არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ოთარ ჭილაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptySat Dec 15, 2018 12:43 pm

ოთარ ჭილაძე - Page 2 Otar_t11

ოთარ ჭილაძე

***
სილაზე იწვა ქალი და კვალი,
ცოცხალი კვალი ქალიდან ზღვამდე.
ყველაფრის ნებას აძლევდნენ თვალებს
მეზღვაურები, რომლებიც სვამდნენ.
მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული
და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქი
გაბრუებული ქაფურის სუნით
და თევზის სუნით და ლაპარაკით.
მეზღვაურები ისხდნენ და სვამდნენ
შეჩვეულები ყოველგვარ ავდარს,
და სველი კვალი ქალიდან ზღვამდე,
ოცნებებს, სიზმრებს და ზღაპრებს ჰგავდა,
რომლებიც ნელა იწევდნენ მაღლა
და საბოლოოდ ქრებოდნენ ცაში,
ქრებოდნენ სხვა დროს და არა ახლა,
ახლა არავის არ სურდა ცაში.
ის იწვა, როგორც სინათლის ზოლი,
და ერთდროულად ყველა ჩემობდა.
და მიმავალი გემების ბოლიც
უბრუნდებოდა ქალაქს ზემოდან.
მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული,
და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქი
გაბრუებული ქაფურის სუნით
და თევზის სუნით და ლაპარაკით.

Arrow


Last edited by Admin on Sat Dec 15, 2018 12:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptySat Dec 15, 2018 12:46 pm

ოთარ ჭილაძე

სიზმარი

გამოჩნდა მიწა. შენთან ვარ თითქმის.
იღვიძებს მიწა და პერანგს იცვამს.
ეს ხომ თოვლია. მე წუთებს ვითვლი.
ნათურებს ანთებს და მორბის მიწა.
ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოს
და ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან.
და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო,
ეს შენი ხმაა - როგორ? საიდან?
ამოდის მთვარე და ცალი თვალით
ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად,
მე კი ოთახში შემომყავს ძალით
და თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად.

Arrow


Last edited by Admin on Sat Dec 15, 2018 12:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptySat Dec 15, 2018 12:47 pm

ოთარ ჭილაძე

***
აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები!
უკვე მესამედ ყივის მამალი
და ღმერთმა იცის, სად დავმთავრდები,
შენგან წასული და ბრმად მავალი.

ფეხქვეშ ჩხრიალებს წყვდიადის ხრეში,
გზა არსაიდან არსაით მიდის.
და აღარც შენ ხარ ჩემს ირგვლივ, ჩემში -
მცენარესავით ჩუმი და მშვიდი.

ყივილით ებრძვის წყვდიადს მამალი,
რადგან კვლავ სჯერა ამ კეთილ ფრინველს,
რომ გარდაცვლილსაც აქვს მომავალი,
გამხსენებელი თუ რჩება ვინმე.

მეც კვლავ მივდივარ, კვლავ მადგას თავზე
ვერაგი ღმერთი მძაფრი განცდების.
და ვივლი, ვივლი... სულ ვივლი ასე,
სანამ საკუთარ თავსაც გავცდები.

Arrow


Last edited by Admin on Sat Dec 15, 2018 12:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptySat Dec 15, 2018 12:49 pm

ოთარ ჭილაძე

***

რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.
ხალხური

...და მაინც დიდი გზაა იქამდე,
კვლავ შევესწრები ხის აყვავებას,
კვლავ შემაწუხებს,რაც დავიქადნე,
ქმნად სიკეთისა რაც მაკავებდა.

და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა,
გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან,
მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,
რაც ჩემი ნებით არ დამითმია.

1975

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Jan 29, 2019 1:12 pm

ოთარ ჭილაძის პოემის „ადამიანი გაზეთის სვეტში“ დაწერის თარიღისთვის
(გასაჯაროებული მიმოწერა, ადრესატის ნებართვით)

„მოგესალმებით, ბატონო მიხო! მაპატიეთ თქვენს პირად სივრცეში შემოჭრა და რამდენიმე კითხვით შეწუხება. ვიცით, რომ თქვენ და ბატონ ოთარ ჭილაძეს არაერთი შეხვედრა და საუბრები გქონდათ მის შემოქმედებაზე, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ გეცოდინებათ მისი პოემის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში" შექმნის ისტორია, იმ მხრივ, რომ ის დაწერილია 1963 წელს და იქ გადმოცემული პანამისა და კრუს ხიმენესის ისტორია კი რეალურად 1964 წელს ფიქსირდება, მით უფრო გაზეთ ,,თბილისშიც" 1964 -შია გამოქვეყნებული. საიდან ეს ინფორმაცია ბატონ ოთარს ერთი წლით ადრე? ან იქნებ, როგორც დიდ შემოქმედს ჰქონდა წინასწარმეტყველური ხედვა, კონკრეტულად კრუს ხიმენესზე?
P.S. გახლავართ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ნაწარმოების სწავლების პროცესში ჩემს მოსწავლეებს და, რა თქმა უნდა მეც, გაგვიჩნდა ეს კითხვები....
წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის და დროის დათმობისთვის!“

დიანა ბერიძე, ასპინძის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
2019 წლის 28 იანვარი.

***

მოგესალმებით, ქალბატონო დიანა.
მეც ძალიან მიყვარს ბატონი ოთარის ნაწერები, პირადადაც მქონია არაერთი საუბარი მასთან, მაგრამ ეს სულაც არა ნიშნავს, რომ მე ოთარ ჭილაძის შემოქმედების სპეციალისტი ვარ... თუმცა ვეცდები ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობების კვალობაზე გიპასუხოთ.
მეც გადავამოწმე თქვენგან ნახსენები პოემისა და პანამის კრიზისის თარიღები.
აქ წერია, რომ ეს შტაბ-სერჟანტი ლუის ხიმენეს კრუსი სნაიპერმა მოკლა 1964 წლის 9 იანვარს -- Most U.S. accounts put the number of Americans killed in these events at four, though others put the death toll at three or five. Those who died on the American side include Staff Sergeant Luis Jimenez Cruz, Private David Haupt and First Sergeant Gerald Aubin who were all killed by sniper fire on the 9th and 10th in Colon and Specialist Michael W. Rowland, whose death was caused by an accidental fall into a ravine on the evening of the 10th. -- https://en.wikipedia.org/wiki/Martyrs%27_Day_(Panama) და ზემოხსენებული თარიღი პანამაში აღინიშნება, როგორც „წამებულთა დღე“. ამასვე მოწობს რუსულად დადებული სტატია შემდეგ ბმულზე -- http://ru.knowledgr.com/01822269/ДеньМучеников(Панама)?fbclid=IwAR0RT7AskmWjTVy-k7PuwbQL-nvD3ziKrqd5uF7IrovUsWUaLsk7thL0Ti8
და აქ კი ვკითხულობთ: Sergeant Luis Jiminez-Cruz, a native of Puerto Rico, was killed by a sniper in Panama a week ago. He was guarding a roadblock and had been given no ammunition for his rifle. -- http://www.arlingtoncemetery.net/luis-jiminez-cruz.htm -- „სერჟანტი ლუის ხიმენეს-კრუსი, პუერტო-რიკოს მკვიდრი, მოკლა სნაიპერმა პანამაში ერთი კვირის წინ. ის იცავდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტს და ამუნიცია არა ჰოქნდა თავისი შაშხანისთვის“.
ეს „ერთი კვირის წინ“ კი სწორედ 1964 წლის იანვარია.
აქ შეცდომა გამორიცხულია, ეს კრიზისი სწორედ დასახელებულ დროს იყო და სწორედ ამ დღეს მოკლეს შტაბს-სერჟანტი ლუის ხიმენეს კრუსიც...
ოთარ ჭილაძეს რომ წინასწარ, შტაბ-სერჟანტ ლუის ხიმენეს კრუსის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაეწერა ეს პოემა, არა მგონია... მისი, როგორც მწერლის გენიალურობა არ ნიშნავს ამ სერჟანტის მკვლელობის წინასწარმეტყველებას, მე მგონი. მთავარი ნაწარმოებია, სადაც ვლინდება კიდევაც ეს გენიალურობა -- და სახელდობრ, პოეტის ხედვაში...
ახლა ის უნდა ვიფიქროთ, ოთარ ჭილაძემ ეს პოემა 1963 წელს დაწერა მართლა? თარიღი ხომ არ ეშლებათ წიგნში „გახსოვდეს სიცოცხლე“ (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1984 წელი, გვერდი 154).
მეც სწორედ ამ შეკითხვით მივმართე ოთარ ჭილაძის ქალიშვილს, ცნობილ მთარგმნელს, თაკოს Tako Chiladze. იმან კი, თავის მხრივ, თავის ძმასთან, ასევე ცნობილ მთარგმნელთან, ზაზასთანაც გადაამოწმა და, როგორც ჩანს, გამომცემლობა შეცდა ამ პოემის თარიღში და ნაცვლად 1963 წლისა უნდა ეწეროს 1964 წელი. როგორც ისინი აცხადებენ, ეს შეცდომა შემდგომ გამოცემებში გასწორდება.
მეც ვფიქრობ, რომ პოემა 1964 წელს არის დაწერილი.
ქალბატონო დიანა, დიდი მადლობა თქვენ, ასე დაკვირვებით რომ კითხულობთ ნაწარმოებს და მართებულ შეკითხვებს სვამთ. თქვენი ნებართვით, ამ პასუხს საჯაროდაც დავდებ, რომ სხვა მასწავლებლებმაც და დაინტერესებულმა პირებმაც ნახონ.

პატივისცემით,
მიხო მოსულიშვილი
29 იანვარი, 2019 — with Tako Chiladze and დიანა ბერიძე.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyFri Feb 08, 2019 4:35 pm



ოთარ ჭილაძე - წათეს წითელი წაღები (ორ ნაწილად)
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 15, 2015

რეჟისორი - ბადრი მიქაშავიძე
ხმის რეჟისორი - ნანა სანდუხაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი სეთურიძე
რედაქტორი - შოვინა ქაცარავა

მონაწილეობენ: გოგა გორგასანიძე, ზინა კვერენჩხილაძე, ნანი ჩიქვინიძე, გია ლეჟავა, გიზო სიხარულიძე, გივი ჩუგუაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, პავლე ნოზაძე, სოსო ხაინდრავა.

ჩაწერილია 1998 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/qJgmO0NGy-M

Arrow


Last edited by Admin on Sat Mar 02, 2019 4:52 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:30 pm

ოთარ ჭილაძე

***
თურმე, ტყუილად დავაპე შეშა,
თურმე, ტყუილად დავანთე ცეცხლი.
აუხდენელი ოცნება შემრჩა,
როგორც ძვლ ბუდეს - ბუმბული მერცხლის.

როგორც მოვიდა, ისევე წავა,
უცაბედია წვიმაც და ქარიც.
ისევე წავა... თითქოს მახსენებს
შენს წასვლას... ჩუმად ჭრიალებს კარი...

და იკლაკნება ბუხარში ბოლი,
თითქოს იხრჩობა და შველას ითხოვს...
ჯერ არ ყოფილხარ შენ ასე შორი...
ყოველთვის შორი იყავი თითქოს.

1955


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:35 pm

ოთარ ჭილაძე

დევებით სავსე ქუდი
(პოემა)

„იყო სამი ძმა.
თქვეს ერთხელ ამ ძმებმა, მოდი გავიყარნოთო. უფროსს ერგო სახლები, მეორეს - მამული, მესამეს - ერთი ქუდი. ეუბნება ამ ძმებს: - ამ ქუდზე მოვხნა, დავთესო, ვჭამო თუ ვსვაო. ეს რა ღვთის წყრომააო!
- რაც არი, არი! ეგ იყო შენი წილიო, - უპასუხეს ძმებმა.
- კარგიო, კეთილად მოგახმაროთ თქვენი წილი, მე კი წავალო.
მიდის ერთ ტყიანში, დიდი ჯოხი უჭირავს ხელში. მაღალი ქუდი იყო, მოედო ხის ტოტებს, მოეხადა და ჩამოუვარდა. ეს ბიჭი ისედაც გაგულისებულია, დანა კბილს არ უხსნის. აიღო და თავისი ჯოხი ერთი ორჯერ დაარტყა ამ ქუდს: შე ასეთო და ისეთო, თავზეც არ ჩერდებიო!
უცებ გამოვარდა იმ ქუდიდან ორი უზარმაზარი დევი.
- რა გაგჭირვებია, რომ გამოგვრეკე ამ ქუდიდანაო.
- როგორ რა გამიჭირდა, მშია და მწყურია, ამაზე მეტი რა უნდა მიჭირდესო!
დატრიალდნენ ეს დევები, გაუშალეს სუფრა, აჭამეს და მერე ქუდში შეძვვრნენ ისევ ისე.
თურმე, რამდენი ბეწვიც არის ამ ქუდში - იმდენი დევია შიგ. რამდენჯერაც დაარტყამს ჯოხს, იმდენი დევი გამოვარდება“.
(ქართული ზღაპრიდან)


მე ჯადოსნური ქუდი მახურავს,
ჩემი ერთგული დევებით სავსე.
მხოლოდ იმიტომ, რომ მემსახურონ,
ამდენი დევი დავისვი თავზე.

და ერთი უნდა ავდგე და ვცადო,
მეც უნდა ვცადო ამქვეყნად ბედი.
რასაც ვიპოვი, კვლავ ქვაზე დავდებ,
სხვა არაფერი არ მინდა მეტი.

მე სხვანაირი ვიყავი ადრე,
სულ სხვანაირად ბრწყინავდა მთვარეც
და უფრო ხშირად ვცხოვრობდი ხათრით,
ჩემი სურვილის და სულის გარეთ.

და მე შემეძლო ვიღაცის გამო
დამეთმო ფიქრი_ ვიღაცის თხოვნით.
მერე კი ვწუხდი და მთელი ღამე
დოლების ხმაზე დნებოდა თოვლი.

ასე მოქმედებს ჩემზე ამინდი,
მე ვმალავ, მაგრამ ჯერ კიდევ ვღელავ,
ჯერ კიდევ მტკივა, მაგრამ არ მინდა,
რომ თანაგრძნობით შემხედოს ყველამ.

ქუდი, რომელიც ბედმა მარგუნა,
მე დამიფარავს მტრისგან ყოველთვის,
სანამ სიკვდილი მომიკაკუნებს
და ყურში ჩუმად მეტყვის: მოვედი.

მაგრამ იქამდე ჩემს ერთგულ დევებს
ექნებათ ჩემი რწმენა და რიდი
და მათ თვალებშიც სინათლე შევა,
რასაც მე მხოლოდ სინათლედ ვთვლიდი.

მე ვივლი ქვეყნად და ხიფათები
გამიმდიდრებენ სულს და გონებას.
ზოგჯერ ვარსკვლავი დაიბადება,
ზოგჯერ ვარსკვლავიც შეიბოლება.

მე უკვე ვიგრძენ სიცოცხლის მადლი
და უკვე ვიცი, რას ნიშნავს ფიცი
და ისიც ვიცი, რომ დროზე ადრე
არა აქვს ფასი არც ცრემლს, არც სიცილს.

და სულში იბრძვის ახალი სიმი
წვიმით გაჟღენთილ ტოტივით მძიმე,
მე კი ვიზოგავ შენს ფერმკრთალ ღიმილს,
ვით ბოლო სანთელს და ბოლო იმედს.

ისევ ანთია შენი სახელიც,
ისევ ზარივით ჰკიდია ცაზე
და სადგურები თვალებს ახლელენ
დაუმთავრებელ სიზმრებით სავსეს.

და იქნებ მითხრა, რაში აქვს სული,
რაში აქვს ეშმაკს სული და ღონე.
მე გაურკვეველ სიზმრებში ვცურავ
და შეუმჩნევლად ვნებდები მორევს.

მაგრამ მე მახსოვს, სად შეწყდა კვალი
და სად ვიწამე ბუნების ძალა
და ნუ მთხოვ ძმობას, მე მინდა ქალი,
თუ ჩემი ნეკნი, ქცეული ქალად.

მე შენს მისამართს ვეძებდი დღემდე
ხახაგამშრალი მტვრით და დუმილით.
და აი, ახლა, ყველაფრის შემდეგ,
მიბზუის თავი, როგორც ყურმილი.

გესმის?_ მოვიდა განკითხვის ჟამი
და მოიშორე ზედმეტი ტვირთი.
შენ უკვე სხვა ხარ, რადგან ეს ღამე
ჩვეულებრივი ღამეა სხვისთვის.

მე ასე მსურდა, თუმცა მახსოვდა,
რომ ყველაფერი მთავრდება უცებ.
და გაჩაღებულ სახაბაზოდან
პურის სურნელი აძღობდა ქუჩებს.

ქვებზე კი იწვა სინათლის ზოლი
და მე მაშინვე მითხრა მდინარემ:
თუ არ აიღებ_ ინანებ ბოლოს
და თუ აიღებ_ მაინც ინანებ.

მე კი ავიღე და ამის მერე
ხანჯლის პირივით ბასრი ჩრდილები
აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს,
როგორც მთვრალები ან დაჭრილები.

და განუწყვეტელ ცახცახად ქცეულს
და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს,
ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს,
როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს.

მაგრამ დღეები სადღაც გარბოდნენ
და სიჩქარეში სხვები დალოცეს.
და როგორც მთვარის თეთრი ნაფოტი,
მე შენი სული მედო თაროზე,_

როგორც ყველაზე ძლიერი ხატი,
ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი...
და მე შემეძლო მეხილა ცხადად
რაც იგულისხმა ბუნებამ შენში...

ბნელში სადგურის საათი ელავს
და სემაფორი თავისთვის ღვივის.
მე ვმალავ, მაგრამ ჯერ კიდევ ვღელავ,
მე მტკივა, მაგრამ ვეჩვევი ტკივილს.

ზედიზედ ქრება ფანჯრებში შუქი,
ფანჯრები ასე ხუჭავენ თვალებს.
და თუ აქ სადმე არ არის უკვე,
ეშმაკიც უნდა გამოჩნდეს მალე.

რომ შეიცვალოს ხმები და გზები
და სულში ღამე დამკვიდრდეს ბნელი.
მე კი ასაკიც არ მაძლევს ნებას,
რომ განზრახულზე ავიღო ხელი...

მატარებელი კივილით მიჰქრის,
ცნობისმოყვარე ყურებით სავსე
და ერთმანეთში არეულ ფიქრებს
ძალით გვაჩეჩებს და გვახვევს თავზე.

კუთხეში ყვინთავს ბებერი ქალი
და თვალებს მხოლოდ ხანდახან ახელს,
როგორც ძველ სკივრებს...
და ვგრძნობ, რომ მალე
მე თვითონ ვეტყვი ჩემს გვარს და სახელს.

მე თვითონ ვეტყვი და დამჭკნარ ხელებს
მივანდობ ჩემი მგზავრობის მიზეზს
და მოედება ღიმილი ნელა
ბებერ გონებას, ქარივით ფხიზელს.

_დედაშვილობას, მიშოვე წყალი,
სამაგიეროდ გასწავლი რამეს.
და ცოდვასავით ბნელი და მხდალი
ბორბლებს ღრიალით გაურბის ღამე.

მე მიმაქვს წყალი და ვცდილობ სწორედ
მეჭიროს ჭიქა მღვრიე და ცივი,
მე მართლა ვცდილობ და თითებს შორის
ვგრძნობ გაურკვეველ და ახალ ტკივილს.

მთებზე დახტიან მუქი ლანდები
და ბრწყინავს მთვარე, მარად მდუმარე.
_ როცა გიცდიან, ნუ აჩქარდები
და როცა ეძებ, სხვებს დაუმალე. _

ამბობს ბებერი და ბებერს არ ჰგავს
და კალთით არწევს მთვარის წიწილებს
და ეჭვი, როგორც ახალი ლაქა,
მეხამუშება და ვერ ვიძინებ.

უეცრად სარკმელს აწყდება რიყე
და უსასრულოდ ხარხარებს ხიდი...
და, რა თქმა უნდა, ეშმაკი იყო,
მე რომ უმწეო მოხუცად ვთვლიდი.

მე გამეღვიძა ძალიან ადრე,
მტკიოდა თავი, მიხურდა სახე
და, ალბათ, მხოლოდ ასაკის ხათრით
ვიკითხე, მაგრამ ვეღარსად ვნახე.

ხოლო ჩამტვრეულ ფანჯრიდან ქარი
ეზიდებოდა ტყეებს და ღრუბლებს
და კეთილ ნოეს კიდობნის დარად
ყველაფერს მშვიდად იტევდა კუპე.

გესმის? თუ გესმის?_ დაუდგა ხანი
და სიბნელიდან გამოდის ბავშვი
და კოშკებივით ამაყად დგანან
შენი მაღალი ფეხები ქარში.

და შენს გარშემო სავსეა ქუჩა
შენი გინებით და შენი ქებით
და ზოგი თვალებს იმიტომ ხუჭავს,
რომ ბნელში უკეთ განჭვრიტოს გზები.

ქუდში კი ბორგავს ჩემი ლაშქარი
და ჭრაჭუნობენ მძიმე ლახტები.
მათ შეუძლიათ მთები წაშალონ,
თუ, რა თქმა უნდა, მე დავთანხმდები.

მე კი არასდროს არ მივცემ ნებას,
არ გამოვუშვებ არასდროს გარეთ:
ამ მთების ჩრდილი გულებზე წვება
ყოველთვის, როცა ამოდის მთვარე.

ან იქნებ მე ვარ ასე მშიშარა,
იქნებ მე მადევს სულზე ურდული
და თან ვშრიალებ, როგორც ნიჟარა
გამოფიტული და გაქურდული.

და ვცხოვრობ, როგორც ერთგული წევრი
ბრმათა და ყრუთა მშვიდი არტელის
და სულ მგონია, რომ სხვებზე ბევრი
მაქვს საფიქრალიც და სადარდელიც.

დე, იყოს ასე, მაგრამ მე ვიცი
უეცრად გამქრალ სიცოცხლის ფასი.
მე შევიკარი ხელები ფიცით
და სინანულით შევცვალე ბრაზი...

მე მეგობარი მომიკვდა წუხელ,
ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ,
როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს
და ნებდებიან ბოლოს და ბოლოს.

მე დილით მზეზე გავფინე გვამი
და მოვრთე ნუშის ნედლი ტოტებით
და გავუმხილე, რომ ყოველ ღამე
მიყვარხარ ძლიერ და გელოდები.

გზაში გაეხსნათ ტოტებს კვირტები
და უცებ ვიგრძენ ყვავილის სითბო
და კვლავ წამომცდა ღმერთის დიდება:
მეგონა გვამი ყვაოდა თვითონ.

მე მივდიოდი ზევით, სულ ზევით
და სამარისთვის ადგილს ვარჩევდი.
მძიმე ლოდები მოჰქონდათ დევებს
და ქვითინებდნენ, როგორც ბავშვები.

და როცა უკვე ვხურავდით ბუდეს,
პირველად მაშინ მომინდა უცებ,
რომ ატირებულ დევების გუნდით
მოვჩვენებოდი ქალაქის ქუჩებს.

ქალაქი იწვა მდინარის პირას
გაქვავებული და დაბურული.
მზეზე ბრწყინავდა მინა და კირი
და ქარს მიჰქონდა თივის ბულული.

მხოლოდ ქალაქის მძიმე კარებთან
თვლემდა გუშაგი ჩაჩქანის ჩრდილში
და გზად არავინ არ ჭაჭანებდა,
ალბათ მთვლემარე გუშაგის შიშით.

მე ვუყურებდი გუშაგის სახეს
და გაქვავებულ ქალაქის კედელს
და კედლის იქით გამოჩნდა ბაღი,
როგორც სინათლე წყვდიადის შემდეგ.

ის უცხო ბაღი გუგებს მიპობდა,
მწვანე ცულებით მიპობდა გუგებს.
ზოგან ყვაოდა, ზოგან მწიფობდა,
ზოგან ფოთოლი ცვიოდა უკვე.

და ქარმა მითხრა, რომ ფოთლებს შორის
ჩემთვის მალავენ შანთებს და ღვედებს,
რომ ერთი თავი აკლია სწორედ
ქალაქის მაღალ და მაგარ კედელს.

და შენი მშვიდი შუქის მძებნელი
ვზომავდი მანძილს კედლიდან ცამდე
და ცარიელი მატარებლები
მატარებლების ფიტულებს გავდნენ.

და კვლავ ხმაური მოწყურდა ყურებს,
დიდი ხმაური დიდი ცოდვების
და როგორც ჩემი მეგობრის სული,
გადავაყარე ქალაქს ტოტები.

გადავაყარე ტოტები ნუშის,
როგორც ნახშირი ჩაფერფლილ ღუმელს.
და რასაც ჩემთვის ვფიქრობდი გულში,
ყველას მაგივრად ვფიქრობდი თურმე.

და ამოძრავდა ქალაქი ისევ.
გამოჩნდა ბოლიც, სისხლივით თბილი.
ქალაქელები ისრესდნენ კისრებს,
დაბნეულები ხანგრძლივი ძილით.

და დამტვერილი ჭადრების მწკრივიც
თანაბრად იდგა ყველა კარებთან
და განცდილ თრობას, თრთოლვას და ტკივილს
გვინაწილებდა და გვაძალებდა.

მე მივდიოდი და აღტაცებით
ვუთვალთვალებდი ჭადრების ალერსს,
ვით ნათელ ცირკში ჯარისკაცები
ნახევრად შიშველ და მოქნილ ქალებს.

რეკავდა, სადღაც რეკავდა ზარი
და წრიალებდნენ ქუდში დევები
და ავტობუსის მოთენთილ მგზავრებს
მუხლებზე ეწყოთ მზის ნამტვრევები.

მე ავირჩიე პატარა სახლი
წვიმით გარეცხილ ფერდობზე მდგარი,
ყველა დანარჩენ სახლებზე მაღლა,
გარემოცული მზითა და ქარით.

რაფაზე იწვნენ მუქი ჩრდილები
და მთელ სარკმელში ყვაოდა ნუში
და უცებ ვიგრძენ, რომ ტკივილებით
განთავისუფლდა რაღაცა სულში.

ეს იყო ლექსი...
და ლექსის ჩრდილში
ერთად მღეროდა ნდობაც და ეჭვიც
და მე ის ხელში ავიღე შიშით,
როგორც ველურმა ბრჭყვიალა კენჭი.

მას ჰქონდა შენი უბრალო სახე,
მე კი ვაქებდი და ვადიდებდი,
რომ გამეყიდა და საყდრის გლახებს
არ დაკარგვოდათ ღმერთის იმედი...

გარეთ თანდათან იზრდება ქარი
და გაცრეცილი ჭადრები თითქოს
უცებ კარგავენ შნოსა და მარილს
და საქორწილო საწოლის სითბოს.

მაგრამ დევები იქნევენ კეტებს:
მათ მოწონთ ქარის თამამი მარში,
მათ მოწონთ ქარი და უფრო მეტად
მოწონთ ქალების ყურება ქარში.

მე არ ვუწყრები ჩემს სულელ დევებს
ქუდში დევობას გადაჩვეულებს,
როდესაც ფარდებს ცახცახით ხევენ
და უკივიან ლამაზ სხეულებს.

მე არ ვეძებდი დევების ძალას
და სულ შემთხვევით გავხდი პატრონიც
ჯადოსნურ ქუდის, რომელსაც ვმალავ
და ისევ ვნატრობ, რასაც ვნატრობდი.

მე კი ვნატრობდი, რომ სანატრელი
არ ამხდენოდა სხვისი წყალობით.
მყოფნიდა შენი სუსტი სანთელიც
და მარტო შენთან მოსვლას ვჩქარობდი.

და ღმერთმა იცის, ხვალ სად ვიქნები
ან რომელ ჩრდილში მივეტმასნები,
თუ გამითავდა შენზე ფიქრები,
როგორც გადამწყვეტ წუთში ვაზნები.

რას მიშველიან მაშინ დევები,
რის მაქნისია მათი ეშვები,
თუ ყელზე საბელს თვითონ შევიბამ,
თუ მოვდუნდები და მოვეშვები.

რადგან ეს ქუდიც, ყველაფრის შემძლე,
შენ დამახურე, იმედად თავზე
და მიხარია, რომ ისევ გეძებ
შენი სინათლით და სიცხით სავსე.

ყელამდე სავსე შენდამი ზრუნვით,
როგორც ზღვა თევზით და ტყე ფრინველით.
და მიხარია, რომ ისევ ბრუნავს
ქვეყანა_ დიდი და საკვირველი...

ქუჩებში ვეღარ ეტევა ქარი
და ხარაჩოსთან ფუსფუსებს კაცი,
რომ არ მოუსწროს ავდარმა გარეთ
მისი სხეულის და სულის ნაწილს.

მე უცებ ვიგრძენ, როგორ გამიშვეს,
თითქოს აქამდე მიჭერდნენ ძალით
და როგორც ხელი ნაცნობ კლავიშებს,
შენს ნაფეხურებს გამოყვა თვალი.

გესმის? უშენოდ ჩემი ხელები
გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს
და ყოველ წუთში ზღვა მეჩვენება,
მაგრამ ვეჩვევი და აღარ ვიმჩნევ.

მე ზღვის ხმაური მახშობდა ძილშიც
და ვუსხლტებოდი საზარელ თევზებს
და, როგორც იქნა, დავძლიე შიში
და კვლავ ამტკივდნენ ფიქრები შენზე.

მე მთელი ღამე ზღვაში ვცურავდი,
დაბრმავებული აფოფრილ ქაფით
და დიდი თევზი ფრთა მახურავდა,
რომ ავცდენოდი გზასა და ნაპირს.

მაგრამ მოვარდა მიწიდან ქარი
და შეტრიალდა თევზიც მაშინვე
და განახლებულ სიმღერის დარად
გავყევი მინდვრებს მზეში გაშლილებს.

გესმის? გამოჩნდი! მე იმდენს ვფიქრობ,
რომ შემიძლია შეგეხო კიდეც,
მაგრამ ყოველთვის თითქმის და თითქოს
და მერე დიდხანს ვიმშვიდებ თითებს.

შრიალებს შენი თამამი კაბა,
როგორც სინათლის და ცის მარაგი
და ქალაქს დაღლილ გემივით აბამს,
რომ არ დაიმსხვრას ქვებზე ქალაქი.

ის მოლოდინით ავსებს აივნებს
და ყველაფერზე მღერის ჩიტივით.
მაგრამ ღამდება და კვლავ ყაიმით
მთავრდება დღის და ღამის ჭიდილი.

ხოლო ქალაქის გაშლილ დაფაზე
თამაშს შავები იწყებენ ისევ
და პურის სუნით მთვრალი ხაბაზი
იმშრალებს ოფლით გახვითქულ კისერს.

შენ უკვე წევხარ, ან ახლა წვები,
სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი,
მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა,
რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი.

კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე
შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე
და დაეჭვებულ მიჯნურის დარად
ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს.

და კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩნდება,
როცა ცახცახით გეხვევა მთვარე
და როგორც შენი უმცროსი დები,
ნუშის ხეები ფხიზლობენ გარეთ.

მე კი მარტო ვარ, ძალიან მარტო
და თავთან მიდგას წყალი და წიგნი
და უცებ ვამჩნევ, რომ აღარ მართობს
კაცი, მცხოვრები ამ წიგნის შიგნით.

თუმცა მე ჩემი გზისა და ბედის
ერთგული ქმარი ვიყავი მუდამ,
მე ჯერ ვცხოვრობდი და მერე ვწერდი,
როგორ ვცხოვრობდი_ კარგად თუ ცუდად...

სადღაც კივიან მატარებლები
და აფხიზლებენ ჩათვლემილ ქალაქს
და შენი მშვიდი შუქის მძებნელი
ვამშვიდებ ფიქრებს და ვიკრებ ძალას.

ქალაქზე წვება სადგურის ბოლი,
მაგრამ მინები მაინც ბრწყინავენ
და დასიზმრებულ ვარსკვლავებს შორის
სძინავთ ჩემს დევებს, როგორც მფრინავებს.

როგორც მფრინავებს, რომლებიც ციდან
ზვერავდნენ მიწას ცოტა ხნის წინათ
და ახლა სძინავთ, მშვიდებს და დიდებს,
ვარსკვლავებს შორის წვანან და სძინავთ.

ისინი დიდხანს დაჰქროდნენ ცაში
და ვარსკვლავებზე აჰქონდათ მიწა
ხოლო მათ ლტოლვას, თამამს და საშიშს,
შენი კეთილი სინათლე იცავს.

შენ იცავ, რადგან შენც კარგად იცი,
რომ ეს გონების ბრალია მხოლოდ,
ხოლო სხეული სავსეა მიწით
და კვლავ მიწიერ ცხოვრებით ცხოვრობს.

და სანამ ქვეყნად არსებობს კიდევ
თეთრი და შავი, ტკბილი და მწარე,
სუსტი და მძლავრი, მცირე და დიდი,
არსებობს მზე და არსებობს მთვარე _

მეც ვიარსებებ და მგზავრის დარად
უცებ გაჩენილ ფიქრებს ავყვები.
ჩემი შემყურე დევების ჯარიც
იცხოვრებს მშვიდი ცით და ზრახვებით.

ჩემში იქნება დევების ძალა,
სანამ მიყვარხარ და მეყვარები,
სანამ გრძელდება და ფეთქავს კვალი
და სასწაულად გთვლიან თვალები...

ცახცახებს მთვარე და ერთი შეკვრა
მთვარის ნაწნავი აყრია ქუჩებს
და პოეტების მოწყენილ ძეგლებს
ძეგლების ბედი ბეზრდებათ უცებ.

ისინი დგანან, დგანან და სჯერათ,
რომ უნდა იდგნენ ყოველთვის ასე
და ვარსკვლავებით შეკრული ჭერი
მთელი სიმძიმით აწვებათ თავზე.

ისინი დგანან, რომ ნახონ სხვებმაც
ჯიუტი სახე ტანჯვის და მსხვერპლის
და დაიჯერონ, რომ მათი ვნება
ისევ ცეცხლია და არა ფერფლი.

და ისევ, როგორც უცხო სხეული,
გარინდებულა წყვდიადში ძეგლი,
მიწიერ თრთოლვას გადაჩვეული
და გაკაწრული დუმილის ეკლით.

ძვირფასო! სიტყვას აქვს თავის ფასი,
ზომა და წონა, სუნი და ფერი
და ისიც ყველა ჩვენგანის მსგავსად
იცინის, ტირის, ოცნებობს, მღერის.

მეც ჩემი სიტყვა რწმენას მავალებს
და მაჯილდოვებს ყველა უფლებით.
და აი, უკვე ყივის მამალიც
და იღვიძებენ გარეუბნები.

და იბრუნებენ ქუჩები ისევ
ძეგლებს და ცოცხალ ადამიანებს,
მაგრამ მეც მთვლიან სიცოცხლის ღირსად
გზები, რომლებიც ვერ გავიარე.

და იქნებ სჯობდეს, რომ უსასრულოდ
და ზღაპრად ქცეულ ოცნების მსგავსად
გაგრძელდეს შენი ნათელი სული
და იყოს ასე: ყველგან და არსად.

1961

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:47 pm

ოთარ ჭილაძე

***
ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო -
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.

ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს, უცხო სრულიად...
ასე იწყება, ალბათ, სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე აღსასრულია!

1958

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:52 pm

ოთარ ჭილაძე

განშორებამდე

დრომ გაიარა, ვით შავმა კატამ
ბნელ დერეფანში (უხმოდ და უცებ).
და ზამთრის სახე, მკაცრი და სადა,
მოშორდა ფანჯრებს.
მაგრამ ამ ფურცელს
მარადიული შეკრავს ყინული,
ხოლო ყინულზე აირეკლება
ჩვენგან ცხადში თუ სიზმრად ხილული,
რომ გახსენების მწარე ეკლებმა
გამოაფხიზლონ სულის თვალები -
გაოგნებულნი ერთფეროვნებით
და ხელოვნური მზის ბრწყინვალებით
და ნაქურდალი ცით და ცხოვრებით.

ბრწყინავს ლოლუა, ვით ზამთრის კბილი
ამონასუნთქი კაცის და მილის,
ახლახან დაკლულ მხეცივით თბილი,
ფართხალებს ქარში.

და აი, თითქოს ასი წლის მერე,
უკვე გადაღლილ ხმებსა და ფერებს
ვთხოვ, დამიბრუნონ ყველა უფლება,
რომ დავიწყების შავმა ღრუბლებმა
არ გადაგვთვალონ...
მომეცი ხელი,
ჩვეულებრივად სუსტი და ცხელი,
ჩვეულებრივად ცხელი და მკაცრი
მომეცი გული!
და სანამ გვაცლის
ღმერთი თუ ბედი, გვჯეროდეს ისევ,
რომ ჩვენს საფიქრალს ქვეყანა ისმენს,
ჩვენი თავები მკერდზე უწყვია
და ცდილობს, მაგრამ არ შეუძლია,
რომ გარდაიქმნას.

1969

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:55 pm

ოთარ ჭილაძე

მდინარე

1
დაუსრულებლად მოდიხარ ისე
და თუკი რამე შემოგხვდა გზაზე,
ანგრევ და მიგაქვს, ქვიშად ქცეული,
ვით საკუთრება შენი სხეულის,
გიჟის ფიქრივით თამამს და ძლიერს,
თან მიგაქვს ისიც... და გვიცვლი იერს
შენი სურვილის მორჩილ ნაპირებს.
და შებრძოლება თუ დავაპირეთ,
ჩვენც ქვიშად გვაქცევ...

2
ტყუილად ფიქრობთ,
ასე ცხოვრება მომწონდეს თითქოს.
ყელი სავსე მაქვს ხრეშით და შლამით,
წამი რა არის, არც ერთი წამით
არ ჩამიმუხლავს, რომ ჩემი ფსკერი,
კაცის სულივით ვრცელი და ჭრელი,
საბადო ცრემლის, ქვის და ყინულის,
ბუდე ცოდვილის და განწირულის,
მარადიული სახლი სიბნელის
და ოფელიას ბოლო სიმღერის
სტალაქტიდები არ დავინახო.

1967

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:56 pm

ოთარ ჭილაძე

მოლოდინი

გაუჩინარდა სარკმელში ტოტი,
საკვამურებიც და მავთულებიც...
აღარაფერი არ ჩანს სრულებით
და როგორც შავი ყინულის ლოდი,
დუმს ტელეფონი...

მაგრამ დუმილიც თანდათან კარგავს
თავის საზარელ აზრს და უფლებას
და მესმის, როგორ ესაუბრება
კედელი კედელს, საგანი საგანს.

თუმცა მე უკვე აღარ მაქვს ნება,
რაიმე გრძნობა მქონდეს შენდამი
და მტვრად ედება ჩემს გლუვ ზედაპირს
თავგანწირული და ლაღი ვნება.

მაინც რაღაცით უნდა გავერთო
და ავიტანო დარიც და დამღაც,
რადგან ჩემს ნაწილს შეადგენს ახლა
ის, რაც დარჩება ჩემგან საერთოდ.

1966

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 10:58 pm

ოთარ ჭილაძე

მწვერვალი სიმდაბლისა

მე მუზის მსახურს მეძახდნენ ადრე. დღეს მთელი ჩემი ავლადიდება: ერთი პიესა, ერთი ლექსი, ერთი რომანი - ფურცლის ბოხჩაში გამოკრული - ამ წუთისოფლის უკანა კართან დაუდგიათ, როგორც შეჭმული ქლიავის კურკა - თეფშის კიდეზე. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მეც ერთბაშად ავიღო ხელი ჩემს ხელობაზე. აკი ვთქვი, ერთ დროს „მუზის მსახურს“ მეძახდნენ-მეთქი და ერთნაირი მოუთმენლობით ელოდება ჩემს ყოველ სიტყვას შეყვარებული გოგო იყო თუ ტახტის მცველი. ლექსი ღუზაა, ნავსადგურში ხომალდს რომ აბამს და, იმავე დროს, ფრთებიცაა - სულელი იხვი რომ ამოჰყავს, თუნდაც ცოტა ხნით, მწვანედ ჩამპალი ჭაობებიდან. თუმცა, ლაპარაკს რა აზრი აქვს, ან რაღას შეცვლის, როცა სასწორის ერთ პინაზე ჩემი სული დევს, მეორეზე კი - ჩემი ხორცი. ვინ რას აირჩევს. სულისთვის ხორცი უნდა დავთმო, ხორცისთვის - სული. მხოლოდ ამგვარი არრჩევანის უფლება მომცეს და ამიტომაც მძულს ჩემი თავი. იმასაც ვძულვარ: ერთმანეთის სისხლს ვიფურთხებით, ცხადშიც, სიზმარშც, თან მატლებივით ვაღოღდებით მაინც ერთმანეთს, ჩვენს სიძულვილთან რომ არ დავრჩეთ მარტო, პირისპირ. ამდენად, ბევრი არაფერი არ შეიცვლება, კვლავ ჩვენთან ერთად გააგრძელებთ გზას თუ უჩვენოდ. ზედმეტი კაცის ოცნებები სასაცილოა, მაგრამ ცხოვრება ჯერ გრძელდება და ღვთის წყალობით, ვინ იცის, იქნებ ჩვენც გამოვკრათ რაღაცას ხელი. ხელი თუ არა, თითი მაინც... ხელი - საცმუცნავს, თითი - ჩახმახს... გამოვკრავთ კიდეც: თუკი ნამდვილად გვეკუთვნის რამე - მხოლოდ სიცოცხლე - და ისიც ძალით თავმოხვეული. შუბლზე მიბჯენილი ლულის ხვრელიდან ამოიზრდება ცეცხლოვანი ვარდი სიკვდილის. ვერც კი მოვასწრებ მის დანახვას, ანუ, სიკვდილის საუფლოში იქამდე შევალ, ვიდრე ის ვარდი ამოიზრდება ცივი რკინიდან. განა არა სჯობს, ვერ იხილო, მაგრამ შეხვიდე, ვიდრე იხილო და ვერაფრით ვერ შეაღწიო?! ასე რომ, ვიდრე ვერ ვიხილავ, მაგრამ შევაღწევ, მეც შემიძლია ვიცხოვრო მშვიდად. ქვეყანა ისე არ დაეცემა, ვერ გაარჩიოს თეთრი და შავი, ანუ, ყოველთვის იქნება ქვეყნად ერთი სულელი გოგო და იხვი... სუნი, რომელიც ჩვენს ბუნაგში დგას, ჩვენი სუნია და ჩვენთან ერთად განქარდება. ასე არ არის?! აბა, დაფიქრდი. ჩვენს წინაპარს ფიქრის გარეშე სიცოცხლე ვერც კი წარმოედგინა. გადაიჭრებოდა ზურგს უკან ხელებს და ბოლთას სცემდა, „ფიქრთ გასართველად“. როდესაც ახალ კონტინენტებს იპყრობდნენ სხვები, ის არარსებულ ზღვებს სერავდა ფიქრის ხომალდით და ოცნებიდან ოცნებაში გადადიოდა, როგორც ქვეყნიდან ქვეყანაში... ან დატყვევებულ ნადირის მსგავსად, სიზარმაცეში გადაზრდილი სასოწარკვეთით, ეხეთქებოდა სინამდვილის ხორკლიან კედლებს, ვით უგრძნობელი ლითნის ბირთვი - ძველი სახლების დასანგრევად რომ იყენებენ - და შემოენგრა, რასაც უნდა გაფრთხილებოდა და რასაც უნდა შესწირვოდა ჩვენი სახელით. ის კი, ამაყი და ათასგზის გაწბილებული, მაინც თავისას აგრძელებდა, ანუ, იხვივით და შეყვარებულ გოგოსავით, მთელი არსებით ელოდებოდა გათენებას, რათა ხელახლა და ერთხელ კიდევ განეცადა ეს ყველაფერი, ვიდრე ჩვენამდე არ დამდაბლდა, ლამის შინიდან გამოუსვლელად და, რა თქმა უნდა, ზურგს უკან ხელებგაკოჭილი განგების თოკით.
ჩვენ მწვერვალი ვართ მისი სიმდაბლის.

1996

Arrow


Last edited by Admin on Wed Feb 27, 2019 9:41 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 11:01 pm

ოთარ ჭილაძე

წერდა და წერდა

თავაუღებლად წერდა და წერდა
თითქოს რაღაცის მოსწრება სურდა
და უკვე აღარ მიჰქონდა გულთან
გარესამყაროს მეხი და ელდა.

ვით დამალული სენი და სევდა.
ტანჯავდა რაღაც და აჩქარებდა.
ჩრდილი ძაღლივით იწვა კარებთან,
ის კი ჯიუტად წერდა და წერდა.

და როგორც მტვერი გარდასულ წელთა,
ეფინებოდა ნაწერი ოთახს.
გარეთ ციოდა და ქარი ქროდა.
ის კი ჯიუტად წერდა და წერდა.

1968

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 11:02 pm

ოთარ ჭილაძე

ჩრდილი

ნუ მომახედებ ნურასდროს უკან,
ვიცი, სიცოცხლე გზადაგზა მრჩება
და თუ მეღირსა ნამდვილი ვნება,
ის დაადგება ჩემს ცხედარს შუქად.

ჯერ კი მიწაზე ეცემა ჩრდილი
სხვა სამყაროში გასულ სხეულის,
გამოფიტული და დამსხვრეული,
ეცემა პირქვე და მწარედ ტირის.

და ჩემ მაგივრად სხვები ცდილობენ,
რომ მთად აქციონ ჩრდილის ტირილი.
ის კი მარტოა და ნადირივით
საკუთარ ნერწყვით ირჩენს ჭრილობებს.

მე არ მცალია ჩრდილისთვის ახლა,
ფრთებად ქცეულან ძველი ცოდვები
და მე ამ ფრთებით მიწას ვშორდები
და უსასრულოდ მივიწევ მაღლა.

და იქნებ მართლა შემომხვდეს სადღაც
ვნება, რომელიც იქცევა შუქად...
არც მე ვეყოფი ამ მიწას ლუკმად,
არც ჩემი ცრემლი აუვსებს კათხას.

1966

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue Feb 26, 2019 11:05 pm

ოთარ ჭილაძე

უძილობა

ბნელოდა. თუმცა უჩინარს ცაზე
უკვე ჩნდებოდა რძისფერი ბზარი,
ხოლო იმ ბზარში,
როგორც ხაფანგში,
ღრუბლები დონდლო კიდურებს ყოფდნენ.
ეს კი ნიშნავდა, რომ თენდებოდა,
რომ ერთხელ კიდევ ტოვებდა ღამე
მხოლოდ თავისთვის შექმნილ ასპარეზს
და მე ვიფიქრე, რომ უსათუოდ
გაგაგონებდი ჩემს ხმას და სათქმელს,
თუკი ახლავე მივატოვებდი
ამ ერთფეროვან და მძიმე კედლებს.
მე ალალბედზე გავყევი ქუჩებს.
ჯერ კიდევ ეპყრა ქუჩები ღამეს.
მაგრამ მომავალ მზეს და სინათლეს
მისი სხეული გაეხრწნა უკვე.
და იშლებოდა ღამის სხეული
და ნაწილ–ნაწილ ეკიდა ხეებს,
როგორც ვეშაპის აქნილი მძორი,
ხოლო იმ მძორის პირქუში ჩრდილი
ქუჩებში იდგა,
ვით სისხლის გუბე.
მე მივდიოდი და დილის ნესტი
სველი ხელებით მისრესდა სახეს
და ამის გამო ჩემი ფიქრები
ადგილს უთმობდნენ სიცარიელეს.
და გრძნობისაგან მთლად განტვირთული,
უკვე გავცილდი ქალაქის კედლებს,
უკვე ცაც ჩანდა და რომელიღაც
თეთრი მწვერვალიც, ხოლო მის თავზე
ღრუბლების ჯოგი, ჩემს დასანახად,
ათასნაირად იცვლიდა სახეს.
მეც მივდიოდი,
როგორც ღრუბელი,
თავისუფალი და ცარიელი.
ან უფრო სწორად, ჩემი ფიტული
სადღაც მიჰქონდათ უჩინარ ძალებს.
და შემეშინდა, რადგან ვიგრძენი,
რომ ამ უაზრო სვლის საფასურად
ვკარგავდი ვნებით შემკრთალ ღამეებს
და ჩემს სარკმლიდან დანახულ მთვარეს.
ვკარგავდი ძებნის და მოლოდინის
და განშორების მტანჯველ უფლებებს
და ჭრილობასაც, რომელიც დღემდე
მინათებს სულის იდუმალ კიბეს.

მე მოვტრიალდი და ხეებს შორის
თვალი წააწყდა ქალაქის კედელს,
ხოლო ქარხნების ჯიუტი კვამლი
კვლავ უსასრულოდ ილტვოდა ცისკენ.

1967

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyTue May 14, 2019 10:52 am



ოთარ ჭილაძე

***
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.
გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები
და მეკარგება მშობლების სახლი:
აუტანელი და საყვარელი.
მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.
მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს.
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.

1961

***
ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა,
ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.

და დღე, რომელიც უშენოდ მოვა
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი… რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა - მიფრინავს ჩიტი.

ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება
თოვლივით ჩუმი და შემპარავი,
მე კი ყოველთვის მემახსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.

ეცემა თოვლი და დროს მიყვება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი,
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

***
მე მინდა შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა,
უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე.
ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.
ეცემა თოვლი – თეთრი ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა,
ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად
არ შემიძლია მე შენი პოვნა.
ეს თოვლი მარტო თოვლი არ არის,
ეს ქარიც მარტო ქარი არ არის,
ისინი სადღაც შიგნით მალავენ
მას, რაც არ იყო დასამალავი.
მე თოვლში ვიგრძენ შენი სიცივე,
მე ქარში შენი თმებით დავები,
შენი დუმილით, შენი სიცილით,
შენი ფერმკრთალი მუხლისთავებით.
ეცემა თოვლი და ყველაფერი
თოვლში მიცურავს, ზღაპრად ქცეული.
ვერ გამიჩუმებ სურვილს ზღაპრებით,
მე მინდა შენი სული... სხეული.
და დღე, რომელიც უშენოდ მოვა,
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.
ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა,
რა იცის ჩიტმა – მიფრინავს ჩიტი.
მე მიხარია, რომ არ იციან,
რომ მეც არ ვიცი, ხვალ სად ვიქნები.
და ისევ მიყვარს, დიდი სიცილი,
დიდის სინათლე, დიდი ჭიქები.
ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება,
თოვლივით ჩუმი და შემპარავი.
მე კი ყოველთვის მემახსოვრება,
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.
ეცემა თოვლი და დროს ბარდება
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი,
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyFri Jun 14, 2019 8:59 am

ოთარ ჭილაძე

ბოლოს და ბოლოს დამთავრდა...

ბოლოს და ბოლოს დამთავრდა, გაქრა
უაზრო ღელვაც, შიშიც, ეჭვებიც....
ბევრი დავკარგე, ბევრს ვკარგავ, მაგრამ
ბნელ უფსკრულებში ცქერას ვეჩვევი.
მე მირჩევნია, ვზიდო ხუნდები,
ვიდრე ვიცხოვრო ვიღაცის ნებით.
მე ის მსურს - ჩემთვის რაც შეშურდებათ,
ანდა - ტკივილით დათმობენ სხვები.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 EmptyMon Jun 24, 2019 3:58 pm

ოთარ ჭილაძე

სამრეკლოების მდუმარე ჩრდილში

1

პირინეიზე, ესპანეთში, მზის ქვეყანაში,
ფორთოხლის ბაღში, შადრევნების ვერ-
ცხლისფერ მტვერში, არაფრისმცოდნე
ბავშვების თვალწინ, სამრეკლოების მდუ-
მარე ჩრდილში - მოკლეს პოეტი და მი-
სი სისხლი გაინაწილეს ციხის კედლებმა,
როგორც დროშები.
ხოლო ჯალათმა სახლში წაიღო ცოდვი-
ლი ხელი. და მიუტანა ცოლსა და შვი-
ლებს პოეტის სისხლით ნაყიდი პური.


2

ტყუილად რეცხავ, ჯალათის ცოლო!
არ მოშორდება შენს ღარიბ ჭურჭელს სის-
ხლის ლაქები.

მე მეცოდება შენი ქალობა, შენი სხეულიც
და შენი სულიც - თავშესაფარი ლაჩრის
და მონის.
შესაცოდია, რა თქმა უნდა, თუკი არ
იცი, ვის ვნებას აცხრობ. თუკი არ იცი,
ვის უჩუმდები.
თუკი არ იცი, რომ ყოველ ღამე გველი
გეხვევა და არა მკლავი, თოკი გეხვევა
სახრჩობელების - ადამიანის ცრემლით
და სისხლით და ბოლო კვნესით დამძი-
მებული...


3

ტყუილად ბრაზობ, ჯალათის შვილო,
როცა ტოლები გერიდებიან, როგორც კე-
თროვანს. ან როცა მათი შავი დედები
თვალს გაყოლებენ პირმოკუმულნი. ან
როცა შენი მასწავლებელი, ძლივს შეკა-
ვებულ რისხვით და ზიზღით, შენს გვარს
და სახელს ისე კითხულობს, როგორც
მსაჯული...

მაგრამ ჯერ დროა, რომ შენი სული გა-
დაარჩინო და ჭაობიდან გამოიტანო, რო-
გორც ყვავილი ჯერ გაუშლელი.


4

ხედავთ, კედელთან მიხვეტილ ძონძებს,
ბებერ მუშტივით შეკუმშულს მტვერში?
ის წუხანდელი მსხვერპლის დედაა, ციხ-
ის კედელთან დევს, როგორც ნაღმი, აფ-
ეთქებამდე გაუქმებული.
ის აქ იქნება, სანამ ამქვეყნად იქნება
ციხე... სანამ ამქვეყნად იქნება თუნდაც
ერთი ფოთოლი, მზის მოტრფიალე და
მომღერალი.
ბიჭი, რომელიც ჯალათებმა აწამეს წუ-
ხელ, ფოთოლი იყო ფორთოხლის ხისა და
მისი ჩრდილი ფარფატებდა ქვაფენილებ-
ზე და შეყვარებულ გოგოს თვალებში...
ფოთოლი იყო ფორთოხლის ხისა, მზის
მოტრფიალე და მომღერალი. და იმ ფო-
თოლზე სხდებოდნენ ხოლმე ჭრელი ჩი-
ტები და ვარსკვლავები... მთვარეც ჯდე-
ბოდა, ღრუბლებიც, ქარიც, წვიმაც და
თოვლიც...


5

ფორთოხლის ბაღში ტირის ირენე,
როგორც ტოტებში გაბმული სიმი.
და დონ კიხოტის გამხდარი ცხენი
გარინდებულა, როგორც ფიტული,
მზემოკიდებულ სამრეკლოს ჩრდილში
და გახურებულ საფლავებს შორის -
და პირინეის ნახევარკუნძულს
გრძნობს:
უსაშველოდ ნატკენ გულივით.
ძველი ცრემლია ირენეს ცრემლი,
ბევრი პოეტი და მატადორი
გამოიტირა ირენეს ცრემლმა,
ბევრი პოეტი და მატადორი,
მოულოდნელად დამარცხებული
ჯალათის ხელით თუ ხარის რქებით.
მატადორებად და პოეტებად
გაიზრდებიან მისი შვილებიც,
ოღონდ ირენეს მომავალ შვილებს
ნუ გამოჰყვებათ მამების ბედი.
ირენეს დებო და დობილებო,
შემოიხიეთ შავი კაბები
და აუხვიეთ ხარებს თვალები
და შეუკარით ჯალათებს ხელი...
მატადორები გვანან პოეტებს,
მაგრამ ისინი სხვის დასანახად
და მოსახიბლად კვდებიან მაინც.
ხოლო პოეტის მხურვალე სისხლი
სამარადისოდ გადადის ხალხში.

1963


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ოთარ ჭილაძე
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: