არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 დავით ქართველიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დავით ქართველიშვილი Empty
PostSubject: დავით ქართველიშვილი   დავით ქართველიშვილი EmptySun Feb 13, 2011 9:00 pm

დავით ქართველიშვილი David_10
David Kartvelishvili

დავით ქართველიშვილი
პროზაიკოსი და ესეისტი

დაიბადა 1976 წლის 6 ივლისს. სპეციალობით - იურისტი, მაგრამ ამ კუთხით არ უმუშავია. მუშაობს ლიტერატურაში.
არ უყვარს დეტექტივები, არც სათავგადასავლო ლიტერატურას სწყალობს. მოთხრობებს სიუჟეტებისთვის არ წერს, არც კონკრეტულ ამბებს აღწერს. ლიტერატურას რელიგიის ნაწილად მიიჩნევს.
ყურადღება მიიქცია პირველივე მოთხრობების კრებულით „პოპური“ (2001, პრემია წინანდალი 2001, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მწერალი). მისი რომანი „იყო საღამო იყო დილა“ 2006 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, ეს ნაწარმოები დღემდე რჩება მის ყველაზე პოპულრაულ ტექსტად. ქართველიშვილის წიგნების უმრავლესობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაშია დაბეჭდილი. 2010-2011 წლებში იყო საქართველოს პენ-ცენტრის დროებითი პრეზიდენტი.

წიგნები:
* „ათი ქალწული“ (2012)
* „მოცემულობა“ (2011)
* ექვსი სიზმარი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 116გვ.. - ISBN: 978-9941-15-334-1
* მოცემულობა : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 116გვ.. - ISBN: 978-9941-15-488-1
* იყო საღამო, იყო დილა : რომანი, მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2011. - 296გვ.. - ISBN: 978-9941-19-246-3
* პროზისა და საკუთარი თავის შესახებ : ესსე (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2009. - 110გვ.. - ISBN: 978-9941-15-093-7
* ახალი წიგნი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2008. - 184გვ.. - ISBN: 978-9941-403-86-6
* 4 მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2007. - 128გვ.. - ISBN: 978-99940-998-2-5
* იყო საღამო, იყო დილა : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2006. - 183გვ.. - ISBN: 99940-30-83-3
* დღიურები მირანდასთვის (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2003. - 92გვ.. - ISBN: 99928-949-8-9
პოპური : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, აზრი, 2001. - 58გვ.. - ISBN: 99928-70-44-3

პრემიები
* 2008 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პროზაული კრებულისათვის
4 მოთხრობა/დავით ქართველიშვილი. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2007. - 128გვ.
* 2001 - ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა "წინანდლის პრემია", საუკეთესო ახალგაზრდა მწერალი
პოპური : მოთხრობები/ დავით ქართველიშვილი. - თბილისი, აზრი, 2001. - 58გვ.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ქართველიშვილი
* http://www.bu.org.ge/m749?lang=geo
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001053/
* https://burusi.wordpress.com/literature/david-kartvelishvili/
* http://book.gov.ge/en/author/kartvelishvili-david/72/
* http://www.bookplatform.org/en/activities/918-david-kartvelishvili.html

study


Last edited by Admin on Wed Mar 20, 2019 11:06 am; edited 6 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დავით ქართველიშვილი Empty
PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   დავით ქართველიშვილი EmptySun Feb 13, 2011 9:03 pm

დავით ქართველიშვილი Photo0n

დავით ქართველიშვილი

წავედი

დათო რობაქიძეს
და
ერეკლე შველიძეს

I

ზარია. ვიღაც მოვიდა. ვწევარ. საბანი მაქვს თავზე წაფარებული. ნახევრად ჯერ კიდევ მძინავს. თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ ბნელში ვარ. ასე თავზე წაფარებული საბნის გამოა. თვალებს ვხუჭავ და კვლავ სიბნელეში ვარ. ოღონდ ახლა დახუჭული თვალებით. კვლავ ზარია. ეტყობა არც დედაა სახლში და არც ჩემი და. უცნობი ზარია. კარს იქით არც დედაჩემია და არც ჩემი და. ,ე ორივეს ზარს ვცნობ. დედას ზარი მოკლეა მაგრამ ხშირად მეორდება, ხოლო ჩემი და ღილაკს თითს რომ მიაჭერს კარის გაღებამდე არ იღებს. ესეიგი ვიღაც უცხოა. ადგომა მეზერება. გუშინ მამას ორმოცი იყო და დავთვერი. მაგრად დავთვერი გამონაყოლში ვარ და ყველაფერი მეზარება. სისულელეს ვფიქრობ: მამა ხომ არ გაცოცხლდა? მე მამას ზარსაც ვცნობ, მაგრამ შეიძლება ის ორმოც დღეში ძალიან შეიცვალა და ახლა ყველაფერს ახლებურად აკეთებს, მათშორის ზარსაც ახლებურად რეკს. რადგან ეს ზარი, რომელიც კვლავ მეორდება მამას ზარი არ არის...
გუშინ ამბობდნენ, რომ სიკვდილი არ არსებობს, რომ მამა ცოცხალია. უბრალოდ სხვა სამყაროშია. მე ეს მჯერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიკვდილის არ მეშინია, ადამიანი ვარ და ყველაზე მეტად არ არსებული რამეების მეშინია...
ზარი კვლავ მეორდება. ვდგები. ფეხებს იატაკზე ვატყაპუნებ. ვამთქნარებ. ვიზმორები. ჩუსტებში ფეხებს ვყოფ და კარისკენ მივდივარ.
შუა გზაზე მახსენდება, რომ ნახევრად შიშველი ვარ. ვფიქრობ: რა იცი ვინ არის? ვბრუნდები ოთახში. ვიცმევ. ამასობაში ზარი ორჯერ მეორდება და მე ხმამაღლა ვამბობ.
-ეხლავე. ეხლავე. მოვდივარ.
და აღარ ვჩქარობ. პირს ვიბან. კბილებს ვიხეხავ.
კართან მისული კვლავ სისულელეს ვფიქრობ: მართლა მამა რომ იყოს რა მაგარი იქნება! ძალიან მაგარი იქნება. როგორც კი კარს გავაღებ მომაყრის და მომაყრის: ან გასაღები ჩაგეყოლბინათ, ან ან სწრაფად იმოქმედეთ. დედაშენი და შენი და სად არიან? მე მხრებს ავიჩეჩავ. შემდეგ მამას ჩავეხუტები. ვგრძნობ რომ, ცოტაც და ავტირდები, მაგრამ როგორც ყოველთვის ცრემლებს ვყლაპავ და ვფიქრობ, რომ ნერწყვს ვყლაპავ.
შემდეგ კარს ვაღებ.

II

ისინი ორნი არიან. დგანან; ერთი მარცხნივ, მეორე მარჯვნივ. მე მირჩევნია რომ ერთი მაღალი იყოს მეორე - დაბალი. ან ერთი ქერა იყოს და მეორე – შავგვრემანი. მოკლედ ადვილად გასარჩევები რომ იყვნენ ის
მინდა. მაგრამ ასე არ არის.
ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. უფროსწორად მე ვერ ვანსხვავებ მათ ერთმანეთისგან. მაპატიეთ ბატონებო.
კიდევ კარგი რომ ერთი მარცხნივ დგას და მეორე მარჯვნივ.
მარცხნივ მდგომი საბუთს მაჩვენებს და მეუბნება:
-კაპიტანი ...
არ მაინტერესებს კაპიტანის სახელი და გვარი.
შემდეგ ის მარჯვნივ მდგომზე მანიშნებს და მეუბნება:
-მაიორი ...
არც მაიორის სახელი და გვარი მაინტერესებს.
ვფიქრობ: მარცხნივ რომ დგას ის კაპიტანია. მარჯვნივ რომ დგას ის მაიორია.
მე მათ ვუყურებ და უკვე ვამჩნევ რითი განსხვავდება მაიორი კაპიტანისგან. ის სულ ოდნავ უფრო ამაყია კაპიტანზე და კიდევ: კაპიტანი ლაპარაკობს, მაიორი ჩუმადაა.
ჩუმად ვარ მეც.
კაპიტანი ჩემ გვარ და სახელს ამბობს და მეკითხება:
-თქვენ ხართ?
-დიახ. მე ვარ – მეც ავლაპარაკდი.
-ჩვენთან უნდა წამოხვიდეთ.
პირი მიშრება, მაგრამ ვცდილობ და ჩემი აზრით ვხუმრობ:
-ასე შინაურულად ჩაცმული თუ საგარეოდ გამოვეწყო?
-ჯობია საგარეოდ გამოეწყოთ – მეუბნება კაპიტანი
მიხარია, რომ ის თქვენობით მომმართავს. ეს თქვენობით მომართვა ხავსია და მე მა ხავსს ვეჭიდები. ნეტავ რამდენ ხანს გაძლებს ეს ხავსი? ნეტავ დიდხანს გაძლოს!
-მობრძანდით –ვეპატიჟები მოლაპარაკე კაპიტანს და ჩუმ მაიორს სახლში – ჩაცმას დრო ჭირდება და აქ ხომ არ იდგებით.
ისინი შემოდიან და აქამდე ჩუმი მაიორი ამბობს:
-აქა მშვიდობა.
მე მაიორს ვუღიმი. მაიორი არ მიღიმის. ვგრძნობ რომ ხავსი სიმყარეს კარგავს გულშეკუმშული კარს ვკეტავ.
ჯერჯერობით გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ სამივეს ლაპარაკი შეგვიძლია.

III

მაიორი და კაპიტანი ლოჯში, დივანზე სხდებიან.
-ჩავიცმევ და დაგიბრუნდებით – ვპირდები მაიორს და კაპიტანს. უფრო მაიორს რადგან ჩინით ის მაღლა დგას კაპიტანზე. ჩემზე ეს უნებურად მოქმედებს.
-თუ გინდათ ტანსაცმლის შერჩევაში დაგეხმარებით. ფერთა შეხამება, სოლიდარობა – კაპიტანი წამოდგომას აპირებს.
მე არ ვაცლი. ვეუბნები:
არა, არ არის საჭირო, გმადლობთ, ბრძანდებოდეთ.
-კაპიტანი სამსახურში ჩადგომამდე დიზაინერი იყო – ამბობს მაიორი და იღიმის. კაპიტანიც იღიმის. მე ვცდილობ გაღიმებას. ზუსტად არ ვიცი კარგად გამომდის თუ არა. მგონი არ გამომდის – ვხუმრობ. რა თქმა უნდა ვხუმრობ.
მაიორი კაპიტანს მხარზე უტყაპუნებს ხელს.
მე მათ ვტოვებ. საძინებელში შევდივარ. გარდერობის კარს ვაღებ. კარი ჭრიალით იღება, გარდერობი ძველია. ბებიას და ბუბუას (მე ვერცერთს ვერ მოვესწარი. არც ვწუხვარ და არც მიხარია, ეს ამბავი. რატომ უნდა ვწუხდე? რატომ უნდა მიხაროდეს?) ნაქონი.
მე არ მაქვს ლტოლვა ძველი ნივთებისადმი. ამიტომაც დიდი სიამოვნებით გავცვლიდი ამ ძველ გარდერობს ახალში. აი, ჩაივლის ეს ამბავი და გაზეთში განცხადებას გამოვაქვეყნებ: ვცვლი ძველ გარდერობს ახალ გარდერობში. ალბათ ვიღაც დამთხვეული კოლექციონერი გამომეხმაურება. შეიძლება არც გამომეხმაუროს. არ ვიცი.
საერთოდაც არაფერი არ ვიცი. არ ვიცი დამთავრდება თუ არ დამთავრდება ეს ამბავი, რა უნდათ ჩემგან მაიორს და კაპიტანს, ორივეს ერთიდაიგივე რამ უნდათ ჩემგან, თუ ცალ-ცალკე სურვილები აქვთ.
ვფიქრობ: რატომ ვცხოვრობ მერვე სართულზე. მეორეზე რომ ვცხოვრობდე გადავხტებოდი და გავიქცეოდი. იქნებ გაქცევა არ არის საჭირო. თუ გაქცევა არ არის საჭირო, მაშინ გამოდის რომ ძალიან კარგია, რომ მერვე სართულზე ვცხოვრობ, მერვე სართული ხელს მიშლის არა საჭირო რამის გაკეთებაში. არ ვიცი, არაფერი არ ვიცი.
-ხომ კარგად ხართ? ხომ მშვიდობაა? – კაპიტანის ხმაა. წუხს ჩემზე.
ვპასუხობ:
-კარგად ვარ. მშვიდობაა.
-ძალიან კარგი – ეს უკვე მაიორის შეფასებაა.

IV

საგარეო ტანსაცმლის დიდი არჩევანი არ მაქვს. ორი კოსტუმი ერთი შავი (საზამთრო) და ერთიც ხორბლისფერი (საგაზაფხულო). ორი პერანგი. ორი წყვილი ფეხსაცმელი. არცერთი ჰალსტუხი. ჰალსტუხებს ვერ ვიტან. ჰომოსექსუალივით ვმეტყველებ. რა ჯანდაბაა ჰალსტუხებს ვერ ვიტან. ეტყობა რაღაც-რაღაცებიმართლა ურთიერთკავშირშია.
ახლა გაზაფხულია. თბილი დღე დგას გარეთ. ამიტომაც თეთრ კოსტუმს ვიცმევ. ვფიქრობ, რომ მშვენივრად გამოვიყურები.
მაიორთან და კაპიტანთან გავდივარ.
-მშვენივრად გამოიყურებით – მაიორი მეუბნება
მეც ასე ვფიქრობ-თქო ხომ არ ვეტყვი. უხერხულია.
-გმადლობ –ვამბობ მე
-წავედით –კაპიტანი ამბობს
ნებართვას ვითხოვ:
-თუ შეიძლება წერილს დავუტოვებ დედას და ჩემს დას
-უნ შეწუხდებით –კაპიტანი ჯიბიდან ოთხადგაკეცილ ფურცელს იღებს და მაწვდის –აი, წერილი.
კაპიტანს ოთხადგაკეცილ ფურცელს ვართმევ
-შეიძლება გავშალო?
-რა თქმა უნდა.
ვშლი. ფურცელზე მსხვილად ერთადერთი სიტყვა წერია: წავედი
-სად წავედი. რატომ წავედი. დედას შეეშინდება –მრცხვენია რომ პატარა ბიჭივით ვლაპარაკობ.
მაიორი იღიმის. უფროსწორედ მაიორი დამცინის.
ფურცელს ვკეცავ. ვამბობ:
-იყოს, როგორც არის. წავედით.
სახლიდან გავდივართ. კარს ვკეტავ. დაკეტილი კარის ღრიჭოში წერილს ვჩურთავ
წავედი

V

ავტომობილში უკანა სავარძელში ვჯდები. კაპიტანმა მიბრძანა ასე მოქცევა. ორივე კარი ავტომატურად იკეტება – ტკაც. ხაფანგში ვარ.
საჭესთან კაპიტანი ზის. მაიორი მის გვერდზეა. რადიოს რთავს და ტალღიდან ტალღაზე გადადის და გადმოდის. ეტყობა რაღაც კონკრეტულს ეძებს.
კაპიტანი გასაღებს კლიტეში ატრიალებს და ავტომობილი იქოქება.
-წავედით –ამბობს კაპიტანი და უკუსვლით გზაზე გავდივართ. გზაზე გასულები წინსვლას ვიწყებთ.
მაიორმა სასურველი ტალღა იპოვა. ქალის ხმა მესმის: თვითმფრინავის გამტაცებლებს ჯერჯერობით საკუთარი მოთხოვნები არ წამოუყენებიათ.
ვფიქრობ: ეს ამბავი არ მეხება. ეს ამბავი არ მაინტერესებს. გაივსო მსოფლიო გამტაცებლებით. ყველგან ადამიანები ადამიანებს კლავენ. ტელევიზორი და რადიო სულ ამაზე ქაქანებს. მაგრამ არსებობბს სარეკლამო პაუზები. ამ პაუზების დროს ცხოვრება მშვენიერია. რეკლამის შემდეგ კვლავ გატაცებები, მკვლელობები. მეც ხომ არ გამიტაცეს? ვეკითხები საკუთარ თავს. იქნებ არც მაიორია მაიორი და არც კაპიტანია კაპიტანი. იქნებ ორივე გადაცმულები არიან. პირველად ცხოვრებაში ძალიან მიხარია, რომ მდიდარი ოჯახის შვილი არ ვარ. ვწყნარდები. მე ვინ გამიტაცებს. მე ვის რაში ვჭირდები. მაიორი მაიორია. კაპიტანი კაპიტანია.
მუსიკა მესმის.ეტყობა საინფორმაციო გამოშვება დამთავრდა.
-როგორი მუსიკა მოგწონთ? –მეკითხება მაიორი
-კარგი –ვამბობ და ვხვდები რომ მკვახე პასუხი გამომივიდა და ვაზუსტებ –წყნარი, ჩქარი, ძველი, ახალი, ინსტრუმენტული, ელექტრონული, . სულერთია. მთავარია ვიგრძნო და განვიცადო. ავცეკვდე ან ჩავფიქრდე.
-მე ძველებური სიმღერები მომწონს –ამბობს მაიორი და თავის საყვარელ მუსიკოსებს თვლის.
არ მაინტერესებს ეს საუბარი. აქეთ-იქეთ ვიხედები. აქეთაც და იქეთაც შენობებია. დაბალი სიჩქარით ვმოძრაობთ. შენობებს მკაფიოდ ვხედავ.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში დანიშნულების ადგილზე ვართ. ორივე კარი ავტომატურად იღება. მხოლოდდამხოლოდ კაპიტანის ბრძანების შედეგად გადმოვდივარ ავტომობილიდან.
ღრმად ვსუნთქავ ჰაერს...

VI

ნაცნობ ადგილზე ვარ. აქ, ადრე ფაბრიკა იყო და ამ ფაბრიკაში მამა მუშაობდა. მე ხშირად მოვდიოდი მამასთან ფაბრიკაში. კარგი დრო იყო. პატარა ვიყავი. მამა ახლგაზრდა იყო. ფაბრიკის ადმინისტრაციული კორპუსის სახურავზე მერცხლებს ბუდე ჰქონდათ. მამა მიყვებოდა როგორ ცხოვრობდნენ მერცხლები, როგორ მიფრინავდნენ თბილ ქვეყნებში, როგორ მოფრინავდნენ უკან. მომწონდა მერცხლების ცხოვრება. უფროსწორედ მამას მოყოლილი მერცხლების ცხოვრება მომწონდა. მერცხალი მინდოდა ვყოფილიყავი.
შემდეგ, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს მერცხლები გაქრნენ.
-მა სად გაქრნენ მერცხლები?
-მერცხლებიხ კვდებიან –თქვა მამამ
პატარა ვიყავი. მჯეროდა სიკვდილის არსებობა, მაგრამ სულ არ მეშინოდა სიკვდილის...
შემდეგ ფაბრიკა დაანგრიეს და ეს მაღალი შენობა ააშენეს, რომლის შესასვლელთანაც ახლა ვდგავარ და მაიორს და კაპიტანს ვუცქერ. მაიორი და კაპიტანი სიგარეტს ეწევიან. ვფიქრობ: ალბათ შენობაში მოწევა აკრძალულია.
სიგარეტს არ მთავაზობენ. ეტყობა იციან რომ არ ვეწევი. თუმცა ამეებმა ყველაზე ყველაფერი იციან. მეღიმება. ეს სიმწრის ღიმილია.
მაიორი სიგარეტის ნამწვს ურნაში აგდებს. კაპიტანი იგივეს აკეთებს.
-შევედით –ამბობს მაიორი.
ჩვენ შენობაში შევდივართ. ავდივართ კიბეზე. სართულებს ვითვლი. პირველი. მეორე. მესამე. მეოთხე. მეხუთე. მეექვსე. მეშვიდე.
მეშვიდე სართულზე ვჩერდებით. შიგნით შევდივართ და უზარმაზარ დერეფანს ვხედავ. დღემდე მეგონა რომ ასეთი დერეფნები მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსების მიერ გამოგონილ სიზმრებში არსებობდა.
არასწორედ მეგონა.

VII

საკუთარი, მაიორის და კაპიტანის ფეხისხმა მესმის. მეშვიდე სართულის უზარმაზარ დერეფანში მივდივართ.
ვფიქრობ: ნეტავ რაზე ფიქრობს მაიორი? ნეტავ რაზე ფიქრობს კაპიტანი? ნეტავ რას მიპირებენ?
დერეფანი მაშინებს და მაპატარავებს. მინდა გამოველაპარაკო მაიორს და კაპიტანს. ორივეს ერთად ან ცალ-ცალკე. სულერთია, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. დერეფანი მაშინებს და მაპატარავებს.
მაიორი და კაპიტანი ნელა მოძრაობენ. მეც ნელა ვმოძრაობ. იძულებული ვარ. მაიორს და კაპიტანს ვერ გავასწრებ. სად გავასწრო. ნეტავ რას მიპირებენ?
თავბრუ მეხვევა. ვბარბაცებ. მარცხნიდან კაპიტანი, მარჯვნიდან მაიორი მიდგებიან მხარში. რაღა წამაქცევს? ვერაფერი.
კაპიტანს მაიორზე დიდი მხრები აქვს...
მაიორი და კაპიტანი ჩუმად არიან. მათი შიჩუმე მაშინებს. დერეფანსაც ბოლო არ უჩანს. რაც იმას არ ნიშნავს, რომ დერეფანს ბოლო არ აქვს. ნეტავ მალე გაირკვეს ყველაფერი.
ერთი, ორი, სამი, ოთხი ნაბიჯი და მაიორის და კაპიტანის მხარში დგომა აღარ მჭირდება. უკვე აზრზე ვარ! თავბრუ აღარ მეხვევა და აღარ ვბარბაცებ.
მაიორი და კაპიტანი ჩერდებიან. მეც ვჩერდები. იძულებული ვარ.
ჩვენ უზარმაზარ კართან ვდგავართ.
მაიორი მორიდებულად აკაკუნებს კარზე:
-მობრძანდით –კაცის ხმაა
მაიორი კარს აღებს.
რიგრიგობით შევდივართ კარსიქით.

VIII

ოთახი დიდია და ნათელი. ოთხი დიდი ფანჯარა აქვს. ერთერთ ფანჯარასთან მელოტი კაცი დგას. ის ფანჯარაში იცქირება.
მაიორი ამბობს:
-ბატონო გენერალო, თქვენი ბრძანება შესრულებულია.
გენერალი ტრიალდება. დაღარული სახე აქვს.
-გამარჯობა –მესალმება. ხელს მიწვდის და თვალებში მიყურებს.
-გამარჯობათ –ვესალმები. ხელს ვართმევ. მის მზერას ვერ ვუძლებ და მზერა კედლებზე გადამაქვს. ერთერთ კედელზე პრეზიდენტის ფოტო კიდია. პრეზიდენტი იღიმის.
-დაგვტოვეთ –გენერალი მაიორს და კაპიტანს მიმართავს.
მაიორი და კაპიტანი ოთახიდან გადიან. ნახვამდის მაიორო. ნახვამდის კაპიტანო.
ოთახში ვრჩებით: გენერალი, მე, პრეზიდენტის ფოტო და სხვა უსულო საგნები.
-დაბრძანდით –გენერალი სავარძელზე მითითებს.
-გმადლობთ –ვჯდები. სავარძელი რბილია. ვთამამდები. ფეხს ფეხზე ვიდებ. ჩემს წინ ჟურნალების მაგიდა დგას. ფეხსაცმლის წვერით ოდნავ ვეხები მაგიდის კიდეს და ვიცი რას მეტყვის გენერალი. ის ჯერჯერობით ჩუმადაა.
გენერალი თავისი სამუშაო მაგიდის ერთ-ერთ უჯრას აღებს, რაღაცას იღებს. უჯრას ხურავს და ჩემთან მოდის.
გენერალი მაგიდაზე ფოტოს დებს და მეკითხება:
-იცნობთ ამ პიროვნებას?
მაგიდისკენ ვიწევი. ფოტოს ვიღებ და ვუყურებ. ეს მამას ფოტოა, ოღონდ ფოტოზე მამა თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლისაა.
-იცნობთ ამ პიროვნებას> -გენერალი შეკითხვას მიმეორებს.
-ვიცნობ –ვამბობ მე –მამაჩემია.

IX

გენერალი გვერდზე მიჯდება, ფოტოს მართმევს და მეუბნება:
-და იცი ეხლა სად არის მამა? ოღონდ არ მითხრა, რომ მოკვდა. მე და შენ ხომ ვიცით და გვჯერა რომ სიკვდილი არ არსებობს.
-თქვენ საიდან იცით?
-რა, სიკვდილი რომ არ არსებობს? თუ შენ რომ იცი და გჯერა ეს?
პირი მაქვს გამშრალი. ენას ტუჩებზე ვისმევ და ვამბობ:
-ორივე.
-სიკვდილი რომ არ ასებობს გავიგე ძალიან, ძალიან ადრე. ხოლო დავიჯერე ასორმოცდაათი წლის წინ –“ბოდავ” ვფიქრობ. გენერალი აგრძელებს –რაც შეგეხება შენ გაქვს აქა-იქ მთვრალს დაყრანტალებული და ფხიზელს ნათქვამი, რომ სიკვდილი არ ასებობს.
ბოდავს! ვიმეორებ გულში. ისე პირველად ვხედავ ასეთ ადამიანს, რომელიც თავს უფლებას აძლევს და ამბობს, რომ ასორმოცდაათი წლის წინ რაღაც დაიჯერა.
-ბატონო გენერალო, ერთი რამ შეიძლება გითხრათ?
-ბრძანე. გისმენ.
ვდგები. ვფიქრობ, რომ ასე ჯობია. ის, რის თქმასაც ვაპირებ, არ არის ინტიმური რამ, უფრო ოფიციალური განცხადებაა.
-ბატონო გენერალო როდესაც ვამბობ ან ვაყრანტალებ, რომ სიკვდილი არ არსებობს, ვგულისხმობ სულის უკვდავებას. რაც შეეხება სხეულს ის მოკვდავია –მძაფრ სიტყვას ვეძებ –და ხრწნადი.
-ასე შეგაშინა ჩემმა ნათქვამმა, რომ ასორმოცდაათი წლის წინ...
-მე არაფრის არ მეშინია –წინადადებას ვაწყვეტინებ გენერალს და ვტყუი.
-შენ გჯერა, რომ ქალაქი რომელშიც ცხოვრობ ათასხუთასი წლის წინ დაარსებული ქალაქია. შენ ასევე გჯერა, რომ სახელმწიფო, რომლის მოქალაქეც ხარ ათასწლეულების წინ შექმნილი სახელმწიფოა. შენ არ გჯერა რომ მე ასორმოცდაათი წლის წინ დავიჯერე, რომ სიკვდილი არ არსებობს. რატომ გჯერა პირველი ორი რამ და რატომ არ გჯერა ჩემი ნათქვამი? მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ შვილო –უკანასკნელ სიტყვას არ ველოდი. გენერალი მთხოვს –ჩემს გვერდზე დაჯექი.
არ მინდა გენერალმა იფიქროს, რომ მისი მეშინია ან ვერიდები. ამიტომაც მის გვერდზე ვჯდები. თავდახრილი ვარ და ფეხსაცმელებს ვუცქერ. გენერალის ხმა მესმის:
-იფიქრე, შვილო რატომ გჯერა რაღაცეები გადაუმოწმებლად და რატომ არ გჯერა ჩემი ნათქვამი.
ვფიქრობ: რატომ მჯერა, რომ ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობ ათასხუთასი წლის წინაა დაარსებული? რატომ მჯერა, რომ სახელმწიფო რომლის მოქალაქეც ვარ ათასწლეულების წინაა შექმნილი? ორივე შეკითხვას საერთო, მარტივი პასუხი აქვს. ბავშვობაში მასწავლეს ასე. რატომ არ მჯერა გენერალის ნათქვამი, რომ ასორმოცდაათი წლის წინ მან დაიჯერა სიკვდილის არ არსებობა? ამ შეკითხვასაც მარტივი პასუხი აქვს: ჩემთვის ბავშვობაში არ უსწავლებიათ, რო ადამიანები ასწლეულებს ცხოვრობენ. ყვავებზე მასწავლეს, ადამიანებზე არა. დავუშვათ ესწავლებინათ ჩემთვის ბავშვობაში, რომ ადამიანები ყვავებზე ნაკლებები არ არიან და ასწლეულებს ცხოვრობენ. დავიჯერებდი თუ არ დავიჯერებდი? ალბათ დავიჯერებდი და ახლა გენერალის ნათქვამში არაფერი არაბუნებრივი არ იქნებოდა...
თავს ვწევ. გენერალს ვუცქერ. გენერალიც მიცქერს. ჩუმად ვართ. ვფიქრობ: შეიძლება გენერალი არ ბოდავს, შეიძლება მართლაც ასორმოცდაათი წლის წინ დაიჯერა, რომ სიკვდილი არ არსებობს. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ბავშვობაში არ მასწავლეს, არ მომაწოდეს ინფორმაცია. გაკვრითაც კი არ მითხრეს, რომ ადამიანები... მგონი ახლა მე ვბოდავ.
დუმილს ვარღვევ. გენერალს ვეკითხები:
-ბატონო გენერალო, რამდენი წლის ბრძანდებით?
-აღარ მახსოვს –გენერალი მიღიმის. შემდეგ დგება და ფანჯარასთან მიდის.
ვფიქრობ: ძალიან კარგადაც ახსოვს. განზრახ არ მეუბნება. ინტრიგას ინარჩუნებს.

X

გენერალი ფანჯარასთან დგას. გარეთ იცქირება. ჩუმადაა. მე ვზივარ. მეც ჩუმად ვარ და ვფიქრობ, რომ დრო გადის.
მოულოდნელად გენერალი მეუბნება:
-მოდი აქ.
ვდგები და მივდივარ. ფანჯარასთან ვდგავარ. ქალაქის ერთ-ერთ უშნო ნაწილს ვხედავ: მშნებარე კორპუსები, ქვიშის გორები. მახსოვს: ბავშვობაში ქვიშაში ბიჭებს გვირაბები გაგვყავდა. გოგოები პასკებს აკეთებდნენ. ბიჭები და გოგოები სხვადასხვა რამეში ვიყენებდით ქვიშას. მიზანი ერთი გვქონდა – გართობა. ბიჭები ვთვლიდით, რომ გოგოები შტერები იყვნენ. გოგოები თვლიდნენ, რომ ბიჭები ვიყავით შტერები. გოგოები, ბიჭები, ვხვდები, რომ ადამიანურ რამეებზე ვფიქრობ. ვგრძნობ აღარ მეშინია. ეს გენერალის დამსახურებაა. გენერალი კარგად მექცევა. თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი რატომ ვარ აქ.
მშენებარე კორპუსებში მუშები მოძრაობენ. ლურჯი სპეცტანსაცმელი აცვიათ და ყვითელი ქუდები ახურავთ.
ვფიქრო: ალბათ გენერალიც მშენებარე კორპუსებში მოძრავ მუშებს უცქერს. ცალი თვალით გენერალს ვუცქერ. გენერალი მშენებარე კორპუსებისკენ იცქირება. შეიძლება მე მეჩვენება ასე.
ორივე თვალით მშენებარე კორპუსებს ვუცქერ. მშენებარე კორპუსები ტყუპებივით გვანან ერთმანეთს და მიტყუპულები არიან.
გენერალის ხმა მესმის. ის ამბობს:
-ვერ გადავეჩვიე აზროვნებას და მეტყველებას ისეთი ცნებებით, როგორებიცაა: ხალხი, კაცობრიობა, ინტელიგენცია, პროლეტარიატი. თქვენც ამ ცნებებით აზროვნებთ და მეტყველებთ?
-სამწუხაროდ, კი.
-ცუდია. ძალიან ცუდია. აი, მშენებარე კორპუსებში მოძრავ მუშებს ვუცქერდი და ვფიქრობდი: საწყალი პროლეტარიატი. არადა ცალ-ცალკე ადამიანები არიან. ერთი მხიარულია, მეორე უჟმურია, მესამის ხასიათი ამინდზეა დამოკიდებული და ა.შ. ერთი ბედნიერია, მეორე უბედური, მესამეს ბედნიერება უბედურება ამინდზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ფეხბურთის გუნდებს გულშემატკივრები არიან –გენერალი ჩუმდება ერთხანს. შემდეგ ამბობს –საქმეზე გადავიდეთ შვილო.
ვფიქრობ: როგორც იქნა. ვნატრობ: ნეტავ ცუდი არაფერი იყოს. ვიცი: ყველაფერს მალე გავიგებ.
ვღელავ.

XI

გენერალი მშენებარე კორპუსებისკენ იშვერს ხელს და მე ვფიქრობ, რომ ჩემი აქ ყოფნა კორპუსებს უკავშირდება. გენერალი ამბობს:
-მშენებარე კორპუსების იქით გორას ხედავ?
არასწორედ ვფიქრობდი. ჩემი აქ ყოფნის მიზეზი მშენებარე კორპუსებს იქითაა.
-ვხედავ –ვამბომ და მშენებარე კორპუსების იქით გორას ვხედავ.
-გორამდე ერთადერთი გზა მიდის –გენერალი მიხსნის. ჯერჯერობით არ ვიცი რატომ მიხსნის. გენერალი აგრძელებს –გორაზე მამაა, ხედავ?
-ვერ ვხედავ –ვამბობ და გორაზე მამას ვერ ვხედავ.
-გორაზე მამაა –იმეორებს გენერალი. შემდეგ არჩევნის უფლებას მაძლევს. შენ შეგიძლია შეხვდე, შეგიძლია არ შეხვდე მამას.
მე მინდა ვთქვა, რომ სისულელეა ეს ყველაფერი და, რომ სახლში მივდივარ. მაგრამ არ ვამბობ. რაღაც მაკავებს. საინტერესოა რა? შიშით არ მეშინია. საინტერესოა რა? გენერალის ნათქვამის ხომ არ მჯერა?
-ბატონო გენერალო თქვენ ხედავთ მამას?
-ვხედავ –გენერალი გორას უცქერს და მამას ხედავს (თუ დავუჯერებ)
-და როგორია მამა?
ფოტო ხომ განახე.
-ფოტოზე მამა შვილად მეკუთვნის. რა, მამა მამა აღარაა? რა, მამა შვილად იქცა?
-მამა შვილად იქცა, თან მამად რჩება. მომყევი.
გენერალი კარისკენ მიდის. გენერალი კარს აღებს. დერეფანში გავდივართ.
-თუ გსურს, რომ მამას შეხვდე წინ იარე. თუ არა უკან წადი. წინა გზა შენთვის ახალი გზაა, ამიტომაც საშიშია და იდუმალი. უკანა გზა შენთვის ნაცნობია, არასაშიშია და არა იდუმალი. საიდანაც მოხვედი იქ მიგიყვანს.
-სახლში –ვამბობ მე და ვიძაბები
-და რა არის სახლი მამას გარეშე? არაფერი.
ვფიქრობ: გენერალი მართალი. სახლი მამას გარეშე ცარიელია.
-რატომ უნდა მჯეროდეს თქვენი, რომ ახალი გზის არჩევის შემთხვევაში მამას ვნახავ?
-იმიტომ –მოკლედ მპასუხობს გენერალი. ოთახში შედის. კარს ხურავს. კარი ქრება. მე არ ვიცი ეს უახლესი ტექნიკური ფოკუსია თუ სასწაული. ხომ არ მელანდება ეს ყველაფერი? ხორცს ვიგრიხავ მარცხენა ხელის გულზე. მტკივა. მახსენდება, რომ სიზმარშიც მტკივა ხოლმე ხორცი უხეში შეხების შემდეგ. ხორცის ნდობა არ შეიძლება. ხორცი ცხადს და სიზმარს ვერ არჩევს. ხორცისთვის სულერთია ცხადი და სიზმარი. ხორცს ცხადშიც ტკივა და სიზმარშიც. ხორცს ხცადშიც სიამოვნებს და სიზმარშიც. რატომ?
იმიტომ. ვიმეორებ გენერალის ბოლო პასუხს
ასე მამას ვპასუხობდი ბავშვობაში, როდესაც დასმულ შეკითხვაზე ვგრძნობდი რომ პასუხი მქონდა, მაგრამ ამ პასუხს ვერ ვაყალიბებდი. შეიძლება გენერალიც ასეა...
რატომ? იმიტომ.

XII

დერეფანში ვარ. მარტო ვარ. ვარ. თავიდან უკანა გზას ვადგები. ეს გზა ჩემთვის ნაცნობია, არა საშიში და არა იდუმალი, მივყავარ იქ საიდანაც მოვედი – სახლში.
ამ გზაზე მარტო პირველად ვარ. რამდენიმე ნაბიჯს ვდგავ სახლისკენ. გენერალის ხმა ჩამესმის. რა არის სახლი მამის გარეშე? არაფერი.
აქეთ-იქით ვიხედები. მარტო ვარ. დერეფანში ვარ. ვარ. ხმა მესმის, მაგრამ ხმის პატრონს ვერ ვხედავ. მარტო ვარ. ვარ და მიხარია, რომ ვარ. ეს ფილოსოფიური სიხარულია. მარტო რომ ვარ ეს არ მიხარია. გულის ამბავია.
ვფიქრობ: გენერალი მართალია. სახლი მამის გარეშე არაფერი არ არის. მახსენდება ორმოცი ცარიელი დღე, დაძინებები და გაღვიძებები, უაზრო წრიალი. მე ვიცი: გაივლის დრო და ამ სიცარიელეს შევეჩვევი. დაძინებას და გაღვიძებას ხომ კარგახანია შეჩვეული ვარ. ისიც ვიცი, რომ დიდი დაძინება მომელის დიდი გაღვიძების წინ ადრე თუ გვიან. ყოველწამს, ყოველწუთს, ყოველდღე, ყოველდროს. მანამდე დაძინებასა და გაღვიძებას შორის უაზროდ ვწრიალებ სიზმრებში. მანამდე გაღვიძებასა და დაძინებას შორის უაზროდ ვწრიალებ ცხადში. მაგრამ გაივლის დრო და შევეჩვევი ამ სიცარიელეს და მშვიდად ვიცხოვრებ სიცარიელეში. მაგრამ არსებობს სხვა გზაც. გენერალის ხმა ჩამესმის: მამა შვილად იქცა, თან მამად რჩება. კვლავ აქეთ-იქით ვიხედები. კვლავ მარტო ვარ. კვლავ მიხარია, რომ ვარ და ეს კვლავ ფილოსოფიური სიხარულია. მარტო რომ ვარ კვლავ არ მიხარია და ეს კვლავ გულის ამბავია.
ვფიქრობ: მამა შვილად იქცა თან მამად რჩება. რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ უკან. საწყის წერტილზე ვბრუნდები. შემდეგ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ წინ – მამასკენ.
ეს ჩემთვის ახალი, იდუმალი გზაა და მეშინია. მეშინია და ეჭვები მესევიან.
ვფიქრობ: რამდენ ხანს მომიწევს ამ გზაზე სიარული? რამდენ ხანში ვნახავ მამას? გენერალს ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს. მე მჭირდება გარანტიები. მე მინდა ყველაფერი წინასწარ ვიცოდე. მეშინია. მეშინია და ეჭვები მესევიან.
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ უკან. საწყის წერტილზე ვბრუნდები.
ვფიქრობ: დედა და ჩემი და ალბათ უკვე დაბრუნდნენ სახლში და იციან, რომ წავედი.
როგორც ყოველთვის ცრემლებს ვყლაპავ და ვფიქრობ, რომ ნერწყვს ვყლაპავ.

2006 წ.

წყარო - http://lib.ge/body_text.php?7887

study


Last edited by Admin on Wed Mar 20, 2019 10:35 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
ნინო ჭინჭარაული

Female
Number of posts : 82
Age : 31
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

დავით ქართველიშვილი Empty
PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   დავით ქართველიშვილი EmptyTue Feb 15, 2011 12:22 pm

მომეწონა.სხვაც დადეთ რა ამ ავტორის Smile


დავით ქართველიშვილი 4_aaaa10
წიგნის სახელი: "ოთხი მოთხრობა"
ავტორი: დავით ქართველიშვილი
გამომცემელი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გვერდების რაოდენობა: 127
ISBN 9789994099825
ჟანრი: პროზა.
წელი: 2007
პრემია: "საბა–2008", ნომინაცია "წლის საუკეთესო პროზაული კრებული".
Back to top Go down
http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

დავით ქართველიშვილი Empty
PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   დავით ქართველიშვილი EmptyWed Nov 16, 2011 4:53 pm

დავით ქართველიშვილი 6_aaaa10

წიგნის სახელწოდება – "6 სიზმარი"
ავტორი – დავით ქართველიშვილი
ISBN: 978-9941-15-334-1
კატეგორიები: ქართული პროზა
ტეგები:
გვერდების რაოდენობა: 116
ყდა: რბილი
ფორმატი: 13X19,5
გამოცემის თარიღი: 2011
წონა: 0.104კგ

ანონსი – ქალი და მამაკაცი, რომლებიც ცხოვრებას თამაშობენ; ხილვებით გარემოცული ჯარისკაცი; სახლიდან უბრალოდ წასული ახალგაზრდა; ადამიანი, რომელმაც 80 წელი დედამიწაზე გაატარა და მაინც ვერაფერი იპოვა; ლიდერი მიკი–მაუსის ფორმით და მისი ერთგული ძაღლი; ერთმანეთისგან თითქოს დამოუკიდებელი სამი ამბავი ერთი ფინალით – ამ, ერთი შეხედვით განსხვავებულ ისტორიებს, რამდენიმე ძირითადი თემა აერთიანებს და ბოლომდე გაურკვეველია, სინამდვილეა თუ უბრალოდ პერსონაჟებს ესიზმრებოდათ ყველაფერი.

სადაა რეალობა, სინამდვილეში რა არის და სად ცხოვრობს ადამიანი, იქნებ ცხოვრებაც ერთი დიდი სიზმარია? – დავით ქართველიშვილის "ექვსი სიზმარი" ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ ჩააფიქრებს მკითხველს.

ბმული – http://sulakauri.ge/books/single/492/


Sulakauripublishing
Published on Dec 24, 2012
რადიო "თავისუფლების" რუბრიკაში "ბიბლიოთეკა", მალხაზ ხარბედია საუბრობს დავით ქართველიშვილის ორ წიგნზე - "მოცემულობა" და "6 სიზმარი".

study


Last edited by Admin on Wed Mar 20, 2019 10:54 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

დავით ქართველიშვილი Empty
PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   დავით ქართველიშვილი EmptyWed Mar 20, 2019 10:05 am

დავით ქართველიშვილი F20fd3639259


დავით ქართველიშვილი

ხედი აქედან

1



სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ რომ მოელი

არ იცნობ. გაშინებს ამიტომ ყოველი

ცოდვა და არ იცი როგორი იქნება

სასჯელი ან შვება, ალაგებ წიგნებად

ყველაფერს რაც გახსოვს და თავზე გადაგხდა,

მხოლოდ სამოთხეზე იყავი თანახმა

მუდმივად.



2



ყოველთვის გინდოდა რითმებით გეწერა,

ახლა შორსა ხარ და რაც გეწვევა;

ხიფათი, სიკვდილი, სახელი, ბარაქა

შენია, სამშობლოს წილი არა აქვს..

დადიხარ ქუჩებში;სიბნელე, ნათელი..

იცი შენ სახელზე არცერთი სანთელი

აღარ ანთია.



3



სიკვდილი აქვეა, მაგრამ თავს იტყუებ

ათვალიერებ დახლებზე ციტრუსებს

ადრე თამაშობდი „ვითომ მკვდარი ხარ-ს“

ახლა ეჭიდები ცხოვრებას გამრიყავს,

გრძნობების, აზრების დაეცა ხარისხი..

ასეთიც მოკვდები.. დაჯექი.. დაისხი..

ამინდი კარგია.



4



დროდადრო ჩერდები,კითხულობ აფიშებს,

მოელი ყოველთვის რაღაცა საშინელს

რადგან ქვეყანა რომელიც დატოვე

გიგზავნის წერილებს და კიდევ: აბოტებს

სიზმრებში, რომელშიც არ ეპატიჟები..

აქაც ცხოვრობენ წმინდანი გიჟები

და მათთან მეგობრობ.



5



ტალღები არღვევენ სიჩუმეს, საერთო

აქ არაფერია, ძნელია გაერთო

ტალღების ყურებით და ოკეანეთი, რომელიც

ცივია და აქვე მშრომელი

ხალხი თამაშობს ფრენბურთს და კალათბურთს

დღეს შაბათია და შენ განაბულს

ვერავინ ვერ გამჩნევს.



6



თანდათან ივიწყებ ხედებს და სახელებს

ქუჩების რომელიც გიყვარდა, მნახველებს

არ იღებს არცერთი სამხატვრო დარბაზი

რადგან შაბათია, შენ არ გაბრაზდი

არასდროს გიყვარდა მხატვრობა, პირიქით.

აქ გადარჩენა ძალიან ძვირი ღირს

თავის.



7



მოგიწევს ლოდინი, რადგანაც გაგასწრო

ტრანსპორტმა,დგახარ და უყურებ: სახანძრო

კიბესთან მდგომ ბავშვებს და შენი ბავშვობა

მკვდარია, აღარ ღირს ამ თემის განვრცობა

რადგან ბავშვობა ისეთი რამ არის

ყველას გონია, რომ აწ და მარადის

ინარჩუნებს.



8



კვერცხები გუშინ წითლად შეღებე

გადაიხადე ღვთიური დე.ღე.გე.

მოელი აღდგომას, გჭირდება სიცოცხლე

და მარადისობა, ისევე გაღელვებს იფრენ თუ იცოცებ

რადგანაც არ იცი: „ღმერთო მიშველე“

მხოლოდ სიტყვებია თუ .. სხეულის სისველე

გაღიზიანებს.



9



ყველა ვინც დარჩა, ყველა ვინც დატოვე

ცხოვრობს უშენოდ და ვეღარ ატოლებ

შენ შიშებს მათ შიშებს და გადის ცხოვრება

ხანდახან წვიმაა, ხანდახან თოვდება

სადღაც შორს, აქ კიდევ ყოველთვის დარია,

ვინ გენატრება ყველაზე ძალიან?

ანა.

* http://www.bu.org.ge/x1751?lang=geo


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

დავით ქართველიშვილი Empty
PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   დავით ქართველიშვილი EmptyWed Mar 20, 2019 10:07 am

დავით ქართველიშვილი Davit-qartvelishvili

დავით ქართველიშვილი

დაბრუნების სიმღერა

1.



33 წელი ვიცხოვრე უცხო ქალაქში.

წამოსვლისას ვიგრძენი,

რომ თითქმის მშობლიურ ქალაქს ვტოვებდი, სადაც დავტოვე;

დედაჩემი (მამამ ოდესღაც თავად დამტოვა),

ჩემი ცოლი, ჩემი შვილები: გოგო და ბიჭი, ჩემი ახალი მეგობრები.

ორმა მათგანმა ზამთრის ღამეში მიმაცილა აეროპორტამდე,

დავტოვე ღამე და სიცივე,

რომელსაც ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სხეულით შევეჩვიე.

თვითმფრინავში მშვიდად ვიჯექი ილუმინატორთან,

ჩემს გვერდზე იჯდა უცხო კაცი მკვეთრი სახით,

სახელურებზე ედო ხელები და მე ვფიქრობდი,

რომ ცაში ფრენა სულ არ ნიშნავს ცაში ცხოვრებას,

ამასობაში თვითმფრინავმა დაშვება იწყო

და როგორც მგზავრი მას მივყევი, სხვა გზა არ მქონდა,

დაშვებამდე კიდევ ერთხელ გავიფიქრე,

რომ ცაში ფრენა სულ არ ნიშნავს ცაში ცხოვრებას,

ასე დავბრუნდი ცაზე ფიქრში დედამიწაზე.

საბაჟოზე გავიარე ფორმალობები;

შემდეგ თითო ხელში თითო ჩემოდნით გარეთ გამოვდგი მარჯვენა ფეხი,

შემდეგ მარცხენაც,

ყველა ცრურწმენა კვლავ გაცოცხლდა ჩემს გულში,

რადგან სამშობლო თავისთავად ცრურწმენაა და

ცრურწმენების გარეშე იქ ვერ იცხოვრებ,

ამიტომაც ყველა მართალი ადრე თუ გვიან ტოვებს სამშობლოს,

მხოლოდ სუსტები ბრუნდებიან და მე დავბრუნდი.



2.



33 წლის განმავლობაში ვერ წავშალე ჩემი ხსოვნიდან ეს ქუჩები და ეს სახლები,

განსაკუთრებით ჩემი ქუჩა და ჩემი სახლი,

რომელსაც ისე გულმოდგინედ ვივიწყებდი ყოველდღიურად,

რომ ასეთი გულმოდგინებით უკვდავებაზე რომ მეზრუნა,

დავიჯერებდი რომ უკვდავი ვარ..

ვერ დავივიწყე, ვერც უკვდავებაზე ვერ ვიზრუნე.

ვიდექი სახლთან ჩემს ქუჩაზე,

აქეთ-იქით ვიხედებოდი,

ალბათ ნაცნობ სახეს ვეძებდი,

ვინც თვალით ეძებს მხოლოდ თვალით პოულობს

და მე ვიპოვე ნაცნობი სახე,

რომელიც სადარბაზოში ისე შევიდა არც გამომხედა,

მივხვდი,ის არ მეძებდა, გულდაწყვეტილი შევედი სახლში.

სადარბაზოში ნაცნობი სუნი მეცა,

ვინც ცხვირით ეძებს მხოლოდ ცხვირით პოულობს.

ამაღელვებელი არაფერია:

არც ლიფტი, არც კიბეები, არც კედლები, არც წარწერები.

წარწერებს შორის წავიკითხე ჩემი სახელიც,

რომელიც თავად მე დავწერე ბევრი წლის წინათ,

ვინ მეგონა ჩემი თავი, ასე მსხვილად რომ ვწერდი ჩემს სახელს?

ვერ გავიხსენე,

ამაღელვებელი თავისთავად არაფერია,

მაგრამ ცოდნას არასოდეს მოაქვს სიმშვიდე

და მე ვღელავდი, აღელვებულმა შევაღე კარი.



3.



33 წლის განმავლობაში ვაიძულებდი ყველას, ვისაც კი ახსოვდა სახლი,

ჩაეთვალა, რომ სახლი სიზმარი იყო,

სახლის გასწვრივ ქუჩა, სკამები სიზმარი იყო

და ნამდვილი ცხოვრება აქ დავიწყეთ.

ისინიც თავებს მიქნევდნენ და კმაყოფილი სულ არ ვფიქრობდი,

თავების ქნევა რამდენად იყო მართალი.

ჩვენ ვერ ვხედავთ ერთმანეთის არათუ სიზმრებს, ერთმანეთსაც კი,

და თუ ხანდახან ვბედავთ, და ერთმანეთს ვუყვებით სიზმრებს,

ეს არ ნიშნავს, რომ ახლობლები ვართ,

მითუმეტეს მეგობრები, ან მეგობრებზე კიდევ მეტი.

ჩვენ ვერ ვხედავთ საკუთარ თავსაც კი,

ჩვენ მხოლოდ სიზმრებს ვხედავთ,

33 წლის განმავლობაში ვაიძულებდი ყველას, ვისაც კი ახსოვდა სახლი,

ჩაეთვალა, რომ სახლი სიზმარი იყო, ცუდი სიზმარი,

გაღვიძება კი იყო ძნელი, მაგრამ სასიხარულო,

მაგრამ უფრო თავს ვიტყუებდით, რომ გავიღვიძეთ,

სინამდვილეში კი დღემდე გვძინავს და არაფერი გვიხარია,

რადგან ძილი სიხარულს გამორიცხავს,

და ჩვენ ყოველთვის სიხარულისთვის სინამდვილეში მივისწრაფვოდით.

ვიჯექი სახლში, სავარძელში,

ვიხსენებდი დატოვებულ დედას და ცოლ-შვილს,

მამას, რომელმაც ოდესღაც თავად დამტოვა

და ამიტომ მამა ჩემთვის ზღაპარი იყო

და როგორც ყველა ზღაპარში

აქაც სიკეთესთან ერთად ხდებოდა ბევრი საშინელება,

ვიჯექი სახლში და ვიხსენებდი.



4.



33 წლის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ არასოდეს ვიყავი ბავშვი

და პირდაპირ დიდი დავიბადე,

ასე მერჩივნა, ასე უფრო კარგად ვგრძნობდი თავს,

თუმცა ვხვდებოდი,

რომ პირდაპირ დიდად დაბადება უკავშირდებოდა რაღაც არასწორს,

საშინელს და კიდევ ცუდად გამორჩეულს,

მაგრამ მაინც ასე ვთვლიდი,

თუმცა ჩათვლა არ ნიშნავს რწმენას

და ამიტომაც ყოველთვის ჩემთან ერთად იყო ჩემი ბავშვობა.

სახლი იყო ცარიელი, მხოლოდ აჩრდილები დაძრწოდნენ შიგნით:

ჩემი აჩრდილი, დედაჩემის აჩრდილი, ჩემი ცოლის აჩრდილი,

რომელიც ამ სახლში მხოლოდ ჩემი ხათრით ცხოვრობდა

და ოცნებობდა რაღაც დიადზე

და ეს დიადი იწყებოდა დედაჩემისგან გამოყოფით,

თუმცა დიადი რამეები ყველას ცხოვრებაში როდი ხდება

და ვერც ყველა შეძლებს საკუთარი დედისაგან გამოყოფას,

რადგანაც არც ცდის.

დავტოვე სახლი, აჩრდილები თან გამომყვნენ, რისთვის დავბრუნდი?

გადავხედე აჩრდილებს და მივხვდი,

მათში არ იყო კითხვის პასუხი,

აჩრდილებს ხელი მოვუქნიე, შემდეგ ფეხიც

და აჩრდილები მიმოიფანტნენ.

“ალბათ დროებით” _ გავიფიქრე და დავინახე გამვლელები,

რომლებიც ისე მიყურებდნენ, მივხვდი რასაც ფიქრობდნენ ჩემზე,

თუმცა ისინი აჩრდილებზე გაცილებით უცხონი იყვნენ,

მათი გაფანტვა არც მიფიქრია.



5.



33 წლის უნახავი ცოცხლების მონახულება პირდაპირ ვერ გავბედე,

ამიტომაც ჯერ მკვდრებს მივადექ,

სასაფლაოზე იყო სიმშვიდე,

თითო-ოროლა ცოცხალი აქეთ-იქით მიმოდიოდა,

ხოლო მკვდრები იწვნენ,

წოლა, ერთადერთი მდგომარეობა,

რომელში ყოფნაც მკვდრებს ეხერხებათ.

დიდხანს ვიდექი მკვდარი მეგობრების საფლავებთან,

ვიცოდი რაღაც უნდა განმეცადა, რაღაც: გულდაწყვეტა, ან სევდა,

ან წარსული დღეების გახსენებით გამოწვეული სითბო,

მაგრამ ვერაფერს განვიცდიდი და ვერც ვერაფერს ვიხსენებდი,

მხოლოდ ქარი მცემდა სახეზე.

ფეხით ვიარე სასაფლაოდან ქალაქამდე, მკვდრებიდან ცოცხლებამდე,

ცოცხალი ვიყავი მაგრამ სიცოცხლის აზრს ვერ ვხვდებოდი,

გადავთვალე და აღმოჩნდა,

რომ ცოცხალ ნაცნობზე მეტი მკვდარი ნაცნობი მყავდა,

მიუხედავად ამისა, მაინც ცოცხლებში მერჩივნა ყოფნა

და ვაიძულებდი თავს ვყოფილიყავი ცოცხლებში რაც შეიძლება დიდხანს.

მკვდრები ცვლიან სამყაროს,

ქალაქი სამყაროს ნაწილია,

ძალიან მცირე უმნიშვნელო ნაწილი,

მაგრამ ჩემთვის ეს ქალაქი სამყარო იყო,

მკვდრები ცვლიან ქალაქს და მახსენებენ, რომ

ადრე თუ გვიან დავტოვებ ქალაქს..

მკვდრებს არაფერი ენატრებათ..



6.



33 წლის განმავლობაში ვემზადებოდი ომისთვის,

თუმცა ომი დიდი ხნის წინ იყო დამთავრებული.

ვემზადებოდი შეტევისთვის, თავდაცვისთვის,

ყველაფრისთვის სიკვდილის გარდა,

არადა ომში სიკვდილი ყველაზე რეალურია,

მაგრამ ომი დიდი ხნის წინ იყო დამთავრებული

და ერთადერთს, რასაც ჩემი თავი მიდასტურებდა,

იყო ის, რომ გადავრჩი, თუნდაც დროებით.

ერთმანეთისთვის არასოდეს გვიკითხავს ომის დაწყების მიზეზები

და არც ის აღგვინიშნავს, რომ გადავრჩით

და რამდენიმე ხნით გადავწიეთ ჩვენი სიკვდილი.

რის გაკეთებას ვაპირებდით ამ დროის მანძილზე?

კონკრეტული გეგმა არ გვქონდა,

ჩვენ ვიცოდით, რომ კონკრეტული გეგმის ქონა იმედგაცრუების საწინდარია,

თუმცა ხმამაღლა არასოდეს ვამბობდით ამას,

რადგან აფერისტულ გამოთქმებს,

მითუმეტეს ლოზუნგებს, მუდამ მხარს ვუქცევდით,

მაგრამ ბედნიერები სულ სხვა მიზეზის გამო ვიყავით.

გაიხსენე ჩვენი ბავშვობა,

როგორ დაემთხვა ჩვენს გარდატეხის ასაკს სამშობლოს გარდატეხა

და როგორ გახდა ჩვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი:

მამული, ენა, სარწმუნოება...

ყველაზე დიდი წარმატებით ეს სამი სიტყვა დავივიწყე უცხო ქალაქში,

და ახლა როცა ამ სამ სიტყვას ერთად წარმოვთქვამ,

მათ შინაარს ჩემში არ ვეძებ.



7.



33 წლის განმავლობაში ვიცვლებოდი,

ალბათ ამიტომ მომეჩვენა ქალაქი ძლიერ შეცვლილი,

ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვეჯიბრებოდით,

ქალაქი იყო გარეგანი,

მე კი ჩემს თავს შინაგანი თვისებების არსებობასაც ვაბრალებდი,

თან ვუსურვებდი.

ასეთი ხერხით მნიშვნელობას ვძენდი სიცოცხლეს,

რომლის აზრსაც თითქმის ვერასდროს ვერ ვხვდებოდი,

მაინც ვცხოვრობდი.

სიცოცხლისთვის აზრის მისაცემად მოვუგონე ჩემს თავს განცდები:

სიყვარული, სევდა, სიშორე და დავიჯერე,

რომ ჩემი ძალა იყო მოგონებაში და არა სინამდვილის ღრმა წვდომაში,

ან ანალიტიკურ აზროვნებაში.

თავად სიტყვებიც: სინამდვილე, ღრმა, ანალიტიკური, აზროვნება

გაცილებით ყალბად ჟღერდნენ, ვიდრე სიტყვები:

სიყვარული, სევდა, სოშორე.

ასეთი ხედვის პატრონს აღარ უნდა გქონდეს იმედი,

რომ იცხოვრებ მარტივად და ხალხმრავლობაში

და თუ გაქვს სახლი, გიწევს ცოლი, ზრუნავ შვილებზე, ბედნიერი ხარ!

მაგრამ ვინ დაკმაყოფილებულა სახლით, ცოლთან წოლით, შვილების ღზრდით?

ადამიანი სურვილებშია გაუმაძღარი,

იყავი ჩემთან, ვისაუბროთ ჩვენს სურვილებზე,

ავუსრულოთ, ან დავავიწყოთ ერთმანეთს ისინი,

ნუ გეშინია, უსურვილო ცხოვრება არ ნიშნავს სიკვდილს,

ცოცხალ-მკვდრები კი ისედაც ვართ.

ნუ გეშინია, ცოცხალ-მკვდრები ისედაც ვართ,

ავუსრულოთ, ან დავავიწყოთ ერთმანეთს სურვილები.



8.



გაღვიძება სახლში და გაღვიძება სტუმრად ორივე გაღვიძებაა,

სხვადასხვანაირი;

სახლში თამამად ვიღვიძებთ, სტუმრად კი ფრთხილად,

ძალიან გვინდა არ შევაწუხოთ სახლის პატრონი ჩვენი გაღვიძებით,

მითუფრო ჩვენი არსებობით,

არსებობა გულისხმობს ჭამას,

გაღვიძების შემდეგ ძირითადად მსუბუქად ჭამენ.

ვიღვიძებ, ისეთი განცდით, რომ სტუმრადა ვარ,

ფრთხილად ვიღვიძებ და ველოდები,

წუთიწუთზე წამომადგება სახლის პატრონი და საუზმეს შემომთავაზებს, ვემზადები უარის სათქმელად,

თან მახსენდება, რომ სახლში ვარ და

ჩემს თავს თავადვე უნდა გავუმასპინძლდე,

საჭმელი არ მაქვს, გარეთ გავდივარ.

ზამთარია, ფრინველები ტრადიციულად

გადაფრინდნენ თბილ ბუდეებში,

ბეღურას არასოდეს ვთვლიდი ფრინველად,

მაგრამ მიუხედავად ჩემი ასეთი შეხედულებისა,

არცერთ ბეღურას არ გადაუფიქრებია ფრენა,

რაც კიდევ ერთხელ მიდასტურებს ჩემს შეზღუდულობას.

ყველა აზრით, განცდით შეზღუდული ვარ,

ვერცერთ ბეღურას ვერ გადავაფიქრებინე ფრენა,

აღარაფერს ვამბობ დიდ საქმეებზე,

არცერთი არ გამომივიდა,

რეალურად ხომ ბეღურები არასოდეს არ მაღელვებდა.

დილამ იცის ასე;

მიდებ-მოდება, დაინტერესება უინტერესო საგნებით, საქმით,

სანამ ძილის დროს სადღაც წასული შენი ცხოვრება არ დაბრუნდება

და არ დაგიმორჩილებს.

ჩაი ცხელია, პური თბილი, გარეთ ცივა და ჩემი ცხოვრება უკვე ჩემშია.

ბეღურები სწრაფად ეძლევიან დავიწყებას.



9.



ჩემს ცხოვრებაში ყველაფერ სწრაფად ცვდებოდა;

ყველა გრძნობა, ყველა სიტყვა, ყველა შეხება.

დღეს ყველაფერი უკვე შორსაა;

ჩვენი გაცნობა, ჩემი და შენი შვილის გაცნობაც,

რომელიც შემდეგ ჩემი შვილიც გახდა,

მაგრამ ცუდ დღეებში, როცა ვჩხუბობდით, მაინც შენ შვილად იხსენიებდი,

დღეს ყველაფერი უკვე შორსაა,

ყველა შვილი ადგას თავის გზას,

ყველა ჩხუბი დავიწყებულია,

ახალი შვილი ვეღარ გვეყოლება,

ახალ ჩხუბს აზრი არ აქვს,

ყველამ დაგვტოვა სიყვარულის და დროის გარდა.

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მალე ცვდებოდა,

ყველა გრძნობა, ყველა სიტყვა, ყველა შეხვედრა,

შენ არ გაცვდი და ახლა როდესაც

ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორი დრო არსებობს “შენთან ერთად” და “უშენოდ”

ვზივარ ჩვენს ბაღში, რომლიც ქონაზეც ვოცნებობდით მთელი ცხოვრება

და არ მხიბლავს არცერთი ხე,

არ მაბრუებს არცერთი ყვავილი,

ვგრძნობ რომ ვკვდები და

არც ბაღთან, არც წიგნებთან, არავისთან,

მხოლოდ შენთან მიჭირს გამოთხოვება,

მხოლოდ შენი უნახაობა ქვია ჩემ შიშს.

გახსოვს რამდენი გვიმსჯელია სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე?!

ამ მსჯელობაში ყველაზე საშიში ერთმანეთთან შეუხვედრელობის დაშვება იყო.

აქ, ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებაში, შენს ცხოვრებაში,

სიკვდილის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი შეუხვედრელობის დაშვება.



10.



არცერთი ჩემი მეგობარი ომში არ მომკვდარა,

ყველა მათგანი ომის შემდეგ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა,

მაგრამ ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს,

ახლა ისინი მკვდრები არიან

და მე მათ მხოლოდ სიზმარში ვხედავ,

ეს სიზმარი არის ცივი და ერთფეროვანი;

ისინი დგანან სადღაც ქუჩაში,

უსინათლო მათხოვრები არიან და რაღაცას მთხოვენ,

მე ვაძლევ ხურდას, ქაღალდის ფულს,

მაგრამ ისინი სულ სხვა რაღაცას ითხოვენ ჩემგან.

მე მათ ვცილდები, ვიღვიძებ და თავს ვიმშვიდებ,

რომ ყველაფერი სიზმარი იყო.

ჩემი არცერთი მეგობარი ომში არ მომკვდარა

და არც თავი მოუკლავს არცერთს,

მე არ მიკითხავს როგორ ხედავენ მათ სიზმრებში მათი ცოლები და შვილები,

ალბათ ჩემგან განსხვავებულად,

ჩვენ ერთმანეთთან არ ვიხდიდით

და მითუმეტეს არც მამაშვილურად გვიყვარდა ერთმანეთი.

დიდი ხანია არცერთი არ მომიკითხავს,

ცოლები ალბათ კიდევ დაბერდნენ,

ბავშვები კიდევ წამოიზარდნენ.

ჩემი არცერთი მეგობარი ომში არ მომკვდარა,

მაგრამ ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს,

ახლა ისინი მკვდრები არიან და მე

მათ მხოლოდ სიზმარში ვხედავ,

უკანასკნელი წლების მანძილზე ერთმანეთთან

თითქმის აღარ ვლაპარაკობდით,

მე ვწერდი წიგნებს,

ისინი ცხოვრების მოწყობას ცდილობდნენ,

დღეს შეიძლება თამამად ითქვას,

რომ ორივე საქმე ერთნაირად უაზრო იყო.



11.

დაბრუნება ყოველთვის მტკივნეულია,

განსაკუთრებით ნებაყოფლობით,

რადგან სრულად ვერ დაბრუნდები

და რაც დატოვე, ის დაკარგე, ნაწილობრივ მაინც დაკარგე,

ხოლო ის რაც არასრულია, ნაკლებადაა საინტერესო,

სწორედ ამიტომ ხშირად ხელს ვუქნევთ ერთმანეთს

და გამუდმებით ვოცნებობთ არარსებულზე

და თუ რამე ჩვენში სრულყოფილია,

ჩათვალე, რომ ერთმანეთს მოვუგონეთ,

ან უბოროტოდ დავაბრალეთ, სხვა არაფერი.


* http://www.bu.org.ge/x1751?lang=geo


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

დავით ქართველიშვილი Empty
PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   დავით ქართველიშვილი EmptyWed Mar 20, 2019 10:08 am

დავით ქართველიშვილი

ომისშემდგომი ცხოვრების სიმღერა

ლექსი 1.



ყველას, ვინც გადარჩა ერთდროულად დიდი მადლობა და საყვედური.

მაგრამ იცოდეთ, თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ უკანასკნელი აისახება.

ყველას ვინც გადარჩა, ერჩივნა მომკვდარიყო, რადგან

სიკვდილს ჰქონდა აზრი, ხოლო სიცოცხლე უაზროა.

ყველა ვინც გადარჩა, მე მეკუთვნის - ამბობს სამშობლო -

მხოლოდ მკვდარია თავისუფალი.

მშვიდობაც ომია,

არაოფიციალური, დროში გაწელილი ომი.

განსაკუთრებით ომისშემდგომი მშვიდობა

თავისი ხანმოკლე სიმშვიდით და ხანგრძლივი იმედგაცრუებით.

არაფერია უფრო მოსაწყენი,

ვიდრე ომისშემდგომი წლების ცხოვრება.

ჩვენ მოსაწყენი ცხოვრება გვერგო და აქედან გამომდინარე

ჩვენი შეგრძნებებით მხოლოდ აქ ვერ დავეტეოდით,

ვერც დავეტიეთ.

ადამიანები ირჩევენ გართობას.

ჩვენ კი იშვიათი დღეების გარდა ყოველთვის ადამიანები ვიყავით,

ყოველშემთხვევაში ადამიანებად მივიჩნევდით თავს

და ვიგონებდით ათას გასართობს:

ღმერთზე და სიყვარულზე საუბრებს,

მარტოობისა და სიკვდილის შიშებს,

მეგობრებთან სტუმრობას და ღამის თენებას,

მაგრამ ამ ყველაფერს რაღაცა აკლდა, მგონი სინამდვილე.

ყოველშემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობდით და ასე ვგრძნობდით.

და ახლა უკვე ვეღარ ვიხსენებ რომელი იყო პირველი,

ფიქრი თუ გრძნობა.

მგონი არც არასდროს ვიცოდი,

მაგრამ ხანდახან მქონდა მკვეთრი პოზიცია და

არამხოლოდ ამ საკითხზე, უფრო ზოგადად ცხოვრებაზე.

დღეს კი,

ომისშემდგომ ცხოვრებაში მკვეთრი მხოლოდ ახალი ომის მოლოდინია.



ლექსი 2.



ბოლო დროს ხშირად ვდგავართ რუკასთან,

ჩვენი შვილი გვეკითხება სხადასხვა ქვეყნის დედაქალაქის სახელწოდებებს,

ჩვენც მეტნაკლები სიზუსტით ვპასუხობთ.

მე ბავშვობაში წაკითხულ „მსოფლიოს გეოგრაფიულ ატლასს“ ვიხსენებ,

შენც ალბათ რაღაც მსგავს წიგნს, რადგან აშკარაა,

ბავშვობის შემდეგ ჩვენთვის გეოგრაფიამ აზრი დაკარგა და

აქ გვქონდა გადაწყვეტილი ყველა ოცნების ასრულება.

ერთმანეთის გარდა ვერაფერი ვერ ავისრულეთ.

შენ ამბობ, რომ ეს ცოტა არ არის,

მე თავს გიქნევ, თან ორივე ვფიქრობთ წასვლაზე,

არა, ვოცნებობთ.

წასვლის სურვილმა დაგვაბრუნა ბავშვობაში და

მე, შენ და ჩვენი შვილი ტოლები გავხდით და გვგონია,

რომ ერთნაირად ბევრი დრო დაგვრჩა დედამიწაზე.

პატარა ეზო, ჩვენი სახლი და ნაკლებად ყალბი მშვიდობა,

სულ ეს არის, რაზეც ვოცნებობთ.

მე ვამბობ, რომ ეს ცოტა არ არის,

განსაკუთრებით ნაკლებად ყალბი მშვიდობა.

შენ თავს მიქნევ, თან ორივემ ვიცით,

რომ სამშობლოში არ გაგვიმართლა

და გლობალური აზროვნება მხოლოდ სამშობლოს დავიწყების მცდელობაა,

არა, სურვილი.

ბოლო დროს ხშირად ვდგავართ რუკასთან,

დღეგამოშვებით ვიცვლით ქვეყანას, ქალაქს

და ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ სულ არ ვიღლებით,

ვმოგზაურობთ დაღლის გარეშე,

არა, ვცხოვრობთ.





ლექსი 3



არცერთი წამით არ დაიჯერო, რომ სახლში ვართ

ყველა ტკივილი აქედან მოდის, ყველა იმედგაცრუება,

ამიტომ არცერთი წამით არ დაიჯერო, რომ სახლში ვართ.

არაფერს არ დაარქვა ჩემი და შენი.

სიკვდილის შიში აქედან მოდის,

მაგრამ იცოდე სიკვდილი მხოლოდ შიში არ არის, სინამდვილეა.

ბავშვობის ყველა ოცნება გადამავიწყდა.

რა თქმა უნდა, მერჩივნა, რომ დაევიწყებინათ და

მსხვერპლი ვყოფილიყავი, მაგრამ უბრალოდ გადამავიწყდა.

დღეს თავისუფლად შემიძლია, დავიბრალო, რომ ბავშვობაში

ვოცნებობდი რაღაც ძაან მნიშვნელოვანზე და ასე ხაზი

იმას გაუსვა, რომ განსაკუთრებული ბავშვი ვიყავი, მაგრამ

ვერ ვხვდები ეს ტყუილი რაში მჭირდება, დღეს, ომისშემდგომ

ცხოვრებაში.

ომი ვერ არჩევს განსაკუთრებულს და ჩვეულებრივს

ვერც ომისშემდგომი ცხოვრება.

მიწა ვერ არჩევს ქალის და კაცის სხეულს, ასე რომ

ერთმნიშვნელოვნად, ქალი და კაცი თანასწორია, ხოლო

ომი და ომისშემდგომი წლების ცხოვრება, განურჩეველი.

არცერთი წამით არ დაიჯერო, რომ სახლში ვართ.

მე ვერ გეტყვი, სად არის სახლი და ვერც იმას დაგპირდები,

რომ ოდესმე იქ ვიცხოვრებთ.

არცერთი წამით არ დაიჯერო, რომ იქ ვერ ვიცხოვრებთ.





ლექსი 4



რამდენჯერ გვითქვამს, რომ ცხოვრება სიზმარია,

რამდენჯერ გვითქვემს, რომ არაფერია უფრო ნამდვილი

ვიდრე ცხოვრება.

ალბათ თანაბრად შეგვიგვრძნია სიზმარიც და სინამდვილეც,

მაგრამ ვერცერთმა ვერ დაგვამშვიდა,

ვერც სიზმარმა, ვერც სინამდვილემ

ჩვენ ხომ დღემდე სიმშვიდეს ვეძებთ,

არა, მხოლოდ სიმშვიდეს არა, კიდევ ბედნიერებას

რამდენჯერ გვითქვამს, რომ ბედნიერება ბედნიერების ძიებაშია,

რამდენჯერ გვითქვამს, რომ ბედნიერება არ არსებობს,

ვერ დავითვლით, ვერც გავიხსენებთ, ალბათ თანაბრად.

რა კარგია, რომ ვერ დავითვლით და ვერც გავიხსენებთ.


* http://www.bu.org.ge/x1751?lang=geo


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

დავით ქართველიშვილი Empty
PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   დავით ქართველიშვილი EmptyWed Mar 20, 2019 10:10 am

დავით ქართველიშვილი

ერთადყოფნის სიმღერა

ლექსი 1.



დედამიწა ფართოვდება და თუ დაშვებაში არ შევიზღუდებით,

შეგვიძლია, დაუშვათ, რომ ერთ დღეს მთელი სამყარო დედამიწად

გადაიქცევა და ერთმნიშვნელოვნად ეს დღე იქნება საშინელი,

მაგრამ მოდი ნუ გავიჩენთ ზედმეტ საფიქრალს;

ჩვენ ამ დღეს ვერ მოვესწრებით.



ყოველშემთხვევაში ამ სხეულებით ვერ მოვესწრებით.

თუ გინდა ვიკამათოთ რეინკარნაციის არსებობა-არარსებობაზე,

ან გაცილებით გავამძაფროთ კამათის თემა და პირდაპირ

სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე ვისაუბროთ, მაგრამ მე გირჩევ,

გავისეირნოთ ამ ღამეში, ვარსკვლავებსა და მთვარეს ვუყუროთ

და არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთ დღეს სამყარო დედამიწად გადაიქცევა.

ჩვენს არყოფნაზე ვიფიქროთ და თან ვისეირნოთ.

ოდესღაც ღამე ეკუთვნოდათ ქურდებსა და შეყვარებულებს

და აქედან გამომდინარე ღამე იყო: საშიში და რომანტიკული.

დღეს ქურდები დღის სინათლეზე მუშაობენ,

რაც შეეხებათ შეყვარებულებს, მგონი ჩვენ დავრჩით.

ეს არ ნიშნავს, რომ მდარე დროს ვცხოვრობთ.

მოდი დავარქვათ სულ ყველაფერს თავის სახელი,

მათ შორის დროსაც და ვაღიაროთ,

რომ მდარეზე მეტად, ჩვენი დრო უფრო ტრაგიკულია.

დაივიწყე ყველა მეცნიერული შეფასება და განსაზღვრება,

მათ ცხოვრებასთან და სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

გავისეირნოთ ამ ღამეში.

ფაქტია, ის აღარ არის საშიში და რომანტიკული.

ყველა განწყობა ჩვენ უნდა შევქმნათ.

ვარსკვლავები და მთვარე მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებენ,

რომ სამყარო დედამიწად ჯერ არ ქცეულა.





ლექსი 2.



წარსული არ არის ადამიანის სუსტი წერტილი, უფრო მომავალი.

გაიხსენე, რამდენჯერ გვიცხოვრია მომავალ დროში.

დღეს ჩვენი კარგი მოგონებების უმრავლესობა ამ დროს ეკუთვნის,

ჩვენი იმედებიც ამ დროს უკავშირდება, ჩვენ მომავალი ვართ.

თუმცა ტკივილი მხოლოდ წარსულს მოაქვს, აწმყოში მოქცეულ წარსულს.

გული მხოლოდ ორ დროში ცხოვრობს.

რადგან ჯიუტად გიმტკიცებდი, რომ ადამიანი თავიდან იზომება

და არა გულიდან, ძირითადად მომავალზე გელაპარაკებოდი,

სხვა გზა არ მქონდა, რადგან ხანდახან საკუთარი შეხედულების

დამტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოვრება; რეალური,

ნამდვილი ცხოვერება, რომელსაც აქვს კანონები, სადაც არავის

ახსოვს საკუთარი დაბადება, ხოლო სიკვდილი...

სიკვდილის ხსენებამ ღამეს მიანიჭა დაძაბულობა და ამიტომაც

ერთმანეთს უფრო მაგრად ჩავჭიდეთ ხელი.

მივხვდით, რომ მართლა გვჭირდებოდა რაღაც განცდები, თუნდაც საშინელი.

გაიხსენე ომის დროს და ომის შემდეგ ჩაბნელებული ქუჩები,

ოღონდ მხოლოდ ჩაბნელებული ქუჩები და არა ომი.

დღეს ეს ქუჩები განათებულია.

დაემორჩილე სახელმწიფოს და თქვი, რომ ამით ბედნიერი ხარ.

ადამიანები ხომ გამუდმებით ვეძებთ ბედნიერებას.

სახელმწიფო პირნათელია,

შევეგუოთ, რომ ჩვენი ბედნიერება ასე მცირეა.

მაგრამ უკვე ჩემი ყველა სიტყვა უაზრო იყო. O

ომზე ფიქრობდი,

ომს იხსენებდი.

გახსენება შეიძლება მრავალნაირად,

მრავალფეროვნება ადამიანშია და არა ომში,

ან სხვა მოვლენაში.





ლექსი 3.



ცოტა მოგვშივდა.

თითოს ალბათ ათი წიგნი მაინც გვქონდა წაკითხული შიმშილის შესახებ,

ამ წიგნებიდან კარგად ვიცოდით, რომ ყველაფერი შიმშილი არის.

შიმშილი არის მიზეზიც და მიზანიც, ცხოვრებაც და სიკვდილიც.

შიმშილი არის ოჯახი, შვილი, შვილები.

შიმშილს არ აქვს მრავლობითი ფორმა,

ასე რომ, შვილებიც შიმშილი არის, ან შემთხვევა, ან შემთხვევები და შიმშილი.

ამასობაში კიდევ უფრო მეტად მოგვშივდა და მსჯელობა გახდა უფრო

ზედაპირული.

ჩვენ არასდროს გვქონია იმის საშუალება,

რომ თამამად შეგვეღო პირველივე რესტორნის კარი,

ან თამამად გაგვესწორებინა ანგარიში. მხოლოდ

მომავალში ვცხოვრობდით ასე, ხოლო აწმყოში პირობას ვდებდით, რომ

მომავალში ვიქნებოდით ზომიერები.

რამდენად გვჯერა ჩვენი სიტყვების?

მოდი ამას ერთმანეთს ნუ ვკითხავთ უბრალოდ ვჭამოთ და

მომავალზე ვისაუბროთ.

რაც მთავარია დიდხანს გავჭიმოთ

ჩვენი ჯდომა ამ ღარიბულ სასადილოში,

სადაც ქუჩაზე მეტად თბილა და

ჩვენ გვეძლევა საშუალება გავიხსენოთ

ჩვენი გრძნობები,

რომლებიც ქუჩაში გაიყინნენ.

ჩვენ კი გვეგონა ერთმანეთი აღარ გვიყვარდა,

ცოტა ხნით მაინც გვეგონა, რომ აღარ გვიყვარდა.

სითბოში მოგვწონს, სითბო გვიბრუნებს მეხსიერებას.





ლექსი 4



გაიხსენე ჩვენი გაცნობა ეთნოგრაფიულ მუზეუმში,

რომელსაც ალბათ ოფიციალურად გაცილებით გრძელი სახელი ქვია,

სადაც აუცილებლად ნახსენები იქნება საქართველო და სახელმწიფო.

ორივე დაივიწყე, ჩვენზე იფიქრე.

გაიხსენე ექსპონატები,

ჩვენვე ვიყავით გაოცებული საკუთარი ისტორიით

და ვამბობდით, რომ არც თუ ისე ცუდი ერი ვართ.

ეს უკანასკნელი განსაზღვრებაც დაივიწყე, ჩვენზე იფიქრე.

გაიხსენე,

როგორ ვიქეცით რამდენიმე ხნის შემდეგ მეგობრებისთვის ექსპონატებად.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეგობრები მდარე ხალხია,

მოდი დავარქვათ სულ ყველაფერს ზუსტი სახელი:

ჩვენი მეგობრების ცხოვრება ტრაგიკულია.

გაიხსენე მათი ცხოვრება;

ვისთან ჭამენ, ვისთან წვანან, ვის უჩენენ და აჩენინებენ შვილებს,

ზოგი ამასაც ვერ ახერხებს.

ჩვენი მეგობრების ცხოვრება ტრაგიკულია.

ერთმანეთამდე ჩვენც ასე ვიცხოვრეთ.

მაგრამ ცხოვრება მხოლოდ აწმყოა

და წარსულის ყველაზე დიდი საშინელებაც ვერ შეედრება

აწმყოში თუნდაც თითში ხიჭვის შესობას,

რადგან მხოლოდ აწმყოში გვტკივა და ამიტომაც

ჩვენგან წუწუნი არ მიიღება.

იფიქრე ჩვენ ბოლო შეხვედრაზე ამ სხეულებით.

არაფერია ამაში რომანტიკული, რადგან ის რაც გარდუვალია,

არ შეიძლება იყოს რომანტიკული.

იფიქრე ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ამ სხეულებით,

მგონი ხვდები, როგორ გვჭირდება ღმერთის არსებობა?!

მოდი ვიცხოვროთ ერთმანეთით,

რადგან ღმერთს ასე უფრო მტკიცედ განვიცდით.


* http://www.bu.org.ge/x1751?lang=geo


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

დავით ქართველიშვილი Empty
PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   დავით ქართველიშვილი EmptyWed Mar 20, 2019 10:49 am

დავით ქართველიშვილი

ვინ ცხოვრობს გუგულის ბუდეში?

1

ჯერ ფილმი ვნახე, შემდეგ წიგნი წავიკითხე. ნახვა (ფილმის) და წაკითხვა (წიგნის) დაახლოებით ერთწლიანი ინტერვალით მოხდა. პოლიტიკურად ეს წელი ეპოქალური გამოდგა: ამ ერთი წლის განმავლობაში თავიდან იყო და შემდეგ არ იყო საბჭოთა კავშირი, ყოველ შემთხვევაში, ყველამ ჩათვალა, რომ აღარ იყო.

პირადად ჩემთვისაც ეს წელი გარდამტეხი იყო, მე თავად ვერაფერ განსაკუთრებულს და გარდამტეხს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ირგვლივ ყველა ამბობდა, რომ ჩემი ცხოვრება ახალ ფაზაში შედიოდა, ალბათ იმიტომ, რომ პასპორტი ავიღე და მალე მომავალი პროფესიაც უნდა შემერჩია, უფო სწორად, მშობლებს შეერჩიათ.

აი ასეთ ვითარებაში ვნახე მილოშ ფორმანის ფილმი და შემდეგ წავიკითხე კენ კიზის რომანი – “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”.

2

ქართულად ამ რომანის 2 თარგმანი არსებობს, რამდენადაც ვიცი. ერთი რუსულიდან, ხოლო მეორე ორიგინალიდან.

შეიძლება ითქვას, რომ ამ რომანს საქართველოში გაუმართლა…

მე ძველი, რუსულიდან თარგმნილი ტექსტი მაქვს წაკითხული, მეორეს მხოლოდ ჩავხედე, უფრო სწორად, გადავხედე.

ამ წერილის მიზანი არ არის ერთმანეთს შეაჯიბროს ეს 2 თარგმანი, გაარკვიოს რომელი ჯობია, თვითოეულს რა ნაკლი და დადებითი მხარე აქვს, ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება.

და სიმართლე რომ ითქვას, ასეთი საქმიანობა ამაო გარჯადაც კი მიმაჩნია.

3

ასეთი რომანები არასდროს კარგავენ აქტუალობას და ამის მიზეზი არამხოლოდ მათი მაღალმხატვრულობაა, რა თქმა უნდა მაღალმხტვრულობა (საშინელი, ძალიან ხელოვნური სიტყვაა!!) მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მაინც თემატიკაა, ძალადობა, ძალადობა კი იყო, არის და (თუ სასწაული არ მოხდა და სამოთხედ არ იქცა პლანეტა დედამიწა) იქნება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ადამიანების ცხოვრებაში.

ადამიანების უმრავლესობა ერთდროულად მოძალადეცაა და ძალადობის მსხვერპლიც, ჩვენ ვძალადობთ და ჩვენზე ძალადობენ, ესაა ცხოვრება, ესაა ყოველდღიურობა, მაგრამ საქართველოში და საქართველოს მსგავს (ფიგურალურად, თორემ ვიცი, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნები არ არსებობენ და სამოთხეშიც მხოლოდ ჩვენ მოვხვდებით) ქვეყნებში ასევე არსებობს სახელმწიფოებრივი ძალადობა, როდესაც მანქანა, აპარატი, სახელმწიფო არა ირიბად, არამედ პირდაპირ ძალადობს ადამიანზე, მოქალაქეზე, თუმცა სანამ კენ კიზის კლასიკური რომანი და თანამედროვე საქართველო გადაკვეთენ ამ წერტილში ერთმანეთს, საჭიროდ მიმაჩნია რომანის მთავარი პერსონაჟი მამაკაცი გავიხსენოთ.

4

ამ წერილის მკითხველების უმრავლესობას, რა თქმა უნდა, ამერიკელი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი დაგიდგათ თვალწინ, შავ ქუდში, გიჟის იერით და მზერით, ალბათ ისიც გაგახსენდათ, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში მოსახლეობის უმრავლესობას ასეთი ქუდები რომ ეფხატა თავზე. ადამიანს არა მხოლოდ სიცილი სჩვევია, არამედ ასოციაციური აზროვნებაც და წავიდა… ქუდს მოყვება უშუქობა, უგაზობა, ომი და ვინც ეს ყველაფერი ნახა, ვერასდროს დაივიწყებს.

რეალურად ჯეკ ნიკოლსონის მიერ შექმნილი მაკმერფის სახე ამ პერსონაჟის ინტერპრეტირების ერთ-ერთი ვარიანტია, ყველაზე პოპულარული ვარიანტი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი და მაინც ვარიანტი.

5

კენ კიზიმ კლასიკური ხერხი გამოიყენა. მთხრობელი რომანის ერთ-ერთი პერსონაჟია, ერთის შეხედვით მეორეხარისხოვანი, მდუმარე, გოლიათი ინდიელი, თუმცა წიგნის ფინალში ირკვევა, რომ ზუსტად ის არის მთავარი გმირი, რადგან მხოლოდ მასში მოხდა გარდატეხა, მხოლოდ ის გადარჩა და დაუბრუნდა, პირველსაწყისს.

აქედან გამომდინარე, კენ კიზის მთხობელი არ არის მხოლოდ მთხრობელი, როგორც, მაგალითად, დოსტოვსკის რომანებში… წამით დავუშვათ, რომ ეს წიგნის ავტორისეული თხრობის ტექნიკით იყოს დაწერილი, ან მაკმერფი იყოს მთხრობელი, ორივე შემთხვევაში სულელურ, არაფრისმთქმელ რომანს მივიღებდით.

6

მაკმერფის ფილოსოფია მარტივია, ის უპირისპირდება ძალადობას, ხოლო როდესაც უპირისპირდები ძალადობას, შეუძლებელია იყო რთული, რადგან თავად ძალადობაა ძალიან მარტივი, ძალიან პირდაპირი და უხეში და მასთან დაპირისპირება ყოველთვის მარტივი გზით ხდება, რევოლუციით ან მშვიდობიანი დაუმორჩილებლობით, ნებისმიერ გართულებას ხელოვნურ მდგომარეობაში გადავყავართ, სპეკულატური აზროვნება კარგია, როგორც ნიმუში, რა შეუძლია გონებას, რამხელა რესურსი აქვს მას, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას, მაკმერფის კი რეალობის შეცვლა უნდა.

მაკმერფი არ განასახიერებს ტიპიურ ბიტნიკურ-ჰიპურ იდეალებს და ზოგადად, ვფიქრობ, არასწორია მივაკუთვნოთ კენ კიზი ამ მიმართულების ლიტერატურას, შეიძლება პარალელების გავლება კენ კიზისა და უილიამ ბეროუზს შორის, ამ უკანასკნელის შემოქმედების მთავარი თემაც ძალადობაა… კიზი და ბეროუზი მასშტაბური მწერლები არიან და ამიტომ მათი რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობასთან დაკავშირება, მგონი, არასწორია.

7

მაკმერფი ცდილობს შეცვალოს რეალობა, მაგრამ რაც ბუნებრივია მისთვის, უცხოა სხვებისთვის, მიუღებელია და სახიფათოა… ყველაფრის მიზეზი შიშია, ჩვენ გვეშინია ცვლილებების და იზოლაციაში, საექსპერიმენტო ცხოველებივით ცხოვრება გვირჩევნია, კი არ გვირჩევნია, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არ არის.

მაკმერფის პროტესტი სტიქიურია, ემოციურია, ეს არ არის ინტელექტუალური პროტესტი, ეს არ არის მდუმარე პროტესტი, როდესაც დუმილი მრავლისმთქმელია.

ამაღლებული არსებებისთვის მაკმერფი პრიმიტივია.

8

ლიტერატურული გაგებით კენ კიზი არ არის მოდერნისტი, მისი თხრობა კლასიკურია, ის არ იყენებს იმავე ბეროუზის მსგავსად მოდერნისტულ ხერხებს და არც იგონებს მათ, კენ კიზი არ არის ნოვატორი, ამ მხრივ ძველი ყაიდის მწერალია, ყველაზე მეტად მე მაინც მას ოლდოს ჰაქსლის შევადარებდი, ჰაქსლიც ასე იყო 20-იან წლებში, უფრო სათქმელის მოდერნიზებას ცდილობდა, ვიდრე ფორმის, სათქმელი ქმნის ფორმას, ფორმა ქმნის სათქმელს, ორივე შეხედულება სწორია.

კლასიკური ფორმა კენ კიზის რომანის პოპულარობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რადგან მოდერნული ფორმები მაინცდამაინც არ იზიდავს მასობრივად მკითხველს.

9

უფროსი მედდა…

გაგაჟრიალათ?

მე კი.

კენ კიზი აქაც არ შეცდა, როდესაც ძალადობის სიმბოლოდ ქალი გამოიყვანა, კაცის ამ როლში გამოყვანა ზედმეტად პრიმიტიული სვლა იქნებოდა და მთელ ხიბლს დაუკარგავდა ტექსტს.

ჩვენ პოლიტკორექტულობის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ ვიცი, ალბათ, ფემინისტები კენ კიზის სექსისტ მწერლად თვლიან, თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ ფემინისტები, ფიქრობენ თუ არა საერთოდ, შეუძლიათ თუ არა ფიქრი საერთოდ და უფიქრიათ თუ არა, რომ საკუთარი არსებობით, პირველ რიგში ქალებს აყენებენ შეურაცხყოფას. არა, ამას ახლა ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა.

უფროსი მედდა…

ის არ არის უნიჭო ადამიანი, საკუთარი ფილოსოფიაც აქვს, ეს წესრიგის ფილოსოფიაა, წესრიგი გამორიცხავს ქაოსის ელემენტს, გამორიცხავს პიროვნულობას და თავისუფალი სივრცის არსებობას. უფროსი მედდა უტოპისტია, რადგან ასეთი სამყაროს შექმნა ისევე შეუძლებელია, როგორც, მაგალითად, კამპანელას „მზის ქალაქის“ არსებობა.

10

ამ რომანს არ ჰყავს მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, ყველა პერსონაჟი ჩართულია მიმდინარე მოვლენებში და ეს მათი საერთო თავგადასავალია საერთო სივრცესა და დროში, ამ მხრივ ეს რომანი შეიძლება დოსტოევსკის “ეშმაკუნებს” შევადაროთ. შეგვიძლია არც შევადაროთ.

ამ რომანს არ ჰყავს მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, ამ რომანს სუსტი და ძლიერი პერსონაჟები ჰყავს, თუმცა თითოეული მათგანი, ძლიერიც და სუსტიც, უკმაყოფილოა შექმნილი ვითარებით, იზოლაციით, არაადამიანური მოპყრობით და აი, აქ კვეთენ ერთმანეთს თანამედროვე საქართველო და კენ კიზის რომანი.

11

ჩვენ ვცხოვრობთ გუგულის ბუდეში, მაგრამ გუგულებივით ვერ ვართ შეხმატკბილებულები. ჩვენ ვცხოვრობთ ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში, 20 წელია ასეა. ცდებს ვატარებთ ერთმანეთზე. დღეს საქართველო ქართველებს აქვთ ოკუპირებული და ეს ოკუპაცია ყველაზე საშინელი ოკუპაციაა…

12

კენ კიზი ცივილიზაციისა და პირველსაწყისის დაპირისპირებაზე წერდა, წერდა იმაზე, თუ რას უშვრება ცივილიზაცია ადამიანს, რომ ცივილიზაცია არა მხოლოდ კომფორტული, არამედ სახიფათოცაა, კენ კიზის რომანი სიკეთის და ბოროტების თემაზე დაწერილი წიგნია.

დღეს ბევრმა დაივიწყა ელემენტარული მოცემულობა: ჩვენ სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაში ვმონაწილეობთ, ეს ბრძოლა ჩვენს შიგნით მიმდინარეობს და არ არსებობს ცხოვრება სიკეთისა და ბოროტების მიღმა.

13

და ბოლოს: მთხრობელი, ინდიელი ბელადის შესახებ. ის დიდხანს ჩუმადაა, დუმილი მისი პროტესტია თანამედროვე სამყაროსადმი და, ამავე დროს, ეს თავის გადარჩენის საშუალებაცაა.

ჩვენც ხომ ასე ვართ ზუსტად, ვდუმვართ ერთდროულად პროტესტის ნიშნად და თავის გადარჩენის მიზნით.

ხმის ამოღების დროც დადგება და სახლშიც დავბრუნდებით, იმედია.


©️ “არილი”
* http://arilimag.ge/დავით-ქართველიშვილი-ვი/


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

დავით ქართველიშვილი Empty
PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   დავით ქართველიშვილი EmptyWed Mar 20, 2019 11:01 am

დავით ქართველიშვილი

სოფლად

1.
დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ეს სტრიქონები სოფლის უცოდინარი ადამიანის მიერაა დაწერილი. სიტყვა “სოფელში“ არ ვგულისხმობ სამყაროს, ხოლო სიტყვა “უცოდინრობაში“ სწავლულ და მითუმეტეს, წმინდა (ღვთაებრივ) არცოდნას…. ისე მაინცდამაინც არც ამ საკითხებში ვარ დიდად კომპეტენტური პირი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი გლობალური არაკომპეტენტურობა ლოკალურ არაკომპეტენტურობაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია…
მკითხველთა გარკვეულმა ნაწილმა ალბათ გაიფიქრა, რომ ამ ფსევდოინტელექტუალური შესავლით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ქალაქში დაბადებულ-გაზრდილი ბიჭი ვარ და ბენზინის სუნი მირჩევნია ნეხვის სუნს (მიუხედავად იმისა, რომ ვიცი: ყელამდე ნეხვში არიან ჩაფლულნი ნავთობბიზნესმენები)…
ფიქრი თავისუფალია. ყველა ფიქრობს იმას, რასაც ფიქრობს.

2 .
სოფელში პირველად შვიდი წლის ასაკში მოვხვდი, უკანასკნელად – რამდენიმე წლის წინ… პირველი სოფელი და ბოლო სოფელი ერთი და იგივე სოფელი არ არის; არც გეოგრაფიულად და არც ეკონომიურად, და რადგან მე ახლა ჩემი ბავშვობის მოგონებებს კი არ ვწერ, არამედ წერილს საჭირბოროტო საკითხზე, სოფელში ჩემი უკანასკნელი ჩასვლის შესახებ მოგითხრობთ, თანაც ვეცდები ცოტა ვილაპარაკო საკუთარ თავზე, ანუ ისე არ მოვიქცე, როგორც ძირითადად ამ ტიპის სტატიებში ხდება…
აქვე უნდა აღვნიშნო ერთი დეტალიც: სანამ წერას შევუდგებოდი, ილია ჭავჭავაძის და კიდევ რამდენიმე, შედარებით მცირე მასშტაბის საზოგადო მოღვაწის წერილები წავიკითხე სოფლის პრობლემებზე და კიდევ ერთხელ (მგონი საიუბილეოდ, ანუ მეასედ) დავრწმუნდი, რომ საზოგადო მოღვაწე ჩემგან არ გამოვა და სტატიისთვის შესაბამისი (არასაზოგადო მოღვაწის) პათოსი უნდა შევარჩიო…

3.
სოფელში მისვლამდე რამდენიმე სხვა სოფელი გავიარე. არც სოფლის და არც მანამდე გავლილი სოფლების დასახელებებს აქ არ ვახსენებ, აზრს ვერ ვხედავ, რადგან საქართველო საშინლად ერთფეროვანი ქვეყანა გახდა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობ: დასავლეთში თუ აღმოსავლეთში.
ცხოვრება ერთნაირად რთულია, ზოგჯერ აუტანელიც.

4.
გავრცელებული აზრის თანახმად, საქართველო აგრარული ქვეყანაა, ამაზე საქართველოს ძველბერძნული სახელწოდებაც მიგვანიშნებს. აგრარული ქვეყნის სტატუსი გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის 30-40 პროცენტი მიწასთან აქტიურ ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდეს. მიწა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ძველ საქართველოში კარგად
იცოდნენ ამ ელემენტთან ურთიერთობა. დღეს სულ სხვა ვითარებაა.
ამ ბოლო ხანებში ძალიან ხშირად მგონია რომ ძველი საქართველო და თანამედროვე საქართველო ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი (საუკეთესო შემთხვევაში – კავშირდარღვეული) ორი ქვეყანაა… ამავე დროს მე შორს ვარ მეოცე საუკუნეში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკისგან და წარსულს არ ვაიდეალებ, უბრალოდ ვიცი რომ მხოლოდ და მხოლოდ აწმყო არსებობს…

5.
ილია ჭავჭავაძე საქართველოში ერთადერთი მუდამ თანამედროვე მწერალი ან პოეტი კი არა (ასეთები სხვებიც გვყავს, ალბათ მასზე მნიშვნელოვნებიც და დიდებიც), არამედ ადამიანია. წაიკითხეთ მისი წერილები აგრარულ საკითხებზე და მიხვდებით, რომ საუკუნის მანძილზე არაფერი შეცვლილა უკეთესობისაკენ.
არსებობს მარადიული კითხვები, მათზე თითოეულ ადამიანს საკუთარი პასუხები აქვს, ყველა თავად ირჩევს, ვის ან რას დაეყრდნოს პასუხების გაცემისას: წმინდა ტექსტებს, მეცნიერების ამა თუ იმ დარგს თუ ინტუიციას.
სამწუხაროდ, საქართველოში ყოფით პრობლემებსაც მარადიულის სტატუსი აქვს და არ ვიცით, ჩვენ საწყლებმა რაზე ვიფიქროთ და რა უფრო მნიშვნელოვანია: რა ვჭამოთ ხვალ? თუ რატომ გავჩნდით სამყაროში? სამყაროში, რომელიც აშკარაა, რომ ჩვენთვის გაუგებარი მარადიულობის და უსასრულობის მცირე ნატეხია.

6.
მიწასთან ურთიერთობა ადამიანისგან დიდ ფიზიკურ ძალასა და დიდ დროს მოითხოვს, შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს კი არც ერთი აქვთ და არც მეორე, ამიტომაც ისინი ქალაქებისკენ მიემართებიან. ქალაქებში ყველაფერი შედარებით სწრაფად ხდება, სიცოცხლე სწრაფად გადის და სიკვდილი მალე მოდის, ქალაქებში ყველაფერი ამაოა და სისხლის სუნი ტრიალებს, რადგან პირველი ქალაქის დამაარსებელი კაენი იყო… თანამედროვე ევროპის სოფლები სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან ქალაქებს და ეს რაღაც ძალიან არასასიამოვნოს მომასწავებელია, მაგრამ
დავუბრუნდეთ საქართველოს…

7.
აყრილი გზები, გათხრილი კანალიზაციის ჭები, დაუმუშავებელი მიწა და ბირჟაზე გამოფენილი ადგილობრივი მოსახლეობა დიდიან-პატარიანად საუბრობს პოლიტიკაზე, უფრო სწორად, ტელევიზორში ნანახი სიუჟეტებით მსჯელობს პოლიტიკაზე. იმედი არაფრის აქვთ, სამაგიეროდ, ხანშიშესულებს აქვთ მოგონებები საბჭოთა კავშირზე, როდესაც ასანთი ღირდა 1 კაპიკი, პური 22 კაპიკი და ცხოვრება იყო ტკბილი და საამური… მე
ქალაქიდან ვარ და ამიტომ, მათი აზრით, აქაურებზე უკეთ უნდა ვიცოდე ქვეყნის ავანჩავანი.
შეკითხვებს მისვამენ, შეძლებისდაგვარად ვპასუხობ, ვგრძნობ, რომ ყოვლისმცოდნე კერპის როლი მსიამოვნებს და სულ უფრო და უფრო გრძლად ვესაუბრები ადგილობრივებს. მე არ მჯერა სოფლის რომანტიკის და არც სოფლელებს ვთვლი ქალაქელებზე გულუბრყვილო და პატიოსან ადამიანებად, თანდათან ვგრძნობ, რომ მბეზრდება აქ ყოფნა, თუმცა ვიცი: რეალურად თბილისიც სოფელია, ოღონდ ურბანიზებული სოფელი… სახლში მინდა, სახლში კი ყოველთვის ვწუწუნებ, რომ სახლი არ მაქვს, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა…

8.
რა გზითაც მოვედი, იმ გზით ვბრუნდები. რა ტრანსპორტითაც ჩამოვედი, იმ ტრანსპორტით ვბრუნდები… საქართველოში არაფერი არ იცვლება,
ამიტომაც ილია ჭავჭავაძე ერთადერთი მუდამ თანამედროვე ქართველი ადამიანია.


* წყარო: კავკასიური სახლი – ჟურნალი “ჩვენი სოფელი”

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




დავით ქართველიშვილი Empty
PostSubject: Re: დავით ქართველიშვილი   დავით ქართველიშვილი Empty

Back to top Go down
 
დავით ქართველიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: