არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მამუკა წიკლაური

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed Nov 21, 2012 1:47 pm


ბიჭურ ბადრიშვილი, ხევისბერი


მამუკა წიკლაური

რომ ფშავის ხევის მარადიულ წყლებს შეუერთდეს

ისმის გაზაფხულის პირველი ქუხილი,
ელოდებიან გუგულს და მერცხალს.
თოვლმა უბიდან ამოუშვა ნაკადულები -
კვდება და ახალ სიცოცხლედ ჩნდება.

გარდაიცვალა ბიჭურ ბადრიშვილი -
შუაფხოელი თავხევისბერი,
ჭკუით და გულით სხვაზე მაღალი,
"ღვთის ნების გამომთქმელი"...
ჩააწვინეს ხის ყუთში,
თავით დაუდგეს დოქი და სანთელი,
კიდევ ერთხელ თქვეს:
- ეჰ, რა არი კაცის სიცოცხლე...
და ჩაატირეს:
- შენც დაგრია ხელი სიკვდილმა?!

ისმის გაზაფხულის პირველი ქუხილი,
ელოდებიან გუგლს და მერცხალს,
თოვლმა უბიდან ამოუშვა ნაკადულები,
კვდება და ახალ სიცოცხლედ ჩნდება.
დნება ბიჭურიც -
იმისი სული
მომავლისაკენ ლურჯ არხებად მიემართება,
რომ ტყეები და მინდვრები მორწყოს,
რომ ფშავის ხევის მარადიულ წყლებს შეუერთდეს.


"ცისკარი", 1980, N9, გვ. 68-72

იხილეთ ბმული - http://pshavi.ge/culture/bichuri.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed Sep 18, 2013 10:13 am

მამუკა წიკლაური

სიზმარეთელი დევები

(ფრაგმენტები მამუკა წიკლაურის გამოუქვეყნებელი პოემიდან)

მითოსი ჩემი სიყრმის სამყაროა, მითოსურ სამყაროში ავიდგი ფეხი. ჩვენი ხეობა, შავი არაგვის ხეობა, ჩვენი და ჩვენი წინაპრების სალოცავი ხატებით, ხევისბერებით, დასტურებით, ხატის ვეება იფნებზე დაკიდებული ზარებით, სპილენძის დიდი სალუდე ქვაბებით იყო სავსე. ამ ხეობაში ერთად ცხოვრობდნენ ხატები და ადამიანები. ხატი იყო ხალხის მფარველი და იმედი, ხატი აშინებდა და ჩვენს ერდოებში შემოღწევას არ ანებებდა ავსულებს; ხატებზე იყო დამოკიდებული სიცოცხლე
და სიკვდილი, ბედნიერება და უბედურება, დარი და ავდარი; მეორე მხრივ კი, ადამიანები განსაზღვრავდნენ ხატების ძლევამოსილებას _ სანთელს უნთებდნენ, საკლავს უკლავდნენ, ლექსებითა და სიმღერებით განადიდებდნენ... გავიდა დრო
და თვით ჩემივე წარსული და ჩემივე მამა-ბიძანი იქცნენ მითოლოგიად. აი, ისინი: ფარის უფროსი ნინია, რომელიც ჭრელ მინდორზე ჭრელი წინდებით მოცეკვავე ღვთისშვილად წარმომიდგება ხოლმე; მჭედელი ბეჟია, რომელიც ბუმბულის სიმსუბუქით იქნევს ვეება უროს და გავარვარებულ რკინას ბღუჯა-ბღუჯა ყვავილები სცვივა; მეწისქვილე ჯირკვა, რომელიც დევის ქალს ყვარობს და ის ქალი წისქვილის საღვარედან შედის ღამღამობით ჯირკვასთან... აი, ამ სამყაროდან ადმოვიდნენ ჩემი ლექსები და პოემები, პოემა „სიზმარეთელი დევებიც“.


პროლოგი

დევთნაფუძარი ჰქვია ამ ადგილს,
დევის კლდე ჰქვია ამ ნამოსახლარს...
მიწის სიღრმეში იკარგება გამოქვაბული,
თითქოსდა შავი ღამეების სამარხიაო...
ხავსის საბნებში გახვეული მწვანე ლოდები
გაქვავებული დევებივით იმზირებიან...
არავინ იცის, ვინ დამარხა აქ ღამეები,
ანდა რა ხელმა მოიტანა ქვა და სიპები _
ვეება ქვები ვეება ქვებს ვინ შეუწყვილა,
ზედ ვინ დააწყო მინდვრებივით ბრტყელი სიპები...
_ ამ ლოდებს კაცი, კაცის ხელი ვერ აზიდავდა,
სხვა რამ ჯიშ-ჯილაგს აუგია ეს ბუნაგები, _
იტყოდნენ ხოლმე ჩემს სიყრმეში ძველი კაცები
და გაკვირვებით აძეძებდნენ თოვლისფერ თავებს.
დახავსებულან ეს კედლები _ ეს ქვა-სიპები
და ლეგენდებიც კედლებივით დახავსებულან:
_ დევებს ჰქონიათ ეს ადგილი დაჩემებული
და ბუნაგებიც იმათ მოდგმას უშენებია.
გამრავლებულან, გაბოტებულ-გამხვივნებულან,
ხელს სდებდნენ მთელ ამ გაღმითობა-გამოღმითობას.
მაგრამ იმათი აღსასრულის ჟამიც დამდგარა _
თავს დასცემიან ღვთისშვილები ცეცხლის ლახტებით
და მოუსრიათ, დაუწვავთ და დაუნაცრიათ.
თუმცა, ზოგს სჯერა, რომ ის დევები
არ ამომწყდარან, არ გამქრალან, კვლავ აქ არიან.
ოღონდ ისინი ღვთისშვილთაგან დაშინებულნი,
მიწაში ჩაძვრნენ, მზის სინათლეს ემალებიან
და მხოლოდ ღამით ამოდიან მიწის სიღრმიდან _
დადიან გზებზე ნაბადმოსხმულ მოჩვენებებად,
ღამის წყვდიადში დაცურავენ მოძრავ მთებივით
და ჰყვება ხალხი მათთან შეყრის ახალ ლეგენდებს:
_ დევების კლდესთან გვიან ღამით გამოვიარე,
ცეცხლი დაენთოთ, ცას სწვდებოდა იმისი ალი,
მესმოდა უცხო ყაყანი და ჟივილ-ხივილი,
თუმცა დანახვით იქ ვერავინ ვერ დავინახე;
_ დევის ორმოდან მწუხარე ხმა ამოდიოდა,
გლოვის ხმა იყო, ეტყობოდა, მკვდარს დასტიროდნენ,
ხოლო კლდის თავზე მკვდარი დევის ლანდი ყიოდა
და ფრინველივით დაფრინავდა ზეცის ჭალაში;
_ ქვაბულის ყელში დევის სახე ამოილანდა
და დამიძახა: _ მეც მოვდივარ, დამიცადეო!
გამოვიქეცი. ბრაგა-ბრუგით მომდევდა უკან,
ხატის მიწამდე გადმომყვა და მერე გაბრუნდა,
ვეღარ გაბედა სამანს აქეთ გადმობიჯება;
სოფელში ერთი ხეიბარი ნინია იყო,
შემხმარი ჰქონდა ცალი ხელი და ცალი ფეხი,
_ დევი დამიხვდა და შუაზე ჩამარღვიაო, _ ამბობდა იგი...
ჩემმა სიყრმემაც იმ კლდეებთან ჩამოიარა,
სულ იმ ყორეში მიმოვქროდით ხმალამოწვდილნი
და ზავთიანად ჩავკიოდით და ჩავჭყიოდით
დამალულ დევებს მე და ჩემი ბიძაშვილები:
_ თუ ძალა გერჩით, ამოდით და ვიჭიდაოთო!
ცოლსა და დედას ვუგინებდით იმ საწყალ დევებს...
ეს დღისით... ხოლო ღამით რას გავბედავდით
იმ მიდამოში გავლასა და ხმის ამოღებას!
ღამე სხვა იყო, იღვიძებდნენ ღამით დევები
და შარაგზებზე რქების ქნევით გამოდიოდნენ...
შიშს ღამე უყვარს _ ღამით შავად შრიალებს შიში!
ჩიტის ფრთხიალიც თმას ზეცისკენ მიეზიდება...
ვიძინებდი და იღვიძებდნენ სიზმრის დევები _
ჩემი სიზმრები ივსებოდა დევების ხვნეშით,
დევის ქალების სიცილით და თმების ფრიალით...
...და კიდევ ერთი _ ჩემთან მუდამ სალომე იყო _
ის ბრიალებდა ჩემს სიზმრებში, ის კაშკაშებდა,
ის დაფრინავდა, ის ყვაოდა, ის კისკისებდა _
ის იყო, რასაც სიყვარული ჰქვია სახელად!

ბმული:
* http://mcs.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N216/N-216.pdf.aspx

study


Last edited by Admin on Fri Apr 27, 2018 7:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Fri Apr 27, 2018 7:44 pm

მამუკა წიკლაური

სიზმარეთელი დევები
(ფრაგმენტები მამუკა წიკლაურის გამოუქვეყნებელი პოემიდან)

სიზმარი: ღვთისშვილების და დევების ომი

მთავარ დევს, ბახას სადევეთი შეუკრებია
პირიმზე-ფუძის ანგელოზის დასალაშქრავად.
გადმოაბნელეს თეთრი ქედის უღელტეხილი,
გადმოთელეს და გადმოჯეგეს ღობე-ყორენი.
ყორნებზე სხედან მეომარი დევისშვილები
და ალესილ რქებს შუბებივით მოაელვებენ.
ამობრიალდა ლაღი პირიმზეც _
მთებიდან მთებზე გადაიფრინ-გადმოიფრინა
და გაანათა ხეობები იმისმა ლახტმა.
პირიმზე-ფუძის ანგელოზის თავხევისბერმა
ზარი დარეკა, საომარი დროშა გაშალა
და ლაშქარს უხმო.
თეთრ ცხენზე რომ ზის, პაპაჩემი მუხიგულია!
სადაც ომია, ეგეც იქაა!
ერთად არიან ერთმანეთის დამამშვენებნი:
კაცი-ათილა _ მუხიგულთა ჩამომავალი,
ცხენი-თეთრონი _ გაფრენილი თეთრი ქედანი
და სატევარი ულმობელი გველისპირული.
სხვებიც მოვიდნენ, უზანგები მოაჟღრიალეს _
შედგნენ, თითქოსდა ქარი შედგა პირიმზის კარზე...
ნეტავ, თუ ვინმე მოსწრებია _ თვალით ენახა
ხატის მიწაზე აღვირებით დაბმული ქარი?!
ზეცა განათდა _ ეს პირიმზის დასაშველებლად
თეთრი არაგვის თავდამყურე ლომისა მოდის.
_ დიდება შენს ძალს, ლომა ხარის ჩამომავალო,
ფარ-შუბიანო და ლახტიან-მათრახიანო!
რასაც დაარტყამ, ჩაარღვევ და ჩახევ ბოლომდე! _
ილოცება და ზარებს რეკავს თავხევისბერი.
დაჰქრის ათილა მუხიგული თეთრი ქარივით,
ფეხქვეშ გაიგდო მისმა ცხენმა სიკვდილის შიში _
ხეობისაკენ მიგორავენ დევის თავები.
...მყინვართა ზემოთ გაილანდა ლაშარის ჯვარი _
ცაზე მავალი, ცეცხლოვანი ლახტის მტყორცნელი,
გუდანის ხატი ნისლს გადმოჰყვა ნისლისფერ ცხენით
და ბახას თავზე გადანათდა მისი მახვილი.
ომი გამწვავდა _ მაგრებია დევის ბიჭებიც _
დევხარიონი, დევბუხარა და დევყარტამა...
მუხის ძალა აქვს მაგათაგან მოქნეულ ხელკეტს.
ძნელი ომია, ქვა ქვას ხვდება და რკინა _ რკინას.
_ პაპა სადაა?
_ ის ორ დევს ებრძვის,
მესამე დევიც ათილასკენ მიექანება!
დუღს მუხიგულის გველისფერი გველისპირული...
აჰა, იელვა კლდეთამრღვევი იახსრის ლახტმა
და პაპას თვალწინ დაინაცრა სამივე დევი.
...ომიც დასრულდა.
ვინც გადარჩა, შესხდნენ ყორნებზე
და სქელ ნისლებში მიიკარგნენ ყრანტალ-ყრანტალით.
მუხიგული კი წყაროს პირას დაჯდა დაღლილი _
ნეტავ, დაჭრილი ხომ არაა?! თავზე ხელს იდებს!
ბიძა ბუთულაც იქაა და რაღაცას ყვირის.
_ წამო, სალომე, მივუტანოთ მალამო, ალბათ,
დაიჭრა. ეგ ხომ ტყუილად არ ჩაიმუხლებდა?!
...თეთრი ქედისკენ გავიხედე და დავინახე _
გამოცვივნილან დევის დები, დევის დედები,
თმა გაუშლიათ და ტირიან დახოცილ დევებს.
რა საწყალობლად ქვითინებენ დევის ქალები!
როგორ ულმობლად გუგუნებენ ცივი ქარები!


სიზმარი: უცურ-მაცურის სიკვდილი

მომკვდარა დიდი უცურ-მაცური,
გამხვივნებული დევების მამა.
დარანზე შავი ღრუბელია გადმოკიდული.
გროვდება დევის ნათესაობა.
წიფორელ დევდიდს შავი ყოჩი მოუყვანია
და შექვაბულის შესასვლელთან დაუბამს თოკით.
თერგის დევი და თრუსოს დევი ერთად მოდიან,
ქელეხისათვის რქამაღალი ხარები მოჰყავთ.
ფშავ-ხევსურეთის დევდიდებიც ამგზავრებულან _
უცურ-მაცური ნინახის დევს ბიძად ერგება
და მოდის იგი შვილებით და შვილიშვილებით _
ფეხს მძიმედ ადგამს და მოარღვევს მიწას თოვლივით;
არხოტის დევიც აილანდა ნაროვნის ზემოთ _
ჩანს, რომ მოკლეზე გადმოვიდა ჯუთის ხეობით _
აუკიდია ლუდ-არაყით სავსე ტიკები.
ეტყობა, ბევრნი შეგროვდებიან _
გრძელ სუფრას შლიან ბერდის ჭალაში.
...ტირიან უცურ-მაცურის დები,
აფრიალებენ ხმითნატირალს ცივი ქარები:
_ გზა გაგინათდეს, ჩვენო ძმაო, უცურ-მაცურო,
ამაყად შედი წინაპრებთანო,
შიში არ იცოდა შენმა გულმაო
და ვერც სიკვდილმა შეგაკრთო და შეგაშინაო...
...პაპამ: _ ეგ დევი, უცურ-მაცური
ძმაკაცი იყო, მეც მივალ და დავიტირებო,
ქადა-პური და ლუდ-არაყი გამიმზადეთო.
_ დევი დევებმა უნდა დამარხონ,
შენ იქ რა გინდა?! _
გაწყრა ბებია, _
დათვრებიან და ხომ იცი, რომ ჩხუბს აგიტეხვენ!..
მაგრამ ათილამ არ დაუჯერა _
ეგ ეგეთია, რასაც იტყვის, აღარ გადათქვამს! _
ჩადო ხურჯინში ქადა-პური, ტიკით _ არაყი
და გზას დაადგა დევთნაფუძრის მიმართულებით.
მე და სალომე მაღალ ბანზე ვდგავართ და ვუმზერთ
ჭალა და ჭალა, ნელა-ნელა მიმავალ პაპას.
...აი, მივიდა, ჭირისუფლებს ჩამოუარა,
წესით და რიგით მიუწყინა ჭირი მკვდრის ოჯახს
და... ეს რა ხდება?! მართალია, თუ მეჩვენება?!
გაოცებისგან ლამის ზეცას მივარტყა თავი! _
ადგა ათილას დანახვაზე უცურ-მაცური,
გესმით თუ არა, მკვდარი ადგა თავის კუბოდან!
გადმოალაჯა და კარებში შეხვდა ათილას,
გადაეხვია პაპას ძმურად და ასე უთხრა:
_ სულ მოგელოდი, ვიცოდი, რომ გამოხვიდოდი
და შენებური დატირებით დამიტირებდი.
გმადლობ, ათილავ, ეგ კაცობა არ მოგეშალოს,
ბევრი გაზარდონ შენფერები თქვენმა ქალებმა _
თქვა და მიბრუნდა, ისევ მშვიდად ჩაწვა კუბოში...

ბმული:
* http://mcs.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N216/N-216.pdf.aspx

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Fri Apr 27, 2018 7:48 pm

მამუკა წიკლაური

სიზმარეთელი დევები
(ფრაგმენტები მამუკა წიკლაურის გამოუქვეყნებელი პოემიდან)

სიზმარი: დევხამპალონის და პაპას შუღლი

ნატბევჭალაში დევხამპალონი
და მუხიგული შეერკინენ ერთმანეთსაო,
ომია, იძვრის ცა და მიწა, დუღს ჰაერიო, _
გადმოისროლა ეს შავი ხმა შავმა ფრინველმა.
მერე ჩამოჯდა შავი მაცნე ჩვენს დიდ კაკალზე
და დაწვრილებით ეს გვიამბო მე და სალომეს:
_ დევხამპალონი ობოლ მანასეს
მივარდნია და ნიშა ხარი წაურთმევია _
უნდა დავკლა და ძმადევები ვაქეიფოო.
ბრაზით აენთო მუხიგული, ეს რომ გაიგო,
შეჯდა თეთრონზე, დევხამპალონს წამოეწია
და დევის ირგვლივ წრე მოხაზა გველისპირულით.
_ დადგენილია! _ დევი ამ წრეს ვერ გადასცდება _
გასავლელი გზა ჩაარღვია გველისპირულმა.
დადგენილია ძველ დროიდან, ღვთისშვილებისგან,
რომ გზა იმავე ხანჯლით გაიხსნას,
რითაც ჩაკეტეს!
დადგენილია მუხიგულისგან! _
დევხამპალონი უნდა მოკვდეს, ანდა _ ათილა,
დევი ვერ გავა მახვილისგან მოხაზულ წრიდან,
მუხიგული კი დევხამპალონს არ გაექცევა! _
ვინც გაიმარჯვებს, ის გამოვა წრიდან ცოცხალი! _
შემოისროლა ეს შავი ხმა შავმა ფრინველმა
და ისარივით შეიკარგა შავ ცაში ისევ.
...აი, ჩვენც იქ ვართ _ ნატბევჭალაში,
ომია, იძვრის ცა და მიწა, გმინავს ჰაერი.
დევი კეტს იქნევს გაავებით, გამძვინვარებით,
პაპა ათილას აუმართავს თავის მახვილი.
მიწას მიარღვევს კეტი _ ურთხმელს ჩამონაჭერი!
ცაში კი შხივის მუხიგულის გველისპირული!
მაგრამ... რა ხდება?! მუხიგული დევს ვერ ერევა!
მთელი ძალით სცემს გველისპირულ სატევარს, მაგრამ
წვეთი რა არი! წვეთი სისხლიც ვერ დაადინა.
_ გასჭერ! _ დასძახის თავის მახვილს მუხაათილა;
_ გასჭერ! _ ყვირიან მაღალი ხმით მაღალი მთები;
_ გასჭერ! _ დავძახით გველისპირულს მე და სალომე,
მაგრამ არა სჭრის, დაიქანცა მუხაათილა,
ნატბევჭალაში განცვიფრება ჩადგა ნისლივით:
_ რამ დააჩლუნგა ფხაუშლელი გველისპირული?!
...და აი, ამ დროს, იფიქრებდი, ცა ჩამოტყდაო,
შავზე შავ ღრუბელს ისევ მოწყდა შავი ფრინველი
და დაიძახა: _ ამაოდ სცემს ათილა მახვილს,
შეჯავშნულია ხამპალონი ქაჯების გრძნებით _
გველისპირულით დევის ტყავი არ გაიჭრება!
მისწვდა ათილას ყურთასმენას ხმა ფრინველისა _
ხმალი დააგდო, დაეძგერა დევდიდს ჯიქურად,
ხრინკული მოსდო და ზღართანი მოსდგა ხამპალონს _
ძირს დაეცა და დაიშალა თივის ზვინივით
და... უცებ გაქრა, აიწმინდა მიწის პირიდან _
ქარმა წაიღო, წყალმა შთანთქა, მიწამ შეიშრო...


სიზმარი: ...და შეესივნენ დევები ზეცას

კვლავ უხმო დევებს დევდიდმა ბახამ,
თვალები ღამის სიბნელეში ააბრიალა
და ნათქვამ სიტყვას რისხვის ჭავლი ამოაყოლა.
ისე თქვა, თითქოს ქვას ფშვნიდა და რკინას ადნობდა:
_ ხთისშვილთა შიშით ქვაბებიდან ვერ გამოვდივართ,
ვწევართ მთელი დღე სოროებში და ღამეს ველით,
მაგრამ ღამესაც სავსე მთვარე და ვარსკვლავები
არ გვანებებენ _ შუბებივით გვესვრიან სხივებს
და ჩვენს ღამეებს ალესილი შუქით ფატრავენ.
ამიტომ უნდა ავფრინდეთ და ძირს ჩამოვაგდოთ
ყველა ვარსკვლავი _ დავულეწოთ შუქის შუბები
და მათი დედა _ მთვარეც უნდა გავანადგუროთ! _
ასე თქვა ბახამ, ბრაზისაგან მორღვეულ სახით.
...თქვა და აიჭრა ასი დევი ვარსკვლავებისკენ,
შეისხეს ფრთები და შემართეს მუხის კეტები;
როგორც წეროს მწკრივს მტაცებლები, ისე მიეჭრნენ
საწყალ ვარსკვლავებს და სრულდება დედაბრის წყევლა:
_ ცა გაგიშავდეს, ცას სინათლე გამოელიოს
და შენი ციდან ვარსკვლავები გადაშენდნენო...
...შეშინებული ვარსკვლავები
მიაწყდ-მოაწყდნენ ცის კიდით კიდეს.
დედამიწაზე წითელ წვიმად ჩამოიღვარა
ვარსკვლავთა სისხლი.
აი, დევგმირნი _ დევკოჩა და დევბუღლაური,
დევშუშუტა და დევგოროზიც აქვე არიან _
გაავებულნი აფრინდნენ და მიეჭრნენ მთვარეს,
კეტებს ურტყამენ, უზარმაზარ ლოდებს ესვრიან.
საწყალი მთვარე! არც თოფი აქვს და არც _ მახვილი,
არავინაა მისი დამცველ-დამშველებელი...
_ გადმოანათე შენი ლახტი, დიდო პირიმზევ! _
ვყვირით და ვკვნესით, ცას შევტირით მე და სალომე.
ილევა ჩვენი ლამაზი და ერთგული მთვარე,
დნება და ჭკნება...
ერთხელ სალომემ ლექსი გამოთქვა
ცაზე, მთვარეზე და წიფორელ ლამაზ ქალებზე:
`მთვარეო, მთვარის ნალევო, წიფორს ჩამოდი მალეო,
აქ ქალებია ლამაზი _ ზოგი მზე, ზოგი მთვარეო~.
აღარ ამოვა სიყვარულის მფრქვეველი მთვარე,
აღარ წამოვა წიფორისკენ... რა ეშველებათ
ერთმანეთისთვის აყვავებულ შეყვარებულებს?!
ან შეყვარებულ მდინარეებს რა ეშველებათ,
წყლის დასალევად აღარ მოვა მწყურვალი მთვარე
და წყლის სარკეში თავმომწონედ არ ჩაიხედავს;
რა გვეშველება მე და სალომეს _
ტბათანას გზაზე მთვარე აღარ გაგვეფინება...

ბმული:
* http://mcs.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N216/N-216.pdf.aspx

study


Last edited by Admin on Fri Apr 27, 2018 7:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Fri Apr 27, 2018 7:53 pm

მამუკა წიკლაური

სიზმარეთელი დევები
(ფრაგმენტები მამუკა წიკლაურის გამოუქვეყნებელი პოემიდან)

სიზმარი: დროშა. მამალი. გველისპირული

აჩხოტის სერზე სერობა აქვთ ქვესკნელის შვილებს:
დევებს, გზის მჩხიბავ კუდიანებს და მაცდურ ალებს:
არავინ არ ჩანს სიბნელეში, მხოლოდ ხმა ისმის
დევთა ბებერი წინამძღოლის _ დევკირკალასი.
მისი სიტყვები ღამისაგან ნასროლ ქვებივით
ცვივა ყურებში:
_ გაგვითამამდნენ მუხიგული და მისი ძმები,
შიში გაუქრათ, ღამეებშიც კი გვეჭრებიან,
ჩვენს ტყეს ჩეხავენ, ჩვენს რქამაღალ ირმებს ხოცავენ...
თუ ომი უნდათ, უნდა ვეომოთ! _
დედა ჩვენც გვზრდიდა, ომში შესვლა არ გვესწავლება,
ქვებსაც ვისვრით და შინდის მაგარ კეტებსაც ვიქნევთ!
თუ ომი უნდათ, უნდა ვეომოთ!
ოღონდ ომამდე სამი ძალა უნდა წავართვათ:
პირიმზე _ ფუძის ანგელოზის სალაშქრო დროშა,
წყვდიადი ღამის გამთენები თეთრი მამალი
და მუხიგულის ორლესული გველისპირული.
ეს დიდი საქმე ასე უნდა გავინაწილოთ:
_ წითელთმიანო ალბებუკო, გზათა მცარავო,
სალაშქრო დროშის მოტაცება შენ გევალება! _
თავგზა აუბი თავხევისბერს შენი მშვენებით,
გამოეცხადე ხატის ქალად, ხატის მლოცველად,
დაალევინე დათაფლული მარხე არაყი
და რომ დათვრება, ააპარე ხატის ალამი.
მაგ დროშით ახლა ჩვენ ვილაშქრებთ და გავაკვირვებთ
ცას და ქვეყანას ბრძოლებით და გამარჯვებებით;
_ ბედის ჩხიბვაში გამოცდილო, მაცდურ-მაცილო,
უჩინმაჩინის ბინდისფერი კაბა ჩაიცვი,
გამთენიისას დიდ მუხაზე აიპარე და
თავის ყივილზე ჩამოახრჩვე თეთრი მამალი! _
დილით პირველი რომ ყივის და აღვიძ-აყივლებს
მთელი ხეობის დანარჩენ მამლებს!
ეგ რომ არ იყოს, ღამე ვეღარ გათენდებოდა
და სამუდამო ბნელ ღამეში ვინებივრებდით.
_ თეთრი მამალი ღამღამობით მუხაზე ჯდება
და ხატის მუხაც ძირიანად უნდა მოვთხაროთ...
_ შენ კი, დევგმირო დევხოკერავ, ამას გავალებ _
გადაიპარო მუხიგული ათილას სახლში
და მოიტაცო ორლესული გველისპირული.
ვიცი, ძნელია მიეპარო ფხიზელ ათილას
და პატრონივით ფხიზელ ძაღლებს _ ბოღრას და ბოთას,
ამიტომ ალი-მაძინარიც დაგვეხმარება _
ის გადაასხამს ეშმაურ წყალს ათილას სახლ-კარს,
კაცსაც და ძაღლსაც დააძინებს ძილქუში ძილით...
ახლა კი მოვრჩეთ ლაპარაკს და მივხედოთ საქმეს!
_ თქვა დევკირკალამ, დაასრულა ღამის სერობა.
...და აი, ჩვენსკენ დევხოკერა მოიპარება.
ღრმა ძილით სძინავთ ბოღრას და ბოთას.
სალომეს უკვირს: _ თავებს ხომ არ იმძინარებენ
ჩვენი ძაღლები დევდიდის შიშით?!
შევიდა სახლში დევხოკერა, `მოშინაურდა~ _
ქვაბებს ჩახედა, ამოთქვლიფა ხორცი და წვენი,
მერე საწოლებს ფეხაკრეფით ჩამოუარა
და გაიტრუნა მუხიგული ათილას ტახტთან.
_ პაპას ბალიშქვეშ უდევს თავის გველისპირული.
შიშისგან ოფლში გაიღვარა დევგმირი დევი
_ ბედავს, ვერ ბედავს... ბედავს, ვერ ბედავს...
ხელებს წაიღებს მახვილისკენ... უკანვე გაწევს...
სალომე ამბობს: _ მუხიგულის გველისპირული,
მგონი, იღვიძებს, ფოლადის ხმა გავიგონეო...
დევმა გაბედა _ ბალიშის ქვეშ შეყო ხელები
და საკვირველზე საკვირველი ამბავი მოხდა _
მართლა გაცოცხლდა მუხიგულის გველისპირული,
ისე იწივლა, სულ დაიძრა ცა და ხმელეთი
და რაღაც ხელმა _ უხილავმა შემართა იგი...
დევი შიშისგან აირია _ კარების ნაცვლად
კედელს მიაწყდა, გაანგრია სახლის კედელი,
მაგრამ იქ მუხას დაეჯახა და ძირს დაცემულს
მუხაათილას ორლესული წამოეწია...


ეპილოგი

იყო და გაქრა _ გაქრა ქარივით;
იყო და დადნა _ დადნა თოვლივით,
გაქრა, დადნა და დაინაცრა მთელი ხეობა.
წამლეკავ წარღვნას მუხიგულის გულიც დანებდ
_ სასაფლაოს გზით ჩაატარა თავის სიკვდილი,
უკანასკნელად შეისვენა როჭოს წყაროსთან
და ჩაეფარა, ჩააბიჯა ბოლო ნაბიჯი.
აი, მაშინ თქვა უცნაური სიტყვა სალომემ:
_ ნეტავ, ჩვენც მაგას მივყვებოდეთო,
რადგან დრომ ჩაჭრა ჩასაჭრელი და ჩავიდაო,
_ დღეიდან აღარც წყალს ექნება თავისი გემო
და აღარც სანთელს _ სანთლის შუქიო,
ვეღარ იფრენენ ფრინველები ლაღი სრიალით
და ყვავილებიც ლაღად ვეღარ ითრთოლებენო...
სალომეს სიტყვა საშინელი სიცხადით ახდა _
დრომ დრო შეცვალა,
დრომ დრო მოკლა,
დრომ დრო გაცვითა,
დრომ დრო ჩაწურა,
დრომ დრო ჩაფლა,
დრომ დრო შეიშრო,
დრო გადაეშვა სხვა დროში და თავი დაიხრჩო.
...და ასე იქცა ცეცხლი ნაცრად, წყალი _ ყინულად,
მწვანე ფოთოლი _ ყვითელ ფოთლად, ფიქრი კი _ შხამად.
სალომეს სიტყვა საშინელი სიცხადით ახდა _
გამოთამაშდა ხეობაში სიკვდილის ცხენი,
დუმილი ჩაწვა ზარებში და თოფის ლულებში.
სალომე თავის ნისლებში და ღრუბლებში გაქრა,
მე ჩემმა ნისლმა და ღრუბელმა დამასაფლავა.
კვნესაღა დარჩა _ კვნესა ღმუის მიწის წიაღში,
კვნესა ამოდის წაქცეული ხის ფესვებიდან.
ამ ხეობაში აღარაა ტოპონიმები _
ახლა ყველაფერს კვნესის ენა დაეპატრონა.
...და მეც იმ კვნესამ ამითრია სამოგზაუროდ _
ავდექ, ავიღე ხელჯოხი და როგორც ზღაპარში,
გამოვემგზავრე ჩავლილ დროსთან დასაბრუნებლად.
...ძლივს მივათრიე დაქანცული ფეხები სახლთან,
თუმცა, რა სახლი! _ დაქცევა და ქვათაცვენაა
_ კედლები წამით გაჩერებულ ფრთებივით ჩანან
_ თითქოს ქვესკნელში ჩასაფრენად გამზადებულან
ასე უაზრო ფეხზედგომით დაღლილი ქვები...
დავდგი კარავი. დავწექი და ჩავეკარ მიწას
_ ჩემს ქვებს და მიწას ჩავეხუტე გულით და სისხლით.
...ისევ დევები დამესიზმრნენ:
გადარჩენილან იმ უსაზღვრო განადგურებას!
ატყდა ჩოჩქოლი, გადაძახილ-გადმოძახილი:
_ მუხაათილას შვილიშვილი დაგვიბრუნდაო...
_ სახლის ნანგრევთან დაწოლილა ეგ საწყალიო...
_ მარტოდმარტოა, ნანგრევებში შეშინდებაო...
_ გადადი, შვილო, დევდორიხა, გამოაღვიძე,
გადმოიყვანე, ცივ მიწაზე გაცივდებაო...
გამოქვაბულის დიდ-პატარა ჩემსკენ გამორბის,
მთის წვერებს მზე რომ დაეფინება,
ისე ანთია სიხარული მათ სახეებზე.
დევყოჩას თაფლი წამოუღია,
ხოლო იმის ცოლს _ შიბიანი ჭრელი წინდები,
დევჩობალაურს მწიფე მოცხრის ტოტები მოაქვს,
დევყლურწიას კი დიდი დოქი უჭირავს ხელში:
_ ძელგი ღვინოა, დაქანცულ ბიჭს მოუხდებაო;
დევჩოღარანა ლეკურ ნაბადს მოაფრიალებს:
_ დააფარეთ, არ შესცივდეს ბიჭსაო;
სალომეს სახე სიხარულმა გაუჩახჩახა,
სუროსავით მეხვევა და მკოცნის:
_ რა კარგები და ლამაზებია ჩვენი დევები!
_ ამბობს სალომე;
მერე ამღერდა _ მხრებით, თმებით, სანთლის ხელებით,
მერე ამწვანდა _ გაიფოთლა უსურვაზივით...
დევდორიხაც აქაა, თებჟორიკაც აქაა,
დევის გოგოც მოვიდა _
შემომყურებს ზღვისოდენა თვალებით,
მეკითხება: _ ხომ სულ აქ იქნებიო?
დეკის ყვავილის გვირგვინი ადგას
და ვეღარ ვარჩევ _ დეკაა, თუ დევის ქალია...
და ვეღარ ვარჩევ _ სალომეა, თუ დევის ქალი.
დევდოხას დედამ ცალკე გამიხმო
და სიყვარულით ამოვსებულ ღიმილით მკითხა:
_ აი, ის გოგო, განუწყვეტლივ შენთან რომ იყო...
ჰო, სალომეზე გეკითხები, ახლა სადაა?
_ სხვაგან წავიდა, ცადგადამფრენ წეროებს გაჰყვა,
ვთქვი და... უსიტყვოდ შევაცქერდით ერთიმეორეს...
სიცივის ტალღა გაიშალა ქალის თვალებში
და სევდიანმა ჩამჩურჩულა ნაწყვეტ-ნაწყვეტად:
_ ეჰ, სიყვარული _ სიყვარულის მიქცევ-მოქცევა,
ეჰ, სიყვარული _ სიყვარულის დილა-საღამო!
მზეს ასდევ-ჩასდევს _ ამოდის, ჩადის,
სიყვარულის მზე ვინ შეიპყრო, ჩვენ რომ შევიპყროთ?!
...უცებ მზის ნაცვლად და მზის ადგილას სალომე გაჩნდა.
სალომე მიმზერს, მაბრმავებს და მაუდაბნოებს,
ვუჩინარდები, ვმარტოვდები, ძირ-ძირს ვეშვები,
ვუახლოვდები სიკვდილის ნაპრალს _
არც ისე ძნელი და მძიმეა, თურმე, სიკვდილი!
სალომეს მკერდში და სალომეს მკლავებში ვკვდები,
სალომეს ცეცხლში და სალომეს მზეში ვიწვები.
...და გამეღვიძა _ გამიხილა თვალები ელდამ,
გამოვერკვიე და, რა? სალომე?!
საყორნის კლდიდან გადმომდგარი მზე დამწოლოდა,
მზე დამკიოდა, მზე ღვიოდა, დუღდა და წუხდა...
წასულიყვნენ დევები, წასულიყო სალომე,
წასულიყო წარსული...
ასე მგონია, პირველად ვიგრძენ
სიკვდილის სუნი მარტოობის ნაცრისფერ ველზე...
და ისევ კვნესა ამოცურდა ბნელ წიაღიდან:
_ შენ რომ გეგონა, დავბრუნდიო _ ეგრე არაა!
გზა უკვე გაწყდა _ ვერასოდეს ვერ დაბრუნდები!
დრომ დრო შეჭამა _ გადაუღრღნა ძარღვი კბილებით!
...უკანასკნელად შევაჭერ თვალი
კლდე-საჯიხვეებს, თეთრი ნისლით აყვავებულებს;
უკანასკნელად შევავლე თვალი
სალომეს შუქით განათებულ დევების ქალაქს;
უკანასკნელად შევკიდე თვალი
სალომეს აჩრდილს _ შურთხივით რომ გადაიფრინა;
ერთი ტკბილ-მწარედ გავიღიმე, წამოვედი და
იმის შემდეგ იმ ტკბილ-მწარე ღიმილში ჩავრჩი _
ვეღარ ვიცილებ, ვერ წავშალე ჩემი სახიდან...

„ლიტერატურული გაზეთი“, #8 (216), 20 აპრილი - 3 მაისი, 2018

ბმული:
* http://mcs.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N216/N-216.pdf.aspx

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Fri Apr 27, 2018 8:06 pm

მამუკა წიკლაური

სეხნია უშარიძის დაკარგვა

წავიდა, გაქრა. დაიკარგა.
არ უკივლია თეატრალურად:
გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარო;
არც პატიების წერილები დაუწერია _
თვითმკვლელები რომ ტოვებენ ხოლმე.

წავიდა, გაქრა. დაიკარგა.
არც ყოვლისწამლეკ ზვავს წაულეკავს
და არც უფსკერო
უფსკრულს ჩაუნთქამს _
თუ კაცი ვერა,
ყვავ-ყორნები ხომ მიაგნებდნენ
და ყვავ-ყორნების
ადათ-წესით დაიტირებდნენ...

წავიდა, გაქრა. დაიკარგა.
ჭორები ჭორებს გადაებნენ _
გრძელ ჯაჭვად იქცნენ.

...დანამდვილებით მე და
მთვარემ ვიცით, რაც მოხდა:
ის, შუაღამე რომ გადავიდა,
ადგა, აკრიფა ფუნჯები და
საღებავები,
მერე აიღო თავისი სევდა,
ასწია მძიმედ,
გავიდა გარეთ და შეუერთდა
იმ ყოველივეს, რაც გარეთაა _
ყაყანის, ჯგლეთის,
გრიალის და დგრიალის გარეთ.
ის ხომ არ იყო აქაური, სხვაგნელი იყო
და იქ წავიდა, საიდანაც
მოვიდა ერთხელ _
აქ „გარეთ“ იყო, იქ კი „შინ“ არის.
აქ უცხო იყო და უცნაური,
ვერ შეგვეჩვია,
ვერ დამკვიდრდა და გაგვეცალა.

გული მიტირის _
რომ გაქრა და ჩვენ აქ დაგვტოვა,
იმაზე ვტირი.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   

Back to top Go down
 
მამუკა წიკლაური
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: