არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 რევაზ ინანიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyWed Jan 26, 2011 11:29 am

რევაზ ინანიშვილი Rezo-210

Revaz Inanishvili

რევაზ ინანიშვილი – http://ka.wikipedia.org/wiki/რევაზ_ინანიშვილი

რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1926, სოფელი ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი მწერალი.
რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა.

1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში.შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.

1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.

1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.

1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.

1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში.

1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.

1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ,,დილას" რედაქტორი.

პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.

რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ძირითადი კრებულები:
„მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან“ (1958)
„წვეთები ფოთლებზე“ (1962)
„ცისფერი გორგალი“ (1968)
„საღამო ხანის ჩანაწერები“ (1971)
„ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა“ (1974)
„ჩიტების გამომზამთრებელი“ (1978).

სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები:
„არდადეგები“
„დაბრუნებული ღიმილი“
„ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“
„ფერმა მთაში“
„ზაფხული სოფლად“ („პასტორალი“, თანაავტორი ოთარ იოსელიანი)
„ნატვრის ხე“ (გიორგი ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თენგიზ აბულაძე)
„ქვიშანი დარჩებიანო“ (თანაავტორი გ. შენგელაია)


რევაზ ინანიშვილი - წისქვილი ქალაქის გარეუბანში
რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - რომეო ტერ-გრიგორიანი
რედაქტორი - ლამარა კიკილაშვილი

მონაწილეობენ: გივი ბერიკაშვილი, გრიგოლ კოსტავა, ზინა კვერენჩხილაძე, გიგოლა თალაკვაძე, ია ხობუა, ჯემალ მაზიაშვილი, ჯარჯი მაღალაშვილი.

ჩაწერილია 1973 წელს.

study


Last edited by Admin on Fri Feb 08, 2019 7:42 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyWed Apr 29, 2015 12:32 pm


რევაზ ინანიშვილი - წისქვილი ქალაქის გარეუბანში

სცენარისტები: რევაზ ინანიშვილი, რეზო ესაძე
დამდგმელი რეჟისორი: რეზო ესაძე
1981

ბმული:
* https://youtu.be/7UnaowLipTk


რევაზ ინანიშვილი

სამაგიდო რვეულიდან

***
თქვენ ლიტერატორი ხართ. თქვენი სარბიელი წიგნიდან წიგნამდე მანძილია. ის მწერალი იყო, ნამდვილი მწერალი, და როცა ყინულოვან წყალზე უნდა დაეწრა რამე, თვითონ მიდიოდა, თვითონ დგებოდა იმ ყინულოვან წყალში და თვითონ იჭრიდა ყინულებზე ფეხებს.


***
შენ იყავი პირველი მწერალი ქვეყნიერებაზე, შენკენ იშვერდეს ყოველი გამვლელი თითს, - აგერ ის, აგერ ის! შენ იყავი უმდიდრესი, უბედნიერესი ამ სიმდიდრით. მე მირჩევნია, უცნობად ვიჯდე ვაგონის ფანჯარასთან და, როგორც ირგვლივ ყველას, რაღაც პატარათა ცნობისწადილი მედგას თვალებში.


რევაზ ინანიშვილი RezoinaniSvili


Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 08, 2019 7:58 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyWed Dec 23, 2015 1:58 pm

რევაზ ინანიშვილი Rezo-110

რევაზ ინანიშვილი

ჩაჩაურის წასვლა

(მოთხრობა)

ალ. ჭინჭარაულს

ჩაჩაურმა წყალი დალია, სათავითურზე მიესვენა, ერთხანს მაღლა იყურებოდა, მერე გამოიხედა, თვალები ცუდად დაელმებოდა.

– ხმალი და სანთელი მომიტანეთ!

მზექალი უფრო მიხვდა, ვიდრე გაიგონა, ხმალსა და სანთელს რომ თხოულობდა. გაჩქარებული წამოვიდა, – "წიქას დაუძახეთ, წიქას!" ორი დიაცი დახრილი, დაფეთებული გაფათფატდა გარეთ. ერთი მაშინვე შემობრუნდა, მზექალმა სანთელი მოძებნა. კედლიდან ხმალი ჩამოხსნა, კალთაზე გადაისვა, მტვერი გააცალა. შემოვიდა, შემობნელდა წიქაც. ხმალი იმან გამოართვა, ქარქაში გააძრო და ჩაჩაურს წაადგა.

– როგორა ხარ, ჩაჩაურო?

– მივდივარ, წიქავ, ხმალი და სანთელი შენ მომეცი.

– არ გეტყობა, ჩაჩაურო.

– არა, ეხლა ნამდვილად წავალ.

– აუნთეთ სანთელი!

მზექალმა სანთელს მოუკიდა და წიქას მიაწოდა. სხვა დიაცები ერთად შექუჩებულიყვნენ და შეწუხებულნი უყურებდნენ ჩაჩაურს. კარის აქეთ–იქით პატარა გოგო და ბიჭიც იდგნენ. წიქამ დასჭყივლა:

– გადით თქვენ გარეთ!

გოგო და ბიჭი კარში გაცვივდნენ.

წიქამ ჯერ ხმალი მისცა ჩაჩაურს, მერე – სანთელი. ჩაჩაური გაიჯგიმა, ხმალს წვერი ააწევინა. სანთლის ნაღვენთი გამხმარ თითებზე ჩამოსდიოდა. თითები უთრთოდა, თრთოდა, კანკალებდა სანთლის ალიც. დიაცებმა მანდილის ბოლოები მიიფარეს ტუჩებზე. ჩაჩაურმა ჰაერი ჩაიგროვა, თვალები დაუდიდდა, ამოისუნთქა და მოულოდნელი ომახით იკითხა:

– ხო არ გავფუჭდი, წიქავ?

– არა, არ გაფუჭებულხარ, ჩაჩაურო.

– უსაკადრეოდ ხო არ მივდივარ, წიქავ?

– არა, კარგად მიდიხარ, ჩაჩაურო.

– სისხლი არავისი მიმდევს.

– არავისი, ჩაჩაურო.

– ვალიც არავისი მიმყვება.

– არავისი, ჩაჩაურო.

– ორი ლატანი გამოვართვი დათვიას, მიეცით.

– მივცემთ, ჩაჩაურო.

– ნამდურავიც არავინ დამრჩეს.

– არ დაგრჩება.

– აბიკას დამიძახეთ.

– აბიკას დაუძახეთ! – მობრუნდა წიქა.

დიაცებმა ერთმანეთს გადახედეს. ლელიკა გახუსხუსდა კარისაკენ.

– ჭერხო მთელია! – იძახდა ჩაჩაური.

– მთელია, ჩაჩაურო.

– წყალი არ ჩამოდის.

– არ ჩამოდის.

– ნაქონ–საქონიც მრჩება.

– გრჩება, ჩაჩაურო.

შემოვიდა აბიკა, – მაღალი, ახმახი, ჩაჟანგებულ–ჩაბურძგნული. ქუდმოხდით მიესალმა ჩაჩაურს.

– როგორა ხარ, ჩაჩაურო.

– მივდივარ, აბიკავ, შუბლში გკოცნი და მივდივარ.

– მეცა, ჩაჩაურო, მეცა გკოცნი, – აბიკამ ჩაიმუხლა.

– ფიცხი ვიყავი, დაივიწყე.

– დავივიწყებ, ჩაჩაურო.

– შუღლიასაც დამიძახეთ.

ისევ გაფათფატდნენ დიაცები კარისკენ.

– წიქავ!

– გისმენ, ჩაჩაურო.

– ხარჯები არ დამაკლოთ.

– არაფერს დაგაკლებთ.

– ხმალსაც მომიარეთ.

– მოგივლით, ჩაჩაურო.

– ვინც ღირსი იყოს, იმას მიეცით.

– იმას მივცემთ.

შემოვიდა შუღლია, ისიც ქუდმოხდით წამობარგანდა ჩაჩურისკენ. შორიდანვე იძახოდა:

– შუღლია ვარ, შუღლია!

– შენცა გკოცნი, შუღლიავ.

შუღლიამ გრუზათმიანი თავი ტუჩებთან მიუტანა, ჯერ ჩაჩაურმა აკოცა, მერე – შუღლიამ.

– გულფიცხი ვიყავი, დაივიწყე ყველაფერი.

– დავიწყებული მაქ, ჩაჩაურო, დავიწყებული.

– ბიჭური თუ ამოვიდეს, იმასთანაც ქუდი მომიხადეთ.

– მოგიხდით, ჩაჩაურო.

– ეხლა ყველანი წადით. – ჩაჩაურმა ჩანახევრებული სანთელი მკერდთან აიტანა.

წიქა შემობრუნდა.

– წადით, გადით ყველანი.

კაცებიცა და დიაცებიც თავდახრილნი, ერთმანეთს მიყოლილნი წავიდნენ კარისკენ. წიქამ კარი გამოიხურა, გადარაზა და ზურგით მიაწვა სახეზექუდდაფარებული. დიაცები ჩაკუნტდნენ, მუხლებზე ხელებს იცემდნენ, თავებს იქნევდნენ და ყრუდ ზუზუნებდნენ.

წვიმას გადაეღო, თეთრი ჯანღი გაბადრულიყო გორის თავზე. ნაწურის წვეთებიღა ჭყაპუნობდა აქა–იქ.

ჩაჩაური გაჭიმული იწვა და მაღლა იყურებოდა.


პატარა გოგო და ბიჭი გადაფარებულში.
ბიჭი: სანთლით ინათებს, ხმლით მიიკვლევს და მიდის.
გოგო: სად მიდის?
ბიჭი: მამა–პაპასთან.

ბიჭმა ხანჯლისშვილა ხელის ზურგზე დაიდო, მაღლა აისროლა. ხანჯლისშვილა რბილად ამოტრიალდა ჰაერში, წამოვიდა და მიწაში ჩაესო.

გოგო კაბის სწორებით ჩაჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო, ასწევდა თითებს და ისევ დაიწყობდა მუხლებზე, ასწევდა თითებს და ისევ დაიწყობდა მუხლებზე, თან ბიჭს უყურებდა თვალმოუშორებლად.



Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyMon Feb 13, 2017 12:06 pm


რევაზ ინანიშვილი - რჩეული მოთხრობები

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Aug 18, 2017

"ფიროსმანი", "ცეტები", "ბღუკები". "იმედი", "მეშრომე", "შემოდგომის დღე", "ზამთრის დილა", "ზამთარში საღამოობით", "ზამთრისპირის სევდა" - კითხულობს რევაზ ინანიშვილი
"მარტოობა" - კითხულობს სესილია თაყაიშვილი
"ლხინი კახელებთან" - კითხულობს სპარტაკ ბაღაშვილი
"უკუღმა დაჭედილი" - კითხულობს ზურაბ ქაფიანიძე
"ჩვენი კატაფშატა" - კითხულობს გიზო სიხარულიძე
"მეკერჩხლის წითელი ფოთოლი" - კითხულობს თენგიზ არჩვაძე

მადლიერებით მოვიხსენიებთ ყველა იმ პიროვნებას, რომელთა შრომის შედეგად შეიქმნა ეს ფასდაუდებელი ჩანაწერები.
პროექტ „ლიტერატურული თეატრის“ მიზანია მსმენელებს გააცნოს გამოჩენილი ქართველი მწერლების ნაწარმოებების სრული აუდიო ვერსია.
აუდიო ჩანაწერებში გამოყენებულია რადიოს ოქროს ფონდში დაცული გამოჩენილი ქართველი მწერლებისა და მსახიობების ხმები.
პროექტი განხორციელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის მიერ, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ თანადგომით.

იდეის ავტორი - ეკატერინე ხვედელიძე
რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია
პროექტის ხელმძღვანელი - ნინელი ჭანკვეტაძე

ბმული:
* https://youtu.be/3H_lbglwHBs

Arrow

რევაზ ინანიშვილი

ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?

თავადი ვიტგენშტეინი, რუსეთის იმპერატორის ახლო ნათესავი, სამეგრელოს მთავართა უმშვენიერესი შთამომავლის პაშა დადიანის ვაჟიშვილი, თბილისიდან პეტერბურგს მიემგზავრებოდა მატარებლით. ამ, ჯერაც ისევ ახალგაზრდა კაცს, ლეიბ-გვარდიის პოლკოვნიკს, ბავშვობა დედულეთში ჰქონდა გატარებული. მოსწავლეობის წლებშიც, არდადეგებზე, ჩამოდიოდა ხოლმე სამეგრელოში. იცოდა მეგრული, ცოტა ქართულიც. აღმერთებდა დედას, უყვარდა ქართველი ნათესავები, მათთან, ნათესავებთან, თავი ისე ეჭირა, როგორც ზრდილ მეგრელ ყმაწვილს შეჰფერის (გამოცდილი თვალი მაინც შეამჩნევდა გერმანულ პედანტიზმს), გაწაფული იყო ნახევრად ველური ჯოგის ცხენების ჭენებაში, ცხენიდან სროლაში, ტახებზე ნადირობაში, იცვამდა ჩოხას, ქართულ უძირო წაღებს, იხურავდა მეგრულ ფაფანაკსაც კი.

ახლაც, მატარებელში, ასე ეცვა - მწიფე შინდისფერი, თეთრქილებიანი ჩერქეზული ჩოხა, პირისფერი ახალუხი, მუხლქვემოთ სადა, ლეკვერთხებშემოჭერილი უძიროები, ეკიდა სპილოს ძვლისტარიანი, თითქოს უბრალო, მაგრამ ნატიფად ნაკეთები ხანჯალი. შესაშურად აღნაგი, წელში ლარივით აჭიმული, თავისი სხეულის საამოდ მფლობელი, ან წიგნს კითხულობდა კუპეში, ან არადა ვაგონის ფანჯარასთან მდგარი, ხელებუკანშემოწყობილი, მშვიდად გაიყურებოდა გარეთ. თვალს მოგტაცებდათ მისი მაღალი კისერი, კავკასიური პატარა, მკვრივი კეფა, ზემოთ წასული წარბები, ოდნავ კეხიანი, თხელი ცხვირი და თხელივე ტუჩები. სამხრეთულად მზემოკიდებულს, მაინც შერჩენოდა ჩრდილოეთური მოყვითალო სიფითრე. იშვიათად რომ ვინმეთი დაინტერესება შესტყობოდა სახეზე, თუმცა ვერც იმას იტყოდით, ყურადღების გარეშე დაეტოვებინა ვინმე. ძალდაუტანებელი თავაზიანობით გაატარებდა ხოლმე ვაგონში გამვლელებს. მქრქალი ღიმილით უსმენდა გამოლაპარაკების მსურველთ, მორჩილად ხრიდა თავს, მიუგებდა უმთავრესად შეკითხვებზე და, თუ გრძნობდა, რაღაც არ ხდებოდა ისე, როგორც ამას წესი და რიგი მოითხოვდა, ოდნავ გვერდზე გადაჰქონდა მზერა.

მატარებელი დონის როსტოვში გაჩერდა. ვაგონში აჩქროლებული ფაშფაშა ქალი და ასევე ტანსრული გენერალი ამოვიდნენ. გენერლის მიმოხრამ, მისმა მბრძანებლურმა კილომ, რომლითაც ვაგონის გამცილებელს მიმართავდა, ვიტგენშტეინი მიახვედრა, ეს ერთი იმ გენერალთაგანი იყო, ბრძოლაში საამაყო დაურიდებლობა სამოქალაქო ცხოვრებაშიც რომ გადმოჰქონდათ. იყვნენ თამამნი, ხმაურიანნი, ყველაფრის მცოდნენი, ყოვლისშემძლენი და თანაც, თითქოს კეთილნი. გენერალიც მაშინვე მიხვდა, რა დამღის ღვთის შვილიც იდგა ვიტგენშტეინის სახით მის წინ. აშკარა მისალმებით არა, მაგრამ ღირსების აღიარების ნიშნად მაინც დახარა თავი, ვიტგენშტეინმაც ასევე უპასუხა. გენერლის თანმხლებმა ქალმა, სანამ კუპეში ბარგს შეიტანდნენ მებარგულე და ვაგონის გამცილებელი, რამდენჯერმე გამოაბდღვრიალა ვიტგენშტეინისკენ დიდი, აღმოსავლურად წყლიანი თვალები. მერე გენერალიც და ქალიც შევიდნენ, შეიკეტნენ კუპეში.

ვიტგენშტეინი კმაყოფილი იყო იმ წყვილის განმარტოებით, ვერ იტანდა ძალიან მოძრავთ, ხმაურიანთ - ვერც კაცებს, მით უფრო სამხედროებს, და ვერც ქალებს, რანაირი მომხიბვლელნიც უნდა ყოფილიყვნენ ისინი. გარეთ ზამთრისპირის ნაღვლიანი დღე ღამდებოდა, თვითონაც ნაღვლიანი იყო, მძიმე ნაღველში გახვეული უნდა დახვედროდა პეტერბურგიც.

მხოლოდ მეორე დილის ათი საათისთვის გამოვიდნენ დერეფანში გენერალი და მისი თანმხლები ქალი, თანაც სწორედ ისე, როგორც პირველი შეხვედრისთანავე წარმოიდგინა ვიტგენშტეინმა. გენერალს აღმოსავლური მძიმე პრიალა ხალათი ეცვა, აღმოსავლურ პრიალა ხალათში იყო გახვეული მისი თანმხლები ქალიც - ერთ ღამეში საგრძნობლად შეცვლილი, შებერებულიც კი, მაგრამ მაინც კმაყოფილი, კმაყოფილების გამომეტყველებით იხედებოდა ხან ფანჯარაში, ხანაც აქეთ-იქით. ვიტგენშტეინმა კუპეში შესვლა განიზრახა, მაგრამ მერე რაღაც ყმაწვილურმა ჟინმა აიტანა. გადაწყვიტა, შეემოწმებინა, ბოლომდე მართებული იყო თუ არა, მისი შეხედულება ამ წყვილზე.

გენერალი ქალს სასაცილო რაღაცებს ეჩურჩულებოდა, ქალი პირზე ხელს იფარებდა და ხმამაღლა გაცინებისაგან თავს იკავებდა. გენერალი ისევ და ისევ ეჩურჩულებოდა, ქალს უკვე პირზე ხელის აფარებაც აღარ შველოდა, ვაგონის კედელს საფეთქლითაც ეკვროდა. გენერალმა რაღაც გადასაფიჩინებელი თქვა. ქალმა სახეზე ორივე ხელი აიფარა და, ვაგონის კედელზე შუბლმიყრდნობილი, ფხუკუნით ჩაიხარა. ვიტგენშტეინი, რა თქმა უნდა, თვალს არიდებდა, მაგრამ მაინც შეამჩნია, გენერალმა ჩახრილ ქალს უადგილო ადგილას მიუწკაპუნა ხელი. ქალი შეკრთა, გასწორდა. ჯერ ვერ გაბედა, მერე შეშფოთებული მზერა გამოაპარა ვიტგენშტეინისკენ. ვიტგენშტეინი სფინქსივით მშვიდად იდგა, გარეთ იყურებოდა, მხოლოდ ოდნავ მომატებოდა სიფითრე ბაგეებთან. ქალი მაინც სახეარეული შევარდა კუპეში. გენერალი კი, ვითომც არაფერი, ერთ-ხანს ზურგით იყო მიყუდებული ფანჯარასთან, მქირდავი ღიმილით უყურებდა კარმოხურულ კუპეს, მერე ნასვამი კაცის მორბილებული ნაბიჯებით წავიდა დერეფნის ბოლოსაკენ. ვიტგენშტეინიც იქით გაემართა. გენერალმა გაკვირვებით მოხედა. ვიტგენშტეინმა ხმადაბლა უთხრა:

- უკეთესი ხომ არ იქნებოდა, მეტი თავშეკავებულობა გამოგეჩინათ, გენერალო?

გენერალი შექანდა.

- ეს როგორ?

- მე, მამაკაცი, ვიდექი თქვენ გვერდით.

გენერალმა ვიტგენშტეინის თვალებს ვერ გაუძლო.

- მამაკაცი? - გაეღიმა დაბნეულს.

ვიტგენშტეინმა მოწყვეტით სტკიცა სილა.

- პირველსავე სადგურში ჩავალთ და ვესვრით ერთმანეთს.

გენერალმა ლოყაზე ხელი ჩამოისვა და დერეფანს გახედა, დერეფანში არავინ იყო, ენის ბორძიკით თქვა:

- ის ქალი, იმ ქალის გულისთვის არ ღირს.

- მე არ ვიცი ეგ.

- თანაც ნაუმოვი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვსვამ.

- მით უკეთესი თქვენთვის.

- მე თქვენ უთუოდ მოგკლავთ.

ვიტგენშტეინმა აღარაფერი უპასუხა. თავისი კუპისკენ წავიდა.

- რენკონტრ?1 - იკითხა გენერალმა.

- რენკონტრ.

გენერალმა საფეთქელთან ასწია ხელი, ვიტგენშტეინი კუპეში შევიდა და კარი მოიხურა.

სადგურის თეთრი შენობის უკან, თოვლის მქრქალად შეფუმფლულ შავ ხეებთან, ვიტგენშტეინმა და გენერალმა პატარა წარწერიანი სავიზიტო ბარათები შეუცვალეს ერთმანეთს. ერთმაც ოცი ნაბიჯი გადათვალა, მეორემაც. ერთმაც დამბაჩა მაღლა ასწია, მეორემაც.

თოვდა.

- მესროლეთ! - დაიძახა ვიტგენშტეინმა.

გენერალმა დამბაჩა ნელა დაუშვა ძირს და ისროლა. ხეებზე ყვავები აფათქუნდნენ, აჩხავლდნენ. ვიტგენშტეინი შეტორტმანდა, მარცხენა ხელი მკერდზე მიიკრა, დავარდა, მაგრამ არ წაქცეულა, მუხლებზე დადგა. მუხლებზე მდგარმავე ასწია დამბაჩა. გენერალმა თავი აიღო, თითქოს ცას მიაჩერდა. ვიტშგენშტეინმა ესროლა. გენერალს ქუდი გადაუვარდა. ვიტგენშტეინი იდაყვებით ჩაემხო თოვლში.

- მოჰკლეს! მოჰკლეს! - იძახდნენ ვიღაცები.

ვიტგენშტეინს იღლიებში შეუსხდნენ, სადგურის მოსაცდელ დარბაზში შეიყვანეს. არ დაწვა. საწერკალამი მოითხოვა. შინდისფერ ჩოხაზე თითქმის არ ეტყობოდა სისხლი. მოუტანეს საწერკალამი. თვითონ ამოიღო უბიდან გენერლის სავიზიტო ბარათი, მუხლთან დაიდო, აკანკალებული ხელით დაწერა: „ძვირფასო ნიკ! ყველაფერი წესის ფარგლებში მოხდა. ჩემი უკანასკნელი თხოვნაა, არ დაისაჯოს გენ...“ ხელი დაუდუნდა, ძირს ჩამოუვარდა.

ვიღაც ყვიროდა:

- ჩქარა, ჩქარა!

გარბოდნენ, გამორბოდნენ, მხოლოდ გენერალი იდგა დარბაზში უძრავად. ტყვიით გახვრეტილი ქუდი ორივე ხელით ეჭირა წინ. დარბაზის კარში შეხნიერებული ჟანდარმი გახიდულიყო და აღარავის უშვებდა შიგნით.

დავუსვი ამ ამბავს ბოლო წერტილი, დავუძახე ჩემს ქალიშვილს, რომლის თვალებზე ვამოწმებ ხოლმე, როგორ მოქმედებს ჩემი დაწერილი ამბები სხვებზე, წავუკითხე მთელი მონდომებით, ყოველი სიტყვის მკაფიო გამოთქმით. მეგონა, თვალები, გაბრწყინებული ექნებოდა აღტაცებით. მან კი შეეჭვებულმა მკითხა:

- ვითომ დაფრთხებოდნენ დამბაჩის ხმაზე ყვავები, მამა?

ეგ იყო და ეგ.


ბმული - http://www.webmix.ge/vvi/doc.php?doc=104

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 08, 2019 8:02 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyMon Feb 13, 2017 12:10 pm

რევაზ ინანიშვილი Revaz_10

რევაზ ინანიშვილი

ფშაველები

ეს მთლად ერთი ციცქნა ამბავია, თანაც დიდი ხნის წინათ მომხდარი, – მაშინ ჯერ ისევ ალერსით მიცინოდა მზე, – მაგრამ დღესაც მხიარული ზარივით წკარუნობს ჩემში და მინდა კიდევ დიდხანს იხმაუროს, თვით მაშინაც კი, მე რომ აღარ ვიქნები ქვეყანაზე.
ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის აქეთ, პატარა სავაჭრო ფარდულში, – სადაც ერთმანეთზეა მიჭუჭუკული დახლიდარი, წიგნები, რკინეული, ფეხსაცმელი, მოწყენილობა, პური, – ფქვილით სავსე ტომარას ჩასჭიდებოდა მკლავმაგარი ახალგაზრდა ფშაველი ქალი და კარის ზღურბლზე მდგარს, ალერსიანი დაცინვით მიყურებდა, როდის მივხვდებოდი და გავატარებდი. მგონია, მალე მივხვდი. – აბაი, მოგიკვდა ჩემი თავი, – მოვუქციე ვითომდა ფშავურად, გადავხტი, ტომარას ბოლოებში ჩავეჭიდე, ავუწიე. ქალს ჯერ დაბნეულობა გამოეხატა სახეზე, – არაო, ნუ შესწუხდებითო. მე გავუღიმე, – რა შეწუხებაა-მეთქი. მაშინ იმასაც გაეღიმა ოდნავ ცერად აჭრილი ტუჩებით, ლამაზი კბილებით, ავწიეთ ის ტომარა, გავიტანეთ გარეთ, – დადგით ძირს, დიდი მადლობაო, – მაგრამ ვიგრძენი ტომარის იქ დატოვება არ ჰქონდა განზრახული, კედლის ჩრდილში სველი იყო მიწა, – წავიღოთ-მეთქი, – წავიღეთ. ის უკან-უკან მიდიოდა, თვალებს მარიდებდა, მე მეშინოდა, ტომრის ბოლოები არ გამშვებოდა, მივიტანეთ ოციოდე ნაბიჯზე მდგარ ბებერ წნორთან და იქ მივდგით. ქალიც შვებით აიმართა და მეც. ქალიც ღრმად სუნთქავდა, მეც. ქალმა კიდევ უფრო ლამაზად გამიღიმა და საფეთქლებთან თმის შესწორებით მითხრა:
- მადლობელი, ძმისავ! ღმერთიმც შეგეწევის სუყოველგან!
მე მთვრალივით ვიყავი, – პირველად ვნახე ვაჟას სამყარო, მისი სახლი – ხატის ნიშივით პატარა, ნაღვლიანი, – მისი ნატერფალი ბილიკები, მისი ჩონგური, მისი თოფი, – თანაც ქარვისფრად გაბრწყინებულ ოქტომბრის დღეს, დიდ ტკბილ სიმშვიდეში, – და ამ სიტყვებმა, ამ – „ძმისავ!“ – ხომ მუხლები მომოკვეთა. დაბორიალებული, თვალისსამანწაშლილი, წნორის ფესვზე დავჯექი, დაბლიდან ვუყურებდი და ასე, დაბლიდან ვუთხარი ღიმილიანმა, ალერსიანმა, სევდიანმა:

ქმარი სადა გყავს, ბეჩავი,
მარტოს რად გიშვებს შარასა.

ქალი ერთი კი გაკვირვებით შეიმართა, მერე წამსვე მოეშვა და მაშინვე სიცილით მომანათა:

ქვემოთ, ჭინჭრებში დამირჩა.
არავინ მაიპარავსა.

მე, ასეთი პასუხით ატაცებული, მთლად გავთამამდი:

რათ გინდა ეგეთი კაცი,
მე გამამყევი ხარასა.

ქალმა უკანდახედულის გამბედაობით შემომაგება:

შენ უთხარ აეგ სათქმელი,
ჩემს არ იჯერებს არასა.

მინდოდა კიდევ რამე მეთქვა ასევე, ლექსად, ვეღარ მოვახერხე, სიცილი ამიტყდა, იცინოდა გამარჯვებულის სიცილით ქალიც, ჩავყავი იდაყვებში შერცხვენილმა თავი, მინდოდა დავმხობილიყავი მიწაზედ, ალბათ, დავემხობოდი კიდეც, – უკვე ურძნობლად ვიყავი მთვრალი, – მაგრამ აღარ დამცალდა. მოვიდა ის „ჭინჭარში დარჩენილი“, – წვერგაუპარსავ ჩამოგაზულ ყბაზე სისხლშემხმარი, ცხენის აქეთ-იქით ფეხებჩამოგრძელებული, ჩემზე უაარესად „ბოლომოღებული“, ცხენზე ძლივს შეკავებული.
ცხენიდან არ ჩამოსულა, – ამომაწოდეთო! – თავის აქნევით მიგვანიშნა ტომარაზე, ჩავეჭიდეთ მეცა და ქალიც ტომარას, ავწიეთ, ისიც ჩამოგვწვდა, დაიდო წინ, გაისწორა, ცხენი შემოაბრუნა და ხმისამოუღებლად წავიდა და წაშავდა წითლად და ყვითლად აჭრელებული მთების შესაყარში. ქალიც, – ერთიღა გამომიღიმა და, – ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გაჰყვა მის გზას.
დახლიდარმა ფარდული დაკეტა, გასაღები გამოაძრო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოწყენილი გაჩერდა შემაღლებულზე.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyFri Feb 08, 2019 7:45 pm


რევაზ ინანიშვილი - ჩემი წყალჭალის ხმები

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ინსცენირების ავტორი - ლამარა კიკილაშვილი
ხმის რეჟისორი - იური ნუცუბიძე
მუსიკალური გამფორმებელი - ლია წკეპლაძე

მონაწილეობენ: ეროსი მანჯგალაძე, ზინა კვერენჩხილაძე, იაკობ ტრიპოლსკი, ტარიელ საყვარელიძე, თენგიზ არჩვაძე, თენგიზ მაისურაძე, მალხაზ ბებურიშვილი, სოსო ლაღიძე, ზეინაბ გზირიშვილი, ცინუკი მესხი, თემურ ნაცვლიშვილი, სოსო ბაკურაძე, ლადო ცხვარიაშვილი, პავლე ნოზაძე.

ჩაწერილია 1977 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/oJEI32A3EhA

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyFri Feb 08, 2019 7:48 pm


რევაზ ინანიშვილი - ვიღაცას ავტობუსზე აგვინდება

რეჟისორი - გურამ მაცხონაშვილი
ინსცენირების ავტორი - ლამარა კიკილაშვილი

მონაწილეობენ: ზინ კვერენჩხილაძე, ლეილა შოთაძე, გიზო სიხარულიძე, ლეილა ღამბაშიძე, ზეინაბ ზალდასტანიშვილი, ია ხობუა, მალხაზ გორგილაძე, გია მატარაძე.

ჩაწერილია 1965 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/WlIdf2ckAZ4

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyFri Feb 08, 2019 7:52 pm



რევაზ ინანიშვილი - გადაცემაში „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", 2019 წლის 10 თებერვალს, 18:30

ბმული:
* https://youtu.be/bHvcHrwa7Qo

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptySun Feb 10, 2019 8:38 pm



„ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“: რეზო ინანიშვილი (ვიდეოფილმი)
მონაწილეობენ: ვანო იანტბელიძე, რეზო ინანიშვილი (შვილიშვილი), დილარ ივარდავა, მერაბ კოკოჩაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ალექსანდრე ქანთარია.
წამყვანი - ზურა ყიფშიძე
ავტორი და პროდიუსერი - მზია ლომთათიძე
რეჟისორი - ლევან ახობაძე
ჟურნალისტი - სალომე გელაშვილი
ოპერატორი - პაატა ყვავაძე
ხმის ოპერატორი - ილიკო მაღრაძე
მონტაჟი - ნიკოლოზ ადუაშვილი

გადაცემათა ციკლი „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“ მოიაზრება, როგორც მივიწყებულ ქართველ მსახიობთა, რეჟისორთა, მწერალთა, სკულპტორთა, მუსიკოსთა და მხატვართა პორტრეტები - გახსენება მათი შემოქმედებითი და პირადი ცხოვრების.
გადაცემა ჩაფიქრებულია, როგორც ვიდეოფილმი, 26 წუთიანი ქრონომეტრაჟით, კვირაში ერთხელ.

©️ „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", 10 თებერვალი, კვირა, 18:30, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 2019

ბმული:
* https://youtu.be/65NI_MG94Do
* https://1tv.ge/show/hopla/?tab=overview
* https://www.facebook.com/Hoplachvenvtsotskhlobt/

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 380
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:53 pm

რეზო ინანიშვილი

ზარი კახეთში

თოვს, თეთრად გადაფიფქული შავი ადამიანების ბრბოს დაღუნული თავების მაღლა ციმციმით მოაქვს თეთრი კუბო, რომელშიც წევს ტრაგიკულად დაღუპული ორმოცი წლის ლამაზი ფერმკრთალი ქალი.
ძველებური ჭიშკრის წინ გადმომდგარა ჯოხზე დაყრდნობილი, ქუდმოხდილი, დალეული, დამუმიავებული ბერიკაცი და შემაძრწუნებელი ხმით იძახის:
– ეგ როგორ მიდიხარ, გოგო?!

ბმული:
* http://www.bu.org.ge/x2661?lang=geo

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 380
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:55 pm

რეზო ინანიშვილი

ზამთრისპირის სევდა

ზამთრისპირის ბურუსიან დღეს ოთხი თეთრი ვეება ფრინველი უხმაუროდ მოვიდა და ბაღის ბოლოში, ფოთოლგაცვენილ კაკალზე დაჯდა. ისხდნენ, როგორც ბავშვის ნახატში, ხესთან შედარებით უზომოდ დიდები, ნაცრისფერში შეჟღენთილი თეთრი აკვარელივით, დაღლილები თუ საგონებელში ჩაცვივნულნი. შეშინებილნი იყურებოდნენ ღობის ძირში შემალული ქათმები.
გამოვარდა კედლის იქიდან ჩემი მასწავლებელი, აკანკალებული ხელით ჩააწყო გადახსნილ თოფში ვაზნები, ჩაიპარა ორღობით და ყველაფერი დააზანზარებინა წყვილ გასროლას, მაგრამ ფრინველთაგან არც ერთი არ ჩამოვარდნილა, თითქოს არც შეშფოთებულან, გაშალეს ფართო, გრძელი, ძლიერი ფრთები და თანდათანობით შეერივნენ ბურუსს – რა შეუცნობლობიდანაც მოვიდნენ, ისევ იმ შეუცნობლობაშივე შეიკარგნენ.
მასწავლებელი – ჯანმაგარი, მჭევრმეტყველებით განთქმული კაცი, – მრგვალ საფანტს აბრალებდა, მრგვალმა საფანტმა ვერ გაუარა თივთიკსო. მე კი, ათი წლისას, მცენარეებიდან და ცხოველებიდან ჯერ კიდევ სულგაუმიჯნავ ბავშვს, ძალიან მიკვირდა, როგორ ამბობდა ამას: როგორ შეიძლება მოკლა ქვეყნიდან ქვეყნად მოხეტიალე ზამთრისპირის ულამაზესი სევდა!

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 380
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:57 pm

რეზო ინანიშვილი

ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი

ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც. თვით ისიც, დაკორძილი, ათას ჭირ-ვარამში გამოვლილი მუხაც, შავად იყო ალანძული, მისი სქელი გალაქულივით პრიალა ფოთლები ძირს იყვნენ დაფენილნი და ხანდახან თუ შეთრთოლდებოდნენ ნიავის წამობერვაზე, კბოდეზე გადმოზნექილი ნეკერჩხლის ერთი დიდი ფოთოლი კი მხოლოდ ოდნავ მოღუნულიყო და წითლად ღუდღუდებდა ტყის ბინდ ჰაერში. მუხამაც, ხევში მიმავალმა მომწვანო წყალმაც, მსუქანმა მაჩვმაც და დიდთავა ბუმაც იცოდნენ, რომ ნეკერჩხლის ფოთოლი ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.
– ვის ელი, შე საბრალოვ! – შელიკლიკებდა ქვემოდან წყალი, – ჩამოდი ჩემთან, თუ შენიანებზე ნაწყენი ხარ, ქვემოთ წაგიყვან, ულამაზეს ადგილებს გაჩვენებ და, სადაც მოგეწონოს, იქ დარჩი.
მაგრამ ფოთოლი ხმას არ სცემდა წყალს.
გამოვიდოდა ყოველ დილა მსუქანი მაჩვი, ღრმად ჩაისუნთქავდა სუსხიან ჰაერს, დაინახავდა ნეკერჩხლის წითლად მოღუდღუდე ფოთოლს, ზიზღით შეიჭმუხნიდა ქონიან დინგს და აბუზღუნდებოდა თავისთვის:
– ნეტავ ვის ელის ეს ტუტუცი, არ ურჩევნია, თავისიანების გვერდით იყოს?!
– მუხას კი ის აბრაზებდა, ჯანსუსტი, ყოველგვარ ხმაურზე მოცახცახე ფოთოლი როგორ იძენდა მისთვის გაუგებარ სიმტკიცეს.
მოდიოდა წვიმა, უბერავდა ქარი, ეხლებოდნენ ტოტები ტოტებს; რამდენჯერმე ჭირხლმა ძვალრბილიანად გათანგა ყველაფერი, ნაკერჩხლის წითელი ფოთოლი კი ისევ მოლოდინით იყო სავსე და მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად ეღუნებოდა მხრები.
ერთ დღეს ცა ზამთრისპირულად მოქურუშდა. დაუბერა ცივმა, ნოტიო ნიავმა. მთელ დღეს იქროლა. მერე ნიავი ჩადგა და წვიმა წამოვიდა. იწვიმა შუაღამემდე, შუაღამის შემდეგ კი წვიმა თოვლმა შეცვალა. როცა გათენდა, ტყე თითქოს ფიქრიან ბურუსს წაეღო სადღაც შორს. ხეების წვიმითგაშავებულ ტოტებს რბილი, ფაფუკი თოვლი დასდებოდა, ჟანგისფერ მიწას თეთრი, ფუმფულა საბანი გადაჰფარებოდა, კბოდეზე გადმოზიდული ნეკერჩხლის წითელი ფოთოლიც თოვლით იყო დამძიმებული, მაგრამ ის მაინც ისევ მტკიცედ ეკიდა ტოტის ბოლოზე და ისევ ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.
– ჩამოდი, შე საცოდავო! – დაუძახა ქვემოდან წყალმა, – ჩამოდი, სანამ ყინულს არ შევუბოჭივარ მთლიანად. მაგრამ ნეკერჩხლის ფოთოლი ხმას არ იღებდა.
ბებერი მუხაც ღირსეულად თავდაჭერილი დუმდა.
შუადღისას მზე გამოვიდა. ნეკერჩხლის ფოთოლს თოვლი ჩამოადნა. ჩამოდნა თოვლი ხეების ტოტებიდანაც. ტყეში ისმოდა ჩამოშავებული ლეშისა და მსხვილი წვეთების ხმელ ფოთლებზე დაცემის ხმა. მიწაზე დაგებული თოვლი ქაფქირივით დაიხვრიტა, მაგრამ საღამო ხანზე ხმები ისევ შეწყდა. მთების წვერებიდან ყინვა ჩამოვიდა, ლურჯად ჩამოდგა ტყეში. გაჩუმდა წყალიც. გაჩუმდნენ ფრინველებიც. მიდამო მოიცვა სინათლესთან გაყრის იდუმალმა სევდამ...
და, აი, ამ დროს მინასავით უძრავ ლურჯ ჰაერში ბებერ მუხასთან შემოვიდა ხარირემი. ის ყველამ მაშინვე შეამჩნია, ყველა გაიცქაფა, თითქოსდა თითისწვერებზე შეადგნენ ერთმანეთს უკან. ხარირემი, მოწყენილი, მაგრამ ზვიადი, ნელ - ნელა მოდიოდა. ხანდახან შეჩერდებოდა, ყურებს შეატოკებდა, ნესტოებს დაბერავდა და ისევ წავიდოდა, – თოვლშერჩენილ მიწას შავად აჩნდებოდა მისი შუაზე გაყოფილი ნაფეხურები. ჩავიდა ხევში, პატარა ხანს წყალს დაეწაფა, მერე თავი ასწია და გაკვირვებული დარჩა. კბოდეზე გადმოზიდულ ნეკერჩხალს ერთი დიდი წითელი ფოთოლი შერჩენოდა და ის ფოთოლი თრთოდა, ცახცახებდა; ნიავი არ იძვროდა, ისე თრთოდა და ცახცახებდა. ირემმა კისერი წაიგრძელა და კიდევ უფრო გაკვირვებული შეაჩერდა. მაშინ ფოთოლი მოწყდა, წამოვიდა ფარფატით, წამით თითქოს ჰაერშიც კი შედგა, მერე მოეშვა და გულაღმა დაეცა თოვლზე - წითელი, უსასოო, ირემმა დრუნჩი მიუახლოვა, წინა ფეხიც ასწია, უნდოდა, ჩლიქი წაეკრა, გადაებრუნებინა, ენახა, რა ფოთოლი იყო ასეთი, მაგრამ ის ისე უმწეოდ ესვენა თოვლზე – სისხლისფერი, სიფრიფანა, ოდნავ მოხრილი მხრებში-ფეხი დაუშვა, მორიდებით შემოუარა, რამდენჯერმე შედგა, მოიხედა. რაღაც საოცარმა ნაღველმა შეიპყრო, თავი ასწია და ამოიბღავლა.
ზამთრის პირის გარინდებულ ტყეში გლოვის ზარივით ისმოდა ხარირემის უდროული ხმა. აქამდე უძრავი ლურჯი ჰაერი ზანზარებდა, თრთოდა.
ყოველივე ეს ბებერმა მუხამაც დაინახა, აი, თურმე ვის უცდიდა ნეკერჩხლის დიდი წითელი ფოთოლი! აი, მრავალსაუკუნოვანი სისულელის კიდევ ერთი სურათი. იცნობდა ასეთ რამეებს ბებერი მუხა!.. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ერთი სურვილით იყო შეპყრობილი: უნდოდა, მასაც ხარირემივით აეწია თავი და დაებღავლა, დაებღავლა ისე, რომ ტანი აჰბურძგლოდათ გაშტერებით მდგარ წიფლებსა და რცხილებს. ეს არ შეეძლო, და იდგა ჩუმად, კვირტებს უბეები ნელ-ნელა ევსებოდა წვეთებით. ეს წვეთები იყო მისი ცრემლი.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 380
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი EmptyWed Mar 20, 2019 8:59 pm

რეზო ინანიშვილი

ქალი ბაქანზე

– ორმოცდასამის ცივი, ქარიანი ზამთრის ღამე იყო, – როდის აღარ იყო ცივი და ქარიანი ღამე მაშინ! წინა დღეს პირველად შევისწორე ღინღლი საულვაშეზე. ქარხნიდან გამოსული, ფარღალალა ჩარდახის კედელს გარედან მოფარებული, – შიგნით სხვები იყვნენ აბუზულნი, – მუშათა მატარაბელს ველოდი ჩვენს ბაქანზე. ანათებდა ცივი, ბადრი მთვარე. მოვიდა ერთი თეთრი შალით თავმობურული მაღალი ქალი, ისიც ზურგით მიეყუდა ფიცრის კედელს და თავმოუბრუნებლად თქვა:
– წამოდი ჩემთან. მე კარგი ვარ, მხოლოდ მარტოობით ვკვდები. მე თითქოს ჭიანჭველების ბუდეში ჩავვარდი, მერე გვერდზე გავიწიე.
– რატომ შეშინდი? შენ უკვე დიდი ხარ, შენ უკვე უნდა იცოდე, რას ნიშნავს მარტოობა ქალისათვის.
მე სულ მოვცილდი იმ ფიცრის კედელს, მუხლებში თრთოლვაშემდგარი გავედი მოღიავებულზე. ცოტაზე ქალიც გამომყვა. მივხედე და მთვარის შუქზე გავარჩიე, რომ ეღიმებოდა, ეღიმებოდა და ძალიან ლამაზი იყო. ვიღაცა კაცმა ხელი დაადო მკლავზე. იმ კაცს იდაყვი გაჰკრა. მატარებელი მოვიდა. მე ჩავჯექი და წამოვედი. ქალი ბაქანზე დარჩა სევდიანად გაღიმებული.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




რევაზ ინანიშვილი Empty
PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   რევაზ ინანიშვილი Empty

Back to top Go down
 
რევაზ ინანიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: