არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ქეთევან დოლიძე

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyTue Aug 04, 2009 6:36 pm

ქეთევან დოლიძე Keteva13
Ketevan Dolidze

ქეთევან დოლიძე
პოეტი, (1968-)

წიგნები:
* ხუთი ზღაპარი; რედაქტორი თამარ გაბროშვილი ; ილუსტრაცია : კონსტანტინე ვარშანიძე, მალხაზ ვარშანიძე. თბ.: საარი, 2015.
* კონკიას ქოში (ლექსები), რედ. ვაჟა ოთარაშვილი; მხატვ. მალხაზ ვარშანიძე. - თბ.: ქართული წიგნი, 2008. - 79 გვ. - ( ეროვნული მწერლობა ). ISBN 9789941004216
* ქალი - კენტავრი (ლექსები; პოემა), რედ.: ბონდო მაცაბერიძე ; მხატვ.: მალხაზ ვარშანიძე, თბ.: ბაკმი, 2006.
* დალი (პოემა) / ქეთევან დოლიძე (სევდის დედოფალი) ; რედ. გამომც.: ზურაბ ჯაფარიძე, თბ.: ამარანტები, 1996.
* შავი ქრიზანთემები (ლექსები) / ქეთევან დოლიძე (სევდის დედოფალი) ; გამომც. ზურაბ ჯაფარიძე ; რედ. მაკა კვერენჩხილაძე ; მხატვ. თამარ ლომიძე, თბილისი : ამარანტები, 1995.
* მაინც გათენებას ველოდები (ლექსები), რედ.: ზაურ მეძველია, თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1992 ("სამშობლო"-ს სტ.)


ბმულები:
* https://poetry.ge/poets/ketevan-dolidze/poems
* https://sputnik-georgia.com/people/20171123/238287632/qeti-dolidze.html


ქეთევან დოლიძე GeolibTV-ის მაყურებელს საკუთარ ლექსებს უკითხავს.

GeolibTV
Published on Feb 13, 2013

Arrow
Back to top Go down
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury
Sopio Japaridze

Female
Number of posts : 36
Age : 42
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyTue Aug 04, 2009 10:35 pm

და მერე კვართის პატრონიც მოვა...

ვინ შეებმება მახინჯთა ხროვას?!
ვინ გაიმზადა სულის საგზალი...
ბებერო ერო, რამ დაგაღონა,
შენთან უფალი დედას აგზავნის.

რისხვა ეშმაკის სუნთქვას გიგუდავს,
ხმა კრეტსაბმელის შეგაზანზარებს...
ისევ გაჰფანტავს ვერცხლებს იუდა...
შენ კი აღსდგები, როგორც ლაზარე.

მერე რაა, რომ ხალხი გიჟდება,
მერე რაა, რომ "ხალხი იცინის" ...
თუმცა სიცოცხლის ფასად გვიჯდება,
რომ გაგვასხვისეს ლიწინ-ლიწინით.

სისხლი აწვება წვერებს ინიანს...
არ გაყიდულა ჯერ კიდევ ფხოვი...
ნუ გეშინია... ნუ გეშინია...
ნუ გეშინია მახინჯთა ხროვის!..

არავითარი "ჩიპი" და კოდი!..
მოეღოს ბოლო თარეშს და გლოვას!..
დედა უფლისა მცხეთისკენ მოდის...
და მერე კვართის პატრონიც მოვა...
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
Tabagari Tea

Female
Number of posts : 123
Age : 33
Registration date : 27.12.08

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyTue Aug 04, 2009 10:58 pm

კეთილი იყოს ქეთევანის ლექსი არმურის საფიხვნოზე!

flower

ქეთევან დოლიძე


* * *
ქარს შევატოვებ ერქვანს...
მომენატრე და... რა ვქნა...
ნეტავ რა უნდა ერქვას
დარდის არშია-მაქმანს?!
შევემატები ბუხარს,
გადავიქცევი სულად,
მხოლოდ სიზმარი თუ ხარ,
არ გავიღვიძებ სულაც.



* * *
ყოველ წუთას სიცოცხლე ბედის ბეწვზე ჰკიდია
და წლები - კამათლები მოდიან და მიდიან.
დარდებს არ ენაცვალო, სიკვდილს შეეთამაშე,
ცივი თონე არ აცხობს გამტკიცებულ ლავაშებს.
სანამ გული ცხელია, სანამ სული ქაფქაფებს,
მოდი, ცხენკაციანად და სიკვდილი აკაფე!
თორემ ღამე ჩამოდნა ზამბახების სანთლებით,
თორემ მთვარის ჩრდილივით გულზე ჩამოგადნები.

მოდი, თორემ სიცოცხლე ბედის ბეწვზე ჰკიდია
და წლები - კამათლები მოდიან და მიდიან...


* * *
გადავიქეცი სიტყვის მარეკად,
ვიმარმარე და კიდეც ვინალე...
თოვლს დააბრალე ჩემი დარეკვა,
ჩემი დარეკვა თოვლს დააბრალე.

მაშინაც თოვდა... კრთოდა სიცივე,
ყინვა და თოში რარიგ მთბილობდა...
რა ვქნა, გულიდან ვერ მოგიცილე,
რადგან ზამთარი ჩემთვის თივობდა.

ახლა დეკემბერს ავეზარდახშე...
ციდან დაეშვა თეთრი ფარდები...
მადლობელი ვარ, შუა ზამთარში
ამომიყვანე ყოჩივარდები.


* * *
მოვარდა ქარი მსტოვარი:
- შენზე ფიქრიო უხარის...
მე კი კუთხეში დავმჯდარვარ,
ვაბოლებთ მე და ბუხარი.

- ქარო, ზამთარი წამიღებს...
ატირდებიან მუხანი...
ან არაფერი არ უთხრა,
ან მიყვარხარო - უთხარი.


ახალწლის ღამეს

ახალწლის ღამეს ვერ მოვალ შენთან,
ვერ დაგიმზადებ თაფლის გოზინაყს...
თოვლის გადაღმა გიყურებ მზედან,
სიტკბოს გიგზავნი გულის კოვზიდან.

და შენი გულის ისმენს ბაგა-ბუგს
გულის ყური და უკვე თენდება...
ცხოვრების ტრიალს, ზამთრის ბაქა-ბუქს
მოაქვს სითეთრე ყინვის დენდებად.

ვერ მოგილოცე, ვერ ჩაგიხუტე,
ვერ მოგეფერე, ჩემო ძვირფასო...
სული სიცივით ამომიხუთეს
და ქარიშხლებმა მითხრეს: სძინავსო...

ფიფქების მიღმა ნაცნობი მზერა
რომ გაგაღვიძებს, იგრძენი მაშინ,
გიყურებ მზედან, მოვდივარ მზედან
ყვავილების და სიცოცხლის მარშით...

და ამ ახალ წელს თუ ვერ გიძღვენი
თაფლის მურაბის ტკბილი ბასილა,
არ მოიწყინო, ნუ გამიწყრები,
სითბოს გაჩუქებ მერე ასწილად.

flower
Back to top Go down
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury
Sopio Japaridze

Female
Number of posts : 36
Age : 42
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyTue Aug 04, 2009 11:01 pm

ქეთევან დოლიძე Keteva15

ქეთევან დოლიძე

მიხა ხელაშვილს

ლექსო, კლდის ნაპრალში შენახულო,
მრავალ ქარ-წვიმისგან შელახულო,
ქვებში ამომსკდარო მუხის ყლორტო -
ოღონდ არასოდეს დამიღონდე...
დედის გულო, ხანჯლით ნაჩხვლეტარო,
მწუხრზე დახვრეტილო კელაპტარო...
კაცო ერთგულო და საყდრის მცველო,
ცხენზე შეგდებულო ბედისწერად...
ლექსო, ბუხრის ძირში ჩანაცრულო,
მაგრამ თვით იესოს განათლულო,
ფშავში დის ხურჯინში ჩაწყობილო,
ჩემო დაჩეხილო საქართველო...
მერე ლუკმა-ლუკმა დამარხულო,
ძვლებო, არასოდეს განაღმულო...
ჩემო ბარისახოს დიაკვანო,
მიწა აკვანია, გიაკვანოს...
ქვეყნის კაცობავ და... ხელაშვილო...
მიწადარბეულო!.. მზეაშლილო!..

Exclamation


Last edited by Sopio Japaridze on Sun Jan 24, 2010 4:13 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury
ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 46
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyTue Aug 04, 2009 11:44 pm

ასე, ჩემო ,,კონკია" flower ან აქამდე სად იყავი, შე დალოცვილო lol!


ქეთევან დოლიძე

* * *
რატომ მიყვარხარ ასე ძალიან?! -
მოჩუქურთმებულ სამრეკლოს ჰკითხე...
მე ხომ არ ვიცი, რა მიხარია,
მე ხომ არ ვიცი, სად განმიკითხეს.

მე ხომ შემთხვევით დედამიწაზე
მომინანქრებულ ფიქრებს დავეცი...
თუმცა ჭიშკარი გადამირაზეს
და დღესაც მტკივა ბეჭი ნალეწი.

მე ხომ არ ვიცი, რა მიხარია,
მე ხომ არ ვიცი, სად განმიკითხეს...
რატომ მიყვარხარ ასე ძალიან?! -
მოჩუქურთმებულ სამრეკლოს ჰკითხე.


* * *
მოვარდა ქარი მსტოვარი:
- შენზე ფიქრიო უხარის...
მე კი კუთხეში დავმჯდარვარ,
ვაბოლებთ მე და ბუხარი.

- ქარო, ზამთარი წამიღებს...
ატირდებიან მუხანი...
ან არაფერი არ უთხრა,
ან მიყვარხარო - უთხარი.

lol!
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury
Sopio Japaridze

Female
Number of posts : 36
Age : 42
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyWed Aug 05, 2009 3:35 pm

შოთა რუსთაველს

მე ვენაცვალე შენს ჩაწყობილ კრიალოსანებს --
სიტყვებს... სტრიქონებს... ნაჩუქურთმევ უჭკნობ სოსანებს...
ჟამ-უჟამობის გამძლებელო, სვეტო ნათელო,
რა ძალი დაგყვა უფლისაგან, ვით საქართველოს.
რა სულიწმიდის მადლით გმოსა არსთა გამრიგემ,
ულევი განძი ჩვენამდე რომ ჩამოარიგე?!.
ეტრატზე არა, ცაში წერდი „ვეფხისტყაოსანს"
და იქვე, ახლოს, ნაირფერი ბაღი ჰყვაოდა...
სამოთხის ბაღის სურნელება გაჰყვაო მზითვად,
ვინც შენი სიბრძნის კიდობანი ქორწილში ზიდა...
მზის და მთვარის ეტლს დაჰყვებოდი კაცი მართალი,
კაცი ერთგული, ღვთისმოშიში და... ნაზამთრალი...
მიჯნურთა ცრემლით გადანამე შვიდი პლანეტა
და სადაფები ჩამოკრიფე სავსე მთვარიდან...
სიბრძნის ბადახში მაინც დაწვა დრომ ულმობელმა,
მაგრამ ფერფლმაც კი შეინახა შენი პოემა...
ნიჭიერების უსიმაღლესს გასცდი გალავნებს...
საუკუნეებს ამიტომაც აექარავნე...
რა საიდუმლოს ინახავენ კედლის ბზარები?!
პალესტინაში კიდევ რეკენ დედო-ზარები?!.
უცხოეთის ცას შეატოვე ფიქრი თამარზე,
როს დადგა ჟამი... უკვდავებას აედარბაზე.
„მესხო მელექსევ", თავად მზე ხარ გვირგვინოსანი,
სხივთა მფრქვეველო, მიმსახურე ციცქნა ფრთოსანი...
მე ვენაცვალე შენს ჩაწყობილ კრიალოსანებს -
სიტყვებს... სტრიქონებს... ნაჩუქურთმევ უჭკნობ სოსანებს.

Exclamation


პოეტი ქეთევან დოლიძე...ვიდეო–ჩანახატი:" პოეტური მისტერიები"
Published on Dec 1, 2014
„ზეცის სარკეში“

Exclamation
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 387
Age : 59
Registration date : 11.12.08

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyWed Aug 05, 2009 3:46 pm

სოფოს მადლობები პირად მეგობრობაში შეტანით queen

შინდის ყვავილიც დადე რა და ისე ჩადი

გადახდილია წინასწარ "ბრავო"


Exclamation

ქეთევან დოლიძე

სამყურას სუნი

როგორც მოთქეშილ აპრილის წვიმას
ვერ გადაურჩა უქოლგო ქალი...
შემომეფეთე ცაცხვების ძირას,
იყავი წვიმა და სხვისი ქმარი.
არც სახურავი ვინატრე სახლის,
არც თბილი კერა, არც ცეცხლის პირი...
წვიმის წამწამებს, მიწამდე დახრილს,
სწონიდა ღმერთი თავისი პინით.
და მეც ბალახი ვიყავი ლორთქო...
მოვარდი თქეში, ფოთლების სურით...
და შეგიყვარე... არ ვიცი, როგორ...
და შეგატოვე სამყურას სუნი...

Exclamation
Back to top Go down
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury
Sopio Japaridze

Female
Number of posts : 36
Age : 42
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyWed Aug 05, 2009 11:02 pm

ქეთევან დოლიძე Keteva14

ქეთევან დოლიძე

შინდის ყვავილო

მე და შენ ძალზე ადრე მოვედით,
ჩემო პატარა შინდის ყვავილო,
ხან დასაკოცნო, ხან დასალეწო,
ჩემი ცხოვრების ქვა და მარილო.

შენგან ხომ დამყვა გაძლების ნიჭი
და ქარიშხლებში ბზრიალ-ტრიალი,
ან გადავრჩებით, ანდა წაგვიღებს
შლეგი მარტები ორომტრიალით.

ხან დასაკოცნო, ხან დასალეწო,
ჩემი ცხოვრების ქვა და მარილო,
მე და შენ ძალზე ადრე მოვედით,
ჩემო პატარა შინდის ყვავილო.





ბაოს თხოვნა შესრულებულია.. flower
Back to top Go down
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury
Sopio Japaridze

Female
Number of posts : 36
Age : 42
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyFri Aug 14, 2009 2:25 pm

* * *

თუ ვერ გაიგებ, რად არ ხდება როგორაც გინდა,
დღესასწაულებს ნუ მოელი გახსნილი ციდან.

აქ ფიროსმანის მეეზოვეც ცხოვრებას ჰგვიდა...
იქნება იგრძნო, რომ უფალი ცრიატშიც გცდიდა.

უნდა ერთხელაც ჩამოკემსო ნაცვეთი წინდა,
მთელი ოჯახი გამოკვებო გახრული ძვლიდან;

ბედისწერასაც მიუტევო, გატეხო ნავსი,
მიწის დაყნოსვით რომ შეიგრძნო სიცოცხლის ფასი...

გეძვირფასება ტკივილებიც ახეულ ლანჩად,
რადგანაც ღმერთი უხვად გჩუქნის ლალსა და მარჯანს.

ვიცი, პოეტი როცა წავა, მაშინ ფასდება,
დღეს კი დაცემაც სხვების დგომას ეტოლფასება.

ერთი ხომ იყო სინანულის, ათასი ქვიდან?!
აქ ფიროსმანის მეეზოვეც ცხოვრებას ჰგვიდა...
Back to top Go down
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury
Sopio Japaridze

Female
Number of posts : 36
Age : 42
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyFri Aug 14, 2009 2:35 pm

ქეთევან დოლიძე Keteva16

ქეთევან დოლიძე


პორტრეტი
მალხაზ ვარშანიძეს

ხარ ნაღდი მხატვარი და გიყვარს პიკასო...
სხვა ფერი დაჰკრავსო პარიზს და რიგასო.
დრო არის რთული და დრო არის მარტივი,
დარბის არითმია გიჟი მოცარტივით...
შენი ტილოები შენსავით ნატიფი
და მხატვრის ქუდივით ნაწვიმი, ნათიბი.
შენი ნახატები შენსავით ალალი...
პატრონი - ღმერთია და მეტი... არავინ.

Exclamation
Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyThu Dec 10, 2009 3:41 am

ქეთევან დოლიძე

პოეტი

ყოველ წუთას სიცოცხლე ბედის ბეწვზე ჰკიდია ..
ყოველ წუთას სიცოცხლე ბედის ბეწვზე ჰკიდია
და წლები _ კამათლები მოდიან და მიდიან.
დარდებს არ ენაცვალო, სიკვდილს შეეთამაშე,
ცივი თონე არ აცხობს გამტკიცებულ ლავაშებს.
სანამ გული ცხელია, სანამ სული ქაფქაფებს,
მოდი, ცხენკაციანად და სიკვდილი აკაფე!
თორემ ღამე ჩამოდნა ზამბახების სანთლებით,
თორემ მთვარის ჩრდილივით გულზე ჩამოგადნები.
მოდი, თორემ სიცოცხლე ბედის ბეწვზე ჰკიდია
და წლები _ კამათლები მოდიან და მიდიან...


flower
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyFri Mar 29, 2019 10:39 am

თეონა გოგნიაშვილი

ქართული პოეზიის „კონკია“, მისი ვარდისფერი ქოში და თეთრი პროზა

დღეს პოეტი ქეთი დოლიძე მინდა ახლოს გაგაცნოთ, მასთან საუბრის პირველივე წუთიდან გაოცებული დარჩებით და გაიფიქრებთ: ასეთი ნამდვილი ადამიანები თურმე ჯერ კიდევ ყოფილანო...

ლექსებს მეოთხე კლასიდან წერს და იმ პერიოდში ჟურნალებში: “ნობათი“ და “ცისკარი“ იბეჭდებოდა. არის შვიდი კრებულის ავტორი და მისი ლექსები გერმანიაში გამოცემულ ქართველ მწერალთა კატალოგშია შეყვანილი. საკუთარ თავს პოეზიის კონკიას ეძახის… 2013 წლიდან “ზღაპრის სახლი“ დააფუძნა და ლიტერატურაში დაამკვიდრა ისეთი ტერმინი, როგორიცაა, თეთრი პროზა, რის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს…

- ქეთი, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ საკუთარ თავს პოეზიის კონკიას ეძახით, რატომ?

— მე ვარ პოეზიის კონკია და მართლა მაქვს 35 ზომა ვარდისფერი ქოში, რომელიც წლების წინ მეცვა. ერთი მათგანი გამიტყდა და ახლა კარადაში მიდევს. ჩემი ლექსების ერთ კრებულს „კონკიას ქოში“ ჰქვია… ვწერ ზღაპრებსაც. ერთი ზღაპარი მაქვს ბატონებზე, რომელიც ერთ ბავშვს შეუყვარდება. კიდევ დავწერე ზღაპარი მუხის ფოთოლზე, რომელსაც მშვიდობისა ჰქვია. ამ ფოთოლს ჩიტი და ბარტყები ათბობს. დღეს ზღაპრების გმირები დაგვაკლდა.. მე მჯერა ზღაპრის და ძალიან მიყვარდა ქართული ხალხური ზღაპარი “მეჩონგურე“. იმ ზღაპარში მეჩონგურემ გველეშაპი ატირა. როცა ამ ზღაპარს ვკითხულობდი სიხარულით ვტიროდი…

- ისე, მარტო საქართველოში შეიძლება, რომ „პოეზიის კონკია“ „ზღაპრის სახლის“ პრეზიდენტი იყოს…

— დიახ, ეს იყო 2013 წელს, როცა ეს სახლი დავაფუძნე და მისი პრეზიდენტის ვარ. იქიდან მოყოლებული მერიამ მხოლოდ ორჯერ დამაფინანსა. ჩვენს “ზღაპრის სახლში“ მეზღაპრეები მოდიან და ბავშვებს ზღაპრებს უკითხავენ. ბავშვები კი ამ ზღაპრებს ხატავენ. ადრე მათ სიურპრიზებს ვუწყობდით, ჩვენგან უსაჩუქროდ არავინ მიდიოდა, მაგრამ ახლა დაფინანსების გარეშე დავრჩი. ლამაზი შეხვედრა ჩავატარეთ თბილისის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, სადაც ჩვენი ადგილი გვქონდა. 2015 წელს შეხვედრები ტარდებოდა საჯაროში, ზღაპრების დისკებიც გამოვეცით. დღეს საქართველოში ბევრი მეზღაპრეა, ისინი საოცარ ზღაპრებს წერენ, მაგრამ მიჩუმათებული არიან და არ ხმაურობენ. კარგ ზღაპრებს წერს თამრიკო გაბროშვილი, ზღაპარ-ლექსებს თხზავს ლალი ჯაფარაშვილი, რომელიც გოგი ჭიჭინაძის დონის კლასიკოსია, მაგრამ ხალხი არ იცნობს. კიდევ გყავს ზღაპარ-მელექსე ნიკოლოზ იოსებიძე, მხიარულ და საყვარელ ლექსებს წერს ლიზი ბუდაღაშვილი, რომელიც სკოლის მოსწავლე იყო, როცა ჩემს “ზღაპრის სახლში“ მივიწვიე. სხვათაშორის ჩემი ქალიშვილი, მარი, ადრე ჩემზე უკეთეს ზღაპრებს წერდა. ერთი მათგანი დისკზეა ჩაწერილი. ახლაც წერე მეთქი ვეუბნები, მაგრამ სამი შვილი ჰყავს და ვერ იცლის.

- ქეთი, თქვენ გერმანიაში გამოცემულ ქართველ მწერალთა კატალოგში ხართ შეყვანილი, როგორ მოხდა ეს?

— დიახ, ეს კატალოგი გერმანიაში გამოცემული. იენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქართველოლოგმა, ჰაინს ფენრიხმა ქართველ მწერალთა კატალოგში შემიყვანა. 1993 წელს ეს კაცი საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ “ნობათში“ და “ცისკარში“ ვიბეჭდებოდი და მან ჩემი ლექსები ამ ჟურნალებში ნახა. მოეწონა და შეიყვანა კატალოგში, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა.

- თქვენი მეუღლე ტრაგიკულად დაღუპული არაჩვეულებრივი პოეტი ზურაბ ჯაფარიძე იყო, თუ გამოიცა მისი ლექსების კრებული?

— ზურას წიგნი მისი სიკვდილიდან 15 წლის მერე დაიბეჭდა. როგორც იტყვიან, რკინის ქალამნები უკვე დაცვეთის პირას მქონდა იმდენი ვიარე, მაგრამ წიგნი მაინც გამოვეცი…

- თეთრი პროზა — ასეთი ტერმინი მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს, თქვენ ახსენეთ ის პირველად?

— თეთრი პოეზია, თეთრი ლექსი ხომ არსებობს, მაგრამ თეთრი პროზა ბუნებაში ოფიციალურად არ არის. ესაა პროზა, რომელშიც რითმები და რიტმია. თუკი არსებობს თეთრი ლექსი, ხომ შეიძლება დავამკვიდროთ თეთრი პროზაც ლიტერატურაში? თეთრი პროზა –ტროპის სახეებით დატვირთული მინიატურული პროზაა, სადაც იგრძნობა ლექსისთვის დამახასიათებელი რიტმი და რითმა. ამავე დროს თავისუფალი აზრი და პოეტური განწყობა. თქვენს მკითხველს წარმოდგენა რომ შეექმნას, რაზეა საუბარი, ერთ ამონარიდს შევთავაზებ:“ პირველი სიტყვა მოვისმინე როდესაც გავჩნდი – შაშვის გალობა. სამშობიაროს ფანჯარასთან გალობდა შაშვი და ვარდისფრად დაფრინავდნენ ნიავ–ქარები, ვხედავდი ფერად ანგელოზებს, მიწის აჩრდილსაც და დედის ხსენად მოწვეთავდა ცის პოეზია… თვალები მსველავს – ვთქვი ერთციდა, გახელილ გულში… შევკრთი, რადგანაც დამესივნენ სიტყვები უცხო: თოვს, პატრონმკვდარი ამინდია, არავინ უწყის, როდის იდარებს – თან დაამატა, – ბიჭის მაგივრად, გაჩნდა გოგო…და მე ვტიროდი და მტკიოდა ჩასუნთქული ჰაერის ბურთი… რა უცხო იყო ის სიტყვებიც და ის ჰაერიც“.

- ხევსურეთში ზღაპრის საძებნელად ხომ არ მიდიხართ?

— რა ვიცი, შეიძლება კიდეც მოვიდეს ერთი ზღაპარი ბაცალიგოდან…


23.11.2017
* https://sputnik-georgia.com/people/20171123/238287632/qeti-dolidze.html

Exclamation


ქეთევან დოლიძე GeolibTV-ის მაყურებლებისთვის კითხულობს მინიატურულ ნოველას „წყალობა მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე“.

GeolibTV
Published on Feb 18, 2013

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე EmptyFri Mar 29, 2019 10:48 am

ქეთევან დოლიძე

ზამთრების მერე

ზამთრების მერე კვლავ ზამთარი რატომ ამძივდა?!
როგორ აცივდა... მეგობრებო, როგორ აცივდა?!
გაყინულია ოთახი და ყველა ფანჯარა,
დრომ გაზაფხული სოროსაკენ წააჩანჩალა...

მახსოვს, ამბობდა მიღმა ხევში ბებერი ჭულო:
უმთავრესია, სითბო სულში შევინარჩუნოთ...
- როდისღა მოვა გაზაფხული, თავს რად გვარიდებს?!
- როცა მერცხალი გულის ძირში კვერცხებს დაგვიდებს.


Exclamation


ქეთი დოლიძე. ლექსი მეუღლეს

Published on Nov 11, 2013

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ქეთევან დოლიძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დოლიძე   ქეთევან დოლიძე Empty

Back to top Go down
 
ქეთევან დოლიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: