არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნათია როსტიაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 8:47 pm

ნათია როსტიაშვილი Natia_11
Natia Rostiashvili

ნათია როსტიაშვილი

ნათია როსტიაშვილი მკითხველმა ორიოდე წლის წინ გაიცნო, როცა მისი მოთხრობა „28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ“ ლიტერატურულ კონკურს „ლიტბუნიობის“ ფინალში გავიდა. მას შემდეგ მწერლის არაერთი ნაწარმოები გამოქვეყნდა სხვადასხვა კრებულსა და თითქმის ყველა ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემაში. სამწერლო ბიოგრაფიის მცირე მონაკვეთში უამრავმა წარმატებამ მოიყარა თავი: ლიტერატურული კონკურსი „ლიტბუნიობა“ (2012), მოთხრობა „28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ“ - ფინალი; რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი (2012), მოთხრობა „ჩეჩენი“ - მესამე პრემია; მწერალთა კავშირის ჯილდო მოთხრობისთვის „ჩემი წილი საქართველო“ (2013); სპეციალური პრიზი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რჩეული ნაწარმოებისთვის „ჭაღის ანგელოზი“ (2013); ლიტერატურული კონკურსის - „მოკლედ ითქმის“ - გამარჯვებული (2014); გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისთვის - „საით წავიდა ლოლა?“ (2014); ლიტერატურული კონკურსი „წერო“ (2014) - მთავარი პრემია და „ვერცხლის წერო“ მოთხრობისთვის „ჭაღის ანგელოზი“.


ბმული:
* https://saba.com.ge/books/details/2537/ჭაღის-ანგელოზი
* http://www.intelekti.ge/book.php?id=637
* http://litklubi.ge/index.php?profilid=ნათია%20როსტიაშვილი
* http://urakparaki.com/?m=7&WUID=8809&sm=1
* https://www.facebook.com/natiaro?lst=100002035099487%3A100000504004600%3A1519491049


მწერალი GeolibTV-ს
GeolibTV
Published on Oct 31, 2013
მწერალი ნათია როსტიაშვილი GeolibTV-ის მაყურებელს საკუთარ ნოველას უკითხავს.

study


Last edited by Admin on Fri Apr 05, 2019 9:58 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 8:50 pm

ნათია როსტიაშვილი Chaghi10

წიგნის დასახელება - ჭაღის ანგელოზი
ავტორი - ნათია როსტიაშვილი
გამომცემლობა - პალიტრა L
ISBN 9789941211096
ჟანრი - მცირე პროზა
სერია - ახალი ქართული მწერლობა
გვერდები - 187
გარეკანი - რბილი
ფორმატი - 13.5x20
გამოცემის წელი - 2014



ნათია როსტიაშვილი

ძმები

დედამ საგულდაგულოდ შემოუკეცა საბანი კარლოს და დანიელს. ორივეს შუბლზე აკოცა. ,,რა იყო ჩემი სიცოცხლე მათ გარეშე?”
ოთახში ორი საწოლი დგას. ერთში ძმებს სძინავთ, მეორეში _ დედას.
,,გავთხრი და გავთხრი. მიწის გულამდე ჩავალ. _ მეშახტეობაზე ოცნებობს ძილ-ბურანში წასული კარლო. _ ნათურიანი ქუდიც მექნება. როცა დედა მომაკითხავს, გვირაბს ამ ქუდით გავუნათებ.”
დანიელს ნაღებისფერ ღრუბლებში ჩაფლული თვითმფრინავი ესიზმრება. მისი საყვარელი სიზმარია. მფრინავობა სურს. ძალიან უნდა, ყოველთვის, როცა დედა საოჯახო საქმეებისგან დაიღლება, თვითმფრინავით ცაში გაასეირნოს ხოლმე.
დედასაც აქვს ერთი ოცნება: ,,ნეტავ ჩემს ბიჭებს ცალ-ცალკე საწოლებში ეძინოთ...”
ფანჯრიდან მქრქალი სინათლე შომოდის, მთვარისფრად ანათებს მაგიდაზე გადაშლილ გაზეთის ძველისძველ ნომერს: ,,ჩვენს ქალაქში სიამის ტყუპები დაიბადნენ. ახალშობილებს კარლო და დანიელი დაარქვეს...”


თაღლითი

სკვერში ცალად იჯდა ესმა. ალერსით გაბრუებულ წყვილებს ათვალიერებდა.
,,უშნო და უბედური ვარ, - გაიფიქრა. - სახელიც ისეთი მქვია, მოფერებითს ვერ მოუძებნი.”
- შეიძლება თქვენს გვერდით ჩამოვჯდე? _ გაუღიმა სიმპათიური უცნობმა.
- დდდიიიახ... - ენა დაება ესმას.
ჩამოჯდა... ისაუბრეს...
ბიჭი აღფრთოვანებული ჩანდა, ესმა - გაოგნებული. თურმე, სულაც არაა უშნო.მეტყველი თვალები, ლამაზი თმა და კარგი იუმორი ჰქონია.
დაიფიცე, რომ ხვალაც შემხვდებიო, - ბიჭმა.
გეფიცებიო. - ესმამ.
რომ მომატყუოო?!.. - ბიჭმა. - შენი ბეჭედი დამიტოვე. მშვიდად ვიქნები, მეცოდინება, რომ ბეჭდის დასაბრუნებლად მაინც მოხვალო.
აჰაო. - ამან.
მეორე დღეს ბიჭი არ მივიდა. ნამდვილად რაღაც შეემთხვაო, აფორიაქდა ესმა.
,,ვიში პრობა ოქროა. მალადეც!” - იუველირმა ფული ჩაუთვალა.
კმაყოფილმა ბიჭმა საქმიანად გადაშალა ბლოკნოტი და ჩანიშნული, პლიუსდაუსმელი სკვერების სიას ჩახედა...


ნუკრიების სახლი

ქალის სანახავად მიმავალმა ნუკრიმ, გზაში, ერთი ამბავი ატეხა: როგორ თუ სახელი დამიმალეთო!
ღონიერ მუშტებს იქნევს, ძლივს აკავებენ.
- გამამასხარავოთ გინდათ და თავი მომჭრათ სოფელ-ქვეყანაში?! - არ ცხრება.
- რა უჭირს შე კაი კაცო, ფერი ფერსაო, მადლი ღმერთსაო, თქმულა. შენც - ნუკრი, ისიც - ნუკრი... - ამშვიდებენ.
ქალიც ღონიერი და ფერ-ხორციანი გამოდგა. თვალში მოუვიდა სასიძოს.
ორი ვაჟი ეყოლათ ნუკრის და ნუკრის. ისინიც დევებივით მხარ-ბეჭიანები. ერთ ვაჟს გოგო შეეძინა, მეორეს - ბიჭი.
- გოგოს და ბიჭს ერთი სახელი გქვიათო, მეზობლის პატარა ბიჭმა დასცინა ბიძაშვილებს.
- არაფერიც! - შუბლი შეიკრა თავის ასაკისთვის ზედმეტად ზორბა ბიჭმა. - მე პაპას სახელი მქვია, ამას - ბებოსი.
- ნუკრიიიი!.. - როგორც კი ჭიშკართან დაიძახებენ, ფანჯრებიანი მხარისკენ ოდნავ შესამჩნევად იზნიქება ნუკრიების სახლი.

study


Last edited by Admin on Sun Feb 25, 2018 11:31 am; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:04 pm

ნათია როსტიაშვილი

ჭაღის ანგელოზი
("წეროს" გამარჯვებული მოთხრობა)

თუთიამ ლატარეის ბილეთები ჯერ შუაზე გადახია, მერე ის ნახევებიც - შუაზე, ისინიც... ისინიც... და მიჰყვა ასე, სანამ ფურცლებს შუახაზიესინჯებოდათ.
- ჰა, რაო, გოგო? ისევ ვერაფერი? - ეზოდან დაძაბული ხმით ამოსძახა მამამ.
- ვერა. - უხალისოდ მოისროლა პასუხი ფანჯრისკენ.
- ჰაა... რაო?
როგორც ჩანს, ფანჯარას ააცილა. უმიზნო იყო თუთია. ფანჯრისთვის სიტყვის სროლაშიც, ცხოვრების დაგეგმვაშიც... მისი ოჯახისთვის კი რა ხანია,ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად ლატარეაში ფულის მოგება და მეზობლის ვალის გასტუმრება ქცეულიყო. ბედის ირონიით, მეზობელს ვალი-კო ერქვა. „ვალიკოს ვალი“ პოეტურად კი ჟღერდა, მაგრამ ვერაფერი შეღავათი იყო მევალეებისთვის. თუთიას, ვალზე მეტად, ვალიკოს არსებობააღიზიანებდა. მის მშობლებს - პირიქით, ვალის ქონის ამბავი უწამლავდა გუნებას, თორემ ვალიკოს არსებობა ხსნა იყო.
თავიდან, სოფლის ყველაზე მდიდარ კაცთან, ფულის სასესხებლად, მამა დადიოდა. მერე და მერე ერიდებოდა, თუთიას აგზავნიდა. რაღაცნაირადმზერამყრალი კაცი იყო ვალიკო. ისე აათვალიერებდა ხოლმე თუთიას, ამ უკანასკნელს ლამის ხელი მიეფარებინა „გამჭირვალედ ქცეულ“ტანსაცმელზე. სახლში არაფერს ამბობდა, მშობლებთან ვერ მეგობრობდა.
- ვერაფერი! - ამჯერად ღია ფანჯარაში გაყო თავი თუთიამ, აღარ აუცდენია.
- თფუჰ!.. - ბარი მიწაში ჩაათხლიშა მამამ.
„რატომ არიან ჩემი მშობლები ასეთი უმწეოები, უიღბლოები, საწყლები?..“ - თუთიამ ჭერს ახედა. მისი ერთადერთი მეგობარი ჭაღზე გამოკვანძულძუაზე ეკიდა, ოდნავ ირხეოდა. რაც თუთიას თავი ახსოვს, ანგელოზის ეს ფიგურაც აქ ეკიდა და როცა თუთია ესაუბრებოდა, ოდნავ ირხეოდა.ორივე ბეჭზე „ნაჭრილობევი“ ეტყობოდა. ოდესღაც ფრთები მოსტეხია და დაუწებებიათ, ვერ გაუმეტებიათ ადამიანობისათვის.
„ჩემს ტოლებს მშობლები ფულს აძლევენ და საზღვარგარეთ აგზავნიან სასწავლებლად, ესენი კიდევ ვალიკოსთან მაგზავნიან, რომ ფულიმოვუტანო...“
წამოვიდა წვიმის თქეში, დაიტბორა თუთიას გული. გადმოარღვია ნეკნის ჯებირები, აივსო წყლით ყელამდე. ამოსცდა პირს, ცხვირს, წავიდათვალებისკენ და თავი რომ არ დაეხარა, ააწვიმდებოდა ჭაღის ანგელოზს თუთიას თვალებიდან.
თუთიამ წარმოიდგინა, - კომპიუტერული ვიდეოთამაშის გმირივით როგორ აიწია მაღლა, ჭერამდე. მერე რამდენიმე მალაყი შეკრა (ლაბადისკალთა უფრიალებდა ამ დროს) და მამასთან გაჩნდა, შუბი მხარზე მიაბჯინა.
„უფულობამ გამაბოროტა.“ - გაიფიქრა და ძალიან შერცხვა. კადრი უკან გადაახვია. შუბი დაუშვა, უკუღმა გაიმეორა მალაყები, „პლაშის“ ფრიალი დაჭერში ლივლივი. მერე ჩამოფრინდა და ლატარეის ნახევებში ჩაჯდა. Stop Playing. მორჩა, ვითომ არც გაუფიქრებია.
თუთიას მამა სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული ყველა სახის ლატარეას თამაშობდა.
ავსებდა ლატარეას და იმედით ივსებოდა.
რის მოგება?.. – „სპრინტის“ ბოლოების მოხევა და ფულის ახევა ერთი იყო.
ლატარეის უჯრებს ადვილად ფხეკდა, მაგრამ ლატარეებში ფულის ყრის ჩვევა ვერაფრით ჩამოიფხიკა.
იმდენჯერ დარეკა გათამაშებებში, რომ ბოლოს ლამის გარეკა.
იმდენი წელი ხაზა ლატარეის ციფრები, სანამ მის ბიუჯეტს საბოლოოდ არ მოეხაზა.
ერთი წისქვილის ქვა არ დაუტრიალებია, თორემ „იღბლიანი ბორბლის“ დატრიალებაშიც კი სცადა ერთხელ ბედი... უიღბლოდ. მერე და მერე,დაცოლშვილებულს, ნერვები აღარ ჰყოფნიდა. ცოლსა და შვილს ავსებინებდა, აფხეკინებდა, არეკინებდა... ჯიუტად სჯეროდა, რომ ერთხელაციქნება - ლატარეა ვალს დაუბრუნებს.
ოთახში დედა შემოვიდა. ფეხსაცმელი გაიხადა, წარუმატებლად დაწებებული ლანჩა შეუთვალიერა და კარს უკან დააწყო.
„ტუფლის დაწებებაშიც არ უქნია ესენი ღმერთს.“ - თუთიამ თვალი ანგელოზისკენ გააპარა.
- სტუმრები მოვლენ საღამოს. კარგი სუფრა უნდა გავშალოთ. - თუთიასკენ არც გაუხედავს, ისე თქვა დედამ.
- ვინ სტუმრები? - თუთიას სძულს სტუმრები. გარდატეხის ასაკშია. უბედურია. უბედურია იმის გამო, რომ საკმარისად არ აქვს რაღაცები, რაც უნდა(ბევრი ფული, დიდი მკერდი) და უხვად აქვს რაღაცები, რაც საერთო არ უნდა (ნერვების მჭამელი ფერიმჭამელები, აუარება წითელი და ამდენივეშავი წერტილი სახეზე). პლუს, ბუნებაში არ მოიპოვება ბიჭი, რომელსაც თუთია მოსწონს (ბებერვალიკო რა სათვალავში ჩასაგდებია) და გოგო,რომელიც თუთიას ემეგობრება (ჭაღის ანგელოზი არ ითვლება). ჰოდა, რა უშლის ხელს სძულდეს სტუმრები? მშობლები? ადამიანები?
- ჩემი ახალგაზრდობის მეგობარი შემხვდა, გიზო. სტუდენტობის მერე აღარ მინახავს. ვიცოდი, რომ თბილისში ცოლი შეირთო და ინგლისშიწავიდნენ საცხოვრებლად, მეტი არაფერი... ახლა ბებიაშენთან რომ ვიყავი, შემთხვევით შემხვდა, მეგობართან ჩამოვედიო რამდენიმე დღით. რომგაიგო გვერდზე სოფელში ვარ გათხოვილი, საღამოს გესტუმრებით თუ უხერხული არააო. ცოლ-შვილით მოვა...
დედას სახე ისე ასწითლებოდა, რომ ამ სიწითლის ფონზე, მისი ისედაც გახუნებული ვარდისფერი კაბა ახლა სულ მთლად თეთრივით ჩანდა.
„რაღაცას მალავს.“ - გაიფიქრა თუთიამ. დიდ ცეცხლზე შემოდგმული კერძივით აუთუხთუხდა ბოღმა შიგნეულში. მზადაა ჭერამდე აიწიოს, სალტოგააკეთოს...
„კომპლექსებმა და უშეყვარებულობამ გამაბოროტა.“ ამოიოხრა. წარმოსახვითი თამაშის დაწყების აპლიკაციას დაწკაპუნებით პასუხობს „No Playing“,მონიტორზე ახალი ფანჯარა ჩნდება: „სტატუსი - უბედური“
ჩახლართული, ერთმანეთში ჩაბრუნებული ამბავია: წარმოსახვითი თამაშები, უცნაური ასოციაციები, რეალობაში შემოჭრილი ვირტუალურისიუჟეტები... - ეს თუთიას გულსა და თავს შეფარებული ამბებია, რომლებიც ამავდროულად თუთიას თავშესაფარიცაა. ამბები თუთიასკენ მიიწევენთავის გადასარჩენად, თუთია - ამბებისკენ. ძაღლისა და მისი კუდის დაჭერობანასავით წრეზე ტრიალებენ.
- საქმეზე გავდივარ.
მამას ხმა იყო. ჯერ სიტყვების, მერე - ნაბიჯების.
- საღამოს სტუმრები გვეყოლება. მაგ შარვლით ნუ შემოხვალ სტუმრებთან... - დააწია დედამ.
სუფრა გაშალეს. დედამ ხალათი გაიხადა, ქლიავისფერი კაბა ჩაიცვა. რადგან ლოყებზე ისევ ბროწეულის ფერი ედო - არ მოუხდა, მაგრამ არ უნდოდაისევ იმ ვარდისფერში დახვედროდა.
დედის მღელვარებით გაღიზიანებული თუთია ტახტზე წამოწვა და „ჩართო კინო“: ქლიავისფერი, გრძელი, ფორმადაკარგული კაბა შანელისმუხლსქვემოთამდე სიგრძის კაბად გადაიქცა, ტანზე შემოეტმასნა დედას. კარზე შლაპიანმა, ტიპიურმა ინგლისელმა ჯენტლმენმა დააკაკუნა. დედამგაუღო, მოეხვია, ტუჩებში აკოცა. თუთიას დედა საბოლოოდ შესძულდა.
- თუთია, აკაკუნებენ, გააღე. - დედის ხმამ რეალობას დაუბრუნა. გახედა - ზღვისფრად უელავდა თვალები დედას. ღელავდა. შუბლზე ტალღებადგადაწოლილი ნაოჭები თითქოს უფრო გაუღრმავდა. მზეზე გაშავებულ ხელებს ნიჩაბივით უსვამდა ჰაერს, შვილს ანიშნებდა, - ადექი, კართანმიდიო.
ბატონ გიზოს შლაპა არ ეხურა, - ვერ გამოიცნო თუთიამ. სამაგიეროდ, შანელის კაბა აუხდა, ოღონდ გიზოს ცოლზე. „ეს ქალი სარკეში არეკლილისხივივით ბრჭყვიალებს. სამკაული, პომადა, მანიკური, თვალები... ყველაფერი უბრჭყვიალებს.“ - თუთია მოიხიბლა. წარმოიდგინა, უმთვაროღამით როგორ შესცურა ამ ქალმა სოფლის მდინარეში. თითქოს წყლის ზედაპირზე მთვარის მტვერი მოაფრქვიესო - გაიბრჭყვილა ქალის ნაბანმაწყალმა...
- კეთილი იყო ჩვენი ფეხი. - თქვა ბატონმა გიზომ. გინდ შლაპა მოუხდია, გინდ ამ ტონალობაში მისალმებია. - შენი გოგონაა? აი, ჩემი ჯინაც მაგისტოლია. ეს კი დევიდია, ჩვენებურად - დათო, ჩემი ბიჭი. ეს კი ჩემი კნეინა მაკოა. მაკო, საყვარელო, აი, ამ ქალბატონზე გეუბნებოდი, ჩემი ბავშვობისმეგობარია-მეთქი.
ლაბადის კალთა ისევ აფრიალდა ჭერში, ოღონდ ეს უკვე თუთია კი არა, დევიდ მძლეთამძლეა. შუბებს თვალებიდან ისვრის, მზერებად. ჯერგიზოსთვის გამზადებული შლიაპა მოარგო თუთიამ, მაგრამ როგორც კი მისი პრინცი მძლეთამძლეს კი არა, ილუზიონისტს დაემსგავსა, სასწრაფოდმოაშორა. მალაყებზე დროის ხარჯვა არ ღირდა, დევიდი მალაყების გარეშე მიფრინავს თუთიასკენ და ტუჩებში კოცნის.
დასხდნენ. დევიდმა სანთებელა და სიგარეტი მოამზადა, ბოდიში თქვა და გავიდა.
თუთიას გულის ყუნწი საგულეს მოსწყდა და სადღაც ქვემოთ ჩაუფარფატდა გული.
- მერე რა, რომ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ღირსება ღირსებაა. - სიმპათიური ტიპია ეს ბატონი გიზო. ვითომ შესაძლებელია, ასეთ დახვეწილ კაცსოდესმე თუთიას დედა მოსწონებოდა? - დევიდი კაცია, ოცდასამი წლისაა და მისი გადასაწყვეტია... აი, მაკომ და ჯინამ კი სიგარეტის მოწევა რომდაიწყონ, მაგაზე ნამდვილად აღვშფოთდები. თვითონაც არ იკადრებენ. მე ქართველ კაცად ვრჩები, სადაც არ უნდა წავიდე!
ჯინამ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, სმს-ის აკრება დაიწყო. თუთიას თვალი გაექცა, წაიკითხა: „ha ha haaaa Very Happy“. ჯინამ მამისთვის შეუმჩნევლადეკრანი დედამისს უჩვენა. მაკომ ეშმაკური სიცილით დაუბრიალა თვალები. გული შეეკუმშა თუთიას. ასეთ პაწაწუნა საიდუმლოებებშია დედა-შვილობის ხიბლი თუთიასთვის. ასეთ მეგობრად უნდა დედა თუთიას. რა იქნებოდა, მაკო ყოფილიყო დედამისი? შეხედავ - გესიამოვნება.მოვლილი, მოვლილი, მხიარული, მეგობრული...
დევიდი ოთახში დაბრუნდა, თუთიას მარჯვნივ ჩამოჯდა. კომპასის მხარეთა მაჩვენებელი ასო-ნიშნები ადგილს იცვლიან. „S“ ზღარბივითდამრგვალდა და მარცხნივ, აღმართზე აგორდა. ახლა სამხრეთი მარცხნივაა. სუნთქვა ჭირს, ისეა გავარვარებული ჰაერი, ნამდვილი საჰარაამარცხნივ! „E“ მოკლე-მოკლე ნაბიჯებით მირბის თავისი ახალი ადგილისკენ. აათავა აღმართი „N“-მდე და იქიდან თავქვე დაეშვა, ახალმისულ „S“-სდაეწია. ახლა აღმოსავლეთიც მარცხნივაა. მზე მარცხნიდან ამოდის. ცხელა.
სადღეგრძელოები მუსიკად ჩაესმის გაბრუებულ თუთიას. ბატონი გიზოს „ეგზომ“ და „აგრერიგად“ ისე ხვდება ყურს, როგორც წვიმიან ამინდში,ჩაშავებული ქოლგების რიგში აქა-იქ გაშლილი იისა და სტაფილოს ფერის ქოლგები - თვალს.
დევიდი მარჯვნივ გადაიხარა, სკამიდან ოდნავ წამოიწია. მარჯვენა მკლავი თუთიას სკამის საზურგეზე გადააწვინა, დაეყრდნო. წამოიღო ცხელმაქარმა ქვიშა და მტვერი. თვალებივით აეწვა კანი თუთიას. დევიდმა მარცხენა ხელი თუთიას თეფშს გადაატარა და სანამ ფხალის თეფშს ზანტადაიღებდა, თუთიას წილი სასუნთქი ჰაერი დევიდის სუნამოს სურნელით გაიჟღინთა. გაიშალნენ საჰარაში ფერადი ყვავილები, აჭიკჭიკდნენ ჩიტები,წამოვიდა ციდან საპნის ფერადი ბუშტები... ისე ახლოს იყო, ისე, ისე... ცოტა წინ რომ წაწეულიყო, ტუჩით მის ლოყას შეეხებოდა.
„ახლა რომ შემოტრიალდეს...“ - გაიფიქრა თუ არა, შეცბა. ამოიბურცნენ თუთიას შუბლიდან, ნიკაპიდან, ცხვირიდან ფერიმჭამელები, სისხლითგატიკული ტკიპებივით დაიბერნენ, დაწითლდნენ, მთელ სახეს მოედვნენ, გადანაწილდნენ მკლავებზე, ზურგზე, ზურგიდან სკამზე, სკამიდანხელზე ააცოცდნენ დევიდს... დევიდი ვერ ხედავდა თუთიას სახეზე ნაუცბათევად დაპუდრულ, დამალულ ფერიმჭამელებს. უფრო მეტიც, ისსაერთოდ ვერ ხედავდა თუთიას. ვერც ფხალის თეფშს ხედავდა, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ერგო დევიდის რჩეულობა, რომ მაგიდის კიდესთანიდო, თუთიასთან ახლოს. დევიდი მხოლოდ საკუთარ თავს უყურებდა. კი, შეეძლო ეგრე. როგორღაც მოახერხა და საკუთარი თავის გვერდიდანყურება „დაამხეცა“. უყურებს და ტკბება, უყურებს და კმაყოფილებისგან ლოყები ოდნავ უვარდისფრდება. მაინცდამაინც არ მოსწონს საკუთარითავი ავარდისფრებული ლოყებით. ეს კი ნიშნავს, რომ ოპერაცია „ჩემი სიახლოვით თქვენს გარდატეხის ასაკს ვუღუტუნებ“ დროებით უნდაშეწყვიტოს, სანამ ეს იდიოტური ავარდისფრება არ გაუვლის. მკლავი თუთიას სკამის საზურგედან აიღო, საჩვენებელი თითის წვერი „შემთხვევით“გამოაყოლა თუთიას დაძაგრულ ზურგს... ფხალი თავის თეფშთან რომ მიიტანა გადასაღებად, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ ფხალია. დევიდიბალახეულიდან მხოლოდ მოსაწევად ვარგისებს სცემს პატივს. ყველა დანარჩენი თივაა მისთვის. „მიირთვით“, - თუთიას დედას გადააწოდა,თავაზიანად გაუღიმა. ხედავს, როგორ უხდება ასეთი გვერდული ღიმილი, როგორი სხივი უდგას თვალებში. უ-ჰუ-ჰუ, რა სიმპათიურია!კმაყოფილებისგან ისევ უვარდისფრდება ლოყები... ფუჰ! სკამიდან დგება. ეს იდიოტური ავარდისფერება ყველაფერს აფუჭებს.
- გამატარე. - თავს თუთიასკენ ატრიალებს.
თუთიას ფერისმჭამელები ფუვდებიან, ისე მრავლდებიან, უკვე თვალებზეც ეფარებიან. ალბათ დევიდი მათ გამო დგება სუფრიდან. გულთანერთად ხელ-ფეხიც უმძიმდება თუთიას, ძლივს ახერხებს, რომ სკამიანად გვერდზე გაიწიოს. „მიბრძანდით“, - გულში ამბობს. - „მიბრძანდით“. დაჭკნებიან ყვავილები, მზე ჩადის, ცივა. სამხრეთი და აღმოსავლეთი სადღაც მიიძურწებიან კუდამოძუებულები.
დევიდმა კარი გამოაღო თუ არა, თუთიას მამას შეეფეთა.
დედამ თვალებში კი არა, შარვალზე შეხედა ქმარს. ეამა - გამოუცვლია. თუთიას ნერვები ეშლება მამაზე. რა ვალდებული იყო, დედის ბრძანებასდამორჩილებოდა?! რა ვალდებულია ვიღაც გიზოს გულისთვის ტანსაცმელი გამოიცვალოს?
თუთიას და დევიდის მამებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. თუთიას კამერა ჩაირთო. უხილავმა ფოტოგრაფმა ჩააჩხაკუნა. ფოტო დაიბეჭდა,გადიდდა. აი, უკვე მუზეუმის მაღალ კედელზე ჰკიდია. ფოტოზე მხოლოდ ორი ხელის მტევანია დაფიქსირებული. ერთი ფუმფულა, სუფთა დამოვლილია. მეორე - შრომისგან გაუხეშებული. შავარშიაშემოვლებული ფრჩხილებით... თუთიას მამისა, რა თქმა უნდა, მეორეა. რატომაა, რომ როცაშედარებაა, თუთიასი ყოველთვის უარესია?
სუფრასთან გვერდიგვერდ სხედან თუთიას და დევიდის მშობლები. უყურებს თუთია და ფიქრობს: ცალ-ცალი ხელთათმანებივით არიან,ერთმანეთისგან განსხვავებულები, მაგრამ რაღაც აქვთ საერთო, რითაც იგრძნობა, რომ ეს ცალი იმის მეწყვილეა. თუთიას აღარ ესმის რასსაუბრობენ, თუთია ხედავს. ადამიანებში თითქოს კარგად ვერ ერკვევა, მაგრამ სულ სხვაა, როცა საქმე ხელთათმანს ეხება.
მაკოს უყურებს და მის მაგივრად ჭრელ ხელთათმანს ხედავს. ოღონდ ამ სიჭრელეს ფერთა და ფიგურათა გემოვნებით შეხამებული კომბინაციები კიარ ქმნის, მარტივად ფერადია. ვთქვათ - ზოლიანი. აი, ბატონი გიზო კი სულ სხვაა, - დახვეწილორნამენტებიანი, თბილ ტონალობებშიგადაწყვეტილი. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ჭყეტელა და კლასიკურ ხელთათმანს? რა არის ის, რითაც ხვდები, რომ წყვილია? კიდევ ერთხელშეათვალიერა დევიდის მშობლები და მიხვდა: ორივე ხარისხიანი ძაფითაა ნაქსოვი.
დედა როგორი ხელთათმანია? პეწდაკარგული, შელახული, მაგრამ სუფთა. აქა-იქ ძაფით დამაგრებული გაქცეული თვლებით. ისეთია, საგარეოდგამოჩენა რომ გერცხვინება, არადა ზუსტად იცი, ვერცერთი სხვა ასე ვერ გაგათბობს. თუთიას გული დაუმძიმდა. მამა, მამა როგორიღაა? ერთფერი.მუქად ნაქსოვი. უბრალო, მაგრამ გამძლე, უფრო სქელი ძაფით ნაქსოვი, ვიდრე დედა. და რა აქვთ საერთო? თუთია ლიმონათს წრუპავს, თანფიქრობს. უცებ, ლიმონათი გადასცდა და ისეთი ხველება აუტყდა, ყველას ყურადღება მიიპყრო.
- გარეთ გადი, სირცხვილია. - დაიჩურჩულა დედამ.
თუთია არ განძრეულა. რა არის სირცხვილი? ხველება? იქნებ ის, რის გამოც ხველება აუტყდა? ის, რის გამოც ყელში ბურთი გაეჩხირა... ის, რაც მისიმშობლების წყვილობის დამადასტურებელი ნიშანია. ის, რითაც ერთმანეთს ჰგვანან... ერთ პატარა სიტყვაში ეტევა მათი მსგავსება და ეს ერთისიტყვა ყველაზე უნუგეშო სიტყვაა სიტყვათა შორის - „თალხი“...
მამა ჩვეულზე მეტად ეტანებოდა სასმელს და ჩვეულზე ნაკლებად - საჭმელს. შედეგად, ჩვეულზე ადრე მოეკიდა ღვინო.
- ვალიკოს ვალი უნდა გავისტუმრო. უკვე რამდენი დამიგროვდა. - უცებ ყველასათვის მოულოდნელი რამ თქვა მამამ. - სიზმარი მაქვს ნანახი. ამპარასკევს ვიგებ. უნდა მოვიგო.
დედა გაფითრდა.
- უი, რა გამახსენდა მოგებაზე... - მაკომ გადაიკისკისა და რაღაც ისტორიის მოყოლა დაიწყო.
თუთიას ისე მოუნდა ხმამაღლა, მთელი ხმით ეტირა... ჭერს ახედა. ერთგული მეგობარი ოდნავ ირხეოდა, ამხნევებდა.
მაკო ისევ კისკისით ყვებოდა რაღაცას. აშკარა იყო, ყურადღების ცენტრში ყოფნა სიამოვნებდა. თუთიას მოეჩვენა, რომ ეს ქალი, კი არ ლაპარაკობდა,ჟღურტულებდა. საერთოდაც, გასარკვევი იყო, ქალი იყო თუ რომელიღაც წითელნისკარტა, მბზინავბუმბულა ჩიტი.
დედა უხერხულად აღრჭიალებდა დანა-ჩანგალს თეფშზე. მერე გაჩერდა, დანა-ჩანგალი თეფშის კიდეს ჩამოადო, ჩამოასვენა და ისიც მაკოსმიაჩერდა. თუთიას შეეცოდა ნაწვალები, დაღლილი ჩანგალი.
უცებ თუთიამ იგრძნო რომ აღიზიანებს ეს ქალი - მაკო. საკუთარი ხუთი თითივით იცნობს ეგეთ ჭრელ ხელთათმანებს. გარედან შეხედავ - თვალსსიამოვნებს, ფერადია. გადმოაბრუნებ და, - სულ დაწყვეტილი და გადაბმულ-გამოკვანძული ძაფებითაა სავსე. დედა სხვაა: შეხედავ, - შელახულია,მაგრამ შიგნითა პირი ახალივით აქვს.
თუთია, მაკოს გაცნობის შემდეგ, ჯერ სულ დაშორდა დედას, გაუუცხოვდა. ლამის შეიძულა. ახლა კი გრძნობდა, ნელ-ნელა, მსუბუქი ჯიკაობით,მისკენ აჩოჩებდნენ ფიქრები. დღემდე ასე ახლოს ჯერ არასდროს მისულიყო თუთია დედასთან.
თუთია ახალნასწავლ ფოტოშოპის პროგრამას რთავს თვალებში. ინსტრუმენტების პანელიდან საშლელს იღებს, მაკიაჟს აშორებს მაკოს. თმისგარშემო კონტურს ავლებს, თეთრ საღებავს ასხამს. ღმერთო, როგორ არ უხდება ჭაღარა! დედაზე ბევრად ასაკოვანს ჰგავს. ამ ხელოვნურადდაბერილ ტუჩებსაც თუ ჩაუფუშავს, - ხომ საერთოდ!.. მაგრამ თუთიამ ისე კარგადაც არ იცის ფოტოშოპი, ამდენი რომ მოახერხოს. არა უშავს.ზეპირ ფოტოშოპში ბადალი არ ჰყავს, სასწაულების გაკეთება შეუძლია! ზეპირ ფოტოშოპს ბევრად მეტი ფუნქცია აქვს... აი, მაგალითად, ნემსი.აიღო ეს ნემსი თუთიამ და მაუსით მიიტანა მაკოს ტუჩებთან. დააწკაპა და ფშშშშ... გამოვიდა ჰაერი, დაუბერა ქარმა, ააფრიალა ფარდები. ჭაღარა,უმაკიაჟო მაკოს ჩაფუშული ზედა ტუჩი ქვედას გადმოაბრტყელდა. ღმერთო, რა ლამაზია, ამის ფონზე, დედა!
- ხომ არაფერი გვრჩება? - წასვლის წინ თვალი ოთახს მოავლო მაკომ.
- არა. - ხელკავით გაიყვანა ოთახიდან ქმარმა.
დარჩათ. ბატონი გიზოს ხელთათმანი. ხარისხიანი, მუქი ლურჯი ძაფით ნაქსოვი, ორნამეტებიანი... გასაკვირი კი იყო, მაგიდიდან მოშორებით,საწოლის უკან ეყარა. იქ საიდან მოხვდნენ?
* * * *
მეორე დღეს, ტახტზე თვალდახუჭული იწვა თუთია, ვითომ ეძინა. უკვე მერამდენედ ახვევდა ფირს, დევიდმა რომ ფხალი გადმოიღო, იმმომენტზე.
- ხელთათმანი დამრჩა წუხელ. - შემოესმა. - მეუღლე შინაა?
- არა. თუთიაა... სძინავს... - გაუბედავად უპასუხა დედამ.
თუთიამ სუნთქვა შეიკრა. მოიკუნტა, გაქვავდა, დაპატარავდა, დაწერტილდა, ბალიშის ქვეშ შეიკარგა. ახლა თუთია მხოლოდ ყურია. ისმენს და არჩანს.
- ხელთათმანი შეგნებულად დავტოვე... - ჩურჩულებს ბატონი გიზო. - კალათში რაღაც ჩავდე, გესმის? რაღაც ჩავდე კალათში.
თუთია ახლა მხოლოდ ყური კი არა, თვალიცაა.
დედას არ ესმის. გაქვავებული სახით სადღაც იყურება.
- დღეს ლოტოს დღეა, პარასკევია. თქვი, რომ მოიგე. ვითომ ლოტოში მოიგე, გესმის? ვალი გადაიხადე, თავს მიხედე. და კიდევ... მე, მაშინ... მართლამიყვარდი, არ მომიტყუებიხარ. მერე მაკო გავიცანი და რა ვიცი, რაღაცნაირად... მაპატიე, ვიცი, რომ მძიმედ გადაიტანდი... წავედი. მადლობაყველაფრისთვის, პატიებისთვის... არ დაგავიწყდეს, აი იქ, ჭიშკართან, დიდი მოწნული კალათი რომ დგას... ვიფიქრე, ეგრე ჯობდა...
დედა ისევ არაფერს პასუხობს. ხის კენწეროს მისჩერებია. რას ფიქრობს, ვერასდროს გაუგებ. სხვებისთვისაა მგრძნობიარე, თორემ საკუთარითავისთვის მანქანაა. მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაზე ფიქრის უფლებაც აქვს, რასაც სინდისი დაუპროგრამებს.
საღამოს მამამ კედლის საათს გახედა, „დაიწყო, ჩართეთ, სიზმარი მაქვს ნანახი.“ - ჩაილაპარაკა და გავიდა, გულის გადასაყოლებლად, შეშის დაპობადაიწყო.
„წამოდგენა იწყება!“ - ანგელოზს ახედა თუთიამ.
დედა წარამარა ნერვიულად იყოფს მარჯვენა ხელს ჯიბეში. მერე ისევ მუხლზე აბრუნებს. მეორე ხელს არც ატოკებს, თითქოს მისი არცაა.
„მარჯვენა ჯიბეში უდევს“. - ფიქრობს თუთია. – „არ უნდა მარცხენა ხელმა გაიგოს რა ჩაიდო მარჯვენა ხელმა მარჯვენა ჯიბეში.“
გათამაშება დაიწყო.
- ყვავილები მორწყე, გადახმენ. - სხვისი ხმით თქვა დედამ, მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი აქვს ჩაბღუჯული, გაკავებული, უნებურად საიდუმლორომ არ გასცეს.
„უნდა, რომ ოთახიდან გავიდე“.
თუთია მეორე ოთახში გავიდა. ქოთნებთან მივიდა და გაიფიქრა, რომ დედა ცოდოა. დედა ამ ქოთანში ჩარგული ნახევრადგამხმარი კაქტუსივითმარტოა. რომ მამაც მარტოა და თუთია ხომ - თავისთავად.
„სამივე ქოთანს ერთ დიდ ქოთანში წავაპირქვავებ, - გადაწყვიტა. სასწაულია, პირდაპირ. რა უცებ გადაიჭრა მთელი ცხოვრების დილემა! ამ წუთასმიხვდა, რომ დედამ, უნებურად, ყვავილების მარტოკინებად დარგვით ოჯახის წევრებსაც გამოუტანა განაჩენი. თუ თუთია მცენარეებს სამივექოთნიდან ერთში გადარგავს, ოჯახის წევრებიც დაახლოვდებიან. დაღლილ მკლავებს ერთმანეთის მხრებზე ჩამოარიგებენ ხოლმე ერთმანეთშიგახლართული ტოტებივით. თუთიამ არ იცის ყვავილების მოვლა, არ იცის, რომ კაქტუსი, ია და ბარაქის ხე საერთო ნიადაგზე ვერ იხარებს. საათსდახედა. ოთახში შებრუნდა.
დედა გაუნძრევლად ზის. უძრავი და უფერულია. ეკრანზე რეკლამაა. გათამაშება დასრულებულია.
- ჰა, რა ქნა?!.. - დაძაბული კითხულობს ეზოდან მამა.
დედა დაძაბულად დუმს. შუბლზე ოფლის წვეთები უბრწყინავს.
- ჯეკპოტი მოვიგეთ. - მოულოდნელად უპასუხა თუთიას ხმამ. თუთიასთვის არც უკითხავს - ისე.
გაოცებულმა დედამ ისეთი თვალებით გახედა შვილს, ეს უკანასკნელი აქეთ დარჩა გაოცებული. თუთია ვერასდროს წარმოიდგენდა, დედისთვალების ვიწრო ჭრილს ამ ზომამდე თუ შეეძლო გაფართოვება. მუდამ ჩამოშვებული ქუთუთოს ქვეშ შემალული თვალებიც დაბერილიყვნენ,ლამის ქუთუთოდან გადმომძვრალიყვნენ. დედის მოცისფრო-მოთაფლისფრო თვალები ახლა გლობუსებს ჰგავდნენ. სამყაროს იტევდნენ! ზღვებიღელავდნენ შიგნით, ხმელეთი დახეთქილ ზედაპირს ითვალიერებდა, ქუხდა, მზე იყო, წვიმდა...
- თუთი...
უცებ დედამ იმხელა მადლიერება გადმოაყოლა ამ ოთხ ასოს, რომ დედამიწის ოთხივე კუთხეს ეყოფოდა გულის ასაჩუყებლად.
- თუთი...
მიხვდნენ და დამშვიდნენ, ჩაიფუშნენ, ბუდეში ჩაჯდნენ თვალები. მარტო ზღვა დარჩა დედამიწისგან და ისიც, როგორც აბაზანის ნიჟარაში, ისეჩაიწრიტა თვალის კუთხეებიდან.
- აჰა, არა ვთქვი, მოვიგებო?! - დაიძახა მამამ. შეშის ჩეხვას თავი ანება. ნაჯახის კუნძში ჩაჭედების ხმა ასე მხიარული აქამდე არასდროს გამოსვლია.
თუთიას ფრთები გამოეზარდა, მაღლა აფრინდა. კარგი ფრთებია, ქათქათა. თუთიას ზუსტად ისეთი კაბა აცვია, როგორიც აი, ამ ჭაღზეჩამოკიდებულ ანგელოზს. მიფრინდა თუთია სათამაშო ანგელოზთან, ჭაღიდან ჩამოხსნა, ხელი ჩაჰკიდა. ერთად დაფრინავენ. მამა ბედნიერია -მოიგო, დედა ბედნიერია - პრობლემა მოგვარდა, თუთია ბედნიერია - აღარ მივა ვალიკოსთან ფულის სასესხებლად. ანგელოზიც ბედნიერია -ანგელოზია... სხვა მიზეზი რა საჭიროა? იქნებ სადმე, ოთახის კუნჭულში ნამდვილი ეშმაკიცაა მიყუჟული და ისიც ბედნიერია, რომ ამ ოთხეულიდანარცერთის სიხარულის მიზეზი სიმართლეს არ შეესაბამება.
ჭაღის გარშემო წრეს არტყამენ თუთია და ანგელოზი. დედას და თუთიას საერთო საიდუმლო აქვთ. აი, რა აკლდათ ერთმანეთთანდასაახლოვებლად! რა მოსატანია ამხელა საიდუმლოსთან ჯინას და დედამისის ესემესი. სად იმათი სიგარეტი, სად - ამათი ფული?!
- ხუთი ათასი! ვიცოდი, ვიცოდი! - მამის ნაბიჯები მარნისკენ წახმაურდნენ.
დედას წარბებქვეშ ისევ დაებურცა გლობუსები.
- თუთია... თუთია... - ხელს ჯიბეს უჭერს. - აქ მხოლოდ სამი ათასია... ღმერთო, ხუთიო... გაიქეცი ვალიკოსთან, საიდუმლოდ გამომგზავნა დედამ-თქო, გაიქეცი თუთია!..

ტკაპ!
ჭაღიდან იატაკს ჩამოასკდა ანგელოზი. ფრთები ისე დაემსხვრა, ვერანაირი წებოთი ვეღარ დაწებდება...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:07 pm

ნათია როსტიაშვილი

28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ
(ლიტბუნიობის ფინალური შვიდეულიდან)

– მოგივიდა? – მკითხა ჯონიმ მოჩვენებითი სიმშვიდით და პურის მორდილ ნაჭერს კარაქის თხელი ფენა გადაუსვა. რაც თავი მის ცოლად მახსოვს, მე ამ კითხვას მისვამს, პურს - კარაქს. მერე კარაქიან პურს თაფლსაც ამატებს და ყველის ორ ნაჭერთან ერთად მადიანად მიირთმევს.
– არა. –¬ვუპასუხე და ბოლო წვეთამდე ამოხაპული ყავის ფერადი ფინჯნიდან ,,მოვსვი”. საერთოდ, არ მიყვარს ვინმეს მოტყუება, მაგრამ ზოგჯერ მიწევს. დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს, არ მინდა დილიდან განწყობა გავუფუჭო.
სიმართლე რომ ვთქვა, ყელში მაქვს ამოსული ეს ფერადი ფინჯნები, უფერული ცხოვრება, ერთფეროვანი საუზმეები, ნაცრისფერი დღეები, ჩემი თვიურები, ყოველთვიური კითხვები და ა.შ. მაგრამ არ ვიმჩნევ.
– იქნებ არც მოგივიდეს. – მითხრა და პურიდან გადმოწვეთილ თაფლს ენის წვერი მიუშვირა. თაფლისა თუ თაფლივით ტკბილი ტყუილის დაგემოვნებამ თვალები გაუნათა.
არ მომწონს ჯონი საუზმობისას. ხელში კარაქიანი პური, ფეხზე დათბილული ჩუსტები... მაღიზიანებს მისი ,,საშინაო სათვალე”, როგორც თვითონ ეძახის. დიდი მინები, შავი, უბრალო ჩარჩო... ვუყურებ და ჩემი ოროსანი კლასელი იგორა მახსენდება. არადა არათუ სკოლა, ინსტიტუტიც ხუთებზე დაამთავრა ჯონიმ. კურსელებმა ,,ტვინიკოსი ბუ” შეარქვეს (კლასელებმა თავის დროზე მხოლოდ ,,სათვალიანი ბოჩოლა” გაიმეტეს). დიპლომო აიღო თუ არა, კერძო ფირმაში ,,ოქროს ვერძი” დაიწყო მუშაობა. მისი კურდღლისტუჩიანი უფროსი მალე დარწმუნდა, რომ ჯონი ვირივით მშრომელი და ძაღლივით ერთგულია...
დაწინაურებულმა ჯონიმ მალე ლომის გერბიან ბანკში სოლიდური ანგარიშის გახსნაც მოახერხა და შველივით ქალის ,,მოხსნაც”, ანუ გაბედნიერება, როგორც ამბობენ. თუმცა, ხალხს რომ უსმინო, ჯონიმ კი არა, თვითონ მოვახერხე თავის გაბედნიერება ჯონის გამოჭერით.
– მთელი დღე წინაა, ჯოკო, ჯერ იმედის კოშკის აგება არ ღირს. – თავს ძალა დავატანე, გავუღიმე. ლუკმით ლოყაგამობერილ, თაფლის ქილაზე მიჩერებულ ჯონის სათვალის ლინზებს მიღმა თაფლისფერი თვალები უბრწყინავდა. მე ცისფერლინზამორგებული მზერა ცისკენ მივმართე, თვალი მოვარიდე.
ეს „ჯოკო” ძალიან სულელურად ჟღერს. ზუსტად ისე, როგორც თვითონ ჯონი გამოიყურება საუზმობისას. მაგრამ ვიცი, რომ სიამოვნებს და მეც დაუზარელად ვიმეორებ: „დღეს დაგაგვიანდება, ჯოკო?” „ჩახოხბილი გაგიცხელო, ჯოკო?” „დედაშენს გულის ფრიალმა გაუარა, ჯოკო?”
ჯონისთვის ჯოკოს დაძახების პატივი მხოლოდ მე მაქვს. სამსახურში, ბატონო ჯონ! – ასე მიმართავენ ქვეშევრდომები და ალბათ ჩემსავით თვლიან, რომ ეს „ბატონო ჯონ” სულელურად ჟღერს, მაგრამ იციან, რომ სიამოვნებს და...
მშობლიურ სოფელში ჩასული ჯონი ყველასთვის ,,ჯო“-ა. თუმცა, იქ ყველას ,,ჯო“-ს ეძახიან, ჯონისაც, მიშაც და გრიშასაც...
– რა საინტერესოა!.. ხედავ? – მობილურის ეკრანი ცხვირთან მომიტანა ჯონიმ.
– გააჩნია რაზე მეკითხები... - ცხიმიანი თითის ანაბეჭდი ეკრანზე ¬- მხოლოდ ამის გარჩევა შევძელი, შორსმხედველი ვარ.
– ნახე, რიცხვიც თერთმეტია, თვეც და წელიც. ენერგეტიკულ შკალაში ერთიანს პირველი ადგილი უჭირავს და მზეს ეკუთვნის. ენერგეტიკულად ყველაზე მძლავრია. ასეთი თარიღი მხოლოდ ასი წლის შემდეგ განმეორდება. ხვდები ეს რას ნიშნავს? დღეს დიდი დღეა, დიდი!
ჯონი ციფრებს აღმერთებს. მისთვის ყველაფერი საინტერესო ციფრებთან ასოცირდება. ის საციფრეთის მკვიდრია, მე – სასიტყვეთის. მოკლედ, ტექნიკურ-ჰუმანიტარული წყვილი ვართ.
,,მთავარი ციფრებია. პითაგორა თვლიდა, რომ სამყაროს ენა მათემატიკაა. მართლაც, თუ დაუკვირდები, ციფრებში გასაოცარ კანონზომიერებას დაინახავ. ყოველი ციფრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. მთავარია მათი გაშიფრვა, წაკითხვა შეძლო.“ – თავის ფილოსოფია აქვს. ხომ ვთქვი, ციფრებს აღმერთებს. სხვების ქმრებისგან განსხვავებით, ზუსტად იცის ჩემი სიმაღლე (თვითონ გამზომა), ბეჭდის ზომა (ბიცოლამისთან, ოქროს ბირჟის თანამშრომელთან მიმიყვანა ,,დიაგნოზის დასასმელად”), ასევე ლიფისა და ფეხსაცმლის ზომები (ესენი თვითონ ვიცოდი და მენდო სიტყვაზე). რაც მთავარია, ჯონისვე ეკუთვნის ჩემს ორ თვიურ ციკლს შორის დღეთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრის საავტორო უფლებაც. ჰოდა ასე, ამ ოცდარვადღიანი ციკლის 28-ე დღეს ყოველთვ(ე)ის გულისფანცქალით ელოდება და იმედს არ კარგავს, რომ ერთხელაც იქნება, არ მომივა. როდესმე ხომ უნდა დავორსულდე, არა?!
– წავედი. – ამბობს და ბოლო ლუკმას ღეჭავს, თან საათზე იყურება. ბევრჯერ ნანახი ფილმივით, წინასწარ ვიცი მომდევნო კადრები: ახლა თავს გააქნევს და ,,ნწ, ნწ, ვაგვიანებ!” - აღმოხდება. მერე მაკოცებს და მეტყვის: ,,მსიამოვნებს, ჩემი კოცნისგან სუნთქვა რომ გეკვრის.” მე, რა თქმა უნდა, არც დღეს ავუხსნი, რომ სუნთქვას მისი კოცნით მოგვრილი სიამე კი არა, კარაქის უსიამოვნო სუნი მიკრავს...
ფანჯრიდან ნიშნობის ბეჭდიან ხელს დავუქნევ და მანქანაში ჩაჯდება თუ არა, აბაზანისკენ გავიქცევი ტუჩების მოსაბანად.
– წავედი. – ფიქრებიდან მარკვევს ჯონის ხმა. გასასვლელად გამზადებული შემოსასვლელში დგას. არ მაკოცა, თუ ფიქრებში გართულმა ვერ ვიგრძენი?
– ესეც ასე... – მოოქროვილ სათვალეს ირგებს. ეს საგარეოა. ასეთი – სოლიდურსათვალიანი და გაპრიალებულფეხსაცმლიანი უკვე მომწონს. გაცილებით სიმპათიურად გამოიყურება, ვიდრე საუზმობისას. თანაც პირიდან უკვე ბლენდ-ა-მედის სურნელს აფრქვევს.
– თუ მოგივა, ან არ მოგივა, შემატყობინე.
– მოსვლა-არმოსვლა, საკითხავი აი ეს არის... – ვუღიმი და პიჯაკიდან არარსებულ თმის ღერს ვაცლი.

აღარ შემიძლია ამდენი ,,მოგივიდას” მოსმენა! დაქორწინებიდან ზუსტად ერთი წლის გასვლის შემდეგ (შეგნებულად არ ვამბობ წლისთავს, წლისთავები გარდაცვლილთა ერთადერთი უპირატესობა მგონია), ჯონიმ კარაქიანი პური ჩაკბიჩა, დიდხანს ღეჭა, გადაყლაპა და თქვა:
– კარგი იქნებოდა, შვილი გვყოლოდა.
– გვეყოლება. – თვალი დიდი სიფრთხილით ჩავუკარი (იმ დღეს ცხოვრებაში პირველად მოვირგე ფერადი ლინზები) და ვაკოცე. გასაკვირია, მაშინ რატომ არ ჰქონდა მის ტუჩებს კარაქის სუნი?..
- მაისში არ უნდა დავქორწინებულიყავით, ხომ გეუბნებოდი, დავითარსებით-მეთქი. რატომ არ დამიჯერე? სულ ჯოკოს ბრალია... – წამწამები ავაფახულე და კოცნის მოლოდინში ტუჩები საყვარლად გამოვბზიკე.
– ეგ რა შუაშია. –შუბლი შეჭმუხნა ჯონიმ. - ,,მაისი” სიტყვაა და სხვა არაფერი. მთავარი რიცხვებია. ჩვენ 05.05.05-ში დავქორწინდით. ამან, წესით ბედნიერება უნდა მოგვიტანოს.
მას შემდეგ, ყოველთვე, ბოლო ციკლიდან 28-ე დღეს, საუზმობისას, კარაქიანი პურის პირველივე ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ მეკითხება:
– მოგივიდა?
განსაკუთრებული მოლოდინი ,,განსაკუთრებულ დღეებში” აღებეჭდება ხოლმე. მაგალითად 07.07.07 რომ გათენდა, დარწმუნებული იყო, ჩემი ბოლო ციკლიდან 28-ე დღის ამ თარიღზე დამთხვევაში განგების ხელი ერია.
- სამ შვიდიანს ყოველთვის ბედიერება მოქვს. - სათვალის მინებს კმაყოფილმა დააორთქლა და ხელსახოცით გააპრიალა.
,,მხოლოდ მაშინ, როცა სათამაშო ავტომატის ეკრანზე დაგიჯდება.“ - გავიფიქრე. თქმით არაფერი მითქვამს. ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. იმ დღიდან დამჩემდა. როცა რამეში არ ვეთანხმები, პასუხს გულში ვცემ. ხმამაღლა კი მხოლოდ კოცნას ვუგზავნი. ,,მპუ“ და მორჩა. ასე უფრო მარტივია ცხოვრება.
– შვიდიანი, საერთოდ, დიდ როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაში. - სათვალე გაიკეთა, ხელსახოცი ჯიბეში ჩაიდო და განაგრძო. - ჰარმონიის სიმბოლოს ეძახიან. ენერგეტიკულ შკალაში მეორე ადგილი 7-იანს უკავია. ახლა ძალიან მაგარ რაღაცას წაგიკითხავ, მომაწოდე ლეპტოპი... აჰა, აი: აშშ–ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ცხოვრებას ციფრი 7 განაგებდა. პრეზიდენტობამდე იგი 7 წელიწადი მაშველად მუშაობდა და 77 ადამიანი გადაარჩინა. კინოში რეიგანი პირველად 1937 წელს გადაიღეს, 1947 წელს კი მსახიობების გილდიის პრეზიდენტი გახდა. 1967 წელს რეიგანმა კალიფორნიის შტატის გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო 1970 წელს მეორე ვადით აირჩიეს. ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკურმა პარტიამ მისი კანდიტატურა 17 ივლისს, ანუ მეშვიდე თვეს წამოაყენა. პრეზიდენტად არჩევიდან 70–ე დღეს ესროლეს, ტყვიამ მე–7 ნეკნს ჩაუარა და გადარჩა. პრეზიდენტის პოსტი 77 წლის ასაკში დატოვა.” საოცარია, არა?
ჩემს ,,მპუს“ არ დალოდებია, ლეპტოპს მიუბრუნდა.

მეშვიდე წელია, იმედს არ ვკარგავთ, მაგრამ ნანატრი ბედნიერება პირმშოს სახით, ჯერ არ გვწვევია. ჯონი თვლის, რომ ორივე ჯანმრთელები ვართ, უბრალოდ, განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი თარიღი უნდა გამოვთვალოთ, ვინმე მცოდნეს გამოვათვლევინოთ და პრობლემაც მოგვარდება. აუცილებლად მოგვარდება, რადგან:
- ციფრები ძალაა, მაგიაა!
მე სიტყვების მაგიურობის უფრო მჯერა. თუ მაინცდამაინც შამანობის იმედად ვართ, შელოცვა უფრო ეფექტური არაა, ვითომ?
- იქნებ, უბრალოდ, უფრო მეტჯერ, მეტი სიხშირით უნდა გვქონდეს ცოლ-ქმრული ურთიერთობა... - სიტყვა ,,სექსს“ არასდროს ახსენებს.
პირადად მე ამ საქმეში, ,,კალიჩესტვაზე” მნიშვნელოვანი ,,კაჩესტვა” მგონია. ხმამაღლა არაფერს ვამბობ. ხომ არ ვეტყვი: ,,ჯოკო, საყვარელო, რაოდენობის კი არა, ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქრო. ორით მეტს და იმავეს, ერთი და ორმაგად ვნებიანი გდაუჯოკრავს.” საერთოდ, ჯონის არასდროს ვეკამათები. საკუთარი აზრის გამოთქმა რომც ვცადო, აუცილებლად შემაწყვეტინებს:
– როგორ არ გესმის, მთავარი ციფრებია...

ერთხელ სახლში თავის განუყრელი უბის წიგნაკი დარჩა. მე ჯერ დავიმახსოვრე, რომელ გვერდზე იყო გადაშლილი, მერე საგულდაგულოდ ვფურცლე პირველი გვერდიდან ბოლომდე და ისევ საწყის მდგომარეობაში დავაბრუნე – რაღაც სულელური გამოთვლების გვერდზე გადაშლილი. ვითომ არც მივკარებივარ... ამდენი შევსებული ფურცელი და არაფერი საინტერესო... ასეთივე წიგნაკი მეც მაქვს, სიტყვებითაა სავსე. ვერც ერთ ციფრს ვერ იპოვი. თარიღსაც კი არ ვაწერ ჩანაწერებს.
,,ც.უ.” – თვალი გამექცა ჯონის წიგნაკისკენ. გვერდით თარიღია მიწერილი, ქვემოთ კი: ,,ხან 23.34-დან 23.56-მდე” რას უნდა ნიშნავდეს?
უცებ გონება გამინათდა და თვალთ დამიბნელდა: ჯონის მდივანი! ც-ინარი უ-რუშაძე! ჩემზე პატარამკერდიანი, ჩემზე დაბალი და ჩემზე მთელი ორი წლით უფროსი!
გასაგებია, რომ საღამოს ეჭვიანობის სცენები მოვაწყე. როგორც წესი და რიგია: ისტერიკით, ჩემოდნის ჩალაგების მცდელობით, ლოგინზე პირქვე დამხობითა და მე-ზიზ-ღებიიიის ძახილით.
ბოლოს გაირკვა, რომ ჯონის ენაზე ,,ც.უ” ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ნიშნავდა. ,,ხან” კი - ხანგრძლივობას.
– აი, ხომ გეუბნები, სიტყვები, ასოები არაფერია. ციფრები არასდროს გვატყუებენ, შეცდომაში არასდროს შევყავართ. – კიდევ ერთხელ ამიხსნა ჯონიმ.
ამ ამბამდე ჯონისგან მხოლოდ ციფრებზე მსჯელობის მოსმენა მესიკვდილებოდა. ამ ამბის შემდეგ კი წუთობრივად დაანგარიშებულ ,,ც.უ”-ზეც ამიცრუვდა გული.

მე ჯონის ვღალატობ. ეს რომ ჩემს ბავშვობის მეგობარ ლელიკოს ვუთხარი, კინაღამ სილა გამაწნა. ლელიკო დღიდან ჩემი ,,გაბედნიერებისა” თვლის, რომ მე ვარ ყველაზე უმადური ცოლი მსოფლიოს უმადურ ცოლებს შორის და ამავდროულად უბედნიერესი ქალი საქართველოში მცხოვრებ ბედნიერ ქალებს შორის. იმასაც ამბობს, რომ თუ არა ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, აუცილებლად შეშურდებოდა ჩემი.
– სახლი გაქვს, კარი გაქვს, ანგელოზივით ქმარი გყავს, მეტი რა გინდა?!.
ლელიკოს არასდროს უნახავს ჯონი საუზმობის დროს...
– ფულია და – პაჭკობით მოაქვს. ღმერთმა მოგცეთ, ვისაც თქვენი შეშურდეს...
ამ ,,ვისაც თქვენი შეშურდეს” ძალიან ხშირად მეუბნება, ოღონდ ფრაზას არასდროს ამთავრებს.
– აბა, ჩემი ქმარია კაცი?! მათხოვრისთვის ჩასაგდებ ფულსაც მე მთხოვს. კაცია ახლა ეგ?! ფუჰ! მე უნდა ვღალატობდე წესით მაგას, მაგრამ არ მიშვება სინდისი.
არადა, ძალიან საინტერესო ვინმეა უჩა. პოეტი. არანაირი საშინაო-საგარეო სათვალე და გარდასულ დღეთა წუთობრივი დაანგარიშება. მთელი სახლის კედლები ლექსებით აქვს აჭრელებული.
– მაინც სად იპოვე ჯონიზე უკეთესი კაცი? – არ ცხრება ლელიკო. ჩემი საქციელის მიუღებლობა, საიდუმლო ამბის დეტალების ინტერესი და საკუთარი უნიათობა (მე ორი მაგარი კაცი გამოვიჭირე, მან კი მხოლოდ ერთი პოეტი) თვალებს უმღვრევს.
– სასიტყვეთში. – ვთქვი თუ არა, მაშინვე ვინანე. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი - საკუთარ თავს საიდუმლო ვერ შევუნახე...
– უჰ, შენ რა გითხარი. – ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებულმა ,,ამოისუნთქა” ლელიკომ. – მეგონა მართლა ღალატობდი.
არადა მართლა ვღალატობ ჯონის. მერე რა, რომ არა მეზობელ უბანში (სადარბაზოში, კორპუსში), არამედ მეზობელ განზომილებაში. მესიტყვე – ის არსებობს, რეალურია. მართლა. ამის ახსნა ლელიკოსთვის ძალიან რთულია. უჩა, ალბათ, გაიგებდა...
როგორც კი ჯონი ,,ც.უ.” – ს მერე საათს დახედავს და გადაბრუნდება (ხვრინვა არასდროს ამოუშვია, ვერ დავაბრალებ), მე ძილ-ღვიძილში მესიტყვესთან გადავდივარ და ენით აუწერელ სიამოვნებას განვიცდი.

***
...არ მახსოვს, როგორ გამიცნო. ჩემმა წარმოსახვამ შექმნა, თუ უკვე შექმნილი ჩამისახლდა წარმოსახვაში.
მახსოვს, პირველივე სიტყვიდან მივენდე.
მან: ერთი სიტყვა (ის, პირველი) ჩამომიფშხვნა ა ს ო ბ გ ე რ ე ბ ა დ ხელისგულებზე და თანხმოვნები გადამირჩია ამოსაკენკად.
მე: ვკენკე და ვკენკე და არ მეყო.
ვკენკე და ვკენკე და მომრჩა.
ძლიერი იყო. მთიდან ირემი თუ ჯიხვი მომიყვანა მხრებზე გადებული. რქები ჰქონდა ჩახვეული. რქები არაა, ქალო, ეს რა რქებიაო. შენი კითხვებია, ჩემი კითხვებიაო შენზე. აბა, ნახეო, კითხვის ნიშნებია, რქებს რა უგავთო ამათ.
არ მინდოდა ვნება შემმჩნეოდა, საჩვენებლად წარბი შევკარი და საკინძე შევიხსენი შეუმჩნევლად. ვინა ხარ, კაცო, აღარ იტყვი-მეთქი? მონადირე ხარ, მეთევზე ხარ, ვინ ხარ. მაცდურად გამიღიმა და ...ნახე რამდენი დამიგროვდაო - რქებზე.
არ მინდოდა ვნება შემმჩნეოდა, ცივად ვუთხარი:
- რა გინდა, მკითხე, პირუტყვს რადა სტანჯავ. რა გინდა მკითხე, კაცო, დაეხსენ ირემს. ირემია თუ ჯიხვია, რქები მეგონა ჩახვეული. მკითხე და დაეხსენ. მკითხე და გეტყვი, რა პირში წყალი ჩაგიგუბებია შენი ბადის სიტყვებივით.
მკითხა და მკითხა და ვერ ვუთხარ.
მკითხა და გაჩუმდა უცებ.
ერთ დღეს სისხამზე გამაღვიძა. თავის ვებერთელა, თბილი ხელები თმებზე შემახო. შევცდი, არ უნდა შევრხეულიყავ... შევირხიე და უკან დაიხია. თვალი მომარიდა. ბგერები გამომექცნენო შენთან. დამგესლავი რამე წყეული არ გეგონოს, არ შეშინდეო. თქვა და კარი გაიხურა ჩემს თმებზე დამჩნეული ხელით...
ამოვიოხრე. ძლივს-ძლივს ჩამეძინა. წყეული დამესიზმრა. გავიღვიძე - სისინი მესმის. სისინებს საბანში თუ ლეიბის ქვეშ. ბალიშ-თან, ბალიშ-ზე თუ ბალიშ-ში. ს და ს. ს-ს და ს-ს.
- მოდი, მესიტყვევ, მომეხმარე! კარს უკან იქნები, ვიცი. გველი რამ წყეული შემომძვრომია. გეძახი! გიხმობ!
მოვიდა, შემოიტანა ჩემი ნანატრი მხრები... საბანი გადამხადა. ერთ თვალზე ორივე ხელს იფარებს. მეორეთი ეძებს. დაფერთხა ზეწარი და დაფრთხა. ეს რამდენი გამომპარვიაო. ყველა ჩემი სისინა ბგერა აქ მოსულაო. მოკრიფა, პირში ჩაიყარა. მზერა გააპარა, ჩემი საწოლი თვალით გაზომა (კი, დაგვიტია მერე ორივენი)... მერე უხერხულად: ჩაი აგიდუღდა, მივალ, გამოვრთავო. გამოვრთავ, წავალ არ გიყურებო.
არა მაქვს-მეთქი ჩაიდანი, რა შიშინებს. არა მაქვს-მეთქი ჩაიდანი, რად მაშინებ?!
ეგენიც ჩემები იქნებიანო. სამზარეულოში გავიდა, ჩემი ნაპირალი თეფშ-კოვზიდან ამოკრიფა, მუჭში ჩაიყარა. აღარ დაუშიშინიათ.
კარი არ მიხურა, ისე გავიდა. სისინ-შიშინი გაუდის იმის გასვლას. გულის ბაგა-ბუგი - ჩემს დარჩენას.
კაცო, დამიცადე, მეც მოვდივარ!
კაცო, დამიცადე, გრჩები!
შენ კი არ მრჩები, მე ვრჩებიო შენთან. ჯერ ეს სიტყვები შემოატარა კარებში და მერე თვითონ შემოჰყვა.
...კი, დაგვიტია ორივენი.

***
ერთხელ ჯონიმ თავის 3 წლის დიშვილი მოიყვანა ჩვენთან უიქენდის, ანუ უქმეების ანუ შაბათ-კვირის გასატარებლად.
- ვაა, ვა! - შევეგებე კარში.
ბავშვს ვარლამი ჰქვია. ჯონის სანათესაოს უცნაური ტრადიაცია აქვს, ბავშვებს იშვიათ სახელებს არქმევენ და შემდეგ აღარ იციან როგორ გადააკეთონ. ვარლამს ჯონი ვარლოს ეძახის, ჩემი მული ვაკოს და დედამთილი ვარლიკოს. მე ვა შევარქვი, არცერთს რომ არ სწყენოდა.
ჰოდა, ფეხი შემოდგა თუ არა, როგორც თბილ და უშვილო, შესაბამისად ბავშვებზე გაგიჟებულ ბიცოლას შეეფერება, ყურებამდე გაღიმებული შევეგებე:
- ვაა, ვა! - თან შუბლზე ვაკოცე.
- ლურჯი ფანქარი და თეთრი ფურცელი! - სანამ შუბლს მოიწმენდდა და შეჭმუხნიდა, მანამდე მიბრძანა ვამ.
მივეცი.
ცოტა ხანში:
- დავხატე, დავდე და დავკარგე... - მოსთქვამდა ლურჯ ფანქარ, თეთრ ფურცელ და ჩვენთვის უცნობ ნახატდაკარგული ვა.
- ვააა... - ვუთანაგრძნობდი მე.
- რას აიჩემე ეს ,,ვააა-ვააა” - ბუზღუნებდა ჯონი.
სამივე ვეძებდით.
მე ვიპოვე. პაწაწინა ,,ვ” ასო ,,დაეხატა.”
- ვიპოვე! ასო დაუხატავს. - გავძახე ჯონის.
- როგორ თუ ასო დაუხატავს?! - რატომღაც განრისხდა ჯონი. უქმეებზე უქმად ჯდომას უქმად გაბრაზება სჯობია - ეს ჯონის დევიზია. - როგორი ასო?
- ჩვეულებრივი, ხმოვანი. - ,,ხმოვანი კი არა, თანხმოვანია” გულში შევუსწორე საკუთარ თავს.
- რაა?! გინდა თქვა, რომ პატარა ბავშვმა ფალოსი დახატა, თანაც მოლაპარაკე?! გადამრევ შენ მე!
სანამ მე სიტყვა ,,ფალოსის” მნიშვნელობას ვიხსენებდი, ჯონიმ ფურცელი გამომტაცა და დახედა.
- გადამრევ შენ მე! - გაიმეორა. - ასო კი არა, ციფრია!
- ასოა, მისი სახელის პირველი ა-სო. - დავმარცვლე თუ არა, მაშინვე გამახსენდა ,,ფალოსის” მნიშვნელობა. ,,სიტყვებს მატყუარა ბუნება აქვთ” - იქნებ მართალია ჯონი?
- ბავშვმა სამიანი დაწერა, მისი ასაკის აღმნიშვნელი ციფრი! - შორსმხედველ თვალებთან ახლოს მომიტანა ფურცელი.
- ჯონი ძია, არასწორად გიჭირავს ჩემი ნახატი. მომეცი... აი ასე უნდა გადმოატრიალო. - ვამ ასობგერა ,,ვ” გულაღმა ამოატრიალა. - ზღვას ვხატავ.
ფეხებაშვერილ ,,ვ”-ს ასეთივე ფეხებაშვერილი ,,ვ”-ები გადააბა. სამი ჰორიზონტალური მწკრივი ჩამოამწკრივა.
ზღვა იყო.
- ვაა! - შევაქე. ჯონიმ გაღიზიანებულმა გადმომხედა. მართლა რას ავიჩემე ეს ,,ვაა” ვაა...
იმ ღამით მეც და ჯონიმაც დამარცხებულებმა დავიძინეთ. უსიტყვოდ, უკოცნოდ და ვას ,,ვ”-ებისგან განსხვავებით - პირქვე.

***
...ერთადერთხელ გავიბუტეთ. ზღვის ნაპირთან ველოდი მდუმარედ, გაბუტულად. შორს, წყალზე ლივლივებდნენ ჩემთვის მოსახვევი ხელები, ჩემში ჩასახედი თვალები... წყლის ზედაპირიდან ორთქლდებოდნენ სიტყვები, ჩემთვის ვერთქმულები, შეკავებულები. მზესთან მიდიოდნენ და ჩემთან წვიმად მოსვლისთვის ემზადებოდნენ.
ველოდებოდი.
მან ნაპირთან მოაცურა ტივი და ჩემკენ ზურგით დაჯდა. მეთქი ბადეს კემსავს. კემსავს და ოხრავს. თურმე შემეშალა, არა კემსავს, თურმე არ შემშლია – ოხრავს. სიტყვებით სავსე ბადე მოუტანია და არჩევს. ფხებისგან არჩევს და ზღვის მარილს აცლის. არჩევს, რომ ყელი არ ჩამეკაწროს და არ დავიხრჩო მათი მოსმენისას. ერთი ბადე სავსე მოუტანია. შორისდებულებს ისევ ზღვაში ისვრის, შორს. სხვებს კი ფხებისგან მირჩევს. სიტყვებს ფხებისგან მირჩევს და ოხრავს.
კაცო, ნუ ოხრავ, გული დამეწვა.
ნუ ოხრავ, დამეწვა გული.

(გაგრძელება ქვემოთ)

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:08 pm

ნათია როსტიაშვილი

28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ
(ლიტბუნიობის ფინალური შვიდეულიდან)


(დასასრული, დასაწყისი ზემოთ)

***
- მიყვარს ჩვენი სახლი. - ვუთხარი ჯონის ერთ საღამოს. - ზუსტად ასეთ სახლზე ვოცნებობდი ბავშვობაში. - საძინებელში შუქი ჩავაქრე და სურნელოვანი სანთლები ავანთე. თან ისე დავდექი, რომ სანთლის შუქს ჩემი პენუარშემოტმასნილი მკერდი მოექცია ყურადღების არეალში.
- და როგორია ჩვენი სახლი? - ჯერ სინათლე აანთო, მერე სანთლებს სული შეუბერა. - თავს მატკივებს ამის სუნი. რაში ყრი ფულს... ვინმეს აჩუქე. ლელიკოს, მაგალითად... რას ვამბობდი?.. ჰო, მაინც როგორია ჩვენი სახლი?
- როგორია და დიიიდი, მაგრამ მყუდრო. თბილი, ლამაზი, მშვიდი და კეკლუცი. - ვარსკვლავის ფორმის ჩამქრალ სანთელს ვარსკვლავებჩამქრალი თვალებით გავხედე. ჯონისთვის არ მითქვამს, რომ ამ სანთლებში, ლელიკოს, ჯონის ნაჩუქარი ძვირადღირებული სუნამო გავუცვალე.

საკუთარი იუბილეს მომდევნო დღეს ლელიკომ ატირებულმა დამირეკა:
- ვიცოდი, უჩა ფულს აგროვებდა ჩემი საჩუქრისთვის. ერთი სული მქონდა... - აქ ხმაურიანად მოიხოცა ცხვირი. - ხომ გახსოვს, ჭრელი შარფი რომ მაქვს, მეორადებში ნაყიდი... აი იმით ამიხვია თვალები, საძინებელში შემიყვანა. ჯერ ხომ რის ვაი-ვაგლახით, კბილებით ძლივს გახსნა თავის ჩაკვანძული და შარფს თვალი წაუვიდა... მომხსნა და რას ვხედავ: სავსეა ოთახი აყროლებული სანთლებით. თან ,,სიურპრიზ!” – გამოაცხადა. მეთქი გამოიტანს ახლა შენ რომ ჯონიმ გაჩუქა იმნაირ დუხს... სადაა-მეთქი სურპრიზი და რა იყო, არ მოგეწონაო?.. მაგ სანთლები დამანთებინა ღმერთმა მაგის კუბოზე ადრე და მალეეე!..
- არ გადამრიო, ამისთვის ტირი?!.. - ცოტა არ იყოს შემშურდა ლელიკოსი. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მისი, როგორც რომანტიკოსის ცოლის, შემშურდა. - იდეა მაქვს: მოდი ქმრების საჩუქრები გავცვალოთ. ოღონდ ჯონისთან არ წამოგცდეს.
- ვაიმე, არ ხუმრობ?!. წამომცდეს კი არადა, თევზი ვარ, სამარე ვარ, მუნჯი ვარ და ჩაკეტილი ბოქლომი ვარ!.. აი მაგიტომ მიყვარხარ, რაა! - აქ წეღანდელზე ხმაურიანად მოიხოცა ცხვირი. - მოვხინკავ ახლა ამ აყროლე... არა, მთლად მასეც არაა, ისეთი ლამაზებია, გეფიცები... ჩავაწყობ ახლა კოხტად ოცდარვავე სანთელს ჩანთაში და მოვრბივარ.

- ,,მშვიდი და კეკლუცი სახლი.” - ხმის დაწვრილებით გამომაჯავრა ჯონიმ. კარგი რაა. ამ ბავშვურ აზროვნებას როდის უნდა შეეშვა? ამდენი ილაპარაკე და ფაქტობრივად, კითხვაზე პასუხი არ გაგიცია. რამდენჯერ აგიხსენი, სიტყვებს მატყუარა ბუნება აქვთ. რას ნიშნავს ლამაზი? ,,ლამაზი” პირობითი სიტყვაა. შენთვის ასეთია ლამაზი, სხვისთვის - ისეთი. ან ,,დიდი”. ეს ხომ ზოგადი განმარტებაა და ფაქტობრივად, ინფორმაციას არ იძლევა. ციფრები სულ სხვაა. კითხვებს არ გიტოვებს, ამომწურავ ინფორმაციას გაძლევს. მაგალითად: სამოთახიანი ბინა. მორჩა, ყველაფერი გასგებია! სამი ოთახი თავისთავად დიდს ნიშნავს.
,,და სამი ზომაც - დიდს...” - ჩემს ღრმა დეკოლტეს ჩავხედე, თან ღრმად ამოვიოხრე.
- კარგი, გვეყოფა, თემა შევცვალოთ... ჩვენი ახალი მეზობელი გაიცანი? როგორი ქალია? - ტანსაცმელი გაიხადა, მოშვებული ღიპი ორივე ხელით მოიფხანა. ჭიპს მარჯვნივ მსუბუქად და მარცხნივ - დაწითლებამდე. ცაციაა.
,,შეისუნთქოს მაინც... ეტყობა აღარ მეპრანჭება...” - კიდევ ერთხელ ამოვიოხრე.
- როგორი და 50 წლის. - უწყინარ კითხვაზე ნაწყენი ხმით ვუპასუხე და დემონსტრაციულად შევწექი საწოლში.
- კარგი რა ნუ ბავშვობ... - საბანი გადამხადა.
- რა, ამომწურავი ინფორმაცია არ იყო, ციფრების მბრძანებელო? - საბანი დავიფარე.
შუქი ჩააქრო. ჩამეხუტა და ყურთან მაკოცა. გახშირებულად სუნთქავდა. ჩემი ახალგაპარსული კანჭები მისი ბანჯგვლიანი ,,კლანჭებისგან” გავითავისუფლე.
ჯონიმ ჰაერი ღრმად შეისუნთქა და:
- დიდად არც მე ვიწვოდი სურვილისგან. - მომასუნთქა.
ამოვისუნთქე.

...და საერთოდ, ბავშვობაში სულ სხვანაირ, წიგნის ფორმის სახლზე ვოცნებობდი.

...კედელს თითი შევახე. რბილდებოდა. ტბაში ჩაგდებული კენჭივით რგოლები გაიკეთა თითის გარშემო. ავმსუბუქდი. ყველა საზღვარი გალღვა. მე, მოღალატეს, ჩემი ერთგული მესიტყვე მიხმობდა...

***
...მზეზე დახლილ ქვიშაში ვიწექი. მაჯაზე ასხმულ ნიჟარის სამკაულს ვაჟღარუნებდი, თვალებს ვწკურავდი და ფეხის ცერით ქვიშას ვჩხაპნიდი. მიყურებდა. თითებივით ამაყოლ-ჩამაყოლა მზერა მთელ სხეულზე. თქმით კი სხვა რამ თქვა - ჩემს საჩუქრებს ხომ ინახავო? მიდი, მიდი, გამოიტანეო. კალათი მივუტანე და მის გვერდით ჩავიმუხლე. ოდნავ ვეხებოდი. ცეცხლის სითბო და აკაციის სურნელი ასდიოდა ჰაერს მის გარშემო.
კალათის ღრიჭოებიდან თავები გადმოეკიდათ ნაჩუქარ სიტყვებს. ქვიშაზე წამოცალა. ნესტი კვამლივით ამოიზლაზნა კალათის ფსკერიდან. რა ხანია არ გამენიავებინა და აშმორებულიყო.
ნტ-ნტ-ნტ-ო, ამოიოხრა. ჩემი სახელი სულ დანესტილაო, მის ნაცვლად სხვა უნდა ჩავსვათო, ნაცვალსახელიო. ეჰ-ო, ვიცოდი ასე იქნებოდაო...
ადგა, მოვიდა, ქვიშა ტანიდან გადმომფერთხა, მუჭში დაიგროვა. მზე ჩამექცა სხეულში მისი ნათითურებიდან... ცუდი არ იფიქრო, ქვიშაში შერეულ თანდებულებს ვაგროვებო. ესენი ძალიან მიყვარანო. აიო, ზოგი შენ-ზე იყო მოწებებულიო, ზოგი შენ-თან ახლოს იწვაო, ზოგი შენს კან-ში ჩამჯდარაო, ზოგი კიდევ, ვინც შენ-გან შორს იყო, შენ-კენ მოიწევსო. აბა, როგორ არ მიყვარდნენ, როგორო...
შორისდებულები შორს დადო, დამაშორა. მზეზე გააშრო. თან რაღაცას ბუტბუტებდა. ლოცვა იყო, დალოცვა იყო, შელოცვა იყო, სიტყვების გაშრობის მოლოცვა იყო, თავისი სიტყვების ჩემთვის გადმოლოცვა იყო, რა იყო...
თოვლივით თეთრი მტვერი წამოვიდა. ირიბად, ლამაზად სცრიდა. გავინაბე და უცებ ქარი იყო, რა იყო, წუილით დამიბერა. პირდაპირ გულზე მიბერავდა.
რა ქარი, ქალო, სიტყვებიაო. ჩემი ნათქვამი სიტყვებიაო შენთვის. ირიბი ნათქვამი მოგწონდა, ვერ იცანიო. პირდაპირი გულზე გხვდება, მაინც ვერ ხვდებიო. მითხრა და წავიდა. მძიმე ტომარა გამოათრია თავის სახლიდან, ამათაც მზე მოენატრათო.
ვინ არიან, როგორი მძიმეებია-მეთქი. ჰო, მძიმეებიაო. მარტო მძიმეები არა, წერტილებიც არიანო. წამო-მეთქი დაისვენე, ცოდო ხარ. წამო, მეც შენთან შემოვალ, სახლს დაგილაგებ.
აი, სასვენ ნიშნებს ამოვალაგებ და მერე დავისვენებო.
სახლს არ ჰგავდა, დიდი წიგნი იყო. აგურისფერი ყდა ჰქონდა სახურავად. ავეჯის ნაცვლად სიტყვები ელაგა მიჯრით მიწყობილი.
ეს რა სახლია-მეთქი.
სახლია, მა რა არისო. სიტყვებს ვაშენებო. რასაც ააშენებ, სახლია, მა რა არისო. აიო... ააშენა. ლამაზი იყო, მაგრამ არ შევაქე, თანხმობა რომ არ გონებოდა.
მოდი, სახლს დაგილაგებ-მეთქი. შენ რა იცი ამის დალაგებაო, გამიღიმა. ჯერ შენობები უნდა იგრძნოო. თანწყობილები თაროსთან უნდა მიაწყოო. ქვეწყობილები - თაროს ქვემოთო.
ეს რანაირი აგიშენებია-მეთქი. თითით მივუთითე. როგორ ერთმანეთს ჩაგიხუტებია-მეთქი, კაცო?! - და გავწითლდი.
ეგენი შერწყმულები არიანო. თუ მარტოკები გინდა, აი მარტივებიც ავაშენეო.
აგე, ეს რა არის-მეთქი, მატყლსა სჩეჩავ, თოკსა ჰგრეხავ ამით თუ თითისტარია-მეთქი, საჩვენებელი თითით ვაჩვენე. ვართავო. ზედ სიტყვებს ვართავო. აგე, იმ ალაგას ზედსართავებს ვალაგებო.
წავალ, არაფერი მეწყინოს-მეთქი. მე რა უნდა გაწყენინოო?! კოცნა რომ დამიპირო-მეთქი. ან - რომ არ დამიპირო-მეთქი.
გამიღიმა და მიმიხუტა: რაღაც მინდა შენთვის გავაკეთოო. სულ მინდა შენთვის რაღაც გავაკეთოო. სულ შენთვის მინდა რაღაც გავაკეთოო. სულ მინდა გავაკეთო შენთვის რაღაცაო. მითხარი რა გავაკეთოო.
დაბარე და მარცვლები დათესე-მეთქი. ოღონდ ჯერ გაამზადე, ჯერ სიტყვები დამიმარცვლე-მეთქი. ამოვა, თავთავს გაიკეთებს. მერე მოდი-მეთქი, მოდი. საჯიშე თავთავი წამოიღე. აჰა ჩემი ხელისგულები-მეთქი. აჰა, ზედ დამაფშხვენი-მეთქი ა ს ო ბ გ ე რ ე ბ ა დ . სისინა და შიშინა გამოარჩიე. გამოარჩიე, ღრმად ჩამარხე. ისე ჩათესე, გვალვამ მოუსწროს. სიტყვის სეტყვამ მოუსწროს, ვერ ამოვიდნენ-მეთქი. აჰა-მეთქი ხელისგულები. ხუთ თითთან ხუთი ხმოვანი დამიმწკრივე...
***
- ბოდავ. - შემანჯღრია ჯონიმ. - ციფრებს აბოდებდი. - გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. საყვარელთან წასწრებულივით წამოვხტი, საბანი თვალებამდე ავიფარე.
- დამშვიდდი, საბედნიეროდ მხოლოდ სიზმარი იყო. - თმები ამიჩეჩა.
,,საუბედუროდ” - ჩავუსწორე გონებაში და თმებიც გავისწორე.
- დღეს ადრე მიწევს გასვლა. შენი გაღვიძება ჩემს გეგმაში არანაირად არ შედიოდა, მაგრამ ბორგავდი და... არ ადგე. ჩაის თვითონ ავიდუღებ.
ჩაი არ აუდუღებია, ,,მდუღარე” წერილი დაწერა, სმაილებიან საშაქრეს მიაყუდა, ქუდი დაიხურა და კარი გაიხურა.
,,როცა უძლიერესი ენერგეტიკის მატარებელი რიცხვებიც (1,7) უძლურია, უნდა მივხვდეთ, ჩვენს პრობლემას მოგვარება არ უწერია. ვეღარ შევძლებ, დღეს კიდევ ერთ დარტყმას გავუძლო. მივდივარ. მაპატიე.”
მოიცა, მოიცა... ,,როცა უძლიერესი ენერგეტიკის მატარებელი რიცხვებიც (1,7) უძლურია, ე.ი. ჩვენს პრობლემას მოგვარება არ უწერია. ვეღარ შევძლებ, დღეს კიდევ ერთ დარტყმას გავუძლო. მივდივარ. მაპატიე.”
ანუ?..
სახლის ტელეფონმა დაიწკარუნა. ვიცოდი, რომ დარეკავდა. ბოლო-ბოლო ჯონისაც ხომ აქვს უფლება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაიხუმროს? სულელური ტექსტი კი გამოსვლია. არადა, მიატოვო ცოლი - ეს ხომ უდიდესი შანსია უმაგრესი წერილის დასაწერად.
- ცუდი ხუმრობა იყო, კინაღამ დავიჯერე... - ვითომ-ვითომ გაბუტული ხმით გავეკეკლუცე და ყურმილის სადენი საჩვენებელ თითზე დავიხვიე.
- ხუმრობა, თავისთავად, კარგი რამაა, ამიტომ ,,ცუდი ხუმრობა” ცუდი ნათქვამია. ხუმრობა შესაძლოა იყოს უკბილო, იყოს წვერებიანი... მაგრამ არამც და არამც - ცუდი. ცუდი, შეიძლება ითქვას ამბავზე. როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტულ ამბავზე. მაგალითად იმაზე, რის სათქმელადაც დავრეკე.
მსჯელობას რომ თავი დავანებოთ, ხმაც არ ჰგავდა ჯონისას.
- უჩა ვარ... ლელიკოს ბარათი დამხვდა მეტად ორიგინალურ ადგილას. სადაც პირისფარეშნი... კი არადა... სადაც მეფენი ფეხით დადიან. ზედ კარიბჭეზე მიუსკოჩავს რუდუნებით. რადგან თავად არ მეყო გონიერება, ბარათის არსს ჩავწვდომოდი, ვიფიქრე შენ, როგორც დედოფალ ლელიკოს სიყრმის მეგობარს, უთუოდ ხელგეწიფებოდა ხელმწიფისდარი კაცის (იგივე ჩემი) გარკვევა როგორც ბარათის შინაარსში, ასევე...
- მე ჯერ ჩემს საშაქრეზე მიყუდებულ ბარათშიც ვერ გავრკვეულვარ, უჩა... - რატომღაც ხმა გავინაზე.
- ლოგიკურად, საშაქრეზე მიყუდებული წერილი უხვად ტკბილსიტყვიანი უნდა იყოს. ჩემი კი რაღაც ისეთია - მწკლარტე.
გამეღიმა.
- და რას გწერს?
- ოოო... მუდამ ხელგაშლილობით ცნობილმა ლელიკომ წერილის დაწერისას ერთობ იძუნწა. მხოლოდ ერთი სიტყვა: ,,მივდივარ” და ბოლოში სამი ძახილის ნიშანი. შესაძლოა, ოთხიც... მერე უნდა გადავთვალო ხელმეორედ...
- იქნებ, მანდვე, გზის გადაღმა გადავიდა მაღაზიაში, ვთქვათ პურზე. - ყურმილის ჩახვეული სადენი გავასწორე და ახლა ჩემი სწორი თმა დავიხვიე თითზე. ,,ვკეკლუცობ.” - გამიელვა გონებში.
- საინტერესო ვერსიაა... - ჩაეცინა უჩას. - მთავარია, მარილზე არ იყოს გასული, გაღმა... ვაი დედოფალ, ვაი დედოფალ, ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი... - თქვა და ყურმილი დაკიდა.
,,განა ღირს, ჯონისებრ კაცზე ნერვების შლა, როცა ქვეყნად უჩებიც არიან?” - ვკითხე საკუთარ თავს. პასუხს არ დავლოდებივარ, საძინებლიდან საათი გამოვიტანე, სანაგვე ვედროს დავუმიზნე და...
- არის! ორქულიანია.
დავმშვიდდი. კედლიდან კალენდარი ჩამოვხსენი, თაროდან თერმომეტრი და კალკულატორი გადმოვიღე. სამივეს სანაგვეში ჩავუძახე. ოღონდ შორიდან აღარ დამიმიზნებია. ჩატენვაც ხომ ორ ქულიანია?
- კისრამდე ციფრებში ხარ, ჯეკ! - დაბოხებული ხმით გავძახე ურნას.
მაცივრის კარი გამოვაღე. ცხელ გულზე კარაქის ცივი შეკვრა ავიღე და ისე, რომ არც მიმიხედავს, ,,ჯეკის” მიმართულებით მოვისროლე.
სავარაუდოდ, ავაცილე.

- ციფრები სამყაროს ენაა. - ჯონის სიტყვები გამახსენდა. კი, როგორ არა... ციფრები საკუთარ ცხვირს იქით ვერ იხედებიან. კალენდარი მხოლოდ დღევანდელ რიცხვს გიჩვენებს (სხვათა შორის, მიუხედავად სიტუაციისა, ,,ჯოკოს” კედლის კალენდრიდან ფურცლის ჩამოხევა არ დავიწყებია), საათი - დაბადებისთანავე გაწარსულებულ წამებს, ხოლო...
მობილურის ზარმა ფიქრის ძაფი გამიწყვიტა (ნერვები კარგა ხანია დაწყვეტილი მაქვს). ვიცი, ჯონი არ მირეკავს. მის ნომერზე სხვანაირი, წყვეტილი ზარი მიყენია. გული დამწყდა...
,,ლელიკო” ეწერა ეკრანს. უცებ ისე შორეულად მეჩვენა ეს სახელი... რა უნდა მითხრას ლე-ლი-კომ? რომ როგორც იქნა, უჩას დაშორდა, რომ წერილი სწორედ იქ დაუტოვა, სადაც უჩასნაირი კაცების ადგილია და ასეთი სისულელეები. იქნებ სულ სხვა რამის სათქმელად რეკავს? მაგალითად:
- იცი, აღმოვაჩინეთ, რომ ჯოკოს საშინაო სათვალე შენთან დარჩენია. შეგიძლია 15 წუთში სადარბაზოსთან ჩამოგვიტანო (მართლაც, განა საეჭვო არაა მათი სახლიდან წასვლის დღის დამთხვევა?)?
მესამე ვარიანტი არ მაქვს.
ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხის გაცემა არ ღირს.
ტელეფონი დადუმდა. არაა გამორიცხული, ახლა მისმა უციფრებულესობა ჯონიმ დამირეკოს და ვითომც არაფერი, ერთი უწყინარი კითხვა ამოთქვას:
- მოგივიდა (ნეტავ რა რეაქცია ექნებოდა პასუხის მოსმენის შემდეგ...)?
ან ჯონის დედა-დედოფალმა:
- შე სოფლიდან ჩამოთრეულო, ვერ შეიშნოვე ხომ ღმერთივით კაცი?! შე უშვილ-ძირო და უნიფხვო...
უცებ, მობილური, ისევე, როგორც სხვა ციფრიანი საგნები, სრულიად უსარგებლო ნივთად მეჩვენა.
გადასაგდებად ვერ გავიმეტე, მაგრამ გამოვრთე.

დაღამდა. საძინებელში შევედი. ოცდარვავე სანთელი ავანთე. ბოლო სანთელი ხელისგულზე დავიდე. ,,28-ეა” – გამეღიმა. იყო რაღაც კავშირი რიცხვებსა და ბედისწერას შორის...
- დავურეკო ჯონის? - მრჩეველი არავინ მყავდა და 28-ე სანთლის ალს ვკითხე. - ვალდებული ვარ, ვუთხრა. ვინ იფიქრებდა, რომ სწორედ დღეს...
სანთლის ალი ლელიკო არ იყო. შესაბამისად, არანაირი სურვილი არ გამოუჩენია, ჩემთვის ჭკუა დაერიგებინა.
,,თუ ვეტყვი, მოვა. თუ მოვა - ყველა სანთელს ჩააქრობს.” - გავიფიქრე.
- იცი, ეს რომ ახლა ვინმეს არ ვუთხრა, ნამდვილად გავგიჟდები... ნუ კრთები, ჯონისთან არ დავრეკავ. - დავამშვიდე 28-ე. - ჩემს მეგობარს გავენდობი.
ჰო, ლელიკოს გარდა მყავდა კიდევ ერთი მეგობარი, უფრო ახლობელი და სანდო - უბის წიგნაკი.
და ვიდრე ჩემს ნამდვილ სატრფოსთან, მესიტყვესთან გადავიდოდი, ჩემი მესაიდუმლე წიგნაკის ბოლო, ერთადერთ ცარიელ გვერდზე ჩავწერე:
,,დღეს 28-ე დღეა, არ მომივიდა.”

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:10 pm


გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ნათია როსტიაშვილი
Published on Oct 29, 2014
გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია გუშინ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გამოავლინეს. წელს ქართველი მწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 60 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სწორედ წელს დაწესდა ლიტერატურული პრემია "ერთგულება".

Exclamation

ნათია როსტიაშვილი

ლიტერატურული კონკურსი „ერთგულების“ 2014 წლის I და II პრემია.


I.

არდასავიწყებელი დღე

_ ჰერკულესი გაგიცივდა. ჭამე, რომ დიდი ბიჭი გაიზარდო. - ხელუხლებელ საუზმეზე ვუთითებ გიოს. - ჩაიც მიაყოლე. მიდი, მიდი...
ჩაისფერი თვალები აქვს ჩემს ბიჭს. ოღონდ მისთვის კი არა, ჩემთვის დასხმული ჩაის ფერის - მუქი. ისეთი სევდა აქვს ჩამდნარი მზერაში, ისეთი... გული მეკუმშება. თვალს ვარიდებ. ვდგები, ჩემს მოპრიალებულ თეფშზე გაუცნობიერებლად ვიღებ ჰერკულესის მეორე ულუფას. არადა, მძულს ჰერკულესი. გიოს გამო თავს ვაძალებ ხოლმე, დიდი ძალისხმევით ვღეჭავ და ორი ვარიანტიდან ერთ-ერთ ფრაზას ვამბობ: ,,იფ, რა გემრიელიააა!“ ან ,,რა გემრიელია, იიიფ!“
_ დე... ამდენს ნუ ჭამ. გეხვეწები. - ბზარგაჩენილი ხმით მეუბნება გიო. _ არ ვჭამოთ ხოლმე, რა, დე. არ მინდა მოვკვდეთ.
გიოს თვალების ზღვა შრება - ცრემლს უკან იბრუნებს - ყლაპავს.
ის ყლაპავს და მე მეჩხირება ყელში - ჩემები, უკან ჩაბრუნებული და ვერგადაყლაპული.
_ ჩვენ არ მოვკვდებით, ნუ გეშინია. - ტყუილის ღუზას ვუგდებ სიცოცხლის მარადიულობის იდეაზე მოსაჭიდებლად.
_ მოვკვდებით, - მიხსნის, - თუკი ძალიან გავიზრდებით... ვახო ძიას ვკითხე, პაპა რატომ მოკვდა-მეთქი და მოხუცი იყო, ძალიან დიდი გაიზარდაო... ჩვენც თუ ბევრს შევჭამთ - გავიზრდებით... მეტი აღარ გაიზარდო, რაა, დე!
ღმერთო, როგორი პატარაა ასეთი ფართოდ გახელილი თვალებისთვის!..
_ დე... - ვამბობ, - დე... - ამის მეტს ვეღარაფერს ვეუბნები.
,,წამო!“ - ვანიშნებ, თქმა არ გამომდის - ყელში ჩაჩხერილი ბურთის ოინებია...
მომყვება. რაღაცნაირად, მძიმედ მომყვება. მხრებდამძიმებულად.
ოთახის ცენტრიდან მაგიდას კედლისკენ ვახოხებ. სკამებსაც. გარდერობის კარებს ბოლომდე ვაღებ. ანჯამები ღრჭიალებენ... უჯრიდან, წუხელ რომ ჩაცმა ავუკრძალე, იმ ახალ ბოტასებს ვიღებ და ვუწვდი.
_ ჩავიცვა, დე? ბაღის დაწყებამდე აღარ შევინახოთ?
უხარია, უკვირს, უხარია... ისევ ბავშვად იქცა. მხრები ბუმბულივით აუმჩტდა. თვალები უკამკამებს, ტალღის ნასახიც აღარაა, გადაიდარა.
მზესავით გავარვარებული ბურთი ყელში მიდნება.
ვყლაპავ. ვსუნთქავ. მლაშეა.
ჩემს ყველაზე ძვირფას კაბას საკიდიდან ვხსნი. ვირგებ. სუნამოს, ყელიდან კოჭებამდე უხვად ვიპკურებ. გამოზოგვას ნაჩვევ ფლაკონს უკვირს. ისე ძალიან უკვირს, რომ გაოცებისგან წარწერა თავსახურზე ასდის.
_ გამოიქეცი, დე! - მკლავებს ვშლი.
_ უნდა მაბზრიალო?! ვაშაააა!
ვუღიმი და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ,,ვაშას“ ნაცვლად, თანატოლებივით არ ამბობს: „იეეეს!“
ჯერ ნელა ვბზრიალებთ. ვბზრიიიიიიალებთ...
მერე ტემპს ვუჩქარებთ: ვბზრიალებთ-ვბზრიალებთ...
და ბოლოს: ვბზრიალებთვბზრიალებთვბზრიალეეებთ!
იცინის, იცინის... ფერად კენჭებზე ფეხი უსხლტებათ ნაკადულებს.
ვფიქრობ: აი, მოზვირთდებიან წლები. გაიზრდება გიო დიდი ბიჭი. სასახელო კაცი დადგება. მოვა მასთან ჟურნალისტი და ბავშვობის ამბების გახსენებას სთხოვს.
_ ახლა, რატომღაც, ერთი დილა გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან. ასე, ოთხი-ხუთი წლის ვიქნებოდი... - დაიწყებს გიო. მაშინ უკვე - ბატონი გიორგი. რიხით ჩაახველებს. ჟურნალისტ, სიფრიფანა გოგონას ჩაის შესთავაზებს. გოგონასაც ჩაისფერი თვალები ექნება. ოღონდ, ისეთი, ახლა როგორ ჩაისაც ვუმზადებ ხოლმე გიოს - ბაცი, მზისფერი.
„ბატონი გიორგი“ მოყვება, რომ დანამდვილებით ვერ იხსენებს, რა ამბავს აღვნიშნავდნენ, მაგრამ ზუსტად ახსოვს, რომ დედა კარგ ხასიათზე იყო. ბაღისთვის ნაყიდი ახალი ფეხსაცმლის სახლში ჩაცმის უფლებაც კი მისცა. საუზმის ამბავი არ ეხსომება. პირდაპირ იქიდან დაიწყებს, მაგიდა რომ კედელს მივადგი. იტყვის, რომ ახლაც ახსოვს დედის სუნამოს სურნელი.
... რომ უცანური კია, მაგრამ დედასთან ერთად ბზრიალს ქვეყნად არაფერი ერჩივნა.
... რომ დედის იმ კაბის ღილების ფერი და ფორმაც კი ახსოვს - ოქროსფერი, ტრაპეცია.
... რომ ბზრიალისას დედის გრძელ, ცრემლის ფორმებად ჩამარცვლულ მძივს შემთხვევით ხელი გამოსდო და გაწყვიტა. იტყვის, რომ ძალიან შთამბეჭდავი კადრი იყო. ,,ეგებ, სულაც ამ კადრის გამო ჩამრჩა ეს დღე მეხსიერებაში: მთელ იატაკზე გაბნეული მძივის მარცვლები, ფანჯრიდან შემოჭრილ მზის შუქზე, ზღაპრულად ბრჭყვიალებდნენ.“

... რომ დედა, საერთოდ, ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ იმ დღეს... როგორღაც...
... რომ დედა, იმ დღეს, გამაოგნებლად ლამაზი იყო...
გაიხსენებს, რომ დედა -
,,ი - ყ - ო“ (!) ...

***
_ დე, ტირი?.. - თვალები უმუქდება გიოს.
_ არა, დე, თვალში რაღაც ჩამივარდა...
სჯერა. ვბზრიალებთ.
,,მთელი ცხოვრებაა იქამდე. მზისფერთვალება გოგონა, ალბათ ჯერ არც დაბადებულა...“ - თავს ვიმშვიდებ. ჩემი მძივის ფორმის ცრემლებს საყლაპავი მილისკენ მივერეკები, მივაწკარუნებ. მლაშეა.
_ ხელი გამოგედო... არა უშავს. - ვუღიმი გიოს და ჩემს უსაყვარლეს მძივს, გიოსთვის შეუმჩნევლად, ვქაჩავ. არ მენანება.
მთელ იატაკზე გაბნეული მძივის მარცვლები, ფანჯრიდან შემოჭრილ მზის შუქზე, ზღაპრულად ბრჭყვიალებენ.



II

ფილმი წიფის გენერალზე

,,კიუუ!“ - კივის მატ
არებელი. ,,ახრრ...“ - ჩაახველა, ძრავა-ფილტვებში ჩამდგარი ხრინწი ჩაიწმინდა და დაიძრა. მაგრამ მანამდე:
_ სიცხიანი ხარ, რა გებათუმება, დარჩი. - გეგა შუბლზე ტუჩებს მადებს და ცოტა ხანში ,,მპუს“ გარეშე მაცილებს. აქაოდა, მართლა სიცხის გასაზომად გავისარჯე, კოცნის საბაბი არ გეგონოსო. შეუმჩნევლად ოხრავს. მე მაინც ვამჩნევ, ოხერი ვარ.
_ კინოში წავიდოდით… - მეუბნება და სადღაც სიღრმეში მიცურავს. - კარგი ფილმია. - გეგას ხმა აქვეა, სახეზე ვგრძნობ ჰაერის მოკლე-მოკლე ნაკადის შეხებას. მაგრამ სახე - შორსაა. ასე მემართება ხოლმე, როცა მაღალი სიცხე მაქვს: ჩემი მზერა სიბრტყეს სამგანზომილებიან, ტრიდე გამოსახულებებად შლის. თვალსა და რეალობას შორის ეკრანს ,,მიმონტაჟებს“ და ეკრანს იქით ვისაც სად მოეპრიანება, იქ მიუჩენს ადგილს.
_ ხომ შევთანხმდით, განშორება გვჭირდება, ყველაფრის ,,გადასახარშად...“ თან, ხომ იცი, სიცხე როცა მაქვს, ისედაც სულ კინოს ვუყურებ. - ვუღიმი.
გეგამ შუბლზე მაკოცა. სწრაფად მაკოცა, უცებ მომაცილა ტუჩები. ალბათ ხაზი გაუსვა, სიცხის გასინჯვა არაფერ შუაშია, ისე გკოცნიო.
_ კარგი, დღესაც ვნახავ და მერეც. აი, რომ ჩამოხვალ, მერე გამომყევი შენც. საინტერესო ფილმია, საჩვენო. - ახლა გეგას სახე აქვეა და ხმა სადგურის ბოლოდან მესმის. ვერ ვარ ჯანმრთელად.


***
,,კიუუ!“ - კივის მატარებელი. ,,ახრრ...“ - ჩაახველა, ძრავა-ფილტვებში ჩამდგარი ხრინწი ჩაიწმინდა და დაიძრა. მატარებლის ჩახველება მახსოვს, ჩემი ჩაძინება - აღარ. თვალი რომ გავახილე, ფანჯრის ადგილას ეკრანი დამხვდა. ე.ი. ისევ სიცხე მაქვს.
თავქუდმოგლეჯილები, მწკრივად გარბიან ხეები. მიცოცავენ მთები, მიიზლაზნებიან. საიდანღაც გამოსხლტნენ ცხენი და კვიცი. ცხენი კვიცს ლოკავს. კვიცი - ბალახს. ადგილიდან არ იძვრიან. ადგილმა სამივე დაძრა და სადღაც გააქანა. ფილმისწინა ჟურნალივითაა: ნაწყვეტი კადრები ყველაფერზე და არაფერზე. მზერას ფეხი უცდება, ვერცერთ ნაწყვეტზე ვერ ჩერდება, ვერ ეჭიდება. სიცხე მაქვს. ფანჯარა აღარაა. ეკრანია.
შენელებული კადრი: მატარებელი სადგურს უახლოვდება. ფანჯარა-ეკრანზე ფილმის სათაურივით იკვეთება წარწერა: ,,წ ი ფ ა“
გაბრუებულ გონებაში ვიმეორებ: ,,წიფის სადგური“ ,,წიფის გაჩერება“... არა, რაღაც სხვა, გაცილებით ახლობლური, ნაცნობი სიტყვათაშეთანხმების გახსენება მინდა და არ გამომდის.
მატარებელი გაჩერდა. ფანჯრის მართკუთხედში ფოტოგრაფიულად მიმზიდველი კადრი ჩაჯდა: ძველი შენობა, სევდიანი. აქა-იქ ადამიანის ხელით შეღებილი მზისფერი, და ადგილ-ადგილ, უმზეობისა და ნესტის ერთობლივი ნახელავი: ობი. შენობის მეორე სართულზე - ერთკაციანი აივანი. მიწიდან აივნამდე აცოცებული სისველის უფორმო ბილიკი, აივანზე - ხმელ-ხმელი კაცი, სადგურის უფროსი. მოხუცი, შეძლებისდაგვარად წელში გამართული. ამაყად ისწორებს თავზე ქუდს. გენერალივით. მის გვერდით - სკამი. უკან - ოთახი. ორივე ცარიელი.
,,გენერალი“ ჩვენკენ ზურგით ტრიალდება და ოთახში შედის. სავარაუდოდ - მოკლე, მტკიცე ნაბიჯებით, მაგრამ მე ხომ სიცხე მაქვს, ასე უბრალოდ როგორ შევა... უცებ, ერთი შესუნთქვით ისრუტავს ოთახის სიღრმე და თავის ცარიელ ფაშვში აუჩინარებს.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სადგურის უფროსს დგომით დაღლილმა მუხლებმა უმტყუვნა, მაგრამ ამ ფილმში გენერლის როლი აქვს და უბრალო მოკვდავების წინ სკამზე ვერ ჩამოჯდება, მუხლზე ხელს ვერ გადაისვამს დასაზელად.
იმავე აივანზე ახალგაზრდა, ღიპიანი კაცი გამოდის. ამთქნარებს. თითზე ქუდს ატრიალებს. სკამზე ეშვება.
,,მემკვიდრეობითი აივანი“ - ვფიქრობ.
ერთი ხელი ჯიბეში, მეორეში - ქუდი. ვერც გაამტყუვნებ, რომ პირზე ხელის აუფარებლად ამთქნარებს... თითქოს კედლებზე ნესტი შრება, მის ზურგსუკან, აბაჟურით ძლივსგნათებული ოთახიც აღარ ჰგავს მიტოვებულს. კადრის კომპოზიცია დარღვეულია. სრული სერიოზულობით ვფიქრობ, რომ კანონი უნდა კრძალავდეს სხვა ჟანრის ფილმიდან სხვაში პერსონაჟთა თვითნებურ გადაადგილებას!!!
სადგური ოხრავს. ,,კიუუ!..“ გაჰყვირის მატარებელი.
ბიჭი გადის, სადგურის უფროსი ბრუნდება. ,,ხშშ...“ შვებით ამოიფშვინა მატარებელმა.
აივანზე მოხუცის სილუეტი. გვერდით - სკამი. არ დაჯდება, სანამ მატარებელი თვალს არ მიეფარება - არ დაჯდბა. ნესტი თვისებებს იბრუნებს. კედელს ფერი უბრუნდება - ყვითლის სევდიანი ტონალობა. ოთახს - აბაჟურის ბაცი ყვითელი ნათება.
მემანქანეს ნიშანს აძლევს მოხუცი ,,გენერალი“. მემანქანე, ალბათ ვერც ამჩნევენ ამ ნიშანს. გრაფიკს მიჰყვება. მოხუცი ამ ვერშემჩნევას არ იმჩნევს და ათუხთუხებული მატარებლის ხმაზე ვალმოხდილი ბრუნდება ოთახში.
,,კიუუ!“ - კივის მატარებელი. ,,ახრრ...“ - ჩაახველა, ძრავა-ფილტვებში ჩამდგარი ხრინწი ჩაიწმინდა და დაიძრა. მიხარია, რომ სანამ მისი გზააბნეული შვილი სხვა ფილმიდან აქ შემოფრატუნდება და ყველაფერს გააფუჭებს, მანამდე მივდივარ.
,,დგნ-დგნ...“ ძველმოდურ რითმს რთავენ მუსიკალური რედაქტორები - ბორბლები.
მძიმედ ეშვება ნისლის დაფლეთილი ფთილა - დაჩრჩილული ფარდა. წარმოდგენა დამთავრებულია.
ცისფერი ცა მწკრივ-მწკრივად გახაზეს ჩიტისფერმა ჩიტებმა - ტიტრებმა.
კადრი შავდება, გვირაბში შევდივართ.
,,თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?“ - ჩურჩულებს ჩემი მთვლემარე მეხსიერება. - ,,თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?“


***
,,კარგი ფილმი იყო.“ - გეგა მირეკავს.
,,აქაც კარგი ფილმი გაუშვეს: ,,წიფის გვირაბი. სადგურის გენერალი“ - ვეუბნები.
,,ნუ ხუმრობ. - იცინის გეგა. - ეგეთი მხატვრული ფილმი ბუნებაში არ არსებობს. აი, მე წაგიყვან მაგარ ფილმზე. რომ ჩამოხვალ, გამომყევი, მეორედაც სიამოვნებით ვნახავ.“
როცა ასეთ დროს ბიჭი ,,ნუ ხუმრობს“ ამბობს, ე.ი. ,,ნუ იტყუების“ არ გაკადრებს. თუ ბიჭი ,,ნუ იტყუების“ არ გაკადრებს, ე.ი. არ ხუმრობს, მართლა უყვარხარ.
გადავწყვიტე: როგორც კი ბათუმიდან დავბრუნდები, გეგას გავყვები... კინოს არ ვგულიხმობ. ისე გავყვები - სულ.

study


Last edited by Admin on Fri Apr 05, 2019 10:02 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:14 pm

ნათია როსტიაშვილი

ჟანგისფერა

დიდი ხნის უნახავი, ერთადერთი შვილი ჩამოსდის ქალაქიდან. ასაკისთვს შეუფერებლად სწრაფად დადის ეზოდან სახლში, სახლიდან _ ბოსტანში... მეზობელს გასძახა, ერთადერთი, კვერცხისმდებელი დედალი რომ ჰყავდა, ის დააკვლევინა. გალეული ხელებით გაპუტა, თან მხიარულად ღიღინებდა: ,,დივლი-დივლი ლალებიიი... გზისკენა მაქვს თვალებიიი...”
დიდი ხნის უნახავი, ერთადერთი შვილი ჩამოსდის ქალაქიდან...
მილაგებულ ოთახს თვალი მოავლო. წარბი შეკრა.
_ მტრისას იყოს გაჩერებული, ჩემო ჟანგისფერავ. _ გასძახა.
ჟანგისფერბეწვიანმა ძაღლმა პასუხად კუდი ააქიცინა. მოსაუბრედ, აბა, როგორ ივარგებდა, მაგრამ უბადლო მსმენელი კი გახლდათ. ხმის გამცემს დანატრებული მოხუცი მას უზიარებდა ხოლმე თავის დარდს, ფიქრს... ისიც უსმენდა, თვალებში შესციცინებდა. ჟანგისფერას კუდის გაქნევ-გამოქნევა ადამიანის თავის დაქნევის ტოლფასი იყო მარტოქალისთვის.
_ მტრისას იყოს გაჩერებული. _ ახლა საკუთარ თავს გაუმეორა და მოლაყლაყებული სკამებიდან შედარებით გამძლე შეარჩია, კედელს მიადგა. რის ვაი-ვაგლახით ავიდა ზედ. ძლივს მისწვდა ძველებურ, დამტვერილ საათს. მტვერი გადაწმინდა, მომართა. დრომ სვლა განაგრძო...
წვალებით გახსნა სკივრის ჩაჟანგებული საკეტი. საკუთარი ახალგაზრდობის სურნელმა შეუღიტინა ნესტოებში. ან კი როგორ გამოარჩია ნესტისა და ნაფთალინის სუნში...
მზითვის თავშალი და წინსაფარი ამოიღო, ნაქარგებიანი. შავი, გახუნებული თავშალ-წინსაფარი მოიხსნა. გული ამოუჯდა. ძნელი სათქმელია, მზითვმა გაახსენა დაწყვილების სიხარული თუ ძაძებმა _ კენტად დარჩენის სევდა, გული ამოუჯდა კია... ცრემლები წინსაფრის ბოლოთი შეიმშრალა, თავს შეუძახა, ჩემს ბიჭს მხნედ და ლამაზად უნდა დავუხვდეო, დედის იმედსო... ძაღლმა კუდი ააქიცინა. რა ხანია, მხოლოდ ნათქვამზე კი არა, ნაფიქრზეც ,,პასუხობდა” პატრონს.
_ ჩემი სავარცხელი ხომ არ იცი სადაა, ჟანგისფერავ?
იქნებ იცოდა კიდეც, მაგრამ აბა როგორ უპასუხებდა...
მზის ოქროსფერი, გაბნეული სხივები და მოხუცის ვერცხლისფერი, ნაწნავად შეკრული თმა აირეკლა კედლის გაბზარულმა სარკემ.
,,დივლი-დივლი ლალებიიი...”
სოფლის ძაღლებმა ერთმანეთს პატრონების ამბები გადაუყეფეს...
,,გზისკენა მაქვს თვალებიიი...”
მშვიდი დღე გაუთენდა სოფელს...

სოფლის დასაწყისში ბიჭის ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს. ბიჭმა ჭიშკარში თავი შეყო, დაიძახა. მასპინძელმა ხელი მოიჩრდილა, იცნო, გაიხარა:
_ შენა ხარ? ო, შე ქალაქელო, შენა! სად დაგვეკარგე, ბიჭო, რატომ არ ჩამოდიოდი, საწყალი დედაშენი მაინც არ გენატრებოდა?! _ გადაეხვიე და სახლში შეიპატიჟა.

შებინდდა. დედის ძველი თავშლისფერი შეეპარა ჰაერს. შვილი არ ჩანდა...
დაბალ, სამფეხ მაგიდაზე სუფრა იყო გაშლილი. მოხარშული ქათმის ხორცი უკვე გაციებულიყო, ჩაციებული ღვინო კი _ გამთბარიყო... სკამზე ჩამოსძინებოდა თვალცრემლიან მოხუცს.
უადგილოდ ნათქვამ სიტყვას ჰგავდა საზეიმო, ნაქარგი თავშალი...
ენაგადმოგდებული ჟანგისფერა ჯოხის რიტმს აყოლებდა თვალს, მოხუცის მუდამ ათრთოლებულ ხელს რომ ეჭირა. ჯოხი ფხიზლობდა. სამფეხა მაგიდასთან მიახლოებას ვერ ბედავდა ოთხფეხი.

სოფლის შარას არეული ნაბიჯით მიუყვება ვიღაც. ერთ-ერთ ჭიშკართან შეჩერდა, დააკვირდა. უზომოდ მთვრალს მხედველობის დაძაბვა უჭირდა.
_ ჟჟჟანგიანია... ნტ, ეეეს არააა!.. _ სლოკინი ამოაყოლა სიტყვებს და გზა განაგრძო. ჟანგიანი ჭიშკრის იქიდან, ჟანგისფერი ძაღლი კუდს უქიცინებდა და კმაყოფილი წკმუტუნებდა. რამდენჯერმე წამოიყეფა კიდეც, მაგრამ მთვრალმა ყურადღება არ მიაქცია, გზა განაგრძო. ძაღლმა ერთი კი გაიფიქრა, უკან ხომ არ გავედევნოო, მაგრამ გადაიფიქრა. თავის სამალავს დაუბრუნდა და მოხარშული დედალის ნარჩენები ნერწყვიან ლაშებში მოიქცია...

ძაღლის კუდის, მოხუცის აკანკალებულ ხელში ჩაბღუჯული ჯოხისა და ძველებური საათის ქანქარის მოძრაობა ერთ რიტმს იმეორებდნენ. დრო გადიოდა.

ჟანგისფერი მოიგდეს მთებმა კინკრიხოზე. სოფელში თენდებოდა...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:15 pm

ნათია როსტიაშვილი

ჯადოსნური ბურთი, ანუ ძუ–ძუ–ე–ბი აააქვს!..

ფუუუ... – სული შევუბერე და ყუთის ზედაპირიდან ჰაერში აფრიალდნენ მტვრის ნაწილაკები. სახურავი ფრთხილად ავხადე და ფანჯრიდან შემოჭრიოლ მზის შუქზე მილიონფრად აბრჭყვიალდნენ ნაძვის ხის ჭრელაჭრულა სათამაშოები. აუუ... რამდენი ხანია, ასეთი აღმაფრენა არ მიგრძნია.
_ დე, აი ახლაა ნამდვილი ახალი წელი. დე!.. _ არ ესმის. სამზარეულოშია, გოზინაყს აკეთებს.
აი, ვარდისფერი, თეთრად დაწინწკლული ბურთულა. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ბურთულა ჯადოსნური იყო. იქნებ, არც ვცდებოდი?.. ხელისგულებში ვიქცევ. ჩემს ღიმილიან სახეს ირეკლავს. ჯერ ისეთს, როგორიც ვარ. მერე ლოყები მებერება, გაშლილი თმა კი კიკინებად მენასკვება ყურებთან. ნაქსოვი ნაცრისფერი ჯემპრი თხელ, ვერცხლისფერი წვიმებით გაწყობილ კაბად გადაიქცა. ჩემი ანარეკლი ორეულივით დაემსგავსა იმ 4-5 წლის გოგონას, საბავშვო ბაღის ალბომში პირველ გვერდზე რომ მაქავს ჩაკრული.
არ შევმცდარვარ, მართლაც ჯადოსნური ყოფილა...
ჰჰჰ... დავაორთქლე ჯადოსნურ ბურთს და ჯემპრის სახელოთი გავაპრიალე. წინდაუხედავად მოვიქეცი, ვაითუ წაიშალა კიკინებიანი გოგონას გამოსახულება! დავაკვირდი... გადავრჩენილვარ. წაიშალა კი არა, უფრო მკვეთრად გამოჩნდა ნაკვთები და უცებ... კადრმა მოძრაობა დაიწყო.

*
კიკინებზე ბაფთებმიბმული, რეიტუზჩაჩაჩული გოგონა წრეში დგას. წრის შუაგულში, ნაძვის ხესთან თოვლის პაპა იღიმის. ხუჭუჭა ბაჩუკი მორიდებულად მარცვლავს ლექსის სათაურს. უცებ პუტკუნა ტუჩები ებრიცება და ლურჯ თვალებს მაგრად ხუჭავს. ტირის ბაჩუკი. მანანა დეიდა ქუსლების პაკაპუკით უახლოვდება. სუნამონაპკურები ცხვირსახოცით პაწუა ცხვირს უმშრალებს და ენას უჩლიქავს:
_ ლა მოგივიდაო, ბაჩანჩულ?
პომადიანი დედა ჰყავს ბაჩანჩულს.
დედის მოფერების მერე უარესად უჩუყდება გული და ბოლო ხმაზე გაჰკივის. მერე ცდილობს პასუხის მომლოდინე დედა არ გააწბილოს და სლოკინ-სლოკინით უხსნის:
_ ტყუ.. ტყუ-ი-ლი-ა-აააა...
_ რაა, დედი, ტყუილი? _ ქოჩორს უსწორებს დედა.
_ ა-რა-ა... მარ-თა-ლი-იიი...
_ ?
_ ძუ-ძუ-ები აააქვს...
_ ვისა, დედი, ვისა? _ იბნევა პომად-მანანა დეიდა.
_ ააა-მააა-ს!.. _ პაწაწუნა თითს თოვლის პაპისკენ იშვერს ბაჩუკი.
ძუძუებიოოოო?! _ და ხოტორა ნატომ ერთი ისეთი დაიკივლა, ბაჩანჩულიც კი გაირინდა წამით. ნატოს რუსი იულია აჰყვა, იმას ,,შპიონი-გალაკტიონი” ნინიკო, ნინიკოს ,,გოგოების მაჩალკა” დიმიტრი, იმას... იმას... და ვიღას ახსოვდა:
,,შენ ტანადო, შენ ლამაზო კოხტა ნაძვის ხეო”
,,თეთრი ციდან ფიფქი ცვივა, გვირილების ხე-ლა-ოოო!”
,,ყველა დაასაჩუქრა, გამოტოვა მელია”...
ტიროდა ყველა. ყველას სდიოდა თავისი წილი ცრემლი და წვლინტი.
,,თოვლის პაპას” მიწებებულ, ნაფტალინის სურნელიან წვერ-ულვაშში ეცინებოდა. უთანთალებდა ხუთი ზომა მკერდი. აუდიოდა და ჩამოუდიოდა. გრძელი წვერით გულისპირის დაფარვას ცდილობდა, მაგრამ რაღა დროს... ატირებულ-შეშინებულ-იმედგაცრუებული ოციოდე წყვილი ცისფერი, თაფლისფერი თუ შავი თვალის სამიზნედ ქცეულიყო...

*
_ არა რაა... უვარგისია ეს ჩემი ქმარი. _ თეთრ ულვაშს გაბზარული სარკის წინ იძრობს მაყვალა მასწავლებელი. სტკივა, მაგრამ კმაყოფილია, ეპილაციაზე აღარ მოუწევს წასვლა, ცოტა ფული დაეზოგება.
_ ხან ასე მივუდექი, ხან ისე. ვეფერე, დავუყვავე... _ ახლა წვერის აგლეჯვას ცდილობს ღაჟღაღა ლოყებიდან. _ ჯუბიკო-მეთქი, მოი, რაია, ბაღში. ა, ასე გადეიგდე აი ხურჯინი და იძუნძულე შენ რომ იცი, ისე-თქვა. _ მოიძრო წვერი. _ გაგიგია?! ააგდო ქვა და შეუშვირა მელოტი თავი!.. ასე ხომ არ ჩაბჟირდებოდნენ ის არგასაწყვეტი ბაღნები.
_ ჰო, რას ტიროდნენ!.. _ კვერს უკრავს მაგდა ექთანი და ისევ მაყვალა მასწავლებლისთვის მორთმეულ საჩუქრების თვალიერებას განაგრძობს. ორივე ჩუმდება. მხოლოდ შესაფუთი ქაღალდის ჭრაჭუნი ისმის. მერე მაგდას ეშმაკუნებით ევსება ჭროღა თვალები:
_ ქალო, სანანებლად არ გექცა ეგ შენი საამაყო ძუძუები?!. _ იცინის, იცინის, ფრჩხილებზე აქა-იქ მანიკურშემოცლილ თითებს ჩამქრალ მკერდზე ილაგებს.
_ ნათია, შენ აქ რა გინდა?! აბა, მოუსვი ბუფეტისკენ, თვარა დარჩები თოვლის ბაბუის საჩუქრის გარეშე!
სამალავში დარჩენას აზრი აღარ აქვს. უსიტყვოდ ,,ვუსმევ ბუფეტისკენ.” ოღონდ საჩუქარს, ზუსტად ვიცი, არ ავიღებ...
_ უი, ქალო, ესმოდა ბავშვს? _ ზურგსუკან მესმის მაგდა ექთანის სიცილშეკავებული ჩურჩული...

*
_ გოზინაყიც მზადაა, საცივიც და ბოლოკგაჩრილი გოჭიც. ნახე, ერთი რა სუფრა გვაქვს. აი, ახლა კი ნამდვილად ახალი წელია! გესმის?
თან მესმის და თან _ არ.
...ისევ გაშლილთმიან, ოღონდ ახლა უკვე ცრემლმორეულ სახეს ირეკლავს ჩემი ვარდისფერი, თეთრად დაწინწკლული, ბავშვობაში დამბრუნებელი ჯადოსნური ბურთი...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:16 pm

ნათია როსტიაშვილი

ტახტისუკანა ჩანაწერები

მთვარის ვებერთელა, ხელისგულივით გადაშლილ დისკოზე ვცხოვრობთ: შენ და მე. დრეკადია ფეხქვეშ მთვარე და შენ ეფლობი, გიძნელდება ჩემამდე მოსვლა. იღლები, გეზარება და ჩერდები. მწყინს, სიგიჟის ზღვარამდე რომ არ გიყვარვარ, როგორც მე. უხერხულია მთვარეზე ცრემლი და მე ცრემლს ვიკავებ. ჩემივე შეკავებული ცრემლი მაკავებს, რომ არ გამოვიქცე შენკენ, არ მოგეხვიო და არ გავანათო მთვარე მზესავით. შენ გეშინია ჩემი სიმხურვალის, რომელიც შენ გამო ჩამეღვარა მთელ სხეულში და გიხმობს. მთვარისფერია ჩემი თითები, რომლებსაც შეგახებ და რომლებიც დახუჭავენ თვალებს შენთან შეხების გამო... ეხამუშებათ შენს თმებს უცებ დამტყდარი სითბო. გაირინდები... აღარ ვიქნები მე მთვარისფერი და გამჭვირვალე. დავითრთვილები, შენი ფერებით შევიფერები... მაგრამ მანამდე... შენ ჩაფლული ხარ მთვარის სირბილეში და შემოდგომის საღამოსავით - ხარ მშვიდი. ჩემი ვარვარა ფეხისგულებით ჩავადნე მთვარე ფეხქვეშ და ვიძირები. გეძახი, გიხმობ! მიახლოვდები... შენ გეშინია ჩემი შეხების. მიწვდი ხელისგულს. მუხლზე დგები და მე ვიკუმშები მოლოდინისგან, რომელიც მახრჩობს.
საუკუნეა, მთვარეზე ვცხოვრობთ: შენ და მე...


დღეს ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა. ქუჩაში კაცები ვნებიან, შურით სავსე მზერას გვაყოლებდნენ. ვნებიანს - მას, ,,შურიანს” - მე. საპასუხოდ გულგრილობასა და ნიშნის მოგებას იღებდნენ. გულგრილობას მისგან და ნიშნის მოგებას - ჩემგან. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარს და უმისოდ ცხოვრება არ შემიძლია, მაგრამ როგორც იტყვიან, ,,რაღაც მიზიდავს მასში”. არც ის ვიცი, თვითონ რას ფიქრობს ჩემზე. ის სიმღერა როგორაა? - ,,ქარის მესმის, მაგრამ ქალეებს ვერ გავუგე ვეერაფერი, ვერ გავუგე ვერაააააფერიიი ვაააი...”
სტრანნი ტიპაჟია. სადღაც რომანტიკული სერიალის პერსონაჟს, ბავშვობაში ჩარჩენილ მეოცნებესა და ყინულის დედოფალს შორისაა, რა.
საუკუნეა (ერთი თვეც საუკუნეა ამ საქმეში) ვიცნობ და ჯერ არ მიკოცნია. ვერ ვბედავ, თუ რა მჭირს, ტო?! ბოლო-ბოლო 21-ე საუკუნეა, სილას ხომ არ გამაწნის, ან ძალადობისთვის ხომ არ მიჩივლებს?.. იდეა! მაგარი კომედიის გადაღება შეიძლება თანამედროვეობისა და წარსულის შერწყმულ ვარიანტში: ტიპი შედის კამერაში და ეკითხებიან:
- რაზე გაგსროკეს?
- ერთ მშვენიერ ასულს კოცნა დავუპირე. - ტიპს ფერი აღარ ადევს სიფათზე, ყურში მოსამართლის გამყინავი ხმა ჩაესმის: ,,ძალადობა... დამამძიმებელი გარემოება... მუხლი ესა და ეს...” მერე მის წარმოსახვაში ხმელ-ხმელი მოსამართლე ,,ნედლ-ნედლ”, მსუქან ეშმაკად გადაიქცევა: ,,მიესაჯოოოს... გაქათმებააა! განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!”
ვა-ხა-ხა! ძაან მაგარი გამოვიდა. საერთოდ, ნიჭიერი ტიპი ვარ ჟ))) ,,ვიღაცას” მაგრად გაუმართლა მე რომ შემხვდა. იქნებ აქეთ გამიმართლა 90X60X90-ზე ქალს რომ ვაბამ? ,,პაჟივიომ, უვიდემ,” ჯერ რას გაიგებ...
პ.ს. ხვალ ვაკოცებ და თუ კარგად მოიქცევა, იქნებ ჩემს ცოლობასაც გამოჰკრას ხელი. თუ მე გამოვკრავ ხელს მის ქმრობას? ,,პაჟივიომ, უვიდემ,” ჯერ რას გაიგებ...


***
ბედნიერი ვარ. უზომოდ მიყვარს და უზომოდ ვუყვარვარ. რაც გავთხოვდი, წერისთვის დრო აღარ მრჩება. ცხობას ვსწავლობ. კაცის გულისკენ მიმავალი გზა ხომ კუჭზე გადის... მინდა ვასიამოვნო. მინდა მისთვის დავიხარჯო. მის გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებს. მხოლოდ ჩემს კლასელს, მეგის ვეკონტაქტები. აქ მეზობლად ცხოვრობს. კარგი გოგოა, სულ ჩემთანაა. ზოგჯერ, როცა სამსახურიდან ვიგვიანებ, ვურეკავ და სადილს ის ამზადებს (გასაღები აქვს). დასავით მყავს.
ახლა გადავიკითხე და... როგორ გავპროზაულდიიიი!.. აი დარდი, რომ ,,როგორ გავპროზაულდი”, რაც მთავარია, მას ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ. წავედი, ფირფიტა მაქვს გამოსაცხობი. მინდა მის მოსვლამდე გამოვაცხო და გავახარო. კიდევ კარგი, იგვიანებს, თორემ ვერ მოვასწრებდი.


დღესაც ფქვილში ამოგანგლული დამხვდა. ასეთს რომ ვხედავ მიუხედავად 90X60X90-ობისა, მის მიმართ ლტოლვა მინულდება. არადა მე რომ ტემპერამენტი მაააქვს, ბევრმა არც იოცნებოს, რაა. მეგი რომ არ იყოს, მაგარი დავნერვოზდებოდი.
დავიჯერო მართლა ვერაფერს ხვდება? ხომ ვამბობდი, ბავშვობაში ჩარჩენილი მეოცნებეა-მეთქი. ქალის გამოცნობა ერთი შეხედვით შემიძლია, მაგის სპეციალისტი ვარ, ტო. ერთი საათის წინ მეგს ვეუბნებოდი, ჩვენზე მაგარი დრამის გადაღება შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედის პონტში-მეთქი. ყურადღებით მომისმინა და აღფრთოვანდა. აი ეგეთ ქალებზე ვგიჟდები რაა. აი რომ მოგისმენს და რომ აღფრთოვანდება. რაც გინდა გააკეთო, ყველა ვარიანტში რომ აღფრთოვანდება. ამას ეგეთები არ აინტერესებს, ეგ მარტო ეკლერით და შუთი ღფრთოვანდება. აუ, ჩემი, რეებს ვწერ. ეს ფურცელი ამოსახევია. ხვალ ამოვხევ და ქუჩაში გასვლისას მივაგდებ სადმე. ახლა რომ ამოვხიო, არ ნახოს.
პ.ს. მამენტ, რომ ნახოს რაა-როო?
პ.პ.ს. ,,ეგ მარტო ეკლერით და შუთი ღფრთოვანდება” - დონე ვარ, დონე!

***
შეშუპებულან ქუთუთოები და დამძიმებულან. უიღბლოდ დაეწყოთ დღე ჩემს თვალებს. დავცარიელდი. დაკუტებულან ჩემი ხელები და ცალ კუტ ხელზე მიდევს მძიმე თავი. თავიც, თავისთავად, ცარიელია, მაგრამ შეშუპებულან, დამძიმებულან ჩემი თვალები და მიდევს მათით დამძიმებული თავი უძალო მუჭზე. მე აღარცა მაქვს მუჭი და პეშვი... მაქვს საყრდენი მძიმე თავისთვის, თავი - უმძიმესი ქუთუთოებისთვის და დღეს მათ ჰქვიათ ჩემი სახელი, რომელიც ლამაზად იწერება და რომელსაც ლამაზად მეძახდა პირველ გაზაფხულზე... ჩემი ცვლილებით დაფეთებული, უცებ გაბაცდა ჩემი ორეული და სარკის გადაღმა გააჟრჟოლა ოთახის სივრცეს. მე აკი მქონდა ჩემი ტანი, თავი და ფეხი - ორი, ხელიც ამდენი და ვიღა მოსთვლის რამდენი თითი... და აღარც ერთი, არაფერი აღარ ალაგია, არ აწყვია ამ სარკის უკან... დამიბრუნდება როცა ისევ მუჭი და პეშვი და არ ვიქნები შეყუჟული მხოლოდ ჩემს თავში, თვალების უკან - იქნებ გამოჩნდეს... მე მეშინია თვითონაც არ გავმქრქალდე ანარეკლივით, რომ არ დაცვივდეს მოსაწმენდ იატაკზე ჩემი თვალების ორი თაფლისფერი ბურთი დიდი შავი წერტილებით შუაში. არ ამოიგანგლოს მისი თეფშიდან წუხელ გადმოწუწულ წითელ ტომატსა და საპურიდან ჩამოცვენილ ჭვავის პურის ნამცეცებში. ვეღარც გავრეცხავ, წყალი არ მოდის. რომც მოდიოდეს - ძნელად გაშრება. ჯერ საჭურჭლეში უნდა ჩაიწრიტოს და მერე - მარწყვებიანი ჩაის ტილოთი გავაპრიალო...
ფსკერს მოსწყდნენ ჩემი სიხარულები, დალექილნი ათას წლის უკან და ორი დღის წინანდელნიც... ღვართქაფად ჩაიქცნენ ჭიქებში, იქცნენ გრადუსიან ჭინკებად და მან დალია. მწარე გემო დაუტოვეს - დამძაღებულან. ჩემი ნაკოცნი მისი ტუჩებიდან ამოიზლაზნენ საშიშ სიზმრებად და სადღა იყო ჩემი კოცნები... და სადღა ვიყავი მე... ჩემს შეშუპებულ თვალებ-გუგებად ვქცეულიყავი და სხეულს ვეძებდი. თვალის ცეცებით ვეძებდი დ ავერ ვპოულობდი. სულ არ ავორთქლდე, არ შევიკუმშო ახლა ნეტავ და არ დავწკრიალდე დღეს არგამოგვილ იატაკზე, არ დავიშალო გარსად და გუგად, თორემ... იატაკიდან თუ ამომცოცხეს ცოცხის ფოჩებით, ღრიჭოებიდან ამოცოცხილი, რა ჭირად მინდა ჩემი თვალები..


აუუ... მაგრად ჩავთვერი წუხელ. რესტორანში შესვლა კარგად მახსოვს, იქიდან გამოსვლა - აღარ. ეს რა შხამი ღვინო იყო, ტო! ის მახსოვს, ჩემი ცოლი მაგრად რომ ტიროდა, რატომ - ეგ აღარ. ეტყობა, ჩემებურად გავაფრინე. ეგ, ვაფშე, სულ ტირის. მგონი დილასაც იცრემლებოდა. ქალია, რა... თავის ტკივილმა გამაღვიძა და დავინახე, რომ თვალებს იწმენდდა. თან რაღაცას წერდა. აუ, ასიანი ეგეც დღიურს წერს და ჩემსავით ტახტის უკან მალავს, ოღონდ ფეხებთან (აბა, თავთან მე ვდებ და არ შემინიშნავს) ხომ ვიცი ქალის ჭკუა, დაწერდა: ,,ჩემი ქმარი ისევ ღვინით გაილეშა. სად მქონდა ჭკუა, ამას რომ გავყევი ცოლად. შეყვარებულობისას თავს ანგელოზად მაჩვენებდა, მაგრამ...” მერე მიდიიი... წავა ჩემი გინება და წყევლა. ასიანი ამეებს დაწერდა. ქალის ფსიქოლოგია ასიანზე ვიცი, ტო. ვაფშე ამაზე მაგარი მელოდრამის გადაღება შეიძლება: ქმარი წერს დღიურს და... აუ რა მემელოდრამება, ჩემი... ეს რა შხამი ღვინო იყო, ტო... ნეტა, სად წავიდა? ეტყობა პროტესტის ამბავში ,,ველად გაიჭრა”. უიღბლო ცოლს თამაშობს, რა. წავა ეხლა დედიკოსთან გარჩევები. ამ ჩემს ფეხებს, რა!.. აუუ, გასკდა თავი. ცივი ბორჯომი მაინც წამოიყოლოს წამოსვლისას...
პ.ს. რაც მაგან წუხელ ისტერიკა დაიმართა - წამოიყოლებს, რო-ო?

***
შენ მზის სხივივით გაანათე ჩემი სხეული და სული. წარმოუდგენელი ბედნიერებით გამანებივრე, ჩემო აღმაფრენავ. ზეციური ნათელი თითქოს ბოლო წვეთამდე ჩემს წიაღში ჩამოეწრიტოს განგების ძალას.
ეს სისავსე მამსუბუქებს.
ეს გაორება მამთლიანებს.
ეს მოლოდინი მასულდგმულებს...
ქვეყნად ყველაზე დიდი რამ შენი პაწია, სათუთი გულია, რომელიც რიტმულად ძგერს სადღაც ჩემში და საუცხოო მუსიკას ბადებს. ვგრძნობ, როგორ უხარია ჩემს სისხლს შენთან ზიარება. ნიადაგი ვარ, გაღვივებული თესლით ჩემში. ჭურჭელი ვარ, რაღაც ძალიან ძვირფასით სავსე. უნდა გაგიფრთხილდე და მოგიარო. შენზე ვიზრუნებ, გპირდები.
ძალიან, ძალინ მეყვარები, დე...
ნუ შეგეშინდება შენი პაწაწა, ვარდის ფურცლისფერი ფეხისგულებით აქ, ჩვენთან, შენთვის ახალ სამყაროში გადმობიჯების. შენი ფუნჩულა ხელები თამამად ჩაგვკიდე მე და მამიკოს. ჩვენ შენ გაღმერთებთ. ყოველთვის გახსოვდეს და გჯეროდეს, რომ დიდი სიყვარულის ნაყოფი ხარ.
პატარა სიცოცხლევ... არც კი ვიცი, როგორ მოგმართო: ,,ჩემო გოგონავ” თუ ,,ჩემო ბიჭო”. მენდე, შენს სქესს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე და მამიკოს გოგოობის, ან ბიჭობის გამო კი არა, იმიტომ გვიყვარხარ, რომ შენ ხარ ის, ვინც ხარ.
მოგივლით და მოგეფერებით, დე...


მაგარი განცდაა, რა. ექოზე ვიყავით და - ადამიანია, რა, უკვე. სქესი არ გამოჩნდა, მაგრამ ასიანი ბიჭი იქნება. ბიჭი უნდა იყო, რა, მამი. ოჯახში ქალი დედაშენიც გვეყოფა. გურამას ცოლიც ბავშვს ელოდება, მარა გურამა რა ბიჭის გამკეთებელია, ეგ ბეჭზე მყავს დაგდებული, ტო! აი, ხო, ორი ჩემხელაა, არაა? მარა ბეჭზე მყავს დაგდებული უბანში. მიდი მამი, შენ მანდ მიხედე თავს და რომ გამოძვრები, ცოტა ჭუჭუკები რომ გაგეზრდება, სიარული რომ შეგეძლება, აი, ძაააან მაგარ ილეთებს გასწავლი.
პ.ს. გურამა ვინ ჩემი ფეხია, ტო.

***
ღმერთო, ნუთუ ეს პატარა, ფაქიზი არსება ჩემი შვილია?! ჩემში ჩასახული და ჩემი გაჩენილი. სუნთქავს, მოძრაობს. ნამდვილია! თვალი გაახილე, პატარა საოცრებავ, ბუნების სასწაულო. შემომხედე - მე დედაშენი ვარ და მე შენ გაღმერთებ. მაპატიე, რომ პირველად თვალცრემლიანს მხედავ. აი, ვიღიმი... მინდა, მინდა, მინდა მაგრად მიგიხუტო გულზე და ვკოცნო შენი პაწაწინა თითები, ვარდისფერი, თბილი ხელისგულები. ხომ არ გეტკინება, დე? ვჩუმდები, მინდა უსასრულოდ ვისმინო შენი წკრიალა ხმა, რომელსაც დღეიდან მილიარდი ხმისგან გამოვარჩევ...
რა საყვარელი ხარ, დე!..


პროსტაა, ამ ცხოვრებაში ნასედკა უნდა იყო რა, რომ გაგიმართლოს. გურამამ როგორ მაჯობა, მე მაგის... მაგან ბიჭი უნდა გააკეთოს და მე - გოგო, ტო?! გურამა ვინ ჩემი ფეხია, ეგ ბეჭზე მყავს დაგდებული, უბანში, ტო!
პ.ს. აუ, მე თუ კიდევ ეს სიაფანდი დღიური ვწეროო, მე ვიყო...

***
...და მოხეთქა შავმა ზღვამ, ამოაფრქვია. გრგვიანვაა რბილი და უბრალო. აი, რა ყოფილა თურმე არაფერი. ჩაესო და გადნა. სადღაა წვიმა და ქარიშხალი. არც ნისლი დალექილა და არც კირიანტელია თეთრი მტვრის. არის ეკრანი. უძრაობაა, რომელიც ოთხმხრივმა მოძრაობამ შვა. ცრემლი იყო სუსტი, ვერ ზიდავდა შიგნიდან გარეთ ტვირთს და ჩარჩა სიმძიმე იქ, სადაც იშვა. რიხინ-რიხინით ჩამოინგრა მთა ქვის, დაეცა რბილზე და დაეკარგა ხიბლი ქვის ცვენას. ასტკივდა ქვას უვნებლობა. გადაიხლიჩნენ ბუშტები და ყოველივე, რაც იყო ფერადი. ცვილი გახდა უხეში და ზანტი. იღვენთებოდა ყოველი ფორმა ზევიდან ქვევით, მარცხნიდან მარჯვნივ და ვერ ეღირსა ზეაღვენთას. იჯდა მოკუნტული უკვდავება, ნაოჭებს თვლიდა. არ იყო აზრი, მზერა და სიტყვა. ნათელი სვეტი ვარვარებდა უძრაობისგან და იშლებოდა, როგორც ყოველი ქვეცნობიერი, რომელიც დუღს და არარსებოვდება. აფრენის კადრი გაჩერდა - გაშეშდა ჰაერში მოძრაობა.
არ იყო დღე და ღამე. იყო უძრაობა. განზომილება შეედუღა მცოცავ შუასკნელს.
...და მე ვიყავი ყოველივეში, რაც აირია, შეერია, ჩამოინგრა და დაიღვენთა. მე შევეთქვიფე მარადისობის გააზრებას.
მოხეთქა ღვართქაფმა და წამლეკა და გადავრჩი, ოღონდ გავხდი რკინის და ფოლადის. ოღონდ ვარ ცვილი. შემოვისერე, ჩავიხერხე საფარი ძვლამდე, რომ გადმომესხა ის, რაც მშხამავდა და შევცდი - ვერ დავიღვარე... შემომზელვია შიგნეულში ყოველი ფიქრი და შიგ სიმშრალეა. უნდა ავდუღდე, რომ გადავდნე. ვარ მე ყალიბი. დაუკითხავად ამომავსეს გაუგებრობით და გაუგებრობა ჩემნაირია.
ვარ თუ არა ვარ?!
ამოვიზარდე მოსარკული ზედაპირიდან.. ფრთები. სარკისფერია ჩემი პერანგი. მე ვარ ლივლივში. გრძელი თმები მაქვს, როგორც ყოველთვის და სიმშვიდეა ჩემი სახელი. აღარ მჭირდება არც ერთი სიტყვა. უტყვად ვგრძნობ სიდიადეს. ამოვიმართე მოსარკული ზედაპირიდან და ვთქვი: მე დავსრულდი! არაფერი მეპოტინება. სისულელეა სხეულზე ფიქრი, როცა სარკის ხარ, ხარ ვერცხლისწყალი, ხარ და არცა ხარ.
... და დამშვიდდა ზღვა. მიწა გამყარდა. ბუშტი შეიკრა. შხამი წყლად იქცა. ცრემლი მომძლავრდა. კარდი დაიძრა. იყო დღე. იყო ღამე. იყო მოძრაობა. მე ჩემი ბარგით – დედამიწამოკიდებული, ვიდექი ზღვართან ჩემი სამყოფელის. რომლის კიდეებს აღარ ჰქონდათ ძველი საზღვარი. და როგორც თავზე ღვართქაფ ქაფად ზღვა გადასული, ჩემი ცრემლებით სველდებოდა ჩემი ასული...
მილაგდ-მოლაგდა ჩემი წარსული. ძველი საზღვრიდან ვიყავ გასული, ყოველი ფიქრი ზღვარგადასული უცებ გაბაცდა, იქცა ლივლივად და მე...
ამოვიზარდე მოსარკული ზედაპირიდან.


ღმერთმა ქალი უტვინო ნეკნისგან შექმნა, რა, მართლა. დედამისთან კი არა, თუ გინდა დედამისის დედის დედის დედის დედასთან გადაცხოვრებულა, რა-ა!!! ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, მართლადამართლა!
პ.ს. აუ, მე თუ კიდევ ეს სიაფანდი დღიური ვწეროო, მე ვიყო...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:18 pm

ნათია როსტიაშვილი

ჩეჩენი

(იოანე გვარლიანს)

…რეზო ჩემი მეუღლის საუკეთესო მეგობარია. შვილი ჰყავს, ზღვისფერთვალა და ლოყებბურთა იოანე. საოცარი ვინმეა (სხვათა შორის 07.07.07-ში დაიბადა 07.00 საათზე). დღეს ჩემმა ქმარმა მონათლა (მეორე ნათლიაც ჰყავს, რუსუდანი) და აი, ხის ფართო მაგიდასთან, ვიწრო წრეში აღვნიშნავთ ამ ამბავს. სულ რამდენიმე კაცი ვართ: მე და ჩემი მეუღლე, იოანეს მშობლები, რუსუდანი მეუღლით და ცალად _ ერთი ჩასკვნილი, წვერიანი კაცი.
_ გაიცანით, ეს ახმედია. ჩემი მეგობარი ჩეჩენი. _ რეზო წვერიანს მხარზე ხელს უტყაპუნებს.
ჩეჩნები ჩემთვის ცხრა მთას იქით მცხოვრები საშიში ხალხი იყო აქამდე. ეს კაცი კი ისე ახლოსაა, სკამიდან წამოწევაც არ სჭირდება, რომ ხელი ჩამომართვას. იღიმის. მშვიდი ტიპი ჩანს, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვის “ჩეჩენი მეომარი” ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე “ჩეჩენი მეგობარი”. თვალს მისი წელისკენ ვაპარებ. არა, არ აქვს იარაღი... ვა, აკი ჩეჩენიაო?! გამხმარი (თუ გამომშრალი) ხორცით სავსე თეფშს მაწვდის. თურმე მისი მოტანილია. მაწვდის... თან მიღიმის... ვააა!.. ჩეჩენმა ჩეჩნეთიდან ჩაჩამიჩებული ჩიჩია ჩვენთვის ჩამოიტანა _ ჩინებულია!
_ вкусна? _ მეკითხება. მერე, რაღაცის თქმა გინდოდათო? – აყოლებს. ამწუთას ვფიქრობდი, ვკითხავ ჩეჩნური ძროხისაა ეს ხორცი თუ სადმე აქაა დაკლულ-გამომშრალი-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. ჯერ ერთი ,,ჩეჩენსკაია კაროვა” ვერ ჟღერს საინტერესოდ, მეორეც, კაი და გაბრაზდეს, მერე? (მისი წელის მარცხენა მხარე ჯერ არ შემითვალიერებია)? აუუ, მძაბავს ამ კაცის ჩეჩნობა და რა ვქნა.
ჩვენ ღვინოს ვსვამთ, ის _ არაყს, ოღონდ ღვინის ჭიქით. ნამდვილი ჩეჩენია. უიარაღო (იმედია), მაგრამ მაინც.
ნათლიების სადღეგრძელოა. მიხარია, რომ ახმედი რელიგიაზე არ საუბრობს _ არც თავისას გვახვევს თავს და არც ჩვენით ინტერესდება. სადღეგრძელოს ზოგი ქართულად ამბობს, ზოგიც სტუმრის პატივსაცემად _ რუსულად. ერთი ჭიქა ჭაჭაც და ჩეჩენი საუბრის ხასიათზე დგება:
_ ესე იგი, მართლმადიდებლები ნათლულზე საკუთარ შვილზე მეტად ხართ პასუხისმგებელი?
დაიწყო...
_ ვთქვათ, შვილი ავად გაგიხდა. შენ კი სიცხიანი ნათლულის მოსანახულებლად მიდიხარ. ამ დროს ცოლმა რომ გითხრას, სახლში დარჩი და ჩვენს შვილს მიხედეო, როგორ მოიქცევი? _ კითხვის ნიშნით კი არა, ნიშნის მოგებით ევსება ნახშირისფერი თვალები. მგონია, სადაცაა ბოროტად გადაიხარხარებს და წვერ-ულვაშში შებურული პირიდან ოქროს კბილი გამოანათებს. ნეტავ აქვს ოქროს კბილი?
…პასუხებს უგულისყუროდ ისმენს. ახალ, ინტრიგულ შეკითხვებზე ფიქრობს. მარადგარუჯულ ლოყებს ჭაჭა უწითლებს. თვალებშიც წითელ, წვრილ ხაზებად აწვება ჩეჩნური სისხლი. არ იცინის (იქნებ კომპლექსია, ვთქვათ იმისა, რომ ოქროს კბილები აქვს, ან პირიქით – რომ არ აქვს…), ხან რას გვეკითხება, ხან რას. თან თავის მართლებასავით ამატებს: Мне просто интересно, просто хочу знать.
ისემც შენ რა გითხარი, ჩეჩენო...
_ შენი მეუღლეც პასუხისმგებელია იოანეზე? _ სახე ჩემი ქმრისკენ აქვს მიშვერილი და კოტიტა თითი _ ჩემკენ.
_ იოანეს ნათლია მე ვარ, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მე მაკისრია. _ პასუხობს ჩემი ქმარი.
_ კი მაგრამ, _ ჩეჩენი იერიშისთვის ემზადება _ შენ ბავშვის რელიგიურ მამად ითვლები, შენი ცოლი კი ამ ამბავში არაფერ შუაშია?!
შარზეა, რა…
_ თქვენ იგივე დედა ხართ ამ ბავშვისთვის, ხომ?
_ სულიერი დედა _ ოდნავ დაძაბულად უღიმის რუსუდანი.
_ გასაგებია. _ ახლა თავს ჩემკენ ატრიალებს და საჩვენებელ თითს ჩემი ქმრისკენ იშვერს. მგონი ცუდადაა საქმე... _ თუ სწორად გავიგე, თქვენი ქმარი მამაა, რუსუდანი _ დედა, თქვენ კი აქ არაფერ შუაში ხართ (?!) _ ინტრიგანი! ჩემი აგდება უნდა, მაგრამ ვერ მივართვი. ჩანგალს ჩეჩნურ ხორცს ვაძრობ (სახეზე წრწერით ,, ფუ, ეს რა უგემური რამეა”) და ქართულ სულგუნს ვარჭობ. ჩემებურად გამოვხატავ პროტესტს. დიდი ვერაფერი გმირობაა, მაგრამ ამ ,,გაბედული საქციელის“ გამო თვითკმაყოფილების გრძნობით ვივსები. ჩეჩენი პასუხს ელოდება და ისე მიყურებს, საყლაპავი მილი მეკეტება. სიამოვნებით გიპასუხებდი რაიმე მწარეს, ახმედ-ჩეჩენო, მაგრამ ვაი, რომ არა თუ თავდასასხმელ, თავდასაცავ სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. მეორე ნაჭერ სულგუნს ვიღებ და ,,სულერთია გამომეტყველებით” ვილუკმები. სხვა თუ არა(ვერა)ფერი, დუმილით მაინც მოვუშლი ნერვებს. ახმედმა შემატყო, რომ ჩემთან დიალოგს აზრი არ აქვს (მიხვედრილი კაცი ჩანს ახმედი) და ისევ ჩემს ქმარს მიუბრუნდა:
_ არ ჯობდა, შენ და შენს ცოლს მოგენათლათ, ან _ რუსუდანს და მის ქმარს? ცოლი დედა იქნებოდა, ქმარი – მამა. ასე უფრო გამართლებული არაა?
ღმერთო, საიდან მოსდის აზრად ასეთი კითხვები?!
ჩემს ხმაამოუღებლობაზე იმას კი არა, მევე მეშლება ნერვები. ახლა სულგუნის ამ ნაჭერსაც შევჭამ და მერე ხმას გავაკმენდინებ ამ ცხრა მთის იქიდან გადმოკარგულ უიარაღო და უოქროსკბილო მეომარს, მაგრამ... როგორ?..
არყის ოხშივარს ამოყოლებულ სიტყვებს შუბლში გვიმიზნებს და ვითომ გულუბრყვილოდ სვამს კითხვას:
_Кто-нибудь может мне обьяснить, почему... _ და მერე მიდიიი, რაღაც ისეთს დააბერტყებს, ყველაზე ურწმუნო ადამიანსაც რომ არ მოუვა აზრად. დროდადრო აივანზე გადის, სიგარეტს (ალბათ უფილტროს) აბოლებს და ახალ შეკითხვას გვიმზადებს. მერე შემოდის და ჩვენ “გვაბოლებს” რომ ему просто интересно…
ნამდვილად შამანია ახმედი. მარტო მე კი არა, სხვებიც მოჯადოებულებივით დუმან. მხოლოდ ჩემი ქმარი პასუხობს მოთმინებით და რაღაცებს უხსნის (მეამაყება, რომ ჩემი ქმარი ჩემი ქმარია). ყველა მას შევყუირებთ იმედით. ეს დიალოგი დუელს უფრო ჰგავს, ვიდრე საუბარს. ჩემი ქმრისკენ ვართ ყველა. არა, ყველა არა, რეზო ნეიტრალიტეტშია.
_А вы помовлены? _ თემას ცვლის ჩეჩენი. მიხარია. ე.ი. ფარ-ხმალი დაყარა.
_Да. _ პასუხობს ჩემი ქმარი და მეც, მის მხარდასაჭერად, მუხლზე ბაჯაღლოს ,,კალიცოს” საგულდაგულო გაპრიალებას ვიწყებ.
_ ეკლესიაში დაიფიცე, რომ ცოლის ერთგული იქნები?
როგორც ჩანს, მეორე რაუნდი იწყება.
_ ჩვენ ხომ კათოლიკეები არ ვართ. _ ვამბობ. სუფრის წევრებს აშკარად უკვირთ ჩემგან ხმის ამოღება. მიყვარს ადამიანების სასიამოვნოდ გაკვირვება... დიდი ვერაფერი, მაგრამ რაღაც ხომ მაინც ვთქვი.
_ შეჰპირდი ცოლს, რომ მისი ერთგული იქნები? _ იმეორებს. როგორც ჩანს, ჩემი პასუხი აინუნში არ ჩააგდო. თავმოყვარებაშელახულს ერთი სურვილი მიჩნდება, მისი მოტანილი გაფშიკინებული ხორცის ნაჭრები თეფშიანად მოვისროლო აივნიდან (ვაღიარებ, სულმდაბლობაა). ნეტავ, ჩეჩნებს გაუგიათ ანდაზა: ,,ცხენს ვერაფერი დააკლო, უნაგირს დაუშიანაო”?
_ არა... _ ჩემი ქმრის ხმაა.
_ ჩეჩენს თვალები უფართოვდება, წარბები ყალყზე უდგება (ნეტავ როგორ აკეთებს?). პასუხს ბოლომდე აღარ ისმენს და თანაგრძნობით მეკითხება:
_ как, он не обещал быть верным? _ აჯაგრული წარბები გაოცებისგან ოფლიან შუბლზე ასდის. შავი, წითელკაპილარებიანი თვალები კი _ აჯაგრულ წარბებთან. გაკვირვება, თანადგომა და შეცოდება იკითხება მის მზერაში. თითქოს კეთილ ჩეჩენად იქცა.
_ ეკლესიაში არა, მაგრამ მერე სახლში შემპირდა. _ ვბუტბუტებ და სახეზე ალმური ამდის. უსინდისოდ ვიტყუები. არა, რა მჭირს თავის გასამართლებელი? ისე ვნანობ ჩემს ნათქვამს, რომ ლამისაა ,,ჩვენება შევცვალო” და ვუთხრა: ,,არაფერსაც არ შემპირებია და საერთოდ, ეს თქვენ არ გეხებათ!” მაგრამ ისეთი გულწრფელი სიბრალულით მიყურებს, ხმას ვეღარ ვიღებ. ჩეჩენი შოკშია. როგორ, კაცო, ცოლს ეკლესიაშივე როგორ არ შეჰპირდი, რომ სიკვდილამდე მისი ერთგული იქნებიო?! თითქოს ქმრისგან დაჩაგრულ ქალიშვილს უდგას ქომაგადო, ისე ლაპარაკობს. არა, მართლა შამანი და მისანია ეს კაცი, თორემ აბა, სხვა რითი უნდა ავხსნა, რომ უცებ ამ ინტრიგან ჩეჩენზე კი არა, ჩემს ქმარზე ვბრაზდები. ვითომ რატომაც არ უნდა შემპირდეს, რომ ბოლომდე მიერთგულებს? რა არის ამაში წარმოუდგენელი?! აქედან გავალთ თუ არა, მაშინვე ვეტყ...
_ А вы ему обещали? _ დაცვარულ შუბლს დაჭმუჭნული ცხვირსახოცით იმშრალებს, ერთი სული აქვს როდის ვუპასუხებ. კაცმა რომ თქვას იმ პირველი შეკითხვის შემდეგ ეს მეორე არცთუ ისე ულოგიკოა.
_ არაფერსაც არ обещала. _ ვატყობ, რომ ჩეჩენის ნიშნისმოგებიანი ტონი გადმომედო. შევცდი, არ უნდა მეჭამა ის ერთი ნაჭერი ხორცი. იქნებ შელოცვილი იყო, ან უარყოფითაურიანი, ან... ეჰ, ვერაა ჩემი საქმე კარგად _ უარყოფითაურიანი ხორცი რა უბედურებაა?
შენ კი რა გითხარი, რეზო, რა უნდა ნათლობის სუფრაზე ჩეჩენს?!
_იცით ესენი რა მაგარი ნაროდია? _ გვეკითხება რეზო. ცდილობს სიმპატიით განგვაწყოს ჩეჩენისადმი. კითხვა როგორც ჩანს რიტორიკულია, რადგან პასუხს არ ელოდება, ისე განაგრძობს:
_ ქალებთან ბოდიში და... ყოველი საპირფარეშოში შესვლის მერე... (სიტყვებს არჩევს) შხაპის პონტი აქვთ, რა... ძალიან სუფთა ხალხია.
ამასობაში სუფთა ჩეჩენმა უსუფთაო ცხვირსახოცით შუბლზე ოფლი შეიშრო და ჭიქა არყით შეივსო. არყის მორიგმა ყლუპმა ჩეჩენის თავში ახალი აზრი დაბადა. დაწითლებულ შავ თვალებში ცეცხლი ჩაუდგა. ახლა შეგვათვალიერებს და ვისაც ყველაზე დაბნეული გამომეტყველება ექნება, იმას დაუსამს კითხვას. ოღონდ მე არ შემარჩიოს, ოღონდ მე არა რა, ღმერთო...
ქონიან ხელებს იმავე ცხვირ (შუბლ,ხელ)სახოცით იწმენდს, წეღან შუბლზე ოფლი რომ შეიშრო. თითქოს შენელებულ კადრად ვხედავ მის ყოველ მოქმედებას. აი, ხელი მაღლა ასწია და თვალი ყველას სათითაოდ შეგვავლო. ხელი მომუშტა, საჩვენებელი თითი წინ გამოსწია და ლულასავით დამიმიზნა. ბედი არ გინდა? მე ამომარჩია. ვიძაბები. თან სულგუნიც გათავდა... ჩეჩენი ახველებს და პაუზით ვსარგებლობ.
_ რეზო, გააჩუმე ეს კაცი, თორემ დამენგრა ოჯახი.
_ არა, ტო, ნუ გეშინია. _ იცინის რეზო. _ მაგარი ჯიგარია ახმედა.
ვითომ?..
რეზოს ცალ ხელში იოანე უჭირავს, მეორეს ახმედს ხვევს. სიჩუმეა. ახმედი ხველებას მორჩა და ცრემლებს იმშრალებს (რა გარეცხავს ამ ცხვირსახოცს).
იოანე სათითაოდ ყველას გვანათებს ლურჯ თვალებს. ცალი ხელით ყელზე ჩამოკიდებული ჯვარი უჭირავს. უცებ გვერდზე ტრიალდება. თავისუფალი ხელით ჩეჩენის შავ ქოჩორს ბღუჯავს და გამეტებით ქაჩავს. ჩეჩენს თმა ეწიწკნება, მაგრამ არ იმჩნევს. მე და რუსუდანი კმაყოფილები ვუღიმით ერთმანეთს. იოანე ჯვარჩაბღუჯულ ხელსაც იშველიებს და ჩეჩენს სიმწრისგან სახე ემანჭება. იოანე ხან ერთს გვიყურებს, ხან მეორეს და გულიანად იცინის, თან ჩეჩენის ჯაგარა ქოჩორს ხან მარჯვნივ ქაჩავს, ხან _ მარცხნივ. მისმა კრიალა კისკისმა დაძაბულობა მოგვიხსნა. თითქოს ბორკილები შეგვხსნესო, ყველამ ერთდროულად ამოვისუნთქეთ. ქალებს მეუღლეებმა ჭიქები შეგვივსეს (იქნებ ახლა მაინც გაახსენდეთ მანდილოსნების სადღეგრძელოს თქმა). ჩეჩენი თავდახრილი და დამანჭულია, მისი შამანობა _ კუდით ქვა ნასროლი. ახლა მისი მოტანილი ხორცის ჭამაც აღარაა საშიში. ვაღიარებ, ასეთი გემრიელი ხორცი არასდროს გამისინჯავს...
გვაჯობა იოანემ...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:19 pm

ნათია როსტიაშვილი

ფულს აგროვებს ერთი კაცი...

ფულს აგროვებს ერთი კაცი. აგროვებს და თან ფიქრობს: ,,აი, როცა იქნება, მომიგროვდება გარკვეული რაოდენობის თანხა. საქველმოქმედო ფონდს დავაარსებ. ,,ერთი კაცის ფონდი” ერქმევა. დავეხმარები ღარიბ-ღატაკებს, უსახლკარ-უთვისტომ-უყველაფროებს. ხელს გავუმართავ გაღატაკებულ ინტელიგენციას: ექიმებს, პედაგოგებს, მეცნიერებს. მერე თავსაც მივხედავ. იქნებ დავოჯახდე კიდეც, ამ სიბერეში.

ფულს აგროვებს ერთი კაცი. აგროვებს და თან ფიქრობს:
,,არა, ჯერ თავს მივხედავ, მერე გაღატაკებულ ინტელიგენციას და ბოლოს _ იქნებ დავოჯახდე კიდეც, ამ სიბერეში. თავდაპირველად, კრემისფერს რომ ეძახიან, ისეთ კოსტიუმს შევიძენ და ამავე ფერის შლაპას, ბოლოებზე თაგვისფერი კანტით. ახალი ხელჯოხიც მექნება, თუმცა... არა, გვიანია უკვე. შალვა ნუცუბიძემ, რომელიც ახალგაზრდობაში ყოველთვის თან ატარებდა ხელჯოხს სტილისთვის, ასაკში შესულმა მასზე უარი თქვა: ვინმეს არ ეგონოს დავბერდი, დავუძლურდი და საყრდენად მჭირდებაო. ჰო, კრემისფერი კოსტიუმი... ამ დროში გულისპირზე მიხაკს აღარავინ იბნევს, თორემ ამაზედაც შეიძლებოდა ფიქრი. სად არის ჩემი ჯიბის სარკე _ ჩემი უტყვი მეგობარი? ჰო, აი აქ ყოფილა... მდა... ახალგაზრდა, ვაღიარებ, აღარ მეთქმის, მაგრამ ჯერჯერობით არც მთლად მამაჩემს ვგავარ, ასე არაა? ხა, ხა, ხა! ხომ გახსოვს, მეგობარო, რას ამბობდა ამის თაობაზე მარკესი (შენთვის ხშირად წამიკითხავს მარკესი და არა მხოლოდ ის): ,,გამიგონია, კაცი რომ დროთა განმავლობაში მამამისს ემსგავსება, სწორედ ეს არის სიბერის ნიშანიო. მე, ეტყობა, მარადიული ახალგაზრდობა მაქვს დაბედებული, რადგან ჩემი ცხენისებრი პროფილი არასდროს დაემსგავსება მამაჩემის კარიბულ პროფილს”.

ფულს აგროვებს ერთი კაცი. აგროვებს და თან ფიქრობს: ,,შეგროვილ თანხას ქველმოქმედებას მოვახმარ, ეს უდავოა. თუმცა, ურიგო არ იქნებოდა, ნაწილი საკუთრივ ჩემი და ჩემი მომავალი ოჯახის კეთილდღეობისთვის გამომეყენებინა. კეთილდღეობა, ანუ დღეთა სიკეთე _ განა დიდებული სიტყვა არაა?.. ,,დიდებული” ეს სიტყვა შენს თავს მაგონებს, მარგარეტ. ო, მარგარეტ... ნეტავ, სად ხარ ახლა და რისთვის ან ვისთვის იხარჯები?.. ვნანობ, უაღრესად ვნანობ და გულზე ლოდად მაწევს ჩვენი განშორება. მაშინ ორივენი ახალგაზრდები ვიყავით. ერთსა და იმავე სკოლაში ვმუშაობდით მასწავლებლად. მთელი პედკოლექტივისათვის მარგო იყავი და მხოლოდ შენი მონა-მორჩილისათვის _ ,,მარგარეტ”.
ათიოდე წლის წინ ჩვენი სასწავლო ნაწილი შემხვდა. ხომ გახსოვს? უთუოდ გეხსომება... აშკარა იყო, არ ესიამოვნა ჩემი დანახვა. სანამ მივუახლოვდებოდი, თვალშისაცემად სქელშუშიანი სათვალეები (აი სიბრმავემდე მისული მხედველობადაკარგული ადამიანები რომ ატარებენ, სწორედ ისეთი) სწრაფი მოძრაობით მოიხსნა, გამელოტებული თავზე კი ქუდი დაიფარა. მერე უფრო მშვიდი, თავდაჯერებული კაცის მოძრაობით ძვირადღირებული ლაბადა გაიხსნა და გაბღენძილმა პიჯაკის გულისჯიბიდან მოოქროვილი საათი ამოიღო, ვითომდა დროის გასაგებად... ხომ გახსოვს, მარგარეტ, ყოველთვის შეძლებულად ცხოვრობდა და ამის დემონსტრირება ხიბლავდა... მე, მადლობა ღმერთს, არც მხედველობა დამიკარგავს და არც ჩემი ქოჩორით ვარ უკმაყოფილო, ამიტომ მასთან შეხვედრისთვის დიდი მზადება არ დამჭირვებია. ერთი ეგაა, ფეხსაცმლის გაქლეტილი წვერის დამალვას დროდადრო შარვლის ჩამოქაჩვით ვცდილობდი. თუმცა, უნდა ითქვას _ უშედეგოდ. ლაბადაზე არ მიდარდია, შელახული საყელო კაშნეთი მოხერხებულად მქონდა დამალული... ისეთი ტონით მომესალმა, თითქოს მის წინაშე უპატიებელი შეცდომა ჩამედინოს... იქნებ ასეცაა? შენ ხომ, მრავალი წლის წინ ჩვენ ორს შორის ჩემს სასარგებლოდ გააკეთე არჩევანი, მარგარეტ... თავს ძალა დავატანე და შენი ამბავი ვკითხე. მითხრა, რომ არ გათხოვილხარ... მაშინ ჩემი ელეონორა ცოცხალი მყავდა. ო, რომ იცოდე რარიგ დამნაშავედ ვიგრძენი თავი იმის გამო, რომ მე მქონდა ოჯახური სიმყუდროვე, შენ კი მარტოობა გტანჯავდა. ახლა მეც მარტო ვარ, მარგარეტ...
აი, შევაგროვებ, როცა იქნება საჭირო რაოდენობის თანხას და მოგეახლები. მდაბლად დაგიკრავ თავს, თაგვისფერკანტიან შლაპას ჩემთვის ჩვეული ჟენტლმენური ჟესტით (ხედავ, თავსაც ვიქებ) მოგიხდი, იდნავ შესამჩნევად გაგიღიმებ და გეტყვი: ,,ო, მარგარეტ”... ხელკავით გავივლით ქუჩებს (შემოდგომა იქნება უთუოდ) ფოთოლცვენაში. თეთრად შეღებილ სკამზე ჩამოვსხდებით და შენ კეკლუცად მეტყვი: ,,რა ვქნა, ბატონო, წავიკითხე, მაგრამ ვერაფერი გავუგე ამ თქვენს სანაქებო ,,ულისეს”. ნუ გამიწყრებით, თუკი მასზე საინტერესო აზრის გამოთქმა არ ხელმეწიფება”.
ოჰ, რა გამახსენდა ახლა, რომ იცოდე! შენთვის თავის მოწონების გამო, მზად ვიყავი, უკადრებელი მეკადრა. წიგნაკში საგანგებოდ ვიწერდი ჩემზე მილიარდჯერ გონიერი ადამიანების გამონათქვამებს. ისეთივე მონდომებით ვიზეპირებდი, როგორც ჩემი ფრიადოსანი მოსწავლეები პირისა და ბრუნვის ნიშნებს. განზრახული მქონდა, ხელსაყრელ მომენტში ჩემს სიტყვებად გამესაღებინა... იქნებ, ხვდებოდი კიდეც, მაგრამ შენი დიდსულოვნება ნებას არ გაძლევდა, ჩემთვის გეგრძნობინებინა. ერთხელ, სკვერში ვსეირნობდით, უცებ ჭექა-ქუხილმა გააყრუა მიდამო. შემოგხედე და მიქელანჯელო ბუონაროტის სიტყვები დავიბრალე: ,,ცა მრისხანებს, რადგან ისეთ მშვენიერ თვალებში, როგორიც შენ გაქვს, ჩანს ისეთი გონჯი, როგორიც მე ვარ”. მინდა გითხრა, რომ ერთხელ მეც დაგიჭირე სხვათა სიტყვების მითვისებაში (სახელდობრ, ანატოლ ფრანსისა), მაგრამ აბა, როგორ შევიმჩნევდი... მახსოვს, შენს თავგადასავალს მიყვებოდი. აი, ის მოპარული სიტყვებიც: ,,ერთ ყმაწვილ კაცს, რომელსაც ცუდ თვისებებთან ერთად ბევრი კარგიც ჰქონდა და მხოლოდ ამ უკანასკნელს აჩენდა, მე, ცოტა არ იყოს, მოვეწონე”...
ო, მარგარეტ...”

ფულს აგროვებს ერთი კაცი. აგროვებს და თან ფიქრობს:
,,ელეონორა, ჩემო საბრალოვ, ვინ იცის, ციდან დამცქერი ერთდროულად გახარებული და დასევდიანებული თვალებით. გიხარია, რომ ქველმოქმედება განმიზრახავს და სევდა გეუფლება, რომ არ გახსენებ. ხვალ მოვალ შენს საფლავზე და შენს საყვარელ მინდვრის ყვავილებს მოგიტან. მომიტევე, რომ საფლავის ქვა დღემდე არ გაქვს. აი, მოვაგროვებ გარკვეული რაოდენობის თანხას და...
ჩვენი შვილები, გეცოდინება, უცხოეთს არიან. მათ მეც ისევე ვერ ვნახულობ, როგორც შენ. როგორც უფალმა შენ გაგმიჯნა ჩემგან, ისევე უგულოდ გამმიჯნეს მათაც თავისგან. არაფერს იწერებიან, მაგრამ ვიცი, რომ კარგად მოეწყვნენ, შენ მანდ ნუ იდარდებ, გთხოვ...
ყველასათვის ელენევ და მხოლოდ ჩემთვის _ ელეონორავ! მიჭირს და მიმძიმს მარტოობა. მე, მოგეხსენება, ძლიერი მამაკაცი ვარ, სულით არასდროს დავცემულვარ, მაგრამ ახლა... ნუ გამიწყრები, თუკი მარგარეტს შევირთავ. ეს ჩემთვის იქნება ისეთივე შვება, როგორც ხელჯოხის შეძენა კოჭლისათვის, სათვალისა უსინათლოსთვის, პურის ლუკმისა მშიერისათვის. დაარქვი რაც გსურს, ოღონდ არა ,,ღალატი”. არამც და არამც, უძვირფასესო ჩემო _ ელეონორა...”

ფულს ეძებს ერთი ქალი: ელვაგაფუჭებულ ხელჩანთაში, ჯიბეში, მეორე ჯიბეში, ბიუსტჰალტერისკენაც გააპარა ხელი დარცხვენილმა, მაგრამ ვერც იქ იპოვა. ,,ნუთუ ამომაცალეს? არა, ჩემი ხნის ქალს ქურდობას ვინ მაკადრებდა... ღმერთო, გამახსენე სად შევინახე”. ნირწამხდარს ზურგს უკნიდან ქალის აქოშინებული ხმა ესმის:
_ მარგო მასწ, მარგო მასწ! აი, ეს დაგივარდათ. _ ყოფილი მოსწავლე გაქუცული საფულეს უწვდის.
_ ოჰ, გმადლობ, შვილო, გაგახაროს ღმერთმა.
საფულეს ხსნის და ფულს ითვლის: ,,ამით პროდუქტს შევიძენ... ამას შავი დღისთვის გადავინახავ... ამ დარჩენილი ლარით კი ვინმე ჩემზე გაჭირვებულს შევეწევი”. ლარიანს იღებს და შორიახლოს მდგარ ჩაფიქრებულ მათხოვარს უგდებს ძველისძველ ქუდში. გზას განაგრძობს. მერე ტყვიანაკრავივით ტრიალდება. გახევებულს გაფართოებული სევდიანი თვალებიდან ცრემლი უგორდება ,,საბრალო, საბრალო... ალბათ ვერც მიცნო”.

ფულს აგროვებს ერთი კაცი. აგროვებს და თან ფიქრობს:
,,ესეც ლარი. როგორ ჰგავდა ეს ქალი მარგარეტს. თუმცა არა, ვერ იყო მასავით დიდებული... ასე, ლარს ლარი მიემატება, მოვაგროვებ საჭირო რაოდენობის თანხას და მერე...”

ფულს აგროვებს ერთი კაცი...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:21 pm


ლიტერატურული რადიოინტერვიუები
GeolibTV
Published on Oct 29, 2013
მწერალი, ჟურნალისტი ნათია როსტიაშვილი გიორგი კილაძის ლიტერატურულ კითხვებს პასუხობს.

Exclamation

ნათია როსტიაშვილი

წითელი წინდები
(ათეულში გასული 100 სიტყვა)

მაგას ცხოვრებაში კარს როგორ გავუღებ?! მეცხრე სართულის თემურაზე გეუბნები...
არადა, როგორ მორიდებულად დააკაკუნა... ჩაიდანი ეჭირა, წყალს ვერ ამავსებინებო? დაწყდა _ მეთქი. მაინც შემოვიდა. ცალ-ცალკე მარტოხელებად რატომ ვბერდებით, ერთად ვიყოთო, ჩაიპურტყუნა და მეცა, წურბელასავით მომეკრო. წითელი წინდები რომ გაცვია, ამან სულ მთლად ამიმღვრია გონებაო. პირველად რომ ვიყავი ქალთან, იმას ეცვა წითელი წინდებიო...
დავემუქრე: გიჩივლებ, წესიერი ქალი ვარ, ქალიშვილობაშენახული _ მეთქი, მაგრამ გამიგონა?! მოხდა მოსახდენი...
რატომ ხრიალებ?.. მაცალე, მოგიყვე!.. უნდა გაგატანო!
ახრიალებულმა ონკანმა “ცუდი სიზმრის წასაღებად” ბრაზიანად გადმოაპურჭყა წყლის ბოლო წვეთი...
წყალი დაწყდა თუ არა, კარზე მორიდებულად დააკაკუნეს...
ქალი ადგილზე გაშეშდა.
მერე ისაზრა: აბაზანიდან ოთახში გავარდა, ლურჯ წინდებზე წითლები გადაიცვა და კარის გასაღებად გაიქცა...

study


Last edited by Admin on Fri Apr 05, 2019 10:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:23 pm

ნათია როსტიაშვილი

ამალიას ზარი


შიშის ზარი

ამალია თქვენ ისეთი ქალი კი არ გეგონოთ, ზაფხულობით, მამიდაჩემივით, ღოღნაშოს მურაბას ხარშავდეს, ზამთრობით - იმ წარუმატებლად მოხუფულ ქილებში ჩაშაქრულ მურაბას გულდაწყვეტილი წამოადუღებდეს და წელიწადის ოთხივე დროს, რეცხვისგან ქანცგაწყვეტილ ხელებს, წინსაფრის ბოლოთი, დიდი მონდომებით იმშრალებდეს.
არაა... სულ სხვანაირი ქალია ამალია. სულ სხვანაირი ხელები აქვს.
მამიდაჩემ ტასოს მეგობარი ამალია სიგარეტს ძვირადღირებული მუნდშტუკით ეწევა და საუბრისას, წვრილ, გრძელ თითებს მარაოსავით შლის და კეცავს. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ თითო ხელზე მინიმუმ შვიდი-რვა თითი მაინც ექნებოდა. აბა, უფრო ნაკლებით, ხელებს ასე ლამაზად და თეატრალურად როგორ გადაშლიდა?...
_ მკლავს, ტასენკა, მკლავს, მაგრამ ვეღარ ვეშვები. ჯანდაბა... ეს ისეთი საძაგელი ვინმეა, შენ კიდე არ იცი! - კაცებზე ხშირად, მუნდშტუკის მისამართით იტყოდა ხოლმე. - აი, პირდაპირ, მეძახის, რომ ავიღო და პირში გავირჭო. საზიზღარი.
თავის საამაყო, ძვირფას-ლამაზი (როგორც გვითხრა: ოქრო-ძვალი-ტიხრული მინანქარი) მუნდშტუკის „ვითომ-ვითომ“ გაჭორვა ხიბლავდა ამალიას. მე კიდევ - ამალია რომ მუნდშტუკს ვითომ-ვითომ ჭორავდა - ეგ.
_ კლიანუს! აი იმ ჩემი ექსტრასენსულ-ჯადოქრული ზარივით რეკავს ეს ჩემის შმუნშტუკიც, თან პირდაპირ ტვინში: წკრნ-წკრნ... ამალი-ა!... ერთი ღერი გამირჭე და გააბოლე!.. ზრრრ! წკრრრ! ბრახ-ბრუხ! კაკ-კუკ! მო-ოდი ამალი-ა!..
იცინის ამალია, ლამაზ კბილებს ამზეურებს. ამალიას გემრიელი სიცილი, მამიდაჩემის ნელ-თბილი ღიმილი და ჩემი მშიერი თვალები რაღაცნაირ, მხოლოდ ჩვენი სამქალიანი ოჯახისთვის დამახასიათებელ სიმყუდროვეს ქმნის...
ამალია ისეთია, გინდა სულ უყურო და თვალები დაიძღო, მაგრამ დასანაყრებლად არასდროს გყოფნის. მაქსიმუმ „წაიხემსო“ და ეგრევე სადღაც გარბის.
- მძულს. აი, მძულს-მძულს. მძუ-უ-ულს! - ერთხელაც, ჩვეულებისამებრ, მუნდშტუკის ლანძღვას მოჰყვა, - იცი, ტასიკ, ეს არის ჩემი გარანტია სამუდამო ჯოჯოხეთზე. მეკუთვნის, კი... გაგეცინება და ღამ-ღამობით სულ „შიშის ზარს მცემს“ იმის გააზრება, რომ ღმერთების ატრიბუტი ზარი, ამ ეშმაკის სადილ (თუ როგორც ამბობენ), სიგარეტის ჯანდაბაზე გადავცვალე მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დამპალი კაცის ტკბილ ტუჩებში იყო ხოლმე გამოჩრილი...
უცებ მუნდშტუკი პირისკენ გაიქანა და ისე გემრიელად გამოქაჩა, ნერწყვი მომადგა.


ლითონის ზარი

ერთხელ, კარზე ზარი დარეკეს. გავაღეთ და დგას ზღურბლზე ვიღაც მაღალი, ეშხიანი ქალი. ცალ ხელში ლითონის ულამაზესი ზარი უჭირავს (აი, ნაძვის ხის სათამაშოები რომაა, ეგეთი, ოღონდ ნამდვილი), მეორეში - ლითონისავე გრძელი ჯოხი.
_ექსტრასენსი ვარ. - თქვა და ჯოხი ზარს ისე თეატრალურად შემოჰკრა, თითქოს „ექსტრასენსი ვარ“ კი არა, „წარმოდგენა იწყება“ ეთქვას.
ასე გავიცანით ამალია.
მესამე სტუმრობისას ამალიამ (როგორც თავიდან გვითხრა, მამიდაჩემის გაკავებულ წელს 7-8 სეანსი მაინც დასჭირდებოდა) მამიდაჩემს უთხრა: „გაკავებული წელით, ცხადია, ვერავინ გამაკვირვებს, მაგრამ თქვენი საუბრის კულტურით ნამდვილად გამაოცეთ. საუცხოო მოსაუბრე ხართ, ქალბატონო ტასო.“ ეს იყო ბოლო „ქალბატონო“ და სეანსიც, რატომღაც, ბოლო. მერე დამეგობრდნენ. მამიდაჩემი, ამალიას გაგებით, ბოლომდე „საუცხოო მოსაუბრედ“ დარჩა. იმიტომ, რომ ძირითადად ამალია ლაპარაკობდა და მამიდაჩემი უსმენდა. იშვიათად თუ ჩაურთავდა მოკლე, არაფრისმთქმელ ფრაზებს, ამალიას მონოლოგს მოჩვენებითი დიალოგის ფორმა რომ მისცემოდა.
ერთხელ, დაბდების დღეზე, რაღაც შეფუთული მომიტანა ამალიამ. გავხსენი და... ზარი! ძალიან ჰგავდა იმას, სეანსებს რითიც ატარებდა. თვითონ ის სახელოვანი „ექსტრასენსული“ ზარი ერთი კლიენტისთვის გაუცვლია ამ სახელოვან მუნდშტუკში... მოკლედ, ამალიამ ნამდვილი, ლითონის ზარი მაჩუქა და ასეთი ნამდვილი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ჩემი სიხარული, დაბადების დღის საჩუქრის გამო.
_ იცოდე, ამ ზარზე ჯოხის შემოკვრის უფლება მხოლოდ სამჯერ გაქვს: როცა დიდი მწუხარება გეწვევა, როცა რაიმეთი ძალიან გაოცდები და როცა ნამდვილ სიყვარულს შეხვდები. დაბადების დღეს გილოცავ, ძეტკა!


ბზარი

_ მიყვარდა ამალიას სტუმრობა, მაგრამ ერთხელ ამ სიყვარულს ბზარი შეეპარა. ბზარიდან კიდევ, იქვე, ერთი გადაფურთხებაზეა (ამალიას ლექსიკონია) ნაპრალი. მალევე მოირღვა, ჩამოიშალა ეს ჩემი სიყვარული. მიწად და ტალახად იქცა. აქედან აწი მხოლოდ სიძულვილი თუ ამოიზილებოდა...
_ ტასენკა, არჩილიკომ კრუჟაოებიანი სარაფანჩიკი მიყიდა. სასწაული რამეა. ხვალ გამოდი, გაჩვენებ. - იმ დროს უთხრა, მამიდაჩემი წინსაფარზე ხელებს რომ იმშრალებდა. მომეჩვენა, რომ მამიდას ხელები ჩვეულზე დიდხანს შერჩნენ მაშინ წინსაფარს.
იმ წამიდან ვიგრძენი, რომ ბზარი დაიძრა. ნელ-ნელა და თანდათან კი არა როგორც ბზარების მოდგმას სჩვევია, უცებ გავარდა ერთი კიდედან მეორემდე. არც იყო გასაკვირი. მე ხომ ერბაშად სამი მიზეზი მომეცა ამალიას შესაძულებლად: მამიდაჩემის ქმარს არასდროს უყიდია „კრუჟაოიანი სარაფანჩიკი“ მამიდაჩემისთვის (არც მაგის ნახევარი, ანუ არც მარტო „კრუჟაო“ და არც მარტო „სარაფანჩიკი“), ტასოს საერთოდაც, ამალიასგან განსხვავებით ცოცხალი აღარ ჰყავდა ქმარი (ეგ მეორე მიზეზი) და როცა ჰყავდა, მაშინაც, არჩილიკო კი არა, ბეჟანა ერქვა (ეგეც - მესამე). ცოტაა?!

ბოლოს რომ მოვიდა, რაღაცნაირად, ორ ხმაში ახველებდა. მე სულელური ასოციაცია გამიჩნდა, რომ ამალიას ერთი ფილტვი გოგოა და მეორე - ბიჭი. რომ ამალიას მუნშტუკიდან გამოსრუტული ბოლის დანახვისას ერთდროულად იწყებენ ყვირილს ,,გვიშველეეეთ!..“ ადამიანურ ენაზე მოთარგმნილი კი ორ, წვრილ და ბოხ ხმაში ხველებაა და ვიზუალურად ასე გამოიყურება: ,,აახხმმ-აახხმმ!...“ ისე საშინლად ახველებდა, მზად ვიყავი შემბრალებოდა, მაგრამ ხველება რომ ჩაიწმინდა თქვა: არჩილიკომ ფრანღული სუნამო მომართვა, ტასინკ. გამო ხვალ, დაგასხამ.
რაღას შემებრალებოდა...
_ ამალია ძალიან ავადაა... - თქვა ძილის წინ მამიდაჩემმა. - მითხრა, ჩემს მუნდშტუკს კუბოში როგორ ჩავალპობ, შენს გოგოს ვუტოვებ, გამოშტერებული უყურებს ხოლმე, ისე მოსწონს, ვერ ამჩნევდიო? ოღონდ არ მოწიოს, ისე ქონდეს, რაც დიდხანს არ იხმარს, უფრო დიდხანს შემენახებაო.
გული მომეწურა. კიდევ კარგი, მამიდაჩემს ჩემი ცრემლები დანახვის თავი არ ჰქონდა, გულიანად მოსთქვამდა. გამიკვირდა კიდეც, ერთ ჯერზე ამდენი ლაპარაკი თუ შეეძლო, ვერასდროს ვიფიქრებდი. ამ დატირებიდან გავიგე, რომ ამალიას ქმარი არასდროს ჰყოლია. არჩილიკო კი, ყოფილი მუნდშტუკისა და ახლანდელი - ზარის პატრონს ჰრქმევია. ოღონდ არანაირი „სარაფანჩიკი“ იმას ამალიასთვის არასდროს უყიდია. არც „კრუჟაოთი“ და არც - „ბეზ“.
არ მეჯერა, რომ სამყაროში ოდესმე შეიძლებოდა მკვდარ ამალიას ეარსება, მაგრამ... ღმერთო მაპატიე ამალიას ცოდვა. ისეთი რამეებისთვის რომ შევიძულე, რაშიც ბრალი არ მიუძღოდა, მაგისთვის კი არ გთხოვ პატიებას, ამალიას მუნდშტუკი ოდემე ჩემი რომ გახდება, ეს რომ მიხარია... ეს სიხარული მაპატიე, ღმერთო.


თავზარი

ერთ დღესაც, თითქოს ვიღაც ჩემთვის უცნობი მოხუცი ყოფილიყოს, ადგა და მოკვდა ამალია. ასე უპაუხისმგებლოდ ცხოვრებაში არ მოქცეულა. ჩემი ამალია მოკვდა, ხალხო!
რომ მივედით, ზღურბლზე დავდექი და ჩაველურსმნე, ვეღარ შევედი. ვუყურებდი კუბოში მწოლიარეს და ვფიქრობდი: თითქოს შიგნიდან თავის თავი გამოაცალეს ამალიას. ლამაზი სიცილი და ხელების გადაშლა, მხიარული ხმა და გრძელი ფეხების ერთმანეთზე გადადება-გადმოდება გამოაცალეს. გამოაცალეს და ჰა, რაც დარჩა - ესაა...
ტასოს მუდარის მიუხედავად, დასაფლავებას არ დავესწარი. მე ჩემი რიტუალი მქონდა შესასრულებელი.
სახლისკენ მოვრბოდი და ვფიქრობდი: „დაუჯერებელია, დაუჯერებელი! მაგრამ ჩემი თვალით ვნახე: მხოლოდ ხუთ-ხუთი თითი ჰქონია თითო ხელზე, მეტი არა! წარმოუდგენელია!“
სახლში შემოვედი თუ არა - ამალიას ზარი ლენტებიანი ყუთიდან ამოვიღე და ლითონის ჯოხის ნაცვლად, ამალიას მუნდშტუკი ორჯერ, მთელი ძალით შემოვკარი.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:25 pm

ნათია როსტიაშვილი

შოკა დაიშოკა

(კონკურსი ”მოკლედ ითქმის” აგვისტოს თვის რჩეული ოთხეულიდან)

სატელეფონო გამოკითხვა ხუთი საათისთვის დასრულდა. შოკას რვაზე ვხვდები. წვერის გაპარსვა, ფულის შოვნა და საჩუქრის ყიდვა უნდა მოვასწრო.
ახალგაცნობილი ქალი რომ საკუთარი დაბადების დღის შენთან ერთად აღნიშვნაზე დაგთანხმდება, ცოტას არ ნიშნავს...
ბედია, რაა... დღეს საჩუქრების მაღაზიამ დაგვიკვეთა გამოკითხვა. ასე რომ არ დამთხვეოდა, კი ვერ მოვიფიქრებდი, ტყუილად დამერეკა შოკასთვის: `გამოკითხვის ცენტრიდან გაწუხებთ... რა არის თქვენი საოცნებო საჩუქარი?~ ძაან არ მიხვდებოდა, გამოკითხვის ცენტრიდან რეკავენ თუ თონედან?.. თან არც იცის, მისი სახლის ტელეფონის ნომერი რომ გავიგე. გამორიცხულია, ჩემზე იეჭვოს...
გამოკითხულებმა ერთფეროვანი პასუხები გაგვცეს. შოკა ყველასგან გამორჩეულია. მან თქვა არა `აიფონი~, `აიპოდი~ ან `ჯიპი~, არამედ:
_ თახვის ნატურალური ბეწვის ჟილეტი.
ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამომადგა ჩემი სამსახური. ჩემით რა მომაფიქრებინებდა აგვისტოს პაპანაქებაში ბეწვეულს?!.
ედიკას დავურეკე, ბეწვეულით ვაჭრობს ეგ, სეზონზე. შემორჩენილი გექნება-მეთქი.
`ნატურალნი~ თახვზე `სროკია~, ძმაო, `პოლუნატურალნიზე~, ბაზარი არაა, გამოდიო.
მივედი. კმაყოფილი შემომეგება და უკმაყოფილო დამემშვიდობა _ ნისიად წამოვიღე...
ადგილზე ვცმუკავ, რომ წარმოვიდგენ, რა სასიამოვნოდ გააოგნებს ჩემი საჩუქარი. და-ი-შო-კე-ბა!

***
_ შეფუთვით თუ ვიმსჯელებთ, კარგი საჩუქარი უნდა იყოს...
შოკამ ლენტებიან ბაფთას თითის წვერი ისე ნაზად გადაუსვ-გადმოუსვა, დამბურძგლა.
_ სხვათა შორის, დღეს გამოკითხვაში მივიღე მონაწილეობა: `საოცნებოსაჩუქარი~. ვუთხარი, რომ ბეწვზე ვგიჟდები.
_ მართლა? _ ავცქმუტდი. დაიშოკება. და-ი-შო-კე-ბა!
_ რას ამბობ! ალერგია მაქვს ყველანაირ ბეწვზე. იმ ქაჯმა, მგონი, დაიჯერა, რომ შუა ზაფხულში, რატომღაც, ბეწვზე ვოცნებობ! _ გადაიკისკისა, _ რა მიყიდე? სახლამდე რა მოითმენს, ახლავე უნდა გავხსნა...

***
შოკა და-ი-შო-კა!!!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 9:29 pm

ნათია როსტიაშვილი Natia_10

მზევინარ ხუციშვილი

ნათია როსტიაშვილი: ბევრი მკითხველი – მეტი სიყვარულია…

(საინფორმაციო პორტალი კვირა, 31/10/2014 18:11)

მწერალი და ჟურნალისტი ნათია როსტიაშვილი არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. ორი დღის წინ კი, როგორც თავად ამბობს, „უსაყვარლესი მწერლის“ გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულების“ პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
– გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ პირველი და მეორე ადგილი ერთდროულად. რა მოხდა?
– ორი დღე გავიდა და ბოლომდე ჯერ ვერ გავიაზრე, რამხელა ამბავი მოხდა ჩემს თავს. ჯერ ის, რომ ჩემი უსაყვარლესი მწერლის, გოდერძი ჩოხელის სახელობის პრემიის მფლობელი გავხდი, ახლა ის, რომ სამი საპრიზო ადგილიდან ორი (პირველი და მეორე) მომენიჭა. ასეთი რამ, მგონი, დღემდე არსად მომხდარა…. ისედაც ზეემოციური ადამიანი ვარ და ეს ამხელა ამბავი ტესტი იყო ჩემი გულის გამძლეობაზე. ბეწვზე გადავრჩი.
ორ-ორი მინიატიურის გაგზავნა შეგვეძლო კონკურენტებს. ჟიურის ტექსტები ავტორების გვარ-სახელის გარეშე დაურიგდათ. შეარჩიეს სამი გამარჯვებული და ჩემზე არანაკლები „შოკი“ მიიღეს, როცა გაცხადდა, რომ მათი რჩეული სამი ტექსტიდან პირველსა და მეორეადგილოსან მინიატიურას ერთი ავტორი ჰყავდა.
ესეც უნდა ვთქვა: ჩემს ამ მზესავით კაშკაშა სიხარულს ჩრდილი დაჰყვება… ვერ მოვეფერეთ ამ ადამიანს – გოდერძი ჩოხელს… ვერ დავეხმარეთ, გვერდში ვერ დავუდექით, სანამ ცოცხალი იყო. აღარაა და ახლაც აქეთ გვპატრონობს…
– საერთოდ, არაერთი ლიტერატურული პრემია გაქვს მიღებული, რომელს გამოარჩევდი?
– გოდერძის პრემიის გარდა, გამოვარჩევდი ლიტერატურულ კონკურსს „წეროს“, სადაც მოთხრობისთვის „ჭაღის ანგელოზი“ პირველი პრემია მომენიჭა და იგივე მოთხრობა კულტურის სამინისტროს რჩეულიც გახდა.
რეზო ინანიშვილის სახელობის კონკურსის სამეულში გასვლაც სასიხარულო იყო, „ლიტბუნიობის“ ფინალისტობაც. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ კონკურსის გამარჯვებულების მიმართ ინტერესი იზრდება. ბევრი მკითხველი კი მეტი სიყვარულია.
– როგორ იწყება ნათიას დღე?
– არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ხუთ წელზე მეტია, ჩემთვის აღარ არსებობენ სუსხიანი, უჟმური და ნაცრისფერი დილები. იმიტომ, რომ ძილის ქვეყნიდან ჩემი შვილების ამომღერებულ ორ ასობგერას გადმოვყავარ: ,,დე…“
დღის განმავლობაში დაღლაც არის, ნერვიულობაც, სხვადასხვა საქმის გამო ორ, სამ, ხუთ, ათგან ხერხემალჩაწყვეტილი სამოთხრობე აბზაცებიც, მზეც არის და ქარიშხალიც, ასეთი დღეებიც გამოდნება და – ისეთიც, მაგრამ დილები…
მადლობა ღმერთს, ჩემს დღეებს აყვავებული რტოები თუ ვერა, ფესვი მაინც ყოველთვის საღი აქვთ…
– რაც შენში არასოდეს შეიცვლება?
– ხორცია, რომ მუდმივ ცვალებადობაშია, თორემ დანარჩენი რაც ხარ – ეგა ხარ. სულ.
– ადამიანები ნათიას ცხოვრებაში…
– პათეტიკის გარეშე ვამბობ ამას: ბევრჯერ მიფიქრია, ეგრე ძალიან როგორ გიყვარვარ-მეთქი, ღმერთო, ამდენი ჩემიანი ადამიანი რომ მომივლინე. ამ ადამიანებითაა, სამყარო რომ მეფერადება, დროდადრო, ჩამძიმებული გულის დაცლა რომ მიხერხდება, ეს ცივგულიანი სააქაო მზიანი რომ მეჩვენება და მათბობს…
– შენი მოთხრობების პერსონაჟები…
– მე მჯერა, რომ თითოეული პერსონაჟი თვითონ ირჩევს ბედის დამწერს – ავტორს. როცა წარმოსახვაში რომელიმე მათგანის კონტური გიჩნდება, ერთგვარ პასუხისმგებლობას გრძნობ – ზუსტად ამოიცნო, ხასიათი მორგებულად გამოუძერწო. იმედები არ გაუცრუო…
როგორც კი მოთხრობა დასრულებულ სახეს იღებს – პერსონაჟები ,,მატერიალიზდებიან.“ ნამდვილებია. თავ-თავიანთი ხასიათი აქვთ, ინდივიდუალური მაჯისცემა.
– მწერლობა და ჟურნალისტიკა, ორი განსხვავებული პროფესია, როგორ თავსდებიან ისინი ერთ ადამიანში?
– იმდენად განსხვავებულებიც არ არიან, ერთმანეთი რომ ვერ იგუონ.
ერთი ნათია რეალურ ადამიანებს ხვდება, მეორე – თვალით უხილავ პერსონაჟებს.
პირველს უკვე მომხდარი ამბები აინტერესებს, მეორე – თვითონ ,,ახდენს’’ ამბებს.
პირველი ხილულ გზებზე დადის, რომლებსაც, ძირითადად, ადამიან-კერკეტ კაკლებთან მიჰყავთ. მეორე სხვაგან ცდილობს ბილიკის გაკაფვას. იქ, სადაც ცვილის პერსონაჟებია. დაიმწკრივებს ეგ მეორე ხელის გულზე ამ ცვილს და ძერწავს…
– ვინ ან რა გაწერინებს მოთხრობებს?
– პერსონაჟები. მოდიან და არ გასვენებენ, სანამ ცხოვრებას არ დაუწერ. სანამ თავ-თავის ბილიკებზე არ ჩალაგდებიან, სანამ საკუთარ თავს არ ითამაშებენ შენს მოთხრობებში.
– თუ გამოარჩევ საყვარელი მოთხრობა საკუთარი მოთხრობებიდან და რატომ?
– ჩემი მოთხრობებიდან რომელი უფრო მიყვარს – ამ ნიშნით ვერცერთს გამოვარჩევ (ვაიდა, ერთი მოთხრობა დავასახელო და მეორეს ეწყინოს), თუმცა ვიტყვი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ,,ერთჩრდილიანი ქალაქი“-სა და ,,საით წავიდა ლოლა“-ს მიმართ (ორივე შესულია ჩემს წიგნში ,,ჭაღის ანგელოზი“). ამ ორი მოთხრობის ,,ფირი“ ძალიან დიდხანს მიტრიალებდა თავში – დაწერამდეც და დაწერის მერეც. სხვანაირად ჩემიანებია…
– ყველაზე რთული და ყველაზე საყვარელი…
– ბოლო დროს მიჭირს საგნებისა და მოვლენებისთვის კონკრეტული სახელის დარქმევა. არ ჩერდებიან ასე ერთ ადგილზე, ერთი ზედსართავის ჭერქვეშ. ან უბრალოდ, მე არ გამომდის, ერთმანეთს გავუმიჯნო, სიმყარე შევუნარჩუნო. ერთმანეთში გადიან და გამოდიან, ერთიანდებიან და ცალ-ცალკავდებიან, იდღაბნებიან და იწმინდებიან… სრული ქაოსია.
ადამიანი ისეა მოწყობილი, სირთულეს გაურბის. აბა, მე რომელი გამონაკლისი ვარ, მაგრამ ზოგჯერ მომხდარა, ის, რაც რთული მეგონა, რაც მძაბავდა, სრულიად მოულოდნელად შემყვარებია. მომხდარა, სიმარტივეს, სიმშვიდეს გავქცევივარ და რთული მიძებნია. მაგრამ მე მაინც არ ვარ მამაცი და მებრძოლი ნატურა. ამიტომაც ბევრჯერ თავქუდმოგლეჯილი გამოვქცეულვარ ყველა იდუმალ-საინტერესო ლაბირინთიდან ერთი უბრალო ხის ქვეშ მომითქვამს სული.
მიდი და გაიგე ახლა, რომელი რომელია…
– სინანული და გულისტკივილი…
– სინანულისას ვერაფერს გეტყვით, ანდა – არაფერს… გულისტკივილი კი იმდენი გადამიტანია, იმდენი ისევ დამაქვს, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, ესენი თუ არ გამოვყარე, კიდევ მომავლისას სადღა დავიტევ…
– თუ გიწევს საკუთართან თავთან ბრძოლა და რის გამო?
– მადლობა ღმერთს – დავმეგობრდით (მე და მე). წლების წინ, როცა ერთმანეთი აღმოვაჩინეთ – ასე არ იყო. გვქონდა, კი, ბრძოლები… მერე დავზავდით. მივხვდით, რომ თუ არ ვიმეგობრებთ, ეს ჩვენი საერთო გული ამდენ ყიჟინას ვეღარ გაუძლებს, დაიღლება. ისე ძალიან დაიღლება, რომ ადგება – წავა…
– დღევანდელი გადასახედიდან რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
– ამაზე არ ვფიქრობ. რაც მითქვამს, გამიკეთებია, გადამიტანია, მიფიქრია, რა ბილიკებითაც აქამდე მოვსულვარ… ამ ყველაფრის ერთობლიობაა ჩემი ცხოვრება. როგორ ვთქვა, ამას და იმას შევცვლიდიო? ეგ ხომ მე აღარ ვიქნებოდი… იქნებ უკეთესი ცხოვრებაც გამოჩარხულიყო ამ ,,ჩასწორებებით“ მაგრამ ჩემი აღარ ერქმეოდა.

ბმული:
* http://kvira.ge/107705

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySat Feb 24, 2018 10:36 pm

ნათია როსტიაშვილი

მინდორელა

დიდ მინდორში, მაღალი ხის მეთექვსმეტე ტოტზე ცხოვრობდა მშვენიერი მინდორელა. არც ჭკუასუსტი იყო, არც ექსტრავაგანტული. ისე, უბრალოდ _ ხეზე ცხოვრობდა მინდორელა. იქიდან მხოლოდ შეყვარებულისათვის საკოცნელად და ყვავილების მოსარწყავად თუ ჩამოვიდოდა. მის შეყვარებულს ერთნაირი სიძლიერით უყვარდა მორწყული და მოსარწყავი ყვავილების გადათელვა. ჯერ აქედან იქით გადაივლიდა ყვავილების ნაზ სხეულებზე, მერე _ იქიდან აქეთ. გულს რომ იჯერებდა, სქელ ტუჩებში მოკლე თითებს ჩაიდებდა და ჩაუსტვენდა (ასე უხმობდა მინდვრის ბოლოში, ხეზე მცხოვრებ მინდორელას). უსტვენდა მთელი ძალით, მთელი ხმით და ტუჩებზე დორბლი ჩამოსდიოდა. მინდორელას არასდროს უნახავს იმის დორბლინი სახე. ალბათ, ამიტომაც უყვარდა. აბა, რაღაცატომ ხომ უნდა ჰყვარებოდა...
ერთხელაც, სანამ მინდორელა სატრფოს შესახვედრად მირბოდა (უფრო სწორად, ფეხის ცერების მონაცვლეობით ფრთხილად მიცურავდა, რათა ჯეჯილისთვის თმები არ დაეწიწკნა), მისი შეყვარებული ჩვეული რიტუალის შესრულებას _ მცენარეების გათელვას აპირებდა. ფეხი ასწია თუ არა, მოთმინების ფიალაავსებული ლორთქო მძლავრად შემოეჭდო წვივზე და მთელი ძალით მიწისკენ მოქაჩა. თან ხელს ყელზე იდებდა: `აი, ,აქა მაქვს უკვე შენი თავგასულობა! ჩაგაგდე, თუ არა ნოკაუტში?!~ ბიჭი პირქვე დაეცა მიწაზე. მისი ლაშებიდან გადმოწვეთილი დორბლი კი _ იას დაეცა კაბაზე. _ ვაიმე, ამ საშინელმა სითხემ ჩემი `გაკრახმალებული~ კაბა სულ დაალბო! _ შესძახა იამ.
_ `ისტერიჩკაა~, რა ეს გოგო. რა მოხდა, დაალბო, ხომ არ დაალპო?! _ თვალები აუჟუჟუნა ბიჭს იაჟუჟუნამ.
იას თაყვანისმცემელმა ხავსმა, არიქა, საგმირო საქმის ჩადენის შანსი მომეცაო და ისე სწრაფად მოედო წაქცეულ ბიჭს მთელ სხეულზე, რომ ამ უკანასკნელმა შეგინებაც კი ვერ მოასწრო.
ამასობაში მინდორელამაც მოირბინა თუ მოცურა _ თვალდახუჭულმა და ტუჩგამობზეკილმა. ერთხანს ასე გატრუნული იდგა. უკოცნელობით გაკვირვებულმა თვალები გაახილა. ბიჭის ნაცვლად მის წინ ბიჭის ფორმის გორაკი აღმართულიყო. შეხედა და ყველაფერს მიხვდა. მცენარეებს სიწითლემ გადაუარათ სახეზე. `გაგვლანძღე, რაა, მინდორელა, გვითხარი, რამდენი ლიტრი წყალიც გამომიზიდავს ცხოვრებაში თქვენს მოსარწყავად, სულ შხამად, ცეცხლად და ნავთად გექცეთო, ან ის, თქვენი ჯიში გაწყდესო, ან ამ შენი მუტრუკი შეყვარებულივით გადაგვთელე. რაც გინდა ის გვიქენი, ოღონდ ასე შესაბრალისად ნუ მოიკუნტები, რაა, მინდორელა~. _ ყველა მცენარე ამას ევედრებოდა თვალებით. მინდორელა კი ღირსეულად დუმდა, ის ხომ ხის მეთექვსმეტე ტოტის მობინადრე იყო და არა მეთექვსმეტესართულელი ჩვეულებრივი ქალი.
_ ცოტა იქით მიიწიეთ, _ ჩურჩულით უთხრა ნარცისებს. მერე გათავისუფლებულ ადგილზე დაწვა. _ მე თქვენგან მივდივარ. _ თქვა და თვალები დახუჭა. მიხვდნენ, რაც უნდოდა.
ლორთქომ მაჯაზე დაიხედა: `მე ვერა, გასასვლელი ვარ, ზუსტად ხუთ წამში ჩემს გულისვარდს რომ არ შემოვეხვიო, ისტერიკას დაიმართებს~.
ხავსმა: `კი, დაგფარავდი, მინდორელა, განა რა პრობლემაა, მაგრამ ხომ იცი, დღეს შაბათია, ორი სათის შემდეგ ვისვენებ. ეს ერთი შაბითა დღე მაქვს და...~
მიწამ: `ხომ იცი, შენ უარს არაფერზე გეუბნები, მაგრამ... მეც უნდა გამიგო. იმითაც განებივრებული ვარ, ჩემზე რომ დადიხარ. ცოტა არ იყოს მეუხერხულება, შენი დაფარვის პატივიც მე რომ მივისაკუთრო. ხომ იცი, ისედაც ბევრი მჭორავს _ ყველგან ეგაა გაპარპაშებული, თვალში მაზოლები ამოგვიყვანაო~. ლამისა ზღვაც შეისყიდოს და დაამიწოსო... ესაო, ისაო... ჰოდა, ვერა რაა, არ გეწყინოს, მინდორელა~.
ჯეჯილმა: `უიმე, დამწვარი ნეშომპალის სუნი მცემს. გაზი დამრჩა ჩართული,~ _ თქვა და ჩუმად გაიძურწა, მორს ამოეფარა.
მინდორელას დახუჭული თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ჭიანჭველები მისი თვალის კუთხეში ჩამწკრივდნენ. გამოვიდოდა თუ არა ცრემლი, ზურგზე მოიკიდებდნენ და მინდორელას `ზმეიკიანი~ ჯიბისკენ მიაქანებდნენ, თან ფიქრობდნენ: `მომავლისთვის აწმყოშივე უნდა იზრუნო. რა იცი, რა გვალვები გველის. იქნებ ეს მლაშე წყალი სანატრელი გახდეს. მარაგი ყველაფრისა უნდა გქონდეს ჭკუათმყოფელს.
_ მინდორელას მხოლოდ შეყვარებულის კოცნა გადაარჩენს, _ ჩურჩულით ჩაიარა ნიავმა.
_ ვისი, კაცო, ამ პირდორბლიანისა?! _ აღშფოთდა მუხა.
_ ქალებს ხომ მოკლე ჭკუა აქვთ, მუხა ბატონო... _ თვალი ჩაუკრა ნიავმა და შურდულივით მოსწყდა ადგილს. იცოდა, ამ სიტყვებისთვის ან ია ესროდა ხის ქოშს, ან ვარდი _ ეკლის სავარცხელს.
მცენარეებს ჭკუაში დაუჯდათ ნიავის რჩევა. ბიჭ-გორაკს გახედეს.
ლორთქომ: `აჰა, გაგიხსენი ფეხები, დორბლიანო. რა უბედურებაა 46 ზომა ფეხი. წელში გყავართ გაწყვეტილები, მაგრამ მინდორელას ხათრით აგიტანთ~.
ხავსმა: `მიდი, მიდი, აიზლაზნე! შენს ფიზიონომიაზე წოლის არანაირი სურვილი არა მაქვს, გიშვებ, მაგრამ ერთი გაბედე და იას კაბა კიდევ დაულბე!..~
ვარდმა ნიავისთვის მოღერებული ეკლის სავარცხელი ბიჭს გაჰკრა: `ადექი და დღეიდან ქალის პატივისცემა ისწავლე!~
მუხამ: `არ აწყენინო მინდორელას, შეიფერე ეს ვარდივით ქალი~.
ვარდმა: `ნუ, შეიძლება მთლად ვარდივით ვერ იყოს, მაგრამ..~
_ ა... ა...ა-ფცი! _ დააცემინა ცხვირში ჭიანჭველაშემძვრალმა ბიჭმა.
_ უიმე... იმ წვეთ დორბლს ვინ ჩიოდა, ახლა სულ დამილაქავა კაბა. _ აღშფოთდა ია. მერე იასამანს მიუბრუნდა. _ არადა, ხომ იცი, ეს ფერი ამ სეზონზე მოდის კივილი და მიწის ყივილია.
_ კლასიკური და სექსუალური წითელი კი ნებისმიერი სეზონის ფავორიტია. _ კორსეტი შეისწორა ვარდმა.
_ ჰა, ჰა, ჰა... _ გულიანად გაეცინა აქამდე ჩუმად მდგარ ყვითელკაბიანს. _ რა ვიცი, ნარცისს მე მეძახიან და თავის თავზე შეყვარებული, როგორც ჩანს, სულ სხვა ვინმეა...
მინდორელამ თვალი გაახილა და შეყვარებული დაინახა. გაუხარდა და გაუკვირდა, რატომ არ მისტვენსო. აქა ხარ და რატომ დავუსტვინოო _ ბიჭმა. _ უიო, _ გადაირია მინდორელა. შენ რა, ჩემს აზრებს კითხულობო? ბიჭმა მუხლი მოიყარა:
_ ჰო, მინდორელა. მცენარეებმა შენი აზრების წაკითხვა მასწავლეს. მინდა შენი თანდასწრებით ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ შენს მოლოდინში მათზე გავლა-გამოვლით ვირთობდი ხოლმე თავს.
_ ეგ არაფერი, _ აროხროხდა მუხა. _ ჩემი ბებერი ფესვებისთვის ერთგვარი მასაჟიც კი იყო.
_ ვისთვის როგორ... _ ჩაილაპარაკა ბალახმა. _ ცხოვრებაში მუშაობით წელებზე ფეხი არ დამიდგამს და პროსტა წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდი, წელზე ვიღაცის ფეხი რომ ვიგრძენი...
_ თქვენ აღარასდროს გატკენთ. ჩვენ მაღლა ავფრინდებით, ცაში. _ თქვა მინდორელამ და შეყვარებულს მკერდზე მიეკრო. _ პეპელიკო სადაა?
_ აუ... ბედი არ გინდა?!_ სიბრაზით თეთრი ფრთები წითლად შეეფაკლა პეპელას. _ ხალხი არა ხართ, კაცო?.. სამად სამი დღე ვცოცხლობ და ისიც თქვენს ცაში წაყვანაზე უნდა დავხარჯო! ან აქურობის დათვალიერება არ მინდა, ან _ ქალთან ყოფნა, ან _ ახალი ფრთების ყიდვა, ან... თქვენ რა, უკვე შემაჯექით?! ეჰ, ჩემს ბედს რა ვუთხარი, უბედურ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული... _ ბედს შეეგუა პეპელა და წყვილი ცისკენ გააქანა. ნიავმა ერთი კალათა ბაბუაწვერა დაადევნა სიძე-დედოფალს. მინდორელამ სული შეუბერა და ცა ბაბუაწვერებით გაივსო. ხველება აუტყდა ალერგიულ იასამანს...
_ იქ დაგვხვდება ღრუბლის ფაფუკი საწოლი _ ნეტარებით თქვა მინდორელამ და ენაზე იკბინა. მერე თავი დაიმშვიდა, ცოლი მქვია უკვე და რა პრობლემაა ქმარს ლოგინზე მივანიშნოო.
_ მაგიდა გვექნება? _ ინტერესით იკითხა ბიჭმა.
_ მოშივდა ღიპუნიას?! _ მიეგლასუნა მინდორელა. _ გაშლილი სუფრა დაგვხვდება. გემრიელი კერძებით სავსე ღრუბლის მაგიდა. ღრუბლის სავარძლებზე დავსხდებით, ღრუბ...
_ რას როშავ, ქალო?! მაშ, ხის მაგიდა არ გვექნება ოჯახში? _ წამოიმართა ბიჭი.
_ `რემენი~ შეიკარი ბიჭო, არ გადავარდე! შარი ხარ, ვინა ხარ, ტო?! _ გაცეცხლდა პეპელა.
მინდორელამ მოიწყინა, მგონი აღარ ვუყვარვარ ბიჭსო.
ბიჭმაც მოიწყინა, აბა, კაცი ვარ ახლა მეო?! ერთი მამაპაპური ხის მაგიდა არ უნდა ჰქონდეს სახლში თავმოყვარე კაცსო?! თუ მაგიდას ზოგჯერ მუშტი არ ჩასცხე შენს გემოზე, ბოდიში და რა ჩემი ფეხების კაცი გქვიაო?!
ამასობაში სადგური `ცის ფერიც~ გამოჩნდა. პეპელამ ზურგიდან მგზავრები ჩამოსვა.
_ აუ, პეპ, ვერაფერს რომ ვერ გიხდით?! _ მოუბოდიშა მინდორელამ.
_ ვა, პეპლებიც `პოსლეზე~ მუშაობენ? _ გულწრფელად გაუკვირდა ბიჭს.
_ მშვიდობით, მომავალ ცხოვრებაში მოგინახულებთ _ თქვა პეპელამ და მიწისკენ დაეშვა. `არა რაა, რას გვიშვება ეს მთავრობა.. ხალხში ფული არ არის~. _ ფიქრობდა გზად. სამი დღეს ვცოცხლობ და იმასაც ენთუზიაზმზე მუშაობაში ვატარებ, ჩემი ბედის დედა კი ვატირე...

ბოლოთქმა:
მუხა და პეპელა ერთ დღეს აღესრულნენ. სიკვდილის წინ პეპელამ სულთმობრძავ მუხას გახედა და ამოიკვნესა: `ესეც ჩემი სათრევი გახდება საიქიომდე, ჩემი ბედის დედა კი ვატირე...~ ხავსმა ია მოიყვანა ცოლად. ვარდი და ლორთქო საყვარლებად დარჩნენ. ნარცისი არ გათხოვდა, თავის ღირსად არავინ მიაჩნდა და იმიტომ. იასამანმა ლექსების წერა დაიწყო. ობოლი იაჟუჟუნა მიწამ იშვილა. მინდვრის ბოლოს, მაღალი ხის მეთექვსმეტე ტოტზე ჭიანჭველებმა დაიდეს ბინა. გვიდნენ, ალაგებდნენ, კარადებს სურსათ-სანოვაგით ავსებდნენ და ფიქრობდნენ: `მომავლისათვის აწმყოშივე უნდა იზრუნო. რა იცი, როდის დაბრუნდება მინდორელა...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptySun Feb 25, 2018 11:16 am

ნათია როსტიაშვილი Suntqv10

ნათია როსტიაშვილი

სუნთქვის შემგროვებელი

„სუნთქვის შემგროვებელი“ ნათია როსტიაშვილის მეორე კრებულია, რომელშიც სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში დაბეჭდილი და აქამდე დაუბეჭდავი მოთხრობებია თავმოყრილი.

„შემგროვებლობა“ მწერლის უმთავრესი გატაცებაა, მეტიც – ჯანსაღი ვნება, რომელიც ახალ თავგადასავლებს წარმოშობს. გროვდება არა მხოლოდ ამბები, არამედ შეგრძნებები – შიშები, ტკივილები, სიხარულები, ნეტარებები(ც);
რაც მთავარია, მრავალფეროვანია ვარიაციებიც იმ საკითხზე, თუ რისთვის გროვდება ეს ყველაფერი – თამაშისთვის? ცხოვრებისთვის? გადარჩენისთვის?..

მკითხველი მისთვის სასურველ და საინტერესო პასუხებს აუცილებლად იპოვის, თამაშის წესებშიც იოლად ჩაებმევა, რადგან ნათია როსტიაშვილის შემოქმედებითი გარემოს მთავარი მოცემულობა – სიკეთეა და ატმოსფერო კი იუმორით, ხშირად სათქმელის სიმძაფრის მიუხედავად, მაინც (გასაძლები) სიმსუბუქით გაჯერებული. მრავალფეროვანი სიტუაციები კი წარმოსახვის თავბრუდამხვევ ჯადოსნობას შეგაგრძნობინებთ.

ამ სამყაროს ნდობა ძნელი არაა – აქ ბედნიერებაც შესაძლებელია.
ხოლო, თუ როგორ – ეს თავად უნდა წაიკითხოთ.

▪️რედაქტორი: ნინო სადღობელაშვილი
▪️დამკაბადონებელი: ვიოლა ტუღუში
▪️გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი


ბმული:
* http://www.intelekti.ge/book.php?id=637


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptyThu Apr 11, 2019 9:21 am

ნათია როსტიაშვილი Natia_10

ნათია როსტიაშვილი

დაზაფრული გაზაფხული 2019

სალონში იშვიათად დავდივარ. სწორი თმა მაქვს, უპრეტენზიო და იზრდება თავისთვის ეგრე დამყოლად, ცხელი უთოთი და ყურის აწევით შეშინების გარეშე. ერთი ეგაა, ზოგჯერ ძალიან იზრდება და სიარულისას თუ უკვე ფეხს ვადგამ ან ქვა-ღორღს ედება, ე, მაშინ მიმყავს სტილისტთან.
ჰოდა, მივედი და ჩამოვჯექი. სტილისტმა სტელამ, რომელიც რაღა დაგიმალოთ და პოეტური ჟღერადობის გამო შევარჩიე, ხელების ფათურით, ბრმად მიაგნო ჩემს თავს და თხემიდან ტერფამდე დიინჯად ჩამოუსვა ათას თავზე გავლილი სავარცხელი. არ მიყურებს, სახე აქვს გვერდზე მიტრიალებული და უცქერის რაღაც რუსულენოვან არხზე სერიალს რასმეს.
მე გაბრაზება ვიცი - მტრისას! უბრალოდ, არ ვიმჩნევ.
ჰოდა, სიტუაცია ასეთია: ვზივარ, გულში ვბრაზობ, სტელა მვარცხნის ხელის ცეცებით და უცქერს ეკრანს გაფაციცებით.
გავხედე სარკიდან და ქალი ტირის სერიალში ისე, გული დაგეთუთქება და ეს სტელაც ისე სათუთად მვარცხნის, სულ იმ ატირებულ ქალს მისდის მალამოდ და უცებ ქალმა ცრემლი შეიშროოო... ტანანა-ნააა!.. რაღაც აზრმა გაუელვა და ამასობაში ჩემმა სტელამაც მოიმარჯვა მაკრატელი.
მერე რეკლამა გაუშვეს ოხრებმა და დავრჩით აეგრე დაინტრიგებულები.
მოკლედ გინდათო? სტელამ. მეთქი შაშვალოდ. ჩოლკაო? მეთქი ნწ.
და უცებ ის ქალი კარატეში თუ რაღაცაში იწყებს ვარჯიშს. ისა, ეკრანისა და შევიდა სტელაც აზარტში და ამიჩეხა და ამიჩეხა თმა. ის ქალი ,,იაა!" და სტელა ,,კრიჭ-კრიჭ!" ის ,,ბა-ბაახ!" და სტელა ისევ ,კრიწ-კრიჭ!" სტელა უგებს სისწრაფეში.
მერე იმ ქალს იქ მასწავლებელი შეეწყვილა და გახურდა ,,იაა-ჯიშ!" და მეთქი მოგიკვდი, სტელავ, როგო მარტო დამრჩი, ქალო, შენს წილ კრიჭ-კრიჭში, უწყვილოდ.
დაძაბული სიტუაციაა, იქ ისინი გახურდნენ და არც აქ ჩემი სტელაა ჯაბანი!
ამიჩეხა, კრისტინკაც შემჭრა, აბა, ჰოპ! გამოცვალა მაკრატელი, ჩაატარა ,,ფილიროვკა" და ის ოხრები, სერიალის, არ ჩერდებიან მაინც და სტელაც აზარტშია - მომადო საფეთქელთან ცივი იარაღ- მაკრატელი და უცებ, რომ ჩამომცვივდა დალალი კალთაში, უიო, ჩოლკა არ გინდოდაო ხომო, შეცბა და ხმა ვერა, მაგრამ ღიმილით ვანიშნე, შეჭერი, სტელავჩემო, ჯანი გავარდეს- მეთქი და კრიიიჭ-ო! - ჯიგარი ხარო, სტელას მაკრატელმა.
როგორც იქნა წავიდა ტიტრები და სტელამ გვერდზე დაჭიმული ძარღვი გაასწორა, მოაბრუნა თხელი კისერი აქეთ, ჩემკენ და ,,დაძაბული სერია იყო" - სარკეში მეუბნება.
- კი, ფაქტი სახეზეა, - ჩემს აკორტნილ ანარეკლზე ვანიშნებ. მაგრამ მე ხომ გულში ვბრაზობ და ამიტომ ,,ფაქტი სახეზეა"-საც გულში ვამბობ.
თავს ვიმშვიდებ: ნუ მთლად ეგრე ერთმანეთსაც არ ვიმეორებთ, სერიალი ტრაგიკული იყო, ვარცხნილობა კომიკური გამოვიდა-მეთქი...
ამოვედი სახლში და ვუყურებ სარკეში ,,ახალ თავს" და უცებ გადავწყვიტე. აი, ძალიან გადავწყვიტე!!! ამას ასე არ დავტოვებ!
თუ ჰგონია, შემჭრა, ამოვედი გულში ჩუმი ბრაზით და მორჩა, აქ დამთავრდა - ძალიან ცდება! ჩვალ ხვალ და არ წამოვალ, სანამ პასუხს არ მივიღებ!
პასუხს, თუ რისთვის სწავლობდა ის ატირებული ქალი კარატეს?! კაცი ჰყავდა გასალახი? მევალე? სტილისტი? იდუმალი მდევარი? აჩრდილი? ყოფილი ქმრის მეორე ცოლის პირველი ქმარი? ვინ?!
თუ ვინცობაა, ხვალინდელ სერიაშიც ვერ გაირკვა, ზეგაც ჩავალ! მაზეგაც! იმისიმისიმის ხვალეც! ვიდრე ჩემი ოდესღაც გრძელი თმის ბოლო სანტიმეტრის მოხელთებას შესძლებს
სტილისტ სტელას გავა ცხელი (პარდონ) სავარცხელი,
აეგრე!

ნათია (გაკრეჭილ) როსტიაშვილი, კლიენტი სტილისტ სტელაისა, დაზაფრული გაზაფხული 2019

ბმული:
* ნათია როსტიაშვილის გვერდიდან: https://www.facebook.com/natiaro

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი EmptyTue Oct 01, 2019 10:25 am

თამარ გელიტაშვილი

სუნთქვისა და სიკეთის შემგროვებელი
(ნათია როსტიაშვილის პროზა)

დრო ფიქრია ნანახსა და გაგონილზე.
დრო დაღვინებული აზრების ზარდახშაა.
დრო ცნობიერებაში დალექილი დარდების დაძლევის უებარი საშუალებაა.
დრო ცვლილებებისა და შეხედულებათა გადაფასების შეუცვლელი მექანიზმია.
ადამიანის შეცნობაც დიდი დროს საჭიროებს.
მხოლოდ კარგი წიგნის ამოცნობას არ სჭირდება დიდი დრო.
არსებობს წიგნები, ერთხელ რომ წაიკითხავ და კმარა...
ისეთებიც არსებობს, ხელმეორედ წაკითხვის სურვილს რომ აღგიძრავენ.
ამ მეორე კატეგორიის წიგნებს მიეკუთვნება ნათია როსტიაშვილის მოთხრობათა ახალი კრებული `სუნთქვის შემგროვებელი~.
კრებულში შემავალი პროზაული ქმნილებები ჰუმანიზმის იდეებზეა აღმოცენებული, რომლის ცალკეული ეპიზოდები ხატოვანი ფრაზებით გაცოცხლებული ჩვენი ცხოვრებისეული ვარიაციებია.
მწერალს სხვანაირი თვალი აქვს. ის სულისმიერი თვალით უმზერს სამყაროს და გულისმიერად აღიქვამს ყველა ფაქტსა თუ მოვლენას.
ნიჭიერი შემოქმედი სისადავისა და სიმარტივის გზას ადგია და, ესთეტიკური უბრალოებით, დიდი მხატვრული ხორცშესხმითა და მცირეოდენი სახეცვლილებით, უკანვე გვიბრუნებს ჩვენს სინამდვილეში მომხდარი ამბების მრავალფეროვან კოლაჟს.
`სუნთქვის შემგროვებელიც~ იმ სიუჟეტებს სთავაზობს მკითხველს, მისსავე ცხოვრებაში რომ ამოიკითხა მწერალმა.
დღეს, ამ გაუთავებელი ლექსომანიის, მწერლომანიისა თუ ბეჭდომანიის ფსიქოპათიურ რეალობაში სამწუხარო იშვიათობას წარმოადგენს მწერალი თავისი ორიგინალური ხელწერით. ახალგაზრდა ჰუმანისტი პროზაიკოსი ნათია როსტიაშვილი კი პოსტმოდერნიზმის გავლენასაც გაექცა, ჩვენს თანამედროვეობაში თანდათან ფეხმოკიდებულ ამერიკულ სლენგურ-პორნოგრაფიულ სტილსაც და უცნაური და ყველასაგან განსხვავებული სიუჟეტებით გარდამტეხი შტრიხები შეიტანა მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში.
ნათია როსტიაშვილის ნაწარმოებების თემატიკა სამ ძირითად ღვთაებრივ ფენომენს ემყარება: სიყვარულს, სიკეთესა და სათნოებას. მის შემოქმედებაში ეს სამი მთავარი პრნციპია ერთმანეთთან შერწყმულ-შენივთებული, ამაში კი განსაკუთრებული და უჩვეულო ის არის, რომ ამ წიგნში მოთხრობილი ამბები თითქოს ყველასათვის ნაცნობია და ახლობელი, მაგრამ ამავე დროს უცხო, რეალურად არარსებული. ის, რაც სინამდვილეში შეუძლებელია, მწერალმა მხატვრულად გარდაქმნა და სიცოცხლე შესძინა.
ასეთი ტიპის მოთხრობათაგანია `სუნთქვის შემგროვებელი~.
მოთხრობის პერსონაჟი, პატარა ნენსი, რომელსაც დედა ავტოავარიაში დაეღუპა, გადაწყვეტს, არასდროს გაწყვიტოს მასთან კავშირი, ამისათვის კი ერთობ უცნაურ ხერხს მიმართავს _ ბუშტიდან, რომელიც დედამ ავტოკატასტროფიდან რამდენიმე წუთით ადრე გაუბერა, ჰაერს შეისუნთქავს და მშობლის ფილტვების ამონასუნთქს შეიგრძნობს. ასე გრძელდება ყოველდღე. დედის ულუფებად შესუნთქული ჰაერი ტკივილებს უამებს გოგონას და სიცოცხლის ხალისით ავსებს.
თანდათანობით სუნთქვის წაკითხვაც ისწავლა ნენსიმ _ გაბერილი ბუშტიდან შესუნთქული ჰაერის მეშვეობით გრძნობდა ადამიანის შინაგან განცდებს, მის ბუნება-ხასიათს.
ადამიანები იმქვეყნად უთქმელი ფიქრებითა და დარებით მიდიან, ჩვენ კი მხოლოდ იმაზე ვწუხვართ, რა დარჩათ სიცოცხლეში გასაკეთებელი, რა ვერ მოასწრეს, მაგრამ არასდროს განვიცდით იმას, რა ვერ გვითხრეს ბოლომდე, რა ვერ წავიკითხეთ მათი დანისლული თვალებიდან; რა დარდი წაიყოლეს თან ისეთი, რასაც არავის, სულ არავის უმხელდნენ და ვერც ჩვენ მივხვდით, ვარ ამოვიცანით... არც გვიცდია...
ასე გადო მწერალმა უხილავი ხიდი სააქაოსა და საიქიოს შორის. როგორც თვითონ ამბობს:
`ერთი ბუშტი ყოველთვის გაბერილი, გამზადებული უნდა გქონდეს ადამიანს, რა იცი, როდის დაგახრჩობს შეკავებული ცრემლი, სუნთქვა, დარდი ან სიყვარული. ხომ უნდა დატოვო შენი უთქმელი, არმოყოლილი ამბები სააქაოს~.
ამ სიტყვებით ჩვენს სამწუხარო რეალობას შეგვახსენებს მწერალი. შესაძლოა, ყოველი წუთი უკანასკნელი იყოს. ამიტომაც მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ ერთმანეთზე, გვესმოდეს სხვისი შინაგანი ძახილი და სხვივმიმქრალ თვალებში ჩაბუდებული ფარული დარდი.

***
ნათია როსტიაშვილი ქმნის ისეთ სამყაროს, როგორიც თავად სურს, რომ იყოს. მისეულ სამყაროში, როგორც უკვე ითქვა, ჩვენი სინამდვილეა მოდელირებული, ოღონდ ტრანსფორმირებული და სიკეთის ფერებით გაფერადებული. ეს კათარზისია, სადაც ცხოველური ვნებებისა და მდაბალი გრძნობებისგან თავისუფალი პერსონაჟები ბინადრობენ და ადამიანებისათვის საჭირო სასიცოცხლო ენერგიას ასხივებენ. მის ნაწარმოებებში სახეობრივი ფერები მწერლის ფანტაზიას, სურვილებს, მისტიკურ ზმანებებს ერწყმის და აზროვნებად გარდაიქმნება. მშვენიერებით გვხიბლავს უნატიფესი ლირიზმითა და ევფონიით გაჯერებული მისი მხატვრული სიტყვა.
ყველა მოთხრობას მოულოდნელი დასასრული აქვს, ხოლო მწერლური ინტრიგა მკითხველის რეფლექსიას უფრო მეტად ამძაფრებს. რომ გგონია, რომ გამოიცანი და მიხვდი, როგორი იქნება კონკრეტული ნაწარმოების ფინალი, უცბად, აღმოჩნდება, რომ დამარცხდი მწერლის ოსტატობის წინაშე, გიმტყუნა რეცეფციულმა ალღომ. ამგვარ ეფექტს ავტორი პუნქტუაციური ინტონაციებით აღწევს.
ასეთია, მაგალითად, მოთხრობა `სიუჟეტი~, რომლის მთავარი პერსონაჟი გაბო ეჭვით შეპყრობილი ქმარია. მას ეჭვის ჭიამ მას შემდეგ შეუღიტინა, რაც მისმა ცოლმა ციცომ მკითხავთან დაიწყო სიარული.
გაბოს ოჯახურ იდილიას ბზარი გაუჩნდა. ქმარი `მოღალატე~ ცოლისგან ჯადოს გაკეთების შიშმა აიტანა.
ერთ დღეს გაბო გადაწყვეტს, ციცოს უთვალთვალოს და ფაქტზე გამოიჭიროს. ეჭვიანი ქმარი მართლაც დადგა `ფაქტის~ წინაშე, ოღონდ ეს `ფაქტი~ სულაც არ იყო ცუდი და ოჯახის დამანგრეველი. იმან, რაც გაბომ დაინახა და მოისმინა, სულით ხორცამდე შეძრა და ამავე დროს უაღრესად გააბედნიერა. აღმოჩნდა, რომ ციცოს ფიქრადაც არ ჰქონია ქმრის ღალატი და მკითხავ-ექიმბაშთან ჯადოების გასაკეთებლად კი არა, უშვილობის `სეანსებზე~ დაიარებოდა.
გაბომ სიტყვასიტყვით გაიგონა მკითხავ ჯადო-მადოს მიერ ციცოსთვის გამოწერილი მკაცრი და წესების ზუსტი, ზედმიწევნითი დაცვით შესასრულებელი `რეცეპტი~ _ ქალი, თუ დედობა სურდა, იმავე საღამოს, ღამის თორმეტ საათამდე მამაკაცთან უნდა შეწყვილებულიყო. მადოს დანიშნულების მიხედვით, ეს იყო ციცოს დაფეხმძიმების ერთადერთი და უკანასკნელი შანსი.
ასეთი რეგლამენტირებული დრო დაუთქვა ექიმბაშმა გაბოს ცოლს, მაგრამ იმ საღამოს ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მოულოდნელი სტუმარი ეწვია _ გაბოს მეგობარი წუნი. გაბომ წუნი სახლში დატოვა, თვითონ კი, მეუღლის მუდარით სავსე თვალების მიუხედავად, მარკეტში არყისა და თეთრი შოკოლადის მოსატანად წავიდა. არადა, იცოდა, რომ მასა და მის ცოლს ბავშვის ჩასახვისთვის ძალზე ცოტა დრო ჰქონდათ. არ გაჭრა ცოლის მუდარამ... გაბო მაინც წავიდა...
შემდეგ კი მოთხრობაში ვკითხულობთ: `გაბო მარკეტიდან რომ მობრუნდა, პირველის წუთები იყო. მაგიდაზე არყის ბოლომდე ჩაცლილი ბოთლი იდგა. წუნი წასულიყო~.
რამდენიმე დღეში წუნიც დაოჯახდა. ცხრა თვის თავზე კი მას გოგონა შეეძინა, გაბოს _ ვაჟი.
მკითხველი მთელი სიუჟეტის განმავლობაში გაფაციცებით ადევნებს თვალს ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ურთიერთობას, გულშემატკივრობს უშვილობით გაწამებული ქალის ტანჯვას, მათ განცდებს იზიარებს და აღტაცებით ხვდება იმ ამბავს, რომ, გაბოს დაგვიანების მიუხედავად, მათი შეწყვილების ღამე ნაყოფიერი აღმოჩნდა და ბიჭი შეეძინათ, მაგრამ მწერალი სრულიად მოულოდნელი ფინალით ასრულებს მოთხრობას და ცივწყალგადასხმულივით გვტოვებს:
`ჰო, მართლა... წუნის გოგონას, ღიმილისას, საყვარლად ეჩუტება მარჯვენა ლოყა (წუნის მსგავსად, მასაც მარჯვენა ლოყა ეჩუტებოდა _ თ.გ.).
ღიმილის დროს, საყვარლად ეჩუტება მარჯვენა ლოყა... გაბოს ბიჭსაც~.
ასე გადასძალა ქმრის სიყვარული და ერთგულება შვილის ყოლის დაუძლეველმა სურვილმა. ციცომ, რომელსაც აზრად არ ჰქონია გაბოს ღალატი, ბავშვის ჩასახვისთვის აუცილებელი `ბოლო~ შანსი გამოიყენა. ასე აქცია ქალმა რეალობად უნიათო ქმრის თავდაპირველი უსაფუძვლო ეჭვი.
ერთდროულად თან გიტაცებს და თან გხიბლავს ახალგაზრდა მწერლის მოსხეპილი სიტყვითა და ლაკონურობით შექმნილი ტექსტები, სადაც ყველაფერი ზღვრულია და ზომიერი, სადაც არც ერთი ფრაზა არ გეჩვენება ზედმეტად, ხელოვნურად გაწელილ-ნაწვალებად.
`სუნთქვის შემგროვებელი~ ის კრებულია, რომელიც გაიძულებს, სხვანაირი გახდე, სხვანაირად შეხედო ცხოვრებას და მისი წაკითხვისთანავე იმ მიკროსამყაროს, მიკროქალაქისა თუ მიკროუბნის ბინადრად იქცე, ნათია როსტიაშვილმა რომ შექმნა, სადაც ასე გამჭვირვალედ გამოიკვეთა სიკეთის მთესველ ადამიანთა შიანგანი სამყაროს ხელშესახები კონტურები. რაც მთავარია, ავტორისეული `საცხოვრისი~ ისეთ მაგიურ ჯადოს ფლობს, ღვთაებრივი მადლით რომ გავსებს და სიკეთისქმნადობისკენ გიბიძგებს. მწერლის მიერ გამოხატული ტექსტის გამაცა და ლიტერატურული პათოსიც შემაკავებელ სიგნალს იძლევა _ არა ეგოცენტრიზმს!
მოთხრობების _ `დურგლის ბიჭი, არაცაცხვის გოგო და მე~, `ჩემი საქმე წასულია, მარუს~, `სუნთქვის შემგროვებელი~ და სხვა პერსონაჟები მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ, საკუთარ სიამოვნებაზე უარის სანაცვლოდ, სხვებს სიხარული და შვება მიანიჭონ.
ნათია როსტიაშვილი თავისი მეტაფორულ-ასოციაციური აზროვნებითა და სიტვის მაგიური ძალით შექმნილი ნაწარმოებებით ცდილობს, ბევრ რამეზე დააფიქროს მკითხველი და საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორებისკენ უბიძგოს. სწორედ ეს არის მისი უმთავრესი შემოქმედებითი მრწამსი.
ნოველაში `აბრეშუმის ნია~ მწერალი დაუნდობლად ამხელს იმ ადამიანთა კატეგორიას, ვისაც საკუთარი `მე~ დაუკარგავს, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს და, დემორალიზებული, დაპროგრამებულ ზომბად ქცეულა.
ნია ახალგაზრდა ქალია, რომელიც ერთ დროს შემდგარი პიროვნება იყო, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, მეგობრებთან ერთად ერთობოდა და თავისუფალ დროს მშვენივრადაც ხატავდა, მაგრამ ქმარმა ამ ყველაფერზე უარი ათქმევინა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სიყვარულისა და პატივისცემის სახელით, რადგანაც ღრმად სწამდა, რომ ნორმალურმა კაცმა თვითონ უნდა იმუშაოს, ცოლი კი შინ დედოფლად დაისვას და მხოლოდ სადილ-ვახშმის მზადებით დატვირთოს.
ასე იქცა მარიონეტად ქმრის ეგოიზმს შეწირული ოდესღაც ულამაზესთვალებიანი და აბრეშუმისკანიანი ნია _ ახლობელ-მეგობრებს ჩამოშორებული და ყოველგვარ სულიერებას მოკვეთილი.
მწერალი, ნიას სახით, იმ ადამიანთა ყოფას აღწერს, ვინც უსაქმურობით შეიძლება დაჟანგდეს, ობი მოეკიდოს ან მტვერი დაედოს. ასე დაფარა ნია მტვრის სქელმა მასამ. მართალია, სახლის ხეხვა და ოჯახის მოვლა დიასახლისის პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, არსებობს სულიერი საზრდოც, რომელზე უარის თქმაც სულის დამჭლევებას იწვევს.
ნათია როსტიაშვილს ამ ნოველით ჩვენთვის იმის შეხსენება სურს, რომ რუტინული ყოფა ზნეობრივად ამდაბლებს ადამიანს, მეტიც, საერთოდაც უკარგავს ადამიანურ სახეს, ისევე, როგორც ნიას. ასეთი დემორალიზებულ-ინერტული, შინაგანად გამოფიტული ადამიანი კი აღარავის სჭირდება, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებსაც; არც იმას, ვინც ასეთი არჩევანის წინაშე დააყენა, ნორმალური ცხოვრების კალაპოტიდან ამოაგდო და სისხლსავსე ცხოვრება უნორმო, უშინაარსო, უფერულ ყოველდღიურობად უქცია.
უშინაარსო ყოფით მტვრის სქელ ღრუბელდადებული ნია საკუთარ ქმარს აღარ მოსწონს. აღარ იზიდავს უსაქმურობითა და ერთფეროვნებით დაჟანგებულ-დამტვერიანებული ცოლი, რომელსაც ერთ დროს ყველაზე ლამაზი თვალები ჰქონდა მთელ ქალაქში. ამიტომაც ცოლის `გადაგდების~ სურვილი უჩნდება და დაუფარავად ამბობს მასზე: `როცა ნივთი დაჟანგდება, უნდა გადააგდო~.
სიყვარული სიყვარულია, პატივისცემა _ პატივისცემა, მაგრამ იქ სიყვარულისა და პატივისცემის ადგილი არ არის, სადაც არჩევანის წინაშე გაყენებენ. საკუთარ თავში პიროვნების დათრგუნვა, მოდუნება, სრული ატროფია, მეგობრებზე, კინოზე, სამსახურზე, საყვარელ საქმიანობასა თუ ყოველგვარ ჰობზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ _ `როცა ქმარი გყავს, ყველამ და ყველაფერმა უკან უნდა ჩაიჩოჩოს~, საკუთარი თავის ცოცხლად დამარხვის ტოლფასია.
ნოველის პერსონაჟ სიმონს საერთოდ არ ესმის, ვერ გრძნობს, რომ თვითონ არის მიზეზი ნიას სულიერი და ხორციელი დამჭლევებისა და მის დაცინვას იწყებს. სახლში შემოსვლისთანავე, ვითომ მტვრის კორიანტელი უტევს, იმიტირებულად აცემინებს _ `აააფჩი!~, ბოლოს კი სახლში მისვლის სურვილი სრულიად ეკარგება.
უღიმღამო, რობოტად ქცეული ცოლის ყურებით მობეზრებული სიმონი ნიას გადაგვარების მიზეზს სხვაგან ეძებს და ღმერთს უსამართლობის გამო საყვედურობს:
`ყველანაირად ხელი შევუწყე: სამსახური ამას არ აწუხებდა, შვილის გაზრდა და უსაქმური დაქალები. არაფერი. დღეები, კვირები, თვეები ისე გადიოდა, მხოლოდ ორ საქმეს აკეთებდა: დალაგება და საჭმელი. სხვას არაფერს. დედოფალივით მყავდა! და, მიუხედავად ამისა, ცოცხალ ადამიანს მტვერი დაედო. რატომ?!~
ვერ გაუცნობიერებია სიმონს _ ნამდვილ ქართველ `რაინდს~, რომ სწორედ არაფრობაა ადამიანის სულის დამჭლევების პირველმიზეზი. არაფრობა უსახოა, რომელსაც სავარძელზე მიფენილ უცნაური ქსოვილის ჩენჩოს უწოდებს მწერალი.

***
ნათია როსტიაშვილი ყველა პერსონაჟშია ჩასახლებული. ის ერთნაირი მონდომებითა და, რაც მთავარია, საოცარი ფერადოვნობით ძერწავს განსხვავებული ნიშან-თვისებების მქონე ადამიანების განსხვავებულ სახეებსა და მათ შინაგან სამყაროს. ამიტომაც მისი მოთხრობები ექსპრესიულობითა და ემოციურობით გამოირჩევა. მას ძალუძს გარდაისახოს უმანკო და სპეტაკ ბავშვად, მეოცნებე ქალწულად, შეყვარებულ თუ ეჭვიან მამაკაცად, მოხუცად, ახალგაზრდად და ყველგან ინდივიდუალურ ხელწერას ტოვებს. ის სიკეთეს მინდვრად მოფენილი ლამაზი-ლამაზი ყვავილებივით აგროვებს და რუდუნებით მოაქვს ჩვენამდე. სწორედ ამ ნიშნით ის, სუნთქვასთან ერთად, სიკეთის შემგროვებლადაც გვევლინება.
ნათია როსტიაშვილის გრძნობათა გადმოცემის პათეტიკურობას, თამამ (და არა ეპატაჟურ!) ფრაზებსა თუ ეპიზოდებს სტიქიური გარდატეხა შემოაქვს ჩვენი ცხოვრების ქაოსურ ტემპსა თუ რიტმში და ამ მასობრივი ფსიქოზით შეპყრობილ ჩვენს ყოფაში ზნეობისა და ეთიკურობის აუცილებლობას მოგანატრებს.

ჟურნალი ,,ცისკარი" #3 (2019)


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ნათია როსტიაშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია როსტიაშვილი   ნათია როსტიაშვილი Empty

Back to top Go down
 
ნათია როსტიაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: