არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ზვიად გამსახურდია

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 7:56 pm

ზვიად გამსახურდია Zviad_10
Zviad Gamsakhurdia

ზვიად გამსახურდია
(დ. 31 მარტი, 1939, თბილისი - გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ძველი ხიბულა, ხობის რაიონი) - მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი.

ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით 1962 წელს.
წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1991-1992 წლებში. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
* მრგვალიმაგიდა-თავისუფალი საქართველო, დამფუძნებელი (1990-1993)
* საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია" , წევრი (1975-)
* საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1970-1977)
* საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, თავმჯდომარე (1990-1991)
* საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, თავმჯდომარე (1976-1993)

ბიბლიოგრაფია
* ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1991. - 356გვ.
* წერილები, ესეები (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1991. - 572გვ.
* საქართველოს სულიერი მისსია (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1990. - 112გვ.
* მთვარის ნიშნობა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 85გვ.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ზვიად_გამსახურდია
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000874/
* https://www.facebook.com/zviad.gamsakhurdias.shemoqmedeba/


ზვიად გამსახურდია ლექსები: „მამა“, „უძღები შვილი“
Published on Apr 10, 2012

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 8:07 pm

ზვიად გამსახურდია

მწუხრის პეიზაჟი

ვჭვრეტ საღამოს - ნიმბიანს, დანისლულს,
ო, რაგვარად ეუცხოვა ტანი სულს ...

შენსკენ მომაქანებს ფიქრის ჩქარი წვა მე,
რარიგ მეუცხოვა საკუთარი გვამი...

ვდუმვარ და არა აქვს ძალა ჩემს სტრიქონებს:
ნისლიან ფიქრებში ქარი თუ მიგონებს...

რარიგ ვეუცხოვე სამყაროს ცივ დენას,
ნექტარი წავიღე დ აშხამიც იმდენი...

რარიგ ვეუცხოვე მიწის გაშლილ მკლავებს,
დასცქერის გოლგოთა გაძარცულ საფლავებს...

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 8:10 pm

ზვიად გამსახურდია

წმინდა გიორგი

წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი…
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
იხსენი სამკვიდრო შენი – გეორგია,
დიდების უფალი მართალთა მწედ არი.

წმინდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!


study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 8:11 pm

ზვიად გამსახურდია

წმინდა მიწა

ბეთანია, ბეთეზდა, ბეთსაიდა,
ესდენ დიდი მადლი ღვთისა გდევთ საიდან?
ბეთანია, ბეთეზდა, ბეთსაიდა,
ხართ აკვანნი ღვთის შვილთა უკეთესთა!

ბეთანია, ბეთეზდა, ბეთსაიდა,
ხართ წმინდათა ვედრება და მეტანია,
სად ჰაერი ვედრებაა მთრთოლვარი,
ქერუბიმთა იდუმალი ოლარი,
სად წარუძღვა მწირებს ძე ემუასში
და განბანა უკვდავების აუზში.

წარემართე, სულო წმინდა, ზმანებით,
წოდებულთა საღვთო პაემანებით,
სად აწვდილა ამაღლების ტაძარი,
სად უფალმან აღადგინა ლაზარი...

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 8:12 pm

ზვიად გამსახურდია

მამა

თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ,
უფალო, ამაცდინე სასუმელი ესე.

მამა ხარ ყოველთა, ძეთათვის მზრუვნელი,
უფალო, ამაცდინე ესე სასუმელი.

ნუ ჩემი იყოფინ, არამედ შენი,
შენ თავად ნება ხარ, სიმართლის მჩენი,

ხამს მოყვასისათვის სიმძიმე ვითვისო,
გვედრი, შემიწყალე, ძეო დავითისო.


study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 8:13 pm

ზვიად გამსახურდია

მელქისედეკი

ჩნდება ბაკმიანი, სხივმოიეფე,
მელქისედეკი, სალიმის მეფე.

მწდეა ზეციური იერუსალიმისა,
მელქისედეკი, მეფე სალიმისა.

ვით ვარსკვლავმორბედი, იჩქითად ჩენილი
განათლდა აბრაამ, უდაბნოდ შთენილი,

საღვთო პურ-ღვინოა გზა ჭეშმარიტების,
გაუქმდა მსხვერპლი ვერძების, გვრიტების,

უფალო, ერს შენსას მარად მწედ ედექი,
ეს შენ მოგვივლინე მელქისედეკი,

ძე შენი, სამყაროს თვალი და ჯავარი,
თვით დაუსაბამო მეფე – მღვდელმთავარი.

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 8:15 pm

ზვიად გამსახურდია

შენი ღიმილი
სონეტი მანანასადმი

სევდიან ღამით მომაგონდა ღიმილი შენი
და ოცნებათა განწირულ გზებს მიჰყვა ფიქრები.
ვიცი,, დღეიდან მწუხარებით შეიფიფქები,
ჩაღამდებიან ეგ ღაწვები, იდუმალმშვენი.

როს მოლოდინში დადუმდება სამყოფელო ჩვენი,
ღამენათევარს შვების სხივი ნუ ჩაგიქრება,
უფრო დიადი ბედისწერა განა იქნება,
ოდეს უფალი სუფევს შენთან, სასწაულთმჩენი!

გამართე მზერა, მოიმარჯვე იმედის ფარი,
გრძნობათა შენთა საკმეველი უკმიე ხატებს,
და როს დიდებით განიხვნება აღსავლის კარი,
შეიწირავენ ლოცვას შენსას მოანდამატეს.

მაშინ ცასავით გაბრწყინდება შენი ღიმილი,
დაგიამდება ეგ ვაება და სიმძიმილი.

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 8:17 pm

ზვიად გამსახურდია

L`IMPRESSIONISZME

ვარდის რენუარი… იღვიძებს მაისი,
სმარაგდის ფერებად გაშლილან იანი,
გალეულ ლანდებში კამარას დანისლულს
ერევა ნარინჯის სიმწიფე სვიანი.

დნება სიამტკბილე… კაფე გათენდება,
მონმარტრი მოიხვევს იისფერ პენუარს,
ისევ ვერონეზეს ჩრდილებს გავფენ დეგას,
ფერებს გავაღვიძებ აჟურულს, მშვენიერს…

მწვანეთა თოვაა… მეწამულ ლაქებად
ცახცახებს ზაფხული სულში მოივლისე,
იშლება მიდამო მზიურ ალთა ქებად
და პანის ბრავადო იმ ჭალებს მოივლის…

თვალი ჟრუნ-იისფერ ტრანსებში მყვინთავი,
სთველი თავ-უთვალავ თაველს თოვს ოქროვანს,
სამყარომ იუფლა, ქარგავდა ვინ მთა-ველს,
ვინაც მოაცილა ცა იმ საქაროვნეს…

გასრულდა… სიზმარულ პად-ესპანს მოლბერტთან
მორთავენ ლანდები, სულია ცისა როს…
წარსულ დარს, მზის მალულ დანემსვას,
მთრთოლავ ვერლენს
ვადარებ სინიაკს, სეზანს და პისაროს!

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 9:03 pm

ზვიად გამსახურდია

განთიადი არმაზისხევში

I
მთები - ფერხულში ჩაბმული დევები
დავერცხლილ კაბადონს ცისკარი ესევადა,
ზედაზენს მთიები ფანტელებს ასევდა
ჯვარსაც იდუმალი სწვეოდა სევდა.

მტკვარზე ფენიქსური ლანდი არმაზის
(უცხო სარკოფაგებს დროება ამაისებს),
გალევს ისტორიის ყავლს უზარმაზარს
და მტვრად გააზავებს ნაურავს და ნაისრევს.

II
ო, სერაფიტას ლანდი,
ცად მომქარგველი სიზმრის,
გულო, აბა, ვით განდო
თუ ვეზიარე მზის დარს?
ვით ვეთაყვანო მის დარს,
მის ეთეროვან მანდილს
ოდეს ცრემლები დამდის
ო, უმრავლესი ზღვისგან?
მან აღზევება ცამდის
ო, გამიკვლია ვისკენ?
რძიან გზისაგან განდექ,
ქნარს უფერებდი მიზრაფს.
სულო, სალბუნებს სვამდი,
ოდეს სხეული იძვრის.
ო, სერაფიტას ლანდი,
ცად მომქარგველი სიზმრის.

III
ბინდში ჩაძირულა მთველმარე არმაზი
მნათობთა მეუფემ ცა გაიდარბაზა,
მოსჩანს შიომღვიმე, როგორც ცის ზმანება
მთათა მწვერვალებზე ნისლის დავანება.

მოდის განთიადი და უცხოდ ნაგები
ლეგენდით ნაფერი ეს სარკოფაგები
აღმოაცენებენ ხილვას თვის წიაღში,
თითქოს მობრძანდება თავად პიტიახში,

თითქოს მდინარება მტკვრისა და ჟამისა
უეცარ ხილვაში შენივთდა წამისად
და ამცნო სამყაროს მზიანთა მზისობა
დიდი იბერიის ცის მარადისობა!

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 9:04 pm



ზვიად გამსახურდია

მესხეთისადმი

შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,
სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა,
შოთას აკვანი, მადლიანი ვინაც არწია,
ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.

შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,
მუნჯი მოწამე წარსულისა – მდუმარე მტკვარი,
ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,
კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.

შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.

ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,
ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება,
მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები,
და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.

აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,
დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,
მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები
და საფლავებზე გახლართულან უსურვაზები.

თმოგვს, მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,
სეფე გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,
გასცქერის ზეცას, მარადიულ მზის ათინათინს,
ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.

ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,
დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,
ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.

ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი,
თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას
ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის
ქართული მოდგმის საუკუნოდ არგადაგებას.

ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგნაწირული,
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,
ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,
და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.

გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას
წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 9:06 pm

ზვიად გამსახურდია

მთვარის ნიშნობა
გალაკტიონ ტაბიძისადმი

არფაზე გაკრული გველი
ჩუმი ნიშნობაა მთვარის.
გათავდა ვარსკვლავთა რთველი
აღმოხდა ცისკარი ჯვარის.
მნათობთა ეს სამოსელი
სარკეა ანგელოსთ მხარის
გაბრიელ – ზღურბლისა მცველის
მიქაელ – დამცემი ზარის!
ალმასით მორთული სელი,
ტატნობზე – ელვათა ბზარი
ზავდება კამარა ვრცელი
იხსნება ცხოვნეთის კარი.
აფრაზე გაკრული გველი,
ფერისცვალება ქნარის,
ცის გარდაცვალებას ელი,
ახლოა დარობა დარის!

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 9:08 pm

ზვიად გამსახურდია

BAGATELLE

საღამოს უნდოდა ეკონკა რითმები
და თეთრი ვარდების ბალიში.
მოდი, დამაფინე გულზე შენი თმები,
ღამევ, ბოდვის სიმხურვალეში.

მეგონა, მუდამჟამს ვერცხლეულ სიახლეს
ებანის წკრიალში ვნახავდი,
კლდეებზე აფთართა ჯარებს რომ მიაფლეთს
ბორიო ზარების დახლამდი.

იკმარა საუნჯე ფსკერზე დამარხული
ალ სულში ალები ალობენ,
ჩრდილი კი კირჩხიბის ზოლზე გადახრილა
და ცის სერაფიმნი
სულისა სალხენად მისისა გალობენ.

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 9:08 pm

ზვიად გამსახურდია

ქაშვეთი

შორია შარიშური შარათა,
მოჰქრიან სოველნი ქარნი,
ბორიო - ფლოქვების მარაბდა,
ალები ტალებად მდგარნი.
სანთელი მთიების მფანტველი,
ლიცლიცებს ციალით ნელი,
კანკალებს კილამონ-კანკელი,
ბანი და ებანი ბნელი.
ღვთისმშობლის ღიმილი მიტირე,
დამთიე სუდარა დარად, -
ამით რამ იდარა მითი რამ,
არკადებს აკრია: კმარა!


II
ელიან ლიანს და ლელიანს,
ჩუმი სიცოცხლეა, მტკნარი,
გულიანს ბროლიან-ყელიანს,
ხახაში იხერგავს მტკვარი,
ქვიშათა ქუშია ქაშვეთი,
დროთა მარაბდულთა სევდა,
ვის ავი ლაშებით ღლავ-შეთი
მუსრვად და სალმობად სდევდა.
ან არარატებად არი რად
კეცტყავი კეცილი კეცად?
მამულო, გაქრობად ლამულო,
მრისხვალი თვალი თუ გეცა?

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
შამილი



Male
Number of posts : 17
Age : 33
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyFri Mar 19, 2010 9:17 pm

ზვიად გამსახურდია

სულეთის ცისარტყელა

შენგნით აღცისკრდება სულთა ალიონი,
შენ გამო ვარდისობს ფლასი,
შენგნით იბადრება ცა – ლიგვირილიონი
და მნათთა ანგელოსთ დასი,

შენგნით მონავანნი კრთიან საფირონნი,
შენ უწყი გზადქცევა მათი,
წიაღნი უშქარნი და უნაპირონი
და სულთა მზის ათინათი.

ერმი და მუშთარი კამარათ მსირმველნი,
მთავარანგელოზის წათი,
ზუალ და ასპიროზ, სერობად მზირველნი
და სულთა მზის ათინათი.

მთოვარე, მარიხი, რონინით მავალნი,
ჭიქური, ბროლი და სათი,
ეტლნი უჟამონი და ფერადმრავალნი
და სულთა მზის ათინათი.

ტატანნი დასობენ ცად მოელვარენი,
ცორანოს ციგლიგა მძივნი,
მძვრელნი და მიმდრეკნი, ცანდებად ნარენნი
და მაშრიყ-მაღრიბით მცვივნი,

სამთა გამმშვილდველნი, ირაოდ მარებნი,
იქცევის მახვილთა მზირნი,
თევზის და მერწყულის ნათელთა მდარებნი
განკითხვის ნესტვნი და სტვირნი.

შენგნით აღმზევდა სულთა ალიონი,
შენ გამო ვარდობენ ცანი,
ზღვა – ხომლთა დენანი, ციმციმა ციონი
მადლად ცხოვრებისად ვცანი

სამმნათობიერთა ზეგარდმოვლენანი,
სულეთის ცა – მზეოსანი,
ალიერ ფრთოსანთა იჩქითად ჩენანი,
ზეშთა სიალეთა წვანი.

study
Back to top Go down
http://www.kardu.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyWed Mar 31, 2010 10:01 pm



31 მარტი-ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე
--------------------------------------------------------


და ოცნებები ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.
დე,ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის,ბარძიმი წმინდა,
გვწყალობდეს,ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი.



მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი ლექსიდან.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1346
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptyWed Mar 31, 2010 11:07 pm

ზვიად გამსახურდია

წამებულ ძმისადმი

მერაბ კოსტავას


ერზე მჭმუნვარი ძმათა კრებული
ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,
უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული
სასუფეველში შეხვალ, იცოდე!
ქრისტემ მოგმადლა ცის გასაღები
და სერაფიმთა ჰაეროვნება,
არ გწამს მონღოლის ნატრაბახები
და არც მარდოხეს ყალბი ცხოვრება.
გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,
შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,
მაგრამ ხომ დავრჩით მაინც ჩვენ ორნი,
მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის.
კვლავაც დავუდგეთ დარაჯად საფლავს,
ყველა ცოცხალთა მიზანს და მიზეზს,
ამგვარ წამებს ხომ შვებაც ახლავს,
ხვალეც იმედის თვალებით გვიმზერს.
ცხოველმყოფელი თვალები იგი
გვიწამებია ცხოვრების წყაროდ,
დაგვცქერის თვალი არსთაგამრიგის,
ის აგვარიდებს ბედის შავ ტაროსს.
და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.
დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,
გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი!

1985 წელი


Arrow
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptySat Feb 16, 2019 7:36 pm

ზვიად გამსახურდია

***
ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა,
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე,
ზეცად ასულს უკან გაგყვა ლოცვა-ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ალბათ, მისთვის გაიფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა!
მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა,
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს,
ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი-იმედებს.
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჩემი სული ცას უხმობს.
ჭეშმარიტად! - კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს.
თუმცა, შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წარწყმედილი ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,
რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი-უფრო ადვილად,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად.


7.01.92

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptySat Feb 16, 2019 7:39 pm

ზვიად გამსახურდია

„მე - უოლტ უიტმანი, კოსმოსი“

უოლტ უიტმანი ერთ-ერთ ლექსში მოგვითხრობს, ვით ესწრებოდა ერთხელ ასტრონომი მეცნიერის საჯარო მოხსენებას ნიუ-იორკში. მეცნიერმა გადმოუშალა აუდიტორიას რუქები და დიაგრამები, ფორმულები და ფიგურები, ,,კოლონებივით გამწკრივებულნი”. იგი მთელი საღამო გართული იყო გაზომვით, შეკრებითა და გამოკლებით, გამრავლებით, დახარისხებით და რა დაასრულა მოხსენება, აუდიტორია მქუხარე ტაშით შეეგება მას, ხოლო პოეტი გამოუთქმელმა სევდამ შეიპყრო რატომღაც, მან დაღლილად და ავადმყოფურად იგრძნო თავი, ვერ გადაიყარა უგუნებობა, ვიდრე არ დასტოვა დარბაზი და არ გამოვიდა სუფთა ჰაერზე.

ღამდებოდა. შორს, ისტ რივერის დასავლეთით გადაჭიმულიყო ნახევარკუნძული, რომელსაც პომანოკი შეარქვეს ინდიელებმა უხსოვარ დროში. სამხრეთ ანტლანტიკის ოკეანის მოქცევები ეხლებიან მას, ჩრდილოეთიდან კი ლონგ აილენდ საუნდის წყ*ები, რომელნიც მას პურიტანული კონეკტიკუტისაგან გამოჰყოფენ. აქ დაიბადა პოეტი, აქ გაატარა ბავშვობა. გარშემო ფერმებია და სოფლები, ხვავრიელი მინდვრები. მიჰყვება პოეტი შარაგზას, პომანოკისაკენ მიმავალს. თავშიშველია, მკერდგაღეღილი. შორით მოისმის ზღვის ყრუ ხმაური და ნაგვიანევი თოლიების წივილი. ხანდახან ჩერდება, ყურს მიუგდებს გარემოს. ღამის მისტიური, ნისლოვანი ჰაერი ღრმა მდუმარებით აღავსებს მის სულს. ვარსკვლავეთში ჩაძირულა მისი მზერა. ვარსკვლავეთის სუნთქვით სუნთქავს იგი ამჟამად. და უეცრად მისი სმენა ფართოვდება, თითქოს ღრმავდება და მას მოესმის იდუმალი საყვირის ხმა, მისტიური მესაყვირე აქუხებს საყვირს ღამეულ ეთერში და პოეტის სულში იღვრება კოსმიური მუსიკის ზვირთები. უეცრად იცვლება გარემო, სადღაა ლონგ აილენდი, ურთიერთს ენაცვლებიან წარსულის სურათები.

აჰა, მოჩანან გარდასულ დროთა ბარონები თავიანთ კოშკებში, მანდილოსნები, შეჭურვილი რაინდები, წმინდა გრაალის საძებრად მავალნი, ტურნირები, ფოლადის ელვა, ცხენების ჭიხვინი, ჯვაროსანთა წყებები, ციხეთა შემოწყობა, ბერების მსვლელობანი, ჯვრის ტვირთვა, საკმევლის კმევა… ხილვა ფართოვდება თანდათანობით, ისტორიული კატაკლიზმები სხვა და სხვა ტომების, ერების, რასების, ომები, აჯანყებები, ძველის ნგრევა, ახლის შენება. მსოფლიო ტკივილი და შვება, მსოფლიო წვა და ვედრება… და შინაგანად, არნახულის სიცხოველით და სიდიადით აღმობრწყინდება პოეტის სულიერი ხილვის წინაშე სიყვარულის მზე, რომელიც დგას ამ ხილვის მიღმა, რომელიც მოქმედებს ყოველივე იმაში, რომელიც ადნობს, არღვევს და კვლავ სახედ ქმნის ყოველივეს… მაშინ მოიცავს მის არსებას სიყვარული მაარსებელი და აღმოხდება პოეტს უეცრად: `ო, მესაყვირევ! მე მეჩვენება, რომ შენ ჩემზე უკრავ! მე ვარ საკრავი შენი ამჟამად! შენ ანდობ ჩემს ტვინს, ჩემს გულს, ჩემს თირკმელს, შლი ყოველივეს და გარდაქმნი შენის ნებისებრ! ამადაც იშვის ეს საზეო აღფრთოვანება, სიყვარულის, თავისუფლების, თაყვენების საზეო შვება… კმარა მხოლოდ ყოფნა! კმარა სუნთქვა! შვება, შვება, საზეო შვება! ეს მუსიკა მარად ჩემს გარშემოა, იგი უწყვეტია, დაუსაბამო.

ეს მუსიკა მე ვარ თავად! უეცრად მძაფრდება მისი გუგუნი, გულის კარს მინგრევენ ამ მარად ხმოვანი ოკეანის ზვირთები, ღრმად იჭრებიან ჩემში, და ამ დროს იშვის ჩემი ლექსი, ვითარცა ხსნა, ვითარცა შვება, ვითარცა ლოცვა”

ამგვარად იბადება შვების პოეზია. ამგვარად იბადება შეგნება: მე უოლტ უიტმანი,-კოსმოსი. და ეს შეგნება მოიტანა სულიერი კოსმოსის მცნებამ, მისტიურმა მესაყვირემ (ლექსი ,,The mysticul trumpeter”).

ადამიანური პიროვნების ყოვლისმომცველობა, მარადიულობა აღძრავს ენთუზიაზმს პოეზიისას. უიტმანის შემოქმედების ცენტრში ადამიანი დგას მუდამ. ადამიანი, ხატი ღვთისა, თავად მიწიერი ღმერთი, მისი ფიზიოლოგია, ფიზიოგნომიკა, მისი ზოგადი კოსმიური არქეტიპები: მარადვაჟური და მარადქალური. მის ვნებათა უსაზღვროება, პულსი და ძალა, მოქმედების თავისუფლება, რომლითაც იგი ახორციელებს ღვთის მარადჟამულ კანონმდებლობას. თანამედროვე ადამიანი, რომელიც მოითხოვს, რათა უზენაესი სრულყოფით გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი მეობა.

დღემდე არსებობდა საფრთხე ადამიანის დაკარგვისა, გაზავებისა მატერიალური და სპირიტუალური კოსმოსის უსაზღვროებაში. ამიტომ აუცილებელია ადამიანმა შეიცნოს სიდიადე თავისი ხატებისა. მან უნდა შეიცნოს და შეიყვაროს სხეულებრიობა ინდივიდუალურ და სოციალურ ყოფაში. საჭიროა ახალი ესთეტიკა, სხეულის ესთეტიკა. ამისთვის საჭიროა სხეულის მგოსანი. მან უნდა უმღეროს სულით განღმრთობას სხეულისას, მან უნდა უმღეროს წარმავლობასა და სიკვდილს ს ხ ე უ ლ შ ი ვ ე დაძლევას, მან უნდა უმღეროს ა ხ ა ლ ს ხ ე უ ლ ს, სულიერ სხეულს, ღმერთკაცობის უზენაეს იდეალს. ადამიანს სურს ლექსის პური, ეს არის პური არსობისა, ეს არის ყოფის განმართლება, ეს არის პოვნა წარმავლობაში, უსახობაში სრულყოფილი მშვენიერების : ,,არაფერი ისე არ გვჭირდება დღეს შტატებში, როგორც თანამედროვე პოეტი, თანამედროვეობის დიდი ლიტერატუსი. ყველა დროის, ყველა ნაციის ცხოვრების ცენტრალური პუნქტი იყო ნაციონალური ლიტერატურა, განსაკუთრებით კი მისი არქეტიპული პოემები, არქეტიპული პოემაა ინდოელთათვის ,,მაჰაბჰარატა”, ქართველთათვის “ვეფხისტყაოსანი”, იტალიელთათვის “ღვთაებრივი კომედია”, გერმანელთათვის “ფაუსტი”, ხოლო ამერიკელთათვის “ბალახის ფოთლები”.

რატომ უწოდა პოეტმა ამ თავის პოემას “ბალახის ფოთლები”?

რატომ არის ბალახი ლაიტმოტივი უიტმანის პოეზიისა? ბალახი სიმბოლოა კაცის სხეულისა (ამგვარადვე გვხვდება იგი საღმრთო წერილში და მითოლოგიაში), მაგრამ პოეტი ესაიასთან და ფსალმუნის ავტორთან ერთად როდი ამბობს, რომ სხეული ბალახია გამხმარი (რასაც ჩვენი დავითიც იმეოერებს “ხორცი მკვდარ-ხმელ ბალახი, აყვავებულად ნანახი”). ბალახი უიტმანისათვის საწინდარია სხეულის ხელახალი აღორძინებისა (რეინკარნაციისა), სხეულის სულით განღმრთობისადა აღდგომისა. ის ბალახი, რომელიც იზრდება სასაფლაოზე, საწინდარია სულთა ხელახალი სხეულებრივი აღორძინებისა, განა რად შიბილან ისინი ქვეყნად, თუ კვლავ არარაობად უნდა მიიქცენ? “ბალახი უფლის ცხვირსახოცია” “ბავშვი თავადაა ბალახი”. ბალახი იეროგლიფია ერთგვარი, სამყაროს ხელწერა, მარადჟამული მხატვრის კანვასი.

დიდი ლიტერატურა, პროფეტული ლიტერატურა – აი, რა სჭირდება დღევანდელ კაცობრიობას. ახალი ლიტერატურა, ახალი მეტაფიზიკა, ახალი პოეზია – აი, რა სურს ამერიკის დემოკრატიას.

ბუნება, ჭეშმარიტი ბუნება, ბუნების ჭეშმარიტი იდეა, რომელიც გვაკლდა დიდი ხნის მანძილზე, უნდა აღორძინდეს, უსასრულოდ გაიზარდოს, აღავსოს ლექსის ატმოსფერო. – აი, საფუძველი ესთეტიკისა. არა რომანტიული ბაღები, ჭლექიანი სახეები და ბულბულები, არამედ მთელი პლანეტა, მისი გეოლოგიური ისტორია, კოსმოსი, `რომელიც შეიცავს ყოველგვარ ნაირსხვაობას და რომელიც თავადაა ბუნება” მილიონობით ტონა ნივთიერება, მატერიის აზრი და ვნება, უნდა შენივთდეს, ჩამოყალიბდეს, სახედ იქმნას და უკვდავმა ადამიანმა უნდა აქციოს ეს ყოველივე თავისი მორალური და სპირიტუალური ცნობიერებით დიდ პოეზიად, და ამით იხსნას ხრწნადობისაგან, წარმავლობისაგან.

პოეზიას ორი ასპექტი აქვს: ერთი რომელიც უშინაგანეს “მე”-სთან არის დაკავშირებული, რომელსაც მისი სულიერი ცხოვრება აძლევს ტონს და, მეორე, რომლითაც იგი უკავშირდება გარე სამყაროს, კოსმიურ და საზოგადოებრივ ყოფას. უიტმანი ამბობს” დიდ პოეტთა უმრავლესობა იმპრესიონალურია, მე კი პერსონალური ვარ, ჩემს ლექსებში ყოველივე ჩემს გარშემო ტრიალებს, ყოველივე ჩემშია კონცენტრირებული, ყოველივე ჩემგან ასხივებს. მე მხოლოდ ერთი ცენტრალური ფიგურა მყავს, ეს არის ზოგადი ადამიანური პიროვნება, რომელიც ჩემშივეა განსახიერებული. მაგრამ ჩემი წიგნი აუცილებლობის ძალით აიძულებს მკითხველს დააყენოს თავისი თავი ცენტრალურ პოზიციაში და გადაიქცეს ყოველი სუნთქვის, ყოველი გვერდის, ყოველი სტრიქონის წყაროდ და განმცდელად”

ტორო უიტმანს ეხმიანება, როდესაც ამბობს: ”მე არ ვისაუბრებდი ჩემს თავზე ამდენს, ვინმე სხვას რომ ვიცნობდე ისევე კარგად, როგორც ჩემს თავს”. მაგრამ უიტმანისათვის პიროვნული “მე” მსოფლიო მეობის განცხადებაა, მისი გამოვლენაა ცალკეულ ინდივიდში ვიცი, რომ სული ღვთისა ჩემივე სულის უფროსი ძმაა და რომ კაცნი ოდესმე შობილნი, ძმანი არიან ჩემნი… ქალნი კი – დანი და მიჯნურნი, და რომ შესაქმის საჭე არის სიყვარული. ღმერთია თავად მიჯნურთა შორის უდიდებულესი, სრულყოფილი მეგობარი, თავად კაცი იდეალური”.

“სიყვარულია საფუძველი ყოველგვარი მეტაფიზიკისა” – მიმართავს იგი სტუდენტებს, პროფესორებს, მეცნიერებისათვის თავდადებულ ადამიანებს. `ბალახის ფოთლებმა” მოულოდნელი ჭექა-ქუხილივით შეაკრთო იმდროინდელი ამერიკა. ლიტერატურული საზოგადოება აღშფოთებული იყო უწინარეს ყოვლისა იმით, რომ ამ წიგნში არნახულის ძალით გამოვლინდა სულის თავისუფლება როგორც ლექსში, ისე მორალური და სოციალური პრობლემების გაშუქებაში. ცნობილია, რომ ყველა დროის ფილისტერებს აღიზიანებდათ ხოლმე გენიის თავისუფალი გამოვლინება, რაც მათი ვიწრო დოგმების რღვევას იწვევდა მუდამ. მაშინდელი ამერიკის ლიტერატურული სიდუხჭირე და ქაოტურობა ჯერ კიდევ ედგარ პომ გაამასხარავა თავის იუმორისტულ მოთხრობაში `კაკვას ტამის, ესკვაირის ლიტერატურული ცხოვრება”, რომლის მთავარი გმირი, რედაქტორი, აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ `ვიღაც ბრმა მოხუცი ძველ საბერძნეთში წერდა უნიჭო პოემებს და მუზებს აწუხებდა, ხოლო ინგლისში ასეთივე ბრმა “სინათლის შესახებ წერდა პოემებს” – რაც კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელად ეჩვენებოდა მას.

ბუნებრივია, ლიტერატურულმა ფილისტრებმა ვერც ახალი დროის ჰომეროსი იცნეს. ჟურნალ-გაზეთებიდან დაიძრა ლანძღვა-გინების მთელი ნიაღვარი. მაგრამ არა მარტო ფილისტერები და გონებაშეზღუდული ადამიანები იყვნენ აღშფოთებულნი. უიტტიერმა, ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, ცეცხლში დასწვა “ბალახის ფოთლები”! სამაგიეროდ ემერსონი მიესალმა მას მხურვალედ. ადამიანი, რომელიც ტონს აძლევდა იმდროინდელი ამერიკის სულიერ ცხოვრებას. ემერსონის “ტრანსცენდეტალიზმი” უაღრესად ენათესავება უიტმანის მსოფლმხედველობას. ემერსონი შემდეგნაირად განსაზღვრავს თავისი რეალისტური მსოფლმხედველობის არსს: “ყოველივე რეალური თვითარსულია, ყოველივე ღვთაებრივი იზიარებს თვითარსულობას ღვთისას”.

ამგვარი რეალიზმის პოზიციებიდან აშუქებს იგი მსოფლიო ისტორიას, კულტურას, მეცნიერულ და თეოლოგიურ პრობლემებს. მისთვის უცხოა ზედაპირული თვალსაზრისი ცხოვრებისეულ მოვლენებზე, მისთვის მთავარია მოვლენათა არსის წვდომა, მარადიული ძალის დანახვა არსთა და საგანთა მრავალფეროვნებაში. იგი, როგორც სასულიერო პირი, მოითხოვს გაბედულ რეფორმებს რელიგიის სფეროში. “ღმერთი აგებს ტაძარს თავისას ადამიანთა გულებში, ეკლესიებისა და რელიგიების ნანგრევებზე”- ემერსონი ამგვარად განსაზღვრავს ტრანსცენდენტალიზმის რაობას ” ტრანსცენდენტალიზმი ღებულობს მთელი სისრულით სპირიტუალურ დოქტრინას, მას სწამს სასწაული, სწამს ახალი შესაძლებლობები ადამიანური გონებისა, სულიერი ნათლისა დაძალის წვდომაში. მას სწამს ინსპირაცია და ექსტაზი. მას სურს რომ სპირიტუალურმა პრინციპებმა სრულიად, ყოველგვარი მიმართებით გამოავლინოს თავისი თავი ადამიანთა ყოფაში და გამორიცხოს ყოველივე არასპირიტუალური, ე.ი. ყოველივე პოზიტიური, დოგმატური ან პიროვნული*(ვიწრო, ეგოისტური გაგებით(ავტ)). ასე რომ, ინსპირაციის სულიერი საზომი არის სიღრმე აზრისა”.

და აჰა, გამოჩნდა პოეტი, რომლის შემოქმედებაც დიდებული დადასტურებაა ყოველივე ამისა. ემერსონი მაღალ ნდობას უცხადებს პოეტის ხილვებს, იმ ახალ სულიერ სამყაროს, რომლის მაცნედაც მოევლინა კაცობრიობას ეს ახალი სვვედენბორგი პოეზიისა. იგი მიესალმება აზრის არნახულ გაბედულებას, ემოციის კოსმიურ მასშტაბს.

ემერსონის გარდა უიტმანს მიესალმნენ ამერიკის სხვა გამოჩენილი ადამიანებიც: ჰენრი ტორო, ბრონსონ ოლკოტი, ფრანკ სენბორნი და სხვანი. ტორო მას სთვლიდ “ყველა დროის დემოკრატთა შორის უდიდესად”.

უიტმანს ღრმად სწამდა, რომ ამერიკა მოწოდებულია დაამკვიდროს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალი კაცობრიობის სოციალურ ყოფაში. ამისთვისვის იგი მოითხოვდა ყველა ამერიკელისაგან ღრმა და შეუვალ რწმენას დემოკრატიისადმი – `ისეთსავე რწმენას, როგორიც უნდა ჰქონდეს ქრისტიანს, ღვთის მისტერიასთან მიმართებაში”. აბრაამ ლინკოლში იგი ხედავდა მოძღვარს, რომელიც მიიყვანდა ამ იდეალს პრაქტიკულ განხორციელებამდის.

და აი, მონათმფლობელი კოპპერჰედების ვერაგულმა ტყვიამ იმსხვერპლა ამერიკის იმედი, ჭეშმარიტების და სიქველის დიდი რაინდი. ამას მოჰყვა მსოფლიო ელეგიური პოეზიის დიდი შედევრი, გრანდიოზული რეკვიემი “როცა ეზოში, გაზაფხულზე…” და აგრეთვე ლექსი: “ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო”. მაგრამ პოეტმა იცის, რომ როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას. ამიტომ იგი ახალის ენერგიით ებმება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რათა ამერიკამ შეინარჩუნოს დემოკრატიის მონაპოვარი. დემოკრატიის დიდი გამოცდა იყო სამოქალაქო ომი, ის კატასტროფები, რომელნიც მას მოჰყვნენ და რომელნიც ანარქიის გაბატონებით და ქაოტური ძალების აშვებით ემუქრებოდნენ ამერიკას. უიტმანმა, იმჟამად სამოქალაქო ომის მონაწილემ, თავისი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა დედისადმი წერილებში, ხოლო ამჯერად იგი აქვეყნებს ვრცელ ესსეს “დემოკრატიის პერსპექტივები”, თან განაგრძობს ლექსების წერას. ღრმა სიბერებდის ხმიანდება მისი ჩანგი, თვით პარალიზმაც ვერ ჩაკლა მასში პოეტური ენთუზიაზმი.

უოლტ უიტმანმა პირველმა მოუწოდა ევროპის მუზას გადმოსახლებულიყო `ქალწულ კონტინენტზე”, რითაც მისცა დასაბამი ამერიკის დიდ ლიტერატურას. იგი ფუძემდებელია ახალი პოეზიისა, ახალი პოეტიკისა; ყოველივე ის, რაც მის თანამედროვეებს არაკანონზომიერად ეჩვენებოდათ მასში, დღეს დაკანონდა, აუცილებლობისეულ მოთხოვნად იქცა პოეზიაში.

უოლტ უიტმანი ჩვენი თანამედროვეა. მასში ისევე მძლავრად იგრძნობა მეოცე საუკუნის სულისკვეთება, როგორც სხვა დიდ თანამედროვე პოეტებში.

უოლტ უიტმანი ჭეშმარიტი კოლუმბია ახალი დროისა, იგი უფრო მეტია, ვიდრე კოლუმბი, მან აღმოაჩინა ამერიკის სული.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptySat Feb 16, 2019 7:40 pm

ზვიად გამსახურდია

ქვაბთახევის ელეგია

ღამეა იდუმალ-ვნებული,
მეშორა ნაცნობი ქარები,
კანკელი თრთის მოყივნებული,
შერყვნილან ის მინანქარები
და სული მით შემცივნებულა,
სდუმანო დავითის ქნარები.
ზღვა ზურმუხტით მოზიმზიმეთი
იქცევა წვეთებად საშიში
იხსნება ფრდილი კოზიმიტი,
ხრჩოლავს ნარგისებად ჰაშიში
კრთი რაო, შენ სულო, იმითი
სიკვდილი როა ცის საშოში?
იხსნება ფრდილი კოზიმიტი
კრთის ბედისწერის აზიმუტი.
მარტოობისაა ჰანგები
მოვლენღა ის ფარშავანგები?
ზღვა ზურმუხტით მოზიმზიმეთი
გადადის ლალების რიყეზე,
ასე შორია როს იმედი,
ლოდით დაფარული მძიმეთი,
არე რად ირევა არეთი
ქალა – გულის სიმწუხარეთი?
სნეულია მუზა იმითი
იხსნაო ფრდილი კოზიმიტი
დრკა ბედისწერის აზიმუტი.
შარავანდედია ჩანგების
თუ დიადემაა განგების
აღსასრულისაა ჰანგები.
მოვლენღა ის ფარშავანგები?

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptySat Feb 16, 2019 7:42 pm

ზვიად გამსახურდია

„ვეფხისტყაოსნის“ სიმფონია

მულღაზანზარულ მუზარადთა ზმათ და ზარებათ,
ზეიდალთაებრ მზე – ზარნიშით მბზინვარე ზღვათა,
ზედგამზრახველთა არგამწირავთ მუქაფის ზღვადა,
ზეგარდმო ქნარნი მუნ ამკობენ ზეშთა ზარებად.
გაჭრად იჭურვის ჭარმაგოსან ჭაბუკთა ჭმუნვა,
სული სათთა და სპეტ-სოსანთა იფრქვევა ნაზი,
ბროლის კუბონი, ბროლ-ბაკმათნი მზეობენ მუნვე,
გიშრის ტბათაგან ლალს მოადენს მუტრიბთა საზი,
ბივრილ-სათთაგან და ელვარე საფირონთაგან
მუნ კიანთობენ ლაღ სტრიქონთა სამაჯურები
ლალ-მარგალიტნი ათასგვარნი, ათასჯურები,
სცვივა მთიებთა ნაკვალევზე განარონთაგან,
მნათობთა თანადს მას უყვარდა ზიმზიმი მზეთა,
ზერგნა ბოროტი ცთომილების მას უხაროდა,
დაბნედით განცდა სინარნარეთ და სინაზეთა,
გულის წარტყვევნა უდილეგოდ და უხაროდა,
ლაღად მიმფრენი ტაიჭები, შავარდენები,
სიხაფე ხაფთა და მათრახით ხლეჩა ხორცისა,
მონათა ყორე გმირთა მაჯით წანახოცისა,
ბედისწერადი ნიაღვრების შავი დინება,
ვეფხური მზერის დადუნება ვეფხურ შეტევით,
ეხო მგრგვინავი უდაბნოში ატეხილ ლომთა,
სამუმის ბუღში გაჩაღებულ მძვინვარე ომთა,
გაფიცხება და ცას მიწევნა ცეცხლის სვეტებად,
ზეგარდმო მადლი მოავლინა ჩვენზე ზენამან,
გულს განახლება, ხოლო სმენას მოსცა სიამე,
მიუთხრობელი ვით მოგითხროთ ბრგვნილმან ენამან,
თუ ვით დიადობს სამყაროზე მზიანი ღამე!
არ დაიმცრობის მამაცურთა მკლავთა კვეთება,
მიჯნურის სახმილს რა ძალით ძალუძს, აბა დაშრეტა,
დგას შეუღწეველ სრა-დარბაზად შემოქმედება,
ვით უბურღავი კლდე-გრეხილი ურღვევთა შრეთა!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptySat Feb 16, 2019 7:44 pm

ზვიად გამსახურდია

მოგონება

სულო, გითხარი რომ არაო
იშალნენ წამწამთა ქოხები,
შენ ცისარტყელავ და მარაო,
ცად რომ დამიფინე ნოხები.
რად არ მოაპკურე ცვარები
გლოვიან უდაბნოს გველისას,
სულში კვლავ რად მიიპარები,
არ სცნობ უარებას სთველისას,
მაცდურო სიცოცხლევ, გამეცა,
გველო, ანგელოსურ თვალებით,
დღითაც შენ გიგონებ, ღამეცა,
მძულხარ და თან მევალალები!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptySat Feb 16, 2019 7:51 pm

ზვიად გამსახურდია

რობერტ ფროსტი

XX საუკუნის ამერიკელ პოეტ-რეალისტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რობერტ ლი ფროსტს. მისთვის, ისევე როგორც რობინსონისათვის და ლინდზისათვის, უცხოა ის ექსტრავაგანტული სიახლენი თემატიკაში, ვერსიფიკაციაში და პოეტურ სახეთა წყობაში, რაც სხვა თანამედროვე ამერიკელ და ევროპელ პოეტებს ახასიათებთ იმავე თაობისას. ჭეშმარიტი ნოვატორის მოთმინებით აღჭურვილი ფროსტი განსაკუთრებულის სიფრთხილით ნერგავს პოეზიაში ყოველივე ახალს, უჩვეულოსა და ამავე დროს მისაღებსა და ადექვატურს თანამედროვე მკითხველისათვის. ნაწილობრივ ამითაც აიხსნება მის მიერ ბოლორითმოვანი ლექსის კულტივიზაცია, რომელსაც გაემიჯნა სხვა დანარჩენი თანამედროვე პოეტების უმრავლესობა. ფროსტის სტილი სადაა და გამჭირვალე, რაც შერწყმულია მის შემოქმედებაში პოეტურ სახეთა დალაგების ჰარმონიულობასთან და კომპლექსურობასთან. ფროსტის თემატიკაც, ერთის შეხედვით ახალს არაფერს გვაწვდის, ძირითადად იგი შემოფარგლულია პასტორალურ-იდილიური მოტივებით, მაგრამ ყოველთვის საგრძნობია, რომ ეს ყოველივე დანახულია უაღრესად თანამედროვე პოეტის თვალით. მისი ლექსების უმრავლესობას ახასიათებს მშვიდი, მედიტატური განწყობილება, თუმცა, მის სტრიქონებში ხშირად საცნაურია ფარული ემოციური დაძაბულობაც, რომელიც არასდროს არ გეცემათ თვალში.

ფროსტი ახალი ამერიკული პოეზიის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანია რობინსონთან და სენდბერგთან ერთად. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იგი დაუცხრომლად იბრძოდა ჭეშმარიტად რეალისტური ხელოვნებისათვის, ჰუმანიზმის მაღალი პრინციპებისათვის.

პოეტის ბიოგრაფია ხშირად განაპირობებს ხასიათს მისი შემოქმედებისას. ფროსტის პოეზიაში ნათლად ჩანს ის დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მან შეიძინა როგორც თავის ქვეყანაში, ისე ინგლისში ცხოვრებისას. მის ლექსებში იგრძნობა დაკვირვებული თვალი გამრჯე ფერმერისა, ძლიერი ფსიქოლოგიური ალღო პედაგოგისა, სტოიკური სიმშვიდე და მეცნიერული ობიექტურობა ფილოსოფიაში ღრმად განსწავლული კაცისა.

რობერტ ლი ფროსტი დაიბადა 1875 წელს სან-ფრანცისკოში. მამამისი წარმოშობით ნიუ ინგლანდელი იყო, ერთხანს ჟურნალისტურ მუშაობას ეწეოდა სან-ფრანცისკოში. დედა-შოტლანდიელი. 1885 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ ფროსტი დედასთან ერთად ლორენსს გადასახლდა (მასაჩუსტესის შტატი ), სადაც სწავლობდა საშუალო სკოლებში. 1892 წელს დარტმუტის კოლეჯში შევიდა და იქ ერთი წელი დაჰყო.

1897-99 წლებში ფროსტი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტია, მაგრამ ახალგაზრდა შემოქმედი ვერ ეგუება აკადემიური დისციპლინის არტახებს და თავს ანებებს სწავლას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომავალმა პოეტმა განცხრომაში როდი გაატარა სიჭაბუკე,-იგი ხან საფეიქრო ფაბრიკაში მუშაობდა, ხან მოჯამაგირე იყო, ხან გაზეთის გამომშვები. უფრო გვიან, 1905-11 წლებში, ასწავლიდა ინგლისურ ენას პინკერტონის აკადემიაში, ფსიქოლოგიას-ნიუ ჰემპშირის ნორმალურ სასწავლებელში. პარალელურად წერდა ლექსებსაც, მაგრამ რედაქციების კარები მისთვის ნიადაგ დახშული იყო.

1912 წელს ფროსტი ინგლისს გადასახლდა ოჯახითურთ: აქ იგი დაუახლოვდა მოწინავე ინგლისელ პოეტებს – ედუარდ ტომასს, უილფრიდ გიბსონს, რუპერტ ბრუკს და სხვებს. აქვე მიიღო მან პირვეელი ლიტერატურული ნათლობა.

სწორედ, ამ პერიოდში იწყება ამერიკაში პოეტური „რენესანსი“. ფროსტის ინგლისში წასვლის თარიღს ემთხვევა ჰარიეტ მონროს მიერ ჩიკაგოში დაარსება ჟურნალ `პოეზიისა“, რომელმაც მიიზიდა საუკეთესო ძალები ამერიკული და ინგლისური პოეზიიდან. პოეტი-რეალისტების ლექსებთან ერთად აქ იბეჭდება იმაჟისტი პოეტების ლექსები. ამავე დროისათვის ბრუნდება ევროპიდან ეზრა პაუნდი. თუ პოეტი რეალისტები უბრუნდებიან უიტმანისეულ საერთო-სახალხო გაგებას პოეზიისას, პაუნდის შემოქმედებაში ძველი და ახალი ევროპული პოეზიის ექსტრაქტს, სტილიზაციის ნაირგვარ ფორმებს ვხედავთ ამერიკული მოდერნიზმის პრიზმაში. პაუდიეიმი ლოუელთან ერთად ქმნის იმაჟისტი პოეტების მთელ სკოლას. ამავე პერიოდში გამოდის ალფრედ პრუფროკის „სამიჯნურო სიმღერა“ ტომას სტერნზ ელიოტისა, რომელიც პოეტი-რეალისტების მსგავსად, იმთავითვე უპირისპირდება რომანტიზმის პრინციპებს, მაგრამ არა რეალიზმის, არამედ ნეოკლასიციზმის პოზიციებიდან. ელიოტი გვიანდელ ფრანგ სიმბოლისტებზე და ინგლისელ `პოეტ-მეტაფიზიკოსებზე“ გავლით უბრუნდება პოეზიის დანტესეულ გაგებას, მედიტატურ სულს პოეზიაში.

რობერტ ფროსტი ამ დროისათვის ინგლისში იმყოფება. ამასობაშიც ამერიკაში თანდათან იწყება მისი პოეზიის აღიარება. ფროსტის პოეტური პოზიცია კარდინალურად განსხვავდება ზემოთხსენებულ პოეტთა პოზიციებისაგან. მას ნოვატორობა სწამს მხოლოდ ევოლუციური ხასიათისა. მან იცის, რომ მკითხველის ყური თანდათან უნდა შეაჩვიოს ცვლილებებს. ამიტომაც რჩება იგი კლასიკური ლექსის ჩარჩოებში, და არ მიმართავს არავითარ ექსპერიმენტებს ვერსიფიკაციაში. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ თვით პოეტ-რეალისტთა შორის ფროსტი ყველაზე ნაკლებადაა შეპყრობილი ნოვატორობის წყურვილით.

1913 წელს ლონდონში გამოდის ფროსტის პირველი ლექსების კრებული “ბიჭის სურვილი“, სადაც ჯერ კიდევ ნათლად მოსჩანს ფროსტის ორგანული კავშირი ინგლისური პოეზიის ტრადიციებთან. უორდსვორტი და ტომას ჰარდი იყვნენ მისი პირველი მასწავლებლები. უორდსვორტმა უანდერძა მას საოცრად მშვიდი, აუმღვრეველი მანერა ბუნების ჭვრეტისა, ცხოვრებისეული მარტივი დეტალებისა და ასეთივე გრძნობების აყვანა მაღალი პოეზიის დონემდე.

ტომას ჰარდიმ გადაუშალა მას სოფლის ცხოვრების სიმშვენიერე, ასწავლა დანახვა პასტორალურ იდილიებს მიღმა ფარული ტრაგედიებისა. მაგრამ ჰარდისათვის, ისევე როგორც უორდსვორტისათვის, უცხო იყო ის ღრმად სუბიექტური განცდა ბუნების სიმშვენიერისა, როგორც ფროსტს ახასიათებს. იგი არსად არ გვევლინება პასიურ მხატვრად, იგი ბუნებას იშველიებს მხოლოდ და მხოლოდ ს უ ლ ი ე რ ი გ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ე ბ ი ს საილუსტრაციოდ. ამავე დროს, შესამჩნევია კიდევ ერთი ნიშნეული რამ: ფილოსოფიური აზრის განვითარება აღმწერლობით ფაქტორთან ერთად. როგორც ჩანს, ფროსტი ამ პერიოდში იუმისა და შოპენჰაუერის სუბიექტურ-იდეალისტური დოქტრინების გავლენის ქვეშ იმყოფება. ამას გვაფიქრებინებს მისი ბრწყინვალე ლექსი `ნოემბრის სტუმარი“, სადაც ფორმის მტკიცე ნაჭედობასთან ერთად და განწყობილების სიწრფელესთან ერთად, გვაოცებს დიდი მხატვრული ტაქტი და ზომიერების შეგრძნება საღებავის ხმარებისას. აქ პოეტი გვესაუბრება თავის გრძნობებზე, რომელიც ეწვევა მას ნოემბრის სევდიანი ლანდშაფტის ნახვისას. მაგრამ ეს ლანდშაფტი არარაა მწუხარების გრძნობის გარეშე, რომელსაც ამ დროს განიცდის პოეტი და რომლის პრიზმაშიც ხედავს იგი რეალობის ამ მონაკვეთს:


“ჩემი მწუხარება როდესაც მეწვევა და ჩემში სახლდება,
ფიქრობს შემოდგომის უბრალო დღეებზე, მომქანცველ წვიმაზე,
როს სიმშვენიერე ბუნების კვდომისა ისევ განახლდება,
მას უყვარს ალვების კვდომა ვერცხლისფერი და ცად ამაღლება,
ჩვენ მიერ მრავალგზის თელილი მინდვრების ნესტი და სინაზე.

მისი სიამტკბილე აროდეს მშორდება და მეც უდრტვინველი,
მისი მოსალბუნე საუბრის სმენისას არასდროს ვიღლები,
და მას უხარია, როდესაც ფერები, რუხნი, საკვირველნი,
და მას უხარია, როდესაც ჯგუფ-ჯგუფად გვტოვებენ ფრინველნი,
ვერცხლად იქცევიან ირგვლივ შემომდგარი ფაფუკი ნისლებით.

მაშინ გაძარცვულიი ხეების მოწყენა, ის ჩემი ნაღველი,
მიწა გადამჭკნარი და შავი ღრუბლებით ცა დამძიმებული,
ყველა ეს მშვენება, მისგან ჭეშმარიტი სისავსით ნახული,
ისევ აღუქმელი ჰგონია ჩემს სულში და ღრმად დამარხული
იდუმალებისათვის მომიხმობს კვლავ და კვლავ, სიამით ვნებული.

რამდენი ხანია, რაც მე შევიყვარე და რაც მე შევითვისე
ნოემბრის დღეები, ჩუმი გაძარცვული ნოემბრის დღეები,
პირველ მოთოვამდე რომ იბინდებიან მდუმარე ტყეები…
მაგრამ ამაოა ყველა დარწმუნება ჩემთვისაც და მისთვისაც,
რადგან მისის თვალით სხვაა ეს ქვეყანა და ეს სივრცეები”

აქ პოეტურად არის რეალიზირებული შოპენჰაუერისეული დებულება: “სამყარო არის ჩემი წარმოდგენა“. აქ არის ნოემბრის პანორამა მხატვრის თვალით დანახული, მხატვრის განცდაში გატარებული მხოლოდ ამის გამო გადაიქცევა იგი პოეტურ სინამდვილედ. იგივე შეიძლება ითქვას ლექსებზე „ოქტომბერი“, „იალაღი“, „მარტონი“ და სხვ.

ფროსტის პოეზია არსებობის იმავე კანონებს ემორჩილება, რომელნიც წარმოადგენენ ბუნებისმიერი ყოფის საფუძველს. ყოველი თვე, ყოველი სეზონი, თავისებურად არის ასახული მის ლექსებში. ფროსტის პოეზიაში ცოცხლობს ნიუ ჰემპშირის პირქუში ბუნება. აღსანიშნავია, რომ სეზონების და თვეების მიხედვით იცვლება მის პოეტურ განცდათა ტონალობაც:

“მშვიდი ოქტომბრის მოალერსე, მყუდრო დილაო,
მომწიფებულან დასაცვენად შენი ფოთლები;
ხვალინდელ ქარში გარინდებულ გზებს დაჩრდილავენ
ჩუმი ოცნებით…
ტყეზე ყვავების ყრანტალია დამაოსები,
ხველინდელ ქარში დასტოვებენ ალბათ ბუდეებს,
მშვიდი ოქტომბრის მოალერსე, მყუდრო დილაო,
დღევანდელი დღის საათები ქმნიან ზღუდეებს,
ო, გაარღვიე ზღუდეები და დღის ნათელი
გაგვიხანგრძლივე, მიეჩვია გარდაქმნას გული,
გარდაქმენ იგი შენებურად და გაამთელე,
ხეს ალიონზე მოაცილე ერთი ფოთოლი,
ხოლო მეორეს – შუადღისას შემოაცილე,
ერთი ჩვენს ხეს და მეორე სხვას. გზები მოთელე,
მზეს მოახვიე გამჭირვალე ბურუსის ბადე,
მიწას მოავლე ამეთვისტოს მსუბუქი ჯადო,
ფრთხილად, ო ფრთხილად!
აი, ეს ვაზი შეიბრალე, დაყურსულს, ჩრდილში,
შეჭირხლებია ნაადრევი ყინვისგან ლერწი.
სულ მცირედიც-და მისი ტანი გახდება ბერწი,
ადროვებს ვაზებს მიბრუნდება კვლავ ზამთრულ ძილში”…

აქ ჯერ არ არის მკვეთრად გამოკვეთილი მწუხარების მოტივი, აქ უფრო გარდამავალი განწყობილებაა საცნაური, რაღაც ახალი გარდაქმნის მოლოდინი, ფარული სინანული, რომელსაც იწვევს ბუნების კვდომა. უმთავრესი მაინც ამ ლექსში ისაა, რომ პოეტი განიცდის ბუნებას, როგორც ცოცხალ არსებას, გრძნობს მასთან ინტიმურ სიახლოვეს, გრძნობს, რომ ბუნებაში გამოვლენილი ძალები ენათესავებიან მისივე არსების უშინაგანეს ძალებს.

აღსანიშნავია, რომ პირველ პერიოდში ფროსტის ენა არ არის ისე სადა და გამჭირვალე, როგორც შემდგომი პერიოდის ლექსებში. სასაუბრო ინტონაციებსაც აქ უფრო იშვიათად ვხვდებით. უფრო ხშირია მღერადი ხასიათის სტრიქონები. შეინიშნება ალაგ-ალაგ პოეტიზმების ხმარებაც. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ფროსტი ამ დროისათვის ჯერ კიდევ მყარად იდგა XX საუკუნის ინგლისური პოეზიის ნიადაგზე.

1915 წელს ფროსტი უბრუნდება სამშობლოს. იგი სახლდება დერიში და ეწევა საფერმო მეურნეობას. იგი უკვე სახელმოხვეჭილი პოეტია. მას იწვევენ ინგლისური ენის პროფესორად ამჰერსტის კოლეჯში. ამავე დროს გამოდის მისი წიგნები: “მინდორი მთაში” (1916 ), `ახალი ჰემპშირი” (1923 ), “დასავლეთისკენ მიმდინარე ნაკადული” (1923 ) და სხვანი.

ამ კრებულებში შეიმჩნევა შედარებით მეტი სიახლე. უპირველეს ყოვლისა, თემატიკის სიახლეა საცნაური. ლირიულ ჩანახატებს აქ უკვე სჭარბობს სცენები სიფლის ცხოვრებიდან. ჩვენს წინაშე წარმოსდგებიან ფერმერები, მათი ცოლები, მოჯამაგირეები, სოფლის ექიმები და სხვ. ჩვენ ვისმენთ მათ ცოცხალ საუბარს, ვეცნობით მათ განცდათა სამყაროს, მათ ფსიქოლოგიას. გარკვეულ სიმპატიასთან ერთად ავტორს არ შეიძლება არ შეამჩნიოთ ერთგვარი გაღიზიანება, რასაც იწვევს ფერმერთა გონებაშეზღუდულობა და რუტინიერობა, სისასტიკე და განურჩევლობა მათზე დაბლა მდგომი ადამიანების ბედისადმი. ამ მხრივ აღსანიშნავია ლექსი `ღობის შეკეთება”, სადაც დახატულია ანტიპატიური სახე ფერმერისა, რომლისთვისაც ცხოვრებაში მთავარ საზომად ქცეულა მიჯნა, ამ მიჯნითაა შემოფარგლული მისი გონებრივი ჰორიზონტი, იგი სტერეოტიპულად იმეორებს ანდაზას: “კარგ მეზობლებს კარგი ღობე უნდა ჰყოფდეს”, და მზად არის, ამ პრინციპიდან გამომდინარემ ჩაიდინოს გულქვაობა. ლექსში “მოჯამაგირის სიკვდილი” ასახულია უბრალო ადამიანის ტრაგედია. აქ გატარებულია აზრი, რომ, კერძო საკუთრება და მდგომარეობის მხრივ უპირატესობა თვით ძმებს შორისაც იწვევს განხეთქილებას (მოხუცი მოჯამაგირის, სილასის ძმა ბანკის დირექტორია, მაგრამ სილასი ძმის წინაშე თავის დამცირებას მოჯამაგირეობას ამჯობინებს და იღუპება უცხოობაში, იმდენად ძლიერია საკუთარი ღირსების გრძნობა ამ უბრალო ადამიანში ), აქ მთელის ძალითაა მხილებული ბურჟუაზიული ეგოცენტრიზმი, რომელიც თავისი არსით ეწინააღმდეგება მაღალი, ქრისტიანული ჰუმანიზმის პრინციპებს.

თუ ფროსტის პირველი პერიოდის ლექსებში განწყობილება და ლირიული განცდა იყო წინა პლანზე წამოწეული, შემდგომი პერიოდის ნაწარმოებებში უფრო ბრძნული აზრის დომინირება შეიმჩნევა. ამერიკელმა პოეტმა და კრიტიკოსმა მარკ ვან დორენმა მოხდენილად თქვა ფროსტის შესახებ: `იგი ფილოსოფიური პოეტი იყო, რაც მისი გაგებით ნიშნავდა ღრმა და ფაქიზი გულის შერწყმას ინტელექტთან, რომელიც მუდამ დაეძებს ღრმა აზრს ცხოვრებაში”. ასე რომ, აზრის დომინირება როდი ნიშნავს ლექსის ემოციურ გაღარიბებას. უადგილო არ იქნება მიყიყვანოთ თავად ფროსტის შეხედულება პოეტური შემოქმედების პროცესზე: `ლექსი იწყება აღტყინებით და მთავრდება სიბრძნით – განვითარების გზა იგივეა, რაც სიყვარულში. ვერავინ იტყვის რომ ექსტაზი შეიძლება იყოს სტატიური და გაჩერდეს ერთ ადგილას. ასე რომ, იგი იწყება აღტყინებით, შემტეგ მიელტვის პირველად იმპულსს, ღებულობს მიმართულებას, რომელიც მას მისცა პირველმა ფრაზამ, გაივლის ბედნიერ შემთხვევათა წყებას და მთავრდება ცხოვრების კლარიფიკაციით (გასხივოსნებით),- არა თუ დიდი კლარიფიკაციით, რომელსაც ემყარებიან სექტები და რელიგიური კულტები, არამედ გაურკვევლობისადმი წუთიერი დაპირისპირებით… იგი პოულობს თავის სახეს თავისსავე მსვლელობაში, მოელის მას რომელიმე ფინალურ ფრაზაში, რომელიც ბრძნული იქნება და თან სევდიანი.

ეს თქმა შეიძლება შევუსადაგოდ ფროსტის მთელ შემოქმედებას. აქ მოცემულია მისი პოეტიკის არსი. სწორედ ამიტომ არის, რომ ემოცია მის ლექსებში მჟღავნდება განგებისად შეფარული სახით და არსად არ ადის წამყვანი ფაქტორის სიმაღლემდე, თუ ტომას სტერნზ ელიოტი ცდილობს იპოვნოს აზრის ემოციური ექვივალენტი, ფროსტთან შეიმჩნევა საპირისპირო ცდა ემოციის აზროვნული ექვივალენტის პოვნისა. აქაც მის თქმას მოვიშველიებ: “კარგი ლექსი ჰქვია ისეთ ლექსს, სადაც ემოცია აზრითაა გადმოცემული, ხოლო აზრი – სიტყვებით”, ხოლო ელიოტმა ასე გამოხატა თავისი აზრი პოეზიის დანიშნულებაზე: “პოეზია არ არის ფილოსოფიის, რელიგიის ან თეოლოგიის შემცველი (substitute); მას საკუთარი ფუნქცია აქვს. მაგრამ რამდენადაც ეს ფუნქცია ემოციურია და არა ინტელექტუალური, შეუძლებელია მისი გადმოცემა ინტელექტისმიერი ტერმინოლოგიით“.

უნდა ითქვას, რომ ფროსტიც, ისევე როგორც ელიოტი, თავის მიერ შემუშავებული თეორიიდან როდი გამოდის, – იგი საკუთარი შემოქმედების ნიადაგზე აფუძნებს თეორიულ შეხედულებას.

ლექსში “დასავლეთისაკენ მიმდინარე ნაკადული” აირეკლა ფროსტის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ერთი მხარე. აქ იგი გვევლინება ევოლუციონისტ-დიალექტიკოსად, რომელიც აღიარებს განვითარების უწყვეტელობას. აქვე აშკარად მოჩანს მისი ტელოლოგიზმიც. ძველბერძენი ფილოსოფოსის, თალესის მსგავსად იგი სუბსტრაქტად წყალს აღიარებს, ხოლო აქ განვითარებული დიალექტიკური შეხედულება სამყაროზე ჰერაკლიტე ეფესელის აზრს ენათესავება. როგორც ცნობილია, ჰერაკლიტე სამყაროს განვითარებას განიხილავდა, როგორც წინააღმდეგობათა მუდმივ ჭიდილს. მისი ცნობილი თქმაა: “ყოველივე მიმდინარეობს და არ შეიძლება ორგზის შეხვიდე ერთსა და იმავე ნაკადში”. ამას ემთხვევა ფროსტის მიერ ნაკადულის გამოყენება ყოფიერების სიმბოლური გამოსახვის საშუალებად. ჰერაკლიტე წინააღმდეგობებს განიხილავს ერთიანობაში და ამბობს, რომ სიკვდილი არის სიცოცხლე, ჰადესი არის დიონისე და პირუკუ. ფროსტთანაც ანალოგიური აზრია გატარებული:

“წინააღმდეგობა რომ ვახსენეთ, შეხედე ნაკადი,
იმ თეთრი ტალღით რარიგ ებრძვის იგი თავისთავს.
დასაბამიდან წყალი იყო ჩვენი საწყისი,
სანამ რაიმე არსებისგან წარმოვდგებოდით.
ამჟამად ჩვენ, ამ აჩქარებულ ფეხის ნაბიჯით,
უკან ვაბრუნებთ საწყისების საწყისისაკენ,
ყველაფერ იმას, რაც ნაკადად მიედინება.
ზოგი ამბობს, რომ არსებობა – ვით პოეტი
და პირუოტი მეორდება ერთსავ ადგილას,
ცეკვავს ადგილზე. არა იგი მიედინება,
მიედინება ხან გულდინჯად, ხან სევდიანად,
რათა აღავსოს უფსკრულეთი სიცარიელით.
იგი გვერდს გვივლის ამდაგვარი ნაკადის სახით,
გადადის ჩვენზე, ჩამოდგება ხშირად ჩვენს შორის,
რათა გაგვყაროს პანიური შიშის წუთებში
გადის ჩვენს შორის, ჩვენზე, ჩვენს ქვეშ და ჩვენთან ერთად,
იგია დრო და სიძლიერე, სინათლე, ტონი,
ხედვა, სიცოცხლე, სიყვარული და ამავე დროს
იგი სიკვდილის საამქვეყნო წყალვარდნილია,
არარაობის მომვლენელი, შეუჩერები,
აბრკოლებს მხოლოდ საკუთარი წინააღმდეგობა,
რომელიც უკან ახევინებს განსაცვიფრებლად,
თითქოს სინანულს აღუძრავდეს წმიდათაწმიდას.
იგი შეიცავს თავისთავად ამ უკუგდებას,
ასე რომ, მისი დაქანება არის ამავ დროს
აღმასვლაც თითქოს და მცირედი შემართვაც თითქოს.
ჩვენი საწურთოს უკუსვლაა – საათის წინსვლა,
მზის უკუსვლაა-წინსვლა ისევ ნაკადულისა,
არსებობს ძალა, რომელიც თვით მზის სვლას წარმართავს.
ეს არის ბიძგი სათავისკენ უკუგდებისა,
საწინააღმდეგოდ დინებისა, რომელშიც ჩვენ ვართ,
დინების ხარკი, მიტანილი სათავისადმი,-
აი, რა არის ბუნებაში ჩვენი საწყისი
და ჩვენი არსიც უმთავრესად”.

ძალა, რომელიც თვით “მზის სვლას წარმართავს”, რომელიც განაპირობებს სამყაროს ჰარმონიულ განვითარებას და რომელიც ბუნებაში “ჩვენივე საწყისია” და “ჩვენი არსი”, არის აბსოლუტის ძალა, არის საფუძველი ყოფიერებისა, “უძრავი მამოძრავებელი”, რომელიც იწვევს ყოველგვარ მოძრაობას. აი, რარიგად არის გამოხატული “უძრავი მამოძრავებლის” იდეა შუასაუკუნეების დიდი მოაზროვნის თომას აქვინელის ფილოსოფიაში: “ყოველივე რაც მოძრაობს, უნდა მოძრაობდეს სხვა, გარეშე ძალის ძემოქმედებით. შეგრძნებისათვის ნათელია, რომ რაიმე საგანი, მაგ. მზე, იმყოფება მოძრაობაში. აქედან გამომდინარე, იგი მოძრაობაში მოჰყავს სხვა რაღაცას, მის მამოძრავებელს. ასეთ შემთხვევაში მისი მამოძრავებელი თავად ან მოძრაობს, ან არ მოძრაობს. თუ იგი არ მოძრაობს, მაშინ დამტკიცდება რომ ჩვენ უნდა გამოვიტანნოთ აუცილებელი პოსტულატი, რომ არსებობს უძრავი მამოძრავებელი (Primum Mobile), ანუ ღმერთი; აქედან გამომდინარე, ან უნდა გავყვეთ უსასრულობას, ან მივიდეთ უძრავ მამოძრავებლამდე. უსასრულობაში გადასვლა შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელ პოსტულატად უნდა მივიღოთ უძრავი მამოძრავებლის არსებობა”. ეს არის ის “საწყისთა საწყისი”, რომელსაც ახსენებს ფროსტი ამ ლექსში. ადამიანის უმაღლეს დანიშნულებად პოეტს მიაჩნია მარადიული ღირებულებების შექმნა, წარმავლის, ჟამიერის მარადიულადვე მიქცევა; ეს არის “დინების ხარკი მიტანილი სათავისადმი”. ადამიანი, რომელიც ჩამორჩება ევოლუციას, აღვთაებრივებს ცხოვრებას, რითაც “აბრუნებს საწყისების საწყისისაკენ ყველაფერ იმას, რაც ნაკადად მიედინება”.

ფროსტის ლექსების მოჩვენებითმა სიმშრალემ ზოგიერთი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ იგი გამოფიტული “უხმო” პოეტია, მაგრამ საკმარისია ღრმად დაუკვირდეთ მის შემოქმედებას, რომ მასში ნაცვლად მონოტონური, მშრალი პოეტისა, დავინახოთ სტოიკური შეგნების მოაზროვნე პოეტი, რომელმაც იცის რომ გრძნობების აყოლას პოეზიაში ხშირად სენტიმენტალური პოზიორობისაკენ მივყავართ. ამით აიხსნება მის მიერ ყოველგვარი ყალბი რიტორიკის, მანერიულობის უკუგდება, რაც განაპირობებს ფროსტის თანამედროვეობას. იგი მკითხველთან საუბრისას არასდროს იკეთებს ნიღაბს, ასე რომ, თქვენ მუდამ ხედავთ მის მშვიდ, ნათელ ცისფერ თვალებს, მის მაღალ შუბლს, მის წყნარ მიხრა-მოხრას. იგი უპირველეს ყოვლისა, გულწრფელობით ატყვევებს მკითხველს.
რაც შეეხება ტემპერამენტის მგზნებარებას, ფროსტი ოსტატურად ახერხებს მის შეზავებას გონებისმიერ “ყინულთან”. გავიხსენოთ მისთვის უაღრესად დამახასიათებელი ლექსი “ცეცხლი და ყინული”:

“ერთნი სამყაროს დასასრულად ცეცხლს გვიქადიან,
მეორენი – გამყინვარებას.
როცა ვიხსენებ თუ რა მწადდა და რა მწადიან,
ვემხრობი მათ, ვინც აღსასრულად ცეცხლს გვიქადიან.
მაგრამ თუ ორგზის შეგვეხსნება ნგრევის კარები,
მე სიძულვილსაც კარგად ვიცნობ, ახლა რომელიც
მაფიქრებინებს, რომ ნგრევისთვის გამყინვარება
ძალა არის არანაკლებ განუზომელი.”

ამერიკელმა კრიტიკოსმა ლორენს ტომპსონმა თავის წიგნს ფროსტის შესახებ უწოდა “ცეცხლი და ყინული”. ეს დაწყვილება მართლაც რომ შესანიშნავად ასახავს ფროსტის შემოქმედების არსს.

უნდა ითქვას, რომ რობერტ ფროსტი ძირითადად ოპტიმისტური ბუნების პოეტია, მართალია ეს არ არის უიტმანისეული პროფეტული ოპტიმისტი, ფროსტისათვის უცხოა მომავლის ნათელხილვითი განჭვრეტა, ადამიანის ბუნებრივი სიქველის მტკიცე რწმენა, მაგრამ ფროსტს სჯერა ადამიანის ძალისა. საუკეთესოდ მოჩანს ეს რწმენა ლექსში: “ქვიშის დიუნები:

” ზღვის ტალღები მწვანეა და სველი,
როს ნაპირთან ახალ-ახალ რიგებად
იმსხვრევიან ახლები და ძველით
ყავისფერი მწვანე ბორცვი იგება.

ზღვა ხმელეთის კიდეს აფართოებს,
სად ჰყვავიან მებადურთა ბაღჩები,
და ქვიშაში ჩამარხულად სტოვებს
კაცს, რომელიც გადაურჩა დაღრჩობას.

ალბათ, იცნობს ქვებს დაკუნძულთ რკალებს,
მაგრამ კაცის არ სცოდნია ბუნება,
თუკი ფიქრობს, რომ ცვლილებას ძალუძს
ცხოველმყოფელ აზრთა განადგურება.

კაცმა გემი შეატოვა პირში,
შესაძლოა შეატოვოს სახლებიც,
რათა უფრო თავისუფალ ფიქრში
კვლავ დააწყოს გეგმები განახლების”.

ეს განწყობილება ცნაურდება აგრეთვე ფროსტის სამ სტრიქონიან ლექსში პერტინახ (სიმტკიცე):

“დეე, ქაოსი აღიძრას გოდებით,
დეე, ღრუბლები შედრკენ ცეცხლმოდებით,
მე მაინც ფორმას ველოდები”.

ფროსტის ლექსებში პესიმისტური განწყობილება არასოდეს გეცემათ თვალში. მას არასოდეს ღალატობს ტაქტის შეგრძნება პირადი სევდის გადმოცემისას. პირიქით, სიკვდილ-სიცოცხლის საჭირბოროტო საკითხებზე საუბრისას მას ერთგვარი ირონიაც ახასიათებს. რამდენი პოეტური ტაქტია მის პატარა ლექსში “გართხმულნი”, სადაც პოეტი ისევ თავის საყვარელ ბუნებას მიმართავს, რათა გვაგრძნობინოს თავისი უნუგეშო მდგომარეობა:

“ქარს ეუბნებოდა თქეში:
“გასწი და წამოვალ ჩქარი”.
ბაღს შემოაცალეს ნეშო,
ყვავილთათვის დადგა ზარი.
ცოცხლებს ქვეშ გართხმოდათ მიწის შავი ლები
მე ვიცი, რას გრძნობდნენ ნაშინ ყვავილეები“.

არის ტენდენცია ამერიკულ კრიტიკაში ფროსტის უიტმანიანელად გამოცხადებისა (ჯეფრი მური), მაგრამ ამგვარი მტკიცება მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეესაბამება სიმართლეს. მართალია, ფროსტის პოეზია თავისი ხალხურობით, დიდი თემატური ნაირფეროვნებით შეძლება დავუნათესავოთ ამერიკის ამ დიდი ტრიბუნის შემოქმედებას, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ძირეული განსხვავებანიც, რომელნიც არსებობენ მათ შორის. კერძოდ, ფროსტის მიერ ურბანისტული თემების იგნორირება, მკაცრი კონტროლი სალექსო სტრიქონისა(თვით თავისუფალ ლექსშიც კი), ემოციის შეფარვაა, ან მეორე პლანზე გადატანა (მაშინ, როდესაც უიტმანთან ემოცია მუდამ თვალში საცემია), განგებისად გაფერმკრთალებული ფერების ხმარება და სხვ. უიტმანი მუდამ ფერსავსე ტილოებს გვაძლევს, ხშირად მყვირალა ფერებსაც კი, ფროსტისთვის კი უცხოა ეს ყოველივე. რაც შეეხება სასაუბრო ინტონაციებს, ფროსტის მიერ მათი ვირტუოზული მოთავსება კლასიკური ლექსის ჩარჩოებში უფრო მეტად ენათესავება მას, როგორც უკვე ითქვა, მეორე დიდ ამერიკელ პოეტთან ედვინ არლინგტონ რობინსონთან.

ფროსტის ბოლო პერიოდის ლექსებში შესამჩნებია მიდრეკილება მკაცრი ლაკონიზმისაკენ: თითოეული სტრიქონი აქ უფრო მძიმდება, ხდება უფრო მრავლისმეტყველი (“ქუანტულა”, “ნოქტურნები”, “ათი წისქვილი”), შეიმჩნევა დიდი დახელოვნება აფორისტულ მეტყველებაში, ხშირად იგი ერთი აფორიზმის ჩარჩოებში აქცევს ლექსის მთელ ფაბულას და ვღებულობთ, თუ შეიძლება ითქვას, “მიკროფაბულას” (მაგ: “სიფრთხილე”, “რწმენა”, “პასუხი” და სხვ.). ამავე დროს, გვანცვიფრებს ამ ნიუ ჰემპშირელი ფერმერის ერუდიცია მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მისთვის შემოქმედების მასალაა არა მარტო შეუიარაღებელი თვალით ხილული სამყარო, არამედ მიკროსკოპით და ტელესკოპით დანახული რეალობაც (ლექსები: “ყურადსაღები წერილი”, “ციცაბო მთა”); მითოლოგიურ ელემენტებს და ბუკოლოგიურ მოტივებს მოდერნიზებული სახით ვხვდებით ამ პერიოდის ლექსებში(“ირისე ღამით”, “პოლიტიკური პასტორალი”).
თანამედროვე ამერიკელი კრიტიკოსი კლინტ ბრუსკი თავის წიგნში “თანამედროვე პოეზია და ტრადიცია” ერთ თავს უთმობს ფროსტის შემოქმედებას, სადაც მას უპირისპირებს სხვა თანამედროვე პოეტებს – მაკლიშს, ოდენს, ტეიტცს და სხვათა. “ფროსტი რეგიონალისტია და ტრადიციონალისტი”- ამბობს იგი. “რეგიონალისტის” გაგებაში ოგო გულისხმობს ფროსტის შემოფარგლულობას ნიუ ინგლანდის თემატიკითა და განწყობილებით. მართალია, ფროსტი ტრადიციული პოეტია, ყველაზე მეტად ტრადიციული პოეტი ამერიკულ პოეზიაში და ამიტომ მისთვის “ტრადიციონალისტის” სახელი სრულიად შესაფერისია, მაგრამ ძნელია დავეთანხმოთ ავტორს მის მეორე განსაზღვრებაში, ვინაიდან ფროსტი მხოლოდ გარეგნულადაა რეგიონალისტი. მისი პოეზიის მნიშვნელობა სცილდება ვიწრო ადგილობრივ პრობლემებს და აღწევს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას. ნიუ ინგლანდის სპეციფიკით იგი შემოფარგლულია გამომსახველ საშუალებებში და არა პოეტურ აზროვნებაში, ფროსტი გვევლინება როგორც ერთ-ერთი ნ ო ვ ა ტ ო რ ი თანამედროვე პოეზიისა.

შემდგომში ბრუკსი უპირისპირებს ფროსტს რენდომსა და ტეიტს და უწოდებს ამ უკანასკნელთ “განაწამებ ინტელექტუალურ ობსკურანტისტებს” (tortured intellectual obscurantists), აქვე სამართლიანად აღნიშნავს იგი ფროსტის უშუალობას, ნათელ დიქციას, რომლითაც იგი უპირისპირდება ხსენებული პოეტების ბუნდოვანებას.

ფროსტის პოეზიის ღრმა ხალხურობას, მის ფართო დიაპაზონს ამრიგად აღნიშნავდა გაზეთი “ჩიკაგო ტრიბიუნი” მისი გარდაცვალების შემდეგ: “სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე ფროსტმა, მხცოვანმა და სახელოვანმა პოეტმა, ჰპოვა განსაკუთრებული აღიარება და აღფრთოვანება, არა უბრალოდ ლიტერატურული ელიტისა, არამედ ფართო მასებისაც, ამჯერად, მართალია დასრულდა მისი ხანგრძლივი ცხოვრების გზა, მაგრამ მისი საუკეთესო ლექსები კვლავაც განაგრძობენ საუბარს ნათელი სიბრძნისა და სიყვარულის ენაზე”.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptySat Feb 16, 2019 7:54 pm

ზვიად გამსახურდია

გურამ რჩეულიშვილის მოსაგონარი

გურამ რჩეულიშვილზე ფიქრისას უფრო და უფრო მკვიდრდება ჩემში ერთი აზრი, რომელიც შეეხება ქართულ ხასიათს, ჩვენი ეროვნული ფსიქიკის ერთ თავისებურებას.
ხშირად დასმულა კითხვა: რა არის ქართველი კაცისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება, რა არის ეს ძირითადი თავისებურება, რომელიც ისტორიულად მოსდგამს ჩვენს ერს და განსაზღვრავს მის ინდივიდუალურ პროფილს? პასუხს იძლევა დაკვირვება რჩეული ქართველი ადამიანების ბიოგრაფიისა, მათი ბედისა, მათი აღსასრულისა. ზოგან აშკარად, ზოგან კი უაღრესად ფარულად ჩანს, რომ ეს თვისებაა მოყვასისათვის თავგანწირვა, მსხვერპლი, საკუთარი სიცოცხლის არად ჩაგდება მოყვასის საკეთილდღეოდ. ჩვენი ისტორიის დიდი გმირები: ვახტანგ გორგასლანი, დავით და კონსტანტინე არგვეთის ერისთავები, დავით აღმაშენებელი, თამარი, დიმიტრი თავდადებული, ცოტნე დადიანი, იოთამ ზედგინიძე, ცხრა ძმა ხერხეულიძეები, თევდორე მღვდელი, ლუარსაბ მეფე, სვიმონ მეფე, ქეთევან წამებული, სამასი არაგველი, ილია ჭავჭავაძე და სხვანი მრავალნი დიდმოწამენი და წმინდანნი გვიდასტურებენ ამას საოცარი სიცხადით. განსაცვიფრებელია, რომ ამ გალერეას ზედ ერთვიან უცხოელნიც, რომლებშიც საქართველომ აღზარდა ეს გრძნობა. ესენი არიან: წმ. შუშანიკი, წმ. რაჟდენი, ევსტათე მცხეთელი, აბო ტფილელი...*
ქართულ ენაში არის ერთი გასაოცარი სიტყვა, რომელიც ნათელყოფს, თუ რამდენად ორგანულია ეს შტრიხი ქართველი ერისათვის. ეს არის სიტყვა "გენაცვალე". აგრეთვე გამოთქმა "შენი ჭირიმე", რომელ ენას გააჩნია მსგავსი სიტყვები? არც ერთს (აქვე დასვძენ, რომ მზადა ვარ აზრი შევიცვალო, თუ რაიმე კორექტივს მომაწოდებენ ლინგვისტები).
მოყვასისათვის თავგანწირვაშია ქართული ისტორიის პათოსი და როდესაც დაუფიქრდები: რამ მოიყვანა ქართველი ერი დღემდის, რამ გადაარჩინა ისტორიის შემზარავ ქარტეხილებს, რწმუნდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ თავისებურებამ. ეს თვისება სისხლში ჰქონდა გამჯდარი ერს. ეს თითქოსდა თანდაყოლილი, შესისხლხორცებული რამ იყო, და არა გარეგანი, ეთიკური აღზრდის მიღწევა. ამიტომაც აისახა იგი ასეთი შეუდარებელი ძალით ქართულ ლიტერატურაში. განა ამას არ გვიმოწმებს "ვეფხისტყაოსანი"? სად არსებობს უფრო გრანდიოზული აპოლოგია მოყვასისათვის თავგანწირვისა? განა ამასვე არ გვიმოწმებს დანარჩენი ქართული ლიტერატურა? გავიხსენოთ ჩვენი კლასიკოსების გმირები, რა თვისება აერთიანებთ მათ ყველაზე მეტად?
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: ნაციონალური ხასიათის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი აძლევს ტონს ლიტერატურასაც. ასე, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება გავარჩიოთ "ნამდვილი" და "არანამდვილი" ლიტერატურა. ნამდვილი ლიტერატურა ნაციონალური ხასიათიდან გამომდინარე ღრმავდება და იზრდება ზოგადკაცობრიულისაკენ. ყალბი ლიტერატურა კი ფსევდოზოგადკაცობრიულიდან გზას ვეღარ იკვლევს ვეღარც ნაციონალური ნიადაგისაკენ და ამდენად, უნიადაგო და უსუსური რჩება ყველა სფეროში. ნამდვილი ქართული ლიტერატურა ცურტაველიდან დღემდის ჩვენი ეროვნული ხასიათის ზემოხსენებული ასპექტით დანახვაა, ამიტომაც ეგზომ შინაგანად ორგანული იყო ქრისტიანობა ქართველი ერისთვის. ქართველი ადამიანი დოგმების სისტემატური ჩიჩინის გარეშე ორგანულად, თანდაყოლილად შეიგრძნობდა ევენგელური მოძღვრების სისწორეს და ცხოვრებისეულად ახორციელებდა მას, მისთვის უცხო იყო რაიმე უკიდურესობების გამოვლინება, ფანატიზმი, ან წმინდანობის ნიღაბი, რომლებიც მხოლოდ იქ იჩენს თავს, სადაც რწმენის ნაკლებობაა, ან ქვეცნობიერი დაეჭვება. ნიღაბი იქ ხდება საჭირო, სადაც სახე არ არის. ამიტომაც არა გვაქვს ქართულ ენაში სიტყვა „Hypocrite“, „ხანჟა“. სიტყვა "მოწმინდანო" ხელოვნურადაა შექმნილი. „ხანჟობა" როგორც ასეთი უცხო იყო იმ ერისთვის, რომელიც მთლიანად, როგორც ერთი კაცი, ეწამა ქრისტიანული რწმენისათვის, რომელმაც წარმოშვა ათი ათასობით მოწამეები, რომელმაც თავის ისტორიულ ამოცანად დაისახა ქრისტიანული იდეალის განხორცილება ცხოვრებაში, აზროვნებასა და ხელოვნებაში.
ამ ფაქტის ვერგაგებას ემყარება რუსთაველის ქრისტიანობის უარყოფაც. ქრისტიანული ლიტერატურის უცილობელ ატრიბუტად ზოგიერთს მიაჩნია დიდაქტიური ქადაგება დოგმებისა. რუსთაველის პოემაში ქრისტიანობა შინაგანი, ცხოვრებისეული მამოძრავებელი ძალაა. იგი იმდენად ორგანულია ავტორისათვისაც და მისი გმირებისთვისაც, რომ არ საჭიროებს მათის მხრივ დოგმების შესახებ თეორეტიზებას. იგი მათ სისხლშია, მათ ძარღვებში, მათ სუნთქვაში. გალაქტიონმა თქვა: „წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქართული“. რუსთაველი კი უთუოდ დასძენდა „წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქრისტიანული."
სიტყვა „ხანჟა“-ს უქონლობა კიდევ ერთი ფაქტორით არის განპირობებული. "ხანჟობა" იქ იჩენს თავს, სადაც თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა არ არის. ქრისტიანული იდეალი კი მხოლოდ იქ ხორციელდება მთელი სისრულით, სადაც პიროვნების სრული თავისუფალებაა, სადაც ადამიანი თავისუფალი ნებით ეუბნება "ჰოს" სულიერ სამყაროს, სადაც იდიალის სამსახური იძულებით თავზე მოხვეული უღელი როდია, არამედ პიროვნების ორგანული მოთხოვნილება, მისი ერთადერთი გზა (აქ გავიხსენოთ დოსტოევსკის „დიდი ინკვიზიტორი“). ევენგელური დევიზი: „ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ“ უნდა გადაიქცეს არა მარტო ცხოვრებისეულ კრედოდ, არამედ თავად ცხოვრებად.
რა შობს მოყვასისათვის თავგანწირვას? სიყვარული, ყოვლისმომცველი, უსაზღვრო სიყვარული ადამიანისადმი. რა შობს თავისუფლებას? იგივე სიყვარული, ოღონდ სიყვარული უზენაესი ჭეშმარიტებისადმი. სად არიან ჩვენში მოწმენი უზენაესი ჭეშმარიტების სიყვარულისა? ესენი არიან გელათის აკადემიის აწ დახავსებული კედლები, ეს გახლავთ იყალთოს კიპარისების მისტიური სიჩუმე. სად არიან მოწმენი მოყვასისათვის თავგანწირვისა? ესენი გახლავთ ველები ანისისა, დიდგორისა, ბასიანისა, მანციკერტისა, მარაბდისა, კრწანისისა.
ახლა კი პირველთქმულს მივუბრუნდეთ. გურამ რჩეულიშვილის ტრაგიკულმა აღსასრულმა აღმიძრა ამგვარი ფიქრები ქართველი ადამიანის ხასიათთან დაკავშირებით. იგი დაუფიქრებლად გადაეშვა აბობოქრებულ ზღვაში რუსი ჭაბუკის გადასარჩენად. ის ჭაბუკი შემდეგ ვერტფრენმა ამოიყვანა, გურამი კი დაიხრჩო...
უნებლიედ გვახსენდებიან სხვა ახლახან დაღუპული ქართველი ალპინისტები, განა მათი დაღუპვის მიზეზი მათი მდარე ოსტატობა იყო? არა, ეს გახლდათ სიმამაცე მოყვასისათვის თავგანწირვაში. ასეთები იყვნენ თემურ კუხიანიძე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, მიხეილ ხერგიანი... მათი სახელის ხსენებისას უთუოდ გაგახსენდებათ დიდი რუსთაველი:
„მე იგი ვარ, ვინ საწუთროს არ ამოვკრებ კიტრად ბერად,
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“.
ეს სიტყვები უთუოდ ეპიტაფიად გამოადგებოდა გურამ რჩეულიშვილს!
გურამ რჩეულიშვილის მთელს არსებაში ხშირად მოვარდნილი სტიქიის მსგავსად ვლინდებოდა ის პრომეთესეული ცეცხლი, რომელსაც განათლებული ევროპელები ერთხმად უწოდებენ კოლხური, ქართული ხასიათის ძირეულ მახასიათებელს. რა არის პრომეთესეული ცეცხლი, თუ არა ცეცხლი სიყვარულისა, თავგანწირვისა? განა რად მიაჯაჭვეს პრომეთე - ამირანი კავკასიის ქედზე? იქნებ მივიღოთ მითიური ტიტანი ერის სულის პერსონიფიკაციად?
ჩვენი დროის ნაკლი ის გახლავთ, რომ მითოლოგიას ორგანულად აღარ განვიცდით.
მითის სამყარო მრავალთათვის ხელოვნური, ცხოვრებისეულ რეალობას მოწყვეტილი სამყაროა, სინამდვილეში კი მითის ცოცხალი განცდის დაკარგვა უკიდურესი გაფილისტერებაა ადამიანისა, ესაა თანამედროვე ინტელექტუალური ცხოვრების კრიზისისა და გაბერწების უმთავრესი მიზეზი. მითოლოგიაში მოცემულია კოსმიური და ადამიანური ყოფის არქეტიპული მოდელები. სწორად გაშიფრული მითი ადამიანური ცხოვრების მრავალ საიდუმლოს ხდის ფარდას.
კიდევ ერთი სისუსტე გვჩვევია ადამიანებს: როდესაც ჩვენს გვერდით უჩვეულო ადამიანი დადის, ჩვენ მუდამ მისი „ჩვეულებრივი" შტრიხების ძებნითა ვართ გართული, ხოლო ყოველივე ის, რაც გვეუცხოება მასში, გვსურს „უცნაურობის," „ორიგინალობის თამაშს" "ან პოზას" მივაწეროთ. თუმც ერთი რამ გვათავისუფლებს ხოლმე ამგვარი ფილისტერული ახლომხედველობისაგან: ეს არის სიკვდილი ამ ადამიანისა. პირუკუ, სიკვდილი ხშირად მეორე უკიდურესობაშიც კი გვაგდებს ხოლმე.

--------
* ამას წინათ „ვფხისტყაოსნის“ მონღოლი მთარგმნელი დაიღუპა ავტოკატასტროფაში. მან ბავშვი გადაარჩინა და თავად დაიღუპა. რაოდენ სიმბოლურია ეს ამბავი, განა არ ადასტურებს ეს ჩვენი დებულების სისწორეს საოცარი სიცხადით.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptySat Feb 16, 2019 7:56 pm

შარლ ბოდლერი

ღარიბის სათამაშო

მსურს მოგაწოდოთ იდეა ერთი უწყინარი გართობისა, ვინაიდან ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ აქ იქცევიან ბოლოს.
თუ მოგეცემათ შემთხვევა გარეთ გასვლისა და დიდ შარაგზაზე ხეტიალისა, აივსეთ ჯიბეები სხვადასხვაგვარი, თითო სუდ ღირებული სათამაშოებით, როგორიცაა, მაგალითად, - ბრტყელი პოლიშინელი, ერთადერთი ძაფი რომ ამოძრავებს, მჭედლები, გრდემლზე რომ სცემენ უროებს, მხედარი და ცხენი, რომლის ძუაც სასტვენია ამავე დროს; ხოლო როდესაც სადმე, დუქანთან და ხეივნებში შემოგვხდებიან ღატაკთა ბავშვები, დაურიგეთ მათ ეს სათამაშოები.
თქვენ დაინახავთ, რარიგ გაუფართოვდებათ მათ თვალები.
თავდაპირველად ისინი ვერ გაბედავენ აღებას; არ დაიჯერებენ ასეთ ბედნიერებას. შემდეგ მათი ხელები სწრაფი მოძრაობით ჩააფრინდებიან საჩუქარს და ისინი მოკურცხლავენ კატებივით, მათთვის დაგდებულ ლუკმას შორს რომ მიათრევენ, ვინაიდან ნასწავლი აქვთ რიდი ადამიანებისა.
გზისპირად, დიდი ბაღის მესერთან, რომლის სიღრმეშიც თეთრი, მშვენიერი სასახლე ელავდა მზის შუქზე, იდგა პირმშვენიერი ბავშვი, ჭრელ, საზაფხულო სამოსში მორთული.
ფუფუნება, უზრუნველობა და სიმდიდრე ამალაზებენ თითქოს ამ ბავშვებს, თითქოს ისინი სხვა ცომისაგან არიანო მოზელილი, ვიდრე საშუალო წოდების ან ღატაკთა შვილები.
მის გვერდით, ბალახზე ეგდო სათამაშო, მისივე პატრონივით ლამაზი, გალაქული, მოოქროვილი, ჭრელსამოსიანი, ბრჭყვიალა ფერებით დამშვენებული. მაგრამ ბავშვი ყურადღებას არ აქცევდა თავის საყვარელ სათამაშოს და სულ სხვა რამეს შესცქეროდა.
მესრის მეორე მხარეს, ჭინჭარში და ძეძვიანში იდგა მეორე ბალღი, ჭუჭყიანი, გამხდარი, გამურული, ერთი იმ პაწია მდაბიორთაგანი, რომელშიც მიუკერძოებელი კაცის მზერა თავისებურ მშვენიერებასაც კი ჰპოვებს, იმ შემთხვევაში თუ ხელოვნების მცნობივით, გონების თვალით გადააცლის დიდებულ სურათს უხეშ ზედნადებს ლაქისას, უნიჭო ხელოსნის მიერ დადებულს და ჩამოაცლის მას სიღატაკის საზიზღარ დაღს.
ამ მესრიდან, სიმბოლურად რომ ჰყოფდა ამ ორ სამყაროს - დიდ შარაგზასა და სასახლეს, პაწია ღატაკი უჩვენებდა პაწია მდიდარს თავის საკუთარ სათამაშოს, რომელსაც მდიდარი ხარბად ათვალიერებდა, როგორც არნახულ, საუცხოო ნივთს. ეს სათამაშო, რომელსაც ჩამოგლეჯილი ბიჭუნა ატრიალებდა ხელში, ხანაც ზევით ისროდა და აქეთ-იქით აქანებდა პატარა გალიით, იყო ცოცხალი ვირთხა, არც მეტი და არც ნაკლები. როგორც ჩანს, მისი მშობლები, ეკონომიის მიზნით, თავად ცხოვრებას დაესესხნენ ამ სათამაშოს.
ორივე ბავშვი შესციცინებდა ერთმანეთს, ძმური ერთობით იცინოდნენ და აჩენდნენ თანასწორად თეთრ კბილებს.

ფრანგულიდან პროზაულად თარგმნა ზვიად გამსახურდიამ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია EmptySat Feb 16, 2019 7:59 pm



ზვიად გამსახურდია

უდაბნოსა და უდაბნოს შორის

ლევ ტოლსტოი - მებრძოლი გიგანტი, დაუდგრომელი მეამბოხე სული! იგი ორი ასწლეულის მიჯნაზე მსოფლმხედველობრივი კატაკლიზმებისა და სოციალური ძვრების ფონზე კაცობრიობის სულიერი მოწამეობის საოცარი პერსონიფიკაციაა. მის ტიტანურ აზროვნებაში ევროპა და რუსეთი ხარისხობრივი თვალსაზრისით ახალ ამალგამად იქცა. კაცობრიობის ინტელექტუალური ძიებები, ყველა აღმასვლა თუ დაცემა ბეჭდად აზის მის შემოქმედებას. ამასთან, როგორც თავისი ცხოვრების ნირით, ისე შემოქმედებით, იგი უპირისპირდება როგორც ევროპას, ისე ტრადიციულ რუსეთს. თუმც, იმავდროულად, ამ სიტყვის სრული გაგებით, იგი გახლდათ როგორც ევროპელი, ისე რუსი.
ტოლსტოი ომს უცხადებს ფილოსოფიის, რელიგიისა და ეთიკის ტრადიციულ გაგებას და ქმნის ახალ, ზეეროვნულ, ზოგადსაკაცობრიო კრიტერიუმებს. იგი ახალი დროის დიდი ერეტიკოსია, ერეტიკოსი სულისა. მისი მძლავრი ინდივიდუალურობა ვერ ჰგუობს ვერანაირ კალაპოტსა და ჩარჩოებს. ტოლსტოის ბრძოლა შექსპირთან, გოეთესთან, ბეთჰოვენთან-ეს გახლავთ ტიტანის ღმერთებთან შერკინება. ამ გენიოსთან ჭეშმარიტი შეცნობისა და შეფასებისათვის ამგვარ ბრძოლას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მონურ თაყვანისცემას ასობით ერთგული კრიტიკოსის, ლიტერატურის მცოდნის, ფილოლოგის, აკადემიკოსისა, რომელნიც მათი ავტორიტეტის წინაშე ოთხად მოკეცილნი მათი მისამართით მარტოოდენ უსასრულო დითირამბებს აფრქვევენ. მართლაც სასაცილო იქნებოდა, სისტემატური შრომების ავტორი რომელიმე შრომისმოყვარე ფილოლოგიური მატლი, აბჯარში გამოწყობილი, შექსპირს ან გოეთეს რომ შებმოდა. ტოლსტოი კი თავის სწორს იწვევს ორთაბრძოლაში, ეს არის თანაბარ ძალთა ტურნირი, სასტიკი, დაუნდობელი შერკინება. ამ ბრძოლასა და უარყოფაში ბევრად უფრო დიდი აღიარებაა, ვიდრე მთელი თაობების მიერ მათი მისამართით გამოთქმულ ტრაფარეტულ ქება-დიდებაში. აქ არნახული სიცხადით ისახება არა მარტო საკუთრივ ტოლსტოის, არამედ ამ ავტორთა ინდივიდუალობა. ტოლსტოის შეურიგებელი მრისხანების ცეცხლი ანათებს მათ და საკუთრივ ტოლსტოის. ეს ჰგავს აგრეთვე იმ მითიური გველეშაპის კბილებიდან ამოზრდილ რაინდთა ბრძოლას, რომელიც არგონავტთა მბრძანებელმა იასონმა იხილა კოლხეთში.
ბეთჰოვენსა და ტოლსტოის ისიც აახლოვებს, რომ ვერცერთი ვერ ფასდება ადამიანური ხელონების კრიტერიუმებით. ბეთჰოვენი ამბობდა: “არ არსებობს ჰარმონიისა და კონტრაპუნქტის არც ერთი კანონი, რომელიც არ შეიძლება დაირღვეს უფრო სრულქმნილის, ამაღლებულის და მშვენიერის ძიებისას”. იგი შეიძლება იქცეს ტოლსტოის მთელი შემოქმედების დევიზად. ბეთჰოვენსა და ტოლსტოისაც ერთი ტრაგედია აქვთ: ამ გიგანტური სულებისათვის მეტად ვიწროა ადამიანური წარმავალი ყოფიერების დილეგი. მეტად ბორკავს მათ ადამიანური ხორციელება. მატერიის მარწუხებში ტანჯვა-ზეადამიანთა საერთო ტრაგედია.
”შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი”-ასე ევედრებოდა ღმერთს ავთანდილი, გამოხატავდა რა ამით საკუთრივ რუსთაველის ტრაგედიას.
ბეთჰოვენი ცდილობს ადამიანური, სმენადი მუსიკიდან კოსმიურ მუსიკაში, უნივერსალურ ჰარმონიაში ნავარდს, რომლის ანარეკლი-მიწიერი სმენადი მუსიკა-ზღუდავს და ბორკავს მას. მისი მუსიკის სმენისას ლენინსაც კი, რომელიც უარჰყოფდა ყოველივე ზემიწიერს, ზეადამიანურს, ასეთი რამ წამოსცდა: “არაადამიანური მუსიკა!”. ბეთჰოვენი ებრძვის საგნობრივ, მატერიალურ ბორკილებს და მისი მეცხრე სიმფონია ამ ბორკილების მსხვრევის მეხისებური გამოძახილია, მისი “აპასიონატა” და 32-ე სონატა მატერიალური ხუნდებით შებორკილ-მიჯაჭვული პრომეთეს ტიტანური ბორგვაა. ტოლსტოის კი ბორკავს ადამიანური მორალისა და ეთიკის, სხვა და სხვა ეთიკურ მიმდინარეობათა პირობითობა. ტიტანის სული ეძებს ახალ, უნივერსალურ ზნეობრიობას. თუმც, ქრისტიანული ზნეობის საფუძველზე. იგი გააფთრებით ებრძვის ტრადიციული მორალისა და რელიგიის დოგმებს, მაგრამ ამაოდ. ამ ზღურბლის გადალახვა მოკვდავს არ ძალუძს ამპარტავნობის, ღვთისმგმობელობის ცოდვის გარეშე, რამეთუ “ვერ სცნობენ, ვაგლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!” (ნ. ბარათაშვილი), ხოლო ღმერთი, წმინდა მამათა სწავლების თანახმად, “ზომიერად გვიწილადებს თავის უსაზღვრობას და იმდენად გამჟღავნდება ჩვენს წინაშე, რამდენის დატევაც გვძალუძს”. მაგრამ ამასთან შეგუება უაღრესად რთულია ისეთ სულთათვის, რომელნიც ლამობენ ზღვარის გადაბიჯებას. აქედან იწყება დოგმების, ადამიანური პირობითობის მსხვრევა, მაგრამ იმავდროულად ჩნდება საფრთხე დემონური ანარქიოზმისა. ამას აუცილებლად მოჰყვება ზეციური შურისგება: ბეთჰოვენი კარგავს მუსიკის სმენადი აღქმის უნარს, ტოლსტოი კი-რელიგიის, ეკლესიის შეცნობის უნარს, რამეთუ უარჰყოფს უკვე არსებულ კონვენციურ, მისთვის დრომორჭმულ რელიგიურობას, ეთიკას და ახლის ძიებაში იღუპება ღვთის მიერ დასჯილი იკაროსის დარად. იგი, როგორც თავად ამბობს საკუთარ თავზე, არწივია ნაჭრილობევი ფრთებით, რომელიც ამაოდ ელოდება ცაში კვლავ ნავარდისათვის იარის შეხორცებას. ბეთჰოვენს ახალი, მანამდე გაუგონარი არნახული მუსიკა სწყურია, როგორც ტოლსტოის-ახალი, არნახული ზნეობა, რელიგია და რელიგიისმცოდნეობა.
ტოლსტოისა და ბეთჰოვენს შორის კონფლიქტს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი-ეს არის კონფლიქტი ზნეობასა და მუსიკას შორის. ტოლსტოი, ზნეობრიობის გენიოსი, აღშფოთებულია მუსიკის ზნეობრივი სიმწირით, რაც მას განსაკუთრებით აშკარად მოხვდა თვალში ბეთჰოვენის “კროიცერის სონატის” სმენისას. აქ თვით ზნეობის სულმა გამოუცხადა ომი მუსიკის დიონისოს სულს. ურთიერთს ორი გენიოსი შეეჯახა: ზნეობრივი და მუსიკალური. თუმცა, როგორც ჩანს, ტოლსტოი შესანიშნავად აფასებდა მუსიკის როლს ადამიანური სულის კათარზისში. ამიტომ იგი აუგად როდი იხსენიებდა, პირიქით: ქება-დიდებას ასხამდა ბახს და მის სავიოლინო არიას. ტოლსტოის მუსიკაში პირველყოვლისა აშინებს დიონისური საწყისი, ვნებათა ანარქიის მძლავრი აფეთქება. რომენ როლანმა მოხერხებულად შენიშნა, რომ ამით იყო განპირობებული ბეთჰოვენის წინააღმდეგ გოეთეს ამბოხიც (გოეთე აპოლონური, ჭვრეტითი ბუნების მხატვარი, შეაცბუნა ბეთჰოვენის მუსიკის დიონისურმა ქარბორბალამ, მისმა მომნუსხველმა, დამმონებელმა ძალამ). ტოლსტოის, როგორც შემოქმედს, ასევე ახასიათებს აპოლონური ბუნება; ამიტომ არის მისთვის ესოდენ უცხო შექსპირისა და ბეთჰოვენის დიონისოსეული ტრაგიზმის ბნელით მოცული სიღრმეები.
ტოლსტოის მხრივ ახალი ევროპული კულტურის უარყოფაში, ისევე, როგორც დოსტოევსკის შემთხვევაში, თავს იჩენს სლავიანოფილური კულტუროფობია. თუმცა, როგორც ინტელექტუალური, ისე ეროვნულ-პოლიტიკური თვალსაზრისით. ტოლსტოი უგულებელყოფდა სლავიანოფილობას. “უნდა ვიხსნათ არა რუსეთი,-ეპაექრება იგი სლავიანოფილებს-არამედ, ჩვენი საკუთარი სულები”. ამას უპირისპირდებოდა სლავიანოფილთა დევიზი: “ვიხსნათ რუსეთიც და საკუთარი სულებიც, ვინაიდან რუსეთი ჩვენი სულია”. ტოლსტოისათვის იმდენად უცხო იყო სლავიანოფილურ მესიანიზმთან მართლმადიდებლობის იდენტიფიცირება, რომ მავანნი მის შემოქმედებას ანტიპატრიოტიზმად აღიქვამდნენ.
თუმცა, ქვეშეცნეულად, ტოლსტოი მაინც რჩება კულტუროფობად, რითაც ენათესავება მაქს ნორდაუს ევროპულ მიმდინარეობას. ამასთან მასში, ისევე როგორც დოსტოევსკის არსებაში, უაღრესად ძლიერია ლტოლვა სალოსობისადმი, უბრალო ხალხის ტრადიციული რუსული რელიგიურობისადმი (“მამა სერგი”), რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტოლსტოის ოჯახიდან წასვლაში. სალოსი გრიშა მისთვის ქრისტიანული სულის იდეალური გამოვლინებაა. აქედანვე მომდინარეობს მისი სიმპათია დუხობორებისადმი. დოსტოევსკის ალიოშა “ძმები კარამაზოვები”-დან , აგრეთვე მისი სხვა გმირები სალოსობის ნიშნის მატარებელნი არიან. სალოსობა - ეს არის გულის გზა მისტიკისაკენ, რომელიც მკვეთრად განირჩევა ინტელექტუალური მისტიციზმისაგან, რომელიც განვითარებულია ისეთ მოაზროვნეთა თხზულებებში, როგორნიც იყვნენ სოლოვიოვი, ბერდიაევი, ილინი და სხვანი.
ტოლსტოი მოგზაურობს ევროპაში, მაგრამ ისევე, როგორც დოსტოევსკი, - მარტოოდენ გეოგრაფიულად. გოეთეს “სპირიტუალური მოგზაურობა იტალიაში” უცხოა მისთვის. საფრანგეთში მას მარტოოდენ სკოლები აინტერესებს. მისი ინტერესების თვალსაწიერში არ შედის ლუვრი ან ახალი იმპრესიონიზმი. ახალ პოეზიაში მას არავინ იზიდავს ჰიუგოს გარდა (სტენდალი და ფლობერი მისთვის ახალი საფრანგეთის განსახიერებაა. თუმც, მის რომანებში საგრძნობია მათი ზეგავლენა). მას არ უყვარს მიქელანჯელო იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც არ სწყალობს ბეთჰოვენს. იგი მისთვის ისეთივე მოწინააღმდეგეა ქვის სტიქიაში, როგორც შექსპირი სიტყვის, ან ბეთჰოვენი მუსიკის სტიქიაში. საყოველთაოდ ცნობილია გენიოსებს შორის ქიშპი და დაპირისპირება.
ტოლსტოის მსოფლმხედველობრივი კატასტროფა განაპირობა იმ ასწლეულის რელიგიური შემეცნების სიმწირემ. ეს გახლდათ ჟამი, როდესაც თეოლოგიაში საბოლოო გამარჯვება ჰპოვა კანტისეულმა რაციონალიზმმა და აგნოსტიციზმმა, რამაც გამოიწვია დომინირება პროტესტანტული თეოლოგიური სკოლისა, რომელმაც ქრისტიანობას მოსტაცა სულიერი დედაარსი და ხელი მიჰყო ქრისტიანულ დოგმათა რაციონალიზებას. პროტესტანტობა უარჰყოფდა ქრისტეს აღდგომას, ვითარცა კოსმიურ ფაქტს. უარჰყოფდა თვით ღმერთის ადამიანად ქმნის იდეას, იდეას ღმერთკაცის არსებობისა; მან დაასრულა ქრისტე ჯვარზე, ვითარცა ჩვეულებრივი მოკვდავი. იგი უგულებელყოფდა სულიერი იერარქიის არსებობას და მის როლს გოლგოთის მისტერიაში; აღდგომასა და ევქარისტიას მარტოოდენ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა. სავსებით ცხადია საღვთისმეტყველო შეხედულებებზე გერმანული პროტესტანტული კონცეფციების ზეგავლენა. ეს აისახა ტოლსტოის რომანში “აღდგომა”, რომელშიც ნეხლუდოვი ბიბლიაში მხოლოდ ზნეობრივ მოძღვრებას ხედავს, გაოცებას გამოთქვამს “ანგელოზთა რაღაც გამოცხადების” გამო, ხოლო ქრისტეს მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივ ადამიანად მიიჩნევს და არა ღმერთკაცად. ქრისტიანობისადმი ასეთმა მიდგომამ ტოლსტოის ეკლესიისაგან მოკვეთა გამოიწვია.
ისტორიოგრაფიაში ტოლსტოი შოპენჰაუერის ფატალიზმის ანტიქრისტიანული იდეის გავლენის ქვეშ მოექცა, რაც სრული სიცხადით მის გრანდიოზულ ეპოპეაში “ომსა და მშვიდობა”-ში გამოვლინდა, სადაც მასონი პიერ ბეზუხოვი წინ აღუდგა პლატონ კარატაევის სახით წარმოდგენილ რუსულ ხალხურ ქრისტიანობას.
ქრისტიანობისადმი კანტისეული და რენანისეული მიდგომა ინტელექტუალური თვალსაზრისით ტოლსტოისათვის ბევრად უფრო ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე მაისტერ ეკჰარტის, ჰეგელის, შელინგის ან ლაფატერის მიდგომა. ინდურ და ჩინურ სიბრძნეში ისევე, როგორც სოკრატესეულ სიბრძნეში, იგი ეთიკურ მოძღვრებებს ეძებს და არა მისტიკურ იდეებს. მეორის მხრივ, როგორც ავღნიშნეთ, მას იზიდავს რუსული ხალხური რელიგიურობა, სალოსობა.
ამასთან, მსოფლმხედველობრივმა რაციონალიზმმა ვერ შეძლო გენიალური შემოქმედის ინტუიციის ბოლომდე მოდუნება. ქვეშეცნეული მისტიციზმი აისახა რომანში “ომი და მშვიდობა”. იგი წამოჩენილია აგრეთვე ვრონსკის საოცარ სიზმარში ანა კარენინას სიკვდილის წინ, რომელიც აღწერილია იმქვეყნიური სამყაროს ღრმადშემცნობი, მაგრამ თეორიულად მისი ჭეშმარიტად ვერ აღმქმელი ადამიანის მიერ.
რაც შეეხება დოსტოევსკის, მას უსიტყვოდ სწამდა მართლმადიდებლობისა, მას, როგორც უფრო ღრმა მისტიკოსსა და მოაზროვნეს, რომელმაც ტანჯვის დიდი გზა განვლო, მისი “ძმები კარამაზოვები” არის მხატვრული განსახიერება “სიკეთისმოყვარეობისა”, წმინდა მამათა მოძღვრებისა, რომელშიც მწერალმა განაჩენი გამოუტანა ივანე კარამაზოვის სახით წარმოდგენილ რაციონალიზმს, ვითარცა სატანისტურ მოძღვრებას და სმერდიაკოვის სახით წარმოდგენილ მის პირმშოს - სოციალიზმს. ალიოშას და ივანეს ურთიერთდაპირისპირება - ეს არის მართლმადიდებლობისა და ევროპული კანტიანური რაციონალიზმის თეზა და ანტითეზა, რომელშიც მწერალი აშკარად იხრება პირველისაკენ, კიცხავს რა მეორეს. ეს ორი საწყისი ტოლსტოის არსებაშიც ებრძოდა ურთიერთს. თუმც, საბოლოო გამარჯვების მოპოვება ვერცერთმა მათგანმა ვერ შესძლო. მაგრამ საბოლოოდ, მწერლის დიდი ინტუიციის, მისი ბუნებრივი ქრისტიანობის, აგრეთვე მონასტერში მყოფი მისი დის - მაშას წერილებისა და ლოცვების წყალობით მოხდა მოულოდნელი რამ: ეკლესიის უარმყოფელმა ტოლსტოიმ ოპტინას უდაბნოს მიაშურა. თუმც, შუაგზაში აღესრულა.
რომენ როლანი ცდება, როდესაც მიუთითებს, რომ ტოლსტოის მსოფლმხედველობის მისი გადაულახავი ცხოვრებისეული გარემოცვისადმი შეუთავსებლობა მისი სისუსტით იყო განპირობებული და, რომ შუასაუკუნეთა ნებისმიერი ბერი, რომელიც ტოვებდა ოჯახს, მიწიერ ამაოებას და მონასტერს შეაფარებდა თავს, ტოლსტოიზე უფრო ძლიერი იყო. გაოცებას იწვევს ამგვარი აზრი იმ ადამიანისაგან, რომელიც ზედმიწვდენით იცნობდა როგორც ტოლსტოის პიროვნებას, ისე იმ ეპოქასა და გარემოცვას, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება. რომენ როლანმა ვერ გაითვალისწინა მთავარი: თუ ის ეპოქა და საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობდა ტოლსტოი, რაოდენ განსხვავდებოდა შუასაუკუნეთა ყოფისა და ფსიქოლოგიისაგან. ის, რაც იოლი იყო შუასაუკუნეების ადამიანისათვის, მეტად რთული გახლდათ XX ასწლეულის ცივილიზებული პიროვნებისათვის. შუასაუკუნეეში გაბატონებული მორალი, მსოფლმხედველობა და აზრი თავად უბიძგებდნენ ადამიანს მსოფლიოსაგან განმარტოებისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ტოლსტოის ეპოქის რუსეთში არსებობას განაგრძობდნენ მონასტრები და სამონასტრო ცხოვრება, განმარტოების გზაზე დადგომა ბევრ სირთულესთან და წინააღმდეგობასთან იყო დაკავშირებული. მეტადრე გრაფისათვის, ინტელიგენციისა და არისტოკრატიის უმაღლესი წრის წარმომადგენლისათვის. იმხანად, ეს ნიშნავდა საზოგადოებრივი მდინარების წინააღმდეგ წასვლას. შემთხვევით როდი მიუთითებს ტოლსტოი თავის დღიურში: “ბერად რომ შევდგე, იტყვიან ჭკუიდან გადადგა ბერიკაციო”. შუასაუკუნეთა ცხოვრებაში კი ეს ცხოვრებისეული ნორმა, ცხოვრების მდინარებისადმი მიყოლა გახლდათ. არჩევანის გაკეთებას ადამიანს თავად გაბატონებული ეკლესია და საზოგადოება უწყობდნენ ხელს. თქმა იმისა, რომ მცურავი, რომელიც დინების მიმართულებით ცურავს, უფრო ძლიერია, ვიდრე დინების საწინააღმდეგოდ ცურვის მოსურნე, უდიდესი შეცდომაა. პირიქით, ტოლსტოის საოცარ ძალისხმევად დაუჯდა ამ მდინარებაში ერთ ადგილზე თავის შეკავება. დინების საწინააღმდეგოდ ცურვისათვის მისი ზეადამიანური ძალაც კი უძლური აღმოჩნდა. აი, რაშია ტოლსტოის ტრაგედიის არსი.
ცხოვრების პირობების და ე.წ. “უმაღლესი წრის” საზოგადოებრივი აზრის გარდა უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მომენტი. შუასაუკუნეებში არ იყო გაბატონებული მატერიალისტური მსოფლმხედველობა, სკეპტიციზმი, ნიჰილიზმი, რაციონალიზმი, რომელთაც შეეძლოთ წინ აღსდგომოდნენ ადამიანს მონასტრისაკენ მიმავალ გზაზე. ხოლო მეოცე საუკუნეში ისეთი მოაზროვნეებისათვისაც კი, როგორიც ტოლსტოი გახლდათ, უაღრესად რთული აღმოჩნდა საკუთარ არსებაში სკეპტიციზმის მატლის წინააღმდეგ ბრძოლა. ასეთ დროს ინტელიგენციის უმაღლესი წრის წარმომადგენელნი იშვიათად მიმართავდნენ სულიერ გზას. ხალხის წიაღიდან გამოსული, ეპოქის ინტელექტუალური შხამისაგან შორს მდგომი ადამიანები ყოვლად უმტკივნეულოდ მიაშურებენ ხოლმე ოპტინას უდაბნოს, რომელზეც ოცნებობდა ტოლსტოი. ტოლსტოის დისთვის, მაშასთვის ძნელი არ იყო მონაზვნად აღკვეცა, ვინაიდან შორს იდგა შემეცნებითი ცხოვრებისაგან. ნუთუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშა უფრო ძლიერი პიროვნება იყო, ვიდრე ლევ ნიკოლოზის ძე? ტოლსტოის დღიურები, მისი სტატია “რაშია ჩემი რწმენა?” წარმოადგენს მატიანეს ამ ტრაგიკული და ტიტანური ბრძოლისა.
ტოლსტოის მიმდევარმა რუსეთის ბევრმა უბრალო ადამიანმა გაცილებით იოლად მოახერხა ცხოვრებაში იმ იდეალის ხორცშესხმა, რომელსაც ქადაგებდა, მაგრამ რომლის აღსრულებაც ვერ შესძლო ტოლსტოიმ. ნუთუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე თვით ტოლსტოი? უნდა გვახსოვდეს, რომ მათ განგება არ ბორკავდა ისეთი ხუნდებით, როგორიცაა გრაფობა, მამულები, მსოფლიო სახელი, მრავალრიცხოვან მკითხველთა და თაყვანისმცემელთა წინაშე მოვალეობა, ლიტერატურული გეგმები და ა. შ. და ბოლოს, თავის როლს ასრულებდა მბრძანებლობის მოყვარე “ქსანტიპა”, ტოლსტოის მეუღლე სოფიო ანდრიას ასული, საოცრად ძლიერი ხასიათის პიროვნება, რომელიც ტოლსტოის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იქცა მისი დილეგის ასთვალა დარაჯად, მის უსაშინელეს იდეურ მოწინააღმდეგედ. ყოველივე ამის წინააღმდეგ ბრძოლა უხდებოდა მოხუც, ფიზიკურად დავრდომილ ადამიანს და, რაოდენ დიდი იყო მისი სულიერი ძალა, რომ მან მოახერხა სასწორის თავისკენ გადაზიდვა და მიატოვა ოჯახი. ამით მან საბოლოოდ გადალახა პოლარობა ორ უდაბნოს შორის-“უმაღლესი” საზოგადოების უდაბნოსა და ოპტინას უდაბნოს შორის. თუმც, გზის შუაგულში დაეცა. დიდი ადამიანები იმითაც გამოირჩევიან, რომ მათში ეპოქის ტრაგედია ცხოვრებისუელ, პირად ტრაგედიად გარდაისახება ხოლმე. ხშირად, მათშივე ისახება მთელი სიდიადე და ბიწიერება დროისა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.
ასე რომ, ტოლსტოიმ ოპტინას უდაბნოში გაქცევით, საბოლოოდ გაიმარჯვა თავის ბრძოლაში. მან სძლია ასთავიან ჰიდრას - საზოგადოებას, ოჯახს, სკეპტიციზმს, მეშჩანურ “კეთილგონიერებას” და ტიტანური ნებისყოფის წყალობით სულიერი სიყვარული პირად ცხოვრებისეულ კეთილდღეობაზე მაღლა დააყენა. ამით, მან უფრო ძლიერ შეიყვარა თავისი მოკეთენი და ის საზოგადოება, რომელსაც ადრე ესოდენ ვერ იტანდა, ვინაიდან მათ დაუმტკიცა სიმცდარე და დამღუპველობა მათ მიერ არჩეული გზისა.
ტოლსტოიმ მოწამეობრივად დაასრულა თავისი სიცოცხლე. მან იდეას შესწირა თავი და ამით გმირობა ჩაიდინა, სადარი ბუდას გმირობისა: ბუდა და ფრანცისკ ასიზელი - აი, მისი უსაყვარლესი იდეალები. საკუთარი სულის წიაღში მათ აუგო ფარული ტაძრები. იგი იყო მათი მიმდევარი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის რუსეთის აბსოლუტისტურ წყვდიადში, ინტელექტუალურ ცხოვრებაში პოზიტივიზმის, რაციონალიზმისა და სკეპტიციზმის სრული ტრიუმფის ეპოქაში, ზნეობისა და რელიგიის დაცემის ხანაში, იგი იყო მათი მიმდევარი სიტყვით, აზრით, შემოქმედებით, ქველმოქმედებით და სიცოცხლის დაისის ჟამს გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯით გულგრილ საზოგადოებას დაუმტკიცა თავისი ქადაგების გულწრფელობა და სისწორე, რითაც გაამართლა თავისი არსებობა.

1977-1978 წლები
მოსკოვი, სუკ-ის ლეფორტოვის ციხე

study


Last edited by Admin on Sat Feb 16, 2019 8:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ზვიად გამსახურდია Empty
PostSubject: Re: ზვიად გამსახურდია   ზვიად გამსახურდია Empty

Back to top Go down
 
ზვიად გამსახურდია
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: