
გაირეკავდა ცხვარს, წამოწვებოდა გადაღმერთილი კუნლის ძირში და წაიკითხავდა. შეეძლო დაეძინა კიდეც, სანამ ბალახის ხმელი ღეროები ტანზე ჭიანჭველებივით დაუწყებდნენ კბენას. მზეც მოძებნიდა და შუბლს ოფლით დაუწვეთავდა. მოდღევდა და ჩამოცხა გატყევებულ ბაღში. ჩერდებოდა და ოფლს მაისურის კალთით იწმენდდა. საერთოდაც, მიაჩნდა, რომ მზე შემოდგომითაა კარგი, ზედ რომ მიგიფიცხებს, ანდა გაზაფხულობით, წითელ ალუბალს თეთრად რომ ააფეთქებს, და არა ახლა, მწველი, შემაწუხებელი, მწვანე მინდორს შავად რომ ხრუკავს. დაიღლებოდა, ამოუვარდებოდა გული, ცელსაც ქვა გადაუბრუნებდა პირს. ჩერდებოდა, ამოიდებდა ცელს ლაჯებშუა და ლესავდა სალესავის ნატეხით. არადა, ის გოგო, აივანზე ფეხებშემოწყობილი, წიგნით ხელში, პატარა, მოხდენილი გაბუშტული ტუჩებით და დიდი თვალებით, რა იქნებოდა მასაც რომ შეჰყვარებოდა? დაენახა, როგორი მარტოა ბიჭი, შიშველი, უამრავ ჩაცმულთა შორის. კინაღამ მოიჭრა თითი, ბალახის ფოთლითა და ნაღვლიანი ღიმილით შეიჩერა სისხლი. ცელი დაშალა და შეინახა. დიდხანს აკვირდებოდა ადგილს, ამ ბოლოს ბევრი რამ ავიწყდებოდა. ტყე-ტყე წამოვიდა სახლში, არ უნდოდა არამკითხე მოსაუბრე გადაჰყროდა. მზე ისევ შემაწუხებლად აჭერდა ფიჭვის ტოტებიდან ოფლიან და ჭინჭრით დაფოთლილ ზურგზე. თავის ოთახში შესულს მთვრალი მამის საბანში ჩალაპარაკება მოესმა: „დადის გარე-გარე ლაჯაღებული ბოზი ქალივით“. ბიჭი გაირინდა, არაფერი უთქვამს. ოთახში შევიდა, ტახტიდან წიგნები გადაყარა და პატარა ძმის ტანსაცმელში გახვეული ცალლულა თოფი ამოიღო. ოთახიდან გამოსვლამდე დიდხანს უყურა საბანწაფარებულ მამას. ხევის პირზე ბებერ კაკალთან მისულმა თოფი გადატენა, ჩაიმუხლა და ნიკაპით ჩამოეყრდნო.
ღამეულ ნიავს მეზობლების სიცილის და წყლის ლუკლუკის ხმა მოჰქონდა.



study


Last edited by Admin on Tue Jan 22, 2019 11:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 7:54 pm

დათია ბადალაშვილი

თვალნაჭერი

ამბობენ რომ კარგი სიმთვრალე არ არსებობს. ზემოდან მაყურებელი ძველი ბერძნებიც დაათრობდნენ თურმე მონებს და აყურებინებდნენ შვილებს, ნახეთ როგორიაო ღვინით წყალწაღებული კაცი.
ზოგი სიმთვრალეში ტირის, ერთი სოფლიდან წასული ვიცი, ამოვა ბედის ანაბარ სახლში, დალევს დათვრება და სკდება ნიაღვარი სიბერით ამოღამებულ თვალებზე: “მენატრებაო დედა”.
დედამისი მაღლა ხრიოკ გორაზე წევს, სძინავს შავი ძილით. მე დალევა არ მჭირდება, დედის გახსენებაზეც მევსება სატირლად გული. ასე ვარ ხშირად, დარდით გავსებულ გულს ცრემლით ვცლი ხოლმე.
ზოგი სიმთვრალეში მუშტებზე იყურება, ახსენდება სიფხიზლეში რომ არასათანადოდ დააფასეს. მოკლედ რას გაიგებ,
მე რას ვაკეთებ მთვრალი?!
სწავლით თავს არ ვიკლავ, უაზრო ლექციის მოსმენას, კითხვა და კურსელი გოგოების თვალიერება მირჩევნია.
წაიკითხავ რამე კარგს,გადააგდებ თავს უკან და ჭერს შეჰყურებ, წაკითხულის გულთან მიტანას ცდილობ. თვალიერებაში შევაგულე ერთი, არც იტყლარჭებოდა და ისეც არ იცვამდა დორბლი რომ გაგვარდნოდა კაცს. შეხედავდი და იწვოდა თვალებით.
შუალედურ გამოცდაზე ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ვკითხულობდი. გამოცდაზე გასვლას არ ქონდა აზრი, უნდა მივსულიყავი და მეღრიჯა, დამეყარა კბილები ლექტორის წინ და მოვისმენდი მერე დამატებით ლექციას კარგად თუ სწორად ცხოვრების შესახებ. სხვა დარდი მქონდა (მენატრებოდა სოფელი, ისე მენატრებოდა,სადაც ყვითელ ფოთლებს ვნახავდი ამოვკრავდი ფეხს და ვაფრიალებდი)
იქ იყო ისიც, იჯდა და თაგორის (დღენი ჩემი სიჭაბუკისას) კითხულობდა. ერთხელ ცხვარში წავიღე ეგ წიგნი , ნოებელიანტიაო და დავფეთდი. არ დამაცადა წაკითხვა წვიმამ და ნისლმა.
გავბედე და მივადექი, რას კითხულობ მეთქი. გამარჯობა-გაგიმარჯოს, ორიოდე სიტყვა ლიტერატურაზე. მიღიმოდა კია მარა თვალებით მეუბნებოდა გაიარეო რა. სხვა რა გზა მქონდა გავიარე მეც. არ მოვუვედი თვალში. ისე მეც მშვენივრად ვიცი,მოსაწყენი და უმარილო რომ ვარ. ასე რომ არც ვოცნებობ, ვინმე ჩემს გამო რომ დაფეთდეს. არ ვკეკლუცობ მართლა გეუბნები, ჯერ კაცის კეკლუცობაა რაა, ეხლა საკუთარ თავთანაც რომ კეკლუცობს წასულია მისი საქმე.
დამამატა ფეისბუქში, გამიკვირდა. ალბათ არც ვახსოვდი და პროფილის სურათზეც არამიშავს.ძველი სურათია, მაშინ შუბლი არ მქონდა კეფამდე წასული და წვერიც არ მედგა ყვავის ბუდესავით.
გაუგზავნე ვიდეო, ჭილაძის ლექსის (შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი)
ნახა მაგრამ, “ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.მე კი მოუხშირე უნივერსიტეტში სიარულს და შორიდან თვალთვალი გავაგრძელე ისევ.
ვინც რა უნდა ის თქვას, სოციალურ ქსელს ერთი კარგი თვისება მაინც აქვს. გახსენებს ვისი დაბადების დღეა. ეს კარგი რაღაცაა იცი? ისეთი კაცისთვის ვისაც დედის დაბადების დღე ავიწყდება, შეიძლება ნივთი ხელში ეჭიროს და ამ ნივთს თარო-კუთხე დაუწყოს ძებნა. მილოცვის ტექსტის დაწერას რაღა უდგია წინ? თან ისეთის ვითომდა მისთვის ბედნიერების სურვილის მეტი დარდი არაფერი გაწევდეს გულზე. შინაურებზე არ ვამბობ რათქმა უნდა. ჰოდა გავიგე, მისი დაბადების დღის შესახებ.
წვიმდა თავსხმა წვიმით. პირველ სართულზე მანქანის ბოქსებთან დანგრეულ კედლის ძირში ყვითელი ყვავილი მეგულებოდა. მაღალი,პატარა ფოთლებიანი. ამ ყვავილზე ბავშვობაში მჯეროდა, რომ თუ სახლში მივიტანდი დედაჩემს ფუმფულა წიწილები დაეხოცებოდა.
მე კი ვკრეფდი და ჩემს მეზობელს ვუყრიდი ეზოში. სულაც არ მეცოდებოდა მათი წიწილები, ხანდახან ბავშვები დიდებივით სასტიკები არიან, ოღონდ მათ ჩვენ სავით ამის დამალვა არ იციან.
ვიარე კედელ-კედელ, არ მინდოდა ვინმეს დავენახე. მოვწყვიტე ყვავილი და წამოვიყოლე მწერლის პორტრეტებიან დაფას ამოფარებული წყალში ამოვლებული პატარა კნუტი. კნუტი პირველ სართულზე ,დიზაინის ფაკულტეტზე დავტოვე, იქ უმეტესობა გოგოა სტუდენტი და გამუჩნდებოდა პატრონი.
მივუტანე ყვავილი აუდიტორიაში,გილოცავ მეთქი. ჩვეულებრივი სახით, თითქოს ჩემი დიდი ხნის მეგობარი ყოფილიყო. სანამ რამეს მეტყოდა, გამოვბრუნდი. ბეჭებით ვგრძნობდი მისი მეგობრების ჩურჩულს და სიცილს.
ყვავილის მიტანა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო და როგორც ეტყობა მისთვის დასაბნევი.
ჰოდა ამის მერე დერეფანში შეხვედრაზეც მარიდებდა თვალს. შემოვიდოდა ბიბლიოთეკაში, დაჯდებოდა და მოსახვევს მუხლებზე იფარებდა.სიცივის გამო არა, ალბათ ჭვრეტა როარ დაეწყოთ შემფასებლური თვალებით. მე შენ გეტყვი, არ დაუწყებდნენ ყურებას?! მუხლები თეთრი, თეთრი, პირველი თოვლივით. მერე იცი რაა? ცოდოა ქალი როცა ის მორცხვი და მორიდებულია, ასე რომ უყურებ ხორცის ნაჭერივით. თუმცა არის მეორეც,შეხედავ და მოდის, ისე მოდის რომ თვითონაც იცის რომ ლამაზია, მოსწონს რომ უყურებენ. მარა რა? ვიღაც ხეპრეს დააჯიჯგნიჯებს თავს, რომელსაც სულაც არ ეცოდინება მისი ფასი.
ვიცი დამცინი, ტრუბადურივით მოსთქვამ და აგდისო მუზეუმის სუნი. რა ვქნა ახლა, უჩემოდაც ბევრია ისეთი რომელიც იმაზე ჰყვება თუ როგორ ხელცქვიტობს ღამე საბნის ქვეშ. ჰგონია კიდეც, კარგად ვწერო, მართლად, მიზანში გარტყმით. არა ისეთიც არ ვარ, შარავანდედი მედგას თავზე, უბრალოდ მაგათ კითხვას, ტინტო ბრასის ფილმს ვუყურო მირჩევნია, იქაც საკმაოდაა ხალხი, რაღაცეები რომ ვერ მოუნელებიათ.
სულ კაბები ეცვა ზამთარშიც და თხელი ფეხაცმელი.ყინვა ქვას რომ ხეთქავს. თოვლს თბილისს ვინ აღირსებს, აი ყინვა კი გიყვარდეს.
მინდებოდა, მივსულიყავი და მეთქვა:”არ გაცივდე მეთქი გოგო!” ვუყურებდი შორიდან მოფერების მომლოდინე ლეკვებმა რომ იციან ისე. კაცი ალალი კიარა, მორცხვი რომ გაჩნდება, აკვანში უნდა ამოახრჩო, თორემ გაიზრდება და თავის სიმხდალეს კარგ აღზრდას დაარქმევს.
ვბრაზდებოდი კიდეც, თმებით უნდა ითრიოს მეთქი კაცმა. მერე დავინახავდი რო იღიმოდა შუქიანი ღიმილით და მიბრუნდებოდა მისკენ გული.
წამომივლიდა ხანდახან, იქნებ მბჟუტავ ცეცხლზე წყალი არ დამისხას მივალ და ვეტყვი:”შენ ზედაც არ მიყურებ, მე კი ძალიან მიყვარხარ მეთქი”
ახლა მეუბნები შენ, დაიბრმავა ერთხელ უკვე თვალი, ვეღარ დაინახავსო ვერაფერს. არადა რა ვქნა?! ყველაზე კარგად ღრუბლებში ფრენა გამომდის. თანაც მირჩევნია სულელი ვიყო, ვიდრე ფეხიდან მოცვეთილი.
თუმცა მეც არ ვიცი ბოლომდე, რა არის კარგი და რა არის ცუდი. არც არავინ არ იცის, თუ ამბობს ვიციო, იცის ოღონდ უკვე მრავალჯერ ნამღერი და ნაღეჭი.
სჯობია გავაგრძელო.....
დასვენების წინ კურსელები რესტორანში წავედით.რესტორანში ის ისეთი ლამაზი იყო, ისეთი, შავ კაბაში, დავინახე და შემიგუბდა გული.ჩემს თავს პირობა მივეცი, მეცეკვა მასთან, პირველად ცხოვრებაში. შენც ხომ მიცნობ, დაფასთან ვერ გავდიოდი ლექსის სათქმელად.
ცოტა რომ აირია ხალხიც და სუფრაც მივედი, შეძლება ვიცეკვოთ მეთქი?გაიარეო არ უთქვამს მოერიდა ეტყობა. ზურგით ისევ ვგრძნობდი მისი მეგობრების სიცილს.
ვცეკვავდი და თავს ისე ვგრძნობდი, თოთქოს მასთან ერთად გვირილებით მოჩითულ მინდორში ვსეირნობდი.მესხმოდა თავბრუ მისი წელის გამო და მიწვავდა სახეს მისი თმები.
ღოგოორ ვცეკვავდი? ისე როგორც ოჩო ფეხებზე შემდგარი ბოსტნის საფრთხობელა. მითხრა კიდეც:”რიტმის შეგრძნება არ გაქვსო.....”
მომინდა მისი მზის სითბოთი სავსე გლუვ მხარზე მეკოცნა.....
ცეკვას მოვრჩი და არაფერი ვუთხარი, ტყუილად მოვიღლიდი ენას. მივხვდი, ადამიანი მისი შენდამი დამოკიდებულების გამო უნდა გიყვარდეს და არა ლამაზი ღიმილის და მრგვალი მუხლის თავების გამო.
წამოვედი არ მინდოდა მენახა, თუ როგორ იცეკვებდა სხვა ჩემზე უფრო მოხდენილთან. ღამით გმირთა მოედანზე, ვიღაც სამხედრო ფორმიანს მიეშვირა ფეხი მარადიულ ცეცხლზე და ითბობდა. არ მივაქციე ყურადღება, ისედაც ფიქრისგან მტკიოდა თავი.

მე კი მთვრალი ცეკვას ვიწყებ ამ ბოლო დათრობისასაც ვიცეკვე, დეკემბრის ცივ და მშრალ ღამეს,გამთენიისას.
ისე ვცეკვავ, თითქოს მარტო ვიყო, გარეთ კი თბილი წვიმით წვიმდეს.
ახლა სოფელში ვარ. იქნებ აქ ერთ ადგილას ყოფნით უფრო დავინახო სამყარო. ქვაც ხომ იქამდე იგორებს, სანამ მყუდრო ადგილს არ მოძებნის და გაჩერდება. შენ კი დაამატებ, ის ქვა მერე ხავსს იკიდებსო, თუმცა ჯერ მე გააჩერებელი მოვძებნო.....
გადმომძახებს ხოლმე ჩემი მოხუცი მეზობელი შოთა. თვალნაჭერი არა გყავსო ბიჭო?(შეყვარებულიო ანუ)
მე კი ალუბალზე ვფიქრობ, ყვავის, ცოდოა არ იცის, მარტის მზაკვრობის ამბავი, თუ იცის და არ ეპუება მაინც?!

2016


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 7:56 pm

დათია ბადალაშვილი

ლანა

დრო იყო ასეთი, ყველა გავგიჟდით და ამ სიგიჟის დროს მე მიყვარდა. რა უნდა ვთქვა ახალი სიყვარულზე?! მასზე იმდენი ბრძნული ამონაფრქვევი მაქვს მოსმენილი დე ლა როშფუკო შურით დაიკვნეტდა ფრჩხილებს. ახლა უამრავი ურვა, კვნესა და ცრემლი.
მე ცრემლზე არ დავიწყებ მოყოლას, როგორც ამბობენ ყველას თავის სამყოფი „მძიმე ცხოვრება აქვს“.
მაშინ დროებით, თბილისის ერთ მზით და ფიჭვებით სავსე უბანში ვცხოვრობდი. უნივერსიტეტიდან გამოსული მთელ დღეებს ცაცხვის ქვეშ, ძელ სკამზე, კითხვაში ვატარებდი.
ის კი ჩემს დაბლა ცხოვრობდა, კლდის პირზე, ხის აივნიან სახლში. ადრე ამ სახლებში საბჭოთა დროის მინისტრები ისვენებდნენ. მერე ქვეყანაც რომ აირია და ხალხიც, ხან ვინ შესახლდა და ხან ვინ. სტიქიით დაზარალებული სვანები, ჩვენ მეზობელი უბნებიდან და დევნილები. დევნილი იყო ისიც და ობოლი. მამამისი ჭუბერის უღელტეხილზე მოუკლავთ ქართველებს, დაყაჩაღება სდომებიათ. ცხოვრობდა კლდის პირა სახლში, დედასთან და დასთან ერთად.
დიდი შავთვალებიანი, შავი თმებით და სქელ მინიანი სათვალით. ასეთი სათვალე ჩემ მათემატიკის მასწავლებელს ეკეთა, სათვალეც კარგად მახსოვს და ქარვისთვლიანი ბეჭედიც, თავში რომ მიკაკუნებდა ხოლმე.
ჩამოდიოდა ფიჭვის ხმელი წიწვებით მოფენილ გზაზე და კატას მაგონებდა. კატას, რომელსაც არ უნდოდა თათები რამით დასვროდა. ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ უნდა სცმოდა გოგოს ასეთი სქელ ძირიანი ფეხსაცმელი და რატომ უნდა ეთრია ასე მძიმე ჩანთა. გარეთ ჯდომით კი, მისი მთელი დღის განრიგი ვიცოდი - როდის იღვიძებდა, როდის მიდიოდა სასწავლებელში და როდის ბრუნდებოდა იქიდან.
მისი კატის მაგვარი მოძრაობა მაშინ დაირღვა, როცა მზის გულზე ანკარა დაინახა, მე კი ეზოში ვიჯექი და ვკითხულობდი ნახევარი თვალით.
ჩემი ქალების ცოდნა იქიდან ჩანს, რომ მეგონა მთელი დღე კითხვით ითხრიდა თვალს. მას კი მეგობრებთან გართობა, მუსიკა და თეატრი ჰყვარებია.
გავიცანი და მიღამდებოდა თვალები, მისი ლოდინით, რომ ის უკან მობრუნებული სახლამდე ჩამეცილებინა, სულ რაღაც ოცდაათი მეტრი. სამი ჩაცილების შემდეგ მივხვდი, რომ მიყვარდა.
ჩემი უბედურება თუ ბედნიერება ის იყო, ჯერ არავის ეთქვა ჩემთვის მიყვარხარო. მე კი სიყვარულს ყველგან ვეძებდი, პირველად ნანახი გამყიდველი გოგოს შემოხედვაც საკმარისი იყო, რომ მთელი დღე მასზე მეფიქრა.
არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს აშოლტილ ფეხებზე ან ნახატ სახეზე დავფეთებულიყავი და მეთქვა, მიყვარს-მეთქი. არა, მაშინაც კი, როცა ისეთ ასაკში ხარ მოშიშვლებული მკერდის ნახვისას უბისკენ რომ გაგირბის ხელი.
შეყვარების მიზეზი კი ჩემი მგრძნობიარე ხასიათი და მისი ყურადღება იყო, ჩემს მიმართ რომ იჩენდა. საერთოდაც მიკვირდა, წყალწაღებულს ადამიანურად რომ დამელაპარაკა. ასეა ხშირად, კაცებს ბევრად უკეთესი ქალები ხვდებათ, ვიდრე იმსახურებენ.
ამბობენ ცხოვრებაშიც და სიყვარულშიც ბოლომდე არაფერი არ უნდა თქვა. მე კი არ ვიცვლები, ადამიანმა რაც უნდა სვლები გათვალო შენი ხასიათი მაინც იჩენს თავს.
მასთან დარეკვა იმას ჰგავდა სახლში საინტერესო წიგნი რომ გაქვს და შენ იზოგავ, არ კითხულობ, გენანება, არ გინდა, რომ მალე დამთავრდეს. თუმცა დასარეკად მოკრებილი სიმამაცე მისი ხმის გაგონებისთანავე სადღაც მეკარგებოდა.
ღრუბლებში დავფრინავ არა?! დავფრინავ და მინდა დამაცადონ.
კაცი რაც არ უნდა უჭკუო იყოს, თავის სამყოფი ეშმაკობა მაინც აქვს. მორიგი ჩამოცილებისას სინანულით ვუთხარი, თეატრში არასოდეს ვყოფილვარ-მეთქი. მისი დაპატიჟება მინდოდა და შორიდან ვუვლიდი. თვითონ დამპატიჟა, ამ დღეებში სპექტაკლს შევარჩევ და წავიდეთო. დამირეკა ოთხშაბათს და მისი ხმის გაგონებისთანავე სადღაც სიღრმისკენ გამექცა გული. პარასკევს, რვა საათზე მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლია, არ დააგვიანოო.
პარასკევამდე ორი დღე მქონდა. მომზადება ხუთშაბათს დავიწყე პატარძალივით. ყოველთვის ყველგან ვაგვიანებდი, გვიან დავიწყე სწავლა, გვიან წერა. ამიტომაც ამბობდა მამაჩემი: „არ აძლევსო მაგის უტვინო თავი მოსვენებასო ფეხებს“.
ვიცოდი ჩემი ხასიათი, რაც არ უნდა გავფრთხილებოდი ტანსაცმელს, სახლში მაინც ტალახში ამოვლებული ვბრუნდებოდი. მწარე გამოცდილებით დაბრძენებულმა გადავწყვიტე, დილით ლექციაზე წავსულიყავი და მერე დამეწყო მომზადება წასასვლელად.
დილა კი თარსად დაიწყო...
ვიჯექით, ფიზიკის ლექციაზე სულ სამნი და მე ვჯღაბნიდი რაღაც ტალღების შესახებ ლექტორის დასანახად. ის კი არც ყურადღებას მაქცევდა და არც კითხვაზე მპასუხობდა. როგორც „უინტერესოს ქვეყანა-ცაზე“.
ჩემთვის ნაყოფიერი ლექცია დასასრულისკენ წავიდა და მეც სიგარეტი მოვიჩხრიკე ჯიბეში. ამ დროს შემოვიდა სხვა ლექტორი ქალი, ჩემი ლექტორის სანახავად. საუბარი უნივერსიტეტის უნიჭო თაობის შესახებ დაიწყო და მათ შემჭკნარ სილამაზეზე საუბრით გაგრძელდა. მეგობარი ლექტორის შენიშვნაზე „კარგად გამოიყურებიო“, ჩემმა „გამმანათლებელმა“ ნაზად მიუტყაპუნა შენახულ საჯდომზე ხელი და დაუყოლა - „არც შენ გამოიყურებიო ცუდად, მარტო ერთი ადგილი გაგდიდებიაო“.
მეშველა. ზარი დაირეკა და დავადე თავი. საჯდომი და ტალღები, შავი ჭირი და ჯანდაბა-მეთქი თქვენ.
დაკვირვება მაქვს, სარკეში ყველაზე დიდ ხანს ის იყურება, ვისაც თავისი თავი ან ძალიან მოსწონს, ან და ძალიან არ მოსწონს. მე მეორე ვარ, თანაც, იმას ვხვდებოდი, ვინც ძალიან მიყვარდა. ფეხსაცმელს და შარვალს არაუშავდა. ჩემ საკუბოვე პერანგს კი გავუსვი უთო და გავუყოლე საყელოზე შავი ზოლი. მქონდა სათეატრო პერანგი ჭვარტლში ამოვლებულივით. შვიდი ხდებოდა უკვე...
გამოვვარდი ტაქსით, ვერ ვისვენებდი სავარძელზე, თავბრუ მეხვეოდა სიგარეტის სიგარეტზე წევით. ნახალოვკასთან ატმის წითლად აფეთქებული ყვავილი მოვტეხე და ჯიბეში ჩავიდე.
პაემანზე გოგოსთან, რომელიც ძალიან მიყვარდა დავაგვიანე. მერჩივნა მიწა გამხეთქვოდა. ვეხვეწე დაცვას შემიშვით მეთქი, მაგრამ არ შემიშვეს. „სულ სხვა სპექტაკლია, პარტერშიაო მოქმედება“. მერე ვიღაც მოხუც მსახიობს ვეხვეწე კიდევ, რომელმაც ისე მიპასუხა, სხვა დროს მოვაღებდი პირს და შევამკობდი გემრიელად. წავედი და გახეთქილ გულზე მეტროსთან პლუტარქეს „ბიოგრაფიები“ ვიყიდე. ისე, პლუტარქეს კითხვას მერჩივნა, წამეკითხა რამე დამრიგებლური ხასიათის წიგნი, სათაურით: „როგორ არ ვიყო გამოშტერებული“.
გამოვიდა თეატრიდან, საყვედური არ უთქვამს, ისეთი სახე მქონდა, შევეცოდე მგონი.
გაწვიმდა. არ მიყვარს წვიმა ქალაქში, სულ სხვა სუნი აქვს. ქურთუკი გავიხადე და მხრებზე მოვასხი. მივეცი ყვავილიც და ვუთხარი: „ფერიასავით ლამაზი ხარ-მეთქი“. გაიღიმა შავი წყლიანი თვალებით, ფერიები ქერები არიანო და მხარზე ჩამომეყრდნო. მე სუნთქვა შევწყვიტე. სანამ მეტრომდე ავედით, თავსხმა წვიმით წვიმდა.
ის ლაპარაკობდა, მე ვუსმენდი. მეშინოდა, ჩემი სიტყვის ჩაკვეხებით არ გაჩუმებულიყო. მივხვდი, ეს ხმა ისევე მჭირდებოდა, რომგორც დაღლილს,ზაფხულის ხვატში ნამუშევარს, ცივი წყალი. გზადაგზა წვიმაში ვუყვებოდა მას ჩემს ამბებს შელამაზებისა და გულჩვილობის გარეშე. უკვე სიყვარულია, როცა რაღაცის მოყოლა გინდა მისთვის.
დავემშვიდობე და იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გავაფუჭე. მიუხედავად ამისა, მას არ უსაყვედურია ჩემთვის. დამიჯერე, ხანდახან სულაც არ არის ქალის თავაზიანობა კარგი.
მენატრებოდა, მახსენდებოდა მისი წყლიანი ღიმილი და მევსებოდა სითბოთი გული.
ვუყვარდი მას თუ არა? არა, არ ვუყვარდი. ალბათ ჩემი შეყვარება ძალიან რთულია.
მოვუყევი ცოტნეს ჩემი მორიგი გმირობის ამბავი. რომ გითხრა გაუკვირდა-მეთქი, მოგატყუებ. უბრალოდ, უფრო მეტი იცინა, ვიდრე მაშინ, როცა ვიქცევი და ფეხს ვიტეხ, მჟავით თითებს ვიწვავ და ტელეფონს ვკარგავ კვირაში ერთხელ.
მინდოდა დამეჯერებინა, რომ არ იყო დაკარგული ყველაფერი. გადავწყვიტეთ, ისევ თეატრში დამეპატიჟებინა. მოვძებნეთ სპექტაკლი შექსპირის. ახლა უკვე ბუღაძის ინტერპრეტაციით.
ფული, როგორც ყოველთვის, არ მქონდა და გადავწყვიტე, სასესხებლად ჩემს ნათესავს მივდგომოდი. მოხუცი ისეთი ქალი იყო, რომლებიც არასოდეს იცვლებიან-ოთხად მოკეცილი და შავებში ჩაცმული. ფული ვთხოვე და ასე მითხრა მოგცემდი მარა მომპარესო. არ იცოდა ქურდი ზუსტად, ვარაუდობდა. ხომ იცი ჩემი შვილიშვილი როგორ მეზიზღება, ფულს მაგიდაზე განგებ ვტოვებ და ხელს არ ადებსო. დაამატა კიდეც თავის მართლებით- „იმიტომ მეზიზღება, რომ დედა ბოზი ჰყავს და იცავს, თქვენ უგონებთ“. რაღა მეთქვა, გამოვხატე ღრმა მწუხარება მისი დანაკარგის გამო.
გამიხარდა დედა ბოზი რომ არ მყავდა და დასაცავი რომ არ მიხდებოდა. ისე, მე სულაც არ მეშინია სიბერის, ლამაზებსა და მდიდრებს უნდა ეშინოდეთ, თორემ მე არც ერთი ვარ და არც მეორე. როცა აღარ ვიცოდი რა მექნა, ცოტნემ დამირეკა, მეტრო „300 არაგველზე“ მოდიო სწრაფად.
სიცხით იწვოდა ქუჩა, მე ლოდი მაწვა გულზე. ამოყავით თავი ორმა ჯიბეგაფხეკილმა მეგობარმა სისხლის ცენტრში თავში. სისხლის ჩასაბარებლად რიგში ცოტნე ჩადგა. მე შანსი არ მქონდა, ქარში ლოტკინის აღმართზე მიმავალს, ლამის ქვები ჩამეყარა ჯიბეში. ვიღას არ ნახადი რიგში- ჯარისკაცებს, მოთამაშეებს, კაზინოში რომ უღამდებათ და ვიღაც ფულიან ახვრებს უფრო რომ ამდიდრებენ. ცოტნეს, ვიღაც სქელგავა ქალმა, ჩაი დაალევინდა, მერე კი შეიყვანა სისხლის ჩასაბარებლად. ეს ეშმაკი შეიყვანეს თუ არა, ვითომ ცუდად გახდა. ხან თავი უვარდება მკვდარივით, ხან კი თვალებს ძველი მრიცხველივით ატრიალებს. მე კი გარეთ მოვარღვიე სკამი ნერვიულობით. გამოვედით გაფულიანებულები. მე, დაღლილი და მშიერი ძლივს მოვათრევდი ფეხებს. მეტროში ჩავედით და ის ჯარისკაცები ვნახეთ, ჩვენთან ერთად რომ ჩააბარეს სისხლი. ისხდნენ არხეინად და შოკოლადს შეექცეოდნენ. ცოტნე მომიბრუნდა,-„შიკოლადი რომ დაგვავიწყდა? უნდა მოეცათ...“ მე გამეცინა და მხრები ავიჩეჩე, დაანებე-მეთქი ცოტნე თავი. სისხლი ჩავაბარეო და არ დავუტოვებო ჩემს შოკოლადს იქ. ადგა და წავიდა. უკან ზებრაზე მომავალი კრეჭით ჭამდა სისხლის მაგიერ შიკოლადს, მეორე ნატეხი ხელში ეჭირა ჩემთვის. მისი შემყურე ეს დანაკარგგანცდილი მივხვდი, არის რაღაცეები, რისთვისაც ღირს იცხოვრო, ის რაღაცეები, რომლებიც გაძაღლებულ სიცოცხლეს გაძლებინებს.
დროა ასეთი მეტროშიც გვეჩქარება, ყველას გვეჩქარება, წუთები საათები გვიხდება და დროის დაკარგვის შეგრძნება გვღრღნის. მე ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობდი. უცბად ვაგონი შექანდა და ჩემს წინ მდგომი გოგონა შებარბაცდა. მეზობელ ბიჭმა იმარჯვა და ხელი შეაშველა. გოგო გაწითლდა, გადამრჩენელ ბიჭს მადლობა გადაუხადა და თავი დახარა. ბიჭმა მიბრუნებულ გოგოს საჯდომზე გახედა და დაჯდა. ტელეფონს დაუწყო კირკიტი. გოგოს გადამრჩენელი აშკარად მოეწონა, რამდენჯერმე გახედა მადლიერი თვალებით. ბიჭი ისევ სხვა მხარეს იყურებოდა და ვერ ამჩნევდა გოგოს აღტაცებულ მზერას. ჯანდაბა, ამ მზერის გამო ღირს ცხოვრება, ლამაზი ქალის მადლიერი მზერის...
შემშურდა იმ ბიჭის? შურისას რას გაიგებ?! შეიძლება ავტობუსის გაჩერებაზე სიცივით აკანკალებულს ჩავლილ მანქანაში მგზავრის შეგშურდეს, ზოგს კი პირში სული რომ გიდგას ის შურს შენი. არა, არ შემშურებია. ძალიან, ძალიან მინდოდა საგიჟეთში ბიჭსაც შეეხედა გოგოსთვის.
სახლში აბრუნებულმა მივწერე და შეხვედრაზე შევთანხმდით. ღამით კი გაწვიმდა, კი არ გაწვიმდა ცა ფეხად ჩამოვიდა. მდინარე რომელსაც, დამამცირებლად რეჩკას ეძახდნენ ადიდდა. გზა კი რომლითაც შაბათ კვირას სოფელში ავდიოდი ჩამოინგრა.დროებით ჩაკეტილმა მდინარემ ცოდვის კალო დაატრიალა მძინარე ქალაქში. ის იქ იყო ღამით,გმირთა მოედანზე მე მეძინა.
დილით გაღვიძებულმა ქალაქმა დაინახა რომ, ამქვეყნად ბევრად უარესი შეიძლება მოხდეს. უგზოუკვლოდ დაკარგული და მანქანებში ამომხრჩვალი ხალხი, გაოგნებული ბეჰემოტი მოედანზე, შეშინებული დათვის ბელი გამათბობელზე....
რამდენიმე თვის შემდეგ დანგრეულ ქუჩაზე მოვხვდი. ჭადრის ფესვები სახლის აივნებზე. გამხდარი ძაღლები შიშჩამდგარი თვალებით, მიწით ამოვსებული მანქანის წინ. გამმხმარი მიწით ფურცლებ მიკრული, ანა კარენინა. შეეცოდა და წამოვიღე. სუნი შმორის თუ სიკვდილის. მაღალ ხმელ ხეზე უამრავი ყვავი, როგორც ნაყოფის შავი კუნწულები. და მე დავინახე ის, შავ თვალებიანი, დიდი სათვალით და მძიმე ჩანთით, წყლით ჩამქრალი მარადიული ცეცხლის წინ...
უკან გამობრუნებულმა რაღაც ლაბორატორიის შენობაზე ვიღაცას მიეწერა დიდი ასოებით, წარღვნამდე თუ მის შემდეგ." ღმერთი დიდია ის გადაგვარჩენს"

2016


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 11:49 pm

დათია ბადალაშვილი

ბიჭი

მამამისი და მისი ძმებიც ომში იყვნენ. უმამობას არ განიცდიდა, უიმისობა ახარებდა და თავს ცოტა დამნაშავედაც გრძნობდა ამის გამო.
მამამისი შავი კაცი იყო-ფერითაც და ბუნებითაც. მიწაში მაცქერალი და კომშის ტანივით დაგრეხილი. სახეზე შეხედავდი და კაცი იფიქრებდი გველი უზისო უბეში.
ნახირიდან მობრუნებული, როგორც საქონლისთვის იმეტებდა სახრეს ისე ცოლისთვის და შვილებისთვის.
უმწეო ბრაზით გატენილი ბიჭი, ამ დროს თავლაში გარბოდა ცხენთან. თავლაში თბილოდა ცხენის ამონასუნთქის და ახალი, თბილი ხუშკის გამო. არც ყურებზე ხელის აფარება სჭირდებოდა, სახლიდან გამოსული ყვირილი რომ არ გაეგო. მას ამ ყვირილზე ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაც თავში დიდ ჩაქუჩს სცემდა და ლოდსაც ადებდა გულზე.
ახლა ამ ამბის გახსენებაზეც ისევ უგუბდებოდა შიშით გული...
ცხენი წითელი იყო, შუბლზე თეთრი ვარსკვლავით და ისეთი ჭკვიანი, ბავშვი რომ გასძრომოდა ქვეშ, ფეხს არ გაიქნევდა.
მთვარიან ღამით, როცა სოფელი იძინებდა, ბიჭი ცხენით მთისკენ, კარტოფილის ნათესებში მიდიოდა. ცხენი სიბნელეში ფეხდაფეხ მისდევდა თავის პატარა პატრონს, აღვირზე ხელის მოკიდება არც სჭირდებოდა. ალბათ ხვდებოდა, რომ ახლა დაფრთხობა არაფრით არ შეიძლებოდა. ბიჭი უკვე გადათხრილ მიწაში მონარჩენ კარტოფილს ეძებდა. ნაპოვნს ჯვალოს ტომარაში ყრიდა და სანამ ინათებდა და უცხო თვალი გაიღვიძებდა, უკან ბრუნდებოდა სახლში.
ომის დაწყებიდან მესამე წელს მოვიდნენ, კუშტი სახით და უთხრეს, რომ მისი ცხენი სამშობლოს სჭირდებოდა და უნდა წაეყვანათ.
ბიჭი ვერ მიხვდა მამისა და ძმების შემდეგ, რისთვის დასჭირდა სამშობლოს მისი გაზრდილი ცხენი.
ვერაფერს გახდებოდა; მუჭა ხორბლის გადამალვის გამო წითელ კედლებთან ხვრეტდნენ ხალხს...
დაუბარეს კიდეც, რომ მეზობელ სოფლამდე ცხენი თვითონვე უნდა მიეყვანა. როცა ეს ხალხი წავიდა, დედამისი ატირდა. ბიჭს ახლა ძალიან აღიზიანებდა და გულს უწვრილებდა დედის ჩუმი ტირილი. დედის, რომელიც უყვარდა და ეცოდებოდა მისი აჯამი ქმრის გამო.
ისე, მშობლებმა რომ იცოდნენ როგორი ყოფა ელით მათ შვილებს, ნაკლებს იწუწუნებდნენ მათთან საკუთარ უბედობაზ.
გაკერპებულმა შეიტანა თავლაში ავშარა და უნაგირი. ცხენისკენ არც გაუხედავს ვერ ბედავდა თითქოს. ყრუდ გამოხურა კარი და ქვის კიბეზე ჩამოჯდა. ზაფხულის მშვიდი ღამე იყო, მუდამ მოცლილი ჭრიჭინების ჭრიჭინი და საქონლის მშვიდი ფშვინვა ისმოდა.
რაზე ფიქრობდა ბიჭი? შიმშილზე უცხენოდ თუ უფრო ერთადერთ მეგობარზე, რომელიც ხვალ უკვე სხვის ხელში მოხვდებოდა, ვისთვისაც უბრალოდ ოთხფეხა ტვირთ მზიდავი იქნებოდა და არა მეგობარი და გულის დამწველი.
ის ღამე თეთრად გაუთენდა, დაწოლას აზრი არ ჰქონდა, დარდიანს საწოლი ცხელ ნაკვერჩხლებად ექცეოდა.
მზე ამოიწვერა თუ არა, სახლიდან გამოვიდა. არ უნდოდა დედამისს დანახებოდა. ცხენი ისე თვინიერად მიჰყვებოდა უკან.
ცხელოდა გულის სიცხით იმ დილას. თუმცა მარტო იმ დილით არა, მთელ ზაფხულს წამლად არ ჩამოვარდნილა წვეთი ციდან. მიწა ბებრის ხელებივით დაშაშრული და დამსკდარი იყო.
შუა გზაზე, კვირაცხოვლის ნიშთან, ბიჭი გაჩერდა და ცხენი კუნლის ხეს გამოაბა.
ერთხანს იდგა და დახეთქილ მიწას დაშტერებოდა. ცხენიც უწადინოდა, გულმიუსვლელად წიწკნიდა მზისგან დამწვარ ბალახს.
ბიჭმა თოკი შეამოწმა კარგად იყო თუ არა მიბმული ხეზე, მერე კუნელს მოზრდილი, ეკლიანი ტოტი მოატეხა და ცხენს მიუახლოვდა. ხელი ფაფარზე და გრძელ კისერზე გადაუსვა. ცხენმა თვალები დახუჭა, გაიტრუნა. ბიჭი ზუსტად, ისე ეფერებოდა, როგორც ფეხიდან მოცვეთილი ნალის აძრობისას ეფერებოდა ხოლმე. მერე ბიჭმა სახე გზისკენ მიაბრუნა და ეკლიანი ჯოხი ცხენს გამეტებით მარცხენა თვალში ატაკა.
ტკივილისგან გაგიჟებული თვალ ამოთხრილი ცხენი იყალყებოდა და უშედეგოდ ცდილობდა თოკის გაწყვეტას.
მერე ის ეკლიანი ჯოხი გამეტებით, რამდენჯერმე გულდაგულ დაისვა სახეზე.
იჯდა სიპი ქვით ნაგებ გზაზე და არც ცდილობდა მტვრიან სახეზე წამოსული, სისხლისა და ცრემლის მოწმენდას.
ტიროდა, ცხოვრებაში პირველად მოუწია იმის გაკეთება, რაც ძალიან, ძალიან არ უნდოდა.
მაგრამ ეს ცხოვრებაა და ამის გაკეთება ალბათ კიდევ ბევრჯერ მოუწევდა.
ბიჭი დაბარებულ ადგილას თვალამოთხრილი ცხენით და სისხლიანი სახით მივიდა. ყველაფერი ასკილის ბუჩქს და ცხენის დაფრთხობას დააბრალა. ცალთვალა ცხენი ომს აღარ სჭირდებოდა და უკან გამოატანეს.
ომი დამთავრდა და მამამისი არ დაბრუნებულა. წვიმა კი მოდიოდა. დახეთქილი გზა ლბებოდა. წვეთები პატარა გუბეში ტალღებსა და რგოლებს აკეთებდა. ბალახიც სიცოცხლეს იბრუნებდა და იღვიძებდა.
ამბობენ რომ იმ გზისკენ აღარასოდეს გაუხედავს, მთისკენ კი ისევ მიდიოდა ცხენით. მარა ახლა ბნელ ღამეს ერიდებოდა, ცხენის ბრმა თვალის გამო.
ამბობენ, რომ ტირილით ერთხელ კიდევ იტირა, როცა მისმა პირმშომ აპრილში ჯერ ისევ ყინულიან მდინარეში იბანავა და გათავდა. კაცმა ქვა წამლად უქცია, მარა ვერაფერი უშველა. სხვა დროსაც ევსებოდა კაცს გული სატრილად, მაგრამ დიდი იყო და უჩუმრად დასდიოდა გულზე ცრემლი.
ჩემ ხსოვნაში ის უკვე ბებერი იყო, მარტოხელა. დადიოდა შავად დაწინწკლული შარვლით,-კარგად რომ ვერ ხედავდა, ზედ იფსავდა ხოლმე. სიზმარშიც ვნახე ერთხელ. ნოემბერი იყო ვითომ, ნისლიანი და ცივი, ბოროტი კაცის თვალებივით. ის კი დიდი კაკლის ძირში ჩამჯდარიყო. გამწარებით ურევდა ხელებს ხმელ ფოთლებში. ნაყოფს ეძებდა და ვერ პოულობდა, ხან ტოტი მოხვდებოდა და ხან მიწის კოშტი. ბრმა იყო ორთავ თვალიდან.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyTue Jan 22, 2019 11:53 pm

დათია ბადალაშვილი Datia_10

დათია ბადალაშვილი

ფიჭვები შორს იყო

მოვა თებერვალი, გაზაფხულის პირი, აამღვრევს ბუნებას და უჩენს ადამიანს ჩუმ სატკივარს, მოხუცებს განსაკუთრებით. ეხუმრები შენ ოთხ მკვდარს ორ კვირაში?! მეხუთე ბოტანიკის მოხუცი მასწავლებელი იყო, ნამლევა, მკაცრი. როცა გავაბრაზებდი, მემუქრებოდა, ფანჯრიდან გადაგაგდებო, უკვე მეცხრეკლასელ ვირს.
წავყევი მეც მესაფლავეებს, ჯერ ერთი, დავაღამებდი დღეს, მეორეც, მახსოვდა მისი ნასწავლი ბუტკო და ფოტოსინთეზი. წავედით საფლავის გასათხრელად: ერთი მოხუცი ყრუ-მუნჯი, ერთიც შუახნის, ლოთობით გვერდზე გადაღმერთილი, ერთიც ჩემხელა, აქა-იქა კბილებით და მე - უშნოდ გამომღამებელი წუთისოფლისა. გამოგვყვა სასაფლაოს ცალთვალა ყარაულიც, მოგვიზომა და მოგვადგა კოჭლი ბებერი თავთიხაც. ადრე სასაფლაო ჩემი სათიბი იყოო, იხტუნავა კალიასავით კოჭლი ფეხით, აქეთ გზისკენ ნუ გადმოხვალთ, მე და ჩემი ცოლი უნდა დავიმარხოთო. კაცი გულზე დასაყრელი შავი მიწითრომ ვერ გაძღება...
მიწა რბილია. რამდენიმე დღის წინ აქ თოვლი იდო, თებერვლის დღენაკლული თოვლი, და ებრძოდა გაზაფხულს, როგორც ჩემი მასწავლებელი სიკვდილს. გაღმა ძველი სასაფლაოა, სოფლის ასაკის. ვიღას არ ნახავ ქვაზე ამოკვეთილს, კავიან მეცხვარეს თუ გუთნისდედას. ფიჭვი დგას ბევრი და სოჭი. მიწა მაგარი, სალი კლდე, ამიტომაც ხალხი აქეთ მარხავს, ახალ სასაფლაოზე, არავის უნდა თავის მკვდარს გულზე ლოდები დააყაროს. თანაც ძველ სასაფლაოზე საფლავის გათხრისას შეიძლება ვიღაცის კუბოს მოახვედრო წერაქვი. კუბო სანამ მიწაშია, საღია, მოხვდება მზის სხივი და იშლება. ძვლებია მარტო, ტომარასავით ჩამოცმული ტანსაცმლით. მესაფლავეები შეყოფენ კუბოში ხელს და სასმელს ეძებენ. ძველ სასაფლაოზე შეიძლება შენი მკვდარი ვიღაცას დაამარხო გულზე. სხვისი არ ვიცი და, სიკვდილი ჩემთვის მოსვენებაა და სულაც არ მინდა ვიღაცას ვაწვე გულზე.
ახალ სასაფლაოზე ბებერი კაკლებია, უამრავი მარმარილო თუ გრანიტი, ვერ ვერკვევი კარგად, მარჯვნივ წმინდა გიორგის საყდარი, მარცხნივ - ღვთისმშობელი. ღმერთთან სალაპარაკოდ გამოვდივარ ხოლმე.
მიწის ზედაპირს ბელტებს აჭრი და საფლავის პირზე ალაგებ, მიჯნა რომ არ დაგერღვეს. მერე ნელ-ნელა სიღრმეში ჩადიხარ, მიწას მაღლა ყრი, შორს არა, იქვე. ხვალ დილას ისევ შენ უნდა მიაყარო. მუნჯი მიტევს, ნიჩაბს ნუ მაწვდიო ხელში. არ შეიძლება თურმე, მეც მეცინება და მიწაზე ვაგდებ.
ჯერ თიხა გვხვდება, მუდმივად სველი, მერე კი შავი მიწა, ისეთი შავი, იფიქრებ, ვიღაცას განგებ გაუპოხიერებიაო. გვერდზე გადაღმერთილი ფილოსოფოსობს: „რამდენი შეჭამა ამ მიწამ და კიდევ რამდენს შეჭამს“.
ზომა, როგორც წესი, მეტრანახევარია, მალ-მალე ჩაზომება გვეზარება. როცა ზედაპირს ნიკაპით გაუსწორდები, საფლავი მზადაა.
ვლაპარაკობდით იმაზე, როგორი კარგი ამინდი დაუდგა მიცვალებულს - არც ჭირისუფალს აწვალებს და არც მოტრიალეს, მოუვიდოდა ხალხი თუ ვალი დაედებოდათ.
ვიღლები, ხელიც ამებებრა, ამოვდივარ და აკოკოლავებულ მიწაზე ვჯდები. მაღლა გაიფიქრებ - ვისაც ვერ იტან, იმისთვის ბელტსაც არ გადააბრუნებ. ეგაა მხოლოდ, გაგიჭირდება საყვარელი ადამიანისთვის მიწის მიფარება. იმაზეც იფიქრებ, არა, ინატრებ, არ ნახო მათი სიკვდილი, ვინც გულით საყვარელია შენთვის. ამისთვის მზად ხარ, რომ შენ წახვიდე წინწინ.
გამოგიგზავნიან საჭმელს, ჯდები, არც იბან, იფშვნეტ გამხმარ მიწას ხელიდან. პირველს ახლად შესვენებულს მოიხსენიებ, მერე უდროოდ წასულებს, ვინც გული დაგვწყვიტა. იქნებ ის უდროოდ წასული უფრო მეტს მიხვდა, ვიდრე მე მივხვდები, დროულად რომ წავიდე? არ ვიცი.
კიდევ მოიხსენიებ უპატრონოებს, აღდგომას წითელი კვერცხის გამგორებელი რომ არ ჰყავთ.
სასმელისგან შეხურებული რასაც იტყვი, აღარაა საინტერესო.
როგორ შეიძლება კაცი თებერვალში მზეს დაემდუროს, ნუ აცხუნებო? მაგრამ მაჭერდა სასმელით გახურებულ შუბლზე. ფიჭვები შორს იყო, მივწექი საფლავის გვერდზე და მივეხუტე ცხელი შუბლით ცივ მიწას. მოედო სასმელი გადაღმერთილსაც, ვერ ჩადის მიწის ამოსაყრელად საფლავში, თუ ჩადის, ვეღარ ამოდის.
ბოლოჯერღა ჩავედი დაბლა და მივეზომე ნიკაპით, გავუსწორდი უკვე.
მოვრჩით.
წერაქვი მხარზე გავიდე და ჩამოვუარე მიწას ამოფარებულებს.
როგორ არ უხდება ქვაზე დახატული ლამაზი სურათი ჭიისგან შეჭმულ მკვდარს...
მივხვდი, როგორი უნდა იყოს ჩემი საფლავი - უბრალო, გათლილი ლოდი, გვარი და სახელი.
ერთი საფლავის ღია კარი მივკეტე. ქვას გავხედე, ლამაზი ქალია ძალიან და ასეთი ეპიტაფია აქვს:
„ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ. თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი“.
რომ არ ვიცი, მაგას ვჩივი მეც ...


ჩემ ხსოვნაში

ის დრო ხომ გახსოვთ, დენის მოსვლა დღესასწაულივით რომ იყო?
მანამდე კი მიდიოდა და ბნელდებოდა სოფელი. დაიწყებდნენ უფროსები მთავრობის გინებას, უფრო უფროსები - კომუნისტების ნატვრას, ქალები კი: „სინათლე გამოელიოთო თვალში“.
გამგზავნიდნენ გარეთ ღამით, როცა ქარი აბუქებდა თოვლს, გაიხედე, ალგეთ გაღმა სოფლებში თუ არისო სინათლე. თუ იქ იყო და... დათვებს აქვთ სინათლე, ჩვენთან რა სატკივარი სჭირთო.
ჩვენ გაღმა სოფლელ მთიულებს დათვებს ვეძახდით. ისინი წოპრეებს გვეძახდნენ. წოპრე რას ნიშნავს, არ ვიცი, ვფიქრობ, რომ კარგს არაფერს.
თუ უფროსებს „მაღლა ასახედი“ სასმელი ბლომად ჰქონდათ, მოვიდოდნენ ხასიათზე: გავიდეთო დათვებთან და იქნებ გვასესხონო თითო ვედრო შუქი.
მაინც თენდებოდა უშუქოდ.
მონტიორი გვყავდა ერთი, კუსოკას ეძახდნენ. რა ეტყობოდა კუსოკის? მაღალი, ხმელი კაცი იყო, დინჯი. არ მოვიდოდა სინათლე და ჩვენ, პატარები, სკოლიდან მომავლები, უფროსები, მაღაზიასთან აყუდებულები - როდის მოვა სინათლე, მიშა პაპა? როდის მოვა სინათლე მიშა ძია? გავაბეზრებდით კითხვებით, ის კი დინჯად - მოდისო, გზაშიაო.
გავიზარდე ამასობაში. ახლა ყველაფერია, ხალხი აღარაა ოღონდ.
მე მაინც ველოდები სინათლეს, რომელიც მოდის, გზაშია.
ჯიუტად, მოთმინებით.


იყო ერთი კაცი

იყო ერთი კაცი, ვანო. ყოჩოს ეძახდნენ. კი იყო ყოჩივით, მოიხსნიდა დიდ, მსხვილბალთიან ქამარს, ამოსდებდა მოზრდილ ქვას და ეწეოდა კბილებით. თავის გამოსადებად კი არა, ისე, მუღამის გულისთვის.
მოიყვანა ცოლი და გალექსა ვანუა ყოჩომ:

„ავიღე ვალი,
ვითხოვე ქალი,
არ გამომადგა,
პანჩური ვკარი“.

რატომ ემდუროდა ცოლს, არ ვიცი, ჩემს ხსოვნაში ტკბილი ქალი იყო.
მოკვდა ყოჩო უცბად, 9 მაისს. მოვიდა დიდი თოვლი, შეკრა გზები. ნამქერს გამოსწრებული, მოკლეპერანგიანი ჭირის მოზიარეები კავკავებდნენ სიცივით. იდო თოვლი თეთრად, თეთრად აყვავებულ ტყემლებზე და ალუბლებზე.
მე კი მიხაროდა, არ მომიწევდა ლექსის წაკითხვა მთელი სოფლის თვალწინ „შინმოუსვლელთა ობელისკზე“, ხმამაღლა, გამოთქმით.
ისევ ვფიქრობ, რა აქვს საერთო ვალის აღებას ცოლის მოყვანასთან? მგონი „ინანებ, არ ინანებს“ ჰგავს.
რომ მოვიყვან, გავიგებ.


იყო ერთიც

და იყო ერთიც, როცა მოიკითხავდი, როგორ ხარო, გპასუხობდა, ამინდივითო. ამინდი როგორი უყვარდა, არ ვიცი, დალევა უყვარდა, ჭუჭყის ხაზებჩამჯდარს, შესიებულსახიანს.
ვიდექით ერთ, ოქტომბრისთვის უჩვეულოდ ცივ დღეს, მე, ცოტნე და ის. ხმაური ისმოდა ქვემოდან. ჩხუბი გვეგონა და მოთქმა იყო. ახალგაზრდა იყო მკვდარი, გულით. რატომ არ წახვედიო დაკრძალვაზე, მკითხა. მეზარებოდა წასვლა მოტრიალედ, ხაშლამის გამო ისედაც წავიდოდა ბევრი. შევუბრუნე კითხვა, შენ რატომღა არ წახვედი-მეთქი? მეშინიაო მკვდრის, ვერ მივდივარო ახლოს.
ვეწეოდით მის უფილტროს, მოვსუტავდი, გავაღვივებდი, დავილაპარაკებდი, დამიქრებოდა. ვაფურთხებდი თუთუნის ნაფლეთებს.
„ისე, ერთხელაც არ დამსიზმრებია ის“, - გვითხრა, როცა მოთქმა მიჩუმდა და ჩვენც მოწევას მოვრჩით, - სიმამრზე ამბობდა, ნაჯახით ჰყავდა მოკლული რუსეთში.

მერე მოკვდა ესეც, მარტო, როცა ზამთარი დაღმართზე დაეშვა.
ამინდი? - დნებოდა თოვლი, გადადიოდა ნიაღვრები...


ჩემეული აღსარება

დილით ან ბინდისას მომიყვანენ შენთან, ღმერთო. ან ალალად გეტყვი, ან დამაფქვევინებ:
დავიჭირე-მეთქი სხვის ცოლზე თვალი.
დავთოფე-მეთქი სახლში შემოვარდნილი, - არც ვნანობ.
გავაკეთებდი უფრო ცუდს, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა და პატიოსნება დავარქვი-მეთქი.
კარგი იქნებოდა, წელგამართულს მეთქვა შენთვის, რომ არასოდეს გავმხდარვარ სხვისი ცრემლის მიზეზი, მაგრამ იმედს ვუცრუებდი მათ, ჩემი ზნის გამო, ვისაც ვუყვარდი. ამას ვნანობ მხოლოდ.
საყვედურიც დამცდებოდა კადნიერი, ვითომდა შენ შენი სიდიდით ჩვენ სიმცირეს ვერ ხედავ.
საყვედური, ოღონდ გაბუტული, პატარა ლეკვის წკმუტუნს ჰგავდა.
მერე მივხვდი, ყველაფერში შენი გარევა არ შეიძლებოდა.
უღმერთო გარემოში ვეძებდი პატარა ღმერთს და გპოულობდი, ღვთისნიერ გარემოში კი დიდ ეშმაკს და ვერ ვხვდები, რატომ...
მეტყვი: შენ ცაში მეძებდი, დაგეხედაო თუნდაც მიწისთვის და დამინახავდიო მეც.
შენამდე ადრე მოსვლას არ ვჩივი, პირიქით, მიხარია, იმათი წამოსვლა რომ ვერ ვნახე, ვინც მიყვარდა.
შენც შეიჭმუხნი ჩვენს ყურებაში გადათეთრებულ წარბებს...
მეც ჩამაგდებენ კუპრში და შემინთებენ ცეცხლს, ოღონდ დაბალს, როგორც არც ისე წყალწაღებულს.
ჩაფიქრდები შენც და მიხვდები, რომ არაა საკმარისი მილიონი წელი ადამიანებისთვის შენი და სამყაროს რაობის გასაგებად.
მე კი კუპრში გამთბარს გამიხარდება, ცეცხლზე შეშას რომ არ მიუმატებენ.

study


Last edited by Admin on Mon Mar 18, 2019 11:48 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyThu Feb 28, 2019 9:46 am

დათია ბადალაშვილი

ცეცხლად ნაქცევი სათქმელი

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ყველა მართალია და ამ სიმართლეებში ვიღაც ისრისება, ვიღაც უბრალო.
წყაროსპირზე ქვის დიდი ფილებით აშენებული ნავი და გრძელი, ძალიან გრძელი, ორსართულიანი სახლი იდგა.
დაბინდებისას ნავით საძოვრიდან მობრუნებულ საქონელს არწყულებდნენ. მიწა წყლითა და საქონლის ჩლიქებით იყო ატლაპებული.
სახლი კი ორად ქონდათ დათავთავადებული და მასში ბიძაშვილები ცხოვრობდნენ. იმათი პაპები თუ დიდი პაპები ძმები ყოფილან.
უმცროსს დათიკო ერქვა, ხნიერს – ოსე.
წლები იყო უკვე, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ.
უკვე ჯანგატეხილ ოსეს მუშაობა არ შეეძლო და სოფლის თავკაცებს მედროგეობა ჩაებარებინათ მისთვის. ისიც მუდამდღე კარში იყო გასული. შავ, მეწყინა სახის კაცს, თიაქარის გამო უბე ისე ჰქონდა გამოტენილი, ლაჯებშუა ღრიჭოს ვერ დაუნახავდი. ლაპარაკი არ უყვარდა, ვირივით აკიდებულ შრომას ენა ჩაეყლაპებინა მისთვის.
ოსეს ახალგაზრდა ცოლი და პატარა ბიჭუნა ჰყავდა. ბიჭი ძალიან ჰგავდა ბიძამის დათიკოს, თუმცა ეს არავის უკვირდა. მათ საერთო წინაპარ გუგესაც, რომელიც თავის დროზე სოფლის მოსამართლე იყო, ისეთივე თეთრი პირისკანი და ჭრიანტელი თვალები ჰქონდა, როგორც მის ორ შთამომავალს.
არც დათიკოს ეთქმოდა ცუდი, პირიქით, მოხდენილი კაცი იყო. ისეთ რამეებსაც იხდენდა, სხვას რომ არ მოუხდებოდა არაფრით. ჰყავდა ცოლი და ულამაზესი კოჭლი გოგონა, ყინულზე წაქცეულს ადგომა ვერ მოესწრო და დროგს გადაევლო მისთვის, მოტეხილი კი მრუდედ შეხორცებოდა. ამბობენ, რომ დროგი ოსესი იყო და ძალიან განიცდიდაო ამ ამბავს.
ჩამობნელდებოდა თუ არა, აძვრებოდა დათიკო სხვენში.
სხვენში თიხა ეყარა, გულდაგულ დატკეპნილი.ზამთარში სიცივე რომ დაეჭირა, ზაფხულში სიცხე და დაბრეცილ კრამიტს ჩამოპარებული წვიმის წვეთები.
ფეხით რომ არ ეხმაურა, თიხაზე წვებოდა და ისე მიხოხავდა ნათესავის კუთხისკენ. ბოლომდე მიხოხებული, ბუხრის საკვამურზე შეგულებულ ჯოხს მიაკაკუნებდა და ირინდებოდა.
გარეთ ქარის ქიქინის ან წვიმის შხეპისას, მისი რძალი არჩევდა ჯოხის ხმას. მძინარე ბავშვს საბანს შეუკეცავდა და კედელზე მიყუდებული ხის კიბით ადიოდა სხვენში.
საბანში დარჩენილ ბავშვს ეღვიძებოდა და თვალდაჭყეტილი შეჰყურებდა ჭერს, საიდანაც კაცის დაუდევარი ხვნეშის და ქალის მოგუდული კრუსუნის ხმა ისმოდა.ბავშვი ვერ ხვდებოდა, ეს რისი ხმა შეიძლებოდა ყოფილიყო.
ცოტა ხანში კიბეზე მაძღარი და თითქოს ამ სიმაძღრით დარცხვენილი ქალი ჩამოდიოდა.
ოსეც ბრუნდებოდა სახლში, ტანზე ცხენის ბალანი მიკრობოდა და ცხენის ოფლის სუნი ასდიოდა. უხმაუროდ, მორიდებით ხვრეპდა ცივ წვნიანს და წვებოდა. ცოლი კი ზურგს აქცევდა და კედლისკენ ბრუნდებოდა.
ეს დიდხანს გრძელდებოდა, უწიაღო და მაწიერი წლების, თვალღია და ნათელი ღამეების დროს.
ბიჭი იზრდებოდა, ყველაფერს ხვდებოდა და ეს ყველაფერი შხამად ეწვეთებოდა გულზე. სხვენიდან ჩამოსული ხმები რომ არ გაეგონა, ხელისგულებს იფარებდა ყურზე.
ამ დროს გადაწყვეტდა ხოლმე, მოეყოლა მამამისისთვის ღამეული ხმების შესახებ. სანამ ის დილით დროგში ცხენს შეაბამდა და მინდორში წავიდოდა. თუმცა ოსე იმდენად ჩუმი კაცი იყო, შეუძლებელი იყო, ეს არა სცოდნოდა.
გადასდგომოდა ბიძამისს გზაზე, დიდივით, კაცივით ეთქვა, რომ ამას ნუღარ იზამო, ის ეთქვა, რომ გაიზარდა და ყველაფერს ხვდებოდა უკვე. დამუქრებოდა, შეეშინებინა.
ბრაზობდა დედამისზეც, ვეღარც მის მოფერებას ირგებდა. დედა რომ ჩაიხუტებდა, ეგონა, ამით მამამისს ატყუებდა და ნაცარს აყრიდა თვალში.
თვალწინ უდგებოდა, როგორ იბერტყავდა ხოლმე შარვლიდან ცხენის ბალნებს, როგორ ხვრეპდა ცივ წვნიანს. ამ დროს ძვლები ეწვოდა მისი სიმწრით.
გათენდებოდა და ხვდებოდა, რომ მისი ნაფიქრი ყინულზე ეწერა და ვერაფრის თქმას ვერ გაბედავდა. ეს უფრო ურყევდა ბავშვურ სულს.
ერთ ღამესაც, როცა დედამისი სხვენიდან ჩამოვიდა, ბიჭს ხელი საბნიდან ამოეყო და ჭერს მიშტერებოდა. მერე უცბად ადგა და ღუმელთან მივიდა. ღამით დედამისი ცეცხლს ნაცარს მიაფარებდა ხოლმე, თბილი ნაცარი ცეცხლს დილამდე ცოცხლად ინახავდა. ხის ორი ნაჭერით ნაკვერჩხალი აიღო და გარეთ გამოვიდა. თივის ზვინთან მივიდა, რომელიც ბიძამისის მხარეს იდგა. პირგამშრალი ზამთრის ყინვიანი ღამე იყო, მაღლა გორაზე წმინდა გიორგის საყდარს გახედა, ერთხანს უყურა, მერე კი ნაკვერჩხალი ზვინში შეაგდო.
ქარმა ნაკვერჩხალი გააღვივა, ცეცხლი ჯერ თივას, მერე კი სახლის სახურავს მოედო.
ბიჭს ხმები მოესმა, შველას ითხოვდნენ. მშობლებს კოჭლი გოგონა გარეთ ვერ გამოჰყავდათ.
ბიჭის გამტკნარებული დედა ფანჯარასთან იდგა, როცა ოსე ნიჩბით მისახმარებლად მივარდა.
ბიჭი ბოსლიდან გამოსხლტა და გაიქცა. თავჩაღუნული გარბოდა, ყურადღებას არ აქცევდა ღობიდან გადმოზნექილ ქლიავის ტოტებს, რომელიც სახეში ხვდებოდა, არც იმ ქვებს, ფეხს რომ წამოკრავდა და ზედ მუხლებით დაეცემოდა ხოლმე. ბოლოს აღარ ამდგარა, მოიკუნტა და ყურებზე ხელი აიფარა. თუმცა ხმები აღარც ისმოდა, ჩამოქცეულმა ჭერმა გადაფარა…


***
წლების შემდეგ, ერთ ხმელ, უწვიმო ზაფხულს, სოფელში მოხუცი კაცი გამოჩნდა.
არავინ იცოდა, საიდან ან ვისთან მოსულიყო.
ყოველ საღამოს ჩამოჯდებოდა წყაროსთან და სანატორიუმის შენობას მიაშტერებოდა. სანატორიუმის ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, აივანზე კი მათი დედები ირუჯებოდნენ.
სოფელში უკვირდათ, რატომ მიშტერებია ეს კაცი სანატორიუმსო?!
არავის ახსოვდა, რომ წლების წინ, წყაროსთან გრძელი, ძალიან გრძელი, ორსართულიანი სახლი იდგა, რომელიც ამ კაცმა გადაწვა.
მოხუცი იმ ყორიდან გადმოვარდნილ ქვას ჰგავდა, რომელზეც საღამოობით იჯდა ხოლმე. ქვას, რომელიც დიდხანს გორავს, გორაობაში ბევრ ტალახს ზელს და იკრავს. მერე რომ დადგება, თავის ტალახიან ნავალზე ფიქრობს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyMon Apr 29, 2019 7:44 pm


რუბრიკა "ადამიანები": დათია ბადალაშვილი

შუადღე მესამეზე
Published on Mar 18, 2019


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyMon Apr 29, 2019 7:49 pm

თეონა გოგნიაშვილი

მწყემსი, რომელიც მწერალი გახდა და მის მიერ გადარჩენილი სოფლის ბიბლიოთეკა

მოვლენებს გავუსწრებ და გეტყვით, როცა საუბარი დავასრულეთ, როგორ წარგადგინო-მეთქი, ვკითხე, თონეთელი მწყემსი და ბიბლიოთეკარიო – მიპასუხა...

დათია ბადალაშვილი – გულიანი, კეთილი, აზრიანი ადამიანია. დღეს სოფელში, სადაც გაიზარდა, მიწაზე მუშაობს და პატარა ჟოლოს ბაღსაც უვლის. წიგნების კითხვა ბავშვობიდან უყვარდა. ერთ დღეს კი თვითონაც დაიწყო წერა და მისი გულწრფელი ნაფიქრი ლიტერატურულ ფორმას საინტერესოდ მოარგო. ასე დაიბადა მწერალი დათია ბადალაშვილი...

ერთი ამბის მერე ბევრმა გაიცნო: აღმოაჩინა, რომ მისი საყვარელი ადგილი, სოფლის ბიბლიოთეკა მთლიანად დანგრეული იყო. მოსვენება დაკარგა და ყველა ფეხზე დააყენა. არ იყო ადვილი, მაგრამ საქმე ბოლომდე მაინც მიიყვანა და მის მიერ გადარჩენილ ბიბლიოთეკას 200 წიგნი თავადაც აჩუქა...

– დათია, ამ დღეებში შენ მიერ გადარჩენილი წიგნების ამბავი ბევრმა გაიგო, თუმცა საკუთარ თავზე და ბავშვობაზე არ მოგიყოლია...

– დავიბადე მანგლისში, 1989 წლის 29 სექტემბერს. მეოცნებე ბავშვი ვიყავი, კითხვა მიყვარდა. მეცხრე კლასამდე სოფელ დიდ თონეთში ვსწავლობდი. მეცხრე კლასიდან გამოვედი და კოლეჯში მივედი. ისეთი ცხოვრება მქონდა, როგორც სოფელში დაბადებულ და გაზრდილ ყველა ბავშვს აქვს. მახსოვს, როცა ძალიან პატარა ვიყავი, გვყავდა დედალი ძაღლი ჯეკა – ჭრელი მეძებრისა და მეცხვარის ნაჯვარი იყო. ყოველ წელს ბევრ ლეკვს აჩენდა ხოლმე. მე დიდი, სატვირთო რაში მყავდა, რომელშიც ამ ბევრ ლეკვს ვსხამდი და ვასეირნებდი. მახსოვს ჯეკას სიკვდილიც და ის ადგილიც, სადაც ის დავმარხეთ. ცოტა რომ წამოვიზარდე, მამამ პატარა ცელი ამიწყო, რომლითაც თიბვაში ვეხმარებოდი. ჩემი ცელის ტარისგან დაბებრებული ხელებით ძალიან ვამაყობდი. კალოზე ფეხბურთს ვთამაშობდით და ხშირად ვჩხუბობდი ჩემ ძმასთან, რის გამოც ახლა ძალიან ვნანობ. დავდიოდი მეზობლებთან ერთად რკოზე და პანტაზე, მიგვქონდა ნაბოლარა არაყი და კარტოფილი, რომელსაც ნაკვერჩხალში ვწვავდით. სწავლა არ მიყვარდა, მაგრამ კითხვა – ძალიან და რაც ხელში მომხვდებოდა, ყველაფერს ვკითხულობდი.

– კარგი ადამიანი ხარ...

– არა, ცუდი ადამიანი ვარ!

– რატომ?!

– ლეკვს ვერ მოვუარე და მომიკვდა.

– მაგრამ მისი გადარჩენა ხომ სცადე? ადამიანში რას აფასებ?

– შებრალების უნარს. შველს რომ არ მოკლავ და შეგებრალება... ყველაზე მთავარი ჩემთვის იმათი სიცოცხლეა, ვინც მიყვარს. დანარჩენს ყველაფერს ეშველება. ვოცნებობ არ ვნახო იმათი სიკვდილი, ამისთვის მზად ვარ მე წავიდე წინწინ...

– როცა ცუდად ხარ, რით წამლობ თავს?

– როცა ცუდად ვარ? მივდივარ და მიწაზე მუშაობას ვიწყებ, იქამდე, სანამ ოფლს არ მოვიდენ და არ დავიღლები. ეგ მშველის. უიმედობა არასოდეს მქონია, იმდენი მაქვს საშრომი და საბრძოლი, რომ მაგის დრო, უბრალოდ, არ მრჩება.

– მოგვიყევი, როგორ გადაარჩინე დანგრეული ბიბლიოთეკა...

– ხუთი წლის წინ სოფელში საბოლოოდ დავბრუნდი. ერთხელაც, ერთ თოვლიან ზამთარს გადავწყვიტე სოფლის ცენტრში ჩემი ბავშვობის საყვარელი ადგილი, სასოფლო ბიბლიოთეკა მომენახულებინა. დამხვდა ჩამოგლეჯილი კარი, გადმოყირავებული თაროები და ძირს დაყრილი ასეულობით წიგნი. ბიჭებმა წიგნები დავალაგეთ, ფანჯარა და კარი ჩავაყენეთ, მაგრამ წვიმას ვერაფერი მოვუხერხეთ – სახურავიდან წყალი ზედ წიგნებს დასდიოდა. გადავწყვიტე სახლში ამეტანა ისინი. ყოველ ღამე ვზიდავდი ტომრით, მამაჩემი ბრაზობდა, ეშინოდა, რომ დამიჭერდნენ. შეგონებით რომ ვერაფერს გახდა, მერე ელჩი – დედაჩემი მომიგზავნა. არ იცოდა, რომ ის ელჩი საიდუმლოდ ჩემი მოკავშირეც იყო. მოკლედ, გადავარჩინე ბევრი წიგნი და მწერლების პორტრეტები. გული მწყდება თაროების გამო, სახურავი ჩამოწვა და ისინი ქვეშ დაიტანა...

– რამდენი წიგნი გადაარჩინე?

– შვიდასი წიგნი გადავარჩინე. ბიბლიოთეკას ჩემი და ჩემი ძმის ნაყიდი დაახლოებით ორასი წიგნიც მივეცი. სოფლის ყველა მცხოვრები აქტიურად იყო ჩაბმული ბიბლიოთეკის აღდგენაში, მაგალითად, სკოლის მოსწავლე გოგონებმა ფანჯრები დაწმინდეს, ყველას ძალიან უხარია. ჩვენ ახლა იმ გადაჩენილი და ნაჩუქარი წიგნებით ვხსნით ახალ ბიბლიოთეკას, რომელიც ვაჟა-ფშაველას სახელობის იქნება.

– სოფლის გოგო-ბიჭები ახსენე, მათ გარდა ვინ დაგეხმარა ბიბლიოთეკის გადარჩენაში?

– ბევრი ადამიანი დაგვეხმარა და ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა. განსაკუთრებული მადლობა თეთრიწყაროს მერს, ბატონ გიორგი ქორიძეს, მერიის კულტურის სამსახურს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციური შემოქმედების ცენტრს“ და მის დამფუძნებელს. დღეს დამიკავშირდა ავეჯის კომპანია „ევროსტილი 21“, რომელიც ბიბლიოთეკისთვის მაგიდას, თაროებს და კარს გვაჩუქებს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მე და ჩემ სოფელს დაგვეხმარა.

– სოფელში რას საქმიანობ?

– მიწას ვამუშავებ და საქონელს ვუვლი, პატარა ჟოლოს ბაღიც მაქვს. ჩვენთან არიან ახალგაზრდები, რომლებიც მესაქონლეობით ირჩენენ თავს. კარგი ხალხია სოფელში. მინდა ერთი ვახსენო – ფიზიკოსი ვასო ინასარიძე, რომელიც წლების წინ დაბრუნდა სოფელში და თონეთელ ბავშვებს უსასყიდლოდ ამზადებს ფიზიკასა და მათემატიკაში. სწორედ მან გამგზავნა ბატონ ამირან არაბულთან, რომელმაც ჩემი მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში“ დაბეჭდა.

– რომელი წიგნის კითხვა არ მოგწყინდება?

– არის ასეთი რუსი მწერალი ვენიამინ კავერინი. მისი „ორი კაპიტანი“ ჩემი ბავშვობის წიგნია, ათჯერ მაინც მექნება წაკითხული. მახსოვს ფრაზა, რომელსაც მისი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, კაპიტანი ტატარინოვი ამბობს: „იბრძოლე და ეძიე, უკან არ დაიხიო“... რეზო ინანიშვილი მიყვარს, მხოლოდ მისნაირ დიდ მწერლებს შეუძლიათ სიკეთეზე და სინათლეზე ასე წერონ...

– ფიქრი გეყვარება ძალიან...

– ხანდახან ისე ვიღლები, რომ ფიქრის დროც არ მაქვს ხოლმე. თუ ვინმეს ვაწყენინებ, სულ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე, ძალიან განვიცდი. ვფიქრობ ჩემ ძმაზე, დედაჩემზე და მამაჩემზე. საერთოდ, ადამიანისთვის მთავარი რა არის, იცით? – უნდა ეცადო, რომ სხვისი ცრემლის მიზეზი ნაკლებად გახდე...


05.02.2019

ბმული:
* https://sputnik-georgia.com/people/20190205/244205627/datia-badalashvili.html

Exclamation


#ახალიდღე დათია ბადალაშვილი სტუმრად გიორგი კელიძესთან
Georgian Broadcaster
Published on Feb 4, 2019

ადამიანი, რომელმაც სოფელ თონეთში საბიბლიოთეკო სივრცე დააბრუნა. ახალი დღის გმირი, დათია ბადალაშვილი - მწერალი და მწყემსი თეთრიწყაროდან, სტუმრად გიორგი კეკელიძესთან.


study


Last edited by Admin on Mon Apr 29, 2019 8:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyMon Apr 29, 2019 7:56 pm

შეხვედრა პროზაიკოს დათია ბადალაშვილთან

2019 წლის 18 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა პროზაიკოს დათია ბადალაშვილთან.

ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას წარუდგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ამირან არაბულმა, რომელმაც აუდიტორიას გააცნო დათია ბადალაშვილის ბიოგრაფია და დაახასიათა მისი, როგორც ორიგინალური ხელწერის მქონე ავტორის შემოქმედებითი თავისებურებები.

ახალგაზრდა პროზაიკოსს მიესალმნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი, დეკანოზი მიქაელ ბუკია.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ავტორი დიდ, ეროვნულ საქმეს ემსახურება, რადგანაც თავისი ძალისხმევით პატრონობს ბიბლიოთეკას სოფელ დიდ თონეთში და ყველა ზნეობრივი ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია ასეთი ახალგაზრდების მხარდაჭერა.

ფილოლოგიის დოქტორმა ლევან ბებურიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ახალგაზრდა ავტორი მცირე პროზის ჟანრში მუშაობს, რაც მწერლისაგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დათია ბადალაშვილის პროზაული ნიმუშები კი უდავოდ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მისი სახით ერთ-ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა შეემატა თანამედროვე ქართულ ლიტერატურას.

პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ, როცა გარკვეული წრეები საზოგადოებაში დიდი მონდომებით აღვივებენ ეროვნულ ნიჰილიზმს, აუცილებელია დათია ბადალაშვილის მსგავს ახალგაზრდა შემოქმედთა წარმოჩენა, რომელთა შემოქმედებაც ჰუმანიზმით და ეროვნული სულით სუნთქავს.

დეკანოზმა მიქაელ ბუკიამ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა პროზაიკოსის ნიჭის დამფასებლებს და იმედი გამოთქვა, რომ დათია ბადალაშვილი თავის ღირსეულ კვალს დატოვებს ქართული მწერლობის ისტორიაში.

ამის შემდეგ დათია ბადალაშვილმა თავისი მცირე პროზაული თხზულებანი გააცნო საზოგადოებას. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდა პროზაიკოსმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

ბმული:
* https://sangu.edu.ge/ka/article/shekhvedra-prozaikos-datia-badal-1#

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyMon Apr 29, 2019 8:04 pm

დათია ბადალაშვილი Datia_13

ანა კალანდაძე

გიჟობიდან გმირობამდე და წიგნის ქურდობიდან - წიგნის წერამდე

"ვინც აქ ცხოვ­რობს, ძი­რი­თა­დად, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას მის­დევს"

დათია ბადალაშვილი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დიდ თონეთში მცხოვრები მწყემსი და ბიბლიოთეკარია. ცხოველები და მიწაზე მუშაობა უყვარს. იქვე მცირე ჟოლოს ბაღსაც უვლის და თავადაც ქმნის პროზაულ ნიმუშებს. სოფელში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სკოლაში სწავლის შემდეგ, სასწავლებლად თბილისში გაემგზავრა, თუმცა, დედაქალაქში დიდხანს ვერ გაძლო და დაახლოებით 5 წლის წინ ისევ სოფელში დაბრუნდა. 29 წლისაა. უყვარს კითხვა, თუმცა საამისოდ ძირითადად ღამით იცლის, დღე შრომობს. მისი წყალობით ამ სოფლის დანგრეულ ბიბლიოთეკაში არსებული ძალიან ბევრი წიგნი განადგურებას გადაურჩა. ახლა წიგნებს თავშესაფარი აქვთ და ახალი ბიბლიოთეკაც მალე გაიხსნება, თუმცა, სჯობს ამბავს თანამიმდევრულად მივყვეთ. ერთს ვიტყვი მხოლოდ, ვუსმენდი და მიხაროდა, ნეტა ბევრი ასეთი ადამიანი ცხოვრობდეს ამქვეყნად-მეთქი...


- დათია, თბილისში საავიაციო კოლეჯში გისწავლიათ, მინანქარზეც გიმუშავიათ. ამ ორივე საქმემ დაგაინტერესათ, თუ როგორ მოხდა ეს?
- დედაჩემის სურვილი იყო. ალბათ ფიქრობდა, სოფლის გარემოს რომ გავერიდებოდი, უკეთესად ვისწავლიდი, მაგრამ არაფერი კავშირი არ მქონდა ავიაციასთან. თან სწავლაც ძვირი ღირდა და ჩემი ჯიბის მქონე სტუდენტი გადასახადს ვერ გასწვდებოდა. ფილოლოგიურზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ სამშენებლო ფაკულტეტზე მოვხვდი. ახლაც სტუდენტი ვარ, "გეპეიში" ვსწავლობ და წელს ვამთავრებ. ქალაქში ვმუშაობდი მთაწმინდის პარკში ატრაქციონზე. იქ ავიღე პირველი ხელფასი და პირველი სიყვარულიც იქ მეწვია. ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი მეგობარიც შევიძინე, მაგრამ ქალაქი მაინც არ იყო ჩემი. რაც შეეხება მინანქარს, ჩემს ბიძაშვილს ვერცხლის საწარმო აქვს და მან მიმიყვანა მასწავლებელთან მინანქარზე მუშაობის შესასწავლად. უბრალოდ, დამეხმარა, შემოსავალი რომ მქონოდა. ტექნოლოგია კარგად ავითვისე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი თავი დავინახე ამ საქმეში.
- როგორც ჩანს, დიდად არ მიგიზიდათ სამკაულს დამზადებამ.
- დიახ, რამდენიმე პარტია რუსეთში გაიყიდა და საქართველოს მუზეუმებმაც შეიძინეს. ხშირად ვასრულებდი შეკვეთებს, არაფერი განსაკუთრებული. ეს ხელობა კარგად ვიცი, მაგრამ არ არის ჩემი საქმე. მაქვს იარაღები, რომლებსაც ნელ-ნელა ვაგროვებ შემოწირულობებით, სხვათა შორის, ანა სანაიაც დაგვეხმარა. არსებული თანხით ხელსაწყოებს ვიყიდი და როცა ბიბლიოთეკას გავხსნი, მინდა ყველა დაინტერესებულ ბავშვს იქ მინანქარზე მუშაობა შევასწავლო.
- საბოლოოდ მაინც იმ ადგილას დაბრუნება გადაწყვიტეთ, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ...
- პერიოდულად სოფელში სულ ჩავდიოდი, ეს ჩემთვის ის ადგილია, სადაც მარცხის მერე თავს ვაფარებდი. არ ვიცი, არ გამომივიდა ქალაქში ცხოვრება. დაახლოებით 5 წლის წინ სოფელში საბოლოოდ რომ დავბრუნდი, ცხვარში დავიწყე სიარული. სამუშაო არ იყო, ვიღაცას მიწას ვუბარავდი, ვიღაცას შეშას ვუჩეხდი, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა. შეიძლება საქმე თვეში ორჯერ ან სამჯერ გამომჩენოდა, თავის გატანაც მიჭირდა. ფიქრი და მარტოობა ყოველთვის მიყვარდა. თან, ეს საქმე არ იყო ჩემთვის უცხო, როგორც ყველა სოფლელი ბავშვი, მეც ბავშვობიდან დავდიოდი ცხვარში და... საბედნიეროდ, დაბრუნება კარგი გადაწყვეტილება იყო. ვერაფრით მივეჩვიე ქალაქის გარემოს, ადამიანებთან ურთიერთობა მიჭირდა და ახლაც მიჭირს.
- მაინც რა იყო თქვენთვის ქალაქში ყველაზე ძნელად შესაგუებელი?
- ხმაური, უცხო ადამიანები. ხელი ბევრ რამეში მომეცარა, საბედნიეროდ თავშესაფარი მქონდა, მყუდრო ადგილი ჩემი სოფლის სახით, მაგრამ ეს ადგილი რომ არ მქონოდა, ალბათ დავრჩებოდი ქალაქში და ბოლომდე ვიბრძოლებდი თავის დასამკვიდრებლად. 5 წლის წინ სოფელში დაბრუნება, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება იყო და არც მინანია.
- სოფლები იცლებაო, ყველა რეგიონიდან ისმის ჩივილი. თქვენთან რა მდგომარეობაა, არიან ახალგაზრდები?
- თონეთი არ არის ასეთი დაცარიელებული სოფელი და ეს მიხარია. არიან როგორც აქ საცხოვრებლად დარჩენილები, ისე ქალაქში წასულებიც. ჩემი რამდენიმე კლასელიც სოფელში დარჩა. ვინც აქ ცხოვრობს, ძირითადად, მესაქონლეობას მისდევს. მათ ეს ყოფა მოსწონთ. სკოლაშიც 40-მდე ბავშვია და არც ესაა ცუდი ციფრი.
- ახლაც ყოველდღე დადიხართ ცხვარში?
- არა. აქტიური მწყემსობის პერიოდი 3 წელი გრძელდებოდა, მერე სოფელში ცხვარი გაიყიდა და იმდენი აღარაა, ახლა მხოლოდ ჩემი საქონლის მოვლა-მწყემსობა მიწევს. ვბარავ, ვთესავ. მომყავს კარტოფილი, ლობიო, სიმინდი იმდენი, ჩემს ოჯახს რომ ეყოს და ცოტას ნათესავებსაც ვუნაწილებთ. ჟოლოს პატარა ბაღი მაქვს.
ოჯახში ორი ძმა ვართ. ისიც იმავე ფაკულტეტზე სწავლობს, სადაც მე.
- ახლა თონეთის სასოფლო ბიბლიოთეკაზე გკითხავთ. როგორც ვიცი, შენობა დანგრეული იყო, ჩამოდიოდა წვიმა და ასე ვთქვათ წიგნების გადასარჩენად, რომელსაც სახლში ეზიდებოდით, კრიმინალი ჩაიდინეთ. ეს ამბავი გაიხსენეთ...
- ბებიაჩემის საფლავიდან ვბრუნდებოდი, როცა ბიბლიოთეკის შენობა ვნახე და გამახსენდა ბავშვობიდან იქიდან წიგნები რომ მომქონდა. გამახსენდა ის ბიბლიოთეკარი ქალბატონიც, რომელიც იქ მუშაობდა. ბაღში აკაციები და ფიჭვები იდგა. იქვე იყო გოგონას ძეგლი, რომელსაც გვერდით ბავშვი ეჯდა და წიგნს ერთად ჩაჰყურებდნენ. ეს წარსულის სურათები თვალწინ დამიდგა. შენობის კარი გამოგლეჯილი იყო, ეტყობა, ვიღაცას თაროები დასჭირდა და ჩამოხსნისას წიგნები პირდაპირ ძირს დაყარა. ასეულობით წიგნი იყო ამ მდგომარეობაში. იმ მომენტში არა, მაგრამ როგორც მახსოვს, იმავე საღამოს რომ დავლიეთ, წიგნები გამახსენდა. მეორე დღეს ცხვრიდან რომ დავბრუნდი, წავედი ბიჭებთან ერთად იმ შენობაში და დალაგება დავიწყეთ. კითხვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ უსისტემოდ ვკითხულობდი და რაც ხელში მომხვდებოდა იმას. შემიძლია ვთქვა, რომ განათლება თონეთის ბიბლიოთეკიდან წამოღებულმა წიგნებმა მომცა. ალბათ ასეთ განათლებას ვერც ერთი უმაღლესი ვერ მისცემს ადამიანს. ყოველ საღამოს სახლში მორიგი წიგნი მიმქონდა და ვკითხულობდი. ერთხელაც ვნახე, რომ იქ კვლავ ვიღაც შესულიყო, ტომარაში ჩალაგებული წიგნები იქვე ეწყო, ალბათ ღუმლისთვის უნდოდათ, არ ვიცი. მაშინ მივხვდი, რომ წიგნებს ამ მდგომარეობაში ვეღარ დავტოვებდი და ყოველღამე იმდენი მიმქონდა შინ, რამდენიც შემეძლო. ყველაფერს ღამით "ვთაქავდი". ვერავის დავაჯერებდი, რომ კეთილშობილური მიზანი მქონდა. ეს ხომ სახელმწიფო ქონება იყო და მამაჩემი შიშობდა, რომ დამიჭერდნენ და მართლაც, გარკვეული ხნის მერე, ჩემზე ლაპარაკი დაიწყეს. რაღაც მომენტში, ამ საქმეზე გულიც ამიცრუვდა, რამდენჯერმე ჩემმა გარემოცვამ და თანასოფლელებმა დამასმინეს კიდეც, გიჟია, ან რას კითხულობს ამდენს ან რას ეზიდება ამ წიგნებს შინო.
- მაგრამ ალბათ განმარტავდით, თუ რატომ იქცეოდით ასე, რომ წიგნების გადარჩენა გსურდათ...
- დიახ, მაგრამ ადამიანი ცუდს უფრო იჯერებს, ვიდრე კარგს. მე ვერავის დავაჯერებდი, თუ რა მიზანი მქონდა. ძალიან მეტკინა გული. იმ სოციუმში, სადაც ვცხოვრობთ, ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ გადარჩე. ყველა რომ გეუბნება, გიჟი ხარო, შეიძლება ერთხელ მართლა დაიწყო ქვების სროლა. როგორც ვთქვი, ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის მიჭირდა და მათ დასმენას შორიდან ვუყურებდი. ქუჩა-ქუჩა გინება და ჩხუბი არ მიყვარს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, თავის დაცვა შემიძლია და ამის გამო ბევრიც მერიდებოდა პირდაპირ რამის თქმას.
2 კვირა საერთოდ არ მივსულვარ ბიბლიოთეკის შენობასთან. შემდეგ ვერ გავძელი, მაინც მივედი, ვნახე სახურავი ჩაზნექილიყო, შეიძლებოდა ნებისმიერ დროს ჩანგრეულიყო. დაბრეცილი კრამიტებიდან წვიმის წვეთები წიგნებს ეცემოდა. გული დამეწვა და მივხვდი, არ უნდა გავჩერებულიყავი. ასე მოვზიდე 800-მდე წიგნი სახლში. იმავე პერიოდში დავიწყე წერაც. ცხვარში ბუნინის "ლიკა" წავიკითხე, მაშინ შეყვარებული ვიყავი და გულუბრყვილოდ გადავწყვიტე მწერალი გამოვსულიყავი. ახლა კი სასაცილოდ მეჩვენება მაშინდელი ფიქრები, ძალიან ამბიციურია თქმა, მწერალი უნდა გამოვიდეო და მივანებე კიდეც თავი წერას. მერე ისევ რომ მომინდა რაღაც მომეყოლა, წერა განვაახლე.
- დღეს უკვე პერიოდულ პრესაში იბეჭდებით. ვინ მოგცათ საამისოდ ბიძგი?
- როცა კარგ ადამიანებზე ჩამოვარდება ხოლმე ლაპარაკი, ერთ-ერთი პირველი, ვინც მახსენდება, თონეთში მცხოვრები ფიზიკოსი ვასიკო ინასარიძეა. ის უკვე პენსიაზეა, მაგრამ რამდენიმე წელია სოფლის ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ამეცადინებს ფიზიკა-მათემატიკაში. მამაჩემმა სთხოვა მას, ჩემი ნაწერები ენახა. ვასიკომ თქვა, მე ფიზიკოსი ვარ და ამ საქმის არაფერი ვიცი, ამიტომ ისეთთან გავგზავნი, ვინც იცისო. ასე აღმოვჩნდი ამირან არაბულთან, რომელიც მოსიარულე სიკეთედ იქცა ჩემთვის. პირველად მან გადაწყვიტა ჩემი ბეჭდვა და წინასიტყვაობაც გამიკეთა "ცისკარში". ადამიანი ადამიანისთვის შეიძლება ღმერთიც აღმოჩნდეს, ერთმანეთს თუ სიკეთეს გავუკეთებთ. ბევრი ადამიანი დამეხმარა, ყველა პუბლიკაციისთვის მადლობას ვუხდი მათ და არც ვიცი სიკეთე როგორ გადავუხადო.
- ახლა რა მდგომარეობაშია ბიბლიოთეკა?
- გამგეობამ გამოგვიყო ოთახი, გვეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ერთმა კომპანიამ გულუხვი საჩუქარი გაგვიკეთა და ფანჯრები გვაჩუქა, მეორემ კარი, ავეჯი და თაროები.
- იმხელა ფართობია, რომ ყველა წიგნი დაეტევა?
- მაღალი ჭერია. თაროები კედელზე ისე იქნება განთავსებული, რომ ფართობი მოვიგოთ. ეს არ იქნება სტანდარტული სივრცე, სადაც მსურველი მოვა, წიგნს გამოიწერს და შინ წაიღებს. მინდა იქვე დავსხდეთ ბავშვებთან ერთად, ცოტას მე წავუკითხავ, ცოტას ისინი მე. თუ რომელიმეს მინანქრის შესწავლის სურვილი ექნება, იქვე ვასწავლი და შევეცდები ნამუშევრების გასაღებაშიც დავეხმარო.
- გამოდის ყველაფერი კარგად დასრულდა და გადაურჩით სამართალდამცავებს...
- უცნაური ცხოვრება მქონდა. ადრე გიჟი ვიყავი, ახლა გმირი ვარ, სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, არაფერი განსაკუთრებული. ჩემ გარშემო ჩემზე ბევრად უკეთესი ადამიანებიც ვიცი.
- დათია, სად ხედავთ თქვენს მომავალს, ისევ თონეთში, ბიბლიოთეკაში?
- იმ ადამიანების წინაშე ვალდებულება მაქვს აღებული, ვინც თუნდაც ერთი ტკბილი სიტყვა მითხრა, ან წიგნი მაჩუქა. როცა ვიღაც წიგნს მჩუქნის, მასზე მის სახელს ვაწერ, მაგალითად ასე: "ზვიად კვარაცხელიას საჩუქარი თონეთის ბიბლიოთეკას". ეს ადამიანები იმიტომ აკეთებენ ამას, რომ თონეთს ბიბლიოთეკა ჰქონდეს და მე აქედან ვერ კი არა, არ წავალ. მივხედავ ბიბლიოთეკას, მიწაზე ვიმუშავებ და ამით ვიცხოვრებ. აქ არის ჩემი ადგილი.
- როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება ბიბლიოთეკის მოწყობა და როდის ჩადგება ის სამუშაო რეჟიმში?
- ბიბლიოთეკა ახლაც ფუნქციონირებს, წიგნებს გავცემთ, უბრალოდ, ჯერ იქ დასხდომის საშუალება არ გვაქვს. კარდაკარ დავდივარ. მაგალითად, დღეს ჩემს მეგობარს მივუტანე ქართველი თანამედროვე მწერლის ნოდარ მაჭარაშვილის რომანი "ავი მუსაიფი", მეორეს - პატარა გოგონას ვასო გულეურის ლექსების კრებული. ასე კარდაკარ დამაქვს წიგნები. როცა შვეიცარიის საელჩო გადმოგვცემს მასალებს, მერე უკვე ოფიციალურად დასრულდება ყველაფერი და აპრილის ბოლოს სივრცე საბოლოო სახეს მიიღებს. მერე უკვე საღამოებსაც მოვაწყობთ. ქეთი დუმბაძე შეგვპირდა, რომ პროექტის "ცოცხალი წიგნების" წევრებს აქაც ამოგვიყვანს. და კიდევ ერთი ამბავი, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა დაწეროთ, წლების წინ თონეთში ორი წელი ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა. სოფლის დეპუტატი ლერი ლონდარიძე აქტიურად გვეხმარებოდა ყველაფერში. მე და ლერი გიორგი კეკელიძესთან მივედით, მოვუყევით წიგნებზე და იმაზე რომ ბიბლიოთეკის გახსნა მინდოდა. გიორგი კეკელიძის ავტორიტეტი რომ არა, მართლა არაფერი გამოგვივიდოდა. სწორედ ლერი ლონდარიძის იდეა იყო "ვაჟაობის" აღდგენა თონეთში, რომელიც 29 ივნისს გაიმართება. შემომთავაზეს ჩემი მოყვანილი ჟოლო მივიტანო. სოფელში მცხოვრები მეფუტკრე გოგონა თავის თაფლს გამოიტანს, სულგუნის ტექნოლოგი კაციც გვყავს, სანერგე მეურნეობის მიმდევრებიც ა.შ. ეს ადამიანები "ვაჟაობაზე" თავის ნამუშევრებს გამოფენენ, გაიზრდება სანაცნობო წრე და ინტერესი მათი საქმიანობის მიმართ. ვგეგმავთ ჭიდაობის ტურნირის ჩატარებასაც, აქ კარგი დარბაზი გვაქვს, სადაც ბავშვებს ვარჯიშის საშუალება აქვთ.
- პირველად მესმის კარდაკარ მოსიარულე ბიბლიოთეკარის ამბავი, ყოველთვის პირიქით ხდება, ამ თვალსაზრისითაც გამონაკლისი ხართ. მწყემსი ბიბლიოთეკარი, ასე უნდა დაგწეროთ, ხომ შეიძლება?
- კი, შეგიძლიათ, ანდა ასე: მწყემსი, რომელიც ბიბლიოთეკარი და მწერალი გახდა (იღიმის).


ჟურნალი „გზა“, 21.04.2019

ბმული:
* http://gza.kvirispalitra.ge/life/sazogadoeba/6963-gizhobidan-gmirobamde-da-tsignis-qurdobidan-tsignis-tseramde.html

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyMon Jul 01, 2019 1:47 pm

დათია ბადალაშვილი Fiwveb10

დათია ბადალაშვილი

ფიჭვები შორს იყო

ამირან არაბულის წინათქმა

„გამოცდილებით დაჭკვიანებული“ ახალგაზრდა კაცია ამ უპრეტენზიო წიგნის ავტორი; დაჭკვიანებული, დაფიქრებული და ნაადრევად დადინჯებული... იგი დილაუთენია გამოდის „სქელი, შედედებული“ ნისლიდან და ხარბად აკვირდება ცრიატი სინამდვილის სახიერ სურათებს. ეს დანაწევრებული, ფრაგმენტული სურათები უაღრესად ცხოვრებისეულია, „ორიგინალთან“ მიახლოებული, მკაცრი, უშეღავათო და დიდი შინაგანი სიმართლით აღბეჭდილი... „სუფთა ჰაერის და მთის მწვანე ბალახის“ სასიამოვნო სუნი დაჰკრავს მის ფრაზას. საგნობრივი სიცხადით გაგრძნობინებს და უშუალოდ განგაცდევინებს ტკივილს, სიმარტოვის მძაფრი შეგრძნება რომ აჩენს ადამიანში. არ გაურბის „ჭირიანი ცხოვრების“ (ვაჟა) სახამუშო სანახებში ხეტიალს. მისთვის პრინციპულად მიუღებელია რეალობის გაესთეტიურება და ხელოვნური გალამაზება. კითხულობ და ხვდები, რომ არ „ეშმაკობს“, არ გატყუებს. თვითონაც საკუთარი ნაწერებივით წრფელი და სანდოა...
დათია ბადალაშვილი, დარწმუნებული ვარ, არასდროს უგანებს არჩეულ გზა-სავალს და დარჩება ავტორად, ვისაც მუდამ ეყოლება გულშემატკივარი, გამგები და დამფასებელი... “

▪ამირან არაბული

ბმული:
* https://www.facebook.com/GamomtsemlobaIntelekti/photos/a.138354592990932/1249283668564680/?type=3&theater

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი EmptyThu Jul 11, 2019 11:19 am


#ახალიდღე დიდ თონეთში ვაჟა ფშაველას სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა

Georgian Broadcaster
Published on Jul 1, 2019

დათია ბადალაშვილისა და ძალიან ბევრი კეთილი ადამიანის დახმარებით, სოფელ დიდ თონეთში , იქ სადაც ვაჟა ფშაველა 27 წლის ასაკში ასწავლიდა, 29 ივნისს მისი სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ავტორები: ანი ჯობავა, კოტე ნინუა , გიორგი ბაღდავაძე.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




დათია ბადალაშვილი Empty
PostSubject: Re: დათია ბადალაშვილი   დათია ბადალაშვილი Empty

Back to top Go down
 
დათია ბადალაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: