არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ბაო - მარიამ წიკლაური

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Fri Mar 18, 2016 4:00 pm

მარიამ წიკლაური

ბრალი რა მედო

სულში – სიცოცხლე,
გულში – შენ,
თვალებში – ცა არ მეტია...
რაგინდ ფრთა შალოს ოცნებამ,
ცხადი ცხრა მტკავლით მეტია...
ეჰ, ჩემო ბედის პეპელავ,
მაინც საიდან სად გდიე,
ჩემი სახელის შროშანზე
ერთი ღამეც არ ათიე.
შენთვის რომ ნამს ვინახავდი,
სხვისთვის ცრემლებად ვანთხიე,
ბრალი რა მედო ეგეთი,
წამს საუკუნოდ გავდიე,
სულში – სიცოცხლე,
გულში – შენ,
თვალებში – ცა ვერ ჩავტიე.


18.03.2016

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Fri Oct 07, 2016 12:02 am



მარიამ წიკლაური

სოფელი სოფელს ეძახის

სოფელი სოფელს ეძახის:
"დაილიე თუ ხარაო?"
"ვარ, ჯერა ვსუნთქავ კიდევა,
ჯერ კიდე სიკვდილს ვთვალაო!
ჯერ ხევისბერიც აქა მყავს,
დროშას ცისკრის ცვრით ვნამაო,
შენ როგორა ხარ, ბეჩაო,
ხმიანობ ხანის-ხანაო?"
"მე შვილებს ველი, გზას გავცქერ
უჩინოდ მაღლიდანაო,
ნასახლარების გემო მაქვს,
არ მომდევს კერის ძალაო.
სიზმარში დედილას ვხედავ,
ტირის-კე წარამარაო,
თან მეუბნება, რადა ხარ,
შვილო, ასეთი ცალაო?
თან მოიდენის თეთრ ხბორებს,
დამიტოვებს და წავაო."
- - - - - - - - - - - - -
ღამდება, მთვარე ამოდის -
ნასოფლარების გადია.
ახლა ის მოუგურგურებს,
ნასახლარს, კვრივებს, ხატიანს.
ბილიკებს, ნაშალ ყორეებს
დარდისფრად გადაანათებს.
თოკიდან ფრთხილად ჩამოხსნის
სიკვდილის სიზმრის ანარეკლს.
დილამდე კიდეც გაათბობს
ვარსკვლავებიან საბუდარს.
ბაბაჭუების ნაქსელში
ხსოვნის პეპელას გაბურდავს.
ღამეს - სიბნელის ბერმუხას,
ესმის მდინარის ლაშქრული.
თვალს მოადგება სინათლე -
უნაბისფერად ნაჟური.
ნასოფლარების ტკივილი
მთებს დილის ნისლით დაბურავს.
მზე ააშრობს და წაიღებს
ღმერთისკენ სოფლის სამდურავს.


„მარადისობის რიტუალი“, 2012


Last edited by Admin on Sun Apr 15, 2018 10:33 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Oct 26, 2016 11:54 am



მარიამ წიკლაური

კვალი

ვაზის ეს ძირი, ორასი წლისააო, ისე იტყვიან ჩვენები, თითქოს მისი დარგვის დღეს ესწრებოდნენ დაბადებამდე. მთელი ეზო დაუფარავს ტალავერს. გვარივითაა ეს ძირი. სახლი კი რამდენი წლისაა, ზუსტად ვერავინ გეტყვის, ქვისგან ნაგები, სქელი კედლებით. ხან - ასოციო, ხან - ასიო, ამბობენ. ძველია ძალიან.
ჯერ შეძლებული გლეხის, მერე- რაიკომის მდივნის, მერე - ინჟინრის, მერე - მწერლის...
ერთი კაცის შთამომავალი ყოფილა ყველა.
არავის გაუყიდია.
ამ ძველ შიფანერზე ნატყვიარის კვალიცაა, ბერიასგან. სტუმრად მობრძანებულს კარგადაც მოულხენია. მერე იარაღიც უსვრია, აქაოდა, კვალი დარჩეს ჩემიო.
ეს წარწერა 70-იანებიდანაა: “ვიტა ბრევა არტ ლონგ”, მოცარტის სურათი, ბარათაშვილის, ბახის, გენონის ფოტოები. ჭერიდან ჩამოსული წვიმის კვალი და იოანე მარტოდმყოფლის ხატი გვერდიგვერდ ცხოვრობენ...
უამრავი წიგნით, უამრავი ამბითაა სავსე სახლი.
რამდენი კვალია.
რომელს ენდო...
სანთლების ნაღვენთებზე ახლაც თვლემენ ნათელი ღამეები.
ამ ხნის სახლები სოფელში საკმაოდაა. ბევრი მიტოვებული, ჩაშლილი...
ჩვენ სახლში კი, საბედნიეროდ, სიცოცხლე არასდროს შეწყვეტილა, ჩვენ ისევ ვცხოვრობთ აქ. ხან ცოტა ხნით ჩამოვაკითხავთ ქალაქიდან, ხანაც ხანგრძლივად ვიდებთ ბინას იალნოს ძირში.
ამ გაზაფხულზე პაპამ კარგა ხნის წინ გადახდილი და კიბის ქვეშ ნადები კრამიტი გადმოაწყო, მეზობელს ცემენტი და ქვიშა მოაზელინა და ეზოში ფილაქანი მოაგო.
ფინადაც ივარგა კრამიტმა.
ზაფხულის პაპანაქებაში ცხრაჯერ ვრწყავთ ამ მოცემენტებულ-მოკრამიტებულ ეზოს, აღარ ტალახდება ძველებურად.
სახლსაც ხან აივანს ვუახლებთ, ხან ბოძს, ვაახალგაზრდავებთ ხოლმე ჩვენ “ბებერს”, კედლებში ქართული რიყის ქვითა და კუთხეებში ანტიფიქსებივით ქართული აგურებით მორთულ-მოკაზმულს.
კრამიტის ფილაქნებმა სხვანაირად დამშვენეს იქაურობა.
ვინ იცის, სახურავისთვის ცაში საცქერლად შექმნილებს, არასდროს უფიქრიათ მიწაზე, თუმცა ეზოს მორწყვისას ცოცხლდებიან, ფერადდებიან, თითქოს ძველ სხივს იბრუნებენო.
ბრტყელი კრამიტია, ქართული.
კრამიტის ისტორია ვინც იცის, ისიც იცის, რომ ზედ გამოსახულებებს უკეთებდნენ ოსტატები, აწერდნენ, ახატავნენ.
ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ კრამიტზე უცნაური გამოსახულება აღმოვაჩინე: ასე ორი წლის ბავშვის ხელია გამოსახული, უფრო სწორად კი, გაშლილი ხელის მტევანი, სველ თიხაზე დანადები და გამომწვარი. არასდროს არავის შეუმჩნევია ეს ხელი. თან გამიხარდა, თან ათასი ფიქრი ამიშალა. არც არავისთვის მიჩვენებია. დე, ყველამ თავისად აღმოაჩინოს.
ასე მგონია, ამდენი მიტოვებული სახლის შემხედვარე გარშემო, ჩვენი სახლი ამიტომაც ცოცხლობს დღემდე, რომ ჩვენი საკუთარი ანგელოზის ხელი გვიფარავდა თურმე. სუფთა, მადლიანი.
ვინ იცის, მეკეცეს შვილი იყო. მეკეცეს ეძახდნენ საქართველოში იმას, ვინც თიხისაგან კრამიტს ან სხვა რაიმე ნივთს ამზადებდა.
კეთილი კაცი იქნებოდა ის მეკეცე, ალბათ გვერდით პატარა, იქნება და, მერვე, ან სულაც მეთორმეტე შვილი, ან პირველი შვილიშვილი ედგა და არ ასვენებდა კითხვებით, ეს რაა და ეს როგორო.
ჰოდა, გააშლევინა მარჯვენა და დაატყეპებინა კრამიტზე, აიო, აჩვენა, გაახარა.
მერე გამომწვარი ანახა, უფრო გაახარა.
მერე კიდევ რამდენიმე კრამიტზე დაადებინა, კიდე და კიდეო, კისკისებდა პატარა სიხარულით.
ეს მეკეცეც ათამაშებდა და თან თიხას აჩვევდა, თან მუშაობდა ადამიანი, თან ღმერთს ავედრებდა შვილებს, თან თვალს აპარებდა ლამაზი ქალისკენ, ბოლოლა შვილს რომ ძუძუს აჭმევდა ვეება კაკლის ჩრდილში, სახელოსნოდან მოშორებით.
რამდენი ბედნიერი სახლია ჩვენ მიწაზე, იმდენი ალბათ ასეთი ანგელოზის ხელიანი კრამიტი, ერთი მაინც, მალულად, თვალსმიფარებული ადგას თავხეს და არა მხოლოდ წვიმისა და თოვლისაგან იფარავს სახლს.
ველი...
ვიცი, სხვაც შეამჩნევს კერის ანგელოზის კვალს.

2016



Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Fri Mar 31, 2017 11:54 am



წიგნის დასახელება - „ქართველი პოეტი ქალები“
იდეის ავტორი და სემდგენელ რედაქტორი - მარიამ წიკლაური
ინგლისური ტექსტის რედაქტორი - მანანა დუმბაძე
დიზაინი - მარია მიქელაძე
გამომცემლობა – სეზანი
ISBN 978-9941-0-8555-0
ყდა - რბილი
გვერდების რაოდენობა - 256
გამოცემის წელი – 2016

32 პოეტი ქალის ლექსები ქართულ-ინგლისურად.
გამოცემა დააფინანასა თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა.

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Mon Apr 03, 2017 1:22 pm

მარიამ წიკლაური

საუკეთესო ფოტო

წესია! ყველას რომ უნდა ჰქონდეს,
ერთი მაინც,
საუკეთესო ფოტოპორტრეტი.
ცხოვრებაში გამოსადეგი პოეტური ტყუილი ანუ.
თერაპიიის მოკლე კურსის სახელმძღვანელო.
საუკეთესო ფოტო,
პოეტისადმი პატივისცემის
მარადი მელოგინე.
თვალი ჭამს და თვალი სვამსო ,
ხომ გაგიგით.
მე კი ვერაფრით გავუმასპინძლდი ვერავის თვალს,
ვერაფერი ვაჭამე, ვასვი.
თითქოს ძუნწიც არა მქვია, მაგრამ რას ვიზამთ?!
მომჩერებია ოთხივ კუთხით დამშეული თვალების ჯარი
მე კი ისევ ის, 5 წლისა,
კოპლებიანი კაბითა და ბაფთებით ვდგავარ,
გაწკეპილი, გაჭიმული,
ღიმილიანი და ბედნიერი,
რომელიღაც პროვინციული ქალაქის სკვერში,
რომელიღაც ფოტოგრაფის კამერის წინ
და საუკუნეს გადავცქერი ლამისაა!
ბავშვურად ! ყოჩაღ!
იქნებ ჩიტის გამოფრენას ველი დღესაც და ამიტომაც
მაქვს დამღასავით ცნობისწადილი.
იქნებ, ჩემსავით არ გაზრდილან
არც ის ციცქნა ეშმაკუნები,
თვალებიდან რომ ლამისაა გადმომიცვივდნენ
სწორედ 5 წლის პატარა გოგოს.
სულ ამ ღიმილის კვერს ვთავაზობ ადამიანებს,
მაგრამ სხვა რამე უნდათ, გაღეჭონ,
რა ვქნა?! ვერაფრით გადავიღე საუკეთესო ფოტოპორტრეტი -
შეხედავ და დაიჯერებ, რომ
ეს ქალი ანუ დედაკაცი პოეტია.
ლექსებს არასდროს დაეჯერებათ
ლექსებში ათას ტყუილსა და სიმართლეს იტყვი,
ეგ არავის აინტერესებს.
მთავარია შენი ფოტო გადაიღო
ცხოვრების ფოტო, ერთი მაინც
წყალი რომ არ გაუვა და ქვასაც რომ გახეთქს!
სიმართლეზეც მეტი იქნება,
შუქჩრდილების ისეთივე ეფექტებით,
რაც ცხოვრებაა.
თეორიულად ვიცი, მაგრამ ვერ მოვიხერხე:
მზერა მქონდეს არსაითკენ, შორი და ოდნავ ბუნდოვანი,
გაცილებით ლამაზიც ვიყო,
ვიდრე ღმერთმა ჩამიფიქრა,
გაცილებით ჭკვიანი და გაცილებით
საინტერესო,
სექსუალურიც,
ქარიზმატულიც,
მოდუნებულიც, მოშვებულიც,
დაბნეულიც,
არამიწიერს ვგავდე და მაინც
ხორციელ ვნებებს ვემონებოდე.
როგორია იმას ჰგავდე, ვინც არასდროს არა ყოფილხარ!
არავითარი ველოსიპედის გამოგონება,
პოზები, გრიმი...
არავითარი კონვენციური დაძაბულობა,
შაირის გრიმასს,
ან ვერლიბრულ უსაზღვროებას
დააღწიო უნდა თავი თუნდაც წუთით,
თუნდაც კამერის ლულების წინ
ამ „გასროლას“ თუ გაუძელი,
მარადიული სიცოცხლე გელის!
ფოტო, რომელსაც დაეჯერება,
რომ ამ ათასი ლექსით ნათქვამს
ამ უსასრულო ფიქრსა და ტკივილს,
ამის ნახევარ სიხარულს, განცდას
სინამდვილეში,
ერთი ფოტო გადასწონიდა,
კარგი ფოტო,
შენ რომ ვერაფრით გადაგიღეს,
რადგან არასდროს არ დაიჯერე
შენივე თავი.
არც შავ-თეთრი გეგონა ყოფა.

2017

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed May 17, 2017 10:34 am

მარიამ წიკლაური

„ყმა ვაზირსა ეუბნება“

ადრე კაცი დევს ასე სცნობდა:
გახედავდა და, თუ ყურებში
ლანდი რამე გაუდიოდა,
არ მივიდოდა დაძახილზე,
თუნდაც ახლობლის აღე ჰქონოდა დევს მიღებული
(იხ. აქავე -აღე ანუ სახე, მკითხველო).
გინდაც პირიქით ყოფილიყო, მეხსიერება განა სანდოა?!
ეს ლანდგასული ყურები ახლა რა ბევრს ასხია.
ჩამოივლის იათაშვილი, აშკარად ლანდი გასდის ყურებში.
ეჭვით ვუცქერ, დევია თუ შოთაა, კაცო?!
დიდად არც ერთის მეშინია და არც მეორის,
მაგრამ დევს ბევრად მირჩევნია, იათაშვილი იყოს ნამდვილი,
გალეული და თავი დევად ეჩვენებოდეს,
ჩასაყლაპად ეღირებოდეს ლიტერატურულ ყოფა-ცხოვრებას.
ჩამოივლის მერე მეორე, მერე მეცხრე, მერე მეოცე,
გავხედავ მათაც ლანდი გასდით ყურებში და არას იმჩნევენ.
დევებია, აღე მათაც ბიჭებისა აქვთ.
კაცობენ და გამოსდით კიდეც.
დავითი ვარ, გაიძახის, ლუკა ვარ, ნიკა, ბექა, შალიკო.
მესეფეებს აფრთხობენ და ოჩოკოჩებსაც,
ზღვისპირელ დევებს კარგად ვიცნობ, არ მეშინია.
ერთი - ყველაზე მაღალია,
უყვარს - ბალახი, ცოლი და ერთიც, აბდულ-მესია.
სოლომონიც რომ ყოფილიყო, ალბათ ასეთი იქნებოდა -
მზით ნაშავი და დიდ ყურებში ვეება ლანდი, ზურგში ლანდი,
მტევნებში ლანდი...
არადა, ისე ტაკიმასხრობს, გეგონება ტანზე კომპლექსის ბანჯგვლი კი არა,
მზის ცვარი სცხია, ჩადებ ენგურში - ოქროს აისხამს.
პატარა ამურია პაატა შამუგიაც,
ვითომ დევებისა არა გაუგია. არადა, ლანდავს.
ეს კიდევ აგე - ღრუჩუნა დევი, სათვალიანი, აგრესიული,
ბუა არის, ნამდვილი ბუა, ბუა პოეტი.
დაკვირვებული თვალი თუ არ გაქვს,
ლანდს ვერ შეამჩნნევ მაგის ბანჯგვლიან ყურებში დღისით.
ეს კიდევ აი - სახემწყაზარი, მალხაზი ბიჭი, ხარის ძალისა,
მაგრამ დევური პატიოსნებაც ხომ არსებობს და
როცა ჟღალ წვერზე ჩამოისვამს ხელს,
პატივისცემა გიორმაგდება
და არ გინდა დაუნახო ლანდი ყურებში.
ამას უყვარს მარანში ყოფნა -
როგორც სავსე ქვევრს სჩვევია ხოლმე,
ცარიელ ქვევრებს მწყრალად უცქერს
და ქვევრია თითქოსო ქარვის, ლანდი გასდის ბეჭებში მასაც.

კოჭებზეც ვთქვათ.
კოჭუკუღმობაც ნიშანია დევ-ეშმაკების,
და კოჭებში ეტყობათ კიდეც: მსუქნებსაც და გალეულებსაც,
უკუღმა რომ აბიათ ფეხი, სწორედ მაგ ფეხით შეუძლიათ
ფერხულის გასმა - შედგებიან სიტყვებზე და, შენ რომ დაწერე
გაუსვამენ, გამოუსვამენ ცერულებსაც, ბუქნებს, დავლურებს
პა-პა-პა-პა, რანაირად. ვითომ სულ ასე სცენაზე იდგა
ამაღლებულზე ამაღლობელიც,
ვენაცვალე, იმ გრძელ თმაში ვერა და ვერ დავუნახე ლანდი ყურებში,
ზურგს კი არასდროს აქცევს ცხოვრებას, ბეჭში გავხედო,
სულ სახით დგას,
ასე მოუდის.
ძველ მითიურ სახელებზე სელის თოკად გადახვეულებს,
ისეთი ძალა უდგათ სხეულში,
რომც ეცადო, ძვრასაც ვერ უზამ,
აი, ეს კი წმინდა დევია, გიორგი ჰქვია,
365 არის, იმოდენაა.
უჭირავს ხელში მათრახი და ვაი, თუ სადმე გადაეყარე...
გადაუყრელსაც ისე გყროლავს, არ აქვს დანდობა!
რის ღვთისშვილები, რის კოპალა და იახსარი,
ისევ დევების ხელში ვართ ხალხი.
გაბუდაყდნენ, გადაირივნენ, სულ მეო, მეო,
მე როგორც ვიტყვიო,მე რაც მინდაო,მე ასეო და სუ მე ისეო.
იშვიათად, მეგობარს თუ შეხვდი, მაშინაც
უკვე გგონია ესეც დევია, შენი ახლობლის აღენაღები.
მაინც როგორი დამთრგუნველი და ოხერია დევების შიში,
გულს გაზიდებს და
ტანშიაც ძრინვა გაგდგომია უხიაგი ფიქრებისაგან.
ცხროვიანივით დაატარებ უდაბნოს და ჩამავალი მზეც
ნიჟარასავით ხერხემალზე მოკიდებული, გყოფნის საშენოდ.
ხმა გააქვს სხეულს!
ჰოდა, აიღებ თოკს ან ბაწარს,
არა, არა! ჯერ ქვას აიღებ, შემოივლებ წრეს შენს ირგვლივ,
შემოატარებ იმას ბაწარს, გინა თოკს და გინა ჯანაბას,
რომ არავინ უკეთური გადმოსრიალდეს დასაგესლად
შენ კარშეხსნილ მარტოობაში,
რომელიც, მზად ხარ, ყველას ფეხქვეშ გაუფინო გამოწვდილი ღიმილისათვის -
შავგვრემანებს, თეთრგვრემანებს, ზოგადად - გვრემანს ყველა ფერისას,
ოღონდ ისინი იყვნენ კარგად, ოღონდ იმათ არსად დაჰკრას ცივმა ნიავმა,
ოღონდ ბათუ, ოღონდ ჯარჯი, ოღონდ ხარანი,
ოღონდ ათასი გამოგონილი სახელით კაცი...
და სანამ ამას ფიქრობ, უეცრად
გამოჩნდება მაღალკანჭება ქალი, ნაცნობი,
ლანდით ყურებში,
დაქალებთან ერთად მოდის, თავმომწონედ მოათამაშებს
იმ ლამაზ გავას და
იცის, რაც სურს, ყველაფერი ისე იქნება!
რადგან დევია ისიც, დევქალა,
სხვა დიდი დევის ერთგული ცოლი, გინა დაი, გინდ მესარეცლე,
ხმას ვინ გასცემს ან უბატონოდ.
ჩაგივლის გვერდზე, თითქოს არც კი დაუნახიხარ.
არადა, ხედავ ამ თოკს როგორ გადმოაცოცდა უცხოობის ცივი მატლები.
ამ ქალებს ისე ლამაზად ჰქვიათ თავიანთი სახელები, თვალსაც ვერ მოწყვეტ,
ყოველ ღამით ამყოლი ვარდის ლერწებივით აცოცდებიან საკუთარ ლექსებს ,
შემოდან ჩვენ საბრალომარტოობაში,
გოგრის ყვავილებს მიუგავთ ხოლმე დაჭყეტილი ლექსის სტრიქონი:
კატარინაეთერინები. ელალიებილელაები, ნინონიები, მაიებიბაიებიმანანაოები,
ვინ დაუთვლის ცეცხლისთმას ღერებს, ტყე-ღრეს - გრძნეულებს...
საქრესთომატე დევებსაც ვიცნობ,
თვინიერს და „დედამოტნულსაც“
(იხ.აქავე - ტ.ჭ. ტერმინი),
ზოგი სიტყვებს კამათლებივით ათამაშებს:
ხან სიკვდილზე სვამს, ხან სიცოცხლეზე, წოლა-დგომაზე,
ზოგი ფიქრების დამჭერს იგონებს, რომ არცერთი გაულაყდეს,
ზედმეტად ტრაკსაც არ ასწევს და არ გააციებს,
ზოგი წითელ მეტაფორების თაიგულებს იკონავს გულზე,
ხმას აკანკალებს ან იბოხებს,ან საერთოდ არ იღებს კრინტსაც.
კრინტი ფასობს.კრინტი ძვირია.
მაგ - და გურუ- ცბიერ დევებსაც კარგად ვცნობ უკვე,
ავტოგრაფებსაც ვართმევ ზოგჯერ,
ვულაიქებ კიდეც სტატუსებს,
ღიმილაკით „აქე, ერიდე“,
დევდედოსაც უცდომლადა ვცნობ,
მინატრია გულმოკლულს ზოგჯერ მისი შვილობა;
რომელი ჰერტა მიულერი არ ინატრებდა იმასთან ბაასს ნემენცურად
ფინჯან ყავაზე?!
ქალწულ დევებსაც, სულ წმინდანთა სახელები რომ ჰქვიათ და
ღამღამობით კი კატებს ხოცავენ, რომ მათი სისხლით
გადაღებონ ჰორიზონტები, თვითონ კი მარტის კატებივით
იკივლონ გაბმით სიყვარულის მოლოდინში ,
შემოიხიონ თავები და შემოიხიონ წარმოდგენები
გამოგონილ შიზოფრენიულ ორგაზმებზე
და აივნებზე თავისუფლების დროშებივით გადაეკიდონ.
კანტალა და ქოსატყუილა დევებსაც ვიცნობ,
ბრგე ლაჩრებსა და ლაჩაჩუნებს -
სიტყვის იქით რომ არც არსებობენ,
ენებზე ფერად ბუშტებმობმულებს...
ბაქიბუქობის გროსმაისტერებს, შორს დანაქუხზე ქვეშ რომ იფსამენ.
გადაშენებულ დინოზავრებსაც, პეპელა რომ აფრთხობდათ ღამის.
ვიცნობ მედიდიურ არადევებსაც, არაკაცების მსგავსსა და ტოლებს...
ბევრი რომ აღარ ვწერო, ვჩერდები,
რომ არ დავღალო არც გული და არც იმედები,
ასე ვცხოვრობთ ჩვენ.
დრო - უძველესი.
სიბნელე - ნათლის მაბრმავებელი.
აზრები - სადღაც გამოქვაბულის სიღრმეებში ჩაკირული.
ცხოვრება - უნდა ვაღიარო, ქაქისჭამის გაკვეთილია,
გამეორებებს გაძალებენ, ასე უკეთ ჩაწვდები არსსო.
ყოველ ნაბიჯზე შეიძლება დევს გადააწყდე.
შენც მკითხველო, დევი ხარ, გიცნობ...
ცა - ისევ ლურჯი,
ზღვაც - შორეული,
ხმელეთიც - შორი...
სახელები - მათი მფარველი ანგელოზის ნაწყალობევი,
ჭრელი კენჭივით უყრია დროს ლანდგასულ მუჭში
.
უყურებ და ფიქრობ, ნეტავი
შენც ხომ არ გაგდის ლანდი ყურებში,
შენც ხომ შენსავ თავს არ ესიზმრები ადამიანად?

2017

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed Sep 06, 2017 12:49 pm

მარიამ წიკლაური

ლექსი წიკლაურებზე

"წიკლაურებო, თქვენ ხატმა აგიკრძალათ
ომში და მეკოპრეობაში მოპოვებული ოქრო-ვერცხლი
სათქვენოდ მოიხმაროთ.რაც მოგეცემათ, ხატს შესწირეთ."
აი, ასეთი განჩინება ამოვიკითხე ძველთუძველეს წიგნში,
სახელად „ხევსურეთი“(ალექსანდრე მაკალათია).
დიდადაც არ გამკვირვებია:
ეგრე ჭრის და კერავს მაინც ჩემი ცხოვრება.
არც არაფერი მაბადია, არც არაფერი მაკლია,
ის კი არადა სხვაზეც ბევრი მაქვს საბადებელი...
არც რას ვაგროვებ,
არც რას ვკარგავ,
მაგრამ გასაცემს სულ კი მაძლევს უფალი თავად.
ეს ლექსიც, როგორც შესაწირი, წაიღოს იმან,
ვინც წაიკითხავს.
ყველა გვარის სასმენი იყოს!
და არა მხოლოდ მათი, ვისაც
თვალში ნაკლებად მოვუდივართ წიკლაურები!
ბევრიც მითქვამს ჩემი გვარის ისტორიაზე,
მაგრამ განა ისტორია ყველაფერია?
ცოტაც მინდა იმაზე ვთქვა, რაც ისტორიას გადაურჩა და
ლაღობს ახლა,
სუ თავისთვის დაიარება....
მოკლედ ვიტყვი,
რადგან სათქმელს არც სუფრა უდგას,
არც ფანდური,
არც მოლექსე,
არც მოპასუხე.
ვიტყვი და ეგრე დავტოვებ, როგორც ქარსა და წვიმას
უტოვებდა ჩემი გვარი ხატში, საწირველს.
ჩვენ არასოდეს არც ბატონი, არც მონა ვინმე არა გვყოლია.
ერთადერთი ხატის ყმობა მოგვიდიოდა!
ახლაც ასე ვართ,
მაგრამ მაინც ძალით ვემონეთ ერთ ყრუბატონს, გავეცით ხატი -
ლექსის წერამ აგვიყოლია:
ერთი გიორგი, ნაციმბირალი,
ერთი ივანე-ვახუშტის ჯილა,
ერთი დიდი მათე-მამუკა,
ერთიც დიმიტრი-ღვთისკაცის სულით,
ჯურხათ ივანეც უნდა ვახსენო,
ფაფარენაში რომ აქვს საარსო,
ერთიც მე თავად - მარიამი, ცეცხლივით ქალი.
სხვებიც არიან: ერთი ელისო, ერთიც ეთერი,
თამაზია, მარტოკაცი, ისიც ცეცხლისა,
ერთიც ილია...
ვინ ჩამოთვლის ყველა წიკლაურს...
მაგრამ ბედი ყველას ერთი გვაქვს:
სამაგალითოდ ერთნაირი,
რა გვჭირს ასეთი?
თანხმოვნებივით ყურს უკაწრავს
მავანს ჩვენი გვარის ხმოვნებიც.
ვიღაცას ალბათ ეშინია ჩვენი ცეცხლისაც,
ვიღაცასაც უცდომლად ახსოვს,
რომ ჩვენ მონად არასოდეს არ ვიქცევით,
ერთ სიტყვასაც არ ვიტყვით ისეთს,
რაც „ჭკუაში არა გვიჯდება“...
რა ვიცი, ეგებ სხვა მიზეზიც მოეპოვება
ჩვენი დიდი მათე-მამუკას, ჩვენი კარგი დიმიტრის და
თუნდაც ჩვენი მარიამის ამ "არაფრობას"?
მიჩვენებს ღმერთი.
ერთ მშვენიერ დღეს წამაკითხებს ძველ წიგნში სადმე,
გადამყრის სიბრძნეს ამ „არაფრობის“,
ამ სიჩუმის...
ამ გვერდზე ჩავლის...
დიდმა გულმა დარდიც დიდი იმიტომ იცის,
რომ დიდ სიჩუმეს ღირსეულად დაუდგეს ძმად და,
თავისი გზით იაროს იქით,
სადაც ხატი ქარის სხეულით ელოდება
თავისი წილის და კუთვნილის მისაღებად.
მარტოობა დიდი განძია,
ამას თუ გვითმობს ჩვენი
მამა-პაპის სალოცავები.
წიკლაურებო, აბა, თქვენ იცით,
არ შემიშინდეთ ამ ყიამეთ აურზაურში.
ჩვენ დევებმა ვერაფერი დაგვაკლეს და
მოჩვენებები რას გვიზამენ,
კოჭუკუღმელნი?!..
გაგიმარჯოთ, წიკლაურებო: უსახელონო,
უჩინარებო, უთქმელებო,
დიდი დარდების ქვაბულებო, თავშესაფრებო,
სულ იმედის კვერის მცხობელნო.
თქვენი სიტყვის ჯავარი სხვაა.
იმან იკითხოს, ვინც ვერა გვზიდავს...

პ.ს. - - - - - - - - - - - -

2017.20.04.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Mar 22, 2018 1:32 pm

მარიამ წიკლაური

გაზაფხული

არასოდეს მომიყვანია ეს გაზაფხული.
ის მოდის ხოლმე პერიოდულად - კომისია,
რომელმაც უნდა კიდევ ერთხელ გადაამოწმოს
ჩვენი სიცოცხლის ძველი უნარი.
კომისია, ჩრდილოვანი ნაზამთრალი ეკონომიკის:
რამდენ კვირტს მალავს ხეების ტანი,
ველ-მინდვრები - რამდენ ბილილას.
რამდენ მზის სხივს - დღეების პეშვი,
ბალახს - ქვისძირი, ბელტებს - მიწა,
სილურჯეს - ზეცა, სივრცეებს - ფრთები,
რამდენ სიყვარულს - ადამიანის პატარა გული,
რამდენ ვარსკვლავს - ჩამქრალი მზერა...
მე არასდროს მომყავს ხოლმე ეს გაზაფხული,
გეფიცებით. ვის რად უნდა ამხელა სტრესი,
ამდენ სიბნელეს რა სინათლე ეყოფა მაინც?!
კანონის ენა არავის ესმის,
ყველას თავისი ზამთარი უყვარს -
ხელს შეახოცავს თავისუფლად მოკლე დღეებს და
ყველაფერს კვამლს გადააბრალებს...
თავადაც ხომ არაფრად გაგდებს,
არც გთვლის
ა რ ა ფ რ ა დ .გულს - სიცოცხლის პულსაციას
თოვლით იგრილებს.
მაგრამ ,ერთ დღესაც, რომ არც ველით, გაუფრთხილებლად
კომისია აგვეტუზება,
ჰაერში ელდას დაგცემს ხოლმე ნაცნობი სუნი -აი, მოვიდა!
გაერიდეთ ამპარტავნულ ჭრელ გაზაფხულებს,
ეცადეთ, თვალში არსად მოხვდეთ ამ კომისიას,
რადგან ყველაფერს მხოლოდ ფიარის გამო აკეთებს,
დაგვაფეთებს, სხვა არაფერი
დიდი ვინმე რომ გვეგონოს, რომ გვეშინოდეს...
მთების სიმწვანეც გახრიოკდება,
ამ ტყეების აფერადებაც,
ეს ხეები ისევ ისე შეიბრუნებენ ძილს და სიყუჩეს,
ეს ქუჩებიც ისევ ისე რუხთვალება უიმედობით იქნება სავსე,
არავის ერთი თბილი სიტყვაც არ დასცდება,
ჭორფლიც განა რა,
მზეც შორსაა.
ყველაფერი ფიარია,
გაივლის, წავა
და არავინ შეგიმცირებთ დარდსა და ნაღველს -
სრული, მუდმივი შტატით არსებობს.
სიმარტოვესაც აქ არაფერი დაემუქრება,
ოღონდ ახლა გაუძელით ამოვარდნებს მზის სიზმრებიდან.
ხელის გულს ვადებ აყვავებულ ნუშის ხეს და ასე ვიფიცებ.
არასოდესს არ დამაბრალოთ,
„რომ გაზაფხული მე მოვიყვანე“.
სადღა გვაქვს ძალა ადამიანებს მისი გაძლების.
„ესეც გაივლის...“

2018

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Apr 15, 2018 9:44 am

მარიამ წიკლაური

***
თავწაჭრილი გინახავთ მთები?
გადამსხვრეული ხერხემლის ჩრდილში
აყვავებულან
ცის მაცქერალი
ხეები და
ფესვით იწოვენ,
რომ საკუთარ ზროში დამალონ,
ძვირფას მეტალთა
სასიკვდილო
მოლეკულები...
ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი დარჩა,
თვალებდათხრილი,
ლურჯი სივრცის ტკივილებს სუნთქავს...
შორსაა ღმერთი,
სამშობლოა ძალიან ახლოს...

2018, დმანისი

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Apr 15, 2018 10:50 am

მარიამ წიკლაური

გარეუბნელი

გარეუბანი - საშინელი განაჩენი!
თანდაყოლილი გრძელი ცხვირი,
ყველაფერში გამოჩხერილი.
თანდაყოლილი გულისმანკიც.
ვერ გაქაჩავ ბოლომდე და შუა გზაში მიგატოვებენ
მარტოდმარტოს შენი ოდესღაც სასურველი სტუმრები და
დაივიწყებენ სადარბაზოს ნომერსა და ბინის კარისფერს.
პანაშვიდზე მოგაკითხავენ,
შეთელილი მოეჩვენებათ ნაცნობი სახლი
და გაწლაწული გზა ცენტრიდან გარეუბნამდე.
მემკვიდრეობით მიღებული კომპლექსები
ცრუ თანაბრობის - ბებერი ცხენი, მეპატრონის გამოგდებული,
შენი ეზოს მოჩვენებად გადაიქცევა.
თავის მხედარი, ხელში ისრით, სადღაც დაკარგა -
გარეუბანს ბევრი უკლია სრულყოფამდე.
თანდაყოლი მოკლე ფეხები,
გადადგამ და ქალაქის ცენტრს ვერ მისწვდები,
მოკლე ხელები - ვერც ჯიბის ფსკერზე მისწვდები ხურდას.
მოხრილი ზურგიც - დაბადებიდან ,
ვერასდროს გაშლი ისე, როგორც უხდება ქალაქს,
როგორც წესია მხარგაშლილების ლაღ ქალაქში,
როგორც წესია!
გარეუბანს ვერც სკრინინგი უშველიდა,
მას სტადიები არ გააჩნია
გარეუბნელად თუ ჩაგიფიქრებს ბედისწერა,
არ გიშველის აღარაფერი.
გზას ქარივით თუ არ მოები,
სხვისთვის რომ წამი, შენთვის მთელი საათებია.
არვინ კითხულობს, რად მოგესაჯა ან როგორ უძლებ
ნახევარი შენი ცხოვრების იჯდე ასე აყროლებულ სამარშრუტოში
და სიბერეც ბოლო სკამზე წამოგეწიოს.
ვინ წარმოიდგენს, იმდენ ხანს მგზავობ
ჩაჯდომიდან ჩამოსვლამდე
თმა გეზრდება და, ჭაღარაც გადმოსული რძის ნადებივით
მიმხმარი გაქვს თმების ძირებზე
კაბა კი, მუდამ ,სამარშრუტოს ბოლოსწინა გაჩერებაზე
უკვე მოდიდან გადასულია.
სულ ასე ხარ გარეუბნელი
ქალაქისათვის იმ ღარიბი ნათესავივით,
ორ წუთზე მეტი რომ არაფერში ჭირდები და ეზედმეტები.
სულ გეჩქარება, სულ დროს ზომავ, სულ ნაბიჯს ზომავ...
იქნებ მიუსწრო შინ შუაღამეს.
ცენტრალურ უბნებს, ქუჩაბანდებს სხვა დარდები აქვთ,.
აქაურების კაბები მოდურებად რჩებიან და მათი თმის ფერიც
გახუნებას ვერასდროს ასწრებს...
არც ტალახი მოეცხებათ მაღალ ქუსლებზე
და ყველაფერზეც როდი არიან თანახმანი,
ეს მე ვარ ასე ყველა დღეზე მობმული მგზავრად
და თუ ერთი დღე უქალაქოდ დავრჩი, ვერც მიცნობთ,
აქცენტიც კი მეცვლება ხოლმე
და გავიძახი:
ერთი მაგათიც! ერთი მაგათიც!

2017

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Apr 15, 2018 10:52 am

მარიამ წიკლაური

ცეცხლის ომში

ხანძარი.
ხან ნებით,
ხან ძალით.
ხან წყვილად,
ხან ცალი
მოდის და
ტყე-ტყე და მთა-მთა და
მოღმუის,
მოგელავს პარპალით.
არც ნამი
არც თქეში,
არც წყალი
და კაციც
და ღმერთიც გამწყრალი.
ქარს ქარი
მოაქვს და
რაც არის
იმედის პატარა მარცვალი -
დაცლილი საბავშვო სარწყავი.
წამს წამი
ეწვის და
ხანს ხანი.
ხან ნებით,
ხან ძალით
და მძლავრი.
ხო, მძლავრი,
ხან მტერი
მზის მტვრით და
ხან წამლით
ტყეს წათლის.
წითელი ფანქარი.
აღარც ხე
და აღარც ხარდანი.
აცალე. აძოვე
ნაცარი
ცეცხლის ხარს.
მტრის მაჯა
გასხიპე,
გასხალი.
სულ ცრემლი,
სულ გვემა, სულ ჯვარი.
ახსენი ეს ალის
სამსჭვალი.
და ტანჯვაც დაღლილი,
მაშვრალი...
და ელდაც
ნაქარი, ნაშალი....
ხმაც გაკმენდილი და
გამწყდარი...
ზურმუხტის შავ ძვლებზე
შემდგარი
საწყალი სამშობლო,
დამწვარი...
ხანძარი.
ხანძარი.
ხანძარი...

2017

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Apr 15, 2018 10:53 am

მარიამ წიკლაური

თბილისში

კორპუსები ჰგავს მიჯრით
ჰაერში გათხრილ სანგრებს.
ამ ქალაქს დღემდე ანგრევს
ომების ახლო მიჯნა.

და სიახლოვე კართა,
და სიახლოვე ფანჯრის,
თეთრი ჭადრების აბჯრით
აღარ მოსავენ კვარტალს.

ქალაქი თავსაც გასცდა.
ჰაერში იქნევს ამწეს.
ლაჟვარდებს ძლივსღა არწევს.
მეორმოეთა კასტა.

მტკვრის ქამარს უჭერს ქუჩებს
წელი, დაღლილი რკინით.
ცათამბჯენების ტინებს
სიგარასავით ქაჩავს.

აკაციების რეტი
მახსოვს, ესხმოდა აღმართს
და უღმერთობით დაღლილ
გუმბათს კენკავდა მტრედი.

აივნის ჭვირთა პიარს,
ოფისებს - შრომით ვახტებს.
მიწა მეტლახს რომ იხდენს
და ჩვენიც აღარ ჰქვია,

ვერ ცნობს საკუთარ სახეს
ქალაქი წყეულ ქართა,
ქალაქი წვეულ კაცთა,
აქ სადღაც იდგა, მახსოვს,

ბარათაშვილთა სახლი...

2017

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Apr 15, 2018 10:54 am

მარიამ წიკლაური

მეტა

ყოველი დღე მეტადღეა და
ყოველი კაცი, მეტნაკლებად კაცი რომ ჰქვია, მეტაკაცია...
ყველა სიცოცხლე არა მაგრამ, სიცოცხლეც მეტასიცოცხლეა,
სიკვდილიც მეტასიკვდილია
ყველაზე მეტად ქრისტესაგან
ნასიცოცხლარ-ნასიკვდილარი...
ყველა ცრემლი მეტაცრემლია,
ყველა აზრიც მეტააზრია.
ყველა გზაც ასე,
ყველა ნაბიჯიც,
ყველა ქალაქი,
ყველა სოფელი,
თვით სამყაროც.
ყველაფერი მეტაა და
ყველაფერი შეიძლება გაიმეტოს ერთხელ შემქმნელმა...
რადგან სწორედ ის - სიყვარული,
ყველაზე მეტა თავისი არსით
ხან აშენებს და ხანაც ანგრევს
მეტაკოსმოსებს.
მეტაა დარდიც,
მეტაა ფიქრიც,
მეტაა სექსიც,
მეტისმეტი სიხარულიც მეტაა და
გადიგამოდის ყველა უხილავ ჰორიზონტებს
მეტამზისათვის.
უბრალო კვირტიც მეტაა და
მუჭა მიწაც მეტაზეც მეტა
უნდა ვახსენოთ მეტაზე მეტად მეტასამშობლოც.
უნდა ვახსენოთ მეტაზე მეტისმეტაც ბევრად მეტაენა და
მეტაეთნოსი,
რომლიდანაც უკან ბრუნდები გადასარჩენად,
რომ მერე შენთვის ძვირფას მეტობას მიაღწიო სიმარტოვეში
დაივიწყო მეტაჰომოსის მემკვიდრეობა და
მეტობის გარეშ მოკვდე, როცა
მეტამარტოობის მეტისმეტი სიჩვილე
ვერ გაისტუმრებს ბატონებს და
ვერ მოიხდი ადამიანის მეტავალივით,
რადგან ერთხელ შენ მაინც გაჩნდი
ყველაფერი მეტატექსტად დაწერილი
იყო და აბა,
რა აზრი ჰქონდა მეტანიებს?
მაშინ მოტყუვდი, როცა მეტათავისუფლება
დაიჩემე და
დაიჯერე მეტამეობა.
დაბადებულთა ბედისწერა ,როგორც
ღმერთის მეტალურგია,
ისეთია, ვერფარით იტყვი რა გამოდნება მეტაცეცხლიდან,
მეტამადნები უსამანო მეტადროში ხარისხდებიან,
მაგრამ რატომღაც
არასოდეს არ მიიღება აი, ამაზე ხარისხიანი!
სულ, გამუდმებით მაინც ჟონავს მეტასტაზები....

2017

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Apr 15, 2018 10:55 am

მარიამ წიკლაური

სოლიდარობა გაზაფხულს!

ადრე მიხდებოდა გაზაფხული,
ზუსტად მადგა.
არც ნაოჭები ზედმეტი, არც რუშები.
ყველა იოლად იხდენდა
და თვითონაც ბედნიერი იყო გაზაფხული.
კიდურებს შუამდე გააშიშვლებდა,
პალტოს სიმძიმეს შეათხელებდა,
ლაბადების ჯიბეში ჩაგიყოფდა თბილ ხელს,
მოგიჭერდა და გულს,
რომელიც მკვდარი იყო მთელი ზამთარი,
ხელოვნური სუნთქვის წყალობით ააძგერებდა.
დღეებიც აკლდა მის თვეებს როგორც,
სარძევე კბილის მონაცვალის სიცარიელე.
გადიოდა და გამოდოდა სიხარულის ქარი
შტვენით ამ დღეების სინაკლულეში
დიდად არავინ ეპუებოდა,
ან რა ჭკუას მოჰკითხავდი მას,
არც 9 მარტის და არც 9 აპრილის არფერი გაეგო ჯერაც,
რის 26 მაისი, ანდა?!
25 თებერვლისას კი, მას ვინ ჰკითხავდა -
ეს წინასწარ ჩადებული სიკვდილის მზითვი
არც ენახა თვალით გაზაფხულს.
მიამიტი იყო ძალიან,
მოიტანდა ცის ლურჯ შპალიერს,
მიხატვადა, მოხატავდა მზისფრად ყველაფერს,
ეგონა, მხოლოდ სიყვარულის დასაფეთებლად,
ყვავილების წამოსაყრელად
და ხეების გასამწვანებლად გამოამგზავრეს,
ეგონა, რომ უიმისოდ
არ გალღვებოდა ნაკადულის გამჭვირვალე ბორკილები
საბავშვო ლექსში,
ეგონა, რომ მძლევარის ფრთას აძლევდა ძალას,
შოშიას, მერცხალს, გვრიტს, შაშვს, ნამგალებს
ბუდეების გასამრთად დასჭირდებოდა იმისი თავი,
ეგონა, რომ საბრალო გლეხს ძვლებს გაუთბობდა,
მარცვალს მიწიდან იმედვით ამოიყვანდა.
მაინც როგორი მიამიტი იყო, კეკელა,
ვაზის ყველა ცრემლს სასიცოცხლე ძალას ურევდა,
დიდი-დიდი გიჟმარტობას ერთი-ორჯერ
სადმე თოვლში ეტუცა ფეხი და იქაც იას გადაჰყროდა,
ან ფურისულას, შიშით შეშლილს, ნეშოში შემძვრალს.
სხვა რა?! აბა, რა?!
ახლა მოდის ზამთრის ქვრივივით,
ვეღარც იხდენ, ვეღარც უბედავ,
სიყვარულისთვის გულისპეშვი გაუწოდო
ან გადაიცვა და გახვიდეთ
ერთად ქუჩაში სახეტიალოდ.
ახლა მაგას სხვა აქვს ფიქრი,
ათასი საქმე აბარია:
ურბანიზმის კომერციას უნდა მიხედოს,
ბრენდებს, ჩვენებებს აურიოს ფერები და
გამოიყაროს ტანზე დიდი სისხლისფერი კვირტების დარდი,
საპარლამენტო სესიები აქვს გასამართი,
სააქციო და კვარტლური ანგარიშები,
სეზონური დახლების ხორკლი,
დიეტები, მელირებები...
მოდის, მაგრამ რა?!
ვინღა ჰკითხავს ან სიყვარულზე,
ან "მამულის აყვავებაზე",
ან მოჩითული კაბების კერვას,
ან ყანისას, ან ვაზისას, ან მძლევარისას...
ჩვევას რა ვუყოთ, თორემ გაზაფხულს
როგორც ჩვენ ტყვეს
სასეიროდ დავატარებთ ქალაქის ცენტრში
გაფიცულები ვართ ყველანი,
შიმშილობის აქციების მონაწილეთა ულტიმატუმს და მსგავსებია
„ყველაფერი ან არაფერი!“
სოლიდარობა გაზაფხულებს!
მათ არ უხდებათ ცრემლი, სიკვდილი.
ისინი ღმერთმა გულისათვის ჩაიფიქრა,
ჩვენ კი ლამის წელში გავწყვიტოთ -
ისევ მამულის ასაყვავებელ მითიურ დროდ გვესახება
ეს კაფანდარა და გიჟმაჟი გოგო, ვისთვისაც
ჯერაც არავის უკოცნიაკვირტების გარდა.
გავატაროთ თავისუფლად გულის საბაჟო,
ნურც ზედმეტს მოვთხოვთ.
თავისუფლება გაზაფხულებს!
თავისუფლება!
თავისუფლება!
თავისუფლება!

2017

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Fri Apr 20, 2018 8:47 am

მარიამ წიკლაური

ენისგასატეხი

ლოგოპედიური სავარჯიშოები მოძველდა,
ვეღარაფრის თქმას ახერხებ.
მეტყველების უნარს ქანცივით გაცლის სიტყვები,
ახალ აზრებს ტყვიებივით რომ იჭედებენ შუბლში.
იცვლიან მნიშვნელობებს და აღარ ბრუნდებიან
ლოგოსის ტაძარში. ერესში ამხილეს!
ყველა სადღაც პოულობს ბედნიერებას,
შენში - არა. შენ უნდა ახალი აპარატი გამოიგონო,
ახალი ენა, ახალი სახელდება, ახალი სავარჯიშო.
ყველა კუნთი მოგიდუნა დრომ.
სიტყვები ახალ თავშესაფრებს ბარდებიან.
შენი პირი და ენა აღარაა მათი საევაკუაციო სივრცე.
ეს ახალი ენისგასატეხია:
პროლეტარულიდან პროლეტალურისკენ!
ეცადე, გამოთქვი.
ეცადე, სხვამაც გაიზუთხოს,
ეცადე, ცხოვრებას სხვასთან ერთად,
მარტო ვეღარასდროს იქნები.
ჩამოგართვეს უფლება შენადყოფნისა!
ახლა უნდა შეძლო ვინმეს პარტნიორობა ნივრის პარტიაში,
უნდა შეძლო საკუთარი პიარი - იპოვო შენი პი,
3,14 უნდა გახდე
და თავი- წრეწირი, ენა- დიამეტრეზე ჩამოიხრჩო ლაპარაკით,
რომ მუდმივი და მარადიული შეიქნე.
ვთქვათ, ესეც შეძელი,
ვთქვათ, ტრანსცედენტულიც გახდი, სხვა ტრანსებიც გაიარე,
ენისგასატეხი არ დაგავიწყდეს, იმეორე და იმეორე:
პროლეტარულიდან პროლეტალურისკენ.
პროლეტარულიდან პროლეტალურისკენ.
პროლეტარულიდან პროლეტალურისკენ.
ბოლო საუკუნის მეთოდიკით
უკეთესს ვერაფერს გთავაზობენ.
და თუ ლაპარაკს შეძლებ, სიტყვებს დაიბრუნებ და ყბებში მოიქცევ,
გაღეჭე, მაგრად გაღეჭე, მთელი სიმწარე რომ შეიგრძნო მათი,
ვინც ვერ მიაკვლია სინამდვილეს და ჰაერში დაეხეტება,
რადგან ვერც წყალი ნახა, გაჰყოლოდა,
ვერც მიწა - დამარხულიყო,
ვერც ცეცხლი იპოვა დასაწვავად,
უარყოფილები თუ მაინც მოიგდე ყბებში
ღეჭე, სანამ უკანასკნელ შინაარსს არ გამოაცლი,
რომ ზიზღით გადააპურჭყო მომავლისაკენ.
იქ კი სულ სხვა ლოგოპედი დაგიხვდება,
ახლ ენისგასატეხებს შემოგთავაზებს გადარჩენისთვის.
ადვილია მკვდრის გადარჩენა.
ლიტერატურას უარესებიც ჩაუდენია,
ცხოვრებას, მით უფრო...

2018

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu Apr 26, 2018 11:12 am

მარიამ წიკლაური

ჩერნობილი

სიყვარული ღმერთიაო,
ვიტყვით და მერე გაგვახსენდება
რომ ქრისტეს არ ჰგავს - სიტკბო აკლია.
წარღვნის ტალღებში დაკარგული ყორანივით
არასოდეს დაგიბრუნდება.
იმედების ფშუტე გუდაში
მოფხარკალე მჩხავანა კატა.
ან იქნებ სწორედ ღმერთია და
სხვა არაფერი ღმერთობის გარდა
არც შეუძლია ჩემ სიყვარულს?!
ზედმეტია ანალოგია - მხოლოდ ტანჯვაა,
მხოლოდ ცრემლი,
მხოლოდ ცეცხლის ნავლის ამბავი,
მბოლავი, როგორც
ჩერნობილი - აპრილი - კვამლი.
ათასი წელი ვიცი გაძლებს
ამონაფრქვევის ჯადო სხივი,
დაგშლის, გარდაგქმნის, ჩაგაქრობს, მოგკლავს
და შენი ძვლებიც - სტრიქონები დაასხივებენ
წლები და წლები უხილავი ცეცხლის სიალხით.
გატყორცნილი გულის ხმები
ჰორიზონტს იქით მათაც მიაგნებს,
გასაგისი ვისიც არ ჩანდა...
ზედმეტია ანალოგია - სიტყვა ასხივებს.
ასე მექნება გულზე დასხმული,
დადუღებული,
გაუმტარი ბეტონის ლავა.
ზედმეტია ანალოგია - ბედისწერაა.
ვის ვემგვანეთ
მე და ჩემი სიყვარული, ასეთი, ნეტა?
ზედმეტია ანალოგია -
სიყვარული - პალიატივი.
ვერ ჩავიყენეთ სხეულში სიტკბო,
და ვბოლავთ ასე,
შეგვეჩვივნენ კიდეც ჩიტები,
შემოგვეყუჟნენ .
მუტანტებად ვაქციეთ ყველა
რამაც გულთან გაგვიარა
და სატანჯველი კი ვერაფრით გაგვიარავა:
ყველას ჩვენი ტკივილების შაქარყინული,
უსუსრობის ძალა მივეცით,
გამოვაცალეთ სიზმრისა და ცხადის ჩენჩოდან
არაფრობის და არარსებობის უფლება და
ერთგულებით დავაავდეთ...
ნუ, ნუ გვენდობით,
არ ჩაუაროთ საჩვენოს ახლოს,
ნუ დასხივდებით,ვერვინ გიშველით.
მოგვერიდეთ უფსკრულებს, რადგან
აღარასოდეს ამოვივსებით ნაძრახები -
აღარ გაივილის ჩვენზე შემთხვევის ანგელოზის უცაბედობა
გულის ძგერის ჩქარი ნაბიჯით...

კიდევ კარგი, ვიღაც არსებობს,
ვინც სულ მღერის სიყვარულზე,
მღერის და მღერის...

2017

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Wed May 02, 2018 9:09 am

მარიამ წიკლაური

***
სულერთია, თუკი ცურავ,
რომელ ნაპირს მიადგები,
გაღმა იყოს, თუნდ გამოღმა,
შენი თუ გაქვს იალქნები,
წყალი იყოს, დე გითვალონ
მილები თუ იარდები.
ოღონდ წყალი იყოს სუფთა,
სიტყვად ყველგან ივარგებდი.
სანიჩბეს და სატივეს და
სანავესაც მიაგნებდი,
შენ თავს თუ არ ღალატობდი,
თუ სიმართლეს იარგნებდი.
ღვთის იმედი გქონდა ერთი
და ზვირთს ზვირთზე მიათრევდი,
შენად ვარსკვლავს რაც ემართა,
იმ ბედიღბალს მიაბერდი.
ჰა, გაცურე. სულ მზის შხეფებს
მოაპნევდი-მიაპნევდი,
რა პორტი და რის პირსები,
ძველ ტკივილებს იახლებდი!
ნავსადგურებს გაურბოდი,
ჰორიზონტებს იაკვნებდი.
დარდის გვარლებს ჭიმავდი და
სილურჯეებს მიამქვრევდი...
ხომ იცურე,
ხომ იცურე,
ქარიანი იალქნებით...


***
აქ რომ ქარია, ეს ქარი
უფლისციხეშიც ქრის.
იმ ლოდებივით უტეხი
მოსძახის ნაცნობ გვრინს
საჩემოს და სხვას არც ესმის,
არ იცვლის ხმას და ნირს.
აღარსად არ მეგულები,
აღარსად გადაგაწყდები
ბედნიერების წილ,
აქ რომ ქარია, ეს ქარი
უფლისციხეშიც ქრის,
ღრუბლებმა ხელს გააყოლეს
ბროწეულები ქვის.
ყაყაჩოებიც წაიღეს,
ის ჟრუანტელიც წაიღეს,
ქარსა ვცნობ მხოლოდ ძველს.
უფლისციხიდან მოსულა,
შენი სურნელი მცემს.
დაინამება ველები,
ჩაიწრიტება დროც.
რამდენჯერ გაგახსენდება
რაც არ ყოფილა, ხო?


***
სად ქრება მერე ყაყაჩოების
მოულეველი სიწითლის ლხენა?
ან სოსანების ნამზერი ცისკრის
იისფერობას რა ძალა ხელავს?
ომის ბუდეებს მიჰგავს ველები.
ცეცხლის აკვნებად გარწევდათ ქარი.
კავკასიონიც ცერად დაგვყურებს,
ადრე არ ჩანდა ასეთი მწყრალი.
გზები, ვენები, არტერიები,
ბაღები - ჩვენი უსისხლო მცველი.
ორი ნაბიჯით გადასარბენი
სიმართლე - ტყვეა სამშობლო ჩვენი!
გაზაფხულები თავს გახსენებენ.
ჰო, შენ არსებობ შენ თავზეც მეტი.
ზეცას გავხედავთ და იმედიან
სიტყვებს ერთმანეთს უჩუმრად ვეტყვით.
რა ადვილია, ყაყაჩოებში
რომ სიხარულის ტყვედ იგრძნო თავი.
როდის იქნება, ამ სიხარულის
აღარ შემრცხვება არცერთი წამით.


2018

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Mon May 28, 2018 9:08 am

მარიამ წიკლაური

იფხიზლე

იფხიზლე, ჩემო ანგელოზო,
ჩემს უძლურებას განერიდე!
ვეღარ დაგიცავ, გავიხიდე
შუა რწმენის და იჭვის.
ჩემს ცეცხლზე ფრთები დაგეწვება.
თითქოს საჩვენოდ არც ელოცოთ,
ჩვენი წამ-წუთიც განემოსოთ
დამბადებელს და დედას.
იფხიზლე, ჩემო ანგელოზო,
უკეთეს ჟამებს არც ველოდოთ,
დამშეულია სამეზობლო,
განაცვალებენ ლუკმას...
დაშრეტილია სივრცეები,
შემღვრეულია მჭვირვალება.
მარადისობის ბრწყინვალებაც
აღარ ჭრის, თითქოს, თვალებს.
შეხედე ჩემი სულის რადარს _
სიცარიელე ახლოვდება.
შავი ხვრელივით აღოღდება
ჩვენს წილ სიყვარულს, ტერფზე.
ვეღარ დაგიცავ ლოცვა-მარხვით,
ხომ ხედავ, ჩემო ანგელოზო,
რომ ღვთის სახელით ხან ვხელოსნობ
და ქვასა ვხეხავ შუბლით.
მაგრამ უფალსაც მრწემი რწმენის
უნდა, იხილოს ფეხისადგმა...
სად გაგონილა ზვავის ზათქმა
ხმა გამოიღოს სათნო?
თვალი მიჭირავს საშოვარზე
და დღევანდელი კვერცხით ვნაყრობ,
არც სამშობლოსთვის სიკვდილს ვნატრობ,
არც ქალწულების გვირგვინს.
იფხიზლე ჩემო ანგელოზო,
ჭირს შენც მორჩილად არ გაუხდე,
ეგებ შენ მაინც გადაურჩე,
ამბის წამღებად ამ დროს...
თორემ ვინ მიხვდეს, რამ დაგვლია,
ან სული ასე რამ დარკილა,
ცოფიანებმა რად დაკბინა,
უხორცო სულის მოდგმა.
თითქოს მამბერომ – მგელთბატონმა,
ყველა ხვადს ერთად აუხსნა ყბა,
ყველა კაცს ერთად აუჯანყა
სამყარო - სახლეული...

2018

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu May 31, 2018 11:10 am



ნატალია ტროხიმი — მცხრალი მზე („ლიტერატურა საზღვრებს გარეშე“), თბ. „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო“, თარგმნა მარიამ წიკლაურმა, 2018, ISBN 978-9941-955-44-0
მარიამ წიკლაური


ნატალია ტროხიმი

საქანელები

საქანელები - უჩინარი საათების
ქანქარებს ჰგვანან.
ბავშვები - ჰგვანან ციცქნა გირებს,
სათებს რომ ანაწვრებენ
წუთად, წამებად.
მათი ციდა სხეულები
საქანელებში ჩაუტენია
უხილავი ძალის ქმედებას:
ცენტრიდანულს, ცენტრისკენულს
და დედამიწის მიზიდულობის
უმთავრეს ძალას,
იძირებიან დროის მორევში,
ჩაყვინთულები ამოჰყოფენ თავებს ხშირ-ხშირად,
მიდი, მოუსვი!
დრო - როგორც წყალი,
ბავშვი - ბავშვი, ასეც და ისეც.
გეთაყვა, იქნებ მითხრათ, რა დროა
აქაური,
ნამდვილი დროით?


გინეკოლოგის მოსცადელში
(შიშის კარნახით)

გაბერილი და მოღუშული ღრუბლები ცაზე
მძიმედ და ნელა თავს იყრიდნენ,
ორსულებივით,
სამშობიაროს მისაღებში რომ გროვდებიან,
ტრიკოტინის ფართო სამოსით.
მაღლა - ღრუბლებს და
დაბლა - ორსულებს
ერთნაირად ემჩნეოდათ მოძრაობაზე
ფეხმძიმეობის ქანცგაწყვეტა,
აუხსნელი განსაცდელის
შიში და სევდა.
არაფერი იყო ცაში მზერის დამტკბობი,
არც დაბლა იყო არფერი საინტერესო,
თუმც თვალს ვერ ვწვეტდი,
რაც აქ ხდებოდა -
მიზიდავდა სახიფათო მოლოდინი,
მნუსხავდა და მაჯადოებდა -
ვუყურებდი, როგორ შეერთდა ყველა ღრუბელი,
როგორ იქცა ერთ მთლიან საშოდ,
როგორ გაიხსნა გრგვინის ხმით და
როგორ შობა თქეში წვიმისა - საერთო შვილი...
ჩვენ კი ქალები, რა თითონი ვართ
და მარტოები
განსაცდელებში...


2018
თარგმნა მარიამ წიკლაურმა




Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu May 31, 2018 11:12 am

მარიამ წიკლაური

ცვლილება

ფანჯრის წინ ჩემი მაღალი ნაძვი ტოტებს აქანებს.
ქარს არ ვაბრალებ მე სხვებივით, თავის ომი აქვს.
ქარზეც მეტია, რაც აიძულებს,
გაშალოს გრძელი მკლავები და აღარ გაჩერდეს.
თვითონ იწყებს ჰაერის დღვებას -
დამურკლულ ღრუბლებს იგერიებს,
ლამის ზროზე დაეკიდონ
ფისის ქარვებად მოცლილები, უსაქმურები.
არავისი თავი არა აქვს, არავისი რიდიც დაქანცულს.
ერთ ადგილზე დგომა ტანჯავს აგერ უკვე საუკუნეა.
რაც თავი ახსოვს, ნაძვია და ყოველი დილა უმეორდება.
უცდომლად იცის ღამეებიც,
მიყვება ყვავზე, რომ არ უნდა ბუდე ჰქონდეს იმის ტოტებში,
რომ გაბეზრდა ამ ჩხავილისგან,
მიყვება ქალზე, მეცხრასართულელ ინვალიდ ქალზე,
რომელიც ყველა სხვასართულელზე ურცხვად უყურებს,
არ აცილებს მზერას და ნაძვსაც
ლამისაა გადასდო ბედი - მიწის ეტლშია მიჯაჭვული,
რომ შეეძლოს, არც უწვდენდა კენწეროს მაღლა, მაგრამ ვინ ჰკითხა?!
ორიოდე დღეა ასეთი, გაზაფხულიდან გაზაფხულამდე,
ამოიბერტყოს მწვანე ვნება, შეძლოს მანძილის გააქრობა სხვამდე,
მოედოს არეს, თავისიანებს, უცხოებს, შორეთს,
საკუთარი გემო შეიგრძნოს.
წვიმაც თავისას ასხამს ხახაში სულ ძალისძალით,
მიწაც წყალივით პირს უგუბებს, კრინტსაც ვერ დასძრავს.
ერთადრთი ჰაერია, ზოგჯერ ჩუმად აეტუზება,
ალბათ ისიც თავისივე სიმარტოვით გაბეზრებული,
ეს კი აუქნევს შოლტივით მკლავებს,
ამ ომისას ნუღა იკითხავთ...
ვეღარვინ გაცილებია საკუთარ თავს და
სამუდამო არსებობის გაუგებრობას...
და ყველა თავის თვალებში ხედავს სხვათა ყოფნის ბედნიერ სიზმარს,
ნაძვიც დგება, ერთ მშვენიერ დღეს გირჩის ნაცვლად ფრთებს გამოისხამს,
თავს ამოიწევს მიწიდან და ფესვის ადგილას ათასი ცეცხლის ძაფი ებმება,
აფრინდება მოულოდნელად და ქარს თავზე გადაუფრენს,
გააოცებს ინვალიდ ქალს - მეცხრესართულელ ამბის თვითმხილველს
და გაქრება ჰორიზონტს იქით,
სადაც ყველაფერს აქვს ახალი სახეც, სახელიც.
სადაც ჟამები ჭრელ კენჭებივით იბადებიან
და ვერ იპოვი ორ ერთნაირ დროს,
ორ წამს, ორ წუთს, ორ ათასწლეულს...

2018

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4599
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Thu May 31, 2018 11:13 am

მარიამ წიკლაური

წადი!

რამ გშვა ასეთ სიმახინჯედ,
ყველა გარიდებს თვალს და ზურგს გაქცევს.
შენი მშობლებიც
ნუთუ ისეთი ამაზრზენი კნინები იყვნენ,
ალბათ ლოთი ბოგანოებიც,
ალბათ ჭკუას მათაც არავინ ეკითხებოდა,
ცხოველებივით თანაეყვნენ ერთმანეთს ცისქვეშ,
ერთ მშვენიერ დღეს, როცა ძაღლის ლეკვივით გაჩნდი,
რაღა ეღონათ,
ძუძუ მაინც ჩაგიდეს პირში.
თავადაც შეცბნენ,
ასეთ მახინჯს არ მოგელოდნენ,
ასეთ საშინელს.
გაზრდისა რა ვთქვა,
გაიზარდე, მაგრამ არავის დედამიწაზე
არ სიამოვნებს შენი ხილვა, შენი მოსმენა.
არავის სურს, შენ სიახლოვეს ჩამოჯდომა,
თვალს ვერ გისწორებს ვერავინ და ყველა გაგირბის...
რა ხნისა ხარ, ან რა ბედისა,
აღარვის აინტერესებ,
მოგიბეზრა სუყველამ უკვე,
შენი ადგილი აღარსადაა
აღარც კვდები, თუმცა მიწას აღარც აჩნიხარ,
ყველგან ჰყოფ ცხვირს და
ეზიზღები ადამიანებს.
რაც გინდა თქვი,
რაც გინდა ჰქენი,
აღარაფრად არ ითვლები,
წადი,
გადახტი დედამიწიდან,
ნახე რამდენი ვარსკვალვი და კომეტა და მზეა გარშემო,
იფრინე ამ ყრუ სხეულებს შორის, თუ მაგარი ხარ,
სანამ ყველა დანაშაული შენ დაგბრალდება,
სანამ სიცრუე - მეფეთმეფე
თავს წაგაძრობდეს.
დააფასე ეგ სიმახინჯე - სწორედ მაგან გადაგარჩინა,
შენი მწე და შენი მშველელი -ერთადერთი ამ ცისქვეშეთში.
წადი, გაგვშორდი.
აღარაფერში არ გვადგიხარ, აღარავის გვეპიტნავები.
ძლივს დაგივიწყეს,
ძლივს გადაგირჩნენ,
ძლივს დაგაღწიეს თავი,
სიმართლევ!
გამარჯვებულებს რაში ჭირდება
შენი მახინჯი მშვენიერების მონად რომ იქცნენ?!
გამარჯვებულებს სხვა ცა ადგათ, სხვა მიწა ეწვით!

2018

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   

Back to top Go down
 
ბაო - მარიამ წიკლაური
Back to top 
Page 5 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: