არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 დათო კრაწაშვილი

Go down 
AuthorMessage
Elektra
Way at Armury
Way at Armury
Elektra

Female
Number of posts : 25
Age : 123
Location : Georgia, Tbilisi
Job/hobbies : Literature / Poetry
Humor : Extrovert
Registration date : 14.09.14

დათო  კრაწაშვილი Empty
PostSubject: დათო კრაწაშვილი   დათო  კრაწაშვილი EmptyWed Oct 01, 2014 9:29 pm


ანდრია დავითაშვილი

ყოველდღიურობის წარმოსახვითობა(დათო კრაწაშვილი)
.
1970-იანი წლები უჩვეულო ნოვაციებით ხასითდებოდა. ცხადია, საბჭოეთს ვგულისხმობ. იმ საბჭოეთს, რომლის კულტურაში მოღვაწეებისადმი დღეს უკვე ბევრს გაუჩნდა ნოსტალგია. რას იზამ, უტოპია იზიდავს ადამიანებს!
ის წარმოდგენილი ტექსტი, ანუ, სოციალურობის ველი, რომელშიც ჩვენ, გადამდგარ ჰომო სოვიეტიკუსებს გვიწევდა ყოფნა (და არა ცხოვრება!), რაღაცნაირად გულისხმობდა ჭეშმარიტებისა და ამომწურაობის პერსპექტივას. დღეს ეს ყოველივე სასაცილოა! მაგრამ უფრო სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს!), ის ახალი უტოპია, რომელსაც დღეს გვთავაზობენ. ამ რეალობაში, ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ რა გზას გაუდგებოდა ერთი ძალიან ნიჭიერი ბიჭი, სახელად დათო, გვარად – კრაწაშვილი…
მე მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ არა მგონია ქუჩის ბიჭი ყოფილიყო! თუმცა, ალბათ, ქუჩასაც იცნობდა… ქუჩას, ანუ… ყოველდღიურობას! ნიცშესი არ იყოს, ყველა დიადი საკითხი ქუჩაში წყდებაო! და მაინც, მან ვერ მოასწრო ქუჩაში, ანუ, ყოველდღიურობაში გასვლა! იმ ხსენებულ (თუ უხსენებელ) ეპოქაში, რომელსაც “უძრაობის ხანა” შეარქვეს, სინამდვილეში არაფერი ყოფილა ბოლომდე უძრავი და გაყინული, ერთ ადგილას გაჩერებული.
ეს იყო ბუნებრივი გაგრძელება ეგრეთწოდებული ხრუშჩოვისეული “ოტტეპელისა”, ამ საბჭოური ექსისტენციური შატალოსი, რომელმაც ბევრ აბეზარ ბავშვს მისცა
საშუალება გამოპარულიყო კანონიკური გაკვეთილებიდან და ქუჩაში გამოსულიყო, თავისუფლად ეთამაშა კლასობანა…
თუმცა, ეს საუბარი უფრო 60-იან წლებს უხდება, როცა დათო სულ პატარა იყო… “კლასობანას” მიღმა რომელი ავტორი და რომელი ნამუშევარიც ვიგულისხმე, გათვითცნობიერებული მკითხველი ისედაც მიხვდება.
დათო კრაწაშვილიც გაკვეთილებიდან იპარებოდა. და ხატავდა… თანაც, ხატავდა ყოველდღიურობას. ის არ იყო იმ დროისთვის ერთი გოგონასავით მიღებული და აღიარებული ვუნდერკინდი, თუ აქსელერატი. უბრალოდ, ხატავდა…
ხატავდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მოწაფურ ნატურმორტებს, ჟანრულ სცენებსაც ხატავდა. პორტრეტისმაგვარ სურათებსაც… არავითარი სიმბოლოები და ფანტასმაგორიები! თითქოსდა, ამჯერაც უმწიფარ ნამუშევრებში არც არაფერი იყო გამორჩეული.
ასე მუშაობდა სამხატვრო სკოლის ბევრი მუყაითი მოწაფე, მაგრამ მას მაინც მოსდგამდა ერთგვარი მიდრეკილებაც ასოციაციური აზროვნებისაკენ, მეტაფორული ენისკენ.
მოკლედ, ის თავიდანვე ემზადებოდა მხატვრობისათვის და ეტყობა შინაგანი რწმენა, თუნდაც ინფანტილური ამბიციაც ჰქონდა საიმისოდ, რათა თავი მოეაზრებინა გარკვეულ არტისტულ კონტექსტებში.
სამწუხაროდ, არ დასცალდა…
პირველი, რაც მის ნამუშევრებში გიზიდავს, ესაა მოტივის გრძნობა, გნებავთ, მოტივიზაცია. მის ბანალურ ნატურმორტებშიც კი გამოსჭვივის საგნებზე, უკეთ: ნივთებზე მიყურადების უნარი. და კულტურაც, ამ საგნების თითქოსდა ტრივიალურ დალაგებაში მათი გადალაგების პოტენციისა. ბავშვებს საერთოდ სჩვევიათ საგანთა გადალაგება.
ბოლოს და ბოლოს, ხელოვნებაც ხომ საგანთა არა დალაგება, არამედ გადალაგებაა.
…ამიტომაცაა ყველა ნამდვილი მხატვარი დიდი ბავშვი, თამაშ-თამაშ რომ გადააწყობს სამყაროს და დათოც ასეთ მხატვრად უნდა ჩამოყალიბებულიყო.
მხატვრობა სამყაროს სურათის სანაცვლოდ სურათის სამყაროს აღმოჩენაა, ანუ, სამყაროს ახალი წესრიგის შეთავაზება და დამკვიდრებაა. დათოს ამის ნიჭი აშკარად მოსდგამდა. თუმცა, ალბათ, ისიც სათქმელია, რომ მისი ნამუშევრებიდან ძალიან ძნელია ახალი წესრიგის საბოლოო ვარიანტის განჭვრეტა. მით უფრო, რომ ყმაწვილს, რომელმაც სულ რაღაც 16 წელი იცხოვრა ამქვეყნად, შეუძლებელია თავიდანვე ჰქონოდა გამომუშავებული მეტ-ნაკლებად სერიოზული სამომავლო გეგმა, როგორც ახლა ვამბობთ _ პროექტი.
ის ხატავდა დიდივით და ხატავდა ბავშვივით… ის ნამუშევრები, რომლითაც დათოს არსებობას შეგვახსენებენ ხოლმე, გარდამავალ ასაკშია შესრულებული. და მათში კარგად ჩანს ხიდი ინფანტილურ და თინეიჯერულ მსოფლშეგრძნებას შორის. სულაც არაა აუცილებელი ამ ნამუშევრებზე მსჯელობისას ზედმეტი ფილოსოფოსობა! კაცმა არ იცის, როგორი ტიპის მხატვრად გაიზრდებოდა. საით გაუხვევდა, თუ გადაუხვევდა. მის ნამუშევრებში იგრძნობა რაღაც უცნაური წყურვილი, რათა არა მხოლოდ არტისტულად, არამედ, სოციალურადაც მოერგო პროფესიული ტანსაცმელი. მთავარი ისაა, რომ მას ჰქონდა ფერწერაში ლირიკული ინტონირების ნიჭი. თუმცა, ეს ლირიკა არ ყოფილა წარმოსახვითი და უმისამართო.
საერთოდ, წარმოსახვები რომ პოეტურ განძად აქციო, გენიოსად უნდა დაიბადო. ისეთ გენიოსად, როგორიც გალაკტიონი იყო! თუმცა, ვინ იცის, ეგებ გალაკტიონიც არ ყოფილა გენიოსი! ეს ის გალაკტიონია, რომელსაც ინფანტილური გრაფიკული ოპუსი უძღვნა დათომ _ ბერმუხად ტრანსფორმირებული გალაკტიონის ასოციაციური ხატი.
წეღან კი დავაპირე დამეწერა, დათოს და მის თაობას დღევანდელი მხატვრებივით ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდა-მეთქი, მაგრამ, ის რაზეც ხელი მიუწვდებოდა, მისი ასაკისთვის შესაბამის ინტერპრეტაციას განიცდიდა. მას ქონდა აპრობირებული ჟანრული კლიშეებისა და როგორც ახლა ვიტყვით ხოლმე, არტისტული დისკურსების გემოვნებიანი გადათამაშების უნარი. მრავალი არტისტული ენა იგრძნობა მის ნამუშევრებში. უფრო ზუსტად, ამ ენათა დანალექი… ბევრ მათგანს გაცილებით უფრო საფუძვლიანი და დროში გაწელილი დალექვა სჭირდებოდა. მაგრამ ის, რაც მან შეძლო, სავსებით საკმარისია ერთი 16 წლის ბიჭისთვის, რომელიც შეიძლება სერიოზულ მხატვრად გაზრდილიყო! ერთი მოარული გამოთქმისა არ იყოს: ერთ პატიოსან ნიჭიერ ყმაწვილს კანონით მეტი არც მოეთხოვება! ისიც ნიშანდობლივია, რომ მას არ ჰქონია სპეციფიკური არტისტული გარემო. ის არც მხატვრების ოჯახში გაზრდილა და არც მოდურ ბომონდთან ჰქონია შეხება. ყველაფერს თავად იქმნიდა… და იქმოდა!
თავიდანვე ემზადებოდა მხატვრობისათვის. და ემზადებოდა ბედისწერასთან ღირსეული შეხვედრისთვისაც. მას ჰქონდა წინათგრძნობა, რომ დიდი დღე არ ეწერა ამ სოფელში ცხოვრებას. თუმცა, მგონი, არც ზესთასოფლის იმედზე აპირებდა, ალბათ, ყოფნას! ესეც ბუნებრივია! დაუჯერებელია, სიკვდილს ელოდეს 16 წლის ბიჭი! არანაირი პესიმისტური განწყობილებები მის სურათებში არ ჩანს. სამაგიეროდ, ჩანს მის პოეტურ ტექსტებში, რომელსაც ლექსს ძნელად თუ დავარქმევთ…
მის ფერწერასაც ძნელად დაარქმევს კაცი სურათს (სურათს კი _ ფერწერას). მიუხედავად ამისა, მათშია ჩანასახი იმ არტისტული პროფესიონალიზმისა, რომელსაც აღსრულება, საუბედუროდ, არ ეწერა! დღეს ამგვარი პროფესიონალიზმის საშინელი დეფიციტია ჩვენში.
ძალიან არ მინდა, ეს ტექსტი ნეკროლოგიურად იკითხებოდეს. ისიც ფაქტია, რომ დღეს დათო კრაწაშვილზე საუბარი გვიწევს უფრო იმის გამო, რომ ის ძალიან ადრე წავიდა ჩვენგან. და ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, დიდი ადამიანური უბედურება (და, უბედობა)!
მისი მემკვიდრეობა, რა თქმა უნდა, მწირია, და ვერასოდეს ვერ იქნება გათვალისწინებული ქართული მხატვრობის კონტექსტში. თუმცა, ხელოვნებას და სახელოვნებო აურას ხომ ასეთი ინდივიდებიც ქმნიან _ სოციალურად განუხორციელებელი არტისტები?! შემოქმედებითი უნარით დაბედებული ადამიანები მუდამ რაღაცას ტოვებენ. მერე რა, რომ ისინი ვერასოდეს შევლენ სპეციალურ ანთოლოგიებში! სამყაროში არაფერი იკარგება. არც ამ კონკრეტულ შემთხვევაშია რაიმე დაკარგული. ბოლოს და ბოლოს, დაკარგულიც თავისებური მონაპოვარია…
როგორც მახსოვს, მამარდაშვილი ამბობდა: ჩვენი სამყარო სავსეა ნახევრად დაბადებული ადამიანებითო… ხელოვნება ადამიანის, როგორც ბოლოვადი, სასრული არსების სრული დაბადების, ანუ ექსისტენციური განხორციელების ფუნდამენტური ფორმაა. და ის, ვინც ამ ფორმისკენ მიდის, არ შეიძლება უბედური იყოს!


დათო  კრაწაშვილი F9ebbfd326cb


დათო კრაწაშვილს
.
ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა
უთქმელი რომ რჩება გულში,
ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა
დიდხანს რომ ვინახავთ სულში.
შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე,
მე ლექსში ვეცადე მეთქვა,
ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრები
და ვზრდიდით ოცნებას ფერადს.
შენ იყავ მდუმარე, ვით სვეტიცხოველი
დუმილიც ბევრ რამეს იტევს
და დიდი, წყლიანი, ლამაზი თვალებით
ხატავდი ბავშვობის სიზმრებს.
გიყვარდა რაფაელ და მიქელანჯელო,
გიყვარდა ოცნება ლურჯი,
შენ დადიოდი პატარა მეოცნებედ
და დიდი მხატვრების ფუნჯით.
და შენი სხეული ღრმა ფიქრებს იტევდა,
ჩქარობდი, ჩქარობდი ძლიერ. . .
უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილა
ამ ქვეყნად ყველაზე მძიმე.


Last edited by Eka Chichua on Thu Oct 02, 2014 2:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://maksi-m-a.wix.com/eka777
Elektra
Way at Armury
Way at Armury
Elektra

Female
Number of posts : 25
Age : 123
Location : Georgia, Tbilisi
Job/hobbies : Literature / Poetry
Humor : Extrovert
Registration date : 14.09.14

დათო  კრაწაშვილი Empty
PostSubject: დათო კრაწაშვილი   დათო  კრაწაშვილი EmptyWed Oct 01, 2014 9:32 pm

დათო  კრაწაშვილი E287f2394a71

დათო  კრაწაშვილი 5e2e94d1615f

დათო  კრაწაშვილი 352fc45317e3


დათო  კრაწაშვილი C2ab456fca14


დათო  კრაწაშვილი Bd87ed3830cf


დათო  კრაწაშვილი 32a100f425fc


დათო  კრაწაშვილი 09b499601000

დათო  კრაწაშვილი 4fb36e501d9b


დათო  კრაწაშვილი 7af75567a805


დათო  კრაწაშვილი 0080ce3cbaad


დათო  კრაწაშვილი 9c3b96ee3a2f


დათო  კრაწაშვილი 7188a7103ef0


დათო  კრაწაშვილი 2535250f5e14


დათო  კრაწაშვილი Ff386d319b3c


დათო  კრაწაშვილი 197b36f79624


დათო  კრაწაშვილი E38398c2b68a


Last edited by Eka Chichua on Tue Nov 11, 2014 9:00 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
http://maksi-m-a.wix.com/eka777
Elektra
Way at Armury
Way at Armury
Elektra

Female
Number of posts : 25
Age : 123
Location : Georgia, Tbilisi
Job/hobbies : Literature / Poetry
Humor : Extrovert
Registration date : 14.09.14

დათო  კრაწაშვილი Empty
PostSubject: დათო კრაწაშვილი   დათო  კრაწაშვილი EmptyFri Oct 03, 2014 5:49 pm

დათო  კრაწაშვილი Ae21a48e1826


დათო  კრაწაშვილი 827a76936bab


დათო  კრაწაშვილი C5aef9e83e37


დათო  კრაწაშვილი D869604723d6


დათო  კრაწაშვილი 2ee25f766636


დათო  კრაწაშვილი 0804143dab93


დათო  კრაწაშვილი 429387218d23


დათო  კრაწაშვილი Ee887eb964fd


დათო  კრაწაშვილი Cb07fd6d7dd8



დათო  კრაწაშვილი 2cb4f6804102



Last edited by Eka Chichua on Tue Nov 11, 2014 9:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://maksi-m-a.wix.com/eka777
Elektra
Way at Armury
Way at Armury
Elektra

Female
Number of posts : 25
Age : 123
Location : Georgia, Tbilisi
Job/hobbies : Literature / Poetry
Humor : Extrovert
Registration date : 14.09.14

დათო  კრაწაშვილი Empty
PostSubject: დათო კრაწაშვილი   დათო  კრაწაშვილი EmptyThu Oct 09, 2014 4:08 pm

დათო  კრაწაშვილი 7772c1a4aa23


დათო  კრაწაშვილი 2488122012c6


დათო  კრაწაშვილი 587cf5c14623


დათო  კრაწაშვილი 33de06c4be5f


დათო  კრაწაშვილი B18e1a483779


დათო  კრაწაშვილი F295482ad5c7


დათო  კრაწაშვილი 66542b07029f

Back to top Go down
http://maksi-m-a.wix.com/eka777
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 85
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო  კრაწაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო კრაწაშვილი   დათო  კრაწაშვილი EmptySun Mar 17, 2019 12:34 pm

დათო  კრაწაშვილი 1297425274_1%20001

ლალი ჯელაძე

შემოდგომაზე დავხატავ სურათს და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს...

"და მაინც, ვინ ვარ ახლა მე?"
(ადამიანი თავისთვის შედგენილი კანონებით )

და მაინც, ვინ ვარ ახლა მე? ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ თავისთვის შედგენილი კანონები. ეს კანონები მხოლოდ იმისთვის არის გასაგები და ასატანი. სხვა ვერც ერთი ადამიანი ამ კანონებით ვერ იცხოვრებს. ეს ადამიანი არ აქცევს ყურადღებას ჩაცმას, ხალხს, მათ აზრებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მისას. მასში არ იწვევს ტრაგედიას ან სიხარულს ყველაფერი ის, რაც სხვისთვის ძნელი ასატან-გადასატანია. ანდა, პირიქით, იწვევს... ჩემი სურვილები მიმდინარე სასწავლო წელთან დაკავშირებით ბევრი იყო. კერძოდ, მინდოდა, სალაპარაკო ლექსიკონიდან ცუდი სიტყვები ამომეშალა, კარგ ნიშნებზე მესწავლა და, რაც მთავარია, მეგობრული დამოკიდებულება მქონოდა თანაკლასელებთან. როცა კარგად მოვიქცევი, დღის რეჟიმს დავიცავ და კარგ ნიშნებს მივიღებ, მშობლები კარგად მეპყრობიან და ბევრ რამესაც დამპირდებიან ხოლმე, თუმცა, უმეტესობა არ სრულდება. რატომ? იმიტომ, რომ მეორე, მესამე ან სულაც ერთი კვირის შემდეგ, სამიანს "მივართმევ" მათ და ყველა დაპირებაც საპნის ბუშტივით ქრება... ჩემდა "საუბედუროდ, დაბადებიდანვე ხატვისა და მწერლობის ნიჭი "დამბრალდა". ჰოდა, კლასში ხშირად მავალებენ კედლის გაზეთისა და ალბომების გაფორმებას. ეს არც ისე რთულია, მაგრამ ბევრია..." _ ეს დათო კრაწაშვილის თავისუფალი თემაა ქართულ ლიტერატურაში. აი, ასეთი კანონებით მცხოვრებ 17 წლის დათოს განვლილმა წლებმა დაუდასტურა, რომ მას ეს ნიჭი შემთხვევით არ "დაბრალდა", მის შემოქმედებას აღიარება მოჰყვა.

***
1000-მდე ფერწერული ტილო და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური, არ შემორჩენილა მისი მუსიკალური იმპროვიზაციები, რადგან არასოდეს გადაჰქონდა სანოტო სისტემაზე. არასაკონკურსო ნამუშევართა გამოფენაზე, საუკეთესო კომპოზიციისათვის "წვიმიანი დღე" დაჯილდოვდა სიგელითა და პრიზით "ვენერა" _ ეს მისი პირველი და სიცოცხლეში ერთადერთი აღიარებაა. სიცოცხლის შემდეგ, დავით კრაწაშვილი საზოგადოებამ გაიცნო, როგორც პატარა გენიოსი. "ეს ბიჭი გენიოსი იყო და მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ დათომ ჩვენს აღტაცებაში მოსაყვანად თავისი გენიის ნაწილი დაგვიტოვა" (მაქს გეიტორი, ხელოვნებათმცოდნე). და მაინც, ვინ იყო სულისშემძვრელი და ნათელი სევდით გაჟღენთილი ნამუშევრების _ "გალაკტიონი", "ბარათაშვილი", "ბეთჰოვენი", "მათხოვარი", "ადამიანი და სამყარო", "დაბადება"... _ ავტორი?

გოგას არქივიდან
ნიჭი!
...პირველი და მთავარი _ პოტენცია, მის ახალგაზრდა ტალანტში ჩადებული შემოქმედებითი კოდი, მუხტი, რომელიც საოცრად სწრაფად მოიცავს მთელ სამყაროს, იწყება ჩვეულებრივი ბავშვური აბრა-კადაბრით, მაგრამ სხვებისაგან განსხვავებით აქაც იგრძნობა ხაზის ნერვიული პლასტიკა. რამდენიმე წელი და... რთულდება ამოცანები, _ უკვე ჩნდება პეიზაჟი, საგანი, ადამიანი; ადამიანი და მისი ურთიერთობები ჯერ ფრთხილი და გაუბედავი, შემდეგ გარკვეული, თითქმის დასრულებული, საკუთარი შეხედულებითა და ემოციით გატენილი.
მეორე: მისი შინაგანი ბუნება _ ცნობისმოყვარეობა, ინტერესი ყველაფრის მიმართ და, რაც მთავარია, დაუკმაყოფილებლობის ყოველწამიერი შეგრძნება. ეს ის შეგრძნებაა, რომელიც ბოლო წლებში გააკეთებინებს ყველაფერ იმას, რის გამოც ჩამოყალიბდა დათო კრაწაშვილი, როგორც ინდივიდი.
მესამე: სისწრაფე და მასთან დაკავშირებული ადვილად შექმნილის ილუზია. ეს ილუზია ახლავს ყველა ჭეშმარიტი დიდი მხატვრის შემოქმედებას წარსულშიც და ახლაც; ეს ის ილუზიაა, შემდეგ ღვთიური უბრალოება რომ ერქმევა ხოლმე. წარმოიდგინეთ ტვინი, რომელიც კალეიდოსკოპური სისწრაფით არა მარტო აღიქვამს ინფორმაციის ნაკადს, არამედ ასეთივე სიჩქარით აფიქსირებს მას სახეებად, გრძნობად ნაკადად, ფერთა ურთიერთობად, პლასტიკად.
მეოთხე: ცხოვრება საზოგადოებაში, სკოლაში, ოჯახში; ყოველდღიური ცხოვრებისეული აღმოჩენებით მონიჭებული სიხარული, ანალიზი, ეჭვი, ურთიერთობები მეგობრებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან და სიყვარული... წიგნები, წიგნები პოეზიაზე, სიყვარულზე, მეგობრებზე, ადამიანის ვალზე ერის, ქვეყნისა და საკუთარი თავის წინაშე.
... ვისაც აქვს უნარი ჯანსაღად ისუნთქოს მშობლიური ჰაერი, მოიხიბლოს მშობლიური ბუნებით, ისტორიითა და აწმყოთი, იცხოვროს ჭეშმარიტი მოქალაქის, ერისკაცის ცხოვრებით _ მისი სიცოცოცხლის თუნდაც 17 წელიც სავსებით საკმარისია ნათელი კვალისა და კეთილი სახელის დასატოვებლად...

თემო გოცაძე
მხატვარი
მისი "იმპრესიონიზმი" არც ფრანგულს ჰგავს და არც რუსულს
"საოცრად უჩვეულო"
როდესაც დათოს ნამუშევრებთან ისმის სიტყვები "იმპრესიონიზმი", "ექსპრესიონიზმი" და ა.შ., მართებული არ იქნება ვეძიოთ რაღაც ირეალური. სინამდვილის მახვილი ხედვა და შეგრძნება განსაზღვრავს მხატვრული სახის აღმოცენების "სახვით რეჟიმს". არ უნდა ვეძიოთ მიბაძვაც. დათოს "იმპრესიონიზმი" არც ფრანგულს ჰგავს და არც რუსულს, ვინაიდან მან თვითონვე შექმნა იგი შუქის, ატმოსფეროს რეალობის საკუთარი ხედვისა და შეგრძნების საფუძველზე. სწორედ ამის გამო, სამართლიანობა მოითხოვს ხაზგასმით აღვნიშნოთ: დათო არავის და არასოდეს არ ბაძავდა.
ბიჭუნას შემოქმედებაში თითქმის აისახა მეოცე საუკუნის ფერწერისა და გრაფიკის ყველა ძირითადი მიმდინარეობა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დათო ვერ ელევა მხატვრული სახის რეალობას მაშინაც კი, როცა გამოსახულებას ბუნებაში პროტოტიპი არ გააჩნია და წარმოსახვის სასწაულებრივი პირმშოა. დათო თითქოს ის საოცარი ინსტრუმენტია, რომელიც ჟღერას იწყებს იმ თემის, იმ შინაარსის შესაბამისად, რომელსაც მთელი გულით განიცდის. მისი გრაფიკა რაღაც პოლიფონიური მოვლენაა...
დათო კრაწაშვილის სახელი დარჩება დიდ ხელოვნებაში ყველაზე ადრეული შესვლის მაგალითად, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულს ასრულდა.

ვერა ალექსეევა
ხელოვნებათმცოდნე

"დათოს ვარსკვლავი"
"მხატვრის შესახებ მისმა ნახატებმა უნდა ილაპარაკონ."
ვან გოგი
1990 წელს დათო კრაწაშვილზე ფილმი შეიქმნა, რომლის იდეა ლენინგრადელ პოეტს მაქს დახიეს ეკუთვნის. სცენარის ავტორები დონარა კანდელაკი და მაქს დახიე არიან, ხოლო დამდგმელი რეჟისორი _ გიორგი ბარნაველი. "დათოს ვარსკვლავი" არ არის ტრადიციული კინოპორტრეტი, ის დამკვიდრებულ სტერეოტიპს სცილდება, აქ ვერ შეხვდებით ბიოგრაფიულ ქარგს. მასში არ მონაწილეობენ არც მხატვრის ნაცნობ-მეგობრები და არც ხელოვნებათმცოდნეები. "მხატვრის შესახებ მისმა ნახატებმა უნდა ილაპარაკონ" _ ვინსენტ ვან გოგის ეს სიტყვებია რეჟისორის ამოსავალი პრინციპი. მხატვრის პიროვნება მისივე შემოქმედებით იხსნება.
"ფილმის ბოლოს მოჩანს დათოს სასაფლაო, მაგრამ ეს უიმედობას, ცრემლს როდი იწვევს, აქ უფრო სიამაყეა მხატვრის ძლიერი პიროვნების გამო. მართალია, მან ძალიან ცოტა ხანს დაჰყო დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ, თანამედროვეთ, ისეთი სულის ამოძახილი დაგვიტოვა, რომელიც მარად აგვაღელვებს, ფიქრისა და განსჯისთვის, სიკეთისთვის განგვაწყობს. ფილმის ფინალში კინემატოგრაფიულად არის ხორცშესხმული მხატვრის სულის უსასრულობასთან შეერთება _ ვარსკვლავებით მოჭედილი ცით მთავრდება ფილმი, ერთი მათგანი "ციმციმებს, ქრება, ციმციმებს"...
გიორგი ფერაძე

პლანეტა "დათო"
ეს მოციმციმე ვარსკვლავი სახელად დათოა, მაქს დახიეს იდეა, ახლად აღმოჩენილ ერთ-ერთ პლანეტას დათოს სახელი დარქმეოდა, რეალობად იქცა და დათოს წინასწარმეტყველება ასრულდა _ "მოვა დრო და ჩემს განვლილ გზაზე სადღაც ვარსკვლავი ამობრწყინდება". მცირე პლანეტების საერთაშორისო ცენტრში (აშშ), ასტრონომ თამარ სმირნოვას აღმოჩენილი პლანეტა 3146 ნომრით ირიცხებოდა, 1988 წელს მას სახელად "დათო" დაენათლა და მზის სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა.

შტრიხები ბიოგრაფიიდან
დათო კრაწაშვილი 1963 წლის 9 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა, მუსიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კრაწაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი იყო, დედა ნელი ესაკია _ აბაშის რაიონი სოფელ კეთილარის. ერთმანეთი კონსერვატორიაში გაიცნეს, სიყვარულით შექმნილ ოჯახში გაჩნდა პირველი შვილი _ დათო. მას ძალიან უყვარდა დედულეთი და კეთილარის ხშირი სტუმარიც ყოფილა. ხშირად ბებია და ბაბუა პატარა დათოს ეძებდნენ, რომ საჭმელი ეჭამა, 6-7 წლის ბიჭუნა კი განმარტოებული იჯდა და ხატავდა: სოფლის სახლს, ცხოველებს, ფრინველებს... მხატვრობა მის სერიოზულ გატაცებად იქცა...
დათო 31-ე სამხატვრო სკოლაში სწავლობდა, დაამთავრა მეორე ექსპერიმენტალური სკოლა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედი ფორტეპიანოს განხრით.
შემდეგ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა, პედაგოგ ალიოშა ვეფხვაძესთან. მისი თანაჯგუფელები იყვნენი: დიმა ანთაძე, ზაქრო ფიცხელაური, კოკა ციხელაშვილი, ზურა ჩინჩილაკაშვილი, ზაზა ბარნაბიშვილი, გია ლომსაძე, დათო აფციაური, გია გელაშვილი, ირაკლი მუხიგული, ემზარ გოგოლაძე...
დათო კრაწაშვილმა სამხატვრო სასწავლებლის მხოლოდ ორი კურსის დასრულება მოასწრო. 1980 წლის 13 ივლისს, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციიდან მეთხუთმეტე დღეს, გარდაიცვალა.
სოფელ ნუკრიანში (ჭოტორში) დღესაც დგას სახლი, რომლის ხის რიკულები დათოს ხელით ამოკვეთილ ჩუქურთმას ინახავს.

გამოფენები
დღემდე მოწყობილია დათო კრაწაშვილის არაერთი გამოფენა როგორც საქართველოში ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ:
1981 წელი _ ბორის ძნელაძის სახელობის საგამოფენო დარბაზი "ფიროსმანი";
1982 წელი _ მოსკოვი;
1982 წელი _ ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სამხატვრო გალერეა;
1983 წელი _ სანკტ პეტერბურგი; 1985 წელი, 5 ნიჭიერი შემოქმედის ხსოვნის საღამო;
1985 წელი _ მოსკოვი, ახალგაზრდობის მე-12 მსოფლიო ფესტივალი;
1985 წელი _ ბორის ძნელაძის სახელობის ახალგაზრდული ქალაქი;
1987 წელი _ თბილისის აგრარული უნივერსიტეტი;
1988 წელი _ ბულგარეთი, საერთაშორისო ეგიდით გამართული ფესტივალი;
1988 წელი _ 17 წლის მხატვრის ფენომენალური შემოქმედების ნიჭის გამო სმიტსონის საერთოშორისო ასტრონომიულმა ცენტრმა დაამტკიცა წარდგინება და პლანეტას 3146 ნომრით უწოდა "დათო";
2007 წელი _ "თი ბი სი" ბანკის საგამოფენო დარბაზი;
2009 წელი _ სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

დათოს სახელოსნო

***
კედლები მოხატული,
"პოლი" მოთხუპნული,
აქა-იქ ყრია
ჩემი პალიტრები.
შავი პიანინო
ძველი და დასვრილი
და ზედ ბროწეული,
ვაშლი, სულ წითელი.
ნახეთ, აგერ გდია
გადაჭრილი "გუბკა",
კედელს მილურსმულა
ტელეფონის "ტრუბკა",
თიხის ქოთნები და
თუნგის ჭურჭელი ხომ
მეც და თქვენც გეყოფათ,
აქ მე იმდენი მაქვს.
ტილოებიც არის...
მეტი რაღა მინდა,
ქვემოთ დააფერფლეთ
სიგარეტი,
...როგორც გინდათ!!!
რაო, თქვენ რას ამბობთ,
ვერ ხარ სახერხოთო?
რა ვქნა, ასეთია
ჩემი სახელოსნო.

1980 წ.

აი, რა სწყინდა დათოს...

***
ეს ერთი ღამეც თეთრად
მათენდება,
გარეთ წვიმს...
მოვა ერთად დღე და დაფეთება,
აი, ეს მწყინს!
ეს პორტრეტი სხვისთვის მენანება;
ისევ წვიმს...
ყველა ხვრელში კაცი
რომ ვერ ეტევა...
აი, ეს მწყინს!
კიდევ ბევრი მწყინს,
რაც რითმში ვერ ეტევა;
ნუთუ ისევ წვიმს?!
საათიც რომ თავის რითმში
ვერ ეტევა...
აი, ეს მწყინს!!!
აი, ეს მწყინს!!!

1980 წ.

თამაშ-თამაშით სამყაროს გადაწყობა
ის თავიდანვე ემზადებოდა მხატვრობისათვის და ეტყობა შინაგანი რწმენა, თუნდაც ინფანტილური ამბიციაც ჰქონდა საამისოდ, რათა თავი მოეაზრებინა გარკვეულ არტისტულ კონტექსტში. სამწუხაროდ, არ დასცალდა...
პირველი, რაც მის ნამუშევრებში გიზიდავს, ესაა მოტივის გრძნობა, გნებავთ, მოტივიზაცია. მის ბანალურ ნატურმორტებშიც კი გამოსჭვივის საგნებზე, უკეთ ნივთებზე მიყურადების უნარი და კულტურაც, ამ საგნების თითქოსდა ტრივიალურ დალაგებაში მათი გადალაგების პოტენციისა. ბავშვებს საერთოდ სჩვევიათ საგანთა გადალაგება. ბოლოს და ბოლოს, ხელოვნებაც ხომ საგანთა არა დალაგება, არამედ გადალაგებაა..
...ამიტომაცაა ყველა ნამდვილი მხატვარი დიდი ბავშვი, თამაშ-თამაშ რომ გადააწყობს სამყაროს და დათოც ასეთ მხატვრად უნდა ჩამოყალიბებულიყო... დათო ხატავდა დიდივით და ხატავდა ბავშვივით... ის ნამუშევრები, რომლითაც დათოს არსებობას შეგვახსენებენ ხოლმე, გარდამავალ ასაკშია შესრულებული და მათში კარგად ჩანს ხიდი ინფანტილურ და თინეიჯერულ მსოფლშეგრძნებას შორის. სულაც არაა აუცილებელი ამ ნამუშევრებზე მსჯელობისას ზედმეტი ფილოსოფოსობა!
...საერთოდ, წარმოსახვები რომ პოეტურ განძად აქციო, გენიოსად უნდა დაიბადო. ისეთ გენიოსად, როგორიც გალაკტიონი იყო! თუმცა, ვინ იცის, ეგებ გალაკტიონიც არ ყოფილა გენიოსი! ეს ის გალაკტიონია, რომელსაც ინფანტილური გრაფიკული ოპუსი უძღვნა დათომ _ ბერმუხად ტრანსფორმირებული გალაკტიონის ასოციაციური ხატი.
ანდრია დავითაშვილი

(გაგრძელება ქვემოთ)

What a Face


Last edited by Christopher on Sun Mar 17, 2019 12:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Christopher
Moderator
Moderator
Christopher

Male
Number of posts : 85
Age : 30
Location : Tbilisi
Job/hobbies : Free filmmaker
Humor : ok
Registration date : 12.02.19

დათო  კრაწაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო კრაწაშვილი   დათო  კრაწაშვილი EmptySun Mar 17, 2019 12:35 pm

დათო  კრაწაშვილი 1297425274_1%20001

ლალი ჯელაძე

შემოდგომაზე დავხატავ სურათს და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს...

(გაგრძელება)

დღეს
დათოს მოგონებით სავსე ყოველდღიურობა
გოგა კრაწაშვილი:
ნუკრიანში ჩვენს სახლთან ასახვევ ქუჩას დათო კრაწაშვილის სახელი დაერქვა. იქ ახლა მე ჩავდივარ ხოლმე.
მამამ კონსერვატორია დაამთავრა, შემდეგ ჟურნალისტიკა, წერდა, მუშაობდა ტელევიზიაში, შემდეგ სიღნაღში მუშაობდა მუსიკალური ტექნიკუმის დირექტორად. დედა ისტორიკოს-არქეოლოგი იყო და მუშაობდა კონსერვატორიაში, სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი. ხელოვნებასთან ორივენი ახლოს იყვნენ.
დათო რომ გარდაიცვალა 10 წლის ვიყავი. სართოდ, მისი გარდაცვალების შემდეგ დათოზე საუბარი ოჯახში ძალიან მტკივნეული თემა იყო. მშობლები ისე ჩაერთვნენ დათოს გამოფენებში, რომ მათ ძირითად საქმიანობად სწორედ ეს იქცა. თვეობით ვიყავით ხან მოსკოვში, ხან ლენინგრადში. გამოფენა ხანდახან ექვსი თვე გრძელდებოდა და ჩვენც იქ ვიყავით.
დათო ძალიან ლამაზი ყოფილა, ქუჩაში ნაცნობები რომ ხვდებოდნენ თურმე ეუბნებოდნენ: თილისმა ატარე თვალისგან დაგიფარავსო. ძალიან ადრეულ ასაკში დაუწყია ხატვა. დედა იხსენებდა: წლინახევრის იყო, როცა გასაჩერებლად ფანქარი და ფურცელი მივეცი და იმის მერე ხატავდაო. დედა ჩემზე ფეხმძიმედ რომ ყოფილა, დათოსთვის უკითხავს: ვინ გინდა, რომ გეყოლოს _ და თუ ძმაო. დათოს უთქვამს: ჩემთვის სულერთია, ბურთს რომ გავუგორებ, იმანაც გამომიგოროსო. მართლა ხშირად ვთამაშობდით. უფრო ხშირად კი, მაგიდის ჰოკეის, მაგრამ როცა ვუგებდი, ძალიან ბრაზობდა, ვერ იტანდა წაგებას.
ძალიან მინდა, დათოს ნახატები დაბინავდეს და გადავარჩინო საბოლოო განადგურებას. სახლის პირობებში ყველაფერი ნადგურდება. დათო არ გრუნტავდა სურათებს, უკვე დაწყებულია გაფუჭება. მით უმეტეს, მისი ნახატები ქაღალდზე და მუყაოზეა შესრულებული. სხვათა შორის, მაშინ საღებავები არ იშოვებოდა, მახსოვს ერთხელ დეიდამ ჩამოუტანა მოსკოვიდან.
დიდი სურვილი მქონდა მისი მუზეუმი სიღნაღში აშენებულიყო, რადგანაც თავადაც იქ, ნუკრიანში აპირებდა ცხოვრებას. შეყვარებული ჰყავდა _ ნინო თოიძე, მათ დაქორწინება ჰქონდათ გადაწყვეტილი და შემდეგ აპირებდნენ საცხოვრებლად იქ გადასვლას. ვფიქრობდი, ეს სურვილი ამით მაინც ამეხდინა, რომ მისი ნახატები ნუკრიანში დამებინავებინა. მაგრამ დღემდე ეს არ მოხერხდა. სიღნაღის მშენებლობის დროს მივმართე შესაბამის ორგანოებს, მაგრამ უარი მივიღე..
მოსკოვის გამოფენაზე მოითხოვეს შთაბეჭდილებების წიგნი, რომელიც სავსეა დათოს შეფასებებით, საოცარ შეფასებებს წერდნენ, განსაკუთრებით, უცხოელები. იყო პროფესიული შეფასებებიც. რუსუდან ფეტვიაშვილის ჩანაწერი მახსენდება _ რომ შეიძლებოდეს, დათოს ნახევარ სიცოცხლეს მივცემო. ასეთივე ჩანაწერებია ლენინგრადის გამოფენებზე, ეს ყველაფერი ჩემთან ინახება. შემდეგ შთაბეჭდილებების წიგნი გაიხსნა საქართველოში _ თი ბი სი-ს გამოფენაზე, რომელიც სიღნაღში გაგრძელდა.
პირველი პრიზი _ "ვენერა" დათომ ნიკოლაძეში აიღო კონკურსზე ნამუშევრისთვის "წვიმიანი დღე", ის ფირიც ინახება ჩემთან, მაშინ ტელევიზიამ რომ გააშუქა, კადრებში დათო ზურგს აქცევს კამერას, არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. საერთოდ, ყველაფერს ჩუმად, თავისთვის, გაუხმაურებლად აკეთებდა. გარდაცვალების შემდეგ, ქაშუეთში მამამ საკურთხი მიიტანა, რომ გაიგეს ეს დათოს საკურთხი იყო, ერთ-ერთ მამაოს უთქვამს, ის ჩვენი მგალობელი იყოო. წლების შემდეგ დავიწყე ამის კვლევა, მაგრამ სამწუხაროდ, ის მამაოები ცოცხლები აღარ არიან. ლექსებსაც რომ წერდა, არავის ეუბნებოდა. ერთხელ მე თვითონ წავაწყდი, სიბნელეში იჯდა და წერდა, შუქი რომ ავანთე, ძალიან გამიბრაზდა. დათოს ძალიან უყვარდა ჯაზი, თავადაც წერდა, რამდენიმე ჩანაწერი მაქვს. კონსერვატორიაში ურჩევდნენ მუსიკას გაჰყოლოდა, ფილოლოგებიც ურჩევდნენ ეწერა, მაგრამ თავად ამბობდა, აუცილებლად მხატვარი უნდა გამოვიდეო. იმასაც ამბობდა, 36 წლის რომ ვიქნები, მერე მკითხეთ ვინ ვიქნებიო, ჯერ ჩემთვის ვერთობიო. რატომ ასახელებდა ამ ციფრს, არ ვიცი. სხვათა შორის, ნახატებს არ ინახავდა ხოლმე, ხშირად ხატავდა და ყრიდა. რაც შემორჩა, სულ დედას შეგროვებულია. მისი პედაგოგი ალიოშა ვეფხვაძე ძალიან ხშირად დედას აძლევდა მის ნამუშევრებს.
ბებია რუსთაველზე, ლაღიძის თავზე ცხოვრობდა, დათო სულ იქ იყო, დედას ჩხუბს იქ ყოფნა ერჩია. ბებია და დეიდა მას ანებივრებდნენ. სიკვდილის წინაც სამეგრელოდან ჩამოვიდა, ბებიამ შარვალი ჩაუვიწროვა, მაშინ მოდაში შემოვიდა ვიწრო შარვლები, დაბადების დღეზე მიდიოდა. დეიდამ უთხრა, ცეკვის დროს არ გაგეხესო, დათომ _ რა უნდა გამეხესო, დატრიალდა, ფეხი ასწია და სწორედ მაშინ მოხდა რაღაც, წყლული გასკდა. სამეგრელოშიც ხშირად დადიოდა, ძალიან უყვარდა იქ ყოფნა. მე გათამამებული ვყავდი ყველას, დათო ხშირად მეჩხუბებოდა, ვერ ვუგებდი.
ვერ იტანდა ვინმეს დაჩაგვრას, ყველას იცავდა. საერთოდ, ძალიან აღიზიანებდა მაშინდელი, კომუნისტური რეჟიმი. ძალიან შორს იყო მათგან. უცნაურიც იყო _ მახსოვს თბილისის დინამო ევროპის ჩემპიონი რომ გახდა, ბებიას შინდისფერი ფარდა ჩამოახსნევინა და ფარდის გასაწევ ჯოხზე (რომელსაც სამეზობლო ინახავდა) გადაფინა, იკარუსის თავზე დამჯდარი დიდხანს დარბოდა რუსთაველზე ამ დროშით. ძალიან უყვარდა გართობა, იქვე რუსთაველზე ბარი იყო, საღამოობით იქ ჩადიოდა და პოეზიის საღამოებს მართავდა.
მისი ცელქობა ცნობილი იყო. დედას გამუდმებით იბარებდნენ სკოლაში ამის გამო. ბოლოს იმდენად იყო გაბეზრებული, რომ აღარ მიდიოდა და ბებიას აგზავნიდა ხოლმე. მერე გამოსავალი რომ ვეღარ ნახა, ეხვეწებოდა გარიცხეთ სკოლიდანო, მაგრამ ამაზე ასე პასუხობდნენ: როგორ გავრიცხოთ, ასეთ რამეს რომ დახატავსო.
ბებიას რეპროდუქციები ჰქონდა ხოლმე ჩარჩოებში ჩასმული. ერთ-ერთი დათომ ამოიღო და ლამაზ შავ ჩარჩოში ჩასვა "წვიმიანი დღე" და კედელზე დაკიდა. ჩვენს სახლში კედლები მოხატული იყო. სწორედ ამ კედელმა მიიქცია ერთ-ერთი ჟურნალისტის ყურადღება დათოს პანაშვიდზე, რომლის შემდეგ ჩვენს ოჯახში ჟურნალისტები ძალიან ხშირი სტუმრები გახდნენ, იწერებოდა ძალიან ბევრი სტატია დათოს შესახებ.
კედლების მოხატვის ისტორია კი ასეთია: დედა სამსახურიდან რომ დაბრუნდა, ერთ კედელზე მეგრული ვარიანტი დახვდა დახატული _ ღომის ქვაბი და ბუხარი, მეორეზე კი _ კახური. ნახატი მუქ ფერებში იყო და დედა გაუბრაზდა _ სხვა ვერაფერი დახატეო? დათომ ხატვა შეწყვიტა და გაბრაზებულმა ხელი გადაუსვა ნახატს, კედელს ახლაც ეტყობა მისი ხელი. 7-8 საათშია დახატული, მერე დედა ნანობდა, რატომ არ დავამთავრებინეო. საერთოდ, ძალიან უყვარდა ძველი ქართული ტანსაცმელი, ჩოხის შიგნით, რომ პერანგს იცვამენ, ერთხელ ის იშოვა და ხშირად იმ პერანგით დადიოდა. მერე მამას და ჩემი ბიძაშვილის ძველ ტანსაცმელს იცვამდა.
დათოს ლექსებში ბევრი სევდაა, წერდა სიკვდილზე, ალბათ, ეს წინათგრძნობა იყო. მისი ლექსები ლაბადის ჯიბეში ვიპოვეთ. ქალაქში ძალიან ბევრი ამბობდა, დათომ ლექსი მომიძღვნაო, მათ ვთხოვდით, ეს ლექსები ჩვენთვის ეჩვენებინათ.
ბორის ძნელაძეში იყო დათოს მუზეუმი, სადაც მისი ნახატების დიდი ნაწილი ინახებოდა. შემდეგ, 90-იან წლებში (კიტოვანის დროს), ეს ნახატები წამოვიღეთ, რადგან იქ საიმედოდ არ იქნებოდა.
დამჯდარი დათო არავის უნახავს, სწრაფად ხატავდა. ერთადერთი ნახატი, რომელსაც დიდხანს ხატავდა, მეგობრის თხოვნით, მისი შეყვარებულისთვის დახატა.
სიღნაღის გამოფენა თავად შემოგვთავაზეს, პიკასოს გამოფენის შემდეგ, მაგრამ იქაც მხოლოდ 75 ნახატი გამოიფინა. თუმცა, გვირჩევდნენ, 200-ზე ნაკლები არ გამოგვეფინა, რადგან თუ გინდა დათოს ხელოვნებას ჩაწვდე, აუცილებლად უნდა ნახო, თუ როგორ გაიზარდა ის ბავშვობიდან სიცოცხლის ბოლომდე, როგორც ხელოვანიო. გამოფენა მოეწყო, მაგრამ შედეგი? პრინციპში არაფერი, გამოფენაზე ხალხი დავპატიჟეთ, რომლებიც არ ჩამოვიდნენ. ნინო ანანიაშვილი იყო, ის მოსკოვშიც ხშირად მოდიოდა დათოს გამოფენებზე, მაშინ პატარა გოგო იყო.
კატალოგის გაკეთება დავიწყე, დიდხანს ვაკეთებდით. მაშინ გამომცემლობა "სამშობლომ" დაბეჭდა კატალოგი, მაგრამ კარგი ხარისხი არ არის. არადა, ძალიან მინდა კატალოგის გამოშვება, სპონსორი ჯერჯერობით ვერ ვიპოვე, ვერც ლექსების კრებული გამოვეცი. მცდელობა მაქვს, თითქოს, რაღაც დაიძვრება, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოდის.
თი ბი სი ბანკში გამოფენაზე მოვიდა ერთი პატარა გოგონა, 13 წლის, რომელსაც პირველ არხზე ანონსი უნახავს, დათო კრაწაშვილის გამოფენა რომ ეწყობოდა. გამოფენაზე ხატვის გაკვეთილიდან მოვიდა, დაათვალიერა ნახატები და შემდეგ შთაბეჭდილებათა წიგნში ასეთი ჩანაწერი დაგვიტოვა: "აქამდე ვიცოდი, რომ ყველაზე მაგარი ლეონარდო იყო, ახლა კი ვიცი, რომ დათო".
ბუნებრივია, ამ თაობამ არ იცის ვინ იყო დათო კრაწაშვილი, პოპულარიზაციასაც თანხები სჭირდება, გამოფენებსაც, ალბომსაც, წიგნის გამოცემასაც, ჯერჯერობით არაფერი ჩანს... და რაც მთავარია, ნახატების გადარჩენაა ყველაზე საშური. სახლში, იმ ოთახში, სადაც დათოს ნამუშევრები აწყვია, ყოველდღიურად შევდივარ ხოლმე და ვფიქრობ, როგორ გადავარჩინო ისინი.
დრო გადის და სურათები ფუჭდება, არც ვყიდით, ყოველდღე ვეფერებით, მაგრამ საქმეს ეს არ შველის. სხვანაირი მიდგომაა საჭირო _ არ ვიცი, ქაღალდზე რესტავრაცია რამდენადაა შესაძლებელი. იმედია, ამის დროც მოვა და დათო კრაწაშვილის ნახატები კუთვნილ ადგილს იპოვის...

დათოს ნახატები სითამამით გამოირჩეოდა
დიმა ანთაძე, მხატვარი:
"დათო ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ჩვენი მეგობრობა ნიკოლაძეში დაიწყო, სადაც ძალიან საინტერესო პედაგოგები გვასწავლიდნენ. ჩვენს ჯგუფს ხელმძღვანელობდა არაჩვეულებრივი პედაგოგი ალექსანდრე (ალიოშა) ვეფხვაძე, ძალიან განათლებული და საოცარი იუმორის მქონე ადამიანი, აღორძინების მხატვრობის მოყვარული. მას სახლში ჰქონდა ძველებური საკრავი ინსტრუმენტები _ მანდოლინა და სხვ. თავადაც უნდოდა ორღანის გაკეთება, ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. მის ჯგუფში ყოფნა ბევრის მომცემი იყო. ჩვენი ურთიერთობის ჩამოყალიბებაშიც ითამაშა გარკვეული როლი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ასაკის ვიყავით (მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეები), ნიკოლაძეში უკვე სტუდენტური სული იგრძნობოდა, სკოლისაგან განსხვავებით უფრო დამოუკიდებლები ვიყათი, სტიპენდიასაც კი ვიღებდით. თვითონ დათო შინაგანად ძალიან დამოუკიდებელი პიროვნება იყო, ამასთანავე _ ძალიან ემოციური. უყვარდა ჩაწვდომა დეტალებში, გნებავთ ურთიერთობაში, გნებავთ მხატვრობაში. ეს მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა, აქედან გამომდინარე, მისი ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩეოდა სკრუპულოზური და ღრმა წვდომის ნიჭით. საერთოდ, ძალიან ნიჭიერი იყო და თავის ასაკთან შედარებით _ უნიკალური პიროვნება. ჰქონდა კარგი ტექნიკა, ფერის საოცარი გრძნობა, აზროვნება, რაც იმ პერიოდისთვის არც თუ ხშირი იყო, რადგანაც ისევ სოციალური რეალიზმის ზეგავლენის ქვეშ იყო ყველაფერი, განსაკუთრებით _ სასწავლო დაწესებულებები. არც თუ ისე ბევრ სტუდენტს იპოვიდი მაშინ, რომელიც ასე ღიად ბაძავდა იმპრესიონისტებს თუ პოსტიმპრესიონისტებს, ამიტომაც დათოს ნახატები გარკვეული სითამამით გამოირჩეოდა. არასოდეს არ ყოფილა მიზანდასახული ნიშანზე, არ იყო კონფორმისტი ადამიანი არც ურთიერთობაში და არც სწავლაში.
ვფიქრობდი, რა ნიშანდობლივი თვისება შეიძლება გავიხსენო დათოს შესახებ. ვყოყლოჩინობდით, იმ ასაკში ხშირად სასაცილო ფორმებში ხდება ბიჭობის მტკიცება. დათო გულადი ბიჭი იყო, ჩხუბში წამომყოლი, მოკლედ, როგორც იტყვიან, "კამპანიის" ადამიანი იყო. არ უყვარდა "სიაფანტი" ადამიანი და გარშემომყოფთა უაზრო ქცევა, რომელიც ბუნებრივ საქციელს სცილდებოდა, ეს ყოველთვის აღიზიანებდა.
ბევრს ვმოგზაურობდით, ზაფხულში ერთი თვე ზოოპარკში გვქონდა ხოლმე პრაქტიკა, ვხატავდით ცხოველებს. ეს ერთი თვე ძალიან თბილი მოსაგონარია ჩემთვის. კარგ დროსაც ვატარებდით. თუმცა, ახლა მიჭირს განსაკუთრებული ისტორიის გახსენება.
ასაკიდან გამომდინარე, მისი თვისებებიდან ყველაზე დასაფასებელი მისი ჩამოყალიბებული შინაგანი პოზიცია იყო, გნებავთ ადამიანური, მორალური თუ ესთეტიკური. მხატვარში ეს ყველაფერი არეულია და საბოლოო რეზულტატი მის ნამუშევრებში აისახება.
დათოს უზომოდ უყვარდა თავისი კახეთი და მუსიკა. იმ პერიოდში ძალიან ვიყავით გატაცებული კლასიკური მუსიკით. მაშინ ჩვენთვის ყველაფერი არ იყო ხელმისაწვდომი, საიდუმლო მაღაზიები გვქონდა, სადაც დახლის ქვეშ ფირფიტებს ვყიდულობდით, იყო ეს ჯაზი თუ სხვა საინტერესო კონცერტების ჩანაწერები. ადრე უფრო ცოცხალი ურთიერთობა იყო, არ იყო კლასიფიკაცია გართობებისა, ჩვენ თავად ვქმნიდით გართობას, ვიგონებდით სხვადასხვა ვარიანტებს და ეს ყველაფერი იმპროვიზაციის ხარჯზე ხდებოდა. ერთი შემთხვევაც არ მახსენდება, როცა დათოს ქცევას გაღიზიანება გამოეწვია ვინმეში.
პირველი შეხვედრა დანაკარგთან, რასაც ადამიანის სიკვდილი ჰქვია, სწორედ დათოს გარდაცვალება იყო, თან ისეთ ადრეულ ასაკში. სტუდენტობის პერიოდიდან ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე და შოკისმომგვრელი დათოს გარდაცვალებაა. ჩემს მეხსიერებაში დათოს სახე ჩაბეჭდილია, როგორც ყველაზე ნათელი, შეიძლება ითქვას ბავშვურიც კი, მაგრამ მის გამომეტყველებაში სულ იგრძნობოდა ნაღველი, რომელიც დღემდე ვერ ამიხსნია, რით იყო გამოწვეული. შეიძლება, უბრალოდ, თავის ასაკთან შედარებით ღრმა ადამიანი იყო, მაგრამ ამავე დროს მსუბუქი და არა დამამძიმებელი.
არა მგონია, დღევანდელმა თაობამ იცოდეს, ვინ იყო დათო კრაწაშვილი, იმდენად დინამიური ცხოვრებაა და იმდენი ახალი ინფორმაციაა, რომ ეს გასაკვირიც არ არის. შეიძლება ვან გოგზე, გოგენსა და სეზანზე დაფიქრდნენ... აი, ფიროსმანი კი იციან. მე თავად მაქვს სტუდენტებთან შეხება და აქედან გამომდინარე ვამბობ ამას. დაახლოებით ვიცი, რა ინტელექტუალური მარაგით მოდიან ახალგაზრდები. ამიტომ, სასურველია, ასეთი ადმიანების არსებობა ხშირ-ხშირად შევახსენოთ მათ.
დათოს სულ შეყვარებული იყო. მახსოვს ერთი გოგო უყვარდა _ ნინო და ამ სიყვარულის ერთგული დარჩა.
ერთი სიტყვით მისი დახასიათება ასე შემიძლია: ნათელი.
სამწუხაროდ, ამ ნათელმა ადამიანმა კომეტასავით ჩაიქროლა ძალიან სწრაფად!

ნახატებში შერწყმული
პოეზია, მუსიკა და მხატვრობა
კოკა ციხელაშვილი, მხატვარი:
ერთმანეთი ნიკოლაძეში გავიცანით. დათო გამორჩეული იყო თავისი ნიჭიერებით. ძალიან პოეტური იყო, ლექსებს წერდა, ჩვენც გვიკითხავდა ხოლმე. მის ლექსებში სევდა იგრძნობოდა, მაგრამ თვითონ ძალიან მხიარული და თბილი ადამიანი იყო, ეს სითბო მისი ნახატებიდანაც იღვრება. ძალიან ხშირად დავდიოდით დათოს დეიდასთან, ქალბატონ მერისთან. ის რუსთაველზე, "ლაღიძის" თავზე ცხოვრობდა, მისი ბინა ჩვენი თავშეყრის ადგილი იყო ხოლმე, დათო თითქმის მასთან იზრდებოდა. რაც მთავარია, ქალბატონი მერი ჩვენი მეგობარიც იყო _ გამორჩეულად საინტერესო, პოეტური ქალბატონი იყო, ალბათ, დათოზეც იქონია ამან გავლენა. დეიდა მერისთან ჩვენ, დათოს მეგობრებს, ჩვენი მეგობრებიც მიგვყავდა ხოლმე.
ტექნიკუმიდან ექსკურსიებზე დავდიოდით, ძალიან ხშირად _ კახეთში. დათოს არაჩვეულებრივი დედ-მამა ჰყავდა. ერთხელ დათო რამდენიმე დღე დაიკარგა, არ ჩანდა, მერე გამოჩნდა და გვთხოვა, ჩემთან ავიდეთ სახლშიო. არ დამავიწყდება ის ემოცია, როცა ავედით და დათოს ერთ-ერთ ოთახში მის მიერ მოხატული კედელი დაგვხვდა. საოცარი შთაბეჭდილება დატოვა, კედელი მთლიანად მოხატული იყო ეთნოგრაფიულ სტილში. მართლა ნიჭიერი იყო. მისი ნიჭი მარტო ფერწერაში კი არ გამოიხატებოდა, საერთოდ გრძნობდი მის განსხვავებულობას. ძალიან უყვარდა მუსიკა, ეს მის ნახატებში იგრძნობა კიდევაც. პოეზია, მუსიკა და მხატვრობა _ ყველაფერი ორგანულად არის შერწყმული მის ნამუშევრებში.
გასულ წელს, თი ბი სი-ს საგამოფენო დარბაზში, მისი გამოფენა მოეწყო. გამოფენა რომ ვნახე, ჩემს თვალწინ კიდევ ერთხელ ჩაირბინა ბავშვობამ, ერთად გატარებულმა სტუდენტობის პერიოდმა. მისი ნახატები, როცა ახლა შევხედე, სულ სხვაგვარად დავინახე. იმ ასაკისთვის ზედმეტად დიდი მომეჩვენა.
ძალიან ბევრს მუშაობდა. იმ პერიოდში, ასაკიდან გამომდინარე, ხატვას უფრო ზერელედ ვუყურებდით. მას, ჩვენგან განსხვავებით, თითოეულ ნამუშევარზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი. ამას სხვაზე ვერ გეტყვით, მაგრამ პირადად მე მაშინ კომპოზიციაზე ამდენი არ მიფიქრია. მას ისეთი კომპოზიციები აქვს დახატული, რომ ღრმა ხედვა და ნაფიქრი იგრძნობა. თითქოს, ასწრებდა ამას ყველაფერს. მუშაობის სხვაგვარი ხალისი ჰქონდა და ამით შეძლო, სიცოცხლის მოკლე პერიოდში, ამდენი რამის დატოვება.
ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო, ერთი სიტყვით კი ასე დავახასიათებ _ ბრილიანტი ჩვენი თაობის ახალგაზრდობისთვის, ანათებდა და ყოველთვის გაანათებს.
დათოს დღიურებიდან

***
ახლა რა ვარ მე? მხატვარი!.. ჩემთვის ლეონარდოც და პიკასოც, სხვისთვის, ალბათ არაფერიც... მოკლედ, მთელი ჩემი შინაგანით _ ხელოვანი, თუ შეიძლება "მას" ასე ეწოდოს.
"უფროსების" ლაპარაკით, ნიჭი მაქვს, თურმე, განუსაზღვრელი: ხატვის, მუსიკის, მწერლობის, ორატორობის... მოკლედ, ჩუქება რომ შემეძლოს, ალბათ, ახლობლებს ვუწილადებდი ცოტ-ცოტას ყველადან.
ეჰ, რა მეხუმრება, რაც მაქვს, ნეტავ ისიც არ დავკარგო, თორემ ჩუქებით, დარწმუნებული იყავით, არავის ვაჩუქებ.


***
ამ ერთ ღამეში მე თვალი გადავავლე მთელს ჩემს თითქოსდა უმნიშვნელო ცხოვრებას. უმნიშვნელოს იმიტომ, რომ მე ჯერ სულ თხუთმეტი წლისა ვარ. თხუთმეტი წლის წინ მოვევლინე ამ არეულ-დარეულ ქვეყანას.
რა ვიცოდი პირში სოსკაგაჩრილმა ბავშვმა, რომ ერთი წლის შემდეგ ქვეყანაზე გაჩნდებოდა ადამიანი, წარმომადგენელი სამყაროს უნაზესი და უფაქიზესი "მეორე ნახევრისა", და რომ ჩვენ შევხვდებოდით ერთ ზაფხულს ერთმანეთს, და, რომ დაიწყებოდა ამიერიდან მხოლოდ და მხოლოდ წვიმები ჩემს გულში და ვინ იცის, როდის გამოიდარებდა.
სად შემეძლო, წარმომედგინა ეს ბედნიერება, რომელიც მელოდა. მეთხუთმეტე ზაფხულს, იის თხუთმეტი ყვავილობიდან...

"უწვერულვაშო ნიკალა"
"ამბობენ, სიცოცხლეში ფიროსმანი მხოლოდ პიკასომ აღიარა, რადგან არ იცნობდა და ისე დახატაო. აფსუს, რომ პიკასო აღარ იყო ცოცხალი მაშინ, როდესაც ნიკალას მშობლიურმა კუთხემ _ კახეთმა შვა ახალი "უწვერულვაშო ნიკალა", დათო კრაწაშვილი, რომლის ორიგინალურ და საოცარ მხატვრულ სამყაროს, სამწუხაროდ, დღემდე არ გამოსჩენია თავისი ზდანევიჩები პიკასო მით უფრო!"
მარინა გოგოლაშვილი

ვინ იცის, დათოს ზდანევიჩები გამოჩნდნენ და მის შემოქმედებაში დასმული მრავალწერტილი შეავსონ. მანამ კი, დათოს მიერ დასმულ კითხვას: ვინ ვარ ახლა მე? წლების შემდეგ, ჩვენეული შემოკლებული პორტრეტით გავცემთ პასუხს: გენიოსი, "უწვერულვაშო ნიკალა", პოლიფონიური მოვლენა, თავბრუდამხვევი, ადრეული ყვავილობა, ბრწყინვალე მზე, ნათელი, ბრილიანტი...

გაზეთი „ახალი განათლება“, 2011-02-11

* http://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=71

What a Face
Back to top Go down
https://www.facebook.com/christopher.anyone.9
Sponsored content




დათო  კრაწაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო კრაწაშვილი   დათო  კრაწაშვილი Empty

Back to top Go down
 
დათო კრაწაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: