არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ირაკლი ლომოური

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი ლომოური - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   ირაკლი ლომოური - Page 2 EmptyFri Apr 12, 2019 7:09 pm

ირაკლი ლომოური - Page 2 Irakli10

ირაკლი ლომოური

სტალინი სარდაფში
(პარალელური საქართველოს ქრონიკებიდან)

მაია წყნეთელს სული შეუგუბდა. ინფორმბიუროს მოულოდნელმა ცნობამ თავზარი დასცა. ცნობა მართლაც შემაძრწუნებელად ჟღერდა. დიქტორ ლევიტანს თითქოს ხმაც კი გაებზარა, წამის მეასედით აუკანკალდა, პირველად სამამულო ომის დაწყების დღიდან (ყოველ შემთხვევაში, მაიას ასე მოეჩვენა):

_ მილიტარისტული იაპონია საბჭოთა კავშირს მუხანათურად, ომის გამოუცხადებლად დაეხსა თავს! მტერმა ისარგებლა მოულოდნელობით და ცხარე, სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ დაიკავა შემდეგი პორტები და დასახლებული პუნქტები: ვლადივოსტოკი, ნახოდკა, პეტრიპავლოვსკ-კამჩატსკი, ხაბაროვსკი, უსურიისკი, და ნოვისიბირსკისკენ გაიჭრა! წითელი არმია უმაგალითო გმირობას იჩენს და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავს მშობლიური მიწის ყოველ მტკაველს! შორს არაა დრო, როცა დუჟმომდგარ, ცოფიან კვანტუნის არმიას კუდით ქვას ვასროლინებთ!

მაიამ ტუჩზე იკბინა. საზიზღარი, წყეული, ვერაგი მილიტარისტული იაპონია! საყვარელ სამშობლოს ყველაზე უფრო მძიმე, საბედისწერი ჟამს ჩასცა ზურგში მახვილი, მუხანათურად დაესხა თავს სწორედ მაშინ, როცა გერმანელ ფაშისტთა ურდოები მოსკოვს უახლოვდებიან! მაშ, ციმბირული დივიზიები ვეღარ დაიცავენ ქვეყნის გულს?! ვეღარ დაიცავენ საყვარელ ამხანაგ სტალინს?!!

კომკავშირელი მაია წყნეთელი სწავლაშიც მოწინავე გახლდათ, სამხედრო და ფიზმომზადებაშიც წარჩინებული იყო, თვითგანათლებასაც ეწეოდა და ამხანაგებსაც უშურველად ეხმარებოდა _ კომუჯრედში ყოველ პარასკევს საბჭოთა კავშირს მშვიდობიან პოლიტიკასა და საერთაშორისო მდგომარეობაზე მოხსენებას აკეთებდა. განსაკუთრებით, სასიქადულო ბელადის, მთელი პროგრესული კაცობრიობის მესაჭის, იოსებ ბესარიონის-ძე სტალინის ბრძნულ ეროვნულ პოლიტიკას უსვამდა ხოლმე ხაზს რუდუნებით.

ამხანაგი მაია მეტისმეტად კარგად ერკვეოდა საერთაშორისო ვითარებასა და ბრძოლის ველზე არსებულ რთულ მდგომარეობაში, რომ ვერ მიმხვდარიყო, თუ რას მოასწავებს შორეულ აღმოსავლეთში მეორე ფრონტის გახსნა.

მაიას თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ არა, ახლა ტირილის დრო არ არის! ფრონტზე უნდა წავიდეს! დღესვე! ახლავე!

სანამ ჩითის კაბას იცვამდა, ერთადერთმა, ოჯახის მარჩენალმა ძროხამ ისე საწყალობლად დაიზმუვლა, მომხედეო, გულმა ვეღარ გაუძლო, ბოსელში შეირბინა, წინსაფარი აიკრა (ერთადერთ გამოსასვლელ კაბას გაფრთხელება უნდოდა), ჩამოწველა, მოხუც, ლოგინად ჩავარდნილ დედას თბილი რძე მიართვა, და სამხედრო კომისარიატისკენ სწრაფი ნაბიჯით გასწია შემართულმა.

დღესვე უნდა ჩაეწეროს წითელ არმიაში! რადაც უნდა დაუჯდეს! სანიტრად მაინც წაიყვანონ! მაგრამ ყველაზე კარგი იქნება, თუ სნაიპერობას ანდობენ! ანკი რატომ არ უნდა ანდონ? მშთ-ს ნორმატივები თავის კლასში ყველაზე უკეთ მან არ ჩააბარა? მცირეკალიბრიანი შაშხანიდან წოლელა სროლისას ათიდან ცხრა “ათიანში” მხოლოდ მან არ მოარტყა?!

ოო, რა სიხარულითა და სიამოვნებით გაჟლეტს მომხვდურს, გერმანელი იქნება, იაპონელი თუ ესპანელი “ცისფერი დივიზიიდან’! (რატომღაც ერთხელ დაესიზმრა, რომ ახალგაზრდა ესპანელ ფაშისტს ებრძვის ცხენდაცხენ. აი, გულში გორდა ხმალი ჰკრა, მიწაზე დასცა,.. მომაკვადავ ესპანელს ერთი სიტყვა აღმოხდა მხოლოდ “ნენა…” მაია დაიხარა და შუბლზე აკოცა).

კომისარიატთან თანასოფლელების რიგი დახვდა. მოხუციც მოსულიყო, ქალიც, ბავშვიც და ხეიბარიც _ მის წინ რიგში ჩომბახა პაპა იდგა, პირველი იმპერიალისტური ომის ინვალიდი, ცალფეხა კაცი.

მაგრამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა, მაია არ წაიყვანეს _ ჯერ ათწლედი დაასრულე და მერე ვნახოთო. თუმცა სანამ შენ სკოლას დაამთვარებ, მანამდე ომიც დამთავრდებაო, ჩაიცინა ბიძია ბუხუტიმ, სამხედრო კომისარმა, რომელსაც მაია კარგად იცნობდა. იმ ზაფხულს, არდადეგებზე, სამხედრო ბანაკის უფროსი გახლდათ, სადაც მაია ხელყუმბარის სროლის ხელოვნებას ეუფლებოდა.

მაიას ზურგს უკან დაუდგებოდა, მკლავზე ხელს მოავლებდა და ასწავლიდა, სწორად როგორ მოექნია, რაც შეიძლება შორს რომ გაფრენილიყო ხელყუმბარა და ვერაგი მტერი ნაკუწებად დაეფლითა, ნაცარტუტად ექცია.

თავიდან მაიას ამ ხელოვნების ათვისება, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა, თუმცა ბევრ თანასოფლელ ბიჭზე უფრო ყოჩაღიც იყო, და ამხანაგ ბუხუტის რამდენიმე დამატებთი მეცადინეობის ჩატარება მოუხდა პირადად მისთვის.

მაგრამ არაფერმა გაჭრა, არც ნაცნობობამ და არც ხვეწნა-მუდარამ. სახლში გააბრუნეს.

გამოვიდა თუ არა მაია კომისარიატიდან, ხალხის ჯგრო სოფლის მოედანზე, სოფსაბჭოს წინ ბოძზე დამაგრებული რეპროდუქტორის ქვეშ შექუჩული დაინახა. სანარისებური სიჩუმე იდგა.

მაიამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ჩომბახა პაპას უჩურჩულა:

_ რა მოხდა?

_ რაღა რა მოხდა შვილო, _ ამოიგმინა მოხუცმა, _ მეტი რაღა უნდა მომხდარიყო, დავიღუპეთ,.. მოსკოვი დაეცა!

მაიას თითქოს მყესები გადაუჭრესო, მუხლი მოეკვეთა და უეჭველად წაიქცეოდა, ამხანაგ ბუხუტის რომ არ დაეჭირა ბოლო წამს. თურმე უკვე გაეგო ეს საზარელი ახალი ამბავი და ხალხთან გამოსულიყო სალაპარაკოდ.

_ და სტალინი?! სტალინი სადაა?! _ აღმოხდა მაიას.

_ ამხანაგი სტალინი საიდუმლო და საიმედო ადგილასაა! იქიდან ხელმძღვანელობს საბჭოთა ხალხის ბრძოლას!.. ახლა ყველა, ქალიც, ბავშვიც და მოხუციც, ჯარისკაცად უნდა იქცეს! დიდმა სტალინმა საყოველთაო პარტიზანული ომი გამოაცხადა! დამპყრობელთა ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს! _ მიმართა ხალხს კომისარმა ბუხუტიმ ხმამაღლა, მერე კი მაიას გადაუჩურჩულა, (ხელს აშველებდა ისევ, რომ არ წაქცეულიყო), _ შენ კიდევ ფრონტზე გინდოდა წასლა,.. ფრონტი თვითონ მოვიდა შენთან, სულელო გოგო!

...მაიამ ვერ გაიგო, სახლში როგორ დაბრუნდა, თითქოს ძილბურანში იყო, ძალიან მაღალი სიცხის დროს რომ იცის ხოლმე. მთელი გზა მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა: “სარდაფში უნდა ჩავიდე.”

ეზოში შეაბიჯა და უცებ მსუბუქად გაუკვირდა, რატომ უნდა ჩასულიყო სარდაფში, განა საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული?

სარდაფში ჩავიდა, კარი შეაღო ისე, შუქი არ აუნთია და უცებ იგრძნო _ სიბნელეში ვიღაც არის, ვიღაც მშობლიური, ძლიერი, საიმედო,.. ცხვირში მაგარი თუთუნის სუნი ეცა.

მაია კომკავშირელი კი არა, არამედ სოფლის ტლუ გოგო რომ ყოფილიყო, იფიქრებდა, გარდაცვლილი მამის აჩრდილი გამომეცხადაო, მაგრამ კომკავშირელი იყო და დანამდვილებით იცოდა, მატერია პირველადია. მატერიის გარდა არაფერი არსებობს _ არც ღმერთი, არც ეშმაკი, არც სული და არც მოჩვენება...

სარდაფში შეაბიჯა (გულადი გოგო გახლდათ), აკანკალებული ხელით გაჰკრა ასანთს და იქვე თაროზე დამაგრებული სანთლის ნამწვი აანთო. როცა თვალი მქრქალ შუქს შეეჩვია, სარდაფის სიღრმეში ჯმუხი მამაკაცის სილუეტი დალანდა, სამხედრო ყაიდის ფრენჩი, გალიფე შარვალი და ჩექმები ეცვა.

_ მომიახლოვდი, _ უთხრა კაცმა და მაია თავიდსაუნებურად მუხლებზე დაეცა.

მის წინ სტალინი იდგა!

_ არაფერი მკითხო. _ გააგრძელა სტალინმა, _ მე აქ ვარ იმიტომ, რომ ასე სდჭირდება საბჭოთა ხალხსა და ჩვენს მომავალ დიად გამარჯვებას. გასაგებია, ამხანაგო მაია?

მაიამ ხმა ვერ გაიღო.

_ ახლა წადი და თბილი რძე მომიტანე.

მაია წამოხტა, არა, კი არ წამოხტა, წამოფრინდა, კარს ეცა.

_ თუ ვინმე გკითხავს, სტალინი სად არის, უთხარი, არ ვიცი, არ მინახავსო, _ დაადევნა იოსებ ბესარიონის ძემ და მწნილით სავზე კასრზე ჩამოჯდა.

ასე გაირბინა ერთმა თვემ. მტერი სქართველოს მოადგა. თანაც ორივე მხრიდან: დასავლეთიდან _ გერმანელები, აღმოსავლეთიდან _ იაპონელები. წითელმა არმიამ ორ ფრონტზე ვერ იბრძოლა, წელში გატყდა, დაიქსაქსა, დაიშალა და პარტიზანულ მოქმედებაზე გადავიდა. მღელი ქვეყანა მტრის ხელში აღმოჩნდა.

ქართლ-კახეთი კვანტუნის არმიამ დაიკავა, დასავლეთ საქართველო კი _ ვერმატხისა და ესესის ნაწილებმა. თბილისი და შემოგარენი (მათ შორის, დაბა წყნეთი) თავისუფალ ზონად გამოცხადდა, რაც ნიშნავდა, რომ ამ, ვითომ თავისუფალ, ზონას ერთობლივად აკონტროლებდა გერმანელი და იაპონელი მტარვალი. ესპანელების ნაწილიც კი დადგა სოფელში.

ოკუპანტებმა ადგილობრივი ხელისუფლება ჩამოაყალიბეს _ გუშინდელი კომისარი ბუხუტი სოფლის თავი და მთავარი პოლიცაი

შეიქნა.

ოო. როგორ სძულდა, როგორ ეზიზღებოდა იგი მაიას!.. უეჭველად გადაუწვავდა სახლ-კარს, ღამით მიეპარებოდა და ცეცხლს შეუკეთებდა, მაგრამ სარდაფში სტალინი ჰყავდა! ამიტომაც ბუხუტისგან ყველაფერს ითმენდა: ლოყასა თუ გავა-წელზე მოურიდებელ მოთუთუნებასა თუ თვალის ჩაპაჭუნებას, მაგრამ როდესაც შესთავაზა, მოდი, გოგო, ჩემს ცოლთან მოახლედ დადექი, არც საჭმელ-სასმელი მოგაკლდებათ შენ და დედაშენს, და არც ლამაზი ფარჩა კაბები და ქალაღაიებიო, აიღო და სილა სტკიცა.

დაიჭირეს. პარტიზანობაზე.

_ სად არის სტალინი?

დაკითხვას გერმანელი მაიორი აწარმოებდა. გვერდით იაპონელი მაიორი ეჯდა (ოღონდ ხმას არ იღებდა). ესპანელი მაიორი არ ჩანდა. ბუხუტი თარჯიმნობდა. თურმე გერმანული წყალივით სცოდნია. მაია ამან ისე გააოცა, წამით ყველაფერი გადაავიწყდა: შიშიც და ტკივილიც _ ენას კბილს აჭერდა მთელი ძალით, რამე არ წამომცდესო. პირში სიმლაშე იგრძნო. ეტყობა, ენიდან სისხლმა გამოჟონა.

_ სად არის სტალინი? _ მხოლოდ ამ ერთ კითხვას უსვამდა გერმანელი, თითქოს გრძნობდა, იცის...

დაკითხვა დღე და ღამე გრძელდებოდა, ერთი კვირის განმავლობაში, უწყვეტად. არ უცემიათ, მაგრამ საჭმელს არ აძლევდნენ, წყალზე და ხმელ პურზე ჰყავდათ (მხოლოდ ერთხელ ბუხუტიმ საკანში ტკბილი ქადა მალულად შეუტანა).

ერთი კვირის თავზე კი ბუხუტიმ გერმანელ მაიორს რაღაც უჩურჩულა, მერე კი იაპონელსაც გადაულაპარაკა ისე, თითქოს ეჩხუბებაო.

“იაპონური საიოდანღა იცის?” _ მსუბუქად გაუკვირდა მაიას.

დიდხანს იბჭეს. ბოლოს, ეტყობა, შეთახმდნენ. ბუხუტი ადგა და მაიას გამოუცხადა:

_ თავისუფალი ხარ. წადი სახლში და მოიფიქრე, როგორ იცხოვრო და რა გააკეთო... რა არის კარგი შენი ქვეყნისთვის და პირადად შენთვის. მოიფიქრე და მერე შენი ფეხით მოდი ჩვენთან. დაგელოდებით, არ გვეჩქარება. საქართველოს მომავალს შენისთანა პატრიოტი, გულანთებული ახალგაზრდები სჭირდება.

...მაია მთვარეულივით მიბორიალობდა ქუჩაში. თანასოფლელები რატომღაც არ ესალმებოდნენ _ ყველა გვერდს უქცევდა, თვალს არიდებდა.

მაია სარდაფის კარს მიადგა, აკანკალებული ხელით შეხსნა ბოქლომი, ასანთი აანთო და შვებით ამოისუნთქა, სტალინი ადგილზე იყო!

ტაბურეტზე იჯდა და ჩიბუხს აბოლებდა.

მაია მივიდა, მუხლებში ჩაუვარდა. სტალინმა ამრეზით გაითავისუფლა ფეხი.

_ რატომ გამოგიშვეს?

_ არ ვიცი...

_ მე ვიცი. იმიტომ, რომ იმათიანი გახდი, გიყიდეს.

_ არა, არა!

_ ქადა ხომ შეჭამე? ტკბილი?

მაიამ ხმა ვეღარ ამოიღო. თავი ჩაქინდრა და მწარედ აქვითინდა.

_ დღეს ქადა, ხვალ ქალაღაია,.. მერე კი უცებ გაგახენდება, რომ თურმე გცოდნია, სად არის სტალინი,.. საკუთარ სარდაფში!

_ ამხანაგო სტალინ! _ შეჰკივლა მაიამ.

_ მე აღარა ვარ შენთვის ამხანაგი, ყოფილო კომკავშირელო მაია,.. იმაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, ესპანელი ფაშისტების ყაზარმის წინ რომ დასეირნობდი,.. თითქოს ვიღაცას ეძებს თუ ელოდება ქალბატონიო,.. არა, ესეც საკმარისია. ერთი ნაბიჯიღა დაგრჩენია. იცი, როგორ უნდა ჩამოირეცხო სირცხვილი? გამოასწორო შეცდომა?

მაიამ თავი დაუქნია. სტალინი ადგა, ტაბურეტს ფეხით წაჰკრა, მიუწიასავით, და თოკი მიაწოდა. მაიამ მარყუჭი გააკეთა, ტაბურეტზე შედგა და მხოლოდ მაშინ გაახენდა, რომ ჭერში კაუჭი არა აქვთ. აიხედა _ კაუჭი აღმოჩდა.

“როდის გააკეთეს?” _ მსუბუქად გაუკვირდა მაიას და ზედ თოკი ჩამოაბა. სარდაფში ჭერი დაბალი იყო და ამიტომ თავდახრილი მუშაობდა.

_ განაჩენი შენ თვითონ გამოუტანე შენს თავს, მაია წყნეთელო, ყოჩაღ, _ უთხრა სტალინმა, _ და იცოდე, საბჭოთა ხალხი უძლეველია, რადგან ყოველ სარდაფში თითო სტალინი ზის!

იოსებ ბესარიონის ძემ ულვაშზე ხელი ჩამოისვა, ჩაიღიმა, ჩაილაპარაკა:

_ კობა მაგარია... _ და ტაბურეტს მსუბუქად ჰკრა ფეხი.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი ლომოური - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   ირაკლი ლომოური - Page 2 EmptyFri Apr 12, 2019 7:12 pm

ირაკლი ლომოური

უჟმური გულმარიხიანთა სამეფოში

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი,.. არაფერი. სახელად უჟმური. უჟმურს საკუთარი არც სახე ჰქონდა, არც ხმა, არც სუნი და არც ფერი.
არაფერი იყო. მაგრამ მაინც იყო, იმიტომ, რომ როგორც კი სადმე გაჩნდებოდა, ადამიანებს იმწამსვე გუნება წაუხდებოდათ, ხასიათი უფუჭდებოდათ, სევდა შეეყრებოდათ და ნაღველი შემოაწვებოდათ.
ამიტომაც ერქვა ამ არაფერს უჟმური. დაეხეტებოდა უჟმური ქვეყანაზე, ვერ ისვენებდა, ხან ვის დაეტაკებოდა და ხან ვის, ხან ვის აატირებდა და ხან ვის.
ერთხელაც ერთ სამეფოს მიადგა.
იქ, სადაც სამეფო იწყებოდა, გზის პირას, საგუშაგო იყო მოწყობილი, ზოლიან ჯიხურში ახალგაზრდა ჯარისკაცი იჯდა, მესაზღვრე და სალამურზე უკრავდა.
მიუახლოვდა თუ არა უჟმური ჯიხურს, ჯარისკაცმა დაკვრა შეწყვიტა და თავისდამოულოდნელად თქვა — ვაიმე დედაო...
ჩაიქირქილა უჟმურმა და სწავლული მოგზაურის სახე მიიღო. ერთ ხელში ჭოგრიტი ეჭირა, მეორეში წერაყინი, ზურგზე ჩანთა ეკიდა.
გამოვიდა ჯარისკაცი ჯიხურიდან. ისეთი უგემური გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ტკბილ სიზმარს ხედავდა და უეცრად ძილი დაურღვიესო.
უჟმურმა უთხრა — მეცნიერი კაცი ვარ, ვმოგზაურობ, ახალ-ახალ ქვეყნებს ვეცნობი, ეს რა სამეფოაო?
— ესა გულმარიხიანთა სამეფოაო. — მიუგო ჯარისკაცმა და ისე დაიღმიჭა, თითქოს ერთდროულად ოცდათორმეტივე კბილი ასტკივდაო.
— გულმარიხიანთა სამეფოო? — გაიოცა უჟმურმა, — ეგეთი ქვეყანა მეცნიერებისთვის ჯერ უცნობია, რას ნიშნავს გულმარიხიანიო?
— გულმარიხიანი თავისუფალს, ლაღსა და მხიარულს ნიშნავსო. — უპასუხა ჯარისკაცმა და ისე დაიღრიჯა, თითქოს ოცდათორმეტივე კბილი დასტაქარმა ერთი ხელის მოსმით დააგლიჯაო.
— მაშ, შენ რაღა დაგემართა, ეგეთ საამურ სამეფოსა ყარაულობ, ცხვირპირი კი ისე ჩამოგტირის, ჯიგარი დამეფუფქაო! — უთხრა უჟმურმა.
— მეც არ ვიცი, რა მეტაკაო... — ჩაილაპარაკა ჯარისკაცმა და სალამური გადატეხა.
— შემიშვებ თქვენს ქვეყანაში თუ არაო? — ჰკითხა უჟმურმა.
— მიბრძანდითო. — მჟავედ მიუგო ჯარისკაცმა.
ამ დროს გამოჩნდა გზაზე მომავალი ჯარისკაცი, რომელსაც მესაზღვრე უნდა შეეცვალა. სიმღერ-სიმღერით მოდიოდა, მაგრამ მიუახლოვდა თუ არა უჟმურს, ხმა გაიკმინდა, მოიღუშა და ისე შეძვრა ჯიხურში, კრინტიც არ დაუძრავს.
— ესა, გენაცვალე, გულმარხიანთა კი არა, გულმჭმუნვარეთა ქვეყანასა ჰგავსო. — ჩაიფხუკუნა უჟმურმა.
ჯარისკაცმა ნაღვლიანად შეხედა და ამოიოხრა.
გაუდგნენ გზას.
— შორსაა თქვენი სატახტო ქალაქიო? — ჰკითხა უჟმურმა.
— ორი საათის სავალიაო. — უპასუხა ჯარისკაცმა ისეთი ხმით, კვნესა უფრო ეგონებოდა კაცს.
— ძალიანაც კარგიო, — უჟმურმა, — შენი სახელიო?
— თედოო, — ჯარისკაცმა.
— მშვენიერი სახელი გრქმევია, ჩემო თევდორე, ოღონდ ტირილი არ დაიწყო, ცრემლი რა ვაჟკაცის საკადრისიაო, — უთხრა უჟმურმა.
თედო მართლა ისეთ გუნებაზე იყო, რომ ცოტაც და, აზლუქუნდებოდა.
უჟმურმა გააგრძელა — რა ჯავრი გაწევს გულზე, რასა ნაღვლობ, ხომ მშვიდობაა შენს ქვეყანაში და შენს ოჯახშიო?
— ოჯახი არა მყავსო, — მიუგო თედომ, — მეფის ასული მიყვარს, მაგრამ სად ის და სად მეო.
— აბა, გქონია სატირალიო. — უჟმურმა.
ამის გაგონებაზე თედოს კურცხალი ჩამოუგორდა ლოყაზე, მალულად მოიწმინდა, გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
ამგვარ სალაღობო მასლაათში გავიდა ორი საათი, გზაც გაილია და დედაქალაქში შევიდნენ.
ქალაქში ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, იყო მუშაკობა და აღებმიცემობა, მხიარულება და სიცილი, ცეკვა-თამაში და დროსტარება. მყიდველ-გამყიდველი ტკბილ სიტყვას არ იშურებდა ერთმანეთისთვის, ხელოსნები ღიღინ-ღიღინით საქმიანობდნენ, მოქალაქეები სტვენა-სტვენითა და ღიმილ-კასკასით მიმოიარებოდნენ.
მაგრამ შეაბიჯა თუ არა უჟმურმა ქალაქში, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ აქა-იქ გაისმოდა ოხვრა და ხვნეშა.
თედო და უჟმური მეფის სასახლეს მიადგნენ.
მოახსენეს მეფეს, უცხოელი სტუმარი მოიყვანა ჯარისკაცმაო.
— შემოუშვითო! — ბრძანა ხელმწიფემ.
შეიყვანეს დარბაზში. გულმარიხიანთა მეფემ თავის საკადრისი ღიმილით დააპირა უცხო სტუმრის მიღება, გაიბადრა, მაგრამ უჟმურს რომ შეხედა, სახე ისე მოენგრა, გეგონებოდათ, ცელმომარჯვებული სიკვდილი შეეფეთაო.
— ვინა ბრძანდებითო? — ამოიგმინა მეფემ.
— სწავლული ვარ, მოგზაური, უჟ სახელად და მური გვარადო, — მოახსენა უჟმურმა, — მთელი მსოფლიო შემოვიარე, რა არ ვნახე და ახლა თქვენ გესტუმრეთ, გულმარიხიანებსო.
— გულმარიხიანებსო? — გაუკვირდა მეფეს და მერე თავში ხელი შემოირტყა, — ხო, ჩვენ ხომ ყველაზე ლაღი და მხიარული ხალხი ვართ ამქვეყნად, ეგ როგორ დამავიწყდაო!
ამ დროს მეფის ასულმა შემოირბინა დარბაზში, მამას შესჩივლა — მეტირება, რა ვქნაო! და აქვითინდა. ქალიშვილს მეფეც აჰყვა, მეფეს მისი ნაზირვეზირები, თედოც მალულად ცრპემლებსა ყლაპავდა.
სხედან და ვალალებენ.
— სამეფოს სახელი უნდა შეცვალოთო. — უთხრა უჟმურმა მეფეს.
— რათაო? — ამოისლუკუნა მეფემ.
— იმათაო, რომ გამუდმებული მხიარულება სულელების ჩვევაა, თქვენ კიდევ დაჭკვიანებულხართ, ტირილი დაგიწყიათო. — აუხსნა უჟმურმა.
— კი მაგრამ, უმიზეზო ტირილს რა ჭკუა აქვსო? — გაოცდა თედო.
— თქვენი ბრძანების გარეშე უბრალო ჯარისკაცი როგორ ბედავს ლაპარაკსო?! — აღშფოთდა უჟმური.
— ეგ თავხედი ჯარისკაცი აქედან მოშორდესო! — ბრძანა მეფემ და გული ამოუჯდა.
თედომ მეფის ასულს თვალი ჰკიდა და დარბაზიდან გავიდა. მეფის ასულმაც შეხედა და ღვარღვარად გადმოაფრქვია ცრემლები.
იმ დღიდან მოყოლებული, გულმარიხიანთა სამეფოში გაცინებული კაცი სანთლითაც რომ გეძებნათ, ვერ იპოვიდით. მოიჟამა და მოიქუფრა ხალხი. ტკბილ სიტყვას ვინ ჩივის, სალამს აღარ აძლევდნენ ერთმანეთს. იყო ერთი ბუზღუნი და ჯაჯღანი, წუწუნი და ვიშვიში.
მეფემ უჟმური თავის ვეზირად დანიშნა და უჟმურისვე რჩევა-ჩაგონებით გულმარიხიანთა სამეფოს გულჯავრიანთა სამეფო დაარქვა.
თედო ვერ უძლებდა ამდენ უმიზეზო ჭმუნვასა და ვაებას, თუმცა საყოველთაო ვაგლახი და მწუხარება არც თუ ისე უსაფუძვლო შეიქნა. ადამიანებს ხასიათი გაუფუჭდათ, გაანჩხლდნენ და გაკაპასდნენ, გამრავლდა წყენა და მდურვა. თედო ვერ ხვდებოდა, რაში იყო საქმე, თავს იმტვრევდა და, ალბათ, ჭკუიდან გადასცდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, სამსახურის ვადა გაუვიდა და ქალაქს მოშორდა.
მიდის დადარდიანებული თედო, მიდის, მაგრამ გული მაინც ქალაქში რჩება. მეფის ასულზე ფიქრობს.
თედო სამეფოს საზღვარს მიადგა, ამოისუნთქა, თითქმის გამხიარულდა კიდეც, აღარ ეტირებოდა, თითქოს თვალში ჩავარდნილი ბუსუსი, რომელიც აწვალებდა და აღიზიანებდა, თავისით ამოუვარდაო.
ჯიხური ცარიელი დახვდა. თედომ ბალახში სალამურის ნატეხებს მოჰკრა თვალი, ქვაზე ჩამოჯდა და გაახსენდა, როგორ გაჩნდა არსაიდან უჟმური.
— მაგის ბრალია ყველაფერიო! — მიხვდა უცებ თედო.
მიხვედრით კი მიხვდა, მაგრამ უფრო და უფრო დანაღვლიანდა.
— რა ვქნა, რა გავაწყოო? — ჩაილაპარაკა დაღონებულმა და მეფის ასული გაახსენდა, გული შეეკუმშა. საწყალი, ალბათ, ზის და ტირის. მეტს არც არაფერს აკეთებდნენ სასახლეში უჟმურის გამოჩენის შემდეგ, ისხდნენ და მოსთქვამდნენ. და მართლაც, სატირლად ჰქონდათ უკვე საქმე. სამეფო თვალსა და ხელს შუა ენგრეოდათ, მართვა-გამგეობაც მოიშალა და აღებ-მიცემობაც, ბედნიერი ცხოვრებაც და საამური ყოფაც.
— ყარაულსაც კი აღარ აყენებენ, მტერი რომ მოგვადგეს, რას ფიქრობენო?! — გაგულისებით წამოიძახა თედომ და მერე ხელი ჩაიქნია — ეჰ, მტერმა უკვე დაგვიპყრო ისე, ვერც გავიგეთო...
გაუდგა თედო გზას, შევიდა ტყეში, მიდის და მიდის, მაგრამ სად მიდის, არ იცის. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ისეთ უღრანში ამოჰყო თავი, ძეხორციელს თვალით არ ენახა.
მიადგა ქოხს. შეიხედა და დაინახა საძაგელი დედაბერი ტახტზე წევს. ისეთი შემზარავი იყო, თედომ გაქცევა დააპირა, მაგრამ ქალმა ამოიკვნესა — წყალი დამალევინე, ადამიანისშვილოო...
თედომ წყაროდან წყალი მოუტანა დოქით, დაუსხა და მიაწოდა. მოხუცებულმა გაჭირვებით მოსვა. თედო დედაბერს თვალს არიდებდა, ვერ უყურებდა.
— ეჰ... ჩემი უჟმური შვილი ეხლა ცხრა მთას იქით უნდა იყოს, ადამიანის მოსავლელი უნდა გამხადო-სო?! — ჯავრიანად ჩაიჩიფჩიფა დედაბერმა.
თედომ ყურებს არ დაუჯერა — უჟმური თქვენი შვილიაო?!
— მე უჯმაჯური ვარ, შვილი კიდევ უჟმური მყავსო, — თქვა დედაბერმა, — თავის მამას დაემსგავსა, უჩინმაჩინს, როდის ქრება და როდის ჩნდება, ვერ გაიგებ, მაგრამ უკვე კარგა ხანია, რაც საბოლოოდ დაიკარგა, მოხუცებული დედა აღარ ახსოვსო!
— თქვენი შვილი გულმარიხიანთა სამეფოშია, ვეზირად ზისო. — უთხრა თედომ.
— ყოჩაღ, ბიჭოო! — ესიამოვნა უჯმაჯურს.
— სამეფო დაგვიქცია, არის ერთი დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, და ეს ქვეყანაში, რომელიც მხიარულებით იყო განთქმულიო! — თქვა თედომ გულისტკივილით.
— გულმარიხიანთა სამეფოო? გამიგია ეგ ქვეყანაო, — თქვა უჯმაჯურმა, — ეგრე მოგიხდებათ, გამუდმებული სიცილ-ხორხოცი ბოლოს ტირილით მთავრდებაო!
— კი მაგრამ, რა დავაშავეთო? — ჰკითხა თედომ.
— აბა, ეგ მე რა ვიცი, ადამიანისშვილოო, — უპასუხა უჯმაჯურმა, — მაგას თქვენვე უნდა მიხვდეთო. მაგრამ ერთი კი ვიცი, სულ სიცილი ადამიანს კი არა, ალქაჯს აწყენსო!
— და სულ ტირილიო? — თედომ.
— თუ სულ იცინოდით, ახლა სულ იტირებთო. — გული გაუკეთა უჯმაჯურმა.
დაფიქრდა თედო და უთხრა — ქალბატონო უჯმაჯურო, მე ის კი არ მაწუხებს, გულმარიხიანთა სამეფო გულჯავრიანთა სამეფოდ რომ აქცია თქვენმა შვილმა, მე თქვენზე შემტკივა გული, ასეთი დავრდომილი რომ უპატრონოდ დაგაგდოთო.
— ეს როდის მერე დაიწყეთ ადამიანებმა ავსულებზე ზრუნვაო? — ჩაეცინა უჯმაჯურს.
— დედაშვილობა ადამიანებშიც დედაშვილობაა და ავსულებშიცო! — არ დაიბნა თედო.
— მაშინ, თუ აგრეა, შენ იქნები ჩემი შვილიო! — გამოაცხადა უჯმაჯურმა — კიდევაც მომივლი და კიდევაც მიპატრონებო!
— სად მე და სად თქვენი შვილი უჟმურიო, — თავი დაიმცირა თედომ, — მე ერთი უბრალო ჯარისკაცი ვარ, აბა, თქვენ როგორ მოგივლით ისე, როგორც გეკადრებათო!
— ძალიანაც კარგად მომივლიო, — დაამშვიდა უჯმაჯურმა — შენი ბედი გადაწყვეტილია და გაქცევაზე ტყუილად არ იფიქრო, ნაძრახი ადგილია, ამ უღრანიდან ჭინკა ძლივს აგნებს გზას, არათუ ადამიანიო!
რაღა უნდა ექნა თედოს. დარჩა უჯმაჯურთან, ხან წყალს ეზიდებოდა და ხან შეშას, თან გასაქცევს ეძებდა, მაგრამ გარშემო ტყე ნამდვილი კედელივით იყო აღმართული.
თედო იმედს არ ჰკარგავდა, ადრე თუ გვიან მაინც გავაღწევ აქედანო.
თედო სანაქებო მომღერალი იყო და ერთხელაც თქვა — ყველა უჯმაჯურ-უჟმურის ჯინაზე ჩვენებურ სიმღერასა ვიტყვი, არ ეგონოთ, დამჩაგრესო! და სიმღერა შემოსძახა.
გაგიჟდა უჯმაჯური, ბნედა დაეწყო, დაიკრუნჩხა, დაიკვანწა, ძლივს მოსულიერდა და თედოს უთხრა — სიმღერა არ გავიგონო, თორემ შავ დღეს დაგაყრიო!
თედო მიხვდა, რაღაცაში იყო საქმე და ჰკითხა — რა არ მოგეწონათ, ჩემი ხმა თუ თავად სიმღერაო?
— იმას დავასხი ცხვირპირზე მდუღარე კუპრი, ვინც ამქვეყნად სიმღერა გამოიგონაო! — გაგულისებით თქვა უჯმაჯურმა.
— კი მაგრამ, რატომაო? — არ მოეშვა თედო.
— იმიტომაო! — უჯმაჯურმა.
— თქვენს გვარში არავის უყვარს სიმღერაო? — შეაპარა თედომ.
— შენი საქმე არ არისო! — მოუჭრა უჯმაჯურმა.
თედომ იაზრა — თუ უჯმაჯური ვერ უძლებს სიმღერას, ალბათ, არც უჟმურისთვის იქნება გულის სალბუნიო!
ამ შემთხვევის შემდეგ თედო განუწყვეტლივ ღიღინებდა გუნებაში. უჯმაჯურმა მოსვენება დაკარგა, წრიალებდა, ბორგავდა, ბოლოს თედოს უთხრა:
— ვერ გამოდექი კარგი შვილი, რაც აქა ხარ, უარესად გავხდიო!
— ხომ გეუბნებოდით, უჟმურს ვერ შევცვლი-მეთქი, ერთი ხოტროველა ბიჭი ვარო. — თავი მოიკატუნა თედომ.
— რა გიყო, იქნება შეგჭამოო? — დაფიქრდა უჯმაჯური.
— არ ჯობია უჟმურის მოსაყვანად გამიშვათ, რომ შემჭამოთ, ხომ ისევ მარტო დარჩებითო? — უთხრა თედომ.
— ჯანდაბას, აგრე იყოსო! — დაეთანხმა უჯმაჯური — ახლავე გასწი და ჩემს ვაჟს უთხარი, მშობელი დედა გიკვდება, გელის, ჯადო-თილისმა უნდა ჩაგაბაროსო!
და ასწავლა, როგორ გასულიყო ტყიდან.
წამოვიდა თედო. მთელი გზა სიმღერით იარა და მიაღწია მშობლიურ ქალაქს.
ხალხი ძველებურად დაღვრემილ-დანაღვლიანებული დახვდა. ჩიტებიც კი აღარ ჭიკჭიკებდნენ გულჯავრიანთა ქვეყანაში.
შევიდა თედო დუქანში, ხან ერთ მოქალაქეს გაუბა საიდუმლო საუბარი, ხან მეორეს, ეხვეწებოდა, გაიხსენეთ, ადრე რა ლაღად ვცხოვრობდით, დღევანდელი ჩვენი დაძაბუნება უჟმურის ბრალიაო. მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ იხსენებდა.
— ყოველთვის ასე ვიყავითო! — ჯიუტად იმეორებდნენ.
თედო ხალხს არწმუნებდა — უჟმურს მოვერევით, თუ ყველა ერთად ვიმღერებთო!
თვითონ გულში ღიღინებდა და ესა შველოდა, თორემ მასაც სხვებივით სევდა დაახრჩობდა. უჯმაჯურის დანაბარების შესრულება არც უფიქრია, იცოდა, უჟმური ასე ადვილად არ დაეხსნებოდა გულმარიხიანებს. რაც დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდა თედოს გულში სიმღერა, ძალა ელეოდა, მოთმინებას ჰკარგავდა, მაგრამ ხალხს ვერაფერი შეასმინა.
— ჯერ ერთი, არ გვემღერებაო, — ეუბნებოდნენ — მეორეც, უჟმურზე აუგის თქმას როგორა ბედავ, ხვალ-ზეგ მეფის ასულს ცოლად შეირთავს და ჩვენი ხელმწიფე გახდებაო!
თედოს ელდა ეცა — მეფის ასული თანახმააო?!
— ჯერ არაო, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს ხომ გაჰყვება, აბა, სად წავაო! — უპასუხეს.
თედომ გადაწყვიტა როგორმე სასახლეში შეეღწია და მეფის ასული ენახა. როცა დაღამდა, გადაიპარა სასახლის ბაღში და მეფის ასულის ფანჯრებქვეშ ჩაიმალა ბუჩქებში.
მეფის ასული აივანზე გამოვიდა, სავსე მთვარეს მიაშტერდა, ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები საცოდავს. ამის შემხედვარე თედო კინაღამ თვითონაც ატირდა, ძლივს მოიკრიბა ძალა და აღიღინდა. მეფის ასულმა მოულოდნელობისგან ტირილიც კი შეწყვიტა. ისე განცვიფრდა, თითქოს სიმღერა პირველად გაიგონა ცხოვრებაში, თუმცა, თითქმის ეგრეც იყო, საერთოდ აღარ ახსოვდა, აღარ იცოდა, თუ ადამიანები სიმღერებსა მღეროდნენ.
მეფის ასულმა ბაღში ჩაირბინა და თედოს სთხოვა — კიდევ იმღერეო...
უმღერა თედომ ჩუმად, ტკბილად. ისე ტკბილად, რომ ყვავილიც კი გაიშალა ბაღში, ღრუბელიც კი შეჩერდა ცაში და ყური მიუგდო. მოინუსხა მეფის ასული, მოიხიბლა, თქვა — თავი სიზმარში მგონია, ჩემი ბავშვობა გამახსენდაო... და თედოს ჰკითხა — როგორ ახერხებ სიმღერასაო?
— მიყვარხარ, მინდა გადაგარჩინო და ეს მაძლევს ძალასო. — უპასუხა თედომ.
— ნებას გაძლევ, გადამარჩინეო, — უთხრა მეფის ასულმა მორცხვად, გაჩუმდა და შემდეგ გააგრძელა, — კი მაგრამ, ჩვენ რატომ ვეღარ ვმღერით, რა დაგვემართაო?
— უჟმურმა მოაჯადოვა ჩვენი ქვეყანა, გულარხეინად ვცხოვრობდით და მოგვერიაო. — აუხსნა თედომ.
— რაღა გვეშველებაო?! — მეფის ასულს ისევ ცრემლი მოადგა თვალზე.
— უნდა გავიტყუოთ უჟმური, — უთხრა თედომ, — გავიპაროთ, გამოგვეკიდება, ხალხს ცნება დაუბრუნდება, გონს მოვა და განთავისუფლდებაო!
— ეხლავე გავიქცეთო! — თქვა მეფის ასულმა და ჩვეულებისამებრ წაიტირა.
გაიპარნენ.
თედომ წერილები გააკრა კედლებზე — „უჟმური ქალაქს მოშორდება ცოტა ხნით და როცა მობრუნდება, დიდმა და პატარამ ერთხმად შემოსძახეთ მრავალჟამიერიო!"
დილით უჟმურს მოახსენეს, მეფის ასული გაიტაცესო.
დაედევნა უჟმური თავის მსახურებიანად.
როგორც კი მოშორდა უჟმური ქალაქს, ხალხმა შვება იგრძნო, თითქოს მძიმე ლოდი ჩამოეხსნა გულიდანო, მაგრამ ვერ კი ხვდებოდა თავიდან, რაში იყო საქმე.
ჩიტები აჭიკჭიკდნენ, ბავშვები ათამაშდნენ, ადამიანებმა ერთმანეთს გაუღიმეს და ადამიანებს დაემსგავსნენ...
თედო და მეფის ასული საზღვარს გადადიოდნენ, როდესაც მდევრები დაეწივნენ და შეიპყრეს. უჟმურის დანახვაზე მეფის ასულმა ტირილი დააპირა, მაგრამ თედომ უჩურჩულა — გულში იღიღინე, ნუ გეშინიაო!
მეფის ასულმა გაუღიმა და დანაღვლიანდა.
წამოიყვანეს.
შემოვიდნენ თუ არა ქალაქში, სიმღერის ხმა შემოესმათ. უჟმური გაფითრდა, აცახცახდა, აკანკალდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა — მე თქვენ გაჩვენებთ სიმღერასო!
მიადგნენ სასახლეს. აივანზე დაფეთებული მეფე იდგა, ვერ გაეგო, რა ხდებოდა.
სიმღერა კი ძლიერდებოდა. ყოველი მხრიდან მოდიოდა ხალხი და მომღერლებს ბანს აძლევდა.
წაუვიდა ფერი უჟმურს, ნელ-ნელა გამჭვირვალე და სიფრიფანა გახდა, მოჩვენებას დაემგვანა.
— მეფემ იმღეროს, მეფემო! — შესძახეს აქეთ-იქიდან, მაგრამ მეფე დუმდა.
მეფის ასულმა აირბინა კიბე, მამის გვერდით დადგა და წკრიალა ხმით დაიწყო სიმღერა.
მეფეს გაეღიმა და აჰყვა.
უჟმურმა ამას კი ვეღარ გაუძლო და გაქრა, თითქოს არც ყოფილაო.
მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა ერთხმად მღეროდა, მხიარულად და ლაღად.
ხალხი ზეიმობდა, ხარობდა, იცინოდა, თედოს მადლობას უხდიდა და ადიდებდა.
თედომ ხალხს მიმართა — ძმებო, უჟმური გავაქრეთ, მაგრამ ვინ იცის, იქნება არც გამქრალა საბოლოოდ, ვინ იცის, იქნება უხილავი დაბორიალობს ქვეყანაზე და საკბილოს ეძებს, ფხიზლად ვიყოთ და ერთად ვიყოთ. ცალ-ცალკე ნუ ვიმღერებთო!
იმავ დღეს თედომ და მეფის ასულმა ქორწილი გადაიხადეს.
... ამის მერე ბედნიერად ცხოვრობდნენ გულმარიხიანები, მაგრამ როცა ზოგჯერ კაეშანი მოერეოდათ, მეფის სასახლესთან შეგროვდებოდნენ ხოლმე, სიმღერას გააჩაღებდნენ და ერთურთსა შველოდნენ.

ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა!

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი ლომოური - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   ირაკლი ლომოური - Page 2 EmptyFri Apr 12, 2019 7:15 pm

ირაკლი ლომოური

ბიბოლი

(ციკლიდან “ყველა გზა ბედლამში მიდის”)

ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ახალი თამაში გამოვიგონე, ძაან ახალი!
არც გაგონილი, არც ნანახი!
სიზმარშიც რო არავის მოლანდებია!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ახალი თამაშის გამოგონება იგივე ახალი ვარსკვლავის აღმოჩენა არ არი?
ანდა,.. მმ,.. უკვდავების წამლისა?
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
შემეძლო ჩემი სახელი დამერქმია, მაგრამ არა, არ დავარქვი! ის კი არა ვარ, ვიღაც მაკვირია თუ პაკაზუხაი!
აი, ჰო შემეძლო ბიბილაბურთი დამერქმია. ბიბილაშვილი ვარ გვარად, გიო.
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
მიტომ დავარქვი ბიბოლი, რო ორი ბურთით არი თამაში. “ბი” ხო ორსა ნიშნავს ლათინურადა. გვარი არაფერ შუაშია!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ჩვენებურად, ქართულად, _ ორბურთი. აი, ფუტბოლი ხო არი საერთაშორისო? ჩვენთვის კიდევა, ფეხბურთია,.. ჰოდა, ეგრე რა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბ...
რას ავიკვიატე ეს ბიბოლი?!
ნუ მაწყვეტინებ, ბურატინო, გენაცვალე! შენ ისიც გეყოფა, საწყალი ქვიშის საათი რო გაგვიტეხე! ხმას როგორ იღებ, ერთი ვიცოდე, სირცხვილითა?!
ორი ბურთი რა საჭიროა?
როგორ თუ რა საჭიროა?!
ორი გუნდია, ორი კარია, მა ბურთი რატომ უნდა იყოს ერთი?!
ხო მარტივია, თითქოს, მაგრამ ჩემ გარდა ვერავინ იაზრა! ვერავინა!
ტყუილად კი არ ამბობენ, ყველაფერი გენიალური მარტივიაო!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ორი ბურთით რა თამაში გამოვა?
ორი ბურთით გამოვა, თუ გამოვა!
სხვადასხვა ფერის ბურთებია. იმ ფერისა, რა ფერის მაისურებიც აცვიათ,.. ბიბოლისტებსა! აი, ვთქვათ, ლურჯების ბურთი ლურჯია, თეთრების კიდევა _ თეთრი!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ხო მიხვდით, ესე უფრო საინტერესო თამაში გამოვა! ფეხბურთზე ორჯერ უფრო საინტერესო! ორჯერ უფრო დაძაბული! ორი გოლი შეიძლება გავიდეს ერთდროულად! ორივე კარში! ანდა ორივე _ ერთში!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ორ გოლს ორ კარში ერთდროულად როგორ ვუყუროთ?
რას ნიშნავს, როგორ?! ორი თვალი არა გაქვს, ბურატინო, გენაცვალე?
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და ტელეეკრანზე?
რა, ტელეეკრანზე?
ეკრანი ხომ ერთიაო?
მმმ... აი, რა, გაყონ ეკრანი ორადა და ერთ ნახევარზე ერთი ბურთით თამაში აჩვენონ, მეორეზე _ მეორეთი!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
მოწინააღმდეგეს იმის ფერის ბურთს თუ გაუტან, ორად გეთვლება!
რატომ?
იმიტომ, ბურატინო, გენაცვალე, რო უნდა წაართვა და შეუგდო! შენი ბურთი კიდევ ისედაც შენა გაქვს თავიდანვე. გაიგე?
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
თან როგორი რთული თამაშია, წარმოიდგინე, გუნდი ორ ნაწილად უნდა გაიყოს. თითო გუნდი – ორ-ორადა. ერთი, რომელიც თავისი ბურთით უტევს მოწინააღმდეგის კარსა, გოლი რომ გაუტანოს! მეორე კიდევა _ მოწინააღმდეგეს ართმევს ბურთს, გოლი რომ გაუტანოს!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
მაგრამ მოწინააღმდეგის ბურთი ჰო უფრო ძვირადა ფასობს, ამიტო გუნდი თანაბარ ნაწილებად კი არ დაიყოფა _ ხუთი ხუთზე. არა, უფრო მეტი ბიბოლისტი ბურთი წართმევას ეცდება, გოლი რომ გაუტანოს იმათივე ბურთითა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ბიბოლი ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში სახელს გაუთქვამს! აბა, წარმოიდგინე, ფეხბურთზე ორჯერ უფრო საინტერესო, დაძაბული, სწრაფი და ისა,.. აზარტული თამაში! გაგიჟდება მსოფლიო! გადაირევა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ბიბოლი მსოფლიოს დაპყრობს!
და გვეშველება!
ბიბოლი გაგვაერთიანებს!
ბიბოლი გაგვამართლებს!
ბიბოლი გვიხსნის და გადაგვარჩენს!
ბიბოლის სამშობლო კიდევა მსოფლიო,.. მმ,.. კულტურისა და ცივილიზაციის ახალი კერა გახდება! ცენტრიცა და ეპიცენტრიცა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ყველგან მოეწყობა ბიბოლის ბაზები!
ყველა ქართველი გაივლის აუცილებელ მომზადებას ბიბოლში!
არა მარტო მამაკაცი! ქალიც, ბავშვიც და მოხუციცა!
და აღარავინ იდგება სოფლის ბირჟაზე,.. დოინჯიან დოქივითა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და ბიბოლბურგში,.. ასე დაერქმევა ჩვენს დედა-თბილისსა,.. გაიმართება მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ბიბოლში!
და მსოფლიოს პირველი ჩემპიონები გავხდებით!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
საქართველოს ბიბოლენდი დაერქმევა!
ყოველ ქართველს კიდევ, ბიბოლა!
რას იცინი, ბურატინო, გენაცვალე?
რა არი აქ სასაცილო?!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და ვიცხოვრებთ,.. ბობოლებივით!
ისევ იცინი, ბურატინო?!
რაო, არ გჯერა, გენაცვალე? შენ ხის თავში არაფერი არ უნდა შევიდეს?!
მილიონებს მოგვიტანს ბიბოლი! მილიონებსა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ბიბოლენდის ეროვნული ნაკრები გუნდის კაპიტანი კიდევა საქართველოს პრეზიდენტიც გახდება! კაპიტნობის ღირსი ხო ყველაზე მაგარი ბიბოლისტი იქნება! და, ესე იგი, პრეზიდენტობისაც!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
აბა, ნახეთ, ბიბოლის გუნდის კაპიტანს რა ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი! თან შეტევის ორგანიზებას აკეთებს, თანაც _ დაცვისა! ერთდოულად ორ ფრონტზე ხელმძღვანელობს ბრძოლას! ძალების გადაჯგუფებას ელვისებურად ახდენს! ნამდვილი სტრატეგია! გენერალისიმუსი!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და ეგეთი მაგარი კაპიტან-პეზიდენტი მერე მსოფლიოს პრეზიდენტიც გახდება!
როგორა?
როგორა და, მსოფლიოში ყველა მიხვდება _ თუ ბიბოლშია ყველაზე მაგარი, ესე იგი, ცხოვრებაშიც ჩემპიონია! ყოველმხრივ! ყველაფერშიდა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და საქართველოს,.. არა, ბიბოლენდის პრეზიდენტი გაერთიანებული მსოფლიოს პირველ პრეზიდენტადაც გამოცხადდება!
და დედამიწას,.. ბიბოლმიწა დაერქმევა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
კი, ნამდვილად, ბიბოლი მსოფლიოსაც გაერთიანებს! ისევე, როგორც მანამდე ჩვენი ქვეყანა გააერთიანა!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და აღარ იქნება ომი! შეიარაღებული კონფლიქტები!
აღარ იქნება უბედურება! გაჭირვება და შიმშილი!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
უკვე გავაგზავნე დაზღვეული წერილები გაეროში! ევროსაბჭოში! ნატოში!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და კიდევა, პირადად ინგლისის დედოფალს!
პირადად იაპონიის იმპერატორს!
პირადად ესპანეთის მეფეს!
არც იქაური ბაგრატიონები დამვიწყებია!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ეგენი არაფერს არა სწყვეტენო?!
ეგ თქვენა გგონიათ, გენაცვალე, რომ არა სწყვეტენ!
აბა, ვინ სწყვეტს, ოთხი წლით არჩეული ვლადიმერ ბუში?!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და ვინ იქნება პირველი კაპიტან-პრეზიდენტი?
რას მეკითხები, ბურატინო, გენაცვალე?
როგორ თუ ვინ?!
ბიბოლის გამომგონებელი, ცხადია!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
ანუ პირველი ბიბოლისტი მსოფლიოში! ვისაც ღამეები უთენებია ბიბოლის ტაქტიკასა და სტრატეგიაზე ფიქრითა!
ბიბოლის მსოლიო-ისტორიულ მისიაზე ფიქრითა!!
ბიბოლი ბიბოლი ბიბოლი ბი...
და როგორ ვითამაშებ ბიბოლს ცალი ფეხით?
ცალი ფეხით?!
ჰოო...
მე ხო ფეხი არა მაქვს...
ეგ მართალია.
ჩემს მოწაფეებს ვასწავლიდი ბიბოლსა. ფიზკულტურის მასწავლებელი ვიყავი.
სუ პირველი თამაში გვქონდა. მსოფლიოს ისტორიაში!
სოფლის განაპირას.
ჰოდა, ბურთი გადავარდა ხევში.
აი, სადაც ბილიკი გადის.
ჰო, წყაროზე მისასვლელი.
ერთი ოროსანი, ღრეჭელა ბალღი ჩავგზავნე.
მაინც ტყუილა ყურყუტებდა.
ბუკაკა-ლენჩი იყო,.. არც ვათამაშებდი.
იდგა და გვიყურებდა.
ჰოდა, ის გავუშვი, ბურთი ამაიტანე-მეთქი.
გაიქცა, კი არ დეეზარა.
უცებ ყვირის _ გიო მასწ!
რა იყო მეთქი?
ნაღმზე ვარო!
ნუ მატყუებ, შვილოსა, თორე ჩამოვალ და სიგრძეს სიგანედ გიქცევ-მეთქი!
არა, გიო მასწ, დედას გეფიცები, მამასაცაო, არ გატყუებ! მართლა ნაღმზე ვარ!
გავშრი კაცი, _ ეს ღრეჭელა ბალღი ხო ორთამხრივ ობოლი იყო, _ არეულობისას ჩვენების ბომბი დეეცა იმათ სახლსა და მაშინ ამოუწყდა დედ-მამა.
ჰო, ჩვენების ბომბი, თორემა ჯერ სადა ჰქონდათ მაშინ ოსებს არტილერია.
ჰოდა, დავუყვირე – დაიცა, ბიჭო, მანდ დაიცა, სოფლის სადადანო არ გამხადო-მეთქი!
ჰოდა, ჩავედი.
ამოსაყვანადა.
მართალია, ფეხი არა მაქვს, მაგრამ,..
ბიბოლს განა ფეხით თამაშობენ?
აბა, რით?
გულით, ბურატინო, გულით!

* https://soundcloud.com/user-862052174/wav
ფანტასტი მიკროფონთან - ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, კითხულობს ავტორი...
ბიბოლი, ბიბოლი, ბიბოლი - ბი ...
კითხულობს ავტორი

Arrow


Last edited by Admin on Sat Apr 13, 2019 1:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი ლომოური - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   ირაკლი ლომოური - Page 2 EmptyFri Apr 12, 2019 7:17 pm

ირაკლი ლომოური

იბერი სამურაის ხარაკირი

(პარალელური საქართველოს ქრონიკებიდან)

ეძღვნება იუკიო მისიმას

ბონსაი უდროო დროს აყვავდა _ აგვისტოში, შუაღამისას.
ქალი გაუგებარმა შეგრძნებამ გააღვიძა, მარჯვენა იდაყვს დაეყრდნო, იატაკზე გაშლილ ქვეშაგებზე წამოიწია, ცარიელ სარეცელს დახედა და უხმოდ შეჰკივლა: მოეჩვენა, ქმრის სილუეტს არჩევს... მაგრამ ეს მხოლოდ გაბადრული მთვარის ფოლადისფერი შუქ-ჩრდილის ანცობა გახლდათ, მეტი არაფერი.
ქალი წამოდგა, ფანჯარასთან პერანგისამარა მივიდა, მთვარეს ახედა _ არაბუნებრივად ვეება, ცივი და გლუვი მოეჩვენა. გამონაშუქი თვალსა სჭრიდა, თითქოს გაველურებული კატის კლანჭი გფხოჭნისო. შუა ზაფხულში თითქოს ჭირხლს დაეფარა ყოველი: მიწაც, მთაც, სახლებიც და იატაკიც _ ისე ბრწყინავდა, ისე კასკასებდა.
ცხოვრებაში პირველად შეაძრწუნა სილამაზემ.
ქალაქს მკვდრისფერი ედო. უმკაცრესი ბრძანებით ჩაებნელებინათ, ეული შუქიც კი არსადა კრთოდა.
ქალმა ბონსაის დახედა _ რაფაზე იდგა. ციცქნა ფოთლები ერთიან მუქ-მწვანე მასად ჩანდა, ვარჯი მიკროსკოპული თეთრი წერტილებით გადაპენტილიყო _ თითქოს ისპანახი მოხარშეს, გადაწურეს და მერე ზედ შაქრის ფხვნილი მოაყარესო. გაუკვირდა. არ ეგონა, აბანოზის ხე ამდენ ყვავილს თუ მოისხამდა. პირველად აუყვავდა.
რატომღაც ქმრის უკანასკნელი სიტყვა გაახსენდა, დამშვიდობებისას რომ უჩურჩულა ხმამაღლა:
_ გახსოვდეს, სალესი ქვა ზარდახშაშია, საწერ მაგიდაზე.
ქალი შეტრიალდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ბამბუკის თეჯირი გასწია და ქმრის სამუშაო ოთახში შევიდა. სინათლე არ აუნთია, მთვარე საზენიტო პროჟექტორივით ჭახჭახებდა. ჰიპოპოტამის ძვლისგან გამოჭრილ ძველისძველ ზარდახშას თავი ახადა და სალესი ამოიღო. უკან საძინებელში შებრუნდა.
კუთხეში აბრეშუმისნაჭერგადაფარებული მზითვის კიდობანი იდგა _ მამამისმა, იმპერატორის საგვარეულო-მემკვიდრეობითმა შტალმეისტერმა, საკუთარი ხელით რომ აუვსო სულ რაღაც ერთი წლის წინათ, როცა კომანდორს მიათხოვეს. ნუთუ მხოლოდ ერთი წელი გავიდა?
ქალს გულისფრიალივით ძალუმი და მჭმუნვარე, მაგრამ გამჭვირვალე შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ქმრის გარეშე არასოდეს უცოცხლია. ის, რაც გათხოვებამდე იყო მის ცხოვრებაში, მხოლოდ სიზმარსა ჰგავდა _ უნიჭოს, უაზროს, გადავიწყებულს...
პრინცესა საეხიმესავით განიცდიდა ქმართან განშორებას.
ქალმა აბრეშუმის თეთრი ნაჭერი, ლოტოსისყვავილნაქარგი, კიდობანს შეხსნა, მხრებზე მოიგდო, მერე კი გულიდან ვერცხლის გასაღები ამოიღი, დღედაღამ ვერცხლის ძეწკვზე რომ ჰქონდა ფოსოში, ჯერ არშევსებულ, დათრთვილულ ძუძუებს შორის.
გასაღები აკანკალებული ხელით მოარგო კლიტეს _ ტკაცუნით გაიხსნა.
კიდობანში ბნელოდა. ხელი მოაფათურა, ხირაგანზე გადაწერილი ვეფხისტყაოსანი გვერდზე გასწია და ზღვის ლომის ეშვისგან გამოთლილი ჭადრაკის ქვეშ მიაგნო, რასაც ეძებდა. რიოში მარგალიტებით გაწყობილი ნატის ბუდიდან დაშნა ამოაცურა, ფხა გაუსინჯა. საკმაოდ ბასრი ეჩვენა, მაგრამ სალესი მაინც მოიმარჯვა, ზედ გაუსვა ისე ფრთხილად, თითქოს დაშნა ფაიფურისგან იყო დამზადებული და არა გორდაფოლადისაგან.
ქმარი გაახსენდა. თითქოს მის გვერდით იდგა. ქალმა იგრძნო, როგორ მოუჭირა ქმარმა ხელი მკლავზე, დაშნა თითქოს თავისით გასრიალდა სალესზე...
არადა, ქმარი შორს იყო, ძალიან შირს _ ჩრდილოეთის საგანაგებო, გამაგრებული სასაზღვრო რაიონის კომანდორად დანიშნეს ერთი თვის წინათ. სანატრელი დაწინაურება, დიდი პატივი იყო, _ ჯორჯოპონიის კონფედერაციულ იმპერიაში შვიდად-შვიდი კომანდორი ჰყავდათ. დასავლეთის პროვინციის მმართველ სეფეწულ-ნარინ-იმპერატორს თავადაც მხოლოდ კომანდორ-ბრიგადირის წოდება ჰქონდა...
ქალმა მწარედ ამოიოხრა. დიახ, მართალია, დაწინურებაც იყო, აღიარებაც, დაფასებაც, მაგრამ თან, უმძიმესი ტვირთიც... იმ დროს დანიშნეს კომანდორად, როცა პაჭანიკების ურდოები კარს მოადგნენ, როცა ყველაფერი სასწორზეა შეგდებული. ერთი შეცდომა, ერთი წაგებული ბრძოლა და ქვეყანა შეიძლება მომთაბარე ველურების საპარპაშოდ იქცეს...
ქალი იატაკზე დაეშვა ფანჯრის ქვეშ, ფეხმორთხმით დაჯდა ჭილოფზე, ბონსაის ჩრდილში. სალეს ქვას ერთხელ გაუსვა დაშნა, ორჯერ, სამჯერ _ უფრო თამამად, დაჟინებით, ეშხით... აუხსნელი, გიჟური სიხარულით.
როგორ დაათენდა, ვერ გაიგო. თურმე სალესითა და დაშნით ხელში ჩასძინებოდა.
ბრაგაბრუგმა გამოაღვიძა. ოთახში ვიღაცამ ხმაურით შემოალაჯა. ქალმა თვალი გაახილა, შეჰკივლა, ზეზე წამოიჭრა. თუმცა ეგონა, სიზმარიაო. მის წინ ქმარი იდგა. სქელძირიანი, მაღალყელიანი შავი ტყავის ფეხსაცმელი და კამუფლირებული ფორმა ტალახიან-მიწიანი ჰქონდა. სახეზე რუხი ფერი ედო. გამომეტყველება _ გაქვავებული.
ქალს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ხმა ვერ გაიღო.
ქმარმა თვალებში ჩახედა. ქალი ყველაფერს მიხვდა.
_ სალესი მომეცი. _ მხოლოდ ეს უთხრა ქმარმა.
უხმოდ მიაწოდა. კაცი ფანჯარასთან მივიდა, თავისი საგვარეულო დაშნა ამოიღი, დღე და ღამ გულზე რომ ეკიდა გველისტყავისქარქაშიანა და აუჩქარებლად გალესა. მერე მობრუნდა, ერთი სიტყვა თქვა:
_ მოდი.
ქალმა ნაბიჯი გადადგა. კაცმა მხრებზე მოგდებული აბრეშუმის თეთრი ნაჭერი მოხსნა, ლოტოსისყვავილნაქარგი.Eღამის პერანგი ნელნელა გააძრო, სრულიად შიშველი ხელში აიყვანა, სარეცელთან მივიდა და მოწყვეტით დაეშვა მუხლებზე...
რაღაც ხნის მერე კაცი წამოდგა და სააბაზანო ოთახში გავიდა.
ტალახიანი კამუფლიაჟი და ფეხსაცმელი კუთხეში ეყარა. ქალმა ხალათი მოიცვა, ჭუჭყიანი ფორმა ჩაიხუტა _ ოთახიდან გაიტანა.
მერე ოთახის შუაგულში ტაბლა დადგა. სუფრის გაწყობას ეშურებოდა. მოახლე-მსახურებს განზრახ არ დაუძახა, ყველაფერი თვითონ გააკეთა სახელდახელოდ. ასეთ დროს ვინმე უცხოს გამოჩენა სრულიად ზედმეტი იქნებოდა. სუფრის გაწყობას მორჩა, ტანი სველი პირსახოცით დაიზილა და სადღესასწაულო, მდიდრული ჩიხტიკოპმონო გადაიცვა. ქმარს ფეხზე მდგომი დაელოდა.
კომანდორი საზეიმო, შვინდისფერ, ფოჩიან-ეპოლეტებიან ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი შემოვიდა. მკერდს “სპეტაკი უშბაიამას” პირველი ხარისხის ორდენი უმშვენებდა. ცოლმა თავი მდაბლად დაუკრა.
კომანდორი ტაბლასთან ფეხმორთხმით დაჯდა, ცოლს უთხრა:
_ მოდი სუდრასთან, მზია.
ქალი ტაბლასთან მიგოგდა, გვერდულად მოთავსდა ჭილოფზე. ქმარს არ უყურებდა, თავდახრილი იჯდა.
კომანდორმა ღვინის ტიკს პირი შეხსნა, საცობი ამოაძრო, ორი ფიალა შეავსო, ტიკი დახუფა, მუხლებზე დაიდო, ფიალა მარჯვენა ხელით აიღო, მაღლა ასწია და თქვა:
_ ყველაფერი დაკარგულია ღირსების გარდა. ჩვენი სისხლი დევის სისხლია. ზეკაცების მოდგმას ჩიაკაცები ნამუსს ვერ ახდიან. ვერც მოტყუებით, ვერც მზაკვრობით და ვერც ღალატით. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ გაგვყიდეს. ვიღაც ნაძირალამ მტერი ჩვენს ზურგში საიდუმლო ბილიკით შემოიყვანა. სპეცდანიშნულების ჯავშანბრიგადა ალყაში აღმოჩნდა. პანიკა დაიწყო, ჯარისკაცები გაიქცნენ. სახე დავკარგე, ვალი ვერ მოვიხადე, ბრძოლის ველზე ვერ დავრჩი სამარადჟამოდ...Aმაგრამ სამი დიდი ღვთაება: ამიდა, კანნონი და სეისი დასავლეთის სამოთხეში მელიან. მიიღეთ სული ჩემი!
კომანდორმა ერთი ყლუპი მოსვა, ფიალა დადგა, ახალგალესილი დაშნა ქარქაშიდან ამოიღო, დანისპირს ქათქათა თეთრი ნაჭერი საგულდაგულოდ შემოახვია, მარჯვენა ხელი მოსჭიდა, შემოაბრუნა, სტომაქისკენ წვერით მიიმარჯვა და ნელ-ნელა დააწვა _ შერჭობა დაიწყო.
ქალი უხმოდ უყურებდა. წამით თვალი მოხუჭა, როცა ტყავი გადაიხსნა, როცა წითელმა წვეთმა გამოჟონა.
კაცმა კრიჭა შეიკრა, შუბლზე ღარი გაუჩნდა, მკვეთრი მოძრაობით დაშნა ბოლომდე შეიყვანა. დევის სისხლმა ჩანჩქერივით გადმოხეთქა. სუფრა წითლად შეიღება.
ტიკი ერთბაშად დაიცალა.
კომანდორმა ზეზვა კამკამიძემ დაშნა დაჩუტული ტიკიდან ამოაძრო, ღვინით გაჟღენთილი ნაჭერი მოხსნა, ხელსახოცით შეამშრალა, ქარქაშში ჩააბრუნა და თქვა:
_ დღეიდან, ახალ ცხოვრებაში, ალბერტ ილუმჟინოვი დამიძახე. ახალმა მთავრობამ კომუნალური მეურნეობების მართვის დეპარტამეტის უფროსობა შემომთავაზა.
...ქალი ადგა, სალესი ქვა აიღო, ქმრის სამუშაო ოთახში შევიდა, ჰიპოპოტამის ძვლისგან გამოჭრილ ძველისძველ ზარდახშას თავი ახადა და შიგ ჩაუშვა. მერე კი ლოტოსის პოზაში მჯდომ ქმართან მივიდა, მის წინ მუხლებზე დადგა, უთხრა:
_ კაცს გველის სიბრძნე თუ არა აქვს, გველივით კანს ვერ გამოიცვლის.
და შუბლზე აკოცა.

Arrow


Last edited by Admin on Sat Apr 13, 2019 1:15 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი ლომოური - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   ირაკლი ლომოური - Page 2 EmptyFri Apr 12, 2019 7:27 pm

Dario-Radio

დარიო რადიოს დღევანდელი (6აპრილის) მასალები, ირაკლი ლომოურის 60 წლის იუბილე, "აღმოაჩინე ამერიკა", სამხრეთ საზღვრის კრიზისი და არალეგალური იმიგრაცია -

* https://soundcloud.com/user-862052174

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი ლომოური - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   ირაკლი ლომოური - Page 2 EmptyFri Apr 12, 2019 7:34 pm


"თავისუფალი ლიტერატურა" 25.09.15 ფანტასტიკური ლიტერატურა - აღმოაჩინე სამყარო

Georgian Public Radio
Published on Sep 25, 2015

სტუმრები: კლუბ "ფანტასტის" დამფუძნებლები: ირაკლი ლომოური - მწერალი. მალხაზ რუსაძე - მხატვარ - ილუსტლომოურირატორი.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი ლომოური - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   ირაკლი ლომოური - Page 2 EmptyFri Apr 12, 2019 7:38 pm


„რეი ბრედბერის ფანტასტიკური სამყარო“ - ირაკლი ლომოური


აზროვნების აკადემია
Published on May 23, 2018

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

ირაკლი ლომოური - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   ირაკლი ლომოური - Page 2 EmptyFri Jun 21, 2019 2:10 pm

ირაკლი ლომოური

ჭირს წაუღია ორივე თქვენი გუნდი!
A plague on both your houses!

შექსპირის პერიფრაზით მინდა გამოვხატო ჩემი აღშფოთებაც, გულისტკივილიც და უსასოობის განცდაც. (თუმცა შექსპირის მოხმობა ვიღაცას სნობიზმად ანდა კეკლუცობად შეიძლება მოეჩვენოს).
გუშინდელი და ამღამინდელი მოვლენების შეფასებას არ დავიწყებ - ყველამ ნახა და საკუთარი მოსაზრება აქვს. ჩემი განცდით, ესაა ნაც-ქოცების კოჰაბიტაციის ანუ თანამშრომლობის საზარელი, მახინჯი, არაადმიანური გაგრძელება, რასაც ქვეყანის მომავალი ეწირება - ელემენტალურად, ქაოსსა და ანარქიაში შეიძლება ჩაიძიროს. ორივე პოლიტიკური გუნდი დამნაშავეა იმაში, რაც მოხდა და ხდება, და ორივე გუნდი ერთმანეთის წისქვილზე ასხამს წყალს - ნებსით თუ უნებლიედ! ერთმანეთის „შეცდომები“ თუ დანაშაულებანი ახარებთ და გააფთრებულები იბრძვიან პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად.
რა ვქნათ ჩვენ, ვისთისაც „ნაციზმიც“ მიუღებელია და „ქოციზმიც“? ვისთვისაც ეს ერთი, კრემლში მოჭრილი მედლის ორი მხარეა? ვინც გულწრფელად აღშფოთდა მართლმადიდებლობაზე „მზრუნველი“ კომუნისტი გავრილოვის ჩამოყვანით და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლეში მოკალათებით? ვინც პროტესტის გამოსახატად მივიდა პარლამენტის შენობასთან და აღმოაჩინა, რომ იქ „სტოსი“ ნაცებს მიყავთ და რევოლუციურ გადატრიალებას ამზადებენ?.. როგორ გაუხარდათ მათ ლიდერებს, როცა გაირკვა, რომ ხელისუფლება ისევე ძალადობს, როგორც თვითონ ძალადობდნენ...
რა ვქნათ? რა დაგვრჩენია? გვერდიდან ვუყუროთ პოზიციის და ოპოზიციის ამ სისხლიან მარაზმს, რადგან ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება - საკუთარ ქვეყნაში სტატისტები ვართ? რა დავრჩენია ადამიანებს, ვისთვისაც ნებსმიერი ძალადობა მიუღებელია ნებისმიერი მიმათულებით და ნებიმიერი ფორმით?.. პროტესტის საჯარო გამოხატვაც კი შეუძლებელი ხდება ჩვენთვის, რადგან, გინდა-არგინდა, „ნაცების“ გვერდით უნდა დადგე, არადა, ისინი თავად იყვნენ და არიან მოძალადეები?
რა დაგვრჩენია წყევლა-კრულვის გარდა, როდესაც სრულიად უძლურნი ვართ და ვერ ვხედავთ ვერავის, ვინც შეიძლება შეცვალოს სიძულვილ-სიყვარულით გადაფქსკვნილი ნაც-ქოცები?
ჭირს წაუღია ორივე თქვენი გუნდი!
A plague on both your houses!

21.06.2019


გულწრფელი განცხადება

20-21 ივნისის მოვლენებზე განცხადება მინდა გავაკეთო, რომელსაც „გულწრფელი განცხადება“ დავარქვი. ასეთი, ცოტა არ იყოს, პრეტენზიული სახელი რატომ ვუწოდე? როდესაც საწერ მაგიდასთან დავჯექი და ლეპტოპი ჩავრთე, სანამ გაიხსნებოდა, ზაზა თვარაძის ჩანაწერების კრებული - „ჩადექი მანდ“ - გადავფურცლე, მაგიდაზე რომ მიდევს და თვალში მომხვდა ფრაზა: „იმისთვის, რომ კულტურის მონაწილე გახდეს, ადამიანს ერთადერთი რამ მოეთხოვება - გულწრფელი სულიერი აქტი. შეიძლება ითქვას - კულტურა გულწრფელობაა და სხვა არაფერი“.
ეს ფრაზა გულზე მომხვდა. გავაცნობიერე - გულწრფელობის გარდა, არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. საერთოდ... ვინც პირადად მიცნობს, იმედია, დაადასტურებს...
20-21 ივნისის მოვლენებზე 21 ივნისსვე უკვე გავაკეთე ერთი განცხადება: „ჭირს წაუღია ორივე თქვენი გუნდი! A plague on both your houses!“ (რომელიც ფეისბუქზე 13 საათსა და 57 წუთზე გამომიქვეყნებია). ეს ჩემი „გულწრფელი განცხადება“ იმ განცხადების გაგრძელებაა - უფრო სწორად, 21 ივნისის განცხადებაა გარკვეული კომენტარით.
გთავაზებთ 21 ივნისის განცხადებას:
„ჭირს წაუღია ორივე თქვენი გუნდი!
A plague on both your houses!
შექსპირის პერიფრაზით მინდა გამოვხატო ჩემი აღშფოთებაც, გულისტკივილიც და უსასოობის განცდაც. (თუმცა შექსპირის მოხმობა ვიღაცას სნობიზმად ანდა კეკლუცობად შეიძლება მოეჩვენოს).
გუშინდელი და ამღამინდელი მოვლენების შეფასებას არ დავიწყებ - ყველამ ნახა და საკუთარი მოსაზრება აქვს. ჩემი განცდით, ესაა ნაც-ქოცების კოჰაბიტაციის ანუ თანამშრომლობის საზარელი, მახინჯი, არაადმიანური გაგრძელება, რასაც ქვეყანის მომავალი ეწირება - ელემენტალურად, ქაოსსა და ანარქიაში შეიძლება ჩაიძიროს. ორივე პოლიტიკური გუნდი დამნაშავეა იმაში, რაც მოხდა და ხდება, და ორივე გუნდი ერთმანეთის წისქვილზე ასხამს წყალს - ნებსით თუ უნებლიედ! ერთმანეთის „შეცდომები“ თუ დანაშაულებანი ახარებთ და გააფთრებულები იბრძვიან პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად.
რა ვქნათ ჩვენ, ვისთისაც „ნაციზმიც“ მიუღებელია და „ქოციზმიც“? ვისთვისაც ეს ერთი, კრემლში მოჭრილი მედლის ორი მხარეა? ვინც გულწრფელად აღშფოთდა მართლმადიდებლობაზე „მზრუნველი“ კომუნისტი გავრილოვის ჩამოყვანით და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლეში მოკალათებით? ვინც პროტესტის გამოსახატად მივიდა პარლამენტის შენობასთან და აღმოაჩინა, რომ იქ „სტოსი“ ნაცებს მიყავთ და რევოლუციურ გადატრიალებას ამზადებენ?.. როგორ გაუხარდათ მათ ლიდერებს, როცა გაირკვა, რომ ხელისუფლება ისევე ძალადობს, როგორც თვითონ ძალადობდნენ...
რა ვქნათ? რა დაგვრჩენია? გვერდიდან ვუყუროთ პოზიციის და ოპოზიციის ამ სისხლიან მარაზმს, რადგან ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება - საკუთარ ქვეყანაში სტატისტები ვართ? რა დაგვრჩენია ადამიანებს, ვისთვისაც ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერი ფორმით?.. პროტესტის საჯარო გამოხატვაც კი შეუძლებელი ხდება ჩვენთვის, რადგან, გინდა-არგინდა, „ნაცების“ გვერდით უნდა დადგე, არადა, ისინი თავად იყვნენ და არიან მოძალადეები?
რა დაგვრჩენია წყევლა-კრულვის გარდა, როდესაც სრულიად უძლურნი ვართ და ვერ ვხედავთ ვერავის, ვინც შეიძლება შეცვალოს სიძულვილ-სიყვარულით გადაფქსკვნილი ნაც-ქოცები?
ჭირს წაუღია ორივე თქვენი გუნდი!
A plague on both your houses!“
მზად ვარ ეს წყევლა-კრულვა ყოველდღე ვიმეორო დილა-საღამოს, მაგრამ ამით საქმეს რომ არ ეშველება?
სადაა გამოსავალი?
შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ შექმნილი ვითარების განხილვა „ნაც-ქოცობის“ ჭრილში, შეცდომაა და სიტუაციაში, როდესაც რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ, გავრილოვის ჩამოყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათება რუსეთის კიდევ ერთი შეტევაა და მეტი არაფერი. ამდენად, ნაც-ქოცობის დაპირიპირებაში ამის გადაყვანა მარტო ბიძინას აწყობს...
ჩემი აზრით, ბიძინაც და მიშაც რუსულ თამაშს თამაშობენ.
ეს ყბადაღებული „ნაც-ქოცობაა“ სწორედ რუსების საიდუმლო იარაღი, რომელსაც წარმატებით იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, რადგან ილუზიას გვიქმნიან, თითქოს არჩევანი გვაქვს, და ეს არჩევანია „დალაგებულ“ ბიძინასა და „გიჟ“ მიშას შორის, ანუ რუსეთსა და დასავლეთს შორის, არადა, ეს ილუზიაა - ბიძინაც და მიშაც (თავის ვაშაძიანად) ბედკრული რუსეთის შვილები, უკაცრავად, პამპულები არიან...
სადაა გამოსავალი?
ჩემი აზრით, ახლავე უნდა დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, გადადგეს მთავრობა სრული შემადგენლობით (და არა მხოლოდ გახარია), გაათავისუფლონ იმ ღამით დაპატიმრებულები.
სამწუხაროდ, ეს არარეალურია - ხელისუფლება ამაზე არ წავა. სამოქალაქო პროტესტით ამას ვერ აიძულებ. რევოლუცია, ძალადობა და სისხლისღვრა კი არცერთ ნორმალურ ადამიანს არ სურს. ერთი სიტყვით, ჩიხში ვართ.
სადაა გამოსავალი?
იქნებ წყევლა-კრულვის ნაცვლად „მიუმხრობელთა საზოგადოებრივი მოძრაობა“ შეიქმნას? „მიუმხრობელთა“ იმ გაგებით, რომ მისი წევრები არც პოზიციის მხარეზე არიან და არც ოპოზიციის? და რომელშიც შევლენ საზოგადოებისთვის ცნობილი, წესიერი, პატიოსანი, ღირსეული ადამიანები, ვინც დღემდე არცერთ პარტიასა თუ მოძრაობაში არ ყოფილან? ასეთები ნამდვილად არიან ჩვენს გარშემო, ყველანი ვიცნობთ არაერთს. აი, რა დაწერა შესანიშნავმა პოეტმა სოსო მეშველიანმა 21 ივნისის ფეისბუქზე (12 საათსა და 37 წუთზე): „ვიცი, რომ ბევრნი ვართ ისეთები, არცერთ პოლიტიკურ პარტიაში რომ არ გვიძვრომიალია, არც ერთი მათი შეკედლებული რაღაც დებილური ორგანიზაციების წევრები არ ვყოფილვართ. ვისაც მართლა გვტკივა ეს ქვეყანა, მართლა გვიყვარს, უანგაროდ. ჩვენ შევგვროვდეთ იმ გარეწრების გარეშე, იმ ვიგინდარა გიენების გარეშე, შევგროვდეთ, სასწაული ძალა ვიქნებით, სუფთა, რეალური ძალა. ვერავინ ვერაფერს მოგვაძახებს. მომავალი თაობისთვის გავაკეთოთ ეს, თორემ ჩვენ რა ხანია გაწირულები ვართ ამ აბსურდისთვის.“
თუკი შეიქმნება, ასეთ მოძრაობას მეც შევუერთდები სიამოვნებით, სოსოს გვერდით დავდგები. ოღონდ არ მკითხოთ, თუ ასე ფიქრობ, შენ თვითონ რატომ არ აყალიბებ მსგავს მოძრაობას, სხვას რატომ ელოდებიო... სამწუხაროდ, ამისთვის აუცილებელი არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალები არ გამაჩნია და არც ადამიანთა ორგანიზების უნარი და ცოდნა... ეს რა გულუბრყვილოები და მიამიტები ყოფილხართო, ალბათ, გაიფიქრებენ ამის წამკითხველი გამობრძმედილი პოლიტიკოსები და ჩაეღიმებათ. არადა, მართალია... ჩვენ ხომ გულწრფელობის გარდა, კაცმა რომ თქვას, მართლა არაფერი გვაბადია?.. არადა, ასეთი მოძრაობა, სხვა თუ არაფერი, ახალგაზრდა თაობის ჯანსაღ ჩამოყალიბებას და საზოგადოებრივი აზრის, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას შეუწყობდა ხელს... და, ადრე თუ გვიან, გულწრფელი ახალგაზრდების მეცადინეობით, ამ პოლიტიკურ მარაზმს, „ნაც-ქოცობას“, ბოლო მოეღებოდა...
ჭირს წაუღია ორივე თქვენი გუნდი! A plague on both your houses!

26.06.2019

* https://www.facebook.com/irakli.lomouri

"A plague o' both your houses!" (Act III, Sc. 1, often quoted as "A pox on both your houses"). -- Mercutio in William Shakespeare's 1597 tragedy, Romeo and Juliet.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ირაკლი ლომოური - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ლომოური   ირაკლი ლომოური - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ირაკლი ლომოური
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: