არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 თაკო ჭილაძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5698
Registration date : 09.11.08

თაკო ჭილაძე Empty
PostSubject: თაკო ჭილაძე   თაკო ჭილაძე EmptyThu Apr 26, 2018 2:37 pm

თაკო ჭილაძე Tako_c10
Tako Chiladze

თაკო ჭილაძე

დაიბადა 1961 წლის 26 აპრილს, თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტია. წლების განმავლობაში მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. 1994 წელს ოლდოს ჰაქსლის 100 წლის იუბილეზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან მივლინებით იყო ლონდონში.

თაკო ჭილაძე Tako_c11

თაკო ჭილაძეს ნათარგმნი აქვს წიგნები:
* როი ჯენკინსი - „ჩერჩილი“ (ორტომეული), 2011
* რონალდ რეიგანი - „ამერიკული ცხოვრება“, 2011
* ჯეკ კერუაკი - „გზაზე“, 2012
* პიტერ აკროიდი - „შექსპირი“, 2013
* ბობ დილანი - „ქრონიკები“, 2013
* რენდელ კეინესი - „დარვინი“, 2014
* მარგარეტ ტეთჩერი - „როგორც თავად იტყოდა“, 2015
* ოლდოს ჰაქსლი - „დრო უნდა ჩერდებოდეს“, 2016
* ჯონ სტაინბეკი - „კონსერვის რიგი“, 2017

თაკო ჭილაძე Tako-c10

* * *
„თაკო, ძვირფასო!
ღმერთის წყალობით
შენც დაქალდები და გაფრინდები
და როგორც ტაძრის თაღი გალობით
შენც გაივსები მზით და ჩიტებით.
შენც განათდები…
ძალიან მალე
დატრიალდება შენი მორევიც
და მოგაბჯენენ მხურვალე თვალებს
სტადიონები და რესტორნები.

გზა, დაწყებული წინარის ქოხთან,
დღეს შენი გზაა და შენთვის მიდის.
შენ არ გეხება, რაც ადრე მოხდა:
დრო მდინარეა,
ქალი კი ხიდი.
და შენც გავალებს შენი ქალობა,
რომ შენს ქვეყანას გაუთბო ფიქრი
და შენი დიდი გულის წყალობით
გადაიყვანო მდინარის იქით.“

ეს ოთარ ჭილაძეა და ფრაგმენტი 1963 წელს დაწერილი პოემიდან – „თაკო და ზაზა“, რომელიც შვილებს ეძღვნებათ. 1995 წელს კი მწერალს დღიურში ჩაუწერია: „ხვალ გიორგობაა… „7 დღეში“ დაიბეჭდა თაკოს წერილი ამერიკელ მუსიკოსზე. კითხვა შიშით დავიწყე და აღფრთოვანებულმა დავამთავრე… ასეთი სტატიები რომ იბეჭდებოდეს ჩვენს გაზეთებში, საკმაოდ მაღალი დონის პრესა გვექნებოდა. თაკო, რა თქმა უნდა, გამონაკლისია, მაგრამ ამინდს (დონეს, გემოვნებას, სტილს) გამონაკლისები ქმნიან სწორედ. ასე რომ, გამონაკლისი ნაკლი კი არა, ღირსებაა. ნიჭი პროფესიონალიზმის გარეშე ლამაზი სათამაშოა, რომელიც არც ზნეს იცვლის, არც ფერს, რის გამოც, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, მოსაწყენიც აღმოჩნდეს.“


ბმული:
* http://mastsavlebeli.ge/?p=13425
* https://www.facebook.com/tako.chiladze
* http://lit.ge/books/5-11075-tako-chiladze/

study


Last edited by Admin on Fri Apr 27, 2018 5:46 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5698
Registration date : 09.11.08

თაკო ჭილაძე Empty
PostSubject: Re: თაკო ჭილაძე   თაკო ჭილაძე EmptyThu Apr 26, 2018 3:00 pm

თაკო ჭილაძე Huxley10

ოლდოს ჰაქსლი

საუკუნო სიჩუმე მხოლოდ

ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ


სუფთა შეგრძნებით დაწყებული და სილამაზის ინტუიტური აღქმით დამთავრებული, იქნება ეს სიამოვნება თუ ტკივილი, სიყვარული თუ მისტიური ექსტაზი, ყველაფერი, რაც კი ადამიანის სულისთვის მნიშვნელოვანია, შეიძლება მხოლოდ განიცადო, მაგრამ ვერ გამოხატო. დანარჩენი, ყველგან და ყოველთვის, საუკუნო სიჩუმეა მხოლოდ.
სიჩუმის შემდეგ, გამოუთქმელის გამოსათქმელად, მასთან ყველაზე ახლოს მუსიკა თუ მივა (ისიც ხომ აღსანიშნავია, სიჩუმე
კარგი მუსიკის განუყოფელი ნაწილი რომ არის. ბეთჰოვენთან და მოცარტთან შედარებით, ვაგნერის მუსიკის უწყვეტი
დინება ღარიბია სიჩუმით და, ალბათ, ამიტომაცაა მისი მუსიკა ნაკლებად მნიშვნელოვანი. ცოტას „ამბობს“, ვინაიდან გაუთავებლად ლაპარაკობს).
შეიძლება სხვა ფორმით, ყოფიერების სხვა სიბრტყეზე, მუსიკა ადამიანის ყველაზე ფასეულ და ყველაზე ძნელად გამოსათქმელ განცდას უტოლდება და ამ უცნაური ანალოგიის წყალობით მსმენელში შეუძლია, ხან აჩრდილი გამოიხმოს
ძველი განცდისა, ხანაც მთელი სიცხადით გააღვიძოს იგივე განცდა _ ეს უკვე აღქმის საკითხია; აჩრდილი მკრთალია, რეალობა კი მწველი და მახლობელი. მუსიკა რას გამოიხმობს, შემთხვევითობაზე ან განგებაზეა დამოკიდებული. გულისთქმა ხომ არც ერთ კანონს არ ემორჩილება.
მუსიკის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა (რასაც გარკვეულწილად ხელოვნების სხვა დარგებიც იზიარებს),
გააღვიძოს სრულყოფილი განცდა მთელი სიცხადით (რამდენად სრულყოფილი იქნება განცდა, თითოეული მსმენელის
აღქმის უნარზეა დამოკიდებული), როგორი მიკერძოებული, ბუნდოვანი და აბნეულიც უნდა იყოს თავდაპირველი განცდა. მადლიერების გრძნობა გვიჩნდება ხელოვანების მიმართ, ეს განსაკუთრებით მუსიკოსებს ეხება, ისინი ხომ „გარკვევით გამოთქვამენ იმას, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, მაგრამ ვერასოდეს ვახერხებდით გამოგვეხატა“. როდესაც ექსპრესიულ მუსიკას უსმენ, რა თქმა უნდა, იგივე განცდა არ გეუფლება, რაც ხელოვანს (ამის იმედი არც უნდა გვქონდეს, „განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ?“2), სამაგიეროდ განვიცდით იშვიათ გრძნობას, რისი უნარიც ბუნებამ მოგვანიჭა _ უკეთესს და ბევრად სრულყოფილ გრძნობას, ვიდრე მუსიკის მოსმენამდე გვქონია. მუსიკას რომ გამოუთქმელი გრძნობის გამოხატვა შეუძლია, ეს ყველაზე დიდმა სიტყვის ოსტატებმა აღიარეს. კაცმა, რომელმაც „ოტელო“ და „ზამთრის ზღაპარი“ დაწერა, შეძლო, სიტყვით გამოეთქვა ყველაფერი ის, რისთვისაც სიტყვები არსებობს. და მიუხედავად ამისა (აქ უნდა მოგახსენოთ, რომ ძალიან საინტერესო ესეს ავტორის, ბატონი უილსონ ნაითისგან3 ვარ დავალებული), როდესაც საქმე მისტიურ ემოციას, ან ინტუიციას ეხებოდა, შექსპირი ყოველთვის მუსიკას იშველიებდა _ უკეთ რომ „წარმოეჩინა“. საკუთარი უსაზღვროდ მწირი თეატრალური გამოცდილება მარწმუნებს _ თუკი მუსიკას კარგად შეარჩევდა, ნამდვილად მიაღწევდა მიზანს.
ჩემი რომანის _ „კონტრაპუნქტის“ _ მიხედვით დადგმული პიესის უკანასკნელ აქტში შესრულებული ბეთჰოვენის ლა-მინორული კვარტეტი ამ დრამას პირდაპირ შეერწყა. არც პიესაა ჩემი და არც მუსიკა. ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა,
სპექტაკლის მსვლელობისას შესრულებული Heilige Dankgesang4, ჩემი აზრით, სხვა თუ არაფერი, გამაოგნებელი იყო.
„საკმარისი დრო და სივრცე რომ გვქონოდა...“5 მაგრამ, ეს სწორედ ის არის, რისი მოცემაც თეატრს არ შეუძლია.
შემოკლებული პიესიდან აუცილებელი გახდა, გამოეტოვებინათ, რაც კი „კონტრაპუნქტში“ იგულისხმებოდა და მინიშნებული იყო, ის, რაც ჩემს რომანში „პუნქტების“ სიმკაცრეს არბილებდა, ან, ყოველ შემთხვევაში, მინდოდა, რომ შეერბილებინა. ზოგადად, პიესა უცნაურად მძიმე და უხეში გამოვიდა. მოუთოკავი სისასტიკის სამყაროში მოულოდნელად
შემოჭრილი Heilige Dankgesang რაღაც ზებუნებრივ ხილვას ჰგავდა. თითქოს ღმერთი, არაამქვეყნიურად ლამაზი, მართლაც ჩვენ თვალწინ დაეშვა მიწაზე, ერთდროულად შიშსაც რომ გვგვრიდა და გვაიმედებდა კიდეც და ისეთი უცნაური
სიმშვიდით იყო გარემოცული, რაც ყველანაირ გაგებას აღემატება.
„წიგნი იობისა“ ჩემი რომანი რომ ყოფილიყო, ბატონი ქემფბელ დიქსონი კი, ვისაც მისი ადაპტირებული ვერსია ეკუთვნის,
„მაკბეტის“ ავტორი _ მიუხედავად ჩვენი შესაძლებლობებისა, ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, ყოვლად წარმოუდგენელი
რამ იქნებოდა სიტყვით ან დრამატული მოქმედებით გადმოგვეცა ის, რაც სულ რაღაც სამი თუ ოთხი წუთის განმავლობაში ვიოლინომ ნათელი გახადა დახვეწილი მსმენელისთვის.
როდესაც ენით გამოუთქმელის გამოთქმა დასჭირდა, შექსპირმა კალამი გადადო და მუსიკას მიმართა. რა ვქნათ, მუსიკამაც თუ გვიღალატა? იმედად ხომ ყოველთვის რჩება სიჩუმე. რადგან ყოველთვის, ყოველთვის და ყველგან საუკუნო სიჩუმეა მხოლოდ.

___
1 ჰამლეტის უკანასკნელი სიტყვები (შექსპირი, „ჰამლეტი“, აქტი V, სცენა II). 2 მათე, 7;16.
3 უილსონ ნაითი (1897-1985) _ ინგლისელი შექსპიროლოგი.
4 ნაწყვეტი ბეთჰოვენის ლა მინორული კვარტეტიდან.
5 ციტატა ინგლისელი პოეტის ენდრიუ მარველის (1621-1678) ლექსიდან „მორცხვი საყვარლისადმი“.


ბმული:
* http://mcs.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N163/N-163.pdf.aspx

study


Last edited by Admin on Thu Apr 26, 2018 8:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5698
Registration date : 09.11.08

თაკო ჭილაძე Empty
PostSubject: Re: თაკო ჭილაძე   თაკო ჭილაძე EmptyThu Apr 26, 2018 8:51 pm

თაკო ჭილაძე Huxley11

ოლდოს ჰაქსლი

ტრაგედია და სრული სიმართლე

ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ

ექვსივე იქ იყო, გმირის საუკეთესო და ყველაზე გულადი მეგობარი. ხომალდის ქიმზე მდგარი ოდისევსი სწორედ იმ წუთს შემობრუნდა, როცა სცილამ ჰაერში აიტაცა ისინი, როცა ანკესზე წამოგებული თევზებივით აფართხალდნენ და განწირული ხმით გაჰყვიროდნენ მის სახელს. გადარჩენილებს ისღა დარჩენოდათ, უმწეოდ შორიდან ეყურებინათ, როგორ სანსლავდა უბედურებს სცილა თავისი გამოქვაბულის შესასვლელთან. „სცილას ხახაში გაჩრილი ჩემი საცოდავი თანამგზავრები განწირული ხმით უკანასკნელად მეძახდნენ სახელს და შველას მთხოვდნენ“1 და ოდისევსი დასძენს, – ეს ყველაზე შემზარავი და სევდიანი სანახაობა იყო, რაც ოდესმე მენახა „ზღვის ზურგზე“ მოხეტიალესო. დაჯერება შეიძლება; ჰომეროსის სიტყვაძუნწობა (და მოგვიანებით ჩასმული ძალიან პოეტური შედარება) დამაჯერებელს ხდის ამ ამბავს.
როცა საფრთხემ ჩაიარა, ოდისევსი, თავისიანებთან ერთად, ღამის გასათევად სიცილიის ნაპირზე გადავიდა და როგორც ჰომეროსი ამბობს, „ოსტატურად“ გაიკეთეს ვახშამიო. „ოდისეას“ მეთორმეტე თავი ამ სიტყვებით მთავრდება: „როცა დავნაყრდით, სცილასგან მოტაცებული ჩვენი სვეუბედური ამხანაგები გაგვახსენდა და ცხარე ცრემლით ავტირდით. ასე თვალცრემლიანებს მიგვეძინა ქვიშიან ნაპირზე“.
სიმართლე, სრული სიმართლე და არაფერი გარდა სიმართლისა – რა იშვიათად ვხვდებით მას ძველ ლიტერატურაში. უფრო ხშირად ის სანახევროდ გვიმხელს სიმართლეს. სხვათა შორის, ყველა კარგი წიგნი გვაწვდის გარკვეულ სიმართლეს და ასე რომ არ იყოს, არც იქნებოდა კარგი წიგნი. მაგრამ სრული სიმართლისა, რა მოგახსენოთ. წარსულის დიდ შემომქმედთა შორის წარმოუდგენლად ცოტაა მართლისმთქმელი. ჰომეროსი – „ოდისეას“ ავტორი – ერთ-ერთი იმათგანია.
„რომელ სიმართლეზე ლაპარაკობთ?“ – იკითხავთ თქვენ. „მაგალითად, ორჯერ ორი რომ ოთხია? დედოფალი ვიქტორია ტახტზე 1837 წელს რომ ავიდა? თუ სინათლის სიჩქარე 187,000 მილს რომ უდრის წამში?“ არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ლიტერატურული სიმართლე. „სიმართლე“ , რომელზეც ვსაუბრობ, სხვა არაფერია, თუ არა მისაღები ალბათობა. როდესაც ლიტერატურულ ნაწარმოებში აღწერილი რაიმე განცდა მეტად ახლოა ჩვენს პირად განცდასთან, ან ჩვენს, ასე ვთქვათ, პოტენციურ განცდასთან, რომელიც, ჩვენი აზრით (ნაცნობი ფაქტებიდან მეტ-ნაკლები სიზუსტით გაკეთებული დასკვნის შედეგად) შესაძლოა ჩვენც გვქონოდა – უთუოდ ვიტყოდით: „ეს მართალი ნაწარმოებია“. მაგრამ, არც ასე იოლადაა საქმე. ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოში ჩაწერილი ნებისმიერი შემთხვევა მეცნიერული თვალსაზრისით სიმართლეა, რამდენადაც ეს არის ფაქტების ზუსტი აღწერა და მასაც შეუძლია შეძრას მკითხველი, იმდენად ნაცნობად და მისაღებად შეიძლება მოეჩვენოს ის, ანუ მსგავსად მისი პირადი, რეალური თუ პოტენციური განცდისა. მაგრამ, ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო მხატვრული ნაწარმოები არ არის – ყოველ შემთხვევაში, მხატვრულობა მისი შემთხვევითი და მეორეხარისხოვანი თვისებაა. მხოლოდ მოჩვენებითი დამთხვევა მწერლის მიერ აღწერილი და მკითხველის მიერ გახსენებული, ან წარმოსახული განცდისა, სრულიადაც არ არის საკმარისი მხატვრული ნაწარმოები „სიმართლედ“ მივიჩნიოთ. კარგი ხელოვნება რაღაც ზესიმართლეს მოიცავს – რისი გადმოცემაც მას სურს, გაცილებით ნაცნობია, გაცილებით სარწმუნო და დამაჯერებელი, ვიდრე თავად ფაქტი და ეს ბუნებრივი მოვლენაა. მწერალი მახვილი თვალითა და შთაგონების უნარითაა დაჯილდოვებული, მას შეუძლია ბრწყინვალე სახეები შექმნას, თუგინდ, მოვლენები და მოვლენებში მონაწილე ადამიანები არაფრით გამოირჩეოდნენ. გამოცდილებით მხოლოდ ის სწავლობს, ვისაც სწავლა უნდა, ასეთი კი არც ისე ბევრია, როგორც მისის მიკობერის2 მამის საყვარელი ანდაზა გვეუბნება. ხელოვანს განსაკუთრებული ნიჭი აქვს სწავლისაც და სწავლებისაც. ის ამა თუ იმ შემთხვევიდან სხვებზე მეტს იღებს და რასაც იღებს, შეუძლია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ძალით გადმოსცეს და მკითხველის გონებაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს. აი, ყველაზე ორდინარული რეაქცია კარგ ლიტერატურულ ნაწარმოებზე: „მეც სწორედ ასე ვგრძნობდი და ვფიქრობდი, ოღონდ გუნებაშიც კი ვერ გამოვთქვამდი“.
ახლა უკვე შეგვიძლია ავხსნათ, თუ რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, – ჰომეროსი რასაც მოგვითხრობს, სრული სიმართლეა. ვგულისხმობთ, რომ შთაბეჭდილება, რომელსაც ის აღწერს, საკმაოდ ზუსტად ემთხვევა ჩვენს რეალურ ან პოტენციურ განცდას და ემთხვევა არა რომელიმე ცალკეულ სექტორში, არამედ თან სდევს მთელ ჩვენს სულიერ და ფიზიკურ ყოფიერებას. ამასთან ერთად, ჰომეროსი ადამიანის განცდას აღწერს გულშიჩამწვდომი მხატვრული ხერხებით, რაც მას კიდევ უფრო მეტად ახლობელსა და დამაჯერებელს ხდის.
ამას ვეძახით სიმართლის თქმას ლიტერატურაში. ჰომეროსი, ვიმეორებ, სრულ სიმართლეს მოგვითხრობს. წარმოიდგინეთ ერთი, ნებისმიერი სხვა დიდი პოეტი როგორ დაასრულებდა ოდისევსის ხომალდზე სცილას თავდასხმის ამბავს. ექვსი კაცი, არ დაგავიწყდეთ, მეგობრების თვალწინ მოიტაცეს და შესანსლეს. ნებისმიერ სხვა პოემაში, „ოდისეას“ გარდა, რას იზამდნენ ცოცხლად დარჩენილები? ისინი, რა თქმა უნდა, იქვითინებდნენ, ქვითინით ჰომეროსმაც კი აქვითინა, მაგრამ, განა მანამდე ვახშამს გაიკეთებდნენ, და თანაც „ოსტატურად“? ვითომ, დალევდნენ და კარგად დანაყრდებოდნენ? და მერე, ტირილით გულს რომ იჯერებდნენ, უფრო სწორედ შუა ტირილში, ვითომ მშვიდ ძილს მიეცემოდნენ? არა, სავარაუდოდ, ისინი არაფერს ამდაგვარს არ გააკეთებდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იტირებდნენ, დაიჩივლებდნენ საკუთარ ბედუკუღმართობაზე და საცოდავი მეგობრების ხვედრზე, და პოემის ეს ნაწყვეტი მათი ცრემლებით დასრულდებოდა.
მაგრამ ჰომეროსმა სრული სიმართლის მოყოლა ამჯობინა. მან კარგად იცის, რომ როგორი ძლიერიც არ არის დანაკარგის სიმწარე, ადამიანმა უნდა ჭამოს; იცის, რომ შიმშილის გრძნობა წუხილისას აღემატება და შიმშილის დაკმაყოფილების შემდეგ, შეიძლება იტირო კიდეც. ჰომეროსმა ისიც იცის, რომ ხელმარჯვე ადამიანი ყველაფერს ოსტატურად აკეთებს და როცა რამეს აკეთებს, კმაყოფილების გრძნობა ეუფლება, გინდაც ცოტა ხნით ადრე მათი მეგობრები შეესანსლათ და გინდაც საქმე უბრალოდ ვახშმის კეთება იყოს. ჰომეროსმა იცის, რომ როცა მაძღარი ხარ (და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა მაძღარი ხარ) შეგიძლია თავს დარდის უფლება მისცე, და ნავახშმევს წუწუნს შეიძლება ფუფუნებაც კი უწოდო. და ბოლოს, ჰომეროსმა იცის – მაშინ, როცა შიმშილი უძღვის წინ სევდას, ისე აუტანელ დაღლილობას ტკბილი ძილი მოსდევს ხოლმე, მძიმე დანაკარგი რომ დაგვავიწყოს. მოკლედ, ჰომეროსმა უარი განაცხადა ტრაგიკულად განეხილა ეს თემა. მან სიმართლის მოყოლა ამჯობინა.
კიდეც ერთი მწერალი, რომელიც სიმართლის თხრობას ირჩევს – ფილდინგი3 გახლავთ. „ტომ ჯონსი“, ესქილეს დროიდან დღევანდლამდე, ევროპაში დაწერილი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ნაწარმოებთაგანია, რომელიც „ოდისეას“ შეიძლება მივამსგავსოთ, რადგან ის არასდროს არ არის ტრაგიკული – არასდროს, როგორ მტკივნეულ და საშინელ, რაც არ უნდა სულისშემძვრელად ლამაზ ამბებზე მოგვითხრობდეს. იმიტომ რომ ასეთი ამბები რეალურად ხდება; ჰომეროსის არ იყოს, ფილდინგისთვისაც ნებისმიერი ფაქტი დასაშვებია, ის არაფერს ერიდება. და სწორედ იმიტომ რომ ეს მწერლები არაფერს ერიდებიან, მათი წიგნები არ არის ტრაგიკული. ამბებში, რომელთა მოყოლას ეს მწერლები არ უფრთხიან, არის რაღაც შეუსაბამობები, რეალურ ცხოვრებაში სიტუაციისა და გმირის განწყობის შერბილება რომ შეუძლია, ტრაგიკოსი მწერლები კი ქიმიური სისუფთავის შენარჩუნებას ითხოვენ. მაგალითად შეიძლება სოფი ვესტერნის, საოცრად მომხიბვლელი და თითქმის სრულქმნილი ახალგაზრდა ქალის შემთხვევა ავიღოთ. ფილდინგი არ მალავს თავის აღტაცებას მის მიმართ (როგორც ამბობენ, სოფი მისი პირველი და მეტად საყვარელი ცოლის პროტოტიპია). მაგრამ აღტაცების მიუხედავად, ფილდინგი უარს ამბობს ის მეტისმეტად წმინდა არსებად გამოიყვანოს, რომელსაც ტრაგიკულ სამყაროში ტანჯვის გარდა სხვა დანიშნულება არა აქვს. სასტუმროს მეპატრონე დაღლილ სოფის ცხენიდან გადმოსვლაში რომ მიეხმარა – განა აუცილებელი იყო დაცემულიყო? არც ერთ სხვა ტრაგედიაში მას არ (უფრო სწორად, ვერ) მოიყოლებდა ქვეშ ქალის სიმძიმე. იმიტომ რომ, უპირველეს ყოვლისა, ტრაგიკულ კონტექსტში წონა საერთოდ უადგილოა; ქალი პერსონაჟი ყოველთვის გრავიტაციის კანონზე მაღლა დგას. მაგრამ ყველაფერი ამით როდი დამთავრდა; კარგი იქნება მკითხველმა გაიხსენოს, რა მოჰყვა დავარდნას. სასტუმროს მეპატრონე ზურგზე გადაყირავდა და სოფიც ზედ გადაიმხო – მართალია სოფი თავდაყირა გადმოვარდა ცხენიდან, მაგრამ არ დაშავებულა, ბალიშად მისი მუცელი დახვდა. როცა თავდაყირა ვარდები, ფეხები შესაბამისად აშვერილი გაქვს; ეს იყო ქალის ყველაზე მომხიბლავი ღირსებების წამიერი ჩვენება; სასტუმროს შესასვლელში მდგარმა ხეპრეებმა პირი დააღეს და გულიანად გადაიხარხარეს; საწყალი სოფი კი, როცა წამოაყენეს, უხერხულობისგან და სიმორცხვისგან აჭარხლებულიყო. არაფერია დაუჯერებელი ამ ამბავში, ერთი კი აღსანიშნავია, რომ მას ლიტერატურული სიმართლის დაღი ადევს. სიმართლე სიმართლედ, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს არ შეიძლება შემთხვეოდა ტრაგედიის გმირს. არ დაუშვებდნენ, ასე მომხდარიყო. ფილდინგმა უარი განაცხადა ტრაგედიის ვეტო დაედო ამ შემთხვევისთვის; მან სცადა, არაფერი დაემალა – არც უადგილო აბსურდულობის შემოჭრა სასიყვარულო ამბებში, თუ უბედურებაში, არც ბედნიერების არანაკლებ უაზრო და სევდიანი შეწყვეტა. ფილდინგს არ სურდა ყოფილიყო ტრაგიკოსი. და, მართლაც, სოფის მომხიბვლელი უკანალის წამიერმა, მარგალიტისებურმა გაელვებამ საბოლოოდ დააფრთხო და განდევნა ტრაგედიის მუზა „ტომ ჯონსიდან“, ისევე როგორც ოცდახუთი საუკუნის წინ დააფრთხო და განდევნა ის „ოდისეადან“ გულგატეხილი კაცების ნახვამ, რომელთაც ჯერ კარგად ივახშმეს და მერე, თვალცრემლიანებმა მიიძინეს ზღვის ნაპირზე.
„ლიტერატურული კრიტიკის პრინციპებში“ ბატონი ი. ა. რიჩარდსი3 ამტკიცებს, რომ კარგი ტრაგედია იტანს ირონიას და აბსურდს – მას შეუძლია შთანთქოს ყველაფერი და მაინც ტრაგედიად დარჩეს. მისი აზრით, არატრაგიკულის და ანტი-ტრაგიკულის შთანთქმის უნარი ჭეშმარიტი ტრაგედიის საზომადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. ასე თუ მივუდექით, ყველა ბერძნული, ყველა ფრანგული და ელისაბედის ეპოქის ტრაგედიების უმეტესობა არასრულფასოვანი ყოფილა. მხოლოდ შექსპირის რამდენიმე რჩეული პიესა თუ გაუძლებს ასეთ გამოცდას. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ბატონი რიჩარდსი. დავუჯეროთ? მე პირადად, ეჭვი მეპარება. შექსპირის ტრაგედიები მართლაც რომ დაძარღვულია ირონიით და ხშირად შემაშფოთებელი ცინიზმითაც; მაგრამ ცინიზმი ყოველთვის გმირის გადმობრუნებული იდეალიზმია, ირონია კი ჰეროიკული რომანტიზმის ფოტოგრაფიული ნეგატივი. ტროილოსის ხასიათში თეთრი შავით რომ შევცვალოთ, შავი კი თეთრით, თესტილეს მივიღებთ. იაგო ოტელოს და დეზდემონას მეორე მხარეა. ოფელიას სითეთრე ჰამლეტის ირონიის ნეგატივია, თავისივე გიჟური სიმღერების გულუბრყვილო ბილწსიტყვაობაა; ისევე როგორც, შეშლილი ლირის ცინიზმი – კორდელიას შავი ლანდის რეპროდუქციაა. ლანდის, ან სხვა რამის ფოტოგრაფიული ნეგატივი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეუსაბამო მასთან. შექსპირის ირონია და ცინიზმი მის ტრაგიკულ სამყაროს კი არ აფართოვებს, არამედ აღრმავებს. და პირიქით რომ იყოს, როგორც ვთქვათ ჰომეროსის შეუსაბამობებმა გააფართოვა „ოდისეას“ სამყარო – მაშინ ალბათ შექსპირის ტრაგიკული სამყარო ავტომატურად შეწყვეტდა არსებობას. მაგალითად, შეგვიძლია დამწუხრებული მაკდაფის ვახშმის სცენა ავიღოთ – როცა ვხედავთ, თუ როგორ იზრდება მისი მელანქოლია ვისკის დოზასთან ერთად, მოკლული ცოლი და შვილები რომ ახსენდება, შემდეგ კი, ჯერ კიდევ ცრემლით თვალდანამულს როგორ ჩაეძინება, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებისეული ამბისთვის საკმარის სიმართლეს მოგვითხრობს; ოღონდ ტრაგედიისთვის არ გამოდგება. ამგვარი სცენის ჩართვა მთელ პიესას შეცვლიდა; „ოდისეას“ სტილში თუ განვიხილავთ „მაკბეტს“, ის უკვე აღარ იქნება ტრაგედია. ან გნებავთ, დეზდემონას შემთხვევა ავიღოთ. იაგოს დაუნდობელი ცინიკური რეპლიკები დეზდემონას მიმართ, ტრაგედიისთვის შეუსაბამო არანაირად არ არის. იაგოს რეპლიკები დეზდემონას ნამდვილი ბუნებისა და გრძნობების ნეგატივს წარმოგვიჩენს, რაც დამახასიათებელია ტრაგედიის მსხვერპლი ქალის პერსონაჟისთვის. ისე, კვიპროსის სანაპიროზე დეზდემონას ფეხი რომ წაბორძიკებოდა და დაცემულიყო, როგორც არანაკლებ მომხიბვლელი სოფი დაეცა, და მეთექვსმეტე საუკუნის არაჩვეულებრივი საცვლები გამოეჩინა, ეს უკვე ჩვენთვის ნაცნობი „ოტელო“ აღარ იქნებოდა. იაგომ შეიძლება პატარა ცინიკოსების ოჯახი აღზარდოს, შეუძლია გააორმაგოს და გაასამმაგოს თავისი სიბოროტე და არაადამიანურობა; „ოტელო“ მაინც „ოტელოდ“ დარჩება. ოღონდ, ოდნავი ფილდინგისეული უადგილობა მას დაღუპავდა – დაღუპავდა როგორც ტრაგედიას, თორემ ისე რა დაუდგებოდა წინ, სხვა რომელიმე ჟანრის შესანიშნავი დრამა ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ ტრაგედია და რასაც მე „სრულ სიმართლეს“ ვუწოდებ, ტრაგედიასთან შეუთავსებელია; სადაც ერთია, იქ მეორის ადგილი არ არის. არსებობს რაღაც გამონაკლისები, რომელსაც საუკეთესო, თუნდაც შექსპირის ტრაგედიაც კი ვერ შეითავსებს.
იმისათვის რომ ტრაგედია შექმნას, ხელოვანმა მთელი კაცობრიობის გამოცდილებიდან ერთი ელემენტი უნდა გამოაცალკევოს და ის თავის განსაკუთრებულ მასალად გამოიყენოს. ტრაგედია სრული სიმართლისგან ცალკე დგას, მისგან არის გამოხდილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, როგორც ცოცხალი ყვავილიდან იღებენ ესენციას. ტრაგედია ქიმიურად სუფთაა. აქედან გამომდინარე, ის სწრაფად და ძლიერად მოქმედებს ჩვენს გრძნობებზე. ყველა ქიმიურად სუფთა ხელოვნებას შესწევს ძალა ჩვენზე იმოქმედოს სწრაფად და შთამბეჭდავად. ამიტომაა, ქიმიურად სუფთა პორნოგრაფიას (იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც „გადმოცემის“ უნარით დაჯილდოვებული ადამიანის მიერ არის დამაჯერებლად დაწერილი) სწრაფადმომქმედი ემოციური ნარკოტიკის ძალა აქვს, „სრულ სიმართლეზე“ ბევრად ძლიერი, შეიძლება (ბევრისთვის) თავად ხელშესახებ რეალობაზეც უფრო ძლიერი. სწორედ ქიმიური სისუფთავის გამოა, ტრაგედიას კათარზისის ეფექტი რომ აქვს. ის ხვეწს და აწესრიგებს ჩვენს ემოციურ ცხოვრებას, თანაც ამას ერთი ხელის მოსმით და დიდი ძალისხმევით აკეთებს. როდესაც საქმე ტრაგედიასთან გვაქვს, ჩვენი არსების შემადგენელი ნაწილები, შეიძლება მხოლოდ წამიერად, ერთმანეთს სცილდება რაღაც მოწესრიგებული და ლამაზი ნიმუშის შესაქმნელად, როგორც რკინის ჩამონაქლიბი დაეწყობა ხოლმე მაგნიტის ზემოქმედებით. მიუხედავად ინდივიდუალური ვარიანტებისა, ნიმუში ძირითადად უცვლელია. ტრაგედიის კითხვისას, ან მოსმენისას ჩვენში იღვიძებს გრძნობა, რომ ლხენაც და ტანჯვაც, სიყვარულიც და დაუმორჩილებლობაც ჩვენი მეგობრები არიან;
და რომ ჰეროიკული რწმენით, ჩვენც შეგვიძლია ტანჯვის ჟამს დაუმორჩილებლები ვიყოთ, ტანჯვის ჟამს შეგვიძლია გვიყვარდეს და იქნებ, ამ დროს, მოლხენაც გვესწავლა. აი, რატომ არის ძვირფასი ტრაგედია, აი, ამგვარი გრძნობების გაღვიძების ძალა რომ შესწევს. მაშ, „სრული სიმართლის“ ფასი რაღა ყოფილა? რას აკეთებს ისეთს, რომ ღირდეს ამაზე დაფიქრება? მოდით, ერთად გავარკვიოთ.
მხატვრული „სრული სიმართლე“ სცდება ტრაგედიის საზღვრებს და გვიჩვენებს, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ქარაგმულად, თუ რა ხდებოდა ტრაგიკული ამბის დაწყებამდე, რა მოხდება, როდესაც ის დასრულდება და რა ხდება იმავდროულად ყველგან (და ეს „ყველგან“ შეიძლება მოიცავდეს გმირების სულის ყველა კუნჭულს და სხეულის ყველა ნაწილს, ვინც შეიძლება უშუალოდ არც არიან ტრაგედიის მონაწილენი). ტრაგედია იმ თვალუწვდენელი მდინარის თვითნებურად იზოლირებული მორევია, დიდებულად და შეუპოვრად რომ მიედინება მის გარშემო. მხატვრული სიმართლისთვის მდინარე ისევე მისაღებია, როგორც მორევი. ის სრულიად განსხვავდება ტრაგედიისგან, თუმცა, გარდა სხვა შემადგენელი ნაწილებისა, ტრაგედიის ყველა ელემენტსაც შეიცავს (სხვადასხვა კონტექსტში ჩასმული „ერთი და იგივე ამბავი“ კარგავს თავის უტყუარობას და სხვა განვითარებას პოულობს). მხატვრულ „სიმართლეში“ ტანჯვა, სიყვარული და დაუმორჩილებლობა შეიძლება ისევე რეალური, აღმაფრთოვანებელი და მნიშვნელოვანი იყოს, როგორც ტრაგედიაში. გამოდის, რომ სცილას მსხვერპლი ისევე იტანჯება, როგორც „ფედრაში“ ურჩხულის გადასანსლული იპოლიტი; ტომ ჯონსის ენით გამოუთქმელი ტკივილი, როცა ფიქრობს, რომ სოფი დაკარგა და რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია, ცოტათი თუ ჩამოუვარდება ოტელოს განცდას, დეზდემონას მოკვლის შემდეგ (ფაქტი, რომ ფილდინგის „გადმოცემის“ სიძლიერე ვერ უტოლდება შექსპირისას, შემთხვევითია). ალალმართალ მწერალს ყველა ტკივილი თუ მოურიდებლობა სულ სხვა, უფრო ფართო კონტექსტში გადააქვს, რათა აღარ იყოს ტრაგედიისთვის დამახასიათებელი ტკივილი და მოურიდებლობა, და აქედან გამომდინარე, ალალმართალი წიგნი სულ სხვა ეფექტს ახდენს ჩვენზე. განწყობა, როცა მართალ წიგნს ვკითხულობთ, არასოდეს არ არის ჰეროიკული აღფრთოვანება; განწყობა უფრო შემგუებლურია (ისე, შეგუებაც შეიძლება იყოს ჰეროიკული). ვინაიდან ის არ არის ქიმიურად სუფთა, მხატვრული „სიმართლე“ ისე სწრაფად და ძლიერად არ მოქმედებს ჩვენზე, როგორც ტრაგედია, ან რომელიმე სხვა ქიმიურად წმინდა ხელოვნება. მაგრამ, მჯერა, რომ მისი ეფექტი ბევრად ხანგრძლივია. ის აღფრთოვანება, ტრაგედიის კითხვისას, ან მოსმენისას რომ გვეუფლება, დროებითი თხრობაა. ჩვენი არსება უძლურია დიდხანს შეინარჩუნოს ტრაგედიით თავსმოხვეული ხასიათი, მაგნიტს მოაცილებ თუ არა, ჩამონაქლიბი ისევ ისე უწესრიგოდ დაიყრება. სამაგიეროდ, ის უბრალო და მისაღები ნიმუში, რომელსაც მართალი ლიტერატურა ქმნის, თუმცა შეიძლება არც ისე ლამაზი ჩანდეს (და სწორედ ამ მიზეზით), ბევრად გამძლეა. ტრაგედიის კათარზისი მძაფრი და აპოკალიფტურია; მართალი ხელოვნებისა კი მარადიული.
ბოლო დროს, ლიტერატურა უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს თვალუწვდენელ ოკეანეში მიმოფანტული შეუსაბამობების, მოვლენებისა და მოსაზრებების „სიმართლეს“, სულ ერთია რომელი კუთხით შეხედავს მათ მწერალი. მათთვის, ვისაც ტრაგედიის შექმნა სურს, სულ უფრო ძნელდება პირობითი საზღვრების დადგენა და ვინც თანამედროვეობის მოთხოვნებს ითვალისწინებს, თითქმის შეუძლებელი ხდება. ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე მწერალი მხოლოდ ნატურალისტური სტილით უნდა შემოიფარგლოს. შეიძლება გრძნობდე, მწერალი „სრულ სიმართლეს“ რომ ჰყვება, მიუხედავად იმისა, თუ ყველა თვალსაჩინო საგნის აღწერით არ იღლის თავს. წიგნი შეიძლება წმინდა ფანტაზიის ენაზე დაიწეროს, და მაინც, თავისი შინაარსით სრულ სიმართლეს მოგვითხრობდეს. თანამედროვე ლიტერატურის ვერც ერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებს წმინდა ტრაგედიას ვერ დაარქმევ. თითქმის ყველა თანამედროვე მწერალი „სრული სიმართლის“ დადგენას ამჯობინებს. როგორც არ უნდა განსხვავდებოდნენ ისინი სტილით, ეთიკის ნორმებით, ფილოსოფიით და მისწრაფებით, თანამედროვე მწერლებს „სრული სიმართლე“ აინტერესებთ. პრუსტი, ლოურენსი, ანდრე ჟიდი, კაფკა, ჰემინგუეი – ეს ის ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთმანეთისგან წარმოუდგენლად განსხვავებული თანამედროვე მწერალია, რომელთაც ერთი რამაა აქვთ საერთო: არც ერთ მათგანს წმინდა ტრაგედია არ დაუწერია, მათ უფრო „სიმართლე“ ადარდებთ.
ხშირად დავფიქრებულვარ, რომ ტრაგედია, როგორც ხელოვნების ფორმა, არ უნდა იყოს განწირული. თუნდაც მარტო ის ფაქტი, რომ წარსულის შედევრები ჯერ კიდევ გვაღელვებენ და მიუხედავად დახვეწილი გემოვნებისა, შეიძლება თანამედროვე ცუდმა ტრაგედიამაც კი აგვაღელვოს, ეჭვი მიჩნდება, რომ ქიმიურად სუფთა ხელოვნების ხანა არ დასრულებულა. ჩემი აზრით, ტრაგედიას ამჟამად ცუდი დღე უდგას, თანაც ჩვენი საუკუნის ყველა მნიშვნელოვანი მწერალი ახლად, ან ხელახლა აღმოჩენილი „სიმართლის“ ძიებით არის დაკავებული და ის უყურადღებოდ დატოვეს. მაგრამ, არაფერი გვაძლევს იმის საბაბს, ვიფიქროთ, რომ სულ ასე გაგრძელდება. ტრაგედია ასე ადვილი დასათმობი როდია. ბოლოს და ბოლოს, არც მიზეზი გაგვაჩნია იმის დასაშვებად, რომ ამ ორი სახის ლიტერატურამ – ქიმიურად წმინდამ და ქიმიურად მღვრიემ, რომელთაგან ერთი „სრულ სიმართლეს“ მოგვითხრობს, მეორე კი „ნაწილობრივ სიმართლეს“ – ერთდროულად არ უნდა იარსებონ, თავთავიანთ დამოუკიდებელ სივრცეში. ადამიანის სულს ხომ ორივე სჭირდება.

---
1. ჰომეროსის „ოდისეა“ (ძველბერძნულიდან თარგმნეს ზურაბ კიკნაძემ და თამაზ ჩხენკელმა, თბ., 1986).
2. მისის მიკობერი – ჩარლზ დიკენსის რომანის „დევიდ კოპერფილდის“ პერსონაჟი.
3. ჰენრი ფილდინგი (1707-1754) – ინგლისელი მწერალი, რომანისტი.
4. ი. ა. რიჩარდსი (1893-1979) – ინგლისელი კრიტიკოსი.


ბმული:
* http://mcs.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N163/N-163.pdf.aspx

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5698
Registration date : 09.11.08

თაკო ჭილაძე Empty
PostSubject: Re: თაკო ჭილაძე   თაკო ჭილაძე EmptyThu Jan 30, 2020 5:37 pm

თაკო ჭილაძე Thomas11

წიგნის დასახელება: შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები
ავტორი: თომას ვულფი
ISBN 978-9941-487-47-7
კატეგორია: თარგმანები
გვერდები: ინფორმაცია არ არის
ფორმატი: A5
გამოცემის თარიღი: 2019
ყდა: რბილი
ფასი: 29.95

ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ

თავისი ოჯახისა და ქალაქის შესახებ დაწერილი წარმატებული რომანის ავტორი ჯორჯ ვებერი მშობლიურ გარემოს უბრუნდება, სადაც მას გაბრაზებული და სიძულვილით აღვსილი ის პერსონაჟები ელოდებიან, რომლებიც შეულამაზებლად გააცნო მკითხველს. ლიბია-ჰილის მცხოვრებლები მუქარის წერილებს უგზავნიან პოპულარულ თანაქალაქელს და სიკვდილითაც ემუქრებიან.
„შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“ თომას ვულფის უკანასკნელი რომანია, რომელიც მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 1940 წელს გამოიცა. როგორც სხვა ნაწარმოებებში, ვულფი აქაც მეოცე საუკუნის 20-30-იან ამერიკულ საზოგადოებაზე მოგვითხრობს – „დიდი დეპრესიისა“ და ფაშიზმის მოსალოდნელი საფრთხის პირობებში მყოფი ადამიანის ამბავს, რომელიც საკუთარი თავის ძიების სურვილს ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ ლონდონში, ბოლოს კი ბერლინში მიჰყავს...

ბმული:
* https://www.artanuji.ge/book_ge.php?id=422

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




თაკო ჭილაძე Empty
PostSubject: Re: თაკო ჭილაძე   თაკო ჭილაძე Empty

Back to top Go down
 
თაკო ჭილაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: