არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნინო თარხნიშვილი

Go down 
AuthorMessage
ameliamelia

ameliamelia

Female
Number of posts : 1
Age : 40
Location : Tbilisi
Job/hobbies : Journalist
Humor : none
Registration date : 02.02.11

ნინო თარხნიშვილი Empty
PostSubject: ნინო თარხნიშვილი   ნინო თარხნიშვილი EmptyThu Feb 03, 2011 3:16 pm

ნინო თარხნიშვილი Nino_t10
Nino Tarkhnishvili

ნინო თარხნიშვილი - ამელი

მგონი შვიდი წლის ვიყავი საქართველოში რაღაც კომპიუტერულმა პროგრამამ რომ შემოაღწია, რომელშიც დაბადების საათს, დღეს, რიცხვს და წელს თუ ჩაწერდი, მომავალს გიწინასწარმეტყველებდა. ჩემი მომავალი ოთხ თაბახის ფურცელზე დაეტია. ერთ-ერთ გვერდზე კი აი, რა ეწერა: “ლიტერატურაში ცდი ბედს, მაგრამ წარმატებას ვერასდროს მიაღწევო”. წინასწარმეტყველება ახდა. წერა 5 წლის წინ დავიწყე და წინასწარ ვიცი, როგორ დასრულდება ჩემი გატაცება მწერლობით.

აი, რაც ამ ხუთ წელში მოვასწარი:
* 2006 წელს პირველი წიგნი, მინიატურების კრებული “ქალთარაფერა” გამოიცა.
* ლიტერატურული პრემია საბა 2006 – ის ნომინანტი;
* პენ-მარათონ 2007-ის ფინალისტი;
* ლიტერატურული პრემია “წერო 2008” –ს პრიზიორი;
* ლიტერატურულ კონკურს “ლიბ.გე 2008” – ს გამარჯვებული;
* 2008 წლის 15 საუკეთესო მოთხრობიდან ერთ-ერთი.

2010 წელს გამომცემლობა "დიოგენემ" მოთხრობების კრებული გამოსცა "სათაური 37–ე გვერდზე"...

მწერალზე მეტად კი რადიო “თავისუფლების” რეპორტიორი ვარ. რეპორტიორზე მეტად კი მარიტას დედა და გიორგის ცოლი. და იქ კომპიუტერულ პროგრამაში დაახლოებით 23 წლის წინ ოჯახის მეგობარმა მათემატიკოსმა აი რა ჩაწერა: ნინო თარხნიშვილი, 15:30, ორშაბათი, 11 ივნისი, 1979 წელი.

ბმულები:
* https://www.intelekti.ge/author_ge.php?id=332
* http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0unikumu1--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&cl=CL4&d=HASH01ca4af744c1f07b193fd917.93&gt=1
* https://www.facebook.com/nino.tarkhnishvili.5
* http://book.gov.ge/en/author/tarkhnishvili-nino-/80


Exclamation

ნინო თარხნიშვილი Amelis10

დასახელება – "ქალთარაფერა" (ლექსები)
ავტორი – ამელი
გამომცემლობა – "დიოგენე"
რედაქტორი – ანა ჭაბაშვილი
ISBN: 99940-45-95-4
გამოცემის წელი – 2006

study
Back to top Go down
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო თარხნიშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო თარხნიშვილი   ნინო თარხნიშვილი EmptyFri Mar 15, 2019 4:49 pm

ნინო თარხნიშვილი

ქაბულში, ყვავილების ქუჩაზე

(დოკუმენტური პროზა)


ისააკ, ჩემო მეგობარო… ისააკ… შენ ხარ უკანასკნელი ებრაელი, რომელიც ალიმ ქაბულის მიწას მიაბარა. მე მივდივარ… ებრაელები აქ აღარ არიან…

* * *
თქვენ გაიხარეთ, ბატონო ისააკ, ჩემი დახმარებისათვის. რომელ ღმერთს შევწირო მადლობა - თქვენსას თუ ჩემსას? აქამდე რატომ არ გიცნობდით, ხომ არ გავიმწარებდი ყმაწვილ-ქალობას? - ქალი ისეთი გამეტებით ცდილობდა ისააკისათვის მადლობის გადახდას, რომ შავ-აბრეშუმა ჩადრი მის ტუჩებს ვეღარ ფარავდა, ზედ ეგლისებოდა და ისააკი ცოტათი ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, იქნებ ქაბულელი ქალის ტუჩების სიმკვრივე ჩადრს მიღმა მაინც ეგემა.
- რას ხარშავ?
- შენ არავინ გეკითხება.
- არც მაინტერესებს, მაგ ალქიმიკოსობას მანამდე არ მოიშლი, სანამ შენ ცოლს არ დავურეკავ ისრაელში და არ მოვახსენებ, რა საქმითაც ხარ დაკავებული. - რა საქმით ვარ დაკავებული, რა საქმით… გირჩევნია ეგ ფარდა კარგად გადააფარო და საკნის შენს ტერიტორიას მიხედო. მე გეკითხები შენ რას აკეთებ? ჰოდა, შენც შემეშვი რა, - დაძარღვული ხელებით მოიწმინდა მთლად ოფლიც არა, შუბლშეჭმუხნულმა ისააკმა; საფეთქლებთან ჩამოკონწიალებული ორი კულული თავის მარჯვე მოქნევით უკან გადაიყარა და საქმე განაგრძო…
„გამო, გამო, გამოდევნე, თვალნი, თვალნი დაუბნელე, გულში ხიჭვი გაუყარე, პირში გემო დაუკარგე… ძუძუები ჩამოუჭკნე, თეძო-მკლავი გაუტყავე, თმები ჩალას დაუმსგავსე, უნაყოფოდ დააბერე…“ მერე გამურულ მოყვითალო ქვაბში ორი ხელით და ათი თითით მიმხმარ-მომხმარი ბალახბულახი ჩაყარა, ხის კოვზი ამოიძრო ჩამოთხავებული შარვლის უკანა ჯიბიდან და მოყავისფრო მასას გამალებულმა დაუწყო რევა…
რას ჩიფჩიფებს ეგ უწმინდური, სანამ რამე უბედურებას არ დაგვატეხს თავს, არ მოისვენებს - ხელები დაიკაპიწა თმაყვითელმა ზებულორმა, დაჟანგებული ონკანი გააჭრიალა და წვეთ-წვეთად წამონწკანწკარებული წყალი სახეზე შეიწუწა. მერე რაღაც სასწაული ძალით გადაფითქინებული მიტკლიდან თორა დაიხსნა, გადაშალა და ჩუმ დუდუნს მოჰყვა.
ისააკმა ყური მოჰკრა ზებულორის ლოცვას, წელში გაიმართა, ფარდა გადასწია და ჭაღარაწარბებშეკრულმა მიაძახა:
- ეგ თორა ხვალ შებინდებამდე ჩემია.
- სანამ მაგ მჩხიბავობას თავს არ დაანებებ თორა ჩემთან იქნება. - რა ვერ გაიგე, შე ხისთავიანო, მჩხიბავი არ ვარ, ქალებს ვეხმარები ქმრების დაბრუნებაში, ქალებს.
- მაგიტომ მოდიან თავპირწაკრული დედაკაცები საკნის შენ მხარეს მოთქმა-გოდებით? მაგიტომ მიაქვთ ეგ აყროლებული საწამლავი და მერე სხვა ქალებს გულ-მუცელს უთუთქავენ? ნახევარი ქაბულელი ქალები შენს წამალზე ლოცულობენ, დანარჩენი ნახევარი კი შენი წამლის ნაყოფს - დაფუფქულ გულ-მუცელს, დატყავებულ თეძო-მკლავს და ჩალად ქცეულ თმას ტირის.
- რა გელაპარაკო, მაგ ცარიელ თავში მაინც არაფერი შეგივა, თორას კი ხელი გაუშვი, ჩემ მხარეს მიმაქვს - ისააკმა ხის კოვზი ისევ შარვლის უკანა ჯიბეში გაიქანა, მოხუცი ადამიანის კვალობაზე ზედმეტადაც კი გაიშალა მხრებში და ზებულორს თორა ხელიდან გამოსტაცა.
ზებულორი რისი ახალგაზრდა ზებულორი იქნებოდა, გადამხრჩვალი ისააკისათვის თორა რომ დაეთმო და ატყდა აყალ-მაყალი, დავიდარაბა, ტყაპა-ტყუპი, გაწევ-გამოწევა, ჩემია-შენია… და იმდენი ქნეს, სანამ ზებუნებრივი ძალით გადათეთრებული მიტკალი შავად არ იქცა და სიძველისაგან გადაყვითლებული თორა - ნაფლეთებად. მეციხემ (ასე მინდა ამ კაცს რომ ერქვას, პატარბავშვურად), ძლივს გამოწიწკნა ერთმანეთს მთელს ქაბულში გადარჩენილი ორად ორი ებრაელი - მოხუცი ისააკი და ახალგაზრდა ზებულორი და დაემუქრა, ამ აურზაურისათვის დაგსჯით - ფარდას ჩამოგიხსნით და მერე ჭამეთ ერთმანეთი თვალებითო.
წებო იქ არ იყო თორა რომ შეეკოწიწებინათ, და არც ფურთხი, რომ შეეწებებინათ - იმ უწყლობაში ისააკიც და ზებულორიც ისე გამომშრალიყვნენ, რომ იმდენი ცრემლიც კი აღარ ჰქონდათ სატირლად ღირებულიყო… უცრემლოდ ტირილს კი რა აზრი ჰქონდა…დაიხა თორა, დაიხა.

* * *
ქაბულში, ყვავილების ქუჩაზე, ოღონდ არ ვიცი, რომელი ყვავილების ქუჩაზე, იქნებ იორდასალამების, ან აზალიების, ან ლიანების, ან მაგნოლიების, ან ქრიზანტემების, ან უბრალოდ ყვითელგულა გვირილების ქუჩაზე, ხისკარა, არაფრით გამორჩეული, ცისფერი და ოთხკუთხედი, მთელს ქაბულში ერთადერთი სინაგოგა იდგა… და აბა რა გასაკვირია, რომ ყვავილების ქუჩაზე აუცილებლად უთვალავი ყვავილების მაღაზია უნდა ყოფილიყო. ჰოდა, ამ ქუჩის (მთელს ქაბულში მარტო ამ ქუჩის) მაცხოვრებლებს, ისეთი ყვავილების სუნი ასდიოდათ, მოსიარულე ადამიანების მოწყვეტა თუ არა, დაყნოსვა მაინც აუცილებლად მოგინდებოდა. ამიტომ იყო, რომ იქვე, „ქათმის ქუჩაზე“ მცხოვრებ კაცებს ძირითადად „ყვავილების ქუჩაზე“ მცხოვრები ქალები მოჰყავდათ ცოლებად… და მერე მთელი ცხოვრება ამ ყვავილა ქალებს ჭრელ-ჭრელი ქათმების დევნა და ოჯახისათვის მსუქან-მსუქანი დედლების ჩახოხბილის მზადება ჰქონდათ მისჯილი. მოსაწყენია არა?… თუმცა, ეგ არაფერი…
სამაგიეროდ, ქათმისჭამია ქმრები ყოველ საღამოს მეზობელ ქუჩაზე ყვავილების საყიდლად მიდიოდნენ, მერე თბილ აბაზანას ამზადებდნენ, ჩაყრიდნენ შიგნით ფერად-ფერად ყვავილებს, თავადაც გაიხდიდნენ, ცოლებსაც გახდიდნენ და სურნელოვან აბაზანაში გულის არანორმალურ აჩქარებამდე ეფერებოდნენ ერთმანეთს … მერე აუცილებლად იბადებოდა ერთი ყვავილების სურნელიანი და ერთიც ქათმისჭამია ბავშვი… აი ასე… ამ „ყვავილების ქუჩაზე“ დამსკდარ და მოყვითალო მიწაზე, ფეხშიშველა, უფრო სწორედ ტიტლიკანა ქაბულელი პატარა ბიჭები ისე დაიქნევდნენ პაწია „ჩიტებს“, ვითომც არაფერი, ისე, არც არაფერი…
ჰოდა, ეს ტიტლიკანა, პატარა ბიჭები მიაკაკუნებდნენ სინაგოგის ხის კარზე და თავქუდმოგლეჯილები (ეს ისე, სიტყვის მასალისათვის, თორემ ქუდები სად ჰქონდათ), რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, გარბოდნენ და გარბოდნენ. გამოაჭრიალებდა ზებულორი ან ისააკი სინაგოგას კარს, გამოჰყოფდნენ თავებს, გაიხედ-გამოიხედავდნენ, თუ ძალიან არ დაეზარებოდათ ხელებსაც გაიქნ-გამოიქნევდნენ და ისევ უკან შეიკეტებოდნენ.
არადა, ამ დროს ღმერთი წყრებოდა ქაბულის თავზე, რომელი ღმერთი, ეგ კი აღარ ვიცი. უღვთოდ შავთვალა თალიბები ისე დარიხინებდნენ ჭუჭყიანი „ჰამერებით“ ქაბულის ქუჩებში, რომ ქვის სახლებსაც კი ზანზარი გაუდიოდათ. თუ კარგად შეიყნოსავდი ჰაერს, რკინის სუნი გეცემოდა, მაგრამ სულ ტყუილად, რკინა არაფერ შუაში იყო… სისხლის სუნით ყარდა ქაბული…
- ზებულორ, აქ ხარ? ჩვენს მეზობლად აიდა რომ ცხოვრობდა გახსოვს? ცამეტი წლის ბიჭი ჰყავდა, სულ ერთად დადიოდნენ. ხალხი ამბობდა, ეგენი ისევ ჭიპლარით არიან გადაბმულები, ექიმმა ვერაფრით გადაჭრა და ბოლოს თქვა - რა ვქნა, განა არ შეიძლება დედამიწაზე ერთმა დედა-შვილმა მაინც იაროს სიცოცხლის ბოლომდე ჭიპლარით გადაბმულმაო? - სინაგოგის კარი შეაჭრიალა მესაფლავე ალიმ, რომელიც გამუდმებით რაღაცას აცმაცუნებდა და ფრჩხილები კი დღე და ღამე მიწით ჰქონდა გამოვსებული - და ეს ფრაზები ისეთი სხაპასხუპით წარმოთქვა, გაგიკვირდებოდა.
- ჰო, მახსოვს, როგორ არა, აიდა სულ რაღაც მელოდიას ღიღინებდა, როცა ფანჯრები ღია გვქონდა, ლოცვაში ხელსაც კი მიშლიდა.
- ჰოდა, ახლა აღარ შეგიშლის.
- რატომ?
- თალიბებმა მოედანზე ჩაცხრილეს, მაგის ცამეტი წლის ბიჭი კი იქვე სახელდახელოდ გამართულ სახრჩობელაზე ჩამოჰკიდეს. არ ყოფილან ის საცოდავები ჭიპლარით გადაბმულები. მოედანზე შეკრებილმა ხალხმა თქვა, ალბათ ამ დედამიწაზე ყველაზე მეტად ამ დედა-შვილს უყვარდა ერთმანეთი და იმიტომ დადიოდნენ სულ ასე ერთადო. რა ვიცი, აბა, მე ლეგენდა ჭიპლარზე უფრო მეტად მომწონდა.
- რას ამბობ კაცო? ის გაჩხინკული ბიჭი ჩამოახრჩვეს? ან როგორ სძლია ტანმა ჩამოსახრჩობად, უწონოს ჰგავდა… რატომ დახოცეს, ჰა, რა დააშავეს? - ჯაშუშები ხართო, მე ვერ ვერკვევი მაგ ამბებში, მოედანზე გაიყვანეს და ყველას თვალწინ ჩახოცეს.
- ისააკს არ უთხრა ეგ ამბავი, რა გაუძლებს მერე მაგის ჯუჯღუნს. ისედაც მთელი დღეები ცხვირჩამოშვებული დადის, მომაბეზრა თავი მაგ ბებერმა.
- ისევ ჭამთ ერთმანეთს?
- ამოიჩემა, ქაბულში უკანასკნელი ებრაელი მე უნდა ვიყოო და ისე მშხამავს, გველს შეშურდება. მალე ოთხმოცის ხდება. იცის, რომ შანსი არა აქვს.
- შენც მაგარი ხარ. შეეშვი რა…
- არა ალი, პატარაობისას სიზმარში მოსე ვნახე.
- რომელი მოსე, კაცო?
- მოსე, მოსე, ჩვენი მოსე… შენ არ გეცოდინება. იმან მითხრა, იცოდე, ქაბულში უკანასკნელი ებრაელი შენ უნდა იყოო. ჰოდა, ახლა მოსეს სიტყვას ხომ არ გადავუხვევ? წავიდეს და მდიოს, მოსემ მე ამირჩია…
- თქვენი საქმის თქვენ იცით, მე მარტო ის ვიცი, რომ ერთერთი ჩემი ხელით უნდა დაიმარხოთ - კარი გამოიჭრიალა ალიმ და მოედნისკენ წაფლახუნდა… მსოფლიოში ყველაზე მოსიყვარულე დედა-შვილი მზის ჩასვლამდე თეთრ სუდარაში უნდა გაეხვია და მერე ისედაც მიწიანი ფრჩხილები კიდევ ერთხელ უფრო მეტად უნდა ამოეტენა მიწით.

* * *
- ეგ დაუცვეთავი მახინჯი ეგა. ერთი უყურე რა ამბავშია. მოსე ვნახეო. მეტი დარდი არ ჰქონდა მოსეს, მაგის დაბლანდულ თვალებში გამოჩენილიყო. ამ სინაგოგადან სულ ბოლოს მე უნდა გამასვენონ. ეს თორაც გულზე უნდა დამაკრან და თან ჩამატანონ - ბუტბუტებდა ისააკი და თან თაფლის სანთელს ახვევდა. ხელის გულებს ისე გამეტებით უხახუნებდა ერთმანეთს, ცოტა ხანიც და ცეცხლი წაეკიდებოდა… ცეცხლი ახლად ჩამოქნილ, თაფლის სანთელს წაეკიდა… სინაგოგის კედელზე ისააკის ჩრდილი ჭერამდე წააგრძელა და ფარდის იქით, მეორე კუთხეში მდგარ ზებულორის ჭერზე აგლესილ ჩრდილს შეუერთა… დღეს ზებულორმა სანთლის ჩამოსაქნელი ცვილი ვერ იშოვა და ისააკის სანთლიდან დახლოებით სამი მეტრის და ისიც გახუნებული ცისფერი ფარდის იქით დაშორებით მდგარს მოუწია ჩუმი ლოცვა. ისააკი ისეთ გამარჯვებულ ებრაელად გრძნობდა თავს, წამით ისიც კი გადაავიწყდა, რომ მისი დედ-მამის გადამდნარი სხეულების ნაფლეთები გერმანელი ნაცისტების ჩექმების ლანჩებს ეკვროდა.
გახუნებული ცისფერი ფარდით სინაგოგა დაახლოებით ათი დღის წინ გადატიხრეს. ზებულორი და ისააკი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დღე-ღამის განმავლობაში ერთმანეთის ყურება მხოლოდ 5 წამის განმავლობაში შეეძლოთ და ისიც მაშინ, როდესაც ერთმანეთისათვის თორა უნდა გადაეცათ. თორის გადაცემის ტრადიციაც დაალოებით 11 დღის წინ დაამკვიდრეს. მიხვდნენ, რომ სხვა შემთხვევაში, თორას გულისათვის ატეხილი ჭიდაობისა და გაწევ-გამოწევის შედეგად შესაძლებელი იყო ეს წმინდა წიგნი საერთოდ შემოჰფლეთოდათ ხელებში და აი, მერე კი მართლა უნდა დაეხოცათ ერთმანეთი.
ისააკი ოთხმოცის, ზებულორი იმის ნახევარი წლისა იყო. ქაბულის პატარა სინაგოგას ჭერქვეშ კი ერთად სრულიად შემთხვევით, ექვსი წლის წინ აღმოჩნდნენ. ისააკის ცოლმა ვეღარაფრით გაუძლო თალიბების გრიხინა მანქანების საბურავების ღრჭიალს და ორ შვილთან ერთად ისრაელში გადაბარგდა. ზებულორმა კი ისრაელში დედ-მამა მოიმდურა და ქაბულში გადმოსახლდა. ეს სინაგოგაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. ქაბულის ბაზარში ვაშლის საყიდლად გამოსულ ორკულულა ისააკს შორიდან მოჰკრა თვალი, უკან აედევნა და სინაგოგასაც მოადგა. მერე ისააკი ნამუსზე შეაგდო, შემომიკედლეო. ისააკმაც დაახლოებით ხუთწუთიანი ფიქრისა და თვალების ღამის ცაზე მიშტერების შემდეგ, ზებულორი თანამესინაგოგედ გაიხადა… და ერთკვირიანი მშვიდობიანი თანაცხოვრების შემდეგ ჭერი გაიხსნა სინაგოგას თავზე. ისააკმა ზებულორისაგან მოსეს სიზმარში ნახვის ამბავი მოისმინა და გაგიჟდა კაცი. კედლებს ურახუნა ჭაღარა თავი. მოვკვდები და ჩემამდე შენ გაგიტან მკვდარს ამ სინაგოგადან, ბოლო ებრაელი ქაბულში მე ვიყავი და ვიქნები კიდეცო.
მას შემდეგ რამდენჯერ გაუშველებიათ მეზობელ მუსულმანებს თავპირდალეწილი ებრაელები აღაც კი ახსოვთ. ყველამ იცოდა, თუკი მათთვის გაუგებარ ენაზე ბოხი ყვირილი და ბათქა-ბუთქის ხმა ისმოდა ე.ი. ისააკი და ზებულორი თორას ვერ იყოფდნენ. მუსულმანები უკვე იმასაც ვეღარ ითვლიდნენ რამდენჯერ გადაარჩინეს სინაგოგა ჩაწვა-ჩაფერფვლას, იმის გამო, რომ ზებულორი და ისააკი სანთლის დასანთებ ადგილზე ვერ თანხმდებოდნენ. სძულდათ ერთმანეთი ისააკს და ზებულორს, ისე სძულდათ, რომ ერთმანეთის დანახვაზე ტანზე უცნაური ხორკლები გამოსდიოდათ და სანამ ექვსქიმა ვარსკვლავთან თავჩაღუნულები ლოცვას არ წაიკითხავდნენ, ეს ხორკლები არადა არ უქრებოდათ.

* * *
თოთო ბავშვივით უცრემლოდ შესტირა ქაბულის ცამ. მოიღრუბლა, შეიშმუშნა, დაიმანჭა, ჩამობნელდა კიდეც, მაგრამ ბღავილი კი ვერაფრით გადაწყვიტა. ერთ ზეწარში გადაახვია ალიმ გულგამოგლეჯილი დედა და თვალებდაჭყეტილი უწონო ბიჭი. ერთი კაცისათვის გათხრილ საფლავში ჩაეტივნენ ორივენი… მერე უსაშველოდ ფხვიერი მიწა მიაყარა მკვდრებს და წავიდა…

…გუფტამ კი ლაბეტ, გუფტ ლაბამ ობ ჰეყოტ
გუფტამ დეჰანეტ, გუფტ ზეჰი ჰაბ ნაბოტ
გუფტამ სოკჰტეტუ, გუფტ ჰაფეზ გუფტო
შჰოდი ჰამე ლატიფე გუყონ სალუოტ…

ქაბულშიც დაიწყო მზემ ჩასვლა. ფანჯარა გამოაღო ზებულორმა, არსად ისმოდა აიდას ღიღინი, მართლა მოუკლავთ იმ თალიბებს აიდა და მისი საშინლად გამხდარი ბიჭი… გარეთ გამოვიდა ზებულორი, „ყვავილების ქუჩას“ ქვევითკენ ჩაუყვა - ყაყაჩოების პლანტაციისაკენ, ბალა-ჰისარის ციხესიმაგრის გარშემო გაშენებული ყაყაჩოების ზღვისკენ… მიუხედავად იმისა, რომ თალიბები ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანას შარიათის კანონების დარღვევად თვლიდნენ, ქაბულში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და სარფიან საქმედ მაინც ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა ითვლებოდა. თან ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, ერთხელ თუ ნახავდი, მერე მთელი ცხოვრება ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც დაგესიზმრებოდა ეს შავხალა ყაყაჩოები. თავპირწაკრული ქაბულელები წაკუზულები მუშაობდნენ პლანტაციებში. დღისით პლანტაცია მიკროსოპში დანახული სარკომიანი ადამიანის სისხლს მოგაგონებდა - წითელ მინდორზე ამოყრილი მუსულმანების თეთრი უკანალებით, ღამით კი, აი ღამით…
დაღამდა ქაბულში…ყაყაჩოების წითელ მინდორზეც დაღამდა. ნეტავ სულ არ მოსულიყო ზებულორი აქ, ნეტავ თალიბებს იმ დედა-შვილის მაგივრად ეს დაეხვრიტათ და ჩამოეხრჩოთ, ნეტავ ისააკს მართლა ჯერ ეს გაესვენებინა სინაგოგადან და მერე თვითონ მომკვდარიყო, ნეტავ, ალის ცოცხლად დაემარხა თავისი შავფრჩხილებიანი ხელებით ზებულორი, ოღონდ აქ არ მოსულიყო ეს ებრაელი…
ჯერ თვალები კარგად მოისრისა, მერე იფიქრა, ალბათ ყაყაჩოების სუნმა გამაშტერაო და გაიყურსა, რა ვიცი, იქნებ მართლა ყაყაჩოების ბრალი იყო… აბა, ამ სიბნელეში, ამ სიშავეში რას აკეთებდა ეს გოგო? ან თავზე რატომ არაფერი ეფარა? ან ასე უღმერთოდ გრძელი და შავი თმები როგორ გაიზარდა? ან ცალი თვალი კატისას რატომ მიუგავდა და მეორე შავი მაყვლისას? ან გრძელ თითებზე წამოცმულ ბეჭდებს ძირს რატომ ყრიდა და მერე ისევ თავიდან იკეთებდა? ან ამ ღამეში ასე თეთრად რატომ მოჩანდა? ან ტანზე ყაყაჩოსფერი სიფრიფანა ფარჩის გარდა რატომ არაფერი ეცვა? იქნება სულაც ყაყაჩო იყო - ქალი ყაყაჩო… მუსულმანი ქალი ყაყაჩო… ყაყაჩოდან ამტვერებული ქალი-ყვავილი… ან სულაც ბალა-ჰისარის კედლებიდან გადმოსული მოჩვენება… არ იცოდა ზებულორმა ვინ იყო ეს ქალი, არც ის იცოდა, მოჰკლავდა თუ გააცოცხლებდა მასთან მიახლოება, მაგრამ ის კი ნამდვილად იცოდა, რომ თუ არ შეეხებოდა, მერე მთელი სიცოცხლე ამაზე იდარდებდა… შეეხო კიდეც…

* * *
ყოველ საღამოს, როცა სისხლში თეთრი ბურთულაკები მინიმუმამდე მცირდებოდა და წითელი სითხე ჯანმრთელი ადამიანის სისხლად იქცეოდა, ზებულორი ყაყაჩო-ქალას მტვრიან ფეხისგულებს ებრაული ენით ბალა-ჰისარას ციხის კედელთან ლოკავდა და სულ არ ადარდებდა, ეს მუსულმანი კატ-მაყვალ-თვალა ქალი ტვინის დაქვეითებამდე რომ უყვარდა. მერე რა, ერთმანეთის ენა რომ არ ესმოდათ… სამაგიეროდ ხაოიანი ენის სისველეს ერთმანეთის სხეულებზე გრძნობდნენ… მეტი რაღა უნდოდათ…
სინაგოგაში აყალმაყალმაც იკლო. ზებულორს აღარ სცხელოდა ისააკთან საჭიდაოდ. თან ფარდის ჩამოფარებამაც ხელი შეუწყო დროებით დაზავებას… თან ყაყაჩო-ქალამაც…
არ ღირდა ბალა-ჰისარას ციხესიმაგრესთან ხუმრობა. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ქაბულელები იქაურ ავსულებზე ათას ლეგენდას იგონებდნენ და კიდევ იმიტომაც, რომ თალიბებმა ის ტერიტორია რამდენიმე წლის წინ ისე გულიანად დანაღმეს, ეშმაკსაც გაუკვირდებოდა…

* * *
სიზმარი ნახა ისააკმა, ცუდი სიზმარი. დილით წამოდგა, ფარდა გადასწია, ზებულორის მხარეს გაჰყო თავი და გასძახა:
- ვერა ვნახე კარგი სიზმარი, წითელი ქუდი გეფარა თავზე, მოსეს შენსკენ ხელი გამოეშვირა, შენ კიდევ გაჰკიოდი, სინაზე მე უნდა ავიდე, შენ თავი დამანებეო. ცუდის ნიშანი უნდა იყოს ესა, ცუდის ნიშანი…
ზებულორმა ყური მოიყრუა, გულში კი მოხვდა ისააკის სიტყვები. ნეტავ სულ არ ამოსულიყო იმ დღეს მზე ქაბულის ცაზე, საღამოთი ხომ მაინც ატირდებოდა ზებულორის ცოდვით…

* * *
ვის გინახავთ თეთრი ყაყაჩოები? შავხალება თეთრი ყაყაჩოები? …
ბალა-ჰისარას კედლებს და ზებულორს ისე შეესხა ყაყაჩო-ქალას სისხლის წვეთები, თითქოს ცივ ქვებსა და ზებულორს ყაყაჩოებმა გამოაყარაო. ისე გაქრა ყაყაჩო-ქალა, რომ ზებულორს შვიდი წვეთი სისხლის მეტი აღარაფერი დაუტოვა… ნაღმზე აფეთქდა ყაყაჩო-ქალა… მაშინ გაწვიმდა ქაბულში…

* * *


საღამოთი თალიბები დაადგნენ ზებულორსა და ისააკს, ავტომატის კონდახებით დაუტეხეს თავები, ხაკისფერ მანქანაში ჩაყარეს ორივე და სინაგოგას ცეცხლი მიუკიდეს… ზებულორი სიცივემ გამოაფხიზლა, ბნელი საკნის შმორიან იატაკზე პირქვე იწვა და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. გვერდით ისააკი გაშოტილიყო გულაღმა, ხელში კი თორა ჩაებღუჯა.

* * *
ჰოდა, ეს თორა დახიეს ზებულორმა და ისააკმა წუხელ. ძალით არა, ისე, შემთხვევით შემოეხიათ და ახლა რაღა აზრი ჰქონდა ტირილს, როცა ზებულორს უკანასკნელი ცრემლები ბალა-ჰისარას კედლებთან დასცვივდა ყაყაჩო-ქალას სისხლის წვეთებთან ერთად… აღარც ისააკს ჰქონდა ცრემლები… ცეცხლწაკიდებულ სინაგოგას მიაყარა მუჭებით, იქნებ ჩავაქროო…

* * *
დღეს ქაბულის ციხისთვისაც გაიმეტა მზემ ერთი სხივი… ზებულორის და ისააკის საკანში ზოლად შევიდა და დაძონძილი ფარდა შუაზე გახსნა. სიჩუმე იდგა. შუადღემდე ზებულორი საკნის საკუთარ მხარეს იჯდა გაშტერებული და თორას დახევის ამბავს დარდობდა…ეს სიჩუმე რომ ვეღარ აიტანა, ისააკს გასძახა:
- ახლა ხომ ხარ კმაყოფილი? ხომ მიიღე რაც გინდოდა, იჯექი ახლა და შესცქირე მაგ დაფხრეწილ თორას, ჩამოვა მოსე და გაგიმრთელებს. ხმა ამოიღე, არ გესმის?
მდინარე ქაბულს ჩაუყვა, მზე ჩავიდა, გადავიდა, მოსაღამოვდა. რკინის გისოსებიან სარკმელს წითელ-გულა პაწია ჩიტი შემოაფრინდა. ზუსტად იმფერ-გულა, რა ფერის ფარჩაც ყაყაჩო-ქალას ეცვა ხოლმე. სიჩუმისაგან ენადაბუჟებულ ზებულორს ხელისგულებზე დააფრინდა. ცხვირთან მიიტანა ზებულორმა მუჭადშეკრული ხელისგულები და გათეთრდა - კატ-მაყვალ-თვალა ჩიტი მოფრენილიყო ამ ებრაელთან. ფარდა გადასწია ზებულორმა და სიბნელეში, საკნის ცივ და მაგარ საწოლზე გაწოლილ ისააკს გასძახა, მოვიდა ისააკ, ისევ მოვიდა… გესმის ისააკ?
- ისააკ, მოკვდი?
- ჰო, მოვკვდი…
ისააკი ერთადერთი მიცვალებული იყო დედამიწის ზურგზე, რომელიც მიხვდა, რომ მოკვდა და ხმამაღლა აღიარა…


ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0unikumu1--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=unikumu1&cl=CL4&d=HASH012f0ff1eac3967cf53be3e4.2.1

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო თარხნიშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო თარხნიშვილი   ნინო თარხნიშვილი EmptyFri Mar 15, 2019 5:15 pm

ნინო თარხნიშვილი

ნარდი გახდაზე

მზეს ვეთამაშე ნარდი გახდაზე.
და, რა თქმა უნდა, წავაგე.
ვგდივარ ახლა, სადღაც სამხრეთში, დამსკდარ მიწაზე - ნერწყვდამშრალი, ოფლდაღვრილი და საკუთარი გამხმარი ენით ვილოკავ მკლავებს - წყურვილს ვიკლავ...
თმებში გამეხვა მომწვანო ხვლიკი - თმისსამაგრად... ორკაპით ყურთან წამისისინა - ცოლობა მთხოვა...
სახეზე მუცლით გადამახოხდა, ცივი წვეთივით დამეცა მკერდზე... და მეჯვარის მოსაყვანად სადღაც გასხლტა.
ვერ არის-მეთქი... გავიფიქრე, ხვლიკის საცოლემ...
მალე დაბრუნდა მომწვანო საქმრო, ფუტკარი მოიყოლა მეჯვარედ...
მკვდრედით აღმდგარა ის მოსაკვდომი, გუშინ არ იყო საკუთარი ხელებით რომ დავასრისე ატმის ნაფრცქვენებს?...
უცხო ყვავილივით ლამაზიაო, თითქოს ქალს გავსო... არჩევანი მოუწონა ფუტკარმა ხვლიკს და დამნექტრა...

...
ჩემი სისხლით დაამზადა ფუტკარმა ცვილი სანთლებისთვის... აბა ჯვრისწერა უსანთლებოდ სად გაგონილაო...
ცხრა თვალი დახუჭა მზემ, ჩემი და ხვლიკის ქორწილის ღამეს...
და შენ დაგენიძლავა, თვალდახუჭული მოგიგებ ნარდსო...
რატომ წამაგე...

ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0unikumu1--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=unikumu1&cl=CL4&d=HASH01ca4af744c1f07b193fd917.93.5#HASH01ca4af744c1f07b193fd917.93.5

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო თარხნიშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო თარხნიშვილი   ნინო თარხნიშვილი EmptyFri Mar 15, 2019 5:16 pm

ნინო თარხნიშვილი

მისის კაცობრიობა

მინდა, რომ შავ თმებს შენ მვარცხნიდე.
ისიც მინდა, რომ სათვალის მინებს შენი მაისურით მიწმენდდე.
კიდევ მინდა, რომ დილაობით, თოხლო კვერცხს შენი ხელით მიფცქვნიდე.
მინდა, ისევ მბანდე ფეხებს, როგორც მაშინ, მუცელი რომ მიშლიდა და მე ვერ ვიბანდი, შენ კი დამცინოდი, მერე კი ტყავის გაძრობამდე გულიანად მიხეხავდი ტანს, თითქოს ასი წლის დასაბანი ვიყავი...
მინდა, ძილის წინ ჩემს ლოგინთან ანთებულ წითელ ნათურას აქრობდე, საბანს მაფარებდე და პატარა ბავშვივით მეუბნებოდე - დაიძინე ახლავე, ჩქარა თვალები დახუჭე და დაიძინე...
მე კი სარკის წინ ვდგავარ...
ერთი ძუძუ მეორეზე დიდი მაქვს (რძე დაგიშრება და ისიც დაგიპატარავდებაო).
მუცელი ხბოს პირში ნაღეჭი ქაღალდივითა მაქვს დაჭმუჭნული (დრო გავა და გაგისწორდებაო),
ფეხები 22 წლის წინანდელი მდუღარე წყლის ნაკვალევითა მაქვს დახაზული (22 წლის წინაც არწმუნებდნენ დედაჩემს გაიზრდება და გაუვლისო),
შენ კი მაინც მეუბნები, მისის კაცობრიობა ხარო...
გინდა და ვარ...

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო თარხნიშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო თარხნიშვილი   ნინო თარხნიშვილი EmptyFri Mar 15, 2019 5:17 pm

ნინო თარხნიშვილი

ავტომოპასუხე

მე გავდივარ.
არა აქვს მნიშვნელობა, ქუჩაში გავდივარ,
ფინალში გავდივარ, თამაშიდან გავდივარ,
თუ გაღმა გავდივარ,
უბრალოდ გავდივარ და შეტყობინებას გიტოვებ ავტომოპასუხეზე...
მაცივარში, ალუმინის ქვაბით დაგიტოვე ცოტა წვნიანი,
სახლში რომ მოხვალ გაიცხელე ადუღებამდე.
კიტრი და პომიდორი გარეცხილია, უბრალოდ დაჭრა უნდა, დანები, იცი, სადაც დევს.
ყველის ყიდვა ვერ მოვასწარი, მაღაზიაში ჩადი და გამყიდველს უთხარი, მარილიანი ყველი მოგცეს, სუნიანი არ იყიდო, ხომ იცი, ვერ ვიტან.
ახალი პური დავტოვე საპურეში, თონის პური არ იყო, ქარხნისა ვიყიდე.
ბავშვის სარეცხი დამრჩა გარეთ გაფენილი, საღამომდე თუ არ მოვედი, ჩამოხსენი, იმის ამბავი რომ ვიცი, წურწურით გადმოფენს თავის სარეცხს და ჩემსასაც ჩამილპობს.
გეხვეწები, რომ ისადილებ, მაგიდა აალაგე, გაშლილი არ დატოვო, ხომ იცი, ჭიანჭველები დაესევიან, მომბეზრდა უსულო ჭიანჭველების მუჭში გროვება და მერე ფანჯრიდან სროლა.
კიდევ რაღაც მინდოდა მეთქვა..
.ჰო, ტელევიზორთან არ ჩაგეძინოს, შეგცივდება და მე სახლში არ ვიქნები, რომ შალი მოგაფარო.
ყოველ 15 წუთში ერთხელ საათს უყურე და იფიქრე - რატომ იგვიანებს? მელოდე...
დიდხანს მელოდე...
მთელი საღამო მელოდე,
დადექი ფანჯარასთან, ცხვირი მიაჭყლიტე შუშას და მელოდე,
ან სადარბაზოში ფეხის ხმის გაგონებაზე ყურები დაცქვიტე და კარზე კაკუნს დაელოდე,
ან დროის გასაყვანად ათასჯერ დალაგებული უჯრების ლაგება დაიწყე,
ან ასე თქვი: ასამდე დავითვლი და მოვა, მაინც რომ არ მოვალ, ახლა ხუთასამდე დაითვალე,
მერე უბრალოდ სავარძელში ჩაჯექი...

...
მერე მე დავბრუნდები, ჩემი გასაღებით გავაღებ კარს და ვითომ გაოცებული აღმოვაჩენ, რომ შენ ჯერ არ მოსულხარ...
მერე დავდგები ფანჯარასთან ცხვირს მივაჭყლეტ შუშას და დაგელოდები...

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო თარხნიშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო თარხნიშვილი   ნინო თარხნიშვილი EmptyFri Mar 15, 2019 5:18 pm

ნინო თარხნიშვილი

კაცი

კაცი მინდა ვიყო
და მინდა ერთად ვიბრძოდეთ ომში.
შენი თანამოსანგრე მინდა ვიყო
და მინდა თხრილში ერთად გვეყრებოდეს თავზე ბელტები.
ერთი ღერი სიგარეტი მინდა გვქონდეს და
მიწიანი თითებით ხან შენ მაბოლებინებდე და ხან მე.
ერთი იარაღი უნდა გვქონდეს - ერთადერთი ტყვიით
და ამ ტყვიას ყოველი შემთხვევისთვის საგულდაგულოდ ვინახავდეთ.
წერილს მინდა ვღებულობდეთ ერთ ქალისგან
და მერე ამ ქალს ცალ-ცალკე ვწერდეთ უხამს წერილებს.
და საერთოდ, ზიარი საყვარელი მინდა გვყავდეს:
ერთ ღამეს შენთან ატარებდეს და მეორე ღამეს ჩემთან.
მერე მე შენზე მიყვებოდეს და შენ ჩემზე...
საინტერესო იქნება სხვა ქალისგან მოყოლილი შენი ამბები
და მერე ამ ქალთან ერთად დილამდე, ქანცის გაწყვეტამდე, ბრძოლა.
ერთ დილასაც ყოველი შემთხვევისათვის შემონახულ ტყვიას გესვრი.
დაგჭრი, არ მოგკლავ
კაცურად მინდა მოგიარო
ზურგზე მოგიკიდო, ჩემს ბეჭებზე ვიგრძნო შენი სხეულის სიმძიმე და სითბო, მაგრამ ვერ გადაგარჩინო.
ბოლოს ძმაკაცურად მიგაბარო მიწას
და ზიარ საყვარელს შენი უკანასკნელი სიტყვები გადავცე: უერთგულე ჩემს მეგობარსო...
ნუ დამესიზმრები ღამ-ღამობით,
ნურც ჩვენს საყვარელთან ნებივრობისას წამადგები თავზე აჩრდილად...
რატომ გესროლე ყოველი შემთხვევისათვის საგულდაგულოდ შემონახული ტყვია?
რა ვიცი, როგორც ქალს ისე მიყურებდი...

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნინო თარხნიშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო თარხნიშვილი   ნინო თარხნიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 1:06 pm

ნინო თარხნიშვილი

ლიმნიანი მონოლოგი

დღეს დავიღალე. ახლა რომ მკითხო, რამ დაგღალაო, მართლა ვერ გეტყვი.
უბრალოდ, დავიღალე და მორჩა. ახლა ღამეა, ჩემი კომპიუტერის საათი ზუსტად 23
საათსა და 58 წუთს აჩვენებს. მარიტას უკვე სძინავს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გვერდზე
არ მიდგას და კლავიატურაზე თითებს არ აკაკუნებს. გიო რაღაც ფილმს უყურებს და
ცდილობს, როგორმე მაიძულოს, რომ ავდგე და ჩაი დავუსხა, მაგრამ არაფერი
გამოსდის. აი ნახე, თუ არ ადგეს ორ წუთში და თვითონ თუ არ დაისხას, სულ ასე
იცის... უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში უკვე იმდენი ინტერვიუ ჩავწერე და
დავწერე, რომ ვეღარ ვითვლი. ჰოდა, უკვე დაახლოებით ათი დღეა, ვწუწუნებ, რომ ამ
ინტერვიუებმა შეიწირეს მუზები და დარჩნენ ჩემი მოთხრობის პერსონაჟები
უსახლკაროდ _ მოთხრობის გარეშე, დაფანტულები და როგორც მკვლელს ესიზმრება
ხოლმე საკუთარი მსხვერპლი ღამღამობით, ასე მესიზმრებიან მეც ჩემი პერსონაჟები,
მაგრამ სამწუხაროდ, მათ ჯერჯერობით ვერაფერი მოვუხერხე. არადა, ყოველ დილით
საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ საღამოთი კიდევ ერთ წინადადებას მაინც
მივუმატებ ჩემს დაუსრულებელ მოთხრობას, მაგრამ სულ ტყუილად.
ერთი შიში დამჩემდა ამ ბოლო დროს და, მგონი, ეს ჩემი თავმოუბმელობაც ამის
ბრალი უნდა იყოს: სულ მეშინია, რომ ჩემი ახალი მოთხრობა წინაზე ცუდი გამომივა,
ჰოდა, იქნებ ამიტომაც ვწელავ დროს? არ ვიცი, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში,
გასამართლებელი საბუთი კი მაქვს მყარი: არ მცალია და მორჩა. მაგრამ ერთი ის
მითხარი, ეს მოუცლელობის ამბავი ჩემს პერსონაჟებს როგორ ავუხსნა? მაგათ რაში
აინტერესებთ, მე დღეში ორ ინტერვიუს ვწერ თუ ოცს? მაგათთვის მთავარია საკუთარი
ადგილები მივუჩინო მოთხრობაში და ბედის მწერალივით ყველას თავისი განაჩენი
გამოვუტანო...
აი, ამ მონოლოგს რომ დავამთავრებ, მერე მოთხრობის წერას გავაგრძელებ: პირობას
ვდებ, თუმცა, დედას არ ვიფიცები, რა იცი, რა ხდება, ტყუილზე დაფიცების
ბავშვობიდანვე სასტიკად მეშინია.
ჰო, ამ დღეებში წიგნის მაღაზიები უნდა დავიარო. მოკლედ, ისე აღმოჩნდა, რომ
საკუთარი წიგნი წამლადაც კი აღარ მომეპოვება. უკანასკნელი ეგზემპლარიც გავაჩუქე
და დავრჩი ხელცარიელი. როგორც გავიგე, ჩემი «ქალთარაფერა» აღარ იყიდება, მაგრამ
ისე როგორ იქნება, რომ ამ დიდ ქალაქში ერთი წიგნის მაღაზიაში მაინც ვერ მივაგნო
ერთ «ქალთარაფერას»...
ზუსტად სამი წლის წინ კი, მაშინ, როცა წერა დავიწყე, მართლა ვერაფრით
წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მინიატურებს წიგნად ავკინძავდი და მარტო წიგნად
აკინძვასაც არ დავჯერდებოდი და «საბა 2006»-ის ნომინანტიც გავხდებოდი. ეს
იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ ოჯახის წევრებმა არც კი დამიჯერეს. არადა,
ყველაფერი მართლა ძალიან უცებ მოხდა. მახსოვს, როგორ ვუკითხავდი ჩემს ქმარს
პირველ მინიატურებს და ის კი დამცინოდა ხოლმე.
მერე კი აუდიტორია ნელ-ნელა გაიზარდა და საჯარო ბიბლიოთეკის
საკონფერენციო დარბაზში ჩემი პირველი ლიტერატურული საღამოც მოეწყო. წინა
საღამოს იმდენი ვინერვიულე, ხალხი არ მოვა-მეთქი, რომ ხმა ჩამიწყდა. არადა, მეორე
დღეს საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსთან შეკრებილი ხალხი რომ დავინახე,
მივხვდი, თურმე ხალხს ვაინტერესებ.
ჰოდა, ის შიში, ზევით რომ ვლაპარაკობდი, ზუსტად ამის ბრალია: მინდა, რომ
მკითხველი ჩემს მოთხრობებში ყოველთვის ახალს, განსხვავებულს და საინტერესოს
კითხულობდეს. ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა, ზუსტად ერთი წელია, რაც მინიატურებს
აღარ, თუ ვეღარ ვწერ. ახლა, რომ ვკითხულობ ჩემს ძველ ნაწერებს, მართლა გულით
მიკვირს, როგორ ვახერხებდი მინიატურების წერას, ანუ როგორ ვატევდი სულ
რამდენიმე წინადადებაში იმ სათქმელს, რისთვისაც ხანდახან სქელტანიანი წიგნებიც
კი შეიძლება დაიწეროს. მოკლედ, დასრულდა მინიატურების ეტაპი. ახლა
მოთხრობებს ვებრძვი, უფრო სწორად, ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობებს ვებრძვი და
როდემდე გაგრძელდება ეს ბრძოლა, მარტო ღმერთმა იცის.
და, რაც ყველაზე მთავარია, ახლა გიო ჩემით ამაყობს კიდეც. იმ დღეს სრულიად
შემთხვევით წამოსცდა: იცი, ერთი ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი მოვიდა ჩემთან და
მითხრა, შენი ცოლი ძალიან მაგრად წერსო.
აი ასე «მაღიარეს» ოჯახში...
აი, ხომ ვამბობდი, გიო ჩაის დასასხმელად გადის სამზარეულოში...
_ აუ, გეხვეწები, მეც დამისხი რა, ანდა მოიცადე, მე მოგიმზადებ გემრიელ ჩაის _
ლიმნიანს და «მალინიანს»...


კრებულიდან: „მონოლოგი და პირისპირ“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 2009

ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/6781/1/Monologi_%20Da_%20Pirispir.pdf



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ნინო თარხნიშვილი Empty
PostSubject: Re: ნინო თარხნიშვილი   ნინო თარხნიშვილი Empty

Back to top Go down
 
ნინო თარხნიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: