არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ლალი გულისაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლალი გულისაშვილი   Sat Apr 21, 2018 1:38 pm


Lali Gulisashvili
Birthday: April 10, 1955

ლალი გულისაშვილი

ბავშვობა კახეთში, საგვარეულო სოფელ გიორგიწმინდაში გაატარა. სანაქებო და ღირსეული წინაპრები ჰყავდა…
ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო – როგორც ამბობს, შეუყვარდა და მიტომ!
პირველი ლექსები უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა… შემდეგ კი – ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ორი პოეტური კრებულის ავტორია.
მის ლექსებზე ლამაზი სიმღერებია დაწერილი, ნანა ჯანელიძის კინოფილმისთვის „იავნანა“ (1994) თითქმის ყველა სიმღერა მის ლექსებზე შეიქმნა… ამბობს, რომ დრო გადაარჩევს ნამდვილ და ცრუ პოეტებს…

„მაქვს ლექსების ორი კრებული – „დაბრუნება ძველ სახლში“ და „საგაზაფხულო ლოცვა“. მყავს ერთი შვილი – ქრისტინე კანდელაკი, ჯერჯერობით ერთი შვილიშვილი – ირაკლი კლდიაშვილი, ლაბრადორის ლეკი და ნახევარი სამშობლო“…

თბილისის მე-6 გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.


ბმული:
* https://www.facebook.com/profile.php?id=100006316817645
* https://www.facebook.com/ლალი-გულისაშვილი-611300662254071/
* http://kvira.ge/315744


სიმღერა ფილმიდან „იავნანა“, რეჟისორი ნანა ჯანელიძე, 1994
კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე, ლექსი ლალი გულისაშვილის.

Arrow


Last edited by Admin on Thu Feb 14, 2019 12:46 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Sat Apr 21, 2018 1:40 pm

ლალი გულისაშვილი

დედის ანდერძი

გაიზარდა ჩემი შვილი,
უკვე ნახა რომი, ნიცა,
მაგრამ გაგრა არ უნახავს,
არ უნახავს ლურჯი რიწა...

სამშობლოში ტუსაღები -
ბიჭვინთა და აგუძერა,
არ უნახავს სოხუმი და
გული რაღამ აუძგერა?!

თუ მამულში დაგეკარგა
თუნდაც ერთი გოჯი მიწა,
თუ სოხუმი არ გინახავს,
არ გინახავ კინდღი, რიწა...

უნდა რკინის ქალამნებით
შეაწუხო ცაში ღმერთი,
ჩემო შვილო, უსათუოდ
უნდა ნახო აფხაზეთი!


საყვარელი პეიზაჟი

ჩემს სოფელში საყდარი დგას,
მოწყენილი ჩიტივითა,
გარს მინდორი შემორტყმია,
მოხატული ჩითივითა...

ეზოს სწრაფად გადაივლის,
აშოლტილი ხესავითა
მონაზონი... ისეთია,
ჩამავალი მზესავითა...

იქვე წყარო მოჩუხჩუხებს,
მხიარული ცოლივითა,
ყველაფერი დამავიწყდა,
შარშანდელი თოვლივითა...

მესმის მხოლოდ, უსტვენს შაშვი,
ჯადოსნური ბგერებითა,
შუბლზე ვიღაც მეფერება,
სანთელივით ხელებითა...

ჩემს სოფელში საყდარია,
მოჭიკჭიკე ჩიტივითა,
ამაყი და სევდიანი,
ფეხშიშველა ბიჭივითა...


Arrow


Last edited by Admin on Thu Feb 14, 2019 12:35 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Sat Apr 21, 2018 1:52 pm

ლალი გულისაშვილი

* * *

ამოდი, ამოანათე,
მთას გადმოჰყევი ფრიალოს,
ჩამეხვიე და ჩამკითხე:
„ნისლო, რას ჰფიქრობ, ტიალო?“...

უნდობლად გელოდებოდი,
ცრემლით დავალბე ქვიშანი,
ამოდი, ამოანათე,
არ მინდა ბეჭედ-ნიშანი...

კელაპტარივით დამანთე,
ხარი ირემის რქაზედა,
რომ გაგინათო სავალი,
ამ ტიალს ქვეყანაზედა...


ნუშის ხეს

ჩვენი ნუშის ხე გარდაიცვალა,
ჩემი ბებიის და პაპის ტოლი.
ნაომარივით ეგდო ეზოში...
დამტირებელიც არავინ ჰყავდა.
მხოლოდ შაშვების პატარა გუნდი
შემოგვეგება ღია ჭიშკართან
და ჭირისუფლის ნაღველით სავსე
გალობით გვდიეს ეზოს ბოლომდე...



* * *
ქრისტინეს

შენი ტკივილები მე და...
შენი მწუხარება მე და...
შენი განსაცდელი მე და
შენი მზეები, ყვავილები...

შენი მოვლით დავიღლები,
შენი დარდით ავტირდები,
ბევრს ვერაფერს დაგპირდები:
მამულს შეგაყვარებ...

ჭექა-ქუხილს შეგაფარებ,
შურს და ღალატს აგაცილებ,
ბოლოს ხომ შენ გამაცილებ
ზეცის ბილიკებზე...

თუ ოდესმე მარტო დარჩი,
თუკი გერგო ჩემი ბედი,
არ გაკიცხო შემოქმედი,
მადლი უძღვენ უფალს...

მანამდე კი... შიში ნუ გაქვს,
შენი მწუხარება მე და...
შენი განსაცდელი მე და
შენ მზეები, ყვავილები...


* * *
გამოიხედე,
დამიბრუნდნენ ჩემიანები:
ეს კიპარისი პაპაა და
ფშატი - ბებია,
ალვის ხე - მამა,
ბროწეულის ყვავილი -დედა,
ფიჭვი კი ხსოვნის სანთელივით
უნთია ყველას...
გაზაფხულია,
დამიბრუნდნენ ჩემიანები,
მე მოწყენილი ჩიტი ვარ და
ხანდახან ვმღერი...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Sat Apr 21, 2018 1:54 pm

ლალი გულისაშვილი

* * *

გაძნელებულა სიცოცხლე...
გმადლობთ გაძლების ნიჭისთვის!
ოხერი თავი მინდოდა
ერთი ღარიბი ბიჭისთვის...

არ დაგვიდია პირობა,
თორმეტი წელი ვუცადე,
ცხვარ-ჯოგით გამდიდრებულს კი
უარი გამოვუცხადე!...

მერე დავჯე და ვიტირე,
ცრემლი ალაზანს ერთვოდა,
მიყვარდა... როგორ მიყვარდა!
უარი როგორ მეთქმოდა...

ღარიბს და ღატაკს, უპოვარს,
თორმეტი წელი ვუყურე,
ბროლის კოშკი რომ ამიგო,
კარები გამოვუხურე...

წავიდა... გიჟად ჩამთვალა,
ქარმა დახვეტა ველები,
ვტიროდი... როგორ ვტიროდი!
ჩუმად ვიჭამე ხელები...

მიყვარდა თავის არაფრით
და სიღარიბის ნიჭითა,
ოხერი თავი მომწონდა
ერთი ღატაკი ბიჭითა...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Sat Apr 21, 2018 1:56 pm

ლალი გულისაშვილი

* * *

ჩემო სევდიანო მეგობარო,
მომისმინე.
ერთ სიმღერას გეტყვი,
სოფელში მოწყენილ ბავშვებს
ულოცავდნენ ხოლმე:
ავი თვალი _ გიშრის მძივი,
ქარვა _ თაფლი,
სისხლი _ ლალი,
გარეთ _ ალი,
შინ _ მამალი,
გარეთ _ დარდი,
სახლში _ ვარდი,
შავი _ დანა,
ციხე _ თეთრი,
გარეთ _ ქაჯი,
სახლში _ ღმერთი,
შენსკენ _ ჯვარი,
მტრისკენ _ ჯავრი,
შენსკენ _ ნანა,
მტრისკენ _ დანა,
გარეთ _ ალი,
შინ _ მამალი...
ჩემო სევდიანო მეგობარო,
მომისმინე.
შენთვის გავიხსენე ეს სიმღერა,
გულს ჩაგაწვეთებ,
სამკურნალო ბალახივით უებარია.
ბოლოსდაბოლოს,
მიყვარხარ და
არ შეიძლება, ცუდად რომ იყო...


* * *
„ისარი მომაქვს კისრითა“
ხალხური

სანთელივით მადგას მხრებზე
შენი მზე და მთვარე,
დღეს თუ არა, ხვალ გაგიფენ
ფეხქვეშ დარუბანდის კარებს...
დღეს თუ თავს ვერ შემოგწირავ,
ხვალ მოგიტან მკერდით ისარს,
ბაზალეთში შვილს გაგიზრდი,
რომ მეძებდი, ეგებ ის ვარ...
სიხარულით დავაკვდები
შენთვის მოღერებულ დანას,
შირაქისკენ ცხვარს დაგიმწყემს,
მცხეთას მოვმკი პურის ყანას...
ეკლესიას აგიშენებ,
რომ მნატრობდი, ეგებ ის ვარ,
ხნულში ჩავრგავ ყვავილივით
მკერდით წამოღებულ ისარს.


* * *
შენ რომ გიყვარს, ის დრო არის, ბები,
იასამანს გაუშლია კვირტი,
ჩვენი ბაღი სამოთხეა მწვანე,
კაკლის ხეზე შემოფრინდა გვრიტი...
საღამოა საოცარი, წყნარი,
რას გაიგებ, როგორ მწყდება გული,
შენს საწოლზე აღარავინ წვება,
შენს ყვავილებს აღარავინ უვლის...
ღამეს მოაქვს საყვარელი ხმები,
შენს ზღაპრებში მეზრდებოდა ფრთები,
ვარდის ბუჩქში ბულბულები სტვენენ,
რომ გიყვარდა, ის დრო არის, ბები...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Sat Apr 21, 2018 2:01 pm


სიმღერა - ნინო სულიაურის.

ლალი გულისაშვილი

* * *
მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზედ იწვა.
მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე, უხმო ატირება...
მითხარი, რომ ჩემთვის აღარ დაკრეფ ბაღში იასამნის რტოებს,
გეძნელება თქმა და მაგრამ მაინც მალე, მალე მიმატოვებ.
მითხარი და წადი, დამიტოვე სულში უსაშველო ბინდი,
სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და მშვიდი.
მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები,
შენზე ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები.
წავალ ისევ მარტო, და დამრჩება მხოლოდ უსახელო დარდი,
როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად ჰგავდი!

1995

Arrow


Last edited by Admin on Thu Feb 14, 2019 10:55 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Sat Apr 21, 2018 2:15 pm



თამარ შაიშმელაშვილი

„ამ ფილმისთვის თითქმის ყველა სიმღერა ჩემს ლექსებზე დაიწერა“…

BY KVIRA ON 10/03/2017 15:07

ბავშვობა კახეთში, საგვარეულო სოფელ გიორგიწმინდაში გაატარა. სანაქებო და ღირსეული წინაპრები ჰყავდა…
ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო – როგორც ამბობს, შეუყვარდა და მიტომ!
პირველი ლექსები უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა… შემდეგ კი – ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ორი პოეტური კრებულის ავტორია.
მის ლექსებზე ლამაზი სიმღერებია დაწერილი, ნანა ჯანელიძის კინოფილმისთვის „იავნანამ რა ჰქმნა“ თითქმის ყველა სიმღერა მის ლექსებზე შეიქმნა… ამბობს, რომ დრო გადაარჩევს ნამდვილ და ცრუ პოეტებს… – პოეტ ლალი გულისაშვილის პერსონა.

– ბავშვობა საგვარეულო სოფელ გიორგიწმინდაში გაატარეთ… დიდი ოჯახი გქონდათ…
– ბავშვობა საგვარეულო სოფელ გიორგიწმინდაში გავატარე. სამი თაობა ერთად ვცხოვრობდით: ბებია და პაპა, მშობლები და ბავშვები – მე და ჩემი და. რა დამამახსოვრდა? მამაჩემს რომ შეშა მოჰქონდა გომბორიდან და კუნძები რომ ეყარა ირგვლივ….
– ცნობილი განმანათლებელი და მამულიშვილი იერემია გულისაშვილი დიდი პაპა იყო…
– იერემია გულისაშვილი აჭარაში სკოლების დამაარსებელი და დიდი პედაგოგი იყო. დავით ლორთქიფანიძემ (პედაგოგიკას გვასწავლიდა) რომ მკითხა, იერემია შენი რა იყოო, ვუპასუხე, დიდი პაპა-მეთქი და, რასაკვირველია, პასუხისმგებლობით და სიამაყითაც აღვივსე. იერემიას ორი პიესაც აქვს: „ცხოვრება ბრძოლაა“ და „დრონი მეფობენ“. იერემია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. პირადად იცნობდა ილია ჭავჭავაძეს.
– ბებია და პაპა… ცნობილი და სანაქებო წინაპრები გყავდნენ…
– ბებიაჩემის მამა მღვდელი იყო ქაშვეთის ეკლესიაში, ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი („ჯადო მღვდელი“). ჰქონდა ნაშრომი „ელექტროგომეოპატიაზე“. ამიტომაც ეძახდნენ „ჯადოს“… მისი აშენებულია გიორგიწმინდის ეკლესია, ჯადო მღვდლის შეწირულია ქაშვეთის ეკლესიის კარიბჭე, რომელიც დღემდე ჰკიდია ძველი შესასვლელიდან… „ჯადო მღვდელი“ იცნობდა იაკობ გოგებაშვილსა და ვაჟა-ფშაველას, ეხვეწებოდა, გიმკურნალებთო (იაკობს სახსრები სტკიოდა და ვაჟასაც რაღაც აწუხებდა), მაგრამ არ დათანხმდნენ. ჯადოს ეგონა, მწერლები რომ იყვნენ, საზოგადოება უფრო დაუჯერებდა… იმიტომ, რომ ექიმი არ იყო… სამადლობელი წერილები კი მოსდიოდა, მაგრამ სულ სხვა იქნებოდა, ვაჟას რომ ეთქვა, მომარჩინაო….
„ჯადო მღვდელს“ ქონება ჩამოართვეს. რაც გადარჩა – აღდგომის ხატი და სახარება, ბიძაჩემმა – დიმიტრი გულისაშვილმა გიორგიწმინდის ეკლესიას გადასცა. ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი დახვრიტეს ოცდაჩვიდმეტში. ოკუპაციის მუზეუმში ვნახე: ქაშვეთის ეკლესიის მთავარი… და ა.შ.
მიშა პაპაზე და მარო ბებიაზეც გეტყვით… ბებიაჩემი რუსულის მასწავლებელი იყო, ლენინის ორდენოსანი! მახსოვს, მე და მარინას ბიძაშვილებთან ერთად რომ დაგვსხამდა და „კარნახს“ გვაწერინებდა…
პაპა მეტყევე იყო. სახერხი ჰქონდა… ერთი ცხენი გვყავდა, „მიშკა“ ერქვა…
დედა – ნინა დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. მამა ჯიმშერი – ისტორიის. გერმანული ენა ბრწყინვალედ იცოდა, გერმანულსაც ასწავლიდა. გომბორში სკოლის დირექტორი იყო…
– სკოლის პერიოდი…
– სკოლაში შემიყვარდა პირველად!
– შემდეგ იყო სტუდენტობა… უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდით… დისერტაცია დაიცავით…
– ყველაზე ბედნიერი ხანა იყო სტუდენტობა! უდიდესი კვალი დატოვეს ბატონებმა – გრივერ ფარულავამ, თემო მაღლაფერიძემ და რეზო სირაძემ. რეზო რა სასტიკად გარდაიცვალა… გახსენებაც არ მინდა…
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 17 წელი ვმუშაობდი ლიტერატურის ინსტიტუტში. ზაზა აბზიანიძე იყო ჩემი ოპონენტი დიპლომის დაცვაზე და მან გამიწია რეკომენდაცია.
1983 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე: „მეოცე საუკუნის ლიტერატურულ-კრიტიკული აზროვნება 10-იან წლებში“. ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე კალანდაძე. ეჭვიანი კაცი იყო, თუმცა მიყვარდა და ვუყვარდი…
ალ. კალანდაძე სამამულო ომის მონაწილე იყო. ტყვედ ჩაუვარდა ფაშისტებს. ელოდებოდა დახვრეტასა და წამებას, მაგრამ გადარჩა და რომ დაბრუნდა სახლში, ახლა აქ დაიწყეს მისი დაკითხვა-წამება….
ერთ მოგონებას გავიხსენებ. ალექსანდრე გაანაწილეს საგარეჯოში სკოლის დირექტორად, იმავე სკოლაში ასწავლიდა ბებიაჩემიც. რომ ვთქვი, ალექსანდრე არის ჩემი ხელმძღვანელი-მეთქი, გადაირია ბებია, მოიყვანეო, დაიჟინა. მეც ვუთხარი და… ბამბანერკა დაიჭირა ხელში და გამომყვა ხალისიანად. ბებია ფეხმოტეხილი იწვა (4 წელი). ისე შეხვდნენ ერთმანეთს, თითქოს გუშინ დაშორდნენო… ბებია გაეპრანჭა კიდეც, თუმცა არც კაცი აკლებდა….
ორივე მემადლიერებოდა!
– პირველი ლექსები…
– ლექსების წერა ბავშვობიდან დავიწყე. შემიყვარდა და მიტომ!
„ქუჩებს დავდევ მწუხარების ანაბარი,
მათხოვარი… ჩემი ბედი სხვა არ არი…
მე საჭმლისთვის, ფულისათვის ხელს არ ვიშვერ,
მე დავეძებ შენს ნაკვალევს, წამწამს გიშერს“… და ა.შ.
– გახმაურდა და სიმღერა შეიქმნა ლექსზე – „მითხარი“… რაიმე ისტორია ხომ არ უძღვის წინ?
– „მითხარის“ არაფერი არ უძღვოდა წინ. უბრალოდ, ავტორს – ნინო სულიაურს მოეწონა და მთხოვა, რომ დავწერო, ხომ არ გეწყინებაო და მეც დავთანხმდი.
– ფილმს „იავნანამ რა ჰქმნა“ თქვენს ლექსებზე შექმნილი სიმღერები ამშვენებს…
– „იავნანაში“ თამრიკო ჭოხონელიძე რომ მღერის: „დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო“… ჩემი ლექსია. ნანა ჯანელიძემ მთხოვა, თითქმის ყველა სიმღერა ჩემს ლექსებზეა დაწერილი… კიდევ, ზვიად ბოლქვაძეს აქვს ორი სიმღერა ჩემს ლექსზე და მან მე და ჩემი შვილი კონცერტზეც დაგვპატიჟა….
– მუშაობდით ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად და მერე დირექტორად… თანამედროვე სკოლის პრობლემებიდან რომელს გამოყოფდით?
– სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი განათლებასთან დაკავშირებით. თუნდაც ის, რომ ათას „ზღაპარს“ ყვებიან განათლების მინისტრზე…
– ნამდვილი პოეტი – როგორი უნდა იყოს?
– ნამდვილი პოეტი უნდა იყოს გულწრფელი! ისეთი რამე უნდა თქვას, სხვები რომ ვერ იტყვიან.
დრო გადაარჩევს ნამდვილ და ცრუ პოეტებს.
– ბედნიერება რა არის?
– როცა თავისუფალი ხარ, ესაა ნამდვილი ბედნიერება….
– თქვენი ერთი ლექსი…
„სასწაულები არ ხდება, მაგრამ
ხომ შეიძლება, დეკემბრის ღამეს
გამომაღვიძოს შენმა ჩურჩულმა:
– თოვლი მოსულა“….
– ორი კრებულის – „დაბრუნება ძველ სახლში“ და „საგაზაფხულო ლოცვა“ ავტორი ხართ. ახალ წიგნზე ხომ არ მუშაობთ?
– კი, ვმუშაობ, მაგრამ ფული არ მაქვს, რომ გამოვცე… ვიშოვი, არაფერია!
– დღე, რომელიც ძვირფასი იყო თქვენს ცხოვრებაში…
– როცა ჩემი შვილი დაიბადა….
– როგორ წერთ ლექსს, როგორ მოდის შთაგონება?
– შთაგონება ხან როგორ მოდის და ხან კი… მიდის! ხან ლექსის ერთი სტრიქონიც კმარა… აბა, რა ვიცი…
– ჰობი…
– ჰობი არა მაქვს!
– „მაქვს ლექსების ორი კრებული – „დაბრუნება ძველ სახლში“ და „საგაზაფხულო ლოცვა“. მყავს ერთი შვილი – ქრისტინე კანდელაკი, ჯერჯერობით ერთი შვილიშვილი – ირაკლი კლდიაშვილი, ლაბრადორის ლეკი და ნახევარი სამშობლო“… – ასე დაწერეთ თქვენს ბიოგრაფიაში. რას დაამატებდით?
– ნახევარი სამშობლო… ჩემმა შვილმა აუცილებლად უნდა ნახოს აფხაზეთი და სამაჩაბლო…

ბმული:
* http://kvira.ge/315744#prettyPhoto

Arrow


Last edited by Admin on Thu Feb 14, 2019 12:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Sat Apr 21, 2018 2:24 pm

ლალი გულისაშვილი

წითელი პარასკევი

წითელი პარასკევია,
უნდა გაწამონ, იესო,
ჩემი სამხილი, უფალო,
შენს სადიდებლად მიესო...

წითელი პარასკევია,
უნდა ჯვარს გაცვან, უფალო,
ცისკრის ვარსკვლავის სადარო,
ყოველთვის თავისუფალო...


პაკოს

ისე მენატრები... ისე...
ისე მენატრები... ისე...
ისევ მენატრები... ისევ...
ისევ მენატრები... ისევ...
——————————
ისე მენატრები... მაგრამ...
ისევ მენატრები... მაგრამ...


ბატონ გრივერს

სახარებას გვასწავლიდით,
„ყელის ტბაზე~ რომ დაგყავდით,
„ოთხ ყრუზე~ რომ იცინოდით,
(რომ გვიკვირდა: რა ხდებაო?)
„მთის ნიავს~ რომ უპატრონეთ,
ჩვენთან ერთად, ეჰ, რამდენი
ღამე თეთრად გაათენეთ...
———————————
სახარება გვახარებდა!!!



* * *
თავისუფლება საქანელას ჰგავს...
საქანელაზე შემდგარი გოგო
ლაღია და თავისუფალი...
როგორც იტყოდა დიდი მეტრი _
ოთარ ჭილაძე!!!


* * *
მე ანევრიზმა მქონდა თავში...
ოპერაცია გავიკეთე.
წვეთოვანები ჩემს სხეულზე
წვეთ-წვეთად წვეთენ...
მახსოვს, როგორ მოვიდა ერთი ბიჭი
ავადმყოფ დედასთან
და რა საყვარლად,
მოუხერხებლად ხდიდა წინდას...
ხოლო ჩემთან ჯანა მოვიდა
და სული გათბა...


* * *
ჩემო ყოფილო დედამთილო,
მულატო ლენა სკოტ!
როცა ვიმშობიარე,
ჩუმად ვიკითხე:
რა ფერია-მეთქი ბავშვი...
როცა გავიგე, თეთრიაო,
შვებით ამოვისუნთქე!!!
(თუმც მე სხვა ფერი მერჩივნა
მაინც)...


* * *
გაუთიბავი დაგვხვდა ბალახი
და დაკეტილი ყველა კარები,
ხეები ისე მოწყენილები,
ახლოს რომ ვერც კი გაეკარები...
სულ ცოტა ხანში ინთება შუქი,
გამოცოცხლდება მიდამო უხმო
და ბიძაჩემი, ჩონგურით ხელში,
თავის ბავშვობის ფრინველებს უხმობს...


შროშელო ბიჭო

შროშანისფერი ჩოხა გეცვა,
შროშელო ბიჭო,
მე შენთან დამრჩა ჩემი ხელები,
შროშელო ბიჭო,
ბებერი სახლი გელოდება,
შროშელო ბიჭო,
მეც გელოდები, გელოდები,
შროშელო ბიჭო,
სასწაული მოხდეს და (ეგებ) გამიღიმო,
შროშელო ბიჭო...

ბმული:
* http://mcs.gov.ge/getattachment/d51f8dd1-15a3-44bb-af6a-a0b88d59c66f/N-204.pdf.aspx

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Tue Apr 24, 2018 7:30 pm

ლალი გულისაშვილი

გამოთხოვება

ჩვენ ვერასოდეს ვიცხოვრებთ ერთად,
რაც უნდა გრძნობა იყოს სათუთი,
ხვალ სხვასთან მიმაქვს დედის ნაქონი
ვერცხლის კოვზი და ოქროს სათითე....

ვემშვიდობებით ერთმანეთს უხმოდ,
რადგანაც თავად ასე ინებე,
ხვალ სხვასთან მიმაქვს ჭრელი საბანი,
ჩემი ოთახი, ჩემი წიგნები...

ხვალ სხვასთან მიმაქვს ჩემი კრამიტი,
ჩემი მიწა და მამის სურათი,
წვიმა მოდის და მომყვება წვიმაც
და ყველაფერი არის სულერთი...

ბმული:
* https://www.facebook.com/profile.php?id=100006316817645

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Mon May 28, 2018 8:07 pm

ლალი გულისაშვილი

***
წირვაზე გნახე, ელავდი,
ვით გზაფხულის შროშანი,
კირით შეფიფქულ კედელთან,
ტრედის ფრთასავით მოსჩანდი...
ვერ დაგივიწყე... ნეტავი
არც არასოდეს მენახე,
რა კრძალვით მოგიახლოვდი,
ხელი რა ფრთხილად შეგახე...
ბრწყინავდი... ისე მოსჩანდი,
ვით გაზაფხულის შროშანი,
ჩემი მეგონე.... მაგრამ დღეს
ის სიყვარული შორს არი...
ის ეკლესიაც შორს არი
და ის შემკრთალი ღიმილიც,
ჩაურბენია სიყვარულს,
საკინძეს ამწყდარ ღილივით...


Arrow


Last edited by Admin on Thu Mar 14, 2019 2:12 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Wed Feb 13, 2019 10:57 am

ლალი გულისაშვილი

შობა

აღმოსავლეთის ვარსკვლავმა
უვალი გზებით გვატარა,
ბაგაში მართლა ღმერთივით
იწვა იესო პატარა…
ღამეში მანათობელო,
ცის ცრემლო, მიწის მარილო,
იესო დაბადებულა,
ალილო, ცისკრის ალილო…
იესო, ღმერთო პატარავ,
ჩაძინებულო ბაგაზე,
ნაკვერჩხალივით ეკიდე,
ღვთისმშობლის ფერმკრთალ კაბაზე…


ახალი კრებულიდან „ლექსები“, 2019


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Wed Feb 13, 2019 12:15 pm



ლალი გულისაშვილი

ზაფხული. 1993

ქრისტინეს

მთელი ზაფხული მქონდა
სუნი ქინძის და კამის,
აღარაფერი შემრჩა
ელეგანტური დამის...

თეთრი მტრედივით ვზარდე
ერთი სურათი, ჩვილი:
ეზო _ ბალახი _ ძაღლი _
სკამი _ გოგონა... „შვილი~.

გარბის თვალები _ მამის,
მხრები, მკლავები _ დედის,
მთელი ზაფხული მქონდა,
ვით საჩუქარი ბედის:

ყველა სუნამოს მჯობი,
სუნი ქინძის და კამის.
...შვილს მხოლოდ ფოტო რჩება,
ელეგანტური დამის...
(ინტელექტუალ დედის,
მოლბერტთან მჯდომი მამის,
გიმნაზიელი პაპის,
დიდედებისა და მისთ.)...


მამას

სოფლის სასაფლაოზე
სოფლის ინტელიგენტი,
სოფლის მასწავლებელი
ცოლთან ერთად მარხია,
ბალახი და ეკალი
ისე მომრავლებულა,
აქ არავინ ყოფილა,
ალბათ, დიდი ხანია...

მე კი ისე მაკლიხარ,
ისე მიჭირს უშენოდ
ამ ცხოვრების გატანა,
რომ ხანდახან ვეცდები,
ვფიქრობ, არ შემიძლია
უკვე მეტის ატანა...

ან კი რა მიხარია,
დილა რისთვის თენდება,
სული რად არ ამომდის?..
შენც არა ხარ, რომ თავზე
ხელის გადასმასავით
შემეკითხო: რა მოგდის?..

ჩემი ამხანაგების
მამებს თვალს ვერ ვუსწორებ,
შენთან ყოფნა მინდება,
რაც დრო გადის, მით უფრო,
აუტანლად მაკლიხარ,
უშენობა მწყინდება...

სოფლის სასაფლაოზე
სოფლის ინტელიგენტის,
სოფლის მასწავლებელის
ფიქრები და ოცნება,
მიწას შეუჭამია,
წვიმას გადაურეცხავს,
ვერც კი ამოიცნობა...


* * *
ისე შევეჩვიე ლოდინს,
როგორც პატარძალი _ ლოგინს,
როგორც მორფინისტი _ წამალს,
ბიჭი _ გოგოებში გავლას,
უსენ _ ფატმანისა ღალატს,
ფატმან _ ავთანდილის ხალათს...
ისე შევეჩვიე ლოდინს,
უკვე ცრემლიც აღარ მომდის,
მგონი აღარც გელოდები,
ისე შევეჩვიე ლოდინს...


* * *
როგორ შეიძლება
ამდენი ხნით სადმე წასვლა!
მე უკვე დავიწყე სხვაზე ფიქრი,
მე უკვე სულ სხვა შემიყვარდა,
სხვანაირ წიგნებს ვკითხულობ და
სულ სხვა ხუმრობებზე მეცინება...
როგორ შეიძლება ქალის
ამდენი ხნით მიტოვება!
წყალში გადაყარე უკვე ყველაფერი...
აღარ გელოდები,
სულ სხვა შემიყვარდა,
სხვაზე დავიწყე უკვე ფიქრი...
როგორ შეიძლება ამდენი ხნით
სადმე წასვლა!
ჩქარა ჩამოდი,
სანამ ის მაინც მახსოვს,
რომ წასული ხარ,
ანდა ის მაინც გამაგებინე,
რომ საერთოდ აღარ ბრუნდები
და მე ისევ დავიწყებ შენზე ფიქრს, ტირილს
და შეშლილობამდე მისული ერთგულებით
დაგელოდები...


დავით გურამიშვილი ევედრება საქართველოს

„ვინ გამიზრდის ამ ობოლსა“

სევდას ვეღარ გავუძელი,
წელში ვეღარ გავიმართე,
შენს სევდიან სანახებში
ვერ ჩაფრინდა ჩემი მართვე ...

სასთუმალთან მიგალობე
სევდიანი „სულთათანა“,
მეც არ ვიცი, როგორ მოხდა,
უშენობა მსურდა განა?..

თოვლი მოდის... ვერ შევძელი,
ყველაფერი დავიზარე,
შემინდე და... თუ გადარჩა,
ის ობოლი გამიზარდე...

* * *
ჩემს სევდისფერ და საოცრად ლამაზ,
ქოლგებითა და წვიმებით სავსე,
მონატრებით და ლოდინით გამთბარ,
დაუვიწყებელ და მარადიულ ქალაქს,
რომელსაც ბათუმი ჰქვია,
ჩუმი ტკივილით ვიხსენებ დღესაც...


* * *
საყვარელივით მოვიდა წვიმა,
უცხო მგზავრივით ჩამოდგა ბინდი,
ხევში ჩაკიდულ ბილიკის ბოლოს
ტყის ალქაჯივით ყვაოდა შინდი...

იდგა სიჩუმე. მხოლოდ ხანდახან
შეირხეოდა ტოტები ფიჭვის,
რამ გამახსენა ზღაპარი ნეტავ,
ტყეში დაკარგულ ობოლი ბიჭის?!.


* * *
გიხსენებ და ჩემს თვალებში
შავი ეშმაკები ხტიან,
რა გინდოდა, რას მერჩოდი,
ობოლსა და ოხერ-ტიალს?

მაყვლის ბუჩქში ვიჯექი და
მამისათვის ვქსოვდი წინდას,
როცა შენი თეთრი ცხენი
ცისკარივით ამობრწყინდა...

მძინებოდა ნეტავ ტყეში,
დამემწყემსა ცხვრების ფარა
და შენს სავალ ბილიკებზე,
ვარსკვლავები დამეყარა...


* * *
გულზე ისეთი ნაღველი მაქვს,
რამე მიშველე, ჩემო ბები...
...შენ კი კედლიდან იღიმები
და მამაჩემზე ფეხმძიმედ ხარ,
ლურჯი ქიშმირის კაბა გშვენის,
ოცი წლის ხარ და გიხარია...

გულში ისეთი ნათელი მაქვს,
როგორ მიშველე, ღვთისმშობელო,
თეთრი კედლიდან იმზირები
და სულიწმიდით აღვსილი ხარ,
დედობა ისე ძლიერ გშვენის,
ოცი წლის ვარ და შემოგნატრი...


* * *
გვიან დაუდგა კაპიტალიზმი
ჩემს ქვეყანას,
მაგრამ ხომ დაუდგა!
ქალაქს რა უჭირს,
აგერ, ჩემს კახეთშიც
წამოგორებულან კუნთმაგარი ჯეელები
ინგლისურწარწერიანი დახლების გვერდით
და აღარც ახსოვთ,
რომ შეჭამა თხამ ვენახი
და ჟანგმა _ თოფი...
XIX საუკუნის მსხმოიარე
ჟურნალ-გაზეთებიც,
დიდი ხანია, რაც გაბერწდა
და თვალის ერთი გადავლებით
ვკითხულობთ ყველგან:
ვეძებ ...
ვცვლი...
ვყიდი...
ვყიდი ნაღდით ან გადარიცხვით...
...დადიან ჩემი ქართველები
უცხო გზებისკენ გაგზირებულნი
და ვერ ხვდებიან,
როგორ შეჭამა თხამ ვენახი,
ჟანგმა _ თოფი
და თოფმა _ შვილი...
მიწამ კი...
მიწამ, დიდი ხანია, ის ქართველიც შეჭამა,
სალი კლდეები რომ დაიფიცა,
არ გავცვლიო...
...და მაინც ვეძებთ,
ვცვლით,
ვყიდულობთ,
ვყიდით
და არსად არ გვხვდება ამგვარი განცხადება:
„არ ვცვლი ჩემს კეთილმოუწყობელ ბინას
სამყაროს გარეუბანში
სხვის კეთილმოწყობილ სასახლეზე
მსოფლიოს ცენტრში“...



ლიტერატურული გაზეთი, 20.IX-3.X N105, 2013


Arrow


Last edited by Admin on Thu Feb 14, 2019 12:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   Thu Feb 14, 2019 10:51 am



ლალი გულისაშვილი

* * *
ჩემო სევდიანო მეგობარო,
მომისმინე.
ერთ სიმღერას გეტყვი,
სოფელში მოწყენილ ბავშვებს
ულოცავდნენ ხოლმე:
ავი თვალი _ გიშრის მძივი,
ქარვა _ თაფლი,
სისხლი _ ლალი,
გარეთ _ ალი,
შინ _ მამალი,
გარეთ _ დარდი,
სახლში _ ვარდი,
შავი _ დანა,
ციხე _ თეთრი,
გარეთ _ ქაჯი,
სახლში _ ღმერთი,
შენსკენ _ ჯვარი,
მტრისკენ _ ჯავრი,
შენსკენ _ ნანა,
მტრისკენ _ დანა,
გარეთ _ ალი,
შინ _ მამალი...
ჩემო სევდიანო მეგობარო,
მომისმინე.
შენთვის გავიხსენე ეს სიმღერა,
გულს ჩაგაწვეთებ,
სამკურნალო ბალახივით უებარია.
ბოლოსდაბოლოს,
მიყვარხარ და
არ შეიძლება, ცუდად რომ იყო...


* * *
„ისარი მომაქვს კისრითა“
ხალხური

სანთელივით მადგას მხრებზე
შენი მზე და მთვარე,
დღეს თუ არა, ხვალ გაგიფენ
ფეხქვეშ დარუბანდის კარებს...
დღეს თუ თავს ვერ შემოგწირავ,
ხვალ მოგიტან მკერდით ისარს,
ბაზალეთში შვილს გაგიზრდი,
რომ მეძებდი, ეგებ ის ვარ...
სიხარულით დავაკვდები
შენთვის მოღერებულ დანას,
შირაქისკენ ცხვარს დაგიმწყემს,
მცხეთას მოვმკი პურის ყანას...
ეკლესიას აგიშენებ,
რომ მნატრობდი, ეგებ ის ვარ,
ხნულში ჩავრგავ ყვავილივით
მკერდით წამოღებულ ისარს.


* * *
შენ რომ გიყვარს, ის დრო არის, ბები,
იასამანს გაუშლია კვირტი,
ჩვენი ბაღი სამოთხეა მწვანე,
კაკლის ხეზე შემოფრინდა გვრიტი...
საღამოა საოცარი, წყნარი,
რას გაიგებ, როგორ მწყდება გული,
შენს საწოლზე აღარავინ წვება,
შენს ყვავილებს აღარავინ უვლის...
ღამეს მოაქვს საყვარელი ხმები,
შენს ზღაპრებში მეზრდებოდა ფრთები,
ვარდის ბუჩქში ბულბულები სტვენენ,
რომ გიყვარდა, ის დრო არის, ბები...


* * *
გაძნელებულა სიცოცხლე...
გმადლობთ გაძლების ნიჭისთვის!
ოხერი თავი მინდოდა
ერთი ღარიბი ბიჭისთვის...
არ დაგვიდია პირობა,
თორმეტი წელი ვუცადე,
ცხვარ-ჯოგით გამდიდრებულს კი
უარი გამოვუცხადე!...
მერე დავჯე და ვიტირე,
ცრემლი ალაზანს ერთვოდა,
მიყვარდა... როგორ მიყვარდა!
უარი როგორ მეთქმოდა...
ღარიბს და ღატაკს, უპოვარს,
თორმეტი წელი ვუყურე,
ბროლის კოშკი რომ ამიგო,
კარები გამოვუხურე...
წავიდა... გიჟად ჩამთვალა,
ქარმა დახვეტა ველები,
ვტიროდი... როგორ ვტიროდი!
ჩუმად ვიჭამე ხელები...
მიყვარდა თავის არაფრით
და სიღარიბის ნიჭითა,
ოხერი თავი მომწონდა
ერთი ღატაკი ბიჭითა...


* * *
ამოდი, ამოანათე,
მთას გადმოჰყევი ფრიალოს,
ჩამეხვიე და ჩამკითხე:
„ნისლო, რას ჰფიქრობ, ტიალო?“...
უნდობლად გელოდებოდი,
ცრემლით დავალბე ქვიშანი,
ამოდი, ამოანათე,
არ მინდა ბეჭედ-ნიშანი...
კელაპტარივით დამანთე,
ხარი ირემის რქაზედა,
რომ გაგინათო სავალი,
ამ ტიალს ქვეყანაზედა...


ნუშის ხეს

ჩვენი ნუშის ხე გარდაიცვალა,
ჩემი ბებიის და პაპის ტოლი.
ნაომარივით ეგდო ეზოში...
დამტირებელიც არავინ ჰყავდა.
მხოლოდ შაშვების პატარა გუნდი
შემოგვეგება ღია ჭიშკართან
და ჭირისუფლის ნაღველით სავსე
გალობით გვდიეს ეზოს ბოლომდე...


* * *
ქრისტინეს

შენი ტკივილები მე და...
შენი მწუხარება მე და...
შენი განსაცდელი მე და
შენი მზეები, ყვავილები...
შენი მოვლით დავიღლები,
შენი დარდით ავტირდები,
ბევრს ვერაფერს დაგპირდები:
მამულს შეგაყვარებ...
ჭექა-ქუხილს შეგაფარებ,
შურს და ღალატს აგაცილებ,
ბოლოს ხომ შენ გამაცილებ
ზეცის ბილიკებზე...
თუ ოდესმე მარტო დარჩი,
თუკი გერგო ჩემი ბედი,
არ გაკიცხო შემოქმედი,
მადლი უძღვენ უფალს...
მანამდე კი... შიში ნუ გაქვს,
შენი მწუხარება მე და...
შენი განსაცდელი მე და
შენ მზეები, ყვავილები...


* * *
გამოიხედე,
დამიბრუნდნენ ჩემიანები:
ეს კიპარისი პაპაა და
ფშატი - ბებია,
ალვის ხე - მამა,
ბროწეულის ყვავილი -დედა,
ფიჭვი კი ხსოვნის სანთელივით
უნთია ყველას...
გაზაფხულია,
დამიბრუნდნენ ჩემიანები,
მე მოწყენილი ჩიტი ვარ და
ხანდახან ვმღერი...


* * *
ვნატრობ ერთ ჭიქა რომს,
მსოფლიო ქალაქს - რომს!
დამიბრუნდები და... რომ...
დამინახავ და... რომ...
...
ვნატრობ ერთ ჭიქა რომს...


დედის ანდერძი

გაიზარდა ჩემი შვილი,
უკვე ნახა რომი, ნიცა,
მაგრამ გაგრა არ უნახავს,
არ უნახავს ლურჯი რიწა...
სამშობლოში ტუსაღები -
ბიჭვინთა და აგუძერა,
არ უნახავს სოხუმი და
გული რაღამ აუძგერა?!
თუ მამულში დაგეკარგა
თუნდაც ერთი გოჯი მიწა,
თუ სოხუმი არ გინახავს,
არ გინახავ კინდღი, რიწა...
უნდა რკინის ქალამნებით
შეაწუხო ცაში ღმერთი,
ჩემო შვილო, უსათუოდ
უნდა ნახო აფხაზეთი!


საყვარელი პეიზაჟი

ჩემს სოფელში საყდარი დგას,
მოწყენილი ჩიტივითა,
გარს მინდორი შემორტყმია,
მოხატული ჩითივითა...
ეზოს სწრაფად გადაივლის,
აშოლტილი ხესავითა
მონაზონი... ისეთია,
ჩამავალი მზესავითა...
იქვე წყარო მოჩუხჩუხებს,
მხიარული ცოლივითა,
ყველაფერი დამავიწყდა,
შარშანდელი თოვლივითა...
მესმის მხოლოდ, უსტვენს შაშვი,
ჯადოსნური ბგერებითა,
შუბლზე ვიღაც მეფერება,
სანთელივით ხელებითა...
ჩემს სოფელში საყდარია,
მოჭიკჭიკე ჩიტივითა,
ამაყი და სევდიანი,
ფეხშიშველა ბიჭივითა...


* * *
წირვაზე გნახე, ელავდი,
ვით გაზაფხულის შროშანი,
კირით შეფიფქულ კედელთან,
ტრედის ფრთასავით მოსჩანდი...
ვერ დაგივიწყე... ნეტავი
არც არასოდეს მენახე,
რა კრძალვით მოგიახლოვდი,
ხელი რა ფრთხილად შეგახე...
ბრწყინავდი... ისე მოსჩანდი,
ვით გაზაფხულის შროშანი,
ჩემი მეგონე... მაგრამ დღეს
ის სიყვარული შორს არი...
ის ეკლესიაც შორს არი
და ის შემკრთალი ღიმილიც
ჩაურბენია სიყვარულს,
საკინძეს ამწყდარ ღილივით...


ლიტერატურული გაზეთი, 1 - 14 მარტი, 2013, N93


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: ლალი გულისაშვილი   

Back to top Go down
 
ლალი გულისაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: