არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნინო ქუთათელაძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptySun Nov 25, 2012 12:55 am

ნინო ქუთათელაძე Nino_k10
Nino Kutateladze

ნინო ქუთათელაძე

დაბადების თარიღი: 28 ივლისი, 1952
კატეგორია: პოეტი; ჟურნალისტი; მხატვარი; საქართველოს ტელერადიოკორპორაციის ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის თანამშრომელი.

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1975 წელს.
საქართველოს ტელერადიოკორპორაციის ლიტერატურის განყოფილების გამგე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
* საქართველოს ეროვნული მწერალთა კავშირი
* საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია

ბიბლიოგრაფია
* რჩეული /2012/
* ლექსები, პოემები / ნინო ქუთათელაძე ; [რედ. ლილი გერაშვილი ; მხატვ. ნინო ქუთათელაძე]. - [თბ. : ეთნოპოლიტიკა : იულონ ტოლიაშვილი, 2012]. - 190გვ. ; 20სმ.. - ISBN 978-9941-0-4356-7
* ტფილისური ნოველები / ნინო ქუთათელაძე ; [რედ.: ლილი გერაშვილი, დავით კახაბერი (გამოც. რედ.) ; მხატვ. ნინო ქუთათელაძე]. - თბ. : "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2009. - 112გვ. - ISBN 978-9941-0-1740-7
* "ბრძენთა ვარამი"/2005/ დაგვიანებული წერილები ლევან გოთუას / [რედ.: მიხეილ ქურდიანი]. - თბ. : ეროვნული მწერლობა, 2005. - 95გვ. - ISBN 99940-0-621-5
* "შვიდი პოემა" /2002/ თბ. : ოპიზა, 2002. - 96გვ.
* ჰოი, ლიპარიტ! : პოემა, ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 80გვ.. - ISBN: 99928-16-56-2
* თეთრი ათინათი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 68გვ.
* მუსიკა სცენიდან : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1989. - 47გვ.
* სამი მონოლოგი : პოემები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 68გვ.
* ფოთლის ფარდა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1980. - 42გვ.

ბმულები:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000478/
* http://gf.ghn.ge/author.php?name=ქუთათელაძე ნინო
* https://www.facebook.com/nino.qutateladze.77
* http://www.radio1.ge/AudioView.aspx?ID=8129
* http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=ქუთათელაძე ნინო



Published on Sep 18, 2012 by GeolibTV

18 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ნათია გიორგაძის წიგნის "ელასამონი" პრეზენტაცია.

პოეტი ნინო ქუთათელაძე ნათია გიორგაძის შემოქმედებაზე საუბრობს.

study


Last edited by Admin on Sat Feb 14, 2015 6:23 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptySun Nov 25, 2012 12:58 am

ნინო ქუთათელაძე

ვედრება მუზისადმი

დალ, დალალებოქროსფერო,
ლალისფერი მზე გალალე,
თვალი თვალში აელვარე,
დაგაფიცებ, დალ, დალალებს.
დალ, ეგ შენი ლალთვალები
გვირილების ფურცელ თვალე,
შემაფარე ლელიანში,
ასიმღერდი: დალდალალე!..
დალ, კეთილო უფალქალო,
თაფლის სანთელს ვატკვარცალებ,
ხელის თითებს დაგიკოცნი,
დალდალალე, დალდალალე.
შენი ხელი არ მომაკლო,
თბილ ფერებში იალალე,
ფერთბილი და თვალნათელი
ჩემს სარკმელთან ჩაატარე,
ილექსე და ჩემი სული
ჩააწანი შენს დალალებს...
დალ, ეს ჩემი სიყვარული
სიყმაწვილედ ჩამითვალე!
დალ, შუბლი არ დაიღრუბლო,
ასიმღერდი: დალდალალე,
დალდალალე, დალდალალე!

study


Last edited by Admin on Sat Feb 14, 2015 6:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptySun Nov 25, 2012 1:00 am

ნინო ქუთათელაძე

მე შენ მოგიტაცებ


მე შენ მოგიტაცებ
ყველა ღმერთის ჯიბრზე,
ყველა ღრუბელს იქით გადაგმალავ...
ჩემმა სიყვარულმა შენი სახლის კიბეს
როგორც გაზაფხულმა, ისე ჩაუარა.
და თვით ღმერთებს თითქოს
უღმერთობა სწამდათ
იასამნისფერი ზეცის ჯვარზე მეტად...
და მეც ეშაფოტზე ამიყვანენ ალბათ,
შენ გაგხდიან ჩემი უღმერთობის ღმერთად.
ხალხი კვლავ იმღერებს სასიკვდილო
ფსალმუნს,
ჩემი თბილი სისხლით დახატავენ ქალაქს,
როცა შემიყვარებ მე - მიწიერ ასულს,
წავალ სხვაგან, წავალ, წავალ.
ცა იქნება სხვისი,
მზე იქნება სხვისი
და შენც არ იქნები ჩემი ალბათ,
დახატავენ ქუჩებს ჩემი თბილი სისხლით,
ოც კარიბჭეს ქვისას დაუდგამენ ქალაქს.
ვიცი შემიყვარებ, ვიცი,
ვიცი, ვიცი,
მე კი მაშინ შენგან
წავალ, წავალ, წავალ!..

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptySun Nov 25, 2012 1:07 am

ნინო ქუთათელაძე

***


მე ვემზადები თვითმკვლელობისთვის
ისე, რომ თავსაც კი არ ვუტყდები,
მე ვემზადები წყალდიდობისთვის
და სიმებივით თრთიან წუთები.
წამი და წვეთი ერთად წრიალებს,
აწრიალებულს წამლავს ცხოვრებას _
მახსოვს, მზესავით რომ ჩაიარე
და სიკვდილშიაც მემახსოვრება.
რა არის ხსოვნა? _ ერთი წუხილი,
ცრემლის მარცვალი, სულში რომ სძინავს,
მარადიული მისდევს უხილავს
და ელოდება სინათლის წვიმას.
ვიცი, გამოცდა ისე მწარეა,
სიხარულისთვის ვეღარ მოვიცლი,
ეს მძორი უკვე ნასახლარია
და ვემზადები თვითმკვლელობისთვის.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptySun Nov 25, 2012 1:08 am

ნინო ქუთათელაძე

***


მე ფოთლებივით მცვივა დარდები,
რაკი სხეული შემოდგომაა
და სიყვითლისგან მინდა ავტირდე,
რაკი სხეული შემოდგომაა.
შემოდგომაა ჩემი აპრილი,
ჩემი მაისიც შემოდგომაა,
შემოდგომაა, რაც გავიარე,
და გასავლელიც შემოდგომაა.
მე ფოთლებივით მცვივა ჩიტები,
თეთრი ჩიტები ჩემი სხეულის,
ვარ დალეული წყაროს წყალივით
და სიმინდივით გადამტვრეული,
მაგრამ არ მტკივა არც ერთი ნეკნი,
არც სისხლი მწამლავს მოხეტიალე,
შემოდგომითაც ამოდის მზე და _
ერთი დღე მაინც გაიმზიანებს.

Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptySun Nov 25, 2012 1:09 am

ნინო ქუთათელაძე

ქარს


ქარი, რომელიც დაჰქრის,
ქარი, რომელიც სერავს,
ქარი, რომელიც ბურღავს,
ბოლოს მოგვიღებს ყველას.
ქარი, რომელიც აღებს,
ქარი, რომელიც ხურავს,
ქარი, რომელიც ახვევს
თავის ცეცხლს ხატაურას.
ქარი, რომელიც ქანცავს,
ქარი, რომელიც დაობს,
ქარი, რომელიც ფანტავს
სულში დაქენქილ ქაოსს.
ქარი, რომელიც დაძრწის,
ქარი, რომელიც სუსხავს,
ქარი, რომელიც გვაცლის
და მერე გვაცლის სულსაც.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptySun Nov 25, 2012 1:10 am

ნინო ქუთათელაძე Nino_k11

ნინო ქუთათელაძე

შაგალის საათები


მე დავთქვამ ვადას ჩემი სიცოცხლის,
ხანგრძლივ სიამის
და ლურჯ საათზე როცა ჩამოჰკრავს
ლურჯი თორმეტი,
ყველა ლოცვას და ყველა ტკივილს
ერთად გავიტან
ამ სამოთხიდან იმ სამოთხემდის...
მე დავთქვამ ვადას წყლის მოქცევის,
გზათა უკუსვლის
და ლეგა საათს თავს დაატყდება
ლეგა თორმეტი,
და წარსულიდან წამოსული წამოწვეთს ქარვა,
მომაგონდება ისიც, რასაც ვერ ვიგონებდი.
მე დავთქვამ ვადას,
როცა გაწყდება სიმი ყოველი,
როცა ნაჯახით გაჩეხავენ ვარდისფერ საათს,
როცა თორმეტი _ ვარდისფერი
აღარ დარეკავს
და რაც აქ დარჩა, ისიც კი წავა...
მე დავთქვამ ვადას,
ცისფერ ვადას დაგითქვამთ, ძმებო,
ჩვენი შეხვედრის, თავშეყრის და
თავის გატანის,
რაღაცა ვუთხრათ ამ გარიყულ ყვავილებს ველზე,
ბავშვებს _ საჯიშე ცხენებივით გამოზრდილებს,
ვუთხრათ მართალი;
როგორ ბერდება აკვანშივე სისხლი და სული
და როგორ წვეთავს გონებაშიდაღლილი ღმერთი,
გათიბულ მინდვრებს როგორ სტკივათ
მოჭრილი მკერდი
და ითვლის წუთებს დრო,
რომელიც არსად არ არის.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptySat Feb 14, 2015 6:16 pm

ნინო ქუთათელაძე

ნოდარ წულეისკირს


არ მიყვარს ინტერნეტში ლექსების არც გამოქვეყნება და არც კითხვა, ტექნიკა ხელს მიშლის პოეზიის აღქმაში, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა. ძალიან მიყვარდა, პატივს ვცემდი მის ნაღვაწსაც და პიროვნულ თვისებებსაც... ძალიან დამწყვიტა გული. ჩემს თავს ვერაფრით ვაპატიებ, რომ ამდენი ხანი ვერ ვინახულე. მაპატიეთ, ბატონო ნოდარ, უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიეთ!


ცოტამ იცხოვრა მწერალივით
სუფთად და ლაღად,
ცოტამ ისხურა მწუხარების წვიმის წვეთები...
თქვენც ალბათ წახვალთ,
უფლისმიერ სინათლეს ნახავთ
და გამოარღვევთ მდუმარებას თავგამეტებით;
თავგამეტებით, მაგრამ წუთით,
იქნებ - საათით,
რადგან ყველას წვავს
საკუთარი დიდების ცეცხლი;
და ეს დიდებაც
სატყუარა სულისდგმა არის,
სხვა არაფერი,
არაფერი ამაზე მეტი.
თქვენ მიხვდით ამას,
როცა ტაბუ დაადეთ სათქმელს
და უთქმელობით ზიდეთ
თქვენი ტკივილის ტვირთი...
ო, ვინ რა იცის, როგორია ღამის საბანი
როცა გხურავს და მზისაგან იწვი,
როცა თვალებში ჩაგწურვია უკიდეგანო
დარდი მამულზე
და სიტყვათა მდუმარე სივრცე...
ცოტამ იცხოვრა მწერალივით
სუფთად და ლაღად,
ცოტამ ისხურა მწუხარების წვიმის წვეთები...
თქვენც ალბათ წახვალთ,
უფლისმიერ სინათლეს ნახავთ
და ცოდვილ სულებს
ვეღარაფრით შეგვეშველებით!

13.07.2013

და ისევ მენატრებით, როგორც იმ დღეს, როცა ეს ლექსი დავწერე.

https://youtu.be/uHQkTvfmONQ

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 10
Age : 36
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptyMon Jul 15, 2019 9:29 am

ნინო ქუთათელაძე

„ჩემთვის პოეზია ცხოვრებაა... ეს არის ერთადერთი რგოლი, რომლითაც მიბმული ვარ ამ ქვეყანაზე“

- ქალბატონო ნინო, თქვენ პოეზიაში ტრადიციულ მაგისტრალურ გზას აგრძელებთ. როგორ ფიქრობთ, ის პოეტები, ვინც ეპატაჟითა და თავის გამოჩენის რაიმე პოპულისტური მეთოდით არ იმკვიდრებენ თავს, დღეს როგორ უნდა იპოვოს მკითხველმა, როცა არც კრიტიკაა, წიგნებიც ვერ აღწევს საქართველოს მასშტაბით, რეკლამა კი ერთი და იგივე მწერალს უკეთდება?
- მე არ ვთვლი, რომ ტრადიციულ მაგისტრალურ ხაზს ვაგრძელებ, თუმცა რითმიან ლექსს ხშირად ვწერ და დღემდე მგონია, რომ ყველა სათქმელს თავისი ფორმა სჭირდება. არის ლექსი, რომელიც პირდაპირ, ჯიქურ მოითხოვს რითმას. საერთოდ, ცნობილია, რომ მხატვარმა თუ ხატვა არ იცის, ის ვერასოდეს გახდება კუბისტი, იმპრესიონისტი, სიურრეალისტი ან სხვა და სხვა. ასეა რითმიანი ლექსიც... თუ რითმიანი ლექსის წერა არ შეგიძლია, შენ პოეტი არც ხარ (ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა). ლექსი კი არ უნდა აკეთო, საჩუქარივით უნდა მიიღო უფლისგან. ჩემი სტიქია რიტმულად მოწესრიგებული ვერლიბრია. ის არ გიზღუდავს სათქმელს, არ გიწესებს ჩარჩოებს, განგაწყობს სააზროვნოდ... მე ჩემს მასწავლებლად ქართული საგალობლები მიმაჩნია, ოდნავ არეული რითმითა და სათქმელის სიღრმით, განუმეორებელი რიტმითა და სულიერი სიფაქიზით. აი, სწორედ მათში მჟღავნდება, რომ სიტყვა უფალია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საგალობელი რელიგიის კუთვნილებაა, არამედ იმიტომაც, რომ მასში სიტყვისა და სათქმელის ესთეტიკა აბსოლუტურად თანხვედრილია.
რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, ეს ნამდვილად არ ვიცი... მე რომ ეს მცოდნოდა, არც ადრე ვიდგებოდი სადღაც კუთხეში და არც ახლა ვიქნებოდი გამოუვალ სიმარტოვეში. ლიტერატურული კრიტიკა კი ძალიან რთული დარგია, დიდ განათლებასა და ანალიტიკური უნარის ქონას მოითხოვს. ეს ისეთი სფეროა, სადაც სუბიექტური დამოკიდებულებები გვერდზე უნდა გადადო და რეალობას თვალი გაუსწორო, რაც თითქმის გმირობის ტოლფასია. ლიტერატურული კრიტიკა შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყანაში ყვაოდეს, რომელმაც იცის, რა უნდა, რა არის მისი მიზანი, რა ამოცანები დგას საზოგადოების წინაშე... ილიამ ეს იცოდა! ჩვენ ვიცით? - არა! აბა, რა კრიტიკაზეა ლაპარაკი. ამასთან, ეს მძიმე შრომაა და მას შესაფერისი ანაზღაურებაც სჭირდება. ლიტერატორის შრომას კი დღეს ფასი არა აქვს და სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს ეროვნული კონცეპცია. აქედან გამომდინარეობს საზოგადოების ზედაპირულობა და იმ მწერალთა და პოეტთა რეკლამირებაც, რომელნიც თავის თავს თვითონ ახვევენ მასმედიას.

- როდის და როგორ დაიწყეთ წერა? რა არის თქვენთვის პოეზია?
- წერა მაშინ დავიწყე, როცა ასოების გამოყვანა შევძელი. ჩემი პირველი ლექსი არავის ჩაუწერია, მე თვითონ დავწერე მოღრეცილი და მსხვილი ასოებით. ჩემთვის პოეზია ცხოვრებაა და როცა წერას შევწყვეტ, ესე იგი, დასრულდა ყველაფერი. მართალი გითხრათ, ეს არის ერთადერთი რგოლი, რომლითაც მიბმული ვარ ამ ქვეყანაზე.

- რით განსხვავდება 21-ე საუკუნის პოეტის საფიქრალი მე-20 საუკუნის პოეტის საფიქრალისგან?
- 21-ე საუკუნის პოეტის საფიქრალი მხოლოდ ნიუანსებით განსხვავდება მე-20 საუკუნის პოეტის საფიქრალისაგან, რადგან ენა, რომლითაც ჩვენი მწერლობა საზრდოობს, დღეს გერის როლშია. მაშინ თუ რუსული გვეძალებოდა, ახლა ინგლისურის ამერიკული დიალექტი გვიტევს. თანამედროვეთა თხზულებებში ისეთი ენობრივი კონსტრუქციები გაჩნდა, დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში. ამას, რა თქმა უნდა, დიდად შეუწყო ხელი ჩვენმა განათლების სისტემამ. ახლა, მართალია, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არ გვჭირდება, მაგრამ ფიქრის, აზროვნების დეფიციტი, დიახაც, სახეზეა, ეროვნულად აზროვნების საჭიროება ხომ საერთოდ გამოირიცხა.

- ვინ არიან თქვენი რჩეული ავტორები და რატომ?
- ვგიჟდები ბარათაშვილზე! მან, სრულიად ახალგაზრდა ადამიანმა, შესძლო დაენახვებინა ჩვენთვის, რისთვის და რატომ უნდა იცხოვრო კაცმა. კი... წუთისოფელში ყველაფერი ამაოა, გვეუბნება ის და ამასვე გვასწავლის „ეკლესიასტეც“, მაგრამ შენ იმისთვის მოდიხარ, რომ აშენო მომავალი, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს... ეს მთელი ფილოსოფიაა, გააზრებული და გათავისებული ფილოსოფია. ტყუილად კი არ ეთაყვანებოდა გალაკტიონი ბარათაშვილსა და აკაკის. მას სურდა ეს ორი ფენომენი შეერწყა საკუთარ პოეზიაში _ აზრი და მუსიკა. ხშირად ვკითხულობ ფრანგ და რუს სიმბოლისტთა ნაწარმოებებს, თუმცა, ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ ფრანგული არ ვიცი. ვცდილობ, წელიწადში ერთი-ორჯერ მაინც წავიკითხო „ვეფხისტყაოსანი“. ნეტავ, იცოდეთ, როგორ მეხმარება ეს ნაწარმოები ცხოვრებისეული პერიპეტიების ახსნაში, მეხმარება სასოწარკვეთილებისას, მეხმარება ყოველდღიურ ყოფაში. მიყვარს მიხეილ ჯავახიშვილი, რადგან მის ნაწარმოებებში ქართველთა სულიერი სამყარო სუნთქავს. ამ ბოლო ხანს უფრო და უფრო მივეძალე ფილოსოფიურ ლიტერატურას. ამის გამო ხანდახან საკუთარ თავსაც დავცინი, როგორც ჩანს, დავბერდი-მეთქი. მეტი რა გითხრათ?!

- ცოტა ხნის წინ თქვენს გადაცემაში „სარკმელი“ვისაუბრეთ პოეზიაზე და მის ბედზე დღევანდელ სამყაროში... რატომ უნდა უჭირდეს პოეზიას, როცა საქართველოში ყოველი მეორე ლექსებს წერს?
- ლექსის გაგება ძალიან რთულია... მის გაგებას სპეციალური მომზადება და გული სჭირდება. თანამედროვე საზოგადოებას უტილიტარული, მომხმარებლური დამოკიდებულება გაუჩნდა სამშობლოს მიმართაც კი და ლექსი რაში უნდა მოიხმარო, მათი გაგებით, რა თქმა უნდა. თუ ლექსი არ დამასახლებს, სარგებელს არ მომიტანს, რატომ წავიკითხო, აი, თანამედროვეთა ფსიქოლოგია. რასაც ყოველი მეორე წერს საქართველოში, თქვენ გგონიათ ლექსია? ეს სიტყვების გროვაა და ამ სიტყვათა საერთო რაოდენობა 100-ს იშვიათად სცდება. ჩვენში ამ თვალსაზრისით, მაინც უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე დღევანდელ ევროპაში. გოეთესა და ჰაინეს ქვეყანაში თითქმის აღარ იწერება ლექსი. ეს ტრაგედიაა! და იცით, რატომ? ადამიანები აღარ განიცდიან კათარზისს, ცრემლი მხოლოდ ფიზიკური ტკივილისას თუ მოადგებათ თვალზე... პოეზია კი კათარზისის სათავეა!

- თქვენ ლევან გოთუასთან მეგობრობდით... ხომ ვერ გაიხსენებდით მასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ შემთხვევას, ან სიტყვებს, რომელმაც თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა?
- ერთ საოცარ ამბავს მოგიყვებით, არსად მომიყოლია და... მე, რა თქმა უნდა, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გავიცანი ლევან გოთუა. მოგეხსენებათ, რა წლები გადაიტანა ვორკუტაში, სოლოვკებზე და გახსენებაც არ მინდა, კიდევ სად... ვერ იტანდა, როცა ვინმე რუსულად საუბრობდა, სახე აენთებოდა ხოლმე, თავს ძლივს იკავებდა, სახეზე ისეთი ტკივილი გამოეხატებოდა, თითქოს ისევ მიწურში იწვა და სიცივისაგან სუნთქვა ეკვროდა. ერთხელ ბატონი ლევანის დებს, თინათინსა და თამარს ვესტუმრეთ, ბიძია ლევანიც იქ დაგვხვდა. მე და მამას თან გვახლდა მამიდაჩემიც, რომელსაც ქართული კი ესმოდა, მაგრამ მშობლიურ ენაზე თითქმის არ ლაპარაკობდა... გადაირია და ბოლოს ისიც კი თქვა, ეს ქალი თუ კიდევ მოვა, წინასწარ გამაგებინეთ, რომ მე არ მოვიდეო. მაშინ ეს ძალიან გამიკვირდა. ახლა მესმის მისი... მეც ასე ვარ, ინგლისური რომ მესმის ტრანსპორტში, ან ქუჩაში, თავს ვერ ვიკავებ, რადგან ვიცი, რომ სიამტკბილობითა და ფლიდობით მოსული მტერი მტერზე მტერია. არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს ინგლისურ ენაზე შექმნილი ლიტერატურა არ მიყვარდეს, ძალიან მიყვარს უიტმენის, ეზრა პაუნდის, თომას ელიოტის, ემილი დიკინსონის პოეზია და ზოგი მათგანი ორიგინალშიც წამიკითხავს, მაგრამ უკვე კარგა ხანია, აღარ დავბრუნებივარ მათ შესანიშნავ და ამაღელვებელ თხზულებებს.

- თქვენი თარგმნილი წიგნი ანდრეი ბელის რომანი ხანგრძლივი დროის მერე გამოიცა. რატომ აირჩიეთ ამ წიგნის თარგმნა და რას ნიშნავს თქვენთვის მისი გამოცემა?
- ჰო, ახლა თქვენ შეგიძლიათ, მკითხოთ, მაშ, ანდრეი ბელის შემოქმედება რაღად თარგმნეო? ჩემთვის ლიტერატურა და პოლიტიკა აბსოლუტურად გამიჯნულია ერთმანეთისაგან. მაშინ, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ბევრი იყო გატაცებული რუსული ლიტერატურით (სამწუხაროდ, დღეს ინგლისურენოვანი მწერლების შემოქმედება არავის აინტერესებს), უმეტესობას ესენინისა და ბლოკის ლექსები ხიბლავდა. ჩემთან გაცილებით უფრო ახლოს იყვნენ: რუსული ლექსის ნოვატორი - ვლადიმერ მაიაკოვსკი და სრულიად ფენომენალური ანდრეი ბელი, ბორის ნიკოლაევიჩ ბუგაევი. პირველად ანდრეი ბელის „პეტერბურგი“ ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა მაჩუქა, რადგან იცოდა ჩემი გატაცების შესახებ. მას შემდეგ მე და ანდრეი ბელი არ დავშორებივართ ერთმანეთს. მხოლოდ ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ახლებურად გაიხსნა ჩემთვის მისი პოეზია. ამ წიგნის გამოცემა დიდი ხანია, მინდოდა, მაგრამ ვთვლიდი, რომ ამგვარ წიგნს ძალიან დაინტერესებული პირი თუ გამოსცემდა, ამიტომ ხელნაწერი სახლში მედო და არავის ვაწუხებდი.
„პეტერბურგის“ გამოცემით ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი დასასრულია და, ამასთან, ის ანდერძი თუ თხოვნაც შევასრულე, რომელიც ჩემმა ბაშვობის მეგობარმა, მიხეილ ქურდიანმა დამიბარა. როცა ის საავამყოფოში მოვინახულე, დამიმარტოხელა და მითხრა, მე ალბათ ვეღარ და როგორმე შენ თვითონ უპატრონე შენს შემოქმედებასო, აუცილებლად გამოეცი, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, „პეტერბურგი“, დაასრულე შენი ნაშრომი ლევან გოთუაზე, დაწერე ბიოგრაფიული რომანი, და კიდევ... გახსოვს? - ჩვენ ერთად გვინდოდა დაგვეწერა ისტორიული პიესა გორგასალის ეპოქაზე, ესეც შენ უნდა გააკეთო უჩემოდ... ერთი პუნქტი შესრულებულია! სანამ ყველაფერს არ გავაკეთებ, ვიცი, რომ უფალი დამინდობს და არ მიმიხმობს თავისთან, თუმცა მე ამისთვისაც შინაგანად მზად ვარ.

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

„ანეული“, №2, 2015


study
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 10
Age : 36
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptySun Aug 11, 2019 1:33 pm

ნინო ქუთათელაძე

ნინო თარიშვილს

ყვავილების მაგიერ დაბადების 80 წლისთავზე

ისე უჩუმრად, მოკრძალებით მოდის მაისი,
თითქოს გულზე არ გადიხმაურა,
წლების ნატერფალ-ნატყვიარები
გაიყოლია ათას სამუმად.
და სიჩუმეში მკრთალდება ბინდი,
გადანისლულა ღამე ყოველი...
რაღა იქნება სიცოცხლის იქით,
რა დაინახავს მკლავებს მოცელილს,
რა დაინახავს გათიბულ მინდვრებს,
დაკრეფილ ვარდებს რა დაინახავს?!.
როგორ ბრუნდება ისევ და ისევ,
როგორ აწყდება ლექსი ღია კარს;
როგორ ზეიმობს სიჩუმე ცივი
და რა ფერებით, მათ რა იციან?!.
მიხაკის ნაცვლად მზის ხავერდები
გაუფენია გზაზე ტიციანს.
თეთრი სინათლე ისევ ყვავილობს
და ეს სინათლე მძლეთა სულია;
ღამენათევი ლექსით პაოლოს
ჩამოუცლია გული სრულიად...
და როცა ლურჯი იღება ფარდა
და სარკეებში თვლემენ იები,
ის ლანდიც მოვა ნაგვემ-ნაცემი,
მაგრამ დიდი ხნის ნაპატიები.
და ლექსი ისევ ამტვრევს დარაბებს
და იმ ლექსების სიცოცხლე მიაქვს,
ამდენ აშარ და ავყია ასულს
როცა ამქვეყნად პოეტი ჰქვია.
ერეკებიან ლექსებს და ლანდებს
თეთრი დროშები წვიმის და თოვლის
და ყოველდღიურ მძიმე ყოფაში
სინათლე მოაქვს სიჩუმეს ყოვლის.
ვიცი, წავიდნენ, აღარ არიან,
არვინ მიუტას ათსფერ ყვავილს...
კდემას, სიჩუმეს და მოკრძალებას
მონდა მიწამდე დავუკრა თავი.

study
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptyThu Nov 14, 2019 2:49 pm

ნინო ქუთათელაძე

მონოლოგი „შუშანიკის საგალობელი“

რწმენა

საგალობელი 1.

სინათლესავით იღვრება სულში
და როცა მისი მორჩილნი ვხდებით,
აღარსაით ჩანს გზები პირქუში,
არ გვახსოვს წვაში გამქრალი წლები.
აშენებ სხეულს, როგორც სასახლეს
და აღარ გტკივა მოჭრილი მკლავი,
როცა შენს სულში სამშობლო იძვრის,
როცა სხეულში სიმშვიდე ჰყვავის.
გარდასულ დღეებს ბინდი დაათოვს,
მტერი წალეკავს ჩამტკბარ სიცოცხლეს,
უძრავ და უთქმელ ცხოვრების ნაყოფს
ჟამი ილოკავს, როგორც ჭრილობებს.
ნისლია იქით, რასაც ვერ ხედავ,
რასაც ვერ არქმევ სახელს და განცდას...
ფიქრს და წვალებას ‒ ვით მეხთატეხას ‒
უნდა დაედოს სამანი სადღაც.
და შენი წილი შრომა და დაღლა
თუ გამოსტაცე მტერსა დუშმანს,
თუ შენს ხელშია შენი ნათელი,
არ მიიხედო არასდროს უკან.
სინათლესავით იღვრება სულში
სამშობლოს ხსნისთვის ცისკრად შობილი,
ისევ ისეთი როგორიც გუშინ
უწმინდესი და პირველყოფილი.
.
წინათგრძნობა

საგალობელი 2.

ნუთუ არ დარჩება ჩემთვის
სიმაღლე ჩემი წილი,
ნუთუ არ დამინდობს ბედი
ღმერთისგან ბოძებული;
რა ვქნა, მამულო,
მაჩვენე გზა,
ან ზღაპრის კვალი,
რომ თან გამოვყვე
სიცხეს და დაღლას...
გარემოს ისეთი ნისლის საფარი
შემოუბურავს,
რომ ჩემს სუსტ მხრებზე
ბეღურაც კი გაიყინება.
თვით სატანაა შემოსული
სიჩუმეში, სიმყუდროვეში.
ფრთხილი ნაბიჯით
სიმარტოვე მიახლოვდება
და დადრეკილი ჩემი მუხლები,
აპყრობილი ჩემი ხელები
გევედრებიან არმოცილებას,
მარტოსინათლევ,
მარტოსინათლევ,
ჩემს მკერდში ჩაჩეხილო,
და აღმდგარო, აღზევებულო...
.
შევედრება

საგალობელი 3.

ვაზად მაქციე...
და მტევნებით ხელდასხმული
ველოდები შენს დანდობას,
წმინდაო დედავ!
შენ აქციე ჩემ სიმდიდრედ
მათი სიმდიდრე
და ახლა უნდა გაიბზაროს
მათი ხატი,
სინათლე მათი...
შენს წამებულ შვილს შეგავედრებ!
წამების ლანდი
მგლის სახით მომდევს.
ოღონდ მე შევრჩე ორივე ხელში,
ოღონდ მე დამხრას
და დამაქციოს,
ესენი იხსნას ‒
ჩემი მტევნები
ჯერუმწიფები!
ყველა ტკივილს
და ალს გავუძლებ,
ყველა სევდას
და გზას გავუძლებ,
ყველა სიცხეს
და ქარს გავუძლებ!
შენს წამებულ შვილს შეგავედრებ,
წმინდაო დედავ,
შენ ულმობელი დრო აქციე
შენს შემომქმედად
და შენი სული ორ არსებაში
ჩადგა და დრტვინავს,
ყველა გალობა დამისეტყვე,
ყველა სიმღერა გამიკვნესე,
ოღონდ ეს ოთხი,
ოთხი ლექსი
გაუნაპირე
წუთისოფლის მძვინვარე ხელებს!
.
ბრალდება

საგალობელი 4.

არ დაუგესლავს,
არ მოუკლავს მძევალი შვილი,
(მხოლოდ დამარცხდა,
უკვე დამარცხდა მეფე პეროზი,
მომსწრე ტყვეობის,
გაჭირვების,
ხარკთა დათმობის),
მაინც ქედს უხრის...
კაცი, რომელსაც
გამოცლილი ღვინის ტიკივით
გადაუგდია საქართველო...
და თუ ცეცხლს ნახავს
ღვინის მაგიერ სისხლს გადაასხამს
ოღონდ ჩააქროს
და მოსპოს ისიც.
... და შებორკილი კაცური იჭვი
თვალებში მშვიდად იმზირება,
რადგან ის უკვე შებორკილია,
ვერც ტახტს წაართმევს,
ვერც უფლებას,
ვერც ქალის ღიმილს...
სპარსელი ცოლის
ჭიპზე გაკრული ფირუზის თვლები
მტკვარივითაა ამღვრეული
და სისხლიანი,
და მისი ბედი (!),
რომ მახვილი არა ჩანს ჯერაც ‒
ქალის მკერდში ჩაჩეხილი
მარტოსინათლე.
.
წვიმიანი განწყობილება

საგალობელი 5.

არე ჩამოდის სენაკის კართან
და სიბნელეში ინთქმება რიდი,
კედლებს ღებავენ ნაცრისფერ დაღლით...
ღამე იქნება გულივით მშვიდი.
მე არ ამოვალ ღამის ნაპირზე
თეთრკაბიანი ქალური სიზმრით
და მოლოდინი ლურჯი გაისის
ჩატყდება, როგორც უვალი ხიდი.
არ გავჩერდები საკუთარ ხატთან,
სხვა ხატს დავუნთებ სიმშვიდის სანთელს
და მთელი ღამე მუხლებზე დამდგარს
შემეგებება სინათლის მართვე.
.
ტაძრად მისვლა

საგალობელი 6.

რად წამოვედი,
რად გამოვყევი
კრძალვას და ლოდინს,
დათმობის ლოდი
გულს მიმძიმებს
მწარე ტკივილით.
მე რა ვიცოდი,
რომ გასული ღამის სიმშვიდე
ღვარძლის და დარდის ამოფრქვევის
სიმშვიდე იყო.
სულ ტყუილია,
რასაც დანდობა ჰქვია სახელად,
თუ დასანდობად გაგიხდა საქმე,
არვინ დაგინდობს ‒
არც სიმშვიდე,
არც აღტაცება შენი სიმაღლით,
კაცი კი აბა, რა დასათრგუნი
არსება არის...
და თუ ღალატი უცხოა შენთვის
ერთ სპარსულ ოქროდ
გაგყიდის ქმარიც,
თუკი სიბილწეს უჩვენა სითბო
ქარი
ვერ უშველის მის მობრუნებას
საამქვეყნიოდ.
აქ ამ ტაძრიდან
სულ ახლოსაა
შვილების სუნთქვა,
მათი სინათლეც მაბრუებს თითქოს
და ვერ მივსულვარ,
ვერ გავმთბარვარ იმ სინათლეზე.
რად წამოვედი,
რად გამოვყევი
კრძალვას და ლოდინს?..
.
წამება პირველი

საგალობელი 7.

ფილტვები მტკივა
სისხლის სარტყელი
მიხუთავს სუნთქვას
და მაინც ვსუნთქავ
ჰაერს ტკბილსა
და დიდებით სავსეს,
იმ ქვეყნისას,
რომელიც ჩემთვის ქცეულა ღმერთად,
ქცეულა ხატად...
კიდევ დამარტყი!
‒ სველი ზუზუნი
სახეზე თბება
და ხმა მკრთალდება,
ჩუმდება,
ქრება.
საფერავი გადასხმია სამყაროს ჩემსას,
თვალებში ცეკვავს
უკანასკნელი წითელი ცრემლი.
დედა!
კიდევ დამარტყი!
და ჩემს მოშვებულ სხეულში ერთხმად
როკავს და იბრძვის
ამქვეყნად მოსვლის ნათელი წამი.
ძლიერება მიმიძღვება
მაღლა და მაღლა,
ცივი ჟღარუნი
ორი ბორკილის ‒
რკინის და ვაზის
სიმძიმედ მაწევს.
კიდევ დამარტყი!
დამარტყი, რადგან
ვერ ვისწავლი
ღალატს და დაღლას,
ვერ ვიწამებ სამშობლოს აუგს,
ვერ ვიქნები ამაზე „კარგი“...
კიდევ დამარტყი!
.
გახსენება

საგალობელი 8.

ჩემი სინაზის გამჭვირვალე
უალში იყავ გახვეული,
გარეთ მზე იყო ისე მზრუნველი,
როგორც მამა განშორებისას,
მე კი ველოდი
შენს ხელებს და
ცეცხლის დანთებას,
უცებ მოისპო ჩემთან სიზმარში
და შენი ხატი მაწვალებდა
უხმაურობით,
ძახილის სურვილს მიკარგავდა
რიდი და კრძალვა,
უცებ მოისპო უხმაურობის
ტკბილი შეგრძნება.
შენთან ტაძარში ვიყავი მარტო
აზნაურთა და ზეპურ დედათა
ღიმილის გვერდით,
და მაინც მერგო
ჩემი წილი სითბო და ტრფობა,
რომელიც ახლა უკვალოდ გაჰქრა.
.
გახსენების გამოძახილი

საგალობელი 9.

ჩემი სამყარო
გაირღვა უცებ,
და შენი ღამე
ჩემს ღამედ იქცა,
მე ქართველი ვარ,
ქართული მიწა
სინათლესავით მტკივა და მავსებს.
მე ტყვეც შენი ვარ,
როგორც ცოლი ვიყავი შენთვის,
რადგან ჯვარი,
ჯვარი და ვაზი
ყოველ დილით ამოდის ჩემში
და მინაპირებს
შენს სიყვარულს
და სახლს, რომელშიც
ჩემი სიყრმე დადის ლანდივით,
ეს შენმა მამამ გამომიწოდა,
თავისი სული ‒
ქართული სულის
გამთბარი წილი...
და ჩამისახლდა
შვილივით გულში
სიკეთის წვეთი,
წვეთი ქართულ სათნოებისა,
რომელიც ზღვასავით
აბორგდა ჩემში...
და ყრმათა ჩემთა ძარღვებში ფეთქავს,
და ახლა ვლოცავ
ყველა სიმაღლეს,
სასწაულს ყველას,
რომ მომიყვანა ამ მიწაზე
და იმ „დედას“,
ქართულ „დედას“,
რომ ათქმევინა პირველად პირმშოს...
ჩემი ბავშვობა
შენს პალატებში,
ჩემი ქალობა..........
შთამომავლობამ,
უნდა იგრძნოს
შთამომავლობამ,
რომ ჩემი მიწა ეს არის ახლა,
რომელიც არა,
არ უნდა გაჰქრეს!..
.
სასოწარკვეთა

საგალობელი 10.

ერთი ისარი დაენანათ
ამ ქვეყნად ჩემთვის,
ერთი...
ერთი მოქნევა ხმალი მეყოფოდა
ჩემი მტრის ხელში,
ერთი...
ერთი ჩამუხლვა მეყოფოდა
სამშობლოს მტვერში,
ერთი...
ერთი აფრენა მეყოფოდა
ამ გულის ‒ მტრედის,
ერთი...
ერთი დაქცევა მეყოფოდა
ლექსის და ღმერთის,
ერთი...
ერთი ისარი მეყოფოდა
ჩემი მტრის ხელში,
ერთი!
.
ჯოჯიკის ცოლსა და ქალთა სხვათა

საგალობელი 11.

რწმენა გაიყო ‒
ერთი ‒ გულში,
ერთი ‒ გულსგარეთ.
რას ეუბნები საკუთარ სიზმარს,
ბავშვობის ნათელს?
გარეთ გიყვირის
შენი აწმყო,
შიგნით კი ბღავის
წარსული შენი.
სიცოცხლე მთელი
როგორ იქნები
ასე უმართლოდ!
გადამწვარ ველებს
თავთავი დიდხანს არ ეკიდება.
ერის მყოფადი
ქალში ბორგავს
და ქალში დრტვინავს,
დედით იწყება
ღმერთიცა და ადამიანიც...
შენმა სულმა უნდა იდინოს
ათასწლობით
შენი მოდგმის და ჯიშის სხეულში
და დარბეული,
აკლებული სული
ვის უნდა მისცე?
იმას, რომელმაც უკვე გაყიდა
მშობელი და
სამშობლო მიწა.
იმას, რომელიც გაყიდის
და არ შეიბრალებს.
მაშ რაღა იცავს
საქართველოს ამდენი ხანი?
ალბათ ვალი ‒
ვალი მიწის
და ვალი ზეცის,
ვალი დედის
და ერის ვალი...
და შენც ივალე!
.
სიცხიანი განწყობილება

საგალობელი 12.

ამოდის ცეცხლის არწივი,
უნდომად ჰკოცნის მიწას,
ღამე მოწყდება დაღლილი
და დაეცემა პირქვე.
არეა ისე მარტივი,
მხოლოდ ორ ფერში ჩნდება ‒
ღამე და მოთეთრო არწივი,
ღამე და მოთეთრო გზნება.
მერე გადამწვარ მინდვრების
და მოლიპული ქარის
გადახლართული თითები
დღისგან იფარავენ მგზავრებს.
მგზავრი ვარ მეც და მომეცი
უცებ გადაკრული ღელე,
უკან დამიბრუნე ბორცვები
სიცოცხლის მწვანე ფერით.
ქარი ამღერდა ღრუბლიდან
და მთელი კვირა მღერის,
დაუბრუნებელს ვუცდი და
ცეცხლს ვუბრუნდები მერე.
.
წამება მეორე

საგალობელი 13.

გარკვევით ვხედავ
ცისფერის ღიმილს
და ხმამაღალი სიცილი ცეცხლივით აქრობს
ყვირილისთვის დაძრულ გონებას,
სინათლე თბილი მესათუთება...
ნუთუ გათავდა?
მძაფრის სუსხი
ბეჭებზე დნება...
ო, როგორ უცებ შეიკრა გზები
აქეთ და იქით ‒
იქით წარმართი,
თუ უკუღმართი
მეუღლეა,
აქეთ წარმართი,
თუ უკუღმართი
შვილები ჩემი...
მიყურებს ერი,
ფართო თვალებით
მიყურებს ერი,
მე მათთვის ახლა
დედოფალი ვარ
და არა ქალი...
(არა,
ყვირილი როგორ იქნება),
თუ მე შევძელი,
ისინიც შესძლებენ
უმეცრების დათრგუნვას ალბათ,
და ჩემი კალთა
დედის კალთასავით თბილი იქნება,
შვილებისგან გახუნებული,
მათთვის თბილი იქნება მაინც.
წყალი! ‒
არა, ეს ჩემთვის იყო ნათქვამი.
ყვირილისთვის დაძრულ გონებას
ხმამაღალი სიცილი მიწვავს.
ეკლებს და მიწას
ვეპოტინები და მიწას
ვეპოტინები ორივე ხელით
და ვხედავ,
როგორ მიიწევს მაღლა
თეთრი აღმართი...
გაწყდა,
გათავდა!..
.
უგონოდ ყოფნა

საგალობელი 14.

მე საღამური
სიგრილე მფარავს...
არავის ესმის,
არავინ იცის,
რატომ ამოდის ქალების მოდგმა,
როგორც ზაფხულის ცხელი ბალახი,
რომელიც მაინც უნდა დაიწვას
ადრე თუ გვიან
და შეუკურთხოს
მაღალზე მაღალს გაჩენისათვის...
საწყალი ღმერთი!
ლექსებს უგზავნის
რომ ქალობისკენ შემოაბრუნოს
წამით და წუთით,
მაგრამ უფრო შორს
რჩებათ ქალობა
ლექსიან ქალებს...
და მერე ღმერთმაც აღარ იცის,
რატომ ამოდის ქალების მოდგმა,
როგორც ზაფხულის ცხელი ბალახი,
რომელიც მაინც უნდა დაიწვას
უკმაყოფილების ვეება კოცონზე.
როცა ალერსიც არაფრად უღირთ,
როცა სიცილით ამბობენ „ბნელს“ და
როცა ტირილით ამბობენ „დილას“,
ნიავს კი მიაქვს
ძალიან შორი,
შორი ვედრება
გადაურჩენელ ამორძალების,
რა იცის ღმერთმა,
ღმერთი სუსტია...
.
დაგვიანებული პასუხი ვარსქენს

საგალობელი 15.

მე სამშობლო „მერგება“ ჩემი ‒
რწმენა ჩემი
და ჩემი ხატი,
დამიამებს წყლულს და ტკივილებს
სინათლე ხალხის,
სიმშვიდე მათი
და არ მოსპობა საფიცარის!
მე ღმერთად ჩემად მიგიღე შენ და
შენ განმიდექი
ბილწი ზრახვით.
(კაცი რომ კვდება,
უნდა დარჩეს
კვალი სინათლის)
შენ არ მოკვდები,
შენ მოგკლავენ მღილივით სახლში,
რადგან შიში
არ მოგცემს ძალას
გარეთ შეხვდე მტერს და მოყვარეს...
შენ ჩემი ლანდი
არ მოგასვენებს,
დაგაძაბუნებს,
დაგღლის,
ძაღლივით გაყმუვლებს ‒
და ეს იქნება ჩემი ღმერთი
და ჩემი ხატი,
რომელსაც მაინც დაუნთებ სანთელს,
რომ მოგცილდეს და მოგასვენოს...
ჩემი სამარე ბაცი
შენი სარეცლის გვერდით იქნება
და ყოველ ღამე
სიცივეს დალევ მისი შეხებით.
ერი მტერი გახდება შენთვის,
რადგან შენ გაძარცვე ისიც,
წაართვი რწმენა,
პური და ბავშვი,
ხარკად უქციე სიცოცხლე მთელი...
საპიტიახშო შენი
შეგაჩვენებს,
ძირფესვიანად დაგთხრის.
.
საპყრობილე

საგალობელი 16.

ირგვლივ მიწაა
და მიწას უდის
გაზაფხულის მძაფრი სურნელი,
ბნელი ულევად
აწყდება კედლებს...
გარეთ ცურტავი
ალბათ ბორგავს,
საგაზაფხულოდ ემზადება
და ჩემი ლოცვა
ყველა კარის წინ ილანდება,
ყველას თავის სიკეთეს აძლევს ‒
ზოგს ‒ შვილის მზერას,
ზოგს ‒ სიცოცხლეს,
ზოგს ‒ მიწის ზრუნვას...
დარდსა და ურვას
ადამიანს კი რა გამოულევს?
მე კი სიმღერას ვეხმატკბილები
და ჩემს საკანში
შემოხიზნული პატარა დარდი
კუთხიდან კუთხეში დადის,
ხან ვის მაგონებს,
ხან ვის ‒
ზოგჯერ ‒ დედას,
ზოგჯერ ‒ შვილებს,
ზოგჯერ ‒ სამშობლოს
და უსაშველოდ მტკივა
მისი მშვიდი ფერება.
.
შვილის სიკვდილი

საგალობელი 17.

რა გულსაკლავად
ტირის მამა!
ის თუ დასაჯე,
მე რას მერჩოდი?
მე შეგავედრე ოთხივე ერთად,
ოთხი მტევანი
ჯერუმწიფები.
ალბათ მეძახდა უკანასკნელად
„დედა!“
გადასარჩენად ვამტვრევდი კედლებს,
გადასარჩენად,
მაგრამ თვალები ‒
ჯერ მარჯვენა,
მერე მარცხენა
ვეღარ ხედავდნენ
სინათლის ნამცეცს...
მე მაპატიე შენი დედობა,
შენი დათმობა
და გამეტება
და შენს გაყოფილ რწმენას
ორივე მხრიდან მე შევუდგები...
ღმერთო!
მე ვზიდავ ოთხივეს ცოდვას,
ოთხივეს ღალატს,
რადგან მე ვზარდე მათში ღალატი.
მიწაო ჩემო,
ქართველობა გადაურჩინე
და თბილ პერანგს ნუ მოაკლებ,
შენ დაუტირე
და გაუცინე,
ორი ბილიკი ჩემი ცრემლის
გადაუდინე,
სამარეზე გადაუდინე!
იქნებ იმ სამს
ექცეს სინათლედ
სავალი გზები...
.
გულითა სიკვდილდ მივალ

საგალობელი 18.

ჩემმა სიკვდილმა
უნდა გადავლოს გულების ზღუდე
და აამღეროს
ქვეყნის დიდზე დიდი ტკივილი ‒
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა! ‒
რომ ჩემი შვილის
ობოლ ბორცვსა და
საქართველოს ყველა ბორცვს ერთად
ჰქონდეს საფლავის წმინდა უფლება,
არ მოიშალოს მიწის ფეთქვა,
არ დაიხიოს მიწის პერანგი
მტრის ქურანის
მსახვრალი ტორით...
ზამთარს მოჰქონდეს თეთრი თოვლი,
გაზაფხულს ‒ შრომა,
ზაფხულს ‒ ლოდინი,
შემოდგომას ‒ სავსე ბეღელი
და არა ომი...
ჰეფთალების დარი მახვილი
ჩემი გვარის და ტომის
კაცს ჰქონდეს ხელში...
ბოლოსდაბოლოს,
მე ქალი ვარ
და ჩემი ბრძოლა
თავგანწირვაა,
სიკვდილია,
სხვა არაფერი...
ქალის ხელებზე
მუდამ ზრუნვა და სიმშვიდე იწვა,
ჩვილის ღიმილი
მშვიდობას ჰგავდა
მაშინაც, დღესაც ‒
ჩემი ხელებით
ხვალის მშვიდობის
ერთი წვეთი მომიტანია
და ჩემს არყოფნას
დედა ჰქვია სახელად,
დედა.
.
დალოცვა

საგალობელი 19.

ნათელო ცაო,
ქართულო მიწავ,
ნუ მოაკლებ
რწმენას და იმედს
ტრფობას და ბრძოლას,
კაცურ ტკივილს,
შრომას და გარჯას
ჩემს სადედოფლოს!
ნუ მოაკლებ
მშვიდობის ძახილს,
თოვლიან მწვერვალს,
ნაწვიმარ ხევებს,
ზვავსა და ღელვას
ჩემს ერს და მამულს!
ნუ მოუსპობ
ძმას და მეგობარს,
სურვილს ფრენის,
და კიდევ ენას
შვილივით გაზრდილს,
დედად მიღებულს!
ნუ დაუბნელებ
გზებსა და მღერას,
მოხუც დედას,
სიმრავლის ნაყოფს,
ქორწილს და მაყრულს ‒
მთელ საქართველოს!
.
აგონია

საგალობელი 20.

საკუთარ ღმერთებს ვეძებდი მუდამ,
რომლებსაც მერე ცეცხლზე მიწვავდნენ,
ვემსგავსებოდი ჩაფერფლილ ვულკანს
და ღრმად ვმარხავდი ურგებ სიცოცხლეს.
მე ჩემს საბუდარს ხატებით ვრთავდი
და მენგრეოდა ეს საბუდარიც,
ვგრძნობდი, მეწვეოდა ცბიერი მარტი,
ვრჩებოდი ლოცვად გულგაუმტყდარი.
ვეტმასნებოდი მშობლიურ მიწას,
ფეხქვეშ მეცლებოდა ჩემი ტრფიალი,
არ შემიხედავს ზეცისთვის ბილწად
და თავზე მედგა მეხის გრიალი.
მე ხალხს ვეძებდი,
ბრბო მაწამებდა,
ძუძუებიდან სისხლი ჟონავდა,
ჩემი კოშკები გაუხარებლად
განაცარტუტდა,
ერთად მოთავდა.
და მე ორივე ხელი ავღმართე,
მე დავითხარე ორივე თვალი,
რომ არ მენახა არც ჩემი მიწა,
არც ზურგს მიჯრილი „ნაქები“ ხმალი.
ვიყვირე, როგორც ყვირის არწივი,
როცა ბარტყს ჰკარგავს სუსტს და უგონოს,
ვიწვი და ვბორგავ,
ვერაფერს ვხედავ ‒
თვალები არ მაქვს
და ასე ბრმად მიყვარს ჩემი საუფლო,
გ ა დ ა ა რ ჩ ი ნ ე!
.
(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Thu Nov 14, 2019 2:51 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5376
Registration date : 09.11.08

ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე EmptyThu Nov 14, 2019 2:50 pm

ნინო ქუთათელაძე

მონოლოგი „შუშანიკის საგალობელი“

(გაგრძელება)

დატირება

წასულო - ო,
წასულო -ო,
მარადიულ სასუფეველში,
სანთლებს დაგინთებთ
მზესავით თავთან,
შენი გულივით დაულეველი
ხალხის ტალღაა...
მიჰყევხარ მაღლა.
ო ‒ ო! შენი ვეება
თვალები ბზინავენ
რამ დაგიმშვიდა
სიმღერა მტრედის!
შავი ჯაჭვების
სიმძიმეს, სიავეს
სუფთა ხელებით სწყვეტდი.
დედოფალო
და დედავ ქართველთა
სიხარულით რომ გვტოვებ,
რომ შენს სიწმინდეს
ვსუნთქავდეთ ჰაერთან
წირვის ჟამს ყოველს.
გაუხარელო!
რა არის იმქვეყნად
არავინ იცის,
ჩვენ გვჯერა შენი სიწმინდის მხოლოდ,
შენს ლამაზ ქალურ სიამაყესთან
მოვიდა მსახვრალი ბოლო.
ო ‒ ო ‒ ო ‒ ო ‒ ო ‒ ო!
ო ‒ ო ‒ ო ‒ ო ‒ ო ‒ ო!
ო ‒ ო ‒ ო ‒ ო ‒ ო ‒ ო!
ტირის ქვეყანა შენი!..
.
ეპილოგი

თუ დაიწყები,
უნდა დაიწყო ძალიან მშვიდი
და შენს რეგისტრში
უნდა ჟღერდეს მაღალი ნოტა,
თუკი გაჭირდა,
უნდა აიღო სიმაღლე დიდი,
თუკი დაგჭირდა,
უნდა დაემხო ქვეყნისთვის ლოცვად.
კრძალვით და რიდით
უნდა შეაღო სიცოცხლის კარი,
თუკი დაეცი,
უნდა ადგე ბრძოლით და გრგვინვით,
თუკი მოკვდები,
რომ არ ეგონო არავის მკვდარი,
უნდა დაბრუნდე
და წაშალო სიკვდილის ბინდი.
*
2. მონოლოგი „სიმღერა წყვდიადში“

შესავალი

1.
თვალს გავახელ, თავს მადგეხარ,
როგორც ჩემი ჩუმი ჩრდილი,
როგორც სარკის ანარეკლი,
ვით წყვდიადი ატეხილი.
ყველა ზღაპარს შენით ვიწყებ
და სიმღერა როცა მოდის,
მე სიჩუმეს ველოდები
საღამომდის, საღამომდის...

2.
წყვდიადში მხოლოდ პოეტი მღერის
და სიმღერისგან იცლება გული,
ვით წვიმის შემდეგ ლურჯი ღრუბელი,
რომელიც გაქრა და არსად არ ჩანს.
ამ სიმღერისგან მზის ნამცეცები
მზედ ერთდებიან და სხეულში იწყებენ ტრიალს,
რომ არ დაუფრთხოს ხალხს მყუდროება,
მძინარე სივრცე, მზე გულით მიაქვს.
.
ბავშვობა

თავი პირველი

1.
აქ სინათლეა
და ჩურჩულებს ყველა ფრესკა
და ყველა თაღი...
ჩუმად შემოდი
უღვთოდ დარჩენილ ეკლესიაში,
რომელიც ინახავს
ათას სითბოს,
ტკივილს და ცრემლებს.
აქ რა ხანია გაზაფხულია
და შეუთხზავთ მერცხლებს ბუდე,
მაგრამ ბარტყები ვერ გამოჰყავთ
და ეს მაწვალებს;
ეს მერამდენედ არ გინდა მოსვლა,
რომ დაეხმარო საცოდავ ჩიტებს.
აქვარიუმში დამწყვდეული
ოქროს თევზები
დიდი ხანია სასწაულებს გპირდებიან,
ხელს თუ შეახებ, წითლდებიან
სიხარულივით
და მერე, რაც გინდა, ის მოსთხოვე
ამ კეთილ თევზებს!
(... მაგრამ ხელი ისე შორსაა,
როგორც სინდისი!)
ნახე, რამხელა გაზრდილა ვარდი
შუა ტაძარში,
უეკლოა, თითებს არ გატკენს...
როგორც სარკეში ანარეკლი,
დაიძვრება ეს ბუჩქი შენსკენ
და ყვავილისფერ სისხლის წვეთებით
მოირთვება მისი სავალი.
აქ ერთი თეთრი მოხუცი ელის
ჩვენს გამოჩენას;
ჩვენ ხომ შევპირდით
რომ გრძნეული ვეშაპის ცრემლით
აგვეხილა მისთვის თვალები.
მან დაგვიჯერა და გველოდება.
ვინღა მოიცლის ახლა მისთვის!
ჩვენ დაგვავიწყდა სიტყვა,
არა, სიტყვაში ჩადებული
კეთილი აზრი,
არსი სიცოცხლის,
ფიცი ‒
რომ დავბრუნდებით!

2.
ჩემს წინ ახლა
სახადით გათანგული სხეული ბორგავს,
შენი სხეული
და მე გიზივარ სასთუმალთან
როგორც სიცილი...
შენ პატარა ხარ,
როგორც გაზაფხულის პირველი სითბო,
სარკმლიდან რომ შემოიჭრება
და მოლოდინის მეექვსე გრძნობას
აგიფერადებს.
არასოდეს შევხვედრივართ ბავშვები
ერთურთს,
ჩემი ბავშვობა
შენსას მუდამ თვალდათვალ სდევდა;
რომ მოგეხედა, ვერასოდეს
დამინახავდი...
შენ სახადით გათანგული
წევხარ და ჩუმად ელოდები
ჩემს გამოჩენას.
მე კი შორსა ვარ,
და მაინც ვზივარ შენს შორიახლოს,
ჩემი ხელების სითბო გერთვის
გაუთავებლად...

3.
რუსთაველია, თუ მთაწმინდა,
ტაუერია თუ ვერსალი,
ან ჰოლანდიიის ბაღად ქცეული
რომელიმე სასაფლაოა ‒
განა იმას მნიშვნელობა აქვს
ჩვენ სად შევხვდებით,
ჩვენი არსება ისეთივე ძლიერი
და მყარია,
როგორც ზღაპარში:
იყო და არა იყო რა,
ღვთის უკეთესი რა იქნებოდა“,
და ჩვენ ვიყავით!..
გარდასულია ყველაფერი,
ლეგენდაა და მართალია,
უფრო მართალი,
რომ ჩვენ ვსუნთქავთ,
გვიყვარს და ვხარობთ!
საახალწლო ნაძვის ხესთან
ვტრიალებთ ახლა ჩიტებივით
და შესაძლოა გავფრინდეთ კიდეც.
შენ იცი, როგორ უნდა გაშალო ფრთები,
რომ შენს ფრთებქვეშ შეიყუჟოს
სიმარტოვე და სიცოცხლე
შენი მსგავსისა?!
ანდა რა უნდა დაინახო იმ სიმაღლიდან?
‒ მიწის წიაღში როგორ სუნთქავს
თავისუფლება
და კლავს სურვილი
შეგიწიროს შენც, შენი მსგავსიც ‒
ეს ენძელების სიმღერაა,
ტყეთა ნამთვრალევი ღრიალია,
ვარდის კისკისი,
მზის აფეთქება დილაადრიან,
და წყვდიადის ხავერდოვანი ზმანებაა...
განა იმას მნიშვნელობა აქვს
ჩვენ სად შევხვდებით,
ახლა ჩვენ უნდა ჩიტებივით
ვიტრიალოთ ჩვენს ნაძვის ხესთან.

4.
ვდგევართ კართან
და ვერ გაგვიხდია ცოდვები ჭრელი,
სასჯელივით ვუმზერთ ერთმანეთს,
თუმცა დიდი ხანია
პატიების ნათელი ლანდი
სანთელივით იწვის ჩვენს შორის,
ჩვენ კი არ ვიცით,
ან არ გვინდა რომ დავინახოთ,
რადგან არაფრის შეცვლა უკვე
არ შეიძლება.
ჩვენ აღარ გვჯერა
არც ვეშაპის გრძნეული ცრემლის,
არც სანატრელი ოქროს თევზის,
რაც მთავარია,
ერთმანეთის აღარა გვჯერა,
რომ გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი
და დავბრუნდეთ იქ,
სადაც ასე მიგველიან,
ასე თბილა და სინათლეა.
.
შეხვედრა

თავი მეორე

1.
გუშინ მოხვედი ალიონზე
და უკვე ზღაპრების,
მითების და ლეგენდების
სამოსი გვმოსავს,
ღიმილით აღნიშნე შენი მოსვლა,
თუ თოვლის მოსვლა,
უკვე აღარ მახსოვს.
თოვდა
და როგორც არასდროს
ერთ სუნთქვად ქცეულიყო
სახლები, მეტროს სადგურები,
ხალხი და სივრცე...
საოცარია თოვლი და თოვა;
როგორ გვიმტკიცებს
პირველყოფილ სიწმინდეს და
სილამაზეს კაცთა მოდგმისას.
პირველად გამიჩნდა
სულელური, ბავშვური შიში,
რომ მეც თოვლის ერთი ფიფქი ვარ
და შესაძლოა
რომელიმე ქურქის საყელოზე
დავდნე და გავქრე!..
მიხვედრილივით შემაშველე სიცილი შენი
და უცებ გაჰქრა შიშის ღრუბელი.
ახლა მე ვიცი,
თუ რა ფასი აქვს შენს ღიმილს ჩემთვის;
როგორც პატარა ნიბლია ‒ ჩიტი
შემორჩენილი და გაყინული.
ამ პირველყოფილ თოვლიან დღეში
ვკენკავდი ნეონების მბჟუტავ სხივებს,
რომ დამენახა შენი თვალების
უპეებთან მიყუჟული სიხარული ‒
‒ კარგია, როცა თოვს და თბილა!
‒ შენ მართალი ხარ!
თუმცა იქნებ სჯობს, როცა გცივა.
‒ სისულელეა, სიცივე არ შეიძლება
სჯობდეს სითბოს!
აი, ხომ ხედავ გაიყინე
და როგორ გიჭირს თითების მოხრა...
‒ მერე რა მოხდა!
სიცივეში კრისტალდება და სუფთავდება
კაცის სული...
‒ სახიერია ეს ყველაფერი,
მაგრამ ცხოვრება მაინც სულ ხვაა...
გადაგვიყოლა ერთმანეთის არსებობამ,
სიტყვათაცვენამ
და უსინდისოდ შევატოვეთ ერთმანეთს
თ ო ვ ლ ი...

2.
მთელი კვირა თოვდა და თოვდა,
შეიკრა გზები,
უფრო მკაფიოდ გვესმოდა სუნთქვა,
ამონაყარი ყლორტების ფერი,
რომელსაც ერთიანად დაებურა
სახლი, ოთახი ‒
ყველაფერს ახლა ამ მრუმე კედლებს
ვაბრალებდით.
მაშინ გავიგე,
თუ რას ნიშნავდა მეტეხის ციხე
ბობოქარი და უტეხი
ხალხის სულისთვის;
აღარ მიკვირდა,
რომ ამ საზარელი ურჩხულისაგან
თავის დაღწევა
ღირდა სიკვდილად!
ამ დროს უეცრად გამინათდა
ცხოველი აზრი:
„ ‒ რომ რასაც ფიქრობ,
უფრო მეტად შენია
და ვერგასაგები,
ამიტომ ხშირად სათქმელს
ვერსათქმელი უნდა ეწოდოს!“
... და ამ დროს თოვლიც დადნა,
წითელი ტრამვაიც
დროშასავით აფრიალდა
დაღლილ ქუჩაზე...

3.
ისევ შენთან ვარ
და არა აქვს არაფერს აზრი,
შუა ქუჩაში
დამდნარ თოვლზე
ორი ძეგლი ‒
ამქვეყნად მოსვლის
და აქ დარჩენის
უკვდავების და გადარჩენის!

4.
გამოგიწოდე ორივე ხელი
და დავინახე ორივე თვალი
სავსე ჩემი ხატით და არსით,
რაღაცა იყო ღიმილზე მეტი,
გამოუთქმელი სითბო და სევდა
აუტანელი ავსება სივრცით.
საფეხურები მიგვაქანებენ
ზევით და ქვევით;
ზევით და ქვევით
სურვილისა და ბედის გარეშე
და მე ავმღერდი
და არიადნას გორგალივით
მეჭირა ხელში
შენი, ჩემი
და თოვლის ალერსი.

5.
როცა კვდებიან ატმის ხეები,
აუტანელი ღამეა გარეთ,
დაეხეტები, დაეხეტები
ღამენათევი,
მშიერ-მწყურვალი...
მოდიხარ ჩემთან,
მოდიხარ ერთი,
გხვდება კედელი
დარდის და წყენის,
როცა კვდებიან ატმის ხეები,
არაფერია ეს ყველაფერი.
.
სხვადასხვა მხარეს

თავი მესამე

1.
ჩვენ სწორედ მაშინ
დავშორდით ერთურთს,
როდესაც შევხვდით.
მაშინ ვიყავი
შავი და თეთრი,
შენც იყავი
შავი და თეთრი ‒
სიხარული და უნდობლობა,
ღიმილი და ფარული ცრემლი,
სიყვარული და ტკივილი ‒
ყველაფერი ვიყავით მაშინ
და ახლა როცა ჩემი სარკმლიდან
მტკვრის გადაღმა შორეთში გხედავ,
ვიყინები და ვიცლები...
მერე წყვდიადის მეშინია
და ვერ ვმღერივარ!
ო, რომ იცოდე, რა ძნელია,
როცა სიტყვები გაღრჩობს და გაღრჩობს!
სარკმელზე ბინდისფრად
წევს შენი ლანდი
ვეება და წაგრძელებული,
როგორც ჟირაფი;
რა უცნაური ქუდი გახურავს,
თვალთა მაგიერ
ნათურების ანარეკლი გიბრწყინავს
მხოლოდ...
აი, შეხვედრაც,
რომელსაც ნატრობ
და ნატრობ ყოველ დილით
და ყოველ ღამით...
სარკმლის მინაზე ტრაფარეტივით აკრული
წყვილი.
სასაცილოა!
რას მოვუტანთ ახლა ერთმანეთს,
როცა ასე ბრტყელები
და გლუვები
სარკმლის მინაზე დავეტიეთ...
როგორ არ მინდა სიმღერა ახლა,
რადგან ვგრძნობ უკანასკნელი
იქნება ჩემთვის...

2.
შენ ახლა ფიქრობ
და ფიქრობ ჩემზე,
არა, უფრო საკუთარ თავზე;
რომ თუკი რამეს დასთმობ და გასწირავ
მხოლოდ ისაა შენი და შენთვის,
შენი და შენთვის!
და გავიწირეთ ისე უბრალოდ,
რომ დღეს სიმაღლე მომეტანა
შენი სულისთვის
მოპოვებული ამდენი განცდის
და ლოცვის ფასად.
გაურკვეველი ბორგვაა ყველგან
და როცა საღად აფასებ განვლილს,
უფრო და უფრო აღარ გესმის,
რა ხდება ირგვლივ,
რისთვის და რატომ?!.
... და ისე შორს ხარ,
როგორც არასდროს
და ვეღარ გწვდება ჩემი ნათელი
სიმშვიდის მადლი...
შორეულ მთებში
სადაცაა თოვლი დადნება
და ჩამოდგება ვარსკვლავიანი ღამეების
აუტანელი სილამაზე
და ამღერდება სამყარო,
როგორც გათავისუფლებული იადონი...
უცნაურია ეს ბუნება!
რადგან საჩემო წყვდიადს მაინც დატოვებს,
რომ ვიმღერო
თავბრუდამხვევი სიჩუმისგან
ალმოდებულმა.

3.
ქარდაკრულია
დღევანდელი ზამთრის ღრუბელი,
სახურავებზე თოვლს არ სძინავს,
არ ეძინებათ მოტყუებულ კვირტებს ხეებზე,
ქარის კი არა,
მათი კივილი შემოდის სახლში
და ტანწერწეტა ბროლის სასმისში
ყოჩივარდებს ეფერება უხეში ხელი.
მთელი სახლი ყოჩივარდების
სინათლით სუნთქავს.
პირველად მივხვდი,
რა ძნელია,
როცა სინათლე არ გაქვს სახლში,
სახლში და სულში
იმედად რომ ბჟუტავს და ქრება.
საოცარია, როდესაც კარგავ,
მაშინღა ამჩნევ, რომ უიმედოდ
გიჭირს ასვლა
იმ აღმართზე,
ამ ქართან ბრძოლა...

4.
როცა სიბრიყვით
და უმეცრებით დაღლილ სხეულებს
გვერდით ჩაუვლი,
მიხვდები, რომ დაღლილობა
ჩვეულებრივი სახადია,
სხვა არაფერი!
... და შენს სიყვარულს
როცა ვუყურებ,
ვხვდები რომ სიყვარული
ვერაფერი სასწაულია;
მე კი მჯერა სასწაულების!
მდინარეები ნაპირებში
ბორგავენ მხოლოდ,
ამიტომ ჰქვიათ მათ „მდინარე“
და „მდინარება“...
მე კი ზღვა მინდა,
რომ ვერ ვხედავდე მეორე ნაპირს
და მჯეროდეს,
რომ იქ აღთქმული ქვეყანაა...
სისულელეა,
ჩაიძირო საკუთარ ზღვაში
და ვერ მიაგნო
სიზმრად ნახულ
გრძნეულ ნაპირებს,
თუმცა ხშირად ვიძირები
და ვერ ვხედავ, რა ხდება ირგვლივ...
. . . . . . . . . . . . . . .
წყვდიადში მხოლოდ პოეტი მღერის
და ეს წყვდიადი ხშირად თბილი
ხმაურიანი მემუსიკე,
ოდნავ მლაშე
და გამჭვირვალე საოცრებაა...

5.
მე კვლავ შენთან ვარ,
როცა არავინ დარჩა შენს გვერდით
და კვლავ არ ვიცი,
როგორ ვიცხოვრო,
რადგან ჩემს სიყვარულს
არ აქვს სახელი.
დედას შვილი იმიტომ უყვარს,
რომ ის დედაა,
დას ‒ რომ დაა,
ცოლს ‒ რომ ცოლია
და დედაა მისი შვილების
სატრფოს იმიტომ, რომ სატრფოა...
მე არაფრისთვის არ მიყვარხარ,
მიყვარხარ მხოლოდ
და სახელიც კი არა აქვს
გაუმართლებელ,
გაუმტკიცებელ,
გაუნათებელ გრძნობას,
მაგრამ მაინც ყველაზე ნათელს...
მე დღეს შენთან ვარ
და უკვე არასდროს არ გელოდები,
რადგან სხეული შენი
დიდი ხანია მიატოვა საჩემო სულმა...
ყველა ზამთარმა,
თოვლმა და ქარმა
დიდი ხანია გადაიარა
და სიმშვიდისგან განაწამებს
სიმშვიდე მინდა!
მომეწონა მდგომარეობა,
რომელიც ნერვებს არ დამაწყვეტს,
დამაშორებს ადამიანებს,
ერთ ცრემლსაც არ გამოიმეტებს
და მეშინია, რომ არასოდეს
გა‒მი‒ხარ‒დე‒ბა,
რადგან სიმშვიდეს
ნაცრისფერი კაბა აცვია,
მიგვარი თოვლის თუ წვიმების
ბურუსშია მთელი სამყარო.
მე დღეს შენთან ვარ.
რატომღაც მუდამ მწოლიარეს,
ავადმყოფს და უსუსურს გხედავ,
როცა არავის აღარ უნდიხარ,
მაშინ ვარ შენთან,
მე ხომ არც პური,
არც სიყვარული,
არაფერი
არ მინდა შენგან,
მიყვარხარ ისე,
როგორც სიმღერა,
რომელსაც აიკვიატებ
და ვერ მოიცილებ...
.
ეპილოგი

სადა ხართ, კაცნო,
ღმერთებივით ერთგულნო კაცნო,
არდამსჯელნო, არგანმკითხავნო?!
როგორ გიჭირავთ ხელში
თქვენივე სუნთქვა
და პეპლებივით ბადეში ახვევთ,
ან სიგარეტის კოლოფში ამწყვდევთ,
რომ არ მოსცილდეს
სხეულს სული,
და მით ვნება და სიყვარული
არ დარჩეს მიღმა.
თქვენ თილისმებად იკერებთ ნათელს
წარსულის ან მომავლის მსგავსს,
რომელსაც ჰქვია დედა და ბავშვი
და ანაწილებთ თქვენს სინათლეებს
ამ წარსულსა და მომავალს შორის!..
სადა ხარ, კაცნო,
ღმერთებივით ერთგულნო კაცნო,
როცა პოეტი წყვდიადში მღერის
და სიმღერით სისხლისაგან იწრიტება
მისი სხეული.

3. მონოლოგი „სატანური სპექტრი“

1.
ცხრა მთას იქით,
თეთრი მუხის
თეთრ ბუდეში,
ჩაფრენილა მონატრება...
როს მოგელტვი,
მიამდება ყველა წყლული;
შენ ხარ მადლი გაზაფხულის,
უსასრულო გაზაფხულის აღმაფრენა,
ფრთადაჭრილი
სინანულის ძილ-ღვიძილი
და მოგყვები განთიადზე
საიმდროოდ.
გადმოვფინე ჩემი თეთრი გაფიქრება ‒
სიმართლე და სიმარტოვე!
როგორც თეთრი გალიების ათინათი,
განთიადზე რომ გავუღე იადონებს,
გაფრინდება ბინდიანი დაეჭვება;
სულ სხვა ფერი იბატონებს ‒
ფირუზისფერ ფრთების ლანდი
სხვისი წილი
ღიმილივით ჩაიქროლებს.
... და დარჩება სინათლე და
გაზაფხულზე
ალუბლების გარინდება.

2.
ზვავი ჩამოწვა
და ვერავინ ვეღარ გიშველის...
ახლა ზვავია
ბედისწერა და სასოება
და სცივათ ნაძვებს სიმძიმისგან
გაოცებულებს;
ახლა იღვიძებს
ცის და მიწის მკვეთრი სურნელი
და სუნთქავს ბგერა,
როგორც ჩვილი
ჩუმად და წყნარად.
მარადიული ფერის ზღვაში
უკვე მიმქრალი წვეთებივით
გამოჩნდა დარდი,
გლოვა და ცრემლი...
რაღა ფასი აქვს ყველაფერს ახლა,
როცა ამაღლდა შენი ნათელი!..
გიახლოვდები,
როგორც სამანს ჩემი სიცოცხლის
და ვგრძნობ,
მოწყვეტით უნდა დავეშვა
ამ სიმაღლიდან,
გადავიჩეხო ცის კაბადონზე
რომ თუნდაც წამით შეახო ხელი
ჩემს დაღლილ ტვინში
ცისფრად მბჟუტავ ათას სინათლეს
და მზით ამივსო
გული და სისხლი.
შენი ზვავისგან დალეწილი
ჩემი სხეული
სხვა არაფრისთვის აღარ ივარგებს...
გამიადვილე მიწის წყურვილი
და მომეც ლექსი!

3.
სიცხისფერი ნელ-ნელა
შეძვრა საწოლქვეშ,
ბორგავს სხეული ზმანებაში...
ჯერარნახული
ბაიისფერი ცხენები
წამოვიდნენ ზანტად და მდორედ,
შედედებულ წყალზე
დაბეგვილ ჩლიქებს
მიაქანებენ,
რომ დაისველონ ნედლი ტკივილი...
დროდამუნჯებულ
საათის ისრებს
აღარაფერი შეუძლიათ
და დგანან,
როგორც ნანატრ წყალდიდობაში
მოწყენილი ტირიფები.
უძრავი სული
ფეხს ითრევს,
რომ სიცოცხლისკენ გადაიხაროს
და სიკვდილიც ეზარება...
... და მოდის სევდა,
როგორც წვიმა
ბლანტი და ცივი...
ბაიისფერი ცხენები უკან იხევენ,
ნაძვნარის ტევრში
უჩინარდება მათი ფაფარი.

4.
კატა! ‒
სახლის კუთხეში მიმალული
გარშემო ფანტავს
უკაცურ სიმწვანეს...
ვკარგავ ფერის ყოველგვარ განცდას,
სულში მიძვრება მწვანე ბალღამი
და სიმწრისგან
ვაშლის უმწიფარ ნაყოფს ვეხები,
რომ დავხლიჩო ვაშლი ფრჩხილებით,
და არასოდეს, არავინ,
აღარ იგემოს ვაშლის ნაყოფი ‒
ცოდვიანი სიმწვანის ლაქა დედამიწაზე...
და ამწვანებულ გაზაფხულში
უსასოოდ გდია
ჩემი ცოდვილი,
თეთრი სხეული,
გაოცებული იმზირება მწვანე ხეების
სილამაზე:
„შენ ხარ ვენახი მსხმოიარე...“
ჩემი უგონო გაბრძოლება!
და მერე კატა მწვანე ბეწვით
მკერდზე მეცემა
და ბრჭყალებით სურს დამადინოს
წითელი ფერი...

5.
როგორც ძალუმი სიხარული
შემოდის ჩემში
სიახლის გრძნობა!
თუმცა ახლა ზღვის ფსკერზე ვარ,
ყველაფერი გამჭვირვალეა,
როგორც სარკმლიდან დანახული
გარესამყარო...
ვგრძნობ სიცოცხლეს ხელშესახებად,
მაგრამ სისხლი
მხოლოდ ძარღვებში შფოთავს
და აი, სადღაც აქ იმალება ფერი,
რომელმაც ბავშვივით უნდა გამახაროს!
ჰოი, სადა ხარ!
მე მესმის, როგორ უსტვენს ბულბული,
მე მესმის, როგორ იშლება ვარდი,
მე მესმის, როგორ წკრიალებს სხივი
და უჩინარი მაინც არა ჩანს!
აი აგორდა წითელი ბურთი
ამდენი ტანჯვის და გლოვის შემდეგ...
‒ მზეო, შესდექი,
შესდექი, მზეო! ‒
ხმაჩაწყვეტილი ბაგეები,
შენი ფერით ავსებული ‒
სისხლის ზღვაში ჩაძირული
თვალები გთხოვენ!

6.
ო, დედოფალო დედამიწის!
შენი და ჩემი სიხარული
როცა ერთდება,
იასამნებით იფარება
სამყარო ვრცელი...
(ახლაც ნაკადულივით მოვედინები
შენი ნაზი სიხარულისკენ,
შემითვისე და შემიყვარე!)
ია‒ია ოდნავ შეთრთოლდა,
აეხილა სიხარულს თვალი...
წკრიალებს ყველა კვირტი
გასაშლელი და გაუშლელი,
რომ აღმოცენდეს საოცრება...
რაღაა იქით,
ამის იქით?
იასამნების სირინოზივით
მათრობელა სიმღერები
ცვივა ფშანიდან სიცილივით ‒
ეს ღრუბელი ატირებული
იასამნების ტყეში ჩაეშვა.
ხელები
სალოცავად ცისკენ აწვდილი
იასამნებით დაითრთვილა,
რადგან ისმინა ყოვლისშემძლემ
ჩემი გალობა
სასიხარულო.
ო, დედოფალო დედამიწის!

7.
ტყდება სიხარულის
აყვავებული სილამაზე
და სიმშვიდე
კოკისპირული წვიმასავით
ეშვება დაბლა;
წკიპზე ქანაობს
შეთითხნილი სიმშვიდის ჭინკა
ყველაზე გამძლე
და ყველაზე გაუსაძლისი...
სისხლი უკვე ნელ-ნელა
ფერფლად იქცევა
და მხოლოდ ქარის დაბერვისას
ინერციით მიედინება სისხლძარღვებში
ქვემოთ და ქვემოთ!
ფერთაცვლის სამანზე
გადამდგარი შენი სხეული
ვერ გრძნობს ვერაფერს...
სიმშვიდის ჭინკა
ნელა მოძვრება,
ისმის მხოლოდ
ფეხის ფხაჭუნი,
შენი სიმშვიდით
გაცოფებული ვნებათაღელვა
ტოვებს საფარველს
და იბრძვის,
სანამ ნაცრისფერი
არ გახდება
მისი სხეულიც...
გახარებულ სიმშვიდის ჭინკას
ახლა გული უჭირავს ხელში
და არაფრისმთქმელ სიტყვებს
ეჩურჩულება აუჩქარებლად.

8.
მე შენ გისტუმრებ,
შენ ერთადერთს;
საჩემოს, ჩემთვის ამღერებულს
გემშვიდობები!
პირველყოფილო ფერო ქვესკნელის,
მიიღე ჩემი პირმშო ბრძოლისთვის,
რამეთუ ბრძოლა სისხლისფერია
და ეს ფერი ხშირად ბინდისფერს
უთანაბრდება!
ო, რა უგონო ტკივილი მოდის,
როცა დღისითაც ღამე გაწვალებს;
გაურკვეველიც გარკვეულია
ამ უკუნეთში
და ინსტიქტები ისე ცოცხლდება,
როგორც ცხოველში...
და ბღავის გული დათვის გულივით,
რომელსაც ბელი მოუკლეს გუშინ...
მერე რაღაცას ებღაუჭები,
რომ აიტანო მძიმე სხეული
და თვალებში შეხედო ღამეს.
„თვალები!
ო, რომ იცოდე, რა თვალებია,
ისეთი, როგორც მიწა
გაზაფხულისპირს ‒
ულამაზესი!
ბანგივით გათრობს მისი მზერა!“
‒ მ ი დ ი, მ ი ჰ ყ ე ვ ი,
ა ხ ლ ა უ კ ვ ე შ ე ნ ი
ჯ ე რ ი ა!



***
იქნებ მკითხველს სულაც არ აინტერესებს, როგორ დაიწერა „შუშანიკის საგალობელი“, მაგრამ მე მაინტერესებს მკითხველმა ისე გაიგოს, როგორც მე მესმის ის.
ათი‒თორმეტი წელია, რაც ეს თემა მაწვალებს. ლიტერატურულ‒ისტორიული მასალების ნაკლებობას მეტად მტკივნეულად განვიცდიდი. განსაკუთრებით მაშინ გაიზარდა ჩემი ინტერესი შუშანიკისადმი, როცა გავეცანი ნ. მარისა და ლ. მელქისეთბეგის შეხედულებას მამიკონიანთა საგვარეულოს ლაზური წარმოშობის შესახებ. მოგვიანობით მუშაობა მომიხდა ვახტანგ გორგასალის პერიოდის, მისი გამეფების, ვარსქენის დასჯის ისტორიულ თუ ლიტერატურულ თხზულებებზე, რათა გამერკვია თითოეული მათგანის სახე და ხასიათი, შევეცადე, ვარსქენში აღმომეჩინა ადამიანური თვისებები და ნაწილობრივ მაინც დამეჩრდილა მისი უკეთურობა. ამის შედეგია „რა გულსაკლავად ტირის მამა“. ფსიქოლოგიური გამართლება კი მის საქციელს ვერაფრით ვერ მოვუნახე. აქ იყო მხოლოდ ისტორიული სიმართლე ‒ ვარსქენი საქართველოს მეფის ოპოზიციაში მდგომი ერისთავი იყო, ის იბრძოდა ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ, რათა ხელში ჰქონოდა საკუთარი მცირე, მისხლისოდენა ძალაუფლება.
მაგრამ მთავარი მაინც შუშანიკი იყო. და აი აქ გაიელვა თითქმის ყველა ქალმა ჩვენი იატორიიდან, თითოეული თავის სიტყვას ამბობდა შუშანიკის ხასიათის გამოკვეთაში. აქ იყვნენ ყველა ‒ ანტიკური მედეადან დაწყებული, სამამულო ომის მონაწილე ქალებით დამთავრებული.
შემდეგ გადავწყვიტე, ძველი ქართულიდან ახალ ქართულზე სიტყვა‒სიტყვით გადმომეღო ცნობილი ლიტერატურული ძეგლი. როცა დავამთავრე და ხელახლა გადავიკითხე, სიზმარში ფილმივით ვნახე შუშანიკის გარდაცვალება. მეორე დღეს დავწერე „დატირება“. ეს იყო პირველი ლექსი ამ პოემიდან.
წამების წაკითხვისთანავე ამეკვიატა აზრი, რომ შუშანიკი თვითონ წერდა საგალობლებს, თუმცა ამის შესახებ არსად არაფერი არ არის ნათქვამი. ეს ამბავი იმდენად დავიჯერე, რომ პოემაში მისი გადმოტანა აუცილებლობად ჩავთვალე.
ჩემი შუშანაკი მხოლოდ ისტორიული პირი როდია, ის ქართველი ქალის ყველა კეთილი თვისების მატარებელი ადამიანია ‒ შემოქმედი, სახელმწიფო საქმეებში ჩახედული, განათლებული, კეთილშობილი... ამასთანავე ის არის საოცრად მოყვარული დედა, ერთგული მეუღლე და შეუდარებელი სატრფო. შუშანიკისთვის უცხო არაა წუთიერი სისუსტეც. ის ჩვეულებრივი მოკვდავია და არა წმინდანი, და თუ ლოცავს ყველას, იმიტომ კი არა, რომ მისი ყველა ლოცვა ახდება, არამედ იმიტომ, რომ კეთილია და სხვაგვარად არ შეუძლია. არ იფიქროთ, რომ შუშანიკი მერყევია, რადგან ამბობს „რა იცის ღმერთმა, ღმერთი სუსტია...“ ჩემი შუშანიკი ღმერთს მხოლოდ ებღაუჭება, რომ იხსნას ერი დარბევისა და განადგურებისაგან.
შევეცადე, პოემისათვის ქართული საგალობლის მრავალხმიანობა მიმეცა. რამდენად შევძელი ეს, მკითხველმა თვითონ განსაზღვროს.
პოემაში ტყუილად არ ჟღერს სიტყვები: „თავისუფლება“, „მშვიდობა“, „ერთგულება“, „სამშობლო“. ეს არის პოემის მთავარი აზრიც და მისი დაწერის გამართლებაც.

ავტორი

.
(დასასრული)

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ნინო ქუთათელაძე Empty
PostSubject: Re: ნინო ქუთათელაძე   ნინო ქუთათელაძე Empty

Back to top Go down
 
ნინო ქუთათელაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: