არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მირზა გელოვანი

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyMon Dec 15, 2008 10:47 am

მირზა გელოვანი Mirza_14
Mirza Gelovani

მირზა გელოვანი (დ. 2 მარტი, 1917, სოფ. ნაქალაქარი, ახლანდელი თიანეთის რაიონი ― გ. ივლისი, 1944, ვიტებსკის ოლქი, ბელორუსიის სსრ) — ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ).
მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი). 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში“, „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა „ჩვენს თაობაში“ და სხვა ჟურნალ გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომლებმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ-მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას.
მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: „თუშის ქალი წყაროზე“, „ცხრაკარა“, „შავლეგო“, „მელოდე“, „მთაწმინდიდან სმოლენსკამდე“, „იჯექი წყნარად“, „მთვარე“, „შემოღამება საბადურზე“, „მახსოვს“, „ხრეშად დაცვივდა სიტყვები“; ასევე აღსანიშნავია ბალადა „აონი“, პოემა „შავნაბადა“ და სხვა.
გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: „ლექსები“ (1954), „შავნაბადა“ (1956), „ცხრაკარა“ (1960), „უბის წიგნაკიდან“ (1964), „თეთრი მიწა“ (1972), „ფრონტული ლექსები“ (1975).
მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია (1973). თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი.
მირზა გელოვანი დაიღუპა ომის მიწურულს, 1944 წლის ივლისში, როდესაც უკანგაქცეულ მტერს დადევნებული გადადიოდა დასავლეთ დვინის სამდინარო დაბრკოლებაზე. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/მირზა_გელოვანი
* https://en.wikipedia.org/wiki/Mirza_Gelovani


მირზა გელოვანი 25
ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, შალვა დემეტრაძე და იაკობ ბალახაშვილი, 1940 წ.

აი, პირველი თოვლი მოვიდა და...
როგორ არ უნდა გაგახსენდეს კაცს ეს ტრაგიკული ბედის თოვლის პოეტი...
და ერთი ობოლი ცრემლი როგორ არ უნდა ჩამოგიგორდეს...
ეს ლექსი თვრამეტი წლის რეზო გელოვანმა თავის შეყვარებულს, ნელი ჭყონიას მიუძღვნა... და თავდაპირველად რაჟდენ გვეტაძემ დაბეჭდა თავის რომანში "ლაშაური საღამოები".
მირზა მერე იყო...

მირზა გელოვანი Mirzas10

თეთრი მიწა

დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით,
თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები.
მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით,
ახლაც მინდა შენი ნახვა,
ახლაც მენატრები.
ჩემი გრძნობა ძლიერია, როგორც ქარიშხალი,
სისპეტაკით შემოსილი , ვით ეს თოვლი წმინდა.
მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი
და თუ შენი ღიმილი მსურს,
შენი გულიც მინდა.

1935

Arrow


Last edited by Admin on Wed Mar 20, 2019 9:21 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyMon Dec 15, 2008 10:48 am

მირზა გელოვანი Mirza_Gelovani

მირზა გელოვანი

თოვლი

თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.
დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე, ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.
წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.
მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.
ამდენი ვნება, ამდენი დაღლა
სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.
თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,
სად გიღამდება დღე თოვლნარევი,
დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,
ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.
წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.

1944


Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 12:36 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
nel
Into Armury
Into Armury
nel

Female
Number of posts : 135
Age : 56
Registration date : 21.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyMon Dec 15, 2008 11:22 pm

თქვენ ღვინოს ნუ სვამთ სხვა თასიდან, უარი თასებს!
უარი ყველას... სიყვარული ერთს ათასიდან.
ვინც უკვდავებას, როგორც ხვითოს, ქვეყნად აფასებს,
დალიეთ ღვინო ჩემი თასიდან.
ვულკანის ტკივილს სიყვარული ვინც შეავედროს,
ვისაც სურს ღამის ნაოჭებში ცამ გაუღიმოს,
დალიეთ სისხლი ამ თასიდან უალავერდოდ,
ჩემი თასიდან დალიეთ ღვინო.

1940

მირზა– ჩემი უსაყვარლესი პოეტი
Back to top Go down
http://www.kibe.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
Tabagari Tea

Female
Number of posts : 125
Age : 33
Registration date : 27.12.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySun Feb 15, 2009 11:43 am

მირზა გელოვანს

ჩვენს ბაღში ნუში აღარ ყვავილობს,
ზეცას დაშორდა თითქოს მთაწმინდა,
ვგლოვობ ხელახლა გადატანილ ომს,
და უშენობა მიპყრობს ფანჯრიდან.

თბილისი ისევ გაზაფხულს ელის,
მე კი ნუგეშსაც აღარსით ვითხოვ,
თვალების სივრცეს მპარავს ფურცელი,
მაკლია შენი ალერსის სითბო.

ფერშეცვლილია მტკვართან მეტეხიც.
რაც ხანი გადის, უფრო, სულ უფრო
მეტს ვებრძოლები წარმართ ქარტეხილს,
მოგონებების სკივრთან ვსაუბრობ.

და გწერ, რომ მიჭირს ყოფა ამგვარი,
მაინც ვამძიმებ ქალაქს სხეულით,
ადრე მოწყვეტილ ვარსკვლავს გამგვანებ
ქალი, პოეტად გადაქცეული.


მოწიწებით ჩემგან...
Back to top Go down
არაბული
Into Armury
Into Armury
არაბული

Male
Number of posts : 188
Age : 28
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyMon Feb 16, 2009 2:15 pm

მირზა გელოვანი 5b9ec7963efb

Exclamation Exclamation Exclamation
Back to top Go down
http://lib.ge/
nel
Into Armury
Into Armury
nel

Female
Number of posts : 135
Age : 56
Registration date : 21.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyWed Feb 25, 2009 9:58 pm

მირზა გელოვანი

მელოდე

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.

study
Back to top Go down
http://www.kibe.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 273
Age : 37
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyWed Mar 25, 2009 2:55 pm

"იქ, ჩვენს ეზოში ძაღლი ჯავრია,
ჯავრობს, ყმუის და ეს მე ვარ თითქოს."


გულს გამოგიღებენ ტკივილით ეს სიტყვები მკერდიდან..


ჩვენი საყვარელი პოეტია მირზა..
Back to top Go down
http://www.geogen.ge
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury
მხოლოდ მთებშია თვისუფლება

Female
Number of posts : 77
Age : 28
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyMon Jan 16, 2012 3:31 pm

მირზა გელოვანი

მე არ ვარ გმირი...

მე არ ვარ გმირი, ცეცხლში ბრძოლების
ბედი მწყალობს და სიკვდილს ახელებს.
არდაბრუნება არ მეძნელება,
უფრო ძნელია თქვენზე წუხილი,
მიტომ კი არა, რომ სიყვარული
იყო პირველი, იყო უთქმელი,
რომ მოპარული, რომ დაფარული
არ ჰგავდა სხვისას ალერსი თქვენი,
რომ ღამე, ჩვენგან დამწვარი ერთად,
იყო მხურვალე, ვიდრე ვიცოდი,
რომ გრძნობა ჩემი მძაფრი და მკვეტრი
სხვასთან ამგვარად ვერ დაიწვოდა!..
ო, არა... მაგრამ სიკვდილის გვერდით,
სისხლიან ჩრდილში მწვავე ბრძოლების,
თქვენ მაგონდებით, როგორც იმედი
წარსულთა დღეთა განმეორების
Back to top Go down
http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury
მხოლოდ მთებშია თვისუფლება

Female
Number of posts : 77
Age : 28
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyMon Jan 16, 2012 3:31 pm

მირზა გელოვანი

ნუ მწერ...

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ... ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვს გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -

გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ - მზე გამარჯვების.

1943 წელი, პრიჩისტიე


მირზა გელოვანი Mirza_10

ქალბატონი, რომელსაც "ნუ მწერ" ეძღვნება - მირზა გელოვანის გაუმხელელი სიყვარული და იები, რომლებსაც ომშიც ჯიბით დაატარებდა

05 მარტი, 2015. 12:32

ყველაფერი შემთხვევით მოხდა: ერთ დღეს მსახიობ ბახვა ბრეგვაძესთან ინტერვიუზე მისულმა შევიტყვე, რომ თინა მაქსიმალაშვილი ანუ ადამიანი, რომელსაც მირზა გელოვანმა ეს გენიალური ლექსი მიუძღვნა, ბახვას ბებია ყოფილა. "ნუ მწერ" ბევრ ადამიანს გამორჩეულად უყვარს, მის ადრესატზე კი ცნობილი თითქმის არაფერია. თავის დროზე ქალბატონ თინასთან ინტერვიუს ჩაწერა არაერთხელ უცდიათ, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ ახლოს არავინ გაუკარებია. ეს ექსკლუზივია პოეტის გაუმხელელ სიყვარულზე. ამბავი, რომელიც დასავიწყებლად არ უნდა გაიმეტო და რომელიც შთამომავლობას უნდა უამბო. ჩემი რესპონდენტები თინა მაქსიმელაშვილის ქალიშვილი, ქეთევან კობალაძე და შვილიშვილი - ბახვა ბრეგვაძე არიან.

ქეთევან კობალაძე:
- დედა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ერეკლე მეფის შთამომავლობის მეშვიდე თაობა იყო. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 17-18 წლის იქნებოდა, როცა მირზა გელოვანი გაიცნო და დამეგობრდნენ. მათ საერთო სამეგობრო წრე ჰყავდათ. ნიკა აგიაშვილი, ლადო ასათიანი... მოგეხსენებათ, ომი რომ დაიწყო, მირზა წაიყვანეს. ლექსების უმეტესობაც ომიდანაა გამოგზავნილი. მირზა გელოვანის პოეზია გამორჩეულად მიყვარს. ოღონდ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედას მეგობარი იყო.

- მასზე დედა რას გიამბობდათ?

- მირზაზე ნაკლებად ლაპარაკობდა. დეიდაჩემი ბერიასთან მუშაობდა და წერილები, რომლებსაც მირზა დედას სწერდა, გაანადგურეს. დედა მხოლოდ იმას ამბობდა, - ძალიან წესიერი, ჭკვიანი, კეთილი, სუფთა სულის მქონე, განათლებული ადამიანი იყოო. სახეზეც ეტყობა, რომ ასეთი იქნებოდა. მირზა სამეგობროში გამორჩეულად უყვარდათ. მეგობრები ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ და ლექსებს კითხულობდნენ. ომში რომ წავიდა, თითქოს ყველამ იცოდა, რომ მას დედას მეგობარი - ნონა ლასხიშვილი მოსწონდა. დედას და მას, როგორც მეგობრებს, მიწერ-მოწერა სულ ჰქონდათ. თავის მშობლებს ერთ წერილში სწერს: ზამთარში თინამ რომ იები გამომიგზავნა, სულ ჯიბით დამაქვსო.

ამონარიდი მშობლებისა და დების სახელზე გამოგზავნილი წერილიდან (სტილი დაცულია): "...როგორი მადლობელი ვარ დედაჩემო იარაღი რომ შემაყვარეთ ბავშვობიდან, იარაღი, სიმართლე და ვაჟკაცობა, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსთვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი.

მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები მაქვს (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან), კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მოკრეფილნი და მე მათში ვგრძნობ ქართული მიწის სუნსა და სიახლოვეს.
თინასგან იები დამრჩა სახსოვრი, ჩემი - არავის არაფერი. ყოველთვის ღარიბი ვიყავი და ხელმოკლე, მაგრამ მე მქონდა უდიდესი მიზანი და თუ ცოცხალი დავრჩი, ჩვენი გამარჯვების შემდეგ განვახორციელებ ჩემს დიდ ლიტერატურულ მიზანს"...

ქეთევან კობალაძე:
- დედასთვის მირზა კარგი მეგობარი იყო. მოგვიანებით სულ იმით იმართლებდა თავს, - რომ მცოდნოდა, მირზას ჩემ მიმართ გრძნობა ჰქონდა, ჩემი გათხოვების ამბავს ხომ აღარ მივწერდიო?!

- ანუ დედათქვენმა მირზას გრძნობების შესახებ არაფერი იცოდა?

- არა. მირზა მას არც ომში წასვლამდე და არც შემდგომ წერილებში სიყვარულში არ გამოტყდომია, ეს ამბავი მოგვიანებით გაირკვა.

- როგორ გაირკვა?

- 1944 წელს დედამ მისწერა, გავთხოვდიო. სწორედ მაშინ გამოუგზავნა ძალიან მძიმე და ტკივილით სავსე ლექსი - "მე ეს გრიგალი ვერ წამაქცევდა", რომელიც შემდეგნაირად სრულდება: "...დღეს გადავწყვიტე, ვერასოდეს ვეღარ შევხვდებით/ სიყვარულს შენსას ერქვას გაცემა./ ო, შენ რომ არა... შენი ხელის მკვლელი შეხება,/ მე ეს გრიგალი ვერ წამაქცევდა". ლექსი ფრონტიდანაა გამოგზავნილი, 1944 წლით თარიღდება. მირზას თავისი გრძნობების შესახებ დისთვის - რუსუდანისთვის მიუწერია... რუსუდანი დედაჩემზე ცოტათი განაწყენებულა, - გათხოვების ამბავი რატომ მისწერაო, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ დედამ არაფერი იცოდა.

- დედათქვენი რამდენი წლის წინ გარდაიცვალა?

- მარტში 7 წელი შესრულდება. დედასთან ინტერვიუს ჩაწერა არაერთხელ სცადეს, რეზო ჩხიკვიშვილიც ძალიან მონდომებული იყო, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ ახლოს არავინ გაიკარა. ამბობდა: მირზა ჩემთვის ბოლომდე მეგობრად დარჩება, ამ ამბის საჯაროდ მოყოლა არ მინდაო.

- ლექსი რომელიც დედათქვენს ეძღვნება, იწყება სიტყვებით: "ნუ მწერ..." საინტერესოა, ამ ლექსს რომელი წერილი უდევს საფუძვლად?

- ეს მართლა საინტერესოა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესახებ არაფერი ვიცი. მირზას საღამოებზე და ძეგლის გახსნაზე დედა სულ დადიოდა. იწვევდნენ, როგორც მის მეგობარს. დედა მაჩაბელზე, მწერალთა სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა და არაერთი მაშინდელი პოეტის მუზა იყო. დედას 6 და ჰყავდა, ყველანი ერთმანეთზე ლამაზები იყვნენ.

- მითხარით, წერილები, რომლებსაც მირზა დედას ფრონტიდან უგზავნიდა, გაანადგურესო. რატომ ან ვინ გაანადგურა?

- წერილებში სიყვარულზე არაფერს ამბობდა, თავის მდგომარეობას აღწერდა, თუ როგორი იყო ჯარისკაცის ცხოვრება. იმ პერიოდში დეიდაჩემი - ვარდო მაქსიმელაშვილი ბერიასთან მუშაობდა, მერე მოსკოვშიც წაიყვანა. დეიდას ბევრი უსიამოვნება აქვს გადატანილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორჯერ იყო დაპატიმრებული.

ბახვა ბრეგვაძე:
- ბებიის მონათხრობ ამბავს გავიხსენებ: ვარდო რომ დაიჭირეს, 2 შვილი უპატრონოდ დარჩა. მისი მეუღლეც დაკავებული ჰყავდათ. თინას ეს ამბავი გაუგია და სასწრაფოდ მოსკოვში გაფრენილა. რაც შეიძლებოდა, სწრაფად უნდა ჩავსულიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, პატარებს ბავშვთა სახლში წაიყვანდნენო. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ინერვიულობდა ვარდო უპატრონოდ დარჩენილი შვილების გამო. მართალია, ბებია მათთან ჩავიდა, მაგრამ ამ ამბავს ვარდოს არავინ ეტყოდა. ჰოდა, თინას ასეთი რამ მოუფიქრებია: მათი ძველი ფოტო აუღია და მცველებისთვის უთქვამს: ამ ფოტოს მაინც შევუგზავნი, ესეც წერილი ხომ არ არის? ძალიან გთხოვთ, ნება დამრთეთო. მოკლედ, ამ ძველი ფოტოს უკანა მხარეს ახალი თარიღი მიუწერია. ვარდო ამით მიმხვდარა, რომ თინა მისი შვილების გვერდით იყო. მოგვიანებით იხსენებდა: იმ დღეს ფოტოს უკანა მხარეს გაკეთებულ წარწერას დავხედე თუ არა, ნერვიულობა წამში მომეხსნაო.

ქეთევან კობალაძე:
_ ცნობისათვის, ვარდო კოკო შანელთან მეგობრობდა.

- საინტერესოა, საფრანგეთში როგორ მოხვდა?

- იქ მეუღლესთან ერთად სამუშაოდ გაუშვეს. ჩემი დეიდაშვილი პარიზში დაიბადა და კოკო შანელი ვარდომ სწორედ იმ წლებში გაიცნო. ვარდო მის სამოდელო სახლთან თანამშრომლობდა, შანელის სახე იყო. მას და დედას შანელის კოლექციიდან ძალიან ძვირფასი შლაპები, ჩანთები ჰქონდათ. შვიდივე და ლამაზი იყო, მაგრამ ერთმანეთს არ ჰგავდნენ. ისინი არა მხოლოდ სილამაზით, არამედ გონიერებითაც გამორჩეული ქალები იყვნენ. დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებზე ასე საჯაროდ პირველად ვილაპარაკე.


(წყარო: gzapress.ge, თამუნა კვინიკაძე) - http://reportiori.ge/old/geworld.ge,?menuid=68&id=56894

Exclamation
Back to top Go down
http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury
მხოლოდ მთებშია თვისუფლება

Female
Number of posts : 77
Age : 28
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyMon Jan 16, 2012 3:33 pm

მირზა გელოვანი

ცხრაკარა


ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთას
ციხე რად იდგა მთაზე მაღალი,
ცხრაკარა ერქვა და თითო კართან
ცხრა ლოდი იწვა ცხრა ძმისმაგვარი.
ციხე მდუმარე დარბაზი ქონდა,
დამხობილი დაუენო ზარი,
და ღამღამობით ცხრაპირად ქროდა
ცხრა კარებიდან ამდგარი ქარი
მე ყოველ დილა ავდევდი აღმართს
მოწყენილი და უმიზნოდ ჩუმი,
ჩამოვჯდებოდი დანგრეულ თაღთან
და ყურს ვუდგებდი წარსულის დუმილს.
მეგონა, ქარი უშორეს ზღაპრად
მომახარებდა რამეს საოცარს,
მიმასწავლიდა თამარის საფლავს
და დაუწერელ "ვეფხისტყაოსანს"...
მაგრამ ნელ-ნელა შევიგენ თითქოს
ძნელია უხმო აჩრდილებს მიჰყვე
ყოველდღე ლოდი ცვიოლდა თIთო
დამტკინვეულად ოხრავდა ციხე.
ასე დაინგრნენ ცხრაკარას ბჭენი
მაგრამ ნანაგრევთან როცა გავივლი,
დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი,
როგორც ლამაზი, თეთრი ყვავილი.
დამხვდება ქარიც და როგორც ღრუბელს
გამაქანებს და წარსულში მიხვევს.
კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბეს
შეეფარება მდუნარე ციხე.
Back to top Go down
http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury
მხოლოდ მთებშია თვისუფლება

Female
Number of posts : 77
Age : 28
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyMon Jan 16, 2012 3:34 pm



ერთ-ერთი წერილი ფრონტიდან..

"წუხელ მეზმანა: ჩემი ლექსების წიგნი გამოეშვეთ ჩემს გაუგებრად. მაკვირვებდა მისი სიდიდე და შავი ყდა"

"ძვირფასო
მშობლებო! მე საოცრად შევეჩვიე სიზმრებს, მაგრამ თქვენ არასოდეს
მესიზმრებით. ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და ისე დამიძინია, მაგრამ არა და
არა, თქვენი ნახვა არ მიხერხდება.
დასწყევლოს ღმერთმა, ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო, ოცდახუთი წელი კი დამეწყო.
ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში. მე მათ ვერ ვხედავ."

"ჩემი
გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის
დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ ყველგან რომ იპოვიდა
საკუთარ ადგილს"

"მჯერა: მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და
ამ ომიდან, ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად.
მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ
არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე."

მ ი რ ზ ა
1941წელი
ფრონტი
Crying or Very sad
Back to top Go down
http://dadala.blogspot.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
ნინო ჭინჭარაული

Female
Number of posts : 82
Age : 31
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyWed Feb 22, 2012 6:26 pm

მირზა გელოვანი

როგორც ყოველთვის

როგორც ყოველთვის,
არც ამ წერილს გამოგიგზავნი.
არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის.
ახლა მგზავრი ვარ და დუმილში
ვჩურჩულებ მგზავრი:
– მშვიდობით იყავ, აწ და მარადის.
ამ განშორებამ არ გაფინა ფერები ფითრის
არც დავიწყებად, არც უკვდავებად,
შენ ოცი წელი გებევრება, მე ასებს ვითვლი
და ათასებიც მეცოტავება.

1942 წელი,
ფრონტი

I love you
Back to top Go down
http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyThu Nov 27, 2014 1:17 pm

მირზა გელოვანი

ოი, ბავშვობის დღეები

ოცნებას დავემონები
მუდამ ლაღი და იოლი,
რატომ არ ჩემი წნორები,
რატომ არ ჩემი იორი.
ჩემი ძვირფასი გორები,
ძნები - კაცები ყვითლები,
თიანეთი და სწორები,
თიანეთი და ფიქრები.
მეზობლის ბიჭის ქორწილი,
ღვინო, ეჯიბი*, მაყარი...
ურჩი ვაჟკაცის ბორკილი -
თმა მხრებზე გადანაყარი.
ოი, რანაირ გეძებდი,
ქალშავავ, შავი თმებითა,
ვინც მკლავდი, ვინც მახარებდი
გაყრით და შერიგებითა.
ოი, დღეებო ბავშვობის,
არასდროს დამიბრუნდებით,
დამტოვეთ, ჩუმად დამშორდით
და როგორც მტრედთა გუნდები,
ცას გადაუვლით ბრძოლებით
და დამაღონებთ იოლად.
... რატომ არ ჩემი სწორები,
რატომ არ ჩემი იორი.

---
* ეჯიბი (არაბ. ჰაჯიბ - მეფის მეკარე, კარისკაცი), ორი მნიშვნელობა აქვს:
1. ერთ-ერთი დიდმოხელე ქართველი მეფის სასახლეში, მეკარე, მეფისთვის მთხოვნელთა სურვილის მომხსენებელი. ამირეჯიბის ხელქვეითი. ჰქონდა დარბაზში შესვლის განსაკუთრებული უფლება. საქართველოში ეჯიბები ჰყავდათ დიდებულ ხელისუფლებსაც და მაღალი წრის მანდილოსნებსაც. სელჩუკთა სახელმწიფოში სასახლის მსახურთა უფროსი იყო საგანგებო მოხელე "დიდი ჰაჯიბი" ("ჰაჯიბთ-ჰაჯიბი").
2. (ეთნოგრაფია) ქართულ საქორწინო ცერემონიალში ვაჟის მაყრების უფროსი, რომელიც მეფის (ნეფის) წარმომადგენელი და ნება-სურვილის აღმსრულებელი იყო. მთიულეთში ეჯიბი სასიძოს მკვიდრი ბიძაშვილი უნდა ყოფილიყო. მისი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა ჯვარდაწერილი ნეფე-დედოფლისათვის გვირგვინის მოხდა იყო.


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySat Nov 28, 2015 6:28 pm

მირზა გელოვანი Mirza10

ნელი თორდია

„ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში...“ - მირზა გელოვანის პირველი და უკანასკნელი სიყვარული

„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს, რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე“, - წერდა მირზა გელოვანი ფრონტიდან, მაგრამ „სიცოცხლით მოთამაშე“ პოეტს შინ დაბრუნება არ ეწერა. 1944 წელს ბელორუსში, მდინარე დვინის გადალახვის დროს დაიღუპა. მაშინ მირზა 27 წლის იყო...

მირზა გელოვანი ნაქალაქარში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით, მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი თიანეთში, იმ ადგილას დასახლდა, სადაც დღეს მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმია განთავსებული.
მირზას მამა, ეკონომისტი გედეონ გელოვანი წიგნიერი და განათლებული ადამიანი იყო და მის სახლს ყოველთვის ცნობილი და საპატიო ადამიანები სტუმრობდნენ. გედეონ გელოვანსა და ევა მაჩურიშვილს რვა შვილი ჰყავდათ. მომავალი პოეტი, რომელსაც რეზო დაარქვეს, 1917 წლის 2 მარტს დაიბადა.

ლექსების წერა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. თავიდან ლექსებს „მზის კაცის“ ფსევდონიმით წერდა, მაგრამ შემდეგ ფსევდონიმად მირზა შეარჩია.
თანამედროვეთა მოგონებებიდან ჩანს, რომ მირზა გელოვანი ლამაზი გარეგნობისა და დაუდგრომელი ბუნების, თამამი, ამაყი და თავნება ბიჭი იყო, რომელიც გამუდმებით თავგადასავლებს ეძებდა და გოგონების დიდი მოწონებით სარგებლობდა. მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი ციცინო გაბიდაურის მონაყოლიდან ვიგებთ, რომ მირზას პირველი სიყვარული სრულიად ახალგაზრდა ასაკში სწვევია, მაგრამ:
- მირზა გელოვანის მემორიალური მუზეუმის ხელმძღვანელად 1989 წელს დავინიშნე და ოცდამეშვიდე წელია, აქ ვარ. ამ სახლისა და მასში მცხოვრებთა სულების მიმართ ძალიან დიდი მოკრძალება და მოწიწება მაქვს. მირზას მშობლები და და-ძმა თიანეთის სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი. მე და ჩემი თანამშრომლები დავდივართ, საფლავებს ვუვლით, ეზოში დარჩენილ მირზას ნატერფალებს ვეფერებით და მომავალ თაობას მის შემოქმედებას ვაცნობთ. მირზა ძალიან ლამაზი ახალგაზრდა იყო და ბევრ გოგონას მოსწონდა, მაგრამ მთის ხალხი გრძნობებს ძუნწად გამოხატავს. ისეც ხდება, რომ ახალგაზრდებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ერთმანეთს ვერ უმხელენ და მათი გრძნობის შესახებ სხვებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე თავად. ცხადია, რომ ძველ დროში უფრო მეტი უმანკოება და სიწრფელე იყო, ამიტომ შეყვარებულები გრძნობების ფრქვევას შორით ტრფიალს არჩევდნენ. ყურმოკვრით ვიცოდი, რომ მირზას პირველი სიყვარული პოეტ ალაზა ხაიაურის და იყო. ბატონი ალაზა ისეთი კოლორიტული და პატივსაცემი ადამიანი ბრძანდებოდა, რომ ძლივს გავბედე, მისთვის ამის შესახებ მეკითხა. ბატონმა ალაზამ გაიღიმა და მითხრა, ეს ისეთი სიყვარული იყო, რომ ერთმანეთისთვის არც გაუმხელიათო. მე უმცროსი ძმა ვიყავი და ჩემი დის სიყვარულს ან გათხოვებას არავინ მეკითხებოდა, მაგრამ ყურმოკვრით ვიცოდი, რომ სარასა და მირზას ერთმანეთი უყვარდათ. მირზას დაუდგრომელი და თამამი ბუნების გამო, ჩემი ძმები სარას მასთან ურთიერთობას უკრძალავდნენო, მითხრა ბატონმა ალაზამ. როგორც ჩანს, ძმებმა გააფრთხილეს და, რომ მირზასგან თავი შორს დაეჭირა და მუქარანარევი გაფრთხილება მირზასაც შეუთვალეს. მე ვიცნობდი სარას. ეს იყო თეთრი პირისახის და არისტოკრატული გარეგნობის ულამაზესი ქალი, რომელიც თიანეთის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდა და 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მირზა გელოვანის პირველ, უიღბლო სიყვარულს ეძღვნება 1935 წელს დაწერილი ლექსი „თეთრი მიწა“:

„დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, / თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები. / მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით, / ახლაც მინდა შენი ნახვა, / ახლაც მენატრები. / ჩემი გრძნობა ძლიერია, როგორც ქარიშხალი, / სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. / მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი / და თუ შენი ღიმილი მსურს, / შენი გულიც მინდა.“

სარა ხაიაურთან წარუმატებელი სიყვარულის შემდეგ, მირზას ცხოვრებაში ახალი სიყვარული - თანაკურსელი, თიანეთელი გოგონა გამოჩნდა.

17 წლის პოეტმა 16 წლის მარიამ ცალუღელაშვილს ცოლობა სთხოვა, თუმცა ამჯერად, წინააღმდეგობას საკუთარი ოჯახიდან წააწყდა. მარიამი ტრადიციულად ხელის თხოვნას ითხოვდა, ამისთვის კი მირზას ოჯახის თანხმობა იყო საჭირო. ციცინო გაბიდაურის თქმით, „თავნება და ონავარი“ მირზა დედის მიმართ განსაკუთრებულად მოკრძალებული იყო და მას თქვენობითაც კი მიმართავდა, ამდენად, ცხოვრების მეგზურის არჩევაში დედის აზრს აუცილებლად გაითვალისწინებდა.
როგორც ჩანს, მხოლოდ იმიტომ, რომ მირზამ ტრადიციულად ხელი არ სთხოვა, მარიამმა პოეტის სიყვარულს უარი უთხრა და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ქუთაისელ პავლე დავითაიაზე გათხოვდა.

ამ დროს მირზა ორჯონიკიძეში იყო. საერთოდ, უყვარდა მოგზაურობა. მარიამის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, დაწერა არაჩვეულებრივი ლექსი „ჩემი მუქარა“, დღეს რომ „მწყემსის მუქარის“ სახელით არის ცნობილი:

„დამაცადე ნატყვიარში დავიფინო ბალახი, / კვლავ ვიხილო მთები ქარში / ჩემგან გადანალახი./გაგიტაცო, ლურჯა მალი / მიგვაფრენდეს მალვითა, / მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა. /ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ, / სისხლს გავუშვებ ღვარადა; / ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ, / ტოტს ვიფარებ ფარადა. / ბაგე-მალო, ვერ დამალავ, / კოცნას მაინც დავაჩენ, / ერთი წუთით შენს შავ დალალს / ბალახებში დავაფენ. / მერე მომწვდნენ, მერე მნახონ, აღარ მედარდებოდეს, / გადამკრან და გადამჩეხონ, /ხმალი მიწას სწვდებოდეს!/

მუზეუმის ხელმძღვანელი მირზა გელოვანის ლექსებში „თმების“ თემატიკაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ პოეტის ლექსების მუზებს სწორედ ლამაზი და გრძელი თმა ჰქონდათ. „ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით / გამახსენდება თმები შოლტები. / როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა, / მაინც მივდივარ, მაინც გშორდები. / ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები / ასფურცელას და ოქროსთმებიანს, / ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები / და შენზე დარდში დამთენებია. / მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები / და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს. / მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები, / მე შენი თმები დამაბრუნებენ“.

1935 წლიდან პოეტის პოპულარობა იზრდება. მირზა გელოვანის ლექსები უკვე „ჩვენს თაობასა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდება, მაგრამ მოდის 1939 წლის ნოემბერი და მირზას წითელ არმიის რიგებში იწვევენ. ორ წელიწადში კი დიდი სამამულო ომი იწყება.
როგორც ჩანს, კალმის გარდა, მირზა გელოვანს იარაღთანაც ბავშვობიდან ჰქონდა ურთიერთობა.
ცხრა წლისა ყოფილა, როცა მისთვის პირველი თოფი უჩუქებიათ და 13 წლისა უკვე გამოცდილ მონადირეებთან ერთად, დათვებსა და მგლებზე სანადიროდ, მთებში დადიოდა. „როგორი მადლობელი ვარ დედაჩემო, იარაღი რომ შემაყვარეთ ბავშვობიდან. იარაღი, სიმართლე და ვაჟკაცობა. ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსთვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი“. - წერდა მირზა დედისთვის გამოგზავნილ წერილში.

ფრონტიდან გამოგზავნილი, დენთისა და ტყვიის სუნით გაჟღენთილი წერილები ლექსებითაა სავსე და აქ ჩნდება პოეტის ახალი, საყვარელი ქალის თინა მაქსიმელაშვილის ხატება. ქალისა, რომელსაც მირზა გელოვანმა გენიალური ლექსი უძღვნა:

„ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში, / რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს, / რომ საქართველო ამ გაზაფხულში, / როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს. / რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი / და შენ ჩაიცვი კაბა ყვავილის, / რომ მტკვარი ღელავს, როგორც ყოველთვის, / როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის./“

ქალბატონი ციცინო აღნიშნავს, რომ თინა პოეტის უკანასკნელი სიყვარული იყო, რომელიც მისავე ნაჩუქარ იებთან ერთად, რომელიც გულისჯიბით დაჰქონდა, საფლავშიც ჩაიყოლა.

მარიამ ცალუღელაშვილის შემდეგ, მირზას ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი ქალი - ნინო ლედიანი, თუმცა მასთან ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა.
შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს, რომ მირზა მექალთანე იყო, მაგრამ ასე არაა.
ეს ურთიერთობები ისეთ დროს ყალიბდებოდა, როცა ახალგაზრდა პოეტი თავადაც გრძნობდა ქალებისგან ინტერესსა და სიმპათიას. ცხადია, თავადაც დადებითად იქნებოდა განწყობილი მშვენიერი ქალბატონების მიმართ, თუმცა, ეს ურთიერთობა ყოველთვის მოკრძალებული და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული იყო. როცა თინა მაქსიმელაშვილზე ვსაუბრობ, ყოველთვის მახსენდება რამდენიმე წლის წინათ მუზეუმში მოსული ხუთი ქალბატონი. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ორმა მათგანმა მიიქცია. ქალბატონები მირზას სახლის კედლებს ეფერებოდნენ და მის ხელშენავლებ ნივთებს ესათუთებოდნენ. ბოლოს კი შთაბეჭდილებათა წიგნში ჩანაწერი დატოვეს: „სანამ ჩვენი თაობა ცოცხალია, შენ დაკარგვა არ გიწერია“. როცა ეს ქალბატონები წავიდნენ, ჩანაწერის ნახვის შემდეგ შევიტყვე, რომ ერთ-ერთი მათგანი თინა მაქსიმელაშვილი იყო.

ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში მირზა თინა მაქსიმელაშვილის მიერ გამოგზავნილ იებს ახსენებს: „მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები მაქვს (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან), კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მოკრეფილნი და მე მათში ვგრძნობ ქართული მიწის სუნსა და სიახლოვეს“. „თინასგან იები დამრჩა სახსოვარი, ჩემი - არავის არაფერი. ყოველთვის ღარიბი ვიყავი და ხელმოკლე, მაგრამ მე მქონდა უდიდესი მიზანი და თუ ცოცხალი დავრჩი, ჩვენი გამარჯვების შემდეგ განვახორციელებ ჩემს დიდ ლიტერატურულ მიზანს“.

მირზა გელოვანი 27 წლის ასაკში დაიღუპა. „დიდ ლიტერატურულ მიზანზე“ მეოცნებე პოეტი, ალბათ, ვერც იფიქრებდა, რომ თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე შექმნილი გენიალური ლექსების სახით უძვირფასესი საგანძური დაუტოვა შთამომავლობას და უდიდეს ქართველ პოეტთა გვერდით დაიდო ბინა.

ციცინო გაბიდაურის თაოსნობით, მირზა გელოვანის კარ-მიდამოში სახალხო დღესასწაული „მირზაობა“ იმართება, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს. იმართება ლიტერატურული საღამოები „მთაში გაბნეული მარგალიტები“, სადაც ადგილობრივები თუ ჩამოსულები მირზა გელოვანის ლექსებს კითხულობენ.

„მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, / რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,/ მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,/ ჩემს შეპირებას ანადგურებენ. / და სადმე ტყვია თუ გააციებს / გულს საშინელი განადგურებით ,/ თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, / დანაშაული არდაბრუნების...“

ბმული -- http://funtime.ge/siyvarulis-istoria/nu-mwer-rom-barshi-ayvavda-nushi---mirza-gelovanis-pirveli-da-ukanaskneli-siyvaruli/

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySun Dec 30, 2018 7:27 pm

მირზა გელოვანი Kapita10

მირზა გელოვანი

ო, მაპატიეთ

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…
და, როგორც კარტში აგურის ქალებს
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

1942

ბმული:
* http://geolit.ge/gelovani/o_mapatiet.htm

Arrow


Last edited by Admin on Wed Mar 20, 2019 9:21 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySun Dec 30, 2018 7:28 pm

მირზა გელოვანი

განშორება

ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით
გამახსენდება თმები შოლტები.
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.

ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები
ასფურცელას და ოქროსთმებიანს,
ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები
და შენზე დარდში დამთენებია.

მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.
მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,
მე თქვენი თმები დამაბრუნებენ.

1939

ბმული:
* http://geolit.ge/gelovani/ganshoreba.htm

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 2:02 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySun Dec 30, 2018 7:35 pm

მირზა გელოვანი

საღამონი

იწყება შუქი, იწყება წყევლა,
თავდავიწყება არსად იწყება.
მე მავიწყდება წარსულში ყველა
საღამონი კი არ მავიწყდება.

არ მავიწყდება როგორც ქარები,
გარდასულ დღეთა ლეგა ფურცლები.
იცვალენ ყველა შემოგარენი,
საღამონი კი დარჩნენ უცვლელნი.

და სიკვდილის ჟამს, როცა ღელვანი
წაშლიან ცრემლს და ღიმს დასტოვებენ,
მე დამტოვებენ ქვეყნად ყველანი,
საღამონი კი არ დამტოვებენ.

1941

ბმული:
* http://geolit.ge/gelovani/sagamoni.htm

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptyFri Mar 01, 2019 11:54 pm

მირზა გელოვანი

***
მთვარე წყალზე დასალევად ჩავიდა,
მაგრამ ვერ-კი დალია.
და ჩვენ, ორნი, წამოსული ფშავიდან,
მოვადექით დარიალს.
ახლა მთაზე მხოლოდ ჯიხვნი არიან,
შუქს ელიან შუნები.
იქ დამიცდი, მე ხევს ჩავალს ქარიანს,
ჩემი დანიშნულებით.
ქარი კივის, ქარი ფაფარს შავად შლის,
ხანაც ტირილს აპირებს.
მე ხევს ჩავალ, მთვარეს წრიაპს ჩავაწვდი,
აღმართს გაიადვილებს.

1938 წელი,
თბილისი

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySat Mar 02, 2019 12:00 am

მირზა გელოვანი

შენს შემდეგ

ეს გაზაფხული შემხვდა შენს შემდეგ,
შენს შემდეგ მივდევ ვიწრო ბილიკებს.
მე დავიღალე აღმართებში და როცა შევდექ,
შემრცხვა და ბედი, ჩემივ ბედი გავაქილიკე.

და კვლავ მოვდივარ, სიმშვიდეა ჩუმი ნიშანი,
რომ გამარჯვება უსათუოდ ჩემია ბოლოს.
შორი ნათელი მეგებება შორის გზისანი
და სადარდელად, მეგობარო, შენ დამრჩი მხოლოდ.

მშვიდობით! გული მხოლოდ მიზანს ესაკადრისა
და ჩემს ნაბიჯებს აშოლტილი ხენი ლოცავენ,
მე გავიმარჯვებ - მოწამეა მიწა ქართლისა
და გაზაფხულის ცაა მოწამე.

1938 წლი, გორი.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySat Mar 02, 2019 12:01 am

მირზა გელოვანი

ჭიამაია

"ჭიამაია, ჭიამაია,
ჩემი ქმარეულნი საით არიან?"...
ხალხური

ვერსად შევჩერდი მგზავრი,
გზა შენს სიყვარულს მართმევს,
მე ხან ლომი ვარ მძლავრი,
ხან გულწითელას მართვე.
და გულნაკლული დავალ,
დავალ, ცალს ვეძებ ირემს,
ხან უმკაცრესი ხმა ვარ,
ხან უნაზესი ვინმე.
ვთვლემ ბალახებზე დაბლა,
შენი ლოდინით ვთვრები.
მაქვს უჭრელესი კაბა _
ჭიამაიას ფრთები.
ამიყვან: ფრთათა ბრჭყვიალს
გამინაოჭებს ქარი.
_ აბა გამიგე, ჭიავ,
საით წამიყვანს ქმარი...
არ გავფრინდები, მომკლა,
არ აგისრულებ სურვილს,
და შენს თითებზე ვტოკავ
უნეტარესი სული.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySat Mar 02, 2019 12:04 am

მირზა გელოვანი

ჩვენ განვშორდებით...

ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი
დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი,
შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი,
შენი მზერა და ხმა გასახარი.
მე დამავიწყდა ქართული ხმები,
მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს,
ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით,
მაგრამ ერთმანეთს - ვეღარასოდეს.
და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზე
ეპიტაფიებს დაფარვს ხავსი,
მაგრამ ჩემს ლექსში ჩამქრალ თვალებზე
ვინმე შეკრთება გრძნობებით სავსე.
ადგება ქართულ სიმღერის ფეთქვა
შენი რუსული ხმების შეხებად,
როგორც ყოფნაში შეუხვედრელთა
მოუხუცებელ ლექსში შეხვედრა.

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 2:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySat Mar 02, 2019 12:07 am

მირზა გელოვანი

ქარიანი ღამე

ცაზე ხოხობს გაუშლია ბუმბული,
დღე დააღრჩვეს ჭვარტლის-ფერი სუდარით,
მალე მტკვართან შეჩერდება მუდარით
ნაბიჯები ბარბაცა და ქურდული.
ეს გული კი უჭკნობი ვარდნარია,
ვინც მთვრალია, ჭარბი გრძნობა აღონებს,
სილამაზე ჩვენი ნაბოდვარია,
პოეტებო, ნეტავ, ვინ გაგვაგონებს.
მზე რომ ათბობს, სიყვარულის ბრალია,
შენს ფანჯარას ფარდა თუ აფარია,
რომ მოვიდე და მალულად გიმზირო,
რომ შენს ჩრდილთან ჩემი ბედი ვიტირო,
რომ გიამბო, რა სასტიკი ქარია...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySat Mar 02, 2019 12:10 am


Published on Jan 31, 2017
კითხულობს: შალვა ბერიანიძე
Reading By Mr. Shalva Berianidze

მირზა გელოვანი

მასკარადი

მსუბუქი ბინდი, თითქოს ჩურჩული,
ფრთხილი ნაბიჯით მომყვა კარამდის.
ბაღიდან ლურჯი, როგორც ურჩხული,
მხრებს მიჩვენებდა მე მასკარადი.
კართან სისველეს და შრიალს შორის,
შეხვედრას ჩვენსას იცრიდა ბაღი,
მე - აქილევსის ნიღაბით შავით,
შენ - უთეთრესი ლედის ნიღაბით.
ო, ეს შეხვედრა სხივს უარილოს
ვედრებასავით სულში შეიტანს.
თითქოს საარი, თითქოს ალილო,
დაგვღუღუნებდა მხრებთან ფლეიტა.
სცემდა მუსიკა ლამაზ კოსტუმებს,
გიჟ ცეკვებს, მკლავებს, გაღეღას ღილის,
მე მაგიჟებდა შენი დასტური,
მაგრამ ნიღაბი მიშლიდა ღიმილს.
ბოლოს დავშორდით... დათენთილს, დაღლილს,
დამრჩა სევდა და მხრებით დამჩრდილა,
და აქილევსმა დავტოვე ბაღი -
ქუსლში კი არა, გულში დაჭრილმა.
შენ კი სად წახველ? გულისნადები
ვის გავუმხილო, როგორც ვედრება,
ყოველდღიური მასკარადები
მიჰქრიან უხმოდ, შეუხვედრებლად.
მიჰქრიან, როგორც ირმის ფეხები
სტეხენ ღამეს და ისმის დგანდგარი.
დღეს ფერს და ხალისს დავესესხები
და მზესთან ერთად მთაზე ამდგარი
ვიყვირებ, რომ გზა გაწვა პირიქით,
რომ დღე შეხვედრის ჩვენიდან გარბის,
რომ დამეკარგა შენი ბილიკი
და მწამებელი წარაფი-წარბი.
ოცნების რხევა იმედებს შველის,
დავივლი ბაღებს, როგორც კულისებს.
არსად შემხვედება ნიღაბი შენი -
და უშენობა გამაგულისებს.
არსად შემხვდები... მაღალ პროფილებს
ქარი არხევს და ხეებს ანებებს,
არც შენზე ფიქრი მაკმაყოფილებს,
არც დღენი მოაქვთ შემოღამებებს.
მხოლოდ სურვილი შორით იალებს
და შეხვედრისთვის იმედს მიქეზებს
და ვამბობ: ზიზღი ყველა ნიღაბებს,
როგორც გათიშვის პირველ მიზეზებს.

1939 წელი,
თბილისი

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 1:55 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySat Mar 02, 2019 12:14 am


მირზა გელოვანი - „ექსპრომტი“, კითხულობს ბექა ელბაქიძე, 2014

მირზა გელოვანი

ექსპრომტი

მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.
მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად.

ირიბად დავალ. ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა.
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.

1938

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 12:22 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5079
Registration date : 09.11.08

მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი EmptySat Mar 02, 2019 12:16 am

მირზა გელოვანი Mirza_13

მირზა გელოვანი

დაღლილი ფრინველი

ნეტავ, ვის შეეწიოს ეს ლოცვა საკვირველი,
ნეტავ, ვინ დაიჩემოს ვერხვი შენთვის დახრილი?
ჩემს სახლს გადააფრინდა უბინაო ფრინველი,
აბუზული, სველი და საცოდავი დაღლილი.
მეც გეძებდი წვიმაში, მაგრამ გზა ამერია,
ბევრს სახლს გადავუარე, შენსას მივუალერსე,
არ მელოდი, იფიქრე: მოჩვენება ბევრია,
ალბად, სხვას მივამზგავსე...
ალბად, გზა ამერია.

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 1:49 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მირზა გელოვანი Empty
PostSubject: Re: მირზა გელოვანი   მირზა გელოვანი Empty

Back to top Go down
 
მირზა გელოვანი
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: