არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 გურამ გეგეშიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გურამ გეგეშიძე  Empty
PostSubject: გურამ გეგეშიძე    გურამ გეგეშიძე  EmptyWed Mar 02, 2011 9:33 am

გურამ გეგეშიძე  Guram_16
Guram Gegeshidze

გურამ გეგეშიძე

დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს, ქ. თბილისში, ექიმის ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს და მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები 1962 წელს.
წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
ბეჭდვა დაიწყო 1957 წელს განახლებულ ჟურნალ "ცისკარში" გურამ რჩეულიშვილთან ერთად. პირველი მოთხრობა "სანამ ერთად ვართ" დაწერა 1957 წელს, რომელიც ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა. პირველი წიგნი "მზეა, თბილა" 1965 წელს დაწერა. ეს პუბლიკაციები იყო პირველი ნაბიჯი მაშინ გაბატონებული, ეგრეთ წოდებული, სოციალისტური რეალობის მარწუხებიდან ქართული პროზის თავდაღწევისა, რამაც დასაბამი მისცა სალიტერატურო ასპარეზზე ახალი თაობის შესანიშნავი ქართველი მწერლების გამოჩენას.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი ( ქალ-ვაჟი), ექვსი შვილიშვილი.

გამოქვეყნებული წიგნები:

* "მზეა, თბილა" (1965),
* "სიშორე" (1967),
* "შურისძიება" (1968),
* "მოთხრობები" (1971),
* "აპრილი" (1985),
* "ჟამი" (1989);
* "ცოდვილი" (1968),
* "სტუმარი" (1976, 2010),
* "ხმა მღაღადებლისა" (1982, 1985, 1991),
* "სისხლის წვიმები" (1993),
* "ნაცრის კოშკი" (2001),
* რომანების ტომი სათაურით "ორი რომანი" (1978),
* თხზულებათა "ერთტომეული" (1987),
* დევნილი და სხვა მოთხრობები (2009),
* პუბლიცისტურ-კრიტიკულ თხზულებათა კრებული "სიტყვები" (1990).

ფილმოგრაფია:

* "კაშხალი მთაში", სცენარის ავტორი, 1979 წ.
* "დიდი მწვანე ველი", როლი: მთავარი გეოლოგი, 1967 წ.

ბმულები:
* http://gf.ghn.ge/view.php?post=292
* http://publish.dlf.ge/vaxtangvi/guramgegehidze/
* http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=216
* http://ka.wikipedia.org/wiki/გურამ_გეგეშიძე

study


Last edited by Admin on Sun Mar 03, 2019 8:39 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გურამ გეგეშიძე  Empty
PostSubject: Re: გურამ გეგეშიძე    გურამ გეგეშიძე  EmptyWed Mar 02, 2011 9:40 am

გურამ გეგეშიძე  Aaaaa_12

ზოგჯერ შენც არ იცი, რას წერ
(საუბრობენ გურამ გეგეშიძე და მიხო მოსულიშვილი)


"სადაც უნდა მივეყვანე ჩემი ცხოვრების გზას, ის მუდამ მთებში მაბრუნებდა. ჩემთვის მთებია ყველაფერი".

თენზინგ ნორგეი – მისივე ავტობიოგრაფიული წიგნიდან "მყინვართა ვეფხვი" (თარგმნა ნოდარ ჩხეიძემ).




- ბატონო გურამ, თავად მწერლები უკეთესად წერენ მწერლებზე, ვიდრე კრიტიკოსებიო, გამიგონია...

- აი, მაგალითად, თომას მანის ესეები. ანდა ის ფრანგი, რა გვარია, ანდრე მორუა... იმის ესეებში იმისთანა რაღაცეებია ჩავლებული... ჩვენთანაც, იგივეა, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, ან სხვა მწერლები რომ წერენ - გასაგებია და, კრიტიკოსები რომ წერენ, გაუგებარი.
მე, მაგალითად, ამ ხნის კაცი ვარ და, ჩემს ნაწერებზე გაგებას რომ შევხვედროდი, იშვიათად ძალიან. გინდა ქართულად და გინდა რუსულად. კი, ძალიან იშვიათად ვაწყდები ისეთ რამეს, რომ გამიგონ, ხალხმა გაიგოს. აი, ერთხელ მომეწონა, მაგალითად, თამაზ ნატროშვილმა დაწერა იმ მოთხრობებზე, შენც რომ მიხსენე...

- ჰო, "ჟამი" და "დიდება". თანაც თამაზ ნატროშვილს თავადაც ჩინებული წიგნი აქვს დაწერილი - "მაშრიყით მაღრიბამდე".

- ჰო, ის ნიჭიერი კაცია და კარგად დაწერა. თავადაც რომ წერს, იმიტომ. მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. შენ სხვა რამეს გულისხმობ, ისინი კიდევ რაღაც სქემებით გიდგებიან. იმათ თავიანთი თეორიები აქვთ.

- ადამიანს ხომ რაღაცა გადააწყვეტინებს, რომ წერა დაიწყოს. როგორ მოხდა, რომ თქვენც დაიწყეთ და გურამ რჩეულიშვილს როგორ დაუმეგობრდით.

- როგორ და... მაშინ არც ვწერდი, არც არაფერი. უბრალოდ, მე და ის ერთად ვსწავლობდით, უნივერსიტეტში. მე ისტორიულზე, ის ფილოლოგიურზე. ლექციები ერთად გვქონდა, სამხედრო ლექციებზე ერთად დავდიოდით და სულ ერთად ვიყავით, ვმეგობრობდით. დათო ჯავახიშვილი იყო კიდევ, ნუგზარ წერეთელი... დათო ახლახანს გარდაიცვალა...

- ჰო, სამწუხარო აბავია.

- ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, ოღონდ წერა გვიან დავიწყეთ. ჯერ ძმაკაცები გავხდით, მაშინ არ ვწერდით. მერე სტუდენტობისას დავიწყეთ წერა.
მაშინ ძალიან ძნელი პერიოდი იყო. ახლა შენთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია... ძალიან მკაცრი ცენზურა იყო... ძალიან. ახლა, მაგალითად, ასეთი გალაღებული როა ხალხი და რასაც უნდა, იმას ბეჭდავს, სად იყო ესეთები მაშინ. ნაწარმოებში გინება რომ გქონოდა, იმას ვინ დაგიბეჭდავდა. მაგრამ ლიტერატურას უფრო მეტი რეზონანსი ჰქონდა, ვიდრე ახლა. ახლა ტელევიზიამ და ამ კომპიუტერმა ჩაახშო ლიტერატურა. იმიტომ, რომ ტელევიზიას უყურებს ყველა და ტელევიზია ყველაფრის გასაშუალებას, გაუბრალოებას და გამარტივებას უწყობს ხელს... აი, თქვენი ჟურნალი რომ გამოვიდა, იქაც აღვნიშნე, ჩემს მისალმებაში, რომ ტელევიზიის საშუალებით ჩვეულებრივი, საშუალო ადამიანი აღზევდა. და უკვე რჩეულები აღარ არიან. ყველა ჩვეულებრივი, ერთნაირი გახდა, არადა "ყველა ერთნაირი" არ არსებობს ამ ქვეყანაზე...
ჰო, მე რომ გამოვჩნდი პირველად, ეს არის... ორმოცდაათი წელიწადია გასული მას შემდეგ. ეს მეოცე საუკუნის შუაწლებია და მაშინ
ლიტერატურას დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე. ჰოდა, დაიწყო გურამმა წერა, ჩვენც გვერდში ამოვუდექით, მერე გურამს უნიჭიერესი ხალხი მოჰყვა.

- ახალ ნაწარმოებებს აკითხებდით ერთმანეთს?

- ბავშვები ვიყავით, ოცადორი წლის ბიჭები. რა თქმა უნდა, ვნახულობდით, ვარჩევდით... ყოველდღე სულ ერთად ვიყავით ნუგზარი, გურამი, მე... ლექციები ერთად გვქონდა, ბაღშიც ერთად ვიდექით და ოჯახებშიც დავდიოდით, ჩემთან, გურამთან... ნათესავებივით ვიყავით, მოკლედ. როგორც არის ხოლმე ახალგაზრდობაში. მერე წერაც ერთდროულად დავიწყეთ... ოღონდ იმას ბედი არ აღმოაჩნდა და ძალიან ახალგაზრდა მოკვდა.

- თქვენ მაშინ დაიბეჭდეთ ახალდაარსებულ ჟურნალ "ცისკარში", რომელიც ვახტანგ ჭელიძის რედაქტორობით გამოდიოდა. თქვენი ნოველა იყო და გურამის მოთხრობებიც.

- ჰო. მე და გურამი... და, ანზორ სალუქვაძე იყო კიდევ – ძალიან კარგი პოეტი და კაცი. ორმოცდაჩვიდმეტში.

- მე ის "ცისკარი" ნანახი მაქვს, ეს დიდი მოვლენა იყო მაშინ და ფართოდ გახმაურდა კიდეც საზოგადოებაში. აი, გამოჩნდა ახალი თაობა. გამოვიდა ჟურნალი და მოვიდნენ ახალი ავტორები, რომლებიც ძალიან თავისებურნი არიან და განსხვავდებიან იმისგან, რასაც წერდნენ მანამდე, ხომ? ისე, პროტესტის გრძნობაც გქონდათ - თქვენს წინ რასაც წერდნენ, მთლად კმაყოფილი არ იყავით იმით.

- მე გეტყვი, რაშიც იყო საქმე. ვთქვათ, ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია (მე ისტორიულ რომანებს არ ვგულისხობ, მე ვამბობ "მთვარის მოტაცებაზე", "დიონისოს ღიმილზე" და ნოველებზე) - ბრწყინვალეა ეს მწერლობა. მაგრამ სწორედ ეს მწერლობა მოსპეს კომუნისტებმა. გაანადგურეს... მით უმეტეს, გრიგოლ რობაქიზე. მერე სოციალისტური რეალიზმი რომ წამოვიდა, უნდა გეწერა – მუშაზე, გლეხზე... კოლმეურნეზე და ასეთებზე... ფაბრიკებზე, ქარხნებზე, მერკანტილურ ამბებზე. სოციალურ ამბებზე. ესე იგი, ფაქტიურად ლიტერატურა დაასამარეს და ეს ლიტერატურა გახდა პოლიტიკის დანამატი. იმათი იდეოლოგიის გაძლიერების საშუალება, და თუ დაწერდი ისეთს, რაც ამათ უნდოდათ, პრემიებიც იყო და დიდი დაფასებაც... ჰოდა, აი ჯერ "წყნარი დონი" დაწერა კაცმა, და მერე დააწერინეს...

- მიხეილ შოლოხოვმა...

- ჰო. და მერე დააწერინეს "გატეხილი ყამირი". და ეს რომანი უკვე ის დონე აღარ იყო. ჰოდა, დიდი ხანი იყო ლიტერატურა პოლიტიკის დამხმარის როლში და ორმოცდაათიან წლებში უკვე აღარაფერი იქმნებოდა ისეთი. ყველაფერი ყალბი იყო. ყალბი ცხოვრება შექმნეს და ამაზე ცხოვრებაზე უნდა გეწერა. რომ ყველაფერი კარგია და თუ დღეს არ არის, ხვალ კაი იქნება. აი, ეს იყო, ამას ქადაგებდა კრიტიკა, ტელევიზია თუ პრესა. რა იყო, იცი, ჩვენ ისევ იმას მივუბრუნდით. ოციანი წლების ლიტერატურას, ქართულს. შეიძლებოდა გეწერა უბრალო ამბებიც... აი, მაგალითად, "ტრაგედია უგმიროდ", "თავსაფრიანი დედაკაცი" - გენიალური ნაწარმოებებია. შეიძლებოდა ყველაფერზე დაწერა და აი, ამას რაღაცნაირად მივუახლოვდით. და ამ პოლიტიკისგან შებოჭილი ლიტერატურის გამო დავიწყუბული ჰქონდა ხალხს, თორე ჩვენზე ადრე იყო იგივე "მართალი აბდულაჰ" და მიხეილ ჯავახიშვილის სხვა გენიალური ნაწარმოებები. ეს ხომ იყო. როგორ არ იყო, მაგრამ მერე გადაავიწყდა ხალხს. გადაავიწყეს და ჩვენ ისევ ის ტრადიცია აღვადგინეთ. ფაქტიურად, ახალი არაფერი არ გაგვიკეთებია და ამან გამოიწვია ყურადღება...

- ამას გარდა, ისიც იყო, ბატონო გურამ, რომ გაჩნდა საშუალება და უცხოეთის ლიტერატურასაც ეცნობოდით. აი, ჰემინგუეის სტილი, მაგალითად.

- კი, მაშინ ბევრი რამე შემოვიდა, გაიხსნა საზღვრები. ჩვენ კიდევ რუსულადაც ვკითხულობდით და, სხვა ენებზეც - გურამმა ინგლისური ხომ იცოდა და, გერმანულს ფლობდა დიდებულად... მე ლაპარაკი არ ვიცი კარგად, მიჭირს, მაგრამ, კითხვა შემიძლია ინგლისურად.
იმ დროს ჰემინგუეი უკვე დაბეჭდილი იყო რუსულად, საბჭოთა კავშირში პირველად დაბეჭდეს ოცდათექვსმეტ წელს.

- ივან ალექსანდროვიჩ კაშკინის თარგმანები.

- შესანიშნავი თარგმანები იყო ამ კაშკინის და ოცდათექვსმეტ წელს გამოვიდა: ყვითელყდიანი, სქელი წიგნი იყო. თუ ოცდაჩვიდმეტ წელს, კარგად არ მახსოვს. პატარა, შესანიშნავი წიგნი იყო, მაგრამ გამქრალი იყო მიმოქცევიდან. და ჩვენს პერიოდში ისე დაემთხვა, გესმის, რომ აღარ არის აუცილებელი პარტუჯრედზე დაწერო მაინცდამაინც. დავინახეთ, რომ შეიძლებოდა ჩვეულებრივ ცხოვრებაზე გვეწერა. მერე ჩვენ ალპინიზმით ვიყავით გატაცებული. მე და გურამი დავდიოდით მთაში.

- ჰო, მთამ შესანიშნავი მასალა მოგცათ... აი, ახლა გამახსენდა თქვენი მაშინდელი ნოველა `მდინარესთან, მთებში~.

- კი, მასე იყო... ყოველწელს დავდიოდით მთაში. ისეთი პერიოდი იყო. ჯეკ ლონდოდნით ვიყავით კიდევ გატაცებულები. "ჩრდილოეთის მოთხრობები" რომ აქვს. უკავშირდება, ხო იცი, ალპინიზმს – არის ჯეკ ლონდონთან ეგეთი რამეები, და აი, ამ ალპინისტურ ცხოვრებაზე დავიწყეთ წერა. მერე იყო შესანიშნავი კაცი, ნოდარ ჩხეიძე. არაჩვეულებრივი კრიტიკოსი...

- მოდით, ის გავახსენოთ მკითხველს, ნოდარ ჩხეიძემ რომ დაწერა თქვენზე ჯერ კიდევ 1967 წელს: "გურამ გეგეშიძის სამწერლო გზა ერთ-ერთი საინტერესოთაგანია დღევანდელ ქართულ მწერლობაში. ცხადია, ის არ არის ერთადერთი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი, პერსპექტიული და გამოკვეთილია. ამასთანავე, ეს ახალი, სუბიექტური. "ტკივილებსა და ბრძოლაში" გაკაფული გზაა.
მისი მოქალაქეობრივი პოზიცია და შემოქმედებითი პრინციპები ჩამოყალიბდა და განმტკიცდა ცნობილ მოთხრობებში: "ნავსადგური", "ეუ", "შურისძიება", "ეშმაკის მოსახვევი", "სიშორე"...
პოზიცია ნათელია და თითქოს მარტივი: ნამდვილი ადამიანური არსებობა სიკეთის, ჭეშმარიტების, სამართლიანობის, სიყვარულისა და თანაგრძნობის ნიჭია. ბრძოლა ყოველივე ამისათვის უნდა შეადგენდეს ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას და არა "საკუთარი სიკეთით დატკბობის საშუალებას", რადგან ადამიანი ყველაზე მეტად მოწმდება იმით, თუ რამდენად ბუნებრივია, თუ რამდენად არის ის, რაც არის, თუ მართლა ისე ცხოვრობს, როგორც უნდა იცხოვროს" – ეს იმ დროისთვის ძალიან მართბული შეფასება იყო, ალბათ...

- კი, სწორი იყო...

- თუმცა მას შემდეგ, თქვენ გაცილებით უფრო მასშტაბური რომანები გაქვთ შექმნილი: "დევნილი", "ცოდვილი", "სტუმარი", "ხმა მღაღადებლისა", "სისხლის წვიმები", "ნაცრის ქექვა"... ვრცელი მოთხრობები: "ჟამი" და "დიდება", რომელთა რიგში უნდა ვახსენოთ ეს თქვენი ახალი მოთხრობაც - "შეწირული", რომელზეც კიდევ ვილაპარალებთ, მაგრამ ამჯერად, თუ ისევ ნოდარ ჩხეიძეს დავუბრუნდებით, გამახსენდა "ცისკრის" ძველ ნომრებში გაგრძელებებით დაბეჭდილი, მის მიერ თარგმნილი თენზინგ ნორგეის წიგნი "მყინვართა ვეფხვი"...

- ჰო, იმასაც ძალიან უყვარდა მთა... ტრაგიკულად დაიღუპა სამოცდარვა წელს ნოდარი... იცი, როგორი იყო? ძალიან კარგი, შესანიშნავი ალღო ჰქონდა და იყო, რაც მთავარია, უშურველი კაცი. თავდავიწყებული გატაცება იცოდა, თუკი ვიღაცას ნიჭს შეამჩნევდა. და იმდენად, რომ... ისეთი ერთგულება და ისეთი დაფასება იცოდა... ცდილობდა, რომ გაემხნევებინე. ისეთი გვერდით დადგომა იცოდა, რომ თავსაც კი მოგაბეზრებდა. ჩვენზე უფროსი იყო, უნივერსიტეტის პროფესორი და ჯერ ლექციებს გვიკითხავდა. მაგრამ ასაკით არც ისე განსხვავდებოდა ჩვენგან, ექვსი წლით დიდი იყო ჩემზე და გურამზე. ჰოდა, მერე დავძმაკაცდით კიდეც. ის მართლა ლიტერატურით ცხოვრობდა და აი, მაგალითად, ნოდარისაგან გავიგეთ ისეთი მწერალი, როგორიც არის ჯეიმს ჯოისი. იმისი მოთხრობების კრებული "დუბლინელები" მაგან წამაკითხა. მე ეგ წიგნი დღესაც შედევრი მგონია.

- კი, მართალი ხართ!..

- მარტო ეს ხომ არაა, საერთოდ ფანტასტიური მწერალია ეს ჯოისი... აი, ასეთი სიტუაცია იყო, გესმის და მერე ეს ახალგაზრდული ენერგიაც გვქონდა, როცა სუყველაფერი შენ გინდა, რომ განაახლო. როცა ცხოვრება სიახლეა... გესმის? ახლა, ჩემთვის უკვე ყველაფერი მობეზრებულია. ყველაფერი მინახია, რაც შეიძლება ნახო და... ეს სიკვდილი, უბედურება და ეს მეგობრები - არავინ აღარ შემომრჩა. მაშინ კიდევ ის პერიოდი იყო, აღზევებული რომ ხარ. თანაც მერე და მერე ნიჭიერი ახალგაზრდები გამოვიდნენ იმ პერიოდში. ჩვენ რომ დავიწყეთ, მერე რეზო ინანიშვილი იყო, ვაჟა გიგაშვილი, არჩილ სულაკაური, ძმები ჭილაძეები იყვნენ, უფრო გვიან ჭაბუა ამირეჯიბიც გამოჩნდა, გადასახლებიდან ჩამოვიდა. რეზო ჭეიშვილი მოვიდა, სხვებიც და... შეიქმნა ახალი ლიტერატურა.

- ჰო, სამოციანი წლებიდან აღორძინება დაიწყო ჩვენს ლიტერატურაში...

- კი, ძალიან ნიჭიერი ხალხი წამოვიდა. აი, გიორგი შატბერაშვილი, ჩვენზე უფროსი კაცი, - შესანიშნავი პიროვნება იყო, ბრწყინვალე. უწერია, რჩეულიშვილის მოთხრობა რომ წავიკითხე, მეც სხვანაირად გადავხედე ჩემს შემოქმედებასო. და მართლაც, მშვენიერი მოთხრობები დაწერა მერე: “მკვდრის მზე” და “მამალხინე”. იყო ესეც. მერე, რა თქმა უნდა, კონიუნქტურა მაინც ერევა ამ საქმეში. თანაც გურამი ნაადრევად დაიღუპა. ნოდარ ჩხეიძეც ადრე წავიდა ჩვენგან. გამოგვაკლდნენ და რაღაცა დაიშალა. მერე ეს კონიუნქტურაც...
მწერალს ჭირდება რეკლამა. მე, მაგალითად, როცა ნოდარ ჩხეიძე ცოცხალი იყო, ყველანაირად ხელს მიწყობდა, მხარში მედგა. იმის მერე არავის მაინცდამაინც თავი არ მოუკლავს ჩემი გულისთვის. პიროვნულად როგორი ხარ, ამასაც აქვს მნიშვნელობა. მე ისეთი არა ვარ, რომ საკუთარ თავს თვითრეკლამა გავუწიო.

- აი, ახალი საუკუნე დაიწყო და დღეს როგორ იქნება, იმ მაშინდელ სამოციან წლებს რომ შევადაროთ? გრძნობთ, რომ ახალი თაობა მოვიდა და ახალი სათქმელი მოიტანა?

- დღესაც არიან ნიჭიერი ახალგაზრდები. ბევრია, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. იმიტომ, რომ ესენი ახალგაზრდები არიან და ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმედის მომცემნი. უნდა შეიქმნას რაღაცა მნიშვნელოვანი და ამას დრო უნდა. აბა, ახლა შენ წარმოიდგინე, მეოცე საუკუნის, ილიას და აკაკის შემდგომი თაობა რომ წავა. ვაჟა-ფშაველა, გენიოსი ვაჟა-ფშაველა ცხრაასხუთ წელში მოკვდა. გალაკტიონი უკვე იბეჭდება ცხრაას თორმეტში, ცამეტში. თოთხმეტში, თხუთმეტში, თექვსმეტში. მაგრამ ჯერ-ჯერობით ვაჟასთან არავინ აიგივებს.

- რა თქმა უნდა.

- მაგრამ, შენ წარმოიდგინე, აი, ოციანი წლები დგება. უკვე მიხეილ ჯავახიშვილი გამოჩნდა, კონსტანტინე გამსახურდია გამოვიდა ასპარეზზე, ცოტა ადრე იყო ნიკო ლორთქიფანიძე, ამ პერიოდში უკვე ისიც მომძლავრდა. იქ ლეო ქიაჩელი, სხვები...
ესე იგი, ახლა ასი წლის წინ რომ გადავიდეთ, ვერ გეტყვის იმ პერიოდის კაცი, რა იქნება.

- ჰო, მართალია.

- მიხვდი, ხო? მაგალითად, კიტა აბაშიძე ამბობდა, რომ ქართული ლიტერატურის ამომავალი ვარსკვლავი არის ილია ზურაბიშვილიო, რომელიც გაქრა. ასე ეგონა, იმაში ხედავდა შიო არაგვისპირელის ტრადიციის გაგრძელებას. შიო არაგვისპირელი კი დარჩა, მაგრამ აი, ილია ზურაბაშვილიც წერდა, მაგრამ ილია დღეს არავინ იცის. სულ მიატოვა წერა მერე. არადა, შესანიშნავი მოგონებები აქვს. ასე რომ, ეხლა ძნელია ლაპარაკი, რა როგორ წავა. უნდა ჩამოყალიბდეს ეს თაობა. დრო უნდა. ისე არიან, როგორ არა. მე ვინც მომწონს ძალიან – აკა მორჩილაძეა. თქვენთან იყო, რომანი წავიკითხე თქვენ ჟურნალში...

- "ვენერას სიზმარი".

- ჰო, კარგი არის. მწერლური ხედვა აქვს და ენასაც ფლობს – როგორი კარგი სტილების პაროდიები აქვს მადათოვის კუნძულზე რომ რომანი დაწერა, იქ. ოღონდ მაგისი, მაგ აკა მორჩილაძის პრობლემატიკა ხშირად მსუბუქია ხოლმე. არადა, ნიჭიერი კაცია აშკარად.
შენი ის მოთხრონა მომეწონა ძალიან, მაფიაზე რო არის.

- "ფლიუგერი არსაით".

- ჰო, მაგრამ "о присутствующих не говорят"-ო, რუსები იტყვიან რა...
მომეწონა ზაალ სამადაშვილის ნოველები.. ზალიკოს "პლეხანოვური ამბები" - აი, რა კარგად არის დაწერილი. თან ოსტატიც არის და, ენასაც გრძნობს.
არის ასეთი კარგი ნაწარმოებები. და არის კიდევ ისეთები, სადაც წვრილმანებია. შაბლონურია. მოძველებულია. ახალი სიტყვა არ არის ნათქვამი. გამოჩნდება, ალბათ, თანდათან გამოიკვეთება კიდევ. დრო უნდა ყველაფერს, დრო ჭირდება.

- თქვენ როგორ სწავლობდით წერის ხელოვნებას?

- მაგის ახსნა ყოვლად შეუძლებელია. შინაგანია. ყველას თავისი კილო აქვს. ყველას ახასიათებს თავისი ტემპერამენტი, თავისი გამოთქმის ფორმა, თავისი აღქმის უნარი. ამისი სწავლა არ შეიძლება, ეს თავისთავად მოდის, მაგრამ ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება ამას გარდა. ყველაფერზე უნდა ისწავლო. როგორ, რანაირად კეთდება. და პრინციპში ის ხმა, რომელიც ნებისმიერ მწერალს აქვს, შენ, მე, სხვას, - ის არის ერთადერთი, და არ ისწავლება. თუ კაი მწერალია, იმ წუთში გამოარჩევ. მაშინვე მიხვდები, ნახევარი გვერდი რომ წაიკითხო - გამსახურდიასი, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის ან იგივე გურამ რჩეულიშვილის. რეზო ინანიშვილის. იმავე წუთში გამოარჩევ და აღარ აგერევა სხვაში მერე. იმიტომ, რომ ყველას თავისი ინტონაცია აქვს. ეს ბუნებრივია. ახლა სწავლა, მეთოდები არის, - ვთქვათ, შეიძლება უფრო მოკლედ რაღაცის თქმა. ასეთ რამეებს სწავლობს მწერალი, მაგრამ იმ საზღვრიდან ვერ გამოდის, რაც მიცემული აქვს ღმერთისაგან. იქიდანვე არის ჩადებული ის თავისთავადობა. რაღაცეებს კი ისწავლის, მაგრამ იმას ვერ შეცვლის.
მოკლედ, ჩვენი საუბარი რა არის და, - რამეს რომ წერს მწერალი, იმის იქით უნდა იყოს რაღაცა ჩასაფიქრებელი. იმდენი სიღრმე უნდა ჰქონდეს, ისეთი უნდა იყოს, კაცი რომ წაიკითხავს, ან გული დაწყდეს, ან რაღაცა იფიქროს. ესე არ შეიძლება ქრონიკასავით და რეპოტაჟივით დაწერო. ხდებაო, - ვიღაცა ამტკიცებს. მოხდომით ბევრი რამე ხდება. მაგრამ თუ ეს არ არის გააზრებული, თუ ემოცია არ არის ჩადებული, თუ ტვინის ნატამალი არ არის ჩადებული... ზოგჯერ შენც არ იცი, რას წერ.

- თითქოს ინსტურმენტი ხარ ვიღაცის ხელში...

- ეგ მართალია, რომ თითქოს ვიღაცას მიყავხარ. ისეთი რამე გაგახსენდება წერის დროს, სულ რომ არ გახსოვს. შენი ხელი ვიღაცას უჭირავს. მაგრამ აბდაუბდა და გაუგებრობა არ უნდა გამოვიდეს. რაღაცა უნდა იყოს. შენ ქვეცნობიერად მაინც უნდა იცოდე, ამ გარემოს რომ ასახავ და ამას რომ ვიღაცას თავზე ახვევ და ეუბნები, რომ წაიკითხეო, დროს აკარგვინებ, აუცილებლად რაიმე მნიშვნელოვანი უნდა უთხრა. თუ ეს არ არის, არავინ გამოიხედავს შენი დაწერილისკენ.

- მწერალი დიდ ნაწარმოებს რომ წერს, წინასწარ რაღაც სქემასავით შედგენილი თუ აქვს?

- არა, ბუნდოვნად იცი, კაცო, და ისიც სულ იცვლება. გმირების სახელებს და საქციელებს ცვლი, აერთიანებ და სულ სხვა სამყარო ყალიბდება ბოლოს. ეს ძნელი შრომაა. შეიძლება, რაც ნაფიქრი გქონდა, იმისგან განსხვავებული გამოვიდეს. რაღაცა გუმანი გეუბნება და აქეთ მიდიხარ, მიდიხარ და გკარნახობს ვიღაცა რაღაცა ამბებს. რომ დავწერ, მერე ნახევარზე მეტს ვყრი. იმიტომ, რომ ვწერ, ვწერ, მერე წავიკითხავ და, თუ აღარ მომწონს – ესე იგი, არასწორი გზით წავედი. თავიდან უნდა დაიწყო. ძალიან ბევრჯერ მომიწევს ხოლმე თავიდან. კიდევ არის, რომ რაღაცა გამიტაცებს, გავყვები, გავყვები, დამთავრდა, ხო? მეორე დღეს წავიკითხავ, ეს არ არის საჭირო. არაფერს არ იძლევა. ეს არის ყოფითი მომენტი. არა აქვს ამას სიღრმე. იძულებული ვარ გადავაგდო. წვალება არის, მომბეზრდა ეს მწერლობა რა...

- ჩვენი ბედისწერა ჩვენივე შინაგანი ბუნებაა, როგორც ეს ნოვალისს ესმოდა თუ ეს მხოლოდ ილუზიაა?

- ეგ არავინ არ იცის. არც თავად ნოვალისმა. ადამიანი რაღაცას აკეთებს, რაღაცა შედეგამდე მიდის. ეს განპირობებულია, ალბათ. იმიტომ არის ამ თემებზე მსჯელობა შეუძლებელი, ჩვენ რა ვიცით, რა ხდება ამ ქვეყანაზე. ვინ იცის, სად მივდივართ? ეს ყველაფერი ხომ არის ილუზია. ილუზიებით ვცხოვრობთ. აბა, სიკვდილის რატომ გვეშინია. იმიტომ, რომ არ ვიცით. ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერი ამით მთავრდება. ამაზე მსჯელობა არ შეიძლება, არადა თავიდანვე ამაზე ლაპარკობს კაცობრიობა. კაცმა არ იცის და არც არასდროს არავის არ ეცოდინება, ეს რა არის. აუხსნელი თემაა. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს ლოკალურ პირობებში. ჩვენ რომ ვლაპარაკობთ, აი, ჩვენი მწერლობაო, ვიძახით, ისა, ესა. გლობალურ განზომილებაში რომ წარმოიდგინო, საუკუნეების მიღმა, ვინ არის შექსპირი, ან ტოლსტოი, ან ჰომეროსი ან სხვა ვინმე. რამდენი ვარსკვლავია ცაში, რამდენი პლანეტაა. და იქ რა ხდება? და სასრული არაფერს არა აქვს. ეს შექსპირი ხომ დედამიწის აი, ამ მონაკვეთზეა საინტერესო, დინოზავრებამდე ხომ არ იყო საინტერესო? მერე რა იქნება კიდევ – ღმერთმა იცის. რით შეიძლება, იცი, მივხვდეთ? ხომ არსებობდა დიდი ცივილიზაციები ქრისტემდე – ეგვიპტელების, შუმერების, ბერძნების, ათასი ვიღაცეების, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა არსებობდა და ახლა, ამ ახალ მოთხრობაში მიწერია – რა იცი, იქ რა დაიწვა? იქნებ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ისეთი შედევრები დაიწვა... იცის ვინმემ, რა მოხდა? კაცმა არ იცის. ახლა ჩვენ რომ ვიძახით პარმენიდე, ჰერაკლიტე, ვიღაცეები. ეს ხომ სულ იმით არის მოსული, ნაკუწებით და ფრაგმენტულად. შედარებით უკეთესად პლატონია მოღწეული აქამდე და არისტოტელე. მთლიანობაში ეს ხომ რაღაც გიგანტური კულტურა იყო და ხომ ხედავ, რომ შესაძლებელი ყოფილა ამის გაქრობა, მოსპობა. ასევე დღევანდელი დღეც – ახლა არის ოცდამეერთე საუკუნე, ხომ? და ორმოცდამეთრეთმეტე საუკუნეში ეს რა იქნება? ვის ემახსოვრება? რა მოხდება, ვინ იცის. კონტინენტები იცვლება, კაცო. აფრიკა და სამხრეთ ამერიკა ერთად იყვნენ და დასცილდნენ. ამ შექსპირს აქვს მნიშვნელობა ლოკალურ ვითარებაში. ათასჯერ მითქვია და ნორმალურმა ადამიანმა, ყველამ იცის. გლობალურად შენ გამქრალი ხარ, არც არსებობ. ეს უსაზღვრობა იმდენად დიდია, რომ აი, ეს წუთი, ახლა მე და შენ რომ ვლაპარკობთ, ფაქტიურად ქრება.

- მეხსიერებაში ხომ მაინც გვრჩება?

- ხო, მაგრამ ჩვენი მეხსიერებაც ხომ ქრება. ასე, რომ – ყველაფერი გარკვეულ მომენტშია საინტერესო და გარკვეულ ადგილზე. და მერე ეს ყველაფერი იცვლება. მეხსიერებამ შეიძლება გაძლოს ათასობით წლები, მაგრამ გაძლებს მეხსირება მილიონი წლები, ვერა ძლებს.

- თქვენი ახალი მოთხრობის გმირი, უშანგი შეწირული გეგონება დღევანდელ საქართველოში ცხოვრობსო, არადა ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ, იმ დავიდარების დროინდელი ადამიანია...

- ახლა უყურე, რა ხდება... ის ქართველები, ვინც იყვნენ ოციანი წლებში, დღეს ხომ ისინი აღარ არიან? დღეს სხვა ხალხია. ამ ოციან წლებს და ოცდაოთხი წლის აჯანყებას მერე ოცდაჩვიდმეტი წელი მოჰყვა. საერთოდ განადგურდა ის თაობა. სულ სხვა ხალხი წამოვიდა. ჩემი თაობა, მე ვისი წარმომადგენელიცა ვარ – შენ შვილად მეკუთვნი, უფროსი ვარ შენზე. თქვენ სხვა ხალხი ხართ. სხვა რაღაცა მოგაქვთ. ახალგაზრდობის გამოსვლებს ვუსმენ, ლაპარაკს, ვკითხულობ. სხვა ხალხია ესა. შეიძლება ითქვას, რომ უცხო ჩემთვის.

- თქვენი ახალი მოთხრობის გმირი, უშანგი შეწირული, მკითხველის დიდ თანაგრძნობას იმსახურებს, რადგან ნორმალურ პირობებში ასეთი ადამიანები უამრავ სიკეთეს მიაგებენ სამშობლოს, მაგრამ ბოლოს მაინც უნდა დახვრიტონ ახალი იდეებით მოსულმა რევოლუციონერებმა, რადგან იმათ ტერორს ესეც და ამისთანებიც ტერორითვე პასუხობდნენ. მართლა შეწირულია თავის სამშობლოს...

- ჩვენ ყველა, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს ვეკუთვნით, ჩვენი დროის შვილებიც ვართ. ჩემი გემოვნება განსხვავდება ჩემი შვილის და მით უმეტეს, ჩემი შვილიშვილის გამოვნებისაგან. ის სხვა კაცი იქნება. პაპაჩემი რომ მოკვდა, მე ვიყავი 29 წლის. და ახლა რომ ვაკვირდები, ის რომანი რომ მაქვს "ხმა მღაღადებლისა" - იქ პაპაჩემის ცხოვრებაა მოყოლილი. მთავარი გმირი ის არის, იმისი მონაყოლებია დიდი ნაწილი. ზოგი ჩემი დამატებული და კომბინაციებიც არის იქ, კომბინაციებს ყველა აკეთებს, მაგრამ ფაქტებზე არის აგებული. ამიტომ, ვინც კითხულობს, ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და შემდეგაც, ეს სამივე რომანი. თუნდაც ეს რომ არის, ბოლო, "ცისკარში" რომ დაიბეჭდა...

- "ნაცრის ქექვა".

- ჰო. ისიც ამ დროის ამბებზეა. ესე იგი, დრო ადამიანზე ახდენს გავლენას. შენ შენი დროის შვილიცა ხარ. შენი დროის კაცი ხარ. დროის გარდა არის კიდევ უნივერსალური ნიშნები. მაგალითად, შენ რომ კითხულობ ჰომეროსს, რომელიც ჯერ კიდევ როდის იყო, რამხელა შთაბეჭდილებას ახდენს. მანდ ერთი მომენტია, იმან ჭკუაზე შემშალა. ომი რომ დამთავრდება, "ილიადაშია" ეს, სირბილს აწყობენ, ტროას სირბილს და იქ რომელიღაც გმირი გარბის და წაიქცა, ფეხი დაუცდა და ფუნაში ჩავარდა. სახე დაესვარა და - რომ გარბოდაო, სულ იფურთხებოდაო. როგორი დეტალია, როგორ ცოცხლდება ეს ადამიანი. და მერე, ოდისევსი რომ ჩამოვიდა თავის სახლში, მამამისთან მივიდა. მამამისმა არ იცის, ეს ვინ არის - ვერ იცნო და მამამისთან რომ მივიდა, წერია - ეკლებს ჭრიდა თავის ბოსტანშიო. და ხელთათმანები ეცვაო, ეკლები რომ არ შერჭობოდაო. ხელთათმანებს თითები წაჭრილი ჰქონდაო. ეს ისეთი დეტალებია, დღესაც რომ დაინახავ იმ პერსონაჟებს. და რეალობაა. და უკვე რაღაცას რომ წერს მნიშვნელოვანს, ისიც გჯერა. იმიტომ, რომ დეტალებში სწორია. ამიტომ, რა არის, იცი, ადამიანებს ერთმანეთის საერთო ყოველთვის აქვთ, მიუხედავად დროში განსხვავებისა. ახლა პლატონი ხომ არის გენიოსი, აი, თუნდაც "ტიმეოსს" რომ წაიკითხავ. ხომ ისეთნაირად მსჯელობს, როგორც ჩვენ ვმსჯელობთ, მაგრამ სად არის, როდის იყო. ჰოდა, ეს ლიტერატურაც ამისთანა რამეა – თუ მართლა მწერალი ხარ, სადაც არ უნდა წაგიყვანოს ცხოვრებამ, მაინც თავისთან დაგაბრუნებს, რადგან შენთვის ლიტერატურაა ყველაფერი. აი, თენზინგ ნორგეისთვის კი – მთები იყო ყველაფერი...

- ბატონო გურამ, გულახდილად რომ გითხრათ, მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ხოლმე თქვენი ბრწყინვალე ფინალებით, - თუ გნებავთ, ამ ახალი მოთხრობის დაბოლოებითაც – და თითქოს სწორედ ამის დასტურად, ამ ჩვენს საუბარსაც ჩინებული წერტილი დაუსვით. დიდი მადლობა.


2006 წელი, მაისი.

study


Last edited by Admin on Sun Mar 03, 2019 8:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გურამ გეგეშიძე  Empty
PostSubject: Re: გურამ გეგეშიძე    გურამ გეგეშიძე  EmptySun Mar 03, 2019 8:22 pm

გურამ გეგეშიძე

შურისძიება

ყველა, ვინც ხედავდა იმ ბიჭებს ბაზარში, ერთად მიმავალთ, ერთს წინ, უფრო მაღალს, ხმელ-ხმელს, შუბლზე ჩამოყრილ მუქ წაბლისფერთმიანს და მეორეს უკან, უფრო მსუქანს, ფუნჩულას, რომელსაც თეთრი, ოდნავ ჭორფლიანი სახე და წითელი თმა ჰქონდა, ხვდებოდა, რომ ესენი ძმები იყვნენ, ეს ბიჭები არ ჰგავდნენ ერთმანეთს არც სიარულით, – უფროსი წელში გამართული, მსუბუქად დააბიჯებდა, პატარა კი დათვის ბელივით მიბაჯბაჯებდა, – არც კანის ფერით, – უფროსი შავი იყო, – მაგრამ ისინი მაინც ჰგავდნენ ერთმანეთს, იმდენად, რამდენადაც ყოველთვის ჰგვანან ხოლმე ერთმანეთს ძმები და ყველა, ვინც ხედავდა იმ დღეს მათ ბაზარში, ხვდებოდა, რომ ის ბავშვები ძმები უნდა ყოფილიყვნენ. ზოგიერთებმა იცოდნენ კიდეც, ვინ იყვნენ ეს ბავშვები. მათ იცოდნენ, რომ ამ ბავშვებს მშობლები არა ჰყავდათ და მოხუცი ბებია ზრდიდა. ბებია ძალზე მოხუცი იყო, ძალზე მოტეხილი თავისი დარდით, და ბავშვები ხშირად, თითქმის მთელ დღეს უსაქმოდ დაწანწალებდნენ ქუჩებში. სასადილოს წინ ცარიელ ყუთზე მჯდარმა გამხდარმა კაცმა, რომელიც გამვლელ-გამოვლელს ათვალიერებდა, იმწამსვე იცნო უფროსი ბიჭი. ის იცნობდა ამ ბიჭის მამას და ერთხელ, დიდი ხნის წინათ, სანამ მამა მოუკვდებოდათ, ამ კაცმა ნაყინი უყიდა უფროს ბიჭს, რომელიც მაშინ ძალიან პატარა იყო და მამას ქუჩაში სასეირნოდ გამოეყვანა. ეს იყო და ეს.

სასადილოს წინ მშიერი ძაღლები დაწანწალებდნენ საჭმლის საძებნელად. ძაღლები დაძრწოდნენ ცარიელ კასრებსა და ყუთებს შორის და მიწას სუნავდნენ. ბიჭები იდგნენ ცოტა მოშორებით, ჭრელ–ჭრელი საზამთროებით დატვირთულ ორთვალასთან, რომლიდანაც ცხენი გამოეშვათ, მაგრამ აღვირით იყო მიბმული იქვე, ორთვალას ბორბალზე და თავზე თივიანი თოფრაკი ჰქონდა ჩამოცმული. ორთვალა აყირავებული იყო და საზამთროების ნაწილი მიწაზე ეყარა. ბებერი თეთრი ცხენი, რომელსაც წვრილ-წვრილი ლურჯი ფორაჯები ჰქონდა მთელ ტანზე, თივას ახრამუნებდა თოფრაკში. ორთვალის ქვეშ საზამთროს ნარჩენები ეყარა, ირგვლივ ბუზები ბზუოდნენ და ჰაერში ცხენის ჩენჩოსა და დამპალი საზამთროს სუნი იდგა. ამ მყრალი სუნის გამო ადვილად შეიძლებოდა შეგძულებოდათ საზამთრო. ასე იყო ეს, მაგრამ ბიჭები იდგნენ და ინტერესით უყურებდნენ მწვანე წინსაფრიან ცალხელა გამყიდველს, რომელსაც მარცხენა ხელი იდაყვსქვემოთ წაჭრილი ჰქონდა და მარჯვენა ხელში გრძელი, პრიალა დანა ეჭირა. იგი ოსტატურად ხმარობდა დანას: იღებდა საზამთროს, მარცხენა, წაჭრილი ხელის იღლიის ქვეშამოიღებდა და გრძელი, პრიალა დანით ლამაზად სერავდა ქერქს. ბიჭები ინტერესით უყურებდნენ გამყიდველს. სასადილოს წინ მჯდარი კაცი უყურებდა ბავშვებს და ფიქრობდა, ეყიდა მათთვის საზამთრო თუ არა, რადგან საზამთრო ახალი შემოსული იყო და ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირი ღირდა. შემდეგ უფროსმა ბიჭმა შემთხვევით მოიხედა და დაინახა სასადილოს წინ მჯდარი კაცი. ბიჭი დააკვირდა კაცს, და ამ დროს კაცი წამოდგა ყუთიღან მტკიცე გადაწყვეტილებით, მისულიყო ბავშვებთან და ეყიდა საზამთრო, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გადაიფიქრა. „ეჰ, ეს ბავშვები, სულ ერთია, არ მიცნობენ, რას მიხვდებიან, რომ მაგათი მამის ამხანაგი ვარ“, – ამ ფიქრით მობრუნდა იგი და სასადილოში შევიდა, სადაც დაასხმევინა დახლიდარს ერთი ჭიქა არაყი და საკუთარ თავზე გულგატეხილმა დალია. მან დადგა ჭიქა და ამოიოხრა:•–„ეჰ!..“

ეს იყო და ეს.

ბიჭები გამოვიდნენ ბაზრიდან და მექუდის ფარდულთან შეჩერდნენ. მექუდის ფარდული ბაზრის შესასვლელთან იდგა. დახლზე იდო მრგვალი სარკე, რომელშიც ქუდის მყიდველს შეეძლო დაენახა თავისი თავი. კედელზე მიჭედებულ ლურსმნებზე ეკიდა ახლადშეკერილი ქუდები. რომელთაც უთოსაგან არასასიამოვნო სუნი ასდიოდათ. ბიჭები იდგნენ მექუდის ფარდულთან და ხარბად, უყურებდნენ ტროტუარზე მჯდარი ბოშა ქალის შავ ძუძუს, რომელსაც იგი ბავშვს აწოვებდა. ქალსა და ბავშვსაც თავი ყვითელი ნაჭრით ჰქონდათ წაკრული. ბოშა ქალს კისერზე ყვითელი, ბრჭყვიალა, მრგვალი ლითონები ეკიდა მძივების მაგიერ და ყურის ბიბილოებშიაც ოქროსფერი რგოლები ჰქონდა გაყრილი. როცა ბოშა ქალი თავს ატრიალებდა და გამვლელ-გამოვლელს ეძახდა „მარჩიელი-მარჩიელიო“, რგოლები აქეთ-იქით ქანაობდა. ბოშა ქალი ბავშვს ძუძუს აწოვებდა და თან იაფფასიან პაპიროსს წევდა. ხალხი დადიოდა ტროტუარზე მჯდარი ბოშა ქალის წინ, ზოგი, სანოვაგით დატვირთული, სახლისაკენ მიიჩქაროდა, ზოგი ახლა მიდიოდა ბაზარში, ბაზრიდან კი ყაყანი ისმოდა. ბოშა კაცი, ბოშა ქალის ქმარი ან ბიძა, რომელსაც გრძელი შავი ულვაში ჰქონდა, თავზე ფაფახი ეხურა და შუა თითზე ოქროს ბეჭედი ეკეთა, გასაყიდად გამოტანილ რკინის ჯაჭვებს ალაგებდა მიწაზე ერთმანეთის გასწვრივ და უშლიდა ხალხს ქუჩაში წესიერად გავლას ქუჩაში წესიერად გავლა ისედაც არ შეიძლებოდა.

მერე უფროსი ბიჭი მივიდა მექუდის დახლთან და სარკეში ჩაიხედა. უმცროსი სარკეს ვერ სწვდებოდა, ამიტომ დახლს მოეჭიდა, ძლივძლივობით აძვრა სარკესთან, ჩაიხედა შიგ და ჩამოხტა ძირს. ამის შემდეგ უფროსმა ბიჭმა პაპიროსი იყიდა მეპაპიროსესთან და მერე ორივენი წამოვიდნენ ბაზრიდან გრძელი, მოასფალტებული ქუჩით. აქა-იქ ქუჩაში გუბურები იდგა, რადგან წინა დღით წვიმდა• წყალი უკვე შრებოდა• ახლა მოღრუბლული დღე იყო, მაგრამ ხანდახან, როცა მზე გამოანათებდა, მწარედ ცხელოდა. ქუჩის ორივე მხარეს თხრილები იყო, თხრილების იქით ტრიფოლიატის ღობეები, ღობეებს იქით, ეზოების სიღრმეში სახლები იდგა, წინ კი თავწახრილი ღორები მიდიოდნენ ღრუტუნით. ქუჩის ბოლოს თეთრად შეღებილი ქვის სახლი მოჩანდა ბიჭები თეთრ სახლამდე აღარ მოსულან, მარჯვნივ შეუხვიეს და ჩუმად განაგრძეს გზა. ისინი არც ერთხელ არ დალაპარაკებიან ერთმანეთს, რადგან ერთმანეთთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ. მოდიოდნენ ერთად, თითქოს რაღაც უხილავი ძაფით გადაბმულები; უფროსი წინ, მას მოკლე ტრუსი და გამოსუნებული მაისური ეცვა. უმცროსი უკან, შედარებით განიერი ტრუსი ეცვა, რომელიც შეიძლება არც იყო მისი. მიდიოდნენ ერთად, მაგრამ ისე, თითქოს ვერც ამჩნევდნენ ერთმანეთს, თითოეული თავისთვის, თავის ფიქრებში წასული. ასე ხშირად დადიან ძმები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარები არიან.

და აი, ისინი მიდიოდნენ. მიდიოდნენ და უცებ ქუჩის პირას მდგარი ორსართულიანი აგურის სახლის აივნიდან ბავშვების ჟრიამული გაიგონეს. მერე აივანზე დაინახეს უფროსი ძმის ტოლი ბიჭები. ის ბიჭები წუწავდნენ ერთმანეთს წყლით და მათთან ერთად იყო სულ ცოტათი უფრო დიდი გოგო, ლამაზი გოგო, რომელიც ეხვეწებოდა ბიჭებს, არ შემასხათ წყალიო, მაგრამ ბიჭები გოგოსაც წუწავდნენ, არ ინდობდნენ და გოგო კიოდა. უფროს ძმას რატომღაც აღიზიანებდა იმ გოგოს კივილი. ამავე ეზოს რკინის ჭიშკართან გრძელხალათიანი სქელი ქალი იდგა, ხელში ცარიელი ვედრო ეჭირა და როცა ძმები ხალათიან სქელ ქალს გაუსწორდნენ, ქალმა დედობრივი, ტკბილი ხმით სთხოვა უფროსს:

– ბიჭიკო, თუ ღმერთი გწამს, წყალი მოვიტანე!

მაგრამ ბიჭი არ გაჩერდა და თავაზიანად უპასუხა:

– არ მწამს, დეიდა, ღმერთი...

და შემდეგ გაიგონა ზურგს უკან ქალის წყევლა:

– დასწყევლოს ღმერთმა შენი თავი, რა უზრდელი ხარ, ვისიცა ხარ... და შემდეგ ფლოსტების ფლატუნი, როცა ქალი გადადიოდა ქუჩის მეორე მხარეს, ონკანისკენ და შემდეგ ისევ ტკბილი, დედობრივი ხმა:

– შენ მოვიტანე, დედიკო, წყალი, შენი ჭირიმე...

უფროსი ბიჭი მობრუნდა. მან დაინახა, როგორ შეაჩეჩა სქელმა ქალმა ცარიელი ვედრო უმცროს ძმას და იმანაც მორჩილად გამოართვა, უსიტყვოდ, თვითონ კი ვედროზე თითქმის უფრო პატარა ონკანისკენ წაჩანჩალდა. უფროსი ბიჭი უცბად აენთო. მიირბინა თავის ძმასთან, გამოსტაცა ვედრო ხელიდან და თხრილში გადაისროლა. შემდეგ წამოარტყა თავში და წინ გაიგდო.

– წამოეთრიე აქეთ! – დაიღრიალა მან.

– აი, შე ჯიბგირო, ჯიბგირო! – აყვირდა სქელი ქალი, – უყურეთ ამ ჯიბგირს, რას ბედავს, ჯიბგირი!..

– წადი, შენს შვილებს მოატანინე წყალი, – მიაძახა ბიჭმა ქალს, – პატარა ბავშვს უნდა წელი მოსწყვიტოს.

მერე ის მიდიოდა, უკან არ იხედებოდა და თანდათან უფრო შორიდან ესმოდა სქელი ქალის ყვირილი და კმაყოფილი იყო თავისი საქციელით. ის მისჩერებოდა თავისი პატარა ძმის ჭუჭყიან ქუსლებს და სადღაც გულის სიღრმეში ბუნდოვნად გრძნობდა, რომ თავიდანვე გამოიცნო ამ ქალის ხასიათი. ბუნდოვნად გრძნობდა, რომ სწორედ ამით იყო ასე კმაყოფილი. „ეს ქალი ზედმეტი ჭამისაგანაა გასუქებული და არა ავადმყოფობისაგან“, – ფიქრობდა ის.

***
ასფალტი და ეზოები მოთავდა, უკან დარჩა. ბიჭები მიჰყვებოდნენ მტვრიან შარაგზას მინდვრებს შორის. ახლა ისევ უფროსი მიდიოდა წინ, უმცროსი უკან. გზის მარჯვენა მხარეს მიტოვებული სამჭედლო იდგა. ეს იყო ირიბად გადახრილი, ნახევრადწაქცეული ქოხი, რომელსაც ისლის სახურავი გადამძვრალი ჰქონდა. ქოხის ირგვლივ უსარგებლო ჯართი ეყარა. მოშორებით, გზის პირას მაღალი, თეთრი ვერხვები იდგა და ფრიალებდა. ბიჭებმა ჩაუარეს ქოხს, ჩაუარეს ვერხვებს, გაიარეს კიდევ ცოტა მანძილი და მდინარესთან მივიდნენ. უფროსი ბიჭი გაჩერდა ხიდზე და წყალს დააკვირდა. წყალი იყო მღვრიე, ყვითელი. უმცროსი შორიახლო დადგა. ის უყვებოდა თავის ძმას, რომელიც ჩაფიქრებული დასცქეროდა მდინარეს და მოუთმენლად იცდიდა, მან იცოდა, რომ ახლა ჩაუხვევდნენ მარჯვნივ და გაჰყვებოდნენ ბილიკს, რომელიც საბანაოზე მიიყვანდა მათ. საბანაოზე ყოველთვის იყვნენ ბიჭები, დილიდან საღამომდე. ყველაზე ადრე მოსულები შუაღღემდე რჩებოდნენ იქ. შუაღღეზე უკანსკნელად ჩადიოდნენ წყალში, მერე წყლიდან ამოვიდოდნენ და ნაპირზე ხტუნაობით შრებოდნენ. შემდეგ იცვამდნენ და მიდიოდნენ. როცა ისინი მოდიოდნენ, აქ უკვე იწვა სილაში უფრო გვიან მოსული ორი-სამი ბიჭი. მათი წასვლის შემდეგ კიდევ მოდიოდა რამდენიმე. ეს ყოველთვის ასე იყო. ახლა ისინი გორაობდნენ მზეზე და ხანდახან ბანაობდნენ. მერე მათი წასვლის დროც დგებოდა. როცა ესენი მიდიოდნენ, საბანაოზე ბრუნდებოდნენ ის ბიჭები, რომლებიც დილით იყვნენ აქ. ამასობაში მზე დასავლეთისკენ იხრებოდა, იცვლებოდა წყლის ფერი, თანდათან გრძელდებოდა ხეთა ჩრდილები. საღამო ხანს ის ბიჭები, რომლებიც დილით იყვნენ საბანაოზე, მერე წავიდნენ და ისევ დაბრუნდნენ, იცვამდნენ და საბოლოოდ მიდიოდნენ. მათ მაგიერ ახლა სხვები მოდიოდნენ და დიდხანს, დიდხანს ბანაობდნენ, მანამ, სანამ სრულებით დაბინდდებოდა, წყალი გაცივდებოდა და ბანაობასაც ხალისი დაეკარგებოდა. ბიჭები დგებოდნენ, ზანტად იცვამდნენ და მიდიოდნენ შინ, რომ მეორე დილით ისევ მოსულიყვნენ საბანაოდ. ასე იყო ეს ყოველთვის. აქ იყო დაწესებული ერთგვარი მორიგეობა, რომელსაც არავინ მეთვალყურეობდა, არავინ ხელმძღვანელობდა, მაგრამ მაინც თავისუფლად ხორციელდებოდა. საბანაოზე ყოველთვის იყო ვიღაც. შუადღეზე კი იქაურობა სავსე იყო ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭებით. უფრო დიდი ბიჭები ქვემოთ ბანაობდნენ, სადაც წყალი შედარებით ღრმა იყო და მდინარე უფრო ფართო. აქ კი იყო მოსამზადებელი კლასი, ქვემო საბანაოში გადასასვლელად.

და აი ასე, დღიდან დღეშდე• კვირიდან კვირემდე, თვიდან თვემდე, მთელი ზაფხულის განმავლობაში, მანამ. სანამ საგრძნობლად არ აგრილდებოდა, პატარა ბიჭები თავს იყრიდნენ აქ, როგორც ინგლისელი ჯენტლემენები თავიანთ კლუბში და, ერთობოდნენ. ისინი საუბრობდნენ ათას რამეზე, იმაზე, თუ ვის როგორი ხეხილი უდგას ეზოში, იმაზე, თუ ვინ რამდენი თევზი დაიჭირა, ან რამდენი ჩიტი მოჰკლა შურდულით. საუბრობდნენ ჩხუბზე, კინოზე, უფროს ბიჭებზე, გოგოებზე, ეს ყველაზე უფრო საინტერესო იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიჭები ტიტლიკანა იწვნენ სილაში და მზე ზურგს უხურებდათ; ერთი მათგანი, ისიც სილაში წამოწოლილი, ჰყვებოდა, როგორ დაიმალა წინადღით ნაწისქვილართან ბუჩქებში და როგორ უყურა ტიტლიკანა გოგოების ბანაობას. დანარჩენები გატრუნულები, მორიდებული და დაძაბული ღიმილით ხარბად უგდებდნენ ყურს, რომ არაფერი გამოპარვოდათ, თან ცდილობდნენ, არ გამოემჟღავნებინათ თავიანთი ცნობისმოყვარეობა. ის კი დაწვრილებით, თანმიმდევრულად ყვებოდა ყველაფერს; დანარჩენები ჩუმად უსმენდნენ, არ უნდოდათ შეეშალათ მთხრობლისათვის, მაგრამ ბოლოს ვიღაც ვეღარ ითმენდა და აკანკალებული, აღელვებული ხმით, რომელიც საცაა უნდა ჩაწყდეს, კითხულობდა:

– სულ ტიტველები იყვნენ?

– სულ ტიტველები! – იყო პასუხი და თხრობა წყდებოდა და იმავე წუთში, ბიჭები უცბად გაათკეცებული ძალით, მტერზე თავდასასხმელად გამზადებული პაპუასებივით, საშინელი წივილითა და ყვირილით, წამოიშლებოდნენ ხოლმე და პირდაპირ თავით ეშვებოდნენ წყალში და წუწავდნენ ერთმანეთს, აყურყუმალავებდნენ, ყირაზე დგებოდნენ, იცინოდნენ, ყვიროდნენ, ღრიალებდნენ, და უკიდურესობამდე მისულნი, გაშმაგებით უშენდნენ მკლავებს წყალს. მერე იღლებოღნენ, წყნარდებოდნენ, ამოდიოდნენ ნაპირზე და სილაში წვებოდნენ. ახლა უკვე შეიძლებოდა მშვიდად დასვენება მზის გულზე. ისინი იწვნენ მზეში და პაპიროსს აბოლებდნენ.

ასე იყო ყოველთვის საბანაოზე და პატარა ბიჭმა იცოდა, რომ დღესაც ასე იქნებოდა. მას უნდოდა იქ წასვლა. გოგოებზე საუბარი აინტერესებდა. მას მოსწონდა, როგორ ხტებოდნენ ბიჭები წყალში და როგორ ცურაობდნენ. თვითონ ცურვა არ იცოდა და ამიტომ ძალიან უყვარდა ყურება, როგორ ცურაობდნენ სხვები. ის უცდიდა ძმას, რომელიც ხიდთან იდგა და წყალს ჩასცქეროდა, მერე კი გადავიდა ხიდზე და მდინარის მეორე ნაპირას ლერწმებში მიიმალა. პატარა ბიჭი არ ელოდა ამას, რადგანა საბანაო გზა აქეთ ნაპირზე იყო, მაგრამ აღარ უფიქრია და სწრაფად მოჰკურცხლა უკან. და შეძვრა ლერწმებში თავისი ძმის კვალდაკვალ. მას ეშინოდა ლერწმებში სიარულისა და ამიტომ ცდილობდა მალე დაწეოდა ძმას. მერე ისინი ტალახში მიაბიჯებდნენ. აზელილი ტალახი გამაღიზიანებლად მოძვრებოდა ფეხის თითებს შორის, ფეხი სრიალებდა. ყოველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ისმოდა ტალახის გულისგამაწვრილებელი ტყლაპუნი. ისინი მიდიოდნენ ტალახში ტყლაპუნით და, როცა ტალახი მოთავდა, უფროს ძმას ფეხში ეკალი შეერჭო. სანამ ეკალს ამოიღებდა ფეხიდან, პატარა წინ წავიდა. მან გაიარა ბუჩქები და დაინახა მდინარე ლერწმებსა და ბარდებს შორის. ბიჭი გაძვრა ბალახებში, რომელიც თითქმის ფარავდა მას და მდინარის ნაპირზე გაჩერდა. მდინარე აქაც მღვრიე და ყვითელი იყო. იქითა ნაპირზე მზეზე წამოწოლილიყვნენ ნაბანავები ბიჭები და შრებოდნენ. იქითა ნაპირი უფრო მაღალი იყო. აქეთა ნაპირზე, ზედ წყლის პირას, ერთმანეთის გვერდით იდგა ტირიფის ხეები. ტირიფის ჩამოძენძილი გრძელი ტოტები ცურავდა ჭუჭყიან წყალში, ხოლო ხეების უკან მაღალი ბალახი და ლერწმები იყო, სადაც წყალი არ იდგა; მიწა ფუყე იყო. ყოველივე ამის გამო ბიჭები საბანაოდ იქითა ნაპირზე მიდიოდნენ ხოლმე. ახლაც იწვნენ ქვიშაში ტიტლიკანები, ტალახიანები და მისჩერებოდნენ მოპირდაპირე შამბნარიან ნაპირს, საიდანაც წეღან პატარალ წითელთმიანი ბიჭი გამოძვრა და ახლა წყლის პირას იდგა.

–არიქა, რიჟა მოვიდა, რიჟა! – ატეხეს უცბად ყვირილი ქვიშაში წამოწოლილმა ბიჭებმა და კისრისტეხით. წამოიშალნენ. მათ დაუწყეს სველი სილისაგან სახელდახელოდ გაკეთებული გუნდების სროლა იქითა ნაპირზე მდგარ პატარა ბიჭს. ბიჭი მოიკუზა და, სანამ ხეების უკან, მაღალ ბალახში დაიმალებოდა, ერთი გუნდა კისერში მოხვდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ჩუმად შეძვრა ბალახებში. სწორედ ამ დროს ბილიკზე გამოჩნდა მისი ძმა, რომელიც უჩუმრად, წითელკანიანების მზვერავივით გამოძვრა მაღალ ბალახიდან და ნაპირზე გამოვიდა. ერთი გუნდა იმასაც მოხვდა მკერდზე და იმწამსვე, როგორც კი მას მოარტყეს, გუნდების სროლა შეწყ– და.

– ნოდარა! – დაიძახა უფროსმა ბიჭმა, – გამოვალ• მანდეთ და ცხვირ-პირი დაგენაყება!..

– შენთვის არ მინდოდა! ––წვრილი ხმით დაიძახა იქითა მხრიდან ნოდარამ, გამხდარმა, თხელმა ბიჭმა.

– სულ ერთია!

– შენთვის არ მინდოდა, რა იყო, რა?! – სასოწარკვეთილი ხმით დაიძახა ნოდარამ და მიწაზე დაჯდა. დანარჩენებიც მიწყნარდნენ. მერე პატარა, წითელთმიანი ბიჭიც გამოძვრა საფარიდან და იქითა მხარეს ქვა ისროლა. ქვა ვიღაცას მოხვდა თავში და გაისმა ბღავილი.

– ქვებს ნუ ისვრი, შე რიჟა მამაძაღლო! – დაიძახეს გაბრაზებულმა ბიჭებმა, მაგრამ იმან კიდევ ისროლა ერთი ქვა, რომელიც არავის არ მოხვედრია.

–რეზიკო, უთხარი, ქვებს ნუ ისვრის! – დაიძახეს ბიჭებმა. ქვებს ნუ ისვრი,
– უთხრა უფროსმა ბიჭმა, რეზიკომ, თავის ძმას.

– აბა რატომ მეძახიან რიჟას?

–რიჟა ხარ და აბა, რა დაგიძახონ?!

უფროსი წინ წამოვიდა. ის ზედწყლის პირას გაჩერდა. წელს ზემოთ ტიტველი იყო. ხშირი ბანაობისა და მზეზე ხშირად ყოფნისაგან ტყავგადამძვრალი ზურგი უშნოდ მოუჩანდა. პატარა იქვე იდგა... წელს ზემოთ ისიც ტიტველი იყო. ეს იყო ნაზი, ფუნჩულა ბიჭი, დაახლოებით ექვსი-შვიდი წლისა. მორცხვი, ცისფერთვალება და ლოყაწითელი... მას ჰქონდა თეთრი ქათქათა ტანი, რომელსაც მოუვლელობა ძალზე ეტყობოდა. ის ბევრ ადგილას იყო დაკაწრული, გარდა ამისა, ფართო, ჭუჭყიანი ლაქები აჩნდა მკერდზე და კისერზე, რაც თვალში ძლიერ გეცემოდათ იმისი ტანის სითეთრის გამო. მუხლს ქვემოთ, შიშველი ფეხები შემხმარი ტალახით ჰქონდა დასვრილი. ყოველივე ეს არ ეხამებოდა ამ ბავშვის სინაზესა და ფაქიზ გარეგნობას. ის იდგა თავისი ძმის უკან ტირიფებს შორის, მაღალ, ხმელ ბალახში და ხელები ზურგს უკან დაეწყო. უფროსი ძმა ჭუჭყიანი წყლით მკერდს იბანდა ტალახის მოსაცილებლად. ჭუჭყიანი, ტალახიანი წყლის წვეთები წურწურით ჩამოსდიოდა მკერდიდან მუცელზე, ტრუსზე და იქიდან ზოლებად ედინებოდა ფეხებზე.

– რეზიკო, პაპიროსი მოიტანე? – დაუძახეს მას ბიჭებმა.

ახლა ის გამართული იდგა და სველ ხელს მკერდზე ისვამდა. ჭუჭყიანი წყლის წვეთები ისევ მოცურავდნენ მუცელზე, იქიდან შიშველ ბარძაყებზე.

– მოვიტანე, – დაიძახა რეზიკომ.

მერე წყალში შევიდა.

გახარებული ბიჭები მომავალი სიამოვნების მოლოდინში ყვიროდნენ, ცქმუტავდნენ, ზოგიერთები კი ისევ სილაში გაგორდნენ. ესენი იყვნენ ცამეტ–თოთხმეტი წლის ბიჭები.

როცა რეზიკო წყალში შევიდა, მარცხენა ხელში პაპიროსის კოლოფი ეჭირა (მარცხენა ხელი ზემოთ ჰქონდა აშვერილი, პაპიროსი რომ არ დასველებულიყო, ხოლო მარჯვენით წყალს სჭრიდა წონასწორობის დასაცავად, რადგან ამ ადგილზე თუმცა დინება სწრაფი არ იყო, წყალი ყელამდე სწვდებოდა). ნაპირზე მჯდარმა ნოდარმა ჩუმად აკრიფა ტანსაცმელი და ტიტლიკანამ სწრაფად. მოუსვა.

– ნოდარა არ გაუშვათ, დაიჭირეთ! – დაიძახა რეზიკომ წყლიდან, მაგრამ გვიანღა იყო. ნოდარა რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გარბოდა და ახლა მას ვეღარავინ წამოეწეოდა. რამდენიმე ბიჭი მაინც გამოედევნა, მაგრამ ისინი წინასწარ დარწმუნებულები იყვნენ,•რომ ვეღარ დაეწეოდნენ და ამიტომ გულმოდგინედ არც დასდევნებიან. სულ მალე მდევრები უკან დაბრუნდნენ, ტიტლიკანა ნოდარი კი გზისკენ გარბოდა. რეზიკო ნაპირზე გამოვიდა, პაპიროსი და ასანთი ქვიშაზე დაყარა და ბრაზით თქვა:

–თქვენ კაცმა არც უნდა მოგაწევინოთ...

მერე სველი ტრუსი გაიძრო და ქვაზე გადაფინა.

სილაზე წამოგორებულმა ბიჭებმა პაპიროსის კოლოფი გახსნეს და სათითაოდ გააბოლეს. რეზიკო მათ თავზე ადგა და ჯერ არ ეწეოდა. ის იყურებოდა მეორე ნაპირისაკენ, სადაც მისი პატარა წითელთმიანი ძმა მიიკვლევდა გზას ლაქაშებში. იქ მუდამ მყრალი წყალი იდგა, ხშირად ყიყინებდნენ ბაყაყები და მიწაზე ბინძურ ბუჩქებს შორის დაძვრებოდა სხვადასხვა ზომის, წითელ-წითელი ჭაობის გველები. პატარა ბიჭი მიჰყვებოდა მდინარეს სათავისკენ, საითაც მდინარის კალაპოტი უფრო ვიწრო იყო, არც წყალი იყო ასე ღრმა და მისი წითელი თავი დროდადრო გაიელვებღა შამბნარში. მერე იგი მთელი ტანით გამოჩნდა მდინარის ნაპირას. რეზიკომ დაინახა, როგორ შევიდა იგი წყალში ფრთხილად, შიშით, მერე ისევ ამოვიდა ნაპირზე, გაიქცა კიდევ უფრო ზემოთ, სადაც, ალბათ, დაბალი იყო წყლის დონე, ისევ შევიდა; წყალში ფრთხილად, აუჩქარებლად, მიაღწია მდინარის შუაგულს, აქ დინება ყველაზე უფრო ჩქარი იყო და წყალი მხრებამდე სწვდებოდა ბავშვს, გამოსცდა მდინარის შუაგულს, სწრაფად გამოვიდა ნაპირზე და სირბილით გამოსწია ქვიშაში წამოწოლილი ბიჭებისაკენ, მდინარის აქეთა მხარეს. რეზიკო დაჯდა და პაპიროსი გააბოლა.

არავის შეუმჩნევია პატარა ბიჭის მოსვლა საბანაოზე. ის მივიდა და მოშორებით ჩამოჯდა ქვაზე.

– ტრუსი გაიხადე და გაფინე მზეზე, – უთხრა რეზიკომ.

ახლა დანარჩენებმაც მიიხედეს მისკენ და დაინახეს მორცხვად მჯდარი ბიჭი. ის იჯდა, როგორც სახლიდან პატრონს წამოყოლილი ლეკვი, მორიდებით, ოდნავ უხერხულად და ამავე დროს კმაყოფილი იმით, რომ აქ არის. ერთმა პაპიროსი აიღო და მიაწოდა.

– მოწიე, რიჟა, შენც, არ გინდა?

– ეგ არ ეწევა, – თქვა რეზიკომ.

– მე არ ვეწევი, – თქვა რიჟამ.

ეს იყო და ეს.

და აი, ასე, ისხდნენ ბავშვები მდინარის პირას, ბანაობდნენ, შემდეგ ამოდიოდნენ წყლიდან და შრებოდნენ, ისევ ჩადიოდნენ წყალში, ისევ შრებოდნენ, პაპიროსი სულმთლიანად მოსწიეს, ამასობაში შუადღეც დადგა და ბიჭებს მოშივდათ. ბიჭებს მოშივდათ და ზოგიერთები წავიდნენ შინ, ზოგიერთებს კი ეზარებოდათ შინ წასვლა და საჭმელზე ლაპარაკით იკლავდნენ ჭამის მადას. საბანაოზე ახლა ცოტანიღა: დარჩნენ. მერე რეზიკომ გადააპურჭყა სილაში და თქვა:

––დღეს კარგი საზამთროები იყო ბაზარში...

– მართლა? – თითო ორი ფუთი იქნებოდა...

– ეჰ, როგორ მიყვარს საზამთრო, – ამოიოხრა ერთმა სქელმა ბიჭმა, – ჩვენი ჯერ არ არის მწიფე, თორემ...

– ჩვენ არ დაგვითესია საზამთრო, – თქვა რეზიკომ.

– ნოდარას მამასა აქვს კარგი საზამთროები, ეგენი ყოველ კვირას თითო ურემს ჰყიდიან.

– ჰო-ო? – თქვა რეზიკომ და თვალებში შეხედა დაბალ თმაგადაპარსულ ბიჭს, რომელმაც ეს თქვა, მერე, ჩაფიქრდა. ბიჭები ლაპარაკობდნენ, რეზიკოს ძმა კი საბანაოდან მოშორებით მარტო ბანაობდა, რადგან ის კარგად ვერ ცურავდა და ამ საბანაოზე წყალი მისთვის ღრმა იყო. როცა ბიჭები ჩადიოდნენ წყალში, ის ყოველთვის ზევით გარბოდა და მარტო ბანაობდა. მერე, როცა ბიჭები ამოდიოდნენ წყლიდან, ის მირბოდა და, სხვებთან ერთად გორაობდა სილაში. ახლა ის ბანაობდა.

რეზიკო ჩაფიქრებული იჯდა, ბიჭები ლაპარაკობდნენ, რეზიკოს ძმა ამოვიდა წყლიდან და სილაში გაგორდა, ცხელოდა, საბანაოზე დარჩენა აღარ ღირდა, რეზიკოს უკვე მოსწყინდა აქ ყოფნა, ჩაიცვა ტრუსი და თქვა:

– ვისაც საზამთრო უყვარს და სირბილი შეუძლია, წამოდით...

მერე გაჰყვა ბილიკს და არც კი მიუხედავს უკან• მისი ძმა იმწამსვე წამოხტა, ჩაიცვა ტრუსი და ნახევრად სველი, ნახევრად ტალახიანი დაედევნა უკან. დანარჩენმა ბიჭებმა თავი წამოყვეს, მერე წამოდგნენ.

– სად მიდიხარ, რეზიკო?

მაგრამ რეზიკო უკან არ იხედებოდა, სტვენა-სტვენით მიდიოდა და ხანდახან წიხლებს ურტყამდა ზედ ბილიკთან ამოსულ ანწლის ბუჩქებს. მაშინ ორმა ბიჭმა, ერთმა სქელმა, რომელმაც თქვა, რომ ძალიან უყვარს საზამთრო, და მეორემ დაბალმა, თავგადახოტრილმა, ჩაიცვეს ტანსაცმელი და გასდიეს რეზიკოს.

რეზიკო ხიდთან იდგა; ხელში წკეპლა ეჭირა და ბალახებს თავს აცლიდა. როცა ბიჭებმა მიირბინეს, რეზიკო იდგა• უსტვენდა და წკეპლის იქნევდა

– სად მიდიხარ, რეზიკო? – იკითხა სქელმა.

– შენ დარჩი, – უთხრა რეზიკომ, – შენ სირბილი არ შეგიძლია.

– როგორ არ შემიძლია, – თქვა სქელმა, – ა, უყურე, – და გაიქცა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა საბანაოსაკენ და მერე ისევ უკან გამოიქცა.

– ხო ხედავ, როგორ დავრბივარ?! – თქვა მან ქოშინით.

–კარგი, წამოდი, – თქვა რეზიკომ. – თუ დაგიჭირეს, მაგრა გირტყამენ.

– ნუ გეშინია, ვერ დამიჭერენ.

– მაშინ წავიდეთ ნოდარას საზამთროებში, მაგათ ისედაც ბევრი აქვთ.

სქელი ბიჭი კეთილი იყო და შეყოყმანდა.

– ნოდარას საზამთროებში? – კითხა მან.

– ჰო.

– ჩვენი ამხანაგი როა?

– ჩვენი ამხანაგი თუა, ქვიშა რატომ მესროლა? – იკითხა რეზიკომ.

სქელი ბიჭი კეთილი იყო, მაგრამ მსუქანიც იყო და ამ არგუმენტის წინააღმდეგ ვეღარაფერი მოიფიქრა.

– კარგი, წავიდეთ, ––– თქვა მან.

დაბალი ხმას არ იღებდა.

ისინი ამოვიდნენ გზაზე და ხიდი გადაიარეს. რეზიკოს ძმა ყველაზე ბოლოს მობაჯბაჯებდა მტვერში. რეზიკო გაჩერდა და თავის ძმას შეხედა.

– შენ წადი შინ, – უთხრა მას რეზიკომ.

– მეც მინდა საზამთრო...

– წადი სახლში და მოგიტან...

– არ მინდა სახლში, – დაიღრიჯა ბავშვი.

– წადი სახლში, – თქვა რეზიკომ და წკეპლა მოიქნია ჰაერში•

პატარა ბიჭი უკანვე წაჩანჩალდა და გაბუტული შორიახლო დადგა.

– ნახე, თუ ბებიას არ ვუთხრა, პაპიროსს რომ ეწევი, – თქვა მან.

რეზიკო გაცეცხლდა. მან იცოდა, რომ ის არაფერს არ ეტყოდა ბებიას, რადგან არასოდეს არაფერს ეუბნებოდა, არ უყვარდა ენის მიტანა, კიდეც რომ ეთქვა, რეზიკოს ბებიასი არ ეშინოდა, მაგრამ ახლა მუქარამ გააცოფა. გამოიქცა, შხუილით მოიქნია წკეპლა და ფეხებში სტკიცა ძმას.

- ვაიმე, დედა! – დაიძახა ბავშვმა, შეხტა და ჩაიკეცა.

– ეტყვი? – გაავებული ღიმილით შეეკითხა რეზიკო და თავზე დაადგა.

ბიჭი ტიროდა, მერე წამოხტა რეზიკომ მოიქნია წკეპლა და ისევ გადაუჭირა ფეხებში

–ეტყვი?

– ვაიმე, დედიკო! – სასოწარკვეთით იყვირა ბგავშვმა და ჩაცუცქდა.

რეზიკოს მოაგონდა, რომ ამ ბავშვს დედა არ ჰყავდა, მოაგონდა, რომ თვითონ არავინ არ ჰყავდა, ბუნდოვნად, ქვეცნობიერად იგრძნო, რომ აუტანლად ებრალება ეს ბავშვი, რომელიც მისი ერთადერთი სისხლი და ხორცია და საშინლად ეტკინა რაღაც, საშინლად შესძულდა რაღაც და მოულოდნელი ბრაზი ისე მწარედ მოაწვა ყელში, რომ სუნთქვა შეუკრა. მან არ იცოდა, რისკენ იყო მიმართული ეს სიძულვილი და ბრაზი, თავისი ძმისადმი, საკუთარი თავისადმი, თუ სულ სხვა რამისადმი, მას მთელი არსებით სძულდა რაღაც. სძულდა ეს სიბრაზე, რომელსაც ასე აუტანლად განიცდიდა და მხეცური გამძვინვარებით იქნევდა წკეპლას, რათა მოეცილებინა თავიდან ეს მძიმე და მწარე შეგრძნება, და... ურტყამდა თავის ძმას...

– ეტყვი; ეტყვი კიდევ ეტყვი? – ყვიროდა ის.

ფეხებდასისხლიანებული ბავშვი სიმწრისაგან ისტერიულად კიოდა და ხტუნვით გარბოდა.

– არ ვეტყვთ არ ვეტყვი, ვაიმე, დედიკო!..

რეზიკო კი მისდევდა და რაღაცნაირი ბოროტი სიამოვნებით, თითქმის ისე. როგორც ფანატიკოსი მუსულმანები შახსეი–ვახსეის დროს. უტყლაშუნებდა წკეპლას თავისი პატარა ძმის აითრთოლებულ და დაკლაკნილ სხეულს•

მერე დაბნეულმა და შეშინებულმა ამხანაგებმა გააჩერეს და ვედრებითა და მუდარით წკეპლა გააგდებინეს ხელიდან. რეზიკო იდგა გადაფითრებული და აკანკალებული და ახლა შორიდან ესმოდა ნაცემი, გამწარებული, უნუგეშო ბავშვის კივილი:

–• ვაიმე, დედა, ვაიმე, დედა!..

დედა კი არსად იყო და ბავშვის მოთქმა ისე გაისმოი და, როგორც საშიშროებით სავსე ხეობაში ცარიელი ექო.

რეზიკო უცბად ისევ გაუსხლტა ამხანაგებს, გამოედევნა თავის ძმას, რომელსაც არავინ ჰყავდა მოსარჩლე, არავითარი საშუალება არა ჰქონდა თავის დაცვისა და უფრო ხმამაღლა გულამომჯდარი, მოთქმით გარბოდა გზაზე, დაეწია, შიშისაგან მოკრუნჩხულ ბავშვს ხელებით თავი დაუჭირა და დახედა ამ აცრემლებულ, საცოდავ, უზომოდ საყვარელ, საბრალო, უმწეო სახეს და რაღაც მწარე გაეჩხირა ყელში, იგრძნო, რომ მეტს ვეღარ აიტანდა, ვეღარ გაუძლებდა იმ სიმწარეს, რომელმაც მთლიანად აავსო მისი სული, რომელსაც ბავშვის ტირილი უფრო და უფრო არაადამიანურს, მხეცურს ხდიდა და სუნთქვაშეკრულმა სასოწარკვეთილად დაისისინა:

– გაჩუმდი, ნუ ტირი, ნუ ტირი, თორემ დაგახრჩობ...

და სახემოღრეცილმა მთელი ძალით მოუჭირა ბავშვს სახეზე ხელები და უცბად ბავშვი გაჩუმდა. ის აკანკალებული, დამორჩილებული, ცხოველური შიშით შეჰყურებდა ქვემოდან რეზიკოს გაფითრებულ, საზარელ, დორბლიან, არაადამიანურ სახეს და ცდილობდა არ ეტირა.

ის აღარ ტიროდა, სლუკუნებდა. მლაშე ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ჭუჭყიან სახეზე. უიმედო მზერა სადღაც, შორეულ სივრცეში მიურბოდა და მთელი მისი სახე გამოხატავდა აუცილებელი მომავლის მორჩილ მოლოდინს. რეზიკომ ხელი უშვა და ერთი პანღურიც ამოარტყა ძმას და კბილების კრაჭუნით უთხრა:

– წაეთრიე სახლში. პატარა ბიჭი მორჩილად გატრიალდა. ის თავჩაღუნუ• ლი მიბაჯბაჯებდა. ჩანჩალით მიათრევდა დასისხლიანებულ და დატალახიანებულ ფუნთულა ფეხებს მტვრიან შარაგზაზე. რეზიკო და მისი ძმაკაცები კი საზამთროებზე წავიდნენ.

(გაგრძელება ქვემოთ)

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გურამ გეგეშიძე  Empty
PostSubject: Re: გურამ გეგეშიძე    გურამ გეგეშიძე  EmptySun Mar 03, 2019 8:24 pm

გურამ გეგეშიძე

შურისძიება

(გაგრძელება)


2
მწვანე, გაშლილი მინდვრების ბოლოს ნორჩი ტყეები• მოჩანდა. მინდვრებზე საქონელი ძოვდა ხასხასა ბალახს და შორიდან რომელიღაც ჩიტის კრიალა გალობა ისმოდა. რეზიკოს უყვარდა აქ სიარული, მაგრამ ახლა ის ყურადღებას არ აქცევდა გარემოს და ყრუ, დაფარულ ტკივილს გრძნობდა გულში. ის მიჰყვებოდა ბილიკს მინდვრებს შორის, მაგრამ არ იყო კმაყოფილი არც ნედლი ბალახის სიმწვანით, არც იმით, გული რომ იჯერა საზამთროთი. როგორც კი ამხანაგებს დაშორდა და მინდვრისკენ გამოუხვია, იგრძნო, რომ არ იყო ხასიათზე აღგზნებამ, რომელიც მას სიხალისე ეგონა და რომელიც არ მოშორებია, სანამ საზამთროებს მიირთმევდა და მერეც, როცა ბაღჩიდან წამოსული ამხანაგებთან ერთად იყო, გადაუარა და მისი ადგილი დაიკავა ყრუ, მძიმე ტკივილმა და უმიზნობის სიცარიელემ. იგი მიდიოდა ნელი ნაბიჯით მწვანე, გაშლილ მინდვრებს შორის, რომლებსაც არ ჰქონდა ბოლო და სადღაც შორს, საზღვარს მიწასა და ცას შორის, ხეების მუქი მწვანე ზოლი ფარავდა.

იყო უმზეო, ნათელი დღე. რეზიკო მინდვრებიდან გამოვიდა და ღელის ნაპირს გაჰყვა. მივიდა საბანაოზე, სადაც ყოველთვის იყვნენ ბიჭები, მაგრამ ახლა იქ არავინ იყო, და რეზიკოს ეწყინა, რომ აქ არავინ დახვდა, რადგან ჯერჯერობით არ უნდოდა შინ მისვლა. ის მობრუნდა უკან, ოღონდ ბილიკს აღარ გაჰყვა, გადაჭრა მინდორი პირდაპირ, ძველი სამჭედლოსაკენ, სადაც თეთრი, მაღალი ვერხვები იდგა და მერე გზა იწყებოდა. სამჭედლოსთან მისულმა რეზიკომ დაინახა მდინარის სათავიდან მომავალი ბიჭი. ბიჭი მორბოდა და ხელებს იქნევდა, მაგრამ ჯერ კიდევ შორს იყო და ამიტომ რეზიკომ გადაწყვიტა, დაეცადა. რეზიკო ჩამოჯდა ქვაზე და კარგა ხანს იჯდა, მაგრამ მერე, როცა ის ბიჭი, რომელიც მდინარიდან სამჭედლოსკენ მორბოდა, ახლოს მოვიდა, რეზიკომ იცნო, წამოდგა და გავიდა გზაზე ფეხშიშველა, მოკლე ტრუსიკიანი, მუქი წაბლისფერი თმით, საზამთროს წვნის ჭუჭყიანი, მოწითალო ლაქები აჩნდა მკერდზე. ნაცნობი ბიჭი დაეწია რეზიკოს და ჰკითხა:

– სად იყავი, რეზიკო?

– რა იყო?

– არ იცი?

– არა! –– რადა, შენი ძმა კინაღამ დაახრჩო წყალში ომარამ...

რეზიკო გაჩერდა. მან შეხედა ამ ბიჭს სახეში, მაგრამ ვერ დაინახა.

– ღელეში გადააგდო ქვემოთა საბანაოზე. იმას კი ცურვა არ სცოდნია და მე და ნოდარამ ძლივს ამოვათრიეთ.

რეზიკოს მოაგონდა, რომ წეღან სწორედ ნოდარას ბაღჩაში იყო საზამთროებისათვის და თავის ძმას კი არაფერი წამოუღო.

– მერე შურდული წაართვა ომარამ და პანღური ამოარტყა. საწყალი რიჟა ძალიან შემეცოდა, სულ ტირილით წავიდა სახლში.

რეზიკომ ამოიოხრა და ნაბიჯი გადადგა.

– ჩვენ ვერ მოვეხმარეთ, ომარას რას მოვერეოდით!

– რომელი ომარაა? – იკითხა ბოლოს რეზიკომ ჩუმი, მაგრამ სიძულვილით სავსე ხმით და ახლა უკვე გაარჩია მისი სახე, ვინც ელაპარაკებოდა.

– მაღალი, სკოლასთან რომ ცხოვრობს.

– აჰა, – თქვა რეზიკომ. ომარა იყო ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის ბიჭი, მაღალი, ღონიერი და სწრაფი. ის მშვენივრად თამაშობდა ბურთს ძველი ეკლესიის მინდორზე, სადაც ბებერი, ძველისძველი მუხები იდგა და საღამოობით ბურთის სათამაშოდ მოდიოდნენ ხოლმე ბიჭები. თავისი ტოლებიდან ომარა ყველაზე ლამაზად ხტებოდა წყალში. ომარა ადიოდა მდინარის პირას მდგარი ტირიფის კენწეროზე და იქედან ლამაზად, მხიარულად, უშიშრად, ჰაერში ისარივით გაჭიმული, თავით ეშვებოდა წყალში და, როგორც კი თავს ამოყოფდა წყლიდან, იმწამსვე გულიანად ხარხარებდა. რეზიკოს მოსწონდა ომარას ხალისი და ღონე, მაგრამ ახლა მას მთელი არსებით სძულდა ის, სძულდა მისი სიცილი, მისი მოქნილობა, მისი სხეული. ამ სიძულვილს იგი ისე აშკარად, ისე ხელშესახებად გრძნობდა, როგორც იმას, რომ აი, ამ წუთში შიშველი ფეხებით მიწას ეხება.

– ომარას თქვენ რას მოერეოდით? – თქვა რეზიკომ.

– ჰო, ჩვენ რას მოვერეოდით?! – თქვა რეზიკოს ნაცნობმა ბიჭმა.

მერე ისინი ერთმანეთს დასცილდნენ და რეზიკო სახლში წავიდა. მან გაიარა ნაცნობი ქუჩები, ნაცნობი სახლები, ნაცნობი ბოგირები, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია, არაფრისთვის არ მიუქცევია ყურადღება, რადგან მთელი გზა ხედავდა თავის ძმის დასისხლიანებულ ფეხებს და აცრემლებულ საცოდავ სახეს, და ყოველივე ამას აბრალებდა ომარას და სულ უფრო და უფრო ეკუმშებოდა გული სიძულვილისა და ტკივილისაგან. ის მივიდა სახლში ერთი უსიამოვნო ვნებით შეპყრობილი, რომელსაც სიამოვნებით მოიშორებდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო, რადგან რეზიკო უძლური იყო იმის წინაშე, რაც მოხდა. მას აღარ შეეძლო არაფრის შეცვლა. ხოლო ყველაფერი ის კი, რაც დღეს მოხდა, აფორიაქებდა, აწუხებდა, აბოროტებდა და ყოველივე ამის მიზეზად რეზიკოს ახლა ომარა მიაჩნდა და უნდოდა ეცემა, დაეკბინა, დაეგლიჯა ომარა. მხოლოდ შურისძიებას შეეძლო დაებრუნე– ბინა მისთვის ძველი, ხალისიანი, უზრუნველი სიმსუბუქე როცა ცხოვრება კი არ გაწვება მხრებზე, არამედ მსუბუქად, ყოველგვარი ბიძგის გარეშე დაგატარებს ბაზარში, ქუჩებში, მინდვრებში და მდინარეებთან, როცა ყველაფერი ასე ლამაზი და საყვარელია, როცა მომავალი ისევე ნათელია, როგორც დღევანდელი დღე და, როცა შენ ეკუთვნი არა მხოლოდ შენს საკუთარ თავს, არა მხოლოდ შენს საკუთარ დარდს, არამედ იმ ქუჩებს, რომლებშიაც დადიხარ, იმ ბაზარს, სადაც გიყვარს ტრიალი, იმ ხეებს, რომლებიც ასე ლამაზად, ასე მწვანედ არის გაშლილი, და შენ გიყვარს მათი ყურება, შენ ეკუთვნი ჩიტების მხიარულ და ლაღ ჟღურტულს, რადგან შენ ეს გატკბობს. შენ ეკუთვნი იმ მატარებლებს, რომლებიც დარბიან ლიანდაგებზე და რომელთა ყურება ძალიან გიყვარს, როცა რკინიგზასთან ჩასული იცქირები იქითკენ, საითაც მწვანე ვაგონები წაიყვანა ლამაზმა, წითელთვლებიანმა ორთქლმავალმა. ირგვლივ კი გაშლილი, ატეხილი ჭალებია, და შეუმჩნევლად სუნთქავს მიწა თავისი ღონიერი და ჯანსაღი მკერდით. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ცხოვრებაში და ამ უნარის დაკარგვა ყველაზე დიდი უბედურებაა. ახლა კი რეზიკოსათვის ყველაფერი ეს დაკარგული იყო.

ის შევიდა ეზოში და დაინახა თავისი ძმა, რომელიც სილაში იჯდა და მარტო თამაშობდა. რეზიკო თავზე დაადგა მას და დოინჯი შემოიყარა.

– რა უყავი შურდული? – იკითხა მან.

ბავშვმა თამაში შეწყვიტა და შიშით ამოხედა. მერე უკან-უკან დაიხია, სრულებით დარწმუნებულმა თავის დანაშაულში, შეშინებულმა, დაბნეულმა და ამან კიდევ უფრო ატკინა რეზიკოს გული.

– ომარამ წაგართვა?

ბავშვმა თავი დაუქნია, რეზიკომ კი დახედა იმის ჩალურჯებულ თვალს, დასისხლიანებულ, დალურჯებულ ჭუჭყიან ფეხებს, ჩაცუცქდა სილაში და თვალებში შეხედა ძმას.

– გაგლახა?

ბავშვმა ისევ დააქნია თავი, რეზიკომ რაღაცნაირად, უხერხულად გაიღიმა და თმაზე წაუთათუნა. ხელი.

– კარგი, ნუ გეშინია, ნახე, რა ვუყო იმას...

უცბად პატარამ ტირილი დაიწყო, მან სილაში დასვრილი ხელები თვალებზე აიფარა, თავი ჩადუნა და ატირდა. რეზიკომ გაუსუფთავა ფეხები თავისი მაისურით, მერე ცალი ხელი სახიდან ჩამოაღებინა და ჩალურჯებული ადგილი თითით მოსინჯა.

– გტკივა?

– ა-ა-არა!..

– ტიროდა ბავშვი.

– კარგი, ნუ ტირი, ახალ შურდულს გავიკეთებ, – უთხრა რეზიკომ, მაგრამ იმას შურდული არ უნდოდა. იმას ახლა არც შურდული ენანებოდა, არც ტკივილი აწუხებდა, უბრალო, დაჩაგვრისაგან გამოწვეული ბოღმა გაახსენდა და ტიროდა, რადგან არაფერი არ აღელვებს ადამიანს ისე, როგორც თანაგრძნობა. რეზიკო კი ისევ გასწორდა წელში და თქვა:

– კარგი, ნუ ტირი, ნახე, რა ვუყო...

და სწრაფად გამოვიდა ეზოდან გულში დაგუბებული ბოღმით, ერთადერთი სურვილით შეპყრობილი, რომ ეპოვნა სადმე ომარა და შური ეძია. ის მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა შურისსაძიებლად.

ომარას სახლი ეზოს სიღრმეში იდგა. ეს იყო აგურის ახალი სახლი. ეზოს რკინის ჭიშკარი ჰქონდა რეზიკოს არ უყვარდა რკინისჭიშკრიანი ეზოები, რადგან იმ სასაფლაოს, სადაც მისი დედ–მამა იყო დამარხული, რკინის ჭიშკარი ჰქონდა. რკინის ჭიშკარი რეზიკოს სიკვდილს აგონებდა და უსიამოვნო გრძნობას უქმნიდა. ახლა ის იდგა ქუჩაში, ფეხშიშველი, გამხდარი, მოკლე ტრუსით, გახუნებული მაისურით, რომლის უბეში ცივი ქვები ეწყო, იხედებოდა ხეხილით სავსე, მოვლილ-მოსუფთავებულ ეზოში და გრძნობდა ამ ოჯახის სიმაძღრეს და უზრუნველყოფას.

– ომარა! – დაიძახა რეზიკომ,

იმის გამო, რომ ეზოს რკინის ჭიშკარი ჰქონდა. იმის გამო, რომ თხრილზე, ეზოს წინ, ახალი ცემენტის ბოგირი იყო გადებული, იმის გამო, რომ ეზოში ხეები წესიერად გასხლული და მოვლილი იყო, და ქუჩიდან სახლის კარამდე მოასფალტებული ბილიკი მიდიოდა, რეზიკოს უფრო ეზიზღებოდა ომარა, და იმის გამო, რომ ასე სძულდა ომარა, სრულებით აღარ ეშინოდა მისი, თუმცა ის უფრო ღონიერი და უფრო დიდი იყო და რეზიკომ ეს მშვენივრად იცოდა.

– ომარა! დაიძახა რეზიკომ.

მაგრამ ომარა შინ არ იყო.

– არ არის, შვილო, სახლში, – უთხრა რეზიკოს ომარას დედამ, რომელიც სახლიდან გამოვიდა და ჭიშკარს მოადგა, – რა გინდოდა, შვილო?..

ეს იყო ჭაღარათმიანი, ლამაზი ქალი, რომელიც ალერსით და სიყვარულით უყურებდა რეზიკოს სახეში, და რეზიკომ გაკვირვებით შენიშნა, რომ მოსწონდა ამ ქალის მზრუნველი და თბილი ხმა, მოსწონდა გემრიელი სადილის სურნელით გაჟღენთილი მისი წინსაფარი და, საერთოდ, ყველაფერი მოსწონდა ამ ქალისა, თუმცა ეს ქალი მტერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ქალი მტრად მიაჩნდა, რეზიკოს მაინც არ სძულდა ის ისე, როგორც ომარა, ომარას სიძულვილს ისევე აშკარად და ხელშესახებად განიცდიდა, როგორც უბეში დამალული ქვების სიცივეს შიშველ ტანზე. რეზიკოს უკვირდა ეს უცნაური გრძნობა უცნობი ქალისადმი, მაგრამ ეს სულ რაღაც ერთ წამს გაგრძელდა და მერე ომარას დედა რეზიკოსათვის ისევ ცივი და უცხო გახდა.

– სადაა ომარა?! – იკითხა რეზიკომ უხეშად.

– მამიდასთან გავგზავნე, შვილო, ხუთი წუთი არც არის, რაც წავიდა, –უთხრა ომარას დედამ ტკბილი და ალერსიანი ხმით და შეწუხებული სახით, – ცოტა ჩქარა რომ წახვიდე, დაეწევი, ჯერ რკინიგზაზე არ იქნება გადასული.

რეზიკოს გაეცინა გუნებაში და სწრაფად წავიდა.

რკინიგზის იქით ნაგვიანები სიმინდის ყანები იყო, სადაც ოღროჩოღრო საურმე გზა გადიოდა. რეზიკო ბევრჯერ ყოფილა იქ, ხან გზად, მეზობელ სოფელში მიმავალი, ხან კიდევ მწყრებისათვის მახის დასაგებად. მას უყვარდა პურობის დროს მწყრების დაჭერა, მაგრამ ახლა ამაზე არ ფიქრობდა. რეზიკომ გადაიარა რკინიგზის ლიანდაგი, გასცდა მეისრის ჯიხურს და მაღლობზე გავიდა. აქედან გადაიხედა ყანებისაკენ და დაინახა გზაზე მიმავალი კაცი. იმის გარდა არავის მოჩანდა მთელ გზაზე, ერთხელ იმ უნაპიროდ გაშლილ მინდორზე, რომლის ბოლოს ცა იყო ჩაკუპრული, ჩაშავებული, ცივი და საიდუმლოებით აღსავსე. უკვე ბნელდებოდა და მთელ ამ უზარმაზარ მანძილზე ძირს ჩამოწოლილ ცამდე არავინ არ იყო, რეზიკოსა და იმ. ერთი კაცის გარდა და ის ერთი კაციც რეზიკოს მტერი იყო. უცებ რეზიკომ იგრძნო, რომ გაუხარდა თავისი მტრის დანახვა. როგორც საყვარელი მეგობრის დანახვა, ისე გაუხარდა რეზიკოს თავისი მტრის დანახვა და ამავე დროს მოლოდინისაგან დაიძაბა. რეზიკო ჩამოვიდა მაღლიდან, გაიქცა გზაზე, ამოიღო უბიდან ქვა, შორიდანვე ესროლა და ზურგში მოარტყა ომარას. შეშინებული ომარა მობრუნდა და დაინახა რეზიკო.

– გაგიჟდი შენ? – უყვირა მან.

მაგრამ ამ დროს კიდევ მოხვდა ქვა მკერდში. მაშინ ომარა გაქანდა რეზიკოსკენ და პირველივე დარტყმით თხრილში გადააგდო.

რაღაც დროის განმავლობაში რეზიკო ვეღარაფერს ხედავდა, მაგრამ მერე გავიდა კიდევ რაღაც დრო და რეზიკომ დაინახა ცა და ომარას დაბნეული და გაკვირვებული სახე, რომელიც ციდან დაჰყურებდა. რეზიკო ნიდაყვებზე წამოიწია, ჩუმად წამოდგა, გასწორდა და შეამჩნია, რომ მხოლოდ მხრებამდე სწვდებოდა ომარას. მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო, მოიქნია მარჯვენა ხელი და სახეში სთხლიშა ომარას, იმწამსვე მიაყოლა მარცხენაც და მერე ისევ მოიქნია მარჯვენა, მაგრამ ამ დროს თვითონ მოხვდა სახეში მაგარი მუშტი, რომელსაც გაუძლო და გულში მთელი დღის განმავლობაში დაგუბებულ გააფთრებას ახალიც დაემატა და მთელი სიძულვილით, მთელი მონდომებით მოქნეული მარჯვენა მაინც მოარტყა სახეში ომარას, შემდეგ კი მორიგი დარტყმისაგან მუხლმოკვეთილი, მიწაზე დაჯდა•

– შენ გიჟი ხომ არა ხარ, ბიჭო, რა გინდა ჩემგან? – ღრიალებდა ომარა და ცხვირიდან წამოსულ სისხლს აკავებდა, – თუ გინდა, მიგახრჩო ამ მინდორში?!

ის თავზე ადგა რეზიკოს და შეშფოთებული და გაკვირვებული უყურებდა. რეზიკო მიწაზე იჯდა და თმები შუბლზე ჩამოშლიდა. რეზიკო ზიზღით უყურებდა ომარას თვალებში შუბლზე ჩამოყრილ თმებს შორის.

– რა მინდა? – თქვა რეზიკომ. მერე წამოდგა და მოიქნია ხელი, მაგრამ ომარა უკვე ელოდა ამას და აიცდინა დარტყმა. მერე თმაში სტაცა ხელი რეზიკოს, ძირს დაახრევინა თავი და რამდენიმეჯერ მუხლი ამოარტყა სახეში. რეზიკოს ცხვირიდან სისხლი წასკდა, და ომარამ ხელი უშვა, რომ არ დასვრილიყო სისხლით და გვერდზე გახტა, განთავისუფლებული რეზიკო კი ისევ გაქანდა მისკენ, სისხლში მოსვრილი სახით და მკერდით, საბრძოლველად მოღერებული მუშტებით, მაგრამ სანამ დაეძგერებოდა თავის მტერს, ძლიერმა დარტყმამ ისევ შეატორტმანა და ძირს დააგდო. რაღაც დროის განმავლობაში რეზიკო ისევ ვერ ხედავდა ვერაფერს, მაგრამ
მერე ისევ გავიდა რაღაც დრო და რეზიკომ გაახილა თვალები და დაინახა ცა, რომელიც ახლა უფრო მუქი, უფრო ბნელი, უფრო უცხო და საშიში ეჩვენა, და რეზიკოს შეეშინდა თავისი სიმარტოვისა, შეეშინდა იმისი, რომ არ იცოდა რამდენ ხანს იწვა უგრძნობლად მიწაზე. არ იცოდა, სად იყო ომარა, დაიმალა თუ ისევ აქ იდგა, და მან წამოსწია თავი, გაიხედა წინ და დაინახა ომარა, რომელიც შორს წასულიყო, მაგრამ წარამარა იხედებოდა რეზიკოსკენ. რეზიკოს გაუხარდა მისი დანახვა. დღეს უკვე მეორედ გაუხარდა რეზიკოს თავისი მტრის დანახვა. ის წამოდგა და უკან გაჰყვა ომარას.

ისინი მიდიოდნენ სიმინდის ყანებით გარშემორტყმულ ცარიელ გზაზე, არც წვიმდა, არც მზე იყო, თანდათან ბნელდებოდა და მოწყენილი იერი ედო ირგვლივ ბალახს და მიწას. რეზიკო ახლა აღარ ფიქრობდა თავის ძმაზე, მას აღარ ეცოდებოდა ის, არც საკუთარი თავი ეცოდებოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ტკივილი გულში არ გამქრალიყო, თუმცა სადღაც რომელიღაც კუნჭულში დაიმალა და ფართო ადგილი მისცა შურისძიების ვნებას, რომელსაც განუწყვეტელი გააფთრებით მიჰყავდა რეზიკო წინ, საბოლოო სიმშვიდისა და ჩუმი სიხარულის მოლოდინში. ვის მიმართ იყო მიმართული ეს შურისძიება, ომარისადმი, საკუთარი თავისადმი. რათგან თვითონაც იყო დამნაშავე თავის ტანჯვაში, თუ საერთოდ, ცხოვრებისადმი, რომელიც ძალიან ხშირად ისე ააწყობს საქმეს, როგორც არ უნდა მოინდომო. მაინც ვერაფერს გახდები, – რეზიკო ვერ არკვევდა. მასში ეს გრძნობა ომარის წინააღმდეგ გაერთიანდა და ის მიჰყვებოდა ომარას უკან, თანდათან უახლოვდებოდა და ცდილობდა, მეტი ძალ–ღონე მოეკრიბა, სანამ ხელმეორედ დაეძგერებოდა. ბოლოს ომარას მობეზრდა ასე სიარული და გაჩერდა.

– ბიჭო, რა გინდა ჩემგან, რას მომდევ? – დაუძახა რეზიკოს.

რეზიკოს გაუხარდა, რომ ომარა გაჩერდა. ახლა საშუალება ჰქონდა თავისთვის ძალა აღარ დაეტანებინა და ისე დასწეოდა. ის შინაგანად მოემზადა და აუჩქარებლად წავიდა წინ.

– მითხარი, ბიჭო, რა გინდა ჩემგან? – გაბზარული ხმით ჰკითხა ომარამ მოახლოვებულ რეზიკოს და ცოტათი უკან დაიხია. რეზიკო მივიდა სულ ახლოს, შემდეგ გადახტა და მოუქნია ხელი, მაგრამ ვეღარ მოარტყა, რადგან ომარა მაღალი იყო და წინასწარვე გადასწია თავი უკან. მერე ორივენი ჩაეხვივნენ ერთმანეთს და დიდხანს ურტყამდნენ, რეზიკო ჩუმი გაშმაგებით, გაბოროტებით, ომარა ყვირილით, ისტერიულად. რეზიკო ტორტმანებდა დარტყმისაგან, მაგრამ მაინც მიიწევდა წინ და უყურებდა თავისი მტრის სახეს, რომელსაც უკვე მორეოდა სასოწარკვეთილება და შიში და ის, რეზიკო – გამხდარი, ნაცემი და დასისხლიანებული, შუბლზე ჩამოყრილი თმით, დაკაწრული ბეჭებით, ახლა უფრო მტკიცედ იყო დარწმუნებული თავის გამარჯვებაში და შეუპოვრად მიიწევდა სულ წინ და წინ, მიუხედავად დარტყმებისა, მიუხედავად ტკივილისა. ისინი კარგა ხანს ურტყამდნენ ერთმანეთს მუშტებს, ნიდაყვებს, თავებს, ფეხებს და ბოლოს ორივე დაიღალა. დაღლილობისაგან ბრაზი დროებით დაუცხრათ. ახლა იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, ორ-სამ ნაბიჯზე ნაცემი და დალურჯეგულები. მძიმედ სუნთქაედნენ და გულგრილად უყურებდნენ ერთმანეთს. უკვე სრულებით ბნელოდა და დაღამება ამ უკაცრიელ ყანებში იყო ისეთივე შემზარავი, როგორც სიცოცხლის უკანასკნელი წუთი. ისინი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, მოწყვეტილნი დროსა და სივრცეს, მოცილებულნი დედასა და მამას, მზრუნველსა და მახლობელ ადამიანებს, მოცილებულნი საყვარელ საქმეს და საყვარელ ადგილებს, დარჩენილნი მარტოდმარტო საკუთარი ვნებებისა და ბედის წინაშე და ირგვლივ აუტანლად ბნელდებოდა•

– ბიჭო, გამაგებინე, რა გინდა ჩემგან, რას გადამეკიდე? – ტირილნარევი ხმით იკითხა მერე ომარამ.

– ჩემს ძმას რატომ ახრჩობდი დღეს წყალში? – ჰკითხა რეზიკომ.

– რომელ შენს ძმას?

– რომელ ჩემს ძმას და რიჟას!

– რიჟას?

– ხო, როჟას!

– არ ვახრჩობდი, ისე გადავაგდე!

–რატომ გადააგდე?

– არ ვიცოდი, შენი ძმა თუ იყო!

– არ იცოდი? ჰოდა, ახლა მე შენ მოგახრჩობ, თუ კარგია.

– ვის მოახრჩობ, ბიჭო, შენ?

– ვერ მოგახრჩობ?

რეზიკო წინ წავიდა ნელ-ნელა, ომარა კი უკან-უკან იხევდა.

– გეუბნები, თავი გამანებე, ნუ გამაგიჟე, – თქვა ომარამ და ახლა მის ხმაში უფრო ძლიერ გაისმა სასოწარკვეთილება, – დამანებე თავი, თორემ შემომაკვდები!..

მაგრამ რეზიკომ იმის სიტყვებს ყური არ ათხოვა და თავით დაეძგერა მკერდში. ომარამ წაიფორხილა, მერე წიხლი მოარტყა ხელმეორედ გამოქანებულ რეზიკოს და გვერდზე გახტა.

– გამანებე თავი! – დაიყვირა მან.

რეზიკო ისევ პირდაპირ თვალებში უყურებდა დაჟინებით და არავითარი ახალი გადაწყვეტილება არ ეტყობოდა სახეზე.

– არ ვიცოდი, შენი, ძმა თუ იყო, – თქვა ომარამ. რეზიკო იდგა მის წინ, წელში ოდნავ მოხრილი და მომზადებული ახალი იერიშისათვის.

– რომ მცოდნოდა, შენი ძმაა, ხელს არ ვახლებდი, – თქვა ისევ ომარამ და ცრემლი წამოუვიდა, – გამანებე თავი, ბოდიშს ვიხდი.

– ბოდიშს იხდი? – ჰკითხა რეზიკომ.

– ჰო, ბოდიშს ვიხდი, მაპატიე, – თითქმის ტირილით თქვა ომარამ,–––დამანებე თავი, თორემ მოგკლავ... დამანებე თავი, მომეშვი!..

– მუხლზე დადექი და მოგეშვები, – უთხრა რეზიკომ

– არ დავდგები მუხლზე! – იყვირა ომარამ.

– დადგები, – თქვა რეზიკომ.

– არ დავდგები! – იყვირა ისევ ომარამ.

– დადგები. – უთხრა რეზიკომ.

– არ დავდგები მუხლზე, არ დავდგები, არ დავდგები, არ დავდგები მუხლზე! ყვიროდა ომარა და უცებ ატირდა, მერე სახეში წაიშინა მუშტები და გამწარებული მთელი აბღავლდა: – არ დავდგები მუხლზე, დამანებე თავი, დამანებე თავი, დავანებე თავი, თორემ მოგკლავ!..

რეზიკო იდგა და უყურებდა ომარას. ხვდებოდა, რომ საქმე ამით დამთავრდა. უკვირდა, რომ არავითარ სიხარულს არ გრძნობდა. პირიქით, ახლა უფრო ძლიერ სტკიოდა გული და არ კი იცოდა, რატომ. ყველაფერი ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ იცოდა, რა ექნა. ის იდგა დაბნეული და უყურებდა ატირებულ ომარას. რომელიც სახეში იშენდა ხელებს და მთელი ხმით ყვიროდა:

– გეუბნები, თავი დავანებე!.. თავი დავანებე, თორემ მოგკლავ, გეუბნები!..


* * *
უკვე მთლად ბნელოდა. სადღაც შორს გაისმა მატარებლის კივილი და მერე ისეე სიჩუმე ჩამოვარდა. რეზიკო ბრუნდებოდა სახლში ჩაფიქრებული. სახლში მას ელოდა მოხუცი ბებია და პატარა ძმა, რომელსაც ამ დილით უმიზეზოდ სცემა და მერე სხვებმაც დაჩაგრეს. ახლა რეზიკოს ისევ სტკიოდა გული. გამარჯვებამ, რომელსაც მან მიაღწია სიძულვილით და არა ძალით, არ მოუტანა შვება. შურისძიებამ არაფერი არ შესცვალა ყველაფერი ისევ ისე დარჩა. რაც მოხდა, უკვე მომხდარი იყო და არ შეიძლებოდა მისი შეცვლა არც შურისძიებით, არც სინანულით. ყოველივე ამის გამო რეზიკოს ისევ სტკიოდა გული და ჩაფიქრებული მიდიოდა სიბნელეში ბუნდოვანი და მტანჯველი ფიქრები ირეოდა მის თავში. მან არ იცოდა, რომ არსებობს უმიზეზო უსამართლობა, როდესაც ხშირად, საკუთარი ნების წინააღმდეგ, ცხოვრებას მიჰყევხარ იქ, სადაც არ გინდა, გაკეთებინებს იმას, რაც არ გინდა და ყოველივე ამის გამო სამუდამო ტკივილს გიტოვებს გულშო რომელიც შემდეგ აღარასოდეს, აღარაფრით აღარ შეიძლება წაიშალოს და ბოლომდე გტანჯავს. ამიტომ უნდა ეცადო, რომ არასოდეს არ გაუკეთო ცუდი იმას, ვინც ისეთივე ადამიანია, როგორიც შენ თვითონ ხარ. მთავარი ეს არის და არა სიამაყე, მთავარია სიკეთე. მხოლოდ სიკეთე და სულგრძელობაა უმაღლესი და ჭეშმარიტი ადამიანური თვისებები, ყოველივე დანარჩენის მნიშვნელობა მოჩვენებითია. რეზიკო ჯერ კიდევ ბავშვი იყო და, რა თქმა უნდა, ზუსტად ასე არ ფიქრობდა, ყოველივე ეს არ ჰქონდა გააზრებული. ამას მხოლოდ ინტუიციით გრძნობდა, თუმცა მთლიანად ვერც ინტუიციით სწვდებოდა იმის არსს, რაც. აწუხებდა. ის ბრუნდებოდა სახლში შეუცნობელი და დაუკმაყოფილებელი ვნებებით აღსავსე, მის ირგვლივ კი უზარმაზარი ქვეყანა იყო ისე ბნელი და შავი, როგორც უნუგეშო სევდა.

1963 წ.


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გურამ გეგეშიძე  Empty
PostSubject: Re: გურამ გეგეშიძე    გურამ გეგეშიძე  EmptyWed Mar 06, 2019 11:36 am

გურამ გეგეშიძე

ნისლი

სადღაც შორს, შემოდგომის სუსხისგან გალიგვებულ, გრძლად გაწოლილ ქედს მიღმა, წითელი მზე ამოიწვერა. მისი უძლური, უღონო სხივები დაეფინნენ ჭალისკენ ჩამოქანებულ დაჭირხლულ ფერდობს, რომელსაც ზანტად მიუყვებიან საძოვრისკენ ფანცქალას ურუხი ძროხები. მხარზე ჯოხგადებული კაციც მიჰყვება ჯოგს. მას გათენება არ უხარია, კიდევ ერთი უსიხარულო დღე ელის. აღარც წარმტაცი ბუნება იტაცებს თვალს უწინდებურად, გუნება მოწამლული აქვს. ბედს შეგუებული მისდევს ნახირს და ჭალიდან თათრის ქალებისა და მათი ბალღების ჟღავჟღავი ესმის, ფერმის ირგვლივ რომ მიმოფანტულან ამ უთენია. ძროხების წველას რომ მორჩებიან, ფრინველს აპურებენ, აკივკივებულ ინდაურებს საკვებს უყრიან, თავის ღორებს კი ფერმის პატრონი ფანცქალა უვლის. იგი კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ნამუშევარი შუახნის კაცია, მშრომელი, გამრჯე და საზრიანი, მეურნეობის ყველა წვრილმანი ესმის, ხალხი პატივს სცემს. ეს ფერმაც მისი აშენებული ყოფილა, კოლექტივი რომ გაუქმდა, მერე შეუსყიდია. ფერმის ირგვლივ მიწა ალუფხულია და ფუნისა და სკლინტის მძაფრი სუნი დგას. ფერმის გვერდით, დამრეცილ ქოხში, თათრები ცხოვრობენ, სამი დედაკაცი თავიანთი პატარა ბალღებით, ერთი თოთხმეტიოდე წლის უპატრონო ყრუ– მუნჯი ბიჭი, ამათი ნათესავი, საშინლად ნერვიული, თუ თავის სათქმელს ვერ გაგაგებინებს, მგლურ ყმუილს იწყებს, და ორიც – მუდამ გაბურძგნილი, ტყაპუჭიანი, ცხვრის სუნით აყროლებული მამაკაცი, რომლებიც ფანცქალას ფარას უდგანან და ამიტომ იშვიათად თუ გამოჩნდებიან ფერმაში. ძროხებს, თხებსა და ფრინველს დედაკაცები და ყრუ– მუნჯი პატრონობენ, ფანცქალა ამ ხალხს კარგ გასამრჯელოს უხდის. ისინიც კმაყოფილნი არიან, ეტყობა, იოლად ეგუებიან მომთაბარე ცხოვრებას. თვითონ ფანცქალაც მთელ დღეს აქ ტრიალებს, ხშირად ღამითაც რჩება, თუმცა სოფელში მშვენიერი ორსართულიანი სასახლე უდგას, მოვლილ– მორთული, დოვლათით სავსე, ყვავილნარში ჩარგული ეზოთი. სასახლის აივნიდან ულამაზესი სივრცე იშლება ირგვლივ. აქოჩრილი ტყეებით შემოსილ მთებს უკან, კეხდანისლული ლურჯი ქედები ლივლივებენ ცის კიდურთან, ფართო, ფერადი ფერდობები აბიბინებული ვაკეებისკენ მშვიდად ეშვებიან. ამ ბედნიერ ოჯახში ფანცქალას მსუქანი, გულკეთილი ცოლი ჯარასავით ტრიალებს, სტუდენტი ქალიშვილი ნებიერად ინაზება, ახალგაზრდა დონდლო ბიჭი საქმიანი კაცის შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, მაგრამ აშკარად ეტყობა, მამის ნახევარიც რომ ვერ არის. რამდენჯერ უნატრია ფანცქალას ბედი. პირველად, ერთმა ძმაკაცმა რომ მიიყვანა აქ და საქმე რომ გაარიგეს, საოცრად მოხიბლა აქაურობამ და ფანცქალას მასპინძლობამ. იქნებ, იმიტომაც დათანხმდა ასე იოლად ამ სამუშაოზე, თორემ სადაური მწყემსი იყო, თუმცა სხვა გამოსავალიც არ ჰქონდა ლუკმაპურის მაძიებელს. უკვე შუახანს მიტანებული, მთელი თავის დღე და მოსწრება სადმე, ბუნების წიაღში, მყუდრო ადგილას დასახლებაზე ოცნებობდა, მაგრამ არც ეს ოცნება აუხდა. ფუჭად ჩაიარა ცხოვრებამ, გაცრუებული იმედების წნეხი შეჩვეულ ტვირთად დააწვა მხრებზე, სინანული და გულაცრუება საკუთარ თავზე გულგატეხილს უღიმღამო ყოფის თანამგზავრად ექცა. მაგრამ ცხოვრება ხომ სწორედ ეს არის, ის ხომ ყოველთვის ფუჭად მთავრდება? როდის იყო, კაცი გებულობდა ყოფნა– არყოფნისა და ბედისა თუ უბედობის განმსაზღვრელ მიზეზებს?

ძროხები ზანტად მიუყვებიან დაკლაკნილ ბილიკს. ყოველ დილით მიდენის ნახირს ფერმიდან საძოვრისკენ. მთელი დღე მარტოა, ლაპარაკს გადაეჩვია, არც აქვს სურვილი ვინმესთან ფიქრის გაზიარებისა. რაზე უნდა ილაპარაკო, როცა ყველაფერს აზრი გამოეცალა? მისჩანჩალებს ცხოვრებას კუდში დამცირებული, უსახსროდ, უსახლოდ და უსაქმოდ დარჩენილი. სანამ ომობდა, იმედებით იყო აღსავსე, მაგრამ დამარცხებამ ხაზი გადაუსვა მომავალს. ბედს მაინც არ უნდა ემდუროდეს, სხვებმა რა თქვან, ლუკმაპურს რომ ვერ შოულობენ? საღამოს, ძროხებს რომ ჩამორეკავს გარუჯული ბორცვებით დანაყიშებულ ჭალის პირს მიგდებულ ფერმაში, რაღაცას, სიამოვნების მსგავსს, განიცდის. შინ დაბრუნებას ჰგავს ეს შეგრძნება. ქოხის გვერდით მიდგმულ ფიცრულში შედის. აქ ბინადრობს. აქ მუდამ ცივა, მაგრამ თუნუქის ღუმელში ჩინჩხვარს რომ შეჰყრის და ცეცხლს დაანთებს, თბება ჰაერი ფარღალალა ოთხკედელში. კარტოფილს იხარშავს, თუ არაყი აქვს, იმასაც გადაჰკრავს და დაღამება უხარია. კიდევ ერთი დღე იწურება. ამ ფიცრულში ათევს ღამეს დანჯღრეულ ტახტზე, დაგლეჯილი ფარდაგის ქვეშ მოკუნტული. ჩაწვება, გაეხვევა თავის დაძონძილ საძილე ტომარაში და ყურს უგდებს სიჩუმეს. ზოგჯერ ჭოტის კუთვა ესმის. ფიქრები იფანტებიან, როგორც ნისლში ჩაძირული საგნები, ძილის ბურანში შესრუტული უღიმღამო სინამდვილე კარგავს თავის ულმობელ ძალას და ათავისუფლებს რეალობის არტახებისგან. მაგრამ როცა თენდება და ქრება სიზმარეული სამყარო, პირქუში სინამდვილე ისევ ხვევს ხელებს და იქ აყენებს, სადაც ამჟამად დგას, თავისი ცოდვებით, შეცდომებით, სინანულით, გაჭირვებით. თანაბარი ნაბიჯებით მიუყვება აღმართს, სიარულში თანდათან ხურდება. ასეა ყოველთვის, ასეა ახლაც.

ცისკიდურზე ამოძრავებული ქუფრი ღრუბლები მზეს აეფარნენ. უფრო აცივდა, დღე განაცრისფრდა. ძროხები ზოგჯერ მწირ ბალახს ეტანებიან ან ბილიკზე გადმოწოლილ ბუჩქის შტოს გლეჯენ. ჯოხს იქნევს, შეუძახებს და კვლავ ზევით მიერეკება. აღმართი თავდება, გავაკებულ საძოვარზე ნახირი გაიშალა, მადიანად შეუდგა ძოვას.

ახლა მთელი დღე, აუტანლად გაჭიმული უმოძრაო და უხალისო საათები ელის წინ. სანამ თბილოდა, ამ ერთფეროვნებას წიგნის კითხვით ებრძოდა. რამოდენიმე ძველი წიგნი ჰქონდა თან წამოღებული, თხელყდიანი, ჯიბეში ადვილად ჩასატევი. მაგრამ როცა აცივდა, ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება გაუძნელდა, კითხვა არ ხერხდება, თუმცა თბილად კი აცვია, ჩექმები, სვიტრი, ომიდან ჩამოყოლილი დაბამბული ბუშლატი. ნახირსაც მიხედვა სჭირდება, რამდენჯერმე შემოუვლის იალაღს. ხანდახან ციცაბოს კიდეზე გადის და გასცქერის სივრცეს. მყუდროება და ერთფეროვნება არ ირღვევა. ძროხები მშვიდად, მდუმარედ ძოვენ, და ძალიან ნელა, ტაატით ახლოვდება საღამო. თავდება მწყემსობის კიდევ ერთი დღე.

ყველაფერი, რაც აბადია, თან დააქვს, წიგნი – ბუშლატის ჯიბეში, საათი – მაჯაზე, ფანცქალასგან აღებული ფული, მისი შრომის გასამრჯელო – შარვლის ჯიბეში ღრმად ჩაჩურთული. ფული ცოტა ეხარჯება, სასმელ– საჭმელს იაფად შოულობს. ერთხელ ფანცქალამ ერთი ტომარა კარტოფილი მოუტანა, მთელ თვეს ეყო. პურიც ფანცქალას მოაქვს სოფლიდან. ასე რომ, სამწყემსურში მიმავალი ქოხში არაფერს ტოვებს, საძილე ტომრის გარდა. მთელი მისი ქონება ადვილად სატარებელია და ეს სიმსუბუქე უპოვარისა სიამოვნებასაც კი ჰგვრის. ოღონდ კომბლის მეტი სხვა იარაღი არ გააჩნია და ყაჩაღები რომ დაესხან, თავს როგორ დაიცავს, აზრზე არ არის. ფანცქალა იმედოვნებს, რომ ასეთი რამ არ მოხდება, თუმცა ყოველდღე ისმის ვიღაცის მოკვლის, გატაცების ან გაძარცვის ამბავი. ნეტავ, რის იმედი აქვს? შეიძლება, ადგილობრივ ბანდებს ფულს უხდის, მის ფერმას ხელი რომ არ ახლონ. ამის შესახებ არასდროს არაფერი უთქვამს

ეს რომ გაიფიქრა, უცებ შორიდან ავტომატის ჯერი და აფეთქების გრგვინვა შემოესმა. წამით ძროხებმაც კი შეწყვიტეს ძოვა, თავები აღმართეს და ერთმანეთს მიაჩერდნენ. შორეული მკვახე კაკანი ავტომატისა ჭალიდან მოჰქონდა ექოს და ძალაუნებურად დაიძაბა, თუმცა სროლას ყურიც და გულიც შესჩვეოდა, მაგრამ როცა არ იცი, ვინ ვის ესვრის, გაურკვევლობა ძალაუნებურად გაშფოთებს. ადგილს მოსწყდა, ჯუჯა ხეებით დაფარულ ფერდობს მიაშურა და იქიდან გადახედა არემარეს. გორაკებს შორის ჩავარდნილი ჭალა არ ჩანდა, გაღმა მხარეს გზატკეცილის ვიწრო ზოლი მიიკლაკნებოდა ტოტებჩამოყრილ ხეთა შორის. გზატკეცილზე მანქანამ ჩაიარა და თვალს მიეფარა. მატყუარა სიმშვიდეს ავისმომასწავებელი დაძაბულობა შეერწყა. ნარიყითა და ჯარჯით ამოვსებულ ხევს მიადგა, ვიწრო ღარივით რომ ეშვებოდა ქვემოთ. სწორედ აქედან დაინახა ბილიკზე ამომავალი ოთხი წვერგაუპარსავი, ავტომატიანი კაცი.

რა უნდა ექნა? არ იცოდა, ვინ იყვნენ, რა ეწადათ. უეჭველად ეგენი ისროდნენ წეღან. ასეთ გაურკვეველ ვითარებაში, რასაკვირველია, გაცლა და არიდება სჯობს, ვიდრე არ გაარკვევ, ვისთან გაქვს საქმე, მაგრამ ნახირს ხომ ვერ მიატოვებდა? გადაწყვიტა, ისევ იქ მდგარიყო, სადაც იდგა, და როცა ეს შეიარაღებული ხალხი იალაღზე ამოვიდოდა, მათი მოქმედების მიხედვით დაედგინა, თავად როგორ ემოქმედა. უმიზეზოდ ხომ არ ესროდნენ? თუმცა, სულერთია, ნახირის გარეკვას ვეღარ ასწრებდა, ისინი ახლოს იყვნენ.

აჰა, იალაღზეც ამოვიდნენ. ერთ– ერთმა თავი მოაბრუნა, შეამჩნია ხრამის პირს მდგარი მენახირე, რაღაც დაიღრიალა და ავტომატის ჯერი მიუშვა პირდაპირ მისკენ. იმავ წამს, ხრამში ისკუპა, ქვემოთ ჩაგორდა, თან ქვებს და ღორღს მიაშვავებდა იმ თავზარდამცემი შეგრძნებით გამსჭვალული, რომ ეს ვიწრო ხევი ხელისგულივით გაშლილ ჭალაში ჩაიყვანდა, სადაც ადვილი სამიზნე გახდებოდა მდევართათვის. და უცებ, ჩამომზღვლეულ ფლატეზე ჯაგნარით ამოვსებული ღრმული შენიშნა და მყისვე არჩია, შიგ შემძვრალიყო დასამალავად. რაღაცნაირად მოახერხა გამხმარი ხის ტოტებით ჩახერგილი მანძილის გადალახვა, მღვრიე, მყრალი წყლით ამოვსებულ ვიწრო ხვრელში შეძვრა და გაინაბა, და სულ მალე მოესმა ჩამოშლილი ხრეშის ხრაშუნი, ნაშალზე დაცურებული, აჩქარებული ნაბიჯების ბრაგაბრუგი და დედის გინება. გული აეწურა, ფლატეზე გამოთხრილ ხვრელს თუ შეამჩნევდნენ, იქნებ, შემოეხედათ, შეემოწმებინათ და მაშინ სიკვდილი არ ასცდებოდა. მაგრამ ბედმა დაინდო, ვერ შეამჩნიეს, ჩაიარეს, ჩაიბრახუნეს, კიდევ ერთხელ ისროლეს, სადღაც ქვემოთ, და მერე მიწყნარდა თითქოს ყოველივე. მაგრამ ვინ იცის, ვინ უსაფრდებოდა, გარეთ რომ თავი გაეყო, ვინ იცის, რა ელოდა? სულგანაბული იჯდა დასველებულ კირქვაში ამოგანგლული, ვიდრე სიბნელე არ გამომკვრივდა ისედაც ბნელ ხაროში. აი, მაშინ კი გაბედა გამოქვაბულიდან გამოძრომა და ყური მიუგდო გარემოს. თითქოს საფრთხე ჩავლილი იყო. მაინც ძალზე ფრთხილად დაეშვა ქვემოთ. რატომ უპირებდნენ ის ყაჩაღები მოკვლას? ცხადია, ნახირის გატაცება უნდოდათ და ალბათ, გაიტაცეს კიდეც. მაგრამ ამას რით შეეძლო ხელის შეშლა? აღარავის აღარაფრად უღირს კაცის სიცოცხლე. ამ ფიქრით გამსჭვალული ბინდდაფენილ ჭალაში ჩამოფორთხდა. ფერმას ბოლი ასდიოდა. ავი წინათგრძნობით შეპყრობილმა იქით გასწია. ფერმა იწვოდა. ირგვლივ არავინ ჩანდა. ქოხის კარ– ფანჯრები ჩაელეწ– ჩამოელეწათ და გადაქოთებული იყო იქაურობა. ქოხის წინ ორი გვამი ეგდო. მხოლოდ ახლო მისულმა გაარჩია ისინი. ერთში ფანცქალა შეიცნო, ტყვია შუბლში მოხვედროდა და ტვინი გადმოენთხია, მეორეში – ყრუ– მუნჯი თათრის ბიჭი, ტყვია ყელში გასჩხეროდა და ენაგადმოგდებული საზარელი შესახედავი ჩანდა. ბიჭი გულაღმა ეგდო, ფანცქალა გვერდულად იწვა. ყოვლისდამამთავრებელი უძრაობა ჩამომხობოდა მიწას. არც თათრის ქალები ჩანდნენ ახლომახლო, არც ღორები ჭყვიტინებდნენ ჩვეულებისამებრ. სადღაც, მინდვრის ბოლოს გაწეწილ ბუჩქებში ერთი ინდაური კივკივებდა საწყალობლად და მახლობელი გუბიდან ბაყაყის ყიყინი ისმოდა. ფერმა განადგურებული იყო.

მკვდრების ასე დატოვება არ შეიძლებოდა, რომელიმე ღამეული ცხოველი უეჭველად დააცხრებოდა გვამებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უმძიმდა, მხრებში ხელი დაავლო ფანცქალას დამძიმებულ ცხედარს და ძლივძლივობით შეათრია ქოხში. მერე თათრის ბიჭიც შეათრია. ცდილობდა, გვამებისთვის არ დაეხედა. როგორც ყოველთვის, ასეთ შემთხვევაში, საშინელ სიუცხოვეს განიცდიდა ამ უმეტყველო, გაშეშებული სხეულების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ დილით მოძრავი ადამიანები იყვნენ. ახლა თითქოს არც იცნობდა მათ. ორივენი ერთმანეთის გვერდით ეყარნენ სოხანეზე. აქაურობაც გადაექ– გადმოექექათ, ნეტავ რას ეძებდნენ ამდენ ძველმანებში. დაფლეთილი საძილე ტომარაც წაეღოთ. გარეთ გამოვიდა და კარი გამოიხურა. ბინდი მკვრივდებოდა.

ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ იყო. ნუთუ სოფელში ვერავინ გაიგო, ფერმა რომ დაწვეს და ფანცქალაც მოკლეს? ეს თათრის ქალები სადღა გაუჩინარდნენ? დამშრალი ღელის კალაპოტს მანქანის თვლებისგან თელილი მიხვეულ– მოხვეული ყამირი გზა მისდევდა და გაჰყვა ამ გზას, რომელიც რკინიგზის ხიდქვეშ მიძვრებოდა და ბოლოს გზატკეცილთან ადიოდა. მაგრამ სანამ ხიდამდე მიაღწევდა, აქეთკენ მომავალი აჩოჩქოლებული ხალხის ჯგრო შენიშნა, მიხვდა, სოფლელები იქნებოდნენ, ალბათ, უკვე გაეგოთ ფერმის განადგურება და ფანცქალას მკვლელობა. მხნეობა მოემატა, ნაბიჯი შეანელა. ისინი სულ მალე მოუახლოვდნენ, მეტისმეტად აღგზნებულნი, თვალებაბრიალებულნი, წინ ფანცქალას დონდლო ბიჭი მოუძღოდათ.

– სად არი მამაჩემი?! – ისტერიულად შესძახა მან და ღვინის ოხშივარი ამოუშვა პირიდან.

ყველანი შემოეხვივნენ და უცებ ფანცქალას ბიჭმა სახეში თავი გლიჯა. ცხვირიდან სისხლი წასკდა.

– რა უყავით მამაჩემს?! – ისე უაზროდ ბღაოდა ეს უბედური, თითქოს ამას ადანაშაულებდა. ვიღაცამ წიხლიც უთავაზა, ვიღაცეები მუჯლუგუნებს ურტყამდნენ გვერდებში.

– სად არის ფანცქალა?

ესენი ნორმალურ ადამიანებს არ ჰგავდნენ. შიში შეეპარა გულში. ნიკაპზე სისხლი ჩამოსდიოდა. ამათთან ლაპარაკი არ შეიძლებოდა, ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო ჩაექოლათ, სულ პატარა ბიძგი იყო ამისთვის საჭირო, ვინმეს რომ ეს განზრახვა გაემჟღავნებინა, დანარჩენები დაუფიქრებლად აჰყვებოდნენ. ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო, რას ემართლებოდნენ.

(გაგრძელება ქვემოთ)

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გურამ გეგეშიძე  Empty
PostSubject: Re: გურამ გეგეშიძე    გურამ გეგეშიძე  EmptyWed Mar 06, 2019 11:38 am

გურამ გეგეშიძე

ნისლი

(გაგრძელება)

– სად არი და ქოხშია? – დაიყვირა გამწარებით და უცებ სუყველანი ფერმისკენ გაცვივდნენ, თავი მიანებეს. თუ რამე ეჭვი ჰქონდათ, რად მიატოვეს, და თუ არა, მაშინ რაღად სცემეს? მაგრამ ასეთია იმპულსური, უაზრო საქციელი ყველა გონებაჩლუნგი არსებისა და რაკი კარგა ხანია, ამგვარ ხალხში უწევდა ცხოვრება, დიდად გული არ სტკენია, არც მომხდარი გაჰკვირვებია. ერთხანს ანგარიშმიუცემლად მიჰყვა ბრბოს, რომელიც ახლა ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ მერე თანდათან ჩამორჩა, წადით, თქვენი დედაც მოდის ტყიბულიდანო, გაიფიქრა, ფანცქალას ვერაფერს უშველიდა, რა მოხდა, არც მან იცოდა, მობრუნდა და უკან გაემართა.

გზატკეცილთან რომ ამოვიდა, მკვრივი წყვდიადი ეფინა მიწას. გზის პირას ვიღაცის საბძელში შეძვრა და თივაში ჩაწვა.



* * *



როგორც კი ინათა, საბძლიდან გამოძვრა და გაუდგა ნისლდაფენილ გზატკეცილს. მთელი ღამე ძილ– ღვიძილში გაატარა ქარის ცივი შემონაბერით გათოშილმა. გვიანი შემოდგომის სუსხი ზოგჯერ ზამთრის ყინვაზე ძნელი ასატანია, ვიდრე სხეული საბოლოოდ შეეჩვეოდეს სიცივეს. ღამე ისე გაილია, მანქანის ხმა არ გაუგონია. გზატკეცილი ახლაც ცარიელი იყო. წაბლისფრად ჩამუქებული ველები ბურუსში გახვეულიყვნენ. მიაბიჯებდა და სიარულში თანდათან ხურდებოდა, მაგრამ თუ მანქანა არ ჩამოივლიდა, ალბათ, ქალაქამდე დღეს ვერ ჩააღწევდა.

ორიოდე საათი იარა მარტოკამ. ის– ის იყო, დაღლა იგრძნო, რომ წინიდან მომავალი მანქანა შეამჩნია. ყოველ შემთხვევისთვის გზიდან გადავიდა და მინდვრისპირა ბუჩქებს ამოეფარა. ვინ იცის, ვინ ზის იმ მანქანაში? მისი ბუშლატი, ჩექმები და ჯემპრი მთლად ახალი ვერ იყო, მაგრამ მაინც გამოიყენებდა ხარბი კაცი. ტიტველა რომ დაეტოვებინა ვინმეს, ამ სუსხში რა გააძლებინებდა? მანქანამ ჩაიარა და კვლავ გზაზე გამოვიდა. თეთრი “ნივა” თანდათან გაუჩინარდა ნისლში, ჰაერში თოვლის ფანტელები ტრიალებდნენ, ნელ– ნელა, თითო– ოროლა. ზოგჯერ ასე შეუმჩნევლად იწყება თოვა. შორეული ვენახები და ბაღები გზის ორთავ მხარეს, ჩაჟანგებული, ფოთოლგაცვენილი, უღიმღამოდ გამოიყურებოდნენ.

უეცრად მანქანის ხმა გაიგონა ზურგს უკან. გზაზე პატარა ავტობუსი მოდიოდა. ავტობუსი უფრო სანდო იყო. დადგა და დაუცადა და, ვიდრე ხელაწვდილი ელოდა მის მოახლოებას, გვარიანად ღელავდა, გამიჩერებს თუ არაო.

ავტობუსი გაჩერდა. გახარებული კარებთან მიიჭრა და მოაღო.

– ქალაქში? – ჰკითხა მასავით ბუშლატიან, წვერგაუპარსავ მძღოლს.

– დაჯექი! – თავი დაუქნია მან.

შვებით ამოისუნთქა, ავტობუსში ავიდა და თავისუფალ სკამს დაუწყო ძებნა.

– ფული წინასწარ უნდა მომცე!

– რამდენი?

იმოდენა თანხა დაუსახელა, შეცბა. უსიტყვოდ ამოიღო და მისცა, სხვა რა გზა ჰქონდა?

უკან იყო ერთი ადგილი, ფანჯარასთან. ავტობუსში მხოლოდ კაცები ისხდნენ, ცუდად ჩაცმულნი, გაუპარსავნი. ავტობუსი დაიძრა, ესეც დაჯდა. ყველანი ჩუმად ისხდნენ, მოწყენილნი, უხალისონი. ძრავა ღმუოდა. ერთი კაცი აბოლებდა.

დამთავრდა მისი მწყემსობაც. ამ საქმეში ვერაფერი ხეირი ვერ ნახა. ქალაქში როგორ გაიტანდა თავს, არ იცოდა და მაინცადამაინც არც უხაროდა იქ დაბრუნება. არაფერი სასიხარულო მას არ ელოდა. ფანცქალა კი ებრალებოდა, უბედური თათრის ბიჭიც, მაგრამ სიკვდილს ისე შეეჩვია, კაცის სიცოცხლე ისე გაუფასურდა, რომ ჭეშმარიტ გულისტკივილს ვერცა გრძნობდა. გული იმაზე უფრო წყდებოდა, რომ გარიგება ჩაიშალა, არაფერი გამოვიდა, ვერც ამ საქმეში იხეირა. ამის გაფიქრებაზე, ის ფული, შარვლის ჯიბეში რომ ჰქონდა ღრმად ჩაჩურთული, ყოველ შემთხვევისთვის ამოიღო, ალალბედზე შუაზე გაყო, ნახევარი ჩექმაში ჩაიდო, ნახევარი ისევ ჯიბეში შეინახა. ეს ყველაფერი უჩუმრად გააკეთა, რომ არავის შეემჩნია. არც არავის შეუმჩნევია. ყველანი წინ იყურებოდნენ. გასცქეროდნენ ლარივით გაჭიმულ გზას, რომელსაც ღმუილით მიუყვებოდა ავტობუსი. ფანტელებმა იმატეს, ახლა ციბრუტივით ტრიალებდნენ და, ძირს დაფენილნი, ყავისფერ ველებს ჭორფლავდნენ. დროდადრო, აბუზული ხეებით შემოფარგლული გაშიშვლებული კარმიდამოები მოჩანდა გზის ორთავ მხარეს. დღე იყო მოქუფრული, ცივი, თოვა თანდათან მატულობდა და სივრცე იბურებოდა. ფანჯრიდან აღარაფერი ჩანდა გზისპირა ბუჩქების გარდა.

ჩასთვლიმა. მანქანის მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამოაფხიზლა. იმავდროულად ყაყანი შემოესმა. მანქანის წინ რძისფერ ბურუსში და თოვლის ფანტელებში გახვეული ფიგურები მოძრაობდნენ. ესენი იყვნენ ავტომატიანი და ნიღბიანი კაცები, რომელთაც მანქანა გააჩერეს. მანქანაში მსხდომნი მძღოლს აგულიანებდნენ, არ გააჩერო, გარეკეო, მაგრამ უკვე გვიან იყო და საშიშიც. ერთმა ავტომატიანმა მძღოლის კარი გამოაღო, ქეჩოში სწვდა და ძირს ჩაათრია.

– რა გინდათ, კაცო?! – ყვიროდა მძღოლი.

მეორე ავტობუსში ამოვიდა, იარაღი მიუშვირა მგზავრებს და უბრძანა:

– ჩამოეთერით!

ჩაეთრნენ. გზის პირზე შეჰყარეს ყველა. ხუთ წუთში პირწმინდად გაძარცვეს, ჯიბეები გადმოუტრიალეს, წაიღეს, რაც გააჩნდათ. ზოგიერთები ჭიჭყინებდნენ, მაგრამ უმალვე ხმას იგდებდნენ, როგორც კი ავტომატის კონდახი მოხვდებოდათ გვერდებში.

– სულ ეს არი? – ბოღმით ჰკითხა ერთმა, ფულს რომ ართმევდა.

– მეტი არა მაქვს, – უთხრა მან და შიშმა შეიპყრო, ვაითუ ჩექმები გამხადოსო. მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ ფერდში ავტომატის კონდახის დარტყმა აკმარეს. ტკივილისგან მოიკეცა და წამოიკვნესა.

– ბუშლატი გაიხადე! – უბრძანა მძარცველმა, მაგრამ ამ დროს ვიღაცას თავი გაუტეხეს, ტყავის პალტოს რომ ხდიდნენ და ჩოჩქოლზე ეს ავაზაკიც იქით გაიქცა. მძღოლი რაღაცას ყვიროდა და იგინებოდა, ერთი– ორი მისცხეს სახეში, ცხვირიდან სისხლი ადინეს, წიხლებითაც შესდგნენ, მაინც არ ისვენებდა, მაშინ ფეხებში ტყვია მიახალეს და გზის პირზე მიაგდეს. ტკივილისგან გამწარებული მძღოლის ოხვრა– კვნესა უპასუხოდ რჩებოდა. ყაჩაღები მანქანაში აცვივდნენ, დაქოქეს, სწრაფად შემოაბრუნეს და დაუნდობელი სიჩქარით გარეკეს თოვლისგან ჩაჩუმქრულ, დანისლულ გზაზე.

როცა მანქანა თვალს მიეფარა, ძირს ჩამოყრილი გაძარცული ხალხი დაჭრილ მძღოლს შემოეხვია. იმაზე იყო ყაყანი, თუ რა ექნათ, როგორ ეშველათ, ჩამომვლელი მანქანისთვის დაეცადათ თუ რომელიმე მახლობელ სოფელში აეყვანათ. ახლო– მახლო არავითარი დასახლება არ ჩანდა და ხელით როგორ ეთრიათ ან სად წაეყვანათ დაჭრილი, არავინ იცოდა.

– ქალაქამდე რამდენი კილომეტრი იქნება? – იკითხა ვიღაცამ.

– ალბათ, ორმოცამდე!

მძღოლი ყრუდ გმინავდა, მისი ხმა სულ უფრო სუსტდებოდა. ჭრილობა კი გადაუხვიეს საცვლის ნახევით, ოღონდ, როგორც ჩანს, სისხლს ვერ უჩერებდნენ. ერთხანს ხელში აიყვანეს და ასიოდე ნაბიჯი ასე ატარეს გზატკეცილზე, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ეს იყო სრული უაზრობა. ყაყანი არ წყდებოდა. სავსებით უმწეო მდგომარეობაში ჩაცვენილი ხალხი მაინც ცდილობდა, დახმარებოდა უარეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს. განუწყვეტელი თოვლი უნუგეშობის გრძნობას ამძაფრებდა. ნახევარ საათში მძღოლი მოკვდა, სისხლისგან დაიცალა. იგი მიწაზე იდო გულგაღეღილი, გაუპარსავი, შუბლზე თმაჩამოყრილი. მივიდა და დახედა მის გაფითრებულ, უმეტყველო სახეს. გეგონებოდა, სძინავსო. თოვლის ფიფქები სახეზე ეფინებოდა. აღარც ტკივილი აწუხებდა, აღარც სიცივე.

– ეს თუ ცხოვრებაა, რა დღეში ჩაგვყარეს ამ კეთილძაღლებმა! – წამოიძახა ვიღაცამ.

– მაგათი დედა, მაგათი ცოლი, მაგათი მკვდარი და ცოცხალი.

– მაგისი ბრალია ყველაფერი.

– მარტო მაგისა?!..

– მაშ, ვისა?

– ჩვენი, ხალხისა.

– ჩვენ რა შუაში ვართ, პატრონი არა გვყავ.

– პატრონი საიდან გეყოლება, როცა ყველანი ქურდები, ლაჩრები, თახსირები და ბნელები ვართ.

– მოიცა, ძმაო, ნუ გაახურე, არავიზე ნაკლები ჩვენ არა ვართ, აბა, ერთი ჩვენ დღეში სხვები ამყოფე, ნახე რას იზამენ, ერთმანეთს შეჭამენ.

– ჩვენ არა ვჭამთ რო ერთმანეთსა?

– უარესსაც იზამენ.

– უარესი რა უნდა იყოს?

– გეყოფათ ძიძგილაობა, იმაზე ვიფიქროთ, ახლა რა ვქნათ?

– ვიდგეთ, დავიცადოთ.

– ჯობია, ვიაროთ.

– საით წავიდეთ?

– ეგ არ ვიცი, მაგრამ მაინც ვიაროთ! აბა, ხალხო დავიძარით!

დაიძრნენ. ყაყანით, ძაგძაგით გაუდგნენ თეთრ წყვდიადში გაუჩინარებულ გზას. ადრე თუ გვიან, სადღაც ხომ მიიყვანდათ, თუ მანამ არ დახოცავდნენ ყველას?


2002


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




გურამ გეგეშიძე  Empty
PostSubject: Re: გურამ გეგეშიძე    გურამ გეგეშიძე  Empty

Back to top Go down
 
გურამ გეგეშიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: