არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ცირა ყურაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 3:56 pm

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_11

ცირა ყურაშვილი

პაემანი

შენს მუხლქვეშ ნათლის ქვირითი
ვარსკვლავთა ციმციმს ვადარე.
ჩეზე თქვი: გადმოატარეთ,
გადმოატარეთ, გვრიტი!”
წარბქვეშ იელი ამოა,
მკერდზეც იები ამომყვა,
ის სიყვარულიც გამომყვა,
მომყვება ოხერტიალი!
შენს ქუსლთან რიბირაბოა,
ღრუბლოვანი და ცებური,
ზე–სიყვარული მრთელია,
ქვემოთ - დაქუცმაცებული.
ზე–სიყვარული ცაში და,
ქარი მიაფენს ქარშიგან...
ქვე–ყვავილები ჭაში და,
ქვე–ვარსკვლავები გახშირდა.
ანგელოსის ფრთას მივები,
ეთერში მოცახცახე...
მე– სიყვარულის წვიმები,
ის–სიყვარულის ცვარი.
კვლავ სისხლზე არ იგეშება
ტანის ნუჟრი და კორძი,
ჩემგან სიყვარული–პეშვებით
მისგან სიყვარული–კოვზით.
დამკარგველს ნუმც ვეპოვები,
მის მზერიდანაც ვქრები.
აი, მე უკვე მოვედი,
შენს პაემანზე რაბი!


study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 4:52 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 3:57 pm

ცირა ყურაშვილი

ეროდი და დიანოსი

ეროდი და დიანოსი _ ასე უწოდებს დედა, როგორც ადრე გაუგონია, როგორც ეძახდნენ ალბათ ძველად. არც იროდიონი ან ჰეროდე, არც დიონისე ან რა ვიცი...

ასე: ,,ეროდი და დიანოსი"...

ჩამოსულა რაჭიდან სესიკა ჭელიძე, მწარე მუშა, როგორც დღესაც ეძახიან მიწის მოყვარულ, მოჭირნახულე მუშაკს. დასახლებულა ქუთაისის მაზრაში, ბაღდათის საბოქაულო ცენტრში, საირმისაკენ მიმავალი გზის სიახლოვეს. მაშინ მთელი ეს ზედა მხარე გოგოძეებისა ყოფილა, ქვედა მხარე კოპაძეებისა. თავისი შრომით და ოფლით სესიკას შეუსყიდია მიწები გოგოძეებისგან, ცოლად შეურთავს თავად დგებუაძის ქალი და დაუსახლებია ამ მიწებზე ორი ვაჟიშვილი _ ეროდი და დიანოსი.

ეროდის ჯერჯერობით ნუ მოვიხსენიებთ, დაე, მისმა დამაშვრალმა სხეულმა წყნარად განისვენოს ჩვენი წაბლარა ყანის თავზე გაშლილ სასაფლაოზე, ხოლო სულმა კეთილად იმოგზაუროს ნათლის სამეუფოში.

დიანოსი მოვიხსენიოთ. ისიც არ გამოაკლდეს კურთხეულ ნათელს!

ამ დიანოსს ეყოლა შვილები: სილიონი, სიმონი, სამსონი, მიხაკო, აბესალო და დები მათი (დები ასე, უსახელოდ).

სილიონს ეყოლა ოლღა. ოლღას ეყოლა, თინა, სოსო, მაჩანია, პავლე და მარო. ვეფხვაძეები. პავლეს ეყოლა სოსო, ამირანი და დავითი.

სამსონს ეყოლა ლევანი, ვარლამი, გიგლა და სონია.

აბესალოს ეყოლა ნინა, ანიკო, თამარი, დავითი, ნიკოლოზი და სერიოჟა.

მიხაკოს ეყოლა მარუსია, თინა, ბიჭიკო და ოთარი.

სიმონს ეყოლა ელენე, ვასილი, ივანიკა (გარდაიცვალა ოთხი-ხუთი წლისა) და პავლე, რომელსაც ეყოლა დედაჩემი; წავიდა ომში (პავლე), დაიკარგა. დაკარგულიც არ ეთქმის, ამაზე სხვა დროს.

და ამიტომ დედა უმადლის სესიკა ჭელიძეს, რომ ჩამოვიდა რაჭიდან ამ ბაღნარ ადგილას, დაესახლა, იშრომა, აქვე გააჩინა ვაჟები: ეროდი და დიანოსი, რომლის ერთ შტოსაც - დიანოსისას ჩამოჰყვა თვითონ (დედაჩემი) და აქვე გვშვა ჩვენც.

ჩვენს სახლს ზემოთ მარაოსავით იშლება ჭელიძეების ეზო-კარმიდამოები.

_ ვარლაამ, ვარლაამ! _ ეს დედაჩემია. ისე მკაფიოდ ისმის მისი ხმა ორღობიდან, ჩვენი სახლის მოშორებით, თითქოს ეზოდან იძახდეს.

_ შედი, გოგო, შედი, ზედ, ოღონდ არაფერი მოიწიო, _ პასუხობს ვარლამ ბიძია დედაჩემს.

მისია გვერდწითელი მსხლის ხე, რომელიც ეზოს ქვემოთ, ორღობეში უდგას. თიბათვის ბოლოს, ქველთობისას ჩატკბება მისი წვენით სავსე, დიდრონი, ყვითელი და გვერდებშეწითლებული ნაყოფი.

ჩვენ, პატარებს, ხილი-ხმილი-ტკბილი გვაკლია. ეზოს გვერდით მხოლოდ მცირე ყანა-ვენახი გვაქვს. ზაფხულის ხვატში წყნარად ირხევა სიმინდის ყვავილ-ქოჩოჩი, ყურძენიც შეთვალულია, კიტრებიც არის ხარდნებზე აკრულ-მიკუნტულები, მხოლოდ ხეხილი არ გვაქვს, ხილი- ტკბილიც ხომ გვინდა?

ამიტომ დასტაცებს დედა ხელს ემალის ძრომოჟანგულ ლაგვინს, მისი სახელურის ღრჭიალ-ღრჭიალით გადავა ორღობეში.

მაშინ არ იტყვის და რომც თქვას, რას გავიგებთ?! _ პატარები ვართ.

გულისკანკალით გავა გვერდწითელი მსხლის ტოტებზე, მსხმოიარე ხეს კენწეროში მოექცევა. იქვე, მის თავზე, მაღალი ძაბვის სადენიც გადის, ამიტომ ამ ხეს არავინ არ ეკარება, ვარლამ ბიძია დარში ჩამოცვენილ ნაყოფს მობოჭავს, სხვა ვინ გაბედავს თავზე ხელი აიღოს და ხეზე ავიდეს?

ეს ძაბვა კიდეც გაახმობს ხეს სულ ცოტა ხანში, მოჭრიან, ცეცხლს შეუკეთებენ. ახლა კი ქარი არხევს გვერდწითელ მსხლის ხეს, შრიალებს და ჭრიალებს ხე, დედა საჩქაროდ სწვდება ყვითელ ნაყოფს, ხორცთ ცვარი ასხამს, საჩქაროდ ყრის ემალის ლაგვინში. ფეხქვეშ ტკაცუნით ტყდება წკირები, ქარი არხევს მაღალი ძაბვის სადენსაც და აჰა, უნდა შეეხოს ხის ტოტს და დედა ასწრებს ქარს ჩამოკრეფას, ასწრებს შიშს, სახელოთი ხვითქის მოწმენდას, ასწრებს ჩამოსვლას, ჩვენზე ზრუნვას, ასწრებს სიცოცხლეს.

ასწრებს პატარა, სულ პატარა, შვიდი-რვა წლისა, ავადმყოფ და მშიერ დედას ღამის ბნელში, კოპაძეების ვაშლის ხეზე გულისკანკალით დაუკრიფოს მკვახე ნაყოფი და შინ ფრთასხმული გამოექანოს, რომ გადარჩა, რომ ვერავინ დაინახა, ვერ მოჰკრა თვალი.

ასწრებს ფრანგული ენის გერმანელ მასწავლებელს, ვერა ჰელცმანს, ანბანის საჩვენებელი ჯოხი - თითა მწარედ ჩაარტყმევინოს თავში, რადგან უპატრონოა, სუსტია და სწავლაშია ჩამორჩენილი.

ასწრებს მშიერს გული შეუწუხდეს და გადაიქცეს ზევით, სამსონ ჭელიძისას, მანიჯარ ბებიას მაგიდის ფეხებთან, სადაც ისედაც ათევს ღამეს, რადგან დედამისი, იგივ ჩემი ბებია ზუგდიდის ბაზარს არის წასული სიმინდის ტარანზე გასაცვლელად და როგორ დატოვა ასე პატარა, ასე უმწეო როგორ დატოვა?!

და ის მაინც ასწრებს სიცოცხლეს, რადგან ცხოვრება განა მარტო საწუხარია, ის მანიჯარის დიდი მჭადიდან მოტეხილი ტკბილი და მადლიანი ნატეხიც არის! კი, ვაიეთიც აქ არის და თავს დაჰყურებს ვაიეთის მთა, მაგრამ აქვეა თენებოურის მთაც და თენდება სახალისოდ, ხალისიანად და ახლო-მახლოც სიხალისოურს ეძახდნენ საყდარს, ესახლებოდა როცა სესიკა, მერე ეროდი და დიანოსი. ჭელიძე-ჭელტვაც _ ესე არს კაცი, რა საქმესა ხალისიან, ზედიზედ იქმდეს. გინა ესრეთვე ალერსით შეაყუაროს თავი თვისი უაღრესსთა და ზედაზედ იახლოს (საბა) და მიჭელტვაც ეს არის ალბათ, ჭელიძესთან ყოფნა მოგანდომოს.

და შენ, მკითხველო, გუნებაში რომ გაგეღიმა წმიდა ოთხთავის მსგავს დასაწყისზე და რომ ელოდი ამ ურიცხვი სახელებიდან ორ ხასიათს გამოვძერწავდი _ ეროდისას და დიანოსის. და რომ გგონია, ხასიათი თუ არ გამოკვეთე, ცოტას ნიშნავს გახსენება მართალ კაცების. შენ რას დაეძებ, თავს მიიბრუნებ, როცა სულს მომთხოვს მოგონილი ხასიათები და ყველა სიტყვა, რაც არ იყო ,,ჰო", ,,ჰო" და ,,არა".

და შენ არ იცი, ამ მონათხრობში როგორ ვიშვები ხელახალი და ვიბადები და არც ის იცი, თანალმობის სევდა შენც რომ გამკობს, შენც რომ გშვენის ჩემო მკითხველო.

2015

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:22 pm

ცირა ყურაშვილი

რაბი

მეტად აღარ დამიძახო რაბი
ეს გვირაბი არ მთავრდება რაბი
ეს სიზმარიც არ მთავრდება რაბი
ეს ეკლებიც არ მთავრდება რაბი
ჩემი სახე შვიდი მშვიდი გველით
ჩემს სარკეში ჩახატულ გროტესკით
შვიდი გველი აძრულია რაბი
ერთმანეთზე უფრო უბოროტესი
მეტად აღარ დამიძახო რაბი
მეტად აღარ მომეფერო რაბი
ღვარძლჩათესილ
ხორბალს ვგავარ რაბი
მე არა ვარ შენი ღირსი რაბი
მე მეგონა დაგიუნჯე რაბი
მე მეგონა მტრედებად დაგიუნჯე
მე მეგონა ჩემი იყო რაბი
ნეკნებს შორის დარჩენილი
სილურჯე
ღვარძლჩათესილ ყანას ვგავარ რაბი
ამ ადგილას
უდაბურს და მივარდნილს
ხორბალივით დაგკარგვივარ რაბი
ხორბალივით ქარში გადაგივარდი
მეტად აღარ დამიძახო რაბი
ნუ მომაპყრობ
მაგ თაფლისფერ იელებს
ის ღრუბლებიც შეხორცდება რაბი
არც სილურჯე აღარც სიცარიელე
შვიდი გველი აძრულია რაბი
უკან აღარ მომაბრუნო რაბი
შვიდი გველით მოვშხამულვარ რაბი
ნადირივით დევნილი ვარ რაბი
სულ ციცაბოს სულ ქარაფზე მდგარი
სულ მძრწოლვარე
სულ დევნილი ძაბუნი
მე არა ვარ შენი ღირსი რაბი
მეტად აღარ დამიძახო რაბუნი.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:23 pm

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_10

ცირა ყურაშვილი

,,მიწა რომ გვეჭამა, არ უნდა ეღალატნა..."
(ქეთევან ქუჩუკაშვილის პორტრეტისათვის) 2006 წელი


დროდადრო მენატრება მისი ხმა, ბავშვურ ტიტინს მიმსგავსებული, მისი საოცარი, ძველებურმადლშემორჩენილი ქართული. ასეთ დროს უკვე მერამდენედ ვრთავ მაგნიტოფონს და ამ ჩანაწერს ვუსმენ:

-მოხვედით, რომ რაიმე დაწეროთ?

-დიახ, ქალბატონო ქეთევან, დიდი ხანია მინდოდა თქვენი ნახვა და როგორც იქნა, მოვახერხე.

_აი, აქ მიდევს თქვენი ზღაპრის წიგნი. ამ დღეებში ხელში მეჭირა და ვფიქრობდი, როგორ მივაგნო მეთქი ამ ადამიანს, რომ ვუთხრა, ძალიან მომეწონა მეთქი.

_და, აი, მეც აქა ვარ!

კოსტავას ქუჩიდან იქვე, ფიქრის გორაზე ავირბინე, მრავალსართულიანი სახლის ქვედა სართულზე, ერთოთახიანი ბინის კარებზე დავაკაკუნე. სწორედ აქ, ნაქირავებ ოთახში, წიგნებითა და ხელნაწერებით სავსე ოთახში ცხოვრობს ღრმად მოხუცებული მწერალი ქალი- ქეთევან ქუჩუკაშვილი_ შიო მღვიმელის ქალიშვილი. მხოლოდ მაგიდა, საწოლი და სკამი. თვითონ ღაბუა ჩიტივით პატარა და საყვარელია საწოლზე წამომჯდარი. ეს საწოლი მისი ევერესტია, ღრმადმოხუცებული მწერალი ქალის ევერესტი.

_ამ საწოლზე რომ მოვიკალათებ, იცით რა გრძნობა მაქვს, თითქოს ევერესტზე ავედი.

საუბრობს როგორც ბავშვი, როგორც მოხუცი ანგელოზი. რა გასაკვირია, შიო მღვიმელის ქალიშვილია, ბავშვობაში ვაჟა ფშაველას მუხლებზეც მოიკალათებდა ხოლმე. ახლობლები ამბობენ, რომ არა ქეთევან ქუჩუკაშვილი, გოგლა ლეონიძის ნატვრის ხე მხოლოდ მცირე მოცულობის ნაწარმოები იქნებოდაო.

_მეუბნებოდა, შენ დამაწერინე ეგ წიგნიო, მაგრამ სწორი არ არის.

_პიესები? ახალი პიესა გაქვთ, გადმომცეს, ნანი ჰქვია მთავარ პერსონაჟს.

-ეჰ, რა ვიცი, მაქვს პიესები, მაგრამ ძნელია დადგმა, მაგას პატრონი უნდა, ვფიქრობ, მე ვიყო ცუდ პირობებში და სხვები კარგად იყვნენ. არა მშურს, რომ ვინმე კარგად იყოს, მინდა, რომ ყველანი კარგად იყვნენ.

უცნაური გულმოწყალების გამო საკუთარი ბინიდან ნაქირავებში აღმოჩნდა, სადაც მადლიანი ადამიანების შემწეობით ცხოვრობს. როცა ამ ამბავს იხსენებს, თავს გააქნევს და იტყვის, ,,არა ვნანობ“!

-ახ, რა ვიცი, რა ყოფილა ცხოვრება, ძალიან ძნელი,...ძალიან დიდხანსაც რომ ცხოვრობ, მაინც ვერ ხვდები როგორი უნდა იყო, რა უნდა გააკეთო. ახლა მე არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ორი პატარა რაღაცა პიესა დავსწერე. ამ პიესაზე ბავშვები უფულოდ რომ შემოდიოდნენ, როგორ მიხაროდა... და არა ჰქონდათ, კაცო იმათ ფული და იპარებოდნენ, იცით? (ხითხითებს) მიხაროდა და ერთადერთი სიამოვნება ის არის, რომ ვიღაცა მსახიობს გაიცნობ...მაგრამ დაახლოება არ ვიცოდი ვისთანმე. აი, რომ დაახლოვდებიან, ყველასთან კარგად ვიყავი, იცით და რეჟისორთან ძალიან კარგად ვიყავი და არასოდეს...რაიმე რომ არ მომწონდა, ღმერთმა დამიფაროს, რომ ან დირექტორისთვის მეთქვა, ან ვინმესთვის. მაგას როგორ ვეტყოდი. ერთხელ, იცით მე ზღაპარში გამოყვანილი მყავდა გამყიდველი, გასაყიდებს რომ დაატარებს. ერთხელაც მოვედი და მშვენიერი ებრაული მუსიკა მესმის. რეჟისორს ვკითხე, რა საიდან არის ეს ებრაული მუსიკა მეთქი?_ აი, თქვენ ხომ გყავთ ებრაელი გამყიდველი გამოყვანილიო. _რას ამბობმეთქი, მე იქ ებრაელი გამყიდველი არ გამომიყვანია. ებრაელი ბავშვები რომ მოვლენ ლესელიძის ქუჩიდან და ნახავენ, რომ აქ, ზღაპარში ებრაელია გამასხარავებული, რა დღეში ჩაცვივდიბიან, ხომ დასცინებენმეთქი? _მაგას ვერ მოვხსნიო. ეხლა რომ თქვენ მკვდარი იყოთო, ხომ ვერ წახვიდოდით წინააღმდეგიო. _მერედა მკვდარი ხომ არ ვარ მეთქი, ახლავე გადავაკეთებ მაგ ადგილს! ავედი მეორე სართულზე თენგიზ მაღალაშვილთან და თენგიზს ორმოცი და ერთი ხაზი აქვს სიცხე. ძალიან კარგი დედა ჰყავდა, -იცით, ისეთი კარგი პიესა, როგორიც თქვენა გაქვთ, არავის დაუწერიაო. როგორ არ დაუწერია, მაგრამ იმას მოსწონდა ძალიან. ძალიან კარგი ქალი იყო, ძალიან კარგი. გავაკეთე სხვანაირად ის ადგილი და ებრაელი სულ მოვხსენი, როგორ შეიძლებოდა კაცო? არცა მქონდა მე ის პიესაში, საიდან მოიგონა? თენგიზი მერე რომ მოვიდოდა, თვითონაც დგამდა რუსთაველის თეატრში პიესას ნანა ხატისკაცთან ერთად, მგონი სულხან-საბა ორბელიანის იგავებსა სდგამდნენ, მოვიდოდა, ცერს შემართავდა, ,,აი, თქვენი პიესა“, -მეტყოდა, -,,ჩვენი პიესა ეგეთია“.

ყველაზე მეტად პიესებთან დაკავშირებული შენიშვნების მოსმენა უყვარდა, რადგან უკეთესდებოდა პიესა. მაგრამ შენიშვნებიც იყო და შენიშვნებიც. ერთი მთავარი რეჟისორი სამი საათი ელაპარაკა.

-ძალიან განათლებული კაცი იყო, მაგრამ იმისთანა რამეები მითხრა, რომ არაფერი გამოდგებოდა ჩემი პიესისათვის. მე სულ სხვა რამ მეწერა, ის სულ სხვა რამეს მეუბნებოდა. დიდი მადლობა გადავუხადე და არაფერი გამიკეთებია, რათქმაუნდა (ხითხითებს), არც იმას არაფერი უთქვამს. თენგიზიც რამე შენიშვნას რომ მომცემდა , ზოგჯერ არ იყო სწორი, მაგრამ არ ვეუბნებოდი, რომ სწორი არ იყო, ისეც არ ვაკეთებდი და საბოლოოდ მაინც მოსწონდა. ამიტომ ცერს ასწევდა და მეტყოდა ხოლმე: ,,აი, თქვენი პიესა“.

შიო მღვიმელის ხატება, მამის ხატება ასულდგმულებს. ამ პატარა ოთახში რეალური და ირეალური ისეა გადაკვანძული, ვერ გაიგებ, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე.

_იცით, მამა რომ ჩემთან არ მოდიოდეს, ძალიან გამიჭირდებოდა ყოფნა. ვერ ვაწვენ იმიტომ, რომ აქ ადგილი არ მაქვს. გვიან მიდის, ძალიან გვიან. ჩვენ ჩვენს წარსულზე ვლაპარაკობთ, სხვა სალაპარაკო არა გვაქვს. ხანდახან მგონია, რომ ჩვენს ამბავს ბევრი ფურცელი დასჭირდება, ხან კი მგონია, რომ ერთ ფურცელზეც დაეტევა.

გინდათ მამაზე გიამბოთ რამე?

,,მარტის იუბილეი“
შიო მღვიმელის (წმიდა ბერის) ქუჩაზე ვცხოვრობდით, 7 ნომერში. ჭუჭყიანი, ვიწრო ეზო იყო და თხლად იდო თოვლი. დეკემბრის თვე იყო. მე ეტყობა კვირა დღეა, რადგან სკოლაში არა ვარ...ჩემი დები კი შეშას ჩეხავდნენ. ჩვენი ღუმელი კიდევ ისეთი იყო, ერთი ურემი რომ შეგედოთ დაიწვებოდა და ოთახს კი მაინც არ გაათბობდა. მამა მიდიოდა გუდურის საყიდლად და მითხრა, რომ იუბილეი არ გადასცდება მარტსაო. მითხრეს, რომ იუბილეი მარტში იქნებაო. ეხლა ჩვენ გაგვეხარდა და ჩემმა დამ თქვა: თუ ცუდი ამინდი იქნა, მარტში ვინ მოვაო. ამ იუბილეის ჩვენთვის უნდა მოეტანა დიდი სიხარული და პატარა შემოსავალი.
იმ შემოსავლით ჩვენ შეგვეძლო დედისათვის ფეხსაცმელი გვეყიდა. ორჯერ დავაკერებინეთ და მესამედ შესაკეთებლად არ ღირდა. ავადმყოფი ნათესავის მოსანახულებლად წასვლაც შეგვეძლო. მაგრამ მოვიდა მარტი და იუბილეი არ შედგა. ჩავაცივდით ამ თვეს. ამ თვემ უნდა მოგვიტანოს ბევრი სიხარული და ცოტა შემოსავალი. იცით, არ შედგა ეს იუბილეი. მე აქ გადმოვედი, დაქირავებულ ოთახში ვცხოვრობ და ისე მოხდა, მამაჩემი მოვიდა აქ, დადიოდა და იმ საღამოსაც მოვიდა, როცა მე ამ ფიქრებში ვიყავი და მას არ მოვაგონე, რომ სწორედ ამ იუბილეიზე ვფიქრობდი. ვუთხარი: მამა, შენ ან კარგ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული, ან ცუდ ვარსკვლავზე. ცუდ ვარსკვლავზე რომ იყო დაბადებული, პოეტი ხომ არ იქნებოდიმეთქი. და გავედი, ნათურა გავაჯანჯღარე. ორ ფინჯანს აადუღებდა. მეტი ჩვენ არცა გვჭირდებოდა. პური მქონდა ახალი, მეზობელმა მომაწოდა. ის პური დავჭერი, ფინჯნებივით მივიტანე ჩაი და მამა სუფრაზე მივიწვიე.


,,ვიცოდით, მამა იყო პოეტი...“

ჩემს ბავშვობაში აქვე, სადაც ახლა ტელევიზიის შენობა დგას, უკვე აქედან იწყებოდა ყაყაჩოებით გადაწითლებული მინდვრები, სადაც მამა გაზაფხულზე ერთხელ მაინც წაგვიყვანდა ხოლმე. ძალიან დიდი სიამოვნებით იგონებენ ჩემი დები ამ ერთდღიან სიამოვნებას, მინდორში გატარებულს. მამას მინდორში წასვლა ეტყობა იმიტომ უნდოდა, რომ თავისი სოფლის, ბრეთის მინდვრები ახსენდებოდა. პატარა ლექსიც დავწერე ამის შესახებ:

,,...და ბოლოს წასვლა გადაწყდებოდა,
ვიწრო ბილიკზე აღმართს მივდევდით,
საბურთალოზე გადაწვებოდა
ყაყაჩოებით სავსე მინდვრები.
ჰყვებიან დები მიამიტ ამბავს,
მზე ღრუბლებისკენ აგორდებოდა,
საბურთალოზე, მინდორში, მამას
ბრეთის მინდვრები აგონდებოდა.“

-პატარა ლექსია, კარგი რომ არ გამოდის, ვარიანტს ვაკეთებ, არც ის გამოდის კარგი, არ გამოდის...კიდევ მაქვს ასეთი:

,,წელს მიჰყვებოდა მეორე წელი,
ძველი ფარდაგი ტახტზე გვეფარა,
სადილად გვქონდა ტყუილი წვენი
და გოგრის გული თეფშზე ეყარა .
სამი და უცხო ჭერქვეშ მოვედით,
ცივ ზამთარს, ზაფხულს ვუძლებდით ერთად,
ვიცოდით, მამა იყო პოეტი
და გვიან ღამით ლექსებსა წერდა.“


მე და ,,ანა კარენინა“

სკოლაში არავინ მომდევდა, არც დედა, არც მამა. არ მოდიოდნენ ჩემი ამბის გასაგებადა. ასე ვფიქრობდი, რომ ვინმე მოსულიყო ჩემთან. არც ჩემი ამხანაგების მშობლები არ მოდიოდნენ. კარგი ოჯახისშვილები იყვნენ. პირველ სკოლაში ვსწავლობდი. რავიცი, ეხლა, არაფერს ვაშავებდი, რომ ვინმე მოსულიყო, მაგრამ რუსულში სულ ორიანები მყავდა. მამაჩემს შეხვედროდა ჩემი რუსულის მასწავლებელი და ეთქვა- არა სწავლობს კარგადაო. მაშინ, ასე 13 წლისა ვიქნებოდი და მამამ ,,ანა კარენინა“ მომიტანა. საბავშვო ზღაპარი კიარ მომიტანა, რომ ზღაპრებით დამეწყო და ენა გამეკვეთა...ის ანა კარენინა დავიწყე და დამთავრდა, არაფრისთვის აღარ მომიკიდებია ხელი, მხოლოდ ტოლსტოისა ვკითხულობდი და ძალიან კარგი საქმე გამიკეთა მამამ, რომ ,,ანა კარენინა“ მომიტანა.


,,მამის ხელები, მამის ქუდი...“

..ეხლა მამა და მე მივდივართ და ცალი ხელი ყოველთვის მამის ჯიბეში მედო. მამა ახლა არც ლამაზი იყო, მაგრამ კარგი ხელები ჰქონდა, იცით, სავსე ხელები, რაღაცნაირი და მე იმაზე დიდი სიამოვნება არ მახსოვს, ვიდრე ის, თუ მამაჩემის ჯიბეში მის ხელთან რა თბილად მედო ხელი.

მივდივართ ერთად მამა და მე და მამას სულ ქუდზე უჭირავს ცალი ხელი. უხდის ქუდს ყველას, ნაცნობები ხვდებიან...გამარჯობას ხომ ეუბნება და ქუდს რაღას იხდის მეთქი, ვფიქრობდი ჩემთვის. მაშინ ასე, თორმეტი წლისა ვიყავი. მივედით სკოლაში. რაღაცნაირი ჯღავილია, ხმაური, ამ ბავშვებს თითქოს ორი წელიწადია ერთმანეთი არ ენახოთ, არადა გაკვეთილი სულ ორი საათის წინ გათავდა. ვფიქრობ, რა აქვთ ამდენი სალაპარაკო. მამაჩემი დაინახეს, ვიღაცამ იცნო და შიო მღვიმელიაო, დაიძახა, შემოეხვივნენ გარს, უყურებენ ქუდზე, ასეთი ქუდი სხვასაცა აქვსო, მაგრამ ამას სხვანაირად ახურავსო. მე ვუსმენ და მეცინება. ვფიქრობ, როგორ შეიძლება ერთნაირი ქუდი სხვადასხვანაირად ეხუროთ ადამიანებსმეთქი. პალტოს უყურებენ, ბოლომდე აქვს ჩაღილულიო. ფეხსაცმელზეც უყურებენ. მერე რაღაცები ჰკითხეს. წამოვედით იქედან. ნოემბერია, ბოლშევიკების დღესასწაული, ქუჩა განათებულია ფერადი ნათურებით. იქაც მამას ნაცნობები ხვდება და ყველას ქუდს უხდის. მე ვფიქრობ, ეტყობა, ძალიან ღირსეული ხალხია ეს ხალხი, რომ ქუდს უხდის მეთქი. ახლა ვფიქრობ: ყველა თავშიშველა დადის, არავინ არავის ქუდს არ უხდის. ნუთუ ჩვენ აღარა გვყავს ისეთი გამოჩენილი ხალხი, რომ ქუდი მოუხადონ. იცით, კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი ყოველთვის უხდიდა ქუდს სხვას. მე ვამბობ, რომ რაღაცა უნდა გამოიჩინონ საპატიო ადამიანების წინაშე, უნდა მოუხადონ ქუდი. რა ვიცი, ქუდი რომ არ ახურავთ იმიტომ თუ გადაეჩვივნენ ამას, არ ვიცი. აი, ასეთი უბრალო რამეები...

მამა პოეტს არა ჰგავდა...

არა ჰგავდა მამა პოეტს, არა ჰგავდა. იმიტომ, რომ არც თავის ლექსებს ამბობდა, არც სხვის ლექსებს ამბობდა. მეც ასეთი მომწონს, რომ ასეთი იყო. ძალიან დიდი პატივისცემით ექცეოდა ყველას. იმიტომ კიარა, რომ ნახეთ, მე მწერალი ვარ და... არა, თვითონაც პატივსა სცემდა

ყველას. მაგრამ არავის არაფერს არ ჰპირდებოდა: ,,ამას ვიცნობ, იმას ვიცნობ, ეს შემიძლია გაგიკეთო“. არც ფული ჰქონდა, რომ დახმარებოდა ვინმეს. მაგრამ თუ ვინმე მივიდოდა და სთხოვდა: ან ქმარი ჰყავდა ავად (მაშინ ძნელი იყო საავადმყოფოში დაწვენა) ან ინსტიტუტში ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე უნდოდა გადასვლა. მეორე დღესვე უკვე გაცხარებული იწმენდდა პალტოს, არ გაათავებდა წმენდას, ფეხსაცმელს იპრიალებდა, ქუდს იწმენდდა და მიდიოდა იმ საქმეზე. საქმეც გამოდიოდა, კეთდებოდა იმიტომ რომ ყოველ თვეში კიარ მიდიოდა ასეთ საქმეზე, წელიწადში ერთიორჯერ, ყველა უკეთებდა, რადგან იშვიათად აწუხებდა ვინმეს. იცოდნენ, რომ შიო მღვიმელი ამას ანგარებით არ აკეთებდა. ამ საქმეზე ვინმე რომ მისულიყო ივანე ჯავახიშვილთან, შალვა ნუცუბიძესთან, განა არ გაუკეთებდნენ? ისინიც წაჰყვებოდნენ საავადმყოფოში, დაეხმარებოდნენ, ყველა ერთნაირად კარგები იყვნენ, იცით? ეხლაც ყველა ერთნაირად კარგია, რატომღაც ვერა ხედავენ, აურება ხალხია კარგი, მე რატო ვიცი? რადიოთი ვისმენ იმათ ლაპარაკს და ძალიან მომწონს, რომ იციან თავინთი საქმე.

_ქალბატონო ქეთევან, შიო მღვიმელის იმ იუბილის შესახებ ხომ არ გაიხსენებდით, რომელიც შედგა?

_თუარა ვცდები, 1916 წლის 15 თებერვალს, მამას იუბილე გაიმართა სახაზინო თეატრში, ასე ერქვა მაშინ ახლანდელ ოპერის თეატრს. შესვლა მოსაწვევი ბარათებით იყო. პატარაები ვიყავით მე და ჩემი დები და დედამ ხალხის სიმრავლის გამო ძლივს შეგვიყვანა დარბაზში. იმ დღეისთვის დაწერა მამამ ლექსი- ,,მაშინა ვარ ბედნიერი“, მაგრამ იმდენად აღელვებული იყო, რომ ლექსი ვერ წაიკითხა. საღამო მიჰყავდა გომართელს, ცნობილი ექიმი იყო, 1917 წელს უნდა დაეპატიმრებინათ, გაიკეთა ნემსი და თავი მოიკლა. იუბილის დროს რაღაც ფული შეგროვდა, რომელიც გადასცეს ვინმე ზედგინიძეს. ბილეთში ნახსენები იყო ზედგინიძე, ვიღაც ქალი, რომელიც ეტყობა, ფულს აგროვებდა. ეს ფული გადასცეს, რომ მაღაზია გაეხსნა და შიო მღვიმელს დახმარებოდა. მან კი კაპიკი არ მისცა და მეორე დღეს შიო მღვიმელს პურის ფული არა ჰქონდა. მე საერთოდ უფასო საღამოების მომხრე ვარ, მაგრამ როცა მწერალს უჭირს, უნდა დაეხმარო, თუ დახმარება არ სურდათ, სულ ნუ გადაუხდიდნენ იმ საღამოს. მაგრამ რა არის, იცით, ერთ სიტყვას არ ამბობდა, რომ იმ ზედგინიძემ რა მიყო, რომ ფული არ მომცაო. საოცარი კაცი იყო. მე რომ გავჯავრდები, ვიტყვი ერთჯერაც, ორჯერაც და სამჯერაც. არ ამბობდა, თავს კიარ იკავებდა, უბრალოდ არ ამბობდა. ან რა უნდა ეთქვა, როცა გიჭირს და ფულს არ მოგცემენ.

თბილისი ძალიან უყვარდა. სოფელი არცა ჰქონდა, წასასვლელი არცა ჰქონდა. თქვენ გაქვთ სოფელი? სოფელი ძალიან კარგია, თუნდაც დიდი ნაკვეთი რომ არა გქონდეს. სოფელში სხვანაირი ხალხი ცხოვრობს და შენც სხვანაირი ხდები, ისეთი, როგორიც ისინი არიან. მაგრამ თბილისდან გასვლა არ უნდოდა. 21 წლისა ჩამოვიდა თბილისში და მე არ მახსოვს, სადმე წასულიყოს. ძალიან უნდოდა უმაღლესში სწავლა, მაგრამ არავინ ჰყავდა დამხმარე და ამას ჩიოდა. რათქმაუნდა წიგნების გამყიდვლად მუშაობაში არავითარი დამამცირებელი არ იყო, მაგრამ მას რომ სხვაგან ემუშავა, მისი შემოქმედებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუმცა იქაც არ გააჩერეს და იქედანაც გამოუშვეს.

პენსიად 39 მანეთი დაუნიშნეს, როცა მაშინ პენსიები 1300, 1500 მანეთი იყო დამსახურების მიხედვით. და რადგან საბჭოთა მთავრობის წინაშე შიო მღვიმელს მეტი დამსახურება არა ჰქონდა, მეტი არც მისცეს. ასე სჯობდა მისთვისაც და ჩვენი ოჯახისთვისაც. იცით, მე ძალიან შეურაცხყოფილი ვიქნებოდი და სიცოცხლე არ მენდომებოდა, რომ მამაჩემს იმ პირტიტველა ბიჭებისთვის ეღალატა, კოჯრის მინდვრებში რომ ჩახოცეს. ულვაში არა ჰქონდათ ამოსული იმ ყმაწვილებს...დახოცილებით სავსე იყო კოჯრის მინდვრები...იქ, სადაც ახლა მთავრობის სასახლეა, რუსული ეკლესია იყო და იმის ეზოში დაასაფლავეს, დასაფლავების დღე არ იყო, მაგრამ უკვე მიდიოდა ჩვენი მთავრობა საზღვარგარეთ და სასწრაფოდ დაასაფლავეს. შიო მღვიმელს აქვს ასეთი ლექსი: ,,ჩემო ტკბილო საქართველო, მოგილოცავ დღეის დღესა, მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა“. იბეჭდებოდა ყოველ წელიწადს კედლის კალენდარში. ბოლშევიკები იყენებდნენ ამ ლექსს, ვითომ მათ უძღვნა. ეს შევჩივლე ახალგაზრდა მეგობარ პოეტებს. -არაო, კაცო, მაგ ლექსს ჩვენც გვასწავლიდნენ სკოლაშიო, თითქოს ბოლშევიკების მთავრობას უძღვნაო, მაგრამ არა გვჯერაო. ჩემს დას ვუთხარი, თუ მამაჩვენმა ეს ლექსი ბოლშევიკებს მიუძღვნა, მაშინ მივდივართ დიდუბეში, მიგვყავს მუშები, გავთხრით საფლავს და მამას ჩვეულებრივ სასაფლაოზე გადავასვენებთ-მეთქი. არაო, ჩემმა დამ მითხრა, შეუძლებელია, რომ ასე იყოსო. მართლაც მერე მოვძებნეთ და აღმოჩნდა, 1919 წლის პირველ იანვარს აქვს ეს ლექსი დაბეჭდილი, თავისუფალი საქართველოს დროს. იცით, რა, ჩვენ რაც არ უნდა გაგვჭირვებოდა, მიწა რომ გვეჭამა, მამაჩემს საქართველოსთვის არ უნდა ეღალატნა და არც უღალატნია.

study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 8:26 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:25 pm

ცირა ყურაშვილი

სიმინდის ფშვნა აივანზე

მე ვფშვნიდი სიმინდს,
ვაქუჩებდი ცალკე ნაქურჩლებს
და ვივიწყებდი ნაგვის ურნებს
მტვერს და მიკრობებს,
თვალს გარსვავლებდი მამათილის ანაქუბ ჩალებს
და არაფერზე მე არ ვფიქრობდი.
ბონკოს უბანში, აივანზე
მე სიმინდს ვფშვნიდი,
კვიჭი ტაროსთვის ცალკე მედგა თხილის კალათი,
თან ჩალის ზვინებს შევცქეროდი უცხო სიმშვიდით,
თან სიმინდს ვფშვნიდი ნაკორტალათი.
მიწანწკარებდა წყალი წყნარად
ბონკოს ღელეში;
ქიმიან ქვებზე თავის ტალღებს ახურდავებდა,
დაღლილიყო და ჩამდგარიყო ქარი ხენეში,
ქარს იხსენებდნენ მხოლოდ სახლის სახურავები...
მე ვფშვნიდი სიმინდს,
ვაქუჩებდი ცალკე ნაქურჩლებს
და ვივიწყებდი ნაგვის ურნებს,
მტვერს და მიკრობებს
თვალს გარსვავლებდი მამათილის ანაქუბ ჩალებს
და არაფერზე მე არ ვფიქრობდი...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:26 pm

ცირა ყურაშვილი

გადალოცვა

ათი წელი როგორც წამი,
როგორც საუკუნე მორჩა,
რაც მე ლენტები შეგაბი,
მე რაც აგაყვავე ხონჩად.
ბუჩქთან გადალოცვილ ვერძებს–
წითლებს, ქარი ანთებს-აქრობს,
აქ წუხილის ჩიტი მეძებს
თავის ბუდე-სამოსახლოდ.
წავედ–ორი წავიტანე,
მოვედ– მოვიტანე ერთი,
ჩემთვის ნახშირი და დანა,
შენთვის იაიის ზეთი.
შენთვის დაფორთხილი ვვლიდი,
შენთვის ავაკვნესე ციტრაც,
აწი ამვლელ-ჩამვლელს ფლიდმა
თვალი უბრიალე წითლად.
უკვე წითლად გადავკივლე,
შენს სახსარს, თუ ყოველ ნასხამს,
ახლა ქარიც გადაგივლის,
აწი წვიმაც წამოგასხამს.
ალხო-მალხო, ჩიტმა მნახოს
ისევ დარით მედაროს და
იის ზეთი მოვასხურო
ჩემი მკერდის კედაროდან.
მეათე დღე კაბის ქობას
იაიად დამეწინწკლა,
ეს ლენტები მე შეგაბი,
ეს მე აგაყვავე წითლად.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:28 pm

ცირა ყურაშვილი

მარი

(ბებიას ხსოვნის ლექსი)

ტახტზე იწექი, როგორც დიდი ვარდი დამჭკნარი,
ბებერ მებაღის ხელით მოჭრილი.
მე, კი იმ სახით დავდექი კართან,
თითქოს ეთქვას მებაღეს:
დაივიწყე კაბის კალთა,
საიდანაც ეშვებოდა ორი მძიმე ფეხი.
შენს ტანზე უხმოდ ვითვლიდი ხალებს,
გიმახსოვრებდი;
ორი ბრტყელი ქვა გედო მკერდზე
გამაფრთხილებლად;
მერე კი შენი მკლავი მოვხარეთ,
მე ვთქვი:–წახვედი..
და ავიფარე დიდ ძარღვება
ჩემი ხელები.
მე გიხსენებდი ფართო კაბებთან,
რომელთ დააკლდათ მზეზე გაფენა.
ჩუმად მომქონდა ჩვენი ჩაის ვარდის რტოები,
მე შენი სული, როგორც მტრედი მეჯახებოდა,
შენ კი იწექი ვარდისფერი ქუთუთოებით.
მარი, ჩავჯდები კვლავ შენს კალთაში,
ჩავჯდები და თავს მოგადებ გულთან...
მარი დავშინდი, მარი შევშინდი,
მარი რატომღაც შევშინებულვარ.
ჩვენ ერთნაირი ჯიში გვქონდა,
მავთულებს იქით ჩემს მზერაში ვიდრეა შიში
და წარმართული,
თქვი: გულო გულთან,
თქვი: ფერო ფერთან,
თქვი: ძვალო ძვალთან,
თქვი : რბილო რბილთან...
მარი, შენ იცი, რაც მემუქრება,
თუმც მამის ნების დამორჩილებით,
ჩანხარ ნათელში შენი მუხლებით,
შენი მუხლების ფართო ჩრდილებით.

study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 4:29 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptySun Apr 07, 2019 4:29 pm

ცირა ყურაშვილი

წმიდა ნინოს

ნუში ჰყვაოდა მას ჟამსა, დედოფალო, ორბის მზერით
როს აერთა სიმაღლიდან მცხეთას ფრთები მოუტევნი.
საკვირველი, საღმრთო სრბაჲ დედოფალო, ნიშს დაიდებს
ნაკლებ - დედაკაცებით და, მეტად მამაკაცებაჲთ.
ხედავ- ღმერთად ხადენ რკინას, გამობერვით განჭედილსა,
ხედავ- ჩვილებს ვითარც თივას, ვითარც თივას ესრეთ თიბვენ;
და დაუბრდღვენს ძალი შენი ძუ ლომივით რვალის ქვევრებს,
დაუბრდღვენს და იმავ კერპებს აქეთ-იქით მიარეკებს.
დააცხრება სეტყვის ქვებად წამხდარ ვაზებს, ქვევრის დურდოს,
თუ ვიგლოვოთ, ჩვენვე შევსვათ იმ კერპების ნაცარტუტო.
დედოფალო, ძალით შენით, სრულის მამაკაცის ძალით
ორშიმოთი ამოგვქონდეს დროშმის* ჩამოფქვილი რვალი.
დედოფალო, ბაგით შენით, ბნელის ნათლად გარდამქცევით,
ჯურღმულით აღმომდინარით, წყაროით დაუწყუედელით;
დედოფალო, ხატით შენით, თეთრად აფეთქილი ნუშით
ტკბილი უფლის თანალმობით ქართლი ნუღარ მოიქუშვის.

---
*,,დროშმი - ყოელთა კერპთა სახელი არს“- სულხან-საბა

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 EmptyWed May 01, 2019 11:59 pm

ცირა ყურაშვილი - Page 2 Tsira_14

ცირა ყურაშვილი

ბოთლით წყალი, სალესი ქვა, სავარცხელი…

გაცეცხლებული მამა ჩამორბის ფერდობზე, გზადაგზა შიშველი ხელით დაურიდებლად წაწყვეტილ და მერე ერთ კონად მომუჭნულ ჭინჭრის თაიგულს მოაქანებს ჩვენი კანჭების დასასუსხად, ჩვენ კი პატარა ბრიყვები ფეთებით ველით, როდის მოინაცვლებს ცხენი ადგილს, რომ ღელესთან მის მიერ დაკავებულ ვიწრო ბილიკზე გასვლა შევძლოთ და წყაროს წყლით სავსე ბოთლები მშობლებს ავუტანოთ..

იმ დღეს მშობლებმა ყანა დიდხანს მარგლეს, მარგვლისას მოსწყურდათ და წყაროზე გაგვგზავნეს. წყარო გაღმა, ღელის ზემოთ, დიდი ლეღვის ხის ძირას ამოჩქეფს. ღელესთან ცხენია გრძელი ბაწრით ჩაბმული. გზის იქით ძოვს და ჩვენც შეუფერხებლად შუშის ბოთლებს წყაროს წყლით ვავსებთ, სწრაფად ვეშურებით უკან, რომ მშობლებს დროულად ავუტანოთ, მაგრამ ცხენი ახლა პირდაპირ ბილიკზეა გაბოხირებული, გასწვრივ ბალახს წიწკნის და ფეხს არ იცვლის. გვერდის ავლა შეუძლებელია, თან გვერდით შამბია, ჭინჭარი, რას გავაღწევთ, შიგ ყელამდე დავიმალებით. ხომ დიდია ცხენი, ჩვენ ბევრად მეტი, უზარმაზარი გვეჩვენება, მისი თვალები გველეშაპის თვალებივით კვესავენ.

უღონოდ ვდგავართ და წინ ნაბიჯს ვერ ვდგამთ.

_ჰეი, რას ელოდებით?!-გვიყვირის მამა ყანიდან, თაკარა მზეში მომუშავეს, ხორხი უშრება ალბათ წყურვილით…

-მორჩით თამაშს, ამოდით ჩქარა!- გვიყვირის დედაც, რომელიც მამის გვერდით თოხს არ აცდენს და ხმაშიც უჩვეულო მოუთმენლობა ემჩნევა…

ვერც მშობლებს ვაწვდენდით ხმას და არც ცხენს ესმის ჩვენი ფეთება, ეტყობა სულ ტყუილია, თითქოს მის თვალში პატარა ადამიანებიც დიდებად ჩანდნენ, არხეინად ძოვს ღელის პირას, ზედ ბილიკთან და ფეხის აჩქარებას არც აპირებს.

რამდენ ხანს ვდგავართ ასე?!

სანამ ბავშვს შეუძლია ელოდოს ბილიკზე უხიფათოდ გავლას, სანამ შეიძლება უფროსმაც ითმინოს წყურვილი…

და ამის მერეა, გაცეცხლებული მამა რომ ჭინჭრის კონით ჩამორბის ზემოდან. ღელეში ცხენი ფეთდება და ადგილს ინაცვლებს, ჩვენც ვფეთდებით, ბოთლები ხელიდან გვიცვივა და მაყვლის ბარდებში მიგორავს…



***

იმ დილით, ყანის მარგვლამდე შინიდან წასულებმა რაც ძაღლების ღავღავსა და ორღობეში ღორების ჩლიქით გათქვეფილ ფაფას გავაღწიეთ, რომელიც ვარდისფერ საფენიან და შავად მოკრიალე ფეხსატუცავებს ზემოდან გადაგვდიოდა, სულ სხვა, გაშლილ სივრცეში, გიგანტური ფიალის ფსკერზე ვიარეთ.

-ეს ზღვის ფსკერია, -ამბობდა მამა, -ადრე ამ ადგილას ზღვა იყო… ნახეთ, რაგვარი ნიადაგია, ჰომუსის ქვეშ ნაცრისფერი ლიპები…

ხელის ერთი შეხება, გადასმა და ჩამოფატრულ კლდეთა დამრეცი ზედაპირიდან ნაცრისფერი ნაშალი ხვინჭკა ცვივა… ნიჟარებიც იყრება, ოღონდ ისინი იმ ბალახთა ღეროებიდან, რომლებიც ერთი მტკაველი სისქის ჰომუსზე აღმოცენებულა. რა დრო, რამდენი ათასი წელი დასჭირდა ამ ნაცრისფერი ქანების ზემოთ მიწის პატარა ფენის ჩამოყალიბებას, ზღვის გაუდაბნოებული კლდეების მზის ყვავილებით და ბალახ-ბულახით თავის შემკობას. ჩვენი თმების დასამშვენებელ სამყურა ბალახთა ვარდისფერ ბურთულა ყვავილებად გადაბიბინებას.

ადრე, ხომ შავი და კასპიის ზღვა გაყოფილი არ იყო, ღმერთმა გახსნა თავისი მწყალობელი პეშვი, წყალი დასავლეთით და აღმოსავლეთით გადაღვარა, გამოათავისუფლა კიდევ იმხელა არე, სადაც ერთი დიდი ზღვა თავისუფლად დაეტეოდა, მაგრამ მან წყალი კიარა, ხმელი ისურვა, ეს მიწა ჩვენ დაგვითმო…

ყვავილთა უთვალავ თაობებად მზისქვეშ აქ უნდა გვეშრიალა, რომ განძარცვული ფოთოლ- ძვალი ამ მიწაში მტვერივით ჩაგვეცრა და სამომავლო აღდგომები ერთმანეთისთვის გვეხარებინა…

გაღმა მთები ჩანს. მის ქვემოთ ოთხკუთხა, მწყობრად მოხაზული ნაკვეთებია სიმინდის ყანებად მწვანედ აღაღანებული.

გაღმა სხვისი ყანები, გამოღმა ჩვენი, რომელიც ალბათ ზუსტად ისეთივე დაკუთხვილი, მწვანედ აღაღანებული ჩანს გამოღმიდან, როგორც მათი- გაღმით, იმ განსხვავებით, რომ ჩვენს ყანებს თავზე მთები არ ედგმის.

მოვა მზიანი, ცხელი, ზაფხულის თვეებისგან განურჩევი ოქტომბერი, დიდი თუ პატარა ნამგლით შევესევით და ავჩალავთ ამ ყანას. ჩალის ქალებს იღლიებთან მიკრულ ზრდასრულ ბალღებს ავართმევთ, გავფურჩქნით და სამოსს გავხდით, ყანის აქა-იქ მონიშნულ ადგილას მოვისვრით, ადგილ-ადგილ თეთრი ბალღების გორებად წამოვმართავთ და მზისგულზე აელვდებიან, მხიარულად გაიცინ-გაიკრიჭებიან ეს სიმინდის ბალღები, ზოგი წვრილი კიჭებით და ზოგიერთნი მარმარილოსფრად ჩარიწკინებულ ფართო კბილებით. ამ ჩალის ქალებს კი მზისგულზე დავაწვენთ და ტირიფის წნელებით შევკონავთ, მერე, წვიმამ რომ არ დაალტოს, კონებს აღვმართავთ, ქოჩოჩით ზემოთ, მჭიდროდ მივაკრავთ ერთურთს, ამ სიმჭიდროვეში ჩვენც ვეტნევით, ჩვენც ვეკვრით და ვეწებებით ჩალის კონებს, ნორჩ კანს გვისერავს, გვიშაშრავს მზით გაფიცხებული ჩალა, მაგრამ ვინ დაეძებს, ოღონდ კონას კონა მივუმატოთ, კონებს ფეხი ძლიერად გავადგმევინოთ, ნამგლით ცერად ანასერი მუხლი მიწას მყარად დავაბჯინოთ, წვიმას ძლიერი ზვინის დადგმა დავასწროთ, ქარმა რომ ვერ გაფანტოს და ქარიშხალმაც ვერ წააქციოს…

სალესი ქვა აგდია სადღაც, და ის ნატეხი ახლა აღარავის ახსოვს, ვალმოხდილი, შრომის იარაღთა პირმომპირავი, ჩვეულებრივ ქვას ჰგავს და ეს კლდის ნატეხი იკარგება, სულ იოლად აირევა, გაიცვლება უბრალო ქვაში… ან ამ კლდის თავზე ნაცრისფერი ქანების ზემოთ მინდვრის სიმწვანე გადაუვლის.

***

-დეეე, დედუაა… არც დედი, არც დედიკო… – დედუა… ეს ,,დედუა“ და მერე შეღერებულზე, სიცილ-ტკრციალით: ,,უიმე, დედაია!“

ვარდისფერ ყვავილთა გვირგვინი უკვე აღარაფერს ნიშნავს, თმაში ჩასამაგრებელ სავარცხელზე ოცნებას აიკვიატებს გული, ამ მორკალული სავარცხლით შუბლიდან ტალღა თმას წაიღებ და თხემის შუაში ჩაიმაგრებ, ტალღად მოწოლილ თმებს შეაკავებ…

ასეთი სავარცხელი ლითონისაც იყიდება- ვერცხლისფერი, მაგრამ მასზე ვინ იოცნებებს, შავი პლასტმასისგან დამზადებულიც კი დიდ ბედნიერებად ჩანს.

დედა ბებიას მიმადენის, პენსიას ის ელის… ბებიაც პენსიას აიღებს -18 მანეთს და 80 კაპიკის ხურდას მუჭში ჩამიყრის, რომ უნივერმაღის ზედა სართულზე, სადაც გალანტერეაა, მოკრიალებული პარკეტი, დიდი სივრცე და პაწია კოშკებივით ჩამწკრივებული სუნამოები ერთი დიდებული სუნთქვით სუნთქავენ, იქვე, პატარა სექციაში შავი პლასტმასის მორკალული სავარცხელი ვიყიდო.

სულ რამდენჯერმე დავიმაგრებ თმაზე ამ სარჭს და ბოლოჯერზე მეტს ვეღარ შეძლებს მისი სიმყიფე. გატყდება სავარცხელი ორად.

ცოცხალი თავით არ მინდა მისი დათმობა, იქნებ შეწებდეს…

დავაღვენთებ სანთელს, არ შეწებდება, ასანთის ცეცხლზე მოვულღობ განატეხ პირებს- დავატყუპებ, მაინც არ შეწებდება, მხოლოდ გაიბდღალება…

წყალი გადაღვრილია, სალესი ქვა გადაგდებული… გადავაგდებ სავარცხელსაც…

გავა დრო და იმ ადგილას, სადაც სიმინდის ყანა ქარში მწვანე ზღვად ღელავდა, ნამგალთა სალესი ქვით მოპირული ფხები მცხუნვარე მზეში ელვარებდა, მშობლებს ჩალის აქუბვაში ვეხმარებოდით, ტირიფის წკნელებს გარსვავლებდით მოკონილ ჩალებს, მარმარილოსფერ ტაროების გვედგა გორები, გაჩნდება ტყე- აკაციის…

-გავჩეხოთ დედა ეს ტყე, აკაცია მარგილებად გამოვიყენოთ, მორღვეული ღობეები შემოვზღუდოთ, საზღვარი გავამაგროთ, თუ სიმინდის ყანა არ გვინდა, ხორბალი დავიბრუნოთ, ჩვენი პური მოვიწიოთ, უკეთესს რას ვინატრებთ… სასჯელია უმუშევრად მოცდენილი მიწა, ველურ კოლტივით გადმოამთაბარებს ღმერთი უცხო ტომებს და ამ ჩვენს მიწებს დაუსაკუთრებს…

-ვის აქვს ამის ძალა, შვილო, გამოიფიტა ადამიანი… შრომა აღარავის უნდა, მის სიმძიმეს ყველა გაურბის… ყველას გასაქცევად უჭირავს თვალი…



დამბადებელო, ამ ნოყიერ რიადაგეზე ჩვენო დამრგველო, შეგვინდე ეს მცონარობა და ნუ აღმოგვფხვრი, ამოგვძირკვავ ამ წალკოტიდან.

და როს ღრუბლიდან გარდამოხვალ შენი დიდებით, ანგელოზთა საყვირები ცელიან ჩონჩხებს კაცთა მკისკენ უფრო ძლიერ გააქეზებენ, სტიქიათა ხანძრები კი მთვრალი კაცივით იბორგებენ და ენებს ჩვენი ქალური, განმკითხველი ენებივით მიმოდასდებენ,

ამ მიწიდან გამოგვიხმე, ჩვენი ფერფლი წამოკრიფე, ხელმეორედ გამოგვძერწე სველი თიხისგან, ხელმეორედ ჩაგვითქვი სული და კვლავ მიწაზე დაგვადგინე, ამ აყვავებულ ხეების ქვეშ, სად გამთენიის ჩიტები გიგალობენ გიჟურად და გადარეულად…

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ცირა ყურაშვილი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: