არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ნოდარ კვიციანი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:23 pm


Nodar Kvitsiani

ნოდარ კვიციანი
(1942-1987).

პოეტი ნოდარ კვიციანი დაიბადა მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში 1942 წლის 19 ივნისს.
მუშაობდა გაზეთ „ახალი სვანეთის“ რედაქციაში
იყო ავტორი პოეტური კრებულისა -„უკანასკნელი სიმღერა“.
გარდაიცვალა 1987 წლის 11 ივლისს, 45 წლის ასაკში.
მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა მეორე კრებული - „ჭეშმარიტად ღირდა“

ბმული:
* https://www.facebook.com/NodarKviciani/
* http://lit.ge/books/2-10397-nodar-kviciani/
* https://youtu.be/XP52-H2xUXI


Arrow


Last edited by Admin on Mon Mar 12, 2018 11:07 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:26 pm




„გაუფრთხილდით სიცოცხლეს, ის უფრო ძვირფასი ყოფილა, ვიდრე მეგონა“

გვესაუბრება პოეტ ნოდარ კვიციანის ქალიშვილი, პოეტი ეკა კვიციანი

- რას იტყოდით მამაზე. როცა ის გარდაიცვალა, თქვენ 13 წლის იყავით. როგორი დაგამახსოვრდათ იგი.
- ჩემს მეხსიერებაში მასთან დაკავშირებული ყველა კადრი ჩაბეჭდილია. მისი გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად, დამთავრდა ბავშვობა და დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში - ფიქრის... მას შემდეგ მისი ლექსის ყველა ბწკარიდან, ყველა სტრიქონიდან ხელახლა ვეცნობი ნოდარ კვიციანს, როგორც მამას, როგორც პოეტს, მამულიშვილს, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს.
მეხსიერებას არაერთი ლამაზი მოგონება შემორჩა, მახსოვს, როგორ გვასწავლიდა შვილებს ადამიანების სიყვარულს, სიკეთის უზენაესობას, ამ ცისა და მიწის ტრფიალს. ლექსით სნეული კაცი იყო ნოდარ კვიციანი, მახსოვს, როგორი აღტაცებით გვიკითხავდა, რა ბედნიერი იყო, როცა ახალ, ნამდვილ ლექსთან უწევდა შეხვედრა. ერთი შეხედვით პირქუში, უკარება ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ძალიან ცოტა ადამიანთან ახერხებდა ურთიერთობას, საკუთარ ფიქრებთან გართული დადიოდა... გული კი სავსე ჰქონდა ადამიანების სიყვარულით...
- ვინ იყვნენ მამის მეგობრები.
- მამას არაჩვეულებრივი მეგობრები ჰყავდა, ხშირად იმაზე ფიქრი, რომ მას ამ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდა, შვებას მგვრის, ვფიქრობ, რომ ეს მისთვის დიდი ბედნიერება იყო. სვანეთში იმჟამად გაზეთი "ახალი სვანეთი" გამოდიოდა, სადაც არაჩვეულებრივი კოლექტივი იყო თავმოყრილი, დიდებული ვალერიან საღლიანი, ელა გურჩიანი, ლუცინდა შამფრიანი, ვაჟა ხვისტანი, მანანა ჯაფარიძე და სხვები. ეს იყო ერთ ოჯახად ქცეული ხალხი, ერთი საფიქრალის, ერთი სატკივარის, ერთი სიხარულის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები. მე მახსოვს ის ხანგრძლივი გლოვა და ცრემლი, რასაც ამ ადამიანებთან ვხედავდი ნოდარის გარდაცვალების გამო...
- როგორ ცხოვრობდა იგი.
- მამა ცხოვრობდა მართალი კაცის ბედით და უბედობით... სვანეთში, მშობლიურ სოფელ ბეჩოში, მამაპაპისეულ სახლში. არასდროს უფიქრია ამ სახლის, მშობლიური მიწა-წყლის მიტოვება, ერთგან წერს: "მე აქ დარჩენილ მამის ოცნებას და დედის ცრემლებს სხვას ვერ მივანდობ"...
ყოფით პრობლემებთან პირისპირ მამა ბავშვივით უსუსური იყო, ამიტომ ოჯახის მართვა, ფაქტობრივად, დედას უწევდა. დედა მთელი ცხოვრება დაუღალავად, ერთგულად იზიარებდა მის ყველა წუხილსაც და სიხარულსაც, რაც, ვფიქრობ, არ იქნებოდა ადვილი... მძიმე სენით დაავადებულს ხშირად უწევდა ოჯახიდან შორს, საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში ყოფნა, ერთ-ერთი ასეთია აბასთუმანში ყოფნის პერიოდი.აბასთუმანთან დაკავშირებული ერთი ლექსი მახსენდება: "აქ უყვართ უფრო ლადოს ლექსები და ოცნებების ახდენის სჯერათ და რაღაც ჟინით და გატაცებით, იფერადებენ სავალს ცისფერად"...
იფერადებდა სავალს ლამაზი ფიქრებით, ლექსთან საუბრით... ოჯახში გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში წერს: "გაუფრთხილდით სიცოცხლეს, ის უფრო ძვირფასი ყოფილა, ვიდრე მეგონა" ...
- თქვენ არაჩვეულებრივი ლექსი მოგიძღვნათ... "სევდიანი მონოლოგი შვილთან"... როგორ დაიწერა ეს ლექსი.
- ეს ლექსი იმ დროს დაუწერია, როცა მე ჯერ კიდევ ხუთი წლის ვიყავი და დეიდაჩემისთვის მიუცია. ლექსს აქვს ასეთი მინაწერი: "ძალიან გთხოვ, ეს პატარა ლექსი ეკას შეუნახო, ვიდრე გაიზრდებოდეს, მჯერა, შემისრულებ ამ თხოვნას. მჯერა იმისიც, რომ ჩემს შვილებს ღირსეულ ადამიანებად გაზრდით"... ეს ხელნაწერი არის ყველაზე ძვირფასი, რაც ჩემთვის არსებობს...
- ნოდარ კვიციანი ნამდვილი პოეტის ცხოვრებით ცხოვრობდა. მან რამდენიმე ბრწყინვალე ლექსი შექმნა პოეტის ბედზე...
- მამა ამ ლექსებში საკუთარ თავზე, საკუთარ ბედსა თუ უბედობაზე ყვება, შეულამაზებლად, დაუფარავად, ყველამ, ვინც ნოდარ კვიციანს იცნობდა, იცის, რომ მან ნამდვილი კაცის, ღირსეული ცხოვრებით იცხოვრა, ბევრი იყო ნოდარის ცხოვრებაში ტკივილი, ისეთი ეპიზოდები, რასაც შეეძლო, ადამიანისთვის ხელი ჩაექნევინებინა ცხოვრებაზე, მაგრამ მამამ ყველაფერს სიყვარული და გულის სითბო დაახვედრა, ბოროტებისთვის ბოროტებით არასდროს უპასუხია, და ტკივილი, რაც ცხოვრებამ განაჩენად უქცია, საკუთარ ლექსებში ლამაზ სტრიქონებად დააბინავა... აქვს ერთი ასეთი ლექსი "პოეტს", სადაც წერს:

"და ლამანჩელის გულით და თვალით,
ხედავდეს სოფლის ფუთფუთს და ტრიალს,
გაითავისოს მახვილიც, ფარიც,
რამეთუ ზოგჯერ მარჯვენას ჭრიან."

და მაინც "პოეტი უნდა რაინდი იყოს, უსპეტაკესი სულის და გრძნობის!"
- სიკვდილის მოლოდინი თუ ჰქონდა.
- წინათგრძნობა, ალბათ, ჰქონდა, რადგან საოცარი დამთხვევებია მის გარდაცვალებასა და მის სტრიქონებს შორის: "აუცილებლად ღამე მოვკვდები, იქნება ასე, საათის ორი, მუდამ მზრუნველი, მუდამ მომთმენი, ძილში იქნება დაღლილი ცოლი"... ასეც მოხდა...
და ბოლო წერილი, რომელიც გარდაცვალებამდე სულ რაღაც ნახევარი დღით ადრე დაიწერა, სადაც მამას ესაუბრება: "თავი უნდა დავაღწიო ამ სიცივეს, როგორც შენ, მამა"...
- ახლახან თქვენი მონდომებით და ძალისხმევით გამოვიდა წიგნი ნოდარ კვიციანზე...
- წიგნს რაც შეეხება, ნოდარი საკუთარ ნაწერებს არ უფრთხილდებოდა, საოცრად თავმდაბალ კაცს არც ერთი გამომცემლობის კარი არ შეუღია და არ უთხოვია არავისთვის, მისი ლექსებისთვის ყურადღება მიექციათ, გარდაცვალების შემდეგ არქივში მხოლოდ მისი ლექსების ნაწილი აღმოჩნდა. მას მერე დავიწყე შეგროვება ნოდარის მეგობრებში, რომლებიც ინახავდნენ და უფრთხილდებოდნენ ამ ლექსებს, ბევრმა მესტიაში მამის ლექსები ზეპირადაც იცოდა... და ამდენი წლის შემდეგ, რისი მოპოვებაც შევძელი, იმ ლექსებით შევადგინე და გამოვეცი კრებული.. "ჭეშმარიტად ღირდა"...

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი,
„საქართველოს რესპუბლიკა“, 2014-10-08

ბმული:
* http://www.opentext.org.ge/index.php/index.php?m=12&y=2014&art=4464


Arrow


Last edited by Admin on Sun Mar 11, 2018 3:49 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:34 pm

ნოდარ კვიციანი

ღირდა? - ჭეშმარიტად ღირდა!..

ვიცი, როგორ დავიხარჯე,
ისიც, დავიხარჯე რისთვის,
- არ მქონია არასოდეს
ცოდვა, უმძიმესი ფიფქის.

სისხლით წვეთ-წვეთ ვიცლებოდი,
არ დავცლილვარ, თუმცა, ჯერაც,
ჩემებურად ვიხარჯები,
ჩემებურად ვჭრი და ვკერავ.

ხან მაწვიმდა, ხან მათოვდა,
ხან ალერსში ვიყავ მზის და
- ჩემში არც რა შეიცვალა,
- ჩემში არც რა გადაჯიშდა.

შიშველ გულით დავალ ქვეყნად,
უფარო და უმახვილო,
უნაპირო ვიცი სევდაც,
სიყვარულიც უნაპირო.

მზეს ვფიცულობ მამულისას,
მიწას, ნაამბორალს გმირთა.
მეკითხებით: - მოსვლა ქვეყნად,
ღირდა? - ჭეშმარიტად ღირდა!...


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:34 pm

ნოდარ კვიციანი

***
ხევში რომ ნისლის ყრია ფთილები
ეს ჩემი სულის ნაფლეთებია,
ძვირფასო, როცა მე შევიშლები,
თქვი:-"პოეტები აგრე კვდებიან!"

გამიხარდება, შეშლილ თვალებში
ჩადგება წამით რწმენის ნათელი,
არ მიმატოვებ მარტოს ღამეში
ხელებში ჩაფშვნილ, ჩამწვარ სანთელით...

ამდენ სოფელში, ამდენ ქალაქში
და ამდენ ხალხში შენ ერთი მიცნობ
და ვიცი, წასვლა არის ღალატი,
როდესაც შენზე ვიღაცა ფიქრობს...

მე მჯერა, უსმენ ჩემს გულის ძგერას
და მაჯისცემა გაღელვებს ჩემი,
ღამე შავია, დროც გაიწელა
და ახლა შენი ლოცვაღა მშველის...

ისევ მარტო ვარ და შენზე ვფიქრობ
და ვუსმენ ღრენას დაფლეთილ ფილტვის,
ო, როგორ მინდა, სიცოცხლემ მიძმოს
და გადავურჩე ღალატის სირცხვილს...

ძვირფასო, როცა მე შევიშლები...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:36 pm

ნოდარ კვიციანი

***
ზამთრის ღამე გრძელია და ცივი,
ძაღლს ყმუილით სურს, გაფატროს ზეცა,
შენ იყავი აპრილივით თბილი
და ხალათიც გაზაფხულის გეცვა.

თეთრია და სპეტაკია თოვლი,
ანგელოზის თვალებივით წმინდა,
და მე ახლა, უპირველეს ყოვლის,
ბავშვობაში დაბრუნება მინდა.

ადრე შემწყდარ სიმღერებზე ვფიქრობ,
მემატება ტკივილი და დარდი,
ვერ ვიპოვე დაკარგული სითბო,
ვერ ვიპოვე მეგობარი ნაღდი.

მარტოსულს და ყველასათვის უცხოს,
აქ უშენოდ ყოფნა გამიჭირდა
და მე ახლა, ყველაფერზე უფრო,
ბავშვობაში დაბრუნება მინდა...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:37 pm

ნოდარ კვიციანი

იქნებ

ჩავლილია ყველაფერი,
ტკივილიც და მწუხარებაც,
ბინდისფერში ჰპოვა ბინა
ხმაურმა და მქუხარებამ.

მაჯისცემა მშვიდი არის,
არ იმღვრევა ძარღვში სისხლი,
და თვალებშიც ვარდისფერი,
უმოძრაო მიდგას ნისლი.

რა შეგცოდე, ღმერთო, ნეტა,
ასე რისთვის დავისაჯე,
რატომ , ოი, საოცრებავ,
ბოლომდე ვერ დავიხარჯე!

როდის იყო, მე ვითხოვდი,
სიმშვიდეს და მყუდროებას,
(რად არ დავრჩით, რად არ დავრჩით,
ისევ ისე უცხოებად?!)

ყოფილიყო ტკივილებიც
და მუქარაც ქარიშხლების,
სხვანაირად, აბა, როგორ,
აბა, როგორ დავიცლები...

არაფერი არ მტკიოდეს,
არაფერი არ ვინატრო,
ისე როგორ, რანაირად
ავენთო და ავილამპრო...

მაგრამ- იქნებ განმეორდეს
იმ მღელვარე დღეთა წყება,
იქნებ, ისევ გამიხსონს,
სიყვარულის ტკივილებმა...

ჯერ კი ისევ სიმშვიდეა,
არ იმღვრევა ძარღვში სისხლი
და თვალებშიც უმოძრაო,
ვარდისფერი მიდგას ნისლი...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:37 pm

ნოდარ კვიციანი

***

ჩემი სოფლის ორღობეებში
დღესაც დადის ფეხშიშველი
ჩემი ბავშვობა,
დადის და ელის, ამაოდ ელის
მშობლის დაძახილს...
და დაღლილი ამაო ლოდინით,
გულდაწყვეტილი და ცრემლიანი
ბრუნდება ჩემთან
და სხეულის, ჩემი სხეულის
ყველაზე ღრმა და ბნელ კუნჭულში
ძილს მინებდება..
არ ვიცი, რატომ-- გული შიშით
მევსება მაშინ
და მე ვუძახი ჩემს პატარებს,
'ნუ გეშინიათ!"-ვეუბნები,
თითქოს მე კი არა,
მათ ეშინოდეთ...
და უკვირთ ბავშვებს,
უკვირთ ბავშვებს
და კითხვით სავსეს აფახულებენ
უცოდველ თვალებს...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:38 pm

ნოდარ კვიციანი

მანუჩარს

ასე მგონია, ყველაზე უფრო,
მე ვეტრფი, მიყვარს
მამული ჩემი,
მისი მთა-ბარი
და მისი ზეცა.
ყველაზე უფრო
დიდ სიყვარულით,
გზებს, სავალს მისკენ,
გზებს, სავალს მისგან,
ვკოცნი და ვკეცავ..
-გამახარე და შენც ასევე
გეგონოს, ბიჭო!
და თუ მოვტყუვდით,
ჩემო სიცოცხლევ
და თვალისჩინო,
დაე, ამაში, დაე, ამაში,
მხოლოდ ამაში
მოვტყუვდეთ, შვილო!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:40 pm

ნოდარ კვიციანი

მე რა გამაჩნდა

მე რა გამჩნდა ცრემლიანი
ლექსების გარდა,
რითი ვფიქრობდი
შენი გულის
მონადირებას,
დიდი ხანია, გამიხუნდა
ცისფერი ფარდა,
ოცნება, შენთან
იმედით რომ
მომაცილებდა...
დიდი ხანია, გაშრა ცრემლი,
მოკვდა ოცნება
და უხარიათ,
რომ მიწაზე
მყარად ვაბიჯებ,
ო, ახლა ჩემში არც წყენაა,
არც გაოცება,
რომ ასე მშვიდად
გამიმეტეს
და დამამიწეს...
მე რა გამაჩნდა ცრემლიანი
ლექსების გარდა,
რითი ვფიქრობდი
შენი გულის
მონადირებას,
ხომ ხედავ, ჩემში ყველაფერი
ლამაზი ჩაკვდა,
რად არ მოდიხარ,
რად არ მეტყვი :
„მონაწილე ვარ“...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:41 pm

ნოდარ კვიციანი

ბოლო ყივილი

არ შემიძლია, რა ვქნა, ბიჭებო,
მე დავიღალე სულით, სხეულით,
თქვენ შეგიძლიათ, კიდევ იცეკვოთ,
მე კი სიმშვიდით ვარ დამშეული.

-ფრთებჩამოყრილი ბებერი ორბი,
თვალცრემლიანი გაჰყურებს სივრცეს,
ფერხთით უყრია საგზალი ორ დღის,
გზას, ბინდით მოსილს, ამ საგზლით მისდევს.

მოჰყირჭდა ბებერს ყველა მუსიკა,
ის ემზადება ახლა ძილისთვის,
ყივილს მოწოლილს, ძარღვს რომ უწყვიტავს,
იტოვებს იგი ბოლო კვირისთვის.

და მოდით მაშინ, თქვენ მოდით მაშინ,
ხმაურიანი მუსიკით, ცეკვით,
და რასაც იგრძნობთ ბებერის ხმაში,
რასაც ის ბოლო ყივილი გეტყვით,-

გააგებინეთ, უთხარით ყველას,
მართალი გულით და სიტყვით, ნაღდით,
რომ გაიმეტონ ნუგეში, შველა,
როცა გნახავენ თქვენც ასე დაღლილს...

არ შემიძლია, რა ვქნა, ბიჭებო,
მე დავიღალე სულით, სხეულით,
თქვენ შეგიძლიათ, კიდევ იცეკვოთ,
მე კი სიმშვიდით ვარ დამშეული...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:42 pm

ნოდარ კვიციანი

***

ვით სანამყენე კვირტები,
წელები ამაჭრეს ფიქრებმა,
-არც მეორდება რაიმე,
არც არაფერი იცვლება.

-კედელზე მამის სურათი,
წიგნის თაროზე - გრანელი,
-წუხელის სისხლში ვცურავდი,
ღამე გავტეხე წამებით.

-ო, ტკივილებო წარსულის,
რა ტკივილებად დამაჩნდით,
ეს მერამდენედ დამჯაბნეთ,
-ეს მერამდენედ დავმარცხდი.

-გულში ფათურობს, ტვინს მიღრღნის,
ეჭვი, ბოროტი გენია,
-იქნებ, კიდევ მყავს მოყვარე,
იქნებ, არც ვინმე მტერია...

მაშ, ეს ტკივილი რაღაა,
მხოლოდ სიგიჟის ნაყოფი?
-თქვენ სიცოცხლესთან მიშველეთ,
სიკვდილს მე მარტოც ვეყოფი...

ვით სანამყენე კვირტები,
წლები ამაჭრეს ფიქრებმა...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:42 pm

ნოდარ კვიციანი

შვილს

ვიცი, რისთვისაც
გაჩნდი ამ ქვეყნად,
რამეთუ ვიცი,
მე გავჩნდი რისთვის,
ბევრ ვინმეს უკვირს,
მიწას რომ ვკოცნი,
და ისე მიცქერს,
ვით სიკვდილმისჯილს...
გიჟი ვგონივარ,
როს დაცალებულ
ხარირემივით
შევბღავი ზეცას,
სოფლის საღამო,
ჭორიკნის ყბებით,
აუჩქარებლად,
კევივით მღეჭავს...
ვიცი, რისთვისაც
გაჩნდი ამ ქვეყნად,
რამეთუ ვიცი,
მე გავჩნდი რისთვის,
მიტომაც ვდარდობ
და გულისთრთოლვით,
შენს გაუმართავ
ნაბიჯებს ვითვლი...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:44 pm

ნოდარ კვიციანი

მე ამ ქალაქში შემთხვევით მოვხვდი

მე ამ ქალაქში შემთხვევით მოვხვდი,
და მარტოობის ვარ გრძნობით სავსე,
მე მაღლა მთაში დიდ ჩ ა ნ ჩ ქ ე რ ს მოვწყდი
და უსახელოდ აქ უნდა დავშრე.

ვიღაცა ბაღში ყვავილებს თიბავს,
სისხლში დაცოცავს, ვგრძნობ, შიშის ჭია,
და მეჩვენება, რომ ბებერ მიწას,
ჩემი უძლური სხეულით შია...

- თუმც, ვერვინ დამდებს ბრალს მე ღალატში,
და ვერ ჩამაცმევს იუდას ხალათს,
მაინც, აქ, ჩემთვის უ ც ხ ო ქალაქში,
ტყუილად ვეძებ სიცოცხლის ძალას.

ქუჩის ხმაურში ფერმკთალი ლანდი,
ისე თრთის, როგორც პეპელას ფრთები,
ჯერ კიდევ გუშინ ვიღაცას ვგავდი,
ჯერ კიდევ გუშინ მე მგავდნენ სხვები...

ჩემში ჭ უ ჭ ყ ი ა ნ ს ა ც ვ ე ლ ე ბ ს რეცხავენ,
და ზ ი ზ ღ ი ყელში ყულფივით მიჭერს,
მ ა დ ლ ო ბ ა დ ი დ ი, რომ არ ეცადეთ,
რომ ახლაც არვინ არაფერს მირჩევთ...
მე ამ ქალაქში შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი თ მოვხვდი...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:45 pm

ნოდარ კვიციანი

***
წუხელ მესიზმრა პაპაჩემი,
რახით შემთვრალი,
(თვალები ჰქონდა გაბაშვილის
მთვრალი ხევსურის),
შემომიტია: - "ჰაი, ბალღო,
რად ხარ შემკრთალი,
დარდს რად ალაღებ, რაზედ კვნესი,
ბედს რად ემდური?!
სირცხვილი შენი!
დაგვიწყნია მიწის შვილობა,
წაურთმევია ცაში ფარფატს
უნარი ბრძოლის,
ვერ გიშველია,
კვლავ ღიაა ყველა ჭრილობა,
ცრემლში დამბალი სულით დახვალ
მოყვასთა შორის!
სირცხვილი შენი!"
...წუხელ მესიზმრა პაპაჩემი,
რახით შემთვრალი...

ბმული:
* https://www.facebook.com/NodarKviciani/videos/10151571664064522
* https://youtu.be/XP52-H2xUXI

Arrow


Last edited by Admin on Sun Mar 11, 2018 3:51 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:45 pm

ნოდარ კვიციანი

***
ცა იყო მშვიდი, ზღვაც იყო მშვიდი
და ჩვენ ვხატავდითგემებს სილაში,
უმანკოები ვიყავით მაშინ,
ცამდე მართალნი ღმერთის წინაშე...

და მერე იყო წვიმა და ქარი,
სიცივე იყო მერე და მერე,
სანაპიროზე შეშლილი ქალი,
ტალღებს უწვდიდა გათოშილ ხელებს...

ჩვენ გავიქეცით, რას გავექეცით,
ზღვის მრისხანებას თუ გიჟის თვალებს?
იქნებ, შენც გახსოვს ეს ყველაფერი
და უპასუხო კითხვაც გაწვალებს...

ანდა ეს იქნებ ბოდვაა ჩემი,
არ დაგვიხატავს სილაში გემი,
არ დაგვინახავს შეშლილი ქალი,
არც ქარი იყო, არც მზე, არც წვიმა,
იქნებ, მე სხვა რამ მალაპარაკებს,
და გულსაც იქნებ, სხვა რამე სტკივა..
ვინ იცის, იქნებ...
იქნებ, ვინ იცის..

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:46 pm

ნოდარ კვიციანი

ეპიტაფია

მართვე ვიყავი არწივის,
არწივი ვეღარ გავხდი,
თოვლად მოვედი აპრილის
და აპრილის მზით დავდნი.

ამიტორტმანდა ლურჯი ცა,
ამიტორტმანდნენ მთები
და დამიბრუნდა, ემართათ,
ცრემლი, ტკივილი, ჭლექი.

არ მეპატია უსაზღვრო
სიყვარული და ზიზღი...
მე კი, ო, საოცრებავ,
კვლავ ამ ორ გრძნობით ვიწვი...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   Sun Mar 11, 2018 3:57 pm

ნოდარ კვიციანი

მამას

არა, ამ ქვეყნად ვერავინ შეგვცვლის,
ვერც ეს დღეები შეცვლიან წარსულს,
ვკივი ქარებში და ვგავარ შეშლილს,
გადასახტომად კლდის ქიმზე ასულს.

მოვიგონებდით, რომ ვიყოთ ერთად,
ვით მიმატოვეს თოვაში, ქარში,
ვით გადაიქცა ფიქრად და სევდად,
შენი უღონო ჭაღარა ბავშვი.

შენ გაიგებდი ჩემს გულის წუხილს,
ჩემს სიხარულსაც შენ გაიგებდი,
მეც ყველა ქარებს და ცათა ქუხილს,
გულში სიმართლედ, მზედ ჩავიტევდი.

არა, ამ ქვეყნად ვერავინ შეგვცვლის,
ვერც ეს დღეები შეცვლიან წარსულს,
ვკივი ქარებში და ვგავარ შეშლილს,
გადასახტომად კლდის ქიმზე ასულს.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: ნოდარ კვიციანი   

Back to top Go down
 
ნოდარ კვიციანი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: