არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ზაზა ბიბილაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4648
Registration date : 09.11.08

PostSubject: ზაზა ბიბილაშვილი   Fri Feb 04, 2011 4:23 pm


Zaza Bibilashvili


ზაზა ბიბილაშვილი

ლექსი მოყმისა და სიყვარულისა

გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე,
რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი:
ვერ შეგიპყარი,
ვერ მოგკალ,
ვერ თავი შემოგაკალი.
ხან - ჭიუხების ჭირხლები,
ხან - ხალნი ველის ხაოთა -
შენად ნაწოლად მენიშნა,
ვნახე - აფთარი ხაოდა.
ეგებ, დააგდე საჩვენო,
სხვა მზე ირჩიე,
სხვა წყალი?
ეგებ, ჯილაგით ამოწყდი -
კაცის ჯილაგზე გამწყრალი?
ეგება, კიდეც დაგლანდე
სადმე, ჩამომწვარ გორებთან? -
დამცეცხლა კოცნის სახმილმა -
მახვილს რა მომაგონებდა!
აღარ დამცალდა,
ნანატრი
ელდის ელვებით გაშოლტილს, -
ცალი ყბით შემომიღრინე,
ცალად გამკარ და გამშორდი.
არც საიქიოდ გამწირე,
არც შემიფარე სწორფერი,
დამიგდე, როგორც დილეგი -
უსიყვარულო სოფელი...
ეგება ფიქრობ, მოვრჯულდე
უმადურ კვალზე ნათრევი,
ვერცხლის ბომონებს დავაკლა
ჩემი უბელო ნატვრები,
გავთბე სარკმლიდან სამადლოდ
შემოგდებული მზის სხივით,
ტრფიალი აღარ მომშივდეს
აუღებელი სისხლივით,
რადმე ვიღირო უშენო
დღენი - უგვანოდ კუშტები,
ისევ არ გამოგეკიდო,
როგორც კი გამოვშუშდები!




ლიბ.გე - http://lib.ge/authors.php?423




ნომერი: 16923
დასახელება: "ჩემი მდოგვის მარცვალი"
სტატუსი: გაყიდვაშია
გამომცემლობა: ინტელექტი
ფასი: 6.4 GEL
ავტორი: ზაზა ბიბილაშვილი
ყდა: რბილი, ლამინირებული
ფორმატი: 12/17
გვერდების რაოდენობა: 156
ISBN: 978-9941-410-94-9
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2009
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4648
Registration date : 09.11.08

PostSubject: ზაზა ბიბილაშვილი   Fri Feb 04, 2011 4:27 pm

ზაზა ბიბილაშვილი

სიყვარულის ახსნა

სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.


ქორწილი

მაშინ თუ გაგახსენდი,
ულაზათო ფანტივით,
როცა ღრუბლის ტალღები
ქოჩრებს შეითალხავენ,
შენს ქორწილში უთუოდ
მელის მაყრის პატივი
და უზომოდ მოვილხენთ
მე და ჩემი ბალღამი.
ამძაღებულღვინიან
ყანწებს მივეხუტები,
გულს ჩავიხსნი -იარას,
ვერრით ვეღარმორჩენილს...
რა ვქნა, უსიყვარულოდ
სული თუ მეხუთება
და სიყვარულს ღორივით
ყელი ვერ გამოვჭერი!
თითქოს ამ ქვეყანაზე
მრჩება არც არაფერი.
გაიელვებს ღამეში
ამ სიფათის სიფითრე.
შუბლი ამელანდება
სისხლით გადანაფერი, -
ხსნაზე -თავის მოკვლაზე -
ისევ ფუჭად ვიფიქრებ.
ჩემზე მოშიებული
აკივლდება ზარნაშო.
მაყრიონის გზა-კვალი
როგორ გამათელინე!
ჰე, გამიშვით -ჩამიშვით
მარტოობის ურნაში -
მაგ ნაგავში ნარჩენი
ღამე გამათევინეთ!
კარავი კი იქნება
ტიტით გადაპენტილი
და დაღლილი ტალღები
ქოჩრებს შეითალხავენ...
შენს ქორწილში უთუოდ
მელის მაყრის პატივი
და უზომოდ მოვილხენთ
მე და ჩემი ბალღამი.


***
რა მალე დამთავრდა, ანა,
უმწეო ზღაპარი ჩვენი.

არც - შავტარიანი დანა.
არც - ტყვიის ცამეტი ჯერი.
არც - არჯალ ქაჯებთან ომი.
არც - ქვაბში ბნედილი გდება...

გული კი, ტრფიალის მნდომი,
მწყდება და
მწყდება და
კვდება.

study


Last edited by Admin on Fri Feb 04, 2011 4:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4648
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაზა ბიბილაშვილი   Fri Feb 04, 2011 4:31 pm

ზაზა ბიბილაშვილი

დიოფიზიტური ტირადა
(ბატის ფრთისა და დახლის თანხლებით)

თაკარა მზით და ღრიანცელით
თავი მევსება.
ბრიყვი ვყოფილვარ - ეს-ეს არის
შემატყობინეს.
ვდგავარ აქ, სადაც დახლებია
და ვილექსები
მე - პოეტი და, შეთავსებით,
მეკარტოფილე.
ვიცი, თქვენ მაინც არ იფიქრებთ,
გასულელდაო,
არ გადაგცდებათ ყელში შაქრის
მამალოები, -
უწყით: ბაზარი ბაზარია
და სულ ერთია,
სტამბულის არის,
ჩიტების თუ
ამაოების.
ასე რომ არა, ვახსენებდი
ფრანსუა-ფრანცუზს,
არ მოვყვებოდი უთავბოლო
ფიცილს და ჩიჩინს,
მხოლოდ დავძენდი:
მართალია,
ძალიან არც მსურს,
არც მომდევს-მეთქი ყაჩაღობის
საშური ნიჭი.
ხოლო ბაზარი? - თუ მიუდექ
ამ საქმეს ჭკუით
და შნო-ლაზათით, შეიძლება
არც იზარალო!
(მერე რა, თუკი ცოტა-ცოტას
სასწორი ტყუის,
როცა მართალი ქვეყანაზე
კაცი არ არი?!)
მაგრამ ბედისგან ძნელად ვინმეს
ნახავ დანდობილს
და თუ გაწყრება იღბალი და
მეც არ დამინდობს,
თავს მივანებებ უიმედოდ
იაფ კარტოფილს, -
უფრო სარფიანს გამოვიტან
კიტრს და პამიდორს.
ან რომანტიკულ-ეგზოტიკურ
ბანან-ანანასს
წონით ვიყიდი და გავყიდი
თითოდ, ორ-ორად
და თუკი მუქთად არ გავატან
ლამაზ მანანას,
კი გავაკეთებ ერთი კაი
წიგნის ჰონორარს...
მაგრამ “ჩეკისტი” ჩამოივლის
ბრძნული იერით,
კიდევ ათასი ჩინ-მაჩინი
და ეპოლეტი...
საბრალო ისევ შემომრჩება
ჯიბე მშიერი
და სევდიანად შემახსენებს,
რომ ვარ პოეტი.
თავგადაკლული დამიმოწმებს
ყველა თვისებაც:
შემომჩვევია აჯაგრული
ურვის ობობა
და აქაც, თუმცა ღრიანცელით
თავი ივსება,
ყელში გამჩრია უპატრონო
უთვისტომობა.
ან როცა ვუმზერ კლიენტურას,
აფოფრილ-მკივანს,
მათანასწორებს ვინც ჯალათთან
ანდა დებილთან,
გგონიათ, გული არა მტკივა?
პირიქით - მტკივა,
და უფრო მეტიც - გული მტკივა
დაბადებიდან.
ჰოდა, სანამდე აიტანოს
ყოფის ტაქტები
ამ უცნაურმა, საოცარმა
ჯადო-თილისმამ?! -
ვიცი, გასკდება და არ ვიცი,
რას შევასკდები -
საწერ მაგიდას თუ ტომარას
კარტოფილისას.
სრულყოფილებას თუ აკლია,
მხოლოდ ის - ბასრი
სამართებლით რომ მოცახცახე
ვენას მოზომავ...
ეგ რაა, დახლის რომ მეშოვა
მაგივრად კასრი -
განაღდებული მექნებოდა
გენიოსობა...
ვიცი, მიჯერებთ, მაგრამ ეჭვიც
მორბის ძუნძულით,
გაბეზრებული ჩემი ბოდვის
უთავბოლობით.
მაკვირვებთ, როგორ არ იკმარეთ
ასე უნდილი
სახეები და უღიმღამო
მეტაფორები!
აჰა, ინებეთ, სანამ გეტყვით
ღამეს მშვიდობის,
კიდევ საბუთი უტყუარი
და თვალსაჩინო:
თუმცა წააგავს დახლი ესე
ნოეს კიდობანს,
მეტი არ არის ჩემი მტერი -
გადამარჩინოს...
მაგრამ გავჩუმდე, თორემ ფიქრობთ,
ფუჭად ვიღლები
თეატრალური ორი ნიღბის
ფეთქვა-ფოფინით.
ერთი იწამეთ: მართლა მე ვარ,
რისი ნიღბები!
მე - პოეტი და, შეთავსებით,
მეკარტოფილე.


***
მტერო, მოჯარდი სახედაღრეჯით!
მზე მიმქრალია, ქარი -დაღლილი.
ხანდახან გულის თეთრი ნაგლეჯი
თუ შეირხევა ბაირაღივით.

მოისურვილე შავი ნატვრები,
გატიკნულები ბოღმის ჯიქნითა!
კარიც არ დაგრჩა შემოსამტვრევი -
გამტვრეულია ყველა შიგნიდან!

მტერო, მოჯარდი, თუკი სადმე ხარ, -
დატეხილი აქვს ფრთები ქარტეხილს.
რა ბედენაა გულის გატეხა -
ციხეს დააქცევს ფიცის გამტეხი! -

ამდენ ბზარსა და ამდენ იარას
სიცოცხლის კირით რაღა გატენის!
მტერო, მოჯარდი -ციხე კი არა -
თავიც არ მინდა ნაღალატევი!

იქნება, კიდეც გეშით ჩამელის
კუპრის ხაროში ჯოჯო და მყვარი.
მომძალებია ლეშისმჭამელიც -
მკვდარი ვგონივარ ნახევრად მკვდარი.

მტერო, მოჯარდი, შლეგი ნატვრები
სისხლგაწუწნულით აძღე ჯიგრითა!
კარიც არ დარჩა შემოსამტვრევი -
გამტვრეულია ყველა შიგნიდან.

Arrow

https://www.facebook.com/profile.php?id=1850924466#!/profile.php?id=1850924466&sk=wall
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
gogona

avatar

Female
Number of posts : 23
Age : 31
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: ზაზა ბიბილაშვილი   Sun Feb 20, 2011 12:07 pm

***
უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,
ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.
უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით
ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;
სადღაც ცხრა მთას იქით ციხემიუვალი აგიშენო,
მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე.
უნდა გადმომძახო, ისევ უიმედო მოალყე ხარ,
გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!
ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო _
შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.
ლექსი _ უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,
ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე;
ჩემგან დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები,
მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!
უნდა დაგიბრალო, თორემ წლები ვეღარ მომათრევენ,
თორემ უპატრონო სულში მაცილები ქირქილებენ.
უნდა დაგიბრალო, სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.

***
ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამი
და ზმანებების პირისფარეში.
ჯანდაბას ათასერთივე ღამის
სულის ამოხდა ღია თვალებში;
ფიცი - მბოდავი ბაგის ნაფშვენი -
შენი მწარე და მწირი ხუმრობა.
ჯანდაბას კოშკი - შენთვის ნაშენი,
ქარწაღებული კირითხურობა;
ურვის ურდოთა შემოწყობანი,
გახსენებული გემო ცრემლების.
ჯანდაბას ჩემი შეშლის ცნობარის
მკითხველები და გამომცემლები;
გული - საშენოდ ძლივს მონაკრები
ნაკუწ-ნაკუწი ავლადიდება
და თუნდაც მთელზე ოდნავ ნაკლები
ჯანდაბას ქვეყნის გადაკიდება!..
მაგრამ:
თუ ხსოვნა განგების დასებს
ჩემში შანთებით ამოუტვიფრავთ
და ვით დამეცი ქარიან თავზე,
არ დამავიწყდი ისე უტიფრად;
კვლავ წამიქეზე ჯავრის მახრები,
ჯიგრის გამკვეთი და გამწურავი;
თუ შემიგინე შემოსაყრელი
ქალწულიცა და ნაქალწულარიც
და ვინმე, შენზე უფრო კეკლუცი,
აღარასოდეს თათმანს არ გესვრის;
თუ არ მომირჩა შენი ნაკოცნი,
ვით უჭრელესი გველის ნაგესლი;
თუ შემატოვე თოვლიან ბაღებს
გონჯი ფიტული-_ ბავშვის ნახატი;
ვერ მოგინელე - არაყი მძაღე,
ვერ მოგიხადე, როგორც სახადი!.. -
ნურც გაკვირდები:
ვეღარ გავქვავდე,
როგორც საცრემლე მესაფლავეთა;
ამომივიდეს ყელში
აქამდე
ყელში გაჩრილი უცხო პლანეტა;
თავს დავაბრალო ჟინი ბავშვური
და ყულფში გავყო მთელი შეგნებით -
სარდლის ემწაროს საჯდომს პანჩური
ამბოხებული მხედრის ჩექმების...
გვამში ჩაბრუნდეს სულის ნახველიც,
რომ ანგელოზმაც ვეღარ მიაგნოს...
- ასე დაერქვას შენი სახელი
დაბადებიდან დასმულ დიაგნოზს.
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4648
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაზა ბიბილაშვილი   Tue Oct 23, 2018 3:00 pm

ზაზა ბიბილაშვილი

ასე იციან
.
დაგღლის ტანის დივანზე და ლოყის მკლავზე შემოდება,
გარეთ გახვალ, ნახავ, შენი შემოდგომა გელოდება -
.
ძველებურად ფერყვითელი, სუნსველი და გემომწიფე,
ფეხქვეშ ისევ დაძენძილი ნოხის ნაფლეთს შემოგიფენს -
.
ნიავქარში სადარბაზოს ღია კარში შემოხვეტილს,
და გგონია, გარეთ იყავ - სახლში ახლა შემოხვედი -
.
სადაც შენი სული ფხიზლობს ან ფხიზელი ძილით სძინავს,
შემოსულხარ რაკი შარშან, იმის წინ და წინის წინაც,
.
შენი დარდის ეკალ-ბარდით, შენი ომით, შენი ნდომით,
და ამანაც შეგიფარა, თანაც - მთელი შემოდგომით...
.
გული აგიჩუყდება და მოგივა და შეგიხტება -
ასე იცის შემოდგომამ - შეგიჩვევს და შენი ხდება.
.
მაგრამ განა მარტო მაგან - ყინვის ეტლით ნასერი ცის
ზამთარმა და გაზაფხულმა და ზაფხულმაც ასე იცის.
.
ასე იცის ამქვეყანამ, სათნოა თუ მურდალია,
თავის პანოს, ხვატით დამწვარს თუ ყინულის სუდარიანს,
.
პროზის მსუყე საფლობებს თუ პოეზიის მიმქრალ ტონებს
შეგაჩვევს და შეგიჩვევს და მერე უცებ მიგატოვებს.

2018


Arrow

Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4648
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაზა ბიბილაშვილი   Wed Oct 31, 2018 7:43 pm

ზაზა ბიბილაშვილი

ცუდი წარმოდგენა

.
წარმოიდგინე ამ ცაზე ამაზე უფრო შავი მზე:
შოთა მეჭურჭლეს უწყალო უარი ეთქვა შაირზე;
ეკითხა: რად ავირიო იარაღი და სამიზნე -
რას არგებს ლარის მაძებარს მუზების დევნის ავი ზნე?
.
ნუთუ სახელი ან სხვა რამ მოსახვეჭელი მაკლია?
ნათესავი და ჯალაბი შემოსილი და ნაყრია;
სადგომიც - არა ეტრატის - ქვისა და კირის სახლია...
ხოლო - შარიც რომ არ იყოს - შაირობაში რა ყრია?
.
კვლა ეთქვა: ახლა საჩვენოდ მომართულია ღვთის ნება:
ლარსა ითვლიან ლაშქარნი - სალარო ისე ივსება.
მაგას განკარგვაც ხომ უნდა - იგივე, რაც ათვისება?
მეფეც იმოყვროს, გლახაკიც - ესა ჰქონია თვისება.
.
დამხვავებია დავთრები - ვერაფრით დამიცალცალდა;
გასხლტება ეშმა-შეცდომა ხან აქ, ხან იქ და ხან სადა;
საღამოს ლამის მიმიღოს მიწამ - მიწად ან ცამ - ცადა...
აი, ასეთ დროს მოუნდათ ქება წარბთა და წამწამთა.
.
ნახეს უცხო მოყმეც ბევრი, მაგრამ ვერვინ - მორუსთველო,
მომაკითხეს - ისურვაო - ლექსის სთველი მოუსთველო...
აწ მირჩიე, თავო ჩემო - საღო და არმოუსვლელო -
ხომ არ მოგიავადმყოფო, თუნდაც - მოგიმოუცლელო?
.
იქნებ ჯობდეს, მბრძანებელი უარისთვის განმირისხდეს -
მიყიოდეს, მაყივნებდეს, რაცა სწადდეს - ამინ - ის ხდეს -
ვიდრე ნაწერს განსაკვეთად მთლად სამეფო კარი მისდგეს? -
იქ ამბავი დატრიალდეს - ავტორსა და ვაი მის დღეს!
.
განაქიქონ ისე, თითქოს წაეკითხოთ ასო-ასო,
თან შენთანაც ხელი ჰქონდეთ, შაირობის არსის არსო.
დაადგინონ: მოჰქცევია ავად ზეცის საჩუქარსო -
ოდენ წყალი დაუნაყავს - რაიც ძლიერ საწუხ არსო.
.
ანდა კიდევ უარესი - მჯდომმა მთავარ საინახოს
ყმის ოდაში საჩოთირო მიჯნურობა დაინახოს;
იქით ლექსი შეიბღალოს - აქეთ გული გაილახოს -
ჰგავდეს - დანას წამოეგოს ან როდინში დაინაყოს.
.
კიდეც რომ მოიწონებდეს, დარი მომხდარა სად რა როს -
მიჯნურის გული შაირით მოეგო მიჯნურს საბრალოს...
ვერცრა შევმატო საწადელს, ხელიც მოვაკლო სალაროს -
თაგვი გაუჩნდეს ოხერი - ლარი ხრას, არაამრავლოს.
.
მგოსნის დიდებამ, რომელიც თან არ არი და თან არი,
წამომიშალოს მოყელე, გულხენეში და თვალნარი -
მაოტონ - უკან დამირჩეს მშობელი ღელე-მთა-ბარი,
იმის უკან კი - სახელო, მიჯნურობა და თამარი...
.
ანუ თუ სულაც მომკერძოს უარმა დილეგ-ბადრაგი,
უეჭველია, თანხმობას ჭირი მოჰყვება ათმაგი…
ჯობია, სხვამ თქვას ლექსები - ჯანდაბას - ცოტა ჯაგლაგი,
სასიძოებმაც იკმარონ ჩახრუხაძე და ჭადრაკი...

. . . . . . .
ეპილოგს ისევ მე ვიტყვი - ამ წარმოდგენის მოთავე,
ვისი გული და გონებაც ძველი დილემით შფოთავენ:
ვინ იცის, მართლა რამხელა შარში ვიყავით ორთავე -
რას გადავურჩით მერე ჩვენ და გადაურჩა შოთა ვერ. –
.
რაკი - ვინ იცის - იმანაც - ფიქრის სანახებს გაჰყვა რო -
შენ დაგინახა ბოლოში, ცაო - მზეშავადგამხმარო, -
იფიქრა - რა ვქნა - არა ვქნა - ვერა ვქნა - სულიც გამყარო...
დაჯდა და შექმნა ახალი წიგნი, ქვეყანა, სამყარო.

2018


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4648
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაზა ბიბილაშვილი   Sun Nov 04, 2018 10:26 am

ზაზა ბიბილაშვილი

***

ეს მაინც როგორ უნდა -
.
თვალი როგორ უნდა
გავუსწორო
მაგ ალალ თვალებს,
.
მოღალატე მეგობარო?

2018


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4648
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაზა ბიბილაშვილი   Sun Nov 04, 2018 10:29 am

ზაზა ბიბილაშვილი

***
ძილბურანის ნისლებიდან გამოსულო ბანდალ-ბანდალ,
სიზმრის ბუნჩომოყოლილო, აბუზულო ცხადის კართან,
შფოთით შემომზირალო და შიშით ვეღარ შემოსულო,
აბა, გული გახსენი და გამიმხილე, ჩემო სულო:
ძილისა და მღვიძარების აცაბაცად ნაკერ ზღვარზე
რა გაშფოთებს, რით გაშინებს, როგორ გაცახცახებს ასე? -
თითქოს - ცხადის ღია კარი ხრამის პირი იყოს ღია;
უხსენებელს უკბენია; ავსულისთვის გიკოცნია...
სულო, რად გაქვს ერთი სული - ისევ ბურანძილში შეძვრე?
ტანში რატომ გეტოტება უმწეობა ყოვლისშემძლე?
ეგ გული თუ გულნაცვალი რა თავზარმა დაგიზაფრა -
ხორცთან გაყრად რომ გაჩვენა სიზმრისა და ცხადის გაყრა?
რომ იღვიძებ და თან იცი - და საიდან იცი, ერთი? -
შენ არ გელის ან იმისთვის გელის მთელი ღვიძილეთი, -
რა სანდობი-შესანდობი-დასანდობი არის ისო! -
სპილოსავით დაგაბიჯოს - მუხლუხივით გაისრისო...
ამ დროს, ძილის ანუ ძილში შებრუნებაც გვიანია;
მერე - ეგეც რა ძილია - სველია და ქვიანია...
იმედების გუდა მაინც იქით დაგიტოვებია -
თითქოს აქეთ უფრო ავი დევები და ტროლებია,
თითქოს სადმე ახლომახლო მრავალთავა ძაღლიც ებას -
რომ ყოველი გაღვიძება ჰგავდეს ბოლო გაღვიძებას. -
აკი თავიც შეგრჩენია მხოლოდ ამის, თუკი რამის -
მიფრიალო, მიბაგუნო, ამომიგდო გული ლამის;
მეხუთო და მეკრა, მე კი მარტო იმის ხათრით გითქვა,
რომ წამების ეგ წამები არ გრძელდება წუთზე დიდხანს, -
როცა ისე შეგრისხავდი, სულეთის ფრთებს შეისხამდი,
რათა ჩემი სიზმარივით გამქრალიყო ჩემი ცხადი...
მაშ, მითხარი...
თუმცა რატომ გამტვრევინო კარი ღია? -
ჯობს, ამიხსნა, რისიც მართლა ვერაფერი გამიგია:
იმ წამების კვალდაკვალად - შენ რომ გულზე წამიკიდე -
წარსულში რომ ჩაიწვება რამდენიმე წამი კიდევ,
საათად და ტელეფონად, კედლებად და ნახატებად
როცა ცხადი საბოლოოდ ახდება და გაცხადდება,
სიზმრისგანაც რომ დარჩება ალაგ-ალაგ მოყოლაღა -
აი ამ დროს აი უკვე ასე მშვიდი როგორა ხარ? -
ისე, თითქოს ეს-ესაა - როცა ცხადის კარს აღებდა -
სულ სხვა სული შფოთავდა და ოხრავდა და ცახცახებდა;
მილეული სანთელივით თითქოს შენ არ ციმციმებდი;
გეგონება, არც გეგონა, რაც გეგონა ღვიძილეთი; -
ის კი თითქოს სავანეა, სამოთხე და მეცხრე ცაა,
და, საერთოდ, ის არ არის, რაც გეგონა, ეს-ესაა.

2018


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: ზაზა ბიბილაშვილი   

Back to top Go down
 
ზაზა ბიბილაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: