არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 გიორგი ნაფეტვარიძე

Go down 
AuthorMessage
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

გიორგი ნაფეტვარიძე Empty
PostSubject: გიორგი ნაფეტვარიძე   გიორგი ნაფეტვარიძე EmptyTue Feb 08, 2011 10:44 am

გიორგი ნაფეტვარიძე Giorgi_Napetvaridze

გიორგი ნაფეტვარიძე

გიორგი ტარასის ძე ნაფეტვარიძე ქუთაისის მაზრის სოფელ შუამთაში (ამჟამად ვანის მუნიციპალიტეტი) დაიბადა 1919 წლის 3 აპრილს.

პირველდაწყებითი განათლება შუამთის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც ჯერ ვანის არასრული საშუალო სკოლა დაამთავრა 1931 წელს, შემდეგ კი სამტრედიის პედაგოგიური ტექნიკუმი — 1935 წელს.

1936 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტში. სწორედ იქ გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ ლადო ასათიანს. მისი და ლადო ასათიანის პირველი ლექსები 1936 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სტალინელში“.

გიორგი ნაფეტვარიძეს და ლადო ასათიანს აქტიური მეგობრობა აკავშირებდათ ახალგაზრდა შემოქმედებთან, რომლებიც თბილისში მოღვაწეობდნენ, განსაკუთრებით მეგობრობდნენ პოეტებთან, ალექსანდრე საჯაიასთან, მირზა გელოვანთან და პუბლიცისტ ნიკა აგიაშვილთან. ამ პერიოდში ლადო ასათიანი და ალექსანდრე საჯაია უკვე მძიმედ იყვნენ ჭლექით დაავადებული. 1938 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ლადო ასათიანი სამკურნალოდ და შემოქმედების გასაგრძელებლად თბილისში გადავიდა.

1939 წელს გიორგი ნაფეტვარიძემ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და მუშაობა განაგრძო წულუკიძის რაიონის სოფელ მათხოჯში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სადაც მან გაიცნო მომავალი მეუღლე, ნათელა არჯევანიძე და 1941 წელს იქორწინა კიდეც მასზე. ამავე წელს გიორგიმ მუშაობა ვანის პირველ საშუალო სკოლაში განაგრძო მასწავლებლად. პარალელურად არ წყვეტდა აქტიურ პოეტურ მოღვაწეობას და თბილისში მყოფ მეგობრებთან ურთიერთობას, ამ პერიოდში მოუსწრო პოეტს სამამულო ომმა, სადაც იგი დაწყებისთანავე გაიწვიეს. ომში გაწვევის დღეს გიორგი ნაფეტვარიძე ასე აღწერს:


„ჯარში რომ გამიწვევდნენ, ვიცოდი, გამოძახება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, წინასწარ გავითვალისწინე ყველაფერი, მაგრამ მაინც მოულოდნელად მოხდა, კვირა დაღამდა, ვიწექი გარეთ, სამის ნახევარზე დამიძახეს. ნათელა გაშრა. ნახევარ საათში სრულ სამზე უნდა გამოვცხადებულიყავი, წავედი უმალვე, ჭიშკრამდე მიმყვა იგი თვალცრემლიანი, ვაკოცე შუბლზე, ხელი ჩავიქნიე და წავედი, მამა გამოვიდა მის დასაბრუნებლად. მე მივდიოდი მარტო, ვბორძიკობდი კოლბოხებზე; ვწევდი პაპიროსს და მივდიოდი გაბრუებული. არ ვფიქრობდი არაფერზე. მივდიოდი, მივუყვებოდი ჩემი სოფლის მდუმარე შარას. არსად ენთო სანთელი, არ ყეფდნენ ძაღლები, არ ყიოდა მამალი. არავინ შემხვედრია, მესმოდა ჩემი ფეხის ხმა შუაღამის დუმილში, და ეს მოგონება დარჩა, როგორც განუმეორებელი და აუხდენელი სიზმარი ქარიან ღამის..“

მასთან ერთად ფრონტზე წავიდა მისი უახლოესი მეგობარი მწერალი გრიგოლ ხურციძე, რომელთან ერთადაც ნაფეტვარიძე სკოლაში მუშაობდა. გიორგი და გრიგოლი ჯერ თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს, სამთვიანი სწავლების შემდეგ კი, 1941 წლის დეკემბერში, ყირიმის ფრონტზე გადაისროლეს.

ფრონტზე ყოფნისას გიორგი კვლავ აგრძელებდა ლექსების წერას და წერილებთან ერთად უგზავნიდა მეუღლეს, ძლიერ განიცდიდა, რომ მალე მოუხდა საყვარელ ქალთან განშორება და მემკვიდრეს ვერ ტოვებდა. მისი მაშინდელი განწყობა-მდგომარეობა, ყველაზე უკეთ მის მეუღლისადმი მიწერილ წერილებში ჩანს:
ვიკიციტატა
„რაღა დავწერო ან რა მნიშვნელობა აქვს ამ შენიშვნებს, გამომადგება ოდესმე? ვფიქრობ, ვითომ დავბრუნდები? ეჰ! ვინ იცის! ერთი კია: მშიშრები ყველაზე ადრე და ყველაზე უაზროდ იღუპებიან, მე მშიშარა არ უნდა ვიყო, თუმცა ჯერ შესაშინებელი არაფერი შემხვედრია...

ვზივარ აქ და მაგონდები შენ, ჩემო მეგობარო! არ დაივიწყო პირველი დღეები, როცა ჩვენს სახეს ბიისფერი ეკრა და თვალები, სევდით სავსე თვალის გუგები იებივით დალურჯდა. ეს იყო ალბათ გამოთხოვება სიჭაბუკესთან, რამდენი ტანჯვა გავიარეთ ჩვენ ცოტა ხანში, რაღაც ორიოდ კვირაში ვინ აღწერს იმას ჩვენს მეტი, ჩემო!..
„ვალერი ჩკალოვი“ ვნახეთ, მთელი ღამე საშინელი განწყობილება დამეუფლა, მაგონდებოდი, ნათელა, შენ! შენ, ჩემო მშვენიერო, ჩვენ ძალიან ცოტა ხანს ვიყავით ერთად, ძალიან ცოტა ხანს. დილით ცუდად ვიყავი, ხეს მიყრდნობილი ძლივს ვიმაგრებდი თავს წაქცევისაგან, მერმე ყველაფერმა „გაიარა“, დარჩა: ფერფლი, ნაცარი და საუბარი, რომელმაც ვერ მოაღწია შენამდე. ბევრი ვერ მოაღწევს კიდევ...“

1942 წლის მაისში, სევასტოპოლის მისადგომებთან მდებარე საპუნ-გორას ციხესიმაგრესთან მოქმედებების დროს, გიორგი ნაფეტვარიძე, მეგობარ გრიგოლ ხურციძესთან ერთად, გმირულად დაიღუპა. მათი საფლავები ცნობილი არ არის.
შემოქმედება

გიორგი ნაფეტვარიძის პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მთავარი მოტივებია სიყვარული და პატრიოტიზმი.

გიორგის გარდაცვალების შემდეგ, მისი მეუღლის წვლილით, გამოქვეყნდა მისი შემოქმედების კრებულები: „გაფრენილი დურუჯი“ (1957), „დაუმთავრებელი ბალადა“ (1961), „სიყვარული“ (1965), „ლექსები, ბალადები, პოემები, მოთხრობები, ფრონტული წერილები“ (1970) „ნახვამდის“ (1979), „ჩვენთან ქუხილი ღამეს ათევდა“.

2007 წელს გამოიცა ალექსანდრე საჯაიას, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის და გიორგი ნაფეტვარიძის ლექსების საერთო კრებული — „საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი...“, 2010 წელს კი, ქართული პოეზიის სერიის ფარგლებში, ალექსანდრე საჯაიას და გიორგი ნაფეტვარიძის ლექსების საერთო კრებული.

1961 წელს ნიკა აგიაშვილმა გამოსცა წიგნი „ჭაბუკები დარჩნენ მარად“, რომელიც თავის მეგობრებს გიორგი ნაფეტვარიძეს, ლადო ასათიანს, ალექსანდრე საჯაიას და მირზა გელოვანს მიუძღვნა, მას შემდეგ წიგნის სათაური ზოგადი ეპითეტი გახდა ამ ადამიანების და სხვა მათი თანამედროვე პოეტების, რომლებიც მეორე მსოფლიო ომსა და მიმდინარე მოვლენებს შეეწირნენ. წიგნში ნიკა აგიაშვილი გიორგის ასე აღწერს:
ვიკიციტატა
„გიორგი ნაფეტვარიძე ყოველთვის მოკრძალებული იყო. უფროს ამხანაგებსა და თანატოლებთან საგულიგულო საუბარი უყვარდა. მის თაფლისფერ თვალებს, როგორც საერთოდ იციან თქმა, თითქოს დაჰკრავდა აუხდენელი ოცნების იერი, კვალი და ნიშანი. დარდიმანდი და თმაქოჩორა ბიჭი იყო და ღიმილიც შვენოდა და დაფიქრებაც ოდნავ ნაყვავილარ სახეზე. ბევრჯერ მინახავს ორივენი (ლადო ასათიანი და გიორგი ნაფეტვარიძე), ცისფერ კაფეში მაგიდასთან მიმჯდარნი, გულჩათხრობილად მოუბარნი პოეზიასა და სხვა საოცრებაზე.“

გიორგი ნაფეტვარიძე მეტად თავმდაბალი პიროვნება იყო, სხვა პოეტების მსგავსად, ისიც მეოცნებე იყო. უყვარდა პოეზია, ლიტერატურა, მეგობრები, თავისი მშობლიური სოფელი, სახლი. „ქუთაისში, ყვავის ბუდეში, მოპოეტო ბახალას“ — ხუმრობით წერდა ის ლადო ასათიანს თავის „მისამართს“ 1938 წლის 28 სექტემბერს თბილისში.[2]

ქუთაისში არსებობს გიორგი ნაფეტვარიძის სახელობის ქუჩა.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ნაფეტვარიძე

Exclamation
Back to top Go down
http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გიორგი ნაფეტვარიძე Empty
PostSubject: გიორგი ნაფეტვარიძე   გიორგი ნაფეტვარიძე EmptyTue Feb 08, 2011 2:48 pm

მირზა გელოვანი, ალექსანდრე საჯაია, გიორგი ნაფეტვარიძე, ლადო ასათიანი – ერთი თაობის პოეტები არიან, მეორე მსოფლიო ომის თაობის პოეტები...


გიორგი ნაფეტვარიძე

ნახვამდის

ნახვამდის, დედილო, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო,
ხშირ-ხშირად მომწერეთ ქაღალდი,
ნუ ტირით, პატარა დებო!
მამები გიცავდათ აქამდი,
კავკასის მაღალო მთებო!
ახლა ჩვენ მივდივართ,
ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო!

ვინ იცის, გნახავთ თუ აღარა,
წინ გზაა შორი და მკაცრი,
ალვის ხემ თავი ძირს დახარა,
ცრემლებს ღვრის მოხუცი ნაძვი.
მშობლების ძვირფასი ჭაღარა
ღამე მინათებენ თვალწინ!...
ვინ იცის, მოვალ თუ აღარა, -
წინ გზა დევს უნდო და მკაცრი.

სულ კუშტად მიცქერდი, ლამაზო,
ახლა გამიღიმე ერთი,
მე მივალ, მე მივალ, არასდროს
აღარ ჩამოგივლი გვერდით.
მე შენი ღიმილი არ მახსოვს,
არ მქონდა, არ მქონდა ბედი,
სულ მწყრალად მიცქერდი, ლამაზო,
ახლა გამიღიმე ერთი.

სურათი მქონოდა ნეტავი,
ტყვია რას მიზამდა მაშინ?
რა მხდალი, რა გაუბედავი,
რა მწარე ბედისა დავრჩი,
ისევ შენ, მშობელო დედაო,
იმედად მიმყვები ჯარში.
სურათი მოგეცა ნეტავი,
ტყვია რას მიზამდა მაშინ!

ნახვამდის, დედილო, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო,
დედა, შენ მომწერე ქაღალდი,
ნუ ტირით, ძვირფასო დებო!
მამები გიცავდათ აქამდი,
კავკასის მაღალო მთებო!
ახლა ჩვენ მივდივართ, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო!

გზის პირად პატარა ნაკადი,
ნაკადთან პატარა ჩერო,
იქ გითხარ პირველად "ნახვამდის",
ახლა კი მშვიდობით, ჩემო...

study


გიორგი ნაფეტვარიძე

(1919-1942)

ქართველი პოეტი გიორგი ტარასის-ძე ნაფეტვარიძე დაიბადა 1919 წლის 3 აპრილს ვანის რაიონის სოფელ შუამთაში.

გიორგი ნაფეტვარიძემ 1939 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1936 წელს გაზეთ „სტალინელში", ხოლო მისი ლექსებისა და პოემების პირველი კრებული „გაფრენილი დურუჯი" გამოაქვეყნა 1937 წელს. გიორგი ნაფეტვარიძის პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მთავარი მოტივებია სიყვარული და პატრიოტიზმი (კრებულები: „დაუმთავრებელი ბალადა", 1961წ; „სიყვარული", 1965წ; „ლექსები, ბალადები, პოემები, მოთხრობები, ფრონტული წერულები", 1970წ; „ნახვამდის", 1979).

გიორგი ნაფეტვარიძე მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც სევასტოპოლის მახლობლად გმირულად დაიღუპა 1942 წელს.

Exclamation


Last edited by Admin on Tue Feb 08, 2011 3:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გიორგი ნაფეტვარიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   გიორგი ნაფეტვარიძე EmptyTue Feb 08, 2011 2:54 pm

გიორგი ნაფეტვარიძე და ალექსანდრე საჯაია – ჭაბუკებად დარჩენილი პოეტები

"დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს", – ლადო ასათიანის ეს სიტყვები მის თაობას წინასწარმეტყველებასავით აუხდა. ისინი მართლაც მარად ჭაბუკებად დარჩნენ, ზოგი მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა, ზოგი იმდროისათვის მოურჩენელმა სენმა – ტუბერკულოზმა. მიუხედავად ამისა, მათ ქართულ ლიტერატურაში თავიანთი სიტყვა თქვეს და საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობაც დაგვიტოვეს.

პოეტები გიორგი ნაფეტვარიძე და ალექსანდრე საჯაიაც ჭაბუკებად წავიდნენ ამქვეყნიდან. გიორგი ნაფეტვარიძე 1943 წელს მეორე სამამულო ომში, ყირიმში დაიღუპა. მისი საფლავი უცნობია. ალექსანდრე საჯაიას ტუბერკულოზი ჰქონდა, ის 1944 წელს გარდაიცვალა. ალექსანდრე საჯაია დედისერთა იყო, მას შთამომავლობა არ დარჩენია. გიორგი ნაფეტვარიძეც უშვილძიროდ გადაეგო.

* * *

გიორგი ნაფეტვარიძე 1919 წელს ვანის რაიონში დაიბადა. პედაგოგიური ინსტიტუტი ქუთაისში დაამთავრა. სწორედ იქ გაიცნო და დაუახლოვდა ახალგაზრდა პოეტებსა და ლიტერატორებს. სხვა პოეტების მსგავსად, ისიც მეოცნებე იყო. უყვარდა პოეზია, ლიტერატურა, მეგობრები, თავისი მშობლიური სოფელი, სახლი... და უყვარდა კიდევ ერთი – მშვენიერი ნათელა. მათ ლამაზი, მაგრამ ხანმოკლე სიყვარული ჰქონდათ, დაქორწინდნენ, მაგრამ... თუმცა რატომ ხანმოკლე? პოეტმა ნათელას სიყვარული ომშიც გაიყოლა, მაშინაც ახსოვდა და მასზე წერდა, როცა მის გარშემო ტყვიამფრქვევები ზუზუნებდნენ, როცა ირგვლივ დაჭრილები და მიცვალებულები ესვენენ... წუხდა, რომ მემკვიდრეს ვერ ტოვებდა...

ომში გაწვევის დღეს გიორგი ნაფეტვარიძე ასე აღწერს: "ჯარში რომ გამიწვევდნენ, ვიცოდი, გამოძახება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, წინასწარ გავითვალისწინე ყველაფერი, მაგრამ მაინც მოულოდნელად მოხდა, კვირა დაღამდა, ვიწექი გარეთ, სამის ნახევარზე დამიძახეს. ნათელა გაშრა. ნახევარ საათში სრულ სამზე უნდა გამოვცხადებულიყავი, წავედი უმალვე, ჭიშკრამდე მიმყვა იგი თვალცრემლიანი, ვაკოცე შუბლზე, ხელი ჩავიქნიე და წავედი, მამა გამოვიდა მის დასაბურნებლად. მე მივდიოდი მარტო, ვბორძიკობდი კოლბოხებზე; ვწევდი პაპიროსს და მივდიოდი გაბრუებული. არ ვფიქრობდი არაფერზე. მივდიოდი, მივუყვებოდი ჩემი სოფლის მდუმარე შარას. არსად ენთო სანთელი, არ ყეფდნენ ძაღლები, არ ყიოდა მამალი. არავინ შემხვედრია, მესმოდა ჩემი ფეხის ხმა შუაღამის დუმილში, და ეს მოგონება დარჩა, როგორც განუმეორებელი და აუხდენელი სიზმარი ქარიან ღამის".

გიორგი ნაფეტვარიძე ფრონტზეც წერდა, უბის წიგნაკში თავის დარდსა და სევდაზე, ოცნებებსა და სიყვარულზე წერდა. მისი მაშინდელი მდგომარეობა, განწყობა ყველაზე უკეთ მის წერილებში ჩანს.

ფრონტიდან მეუღლეს წერს: "რაღა დავწერო ან რა მნიშვნელობა აქვს ამ შენიშვნებს, გამომადგება ოდესმე? ვფიქრობ, ვითომ დავბრუნდები? ეჰ! ვინ იცის! ერთი კია: მშიშრები ყველაზე ადრე და ყველაზე უაზროდ იღუპებიან, მე მშიშარა არ უნდა ვიყო, თუმცა ჯერ შესაშინებელი არაფერი შემხვედრია...

ვზივარ აქ და მაგონდები შენ, ჩემო მეგობარო! არ დაივიწყო პირველი დღეები, როცა ჩვენს სახეს ბიისფერი ეკრა და თვალები, სევდით სავსე თვალის გუგები იებივით დალურჯდა. ეს იყო ალბათ გამოთხოვება სიჭაბუკესთან, რამდენი ტანჯვა გავიარეთ ჩვენ ცოტა ხანში, რაღაც ორიოდ კვირაში ვინ აღწერს იმას ჩვენს მეტი, ჩემო!..

"ვალერი ჩლაკოვი" ვნახეთ, მთელი ღამე საშინელი განწყობილება დამეუფლა, მაგონდებოდი, ნათელა, შენ! შენ, ჩემო მშვენიერო, ჩვენ ძალიან ცოტა ხანს ვიყავით ერთად, ძალიან ცოტა ხანს. დილით ცუდად ვიყავი, ხეს მიყრდნობილი ძლივს ვიმაგრებდი თავს წაქცევისაგან, მერმე ყველაფერმა "გაიარა", დარჩა: ფერფლი, ნაცარი და საუბარი, რომელმაც ვერ მოაღწია შენამდე. ბევრი ვერ მოაღწევს კიდევ.

"ვსიო პროიდიოტ!" – ყველაფერი გაივლის, ეს მართალია, მაგრამ ვინ დარჩება, ვინ გაივლის გზას უკან შინისაკენ.

"ეჰ! არაფერია! არაფერია!..

ვინ გაიგონებს, კიდევაც რომ თქვა

დაჭრილმა, ხესთან, სახელი შენი.

გაივლის ღამე, გაივლის ბოდვა

და გავა ასე მრავალი წელი...

გახსოვდეს მინდვრად ფოთოლი მჭკნარი

სეირნობის დროს როდესაც ნახო,

ფეხს ნუ დაადგამ, ო! ცოდვა არი,

ხელი არ ახლო, ხელი არ ახლო!..

კარგი, დავანებოთ თავი ამას, აღარ შემიძლია, აღარ შემიძლია, გაიგონე ადამიანო!..

ჩემს მოსწავლეთაგან ვეჭვობ რომელიმე დარჩეს ხელოვნებასა და უკვდავებისათვის – ეს ვიცი და ვწუხვარ. ვერავის გადავეცი შთაგონება, არც შვილი მრჩება, შვილი, რომელიც შეიძლება მგვანებოდა მე. არ მრჩება, იყოს "ნება უფლისა!"

გიორგი ნაფეტვარიძის ბოლო წერილი 14 მაისით თარიღდება და ისევ მეუღლეს, მშვენიერ ნათელას წერს: "რა ვქნა, არ ვიცი, რა მოგწერო, ჩემო ძვირფასო! ჩემო ყველაფერო! ჩემო ერთავ! აქ ფრონტია, ფრონტი და რა ვუყო მე, თუ ჩემს ნებაზე არ შემიძლია სიარული.

"გამახსენდება: მართლა მარტო ვარ!

თან ღრუბელივით დარდი ჩამიარს

და თუ წავიდა, და თუ დაგტოვა,

განა გიორგი დამნაშავეა?

ო, მაპატიე და სთხოვე გამჩენს

მძიმე გრიგალი ჩადგეს, გამოიდაროს

ვინ იცის, იქნებ ცოცხალი დავრჩე

და შენი გული ჩამოგიტანო!"

ეს პოეტის უკანასკნელი სტრიქონები იყო. ის მაისში გარდაიცვალა.

* * *

ალექსანდრე საჯაიამ პირველი ლექსი გაზეთ "ჩვენს თაობაში" დაიბეჭდა, სამი წლის შემდეგ კი, მისი პირველი ლექსების კრებული დაიბეჭდა. ის ქართულ პოეზიაში თითქოს სანთელივით აინთო, მაგრამ მალევე ჩაქრა. ალექსანდრე საჯაია მე–20 საუკუნის 30–იანი წლების გამორჩეული პოეტი იყო.

"დავხუჭავ თვალებს: ტრფობით დამთვრალი,

მე ჩემს სამშობლოს მივიკრავ გულთან

ძმებო, გული მაქვს ცამდე მართალი

და მთის წყაროზე ათასჯერ სუფთა"...

მის "ცამდე მართალ" და "წყაროზე ათასჯერ სუფთა" გულზე მოგონებებში წერენ. "ალიოშა საჯაიას თვალები – რიბირაბო, დანისლული, დანაშაულზე წასწრებულივით დამორცხვებული", – ასე იგონებს ლადო ასათიანი საკუთარ ჩანაწერებში მეგობარს. ალექსანდრე საჯაიას ლადოსავით ტუბერკულოზი სტანჯავდა, მაგრამ მაინც მეგობარზე წუხდა. ლადო ასათიანს სხვადასხვა დროს ასეთ წერილებს უგზავნიდა:

"გამარჯობა, ძმაო ლადო, შენი წერილი მივიღე, ცუდად ვარო მწერდი. "მაზგავოის" წამალი ვიშოვე, მთელი ნახევარი წლის სამყოფი. ნუ გეშინია, ლადო, მთავარია არ ინერვიულო და ბევრი ჭამო, კარაქი იყიდე ცალკე.

გამოვიდა ჩვენი თაობა, შენი ლექსი განსაკუთრებით მომეწონა ახლა. შენ სხვა კაცი ხარ, ბიჭო! მე ვიცი შენი გულის ამბავი, შენივე ლექსებიდან და მიხარია, რომ ვიცი... მე კი ცხოვრებაში დონ კიხოტი ვარ, მიკვირს რატომ შენებურად არ გამომლანძღე მაინც, მაგრამ გეცოდები. მაგრად გართმევ ხელს, ჩემო ლადო, სულ მაგრად...

რატომ შენ ჯანმრთელობაზე არაფერს მწერ, ბიჭო, როგორა ხარ? ცოტა თუ მოიკეთე? მე უსათუოდ ჩამოვიდოდი, მაგრამ ავადა ვარ, თავის ტკივილი დამეწყო და სულ გაგიჟებული ვარ. ლიტფონდმა საგზური მიწყალობა (შოვში), მაგრამ ჯერ არ მინდა წავიდე...

თბილისში უკვე ძლიერ ცხელა და მე უსათუოდ დღესვე წავიდოდი სადმე, რომ ერთი საქმე არ მაკავებდეს, რაზედაც ჯერ არაფერი მითქვამს შენთვის, მაგრამ ალბათ ბევრს გეტყვი მომავალში. გაგიჟებამდე მიყვარს ერთი თავადის ქალი. ლადო იმედია არ დამცინებ, არ ვიცი რა ვქნა ან როგორ მოვიქცე, რა არის ჩემი სიცოცხლე უმისოდ, თავი უნდა მომეკლა, მაგრამ არის რაღაც ჩემს ხასიათში გლეხური, რომელიც აბათილებს ჩემს სიამაყეს და "პოეტურ არისტოკრატიზმს"... მალე მორჩი, შე ღმერთძაღლო, ჩამოდი და იქნებ გავაკეთოთ რამე. დროა, კაცმა იფიქროს ნამდვილ წიგნზე. თუ სიყვარულშიც დავმარცხდი, დედას გეფიცები, თავს მოვიკლავ. ბოლოს და ბოლოს რას ვაკეთებ და ვის რად ვუნდივარ. თუ სიყვარული მექნება ლექსებსაც დავწერ და ყველაფერსაც ვიზამ, თუ არადა, არაფერი არ მინდა..".

"საღამოთი შველი გადამეღობა,

ას წელიწადს მაძებნინა კვალი;

მთვარედ მექცა ვარსკვლავებში შეტოპა

მივსდევ ელვის მოგიზგიზე ხმალით

სალოცავად ქართველობა მეყოფა,

საფიცარად შენი თაფლის თვალი"...

* * *

ლადოს გარდაცვალება მისთვის დიდი ტრავმა იყო. მის კუბოსთან მუხლებზე დაემხო და მეგობარი ისე დაიტირა... ერთი წლის შემდეგ სვანეთში მეგობარს ეწვია, სურდა ლირიკული ლექსების ციკლი გამოეცა სვანეთის მოტივებზე. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ლექსის დაწერა მოასწრო, თითქოს სანთელივით ჩამოქნა და... მთებში გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა. ისედაც დასნეულებული ამ ავადმყოფობას ვერ მოერია და 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირინე მჭედლიძე

წყარო – http://sana.ge/index.php?katid=4&id=10601&poz=L8
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
ნინო ჭინჭარაული

Female
Number of posts : 82
Age : 31
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

გიორგი ნაფეტვარიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   გიორგი ნაფეტვარიძე EmptyWed Feb 09, 2011 10:36 pm

ესეც გიორგი ნაფეტვარიძის კრებულიდან"ნახვამდის"

ბარათი

ჭაბუკობის ჟამს მივიღე წიგნი,
გავშალე ბავშვურ მოუთმენლობით,
სატრფოს ბარათი არ იყო იგი,
მე რომ ველოდი...
არც დედაჩემის თხოვნა დედური:
"წერილი მაინც მომწერე ბიჭო!"
ჭაბუკი ვინმე ამხედრებული
ეხატა ქვემოთ დაღარულ ფიჭვთან.
ეს იყო მშობელ მიწის ძახილი,
ჩემს ფესვებს სისხლს რომ აძლევდა უმალ.
ვემთხვიე მიწას მე თავდახრილი
და საზღვრისაკენ გასწია გულმა!




აკაკის სიკვდილი

ხალხი მღეროდა აკაკის ლექსებს,
ბროლოვით სუფთას,აზრივით სადას,
ჰგავდა პოეტი კრწანისის ველზე
ხმალგადატეხილ უჯარო სარდალს.
კვდებოდა..მაინც უსისხლო ხელით
მოჩრდილა მისი ნაწილი ცისა,
ალბობდა თურმე ცრემლებით ცხელით
გულ-მკერდზე დაფშვნილ მშობლიურ მიწას.
ელანდებოდა ნესტანის რიდე,
იფერფლებოდა და არ დნებოდა,
ელანდებოდა თამარი კიდევ
და საქართველო ელანდებოდა.
ეძახდა ვაჟას-რაზიკაშვილო
შემინდე წყენა,გულში თუ ჩაგრჩა!
ნატრობდა თრთოლვით ხელებგაშლილი
ბაკურის ხმალს და ერეკლეს ჩაჩქანს.
ის მოკვდა,როგორც ვარდობის თვეში
და სიმღერებში ტბის გედი კვდება,
ქართული ლექსის სიტკბო და ეშხი
დარჩა ლერწამში მის სადიდებლად.
ვაჟასთან ერთად ლექსს აბარებდა
ანდერძს ცახცახით და შთაგონებით.
მე მივალ ახლა მათ სამარესთან
და მუხლმოყრილი ვეამბორები.
Back to top Go down
http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

გიორგი ნაფეტვარიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   გიორგი ნაფეტვარიძე EmptyWed Feb 09, 2011 10:46 pm

დიდი მადლობა ნინო ჭინჭარაულს ამ ლექსების აწყობისათვის და აქ მოტანისათვის.

flower
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

გიორგი ნაფეტვარიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   გიორგი ნაფეტვარიძე EmptyThu Feb 10, 2011 9:19 am

მადლობა ჩემგან-აც.. მე შემპირდნენ გიორგის წიგნს და ავტვირთავ მერე ლექსებს.. როცა წიგნი მექნება..
Back to top Go down
http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

გიორგი ნაფეტვარიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   გიორგი ნაფეტვარიძე EmptyThu Feb 10, 2011 9:21 am

გამახსენდება: მართლა მარტო ვარ!
თან ღრუბელივით დარდი ჩამიარს
და თუ წავიდა, და თუ დაგტოვა,
განა გიორგი დამნაშავეა?

..

მირზა გამახსენდა:

როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.
Back to top Go down
http://www.geogen.ge
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
ნინო ჭინჭარაული

Female
Number of posts : 82
Age : 31
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

გიორგი ნაფეტვარიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   გიორგი ნაფეტვარიძე EmptyFri Feb 11, 2011 1:22 am

არაფრისSmile.ნაფეტვარიძის კრებული მეგობარმა მათხოვა მეც

ფადიმე

ნუ მოვიგონებთ მტრობას ადრინდელს,
მე ხომ არ მმართებს სისხლი აჭარლის,
ნუ გაიკვირვებ ჩემო ფადიმე,
თუ არც მკვლელი ვარ და არც ლაჩარი.

რომ ქართველი ვარ და შენი ენა
თუ მესმის ახლა,როგორც ზღაპარი,
აბას პირველმა გვაწამა ჩვენაც,
ფერეიდანში მყავს წინაპარი.

ბევრჯერ გულიდან სისხლი გვადინეს,
ადრე დაგვფარა დარდმა ჭაღარით,
ქართველ ასულთა წმინდა მანდილებს
ჩეხავდა ხმალი ნაყაჩაღარი.

მე არ მივტირი ძველს და უნაზესს
და მიყვარს თქვენი შავგვრემანები,
მოვალ,ამ ზაფხულს დავრჩები ზღვაზე
და მეც აჭარელს დავემგვანები.

ნუ გავიხსენებთ მტრობას ადრინდელს,
მო,გახდი ჩემი დასაფიცარი,
ლექსი არ გიყვარს თურმე ფადიმე,
მაგრამ,ამ ლექსს ხომ მაინც ისწავლი?



ანდრია სინაურს

ანდრია,ჩემო,
ანდრია,კარგო,
მე შენთან ყოფნა მესალბუნება,
წავიდეთ სადმე,გადავიკარგოთ,
წავიდეთ სადმე,დაუბრუნებლად.
ვეძმოთ უღრანებს,
ვეძმოთ არწივებს,
ვეძმოთ ჩანჩქერებს,
კლდეებს,
ნაპრალებს,
მთაში დავხარჯოთ ეს სიყმაწვილე,
და ძმობის ვარსკვლავს ნუ გავაპარებთ.
დავხოცოთ ჯიხვნი,ღამენასვამნი,
გავხდეთ ყაჩაღნი,
გავხდეთ ურჯულო,
დავწვეთ მუხებთან და ვაჟასავით
ფოთლებს,ნიავს
და ტყეს ვეჩურჩულოთ.
Back to top Go down
http://xevsurety.blogspot.com
Sponsored content




გიორგი ნაფეტვარიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ნაფეტვარიძე   გიორგი ნაფეტვარიძე Empty

Back to top Go down
 
გიორგი ნაფეტვარიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: