არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ჯონ სტაინბეკი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ჯონ სტაინბეკი Empty
PostSubject: ჯონ სტაინბეკი   ჯონ სტაინბეკი EmptyMon Aug 22, 2016 1:30 pm

ჯონ სტაინბეკი John_s15
John Steinbeck

ჯონ სტაინბეკი

ჯონ ერნსტ სტაინბეკი (ინგლ. John Ernst Steinbeck, Jr.; დ. 27 თებერვალი, 1902 — გ. 20 დეკემბერი, 1968) — ამერიკელი მწერალი. 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ყველაზე კარგად ცნობილია ნოველით „თაგვებსა და ადამიანებზე“ (1937) და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რომანით „მრისხანების მტევნები“ (1939). ორივეში აღწერილია დიდი დეპრესიის პერიოდში მუშათა კლასის ცხოვრება.

სტეინბეკი ნატურალისტურ სტილში წერდა, ხშირად მისი წერის საგანი მუშათა კლასის ცხოვრება იყო; მისი შრომების თემატიკა ინტერესთა ფართო სპექტრს მოიცავს — ოკეანის ბიოლოგიიდან დაწყებული, ჯაზით, პოლიტიკით, ფილოსოფიით, ისტორიითა და მითოლოგიით დამთავრებული.

მისი ჩვიდმეტი ნამუშავერი, მათ შორის Cannery Row (1945) და „მარგალიტი“ (1947) ჰოლივუდის მიერ ეკრანიზებულ იქნა. თავად სტაინბეკმაც გაითქვა სახელი, როგორც ჰოლივუდის მწერალმა და ერთხელ ოსკარის ნომინაციაში მოხვდა საუკეთესო სცენარისთვის ალფრედ ჰიჩკოკის ფილმისთვის „სიცოცხლის გემი“ (1945).

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_სტეინბეკი

ჯონ სტაინბეკი John_s12
John Steinbeck, writer, and Robert Capa, photo-journalist -- Photo By Robert Kapa, -- USSR, Moscow, September 1947

study


Last edited by Admin on Sun Mar 10, 2019 7:44 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ჯონ სტაინბეკი Empty
PostSubject: Re: ჯონ სტაინბეკი   ჯონ სტაინბეკი EmptyMon Aug 22, 2016 1:31 pm


ქართული დღიური
Published on Jun 14, 2016
ჯონ სტაინბეკი და რობერტ კაპა ქობულეთის სოფელ ალამბარში 1947 წელს.
დოკუმენტური ფილმი. აჭარის ტელევიზია.

Exclamation

ჯონ სტაინბეკი და საქართველო

1947 წელს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ნაწილში, მეორმოცე ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ბედ­ფორდის“ ბარში, ერთი მნიშვნელოვანი, შემთხვევითი, შეხვედრა შედგა...

როდესაც ჯონ სტაინბეკი, „ტორტილა ფლეტის“, (1935წ.) „თაგვებსა და ადამიანებზე“, (1937წ.) „მრისხანების მტევნების“, (1939წ.) და არაერთი სხვა ნაწარმოების ავტორი, საკუთარ პიესას ჩაჰკირკიტებდა, ბარში რობერტ კაპა შევიდა. (ფოტოგრაფი, ფოტოჟურნალისტი, სხვადასხვა დროს - ესპანეთის სამოქალაქო ომს (1936-1939), იაპონია-ჩინეთის მეორე ომსა (1937-1945) და მეორე მსოფლიო ომს (1939-1945) აშუქებდა).

ბარმენის მიერ მომზადებული „სუისესის“ დაგემოვნების პარალელურად, საუბრისას, სტაინბეკმა და კაპამ აღმოაჩინეს, რომ „იყო რაღაც-რაღაცები რუსეთის შესახებ, რაზეც არავინ წერდა და რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებდა. როგორ ეცვათ იქ? სადილად რას ჭამდნენ? წვეულებებს თუ მართავდნენ და რითი უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს? როგორი სექსი ჰქონდათ, ან როგორ კვდებოდნენ? რაზე ლაპარაკობდნენ? თუ ცეკვავდნენ, მღეროდნენ და თამაშობდნენ? ბავშვები სკოლაში დადიოდნენ თუ არა? ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა ეს ამბები გაგვერკვია, ფოტოები გადაგვეღო და ამაზე დაგვეწერა. [...] აი, ასე გადავწყვიტეთ, რეპორტაჟი გაგვეკეთებინა რუსეთიდან და ფოტოებიც გადაგვეღო“.

საბჭოთა კავშირი სტუმრობისას, ჯონ სტაინბეკი და რობერტ კაპა საქართველოშიც ჩამოვიდნენ და ამ ქვეყანასთან დაკავშირებულმა შთაბეჭდილებებმა, მოგონებებმა და ფოტოებმა - 1948 წელს გამოცემულ წიგნში - „რუსულ დღიურში“ მოიყარა თავი.

***

„სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მოსკოვში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ყველგან, გამუდმებით საქართველოს ჯადოსნური სახელი ჩაგვესმოდა. ისინიც კი, ვინც არასდროს ყოფილან იქ, და ვერც ვერასდროს ჩავლენ ალბათ, საქართველოზე მონუსხულები აღტაცებით ლაპარაკობდნენ. ისინი ქართველებზე ისე ყვებოდნენ, როგორც სუპერმენებზე, დიდებული მსმელები არიან, დიდებული მოცეკვავეები, დიდებული მომღერლები, დიდებული მშრომელები და საყვარლებიო. თან ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს ეს კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ქვეყანა მეორე სამოთხე იყოს. ეგ კი არა, ისიც გვგონია, რომ ბევრ რუსს სჯერა, წესიერად, პატიოსნად თუ იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არა, საქართველოში მოხვდება. ამ ქვეყანაში კარგი კლიმატია, ნაყოფიერი მიწა და ზღვის პირასაა. საბჭოთა კავშირის კეთილდღეობაში დიდი ღვაწლის შეტანისთვის ადამიანი საქართველოში მოგზაურობით ჯილდოვდება. აქ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიდხანს ავადმყოფობენ, გამაჯანსაღებელი კურორტებია. ომის დროსაც გამორჩეული ადგილი იყო, რადგან გერმანელები იქ არ შესულან, არც თვითმფრინავებით დასხმიან თავს და არც ქვეითი ჯარით. იქაურობა ამ ომის დროს საერთოდ არ დაზიანებულა.

[...]

ცაში ავიჭერით და კავკასიონს გადავუფრინეთ. მაღალი მწვერვალები და სალი კლდეები მოჩანდა, მათ შორის კი მდინარეები მოჩქეფდა და უძველესი სოფლები იყო გაშენებული. ზოგი მწვერვალი ზაფხულშიც კი თოვლით იყო დაფარული. ამდენ ხანს მოვაკებული მიწისთვის ცქერის შემდეგ მთების ხილვამ გულში სითბო ჩაგვიღვარა.

[...]

ქართველებს სხვანაირი გარეგნობა აქვთ. შავგრემნები არიან, ბოშებს წააგვანან, ელვარე კბილები და გრძელი, ლამაზი ცხვირი აქვთ, თმა კი ტალღოვანი. თითქმის ყველა კაცი ულვაშს ატარებს, და ისინი ქალებზე ბევრად მიმზიდველები არიან. გამხდრები და ენერგიულები არიან, შავი თვალები უციმციმებთ. ადრეც წაგვიკითხავს და მოგვიყვნენ კიდეც, რომ ისინი ძველი სემიტი ხალხია, ევფრატის ხეობაში ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ ბაბილონის დროს. ისინი შუმერები არიან და მათი მოდგმა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ფიცხი, ამაყი და მხიარული ხალხია. რუსი ხალხები აღტაცებულნი არიან მათით. ყოველთვის მათ ძალასა და ენერგიაზე, მათ მოხერხებულობაზე ლაპარაკობენ, დიდებული კავალერები და კარგი მებრძოლები არიანო. ქართველი კაცები რუს ქალებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობენ. პოეტი ხალხია, კარგი მოცეკვავეები და მომღერლები არიან, და როგორც ამბობენ, დიდებული საყვარლებიც. ასეც იქნება, ისეთ ბუნებაში ცხოვრობენ და ამ ორი ათასი წლის მანძილზე იმდენი ომი გადახდათ თავს.

[...]

უღელტეხილს გადავუფრინეთ და თბილისის ხეობაც გამოჩნდა. უზარმაზარი მშრალი ხეობაა, რომელიც ნიუ-მეხიკოს წააგავს. როცა დავეშვით, ჰაერი ცხელი და მშრალი იყო, რადგან ზღვას ძალიან არის მოშორებული, მაგრამ სასიამოვნოდ ცხელოდა, სიცხე არ გაწუხებდა. მთელი ეს ხეობა, მაღალი მთებით გარშემორტყმული, სრულიად უნაყოფოს ჰგავდა. დასავლეთით, მაღალი მთის თხემზე, ძველისძველი ციხესიმაგრე იდგა, ქონგურებიანი, უზარმაზარი, და ცის ფონზე შავად მოჩანდა.

[...]

„ვოკსის“ (Всесоюзное общество культурной связи с заграницей) თბილისის განყოფილებიდან დელეგაცია დაგვხვდა, დიდი მანქანით მოსულიყვნენ, სასიამოვნო ხალხი ჩანდა. მოვაკებული ადგილები გავიარეთ მთებს შორის და თბილისში შევედით, ლამაზ ქალაქში, რომელზეც მრავალი საუკუნის მანძილზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავარი გზა გადიოდა. აქა-იქ ძველისძველი ციხესიმაგრეები გვხვდებოდა, და ქალაქშიც მთის თხემზე სასახლე დგას. ხეობის მეორე მხარესაც ციხესიმაგრე დგას, რადგან ეს ვიწრო ხეობა სამხრეთიდან სპარსელების, ირანელების, ერაყელების, ჩრდილოეთიდან კი თათრების და სხვა მძარცველების გზად ქცეულიყო. ამ ვიწრო ხეობაში იმართებოდა ბრძოლები, ამიტომ ციხესიმაგრეები შენდებოდა.

ქალაქის ნაწილი ძალიან ძველია, ხეობას მდინარე კვეთს, რომელსაც ერთ მხარეს მაღალი კლდეები მიუყვება, და ამ მაღალ კლდეებზე ძველისძველი სახლებია ჩამწკრივებული. მართლაც ძველისძველი ქალაქია, მაშინ როცა მოსკოვი წელს თავის მერვაასე იუბილეს აღნიშნავს, მომავალ წელს თბილისი ათას ხუთასი წლის იუბილეს აღნიშნავს. და თან ეს ახალი დედაქალაქია, ძველი დედაქალაქი კი ამავე მდინარის სანაპიროზე, ოცდაათი კილომეტრის იქით არის გაშენებული.

თბილისის ქუჩები ფართო და ხეებით დაჩრდილულია, ბევრი შენობა კი ახალაშენებულია. ორივე მხარეს ქუჩები მთებზე იკლაკნება. დასავლეთით, მთის წვერზე, სათამაშო მოედანია და სკვერი, სადაც ფუნიკულიორის გზა ადის. უზარმაზარი სკვერი, იქვე დიდი რესტორანი დგას, რომელიც ხეობას გადაჰყურებს. ქალაქის შუაგულში, მთის თხემზე, უზარმაზარი მრგვალი კოშკები დგას და მაღალი ქონგურებიანი კედლები, ჩამონგრეული და ძრწოლისმომგვრელი ციხესიმაგრისა.

ქალაქშიც და მთის თხემებზეც ძველი ეკლესიებია, საქართველოში ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში შემოვიდა, და ის ეკლესიები, სადაც ახლაც მიმდინარეობს წირვა-ლოცვა, ჯერ კიდევ მაშინ აშენდა. თბილისი უამრავი ძველისძველი ამბის შემომნახველი ქალაქია, და სავარაუდოდ, აქ მოჩვენებებიც ბინადრობენ. ერთი თქმულება არსებობს მუსლიმი ირანელი მეფისა, რომელიც ლაშქრით შემოესია ქალაქს, მან აიძულა თბილისელები ხიდზე დადებულ ღვთისმშობლის ხატზე გადაევლოთ და მიეფურთხებინათ მისთვის. ყველას, ვინც უარი განაცხადა, თავი მოაჭრეს. ამბობენ, რომ იმ დღეს მდინარეში ათასობით მოკვეთილი თავი ტივტივებდა.

თბილისელებს უკეთ ეცვათ, უკეთესადაც გამოიყურებოდნენ და უფრო ამაღლებული განწყობაც ჰქონდათ, ვიდრე სხვა რუს ხალხებს. ქალაქის ქუჩებში მხიარულება სუფევდა და იქაურობა ფერადი იყო. ლამაზი ტანსაცმელი ეცვათ და ქალებს ფერად-ფერადი თავსაფრები ეხურათ.

ეს ქალაქი წარმოუდგენლად სუფთაა. პირველი სუფთა აღმოსავლური ქალაქია, რომელიც ოდესმე მინახავს. მდინარეში, რომელიც ქალაქს შუაზე ჰყოფს, ასობით პატარა ბიჭი დაცურავს. და აქ არსად არაფერია დანგრეული, თუ დროთა განმავლობაში ჩამონგრეულ ძველისძველ სახლებს არ ჩავთვლით.

[...]

სასტუმრო „ინტურისტში“ ორი დიდი ოთახი დავიკავეთ. ... ძალიან ადრე ვდგებოდით, რადგან ქალაქი გვნუსხავდა და გვსურდა ყველაფერი დაგვეთვალიერებინა. როგორც ყოველთვის, ახლაც კარგი მძღოლი შეგვხვდა, ყოფილი სამხედრო, და მას, არც მეტი, არც ნაკლები, ჯიპი ჰყავდა. ჯიპი არავიზე კარგად არ მოქმედებს, მაგრამ ამ სამხედრო კაცში კოვბოის სული გააღვიძა. ... გიჟი კაცივით ატარებდა, მას არავისი ეშინოდა. გადატვირთული მოძრაობის დროს გამძვინვარებული მძღოლები აიძულებდნენ მშვიდად ევლო, ისინი ქართულად აგინებდნენ ერთმანეთს, ჩვენი მძღოლი კი ღიმილით აგრძელებდა გზას.

[...]

ჯიპი აღმართზე აჰყავდა, ქალაქის უძველეს ნაწილში, სადაც ძველი ქართული ხის სახლები დგას. ისინი უცნაური არქიტექტურისაა, როგორც წესი, ორი-სამი სართულის სიმაღლისაა და ღია, დიდი აივნები აქვთ. კედლები კი ეგზოტიკურადაა მოჩუქურთმებული და მოხატული.

მთის თხემზეც ავძვერით, ძველი ციხესიმაგრის სანახავად, რომელსაც მრგვალი კოშკები და მაღალი სქელი კედლები ჰქონდა. სამუდამოდ აუღებელი დარჩებოდა, რომ არა არტილერია, რადგან არტილერიის გარეშე მასზე თავდასხმა შეუძლებელი იყო.

ქალაქის ბოტანიკურ ბაღში გავისეირნეთ, რომელიც აყვავებული ხეებითა და იშვიათი მცენარეებით იყო დამშვენებული, ბევრი მცენარე მანამდე არც გვენახა. გრილოდა და იქვე მდინარეც მორაკრაკებდა.

თბილისში თავს უცხოდ არ ვგრძნობდით, რადგან აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის, და უცხოელებს მიჩვეულნი არიან, ასე რომ დიდად არ გამოვირჩეოდით ადგილობრივებისგან, როგორც თუნდაც კიევში, ეგ კი არა, თავი ლამის სახლში ვიგრძენით.

თბილისში ბევრი ეკლესია დგას, და უნდა იყოს კიდეც ასე, რადგან რელიგიური ტოლერანტობის ქალაქია, აქ ხომ ძველისძველი სინაგოგები და მუსლიმური ტაძრები დგას, და არც ერთი მათგანი არასდროს არ დაუნგრევიათ.

მაღლა, იმ მთაზე, ქალაქს რომ გადაჰყურებს, მამა დავითის ეკლესიაა, რომელიც, როგორც მახსოვს, მე-7 საუკუნეშია აშენებული, ძალიან უბრალო და ლამაზია. ჩვენმა მძღოლმა მანქანით იქამდე აგვიყვანა, სადამდეც სიარული შესაძლებელი იყო, დანარჩენი გზა კი ფეხით გავიარეთ. ბევრი ადამიანი ადიოდა იმ მიხვეულ-მოხვეული გზებით ეკლესიაში, ბევრი აღავლენდა იქ წირვა-ლოცვას.

ეს ძველი ტაძარი ქართველებს ძალიან უყვართ და იქვე ეკლესიის ეზოში ქართველი მწერლებისა და კომპოზიტორების სასაფლაოა. სტალინის დედაც იქაა დაკრძალული და მის საფლავს ერთი უბრალო ქვა ადგას. ერთი კომპოზიტორის საფლავთან სამი მოხუცებული ქალი და ერთი ბერიკაცი იდგა, რომლებიც ტკბილად, ძველებურ ყაიდაზე გალობდნენ.

იმ ძველ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინებოდა, და იქაც გალობდნენ. ხალხი ამოდიოდა, შემოდიოდა ეკლესიის ეზოში, თითოეული მათგანი იჩოქებდა და ეკლესიის კედლებს კოცნიდა.

მოწყვეტილი და მშვიდი ადგილი იყო, იქიდან კრამიტით გადახურული სახურავები მოჩანდა. ბოტანიკურ ბაღებს ვხედავდით, რომლებიც თამარ მეფეს გაუშენებია, მე-12 საუკუნეში მოღვაწე მითიურ მეფეს, რომელმაც ქალაქზე თავისი გმირული კვალი დატოვა. თამარ მეფე ლამაზი, კეთილი და ფიცხი ყოფილა. სახელმწიფოს მართვისა და აღმშენებლობის უნარს ფლობდა. მან ციხესიმაგრეები ააშენა, პოეტები წააქეზა, და მუსიკოსები ერთად შეჰყარა, - ის ერთ-ერთი ზღაპრული მეფე იყო სამყაროში, ისევე როგორც ელისაბედი, არაგონელი კატერინა, აკვიტანიელი ელეანორი.

მამა დავითის ეკლესიიდან რომ ჩამოვედით, საკათედრო ტაძრის ზარები ისე მქუხარედ რეკდნენ, რომ იქ შევედით. მდიდრული ტაძარი იყო, აღმოსავლური, საკმეველსა და დროს ფრესკები სულ გაეშავებინა. ხალხით იყო გადაჭედილი იქაურობა. წირვა-ლოცვას მოხუცი კაცი უძღვებოდა, თეთრთმიანი, თავზე ოქროს მიტრა ედგა, და იმდენად ლამაზი იყო, ირეალური გეგონებოდა. იგი კათალიკოსი და საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია, მისი კაბა ოქროსფერი ძაფითაა ნაქსოვი. ღვთისმსახურება დიდებული იყო, და მუსიკოსების გუნდი წარმოუდგენლად გალობდა. საკმეველი ეკლესიის გუმბათამდე ადიოდა, გუმბათიდან კი მზე შემოდიოდა და იქაურობას ანათებდა.

კაპამ ბევრი ფოტო გადაიღო. საოცარი იყო, ისე ჩუმად მოძრაობდა და იღებდა ფოტოებს, რომ ვერავინ ამჩნევდა. მოგვიანებით პატრონიკეშიც შევიდა და იქაც გადაიღო ფოტოები.

ახლა უკვე მუზეუმები გადამავიწყდა, მაგრამ ისინი მოვინახულეთ, მოვინახულეთ ყველგან. როგორც კაპამ ბრძანა, მუზეუმი თანამედროვე რუსეთში ეკლესიასავით არის, და იქ წასვლაზე ისევე ვერ განაცხადებ უარს, როგორც ეკლესიაში წასვლაზე. ისინი ყველა მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ჰგავს. ერთი დარბაზი ყველგანაა, სადაც რევოლუციამდელი რუსეთის წარსულია განთავსებული, ისტორიის დასაწყისიდან 1918 წლამდე, და დანარჩენი მუზეუმი რევოლუციის შემდგომ რუსეთს უკავია, თავმყორილია მათი ყველა ნაღვაწი, ყველა მოღვაწე გმირის გიგანტური და ასევე რევოლუციის ამსახველი სურათები ჰკიდია.

თბილისში ორი მუზეუმი იყო. ერთი ქალაქის მუზეუმი იყო, მთის თხემზე აშენებული, იქ ძველი სახლების მინიატურული მოდელები და ძველი ქალაქის გეგმები დავათვალიერეთ. ყველაზე საინტერესო ამ მუზეუმში მეგზური იყო, კაცი, რომელიც მსახიობი უნდა ყოფილიყო. ის ყვიროდა და იმანჭებოდა, სიტყვით გამოდიოდა, დრამატული იყო, ქვითინებდა და ხმამაღლა იცინოდა. ერთხელ ყვირილისას მუშტიც კი მოგვიღერა, რა თქმა უნდა, სულ ქართულად ლაპარაკობდა და ძველისძველ ქალაქს ხოტბას ასხამდა. ისე სწრაფად ლაპარაკობდა, თარგმნა შეუძლებელი იყო. ... იმ მუზეუმიდან დაყრუებული, მაგრამ ბედნიერი გამოვედით.

ამ მუზეუმისკენ მიმავალ გზაზე ალბათ საბჭოთა კავშირში სტალინის ყველაზე დიდი და ყველაზე შთამბეჭდავი პორტრეტი ჰკიდია. გიგანტური რამეა, ასობით ფუტის სიმაღლისა უნდა იყოს და ნეონის განათება აქვს, რომელიც ახლა კი დაზიანებულია, მაგრამ ამბობდნენ, რომ როცა მუშაობდა, ოცდარვა მილის მოშორებიდანაც ჩანდაო.

თბილისში იმდენი რამ იყო დასათვალიერებელი, დრო კი ისე ცოტა გვქონდა, რომ მთელი იქ ყოფნის მანძილზე სულ სადღაც მივიჩქაროდით.

შუადღით ფეხბურთის მატჩზე წავედით, თბილისისა და კიევის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. კარგად ითამაშეს დიდებულ სტადიონზე, სწრაფად, გააფთრებით. დაახლოებით ორმოცი ათასი მაყურებელი იქნებოდა მოსული, ხალხი ძალიან ემოციურად გულშემატკივრობდა გუნდებს, რადგან მსგავსი თამაშები მეტისმეტი პოპულარობით სარგებლობს. და მიუხედავად იმისა რომ უხეში და სწრაფი თამაში იყო, და მიუხედავად სასტიკი მეტოქეობისა, მოთმინება არავის დაუკარგავს. თამაშისას მსუბუქად წაკინკლავდნენ ვიღაცები. თამაში 2-2 დასრულდა და მატჩის ბოლოს ორი მტრედი გაუშვეს. ადრე საქართველოში, ნებისმიერი შეჯიბრის დროს, ბრძოლის დროსაც კი, გამარჯვების აღსანიშნავად თეთრ მტრედს გაუშვებდნენ ხოლმე, დამარცხების ნიშნად კი - შავს. და სწორედ ეს მტრედები ამცნობდნენ ხალხს ამბავს. იმ დღეს კი, რადგან თამაშის ანგარიში ფრედ დასრულდა, თეთრი მტრედიც გაუშვეს და შავიც, მათ სტადიონს გადაუფრინეს.

[...]

მთელი ის დღე საცურაო აუზებსა და პარკებში სიარულში გავატარეთ. მუშტაედის სკვერში ბავშვების მატარებელმა მოგვხიბლა. ნამდვილი მატარებელი იყო, პატარა ზომისა, ყოველი დეტალი იდეალური ჰქონდა, ინჟინერიც ჰყავდა, მეისრეც, სადგურის მმართველიც, ისინი ბავშვები იყვნენ. მათ თავიანთი ადგილები დაეკავებინათ და ბავშვებისთვის ან უფროსებისთვის განკუთვნილ მატარებლებს მართავდნენ. ჩვენ იმ მატარებლით უზბეკი ბავშვების დელეგაციასთან ერთად გავისეირნეთ, ისინი თბილისელ ბავშვებს დაეპატიჟებინათ აქ, და ახლა მატარებლით სეირნობდნენ. პატარა ინჟინერი ბიჭი ძალიან თავმომწონე ჩანდა. სადგურში რკინიგზის გასამართად საჭირო ყოველგვარი საშუალება იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ცოტა რაოდენობით. ბავშვები ზედმიწევნითი სიბეჯითით ასრულებდნენ თავიანთ საქმეს. თბილისში საბავშვო რკინიგზაში მუშაობა ძალიან დიდი პატივია და აქ ყველა ძალიან ირჯება.

ქართული სამზარეულო მთელ საბჭოთა კავშირში სახელგანთქმულია, მაგრამ ჩვენს სასტუმროში მის შესახებ არაფერი სმენოდათ. ცოტა მოგვბეზრდა მათი მენიუ, რადგან მწვადისა და დაჭრილი პომიდვრისგან შედგებოდა. იმ ღამით, ხმარსკიმ, კაპამ და მე გადავწყვიტეთ, ექსპერიმენტის სახით სხვა რესტორანში წავსულიყავით. სასტუმრო „თბილისში“ წავედით, სადაც სასადილო საკათედრო ტაძრის ნეფივით დიდია. მარმარილოს თაღები იკავებდა ჭერს, ორკესტრი ძალიან ცუდად და ხმამაღლა უკრავდა, საჭმელი კი საერთოდ არ იყო. მწვადის მაგივრად შემწვარი ხორცის პატარა ნაჭრები და დაჭრილი პომიდორი მოგვიტანეს.

[...]

თბილისის ღამეები ჯადოსნური იყო. ჰაერი მსუბუქი, მშრალი და რბილი იყო. გოგო-ბიჭები უმიზნოდ დახეტიალობდნენ ქუჩებში და ასე ირთობდნენ თავს. ახალგაზრდა კაცებს გემოვნებით ეცვათ - ტუნიკა, ზოგიერთს მძიმე თეთრი აბრეშუმისა, წელზე ქამარშემორტყმული, და გრძელი, ვიწრო შარვლები, შავი ფეხსაცმელი. ძალიან მომხიბვლელები არიან ქართველი კაცები.

ძველი სახლების აივნებიდან ღამღამობით მუსიკის საამური ჰანგები შემოგვესმებოდა ხოლმე, რომელსაც აკომპანიმენტს იმ ინსტრუმენტით უწევდნენ, რომელსაც მანდოლინას ჟღერადობა ჰქონდა, და დროდადრო ბნელ ქუჩებში ფლეიტაზე უკრავდნენ.

ქართველი ხალხი სხვა ხალხებთან შედარებით უფრო ლაღი ჩანდა, უფრო ფიცხები და უფრო მხიარულები. და იქნებ სწორედ ამიტომ ეთაყვანებიან მათ რუსები. იქნებ სწორედ ასეთები უნდათ რომ იყვნენ.

დასავლეთით, მთების თავზე ვეებერთელა მთვარე ეკიდა, და ქალაქს მისტიკურ, იდუმალ იერსახეს სძენდა, მთის თხემზე უზარმაზარი შავი სასახლე იდგა. და სამყაროში სადმე თუ მოჩვენებები არიან, ისინი აქ, ამ ქალაქში უნდა იყვნენ, და თუ თამარ მეფის მოჩვენებაც დახეტიალობს სადმე, იმ ღამით, იმ მთვარის შუქზე, იქ, იმ მთის თხემზე უნდა ესეირნა.

[...]

ის ქართველები, რომლებიც ჩვენ გავიცანით, (დასავლეთ საქართველოში) უელსელებს ჰგვანან. ნებისმიერი ათი კაცი თუ თავს ერთად მოიყრიდა, მათგან შვიდი მაინც კარგად მღეროდა. ამ მაგიდასთანაც სიმღერა წამოიწყეს, გუნდური, მომაჯადოვებელი. მღეროდნენ ქართველი მწყემსებისა და საომარ სიმღერებს. იმდენად კარგი ხმები ჰქონდათ, ისე შეხმატკბილებულად მღეროდნენ, რომ პროფესიონალი მომღერლების გუნდი გეგონებოდათ, არადა, არ იყვნენ. როცა ტემპს აუჩქარეს, ორმა კაცმა სკამებს მოჰკიდა ხელი, მუხლზე გადაიდო და დოლივით დაუკრა. ცეკვაც გაჩაღდა. ქალები გამოვიდნენ სამზარეულოდან, კაცები მაგიდიდან წამოიშალნენ, ყველამ ცეკვა დაიწყო. მუსიკას კაცთა გუნდის, სკამზე ცემისა და ტაშის ხმა ქმნიდა.

მომაჯადოვებელი საცეკვაო მუსიკა იყო. ზოგჯერ კაცი ცეკვავდა მარტო, ზოგჯერ – ქალი, ზოგჯერ ერთად ცეკვავდნენ, სწრაფი ნაბიჯებით, ქართულ ეროვნულ ცეკვებს. და ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, ორი ლუკმის შესაჭმელად და თითო ჭიქა ღვინის შესასმელად რომ შევჩერდით სადღაც...

[...]

მოსკოვში გაფრენამდე კიდევ ერთი საქმე გვქონდა დარჩენილი. იმ ღამით ჩვენთვის წვეულება უნდა გაემართათ თბილისელ ინტელექტუალებსა და ხელოვანებს. ეს ამბები უკვე ალბათ ჭამა-სმაში გამართულ შეჯიბრს დაემსგავსება თქვენთვის. მართლაც, რაც იქ ვიყავით, ჭამის გარდა თითქმის არაფერი გვიკეთებია.

... ქართველი ინტელექტუალების გამართული წვეულება გვაშინებდა. იმდენად დაქანცული ვიყავით, და აღარ გვინდოდა სადღეგრძელოების მოსმენა, განსაკუთრებით კი მაღალინტელექტუალურ თემებზე ლაპარაკი არ გვსურდა. არ გვსურდა გვეფიქრა ხელოვნებაზე, არც პოლიტიკაზე, არც ეკონომიკაზე, არც საერთაშორისო ურთიერთობებზე, უფრო მეტად კი ის არ გვინდოდა, რამე გვეჭამა, ან დაგველია. მხოლოდ ის გვსურდა, სასტუმროში ვყოფილიყავით და თვითმფრინავის გაფრენამდე არ გაგვეღვიძა. მაგრამ ქართველები იმხელა კეთილგანწყობას ამჟღავნებდნენ ჩვენ მიმართ, ისეთ თავაზიანობას იჩენდნენ, რომ ვიცოდით, სადილად აუცილებლად უნდა მივსულიყავით იქ, სადაც მიგვიპატიჟეს. ეს იყო ერთადერთი ფორმალობა, რომლის შესრულებაც გვთხოვეს მათ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თავიდანვე უფრო მეტი ნდობა უნდა გამოგვეჩინა ქართველების მიმართ, რადგან ის სადილი ისეთი სულაც არ აღმოჩნდა, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა.

[...]

ფუნიკულიორის რკინიგზით აგვიყვანეს მთის წვერზე, საიდანაც უზარმაზარი რესტორანი მთელ ხეობას გადაჰყურებდა. იქ რომ ავედით, უკვე მოსაღამოვებულიყო და ჩვენ ქვემოთ ქალაქი ციმციმებდა. საღამოს ცა კავკასიონის შავი მწვერვალების უკან ოქროსფრად მოჩანდა.

დიდი წვეულება იყო. ერთი მილის სიგრძის მაგიდა გაეშალათ, ოთხმოც სტუმარზე იყო გათვლილი. მოეწვიათ ქართველი მოცეკვავეები, მომღერლები, კომპოზიტორები, კინო-რეჟისორები, პოეტები და მწერლები. მაგიდა ყვავილებით იყო მორთული. ქვემოთ, კლდისპირა ქალაქი კი ბრილიანტების ასხმას წააგავდა. მშვენიერი მომღერალი და მოცეკვავე ქალები ტრიალებდნენ ჩვენ ახლომახლო.

სადილი ტრადიციულად, გრძელი სიტყვით დაიწყო, თუმცა ქართველების ხასიათსა და ბუნებას ამის გაძლება დიდხანს არ შეუძლია და მალე იქაურობა პატარა ჯგუფებად დაიყო. ქართველები მკაცრები არ არიან, ამიტომ დიდხანს ვერ უძლებენ დაძაბულობას. მალე აქეთ-იქიდან სიმღერა გაისმა, გუნდური სიმღერა. ცეკვაც დაიწყეს. ღვინოს ერთმანეთს აწვდიდნენ. კაპამაც იცეკვა, ვერც მაინცდამაინც კარგად, მაგრამ მაინც ღირდა აღნიშვნად. ალბათ ძილმა ძალ-ღონე შეგვმატა, ალბათ ღვინომაც თავისი ქნა, რადგან წვეულებას გვიანობამდე შემოვრჩით. მახსოვს, ერთმა ქართველმა კომპოზიტორმა ღვინის ჭიქა რომ მაღლა ასწია, გაიცინა და დაიყვირა, ჯანდაბასაც წაუღია პოლიტიკაო. ისიც მახსოვს, ლამაზი ქართველი ქალი რომ გამოვიცეკვე, რომელიც მსოფლიოში ქართული ცეკვების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოცეკვავე აღმოჩნდა. ბოლოს მახსოვს, ქუჩაში რომ მღეროდა გუნდი, მერე მილიციელები რომ მოვიდნენ იმის გასარკვევად, რა ამღერებდა იმ ხალხს, და ისინიც რომ სიმღერით შემოუერთდნენ იმ მომღერალთა გუნდს. ენობრივმა ბარიერმა უკანა ფონზე გადაიწია, ნაციონალურმა ბარიერმაც, და თარგმნის საჭიროებაც გაქრა.

მშვენიერი დრო ვატარეთ, სადილი, რომელსაც შიშითა და კანკალით მოველოდით, საოცარი წვეულება აღმოჩნდა.

[...]

საქართველო ჯადოსნური მხარეა და სიზმრისეულ ზმანებას ემსგავსება იქიდან წამოსვლის შემდეგ. ქართველებიც ზღაპრული ხალხია. მართალია რომ ამბობენ, ერთ-ერთი უმდიდრესი და უმშვენიერესი ქვეყანაა მსოფლიოშიო. მივხვდით, რატომ გვეუბნებოდნენ რუსები, „ვიდრე საქართველო არ გინახავთ, ჩათვალეთ, არაფერი გინახავთო“.

***
ჯონ სტაინბეკმა და რობერტ კაპამ საბჭოთა კავშირში 1947 წელს, ცივი ომის საწყის პერიოდში იმოგზაურეს და იქ ორი თვე დაჰყვეს. მოგზაურობის ფარგლებში მათ მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, უკრაინის რამდენიმე სოფელი და საქართველო მოინახულეს. „რუსული დღიური“ სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს.


ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუბელიანმა

ბმული -- http://bu.com.ge/geo/news/story/2-johnsteinbeckGeorgia

ჯონ სტაინბეკი John_s10
John Steinbeck and Robert Capa -- Photo By by Keystone-France Gamma-Keystone via Getty Images -- JULY 29, 1947


* TBILISI IN 1947 (ROBERT CAPA) -- https://georgiaphotophiles.wordpress.com/2013/01/26/tbilisi-in-1947-robert-kapas/

Smile


Last edited by Admin on Sun Mar 10, 2019 7:41 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ჯონ სტაინბეკი Empty
PostSubject: Re: ჯონ სტაინბეკი   ჯონ სტაინბეკი EmptySun Mar 03, 2019 10:52 pm

ჯონ სტაინბეკი John_s14
John Steinbeck, Georgia, USSR, 1947 - Photo by Robert Capa

ჯონ სტაინბეკი

სიტყვა, წარმოთქმული ნობელის პრემიის მიღებისას 1962 წლის 10 დეკემბერს

მადლობა შვედეთის აკადემიას, ჩემი შრომა ამ უმაღლესი ჯილდოს ღირსად რომ სცნო. გულის სიღრმეში ვეჭვობ, ნობელის პრემიას იმ მწერლებზე მეტად ვიმსახურებდე, რომელთა მიმართაც პატივისცემითა და მოწიწებითა ვარ განსმჭვალული. თუმც, უდავოა, მე რომ მერგო, მიხარია და მეამაყება. ამ პრემიით დაჯილდოებული ჩვეულებრივ მეცნიერულ ან საკუთარ კომენტარებს გვთავაზობს ლიტერატურის არსისა და მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, ამ განსაკუთრებულ დროში იქნებ სჯობდეს, ლიტერატურის შემქმნელთა მაღალი დანიშნულებისა და პასუხისმგებლობის შესახებ გვესაუბრა. ნობელის პრემია და ადგილი, სადაც მე ვდგავარ, ისეთი პრესტიჟულია, მაგულიანებს მადლიერი და აპოლეგეტური თაგვივით კი არ ვიწრუწუნო, არამედ ლომივით ვიბრდღვინო იმგვარი სიამაყით, რასაც ჩემი პროფესიისა და იმ ბრწყინვალე, ნიჭიერი ადამიანების გამო განვიცდი, საუკუნეთა მანძილზე ამ ასპარეზზე რომ იღვწოდნენ. ლიტერატურა არ გაუვრცელებია ფერმკრთალ და დასაჭურისებულ, ცარიელ ეკლესიებში ლიტანიების მომღერალ შარიან სამღვდელოებას არც მონასტერში გამომწყვდეული რჩეულების, უიმედოდ სასოწარკვეთილი, ტრაბახა მათხოვარი ბერების საქმე ყოფილა. ლიტერატურა მეტყველებასავით ძველია. ის ადამიანთა მოთხოვნილებამ აღმოაცენა, რაც დღემდე არ შეცვლილა, პირიქით, უფრო საჭირო გახდა. სკალდები, ბარდები, მწერლები არ ყოფილან განცალკევებულნი და კარჩაკეტილნი. დასაბამიდანვე მათი დანიშნულება, მოვალეობები, პასუხისმგებლობანი ადამიანთა მოდგმამ დააკანონა. კაცობრიობა თავგზააბნეულია იმ პირქუში და უკაცრიელი დროის გამო, რომელშიც გამოვლა უხდება. ჩემმა დიდმა წინამორბედმა უილიამ ფოლკნერმა აქ გამოსვლისას, ამ დროებას უწოდა ყოვლისმომცველი შიშის ტრაგედია, რომელიც იმდენხანს გაგრძელდა, რომ სულიერებაც კი დაგვავიწყა. ამიტომ ადამიანს მხოლოდ თავის გულთან ჭიდილში შეეძლო ამის შესახებ დაეწერა. ფოლკნერმა კი ყველაზე მეტად უწყოდა, როგორც ადამიანის ძლიერების, ასევე მისი სისუსტის შესახებ. მან იცოდა, რომ შიშის შეცნობა და დაძლევა მწერლის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ეს არახალია. მწერლის უძველესი რწმუნებულება არ შეცვლილა. მისი ვალია ჩვენი უამრავი მტანჯველი მარცხი და შეცდომა გამოააშკარაოს, გამოსამზეურებლად ამოზიდოს ჩვენი ბნელი სიღრმეებიდან საშიში წარმოსახვანი მათი გამოსწორების მიზნით. გარდა ამისა, მწერალი უფლებამოსილია საჯაროდ განაცხადოს და დიდებით შეამკოს ადამიანის აღიარებული უნარი, მისი გულისა და სულის სიდიადე, მარცხის ვაჟკაცურად აღიარება, სიმამაცე, სიბრალული და სიყვარული. სისუსტისა და სასოწარკვეთის წინააღმდეგ დაუსრულებელ ბრძოლაში ესენია მოცილეობისა და იმედის კაშკაშა ალმების კრებული. მიმაჩნია, რომ მწერალს, რომელსაც მგზნებარედ არ სწამს ადამიანის სრულყოფილებისა, ...არც მოწოდება აქვს და არც ადგილი ლიტერატურაში. დღევანდელი ყოვლისმომცველი შიში ჩვენს ცოდნაში ახალი მოზღვავებული ტალღისა და მატერიალურ სამყაროში ერთგვარად სახიფათო მოვლენათა ბრუნვა-ტრიალის შედეგია. მართალია, ურთიერთგაგების სხვა ფაზებმა ჯერ ფეხი ვერ აუწყეს ამ უზარმაზარ ნაბიჯს, მაგრამ არ არსებობს მიზეზი ვივარაუდოთ, ისინი ვერ ან არ ივლიან გვერდიგვერდო. რა თქმა უნდა, ესეც მწერლის მოვალეობის ნაწილია, რათა უზრუნველყოს მისი აღსრულება. კაცობრიობას ხანგრძლივი, საამაყო ისტორია აქვს ბუნებრივი მტრების წინააღმდეგ მტკიცედ დგომისა, ზოგჯერ თითქმის დამარცხებისა და გაქრობის წინაშეც მდგარა. ჩვენ ვიქნებით მშიშრები და უგუნურნი ბრძოლის ველი რომ უდიდესი გამარჯვების წინადღეს მივატოვოთ. გასაგებია, ალფრედ ნობელის ცხოვრებას გავეცანი; როგორც წიგნებში ამოვიკითხე, განდეგილი და მოაზროვნე ყოფილა. მან შექმნა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც უნარი აქვს შემოქმედებითი სიკეთის ან დამანგრეველი ბოროტებისა, არჩევანის უქონლობის შემთხვევაში გონება და საღი აზრი რომ ვერ წარმართავს. ნობელმა დაინახა, რომ თავის გამოგონებებს სისასტიკისა და სისხლისღვრის ჩასადენად ბოროტად გამოიყენებდნენ. ეგებ წინასწარ განჭვრეტილიც კი ჰქონდა თავის გამოკვლევათა საბოლოო შედეგი უკიდურესი ძალმომრეობისა და საბოლოო ნგრევის მისაწვდომობა. ამბობენ, ცინიკოსიც გახდაო, მაგრამ არ მჯერა. ვფიქრობ, ის შეეცადა ზემოქმედების უსაფრთხოების სარქველის გამოგონებას, რაც, ჩემი აზრით, საბოლოოდ მხოლოდ ადამიანის გონებასა და სულში ჰპოვა. მე მგონი, მისი მოსაზრება ნათლადაა გამოხატული ამ პრემიების ნომინაციაში. ისინი შემოთავაზებულია ადამიანის ცოდნისა და მისი სამყაროს მუდმივი განვითარებისათვის, ურთიერთგაგებისა და კომუნიკაციისათვის, რაც ლიტერატურის დანიშნულებაა და თავის მხრივ მშვიდობის შესაძლებლობის დემონსტრირებას გულისხმობს, ყველაფრის მწვერვალს რომ წარმოადგენს. ორმოცდაათ წელზე ნაკლები გავიდა მისი გარდაცვალებიდან, რაც ბუნების კარი გაიხსნა და არჩევანის საშინელი ტვირთის წინაშე დაგვაყენა. ჩვენ ბევრი იმ ძალის უზურპირება მოვახდინეთ, რაც თავის დროზე ღმერთს მივაკუთვნეთ. შეშინებულებმა და მოუმზადებლებმა მთელი სამყაროს ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლესა და სიკვდილზე ძალაუფლება ვიტვირთეთ, თავზე ავიღეთ. საფრთხე, გამარჯვება და არჩევანი საბოლოოდ ადამიანზეა დამოკიდებული. მისი სრულყოფილების გამოცდა ჩვენს ხელთა. ვიტვირთეთ რა ღვთიური ძალა, ვალდებულნი ვართ საკუთარ თავში მოვიძიოთ პასუხისმგებლობა და სიბრძნე, რასაც ერთ დროს ვიღაც ღვთაებას ვევედრებოდით, გვეგონა, ის იქნებოდა მათი მფლობელი. ადამიანი გახდა ჩვენი უდიდესი საშიშროება და ერთადერთი იმედი. ასე რომ, დღეს შესაძლოა წმინდა იოანე მოციქულის პერეფრაზირება მოვახდინოთ: ბოლო არის სიტყვა და სიტყვა არის ადამიანი, და სიტყვა ადამიანთანაა.

თარგმანი ინგლისურიდან - ვახტანგ ამაღლობელი.

ბმული:
* http://www.bu.org.ge/x561?lang=geo

study


Last edited by Admin on Sun Mar 10, 2019 7:38 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ჯონ სტაინბეკი Empty
PostSubject: Re: ჯონ სტაინბეკი   ჯონ სტაინბეკი EmptySun Mar 03, 2019 10:57 pm



ჯონ სტაინბეკი

ამბავი თაგვთა და კაცთა
(ორ ნაწილად)

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ინსცენირების ავტორი - მანანა თევზაძე
ხმის რეჟისორი - რომეო ტერ-გრიგორიანი
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი იმნაიშვილი

მონაწილეობენ: პავლე ნოზაძე, ზურაბ ცინცქილაძე, თამარ დათუაშვილი, გიორგი გეგეჭკორი, რევაზ თავართქილაძე, გიზო სიხარულიძე, დავით დვალიშვილი, თემურ ნაცვლიშვილი, სლავა ნათენაძე, უშანგი კაპანაძე.

ჩაწერილია 1986 წელი (აღდგენილია 2008 წელს)

ბმული:
* https://youtu.be/22RCW8ZMQUA

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ჯონ სტაინბეკი Empty
PostSubject: Re: ჯონ სტაინბეკი   ჯონ სტაინბეკი Empty

Back to top Go down
 
ჯონ სტაინბეკი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: