არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ცირა ყურაშვილი

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySat Apr 14, 2018 8:47 pm

ცირა ყურაშვილი Tsira_10
Tsira Kurashvili, 2018

გადალოცვა

ათი წელი როგორც წამი,
როგორც საუკუნე მორჩა,
რაც მე ლენტები შეგაბი,
მე რაც აგაყვავე ხონჩად.
ბუჩქთან გადალოცვილ ვერძებს–
წითლებს, ქარი ანთებს-აქრობს,
აქ წუხილის ჩიტი მეძებს
თავის ბუდე-სამოსახლოდ.
წავედ – ორი წავიტანე,
მოვედ – მოვიტანე ერთი,
ჩემთვის ნახშირი და დანა,
შენთვის იაიის ზეთი.
შენთვის დაფორთხილი ვვლიდი,
შენთვის ავაკვნესე ციტრაც,
აწი ამვლელ-ჩამვლელს ფლიდმა
თვალი უბრიალე წითლად.
უკვე წითლად გადავკივლე,
შენს სახსარს, თუ ყოველ ნასხამს,
ახლა ქარიც გადაგივლის,
აწი წვიმაც წამოგასხამს.
ალხო-მალხო, ჩიტმა მნახოს
ისევ დარით მედაროს და
იის ზეთი მოვასხურო
ჩემი მკერდის კედაროდან.
მეათე დღე კაბის ქობას
იაიად დამეწინწკლა,
ეს ლენტები მე შეგაბი,
ეს მე აგაყვავე წითლად.


ცირა ყურაშვილი
მწერალი, ფილოლოგი

დიაბადა 1962 წლის 1 მაისს, ბაღდათში. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1987 წელს.
1986-1993 წწ. მუშაობდა ჟურნალ "განთიადის" რედაქციაში კორექტორად, ლიტმუშაკად, განყოფილების გამგედ.
2004 წელს მწერალთა ჯგუფთან ერთად დააფუძნა ლიტერატურულ-საზოგადოებრივი გაზეთი, "ენიგმა", რომელიც 2006 წლიდან ჟურნალის სახით გამოიცემა. 1993 წელს მისი ლექსები შევიდა ქართული ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგიაში. 1996 წელს გამოსცა ლექსების კრებული "ასფალტის ყვავილები", 1999 წელს ზღაპრის წიგნი "ქრისტესია".
2001 წელს მისი ინიციატივით გამოვიდა მწერალთა ერთობლივი კრებული საბავშვო ლექსებისა "ლილე".
2002 წელს კავკასიური სახლის ლიტერატურულმა გამოცემამ "ალტერნატივა", მწერლის მოთხრობა "უკან არ მიიხედო" წლის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარა. 2005 წელს მოთხრობა შევიდა კავკასიური სახლის მიერ გამოცემულ ორტომეულში- "ქალი, სახე და პრობლემა". 2006 წელს გამოსცა ლექსების კრებული "ანბანური პერიოდი". 2008 წელს მოთხრობების და მინიატურების კრებული. 2011 წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა მისი პროზაული ნაწარმოებების კრებული "ხიზნები კომანის მონასტერთან".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
* მწერალთა ასოციაცია "ურანი", პასუხისმგებელი მდივანი (1991-)
* ხელოვანთა კავშირი "მარიოტა", ხელმძღვანელი (1999-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
* 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა", პროზა (ნომინანტი)
მოთხრობების კრებულისათვის

წიგნები
* ვინ გაიტანს თეფშებს? (ესეები) - თბილისი, ინტელექტი, 2016, ISBN:978-9941-463-83-0
* ჟამსა თამაშობისასა (მოთხრობები) - თბილისი, ინტელექტი, 2016, ISBN:978-9941-466-41-0
* სამოთხის სარკმელი (ლექსები), გამომცემლობა საუნჯე, 2013
* ხიზნები კომანის მონასტერთან (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 174გვ.. - ISBN: 978-9941-430-90-9
* ასფალტის ყვავილები : ლექსები (ავტორი). - ქუთაისი, საქართველო, 1991. - 26გვ.

ბმულები:
* https://tsirakurashvili.wordpress.com/
* https://soundcloud.com/tsira-kurashvili/lxa0budfrm8e
* https://www.intelekti.ge/author_ge.php?id=46
* https://www.facebook.com/tsira.kurashvili



ცირა ყურაშვილი - სათხეველი

tsira kurashvili
Published on Jun 13, 2012

უღმრთოდ ერთპიროვნული მმართველობის ფორმა ერის გაჩანაგებას იწვევს. ენაც ამ პროცესებს ეწირება, ის ღატაკდება. ერთპიროვნული მმართველობა სიტყვებს სამუდამო პატიმრებად აქცევს და ამწყვდევს ლექსიკონებში, საიდანაც ისინი გულისმომკვლელად შემოგვჩივიან, გვიჩვენებენ თავიანთ გამაოგნებელ სიბრძნეს და მშვენიერებას, მრავალფეროვნებას, საოცარ გამომსახველობას და კვლავ გახუნებულ ფოლიანტებში იკეტებიან .ამის შესახებ იხილეთ ვიდეოში. tsira kurashvili

study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 10:05 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySat Apr 14, 2018 8:48 pm


ცირა ყურაშვილი - კალმახებთან

tsira kurashvili
Published on Oct 26, 2012

ბაღდათში ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ -მუზეუმი უნიკალურია არამხოლოდ მემორიალური ნაწილით, არამედ შემოგარენითაც, სახლმუზეუმს გააჩნია ულამაზესი ეზო და კალმახებიანი აუზი. დანგრევის პირას მისული სახლმუზეუმი 2010 წელს აღადგინა, მხარეთცოდნეობის დარბაზიც დაუმატა და თანამედროვე იერსახე შესძინა ბიძინა ივანიშვილის ფონდმა. ფონდმა მიზერულ თანხაზე მომუშავე თანამშრომლებს ხელფასების სახით დაუმატა 200, 300, ლარი, რომელიც უკვალოდ გაქრა, თანამშრომლებამდე თანხა არ მისულა. მუზეუმის თანამშრომლებზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ზეწოლა, დამალულიყვნენ და არ მიეღოთ რუსი დამთვალიერებლები, Smile ასევე ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები. ვითარება სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იყო კურიოზული. იმედია აქაც და სხვაგანაც ბევრი რამ დალაგდება და გადაიხედება. თუმცა ვიდეო კალმახებზეა, ნახეთ რა საყვარლად ჩქაფუნობენ.tsira kurashvili

Exclamation

ცირა ყურაშვილი

ვიხსენებ სათბურს და ვყიდულობ ძვირ ფასიან პომიდორს

გამომჭვირვალე საჯინიბოში
როცა დაგაბეს, მწვანე ჩითილო,
ყბები ტკიოდათ ცელოფნის დროშებს
ქარის სილებით... და შენ ტიროდი.
დაბალი ზეცის პატარა მზე კი
ხანმოკლედ ენთო, ალბათ ხვალამდის
და ძლივძლიობით დაჰქონდა მზერა
აღმოსავლიდან დასავალამდის.
გარეთ როს მარტის მთვარე ჩამოლღვა
და თაფლობისთვე დაეწყოთ კატებს,
შენ გერგო წვიმის ტყუილი ტალღა
და თოვლი ფხვიერ ქიმიკატების.
როდესაც ჯინსით მოვიდა მიხა,
უბეზე ხელი შეგავლო გზნებით,
შენ იგონებდი ძალიან დიდხანს
ბუთხუზა შვილებს მწვანე ჭიპებით.
- - - - - - - - - - -
დახლებზე ეწყო ქინძი, პრასი და
პომიდორების პირამიდები,
მე ჩამოვედი ჩქარ "ექსპრესიდან"
და მათ წინაშე უხმოდ ვიდექი.
და აქ თქვა მიხამ სიცილით "იმე"?!
(ან რა ხათრი და რიდი იციან!)
მაისის თვეში როდესაც წვიმებს
შემოეპარათ რადიაცია.
და როცა - "იმე?!" - სიცილით თქვა მან.
მე პომიდორში მივეცი რვა მან.

study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 2:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySat Apr 14, 2018 8:57 pm

ცირა ყურაშვილი

გადია, ვარდები, კრაზანები, ყველი და მსხალი

ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო. მაშინ ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში ვმუშაობდი. მერე, ზაფხულის პერიოდში ჩემი პოლიტიკური შეხედულებები გამერდინებული არ აღმოჩნდა და კიდეც დამითხოვეს შავწყალა და სისხლდუბელა ადამიანებმა.
იმ დღეს კი ჩვეულებისამებრ ძველ გამოცემათა გაცრეცილ-გაფიცხებულ ფურცლებს ვათვალიერებდი. უცებ, მოულოდნელ-სასიხარულოდ გალაკტიონის ვრცელი ლექსის “გადია”-ს პუბლიკაციამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ლექსს სათაურქვეშ “ფრაგმენტი” ეწერა, რაც მოწმობდა, რომ დიდ პოეტს იგი პოემად ჰქონდა ჩაფიქრებული. ლექსი, ამავე სათაურით “გადია”, მახსოვდა გალაკტიონის სხვადასხვა გამოცემებიდან, მაგრამ ის სულ რამდენიმესტროფიანი იყო, აღმოჩენილი ლექსი კი მეტად ვრცელი გახლდათ – 24 სტროფი და მოიცავდა იმ ლექსებსაც, რომლებიც დამოუკიდებელი სახით იკითხება სხვადასხვა გამოცემებში.
გადავიკითხე ეს ვრცელი ლექსი, მტკიცედ ნაჭედი, ცრემლებით გაჟღენთილი გულის ლმობიერი სიყვარულით დაწერილი, მიძღვნილი მოხუცი ქალისადმი (ერთ-ერთი მისი ხელნაწერი სწორედ ასე არის დასათაურებული “მოხუცი ქალი”) და დამაინტერესა, ვინ იყო ეს “კეთილი ძველი ქართველი ქალი, ვისი გზაც სულის სიდიადეა” – დედა, მაკრინე ადეიშვილი? (ჩემო გატუნია), განდეგილი – დომინიკა ერისთავი? ის ხომ სალომინაოდან იყო, ჭყვიშიდან არცთუ შორეული სოფლიდან და გალაკტიონს სიყმაწვილეშივე შეეძლო ამ მშვენიერ, დახვეწილ, კეთილი ზნის ქალბატონს, ილიასა და აკაკის უმცროს მეგობარ მწერალს დაკავშირებოდა? მაგრამ დომინიკა ერისთავი ლექსის დაბეჭდვის დროს 56 წლის თუ იქნებოდა, ლექსი კი მოხუც ქალს ეძღვნება. იქნებ სხვა ვინმე? და ვინ?
თუმცა მთავარი სხვა რამ იყო, მე ამ ლექსმა აღმაფრთოვანა, გამალამაზა, გამამშვენიერა. ამიტომ დავიწყე მისი ამ სახით ძებნა სხვადასხვა გამოცემებში, რათა არ მეპოვნა და მხოლოდ ჩემი აღმოჩენით გამეხარებინა ლიტერატურაში ლმობიერი სიყვარულის მაძიებელი მკითხველები, რადგან შმაგი და ბოროტი სიყვარულის ბიოგრაფიებით ხომ ისედაც აღსავსეა მთელი ლიტერატურული სამყარო. მე კი უკვე დიდი ხანია საკუთარ თავს ვუთხარი: აღარ მსურს ამ ნათელშემოძარცვული, სამოთხიდან გამოძევებული, საშოუშვილო და ძუძუხმელი ლიტერატურის ბოცვერი ვიყო, სატლეკად ტკბილი რძის საფირმო ლირიკას რომ სთავაზობენ ლიტერატურულ ჟურნალთა სჯულისმდებელნი. ამ ლირიკაში მეტწილად ყვითელი ტკიპები დაცურავენ საქმიანად და ერთი ტკიპა თუ იქნება მასში, რომ მოცოცხლდეს, ან მოცოცხოს, ანდა პირიქით, აქეთ მოცოცდეს – გულიგულისკენ. მე ჩემსას ვეძებ, აი უკვე ვიპოვე ჩემი, ამას მკითხველს გავუზიარებ.
მაგრამ სანამ მკითხველს გავუზიარებ, მაინც ვეძიებ და ძიებისას ნამდვილ აბლაბუდაში ვიხლართები, ვერც წინ მივდივარ, ვერც უკან ვიხევ, ვერაფრით ვარკვევ, პოემის ფრაგმენტი დაშალა და დაანაკუწა გალაკტიონმა ცალკეულ ლექსებად, თუ პირიქით ცალკეული ლექსები მოაქცია ერთ მთლიან კომპოზიციურ ქარგაში. ამის გაგება იმად მესაჭიროება, რათა გავარკვიო, არის თუ არა იგი ცნობილი ამ ვრცელი სახით მკითხველი საზოგადოებისათვის. სათითაოდ მივმართავ გალაკტიონის უზარმაზარი მემკვიდრეობით დაინტერესებულ ლიტერატორებს, მაგრამ მათთან ხომ ვერასოდეს ვერაფერს მიაკვლევ, როცა რაიმე გესაჭიროება. აქ მხოლოდ ერთია ცხადი: ისინი ან თავიანთი განცდების ენაზე გესაუბრებიან, ან ცდილობენ “დაგაბოლონ”. გალაკტიონის პოეზიაში კი სახმარად მხოლოდ ერთი არს, ეს მისი ლექსით მოგვრილი ტკბობაა.
დიახ, ვერაფრით ვარკვევ, რადგან დიდი პოეტი ვირტუოზია, აწყობაც და დაშლაც ერთნაირად ხელეწიფება. მე კი რაც ეს ვრცელი ლექსი ვიპოვე, მაწუხებს და მაშფოთებს, როცა მის ნაწილებს დაშლილ-დანაკუწებული სახით ვპოულობ სხვადასხვა გამოცემებში. თითქოს ცოცხალ არსებას ხერხემალი გამოსცლოდეს, მოღვენთილიყოს, ცალ-ცალკე წასულიყოს მისი თვითეული ნასხამი.
რამ აიძულა დიდი პოეტი ასე უწყალოდ მოპყრობოდა ამ საოცარ შედევრს? (დაშალა, უეჭველად დაშალა!)
ლექსი 1921 წელს არის დაბეჭდილი, ერთ-ერთი გაზეთის საახალწლო ნომერში. მომდევნო თვე, თებერვალი კი ორი უმძაფრესი მომენტით აღინიშნება მის ცხოვრებაში: ხდება გასაბჭოვება და ის წვავს მთელ თავის ახალგაზრდობისდროინდელ არქივს, წვავს გზნებებს და ოცნებებს და ასეც განიცდის, თითქოს სიყმაწვილე მოჰკვდომოდეს. ვიცი, კი? რომელი რომელს უსწრებდა, პირადი ზოგადს, თუ ზოგადი პირადს, ან ზოგადი პირადთან რამდენად იყო კავშირში? (უეჭველად იქნებოდა!) მაგრამ თუ ეს საახალწლო ნომერში დაბეჭდილი ლექსი ვრცელია, 1922 წელს გამოცემულ ლექსთა კრებულში, სადაც გალაკტიონს თემატურად აქვს ლექსები დალაგებული, იგი ნაკუწების სახით არის სხვადასხვა თემებს ამოფარებული. რა ხდება? რაკი ჩვეოდა წიგნის საერთო სტილისთვის შეეხამებინა ლექსები, თემატიზმის ერთგულებამ იძალა მასში? თუ მენშევიკების გაზეთში დაბეჭდვის კვალი გააქრო? ეს პერიოდი ხომ რეპრესიების დასაწყისის ხანაა?
დაშალა, თუ ააწყო?
ააწყო, თუ დაშალა?
რამდენად საიმედოა ამ დანაკუწებულ ლექსებზე თარიღებად მიწერილი “არტისტული ყვავილების” გამოცემის წინარე წლები? (ვითომ ააწყო?!) ხომ გვახსოვს, როგორ ნაიბარაზე აწერდა ლექსებს თარიღებს. ყოველშემთხვევაში პოეტის ბოლო ოცდახუთტომეულშიც ამ ლექსების პირველ პუბლიკაციად 1927 წელია მითითებული. ჩემს მიერ ნაპოვნი საგაზეთო პუბლიკაცია უცნობია შემდგენელთათვის, თუ გაზეთში დაბეჭდვა არ ჩაითვლება?

აი, ასეთ ძიებაში ვიყავი, სანამ სამსახურიდან დამითხოვდნენ და კვლევის გაგრძელების საშუალება მომეცემა, ამიტომ ახლა მხოლოდ აქაურ განცდებზე თუ ვისაუბრებ, სადაც ვარ:
წვიმს, ფანჯრიდან მოსჩანს ნისლში ჩაძირული ბონკოს ღელის მიდამოები. უჩვეულო აგვისტოა, გრილი, წვიმიანი. ძროხა კოკოჩინას უკვე მოვუნაცვლე, სხვაგან გადავაბი, ნამდვილი დინოზავრია, ვეებერთელა, ძოვს, ძოვს, კითხულობს ბონკოს მიდამოების რომანს, თავს არ იღებს ზემოთ. დილით, როგორც კი გამოვწველი, გულაბი მსხლის ძირთან მიდანდალდება, ხარბად ნთქავს წვნიან ნაყოფს. მეც იქვე ვტრიალებ, ყუნწებს ვაცლი მსხლებს, რომ ყელში არ გაეჩხიროს, თან ვფიქრობ, უგუნური პოლიტიკის გამო ვინ იცის, ქალაქში რამდენს ენატრება ეს გულაბი მსხალი, არადა ხილს მიაქვს ცა და მიწა, როგორც აქ იტყვიან, ლპება ცისქვეშ. არ დავალპოთ, ჭამე კოკოჩინა, ჭამე, კარგად მოგაწველინებს. რძეს დავკვეთავ, ფუშფუშა ყველს ამოვიყვან, ქალაქში ხომ მეც მენატრებოდა ყველი. სწორედ ეს ვთქვი, იმ უგუნურების შესახებ, რის გამოც ადამიანებს ენატრებათ საკვები, ვთქვათ ყველი და მსხალი. ამისთვის გამათავისუფლეს სამსახურიდან, კოკოჩინა, შავწყალა და სისხლდუბელა ადამიანებმა. და შემაწყვეტინეს კვლევა ისეთი მნიშვნელოვანი საქმისა, როგორიც არის გალაკტიონის პოემა “გადია”, ფრაგმენტი. წუხელ კრაზანები დაგვესხნენ თავს, კოკოჩი, ყვითლები, მაღალფეხება კრაზანები, მათი თავდასხმა ხომ ძალიან საშიშია, მათი ნესტარი დანასა ჰგავს, ხომ გამოვცადე, ვებრძვი, კოკოჩინა, შხამიანი პულვერიზატორით და ცოცხით. მაგარი აბჯარი აქვს კრაზანებს, იოლად ვერ მოერევი, მაგრამ ბრძოლას წინ რა უდგას, კოკოჩი, სანამ მთლად მოუშხამავთ მომავალი.
ხვალ ჭყვიშში წავალ, ეს აუცილებელია, შუამთის გადასახვევიდან ფეხით, თუნდაც ვერაფერი ვნახო იქ საგულისხმო. იასამანთან გავჩერდები, ოწინარიდან წყალს ამოვიღებ, მეფისჭალას გავხედავ. საზამთროების გორები აქვთ ამ დროს ეზოებში ჭყვიშელებს, კობრები ჰყავთ წითელხახადაღებული ლეღვის ხეებზე, გზაგზა ჩამოკრიფე, ვინ დაგიშლის.
მაკრინე ადეიშვილი?
დომინიკა ერისთავი?
ვარდისფერი თოვლი? დომინ, დოვენ, დოვლი?
“სარკეში თეთრი თმები თოვდება და საათიდან სამოცდაათი წელი გადია გიახლოვდება”, მაგრამ თუ ამ დროს დომინიკა ერისთავი მხოლოდ 56 წლის არის? დედა, მაკრინე ადეიშვილი? რამდენი წლისაა ამ დროს მაკრინე ადეიშვილი? იქნებ ხანდაზმული ქალის ზოგადი სახეა? მერე, რამდენად უხერხდება პოეტს, ზოგად სახეს ამხელა ლმობიერი სიყვარული დააფრქვიოს?
დაშალა თუ ააწყო ეს ფრაგმენტი გალაკტიონმა? ბროლის ლარნაკივით რომ არის და ბზარსაც ვერ უპოვნი?
მოდი, დაველოდოთ მკითხველთა და ლიტერატურისმცოდნეთა გამოხმაურებას და თუ ცნობილი არ არის ვრცელი, 24 სტროფიანი ლექსი სახელწოდებით “გადია”, გამოგიგზავნით, გამოაქვეყნეთ ისე, როგორც მიიღებთ, ზუსტად ავკრიფე, მძიმეც კი არსად გამომრჩენია. მე ამ ლექსმა ლმობიერი სიყვარულის, გულში ჩაღვრილი ცრემლის უსაზღვრო ძალა მაგრძნობინა, ის მსჭვალავდა გალაკტიონს, როცა მოხუც ქალზე ფიქრობდა, მან დამაფიქრა ჩემი გრძნობის ნამცეცობაზე, მე ამ ლექსმა გამალამაზა, თქვენც ძალიან მოგეწონებათ.
გადია, ვარდები… ჰო, ვარდები დამრჩა, ის იქ არის, ლექსში იყნოსავთ ვარდების სურნელს.

study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 3:18 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySat Apr 14, 2018 8:59 pm

ცირა ყურაშვილი Tsira_12

ცირა ყურაშვილი

წყალდიდი

ხელისგულისსიფართე ეზო გვაქვს, ხომ ვთქვი, ხრიოკი, მწირი და მყარად დატკეპნილი. არა, არ გვყოფნის, განვრცობა სჭირდება ჩვენს სახტომ-სათამაშო ადგილს და აი, წყალჭალაც აქვეა, ჩვენი ბავშვობის მდინარით. ვიწრო ბილიკით დავეშვებით ჭალაში, ჯერ გვირილიან მინდორზე გავიკუნტრუშებთ, მერე დამრეც ფერდს ჩავუყვებით და თხმელის ბუჩქნართან მოვიჩრდილებთ. თხმელა ამოყრილა მდინარის ნაპირას, ნაცრისფერი ლიპების ახლო-მახლო, სილა-ქვაში და მის სუსტ, თხელ, დრეკად ტოტებს მობანავეთა სველი პირსახოცები, პერანგები გადაჰფენია. ნიავი არხევს ამ ტოტებს და ქანაობენ პერანგები, როგორც სიცოცხლის ჩუმი დროშები. ნაცრისფერ ლიპებზე მდინარის პაწია კაპილარები გადმონაწილებულა, ამ კაპილარებში ჟრუანტელივით გაირბენენ ლიფსიტები და მზის გულზე გამთბარ ლიპე-გუბეში ვერცხლის გლინივით ჩაიპნევიან.

ამ თბილ წიაღში სხვა არსებებიც იჩეკებიან: წერტილთავა კუდიანები, ეს წერტილები გუბეებში დაჰქრიან და კუდებს იქნევენ. ჩემი პატარა ძმები მათზე თითს იშვერენ და ამბობენ: ,,ე, ე, თავკომბალები!" უფრო პაწაწინები დედის კალამსაც ამოჰყვებიან ლურჯ მელნით სავსე თეთრ სამელნიდან, ლექსის პწკარებში ალაგ-ალაგ სტოვებენ კუდებს, ამ დროს დედა ლექსებს ,,უთეთრებს“ მამას მაღალ ჟურნალში.

მიჯრით ჩაწყობილ, ბასრი ნატეხებით ამოწვერილ ნაცრისფერი ლიპებიდან ხის ბოგა-ხიდია გადებული. ჩვენ გადვირბენთ ამ ნატეხებზე ფეხშიშველნი, ბოგა-ხიდზეც გადვიცანცალებთ.

წყლის ჩქერში დედა ჩამდგარა, ხის ბოგა-ხიდს ხელებით ეჭიდება, სველი თხელი თმა თავზე მიჰკვრია, ჩქერი აქანავებს, არბილებს და თევზივით მოქნილს აჩენს მის ტანს და კაბას. და აჰა, ხიდიდან ჩვენც ჩავხტებით მის სიახლოვეს, შეშინებულნი სველ კაბაზე დავეკიდებით, რომ ჩქერმა შორს არ გაგვისროლოს და გაგვიტაცოს. დედა ცალი ხელით ბოგას ეჭიდება, მეორე მაჯა ჩვენი წყალმაშველია, ტანს წყალში აცურებს თევზივით. მისი კაბა წყალში იზმორება, როგორც მძინარე გაღვიძებისას. ქარი იტაცებს წყლის შხეფებს, სველ კაბის სუნსაც და ბრუვდება ჰაერი ამ გრილი სუნთქვით. ხიდქვემოთ ჩქერი ჩქარია, ძალზე ჩქარია ჩქერი, სხლტება, მიფრინავს. თუ დაყვინთავ, ხიდქვეშ გაძვრები. მაგრამ ხიდქვეშ ძრომიალს ჩვენ ჯერ რას შევძლებთ? ჯერ დედის მაჯას და მის კალთას ვებღაუჭებით.

ეს ხიდი, ჩემი სიზმრების შტრიხი, ოდესმე ბეწვის ხიდად ქცეული, მასზე გადვივლი, თუკი შევძლებ, ამ სამყაროდან თავდაღწეული.

გაღმა ხის სახერხი ქარხანაა, ფიცრით ფარღალალად შეჭედილი. ქარხნის მუშები ხიდის ბოლოს, ნაპირთან პურმარილს შლიან იშვიათად, უფრო საღამოს, ნამუშევარზე, ნახერხშეფრქვეულ, ჩახუჭუჭებულ მკერდს ჯერ წყალზე ჩამოიბანენ, მერე გაღვანღვალდებიან კიდეც მდინარეში ნაცრისფერი, თითქმის მუხლამდე დაშვებული ფარფალია საცვლებით, სწრაფად გასცურ-გამოსცურავენ, რადგან ქალთა საბანაოა, თუმც ხიდი მათი ნამუშაკევია...მოვა წყალდიდი, გაიტაცებს ამ ბოგა-ხიდს და მეტად აღარც გააკეთებენ, დაენანებათ შრომა წყალწასაღებად.

ქარხანაში რელსებია, მასზე ვაგონეტები დგას მოჭრილ ხეთა გადასაზიდად. ასე გადააქვთ დასახერხი ფიჭვი და ნაძვი. ეს ხეები ფიცრად იქცევა, სიცხეში შრება, მზე აცხუნებს, საკმევლის სუნი ეფინება მდინარის ნაპირს. საკმევლის სუნი და თევზის სუნი. მერე მივხვდებით, ქრისტეს მდინარეა ეს მდინარე, მან შეგვითვისა, ის გვიფარავს თავის წიაღში.

უქმე დღეებში, როცა მუშები ისვენებენ, ვაგონეტებს ჩვენ მოვახტებით, ერთერთი ზურგიდან მოგვაწვება, გრიხინით გარბის ვაგონი მოკლე რელსებზე- სახერხი ქარხნის ერთი თავიდან მეორემდე.

ქარხნის ირგვლივ, ღია ცისქვეშ ფიჭვის და ნაძვის შოროთანა ხეები წვანან, ვითარც მაღალი ქალიშვილები. ჯერ ბავშვი ვარ და მაინც ასე ტრაგიკულად ვიაზრებ მოჭრილ ხეთა ბედს.

ქარხნის მუშები ფიცრებად ხერხენ ქალიშვილებს, მდინარის ნაპირს გადმოსწვდება ნახერხის ზვინი. ძველს ახალი ემატება, მზე, წვიმა სწვავს, გადააწითლებს ამ მაღალ ზვინს, ძველს ახალი ემატება, მოწითალო-აგურისფერს, მოთეთრო-კრემისფერი დაათოვს, მსუბუქი, საკმევლის სუნით გაჟღენთილი.

ჩვენ ვხტებით ამ ნახერხში, გამოვექანებით ქარხნის ეზოდან ხუთნი, მორიგეობით დავიკრავთ ფეხს ეზოს ნაპირას, მდინარის უკბილო პირით ჩამოკბეჩილ კბოდეზე და ჩავეშვებით ფუმფულა ჭურში. ტანზე ხოჭოც მოგვეტანება, მსუქანი, შავი ლაფნიჭამია, ფუნაგორიად რომ სახელსდებენ შინაურები, ფუნაში არა, ნახერხში უყვარს მასაც გორვა, თუ კოტრიალი, ან ლაფნის ნამცეცებს თუ მისტირის, ხმამაღალი ბზუილით რომ დააცხრება ნახერხის გროვას. ნახერხადქცეულ მაღალ ქალიშვილების გვერდით, ჩვენს დიდ ქვასთან, სანახევროდ რომ წყალში ჩაფლულა, ბაბო ბებოს შვილიშვილი წევს, მშრალ ლიპეზე ქათქათა პირსახოცგაფენილი, პირისახეც თეთრი ქსოვილით შეუბურავს, მზეს ეფიცხება. მას ნანა ჰქვია, სანახევროდ თბილისელია. ისე მაღალი და ჩამონაკვთულია მისი ტანფეხი, ბავშვის უნებურ მოწიწებას იწვევს. ის ხომ მაღალი ქალიშვილია. და თუ მოჭრილ ნაძვებს, ფიჭვებს არ შევადარებ, პირველად ვხედავ მზისგულზე ასე მწოლ გოგოს. სხვა გოგონები არასოდეს წვანან ნაპირზე, მორიდებულად სხედან თხმელისქვეშ, ან ლიპებიდან პიწკად ჩაჰყოფენ ფეხს მდინარეში. ფეხის წვერით აქაფებენ ტალღებს, იცინიან და მალულად მზერას ელიან.

მერე გამოვლენ ქარხნის მუშები და იმ ადგილას, სადაც ნანა იწვა, პურმარილს გაშლიან. მანამ კი ნახერს ჩამოიბერტყენ გულმკერდის ნაცრისფერი ხავსიდან, წინ წაშვერილი ხელებით, ნაცრისფერი, ფარფალია საცვლებით, წყალში შეცურდებიან. მათ ნამუშაკევ ბოგა-ხიდსაც მოეჭიდებიან შეძახილებით, ყვინთვითა და წყალში დგაფუნით. წყალდიდი მოვა, მაინც მოვა მერე წყალდიდი და გაიტაცებს ამ ბოგა-ხიდს, მეტად აღარც გააკეთებენ, დაენანებათ შრომა წყალწასაღებად.

გათქეშდება და წყალდიდი მოვა, ნაცრისფერ ფლატეს მოადგება გულამღვრეული, ღრიალით მოაქვს, მაღალ სოფლიდან, მთებიდან დაშვებისას მოხელთებული, ოფლით და ჯაფით ნაწყობი და ნაგროვები მთელი ხე და ტყე, ზოგჯერ თავთხელშიც შემოაგდებს, დაატრიალებს და აქ უნდა იმარჯვოს ვინმემ, კაუჭი მოსდოს, ნაპირისკენ შემოითრიოს მორი, როგორც ვეება ლოქო. შეშა გვჭირდება, ჯერ ცისფერი ალი არ ანთებულა ამ ჭალისპირზე, გზების გასწვრივ მხოლოდ ლამპიონები ანათებენ. ძველი, ათასგან სპირალგადაბმული ელექტროქურა დიასახლისის ჯოჯოხეთი და ისიც, ალუმინის მოკაუჭებული სათბურა, წყლით სავსე ემალის ლაგვინს რომ აცხელებს, სახიფათოა, თითს მიაკარებ-დაგაჟრუალებს. ბუხარი სჯობს, ვინ დაიწუნებს ბუხარში ნამზადს, ახლაც კეცში არ ხაფხაფობს დედის ხელით დაკრული ხაჭაპური? მეორე კეცში წიწილაა შეწითლებული და მაგიდაზეც ნივრის, მკვახე ყურძენ-ისრიმის და მაყვლის წვენით სანახევროდ მომთავრული თასია, შემწვარი წიწილა რომ ჩაარბილოს, ჩააბუჟბუჟოს. არც სტუმარია, არც არაფერი, მაგიდის გვერდით მდგომი ტაბლის სტუმრებიც ჩვენ ვართ და მასპინძლებიც. მაგრამ ვჩქარობთ, ნებისად და გუნებისად არაფერს არ ვჭამთ, ვჩქარობთ ჭამისას, რადგან ათასი საქმე გვიცდის გარეთ: კოლოფების და ჭიების ძებნა ანკესებისთვის, ერთი ჩვენგანი ტყემლის ხეზეც უნდა აცოცდეს, იქედან სჩანს მდინარის ფერი, ამღვრეულია, თუ დაიწმინდა? _ამღვრეულია? და იყოს, მერე ამღვრეული, ჩვენ რას შეგვიშლის? ნაპირზე მაინც შეიძლება თამაში, ცქერა, როგორ აგორებს ხანისწყალი აყალოფერად შეღებილ ტალღებს და მერე ერთხელ, დიდობაში ეს მდინარე დამესიზმრება, ოღონდ ფართო, ზღვადქცეული, მასზე წვრილ ხიდით, უნდა გადვიდე ამ ხიდეზე გულისკანკალით. უნდა გადვიდე და გადავალ...

დაწმენდილზე, კი სულ ტაატით ჩამოივლიან კამერებით დიდი ბიჭები, ტრაქტორის საბურავებიდან გამოხსნილ შავ, გახეთქვამდე დაბერილ კამერებზე მეფეებივით ნებიერად მიწოლილები, ოღონდ მათ ,,ტახტრევნებს“ სული რომ არ გამოეპაროთ, დაზიანებულ ადგილებზე რეზინის ოთკუთხა ნაჭრები აქვთ გადაწებილი და მუზეუმის დაყოლებიდან ,,კოპაძეების საბანაოს“ მოიზომავენ, ,,სვანიძეების ორემსა“ და სათავესაც ჩამოსცდებიან, შემდეგ წყაროებს, სადაც დედაჩემი პომიდორებს რეცხავს ჩვენთვის, რომ ყველსა და პურს მივატანოთ მდინარეზე მოშიებულთა. ყოველ საღამოს ემალის ყვითელ ჩაიდანსაც ავსებს წყაროს წყლით... რეზინის მრგვალ, გასკდომამდე გაბერილ ,,ტახტრევნებზე“ ნებივრად მინდობილებს ჩამოატარებს მდინარის წყალი ,,ქალთა საბანაოზეც“, სადაც ჩვენ ვართ, ჩვენგან ,,ბიჭების საბანაოს“ ჩაცურდებიან, მეტზე არ სწვდება თვალსაწიერი, იქით რა ხდება ჩვენ აღარ ვიცით, იქით მიდის, შორს მიდის და თვალთაგან იკარგება ჩვენი მდინარე.


study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 4:55 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySat Apr 14, 2018 9:00 pm

ცირა ყურაშვილი

აბრეშუმის პეპელა

,,კარგად მოუარე, - უთხრეს დედას, - ნორმას თუ არ გადაამეტებ, არც დააკლო, გრამზე ხუთი კილო პარკი მაინც უნდა ჩაგვაბარო, ჭიები არ დახოცო, თორემ სასჯელი არ აგცდება!“ შემდეგ დავთარში რაღაც ჩაწერეს, დედას ხელი მოაწერინეს და წავიდნენ. ორი ქალი იყო - მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის თანამშრომლები. მაისის ბოლო იდგა, როცა მათ მუყაოს პატარა ყუთით რაღაც დატოვეს.

- ,,აბრეშუმის მურია“, - თქვა დედამ.

,,მური“ ან ჭინჭველასთან მსგავსების, ან სიშავის, ან სურნელის, ან ძვირფასეულობის გამო - იგი აბრეშუმის პაწია, გამურულ, ჩვილის ასაკში მყოფ ჭიებს ნიშნავდა.

- ,,ცხოვრება წინ მიდის“, - მუყაოს ყუთის გამო თქვა ბებიამ, - ჩემს ბავშვობაში მურის დასაჯენად პირუტყვის ფუნისგან ჯამს აკეთებდნენ - ,,ფუნია“ ერქვა, ,,ტაბასკვერასაც“ ვეძახდით... - შემდეგ მური შპალერის მორჩენილ ნახევზე გადმოსვა და მუყაოს პატარა ყუთი თავის საწოლქვეშ დიდ, გაზეთჩაფენილ ჩემოდანში საწვრილმანოდ შეინახა.

- სამი გრამია, - თქვა დედამ, - გრამზე ხუთი კილო პარკი უნდა ჩავაბაროთ, 75 მანეთს ავიღებთ.

,,სამოცდათხუთმეტი მანეთი ხელწამოსაკრავი ფული არ არის, - გვითხრა ბებიამ - პური 30 კაპიკი ღირს ღირს, შაქარი - 70, ხანის სულუგუნი მანეთი და სამოცდაათი კაპიკი, ჩვენც ხომ ვყიდით ყველს მანეთნახევრად - ცხოვრება ანგარიშია!“

დედამ მიკროსკოპული ზომის ჭიებით შავად დაწინწკლული ქაღალდი მაგიდაზე დადო. ეზოდან ბჟოლის რამდენიმე ფოთოლი შემოიტანა, მაკრატლით დაანაკუწა, ჭიების ირგვლივ მიმოფანტა და თქვა - ,,რაც კარგად ვაჭმევთ, პარკსაც დროზე აახვევენ და დროულად გადავსვამთ სახლიდან, დახუთული სუნი იცის აბრეშუმის ჭიამ, ძნელია მის გვერდით ცხოვრება, თან ბავშვებთან ერთად“...

აი, ასე იწყეს ჩვილმა ჭიებმა ჩვენ გვერდით, მაგიდაზე, თავიანთი თვენახევრიანი დროება... ჩვენ კი, მე და ჩემს პატარა და-ძმებს, წვიმით დალტობილ და წვიმის ხელით ჟანგისფრად მოხატულ კედელთან მიდგმული საწოლიდან მშვენივრად შეგვეძლო გვეთვალთვალა მათთვის, შპალერზე მონარჩენი მცირე ზომის ქაღალდი კიდით-კიდემდე როგორ დაისაკუთრეს და შემდეგ დედას ,,უბრძანეს“, მათთვის ქაღალდი მაგიდის მთელ ზედაპირზე გაეშალა. ამ დროს მურის კანიდან ამოსული ჭიები სათეთრებელ კანში ჩაწვნენ, ანუ თეთრად შეიფერნენ და შუბლზე პაწია კეხი გაუჩნდათ. ის დროა, ჩვენც, მე და ჩემი დედმამიშვილებიც ამოვდივართ მურის კანიდან, სათეთრებელში ჩასაწოლად ვემზადებით და იქნებ ბუნდოვნად კიდეც ვგრძნობთ - ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, რასაც ვაკვირდებით და ვიმახსოვრებთ - მომავალთან დაგვაკავშირებს სევდისა და ტკივილის გზით... აბრეშუმის ჭიები ხომ ჩვენი სიყმაწვილის დარად მოიცვლიან ,,კეხის“ კანსაც, შემდეგ ,,წარბისკანი“ - ხანდაზმულობა ელით, ბოლოს დიდ კანში ჩაწვებიან - და აჰა, თვალისდახამხამებაში მოსულა სიბერეც, ახლა პარკი უნდა აახვიო, შიგ შეიყუჟო, გარს ჭაღარა, სპეტაკი აბრეშუმის თმები შემოიხვიო და როგორც ციხე-კოშკში, მასში ისე გამოიკეტო.

ჭია თეთრად შეიფერა თუ არა, მტერიც მაშინვე გამოუჩნდა. მაგიდის ფეხთან ჯერ თუ თითო ჭინჭველ-ბურჭყველა აწრიალდა - მაცნე-ინფორმატორად, ცოტა ხნის შემდეგ მასზე მთელი ჯარი ადი-ჩამოდის. აბრეშუმის დასაპყრობად მოდის ჭინჭველა, ჭინჭველის ჯარი, აბრეშუმის გზა ძალას ჰმატებთ, მუყაითად მოილტვიან, მოიჩქარიან, ცხრა მთის გადავლა შეუძლიათ, ოღონდ ამ ნედლ სითეთრეს შეესიონ, ჩაკბიჩ-ჩასრისონ, სისველე და სინოტივე გამოსწურონ, შაქრის ფხვნილივით დაანამცეცონ.

მტერი ახლოვდება და აბრეშუმის ჭიები კი უსუსურად იხლართებიან, არც კოშკებზე დგანან, არც გამოღრუებულ მორებს სცემენ, ან კოცონს ანთებენ - ,, მტერი მოდის, მტერი!...“ ტყუილად კი არ ეშინიათ მეაბრეშუმეთ ამ წელში გაწყვეტილი მწერის, მიბმულ- მიკერებულივით რომ უჩანს წელქვემოთ კურტნად მიდგმული ნაწილი, მცირეოდენი უყურადღებობა და მთელი მონაგრის დავსება შეუძლია მათ შრომით წელმოწყვეტილ რაზმეულებს.

ისე დაანამცეცებენ აბრეშუმის ჭიას, ნაჭეჭყურას დაამსგავსებენ, აი, იმ ყველაზე უხარისხო პარკს, მხოლოდ რამდენიმე ძაფის გამობლანდვა რომ შეძლო ჭიამ და მჭიდრო, მყარი, კრისტალური, თოვლივით თეთრი და კვერცხისებური ნაჭუჭის ნაცვლად, ობობას მიერ მოქსოვილ ბანდღს დაამსგავსა უძალისხმოდ ნაშრომი, ცალყბად დაქსოვა პარკი, იდუმალად შიგ ვერ მოექცა, შიგნიდან გარეთ საცოდავად მოკუნტული გამოილანდა. ვერ ივარგა, ცხოვრების შუა გზაზე წაერთვა ძალა, ყბებში ჩაგუბებული ოქროსფერი ატლასი შუა გზაზე გამოელია...

მეაბრეშუმენი ჭინჭველის სახელს არც ახსენებენ, უსულოს უწოდებენ აბრეშუმის ჭიის ამ მტრებს, ჯალათებს, პირს მიიბრუნებენ და ტუტუნებენ: ,,ავითაო, მავითაო, შავი მოვა შავითაო, შავი მისი ჯარითაო, შავსა პირი ავუხვიე შავი აბრეშუმითაო, უსულო, უგულო, წელით მოწყვეტილითაო - ,,თფუ იარე, თფუ იარე, ცხრა მთა გადაიარე!“ მაგრამ დედამ ეს შელოცვა არ იცის, სამაგიეროდ იცის, მარტივად როგორ მიაყაროს ნაცარი ჯერ მაგიდის, შემდეგ კი ზამბარიანი საწოლის ფეხებთან ირგვლივ ისე, რომ კვალი აურიოს და ამ ჭინჭველ-ბურჭყველას აბრეშუმის ჭიისკენ სავალი გეზი დაუკარგოს...

აბრეშუმის ჭიებს სულ უფრო და უფრო მეტი ფოთოლი სჭირდებათ, უფრო მეტი სივრცეც და ჩვენც ვეძებთ ბჟოლის ფოთოლს ყანებში, გზისპირებზე, მდინარის პირას... მშობლების მიერ ჩამობელილ ტოტებს მონდომებით ვეზიდებით.

დედა ბჟოლის ტოტებს ტირიფის წნელებით ოთხკუთხად დაღობავს, ჩელტებად კრავს, ზედ თეთრ ქაღალდს აფენს და სათეთრებლიდან, ანუ კეხის კანიდან ამოსულ ჭიას მასზე ათავსებს, ,,გადააჯენს“. ,,კეხის კანში“ მყოფი აბრეშუმის ჭია, მარადმშიერი და მოძრავი ჯერ გაშეშდება, შემდეგ კანს იცვლის და კეხის ნაცვლად პაწია წარბები უჩნდება, ამით ის განცვიფრებულ ჭიას ემსგავსება და ეს ნიშნავს, რომ ის ,,წარბის კანში“ ჩაწვა.

აბრეშუმის ჭიების ეს წარბისკანიც სამომავლო სურათებს ინახავს ჩვენს წარბისკანზე, ჩვენი სიცოცხლის ახალგაზრდულ, მეცხრამეტე გაზაფხულებზე, სულში ფერადი აბრეშუმებით... მე - მკერავი და ჩემი მეგობარი - მოწინავე მეაბრეშუმე, მოკლედ თმაშემოკრეჭილი, შავთმიანი, შავთვალწარბა მზია გოგია, ქუთაისის მატარებლების სადგურში საღამოს 11 საათზე, თბილისისაკენ ბარბაცით მიმავალ რელსებსა და მაზუთიან შპალებს ზემოთ, ბაქანზე, ლამპიონებით განათებულ, ორ ფილაქანს შუა მოყვავილე ველურ ყვავილებთან. ქუთაისის აბრეშუმკომბინატის სახარშავ, საძახავ, საქსოვ საამქროთა შორის მოფარფატე ჩემი მეგობარი, ამ საამქროთა შავგვრემანი ფარვანა... სად ჩაიკარგა იმ დაზგების მონოტონური ხმიანობა და რაძგარუძგი, ფაბრიკულად ნაქსოვი ქსელი, მჭიდროდ მიწნეხილი მისაქსელი, ამ კომბინატის ქსოვილთა გალერეა უთვალავ, წარმოუდგენლად ბევრნაირი, ფერადსახიან აბრეშუმთა ხვეულებით. სად შეეფარნენ ეს აჩრდილები?

სად არის ახლა შავთვალწარბა მზია გოგია?

სულ ერთი თვე ან თვენახევარი სჭირდება, აბრეშუმის ჭიები პარკს აახვევენ და გადავსვამთ ჩვენი სახლიდან.

ჯერ კი დახუთულ დიდ ოთახში, სადაც ფანჯარაც კი არ იღება, სახლის თავანი სიმხურვალეს გადასდებს ჩელტებს, წყნარი შრიალი, შვარშვალი გააქვთ ჭიებს, მოკბეჩილ და დანიკბულ ფოთლის მხოლოდ ყუნწი თუღა დარჩება, ანდა ჭერზე დაკიდულ მტვრის ფანთხივით მოკონწიალე ძარღვი...

სანამ წარბის კანიდან ჭია დიდ კანში გადაწვება, ბჟოლის ფოთლების მარაგი ამოწურული გვაქვს და ტოტების ჩამოსაბელავად ბებია კოლექტივის საბარგო მანქანას მერიკო აბულაძესთან, თინა ჭრელაშვილთან და სხვა ქალებთან ერთად ქუთაისში მიჰყვება, ეს ქალები მოწინავე მეაბრეშუმენი არიან, მთელ უბანში და იქნებ რაიონშიც ყველაზე მეტ აბრეშუმის ჭიას უვლიან, მათთვის გადაცემული მური 5 გრამზე ბევრად მეტიც იქნება... სხვა დროა, არც ბეღელი და აღარც ხულა, ან ამგვარი სათავსოები ამ დროს უკვე აღარ იგება და მათი დიდი სახლების მეორე, გამოუწყობელი სართული მთლიანად ჩელტებითაა მოფენილი, ჩვენი მწირი მონაგარი მას რას შეედრება, არც სათავსო გვაქვს ხეირიანი, ფოთოლიც ყოველ ჯერზე საძებნელია, მაგრამ შრომის ამ საყოველთაო ფერხულს რას ჩამოვრჩებით, ვინ ჩამოგარჩენს, უსაქმურად სახლში ვინ დაგსვამს, ქუდზე კაცს იხმობს კოლექტივი, ჯერ კოლექტივის დრო არის და ყველამ რაღაც უნდა აკეთოს ... ჩვენც ვშრომობთ, მშობლები შრომობენ და ჩვენ ვეხმარებით...

ქუთაისში ბევრი ბჟოლაა, ერთ ყველაზე საყვარელ უბანს ახლაც ხომ ,,ბჟოლებს“ ეძახიან. და როცა ფოთოლი სულ გაწყდება ჩვენს არეზე, მიჰყვებიან ქალები და ჩამობელავენ ქუთაისში ბჟოლის ხეების ფართო, პრიალა და ნაზფოთლება ტოტებს. ეს სინაზით განედლებული ფოთლები ხომ აბრეშუმის ჭიის მეშვეობით გადასცემენ ქსოვილებს ზედაპირის სიპრიალეს, სილბოს, სიცინცხლეს... ქალები ისე დაჭრიან ტოტებს, ზოგ ახალ ნერგზე მხოლოდ ბენძოს თუ დატოვებენ. ტოტებს ბჟოლაკაკალაც გამოჰყვება უმწიფარი - წითელ-მწვანე, მკვახე და მუხლუხებივით დახორკლილი, მხოლოდ რამდენიმე ცალი თუ გამოერევა შეთვალული და პირველად შემოსული ხილის კვალობაზე - ნუგბარი.. ამ დროს ქუჩებიც სუფთაა, ავტომანქანები და გამონაბოლქვი ძალიან ცოტა. თუმც არც მტვრიან ფოთოლს იწუნებენ აბრეშუმის ჭიები.

ჭიამ წარბის კანიდან ამოსვლა დაიწყო, ეს იმით შეეტყო, რომ ერთხანს გაშეშდა, ცოტა ხანში ამოძრავდა, ანუ დიდ კანში ჩაწვა, თავის ქნევა-ქიანი დაიწყო, საკვები მომიტანეთო და იქნებ დედასაც კი სცნობს, ისე გაირინდება, როცა ის უხვად უყრის ბჟოლის დასხეპილ ტოტებს... ჭიამ სწრაფად იმატა ზომაში და ეს პაწია, ცვილისფერი არსება დიდ, თეთრ, ფაფუკ მუხლუხოდ გარდაიქმნა, ახლა შეიძლება ხელშიც აიყვანო და მოეფერო კიდეც, ის ხომ უფუნთულესი, უბოროტო, მშრომელი არსებაა, თეთრ ზამბარასავით იკუმშება და იწელება, ყალყზე დგება, პატარა ფეთუნებით სწრაფ-სწრაფად გადაადგილდება და მჭიდროდ ეკვრის ტოტებს. ტყემლის ფერად მუხლუხოსავით შემაშინებელი სულაც არ არის, განგებას ზურმუხტისფერი ბრჭყვიალა თვლებით რომ გაუწყვია მისი კანის ზედაპირი.

აბრეშუმის მუხლუხო უკვე გაიზარდა და ბუნების ზეიმიც დაიწყო, როცა მის მთელ სიგრძეზე, ბროლივით გამჭვირვალე კანქვეშ თხევადი აბრეშუმი გამდნარ სანთელივით, მდნარ ოქროსავით გამობრწყინდა. ამ ოქროს ღელვა შემდეგ არაერთხელ გამახსენდება, ძარღვებშიც ვიგრძნობ მის ტორტმანს და მის მდინარებას. სხვა სასწაული ან რა იქნება, შენ კი ჩქარობ, სულ სხვა რაღაც სასწაულს ელი და სული ყელში გებჯინება, ჩემო მკითხველო.

დადგა დიდ კანში ჩაწოლიდან მეცხრე დღე და თეთრმა მუხლუხებმა ბოდიალი დაიწყეს, ისინი ახლა პარკის ამოსახვევად ემზადებიან, თავს აქიანებენ, აქიცინებენ და ბებია მეზობლის ქალზე, რომლის ენაჭარტალობის გამო გაბრაზებული იყო და ახლა ვხვდები, რომ მას პარკისონის დაავადება სჭირდა -იტყვის; ,,ნეტა მახვიერი აბრეშუმივით არ აქიცინებდეს თავსო’’... ის ქალი მერე მართლაც გამოიქსოვება თავის აბრეშუმის პარკში და სულ მალე სულის პეპელაც სადღაც გაფრინდება.

თვენახევარი უკვე გადის და ჩვენც ჭალისპირის იმ გვიმრებით, რომლითაც ჩემთვის საკუთრად ქოხის აშენება მინდოდა, მოჭრილი და გამზადებული გვაქვს. ახლა ჭია გვიმრის ჩელტებზე პარკს აახვევს, მთვარით ნაქსელ აბლაბუდაში გალაქტიკის კვერცხებივით გაახვევს პარკებს, ის იქნება მკვიდრად ნაგები, და როგორც მთვარის მოვანება ვერცხლის ჰამაკში, გამოკრთებიან თეთრ, აბრეშუმის ბადეებში აბრეშუმის სარკოფაგები...

მკვრივი, ქათქათა, ხარისხიანი პარკი მხოლოდ მარტოობით მოიქსოვება, უხარისხოა მსხვილი პარკი - ორი ჭიისგან გვერდიგვერდ მოქსოვილი, ერთ ბუდედ შეზრდილი, თუ ორ აკლდამად გაერთებული, დომფალებს რომ უწოდებენ მეაბრეშუმენი.

ჩემი სიბერის ნავთსაყუდელს ამ დომფალობით ვერ მოვიქსოვდი... და მასზე მხოლოდ ერთი მოგონება დავიტოვე- მუხლუხებივით გვერდიგვერდ ვქსოვდით საერთო პარკს, ის გაირინდა და ჩუმად თქვა, (არ ვაჭარბებ, ზუსტად ასე თქვა)- ჩემს სულში ახლა ვარდებივით იშლებიან მეწამული აბრეშუმები...

მალე გვიმრათა გამხმარ-გაჩიჩინებულ ტოტებზე ბამბის ფთილასავით გაბმულ აბრეშუმს ქათქათა პარკებს ავართმევთ, გოდორს ავავსებთ... და გაფრინდება აბრეშუმის ჭიის პეპელა, თუკი სარკმლის გამოჭრა დასცალდა და ქვაბში მდუღარემ არ დაფუფქა, რომ მერე ერთი შტოლა, იგივ ლანდი, (ასე ჰქვია) რაც ერთი ჩაყრა პარკისაგან ამოიღება- აბრეშუმის ძაფად იქცეს, ქათმის ერთ კვერცხად შეფასდეს- ერთი ჩაყრა პარკი ხომ ერთი კვერცხი ღირს და რვა კვერცხი- ერთი გირვანქა შტოლა და ეს უნაზესი ძაფები ეკლესიაში ღმერთს მიერთვას შემწირველის ნაჯაფი ხელით.

მე, კი ვინც მთელი სიყმაწვილე ვაგროვებდი ამონაჭრებს ფერადი ჟურნალებიდან, ნაირნაირ კაბების თარგებს, ახლა ვიშორებ სულის სიმძიმეს, უცნაურად ვმსუბუქდები ღამეული ფრენის სიამით და დილაობით მხრები მეწვის... შიშით შევყურებ, წუთისოფლის მოთუხთუხე ქვაბში წვალებით როგორ ამოსდით სული დაღლილ ადამიანებს. მე ხომ საკუთრად სულ სხვაგვარი გარდასახვა მსურს- მზის ბილიკზე აბრეშუმის პეპელას მსგავსად ცისფერშერთული ატლასის კაბით, თეთრი ფრთებით გავფარფატდე, თეთრით ვეჩვენო პირსა ღვთისასა.

study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 3:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 2:54 pm


ცირა ყურაშვილი - საუბრები მწერლობაზე

tsira kurashvili
Published on Oct 26, 2012

მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში საუბრები მწერლობაზე

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 2:58 pm


შუადღე ქუთაისში 11 01 2015 ცირა ყურაშვილი

Mega TV - მეგა ტვ
Published on Jan 11, 2016

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:01 pm


რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას – ცირა ყურაშვილი
TV ertsulovneba
Published on May 13, 2016

Exclamation

ცირა ყურაშვილი

რომელია ჩემი საყვარელი ლექსი

ლექსს ყველა თავის გუნებისად ირჩევს...
ზოგჯერ მეკითხებიან, რომელია ჩემი საყვარელი ლექსი...
დიდი ხანია აი, ეს, რომლის სტრიქონებიც სულის სარგოა, ნექტარია, რადგან ერთდროულად ესთეტური მალამოც არის და კაცობრივ ფიჭაში ჩასაგროვებელი ღვთაებრივი მადლიც...
და თუკი პოეზია, როგორც ხელოვნების დარგი მართლა ღმერთმა, ლოგოსმა, თავდაპირველმა სიტყვამ ჩაიფიქრა, ალბათ სწორედ ასეთ ლექსთა ერთობლიობად...
ეს სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ლოცვაა წმიდა სამებისადმი, ჩემთვის კი უმშვენიერესი, მაღალესთეტური, ღრმადფილოსოფიური ლექსი...
აქ მხოლოდ ლოცვის ის პატარა ნაწილი მომაქვს, რომელიც პოეზიის ენაზე განსაკუთრებულად აუმეტყველებია ახალ ღვთისმეტყველს ...
სამწუხაროდ, არ ვიცი როდის და ვის მიერ არის გადმოღებული იგი ქართულ ენაზე...

მოვედ ნათელო ჭეშარიტო,
მოვედ ცხოვრებაო საუკუნოო,
მოვედ საიდუმლოო დაფარულო,
მოვედ უპოვარებისა საუნჯეო,
მოვედ საგანო გამოუთქმელო,
მოვედ ხატო განუჭვრეტელო,
მოვედ სიხარულო განუწყვეტელო,
მოვედ ნათელო მიუაჩრდილებელო,
მოვედ იმედო გადამრჩენელო,
მოვედ აღმოყვანებაო დაცემულთაო,
მოვედ ძლიერო!
ყოველივეს ქმნის, გარდაქმნის და ფერს უცვლის ნება შენი!
მოვედ უხილავო, ხელშეუხებო, მიუწვდომელო!
მოვედ მარადიულო უძრაობაო და მიწყივ ყოველგან მიმომავალო;
უზეშთაესო ზეცათა შინა- ჯოჯოხეთშიც მოგვეახლები დაცემულთ!
მოვედ არსო სანატრელო, ყოვლადქებულო, განუცდელო, მიუთხრობო და საკვირველო!
მოვედ ლხენაო მარადიულო,
მოვედ გვირგვინო მარადუჭკნობო,
მოვედ მეწამულო შესამოსელო ღვთისა მაღლისაო და მეუფისა ჩვენისაო!
მოვედ სარტყელო თვალ-მარგალიტით შემკულო
და საფარველო მიუდგომელო,
მოვედ ძოწისფერო კვართო საუფლოო
და მარჯვენავ საღმრთო დიდებისაო!
მოვედ, გელოდა და კვლავ გელის უბადრუკი სული ჩემი.
მოვედ მხოლოო მარტოსულთან,
ხომ ხედავ, ობლად დავშთენილვარ მიუსაფარი;
ის ვინც ამ ქვეყნად გამომარჩიე და მქმენ ეულად,
მოვედ სუნთქვავ და ცხოვრებავ, ჩემო,
მოვედ უსასოო სულისა ჩემისა სასოებაო,
მოვედ სიხარულო,
დიდებავ და დაულეველო სიტკბოებაო!

WEDNESDAY, JULY 18, 2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:11 pm


რადიო ივერია. გადაცემის სტუმარი _ მწერალი ცირა ყურაშვილი
KHOMLI STUDIO
Published on Sep 27, 2017

Exclamation

ცირა ყურაშვილი

ქატო იქა...

(ნოველების წიგნისთვის ,,ჟამსა თამაშობისასა”)

გამწყვარია ქატო, თითქოს ცისქვეშეთში არ არსებობს. ზრუტუნებს ძროხა- ბალახ-კალამა არ ჰყოფნის და ერთ დღეს რაიონის ცენტრში წასული დედა აჩქარებით შემოაღებს კარს. ნარბენს ლოყები დასწითლებია, გახარებული სულს ძლივს ითქვამს- ბაბანაურის საწყობში ქატო ,,გამოჩენილა“.
ყოფილა კი, ოდესმე? დაცოტავებულზე- მარაგი შეივსო, თუ საიდან გაჩნდა ეს გამწყვარი ქატო, ვითარც იდუმალი ნათელი?!
ქატო- ხორბლის ეს პატარა, გარეთა ანაკვეთი, ცეხვა-ცემით მარცვალზე ქერქშემოძრობილი, განაცერი, უხეში და მსუბუქი ჩენჩო, ქარქუეტი, ქარი რომ ჰაერში განაბნევს და მიმოფანტავს, ნუთუ თავისთავში ამხელა სიხარულის მიზეზს ატარებს?
დედა რაღაცას ეძებს, ხან აქეთ მივარდება, ხან იქით... იცინის, ბრაზობს, ჩქარობს, ხელისგულზე ნაშალ ფულს ითვლის- კილო ქატო ოცი კაპიკი მაინც ღირს, ოცდაათ კილოს ექვსი მანეთი ეჭირვება, მეტს საწყობიდან გამოსატანად ვერც მოვერევით და იქნებ არც ნორმის ზემოთ მოგვცეს ვინმემ; ამიტომ იმდენი უნდა მოაგროვო, რამდენსაც პირუტყვს ცოტა ხნით მაინც ამყოფინებ.
დედა ნაცრისფერ ჯვალოს ტომრებს გაშლის, დაბერტყავს, ააფრიალებს, ნაჩქარევად დახედავს; ერთზე ნესტით ბუნდოვნად რაღაც არის გამოსახული, მეორე დაჩვრეტილია ნატყვიარებივით, შემდეგ ამ ტომრებს დააწყვილებს და ორივეს ერთად შეახვევს, გადაგრაგნის...
თქმაც არ მჭირდება, არც საშინაო- ორმტკაველა სიგრძის ქვედა ბოლოსა და მოკლემკლავიანი პერანგის შეცვლა, დედას დასახმარებლად ასე უნდა გავყვე. მაგრამ ჯერ ,,რქას“ ვერ ვატევთ შინიდან, წასვლა გვიგვიანდება... საბარგო მანქანისთვის აუცილებელი სამი მანეთიც მოსაძებნია. მთლად უკეთესი, თუ ჩვენი ქატოს ტომრებით სხვის ქატოს გამოვყვებით და მძღოლი უფულოდ ზედ ქუჩის პირზე ჩამოგვსვამს, მაგრამ სხვის იმედად წასვლა ძნელია.
დედა ახლა იმ მაგიდის საფარქვეშ ეძებს ფულს, სადაც მამა უბრალო ფანქრით საკუთარ ლექსებს, კორესპონდენციებს, ან გარდაცვლილთა ქვებისთვის შეკვეთილ ლექსებს წერს და იქედან ჭაობისფერ, ნამგლითა და უროთი დადაღულ სამმანეთიანს გამოაცურებს.
მამის ფულს ვიღებთ, მამა კი არ ჩანს ამ სურათში, ნეტა სად არის?
აქ კვლავ ვიპოვით შემდეგ არაერთხელ, ამ მაგიდის საფარქვეშ, მის წიგნებსა და ჟურნალებში, ბზუილა ხოჭოსავით გარინდულს, წყნარად მიყუჟულს, უმნიშვნელო, თავის დროზე მეტად საჭირო, თუმც დროებით მივიწყებულსა და უკვე გაბონებულ საფასურს. ხომ ყველაფერი ბონდება ცისქვეშ?! თვით დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ბონიც-გულისამათრთოლებელი ემბლემით დამშვენებული- კამარაშეკრულ, გაფრენილ ცხენზე მოსასხამაფრიალებული წმიდა გიორგით... მაინც ძლეული, საკუთარი ძალმოსილების ურწმუნოებით მახვეწარი: ჩემი ,,მიღება სავალდებულოა, თანაბრად რუსეთის სახელმწიფო-საკრედიტო ბილეთისა“-ო...
,,ბაბანაური“ ჩვენგან თითქმის ორ კილომეტრშია, თავდაღმართში, მდინარის პირას. აბანოს გვერდს ჩავუვლით, რომლის ეზოშიც რკინის ბოძებზე შეკოშკებული ოთხკუთხა, ზამთრობით ორთქლადენილი, უზარმაზარი რკინის ავზებია, ჩვენი შთამფვლელნი და განმბანელნი სოფლის მწვირისგან... და იქნებ ეს ,,ბაბანაური“- ,,აბანოურია“, ან კიდევ ,,ბაბანება“-მდინარის პირის სუსხი კაცს რომ სიცივით ააბაბანებს...
გახურებულ ასფალტზე გუდრონი დუღს, ჯერ სიგარეტის მაგვარი, პრიალა და ნაზ ფურცლებში გახვეული ვარდისფერი კევები გადამყიდველთან არ გამოჩენილა და მოპრიანებაზე, ამგვარი გუდრონის პაწია, ცვილად ქცეული და პატარაკბილებდამჩნეული ნატეხები შავი მარგალიტებივით გვიბრჭყვინავენ გაცინებისას. უცნაურია, პატარებსაც, კი, ამ ნახევრადანგელოზებრივებს, რარიგ გვიტაცებს კუპრი... გზადაგზა, ფეხშიშველა, ცხელი ,,გუდრონით “ ქუსლებგაშავებული ბიჭებიც გვხვდებიან, ისინი ანკესებს და წკირით ბოლოგამოსკვნილ ძუაზე ახინცლულ თევზებს შინ ხალისიანად მიაქანებენ.
საწყობი მდინარის პირას მდგარი წაგრძელებული შენობაა, ორკარიანი, ფართო შესასვლელით. მის წინ, შარაგზიდან მარჯვნივ ბონდის ხიდია, შორიდან ის ბეწვის ხიდივით მოსჩანს... დადგები, ამ ხიდზე, საქანელასებრ შექანდები, გრეხილ მავთულთა ,,მოაჯირებს“ ჩაეჭიდები, თვალს გაადევნებ -ერთდროულად, ზემოთაც და ქვემოთაც მდინარე მიდის, ზემოთ-სილურჯეში ჩაფენილ ურწყულ ღრუბელთა, ქვემოთ -მზის შუქით მწვანედ დარწყულ ტალღათა...
აქ, კი საწყობში, თითქოს მილეთის ხალხი შეკრებილა, ზოგი ნიჩბით, ზოგი აკალთავებით ისეთი სასოებით აგროვებენ ამ ქერქეტა ქატოს, თითქოს ციდან ნაწვიმი ზეციური ბურღული იყოს... საწყობში ცხელა, გნუსხავს ძირს დაყრილ, ქატოს ცხელი და მოტკბო ფშვინვა. ჩვენც ტომარას პირს გავუხსნით, ავარდნილ ბდღვირში საწყობის ფილაქანზე ორივე ხელით წამოვაფორთხებთ და ტომრებიც მუცელს აივსებენ ჩახურებულ ქატოთი. ეს სუნი, სიტკბო, როგორც ხორბლის სული-ნათელი, ამ სურათს აჯადოვებს, დროს აჩერებს, ამ წამისთვის ინახავს, რადგან... სანამ დავტოვებთ ამ შენობას, ეს სურათი მეხსიერების ვეება გრაგნილს, სადღაც კუთხეში ბეჭდად დაესმის...
გარეთ, კი ხვატში, მოჭერილ მზისას, ცხელი ქარი ხელს ამოურევს საწყობიდან წვალებით და სიხარულით გამოთრეულ ტომრების სტომაქს, განაბნევს თავზე მოყრილ ქატოს... როგორც იმ ხალხს, ვინც იქ იყო, თავდახრილი, ჩამუხლული აგროვებდა, იკალთავებდა, სიხარულით ისაკუთრებდა; დედაჩემივით ტიროდა და უხაროდა ქატოს ნათელი... იმ ხალხივით ცალკე წავა ეს ქერქბუდე, ხმელი მომყოლი, მარცვლის გულზე მიწყვეტილი ჭიპლარით, სულ პაწაწა, სულ მუნუნა... ვით ხორბლის სული, ქარს გაჰყვება, შავ ხნულებში სამარადჟამოდ ჩაიფარცხება...
მისი გული კი, ფქვილი- ცხობილი, ოხშივარადენილი, ჩვენს ტაბლაზე დაეგება, შოთიპურებად დაიტეხება ყველა თაობის პატარების, მშივრების თვალწინ, ვითარც პური პატიოსანი -ტარიგივით განტეხილი; და ეს სიცოცხლეც_ ერთ წუთში ტანჯვა-წამებით გასათრევი, მეორე წუთში, როგორც ღმერთი, მშვენიერებით შეიმოსება...

SUNDAY, NOVEMBER 20, 2016

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:14 pm

ცირა ყურაშვილი

ცანგალას ამბავი

(საბავშვო ზღაპრების წიგნიდან)

ცანგალა პატარა ბიჭია. ერთ ნისლიან დილას, როცა მამალმა პირველად იყივლა, ცანგალა ქალაქს წავიდა. –,,ყურძენიც მოიპარაო”– მელექსე ჰყვება, მაგრამ ის სხვა ცანგალაზეა, ჩვენს ცანგალას არაფერიც არ მოუპარავს, გოგონამ გააფრთხილა: რაც არ უნდა მოგშივდეს, ხელი არაფერზე წაგიცდესო და ესეც დაჰპირდა. ცანგალა ისეთია, სიტყვას არ გასტეხს. დას დაუჯერებს, დედის გულს არ გაამწარებს, მამის ხსოვნასაც არ შეარცხვენს.
შეხტა ცანგალა, შეკუნტრუშდა და გზას გაუდგა.
ნისლიანი დილა რომ იყო, ხომ ვთქვით?
ცოტათი მუცელიც რომ სტკიოდა ისიც ვთქვათ, მაგრამ ცანგალა რისი ცანგალა ბიჭი იქნება, თუ მუცლის ტკივილი შეაშინებს.
იარა ცანგალამ, იარა და რა ჩამოთვლის, რამდენი რამე ნახა. მაგრამ იმ მოხუცისთანა გამოსარჩევი და უცნაური მაინც არაფერი. ცანგალამ იგი მაშინ დაინახა, როცა ნაგავსაყრელს ჩაუარა. მოხუცს მომწვანო, ჭუჭყისფერი, მოგრძო ქურთუკი ეცვა. ქურთუკის მთელ ზედაპირზე სხვადასხვა ფერის, ქურთუკთან შეუხამებელი საკერებლები ედო. მოხუცს ქუდიც ამგვარივე ეხურა, პატარ-პატარა, ჭრელი საკერებლებით გაწყობილი, კეპით უკან, კისრისკენ შეტრიალებული და ცანგალამ იფიქრა, რომ ამ სამოსის პატრონი დიდად მოცლილი და ახირებული ადამიანი იყო. მოხუცს მუხლებთან, ქურთუკის ბოლოები სარჩულის მხარეს ისე გამობერვოდა, ეტყობოდა შიგ რაღაც-რუღაცეები ეყარა. იტყოდი– ბოთლებიაო, ქუჩაში ბოთლები თუ აკრიფაო, ანთუ ძონძებიაო–სანაგვეზე წამოკრიფა და ქურთუკში სარჩულის მხრიდან ჩაუჩურთავსო. სანაგვეზე დახრილი მოხუცი ჯოხით რაღაცას ჩიჩქნიდა.
ცანგალა მაშინვე მიხვდა, რომ ეს არც ბოთლები იყო და არც ძონძები. ბიჭს გული ახლაც ისე შეუხტა, როგორც ადრე, მაშინ მამა ცოცხალი იყო, ცანგალა მას ხელიდან გაუსხლტა, ერთ ფერადჩანთიან, ქუჩაში მიმავალ ქალთან მიირბინა, ქალს ფეხებზე შემოეხვია და მამას დაუძახა: ,,მამა, მოდი, ამ ქალს აქვს ზღაპრის წიგნები”. მაშინ ცანგალას მამას ისე შერცხვა, ისე შერცხვა, შუბლიდან ოფლი ცხვირსახოცით მოიწმინდა. ცალკე ქალს შერცხვა, წაბორძიკდა და კინაღამ წაიქცა თავის ჩანთიანა, რომელშიც ბევრი ზღაპრის წიგნი ელაგა. ცანგალამ ახედა ზღაპრებიან ქალს და უთხრა: –,,მე თქვენ გუშინ დაგინახეთ!” წაქცევას სასწაულით გადარჩენილმა ქალმა გაიღიმა და ცანგალას უთხრა: ,,შენ ნამდვილი ცანგალა ხარ, მე შენ ჩემს ზღაპრებში შეგიძღვები და იქ უთვალავ რამეს გაჩვენებ…” მაგრამ მერე იმ ქალს დაავიწყდა თავისი პირობა, თუ რა იყო, ცანგალა ზღაპარში ვეღარ მოხვდა. ახლა, კი…
ცანგალამ იფიქრა, რომ მოხუცის ქურთუკის ბოლოებში ზღაპრის წიგნები იყო ჩაჩურთული, ვინ იცის, იქნებ რომელიმე ზღაპარი ცანგალაზე, გოგონაზე და მათ დედაზეა, ან მამაზეა ზღაპარი, რომელიც ბეწვის ხიდზე გავიდა. და რაკი ასე აინტერესებს ცანგალას ზღაპრები, ახლა ლეკვივით გაჰყვება უკან მოხუცს.
მიდის ცანგალა, უკან მიჰყვება მოხუცს, მაგრამ ვერ ბედავს, დაუძახოს, შეაჩეროს, ერთი ზღაპარი მაინც სთხოვოს. სამაგიეროდ მისი ფიქრები იქცნენ პატარ-პატარა ზღაპრებად, ისინიც მიხტიან და მითამაშობენ ბიჭთან ერთად. აი, ერთი ფიქრის ზღაპარი: მიდიან, მიდიან და ერთი ბექობიდან თავდაღმართში დიდი ნაგაზი დაეშვება, ჯერ ცანგალას შეუღრენს, მაგრამ ცანგალა უშიშარია, აიღებს მსხვილ კეტს და თუ შემოუტევს_ ჭორგავს თავში ნაგაზს. მერე ნაგაზი მოხუცს შეუღრენს, არა, არაფერს დაუზიანებს, მხოლოდ მისი ქურთუკის ბოლოებს ჩააფრინდება, გამოგლეჯს და ზღაპრის წიგნებიც გამოცვივდება. დასწვდება ბიჭი და აიღებს ერთ წიგნს.
არა, არ მოწონა ბიჭს ამ ფიქრის ზღაპარი, ამას სხვა სჯობს:
მიდიან, მიდიან და დაიღლებიან, მოხუცი ქურთუკს გაიხდის, ხის ტოტზე ჩამოჰკიდებს, დაიძინებს, სად იქნება და სად არა, ქურდები გამოჩნდებიან, ქურთუკს წაეტანებიან, ხელთ ზღაპრები შერჩებათ, იმათ კი წიგნები რად უნდათ, ხრამში გადაყრას დაუპირებენ, მაშინ გამოხტება ბიჭი ცანგალა და ყველა ზღაპარს გულში ჩაიკრავს.
აჰ, არა! წაიკითხა ბიჭმა თავისი ფიქრის ზღაპრები და, აჰ, არ მოეწონა. ეს ფიქრებიც ხომ ქურდობას ჰგავს, ქურდობა კი რა ცანგალას საკადრისია. სხვა ზღაპარი სჯობს, აი, ასეთი: ივლიან, ივლიან, მოხუცი მოიხედავს, შეხედავს ცანგალას ვაჟკაცობას, რომ ზღაპრისთვის ამხელა გზა გამოუვლია და თავისი ხელით აჩუქებს ბიჭს ზღაპრის წიგნებს.
მაგრამ მოხუცი მიდის და მიდის, გზას კი ბოლო არ უჩანს. ცანგალა ჯერ დაიღალა, მერე ძალიან დაიღალა, ბოლოს კი ისე დაიღალა, ლამისაა სული ამოჰხდეს, თან რომ მუცელი უხურს? გზას კი ბოლო ისევ არ უჩანს.
იარეს, იარეს და მიადგნენ ერთ პირდაღებულ უფსკრულს. უფსკრულია ისეთი, ისეთი, თვალს ვერ ჩააწვდენ. მის ძირში კი იმოდენა წყალი მიჰქუხს, მისი ტალღების გრუხუნი ლამის დედამიწის კიდეში გაისმის. უფსკრულზე ბეწვის ხიდია გადებული. გაიხადა მოხუცმა თავისი ქურთუკი, იქვე მიაგდო, დაჰკრა შიშველი ფეხი ბეწვის ხიდს და გადაევლო უფსკრულის დაღებულ ხახას.
ხედავს ცანგალა, სანატრელი ქურთუკი იქვე გდია, მიდი, გამოარღვიე რომელიმე ნაკერი, რა ზღაპრები არ იქნება შიგ, მაგრამ ცანგალას აღარც უნებართვოდ სურს ქურთუკს ხელი ახლოს და აღარც ზღაპრები აინტერესებს, მასაც უნდა ბეწვის ხიდზე გადაფრინდეს, გაიგოს იქით რა ხდება, იქით ხომ მამა წავიდა.
გაიხადა ცანგალამ თავისი ფეხსაცმელები, ცალ ხელში დაიჭირა, მეორე ხელი ჰაერში აიქნია და ბეწვის ხიდზე შედგა. ხიდია ისეთი უწვრილესი და უგრძესი, რაც დედამიწაზე ადამიანი დაბადებულა, იმათი წარბ-წამწამი, არა, იმათი თმის ღერები რომ გადააბა ერთმანეთს-ძლივს გაწვდება. შედგა ცანგალა ბეწვის ხიდზე და სულ აგანგალა-განგალით გადაირბინა ხიდი. დაჰკრა ფეხი და ერთ უცნაურ მინდორში მოხვდა: ხედავს, პატარა ბავშვები დარბიან ზედ ყვავილებზე, დაჭერობანას თამაშობენ. გამოედევნებიან ერთმანეთს, სულ გადაშლილ ყვავილებზე ირბენენ, მაგრამ ყვავილები არც ითელება და არც არაფერი, თითქოს ბავშვები კიარა, თეთრი პეპლები დაფრენენ თავზეო. ცანგალამ გაკვირვებით უყურა პატარების ანცობას, მერე, როცა ისინი რძიან შადრევანს მისცვივდნენ, სვამდნენ და სიამოვნებით ტუჩებს ილოკავდნენ, ცანგალას მუცელი აუყურყურდა და ჭინჭარივით დაუსუსხა ტკივილმა.
ცანგალასაც სურდა ბავშვებთან თამაში, მაგრამ მაინც გაეცალა მათ და გზას გაუდგა. თუმცა გზა სად იყო, ულამაზესი ყვავილები მთელ მინდორზე ისე გადაშლილიყვნენ, ფეხს რას აუქცევდი, მაინც არცერთი ყვავილი არ გათელილა, თუმც კი მათ ფერადებზე ფეხით გადიარა ცანგალამ.
მინდვრიდან ბიჭმა ქალაქის გალავანს მოჰკრა თვალი და იქით გაეშურა. ხედავს, კარიბჭესთან რიგი დგას. ის მოხუცი იცნო, ქურთუკი უფსკრულის პირას რომ დატოვა, მისდაგასაკვირად მოხუცს გრძელი, ყავისფერი პალტო ეცვა, ხელში რაღაც საბუთი ეჭირა და კარიბჭის მცველებს ესაუბრებოდა. ცანგალას ბევრი აღარ უფიქრია, მოხუცს პალტოს ქვემოდან შეუძვრა, შიგნიდან ამოეფარა და მასთან ერთად გააბიჯა კარიბჭის იქით.
იქ კი ისეთი ქვეყანა გადაეშალა თვალწინ, ცანგალამ იფიქრა, რომ სწორედ ასეთია ზღაპარი. ეტყობა, ქალმა თავისი სიტყვა შეასრულა და ცანგალას ზღაპარში შეუძღვა და რაკი ზღაპარშია, მაშინ მამაც აქვე უნდა ეგულებოდეს. მამა მართლაც იქვე იყო, მამა არ შეცვლილიყო, ისეთივე კარგი იყო, როგორც ადრე. –რა მიზეზით გიჩქარია, ჯერ შენი დრო არ დამდგარა, რად წამოსულხარ ამ სიშორეს, დედას და გოგონას ძალიან შეაშინებ–საყვედურით უთხრა მან, ისეთივე მზით გარუჯული ხელი ჩაჰკიდა ბიჭს, როგორიც ადრე ჰქონდა, რძიან შადრევანთან მიიყვანა–დალიე, უთხრა ცანგალას– და ტკივილი გაგიყუჩდება. ცანგალა რძიან შადრევანზე დაიხარა, და კატასავით ამოსვლიპა მთელი რძე.
–მოდი, ყავისფერ წიგნში ჩავიხედოთ, ვნახოთ, რა მიზეზით წამოსულხარ ამხელა გზაზე, უთხრა მამამ ცანგალას და ერთ კაცთან მიიყვანა. გრძელწვერა კაცმა ყავისფერყდიანი, უზარმაზარი წიგნი გაშალა, იქ თითი გააყოლა, რაღაც ამოიკითხა, სახეზე გაკვირვება გამოესახა, ცანგალას შეხედა და ჰკითხა– შენ აქ რა გინდა, აქ საიდან გაჩნდი? მერე კი დაუცაცხანა: აბა, მოუსვი აქედან!
შეშინებული ცანგალა აქეთ ეცა, იქით ეცა, მერე კარიბჭისკენ გავარდა, იქ კარიბჭისმცველებმა ხელი სტაცეს და გალავნის გადმოღმა ისროლეს, თან თავისი ფეხსაცმელებიც თავზე გადმოაყარეს.
ბიჭს მამლის ყივილი ისევ შემოესმა. თვალი გაახილა, სიცხე აღარ ჰქონდა, აღარც მუცელი სტკიოდა. მზეს თბილი სხივი ხელივით გადმოეყო სარკმლიდან და ცანგალას შუბლს ეფერებოდა.
გოგონამ თერმომეტრი უმნიშვნელოდ დაბერტყა და შეინახა.
– აგერ ახლა არ გავწმინდე ეს ფეხსაცმელი, როდის დასვარა, ან ეს ფერადი მტვერი საიდან გაჩნდა მასზე? -უკვირდა წინკარში დახრილ გოგონას.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:17 pm


ცირა ყურაშვილი- სახვეპელი
tsira kurashvili
Published on Oct 12, 2016

Exclamation

ცირა ყურაშვილი

სახვეპელი

(ნოველათა კრებულიდან ,,ჟამსა თამაშობისასა”)

აი, ქალი_ ამბობს ბიძინა მეფუტკრე ხბოშუბლას ხვიარებით შემოგარსულ ჭიშკრის წინ შეყოვნებულ ქალებთან. დედა იცინის. ემალის ჩაიდნის ცხვირზე ჩამოცმულ ალუმინის ჭიქაში, რომელიც უფრო მამაკაცის წვერსაპარსი ფუნჯის ასაქაფებელს ჰგავს, წყაროს წყალს ასხამს და ქალებს აწვდის, თან რაღაცას ეუბნება ხალისიანი, მკვეთრად მელოდიური ხმით, რა სიმკვეთრეც აქამომდე მაცბუნებს და ვერაფრით შევეჩვიე. ნახევრად სველი კაბა აცვია, ჭალის ბილიკებზე დამწდარი. ოქტომბრის 22 დგას, ჩვენ ცხელ ასფალტზე მზეში გამომშრალტარიან და აფურფუტებულ სახოპავ ბადეს და თევზიან ტომსიკას მივაცანცალებთ ფეხშიშველნი. ტომსიკით კალმახი მიგვაქვს. დედამ დაიჭირა, ნახეთ როგორ: სათავიდან დაუყვა ჩქერში თევზაობით, ჩვენც უკან მივდევთ ხუთნი, თვითონ გამართული, ჩქერში დაღმა წინწინ მიიწევს, თან ოთკუთხა სახოპავ ბადეს უსვამს. ჩვენ უკან მივყვებით, ალოპიანებულ ლიპებზე ფეხი გვიცურდება, ნიკაპამდე წყალში ჩახრილებს დედის სველი კაბის ბოლოებთან სრიალა ხავსებით, წვრილ-წვრილი ნიჟარებით და გვერდელა -ღორტავებით, ჩვენ ღორტაფებს რომ ვეძახით, დაფარული ქვები ხელიდან გვისხლტება. ქვებს ადგილს ვუნაცვლებთ, წყობას ვუცვლით, ამას ,,ქვების ანგრევას” ვეძახით. სიცივეში ფეხის თითებმა მოულოდნელი დაკრუნჩხვაც იცის, აქ ხომ გვერდიგვერდ სამი ყინულივით ცივი წყარო ჩამოედინება, თუმცა ოქტომბერია, უნდა შეთბეს, მაინც ყინულივითაა. ამ ელვისებური დაკრუნჩხვის არ გვეშინია, მიჩვეულნი ვართ, ფეხის თითები თავისით აიშვებს. დედა თვითონაც ანგრევს და შლის სილა -ქვის წყობას, რასაც ხან ერთი ფეხით მიწვდება, ხან მეორით და მოულოდნელად კალმახს ამოზიდავს ბადით. უსწრაფესად აიჭრება ბადეზე დიდი თევზი და მისი წითელი წინწკლები ჩვენს განცვიფრებულ თვალებში გამოცეცხლილ ნაპერწკლებს გაეთამაშება. ავარდება და ისევ სახოპავს დაასკდება, ისევ ავარდება და ბადის ხავსისფრად გახუნებულ ქსელს დაეხეთქება. ეს არის მდინარის ,,მხეცის” თავგანწირული კვეთება გადარჩენისთვის. გული ამოგვივარდება შიშით, ეს ათასგან დაკერებული და მაინც უამრავგან გახვრეტილ-დაძონძილი ბადე არ გაგლიჯოს და ისევ ჩქერს არ მისცეს თავი. მერე ვისწავლით, ბიჭები ისწავლიან თევზის სხვაგვარ დაუფლებასაც, ნაპირზე ისვრი, მოწყვეტით დააგდებ და დაარეტიანებ...და ვითომ თევზის დარეტიანება გოგოს საქმე არ იყოს... და აი, დედას ცალი ხელით ბადის ტარი მაღლა უჭირავს, როგორც დროშის ჯვარედინად მოხრილი ტარი, მეორე ხელით ქვემოდან მიუმწყვდევია ჩამოზნექილი ბადის ხავსისფერ ქსელში გახვეული წითელხალება დიდი თევზი, როგორც დროშის კუდი_ ჩვენი ხტომაა და სიხარულია? ენით უთქმელი. მერე ამ სახოპავ ბადეს, ანთუ საბას თქმით_ სახვეპელს მზის გულზე მივაგდებთ და სასადილო მაგიდას მოუთმენლად მივესევით დედის ხელებს მიდარაჯებული თვალებით. ონკანიდან წყალი თქრიალით გადასდის დედის ხელის მტევნებს, წველა ყველს და ჩვენი ნაკვეთის შეწითლებულ პომიდვრებს. კალმახს ვინ მოუცდის, ბავშვები ვართ, უგნურები და ჯერ თევზის ჭამა არ გვიხარია. დედა იმ საღამოს თავისი ფეხით წავა საავადმყოფოში, უფულოდ, ერთი კილომეტრის მოშორებით და იმშობიარებს ისე, როგორც ითევზავა, როგორც მორჩავს და აკრავს, როგორც მღერის თავისი მკვეთრად მუსიკალური ხმით, როგორც ლექსებს უთეთრებს დიდ, მუყაოსყდიან რვეულში მამაჩემს, როგორც აიძულებს ძე ღმერთს, გაშალოს თავისი დალურსმნულმტევნებიანი მკლავები და მაღლიდან აკურთხოს ჩვენი ბავშვური ტერფებით გადატკეპნილი და ამით გადახრიოკებული ეზო, რომელზეც კოლინდარმა ფესვი ვერაფრით მოიდგა. _აი, ქალი, მერამდენედ იტყვის ბიძინა მეფუტკრე, ხბოშუბლას მოიისფრო მტევნებით დაძანძულ თავის ჭიშკართან_აბა, თქვენ ხართ ქალები, ერთი შვილი ძლივს გაგიჩენიათ?!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:20 pm

ცირა ყურაშვილი

,,ეს მიწა ღვთისაა“

(მცირე რამ მამა ანდრიაზე)

მამამ მას პაატა დაარქვა. ჩემზე ოთხი წლით უმცროსი იყო, როცა სულ ადრეულ წლებს ვიხსენებ, თვალწინ მიდგას ის და ჩემი მასზე ორი წლით უმცროსი ძმა ვარაზი (აწ დეკანოზი მამა იოანე), ერთი თაფლისფერთვალება, მეორე ცისფერთვალება ბუთხუზა ბიჭუნები კორდზე როგორ კრეფენ გაზაფხულის პირველ ყვავილებს. ბავშვობაში ყვავილები ძალიან უყვარდათ და არ გამკვირვებია, როცა ღვთის შეწევნით გადარჩენილმა მანანა ანუამ (იპოდიაკვან გიორგი, იური ანუას ქალიშვილი) მამა ანდრიას გარდაცვალების შემდეგ მისი ასეთი სიზმარი გვაუწყა, თითქოს მამა ანდრიას ეთხოვოს -არ ამოეთხარა მინდვრის ის ყვავილები, რომლებიც მისი საფლავის ახლომახლო ამოსულიყო- იყოს ეს ყვავილები, ძალიან ლამაზიაო.
პაატა ბავშვობიდანვე ფიზიკურად იწრთობოდა, სკოლის უმცროსი კლასიდან ჭიდაობის წრეში იყო ჩაბმული და არაერთხელ გაიმარჯვა სასკოლო, თუ რესპუბლიკურ ტურნირებში, ყმაწვილობისას გახდა სპორტის ოსტატობის კანდიდატი, იწრთობოდა კარატეშიც. კარგად ცურავდა და არაერთხელ გადაარჩინა ბავშვები მდინარე ხანისწყალში დახრჩობას.
ყმაწვილობიდანვე ებრძოდა შიშს და ცდილობდა დაეთრგუნა. ერთხელ ის და ვარაზი ჩვენი ყანის იქეთ, მთისკენ, ერთ გაუვალ შამბნარში მიიკვლევდნენ გზას. ამ შამბნარში, დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთათვის მეტად უჩვეულო სიგრძის გველი მოიხელთა, კუდით დაიჭირა. გველი თადაღმა დაეკიდა, სწრაფად ასხლტებოდა ხოლმე ზემოთ, რომ თავი გაეთავისუფლებინა და იყო საშიშროება, ეკბინა მისთვის, მაგრამ პაატასაც უჩვეულო სისხარტე ახასიათებდა და ეს იცავდა მისი კბენისგან... ასევე გულადად ეგებებოდა იგი უზარმაზარ, ყეფით მოვარდნილ ძაღლებს და ეფერებოდა მათ. ძაღლები ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით ქართული ჯიშის ნაგაზი. ასეთი პატარა ლეკვი მოიყვანა ერთხელ ზედა ბაღდათიდან და სულ გულში ჩახუტებული გაზარდა.
ყმაწვილობისას მდინარეზე ხშირად თევზაობდა და ოჯახს ამით ეხმარებოდა. არ გაურბოდა შრომას, ყოველთვის მზად იყო მშობლებს დახმარებოდა და მრავალშვილიანი ოჯახის ტვირთი თვითონაც პატიოსნად ეტვირთა. ერთ სეზონზე, როცა მშობლებს ძალიან უჭირდათ და ხშირად პურის ფულიც არ ჰქონდათ, მავთულბადის საამქროში დაიწყო მუშაობა, რომელიც მდინარის მეორე ნაპირას იყო გამართული, საამქრო ჩვენს სახლთან ახლოს, მდინარის მეორე ნაპირას იყო, მაგრამ მდინარეზე ხიდის არ არსებობის გამო ერთ კილომეტრზე მეტი გზა სჭირდებოდა შემოსავლელად. პაატამ ამ გზის შესამოკლებლად მდინარის ნაპირები სქელი მავთულის ბაგირით დააკავშირა ერთმანეთთან, ბაგირი გაჭიმა, მასზე ოთხკუთხედი რკინის ჩარჩო ჩამოკიდა, ჩადგებოდა ამ ჩარჩოში და ერთი ნაპირიდან მეორემდე რამდენიმე წუთში გადასრიალდებოდა.
როცა ძალიან გვიჭირდა, დედა მდინარის ნაპირიდან დაუძახებდა და პაატაც ამშვიდებდა, როგორც კი ხელფასს ავიღებ, არ დავყოვნდები მაშინვე წამოვალო... სრულიად ყმაწვილი ასაკოვანი კაცის სიდინჯით და გადახედულობით ისე ეხმარებოდა ოჯახს, რომ ზოგჯერ თავისი თავი, ახალგაზრდული ასაკი და პირადი საჭიროებები არც კი ახსოვდა...
იყო თავისუფლებისმოყვარული, არ უყვარდა დიქტატი, ჯარის სამსახური უნგრეთში მოუხდა, ჯარიდან დაბრუნებისას ჯარისკაცის უნიფორმა ზონრით შეკრა და მდინარის ტალღებს გაატანა.
იყო ძალიან დაკვირვებული, მოვლენებს ჩაღრმავებული, მაძიებელი ბუნების, მაქსიმალისტური ხასიათის ყმაწვილი, ნელთბილობა არაფერში ახასიათებდა, რასაც გულში ამოიჭრიდა, ყველაფერი საუკეთესოდ უნდა გაეკეთებინა, თან ღვთის შეწევნით. ჯარში ერთერთი სამხედრო სწავლების დროს მონაწილენი ყუმბარსატყორცნიდან ფანერის ტანკებს ესროდნენ. რამდენიც ისროლა, იმდენი მოახვედრა სამიზნეს პაატამ. ოფიცრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ბოლოს დაუმიზნებლად უსვრია_ ტრაექტორიით. ასე გატყორცნილი ყუმბარაც კარგად დაბარებულივით პირდაპირ სამიზნეზე დაცემულა. ეს კი ნამდვილ სასწაულად ჩაუთვლიათ განცვიფრებულ ოფიცრებს.
შრომისას ხელხვავიანობითაც გამოირჩეოდა. ეს თვისებები ძალიან გამოადგა, როცა ჯერ მორჩილის, შემდეგ ბერულ ღვაწლს შეუდგა და შრომითაც თვითონ მოიპოვებდა არსობის პურს. სხალთაში ყოფნისას მიწის ნაკვეთს ამუშავებდა, რომელზეც სიმინდს, ლობიოს იწევდა... თავისი ხელით აცხობდა სეფისკვერებსაც და სხვა. ბერობისკენ ნაბიჯი ჯერ კიდევ ჭაბუკს წუთისოფლის სწრაფწარმავლობის გააზრებამ გადაადგმევინა, ზოგადიც და კონკრეტული მიზეზიც ეს იყო. მანამ ბაღდათიდან 25-30 კილომეტრის დაცილებით, ზეკრის ტყეში წაიღო ბიბლია, იქ სრულ სიმყუდროვეში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებდა, კვირაზე მეტხანს დარჩა და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ბერულ ღვაწლს შესდგომოდა. მამამ ეს ამბავი ძალიან განიცადა, დედა კი ყოველთვის თანაგვიგრძნობდა ნებისმიერ სასიკეთო საქმეში, რაც ჩვენ გვსურდა და მოგვწონდა. ასე დაიწყო მამა ანდრიას ბერული ცხოვრების ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი, რომელიც სულ რამდენიმე წელში ჩაეტია. ის 27 წლისა აღესრულა. დარწმუნებული ვარ, რომ ეცოცხლა, მართლა წავიდოდა უდაბნოში და დარჩენილ ცხოვრებას ლოცვას, ღვთის ჭვრეტასა და გააზრებას მიუძღვნიდა. ის ამბობდა, ადამიანმა რომ იცოდეს, რამხელა სიტკბოება, ნეტარება მოაქვს ლოცვას, როგორ დნება სხეული ნეტარებით, როგორ გოლეულივით ტკბება ღვთის სახელი ბაგეზე, ნარკოტიკს და ალკოჰოლს ახლოსაც არც გაეკარებოდაო. თუმც არაერთი ადამიანისგან ვიცი, რომ მეტად გაბედული, თანამედროვეობის ნელთბილ სულთან შეუთავსებელი ასკეტური ღვაწლის გამო ზოგნი ეჭვობდნენ, ეგონათ, რომ ხიბლში იყო, მაგრამ მისი მიზიდულობა ღვთისადმი ყოველწუთიერად იზრდებოდა და ღვთის შეწევნაც არ აყოვნებდა. მან სლავური არ იცოდა, მაგრამ ვინ იტყვის ამას, როცა მის მიერ თარგმნილ წიგნს ,,შინაგანი ლოცვის სამი საიდუმლო“- წაიკითხავს?
როცა მამა ანდრია სხალთიდან აფხაზეთში მეუფე დანიელს გაჰყვა და კომანის მონასტერში დაემკვიდრა, მე უმცროს გოგონაზე ვიყავი ფეხმძიმედ და ის მისი აღსრულებიდან 13 დღეში გამიჩნდა, ეს ტრაგიკული ამბავი გასაგები მიზეზების გამო მოგვიანებით შემატყობინეს და ეს შტრიხები ჩანს ჩემს მოთხრობაში ,,უკან არ მიიხედო“, რომელიც მამა ანდრიას ეძღვნება. მამა ანდრიას და ჩვენი ბავშვობა ასახული მაქვს პროზაულ კრებულში ,,ხიზნები კომანის მონასტერთან“, ასევე ახალ წიგნში, რომელიც მალე გამოვა: ,,ჟამსა თამაშობისასა“, რაც შეეხება მამა ანდრიას ღვაწლს, მის აღსასრულს, ამ ღვაწლის გავლენას, ამის შესახებ მოგვითხრობს მწერალ შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანები: ,,საშვი კონფლიქტის ზონაში“ და ,,მანანა ანუა ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“, ბოლო რომანი სულ ახლახანს გამოიცა და უკვე აღიარება მოიპოვა.
ის ლოცავდა, ამხნევებდა ჯარისკაცებს და ომის დროს გასაჭირში ჩავარდნილთ, 5 ივლისს, როცა კომანზე შტურმი დაიწყო, მას ტაძარში მოხუცები და ინვალიდები ჰყავდა შეფარებული, მათგან აღსარებები ბოლოჯერ ჩაიბარა და აზიარა...
მისი მრწამსი ერთი ფრაზით და ამ ბოლო ჟესტით გამოიხატა: როცა ის ტაძრიდან გაიყვანეს, ჰკითხეს, თუ ვისი იყო ეს მიწა, მან თქვა, რომ ეს მიწა არის ღვთის და როცა დაჩოქილს კეფაში ესროლეს, წინ არ გადახრილა, გულაღმა დაეცა სახეზე ნათელი ღიმილით... მამა ანდრიას აღსრულების შემდეგ ჩვენი და-ძებიდან კიდევ ოთხი შეუდგა სასულიერო ცხოვრების გზას, მათგან ერთი დეკანოზია, მეორე მღვდელმონაზონი და ორი მონაზონი. ერთი ოჯახიდან ამდენი სასულიერო პირი_ ესეც ღვთის წყალობაა და მამა ანდრიას თავგანწირვის შედეგი.
მისმა აღსასრულმა არა მხოლოდ ქართველები, აფხაზებიც დააფიქრა... მამა ანდრიას და იური ანუას მეგობრობამ, მათმა აღმსარებლობითმა თავშეწირვამ ქართველთ და აფხაზთ თავიანთი ურთიერთობის ჭეშმარიტი გზა დაანახათ.
რაც შეეხება მღვდელ-მონაზვნის, მამა ანდრიას უხრწნელ სხეულს და სხვა სასწაულებრივ გამოვლინებებს, ეს ღვთის განგებულების ამღიარებელთათვის ჩვეულებრივ ამბად ითვლება, თუმც კი უდიდესი მადლიერების გრძნობა გვმსჭვალავს
შ ე მ ო ქ მ ე დ ი ს ა დ მ ი.


MONDAY, APRIL 11, 2016

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:22 pm

ცირა ყურაშვილი

ჭაი და ზარი

სოფლის შუაგულში, მაღალ ბორცვზე, ძველი ეკლესია დგას- აღდგენილი, გამაგრებული. სამრეკლოსთან მამაკაცები შეკრებილან. ორ-ორნი ახალი სამრეკლოს კედლებად ჩასადგმელ ვეება ფილებს აღმართში ხვნეშით ეზიდებიან. სამრეკლოს შენების საქმე ნელნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. დაღლილნი და ოფლად გაღვრილნი სველ პერანგებს და მაისურებს სამრეკლოს გვერდით აღმართულ ფიჭვის ხის ტოტზე ჰკიდებენ. საცოლშვილო წელი გვწყდებაო_ წელზე ხელებს ისვამენ და საფლავთა სიგრძე-სიგანის მომცველ ლოდებზე კვნესით სხდებიან. მიწიერი საქმეც და ზეციერიც მათგან ერთნაირ ჭაპან-წყვეტას ითხოვს. მადლიც განსაკუთრებული აქვს შრომას, ზარის ახმიანებაც და ჭის ამოყვანაც მათ მარჯვენაზეა დამოკიდებული. ისინიც ერთნაირი გულმოდგინებით ეკიდებიან ორივეს_ ჰაერის სტიქიისასაც და მიწისასაც. ორივეს ერთნაირი რუდუნებით უხსნიან გულ-მკერდს- ზემოთას, რათა ზეციური მადლი შეიკრიბონ, ქვემოთას, რათა მიწის ძარღვებიდან წამოსული მაცოცხლებელი წვენი შეაგუბონ. რაკი გვალვის ლაზარე წელს მეტად თვალბრიალა აღმოჩნდა, სოფლის მამაკაცები თავიანთი მკლავით ცდილობენ ქვასავით გამხმარი, დაბზარული მიწა-გორახის ტალახად ქცევას. ეს კი დამშრალ წყაროთა წილ ახალი ჭების გათხრის გარეშე ვერ მოხერხდება. სხედან სოფლის მამაკაცები ტაძრის სამრეკლოსთან და სანამ ზარი ახმიანებულა, ტლანქად, გლეხურად საუბრობენ თავიანთი მკლავის ძალით გაჭრილ ჭებზე. ერთმანეთს უდარებენ ჭის ზომებს, სიღრმეს, საფრთხეებს... ისეც ხომ ყოფილა, წინა დღით გათხრილი ჭა მეორე დილისთვის ერთიანად ჩაშვავებულა, ჭაპან-წყვეტით ამოღებული მიწა კვლავ ფსკერისკენ დაქანებულა და ჭა პირთამდე ამოუვსია. ამიტომ ოსტატი სჭირდება საქმეს, ოსტატმა იცის, ბაგოვნები- ხის სართულ-ხარაჩოები სად გასდოს და დაახვედროს შვავად წამოსულ მიწას, რომ მან ფსკერს ვერ უწიოს და ზემოდან, ბაგოვნებიდან იოლად გადაიბერტყოს. სხვაგვარად, ოსტატს აღებული საქმე ხელიდან გაუსხლტება, ნახელავიცა და ოსტატის სახელიც ერთდროულად გაუცუდდება.

სხედან, საუბრობენ, გარდასულსაც იხსენებენ, სხვაგან, სხვა თემში, სხვა სოფლებში გაჭრილ ჭებს და დაუდევრად მოხსენიებულ ადამიანთა გამო გულს ლმობიერებისას, სააღმსარებლო ცრემლით ჩასტირიან.

_ეეე, რა შემეძლო?! 4-5 დღეში ამევიღეთ 21 მეტრიანი ჭაი ტამიშში, ღუტუშა ქობალიასას და ომიც ქე დეერთო ზედ. გამოვაღწიეთ რაღაცნაირად ტამიშიდან, დიდი გაჭირვებით ჩევედით აბაშაში, აბაშიდან ვინ გიშვებს, ბიჭო?! ცხენისწყალზე ლიწი-ლიწინია, მიტინგია, ერთი ამბავია... ჰოოდა, ქალია ვიღაც, მაიორი, გადაკეტილი აქვს აქეთ გზაი, მარანში არ გვიშვებს... სად მიდიხართო? _ვანში თქვა. _სანამ სიპიტია ერემეიშვილს (ბაბუსო) არ ,,გავპარცავ“, არსად გაგიშვებთო. _რას ვჩივი, მე ვუთხარი, კისერი გიტეხიათ, რაში მაინტერესებს სიპიტია... გეეცინა იმ ქალს. ქობალიას უცდიდნენ. მევიდა ქობალია. მიტინგია, შეეგებნენ მეგრელები, უკრავს ხალხი ტაშს. _ხალხო, მშვიდობიანო მოსახლეობავ, _ ხალხს ეუბნება ლოთი_ ნუ გეშინიათ, ვანი ევიღე (აფერისტი) და ეგერ შევედი, გვირაბში ვარ თითქმის მისულიო. აყვირდა ხალხი _უუუ! _ დასცხო ტაში, დავცხე ტაში მეც. კიკიელა მეუბნება_ რა გიხარია შე კვტარძაღლო? ვანი ოუღიათ, დაგვწყვიტავენ ვანელებს ეს პიმპილნაჭამი მეგრელებიო. ჰოოდა, დეიშალნენ მერე. წამევედით, კულაშში გევედით, ფეხით _ ცხენისწყალზე. აქეთ არ წამოვსულვართ. დილის 12 საათზე გასული, ღამე ევედით სამტრედიაში. იქაც ერთი ამბავი იყო_ ტანკები, ჯარისკაცები... სულ ტალახში ამოტიტყნილი, ამოლიზნილი დავბრუნდი ვანში და ჩვენს სოფელში. ფულს ვინღა მომცემდა, ახლაც ოუღებელი მაქვს. ის ღუტუშა ქობალია ქე მომკვდარა... ეეე, რა რთული პერიოდი იყო მაშვინ, რა რთული?!

_ყოველი კაცი ცრუია, სოსიკია, რაი მივაგო უფალსა, რომელი მომაგო მე?- ასე გვეუბნება მეფსალმუნე.

_ყველა კაცი ცრუი და მატყუარა კიარ არის, სუსტია კაცი, მთავარი რწმენის საძირკველზე თუ არ დგას, კიდევ უფრო სუსტი და მერყევი.

უსმენ სოფლის კაცების საუბარს და ასე, მათ მსგავსად, გვალვიან ფიქრებისას შენც შეგიძლია მეხსიერების უძირო ჭას ფსკერამდე ჩახედო.

ეროვნული ხელისუფლება რომ დაამხეს, საპროტესტო აქციები გაიმართა ჩვენს ქალაქში. ერთი უზარმაზარი, ქუთაისისთვის უჩვეულო მანიფესტაციაც მოეწყო ქალაქის ცენტრიდან ასეთი მიმართულებით_რუსთაველის პროსპექტი_ ჭავჭავაძის ქუჩა_მინისტარის ქარხანა_ბალახვანი_ქალაქის ცენტრი. მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა თავიდან საკმაოდ მოკრძალებული იყო, მერე და მერე, თითქოს განგაშის ზარს შემოჰკრესო, მთელი ქუთაისი ქუჩაში გამოეფინა. მაშინდელი სტატისტიკით, აწ განახევრებული ქალაქი 270 000 მცხოვრებს ითვლიდა, მაგრამ ვინ აღრიცხავდა, რამდენი მოსულიყო მათგან? ქუთაისელები გამორბოდნენ, ტოვებდნენ პურის რიგებს, გაბოლილ ნავთქურებს, ტაფებზე დაშუშულ ხახვს, მუხლებქვეშ შედგმულ სპირალიან ქურებს და მუხლზემოთ გადმოფენილ პლედებს, ტანსაცმელში გახვეულ, ადუღებული წყლით სავსე სათბურებს, მოშიშინე ჩაიდნებს, ყველაფერს, რაც ადამიანური ყოფის, სიცოცხლის ნიშატით იყო აღბეჭდილი, საჩქაროდ კეტავდნენ კარებს და გვემატებოდნენ. მალე ხალხის ტალღა ოკეანესავით ტორტმანებდა, ბოლო არ უჩანდა და ბალახვანში, ხიდზე გასვლისას ნაფოტივით მიმათამაშებდა.

კომუნისტური ეპოქის შემდეგ ხალხმრავალი დემონსტრაცია წესით არ უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ სად ის იძულებით-სანახაობითი, სპექტაკლებად დადგმული დემონსტრაციები, მედროშე-მეტრანსპარანტეს ნიადაგ რომ ეძებდნენ, ვერ პოულობდნენ, რადგან ერთიც და მეორეც მიმალულიყო, შვილივით ჩაბარებული ტრანსპარანტი სადღაც მიეგდოთ, დროშის ტარი კედელზე მიეყუდებინათ, ხოლო მასზე მოხსნილი დროშა სამკერვალო საამქროს რომელიღაც მკერავ-მემანქანის მაგიდის უჯრაში შეეჩურთათ... და სად ეს მანიფესტაცია, რომელშიც მოქალაქეთა თავისუფალი, პიროვნული ნება გამოხატულიყო, სურვილიც_ არ გამოწყვეტოდა სამართლიან მსვლელობას.

მანიფესტაციის თვითეული მონაწილე ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ იგი, როგორც საყოვეთაო პროტესტის ნაწილი, შედეგს აუცილებლად გამოიღებდა. ადგილობრივი ფერწასული გაზეთები კიარა, მსოფლიოს მძლავრი სამაუწყებლო კომპანიები გააშუქებდნენ მის მასშტაბს. ბი-ბი-სი-ს, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია გადასცემდა მიღებულ ინფორმაციას ქუთაისზე, სი-ენ-ენ-ის თანამგზავრები კოსმოსიდან გადაიღებდნენ ხალხის ოკეანისებურ ტორტმანს და ამერიკის, მსოფლიოს მილიონობით მცხოვრებნი ნახავდნენ, რომ ქუთაისელები არ ვურიგდებით უკანონობას, სისხლისღვრას. ,,ქუთაისი გადაარჩენს მის საყვარელ ჰუმანისტ პრეზიდენტს, იხსნის დევნისგან, დაიბრუნებს. შეჩვენებულ შევარდნაძეს, სიგუას, იოსელიანს და კიტოვანს კი წაუსვამს თავიანთ საგრძნეულო-საკუდიანო ზეთს _კვინტილას, გადასვამს ცოცხებზე და გააფრენს იქით, საიდანაც მოსულან.“_ ასე ვფიქრობდით და ვბჭობდით გზადაგზა.

სი-ენ-ენ-ი, არა, კვატი! ვის ადარდებ, ვის დაკარგვიხარ!

ის უზარმაზარი ძალა_უნარიანი, რისკიანი, გონიერი ადამიანებისა, იმ ოკეანეს რომ ატორტმანებდა_ სახელმწიფოებრიობისკენ მიმავალ გზაზე ეროვნულ გმირებს ადევნებული, ნელნელა გაედინა საზღვარგარეთ და ახლა ვინ გვეტყვის_ ჩვენს მშობლიურ, მათს კი სხვადასხვა უდაბნოებში ხეტიალისას ვქრებით, ვილევით, ვცოტავდებით, თუ ოქროსავით ვდნებით და ვიჭედებით?! ერთი კი ცხადია, იმ წლებმა ბევრი რამ გვასწავლა. უპირველესად, სულის ჭებში ბაგოვნების დახვედრება, რათა ერთხელ ამოწმენდილზე ჩამოშვავებული სწრაფადვე გადაგვებერტყა. სულ ვფიქრობ და ველი მას შემდეგ, აი, ახლა დარეკავს მთავარი, დედოზარი, აი ახლა და წასულთაგან არავინ იკითხავს- ვის უხმობს იგი, მოჩილად იტყვის_ ,,ჩემი ქვეყნის გულის ნაწილი მიხმობს მე!“


29-30 აგვისტო 2015 წელი

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:23 pm

ცირა ყურაშვილი

სათხეველი

დაიჭირა მკვდარი თევზი დევიდ კოკოფედაშვილმა. საინფორმაციო წყაროებმა ასე გამოაცხადეს: ,,ოქროს ტბასთან" თევზი პირველმა დევიდ კოკოფედაშვილმა დაიჭირა!"

თევზი მართლაც დიდი იყო, ის ეკიდა ძუაზე და მძიმედ ირწეოდა, სანამ კოკოფედაშვილი ჰემინგუეიზე საუბრობდა და ოპერატორებმა მხრებთან შემართული გადამღები აპარატები ძირს არ დაუშვეს.

იმოდენა იყო, ამოთრევისას ქარიშხალს დაატრიალებდა ტბაში, თავისუფლად დალეწავდა ნაპირზე ყველაფერს, ძუას გაწყვეტდა, ბამბუკებს დაგვიღეჭავდა, გადაგვთელავდა და გაგვიტაცებდა ყველა იქ მყოფ პოეტს, ცალცალკეც და ერთადაც, ამერიკის ელჩის ჩათვლით, მაგრამ ის ეკიდა მძიმედ ჩამოღვენთილი და ქანაობდა როგორც სტრიქონი, რომელშიც არის სიტყვები და მაინც, მაინც ეს სიტყვები სრულიად არაფერს ამბობენ.

დილით, ტბის ნაპირთან ჩავლისას თვალი ვკიდე დიდრონ თევზებს, რომელთაც ოქროს ტბელი მეთევზე უჩვენებდა დევიდს. მერე ცალი თვალის კილო თავისით იმახსოვრებდა, როგორ ჩირთიფირთობდა სანაპიროსთან ჩემს გვერდით დახრილი კოკოფედაშვილი.

ამასობაში ჩემმა ტივტივამაც დაჰკრა რამდენჯერმე, დაჰკრა, დაძირა და დაჭიმულმა ძუამ პატარა თევზი ამოაფართხალა ნაპირზე. ისეთივე ფრთხიალა, როგორც ჩემი გული.

მაგრამ კოკოფედაშვილი დიდ თევზს იჭერს, დიდ მკვდარ თევზს და ოპერატორებს საქმე უჩნდებათ. ჩემი ბავშვობის ივერ მებადური კი ჩვენი მდინარის სათავე- ნაგებობის კარებში შედის. შხუილით სცემს კანჭებზე თუჯის კარქვეშიდან გამოტყორცნილი ჩქერი. კბილებით უჭირავს ბადის ფოჩვი, მარცხენიდან გაიტაცებს, მძლავრად გასტყორცნის მარჯვენა ხელით და მეყსეულად გაიფოფრება კაპრონის გრძელი, მომძივული სათხევლის ქსელი წყალზე, მაშინვე გამოჰკრავს ჩქერი, არ იმყოფინებს ტყვიათა სიმძიმეს და გამოაფხოკიალებს მორევის თავზე, გვერდით, ჯებირზე დაყუნცული ბავშვების თვალწინ, ,,ორემს” რომ ვეძახით იმ ღურღუმელს, სადაც ქაფიანი წყალი ძაბრივით ტრიალებს, სადაც ჩაგითრევს, ბევრჯერ დაგაკვიწიალებს, მერე რბილ პანღურს მოგცხებს და სამშვიდობოს გამოგაგდებს. ეს ხომ მშობლიური წიაღია, მდინარეს არასოდეს ემეტები დასახრჩობად.

თოკი დაიჭიმება და ტრიალით დაიხვევა ივერის მკლავზე იდაყვიდან, ცერა და საჩვენებელი თითების გავლით. სათხეველი ქოლგასავით დაიკეცება. ხელით ჩაჰყვება ივერი, ჩაწურავს, ჩაასწორებს ბადეს ტყვიებით მომძივულ ბოლოებამდე, ფოჩვებში აქაიქ გამოჩრილ აფართხალებულ თევზებს: ქაშპებს, წვერას, კალმახს ყელ-მხარ გასწრივ ჩამოკიდებულ ტილოს ჩანთაში ჩაუძახებს და გასწევს აღმა...

ასე ჩარჩება ხსოვნაში ჩემი მდინარის ივერ მესათხევლე-ივერ მებადური. ასე დადგება ის ოქროს ტბელი დევიდ კოკოფედაშვილის პირისპირ.

მარხვის დღეებში, როცა თევზით ვიხსნილებთ ხოლმე, ,,მწვანე ბაზრის" საწყობში, საყინულე_ მაცივარში თავჩარგული გამყიდველი არქეოლოგივით რომ ამოტეხავს ,,პრეისტორიულ” თევზს, სანამ იგი გალღვება და ნაჭრებად ვაქცევ, მახსენდება ჩემი მდინარის ივერ მებადური, უნებურად ვადარებ ოქროს ტბელ დევიდ კოკოფედაშვილს და ვფიქრობ -რა უცნაური არსებაა ძე ღმერთი, როგორ ახერხებს თანაბრად უყვარდეს ის, ვინც ცოცხალ თევზს იჭერს და ისიც, ვინც მკვდარ თევზს ჩაუბამს ხოლმე ანკესს. ერთნაირად უყვარდეს ივერიც და დევიდ კოკოფედაშვილიც.



study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 3:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:27 pm

ცირა ყურაშვილი

საცურაო აუზი

მიცურავს ვითომ.

მხარულით.

ჯერ ერთ მკლავს მოუსვამს ატალახებულ წყალს, მერე მეორეს. ფეხის თითებით აუზის ფსკერს ებღაუჭება და წყალ-ტალახში იზიზნება, უფრო იმღვრევა აუზის წყალი, მაინც მიდის, მკერდით მიარღვევს ამ წყალ-ტალახს. მკლავებს კი უსვამს, მივცურავო. აუზი, ასე, ლამაზად რომ წარმოვთქვათ იმისია, თორემ განიერი და გრძელი წყლიანი ორმოა უფრო. წყალ ზემოთ მხოლოდ თავი უჩანს, მიდის, მიარღვევს შეჯიბრებისთვის ამ სახელდახელოდ მოწყობილ აუზის ტალახიან ტალღებს. გვიანი გაზაფხულია, სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი დათვალიერებების სეზონი იხსნება ჩვენს დაბაში. სხვა სოფლებიდანაც ჩამოსულან აქ შეჯიბრის მონაწილენი, თავზე ვადგავართ ყველანი აუზს, სხვა უკეთესი შესაქცევარი რა უნდა იყოს გვიან გაზაფხულს, ცივ დღეს, ცივ დღეს, რაღაცნაირ ცივს. და ცურავენ შეჯიბრების მონაწილენი, აიმღვრა, ატალახდა აუზის წყალი, ის ხომ სახელდახელოდ გათხრილ-მოუპირკეთებელია, პირდაპირ მიწა-ტალახზე დაასხეს წყალი. ამ ტალახში უნდა იცურონ, იქვე მდინარე კი სუფთა არის.

და მიდის კაცი, ღრმა ორმოში მიაპობს ტალღებს, მიცურავს ვითომ...და სანამ ვითომ მიცურავს კაცი...

აი, ყანიდან დავბრუნებულვართ შინ, გრძელი გზიდან, ლაფოიანი ორღობიდან მშობლებს მოვყევით. შინ ჩვენზე უფრო პატარებია- პაატა დავარაზი, სახლში დატოვეს, ამ ლაფიანში მხოლოდ მოზრდილები წაგვიყვანეს. იქ რა შეგვეძლო? ძროხას მოვქაჩავთ, წკეპლას მოვცხებთ, როცა ყანაში ხვატი დადგება და მშობლებს წყალი მოსწყურდებათ, წყაროდან წყალს მოვარბენინებთ, ყავისფერ წებოვანს ჩამოვწიწკნით რამდენიმე ბარისპირ მიწას. დიდი საქმის შემამსუბუქებელია რამდენიმე პატარა ხელი, ეკალას დუყებს გამოიყოლებს გზისპირებიდან ნაჭრის ჩანთებით, ჯიჯლაყას და ქათანაცერასაც დედის ხელით დაკრეფილს, პომიდვრების ჩითილებისთვის რამდენიმე ხარდანსაც წამოვაფორთხებთ, პატარა იღლიებით დავიჭერთ, აკაციის ხარდნებს წვრილი კუდები ლაფოში დასთრევთ, მერე ეს ლაფოც შრება ნელნელა, აკაციის ყვავილებით მოიფინება და რჩება, როგორც ნაფეხურთა მუზეუმი, მუზეუმქალაქი, დიდ-პატარა ნაფეხურთა, ნაჩლიქარების. მზე აქვავებს ნაფეხურთ სიღრმეს. და ხსოვნაში რჩება მხოლოდ ნაფეხურთა მუზეუმქალაქი, თიხის ქალაქი. მერე ორღობე ძაღლების შეღავღავებით და სახლში ვართ უკვე. ამ პატარებს კი ეს რა გული ამოუსკვნიათ? აჰაჰაჰაჰადა ამოისვრიან ჰაერს მუცლიდან ქუთუთოებჩაწითლებულნი. ჰაიმე, კოკორინები დაუკლავს ვირთხას. ან ვირთხას, ან სინდიოფალას! კვატის ჭუჭულით, კოკორინებით, ყვითელი ღრუბლის ფთილებით, ყელგამოჭრილ ღრუბლის ფთილებით მოფენილია, დათოვლილია მიწა სახლსუკან, ტირიან როგორ, გულს იგლეჯენ ჭუჭულებისთვის და ეს გულებია მერე- ერთი დაკლული კომანში და ერთიც აქვე, დიმნას ციხის ფერდობქვეშფეთქავს. თუმც უფროს ქალებს ხელად გვავიწყდება პატარათ ცრემლი, ტყემლის ხეებზე ანაგროვებ თაფლისფერი წებოს ბურთებით უძაფო კოჭებს მივიწებებთ ტიტველ ქუსლებზე, ამ ხის კოჭებით, თავმობრტყელებულ, თავბოლოერთნაირადგამოყვანილ ხის კოჭებით გავივლიდით სულ პრაწკა-პრუწკით, ქუსლებზე რომ გვამაგრდებოდეს, ჩვენ ხომ ერთი სული გვაქვს თუნდ რამდენიმე სანტიმეტრით ავცილდეთ მიწას.

და მიდის კაცი, ღრმა ორმოში მიაპობს ტალღებს, მიცურავს ვითომ...

აბრეშუმის მური გვყავს სახლში, წვრილი, წვრილი, როგორც ქვირითი, მალე ჭიებად იქცევიან, ჩელტებზე გავლენ და მალე თეთრად დააბარდნის, გვიმრის ჩელტებზე, ბჟოლის ფოთლებს დავეძებთ ყველგან მეზობლებში, ყანებში, თუ ჭალისპირებზე, სულ მალეა, რამდენიმე კვირა სჭირდება და გადავსხამთ ოთახებიდან, თეთრად მიბარდნილ პარკს გამოვართმევთ გამხმარ გვიმრებს, ტომრებს გავავსებთ ამ საშუალი, თეთრი პარკებით, დომფალებიც აქვს გამორეული, მათაც შევკრებთ სხვა ტომსიკაში, ამ შეწითლებულ გვიმრებს კი დავწვავთ, დედის სურათი-უამრავი თეთრი პარკი, წინ გორად უდგას, პარკის ჩაბარების პუნქტში მამა თუ უღებს. დედას თმა აქვს მოკლედ, გადაპარსულზე წამოსული, ეკლებივით წამოწვეტილი. შინ კი ბებიას უჭირს დგომა, იატაკზე მორებივით ჩააცურებს ფეხს და ჩაჯდება, ღია კარიდან ეზოს გასცქერს. ,,ერფუთი“არის თურმე ერთი, მასში წერია, ოცი წლის მერე ეს ქვეყანა გადაბრუნდება, სუ, ჭიშკრიდან ვიღაც იძახის, ვებღაუჭებით, ვეპაწკურებით ბებიას მკლავებს, ვიქაჩებით, ვიძარღვებით, ჭიებივით ვიწელებით, რომ წამოვმართოთ, მუხასავით წამოვაყენოთ. პენსიის დამტარებელია, მაღალი და გამხდარი კაცი და ბებია გაზეთებში მოხუც კაცის ვეება და ლოყებგაფუყუნებული სურათი როა,მასზე ეტყვის ამ პენსიის დამტარებელს: ,,ეს ლეონიდე კაი კაცია“ და ყავისფერი თითებით, მეზობლების ყანა-ბოსტანში ირემასათვის ბალახ-კალამას თხრით გადასერილ თითებით უწყისების უხეშ, მოყავისფრო ფურცელზე, სადაც წაქცეული, უფრო კი გვერდზე გადაყანთრული მარგილებივით მიწყობილია ასობგერები:- მარიამ შალამბერიძე -18 მანეთი- მას ბოლოში ჯვარს დაუსვამს გაუბედავად.

საღამოა და დედა მოსულა. მერე ირემას მიაბამენ ბოსლის კოჭებზე, ასე წველიან ის და დედა გაჭირვებულად, აიწყვეტს მერე ირემა და უიმე, დედაია, რძეს დააქცევს წიხლისკვრით და გაგიჟებული აქეთიქით ეხეთქება. რა უცნაური ძროხები გვყავს ჩვენს ბავშვობაში, რა ერთმანეთზე უარესები?!

და მიდის კაცი,ღრმა ორმოში მიაპობს ტალღებს, მიცურავს ვითომ…

ტაძარი არა, ეკლესია კარმიგდულია, კლუბია, კლუბი და ის ღვთაებრივ ნაგებობად წარმოგვიდგება. მონაწილენი ანგელოზურ იერს იძენენ. არამიწიერ სახეებით როცა დასჭექენ:

,,პარტიააა,

პარტია...,

დი-დე-ბა პარტიაას!”

და ეს სცენა, დარბაზი მაღლდება, როგორც ეკლესია, როგორც ტაძარი. მერე ყოველი წარდგენილი გუნდი გვერდითა კარიდან თავის ნაკადს გამოშლის ეზოში. მე მამიდაშვილს ვეძებ, ის სოფლის გუნდის ხელმძღვანელია, უკვე წარმოადგინა კონფერანსიემ მჟღერი, არტისტული ხმით : ,,წითელი ხევის ქალთა გუნდი“, ხელმძღვანელი ნარგიზა ხეცურიანი, ეს ჩემი მამიდაშვილია, იგი გუნდის ხელმძღვანელიც არის, სოლისტიც, ფანდურზეც უკრავს, პიანინოზეც. და დათვალიერების ამ დღეებში ეს პატარა, მკელობელი ტანის ქალუკა სხვაგვარი შარავანდით იმოსება ჩემს თვალში, ეკლესია ამ დროს როგორც ვთქვი კარმიგდულია, მერე მოგვიანებით დავინათლებით ყველანი, პაატა მიგვიძღვება მამა დავითთან, ბურჯანაძესთან. მოგვნათლავს მამა დავითი წყნარ და თვინიერ მლოცველებისა არსებულ ტაძარში და დავეშვებით ბონდის ხიდზე...განათლულები. ზესთა სოფელთან მოკავშირე ჩვენს ბონდის ხიდზე. ხანისწყლისა და საკრაულას შერთვის ადგილას, ნაცრისფერი ლიპების თავზე.

ჯერ კი, მირონი არა გვცხია, რა ერქვა იმ მღვდელს? კირილე, ჯერ კირილეს განათლულნი ვართ მირონუცხებლად. თვითონ კირილეც ხელდაუსხმელი მღვდელი არის ჯერ. ჯერ პური გვაქვს და მჭადი, კონცერტები გვაქვს, აბანო გვაქვს, სპორტული ჭიდილები იმართება ჩვენს სტადიონზე, სხვა რაღა უნდა გვინდოდეს, აბა.

მიცურავს კაცი, ვითომ. ფეხით მიდის და მიარღვევს ტალახიან წყალს, ნიკაპამდე რომ შემოსწვდენია.

გადაღმით კი გოგონების ფეხბურთია სტადიონზე, ჩემი დაც თამაშობს, ასდევს სტადიონის მაყურებლები: მიდი, მიდი! ჩქარია, ბურთს ფეხით ათამაშებს, კენკავს. თუმც ეს მერეა მერე, მანამდე პაატა და ვარაზი ჭიდაობენ კლასიკურ ჭიდაობაში, პაატა იგებს, ის სულ იგებს, ეს მდინარეც გამოგვზრდის და გამოგვწვრთვნის ყველას, პაატას უფრო, ვარაზის და იმედას უფრო. უმარტივეს საბაგიროსაც ამ მდინარეზე გამართავს იგი, ბაგირზე ოთხკუთხედ რკინის მავთულს ჩამოჰკიდებს, ფეხებით ზედ დაადგება, ხელებითაც ჩაეჭიდება და ჰერი-მდინარის შუაწელზე- მეორე ნაპირას, მავთულბადის საამქროში, აქედან იქით, იქიდან აქეთ.

კაცი კი მიდის მიაღწია აუზის ბოლოს, აჰა, ბრუნდება, მოალაჯებს ჭუჭყიან წყალში, თავს გადახრის და მკლავს მოუსვამს, მოცურავს ვითომ, ყველაფერი ვითომ და ვითომ...

ბებია საკურთხის სუფრას ამზადებს, ჯერ ცომს მოზელს, გუნდებს მოხელავს ხაჭაპურისთვის, ყველიანი კოკრებისთვისაც, კეცში ამყოფებს დახვეულებს, ხილფაფიანებს, პატარა, მრუდე ნაჭრებად დაჭრილთ, და აჰა, სანამ სადმე წავა და დიდხნობით დაიკარგება, ჩაგვიყლაპავს, დაგვიკარგავს მისი ძმისშვილნი, სანათესაო, როგორც დედას ეკარგებოდა მთელი ბავშვობა, დამახსომდება ასე მზრუნველი, კეცზე გამომცხვარ ხვეულ ნამცხვრებით, საკურთხის მაგიდის ქვეშ დაჩოქილი მძიმე ფეხებით, კეცის ნატეხზე მიმობნეულ ნაკვერჩხლებზე აბოლებულ ფიჭვის საკმევლის სუნში.

შინ მოუსვლელ, ომში დაკარგულ ბაბუის ბარობაზე დარჩენილი ერთი ცრიანტელა გოგოს- დედაჩემის დედობის ვერ შემგრძნობი-ჩემი ბებია. სტალინის ქვეყნის შვილი ბებია, ომის წლებში სტალინისვე კმაყოფაზე მყოფი ბებია, ომის წლების სიმძიმილის ვერ შემცნობი ბებია, რადგან, დახვრეტილ-გასახლებულთა წილ სტალინი მოდიოდა შინმოუსვლელთა ოჯახებში თეთრი კიტელით, მოდიოდა ,,დაჭვირთული“, მოჰქონდა დოში, ყოველთვეში და ყოველ წელში, სულუგუნი და ფქვილი და ტკბილი, ორცხობილები, შოკოლადის დიდი ფილები. მოუკლებელი საჭმელ- სასმელი და დედა მაინც მშიერი იყო მთელი ბავშვობა, სხვის სახლში, სხვისი მაგიდისქვეშ იშლიდა საგებს. მანიჯარის მჭადი არჩენდა, მანიჯარის მჭადის ნატეხი, მის სახლის ბოძებს ამძიმებდნენ ფქვილით სავსე ტომრები თურმე, პური კი მაინც არ ცხვებოდა დედაჩემისთვის. გასახლებაც ხომ უნდოდათ ისევ ,,ახლობლებს“, რომ მერე მიწა იმათ დარჩენოდათ, ისიც პატარა, ჩაებღაუჭა ბაღდათის მიწას, რომ ჩვენ ვეშვით ამ მიწა-წყალზე.

ალბათ იმიტომ შეიკივლა ზარდაცემულმა პატარა გულმაც: ,,უიიი, მოკვდა, სტალინი მოკვდა!“ შეიკივლა, შეიტირა პატარა გულმა. არ იცოდა, რა იცოდა, ვინ გაუმხელდა...ჩვენც ვინ გვიმხელდა, ზეციური პურით, ლავაშით უკანა ტანი გამოწმინდეს როცა პატარებს, დღესაც ასეა, პატარების ღვთიურ პურით ტანის ჩაბანვა, ზეცამაც მიტომ დაიხუვლა, წავიდა ზევით და კიდევ უფრო დაშორდა მიწას.

კაცი კი მოდის თავგამეტებით გამოარღვევს ტალახიან წყალს...მოზიდა ტანი, ამოიმართა ოცი წლის ან ოცდაათის იქნება ალბათ. ვიცინით. ბავშვები ვართ, კაცებია, ქალებია, დიდებია, პატარებია. რა უცნაური კაცი არის, ფეხზემდგომელას რა უცნაური ცურვა სცოდნია?

2013

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:31 pm

ცირა ყურაშვილი

შროშანი, ჭური და კრამიტი

დიდქურის თონეში
გუნდებად არწყული
დაბურულ ალისფრად დავშოშმინდი...
ჩამივლი დარ-წვიმით,
ქარით, ქარშოშინით,
გამომდგამ ცეცხლიდან ფორმებად.
სფეროთა ტრიალში,
კოცონთა ბრიალში,
ვარვარა ქურაში
მხედავდი-მოვჩანდი,
(შენი ვარ მეთუნევ,
მთლიანად შენი ვარ)
წითური თიხა და
დამწვარი შროშანი...
აწ ყელში ჩადგები
ნაკადად ცრემლების
და გულის ქარგაზე ამომექარგები;
ჭურში ჩამეღვრები
მსუბუქი სიმძიმე,
წამოხვალ ჭევლივით
და ჩაიციმციმებ.
თბილი ვარ მეთუნევ,
მეთუნევ-მიყურე,
დამხედე მეთუნევ,
კვლავ მომაჭიქურე.
შემოვედ მეთუნევ,
უცხოც ვარ, ნატიფიც
ქართული კრამიტით
დახურულ სახლივით.


2015 წლის ხვარამზეობა


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:37 pm

ცირა ყურაშვილი

ულმობელი სიყვარული

ულმობელია ჩემი სიყვარული. ის გადაივლის სატრფოს ხორცთა ჟრიალის ზევით;

სატრფოს თვალებრივ, მხედველობრივ სიყვარულს ზევით; სატრფოს სატრფოთა ნერწყვით გასვრილ, მოხეტიალე ბაგის ზევით; მარადისობის მდინარისთვის გადაყრილი, გრძნობებისაგან დარჩენილი კურკების ზევით.

მე მგზავრი ვარ და ჩემი სიყვარული არ არის მგზავრი. ულმობელია, მასპინძელს არ ჰგავს.

აღებული აქვს თუმცა გეზი სატრფოს მხრებს ზევით, ჟინიანდება და იმის მკერდს სამარედ ითხოვს.



ქრისტე, გაუღე შენი კარები!

ჩემი მოთხრობის გმირი მოდის, აღმართის ქალბატონი. მე ჩამიხუტა იმ საღამოს ბოლოჯერ და უკანასკნელად, რომ შენ გაგიღოს ჯავრით შეჭმული გულისკარი პირველად და სამარადისოდ.

ქრისტე, გაუღე შენი კარები, ჭინჭარნაჭამი ჭუკების ქალბატონი მოდის, აღმართ-დაღმართში გადენილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვთა ქალბატონი მოდის, მათ წვრილ და მსხვილ ფეხებთან ბაწარგათრევით არაერთხელ წაქცეული ქალბატონი მოდის.

ქრისტე, გაუღე შენი კარები, გმირი ქალბატონი მოდის. ყანა-ვენახის ბარვა-თოხნის, აკვრა-მორჩვის, ვაზიდან ძროხებისთვის ალერდის გადამზიდი, პამიდვრის ჩითილების და კარტოფილის ,,ბუდნების” მზადების გმირი; თხილიანი გოდრებით და დაფნის ნედლი ტოტების სიმძიმით წელში გადრეკილი გმირი ქალი.

ქრისტე, გაუღე შენი კარები, მხევლობით დაღლილი უფასო მოჯამაგირე მოდის; გულნაწყვეტი მოდის ქვემოურებზე, მოჯამაგირედაც არ გინდივართო.

გაკვანძულ ცხვირსახოცს გამოხსნის სიმინდის ნაქურჩალ-ნაკორტალა-კოტიათი გაქლიბული ფრჩხილებით, ფელამუშგადასმული ფრჩხილებით და ფულს მოგცემს ბარვა-თოხნით გაუხეშებული თითებით. ძროხის რძით დატკბილული თითებით.

ქაღალდის წვრილ ფულს ჩაგიკუჭავს ხელში მიკერძოებით და ხაზგასმულად, როგორც მე მიკუჭავდა, ავ თვალს რომ არ დაენახა.

ავი თვალი ნუღარ დაინახავს.

შავი თავსაფარი მოუხდია და ჭრელით წამოსულა.

ქრისტე, გაუღე შენი კარები.



ბიჭის გარდაცვალება

მისი სახის ბიჭი ჩემი დაკვირვებული მზერის მხარეში ჩაესვენა, გულის მეხსიერების მხარეში. ბიჭის მწვანე თვალების დახუჭვის ამბავი ქრისტეს მერცხლებმა გულთან მოახეთქეს და ყელთან შეადედეს. იმ ბიჭს ბაგეები კაცის სატრფოთა ნერწყვით მოეშხამა, მათივე მზერით მელნისფერი თმები გაეთვალა, კაცის ხერხემლის უფსკრულში ჩაილეწა, კაცის ვნებების სულსწრაფმა და ხარბმა სვავებმა ჩემგან საკოცნელი მწვანე თვალები ამოუკორტნეს. იმ ბიჭმა მე ერთხელ ღობეზე გადახტომისას მიშველა, ერთხელ თაკარა მზეში გასვლა არ დამანება რომ არ დავსიცხულიყავ, ერთხელაც ფიჭვის კენწერო დამანახა ცაზე, მწვანე კენწერო.

მისით მიემატა ერთმანეთს სიტყვები: ღობეს+სიცხე+ფიჭვი+მწვანე კენწერო და ტკივილის, თუ ცრემლის, თუ ნაღველის, თუ რაღაცის, ასე უბრალოდ წარმოსათქმელად ძნელის N ხარისხში ავიდა.

სხვა რა რჩება. დაორსულებული გულის გარდა ცივთვალა კაცის უძრავი სახე რას უტოვებს ჩემი ტანის სარკის ნატეხებს. სხვა რა უნდა ვთქვა, ან რა რჩება ხსოვნის გარდა მასზე, ვინც გულის მეხსიერების მხარეში განსვენებულა?!



შვებულება

სიცხეა.

სიცხე მაქვს ჰამაკში. სიცხე აქვს მიწას, ხის კედლებს, სასმელი წყლის გაყვანილობას, ბეტონის იატაკს. სიცხე აქვთ ხეებს, სიცხე აქვთ ნაუცბათევად თავდადგმულ ყანებს, სიცხე აქვთ მინდვრებს, რომლებზეც სიცხიანი ძროხები ეხეტებიან. სიცხე აქვს დედაჩემს, სიცხე აქვს მამაჩემს, სიცხე აქვს ჩემს უმცროს გოგონას.

სიცხიანმა ხეებმა იციან, რომ სიცხით დაღუპვა მელის, ამიტომ გულზე მაყრიან ყვითელ ბარათებს, რომელთაგან ერთერთში ამოვიკითხე:

,, ჩვენი პატარა მდინარის ტანი...
ქალი და კაცი...
ყურაშვილებმა მივატოვეთ ყურაშვილების საბანაო, ზევით წავედით. იჩქარე. გვდევენ ჩიტები, ქრისტეს მიერ მოგზავნილი კორესპონდენტები, ისინი იწერენ ჩვენს ფანტაზიებს, სინდისის ქენჯნას, ინფორმაციებს, ლექს...იჩქარე.”

ჩვენი პატარა მდინარის ტანი, რომელსაც ერევა ლაშურას წყალი, ქერშაულას წყალი, წაბლარას წყალი, საკრაულას წყალი, მინერალური და გოგირდოვანი წყლები და ჰქვია ხანისწყალი, სიცხიან ტანზე მაყრის ბევრ H-ს და ბევრ O-ს ერთად, რომელიღაცას ორჯერ მეტს და ან ორჯერ ნაკლებს, წინწკლებს და ბუშტებს და ქაფს და დამდნარ მარმარილოს.

საღამოთი კი შვებულების მქონე ბედნიერი ადამიანი ძველ ჰამაკში ვამზადებ ახალ კორესპონდენციებს ყვითელი ბარათებიდან, O-ს ბუშტებიდან, გაფრენილ ბაბუაწვერადან, დამდნარ მარმარილოდან და ჩემი უდარდელი სიცილი მოულოდნელად გადამაქვს დამსხვრეულ შადრევანში.




study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:39 pm

ცირა ყურაშვილი Tsira_13

ცირა ყურაშვილი

ჟამსა თამაშობისასა- სურათები

წითლად ანათებს ნათურა. ეს ძველი ფოტოფარანია. წითელი ნაჭრით ჩამოვბურეთ. ახლა ჟანგით ამოჭმული ნაწიბურებიდან ნათურის სპექტრი ვეღარ გამოკვესავს, ვერ გადაურბენს ფირებს, ფოტოქაღალდებს. ვერც მამა- შვილის ხასიათს წაახდენს. გრილია გასამჟღავნებელი ხსნარის მომჟავო სუნით გაჟღენთილი პატარა სარდაფი.

ახალი ფოტოქაღალდების შეკვრას გამადიდებლის სადგარსა და მაგიდის ზედაპირს შორის ვაცურებთ-გარედან უნებართვოდ შემოჭრილი სხივებისგან ვიცავთ. მკერდითაც ვეფარებით, ვიცავთ სიცოცხლეს, ის აქ, ამ პლასტმასის ჯამებში უნდა ჩაისახოს. ეს გაწყობილობა ამ ცოტა ხნის წინ ერთად გავმართეთ, მამამ დინჯად, მე აჩქარებით და სულმოუთქმელად. უკან მამის ძველპალტოწამოსხმული სარდაფის კარია, ოღროჩოღრო თაღით, მკილისგან სანახევროდ დაფქვილი. სარდაფის ჭერი, იგივ სასტუმრო ოთახის იატაკიც მკილისგან არის დაფქვილი. ყვითელი ,,ფქვილი“ ციურ მანანასავით გვეფრქვევა თავს, ეს- იატაკზე თაგვებივით ცქრიალით გადაირბინეს ჩემი პატარა ძმების ფეხებმა.

დირესა და დირეს შუა ნამგლის პირია შეცურებული. იატაკის რყევაზე ნამგლის ტარი მოზიდულივით ქანაობს. ქანაობს სამჭედურებიც, იგივ წილკავები, ისინი დირესა და დირეს შუა არიან გაჩრილები. ღორჯოზე სათევზაო კავი თხილის ტოტისგანაა, ტაფელაზე და ქაშაპზე- ლერწმისა და ბამბუკისა. მათ ჩვენს თავს ზემოთ ძუაზე გამობმული ღვინიანი ბოთლის ყელიდან ამოგდებული კორპისგან გათლილი ტივტივები, ტყვიის ბურთულა საძირავები და ნემსკავები უკონწიალებთ. არ ვიფრთხილებთ და, თმებში შეიძლება გაგვეხლართოს.

ამ ნემსკავებს, საბა ანკასებს, იგივ ანკესებს უწოდებს. წილკავები მათი ტარია. სამჭედურია მთელი ეს ასხმულ-გამართულობა.

სარდაფში მიწა მოტკეპნილია. აღმოსავლეთის კედელთან ტყემლით და საწებლით სავსე ბოთლებია წაფერდებული. მიწის სიგრილე ასე უკეთ მოიცავთ. იქვე კომპოტებით მუცელგამოვსილი, თუნუქის სახურავებით დაბეჭდილი მინის დერგებია, აქაც სიფრთხილეა საჭირო, შეიძლება უნებურად ფეხი გაჰკრა-გაბზარო. ბოკა სკამებზე ვსხედვართ. ტანდაბალ მაგიდასთან ფოტოგამადიდებლის თაღი კეფებს გვითვალიერებს, სადგარზე გაფენილ თეთრ ფურცელზე გამოსახულ ნეგატივებს შევხარით.

ფირები პატარა, შავი პლასტმასის კასრუკებში გვაქვს ჩახვეული. გამადიდებლის რენტგენგავლილი ფოტოქაღალდები გასამჟღავნებელი ხსნარით სანახევროდ დაფარულ პლასტმასის ჯამებშია ჩაცურებული. დავხედავთ-შევაჯანჯღარებთ. დროდადრო პინცეტითაც ამოვწევთ ქაღალდის სველ, პაწია კუთხეს და ჰოი, ღმერთო, მაღალო! ამ დროს ამოიწვერება მკრთალად, მსუბუქად, სახე-გამოსახულებად და შევცქერით რა სიხარულით, როგორ ამოდის, როგორ სავსდება, რა სრული და გამოხატული ხდება. ჩვენზე სამჯერ მეტად თუ ხარობდა მ ა მ ა ამ სახეების ბუნებითი გამოკვეთისას.

პალტომოხურულ კარს მიღმა სხვა სიცოცხლეა, ზაფხულის ხვატში დედა ჭყინტი სიმინდის ტაროებს არჩევს, ჩემი და-ძმები თამაშობენ წყნარად და აუმღვრევლად, ჭრიჭინები რიტმულად და გამოზომილად აჭრაჭუნებენ ფრთებს.

მე და მამა კი ვსხედვართ გრილ სარდაფში, ჩემი დის წითელი სატინის პერანგით დაბურული ფარნის შუქზე, დავცქერით ოთხკუთხა, პარალელურად ამობურთული ხაზებით დანაოჭებულ პლასტმასის დიდ ჯამებს და ვხარობთ. უძირო ჭიდან ამოდიან ნაცნობი და საყვარელი სახეები. მე ვფიქრობ ამ სახეებზე ფაქიზად. აქ ორნი ვართ. მოძღვარი და მოწაფე, ოსტატი და შეგირდი, დინჯი და სულმოუთქმელი, მამაჩემი და მე.

აქ ჩვენით იბადება სიცოცხლე.

study


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 4:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:40 pm

ცირა ყურაშვილი

თხილის კრეფა

თხილის კრეფა გვიანდება. მწიფეა, ცვივა, იფანტება, ჩირგვებში იკარგება. საჩქაროდ უნდა დავკრიფო. ჩამოცვენა თუ დამასწრო, ანთებულ საკირეში მომიწევს შებიჯება, გახურებულ თონეში შთაგზნება. ოთხადაც უნდა მოვიკეცო, ანთუ მუხლებში ჩავეხვიო, ნასხამში ჩავიკარგო, მცურავივით მიწას განვერთხა, სახეში სისხლი მომაწვეს, თვალებზე ბინდი გადამეფაროს, ტანსაცმელი ტანზე მომეწებოს, ათასწვერად ჩამოდენილი ოფლი რეზინის ჩექმებში ამიდუღდეს. თხილის აკრეფა-მობოჭვისას კაბის კალთებმა ეკალ-ბარდებთან შექმნან კამათი, ჩხუბი, გაწევ-გამოწევა. უარესიც- თითებზე უხსენებელი მომეტანოს, ჩია თხილივით დავჩიავდე, დავპატარავდე, მინდვრის თაგვებმა, სინდიოფლებმა გული გამომიღრღნან-გამომიღრუტნონ, უცხო ძაღლებმა ისე ჩამტკვრიმონ-ჩამატკაცუნონ, თითქოს ხმელი წკირი მიატყდა ხის ტოტს.

ამიტომ თხილი ტოტებზევე უნდა დავკრიფო. მუხლებში ქარი ჩავიყენო. დედამთილ-მამამთილის ოფლჩაღვრილი მწვანე თანავარსკვლავედი სწრაფად შემოვიფრინო. მგელთან ნაჭიდავები მკლავები მაღლა აღვმართო, ჩემს უფალს თვალი თვალში გავუყარო, მის ხელით დადგმული სპეკალით, ხის ჩრდილებით, მწვანე ვარსკვლავთ გვირგვინებით ნეტარი თავი შევიმკო: ტოპაზით და მალაქიტით, ,,ჩია თხილით“, ,,ნემსა თხილით“, იაგუნდით, საფირონით, ,,ტყის თხილით“ და ,,ტრაპიზონით“; უღირალი აღრალებით: ძოწით, ქარვით, ამარტათი, შორეული ამანათით: ,,გურულათი“, ლაჟვარდებით, თხილებად და თხილისჭუპრად დამენათოს ტოტებიდან ,,შვლისყურა“ და ,,ირმიშუბლა“. მზემ ცხელი ტვიფარით დამიდაღოს ყელ-კისერი, მფარველმა ანგელოზმა წყალობით დამხედოს აქავებულ მარცხენა და მარჯვენა ხელისგულებზე. ხეთა მუხლებთან გავიდგა ფესვები და ღვთის მიწას ჩავეზარდო. მწვანე- ხორცისფრად დაფოჩვილი ვარსკვლავებით: კონწოლებით, კუნწულებით, კუნწლებით, თუ ბურჭყალებით ავივსო უბე კალთა, შვილიშვილებიც ასე ოქროსფრად დაკროლილი თხილებივით გამოხტნენ ჩემს კალთაში დანიკბულ ბუდე-ფოთოლაკებიდან. დალოცვა არ მოაკლდეს ჩემს შვილებს, წყალობის ხელი მოეკიდოს შვილიშვილებს, გამიმრავლდეს ნაგრამი, შვილთაშვილები.

გადაკრეფილზე სიჩუმე ჩამოდგეს. ხანგრძლივი წამი. წკაპანით მოვწყდე ტოტს ბუდე-გარსი, ისე მსუბუქად წავფარფატდე, თითქოს ბავშვმა ბონდის ხიდი გადირბინა, გადიფარფატა, თითქოს პეპლად, ანდა ჩიტად გარდვიცვალე, გარდავისახე.

ასე მომიწყვეტს სიცოცხლის ხე მე, უხმაუროდ.

ამიტომ არ უნდა გამომეპაროს თხილის კრეფის დრო.

არც ადრე, არც გვიან, ზუსტად თავის დროზე უნდა დავკრიფო.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:42 pm

ცირა ყურაშვილი

მამა

მზე გვანდე,
არა, ჯერ მზე გაგვანდე..
და შარავანდი...
მერე მზე გვანდე და დაგვითმე მზე
და უცაბედად ლეღვის ფოთლებზე
თბილი ჩრდილები დასხდნენ მიწურთან.
მამა, მას შემდეგ ველი თმებზე
იმ თბილ ხელისგულს...
მამა, ჩემს თმებზე მზე მიიწურა.
როგორ დაგკარგეთ,
სამაგიეროდ
თორმეტი ღრმული ვნახეთ შენს ხატზე,
ჩვენ-ჩვენს ხატში კი ასთოთხმეტი
ნივთიერება
და დაგვავიწყდა სიტყვა ”ჩვენთანა”.
მზეში ჰყვაოდა ეკლის ყვავილი,
და მე მიყვარდა ეკლის ყვავილი,
ეკლის ყვავილის სახლში შეტანა.
გადაგვავიწყდა არტახები.
შენს ჟღალ წვერებზე
იცინოდნენ მშენებლები და შენობები,
თურმე ვისხედით იმ ბუდეებში
როგორც ბარტყები,
ვისხედით, როგორც შენი ობლები.
ჩვენ აგვეხილა თვალი ქვა-ღორღში
და ნანგრევებში...
ჩამოდგა კიდეც რუხი ბურანი,
რომ ვარსკვლავების ღრმა თვალებში ამოგვეკითხა
კაცთა კვლები და მიწისძურანი.
მამა, გვაკმარე ეს ჯოჯოხეთი,
ისედაც მიდის ქარავანი
ბნელი ქვესკნელის,
ჩვენ გადაგვცილდა შარავანდი,
ჩვენ ვართ წაშლილი...
ჩვენ ვართ წაშლილი ფრესკები, მამა!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:45 pm

ცირა ყურაშვილი

მეწამული მაგნოლია

წითელი ხიდის თავში, ხიდს ქვემოთ, ფისონის პირას, გაბაშვილის გორას გადმოსახედზე, ბარქაიების ეზოში მეწამული მაგნოლია ამოზრდილა, ფესვებით მდინარის გულს ჩასჭიდებია, სიმაღლით ხიდსაც ამოსცდენია და კიარ დგას, სიცოცხლის ხედ მკვიდრად ბინადრობს.

გაზაფხულზე, სითბო და ტენი ერთად მოეძალება, თუარა, ის მოგრძო ყვავილები მეწამული სისხლ-ხორცით დაიტენება, საკმევლის სურნელით აივსება, გაიშლებ-გაბუჟუჟდება და ხე კიარ ჰყვავის, თითქოს მთელი ქალაქის თვალწინ მეწამულვარსკვლავიანი კარავი დასცა პირველმქმნელმა-მოსავანებლად. ისე მფეთქავი, ალერსიანად მოყვავილე ხდება ამ მზისქვეშ, როგორც სულის მობერვა ღუთისა მიერ კაცთა მომართ. ფისონიც ხომ ამასვე ნიშნავს, ამ მადლფენას, ანაც სხვაგვარად, სტუმართ საჭურვლის დაცვა-შენახვას.

ბარქაიების სახლის მეორე სართულიდან ქალი ჩამოდის_ ქრისტინე და მეწამული მაგნოლიის ქვეშ გაბმულ მავთულზე თოვლივით უმტვერო თეთრეულს აფენს. საბნის თეთრ საპირეთა გაღეღილი გულები მდინარის გრილ სუნთქვას ისრუტავენ, მუცელში იმწყვდევენ, კვიტაისის ქარებით ორსულდებიან, დაკუდნულ-ბოლომოფცქვნილ დედლების ყრუ კუთვასა და გაბმულ კაკანში ქარებს ასდევ-ჩასდევენ მარადისი ფრიალ-ფრიალით.

ეზოში ონკანი დგას, ვითარც იაკობის ჭა, თუმც ლითონის მილია უბრალოდ მიწიდან ამომართულ-ჩამოკაუჭებული, ინდაურის თავ-ნისკარტ-ჩიჩახვივით. თუ უწყლობაა და ეს ხშირად ხდება, მთელი უბანი ამ ონკანით სულდგმულობს, აქ გამუდმებით არის წყალი და ოფლმოდენილ, მოწყურებულ მგზავრს შეუძლია ითხოვოს- ,,მასუთ მე წყალი...“

აქ იყრიან თავს საშინაო ხალათებით, თუ პიჟამებით, ფოსტლების ნელი ფლატუნით, მასლაათით და ემალის სათლების რაკუნ-რაკუნით. საჩქარო არაფერია, ხვალინდელი დღეც ამ კვირისაა და ონკანიდან კარგა მოცილებით, 100 ნაბიჯზე მაინც იჭიმება მწყურვალთა რიგი, რადგან ყველაფერს მოიკლებს ადამიანი, წყალს ვერ მოიკლებს, თუმც ,,ყოველი, რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კვალად“...

წითელ ხიდს აქეთ, ყოფილ ბერიას ქუჩის დასაწყისში ეგუდიელ თავდიდიშვილის სახლია, ტანდაბალი, მკვირცხლი იერის რკინის ხელოსნის, ნიკელის საწოლების ხარატის. გასაბჭოების ტალღას ქვედა სართული ხელიდან გამოუცლია ხელოსნისთვის და იქ დასუფთავების ტრესტისთვის მიუჩენიათ ბინა, მეორე სართულზე, კი ცხენი გაჭენდება, ხუთი ოთახის ბარიერი რომ არ აკავებდეს. ეზოც დიდია, უამრავი სათავსოთი და რკინის მასალა- იარაღით .

ქუჩას ეგუდის ვაჟის, მაისე თავდიდიშვილის ოთახის ფანჯრები გადაჰყურებს. 21 წლის მაისე ფრონტზეა დაღუპული, მაგრამ მამას არ სჯერა მისი გარდაცვალების ამბავი, ამიტომ ათწლეულებია, მაისეს ოთახს არავის აკარებს. ოთახის მოსახმარისად აქ კარს ვერავინ შეხსნის, ხელუხლებელია, ისევეა გაწყობილი, როგორც მაისეს ომში გაწვევამდე იყო: მის შუაგულში დათვისფეხებიანი ძველებური საწერი მაგიდა დგას, მაგიდაზე თეთრხელსახოცგადაფარებული საბეჭდი მანქანაა, აღმოსავლეთით, კედლის გასწვრივ ეგუდის მიერ გამოხარატებული ორი ნიკელის საწოლი დგას, იქვე თავთით ძველებური ,,შიფანერკა“- კაკლის ხის მოჩუქურთმებული, მუქი ყავისფერი კარადაა, რომლის თარო-საკიდებზე ეგუდის ცოლს_ მირიამ-დებორას ათწლეულობით მზეუნახავ-გამოუმზეურებელი შიფონის კაბები, თუ სხვა პეწიანი ტანთსაცმელი მოუთავსებია, პირადი ნივთებისთვის მიუჩენია ადგილი. 14 წლამდე იერუსალიმში გაზრდილი, ივრითის კარგად მცოდნე, განათლებული ქალის გემოვნებით აღბეჭდილა ეს ნივთები, თუმც მათი სილბო და ფერადოვნება ფრონტზე წასულ და ვერ დაბრუნებულ შვილზე მგლოვარე ქალისთვის სამუდამოდ გახუნებულა. დასავლეთის კედელთან მოწმობის კიდობნის მსგავსი, კაკლის ხისგან დამზადებული და სპილენძის ფირფიტებით შემკულ-მოჩუქურთმებული კიდობანი დევს, რომელშიც მაისეს საკონცერტო ტანსაცმელი ინახება. კიდობანს დიდი გასაღები აქვს, გადაატრიალებ, თუარა, მელოდია ახმიანდება, ამიტომ მას ,,მომღერალ კიდობანს“ არქმევენ ოთახში ჩუმად შეპარული ეგუდის შვილიშვილები. მასზე მწვანე ხავერდისყდიანი დიდი საოჯახო ფოტოალბომი დევს. აი, მაისეც, ქუთაისის ფილარმონიის ადმინისტრატორი, კონფერანსიეც-საჭიროებისას_ უდრტვინველ თვალთა მზერით, დატეხილი წარბებით, წითური, ტალღისებურად გადავარცხნილი ქოჩრითა და მოკლედ დაყენებული წითურივე ულვაშით. კიდობანში მისი აწ უკვე დაუქმებული სამოსი ინახება: თეთრი პერანგები, თეთრი ხელთათმანები, მეზღვაურის ,,მატროსკა“, ფრაკი, ბაბთა, ცილინდრი, ხელჯოხი...

და ამ ყველაფერს ზემოდან უზარმაზარი ჩინური ლამფა გადმოჰყურებს. ასე უნდა იყოს, ასეც არის... მაგრამ ახლა ვიღაც დახრილა დათვისფეხებიან საწერ მაგიდასთან და ხელნაწერს უკირკიტებს, დროდადრო საბეჭდ მანქანასაც უკაკუნებს. პატარა გოგონები კარის ღრიჭიმალოდან გაფაციცებით ადევნებენ თვალს უცხო კაცს ხელის მოძრაობებზე, მის წერა-ბეჭდვას, იმასაც, ხელის ერთი მოსმით როგორ მოხვეტ-მოკუჭავს ნაწერ ფურცლებს და სანაგვე ყუთში ჩაუშვებს. გოგონები ბებია-ბაბუის საუბარსაც აყურადებენ უნებლიეთ.

_ ბორიას ოთახი ნახევრად სარდაფია, მირიამ, მზე არსაიდან უდგება, ისედაც არ აქვს კარგი ჯანმრთელობა, აქ იმუშავებს, ხოლმე, მაისეს ოთახში, თან ივრითის სრულყოფილად შესწავლაშიც დაეხმარები, ,,ვეფხისტყაოსანს“ ისე ვერ თარგმნის, ხელშეწყობა სჭირდება .

საღამოა. ღია სარკმლიდან მეწამული მაგნოლიის სუნთქვა მოაქვს კვიტაისიოს, საწერ მაგიდაზე ,,ვეფხისტყაოსნის“ ფურცლებს და თარგმანის ხელნაწერებს აშრიალებს, წინასწარმეტყველთა და მახარებელთა პირისპირ გარინდულ მთარგმნელს ჰყოფს და აშორებს ხილულისგან, მეწამულ კარავში აბინადრებს.

-ბორის გაპონოვი ყოფილა, ეს კაცი!-კარის ჭუჭრუტანასთან ეჩურჩულება უფროსი გოგონა დაიკოს.

ბულვარს გადმოღმა, არქივთან, ,,მსახიობთა ტირიფის“ ქვეშ, სპექტაკლიდან თავისუფალი მესხიშვილის თეატრის მსახიობი ქალები- მარი, თინათინი, შურა, ნინა და თამარა ,,ტაბურეტებზე“ ჩამომსხდარან, საუბრობენ, ტკარცალებენ, აქვეა მაისეს დაც- რუთი, თოჯინების თეატრის მსახიობი, სხვებიც ნელნელა ემატებიან, აქეთ მოიჩქარიან განზე დაჭერილი, თუ იღლიაში ამოდებული თავთავიანთი ,,ტაბურეტებით“. ხანგადასულ ტირიფს გრძელი თმები დაუშვია და სანახევროდ უმალავს კიდეც ტაბურეტებზე მსხდარ ქალებს გამვლელ-გამომვლელთა მზერას. თეატრის უკანა მხარეს, კულტურის სახლიდან დოლ-აკორდეონის ხმა ყრუდ გამოისმის. ოპერის მხრიდან მოცეკვავე და ქორეოგრაფი დავით უშვერიძე გამოდის ქალების თანხლებით აზიაცკებსა და ბლუზაში გამოწკეპილი, ხელში ბოხოხით, ხანჯალი აკლია, ცერებზე რონინით კი ისედაც მოდის .

კვიტაისქარი აშრიალებს მეწამულ მაგნოლიას. სისხლხორცით დატენილი მეწამული ყვავილები მკრთალდებიან, ილევიან, იშრიტებიან და სტრიქონებად, ფოტოსურათებად, მოძრავ და ხმოვან კადრებად სხეულდებიან. ფისონი გამოედინება ღვთის ბაღიდან, რწყავს ფესვებს მეწამული მაგნოლიისას; ფერავს, აპრიალებს, ინახავს სტუმართ საჭურველს და სტოვებს სევდას გადაყვავილებულ თაობებზე.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:46 pm

ცირა ყურაშვილი

უჯრულა თავშალი

დაგვხვდა სიბერემოვლილი მამიდა. გადაპრიალებული სახის კანით. ცისფრად მოჟუჟუნე თვალებით, სუფთა და კრიალა ხელფეხის ფრჩხილებით. ეგ იყო მხოლოდ, თითქმის ყველაფერი დავიწყნოდა თავის ცხოვრებიდან. რომ მეკითხა, იქნებ გახსენებოდა კიდეც - უბელო ცხენს რომ აჭენებდა სიყმაწვილისას და ეს ამბავი ჟანგმოკიდებულ საკეტებსაც გაუღებდა ბავშვობის სხვა მოგონებებსაც. აი, ზეკრის გოგირდის აბანოები, კვერცხისგულისსუნიანი აბაზანებით, გოგირდოვანი წყლების ჩქაფუნით, აბაზანაში ნეტარ გალაღლაღებით, უცები ელდით - ორთქლიანი ნაკადის ნჩქრევა აბაზანაში შემოგლინავს უხსენებელთა. მიგრეხ-მოგრეხა მათი, კლაკვნა, ანდა ლივლივი თან გადაჰყვება ნაკადს ქალთა ნაბან-მწიკულში. აბანოს თავზედ წამოდგმული ხის სასტუმრო, ხის იატაკით, ხის კედლებით, სახურავი-კეცის ლორფინის, აყალო მიწისფრად გახუნებულ, მიჯრით მიწყობილ კრამიტებისა. გადასავლელი იქვე ბოგირზე, ლაშურას თავზე, მერე საცალფეხო გზა, თუ ბილიკი, შეღმართი, ფიჭვის კორომი სისვისფერი ბუმბლით მოსილი. კრიალა ცა, ფიჭვების სუნთქვა, წაბლი და ძელქვა, განთიადის იალკიალი, მაჩქათელებით მფეთქავი და ტოტიდან ტოტზე მხტომიალა თრითინების ფუმფულაკუდით ატაცებული. ფერდზე ქოხოლა, მათი ქოხოლა, თუ ქოხირა, ქოხზე უფრო ღარიბული რაღა იქნება. ქვემოთ, დაბლობში კაკლის ხეები, ღელე ლაშურა, შქერის ხეებით ჩაკარგული, გადაფარული. ამ ღელეში თავს იხრჩობდა ბებიაჩემი. აქვე, ლაშურას მეორე მხარეს წყარო ბაბუაჩემ მალაქიასი, ასეც იყო ამოკვეთილი, სანამ ლაშურა გადაშლიდა მკლავთა გადასმით. - ,,მალაქიას წყარო“, ,,წყარო მალაქიასი“. შემორჩებოდა გარეშემოს ,,მალაქიას ნაყანები“, ,,მალაქიას ნიგვზები“, ,,მალაქიას ხეხილი“, პიტუნი, თუ პიტუინი, პიტო ხე და ახალნერგი, აპიტონიკებდა, რგავდა, გადარგავდა, უფრო სწორად, სხვისაში რგავდა სხვისთვის, რგავდა, ტოვებდა, იძენდა-ფანტავდა, პოულობდა-კარგავდა, საკუთარი საზოგადო ეგონა, ბაბუაჩემ მალაქიას, ნიადაგ ბახუსს შეთამაშებულს - საზოგადო კი ისეც საზოგადო იყო.

აი, ბებიაჩემი ლაბანია - აქეთ, ოჯინჯარზე დაკიდებულ ქვაბთან მოტრიალე, იქით მაგრობალი დედლებით გარსმოხვეული ჯიჯლაყას, ქათანაცერას, სუქანას, თუ მოლოქას მხალს კეპავს ხის მოზრდილ გობზე. თუ ოჯახისთვის, თუ დამსვენებელთა პირის გემოსთვის გახურებულ კეცებზე დაყრილ მუგუზლებზე თვალებამომწვარი. ახლაც თავს გადასდებს და დამსვენებელთა მჭადების ცხობით ფულს შეამატებს თავის ზანდუკს, წითლებს, თუმნიანებს, ახალი სახლი უნდა ბებოს, აღარ უნდა ძველი ქოხირა. ამის მერეა, ლაშურას რომ მიაშურებს, მიექანება. რა ერქვა იმ კაცს? ვისზეც ეჭვობს მერე ბებია, დირექტორი და დიდკაცი იქაურობის, ვთქვათ თვითონ ის არ შეპარულა იმ ქოხირაში ბებოს ფულისთვის, ცოტაა განა, ვინც მონუსხა დიდკაცის სიტყვამ და სხვისი ცოდვით სული დაუწვა?

თავს იხრჩობდა ლაშურაში, რას დაიხრჩობდა, ზაფხულში კოჭზე თუ შემოგწვდება. გაზაფხული თუ იყო მაშინ, აბომბორებულს, აბორგებულს გამოსტაცეს ბებიაჩემი. და მერე უსამართლო სასამართლო, მეთაკილე მოსამართლით, თანამშრომლებით, რას იპოვიდა იქ სამართალს მართალი ქალი? მხოლოდ ზეცაა, ჩვენი კოშკი სადაც იდგმება.

და აი, მამა, პატარა, სახემოთხუპნული, შავთვალა ბიჭი, აბანოს სარკმელს აბღოტებული, მოჭვრიტინე ცხელი წყლის ორთქლში გახვეული დედაკაცების. აი, მამიდაც, მაღალი და ჭრელთვალა გოგო, მკერდზე ნაწნავით, მუქარანარევ დაძახილით: ძირს ჩამოდი, ბიჭო, გუჯია! და მერე მისი მონაყოლი: ,,ვერ ჩამოვსხი, აბანოის კარნიზს ვერ ჩამოვფხიკე გუჯიეი!“ და იქნებ დედას ეძებდა ბავშვი, ბებიაჩემი ლაბანიაც მოიცლიდა, თბილ აბაზანას მიაკითხავდა, არც მას აწყენდა გოგირდოვან წყალში ქანება, დამსვენებელთა მჭადების ცხობას სიცოცხლეს ხომ არ ანაცვალებდა?

ზეკრის ცხოვრება, აბანოების კვერცხისგულისსუნიანი წყლების ჩქაფუნში, წიფლიხეების, ფიჭვების და ნიგვზების სუნში. ხმელ შამბკაჭაჭში, თუ კაჭახუნში. თბილად ჩაცმულ, ნებიერად მოსეირნე დამსვენებლებთან, ფიჭვის ხეებქვეშ ,,ჩაკარტიჩკების“ მსურველთათვის ერთი ,,აბრაშკა ფოტოგრაფი“ ხომ აქაცა ჰყავთ, გრძელფეხებიან, ბორდოსფერ პლუშით მოფუთვნილ ყუთში თავშერგული, რომ თითო ჩიტი გამოუფრინოს. და პარჭუკებით მოფუთფუთე დამსვენებლებთან, ცეცხლზე შეხუნხვლულ ხორცის სუნში, ირგვლივ გაფანტულ, კეცზე დამწვარ წაბლისა და ნიგვზის ნეშოში, ვინ და საიდან არ იყრიდა თავს გოგირდის აბანოებზე და ინტერესსაც რა გამოლევდა მათდამი მკვიდრი გოგონას მიერ.

დაბადებული აბანოებთან, გათხოვილი იქვე, მაღალმთიან სოფელში, როცა ჩვენსას ჩამოვიდოდა, მთის მკაცრ ცხოვრებას დაგვიხატავდა, კლდის ტინებიდან როგორ ცვიოდა, იჩეხებოდა ხეობაში მათი ხარ-ძროხა. აქედან მახსოვს სიტყვა - ზარალი და მერე ჩვენს წარმოსახვებში, დაღრღნილ კლდეებზე, კლდებაწარაზე, თუ კოლოფებზე (ამ მხარეში ხომ კლდოვან მთას ,,კოლოფიასაც" უწოდებენ) დაბაკუნობდნენ მისი თხები კუნტრუშ-იბეკნით და სასაწაულით მაინც კოლოფებზე რჩებოდნენ, მსხვილფეხა, კი ღრეში ცვიოდა.

მიკითხვ-მოკითხვის, ბარგის ამოლაგების შემდეგ მამიდას ყველანი აბანოში მივყავდით. უგოგირდო აბანოში, და ეს ,,აბანო“ ბავშვის ისეთ მოწიწებულ გრძნობას აღძრავდა, როგორც ,,კანტორა“, ანდა სიტყვა ,,კოპერატივი“. იქ, ვიწრო, მაღალ, ორთქლით დანამულ კარადებქვეშ ქოშები ეწყო, სააბანოვე ხის ქოშები, აქაიქ ზონარაწყვეტილიც, უნდა გეპოვნა საღი ქოში, სიხარულით აღმოგეჩინა, რომ საზოგადო აბანოის ნამდვილ წევრად გეგულვა თავი და დამტკბარიყავ იმ სურნელით, აქაფებულ მარწყვის საპონს რომ სდიოდა მამიდის ხელში და წლების მერე აღმოგეჩინა, მეზობელი ქალიშვილის ხელში დანახულ პაწია ბალიშს (ის არ ისვამდა მარწყვის საპონს, ბალიშს ხვრეტდა და გამოწურულ სურნელოვან, აქაფებულ სითხეს თავზე ისხამდა?!) ერქვა საუცხოო სიტყვა ,,შამპუნი“. დაგხსომებოდა იმ თაღებში საუბრის ექო, ცხელი წყლის ორთქლში მკრთალად მჩანი თეთრი ქალები.

რომ ვბრუნდებოდით აბანოდან წითელ ლოყებით და მის შავწითელმწვანე თავშალს ქარი არხევდა, ვხვდებოდი, აბანო იყო ბევრად მეტი მამიდასათვის, ვიდრე უბრალოდ ტანის დაბანა. ასე იყო მთელი ბავშვობა. კიდეც გაშლიდა თავის რვეულებს, დედას მისცემდა - ეს ცოცორეის წააკითხეო და ვკითხულობდი მამიდის ნაჯაფ თითებით შექმნილ მიამიტობას. მას ხომ უფრო მეტი უნდოდა, ვიდრე ხვნა, თესვა, მთის სოფელში ძროხების მწყემსვა.

და გავაგრძელებ: თბილი წინდები, სვიტრი ვუყიდოთ, მოვინახულოთ, აჰა, ფული, კიდევ რა უყვარს მამიდას, თუ გაიხსენებ? - მითხრა ჩემმა ძმამ.

ღამდებოდა, როცა ,,ცივები“ ავიარეთ. დათოვლილი იყო გზა, ხოლო ის ადგილი, რომლისთვისაც ,,ცივები“ შეერქმია მთის სოფლის მოსახლეობას, მოყინული, ხეობაში მდინარე ხანისწყალი მოსჩქეფდა. ძველ მანქანაში ბენზინის მძაფრი სუნი იდგა, მთის სოფლის გზებზე საჯაყჯაყოდ მართლაც გამძლე ავტომობილი გვექირავა.

საბარგულში ტომარა ფქვილი, ზეთიანი ბიდონები, მაკარონები და ვერმიშელი, შაქარი და ტკბილეული, თბილი ჩასაცმელები გველაგა, მამიდის მოსანახულებლად ხელდამშვენებული მივდიოდით. ვფიქრობდით, ასე ერთჯერადად გადაგვეხადა სიკეთე ჩვენი ბავშვობის იმ უთვალავი დღეებისათვის, როცა მამიდა მტვრიან შარაზე ჯაყჯაყა ავტობუსიდან ჩვენთვის ბარგს ჩამოდგამდა, ამ ბარგს ჭიშკრიდან სახლამდე ნელ-ნელა აკლდებოდა სიმძიმე: ტყის შავ, თუ მაზუთწასმით საგანგებოდ გაშავებულ გოჭს საღორეში უთავისუფლდებოდა ადგილი, აკრიახებულ, ფეხებგაკრულ ქათმებს საქათმეში, კვახებიანი ტომარა სარდაფში რჩებოდა, დანარჩენ ბარგს: პარკი ლობიოს, ხმელ ლობიოს, თაფლიან ქილებს, სულუგუნს, მჭადის ფქვილს ჩემი და ჩემი დედმამიშვილების მრავლობითი მზერა ზვერავდა. მამიდის სიკეთემ ხომ მთელი ბავშვობა სული ჩაგვითქვა, ავდრიანი დღეები მოგვიმზიანა.

მაგრამ მას უკვე დავიწყნოდა ეს ყველაფერი, მხოლოდ მცირეოდენი რამ ახსოვდა ჩვენი და მისი ბავშვობიდან. იჯდა საწოლზე ვარდისფრად აღუებული, ლამის უნაოჭო ღაწვებით, და მაინც ისე, როგორც პატარა, მოხუცი ჩიტი, სუფთა, კრიალა ხელფეხფრჩხილებით, სიბერისმომვლელ შვილრძალნაგრამდახვეული. მეხსიერების ძველ ზანდუკიდან გაუჩხრეკლად ამოჰქონდა ჩვენი სახელნართაულები, მამის მიერ შერქმეული და მამიდისვე მომგვანებული: ჩემთვის - ცოცორეი და პაატასთვის -პატატულეი, მას უკვე აღარ ადარდებდა, არც ფქვილი, ზეთი და შაქარი, არც რამ ქვეყნის სიდუხჭირე, გულში იხუტებდა ჩვენგან მიძღვნილ უჯრულა თავშალს, გვიყურებდა და მღეროდა.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:48 pm

ცირა ყურაშვილი

გოჯილა

ოსტატმა ზონარი მოსწია და შეგირდმა დააშენა. ერთი ქვა ოსტატის, ერთი ქვა შეგირდის. ერთს რომ ოსტატი დააშენებს, ზონარს მოსწევს- ეს ძველებური ტელეგრამაა, მყისიერი შეტყობინება ტექსტის გარეშე, მოძღვარ-შეგირდის კურთხევანით გამყარებული. გაღმა ფერდზე შეგირდმაც ერთი ქვა უნდა დააშენოს საყდრის ბალავარს.

ერთი ქვა ოსტატის, ერთი ქვა შეგირდის, ორი საყდრის ბალავარი ორ მახლობელ ადგილას, ასე ჰყვება გორის ფერდის საყდრის ლეგენდა.

დინჯია ოსტატი, წლებგამოვლილი, დაკვირვებულმზერიანი, მოზომილი და დუნე ხელით. სულსწრაფია შეგირდი, სული ყელში ამოსდის. სიჩქარეში თვალი უტყუვდება, ხელი უცუდდება. ერთს რომ ოსტატი დააშენებს და ზონარს მოსწევს-ჰარიქა, არ მომასწროსო, შეგირდი ორ ქვას დააშენებს ერთად. სულსწრაფია შეგირდი, ლეგენდის დასრულებას თუ ელტვის.

ოსტატის სანახევროდ მოყრილი საყდარი, შეგირდს საყდრის დასრულება უხარის.

სულსწრაფად ნაშენები მიწყივ დაინგრევა, ქვა ქვაზე აღარ დარჩება. შეგირდის საყდრის ნამუსრევი სიძველის მაძიებელ შეგირდთ აოცებთ, ოსტატზე უფრო ოსტატურიც ჰგონიათ ალბათ. მაგრამ შეგირდი როდი არი ოსტატზე მეტი.

დღესაც ასეა, არაფერი არ იცვლება ამ ცისქვეშეთში, ყველაფერი მხოლოდ მძიმდება.

ახლაც მოსწია ბრძენმა ოსტატმა ზონარი, მაგრამ შეგირდი შლეგიანია, ერთს რომ ოსტატი დააშენებს, ჰარიქა, არ მომასწროსო, ხუთს შეგირდი დააშენებს, ხუთ ქვას ერთად, სულსწრაფია, სული ყელში ამოსდის. მოზვერს რომ აბუზარა შეუძვრება კუდქვეშ და დაარბენინებს ქაჯიანივით, ღობე-ყორეს ისე აწყდება. ციხე-გოჯს ვაშენებო, კოშკს, გოდოლს. არადა გოჯილაა, ბავშვების ნათამაშები, ნაქურჩლით ნაგები.

ჯერ ორი ნაქურჩალი, მეორე წყება ჩამკეტი, მესამე წყება პირველის გასწვრივ, მეოთხე წყება ისევ ჩამკეტი. ასე კოკოლავდება ნაქურჩლის გოჯილა, კოკოლა, ხუხულა.

გრიგალს რათ ელტვის, ანდა ქარის გამოქანებას, დაუნიავებს ნელი სიო ნიავი და ძირს დააფენს მთელ ამ კოკოლას.

ეჰ, რა ძნელია შლეგიანის ხელში ცხოვრება?!

თვალებადქცეული მამა წევს. ის უკან აღარასდროს მობრუნდება, შესვენებულთა რიგებში გადავა მალე. მე ვიხრები მისი განწმენდილ-გაპატიოსნებული სახისკენ და ვეუბნები: არ შეშინდე, გზად ანდრია შემოგხვდება და ის გაგიკვლევს.

მამა აღარ მოქაჩავს ზონარს. მისი ყველა ქვა დაშენებულია, მის თარაზოში ზეთის ბურთულა აღარ იძვრის, აღარ მიმოდის. მისი შვეული ლაროთი შვერილს დაკიდებული აღარ ქანაობს.

შესვენებულთა რიგებში გადავა მამა. მასაც შეიწოვს ოშადინე, გააქრობს მასაც და გორის ფერდის საყდრის ლეგენდა გამეზრახება, სად დავაშენე ერთად ორი ქვა.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:52 pm

ცირა ყურაშვილი

ქვესადგური

ჭიშკარგადაღმა, ჩვენი ქუჩის მეორე მხარეს, ლეთოდიანთა სამოსახლოს ზედა კუთხეში ქვესადგური დგას. აგურ-აგურ დაშლიან მალე. ქვესადგურს სხვაგან გადაიტანენ, მოშორებით, წისქვილთან წამომართავენ პატარა კოშკურას, იქ მიუჩენენ ადგილს ძირსდაყრილ ნივთებს: ვეება გენერატორს, შავპლასტმასის ტარიან ჩამრთველ-ამომრთველებს, რკინის საჰაერო სარკმლებსაც ჩასვამენ, რკინის ჩარჩოში გამოამწყვდევენ, მერე მზეც შეიხედავს მასში, ქარიც იქშიტინებს, იმ სადენებსაც, რომელთა განმხოლოებაზე ჩვენი ოჯახების განათების ბედი ჰკიდია, მიატყუპებს ერთმანეთს და იქუხებს კიდეც, როგორც სჩვევიათ ქვესადგურებს მოკლე ჩართვისას. საღამოობით, უამინდობისას, ქარწვიმისას, ქარიშხლებისას, რომ იქუხებს და ელვასავით გადააწვიმს მიდამოს ნათელს.

ქვესადგურში ვართ. აგურ-აგურ გამოგვაქვს იგი. მამა და დედა ძალაყინებს მიუმარჯვებენ ამ დროგადასულ, ჟამგადასულ შენობის კედლებს, აგურებს შორის ფაფადქცეულ უძველეს დუღაბს, შენობის რღვევა დაიწყება, აღდგება ბუღი, აიშლება, კუდს მოიქნევს და ჰაერში დატრიალდება მტვრადქცეული კირნარევი სილა-ცემენტი, კველბებად, კოტოშებად დაცვივდება ალაგ-ალაგ დანესტიანებული ძველი დუღაბი, აფათურდებიან, თვლემისგან გამოერკვევიან ზანტი მორიელები, მათთვის ახალი ერა იწყება და ჩვენც, ბავშვებიც შევაბიჯებთ ნანგრევთა ბურში.

ირღვევა ძველი ქვესადგური. აგურ-აგურ გამოგვაქვს იგი. ჩვენს სახლს დამატებითი ოთახები უნდა მოვადგათ. ბევრნი ვართ და სივიწროვეა. ბალავერი ჩასხმული გვაქვს და აგური გვესაჭიროება. მთავრობას, როგორც ვთქვი, ძველი ნაშენები აღარ სურს, ქვესადგური სხვაგან გადააქვს, იციან, ჭიანჭველებივით შევესევით სამუშაოს, აგურს აგურზე არ დავტოვებთ და ამად მამას და დედას მიანდობენ მადლიან საქმეს, ისინიც ძალაყინებს მიუმარჯვებენ ამ ჟამგადასულ, დროგადასულ შენობის კედლებს. ავმოძრავდებით, საქმეში ჩავრთავთ ბორბლიანებს, რაც კი მოგვეპოვება, ბაღის ურიკებს, მამის ხელით ჩემი პატარა ძმებისთვის დამზადებულ ხის ავტოებს- თოკგამობმულ საზიდავ-საგორავებს, ამათზე ვაწყობთ მეწამულ აგურს, ფირფიტებივით, კეცებივით დათხელებულს, ქარწვიმისგან, ყინვა-თოშით გულგამოხრულს და გამოჭმულს, კიდეებმოცვეთილს, აფურფუტებულს, თუმც პატარა ხელებისთვის მაინც უმძიმესს. წყობილ-წყობილა ვაწყობთ, ვინდომებთ, მიგვაქვს ნელნელა, ჩიკინ-ჩიკინით. ჭიშკარგადაღმა ქუჩაც ჩვენია- ავტომობილი იშვიათად გაივლის და გაიხმაურებს.

ავიტანთ, გავცლით, უკან ვბრუნდებით, სადაც უკვე ქვესადგურის ნანგრევებია.

იშლება ძველი, ინგრევა ძველი ქვესადგური, ახლის კოშკურას წისქვილთან წამომართავენ, დოლაბის ხმაურში, სარეკელას რიკრიკში. ქვემოთ წისქვილია, მის თავზემოთ სასაფლაო, ქვემოთ ცოცხლები, ზემოთ მიცვალებულები. წისქვილი ფქვავს საფლავებს, საფლავები აბრუნებენ დოლაბებს, როგორც ბუნების წესია, პირიქითაც ხდება, საფლავები ფქვავენ წისქვილებს, წისქვილები აბრუნებენ საფლავთა ქვებს. დრო კი გადის და... ქარწვიმისას, ქარიშხალისას, მოკლე ჩართვისას, შიშველ სადენებს უამინდობა რომ დააწყვილებს, იქუხებს მძლავრად, გადაადენს მიდამოს ნათელს და მისი ექო ერთნაირად მიუვარდება დაბლა წისქვილს და მაღლა საფლავებს.

შუქი აინთება ჩემი სულის კუნჭულებშიც და გამოჩნდება დედა:

აი, აქ პატარაა, შვიდი-რვა წლისა, ბიძაშვილის სახლშია, იატაკზე ზის და რადიოს უსმენს. ომი დამთავრებულა, რადიოში სიმღერებია, სიმღერებს უსმენს გაფაციცებით. მამა არ დაუბრუნდა, სამი წლის პატარას ხსოვნამ მხოლოდ ეს სურათი შემოინახა, ღვინით სავსე დოქი შემოაქვს სამზადში მამას და მაგიდაზე დგამს, ესაა სულ, რაც მამის სახეს წარმოუდგენს. და აი, ომის დამთავრების შემდეგ მისგან პირველი სამკუთხა წერილი ჩნდება, ,,როგორ ხართ?“, ამბის გაგებას ნაგვიანევად ეშურება ფრონტზე წასული. პასუხსაც სწერენ, მაგრამ რას? იქნებ რამე როყიოს, ცოლ-შვილმა ხომ წერა-კითხვა არ იცის, შვილმა-გასაგები მიზეზის გამო-ჯერ პატარაა, ცოლმა იმის გამო, რომ ტყისპირზე, მხოლოდ ძროხების მწყემსვა- სიყრუეშია გამოზრდილი, არვინ ასწავლა, არვინ მიუბიძგა სასწავლებლად, თვითონაც არ მოინდომა ალბათ, ძროხების დევნა და სახრე არჩია წიგნს და საწერ-კალამს. ჯვარს დასვამს ახლა ხელმოწერის ნაცვლად, ეს იცის, დაუსვამს ჯვარს და პასუხიც ეს არის. ასეც სჯობს, დასვას ჯვარი და გაგზავნოს, აზრი აქვს, რაღაცას ნიშნავს ქმრისთვის ცოლის მიერ გაგზავნილი ჯვარდასმული წერილი, მაგრამ არა, პასუხის დასაწერად სხვას მოიწვევენ, ვის? ვიღაცას, არ ახსოვთ მერე, ვერ იხსენებენ და აწერინებენ მთელი ომის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ სამკუთხა კონვერტით მიღებული წერილის პასუხს. რას სწერს, მიდი და გაიგე, შიგ ვერ ჩაგიხედავს, რომც ჩაიხედო, რას გაარკვევ. მერე ხვდებიან, ზედმეტი პასუხისმგებლობით შეპყრობილ ,,მალე მწერალს“ არაფერი გამორჩება- სიზუსტით ამცნობს: უფროსი ვაჟი- ნოდარია ხომ გარდაეცვალა, სახლში მარტოდ დარჩენილმა სკამი მიიდგა კარადასთან, არაყი დაისხა ჭიქაში და თოთო ნაწლავები იმით დაიწვა, უმცროსიც ქერა ტატუნიაც იმის გზას მიჰყვა, წითელამ იმსხვერპლა და პავლუშას ოთხ დანატოვარზე ორი დაურჩა, ესეც მარტივი არითმეტიკა და ფრონტიდანაც, პავლეს მხრიდან, სადაც ალბათ ციდან ქუდები უკვე ჩამოთოვს, ცაში ასროლილი ხაკისფერი ქუდები, რადგან ომი უკვე დამთავრდა, დუმილი მოჰყვება წერილს პასუხად, მეტი წერილი აღარ იქნება, ვერც მამა, ვერც ელექტროდენი, ვეღარც რადიო შემოაგნებს ობლის სახლის კარს, და ზის დედა მეზობელ ბიძაშვილის იატაკზე, უსმენს რადიოს იატაკზე და ამ ფანერკამიკრული ყუთიდან ყოველ ჯერზე ახალ სიმღერას ელოდება, თავაწეული, ყელმოღერილი, რადიოსკენ პირმიქცეული, დაძაბული, ათრთოლებული ისე, თითქოს თვითონაც ასრულებს იმ სიმღერას, თვითონაც მღერის. ისიც არ აწბილებს: ,,თქვენ ახლა მოისმენთ სიმღერას ,,იმერული მგზავრული“...ამის და ამის შესრულებით...და დედას უკვე აღარაფერი აკლია, ყველაფერი აქვს, ყველაფერი ჰყავს, ეს ჯადოსნური ყუთი თავს ვერასდროს ვერ დაიმალავს, დედა მიაგნებს, დაჯდება მის ქვემოთ იატაკზე და ყურს მიაპყრობს მის ხმიანობას. საღამოს დედას დედა დაუბრუნდება სიმონიკა გოგოძის ოჯახობიდან, სიმონიკა ელქსელების მთავარი ბუღალტერია, მის ,,ოჯახობას“ ეხმარება საოჯახო საქმეში, სიმონიკაც არ რჩება ვალში ომში დაკარგულის ოჯახს და ელექტროდენს უფასოდ შეაყვანინებს. ესეც იქნება: შუქიც შემოვა, რადიოც იმღერებს, სიხარულიც იქნება, წუხილიც და ათასი რამეც...

და ჩემი მოგონებებიც აიკინძება ერთიმეორის მიყოლებით, მე ხომ უკვე ჩემს თავს ვუთხარი, ტყუილები არ მოვიგონო, ლიტერატურის კალთას ცრუპენტელა შვილები არ გამოვაბა...

ბაზრის შესასვლელთან მარო ბაჩანეიშვილის დაბალჭერიანი წაგრძელებული სახლია, აქ მამას კაბელი გაჰყავს, ახალ ელექტროგაყვანილობას აკეთებს, ქალი, მარო, მინებს წმენდს. წმენდს, წმენდს, კანკალი გაუდის გაკრიალებულ მინებს, იქვე მისი გოგონა თამაშობს პლასტმასის ტლანქი და დაუხვეწავი სათამაშოებით. გოგონა ჩემი კბილაა და მისი სათამაშოები ჩემსასას ჰგავს, დაუხვეწავია ჩვენი სათამაშოები, ვერ გაარკვევ რა ჩაუფიქრებია მის შემქმნელს, ანთუ თოჯინების ფაბრიკას: ამ პლასტმასის გუნდის მრავალმხრივი გამოყენება? ფანტაზიის განვითარება? მაგრამ პატარა გოგონას რაგვარი სიყვარულით არის მოცული ეს პლასტმასის ტლანქი არსებები, როგორ ვუფრთხილდებით და ვუალერსებთ, დილით რომ ბუხრის რაფაზე ჩავწკაპავთ, საღამოს საწოლში, ჩვენს გვერდით საბანს ამოვუგებთ, ემანდ, საბანი არ დაგვიცურდეს და ეს პლასტმასის ჩვილები არ გაგვიყინოს.

ქალი, კი, მარო წმენდს, წმენდს და დაუსრულებლად წმენდს სარკმლის მინებს.

მე რას ვაკეთებ? ხანდახან მამას ჭიქა წყალს მივაწვდი, ან გადახსნილი ჩანთიდან, რომელსაც მამა ,,საკვოიაჟს“ ეძახის, ხელსაწყოებს მივაწოდებ. ვუყურებ, კედლიდან ჭერზე როგორ მიისწრაფვის თეთრი სადენი, როგორც ცაში გაჭრილი რაკეტა, ეს სადენიც თითქოს ,,ისრიპიტელია“, კუდიდან თეთრ ბოლს სტოვებს.

ეს ,,ისრიპიტელი“ მალე ჭერიდან გადმოეკიდება, ზედ შავი პატრონა მიემაგრება, ნათურა ჩაეხრახნება შიგ, მამის ხელები მიიმწყვდევენ შუაში და განათდება ნათურაზე მამის თითები, ისე ნათლით შეიმოსება მის გარსზე, თითქოს ნათურაა მამის ხელები, მამის ხელები აშუქებს, ეს ერთი წამი დროში გადავა, აინთება და განათდება ჩემი გულიც.

ეს მოგონება ბრჭყალს გამოსდებს მეორეს, კვლავ აინთება და გამოჩნდება:

ზაფხულის ხვატში საბავშვო ბიბლიოთეკაში მივპაწკუნობთ სახლიდან სამნი, აფთიაქთან ატმის სურნელიანი ბუსუსა ხე ყვავილობს, დაბლა დაუხრია ტოტები და მოვარდისფრო-მოყვითალო ბუმბულა ყვავილებზე ფუტკრებს ისევს, აფრქვევს ტკბილ სურნელს, ჩვენ კი პატარა გოგონიკები წიგნებისთვის მივეშურებით. აყვავებულ ხის მახლობლად აფთიაქია, აფთიაქს აქეთ ბიჭიკო გელცმანის ქოხია. ქოხთან ბიჭიკო გელცმანი გარინდულა, ხელში ჯამი უჭირავს, ცალ მხარზე პიჯაკი ჰკიდია. მის წინ უშველებელა ნაგაზი რგოლს დაარიჩხინებს გრძლად გაბმულ მავთულზე.

ბაზარს გადავჭრით, რაიკომის შენობას წინ ჩავურბენთ და ბიბლიოთეკაც იქვეა. პირველ სართულზე, დაბლა, სადაც ცად აწვდილი თაროებია, წიგნის თაროებს მივადგებით თიკნებივით, თავაღერილნი ვათვალიერებთ, პაწია თითებით ვეხებით ულაზათო ფერებით მოხატულ წიგნებს, ამ დროში ხომ ფერადები სანატრელია, მხოლოდ შავთეთრი, ან შავწითელი ტონები სჭარბობს.

ბიბლიოთეკარის თითები ფორმულარს ავსებენ, სტაფილოსფრად დაფერილი გრძელი ფრჩხილები ჩხაკა-ჩხუკით მიჰყვებიან უკან კალმის წვერს, მრგვალი, დოქივით მუცლიანი ასო-ბგერებით ივსება პატარა ბარათი, მერე ეს ბარათი წიგნის ჯიბაკს ჩაეხუტება. ეს მთელი სპექტაკლია, სტაფილოსფრად დალაქულფრჩხილებიანი თითების სპექტაკლი. მხოლოდ ფრჩხილები... მასზე თვალთვალში აღარც ჩანს ქალის ფერადი ზედატანი და კოხტად შემოსალტული ქვედაბოლოც, არც ის, როგორ მიკელანობს ცამდე აწვდილ თაროთა შორის, დაბრუნებულ წიგნებს ძველი ადგილი რომ მიუჩინოს. ჩვენ კი გაცვეთილ ფერად წიგნებს ვიხუტებთ გულში ისე, როგორც ბარათი შეიფარა წიგნის ჯიბაკმა და ჩაიხუტა.

ისევ გადვირბენთ იმ ქუჩაზე, საიდანაც მოვედით, გზადაგზა ფერად წიგნის კითხვა-თვალიერებით. ატმისსურნელიანი ბუსუსა ყვავილები ტკბილად ფშვინავენ და რაღაც აქვთ საერთო ამ ფერად წიგნებს და ატმის სურნელს. აფთიაქს იქით, ბიჭიკო გელცმანის მაღალი, დახვეწილი ფიგურა ჩანს თავის ქოხთან, უზარმაზარი ქოფაკი რგოლს დაარიჩხინებს გრძლად გაბმულ მავთულზე, ბიჭიკო გელცმანს ხელში ალუმინის ჯამი უჭირავს, შავი პიჯაკი მოტეხილ ფრთასავით ჰკიდია ცალ მხარზე, დგას გარინდული, თითქოს რაღაცას აყურადებს. ატმის სურნელა ხე კი ჰყვავის, ჰყვავის და ჰყვავის.

კვლავ განათდება და გამოჩნდება:

ივერ მებადური და ბიძინა მეფუტკრე ილანდებიან სათავის ჯებირთან, სასროლი ბადეები ჯებირზე უდევთ, ბადეების ჯიბეებში ხავსი და ხის წკირებია გამოჩრილი, ჯებირზე ნაცნობი და უცნობი ჩრდილები დაეხეტებიან, ღიღილოიან მინდორსაც ეცემა მათი ჩრდილი.

ჩვენ წყაროსთან ვართ, ხე-ბუჩქნარით შემობურულში წყარო მიჩუხჩუხებს, ყინულის ნაკადებს მიაცურებს და მოყვითალო ხავსგადაკრულ ლიპეზე გადაედინება, გადაეკიდება ხანისწყალს და თავს არ ანებებს. ამ წყაროს გვერდით მეორე წყაროა, მის იქით კიდევ მესამე წყარო, სამთა წყაროა- მაცოცხლებელი. ეს მერე გადაემტერებიან ამ წყაროებს, ხე-ბუჩქნარს, თხმელებს გაჩეხავენ, გზას გაიყვანენ, დაშრება კიდეც წყაროები, მხოლოდ ხსოვნა შეირჩენს იმ დაბურულს, მხოლოდ სიგრილის ყნოსვა, ან სადმე თვალმოკრული ყვითელი ემალის ჩაიდანი.

წყაროსთან ვდგავართ, დედას წითელფოთლიანი თეთრი კაბა აცვია, ბამბის თეთრი თავსაფარი აქვს წაკრული, შუბლს ზემოთ და საფეთქლებთან ჯეჯილივით უჩანს მოკლედ წამოზრდილი თმა. მე ცალი ხელით დედის მხარს ვარ ჩაბღაუჭებული, მეორე ხელი დის მხარზე მიდევს, მოკლე შარვალი მაცვია, და თმა, პატარა კიკინა უკან მაქვს გაკრული შავი რეზინით. დედა მეზობლის ქალებს ესაუბრება. აი, ეს ქალებიც: მარგალიტა, ნატალია და ოლია. ჩემი და-ძმები დახრილან და რაღაცას აკვირდებიან, მე კი უფროსებს ვუგდებ ყურს, სულ ასეა მთელი ბავშვობა, სულ ის მაინტერესებს, რაზე საუბრობენ, რას ამბობენ უფროსები. კადრს გადმოღმა მამა დგას, ის იღებს ამ ფოტოს. ის აქვავებს ამ წუთს, ქარვაში დებს და ინახავს იმ დროისთვის, როცა ქარვას მე მივადგები, გადავადნობ და გულისკენ დავძრავ.

ინგრევა ძველი ქვესადგური, ახალი შენდება.

დრო გავა, არც მასზე შეჩერდება მზერა დიდხნობით. აიშლებიან, ბუდეს მოშლიან, სულ სხვა ქვესადგურებს გადაუფრენენ, თავს შეაფარებენ, უფრო მაღლებს, კოშკისებურებს, ფრთებს შეაწყვილებენ უცხო ცის ქვეშ, მაღლივ ქვესადგურებთან, სულს მოითქვამენ, თვალს წყალს დაალევინებენ. უკან დაურჩებათ ძველი ქვესადგურები_ დაბლები, შეუხედავები... მე კი, საითაც წავალთ, იქით წამომყვებიან ჩემი ქვესადგურები, სულ ავტობუსის გასწვრივ ირბენენ, ფეხდაფეხაც ირბენენ ჩემს გვერდით და ბონკოშიც გადამყვებიან, იქ, წისქვილებთან თავიანთ ხმებს შეიძენენ, ბონკოც ხომ იმერეთია და:

,,რამდენჯერ ხარ აქანე ფეხით არებული, სა იყო, ამისთანა გატკვარცალებული გზაი შენ რომ დარბოდი აქანე, მაშინ დენი ანათებდა მურადია? სა ოყო დენი ,,ია აია“-ს რომ სწავლობდი, სა იყო ნათურა? სა იყო დენი? ნავთი იყო და ჭრაქი იყო, ლამპა იყო, შვაცეცხლი იყო, პეტერე ღუმელი გვქონდა, ბუხარი გვქონდა, ნაცარში რო ჭადს აცხობდნენ რავარი იყო? დანაყულ ქინძს გადოუსობდი და რაფერი გემრიელი იყო. ჩვენ დღეს გვიკვირს, აპა, მურიკელა! მიაწყდა ჩვენი ხალხი სხვის ალაგეს, პრჭყვიალეები უკვირს. -არაფერი არ მიკვირს, სახლში მეტლახიც ქე მაქ დაგებული მარა, არ მიკვირს, სოხანე მეტლახს არ სჯობდა, ბიო? რავარი ცივია ,,მეტლახი“, რაფერი თფილია, სოხანე... უკვირს ზოგიერთს, გადეიკარქება თვალითგან და უკვირს აპრჭყვიალებული...რაია პრჭყვიალა? რაი ყრია პრჭყვიალეებში. ცხოვრებამ ჩვენ თვალწინ არ ჩეიარა, მურადია? ამას ყველაფერს ხო უნდა გათვალისწინება, ჩეიარა ცხოვრებამ, ბიო...“

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5200
Registration date : 09.11.08

ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი EmptySun Apr 07, 2019 3:54 pm

ცირა ყურაშვილი

ცეკვის ჩუსტები

გავიხედე და მოგვდევს ჩემი ძმა, იმედა ცეკვის ჩუსტებით. პატარა იყო, რვა–ცხრა წლის. კინოთეატრ ,,მერცხალში” მივდიოდით მე და დედაჩემი. არ მახსოვს რა გადიოდა. არც არაფერი იქნებოდა მნიშვნელოვანი. დავუშალეთ არ წამოხვიდე–თქო, ვისხურეთ მანეთად, თუ ორმოცდაათ კაპიკად ნაყიდი ,,შიპრი” და წავედით. შემოდგომის გვიანი საღამო იყო, წვიმიანი. ლამპიონები ინთებოდა მაშინ ქუჩაში საღამოობით და დილაობით ქრებოდა. ახლა რომ არის, ასე არ იყო. საღამოობით რომ არ ინთება. ან თუ ინთება დილაობით რომ არ ქრება.

შუა გზაში ვართ და გვესმის რაღაცა ტყაპა–ტყუპი. თურმე მორბის ჩემი პატარა ძმა ცეკვის ჩუსტებით, დასველებული ფეხებით, გულამოვარდნილი. მიუბრუნდა დედაჩემი და გაბრუნდი სახლშიო–უთხრა მკაცრად– წადი სახლშიო.

წადი სახლში–მეთქი,-ვუთხარი მეც,- ფეხებზე შეგცივდება, თან ამ ცეკვის ჩუსტებით სად მორბიხარ რომ მორბიხარ ამ წვიმაში–მეთქი. თან საათზე ვიხედები, ხუთი წუთი აკლია სეანსის დაწყებას, თან გამოკოხტავებული ვარ, რაღაცა მაცვია ჩემი შეკერილი, თან ჩემი ვარაუდით ამ სეანსზე მელნისფერთმიანი ბიჭი იქნება და კიდევ ერთიორი ყმაწვილი, რომელთა არჩევანშიც ვარ გუნებაში და ვერ გადამიწყვეტია, რომელი ავირჩიო და ამ დროს მომსდევს ჩემი პატარა ძმა ცეკვის ჩუსტებით.

არ გაბრუნდა. ქუჩის მეორე მხარეს გავარდა ტყაპა–ტყუპით და ცოტა ხანში კინოთეატრის შესასვლელში დაგვიხვდა. შევხედეთ–პატარა აბურძგნული არსებაა, აჩაჩულ–დაჩაჩული და ცეკვის ჩუსტებიდან წყალი სდის. წაგვიხდა შიპრნასხურები ხასიათი. შევედით, დავსხედით. მაყურებელთა სიმრავლისაგან დარბაზში თბილოდა. ჩემი პატარა ძმა ჩვენს უკანა რიგში დაჯდა, ვითომ არ მიცნობთ, არ გიცნობთ, თქვენთან არაფერი მაქვს საქმეო.

ვისხედით და ვუყურებდით რაღაცას. ინდური ფერადოვნება იყო. თანდათან მახსენდება–ყვითელი და იასამნისფერი საღებავების ფრქვევით და ცეკვა–თამაშით. ჩემი პატარა ძმის პატარა ფეხები კი ამ დროს სველი იყო. რა გულმა გამიძლო, ახლა მიკვირს. ან რა იყო იმ დარბაზში უფრო ძვირფასი…ახლა მიკვირს, როგორ არ ჩავიხუტე გულში მისი სველი ფეხები, როგორ არ გავათბე?!

2011


Exclamation

გაგრძელება მეორე გვერდზე - http://armuri.georgianforum.com/t980p25-topic

Arrow


Last edited by Admin on Sun Apr 07, 2019 8:21 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ცირა ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ცირა ყურაშვილი   ცირა ყურაშვილი Empty

Back to top Go down
 
ცირა ყურაშვილი
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: