არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 გივი ჩიღვინაძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე EmptyMon Feb 11, 2013 10:58 pm

გივი ჩიღვინაძე Givi_c10
Givi Chigvinadze

გივი ჩიღვინაძე

დაიბადა 1960 წლის 20 მარტს. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. წერს ლექსებს და მოთხრობებს.


ბლიც-ინტერვიუ გივი ჩიღვინაძესთან

დავიბადე – საჩხერის რაიონის სოფელ მოხვაში.
გახლავართ – მწერალი, მკვლევარი...
ვცხოვრობ – ხან თბილისში, ხან მოხვაში...
ვწერ – ლექსებს, მოთხრობებს, საბავშვო ნაწარმოებებს, მაქვს ისტორიული გამოკვლევებიც...
მიყვარს – სამშობლო, მისი წარსული, სხვადასხვა ფორმით გამოხატული ყველა მისი თავისებურება, მეგობრები, ბავშვები, ბუნება, სილამაზე...
ვეჭვიანობ – საქართველოს მტრებზე...
ვპატიობ – მცირე შეცდომებს...
ვგრძნობ – რომ მეტის გაკეთება მევალება...
მეშინია – ჩვენი სიმცირის...
არ შემიძლია – თბილისში დიდხანს გაჩერება...
გული მიჩუყდება – წარსულსა და წასულებზე
ვკითხულობ – ყველაფერს, რაც გულთან მოდის...
ვეძებ – საოცნებო ადამიანებს...
ვიმახსოვრებ – სიკეთეს...
ვიცინი – სასაცილოზე...
ვინახავ – ძველ წერილებს, ნივთებს, ახლობელ ადამიანთა ხსოვნას...
მესიზმრება – ჩემი სოფელი, წარსული, მომავალი...
მწამს – ღმერთის, ჩემი ქვეყნის მომავლის, სიყვარულის...
მსიამოვნებს – მთებში ხეტიალი...
ვეხმარები – გაჭირვებულებს, მეგობრებს, ბავშვებს...
ვივიწყებ – რაც დასავიწყებელია...
ვბრაზდები – ქვეყნის გამყიდველებზე...
მანაღვლებს – საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა...
ვუსმენ – ბუნებას, მუსიკას, მეგობრებს...
ჰობი – ღვინოების კოლექციის შეგროვება...
ვფიქრობ – წარსულზე, მომავალზე, ახალ ნაწარმოებებზე...
ვნანობ – დაკარგულ დროზე...
მენატრება – ბავშვობის ადგილები...
სამშობლო – ჩემი სიყვარული, ტკივილი, ფიქრი...
რჩევა ავტორებს – ახალბედებს ვურჩევ, ნუ იჩქარებენ ნაწარმოების გამოქვეყნებას...
პოეზიარი – ძალიან კარგი საქმის მკეთებელი...
ხელოვნება – ადამიანის არსებობის გამართლება...
ერთი ლექსი – რადგან ახლა ზამთარია, ამ ლექსს შემოგთავაზებთ.

თოვლიანი სონეტი

მშობელი მთები მიგზავნიან თოვლის ბარათებს,
გული ივსება მონატრებით, როგორც ამ დილით
ივსება ზეცა ფიფქებით და თეთრი მანდილით
ფარავს შორეულ მწვერვალებს და შეშლილ ქალაქებს.

გადავივიწყებ გრძელ ღამეებს თეთრად განათევს,
სიზმართა ლანდებს მოიცილებს ყოფა ნამდვილი,
მერე ლამაზად მოვირთვები, ვით ავთანდილი
და შენს ფიქრებში ელვასავით შემოვანათებ.

როდესაც თვალებს მოფარფატე ფიფქებს მივანდობ,
მაშინ ბავშვობა მაგონდება – ნეტავ იმა დროს! –
და ჩემს სარკმელთან დაფიფქული მთები მოვლიან.

გაიკვალება მომავლისკენ ახალი გზები,
ისევ ოცნება მიბრუნდება, გავხალისდები
და იმედებით გავუყვები დღეებს თოვლიანს.


ბმულები:
* http://literatura.lit.ge/html/index.php?author=34136
* http://www.urakparaki.com/?m=7&WUID=4952
* https://www.facebook.com/givi.chighvinadze


Last edited by Admin on Sun Feb 03, 2019 10:13 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: Re: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე EmptyFri Feb 01, 2019 4:56 pm

გივი ჩიღვინაძე

სოფელი ტყის პირას

ქედები ისევ ჩამოინისლა,
წვიმაც მოჰყვება ალბათ საღამოს
და მთელი ღამე ცის ნაპირებზე
მშვიდად ივლიან სქელი ღრუბლები.
მძიმე სიჩუმე გდია სოფელში
და მისი ძველი ცხოვრების კვალი
ნაგზაურებზეც არ ილანდება…
აღარ ირთვება ჩვეული შრომით
მიწა, რომელიც გვკვებავდა დიდხანს,
რომელზეც ავი არასდროს ითქმის,
რომ დაცლილია სოფელი თითქმის –
ცას სწვდება კვამლი ორიოდ კომლის,
იმ ფუძეების, მომავალს რომლის
ამ ქვეყანაზე ვერავინ იტყვის…
საძოვრებიდან ნახირის ნაცვლად
ქარი ნისლების ფარას მოდენის,
მიტოვებული ეზოებიდან
გამწყრალი ფუძის ანგელოზები
ლამის უღრანში გადაიკარგონ.
რაც აქ ოდესღაც ლექსად, არაკად,
მოსწრებულ სიტყვად და ამბად თქმულა,
დღეს დავიწყების ხავსს დაუფარავს…
მიწას კი ისე მონდომებია
ხელგამართული მკვიდრი პატრონი,
ლამის წამოდგნენ გარდაცვლილები,
ნატაძრალებთან შეიკრიბონ თოხით თუ ბარით
და ტყედქცეული ახოები დაამუშავონ…
და იკარგება შორი სოფელი –
ვაზი, ვაშლები, მსხლები, შინდები –
რომელსაც ისე ვემშვიდობებით,
როგორც ჩამოშლილ ბუდეს ჩიტები.
სადღა იქნება გამოსავალი,
ამ ქვეყნის საშველს ვინღა მოძებნის?! –
გაიფოთლება ერდოსთან სევდა
ობმოდებული დედაბოძების…
და მივიწყებულ მარანში ჭურებს
(თქვენსკენ რომ ქვევრად მოიხსენიებთ)
მონატრებიათ სარცხი, ორშიმო
და მადუღარი, შუმი მაჭარი…
საბძლის წინ, თივით სავსე ურემთან
აგვისტოს ღამით არ იცოხნიან
დიდი ოჯახის ბურჯი ხარები,
არც მარჩენალი ძროხა არა ჩანს,
არც წვერცანცარა თხები ნაცარა…
ვერ დაიჭირა ამაყმა ქმარმა –
აღარ ისურვა ლამაზმა ქალმა
მრუმე ნისლები სევდიან ცაზე,
უნდა, რომ ქვეყნის თვალწინ ელავდეს –
ელის ქალაქი, ქუჩები სავსე…
მომცრო მდინარე ისევ ხმაურობს,
თითქოს წარსულის ამბებს გვიყვება,
საუკუნეთა ფიქრი და ფერფლი
მის მოჩურჩულე ჩქერებს მიჰყვება…
და ინავლება ჩვენი გამჩენი,
ძირადძლიერი იმედი კვდება,
მიდის ხელიდან ძველი სოფელი –
კოკა წყაროზე ტყდება…


ზამთრის ქედები

მშვიდად დათოვილ,
უკაცრიელ მთის ფერდობებზე
თითქოს ღვთის სული დაქანაობს
სხივით მოსილი.
როცა აქაურ ცას შევყურებ
მშვიდსა და მაღალს,
ღრუბლების იქით წინაპართა ცხოვრებას ვხედავ,
ზეციერს მათი აჩრდილები მაახლოებენ.
მათ ხომ უფლის წინ გაუვლიათ
დიდი ხნის წინათ
და მომავლისთვის დაულოცავთ ეს ბილიკები…

აქ მიწიერი ხმებიც სწვდება ხანდახან სმენას –
თეთრ სიჩუმეში ჩაკარგული ჩიტების წყარო
ადგილის დედას იმ შვილებზე ეჩურჩულება,
მათ მოშორებით,
ბარისაკენ რომ იზამთრებენ.
სიზმრად ხედავენ ზაფხულის ცას
და თბილ ამინდებს
თოვლქვეშ იმედით გატრუნული მთის ყვავილები,
ზაფხულში თვალებს სველი ნისლით რომ დაიბანენ
და ამ სათიბებს მზიან ფერებს გადაათოვენ…

ახლა კი ქრება დღის ნათელი,
დგება საღამო
და ფიფქიან ბინდს მოყოლილი ღამის ქარები,
თეთრ ფერდობებზე უგზო-უკვლოდ მოფარფატენი,
წარსულის ჰანგებს ექოებად დაატარებენ.


დატირება ტელეფონით

გალია დღენი გამრჯე თამარმა,
სიბერის წლებში მარტოდ მავალმა
და დააფასა თუმცა მრავალმა,
ჭირისუფლებად არ უსხდნენ თავთან
ქალიშვილები თინა და თამთა,
არც ვაჟი ნიკო არ იდგა კართან
(აღარას ვამბობ შვილებზე ძმათა)…

და ბოლოს, როცა ღმერთი ახსენეს,
მწვანე ეზოში რომ დაასვენეს
(გადახრილი მზე ადგა აქ სერებს),
ატყდა ზარები მაშინ იქიდან –
ევროპიდან თუ ამერიკიდან,
დები ტიროდნენ, ძმა სკაიპიდან
ყვებოდა, მისთვის თუ რა იყიდა…

მოთქვამდნენ (ალბათ, ცრემლებსაც ღვრიდნენ),
ეცადნენ, მაგრამ ვერ ჩამოვიდნენ
(ამასაც ვეღარმოსწრებით ხსნიდნენ)…
სოფელს ახსოვდა, რაც უთესია,
დაასაფლავეს, როგორც წესია
(სულმა მიმართა ძველ ეკლესიას),
თამადად დასვეს ბრძენი ბესია…

დრო მიდის – ყველა ჭირის დამტევი
(შორს გაუფრინდა ბევრ ჩიტს ბარტყები),
სევდიანობენ ემიგრანტები…
დაცლილა სახლი, გაცივდა კერა,
აღორძინების ბევრს აღარ სჯერა,
ზოგში იმედი კიაფობს ჯერაც –
ისევ ელიან ჩონგურის ჟღერას…

2017


Arrow


Last edited by Admin on Sun Feb 03, 2019 10:19 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: Re: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე EmptyFri Feb 01, 2019 4:58 pm

გივი ჩიღვინაძე


ანბანთქება






აელვარებს ალიონი
ალაგ-ალაგ ღრუბლის ფენას,
არწივებმა ადრიანად
აღმა-აღმა იწყეს ფრენა.





ბაიები, ბარდი, ბალბა, -
ბიბინებდა მდელო ბაღთან,
ბუერებთან ნაკადულში
ბატი ჭუჭულებსა ბანდა.




გაგვიფრინდა გნოლის გუნდი,
გადაევლო გაღმა გორებს.
გვრიტი გედებს გასძახოდა,
გუგულებმა გაიგონეს.





დედულეთში დედაბოძთან
დედამ დასვა დათო დიდხანს,
დედაენა წინ დაუდო
და ანბანი წაუკითხა.





ეძებეს ეკამ და ელომ
ენძელა ტყეში იმ დილით,
ეშმაკს ამსგავსეს ხის კუძი,
ეზოს მოადგნენ სირბილით





ვაკეზე ვაზი ვახარეთ,
ვრცელი ზვარი გავაშენეთ,
ვენახს ვაზი, ვაზს მტევანი,
ვაჟკაცს შრომა დაამშვენებს.





ზურმუხტოვანი ზაფხული,
ზღვის სანაპირო მზიანი,
ზედიზედ წყალში ხტებიან
ზაზა, ზეზვა და ზვიადი.




თხილებთან თეთრი თიკნები
თითქოს თამაშით გართულან,
თან თრთოლვით უთვალთვალებენ
თამამად მყეფარ ბათურას.





იფნების იქით იელი,
ირემი მშვიდი იერით
იჩქარის შორი ტყისაკენ,
იქ ნორჩი ნუკრი მიელის.





კორდზე კერკეტმა კაკალმა
კარგად მოისხა ნაყოფი,
კოდი ავავსეთ, დავტოვეთ
კიდეც ციყვების სამყოფი.





ლაჟვარდი ლაღად ლივლივებს
ლამაზადა ფრენს მიმინო,
ლეღვის შტო ჩიტებს იფარავს,
ლოდთან ყვავილობს ღიღილო.





მთები მწვანედ მოირთვება,
მოსცილდება მუხას მუმლი,
მტერი ვეღარ მოგვერევა,
მამულს კარგად თუ მოვუვლით.





ნიკო, ნონა და ნოდარი
ნეტავი რას აკეთებენ
ნაირნაირ ნერგებს რგავენ
ნარ-ეკლიან ნაკვეთებზე.





ოლეზე ორი ოფოფი
ონავარ ბარტყებს ზრდიდა,
ოთხმოცდაათ დღეს დასჭირდა
ორივეს საზრდოს ზიდვა.





პატარ პატარა პეპლები
პირიმზეს თავს დაჰხარიან,
პაპუნამ ამ ლამაზ ყვავილს
პეშვით აპკურა წყალია.



ჟამით ჟამამდე ჟინჟღლავდა,
ჟუჟუნა წვიმაც დიოდა,
ჟოლოზე ჟრუნი ჩიტუნა
ჟივჟივებდა და ჩიოდა.





რა რხევაა რტოთა რიგის,
როგორი დგას რია-რია.
რცხილიანში რემა მირბის,
რაშთა რბოლა-გრიალია.





საამო სიო სისინებს,
სათიბი თრთის და ღელავს,
სუყველას ლაღად აცეკვებს
სამყურას, სვიას, ლემას.





ტაროებით ტენის ტომრებს
ტოლს არ უდებს ტატო ტოლებს
ტეხენ სიმინდს, ჭრიან ჩალას,
ტყემლის ძირას ყრიან კონებს.





უჩას უზანგ-უნაგირით
ურჩი კვიცი შეუკაზმავს,
უცებ ზურგზე მოქცევია,
უკან შემოუსვამს ზაზა.





ფუტკრებს ფართი ფუღუროში
ფიჭა უდევთ ფენა-ფენა
ფერად ფერად ყვავილებზე
ფუსფუსებენ მინდორ-ველად.





ქარში ქანოაბს ქორაფი,
ქარაფთან ქრიან ქორები,
ქედებზე თოვლი მოსულა,
ქათქათებს თეთრად გორები.





ღვივის ღუნღულა ღრუბელი,
ღებავს დაისი ცის კიდეს,
ღობესთან მაღალ ტყემალზე
ღაბუა ჩიტი ჭიკჭიკებს.



ყელყელაობს ყვავილნარი,
ყანის პირას ყრია ძნა,
ყიყლიყოო, მამალაყინწამ
ყველა გამოაღვიძა.





შავი შაშვების შვილებმა
შვრია აკენკეს ყანაში,
შინდის შტოებზე შეფრინდნენ
შექმნეს სიმღერა-თამაში.





ციცქნა ციყვებმა ცაცხვებში
ცხრაკარა ბინა გამართეს,
ცხრაგვარი ხილით ავსებენ
ცარიელ გოდორ-კალათებს.





ძეწნების ძირას ძროხა ძოვს,
ძაღლს მიულულავს თვალები,
ძიძგილაობენ ლეკვები
ძვლის გამო ძილგამკრთალები.





წამდაუწუმ წვრილად წვიმდა,
წიფლიანში მოცვი მწიფდა,
წყნარად იდგნენ წიფლის ხენი,
წვერი ცისთვის მიეწვდინათ





ჭივჭავები ჭიკჭიკებენ,
ჭვავს კენკავენ ჭალაში,
ჭრიჭინებიც შეაშინეს
ჭინჭრებსა და ჩალაში.





ხევგაღმა ხარობს ხეხილი
ხურმა, ხურტკმელი, ქლიავი...
ხან აწვიმს, ხან მზე დაჰნათის,
ხან აშრიალებს ნიავი.





ჯიშიანი ჯიხვების ჯგრო
ჯიქურ ხტება კლდიდან კლდეზე,
ჯახაჯუხი ისმის რქების
ჯანღიანი მთების თხემზე.





ჰერიოდა, ჰოოპუნა,
ჰარალე და ოროველა _
ჰანგებს ვმღერით ჰაეროვანს,
ჰარმონიის ისმის ჟღერა.


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: Re: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე EmptyFri Feb 01, 2019 5:01 pm

საბავშვო პოეზიის კონკურს „ბუკნაჭოს“ გამარჯვებული პოეტი გივი ჩიღვინაძე გახდა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი

15 დეკემბერი, 2015. 23:50
+

დასრულდა საბავშვო პოეზიის კონკურსი „ბუკნაჭო". პოეტური ნაწარმოებების კონკურსის გამარჯვებულები დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოავლინეს. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც ყველასთვის საყვარელმა და ცნობილმა პოეტებმა, ასევე ნაკლებად ცნობილმა ავტორებმა. პირველი ადგილის მფლობელი პოეტი გივი ჩიღვინაძე გახდა. მეორე საპრიზო კატეგორიაში პოეტმა ირმა მალაციძემ გაიმარჯვა, ხოლო მესამე ადგილი პოეტ ნინო ქოქოსაძეს ერგო. მათ ფულადი პრიზები და საჩუქრები გადასცეს.

პირველი ადგილის მფლობელს კონკურსის სიმბოლო, „ბუს" ქანდაკება და ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით გადაეცა.

კონკურსში სულ 93 საბავშვო ლექსი იყო წარმოდგენილი. მათგან 15 საუკეთესო 4-კაციანმა ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ პოეტები: მაიკო მიქაია, თემურ ჩალაბაშვილი, ედუარდ უგულავა და ლიტერატურათმცოდნე თამარ ბაქრაძე.

ნაწარმოებების მიღება 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონკურსის მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ ლექსები აქამდე გამოუქვეყნებელი ყოფილიყო. კონკურსის ფარგლებში დაიბეჭდა კრებული „ბუკნაჭო", რომელშიც ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ლექსები მოხვდა. წიგნი საჩუქრად გადაეცათ ავტორებს, სკოლებსა და ბიბლიოთეკებს.

კონკურსის ორგანიზატორები მომავალში საბავშვო პროზის კონკურსის ჩატარებასაც გეგმავენ.

„ახალი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა ძალზედ მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პროექტი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადეს ორგანიზატორებმა.


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: Re: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე EmptySun Feb 03, 2019 10:06 am

გივი ჩიღვინაძე

გამწარებული თაფლი
(მოხუცების ნაუბარი)

ბუხარი და ორი კაციო, ნათქვამია... მართლაც, მეტი ვერ თავსდება კარგად ბუხართან. ახლაც ორნი სხედან – ერთი ერთ მხარეს მიყრდნობია კედელს, მეორე – მეორე მხარეს. საუბრობენ მშვიდად, იგონებენ წარსულის ამბებს. ერთი სოფლის იქითა კუთხისას ჰყვება, მეორე – აქეთასას. ერთი სტუმარია, მეორე – მასპინძელი. თუმცა რაღა სტუმარ-მასპინძელი, ამათი ხნის სოფელში აღარავინაა და ახლობლებად თვლიან ერთმანეთს, ხშირად არიან ერთად. ახლაც, თოვლიან დღეს, პატარა სუფრა გაუშლიათ ბუხრის წინ და ლაპარაკობენ, თან ცოტა ღვინოს წრუპავენ. მე შორიახლო ვარ და ყურს ვუგდებ მათ საუბარს...
– სესიკამ რომ თაფლიანი მორი მოიტანა შინ, გახსოვს?
– ჰე, გამიგონია ეგ ამბავი, მარა კარგად ვეღარ ვიხსენებ, რავა იყო, თქვი, თუ კაცი ხარ?
– გარეული ფუტკარი უნახავს ხის ღრუში, ზამთარი იყო, ახალი წამოთოვილი და სავსე ყოფილა ფიჭით წიფლის ფუღურო. დახარბებია თაფლს და დაუწყია ხის მოჭრა, დაუცია ძირს, გადაუჭრია ფუღუროიანი ნაწილი, სადაც ფუტკარი ყოფილა, შეუბამს ხარები და წამოუთრევია. დიდი ყოფილა ხე, მაგრამ თოვლზე არ გაჭირვებიათ ხარებს. მიუტანია ეზოში და რა ქნან ახლა, თაფლი როგორ ამოიღონ? ჯერ უთქვამთ, დავაპოთო, მარა ფუტკარი ხომ ამოვა ამ დროს და დაგვეხვევაო...
– რავა, არ გამოსულან ფუტკრები გარეთ ხის მოჭრისა და წამოღების დროს?
– ეტყობა, არ გამოსულან, არ დაუტოვებიათ თავისი ნაშრომი, როგორი დასატოვებელია, ან სადღა წავიდოდნენ, ზამთარში მით უმეტეს, ბინა ხომ უნდოდათ იმათაც და სარჩო?..
– კაი, კაცო, მერე?
– მერე სესიკასანებს აუდუღებიათ წყალი და ჩაუსხავთ მოთრეული ხის ფუღუროში, დავხოცავთ ასე ფუტკარს და თაფლს დავინარჩუნებთო...
– შეარცხვინათ ღმერთმა, აგრე ფუტკრის გამეტება რავა შეიძლება!..
– კი, ნამეტანი გაუმეტებიათ... ახლა, რომ ჩაასხეს ეს ცხელი წყალი ერთი მხრიდან იმ ღრუიან ხეში, სანამ ფუტკრამდე მიაღწევდა, მანამ მისმა ორთქლმა გამოყარა მეორე გადანაჭრელი თავიდან გარეთ ეს ფუტკარი, გამოცვივდნენ და მთელი სახლობას, იმ მორს რომ იყო შემოხვეული თაფლის გასინჯვის მოლოდინში, დაერივნენ და აატეხინეს წივილ-კივილი!..
– კაი, კაცო, მართლა?!.
– აპა, დიდსა და პატარას დაეხვივნენ და დაუწყეს კბენა დაუნანებლად. დაუკბენიათ კარგად ყველა და კაი ხნის მერე გამქრალან ეზოდან. დარჩენილა ფიჭიანი მორი უფუტკროდ... როდის-როდის გამოძურწულან სახლში მიმალული სესიკა და მისი ვაჟბატონები, ხოლო ქალებს და ბავშვებს ვეღარ გამოუბედავთ გარეთ...
– სესიკას ცოლს ფუტკრების კბენით ხო არ გაუდიდდა ის უკანალი, ჰა?
– ფუტკრების კბენით კი არა, თავიდანვე ისე გადმოყვა თავის სოფლიდან, ჰე, ჰე, ჰე... ჰოდა, ყველა ნაკბენებზე ისვამდა ხელს გამწარებული თურმე... გამოსულან, შენ ხარ ჩემი ბატონი, გარეთ და მისულან მაინც მორთან. რაღა ხალისი ჰქონდათ, მაგრამ დაუწყიათ დაპობა და გამოუღიათ ცხელი წყლით აზელილი ფიჭა. კაი ბლომად კი ყოფილა, დაუწყიათ გობზე და შეუტანიათ შინ, მაგრამ რად გინდა! – ისე ყოფილან გამწარებული ფუტკრების ნაკბენებით, გემო ვეღარ ჩაუტნევიათ თაფლისთვის...
– კაცო, სხვა რამე უნდა მოეფიქრებინათ და არც ის ფუტკარი გაემეტებინათ, რომ გაეჩინათ იმათთვის ბინა და ნაწილი თაფლიც დაეტოვებინათ, ხომ მოიშინაურებდენ, არა?
– კი, მოიშინაურებდენ, ალბათ, მარა ვერ მოქცეულან კარგად, ფუტკარიც გაუმწარებიათ და თვითონაც გამწარებულან. აი, ასეა, სხვის წახდენას რომ მოინდომებ, გგონია, შენ კაი დაგემართება?!. თავისი სიხარბით თაფლიც გაუმწარდათ... ტყე რომ ტყეა, ნადირი რომ ნადირია, ფრინველი რომ ფრინველია... მწერსაც კი – ყველაფერს კეთილად, სიყვარულით და მადლით უნდა მოექცე კაცი... მით უმეტეს, ფუტკარს, ეჰ, მასავით მუყაითად, წესიერად და რიგიანად რომელი კაცი შრომობს და ცხოვრობს ამ ქვეყანაზე?!.

2019


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: Re: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე EmptySun Feb 03, 2019 10:15 am

გივი ჩიღვინაძე

რატომ არ ჩამოიარე?

თოვლიან ბილიკს ნელა მიუყვება ფიფქებში გახვეული ივანე. სოფლის მიმდებარე ხევში უნდა ჩავიდეს და პატარა მღვიმის შესასვლელთან გუშინ დაგებული ხაფანგი ნახოს. მელიას დაჭერას ვარაუდობს, ადრეც დაუჭერია რამდენიმე და წელსაც მოუარა ნადირობის სურვილმა. საღამოვდება, გული სიამით უძგერს, რადგან ახალი წლის შემოლოცვის საღამოა. ჯერ შინ დაუშალეს და მერე მეზობლებმაც დასცინეს - რა დროს მელიაზე ნადირობააო?! არ უნდა წამოვსულიყავიო, თვითონაც ასე ფიქრობს შუა ხანს გადაცილებული კაცი, მაგრამ ვერ ჩერდება შინ, თოვლიანი ტყისა და ხევის თვალის შევლება უფრო უნდა, ვიდრე გაქუცული მელიას ტყავი, თუმცა ვერავის აგებინებს ამას. სხვა რამეზეც ფიქრობს, - კარგი იყო, ბიჭები ჩამოსულიყვნენ, მეტი სიხალისე გვექნებოდა ოჯახშიო, - ორი ცოლშვილიანი ვაჟი დედაქალაქში ცხოვრობს და ამჯერად ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, - კიდევ კარგი, გოგონა ჩამოვიდა და ის გაგვილამაზებს ახალწლის დღეებს მე და ჩემს მეუღლესო, - მაიკო სტუდენტია და საახალწლო არდადეგებზე სწვევია მშობლებს, - ისე მართალს მეუბნებიან, მეც დიდი ახირებული ვარ, თავის საქციელსაც იწუნებს ივანე, რა დროს ტყე და ხევია, გავჩერებულიყავი შინ და მეცქირა ქალების ფუსფუსისათვის, მელია კიდეც რომ დამხვდეს გაბმული, გავუშვებ და იმ ხაფანგს სახლში წამოვათრევო.
მღვიმის ახლოს ზედა სოფლებში მიმავალი გზაა, ტრანსპორტი არ მოძრაობს დიდი თოვლის გამო. ხაფანგი ცარიელი დახვდა ივანეს, გაეხარდა კიდეც, დროზე მივალ შინ და ბესოს გავძახებ, იქნებ თორმეტ საათამდე გადმოვიყვანო ჩვენთან, თორემ სანამ ის მეკვლეობას მოიფიქრებს, ციალა და მაიკო სადღეგრძელოებში არ ამყვებიან და მარტოკაცი უნდა ვიჯდე სუფრასთანო.
გზაზე ვიღაც შენიშნა, დაგვიანებიაო, ტყიდან გამოვიდა, სწრაფად გადაჭრა იქამდე დარჩენილი დათოვლილი მინდორი და უცნობს დაელოდა. ახოვანი ვაჟი ენერგიულად მოაბიჯებდა თოვლში. მიესალმენ ერთმანეთს, გამოელაპარაკა ივანე. ზემო სოფელში მიდიოდა ყმაწვილი, სტუდენტი ყოფილა, დედაქალაქიდან ჩამოსულიყო რაიონის ცენტრში და ახლა ფეხით მიიჩქაროდა მშობლებთან. გვიანი იყო უკვე და არ მოეშვა ივანე, ბინდდება, ბიძიკო, ნუ ენდობი თოვლიან გზას ღამით, ხიფათს არაფერს გადაეყარო, წამოდი ამაღამ ჩემთან, ერთად შევხვდეთ ახალ წელს და ხვალ გაახარე მშობლები შენი მშვიდობით მისვლითო. იმდენი ეხვეწა, რომ უარი აღარ გააწყობინა მგზავრს, დაიყოლია. კარგიო, ყმაწვილმა, დაყაბულდა - დღეს მაინც არ მელოდებიან მშობლები და წამოვალ, მხოლოდ იმ პირობით, მერე თქვენც თუ გვესტუმრებით ზემო სოფელშიო. გეწვევით აუცილებლადო, უთხრა ივანემ და გახარებული გამოუძღვა წინ სტუმარს, კარგი მეკვლე მეყოლება ახალ წელსო.
კიბეზე ფეხის ხმა რომ გაიგონა მაიკომ, სიცილით გამოსძახა ივანეს, რა ჰქენი, მამა, დაიჭირე მელაო? მელა არა, შვილო, ზემოური ვეფხვი დავიჭირე და გამოგვხედეთო.
მაიკო გაღიმებული მივიდა კართან და შემცბარ-გაოცებული დარჩა, როცა თეთრად დაფიფქულ სტუმარში უნივერსიტეტელი მეხუთეკურსელი შეიცნო. ამასწინანდელ პოეზიის საღამოზე მოწონებით უკრავდა ტაშს ახლად აღმოჩენილ ავტორს, რომელმაც იდუმალებით სავსე მშვენიერი ლექსები წაიკითხა. მერე ჟურნალშიც ნახა მისი ნაწერები და ახლა ეს სასურველი ადამიანი მისი სახლის კართან იდგა მოახლოებული ახალი წლის საღამოს ბინდში და ღიმილით იფერთხავდა გარედან შემოყოლილ ფიფქებს.

*
- გაიგე ახალი ამბავი? - მისალმებამდე ჰკითხა წყაროსთან მდგარ ოთიას დათიამ.
- რა ამბავი, რაშია საქმე?
- ქორწილი გველოდება, ქორწილი!..
- რა ქორწილი, თუ კაცი ხარ, ვისი ქორწილი დაგეგმე ამ დილაადრიან?
- მე კი არა, გამჩენს დაუგეგმავს ასე, ახალ წელს რომ ვიქეიფეთ ივანესთან ხომ გახსოვს?
- რავა არ მახსოვს, ერთი თვეა გასული მას მერე, მეტი ხომ არა?
- თვე-ნახევარია თითქმის... ჰოდა, მელიის მაგივრად სტუმარი მოვიყვანე გუშინ სახლშიო, რომ იძახდა ივანე, ისიც გეხსომება.
- აპა არა? სტუმარი კი არა, მეკვლე მოვიყვანეო... ზემოურ სოფელში მომავალი მგზავრი უნახავს, სტუდენტი ბიჭი და არ მოშვებია, ხომ იცი მაგის ამბავი? - წამოუყვანია შინ... ბესო ხუმრობდა, მგონი ხაფანგში ნახა გაბმული ის ბიჭიო... ჩვენ მეორე დღეს, ახალწლის საღამოს დაგვიძახა მაგან. ის ზემოური მეკვლე წასული იყო უკვე.
- ჰოდა, მეკვლე კი არა, სასიძო მოუყვანია სახლში, სასიძო...
- როგორ, კაცო?
- როგორ და მაიკო გათხოვილა, იმ ბიჭს გაჰყოლია ჩუმად...
- რას ამბობ, როდის? ღმერთმა კაი ბედი მისცეთ!.. მაგისთანა გოგო არც კი იყო ჩვენს სოფელში, როგორ ხასიათზეა ივანე?
- კაი ბედი მისცემია სწორედ, გახარებულია ორივე ცოლ-ქმარი, თუმცა ივანე არ იმჩნევს, გაბრაზებულია ვითომ, მარა ეტყობა, მოსწონს სასიძო, თანაც მაგან შემოიყვანა ოჯახში ის ვაჟი და ახლა რომც არ მოსწონდეს, ვის დააბრალებს?..
- კაი საქმეა. ამბობდა ივანე, განათლებული და წესიერი მეკვლე მოვიყვანე სახლში, კარგი წელი მექნებაო... მოიყვანა ბიჭი მეკვლედ და გააბედნიერა ქალიშვილი, არა?
- ჰო, აგრე გამოდის. მაიკოც ჩამოსული იყო მაშინ, ხომ გახსოვს? ჰოდა, კარგი სტუმარი ბიჭი, კარგი მასპინძელი გოგო და გაიჩარხა აგერ საქმე - ჩასულან არდადეგების შემდეგ თბილისში, შეხვედრიან ერთმანეთს, რატომ არ ჩამოიარეო, უკითხავს მაიკოს. თქვენ რატომ არ ამოხვედით, ხომ შემპირდით შენ და მამაშენიო, იმას უთქვამს. დიდმა თოვლმა შეგვიშალა ხელიო, ამას უპასუხნია...
- მოიცა, შენ რა იცი, იმან რა უთხრა და ამან რა უპასუხა?
- ასე იქნებოდა, რა ცოდნა უნდა ამას? ეჰ, ჩვენ ვინ გვეტყვის რა ილაპარაკეს, ჩემო ოთია, მარა ვხვდები, რომ ხშირად ხვდებოდნენ ალბათ ერთმანეთს, მერე ვეღარ გაუძლიათ უერთმანეთოთ და პირდაპირ წაუყვანია იმ მელიას მაგიერ მოყვანილ ბიჭს ზემო სოფელში, ახლა ხომ ამოვა მამაშენიო!..
- ჰე, რას ამბობ, კაცო? ისიც კაი მელია ყოფილა...
- მელია კი არა, ვეფხვი ყოფილა, მაგ გოგოს თუ ვინმეზე შეუჯერდებოდა გული არ მეგონა, ხომ იცი, რა წუნია იყო?.. ა, საქეიფო ამინდი კი გვიდგას, - ფიფქებს გახედა დათიამ და კოკა მიუდგა წყაროს, - გვიჭამია კაი ქორწილი, არა, მანმადე ჩვენც კი მოგვიწევს ხელის განძრევა, - უნდა მივეხმაროთ ივანეს, მერე კი მოვილხინოთ ჯერ აქ და მერე იმ ბიჭის სოფელში...

*
ბინდი წვება ტყეში. ნაქორწილარი სტუმრები მიჰკვალავენ თოვლიან გზას, მიდიან, მიღიღინებენ, ბრუნდებიან ზემო სოფლიდან. მანქანა ვერ წაიყვანეს დიდი თოვლის გამო, ცხენით მაყრობა კი გადასულია ჩვეულებიდან, ვიღას ჰყავს ამდენი ცხენი?
- რამდენი თოვლი მოვიდა წელს, იანვარში ხომ იყო და იყო, მაგრამ ახლაც არ გვანებებს თავს, ისევ თოვს...
- ჩამთავრდა მაიკოს ქორწილი და წავა, ალბათ, ეს ზამთარიც, მაგისთვის თოვდა ამ წელს, დიდი თოვლი რომ არა, ხომ ვერ მოიყვანდა იმ ჩვენს სიძე კაცს ივანე სახლში?
- ჰო, კარგი გოგოა და თოვლმაც შეუწყო ხელი, თუმცა ერთ სასწავლებელში ყოფილან და იქაც გაიცნობდნენ ერთმანეთს როდესმე, მაგრამ თოვლმა მართლა დააჩქარა ეს ამბავი.
სოფლის გადასახვევთან, პატარა მღვიმის ახლოს მგზავრებს დამფრთახალმა მელამ გადაუჭრა გზა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა. მაინც დაინახეს ფიფქიან ბინდში და ატეხეს ყვირილი წინ მიმავალმა ვაჟებმა.
- ბიჭო, შეხედე, მელა!..
- არიქა, ესროლეთ რამე!..
- რა ვესროლო, შე კაცო?!.
- ე, ბიჭო, იქნება დავიჭიროთ!..
- გაუშვით, მაგის თავი აღარა გაქვთ თქვენ, მაგან მაშინაც უშველა თავს და ახლაც უშველის...
- კიდევ როდის უშველა თავს, დათია ბატონო, გვითხარით ჩვენც.
- როდის და მაშინ, ივანეს ხაფანგში რომ არ გაება, მაგია ყველაფრის მიზეზი, თქვენ კი თოვლს აბრალებთ. ივანეს რომ მელა დახვედროდა იმ საღამოს ხაფანგში, უცხო მგზავრისთვის ვეღარ მოიცლიდა და ჩვენი მაიკოს ქორწილიც დაგვიანდებოდა...
- მართალი ხარ შენც, დათია ბატონო, თუმცა რაღა დროს ამაზე ლაპარაკია... მოვუცადოთ ქალებს და გოგოებს, არ დაგვეკარგონ ამ თოვაში...
- აგერ მოგვყვებიან სიცილ-კისკისით, რაზე იცინიან ნეტავი?
- მოვუცადოთ და შემოვძახოთ ერთი სიმღერა, ქორწილიდან რომ მოვდივართ ხომ უნდა გაიგოს სოფელმა?
- მოვიდნენ გოგოებიც და ავიყოლოთ ისინიც...
- ჰე, რატომ არ ჩამოიარე, მე რომ დაგიბარე, ლალეეე!..
თოვს, ფიფქიან ღამეში გახვეულან მთები, მხიარული სიმღერით ბრუნდებიან ნაქორწილარები შინ.

2012 წელი, წიგნიდან: „ძველი გუთნიდედების მიწა“.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: Re: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე EmptySun Feb 03, 2019 10:20 am

გივი ჩიღვინაძე

ნაახალწლევს

ზამთრის მზე თვალისმომჭრელად აელვარებს სოფელის ვენახ-საყანეებში, გზებსა და ტყიანი მთების ფერდობებზე სქლად დადებულ თოვლს. დილის სუსხს შემთბარი ჰაერი ცვლის. სიმონას ჭიშკარს ბახო მიდგომია და მოუთმენლად ეძახის მასპინძელს.
– მოდი, კაცო, რა შორიდან იძახი? – სახლის კარს აღებს სიმონა და ეპატიჟება მეზობელს. იქვე მისი ცოლიც გამოყოფს თავს და ისიც შინ შესვლას სთხოვს ბახოს...
– მობრძანდი, ბახო, ნაახალწლევია, დაილოცე...
– არა, არა, რამდენჯერ დავილოცე უკვე!.. არ მცალია მანდ მოსასვლელად... შემოიცვი რამე და ბიჩინასთან გადავიდეთ ცოტა ხანს, – მიმართავს სიმონას.
– ხომ მშვიდობაა? – მღელვარება შეეტყობა მასპინძელს, – წამოგეყვანა აქეთ, ვილაპარაკებდით, ძროხა მოვლილი ეყოლება უკვე...
ბიჩინა მათი მეზობელია, ოღონდ უფრო ხნიერი, მათ ახლოს ცხოვრებს. ცოლი მეორე კვირაა ქალაქში ყავს გაგზავნილი შვილებთან – ცოტა ვერ გრძნობდა თავს კარგად და ექიმთან გავუშვი გასასინჯად, თან შვილიშვილებთან გახალისდება, მომჯობინდება და ნაახალწლევს ჩამოვაო. ოჯახს თვითონ უვლის მარტო. მეზობლები, ბახო და სიმონა, ხშირად შეუვლიან, გაშლიან საღამოს ღუმელთან სუფრას, საუბრობენ, იგონებენ ძველ ამბებს, ამბობენ სადღეგრძელოებს და ცოტა-ცოტას წრუპავენ წითელ ღვინოს... ორიოდე დღის წინ, ახალ წელსაც მეკვლეებად იყვნენ მასთან...
გამოდის სიმონა სახლიდან, გაცვეთილი ქურქი მოუხურავს მხრებზე და ინტერესით შეჰყურებს ბახოს თვალებში.
– რა იყო, ცუდად ხო არაა ი კაცი, ბიჭო? – მიახლოებისთანავე ეკითხება მოუთმენლად.
– კარგად არ უნდა იყოს იმის საქმე...
– რა ჭირს, ხომ არ გაცივდა, გუშინ საღამოს აღარ მინახავს, სიცხე აქვს, თუ ისეა სუსტად?
– არ ვიცი ჯერ, ვნახავთ და გავიგებთ, – მოკლედ ამბობს ბახო და თოვლიან ბილიკს მიჰყვება.
– კაცო, თუ არ გინახავს, რატომ გგონია ცუდად? – უკვირს სიმონას.
– მგონი, აურია მოხუცმა, ვეღარ უნდა იყოს ჭკუაზე...
– ნუ იცი ხოლმე შენ კაცის წაკბენა... რატომ ვერ უნდა იყოს ჭკუაზე?..
– მაცალე, სიმონა და გეტყვი... არა, მე რა ვიცი, მარა... ასე მგონია, რომ მარტო ყოფნით და ფიქრით ცოტა ჭკუიდან გადასული უნდა იყოს... ის ქალიც რაღას აკეთებს იქ? კარგად ყოფილა და ჩამოსულიყო, მიეხედა ე კაცისთვის...
– რატომ უნდა იყოს, ბიჭო, ჭკუიდან გადასული? გუშინ დილას კარგად იყო კაცი...
– გუშინ დილას კი იყო კარგად, მაგრამ დღეს?.. მივიდეთ, გადაიხედე ეგერ ეზოში და ნახავ შენც სანახვს...
– რას ვნახავ, კაცო?! – მოთმინება ელევა სიმონას და მეზობლის ეზოსკენ უკვე შეშფოთებული იყურება, – რა ხდება ეზოში?
– რა ხდება და, – წუთით ჩერდება ბახო, – ამდგარა ეგ შენი ბიჩინა და კარგი დიდი თოვლის ბაბუა დაუდგამს... ოთხმოცდასამი წლის კაცი რომ თოვლის ბაბუას დადგმას დაიწყებს, კარგად იქნება მისი საქმე, ჰა?!.
– რას ამბობ, კაცო?!. – ახლა უკვე ღიმილნარევი შიში ისახება სიმონას სახეზე, – იქნება სხვამ ქნა ვინმემ, ბავშვმა...
– რომელმა ბავშვმა, კაცო... სამიოდე ბავშვია ამ ჩვენს უბანში და რაღა ბიჩინას ეზოში შეიპარებოდა თოვლის კაცის დასადგმელად?..
ამ ლაპარაკით შედიან ბიჩინას ეზოში და ამაყად წამომართულ თოვლის ბაბუას აკვირდებიან. ირგვლივ სიწყნარეა. ლეკვობიდან გამოსული რუხი ნაგაზი ერთს შეჰყეფს, მერე მიუახლოვდება მოხუცებს და კუდის ქიცინით ფეხებზე გაეგლასუნება. მეზობლები სახლის კარს მიაჩერდებიან მოლოდინით... თოვლის ბაბაუა კი გარინდებულა ზამთრის მზეში და შეფიქრიანებულ მოხუცებს თითქოს ღიმილიანი მზერით უყურებს ნახშირის თვალებით...
– კაცო, ეს სტაფილო სადღა იშოვა ამხელა თოვლში, – თოვლის ბაბუას სტაფილოს ცხვირს აკვირდება თანდილა, – ბოსტანს გადათოვლიდა ახლა ეგ ერთი სტაფილოსთვის?..
სახლის ფანჯარაზე ფარდა გადაიწევა. ცოტა ხნის მერე კარი იღება და აბრწყინებული თოვლის გამო ხელით თვალმოჩრდილული ბიჩინა ღიმილით გამოხედავს თოვლის ბაბუასთან გაჩერებულ მეზობლებს.
– რას უყურებთ, კაცო, მაგას, არ მოგწონთ?..
მეზობლები ერთმანეთს გადახედავენ, მერე სიმონა პასუხობს გაუბედავად:
– მოგვწონს, კაცო, რავა არ მოგვწონს...
– როდის გააკეთე, ბიჩინა, ეს? – კითხვას ბედავს ბახო.
– რა გავაკეთე, ბიჭო? – ახლა ბიჩინაც გაკვირვებული უყურებს მეზობლებს, – ვის დასცინით თქვენ?.. მოდით აქ, მაგის გამკეთებელმა დაგინახათ და ბებიამისთან ერთად სუფრას გიშლით უკვე...
– ვინ, კაცო, ჩამოვიდა ვინმე?
– ჩამოვიდნენ, ჰო, ჩამოვიდნენ... ფეხით ამოსულან სოფლის ბოლოდან, მანქანას ვერ ამოეღწია დიდი თოვლის გამო აქამდე. ნიაკო ჩამოყვა ბებიამისს და გუშინ დაღამებამდე აკეთებდა მაგას... იმის ძმებიც ჩამოვლიან სამიოდ დღეში...
სახლიდან მალე თორმეტიოდე წლის გოგონა გამოდის და ღიმილით ესალმება თოვლის ბაბუასთან დამდგარ ბაბუებს... მერე ბებიაც გამოდის გარეთ, მეზობლებს მოიკითხავს და შინ ეპატიჟება:
– მობრძანდით, ნაახალწლევია, დაილოცეთ, თან ნიაკოს ჩამოსვლაც აღვნიშნოთო...
სამი ბაბუა სახლში შედის, რომლებსაც ბებია სუფრასთან იწვევს, ხოლო ნიაკო, ქვეყანას გუშინ საღამოს მოვლენილი მეოთხე ბაბუა და მუდამ კუდმოქიცინე რუხი ძაღლი გარეთ რჩებიან თოვლიანი ეზოს გასახალისებლად...

2019

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: Re: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე EmptySun Feb 03, 2019 10:22 am

გივი ჩიღვინაძე

თოვს, ცა ერად ჩამოდის
(ძველი საშობაო ამბავი)

თოვს, ისე თოვს, რომ ცა ერად ჩამოდის. გზები თითქმის შეუკრია სქლად დადებულ თოვლს. სოფლის განაპირას, ტყიანი სერის ახლოს მცხოვრებნი საფქვავს მოშორებით დაატარებენ - მთის მომცრო, ანკარა მდინარე რომ მოჩქეფს ხევში, იქა აქვთ პატარა წისქვილი. მეზობლები მას რიგ-რიგობით იყენებენ. წინა დღეებში მახნიას რიგი იყო, მაგრამ ყინულით დაფარული ბორბლის განთავისუფლება დაეზარა. ახლა ლაზარეს რიგია. მან შემოამსხვრია ყინულები ბორბალს, წყალი მიუშვა და აამუშავა. ამინდიც ცოტა დატკბა, ყინვამ იკლო და თოვა დაიწყო. მახნიას და დედამისს ამასობაში ფქვილი გამოელიათ, არადა მათი რიგის დადგომამდე კიდევ ერთი კვირაა გასასვლელი. მეზობლებთანაც პირშერცხვენილია მახნია, ალმაცერად უყურებენ, რადგან წისქვილი მისი რიგის დროს მისივე უმოქმედობით ყინულებით გაიჭედა. შობის დღესასწაული მოდის და ყველას უამრავი საფქვავი გამოუჩნდა, ვინაა ახლა მისთვის რიგის დამთმობი? ეს გვიქნა, შვილო, შენმა სიზარმაცემო, ეუბნება მახნიას დედამისი, იქნებ სხვა წისქვილზე მაინც წაიღო ეს საფქვავი და შობას მშივრები არ დავრჩეთო. მაგრამ მახნია ამბობს, სხვა როგორ დამითმობს რიგს, როცა ჩვენი წისქვილის მეწილეები არ მითმობენო?ასეა თუ ისე, ფქვილი გამოლეული აქვთ, თან ისე თოვს, ისე თოვს, რომ ცა ერად ჩამოდის და რამე უნდა მოიფიქროს მახნიამ. გადაატარა დიდი გუდით სიმინდი წისქვილზე მიმავალმა მეზობელმა, მოხუცმა ლაზარემ. უკვე მეორე გზას აკეთებს, წუხელ ჭრაქით მიდიოდა, დაინახა მახნიამ. წუხელვე იფიქრა, ღამით მოვპარავ ფქვილის ნაწილსო, მაგრამ დაკეტილი წისქვილის კარი უნდა გაეტეხა ამისთვის, ეს კი თვითონაც დააზარალებდა, რადგან წისქვილი მისიც იყო და თან მთელი ამბავი მოჰყვებოდა მის გატეხვას. ფქვილი მაშინ უნდა მოვიპარო, როცა წისქვილის კარი ღია და ალა კი სავსე იქნება, ისე რომ დანაკარგი მაინცდამაინც არ გამოჩნდესო, ფიქრობდა მახნია და ჩუმად აედევნა უკან ლაზარეს. თოვს, ისე თოვს, რომ ცა ერად ჩამოდის. წისქვილთან მისულმა ლაზარემ ბოქლომი გახსნა და კარში შეაბიჯა. კმაყოფილმა დახედა ფქვილით ავსებულ ალას, კარგად უმუშავნია მთელი ღამე ჩვენს წისქვილსო, ჩაილაპარაკა. ამასობაში მახნია წისქვილის ღარისკენ მიმავალ პატარა არხს მიადგა ჩუმად, მისი სათავე მოანგრია და წყალი მდინარის მთავარ კალაპოტში გადაუშვა. ცოტა ხანში ღარში წყალმა იკლო, ბორბალმა ტრიალი შეანელა, მერე კი სულ გაჩერდა. გაკვირვებული ლაზარე გარეთ გამოვიდა და წყალი დაკლებული რომ ნახა, პატარა არხის სათავისკენ წავიდა. წისქვილის კარი ღია დარჩა. მორღვეულმა სათავემ და თოვლზე დარჩენილმა კვალმა ლაზარე კიდევ უფრო გააკვირვა, მაგრამ გაკვირვება რას უშველიდა? მისი შეკეთება დაიწყო და წყალს ისევ წისქვილისაკენ მისცა გზა. ამასობაში მახნიამ, ლაზარეს რომ არ დაენახა, თოვლიან ბუჩქებს შემოუარა და ღიად დარჩენილ წისქვილში დურთა თავი, ლაფარას ხელი დაავლო, პატარა ჩანთა ამოაძვრინა უბიდან და ფქვილის ჩაყრა დაიწყო. როცა გაავსო, ზურგზე კი არ მოიკიდა, იღლიაში ამოიჩარა და გარეთ გამოიძურწა. ხევიდან ამოსული ერთ დათოვლილ ხეს მოეფარა და დაბლა, მდინარისკენ გააპარა მზერა. ლაზარეს ისევ გადაეშვა წყლის ნაწილი წისქვილისკენ და ახლა თვითონაც იქით მიდიოდა. დროზე გამოვასწარიო, გაიფიქრა მახნიამ, შემობრუნდა და თოვლიან ბილიკს დაადგა. მერე იქვე მდინარის შენაკად ღელეში ჩავიდა და კარგა ხანს წყალდაწყალ იარა, თავისი კვალი სხვისთვის რომ დაეკარგა. ბოლოს დათოვლილ ტყისპირს გაჰყვა შინისაკენ. მიდიოდა და ფიქრობდა, რა კარგად მოვიფიქრე ყველაფერიო. თავისი მოხერხებითა და ნადავლით გახარებული წისქვილს კარგა მანძილზე რომ გამოცდა აღიღინდა:
გამიშვი, თოვლიანო გზა,
მოშიებული ვარ მგზავრი,
შენს გარდა ვერვინ მიხვდება,
გუდით რომ მიმაქვს საგზალი...
იმ ჩვენს ლაზარეს რა უჭირს,
უკან მივუზღავ ზარალსა,
როცა მე დავფქვავ ჩემ წილსა,
ისევ ავუვსებ ალასა...
მართლაც ასე ფიქრობდა მახნია, მეც დავფქვავ სიმინდს და ლაზარეს მოპარულ ფქვილს ისევ ჩუმად ჩავუყრი ალაშიო. ამასობაში სახლს მიუახლოვდა და დედას დაუძახა, კეცები გაახურე, ფქვილი მომაქვსო. ლაზარემ, რა თქმა უნდა, გაიგო ფქვილის მოპარვა. იმასაც მიხვდა, წყალი მომპარავმა რომ დაუწრიტა წისქვილს, მაგრამ დიდად არ მიუტანია გულთან ეს ამბავი. თან რა ოსტატურად მომატყუაო, მოწონებით აქნევდა თავს მოხუცი. ეთხოვა და მივცემდი, ფქვილს როგორ დავუჭერდი. ვინ იყო ნეტავ, ეს ჩვენი მახნია ხომ არ იყო, მგონი ფქვილი აქვთ შემოლეული, თუ გაღმა სოფლიდან გამოვიდა ვინმე? ეჰ, ვინც იყო, ღმერთმა შეარგოს, კარზე შობაა მომდგარი, მისი მადლი შეგვეწიოს, ნახევარ ბათმან ფქვილს როგორ დავამადლი, ღმერთმა გაახაროს, ტვირთი მაინც შემიმსუბუქაო. ის კი აღარ ვიცი, დედა როგორ შეხვდა მახნიას, ან ჩაუყარა თუ არა როდესმე მან ლაზარეს მოპარული ფქვილის სამაგიერო ალაში. ასეა, ზოგი თავისი შრომის ნაყოფით ეგებება უფალს და ზოგიც ნაპარავით. ჰოდა, მერე ის განსჯის, ვის როგორ მიუზღას.
საღამოს თოვამ გადაიღო, ცა მოიწმინდა, შუაღამისას ტყიანი გორის თავზე მთვარე გადმოდგა და ვერცხლისფერი სხივებით მიულოცა თოვლში გატრუნულ მთებსა და სოფელს ქრისტეს შობის დადგომა.

2019

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: Re: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე EmptySun Feb 03, 2019 10:24 am

გივი ჩიღვინაძე

ალილო

ალილო შობის დღესასწაულის წინ იმართებოდა. იგი ქრისტეშობის მისალოცი ჩვეულებაა, ქრისტიანული წარმოშობისაა მისი ლექს-სიმღერებიც, თუმცა საფუძვლად თურმე მზისადმი მიძღვნილი უძველესი ქართული დღესასწაული უდევს.
ალილოზე სოფლის ახალგაზრდობა - ჭაბუკები და ბავშვები - შეიკრიბებოდნენ, ჩამოივლიდნენ დათოვლილ სოფელს და ყველა ოჯახს ულოცავდნენ ქრისტეშობას. თან ასეთ სიმღერას მღეროდნენ.

ოცდახუთსა და ამ თვესაო,
ქრისტე დაბადებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ,
ქრისტე განათლებულაო...
ღმერთმა ისე აგაშენოთ,
როგორც შიოს მარანია,
პური, ღვინო ბევრი მოგცეთ,
საწველელი მრავალია.

კახეთში ასეთი ლექსი იმღერებოდა:

ოცდახუთსა ამ თვესა ქრისტე დაბადებულა,
მადლი მახარობელსა, ქვეყნის გამხარებელსა.
სახლო, ღმერთმა აგაშენოს, მხიარულად დაგაშვენოს.

მესხეთში სხვანაირად მღეროდნენ:

ოცდახუთსა ამ თვესაო, ქათამი ქექდა ბზესაო,
დედი, ერთი კვერცხი მომე, შენი შვილების მზესაო.

მეალილოეები ყველა ჭიშკართან ჩერდებოდნენ, შევიდოდნენ თოვლით გადათეთრებულ ეზოში, სიმღერით ულოცავდნენ ოჯახს შობის დადგომას და თან მადლიერი მასპინძლებისაგან საჩუქრებს იღებდნენ - მწვადებს, ქათმებს, კვერცხებს, ღვინოს, ტკბილეულს, ხილს, ჩურჩხელებს და სხვა სანოვაგეს. ერთ მონაწილეს ეკიდა გუდა ან ეჭირა ჩანთები, რომლებშიც სანოვაგეს აგროვებდნენ, ჰყავდათ უფროსიც, იგი ხელმძღვანელობდა ამ სამხიარულო მსვლელობას.
ალილო საქართველოს თითქმის ყველა მხარეში იმართებოდა, განთქმულნი იყვნენ თურმე იმერელი მგალობლები. ისინი ასე მღეროდნენ:

ოცდახუთსა ამ თვესაო ქრისტე დაბადებულა, ალილო!
მოლხენა თქვენს ოჯახშია, სიმთელე და დღეგრძელობა!
არწევდნენ და არწევდნენ აკვანსა მეუფისასა, ალილო!..
ნუ იხარებს მტერი თქვენი, ნურც არა გაუხარიაო!..

ზოგ კუთხეში ალილო განსხვავებული წესითა და სიმღერებით სრულდებოდა. მეალილოეებს დიდად აფასებდნენ, მათ ყველა ოჯახი სიხარულით ხვდებოდა. შობაზე კაცი რომ მოვა და გიმღერებს, ეს იგივეა დიდი ძღვენი მიუტანო ოჯახსო, - ამბობდნენ სამეგრელოში. სვანეთში ამ დროს ერთი ოჯახი მასპინძლობდა მთელ სოფელს, - ეს ლასკარობა იყო, ლოცვა და ნადიმი ქრისტეს პატივსაცემად. აქვე მღეროდნენ საშობაო სიმღერებსაც. თუშეთში მეალილოეებს გამოუტანდნენ ალილოს ორ კოტორს (კვერს) არაყთან ერთად. რაჭაში ალილოზე ასეთი ლექსი იმღერებოდა:

ალილო, ალილო, ალილოოო,
ყველას ღმერთმა გაგითენოთ შობა ახალ-წელიწადი.
მთას ურემი გავსილიყო, წამოვიდა გორებითა, -
შენი ბეღელი აივსოს პურითა და ქონებითა!
ამოვახვიე გვრიჭები, დაგეზრდებიან ბიჭები.
არიელსა-მარიელსა, ნუ გაგვიშვებ ცარიელსა.
ჩვენ ხომ თხოვრები არა ვართ, ვართ ქრისტეს მახარობლები.
გამოგვიტანეთ კვერცხები, სიცივემ დაგვძრა ფეხები.
ი მგელი მიტომ მოვკალი, თხა შეგვიჭამა ნისლაო,
მასპინძელო, გამოგვხედე, სხვაგანაც გვინდა მისვლაო.

მოივლიდნენ მეალილოეები სოფელს, ბოლოს ერთ ოჯახს მიადგებოდნენ, დაიფერთხავდნენ თოვლიან ქურქებს და შევიდოდნენ შინ, თბილ კერასთან. იქ ინახავდნენ შეგროვებულ სანოვაგეს. მეორე დღეს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს ყველა თავის ოჯახში ხვდებოდა, საღამოს კი შეიკრიბებოდნენ და მასპინძელთან ერთად ნადიმობდნენ.
ამ ჩვეულებამ ჩვენს დრომდეც მოაღწია და ახლაც იმართება ხოლმე.

გივი ჩიღვინაძე
წიგნიდან: მზე შინა და მზე გარეთა
(ქართული დღეობა-დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები აღწერილი ბავშვებისათვის)

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: Re: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე EmptySun Feb 03, 2019 10:26 am

გივი ჩიღვინაძე

***
ისევ გავიჭერი მთებში და
ნისლი მოვიხვიე ზამთრის,
სადაც სიხალისე ფრთებს შლიდა
ახლა მონატრება დათრთის.
ქარებს ქარაფებზე აშლილებს
ფიქრი გავადევნე ლანდად,
თითქოს ძველებურად მამშვიდებს
ნისლის მოქანავე ფარდა.
სანამ მდუმარება შემშლიდეს,
მინდა ჩემს ოცნებას ჰგავდე,
თეთრი ფანტელებით შენ შლიდე
გულში შემოპარულ დარდებს.
ციდან - ოცნებათა პეშვიდან -
მწვდება იმედების ნართი,
სულშიც, მონატრებულ მთებშიდაც
თეთრი სიმშვიდეა ზამთრის...

გივი ჩიღვინაძე, წიგნიდან „მთების ხსოვნაში“.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5324
Registration date : 09.11.08

გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: Re: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე EmptySun Nov 03, 2019 2:12 pm

გივი ჩიღვინაძე

შემოდგომა

გადაჰყვა ფერები ოქტომბერს,
მიქრიან ქედებზე დღეები,
აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს
ნიავის ჩურჩულში ტყეები.

საბძელთან დავცალეთ ძარები,
მარანში ღვინდება მაჭარი,
სუყველგან ავიღეთ ყანები:
სად - ქერი, სად - ფეტვი და ჭვავი.

ვაგროვეთ წაბლი და წიფელი,
კაკალი მოვიდა იმდენი,
იქით რომ ზიდავდნენ ციყვები,
აქეთ ჩვენ ავავსეთ გიდლები.

ტყისპირას მწიფდება კუნელი,
ფერდობზე - შქერი და ასკილი.
გაისმა მწყემსების ძახილი -
მთებიდან ბრუნდება ნახირი.

ბეღელში ბლომად გვაქვს სიმინდი,
ხორბალი - ასამდე ბათმანი...
დათოვოს ტყეები და მთანი,
ვეღარას დაგვაკლებს ზამთარი.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




გივი ჩიღვინაძე Empty
PostSubject: Re: გივი ჩიღვინაძე   გივი ჩიღვინაძე Empty

Back to top Go down
 
გივი ჩიღვინაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: