არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 თამაზ ხმალაძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

თამაზ ხმალაძე Empty
PostSubject: თამაზ ხმალაძე   თამაზ ხმალაძე EmptyFri Nov 25, 2016 5:30 pm

თამაზ ხმალაძე Tamaz_10
Tamaz Khmaladze


თამაზ ხმალაძე
მწერალი

თამაზ (აკაკი) გიორგის ძე ხმალაძე დაიბადა 1946 წლის 29 აგვისტოს, სიღნაღის რიონის სოფელ ნუკრიანში.
1969 წლის გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა „მოლოდინი“. მას შემდეგ მისი ნაწარმოებები სისტემატურად ქვეყნდება ჩვენს სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდის ცალკე წიგნებად.
ქართველი მკითხველი დიდი ინტერესით შეხვდა მის პროზაულ კრებულებს: „მოლოდინი“, „ორნი ღუმელთან“, „დღეთა ქარავანი“, „ათი ახალი მოთხრობა’’...
ამ კრებულებში შესული ნაწარმოებები დიდი ადამიანური სიმართლით, ლაღი და ცოცხალი დიალოგებით, დასამახსოვრებელი ხასიათებით, კოლორიტული სურათებით, თავანკარა, მადლიანი ქართულით, მდიდარი ლექსიკით, იუმორითა და სინათლით გამოირჩევა...
მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია რომანს „დროის მკვლელები“, მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ქართული მწერლობის განხილვისას მკვლევარები ამ რომანს მომავალშიც ვერ აუვლიან გვერდს.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია სომხურ, რუსულ, ესპანურ ენებზე.
მუშაობდა საქართველოს რადიოში, ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა მთავარ რედაქციაში. იყო რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1993 წლიდან კი - მთავარი რედაქტორი. მისი საავტორო გადაცემები იყო: „ენაი შემკული და კურთხეული“, „დროება“, „პოეზიის ქნარი“, „ლიტერატურა და სხვა“.
საქართველოს რადიოში გადმოცემული რჩეული დიალოგები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, ცალკე წიგნებად გამოიცა სხვადასხვა გამომცემლობაში.
1995 წლიდან ხელმძღვანელობს მწერალთა კავშირის ქიზიყ-ჰერეთის (ცენტრით სიღნაღში) განყოფილებას.
იყო რამდენიმე უმაღლესი სასწავლების პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სიღნაღის (კახეთის) ფილიალის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე.
არის გიორგი ლეონიძის, ნიკო ლორთქიფანიძის, გურამ რჩეულიშვილის, ჟურნალ „დროშის“, ჟურნალ „ოლეს“, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისა და საქართველოს რადიოჟურნალისტთა ასოციაციის პრემიების ლაურეანტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და ღირსების მედლით.

წიგნები:
* მოლოდინი : [მოთხრობები] - თბ. : მერანი, 1986 (სტ. N 1)
* დღეთა ქარავანი : [მოთხრობები] - რედ. ლალი ჩიკვაიძე ; მხატვ. მალხაზ თავაძე. თბ. : ეროვნული მწერლობა, 2007.
* ორნი ღუმელთან : მოთხრობები /, თბილისი : მერანი, 1991.
* დროის მკვლელები : რომანი / [რედ.: ლეილა მესხი ; მხატვ.: ჯემალ ზენაიშვილი] - თბ. : მერანი, 2000.

ბმული -
* https://www.facebook.com/tamaz.xmaladze
* http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/225824
* https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/22876?publication=0
* http://mcs.gov.ge/getattachment/3ed50232-80a5-4040-add0-28e0cbbbbe77/N-141.pdf.aspx
* https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/22876?publication=0

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 21, 2020 12:28 am; edited 7 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

თამაზ ხმალაძე Empty
PostSubject: Re: თამაზ ხმალაძე   თამაზ ხმალაძე EmptyFri Nov 25, 2016 5:35 pm

თამაზ ხმალაძე Tamaz_14

პუბლიკაციები: ხმალაძე, თამაზ

* "დარდი"; "სისხლი" : [მოთხრობები. 1981, N8] / თამაზ ხმალაძე // ცისკარი. - , 1997. - N9. - გვ.108. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 225277]
UDC: 821.353.1-3
მატიანის რუბრიკა: მხატვრული ლიტერატურა; ფოლკლორი; სსრკ ხალხთა ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.
* ღრჯუ : [მოთხრობა] / თამაზ ხმალაძე // ცისკარი. - , 1988. - N12. - გვ.7-37[MFN: 266708]
UDC: 821.353.1-3
მატიანის რუბრიკა: მხატვრული ლიტერატურა; ფოლკლორი; სსრკ ხალხთა ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.
* როგორ ვიცით ქართული... : [დიალოგი ქართული ენის სწავლების თაობაზე, დედაენასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე / თამაზ ხმალაძე, გიორგი გოგოლაშვილი // კრიტიკა. - , 1992. - N2-3. - გვ.62-67[MFN: 289733]
UDC: 372.8:811.353.1 + 373(075)
• გოგოლაშვილი, გიორგი;
მატიანის რუბრიკა: ფილოლოგიური მეცნიერებანი; ენათმეცნიერება; ქართული ენის სწავლება; საქართველო; სახელმძღვანელოები.
* დროის მკვლელები : [რომანი] / თამაზ ხმალაძე // ცისკარი. - , 1999. - N2. - გვ.15-71. - დასასრული. - დასაწყისი იხ. N1[MFN: 308476]
UDC: 821.353.1-31
მატიანის რუბრიკა: ფილოლოგიური მეცნიერებანი; მხატვრული ლიტერატურა; ლიტერატურათმცოდნეობა; ქართული ლიტერატურა.
* დროის მკვლელები : [რომანი] / თამაზ ხმალაძე // ცისკარი. - , 1999. - N1. - გვ.14-67. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 350915]
UDC: 821.353.1-31
მატიანის რუბრიკა: ფილოლოგიური მეცნიერებანი; მხატვრული ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.
* ტოპონიმოსი; სამი კაცი დუქანს არი; რეკვიემი ჭინკებისთვის : [მოთხრობები] / თამაზ ხმალაძე // ცისკარი. - , 2003. - N3-4. - გვ.47-58. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 351254]
UDC: 821.353.1
მატიანის რუბრიკა: მხატვრული ლიტერატურა; ქართული ლიტერატურა.

study


Last edited by Admin on Fri Feb 21, 2020 12:26 am; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

თამაზ ხმალაძე Empty
PostSubject: Re: თამაზ ხმალაძე   თამაზ ხმალაძე EmptyThu Feb 20, 2020 11:09 pm

თამაზ ხმალაძე Tamaz_12


თამაზ ხმალაძე

ანგელოზის ფრთის ქვეშ
რადიოპიესა


მოქმედი პირები:
1. ლუკა
2. დაყმევებული _ (სასურველია, ლუკა და დაყმევებული ერთმა და იმავე მსახიობმა ითამაშოს)
3. ლუარსაბი _ ლუკას მეგობარი
4. ნიკა _ ლუკას მეგობარი
5. მიხო _ ლუკას მამა
6. მაგდანა _ ლუკას დედა
7. მაყვალა _ ლუკას შეყვარებული
8. მართა _ მაყვალას დედა
9. შაქრო _ მაყვალას პაპა

(ისმის კახური ჩონგურის შორი, ერთფეროვანი ხმა).

ლუარსაბი _ (იწყებს მშვიდი, ტკბილი ხმით, თითქოს ბავშვებს ძილის წინ ზღაპარს უამბობდეს). ამბავი, რომელსაც ეხლა
მოგიყვებით, მთლად ისეთი ძველიც არ არის, ლელთ-ღუნია რომ ამბობს, მაშინ ვაჟაი ვაჟაბდის და ქალაი ქალაბდისო, მაგრამ ვერც იმას იტყვი, გუშინდელიაო... ეეეჰ, იმის მერე იორშიც და ალაზანშიც კაიძალმა წყალმა ჩამოიარა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, სხვა ქარი მიქროდა და მჯეროდა, დაბანილ-დასუფთავებულ-დავარცხნილ მიწას ერთთავად მზით გაჩახჩახებული კრიალა ცა დაჰყურებდა და ირგვლივაც სულ სიკეთით სავსე, მჩქეფარე სიცოცხლის მოყვარული ხალხი მეხვია, რომლებიც სხვათა სიხარულს საკუთარი სიხარულისგან ვერ არჩევდნენ და სხვათა სიკეთით ნეტარებდენ. რა იყო მაინც, ჰა, ზოგჯერ მგონია, მცირე ხნით ჩამთვლიმა, ჩემი ახალგაზრდობა დამესიზმრა და უცებ უკვე ხანდაზმულს გამომეღვიძა-მეთქი. აღარც კი მჯერა, მე თვითონ თუ ვიყავი ამ ამბის მონაწილე.

(ჩონგურის ხმა თანდათან კლებულობს და წყდება).

ლუარსაბი _ მოგეხსენებათ, მაშინაც და ეხლაც ზაფხული ჩვენში ცხელი იცის, მაგრამ იმ წელიწადს მაინც სულ სხვანაირი პაპანაქება დაიჭირა _ ბოტორო, ბუღიანი _ ჰაერში დატრიალებული ალხისაგან იქით კავკასიონი აღარ ილანდებოდა და აქეთ კიდევ ივრის ზეგანი. შებეზრდა ხალხი, ცერად დაიწყო ყურება გათეთრებული ზეცისაკენ. ჰეეე, ჯერ თურმე სად იყავი, მკათათვეზე უარესი მარიამობისთვე გამოდგა, იმან მთლიანად მოგვითავა ხელი. ჩაკვდა, ჩაიხარშა სოფელი, დღისით
აღარავინ გამოდიოდა გარეთ, თუ ვინმე თავმოძულებული გამოჩნდებოდა, ისიც გრილო-გრილო დაიპარებოდა და ღობეებს ეგლისებოდა. ხალხი მაინც ტოკავდა, ჩუჩუნებდა, სულს იბრუნებდა, ბახტურიძიანთ ბოსტნიდან ბავშვის ტირილი ისმოდა, ვიღაცა თუ რაღაცა ნასყიდას ძაღლს უწადინო ღავღავის საბაბს აძლევდა, მიხოს ეზოში, მსხალზე, ჭიაფანდურა ჭიჭინაზე სქდებოდა, მსხლის ძირას კი ლუკა იჯდა და გაშტერებული დაჰყურებდა ჭიანჭველას, თავისზე ხუთჯერ დიდ ტვირთს ყოველგვარი ურიკისა და კურტნის გარეშე რომ მიათრევდა შინისაკენ. ჰო, დაჰყურებდა, მაგრამ ვერც იმ ჭიანჭველას ამჩნევდა და ვერც სიცხესა გრძნობდა, ორ კვირაზე მეტი იყო, გუნება ჰქონდა წამხდარი, აღარც მუშაობა იზიდავდა, აღარც _ სმა-ჭამა და აღარც _ გართობა-ხადილობა. ლუკას უგუნებობაღა უნდოდა ისედაც სულშეხუთულ სოფელს? დღისით ხვატისაგან ნიათდაკარგულმა საღამოობითაც მოიწყინა, უხალისობით მთლად ჩამოყარა ყურები. კაცო, ეგეთი რა ეძგერა, ეგეთი რა ანანდეული სატკივარი გამოუვარდაო?! _ კვირობდა დიდ-პატარა. ამან ესა თქვა და იმან ისა, მთის იქითურსაც გადასწვდენ და მთისაქეთურსაც. ჩხრიკეს, იკვლიეს, იძიეს და მაინც რომ ვერაფერი იგუმანეს, გაწბილებულები დადუმდნენ.
ადრეც მითქვამს, ლუკასნაირი ჩონგური სოფელში არავინ იცოდა. უიმისოდ ლხინს ლხინი არ ეთქმოდა და გართობას
_ გართობა. დაკვრით ხომ საუცხოოდ უკრავდა, ხმა კიდევ უკეთესი ამოსდიოდა ყელიდან _ ისეთ სიმღერას იტყოდა,
მიჯნურობის ალწაკიდებულ ბულბულს გააჩუმებდა და დამორცხვებულს მისვამდა ვარდის ძირში. მაგრამ რად გინდა, აგერ ორ კვირაზე მეტი იყო, აღარც ჩონგური აეღო ხელში და აღარც სოფელში გამოჩენილიყო. სხვებზე უწინ მშობლებს ეკუთვნოდათ შეფიქრიანება და შეფიქრიანდნენ კიდევაც. ჯერ შორიდან უთვალთვალეს, გარშემო უტრიალეს, უდარიელეს _ ეგებ მივხვდეთ, რა დაემართაო. მერე ეფერნენ, ეგურგურნენ, თაფლად დაეღვარნენ _ თვითონ გვეტყვის თავის სატკივარსო. გაგიგონია! ვერაფერი დააცდენინეს. ბოლოს იფიქრეს, ამაზე უკეთესს რა წამალს მოვუნახავთო და კაი სადილი გაუწყეს. ყოველი შემთხვევისათვის ვაქირიდან ქალ-სიძეც დაიბარეს, ლუკასთან სიტყვა ეთქმით და საქმეში ხელს თუ არ წაგვაშველებენ, წახდენითაც ხომ არაფერს წაახდენენო. მაგდანამ ერთი ბენჩივით დედალი დააკვლევინა ქმარს, მიხომ, თავის მხრივ, ქვევრს მოხადა თავი. იშტის მომგვრელი სუფრა ნიორთავათი დაამშვენეს და თავში ლუკა მოუსვეს. არც ამან გასჭრა _ ორი-სამი ჭიქა დალია ძალისძალად, მერე შეიკრა კაპიწი და ვეღარც ლუკმა გადააცდენინეს და ვეღარც ხმა ამოაღებინეს. ფუჭად ჩაუარათ სამზადისმა, ჩაჟამებულები, მოქრუშულები აიშალნენ სუფრიდან. ქალ-სიძე რომ გაისტუმრეს, მიხო და მაგდანა ერთმანეთს იმაზე წაეკიდნენ, ჯერ ექიმი მოვგვაროთ და მერე მკითხავთან წავიდეთ, თუ ჯერ ვამკითხავებინოთ და მერე ექიმი მოვგვაროთო. დაირივნენ, შეჰყვნენ ერთმანეთსა და მაგრად იჩხუბეს. იმათი ხმა ალბათ საქობოში ჩადიოდა. შეყელთებული მიხო დინგაზე გამოვიდა, ცოტა გულს გადავაყოლებო. იქ კი ბედად მე და ნიკა, ლუკას ძმაკაცები, დავხვდით, შვილის მაგივრად ის გავიამხანაგეთ და ის გავიყოლიეთ იფნიანებში პურის საჭმელად.

(ისმის და თითქოს არც ისმის ნაკადულის რაკრაკი, ჩიტების ჭიკჭიკი, სიოსაგან ანათრთოლი ფოთლების ხმიანობა... იგრძნობა,რომ ბუნებაში არიან.).

ნიკა _ მიდი, მიდი, დალიე, მიხო ძიავ, გულიდან დარდი გადაგეყრება.
მიხო _ ნუ დარდობ, ნიკავ, მე დალევაზე პატიჟი არა მჭირდება.
ნიკა _ ეგრე, ეგრე, ჯიგარი ხარ, მიხო ძიავ.
ლუარსაბი _ (იწყებს სიმღერას) სმა უმღერალი არ ვარგა, ვაჟკაცი დაუთრობელიიიი...(ხმაარეულად ასდევენ ნიკა
და მიხო) ფუუუჰ, არა, რაა, არ გამოდის. კიდევ კარგი, ჩვენს გარდა არავის ესმის.
ნიკა _ ვაჰ, შენც რაღა ამ სიმღერას ჩააცივდი, ლუარსაბ, სხვა სცადე რამე, უფრო იოლი.
ლუარსაბი _ კაი, ბატონო, სხვა იყოს, რაა. აბა დავიწყოთ _ პურსა ჰჭამენ და ღვინოს სმენ, სიმღერას არ იტყვიანო, არ
ვიცი, ვისა მგლოვობენ, არ ვიცი, არ იციანოოო... (ისევ არეული, შეუწყობელი ხმები). ნიკავ, რა ღმერთი გიწყრება, ამხელა კაცმა წესიერი მეორე ვერ უნდა თქვა?!
ნიკა _ ვაჰ, ეხლა მე დამაბრალე! ძალა ხო არ არის, ძმაო, ვერ ატყობ, რომ უიმისოდ არაფერი გამოდის?
მიხო _ ლუკაზე ამბობ, არა? კარგია, სულ მე მგავს ეგ მამაძაღლი ეგა...
ნიკა _ ჰოო, კაცო, სიმღერაზეც ხო შეგეტყო.
მიხო _ მიდი, მიდი, მაიმუნო შენა... (ყველანი ხარხარებენ).
ლუარსაბი _ რა მაგის პასუხია და მიხო ძიავ, წეღან რაღაცა გნიასი გამოდიოდა თქვენი ეზოდან, რა მოხდა, შენ და მაგდანა
ძალო ხო არ წაჰკამათდით?
ნიკა _ წაჰკამათდითო? (თავისთვის იცინის).
მიხო _ ჰო, ეგრე იყო.
ლუარსაბი _ ეტყობა, ისევ იმ დუთინას გამო დაერიეთ ერთმანეთს, არა?
მიხო _ ჰო, ეგრეა. (უცებ გაბრაზდება), კაცო, მე აქ ჩემი სატკივრის დასავიწყებლად წამოვედი და თქვენ კიდევ... თქვენ კიდევ უფრო მიმღავრებთ იარასა?!
ლუარსაბი _ თვითონ რაო, რას ამბობდა?
მიხო _ ვინა?
ლუარსაბი _ ვინა და შენი ბედოვლათი შვილი.
მიხო _ აეს ქვა ამბობს რამეს, მე რო ვზივარ? (ტაშივით ისმის ორ-სამჯერ ხელის დარტყმა ქვაზე).
ლუარსაბი _ დაა... ვითომ ვერც თქვენა ხვდებით, რა სჭირს, არა?
მიხო _ ეეეჰ, ერთი ეგ გამაგებინა, ლუარსაბ, და რაღა მომკლავდა.
ლუარსაბი _ ოოო, რა ხარ, მიხო ძიავ, რა ხარ, ვინც არ გიცნობს... მაშ არც იმან შეგაფიქრიანათ, ტარიელივით ტყე-ველად ეგრე რატომ გაიჭრაო?
მიხო _ ვინ გაიჭრა, ლუკამ გაიჭრა რამე, ლუარსაბ? შენ რა იკლიბაკლოდ მელაპარაკები.
ნიკა _ მიხო ძიავ, ხო იცი, ნათქვამია, კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი არ დამალაო, მაშ ვერა ხვდებით, რა სენი შეეყარა
თქვენს ლუკას, არა?
მიხო _ აგე, მაღლა ღმერთი და აქ კიდევ თქვენა, თუ რამესა ვგუმანობდე. რო ვხვდებოდე, ეგრე გავჩერდებოდი? ოღონდ ვინმემ გულისხმაში ჩამაგდოს და მერე მე ვიცი.
ლუარსაბი _ გულისხმაში ჩაგდება რასა ჰქვიან, რაა, პირდაპირ ვერ გეტყვი?
მიხო _ შე კაი დედმამისშვილო, თუკი რამე იცი, რა პირში წყალი ჩაგიგუბებია, სამახარობლოს უცდი?!
ლუარსაბი _ მიხო ძიავ, დავიჯერო, ვერ ატყობთ, რო ლუკას ისაკოს გოგო ჰყავს ათვალმაზებული, იმისი თხოვნა უნდა და იმიტომ არის ეგრე გაბაციბუცებული.
მიხო _ რომელი ისაკოსი, ლუარსაბ?
ლუარსაბი _ ხეჭრელიანთი, ჩვენს სოფელში მაშ სხვა ისაკო ვინ არის.
მიხო _ მაყვალას თხოვნა უნდა, ბიჭო?
ლუარსაბი _ ჰო, მაყვალასი, ისაკოს მაშ სხვა რომელი გოგო ჰყავს გასათხოვარი.
მიხო _ აუჰ, მაგ ქვაწვიებისა, კაცო! ძუნწები, ძუნწები, რო მუჭიდან წვეთი წყალი არ გავარდებათ.
ლუარსაბი _ რას იზამ.
მიხო _ ვაჰ, თუ რას იზამო და ითხოოს მაშინ, წინ ვინ უდგას?!
ლუარსაბი _ ითხოოს, რაა, ეგრე იოლი ხო არ არის, დალოცვილო, ერიდება კაცსა, ვერ გაუბედნია...
მიხო _ მერე, თქვენ რაღას აკეთებთ, ძმაკაცები არა ხართ, რატო არ წაეშველებით? სუფრას რომ შემოუსხდებით ხოლმე და გულზე მუშტს იბრაგუნებთ, ჩვენაო ერთმანეთისათვინ ესენი ვართ და ისინი ვართო, ეხლა რაღა გაბრკოლებთ?
ლუარსაბი _ რა არის, იცი? ვიფიქრეთ, მიხო ძიას არ ეწყინოსო.
მიხო _ გამაგიჟებთ თქვენა! მეწყინოს რასა ჰქვია, დღე და ღამე იმის ნატრული ვარ, გვარის გამგრძელებელს ვეღირსომეთქი და ეგ მეწყინება? ლუკაც ხო თქვენი კბილაა, თქვენ რო უკვე ბაღში შელალეთ შვილები, ეგ როდემდე იჯდეს ყუყივით
მარტო?
ლუარსაბი _ ეეეჰ, ჩვენ რათ შევაყენეთ ფეხი, მიხო ძიავ, იცი? ხალხმა არა თქვას, ესენი ვისი ტიკი-ტომრები არიან, ლუკას თვითონ თუ ვერ გაუბედნია, მშობლები ხო ჰყავს, უპატრონო ხო არ არისო.
მიხო _ უპატრონო ხო არ არისო?
ნიკა _ ჰო, ობოლი ხო არ არისო....
მიხო _ მშობლები ხო ცოცხლები ჰყავსო, არა?
ლუარსაბი _ ჰო, რაა...
მიხო _ ბიჭოოო, ბიჭოოო! ბრძენი ხარ, ბრძენი, ლუარსაბ, წინდახედული, აზრიანი, გამგებიანი... ყველაფერს გაითვალისწინებ ხოლმე, საქმეს ყველა მხრიდან შემოუვლი, ასწონ-დასწონი და ადამიანს სწორე გზაზე დააყენებ... ეხლა აღარა მიჭირს რა, ეხლა მე ვიცი და ჩემმა კაცობამ! გავგაზე პირდაპირ ისაკოსაკენ.
ნიკა _ დაიცა, შე კაი კაცო, რა ცეცხლის კიდებაა, ჩავათავოთ პურის ჭამა და მერე წადი. აგრილდება კიდეც და უფრო
გულდინჯად ავზომ.
მიხო _ არა, არა, ეგ გადასადები საქმე არა ყოფილა, ნიკავ, როცა შვილი ეგეთ ყოფაში მყავს, აგრილებას დაველოდო? ისედაც თურმე რამდენი დრო გამიცდენია. კარგად იყავით, კარგად.
ნიკა _ ბიჭოოო, როგორ გაცუხცუხდა! (იცინიან).
ლუარსაბი _ ნეტა მეტისმეტი ხო არ მოგვივიდა, ჯო?
ნიკა _ გააჩნია, შინ რამდენი ჰქონდა დალეული.
ლუარსაბი _ რავი, მერე სანანებელი არ გაგვიხდეს-მეთქი.
ნიკა _ ნეტავი შენა. მა რა ვქნათ, კაცო, რა ვიღონოთ, როდემდე უნდა იყოს სოფელი ეგრე თვალგულამოღამებული.

(შორეული ხმა ჩონგურისა).

მიხო _ მაგდან, მაგდან!
მაგდანა _ რა იყო, ადამიანო, რა გაყვირებს?
მიხო _ ბიჭი სად არის, დედაკაცო?
მაგდანა _ ნაკალოვრებისაკენ ჩავიდა, ვირს გადავაბამო. რა იყო, რო?
მიხო _ არაფერი, არაფერი. მოიტა ერთი, ხელ-პირი და ფეხები დამაბანინე, საგარეო ტანისამოსიც გამიმზადე და ფრჩხილებიც დამაჭერი, სხვაგანა ვარ წასასვლელი.
მაგდანა _ სად სხვაგან, ამბავს მაინც არ დაგვიტოვებ, საით იჩაჩქნები?
მიხო _ ეგ მე ვიცი.
მაგდანა _ (თავისთვის) წახვალ და წადი, ქა, რავი, სულ გარე-გარე არ დადიხარ, ეხლაც სხვაგან არ ეხირე?
მიხო _ ხეჭრელიანთან უნდა გადავიდე.
მაგდანა _ რაო, ვისთანაო?
მიხო _ აბა ეხლა ყურსაც დაგაკლდეს! ვისთან და ისაკოსთან.
მაგდანა _ იმათთან რა საქმე გაქვს, ადამიანო?
მიხო _ ლუკასთვინ გოგო უნდა ვითხოვო.
მაგდანა _ რა უნდა ჰქნა, კაცო?!
მიხო _ გოგო უნდა ვითხოვო-მეთქი, ვერ გაიგე შენა!
მაგდანა _ დადექი, მიხო, შინ დაეტიე, მამიჩემის ცხონებამა, შენი ჭკუის ამბავი რომ ვიცი, რამე ფათერაკს არ გადაეყარო.
მიხო _ ფათერაკს არა მათერაკსა... რაა, ჯერ არავისაგან არაფერი გვითხოვნია? ქალის თხოვნა რაღაა ვითომ, რო
ეგ გაგვიჭირდეს.
მაგდანა _ მე ჩემი მითქვამს და... თანაც ნასვამი ხარ, დაიწყებ იქ აკარაკულ ლაპარაკსა და სულ წაახდენ საქმეს. ნუ აიტეხავ ხოლმე რაღაცას, მოისვენე შენცა და ხალხიც მოასვენე.
მიხო _ რა მოვისვენო, დედაკაცო, ხომ ხედავ, როგორ ვემზადები, (ისმის წყლის ჭყაპა-ჭყუპის ხმა), ვინმეს ხომ არა ჰგონია, ლუკას დედ-მამა დაეხოცა და უპატრონოაო. სანამ პირში სული მიდგას, მე მაგ სიტყვებს არავის ვათქმევინებ, შვილს
არავის დავაჩაგვრინებ!
მაგდანა _ ვიშ ქა, ვინა სჩაგრავს, რო?
მიხო _ ეგ მე ვიცი, რო გითხრა, მაინც ვერ გაიგებ და...
მაგდანა _ ისე მაგ სიმართლით შენ იხარე!

(შორეული ხმა ჩონგურისა).

მიხო _ გამარჯობა, ხეჭრელიანებო, როგორა ხართ, როგორ! ისაკო საით არის, ჰა, ისაკო გამოვიდეს გარეთ!
მართა _ (თავისთვის) ეს ვიღა ოხერი მოეხეტა, ქა. (ხმამაღლა) გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს, მაგრამ ისაკო არ არის შინა.
მიხო _ რას ამბობ, კაცო, შინ არ არის რასა ჰქვიან, მა სად არის?
მართა _ (თავისთვის) აჰ, მიხო ყოფილა ეს სანაცილე. (ხმამაღლა) ვენახშია, ვენახში, ლობიოს საგლეჯად.
მიხო _ ვაჰ, ამ სიცხეში ვენახში რამ წაიყვანა.
მართა _ საქმემ სიცხე და სიცივე რა იცის, მიხო.
მიხო _ კარგი, ჰო, რაც არის არის, ეგ სიცხე-სიცივის ამბავი მერე გავარჩიოთ, ეხლა შენს მამამთილს დაუძახე. არც შაქრო ძიასთანა ვარ პირშავად, სიტყვა იმასთანაც მეთქმის.
მართა _ წუხელ საღამოს ნახირს ჩვენი ძროხა არ მოჰყვა და ჩემი მამამთილი დილაბინდზე წავიდა ჩუთლაანთ ხევისაკენ იმის საძებნელად.
მიხო _ ერიჰააა, კაცებთან მერჩივნა ლაპარაკი, მაგრამ არა უშავს რა, პირდაპირ მაყვალას ვეტყვი სათქმელს, მაყვალა
გამოვიდეს ორიოდე წუთით გარეთ.
მართა _ არც მაყვალა მყავს შინა, მამიდის სანახავად წავიდა ზემო ბოდბეში.
მიხო _ კაცო, რა ღმერთი გაუწყრათ ამ კეთილძაღლებს, მე რომ დამჭირდა, რაღა მაშინ აიყარნენ ეგრე ერთიანად დიდპატარა შინიდან! მაგრამ სხვას რა დავაბრალო, ყველაფერი ჩემი უკუღმართი იღბლის ბრალია, კაცი შავბნელ ვარსკვლავზე რო დაიბადება, მორჩა, იმის საშველი აღარსად არის. არადა, როგორი იმედიანი მოვდიოდი აქეთ, მეგონა, ამ საღამოსვე ავამღერებ-მეთქი ჩემს ლუკას.
მართა _ რა იყო, მიხო, რა საწუხარი გაგჩენია, ეგრე რას შეუღონებიხარ, რატო არ იტყვი? სხვები თუ არ არიან შინ, იქნება
მე გისაშველო.
მიხო _ გეტყვი, მართავ, გეტყვი, მეტი რა ჩარა მაქვს, სულ წვრილად გეტყვი ჩემს საღონისს... რაც მართალია, მართალია,
თქვენი ქების მეტი არა გაგვიგია რა, ქვეყანამ იცის, რა კარგი და კეთილი გულის ხალხი ხართ, რა გულუხვი, ხელგაშლილი
და გულქართლი, რა გამეტებულები...
მართა _ დაიცა, დაიცა, მიხო, ეგრე დაწვრილებითაც არ გინდა, ცოტა უფრო მოკლედა თქვი შენი საწუხარი.
მიხო _ მოკლედ კიდევ ის არის, შენი ჭირიმე, რო ბიჭი ვერა გვყავ კარგად, ლამის არის ხელიდან გამოგვეცალოს.
მართა _ ჰო, ქა, ეგ მეც გავიგე, ლაპარაკობდნენ, ლუკა ვერა ჰყავთ კარგადაო.
მიხო _ კარგად ვერ არის კი არა, ცარიელი ტანისამოსიღა დადის, ჩხირზე გადაბოტების თავიც აღარა აქვს.
მართა _ ეგრე უცებ რა დაემართა საღ-სალამათ ბიჭსა, ქა?
მიხო _ რაღა რა დაემართა, გუნება აქვს წამხდარი და თქვენი დახმარების იმედზე ვართ, მართავ, ეხლა გვჭირდება შეშველება და ხელის გამართვა, ამ სიცხეში თქვენს კარზე გაჭირვებამ მომიყვანა.
მართა _ თუკი არ იტყვი, რა გინდა, რანაირად დაგეხმაროთ, ადამიანო?
მიხო _ ჰოდა, თუ ეგრეა, გოგო რო დაბრუნდება ბოდბიდან, უთხარი, ჩვენთან გადმოვიდეს, მარტო ის თუ გვიშველის,
სხვა ვერავინ.
მართა _ რას ამბობ, მიხო, ჩემი მაყვალა ბიბლიოთეკარია, ექიმი კი არა!
მიხო _ მართავ, ჭკვიანი და გაგებული ქალი ხარ და როგორ ვერ მიხვდი, რო ჩვენ ექიმი კი არა გვჭირდება, თქვენი გოგო
გვინდა, ვითხოვოთ, მარტო ეგ თუ მოაბრუნებს საამქვეყნოდ ლუკას.
მართა _ უი, შენ რა გითხარი, მიხო, ხუმარა რო იყავი, ვიცოდი, მაგრამ მთლად ეგეთიც არ მეგონე, თუ გოგო იყო თქვენი
ბიჭის წამალი, თქვენს ახლო-მახლო ვერავინა ნახე ხელის გამმართავი?
მიხო _ ვინა თქვა, არ არიანო, არიან და მერე როგორი გოგოები, მაგრამ ხო იცი, რანაირი გაჰქირი იციან ეხლანდელმა ახალგაზრდებმა, თუ რამე აიჩემეს, მორჩა, ვეღარ გადაათქმევინებ. ლუარსაბმა და ნიკამ მითხრეს, ლუკას ისაკოს
გოგოს თხოვება უნდა, სხვები თვალით არ დაენახებიანო და მეც იძულებული გავხდი, თქვენკენ წამოვჩანჩალებულიყავ. ნამდვილად არ მეხალისებოდა, მაგრამ მეტი რა ჩარა მქონდა.
მართა _ ერიჰააა, შენ რაღაცა დაუკრეფავში მიამტვრევ! მიხო კი ხარ, მაგრამ ნათქვამს აზრი შენც ხომ უნდა მიატანო.

(გაგრძელება ქვემოთ)

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 21, 2020 12:43 am; edited 6 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

თამაზ ხმალაძე Empty
PostSubject: Re: თამაზ ხმალაძე   თამაზ ხმალაძე EmptyThu Feb 20, 2020 11:10 pm

თამაზ ხმალაძე Tamaz_12


თამაზ ხმალაძე

ანგელოზის ფრთის ქვეშ
რადიოპიესა


(გაგრძელება)

მიხო _ ე! რა გეწყინა, შე კაი ქალო, გასაბრაზებელი რა გითხარი, ვთხოულობთ-მეთქი, ხო არ გართმევთ? წავიყვანთ, სმა-ჭამას არ მოვაკლებთ და ჩაცმა-დახურვას. თუკი ბიჭს გუნება გამოუკეთდება, მოსულიერდება, ეგეთ რამეზე უარი როგორ უნდა გვითხრათ?!
მართა _ (თავისთვის) ღვინო ალაპარაკებს ამ მიწის ტყვეს ეგეთ აკარაკულებს და მეც იმიტომ ვუთმენ, თორემ ხომ გამოვშუპრამდი ერთი მაგრადა.
მიხო _ რა მოხდა, განა ისეთს რასა გთხოვთ, თქვე კაი დედმამისშვილებო, მართლა რამე სათხოვარზე რომ მოვსულიყავი, მაშინ ხომ მთლად დაიხუთებოდით. ამაზეა ნათქვამი, ავ მეზობელს ცეცხლიც საციქველი ეგონაო, გაგონილა ეგეთი გაუმეტრობა!
მართა _ (ისევ თავისთვის) ხალხო, იმისთანა რა ჩაცეცხლა და ჩანავთა ამ ჩემი ცოდვით სავსემ, რო ეგრე გადაირია. ან თუ
გაგიჟდა, რაღა ჩვენ სახლს დაეტაკა, რაღა აქეთ აიღო გეზი?!
მიხო _ განა იგრე კი არ გვინდა, ჩვენს კომლს მუქთად ბეწვი არ შეუტანია შინ, თუ ვისმე რამე ურგია, სანუფქოდ ჩვენი ორი
იმდენი წასულა, ოღონდ ბიჭს გუნება გამოუკეთდეს და არც ეხლა ვართ არაფრის დამშურებლები. ისაკოს უთხარი, ლუკა
თუ თქვენს გოგოსა თხოულობს, იმან კიდევ, აგე, ჩვენი ვირი ითხოვოს და ვენახიდან ჭერემი ამოზიდოს.
მართა _ მიხო, მე და ჩემა ღმერთმა, ისეთს ნურაფერს მაკადრებინებ, მერე სანანებელი გაგვიხდეს შენცა და მეცა...
მიხო _ კაცო, მაშ რანაირად გინდათ, ბიჭმა ეგრე გაშეშმიშებულმა როდემდე უნდა იაროს? ვინა ხართ, რა ხართ, რა ჯილაგისანი ხართ? ადამიანს სიკეთის გაკეთება შეეძლოს და არ გააკეთოს, იმას ადამიანი დაერქმება? შენ ხომ არა გგონია,
მე წამოვიწყე ეგ საქმე, აგე, ლუარსაბზე ჭკვიანი ვინ არის ჩვენს სოფელში, იმანა თქვა, ლუკას მაყვალას თხოვება უნდა, სხვა
არავისიო. ეხლა რაღას იტყვი!
მართა _ თვალი შენც დაგიდგეს და ლუარსაბსაც, ლუარსაბი ვინ ოხერია, იმის რაკუნზე ვიარო, რაა, თამრიკო იმისი რჩევით გავათხოვე, რომ ახლა მაყვალა მივაყოლო?!
მიხო _ რა გინდა, ქალო, შენ ხო არა გთხოულობთ, მაყვალას მაგივრად შენ რათ იფოფრები?
მართა _ წადი, მიხო, მოშორდი ჩემს ეზოს, სანამ თავი მთელი გაქვს. წადი და სადაც ეგ ღვინო ჩაისხი, მონელებითაც იქ
მოინელე.
მიხო _ ვაი, მაშ გიჟი არა ვარ და გიჟზეც უარესი, შენ რომ აგყევი ლაპარაკში! მართავ, რას გეტყვი, იცი, გატყობ, სიტყვით ვერაფერს შეგაგნებინებ, მე კიდევ იმდენი დრო არა მაქვს, სხვისი დედაკაცები მოვიყვანო ჭკვაზე. ერთი სიტყვით, შენი მოვალეობაა, ისაკო რო მოვა ვენახიდან, ჩვენი ვირის ამბავი უთხრა, მერე იმან იცის, რასაც იზამს. უცხოები კი არა ვართ, ბავშვობა ერთადა გვაქვს გატარებული... რაღა ბევრი გავაგრძელო, ხვალე ათ საათამდე მაყვალა თვითონ თუ არ გადმოვა, მე მოვალ და პასუხი დამახვედრეთ... (თანდათან შორიდან ისმის) მადლი თესეთ, ხეჭრელიანებო, მადლი! სხვას ვერაფერს წაიღებთ ამქვეყნიდან.
მართა _ დიდება შენდა, ღმერთო, ყველა დამფრთხალმა ჩვენს კარზე უნდა ჩამოიაროს!

(ძაღლის გაანჩხლებული ყეფა).

მიხო _ კარგი, ძაღლო, შე მამაძაღლისშვილო, არ დამაძინებ, არ ჩაიგდებ ხმასა!
ნიკა _ ჩვენა ვართ, მიხო ძიავ, მე და ლუარსაბი, რაღა დროს ძილია, გამოგვხედე, ადამიანო.
ლუარსაბი _ წუხელ ეზოში გეძინა, კაცო?
მიხო _ ჰო, გვიან მოვედი და შინაურები აღარ გავაღვიძე.
ლუარსაბი _ რა ჰქენი, იყავი ისაკოსთან?
მიხო _ ჰო.
ნიკა _ მერე?
მიხო _ მერე ზურაბასთან გამოვიარე, ჩემს გარებიძაშვილთან და კაი პური ვჭამეთ, უფ, იცით რა სუფრა გაიშალა, ბიჭებო?! გვიანობამდე შევრჩი იქა.
ლუარსაბი _ მიხო ძიავ, ჩვენ ეგ სულ არ გვეცნობისწადილება, ქალის ამბავი გვითხარი, ქალისა.
მიხო _ ჰოოო, ქალისა... ქალისა რაა, მაყვალა კიდე ათი საათისთვინ უნდა გადმოვიდეს, თუ არ გადმოვა და მე გადავაკითხავ.
ნიკა _ კარგად ვერ მოჰქცეულხარ, მაგდენი დრო არ უნდა მიგეცა, ვერ მოგიწონებ... (ხითხითებს).
ლუარსაბი _ მერე? რაღა დროს ათი საათია, კაი ხანია თერთმეტი დაიწყო, ჩვენს საქმეს გაჭიანურება არ გამოადგება.
მიხო _ მართლა ეგრე გვიან არის, ჯო?! უჰ... მაგრამ იცით, როგორ ფინთადა ვარ, ბიჭებო, თითქოს თავის მაგივრად ცარიელი თუჯის ზარი მედგას კისერზე და ამ ზარში ენასავით რაღაცა ხან ერთ საფეთქელში დამკრავს _ დგაფ! შიგნიდან, ხან მეორეში _ დგუფ! ისიც შიგნიდან.
ნიკა _ და შენ კიდევ ის კი არ გიკვირს, ეგ ზარი რატომ არის ცარიელი, იმის ნატრული ხარ, გაიგო, რა დგაფუნობს მაგ
სიცარიელეში, არა?
ლუარსაბი _ ეგრეა თუ იგრეა, რაკი დავიწყეთ, საქმეს ბოლომდე უნდა მიყვანა.
მიხო _ (უწადინოდ) კარგი, ჰო, წავალ, აბა. რა ვქნა, წავალ. აი, პირს დავიბან და წავალ.

(ისევ ისმის ჩონგურის ხმა შორიდან).

მიხო _ რა ჰქენით, რა გადაწყვიტეთ, მართავ, რატო არ გადმოვიდა დღეს დილას თქვენი გოგო, ალბათ მამიდასთან
შეფერხდა, არა?
მართა _ არა, მიხო, მაყვალა წუხელ საღამოსვე დაბრუნდა ბოდბიდან, ის არაფერ შუაშია. აი, ისაკოს რო გადავეცი შენი დანაბარები და თქვენი სახედრის ამბავიც ვუთხარი, ეგრე მიყვირა, ქალო, განა შენ კი არ იცი, ვენახში ჭერმები რომ არ
გვიდგა, სხვითა ვირი რა ოხრად მინდაო.
მიხო _ აუჰ, უჭერმოდა ხართ დარჩენილები, ხალხო, ეგ როგორ დაგემართათ?!
მართა _ ჩემი ნათქვამიდან მაგის მეტი ვერა გაიგე რა, მიხო?
მიხო _ გავიგე, გავიგე, მერე?
მართა _ რაღა მერე, შე კაი ადამიანო, ისიც გინდა გაიგო, რა მოხდა მერე? მერე კიდე კაცმა მთელი ღამე ვეღარ დაიძინა,
განიადაგებულად იმეორებდა, მე მაგათი ჯიში და ჯილაგიო... გაიგე ეხლა?
მიხო _ ჰო, გავიგე, გავიგე, როგორ ვერ გავიგე, კაცი უჭერმობას ეგრე გაემწარებინოს, პირველად მესმის, სამომავლოდ მაინც დარგეთ კაი ჯიშისა, ყაისი.

(ტყე, სიო დაძვრება ფოთლებში, ჩიტების ხმიანობა... შორიდან ჩონგურის ხმა და
სიმღერა ისმის და შორსვე რჩება დასასრულამდე).

ვაიმე,დედავ, ფეხები!
ტყეში დავეხეტები,
ნეტავ მყავდეს ვირი,
შევჯდები და ვივლი...
ვირი ტყეში შემივარდა,
მგელს დაეღო პირი,
მგელმა ვირი შემიჭამა,
დავჯექი და ვტირი...

შაქრო _ ეს არის საქმე, კაცო, ორი დღეა დამაწყდა ფეხები და ჩემი ძროხის კვალს ვერსად მივაგენი. სად ოხრობაში
შეიძლებოდა წათრეულიყო ის მგლის კერძი. მე შენ გეტყვი, ისაკო შეიწუხებს იმისი ძებნით თავსა თუ მართა... მაყვალას
ვენაცვალე, იმას ხო მე თვითონაც არ გამოვუშვებდი საძებნელადა, ის არის ჩემი დამტირებელი...

(ტყიდან გაურკვეველი ლაპარაკი ისმის, სიტყვები არ გაირჩევა).

შაქრო _ დაიცა, ბიჭო, ემანდ ჩემს თაფლოს კი არა ჰხდიდნენ ტყავსა!
დაყმევებული _ (ჯერ შორიდან ისმის. თუ რეჟისორს არ დაეზარება, მცირე რევერბერაციის გამოყენებაც შეიძლება
დაყმევებულის საუბრისას). მაშ არც ჭრიანტელი გინდა? ზაფხულში მშვენიერი გრილი საჭმელია.
ლუკა _ არა, არა, რას ამბობ, მერე გულსა მძმარავს ხოლმე.
შაქრო _ კაცო, ვინ არიან ნეტავ ამ შუა ტყეში? მგონი, იმ დიდ პანტაზე სხედან. ჰო, აგე ის, სულ მაღლა როა ასული, მიხოს
ლუკასა ჰგავს, ჰგავს კი არა, ის არის... იფ, გენაცვა, როგორ გადამჯდარა ტოტზე და ჩამოუყრია ფეხები, როგორ ნებივრად მიჰყუდებია პანტის ტანსა... მაგრამ ის მეორე ვინღაა, რომ არა ჩანს, ან ეგრე უცნაურად რათა ჰპრანჭავს კილოს. (სიცილით) იი პანტის ქვეშ რო ფალნიანი ვირი დგას, ის ხო არ ელაპარაკება?..
დაყმევებული _ არც გარფა გინდა? გარფას მაინც არ შესჭამ? ის ხომ შემრგოა.
ლუკა _ მომაშორე იქით, მაშ მაგრად გამოსაშუპრი არა ხარ! რაც შენ თვითონ არ მოგწონს, მე რათ უნდა შემომთავაზო?
დაყმევებული _ კარგი, ჰო, შეჭამანდებიდან რომელს აირჩევდი, შვინდის შეჭამანდს, ღოლოშეჭამანდს, კალტის შეჭამანდს, ხირხიტოს...
ლუკა _ (გაბრაზებული ყვირის) წვნიანები არ გამაგონო, წვნიანები არ დამანახო, ეხლა რა დროს წვნიანებია! თანაც ხირხიტომ ციების აშლაც იცის.
შაქრო _ (თავისთვის) ვინ არის, კაცო, ვის დასჭყივის ლუკა ეგრე გულადად, აბა ცოტა ახლოს მივიდე.
დაყმევებული _ ნუკი ბრაზდები, ლუკავ, შენ რაც მოგეგუნებება, იმას მოგართმევთ, ჩემო ბატონო.
ლუკა _ ჰოდა, ეგრე ქენი!
დაყმევებული _ ეს ენკენისთვეც ხო განახევრდა, წინამხარში რთველი ჩამთავრდა, ახალი კაკალი, შოთი, მაჭარი... ჰა როგორია? ნიგოზი ნება-ნება დაფცქვენი და...
ლუკა _ შენი არ მიკვირს! რათ მინდა, მაგ ღარიბულ საჭმელებს რომ მაძალებ, მეტი არაფერი გეშოვება?
დაყმევებული _ რა მოხდა მერე, განა სიღარიბე სირცხვილია? მაშ შენზეც რომ თქვან, ხელმოკლედ ცხოვრობსო, მოგეწონება?
ლუკა _ მაგას როგორ იტყვიან, მე რა ხელმოკლე მნახე! მანქანის ფული შეგროვილი მაქვს, აი, რთველი ჩაივლის და
ვიყიდი.
შაქრო _ (სიცილს ძლივს იკავებს) რას ამბობს, რასა! მანქანა კი არა, ნეტავი თითო წყვილი ნიფხავი გაყიდინათ შენცა
და მამაშენსაც, რომ ამ ზამთარს გაყინული გავები გაითბოთ.
დაყმევებული _ კარგი, თუ ეგრეა, რთველი მოდის, ერთი კარგი თხა დავკლათ, ნაწილი ხაშლამად გავუშვათ, ნაწილი ჩავხრაკოთ....
ლუკა _ მოაშორე იქით, თხის სუნს ვერ ვიტან.
დაყმევებული _ ვაჰ, რა მიზეზიანი ვინმე ჰყოფილხარ, ლუკავ, წვნიანები შენ არ მოგწონს, თხის ხორცი არ გიყვარს, მაშ
მხალეულზე რას იტყვი, ჰა?
ლუკა _ რაო, რა სთქვი? მხალეულიო? შენ მასხარად ხომ არ მიგდებ? ხმა გაიქრე, თორემ ეს ალმასისპირიანი წალდი თუ
გადმოგიშხივლე ზევიდან, ერთ წუთში სულს გაგაფრთხობინებ!
შაქრო _ (თავისთვის) ვაჰ, საკვირველი არ არის, ეგრე ვინ დაუყმევებია და დაუჩოლფოტებია მიხოს ბიჭსა! მარტო ე თეთრი ვირი შეიყურება მაღლა, სხვა მეტი არავინა ჩანს აქა... ბიჭოს! დიდება შენდა, ღმერთო! ორივე ლუკა ყოფილა, თვითონ
იცვლის რიგრიგობით ხმასა.
დაყმევებული _ მე ვინა მკითხავს, მაგრამ ყალიაზე კარგი საჭმელი ბევრი არაფერი მეგულება.
ლუკა _ ყალია? ყალია კარგია, მაგრამ ჯერ ცოტა ადრეა. მთაზე თოვლს რომ ჩამოჰყრის, აი, მაშინა აქვს ყალიას თავისი
მადლი.
დაყმევებული _ ლუკავ, ეგეთი შარიანი არ მეგონე, ვერ იქნა და შენი მოსაწონი ვერაფერი მოვამზადე. იცი, რას გეტყვი?
მოდი, თვითონ მითხარი, შენს გუნებას რა ენიაზება, რა ესიამოვნება და მერე სუფრის გაწყობა ჩემზე იყოს. დამჯერდები?
ლუკა _ არა, არა, განა შენი ყადრი და ფასი არ ვიცი და ეგრე იმიტომ გელაპარაკები? აბა, რა გესწავლება, რა უნდა
მოიტანო. ოღონდ ერთს გეტყვი, თევზეული იყოს აუცილებლად! ხო იცი, თევზეული ძალიან მიყვარს. ჰო, ხაშლამა ორი-სამი წლის გავსებული მოზვრისა, კარგად ჩახრაკული ნამთევი თოხლი, ღორის სუკები ხო გაქვს ჩაბასტურმებული, იმისი მწვადი, ოღონდ ცოტა მოგვიანებით... გეყოფა, ნუღარ მალაპარაკებ, დანარჩენი შენ თვითონ იცი... (ხმა აუთრთოლდება და ჩაუწყდება).
შაქრო _ ( თავისთვის) ჰშიან ალბათ მამაძაღლსა და ეტყობა, ეს არტისტობაც შიმშილმა დააწყებინა. აბა, ერთი აბგა ვნახო, საჭმელი თუ დამრჩა რამე. ეჰ, ორ კაცს ვერ გააძღობს, მაგრამ საკმარისად მოაღორღოცებს. შევეძრახები და ერთადა ვჭამოთ... დაიცა, დაიცა, ისევ აგრძელებს.
დაყმევებული _ კარგი, ეს ქეიფი ხომ მოვრჩით და მოვითავეთ, აბა ეხლა თუ მეტყვი, სმა-ჭამით ნაამებ კაცს რა ესურვილება?
ლუკა _ (მორცხვად) დაიკარგე იქით, რათ იცი ეგეთი რაღაცეები, გამაწითლებ ხოლმე ამხელა კაცსა.
დაყმევებული _ ბიჭო, მე გკითხავ, შენ მიპასუხე, შენ ხომ არაფერი დაგბრალდება?
ლუკა _ რათ იცი ეგეთი აჩემება, ადამიანო?!
დაყმევებული _ მა როგორ გინდა, ნიკაც სულ მაგას არ ჩაგჩიჩინებს, მორცხვი ქალი _ ერთ ქალაქად, მორცხვი კაცი
_ ერთ ქალამნადო, უცოლო კაცი და მგელი ერთიაო, ცალი ხელით ტაში არ დაიკვრებაო, ერთმა დოლაბმა რამდენიც
უნდა იბრუნოს, ვერაფერს დაფქვავსო და რა ვიცი კიდევ, რას არა.
შაქრო _ (თავისთვის) ეს როგორ გავიბოძიძგე ფეხი და ვეღარ მოვშორდი აქაურობას, როგორ მოვცდი და დავიშრიტე.
ეგრე ძალიან ნამდვილი არტისტიც ვერ შემიყოლიებდა. ამ მამაძაღლს მხოლოდ სიმღერა კი არა, მსახიობობაც მაგარი შესძლებია.
დაყმევებული _ აბა, დამაცა, ლუკავ, აგე ციცლიბოანთ თინაზე რას იტყვი, როგორი მოყვანილი ტანი აქვს, წანწკარა
ჩიტივით არის შეკრული.
ლუკა _ რავი, რა გითხრა, მარტო ტანი ხო არ არის, ერთი მუჭა სახე აქვს, ეგ ვის მოეწონება.
დაყმევებული _ სარდიონის ელიზა? ჭკვიანი, ჭკვიანი, რო წიგნი არ არის ჩვენს ბიბლიოთეკაში, მაგას არა ჰქონდეს წაკითხული.
ლუკა _ აუჰ, რანაირი ქუფრია, მაგის მთხოვნელი ვინ იქნება.
დაყმევებული _ დარდი ნუ გაქვს, შავ ნეზვს შავი კერატი არ დაელევა, შენ შენი იგულისჭირე.
შაქრო _ (თავისთვის) იფ, გენაცვათ, ამაზე ამბობენ, უგუნებობა სჭირს და აღარა მღერისო?! ჯერ გემრიელად იპურმარილა და ეხლა ქალების არჩევანშია შესული. აღარა მღერის რასა ჰქვიან, მე ჩემი დღენი არ მიმღერია, მაშ წუთისოფელი სულ
უგუნებოდ გამიტარებია და ეგ არის.
დაყმევებული _ ბახტურიძიანთ გაიანე? ეგ ხომ თეთრია, ქათქათა, მზისუნახველი.
ლუკა _ რას ამბობ, ვერან, რო დადის, ფეხები გარიელასავით დააქვს.
დაყმევებული _ ის მითხარი და... ჭიჭიბოანთ მერი?
ლუკა _ სქელია, ჯო, ძალიან სქელი, ეხლა რო ეგეთია, დაქალებული რაღა იქნება.
დაყმევებული _ იოსებას მერი? მაგასაც ხომ ვერ დაიწუნებ?
ლუკა _ ბიჭო, მე ვისი რა დამწუნებელი ვარ, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ, ეტყობა, სიარულის დროს
კარგად არც მაგისათვის შეგიხედავს, ცოტა ლანგობს.
შაქრო _ (თავისთვის) ვერ უყურებ ამ მაიმუნს, როგორი დაკვირვებული თვალი ჰქონია! თავის სარსაღ მამას კი არა ჰგვანებია, მჭადში ნახშირს რომ ვერ გამოარჩევს.
დაყმევებული _ მაშ ნადიბაიძიანთ მედიკო?
ლუკა _ აჰ-აჰ-აჰ, ძალიან ჟღალია, მაგფერი აპეურიც კი არ ვარგა, ხარს ახრჩობს.
დაყმევებული _ ერიჰააა, ეტყობა, შენს მოსაწონს აქ ვერავისა ვნახავთ, ქალაქისაკენ ხომ არ ავიღოთ გეზი.
ლუკა _ (მორცხვად) არა, ჯო, რას ამბობ, რაა, ჩვენს სოფელში გოგოები გამოილია?
დაყმევებული _ მაშინ კოტიტაანთ დალი. ჯერ ძუძუ-მკერდს შეხედე, ერთ ქალად მარტო ისა ღირს.
ლუკა _ არა, ეგ თავს ვერ დაიჭერს,ძმაო, ჩემნაირ კაცს ცოლად ეგეთი გოგო არ გამოადგება.
დაყმევებული _ პართენას თამარი? წყნარი კიდევ ეგ არის, ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამს.
ლუკა _ ოოო, ეგ კიდევ ჭენჭიანად ვერ არის, ძალიან მჭლეა, ხელი არსად მოეკიდება.
შაქრო _ (თავისთვის) დაიცა, დაიცა, მაგათ, მგონი, ჩვენი უბნისაკენ გადმოუხვიეს.
დაყმევებული _ მოდი, მოვრიგდეთ და ნიკას ცოლისდაზე შევაჩეროთ არჩევანი. ნიკა ხომ აქებს, იგეთია, კაცს ცივ ქვაზე
დაასახლებსო, თანაც შეხედე, რომელ ქალაქელს ჩამოუვარდება?
ლუკა _ რას ამბობ, ვერან, ჩემზე რამდენით უფროსია.
დაყმევებული _ იყოს მერე, გარეგნულად არაფერი ეტყობა და მოსახარშად ხომ არ გინდა?
ლუკა _ ეგ შენ ვერ ატყობ, თორემ რამდენიც უნდა ინანთეული წაისვას და გაიგლორთნოს, წლებს მაინც თავისი მიაქვს.
დაყმევებული _ მაშ, აგე, ხეჭრელიანთ მაყვალა, იმაზე რაღას იტყვი?
ლუკა _ მაყვალა? (შეყოვნდება) მაყვალა... ეგ კიდევ რანაირად აბდღვრიალებს თვალებს...
შაქრო _ ოხ, შე მამა-პაპა ძაღლო, თვითონ იმისთანა ვინა ჰგდიხარ, შენი მოსაწონი რომ არავინ დადის ქვეყანაზედა?!
(ბუჩქებიდან გლაჯა-გლუჯით გამოვარდება მდელოზე), ჩემს კალმით ნახატ შვილიშვილს შენი დასაწუნი რა სჭირს, შე
რეგვენო, შე ხეპრევ, შე დუთინავ, შენა!

(ისმის ტოტებისა და ფოთლების შხრიალის ხმა, მერე მიწაზე ბრაგვანი).

შაქრო _ ღმერთო, შენ მიშველე, ღმერთო, შენ მიშველე! აჰა, ეგე, წავიდა დღე და არა ფათერაკიო. ეს რა დამემართა, კაცო, ვაითუ ჩემი დაუდევრობით ამ სიბერეში ადამის შვილი ვიმსხვერპლე! ნეტავ, ორივე ჩამოვარდა?.. თუმცა, რასა ვბოდავ, თავიდან იყვნენ ორნი, ბოლოს ხომ ერთიღა დარჩა. არა, მაინც რა მინდოდა, რა თავი ქვას ვახალე, რათ გავიბოძიძგე ფეხი და აღარ მოვშორდი აქაურობას, გეგონება, ძროხა ბაგაზე მყოლოდეს დაბინავებული. ლუკავ, ჰეე, ბიჭო, ლუკავ, შემომხედე, ნუ გამწირავ, შენს ცოდვას ლოდივით ნუ დამკიდებ კისერზე... არა, არ იღებს ხმასა... ნეტავ, შიშისაგან მაღლავე დაკარგა გონი, თუ ძირს დაცემისას ამოუვიდა სული?! თუმცა ჯერ ისევ თბილია, კაცო, მგონი სუნთქავს კიდეც! რა წყალში გადავვარდე მე უბედური, ამ შუა ტყეში ჩემი მშველელი ვინ იქნება? (ისმის ვირის ყროყინი), ალბათ არავინ ამ ვირის გარდა... ჰო, ეს მართლა მიშველის... ჩოქში, ჩოქში, ჩოქში, მოდი ლურჯავ აქა, მოდი, შენს ლუკას ერთად მივეპატრონოთ. ვაჰ, რა მძიმეა ეს მამაძაღლი, ძლივს გადავკიდე ვირსა, კიდევ კარგი, ფალანი ზედ ედგა. აჰა, წავედით, ათი წუთიც არ უნდა შინ მისვლასა, იქ კიდევ შეიძლება, მეც მეშველოს და ამასაც... მაგრამ რა ვქნა, რა ვიღონო, ეგრე ცოცხალ-მკვდარს ხომ ვერ მივაყენებ თავის კომლსა, ვინ იცის, მე დამაბრალონ რამე, მაგათ ოჯახში ხომ დიდპატარიანად სარსაღია ყველა... იქნება აჯობოს, ჯერ ჩვენსა მივიყვანო, ჰა? ეგებ, გადმოგვხედოს ღმერთმა, ცოტა მოსულიერდეს და თავისი ფეხით მიადგეს თავის ცერცეტ მამას. ჰო, ეს წალდია თუ წალდუნა ნურც ამას დავტოვებთ აქა, ნუ დავუკარგავთ, ეტყობა, ძალიან უყვარდა ამ საცოდავსა... რას ამბობდა? ალმასის პირიანიო, ისემც ამას რა ვუთხარი...

(ვირის ფლოქვების ბაკუნი, ჭიშკრის ჭრიალი, ქალის შეკივლება).

მაყვალა _ ვაიმე, პაპავ, თვალი დამიდგეს, თუ მაგის გაკეთებას აპირებდი, ეგ წალდი ჯერ ჩემთვის დაგეკრა და ლუკაზე
მერე აგეწია ხელი.
შაქრო _ რას ამბობ, შვილო, არავინ გაიგოს, შენს გახარებას! საწალდე ან შენ რა დაგიშავებია და ან ამას? ეგეც არ იყოს,
მე ვისთვის რა წალდის ჩამრტყმელი მნახე? ხიდან ჩამოვარდნილს მივეპატრონე, ვაიშავიდღით საიდან სად ვატარე და ეგ
იმიტომ, რომ ამისი შავსვიანობა მე დამბრალებოდა?!
მაყვალა _ ვაიმე, შემომხედე, ლუკავ, მე ადრე და მალე დასამიწებელს! ეს რა დამმართვია, ნუთუ მართლა გავნიორწყლდი, ნუთუ მართლა დამიბნელდა მზე! პაპავ, ეგეთი უსულგულობა მაინც რაღა იყო, ხურჯინივით თავდაღმა გადაკიდებული
რომ მოგქონდა, მაშ ქვეყნად ცოდო-მადლი აღარ არის? ან გზაში წყარო თუ არა, გუბე მაინც არსად შეგხვდა, ერთი მუჭა
წყალი მიგესხა სახეზე?..
შაქრო _ გამახსენდა, რო... ვერ მატყობ, რო მაგაზე უარეს დღეში მე ვარ, მე უფრო მაქვს გონება დაკარგული, ვიდრე მაგას... წყალი და წყალი, აჰა, ეგე წყალი და დაასხი... ჰო, მართლა, მაყვალ, ძროხა ხო არსად გამოჩენილა?
მაყვალა _ რა ძროხა, პაპავ, თვალი ძროხასაც დასდგომია, ეხლა იმისი დარდი მაქვს?.. არა, მე ვარ დასახრუკი, მე! უნდა გადავხირებულიყავ გუშინ, ამისმა მამამ რომ დამიბარა და ეგეთ უბედურებაშიც აღარ ჩავვარდებოდი... არ დამღუპო, ლუკავ, ხმა ამოიღე, ბიჭო, შენი მოღუღუნე ხმის ჭირიმე...
შაქრო _ ვახ, მგონი, უშველა წყალმა, გოგო, თვალები აახამხამა, მოგონდა, კაცო, გაცოცხლდა, ეეე!..
ლუკა _ სადა ვარ, მაყვალ, თუ უკვე სამოთხეში ვარ, შენ აქ რა გინდა, გო?..
მაყვალა _ უი, შენ დაგეწამლოს შენი მაყვალა, რა ძალიან შემაშინე, ბიჭო!
ლუკა _ მართლა სამოთხეში ვყოფილვარ, გოგო, შენს ბდღვრიალა თვალებს ვენაცვალე...
შაქრო _ თუ ეგრეა, მაშინ მე წავალ და ძროხის ამბავს მივხედავ, შვილებო, გზა ყივის წამავალისა...

(ისმის ჩონგურის ხმას აყოლილი სიმღერა და თანდათან იკარგება).

ნეტავი, გოგო, შენი ხმა
ავადმყოფს გამაგონაო,
ტუჩი ტუჩს დამადებინა,
გულმკერდში ჩამაკონაო...

ნიკა _ ესეც ეგრე, ლუარსაბ, ლუკას საქმეც ხო გაიჩარხა! სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ვირი შენიო, ეგრე გამოვიდა, არა?
ლუარსაბი _ მაგისი რა გითხრა, ნიკავ, მაგრამ ის კი უტყუარად ვიცი, შეყვარებულებს დიდთვალება კეთილი ანგელოზი დაუძღვის წინ, იმისი მადლი ჰფარავთ და თუ გაუჭირდათ, თავის კეთილმოწყალე, თბილ ფრთას გადააფარებს ხოლმე.


„ლიტერატურული გაზეთი“, #5 (141), 13 - 26 მარტი, 2015

ბმული -
* http://mcs.gov.ge/getattachment/3ed50232-80a5-4040-add0-28e0cbbbbe77/N-141.pdf.aspx


Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 21, 2020 12:46 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

თამაზ ხმალაძე Empty
PostSubject: Re: თამაზ ხმალაძე   თამაზ ხმალაძე EmptyFri Feb 21, 2020 12:22 am


თამაზ ხმალაძე - სამი კაცი დუქანს არი

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟსისორი - ნანა სანდუხაძე

მონაწილეობენ: ვანო იანტბელიძე, თემურ ნაცვლიშვილი, თემურ ხუნაშვილი, ზვიად აბაშიძე, პაატა გულიაშვილი.

ჩაწერილია 2003 წელს.


ბმული:
* https://youtu.be/Zrh7KzTu5hQ


თამაზ ხმალაძე Tamaz_15

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

თამაზ ხმალაძე Empty
PostSubject: Re: თამაზ ხმალაძე   თამაზ ხმალაძე EmptyFri Feb 21, 2020 12:24 am

თამაზ ხმალაძე Tamaz_13

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №310,
1998 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი

თ. ხმალაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ


ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქიზიყის მხარის ლიტერატურული და კულტურული ტრადიციების აღორძინებისათვის საქართველოს მწერალთა კავშირის ქიზიყის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი მწერალი თამაზ ხმალაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 15/05/1998


ბმული:
* https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/22876?publication=0


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

თამაზ ხმალაძე Empty
PostSubject: Re: თამაზ ხმალაძე   თამაზ ხმალაძე EmptyFri Feb 21, 2020 12:27 am

თამაზ ხმალაძე Tkh10

თამაზ ხმალაძე. მწერალი
გამოქვეყნებულია: 2009-07-16


ბმული:
* http://old.radio1.ge/ge/videos/view/142688.html

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5791
Registration date : 09.11.08

თამაზ ხმალაძე Empty
PostSubject: Re: თამაზ ხმალაძე   თამაზ ხმალაძე EmptyThu Apr 02, 2020 1:00 pm

თამაზ ხმალაძე

სიღნაღში გამგზავრების სამზადისი

დღეს „ისნის“ მეტროსთან გავედი, სადაც კახეთისაკენ მიმავალი ტაქსებია _ სიღნაღში გამგზავრების შესაძლებლობა მინდოდა შემეტყო.
- სიღნაღში თუ წამიყვანს ვინმე? - ვიკითხე.
- წაგიყვანთ, პაპი, მა აქ ხო არ დაგტოვებთ. - გამომეხმაურა შორიახლო თავმოყრილი ბიჭებიდან ერთერთი.
- დღეს კი არ მივდივარ, შვილო, ამბის გაგება მინდა, რა ჯდება.
- პაპი, მანქანაში ორ კაცზე მეტის ჩაჯდომა აკრძალეს, დანარჩნი ორისაც იმათ უნდა გადაიხადონ, რა ვქნათ. ბევრი-ბევრი... - და ფასი დამისახელა.
- ოჰო, ბევრი-ბევრი, თორემ ოცი ლარი რო მოგცენ, არ აიღებ, აი. - შეეხმიანა მეგობრებიდან რომელიღაცა.
- არ იცი, რო არ ავიღებ. ჯო, კაცმა ლუკმის ჩაყლაპა რო დააპირო, ცოდვით ხო უნდა გადაგივიდეს ყელში....
ხვალე ამ ბიჭს აუცილებლად მოვნახავ და გავემგზავრები სიღნაღში. გზაში ერთი ეგეთიც რომ თქვას, მივიჩნევ, უფასოდ ვიმგზავრე-მეთქი.


26 მარტი, 2020

ავტორის ფეისბუქ-გვერდიდან.

ბმული:
* https://www.facebook.com/tamaz.xmaladze

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




თამაზ ხმალაძე Empty
PostSubject: Re: თამაზ ხმალაძე   თამაზ ხმალაძე Empty

Back to top Go down
 
თამაზ ხმალაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: