არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 გიორგი ლობჟანიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

გიორგი ლობჟანიძე Empty
PostSubject: გიორგი ლობჟანიძე   გიორგი ლობჟანიძე EmptyFri Sep 11, 2009 3:17 pm

გიორგი ლობჟანიძე Giorgi12

George Lobzhanidze

გიორგი ლობჟანიძე

1974 წლის 20 თებერვალს ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში დაიბადა. 1991 წელს დაამთავრა ხაშურის I საშუალო სკოლა და უგამოცდოდ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილებაზე, არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

1996 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სემიტოლოგიის კათედრის მასწავლებლად, 1997 წელს კი გაემგზავრა ირანში, სადაც დაასრულა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით.

1999 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის" აღმოსავლური განყოფილების გამგე და "ისლამური კულტურის ცენტრის" ხელმძღვანელი.

2005 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია "იესო და მარიამი ყურანში", რისთვისაც მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

გამოქვეყნებული აქვს ლექსების სამი კრებული: "ობლის კვერი", "დუღილის ტემპერატურა", "ბაბუაწვერების თაიგული".

თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში, რომელთაგან ცალკე წიგნად გამოქვეყნებულია: ჯალალ ედ-დინ რუმი "ყაზალები", იბნ ალ-მუკაფფა "წიგნი ქალილასა და დიმნასი", სოჰრაბ სეფეჰრი "წყლის ფეხის ჩქამი", ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, "იესო - ძე კაცისა", ფორუყ ფაროხზადი, "მეორედ დაბადება", "სპარსული ზღაპრები", ყურანი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


ბმულები:
* http://gf.ghn.ge/author.php?name=ლობჟანიძე გიორგი
* https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ლობჟანიძე
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006810/


Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

გიორგი ლობჟანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ლობჟანიძე   გიორგი ლობჟანიძე EmptyThu Jul 19, 2012 2:29 pm

გიორგი ლობჟანიძე

* * *
შენ უკვე სხვა ხარ, შენ ხარ კედელი,
შედუღებული ბილწი ოცნებით,
მე კი მაგ მკერდზე ტანალეწილი
ვაზის ლერწივით შეგაცოცდები,
შენ უკვე სხვა ხარ, ის აღარა ხარ,
გაზაფხულის მზის სხივივით ანცი,
ვით ფოთოლცვენა, მიეფინები
განვლილ გზებსა და გასავლელ მანძილს,
მე კი მიყვარხარ, არსად წავსულვარ,
მუდამ შენს გვერდით ვდგავარ აქავე
და დასანგრევად გადახრილ შენს სულს
ჩემი დაღლილი სუნთქვით ვაკავებ.
რა უნდა გვითხრას ამ შემოდგომამ,
ვინ დაუჯერებს წვიმებით შეშლილს,
ის ხომ იმაზე მეტს ამბობს მუდამ,
ვიდრე საერთოდ ვხედავთ და გვესმის.
როგორც შუქი, ან შუადღის ხვატი,
როგორც უეცრად გამსკდარი ჭურვი,
თუნდ სიყვარული, რომელიც მუდამ
გამოამჟღავნებს საკუთარ სურვილს
და არასოდეს შეგვეკითხება,
რომ ჩვენ, ხარების დამფრთხალი ჯოგი,
რა გამწარებით ვიხდით ტანსაცმელს
ან ასე სწრაფად რატომ ვშლით ლოგინს.
ვიღაც კითხულობს: – ქარი თუ ჩადგა?
შიშით კითხულობს ცხოვრების მცოდნე,
რადგანაც ქარი მუდამ გულისხმობს
დამწყდარ სიმებს და დაცვენილ ფოთლებს.
მაგრამ მე აქ ვარ, ვაზის ლერწივით
და მეც იმდენჯერ გადავტყდი დღემდე,
ვიცი მთავარი მერე იწყება,
გაცოფებული ქარიშხლის შემდეგ.
ამ ფოთლებისთვის და ამ სიმისთვის,
ამ ლერწმისათვის, რადგან მის ღეროს
მუდამ სჭირდება ერთი გრიგალი,
რომ ჩახლჩილი ხმებით იჟღეროს.
ლელიანში კი, თუმცაღა უქმად
ჩალპება ჩალის მრავალი ღერი,
სიმღერით მხოლოდ ქარიშხლისაგან
გადამტვრეული ლერწამი მღერის.
შენც ნუ გგონია, რომ დამამარცხე
და სისხლიანი ფეხებით შემდეგ,
რადგან მთავარი მერე იწყება,
გაცოფებული ქარიშხლის შემდეგ.



ბრბოს კაცი

სასაცილოა ეს სიყვარული —
სანთლის კიდეზე აკრული ღვენთი...
დღეს მეც მომინდა გულწრფელად გითხრა,
რაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის.
მე ბრბოს კაცი ვარ
და ბრბოს ფუსფუსი
რა ცხადად მოჩანს, ალბათ, მანდედან,
თუმც, კიდევ კარგი,
რომ წმინდანივით
შუქი არ მადგას შარავანდედად.
და შემიძლია — მიყვარდე ჩუმად,
ჩემო ზღუდევ და ჩემო ჯებირო,
მთელი ცხოვრება ისე გიკითხო,
რომ არასოდეს დაგიზეპირო
და არ მომბეზრდე
ან შენგან წყენა
გულში არ დამრჩეს პატარა ხინჯად...
ასე უბრალოდ და გამეტებით
ყორე თუ უყვარს სუსხიან ჭინჭარს;
მე ჭინჭარი ვარ...
ვაზივით მკერდზე
ვერ დაგესხმები
მაღალ მტევნებად...
ვნების კვირაა
და უფალს, ალბათ, არა სცალია —
ჩვენთვის —

ევნება...
შენ ტირი...
მე კი ვერ ამიჩვილებ
ასე უბრალოდ გულს:
ბრბოს კაცი ვარ...
ისიც არ ვიცი:
ტირი თუ შენი
მწვანე თვალების ფერფლი მაცვივა.

study


სამოყვარულო დოკუმენტური ფილმი "მწერალი"
Published on Dec 14, 2017

Arrow


Last edited by Admin on Sat Feb 09, 2019 9:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

გიორგი ლობჟანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ლობჟანიძე   გიორგი ლობჟანიძე EmptyThu Jul 19, 2012 2:33 pm

გიორგი ლობჟანიძე


არაბულის მასწავლებელი

ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი
და გასწავლი,
როგორ აუღლო
სიყვარული სამივე დროში
უმარტივესად,
რადგან არაბულს
დროის გრამატიკული კატეგორია არა აქვს
და, შესაბამისად,
არაფერი
წარსულად, აწმყოდ და მომავლად
არ ნაწილდება.
აქ ზიმზიმებენ უწარსულო აწმყოები
და უმომავლო წარსულები,
ადამიანი კი თავდაყირა ჰკიდია
მათ მობურბურე,
მცხუნვარე საკირეში.

მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი
და ყველაფერს ვიწყებთ არა სიტყვით,
არამედ საქმით _
«ფაყალა» ძირით,
რაც ქართულად კეთებას ნიშნავს.
ვაუღლოთ კეთება სამივე დროში:
უწარსულო აწმყოში
უაწმყოო წარსულსა და
უწარსულ-უაწმყოო
მომავალში:
საინტერესოდ იტრიალებს
«ფაყალა» ძირი
მე და შენ შორის.

ვიკითხოთ
ისლამამდელი არაბული პოეზია,
უმეცრების ხანის,
ხალხის სიბნელის დროინდელი,
სიბნელიდან
ჟღალი აქლემივით
ამონათებული,
უდაბნოში ზანტად მიმომრწევი,
სანამ სავსე მთვარე დაგვნათის და
მაინც უკუნია,
რადგან ცაზე ჯერ არ აკაშკაშებულა
ნახევარმთვარის
ავადმოელვარე,
ეული მახვილი.
ვიკითხოთ ყურანი,
რამაც უმეცრების ხანა გაანათა
ღვთისგან ნაბოძები
ნატიფი სურებით.

სურა ოთხმოცდამეერთე,
«დაგრაგვნა»:

«როს მზე დაიგრაგნება,
როს ვარსკვლავნი მიინავლებიან,
როს მთანი ამოძრავდებიან,
როს ცხრა თვის მაკე აქლემები
უმეთვალყურეოდ დარჩებიან,
როს ნადირნი შეკრებილ იქნებიან,
როს ზღვანი გადაივსებიან,
როს სულნი შერწყმულ იქნებიან,
როს ცოცხლად დამარხულს ჰკითხავენ _
რა ცოდვისთვის მოიკლა?
როს გრაგნილი გაიშლება,
როს ზეცა აიშლება,
როს ჯოჯოხეთი გახურდება,
როს სამოთხე მოახლოვდება,
გაიგებს სული, თუ რა მოიტანა!»

და ეტყვის სული:
უფალო,
მე ვიყავი
ცოცხლად დამარხული
შენგან ნაბოძებ სხეულში,
ამ სხეულის უაზრო და უმიზნო ხუშტურებს
აყოლილი,
ადამიანური მოვალეობებიდან
ვერ გამომღწევი.
მე ვერ გავიგე
და იქნებ, შენ ამიხსნა,
რა ცოდვა მომეკითხა,
რისთვის დავიმარხე,
რა შეცოდებისათვის მოვიკალი,
თუკი ყველაფერი მაშინ განმესაჯა,
სანამ
მსწრაფლწარმავალში მოვიდოდი,
სანამ უბადრუკ წვეთად დამათხევდი
და სანამ უბადრუკ წვეთს დამათხევინებდი!

ყველა უბადრუკი წვეთი შენ დამათხევინე,
რადგან შენ შექმენი
კარაქზე უფრო რბილი საშოები,
ქვიშის ბორცვებივით
მკვრივი დუნდულები,
ენერგიული,
მსხვილი ბაგეები,
ხოლო სხეულზე, ისე როგორც ცაზე,
შენ ჩამომკიდე
ვნებისაგან სავსემთვარესავით წელში გადრეკილი,
ვერცხლისფრად ავად მოლაპლაპე იატაგანი _
ყველგან შეღწევის და
ყველაფრის გაპობის ჟინით ანთებული,
როგორც სული,
თუ უფრო:
სამშვინველი.
შენ შექმენი ჩემი ასო
და ასო წიგნისა,
რომლითაც იწერება
ყველა ენის ყოველი ნაწერი,
მათ შორის, არაბული...
და იწერებოდა არაბულად
ათას ერთი რამე:
«ათას ერთი ღამე»
«მაკამები»,
«ღაზალები», თუ
ეპისტოლე-ტრაქტატები,
რომელთაგან აღსანიშნავია:
მუჰი ად-დინ იბნ ალ-არაბის
«სიყვარულის თარჯიმანი»,
ალ-ჰალლაჯის
«შეითნის ეპისტოლე»,
აბუ ლ-ალა ალ-მაარის
«შენდობის ეპისტოლე»
და უავტორო
«ასოს დაგრძელების ათას ერთი ხერხი, არაბული».

და, უფალო,
მე ვიყავი მიმომფანტველი,
იმათგან,
შენი ერთი სურის სათაურად რომ გამოიტანე:

სურა ორმოცდამეთერთმეტე,
მიმომფანტველნი:

«დე, დაიხოცონ მატყუარები,
რომლებიც არიან უდარდელობის მორევში;
კითხულობენ: როდისაა დღე სამსჯავროსი?!
იმ დღეს, როცა ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან: _
დააჭაშნიკეთ თქვენი გამოცდა;
ეს სწორედ ისაა, რასაც ასწრაფებდით!
ჭეშმარიტად ღვთისმოშიშნი _
ბაღებსა და წყაროსთვალებში;
მიმღებელნი იმისა, რასაც უბოძებთ უფალი მათი. ჭეშმარიტად, ამაზე უწინ იყვნენ
ისინი კეთილისმქნელნი;
მხოლოდ ღამის რაღაც ნაწილში თუ
მცირედ წასთვლემდათ
და გამთენიას პატიებას ივედრებოდნენ;
მათ ქონებაში არის წილი მათხოვართა
და უპოვართათვის
და ქვეყანაზე სასწაულებია დაჯერებულთათვის
და თქვენს სულებში;
განა ვერ განჭვრეტთ?!»

განვჭვრიტე, უფალო,
განვჭვრიტე და გეკითხები:

და ჩემს სხეულში,
სხეული რაღად დაივიწყე?!
აქაც იმდენი სასწაულია:
მარჯნის ბაგენი,
კბილები _ წყობილმარგალიტი,
ვარსკვლავები ცაზე, სულსა და თვალებში.
მთვარეიატაგანი ცაზე
და მთვარეიატაგანი _
ლაჯებში.
გული _ შენთა სიღრმეთა მწვდომი
და ასო _ შენი შექმნილების სიღრმეთა მწვდომი.
რით არ არის ჩემი სხეულის ყოველი მყესი
შენი სასწაული;
ისე, როგორც
ვარსკვლავები, მთვარე თუ
ბალახი.

მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი.
გასწავლი და ასე გიყენებ,
რადგან მე აღარა ვარ ჰომო საპიენსი,
არც ჰომო ფაბერი,
არამედ ის, რადაც იქცა ჩემი მოდგმის ყოველი წევრი,
რადაც ყოველი საბოლოოდ ჩამოყალიბდა:
ადამიანი _ მომხმარებელი,
გამომყენებელი.

მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი:

«ას-სალამუ ალაიქუმ» _
მშვიდობა შენდა!
ალაიქუმუ ს-სალამუ _
შენდა მშვიდობა!
ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი.

მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელი
იმ დღეს, იმ (არა) ჩვეულებრივ 11 სექტემბერს,
ნიუ-იორკის ცათამბჯენის
მაღალ სართულის
ერთ აივანზე
ვიდექი და სამახსოვრო სურათს ვიღებდი.
დავყურებ ფოტოს:
ვიღიმები,
ვერაფერს ვხედავ,
წინ ვიხედები
და ხიფათსაც არ მიგრძნობს გული.
ხოლო ფოტოზე, რათქმაუნდა, გარკვევით მოჩანს,
რომ უკან დიდი თვითმფრინავი მიახლოვდება!

«ჰირუ უმმიქა!»
(აღარ ვთარგმნი)
«ჰირუ უმმიქა!» _
ერთმანეთს ასე ესიტყვება
მაშრიყ-მაღრიბი.

ხოლო ყურანი ამბობს:
«ალაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიც და დასავლეთიც და საითაც არ მიბრუნდები, მისი სახეა, რადგან ალაჰი ყოვლის მომცველი, ბრძენთა ბრძენია.»

მე ეს ვიცოდი,
მე იმ დღეს, ღმერთო, სურათს ვიღებდი,
დამშვიდებული
და უკან არც ძრწოლით შევბრუნდი!

ისიც ვიცოდი,
რომ არაბულად სახეს ნიშნავს სიტყვა «სურათი»,
ხოლო ქართულად, რასაც ნიშნავს,
მოგეხსენება:
ფოტოს ან სურათს
ანუ იმას, რაც ჩემგან დარჩა,
მას შემდეგ, რაც შენ ცოცხალ სახეზე
თვითმფრინავით გადამიარე,
და, როგორც ზეცა,
გადამგლიჯე თუ გადამკაწრე,
ის ზეცა, რომლის გულისგულში
შენ გიდგას ტახტი.

«ჰირუ უმმიქა» _
დედისტრაკი,
ანდა:
«ფაქ იუ»
ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი,

და ამერიკელს ვინღა ჩივს,
თვითონ არაბსაც
უკვე არ ახსოვს, რა თქმა უნდა,
ის არაბული,
რაც უფალმა ენათა შორის გამოარჩია
და ის, რისთვისაც გამოარჩია ენათა შორის:
სიზუსტისათვის
და სიზუსტის სილამაზისთვის;
როცა ენას შეუძლია იმდენად ზუსტი
იყოს, რომ გულში ჩაკონებას დაემსგავსოს,
მოხვევნას და არა _ გასრესვას,
რაკიღა ხშირად ხვევნა გინდა, სრესვა გამოდის.

მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელი:
მე შენ გასწავლე:
მუცლით როკვა,
აქლემზე ჯდომა,
ინახით ჯდომა,
და ასე მჯდომს მშვიდი ბაასი,
რომ ღმერთმა შექმნა ეს ქვეყანა,
ამ ქვეყანაში
შექმნა წიგნი
და თვითმფრინავი,
მსხვერპლი _ ჯალათი...
უფალმა შექმნა მოწაფე და,
რაც მთავარია,
შექმნა ასეთი არაბულის მასწავლებელი...

ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი...



study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

გიორგი ლობჟანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ლობჟანიძე   გიორგი ლობჟანიძე EmptyThu Jul 19, 2012 2:36 pm

გიორგი ლობჟანიძე


წმინდანოფობია

ღმერთო, როგორ მეშინია ცრუწმინდანების,
უფრო სწორად: მეშინია წმინდანებისა,
რადგან აქ, სადაც ხელთ არა მაქვს
უბიწობის ინდიკატორი,
როგორ ვარკვიო,
ვინ ცრუა და ვინ ნამდვილია,
ვინ რას იჩემებს,
და ვის თავზე მოჩუხჩუხებს
ღვთიური მადლი...
ხილაბანდები წაუკრავთ თავზე,
ჰგონიათ, რომ ბანაობენ შარავანდედში...

როგორ ვიცნო შენი წმინდა ხელი, უფალო?
მე ხომ იქ გხედავ,
სადაც სხვები ვერაფრით ვერ წარმოგიდგენენ:
მეძავი ქალის
გადაქანცულ, სნეულ საშოში,
ნარკომანის დასუსტებულ, მიმკრთალ ვენებში,
იმ ტრასვესტიტის მოჭრილ ასოში,
რომელსაც სურდა ღვთისმშობელი ყოფილიყო,
და ისე სურდა,
რომ საკუთარ თავსაც კი გასცდა,
მაგრამ მეტი,
როგორც ხედავ,
არაფერი გამოუვიდა...

რად ჩამინერგე დახურული სივრცის შიში,
თუკი ლიფტში უნდა მეცხოვრა? -
ამ სიმყრალეში,
სადაც
იმასაც კი ვერ ვარკვევ,
საით მივდივარ:
ზემოთ -
შენკენ,
თუ ქვემოთ,
იქ,
ეშმაკებისკენ...
მივექანები
და თავს კედლებს ვუხათქუნებ
და არაფერი არ ინგრევა,
არაფერი, არაფერი,
არაფერი, არაფერი,
აღარაფერი...

რად დახურე ეს სამყარო სიწმინდეებით?
სადაც ყველაფერს მუდამ ერთი მნიშვნელობა აქვს,
ხოლო ენად სინონიმთა ენა მომეცი,
რომელიც მუდამ გაიღება ნიუანსისკენ
სათქმელისა და არსის უკეთ გამოსახატად.
განა ფანჯარა
სრულად იტევს მზეს და სინათლეს,
განა სიტყვა უკვე მტკიცე ჩარჩო არ არის,
რომელიც საზღვრავს, აფასებს და განიკითხავს
სოფელს, შენ რომ უსაზღვროდ შექმენ...

რა არის ცოდვა?
სიყვარული?
მაგრამ შენ ხომ სიყვარული ხარ,
ისე საშიში,
როგორც ძრწოლა დახურული სივრცის წინაშე,
ანდა
როგორც სიმაღლის შიში,
მწვერვალზე მდგომს
ზურგიდან რომ ხელსა გკრავს და
უფსკრულისკენ მიგაფრიალებს...

რა არის ცოდვა?
როგორ მტანჯავს ერთი სიზმარი:
ჩვენს უბანში
მოყუჩებულ ადგილებში
დაყრილ შპიცებზე
ფეხშიშველი დააბიჯებს
ჩემი რვა წლის სულელი ბიჭი...


გული - თურინჯი

გახსოვს აღმოსავლურ ზღაპართა წყევლა? -
"ღმერთსა ვთხოვ,
გულში სამი თურინჯის
ტრფობა ჩაგივარდეს.
ის თურინჯები
ცხრა მთას იქით,
დაბეჭდილ ბაღში ხარობს;
სიცოცხლეს უნდა გასცდე და
იქამდე მიაღწევ!"

მე კი
აქვე,
რატომღაც,
ერთი ხე შემიყვარდა.
მწუხარედ,
მარტოდმარტო შრიალებდა და
მშვენიერ ლექსებად ჩამესმოდა
იმისი შრიალი...

მიყვარხარ-მეთქი, -
როგორც კი გავუმხილე,
კენწეროზე მაშინვე
თურინჯი გამოიბა
და თვითონვე უკვირდა,
რომელი ჯადოსნური ქვეყნიდან
მონაბერმა ქარმა მოუტანა
იმ თურინჯის
უჩვეულოდ ბრდღვიალა ნაყოფი.

ხეო მშვენიერო,
ლექსებად მოშრიალევ,
ის თურინჯი ჩემი გული იყო,
გასკდა და იქიდან
ქალი გადმოვიდა,
აღმოსავლურად მრუში და კადნიერი,
შიშველი
ევასავით.

ედემის გარსში
სიშიშვლეს არ იმჩნევდა,
უბიწო იყო და
საკუთარ უბიწობასვე ეძლეოდა
წელში გადრეკილი...

ხელში აპარატი ეპყრა,
სურათებს იღებდა...
მე კი ხედვის რეალისტურ პრინციპებს ვერ ვიტანდი
და, მაინც და მაინც,
მინიატურათა პირობითობების ტრფიალი ვიყავი...

მინიატურების გულში
ერთი ხე შრიალებდა
და ხეს მხოლოდ იქ,
მოშლილ-მორღვეულ განზომილებებში შეეძლო
თურინჯის სიყვარული...

დედა-აღმოსავლეთი ასე ჩამეხურა:
როგორც კი მივესალმე,
დევის დედასავით
პირში სინამდვილის მწარე ძუძუ მომცა,
გული თურინჯივით გამიხეთქა
და იმ თურინჯის სისხლში ამომივლო
სიცოცხლის ზღაპარი...


ვირი

თუმც კახელი არ გახლავართ,
მაგრამ სიმარტოვის კართან -
რა მაქვს თქვენთან დასამალი! -
ერთი ვირი შემიყვარდა.
ყურპანტურა საოცარი
სიჯიუტით მატერორებს,
თითქოს ვირი კი არა და
ხიმენესის პლატეროა.
ეჰ, რამდენი ქალი დადის:
კეკე, თამრო,
თუნდაც მართა...
მე კი ეს რა დამემართა,
რაღა ვირი შემიყვარდა?!
ზოგს მღვდლის ცოლი, ზოგსაც კიდევ
მღვდელი უყვარს ალთა-ბალთა,
მე კი ეს რა დამემართა,
ერთი ვირი შემიყვარდა.
თქვენ რა გიჭირთ, ქართველებო,
ღვთისმშობლის რომ გფარავთ კალთა,
სულ სხვა არის...
მე კი ცოდვილს,
ხომ იცით,
რაც დამემართა!
იდგა ჩყპყ წელი,
ვარდობისა ანუ ვარდთა
ყვავილობის მიწურვილი,
როცა ვირი შემიყვარდა.
რა უნდა ქნას იმ საბრალომ,
როგორ იყოს, რაც არაა,
ვირად ვირი კარგი არის -
მშვენიერი ნაცარაა.
აღმა-დაღმა დაბაკუნობს,
ცხრაგან უდევს გზა და ბინა,
მე რომ ბანი ბან დავეძებ,
იმას ბაღჩის ბოლოს სძინავს.
სულ ტრამალ და ტრამალ დავდევ,
(მაგას ჩემმა მტერმა სდია!)
მცხეთას საკეტურებს ვუმტვრევ,
ტაძრებს ვლეწავ კელაპტრიანს.
ვეუბნები, უმიჯნუროდ
მზეც არ სუფევს კამარაზე,
შენ კი გულის ყველა კარი
ასე როგორ გამორაზე?!
მართლაც ბრმაა სიყვარული,
ვერვინ იტყვის უფრო მართალს,
ამ დროულ კაცს რაღა ვირი...
ეს რა სნება დამემართა!
თან სულ უფრო მეტად მიყვარს,
რაც კი გადის დრო და ხანი
და ნეტავ დრო მაინც მქონდეს
შმაგი თავის მოსაფხანი.
არც მცალია, არცა ყრმა ვარ,
არც ლამაზი, არცა უხვი,
არც ბრძენი ვარ და მაკლია
ზნეობრივი ფახი-ფუხიც.
"სიყვარული აღგვამაღლებს" -
ეჟვანივითYვჟღერ და ვტირი,
რომ რაც უნდა შეიყვარო,
მაინც ვირად რჩება ვირი!


მესამე ზედმეტს

ორნი მუდმივად კარგად არიან
შეფარებულნი ერთურთის კედლებს,
და არ ფიქრობენ, რა ეშველება
მარტო დარჩენილ მესამე ზედმეტს.

ყოველი მხრიდან უმყუდროვებენ
გულს ამოყოლილ სიმღერის მოტივს,
ხოლო მესამე მარტო შრიალებს,
ვით ფანჯარაში შემძვრალი ტოტი -

ვერშემჩნეული, თუ ორის მიერ
საგულდაგულოდ არდანახული...
ის კი ყვავილობს და ორს უყურებს
იმ ყვავილების თვალის ფახურით.

ვერ მიხვდებიან, ყვავილობამდე
ტოტი რა მკაცრმა ქარებმა ხედნეს,
თუმცაღა შენ ხომ ყველაფერს ხედავ,
ღმერთო, უშველე მესამე ზედმეტს -

სხვის სიყვარულის მბრწყინავ ნათელში
თვალშეუვლებს და მუდამ უჩინარს,
რომელსაც სიმწრით ნაგლეჯ თმასავით
ხელში ყვავილთა ბღუჯა უჭირავს.


ირინეს

ერთხელ მითხარი, ტელეფონით,
შენ თუ არა,
თვითონ ჩამოვალ,
ჩამოგაკითხავ
შენს უცნაურ ზღაპრულ ქალაქში
და მერე ერთად, სამუდამოდ ერთად ვიქნებით...
მე გამეცინა,
მაგრამ არა სამუდამო ერთად ყოფნაზე,
უფრო იმაზე,
რომ შენ - ბავშვი -
ვერასოდეს მოახერხებდი,
ვიზის აღებას
და ჩამოსვლას უცხო ქალაქში,
რომელიც მაშინ ასე ჟღერდა:
თეირანშიც კი გამოგყვები...

შენ გამომყევი,
მაგრამ არა თეირანში,
სადაც ერთხელ,
ერთხელაც კი ვერ წაგიყვანე,
არამედ ცოლად
გამომყევი
და ამით თითქოს
პოეზიას აქციე ზურგი,
რადგან ცოლისთვის მიძღვნილი ლექსი
ვერ იქნება
ისეთი მძაფრი,
თავი ნამდვილ პოეზიად შემოგვასაღოს...

ცოლქმრობაში რაღაც იწყება -
წარმოუდგენლად მომქანცველი,
როგორც ბავშვის ავადმყოფობა -
ერთდროულად სახიფათოც და უმნიშვნელოც,
რაღაც გროვდება წვეთ-წვეთობით
სიძულვილივით,
რომელიც ერთხელ ისეთ ზაფრას დაგცემს,
თითქოსდა,
სნეული ბავშვის სასთუმალთან
წამით ჩათვლემილს გამოგაღვიძებს,
ჯერ ბავშვს დახედავ,
დარწმუნდები,
რომ კარგად არის,
მერე მზერას ჩემკენ ფრთხილად გადმოანაცვლებ და
მზერით მეტყვი:
ხომ წამოგყევი,
ახლა მიდი,
ფანჯარაში გადაიხედე:

გარეთ ქალაქი,

ეს ქალაქი
თეირანია

და ეს ჩვენი ცხრაწლიანი თანაცხოვრებაც
ყველაზე ყოფით რამეებსაც
ყველაზე ღრმა პოეზიად შემოაბრუნებს...

ჩანაცვლება

ერთს მეორეთი ვერასოდეს ჩაანაცვლებ.
არ დაემთხვევა:
ან ღიმილი
ან ვნება და
ან გულგრილობა.
ყოველწამიერ აღმოაჩენ -
ის არ იქნება,
ვისაც ელოდი,
ვინც დაკარგე
და მუდმივად იმეორებდი
გუნებაში იმის ჟესტებს,
რომ არასდროს დაგვიწყებოდა
შენი თავი -
იმ ჟესტებში წარმოსახული.

მაგრამ ახლიდან
დარწმუნდები:
მეორე გიყვარს,
და ერთი გიყვარს,
რადგან არასდროს არაფერი არ დაემთხვევა.

დგახარ იმავე მდინარეში,
ტანს კი სულ სხვა წყალი გისველებს..

ცალმხრივ გათიშული

ცალმხრივადა ვარ გათიშული! -
მიზეზია შესანიშნავი...
რა თქმა უნდა, მობილური იგულისხმება
და არა ის,
შეკითხვაზე ან უბრალო გამოწვევაზე
პირდაპირ პასუხს რომ გაურბი,
თავს რომ არიდებ...

შესანიშნავი მიზეზია -
არცერთ მესიჯს არ უპასუხო,
ან მიმოწერა იქ შეწყვიტო,
როცა მთავარი უნდა ითქვას,
სადაც რაღაც უნდა გაირკვეს.

სწორედ უპასუხო გრძნობათაგან ბურბურებს
ჯოჯოხეთი -
ხეობა,
სადაც ყვავილები გადაიშლებოდა,
შენ რომ ერთხელ მაინც გეპასუხა
გადამწყვეტ მომენტში...

მთელი ცხოვრება ცეცხლს მივარღვევ
ცალმხრივ გათიშული...

და ყველაფერში
არა შენი გულგრილობა,
არამედ
ეს მობილური იგულისხმება...


"ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში..."

წუხელ სიზმარში თამარა ვნახე,
ის კი არა -
ფრესკებიდან გადმოსული
დედა ქართლისა,
სათნო, ზვიადი, მარტოობით გაწამებული,
დიდი,
დიდი
დედა თამარი,
არამედ ეს -
უბნის "დედა",
ჭორის დეიდა
თამარა -
წითლად თმაშეღებილი,
გესლის სიტყვით პირანთებული,
უუდაბნოო მოციქული
თამარა -
რისხვა,
დამცველი ხალხის ზნეობისა,
თვით ქალიშვილი,
მიწის რუხი მკლავებისთვის
საიმედოდ თავშენახული...

უბანია მისი უდაბნო.
აქ შეაყენა უბიწობის დიდმა ძალამ მქადაგებელად,
როცა ფანჯრიდან ჭვრეტდა უბანს ანუ სამყაროს
და ომში წასულ შავლეგოს თავს როს მისტიროდა,
უეცრად იგრძნო მოზღვავება ტემპერამენტის,
რომელსაც მერე ძველებურად "გზნება" დაარქვა.

არ დაუბრუნდა ის შავლეგო დიდი ომიდან,
უცხო მიწაში ჩალპა მისი ქამარ-ხანჯალი,
აქ კი თამარა გაბოროტდა,
დარდით ჩამოხმა,
შემოისაზღვრა მისი ყოფა ერთი ფანჯარით.

უბანი ჩანდა ამ ფანჯრიდან,
როგორც სამყარო...
ადგა და უბანს სამუდამოდ გაუუცხოვდა
თამარა -
ყბედი და ჭრიალა,
ყურისმომჭრელი,
სიტყვა "რამეთუ" დღევანდელი ენის სინტაქსში
მოძველებული, მაგრამ მაინც ხმარებადი
აწ და მარადის...

რა უარეა ახლა ენის არქაულობა,
ან რას მიქვიან ტკბილი სიტყვა,
როცა გაირყვნა
ერი და ბერი,
კალაპოტიდან გადავიდა,
როგორც მდინარე
და გიზგიზებს ხორცის ქვაბში ბრიალა კუპრი...

შესდექ, თამარა!
იქადაგე:
თავი გაგიხმეთ,
ნურც გღირსებიათ სატრფოს ტანქვეშ მოგვრილი შვება,
რა გახმაურებთ,
როცა წახდა,
აღარ არსებობს
ჩვენი მამული,
ენა ჩვენი
და ჩვენი რწმენა...

ხოლო
რა ენა წახდეს,
იცით,
ერიც დაეცეს
(უყვარს თამარას XIX-ეს კლასიკოსები
და სულ კითხულობს,
თუმც არ ესმის,
მაინც კითხულობს,
იქით ისინი
და აქეთ ეს
ი ტ ა ნ ჯ ე ბ ი ა ნ !)
თამარა - ცეცხლი
და ნაცრის ქვეშ
უცხოდ მღუარი
ქალი - ლეგენდა,
ერის დედა,
უბნის ბებია...

მეოცეც უყვარს:
"სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო"...
როცა კითხულობს თვალზე მუდამ ცრემლი ადგება,
რადგან იქდაღვრილ სისხლის გამო
აქ მისი სისხლი
თავის ერთადერთ ბრძოლის ველზე
ვერ დაიღვარა,
წლები წავიდა
და ამ სისხლმა ვერჩამოღვრილმა
თეთრი თმიდან გამოსჟონა
ბრიალ-ბრიალით...

და აღახვნა ბაგე თვისი
დედა თამარამ
და პირქუშად დამიძახა:
"ნუვინ გიყვარან!"
სამჯერ მითხრა,
მომაფურთხა,
დამამუნათა
და თავდაცვისთვის
პირჯვარიც კი გადაიწერა...

უფალო, ეს რა კოშმარია:
ჩემს სიზმარში ფრესკა ასე როგორ გაცოცხლდა:
დიდი თამარი
უბნის დედა თამარად იქცა
და წყველა-კრულვით მიდგას კვალში გავეშებული,
ერთმა ასომ ასე ნეტავ როგორ შესცვალა,
როგორ ბრიალებს
წმინდანურად თავაწყვეტილი...

გამომეღვიძა:
კიდევ კარგი სიზმარი იყო,
წყალს მოვუყვები,
აწ თვით ძრწოდე, სიზმრის თამარავ,
ვეღარაფერსაც ვერ დამაკლებ,
ჩაგადუდუნებ და
წყალთან ერთად გაგისტუმრებ ჩხრიალ-ჩხრიალით...

ანდა ამაზე ავად როგორ უნდა ამიხდე:
ჩვენი სამშობლო იმ შენი ყმა შავლეგოსავით
ომში წავიდა,
შიდა ომში,
მტერთან კი არა
და იქიდან ხეიბარი ჩამოგვიბრუნდა,
მოცელილი,
უნიათო,
დაკუტებული,
სულ რომ სძინავს და
ვერაფერი ვერ გაუგია
ვეღარ მიმხვდარა,
რა უჭირდა და რა სტკიოდა...

ონკანს მივვარდი
და სასწრაფოდ
უცებ მოვუშვი,
მაგრამ არც გაზი
და არც წყალი
არ მოდიოდა...

და მაშინ მე,
ვით თამარამ,
ვიწყე ღაღადი:

მართალი უთქვამთ:
ჯობს არ გქონდეს სულაც სამშობლო,
რომელიც მუდამ ნერვებს გაწყვეტს და ძარღვებს გიშლის,
ვიდრემდე ის, რომ ერთადერთი სამშობლო გქონდეს,
ერთხელ იხილო,
ერთხელ მხოლოდ
და ისიც
ძილში...

ბმული - http://arili2.blogspot.com/2009/08/blog-post_3190.html
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 388
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გიორგი ლობჟანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ლობჟანიძე   გიორგი ლობჟანიძე EmptyWed Feb 20, 2019 12:12 pm

გიორგი ლობჟანიძე

რას გვეუბნება

თაზოს

რის საჩუქარი? - ყველაფერი ტანჯვით გვეძლევა,
საჩუქარს კაცი ვერ მოიხმარს, ვერაფერს უზამს,
შეხედე - მთელი წლის ნანატრი თოვლი მოვიდა,
სუდარასავით გადმომემხო მარტოსულ ჰუსარს...
თვალუწვდენია გზა, სიცივის ავლია ქობა,
ისე მივდივარ, თან არაფრის მიმყვება ჯავრი,
ღამდება, თუმცა მალე მთვარე ამონათდება,
რომ საშიშ გზებს არ შემატოვოს ეული მგზავრი.
იცის ჰუსარმა: სიყვარული თუ არ გაცოცხლებს,
სჯობს, არც იცოცხლო, ჩაიმარხო ნამქერში ბარემ
და ეუბნება ეს მთელი წლის ნანატრი თოვლიც,
რომ ცაზე მხოლოდ დაისისას ამოდის მთვარე.
რომ პოეტებს და გიჟებს შერჩათ მხოლოდღა ძალა,
წუთისოფელი ქვასავით და კლდესავით კოდონ,
ვიდრე იმ კლდიდან ამოკვეთილ ჩუქურთმასავით
წყაროსთვალივით წამოგხეთქავს სტრიქონი თოთო.
დაღამებისას სიხარული უფრო მძაფრია,
იმედის ანდა სასურველი მეგობრის პოვნის,
რომელსაც ეტყვი და რომელიც ზუსტად გაგიგებს,
რას გვეუბნება მთელ წელიწადს ნანატრი თოვლი...


ზამთრისპირული

უკვე იგრძნობა სიბერე, თუმცა
როდესაც მართლა ასაკში შევალ,
მხოლოდ ეს ერთი გრძნობა გამყვება
უსიხარულო დღეების მძევალს.
ჩემი თავიდან ასი ათასი
მოვალეობა ჯიკავ-ჯიკავით
მერეკებოდა...
რატომ არ შეგხვდი,
როცა ნამდვილად კარგი ვიყავი...


ჩვენ კი, ქვემოთ...

იმ დილით, მე და ჩემი პატარა გოგო ფანჯარაში ვიყურებოდით...
მზეს შევხაროდით
და ნელ-ნელა ვიღვიძებდით
ახალი დღის
მამაშვილურ ნეტარებაში,
რომ ჩვენ თვალწინ
მოპირდაპირე კორპუსის
მერვე სართულის ზღუდეს
უცებ ყვავილის ქოთანივით
მოსწყდა რაღაც
და ძირს დაეშვა
მოცახცახე წვიმის წვეთივით.
როცა მივხვდი,
რაც ხდებოდა,
ბავშვს თვალზე ხელი ავაფარე,
რომ დამეფარა,
მე კი თავი ვერ დავიცავი,
და ბოლომდე შევცქეროდი,
როგორ დაასკდა
ასფალტს ზურგით
მშვენიერი
ქალის სხეული.
მერე ძირს ხალხი აირია
და მეც სასწრაფოდ იქით დავეშვი,
მისაშველებლად,
თუმც ვერ გავბედე მიახლოება
და შორიახლო
ვიდექ სეირის მაცქერალივით...
გამწარებული გაჰყვიროდა შუა ხნის ქალი
(ალბათ, დედა აივნიდან გადმოვარდნილის),
ძირს გორავდა
და თავს ასფალტს ურახუნებდა:
დავიღუპე, დავიღუპეო! -
მშველელს უხმობდა
მშველელი კი არვინ ვიყავით...
სასწრაფო მართლა მალე მოვიდა
და მომაკვდავი წაიყვანეს.
უბანი დარჩა,
ჭორები
და მიეთმოეთი:
“იეღოველი ყოფილა თურმე!" -
ისე მითხრეს,
თითქოს ფრენა სხვას არავის არ მოუნდება,
თითქოს ამქვეყნად სიყვარული არ არსებობდეს,-
ზურგიდან ჩუმად მბიძგებელი,
ჩასაფრებული...
საით მიფრინავს ბაბუაწვერა,
მზის სხივები რომ მოუხმობენ?
ქარი მხოლოდ მიზეზია
თუ საშუალება...
ის - სიყვარული-
ზემოთ
რჩება
და ჩვენ -
ქვემოთ, -
დაღუპულნი,
მოყაყანენი...


* * *
მთასავით ვარ.
ჩემთან ყოფნა მოსაწყენია.
დიდხანს ცხოვრება ჩემში -
თითქმის შეუძლებელი.
მხოლოდ სეზონზე მაწყდებიან
რამდენიმე დღით,
აპარატებს აჩხაკუნებენ,
სელფისათვის იპრანჭებიან
ვნებიანად თვალმინაბულ-
ტუჩმოწკურულნი...
ჩემ წიაღში ბოდიალი
სახიფათოა:
გზის გვერდით
მუდამ
ნაპრალია
ჩასაფრებული,
ბილიკების წინ წყალია,
უკან - მეწყერი...
და შენ
როგორ ხარ
ერთადერთი,
უჰაერობას გამოქცეული,
ტურისტივით რომ არ ამოსულხარ,
ჰაერს დაეძებ
და ამბობ:
არსად აღარ წავალ!
მე შენთან ვრჩები!


* * *
აქ, ამ მიწაზე,
რომელსაც ჩემი სამშობლო ჰქვია,
მშენებლები ცვივიან
ხარაჩოებიდან,
როგორც ფოთლები,
შიმშილისგან გაყვითლებულნი...
ძირს დაცემამდე
ცდილობენ,
ჰაერს ჩაებღაუჭონ,
რადგან ჰაერი
ერთადერთია, რაც უფასო დარჩა,
რასაც ყველას შეუძლია,
მოეჭიდოს
ძირს დავარდნამდე...


ჩრდილი

ხედავ, ძვირფასო,
ხედ ვიქეცი
ქალაქის პარკში.
დაგინახე,
მომინდა,
ჩემს ჩრდილში შემეშვი
და სიგრილედ გადმოგფენოდი
სიცხით შეხუთულს...
სხვანაირი ვერც იქნებოდა ეს სიყვარული...
ჩემს ასაკში მხოლოდ გასცემ
და გიხარია...
დაგინახე,
გამიხარდა შენი დანახვა,
მაგრამ სიტყვებმა მიღალატეს,
გადამეკარგნენ
და ხედ ვიქეცი,
რომლის ქვეშაც
თქვენი წყვილი
ერთმანეთს შეხვდით...
და ერთმანეთს დიდხანს კოცნიდით...
მერე შენ დანა ამოიღე
და ზედ გული ამომჭერი ისარგაყრილი
და ეს გული -
ჩემი ტანჯვით,
ჩემს სხეულზე ნაზარნიშები -
სხვას ეკუთვნოდა...


ჩვენ ყველგან მხოლოდ საკუთარი ჩრდილი დაგვყვება -
ისე ერთგულად,
ნაბიჯ-ნაბიჯ,
მოუშორებლივ,
რომ ხანდახან
კიდეც გვაშინებს...



მსგეფსი
(მოთქმა უხმოდ თავ-ბოლო ერთი)

ორშაბათს გეტყვის:
- ამ პარასკევს უთუოდ გნახავ!
პარასკევამდე სამი დღეა
და გავიწყდება,
მას რომ კვირაში ოცდასამი პარასკევი აქვს...
თორემ სამი დღით მოცდა რაღაა?
განა რა რჩება ორშაბათიდან პარასკევამდე? -
უსიხარულო რუტინა -
ბევრი
მოვალეობის უგრძესი ჯაჭვით,
რომელიც,
რაც უფრო გრძელდება,
უფრო მოკლეა:
ზედ გიბამს
და ციბრუტივით
მხოლოდ ვიწრო რკალის გარშემო
ტრიალს განებებს...
ტრიალებ და
ნაპერწკლებივით გცვივა თავიდან
ყველა სურვილი...
სად გცალია სურვილებისთვის?
სადაგ დღეებში
შენ არა ხარ ადამიანი.
მუშაობ და
დაპირება გაძლებინებს:
პარასკევს გნახავ!
სინამდვილში
შაბათ-კვირა
უფრო ძნელია.
მარტოდმარტო ყოფნის ორი დღე,
რომელთა შორის,
როგორც აქლემის კუზთა შუაში,
ჩაჭედილი ხარ
და ამ ორი დღის უდაბნოს ლახავ..
რომ როგორმე გააღწიო ორშაბათამდე
და კიდევ ერთხელ გაიგონო:
-პარასკევს გნახავ!


ნაფრთევი

ნუ გეშინია...
ყველაფერი თავისთავად
გასაზიზღრდება...
შენ ნუ ეცდები,
რადგან ყოფა
თვითონ,
უშენოდ,
შეძლებს -
მწერივით
გამოფიტოს
ეს სიყვარული,
გარშემო ქარვის
აკლდამები
შემოუშენოს.

სულ სამ წელიწადს თუ დააცდი,
თვითონ გამივლის
სიგიჟე,
რასაც შენთან ყოფნის
სურვილი ჰქვია.
პეპლის ფრთები აქვს
ამ სურვილს
და
დაილეწება
მტვერში, რომელსაც
გულგრილობის ცოცხებით გვიან.

ვის დაუცვია ფიცი,
ვინც თქვა:
სულ მეყვარები...
რომელი ვარდი არ დამჭკნარა
ზაფხულის მხუთრით...
ჭინჭრის ღეროზე შეყინულა
ჭრელი პეპელა,
სამი დღის ქარით
დალეწილი
ნაფრთევი უთრთის.


პოეზია

გაანჩხლებული მოხუცი ქალი,
რომელსაც ასი ახალგაზრდის
ენერგია აქვს,
გაავებული შემომცქერის
სამარშრუტოში
და ჰგონია,
რომ სწორედ მის ადგილს ვიკავებ...
ხანდახან
ზუსტად ასე ვუყურებთ
ერთმანეთს
მე და პოეზია...
მე დაღლილი
ვარ
და განძრევის თავი არა მაქვს.



ცხოვრება

ეს სიზმარი -
მე რომ უკვე წყალს
გავატანე -
შეიძლებოდა,
შენთვის
მეამბო...


* * *
როგორ ღრმად მჭრის ეს გაზაფხული,
თითქოს დანის პირზე დავდივარ..
წარსული სიზმრებს ჩაუჟონავთ,
როგორც წყალი უდაბნოს ქვიშას...
მომავალი, წინ, სიბნელეში,
ვარსკვლავივით რომ ანათებდა,
მტაცებლის ორი თვალი აღმოჩნდა,
დაიმსხვრა
და ლაყე კვერცხივით
აუშვა სუნი...
დამსხვრეული ნაჭუჭიდან
შეუმდგარი წიწილა წივის -
სიყვარული,
კვერცხშივე რომ გაულაყდა
უნიათო კრუხს
და წიწილად ვერასოდეს გამოიჩეკა.
მე გიხსენებ:
როცა შენი ძუძუები
სიბნელეში
ნაღვერდალივით მეჭირა ხელში,
რაღაც საშიშად შიშინებდა.
თურმე: ჩემივე ხელისგულები...
აი, ისინიც! -
ზედ მთლიანად ამოსწვიათ
მომავლის ხაზი,
ბოზი გოგოს წინდასავით წასვლია თვალი
და ბედისწერაც
ვერ ამოიყვანს...


თავისუფლება

მიიზლაზნება დრო სიცხეში, მაგრამ რაკი ჟამს
პეპლად ქცევისა კვლავ უცდიან მატლის ჭუპრები,
მინდა გახარო: ჩემმა გულმა ხელი გაგიშვა
და შეგიძლია, დატკბე სრული თავისუფლებით.
შენ მხოლოდ სივრცეს აღიქვამდი ხრამის კიდიდან,
და არც კედელი აღარ ჩანდა თეთრი საგიჟის...
ნუ გეშინია:
ასეთია თავისუფლება!
მე მხოლოდ ის ვქენ,
რაც გინდოდა:
ხელი გაგიშვი!


ბმული - http://newsaunje.ge/index.php?do=full&id=91


_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 388
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გიორგი ლობჟანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ლობჟანიძე   გიორგი ლობჟანიძე EmptyWed Feb 20, 2019 12:15 pm

გიორგი ლობჟანიძე

გასუქებულა ჩემი ძველი შეყვარებული

გასუქებულა ჩემი ძველი შეყვარებული,
ერთი შეხედეთ:
სავსე მთვარეს დამსგავსებია!
როგორ უხდება
როგორ შვენის
და ალამაზებს
ათქვირებული, ატეხილი ხორცის თახთახი.
როგორი ურცხვად იფურჩქნება საკუთარ თავში -
როგორც ლოტოსი,
ჭაობიდან ამოყვინთული,
საყოველთაო სიშავეში თეთრად მფეთქავი.
როგორ მიყვარდა ჩემი ძველი შეყვარებული,
ხილულ-უხილავს შორის
უხმოდ დავბარბაცებდი,
ჩემს თავს შიგნიდან ვაწყდებოდი გალიასავით,
კრთებოდა სული
და ხორცის გარსს აზანზარებდა.
და მთელი ღამე წკრიალებდნენ ზანზალაკები...
ღმერთო, დალოცე ჩემი ძველი შეყვარებული,
მეტად და მეტად გაასუქე, გააფუფუნე,
ნაპირებიდან გადატყორცნე, გადაიყვანე
უყურადღებოდ დარჩენილი პურის ცომივით,
რომ არასოდეს არ ივარგოს გამოსაცხობად
ცომადვე დარჩეს, სათანადოდ მოუზელავი.
მე ხომ მოვზელდი,
წამით თავს არ დავანებებდი
და ნაზუქივით ჩავაკრავდი ვნების თონეში.
ღმერთო, დალოცე ჩემი ძველი შეყვარებული...
ის ლოტოსი - ჭაობიდან ამოყვინთული,
საყოველთაო სიშავეში თეთრად მფეთქავი,
ახლა ასე უიმედოდ გასუქებული,
კიდევ უფრო გაასუქე,
დაამახინჯე,
რომ არცერთ კაცს არასოდეს აღარ მოუნდეს
მისი შეხედვა, ხელისხლება, კოცნა, ალერსი,
ათასი წელი სამყაროში ახეტიალე,
მარადის ვნებადაუმცხრალი, ტანატეხილი,
რომ ვნებისაგან ჟღრიალებდეს,
როგორც ლოტოსის
ზანზალაკი _
დროზე ადრე გაფუებული,
ვარცლის პირიდან გადმოსული
ცომისაგან გამოძერწილი...



ვარდნა

ჩემო ჰიპერბოლებით ნაშენებო,
მეტაფორებით ნაჩუქურთმებო...

ისე ბრჭყვიალებ,
რომ ავ თვალს არ დაენახვები...

ასეთ მოკაზმულს
შეუძლია, ასჯერ მიქაროს...
მაინც ყველაფერს გაპატიებ,
ეგ ცვილის ფრთებიც
ხომ მე შეგასხი
ჩემს მზისაკენ აჭრილ იკაროსს...

ერთი საგანი არასოდეს მეორეს არ ჰგავს,
მაშ, რა ფასი აქვს მთელ ამ მხატვრულ ზიზილ-პიპილოს,
რომელიც მუდამ მზად არის, რომ მუხანათურად
შედარებათა ხავერდები გადაგიფინოს...
სულ მსგავსებებში განანაოს
და დაგძახოდეს, თითქოს, რაიმეს ჰგავხარ
ანდა რაიმეს ჰგავდი,
მსგავსით შეცვალოს ყველაფერი
და ცხოვრებაში
ერთხელაც კი არ შეგახვედროს
ნაღდსა და ნამდვილს...

განსაკუთრებით საშიშია ჰიპერბოლები,
რადგანაც მათში თავს თვით ღმერთი აფარებს მარად,
მაგრამ მე მინდა, რომ ის ერთხელ შემხვდეს პირისპირ,
რომ მისი "დიახ!" "დიახ" იყოს,
"არა" კი - "არა!"

შედარებათა უღრანები შემზარავია,
ვერასოდეს რომ ვერ ჩასწვდები მათ მრუმე წიაღს,
შენ დგახარ, "არას" გაიძახი ხმაჩახლეჩილი,
ის კი შენი ხმის ექოსავით გიბრუნებს: "დიახ!"

ამიტომ გიჯობს, საიდუმლომ არ გასცეს თავი
და იყოს ასე, ნამდვილი და გამოუთქმელი,
ვიდრე ითქვას და მაინც დარჩეს გაუგებარი
ჰიპერბოლათა ზიზილებით ნაჩუქურთმევი.

და ჩუქურთმებმა აისხლიტოს ნაღდი სხივები
და სინამდვილე ახლოსაც კი არ მიიკაროს...

ეს ცხელი წვიმა სინანულის ცრემლი როდია,
მზისკენ ავარდნილს
ცვილის ფრთები ეწვის იკაროსს...

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 388
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გიორგი ლობჟანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ლობჟანიძე   გიორგი ლობჟანიძე EmptyWed Feb 20, 2019 12:22 pm

გიორგი ლობჟანიძე

გიორგი ლობჟანიძე

ძილ-ღვიძილს შორის


* * *
დღეს ყვითელ ავტობუსში ძლივს ავიჭეჭყე და ისედაც დაღლილს გვარიანი ხვითქი გადამსკდა. კართან დავდექი.
უკნიდან ვიღაც ქალბატონი ზიზილო მომადგა და იმპერატიული ტონით მითხრა: ჩავდივარო! გაჩერდება და ჩაგატარებთ-მეთქი! ჩაგატარებთ კი არა, გაგატარებთო! _ შემისწორა მედიდური ტუჩების პრუწვით. ვუთხარი: ახლა
ამას რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი! როგორ! ქართული ენის დაცვა ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა! _ დამგრგვინა
და ზრიალით ჩავიდა. ვერ მოვასწარი მეთქვა: `ჩვენთაგანის~ კი არა, `ჩვენგანის-მეთქი!~


* * *
არ ვიცი, რატომ გამახსენდა: მამიდაჩემის ქმარი ფრონტზე რომ გაიწვიეს, ნაწვიმარი ყოფილა და ეზოში მისი ნაფეხურები დარჩენილა. მამიდამ ცელოფანი გადააფარა და თურმე მთელი წელი შეინახა ის ნაფეხურები. ბიძაჩემი ომიდან აღარ
დაბრუნებულა. მამიდა 90 წლისა გარდაიცვალა, შვილებითა და შვილიშვილებით გარშემორტყმულ მარტოობაში...


* * *
თავისუფლების მოედანზე ერთი საცხობია, სადაც, ჩვეულებრივ, შუადღისათვის ხემსს ვყიდულობ ხოლმე. დღესაც მივედი და
რიგში ერთი ულამაზესი ზანგის გოგო იდგა, პირდაპირ წარმართი არაბების ნუბიური ქალღმერთი ალ-უზზა...
ყველა იმას უყურებდა და მეც ხმამაღლა წამომცდა, რა ლამაზია-მეთქი. გოგომ გამიღიმა, სენქ იუო, მითხრა, რაღაც იყიდა და
წავიდა. რა გნებავთო _ მკითხა გამყიდველმა! ხაბიზგინა მინდოდა, მაგრამ ეგ ერთი ცალი, რაც დარჩენილია, არ მომწონსმეთქი! _ შე დალოცვილო, ის მოგეწონა და ამას მიწუნებო?! _ გამომძახა შეურაცხყოფილმა მცხობელმა, რომელიც გურული
ქალი ყოფილიყო.


ბმული:

* http://mcs.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N162/N-162.pdf.aspx

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 388
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

გიორგი ლობჟანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ლობჟანიძე   გიორგი ლობჟანიძე EmptyMon Dec 02, 2019 8:32 pm

გიორგი ლობჟანიძე

სამშობლო

ასე მგონია,
თითქოს დედა ჩავაბარეთ
მოხუცებულთა თავშესაფარში.
გამოვეთხოვეთ
და წამოსვლისას
გვითხრა:
შვილებო, თავს გაუფრთხილდით,
ნუ გეშინიათ,
მე არაფერი გამიჭირდება...

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




გიორგი ლობჟანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ლობჟანიძე   გიორგი ლობჟანიძე Empty

Back to top Go down
 
გიორგი ლობჟანიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: