არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 რუსუდან კაიშაური

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: რუსუდან კაიშაური   Wed Jan 10, 2018 11:56 pm


Rusudan Kaishauri

რუსუდან კაიშაური

დაბადების თარიღი - 20 აპრილი, 1957 (60 წლის)
მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია
დაიბადა 1957 წლის 20 აპრილს, თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.

მუშაობს საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლ"-თან არსებულ საკვირაო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად. ასევე "კავკასიურ უნივერსიტეტ"-ში კითხულობს ქართულ ენასა და ლიტერატურას.

1984-1987 წლებში მუშაობდა წიგნის მოყვარულთა საზოგადოებაში რედაქტორის თანამდებობაზე. მისი ლექსები ითარგმნა ლატვიურ ენაზე. იბეჭდება გაზეთ "ალტერნატივა"-ში და ჟურნალ "არილ"-ში.

წიგნები:
ნახატის სიჩუმე (რედაქტორი). - თბილისი, კავკასიური სახლი, 2010. - 392გვ.. - ISBN: 978-9941-400-47-6
ცოცხების გადაფრენა : ლექსების კრებული (ავტორი). - ქ. თბილისი, კავკასიური სახლი, 2004. - 100გვ.. - ISBN: 99928-71-54-7
ლექსები : ლექსების კრებული (ავტორი). - ქ. თბილისი, კავკასიური სახლი, 2002. - 100გვ.

ბმული:
* http://book.gov.ge/en/author/kaishauri-rusudan-/150/
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000663/
* http://lib.ac.ge/index.php?option=com_djcatalog2&view=item&id=1198:1&cid=500:all&Itemid=487&&prod=1#.WlZ6Z6iWbIU
* https://www.facebook.com/rusudan.kaishauri
* http://gf.ghn.ge/view.php?post=198
* https://youtu.be/kZUstLeJqoo
* https://1tv.ge/elit_author/rusudan-kaishauri/
* https://youtu.be/SdSanQXTWEo

Arrow


Last edited by Admin on Thu Jan 11, 2018 1:04 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:06 am



რუსუდან კაიშაური

დენთის კასრი

დედის წყევლებს,
შვილიშვილები რომ მოჰყავთ ახლა,
ბავშვობაში ნაფოტებად ვაცურავებდი.
დედის დარიგებებზე,
ახლა რომ მათი უძაღლო მწყემსი ვარ,
წინათ ფრთები მეტრუსებოდა.
დედის ლოცვა ალვის ხე იყო მუდამ,
ახლა მახვილია ბასრი.
და ვალმოხდილ დედას მოვუგორდი:
დაწყევლილი, დარიგებული
და ლოცვით ჩამქრალი დენთის კასრი.


დაღლილობა

ქალი ვარ,
ყველაზე ბუნებრივად
დაღლილობისკენ მივდივარ,
თორემ ქორწილში,
მაყრებს შორის ჩავლისას
ხმლები მაღლა რომ ეჭირათ,
არაბუნებრივად ვუღიმოდი მათ,
ვინც ვარდებს და
კანფეტებს მესროდა,
რადგან ვარდები ბენებრივად იჩხვლიტებოდნენ,
კანფეტის ქაღალდშიც
ბუნებრივი ქვები იყო გახვეული
და ნეფემ ვერ გაუძლო,
არაბუნებრივად გამექცა,
შუამდეც არ მომყოლია.
წამოვიწყე მარტოობის
აქცია:
თვითონ გავტეხე თეფში,
თაფლითაც ჩავიტკბე
მჟავე ხასიათი.
სარეცელთან დაღლილობა მელოდა,
მომეხვია და საწოლზე წამომაქცია.


გამეორება

პირველი შვილი
რომ გავაჩინე,
მივხვდი, თავი გავყიდე,
ძალიან განვმეორდი,
მეორე უკუღმა დავბადე,
მესამე – საკეისროთი,
მეოთხეც მე ვიყავი
და მეხუთემდე ავედი.
ცოცხი და ლექსიც
დავიმგვანე,
ამიტომ ყველაფერში
ვიქექები,
რაშიც ჩემი თავი დავინახე
ან ჩავაქციე.
დედაჩემსაც ვუთვალთვალებ,
ვარდებით ვაჩუქურთმებ,
ეკალსაც ვუჩხვლეტ ხოლმე,
რომ სურათად არ გადაიქცეს.
დედაჩემიც თურმე გამიმეორებია,
ახლა უკვე ნასწავლს ვიმეორებ,
ხელებითაც ავყვებ-ჩავყვები,
რომ არ დამავიწყდეს.


იდიომა

უმოკლესი გზა ვარ,
როგორც ანდაზა და აფორიზმი,
რაც შეიძლება საწინააღმდეგოდ
შემომიტრიალდეს.
მარტო ლოცვისას ვიტკეპნები
ერთ ადგილას,
ვითომ ფეხს ვიდგამ,
ოღონდ იქვე მივდგებ-მოვდგები ხოლმე,
საკუთარ ლექსიკონში.
ერთი სულსწრაფი ტიპი ვარ,
ფეხის არსად გამდგმელი.
მხოლოდ მაშინ,
როცა კალმით ვამოკლებ მანძილს,
ადგილიდან მოვწყდები ხოლმე
ლექსის დასაბადებლად.


ბიოგრაფია

ჩემს მძიმე ბიოგრაფიას
კი არ ვყვები,
კბილებივით ვაკრაჭუნებ
ბებიის კუდად გამობმული,
დედის გაგრძელებებით
ქმარმა დამაკონკრეტა,
მაგრამ სასვენ ნიშნად
ვერ ივარგა
და ერთმანეთს გადავებით.
ახლა ჩემს შიშველ ნერვებს
ვცვლი კარგ ძახილის ნიშანზე,
რადგან ისტორიიდან
ლექსზე გადავიშალე.


გაზაფხულზე ხდება

სიყვარულს ვეძებდი
და რაღა არ
დავიტეხე თავზე,
ბუნებით ხე ვარ
და გაზაფხულზე
მივეშვები ხოლმე
გატყევებამდე:
ჩემი სიტლანქიდან
მაღლა გავრბივარ,
გულს ვერ ვეწევი…
მაინტერესებს,
ვინ ეფერება
ჩემს შიშველ
კენწეროს.


მე ვარ კომბლე

დატვირთული დღის ბოლოს
შავ დღეში ვარ ჩავარდნილი:
დალილავებული, დაწურული,
თოკზე გაფენილი
ერთი დღის გამოფენა ვარ,
ჩემს ნაცვლად
სარეცხი იქნევს
ხელ-ფეხს ბეჯითად.
ღამით მე,
რაც ვარ დარჩენილი,
შვილებს დავისვამ წინ,
კბილებს ვაკრეჭინებ:
ხუთივეს ჩემი ჩიჩია აქვს
კბილში ჩარჩენილი.


თვითმკვლელი

ჩემი სახლიდან
საჭმელების სუნი არ გამოდის,
აქ ლექსები დუღს
და ორთქლი
თვალებს მიწყლიანებს.
ბავშვობაში, როცა მამწარებდნენ,
საშველად დედასთან კი არა,
ლექსებთან გავრბოდი,
თავზე ხელის გადასმით
შურისსაძიებლად რომ მაბრუნებდნენ ადამიანებთან.
აუტანელს მეძახდნენ ყველანი,
რადგან ვლეწდი და ვშლიდი,
ვძარცვავდი მათ,
პირი რომ მქონოდა
ლექსებთან მისასვლელად -
იქ ვინელებდი ნაძარცვ-ნაქურდალს.
რა ვქნა ახლა,
ყველა და ყველაფერი
ლექსებში ავრეკლე -
ასე შური ვიძიერ მათზე
და ახლა მოსაკლავად
დამდევენ ლექსები.
ვზივარ, წინ მიდევს
ფურცელი და კალამი -
თვითმკვლელის იარაღია
ესენი.


ღუზა

ძილში ჩავიძირე,
მაშველი რგოლია
ჩემი სიზმარი,
როგორმე უნდა მოვიხელთო.
ქინძისთავივით გავეყრები
უდროო დროს
და მეღვიძება.
ძილის ტალღებით ვარ
აწეწილ-დაწეწილი,
მოულოდნელ დილაში
ამოყვინთული.
ბალიშის კუნძულს
ჩაფრენილი,
ზეწარს გადავფერთხავ
სარკმელში -
ასე მყარზე გადასვლას
განვიცდი,
ღუზასავით მოვბარბაცებ აქეთ,
ისე მღვრიეა ცხადი,
სად ჩავეშვა,
არ ვიცი.


შეტოპვა

სიბერეს მოვიზომებ – მეთქი
და ისე ჩავიცვი,
მხოლოდ თვალები მიჩანს.
ხელს მაძლევს კიდეც,
ჩემი მდევრებისგან მიცავს.
თავს დამტყდარ სიმშვიდეს
ხელში ვატრიალებ სახრედ,
სიბერით გავიმართლებ
ხელებაფარებულ სახეს.
რამდენმა შეჩვეულმა ჭირმა
მომასვენა,
რომ ვეღარ მიცნო,
შვილებს ბებია ვგონივარ,
ქალობა მადგია ტანზე,
ვიწროდ.
სიბერე გაუგებრობაა,
გარს შემომერტყა
ფარღარღალა შენობას
და თავს ვეღარ ვიძვრენ მისგან.
მგონი, ძალიან შევტოპე.


უკანდახევა

უკანდახევა რომ დავიწყე,
დედამიწა მაინც წაღმა
ტრიალებდა,
თავი ვერ გავიტანე.
უკან-უკან მოსიარულეს
აწმყო მესობოდა თვალში,
ვერაფერს წამოვედე შესაჩერებლად.
უკუღმა რომ ვიარე,
გვერდში აღარავინ შემრჩა,
ჩემს წარსულში გაიხლართნენ.
ბედუკუღმართობას თვალები
ავუჭრელე,
ვითომ უკან ვიხევ,
მაგრამ ასე მანძილს ვკრეფ,
წინ გასაჭრელად.


არჩევანი

ბოშასავით ვცხოვრობ
ავტობუსიდან ავტობუსში,
აქ ვჭამ, აქ ვწერ
და მიყვარს.
უკან მომდევენ ქუჩები,
ფლორა-ფაუნა.
საერთოდ, ქალაქი
მომდევს უკან
და მეც ვეღარ ვწუწუნებ მასზე:
მისი თუ უიმისო ვარ.
მახსოვს: ბავშვობას თავს
ვერ გაფარებდი,
მცემდნენ ხოლმე
და დიდობას მივეტმასნე კი არა,
გულამოღებული კაბით
შემიტყუეს და დამცინოდნენ,
წესებს რომ ვარღვევდი.
ახლა სიბერისკენ ვიხრები,
მაგრამ თუ ვრისკავ,
იქიდან ვინღა გამომაჩოჩებს.
ამიტომ ბოშასავით
ბორბლებზე ვდგავარ,
ავტობუსის ფანჯარას აკრული
ვეჯღანები სახლებს: ბებრებს და ახალგაზრდებს,
ადამიანებსაც.
,,ბარემ ცირკი იყავი!” – ჩემს თავს ვეუბნები.
ისედაც, განა ცირკმა
საქმე არ გამიჭირა?
გრძელსაყურებიანს,
ჭრელი კაბა მიფრიალებს, მგონია და
თურმე დროშა მიჭირავს.


სასიკვდილო ორთაბრძოლები

ატმისკენ პირი არ მიქნია,
მარტო გული გავუსინჯე,
სადაც წვეტიანი კურკის
მუშტი დევს
ვაშლისგან განსხვავებით,
ვისაც გული ისე გაუწვრილდა,
რომ თვითონ იქცა მუშტად
ეს ხავერდოვანი სეზონი
ატმის კურკებს უჭირავთ,
მიწაშიც რომ აგრძელებენ
სასიკვდილო ორთაბრძოლებს.
გადაპარსული ვარდისფერი თავები
და ტკბილი სურნელი კი
მაშრიყით მოსული მტრის მსგავსია,
ნელ-ნელა ქართლის
გზისპირებს მოედება.
ვაშლები უფრო ქართველებს გვანან,
ცარიელა მუშტები არიან.
მაგრამ თუ მკვახე-მკვახე ლაპარაკი
ნაადრევია,
მაშინ წავიბაზროთ,
ვაშლ-ატამი ბლომად,
ხოლო მუშტარი
განა ბევრია.


პეიზაჟი

ქარი გამაზავებს
პეიზაჟში,
სხვა რა ვქნა?
სისხლნაკლულ სამშობლოს
ფერით ვავსებ.
ვიდრე ქარი აქტიურად ავდარობს
მე ვეკითხები ჩემს თავს:
,,სადა ვარ?”
სამშობლო ადგილზე ფეხმოუცვლელად
სახლობს,
მეც იქვე, ნაირ-ნაირი
ბუნებით,
ვშორიახლობ.
წინაპრებისკენ რომ მოვიხედო,
მასწავლიან:
ერთად უნდა ვიყოთ
მე და სამშობლო,
და თან ერთმანეთი
ვერ მოვიხელთოთ.


გიორგობისთვე

ნოემბერი გიორგობაში
ეძებს თავისგამართლებას,
საკუთარ ზიზილპიპილოებს
ასე თუ გადათელავს.
ნოემბერში ღრუბლები
იქცევიან ჩანჩურებად,
მაგრამ ვერ დასცინებ,
თოვლ-ჭყაპით გაჩუმებენ.
ერთი დღესასწაულის ამარა
გაცივდება ნოემბერი,
წმინდა გიორგის ერთი მახვილი
რამდენ გველეშაპს მოერევა.
ისედაც, რთველის შემდეგ
სამშობლო დამბარბაცებია,
ხეები, ტაშს რომ გვიკრავდნენ,
გაძარცული და ნაცემია.


მასწავლებელი

დავბერდი, ადგილზე
ვერ ვჩერდები,
საათობას ვჯერდები,
დღე-ღამეს ვასწორებ.
ისრებს აღარ ვისვრი,
მიმართულებებს ვაჩვენებ
და ჭკუის დარიგებები დამჩემდა.
შემაწუხეს სხვების ჭირებმა,
ისრებით ვაჩვენებ, რომ
არსებობა მექნიკურია,
ხელ-ფეხის განძრევა გვჭირდება.


შუშანიკი

ჩემთვის ყოფნას რომ ვცდილობ,
იმ ციხე-კოშკში ვიმალები,
ლოგინი რომ ჰქვია.
თვალებს არ გავახელ,
რაც ნიშნავს: შეზღუდული
და დაკეტილი ვარ.
ასე მთელ დღეს
შემიძლია ვიტრიალო ჩემთვის,
ვიდრე ბრახუნს არ ამიტეხენ
იმის გასარკვევად -
შუშანიკივით, შუა ოჯახში
სენაკი ხომ არ აღვმართე.
ლოგინსა და ფიქრებში
ამაოდ ჩავეფალი,
რადგან ისევ მათ უნდა დავუბრუნდე დიასახლისად,
ყოფილი დედოფალი.


ჩემი ლოცვა

რომ ვლოცულობ,
სიმაღლეში ვიწელები.
მიწეპებას ტანჯვასთან და
სხვა რამესთან ვეურჩები.
გაჩერებას მიუჩვევი,
საქმეებსაც ვერეკები
და ამ დროსაც ვიწელები,
ოღონდ ისე სიგანეში,
რომ კატებსაც შეშურდებათ
და კარგა ხანს ვეღარ ვტაძრობ.
მიწიდან კი ისევ მხოლოდ
ჩემი ლოცვა ამომაძრობს.


შებრუნება

ფიქრისაგან აღდგომილმა,
მოვიხილე სამკალი,
ჯეჯილს კალამი დავკარი.
სანამ ლექსის ანგელოზებს
ფეხებში ვებლანდები,
ჩემი ყანა გააცოცხლა
ფიქრის მეხმა,
მზეკაბანი ჩამაცვა,
ცხადში რომ გამოვწიე,
კალამზე გამომეხა.
ფიქრისაგან, უძილობით
რომ მემუქრება,
ისევ ქალობისკენ ჩავიჩოჩე,
ძვალ-რბილში შევიბუდე.
ფიქრი აბრასავით მკიდია,
როცა ცხადი ითარსება -
ძილივით შევიბრუნებ.


მე და მამა

გულმოდგინედ ვაღიარე შეცდომები,
თავს არ ვიმართლებდი,
ალალ-მართალი სახე მქონდა
იმიტომ, რომ ისინი
არ ჩამიდენია, ჩამადენინეს მაშინ,
როცა მშობლები გარეთ
გასვლას მიკრძალავდნენ
და მგლით მაშინებდნენ.
მაგრამ მგელი სადღა იყო,
ცხვრები მევლებოდნენ თავს
გაცხარებამდე.
და ერთხელ მამამ,
ეს მიტევების დღეს იყო,
მოიცალა ჩემთვის
და სახეში შემომცინა,
მაგრამ მისთვის აღარ მეცალა,
ცოდვებს ვამზეურებდი
სახეზე ჩამოწერილს
და შეცბა მამა,
არ ელოდა ჩემგან
ასეთ უტიფრობას,
გაბრაზებულმა
სახე მომიჭმუჭნა,
რასაც დედა
არ ანებებდა
და მისი მცდელობებით დავისაჯე.
არ მიღირს
ჩემი დაბრეცილი სახის გასწორება,
ასე უფრო გულწრფელი ვარ:
როცა ჩემი ალმაცერი მზერა
მიემართება მამისაკენ.


ცოცხალ მკვდრებში

მკვდრებს დაეკარგათ ცოცხლები,
სიზმრის მატარებლით
მოჰყვებიან ცოცხლების კვალს და
წყლიან ბამბებში გატრუნულ
ხორბლის მარცვლებში ამოიწვერებიან.
მკვდრები მაინც ვერ პოულობენ
ცოცხალ ჭირისუფლებს,
რომლებიც ისე გამრავლდნენ,
რომ ტირილს ვეღარ იყოფენ
და სიცოცხლის მხარეს გადადიან
მერყევად მგლოვიარენი.
მათში კი ძნელია ნამდვილი
ჭირისუფალი გამოარჩიო,
ამისათვის ცოცხალ-მკვდრის
გამოცდილებაა საჭირო.


სამშობლო

შეცოტავდა ჩემი სამშობლო,
რომ იყო უხვად.
ზედ სურდათ მარტო
დაწოლა ან დაჯდომა
და ჩაიმუხლა.
ყველა საკუთარ სახელში შეძვრა,
სხვა არა ჰქონდათ თავშესაფარი,
ერთმანეთში იყოფდნენ
თავისით მწვანეს
და ლაფავდნენ.
ამიტომ სამშობლო ჭუჭყიანი,
მაგრამ ლამაზია
კონკიასავით,
ამცირებენ ისე,
როგორც მიწას ჰკლავს
ასფალტი.
ისინი პატარა, გასაზრდელი
სამშობლოს პატრონებია.
სამშობლო მხოლოდ სიმაღლეში იზრდება,
ზევით უპატრონო ფართობებია.


ჩაის სუფრა

სიმშვიდე შემოვდგი ჩაიდნით
და ფინჯნებით,
ჭერისკენ ორთქლის ფესვები გავიდგი.…
ვერ ვთოკავ ჯერ ჩვევებს მხეცურებს,
ვერ ავიტან,
თუ ჩაის სულისბერივით არ ვეჩხუბე.
და ვგრძნობ, არაფრის დიდებისთვის
ხმაურიდან ორცხობილი,
ჩაიში რომ ვრბილდები,
მხოლოდ ჩაი აღმოვაჩინე,
თან რომ მოჰყვა
სიმშვიდე და ბებიის დარიჩინი.


პასუხი

მე, უკვე ზრდასრული,
ყველა კითხვაზე
გაცემული პასუხი ვარ.
აწმყოში უხერხულად გაჩენილი,
ზოგჯერ კითხვაც ვარ
არასაჩემო.
სულსწრაფობის გამო
დაბადების დღეს
სხაპასხუპით ვეპასუხე.
ამომწურავი პასუხისთვის
ძალა რომ მოვიკრიბო,
საკუთარი თავი
უნდა მივკიბ-მოვკიბო.


ბოღჩა

გამონაკული ბოღჩა ვარ,
მუხლებზე ხელებმოხვეული,
წუწუნის კაბაჩაცმულმა
ჩემს ფერგადასულ ნოხებში
გინდაც ვიარო წინ და უკან,
არვინ იქნება ჩემი გამომხსნელი,
რადგან ხელი აქვთ დაკავებული,
თავის ჭირისას უკრავენ.
ამიტომ ვზივარ
ლექსების ძაძებში გამოკრული.
დანარჩენებო, გაგრძელდით
ყოფნა-არყოფნის ჩამონათვალში,
მე ვიქნები ასე დამოკლებული.


ჯანდაბა

მამაჩემს ეგონა,
,,ჯანდაბა” შორიახლო იყო,
დედაჩემი აგზავნიდა ხოლმე,
მაგრამ შუა გზიდან
აბრუნდებდა.
მერე გათამამდნენ ორივენი:
ერთმა წყევლა მოიმარჯვა,
მეორემ – დაბრუნება.
ერთხელაც ,,არმოსვლაში”
გააგზავნა,
იქიდან უკვდავების წყლის
მოსატანად.
ეტყობა, სმას გადაყვა
და აღარ მოდის მამაჩემი.
ბედის საძებნელად მიმავალი ეგონებოდათ,
ისეთი ახალგაზრდა და არხეინი იყო,
,,არმოსვლაში” მარტოხელა ქალები ცხოვრობენ
და სხვა გზასაცდენილებივით,
დაიტაცეს მამაჩემი.
უკვე დაბერებულა კიდეც
და დაშლილ ბაბუა წვერას
ნაწილ-ნაწილ მიგზავნიან
უმისამართო ქვეყნიდან.


2010

Arrow


Last edited by Admin on Thu Jan 11, 2018 1:41 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:10 am

რუსუდან კაიშაური

შეჯიბრი

ორმოცი წლის ვარ, უკვე ვერ ვხვდები,
როგორ მოვიქცე, როგორ ჩავიცვა.
გული ბავშვის მაქვს, ბებრის ფეხები,
თმები დამწვარი ძველი ჩალისა.

დაწყევლილია ქალის იღბალი,
წლები სახეზე რომ უმეფდება
თვალებო, თუმცა ამომიღამდით,
ვერ მოიშალეთ მაინც ფეთება.

გამიუხეშდა ნაზი ხელები,
მანერები კი ისევ ძველია.
სასაცილოა, ასაღელვები
აღარაფერი შემორჩენიათ.

მიჰქრის სული და ვეღარ ვეწევი,
ერთმანეთს როდის გავუტოლდებით?
სული ფრენს, მე კი ხელის ცეცებით
მიმაქვს სხეული, როგორც ლოდები.

აღარ ვემდური დარდს და საზრუნავს,
ტანსაცმელივით მე რომ გამცვითეს.
სული ძაღლივით მოდის, დამსუნავს,
დავეკიდები, როგორც ნაძვის ხეს.

ჩემი და ჩემი სულის შეჯიბრი
ბოლოს და ბოლოს მარცხით მთავრდება.
მერე ამოვა ჩემზე ჯეჯილი,
სული დაჯდება იქ თავთავებად.

1997

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:21 am



რუსუდან კაიშაური

რუსუდან კაიშაური _
პოეტი, ფილოლოგი, დაიბადა 1957 წელს, თბილისში. 2001 წლიდან დღემდე მუშაობს კულტურულ
ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში“. გამოცემული აქვს 3 პოეტური კრებული: „ლექსები“, 2002, „ცოცხების გადაფრენა“, 2004, „სახედრიდან მერნამდე“, 2013.
მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, ლიტვურ, ესტონურ, ჰოლანდიურ და სხვა ენებზე. მონაწილეობდა
საერთაშორისო პოეტურ ფესტივალებზე: ლიტვა (2010), პოლონეთი (2012), ბათუმი (2013). ჰყავს ხუთი შვილი.

სამშობლო

ღიპიანი საზამთრო
ჩემი სამშობლოა,
ამწვანებული _ ტკბილი.
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
წყლებით, მინერალებით.
დაზოლილი გზებით,
რომლებიც სადღაც ერთდება,
თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ.
გატყაპნილი ლაქები
ჩვენა ვართ,
ვინმე რომ გვათვალიერებს,
ვხვდებით და ფორმას ვიცვლით.
ადრე სამშობლო გრძელი იყო,
მუთაქასავით თავქვეშ ამოდებული,
ხალხიც, თუ ფეხზე იდგა,
ზეცისკენ იყო წაგრძელებული.
მერე ხელებს ღონივრად უჭერდნენ,
უტყაპუნებდნენ:
დამწიფდა თუ არაო
და გასკდა, პირი დააღო საზამთრომ.
რა საზარელია გახლეჩილი სამშობლო!
ჭირისუფლებმა უფრო დააპატარავეს
თავიანთი გარშემოვლებით.
ცრემლი კი არა, ნერწყვი სდით.
სამშობლო და მისი ჭირისუფლები
ერთმანეთის შეჭმაზე
უარს არ ამბობენ.


ჩემი დღიურიდან

ასეთია მეხუთე შვილის სევდა.
დედას მობეზრდა
მისი პატარაობა
და გაბრაზებული
მიარბენინებს დიდობისკენ.
ხელი ვერ წაატანა
ბავშვმა თოჯინას,
სახტუნაოს, ზღაპრების წიგნს,
ფერად ჭოჭინას.
გამოტოვა უცხოობა, ბუტიაობა,
ჩაფსმა, ტირილი.
კომპიუტერმა შეიფარა
და ცურავს მასში ტივივით.
ღამით კი ფრთხილად ამოიყვანენ
აკვარიუმის თევზივით,
ლოგინში დებენ
დედის გვერდების გასათბობად.
ყურს უკან აკრია საღეჭი რეზინი,
როგორც ბავშვობის არდათმობა.



Rusudan Kaishauri

_ poet, born in 1957 in Tbilisi. Since 2001 she has been working at „The center for Cultural Relations - Caucasian
House‟. Her poetry is translated into Russian, Azerbaijani, Estonian, Dutch and Latvian languages. Three of her poetry collections have been published in 2002, 2004 and 2013. She participated in the international poetry festivals: Lithuania (2010), Poland (2012) and Batumi, Georgia (2013). She has five children.


Motherland

A paunchy watermelon
Is my motherland.
Verdant and sweet.

Equipped with healthy mineral waters
And striped paths that cross elsewhere,
Hard to guess the beginning and the end.

The shapeless spots on the melonare we,
If examined, we feel and reshape.

The motherland used to be overlong,
Like a bolster put under a head.
And the people, if on their feet,
Held also themselves aloft.

They joined their hands onto the melon,
Banged on it,checking if it was ripe.
And it burst, opened its mouth.

How disgustful a bifid melon is!

Mourners
Made it even smaller
By walking around.

They wet saliva rather thantears.
The motherland and its mourners agree to
Eat each other.


From my Diary

That’s the sorrow of the fifth child.
Mother is bored with the fact she is so small
And angrily encourages her to grow up fast.

The child couldn’t manage to take away
Her doll, askipping rope, a storybook
Or a colorful go-cart.

Skipped shyness, pout
Pee and cry.

She has found computer _ shelter
And she floats into it.
At night only she is taken,
Like a fish off the aquarium.

She is put in bed
To warm up her mum.
Behind the ear she keeps a gum
As a sign of filial disobedience.

Translated by Eliso Kiknadze

ბმული:
* https://mananadumbadze.files.wordpress.com/2016/05/qartveli-poeti-qalebi-2016-1.pdf

Arrow


Last edited by Admin on Thu Jan 11, 2018 1:54 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:40 am

რუსუდან კაიშაური

შვილებისათვის მე რუკა ვარ


შვილებისათვის მე რუკა ვარ,
ჯოხით შემოხაზავენ გულს.
ხელით მიფარავენ პირს და
სხვა საჩოთირო ადგილებს.
თვალებს მიტრიალებენ მრგვალებს
და ჩემი მოთმინების ეშინიათ.
სახლში მე ჭუჭყიან კედელს ვმალავ,
როცა გაკრული ვარ,
მაგრამ ცაშიც შემიძლია გაფრიალება.
საყრდენი მეცლება, როცა შვილები
ჩემგან ქაღალდის გემს აკეთებენ
გეოგრაფიაში სამოგზაუროდ.

2000-05-16

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:43 am

რუსუდან კაიშაური

მხეცი. პოეზია

სისხლისმსმელ მხეცს
სძინავს შენს წიაღში,
დააძინე სინანულის იავნანათი.
მოიმიზეზე: შვილები, მეუღლე,
ჭამა-სმა, მტერ-მოყვარე,
გააჩუმე ატეხილი ქმარივით.
_ ქალო, რუსიკო, სანამდის!
ასე ვერ ავაშენებთ უკვდავ სულს,
ასე იქნები ცხოვრებისგან დაღლილი.
როგორ დაგიბამს საბრალო მხეცი,
ბუნების ლაღი შვილი,
ინტიმურ კუთხეში მიგიმწყვდევია.
აღარ მოგენატრა უმანკო ლექსი _
ფურცელს ვიდრე გაშლი _
უკვე სისხლით რომ წერია.
ქვეყნად მიზეზები არ დაილევა,
ქვეყანაა თვითონ მიზეზი _
სხვების ჯავრს მხეცზე რომ იყრიდი, თელავდი!
_ ქალო, რუსიკო, სანამდის?
_ ვაიმე, ღმერთო, ყელამდის.
აზიზია გარშემო ყველა,
გიჟს და გაბრაზებულს ვერ გიტანენ.
ნეტავი ხელები გადაგიგვარდეს,
კი არ საქმობდეს,
რითმავდეს.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:45 am

რუსუდან კაიშაური

გაზაფხული

კაცებმა თვითმფრინავი დაინახეს,
შეყვარებულებმა _ ცა,
ბავშვებმა _ პეპელა.

გაზაფხული მოვიდა.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:46 am

რუსუდან კაიშაური

შვილი. მუშტი

გამოვდევნე ჩემი სამოთხიდან,
მერე ხელში წიგნივით მეჭირა.
კალთიდან რძესავით გადმოვიდა.
მერე წინ გავიგდე
ძაფის გორგალივით, გზის საჩვენებლად.
აიბურდა. ბევრი მაწვალა. მაჩერებდა.
მერე ცისკენ გავუშვი,
როგორც ბუშტი,
ერთი ძაფითღა მეჭირა, ოჰ!
ეხლა მიწაზე ვზივარ,
როგორც მუშტი, ეჭვი მაქვს, რომ
გავიშლები პირჯვრის საწერად და
შვილს ჩამოვცილდები გზიდან.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:46 am

რუსუდან კაიშაური

წითელი. შავი

ყოველთვის კი არ ვარ ასე:
გიჟი და ნაზი,
ტკბილი და მწარე.
წიწაკაში ვარ ხოლმე შემძვრალი
და ჭინჭრის სკამზე ვზი.
უნდა დამინახო ასეთი:
წითელი. შავი.
მცინარი. მტირალი.
თვალებად ვარ ქცეული
და მთელი დღეები ვწვიმ.
საერთოდ კი ვჯახირობ:
ვრეცხ, ვხეხ, ვტეხ,
ვაწყნარებ ადამიანებს.
ეხ,
ჩემს ნამდვილ ვინაობას
არ ვაღიარებ.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:47 am

რუსუდან კაიშაური

ქალაქი. ბომჟი

მანქანები აწუხებენ.
ქალაქს თავი სტკივა.
მტკვარი მეტეხ შუბლზე
ხილაბანდივით წაიკრა.
ავადაა ქალაქი. არეულია,
ტელეანძა სიცხეს აჩვენებს _
მიწა აქაა, ცა _ იქა.
სადენდაწყვეტილია უშუქო ქალაქი.
ინტელექტად კომპიუტერი უციმციმებს.
ვნებას მსუბუქ როკში მოითავებს
და ფეხზე დაიკიდებს
ადამიანთა ურიცხვ მძივებს.
არავის ესმის კვნესა ქალაქის,
ფეხბურთელები ფეხებს ურტყამენ,
მრევლი ექაჩება თავისკენ ზეცას;
თვითონაც ხელი აიღო ქალაქობაზე,
ბომჟებს ჯიბის დანასავით კეცავს,
გუშინ ჭუჭყიანი დროშებიც ეცვა.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:48 am

რუსუდან კაიშაური

სოფელი. ჰიპი

სოფელი. საწყალი. პურზე და წყალზე გადადის.
სანთელი უნთია. ეკლესიას ალოცებს.
სკოლა გაზარმაცდა, ეკოლოგიას აყეფებს,
რადგან მალე სოფელი
ბუნებას ვეღარ გამოსცემს.
განაზდა გლეხის ქალი,
ბოსტნებში ჟოლოები დასხდნენ.
კრამიტის სახლებს ჩამოსდით ცინგლები.
დროდადრო სოფლის მაჩვენებელი აბრა
ირწევა, ქარს იფიცებს და ამბობს:
«სოფელო, ჩვენ ერთმანეთს ვცილდებით!»
უსოფლო სოფელს მოვესწრები,
ეს უ მიეწება საგნებს
და აზუსტებს.
აღარა ხარ, სოფელო ლოყაწითელა,
თოხს გირტყამ, რომ დაგფერო.
თუ სოფელი ხარ, აბა დამსუსხე!
ასფალტია და მინდა ვიპოვო გუბე,
როგორც მიწის ღია ჭიპი.
მოდაზე თვალებს ვხუჭავ და
ფოცხით არ ვვარცხნი ბალახს.
დამინახოს უცხოელმა, რომ მქონდა სოფელი
და ეხლა გახდა ის ჰიპი.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:49 am

რუსუდან კაიშაური

დრო

მე არსად მეჩქარება,
მაგრამ დრო მაჩქარებს ყველაფერს.
ერთხელაც იქნება დავამარცხებ დროს,
დროს ვიპოვი შესაფერს.
დროის გაწელვა მართობს,
შვილიშვილიც თვითონ მინდა გავაჩინო.
ცხოვრება სიცილის ოთახია,
სადაც არაფერია სამარცხვინო.
დრო ჩემგან გასულ ბოლს ჰგავს,
სულს, ამოფრენილს ლაფიდან.
დროც დაიჭირეს, საათში ჩატენეს,
გუგულადაც იქცა, მაგრამ ვერ გაფრინდა.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:50 am

რუსუდან კაიშაური

მკერდი

როცა ბერდები,
მკერდი ანაქრონიზმად
იქცევა,
უყურებ მათ, როგორც
ჩამოყრილ ყურებს
ცხოვრების წინაშე
და გიკვირს (ადრე გიხაროდა)
რა საჭიროა
წინ წაწეული
(ცხვირისა არ იყოს)
ადგილები შენი სხეულის.
ორივე ხელით
მიაწვები ჩასაბრუნებლად
იმ წიაღში,
საიდანაც ერთდროს იყვნენ ამოფრქვეული.
ეჰ, მკერდნო,
არასდროს ყოფილხართ
დედოფალი ანდა მამფალი.
მაგრამ ღია გქონდათ
ბავშვებისთვის დიეტური
სასადილო, თავშესაფარი.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:51 am

რუსუდან კაიშაური

იავნანა

დავხურე რვეული,
იავნანა, ლექსებო.
ვიდრე დაგიბრუნდებით,
თავს ნუ გაიგიჟებთ.
დაგთესეთ, ცრემლებით მოგრწყეთ,
კალამი მხარზე გავიდე
და ჩემს წუთისოფელში გავიხიზნე.
არ დამვიწყებიხართ,
ცალი თვალი თქვენზე დამრჩა,
მაგრამ ხელებს არ სცალიათ,
ობლის კვერებს აცხობენ.
არც ფეხებს უყვარხართ,
შევყრი ხოლმე მაგიდაზე
ტელევიზორის საყურებლად,
როცა კალამი და რვეული ანცობენ.
ძალიან ვცხელდები,
სიცოცხლეს მზესავით რომ ვინდომებ,
შიშველი ლექსები, ასოები რომ უჩანთ
მზესავით მეფიცხებიან რვეულის მინდორზე.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 12:55 am

რუსუდან კაიშაური

ტელეფონი

უდაბნოს ქალაქმყოფელი (ტელეფონი)
ბერივით მწუხარეა,
უსმენს აღსარებებს, რომელიც
უღრან ტყეს ჰგავს.
(ტელეფონი) ოთახის გულია და
ცოცხალი არტერია.
დროდადრო კვნესის,
«ალოს» ტაბლეტივით ატენიან.
ამ გულგრილ გარემოში (ტელეფონი)
მედიუმია ბერივით.
ღილაკები აქვს მხოლოდ
ურცხვად გამობერილი.


სიჩუმეს

ვდარაჯობ ცოცხით,
ხმაურში ვთავსდები ვიწროდ.
როგორღაც მართმევენ სიჩუმეს
და ყურებს ლექსებით ვიცობ.
გემო მსურს გავუსინჯო ცხოვრებას,
ლექსით და ცოცხით ვუკბენ.
ცხოვრება ატამივით იცინის,
მესვრის სიჩუმის კურკებს,
გულში მომხვდა და გავჩუმდი,
მაგრამ მე, ლექსი, ცოცხი,
შევეხეთ ერთმანეთს თუ არა,
სამივე გამოვცოცხლდით.


ნეგატივი

დამწკრივდნენ კორპუსები,
დაავიწყდათ გზაზე გადასვლა.
ხეები წინ გაუშვეს,
ბავშვები გაატარეს,
მოხუცები გრძელ სკამზე დასვეს,
ცელოფნებს აფრიალებენ ალმებად.
მახინჯი კორპუსები,
ნაგვიანი ფასადით,
დაამუნჯეს გარაჟებმა.
ამ ნეგატივზე, მათთან ერთად,
როგორ არ მინდა გამჟღავნება.


გაზაფხულზე

პეპლები გამოვჭერი:
„ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა“.
მერე ვარდებს ვხატავდი.
ეხლა „რა მევარდება“.
შემოდგომა გამოვტოვე,
ბებიობის ასაკი
და ვქსოვ, ვქსოვ,
ხელები მიელავს ჩხირებივით.
შავი თმებიდან თეთრებზე,
თეთრი ფიქრებიდან შავზე გადავედი.
გულის გორგალი დავშალე,
ტუჩები გამოვარღვიე და
სისხლში შევღებე ძაფები,
ცრემლებში გავავლე სიმაგრისათვის.
ვქსოვ, ნელა ვილევი.
ჯერ არაფერი მეტყობა სიგრძე-სიგანეში,
მრგვალი გორგალი ვარ.
ზოგჯერ ავხტები ხოლმე: „ჰოპლა, მე ვცოცხლობ!“
ხელები ფხიზლობენ ძაღლებივით,
კართან მიგორების საშუალებას
არ მაძლევენ.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 1:09 am



რუსუდან კაიშაური

ქალი-მაგიდა

ერთ დროს ქალი იყო
საწერი მაგიდა,
დანებით ტრიალებდა ქურასთან.
სარეცხის თოკებით
ქარებს რომ აბამდა,
ოჯახურ ოცნებებს წურავდა.
ყველა უჯრაში შვილები ეჯდა,
გულს იტრიალებდა გასაღებით.
ლექსებს ღამეებად ათეთრებდა,
რადგან გრძნობა ჰქონდა დასაღლელი.
ეს ქალი ერთხელ
წელში მოიხარა,
დარჩა ასე და არ აფრინდა.
მიადგა სკამი უტიფრად – არც იკითხა:
ეს ქალი იყო თუ მაგიდა.


Rusudan Kaishauri

WOMAN AS A TABLE

That was time when the woman was
a writing table.
She bustled about with knives next to the stove.
When she used the clothes line
to tie up the wind,
she wrung out the dreams cherished by the family.
She kept her children sitting in all the drawers,
she wound up her heart using a key.
She was so tired
that she stayed up all night writing poems.
This woman once
Bent her back,
remained like that and never took of flying.
The brazen chair held itself out for her without even enquiring
whether this was actually a woman or a table.

Translated into English by Natalia Bukia-Peters and Victoria Field

Link:
* http://book.gov.ge/en/book/from-the-donkey-to-merani-/205/

Arrow


Last edited by Admin on Thu Jan 11, 2018 1:52 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 1:20 pm

რუსუდან კაიშაური

ლობიო

ლობიო, შე მარცვლებდასაცლელო,
გასაგლეჯი ხარ,
გასათხლეში, გასამწარებელი.
სათითაოდ გამოდი, რომ მიგაჭყლიტო,
დაგამლაშო, მოგიმწვანილო,
ყურებზე ხახვი დაგაჭრა.
ცეცხლი შენ!
დადექი, ითუხთუხე, გასკდი სათითაოდ,
ცივ წყალს დაგასხამ,
ძვალ-რბილს გაგიერთიანებ,
დაგღეჭავ, ჩასახეთქო.
გაგრილდი, თავი არ აიმჟავო,
თორემ…
აი, მჭადი კი დაგეცეს თავზე!
არც ისე საწყალი ხარ…
ყველა მოცლილია –
სუფრაზე რომ ხარ და
ქორწილი გაქვს;
კომბოსტოს მწნილი გარმონივით
იკეცება,
დანა-ჩანგალს შუა ჩაგატარებენ,
თეფშის სარეცელზე პურს მოგიწვენენ
გვერდით და
წიწაკით ჩაგამწარებენ.
ნივრის ნაფრცქვენები, თეფშის ირგვლივ,
შენი საცვლებია,
დასვრილი თეფში, წიწაკის ყუნწი…
სად არის დიასახლისი,
არ რცხვენია?


ვენახი

მოდი ვნახო საკუთარი თავი –
ჩემს ხელშია, თუ ამ ხელებს
თავში იხლის.
სხვა ტანს ხომ არ გაეკიდა
და ხვნეშშია.
სწორია, თხამ შეჭამა ვენახი.
მე ჟანგშეპარული, რიგს ვარღვევ
და მიწას კი არა,
უთოფოს ვეძახი.
კარგად დაზეპირებული ხალხური ლექსი
უკვე ბევრჯერ ამერია,
ქნევით, თავის გარეშე, ვადასტურებ,
რომ ვარ განუყრელი
ამერ-იმერია,
სადაც მგელმა აღადგინა
სამართალი.
მოდი ვნახო, რა რიგში ვარ:
„შენ ხარ …“, თუ „თხამ შემჭამა ვენახში“,
ღმერთო, გადამთვალე.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 1:22 pm

რუსუდან კაიშაური

მეორადები

შემომესწავლა ცხოვრება
ყოველდღე გამეორებით,
ფსალმუნებისა არ იყოს.
ბოლოდან უნდა იწყებდე
ყმაწვილობას
და არა სიბერეს.
დაბადებიდან ჩაიჩხრიალე თვალებში
სიბერე, გზადაგზა გაფლანგე.
მსუბუქად ტრიალებდა ჩემი
ახალგაზრდობა,
გარეთ გამოვარდნილ გულს
უკან ვეღარ ვაბრუნებდი
და ამ სიცარიელეში
მეტენებოდნენ ადამიანები.
სარკეში უკვე სამოცი წლის ვარ
და ხელს არ გიშვებ.
მინდა გაგამყარო,
რომ არ გავიწელო
სიგრძე-სიგანეში.
ამას არავინ გააპროტესტებს,
ჩემი ჩათვლით.
ჟონგლიორობენ ადამიანები
საკუთარ თავით.
ცხოვრებას ვიზოგავდი
და სიჩუმე გავცვითე,
ამოვეფარე და ტანსაცმელს ვამოძრავებ
ძვლების საკიდზე.
ძალიან ბევრი აქციაა,
განსაკუთრებით შარვლებზე,
მაგრამ აღარ მიზიდავს.
ეს იყო რეპორტაჟი
მეორადების მაღაზიიდან.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 1:26 pm

რუსუდან კაიშაური

მე ბევრი ვარ

რუსუდანი ქალობას ჯახირობს.
რუსო სისხლით რწყავს ლექსებს.
რუსი სანადიროდ და საშოვარზეა.
რუსკა წითელქუდობს, მოკვდება
და გაცოცხლდება დღესვე.
რუსა დედაშვილობას საქმიანობს.
რუსიკო ოჯახს აწიოკებს,
რადგან პედაგოგია, კომბლე
და დედა – ნაწილობრივ.
რუსოია სამშობლოში დედაკაცია,
ემიგრანტობაში ლოცულობს.
ხატებით სავსე გოდების
კედელი აქვს,
მაგრამ ხანდახან ერთობა კიდეც
მისი გაპრანჭული მოცულობა.
რუსკიმ სახლობანაში ვერ ივარგა,
რეცხვაში დაპატარავდა
და შედგა.
მე სულ მეკითხებიან ვინაობას
და თავს ვისაწყლებ ხოლმე:
ვარ ხუთი შვილის დედა.


საძაგელი მზესუმზირა

დასაწყისისთვის მოწაფეები
გადაირევიან ერთმანეთში
და ვალაგებ ზეცისკენ მიმავალ
საჩემო კიბედ.
კარგად რომ შევიკრა,
ტანსაცმლიდან არ გადმოვიღვარო,
მე მათ ღილებად ვიბნევ.
ვარ ასეთი მასწავლებელი,
მინდა შევიგრძნობდე
ოცივე მოზარდს.
ვშლი მათ მსუბუქ ნარკოტიკებად
და ცუდად მხდიან,
თუ გადავაჭარბე დოზას.
ჩვეულებრივად კი სიყვარულის
ახსნაში ვარ,
ვაფეთქებ ფილოლოგიურ
ნაღმებს.
დავემსგავსე საძაგელ მზესუმზირას,
მოწაფეებო, (თაყვანს) ვეღარ გცემთ,
რადგან სიტყვები ამომკენკეთ და
ცარიელ პირებს ვაღებ.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Thu Jan 11, 2018 1:29 pm

რუსუდან კაიშაური

დაჭერობანა თამაში არაა

რადგან ასე დავიწყეთ
მე და ბებიამ ერთმანეთში
არსებობა,
ჩემთვის რომ იცლიდა.
გული დამწყდა, ყველაფრიდან
ერთბაშად გავიდა,
ხავსად ამომეწოდა მიწიდან.
მაშინვე დედაჩემი ჩაენაცვლა,
შაქარივით შემერგო.
ერთად ყოფნის დიდხანობას
რაღაც სახელიც დავარქვით ორივემ,
მაგრამ მე ტყუილად მიხაროდა.
მერე შვილები გამომეკიდნენ
დასაჭერად,
თავიდან მათ მე დავდევდი.
ტანჯვით ამომყავდნენ ჩაცვენილები
მაინცდამაინც ეკალ-ბარდებში.
ახლა ისევ დაჭერობანას ვამზეურებ,
ვერ დავეხსნები სხვებს ისე, როგორც
წინსაფარი მოახლეს.
გასაქცევში ადგილი აღარ დარჩა,
მერანს ყურები დაუგრძელდა,
ჩემს გაუქმებულ გოგოობას
უნდა მოვახტე.


ორშაბათი

ორშაბათი დიდი გამოფხიზლების დღეა,
ანგელოზები პასუხს არ აგებენ ჩემზე,
სამშაბათისკენ გადამხრიან
და პარასკევამდე ისეთი ფხიზელი ვარ,
ცხოვრებას გამოვილევ სანახევროდ.
კვირიდან ამოვარდნილ რომელიღაც დღეში
წმინდანებს, როგორც ღმერთის ნასუფრალებს,
მივაწყდები.
გამომესარჩლებიან მიცვალებული ახლობლები,
ანგელოზებად ქცეულნი,
კვირის გზას თვალებით მიმასწავლიან.
ამიტომ ხელისცეცებით მივდივარ აღდგომისაკენ –
სერიოზული ანგელოზები ქრისტესთან არიან წასულები.
კიდევ ერთი ამოვარდნილი დღე და
წუთისოფელი ვერ დასრულდება.
ორშაბათს ვარ ახალი ან
კარგად დავიწყებული მე.
აგორებული თავისით არ ჩერდება.
ოთხშაბათს შვილს ან შვილიშვილს
უშეცდომოდ ვაჩენ,
(გამოცდილება თავისას შვრება).
ჯერჯერობით გამოსავალია
ეს ამოჩემება.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   Wed May 09, 2018 11:05 pm

რუსუდან კაიშაური

ადამიანი გაჭირვებით

ბუნება აივსო ჩემი შეძახილებით,
ჩემი ბავშვებით.
ყველგან მე ვარ გაფანტული,
ისე მოდებული, როგორც გაზაფხული.
ხანდახან თავს ვაჯერებ:
ცა მე მიჭირავს ხელებით,
რომ არ დაიქცეს
და ფეხებს ღრმად ვარჭობ
მიწაში, რომ არ გაიქცეს.
მაგრამ აოხრებული ვარ დარდებისაგან
და ამიტომ ვნაწილდები,
ხარკს ვაძლევ ყველას,
ვინც მაჭმევს ძაღლივით
და ქალი კი არა,
ადამიანი ვარ გაჭირვებით.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: რუსუდან კაიშაური   

Back to top Go down
 
რუსუდან კაიშაური
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: