არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლელა სამნიაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyMon Aug 28, 2017 1:51 pm

ლელა სამნიაშვილი Lelas10

Lela Samniashvili

ტბა – ხელისგულით

ხელის გაშვებაც, ჩაჭიდებაც – რიტუალია -
წმინდა. და რადგან ეს თითები – ჟონავს თითებში -
ისე – არასდროს რომ არ ხდება – ვირტუალური
სივრცეებისკენ (სიტყვები რომ ითოშებიან
ეკრანზე – ვითომ კოცონები, სულის შებერვით -
ლოლუებად რომ იქცევიან) – ტბა – ხელისგულით
დამაქვს. შიგ ბევრი ურჩხულია. შიგ – ცერბერია
და ათასგვარი საფრთხობელა მექანიკური -
გრენდელი – ფსკერზე გაწოლილი – კუდი – სამხრეთით -
როგორც კომპასი უმიზნობის და უდროობის.
ღრმად სძინავს, მაგრამ ოხშივარი ასდის სახეზე,
კენჭების სროლით როცა ვარღვევ მის მყუდროებას.
უნდა იცოდე. ზედაპირი – ასე კრიალა -
რასაც ირეკლავს – ტყის პროფილი და წყვილი გედი -
ზედაპირია. სიღრმეში კი – სიღრმე წრიალებს.
უნდა იცოდე. და თუ შეძლებ, ასეთსაც ენდო.


ლელა სამნიაშვილი


დაიბადა 1977 წელს. 1994-97 წლებში სწავლობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ ინგლისური ენის ფაკულტეტზე, ხოლო 1999-2000 წლებში — სინქრონული თარგმანის განყოფილებაში. 2005-07 წლებში სწავლობდა ოსლოს უნივერსიტეტში. 2001-03 წლებში ამერიკულ ლიტერატურას სწავლობდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში.
ლელა სამნიაშვილის პოეტური კრებულები სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ნომინანტი და გამარჯვებულია. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ნიდერლანდურ, იტალიურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. მისი პოეტური ტექსტები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა “არილში”, “ალტერნატივაში”, “ჩვენს მწერლობაში” და სხვა ლიტერატურულ გამოცემებში. 1996 წლიდან სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ წერილებს და თარგმანებს (ემილი დიკინსონი, თომას ჰარდი, სილვია პლათი, ტედ ჰიუზი, სალმან რუშდი, ჯონ აპდაიკი, იზაბელ ალიენდე და სხვ.).

წიგნები:
* ფოტო-აბები (მერანი, 2000)
* გველის წელიწადი (კავკასიური სახლი, 2004)
* მუდმივი ტატუ (სიესტა, 2006)
* ფრაქტალები (სიესტა, 2010)
* ლოცვა აბსტრაქციად (ინტელექტი, 2014).

თარგმანები:
* სილვია პლათის ლექსები ქართულად, მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკის სერია, მერანი, 1999
* ვირჯინია ვულფის საკუთარი ოთახი, ფონდი ტასო, 2007
* სილვია პლათის ზარხუფი, ფონდი ტასო, 2009; დიოგენე 2014
* უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“, გამომცემლობა არტანუჯი, 2019

ბმული:
* http://poetry.ge/poets/lela-samniashvili/poems
* http://tbilisilitfest.ge/index.php?do=full&id=5073
* http://book.gov.ge/en/author/samniashvili-lela/144
* http://www.lit-across-frontiers.org/profiles/lela-samniashvili/
* https://www.facebook.com/lela.samniashvili


"რა სურთ ქალებს?!" 27.06.16 ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო - ვირჯინია ვულფი
•Jun 27, 2016

სტუმარი: ლელა სამნიაშვილი.
წამყვანი: ქეთი ელიეშვილი.


Arrow


Last edited by Admin on Tue Feb 04, 2020 12:52 am; edited 8 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyMon Aug 28, 2017 1:52 pm

ლელა სამნიაშვილი

ზღვამ გა­ი­ტა­ცა მზის ქუ­დი...

ზღვამ გა­ი­ტა­ცა მზის ქუ­დი -
შხე­ფე­ბით, ტალ­ღის მორ­კალ­ვით;
ვი­ღა­ცას – თევ­ზის კუ­დი­ანს -
ტალ­ღა­ში თვა­ლი მოვ­კა­რი;
და ჩემს გარ­შე­მო გაშ­ლი­ლი –
ზღვამ თან წა­ი­ღო ნა­დავ­ლი:
ცა – გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე თავ­შა­ლი,
ნა­პი­რი – ჭრე­ლი სან­და­ლი;
ანაა, თუ – მა­რი­ა­ნა,
თუ კი­დევ ვინ­მე – დო­ბი­ლი?! -
სიტყ­ვე­ბის ელ­ვით, მა­რი­ლით -
ტალ­ღა­ში გა­დად­ნო­ბი­ლი;
ვი­საც ზღვის ლექ­სი აქ­ე­ზებს -
ვარ­დის­ფ­რად შე­ღა­მე­ბუ­ლი:
ქალ­თევ­ზად იქ­ცეს, ნა­პირ­ზე
და­ტო­ვოს – შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyMon Aug 28, 2017 1:53 pm

ლელა სამნიაშვილი

დამ­ს­ვე­ნებ­ლე­ბი

ამ ზაფხულს – წყა­ლი ვერ იქ­ნე­ბა
მი­წის ვე­ე­ბა კო­ცონ­ზე თუ ფერ­ფ­ლ­ზე ძლი­ე­რი;
ვი­ცი და მა­ინც, მა­ტა­რებ­ლის სარ­კ­მე­ლად იქ­ცა
წუ­ხან­დე­ლი ეკ­რა­ნის შა­ვი ჩარ­ჩო; ნაც­რის­ფ­რად
ამ­ო­ი­ბურ­ცა ზღვის ტი­ლო, მე ის
და­მალ­ბობს და და­მაბ­რუ­ნებს ის­ევ სიცხი­ანს.
ეს­ე­ნიც – ჩე­მი დო­ბი­ლე­ბი – წელს კი­დევ უფ­რო
მე­ტად გვა­ნან სა­კუ­თარ თა­ვებს თუ -
ოფ­ი­სის გო­გო­ებს თუ მზე­თუ­ნა­ხა­ვებს;
წვა­ნან ნა­პირ­ზე და ითვ­ლი­ან: ეს ცა არ­ის
პირ­ვე­ლი; სად­ღაც მე­სა­მე­ზე ბრწყი­ნა­ვენ
ჩვე­ნი საქ­მ­რო­ე­ბი; და მეცხ­რე­ზე – კა­დი­ლა­კე­ბი;
და მე­რე მა­ინც ერ­თად ვაბ­რუ­ნებთ
ქვებ­ზე ამ­ოყ­რილ მე­დუ­ზებს ზღვა­ში.
ღა­მის ტი­ლო კი­დევ უფ­რო მე­ტად სველ­დე­ბა:
სვე­ლი ხმე­ბი, სვე­ლი ფე­რე­ბი; აქ­ე­დან -
ღა­მის ბულ­ვა­რი­დან – ვე­ყუ­ჟე­ბით თი­თე­ბის თე­ატრს;
მსა­ხი­ო­ბე­ბი უც­ხო ღმერ­თებს გვა­ნან -
სი­ცოცხ­ლეს გრძნო­ბენ, ატ­ე­ვენ – ხე­ლის მტევ­ნებ­ში.
სუნ­თ­ქ­ვა­შეკ­რუ­ლი ვზი­ვარ და ვცდი­ლობ
არ გა­ვინ­ძ­რე. თით­ქოს ჰა­ერ­ში, ჩვენს თავ­ს­ზე­მოთ
ვი­ღაც ტივ­ტი­ვებს და იმ­ი­სი თი­თე­ბია – ჩე­მი ხე­ლე­ბი,
ჩე­მი ფე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მე
სვე­ლი მაქვს, გა­ოფ­ლი­ლი; კო­ღო­ე­ბის ნაკ­ბე­ნებს
ვით­ვ­ლი. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ამ ზღვას­თა­ნაც
და ხმე­ლე­თის შუ­ა­გულ­შიც – მთე­ლი ქვე­ყა­ნა
და­სიცხუ­ლია, დაკ­ბე­ნი­ლია და გა­უნ­ძ­რევ­ლად,
სა­ზიზ­ღა­რი ნე­ტა­რე­ბით ყვე­ლა­ფერს ით­მენს.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyMon Aug 28, 2017 2:02 pm

ლელა სამნიაშვილი

***

დრო სერიული მკვლელია. დროა
ვაღიაროთ და მივუტევოთ სხვა ნაძირალებს.
სიმართლე, როგორც კადრების ხროვა -
ხმაამოცლილი სამძიმარია.
ეს კი კვლავ ჩემი სიმდაბლეა -
კატასტროფა ვაქციო ლექსად,
ვწერო სიკვდილზე -
არაფრით რომ არ იმსახურებს
არც ყვავილებს, არ ფერუმარილს.
მკვდარი ნივთების სამყაროში ელავს სიცოცხლე.
არყოფნა ბევრად ბუნებრივია.
ეს ღირს სიმართლე – უპირობო და უეჭველი -
ნელი კვდომა – გაქრობამდე აჩქარებული.
ბოლოს პასუხსაც აგაფარებს – დაუჯერებელს -
მთელი თავისი სისხლჩაქცევებით, ჩალურჯებებით.
უყურე – ტვინის შერყევამდე სახიჩარია -
შეუძლია ამოჭამოს სილამაზე ნებისმიერი.
თვალებს ვერსად გადაუმალავ. მთელი შენი ავტომატური
გაღვიძებები, დაძინებები – არის მხოლოდ მისი ჩახმახი.
სადენებშიც ისევე ჟონავს, როგორც ძარღვებში -
გარდაცვლილმა მეგობრებმა „ფეისბუქშიც“ შემოაღწიეს -
მათი ღიმილი აუქმებს ყველა ვირტუალურ სამოთხეს,
ყველა თამაშს, რომელიც უსაფრთხო ჩანდა -
სასიყვარულო ბარათების წერას,
რბოლას ავტომაგისტრალებზე -
უნდა უყურო როგორც მხოლოდ საბედისწეროს.
გაუქმებული შუქურაა – თავის დაღწევაც.
თვალი კი – გემი – ყინულმჭრელი -
თავის გზაზე ამაოდ წვალობს.



ოთხი წლის ლექსი

ვარდები, შინ რომ დამახვედრე,
მთელი საღამო მხოლოდ ჩვენზე ლაპარაკობენ.
ჩვენს საიდუმლო ტბად იქცევა ლარნაკის წყალი -
მის კრიალა ნაპირებთან ჩათქმულ სურვილად, რომელიც მაშინ
ჭექა-ქუხილში გამოხვეულ თვითმფრინავზე ლამაზი და საშიში ჩანდა.
სხვა გზა არც იყო შინ დაბრუნების.

ოთხი ცალი ხავერდის ვარდი
ყვება ჩვენს ოთხ წელიწადზე -
იშვიათი ლექსებით და ხშირი სიტყვებით სავსე დღეებზე,
რომლებიც გავდნენ ათასფერი საღებავით დათხვრილ მუშებს -
აშენებდნენ სახლს, რომელში შებიჯებაც
იყო მხოლოდ შინ დაბრუნება.

საათმა, შიგ რომ ჩამოვკიდეთ,
თითქოს წარსულის გზებიც იცოდა -
გვიყვებოდა მარტოობის დავიწყების თავგადასავალს -
სავსეს ყოფითი ხიფათებით,
მათი პატარა საკნებიდან
თავის დახსნის ყველა მცდელობას.

როგორც სწრაფი კარუსელი,
შორიდან რომ მხიარული ჩანს,
მაგრამ გზადაგზა, მძიმე ნაყოფი, ხესავით, სცვივა -
მაშინებდა ყოფნის ყველა ატრაქციონი -
თვალისმომჭრელი, სულის წამძლევი,
საფასურით – გარდაუვალი ტრაგედიების.

კედლებს – კედლებთან მიკედლებულს
და მაინც ცალკე ბინადრობას -
ამოევსო ყველა ჩემი ძველი ქალაქი.
მათ სიღრმეში მეგულებოდა გაუქმებული ბავშვობის კარიც.
რომელიც ისევ გამოაღო
ჩვენი შვილის პატარა ხელმა.

შენ კი ფიქრობდი, რომ ქროლვა ღირს თავბრუსხვევად,
რომ ამ გზაზე მთავარია შენი ფირის ფერით ავსება,
საყვარელი ხმებითა და სახეებით,
წარსულიდან მოცქირალ თვალებს
ახალ სიცოცხლეს რომ დაანახვებს
და ამ სიცოცხლის მიღმაც – სიცოცხლეს.

სამი ცალი წითელი ვარდი. და ერთი – თეთრი,
ჯერ გაუშლელი – მომავალივით,
რომ არ ვიცით ზუსტი ფორმა.
ისინი ჩვენზე ლაპარაკობენ.
მთელი საღამო შემიძლია ვიჯდე, ვუსმინო.
მათ ლარნაკში შაქარსა და სიტყვებს ვამატებ.

მინდა ძალიან დიდხანს გაძლონ – ჭკნობის გარეშე.
ვიცი, რომ თითქმის შეუძლებელს ვთხოვ.
მაგრამ ისინი დღეს ისეთი სიყვარულით ლაპარაკობენ,
ეს ძველი დისკი, ლექსი, ამ ხმას თუ შეინახავს,
იქნებ დავსხდეთ და მოვუსმინოთ
ათი წლის მერეც, ოცი წლის მერეც.



წრედის ჩართვა

ალბათ გრძელდება არსებობა
ყოფნის გარეთაც -
უხმოდ, უთვალოდ, უხერხემლოდ, უძვლოდ, უმტევნოდ,
თუკი ახერხებ – ამ მეტალის დასმით გაკვეთო
სიცარიელე და სიტყვებით გამოუტენო
სხეული, რომ ეს უხილავი გახდეს ხილული.
თითქოს რაღაცას გკარნახობენ – ბაგის გარეშე -
ისინი, ვისაც ჩაეღვენთა ცვილად, ყინულად
…მკლავები – ფხვიერ არყოფნაში, წმინდა ხავერდში,
მტვრის სამკვიდროში.
კედლის მიღმა – მათი წრიალი -
გრძელდება. თითქოს არც არყოფნა ეიოლებათ.
ესეც შეკრული წრედი არის, ერთი წრე არის -
ზედ – ნაპერწკლებით – ჯადოსნური ნეირონებით.
უცხო საყვირში შეაღწიეს – შენ ხმას გართმევენ,
ლაპარაკობენ არეულად, ეკრანს აწერენ -
სიტყვებს, რომლებშიც უცნაურად ერთად ანთია -
მათი სურვილი – დაბრუნება,
შენი – გაღწევა.



მესაზღვრის სიმღერა

სამშობლო, მიეცი ძვლები უჟანგავი
ყველა შენს მესაზღვრეს,
რომელიც მოძრავი მიწის გუშაგია,
რომელზეც თესავენ -
ხან ყანას, ხან ბაღებს,
მტრის ჯარისკაცების
მუხლებს და იდაყვებს.

სამშობლო, რკინის და ნერვების მესერზე
ასხმულო, გიყვარდეს
ყოველი მათგანი. იყოს უანგარო -
მსხვერპლიც და ამაგიც.
მიეცი სახელი – ყველას – უჟანგავი.
ნუ მისცემ ჯამაგირს.

ვაშლის ბაღებიდან ასული კვამლი და
ტოტების ტკაცუნი.
ვაშლით დატვირთული ტრაილერები და
თვალები გაცურდა.

სამშობლო, ბაზარი – ის უსაზღვრებოა.
გარშემო უვლიან
ეს მთაგრეხილები, ეს წყალგამყოფები.
ის – მშობლიურია.



ზავის დადება

მრავლდება ხალხი თავ-თავისი სალოცავებით,
ჭრელი ნაკადი – რიცხვებით ბრძოლის,
ვიდრე დღეები უფრო სწრაფად ამოძრავებენ
ყბებს და საკუთარ სხეულებს ძოვენ
ბალახიანად, ხალხიანად.
ეს იარაღი – ბლაგვია, როგორც ყველა ბრძანება,
რომელიც გუშინ მედიდურად მოწყდა ბაგეებს,
დღეს კი სასტიკად აიკრძალება
გამეორებაც, მიდევნებაც.
გამოძევებულს – კმაყოფილების ბერწი ბაღიდან -
ამყვა უთქმელი სიმღერები, ამოცანები,
თავის ქალაში ისე გაღვივდა,
რომ შეიძლება დრო სხეულში გავასრიალო,
როგორც მბრწყინავი ნემსი – ჰაერში,
რომელიც არის უმიზნო და ლამაზი არის
ამ მითიური მიზნის გარეშეც.
და არ ჭირდება გუმბათს – ოქრო და ცას – ვანილი,
არც ლოცვის სიტყვებს -
მახვილები – სიმკვეთრისათვის,
რომ შუბლებიდან – საიმედო გალავნებიდან
ზავი დავუდოთ ძველ მტერს – სიკეთეს.




ანდროგინები

ცის თაღი ადგას დიდ იმპერატორს
და მის მწუხარე, ფრთოსან მინისტრებს,
დრო კი განაგებს ძველ ატელიეს -
ჭრის, აგვირისტებს, ჭრის, აგვირისტებს -
უთვალავ სახედ – ერთ მატერიას.

ისინი კი – უცხო ტომის ხალხი, კარგახნის გარიდებული
ნაყოფიდან ნაყოფის ცვენას,
შორიახლოს დგანან, გვიმზერენ -
სრულყოფილები, როგორც ჰაერი, ან წყალი -
კანის ფერისა და სქესის გარეშე,
რომ არა აქვთ ნაწიბურები, რასაც შიში შეეპარება,
ან სიბერე, ან კიდევ – ვნება.

მათი გაკვეთა ერთადერთი გზა იყო
იმის დასამტკიცებლად, რომ მომავალში გასაღწევად
საჭიროა ქალი და კაცი. მუხტი, რომელიც ამოავსებს
ჰაერის ფორებს – წამიერი, ერთმანეთზე დაგეშილი
სხეულების ბედნიერება, ილუზია უკვდავების,
შემოქმედების, საჭრეთელი – ახალი სახის გამოსაკვეთად.

ყოველი ბავშვი ძღვენია მისთვის.
თითოეული ისტორია სიყვარულის,
სასოწარკვეთა, ერთმანეთის ძებნა,
ტანჯვა მარტოობაში. გზადაგზა კი უსარგებლო,
აკრძალული შეჯვარებები – ვნების ღია ჭრილობები -
ახალ სიცოცხლედ რომ ვერ ხორცდება.
ანდროგინები, თუკი ისინი არსებობენ,
სევდიანად უყურებენ ყველა მოწამეს -

მგრძნობიარე ფერად თოჯინებს -
ერთმანეთის გამოძენძილ ძაფებზე რომ მიშტერებიათ
სხვადასხვა ზომის ღილის თვალები,
რომ იყოფენ ქსოვილს – ხორცისთვის,
უთვალავჯერ ჩაბრუნებულს ჩხრიალა სკივრში,
უთვალავჯერ ამოღებულს, გადაკერილს, გადაკეთებულს,
რომ როგორმე, იღბლიანი და შემთხვევითი შეხამებით
გამოჩნდეს სახე – ღმერთმა თავისი თავი იხილოს.



ლოცვა აბსტრაქციად

რამდენი ძეგლი აუშენეს ამაოებას,
რამდენი შთანთქა, ან ნასვრეტები გაუჩინა, დაიგემოვნა,
გაინაბა, ისე როგორც ჰოლანდიურ ყველში – თაგვი.
თითოეული ქვა, აგური, სიტყვა და ფერი -
ტკბილ საკბილოდ გამოიზოგა.

გახსოვს – ზღაპრებშიც ბრძოლა იყო,
მაგრამ გუმბათებს უელავდათ მამალოები
და მათ თავზე – კარგახანს – ჯვარცმაც შაქრის გეგონა.
წლებთან ერთად რკინად იქცა – ტანჯვის სიმბოლოდ -
ქარი და მზე რომ ვერ დაადნობდა.

დღეს შენი შვილი, სამი წლის, მოდის
დაჯღაბნილი ფურცლით ხელში
და გეუბნება – “ეს არის ომი”.
ეს უცნაური ზიარება აბსტრაქციასთან -
შენში ჩამდგარ ტბას აღვიძებს, აფორიაქებს.

ნიჭმა – კაუჭმა – ოქროს თევზის ამოსაყვანმა -
ტბას წითელი ქორჭილების ჯარი დასტყუა.
შენ კი ისევ ცდას განაგრძობდი -
მცურავ რკალებს ჩაშტერებული,
ვიდრე ნაპირს არ მოადგა სხვა მებადური.

წყალს დაუბრუნე ყველა დიდი და პატარა თევზი,
ყველა მცდელობა – დაგეტყუა ერთი სიტყვა -
სიმართლის მსგავსი – მათი მდუმარე ლაყუჩებიდან.
ადამიანს შეეკედლე. და კედლები და სახურავი -
ერთი სიცოცხლის სამყოფ ფართობს გადაეფარა.

ღმერთო, თუ გვატკბობ, თუ გვამწარებ, თუ გვამწიფებ
რაღაცისთვის – სიკვდილის გარდა,
იმის მიღმაც შეგვინახე ეს სიყვარული.



რომაული არდადეგები

რომი – ლომების ძველი არენა -
მთელი თავისი დიდებული შემოგარენით -
ქვის ძუ მგელია – შთამომავლებს ერთგულად კვებავს.

კოლიზეუმი ტურისტების სკაა, ხაფანგი -
ყურთსასმენებში გიდის ხმის ტემბრი ვერ ფარავს ზუზუნს,
უზარმაზარ ქვის სკაფანდრში შუბლი იზრდება,

იბერება თვალწინ წარსული – იმპერატორის ცერი – ქვემოთ,
მარტის სიზმრები, სერიალი ბრძოლების და შეთქმულებების,
მომავლისათვის – აწმყოს გვემის ქრონოლოგია.

იქნებ ამასაც ხედავდნენ მათი ორაკულები -
ფორუმთან – ფიქრის დრო არ არის – ვერ ანაყრებ ფოტოაპარატს -
კადრები, როგორც კარტის დასტა – ზედ აცვივა ხალხის ნიაღვარს.

ინდოელი მეწვრილმანე ამაოდ ცდილობს
მზის სათვალე შემოგასაღოს – ნახეთ, აქედან
ყველაფერი ბევრად უფრო რეალურია.

ამ ქალაქს ჭერი მოუხატა მიქელანჯელომ -
საკუთარი სიბრმავის ფასად. დღეს ბერლუსკონის ფერ-ხორცს ძერწავენ
სხვისი თითები, რადგან სჯერათ სხვა ესთეტიკის.

არისტოკრატთა ბაღებიდან გამოსულან გარეთ მონები -
ისეთივე ფერადები, როგორც წარსულიში -
იმპერიის ექსპანსიის მონაპოვარნი -

ქუჩა-ქუჩა ყიდიან ჩინურ სუვენირებს -
იტალიის ძველი დიდების ასლის ასლებს
საიდანაც გვიღიმის პაპი – დალოცვისთვის ხელაწეული.

პიეტასთან დიდხანს დგახარ ხელფეხშეკრული -
მოქანდაკე დღემდე ლოცულობს
და ტუჩები და თვალები ექოს ბედავენ.

ღვთისმშობელო, დაიფარე ყველა ჩვენგანი,
ვინც კარავაჯოს ასანთებად
რკინის ყუთში ერთ ევროს აგდებს, თუნდაც, ვერ აგდებს.




სამხედრო წრთვნები

სამი წლის წინათ, ომის დროს, ჩვენი სახლი გაძარცვეს.
დაბრუნებულებს ყირამალა დაგვხვდნენ ნივთები,
რომლებიც ალბათ უცხო თითებს ზიზღით ითმენდნენ.

წაიღეს ჩემი ოქროს ბეჭედი და რამდენიმე ბოთლი ღვინო.
ალბათ ჩქარობდნენ – მარტო უჯრები იყო დაცლილი
და არაფერი აუღიათ თაროებიდან.

მე მაინც დავრჩი მადლობელი, რომ არ დაწვეს ჩემი ალბომი,
არ დახიეს ჩემი წიგნები. რომ საერთოდ, დატოვეს სახლი.
ეს იქნება ჩემთვის მუდამ – სამარცხვინო მადლიერება.

დღეს კი, როდესაც ყურისძირში, თითქმის ქალაქში,
კვლავ გაისმის საბრძოლო წრთვნები, ხოლო ოთახში
ჩემს შვილს სძინავს, სილის გაწვნას გვანან წუთები.

იმუქრებიან თითო კაცის იმპერიები -
ჩვენი ჩონჩხები მათთვის არის ქვები, ჯოხები -
თითქოს ერთმანეთს ჩვენი ძვლებით იგერიებენ.

ჩვენ კი ვატაროთ უხილავი სამეფოები -
ყველა თვალისთვის უცხო მიწით, უცხო მოსავლით,
სადაც თვითონ ვართ მეფეები – გვირგვინოსანი,

ვატაროთ – ვიდრე ჯუჯები და გოლიათები
სათითაოდ არ გაბურღავენ, შემოანგრევენ -
ამ სიმყუდროვეს – დროებითი გვქონდეს სანგარი.

შვილო, მრცხვენია ამ ზღაპრების. არ შეეგუო
“ჭირი იქა და ლხინი აქა-ს” ბოროტ დასასრულს.
ის არ არსებობს. თუ არსებობს, შენ ნუ ისურვებ.

ჩვენი ფარული სამეფოების გარეთ გამოდგმა -
თანდაყოლილი სიმსივნეა ეს სიყვარული -
სამშობლოსი კი არა, მიწის. ეს – ქვემეხების იავნანაა.

თავს ვინ დაიძვრენს საკუთარი თავის ხიბლიდან,
როცა დრო ასე მყარად, ერთგულად
ამაგრებს ყველა ბავშვის ყიფლიბანდს.




***
შენი თვალები – ტბებიანებია -
შიგნით მარილის კვნიტებიც ტკბებიან
და მეც კენჭივით ვისროლე მოწყენა.

სიტყვები – თავნება და ვნებიანი -
ახლა გრძნობებზე ბევრად ნაკლებია,
მე კი ჯიუტად მინდა, რომ მოგწერო -

ვიღაცას ვუყვარვართ, თან ისე ძალიან,
რომ ძილის ნება მივეცი ჩემს თავს -
სიფხიზლეს ვივიწყებ. ვიძინებ შენთან.

უშენოდ – უშნოა – რაც ადრე ბრწყინავდა -
გზები და მზეები – ყველა წინა დღის -
ამ ძილისათვის მეთმობა.

ვარსკვლავიც დაეწყო – თავისით – კრამიტად -
ხედები – ტბებია – სარკმლიდან, კარიდან -
ეს გავს უთხოვნელ შენდობას.

ვიღაცას ვუყვარვართ, თან ისე ძალიან,
რომ ძილის ნება მივეცი ჩემს თავს -
სიტყვებსაც ვივიწყებ. ვიძინებ შენთან.


სააღდგომო მზადება

თითო ნაჭერი – მამლის ხორცი, ბატკანი, თევზი -
შენი სახელით – გამართლება ჩვენი ნადიმის -
როგორც კვერები – ზიარების – შენი ტრაპეზის
სუფრიდან, შენი ლოდინი რომ გაგვიადვილოს.
უფალო, ჩვენი მოლოდინიც აბეზარია -
ვხმაურობთ, ვგავართ კრაზანების ბუდეს ნამდვილად -
შენი წყალობის თაფლი გვინდა ყველას სადილად.

აღარავისთან არ მაქვს საქმე შენს გარდა, რადგან
სხვა ყველა ზუსტად ჩემი მსგავსია -
თუნდაც კისერი მოიტეხოს, ყირაზე დადგეს
ვერ ამოძვრება სივრცის გარსიდან,
რომელიც ისე გაიწელა, გონებას გაცდა,
ყველა ფორმა და ჩრდილი გასცილდა.

ჰე, ღმერთო, ერთო, გავაყოლე ცხოვრებას თვალი -
(ამ მანძილს მხოლოდ თვალით ამოთხრი)
ვერტიკალური უფსკრულია, თუნდაც რომ იყოს
კაშკაშა, როგორც ბრმების სამოთხე,
წარსული – ცხვრების გაძოვილი, გადათელილი,
აქა-იქ – ნამწვით – განწირული ამბოხებებით.

აღარავისთან არ მაქვს საქმე შენს გარდა, რადგან
სხვა ყველა – ჩემი გენომებიდან
გამოზრდილია – ბრმა კიდურებით
თაყვანს გცემენ თუ გეომებიან -
მათი ეჭვების გარნიზონები -
დამარცხებაში მეორდებიან.

ჰე ღმერთო, ერთო, გავაყოლე ცხოვრებას თითი -
სტრიქონებს შორის პურის ნამცეცებს
და ჭიანჭველებს გადავაწყდი – გაფაციცებით
რომ ირეოდნენ. მათგან არც ერთი
არ მოათრევდა სარჩოს შენსკენ.
მე კი – გეძებდი. ასე დამარცვლით -
მეგონა, რომ პოვნას შევძლებდი.

აღარავისთან არ მაქვს საქმე შენს გარდა, რადგან
ყველას პასუხი მჭლეა, მსუყეა
და მე ვშიმშილობ. ასეთი მარხვაც
არსებობს – ასე კვებავ სულ ყველა უძღებ შვილს,
ასე მტკიცედ, ურყევად
უტოვებ შენთან მოსვლის უფლებას.

გვაქვს სააღდგომო სამზადისი -
ვდგავართ მიჯნაზე -
სიცოცხლისაკენ მობრუნება გვსურს გულმხურვალედ
და ჩემი ხელიც უნებლიედ გადამწერს პირჯვარს,
რადგან აპრილის ხეხილს ვუყურებ.



ისევ ფოტოგრაფია

აი, ბავშვები, ვისი პირველი ფოტოებიც არის ფერადი -
პირველი თვიდან მკაფიოა თვალის ფერი,
ბაფთების ფერი, ყვავილები – ბამბაზიაზე
საყვარელი ტონალობები დედის და მამის,
ნათლიების – ჭრელა-ჭრულა გეტრები და საწვიმარები.
ფოტო-ალბომებს თვალი უსმენს -
სეზონები გიამბობენ თავ-თავის ამბავს -
სხეულებზე მეტად – ფერებით -
… თუ მწვანე ჭარბობს, სააღდგომო სამზადისია -
ხასხასა მწვანე გადასდის ჰაერს,
თეთრი სუფრა – მთელი თავისი სანოვაგით -
შეკუმშულა შინდისფერ კვერცხში.
ბავშვი ხელს იწვდის -
რომ გაზაფხულს, საბოლოოდ, მუქი ნაჭუჭი შემოაცალოს.
ზაფხული კი – ლურჯი, ყვითელი -
სარაფნები – ერთმანეთის გასწვრივ, დღეებზე -
როგორც სარეცხის თოკზე – ფრიალებს -
წითელი, მწვანე, ჟოლოსფერი, მწვანე, წითელი.
მერე მტევანი იწყებს ლაპარაკს -
ფერით გეტყვის ენა რამდენად დაშაქრული აქვს,
რთველში ბავშვებიც გვანან ყმაწვილ დიონისეებს -
მათ თვალებში სხივი თამაშობს -
ერთ ადგილზე ფოტოშიც რომ ვერ გამოიჭერ.

ძველ ფოტოებს როცა დავყურებთ,
თითქოს იქაც ყველაფერი არის წესრიგში -
ნაძვის ხეზე ყველა ბურთს აქვს თავისი ფერი,
წითლად ელავენ ყელსახვევები, დედის კაბა არის ბაცი
აგურისფერი, მზეზე თვალები გვიმწვანდება,
მამა ზუსტად ჩვენი ხნისაა, ლურჯი აცვია,
ბებიას კი ვარდისფერი პომადა უყვარს.
ბავშვებს ვუამბობთ ფერებს – დამარცვლით.
ჩვენს ყველაზე ფერად ფოტოებს შავ-თეთრი ქვია.



***
სახლის მცენარეს რა შეუძლია?
წყალს თუ დაუსხამ – მწყურვალს, უძინარს -
ფესვებით გაშლის ქოთანში ლოცვანს.

თუ არ დაუსხამ – მაინც ილოცებს -
ხველებ-ხველებით, გვალვის ბრონხიტით -
ოთახის ჰაერს მოხვეტავს ბორცვად.

მინდვრის ნარგავებს, ველურ არსებებს -
თუ უწყალობებ წვიმებს – მოსვამენ,
თუ მოაწყურებ – კისრებს დახრიან.

ვინც კი მშიერი სადმე დაგრჩება,
რომც გაგიბედოს და შემოგღრინოს -
მხოლოდ საკუთარ არსებას დახრავს.

სარჩოს – სარჩოსთვის რომ ანაწილებ -
შენი ხორბალი, მხეცი, ფრინველი -
ერთ უზარმაზარ ქვაბში ირევა.

ფოთოლი, ფრთა და ბრჭყალი ყოველი -
სრულქმნილებისთვის გამოყვანილი -
დანაყრებისთვის მაინც მცირეა.

რომ არ გყოლოდი თავისუფალი -
სიყვარულიდან გაზრდილი შიში -
დაკარგვის შიში – ჩემზეც დაგეშე.

ახლა თითების ბალიშებიდან,
თმის ღერებიდან, კიდურებიდან -
ეს შიში ჟონავს და არ გამიშვებს.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyMon Aug 28, 2017 2:03 pm

ლელა სამნიაშვილი Lela_s10

ლელა სამნიაშვილი

ჩეჩენი გოგოს ლექსი

ეს ჩემი სული ცეცხლთან არის შეწყვილებული _
შავმა ამიკრა ბაგე და სუნთქვა.
კლდის მიწაზე რომ დამითესეთ ნაღმის პურები,
უბეში მიდევს და თითებით ვეფერები -
ჭაბუკი ქმრის მკვდარი მკერდივით.
არც წამწამი, არც ცრემლის წვეთი
არ მოწყდება რკინის გუგას. ჩემი ნაწნავი
დახვევია ალაჰის მაჯას. კლდის ნატეხი
მიდევს უბეში და თითებით ვეფერები,
ჩემი შვილის მკვდარი შუბლივით.
მე ვარ მძევალი ამ მძევლების. მძევალი -
ტაშის ექოებით სავსე დარბაზის -კლდის დარბაზებში
მომსკდარი ტყვიის ექოებით, ავი ზარით რომ იფარება.
უბეში მიდევს სიძულვილი და თითებით ვეფერები,
როგორც ხსოვნას ჩემი მკვდარი სიყვარულისას.
მკვდარი სამშობლოს, მკვდარი ღმერთის,
მკვდარი ქალის კივილი - თქვენთვის სასურველი -
მკვდარია ჩემში; და ჩემი ტვირთიც - თქვენს ტრამალში
თუ ჩაიმარხა, ალალი იყოს - ნაღმის პური,
კლდის ნატეხი, სიძულვილი - ამოცლილი ჩემი უბიდან.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyTue Nov 07, 2017 12:02 pm

ლელა სამნიაშვილი

ქალაქი

სურვილს ჩაუთქვამს, როგორც წესია,
ყველა უთქმელად. ყოველდღიური
თხოვნების სია. ოქროს თევზია
ღმერთი და მისი აკვარიუმი -
ტაძარი. თითქოს ბადით მოზიდეს
და მოოქროვილ ჭურჭელში ჩასვეს.
ნოე კი ისევ თავის მორზე ზის
და გადარჩენის გეგმებით სავსე
თავზე გადასდის ზღვა. წყლის შიშინი
ყურებში. ქუჩის ხმაურის სიგრძე.
თუ გადაფარავ შენი სიშიშვლით
სხვებისას, იქნებ წმინდანად იქცე.
და წმინდა წყლები ნიაღვრებისა
მიაქვს დროს, რადგან დრო არის წარღვნა.
და კორპუსების სიმაღლეები
ვეშაპებივით მოუჩანს საზღვარს.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyFri Feb 09, 2018 3:45 pm

ლელა სამნიაშვილი

დირიჟაბლი

მოდი გავექცეთ ამ ქვეყანას - მძიმეს, ჟანგიანს,
ძველი მილებით სავსეს, ძველი სახურავებით,
ხოლო ევროპა ვარდისფერი დირიჟაბლია
და გაგვაქროლებს ცხოვრებაში, ცაში, მცხუნვარე
ბედნიერების შუაგულში.
თუმცა, მეტია
მსურველი, ვიდრე დირიჟაბლში ერთად ეტევა.

თუ მაინც მზე გვსურს, დაჟინებით, წავიდეთ, მოდი,
გავიქცეთ სადმე აფრიკაში, ვნახოთ სავანა
თავისი ვრცელი თვალისჩინით და ხალხის მოდგმის
მწარე წყურვილით, ჭაბურღილით,
ფეხით სავალი
კილომეტრებით, და საკუთარ თვალებს ვაჩვენოთ -
შეიძლებოდა სახურავის შეცვლაც, დარჩენაც.

მოდი, ვეძებოთ ჩამარხული ბრილიანტები,
რომლებსაც თხრიან ბავშვები და მათი ციმციმი
ლამაზ ქვეყნებში ლამაზ ქალებს ბრწყინვას მატებენ,
ვიდრე ბავშვები ნეკნებიდან ვერ იცილებენ
შიმშილს სიზმრებშიც.
სხვა სიზმრებში კაშკაშა დღეა
კუნაპეტშიც და ქვები ისევ ბრმა თვალებს თხრიან.

მოდი, გავექცეთ
მიწის ბელტებს, ტკივილის ბელტებს,
რომლებსაც ვინმე სხვა მორწყავს და ვინმე უწამლებს,
საკუთარ თავებს ამისათვის ვერ გავიმეტებთ,
გავყვეთ ოცნებას, გავყვეთ პროგრესს, გავყვეთ უსწრაფეს
ცვლილებას,
თუნდაც დარჩენილა მიწაც, პლანეტაც
ამ დირიჟაბლის მიღმა,
ასე ცალკე, გარედან.


2018

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptySat Jan 05, 2019 11:03 pm

ლელა სამნიაშვილი

გვერდხედი

და სად წავიღოთ ცხოვრება, რომელიც ვიცხოვრეთ?
ვის ვაჩუქოთ? რომელ თაროზე შემოვდოთ სუვენირად?
შვილები ალბათ გაიღებენ მოწყალებას,
დაგვაჯერებენ, თითქოს სჭირდებათ
ეს წვრილმანები,
სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყოლილი მინიატურები,
მოგონებები, რომლების მოყოლაც მოვასწარით.
მერე ნელნელა ჩანაცვლდება დიდი და პატარა ნივთები,
გადაშლიან და ვერ იცნობენ
ფოტოალბომის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს,
ამოარჩევენ რამდენიმეს
მათთვის საერთო მოგონებიდან -
ბაკურიანის გირჩს,
ერთად ნაყიდ სათამაშოებს,
ფოტოებს, სადაც მათ ვუღიმით.
დანარჩენი - სხვენს ან სარდაფს შეეფარება.
ისიც - დროებით.
ყველა ცხოვრებას ელოდება
გაქრობამდე - სხვენებში და სარდაფებში
დავიწყების განსაწმენდელი.
"უკვდავებაც" ხანგრძლივი შლაა
თავისი ყველა გამოჭერილი წამით, შედევრით.
ამაოა ჩვენი იმედი,
როგორც მტვრის წმენდა გამუდმებით
ავეჯზე და იატაკზე
ამ მტვრით მოზელილ სამყაროში.
ჩვენ კი რაღაც მეტს მოველით
ასე დღითიდღე შეგროვებული ცხოვრებისაგან;
რაღაცას, თუნდაც დასრულებული,
აწყობილი პაზლის მთლიან ხედს -
ვინმეს თვალი ჩვენთან ერთად რომ იზეიმებს, დაიმახსოვრებს,
ჰიპოთეზური თითები ვიდრე ჩამოხსნიან
უმცირესი ნაწილაკებით
შეკოწიწებულ საშობაო დეკორაციებს
და ჩვენთვის უცხო, არაფრისმთქმელ მოზაიკად გადააწყობენ.

2018

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptySat Jan 26, 2019 11:24 am

ლელა სამნიაშვილი

ნაახალწლარი სონეტი

ქალაქმა ალბათ დაიჯერა, რომ ლამაზია
და დასჭირდება ამნეზია, რომ შეელიოს
ამ საახალწლო განათებებს და ფანტაზიით
სავსე ვიტრინებს, სიკაშკაშეს, რაც შეერია
გუშინდელს. ხვალ კი ჩამოხსნიან ფერად ნათურებს
და აკეცავენ ნაძვის ხეებს მომავალ წლამდე
და სილამაზეს კვლავ რუტინა გაახალტურებს
და მოხატული ნიღბებით არ ჩაკბეჩენ მწვადებს
მოქალაქენი. ხვალ ქალაქი ისევ მჭკნარ ფერებს
შეაბერდება - ჭვარტლისა და კვამლის მძევალი,
საკუთარ სხეულს შესთავაზებს, როგორც საფერფლეს -
ზეიმით დაღლილ მწეველებს და არამწეველებს.
დაიჯერა, რომ ლამაზია. თუმცა, სრულდება
დღესასწაული. ყველა თავის თავს უბრუნდება.

2019

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 447
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyWed Feb 20, 2019 9:33 pm

ლელა სამნიაშვილი

მოკვდავები

და როცა ბოლოს, მასპინძლებად თავი ვიგრძენით,
ქუჩა ავავსეთ ჩვენი სუნთქვით, სახლი - ნივთებით,
გავიზეპირეთ მთავარი გზის სიგრძე-სიგანე,
ეტიკეტები, ტაბულები და სუბტიტრები
მილოცვების და სამძიმრების; როცა დავაგეთ
ჭრელი ფარდაგი კარის ზღურბლთან, ცხოვრების კატაც
მოშინაურდა და იპოვა ფეხის ალაგი,
და ყველა კვამლი გაიფანტა სიფხიზლის გარდა
და ზარზეიმით დავხვდით ქვეყნად ახალშობილებს
და გადავწყვიტეთ გვემასპინძლა, გვესწავლებინა
ძველი ხერხები გადარჩენის - ქარში, ორპირში,
გაუკაწრავად ამოძრომა ყველა ვნებიდან, -
ვიღაცამ ცხვირწინ ჩაგვიკეტა ჩვენი სახლები.
არც პირადობა გვაქვს ჯიბეში, არც გასაღები.

2019

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 38
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyWed Aug 07, 2019 7:59 pm

ლელა სამნიაშვილი

ზღვის სეზონი

შეუძლებელია ზღვის მოსურვილება. სურვილის გაშვება
შეუძლებელია, როცა მზის ჩასვლები თვალებზე მალამოდ
გედება. მაგრამ დღეს შტორმია ზღვაზე და შტორმს ეთამაშება
ძაღლი. და ტალღები და ძაღლი ერთმანეთს ლოკავენ. საღამო
ქარის და მარილის მორევი - ივსება დაცლილი პლიაჟით.
კენჭებიც და ხალხიც თითქმის გაიხვეტა და მხოლოდ ქვიშაა
და ძაღლი, რომელიც ზღვას ეთამაშება. და შტორმის გნიასში
თანდათან იზრდება ტალღების სიცივე, სიმაღლე, სიშავე.
და ზღვაზე შტორმია, წითელი ალმები. მზეც უანარეკლოდ
ჩავიდა მორევში. ფერად პირსახოცებს ნაცრისფრად აშრობენ.
წარსულში რაც რჩება, არც ერთით მეტია, არც ერთით ნაკლები.
ზღვა ისევ აწმყოში ამოყრის ძაღლს და კაცს - მკვდარ სათამაშოებს.
ზღვა ერთი ყლუპია. ზღვა ყელში ამოდის და კეტავს სასულეს.
ზღვას სულ არ ანაღვლებს მკვდრები და ცოცხლები. წყალია. სივრცეა.
და ისევ მლაშდება ზაფხულის სეზონი ასე სასურველი.
მლაშდება, გუბდება და სადღაც, ზურგსუკან, უგულოდ ირწევა.

2019

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyThu Dec 05, 2019 1:25 pm

ლელა სამნიაშვილი

ჰამლეტის დაბრუნება

სახე აქვს ამ ვარდს. ვარდად ყოფნის ამბავს უსტვენს ნოემბრის ბაღში.
უფლისწულია, გვირგვინი რომ მაინც არ ერგო.
მისი ფურცლების სიტყვებს მალე ქარი გადაშლის,
ჩამოიშლება ოქროსფერი ბაღის სამეფო,
და მიწას, ზედ რომ დასცქეროდა, უნდა გაეგოს
წამიერ ნოხად მისი სახის მთელი ხავერდი.

ვინც უკვე ჩაქრა, სიცოცხლიდან ვინც კი გავიდა,
ნოემბრის ბაღში იბადება თითქოს ხელახლა.
თითქოს თავიდან, ბრმა თვალიდან გამოახედათ
უკვე მიმჭკნარმა ყვავილებმა, ბზამ და ვენახმა.
ცოცხლები ასე სიცოცხლეს ვერ შეიყვარებდნენ.

ამ სილამაზის დაჭერაა დროის მოგება.
ხოლო დანარჩენს მოერგება გველის სრიალი
და სამოსივით გაცვდებიან მოგონებებიც,
მაღალი ძაბვის გრძნობები და სერიალები,
მონოლოგებით, არავინ რომ არ მოისმინა.

2019

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyTue Feb 04, 2020 12:15 am


Měsíc autorského čtení / Authors´Reading Month 2017 : Lela Samniašvili / ლელა სამნიაშვილი (Brno)
•Streamed live on Jul 9, 2017

(c) Větrné mlýny, 2011 (9. 07. 2017)
(c) Authors’ Reading Month, 2017
Měsíc autorského čtení je největší středoevropský literární festival, který probíhá v Brně, Košicích, Ostravě, Lvově a Wroclawi www.autorskecteni.cz/www.authorsreading.eu

Lela Samniašvili:
Básnířka a lektorka literatury a vzdělávací politiky. Narodila se v roce 1977 v městečku Gori, první básně začala publikovat ve čtrnácti letech. Rozsáhlé literární vzdělání prohloubila výzkumem v oblasti americké literatury na University of California, Berkeley, filosofii vzdělávání pak vystudovala na univerzitě v Oslu. Je uznávanou básnířkou: vydala pět básnických sbírek a je držitelkou řady literárních ocenění. Mistrovský um v práci s jazykem a cit pro rytmus a melodii gruzínštiny jí dovolil přispět do gruzínských literárních procesů i překlady složitých textů, například románu Pod skleněným zvonem Sylvie Plath. Její poezie se vyznačuje jemným ženským hlasem, který zkoumá univerzální témata.

Lela Samniashvili:
Lela Samniashvili is a Georgian poet with the noble day job of a teacher of literature and educational politics. Born in the little town of Gori in 1977, she started publishing poems at the age of 14. With an in-depth educational background in literature, having been a researcher of American literature at the University of California, Berkeley, and a 2007 master of the philosophy of education at the University of Oslo, she is also a well-established poet. With five collections published, Samniashvili has won several literary prizes. Her sense, possession and understanding of the music and rhythm of the Georgian language also allows her to contribute to Georgian literary processes as a translator of complex texts such as The Bell Jar by Sylvia Plath. In her poetry, Samniashvili touches and explores universal issues with a subtle female voice.

ლელა სამნიაშვილი:
პოეტი ლელა სამნიაშვილი 1977 წელს დაიბადა ქალაქ გორში. ავტორი ლექსებს 14 წლის ასაკიდან გამოსცემს. პოეტური შემოქმედების გარდა იგი საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა და ლიტერატურას და განათლების პოლიტიკას ასწავლის.

ავტორი 2001-2003 წლებში ამერიკულ ლიტერატურას იკვლევდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. 2007 წელს მიიღო უმაღლესი განათლების ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი ოსლოს უნივერსიტეტში.

ლელა არის ხუთი პოეტური კრებულის ავტორი და არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. მისი პოეზია თარგმნილია ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ, ნიდერლანდურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ავტორს ასევე თარგმნილი აქვს მრავალი ტექსტი ინგლისურენოვანი ავტორების შემოქმედებიდან, მათ შორის ვირჯინია ვულფის ”საკუთარი ოთახი” და სილვია პლათის ”ზარხუფი”. თავის ლექსებში ლელა მგრძნობიარე პოეტური ხმით საუბრობს საკაცობრიო მნიშვნელობის საკითხებზე.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyTue Feb 04, 2020 12:19 am


ლელა სამნიაშვილის ლექცია ბუქ სითიში
•Dec 11, 2014

ავტორი: სალომე მოდებაძე

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyTue Feb 04, 2020 12:28 am

ლელა სამნიაშვილი

ფარდაგი

ქვიშა და წყალი, ქვა და ხავსი -
რელიეფი შენი ფარდაგის -
სახელდახელოდ გაგორებულის -
ტერფქვეშ იცვლება. დაბიჯებას ძლივს ვასწრებ.
კაწრავს. თვითონვე არჩენს.
ქუჩები და კიბეები და იატაკი,
განათება და შუქ-ჩრდილები -
მიცვლის სახეს, ასაკსა და მიმართულებას.
ნაბიჯს ვუჩქარებ და ფარდაგიც სულ უფრო სწრაფად
მიგორავს, ასწრებს ტერფქვეშ გაგებას.
ღმერთო, ზოგჯერ როგორ უშენოდ მტკივნეულია.
ხოლო ზოგჯერ - ფეხის თითები -
თმის ღერებამდე იწყებენ ციმციმს.
ცაც იცვლება ჩემს თავსზემოთ -
სპეცეფექტებს არ იშურებს -
მომდევს თავისი ღრუბლებით და
დიდი დათვის თანავარსკვლავედს
მოაფრიალებს. ვერ გავიგე -
ეს მზეები ერთჯერადია, თუ ერთია
და დღეები გზადაგზა სცვივა.
როგორ ვენდობი მე ამ ფარდაგს,
როგორ მივყვები, და ისიც - როგორ იგრაგნება,
როგორ მიგორავს- სულ უფრო სწრაფად -
ტერფქვეშ გაშლას ასწრებს, აგრძელებს.
რამდენი ნივთი დამრჩა უკან -
ვერ ავისხი სამკაულებად.
თითები და მხრები არ მეყო.
ოკეანემ შეასახლა მათში თევზები.
რასაც სული აქვს, თან გამომყვა -
გამოიქცა, კვალდაკვალ მდია -
ალუბლის ხეში ლიქიორი ჩადგა, გაცოცხლდა,
მეგობრებმა არქტიკული სილურჯისკენ
თვალების თაფლი გამომაყოლეს,
ტბებმა ყინული გადაიკრეს, რომ გადამევლო,
შენ - ჰაერივით შემომეხვიე,
რომ მეყო ასე - სუნთქვის ბოლომდე.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyTue Feb 04, 2020 12:44 am

ლელა სამნიაშვილი Lelas_10

ნაწარმოების დასახელება: ჰამლეტი
ავორი: უილიამ შექსპირი
ISBN 978-9941-487-42-2
კატეგორია: თარგმანები
გვერდები: 252
ფორმატი: 14x18
გამოცემის თარიღი: 2019
ყდა: რბილი
ფასი: 14.95

ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა


„ჰამლეტი“ ქართულად 1886 წელს გამოქვეყნდა და ივანე მაჩაბლის პოეტურად უზადო თარგმანი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ დღემდე ცოტას თუ უფიქრია ალტერნატიული ვერსიის შექმნაზე.
უნდა ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდებისთვის დღეს ძალისხმევას მოითხოვს შექსპირის წაკითხვა ქართულად. არადა, შექსპირის თემები ისევ ძალიან თანამედროვეა. მარადიულ კითხვებზე აგებულ ფილოსოფიასთან ერთად, შექსპირის მასშტაბურობა და კოსმოპოლიტიზმი ერთ-ერთია, რაც „ჰამლეტს“ არ აძველებს. ჭრელი გემოვნებისთვის „ჰამლეტი“ ნებისმიერ ეპოქაში ინარჩუნებს ერთგვარ კაუჭებს. სანახაობის მოყვარულებს აქ დღესაც დახვდებათ დინამიური, ემოციური ამბავი; ტრადიციონალისტებს – სამეფო კარის ცხოვრებისა და ჯენტლმენობის ნოსტალგიური აღწერა; სოციალისტებს – მომავალი რევოლუციების წინასწარმეტყველური ქადაგება; სკეპტიკოსებს – ტრაგიზმის წამლეკავი მახვილი ირონია; ფემინისტებს – შექსპირის ეპოქისათვის უჩვეულო ხმა, რომელიც სქესთა შორის უთანასწორობას წარმოაჩენს, როგორც პრობლემას.
უილიამ შექსპირი „ჰამლეტში“ თან იყენებს და თან არღვევს ფორმულებს, განუწყვეტლივ თამაშობს კალამბურებით, რიტმი მუდმივად ივსება შენაკადებით და ქმნის განშტოებებს. აქა-იქ გამორეული რითმები ხან შემთხვევითობის ეფექტს ტოვებს და ხან წინასწარგანზრახულობის. ეს ახალი თარგმანიც პიესის სწორედ ამ თავისებურებების დანახვაა, ორიგინალთან დაბრუნება – დროში უფრო შორიდან, მაგრამ ისევ საქართველოდან.

:::

მეფე: ჰამლეტ, სად არის პოლონიუსი?
ჰამლეტი: სავახშმოდ.
მეფე: სავახშმოდ? სად?
ჰამლეტი: იქ არა, სადაც თვითონ მიირთმევს, არამედ სადაც მას მიირთმევენ. პოლიტიკოსი მატლების ხროვა შემოხვევია. ბოლოს მატლია ჩვენი დიეტის იმპერატორი. სხვა არსებებს ვასუქებთ, რომ ჩვენ გაგვასუქონ და მატლებისთვის ვსუქდებით თვითონ. გასიებული მეფე და მჭლე მაწანწალა - განსხვავებული მისართმევია - ორი კერძი ერთ მაგიდასთან. ბოლო ეს არის.
მეფე: ღმერთო, გვიშველე!
ჰამლეტი: შეიძლება თევზაობისას კაცმა კაუჭზე წამოაცვას მატლი, რომელმაც მეფე მიირთვა, და სადილად მიირთვას თევზი, ის მატლი რომ გადაუსანსლავს.
მეფე: ამით რისი თქმა გინდა?
ჰამლეტი: არაფრის, მხოლოდ, მსურს დაგანახოთ, რა სრულყოფილი გზა შეიძლება გაიაროს მეფემ ღატაკის ნაწლავებში.
მეფე: პოლონიუსი სად არის?
ჰამლეტი: ცაში. ვინმე გაგზავნეთ, რომ დარწმუნდეთ. თქვენი შიკრიკი იქ თუ ვერ ნახავს, სხვა ადგილას თვითონ მოძებნეთ. მაგრამ ერთ თვეში თუ ვერ იპოვით, დარბაზის ბოლოს, კიბის თავზე უსათუოდ იყნოსავთ.
მეფე: (მხლებლებს) წადით, იქ ნახეთ!
ჰამლეტი: არ იჩქაროთ, დაგელოდებათ.

:::

ბმული:
* http://www.artanuji.ge/book_ge.php?id=421

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyMon Feb 10, 2020 2:26 pm

ლელა სამნიაშვილი

მერვე დღე

ვინც ნემსის ყუნწში გაძვრა – გაება,
ამოიკემსა სულ თეთრად – შავზე.
არ შველის სრული გაძვალტყავება
და რა თქმა უნდა, ნაკლები შანსი
აქვს, ვინც სამყაროს მუცლით ეხება
და ხორცის ცხენზე მთელ ფსონებს ჩადის,
ვისაც თვალს სტაცებს ქვები, ფეხები,
თუ საცობების პრიალა ჯართი –
სამსახურიდან – სახლამდე
(შანსი –
ნემსის ყუნწიდან გაექცე ამ წრეს,
არ დაგვირისტდე არც თეთრად – შავზე,
და არც პირიქით –
ამ ნაწერივით)
ჩავცქერი – დროის კარგვას, გაშვებას
სიტყვების – გზებზე – გულის მუჭიდან –
ჩაბნელებას და გაკაშკაშებას –
სადღეღამისო სადგურის – კუჭის.
ისევ შვიდი დღე. წმინდა სცენარით
გამორიცხული აწმყო – გაღწევა –
ერთადერთ დროში.
მცენარეებიც –
ქარის ნებაზე – დღეებს არწევენ
და რა თქმა უნდა, ნაკლებს სცოდავენ,
დაუწერელზე რადგან არ წერენ.

2008

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyTue Feb 18, 2020 9:19 pm

ლელა სამნიაშვილი

რა შეიძლება დაემართოს სიყვარულს

ყველაზე უარესი,
რა თქმა უნდა, სიკვდილია.
ერთ გულში რომ თავისთვის ბჟუტავს,
მეორეში კი კარგა ხანია, ჩონჩხად იქცა
და ზედ წარსულის ყვავილები თუ ამოდიან -
შემთხვევითი მოგონებები

ძველი, ძლიერი ხელით - ხელზე ჩაჭიდებული -
თითები, თითებს ისე ჩაზრდილი,
თითქოს მათი შეხორცება
ჩანდა იმ დროს გარდაუვალი.

მაგრამ დედის საშვილოსნოში ხორცდება
ყველა შიშველი ნერვი,
გულის გარშემო ჩონჩხს იკეთებს,
კანს გადაიკრავს
და თავიდანვე განწირულია -
სიყვარულშიც მარტოდმარტომ იხეტიალოს.

და იმ გულშიც, რომელშიც ბჟუტავს,
დაბერებული ფერიები
თავებს ამაოდ აკანტურებენ.
მათ ჯადოსნურ ჯოხებს წლების წინ
ახალთახალ სიყვარულზე დაუხარჯავთ
შეხების მთელი ჯადო და კენკრა.
გამაყუჩებელ ნემსებადაც არ ივარგებენ.

უღიმღამო ტიტრები რჩება ანიმაციას.
ბჟუტავს და ბჟუტავს
და მოთმინების ამბავია -
სადამდე გასტანს.

დაძინებამდე შობის სანთელს
ზოგი ცერა თითით ჩააქრობს.
ზოგი ბოლომდე ელოდება,
რომ ნამწვიდან ამოსული კვამლი
ძილში ჩაიყოლოს მწარე სურნელად.

მაგრამ ეს ხომ მშვენიერი დასასრულია,
მაშინ როცა ეკრანები თითქმის ყოველდღე
უფრო ზუსტ და გულახდილ პასუხს
გვაფარებენ რომანტიკით სავსე თვალებზე:

ახალგაზრდა ქალის გვამი
საძინებელში, ეზოს კართან, გზაჯვარედინზე -
უტყუარი მტკიცებულება,
რომ სიყვარულს შეიძლება ეს დაემართოს -
კი არ მოკვდეს,
ურჩხულად იქცეს,
ურჩხულებად, რომელთაც სჯერათ კუთვნილი ხორცის
და უფლების - კოცნონ და ხოცონ.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptyTue Feb 18, 2020 9:22 pm

ლელა სამნიაშვილი

კვირა დილა

ჩაქრა შაბათი.
ჩაქრება კვირა დღეც,
რომ ისევ სწრაფადვე
ამოყირავდეს
ქვიშის საათი
მოვალეობების,
მითიურ მომავალს
ვიდრე ვეომებით
აღჭურვილები
ბასრი მოთმინებით
და გვამოძრავებენ
მსგავსი მოტივები -
სურვილი გაღწევის
წრიდან, გრაფიკიდან,
თუმც მთავარ უქმეზე
ფიქრიც კი არ გვინდა.
მივყვებით ქარავანს -
საერთო კალენდარს
და ქუჩის ძაღლები
გვიყეფენ გარედან.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი EmptySun Mar 15, 2020 12:22 am

ლელა სამნიაშვილი

ტურიზმი პანდემიაში

ძველი წიგნები სავსე იყო ქოლერით, ჭირით.
ნათელ დღეებში ვკითხულობდით, როგორც ფიქციას.
პომპეის ფერფლშიც ვსეირნობდით და ლეღვის ჩირი
ხელშეუხებლად ლურჯად ენთო. თუ მიგვიცია
თავებისათვის ნება - ფიქრით ფერფლში ჩაყოლის,
სნეულებების ქვაბულებში - ისეთი სიღრმე
არ გვიძებნია, წაკითხული და მონაყოლი -
აგვკიდებოდა ტანზე კეთრად. თუმცა, ვიკითხეთ,
ვწერეთ, ვაქციეთ ფილმებად და ტილოზეც დავდეთ.
ვუცქირეთ, დავტკბით ჩვენებურად - ფასიც დავადეთ.
თანაგრძნობასაც შევეცადეთ. გულწრფელსაც ჰგავდა.
გადავავადეთ დასასრული ისევ ხვალამდე.
დღეს კი გათენდა ყველა წიგნი, ყველა ნახატი,
ჩვენ რომ გვეგონა - დავხედავდით, შევინახავდით.

2020


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ლელა სამნიაშვილი Empty
PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   ლელა სამნიაშვილი Empty

Back to top Go down
 
ლელა სამნიაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: