არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ზაზა აბზიანიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

ზაზა აბზიანიძე Empty
PostSubject: ზაზა აბზიანიძე   ზაზა აბზიანიძე EmptySun Nov 18, 2012 1:50 pm

ზაზა აბზიანიძე Zaza-211
Zaza Abzianidze

ზაზა აბზიანიძე

დაიბადა ქ. თბილისში, 1940 წლის 30 ოქტომბერს, ლიტერატორების – ანა ნიკოლაძისა და გიორგი აბზიანიძის ოჯახში; ლიტერატურის ისტორიკოსი და ესეისტი, საბავშვო მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დამთავრებული აქვს თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1963) და ასპირანტურა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (1966), რომლის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი დღემდე გახლავთ. შეთავსებით, სხვადასხვა წლებში მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, ჟურნალ "Литературная Грузия"-ს მთავარ რედაქტორად, თეატრალური ინსტიტუტის ფილოლოგიის კათედრის გამგედ, გამ-ბა "საოჯახო ბიბლიოთეკის" მთავარ რედაქტორად.
ხელმძღვანელია საგამომცემლო პროექტებისა: "100 წიგნი – ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო" (2011 წლის პრემია "გალა" ნომინაციაში _ "წლის საუკეთესო საგამომცემლო პროექტი"), ოცტომეულისა _ "დიდი ქართველები" (2011-2012 წწ.) და ათტომეულისა _ "ქართული სიტყვიერება" (2011-2010 წწ.).
სამეცნიერო ნაშრომთაგან უმთავრესია "ლიტერატურული პორტრეტები" (2009), ქართულ ენზე პირველად გამოცემული "სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედიის" ორტომეული (თანაავტორი _ ქეთევან ელაშვილი. პრემია "პარნასი" ნომინაციაში _ "წლის საუკეთესო წიგნი", 2007); პუბლიცისტიკიდან _ "Homo Bellator" ("იარაღმომარჯვებული ადამიანი"), რომელიც ეუთოს დაკვეთით დაიწერა და გამოქვეყნდა (ვენა, 2000; თბ., 2001).
წერს ლიტერატურულ ზღაპრებსა და ლექსებს, რომელთაც თვითონვე ასურათებს: "ამბავი დე ლა მელასი" (1997); "ბაბთა" (გაეროს ბავშვთა ფონდის _ "იუნისეფის" ლიტერატურული კონკურსის პირველი პრემია, 2001); "ბუსუნსულები" (2010); "წითელკუდა" (2007, 2010). ნაწილი ამ საბავშვო ნაწარმოებთაგან, ისევე, როგორც რჩეული ესეისტიკა თარგმნილია უცხო ენებზე და შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში.
არის არაერთი ლიტერატურული თუ საზოგადოებრივი ფორუმის მონაწილე და მასტერ-კლასის წამყვანი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტისა და კომპარატივისტიკის ქართული ასოციაციის (გეკლა) მიერ 2012 წელს დაფუძნებული ლიტერატურული თარგმანის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დირექტორი.
ზ.ა-ის სტატიები წინ უძღვის ან თან ერთვის როგორც ანთოლოგიებს (მაგ. ბერლინში გამოცემული XX ს. ქართული მოთხრობის კრებული “Der Ferne Weise Gipfel” ("შორი თეთრი მწვერვალი", 1984) ან "ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია (რუსული თარგმანებითურთ)" (თბ., 2008), ასევე ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერალთა რჩეულ წიგნებსა და სამეცნიერო მონოგრაფიებს (ამათგან, სულ ბოლოა: "ქართული რომანტიზმი _ ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები", თბ., 2012 წ.).
2010 წლიდან ხელმძღვანელობს ახალი ქართული ლიტერატურის სექციას "ქართული ენციკლოპედიის" მთავარ რედაქციაში; არის მწერალთა საერთაშორისო ასოციაციის "ევროპული ფორუმის" წევრი (1998 წლიდან), ხოლო 1996 წლიდან ნობელის კომიტეტის ექსპერტი ლიტერატურის დარგში.



Zaza Abzianidze for literary project '100 books - people who changed the world' (Georgian Biographical Centre)

ბმულები:
* http://lib.ge/books.php?author=322
* https://saba.com.ge/books/details/196
* https://www.facebook.com/zaza.abzianidze?ref=ts&fref=ts


Last edited by Admin on Sat Dec 29, 2012 8:54 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

ზაზა აბზიანიძე Empty
PostSubject: Re: ზაზა აბზიანიძე   ზაზა აბზიანიძე EmptySun Nov 18, 2012 2:00 pm

ზაზა აბზიანიძე

ვაჟა—ფშაველა
(ლიტერატურული პორტრეტი)

1922 წელს, შვიდი წლის შემდეგ ვაჟას გარდაცვალებიდან, პაოლო იაშვილი წერდა: "...გულშემზარავი იყო ბედი ვაჟა-ფშაველასი. ვაჟაფშაველაზე ძლიერი პოეტური სტიქია არ ახსოვს საქართველოს. ვაჟამ პირველმა მისცა იმედი ქართულ სიტყვას. მას ჰქონდა ღმერთების ენა და ჰომეროსის ნოყიერება. მაგრამ არწივად წოდებული საქართველოში დადიოდა, როგორც `ჩხიკვი ზაქარა~, თვალმოხეული, ყველის სუნით გაჟღენთილი, დაკონკილ ჩოხით, ფრჩხილებში მიწა გამოგლესილი, ნარმის საცვლებში, დასული სოფლის მეწვრილმანის ვაჭრობამდის, მიუღებელი, უგვირგვინო. ის ჭლექით დააკვდა საავადმყოფოს ლოგინს, ისე ვით უბინაო და ქუჩის მათხოვარი" (იაშვილი 2004: 255).
ჩვენ იშვიათად ვიხსენებთ ამ სიტყვებს _ იმიტომაც, რომ მათში მწარე საყვედური ჟღერს, იმიტომაც, რომ სიმართლის მოსმენა არ გვიყვარს და კიდევ იმიტომ, რომ საკუთარი პრობლემებით დაღლილნი, ვცდილობთ არ ვიფიქროთ სხვის ტკივილსა და გაჭირვებაზე _
არც ამდღევანდელზე და არც ასი წლის წინანდელზე...
და მაინც, ვაჟა შეგვახსენებს ხოლმე თავს, შეგვახსენებს, როდესაც ერთადერთი მწვანე ტოტით სიცოცხლეს ჩაჭიდებულ ხეს ან ქუჩაში მოძუგძუგე სამფეხა ძაღლს, ერთი წამით, მისი თვალით შევხედავთ და გაგვახსენდება მისგანვე შთანერგილი აზრი, რომ ჩვენგან
დასახიჩრებული ბუნება იმ სულიერი სიმახინჯისა და იმ დაუნდობლობის ანარეკლია, რომელიც, თუ მიუშვით, გაუსაძლისს გახდის ცხოვრებას ამ ქვეყანაზე.
ბუნების პირისპირ ამპარტავნად მდგარ ადამიანს ვაჟამ მუხლი მოადრეკინა ამ მარადიული სასწაულის წინაშე და პირიქით, ცხოვრებისაგან თუ ხელისუფალთაგან დაჯაბნილსა და დაჩოქილ თვისტომს ხელი შეაშველა, ფეხზე წამოაყენა, ღირსების გრძნობა და მომავლის რწმენა შთაუნერგა. იგი თვითონ იყო ამ ბუნების ღვიძლი შვილი, მის კალთაში გაზრდილი
და რძესთან ერთად თავისუფლების გემოს ნაჩვევი...
ლუკა რაზიკაშვილი, რომელიც შემდგომში ვაჟა-ფშაველას სახელით გახდა ცნობილი, 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა სოფელ ჩარგალში, ფშავში პავლე და გულქან რაზიკაშვილების ოჯახში. "დედა ჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვანიდან, ფხიკლიანთ გვარისა, სადაც მოსახლობენ დღესაც მისი ნათესავნი", _ წერს ვაჟა თავის ავტობიოგრაფიაში "ჩემი წუთისოფელი" და განაგრძობს, _ სათემო გვარი ფხიკელაშვილებისა არის გაბიდაური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. იმან შექმნა სატირული ლექსები და დღესაც ყველა ფშაველი იმის ჰანგზე "ლექსობს". საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია... წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმცა ბუნებით ფრიად ნიჭიერი იყო, შესანიშნავი მეოჯახე
და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე; დედაჩემის ქველობა დღესაც სამაგალითოდ არის დარჩენილი. ისე ჩავიდა საფლავში, რომ ერთს არავის ახსოვს იმას გაეჯავრებინოს..." (ვაჟა-ფშაველა 1961ე: 434).
ახლა ვაჟასავე თვალით დანახული პორტრეტი მამამისისა, პავლე რაზიკაშვილის: "მე როცა მამა-ჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარ დიაკვანად იყო სოფ. მაღაროსკარში, ს. ჩარგალზე რვა ვერსზე დაშორებით. როცა კი შინ იმყოფებოდა, მუდამ მიამბობდა მოთხრობებს ძველი საღმრთო ისტორიიდან, წერა-კითხვას მასწავლიდა ძველებურს
წესზე. ჩაუჯდებოდა ხორცს ხინკლისთვის საკეპლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც დაუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი ყურს იმის ტკბილ საუბარს..." (ვაჟა-ფშაველა 1961ე: 436).
პავლე და გულქან რაზიკაშვილები 1890 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალნენ. წესის ასაგებად შეკრებილმა შვილებმა გადაწყვიტეს, რომ უფროსი ძმა _ გიორგი თიანეთში დაბრუნდებოდა, სადაც იგი ვექილობდა; მომდევნო _ ვაჟა ჩარგალში რჩებოდა; ნიკო (შემდგომში ბაჩანას სახელით ცნობილი), ფშავიდან გაცლას ამჯობინებდა, რადგან თავისი წაწალი ჰყავდა ცოლად შერთული და თემის ადათის დამრღვევად ითვლებოდა; ამიტომაც იმხანად ხევსურეთში, ბარისახოში მასწავლებლობდა; მასწავლებლობდა აგრეთვე თედოც -ხელთუბანში, გორის მახლობლად; ამათი უმცროსი ძმა _ სანდრო, ჯერ კიდევ სწავლობდა და უფროსი ძმები ინაწილებდნენ სწავლის ხარჯებს. რაზიკაშვილებს ჰყავდათ უფროსი დაც _ მართა, ყვარელში გათხოვილი.
ნიკო და თედო რაზიკაშვილებმა, როგორც მოგეხსენებათ, მწერლობას მიჰყვეს ხელი და თავდაპირველად ვაჟას მეტოქეობას არა მარტო თიბვაში, ნიშანში სროლაში და ჭიდაობაში უწევდნენ. თვრამეტი წლის ბაჩანამ ვაჟაზე ადრე გაითქვა სახელი მშვენიერი ლექსით _ "მუხას", მაგრამ ამ ნაადრევმა პოპულარობამ მას დათვური სამსახური
გაუწია _ ბოლომდე მეტოქედ თვლიდა ვაჟას.
რაზიკაშვილთა ახლო მეგობრის, ივანე ბუქურაულის თქმით, ბაჩანა ღვარძლიანი და დამცინავი იყო, ამასთანავე ფხუკიანიც, ხუმრობას ვერ იტანდაო. ძმები ხშირად კამათობდნენ ლიტერატურის გარშემო. ეს არცაა გასაკვირი. გასაკვირი უფრო ისაა, მით უმეტეს ქართული ტრადიციის გათვალისწინებით, რომ ლიტერატურულმა პაექრობამ
ვაჟასა და ბაჩანას შორის პრესის ფურცლებზე გადაინაცვლა.
რაზიკაშვილთა ოჯახში ძმებს შორის ურთიერთობებს, როგორც ეტყობა, მაინც უფრო ვაჟა წარმართავდა. ვაჟას დისშვილი, მიხა რაზიკაშვილი იგონებდა, რომ როდესაც ბიძამისს "საზოგადოებაში ლექსის თქმას სთხოვდნენ, ჯერ ბაჩანას "მუხას" იტყოდა და შემდეგ
თავის "არწივსო" (ყუბანეიშვილი 1937: 272).
მოდით, ერთი წამით თხრობა შევწყვიტოთ და ჩვენც გავიხსენოთ "არწივი" _ ჩვენი სიყმაწვილის უცილობელი თანამგზავრი: ასზე მეტი წელი გავიდა ამ ლექსის დაწერიდან. როდესაც მას სკოლაში ვსწავლობდით და ვიზეპირებდით (ჩემს თაობას ვგულისხმობ), უკვე დროჟამით დანისლული და ისტორიის საკუთრებად ქცეული ქვეყნის სიმბოლოდ
აღვიქვამდით ვაჟას არწივს და მხოლოდ დღეს, მართლაც "ფრთამოტეხილი და გულისპირს სისხლმოცხებული" ქვეყანა რომ შეგვრჩა, თვალი აგვეხილა, _ თურმე როგორ ჰგავს ერთმანეთს ჩვენი და ვაჟას გულისწადილი:

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა.
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!
(ვაჟა-ფშაველა1961ა: 60)

ისე მგონია, ამ `ყვავ-ყორნების ველად გაფანტული ბუმბულის” ნახვის იმედი კაცს თუ არა აქვს, მის ქართველობას ის ერთი ფერმენტი აკლია, საუკუნეობით რომ განასხვავებდა ქართულ ეროვნულ ხასიათს.
`არწივი~ 1887 წლითაა დათარიღებული. 26წლის ვაჟა იმ დროს სოფელ დიდ თონეთში მასწავლებლობდა, მანგლისის მახლობლად და ეს წარუმატებელი მასწავლებლობა მისი პირველი და უკანასკნელი სამსახური იყო. მთელი დანარჩენი ცხოვრება მან უბრალო ფშაველი გლეხკაცის ცხოვრებით იცხოვრა.
მასწავლებლობის უფლებას ვაჟას აძლევდა გორის საოსტატო სემინარიის დიპლომი. აქვე უნდა ითქვას, რომ გასხვავებით თელავის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლისაგან, სადაც მანამდე მოუწია სწავლამ, გორის საოსტატო სემინარიას ვაჟა განსაკუთრებული სითბოთი იგონებდა.
სწორედ გორში სწავლისას (ეს 1879-1882 წლებია) გამოიკვეთა ვაჟას პიროვნული იერიცა და მისი ლიტერატურული ინტერესებიც: აქ დაუმეგობრდა იგი შიო მღვიმელს, ნიკო ლეონიძეს (მამას გიორგი ლეონიძისა), ლადო აღნიაშვილს. გორში იმხანად ხალხოსნური წრე ყალიბდებოდა _ სოფრომ მგალობლიშვილი, მიშო ყიფიანი _ მფარველი და საყვარელი მასწავლებელი ვაჟასი.
ვაჟას განსაკუთრებით მფარველობდა აგრეთვე სემინარიის დირექტორი დიმიტრი სემიონოვი. სწორედ მან უთხრა ალექსანდრე ხახანაშვილს, შემდგომში ცნობილ ლიტერატორს, ყმაწვილი ვაჟას წარდგენისას: "Запомните! Это высшая поэтическая натура!" (ყუბანეიშვილი 1937: 111).
სემიონოვისსავე ხელშეწყობით გამოდიოდა სემინარიაში ხელნაწერი ჟურნალი _ `რიჟრაჟი~. ბაჩანამ, რომელიც ამავე სემინარიაში სწავლობდა, საგულდაგულოდ გადაწერა `რიჟრაჟის~ ათი ეგზემპლიარი. ერთი ეგზემპლიარი აქედან მოწაფეებმა ილიას გაუგზავნეს, ერთი კიდევ _ სერგი მესხს გაზეთ `დროებაში~.
ვაჟას ყმაწვილური დებიუტი `რიჟრაჟში~ _ ჯერ კიდევ გაუბედავი კალმით ნაწერი ლექსი `ყარსის ბრძოლა~ მაინც არ დარჩენილა ყურადღების გარეშე _ ჟურნალმა `იმედმა~ გამოაქვეყნა 1881 წელს. ამ დროისათვის ვაჟას ამავე ჟურნალში კიდევ ორიოდე ლექსი აქვს გამოქვეყნებული, ხოლო გაზეთ `დროებაში~ _ რამდენიმე კორესპონდენცია
ფშავ-ხევსურეთიდან.
ვაჟასთან გორში დამეგობრებულ ალექსანდრე გარსევანიშვილს ასე დამახსოვრებია თავისი ფშაველი ამხანაგი: `რამდენადაც მე შევამჩნიე, ლუკა რაზიკაშვილი მეტად მგრძნობიარე პიროვნება იყო. სულიერი განცდა ხშირად ეცვლებოდა. ხან იყო მეტად მხიარული და საუბრის მოყვარე, ხან სულ ოცნებობდა და ასეთ დროს ლაპარაკიც
ერიდებოდა, ხან ბრძოლას ნატრულობდა და ყველიერში კრივშიც მონაწილეობას იღებდა. ამხანაგებს ხან ლმობიერად ექცეოდა, ხან დაცინვაც იცოდა~ (ყუბანეიშვილი 1937: 128).
ლუკა რაზიკაშვილის სიყმაწვილისდროინდელი ლექსები იმჟამინდელი ქართული პოეზიის ჩვეულ კალაპოტს მიჰყვებიან:

როდის იქნება, შეევიკრიბოთ, ძმანო, ერთადა
და დავაყვიროთ კიდით-კიდეს მკვნესი ნაღარა,
მის ტკბილსა ხმაზედ მხიარულად, გიჟმაჟურადა,
თავისუფლადა ვთამაშობდეთ აღმარ-დაღმარა?!
(ვაჟა-ფშაველა 1961ა: 419)

ეს პირველი სტროფია ჟურნალ `იმედში~ 1882წელს გამოქვეყნებული ვაჟას ლექსისა `როდის იქნება~.
გადის რამდენიმე წელი და რაღაც ნათელხილვის წამს ვაჟა მიხვდება: ის, რისი თქმაც მას უნდა, ჟურნალ-გაზეთებში ამოკითხული ლექსების ენით არ ითქმის, სხვაგვარად უნდა ითქვას, აკვანში რომ ჩაესმოდა ფანდურზე ნამღერი ლექსები, სწორედ იმ ენით, იმ ინტონაციით, იმ ხმოვანებით უნდა ამეტყველდეს... მაშინ მისი `ცვალებადი ხასიათიც~ უკეთ გამჟღავნდება და მისი ჩაგუბებული განცდებიც უფრო იოლად გამოითქმის:

თუ მამკლავ, ისევ შენ მამკლავ,
ქალავ, თავდახრით მცინარო,
დღეს ჩემის პირის მკოცნელო,
ხვალ სხვისთვის ძუძუს მჩინარო.
წყეული იყოს ღვთისაგან
ის დღე, როდესაც ვნახეო
შენი ფოფინა თვალები
და მოელვარე სახეო!..
(ვაჟა-ფშაველა 1961ა: 51)

`ათი წლისა უკვე შეყვარებული გახლდით, _ წერდა ვაჟა თავის დაუმთავრებელ ავტობიოგრაფიულ ნარკვევში, _ მაგრამ რამდენადაც ძლიერი იყო ეს ჩემი სიყვარული, იმდენად, გაუბედავი, დამალული, უსიტყვო, ისეთი, რომ ვგონებ ვინც მიყვარდა იმანაც არ იცოდა; მე კი თუ მუდამ დღე არ მენახა თვალით, მოვკვდებოდი, რის გამოც, როცა დროს ვიხელთებდი, უნდა გავქცეულიყავი იქ, საცა ჩემი `სატრფო” მეგულებოდა, რომ თვალით დამენახა, დავმტკბარიყავი მისი ცქერით. ჩემი სიყვარულისა მევე მრცხვენოდა, ეს სიყვარული დანაშაულად მიმაჩნდა და როგორ განუცხადებდი ჩემს სატრფოს,... ვიდრე
არ დავვაჟკაცდი და იმისა, ვინც მიყვარდა, ცოლად შერთვა არ განვიზრახე, ვერც სიყვარულის გამოცხადება გავბედე...~ (ვაჟა-ფშაველა 1961ე: 439).
ის, ვისი ცოლად შერთვაც განიზრახა და სიყვარული გამოუცხადა 25 წლის ვაჟამ, ეკატერინე ნებიერიძე გახლდათ _ უკანონო შვილი თავად ოთარ ამილახვარისა, ადრე გათხოვილი და ადრევე დაქვრივებული. ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია კეკესათვის, როგორც მას შინაურები ეძახდნენ, ბავშვივით ხალისიანი და გულღია დარჩენილიყო.
ტანადაც პატარა ყოფილა და ვაჟას ძმები, რომლებასაც კეკე ძალზედ უყვარდათ, ხელში აყვანილს თოჯინასავით ათამაშებდნენ თურმე. კეკე ვაჟამ ამილახვრების ოჯახში გაიცნო, ოთარაშენში, გორის მახლობლად. დაქვრივებული კეკე აქ მიბრუნდა, რადგან სხვა პატრონი არ ჰყავდა. კაცმა რომ თქვას, ვაჟაც უსახსრობამ მიიყვანა ამილახვრების
ოჯახში შინამასწავლებლად. ახლადდაბრუნებული იყო პეტერბურგიდან, სადაც უნივერსიტეტში სწავლის ხარჯებს ვერ გასწვდა და ეტყობა, სწორედ ამილახვრებთან ერთგვარი შესვენების დროს აპირებდა სამომავლო გზის არჩევას.
განგების ნებით, ერთი მთავარი არჩევანი მას სწორედ ამ ოჯახში ელოდა. მთელი შემდგომი თხუთმეტი წლის განმავლობაში კეკეს ხალისი და სითბო შეჰქონდა ჩარგალში გამომწყვდეული `რაზიკაანთ დევის~ არცთუ იოლ ცხოვრებაში.
ვაჟა არ მიეკუთვნებოდა მამაკაცის იმ ტიპს, რომელსაც გული არ შეეკუმშება ლამაზი ქალის დანახვისას. პირიქით, ადვილად აალებადი და ეტყობა, ზოგჯერ ძნელი მოსათოკიც ყოფილა. ისე რომ, კეკეს უთუოდ გაუქრებოდა ხოლმე მისთვის ჩვეული მხიარული გამომეტყველება, როდესაც ხატობაზე ან დღეობაში (წირვა-ლოცვაზე ვაჟა არ დადიოდა) ქმრის მრავლისმეტყველ მზერას გააყოლებდა თვალს, ანდა შუბლშეჭმუხვნილი კითხულობდა მის გრძნობამოძალებულ სტრიქონებს და ვერ დაედგინა, მისდამი იყო მიძღვნილი ეს ლექსი, თუ ფარული მოქიშპე ჰყავდა და მეტი სიხიზლე მართებდა:

შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზრდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
(ვაჟა-ფშაველა 1961ა: 92)

ეს ლექსი, `სიყვარული~ 1891 წელსაა დაწერილი. ვაჟა ამ დროს ოცდაათი წლისაა: სისხამ დილით, მხარზე ცელგადებული მიდის იგი კურდღელაანთ-სულის გორაზე _ სათიბავად, ხოლო ღამ-ღამობით, ჭრაქის შუქზე პატარა საწერ მაგიდას უბრუნდება, სადაც განგების მადლიანი ხელი ატარებს მის კალამს.
სწორედ ამ კალმით გაკვალულ გზას მივადევნოთ თვალი.
როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ქვეყანაში, რომელიც სიყალბეზე და ძალმომრეობაზეა აგებული; როგორ უნდა იცხოვროს, რომ სულში სიკეთისა და თანაგრძნობის ნაპერწკალი შეინარჩუნოს; როგორ უნდა იცხოვროს, რომ წაქცეულის მიშველიებისას თვითონაც არ
წაიქცეს; რომ სისუსტის წამს, ძლიერთა ბანაკს არ მიეკედლოს _ მათ მიტაცებულ ნადავლს დახარბებული; როგორ უნდა იცხოვროს, რომ შთამომავალთ არ რცხვენოდეთ მისი სახელის და შორიდან არ უვლიდნენ მის საფლავს? _ ამ კითხვებითაა დასერილი ვაჟას `ჩემი ვედრება~.
მეცხრამეტე საუკუნის ქართული პოეზიის თემებისა და პრობლემების პოლიფონიაში სულ უფრო და უფრო მკვეთრად გაისმოდა ეს მარადიული კითხვები. კითხვები, რომელთათვისაც პასუხის გაცემას თვით ცხოვრება მოითხოვდა ადამიანისაგან, ხოლო ეს ადამიანი, თავის მხრივ, სულ უფრო და უფრო ხშირად ხელოვნებას, პოეტს აპყრობდა
მზერას.
ამ კითხვებზე დაფიქრებისას, პოეტი უკვე ვეღარავის მიმართავდა დასახმარებლად. მხოლოდ ღმერთი თუ იქნებოდა მისი შემწე. ეგების, სწორედ ამიტომ, ვაჟა-ფშაველას ეს ლექსი სწორედ ღმერთისადმი მიმართვის ფორმითაა დაწერილი.
`ჩემი ვედრება~ აერთიანებს ვაჟას პიროვნულ და შემოქმედებით იდეალს; მისი კონცეფცია აქ მნიშვნელოვანწილად იმეორებს ილიასა და აკაკის მოქალაქეობრივ მიმართებას, მაგრამ, ამასთანავე, არის ერთი, წმინდა ვაჟასეული შტრიხი `ჩემ ვედრებაში~, რომელიც ესოდენ განსხვავებულ ელფერს აძლევს მის პროგრამულ ლექსს: ეს გახლავთ საგანგებოდ ხაზგასმული (შესაძლოა, ილიასა და აკაკის კონცეფციასთან რამდენადმე შინაგანად დაპირიპირებულიც კი) პოზიცია `უჩინარი” და `თავმოდრეკილი~ შემოქმედისა.
პროგრამულ ლექსში ვაჟამ არ ისურვა ერის მოძღვარის პიედესტალზე მდგარიყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პიედესტალი უკვე დაკავებული იყო; სხვათა შორის, ვგონებ, არც იმიტომ, რომ არანაირი ამბიცია არ გააჩნდა (ასე რომ იყოს, უფრო მარტივი სურათი იქნებოდა).
ვაჟამ თავისსავე შინაგან ბუნებასთან მისადაგებული გზა აირჩია: სწორედ აქედან მოდის `ჩემი ვედრების~ თავმოდრეკა, `ბალახად ყოფნის~ სურვილი. რელიგიის რანგში აყვანილი ეს უპრეტენზიო რწმენა, ხელოვნებისათვის (და მოყვასისათვის) უჩინრად მსახურების მოწოდება იშვიათ და სამუდამოდ დასამახსოვრებელ ელფერს აძლევს ამ უსევადო სატევარივით სადა, მაგრამ ჟანგმიუკარებელ სტრიქონებს:

ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(ვაჟა-ფშაველა 1961ა:110)

_ აი, ერთი იმ ლექსთაგანი, ჭრაქის შუქზე რომ იწერებოდა ფშაური ღამის სიჩუმეში, რომელშიც მხოლოდ ვაჟას მძინარე ცოლ-შვილის მშვიდი სუნთქვა მოისმოდა და დროდადრო, შორიდან _ ტოტია მგლის გაბმული ყმუილი...
ეს ყმუილი თუ დაუფრთხობდა ძილს რომელიმე ბავშვთაგანს, გასუსული რომ იწვა და ჭრელი საბნის ქვეშიდან ცნობისმოყვარე თვალს არ აცილებდა პოეტ მამას.
ვაჟას უფროსი ქალიშვილი, თამარი იგონებდა: `ერთ ღამეს გვიანობამდე არ დამეძინა. ჩუმად ვადევნებდი თვალყურს მამაჩემის წერას. ვხედავდი: ადგებოდა, ხან ერთ კედელს მიაჩერდებოდა, ხან მეორეს. მიმოდიოდა ოთახში: მივიდოდა, დასწერდა, კვლავ გაივლგამოივლიდა. ხან ფანდურს ჩამოიღებდა კედლიდან, დაუკრავდა და
დაამღერებდა:

თავის პატრონი ენაცვლოს,
თავის თვალყვითელ ციცასა...
(რაზიკაშვილი 1961: 69)

გვიან ღამით, როდესაც უკვე ცნობისმოყვარე თამარიც კარგა ხნის ჩაძინებული იყო, ხოლო თვალყვითელა ციცა-კატა ჩოჩხონია დამბალი ხაჭოთი გამასპინძლებული, ვაჟა საწოლს მიაშურებდა.
`მამას საწოლზე დათვის ტყავი იყო გადაფარებული, _ იგონებდა თამარი, _ დათვის ტყავზე ნაბდის ქეჩა ეფინა. ქეჩაზე ვეფხვის ტყავი ეხატა. საწოლის თავთან კედელზე მიკრული იყო ირმის და ჯიხვის რქები. აგრეთვე არწივის მხრები, ბრჭყალები ეკიდა. იქვე, კედელზე ჩამოკიდებული იყო ფარ-ხმალი, ორი თოფი: ერთი ბერდანკა და ერთიც აინალი. კედელზე ეკიდა დიდი ფანდური~ (რაზიკაშვილი 1961: 68).
კეკეს, ვაჟას ცოლის, პატარა ტახტი, ფშაური ადათის მიხედვით, ცალკე უნდა მდგარიყო. და იყო კიდეც მოპირდაპირე კედელთან მიდგმული.
დილით, როცა მზის პირველი სხივი დაეცემოდა ივლიანთ გორას, ვაჟა პირზე წყალს შეისხამდა, თაფლისფერ წვერზე გადაისვამდა ხელს და გახედავდა ჩარგლულას ხეობას, სამების მთას და სარაყდრის გორს _ რამდენჯერ ჩასძინებია მის კალთაზე ხევსურეთიდან მობრუნებულს...
მერე, ჩაფიქრებული, თავისთვის ჩაიდუდუნებდა:

მთას ვუცქერ ყელ-მოღერებულს,
მთელის ხმელეთის მფლობელსა,
თვის დღეში ცრემლ-დარდ უნახველს,
არვისთვის არრის მთხოვნელსა...

იმეორებს ვაჟა ამ ლექსს და `ამჟამინდელი ხედვის სიამე~ მომავალზე ფიქრით ეწამლება _ `რით დასრულდება სიტურფე სიცოცხლის, მთისა, ბარისა?~ _ მერე, თითქოს გაურბის ამ კითხვას, თავისსავე თავს უბრუნდება, თავის მრწამსსა და მიზანს:

... ოღონდ მე ჩემი წადილი
და მღელვარება გულისა
ვასრულო, აზრს ვემსახურო,
ერთგული ვიყო რჯულისა:
ვაკეთო, რაცა მწადიან,
რაც მიყვარს, რაცა მწყურისა...
(ვაჟა-ფშაველა 1961ა: 169-170)

ეს ლექსი _ `მთას ვუცქერ ყელმოღერებულს~ XIX საუკუნის მიწურულსაა დაწერილი _ 1899 წელს. ვაჟა უკვე აღიარებული პოეტია და ამ აღიარებაში დიდი წვლილია ილია ჭავჭავაძისა.
იაკობ მანსვეტაშვილს ჩაუწერია `ივერიის~ რედაქციაში ვაჟას სტიქიური "ლიტერატურული საღამოს~ (თავის `მოხუცის ნათქვამს~ კითხულობდა თურმე) ილიასეული შეფასება: `_ არა, ჩვენ ძველებმა ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ! გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ!~
(მანსვეტაშვილი 1936: 107).
არტურ ლაისტიც იგივეს წერდა თავის `საქართველოს გულში~: `...ილიას ჩემთვის უთქვამს: “ვაჟა-ფშაველა არის გენიალური ფიგურა და ყველაფრით განირჩევა თანამედროვე პოეტებისაგანო.” (ლაისტი 1963: 76).
ამ დროისათვის ვაჟას უკვე დაწერილი აქვს `გოგოთურ და აფშინა”, `ალუდა ქეთელაური”, “ბახტრიონი”, `სტუმარ-მასპინძელი”...
`შვლის ნუკრის ნაამბობის” და `ქუჩის” გამოქვეყნებისთანავე თავისი ერთგული მკითხველი გაუჩნდა ვაჟას მოთხრობებსაც. იმ მოთხრობებს, ლექსებთან და პოემებთან ერთად ხურჯინით რომ ჩამოჰქონდა ჩარგლიდან თბილისში. აქ ან პირდაპირ `ივერიის” რედაქციას მიადგებოდა, ან იოსებ იმედაშვილს ააკითხავდა მთაწმინდაზე. საღამოს კი მლეთის ქუჩისაკენ გასწევდა, სადაც ჩვეულებრივ ჩერდებოდა ხოლმე თავის უმცროს ძმასთან _ სანდროსთან.
იოსებ იმედაშვილი ასე აღწერდა ვაჟას იერს: `შუა ტანისაზე უფრო მაღალი, წელში აშოლტილი, სახე გამხდარი, უფრო ხმელი, ბოლო ხანებში ციმბირის წყლულით ცალთვალატირებული, დინჯი, დარბაისელი, თავაზიანი. ხანდახან იფეთქებდა ხოლმე, მაგრამ სულის სიმშვიდეს მუდამ ინარჩუნებდა, არ ვიცი რათა, მაგრამ ვაჟას მიხრა-მოხრასა
და ლაპარაკს რომ ვუკვირდებოდი, უნებლიეთ ზეზვა, ლუხუმი და სხვა მსგავსნი გმირნი წარმომიდგებოდნენ ხოლმე. მეტად სადად იცვამდა, უბრალო, სოფლელი ფშაველი გლეხისაგან ვერ გაარჩევდით. მუქი ფერის მოშავო ან მოყავისფრო ჩოხა, შალის
საკანჭეები, უყელო ჩუსტები, ტყავის ქამარი, გალიბანდის ქუდი, მოყვითალო ყაბალახი,
_ აი, მისი მორთულობა, განუშორებელი ნაბდითა და ხანჯლით. თბილისში ჩამოსვლისას, ყელზე მოგდებულ მაუდის ყაბალახში განუშორებლად ელაგა ღორის ლურთი, ხმიადის ღორის ქონიანი ნატეხი, სარედაქციოდ დაწერილი ლექსები, პოემები, წერილები და
ლესინგის `ლაოკოონი”. “ (იმედაშვილი 1978: 209).
თბილისში ვაჟა მეტწილად შობა-ახალწლებზე და სააღდგომოდ ჩამოდიოდა. ზოგჯერ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ამა თუ იმ მწერლის, მსახიობის იუბილეზე ან დაკრძალვაზე. დედაქალაქში მას თავისი წრე ჰყავდა მეგობარ-ამხანაგებისა: ივანე ბუქურაული, ნიკო
კურდღელაშვილი, შიო მღვიმელი, იროდიონ ევდოშვილი... თავშეყრა ისეთ სარდაფში უყვარდათ, რომელსაც უფრო უბრალო ხალხი ეტანებოდა _ მირიანაშვილისა მაგალითად, ან `ქოსებთან”. აქ, კახური ღვინით შემთბარნი, ხან ქალაქის ამბებს უყვებოდნენ ვაჟას, ხან კი, თუ ძალიან ჩააჯინდებოდნენ, თავის რომელსამე ახალ ლექსსაც წააკითხებდნენ:

სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? _ ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ვარმით ნაკვები, სნეული,
გულ-გაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილ-ჩამოხეული!
ასე წვა-დაგვით გაზრდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა...
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა...
(ვაჟა-ფშაველა 1961ა: 128)

ვაჟა ლექსის კითხვას რომ ჩაამთავრებდა და პირველი აღტაცება ჩაცხრებოდა, ერთ-ერთი მის მეგობართაგან, უთუოდ, კითხავდა ეშმაკური ღიმილით: `კაცო, შენ ის ვაჟა-ფშაველა არა ხარ, ამ ორი წლის წინ `ივერიის~ რედაქციას რომ მისწერეს _ რა გააჭირეთ საქმე თქვენი ვაჟა-ფშაველათი, არ აჯობებს არტემ ახნაზაროვის ლექსები ბეჭდოთო?~
ახლა თვითონ ვაჟასაც ეღიმებოდა ამ ანონომიურ წერილზე, მაგრამ უკანასკნელ ხანს `ივერიის” თანამშრომლებს რაღაც გულგაციებას აშკარად ატყობდა: რამდენიმე შეთავაზებული ნაწარმოები არ გამოუქვეყნეს, გამოქვეყნებულში _ ფული არ მისცეს... და, ამასთან ერთად, კიდევ საჯაროდ ჭკუას ასწავლიდნენ _ პეტერბურგში სტუდენტური
სალაროს ვალი რომ გადევს, რატომ არ უბრუნებო?
იცოდნენ კი, რომ რედაქციებიდან აღებული ათი თუ თხუთმეტი მანეთი ნავთსა და მარილზე ძლივს ყოფნიდა, ცოლ-შვილი ჩაუცმელდაუხურავი დაუდიოდა, თვითონ, რაც ეს წყეული ციმბირის წყლული შეეყარა _ ჩამოხმა, გვერდს იტკიებდა და ძველებური ჯანი აღარ მოსდევდა...
არაა გასაკვირი, რომ ასეთ გუნებაგანწყობილებაზე დაწერილი ლექსი _ `ნუგეში მგოსნისა~ ვაჟას `ივერიის~ რედაქციაში აღარ მიუტანია, ჟურნალ `მოამბეში~ გამოაქვეყნა:

ვნუგეშობ სწორედ სანუგეშოცა:
გულზე მედება ცეცხლის გენია,
ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს
ავი მე არა ჩამიდენია;
ვინ რას გაიგებს, ან ვინ რა იცის,
რამდენჯერ ცხარე ცრემლი მდენია?!
(ვაჟა-ფშაველა 1961ა: 129)

წყენა და გულისტკივილი აწერინებდა ვაჟას ამ სტრიქონებს. რამდენიმე კაცს ამაგს როგორ დაუვიწყებდა _ ილიას, იოსებ იმედაშვილს, მარიამ დემურიას... მაგრამ სხვანი?.. იმ ცალი, საღი თვალით შეუნიშნავს: _ როგორ აწრიალდებოდნენ ხოლმე მასთან შეხვედრისას,
როგორ ცდილობდნენ ჩქარა გასცლოდნენ _ ეშინოდათ მათთვის გული არ დაემძიმებინა.
ისევ მეგობარ მწერალს თუ შესჩივლებს: `ქართული ლიტერატურა აბა როგორ უნდა განვითარდეს, როცა მწერლებს ლუკმა-პურის ძებნაში სული ამოსდით, ჩემი დღენია ვწერ და რამდენადაც ვიცი, ქართულ საზოგადოებას მოსწონს ეს ჩემი ნაწერები, მაგრამ რა გამოვიდა, სული კბილით მიჭირავს. ჩემს ნივთიერ გაჭირვებას და შევიწროებას ბოლო არ უჩანს, ნავთი და მარილი რაა, ოჯახში თავისუფლად და გაბედვით ვერ შემომიტანია. მზის ჩასვლისას ქათამსავით თვალებს ვხუჭავ და ლოგინს თავს ვაფარებ. ცეცხლი არაა, ლობიოსათვის მარილის შოვნაც გეძნელებოდეს, ასეთ პირობებში ვის სცალია ლიტერატურის განვითარებაზე იფიქროს. ზოგჯერ დიდი სურვილი მაქვს ჩავიმუხლო და რაიმე დავწერო, მასალა ბლომად მომეპოვება, მაგრამ განა შემიძლია გულდამშვიდებით ვწერო, როცა თვალწინ სახრჩობელასავით მეხატება ჩემი ნივთიერი უმწეო მდგომარეობა, ჩემი ცოლ-შვილის ლუკმა-პურის მოსაპოვებლად ყოველდღიურად ტანჯვა და ვაება. განა ვაჟა ასეთ რამეებზე უნდა ფიქრობდეს, ასეთ წვრილმან საქმეებში უნდა აბანდებდეს თავის თავისუფალ დროსა და მოცალეობას! “ (ალექსანდრე მიქაბერიძის მოგონებიდან).
საკუთარი სულმოკლეობის შეგრცხვება კაცს, ვაჟას ამ სიტყვებს რომ უსმენ. ამასთანავე როცა იცი, როგორ ახერხებს `რაზიკაანთ დევი~ მაინც ჩაიმუხლოს ლექსის საწერად, სძლიოს დაღლას, შიმშილს, სიცივეს, სიბნელეს და კვარი აანთოს, რათა ზეშთაგონებით სულეთიდან გამოხმობილმა გმირებმა ადვილად მიაგნონ მის განათებულ სარკმელს...
ხანდახან, ძალზედ იმედგადაწურული რომ უყურებდა თავის თანამედროვეთ, ვაჟა იმასაც ფიქრობდა, ვერც ვერანაირი სასწაული, ვერც მითოლოგიური წარსულიდან გამოხმობილი რაინდები, `პიროფლიანები~, როგორც მათ ფშავში უწოდებდნენ, ვერც საკუთრივ მისი ჭირთათმენის მაგალითი, ვერ უშველიდა თავთავიანთ ნიჟარებში ჩამალულ ამ პატარა ადამიანებს, ვერ გააერთიანებდა, ვერც კაცური და ვერც ეროვნული ღირსების გრძნობას ვერ შთაუნერგავდა. აკი წამოიწყებს კიდეც თავის სიმღერა-მოთქმას:

ბედს მომლოდინე უბედო დავრჩი,
გამწარდა ჩემი სიცოცხლე-ყოფა.
და უნუგეშოდ ასკვნის:
რა მივუტანო ამბავი გმირთა?
რით ვანუგეშო სამშობლოს მცველნი?
ნუთუ ის ვუთხრა: ძლეულ ვიქმენით,
საქართველოზე ხარობენ მტერნი?!
ვაი, რა ცუდ დროს ჯანღი დაგვეცა,
ვაი, რა ცუდ დროს გაგვიტყდა გემი;
ვაი, რა ფუჭად გული ვაძგერე,
უკვალოდ რჩება ნავალი ჩემი!
(ვაჟა-ფშაველა 1961ა: 156)

ამ, ბოლო სიტყვების, მე მგონი, თვითონ ვაჟასაც არ სჯეროდა: შეიძლება იმიტომაც არ შეიტანა ეს ლექსი _ `ბედს მომლოდინე უბედო დავრჩი” თავის თხზულებათა პირველ კრებულში, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ
1899 წლის დეკემბერში გამოსცა.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Sun Nov 18, 2012 2:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

ზაზა აბზიანიძე Empty
PostSubject: Re: ზაზა აბზიანიძე   ზაზა აბზიანიძე EmptySun Nov 18, 2012 2:05 pm

ზაზა აბზიანიძე

ვაჟა—ფშაველა
(ლიტერატურული პორტრეტი)

(დასასრული)

კარს იყო მომდგარი ახალი, მეოცე საუკუნე, ახალი, მომავლის იმედით თვალანთებული თაობა მოდიოდა და ვაჟა, რაღა თქმა უნდა, გრძნობდა, რომ სწორედ ამ თაობას სჭირდებოდა ახლა სხვაზე მეტად მისი შავქარქაშიანი ხანჯლით გამოთლილი სიტყვაც და მისი ქედმოუხრელი ცხოვრების მაგალითიც.
ახალ, 1900 წელს და ახალ, მეოცე საუკუნეს თბილისი საზეიმო
პარაკლისითა და მთავარმმართებლის სასახლეში გამართული მეჯლისით
შეეგება. ჩარგალში, ახალი წელი, ცხადია, გაცილებით უფრო
მოკრძალებით აღინიშნებოდა: პატარა ტაბლაზე ეწყო ხინკალი, ფრინველი,
თევზი, ქადა, თხილი, პანტა, თედოს გამოგზავნილი თაფლი,
დამბალი ხაჭო და ხავიწი _ ვაჟას საყვარელი კერძები, ვაჟასსავე
გამოხდილი პანტის არაყი...
ტაბლას ოთხნი უსხდნენ: ვაჟა, კეკე და მათი უფროსი ქალ-ვაჟი-
თამარი და ლევანი. უმცროსს _ მარიამს უკვე ეძინა. ლევანს და
თამარს ეამაყებოდათ, რომ საახალწლო სუფრასთან დასვეს და ცდილობდნენ
არ ჩაეთვლიმათ. კეკეს ლამაზ სახეს დაღლილობა ემჩნეოდა
_ მთელი დღის ნაჯაფი იყო და ამასთანავე მეოთხე ბავშვზე ორსული.
ადათის გათვალისწინებით, რამდენიმე სადღეგრძელო შეისვა.
კეკეს და ბავშვებს ქუთუთოები დაუმძიმდათ, სტუმარი მეზობელთაგან
ჯერ არ ჩანდა. და ვაჟა თავის საფიქრალს მიეცა: `ამ ახალ-წლის
დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალა-უნებურად, რომ ყველამ მოინანიოს
წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახლის ძალით,
მხნეობით, გულ-წრფელად და ჩავიჭიდოთ ღრმად გულში ეს
მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომლის ქვეყნის შვილებიცა ვართ,
რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ,
იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის
დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს...”
(ვაჟა-ფშაველა 1961ე: 409).
ეს ნაწყვეტი თავისი საახალწლო წერილიდან ვაჟას ზეპირად ახსოვდა
და ფიქრობდა, რომ მომავალში ლევანს აუცილებლად წააკი-
თხებდა თავის ჩანაწერებს...
კიდევ კარგი, ვაჟა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ არ მოსწრებია
მისი ვაჟიშვილის დახვრეტას 1923 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და
მისი რაზმელების ხელშეწყობის ბრალდებით.
ვაჟას უმცროსი ქალიშვილი გულქანი, სწორედ იმ 1900 წელს დაბადებული,
შემდგომში, უკვე ხანდაზმულობისას მოთქმით ყვებოდა:
`არც ერთ ქვეყანას არა ჰყავო, იციან, ეგეთი ბუნების მგოსანიო. ჰოდა,
ერთი ვაჟიშვილი ჰყვანდა და ისიც თავის ქვეყანამ მოუკლა
ვაჟასა, ისიც ქართველებმა...~ (რაზიკაშვილი 1991: 62).
კეკე გულქანის შემდგომ ფეხმძიმობას გადაჰყვა, _ 1901 წლის
მიწურულს. თივის ბულული მოუკიდებია ზურგზე და მუცელი
მოშლია...
ვაჟა ამ დროს ყვარელში იყო დასთან და სიძესთან: იმედი ჰქონდა,
რომ სანოვაგესა და ღვინოს წამოიღებდა საშობაოდ და ნათლობისათვის,
თან მოინადირებდა რასმე... სწორედ ნადირობის დროს შეატყობინეს
კეკეს ამბავი.
ცოლის დასაფლავებას ვაჟამ ვერ მოუსწრო და ეს დანაშაულის
გრძნობაც ზედ ერთვოდა მის ელდას და ტკივილს, რამდენიმე ხნის
შემდეგ ცრემლნარევ სტრიქონებად გამოთქმულს:
იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.
(ვაჟა-ფშაველა 1961ა: 202)
იდგა თავჩაქინდრული ვაჟა კეკეს ობოლ საფლავთან და ათასი რამე
აგონდებოდა: როგორ გაბმით კიოდა კეკე, ოთარაშენიდან ჩარგალ-
ში რომ მოჰყავდა მაყრიონს და გზად ვაჟას ჩხუბი რომ შეემთხვა (მა-
შინ იყო, ვიღაცამ უწმაწურად წამოიწყო _ `უჩიტელს მოჰყავს ქალიო...~);
ახსენდებოდა მისი ხალისიანი სიცილი და მრავლისმეტყველი
ამოხედვა... რაღაც, ძალზედ სუფთა და კარგი, ძალზედ სათუთი სამუდამოდ
წავიდა მისი ცხოვრებიდან. ორმოცდაორი წლისა არც იყო და
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ცხოვრება დამთავრდა და ეს ოთხი,
საცოდავი ბავშვი რომ არა, ამ პატარა ბორცვთან თვითონაც სამუდამოდ
მიიძინებდა...
ცხოვრება კი თავისას მოითხოვდა _ სულ უფრო ჭირდა უდიასახლისო
ოჯახის გაძღოლა. დროდადრო მაღაროსკარიდან ბაჩანა
ამოაკითხავდა _ აი, მაშინ გენახათ ბავშვების სიხარული _ ანებივრებდა
ობლებს; ხან რომელიმე მეზობელი დატრიალდებოდა სახლში.
მაგრამ ერთხელ, კეკეს გარდაცვალებიდან ორი წელი რომ იყო გასული,
ვაჟა, თითქოს იმ ქვეყნიდან უჩინარი დასტური მიიღოო, სასაფლაოდან
რაღაც განსხვავებული ნაბიჯით მობრუნდა და თავისი ცხენის
_ ნიკორის შეკაზმვას შეუდგა.
გეზი გუდამაყრისაკენ ეჭირა, სოფელ ხორხისაკენ. ერთი იქაური
ახალგაზრდა ქალი ეგულებოდა, ქმართან უბრად მყოფი _ თამარ
დიდებაშვილი და ახლა უნდოდა მამამისს მოლაპარაკებოდა. ბაჩანაც
თან ახლდა. `დიდებათ გიორგის~ _ თამარის მამას, გუდამაყრული
სიჯიუტით რომ გამოირჩეოდა, არც ამჯერად უღალატნია თავისი თავისათვის:
ფშაველებს რამე არ შეეშალოთ, აქედან ქალს არავის არ
ვატან, თან ასეთ მეოჯახესო! მაგრამ ცოტა ჟიპიტაურმა ქნა თავის
საქმე, ცოტა ბაჩანას დიპლომატიამ და, მოლაპარაკებისამებრ, მეორე
ჩამოსვლაზე ფშაველმა სასიძომ ქალი თან გაიყოლა.
თამარი კი მართლაც კარგი მეოჯახე გამოდგა. ოღონდ, კეკესაგან
განსხვავებით, უტეხი ხასიათისა იყო, ვერავინ დაჯაბნიდა და დროდადრო
ვაჟას ისეთივე საყვედურების მოსმენა უწევდა, როგორც მისი
პოემის _ `გველის-მჭამელის~ გმირს _ მინდიას, თავისი ცოლისაგან.
ახლა, ალბათ მართლაც დროა გავიხსენოთ ეს პოემა _ `ვაჟაფშაველას
ქმნილებათაგან ყველაზე მეტად ღრმა და მშვენიერი~, _
როგორც გრიგოლ რობაქიძე წერდა, გავიხსენოთ, რა დაგვიხატა ისე-
თი ამ `განმჭვრეტმა მწყემსმა~ და `მკვდრეთით აღმდგარმა ძემ მითოლოგიური
წარსულისა~, XX საუკუნის ზღურბლზე, რომ მთელი საუკუნეა,
სულგანაბულნი ჩავცქერით მის სიღრმეს და ბოლომდე ვერ
ამოგვიხსნია მის ფსკერზე გამოსახული იდუმალი ქარაგმა...
დღეს, როდესაც ადამიანმა გარშემო მიმოიხედა, უეცრად აღმოაჩინა,
რა უქნა გარე სამყაროს: როგორ გაჩეხა და ამობუგა ტყეები,
დაღარა და დასერა მთის კალთები; სიცოცხლე ჩაკლა იმ ტბებში და
მდინარეებში, რომელთა ამოშრობაც ვერ მოასწრო; გამოფიტა და
მოწამლა ის მიწა, რომლის მადლითაც აქამდე არსებობდა; დაბოლოს
_ გაწყვეტის პირამდე მიიყვანა ყოველივე სულიერი, რაც კი
დარბოდა, ცურავდა თუ დაფრინავდა ამ მიწაზე, ამ წყალსა და ჰაერში.
კაცობრიობის დიდ მასწავლებელთაგან მხოლოდ რამდენიმემ იწინასწარმეტყველა,
რომ ბუნება როდესმე სამაგიეროს გადაუხდის
თავის ყოვლისშემძლეობით გაამპარტავნებულ ადამიანს და მარტოდმარტოს
დატოვებს ცხოვრების დამშრალი მდინარის უსიცოცხლო,
უხმო და უჩრდილო ნაპირზე...
ქართველი კაცისათვის ასეთი მასწავლებელი ვაჟა-ფშაველა იყო.
ვაჟამ `გველის-მჭამელში~ იქადაგა, რომ ბუნება _ ღვთაებრივი
ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი _ ამ ჰარმონიის ნაწილი და
როგორიც არ უნდა იყოს მისი საამწუთიერო ინტერესები, იგი საბოლოოდ
განწირული იქნება, თუ ბუნების გრძნეულ ენას არ მიუგდებს
ყურს, მის უხილავ სულიერებას არ იწამებს და მის ტკივილს არ
გაიზიარებს.
ვაჟა არ მოითხოვდა მინდიასთან აბსოლუტურ მსგავსებას: სხვა
რომ არაფერი იყოს, თვითონ უბადლო მონადირე იყო. მინდია _ ესაა
სახე-იდეა, მიუღწეველი ზნეობრივი მწვერვალი, რომლის წარმოსახულ
არსებობასაც კი გარკვეული, ეთიკური განზომილება შემოაქვს
გარემოსადმი ჩვენს მიმართებაში.
ასევე აღიქმება მთელი წყება ვაჟას ისტორიული და მითოლოგიური
გმირებისა _ იმედი საზიკაული, გიგი, ხუზაურ გოგოლაური,
ხირჩლა ბაბურაული, ხიმიკაური, ღაჭაურა, სუმელჯი წოწკოლაური...
_ `კაი ყმის~ სახელით გაერთიანებული ძველი ყაიდის რაინდები, ხატობაში
`საკარგყმო~ ლუდს პირველებს რომ მიართმევენ და ვაჟასათვის
მთელი მისი ცხოვრების განუშორებელ იდეალს რომ წარმოადგენენ:
კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
(ვაჟა-ფშაველა 1961ა: 282)
ვაჟამ `კაი ყმაში~ დასმულ ამ კითხვაზე მთელი თავისი ცხოვრებით
გასცა პასუხი: ადვილია სამართლიანობაზე აბსტრაქტულად წერა,
მაგრამ ვინ გაბედავდა, ვაჟას მეტი, სასამართლო დარბაზში მსაჯულის
მიკერძოებით აღშფოთებულს, მისთვის სკამი გაექანებინა, ბოქაულისათვის
სილა გაეწნა, გზირ-ნაცვალ-მამასახლისისათვის მედლები
აეყარა, მაზრის უფროსს არ შეპუებოდა... მაშინდელი უფროსები
ეგენი იყვნენ და იქით ეშინოდათ, რამით არ გაენაწყენებინათ ვაჟა.
მათაც გაუგებს კაცი _ აბა, მიდით და გაანაწყენეთ ასეთი დევგმირი:
`ცხენზე იჯდა წყლისფერ ჩოხაში გამოწყობილი მხარბეჭიანი ვაჟკაცი,
თოფით და ხმალ-ხანჯლით შეიარაღებული. მკერდზე უბის
მასრები ეკეთა და თავზე მაღალი ფაფახი ეხურა~.
ახლა ხასიათს თუ იკითხავთ: `სოფელს მისი შიშით ვერავინ დაჩაგრავდა,
მით უმეტეს ჩვენ, ახლო მეზობლებს, _ იგონებდა ერთი მისი
მეზობელთაგანი, _ კატო ცქიფაშვილი, _ ჩვენს ახლოს, ლუკას ში59
შით, ვერც ტყისმცველი გაივლიდა. ლუკა მთელი სოფლის იმედი იყო.
ლუკას ხათრით ვერც მომიჯნავე სოფლები გვედავებოდნენ სათიბსახნავებს.
სამართლიანი იყო და უსამართლობას არავის მოუთმენდა, დაჩაგვრას
არავის შეარჩენდა~ (ყუბანეიშვილი 1937: 382).
ვაჟას ჯერ თვითონ რა ჰქონდა, მაგრამ თხოვნაზე უარის თქმა არ
იცოდა და მომხდარა, რომ გარდაცვლილი მეზობლის ქვრივისათვის
თავისი ერთადერთი გამოსასვლელი ტალავარი _ ჩოხა-ახალუხი მიუცია,
ზედ პური, ფული, სასუდრო დაუმატებია და ისე გაუსტუმრებია
_ `აჰა, წაიღე, შე ბეჩავო. იმ კაცს ტიტველს ნუ დამარხავთო~.
ახლა წარმოვიდგინოთ, როგორ დალოცავდა ვაჟას ის მეზობლის
ქვრივი, წარმოვიდგინოთ ვაჟასსავე ეთნოგრაფიული ჩანაწერის მიხედვით:
`შენამც შეგეწევა მამის სალოცავი, შენამც გიშველის ღმერ-
თი. აგებ ღმერთმა გიცოცხლოს ცოლ-შვილი. ისრე გიცოცხლოს, როგორც
შენს გულს უნდოდეს. საცა გაიარო, ყველგან გამარჯვება
მოგცეს. შენი ამჯობინოს შენის მტრისასა, ნურავისი თვალი და გული
მოგერიოს. ჩვენის შველისადა ღმერთმა გიშველოს, ხელ-მხარი მშვიდობაში
მოგახმაროს. ჩვენის დახედვისადა, მოხედვისადა, ღმერთმა
კეთილად გადამახდევინოს. ღმერთიმც შაეწევა შენს ჯანსა. ღმერ-
თიმც გიშველის _ `აიქამც გაგემარჯვება, საცა ხმალნ იქმენ გელვასა,
მოციქულობენ ისარნი, შუბნი იქნევდენ ენასა...~ (ვაჟა-ფშაველა
1961ე: 61).
მაგრამ ვაჟას მისამართით სხვა სიტყვებიც გაისმოდა: ასე მაგალითად,
1907 წელს ვინმე კაპიტანი სამონოვი, ფშავ-ხევსურეთში პოლიტიკური
სიტუაციის დასაზვერად მეფისნაცვლის კანცელარიიდან
წარგზავნილი, წერდა, რომ `ვაჟა-ფშაველა, როგორც ჭკვიანი და მოქმედი
კაცი, რომელიც განუსაზღვრელი გავლენით სარგებლობს მაღაროსკარელთა
შორის, რევოლუციური სიტუაციის შექმნას უწყობს
ხელს და როგორმე უნდა უვნებელვყოთო” (ყუბანეიშვილი 1937: 399).
თუ კარგად დავუფიქრდებით, რას ნიშნავს ეს `უვნებელყოფა~,
როდესაც ხელისუფლებას ვინმე ძვალივით ჰყავს ყელში გაჩხერილი,
მაგრამ დაჭერაც არ უნდა, ხმაური რომ არ ატყდეს, _ 1907 წელს ვაჟა
`შემთხვევით~ ტყვიას ან სხვა რამ ფათერაკს გადარჩენილად შეგვიძლია
ჩავთვალოთ...
1905-1907 წლები _ ის დროა, როდესაც ვაჟა, რომელიც არც მაინცდამაინც
მალემრწმენია და არც პოლიტიკურ ვნებათაღელვებს ჩაუთრევია
ოდესმე, მომავალი გამარჯვების იმედით განიმსჭვალა და
ბრძოლასმოწყურებული ინტონაციით კითხულობს ლექსს, რომელსაც
`მხედართა ძველი სიმღერა~ ცენზურის თვალის ასახვევად ჰქვია:
მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა _
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია
მეზობელს მეტიჩარასა.
(ვაჟა-ფშაველა 1961ა: 224)
სულ ორი წელი დასჭირდა ვაჟასა და მისებრი რომანტიკოსების
ილუზიების გაფანტვას: ცხოვრება თავის კალაპოტს დაუბრუნდა _
ნასაკირალიდან მაღაროსკარამდე.
დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ ნირს ვაჟაც _ ოღონდ ახლა ცოტა
მეტს მიმოდიოდა _ ლიტერატურულ საღამოებზე _ ფოთში, გორში,
ჭიათურაში, ქუთაისში; ილიას, აკაკის, ლადო ალექსი-მესხიშვილის
იუბილეებზე... ილიას დაკრძალვაზე საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში
და იშვიათი ტკივილითა და მღელვარებით გამსჭვალული სიტყვით
დაემშვიდობა საქართველოს სულიერ მამას, თავის უფროს
მეგობარსა და მფარველს.
თვითონ ვაჟასაც გადაუხადეს იუბილე სახაზინო, დღევანდელ
ოპერის თეატრში, 1915 წლის 23 მაისს, მაგრამ, ისედაც ფერდატკიებული,
სწორედ იმღამინდელ ვახშამზე გაცივდა და მას შემდეგ მხოლოდ
ორი თვე იცოცხლა...
იწვა ვაჟა წმინდა ნინოს ლაზარეთში (იქ, სადაც ახლა თბილისის
უნივერსიტეტის პირველი კორპუსია), მარტოდმარტო დარჩენილი
თავის მწარე ფიქრებთან: თავისუფლებისმამკვიდრებელი ილუზიები
ხომ დაემსხვრა, თითქოს რაღაც მუხტი გამოეცალა მის ბოლოდროინდელ
ნაწერებსაც და ამას თვითონაც გრძნობდა: `ალუდა ქეთელაური~
ოცდაექვსი წლისამ დაწერა; `გველის-მჭამელი~ _ ორმოცისამ,
მაგრამ ეს პოემა მისი უკანასკნელი ეპიური შედევრი იყო. ბოლო ათი-
თხუთმეტი წლის განმავლობაში დაწერილმა ლექსებმა კი გერონტი
ქიქოძეს ათქმევინეს: `ნელნელა კომპოზიციის და რითმის გრძნობა
დაჰკარგა. ლექსის ვირტუოზი არასოდეს არ ყოფილა: შალაშინი ყოველთვის
აკლდა, არასოდეს არ ჰგვანებია ზოგიერთ თანამედროვე
მგოსანს, პირწმინდათ გაპარსულს, თმადახუჭუჭებულს, პარფიუმერიით
გამსჭვალულს, მაგრამ უკანასკნელ დროს უკიდურესობამდე
მიიყვანა ტეხნიკური ხალვათობა~ (ქიქოძე 1915 ).
1915 წელს დაწერილ ამ წერილში კიდევ უფრო მწარე სიტყვებიცაა
ნათქვამი, მაგრამ აქ ციტირებას შევწყვეტ _ როგორღაც ყურს
გჭრით. და იმიტომ კი არა, რომ უსამართლოა _ განვლილმა საუკუნემ
განსაკუთრებულ კვარცხლბეკზე აიყვანა ვაჟა და დღეს ჩვენ თითქმის
ვეღარც ვამჩნევთ მისი ლექსების დიდი ნაწილის პოეტიკურ
ხალვათობასა თუ გაუმართაობას. ის, რაც დარჩა ვაჟასი, იმდენად
გვხიბლავს და გვაღელვებს, რომ სწორედ ამ მწვერვალებს შევყურებთ
და არა მათ ძირში განფენილ უსწორმასწორო ბორცვებს.
ჩაკვირვებით ვუცქერით ჩვენ ვაჟას შინაგანად გაუბზარავი ცხოვრების
იშვიათ მაგალითს, ჩავცქერით იმ ფოტოებს, რომლებმაც ახოვანი,
იარაღასხმული `რაზიკაანთ დევი~ აღბეჭდეს. მაგრამ არის ერთი
ფოტო, იშვიათად სულისშემძვრელი: ესაა სურათი სიცხით გათანგული,
ფილტვებშეშუპებული ვაჟასი, წმინდა ნინოს ლაზარეთში გადა-
ღებული 1915 წლის ივლისში: ფოტოკამერის ულმობელმა თვალმა
ყველაფერი აღნუსხა _ სასოწარკვეთაც, გადარჩენის იმედიც, მიუსაფრობაც
საბედისწერო ჟამს ცოლ-შვილს მოცილებული ადამიანისა,
მეტწილად მოწყალების დის ხელს რომაა ჩაჭიდებული და სწორედ
ამით უთქმელად ითხოვს შველასაც და თანალმობასაც...
ვაჟას სურვილი იყო ჩარგალში დაემარხათ, მაგრამ იგი ჯერ დიდუბეში
დაკრძალეს, ხოლო ოცი წლის შემდეგ _ მთაწმინდაზე. ჩარ62
გალში მისი დაობლებული სახლი დარჩა. სადღაც იქვე, უთუოდ, ტრიალებს
მისი სულიც, როგორც მფარველი და დარაჯი უკეთესი მერმისის
მოლოდინით დაღლილი მისი ქვეყნისა...

დამოწმებანი:
ვაჟა-ფშაველა 1961ა: ვაჟა-ფშაველა. თხზულებათა სრული კრებული
ხუთ ტომად. ტ. I, თბ.: `საბჭოთა საქართველო~, 1961.
ვაჟა-ფშაველა 1961ბ: ვაჟა-ფშაველა. თხზულებათა სრული კრებული
ხუთ ტომად. ტ. II, თბ.: `საბჭოთა საქართველო~, 1961.
ვაჟა-ფშაველა 1961გ: ვაჟა-ფშაველა. თხზულებათა სრული კრებული
ხუთ ტომად. ტ. III, თბ.: `საბჭოთა საქართველო~, 1961.
ვაჟა-ფშაველა 1961დ: ვაჟა-ფშაველა. თხზულებათა სრული კრებული
ხუთ ტომად. ტ. IV, თბ.: `საბჭოთა საქართველო~, 1961.
ვაჟა-ფშაველა 1961ე: ვაჟა-ფშაველა. თხზულებათა სრული კრებული
ხუთ ტომად. ტ. V, თბ.: `საბჭოთა საქართველო~, 1961.
იაშვილი 2004: იაშვილი პ. საიუბილეო-საარქივო გამოცემა ორ წიგნად.
წიგნი პირველი, თბ.: 2004.
იმედაშვილი 1978: იმედაშვილი ი. ჩემი ცხოვრების წიგნი (მოგონებები).
თბ.: `ხელოვნება~, 1978.
ლაისტი 1963: ლაისტი ა. საქართველოს გული, თბ.: “ლიტერატურა და
ხელოვნება”, 1963.
მანსვეტაშვილი 1937: მანსვეტაშველი ი. მოგონებანი. თბ.: `ფედერაცია~,
1936.
რაზიკაშვილი 1991: მამა ღმერთს ჩამაჯყარა სახელი. `გულქან რაზიკაშვილის
ნაამბობი. ჩაწერილი ეთერ თათარაიძის მიერ~. თბ.: `გულანი~, 1991.
ქიქოძე 1915: ქიქოძე გ. `ვაჟა-ფშაველა~. გაზ. `სახალხო ფურცელი~,
1915 წ., 6 სექტ.
ყუბანეიშვილი 1937: ყუბანეიშვილი ს. ვაჟა-ფშაველა (დოკუმენტები და
მასალები). თბ.: `სახელგამი~, 1937.



ბმული - http://literaturatmcodneoba.tsu.ge/vajhas%20saiubileo%20kreb.pdf
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

ზაზა აბზიანიძე Empty
PostSubject: Re: ზაზა აბზიანიძე   ზაზა აბზიანიძე EmptySun Feb 24, 2019 1:18 pm

ზაზა აბზიანიძე

იუნკრები

ალბათ, დახედე, -
გადათვალე ყველა უკლებლივ,
ტაბახმელასთან გაუნძრევლად იწვნენ იუნკრები,
მიძინებული, უწვერული შენი ბიჭები.
სად მიდიოდი,
მათ საფლავებს რომ აბიჯებდი?
ან რა უთხარი მათ ჩურჩულით, დაბინდებისას:
„მაპატიეთო“ თუ მხოლოდღა - „ძილი ნებისა“...
საით წაგიყვანს ახლა მათი შუქი უქრობი,
ვის განარიდებ?
ვის ეძმობი?
ვის ემუქრები?
ვისთან იომებ?
ვის დაუთმობ?
ვის მიენდობი?
აქ შენგან პასუხს ტაბახმელის ელის ფერდობი,
სადაც ერთ მწკრივად,
როგორც წინათ,
დგანან უკლებლივ,
შენი დამცველნი,
შენი ძენი,
შენი იუნკრები.


Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

ზაზა აბზიანიძე Empty
PostSubject: Re: ზაზა აბზიანიძე   ზაზა აბზიანიძე EmptyWed Dec 04, 2019 8:42 am

ზაზა აბზიანიძე

დისშვილი და ბიძანი მისნი
(ნიკოლოზ ბარათაშვილის ურთიერთობა გრიგოლ, ზაქარია და ილია ორბელიანებთან)

წარსულის მოვლენებისა თუ ეპიზოდების ხელახალი გადაფასების გზაზე შემდგარ მკვლევარს გამაფრთხილებელ ნიშნად აესვეტება წარწერა თომას სტერნზ ელიოტის პარადოქსული ფრაზით: „აწმყო ცვლის წარსულს“. ამიტომაა, რომ გარდასულ დროთა და კოლიზიათა წიაღში ინტუიციურად ნაგრძნობი ჭეშმარიტების დამადასტურებელ არგუმენტთა ძიებით გართულნი, შიშით ავხედავთ ხოლმე ამ წარწერას, თავს რომ არ დაგვემხოს, უნებლიეთ ძირგამოთხრილ რომელიმე ისტორიულ პლასტთან ერთად.
ეს სიფრთხილე გასაგებია, რადგან ჩვენი „ლიტერატურული არქეოლოგიის“ ამჟამინდელი ობიექტი ძალზე დელიკატურია: ნიკოლოზ ბარათაშვილის ურთიერთობა დედამისის უმცროს ძმებთან - გრიგოლ, ზაქარია და ილია ორბელიანებთან - დღემდე პასუხგაუცემელი რამდენიმე კითხვით.
შევეცადოთ, მიუკერძოებლად ჩავწვდეთ ამ ურთიერთობათა ლოგიკას: უფროს ბიძასთან, გრიგოლთან - პირველი, გიმნაზისტური, მოკრძალებული წერილებიდან - მენტორულ შეგონებებამდე, ხოლო თანშეზრდილ ილიასთან - არშემდგარი დუელიდან - „მერანის“ მიძღვნამდე; მესამე, შუათანა ბიძასთან - ზაქარიასთან ნიკოლოზის გულითადი ურთიერთობა, როგორც ჩანს, დრამატული „ჩანართების“ გარეშე წარიმართა.
უმცროსი ბიძით დავიწყოთ: „ილია ორბელიანი (1814-1853) სწავლობდა ტფილისის გიმნაზიაში. 1834 წელს შევიდა სამხედრო სამსახურში (უნტერ-ოფიცრად). 1845 წელს ებოძა კაპიტნის ხარისხი; 1849 წელს – პოლკოვნიკის; 1852 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ხარისხი. იბრძოდა დაღისტანსა და ჩეჩნეთში მთიელთა წინააღმდეგ. მონაწილეობა მიიღო მთელ რიგ სამხედრო ოპერაციებში. 1842 წელს ტყვედ ჩაუვარდა დაღისტნის იმამ შამილს და გამოიხსნა გენ. ადიუტანტმა მ.ზ.არღუთინსკი-დოლგორუკოვმა. 1853 წელს, გენ. ლეიტ-ის ე.ი.ბებუთოვის (ბებუთაშვილის) ხელქვეით, იბრძოდა ოსმალთა წინაღმდეგ ბაშკადიკლართან, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიაში. ილია ორბელიანი დაქორწინებული იყო გიორგი XII-ის ძის, ილია ბატონიშვილის ასულ ბარბარეზე“. ასე წარუდგინა აკაკი გაწერელიამ მკითხველს ილია ორბელიანის ბიოგრაფიის ძირითადი ეტაპები. ბარათაშვილისეული - „თავგანწირული მხედარი“ ოდენ პოეტური მეტაფორა როდია: საარაკო სიმამაცით ცნობილი მისი სახელი ჩაიწერა როგორც კავკასიური, ისე ოსმალეთთან ომების ისტორიაში. მაგრამ ვერანაირი ნუსხა ვერ აღგიწერთ ილია ორბელიანის ანუ „ილიკოს“ (როგორც მას ყველა, დიდი თუ პატარა მიმართავდა) იმ ადამიანურ ხიბლს, რომლითაც ასე მოაჯადოვა თავისი ხელქვეითნი თუ ზემდგომნი (მეფისნაცვლის - მიხეილ ვორონცოვის ჩათვლით, რომელიც ილიას დაქორწინებაზეც კი ზრუნავდა).
კომპოზიტი - „ბიძა-დისშვილი“ ცოტა დამაბნეველია ილია ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ურთიერთობის დასახასიათებლად: ილიკოსა და ტატოს შორის ასაკში დიდი განსხვავება არაა, ისინი ერთად იზრდებიან („დიდედა ხორეშანის“ გარდაცვალების შემდეგ, ეფემიამ დაობლებული უმცროსი ძმა თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად და დედის მაგივრობას უწევდა), გიმნაზიაშიც ერთ კლასში სწავლობენ. ისე რომ, რეალურად, ილიკო ტატოსათვის უფროსი ძმის როლს უფრო ასრულებს, ვინემ ბიძათაგან უმცროსისა.
როგორ უნდა მოახერხო კაცმა, ასეთი ადამიანი ისე გამოიყვანო წყობიდან, რომ დუელში გამოგიწვიოს და რადგან სასიკვდილოდ არ ემეტები, შენი შეძრწუნება მოინდომოს თავად ამ საბედისწერო რიტუალით. ყველაფერი პირიქით მოხდა: შეძრწუნებული აღმოჩნდა ილიკო, რადგან სროლის ხმაზე წაქცეული ტატოს დანახვისას, გაიფიქრა, რომ მართლა მოკლა დისშვილი (რაც, აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას, არც განუზრახავს). თუ ცხადლივ წარმოისახავთ მთელ ამ მიზანსცენას - გაოგნებული ილიკოთი, ახარხარებული ბარათაშვილითა და მისი სეკუნდანტი მაღალაშვილით, ნამდვილად შეგეცოდებათ ილიკო, რომლის აბუჩად აგდებას ეს გამასხარავებაც მიემატა და კიდევ ერთხელ დააფასებთ მის სულგრძელობას. აქ, დროული იქნება ციტატა იონა მუნარგიასაგან: „ნ.ბარათაშვილი მეგობრობდა ერთს მაღალაშვილს, რომელიც აგრეთვე ენამწარე და დამცინავი იყო. იგი ხშირად აჯავრებდა რაღაცაზე ილია ორბელიანს. ამ დაცინვაში ხანდახან ტატოც წაეხმარებოდა ხოლმე მაღალაშვილს“.
დუელის პაროდიას, რომელიც ისტორიკოს შალვა ჩხეტიას ვარაუდით, „1840 წლის ახლო დროით“ შედგა, გარკვეული შედეგებიც მოჰყვა:. ვფიქრობ, სავსებით სწორი უნდა იყოს იაკობ ბალახაშვილის მოსაზრება, რომლის თანახმად - „ბარათაშვილსა და ილია ორბელიანის დუელის ამბავი გახმიანდა და პოეტს წინადადება მისცეს, ვითომდა ავადმყოფობის მიზეზით, ეთხოვა სამსახურიდან დროებით განთავისუფლება“.
ეს, „კარიერას“ რაც შეეხება, მაგრამ იყო მეორე ასპექტიც - გარეშე თვალისათვის შეუმჩნეველი, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სამსახურებრივი შეფერხებანი. ვგონებ, მთელმა ამ ისტორიამ რაღაც უხილავი ბზარი მაინც დაამჩნია ტატოს ურთიერთობას სამივე ბიძასთან („კლანის ღალატი“). არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამავე მიზეზით აიხსნება გრიგოლ ორბელიანის ერთგვარი ინერტულობა დისშვილის კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით (რასაც ასე აყვედრის მას ტატო 1843 წლის აგვისტოში მიწერილ წერილში). ცხოვრებისეული ალღოთი უხვად დაჯილდოებულ გრიგოლს არანაირი გარანტია არა აქვს, რომ უცხო გარემოცვაში მისი „პროტეჟე“ კიდევ რომელიმე თავმომწონე ოფიცერს არ მიიყვანს ახლა უკვე ნამდვილ დუელამდე და ისევ სჯობს (ორივესათვის), ტატომ ლევან მელიქიშვილის ან მამუკა ორბელიანის ფრთებქვეშ იმსახუროს. ვინ იფიქრებდა, ეს სამსახური დუელზე უფრი საბედისწერო რომ აღმოჩნდებოდა... არა, ნამდვილად იყო რაღაც ბზარი. ისეთი, რომელსაც მხოლოდ სიკვდილი თუ გააქრობს. და სიკვდილმაც არ დააყოვნა... აი, აქ კი, ამ ტრაგიკულ შუქზე მკაფიოდ გამოჩნდა, როგორ ჰყვარებიათ ენამწარე ტატო მის ბიძებს და როგორი ადგილი ეჭირა მათ ცხოვრებაში ბარათაშვილების ოჯახს. გავიხსენოთ ის დაზაფრული, ავისმომასწავებლი ცნობით განადგურებული ადამიანის ხმა, რომელიც მოისმის გრიგოლ ორბელიანის ილიასადმი თემირხანშურიდან 1845 წლის 12 ნოემბერს გაგზავნილ წერილში: „...თავის დღეში არ მოგიწერია - ტატოს ამბავი, ჩემი გულით საყვარელი ტატოს ამბავი მომწერე, ცოცხალია თუ მკვდარი? - უცნობლობა მკლავს; შენ მიხაკოსათვის მოგეწერა ტატოს უიმედოდ ავათმყოფობა, ამანაც წიგნი არ მაჩვენა, ისე ზეპირათ მითხრა, მაგრამ ასე მითხრა, რომ თითქმის მკვდარი უნდა იყოს. ახრ ეს დამალვა რა არის? - თუ მიხაკოს ჰსწერ, მე რაღა ვარ? - აქაურმა ცხოვრებამ, ძაღლის ცხოვრებამ და ამ უცნობლობამ ტატოსათვის მე ავათ გამხადეს; ეს ექუსი დღეა ვწევარ გარიაჩკითა მიხაკოსთან. - თუ ხატი გრწამს მომწერე ტატოს ამბავი სიწრფოებით და მასუკან - რადგანაც შენთვის დიდი შრომაა - ნუღარ მოიწერები, იყავ შენთვის მშვიდობიანად“.
29 ნოემბერს, გრიგოლისადმი საპასუხო წერილში გულმოკლული ილია (რომელიც თვითონაც შეუძლოდაა) უკვე აღარ უმალავს უფროს ძმას თავსდატეხილ უბედურებას: „ამ საწყლების, მელიტონის და იმის ცოლ-შვილის ყურებისათვის ვეღარ გამიძლია. გულს ცეცხლი მეკიდება, ვგიჟდები და აღარა მესმის რა. ჩვენი სიცოცხლე, ტატო გარდაიცვალა განჯას“.
ორბელიანთა ოჯახის წევრთ განჯა ახლა სანუკვარ ადგილად მიაჩნდათ. ერთმანეთზე მიყოლებით ისინი ინიშნებიან განჯაში, რომელიც გადაიქცა მათთვის მწუხარების, მაგრამ სანუკვარ ადგილად...“ - წერდა მიხეილ ხელთუბნელი. ნიშანდობლივია, რომ უკვე 1845 წლის ბოლოს, გამოჯანმრთელებისთანავე, ილია ორბელიანს მიავლენენ განჯას (უთუოდ, თავისივე თხოვნით), სადაც ტატოს საფლავის მიხედვა უფრო ადარდებს, ვინემ ყაჩაღების დევნა. სამგზავრო ჩანთაში კი ტატოს ლექსების ხელნაწერი კრებული უდევს...
ბარათაშვილის შუათანა ბიძა - ზაქარია ორბელიანი (1806-1847) ზეაღმავალი სამხედრო კარიერით ძმებს მიემსგავსა (42 წლისა იგი უკვე პოლკოვნიკია და მხედრული მამაცობისათვის არაერთხელ დაჯილდოებული). უმწიკვლო რეპუტაციის პატრონს ერთადერთი „სისუსტე“ ჰქონდა - სხვისი წერილების კითხვა უყვარდა. მისმა ამგვარმა ცნობისმოყვარეობამ ისე აღაშფოთა მანანა ორბელიანი, რომ, ზაქარიას შიშით, ერთხანს გრიგოლთან მეგობრული მიწერ-მოწერაც კი შეწყვიტა. ზაქარია ეტრფოდა ნინო ჭავჭავაძეს (ისევე, როგორც მისი უფროსი ძმა), თუმცა, ნაკლებად გვაროვან, მაგრამ იშვიათი ადამიანური თვისებების მქონე ქეთევან ალექსი-მესხიშვილზე დაქორწინდა (ანჩისხატის დეკანოზის - დიმიტრის ასულზე; ეფემია და ზაალ ბარათაშვილების დიდი მცდელობით). ზაქარია 1847 წელს ემსხვერპლა დაღესტანში ქოლერის ეპიდემიას.
დისშვილის სახელი დროდადრო გამოჩნდება ხოლმე ზაქარიას მიმოწერაში: 1836 წლის 16 ივნისს: იგი სწერს გრიგოლს კოვნოში: „Мелитону всё не здоровиться... Сын его Николай хороший малый... Не знаю, что дальше“. ხოლო ორი კვირის შემდეგ აუწყებს: „ტატო აქ იყო. ჩუმად იჩივლა ხელმწიფესთან არზითა თავის საქმეზედ“. რაზე იჩივლა ბარათაშვილმა ხელმწიფესთან აქაურ ხელისუფალთა გვერდსავლით, დღემდე არ ვიცით. ზაქარიას წერილებში ტატო, საზოგადოდ, ყოველთვის გულთბილად მოიხსენიება, თუ შემთხვევით არ გადააწყდებით ფრაზას, ცოტა რომ გეხამუშებათ და ისევ იმ წყეულ „ბზარს“ რომ შეგახსენებთ: „Поцелуй от меня племянника Тато, მგონია თაგვსავით დაძვრება...“ (ზაქარია ორბელიანის წერილი ილია ორბელიანისადმი. 1843 წლის 8 თებერვალი).
ბარათაშვილის „ეპისტოლარულ ფონდში“ ზაქარია სამად-სამი წერილის ადრესატია. თუმცა, ერთი წერილის გადაკითხვაც საკმარისია, რომ ვიგრძნოთ, რაოდენ განდობილი და სათუთი დამოკიდებულება აკავშირებს ბიძასთან დისშვილს: „საყვარელო ძმაო ზაქარია! - სწერს ნიკოლოზი ბიძმისს თბილისიდან დაღესტანში 1844 წ. 15 აპრილს, - რატომ ერთმანეთს წერილებს არ ვწერთ? უნდა გამოგიტყდე, ამ საკითხმა დამაფიქრა. აქსიომაა, რომ შენ მიყვარხარ; წერა რომ არ მეზარება, ამას ამტკიცებს ჩემი სამსახურებრივი საქმიანობა. მაშ, რა მიზეზია? ჰო, ბოლოს მივხვდი: დაუდევრობა, საერთოდ ქართველთა თანდაყოლილი სისუსტე. სხვა, ძმაო, მიზეზი მე არ ვიცი და შენ განმიმარტე... ესეც კი არის რა მოგწერო? შენმა წერილმა, რომელიც აღსავსეა სევდითა და დაღლილობის გრძნობით ცხოვრების აზვირთებული ნაკადისაგან, ღრმა გამოხმაურება პოვა ჩემს სულში, თუმცა ჩვენ ამისთვის სხვადასხვა მიზეზი გვაქვს მე ძალიან ავად ვიყავი; ცოტა დააკლდა ილვისიოსის მინდვრებში არ გადავსახლდი. აქამდის არავითარი ავადმყოფობა არ ვიცოდი, ამიტომ მან რაღაც უცნაური გავლენა მოახდინა, შეიძლება, მთელს ჩემს სიცოცხლეზე. ჩვენი არსებობის მიზნის მიუწვდომლობამ, ადამიანის სურვილთა უსაზღვროებამ და ყოველივე ამქვეყნიურის ამაოებამ საშინელი სიცარიელით აღავსეს ჩემი სული. მე რომ პატარა დამოუკიდებელი შეძლება მქონდეს, ახლავე მივატოვებდი ქვეყანასაც და ადამიანებსაც მათი გაუმაძღრობით და მშვიდად და მოსვენებით გავატარებდი პატრიარქარულ ცხოვრებას სადა ბუნების წიაღში, რომელიც ეგზომ დიადი და წარმტაცია ჩვენს სამშობლოში. გამომთელებისას ასეთი მწარე ფიქრებით ვიყავი შეპყრობილი, როდესაც შენი წერილი მივიღე. აი, რატომ თანაგიგრძნობდი შენ! ... შენი წერილის შემდეგ მივიღე გრიგოლის წერილიც. რას მოიწერებოდა? მიეცი მას თუგინდ ავგუსტუსის ტახტი, ის მთელს რომის იმპერიას კომიკური ხუმრობის საგნად აქცევდა. ხუმრობა და ხუმრობა. უთუოდ ჯერ თავისი პოდპოლკოვნიკობა არ იცის“.
გენიშნებათ, როგორი უბოროტო, მაგრამ ორაზროვანი იუმორითაა აქ ნახსენები გრიგოლ ორბელიანი. სხვათა შორის, ზუსტად ისევე, როგორც თავის მხრივ, გრიგოლი მოიხსენიებს ტატოს: მაშინაც, როცა ის ზარმაცობს და წერილებს უგვიანებს („წიპრუა ჩვენი დისწული ხომ არ კადრულობს. Мошенники“) და მაშინაც, როცა მრავალსიტყვიან წერილებს უგზავნის: „...ჩვენი ტატო პოეტია, და პოეტების ხასიათი ხომ ვიცი, ოღონდ ყური დაუგდო თორემ აღარ გაათავებენ...“.
ყმაწვილი დისშვილისადმი ბიძის ალერსიანად-არასერიოზული მიმართება ინერციით გრძელდება ტატოს დავაჟკაცების შემდეგაც. ბარათაშვილის თანამედროვეთა მოგონებებზე დაყრდნობით, ზაქარია ჭიჭინაძე (მთაწმინდელი) წერდა: „გრიგოლ ორბელიანს ერთობ ჰყვარებია პატარა ნიკოლოზი: საკეთილშობილო სკოლიდან თითქმის ყოველდღე გრ.ორბელიანთან დადიოდა. დღესაც ცოცხალნი არიან ის პირნი, რომელთაც ახსოვთ ნიკოლოზ ბარათაშვილის მისვლა-მოსვლა გრიგოლ ორბელიანთან“. სრულიად ბუნებრივია, რომ გრიგოლისათვის განურჩეველი არ იქნებოდა მის თვალწინ გაზრდილი დისშვილის პრობლემები. 1835 წლის ზაფხულში რიგიდან გამოგზავნილ წერილში იგი ეკითხება ზაქარიას: „- რასა იქს ტატიკო, კიდევ კოჭლობს, თუ აღარა? და ან რას სწავლობს? ურჩიე მელიტონს, რომ ეცადოს სახელმწიფო კმაყოფაზედ იმის გაგზავნა რომელსამე უნივერსიტეტში. - სამწუხარო, ძალზედ სამწუხარო იქნება, თუკი მისი გონებრივი შესაძლებლობები განუვითარებელი დარჩება. - ნეტავი გამოგზავნოს დერპტსკი უნივერსიტეტში, რომელიცა არის უპირველესი რუსეთში. - ძალიან ადვილია ამის აღსრულება, თუკი მელიტონი ჰსთხოვს ბარონს“.
დისშვილზე 13 წლით უფროსი, დინჯი გრიგოლისათვის „მკვირცხლი, ცელქი, მოუსვენარი, ცოტა ანჩხლი, ნერვებიანი, ენამახვილი“ ნიკოლოზი (იონა მეუნარგიას დახასიათებით), უკვე დავაჟკაცებულიც კი, რჩებოდა იმ „წიპრუა დისწულად“, რომლისგანაც ბიძამისი რაიმე უცნაურ გამოხდომას უფრო ელოდა, ვინემ გენიალურ ლექსებს. ეს არასერიოზული მიმართება, ვგონებ, ონომასტიკის სფეროს გასცდა. თუმცა, ამაზე შემდგომ...
თავის მხრივ, ტატო „გარდახვეწილ ძია გრიგორის“ მოწიწებითა და აღფრთოვანებით უძღვნის ლექსს („ძია გ...სთან“), დროდადრო, თავის, (შემდგომში უკვე შედევრებად აღიარებულ) ლექსებსაც უგზავნის (მის წერილებში ჩართულია „ვპოვე ტაძარი“, „მერანი“, „სულო ბოროტო“, „საფლავი მეფის ირაკლისა“...) და სულმოუთქმელად ელოდება პოეტი-ბიძის მსჯავრს. კონსტანტინე მამაცაშვილის გადმოცემით, „ყველაზე მეტი ზედ მოქმედება ჰქონდა იმაზედ ბიძას, ჩვენს პოეტს თ. გრიგორ დიმიტრის ძე ორბელიანს“.
მრავლისმეტყველია თვით ამ „ეპისტოლარული ეთიკეტის“ ევოლუციაც, რომლის მიხედვითაც მკაფიო წარმოდგენა გვექმნება ბიძა-დისშვილის თანდათანობრივი დამეგობრების ეტაპებზე. რადგან რომანტიკოსი ბიძა-დისშვილის არც ერთ თანამედროვეს არ გასჩენია სურვილი, მოეთხროთ მათ ამბივალენტურ ურთიერთმიმართებაზე, არარსებული ნარატივის მაგივრობა ერთგვარმა „ლიტერატურულმა კოლაჟმა“ უნდა გასწიოს. ძირითადი ფრაგმენტები აქ, რაღა თქმა უნდა, ბარათაშვილის იმ რამდენიმე წერილიდან იქნება ამოკრეფილი, რომელთა ადრესატი მისი უფროსი ბიძა იყო. თავად გრიგოლ ორბელიანის ნიკოლოზისადმი მიწერილი არცერთი ბარათი არ შემორჩენილა, თუმცა მისი მდიდარი ეპისტოლარული მემკვიდრეობა მაინც იძლევა შესაძლებლობას, წარმოვისახოთ, თუ როგორი ადგილი ეჭირა მის ცხოვრებაში დისშვილის და რა პრობლემებს უქმნიდა - ცოცხალიც და სიკვდილს შემდგომაც...
ბარათაშვილის 1843 წლის აგვისტოში ბიძამისისათვის გაგზავნილი ის განაწყენებული წერილი გვახსენდება, სადაც ის გრიგოლ ორბელიანს ისეთი ფამილიარობითა და შეუნიღბავი ირონიით მიმართავს, რაც არასოდეს გაუბედავთ მის უმცროს ბიძებს: „საყვარელო ძმაო გრიგოლ, არა, უკაცრავად, მთავარო ავარისაო, ემირ-ავარო, ატტილას ტახტზედ მჯდომარეო!
ჭეშმარიტად, არ ვიცი, მე ვარ დამნაშავე შენთან მოუწერლობისა თუ არა? ვისთანაც შენგან მოწერილი წიგნი წავიკითხე, ყველასთან ხუმრობისა და ლანძღვის მეტი არა იყო რა. ჩემთან რომ ფარატინი გამოგეგზავნა, ისიც დაპირების მეტი არა იყო რა. მე ბინიანად მინდა შენთან ლაპარაკი და, ხომ იცი, რომ საწყინოა ამისთანა ლაპარაკის გაცრუება.
საკურველია, რომ ქართველს კაცს, რაოდენიც დიდებული და ძლიერი უნდა შეიქმნეს, არა აქვს ეს შორსმხედველობა, რომ, როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მიჰსცეს გზა სოფელში, გამოიყვანოს კაცად და, როდესაც თვითონ დაეცეს (საბოლოო არა არის რა ამ საწუთოში), მაშინ მაინც კიდევ ჰქონდეს შემძლებლობა და ხმა ერსა შორის თავის მემკვიდრის შუამავლობით!
ახლა მე იმას ვამბობ, რომ მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესოს ხვედრისაკენ. გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარებისათვის დაბადებულიო, ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა!
ჩემი ფიქრი მანდეთ მოჰქრის, ეცადე, რომა რე[ნ]ენკამფთან დამანიშვნინო. ხომ ამ პირობით წახველ, რომ ეს მოგეხდინა ჩემთვის? ვიცი დაგავიწყდა, მაგრამ არა, არ დაგვიწყებია. ეს იმ სნეულების ბრალია, რომლისა გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება... მე ახლავ მიტყობს გული, რომ ამ ჩემს მხურვალეს განჰსჯას გამიტრიზავებ: ემირობა მასხარად აიგდე და მომავალის დიდების ფიქრს რას უზავ?...“.
ვგონებ, საკამათო არაა, რომ ჩვენ თვალწინაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი არა მხოლოდ ბიძა-დისშვილის ურთიერთობათა გასაგებად, არამედ ბარათაშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტის ნათელსაყოფადაც. აქ პირველი ნაწილი (ციტირებული) - შეურაცხყოფილი ადამიანის პათეტიკური მონოლოგია, ხოლო მეორე, ამის საპირწონედ - თბილი, შინაურული და იუმორნარევი თხრობა „ქალაქურ ამბებზე“. ახლა, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, ჩვენ გაუნელებელ ინტერესს იწვევს, რამდენად სამართლიანია ტატოს პრეტენზიები ბიძამისისადმი და ხომ არ არის ამ წერილში მინიშნება პოეტის ერთ, უმთავრეს წყენაზე.
ერთხელაც გადავხედოთ 25 წლის ნიკოლოზის მიერ წარმოსახულ დრამატულ სურათს: იგი სულიერი მემკვიდრეა პოეტი ბიძისა, რომელიც უშვილძიროდ „ჰბერდება“ (ამ დროს 38 წლისაა!), მაგრამ ჯიუტად არ უნდა დაიჯეროს, რომ „როდესაც თვითონ დაეცეს“, მისი ლექსები „ერსა შორის“ გაჟღერდება მისგან ჯერაც დაუფასებელი „თავის მემკვიდრის შუამავლობით“. არადა, გრიგოლი მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესებული ტატოს წარმატებაში უკვე არა როგორც ბიძა, არამედ, როგორც ლიტერატორი. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ: ლოგიკურია, რომ „მემკვიდრის“ ამ, მომავალი მისიის გათვალისწინებით - „ღრე-კლდეს გამოყვანა და გაშლილს ადგილზე დგომა“ -ტატოს სამსახურებრივ კარიერაზე ზრუნვასთან ერთად, გულისხმობს მისი ლიტერატურული რეპუტაციის განმტკიცებასაც.
რას აკეთებს ამ დროს გრიგოლი?! ხმას არ იღებს ტატოს ლექსებზე, მე-12 კლასის ფეხმტკივან ჩინოვნიკს კი ჰპირდება, რომ გაუშვებს დაღესტანში მე-19 ფეხოსანი დივიზიის მეთაურის, გენერალ რენენკამპფის განკარგულებაში. ეს ის პავლე რენენკამპფია, რომელზეც გრიგოლი დისშვილის წერილის მიღებამდე ერთი თვით ადრე თავის მფარველ სარდალს, გენერალ მოსე არღუთინსკი-დოლგორუკოვს მისწერს: „კნიაზო ნუ გამიწყრებით, და ეს ვერც სულით და ვერც სხეულით ვერ გამოდგება აქა. მეტად სუსტია ორივეში“. ისე რომ, საფიქრებელია, გრიგოლმა იჩქარა ტატოს დაიმედება და მერე, როდესაც ყველა გარემოება აწონ-დაწონა, საერთოდ გადაიფიქრა მისი დაღესტანში გაშვება; არც ისაა გამორიცხული, რომ მან მაინც მისწერა რენენკამპფს, მაგრამ უარი მიიღო და ეს ვეღარ გაუმხილა დისშვილს. ასეა თუ ისე, გრიგოლ ორბელიანს ნამდვილად არ ეთქმის საყვედური დისშვილის სამსახურებრივი კარიერისადმი უყურადღებობაში. აი, „ლიტერატურულ რეპუტაციას“ რაც ეხება, აქ რაღაც კითხვის ნიშნები ნამდვილად დაისმის: განა არ არის ყურისმომჭრელი ზემოთ ციტირებულ წერილში ნიკოლოზის გაღიზიანება გრიგოლის იუმორით: „ვისთანაც შენგან მოწერილი წიგნი წავიკითხე, ყველასთან ხუმრობისა და ლანძღვის მეტი არა იყო რა“. რა ხდება?! თვითონ, მეგობრულ წრეში გატაცებით ოხუნჯობს თავის ახლობლებზეც (როგორც ვნახეთ, ზოგჯერ - თავშეუკავებლადაც) და შორებლებზეც. რა არის ასეთი უპატიებელი გრიგოლის „ეპისტოლარულ იუმორში“?! ისე მგონია, რომ ნიკოლოზი, რომელიღაც ახლობელთან წერილების თვალიერებისას (რაც სტუმრად ყოფნისას ტრადიციული რიტუალი იყო ჟურნალ-გაზეთების არარსებობის გამო), გადააწყდა გრიგოლის იუმორით ნათქვამ, მაგრამ აშკარად არაკომპლიმენტურ ეპითეტს თავისი (ან თავისი ლექსების) მისამართით, ეს ნართაულად აგრძნობინა კიდეც გრიგოლს და შემდგომ მისთვის არცერთი თავისი ლექსი აღარ გაუგზავნია. ასე რომ არ იყოს, სრულიად გაუგებარია, რა უნდა აიძულებდეს ახალგაზრდა კაცს, ჭკუას ასწავლიდეს ცხოვრებისაგან გამობრძმედილ ბიძამისს (ამასთანავე, პოეტს), ვის როგორი წერილები მისწეროს?!
და, აქვე, ერთი კითხვა, რომელსაც, როგორც წესი, თვალს არიდებენ ქართული რომანტიზმის მკვლევარნი: როგორ მოხდა, რომ გრიგოლ ორბელიანს, რომელმაც ასე გულმოკლულმა დაიტირა თავისი „ტატო“, მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში ბარათაშვილის პოეზიისადმი მიძღვნილი ერთი სტრიქონიც კი არ გამოუქვეყნებია და პირად მიმოწერაშიც სიტყვა არ დაუძრავს დისშვილის მუზაზე?!
ამ უცნაური ფენომენის ამოსახსნელად მთლად დამაჯერებლად არ ჟღერს ზოგიერთი ჩვენი კოლეგის (იუზა ევგენიძე) მიერ მოხმობილი ერთადერთი არგუმენტი: ზაქარია ჭიჭინაძის თქმით, სიბერეში, გრიგოლ ორბელიანს უარი უთქვამს მისთვის იუბილეს გადახდაზე და განუცხადებია: „თუ მაინცა და მაინც არ იშლიან აგერ რუსთაველი, გურამიშვილი და ბარათაშვილიო“. ძალზე გონიერი და რამდენადმე დემონსტრაციული პასუხია. მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ გრიგოლს, სიტყვაზე, „დავითიანის“ ავტოგრაფი დებოდა უჯრაში 30 წელი და არც გამოქვეყნება მოეწადინებინა მისი, არც ორიოდე სიტყვის წამძღვარება...
და მაინც, რითი აიხსნება გრიგოლ ორბელიანის ეს უცნაური ინერტულობა: უყურადღებო ადამიანია თუ უინიციატივო?! არც ერთი და არც მეორე. გრიგოლ ორბელიანის მთელი ბიოგრაფია ცხადყოფს, როგორი პათოსით აიტაცებდა იგი ამა თუ იმ კეთილისმყოფელ იდეას. ერთ-ერთი ბოლო მაგალითი - მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ შესანიშნავი გამოცემა იყო 1882 წელს.
ამიტომაც, ერთადერთი ხინჯი, რაც გულში ჩარჩება ბარათაშვილის გარემოცვის შემყურე მკვლევარს, ესაა პოეტის სიკვდილსშემდგომი მიუსაფრობა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ტატო ყველამ დაიტირა, მაგრამ ახლობელთაგან მის შემოქმედებით მემკვიდრეობას, ძირითადად, ლევან მელიქიშვილმა უპატრონა.
აქ, მართებული იქნება, სწორედ ლევან მელიქიშვილის წერილიდან მოვიხმოთ ერთი ციტატა მიხეილ ხელთუბნელის კომენტარებით: „ილიკო, აქაც გთხოვე და კიდევაც გთხოვ, საწყალი ტატოს ლექსები რომ გაქვს მანანას ქალისგან წაღებული, გამომიგზავნე, რჩება დაუბეჭდველი და ბედი ქართლისაც შენ გაქვს. ფულებს კი აღარ ვგონებ, ეგენი მაინც გამომიგზავნე“, _ სწერდა ის ილია ორბელიანს 1846 წლის 27 ივლისს განჯაში. გრ.ორბელიანსაც ასევე სთხოვდა გაეგზავნა მისთვის, რაც კი ლექსები ჰქონდა ნ.ბარათაშვილისა და დაეწერა არა მარტო წინასიტყვაობა თხზულებათა კრებულისათვის, არამედ, ეპიტაფია ძეგლისათვის“.
როგორ აფიქრებს და აფორიაქებს ბარათაშვილის ბიოგრაფიის მკვლევარს ეს კითხვა: პოეტმა-ბიძამ მართლაც ვერ დაინახა და ვერც შეაფასა დისშვილის ტალანტი, თუ რაღაც თვითშენახვის ინსტინქტმა „დააბრმავა“ და აფიქრებინა, რომ „ტატოს“ გენიის აღიარებთ თავს დაემხობოდა მთელი თავისი პოეტური კარიერა... მარადიული გამოცანაა - როგორ და რაწამს გვამარცხებენ ჩვენივე დემონები...
რაღა თქმა უნდა, შეიძლებოდა ეს მტკივანი კითხვები ამჯერადაც მკვლევართა მომავალი თაობისათვის გადაგვემისამართებინა (როგორც ბევრი სხვა რამ), მაგრამ, როდემდე?!

king
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

ზაზა აბზიანიძე Empty
PostSubject: Re: ზაზა აბზიანიძე   ზაზა აბზიანიძე EmptyWed Dec 04, 2019 8:46 am

ზაზა აბზიანიძე

***
კომპლიმენტები,
ლორნეტები,
ეპოლეტები...
- რა უცნაური ხალხი არის ეს პოეტები?!
სხვა რომ დაცხრება,
ის გაწყრება,
კედელს აწყდება,
მერე მარცხდება...
- ხომ ახია მათ თავს რაც ხდება?!
ეს - წერილებზე დამჩნეული ცრემლის წვეთები,
ეს პოეტები - ყველაფერში მეტისმეტები,
ეს უსასრულო წყენანი
და გულის ძგერანი:
“მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი
მერანი...”


Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ზაზა აბზიანიძე Empty
PostSubject: Re: ზაზა აბზიანიძე   ზაზა აბზიანიძე Empty

Back to top Go down
 
ზაზა აბზიანიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: