არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 გურამ პეტრიაშვილი

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyWed Apr 29, 2009 10:52 am

გურამ პეტრიაშვილი Guram_11
Guram Petriashvili (1942)

გურამ პეტრიაშვილი
მსახიობი, მწერალი, პოლიტიკოსი.

დაიბადა 1942 წლის 16 მაისს, ლენტეხში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1964 წელს. 1978 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო).
სხვადასხვა დროს საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეკვიზიტორი, რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, ტელესტუდიის ტელეოპერატორი, მწერალი, რეჟისორი, მსახიობი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო , წევრი (1990-1991)

ბიბლიოგრაფია
* როცა თქმა სჯობს არათქმასა : სტატიები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 366გვ.
* პატარა ქალაქის ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1988. - 301გვ.
* ქალაქი, წვიმა და ვარსკვლავები : ლექსები. ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1985. - 241გვ.
* კრიტიკული წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1984. - 167გვ.
* ლექსები და ზღაპარ-ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1981. - 76გვ.
* წვიმა პატარა ქალაქში : მოთხრობები უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 108გვ.

ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ელისა და რარუს თავგადასავალი ( 1986)
2. რად სტვენს ბულბული ( 1980)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ელისა და რარუს თავგადასავალი ( 1986)
2. რად სტვენს ბულბული ( 1980)

გადაღებულია ფილმებში:
1. ბრავო, ჯორდანო ბრუნო! - (1993)
2. ერთი ბედის ანოტაცია - (1991)
3. ალყა - (1990)
4. ზმანებანი აღლუმებს შორის - (1989)
5. ტურანდოტი - (1989)
6. ლუიზა - (1988)
7. გამოცხადება - (1988)
8. ნაზარის უკანასკნელი ლოცვა - (1988)
9. ქველი (კეთილისმყოფელი) - (1988)
10. ელისა და რარუს თავგადასავალი - (1986)
11. წერილი ნაძვებს - (1986)
12. ბატონი ავანტიურისტები - (1985)
13. ნეილონის ნაძვის ხე - (1985)
14. ადამიანთა სევდა - (1984)
15. ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (ქმარი) - (1983)
16. მე დავბრუნდები - (1982)
17. გზის დასაწყისი - (1982)
18. რად სტვენს ბულბული - (1980)
19. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე - (1978)

ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00012157/
* http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=1950
* https://uk.wikipedia.org/wiki/Петріашвілі_Гурам_Мелентійович
* http://www.bu.org.ge/x1670?lang=geo


Idea
Back to top Go down
Guest
Guest



გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyThu Apr 30, 2009 1:38 pm

გურამ პეტრიაშვილი Petro_10

გურამ პეტრიაშვილი

***
ახალსოფელი, მარტყოფი,
დიდი ლილო და ნორიო...
აქეთ კასპი და გლდანია,
იქით ხაშმი და წნორიო...
ამით რომ დავტკბე, მჭირდება
სიცოცხლე ასჯერ ორიო.


Arrow

***
წითელწინწკალა თევზები
წყლიდან მალიმალ ხტებიან,
ჩამავალი მზის სხივებში
ლამაზად იდრიკებიან.
უნდა ავყვინთოთ ცაშიო,
ერთმანეთს ეჯიბრებიან.


Arrow


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyThu Apr 30, 2009 1:39 pm

გურამ პეტრიაშვილი

წვიმის მოყვარული კაცის ამბავი

პატარა ქალაქში ცხოვრობდა კაცი, რომელსაც წვიმა უყვარდა ძალიან.
ის წინასწარ გრძნობდა ხოლმე წვიმის მოსვლას, გავიდოდა ქუჩაში და ხელებგაშლილი შეჰყურებდა ცას.
ამას რომ დაინახავდნენ, გამოეფინებოდნენ ქუჩაში ბავშვები და კაცთან ერთად ელოდნენ წვიმას.
გაწვიმდებოდა.
იდგა კაცი და სველდებოდა.
მის ირგვლივ ბავშვები დახტოდნენ.
_ ბავშვებს რომ უხარიათ წვიმაში ხტუნვა, გასაგებია, მაგათ რა მოეთხოვებათ, მაგრამ შენ, ამხელა კაცს რა მოგდისო? _ ეკითხებოდნენ ხანდახან.
კაცი მხოლოდ ამას ეტყოდა ხოლმე პასუხად:
_ წვიმა ციდან მოსული წყალიაო.
ძალიან უყვარდა კაცს წვიმა, რაც არ უნდა დიდი საქმე ჰქონოდა, მაინც დათმობდა წვიმაში დგომის გულისთვის.
ხან ძილში იგრძნობდა, წვიმა უნდა მოვიდესო, და შუაღამისას გამოვარდებოდა ქუჩაში…
ერთ დღეს ხელებგაშლილი რომ იდგა წვიმაში, იგრძნო, ხელისგულზე რაღაც დაეცა მსუბუქად.
დახედა: გამჭვირვალე ცისფერი მარცვალი იყო.
კაცს ასეთი მარცვალი არასოდეს ენახა და ჩაფიქრდა, ნეტავ რა უნდა იყოსო.
წვიმამ რომ გადაიღო, კაცმა ის მარცვალი ქოთანში ჩათესა და ქოთანი აივანზე გადგა.
კაცი სწორად მიხვდა, რაც უნდა ექნა.
ქოთანში ყვავილი ამოვიდა.
ყვავილი პატარა ბავშვის სიმაღლისა იყო, გრძელი, ბრტყელი ფოთლები ძირს ჰქონდა დაშვებული.
იდგა ყვავილი აივნის მოაჯირზე.
რომ გაწვიმდებოდა, გაშლიდა ჩამოკეცილ ფოთლებს და აელვარდებოდა ცისფრად.
ეცემოდნენ ყვავილს წვიმის წვეთები და ყველა წვეთი გამჭვირვალე ნაირფერ მარცვლებად იქცეოდა.
მარცვლები ქუჩაში ცვიოდა და ბავშვები კრეფდნენ…
მიჰქონდათ სახლში ის მაცვლები ბავშვებს და თესავდნენ ქოთნებში…
…და მალე ყველა სახლის აივანზე იდგა ყვავილები.
გაწვიმდებოდა, გაიშლებოდნენ ყვავილები და თითქოს უცებ განათდებოდა ქალაქი.
სულ სხვადასხვა შეფერილობის იყვნენ ყვავილები: ზოგი _ წითელი, ზოგი _ მწვანე, ზოგი _ ჭრელი, ზოგი ქობიანი იყო, ზოგი _ კოპლებიანი და კიდევ ვინ მოთვლის, როგორი. მოხატულები ათასნაირად. ლამაზად…
აფრქვევდნენ სურნელებას…
მოდიოდა წვიმა.
კრეფდნენ ბავშვები ცისფერი ყვავილის დაცვენილ, გამჭვირვალე მარცვლებს.
ემატებოდა ყვავილები პატარა ქალაქს და ქალაქი ერთ დიდ თაიგულს ემგვანებოდა.
იდგა ბედნიერი კაცი წვიმაში…
მერე ქალაქის ქალიშვილებმა, აი, რა მოიგონეს… რომ გაწვიმდებოდა, აიღებდნენ ქოთნებს და ქუჩაში გამოჰქონდათ ყვავილები.
დაატარებდნენ ყვავილებს, უღიმოდნენ ერთმანეთს.
მკერდზე იხუტებდნენ ქოთანს, მათ თავს ზემოთ კი ყვავილები იყო გაშლილი.
ეს ყვავილები იყო პირველი ქოლგები ამქვეყნად.
დადიოდნენ ქალიშვილები წვიმაში, მოხიბლულები ქოლგა-ყვავილზე წვიმის წვეთების კაკუნით.
მერე მათ ხნიერმა ქალებმაც მიჰბაძეს და პატარა გოგონებმაც, _ ვისაც კი ქოთნის აწევა შეეძლო, ყვავილებს დაატარებდა წვიმაში…
დიდებული სანახავი იყო წვიმა პატარა ქალაქში.
განსაკუთრებით ლამაზი იყო ქალაქი ზევიდან. დაქროდნენ ჩიტები და დასცქეროდნენ ქუჩებს. სიხარულით ევსებოდათ პაწია გულები.
ამბობდნენ, ბევრმა ჩიტმა სწორედ მაშინ ამოიდგა ენა, იმ სილამაზის შემხედვარემ დაიწყო ჭიკჭიკიო.
გალამაზდა ქალაქი.
მთავარი კი ის იყო, რომ ყვავილების სურნელებით დამტკბარი მოქალაქენი უფრო კეთილნი გახდნენ.
ერთმანეთს აღარავინ აწყენინებდა.
ის კი არადა, გოგონები ერთმანეთს აღარ ებუტებოდნენ იმის გამო, არა ჩემი დედოფალა უფრო ლამაზია, არა ჩემიო; ბიჭებს ხომ ფეხბურთის თამაშისას ერთხელაც აღარ მოსვლიათ ჩხუბი _ გავიდა ბურთი, თუ არ გავიდაო.
ყველა მადლიერი იყო იმ კაცის.
… ერთხელ წვიმაში რომ იდგა და ცას შესცქეროდა, კაცს სიმღერა მოესმა. მოაცილა მზერა ცას და დაინახა, მის ირგვლივ ლამაზ ქალიშვილებს ფერხული გაემართათ. ცეკვავდნენ და მღეროდნენ, მათთან ერთად ისე დაქროდნენ ყვავილ-ქოლგები, თითქოს დაფრენენო.
კაცს მოეწონა მათი ცეკვა-სიმღერა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, შერცხვა, ჩემს ირგვლივ რატომ გამართეს ფერხულიო.
განაგრძო ცაში ყურება…
მას შემდეგ ქალიშვილები ყოველთვის უვლიდნენ ამ კაცის ირგვლივ ფერხულს წვიმაში.
და ერთხელ, მარტო რომ დარჩა, კაცმა იფიქრა, მართლაც კარგი საქმეა, ყვავილ-ქოლგები რომ ვაჩუქე ქალაქსო და სიამაყე იგრძნო.
ერთხელ რომ იფიქრა მერე ხშირად მოსდიოდა ეს ფიქრი თავში.
ახლა წვიმაში ცას ხშირად მოაცილებდა ხოლმე თვალს და იღიმებოდა ქალიშვილების ფერხულით დამტკბარი.
ერთი დავთარი გაიჩინა და ყოველი წვიმის შემდეგ იწერდა: დღეს ამდენმა და ამდენმა ქალიშვილმა იხტუნა ჩემს ირგვლივო.
წვიმა ისე აღარ უყვარდა. ახლა უფრო თავის დავთარზე ფიქრობდა.
მერე ერთხელ განთიადისას გაეღვიძა. იგრძნო, წვიმა უნდა მოსულიყო. წამოჯდა და გაიხედა ფანჯარაში. ერთხანს იყო ასე. მერე ისევ დაწვა, თვალები დახუჭა, გაიფიქრა, აბა ახლა, ამ დილაუთენია ვინ გამოვა საცეკვაოდ, ალბათ ყველას სძინავსო. დაამთქნარა და ჩაიძინა…
ერთხანს ეძინა…
და უცებ გაეღვიძა შეშფოთებულს.
გაიხედა აივნისკენ და დაინახა: წვიმდა, ცისფერ ყვავილს ფრთებივით გაეშალა ფოთლები და ნელ-ნელა მიიწევდა მაღლა…
_ ვაიმე, ეს რა ვქენიო! _ იყვირა კაცმა და წამოვარდა ზეზე…
… უცებ გაიღო ქალაქის ყველა ფანჯარა.
გამოიხედეს ნამძინარევმა მოქალაქეებმა და დაინახეს: წვიმაში მიფრინავდა ცისფერი ყვავილი.
ძირს კი კაცი მირბოდა საცვლების ამარა. საცოდავად მისძახოდა ყვავილს და ტიროდა…
გადაიარა ქოლგამ ქალაქის თავზე. გაჰყვა თან კაცი, მიეფარა თვალს.
გაიხედეს მოქალაქეებმა თავიანთი ყვავილებისაკენ… და ნახეს, გამქრალიყო ყვავილები…

* * *

ახლაც ხშირად წვიმს პატარა ქალაქში.
დახტიან პატარა გოგო-ბიჭები, დასდით თავზე ციდან მოსული წყალი…
ქოლგებს ახლა თვითონ აკეთებენ ადამიანები, მაგრამ ეს ქოლგები იმ ყვავილ-ქოლგებს ვერ შეედრებიან სილამაზით და რადგან არც იმ ყვავილების სურნელი გააჩნიათ, ამიტომ ვერც იმას შველიან, რომ მოქალაქეებმა ერთმანეთს არ აწყენინონ.
ვერ ივიწყებს იმ ყვავილებს პატარა ქალაქი.
ხანდახან ქალიშვილები ჩაფიქრდებიან წვიმაში და ეჩვენებათ, ქოლგა კი არა, ყვავილი გვიჭირავს ხელშიო. ამიტომაც, ისე ფაქიზად დაატარებენ ქოლგებს, კაცი იფიქრებს, უცებ ქოლგები რომ შეახონ ერთმანეთს, გაქრებიან თავიანთ ქოლგებიანადო.
კაცებს ახსოვთ იმ კაცის დიდი შეცდომა და, როგორც კი წვიმა წამოვა, უმეტესობას გული გარეთ მიუწევს. მოიგონებენ, ვითომ რაიმე საჩქარო და გადაუდებელი საქმე ჰქონდეთ სადღაც და გამოდიან ქუჩაში.
დადიან სერიოზული სახით, თან ერთმანეთს თვალს არიდებენ: ვითომ ვერ ხვდებიან ერთმანეთის გულისნადებს.
მაგრამ აღარ ვარდება ციდან ცისფერი გამჭვირვალე მარცვალი…
დადიან კაცები წვიმაში…
სველდებიან თავიდან ფეხებამდე…
ღამით კი შფოთავენ ძილში.
ზოგიერთებს ეღვიძებათ, შუაღამისას სტოვებენ სახლებს და მიდიან ცისფერი ქოლგის საძებრად.
ეძებენ მთელ ქვეყანაზე, ეძებენ და ვერ უპოვიათ.

study


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyThu Apr 30, 2009 1:39 pm

გურამ პეტრიაშვილი Guram_10

კატეგორია: ზღაპრები
გამომცემლობა: ინტელექტი
ISBN: 9789941482243
გვერდები: 126
გამოცემის თარიღი: 2018
ყდა: რბილი

მცირე ავტობიოგრაფია ავტორისა

მე — გურამ (სიმონ) მელენტის ძე პეტრიაშვილი დავიბადე 1942 წლის 16 მაისს სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1948 წელს შევედი სოფლის სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1958 წელს. 1958 წლიდან 1964 წლამდე ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1974 წლიდან 1979 წლამდე ვსწავლობდი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში კინო-რეჟისურის ფაკულტეტზე. ვწერდი ლექსებს, ზღაპრებს და ლიტერატურულ წერილებს 1966 წლიდან/ გადაღებული მაქვს სამი მხატვრული და ორი ნახატი ფილმი. გადაღებული ვარ 40 მხატვრულ ფილმში ძირითადად ეპიზოდურ როლებში, თუმცა მაქვს რვა მთავარი როლიც.

1990 წლიდან აქტიურად ჩავები ეროვნულ მოძრაობაში და ზვიად გამსახურდიას ბლოკიდან გავზდი უზენაესი საბჭოს წევრი.

1992 წლიდან ვიყავი ზვიად გამსახურდიას პირადი ელჩი უკრაინაში.

საქართველოში დავბრუნდი 2012 წელს და განვაგრძობ ლიტერატურულ საქმიანობას.

study


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyThu Apr 30, 2009 1:40 pm

გურამ პეტრიაშვილი

ბაჭია

მოირბინა პაწაწინა ბაჭიამ . . .
იასამანს დაუსკუპდა წინ.
ისე მოსწონს ბუჩქი ყვავილოვანი,
აღარ უნდა, რომ წავიდეს შინ. . .

შინ კი დედა ელოდება საწყალი .
წუხს, რომ სადღაც მოუკლავენ შვილს .
ოღონდ ნახოს, არც კი ეტყვის საყვედურს,
ტკბილებს აჭმევს, სტაფილოს და ხილს. . .

ზის ბაჭია ბუჩქთან აყვავებულთან.
ღმერთი ჰფარავს სილამაზის წინ. . .
მშვიდად, დედავ, მალე დაგიბრუნდება
და გრილ სურნელს მოიყოლებს შინ.


მეფე და მღილი

მეფის პორტრეტზე მღილი დაცოცავს,
მღილს მომცრო მღილი სურათებს უღებს.
მსხვილი--მეფეა, მიტომაც მომცრო
ელაქუცება, ულოკავს წუღებს.

-”მეფეო, ახლა წარბთან შეჩერდით,
კოხტად დოინჯი შემოიყარეთ.
უჰ, როგორ ჰგავხართ, დაუშვით ხელი,
მეორე--თავზე შემოიხარეთ.

არის! ახლა კი ულვაშთან მიდით.
მის ულვაშს სჩაგრავს თქვენი ულვაში!
მე რომ ეს ფოტო არ გადამეღო,
მეყოლებოდა თავი კრულვაში.

არის! ახლა კი თვალთან მიბრძანდით.
გულმა ძალუმად დამიწყო ძგერა!
ბევრად ბასრი ჩანს თვალები თქვენი,
როცა აქვეა ამ მეფის მზერა.

ახლა კი ტუჩის კუთხესთან მიდით.
კადრში იქნება ღიმილი ორი.
და, რა თქმა უნდა, თქვენი სჯობია,
მეფევ ღიმილშიც არა გყავთ სწორი. . .”

ღოღავდნენ. . .მათ კი, ეგონათ, ვართო
შთაგონებული სულების წვაში. . .
მამის პორტრეტი მოჰნატრებოდა
და შემოვიდა დარბაზში ვაჟი.

ძლიერ უყვარდა ვაჟს ეს პორტრეტი:
მზერა, ღიმილი, ნაოჭი, ღილი. . .
უმზერს დიდ მეფეს. . .და უცებ ჰხედავს:
პორტრეტზე ორი დაცოცავს მღილი.

ვაჟმა აიღო ძველი გაზეთი,
საგულდაგულოდ რვაჯერ გაკეცა. . .
და მოსთქვამს მღილთა მემატიანე:
-”ეჰ, ჩვენი მეფე ბედმა ჩაკეცა!”

სინამდვილეში გაზეთმა ძველმა
ზედ დაასრისა პორტრეტს მღილები:
მათი მღილური ვითომაზრები,
ვითომპოზები, ვითომღილები. . .

რამდენიც გინდა უღე სურათი,
მღილი დარჩება ისევე მღილად,
ბოლოს და ბოლოს გაზეთი ძველი
თავში მოხვდება საკადრის წილად!

და შეგვიძლია არ შევაწუხოთ
არცა რუსთველი, არცა ილია,
ისედაც ცხადი არის რადგანაც:
მეფე მეფეა, მღილი მღილია..


ორნი

წინწკალი ეტყვის ნაპერწკალს:
-უნდა მერიდო, ძამია!
თუ შეგეხები, გაქრები,
ჩაივლის შენი ჟამია. . .

ნაპერწკალს გაეღიმება:
-არ გიფიქრია განაო,
მე კი გავქრები, მაგრამ შენც,
რომ გაგიყოლებ თანაო. .


ციცინათელა

ამ ლამაზის საიდუმლო,
მგონი, უკვე ვიცი:
მას გვიგზავნის, როცა გვხედავს
ღმერთი განსაცდელში.
ერთს გაიფრენს ჩუმი მღერით :
ციმ-ციმ,ციმ-ციმ,ცი-ცი...
და, ჰა, უკვე მომღიმარნი
ჩვენც ვციმციმებთ ბნელში...


ძმაკაცები

მოფრინდა, მხარზე დამაჯდა
ჩემი ძმაკაცი ბეღურა.
ორივეს--კაცსაც და ჩიტსაც
სვანური ქუდი გვეხურა.

ისიც ცქმუტავდა ხალისით
და არც მე ვგავდი ვალიანს,
თვალს ვაყოლებდით ორივე
ქალებსა ლამაზხალიანს.

ორივე წვიმას ველოდით -
ცის წყალსა ნათელიანსა,
რომ ნაწვიმარზე მთებისკენ
გავდევნებოდით ნიავსა.

ერთად ვუცქერდით ქაშუეთს,
ერთად გვიძგერდა გულები.
არ გვჭირდებოდა სიმდიდრე
და ჭუჭყიანი ფულები.

ვესალმებოდით ნაცნობებს
სიხარულითა დიდითა
და ვამაყობდით ორივე:
ის – კაცით, მე კი – ჩიტითა...

Idea


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyThu Apr 30, 2009 1:40 pm

გურამ პეტრიაშვილი Guram_12

გურამ პეტრიაშვილი

გოგონა და ოქროს თევზი

ერთი გოგონა მამამ არდადაგებზე ზღვისპირა ქალაქში წაიყვანა დასასვენებლად.
გოგონას ძალიან უყვარდა ზღვა. სულ მასთან უნდოდა ყოფნა.
ტალღა რომ უკან დაიხევდა, გოგონა გაჰყვებოდა და სულ ახლოს მიდიოდა ზღვასთან. აიფოფრებოდა ტალღა და სულ ახლოს მიდიოდა ზღვასთან. აიფოფრებოდა ტალღა და გოგონაც უკან გამოიქცეოდა სიცილით.
მორბოდა გოგონა.
მოსდევდა ტალღა, თანდათან პატარავდებოდა, უკლებდა ხმაურს და ბოლოს გაუწვებოდა ფეხებთან.
გოგო დაიხრებოდა და მიეფერებოდა.
და თავიდან დაიწყებოდა თამაში…
როცა ზღვა წყნარი იყო, გოგონა ფერად კენჭებს აგროვებდა ან სილის კოშკებს აგებდა.
ხანდახან კი დაუჯდება და გარინდული დიდხანს, დიდხანს უცქერდა ზღვას.
მერე ადგებოდა, უხმაუროდ გაივლიდა სილაზე და ნელა შევიდოდა ზღვაში.
გაცურავდა წყნარად, წყლის გაუშხეფებლად, და როცა ნაპირი შორს დარჩებოდამ დაგაბრუნდებოდა ზურგზე და დახუჭავდა თვალებს.
იწვა და ყურს უგდებდა ზღვას.
ეჩვენებოდა, თითქოს რაღაც საამო ხმა ესმოდა.
დიდხანს უსმენდა ხმას, მერე კი ისევ წყნარად გამოცურავდა ნაპირზე.
სამწუხაროდ, არდადეგები ძალიან დიდხანს არ გრძელდება ხოლმე.
დადგა გამგზავრების დღე.
მამა მატარებლის ბილეთების საყიდლად წავიდა.
გოგონა კი იჯდა ნაპირზე და ნაღვლიანი უცქეროდა ზღვას.
გვერდით წყლიანი მინის ქილა ედგა ფერადი კენჭებისათვის.
ჯერ კი აპირებდა კენჭების შეგროვებას, მაგრამ მერე ვეღარ დაუდო გული.
უცქეროდა ზღვას.
ზღვა ისეთი წყნარი იყო, თითქოს იმასაც ენანებოდა გოგონასთან განშორება და დანაღვლებული გარინდულიყო.
უცებ ზედ ნაპირთან წყლის ზედაპირი შეტოკდა და ზღვიდან რაღაც პატარა, წითლად ელვარე საგანი ამოფრინდა.
გოგონამ ვერც მოასწრო დაენახა, რა იყო, რომ იმ რაღაცამ წყლიდან ქილაში მოადინა ტყაპანი და წყლის შხეფები სახეზე მიასხურა.
ჩაიხედა გოგონამ ქილაში და დაინახა, რომ შიგ ოქროს თევზი ჩაფრენილიყო.
ჯერ უცქირა, როგორ დაცურავდა თევზი, მერე კი ცაყო ხელი, ამოიყვანა და ისევ ზღვაში გაუშვა.
განა არ უნდოდა, რომ ლამაზი ოქროს თევზი ჰყოლოდა? მაგრამ იფიქრა: ”თევზს ალბათ სურდა ერთ წამს ჰაერში აფრენილიყო და შემთხვევით ჩავარდა ცემს ქილაშიო.”
კეთილი გოგონა იყო და აბა შემთხვევით ხომ არ ისარგებლებდა და ოქროს თევზს ხომ არ დაატყვევებდა?!
არ გასულა რამდენიმე წამი, რომ ისევ ამოფრინდა წყლიდან ოქროს თევზი და ისევ ჩაფრინდა ქილაში.
გოგონამ კვლავ გაუშვა თევზი, თამაშობს, ცელქობს და ჩემს ქილაში შემთხვევით ვარდებაო.
მაგრამ იმავ წამს ამოფრინდა თევზი ზღვიდან, გაიელვა ჰაერში, ჩაფრინდა ქილაში და მოუსვენრად დაიწყო ცურვა.
გოგონა ჩაფიქრდა.
მერე აიღო ქილა და თვალებთან მიიტანა.
მაშინ მიცურდა ოქროს თევზი კედელთან, ერთ ადგილას გაჩერდა და შეაცქერდა გოგონას.
გოგონამ გაუღიმა: მიხვდა, ჩემთან გინდა ყოფნაო.
– კარგი წამოდი, ვიყოთ მეგობრები, – ჩაუჩურჩულა გახარებულმა.
ოქროს თევზმა რამდენჯერმე დაარტყა წრე ქილაში და ისევ ცხვირწინ გაუჩერდა გოგონას…
ალბათ ასე გამოხატა სიხარული…

წამოიყვანა გოგონამ ოქროს თევზი.
ყველაფერი უამბო მამას.
მამა ცოტა არ იყოს უცნაური კაცი იყო. იმის მაგიერ. რომ ზოგ-ზოგი სხვა მამებივით ბუზღუნი დაეწყო, ისედაც ამოდენა ბარგი გვაქვს, ეს რაღაც გვინდა, რომ სახათაბალოდ ავიკიდოთო, ქილა მაღლა ასწია, თქვა, ვინც მოვიდა, გაუმარჯოსო, და მაშინ აკვარიუმის საყიდლად გავარდა.
ღამით მატარებელში დიდხანს არ დაიძინა გოგონამ. იჯდა ფანჯარასთან და პატარა მაგიდაზე დადგმული აკვარიუმისთვის ორივე ხელი ჩაეჭიდა, ვაითუ მატარებელმა უცებ დაამუხრუჭოს, აკვარიუმი გადმოვარდეს და გატყდესო.
უცქეროდა თევზს.
და თევზიც მხიარულად დაცურავდა წყალში.
ბოლოს ჩაეძინა დაღლილ გოგონას.
თევზიც გაირინდა წყალში. ალბათ იმანაც დაიძინა.
მამა ფრთხილად რო აწვენდა ლოგინში, გოგონა რაღაცას ბუტბუტებდა მძინარე, ალბათ ისევ იმაზე წუხდა, თევზს არაფერი მოუვიდესო.
-ჰო, შვილო, ნუ გეშინია, ნუ გეშინია, – ამშვიდებდა მამა.
და სხვა მგზავრების გასაოცრად, მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დარაჯობდა აკვარიუმს…
დედასაც გაუხარდა, აკვარიუმში მხიარულად მოცურავე ოქროს თევზი რომ ნახა.
გოგონამ ოთახის ერთ კუთხეში პატარა მაგიდას ლამაზი სუფრა გადააფარა და იქ მიუჩინა აკვარიუმს ადგილი.
მას შემდეგ ცხოვრობდა ოქროს თევზი იმ სახლში.
გოგონა თავს ევლებოდა თევზს და ისიც ყოველნაირად ცდილობდა, გაეხარებინა გოგონა. დაინახავდა თუ არა ოთახში შემოსულს, მაშინვე ლამაზად იწყებდა კუდისა და ფარფლების ქნევას, ჯერ წრეებს დაარტყამდა აკვარიუმში, მერე კი ამოხტებოდა და ჰაერში შეითამაშებდა.
ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
და ბედნიერები იყვნენ ამით.
ერთი მეტად საინტერესო რაღაც უნდა გითხრათ.
ღამით მშობლები ტკბილ ძილს რომ უსურვებდნენ, შუბლზე აკოცებდნენ, სინათლეს ჩააქრობდნენ და გავიდონენ, გოგონა კიდევ დიდხანს არ იძინებდა.
იწვა სიბნელეში და უცქერდა აკვარიუმს, სადაც დროდადრო ქუჩიდან შემოსულ ჩუქზე ოქროს თევზი გაიელვებდა ხოლმე.
თან ჩუმად ჩურჩულებდა გოგონა: ვითომ თევზს ელაპარაკებოდა. აი, მე ამას ვებნები ის კი ამას მპასუხობსო.
მერე კი, ქალაქის ხმაური რო მიწყდებოდა, გოგონა გაირინდებოდა.
სიჩუმეში კვლავ ესმოდა ის საამო ხმა, რომელსაც ზღვაში შორს სესული უსმენდა ხოლმე.რა იყო ეს ხმა?
გოგონა ამას არასდროს არავის გაუმხელდა, მაგრამ თვითონ კი ფიქრობდა, ოქროს თევზი მღერის აკვარიუმშიო.
ალბათ მაშინაც, ზღვის ზედაპირზე თვალდახუჭული რომ იწვა ხოლმე, ოქროს თევზი უვლიდა ირგვლივ და მღეროდა.
გაკვეთილებს რომ დაამზადებდა, გოგონა ჩართავდა ხოლმე მუსიკას და ცეკვავდა ოთახში. ამით უნდოდა, ოქროს თევზი გაერთო. ის ხომ სულ მარტო იყო აკვარიუმში.
მიცურდებოდა ოქროს თევზი აკვარიუმის კედელთან და უყურებდა გოგონას.
ერთხელაც ასე რომ ცეკვავდა, გოგონამ შეხედა კედელთან მიცურებულ თევზს, შეეცოდა და იფიქრა, მოდი, ასე უფრო გავახალისებო, აიღო აკვარიუმი, ორივე ხელით დაიდო თავზე და განაგრძო ცეკვა.
მერე სასტუმრო ოთახში გავიდა ცეკვა-ცეკვით. დიდი სარკის წინ გაიქროლა კაბის ფრიალით და გაოცდა: ოქროს თევზიც ცეკვავდა.
მხოლოდ ერთ წამს შედგა გოგონა.
შემდეგ კი განაგრძო ცეკვა.
თავზე აკვარიუმი ეჭირა და ოქროს თევზი ცეკვავდა აკვარიუმში…
მას შემდეგ ხშირად ცეკვავდნენ ასე.
გამოეწყობოდა გოგონა კოხტად.
დასვამდა თვის დედ-მამას.
ჩართავდა მუსიკას.
დაიდებდა თავზე აკვარიუმს და იწყებდა ცეკვას.
აჰყვებოდა თევზიც.
გახარებული უყურებდა დედ-მამა ამ უცნაურ სანახაობას.
კარგი იყო ძალიან.
და რაც ყველაზე უფრო საოცარია:
შეწყობილად ცეკვავდნენ გოგონა და ოქროს თევზი,
ერთნაირად ირხეოდნენ, ერთნაირად ტრიალებდნენ და ოქროსფერი ფარფლებიც ცისფერი კაბის ფრიალს იმეორებდნენ ზუსტად…
ამ ცეკვის შესახებ არც გოგონას და არც მის მშობლებს არავითვის არაფერი უთქვამთ.
ეს მათი საოჯახო საიდუმლო იყო.
პატარა, ლამაზი საიდუმლო.
მაგრამ ალბათ შემთხვევით ვინმემ ფანჯრიდან მოჰკრა თვალი ოქროს თევზისა და გოგონას ცეკვას.
და უცნაური მოდა გავრცელდა ქალაქში.
გოგონებმა, ქალიშვილებმა და ხნიერმა ქალებმაც კი პატარ-პატარა აკვარიუმები დაიმაგრეს ქუდებზე, შიგ თევზები ჩაისვეს და ისე დადიოდნენ.
ზოგმა ძალიან ფაშფაშამ, ხარჯი ხარჯიაო, და დიდი აკვარიუმი დაიდგა თავზე, შეგაც, ერთის ნაცვლად, უამრავი თევზი ჩაისვა.
ბევრს თან მაგნიტოფონი დაჰქონდა და უკრავდა.
ყველას იმისი იმედი ჰქონდა, თევზები თანდათანობით უფრო და უფრო მიჰბაძავდნენ თავიანთი პატრონების მიხვრა-მოხვრას და ბოლოს მთლად შეეწყობოდნენ.
მაგრამ დრო გადიოდა, თევზებს კი არა და არ ახალისებდა მუსიკა. კვლავ უძრავად იწვნენ აკვარიუმის ფსკერზე ან საცოდავად ეკვროდნენ კედლებს, არ აინტერესებდათ არც თავისი პატრონი და არც იმისი მიხვრა-მოხვრა.
ის კი არა და, როგორც კი ვინმე აკვარიუმიანი მდინარის პირას ან ხიდზე გაივლიდა, თევზი მაშინვე გადახტებოდა ხოლმე და ჰაერში მისი კუდის მხიარული გაქნევა მხოლოდ ერთს ნიშნავდა: მადლობა ღმერთს, თავს ვუშველეო.
რამდენიც არ ეცადნენ, არავის არაფერი გამოუვიდა. იმ ოქროს თევზის გარდა არც ერთმა არ იცეკვა აკვარიუმში.
და ხელად გადავარდა მოდიდან თავზე აკვარიუმის ტარება…
…ერთხელ ღამით გამოეღვიძა გოგონას.
ფანჯრიდან შემოსულ მთვარის შუქზე დაინახა, რომ ოქროს თევზსაც არ ეძინა, შფოთიანად დაცურავდა აკვარიუმში.
მიაყურა გოგონამ, მაგრამ აღარ მღეროდა თევზი.
შეშფოთდა გოგონა, წამოდგა და მივიდა აკვარიუმთან.
თევზიც მიცურდა კედელთან.
უცქერდნენ ერთმანეთს.
მთვარის სხივები წყალქვეშ აღწევდა და ელავდა ოქროს თევზის სხეული.
უცქერდა გოგონა.
და უცებ იგრძნო, რომ ტიროდა ოქროს თევზი.
თევზებიც ხომ ცოცხალი არსებანი არიან და ამიტომ მათაც კარგად იციან, რა არის სევდა.
და ტირიან კიდეც.
ჩვენ რომ ვტირით, ცრემლები ღაწვებზე გვაშრება ან ცხვირსახოცები გვისველდება და ისიც შრება ბოლოს.
თევზების ცრემლები კი სულ ზღვაში გროვდება. ზღვის თევზთა თვალთაგან იქვე დადენილიც და მდინარეების ჩამოტანილიც.
იქნებ მლაშეც ამიტომაა ზღვა.
ტირიან თევზები.
მაგრამ იმ გოგონამდე არავინ იცოდა ეს, რადგან წყალში თევზის თვალებზე ცრემლს ვერავინ ვერ დაინახავს.
ეს მხოლოდ მოსიყვარულე გულს შეუძლია…
უცქეროდა გოგონა მტირალ თევზს და თვითონაც ტიროდა.
მერე აიღო აკვარიუმი, მიიკრა მკერდზე და გავიდა სახლიდან.
მიდიოდა დიხანს.
არაფერზე არ ფიქრობდა, ტიროდა და აკვარიუმში ცვიოდა მისი ცრემლები…
თვითონაც ვერ გაეგო, როგორ აღმოჩნდა ხიდზე.
ხიდს მკრთალად ანათებდა ფარანი და მდინარემდეც ოდნავ აღწევდა მისი შუქი.
თეთრი, გრძელი პერანგისამარა იდგა გოგონა ხიდის მოაჯირთან, მკერდზე აკვარიუმი მიეკრა და თევზს დაჰყურებდა.
დაწყნარებული თევზი, მშვიდად უვლიდა წრეებს აკვარიუმში, თითქოს ეთხოვებოდა გოგონას.
დიახ, ხიდზეც მოსიყვარულე გულმა მოიყვანა გოგონა, გულმა უგრძნო, რომ თავისი ზღვა მოენატრა თევზს…
ახლა აღარ ტიროდა გოგონა.
უსმენდა.
განშორების სიმღერას მღეროდა თევზი…
მერე ამოხტა, შეითამაშა ჰაერში და ოდნავ მორკალული და ლამაზა, ნაღვლიან ღიმილს დამსგავსებული, ჩაფრინდა მდინარეში…
დაბრუნდა გოგონა სახლში ცარიელი აკვარიუმით.
ჩაწვა ლოგინში და დიდხანს იყო თვალგახელილი.
წარმოიდგენდა თუ როგორ მიცურავდა ოქროს თევზი თავისი ზღვისკენ.
მერე ჩაეძინა და სიზმარშც იმას ხედავდა, ათას ფათერაკშა და განსაცდელს თავს როგორ აღწევდა მისი მეგობარი…
დილით ოქროს თევზის წასვლა უამბო მშობლებს.
ნუ გეშინია, დაბრუნდებაო, უთხრეს მათ.
გოგონამ ნაღვლიანად დახარა თავი…
გავიდა ხანი…
გოგონა აღარ ცეკვავდა გაკვეთილების სწავლის შემდეგ.
ის ახლა აკვარიუმს უმზადებდა ოქროს თევზს.
შიგ ლამაზ კოშკს აგებდა.
მშობლებს ერთხელაც არ წამოსცდენიათ, რათ გინდა მაგას რომ აკეთებ, თევზი არსად ჩანსო.
პირიქით ეხმარებოდნენ კიდეც.
ერთ საღამოს გოგონამ ჩაასხა წყალი აკვარიუმში, შეხედა, ხომ ლამაზად ჩანს წყალში კოშკიო, ჩაიცვა ის ცისფერი კაბა, რომლითაც იცეკვა ოქროს თევზთან ერთად და დაელოდა შუაღამეს.
დედ-მამაც ფხიზლობდა მასთან ერთად.
წიგნს კითხილობდნენ და ხანდახან გახედავდნენ აკვარიუმის წინ ჩაფიქრებულ გოგონას, მერე ერთმანეთს შეხედავდნენ და ჩუმად ამოიოხრავდნენ.
შუაღამისას სამივე გავიდა სახლიდან.
ისევ მთვარიანი ღამე იყო.
გოგონას ფრთხილად მიჰქონდა აკვარიუმი.
მიდიოდნენ მდინარისკენ.
მამა ოხუნჯობასაც კი ცდილობდა და დედას ნაღვლიანად ეღიმებოდა მის ხუმრობაზე.
სეირის საყურებლად ბევრი გაჰყვა უკან ამ უცნაუ ოჯახს…
მიდიოდნენ სამნი.
არავის აქცევდნენ ყურადღებას.
ხიდს რომ მიუახლოვდნენ, მამამ თქვა, ჩვენ აქ დავრჩებითო, და გოგონა მარტო შევიდა ხიდზე.
ცაზე იყო მთვარე.
კვლავ მკრთალად ანათებდა ფარანი.
იდგა გოგონა.
ნელა გავიდა ერთი საათი.
უცქეროდა ხალხი, არაფერი ხდებოდა.
ეჰ, რა ტყუილად გავიტეხეთ ძილიო, უკვე ამბობდნენ ზოგიერთები.
და უცებ მდინარის ზედაპირთან რაღაცამ იელვა.
ამოფრინდა ოქროს თევზი, აფრინდა ფარანთან, მხიარულად შეითამაშა აკვარიუმში…
გული შეუფრთხიალდა ხალხს.
უცქეროდნენ.
და კიდევ უფრო გაოცდნენ:
გოგონას და მისი თევზის გარშემო საოცარი ცისფერი ნათება დაინახეს…
…შემდეგაც მოენატრებოდა ხოლმე ოქროს თევზს ზღვა.
კვლავ ელოდა გოგონა.
მთვარიან ღამით ბრუნდებოდა თევზიც.
და კვლავ ანათებდნენ ცისფრად.
სიყვარულს საერთოდ ყველაფერი შეუძლია.
ხოლო ნათება მთლად ჩვეულებრივი რამაა მისთვის.

Idea


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:34 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyThu Apr 30, 2009 9:27 pm

გურამ პეტრიაშვილი

***
საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო,
ვინ არ გდია კბილთა ღრჭენით, ბნელში თვალთა ბრიალით,
ყველა ისრის, ყველა ტყვიის სამიზნევ და ნიშანო!
გულს ნუ მიკლავ მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალით!
მიხვალ ბნელში, მიგაქვს ჯვარი, შუბლზე გამოხატული
და ციმციმი გზას გინათებს მანათობელ ჯვარისა.
მაგრამ მაგ შუქს ხედავს მტერიც, ავად წამომართული.
გაგცემს ჯვარი მოციმციმე და წკრიალი ზარისა.
მოდის მტერი ყოველი მხრით, ათასი ხმით მკივარი.
შენ კი ერთი უთვისტომო, ეული და მზებნელი...
მოდის ეშვი, კლანჭი, ბრჭყალი, ცეცხლი, ხმალი, ისარი,
ბნელს აწყდები უსასოო, ანთუ მხსნელთა მძებნელი.
ხან საცოდავ რქებსაც იქნევ, წრეში გამოკეტილი,
ხან ბედს ნისლში ემალები და ხანაც წინ მიუხტი,
მერე წამით მზე დაჩნდება – ზეცის თვალი კეთილი
და შენ ისევ მიბაკუნობ, საბრალო და ჯიუტი.
ისევა ხარ... გიმზერს მტერი, ავად წამომართული.
და არა და არ თავდება ბედის შავი ტრიალი
ან ეგ ჯვარი გშველის იქნებ შუბლზე გამოხატული
ან ღმერთს მოსწონს მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალი.


გურამ პეტრიაშვილი Pol-10

Idea
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyThu Feb 07, 2019 11:09 am

გურამ პეტრიაშვილი

***
ეს დღეც დაღამდა.
დღე ცარიელი,
როგორც ის სარკე,
რომელშიც უკვე
შენ აღარ ჩანხარ...

***
ერთ დილით მიხვდა,
ყველას თავისი გზა აქვსო ცისკენ
და გალიაში
ჩაჯდა
ჩიტებთან.

***
მოხდა მკვლელობა ჩვეულებრივი.
წაუყვანიათ ყვავილი მინდვრის
და ცივ ქალაქში
სიცილ-სიცილით
დაღამებამდე უტარებიათ.

***
ქუჩის კუთხეში
მოულოდნელად
შევხვდით ერთმანეთს.
რა ნაღვლიანი საღამო იყო...
მე ყვავილები
მიმქონდა
სხვისთვის.


***
ბედნიერი
ერთადერთია
ქვეყნად არსება _
ციცინათელა _
თან დაფრინავს
და თან ანთია.

***
გადიკისკისა პატარა გოგომ
და ჰაერი
გახდა უცებ
ისე მჭვირვალე,
თითქოს ქუჩაზე
დიდი კალათით
ალუბალი ჩამოატარეს.

***
დილაადრიან
ნაწვიმარ ბარს
ვუცქერ ფანჯრიდან
და თვალს ვარიდებ
ბაღის ერთ კუთხეს.
იქ მოწყენილი და ფიქრიანი
დგას პატარა ხე ალუბლისა,
პირველად რომ
დაკრიფეს
გუშინ.


***
თუკი ამ ქვეყნად
შეიძლება რომ იყოს შური,
მე მშურს მხოლოდ კალატოზების:
თან მუშაობენ _
აკეთებენ თავის საქმეს
წყნარად და დინჯად _
და თან ნელ-ნელა
ცისკენ მიდიან.


***
იმ ხის ძირას
პაემანები იმართებოდა
და ხეს ეგონა,
სიცილიაო
ადამიანთა ერთადერთი საქმიანობა
დედამიწაზე.


***
მართლა თუ სჯერათ ამ ასტრონომებს,
რომ თავიანთ ტელესკოპებში ვარსკვლავს
ჰხედავენ?
ჭრიჭინებით სავსე ბულულზე
თუ არ წევხარ ზაფხულის ღამით
და არ იგონებ
შენს სახეზე
ქალის თმების პირველ შეხებას,
განა ვარსკვლავს
ვარსკვლავი
ჰქვია?


***
პოეტს რად გინდა კარგი ცხოვრება _
ფარჩა, ატლასი, სასახლე დიდი...
უნდა გყოფნიდეს მზის ოქრო მშვიდი,
ქარის ქარობა, მთვარის მთოვრება...
უნდა მარტივი გქონდეს მოძღვრება _
ჩაიცვი ფლასი, გაბედე, მიდი!
არ გქონდეს ჭირის შიში და რიდი
და თავიც ნუღარ გემახსოვრება...
შენ პოეტი ხარ! უნდა გციოდეს,
უნდა გწყუროდეს, უნდა გშიოდეს...
ერთიც არ დაგცდეს ბედის ჩივილი,
პირზე ნათელი გადაგდიოდეს,
შეკრიბო ქვეყნის ყველა ტკივილი
და იმ ტკივილით გული გტკიოდეს...


***
ღამით ქალაქში
ნაწვიმარი ელავს ასფალტი,
მხიარული ქალიშვილები სადღაც მირბიან...
და განათებულ ვიტრინაში, დიდ დოლებს შუა
ზის მარტოდმარტო
სათამაშო პატარა დათვი,
რომელიც
ბევრი ფიქრის შემდეგ
აღარ იყიდეს...


***
შემიხტა გული...
ჩემი ფანჯრიდან
შენს აივანზე
როგორ უბრალოდ გადმოფრინდა
ფრთათეთრი მტრედი.

Idea


Last edited by Admin on Tue Feb 26, 2019 9:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyThu Feb 07, 2019 11:13 am

გურამ პეტრიაშვილი

***
სულ ვჩქარობთ, ვჩქარობთ
და ვეღარ ვასწრებთ
ქვეყნად
ერთ-ერთ
უმთავრეს საქმეს –
სახით მშვიდით
და ბედნიერით
აყვავებული ატმის წინ დგომას..

Idea
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyThu Feb 07, 2019 11:15 am

გურამ პეტრიაშვილი

***
ქუჩის კუთხეში
მოულოდნელად
შევხვდით ერთმანეთს.
რა ნაღვლიანი საღამო იყო. . .
მე ყვავილები
მიმქონდა
სხვისთვის..

***
შემიხტა გული. . .
ჩემი ფანჯრიდან
შენს აივანზე
როგორ უბრალოდ გადმოფრინდა
ფრთათეთრი მტრედი.


***
მთელი ღამე
ბიძაჩემი შფოთავდა ძილშ...
ომში, მის გვერდით გასკდა ყუმბარა
და აი, უკვე ოცი წელია,
ტვინში ჩარჩენილ
რკინის ნამსხვრევზე
ფეხს იტეხენ და ბორძიკობენ
მისი სიზმრები...

Idea
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyThu Feb 07, 2019 11:17 am

გურამ პეტრიაშვილი

ამბავი

”წუხელის ბიჭი დაბადებულა. . .”
ანზორ აბულაშვილი

გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე
ამბავი მოხდა უმაგალითო :
ქალი მისულა უყელსაბამო,
უბრილიანტო, უმარგალიტო,

უმანქანო და უმდიდრულქურქო,
უსაყურო და უსამაჯურო,
უქმრო, უშვილო და უღიმილო,
უჯამაგირო, უსამსახურო. . .

მისულა ქალი მაღალ დარბაზში
და არხეინი შეძრულა ხალხი :
ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში
კაბა ქალისა შეჭრილა თალხი.

მერე ისეთი რამე მომხდარა,
კინაღამ ყველა გადარეულა :
ქალს დიდი ცრემლი ჩამოჰვარდნია
და ცრემლი კაცად გადაქცეულა.

ქალს დაუწყია ცრემლკაცთან ცეკვა
და კაცის მკერდზე დაუდევს თავი. . .
ქალს ეცვა კაბა, როგორც ვთქვით, თალხი
და კაცსაც სცმია სამოსი შავი.

გაშეშებული მდგარა სუყველა. . .
გაშტერებოდა სუყველას თვალი,
ლამაზი იყო სანახაობა:
როგორ ცეკვავდა ცრემლკაცთან ქალი.

ისე ლამაზი, ისე ლამაზი. . .
წამოუვიდა ყველას ცრემლები. . .
გაქრა დარბაზი და ირგვლივ გაჩნდა
აყვავებული თეთრად ტყემლები. . .

და ყვავილების იმ თეთრ ღრუბელში
ცეკვით აფრინდა ის წყვილი თალხი. . .
ძირს დარჩა უცებ დაბრძენებული
უწინ ცრემლების არმცოდნე ხალხი. . .


მამა და შვილი

საღამოს, როცა ვარდისფერი ხდება ღრუბლები,
პატარა შვილი სასეირნოდ მე გარეთ გამყავს.
აქ გორაკია, ნელა-ნელა გორაკზე ამყავს,
ცისა და მიწის ნამდვილ ამბებს ჩუმად ვუყვები.
მომყვება, მისმენს... უცებ თვალებს შემომანათებს.
მივეფერები, ვუწვდი ლამაზ ბაბუაწვერას...
მას მოაქვს ფრთხილად, არ აცილებს ფიქრიან მზერას...
მზე ჩამავალი მის ხელებში ყვავილს ანათებს...
შორიდან ვჩანვართ: კაცი მშვიდად ბავშვს დავატარებ.
მე კი მსუბუქი დამდის ცრემლი და გულს ვახარებ...
ვუხსნი პაწიას: რა დაფრინავს, რა სტვენს, რა ჰყვავის,
სამფლობელოში ახალ პატრონს, ძველი ვატარებ...
და ვით დაისით განათებულ ბუმბულა ყვავილს,
მთელ სამყაროსაც ამ პაწია ხელებს ვაბარებ.


Idea


Last edited by Admin on Tue Feb 26, 2019 9:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი EmptyThu Feb 07, 2019 11:44 am

გურამ პეტრიაშვილი Guram_13
Guram Petriashvili, 2014

გურამ პეტრიაშვილი

ამბავი ნაღვლიანი კლოუნისა

ერთხელ პატარა ქალაქს მეტად უცნაური სენი შეეყარა: ქალაქის მცხოვრებთ ჩემოდნები შეუყვარდათ ძალიან, სულ ჩემოდნებს დასტრიალებდა მათი ფიქრები, ბინიდან გასვლისას ჩემოდნით ხელში დიდ სარკესთან მივიდოდნენ და ჩაიხედავდნენ, მიტრიალდებოდნენ, მოტრიალდებოდნენ… არ გეგონოთ, თავის სახეს აცქერდებოდნენ, არა, ამოწმებდნენ, ჩემოდანი ხომ ლამაზად გამოიყურებაო. მერე ასწევდნენ თავს და ამაყად გადიოდნენ ქუჩაში.
ქუჩაში ყველას ჩემოდანი ეკავა ხელში.
მძიმე ჩემოდანს დაათრევდა დიდი თუ პატარა…
უფრო და უფრო უყვარდებოდათ ჩემოდნები…
ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალაქის მთავარ მოედანზე ჩემოდნის გამომგონებელს ძეგლი დაუდგეს. ძეგლის კვარცხლბეკი ჩემოდნის ფორმის იყო, გამომგონებელსაც დიდი ჩემოდანი ეკავა ხელში.
ამ ძეგლს რომ გაუვლიდნენ გვერდზე, მოქალაქენი ქუდს მოიხდიდნენ ხოლმე მოწიწებით…
მიათრევდნენ მძიმე ჩემოდანს… რომ შემაჩნევდნენ, დამტვერილაო, შევიდოდნენ სკვერში,ჩამოსხდებოდნენ სკამზე, ჩემოდანს მუხლებზე დაიდებდნენ, ჯიბიდან ხავერდის ნაჭერს ამოიღებდნენ და აპრიალებდნენ და აპრიალებდნენ ჩემოდანს.
გააპრიალებდნენ კარგად და მხოლოდ მერე განაგრძობდნენ გზას.
ის კი არადა, თეატრშიც თავის ჩემოდანი ედოთ მუხლებზე და ისე უცქეროდნენ სპექტაკლს. თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა მსახიობებიც ჩემოდნით ხელში ამბობდნენ მონოლოგებს და თვით ტანწერწეტა ბალერინებიც ჩემოდნებიანად დახტოდნენ სცენაზე. მართალია, ამის გამო ისე მსუბუქად ვეღარ ტრიალებდნენ თითის წვერებზე, მაგრამ ეს არავის ანაღვლებდა.
მთავარი იყო ჩემოდანი…
მხოლოდ ერთი კაცი დადიოდა უჩემოდნოდ,ხელები ჯიბეში ჩაეწყო, პალტოს საყელო აეწია და ნაღვლიანი მიჰყვებოდა ქუჩას. ეს კაცი კლოუნი იყო. კლოუნი ცირკიდან გამოაგდეს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემოდანს არ ატარებდა, მეორეც იმიტომ, რომ მოქალაქეებს სიცილი აღარ უყვარდათ.
უყურებდა კლოუნი გამვლელებს და ამჩნევდა , ისე უცქეროდნენ ერთმანეთის ჩემოდნებს, ეტყობა, ფიქრობდნენ, იმისი ჩემოდანი სჯობიაო თუ ჩემიო. სულ მოღუშულები იყვნენ.
ალბათ ძნელია იღიმებოდე, როცა იმას ფიქრობ, ნეტა ვისი ჩემოდანი სჯობია ან რა უწყვია სხვას იმ ჩემოდანშიო.
– ეჰ, – ამოიოხრებდა კლოუნი და ჩაჰკიდებდა თავს…
კლოუნის უჩემოდნოდ სიარული არ მოსწონდათ მოქალაქეებს. ჯერ იყო და წარბშეკრული უცქეროდნენ, მერე და მერე გაგულისდნენ და ქუჩაში მიმავალს ბრაზით მხარსაც გაჰკრავდნენ ხოლმე.
ერთ დღეს კი უმიზეზოდ ჩხუბი აუტეხეს და ძლივს გაასწრო, კიდევ კარგი, რომ იმათ მძიმე ჩემოდნები ეჭირათ ხელში და სწრაფად ვერ მორბოდნენ, თორემ ცუდი დღე დაუდგებოდა ნამდვილად.
მას შემდეგ აღარ გამოდიოდა კლოუნი ქუჩაში, იჯდა ფანჯარასთან და გაჰყურებდა ქუჩას ნაღვლიანი, ხედავდა, როგორ დამახინჯებულიყვნენ მოქალაქენი მძიმე ჩემოდნის ტარებით. ტანი გაზნექოდათ და დაბრეცილიყვნენ.ამას თვითონაც ამჩნევდნენ და ალბათ ორი ჩემოდნის ტარებასაც შემოიღებდნენ წონასწორობისთვის , მაგრამ საქმე ისაა, უნდოდათ ცალი ხელი თავისუფალი ჰქონოდათ, რათა ქუდი მოეხადათ ჩემოდნის გამომგონებლის ძეგლს რომ გაუვლიდნენ გვერდზე…
უყურებდა საგონებელში ჩავარდნილი კლოუნი მოქალაქეებს და აღარ იცოდა, რა ექნა. ბოლოს რაღაც მოიფიქრა და თქვა: თუ უშველის, ეს უშველის, თუ არა და, დაიღუპება ქალაქიო… მეორე დილით დიდი აფიშები იყო გაკრული მთელ ქალაქში. აფიშებზე ეხატა კლოუნი და კლოუნს ეჭირა ვეება ჩემოდანი.
ეს ძალიან მოეწონათ მოქალაქეებს, მოსულა ჭკუაზეო, გაიფიქრეს… და საღამოს უამრავი მაყურებელი გაეშურა ცირკისაკენ. აუყვნენ კიბეებს, მიათრევდნენ თავიანთ მძიმე ჩემოდნებს…
მერე დაიწყო საცირკო წარმოდგენა და სიამოვნებით უცქეროდნენ მაყურებლები ათასჯერ ნანახს: როგორ ეწეოდა ვიღაც ღონიერი კაცი ას დიდ ჩემოდანს ერთად. ჟონგლიორი პატარა ჩემოდნებს ისროდა ჰაერში. აკრობატები ჩემოდნებზე ხტუნავდნენ და ილუზიონისტსაც თავისი შავი ცილინდრიდან ჩემოდნები ამოჰქონდა დაუსრულებლივ.
განსაკუთრებით ის მოსწონდათ, რომ ცხოველებიც ჩემოდნებით დადიოდნენ არენაზე. სპილოებს ვეება ჩემოდნისთვის ჩაევლოთ ხორთუმი, ბაჭიები კი პაწია ჩემოდნებს მიაქანებდნენ სკუპ-სკუპით…
ბოლოს დაცარიელდა არენა და მიყუჩდა ორკესტრი. უცებ ჩაბნელდა ცირკი და მხოლოდ შუქის ერთი კონა მიადგა არენაზე შემოსასვლელ ფარდას…
მერე გაიხსნა ფარდა და შემოვიდა კლოუნი. მას დიდი ჩემოდანი ეჭირა. წამოიღო ბარბაცით, წამოვიდა არენის შუაგულისკენ და გამოყჯვა შუქის წრე. უყურებდნენ მაყურებლები და ფიქრობდნენ, ახლა ალბათ მალაყებს გადავა ჩემოდნიანად, ან ბაგირზე ირბენსო. კლოუნმა კი დადო ჩემოდანი, ჩაიჩოქა მის გვერდით და გახსნა. და ჩემოდნიდან პეპლები ამოფრინდნენ…
კლოუნმა მათ სთხოვა დახმარება, ფიქრობდა, იქნებ პეპლების სილამაზემ მოქალაქეებს ჩემოდნები დაავიწყოსო. აფარფატდნენ პეპლები არენაზე. რამდენიმე პეპელა კლოუნმა ხელის გულზე დაისვა და ისე წავიდა მაყურებლისკენ. ბარიერთან მივიდა კლოუნი, ხელი ასწია და ხელისგული მაყურებლებს უჩვენა, ასე შემოუარა არენას, თან მაყურებლებს უყურებდა თვალებში და უღიმოდა. მაგრამ იმათ ვერ გაეგოთ, რა უნდოდა კლოუნს.
ჩემოდნების ცქერას მოჩვეულები, თურმე პეპლებს ვეღარ ხედავდნენ!
გაბრაზდნენ და ლანძღვა-გინება დაუწყეს კლოუნს, თუ აკეთებ რამეს, გააკეთე, თუ არა და, წადი აქედანო. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, ბავშვებმაც ვერ დაინახეს, რომ ლამაზი პეპლები დაფრინავდნენ დარბაზში. მხოლოდ რამდენიმე ბავშვმა თქვა: რა ლამაზი პეპლებიაო.ისინიც მშობლებმა დატუქსეს და გააჩუმეს: ჩემოდნებს კარგად რომ არ უვლით, სისულელეები იმიტომ გელანდებათო.
ამაოდ იწვდიდა კლოუნი ხელებს კლოუნი მოქალაქეებისკენ. გაბრაზებულმა მაყურებლებმა დატოვეს ცირკი. ვიღაცამ ხელს კლოუნის ჩემოდანიც გააყოლა, მე უფრო გამომადგებაო…
იდგა კლოუნი შუქის წრით განათებული. მერე ის შუქიც ჩაქრა, ალბათ გამნათებელსაც მობეზრდა კლოუნის ცქერა და წავიდა ისიც. სიბნელე იყო ცირკში…
მერე უცებ ინათა ცისფრად. და გამოჩნდა თავდახრილი კლოუნი თავისი ძველი ცილინდრითა დამობრეცილი ფეხსაცმელებით. კლოუნი ახლა თითქოს ცისფერი მინისა იყო, ერთ წამს მოჩანდა მისი ნაღვლიანი სახე და კვლავ სიბნელე ჩამოწვა ცირკში. ნაღვლიანი კლოუნები არა კვდებიან თურმე, ერთხელ იელვებენ ცისფრად და ქრებიან მყისვე…
გაქრა კლოუნი…
ბუზღუნ-ბუზღუნით ჩამოდიოდნენ მოქალაქენი კიბეებზე. უცებ რაღაც მეტად უჩვეულო იგრძნეს, მიიხედეს და დაინახეს, ცირკიდან ცისფერი ნათება გამოდიოდა. კვლავ საჩქაროდ მიაშურეს ცირკს. არბოდნენ კიბეებზე, მიათრევდნენ მძიმე ჩემოდნებს. შევიდნენ და გაოცდნენ: დარბაზში ცისფრად მნათი პეპლები დაფარფატებდნენ. კლოუნი კი აღარსაც იყო. დაფარფატებდნენ ცისფერი პეპლები. მოდიოდა და მოდიოდა ხალხი. კვლავ აივსო იარუსები. იდგნენ, შესცქეროდნენ პეპლების ფარფატს. და მიხვდა ყველა, ამ პეპლების ჩვენება სურდა მათთვის კლოუნს…
ის კი არ იცოდნენ, რომ კლოუმა დატუტოვა პეპლებს ეს ცისფერი ნათება. ასე იფრინეს პეპლებმა, იფრინეს, მერე აფრინდნენ მაღლა და გაფრინდნენ ცირკის გუმბათში დატანებულ სარკმელში…
და ბნელში დარჩნენ მაყურებლები…
აანთეს სინათლე ცირკში და რა ნახეს: თურმე პეპლები რომ დაფარფატებდნენ, ჩემოდნებს ეხებოდნენ ფრთებით და საპნის ბუშტებივით გამსკდარიყვნენ ჩემოდნები, აღარაფერი დარჩენილიყო მათგან. იდგნენ გაოგნებული მოქალაქენი. იდგნენ, ბრაზდებოდნენ თანდათან და ის იყო ყვირილი უნდა აეტეხათ, რომ შეხედეს ერთმანეთს და უცებ ვიღაცას სიცილი აუტყდა. მას აჰყვა მეორე, მესამე…
და ცოტა ხნის შემდეგ ყველა იცინოდა. იცინოდნენ, ხარხარებდნენ. გრიალი გაჰქონდა ცირკს… იცინოდნენ საკუთარ თავზე. და სისულელე იყო ეს ჩემოდნებით სიარულიო, ეუბნებოდნენ ერთმანეთს. მერე კლოუნი მოაგონდათ და დაღონდნენ…
გამოვიდნენ ქალაქში. ჩაფიქრებულები გაუყვნენ მთავარ ქუჩას… და უცებ შეჩერდნენ გაოცებულები: ჩემოდნის გამომგონებლის ძეგლს უცნაური რამ დამართოდა. კი აღარ იდგა, არხეინად წამოწოლილიყო ჩემოდნისებურ კვარცხლბეკზე და ხელში ჩემოდნის ნაცვლად ყვავილები ეჭირა… გაიღიმეს მოქალაქეებმა. და გადაურჩა უცნაურ სენს პატარა ქალაქი…
მას მერე ხანდახან კვლავ ხშირდება ქალაქში მოღუშული სახეები და არის საშიშროება, რომ კვლავ იფეთქებს ჩემოდნების ავადმყოფობა. მაგრამ ღამით, როცა ყველას სძინავს, ქალაქში შემოფრინდებიან ცისფრად მნათი პეპლები. შეფრინდებიან ფანჯრებში და იწყებენ მძინარე მოქალაქეთა ირვლივ ფარფატს. დაფრინავენ პეპლები, სიზმრებში აღწევს მათი ცისფერი ნათება… და მეორე დღეს კვლავ უღიმიან ერთმანეთს მოქალაქენი…

Idea
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




გურამ პეტრიაშვილი Empty
PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   გურამ პეტრიაშვილი Empty

Back to top Go down
 
გურამ პეტრიაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: