არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ბელა ჩეკურიშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyMon Oct 30, 2017 8:41 am

ბელა ჩეკურიშვილი

ამბავი ცერცვისა და კედლისა

„შეაყარე კედელს ცერცვი...“ - ქართული ანდაზა


ეს მაშინ,
როცა ჩვეული მოძრაობით
კედელს მეათასედ შემაყარე,
როცა წკაპა-წკუპით ძირს ჩამოვცვივდი,
როცა ხელები ჰაერში აიქნიე ნიშნად იმისა,
რომ კედელი გლუვია,
ცერცვის მარცვალი კი ბრიყვი და სხმარტალა,
როცა იფიქრე,
რომ კედლისა და ცერცვის ამბავი ისე სანდოა,
შეხედვაც კი აღარ სჭირდება,
სწორედ მაშინ,
როცა მშვიდად მიუბრუნდი ქარს და საზრუნავს,
სწორედ მაშინ,
ფესვი გავიდგი.
სწორედ მაშინ
დაუმთავრდა სიბერწე კედლს,
ტანი გაუთბა და ნაპრალები შემომაშველა...
რა უნდა მოსთხოვო
ერთ გულუბრყვილო ცერცვის მარცვალს
ხვიარად რომ დაბადებულა,
დღენიადაგ საყრდენს რომ ეძებს
და მზად არის,
ვინც შეხვდება, გადეხვიოს.
რა უნდა მოსთხოვო
მოულოდნელად გაღვიძებულ ცერცვის მარცვალს,
როცა საკუთრი სიმწვანეც კი ისე აბრუებს,
უგზო-უკვალოდ იფოთლება და მსხმოიარობს...
და მაშინ,
როცა მზეში ოქროსრქიან ვერძებს ვითვლიდი,
ფოთლებს ვუწვდიდი შეყვარებულ ჭიამაიებს
და ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულ ბებერ კედელს
წყლის და მიწის ამბავს ვამცნობდი,
როცა ვცდილობდი,
ჩემს პაწაწინა ცერცვის გულში
ახალ-ახალი სასწაულები აღმომეჩინა,
გამომეხმო ყველა ზღაპარი,
რასაც დედა გვიყვებოდა მე და ჩემს და-ძმებს
გრილ და ნოტიო პარკში წოლისას,
მაშინ,
როცა მეგონა,
თუკი მოვედი,
ყველა ცოცხალ და მფეთქავ არსებას
ჩემს სიყვარულში დავარწმუნებდი,
სწორედ მაშინ,
რატომღაც უკან მოიხედე
და
შეგეშინდა.
... როგორ გიმტყუნე,
შენ ხომ ისე ალალად მენდე,
მე კი ბრიყვულად დავარღვიე ათასწლოვანი სიტყვების ტაბუ
შენ და შენს მოდგმას აკვანშიც რომ განუგეშებდათ,
რასაც სწავლობდით მამიდან შვილზე,
რასაც პაპების სიბრძნე ერქვა
და დიდპაპების გამოცდილება,
აბა, ჩემი გაღვიძება რად გჭირდებოდათ,
სიმწვანე ხომ იმდენი გქონდათ,
ცერცვის ერთი ყლორტი რა არის,
ფეხქვეშ გეფინათ.
ოდითგანვე, სხვადასხვა მარცვალს,
თქვენც ანდობდით მიწის სველ და მხურვალე საშოს,
მაგრამ კედელი
უნდა მუდამ გულცივი და ყრუ ყოფილიყო,
ცერცვის მარცვალს კი თავში ჭკუა უნდა ჰქონოდა
და ბრმა კენჭივით ესხმარტალა მის ზედაპირზე...…
და მაშინ,
როცა შენი შეშინებული ხელები დავინახე,
და მაშინ,
როცა ყელში ჩაფხრეწილ ბგერებს
გაკვირვების ავი ბოღმაც ამოაყოლე,
და მაშინ,
როცა ძვლები გაგიცივდა
და იმიტომ გამოიქეცი,
რომ კედლიდან ჩემი ყველა კვალი მოგესპო,
ვიდრე სხვები დამინახავდნენ, ათასწლოვანი ტაბუ იქნებ გადაგერჩინა,
სწორედ მაშინ,
ვიგრძენი რომ
შიშზე ძლიერი გრძნობაც არსებობს,
შიშზე ვერაგი გრძნობაც არსებობს,
შიშზე მარტივი გრძნობაც არსებობს,
და
შემეცოდე _
ავი ბოღმისთვის.
შეშინებული ხელებისთვის.
დამზრალ ძვლებისთვის.
შემეცოდე,
ცასაც ავხედე,
და უფრო მეტად ავეკარი დაბზარულ კედელს,
ტანი კეკლუცად შემოვხვიე,
ქვებს გავუსწორე,
ფოთლები განზე გავშალე
და
ჩუქურთმად ვიქეც..

ბმული - http://www.bu.org.ge/x1764?lang=geo

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyMon Oct 30, 2017 8:43 am

ბელა ჩეკურიშვილი

მამას

(ტრიპტიქი)

I.
ჩემთან ეძებდი,
რაც ვერ გითხრეს სატრფომ და ცოლმა,
რაც დაგიმალა დედაშენმა
და მეზობლის ქალს არ გაემეტა,
ჩემთან ეძებდი,
რაც ვერ მოგცა ვერც რძემ, ვერც ღვინომ,
ვერ მიუხვდი წყალსა და მიწას,
ჩემთან ეძებდი,
გჯეროდა რომ მე გაგიმხელდი,
ან უნებლიედ წამომცდებოდა
და იმედით შემომყურებდი,
როგორც მდინარეებში ჩაფენილ ტყავებს შეჰყურებდნენ
ძველი კოლხები
და ზედ დალექილ ქვიშის ნამცეცებს
მისხალ-მისხალ ართმევდნენ ოქროს,
გჯეროდა,
მამის სიყვარული ის ძალაა,
ნათელისგან ბნელს რომ გამიჯნავს,
რაც ქალიშვილებს აქეზებს, რომ
აკრძალული ხილი მოწყვოტონ,
რაც წარღვნის მერე კიდობნიდან გაშვებულ მტრედებს
ზეთისხილის რტოს აპოვნინებს,
გჯეროდა,
რომ საკუთარი სისხლი გეტყოდა იმ საიდუმლოს,
სამოთხიდან განდევნის დღეს რომ დაუმალეს
ქალებმა კაცებს
და მელოდი,
ღამეს მითევდი,
მხრებზე მისვამდი
და ნაძვის ხეების დახატვაშიც მეხმარებოდი,
ნებას მაძლევდი, შენს ძვლებზე მევლო
და საქანელად
შენი გული გადამერწია,
არ იშურებდი,
რაც დააკელ სატრფოს და დედას,
რაც დაგავიწყდა ცოლისთვის და
არ არგუნე მეზობლის კახპას,
ფრთებს მისწორებდი აფერენის წინ და
ნუგბარი რომ მომაკლდებოდა,
საკუთარი ხორცით მკვებავდი,
იცდიდი.
მაგრამ დაგავიწყდა,
რომ შვილები
პირველ რიგში მშობლებისგან გარბიან ხოლმე,
გარბიან, რადგან მათი სიყვარული
ნელ-ნელა ყელზე გამობმული ქვასავით მძიმდება
და ცურვისას ფსკერისკენ მიათრევს,
რომ ქალიშვილებს
მისჯილი აქვთ უცხო მამრების კვალზე წანწალი,
რომ ეშინიათ,
სიყვარული მამებსაც რომ გაუნაწილონ,
სამსხვერპლო კოცონს მხურვალება დაეკარგება,
რომ ისინი
არასოდეს არ ამხელენ იმ საიდუმლოს,
სამოთხიდან განდევნის დღეს რომ დაუმალეს
ქალებმა კაცებს.

II.
მისხნიდი, რომ ეს ყინულის ლოლოები,
გველეშაპის კბილებია,
ზამთრობით რომ ჩვენს ეზოში სახლობს.
მიხსნიდი, რომ თუ დავხატავ
ნაძვებს, ფერადმძივებიანს,
თოვლის კაციც მივუხატო ახლოს.
რომ პატარა ქალბატონი,
თუ იქნება ხუთოსანი,
მამის გულში მას ვერავინ შეცვლის,
რომ ხოჭოებს სიბნელეში
ზურგები აქვთ უთოსავით
და ძალიან ეშინიათ ცეცხლის.
მიხსნიდი, რომ თუ იადონს
გამოვუშვებთ გალიიდან,
ბევრი ფრენით ეტკინება ფრთები,
რომ ზღაპრული დევის გვერდით
მუდამ დევის ქალი იდგა,
დევგმირებს კი ზოგჯერ დღესაც ვხვდებით.
მიხსნიდი, რომ სადედოფლო კოშკს და მიწას,
უცხო მოყმე მოადგება ბევრჯერ,
რომ ათასგზის დამიდებენ
ზავს და ნიძლავს
და თუ მინდა გამარჯვება შევძლო,
ნუ გავყვები ლაბირინთში
ძაფის გორგალს,
ნუ გავამხელ მამისეულ ანდერძს.
მიხსნიდი, რომ
ქმარი ხეებს ასხამს ფოთლად,
მაგრამ მამას ღმერთი ერთხელ გვაძლევს...

III.
როცა მითხარი,
აყვავებულ ალუბალზე მშვენიერი იქნები და
ბაობაბის ხეზე ძლიერიო,
დაგიჯერე.
წყალში რა გინდა,
თევზზე უფრო ელასტიურ სხეულს მოგცემ და
ის სახლი, შენ რომ აგიშენებენ,
მარჯნებზე მტკიცე იქნებაო,
დაგიჯერე.
ცას რას შესცქერი,
შენი თვალები ფრინველის ფრთებზე სწრაფი იქნება და
მზეც თვითონ მოვა შენთანო,
რომ მეუბნებოდი,
დაგიჯერე.
წამოდი,
ფუტკრებს ან ისეთი ერთგულება სად შეუძლიათ,
ან იმგვარი თავისგანწირვა,
როგორც იმ თიხას,
კაცის ფორმა რომ მივეცი და
წყვილს რომ ნატრობსო,
დაგიჯერე
და წამოგყევი.
შენ კი ის თიხა ჩემზე მეტად გიყვარდა მაინც,
რადგან პირველქმნილებას
სხვა ხიბლი და სიხარული ახლავს ყოველთვის,
ამიტომ აღარ გამიმხილე,
რომ ერთხელაც შემრცხვებოდა და
ტანს ფოთლებით დავიფარავდი,
არ გამიმხილე,
რომ ცოლობის გარდა,
ჩემგან დედობასაც მოითხოვდნენ,
ვიღაცის შვილი მეც ვიქნებოდი
და ყველა მამრი,
ვისაც კი სისხლით ვაზიარებდი ფეხადგმულ მზეს და
აყვავებულ ალუბლის ხეებს,
მოისურვებდა,
რომ მხოლოდ მისი ყოფილიყო
ეს ვარდისფერი ნათებაც და
ეს ოქროსფერი მხურვალებაც,
რომ მამა, ქმარი,
ძმა, შვილი და მისი ბადიშიც,
ერთმანეთის ქიშპით და ბოღმით,
ნაწილ-ნაწილ ისე დამშლიდნენ,
ჩემი პირველი საწყისიდან
მხოლოდ სახელის ასოები გადარჩებოდა....

ბმული - http://www.bu.org.ge/x1764?lang=geo

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyMon Oct 30, 2017 8:44 am

ბელა ჩეკურიშვილი

მე გხედავ შენ

გოგონები იბადებიან ყვავილებად,
საკუთარი მშვენებით რომ თვითონვე დატკბნენ
და სხვაც დაატკბონ,
იბადებიან ნიჟარებად,
მხოლოდ საკუთარ სიმღერას რომ აყურადებენ
და არად ადარდებთ გარეშე წყლები,
იბადებიან გლუვ კენჭებად,
გულის წიაღში ჩაბრუნებული თვალებით
და ცხვირ-ბაგეებით,
არასდროს რომ არ ყვავილობენ, არ მღერიან,
მაგრამ სიგლუვეს მარადიულად ინარჩუნებენ,
მაგრამ არიან გოგონები,
ალყაშემორტყმულ ქალაქში რომ დაიბადნენ
სირცხვილის გრძნობით,
ხოლო როცა ალყაშემორტყმულ ქალაქში ცხოვრობ,
სირცხვილი ერთადერთი ემოციაა,
ძვალსა და ხორცში სითბოდ რომ წვეთავს,
ქალაქს კი, როგორც ცას კამარები,
ან ჯოჯოხეთს კარიბჭეები,
ზღუდედ აკრავს სიბრიყვე და დაუნდობლობა,
და გოგონები,
მოწამლულნი სირცხვილის გრძნობით,
იმტვრევენ ხელებს
და სახლების საძირკვლად დებენ,
ითხრიან თვალებს,
აივნების და ფანჯრების გასამშვენებლად,
იფატრავენ ქათქათა მუცლებს,
სისხლში ეჭვის ვირუსი რომ არ დაუგროვდეთ,
იწყევლებიან ვაგინიდან ამოფრქვეული ყველა იმპულსით,
გამრავლებისჟამს თავები რომ იმართლონ ხოლმე,
გოგონები _
ყვავილები, ნიჟარები, გლუვი კენჭები,
ალყაშემორტყმულ ქალაქში რომ დაიბადნენ
და თავშესაფრად სირცხვილი ერგოთ,
გოგონები..

შენ არ გითქვამს, რომ ქალაქი ალყაშია,
მე ვამბობ...

ბმული - http://www.bu.org.ge/x1764?lang=geo

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptySun Dec 03, 2017 2:30 pm

ბელა ჩეკურიშვილი

ცაცხვზე და კაცზე

თემურ ჩხეტიანს

მწერ, აცივდაო,
მზემაც უკვე ძალა დაკარგა,
მაგრამ ხეები იმისთანა ცეცხლით იწვიან,
თითქოს მადლობით გვირიგებენ ახლა კარდაკარ
რაც მზისგან ერგოთ და ვერ ახშობს მჭრელი სიცივე.
ნეტავ გაჩვენა, ის ცაცხვის ხე როგორ ანათებს,
ჭიშკართან რომ დგას,
და წყლისთვის რომ გარეთ გავდივარ,
ახსენდება და ძველ ამბებზე ისევ ვკამათობთ,
მეზობლის ქალმა შემოგვისწრო კიდეც ამ დილას
რომ ვარწმუნებდი,
კი არ გაქრა, ვეღარ ახერხებს,
ხშირად ჩამოსვლას, შორს არის და გზა კი ძვირია,
სამაგიეროდ, ფოსტა მოდის იმის სახელზე,
შენ ვერ გაიგებ, გულში ვის რა გასაჭირი აქვს.
აცივდა,
მაგრამ გადავწყვიტე სოფლად დარჩენა,
ცოტა შეშა მაქვს, ცოტაც ღვინო და თავს გავიტან,
ეს ცაცხვიც როგორ დამგურგურებს, ნეტავ, გაჩვენა,
ასეთ მეგობარს არც ხანი აქვს და არც სამანი და
ვერ მივატოვებ,
თანაც მალე თოვლს რომ ჩამოჰყრის,
გავალ გავძახებ, ხან შენს სახელს, ხანაც ბიჭების,
შორს რომ არიან, გულს რა ვუყო, თორემ ამ ოხერ
ზამთარში ცაცხვიც ლამაზია, გაღმა ფიჭვებიც.

ბმული - https://www.facebook.com/notes/bella-chekurishvili/ცაცხვზე-და-კაცზე/10155971938999044/

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptySun Sep 02, 2018 8:45 am

ბელა ჩეკურიშვილი

პიანინო

ბებიამ თქვა: პიანინო უნდა ვიყიდოთ,
აი, უკვე ორნი არიან,
დები ერთად დაუკრავენ და იმღერებენ,
მოიწონებენ თავს მეგობრებში, ყმაწვილკაცებში.
და ვიდრე მშობლები ჩემთვის სახელის შერჩევაზე ჯერაც დავობდნენ,
მან პიანინო შეუკვეთა, გერმანული როინიში, დედაქალაქში.
თავის ყოფილ მოსწავლესთან ჩავიდა
და ორ კვირაში გამოუგზავნეს,
თან ამწყობიც გამოაყოლეს - გზაში აშლილი ტონალობის გასასწორებლად.
დების სიმღერას კი ფონად ექცა ფორტეპიანოს საძულველი გაკვეთილები,
და ბებიას დამუნათება:
“იმეცადინეთ, იმხელა კაცი შევაწუხე, ეს რომ გქონოდათ”.

იმხელა კაცი - ჩვენი ბავშვობის განუყრელი თანამგზვრი,
ვთამაშობდით თუ ტელევიზორში ხუთწუთიან მულტფილმს ვუცქერდით,
თავზე გვადგა და ნაბიჯებს ზუსტად გვითვლიდა.
იმხელა კაცი მაშინაც არ წასულა ჩვენგან,
როცა ბებომ ჩვეული სიმარჯვით შეკრა ბარგი და უხილავ ბილიკს აუყვა,
და არც მაშინ, როცა ერთ დღესაც
იმ უხილავი ზეცის ბილიკს ბიჭი ჩამოჰყვა
და ნათესავებს დაჟინებული ჩხავილით გვამცნო,
რომ ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა.
ვიდრე მშობლები მისთვის სახელის შერჩევაზე ჯერაც ვდაობდით,
მისმა ბებომ თქვა:
პიანინო უნდა გავყიდოთ. ბიჭი მოვიდა, რძე სჭირდება, მაწონი ყველი,
ბევრი ფაფა და ხაჭაპური.

პიანინო? - გავიკვირვეთ მაშინ დებმა,
და ყოყმანით გავხედეთ ოთახს,
წლების მანძილზე იმხელა კაცის აჩრდილი რომ ავსებდა და აბუბუნებდა,
ახლა კი ერთი პაწია კაცი უპირებდა გამოსახლებას, სულაც განდევნას.
ის გერმანული პიანინო ორ ძროხად იქცა,
თან პატარა ხბოც გამოაყოლეს, ახალნაშობი,
ფური ადვილად რომ მოგვეწველა.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyTue Sep 11, 2018 11:09 pm

ბელა ჩეკურიშვილი

ომი არ იყო

ისინიც ხომ ხალხია იქ, -
ამბობდა დედა, -
ნამდვილი ომი ხომ არ არის,
ისე ისვრიან, ერთმანეთის შესაშინებლად,
ან სახურავებს, სვეტებს ესვრიან.
თუმცა ვხედავდით,
იმ ტყვიამ ერთი მეზობელი ქუჩაში დაჭრა,
აქვე მეორეს აივნის კარი ჩაულეწა,
გადაღმა სახლს კი ცეცხლი გაუჩნდა.
კიდევ კარგი, შენობაში არავინ იყო,
თორემ ისე სწრაფად მოედო,
გაძარცვაც კი ვერ მოასწრეს უსაქმურებმა.

ნამდვილი ომი ხომ არ არის,
ბუნკერში ბიჭებს არაფერი დაუშავდებათ, -
გვამშვიდებდნენ წმინდა ნინოს ეკლესიაში
და პრეზიდენტის მომხრეთა გვერდით,
ჩემი ძმისთვისაც ანთებდნენ სათელს,
რომელიც, ჯერაც ვერ გაგვეგო,
ან იმ ადგილას როგორ აღმოჩნდა,
ან ბუნკერში რამ შეიყვანა.

გამოდით ჩვენთან,
ვიდრე მაქეთ ყველაფერი ჩაწყნარდებოდეს -
გვირეკავდნენ ბიძაშვილები, -
ხომ ხედავთ, რომ პურზე გასვლაც საშიში გახდა,
ახალი წელი დადგება მალე, ერთად აღვნიშნოთ.
განა ომია, -
ვპასუხობდით, -
შევეჩვიეთ უკვე ამ ხმებსაც, ხანგამოშვებით ისვრიან და
ქუჩაშიც უფრო ზრდილობიანად იქცევიან,
ვიდრე მაშინ, როცა დაიწყო.

და ვაგრძელებდით ყველა ისე, როგორც შეგვეძლო:
ველოდით მამას, კახეთს რომ შერჩა და ქალაქში აღარ უშვებდნენ;
ძმისაგან - ცნობას: ბოლოს და ბოლოს, უბანში იყო ის ბუნკერი,
გამოპარვა რა გაუჭირდა?
მე - ჩემი შვილის დაბადებას, ექიმის თქმით, თვის ბოლოსკენ უწევდა უკვე;
ნანა გეპეის გამოცდისთვის წერდა კონსპექტებს,
თან სამსახურში დადიოდა მოვლითი გზებით.
ომი არც მაშინ დავიჯერეთ,
ჩემი ქმარი რომ შემოვარდა პალტოს ქვეშ დამალული ავტომატით
და ჩუმად გვითხრა: ეს გავყიდოთ, როცა ბავშვი დაიბადება.

ომი არ იყო,
ჩვენ ვიყავით გაძარცვულ და დამწვარ ქალაქში,
იყო სიცივე, უპურობა, სიბნელე, შიში...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyMon Dec 24, 2018 12:18 pm

ბელა ჩეკურიშვილი

***

სიკვდილს ებრძვის,
ვიმეორებთ თავდაჯერებით,
კლინიკაში გადავიყვანეთ
და სიკვდილს ებრძვის.
ძველები იტყოდნენ: სულთმობრძავია.
ფიქრობდნენ, რომ ეს ავადმყოფის სული ებრძვის
შავეთს და ბნელეთს.
მაგრამ იქნება წასასვლელად იბრძოდეს სული,
იქნებ დარჩენა კი არადა და გაქცევა უნდა,
საკუთარ სხეულს აუჯანყდა,
რომელიც აქეთ, სამზეოსკენ ებღაუჭება?
ეს სხეულს სჯერა, რომ სამზეო აქეთ არის, დედამიწაზე.
მეც ასე მჯერა
და შევყურებ სასუნთქ აპარატს,
მამაჩემის წამებს რომ ითვლის,
ვეძახი ექიმს, გამარკვიოს, დამაიმედოს,
რომ ორთაბრძოლა დასრულდება აქეთ დარჩენით.
მაგრამ ან ჩვენ და ან ექიმმა
ვიცით განა, რა ახსოვთ სულებს,
რა გადმოჰყვათ იქიდან აქეთ გადმოსვლისას,
რას ესწრაფიან?
იქნებ და არც რა
და სწორედ ახლა ცდილობს გაგებას,
ფიქრობს, აი, დრო მოვიდა
გადაჭრას ყველა ვალდებულება,
სიყვარულის სახელით რომ აჰკიდეს მას დაბადებიდან,
ხან დედის სახე რომ ჰქონდა და
ხანაც ჩვილი შვილიშვილების
ალბათ ცელიც ამისათვის ხდება საჭირო,
რომ გაგვისვას გაწვდილ მკლავებზე
ამ სულელ შვილებს,
სასუნთქ აპარატს გამწარებით რომ ჩავჭიდებივართ.

2018

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyWed Jan 30, 2019 9:42 am

2016 წელს გერმანელმა პოეტმა ნორბერტ ჰუმელტმა საქართველოში იმოგზაურა, მათ შორის ფშავსაც ეწვია. შუაფხოში მას ნატო ინგოროყვამ და ელიზბარ ელიზბარაშვილმა უმასპინძლეს და იახსრის ხატში აიყვანეს. ეს ლექსიც იქ შეიქმნა.
ბელა ჩეკურიშვილი, მთარგმენლი


ნორბერტ ჰუმელტი

სალოცავი

მდინარის ფონი პირველად რომ გადავიარეთ,
ბილიკზე გველი გაიკლაკნა, უკვე ქვიანზე,
მერე ფერდობი მეტისმეტად დამრეცი გახდა. ზევით

ეულად მდგარი ხის ქვეშ, ცხვრის რქები დაგვხვდა,
ერთი თვის უკან შეეწირათ მსხვერპლად და მკაცრად
გვეკრძალებოდა შეხება მასთან.

ეს რა ხე იყო, რომ ვიკითხე, ტელეფონს ერთმა
ჩახედა წამით და პასუხი სატელიტმა მყის გვიკარნახა.
ასე როგორ დაბნელდა მიწა, რომ არც ერთ ჩვენგანს

აღარ ძალგვიძს რამის დანახვა.
ფერდობი კი მიიწევდა კვლავაც ციცაბოდ. მაგიდა დაგვხვდა,
ხატობას რომ ტრაპეზობს მრევლი. მის შორიახლოს

ღვთისმშობელის საკუთრთხეველი.
ქალები სწორედ აქ შეჩერდნენ. მსურდა, მეთხოვა
შემწეობა, დანაკარგი მაკმაროს ძველი.

გზა გავაგრძელეთ ზემოთ, ნიშისკენ,
სახვევები იქ რომ ეკიდა, სამსხვერპლო ცხვარს იცავს შიშისგან,
მორჩილად ხვდება ყელის გამოჭრას.

და კიდევ ერთი კოშკი გამოჩნდა უხატო ხატის.
მამაკაცებსაც ეკრძალებათ შეხება მასთან, სიტყვები გაქრა.
მეც ხომ ასე გამომჭრეს ყელი, თუმც ახლა აქ ვარ,

ჭრილობამაც შეიკრა პირი. დღე იყო ისევ
იქიდან რომ დავეშვით თავქვე, გადმოვიარეთ ის ფონი უკან
და თვალი ვკიდეთ სანოვაგით დატვირთულ სუფრას.

ახალდაკლული ცხვარი იდო ტარხუნის და ტყემალის წვენში.
იმ დღესავით გამჭვირვალე დიოდა ღვინო,
სისხლი იყო მუქი და მრეში.

2016

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 367
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 EmptyFri Mar 15, 2019 4:44 pm

ბელა ჩეკურიშვილი

კავშირი

„გამიშვი, მარია“, - მესამე დღეა მექანიკურად იმეორებს ვიტორიო და ფიქრს ქარის ზუზუნს აყოლებს. მესამე დღეა მონადირის ქოხში ხის მერხებზე წვანან და საძილე ტომრებიდან ცხვირები მოუჩანთ. იციან, რომ მალე პრიმუსში ნავთი გათავდება და ჩაისაც ვეღარ დალევენ. ზაქრო ამბობს, რომ უკან უნდა დაბრუნდნენ - მთა არ უშვებთ. მაგრამ ვიტორიომ იცის, რომ მთა კი არა, მარია არ უშვებს, რომ მარიას ეშინია, ვიტორიო არ დაკარგოს და ამიტომ არ უშვებს. შარშანაც ასე იყო და შარშანწინაც. ორჯერ ჩამოვიდა ვიტორიო კავკასიაში, ორჯერ დაიძრა სტეფანწმინდიდან მყინვარის პლატოსკენ, ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ ნისლი გადაივლიდა და მწვერვალი გამოჩნდებოდა, მაგრამ მოხევეების პროგნოზი მართლდებოდა, ამინდს გამოდარების პირი არ უჩანდა და ვიტორიოსაც ამ მოგზაურობიდან მხოლოდ ფოტოკარდები რჩებოდა.

მისი ფოტომოწყობილობის დანახვაზე გლეხები იცინოდნენ, ხელებს იქნევდნენ და რაღაცას უხსნიდნენ. ვიტორიოც იცინოდა და ფოტოებს უღებდა მათ, მათ შვილებს, მათ სახლებს, მათ ცხენებსა და თივის ზვინებს.

ამ რამდენიმე დღის წინ სტეფანწმინდაში ბერნანდოსთან ერთად ამოვიდა. ცხენიდან ჩამოხტა თუ არა, ბავშვებმა იცნეს, შემოეხვივნენ და პირდაპირ ზაქროს სახლისკენ წაიყვანეს. გზაში გლეხები ხვდებოდნენ, ნაცნობები, უცნობები, ქუდს იხდიდნენ და ესალმებოდნენ.

მისი დანახვა ზაქროს არ გაჰკვირვებია. იმ ღამეს ისევ ის უცნაური გემოს არაყი დაალევინა და გათენებისას ყაზბეგის მთისკენ წამოუძღვა. იმ ცოტა რუსულით, რაც ზაქრომ იცის, და კიდევ უფრო ცოტა სიტყვებით, რაც ვიტორიოს ესმის, მოხევე ცდილობს, იტალიელებს აუხსნას, რომ მთა არ უშვებთ, რომ ყაზბეგმა ასე იცის, თუ განწყობაზე არ არის, არ აგიშვებს. მაგრამ ვიტორიო სხვაგვარად ფიქრობს, ზაქროს ამას ვერ გააგებინებს, ამდენი რუსული სიტყვა ვიტორიომ არ იცის და რომც იცოდეს, ალბათ ზაქრო არ დაიჯერებს, რომ მთა კი არა, მარია არ უშვებს, რომ მარიას ეშინია, ვიტორიო არ დაკარგოს.

მარიას უკვე ათი წელია ეშინია. ზაფხული რომ მოდის და ვიტორიო ზურგჩანთის ჩალაგებას იწყებს, მარია უძილობას იმიზეზებს და ღამეებს ოთახებში ბორიალში ათენებს. იყო დრო, როცა ვიტორიო მხოლოდ მარიას ხედავდა და ყველა ფოტოსურათს მარიას სახელი ერქვა: შადრევანს ქალაქის მოედანზე და თვითონ მოედანს, და სახლებს და აივნებს ამ სახლებზე, და ქუჩებს და ხიდებს ამ ქუჩებზე, და სოფლებს ქალაქის გარშემო და ბაღებს ამ სოფლებში. მარია წვიმდა ვიტორიოს ფანჯრებზე და მარია იღვრებოდა შუქად მის ოთახში განთიადთან ერთად.

მაგრამ მერე ვიტორიომ მთებისკენ დაიწყო ყურება და ფოტოსურათებზეც მთები გაჩნდა. თოვლით აივსო ოთახები, თოვლიანი მთები წამოსდგომოდნენ მარიას თავზე, სახლის ყველა კუთხეში აღმართულიყვნენ და ვიტორიომდე მისასვლელი გზა ჩაეხერგათ. ვიტორიომ მარია ლომბარდიის მთებზე გადაცვალა. თოვლიანი მთები გაჩნდნენ მათ შორის და მარიას ღამეები თოვლივით გაათეთრეს.

როცა შეამჩნია მარიას უძილო ღამეები, ვიტორიო ისე შეცბუნდა, თითქოს ქუჩაში ღიღინით მიმავალს მოულოდნელად მხრებში ხელი ჩაავლეს და შეანჯღრიეს. ვიტორიომ თავი დამნაშავედ იგრძნო. მაგრამ მორიგი მარშრუტი შედგენილი იყო და ჩანთაც ჩალაგებული. ძალიან, ძალიან დასევდიანდა ვიტორიო, ძალიან, ძალიან მაგრად მოეხვია მარიას და ძალიან, ძალიან ჩუმად უთხრა: „გამიშვი!“ მარია დუმდა. და ამ დუმილში ვიტორიომ გაარჩია: „მეშინია, არ დაგკარგო!“ ეს მარიას მხრებმა თქვეს, უღონოდ ჩამოყრილმა მხრებმა და მერე მკლავებმა გაიმეორეს. თვალები კი კიოდნენ: „რა გინდა იქ, რა დაგრჩენია?!“ ეს საკოცნელად რომ დაიხარა, მაშინ მოესმა. მაგრამ ვიტორიოს პასუხი არ ჰქონდა. მისი პასუხი ის ფოტოსურათები იყო, მწვერვალებზე რომ იღებდა და დაბრუნებული სახლს ავსებდა. ეგონა, რომ მარიას ესმოდა, ვიტორიოს „რა დარჩენოდა იქ“. როგორც სიბერეში გადასულ ცოლებს ესმით უსიტყვოდ მოღალატე ქმრების ვნებები მათი ახალგაზრდა სატრფოს დანახვისას.

სახლი სავსეა ვიტორიოს ვნების ვულკანებით, მაგრამ ახლა, ამ მოგუგუნე ვულკანთა შორის, განსაკუთრებით შემაშფოთებლად ჟღერს „კავკასია“. ვიტორიომ ეს მთები ჯერ სხვისი ფოტოებით შემოიყვანა სახლში, მერე თვითონაც წავიდა მათ სანახავად. ისე წავიდა, როგორც სატრფოსთან შესახვედრად გარბიან ხოლმე გიმნაზიელები - სულსწაფად, ფართიფურთით.

ვიტორიომ კიდევ ერთხელ უთხრა: „გამიშვი“, მაგრამ მარიამ ტუჩების შერხევაც კი ვერ შეძლო თანხმობის ნიშნად. მარიას ეშინია ამ მთების. დაზაფრულია. არა, მარია ამ მთებზე არ ეჭვიანობს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ეჭვი. ეს უსახელო შიშია. როგორც დედას ეშინია წამოზრდილი შვილის შეღამებულზე სახლიდან გასვლის. და ეს შიში ისეთი ძლიერია, ვიტორიოს მთაზე არ უშვებს. მარიას შიში ვიტორიოს სურვილზე ძლიერია, ხვდება ამას ვიტორიო. ამ შიშს მარიასავით დიდი თვალები აქვს და მარიასავით დიდი გული. ამ შიშს სიყვარული ჰკვებავს და იცის ვიტორიომ, რას ნიშნავს, როცა გრძნობას სიყვარული ჰკვებავს.

ქარი არ ჩერდება, სამი დღეა ნამქერს ატრიალებს და მათი ქოხის კედლებს აყრის. სამი დღეა ბერნანდოს სამი სიტყვა არ უთქვამს ზედიზედ. ის ვიტორიოს გადაწყვეტილებას ელოდება. ზაქროც ვიტორიოს გადაწყვეტილებას ელოდება. ვიტორიო კი წევს და მარიას ევედრება, რომ გაუშვას.

* * *

გათენებისას ქარი ჩადგა. ქოხმა მოულოდნელად შეწყვიტა რყევა, ვიტორიომ ეს ძილში იგრძნო. თანამგზავრებს გადახედა. ზაქროს თავი წამოეწია და ვიტორიოს უღიმოდა. ნეტავ რამდენი წლისაა? გაიფიქრა ვიტორიომ. მისთვის ასაკი აქამდე არ უკითხავს. შავ წვერში უკვე ჭაღარა აქვს შერეული, მაგრამ რას გაიგებ, კაფანდარაა, მუდამ წელში გამართული დადის და საუკეთესო მონადირედ ითვლება სტეფანწმინდაში. ვიტორიოს მის სახლში უაზარმაზარი ჯიხვის რქები აქვს ნანახი კედელებზე. დათვის ტყავები უგია საწოლზე და იატაკზე.

ზაქრო იღიმება და ახლა ბერნანდოს უყურებს. ბერნანდო დგება და პრიმუსს ანთებს. ზედ კარდალას დგამს ჩაისთვის. ზაქრო ისევ იმ უცნაური გემოს არაყს იღებს აბგიდან და პატარა რქაში ასხამს. ვიტორიო უკვე მიეჩვია ამ სასმელსაც და ამ რქასაც...

მერე ზაქრო წინ მიდის და ნაპრალებზე აფრთხილებთ. ვიტორიოს გულისკოვზთან რაღაც უღიტინებს, ლამისაა ხმამაღლა იმღეროს: „მარია“, „მარია“. ამ სახელს ყოველთვის იმეორებს, როცა მწვერვალისკენ მიდის. მარიამ არ იცის, რომ ვიტორიო მის სახელს იმეორებს, როცა მწვერვალზე ადის, როგორც არ იცის, რა დარჩენია ვიტორიოს მთებში.

ვიტორიო თოკშია ჩაბმული ზაქროსთან და ბერნანდოსთან ერთად, ფოტომოწყობილობით აღჭურვილი ხშირად ჩერდება და იმის ფიქსაციას ახდენს, რასაც მისი გული გრძნობს და ხედავს. ვიტორიოს ფოტოსურათები თოვლიან მწვერვალებზე დაწერილი ოდები, ჰიმნები და საგალობლებია. ვიტორიო მყინვარის გვერდით გაწოლილ გველეშაპს იღებს. ზაქრომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, სტეფანწმინდაში მოუყვა ამ გველეშაპის შესახებ, კავკასიონზე მიჯაჭვული გმირის შესაჭმელად რომ წამოვიდა, მაგრამ ქართველმა წმინდა მხედარმა გააქვავა და მწვერვალამდე აღარ აუშვა. ისე როგორც მარია არ უშვებდა ვიტორიოს, შიშის ემისრებს გზავნიდა კავკასიაში და ქარბორბალას ატრიალებდა.

ვიტორიო ფოტოზე აფიქსირებს მზის პირველ სხივებს, მთებს რომ ეცემა და თვალს აყოლებს უფსკრულებს, სადაც ეს სხივი ვერ აღწევს. მისი კამერა გრძნობს, როგორ უახლოვდება ნელ-ნელა მყინვარწვერი. კამერა ვიტორიოს გულია, რომელიც მის ხელებში პულსირებს და იმაზე ადრე ამჩნევს ყველაფერს, ვიდრე თვალი დაინახავდეს.

* * *

ბერნანდომ ვიტორიოს მორიგ შესვენებაზე ჩანთიდან ლიმონი ამოიღო და ზაქროსკენ წავიდა. ვიტორიომ იგრძნო, რომ თოკმა დაქაჩა და ვიდრე გაიაზრებდა რა მოხდა, წონასწორობა დაკარგა და შტატივს გადაემხო. ზაქროს ყვირილი რომ მოესმა, უკვე თოვლზე მისრიალებდა. მექანიკურად მოიქნია წერაყინი და თოვლში ჩაასო. თავი რომ ასწია, ზაქრო დაინახა. ისიც წერაყინზე ჩამხობილი იწვა. მერე საიდანღაც ბერნანადოს კვნესაც გაიგონა, ყრუ კვნესა და ძახილი. და ვიტორიო მიხვდა, რომ ნაპრალის პირას იწვა.

„ბერნანდო!, ბერნანადო!“ - ყვირის ვიტორო და საფეთქლები უგუგუნებს. „მარია!, მარია!“, შხუის სისხლი მის ყურებში და სმენას უხშობს.

ნაპრალი ფართოა და ღრმა. ზაქრო თოკებს ქაჩავს, ვიტორიო ჩასვლას იწყებს, ბერნანდოს ხელები აქვს დაზიანებული, ვერ ეხმარება. ზაქრო მარჯვე და კუნთმაგარი მონადირეა, ასობოთ ჯიხვი ჰყავს აქ მოკლული, ორჯერ დაფლა უკვე თოფი, სისხლგამძღარი და ყავლგასული. ეს ნაპრალი არასდროს შეუმჩნევია, აქ ნაპრალს რა უნდა, მთაში ნაპრალების მეტი რა იცის, ზოგი ზაფხულში ჩნდება და ზოგიც შემოდგომის პირას, მაგრამ ეს ნაპრალი არასდროს უნახავს, აქ ნაპრალს რა უნდა!

ვიტორიოს სჯერა, რომ ზაქროს არაფერი შეშლია, რომ ზაქრო დამნაშავედ ტყუილად გრძნობს თავს, რომ ვიტორიომ იცის, ადრე აქ ნაპრალი არ იქნებოდა, არც ზაქროს ბავშვობაში იქნებოდა, პირველად რომ გამოჰყვა ბიძაშვილებს ამ გზაზე, მაგრამ ახლა ახსნის დრო არ არის, ამდენი რუსული ვიტორიომ არ იცის, და რომც იცოდეს, ვერ აუხსნის, ზაქრო არ დაუჯერებს, თუ ვიტორიო ეტყვის, საიდან გაჩნდა აქ ნაპრალი. ახლა ახსნის დრო არ არის, ახლა მთავარია, ბერნანდო ჩაიყვანონ სტეფანწმინდამდე, ხელები რომ აქვს დამტვრეული და ტკივილისგან დროდადრო გრძნობას კარგავს. ვიტორიოს ბათინკი გაეხა ნაპრალში, თოვლი შევიდა და დასველდა. მარჯვენა ფეხში თანდათან მასაც ეკარგება გრძნობა, მაგრამ ფეხის გაბუჟება რა მოსატანია, უნდა იარონ, სწრაფად უნდა იარონ, ხელებდამტვრეული ბერნანდო როგორმე სტეფანწმინდამდე უნდა ჩაიყვანონ.

* * *

ვიტორიო თვალს მილანის საავადმყოფოში ახელს. ცდილობს გაიხსენოს, რა მოხდა სტეფანწმინდიდან მილანამდე. ბერნანდო? ხელები არტახებში ჩაუსვეს მოხევეებმა. მას კი ფეხი სტკიოდა. მოყინული, გაშავებული ფეხი დაუზილეს, მაგრამ ტკივილი არ ჩაცხრა. ახლა აღარ სტკივა. ვიტორიო ხვდება, რომ მარჯვენა ფეხი აღარ სტკივა. ვიტორიოს შეუძლია ადგეს და გაიგოს, როგორაა ბერნანდო. ორივე ხელი ალბათ თაბაშირში აქვს. სადმე იქნება ახლოს. ეს ხომ საავადმყოფოა. ვიტორიო საავდმყოფოში წევს. ბერნანადოც სადმე ახლოს იქნება. უნდა ადგეს ვიტორიო და ბერნანდოს ამბავი მოიკითხოს. მაგრამ ვერ დგება. ფეხი აღარ სტკივა, მაგრამ მაინც ვერ დგება. ვიტირიო ფრთხილად წევს საბანს და საკუთარ სხეულს დაჰყურებს. როგორც ზევიდან, მწვერვალიდან დაჰყურებს ხოლმე ხეობებს, ფსკერამდე რომ თვალს ვერ აწვდენს, მზის სხივიც რომ გზაში ჩერდება. ვიტორიო ზევიდან დაჰყურებს საკუთარ სხეულს, როგორც უცნობ, დღემდე უნახავ ხეობას და თვალი უშტერდება. როგორც მისი ფოტოკამერა ყუჩდება და იძაბება უჩვეულო კადრის დანახვისას. ვიტორიოს მარჯვენა ფეხის ადგილას სიცარიელე აქვს, დიდი, თეთრი სიცარიელე, დოლბანდში გახვეული მუხლის სიქათქათეს რომ აგრძელებს, როგორც მყინვარის ქუდს მისი ენა...

„ვიტორიო! გაიღვიძე? რა კარგია! ჩემთან ხარ! კიდევ კარგი, არ დაგკარგე!“ - მარია ლოგინზე წამომჯდარ, გაკვირვებულ ვიტორიოს იხუტებს. „კიდევ კარგი, არ დაგკარგე!“ - დაუსრულებლად იმეორებს მარია და ცრემლები ღვარად ჩამოსდის - „ფეხი არაფერია, ძვირფასო, მთავარია სიცოცხლე არ დაგიკარგავს!“ - ცდილობს გაიცინოს.

„არ დამიკარგავს“, - დუმილით ეთანხმება ვიტორიო, - თვითონ დავიკარგე... და მარიას ვეღარ ხედავს...

23 მარტი, 2009 წელი

ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0unikumu1--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=unikumu1&cl=CL4&d=HASH012f0ff1eac3967cf53be3e4.56.1

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   ბელა ჩეკურიშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ბელა ჩეკურიშვილი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: