არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური (ნისლი მთათა ზედა) - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena, or to be exact - library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ლუკა ბაქანიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4785
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლუკა ბაქანიძე   Wed Oct 12, 2016 9:35 am


Luka Bakanidze

ლუკა ბაქანიძე


"ნებისმიერ თემას ვეხები, ძალიან ჭუჭყიანსაც და ამაღლებულსაც" - ლუკა ბაქანიძის სადებიუტო რომანი

ნებისმიერ თემას ვეხები, ყველაზე ჭუჭყიანსაც და ყველაზე ამაღლებულსაც,- ამბობს ახალგაზრდა მწერალი ლუკა ბაქანიძე, რომელიც მალე საზოგადოებას სადებიუტო რომანს წარუდგენს.

"მესამე ნაპირი" - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში გაიმართება.
როგორც წიგნის რეცენზენტი აღნიშნავს, "მესამე ნაპირი" უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ჩვენგან; სამყარო, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების, მიტოვებული სკვერებისა და პარკების, ქალაქის ყველაზე შავბნელი ადგილების "ბატონ-პატრონნი", მაწანწალები, უსახლკარონი ‒ ათასი ჯურის ხალხი ცხოვრობს. რომანს აქვს ყველა ნიშანი და ღირსება, მკითხველის გაოცება შეძლოს; ზემოქმედების უპირველესი იარაღი, მთხრობელის ოსტატობა, გულწრფელობა და თემის სიახლეა".

თემა კი, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს - გაქცევის თემაა. "გაქცევა რეალობიდან, თუ რეალობისკენ, ეს კიდევ საჭირბოროტო საკითხია... ეს წიგნი არის თინეიჯერზე, ყმაწვილზე, რომელიც სხვა მოზარდების მსგავსად ცხოვრობს, მაგრამ უეცრად, ინტუიტურად მიდის რაღაც კიდემდე. გისოსს აწყდება."

ავტორის თქმით, სწორედ ამის შემდეგ იწყება რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზი...

თუ როგორ განვითარდება სიუჟეტი, როგორები არიან "მესამე ნაპირის" გმირები და როგორ სახეს იძენს ნაწარმოებში ჭუჭყი, სიბინძურე, ანტირელიგიურობა, ამას მკითხველი წიგნიდან შეიტყობს, რომელიც უკვე წიგნის მაღაზიებში იყიდება.

ბმული - https://www.facebook.com/profile.php?id=100009411412379

Smile


Last edited by Admin on Wed Jan 09, 2019 2:50 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4785
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუკა ბაქანიძე   Wed Oct 12, 2016 9:37 am

ლუკა ბაქანიძე

სად ხარ, ლაზარე…

გეგონება, მე მექნას. მე ვმჯდარიყავი იმ თვითმფრინავში და მეყაროს ბომბები. ისე, ამათ კი დავაყრიდი რომ რამე. ამ ახვრებს. არადა, ხო მეც ვჭამე. თან ახლა ტელეანძის ძირში ვცხოვრობ და სტრატეგიული ობიექტი ვიყავი, მოკლედ. მეც ვჭამე და რო ვჭამე, მაგიტომ ავითესე თბილისის ზღვაზე. წყნარად და კოხტად გავშალე ანკესი და რომ წამომადგა შავად… ადრე მენახა, აეროპორტში, ან სულ ზევით, ცაში. ან ისერა ზევით – ახალაფრენილი თუ დასაფრენი, მაგრამ ასე ახლოს, ზედ თავზე, თან ნელა, როგორც `ვარსკლავთა ომებში,~ თითქოს ჩამოვარდება საცააო, და მე დაბლა ხო ვჭამე და თან ზევიდან პილოტის თვალით რო ჩამოვყურებდი მიწას და წყალს და წყლისპირას _ ერთ კინკილა მეთევზეს: ან იმას ახლა რო დიდი ვეგონო და ეს ანკესი – რამე იარაღი და ხაკისფერებიც რო მაცვია, სამხედროსავით, და უცებ რომ რაღაც გაჰყარა ნაპერწკლებივით და თავზე ხელები დავიფარე, მაგრამ ხმა არაფერი და გამოვიხედე და ყრიდა ეგრე ხანდახან ნაპერწკლებს, _ თურმე ბომბებს თუ რაკეტებს იქით ირიდებდა, მერე ნეტში ვნახე რაცაა ეგ ნაპერწკლები, – გადამიარა და მეთქი მორჩა, გადავრჩი, წავიდა ქალაქისკენ და რომ ფეთქაა… აქაც ყოფილა, გორაკზე, რაღაცა სტრატეგიული, მე იმათი. და ამათი. ან სად რუსეთში წავეთრიო. საიმში არ ვარ რუსულის.

* * *

ესენი კიდე მიყურებენ ეგრე მგელივით. მასწავლებელიც, ზარიძეა თუ შმარიძე. ვინც წარმადგინა. თან სახელი რო არ თქვა, მარტო გვარი. არც – აი, ახალი მოსწავლე, სანდრო, და გაიცანით ბავშვებო ან რამე ეგეთი, _ არა, _ დამაყენა ეგრე ნაძვის ხესავით და საზეიმოდ ამბობს: – პეტროვსკი! ამათ გაეცინათ და წინიდან ერთმა, – მეტსახელი გავიგეთო, მას, და ისე რა ქვიაო და ამან, ზარიძემ, – ხოდა, პეტროვსკიაო გვარად და გაისუსა ეგრევე მთელი კლასი. ბოლოს ერთმა, ისევ იმან, – რუსი ხარო, ბიჭო, და რა უნდა ვთქვა, ვდგავარ და ვიღიმები. მინდა ვუთხრა, რომ სანდრო ვარ, სანდრიკა, რუსი არა კვახი, აზრზე არ ვარ რუსულის, და აგერ ზურგჩანთაში მიყრია ოხრად მზესუმზირა, და მოდი ვჭამოთ, და ქერქები ვისაც გინდა, იმას ვაფურთხოთ, მაგრამ ისე მიყურებენ, ხმას ვეღარ ვიღებ. მერე ზარიძემ ვიღაც წამოაგდო ბოლო მერხიდან და ამოვისუნთქე, მოვჯექი ჩემთვის. ამათ კიდევ კისრები ძვრებათ, ხან ერთი მოიხედავს, ხან მეორე. ზარიძე სიას ათვალიერებს და უცებ, – სადააო ლაზარე, – ძაან შეშფოთებული სახით კითხულობს და მთელი კლასი აყვა ეგრევე, _ ვახ, სადააო ნეტა ლაზარე, მე იქ ვნახე ბოლოსო, მე _ იქო, და სწუხს ყველა, არა მე გავალ მოვძებნი, არა მეო, ერთმანეთს ასწრებენ. ამ დროს შემოიღო კარი და – აგე, მოვიდაო ლაზარე, – მიესია ყველა, სად იყავი, რო არ ჩანდიო. მე ყურადღებას აღარ მაქცევენ და დავისვენე ცოტა, ისე დაძაბული აღარ ვარ. ახლა მარტო ის მაინტერესებს, ეგ ლაზარე ვინ ჩემისაა. ჯერ ბავშვები ეხვევიან გარშემო, ზარიძეც ტუქსავს, _ აღარ დააგვიანოო, ოღონდ რაღაც ძალიან ფრთხილად, დათაფლული ხმით. ცოტა ხანში ზარიძის უკან ვარჩევ ვიღაც დიდთავა ბიჭს, რატომღაც მუხლებზე როა დაჩოქილი და ალბათ ეგაა ლაზარე. ამასობაში კლასიც დალაგდა ნელ-ნელა, ზარიძეც მოჯდა დაფასთან და ლაზარეც წამოვიდა მერხებისკენ, მე კიდევ რაღაც ხუმრობა მგონია: ალბათ, ახალი რომ ვარ, გამიჩალიჩეს, – ვფიქრობ, იმიტომ რომ ეგ ლაზარე ისევ ეგრე, დაჩოქილი მოდის თითქოს და ამ დროს ვხედავ, ზედ მუხლებთან ბოტასები აცვია… ფილმებში მინახავს ადრე ასეთები, არც ვიცი რა ქვიათ, – ლილიპუტი თუ ჯუჯა, ჩვეულებრივი ტანით, ცოტა დიდი თავით და ეგეთი ფეხებით, თითქოს ეგრევე წვივები მიადგეს ზედო, ბარძაყების გარეშეო. წინა მერხზე მიუჯდა ვიღაც გოგოს, და ასე ჩვეულებრივ ბიჭს გავდა, მეცხრეკლასელს, მაგრამ დაბლა, სადაც ფეხები უნდა ყოფილიყო, ცარიელი ადგილი რჩებოდა: სკამზე, ზედ ტრაკთან მოუჩანდა აქედან თეთრი ბოტასები. მოკლედ, საღოლ იმ გოგოს ნერვებს, ვის გვერდითაც იჯდა. და მჯდარა ლაილას გვერდით, პლანეტაზე ყველაზე მაგარი გოგოს გვერდით.

* * *

რეკავს ზარი, მაგრამ რატომღაც გარეთ არავინ გადის, თითქოს ელიანო რაღაცას. არც ზარიძე გადის, ფურცლავს თავისთვის ჟურნალს. ავდექი და ვხედავ, ის ტიპიც წამოდგა, რუსი ხარო, რო მკითხა, და მოდის ჩემკენ კევის ღლაჭუნით. გზადაგზა კიდევ ორნი შემოუერთდნენ და მომადგნენ სამივე. გამოდი აბა აქეთო, _ იმან, ღლაჭუნამ და მივდექით კუთხეში, ფანჯარასთან. აქ უკვე შემეშინდა და მოვაღე პირი: _ რუსი არ ვარ, ფოთიდან გადმოვედი-მეთქი ერთი თვეა, ფოთელი ვარ და სანდრიკა მქვია, პროსტა გვარი მაქვს ეგეთი, მამაჩემი იყო რუსი და შენ რა გგონია, მაგათმა მეც კი დამბომბეს თბილისის ზღვაზე, – თავი მოვიწონე, თან ცალი თვალით ზარიძეს ვუყურებ, გამოიხედოს ერთი და ალაგმოს შარი. ზარიძეც ეგრე, ცალი თვალით გვიყურებს ხანდახან და ისევ თავის ჟურნალებს უკირკიტებს, ხმას არ იღებს. დანარჩენი კლასი ყაყანებს ლაითად, მაგრამ ვგრძნობ, ყველას ჩვენკენ აქვს ყური, არავინ გადის გარეთ. უცებ ღლაჭუნა ამბობს: _ რუსების დედა მოვტყან მეო, და სამივე ცოტა უკან იხევს, ჩემს რეაქციას აკვირდებიან და მე რა, მე რომელი პუშკინი მნახეს, ახლა ამათ რომ გავუხურო. ასი წელი ეგრე იყოს მეთქი, _ ვეუბნები, და მაშინ აკრიფა მთელმა კლასმა, რუსებს აგინებს ყველა ცოფიანივით, გოგოიან-ბიჭიანად. გავიხედე იმ თესლი ქალისკენ, ზარიძისკენ და სადღაა ზარიძე, გასულა კლასიდან. მეთქი დამერხა ახლა. ამასობაში მოვიდა ახლოს ღლაჭუნა, სახე ლამის სახეზე მომადო და: – რომ გაგინებენ, ხელს რატო არ წევ ბიჭო, სირი ხარო? და მაგრად არ მინდოდა და მეშინოდა, მაგრამ არის ამბავი, როცა, თუ თავიდანვე არ წყვიტე, მერე შეგადგებიან ზედ მთელი ცხოვრება, ჩემთანაც, ჩემკენაც მინახავს ასეთები, გაფუჭებულები და რა მექნა, დავხუჭე თვალები და ვწყვიტე ყბაში სამიდან ერთ-ერთს, ყველაზე ჩუმს და გაუბედავს, მეც მწყვიტეს და რომ წავიქეცი, მაგ დროს დაიკივლა ვიღაც გოგომ, რაღაცნაირად კაპრიზულად, ყველაფერი რომ ისე იქნება, როგორც უნდა, ეგეთი ხმით: _ დაანებეთ ეხლავე თავი! და რომ შემომეცალნენ, მერე დავინახე: გოგო კი არა, ლაზარე იყო, ლილიპუტი თუ ჯუჯა, რავიცი. ამის კივილზე ზარიძეც შემოვარდა და გარეთ, კარებთან იდგა და ყურს გვიგდებდა, დავიფიცები რაზეც გინდა. ეგ ახვარი. ეს ახვრები.

* * *

_ ჯუჯა რა პონტში ხარ? – ვეკითხები ხოლმე ლაზარეს. ლაზარე შემომხედავს დიდი კაცის თვალებით, ჭკვიანი თვალებით და აქეთ მეკითხება: _ შენ რა პონტში ხარო პეტროვსკი? იმას არ სწყინს, მე კიდევ ვჭინჭყლობ და მეათასედ ვუსხნი, რომ არ ვარ რუსი, და საერთოდ, თვითმფრინავებამდე და ამ დამპალ ქალაქამდე წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ასე სახიფათო იყო რუსობა, არც ჩემთან, ფოთში მერჩოდა ვინმე და ვიყავი ჩვეულებრივად. აქ კი ყოველ დილით სარკეში ვიხედებოდი, მეთქი რით ვგავარ აბა რუსს. მერე მაგათი ფილმებიც ვნახე და მართლა ვმგვანებივარ რაღაცით, და რატო არ დავემსგავსე დედას, ბლიად, _ ხოჭოსავით შავია დედა. შე აფერისტო რუსაკო, _ მეტყვის ხოლმე ხანდახან ლაზარე. პირველად ეგ რომ მითხრა, დავცხე, მაგრამ ეგრევე ფეხებში შემივარდა და წამაქცია, მე კიდევ, შეხება კი არა, ვერც ვუახლოვდებოდი თავიდან, ისე მეზიზღებოდა, ჯერ ეგეთი ფეხების და უსახსრო ხელის თითების გამო მეზიზღებოდა და მერე, სკოლაში რომ გამომესარჩლა პირველ დღეს, მაგის გამო ვერ ვიტანდი; რა მჭირდა გამოსასარჩლებელი და თან ვისი – ჯუჯის, თუ ლილიპუტის. მაგრად მიტყდებოდა მოკლედ. მაგრამ, თვალები აქვს ლაზარეს ისეთი, _ რაც მე არ ვიცი, რაზეც წარმოდგენაც კი არ მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი იცისო ლაზარემ, და მოგიყვებაო ყველაფერს, ოღონდ, როცა შენ გინდა და დაინტერესდები, მარტო მაშინ მოგიყვება, თვითონ არასოდეს დაიწყებს ტვინის ბურღვას, – აი ეგეთი, კეთილი ბაბუას თვალები აქვს ლაზარეს, ბუხრისპირას თავს გადახდენილ ფათერაკებს რომ უყვება პირდაღებულ შვილიშვილებს. არადა, თავიდან მრცხვენოდა ამასთან ძმაკაცობა, სულ თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით, ვინმეს ერთად რომ არ დავენახეთ… სკოლა ორივეს გვძულდა: ლაზარეს იმიტომ, სუნთქვას რომ არ აცლიდნენ, – სადაც გამოჩნდებოდა: ლაზარე მოვიდა ლაზარე რამე ხო არ გინდა ლაზარე რამე ხო არ გტკივა, – ავადმყოფი მგონია ხოლმე თავიო, მე ამათი. მე კიდევ, პირიქით: როცა უამისოდ ვარ, ან თავდაცვით პოზიციაში ვარ, ან _ საერთოდ არ იმჩნევენ ჩემს იქ ყოფნას. კლასში ლაზარე წინა მერხზე ზის და სიის გარეშეც, პირველად ამის ყოფნა-არყოფნას და გუნება-განწყობილებას ამოწმებენ მასწავლებლებიც და ბავშვებიც. მე ბოლო მერხზე ვზივარ და ჩემს გვარს ისე უცებ ჩაიბურტყუნებენ, ვერც ვამჩნევ. ის ნაბოზარი ზარიძე, დამრიგებელი კიდე საერთოდ გამომტოვებს ხოლმე სიის ჩამოკითხვისას, თითქოს კლასში არ ვიყო… და მთელ სკოლაში, სადაც გავივლი, სულ მესმის ზურგსუკან ლოზუნგები: _ რუსებს რაა? დედის ტყვნა! ან – აგე, პუტინი მოდის! აღარც ვუხსნი არავის არაფერს. ვარ და ვიყო, თქვენი დედაც. დაგბომბეთ და კიდე დაგბომბავთ, ბოზებო.

* * *

_ სულ ტყუილად გიყვარსო ლაილა, – ლაზარე მეუბნება, – ერთი კრეტინი გოგოაო. მეთქი – ნწ, ყველაზე მაგარი გოგოა ლაილა. _ მე შენზე დიდხანს ვიცნობ და დამიჯერეო. ქალის თემაზე ლაზარესთან ვერიდები ლაპარაკს, ისედაც ყველა გოგოს ლანძღავს. ერთხელ სახლში დავპატიჟე, ნეტში მუსიკას ვეძებდით და უცებ ამოაგდო რაღაც პორნოსაიტი, ვიღაც ნაშის სველი ძუძუებით. მეთქი _ იფ, რა ქალი, თან მოვიხედე და ვხედავ, ლაზარე კანკალებს მთლიანად, სკამს ჩაბღაუჭებული და შუბლზე ოფლი ჩამოსდის წვეთებად. ჰეი, გაგეთავა, ბიჭო? _ გავეხუმრე და ჩაიკეცა კიდეც სკამიდან, ხალიჩაზე დავარდა. გული წაუვიდა ტიპს. არადა, თვითონაც ხომ აქვს ნეტი, და ნეტი თუ აქვს და პორნოს არ უყურებს, რად უნდა საერთოდ ნეტი, რავიცი. მეც ვადგები ხოლმე სახლში. სანამ გავიცნობდი, მართლა მაინტერესებდა, რა პონტში იყო ჯუჯა: რამე ჭირდა თუ უბრალოდ ისეთი იყო, როგორიც იყო. და-ძმა, დედ-მამაც ჯუჯები ყავს, ნეტავ? ჯუჯების ოჯახია თუ მარტო ეს გამოვიდა ჯუჯა. ერთხელ მოვიდა სკოლაში დედამისი. ჩვეულებრივი ქალი გამოდგა, დაჟე მაღალი, და რაც მოვიდა, სულ ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც ლაზარეს უხდებოდა ხანდახან, – რემბო რომ პირველ სერიაში ჭრილობას იკერავს ნემსით, ლამის ეგეთი,Gგამწარებული თუ ნატანჯი. სახლში რომ დავადექი, მამამისიც ჩვეულებრივი ტიპი გამოდგა, რაღაცის პროფესორი, და ლაზარეს უცხოეთში წასული და რომ ვნახე ფოტოებზე, იმას კიდე ნებისმიერი ჩოხოსანი მოიყვანდა ცოლად, სულ რომ უკანასკნელი ბოზი ყოფილიყო: თითქმის ლაილასავით მაგარი გოგო მოკლედ. შენ რა პონტში გამოხვედი-მეთქი ჯუჯა? – ვეკითხები ხოლმე ლაზარეს. ლაზარე იცინის, – შე აფერისტო რუსაკოვო და მეცინება მეც.

* * *

რუსები კი ატრაკებენ. ძაან ატრაკებენ. ხან რა ინფო ვარდება ნეტში, ხან რა, და მე ვეხვეწები დედაჩემს: გადავიდეთ სადმე და შენ გვარზე გადმოვალ-მეთქი. ახლახანს გადმოვედითო, აცადე და გაჩერდებიანო, _ დედა ამბობს. არადა, სულ უფრო და უფრო მეტ შარს ვაწყდები სკოლაში. კიდევ ვიღაცა ყოფილა, გოგო, მეთერთმეტეკლასელი შელესტოვა, და _ ხან ჩანთას უგდებდნენ ფანჯრიდან გოგოები, ხან მობილს უმალავდნენო, _ ლაზარემ. წასულა რუსეთში, მე კი სად ჯანდაბაში უნდა წავიდე და ვაცდენ და ვაცდენ ოხრად გაკვეთილებს. ლაზარეც თან დამყვება. ერთხელ სამასწავლებლოსთან ჩავიარე და ზარიძე ამბობდა: _ სუფთა გოგოლის მკვდარი სულები არიანო ეგ ორნი, და აღარ ვუთხარი მერე ლაზარეს. წავიკითხო ერთი გოგოლი, ეგ ჩემისა, და მერე ვეტყვი, თორემ ამას, ლაზარეს, წაკითხული ექნება უეჭველი. წიგნებით აქვთ გამოტენილი მთელი სახლი და კითხულობს ყველა დედაწულიანად.

* * *

_ რა მაგარი სახელი გქვია, ლაილა! _ ვუღიმი და უცებ კევი მივარდება პირიდან. არადა, ნათქვამი აქვს ლაზარეს, ლეილა რომ ქვია სინამდვილეში. თურმე, სახელი ეგოიმება და მაგიტომ დაირქვა ლაილა. ლაილა-ლაილა. ერთი მერე ჩუმად ფოტო უნდა გადავუღო და დავანძრიო. ვაიმე, მადლობაა! – მიწელავს ლაილა და კვდება სიცილით. არა უშავს, კიდე მაქ კევი, – ვბურტყუნებ დებილივით და ის საერთოდ ბჟირდება. კეთილ ადამიანებს, უყვართ, ზოგადად, სიცილი, _ ვამართლებ მერე ლაზარესთან. გამომივიდნენ ტომი და ბეკი! – ქირქილებს ლაზარე, – კეთილი კიდე მარტო მაშინ გახდება, თუ ბოლო მოდელის მობილურს აჩუქებ. ხოო? – დავფიქრდი. _ ხო. გეზასავება მერე. ეგრე შვრება ხოლმე. მოკლედ, უეჭველი შურს ლაზარეს, მე რო ჯუჯა არ ვარ და ქალის დაკერვა ვიცი და მაგიტომ ენამწარობს, არაუშავს. ისე, მერე ამას ჯუჯების პორნო უნდა ვანახო, იქნებ ეგ მაინც გაუსწორდეს. იმ დღეს ნეტში მოვძებნე და ვარწყიე კინაღამ.

* * *

_ ეი, პუტინ, წამოხვალ სტადიონზე? _ ღლაჭუნა მეუბნება. ზედ სკოლასთან შემხვდნენ ეგ და მაგის ბრიგადა, ჩემი კლასელები. ეჰეი, სად ხარ ლაზარე. აღსდექი მკვდრეთით, თორემ დამერხა. მივიხედ-მოვიხედე. აღარ გყავს შენი ჯუჯა? – მიმიხვდა ღლაჭუნა. – იქნებ სხვა ფიფქია იშოვა და შენთვის აღარ ცალია, ჰა? ლაზარეს ზურგსუკან როგორ კაიფობენ ახვრები. არადა, ისე სულ ზედ ევლებიან. არ მიყვარს ფეხბურთი, _ ვუთხარი და გზა გავაგრძელე. ხო ვამბობ, ეგენი გეები არიან-მეთქი, ეს მართლა მკვდარი სულები! _ ზიზღით გააფურთხა ღლაჭუნამ და შეტრიალდა. ზარიძე მარტო სამასწავლებლოში არ ოხუნჯობს, მაშასადამე. ეგ თესლი. ეს თესლები. წავედით, მოვდივარ! – ვთქვი. დღეს ჟოპასტენკას ვთამაშობთ, – ხელებს იფშვნეტს ღლაჭუნა. ჯერ ფეხბურთი რაა და მერე ეს დებილი თამაში; აეკარი კედელს და გირახუნებენ სიფათში ბურთებს. მაგრამ, არაუშავს, ამათგან რომელიმეს ხო მივასხმევინებ კედელზე თავს ბურთით. ერთს ხო მაინც გავარტყავ, შანსი არაა… მე რომ აღმოვჩნდი მარტო კედელთან, მერეღა მივხვდი, რო მიჩალიჩებდნენ. ჰეი, ლაზარე, აღსდექი რა მკვდრეთით, შეჩემა. ის ტიპი, ჩუმი, მე რო ვწყვიტე პირველივე დღეს, თურმე სერიოზული ფეხბურთელია. ერთი ბურთი ამაცილა და მეორე ჯერზე ზურგში გამარტყა, გვერდით, ნეკნებში. სუნთქვა შემეკრა. თქვენი დედა მოვტყან! – მოვასწარი და წამცხო ეგრევე სამივემ. თუ ოთხივემ.

* * *

_ ჯერ, რუსი რომ ხარ, მაგიტომ. მერე _ სხვა ქალაქელი რომ ხარ. არც ამ უბნელი და არც სხვა უბნელი. მაშასადამე, არ ექვემდებარები ერთგვარ შიფრს თუ პაროლს, საკვანძო კითხვა-კოდს: `რა უბნელი ხარ?~ არადა, ამ კითხვის ქვეშაა მთელი ქვეყანა, მთელი პოლიტიკა, მთელი მწერლობა, ხელოვნება, რელიგია და საერთოდ, ყველაფერი ამ კითხვაშია მოქცეული: ზოგად-ეროვნული, ტოტალური ლოკალის აღმნიშვნელი ფრაზა. მთელი ქართული ყოფის ფონი თუ რეფრენი. ქრონიკული წყევლა. საქართველოს უახლესი ისტორია, სამ სიტყვაში მოქცეული.… თან კიდევ, ეს რუსული გვარი. ასეთ დროს. ვინ გაპატიებს, ვინ შეგარჩენს… _ ბურტყუნებს თავისთვის ლაზარეს მამა, თან ფინგალებზე ცივი წყლის საფენებს მიცვლის. ამანაც რომ გაახურა, ბლიად. არაა რუსი, გვარი აქვს მარტო ეგეთი, – უხსნის მეორე ოთახიდან ლაზარე. სიცხე აქვს და წევს, გარეთ ვერ გამოდის. მერე, გვარია ყველაფერი, _ აგრძელებს ლაზარეს მამა. – ფუნდამენტი. ქვეცნობიერში დაგროვილი გენური ბალასტი. საკუთარი გვარის რატომ უნდა გეშინოდეს, საკუთარი თავი რატომ უნდა უარყო და დამალო მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობენ ერთი მუჭა ნაძირალა ადამიანები, რომლებიც ანგრევენ და ანადგურებენ, აფეთქებენ და წვავენ, _ როცა არაფერი გაქვს მათთან საერთო, როცა ჯერ მხოლოდ მოზარდი ხარ, და მხოლოდ სიცოცხლე გიყვარს და გინდა. ადამიანებთან, თანატოლებთან მეგობრობა გიყვარს და გინდა, რუსი იქნება, ზანგი თუ ებრაელი… და ამ დროს მთელი ქვეყანა, მთელი ერი, ბერი თუ საგანმანათლებლო სისტემა გაყალიბებს და გზრდის პოტენციურ ქსენოფობად, პოტენციურ ჰომოფობად… _ ლაზარეს ოთახს გახედა და ჩუმად დაამატა: – ძალით თავსმოხვეული სათნოება და კეთილმოსურნეობა, უკიდურესად ხაზგასმული ყურადღება და ზრუნვა, თითქოს სასიკვდილოდ გადადებული ავადმყოფი იყო, _ ეს სიკეთეც ხომ გულისამრევია, ხომ იმის მინიშნებაა, რომ გჭირს რაღაც, რომ სხვა ხარ, რომ მათ არ გავხარ, _ ჰომოფობიის ყველაზე საშინელი, ფარული ფორმა… მომბეზრდა და გავაწყვეტინე: _ ასე რომ გარეთ გავიდე, სახეზე ძაან მეტყობა რამე? არა უშავს, ვითომ რინგზე იყავი, – მიღიმის და თავზე ხელს მისვამს. ამ ბებრებმა რო იდიოტური ხუმრობა იციან, ნუ იტყვი.

* * *

_ ლაილა, იცი, მე კლაუსტროფობია მჭირს, ოღონდ არავის უთხრა, _ ვეუბნები. გოგო როცა გიყვარს, გულწრფელი უნდა იყო და იმაზე ელაპარაკო, რაც ყველაზე ძალიან გაწუხებსო, _ ნეტში წავიკითხე ვიღაც ნიუ-იორკელი ჟიგოლოს დღიურები და ახლა ლაილაზე ვტესტავ. ეგ ისაა ხო, ჩაკეტილ ოთახში რო ვერ ძლებენ, – ჩაფიქრდა ლაილა. მე გამიხარდა: – კი, ლაილა, ეგაა! ვერც ლიფტში და ეგეთ ადგილებში; ბავშვობაში ლიფტში გავიჭედე ვიღაც ეპილეფტიკ ძიაკაცთან ერთად და მაგის მერე მჭირს, _ დავამატე რიხიანად. ლაილამ თანაგრძნობით შემომხედა: – ვაიმეე, რა ცოდო ხარ, სანდრიიკ! ვახ, გვარით არ მომმართა სხვებივით. სახელი დამიძახა. აი, მესმის ინტიმი! ამიდგა. მგონი, შევუყვარდი ლაილას! – მივახარე ლაზარეს. – რა აჩუქე რო ამისთანა? – ჩაეცინა. არაფერიც არ ვაჩუქე, ისე შევუყვარდი, _ მეწყინა. ეს შურიანი განდონი ჯუჯა. თესლი გოგოა ეგ შენი ლაილა, და კრეტინი! _ რაღაც ძაან ბოროტად თქვა ლაზარემ. ეჰაა. ერთ მერხზე ხო ზიან. თან, კაი ხანია კლასელები არიან. ამასაც ხომ არ უყვარს, ნეტავ… უცებ წარმოვიდგინე, როგორ ანძრევს ლაილას ფოტოზე ეს მახინჯი, და ტანში გამაჟრიალა. შენი ჯუჯა დედა მოვტყან! – დავუღრიალე ბოლო ხმაზე, ყბაში ვწყვიტე და თავდასაცავად მოვემზადე, რო მაშინდელივით ფეხებში არ შემვარდნოდა და არ წავექციე, მაგრამ არც განძრეულა და არც ხმა გაუღია. შემომხედა, რემბო რო პირველ სერიაში ჭრილობას იკერავს, ეგეთი, საგვარეულო თვალებით, გატრიალდა და წავიდა.

* * *

იმიტომ ასწორებდა ფოთი. ზღვა. რამე გეწყინება, რაღაც ისე ვერაა და მოისროლე ანკესი და მორჩა, _ ერთი ლიფსიტა ბარაბულის ჩარტყმაც აზრზე მოგიყვანს წამში, სტავრიდა-კეფალებზე რომ არაფერი ვთქვათ. ეგ ერთი კაი რამე კი მასწავლა მამაჩემმა, სანამ გაქრებოდა სადღაც. ვზივარ თბილისის ზღვაზე და ვთევზაობ. ოღონდ, რუსებმა რო დამბომბეს, მაგ მხარეს კი არა _ აქეთ, პლაჟზე. შემოდგომაზე ჩემსკენ გახურებული სათევზაო სეზონია ახლა, აქ კიდე ჩემი ფეხები. თან კაციშვილი არაა. ქარია. ზურგსუკან, გორაკზე შეფენილ ფიჭვნარში უნთიათ მარტო ცეცხლი ვიღაცეებს. კვამლის სუნი და მძიმე როკის ხმა მოაქვს ჩემთან ქარს; მაგნიტოფონით ან ცენტრით არიან, ალბათ. ალბათ, ეგენიც ყვირიან: რუსებს რაა? დედის ტყვნა! ხო მთელი სკოლა მაგას ყვირის, მთელი ქვეყანა. მთელი პლანეტა. მთელი გალაქტიკა. ყველა კედელზე ეგ წერია. ყველა პლაკატზე. მე კიდე რუსი გამოვდექი. ჩემიანებმა დაბომბეს აქაურობა და მე მაგინებს სუყველა, იმიტომ, რომ მტერი ვარ… მაგრამ, ხო მეც, მეც ვჭამე მაშინ თბილისის ზღვაზე, აქ _ ხო მეც დამიშვეს იმ ნაბოზრებმა! ვერაფერი გავიგე, მოკლედ. კიდევ კარგი, ლაილას მოვწონვარ, ლაილა-ლაილას.

* * *

გაქვს სიგარეტი? – ვიღაც ტიპი მეკითხება, გრძელთმიანი. თავი გავიქნიე, _ ნწ, არა, არ ვეწევი. სპორტსმენი ხარ, ბიჭო? _ გაეცინა, მაგრამ ეს `ბიჭო~ ისე არა, როგორც სკოლაში, ნემსივით. თან, ეს უფროსია. შარის სუნი არ მცემს, მაგრამ მაინც ვაჯახე ჩემი სტატუსი: _ სპორტსმენი არ ვარ, რუსი ვარ, რუსაკი! ტიპმა ყურადღებით შემათვალიერა და მეუბნება: – ამოხვალ ცეცხლთან? ქარია. გაიყინები შორტებში. ცეცხლთან სხვა გრძელთმიანი და შავებში ჩაცმული მასტები ზიან, ჩემზე უფროსები, და ერთი გოგო, თითქმის ლაილა _ ისეთი მაგარი გოგო, ოღონდ დიდი, _ ქალი, პრინციპში, _ მაწვდის ბოთლს და მეუბნება ხავერდოვანი, ჩამბალი ხმით: _ მოსვი! და ვსვამ. ვსვამ. მერე ვარწყევ და მერე კიდე ვსვამ. ცეცხლის ტკაცუნში, კვამლში, მივჩერებივარ ლაილასავით მაგარი ქალის სახეს. მერე სახე ქრება და გარშემო იცინიან ნაგიჟრებივით. უცებ ცეცხლიდან გამოდის ხელი, სახეზე მეფერება და ვიღაცა ამბობს, როგორც ტელევიზორში, რეკლამებში ამბობენ ხოლმე, ეგეთი ხმით: _ პრობლემები გაქვს, ბიჭუნი? პრობლემებს ღმერთი ქმნის, ღმერთი გაწვალებს, ჰოდა, შენც ადექი და შეიძულე! რამეთუ მხოლოდ სიძულვილშია ძალა, სხვა ყველაფერი მონობაა და სიბეჩავე! ალბათ, ცენტრიდან ისმის… და ისევ ვარწყევ. ამ დროს წინ, შარაზე, აყენებს ჯიპი, იქიდან ღიპიანი მასტი გადმოდის, ხელში ყუთით, შიგ ცეცხლში შემოდის და ყვირის ბაზრის გამყიდველივით: _ აბა დავაი, დავაი, დროზე, ნახეთ თუ ვარგა! თან აქეთ-იქით იყურება, ყუთს აჯანჯღარებს და ყუთი კნავის რატომღაც. ვიღაცამ ჩახედა და დანარჩენები ეკითხებიან: _ შავია? შავია. _ ეს პასუხობს. კნუტია? _ არა, არაა კნუტი. სხვა არ ქონდათ, _ პიჯაკიანი უხსნის და ისევ თვალებს აცეცებს. _ ეგეც წავა, ფული მიეცით, _ ლაილასავით მაგარი გოგოს ხმა ლივლივებს კვამლში და ჯიპი მიდის. მე ყუთში ვიხედები და იქიდან მიყურებს დიდი, ყვითელი, შეშინებული თვალები. ფიშო ფიშო, კარგო ფიშო, ნუ გეშინია, _ შიგნით თითს ვყოფ და ვცდილობ მოვეფერო. მიყვარს კატები. _ ამოვიყვანო? ყუთში ცოდოა, _ და გარშემო ისე ბჟირდებიან, სულს ძლივს იბრუნებენ. ჯერ მანდ იყოს, შეგვეჩვიოს, თორე გაგვექცევა, _ ლაილასავით მაგარი გოგოც თითს ყოფს შიგნით, დანარჩენებიც ბაძავენ: _ ფისო-ფისო! _ ეფერებიან, თან იგუდებიან სიცილით. ყველაფერი ხუთიანზეა, კაი ხალხი ჩანს, მაგრამ ცოტა მეშინია რატომღაც და ისევ არყის ბოთლს ვეძებ. ვსვავ და აღარ ვარწყევ. ესენი ახლა წკნელებს უჩხიკინებენ ყუთს, კატა კნავის და ვბრაზდები: _ ეეე, ეგრე არა, რა პონტია.. _ ვბლუკუნებ და ვცდილობ, ყუთს თავსახური ავხადო. ცეცხლიდან ისევ გამოდის ხელი, ხელზე მიჭერს მაგრად, კვამლისკენ მექაჩება და თვალები მეწვის, ცრემლს მაყრევინებს კვამლი, ჩემი ხელი კიდევ რაღაც რბილს ეხება. მოგწონს? – მეკითხება ლაილასავით მაგარი გოგო და ვხვდები, რომ ჩემს ხელს შიშველ მკერდზე ისვამს. მიდგება. შეხედვა მინდა და ვერ ვხედავ, ცრემლით მაქვს თვალები სავსე. გინდა, სხვაგანაც? – ისევ მეკითხება შემპარავად. თავს ვუქნევ. უცებ ხელში მხვდება რაღაც ბალნიანი და ლაილასავით გოგო მბრძანებლურად ამბობს: – არ გაუშვა! ეგრე გეჭიროს! კვამლში თვალს ძლივს ვახელ და ვხედავ, ყუთიდან გამოჩრილი კატის კუდი ჩამიბღუჯავს მაგრად ხელში, გარშემო კი იცინიან კრეტინებივით. თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ, ხალხო, _ ნაძალადევად ვიღრიჭები, _ რას მიჩალიჩებთ, ვითომ! ამ დროს მეორემ, ვინც თავიდან სიგარეტი მთხოვა, დანა მომაჩეჩა მეორე ხელში, ყველა გაისუსა, მუსიკაც მოტეხეს და გავიგე კატის დაგუდული, გაბრაზებული ბღუილი. და ლაილასავით მაგარმა ქალმა თქვა: _ დამიჯერე!

* * *

კვამლის სუნით ვყარვარ და თავი მისკდება. Eესეიგი, გუშინ რაც იყო, მთლა სიზმარიც არ ყოფილა. ძაან მურტალი სიზმარი. არადა, ხომ შანსი არაა, რომ სიზმარი არ ყოფილიყო. ცხოვრებაში პირველად დავთვერი. თან არაყი. ფუ მაგის. სად ხარ ლაზარე, სად დაიკარგე… პირდაპირ, მტკიცე ნაბიჯით მივდივარ სკოლაში. უკანა შესასვლელს ვუახლოვდები, სტადიონის მხრიდან. აქაა იმ პროჭების ბირჟა. აქ ეწევიან სიგარეტს და კარტს თამაშობენ, მაგრამ მკიდია. შევალ ახლა, მივაჭრი ლაილასთან და ვეტყვი, რომ მიყვარს. ძაან მიყვარს. და მერე ლაზარეს მოვუხდი ბოდიშს, ჩემს ძმას და მეგობარს, და ჩავიხუტებ: ასე მგონია, ყველაფერი ის რომ გავაკეთო, რისი გაკეთებაც მაგრად მრცხვენია და მეშინია, რასაც სხვა დროს ასი წელი ვერ გავაკეთებდი, _ ჩამოვირეცხავ, მოუსავლეთში გადავკარგავ გუშინდელ დღეს, გუშინდელ ახვრულ სიზმარს. კამეჩივით თავდაღერილი მივადექი ბირჟას სტადიონთან, უკანა შესასვლელთან და ეგრევე წამოხტნენ, წინ გადამიდგნენ. ჰეი, პუტინ, საით მიგეჩქარება? მოდი, ჯერ კარტი მოვცხოთ მე და შენ, _ მთავაზობს ღლაჭუნა. არ მევასება კარტი! – ვეუბნები დერსკად და თვალებში ვუყურებ. ვახ, შენ რა არაფერი გევასება, ტო! _ იცინის. _ აბა, ლოტოს თამაშობდი შენთან, რუსეთში? თუ თქვენ მარტო ბომბების სროლა გევასებათ, ჰა? კი, ბომბები გვევასება და კიდე დაგბომბავთ, სუყველას დედებს მოგიტყნავთ, თქვე ნაბიჭვარო გრუზინებო! _ ვეუბნები და ვგრძნობ, როგორ მომეშვა გულზე, ძალა მომეცა. ისე საკაიფოდ ვარ, სულ აღარ მაინტერესებს, ახლა მაგრად რომ მომხვდება. ვიღიმები. მტერი ვარ და ვიყო მტერი, ამის დედაც. მშვენიერი ყოფილა, როცა მტერი ხარ. ესენი კი არ მირტყამენ რატომღაც, ერთმანეთს უყურებენ და ძაან ჩათლახურად იღიმებიან. კაი, პეტროვსკი, ეგრე იყოს, _ ბედს დამორჩილებული კაცივით, წყნარად თქვა ღლაჭუნამ, სიგარეტი გადააგდო და წამში მეცა ყველა ერთად. ოღონდ, არ მირტყამენ. ხელები გამიკავეს და სადღაც მივყავართ. ერთი ხოშიანი წიხლი გავიქნიე, ვიღაცას ვწყვიტე და მაშინ წამაქციეს და ეგრე წამათრიეს, ტომარასავით. სტადიონზე გადამახოხიალეს და იქვე, დაკეტილ თუ მიტოვებულ მანქანების სახელოსნოსთან _ ბოქსებთან გაჩერდნენ. მუხლები ამეწვა. გადამეყლიფა. გამიშვით, ბოზებო! – ვყიყინებ. ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი და ძლივს ამომდის ხმა, თან, თვალებს სწრაფად ვახამხამებ, ცრემლები რო დავმალო. იმ პილოტად გადამაქცია ახლა, და ის თვითმფრინავი მომცა, მე ამათი. გაგიშვებთ, პუტინ, აბა რას ვიზამთ, _ კეთილად ამბობს ღლაჭუნა, _ მაგრამ, ჩიტმა ამბავი მოგვიტანა, კლაუსტროფობია ჭირსო, და ჯერ უნდა შეგამოწმოთ! და უცებ რაღაც ორმოში გადამიშვეს, ვიწროში და მართკუთხედში – მანქანებს რომ შემოაყენებენ ხოლმე და ქვეშიდან არემონტებენ, – იმ ორმოში. მერე იქვე მიგდებული, სტადიონის ძველი და ჟანგიანი, უზარმაზარი ჭიშკარი გადმოათრიეს შუსტრად და ორმოს დაამხეს. დაბნელდა.

* * *

სად ხარ, სად ხარ… აღსდექი რა მკვდრეთით, ლაზარე, ძმაო ჩემო, თორემ მოვკვდები, არ შეიძლება ჩემი აქ ყოფნა. შენ ხომ არ იცი, როგორია, როდესაც შვიდი წლის ხარ, და გაჭედილ ლიფტში, სიბნელეში, ნახევარი საათი კედლებს ეხლები, ხელიდან რომ დაუსხლტე შარდის და ოფლის სუნით აქოთებულ, დაპანიკებულ ბებერ ნაბიჭვარს, ჯერ ლიფტის კარებს რომ კაწრავს, ისე ხმამაღლა კაწრავს, თითქოს რკინის ფრჩხილები ქონდეს და მერე შენც რომ მოგიხელთებს, თან ღრიალებს და მერე ძირს, იატაკზე ვარდება, ისე, რომ ხელს არ გიშვებს და ძაგძაგებს, ძაგძაგებს, როგორც ტრაქტორის მოტორი, და ხავის და ბღავის ისეთ ხმაზე, მიმსგავსებულიც რომ არაფერი მოგისმენია ცხოვრებაში არასოდეს და არსად, და ლიფტის შახტაც რომ აორმაგებს და საზარელ ექოებად გაყრის და გამხობს თავზე უსაშველო შიშს, იმიტომ, რომ შვიდი წლის ბავშვი ხარ, იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად წააწყდი ეპილეფსიის შეტევას, თან სიბნელეში, გაჭედილ ლიფტში… და აქაც ხომ ბნელა. აქაც ხომ ლიფტია. და ზემოდან, თუჯის ჭიშკარზე, აქაც ხომ ბღავის და ბრაგუნობს მთელი ეს ახვარი სკოლა, თავისი წაკლა, ჩამშვები ლაილიანად. მთელი პლანეტა, მთელი ეს დედამოტყნული სამყარო ყმუის და ხარხარებს ჩემს თავზემოთ. მე კიდევ, ვუსმენ, ოფლში და ცრემლში აზელილი, და სადღაც შორს, უკან მიმათრევს შიში, ბავშვობაში, ლიფტის შახტებში. მორევს ჩაყოლილი მოცურავესავით ვიქნევ ხელებს სიბნელეში, რომ არ წამიყოლოს, რომ მოვეჭიდო რამეს… და უცებ საიდანღაც, კვამლიდან მესმის: – არ გაუშვა! ეგრე გეჭიროს! და მთელი სიცხადით შევიგრძნობ ხელში კატის კუდს, და მეორე ხელში დანას. ისევ გაუბედავად, ბურანში მყოფივით ვუსმევ დანას კუდზე, ყუთის კიდესთან. შიგნით კატა ჩხავის და ფართხალებს, მე კიდევ ნელ-ნელა ეშხში შევდივარ და ვუსმევ და ვუსმევ ბირდაბირივით, სანამ ყუთი განავლის სუნს არ აუშვებს, და კატის გაშვლეპილი, სისხლიანი კუდი არ შემრჩება ხელში…

* * *

მშვიდად, თავისუფლად ვსუნთქვავ. ვზივარ სიბნელეში და ველოდები. ველოდები იმათ _ იქ, ზევით. ჭიშკარი ოდნავ გადახოხდა და დღის შუქი ჩამოიჭრა. თვალებს ვიჩრდილავ. აქ ხარ, პეტროვსკი? სად ხარ, პეტროვსკი… _ ჩურჩულებს ლაზარე. ავყურებ ლაზარეს სილუეტს და ცოტა ხანში საკუთარი ხმა მესმის, უცხო და შემპარავი ხმა: – პრობლემები გაქვს, ბიჭუნი?

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4785
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუკა ბაქანიძე   Wed Oct 12, 2016 9:39 am

ლუკა ბაქანიძე

სატანა

თაგვი ინდიელის ხელისგულზე აძვრა, ცოტა ხანში ისევ ჩამოძვრა და ზედ ცურცლი დატოვა. – თაგვო, შე პროჭო, – უთხრა ბიჭმა. მერე ძირს დაგდებული ჭუჭყიანი ლეიბიდან წამოდგა, შორტი, კედები და კაპიუშონი უცებ ჩაიცვა და ბეტონის იატაკზე ფრთხილად გაიარა, რომ არავის გაღვიძებოდა. გზაში ასევე ჭუჭყიან ლეიბზე მიგდებულ ინდიელს გადააბიჯა ცურცლიან ხელზე და ეზოში გავიდა. – როგორც ტომ სოიერი სიფხიზლის დამცველთა სამიკიტნოში, – თქვა გულში. შუა ეზოში მდგარ ფიცრულ ტუალეტში შევიდა, კუთხეში მიყუდებული ქოლგა გაშალა და ჩაიკუზა. წყლით სავსე ვედროში თევზი დაფრთხა და გატყლაშუნდა. ნუ გეშინია, რომ მოკვდება მაცივარს ამ ქინძებს დავუტოვებ, – უთხრა თევზს ბიჭმა. თევზმა ამოხედა და ვედროს ფსკერზე გაყუჩდა. ბიჭი თავის ეზოში გაძვრა ღობიდან, სახლში შევიდა, საწოლთან მივიდა და ბებიას ღია თვალებში ჩახედა. ხელისგულები უკვე აღარ უოფლიანდებოდა შიშისაგან. – ადექი, შენი დედაც, – შეაგინა ხმადაბლა. ხელისგულები უკვე აღარ უოფლიანდებოდა სირცხვილისაგან. ბებია არ განძრეულა. – წამოდექი, შენი დედა მოვტყან! – დაუღრიალა ყურში ბოლო ხმაზე და ღია თვალებში დაინახა, როგორ ნელ-ნელა ამოტივტივდა ბებია საიდანღაც, სხეულს ამოეფინა, თვალებს მოადგა და სახე დაუნაოჭდა. – შენი კუბო დავდგი. შენი კუბო დავდგი, – წაიჩიფჩიფა და ჭრიალით წამოიწია. ბიჭი თავის ოთახში გავიდა. საწოლის გვერდით მიყუდებულ სავსე და გატიკნილ სალაშქრო ზურგჩანთას შეხედა და ხელისგულებზე ოფლმა დაასხა ადრინდელივით, როცა ბებიას გაცოცხლება არ იცოდა. როცა ბებია მკვდარი იყო და ყარდა ფსლის სუნად. – რამე არ დამრჩეს. რამე არ დამრჩეს. რამე არ დამრჩეს. – ლოცვასავით გაიმეორა რამდენჯერმე, ზურგჩანთას მოეფერა და დამშვიდდა. უჯრიდან ცელოფნის პარკი ამოიღო. ჯიბეში ჩაიტენა და სამზარეულოში შევიდა. ბებია ონკანთან რაღაცას რეცხავდა და ხმამაღლა იმეორებდა: – შენ ხარ ეშმაკი. შენ ხარ სატანა.

- მე ვარ ქრისტე, – უთხრა ბიჭმა, პურს ყუა მოატეხა და სახლიდან გავიდა.

* * *

- როგორც ჯო პორტუგალიელი, მაგრამ ეს სირია, – თქვა ბიჭმა გულში და ქუჩას გახედა. ჯერ მარტო პირველი ძაღლი მოჩანდა მოსახვევთან, მაგრამ უკვე ისმოდა შორიდანვე სხვადასხვა ტონალობის ხმა, კაცის თუ ქალის: – გამარჯობა! როგორ გიკითხო! – და დაბლიდან, პროსპექტებიდანაც ამოდიოდნენ ამ მიყრუებულ მთისძირა ქუჩაზე; ტაქსის თუ მარშუტკის მძღოლები რეისს იმრუდებდნენ და შიგადაშიგ ფეშენ-ტიპებიც, ძვირიან მანქანებზე მომჯდარი დეიდა-ბიძიებიც მოკრძალებით მოჰყვებოდნენ ერთი კილომეტრი საათში სიჩქარით, რომ ერთხელ ამასაც ეპასუხა: – ღმერთმა გამარჯვება მოგცეს, შვილოოო! – წამღერებით, როგორც ძველ რუსულ ფილმებში კეთილი ჯადოქრები. დაელოდა, როდის ჩაუვლიდა წინ ხუთი სხვადასხვა ზომის თუ სიმაღლის მაწანწალა ძაღლი, ზედ შუა ქუჩაზე ცხვრებივით რომ მოლალავდა მოხუცი ქალი, წელიწადის შვიდივე დროს ფეხზე უშველებელი ჩექმით და ხელში ჯოხით, ახლომახლო მეზობლები და ბებიაც როგორ შიგნაკრავივით გამოცვივდებოდნენ სახლებიდან, მისი ლოცვა-კურთხევა რომ არ გამოეტოვებინათ, როგორ შემოხედავდა ქალი და მფრთხალი და უგზო-უკვლო მზერა გაუხდებოდა, გეგონება მარშუტკაში ან ავტობუსში ზის და ხელჩანთას მაგრად იკრავსო გულში, და ესეც ხომ იხუტებდა თავის ჯოხს, და ძაღლებს ქუჩის იქითა მხარეს, მთის ძირებში წააბალახებდა, სანამ ბიჭს ჩაუვლიდა.

მაგრამ ეს სირია, – გაიმეორა ბიჭმა გულში, ქუჩაზე გადავიდა და მთას აუყვა.

* * *

ჯერ ბილიკით იარა, მერე გადაუხვია და კლდეზე იფორთხიალა ცოტა ხანს, სანამ თავის ხეს მიაღწევდა, სხვა ხეებისგან განსხვავებით წყნარ, უქარო ამინდშიც რომ ირწეოდა და შრიალებდა. ბიჭი ხეს ჩაეხუტა და ცოტა სული მოითქვა. მერე ორი-სამი გირჩა წამოკრიფა იქვე. ქუჩას გადახედა, ძლივს რომ მოჩანდა ხეებში და თავისი სახლის სახურავი გაარჩია. ზედიზედ და მთელი ძალით დაუშვა გირჩები და დაინახა დანგრეული სახლის ადგილზე ასული მტვრის კორიანტელი, სადაც მარტო სალაშქრო ზურგჩანთა აყუდებულიყო უვნებლად, როგორც ცეცხლგამძლე კარადა ნახანძრალში. – რამე არ დამრჩეს, – სთხოვა ხეს ბიჭმა და ზევით აუყვა. გეების მდელოს გასცდა, სადაც ერთხელ რამდენიმე ტიპს გადააწყდა, ერთმანეთში ჩახვეულებს, და მაშინ იქვე უპატრონოდ მიგდებული მობილურიც გააყოლა ხელს და ლომბარდში ჩააბარა ოცდაათ ვერცხლად. ბოლოს გაუვალ ეკლიან ბუჩქნარს მიადგა, ორი დიდი ეკლიანი ტოტი ჭიშკარივით გადაწია და პატარა განაკაფში შევიდა, რომელსაც ლამის მთლიანად ჩრდილავდა მარიხუანის ერთადერთი ბუჩქი. ტანსაცმელი უცებ გაიძრო. ცხელი წყლით სავსე აუზის ნაპირას, მარმარილოს ფილაზე გაიშოტა და ორთქლში მობოდიალე, მოსვირინგებულ, მუხლამდე ყვერებდაკიდებულ და კუზიან შიშველ სხეულებს უყურებდა და მღვდლის მონოტონურ გინებას უსმენდა და ზევით, გუმბათებქვეშ ექოდ დარიალებდა ვიღაცის ხრინწიანი ხველება-ფურთხება და:

- ესე არს ჭეშმარიტი ტაძარი ჩემი! – გაიფიქრა, სანამ ჩაიძინებდა.

* * *

- ვქმნა სასწაული? – ჰკითხა ბიჭმა ხალათმოსხულ და თვალებდასიებულ ქალს, პირველ სართულზე, ფანჯრიდან რომ იყურებოდა. ქალმა ბინდში სწრაფად გაიხედ-გამოიხედა და თავი დაუქნია. ბიჭმა ჯიბიდან ცელოფანში გახვეული მარიხუანა ამოიღო და შუბლზე მიარტყა:

- დინ-დონ, დინ-დონ, მწუხრისა შემოჰკრეს მოქალაქენო – ჟამის ავსულთა!

- ნუ ბაცნობ. – უთხრა ქალმა.

- ახლა ხოა მწუხრი? – აუხსნა ბიჭმა, – ხოდა – მე ვარ ავსული, თუ რაღაც ეგეთი. სატანას მეძახის ბებო.

- მარტო ბებო არა, ყველა ეგრე გეძახის, – გაეცინა ქალს და პარკს წაეტანა, – ისაა?

- იეს. – უთხრა ბიჭმა. პარკი გახსნა, მწვანე დაპრესილ გუნდას ცერის სიმსხო წებოვანი ბურთულა წააწყვიტა და დაანახა. ქალი ხარბად მიაშტერდა და შეეხვეწა:

- დღეს ისე მომე რა! თვიური მაქვს.

ბიჭს ეწყინა. მერე გაახსენდა: – პირი?

და იყო ნათელი.

* * *

შუაღამისას, რამდენიმე კილოვატიანი დინამიკების ღრიალში და მთვრალი ხალხით გაჭედილ მოედანზე ძლივს გამოაღწია, თავის მთისძირა ქუჩას შემოუყვა და ფეთქა და ფეთქა კიდევაც ზურგსუკან ფეიერვერკმა და ცა ააფერადა, და წინიდანაც, მოედნისკენ დაძრულმა ხალხმაც აატკაცუნა პეტარდები და შუშხუნები და მარტო ბიჭი, მეტსახელად სატანა, მოიკვლევდა გზას აქეთ, ფერად კვამლში გახვეული და მოწეული, და ეწვოდა ყელი, თვალები და ნაჯაფარი პენისი, და გზადაგზა ხანდახან ვინმე ქალი, ან ბავშვი ჩაულაპარაკებდა სიცილით: – შენ ხარ სატანა. შენ ხარ სატანა, და ბიჭი ხვდებოდა, რომ მარიხუანისმიერი პარანოიდული ხმები იყო ეს, მაგრამ მაინც იმეორებდა თავისთვის გულში ლოცვასავით: – რამე არ დამრჩეს. რამე არ დამრჩეს. რამე არ დამრჩეს.

* * *

ბიჭი ფრთხილად შევიდა ჭიშკარში. თავის ჩაბნელებულ სახლს გახედა, სანთებელა-ფანარი აანთო და ღობიდან მეზობელ ეზოში გაძვრა. ფანარი ფიცრულ ტუალეტს მიანათა, მაგრამ იქ ნათურა არ იყო და ღამით ცალ ხელში ფანრით და მეორეში ქოლგით ჯდომა დაეზარა. შიგნით კი ნებისმიერ ამინდში წყალი ჩამოდიოდა ზემოდან და მთელ ფრესკებს აფუჭებდა. – დილამდე გავძლებ როგორმე, – თქვა ბიჭმა და თევზი გაახსენდა, ფიცრულისკენ წავიდა და ამ დროს იქიდან ინდიელი გამოვიდა. ბიჭმა ფანარი მიანათა და დაინახა, რომ თევზის კუდი უფართხალებდა ხელში. ინდიელი სახლისკენ წავიდა უხმოდ და ბიჭიც ჩუმად მიჰყვა. – გაქვს რამე? – ჰკითხა ინდიელმა კარებში, – ისე გამოგაგდებენ ეგ ბოზები. ბიჭის ენაზე მოლაპარაკეს არ ჰგავდა და ინდიელიც მარტო კეპზე ეხატა – მხოლოდ თავი, თავისი ბუმბულებით და მეტი დამაჯერებლობისთვის წარწერით – “INDIANS”, მაგრამ ბიჭის ენაზე მარტო ეს ლაპარაკობდა და ერთხელ ბიჭმა ქუჩაშიც ნახა: მეტროს წინ რაღაცას მღეროდა ვიღაც ორ ტიპთან ერთად, და სამივეს ეროვნული ინდური ზმანი ეცვა და მერე დაიჯერა, რომ ნაღდში ინდიელი იყო. წითელი სახის გამო კი ლოთი ეგონა უბრალოდ და მართლა სვამდნენ საღამოობით ესეც და დანარჩენებიც, მაგრამ ინდიელი მარიხუანას არ ეკარებოდა. ბიჭი სახლში შეჰყვა და ეგრევე სახეში ეცა ცხელი ბუღი და ცხვრის ქონის სუნი, შუა ოთახში, დიდ და მრგვალ პლიტაზე შემოდგმული უზარმაზარი ქვაბი რომ ახრჩოლებდა, და გარშემო შემოსხდომოდნენ შავი და ოფლისგან აპრიალებული სხეულები. ვიღაც ცდილობდა ქვაბში ერთი მსხვილი ძვალიც ჩაეკვეხებინა, სასაკლაოდან რომ მოეტანა, სადაც მუშაობდა, თან თავის ენაზე იგინებოდა და დანარჩენებიც ყაყანებდნენ რაღაცას. ამ დროს ბიჭი დაინახეს და შემოესივნენ. – ხუთი ზანგი ბნელ ოთახში, – წაიღიღინა ბიჭმა გულში, მერე ცელოფანში გამოკრული მარიხუანა ბეტონის იატაკზე დააგდო და ზანგები ახლა იმას წაესივნენ, თვითონ კი მათსავით წელსზემოთ გაიხადა და კუთხეში მიგდებულ ერთ-ერთ ჭუჭყიან ლეიბზე მიწვა. ინდიელმა ქვაბიდან ძვლები ტომარაში გადაყარა და ქვაბში ტუალეტში დაჭერილი თევზი და დიდი სტაფილო ჩაათალა. ცოტა ხანში ქვაბი იატაკზევე გადმოდგეს და ნათურა ჩააქრეს, დენი რომ დაეზოგათ; პლიტა ისედაც კოცონივით ანათებდა ოთახს. ზანგები ქვაბიდან ტოლჩებით სვამდნენ ცხელ ნახარშს და ზედ პურს აყოლებდნენ, მერე კი ბიჭის მარიხუანას ეწეოდნენ და პლიტის გარშემო ცეკვავდნენ შიშვლები. ინდიელი არაყს იყუდებდა ბოთლიდან და რაღაც ნაღვლიან და შორეულ მელოდიას მღეროდა, – რეპეტიციას გადიოდა მეორე დღისთვის. თაგვი ინდიელს სოროდან უთვალთვალებდა, ბიჭს კი ესიზმრებოდა, რომ სატანა კი არა, ქრისტე იყო, თავის ხესთან, კლდეზე იდგა და გირჩებს უშენდა მთელ სამყაროს.

* * *

დილით მკერდის წვამ და რაღაც ღრიალმა გააღვიძა. დაიხედა. მოკიდებული სიგარეტით ჩასძინებოდა. ოთახი მოათვალიერა. ზანგები სასაკლაოზე წასულიყვნენ და ინდიელს ისევ ისე ეძინა თავის ლეიბზე. – როგორც სიფხიზლის დამცველთა სამიკიტნოში, – გაიფიქრა. მერე წამოდგა, შორტი, კედები და კაპიუშონი სწრაფად ჩაიცვა და თაგვის სოროსკენ გაიხედა. – სად ხარ, შე პროჭო, – თქვა ბიჭმა გულში, ინდიელს ფრთხილად გადააბიჯა და ეზოში გავიდა.

- ქირა მაიტათ, თორემ გაგყრით სუყველას თქვენს სომალიში თუ ნიგერიაში, თქვე ნაბიჭვარო აფრიკელებო! – ღრიალებდა ეზოში ბებერი კაცი, ბიჭის მეზობელი.

- ინდიელია ერთი, – ბიჭმა ტუალეტისკენ გაიხედა. – ახალი თევზი ხომ არაა ნეტა ვედროში, – გაიფიქრა.

- გაგაინდიელებ ახლა შე ბარიგა, რომ დაძვრები ჩემს სახლში, სატანა ხარ თუ ვიღაცა!

- დამახტი აგერ, – უთხრა ბიჭმა, ლანძღვას ყური აღარ დაუგდო და ღობეში გაძვრა. სახლში შევიდა, ბებიის საწოლს მიუახლოვდა და დაიხარა, ღია თვალებში ჩახედა, მაგრამ იქ, დაბლა, ვეღარავინ დაინახა, რომ ეყვირა. რომ ეღრიალა. რომ ესეც ისე გაეცოცხლებინა, როგორც ის კაცი გააცოცხლა ადრე. ლაზარე რომ ერქვა. თავის ოთახში შევიდა, საწოლთან მიყუდებული ზურგჩანთა მხრებზე მოიგდო და სახლიდან გავიდა.

* * *

ჯერ მარტო პირველი ძაღლი გამოჩნდა მოსახვევში, მაგრამ უკვე ისმოდა სხვადასხვა ხმა, ქალის თუ კაცის. დაელოდა, როდის ჩაუვლიდა წინ ხუთი ძაღლი, როგორ შემოხედავდა ქალი უგზო-უკვლო, დამფრთხალი მზერით, და უთხრა:

- გამარჯობა.

ქალმა, როგორც ყოველთვის, თვალი აარიდა და ქუჩის იქით მხარეს, მთის ძირს გაუყვა ძაღლებიანად, მაგრამ ბიჭი ქუჩაზე გადავიდა, ცხვირწინ აეტუზა და ცნობისმოყვარედ მიაშტერდა გლეხურ, უბრალო სახეზე. ასე ახლოდან პირველად ხედავდა.

- შენ ხარ, დედაო? გაქვს მართლა რაღაც სუფთა, მაგრამ შტერი ხარ. – გაიფიქრა ბიჭმა.

და მერე ჩუმად გამოსცრა კბილებში:

- გამარჯობა-მეთქი, ვის ვეუბნები, მე შენი!

და ქალს გაუხდა თიხის სახე და შუშის თვალები.

მერე გაინძრა, სახიდან ნაფშხვენი ჩამოეყარა, პირის ადგილას ფართოდ გადასკდა და ბიჭმა სიმღერა გაიგონა:

- ღმერთმა გამარჯვება მოგცეს, სატანავ, შვილოოო!



* * *

რამე არ დამრჩეს.

რამე არ დამრჩეს.

რამე არ დამრჩეს.

ჯიბეებზე ხელი მოისვა:

მარიხუანაც, სველი ფრესკებიც, თიხის სახეც, ორთქლიანი ქვაბიდან ამოჩრილი ბარძაყის ძვლებიც, ფეიერვერკის ათინათებით განათებული მთელი ეს დამპალი და გაზინთული სამყარო ადგილზე იყო.

და ბიჭმა თქვა:

- ახლა კი იერუსალიმისაკენ.

ოქტომბერი. 2015 წ.

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4785
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუკა ბაქანიძე   Fri Dec 30, 2016 12:43 pm

ლუკა ბაქანიძე

ცას გისურვებთ!

ვაზიანის სამხედრო ბაზა გსმენიათ ალბათ და: არის მანდვე სოფელი, სადაც ბავშვები სავარჯიშო „ლიმონკებით“ თამაშობენ ეზოებში, სადაც გამოშიგნულ რაკეტებში დღვებენ კარაქს და სადაც ყველაზე ჯანსაღი ადამიანი ისაა, ვისაც რვაოდე თითი მაინც შერჩენია ხელებზე. სადაც დენთი მტვერზე უფრო ჩვეულებრივი რამაა, და სადაც, ყოველგვარი პოეტური ქვეტექსტების გარეშე, სწორედაც რომ ცისარტყელას ყველა ფერში გადაწყვეტილი პატარა მდინარე მოედინება, ასევე ფრიად იდეინ - თვითმფრინავების, ვერტმფრენების და რაღაც გაუგებარი კონსტრუქციების ნაწილებით და ნამუსრევით გამოტენილ კალაპოტში, საიდანაც ორთავიანი კუ ამოვათრიე ერთხელ ანკესით...
რას ვამბობდი: სოფელი-მეთქი, სადაც თითქმის ყოველი სახლის გვერდით თვითმფრინავის ბაკი მოჩანს, რომელსაც წყლის ავზებად ხმარობენ. სადაც ზაფხულობით საჩრდილობლად გამოყენებული პარაშუტების ქვეშ სვამენ „სამაგონს“. სადაც ახალ წელს ყრუებს სმენა უბრუნდებათ, რამეთუ იქაურები დინამიტის კოჭების აფეთქებით აღნიშნავენ დღესასწაულებს. სადაც ყველა მოსახლე პოტენციური პიროტექნიკოსია, და სადაც არ არსებობს ადამიანი, ძუძუთა ბალღიდან დაწყებული და გადახრჩუებული ბებრით დამთავრებული, სამხედრო კამუფლაჟის რაიმე დეტალი რომ არ ჰქონდეს გამორეული სამოსში, და ესე ყოველი, ხუმრობის გარეშე, სტანდარტული ყოფაა, ნორმა, ემაგ მხარეში. ყოველ შემთხვევაში, იყო, როცა მე მომიწია ცოტა ხნით მანდ ცხოვრებამ, წლების წინ, რუსები სანამ აიკრიფებოდნენ ბაზიდან. სოფლის ცოტა მოშორებით, სამხედრო ქალაქში, ეგრეთწოდებულ „გარადოკში“, ცხოვრობდნენ რუსი ჯარისკაცები, თავიანთი ოჯახებითურთ, და როდესაც ჯარისკაცებს წვრთნები ჰქონდათ იქვე ახლოში მდებარე პოლიგონზე, ეს სამხედრო ქალაქი მყისვე ადგილობრივი ბიჭ-ბუჭების დასავაჟკაცებელ პუნქტად იქცეოდა ხოლმე, თავად ბაზა და პატარა აეროდრომი კი ამ დროს სამი-ოთხი მეთვალყურე ჯარისკაცის ანაბარა რჩებოდა, რომლებიც, ბაზის ყარაულობის ნაცვლად, სხვა, უფრო სარფიანი საქმით იყვნენ დაკავებული, კერძოდ, საბრძოლო თუ ასაფეთქებელი იარაღების გაყიდვით და თან იქაურ ბიჭებთანაც მეგობრობდნენ ერთი პოლიტრა არყის ეშხით. ჰოდა, აემ სოფელში ნათესავს თუ ვიღაცას ჩამოადგა ერთხელ მოსკოვიდან გოგო, სახელად ლენა, რომელიც ჩამოსვლის დღიდანვე თქვენი მონა-მორჩილი ლუკრეციოს გულის მურაზი და ერექციის მთავარი მიზეზიც შეიქმნა. მე იმ პერიოდში მდედრობით სქესთან ლავირების ისეთი ნიჭის მისხალიც არ გამაჩნდა, რავალიც დღეს მაქვს ცხრა კაცის სამყოფი და ამიტომ, როგორც იტყვიან - შორით ვიწვოდი და ვიდაგვოდი უთქმელად, დავიარებოდი გულჯავრიანი და დროდადრო ბალახს და ლელქაშს თუ მივაჩეჩებდი ხოლმე ხელში, - იმ მიდამოში ყველაზე ლამაზ მცენარეებს, სიყვარულის ნიშნად. ერთხელაც, გავიხედოთ და, დაბადების დღე ჰქონია ამ გოგოს, და ზეიმს ჰფიქრობს თურმე თავის ნათესავის ეზო-ყურეში - გამოდის ქუჩაზე ერთი ჩხრიალ-წკრიალი და პელმენის ორთქლი. დავჯექით მე და ჩემი ორი იქაური ძმაბიჭი და ვბჭობთ, - რა და როგორ, რით და საიდან, ასე ჯობს თუ ისე, და ერთ ძმაბიჭს ცალი თვალი გაუბრწყინდა - მეორე ბავშვობაში დაჰკარგა, ჯართს რო ეძებდა მინდორში და შეაფეთქდა ხელში რაღაც - გაუბრწყინდა და: მე ვიცი, რაც უნდა ვქნათო. მე ვიციო და წავედით და გავცდით სოფელს, გავძვერით გარღვეულ მავთულის ღობეში, გადავედით ფერად მდინარეზე და აეროდრომს მივადექითა ასე და ამგვარად. ესა, მეორე თვალი რო აუფეთქდა, უყვირის აქედან რუსულად - მე ვარო, ჩვენა ვართო, არ გვესროლოთ, ვოდკა მოგვაქვს ოხრადო და შეგვიშვეს. ახლა დეტალებს და ვინ რა როჟებს კერავდა აღარ მოვყვები და გავიპროჭეთ კარგად ჩვენც და სამი სალდათიც, გააღეს ამათ იარაღის საწყობი, გამოიტანეს ავტომატები და დავიწყეთ მიზანში სროლა; ვმხიარულობთ, ვშუშპარობთ და ესა, მეორე თვალი რო აუფეთქდა, აპარებს თან ნელ-ნელა: რაღაცა უნდა გთხოვოთო, აი, ეს თბილისელი მასტი გვყავს მაგარი შეყვარებული და ახლა უნდა გავუსწოროთო, და ერთი ბიდონი სპირტი ჩემზე იყოსო. საქმის არსიც აუხსნა და მე მაშინ ამ ერის - რუსების და არაყის საკრალური ურთიერთკავშირის შესახებ ბევრი აფერი მსმენოდა და მეთქი პიზდეც, გამოგვყრიან ახლა აქედან კინწისკვრით, სალდათებს კი, ვხედავ, აუტყდათ სიცილი, ბეჭებზე ხელს მიტყაპუნებენ, იქით ვიღაცას ცრემლიც მოადგა და მოკლედ, მივადექით ასე, მთვრალები, უზარმაზარ, ფრთებიან სამხედრო ვერტმფრენს, გადავაძრეთ ცხვირიდან ტენტი და შევლაგდით სამნი შიგნით - მე, მეორე თვალი ვისაც აუფეთქდა - ეგა და ვისაც ვერტმფრენისა გაეგებოდა - ის სალდათიც ზემოდან. დანარჩენები დარჩნენ და გააგრძელეს სმაი. აიწია ე ჩემის ვერტმფრენი და ეგრე გვერდულადვე, რწევა-რწევით წავიდა დაბალზე სოფლისკენ. ამას, პილოტს, არც კასკა უკეთია არც არაფერი, ზის წელსზეით შიშველი და დააფარფატებს ვერტმფრენს სოფლის თავზე. ჩვენ იმ გოგოს სახლს ვეძებთ და ვერ ვპოულობთ, ზემოდან სხვანაირად, ერთნაირად ჩანს ყველა სახლი. ბოლოს ვიპოვეთ როგორც იქნა, პილოტსაც ავუხსენით ძლივძლივობით, მუჯლუგუნების კვრით, გრძედი და განედი და სახლის სახურავი, და დავეშვით ზედ ეზოს თავზე, ხეებს ვედებით ლამის. ვიყურები დაბლა და გარბი-გამორბიან ძირს ტიპები, ერთმანეთს ახტებიან, და სანამ სალდათი ძლივს იკავებდა ვერტმფრენს ერთ ადგილზე, ჯერ მე, და მერე ამან, მეორე თვალი რო აუფეთქდა, - ვუმღერეთ რუპორიდან : ჰეპი ბიორთდეი თუ იუუ! შემდეგ ისევ ზემოთ ავიწიეთ და ესა, მეორე თვალი რო აუფეთქდა, მიყვირის ყურში: ებიჯო, ვითომ მიხვდა ახლა ჩვენ რო ვიყავითო? რაღას ვიზამდით, ჩავჯექით კვლავ ლამის შიგ ეზოში და ვღრიალებ რუპორში: მეთქი - ეჰეჰეი, ლენ, მე ვარ, - თან ჩემი მეტსახელი ჩავძახე, რომლითაც იმ ეპოქაში და მიდამოში ვიყავნ ცნობილი. მერმე, როგორც მოვფრინდით, ეგრე გვერდულადვე წავფრინდით და დავეშვით მშვიდობით აეროდრომზე, მოვწესრიგდით და გავეშურეით ჩემი მურაზის სახლისაკენ. ჭიშკარს რო მივუახლოვდით, კი მომესმა დედის ტრაკის გინება ყველა ენაზე და კილოკავზე, მაგრამ ისიც ხო ვიცი, ჩვენს ქვეყანაში ყველა ემოციას, როგორც წესი, გინებით რო გამოხატავენ, ამიტომ გულმშვიდად შევაღე ჭიშკარი და შევედით მე და ესა, მეორე თვალი რო აუფეთქდა. შევედით და რას ვხედავ: დალეწილი ტოტები ყრია ძირს და თეფშები და ჭურჭლობა, იქით ატრიალებული მაგიდაც მოსჩანს და სახლს კიდევ ზედ ჰკიდია ნახევარი სახურავი - ატილას ლაშქრის საბანაკო ადგილს ჰგავს მოკლედ იქაურობა. ამასობაში ის პირძაღლი ლენაც ჰკივის კვალად საიდანღაც, რუსაკულად, - ეგე ეს იყოო, ეგ თბილისელიო და გამოექანა ჭიშკრისკენ ამხელა ნაროდი, და სანამ მე გაღიმებული ვიდექი, ამან, მეორე თვალი რო აუფეთქდა, მომკიდა ხელი და ავითესეთ იმ გაპარტახებული ეზოდან...
ეგრე დამთავრდა ჩემი მეორე სიყვარული, მაგრამ იმ დროების და სანახების სიყვარული (ბაზას არ ვგულისხმობ), კი გამყვება სამარის კარამდე ათასი წელი, როგორც ჰორიზონტს ვატყობ...
წაველ ახლა მე ვირტუალური სივრციდან, რამდენიმე დღით ქუდს ჭერსა ვჰკრამ პანკურად, თქვენ კი დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, ხალხოუ, და ნაკლებ ფეისბუქს და მეტ მიწას და ცას გისურვებთ!

თქვენი ერთგული ფრენდი - ლუკრეციო პიტაკგადანახული.

30.12, 2016 წ.

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4785
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუკა ბაქანიძე   Wed Jan 09, 2019 1:54 pm



წიგნის დასახელება - მესამე ნაპირი
ავტორი - ლუკა ბაქანიძე
რედაქტორი - თამარ ჟურული
კორექტორები - მანანა სანადირაძე, ლიკა თავართქილაძე, მაგდა კვაჭანტირაძე
დიზაინერი - ლაშა გიორგაძე
ტექნიკური რედაქტორი - ნატალია ახვლედიანი
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ლევან ლაცაბიძე
გამომცემლობა - პალიტრა L
ISBN 978-9941-21-709-8
ყდა - რბილი
გვერდების როდენობა - 312
გამოცემის წელი - 2014


ლუკა ბაქანიძე

მესამე ნაპირი
(რომანის დასაწყისი)

ტოპეს ხსოვნას

1
ზუსტად ასე მიყვარს გაღვიძება: თვალს რომ გაახელ და ერთხანს აზრზე არა ხარ, სად იმყოფები... სწორედ ამისთვის, ასეთი გაღვიძებისთვის ვცხოვრობ ისე, როგორც ვცხოვრობ და მარტო მე კი არა _ ჩვენ ყველა, ჩემიანები.
გაიღვიძებ ეგრე და როგორც არ უნდა იყო, გინდ თავი გისკდებოდეს პახმელიისგან თუ რავი, რა ჯანდაბისგან, ან სიცივისგან იყინებოდე, ან ცეცხლი გეკიდოს ფეხზე, მოკლედ, რაც არ უნდა ცუდად იყო, მაინც კარგად ხარ, იმიტომ რომ იცი: შენ რომ გიყვარს, სწორედ ისეთი დღე გქონდა გუშინ და ახლაც ყველაფერს გააკეთებ, ყველაფერს გამოსწოვ დღევანდელ დღეს; მიხვალ, სადაც მიგესვლება და არ მიგესვლება, რისი დალევა, ჭამა თუ მოწევაც შეიძლება ან მავნებელია, ყველაფერს დალევ, შეაკეთებ და წააწყდები ათას ნაგავს და კარგ, მართლა მაგარ ტიპებს; ზოგთან ჩაურტყამ, ზოგთან მოწევ, ვისთანაც დაკვრა გიყვარს, იმასთან დაუკრავ, ვისთანაც ლაპარაკი გიყვარს, ილაპარაკებ, ვისი გაჟიმვაც ხელგეწიფება, გაჟიმავ და ასე: _ აქ, ამ სიბრტყეზე, ჩემს განზომილებაში, სადაც გადაეყრები არასრულფასოვნების კომპლექსის ყველაზე მაგარ და საინტერესო, სასაცილო და ხანდახან სახიფათო გამოვლინებებს ისტერიის უმაღლესი და თავისუფლების უდაბლესი ხარისხით და, პრინციპში, ყველგან ასეა, მარტო აქ კი არა.
მთავარი, ცენტრი დამავიწყდა, ჩვენი ტაძარი: ერთი მიყრუებული როკკლუბი, სადაც ბინადრობს ყველაზე ნაღდი ადამიანი დედამიწის ზურგზე, ყოფილი მღვდელი და ამჟამად კლუბის მეპატრონე და შეთავსებით ქარიზმატული ფეისკონტროლიორი, რესპექტაბელური და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარ ხალხის მტერი ნომერი პირველი, ცალთვალა, წითელწვერიანი და უშველებელი, ვითარცა მეკობრე, ბებერი დრამერი მამაო _ ჩვენი შემწე და მფარველი. მამაომ მასწავლა ტუჩის გარმონზე დაკვრა, რის მეშვეობითაც, რაც სახლიდან წამოვედი, მოვიპოვებთ პურს არსობისას: სიგარეტს, ლიმონს და არაყს _ მე, ჩემი ძმაკაცი და მხეცი გიტარისტი ალექსანდერი და ბერძენი, თავგადაპარსული გოგო ნეა, ჩვენი კლავიში, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე ტუშით და ნემსებით შედევრის დახატვა რომ შეუძლია. ადრე სალონში აკეთებდა სვირინგებს და ბევრი კლიენტიც ჰყავდა,
მაგრამ მერე სპიდიანი მარკუსა შეიყვარა და გამოაგდეს იქიდან. განსაკუთრებით მამაოს უყვარს ნეა, მისი გაკეთებული
სვირინგიც აქვს ზურგზე: ყალყზე შემდგარი კენტავრი, თავადაც ტატუირებული და საყურეებიანი, ხელში კომბალივით მომარჯვებული ელექტროგიტარით. მოკლედ, სუფთა მამაო, ოღონდ ოთხფეხა, _ ოცდამეერთე საუკუნის ქირონი, ანდერგრაუნდის გმირთა და უპოვართა აღმზრდელი და მეგობარი.
ნეას შეყვარებული კიდევ, მარკუსი, სანამ მოკვდებოდა, ჩვენთან ერთად უკრავდა...

* * *
მარკუსი და ნეა რომ გავიცანით, თავიდან გავიფიქრე, ეს როგორ შეიყვარა-მეთქი ამ გოგომ. სულ სხვადასხვა ტიპები იყვნენ: მარკუსი _ ჩუმი და წყნარი, წარამარა წითლდებოდა ბავშვივით და ისედაც ბავშვს ჰგავდა; დაბალი იყო და გამხდარი, სიგარეტის ღერივით, ნეი კი ხმაურიანი და უტიფარი, თან მარკუსზე ერთი თავით მაღალი.
ვიჯექით ერთხელ მე და ალექსანდერი მიწისქვეშა გადასასვლელში და გიტარაზე ახალ თემას ვარჩევდით. ცუდი დღე გვქონდა, ერთი-ორი კაპიკი ძლივს მოვაგროვეთ და მარტო არაყზე და ლიმონზე გვეყო, მშივრები ვიყავით. ღამდებოდა და იმას ვფიქრობდით, სად გაგვეთენებინა. მე პარკში მერჩივნა, კარუსელზე. აკვანივით კარუსელი იყო, _ ერთს მიაწვებოდი, დაატრიალებდი, აძვრებოდი მერე ორადგილიან სკამზე და სანამ გაჩერდებოდა, ასე ტრიალში ჩაგეძინებოდა კიდეც და რომც არ დაგძინებოდა, ისედაც ასწორებდა მანდ წოლა, თან თუ მოწეულიც იყავი... დროდადრო გამოჩნდებოდა ცხენოსანი პოლიციელი, ეული და თავჩაღუნული რომ
დააჩინდრიკებდა თავის ცხენს ჟანგიან კარუსელებს შორის და უთავო მხედარს ჰგავდა შორიდან. ამ მივარდნილ პარკში ვის ან რას იცავდა და საერთოდ, ვინ სირმა გაამწესა აქ, აზრზე არა ვარ, თუმცა ჩვენ არაფერს გვერჩოდა. ხანდახან შედგებოდნენ ეგ და მაგის მერანი და გვიყურებდნენ შორიდან, ახლოს არ მოდიოდნენ. მაგრამ მერე და მერე, ერთად რომ ვიყავით ყველა, მარკუსი და ნეაც რომ ჩვენთან ერთად იყვნენ, უფრო გლიჯავდა: ოთხივე რომ მივაწვებოდით კარუსელს, დავძრავდით და ნახევარი საათი მაინც ვტრიალებდით ასე.
მარკუსს კიდევ მაწანწალა ძაღლები უყვარდა კარუსელზე მეტად, ჭრიალის ხმაზე რომ გამოძვრებოდნენ ხოლმე საიდანღაც. და ძაღლებსაც უყვარდათ მარკუსი; ჩვენ რომ სკამებზე ვიწექით და რაღაც სისულელეებს ვუკრავდით, ის ამ დროს ძაღლებს ეთამაშებოდა და კარგი იყო, მაგარი იყო ეს ყველაფერი _ კარუსელიც, მუნჯი პოლიციელიც, ალექსიც, ნეიც, არაყიც და მთვრალი მარკუსაც, იმ მუნიან ძაღლებთან რომ კოტრიალობდა შუაღამისას.
იმას ვამბობდი, თავიდან როგორ იყო-მეთქი, ნეი და მარკუსი როგორ გავიცანით: ვიჯექით მე და ალექსი, მე კარუსელის მუღამი მქონდა, მაგრამ მეტროს ფული აღარ გვრჩებოდა და ბოლოს აქვე გადავწყვიტეთ გათენება. სკამები აქაცაა, თან ღამე თბილა ამ პადზემკაში. ადრეც რამდენჯერ ჩამომივლია. ზაფხულში, საერთოდ, გრილა მიწისქვეშებში და მაშინ რას წარმოვიდგენდი, ღამე ასე თუ ეთბილებოდა, თითქოს ვიღაცამ გამათბობლები ჩართოო. გამვლელები ათასში ერთხელ თუ გამოჩნდებიან: მეტროდან ამოსული შეგვიანებული მოქალაქეები, სანოვაგით დატვირთულები რომ მიიჩქარიან შინ, ერთს გადმოგვხედავენ ზიზღით ან შიშით და სწრაფად
ჩაგვივლიან. ჩვენ გარდა, ჩვენნაირების გარდა, არავის უყვარს მიწისქვეშა გადასასვლელი ღამით, მე და ალეს კი ეს გვიყვარს განსაკუთრებით, თავის დროზე უეჭველი ყოფილმა ბომჟმა რომ დააპროექტა და ალაგ-ალაგ, ნიშებში, მერხებიც ჩააყოლა წამოსაწოლად. ორის მერე შუქს აქრობენ, ელექტროენერგიას ზოგავენ ალბათ და მაშინ არის ყველაზე ნაღდი: კუნაპეტ ბნელში მყუდროდ რომ წევხარ პარალონზე, საიდანღაც ჩხრიალის თუ ფხაკუნის ხმები ჩაგესმის და კიდევ რაღაც იდუმალი ექოები ისმის აქეთ-იქიდან... ამ დროს ვიგონებთ ყველაზე მაგარ თემებს გიტარაზე და ტუჩის გარმონზე მე და ალექსა. სუნს და ნაგავს კი არა უშავს, მაინც ყველგან
ნაგავია, შევეჩვიეთ.
ჰოდა, ვზივართ და გამოჩნდნენ მაღალი, თავგადაპარსული გოგო და დაბალი, ჩხირივით ბავშვი, ჩვენზე უფროსი რომ აღმოჩნდა მერე. ბიჭს უცხოპლანეტელივით დიდი თვალები ჰქონდა და თავისხელა გიტარის ფუტლარი მოეგდო ზურგზე, მაგრამ არ ჰგავდა არაფრით გიტარის კაცს. ჩვენდა გასაკვირად, გაჩერდნენ და მოსმენა დაგვიწყეს.
ალექსანდერმა სიგარეტი სთხოვა ბიჭს, თუმცა ღამის სამყოფი და არაყზე დასაყოლებელი რამდენიმე ღერი კი გვქონდა ორივეს. ბიჭი არც განძრეულა და გოგომ გააძრო ზურგჩანთიდან ქემელის კოლოფი, კარგა ბლომად ამოიღო და ჩვენ წინ, ფულის მოსაგროვებელ ყუთში ჩაყარა. მე რომ მომწონს, ზუსტად ისეთი გოგო იყო: გამხდარი, პატარა მკერდით და ოდნავ მკაცრი სახით. ის ბიჭი კიდევ არ მომეწონა საერთოდ, ისიც კი ვიფიქრე, ეგ გიტარა რომ ალექსის გიტარად გადაიქცეს, ურიგო არ იქნება-მეთქი, თან კაციშვილი არ იყო ახლომახლო და ბიჭსაც ზედ ეტყობოდა, ბევრ ლაილაის არ დაიწყებდა. მოკლედ, გოგო მომეწონა ძალიან და მთვრალიც ვიყავი, თორემ სულ არ ვარ ეგეთი ტიპი. შემშურდა და ზედაც ეტყობოდათ, ერთად რომ იყვნენ _ ხელიხელჩაკიდებულები.
ალექსმა კი, ვითომც არაფერი, ამოიღო ჯიბიდან სხვადასხვა სიგარეტის ღერებით ნახევრად სავსე კოლოფი და გოგოს მოცემულიც შიგ ჩაყარა, ერთსაც გაუკიდა და ისევ გიტარას დაუწყო ჩალიჩი. გოგოს გაეცინა, ჩანთიდან კიდევ ორი ღერი ამოიღო, ერთს თვითონ მოუკიდა, მეორე თავის ბიჭს მისცა.
ბიჭს არ მოუკიდებია. გვიყურებდა და სიგარეტს ატრიალებდა თითებში.
უცებ გვეუბნება:
_ ბიჭებო, ცოტა ხანს რომ თქვენთან ერთად დავუკრა, შეიძლება?
ხმაც ბავშვის ჰქონდა.
ალექსს გადავხედე.
_ ბასია? _ ვკითხე მერე ბიჭს.
ბასგიტარა კი დაგვხატავდა, რაც მართალია, მართალია, მაგრამ ჩვენი მინი ხმის გამაძლიერებელი და აკუმულატორი უკვე მესემიჩკეს სარდაფში გვქონდა შენახული.
ალექსი ისევ თავის გიტარას უჩხიკინებდა. ჩემზე უფრო გაგლეჯილი მთვრალი იყო.
ბიჭმა ფუტლარი ძირს დადო და თვითონაც იქვე მოირთხა ფეხი. მერე ფრთხილად გახსნა და გიტარის ნაცვლად პრიალა ფლეიტა ამოიღო.
ყბა ჩამომივარდა.
_ მარტო ეგ გაქვს? _ თან ფუტლარში ჩავიხედე. ცარიელი იყო, ტიპს ფლეიტა დაჰქონდა ამხელა შალითით. მოკლედ, ორი ვერსიაა: ან მამალი გიჟია, ან რა ვიცი, შეიძლება უბრალოდ ეგეთი ხოში აქვს, ასე უნდა... საერთოდ, შიგნაკრავ, ანუ, როგორც იქით იტყვიან, არაპროგნოზირებად ხალხს დიდ პატივს ვცემ, ოღონდ _ ნაღდებს: რამდენია ისეთი, ყველაფერს რომ იკისრებს, შიგნაკრავად, განსაკუთრებულად რომ მოგაჩვენოს თავი. ფლეიტის პატრონის მიმართ პატივისცემისმაგვარი რაღაც ვიგრძენი და მივხვდი, _ გოგოს ამბავი იყო, თორემ თავიდანვე მომეწონა, ეგეთი, როგორიც იყო _ ბავშვივით თვალებდაჭყეტილი და მორიდებული, ჩვენი მომავალი ძმა და მეგობარი მარკუსი, რომელსაც სპიდი ჰქონდა უკვე მაშინ.
ალექსმა თავი ასწია, ამღვრეული თვალები შეავლო ფლეიტას და უაზროდ წაიბურტყუნა:
_ გავკარი პაპსავიკებს...
ბიჭი გაწითლდა.
_ მთვრალია, _ ვთქვი მე.
_ ეტყობა, _ გოგოც ბიჭის გვერდით ჩაცუცქდა და, ასეც, ჩაცუცქულიც, ბიჭზე მაღალი ჩანდა, _ რა მუსიკას უკრავთ, ბიჭებო?
_ რა ვიცი, რასაც წამოიღებს, იმას ვუკრავთ... შენც უკრავ?
_ ცოტას. ისე ვხატავ, _ გოგომ ახალ ღერს მოუკიდა და თქვა, _ ეს მარკუსია, მე _ ნეა, _ მერე ბიჭს შეხედა და დაამატა, _ ერთად ვართ.
მაგრად უყვარდა, ზედ ეტყობოდა.
მე ალექსს წავკარი მხარი:
_ ეს ალექსანდერია, მე _ ჯიო და ჩვენც ერთად ვართ, _ თან გავიფიქრე, ახლა ამას გეები არ ვეგონოთ-მეთქი, თუმცა ისეთი მასტი ჩანდა, გვკითხავდა კიდეც, რომ ჰგონებოდა. მაგარი გოგო იყო ნეი, იყო რა _ არის, თან გადაპარსული თავიც უხდება, ოხერს.
ამასობაში მარკუსი ჩუმად იჯდა და თავის ფლეიტას ათვალიერებდა.
_ აღარ დავუკრათ? _ გვკითხა ბოლოს მოუთმენლად.
ფლეიტას აქ ერთი ბებერი უბერავდა დილაობით და არ მიყვარდა ეს ხმა მიწისქვეშაში, არ უხდებოდა რაღაცნაირად, უაზრო ხასიათი მოჰქონდა. საერთოდ, აკუსტიკა და ექოები არ მომწონს ფლეიტაზე. სადმე ქუჩაში, ხმაურში და აურზაურში ძლივს რომ მოისმის ხოლმე, უფრო მევასება.
_ მიდი და აგაყოლებ, _ ვუთხარი უხალისოდ და ტუჩის გარმონი გავიწმინდე სახელოზე.
_ რას უკრავ, რა ნოტა ავიღო? _ მარკუსმა ფლეიტა მოიმარჯვა.
_ დროზე აიღე ნოტი, სანამ მოგახტა ენოტი, _ ამოღერღა ალემ და გემოზე დაასლოკინა.
მარკუსს ისევ წაუვიდა ფერი, კინაღამ შეინახა თავისი ფლეიტა.
_ დაუკარი, გეხვეწები, _ ისეთი ხმით უთხრა ნეამ, მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ზურნაზეც დავუკრავდი
ათასი წელი.
და შეიყვანა მარკუსმა და მეც ჩემი ორსართულიანი `ჰოჰნერი~ შევუშვი, მაგრამ ჩავბერე თუ არა, არყის თუ შიმშილის გამო უცებ თავბრუ დამეხვა და შევინახე ისევ. მარკუსს კიდევ, ეტყობოდა, რომ მაგრად უსწორდებოდა და ოღონდ დაეკრა და ფეხებზე ეკიდა, ვინ რას ააყოლებდა, ვერ გაიგებდა სხვა ხმას მაინც; წამოდგა და რაღაც იდეინი იმპროვიზაციებით ისე ააზრიალა მიწისქვეშა გადასასვლელი, ალექსანდერიც კი
გამოაფხიზლა. ვიჯექით ყველა და შევყურებდით.
_ როგორი იყო? _ გვკითხა ბოლოს აქოშინებულმა და ყურებამდე გაღიმებულმა, თან ჩვენ გვერდით მოირთხა ფეხი.
_ საღოლ, _ უთხრა ალემ და გიტარის ფუტლარში სიგარეტის ღერი ჩაუგდო.
და ღამე ყველას ერთად გვეძინა. მიწისქვეშაში.

* * *
იმ დღეს კი სარეპეტიციოში ვეყარეთ მე, ალე და ერთი უნიჭო ბასისტი, წინა საღამოს რომ ვიპოვეთ სკვერში. ამ სკვერში, ვიღაცჩემისას ძეგლთან იკრიბებოდნენ ხოლმე, საღამოობით, ლაწირაკი, ჯერეთ დილეტანტი გოთები, პანკები თუ სხვა ჯურის ლამაზი და უზრდელი გოგოები, საღამოს მშობლებს რომ ატყუებდნენ, დაქალთან ვრჩებით, ერთად უნდა ვიმეცადინოთო და მერე ნებისმიერ გიტარიან და საყურიან კლიენტთან ჟიმაობდნენ ღამეული ქალაქის კუთხე-კუნჭულებში, რის შემდეგაც, წესისამებრ, ამ ტიპების მეტსახელებს ამოისერავდნენ სადმე ბრიტვით, ნასერებს ერთმანეთს ატოლებდნენ და უხაროდათ. გიტარიანი ტიპებიც, შესაბამისად,
ხშირად ეტანებოდნენ ამ სკვერს. ერთი დარეხვილი კლიენტი ვიცოდი, მუწუკების გასაქრობად მაგარი რაღაც მოიფიქრა:
ახალთახალი `ფენდერის~ გიტარა დაითრია თავის შალითით, ღამღამობით გაიკეთებდა ყურზე მავთულის საყურეს, მოიგდებდა ზურგზე გიტარას, გამოდიოდა აქეთ და ერთ-ორ სულელს წამოიცვამდა ხოლმე მართლაც, მაგრამ მერე, ძალიან რომ გალაღდა და მუწუკებიც გაუქრა, გაუგო ვიღაცამ და მაგრად ძუყნეს; თვითონ გოგოებმა სცემეს, სულ ლუდის ბოთლები აფშხვნეს თავზე. დაკვრა მაინც ესწავლა, კრეტინს... ამ ჯურის გოგოებისთვის, ჩვენ, ასე თუ ისე სტაჟიანი პანკები _ თუმცა მე და ალექსა სულაც არ ვთვლიდით თავს პანკებად
_ ვიყავით თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცები, ანდერგრაუნდის ლოთი მხედრები და ყველაზე ეგზოტიკური მასალა მასტურბაციისთვის და მე და ალეც, სარეპეტიციოს ქირის ფულს რომ ვერ ვშოულობდით, ჯანდაბას, ვხდებოდით ხოლმე ხანდახან პანკები და დოზანები მაგათი გულისთვის... თან პრაქტიკულადაც მოსახერხებელი იყო: არც დაბანა-გაპარსვა და გამოწყობა გჭირდებოდა, არც ფული ჯიბეში პაემნისთვის,
როგორც იქ მჭირდებოდა, წინა ცხოვრებაში _ სწორედ რომ პირიქით, და სარეპეტიციოს ქირასაც სიამოვნებით იხდიდნენ ხოლმე... იქ კი წითელი შუქი ენთო და მთელი მუღამი იყო, ტომაზინიოს _ სარეპეტიციოს პატრონის შავ ელექტროგიტარას რომ ხერხავდი `კენვუდის~ ხმის გამაძლიერებლის ბოლო ხმაზე, ტრეშეფექტით, და მაგარი მოწეული, და გარშემო, სიგარეტის თუ მარიხუანის ბუღში არამიწიერი არსებებივით ილანდებოდნენ ვიღაც ხურუშიანი ნაშები...
მოკლედ, უფულოდ ვართ, ჩავდივართ სკვერში და ვხედავთ, ვიღაც გდია ძეგლთან მკვდარივით და ბიჭბუჭები
ზედ ესევიან, ჯიბეებს უჩითავენ. ბიჭბუჭობა გავყარეთ და შევათვალიერეთ. ეგდო თავისთვის და ყარდა არყის სუნად, ალექსი კი ხანდახან დედა ტერეზა ხდება ხოლმე და ახლაც კარგა მოქნეული სილა შემოჰკრა, თუმცა თვალი მაინც ვერ გაახელინა და სკამზე აათრია. ჩვენხელა ჩანდა, ტყავის შარვალი ეცვა და კისერზე რაღაც სულელური სვირინგი ჰქონდა, ჰოროსკოპის ნიშანი თუ რაღაც ეგეთი. მე სულ მეკიდა ეს ტიპი, თან უამრავი გვინახავს ორივეს ამ დღეში, ერთმანეთის ჩათვლით, მაგრამ ალექსმა აიტეხა _ ახლა ამას მივხედოთ და ნაშები მერეო და ბოლოს წავიღეთ იქვე, ტომასას სარეპეტიციოში. მამაოს კლუბი შორს იყო, თორემ კი მიხედავდა მამაო.
სარეპეტიციო დაკავებული დაგვხვდა, ნაცნობები უკრავდნენ და უპრობლემოდ შევედით. გაუხარდათ კიდეც: დრამერი ჰყავდათ ცუდად, მე კი, თუ გაჭირდებოდა ცოტ-ცოტას დრამსაც ვუკაკუნებდი და გიტარაზეც შემეძლო ერთი-ორი აკორდის აღება, ალექსმა მასწავლა. საერთოდ, ნაღდი დრამერი აქეთ დიდი იშვიათობაა და ხანდახან რამდენიმე ჯგუფს ერთი დრამერი გვყავდა რიგრიგობით. მამაოც გვეშველებოდა ზოგჯერ ბიჭებს, როცა მაგის კლუბში გვქონდა გამოსვლა. ვინც დაგვხვდა, ის ბიჭები მძიმე მეტალს უკრავდნენ, მსმენელიც ბლომად ჰყავდათ და რეპეტიციის ქირაზეც არ უწევდათ ჩალიჩი: გამოაკრავდნენ განცხადებას სარეპეტიციოს კარზე, შემსვლელებს ცოტა ფულს ახდევინებდნენ და ეგ იყო; ერთი ოცდაათი კაცი კი ეტეოდა შიგნით, ფული დასალევზეც რჩებოდათ მერე და დროდადრო ჩვენი ქირის ვალსაც ისტუმრებდნენ ხოლმე.
იტოგში, არ იყვნენ უცხოები. რას ვამბობდი: შევედით მე და ალექსა, ჩვენი ბარგიც შევათრიეთ და მიხედვ-მოხედვა ვერ მოვასწარით, რომ უცებ კუთხიდან ორი-სამი კაცი წამოხტა, ჩვენს მთვრალს მივარდნენ, იქვე, დივანზე წამოაგორეს და გახდა დაუწყეს სწრაფად, გაჭირვებული მამათმავლებივით, თან რაღაცას ღრიალებენ გახარებულები... მე და ალექსანდერი კი დაგვტოვეს პირღია, განძრევაც ვერ მოვასწარით და მერე ბიჭებმა აგვიხსნეს: მეორე დღეს რომ მეტალისტების ტუსოვკა ტარდებოდა, გაუგიათ საიდანღაც და აკრეფილა თურმე, რაღაც ქალაქის თუ დაბის სახელი თქვეს _ იქაური ხუთი-ექვსი სული როკერი, შეაჯდნენ მატარებელს და წამოვიდნენ აქეთ. მატარებელში დაულევიათ მაგრად და ეს ერთი _ მე და ალექსამ რომ გავაძრეთ, დაუკარგავთ სადღაც. რომ ვეღარ იპოვეს, დაადეს თავი და ტომაზინიოს სარეპეტიციოში მოვიდნენ, ნამყოფი იყო აქ ადრე რომელიღაც. მჯდარან ასე ტომაზინიოსთან და, გაღმა როგორც იტყვიან, _ დანა კბილს არ უხსნიდათ, თავიანთ ძმაკაცზე დარდობდნენ... და რატომ არ გლოვობდნენ და მოთქვამდნენ, იმიტომ რომ ამ ჩვენის მთვრალს მთელი ამათი სარჩო და საგზალი, ოციოდე პაპიროსი მარიხუანა ჰქონია დამალული და ფილტვმა უგრძნო ეტყობა ალექსას, თორემ რაც ჩვენ ეგრე გათხლეშილი ხალხი გვინახავს და არც არაფერი, ჩაგვივლია.
მოკლედ, სამ-ოთხ საათზე გაგვეღვიძა სარეპეტიციოში.
ეს ტიპი, მე და ალექსმა რომ ვიპოვეთ, ეგდო გუშინდელივით და დრამის ქვეშ თავად ტომასა ხვრინავდა, სარეპეტიციოს პატრონი. გაკრეფილიყვნენ დანარჩენები. სხვათა შორის, წუხელ ეს ჩემისა ერთი გამოფხიზლება კი გამოფხიზლდა და სულ მუშტები ირტყა გულზე _ ჩემზე მაგარი ბასგიტარისტისო, მაგრამ გიტარა დაიჭირა და ეგრევე შეეტყო რისი დამკვრელიც იყო, მერე ერთი ტარიანი მარტომ მოსწია _ პახმელიაზე გამოყავსო და მოკვდა ისევ და მაგისმა ძმაკაცებმაც _ ეგრე არისო სულ, ბასზე კი მართლა უკრავსო.

(გაგრძელება ქვემოთ)

Arrow


Last edited by Admin on Wed Jan 09, 2019 2:07 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4785
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუკა ბაქანიძე   Wed Jan 09, 2019 1:55 pm



წიგნის დასახელება - მესამე ნაპირი
ავტორი - ლუკა ბაქანიძე
რედაქტორი - თამარ ჟურული
კორექტორები - მანანა სანადირაძე, ლიკა თავართქილაძე, მაგდა კვაჭანტირაძე
დიზაინერი - ლაშა გიორგაძე
ტექნიკური რედაქტორი - ნატალია ახვლედიანი
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ლევან ლაცაბიძე
გამომცემლობა - პალიტრა L
ISBN 978-9941-21-709-8
ყდა - რბილი
გვერდების როდენობა - 312
გამოცემის წელი - 2014


ლუკა ბაქანიძე

მესამე ნაპირი

ტოპეს ხსოვნას
(გაგრძელება)

საიდ-მეტალისტების ტუსოვკაზე ნამყოფი ვიყავი რამდენჯერმე და იქ შეკრებილ სატანისტებზე, გოთებზე თუ ვიღაც სადომაზოხისტებზე მეტად მაგათი მუსიკა მატკივებდა თავს, მაგრამ ალექსმა გაახურა _ ალინაც იქნებაო და, წავიდეთ-მეთქი. სადაც ახლა მივდიოდით, სწორედ იქ ნახა პირველად ალინა და დაერხა კიდევაც. ალინა კი იყო გაურკვეველი სექსუალური ორიენტაციის, მსოფლმხედველობის და ეროვნების არსება, ყველგან და ყველანაირი ფორმით რომ გადაეყრებოდი _ დღეს თუ მეტროს ხიდის ქვეშ იჯდა დახეული ჯინსით და მთელი ერთი წლის დაუბანელ ლესბიანკებთან და პანკებთან ერთად ტრიგანს ყლაპავდა და ზედ სპირტს აყოლებდა, მეორე დღეს რომელიმე ფეშენრესტორნიდან გამოსულს ნახავდი, მავან ჰალსტუხოსან ძიაკაცთან ერთად და თავადაც სოლიდურად გაზმანულს. ეს ჩემის ალინა ყველგან თან დაათრევდა თავის დას, ექვსიოდე წლის ლადას, ნესტოზე საყურე რომ ჰქონდა და მხარზე _ ეტყობა, უფრო ადრე გაკეთებული, სხეულის ზრდისგან დეფორმირებული სვირინგი, ეკლიანმავთულშემოხვეული ბუმბული. ალინას მარიხუანა უყვარდა, ლადას კიდევ წებო, რომელსაც წეპოს ეძახდა და ერთხელ წებოს პრიხოდში გვითხრა, _ რუსაკები ვართ მე და ჩემი დაო, სულ თოვლია ჩვენკენ და პაპაჩემი და დათვები ერთად თევზაობენ მდინარეზე გაზაფხულობითო, პაპაჩემი _ აქეთა ნაპირზე, დათვები _ გაღმა და ჩემი თვალით მაქვს ამბავი ნანახიო. დათვებისა არ ვიცი, მაგრამ ლადას და, ალინა, გარეკვამდე უყვარდა ალექსანდერს _ ჩემს ძმას და დიდ გიტარისტს.
გაცნობისთანავე, მაგრად რომ დავთვერით მე და ალექსა, მომიყვა მაგ ამბავს, მეც ჩემი ვუთხარი და მერე კარგა ხანს თვალს ვარიდებდით ერთმანეთს, იმიტომ რომ ვერ ვიტან სირულ გულის გადაფურჩქნებს და ალექსიც ჩემსავით ყოფილა.
მაშინ მომიყვა: დაუპატიჟებია ერთხელ რაშიდას თავისთან _ მე არ ვიცნობდი რაშიდას მაშინ _ გოგო გაუცნია და ამ გოგოსთვის უთქვამს, _ ალექსააო ეს, ჩვენიანი კაცი და აიყვანე ოთახში და პატივი ეცი შენებურადო. ალექსანდერს კი მოეწონა ის გოგო მაგრად, თან პუტანკურ ამბავში კი არა, _ ნაღდად მოეწონა და ერთი საათი მიმტკიცებდა, იმასაც დავევასე, ისე მიყურებდაო. იმ გოგომ, ალინამ, უყურა ერთხანს გაბურძგნილ ალექსას და მერე ოთახის ნაცვლად სადღაც ბნელ ჩულანში შეიყვანა... და მჯდარან ასე ჩუმად, არც სექსი და არც არაფერი, მაგრამ ასე კარგად ჯერ გოგოს გვერდით არ ვყოფილვარ, ხომ გესმის, ჯიო, ძმურადო, _ მიხსნიდა ალექსა. და თავიდან მეგონა, რაღაც პარნუხას მოყვებოდა, გამიტყდა და ალესაც ეგრე უფიქრია თურმე იმ ბნელ ალაგას, _ ახლა პარნუხა თუ არ ავტეხე, ქინძი ან პიდრილა არ ვეგონოო და მანდ დარხევია კიდეც, რადგან ასეთ ჟამს ფიქრი ყველაზე მურტალი ამბავია ოდითგანვე, ამ დროს რაც წამოიღებს, ის უნდა შეიყვანო ეგრევე, თუ არაფერმა წამოიღო და _ დაიკიდო ზედ, დაიხურო ქუდი და წახვიდე შენს გზაზე. ალექსანდერს კი დაუწყია
ძალად ხელის ფათური და ალინას უთქვამს,_ არ გინდაო, ალექს, ასე რომ ვზივართ, მე და შენ რომ ვზივართ, ეგ უფრო მისწორდებაო, თან ხელი ჩაუკიდია, ბავშვივით. მსხდარან ასე იმ ბნელ სარდაფში, რაშიდას სახლის ღრიანცელებს უსმენდნენ და ალექსაც ბოლოს ყურებამდე შეყვარებული გამოვიდა იქიდან. მიყვებოდა ამას ალექსანდერი და მეც, ჩემდათავად და სოლიდარობის ნიშნად, _ ვითომ, შენი კარგად მესმის-მეთქი, _ მოვუყევი რაღაც უაზრობა, ჩემს კურსელ მარისთან რომ ბობოქარი სექსი მქონდა ერთხელ, ოღონდ მესენჯერში, მაგარი იყო და შენ არ ინაღვლო, ხანდახან ესეთი სირობებიც უსწორდება-მეთქი კაცს... მოკლედ, ძალიან მთვრალი ვიყავი, თან ალესავით ღრმად შეყვარებულიც არ ვყოფილვარ არასდროს _ სულ ვერ გავუგე ალექსანდერს და მახსოვს, მაშინ რატომღაც ისიც მივაყოლე გულაჩუყებულმა: _ მეტრო რომ მიდის _ ეგ ხმა, ბორბლების ხმა მიყვარს-მეთქი მაგრად.
როგორც წესი, აქ, ჩვენთან, არავინ არაფერს გეკითხება და არც არავის აინტერესებს, სანამ აქ მოხვდებოდი, ვინ იყავი და რას აკეთებდი. ერთმანეთის ნამდვილი სახელებიც კი არ ვიცოდით, გვარზე და წარმომავლობაზე რომ არაფერი ვთქვათ.
უმრავლესობა, რაც გაუსწორდებოდა იმას ირქმევდა, მანდ მთავრდებოდა ყველაფერი და მერე შემთხვევით თუ გაიგებდი რამეს, ან თვითონ გეტყოდა, თუ მოუნდებოდა. მოკლედ, აქამდე ვინ იყავი და რა ხდებოდა შენს თავს, რაღაცნაირად, არ იყო მნიშვნელოვანი აქ. სიზმარს რომ მოუყვები კაცს, ცოტას გაერთობი და ორ წუთში აღარც გემახსოვრება _ ასე იყო.
მარკუსზე, მაგალითად, მარტო ის ვიცოდი, კონსერვატორიაში რომ სწავლობდა და სპიდი ჰქონდა, რომელიც სულ უბრალოდ, სადღაც საავადმყოფოში თუ პოლიკლინიკაში აიკიდა ბინძური შპრიცით, მაგრამ მარკუსიც და ჩვენც ისე ვიყავით, თითქოს არაფერიც არ სჭირდა და რომელ ცხოვრებაშიც აიკიდა, იქვე დატოვა თავისი სპიდი, ცუდი სიზმარივით... და უმრავლესობაც მარკუსივით ვიყავით პრინციპში: ყველამ სადღაც ჩვენ-ჩვენი
სპიდი ავიკიდეთ, ან გვჭირდა დიდი ხანი, მივუხვდით ამას, და ალბათ, ამიტომაც მოვედით აქ... ისეთებიც ბევრნი არიან, ლამის აქ რომ დაიბადნენ და აქვე მიაკვდებიან სადმე ბოთლს ან შპრიცს; სხვა ცხოვრების აზრზეც არ არიან და არც აინტერესებთ, ბოლომდე აქ არიან. ზოგისთვის კი ალბათ ეტაპივითაა ეს ყველაფერი და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, _ უკვე მესამე წელია ასე ვარ, ალექსიც ერთი-ორი კვირის მოსული იყო, რომ
გავიცანი, _ და ხანდახან ვფიქრობ და სიმართლე ვთქვა, ცოტა ვფრთხები კიდეც: იქნებ ერთხელ ეს ყველაფერიც ისე ამომივიდეს ყელში, როგორც იქაურობა ამომივიდა და აქაც აქაური სპიდი დამემართოს _ მერე სად ჯანდაბაში წავიდე-მეთქი. ან შეიძლება მერე კიდევ გამოჩნდეს სხვა რაღაც, სხვა სამყარო, მანამდე რომ ვერც წარმოვიდგენდი, როგორც ეს გამოჩნდა, სადაც ახლა ვცხოვრობ... მარკუსს კი მართლა სპიდი აქვს. საავადმყოფოში აიკიდა ბინძური შპრიცით.
ალექსის სპიდი უალექსოდაც ვიცოდი, ან მარტო მე კი არა _ მთელმა ქალაქმა იცოდა მაგათი ამბავი: ალექსის სპიდი მისი ოჯახი იყო, დენთის გამოგონების დღიდან განგსტერული ხაზით რომ წამოვიდა. და ალექსის პაპა და მერე მამაც გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ, თავისი სროლებით, ზონებით და ბიზნესში წილებით და თვითონ ალესაც ერთი-ორი საფეხურიღა რჩებოდა იმ ადგილამდე, მაგათ იერარქიაში უმაღლესად რომ ითვლება, როდესაც თავისი სპიდის ამბავს მიხვდა; მოკიდა ხელი გადამალულ გიტარას, რომელზეც ბავშვობიდან უკრავდა და მამამისმა ერთი-ორჯერ, სიმთვრალეში თუ კაიფში კედელზეც მიუმსხვრია და სანაცვლოდ სპეცშეკვეთით დამზადებული, თავიანთი საგვარეულოს საფირმო იარაღი „ჩეზე“ აჩუქა, ვერც ერთი აეროპორტის რენტგენი რომ ვერ შიფრავდა... ჰოდა, აიღო გიტარა ალექსამ, დამტვრეული ჩეზე მამამისის ოთახში დაყარა, მერე დაჰკრა ფეხი და აქ მოვიდა, მამაოსთან. მამაო კიდევ დარაჯივით იყო: აქ მომსვლელებს, ვისაც საჭიროდ ჩათვლიდა ერთმანეთს აცნობდა და თავ-თავიანთ ადგილებზე ანაწილებდა. სწორედ მამაომ გამაცნო ალექსანდერი და ნეა და მარკუსიც მამაოს გამოუშვია ჩვენთან. ისე, მამაოს გარეშეც ბევრი დაყიალებს აქ თავისთვის. ზოგმა ჩვენსავით რაღაც ისეთი იპოვა, რაც იქ აკლდა და კარგადაა და მოსწონს ეს ყველაფერი, ზოგიც ვერ იტანს აქაურობას, მაგრამ აღარ აქვს სხვა გზა... ასეთები ვერც ჩვენ გვიტანენ და ვერც ერთმანეთს; აქ თუ სადმე ჩხუბი და დანის ტრიალი ატყდა, ან ისინი არიან, ან გოგოები. ჩვენიანებიდან დროდადრო ვინმე მთვრალი პანკი თუ დაიმტვრევს ხოლმე თავზე ბოთლს და ეგაა.
რაშიდა კი იყო სრულიად დედაქალაქის გოთების თუ სატანისტების თუ სადომაზოხისტების, მოკლედ, ერთი ყვერიდან გამოსული ხალხის მთავარი და მაყურებელი, ოხრად ფული რომ ჰქონდა, მოეპოვებოდა ყველაზე ძნელად საშოვნელი ნარკოტიკები და უმაგრესი ქალები, რომელთა მეშვეობითაც ისე ჰყავდა დასირებული თავისიანები _ ერთხელ ჩემი თვალით ვნახე, ხელზე როგორ კოცნიდნენ მღვდელივით. სინამდვილეში კი ერთი ჩათლახი ოპერატორი იყო რაშიდა, მთელი დღეები რაღაც სირი ტელევიზიის ლოგოიან კამერას დაარბენინებდა აღმა-დაღმა და ამ დროს ისეთი უწყინარი და სანდო იერი ჰქონდა, ლოყაზე ჩქმეტა მოგინდებოდა კაცს.
ჰოდა, ამ რაშიდას ჰქონდა თუ ქირაობდა, რა ვიცი მე, იტოგში წელიწადში რამდენჯერმე ქალაქგარეთ ჩითავდა
დიდ, გალავნიან სახლს, რომლის პირველი, მიწისქვეშა სართული _ ერთი დიდი ოთახი თუ დარბაზი, გამოტენილი იყო მუთაქებით და პუფებით, უშველებელი დინამიკებით და ჭერზე დამონტაჟებული კამერებით და კედელთან მიმდგარ მაგიდაზე, შვედურ ამბავში, ყოველთვის ბლომად ეყარა ჯიზპატის კალიკები _ ექსტაზის ნაირსახეობაა ეგ და, სახელწოდებიდან გამომდინარე, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად ვიაგრის
ეფექტიც აბადია, _ გასახმობი მწვანილივით გაშლილი მარიხუანა და ძვირიანი დასალევით სავსე ყუთები, და ამ ყველაფერს აფერადებდა ნეონის განათება, სიტუაციის და რაშიდას სურვილისდა მიხედვით _ სხვადასხვა ფერში. მოკლედ, კამერები და ეს კრეტინული მუსიკა რომ არა, კი გაერთობოდა კაცი გემოზე, თან, რაც მთავარია, მთელ სახლში ზევით-ქვევით მოძრაობდნენ რაშიდას ქალები: ისეთი ქალები, რომლებზე დანძრევაც არ უოცნებია ბევრს, არათუ გაჟიმვა და ამ ხელებდაცვეთილ ლაწირაკებსაც მეტი რა უნდოდათ, _ ხელზე კი არა, რატომ ტრაკზე არ კოცნიდნენ რაშიდას.
ზემოთ კი ოთახებიც იყო და ავეჯიც, არც კამერები ეყენა და იქ შეიძლებოდა უფრო სერიოზულ ნარკოტიკებს და ჰალსტუხმოშვებულ ძიაკაცებს გადაჰყროდი, დღისით ენა-მამულზე თუ სარწმუნოებაზე რომ ღრიალებდნენ ეკრანებიდან და სრულიად ქვეყნის გამოქლიავებული მოსახლეობის გულებს ათრთოლებდნენ ეროვნულ ამბავში, საღამოს კი რაშიდას სახლში, მავან დაბოლილ თინეიჯერს მიათრევდნენ ოთახში, სულერთია _ ბიჭს თუ გოგოს, და უბლაგუნებდნენ გემოზე. ბასისტი იქვე დავტოვეთ და ალექსანდერი მეკითხება, _ წვერი რომ გავიპარსო, თუ მომიხდება ნეტავო. მერე ტომასას სახლში შევიდა, იქიდან მართლა წვერგაპარსული გამოვიდა
და ახლა იმაზე გამიხურა, ნიკაპი გრძელი ხომ არ გამომიჩნდაო. მე რა უნდა მეთქვა, მარკუსის ქალი იყო ნეი და ჩემდათავად სულ ფეხებზე მეკიდა, დაუბანელი რომ ვიყავი და წვერგაუპარსავი, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდი დამეკიდა.
ორი დღეა არც ერთი მენახა და უკვე მენატრებოდა ნეი... და მარკუსიც რომ მენატრებოდა, ეგ ჩათლახი ეგა. ერთხელ წავიყვანეთ რაშიდასთან და ვერ იტანდნენ რაშიდას და იმ სახლს: მაშინ ნეის ვიღაც მთვრალი გოთი აეკიდა, ნეიმ აგინა, მარკუსი, როგორც ყოველთვის, გაწითლდა და მე და ალექსანდერს კინაღამ შემოგვაკვდა ცემაში ის ტიპი, მთვრალი იყო და მაგიტომ გადარჩა. არადა, საწყალი რა შუაში იყო _ ერთმანეთის ქალებს რაშიდას სახლში ისე ატრიალებდნენ წაღმა-უკუღმა, როგორც არაფერი და პრინციპში მეც მისარგებლია ამ ამბით რამდენჯერმე და ცემა კი არა, ერთი აქეთ მეკითხებოდა მერე, ჩემს ქალს ხომ მაგარი მოჭერა აქვსო... მაგრამ ნეი ნეი იყო და მივქარეთ, მანდ რომ წავიყვანეთ. რაშიდასაც გაუტყდა მაშინ, პირდაპირ გვითხრა, შარი არ მჭირდებაო აქ, თუ ერთობით, გაერთეთ, თუ არადა პლეტიო. რაშიდს ალინა ჰყავდა, ალინა კიდევ ალეს უყვარდა და მიხვდა მაგას რაშიდა, იმასაც მიხვდა, რომ ალექსი ათასი წელი არ იტყოდა, პუტანკა მიყვარსო,
თანაც _ რაშიდას პუტანკა. ეგეთი ტიპი იყო და რომც ეთქვა, ვინმე თავისიანი იქითა ცხოვრებიდან მოძებნიდა და მიჩეხავდა ალექსას; ისედაც ვეღარ იტანდნენ უკვე, ახლა დაჭრით არა, მაგრამ გაძუყნიდნენ მაინც, უეჭველი. და ეს ყველაფერი რომ მოწვა რაშიდამ, მაგიტომაც გაუშინაურდა ალექსანდერს, თორემ ადრე _ პლეტიო, ვერ გვეტყოდა ასი წელი, იცოდა ალექსის გაღმურ-შავური ამბავი და ეშინოდა და გვეტენებოდა ყოველთვის.
ნეი და მარკუსი კი ამაღამ ალბათ ჩვენს კარუსელზე გაათენებენ, დალევენ, ძაღლებს ეთამაშებიან და შეიძლება, მეც მოვენატრო... შეიძლება, ნეის და მარკოს მე და ალეც მოვენატროთ ღამე, რომ დათვრებიან. უთავო მხედარიც თავის პოსტზე დადგება, მთვარე თუ იქნა _ მთვარის შუქზე. უცებ
მეც იქ მომინდა ყოფნა და გავბრაზდი ალექსზე და იმ ბოზ ალინაზე, მაგრამ ალე მარკუსზე და ნეიზე მაგრად მიყვარდა და ვუთხარი:
_ არ უნდა გაგეპარსა, ნიკაპი სირივით გამოგეწია, ბრატ.

* * *
აქ რაც უფრო შეუმჩნევლად ამოხვალ, უკეთესია და მანქანის შემოყენებაც შარია. მე და ალექსმაც გადავუხვიეთ
ტრასიდან და ტყეში შევედით, ათიოდე წუთი ასე ვიარეთ და მინდვრის პირას გავჩერდით, იქაურობა დავალივერეთ. რაშიდას სახლიც რაშიდასნაირი ტიპია; დგას თავისთვის მინდვრის ბოლოს მშვიდობიანი აგარაკივით, თეთრი და ჟალუზებიანი, იქითა მხრიდან ქალაქს გადაჰყურებს და აქედან რომ შეხედო, არც ისმის და არც ჩანს რაიმე, გეგონება არ არისო შიგნით კაციშვილი და ზედ რომ მიადგები, მარტო მაშინ გაიგებ ოდნავ
ბასავიკების გუგუნს. გვიან ღამით თუ გამოეფინებიან ხოლმე ეზოში და აივნებზე, როდესაც რაშიდა კარგად დარწმუნდება, რომ _ თუ მომსვლელი იყო, ანტიქრისტე, გამოჩნდებოდა აქამდეც...
ანტიქრისტეს კი იმიტომ ეძახდნენ ანტიქრისტეს, თვითონ რომ ღრიალებდა მაგ სიტყვას. კინოში და წიგნებში ნაგიჟარი ფანატიკოსი და ანაფორიანი კლიენტები რომ არიან, ყველგან ეჩრებიან და ყველაფერს აფუჭებენ _ ეგეთი იყო ზუსტად, ოღონდ ამასაც მარკოსავით ბავშვური, მრგვალი თვალები ჰქონდა და წითელი ლოყები, ასაკითაც გაწელე-გამოწელე ოცდაათის თუ იქნებოდა. მოკლედ, ეგ ანაფორა რომ არა, ცული, თოხი და მისი ჯანი _ ჰალალი სოფლელი და იქვე სოფლის მღვდელი და ვინც მოჰყვებოდა _ მოყოლით კი მთელი სოფელი მოდგებოდა ხოლმე, მართლა ცულები და თოხები ეჭირა ქალსაც და კაცსაც და ყველა ანტიქრისტეს, სატანას მოციქულს და რაღაც ეგეთებს გაჰყვიროდა, თან ჭიშკარს ეჩალიჩებოდნენ და რაც კი რამ დამპალი მოეძევებოდათ სოფელში, ყველაფერს რაშიდას სახლს უშენდნენ და გემოზე აფერადებდნენ. ერთხელ მძღნერებიც იყო ჭიშკარზე და წაუსვეს თუ ეგრევე მიუშვეს, რა ვიცი მე... იტოგში, არ იყო ცუდი ხალხი. საიდან იგებდნენ რაშიდას ამბავს, აზრზე არა ვარ, მაგრამ ხანდახან მოცვივდებოდნენ და იყვნენ ასე. მენტები კი რაშიდაზე მეტად სძულდათ; რაშიდას სულ ეკიდა ძაღლობა. არ ვიცი ნაცნობობის თუ დიდი წილების გამო, თუ
საერთოდ არ იცოდნენ რაშიდას გრუპავუხები და მაგისთვის არცა სცხელოდათ _ უფრო დიდი ამბები ტრიალებდა ქვეყანაში და ერთი-ორჯერ რომ მოვარდნენ, მაშინაც ანტიქრისტეს და მისიანებს დაერივნენ, იმათ კიდევ მენტობასაც ანტიქრისტეები უძახეს, თოხებიც დააბზრიალეს და მაგარი სეირი იქნებოდა, ჩვენ მაშინ იქ არ ვიყავით და ბიჭები გვიყვებოდნენ.
განწყობისათვის ცოტა მარიხუანა მოვწიეთ იქვე, ხესთან, მერე კუილებივით გადავიპარეთ მინდორზე და ზარს
მივაჭირე. ცოტა ხანში მიკროფონში მოისმა კარგა ღრმად ჩამბალი ხმა:
_ ალო!
პეტო იყო, რაშიდას დამქაში და მისი მოციქული ჭიშკრის მიდამოებში.
_ ალო კი არა, გააღე დროზე! _ შეუძახა ალექსამ, თან აქეთ-იქით იხედება.
_ რომ გავაღო, ვინა ხარ რო?
ეგ ბოზიშვილი. არადა კამერით გვიყურებს, მაგრამ ახლა ამის გინებას რა აზრი აქვს, ღრმადაა უკვე.
_ ბრატვა ვართ პეტროს, მე და ალექსი ვართ, _ ვუთხარი მე.
_ ჯიო ხარ? მერე რა ჭირს შენს ძმაკაცს, ალაფურშეტზე მოდის?
თან რომ გვეკაიფება.
_ მე შენი დამსმელი! _ განრისხდა ალექსანდერი, წვერგაპარსული და შეყვარებული, _ გააღე-მეთქი, საქმე მაქვს
რაშიდასთან!
_ ეხლავე, ჰოუ, რა იყო! _ აქ პეტოს, ეტყობა, ალეს წინა ცხოვრება გაახსენდა, ჭიშკარი გაჩხაკუნდა და შევედით.
ნარწყევით, ბიჩოკებით და ბოთლის ნამტვრევებით ოდნავ შევსებულ აუზთან, გულის ფორმა რომ ჰქონდა, დიპლომატისნომრიანი ყვითელი ჯიპი ეყენა.
_ ეგ რა არის, პეტროს? _ ვკითხე ეზოში გამოსულ პეტოს.
_ გუშინ ვიაიპი ტუსოვკა იყო და ვერ მოვასწარით ასუფთავება, _ თქვა პეტომ და დააბოყინა.
_ მანქანაზე გეუბნება, კვერცხო! _ უთხრა ალექსმა.
პეტომ მანქანას შეხედა და ხელები მოიფშვნიტა.
_ ეგა? მაგას არ ვამბობ მერე, გუშინდელი ამბავია-მეთქი.
შენ წეღან გენახა რა მანქანა გავიდა, ჰეჰე...

Arrow


Last edited by Admin on Wed Jan 09, 2019 2:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4785
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუკა ბაქანიძე   Wed Jan 09, 2019 2:00 pm

თინათინ შავლაძე

ვინ არის ავტორი, რომელსაც ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში "კულტურული გარღვევა" უწოდეს


29-12-2016

"მესამე ნაპირი" უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ჩვენგან. სამყარო, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების, მიტოვებული სკვერებისა და პარკების, ქალაქის ყველაზე შავბნელი ადგილების "ბატონ-პატრონნი", მაწანწალები, უსახლკარონი - ათასი ჯურის ხალხი ცხოვრობს - საზოგადოებისთვის მიუღებელი, მისგან გარიყული, ხშირად საკუთარი ნებით განაპირებული. ეს არის მდუღარე, ველური, შლეგი ნაპირი, დიდი სიბინძურით, დაცემულობით, ბოროტებით, ცოდვით და ამავე დროს პირველქმნილი უბიწოებით, დიდი სიფაქიზით, აღმაფრენით, შემოქმედთან არნახული სიახლოვით და უწმინდესი ღირებულებებით.
ასეთია ახალგაზრდა, თანამედროვე ავტორის ლუკა ბაქანიძის სადებიუტო რომანის "მესამე ნაპირი" სიუჟეტი, რომელიც 2015 წელს გამოიცა პალიტრა L-ის მიერ. რომანს აქვს ყველა ნიშანი და ღირსება, თანამედროვე "მრავლისმნახველი" მკითხველის გაოცება რომ შეძლოს; ესაა სიღრმე, დინამიკურობა, აქტუალურობა, ცოცხალი სიუჟეტი, თუმცა ზემოქმედების უპირველესი იარაღი, ამ შემთხვევაში, მთხრობელის ოსტატობა, გულწრფელობა და თემის
სიახლეა. "მესამე ნაპირი" მოულოდნელობით გაგაოცებთ, ჩაგაფიქრებთ, გაცინებთ, დაგასევდიანებთ, სხვანაირად დაგანახვებთ საზოგადოებას და საკუთარ თავსაც.

"ნებისმიერ თემას ვეხები, ყველაზე ჭუჭყიანსაც და ყველაზე ამაღლებულსაც" - ამბობს მწერალი. მე კი, როგორც მკითხველი გეტყვით, რომ ალბათ სწორედ ეს არის მთავარი ხიბლი, რის გამოც ამ რომანს თავს ვერ დააღწევთ.

2015 წელს "მესამე ნაპირის" ავტორი ლიტერატურული პრემია "საბას" ნომინანტი გახდა, წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. ამ საპატიო ჯილდოს გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის მომტანი აღმოჩნდა დებიუტანტი ავტორისთვის "მესამე ნაპირი"- რომანზე უფლებები გერმანულმა გამომცემლობამ Klack Verlag-მა შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წიგნი ძალიან მალე გერმანულ ენაზე გამოიცემა. გამომცემლობა ორიენტირებულია გამოსცეს თანამედროვე ავტორთა მხატვრული და არამხატვრული ნაწარმოებები. თანამედროვე ცხოვრება, კულტურული ლანდშაფტი, მეხსიერება, წარსულთან ურთიერთობა, ტრანსფორმაციული პროცესები, უმცირესობები, ეს იმ თემათა ჩამონათვალია, რომელიც გამომცემლობის ნიშასა და ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს. მოხდა ღირებულებათა უდიდესი თანხვედრა ლუკა ბაქანიძის წიგნის "მესამე ნაპირის" მთავარ ფაბულასა და გამომცემლობის ღირებულებებს შორის. შედეგად გემრანელი მკითხველი მალე გაეცნობა და შეიყვარებს თანამეროვე ქართელი ავტორის ლუკა ბაქანიძის რომანს "მესამე ნაპირი".

ირინე ჭოღოშვილი - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი: ლუკა ბაქანიძე, როგორ იცით, არის პალიტრა L-ის ავტორი. მანამდე მას ვიცნობდით როგორც პოეტს, შემდეგ მისი დებიუტი შედგა ძალიან საინტერესო რომანით "მესამე ნაპირი". ჩვენ ვზრუნავთ ყველა ავტორზე, როგორც თანამედროვეზე, ასევე კლასიკოსზე. ლუკას შემთხვევაში ბერლინში მივლინების დროს, შევხვდი გამომცემლობას, რომელიც ფოკუსირებულია ყველანაირ უმცირესობაზე - საზოგადოებისაგან სხვადასხვა მიზეზით მოკვეთილ ადამიანებზე, ვისზეც ასევე ამახვილებს ყურადღებას თავის ნაწარმოებებში ლუკა. პირად საუბარში გამოირკვა, რომ სწორედ ასეთი თემები აინტერესებს გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამომცემლობას Klack Verlag-ს. ცნობისათვის ამ გამომცემლობამ თავის ოფისში გახსნა საკონსულტაციო ბიურო, სადაც სირიელ ლტოლვილებს იღებს, უწევს იურიდიულ კონსულტაციას, დახმარებას, დასაქმების პროგრამაში რთავს.

როდესაც მე მათ ვუამბე, რომ არსებობს ერთ-ერთი საინტერესო ავტორი, რომელიც რაღაცნაირად კულტურული გარღვევა იყო ქართულ თანამედროვე ლიტერატურაშიც, როგორც მას თავის დროზე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში უწოდეს - ძალიან დაინტერესდნენ. შემდეგ ნაწარმოების საცდელი თარგმანი გავუგზავნე. პასუხად, ძალიან გახარებულებმა მომწერეს: ეს სწორედ ის არის, რასაც ვეძებდით და გვჭირდებოდაო. განსაკუთრებით გაახარათ იმ ფაქტმა, რომ ლუკა თანამედროვე ახალგაზრდა ავტორია. გამომცემლობა Klack Verlag ლუკასთან გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს თანამშრომლობას.
"მესამე ნაპირი" გერმანიაში წლის ბოლომდე გამოვა. მისი მთარგმნელი გემანიაში მცხოვრები ქართველი კატია ვოლტერსი გახლავთ. იგეგმება, რომ ლუკა დაპატიჟონ პრეზენტაციაზე, სადაც შეხვდება და გაესაუბრება თავის გერმანულენოვან მკთიხველს. თანამედროვე მწერლები განსაკუთრებით უყვართ გერმანიაში და ევროპაში ზოგადად, რადგან ისინი ძალიან აფასებენ ცოცხალ ავტორებთან ურთიერთობას.

- რა შეიძლება უთხრათ მათ ვინც ჯერ არ გაცნობია ამ რომანს?
- რომანი არის საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ აშკარად დაგვაფიქრებს ისეთ საკითხებზე, რომელსაც ალბათ თვალს, ყურს ვარიდებთ და მათ იგნორირებას ვცდილობთ. მესამე ნაპირი რაღაცნაირად, სხვა კუთხით დაგვანახებს ჩვენს დღევანდელ საზოგადოებასაც და საკუთარ თავსაც.

ბმული:
* https://www.kvirispalitra.ge/public/32955-vin-aris-avtori-romelsac-qarthul-literaturul-kritikashi-qkulturuli-garghvevaq-utsodes.html?device=xhtml

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4785
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუკა ბაქანიძე   Wed Jan 09, 2019 2:04 pm

ლუკა ბაქანიძე: „ეს ქვეყანა თუ პოეტისთვის ჯოჯოხეთია, პროზაიკოსისთვის სამოთხეა ჭეშმარიტად“

22-01-2018

ლუკა ბაქანიძე არაერთი ჯილდოს მქონე ახალგაზრდა მწერალია. მან წერა ბავშვობიდან დაიწყო. განსაკუთრებით სკანდინავიური და იაპონური პროზა იტაცებს. მისი რომანი „მესამე ნაპირი“ ლიტერატურული კონკურისის „საბას“ ფინალისტი გახდა. მწერალი ამბობს, რომ ეს რომანი მისი ბედისწერაა.


- ვინ ვარ მე...

-ლუკა ბაქანიძე, მეტსახელად ლუკრეციო. ვარ თხემით-ტერფამდე ქვეითი და ყველა მიმართულებით, მიყვარს ფეხით სიარული. მიყვარს ცხოველები და ბუნება და არ ვენდობი ადამიანებს. პროფესიით - მწერალი და ჟურნალისტი, მოწოდებით - მეთევზე და მოლაშქრე. ვცხოვრობ არასტერილური ცხოვრებით და არ მიყვარს სტერილური ხალხი. მწამს ტყეში დანთებული კოცონის და არ მწამს ეკლესიების. ღია ცის ქვეშ, გადაკარგულში უფრო შინაურად და კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე სახლში. მჯერა წიგნების და ცხოვრების. არ მჯერა სკოლების და უნივერსიტეტების.


- პირველი ნაწარმოები....

- ბავშვობაში ვწერდი ბევრ ლექსს, რადგან მამაჩემი თითო ლექსში გარკვეულ თანხას მაძლევდა. ასეთ მერკანტილურ საწყისებზე ჩამოვყალიბდი მწერლად. რაც შეეხება გამოქვეყნებას, დიდი ხნის წინ, მალხაზ ხარბედიამ ლიტერატურულ ჟურნალ „არილში“ რამოდენიმე ლექსი დამიბეჭდა. ბოლო სამი წელია, რაც პოეზიას პროზა ვამჯობინე. რამეთუ ეს ქვეყანა, საქართველო, თუ ნაღდი პოეტისთვის ჯოჯოხეთია, პროზაიკოსისთვის სამოთხეა ჭეშმარიტად.

- პირველი აღიარება...

- ცნობადი გამხადა ჩემმა პირველმა წიგნმა, ლექსების კრებულმა „ღმერთი ჩემი, მოხეტიალე“, რომელიც შესანიშნავმა ადამიანმა და მეგობარმა - ნაირა გელაშვილმა და გამომცემლობა „კავკასიურმა სახლმა“ გამოსცა. ეს კრებული 2011 წელს ლიტერატურული კონკურსის „საბას“ ფინალისტი გახდა.

- ლიტერატურული პრემია „საბა“...

- „საბა“ და ლიტერატურულ კონკურსები ადრე ჩემთვის გრაალის თასის ეკვივალენტი გახლდათ. მეგონა, რომ ეს მთელი ჩემი ნიჭის ერთგვარი ხარისხის აღმნიშვნელი შკალა იყო. ამ ეტაპზე ერთობ სარდონიკულად ვარ განწყობილი. თუმცა, რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის და თვით „საბას“ გამარჯვებულიც ვარ. არ უარვყოფ, რომ „საბას“ მოგებამ ბედნიერება მომანიჭა, რადგან ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ფული არ გაქვს და უცებ ოთხი ათასი ლარი გიჩნდება ჯიბეში. ასევე 2017 წელს “საბას“ გამარჯვებული გახდა მოთხრობების კრებული “სად ხარ ლაზარე“. დაკვირვებული ვარ, რომ წაგება უფრო კარგად მოქმედებს ჩემზე, ვიდრე მოგება. ალბათ, ეს განაპირობებს ამ აურზაურის და ტაშის მიმართ ჩემს სარდონიკულ განწყობას. რა თქმა უნდა, ეს მიმართება არ ეხება ჟიურის წევრებს, რომელთაც უღრმეს პატივს ვცემ და მიყვარს.

- რომანი „მესამე ნაპირი“...

- „მესამე ნაპირი“ ბედისწერაა ჩემთვის. წიგნი თავიდან ბოლომდე ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს და ფაქტობრივად, მე ვარ „მესამე ნაპირი“. ამ წიგნზე მუშაობისას გავიზარდე, როგორც მწერალი. მიხარია, რომ გამოუცდელობის მიუხედავად, მშვენივრად გავიარე ბეწვის ხიდი, სკაბრეზულ, ვულგარულ პროზასა და მხატვრულად ღირებულ ტექსტს შორის. სტილისტურად დიდი შანსი იყო, რომ ეს რომანი მაკულატურა გამხდარიყო. მეამაყება, რომ ლიტერატურული გამოცდილება თუ არა, ალღო დამეხმარა კარგი კომპოზიციის და საკმაოდ ავტონომიური, სპეციფიკური სტილის შექმნაში, რასაც მთლიანობაში ეს რომანი წარმოადგენს. „მესამე ნაპირი“ 2014 წელს „საბას“ ფინალისტი გახდა. სასიხარულოა ის, რომ ამ წიგნით ევროპული ქვეყანა დაინტერესდა. „მესამე ნაპირის“ გერმანულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია მარტში იქნება. ასევე, ჩემი მესამე წიგნის, მოთხრობების კრებულის „სად ხარ, ლაზარე“ თარგმნის პერსპექტივაც ჩანს.

- საყვარელი წიგნი/წიგნები....

- უამრავი საყვარელი მწერალი და წიგნი მეგულება. სიამოვნებით ვკითხულობ სკანდინავიურ და იაპონურ პროზას. ჩემზე დიდი გავლენა ამერიკულმა ნოველებმა იქონიეს. პირდაპირ ვიტყვი, მარკ ტვენს რომ არ დაეწერა „ჰეკლბერი ფინი“, ალბათ, უფრო დიდი დრო დამეკარგებოდა სტილისტურ ძიებაში. ჩემი საყვარელი მწერალი უილიამ ფოლკნერია. ერთ-ერთი ყველაზე „რთული“ მწერალი სტილისტურად. ჩემს ლიტერატურულ გემოვნებას, ჩამოუყალიბებელზე მეტად, უფრო მრავალმხრივი ჰქვია.

- რჩევა ახალგაზრდა თაობას...

- ახალგაზრდა თაობას პირველი და უკანასკნელი რჩევა ჩემგან, რადგან მეტი რჩევა არცაა საჭირო: წიგნი, წიგნი და წიგნი. წიგნიერება ნებისმიერ აკადემიურ განათლებაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა, რათა შედგე ადამიანად. მწერლებს და მიმდინარეობებს კითხვის პირველ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იკითხეთ ყველაფერი, რადგან ლიტერატურული გემოვნების და პროფესიონალი მკითხველის სტატუსის შესაქმნელად ნაგავი და მაკულატურაც ისევე საჭიროა, როგორც მაღალმხატვრული პროზა.

ბმული:
* http://www.etaloni.ge/geo/main/index/5906

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4785
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუკა ბაქანიძე   Wed Jan 09, 2019 2:10 pm




ქართველი ავტორის ლუკა ბაქანიძის "მესამე ნაპირი" გერმანულ ენაზე გამოიცა

05-01-2018

ლუკა ბა­ქა­ნი­ძის არა­ერ­თი ჯილ­დოს მქო­ნე ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მწერ­ლის რო­მა­ნი "მე­სა­მე ნა­პი­რი" გერ­მა­ნულ ენა­ზე ითარ­გმნა და გა­მო­ი­ცა. ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის შე­თა­ვა­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ნა­წარ­მო­ე­ბით გერ­მა­ნუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა Klack Verlag და­ინ­ტე­რეს­და და რო­მა­ნის გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბე­ბიც შე­ი­ძი­ნა. მთარ­გმნე­ლი გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი კა­ტია ვოლ­ტერ­სი გახ­ლავთ. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ქა­ლაქ ლა­იფ­ციგ­ში იგეგ­მე­ბა გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­საც თა­ვად ლუკა ბა­ქა­ნი­ძეც და­ეს­წრე­ბა.

"ჩემ­თვის, რო­გორც მწერ­ლის­თვის, ამ ფაქტს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გას­ცდა. თუმ­ცა ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა. გა­სულ წელს ჩემი მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი თურ­ქუ­ლად ითარ­გმნა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ყი­და. იმე­დი მაქვს, "მე­სა­მე ნა­პი­რიც" შეძ­ლებს გე­რა­მა­ნე­ლი მკი­თხვე­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბას", - აღ­ნიშ­ნავს ლუკა ბა­ქა­ნი­ძე.

"მე­სა­მე ნა­პი­რი" უცხო ნა­პი­რია. ეს არის სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შორ­საა და ძა­ლი­ან ახ­ლოს ჩვენ­გან. სამ­ყა­რო, სა­დაც მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის, მი­ტო­ვე­ბუ­ლი სკვე­რე­ბი­სა და პარ­კე­ბის, ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე შავ­ბნე­ლი ად­გი­ლე­ბის "ბა­ტონ-პატ­რონ­ნი", მა­წან­წა­ლე­ბი, უსახ­ლკა­რო­ნი ‒ ათა­სი ჯუ­რის ხალ­ხი ცხოვ­რობს ‒ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი, მის­გან გა­რი­ყუ­ლი, ხში­რად სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­ნა­პი­რე­ბუ­ლი. ეს არის მდუ­ღა­რე, ვე­ლუ­რი, შლე­გი ნა­პი­რი, დიდი სი­ბინ­ძუ­რით, და­ცე­მუ­ლო­ბით, ბო­რო­ტე­ბით, ცოდ­ვით და ამა­ვე დროს პირ­ველ­ქმნი­ლი უბი­წო­ე­ბით, დიდი სი­ფა­ქი­ზით, აღ­მაფ­რე­ნით, შე­მოქ­მედ­თან არ­ნა­ხუ­ლი სი­ახ­ლო­ვით და უწ­მინ­დე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით.

ასე­თია ახალ­გაზ­რდა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რის ლუკა ბა­ქა­ნი­ძის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნის "მე­სა­მე ნა­პი­რი" სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც 2015 წელს პა­ლიტ­რა L-მა გა­მოს­ცა. "ნე­ბის­მი­ერ თე­მას ვე­ხე­ბი, ყვე­ლა­ზე ჭუ­ჭყი­ან­საც და ყვე­ლა­ზე ამაღ­ლე­ბულ­საც" - ამ­ბობს მწე­რა­ლი რო­მა­ნის შე­სა­ხებ.

2015 წელს "მე­სა­მე ნა­პი­რის" ავ­ტო­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "სა­ბას" ნო­მი­ნან­ტი გახ­და, წლის სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ინ­ტე­რეს­და რო­მა­ნით გერ­მა­ნუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა Klack Verlag. ეს არის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია, გა­მოს­ცეს თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტორ­თა მხატ­ვრუ­ლი და არამ­ხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. გა­მომ­ცემ­ლო­ბა Klack Verlag ლუ­კას­თან გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში გეგ­მავს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

2017 წელი ლუ­კას­თვის მხო­ლოდ რო­მა­ნის გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი თარ­გმა­ნით არ იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი. გა­სულ წელს მან მო­ი­გო "საბა" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წლის სა­უ­კე­თე­სო ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნი, რო­მა­ნით "სად ხარ ლა­ზა­რე..." რო­მე­ლიც ბეჭ­დუ­რი სა­ხით ავ­ტო­რის უახ­ლეს მო­თხრო­ბებ­თან ერ­თად 2018 წლის და­სა­წყის­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ლუკა ბა­ქა­ნი­ძე სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მათი ნა­წი­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.

ამ­ჟა­მად ლუკა ბა­ქა­ნი­ძე სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მე­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ კი გეგ­მავს, რომ მუ­შა­ო­ბა ახალ რო­მან­ზე და­ი­წყოს.

ბმული:
* https://www.ambebi.ge/article/218865-kartveli-avtoris-luka-bakanizis-mesame-napiri-germanul-enaze-gamoica/
* https://www.amazon.de/Das-dritte-Ufer-Luka-Bakanidze/dp/3943767868

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4785
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუკა ბაქანიძე   Wed Jan 09, 2019 2:25 pm



Bakanidze, L.: Das dritte Ufer

ISBN: 978-3-943767-86-5

lieferbar, Klappenbroschur, 284 S., 2018

16,90 €


Luka Bakanidze: Das dritte Ufer (KLAK Verlag)

Luka Bakanidze



Das dritte Ufer

Roman

Aus dem Georgischen von Katja Wolters



Man nennt sie die Karussellleute und sie besitzen nichts. Mit Straßenmusik verdienen sie ihr täglich Brot: Zigaretten, Zitronen, Drogen und Schnaps. Der gestrandete Ex-Student Gioland und seine Freunde: der Gitarrist Alexander, die Tattoo-Künstlerin Nea und der aidskranke Markus. Ihr Zuhause sind die U-Bahn, verlassene Plätze und Parks. Wie streunende Kinder, jagen sie durch die Szenen der Stadt, immer auf der Flucht vor der Polizei und der Suche nach dem ultimativen Kick. Im Underground, am Rande der Sexindustrie, des Drogenhandel und der virtuellen Welt. Nur durch einen trüben Schleier nehmen sie den fundamentalen Wandel der 1990er Jahre ihres Landes als leeres Versprechen und Lüge wahr, die politischen Kämpfe und die militärische Besatzung durch den russischen Nachbarn. Der als kultureller Durchbruch der aktuellen georgischen Literatur gefeierte Debüt-Roman von Luka Bakanidze spiegelt die Schattenseite des Lebens mit lakonischem Slang und in absoluter Wahrhaftigkeit aus der Perspektive der Außenseiter.



„So ein ehrliches und natürlich erzähltes Buch hat man in Georgien lange nicht mehr geschrieben“.

Zurab Karumidse, Literaturmagazin Tsiskari



„Selten ist der erste große Roman eines Autors so erfolgreich. Der Autor verwendet Slang und obszöne, sogenannte unliterarische Sprache, ohne jedoch in Vulgäres oder Geschmackloses abzugleiten. Der Roman erzählt die wundersame und interessante Geschichte von großer Entfremdung und großer Liebe, von großem Abgrund und großer Unschuld.“

Tamar Juruli, Literaturuli Gazeti (Literarische Zeitung)


ბმული:
* https://www.klakverlag.de/autoren-a-z/a-b/bakanidze-luka/
* https://www.amazon.de/Das-dritte-Ufer-Luka-Bakanidze/dp/3943767868
* https://portal.dnb.de/opac.htm?method=simpleSearch&cqlMode=true&query=idn%3D1150426799

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: ლუკა ბაქანიძე   

Back to top Go down
 
ლუკა ბაქანიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: