არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ოლესია თავაძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4621
Registration date : 09.11.08

PostSubject: ოლესია თავაძე   Sat May 12, 2018 4:24 pm


Olesya Tavadze

ოლესია თავაძე

დაბადების თარიღი: 17 იანვარი, 1944
კატეგორია: მხატვარი
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ოლესია (ლესია) თავაძე. (დ. 1944 წ. 17 იანვ., თბილისი). მამა პიმენ თავაძე – ბიოლოგი იყო, დედა ალექსანდრა კოსტიურინა–თავაძე მხატვარი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, შემდგომ – 1963 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (შუალედში, ორი წელი მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში) – ფერწერის, წიგნის გრაფიკისა და თეატრალური მხატვრობის სახელოსნოებში. სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1970 წელს (სადიპლომო ნამუშევარი – “საცირკო წარმოდგენის გაფორმება”). იმავე წელს საიუბილეო კოსტიუმების ესკიზები გაამზადა საქართველოს საცირკო დასისთვის. შემდგომ 1973–75 წწ.–ში მუშაობდა მთავარ მხატვრად თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 1978–79 წწ.–ში – მთავარ მხატვრად თბილისის მინიატიურების თეატრში, ჟურნალ Литературная Грузия-ს მთავარ მხატვრად (1996–2006), მხატვრად თეატრისა და კინოს მუზეუმში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოსტიუმების ისტორიის კურსის მიწვეულ ლექტორად.

არაერთგზის იმყოფებდოა მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებულ ხანგრძლივ შემოქმედებით მივლინებებში:

გაფორმებული აქვს არაერთი სპექტაკლი თბილისისა და ბათუმის თეატრებში.

მუშაობს დაზგურ ფერწერასა და დაზგურ გრაფიკაში, შესრულებული აქვს მრავალი სადიდო და საბავშვო წიგნის დიზაინი და ილუსტრაცია (მათ შორის ილუსტრირებული აქვს შექსპირის პიესები “მეფე ჯონი” და “სიყვარულის ამაო გარჯა” – შექსპირის თხზულებათა I ტომი, თბ., 1986). ავტორია არაერთი ხელნაკეთი თოჯინისა და კოსტიუმის. მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში და ინახება მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში. ლაურეატია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სამხატვრო კონკურსისა (2001). ავტორია არაერთი ხელოვნებათმცოდნეობითი სტატიისა და რეცენზიის, აგრეთვე საბავშვო წიგნის “Bursunsul and Paskualina”, რომელიც 2007 წ. პრემირებული იყო საერთაშორისო კონკურსზე “Step by Step” (ნიუ–იორკი – ამსტერდამი) და გამოიცა მსოფლიოს მრავალ ენაზე. ქართულ ენაზე გამოცემული პირველი წიგნი იყო პროზაული მინიატიურების კრებული – “სევდიანი ჩანაწერები” (2011). ამავე წელს საქართველოს საპატრიარქოს საბავშვო წიგნების მეორე ფესტივალზე გაიმარჯვა ორ ნომინაციაში: როგორც საუკეთესო საბავშვო ილუსტრაციების (“პასკუალინა და ბუსუნსულა”) და როგორც საუკეთესო საბავშვო წიგნის (“პატარა მაწანწალა”) ავტორმა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
* საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამა Step by Step("ნაბიჯ-ნაბიჯ") , ლაურეატი

ბიბლიოგრაფია
* კაკლის ქარები : მინიატურები (ავტორი). - თბილისი, ჩვენი მწერლობა, 2013. - 196გვ.
* პატარა მაწანწალა (ავტორი). - 2011. - 32გვ.
* ბუსუნსულა და პასკუალინა : ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, 2011. - 32გვ.
* სევდიანი ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, 2010. - 272გვ.


ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006764/
* https://olesyatavadze.com/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4621
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ოლესია თავაძე   Sat May 12, 2018 4:30 pm

ოლესია თავაძე

სევდიანი ჩანაწერები

ამ პატარა წიგნს ვუძღვნი
რუსიკო ხუნწარიას – მუსიკოსს, უცნაურ
ქალს – ყველა ჩვენთაგანის მაგივრად,
ტკივილის თანაგანცდით შეპყრობილს.

ლ ა ბ რ ა დ ო რ ი

ახალგაზრდა, ტკბილი ოჯახი გაიყარა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა… ქონება, დიდძალი არა, მაგრამ თავისთვის მოასწრეს, ზომიერად მოაქუჩეს: დებეტი, კრედიტი, ბანკი, სესხი – ისე რო გასაყოფი შეექმნათ. ქალმა თავისი არაფერი არ დატოვა, საზიაროც არ დასთმო – ყველაფერი გამოისყიდა ქმარყოფილისაგან; ფულზე მორიგდნენ. შვილი არ ჰყავდათ, ძაღლი ჰყავდათ, თეთრი ლაბრადორი, “Cынуля”-ს ეძახდნენ. “სინულია”, ერთი იყო, მშვიდობიანად რო შერჩა ქმარს. ქალმა სამაგიერო თეთრი ლაბრადორი უცხოეთიდან გამოიწერა.
რა დაარქვა, არ ვიცი. არც ის ვიცი – ძუ არის თუ ხვადი.

ო ბ ო ბ ა

ძაბრისებურად ქსელით დაგრაგნილ ღრმულში დიდი ობობა ცხოვრობს. გაირინდა, შია, გაუმართლა: ჭკუამხიარული კალია გაება მახეში. ობობამ დააყოვნა, სკუპ-სკუპით გამოვიდა ძაბრიდან, კალიას დაახტა და ადგილზევე გააშეშა.
ვუყურებ, ჩაი გამიცივდა, მუსიკა შეწყდა. რადიოდან დიქტორის მხიარული ხმა მომესმა: – უცხოეთში დიდი სანახაობა გაიხსნა, ახლა ყველას შეუძლია დაესწროს ატრაქციონს – ელექტროსკამზე სიკვდილმისჯილის განაჩენის აღსრულებას (ადამიანის ფიტულია, რა თქმა უნდა!). დიდძალი ტურისტი მიაწყდა სანახაობას.
მე მარტო ვარ. არის თუ არა ჩვენს შორის რაიმე განსხვავება?

ჩ ი ტ ე ბ ი

მარტოსული მოხუცი, ოთახში გამომწყვდეული, თავს კითხვით და ხატვით ირთობდა. ოთახის ფანჯარა კი მისი ბუნების კარი იყო. ყოველდღე საგულდაგულოდ პურს ფშვნიდა და რაფაზე ჩიტებს აჭმევდა. გვერდით ოთახში
ბიჭი ულამაზეს არაბულ ენას სწავლობდა, ნისკარტის რაფაზე კაკუნს გაიგებდა, ყურს დაუგდებდა და არაბულად იტყოდა – “ხუბზ ლი ტუიურ” – პური ჩიტებისთვის.
დიდი ხანია მოხუცი აღარ არის, ბიჭს არაბული დაავიწყდა, ჩიტები კი ისევ მოფრინავენ.
როდესაც პურის ნამცეცებს ვუყრი, ჩურჩულით ვიმეორებ – ხუბზ ლი ტუიურ.

თ ე ვ ზ ი

ლამაზი, ჯიშიანი ქალი თავის პატარა გოგო-ბიჭს სადილს უმზადებდა, ლამაზად მოძრაობდა სამზარეულოს სივრცეში, საქმიანობის მოსაწყენი ყოველდღიურობა სანახაობად აქცია. ტარიანი ტაფა მსუბუქად შედგა ცეცხლზე, მაგიდას მიუბრუნდა, პარკიდან თევზები გადმოყარა. თევზები მკვახედ დაეცნენ მაგიდაზე. ქირურგიული მოძრაობით დიდი დანა მოიმარჯვა და, ის იყო გამოფატრვა დაიწყო, რომ თევზები აფართხალდნენ. წუთით შეკრთა, წუთით თევზებიც შეკრთენ და ნელ-ნელა უკლეს ფართხალს.
ყოველთვის მოინახება ერთი, უფრო არათევზი, უფრო ცოცხალი. იმ ერთმა სულის ღაფვას მძლავრად კუდის ქნევა მოაყოლა, გაიზნიქა, შეხტა და ქალს ხელიდან გაუსხლტა. ქალის უცაბედ დაბნეულობას იერიში მოჰყვა – კუდში სტაცა, მეორე ხელი დანის პირს ჩაავლო და ტარი ურტყა პირდაფჩენილ თავში. თევზი მძლავრად იბრძოდა, პირს დიდად, ჩქარ-ჩქარა აბჩენდა და ყოველი თავში ჩარტყმის მერე უფრო მწარდებოდა. ქალიც ეშხში შევიდა და ისეთი გამეტებით ურტყამდა დანის ტარს თავში, თევზს კბილები რო ჰქონოდა, დააყრევინებდა. ქალმა დარტყმის სიჩქარეს და სიძლიერეს უმატა, გახურდა და ხელებში ჩამკვდარ თევზს უკვე ისე, სიხარულით ურტყამდა.
შუადღე იყო, ბავშვებს ეძინათ.

უ ტ ი ფ ა რ ი ძ ა ღ ლ ი

ქუჩაში ნაპოვნი ძაღლი სოფელში წაიყვანეს. სოფლის ნათესაობამ, დიდი აღრფთოვანებითო, ვერ იტყვი, – სხვა რა გზა გვაქვსო, დავიტოვებთო. მაგრამ, როდესაც უტიფარმა ძაღლმა ქათმების დევნა დაიწყო, სიტუაცია დაიძაბა: ქალაქელები იმას აწვებოდნენ, შეიგნებსო; სოფლელები დიდად იმედიანად არ იყვნენ. ამასობაში ძაღლმა ტყუილად დევნას ქათმების ცოცხლად ჭამა ამჯობინა. ცალფეხზე მოფართხალე ქათამმა და ძაღლის ბუნტყლიანმა ცხვირმა სოფლელები ცივ უარზე დააყენა: – თქვენ რო წახვალთ, მაინც მოვკლავთო. მოსაკლავად ცოდვა იყო, ისევ თბილისში ჩამოიყვანეს, მარტოხელა, ცოლგაქცეული ძმაკაცი გააბრიყვეს, და იმას აქეთ ეგ ძაღლი ოპერის თეატრის უკან ცხოვრობს, ცოლყოფილის ლოგინზე წევს, ცოლყოფილისსავე სახელი ჰქვია და სასეირნოდ ოპერის ბაღში დადის.
უცნაურია, ზოგჯერ უტიფრობა სიკეთით როგორ მოგიბრუნდება. აბა, ქათმები ცოცხლად არ ეჭამა, რა ცხოვრება ექნებოდა?!

ც ხ ე ნ ი “გ ა ნ ძ ი”

მხედარი, განძს რო ეკადრებოდა, ისეთი ჰყავდა. გურული ფირალივით შეიარაღებული, ამერიკელი კოვბოივით დაზმანული, ვერელივით ამპარტავანი. განძი დოღის “არაბი” ცისფერსისხლიანი იყო, ბალახს არ ძოვდა, შვრია უნდა მიგერთმია, სწორზე უნდა ევლო. მხედარმა ეს ყველაფერი კი იცოდა, მაგრამ თუშეთში მიმავალი, თუშურ ცხენზე ხომ არ დაჯდებოდა? განძმაც, სანამ შვრია იყო – ჭამა, სანამ ვაკე იყო – იარა. ომალოში ვაი-ვაგლახით ავიდა. სული მოითქვა. ახლა თუშები ატყდნენ:
– აბა, რა დოღის ცხენია, თუ ვერ ირბინა!
– შევაჯიბროთ!
– ჩვენ ცხენებს ჯანით ვერ აჯობებს!
იმდენი ქნეს, დოღი გამართეს. განძმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, არც თავი შეირცხვინა, არც მხედარი. უკანა გზაზე კი ბალახის გაჭირვებით ძოვამ და ციცაბომ თავისი ქნა, ქანცგამოლეულს ქანობზე ფეხი დაუცდა, წვივში გადაუტყდა და კოვბოის ორლულიანმა იქვე ხევში დააგორა.
განძის თავლაში ახლა სხვა “არაბი” დგას. მხედარმა გუდაურში “როსინიოლების” თხილამურებზე დგომა არჩია.

უ კ უ დ ო კ ა ტ ა

თბილისის დიდ ეზოში კუდიანებში უკუდო კატა “ქურდად იჯდა” – ძაღლს და მამაძაღლს, ყველას ეშინოდა უკუდოსთან საქმის დაჭერა, სუყველასთან “ვერხით” იყო. ერთადერთი ქალი ჰყავდა ამოჩემებული, იმას ენდობოდა, იმას აკითხავდა, იმისას ჭამდა, იმის კარადაში ყრიდა კნუტებს, თუ არ გაუჭირდებოდა, იმასაც ზედმეტად არ აწუხებდა.
ერთხელაც ეზოში ხმა დაირხა – უკუდოს ამპარტავნობამ უწია, ვიღაცამ ლებან-ლებან დაშალა და ნაკუწ-ნაკუწ სისხლის გუბეში გდიაო. ქალს ეს ამბავი რომ მიუვიდა, – მაგის შემხედვარე არა ვარო, ჩემი გული მაგას ვერ გაუძლებსო.
და რა გულმა გაუძლო, როდესაც მეორე დღეს სისხლში ამოვლებული უკუდო კატა თავის კარებთან ნახა მოთრეული. ეგრევე ექიმთან გააქანა, ეგების გადარჩესო. ექიმმა უკუდო შეათვალიერა და ქალბატონს მოახსენა:
– იღლიაში ერთი ნაკაწრი აქვს, ეგ სისხლი კი თავისი არ არის. ვისაც ამან სისხლი ადინა, იმას მიხედეთ, თუ მიუსწრებთო.
უკუდო მოსულიერდა, თვითონ კი სული ვის გააფრთხობინა, თქმაც რომ შეეძლოს, ვერ ათქმევინებდი.

წ ყ ლ ი ს კ უ

ერთი წყლის კუ გვყავდა, მოწყენილი გვეჩვენა და საამხანაგოდ თავისნაირი მოვუყვანეთ. კვერცხის ოდენებიც არ იყვნენ, დედალ-მამალს ვერ გაარჩევდი და,
თუ არ შეუღლდებოდნენ, გვეგონა, იმეგობრებდნენ მაინც.
რა ვერ გაიყვეს, რითი ვერ მორიგდნენ, რომ ერთხელაც აკვარიუმში ისევ ერთი კუ დაგვხვდა. მეორე ვეძებეთ ყველა კუთხე-კუნჭულში, ბოლოს აივნის ღია კარებს გუმანით თვალი გავაყოლეთ, აივანზეც არ იყო, უიმედოდ მეოთხე სართულიდან გადავიხედეთ, და, საოცრება, რამ დაგვანახა?! გადარჩა! ამოვიყვანეთ, დავაბრუნეთ, აკვარიუმში წყალი დავაკელით, ამოსვლა რომ გასჭირვებოდა.
შენც არ მოგიკვდეს ჩემი თავი! მეორედაც და მესამედაც იგივე – გაიპარა, აივნიდან გადახტა, ვიპოვეთ, დავაბრუნეთ. მერე ვიფიქრეთ – ეს თვითმკვლელობის ხერხია თუ გართობა, ერთხელაც ცუდად მოგვიბრუნდება და გავაჩუქეთ.
ისევ ის ერთი კუ დაგვრჩა, მშვიდი და მეოცნებე.
მეორეს ამბავს აღარ ვკითხულობთ, გული არ გვატკინოს.

ბ უ

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ანუ იყო და არა იყო რა. წარმოიდგინეთ: ზაფხულის ღამე, სოფელი, ოდა სახლი, ოთახი მიწისპირა ღია ფანჯრით, ფანჯარაზე მიბჯენილი მაგიდა, ზედ გაწყობილი მწირი ვახშამით, მაგიდის თავზე მბჟუტავი შუქი, მაგიდასთან ორნი – სულერთია ვინ. ყველაფერი მარტივია და პროზაული. და უცებ, ღია ფანჯრის ღამის სიჩუმიდან, ფეხების ბაკა-ბუკით, პატარა, დაბღვერილი ბუ შემოდის, რაფაზე ჩერდება, დაჭყეტილ თვალებს აბრიალებს და ამრეზით უყურებს ორ პირდაფჩენილ არსებას.
სუფრაზე შემოსწრებულს ჩვენში ლუკმას უყოფენ, მაგრამ ყველი-პურის დანახვაზე სტუმარმა ფეხების ბაკუნს მოუმატა, კიდევ უფრო გაიფხორა და ფურთხება დაიწყო. რა გვექნა, თავი მოგვეჭრებოდა, სად იყო და სად არა, გვერდით კედელზე დიდი მწვანე კალია რომ არ დაგვენახა. კალიის ბედიც ეგ იყო. ბუმ დიდად არ იუარა, პირი დააბჩინა და დიდი დამადლებით მიირთვა. მერე ისევ უხასიათოდ ზურგი შეგვაქცია და ბაკა-ბუკით გაგვეცალა.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ორნი ვიყავით და ერთმანეთს დავემოწმებით, რომ იყო, ნამდვილად.

მ ტ რ ე დ ი

ჩემს ტკბილ მეგობარს მტრედები უყვარდა და ჰყავდა კიდევაც. ფოსტის მტრედები იყვნენ, ნასწავლი ამბის მიტან-მოტანაში. წყნეთის ბაღში, სამტრედეში ცხოვრობდნენ და თბილისთან სატელეფონო ხაზის მაგივრობას გვიწევდნენ. რამდენჯერ, სახლში დაბრუნებულებს, ფეხზე გამობმული ბარათი მოუტანიათ. “მოვდივარ”, “გაჩერებაზე დამხვდი”, “გადაეცი, ვერ მოვალ”… საქმიანი გზავნილები იყო უმეტესად. ერთხელაც, გულჩვილობისას, სასიყვარული წერილი გამომიგზავნა. მაგრამ, არც ის მტრედი მოფრინდა, არც ის წერილი.
– იშვიათია, ხდება ხოლმე, ასეული კილომეტრების სიშორიდან ბრუნდებიან, ალბათ რაღაც მოუვიდა, – თავს იმართლებდა გაწბილებული მწრთვნელ-მიჯნური.
რაღაცის ნიშანი ხომ არ იყო, რომელსაც უნდა მიუყურადო….
ჩვენს სიყვარულსაც რაღაც მოუვიდა.

დ ე დ ა – ღ ო რ ი

სიცოცხლის გაჩენა ამ ქვეყანაზე დიდი სასწაული რომ არის, ამაზე კი არავინ
არ დაობს. მისი მსგავსი სასწაული არც რამეა არც არსად. თუ შესწრებიხარ, – ნისკარტით როგორ ძვრება ჭრელი კვერცხიდან ბარტყი, თუ შეგიმჩნევია ცოცხალმშობი თევზის ელვისებური გაჩენა, თუ გინახია ფარაში მიმავალ ცხვარს როგორ უვარდება ბატკანი, თუ გინახია კვიცის, ჩოჩორის ან ბოჩოლას მოსვლა ამ ქვეყანაზე, თუ კატის ან ძაღლის გაჩენა გინახია, თუ ბავშვის მოვლინებას დასწრებიხარ, ნამდვილი სასწაულის მომსწრე ყოფილხარ!
ქალაქელი ბევრ ვერაფერს დაიტრაბახებს, სოფელში კი სასწაული ყოველ ნაბიჯზეა.
ერთხელ სოფელში გოჭების გაჩენას შევესწარი. უზარმაზარი თეთრი დედა-ღორი, აპრეხილცხვირიანი, ჩამოყრილი ძარღვიანი ყურებით, დაგრაგნილი კუდით, ერთი ბეწო ჩლიქებზე ძლივს იდგა, სამშობიაროდ ვიწრო ბოსელში იყო
შემწყვდეული. პირველი გოჭის გაჩენაზე, შიშმა ამიტანა, – ამ სივიწროვეში გაჭედილ
დედა-ღორს, ქვეშ დავარდნილი გოჭი არ შემოეჭყლეტოდა. ყოველი გოჭის მომატებაზე ბორგავდა და წრიალებდა. ასე თორმეტი გოჭი გააჩინა, თავისნაირი თეთრები, ვარდისფერყურიანები. მეცამეტე, ნაბოლარა, ჭრელი იყო.
ბღავილში და ბორგვაში ფეხი დაადგა კი არა, ბალერინას უნაზესი მოძრაობით არიდებდა ჩლიქს მოჭყვიტინე გოჭებს. მეცამეტეს გაჩენაზე შვებით ამოიღრუტუნა, ფრთხილად გაწვა იატაკზე და ცამეტივე დინგით ძუძუების ირგვლივ შემოილაგა.
არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე სიცოცხლის გაჩენაზე დიდი სასწაული! არაფერი!


ქ ა თ ა მ ი

– ჩემი ჭრელა, ჩემს ოჯახს მირჩევნია, – იტყოდა ხოლმე კაცი. ჭრელა დედალი ქათამი იყო და ჩვენს სახლში, მეხუთე სართულზე, პატიოსნად ცხოვრობდა. მის პატრონს დაკვლა დააგვიანდა და ამასობაში ასე ძალიან შეუყვარდა, თუ ჭრელა მართლაც სასწაული ქათამი იყო, ვერ გეტყვით. იმასაც ვერ გაიგებდი, კაცი ოჯახს რას ერჩოდა. რომელი ოჯახი აიტანს ბინაში მოკაკანე დედალს. მარტო კაკანს რა უჭირს, დიდიან-პატარიანად დღენიადაგ სკლინტების წმენდაში იყვნენ, ფულის იმედი თუ გაამხნევებდათ (ჩიტის სკლინტმა ფული იცისო), მაგრამ არც ფული ჩანდა და არც ოქროს კვერცხი. მერე ეჭვი აიღეს, ეგების ქათამი ჩიტებში არ გადისო, და სულ წახდნენ. დიასახლისის მოთმინებას ბოლო რომ მოეღო, სადილად საყვარელ მეუღლეს ჭრელას ბულიონი დაახვედრა.
– ჭრელა! – იკივლა კაცმა.
ვერაფრით ვერ დააჯერეს – ჭრელა აივნიდან გაგვიფრინდაო. ისეთი ჩხუბი ატეხა, ისეთი აყალ-მაყალი…
ისე, რა იყო დაუჯერებელი ჭრელას გაფრენაში, თუ პირისგემოთი ცნობდა თავის “სატრფოს”?..

მ გ ა ლ ო ბ ე ლ ი ჩ ი ტ ე ბ ი

დიდი ხნის წინ, მთაწმინდაზე ცხოვრობდა ღვაწლმოსილი მუსიკის პედაგოგი, კონსერვატორიის პროფესორი, დიდად პატივცემული ქალბატონი.
მისი სიყვარული მუსიკისადმი უსაზღვრო იყო. უსაზღვრო იყო მისი სიყვარული ცხოველებისადმი. მშიერს და ავადმყოფს გულგრილად ვერ ჩაუვლიდა – დიდძალ საჭმელს ყიდულობდა, თავისი ხელით აჭმევდა და უვლიდა. როცა არ ეცალა, უბნის ბიჭებს დარაზმავდა, ბიჭები დადიოდნენ მის მაგივრად ეზო-ეზო და ლეკვებსა და კნუტებს პატრონობდნენ. პროფესორობა რომ არა, ჩვენში ბევრ ჯანმრთელსა და გონიერს ქალბატონი თვალში არ მოუვიდოდა და სასაცილოდაც არ ეყოფოდა. ცოტა სასაცილო, ალბათ, ერთ მანგლისელ კაცსაც ეგონა. ქალბატონი ზაფხულობით მანგლისში ისვენებდა და ამ მოხუცი კაცის სახლში ქირით ჩერდებოდა. სახლის პატრონს კიდევ ერთი შემოსავლის წყაროც ჰქონდა – მგალობელ ჩიტებს იჭერდა და ბაზარში ყიდდა. ქალბატონი კი მუდამ გალიის საკეტს ხსნიდა და ჩიტებს ცაში უშვებდა, მერე კი ზარალის ფულს ერთი ათად უხდიდა. ნაწყენი არავინ რჩებოდა.
მაგრამ ასეთი განუზომელი სიკეთეც კი არ იხსნის ადამიანს აღსასრულისაგან. დადგა დღე გამოთხოვებისა… ქალბატონის სახლში მისმა გამოზრდილებმა, საქვეყნოდ აღიარებულმა მუსიკოსებმა მოიყარეს თავი. დიდ ოთახში, თავახდილ როიალთან, ერთმანეთს ენაცვლებვოდნენ მისი ტიტულოვანი მოწაფეები და ჟღერდა მუსიკა. მთელი თბილისის ნარჩევი საზოგადოება ნაკადად მოედინებოდა ქალბატონთან პატივის მისაგებად. და, რაოდენ შეუფერებელი უნდა ყოფილიყო ამ დიდებული საზოგადოებისთვის სოფლელი კაცი, გაზუნტლული კახური ქუდით, დიდი კოლოფით ხელში, რომ როიალთან მჯდომმა ვირტუოზმა პიანისტმა დაკვრა შეწყვიტა და გაკვირვებით ახედა. ყველას გზააბნეული ეგონა.
მოხუცმა არც ვინაობა გაამხილა, არც უკან დაიხია, განსვენებულთან მივიდა, კოლოფს ჭილოფი ახადა, სახურავი ახსნა და ქალბატონის თავზე მგალობელი ჩიტები აფართხალდნენ.
ღვთაებრივ მუსიკას ჩიტების ჟრიამული და ფრთების თრითინი შეერწყა და სივრცეში განილია…

შ ი ნ ა ბ ე რ ა ძ ა ღ ლ ი

თეთრი ძაღლი პასკი კოხტაა და “ქალური”, მაგრამ უკვე ასაკს გადაცდენილი შინაბერაა. ხელი კი შეეწყო, საკადრისი ზომა-წონის “ოჯახის ბიჭს” ურიგებდნენ, მაგრამ ამაოდ. ვნება არცერთს არ აწუხებდა. სამაგიეროდ ორი ახმახი ძაღლი ამშვენებს მის ბიოგრაფიას: პირველს კუცმანა ერქვა, აშკარად უჯიშო იყო, მაგრამ ისეთი სიმწრით იბრძოდა “სატრფოს” დასათრევად, რომ სამმეტრიან ღობეზე ძვრებოდა – დაუჯერებელს გაგაკეთებინებს სიყვარული. პასკი კი ყრუ იყო და მუნჯი. მეორეს თოლია ერქვა, კავკასიურ ნაგაზობას აბრალებდნენ, დასაწუნი არაფერი ჰქონდა, მაგრამ “ქალს” აქეთ იწუნებდა. რას არ შვებოდა საბრალო პასკი,
რას ხვანცალებდა! კავკასიელი ყაზილარი ზრდილობიანი კი იყო, მაგრამ ლტოლვის მაგვარი არაფერი ეტყობოდა.
ასე, წუნიაობაში, შინაბერად დარჩა თეთრი პასკუალინა.
უპასუხო, ცალმხრივი სიყვარული ჩვენშიც რა ხშირია.

შ ვ ე ლ ი

სანამ სოფელი დაფუძნდებოდა, ჩვენს ოდას ვინ არ აკითხავდა: კურდღლები, მელიები, ტურები – მრავლად იყვნენ. შაშვები და კოდალები კი დღესაც შემოგვრჩნენ. ერთადერთი, ეულად შველი მოდიოდა – შორიახლოს აჩრდილივით, ფრთხალად გაირინდებოდა და ისევ ქრებოდა. ნელი-ნელ ყველა გაიკრიფა და არც შველის გაუჩინარებას გაუკვირვებივართ.
მერე მითხრეს, ის შველი ჩემი მეგობრის მამას მოუკლავს.
ნეტავი არ იყოს მართალი.

ს ა მ ფ ე ხ ა ძ ა ღ ლ ი

ქალაქში, ჩვენი სახლის ეზოში რა ძაღლს არ ნახავთ, პატრონივით გაპრანჭულს: თავმომწონედ დასეირნობენ ცისფერი პუდელები, მოჩითული დალმატინები, გარგლისფერი სპანიელები, იდიოტი პიტბულები… ძალიან თავმომწონე ძაღლებს “ძიძები” ასეირნებენ. ამ ნარჩევ საზოგადოებაში ერთადერთი ძაღლია ყოვლად უჯიშო, უიმედოდ შავი, და ისიც სამფეხა. ოთხი ფეხის მაგივრად ოთხი წვინტლიანი პატრონი ჰყავს, ოთხი პატარა და-ძმა. არც ძიძა ჰყავს, თავსაც ვერაფრით მოიწონებს, მაგრამ ჩვენს ეზოში ყველაზე ლამაზი წითელი ყელსაბამი უკეთია, ბრჭყვიალა კოპლებით.

ჭ უ კ ე ბ ი

ბაზარში, რო იტყვიან, გაგანია სიცხეში, მწვანილის, ბოლოკის, ბადრიჯნის, კიტრისა და პამიდვრის რიგში უაზროდ გამოჩრილი გალია იდგა, შიგ მისვენებული იხვების “ნამატით”. ჭუკები ერთმანეთის კისრებზე თავმიყრილები იწვნენ და თვალებს ნაბავდნენ.
– გაიარეთ, გაიარეთ, არ გააღვიძოთ, ემ საათში ვაჭამე და ძლივას დავაძინე!
აქ დასაძინებლად თუ გასაყიდად მოიყვანა, – ვიფიქრე, პატრონს ავხედე. ჭუკებს, მზეზე გარუჯული, შრომაში დაბერებული, ჯმუხი შუა ხნის კაცი ყიდდა.

ბ ა ტ კ ა ნ ი

ქალაქელები სამშობლოს მიწა-წყლის სანახავად პატარა ავტობუსით ვარძიაში მიდიოდნენ. თანამგზავრების ერთფეროვნებას ჩერჩეტი ბატკანი და ბეღურისხელა ქალბატონი ასხვაფერებდა. გზა გრძელი იყო, ხან ამბავს მოყვნენ, ხან წაუძინეს, ხან კი ბატკანს ართობდნენ: სასაცილო ბანტი შეაბეს, “ჩორტიკა” შეარქვეს და გასეირნებისას ერთმანეთს ეცილებოდნენ, საბელს ვინ დაიჭერდა.
ვარძიაც მოინახულეს, გვარიანადაც მოშივდათ. საგზალი ამოალაგეს, კოცონი დაანთეს და მსხვერპლშეწირვის დროც დადგა. ის იყო, ბატკანს ბანტი შეხსნეს, რომ ბეღურისხელა ქალბატონმა იაზრა რაშია საქმე, და არნახული ენერგიითა და ხერხებითQ ჩაშალა მხიარული ღონისძიება.
ნეტავი გამაგებინა, გზაში რას ფიქრობდა, – ბატკანი თამარ მეფის ფრესკის სანახავად მიჰყავდათ?

ზ ღ ა რ ბ ი

უშფოთველი დღე იყო. თბილისში, ვერაზე, საბავშვო ბაღის შენობის წინ, ქუჩაში დიდი შავი მანქანები იდგა. საბავშვო ბაღის წინ, დიდი შავი მანქანების გარდა, დიდი სანაგვე ბუნკერიც იდგა, ირგვლივ მიზანს აცდენილი ნაგვით სავსე პარკებით. იქვე, სანაგვესთან, ქუჩაში, ასფალტზე, გულაღმა, პატარა ზღარბი ეგდო. ოთხივე თათი და პატარა ცხვირი ცისკენ ჰქონდა აღმართული. ზედ დიდი ბუზი დასტრიალებდა.

მ ე ო რ ე ბ ა ტ კ ა ნ ი

მეორე ბატკნის ამბავი გითხრათ. პატარა და-ძმას დედ-მამამ თეთრი ბატკანი მოუყვანა. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი იგივე პროგრამით განვითარდა: სიხარული, ბანტის შებმა, ცეკვა-თამაში, გასეირნება, რაღა თქმა უნდა – სახელის შერქმევა (ამ შემთხვევაში – ცუნცულიკა) და, ბოლოს, ჩაქაფული ან ხაშლამა (ამ შემთხვევაში – ჩაქაფული). აბა ქალაქის ბინაში დუმიან ცხვარს ხომ არ გამოზრდიდნენ?! მოკლედ, ჩაქაფულის ჭამისას, დედ-მამა ბავშვებს ზღაპარს უყვება:
– იცით, ბავშვებო, ჩვენს ცუნცულიკას დედიკო მოენატრა, დიდი გზა გავიარეთ,
ყაზბეგში ჩავიყვანეთ, მეცხვარე მოვნახეთ, ცუნცულიკა დაუტოვეთ, მწყემსს ფული ვაჩუქეთ, კარგად რომ მოუაროს და სამაგიეროდ სხვა ბატკანი გამოგვატანეს საჩაქაფულოდ.
ბავშვებმა ყურადღებით უსმინეს, და მერე, თვითონ ცუნცულიკებმა, ერთხმად განაცხადეს:
– გაგიჟებულხართ, რამდენი გივლიათ, რამდენი გიწვალიათ, აქ არ გყავდათ ეგ ცუნცულიკა, ფულის ხარჯვას დაგეკლათ და მოგეთავებინათ საქმეო.
– რა საღად მოაზროვნე თაობა გვეზრდება, – ამოიოხრეს ბედნიერმა მშობლებმა…

ჯ უ ჯ ა გ ო ჭ ი

ჯუჯა გოჭი თუ გინახავთ? თავის ტოლებში ყველა უკვე ან გაიზარდა, ან გაიყიდა, ან შეიჭამა. ამ უდღეურს გაზრდა ხომ არ უწერია, გაყიდვით კი – ფერ-ხორცით მოაწონებ ვისმეს, თუ ნერწყვს მოგადენინებს?
ერთი ხეირია – იჯექი და უყურე, სანაშენე ღორებს ფეხებში როგორ ებლანდება; ღობე არ არის, რო არ შეძვრეს, ხვრელი – რო არ შეეტიოს; არც უღელი შველის, არც დაბმა, იმხელაზე ჭყვიტინებს. გონი და საზრისი თავის სამყოფი აქვს, ბევრი არც რკო და სალაფავი ჭირდება.
არის და იქნებოდა ეგრე, მუდამ გოჭი, მუდამ ახალგაზრდა, მუდამ უბერებელი,
მგელსაც რომ ადამიანივით არჩევანი ჰქონოდა…

კ რ ა ზ ა ნ ე ბ ი

მდელოზე, ბალახებში, დიდ ღრმულს წავაწყდით, დიდი კარდალის ზომის. ბალახებს შორის, აქა-იქ ფიჭები იყო მიმოფანტული. ღრმულს კედლებს ირგვლივ შემოშენებული ფიჭა შერჩენოდა, ფიჭის სახურავი კი ამოტრიალებული განზე ეგდო. ჩავიხედეთ. ღრმულში, არეულობაში, სამიოდე კრაზანა უაზროდ დაბოდიალობდა, ხან აფრინდებოდნენ და ისევ დაკარგულებივით ნანგრევებში ტრიალებდნენ. შემზარავი იყო დარბეული სამყოფელი. რამდენ კრაზანას უნდა ეშრომა, რომ ასე, ფიჭებით შემოეშენებინათ და დაეხურათ თავიანთი “Qქალაქი”, და ვიღაცამ, ნებით თუ უნებლიეთ, ნაქალაქევად აქცია.
შემზარავი იყო და ტრაღიკულიც, თუ ჩვენებურ უბედურებას მიამსგავსებდი…

დ ა ი ლ ა პ უ

წყნეთში, ფუფუნებაში (აბა როგორ!) ერთი მოვლილი კავკასიური ნაგაზი ცხოვრობდა. თავისი ცხოვრების შესაფერს ბევრს ვერაფერს ახერხებდა, ერთი იცოდა მხოლოდ – “Дай лапу”-ს ეტყოდნენ და “ლაპუს” გაძლევდა. ასე შერჩა კიდევაც “დაილაპუ” ზედმეტ სახელად. სამწუხაროდ, სხვა არაფერი იცოდა, არც ჭკუის, არც სწავლა-განათლების არაფერი ეტყობოდა, მაგრამ მაგისთვის ხელი არაფერს შეუშლია და პატრონმა იჩალიჩა თუ დაილაპუს დრო დადგა, დაილაპუ კინოში გაიჩითა – ფილმში გადაიღეს: თამაშობდა, ახოვანად მიდი-მოდიოდა და “დაილაპუს” რო იტყოდნენ, თათს იწვდიდა. წყნეთში, უბანში დიდად პოპულარული გახდა, პატივისცემა შეიფერა, ფერ-ხორცი კიდევ უფრო შეისხა. მაგრამ ისევ დაილაპუდ დარჩა, მისი ნამდვილი სახელი აღარავის ახსოვდა…

ზ ა ზ უ ნ ა

როდესაც რაღაცას წერ, პირველად ვისაც აკითხებ, ის შემთხვევითი არასდროს არ არის. შემთხვევითი არც ფერმკრთალი გოგონა იყო. გულისყურით კითხულობდა. ყოველ ამოხედვაზე თვალებში ვუყურებდი – რას ფიქრობდა. უცებ წამოიძახა:
– უფრო საშინელი ამბავი ვიცი! ოღონდ ვერ მოგიყვები, გახსენებაც არ შემიძლია!
მერე კი თავი ვერ შეიკავა და აკანკალებული ხმით ზაზუნას ამბავი მომიყვა:
– ეზოში, ბიჭები ბადმინტონს… ზაზუნათი… ცოცხალი ზაზუნათი… თამაშობდნენ! ზაზუნას აბურთავებდნენ! ჩოგანის ყოველ დარტყმაზე სუსტი კრუსუნი ისმოდა. როდესაც ზაზუნას ბოლო ამოკვნესა მიჩუმდა, დაღლილმა სპორტსმენებმა, ზაზუნას კუდზე ბაწარი მიაბეს და ცეცხლზე ნელა დაწვეს.
ამ ამბის მოყოლა, ფერმკრთალი გოგონასი არ იყოს, მეც გამიჭირდა, მაგრამ არ მომეყოლა, არ შემეძლო.

პ ა ტ ა რ ა ც ი ყ ვ ი

ქალაქის ქუჩაში ერთი ბეწო ციყვი გამვლელს აეკიდა – ფეხდაფეხ მისდევდა. კაცმა მოიხედა და დასაჭერად ხელი წაატანა. ციყვი განზე გახტა. ახლა სხვამ დაუპირა დაჭერა და ხელი სტაცა. ციყვმა კბილი მოსდო და ამასაც დაუსხლტა.
– ასე არა, დაჭერა ასე არ უნდა, – სთქვა ამის შემხედვარე მოსეირნე კაცმა და
ციყვს გაშლილი ხელი მშვიდად გაუწოდა. პატარა თავისით შეხტა ხელისგულზე, სითბო იგრძნო, მოკალათდა და იქვე ჩაეძინა.
დღესაც ეს თბილი ხელები უვლიან, თავისთან აცხოვრებენ და კოკო დაარქვეს.

მ წ ე ვ ა რ ი

ტახებზე მონადირე ორი მწევრიდან, ერთი ისე დაშავდა, ისე დაგლიჯა ტახმა, რომ მონადირეებმა, – მაინც მოკვდებაო, – სახლში აღარ დააბრუნეს და იქვე ტყეში დატოვეს.
ერთი კვირის თავზე, სანადიროდ წასულებს, თავიანთი მწევარი უკანა გზაზე მოლასლასე შეხვდათ.
უეჭველია, გაიკვირვებდნენ. დააპურეს, მოათბეს, თან გაიყოლეს. მაგრამ ნადირობისას ვეღარ დააკავეს, გაექცათ და ამჯერად კი ნამდვილად შეაკვდა თავის მოსისხლე მტერს.

კ ნ უ ტ ე ბ ი

– როგორი გადაყოლა იცით ქართველმა დედებმა, ჯარია, დიდი ამბავი, ვის არ მოუხდია, – მიუბრუნდა მძღოლი ჩანთებით დახუნძლულ ქალს.
ქართველმა დედამ ხმა არ ამოიღო, გული უჩქაროდა – მანქანა საჯარისო ნაწილს უახლოვდებოდა, შვილი დაინახა.
აწოწილს, სამხედრო ფორმიდან ხელ-ფეხი ამოჩრილი ჰქონდა, გალუმპული კნუტების გროვას გულში იხუტებდა და შიშველ ხელებზე ჩამონადენ წყალს ცრემლების ღვარი ემატებოდა.
…კნუტები დასახრჩობად ზემდეგის კიკინებიან გოგონას გუბეში ჩაუყრია.
– კი გყოლიათ მისახედი, – ჩაილაპარაკა მძღოლმა და დაბნეულად მიმოიხედა.

ც ხ ო ვ ე ლ ე ბ ი

მშვიდობიან დროს, ამისთანა ფიქრები ცოტა ნაძალადევი, ყურით მოთრეული გგონია.
და, აი, ომსაც მოვესწარით. იმერული ოდის თავზე ძალზე დაბლა ხუთმა ვერტმფრენმა გუგუნით გადაიფრინა. ავტომატის კაკანი გაისმა. ზედ ყურთან, დიდი, შემფრთხალი ფრინველის ფრთის ნიავი ვიგრძენი. ამდენი წელია ჩემს ბაღში ამხელა ჩიტი თვალით არ მინახია. თურმე… და ის ფიქრები, მშვიდობიან დროს ნაძალადევი რომ გგონია, მართებულად დამიბრუნდა.
ჩვენს მიერ, ჩვენივე, ადამიანების ატეხილი ომების დროს, ვინმეს თუ მოუცლია ყოვლად უდანაშაულო ჩვენი თანამაცხოვრებლების მსხვერპლი დაეთვალა: რამდენი ფრინველი, ბელი თუ შველი, რამდენი შინაური თუ გარეული…

May 13, 2010

ბმული:
* https://olesyatavadze.files.wordpress.com/2013/03/book.pdf

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4621
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ოლესია თავაძე   Sat May 12, 2018 4:39 pm

რობერტ ფროსტი

ქვიშის დიუნები

ზღვის ტალღები მწვანეა და სველი,
როს ნაპირთან ახალ-ახალ რიგებად
იმსხვრევიან ახლები და ძველით
ყავისფერი მწვანე ბორცვი იგება.

ზღვა ხმელეთის კიდეს აფართოებს,
სად ჰყვავიან მებადურთა ბაღჩები,
და ქვიშაში ჩამარხულად სტოვებს
კაცს, რომელიც გადაურჩა დაღრჩობას.

ალბათ, იცნობს ქვებს დაკუნძულთ რკალებს,
მაგრამ კაცის არ სცოდნია ბუნება,
თუკი ფიქრობს, რომ ცვლილებას ძალუძს
ცხოველმყოფელ აზრთა განადგურება.

კაცმა გემი შეატოვა პირში,
შესაძლოა შეატოვოს სახლებიც,
რათა უფრო თავისუფალ ფიქრში
კვლავ დააწყოს გეგმები განახლების.

თარგმნა ზვიად გამსახურდიამ.


ქარი და ვარდი ფანჯრის რაფაზე

მეტრფენო, მოგიძღვნათ მინდა
ორი ფარღალალა ბწკარი,
ოთახში შენიშნა ქარმა
ვარდი. კაცი იყო ქარი.

ხოლო ქალი იყო ვარდი,
ამკობდა ოთახს და რაფას,
და ქარმა ფანჯრიდან ქალი
შენიშნა და გაქრა სწრაფად.

და ქვეყნად სულდგმული ყველა,
ზამთარში იძინებს რადგან,
მობრუნდა ეს ზამთრის ქარი,
ფანჯრის წინ უჩუმრად დადგა.

და მინებს ეკვროდა მწარედ,
ფანჯრებს ეხლებოდა მედგრად,
და როცა შეფხიზლდა ვარდი
ქარი კვლავ სარკმელთან შედგა.

ვარდს იქნებ თანხმობაც ეთქვა,
შეჰყროდა უკუნს და წყვდიადს,
დაეთმო კერა და კარი,
და ქარს გაჰყოლოდა წყვილად.

მაგრამ არ იცოდა ვარდმა,
ქარისთვის რა უნდა ეთქვა
და ქარიც წავიდა, გაქრა,
შეერთო წვიმას და სეტყვას.

თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ



შესვენება ტყეში ზამთრის ღამეს

ვიცი, ვისია ეს ტყე უღრანი-
შორსაა მისი ეზო-ბუხარი
და არც კი იცის, რომ ჩუმად, მარტო
ვუყურებ მის ტყეს და გულს უხარის.

ცხენი კი უნდოდ მიყურებს პატრონს,
რაკი ჭკვიანურს ვერაფერს მატყობს-
აქ ქოხის არ დგას და მხოლოდ ბნელი
ტყეა და შორით ტბა მოჩანს ფართო.

შეაჟღარუნებს ეჟვანს და ელის,
კვლავ იცნოს ჩემში მხედარი ძველი,
მაგრამ პასუხად ათასი თრთოლვით
ტყეს ახმოვანებს ფიფქები სველი.

კარგია ტყეც და ფიფიქების ბროლიც,
მარამ სიტყვასაც ვერ გავტეხ, მგონი,
და წინ სავალი გზა მიდევს შორი,
წინ ხომ სავალი გზა მისდევს შორი.

თარგმნა გიორგი ნიშნიაძემ



Роберт Фрост

ЛОДКА С ЦВЕТАМИ

Судачит старик про житье да бытье,
В цирюльню зайдя поболтать со знакомым.
Рыбацкая лодка, отплавав свое,
Цветочною клумбою стала за домом.

Теперь эта лодка цветами полна.
А блики плывут по траве, будто снова
Домой, как и прежде, неспешно она
С богатой добычей идет после лова.

Ах, груз элизийский! Когда-нибудь так
И будет, наверно, как оба мечтали:
Рыбацкая лодка и старый рыбак
Отправятся снова в далекие дали.

Источник: Фрост Р. Стихи. Сборник./ Сост. и общ. ред. перев. Ю.А. Здоровова. -
На англ. яз. с параллельным русским текстом - М.: Радуга, 1986.

* http://bdn-steiner.ru/modules.php?name=Poezia&go=page&pid=51601

ოლესია თავაძე

ჩემი რობერტ ფროსტი

თბილისი (BPI) – თიბისი გალერეაში (მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი) დღეს 18:00 საათზე ქართველი ხელოვანის, ოლესია თავაძის გამოფენა – „ჩემი რობერტ ფროსტი“ გაიხსნება.

გამოფენის ფარგლებში 50-ზე მეტი გრაფიკული ნამუშევრის სერია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ამერიკელი პოეტ-ფილოსოფოსის – რობერტ ფროსტის პოეტური ნაწარმოებების ილუსტრაციებს წარმოადგენს.

ასევე გამოფენაზე ამავე სახელწოდების ალბომის პრეზენტაცია შედგება.

თიბისი გალერეა ქართველი ხელოვანის - ოლესია თავაძის გრაფიკული სერიის გამოფენას - „ჩემი რობერტ ფროსტი“ მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში ამავე სახელწოდების ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც თიბისისა და გამომცემლობა „სეზანის“ ერთობლივი პროექტით გამოიცა.

გალერეაში გამოფენილი 50-ზე მეტი ნამუშევარი 2015-2017 წლებშია შექმნილი და მხატვრის ბოლოდროინდელ შემოქმედებით ძიებებს ასახავს. ამ ძიებათა ეპიცენტრში მეოცე საუკუნის უდიდესი ამერიკელი პოეტი - რობერტ ლი ფროსტი აღმოჩნდა. პოეტ-ფილოსოფოსს, რომლის შემოქმედება ადამინაური არსებობის ფუნდამენტურ საკითხებსა და სამყაროში ინდივიდის მარტოსულაბას ეხება, მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

წარმოდგენილი ნამუშევრები, ჟანრობრივად, ფროსტის პოეტური ნაწარმოებების ილუსტრაციებს წარმოადგენს. არსობრივად კი გრაფიკული ნამუშევრების ამ ციკლში, მხატვარი ამ ნაწარმოებების ერთდროულად ილუსტრატორიცაა და ინტერპრეტატორიც. არაორდინალური მხატვრული ექსპერიმენტით შექმნილი სერიის შესახებ თავად ავტორი ამობობს: „ჩემი რობერტ ფროსტთან მისასვლელი გზა, მთელ ცხოვრებას იტევს... ფროსტთან შეხვედრა მოულოდნელ, პირველი ნახვით სიყვარულს ჰგავდა. ყველა კერპმა უცებ უკან დაიხია. საკულტო ადგილი ფროსტს დაეთმო.“

მხატვარი და მწერალი ოლესია თავაძე დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს. ილუსტრირებული აქვს არაერთი სადიდო თუ საბავშვო წიგნი. ქმნის ხელნაკეთთოჯინებსა და საავტორო კოსტიუმებს. მისმა საბავშო წიგნმა “Bursunsul and Paskualina” 2007 წელს საგამომცემლო ასოციაციის საერთაშორისო კონკურსზე “Step by Step” გაიმარჯვა და მსოფლიოს 16 ენაზე გამოიცა. ქართულ ენაზეა გამოცემული ოლესია თავაძის პროზაული მინიატიურების ორი კრებული - „სევდიანიჩანაწერები“ და „კაკლის ქარები“. მხატვრის გამოფენათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2013 წლის პერსონალური გამოფენა ქარვასლაში, რომლის ალბომ-კატალოგი - „ოლესია თავაძის სამყარო“ იმავე წელს დაიბეჭდა.

ოლესია თავაძის რობერტ ფროსტის სიყვარულით შთაგონებული ნამუშევრების ნახვა მსურველებს თიბისი გალერეაში 1 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

ალბომი „ჩემი რობერტ ფროსტი“ არის მხატვარ ოლესია თავაძის არაორდინარულ მხატვრულ ექსპერიმენტი - ჩინური ხელოვნებით ინსპირირებულ გრაფიკულ ნამუშევართა სერია, რომელიც ვიზუალურ სახეებად ტრანსფორმირებული რობერტ ფროსტის 36 ლექსისაგან შედგება. თანამედროვე ქართული ხელოვნების ამ ორიგინალური ნამუშევრებით, კიდევ ერთხელ წარმოჩნდება განსხვავებული მხატვრული ტრადიციების მქონე კულტურათა დიალოგის და საქართველოს, როგორც ამ კულტურათა შეხვედრის ადგილის მნიშვნელობა.


study


Last edited by Admin on Mon May 14, 2018 9:50 pm; edited 9 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4621
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ოლესია თავაძე   Sat May 12, 2018 5:38 pm



Graphic series 'My Robert Frost' by Olesya Tavadze, 2018
ოლესია თავაძე - ჩემი რობერტ ფროსტი (ალბომი)

ალბომის დასახელება – „ჩემი რობერტ ფროსტი“ (გრაფიკული სერია, 51 ილუსტრაცია)
ავტორი - ოლესია თავაძე
პროექტის ავტორი - დავით ანდრიაძე
რედაქტორი - ზურაბ ქარუმიძე
კონსულტანტი - ნინო სიმონიშვილი
დიზაინი - გიორგი წერეთელი
ფოტო - გოგა დემეტრაშვილი
თარგმანი - ირაკლი ყოლბაია
ტექნიკური რედაქტორი - ალექსანდრე კუზანაშვილი
გამომცემლობა - „სეზანი“
ISBN 978-9941-27-871-6
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2018
გვერდების რაოდენობა – 116

პროექტის მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა მამუკა ხაზარაძეს.

ალბომში „ჩემი რობერტ ფროსტი“ თითქოს ერთმანეთს ხვდებიან ძველი ჩინური ნახატები და რობერტ ფროსტის ლექსები. მხატვარი ოლესია თავაძე უჩვეულო და საინტერესო ექსპერიმენტს მიმართავს - ის გაიხსენებს, თუ როგორ ლაპარაკობენ ძველ ჩინურ ხელოვნებაში ლექსები და ნახატები, როცა ისინი ერთ სურათზე არიან ხოლმე და ამ მეთოდის საკუთარ შემოქმედებით პრიზმაში გარდატეხით ქმნის რობერტ ფროსტის 36 ლექსის თავისებურ იმპროვიზაციებს, სადაც თავად ლექსიცაა ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე და მისი ვიზუალიზაციაც...




The Bear

by Robert Frost

The bear puts both arms around the tree above her
And draws it down as if it were a lover
And its choke cherries lips to kiss good-by,
Then lets it snap back upright in the sky.
Her next step rocks a boulder on the wall
(She’s making her cross-country in the fall).
Her great weight creaks the barbed wire in its staples
As she flings over and off down through the maples,
Leaving on one wire tooth a lock of hair.
Such is the uncaged progress of the bear.
The world has room to make a bear feel free;
The universe seems cramped to you and me.
Man acts more like the poor bear in a cage,
That all day fights a nervous inward rage,
His mood rejecting all his mind suggests.
He paces back and forth and never rests
The me-nail click and shuffle of his feet,
The telescope at one end of his beat,
And at the other end the microscope,
Two instruments of nearly equal hope,
And in conjunction giving quite a spread.
Or if he rests from scientific tread,
‘Tis only to sit back and sway his head
Through ninety-odd degrees of arc, it seems,
Between two metaphysical extremes.
He sits back on his fundamental butt
With lifted snout and eyes (if any) shut
(He almost looks religious but he’s not),
And back and forth he sways from cheek to cheek,
At one extreme agreeing with one Greek
At the other agreeing with another Greek
Which may be thought, but only so to speak.
A baggy figure, equally pathetic
When sedentary and when peripatetic.

* https://gcseenglishteacher.com/2018/02/01/the-bear-robert-frost/


Роберт Фрост

МЕДВЕДЬ

Губами к листьям тянется медведица,
Как бы целуя молодое деревце,
Но гибкий ствол, пригнутый ею вниз,
Как хлыстик щелкнув, улетает ввысь.
Медведица уходит. Тяжкий вес
Ее походки содрогает лес.
За нею лишь пролом остался сзади
В ей помешавшей фермерской ограде
Да вырванный из бурой шерсти клок.
У зверя есть пространство, где б он мог
Считать себя свободным. Мне ж порой
Все мирозданье кажется тюрьмой,
И чувствую себя я, будто в клеть
Охотниками загнанный медведь.
Тоскливой безысходностью объят,
Он мечется по ней вперед-назад,
А клетка, издеваясь, тычет в лоб
Ему то микроскоп, то телескоп
(Хотя - как ни глупа любая лупа -
Их сочетанье в общем-то не глупо).
Устав, однако, от угрюмых дум,
Что поневоле удручают ум,
Медведь садится на пол мощным задом,
Осознавая, что, наверно, надо
Ему смириться с крайностью любой,
Поэтому лохматой головой,
Чтоб показать, что все на свете правы,
Согласно то налево, то направо
Кивает он, не подымая век,
Мол, безусловно, прав был древний грек,
А впрочем, прав и споривший с ним грек,
И вообще прав каждый человек.
Что лежа в клети, что мечась по клети,
Нелеп и стоик, и перипатетик.

Источник: Фрост Р. Стихи. Сборник./ Сост. и общ. ред. перев. Ю.А. Здоровова. -
На англ. яз. с параллельным русским текстом - М.: Радуга, 1986.

* http://bdn-steiner.ru/modules.php?name=Poezia&go=page&pid=51601

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: ოლესია თავაძე   

Back to top Go down
 
ოლესია თავაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: