არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მაკა ლდოკონენი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5698
Registration date : 09.11.08

მაკა ლდოკონენი Empty
PostSubject: მაკა ლდოკონენი   მაკა ლდოკონენი EmptyThu May 31, 2018 12:19 pm

მაკა ლდოკონენი Maka_l10
Maka Ldokoneni

მაკა ლდოკონენი (1970) – მწერალი, მხატვარი-ილუსტრატორი.

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სრული კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით;
2007 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) PR –სკოლა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალობით;
1992 წლიდან მუშაობს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში.
2009 წელს გამოსცა სადებიუტო მოთხრობების კრებული “ქიშმიშიანი ამბები” (გამომცემლობა “დიოგენე”), რომელიც 2010 წელს ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის – “საბას” ლაურეატი გახდა. მიღებული აქვს სხვა მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიებიც.

მაკა ლდოკონენის მოთხრობები ნათარგმნია ლიტვურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე. არის თვითნასწავლი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, დასურათებული აქვს თანამედროვე ქართველი ავტორების პოეტური და პროზაული კრებულები, საბავშვო წიგნები.

პრიზები
* ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო დებიუტი - მაკა ლდოკონენი „ქიშმიშიანი ამბები" (გამომცემლობა "დიოგენე"), 2010

ბმული:
* http://book.gov.ge/en/author/ldokonen-maka-/164/
* https://1tv.ge/elit_author/maka-ldokoneni/
* https://1tv.ge/elit/ertis-bade-dzalian-akhlosaa-meorisa-ki-dzalian-shors/
* https://www.facebook.com/maka.ldokonen


ფიქრის საბაბი - მაკა ლდოკონენი

Artareatv
Published on Jun 10, 2015

"ბაბუები ყველაზე მაგარი ბიჭები დედამიწაზე." მაკა ლდოკონენის ფიქრის საბაბი. ფიქრი, რომელიც რთული ქიმიური ნაერთია, მხოლოდ არტარეას მაყურებლისთვისაა ხელმისაწვდომი.

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 16, 2019 8:02 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5698
Registration date : 09.11.08

მაკა ლდოკონენი Empty
PostSubject: Re: მაკა ლდოკონენი   მაკა ლდოკონენი EmptyThu May 31, 2018 12:21 pm

მაკა ლდოკონენი

აქა ცხოვრობს ლალოი


აქ ფარდაგი გამიშალე, ლალო - საიქიოს ხალიჩაზე განებივრებ! აქ მაკოცე, დალალოვ, იქ ჩაგიხუტებ ჩამიჩსა! აქ მომიალერსე მარტოსულს, იქ გიქვეშევრდომებ ერთგულად, აქ სიყვარული მაჩუქე და იქააა... იქა, ლალოვ, მე ვიცი იქა!

ჰპირდება წაღმართი თუ თვალთმაქცი, აშურშურე თუ დოდინ-დოდინა, ხმელი თუ ბრგე, ნედლი თუ გამოზრდილი, მეოცნებე თუ გონებადინჯი, ხელმოცარული თუ წარმატებული, ვნებიანი უფხო თუ შეულახავი მუშაკი. ჰპირდება! ჰპირდება და უფრო გულდამშვიდებული ტოვებს - აბა, სახსოვარივით ხომ არ დაურჩება?

სახსოვარი არ უყვარს ლალოსდარს!

ფოჩებიან ფარდას საჩვენებელი თითით მოაშორებს ფანჯრის კუთხეს - უცქერს, სანამ თვალს არ მოეფარება გასტუმრებული. მერე დგას დიდხანს და შესცქერის არაფერს - აბა, რაღა ქნას? აბდალს უთხრეს: „თოვლი მოდისო,“ იმან კიდევ: „აკი, ვდგავარ და ვძაგძაგებო!“ ჰო და ლალოც დგას. დგას და ცრის ტანში - ეგრე სჩვევია, გააკანკალებს ხოლმე.

ვინ იცის, მაგ კანკალი სიამოვნების ჟრუანტელს ნიშნავს თუ ამგვარი ხერხით ცოტა ხნის წინ მოსმენილ საალერსო სიტყვებს ივიწყებს ლალო - თავს აჯერებს: რაის ხალიჩა, რა ჩახუტება, რაის ქვეშევრდომი, რა ერთგულება, რაის აქა-იქა დანაპირები?

მართალიც გახლავთ - ჰა და ჰა, ეზოდან გასვლის წინ სახლის კედელზე დაუწერონ: „აქა ცხოვრობს ლალოი,“ - ნახშირით თუ გუაშით, ცარცით თუ აკვარელით, საპკურით თუ მარკერით.

გაზაფხულზე კი შენობებს თუ გაღებავენ, ის წარწერაც გაქრება, მაგრამ ლალო გულს როდი დაიწყვეტს: მთელი დღე ქუჩაში დადგება, დააკვირდება, როგორ ააგებენ ხარაჩოს, გაღებავენ პარაპეტს, ჩუქურთმასა და თაღს. მუშები გუმანით მიხვდებიან, რომ შენობაზე დაწერილი სიტყვები: „აქა ცხოვრობს ლალოი“ ამ ქალის შესახებ დაუწერიათ და სულ ბოლოს გადაუსვამენ საღებავში ამოვლებულ ფუნჯსა თუ გორგოლაჭოვან საგორავს.

სახლი ხან ლალოს საყვარელ ფერად - მწვანედ იღებება, ხანაც ლალოს ოთახის კედლებივით ცისფრად; ხან ლალოს რუმიანასავით აგურისფერია, ან ლალოს კრებ-ჟორჟეტის პენუარივით ვარდისფერი. ყველა ფერზე ყაბულსაა ლალო, ყველა ფერი ხიბლავს და ეახლობლება. ამიტომაც არ ელევა ენაწყლიანი დამპირებელი თუ ხელმადლიანი სტუმარი, წასვლის წინ მისი სახლის კედელზე რომ მიაწერს გზააბნეულის დასაკვალიანებელ სიტყვებს და ზოგჯერ ისარგაყრილ გულსაც მიახატავს ზედმეტი აღელვებისგან!

როგორც კი ფანჯრის კუთხეს ფოჩებიან ფარდას ჩამოაფარებს, სარკეს ჩამოუჯდება ლალო: თვალს ჩაუკრავს, გაუშინაურდება, ათას წვრილმანს გაახსენებს და ამ მუსაიფში, თმას ხან შუაზე გაიყოფს, ხანაც უკან გადაყრის, წამწამებს აიპრეხს, ფერიმჭამელას ამოიგდებს, ტუჩებს დაბერავს და საცხის ფერს შეირჩევს. მაჯაში მოხრილ მტევანს ნიკაპს ჩამოაყრდნობს, ისე, რომ სარკეში ფრჩხილები გამოუჩნდეს, გამოცდილი თვალით შეაფასებს მანიკიურს და მერე ყვრიმალებზე რბილი ფუნჯით აგურისფერ რუმიანას გადაისვამს.

- განა ლალი ხა-არ, ლალო? აგურის ნატეხი ხა-არ. ლალის გვერდით ვინ დაგდოს, მარტო იმისთვინ რო-ო წითელი ხა-არ! - იტყვის მერე და დაიფშვნება სიცილით, აგურის ნატეხივით ამსუბუქდება, ბეჭზე ჩანთას გადაიკიდებს და წავა. წავა, აბა, ადგილზე დგომა რას არგებს ლალოსდარს! დადის დროის კვალში გავის რიტმული რხევით: პლატფორმით თუ ფრანცუზკებით, ტანგეტკით თუ ესპადრელით, საბოთი თუ სანდლებით, ფლოსტით თუ ლოდკით.

ხან ბაზარზეა, ხან სკვერში, ხან ხიდიდან დაუქნევს ხელს მეთევზეებს, მათი ნადავლით აღტაცებული, ხანაც გაჩერებაზე შეყოვნდება - ყველა მგზავრის დამლოცველ-დამხვდურიაო, თითქოს. ვიტრინებთან ზოზინით ჩაივლის და გამვლელ-გამომვლელის გამოხედვას შეაფასებს. ხარბი თუ ავი თვალი არ აკლია - გააყოლებენ და ზედვე დააყოლებენ:

- ამაზე ისწავლა ჩვენმა უბანმაო! - და ეს სიტყვები, „აქა ცხოვრობს ლალოის“ მსგავსად, გულს უხარებს, სიამაყით ავსებს ლალოს.

- მოვდივარ და სტავლა მომაქვს, - იტყვის და იფშვნება სიცილით, - საყვედურის ღირსი ვა-არ? გასწავლეთ, ჰო-არ წაგართვით? ჩემთვინ ვისურვე, მივითვისე თუ მოვაბრუნე გასტუმრებული?

დაფასებაც თავისებური აქვს ლალოს: პირველი ამბები გარდატეხის ასაკში, ბიჭისაა თუ გოგოსი, ლალოსთან განიხილავენ: ხან ტელეფონით იხმობენ, ხან ფანჯრიდან ანიშნებენ, გადმოდიო. ვის დაზარდება - განა ასე იოლად იპატიჟებდნენ უწინ ოჯახებში?

დაჰყვა ლალო ადამიანის კეთილგანწყობას.

წყენის ადგილი სად აქვს გულში ლალოსდარს!

საღამოობით თუ მოცლილია და ვასილიჩთანაც მიესვლება. მისაღებ ოთახში შევა თუ არა, ქალბატონი ლემონას გადიდებული სურათისკენ გააპარებს თვალს, გულში მიესალმება და ყოველ ჯერზე გაიხსენებს, როგორი ამაყი იყო ვასილიჩის ცოლი, არაფრად აგდებდა და სალამის ღირსად არ თვლიდა ლალოსდარებს.

- მოდი ლალო, მიამბე შენებურები, საშველიანები, - აღიღინდება ვასილიჩი და ლალოც ჩამოუჯდება, სარკესთან მუსაიფში მიღებულ გამოცდილებას ოსტატურად მოირგებს მიხვრა-მოხვრაში, ვერ მოიშლის კეკლუცობას - ლემონას ხსოვნის ხათრითაც კი. ვასილიჩიც ყაბულსაა ლალოსთან დიალოგებზე - მეტი რაღა შეუძლია - ალალად მოყოლილი უბნის ამბების მოსმენა, ლალოსთან მეგობრობა:

- გაფიცებ, მაგ შენს აგურისფერ კამეას, რა გინდოდა გუშინწინღამ იმ სახელოვან ოჯახში, ლალო? რა გაჭირვება ადგათ და რა გაუხერხე, რომ გადაგყვნენ დღეს და აგავსეს პადარკებით?!

- ვაი-მე-ე! მახსენდება და ახლაც ვიფშვნები სიცილით, ვასილიჩ.

- ასეთი რა დაგახვედრეს, შენ რომ გაგაკვირვა და უნახავი გაგხადა?!

-გამაკვირვა სწორედ-რომ.

- მეგონა, კაი დარჩი რეცხვაში, ლალო და მაწბილებ!

- იცინი, ვასილიჩ, მარა, მოგიყვები და, ა, ნახე: დამირეკეს შვაღამეზე და . . შევედი თუ არა, ერკერში გამიყვანეს. ვხედავ, სკამზე დაუყენებიათ თავიანთი ბოვში, ხუთი წლის ვაჩუნა. ბაბუაჩემი რომ იცვამდა ოციან წლებში ისეთ ნიფხავშია გამოწყობილი და აპარპალებს ცრემლიან თვალებს. მოვეფერები-თქვა, დამეთუთქა რატომღაც გული, მაგრამ მაგდენი ვეღარ გავბედე და დავდექი. დავდექი და ვა-არ. აბა, აჩვენე ლალო ბებოსო, - დედამისმა და უფრო აემღვრა თვალები ბოვშს, ჩააფრინდა თავისი ნიფხვს პაწია ხელებით. მე კიდო, ქე-რო ვიცი, ისე გამცრა ტანში. ახლა მამამისი მეუბნება, ქალბატონო ლალოო... ქალბატონოო და ლამისაა დევიფშვნა სიცილით, მარა ვკბენ ლოყებს შიგნიდან, ვდგავარ ისევლე და მახსენდება მაგის ათი წლისწინანდელი ცქვიტობა. მიუახლოვდა უცებ ვაჩუნას, ჩახადა ნიფხავი და რას ვხედა-ავ, ვასილიჩ, ისე ა-აქვს გაპრიკინებული, მამამისს კი არა და, ცხონებულ ბაბუამისს არ ღირსებია ეგეთი მისდროზე. საღამოს ეწყება და არ აძინებსო, შემომჩივლა დედამისმა. შემიქანდა გული. მოკლედ, რა მეთქვა, აღარ ვიცოდი და ნაცხი აუღეთ-თქვა. ა? რაფერი ნათქმია, მარა, რაც მომადგა ენაზე, ე-ეგ იყო! სიდანო? ჩამეკითხენ. უკანა ტანიდან-თქვა, ვუპასუხე და, ვასილი-იჩ, ლალო არ ვიყვე, თუ მახსოვდეს, რაფერ გამოვედი მაგათგან და რაფერ აღმოვჩნდი ჩემსა. დავჯექი ჩემი ხატების კუთხესთან, დავუნთე ვაჩუნას სანთელი, გამოვისახე პირჯვარი და შევთხოვე ჩემი მხარის სალოცავებს: მოწამეთას და ცხრა ჯვარს, უშველე-თქვა ბოვშვს - დედის ლოცვა ჰო არ წამიკითხავს არასდროს, ან ვისთვის უნდა წამეკითხა, ა-იმ ღამეს გადავშალე ვაჩაჩუნასთვის - რაც მე გულით განვიცადე, ვასილიჩ, იმის გასაჭირი.

- ეშველება, ლალო, რამე? რა უნდა იყოს ნეტავ?

- ეშველებაო!.. ეშველა და ეგაა! ენდვენ ჩემს სიტყვას, წაუღიათ ნაცხი ბაქტერიოფაგში, დაუთესიათ იქ და აღმოაჩნდა რაღაც ჭია, გლისტი, გამოუძვრებოდა ღამე და უღიზიანებდა იმას. გამოუწერეს წამალი ახლა და დაიძინა რავარც იქნა, დაშოშმინდა ბოვში. გადმოვიდნენ მერე წუხელ და რა ბამბანერკები და რა შიკოლადები, რა ხილი, ანანასი და გრეიფრუტი, მანგოს წვენები მომართვეს, უჰ, რა აღარ - შენ რომ იცოდი, ვასილიჩ, კომუნისტების დროს ჩემთვინ საახალწლო პაიოკები, ის გამახსენდა. მადლობა ცხრა ჯვარის

მადლსა და ...

- მერე, ლალო!

- რაღა მერე, ვასილიჩ, მადლობა ღმერთ...

- რაღა მერეო-ო? ჭიის სახელი, გოგო?

- რა სახელი, ვასილიჩ?

- ჭი-ის! ჭიის ლათინური სახელი არ ჩაიწერე?

- ლათინური-ი? რაში მჭირდებოდა მაგ სახელი ...

- რაში-ი? არ გჭირდებოდა-ა? ცოტა ვართ გაჭირვებულები ქვეყანაზე, ასე დიალოგებზე სასიარულოდ რომ შემოგრჩით, ლალო?

- მაგი აღარ მიფიქრია, ხო იცი...

- ლალო, ლალო, მაგას არ მოველოდი შენგან. გრცხვენოდეს, გოგო!

- ...ხვალ... ხვალ ფოტო-ატელიეში მივალთ გოგოები, ვასილიჩ, არ მცალია და ზეგ კი გავივლი ბაქტერიოფაგში... ჩავიწერ. სიდოური სახელიო, რა მითხარი, ვასილიჩ?

- ლა-თი-ნუ-რი, ლალო, ლათინური სახელწოდება...

- ჰო-ო! . . ლათინურს ჩავიწერ! აბა, იმ ოჯახს ვერ მივადგები და ვთხოვ, რა ერქვა ჭიას-თქვა, უხერხულია მაინც, ამხელა პატივი მცეს უკვე და ...

- ფოტო ატელიეში რაღა გინდათ?

- პეტრეა ერთი ჩვენი ძველი ნაცნობი ფოტოგრაფი. მაისის ბოლო შაფათს ვარდებს ვყიდულობთ მე, ინეზა და სარა, ვესტუმრებით ხოლმე და ვიღებთ სურათებს. პატივს გვცემდა თავის დროზე მაგ კაცი, სულ ჩვენი ფოტოები ჰქონდა გამოფენილი ვიტრინებში. აღარ აქვს მუშაობა ახლა ისეთი და ...

- გასაგებია, ჩემო ლალო, გასაგები. საპასუხისმგებლო დღე გქონიათ გოგოებს, დაუბრმავებთ ხვალ პეტროს თვალს!

- ეჰ, დავბერდით, თორემ, თავის დროზე კი.

- რატომ, რატომ! რო დაიბანოთ სამივემ მარწყვის საპნით რა გიჭირთ!
მარწყვის საპნითო და იფშვნება ლალო სიცილით. წასასვლელად ემზადება, ფანჯარას უახლოვდება, ეზოს გადახედავს - ერთი სართულით მაღლა ცხოვრობს ვასილიჩი, მაგრამ მაინც სხვა-ფრად მოჩანს იქაურობა, ლალოს ფანჯარაც მოჩანს, ფოჩიანი ფარდებით. დადგება ცოტა ხანს, გაცრის ტანში, სიამოვნების ჟრუანტელი დაუვლის თუ ასეთი საშუალებით თავის ფარდისმიღმა ამბებს ივიწყებს - არავინ იცის, მაგრამ მალე კი გამხიარულდება, ქალბატონ ლემონას სურათს დაემშვიდობება ირიბი მზერით, ვასილიჩს - ჭიის ლათინურ სახელწოდებას გავიგებო, კიდევ ერთხელ დაპირდება დამაჯერობლობისთვის, ძილი ნებისაო, იტყვის და კიბეზე რამდენიმე საფეხურს რომ ჩაივლის, ისევ დაიფშვნება სიცილით - მარწყვის საპნის გახსენებაზე.

სანამ მაისის ბოლო შაბათი გათენდება, რამდენიმე საათს გაატარებს სარკესთან მუსაიფში ლალო. აბადოკით გადაისწორებს და შუბლიდან მოიშორებს თმას, ტონიკში დასველებული ბამბით გაიწმენდს ლოყებს, კისერს და ყელს, კიტრის მასკას დაიდებს სახეზე, ფრჩხილებს ფორმას გამოუსწორებს ქლიბით, სამკაულს გაამზადებს: აგურისფერ კამეას და სერდოლიტის საყურეებს ჰო-უსათუოდ, ბეჭდებს ზოგს შუა თითზე მოირგებს, ზოგსაც საჩვენებელზე და ისევ შეინახავს, დილისთვის გადადებს არჩევანს.

გამოეწყობა მერე ვარდისფერ პენუარში, ზემოდან წამოწვება ლოგინზე - მაშინვე არ უყვარს ჩაწოლა. ერთ ხელს ლოყის ქვეშ ამოიდებს, მეორეთი საღამურს მოისწორებს თეძოზე და მიაშტერდება პეტრეს გადაღებული სურათებით აჭრელებულ კედელს.

ზოგან შავ-თეთრი მოგონება ხვდება - ზოგან ფერადი: აგერ შიფონის ქვედა ბოლო აცვია, ამ დროს სატინის კაბები იყო მოდაში, ხან ლიპებშია, ხანაც უზარმაზარი ლაცკანები უმშვენებს ჯიბეებს, ბიაზს ჯინსი ცვლის, ჩესუჩას - ორგანზა, კაპრონის სტრელკიან ჩულქს - ბადისებრი კოლგოტები, დრო თან დაატარებს ლალოს. ძალიანაც რომ მოისურვოს, არ მოეშვება, ან სად დაიმალება, როცა ყველამ იცის, რომ „აქა ცხოვრობს ლალოი!“ - შენ არ მოკვდი, ვასილიჩ, რავა გამასულელე და ამაგდე ამ ხნის ქალი?

- ააარ გინდააა უკვდავყოოო შენი სახელიიი, ლააა-ლოოო?

- ვიცი, კაი-რო გინდა ჩემთვინ, კარგი რომ დავრჩე რეცხვაში, მარა, ჰო გაგიგონია, აგურს რეცხდნენ და უარესი წვენი გასდიოდაო, ასთე ვარ მეც, - და იფშვნება სიცილით ლალო, სიზმარშიც ისევე, როგორც ცხადში, საბანს იფარებს შემცივნებულ სხეულზე და ერთი წუთითაც არ წარმოიდგენს იმ დღეს, შენობას რომ გადაღებავენ და აღარავინ დაწერს „აქა ცხოვრობს ლალოი!“

უმედობა არ სჩვევია ლალოსდარს!

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 409
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაკა ლდოკონენი Empty
PostSubject: Re: მაკა ლდოკონენი   მაკა ლდოკონენი EmptyMon Apr 01, 2019 1:28 pm

მაკა ლდოკონენი

ნარინჯის მონოლოგი

სიტყვების გამოგონება მიყვარს _ სიტყვების გამოგონება ხატვას ჰგავს. უცნაური სიტყვების შეგროვება და მოსმენაც მიტაცებს _ აი ისეთების, ძველებურ ქართულ გამოცანებში რომ ისმინება: «ბეწიკური შუკანანაი, ბროლით გამოტენილანი», ან «აშიბაში, თუნთრუბაში», ან კიდევ «ჩაიკსკილიკიმაჟურ-მოისკილიკიმაჟურა.» შეიძლება ასეთი სიტყვები არ დახატო?
მუსიკასაც ვხატავ ხოლმე _ ყველაზე კარგად ჯაზი იხატება, ჯაზს განსაკუთრებულად უხდება გრაფიკა. პირველად პეტრუჩიანის მუსიკა მოვხაზე და ნახატებს «პეტრუჩიანის აკორდი» დავარქვი, შვიდი ნოტა-სურათი იყო: «დო-მინანტი,»
«რე-ვერანსი,» «მი-მიკა,» «ფა-ნტაზია,» «სოლ-ისტი,» «ლა-ილაი» და «სი-ნთეზი.» ისე, ბენსონიც არაჩვეულებრივად იხატება, ზავინულის ზოგიერთი კომპოზიციაც, სტინგიც.
ვხატავ წიგნებს _ მათ პერსონაჟებს. ორი წიგნი მაქვს, სულ თან რომ დავატარებ:
«ნატვრის ხე» და «გზაზე ერთი კაცი მიდიოდა.» ჯერ ვერ გამიბედია მათი დახატვა, ასოასო გამომყავს ხაზები. ფორუხის ყვავილებს ვხატავ, განჯელის სალოცავ ქრისტიან ქალს, კიდევ . . . შაჰიდ ბალჰელის სახელს _ ჰო, სახელს! რა ლამაზად ჟღერს: შ-ა-ჰ-ი-დ ბ-ა-ლ-ჰ-ე-ლ-ი _ არდახატვა არ იქნება!
მეკითხებიან ხოლმე, ფერებში რატომ არ ხატავო და მიკვირს. იმასაც მსაყვედურობენ ქალები რატომ ჭარბობს შენს ნახატებშიო და მეღიმება. მიმაჩნია, რომ ორ ფერში (შავთეთრს ვგულისხმობ) რეალობა და ემოციები გაცილებით ექსპრესიულად იხატება.
გრაფიკა თავის თავში განსხვავებულ ექსპოზიციასა და დამთვარიელებელს გულისხმობს, ისევე როგორც ჯაზის მოსმენას სჭირდება განსაკუთრებული გარემო და მსმენელი. რაც შეეხება ქალს, მისი მობილური და ელასტიური ბუნება თუ სხეული,
მეხმარება გადმოვცე ნებისმიერი განცდა, მოვლენა, წელიწადის დრო თუ ამინდი, თუნდაც საგანი ან ნივთი. ამიტომ ქალი ჩემს ნახატებში მხოლოდ ქალი როდია; მას შეუძლია ფიქრიც იყოს, განწყობაც, სიტყვაც და დეკორიც.
გრძნობების გამოგონება არ მიყვარს. _ გამოგონილი გრძნობებით არც ნახატი გამოდის და არც ამბავი. მაინტერესებს, რომელ ფიქრს უფრო ხშირად ფიქრობს ადამიანი მოწყენილს თუ მხიარულს? დავდივარ და თვალებში ვუყურებ: დედამიწაზე
მართალია, უამრავი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ თითოეულს ხომ მხოლოდ საკუთარი არსებობა მიაჩნია ყურადღების ღირსად. თითქოს ქუჩაში შემხვედრი ნებისმიერი მოკვდავი მის გარეშე არაფერს წარმოადგენს, ისტორიაც მისი არსებობის დღემდე იწერებოდა მხოლოდ. წარსული ფოტოებად აღიქმება _ გრძნობები, ემოციები და ოცნებები კი მხოლოდ აწმყოში, მის კონკრეტულ ცხოვრებაში ისხამს ხორცს.
სინამდვილეში კი ყველა ერთ გზაზეა: ყოველ ოცდაოთხსაათში ერთხელ, წლიდან წლამდე _ თითოეული უხილავს, გაუგონარსა და ჯერარნაგემს დაეძებს.
ასეთ დროს ვხვდები, რომ ადამიანს უსათუოდ სჭირდება ზღაპრის დასანახი თვალი _ ცოტა ხნით გასახელად, წამით გასახედად მაინც. გრძნობამ რომ აავსოს, დაარწყულოს, ან პირიქით, გრძნობა რომ გადმოღვაროს.
გრძნობა თხევადია.

კრებულიდან: „მონოლოგი და პირისპირ“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 2009

ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/6781/1/Monologi_%20Da_%20Pirispir.pdf

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 10
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

მაკა ლდოკონენი Empty
PostSubject: Re: მაკა ლდოკონენი   მაკა ლდოკონენი EmptySun Jul 21, 2019 11:27 pm

მაკა ლდოკონენი

რადიარდ კიპლინგის სამყაროში მოგზაურობა

ამ ქვეყნად ბევრი საინტერესო და ამავდროულად მშვენიერი წიგნი მეგულება, ჩემო უსაყვარლესებო, მაგრამ დღეს ერთის შესახებ გიამბობთ, „აი, ასეთი ამბები“ რომ ჰქვია და თხუთმეტ ნახევრადზღაპრულ ამბავს აერთიანებს (ნახევრადზღაპრული კარგად დაიმახსოვრეთ)!.. ეს წიგნი მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებულია, იმიტომ რომ რადიარდ კიპლინგმა დაწერა, რობერტ ინგპენმა დაასურათა, ქარჩხაძის გამომცემლობამ კი „საბავშვო კლასიკის“ სერიით შემოგვთავაზა.

***
სანამ სიტყვების თამაშითა და ორიგინალური ეპითეტებით უხვად შეზავებულ ამბებზე გადავალ, შეგახსენებთ, რომ რადიარდ კიპლნგი მსოფლიოში აღარებული, პირველი ბრიტანელი ნობელიანტი ავტორია. მისი ნაწარმოებები გაჟღენთილია აღმოსავლური სურნელით, ეკზოტიკური სანახაობებითა და ხმებით. ამის მიზეზი ინდოეთში გატარებული ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები გახლავთ. თუმცა თავად კიპლინგი თვლიდა, რომ მწერლად ჩამოყალიბებაში ინგლისის სკოლაში გატარებული ხუთი საშინელი წელი დაეხმარა, ერთერთ ოჯახში გამწესებული, უმკაცრეს პირობებში რომ იზრდებოდა. სწორედ ამ პერიოდში დახელოვნდა ტყუილების შეთხზვაში, რაც, მისი თქმით, „მშვენიერი წინაპირობა აღმოჩნდა ლიტერატურის შესაქმნელად.“

ავსტრალიელი მხატვარი, დიზაინერი, საბავშვო წიგნების ილუსტრატორი, ეკოლოგი და ხელოვნებათმცოდნე რობერტ ინგპენი კი უამრავი საპატიო ჯილდოს მფლობელი გახლავთ, რომელთაგან ხაზგასმით ანდერსენის ოქროს მედალი მინდა აღვნიშნო. პრიზი, რომელიც ნებსმიერი მხატვრისთვის ნობელის პრემიის საპირწონეა და მსოფლიოში საუკეთესო ილუსტრატორებს გადაეცემა. ჩვენი წიგნის მაღაზიებსა თუ ბიბლიოთეკებში ინგპენის ილუსტრაციებით გაფორმებული კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საბავშვო ნაწარმოები მეგულება: ჯეიმზ მეთიუ ბარის „პიტერ პენი და ვენდი,“ კენეთ გრმის „ქარი ტირიფებში,“ და ეს ულამაზესი წიგნებიც ქარჩხაძის გამომცემლობის „საბავშვო კლასიკის“ სერიაშია გაერთიანებული.


***
„აი ასეთი ამბები პატარებისთვის“ კიპლინგმა 1902 წელს გამოაქვეყნა. თხუთმეტ პატარა მოთხრობაში (ნახევრადზღაპრულები რომ არის, არ დაგავიწყდეთ) ბევრ უცნაურ სახელს, გამოთქმასა თუ ფრაზას გადააწყდებით. ყველაზე ხშირად კი „ჩემო უსაყვარლესო“ შეგხვდებათ. რადიარდ კიპლინგი სწორედ ასე მიმართავდა თავის ქალიშვილ ჟოზეფინას, როდესაც ამბის მოყოლას იწყებდა ან ასრულებდა, როდესაც დიდაქტიკურ მოტივებიან პასაჟებზე მისი ყურადღების გამახვილებას ცდილობდა ან სიყვარულის გამეჟღავნება განსაკუთრებულად მოუნდებოდა. სამწუხაროდ, ექვსი წლის ჟოზეფინა პნევმონიით გარდაიცვალა და მამას მოუშუშებელი ჭრილობა დაუტოვა. მამა-შვილის ყოველდღიური ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ხუმრობები და ნიუანსები ყველაზე თვალსაჩინოდ წარმოჩენილი პატარა გოგონა ტეფისა და მისი მამიკო ტეგამაი ბოფსალაის ამბებშია: „როგორ დაიწერა პირველი წერილი,“ „როგორ შეიქმნა ანბანი“ და „ტაბუს ამბავი.“

როგორც ირკვევა, ტეგამაი ბოფსალაი ნეოლითელი, ერთობ უბრალო კაცი ყოფილა, გამოქვაბულში ცხოვრობდა, არც ბევრ ტანსაცმელს ატარებდა, ვერც წერდა და ვერც კითხულობდა, მიუხედავად ამისა თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობდა (ოღონდ როცა არ შიოდა). მისი მთავარი ღირსება სახელში გახლდათ გამჟღავნებული, ტეგამაი ბოფსალაი ნიშნავს „კაცს-რომელიც-დაუფიქრებლად-ნაბიჯს-არ-დგამდა,“ მისი ცოლის, ტეშამაი ტევინდროუს სახელი კი – „ქალბატონს-რომელიც-სვამს-უამრავ-შეკითხვას,“ მათი პატარა ქალიშვილის ტეფიმაი მეტალამაის სახელი კი „პატარა-გასატყეპ-პიროვნებას-რომელსაც-კარგი-მანერები-არ-გააჩნია.“ ჰოდა, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, მშვიდად და ბედნიერად რომ ცხოვრობდნენ (ყოველ შემთხვევაში, სანამ ტეფი ფეხს აიდგამდა და მამიკოს დაუწყებდა დევნას).

ნეოლითელ მამა-შვილზე დაწერილი სამივე ამბავი პიკანტური იუმორითაა შეზავებული, თუმცა მხოლოდ ღიმილს როდი მოგგვრით, იმასაც მიგახვედრებთ, პატარა გოგონებს ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მამებთან ერთად ხატვა და თამაში რატომ უყვართ, წერა-კითხვა კი ცოტა არ იყოს ეზარებათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ის საბედისწერო მოვლენებია, ტევარას თემის უცნობი კაცისთვის გატანებულ წერილს რომ მოჰყვა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წერა-კითხვა არც ტეფიმ იცოდა და არც ტეგამაიმ, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, რა დღეში ჩავარდებოდა პირველი ფოსტალიონი, პატარა გასატყეპი პიროვნების მიერ არყის ხის ქერქზე ამოკაწრულ „სიტყვებს“ ნეოლითელ ქალებთან გამოქვაბულში რომ მიიტანდა. არყის ხის ქერქზე ამოკაწრული პირველი წერილი კი, ჩემო უსაყვარლესებო, სახლიდან ძალიან შორს სათევზაოდ წასულ მამა-შვილზე გახლდათ, ერთი შუბი რომ გაუტყდათ, სათადარიგო კი თან არ აღმოაჩნდათ, დახმარება კი ძალიან სჭირდებოდათ (თორემ მშივრები დარჩებოდნენ);

„რატომ აქვს ვეშაპს ასეთი ხახა“ იმ მეტად შორეულ დროზე მოგვითხრობს, თევზიყლაპია ვეშაპი ოკეანის ბინადრებს მუსრს რომ ავლებდა და ბოლოს ერთი ციცქნა, ქვეშქვეშა თევზის ანაბარა დარჩა. ქვეშქვეშა თევზი უსაფრთხოების წესებსაც ზედმიწევნით იცავდა (თავი საფრთხეში რომ არ ჩაეგდო, ვეშაპის მარჯვენა ყურს უკან დაცურავდა) და გეოგრაფიაშიც მშვენივრად ერკვეოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშიერ ვეშაპს ვერ უკარნახებდა, არაფრისმქონე ირლანდიელი მეზღვაური შუა ზღვაში, ზუსტად ჩრდილოეთის ორმოცდამეათე განედისა და დასავლეთის მეორმოცე გრძედის გადაკვეთაზე რომ დასკუპებულიყო. ამ არაფრისმქონე, „უსაზღვროდ-ბრძენსა-და-დიდ-გამომგონებელ მეზღვაურს ერთი ლურჯი შარვალი, ასაკეცი დანა და აჭიმები (რომელიც კარგად უნდა დაიმახსოვროთ)“ მაინც გააჩნდა და ფეხების წყალში ჭყუმპალაობაზე დედიკოს ნებრთვითაც სარგებლობდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ვეშაპის „ხახის გახარიხების“ ამბავი ნამდვილად არ დაიწერებოდა;

„როგორ შეიძინა აქლემმა კუზი“ იმ დროინდელი ამბავია „როდესაც სამყარო ნორჩი-და-მთლიანი“ გახლდათ, ცხოველები ადამიანისთვის შრომას იწყებდნენ, მტვრის ღერუბელზე შემოსკუპებული სრულიად უდაბნოთა ჯინი კი დიად ჯადოქრობებს სჩადიოდა და უსაქმურ არსებებს თავდაჭერასა და საკუთარ თავზე სიცილს ასწავლიდა;

„როგორ იშოვა მარტორქამ ასეთი ტყავი “ ცუდად აღზრდილ, „უკაცრიელი კუნძულის მთლად გაუკაცრიელებული სიღრმიდან გამოსულ“ მარტორქაზეა, რომელიც ცეცხლთაყვანისმცემელი პარსის გამომცხვარ „სენტიმენტურ სუნიან ნამცხვარს“ გადეყრება. „სენტიმენტურ სუნიანი ნამცხვარი“ კი, ჩემო უსაყვარლესებო, თურმე „ფქვილითა და წყლით და ქიშმიშითა და ქლიავით და შაქრითა და მსგავსი რამერუმეებით“ გამომცხვარ ნამცხვარს ერქვა. ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც „მარტორქას ტყავი სამი ღილით იკვრებოდა: მხრებს ქვემოთ, ღიპზე და წყალგაუმტარ ულტობ ქსოვილს წააგავდა;“

„რატომ აქვს ლეოპარდს ლაქები“ მაშინდელი ამბავია, დედამიწაზე სულიერიც და უსულოც ერთი ფერისა რომ იყო. დიახ, დიახ, თავიდან ფეხებამდე ყველა „ექსკლუზიურად მოყვითალო-მოქვიშისფრო-მოყავისფრონი“ ყოფილა და „ექსკლუზიურად ზუსტად ეხამებოდნენ მოყვითალო-მოქვიშისფრო-მოყავისფრო ფერის ველდს;“

„სპილოს შვილი“ ჩვეულებრივ პატარა არსებაზეა. როგორები არიან ჩვეულებრივი პატარა არსებები? რა თქმა უნდა „ზრდილობიანი გამოკითხვის მოყვარულები“ და რა გასაკვირი იქნება, ჯუნგლების ბინადარ ყველა უფროსს თავი რომ მოაბეზრონ. „ზრდილობიანი გამოკითხვის მოყვარულ“ სპილოს შვილს კი არა მხოლოდ ყურადღება, ხორთუმიც აკლადა და მის ნაცვლად ერთი მოშავო, ოდნავ ამობურცული, ღილივით ცხირი ჰქონდა. თუმცა… ცნობისმოყვარეობისა და ერთი საბედისწერო კითხვის წყალობით (კერძოდ: რას მიირთმევს ნიანგი სადილად?) ეს უმნიშვნელო ლაფსუსი საკმაოდ სწრაფად გამოსწორდა. ამაში „აი ასეთი ამბების“ წაკითხვის შემდეგ თავადაც დარწმუნდებით;

„ბალადა ბებერ ბიძია კენგურუზე“ იმ კენგურუზე მოგვითხრობს, ავსტრალიის ცენტრში ცეკვა რომ უყვარდა და ერთ დღეში პატარა ღმერთ ნქას, საშუალო ღმერთ ნქუინგს და დიდ ღმერთ ნქონგს სთხოვა „შუადღის ხუთი საათისთვის ყველაზე განსხვავებულ ცხოველად მაქციეთო.“ ამ ამბიდან საკმაოდ ორიგინალური ხერხებით შეიტყობთ, რას ნიშნავს ანდაზა „გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“ (კიპლინგის ენაზე რომ ვთქვათ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს იძულებამ ნებისმიერი ცოცხალი არსება);

„როგორ გაჩნდნენ არმადილოები,“ ეს კიდევ ერთი ამბავია, ჩემო საუსაყვარლესებო, რომელიც დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ზღარბ ჩხვლეტია-კბენიასა და მყარ-მდორე კუს იმ პატარა ლეოპარდის წყალობით რომ გადახდათ, რომელიც თავის დედიკოს დარიგებებს ყურადღებით არ ისმენდა;

„კიბორჩხალა, რომელიც ზღავას ეთამაშებოდა“ იმ თამაშის შესახებაა, „ყოველივეს დასაბამი“ რომ ჰქვია და მგვითხრობს, როგორ დაუმორჩილა უფროსმა ჯადოქარმა ადამიანს ყველა სულიერი. თუმცა თამაში რა თამაშია, ორიგინალური შეცდომა თუ არ გაიპარა. და რომ არა „ბავშვი, რომელიც ხედავს და არ ლაპარაკობს,“ უფროსი ჯადოქარი გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანდა სამყაროს;

„კატა რომელიც თავისუფლად დაეხეტებოდა“ იმ დროის ამბავია, ყველა შინაური ცხოველი გარეული რომ იყო. ადამიანი კი იმ ქალის წყალობით მოშინაურდა, რომელსაც ველურ პირობებში ცხოვრება არ სურდა (სველი ფოთლების მაგივრად საცხოვრებლად მყუდრო გამოქვაბული შეარჩია, ძირს სუფთა ქვიშა მოაბნია, კოცონი დაანთო, შემოსასვლელში ველური ცხენის გამშრალი ტყავი დააფინა და კაცს შემოსვლისას ფეხის გაწმენდა ასწავლა). ამავე ქალმა მაცდუნებელი სურნელით ძაღლი, ცხენი და ძროხა ველური ტყიდან გამოიტყუა, მოაშინაურა და საკმაოდ ორიგინალური სახელებიც ჩამოურიგა: „პირველი მეობარი,“ „პირველი მსახური“ და „კარგი საკვების მომწოდებელი.“ რაც შეეხება „თვისუფლად მოხეტიალე კატას, რომელსაც ყველა ადგილი შეეფერება,“ არც თუ კარგი დღე დაატყდა თავს. რა პირობით დაიმსახურა მან დღეში სამჯერ რძე, ცეცხლთან ყოფნის უფლება, ყოველ ხუთ კაცში სამისგან ფეხსახცმლის სროლა და ყველა ძაღლისგან კბენა, თავად გამოიკვლიეთ. გარწმუნებთ, ამის შემდეგ ზუსტად გეცოდინებათ, რატომ იჭერს კატა სახლში თაგვებს და ბავშვებსაც კარგად ექცევა, სანამ ისინი კუდზე არ მოქაჩავენ;

პეპელა, რომლიც ფეხებს აბაკუნებდა დანარჩენი თოთხმეტი ნახევრადზღაპრული ამბისგან ძალიან განსხვავდება და ყველაზე ბრძენ კაც, დავითის ძე სულეიმან იბნ დაუდზე მოგვითხრობს. მას ცხოველების, ფრინველების, თევზების, მიწაში ღრმად ჩაფლული ქანების, ხეების ენა ესმოდა და თვით უძლიერესი ანგელოზი აზრაიდი, აფრიტები თუ ჯინები ემორჩილებოდნენ. მიუხედავად ამისა, ცხრაასოთხმოცდაცხრამეტ ურჩ ცოლს (ამდენი ცოლი არ უნდოდა, მაგრამ იმ დროს ასე იყო მიღებული და რა ექნა) მაინც ვერ უმკლავდებოდა. რა თქმა უნდა შეეძლო, ბეჭდის ერთი შემოტრიალებით ისინი უდაბნოს ჯიუტ ჯორებად ექცია, მაგრამ თავმდაბალი გახლდათ. სასახლეში ჩხუბი რომ გაჩაღდებოდა, ბაღის ერთ კუთხეში ჩამომჯდარი ნატრობდა, საერთოდ არ გაჩენილიყო ამ ქვეყნად… მაგრამ ერთხელ, ცოლების აყალმაყალმა სამ კვირას რომ გასტანა, პატარა პეპლების დახმარებით დედოფლების გაჩუმება მაინც მოახერხა, თან ისე ბუნებრივად, არც დაეჭვებულა, სასწაულს რომ სჩადიოდა (საიდუმლოდ გაგიმხელთ, ამ საქმეში მისი უსაყვარლესი ცოლის, „თითქმის მასავით ჭკვიანი“ უმშვენიერესი ბალკისის ხელი ერია);

ჩემო უსაყვარლესებო, აი, ასეთი ამბები ხდება რადიარდ კიპლინგის დაწერილ და რობერტ ინგპენის დასურათებულ წიგნში, რომელიც ქარჩხაძის გამომცემლობამ „საბავშვო კლასიკის“ სერიით შემოგვთავაზა. გახსოვთ, დასაწყისშივე გაგაფრთხილეთ, რომ თხუთმეტი მოთხრობა ნახევრადზღაპრულია-მეთქი. შესაძლოა, წიგნის წაკითხვის შემდეგ არ დამეთანხმოთ და სიტყვა „ნახევრად“ ზედმეტად მოგეჩვენოთ. თუმცა თუ ყურადღებით იმოგზაურებთ რადიარდ კიპლინგის სამყაროში, გულდასმით წარმოიდგინეთ როგორ იცვლიდა ფერსა და ფორმებს ჩვენი სამყარო დასაბამიდან დღემდე, შესაძლოა ყველაფერს იმ ადამიანებივით შეხედოთ, ბუნების და ყველა ცოცხალი არსების ენა რომ ესმოდათ და სასწაულების მოხდენით თავის გამოჩენას არ ცდილობდნენ.

25 ოქტომბერი, 2018

მაკა ლდოკონენი Ai_ase10

რადიარდ კიპლინგის თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი

სათაური - „აი ასეთი ამბები“
ავტორი - რადიარდ კიპლინგი
მთარგმნელი - ანი მოსულიშვილი
თარგმანი - ინგლისურიდან
ილუსტრაციები - რობერტ ინგპენი
რედაქტორი - ლეილა ბერიაშვილი
ტექნიკური უზრუნველყოფა - ნინო აფრიამაშვილი
სერია - საბავშვო კლასიკა
გამომცემლობა - ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი - 2013
ISBN 978-99940-34-93-2
გვერდები - 192
ფასი - 19.90 GEL
ყდა - მაგარი

ბმული:
* http://mastsavlebeli.ge/?p=19553&fbclid=IwAR2QJTOIXD6Zwn07yDoR06vlXB6_PBkYoGI2COpHSqH6DaXQFiP0y5d9u0A

study
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Sponsored content




მაკა ლდოკონენი Empty
PostSubject: Re: მაკა ლდოკონენი   მაკა ლდოკონენი Empty

Back to top Go down
 
მაკა ლდოკონენი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: