ირაკლი ჯავახაძე
ადამიანი ZERO(დასასრული)ვგრძნობდი, როგორ სწრაფად მისრიალებდა მანქანა...
მართლა რა ლამაზია-მეთქი _ გავიფიქრე ჩემთვის...
როგორ ვერ ვამჩნევდი სკოლაში?..
როგორ მოუხდა გაბრაზებაც...
როგორ მოუხდა ცრემლებიც...
ნეტავ, შიშველი როგორი იქნება?..
და, თვალები გავხსენი...
_ რას ფიქრობდი? _ ისე მკითხა, თითქოს ჩემი ფიქრი გამოიცნოო.
_ შენზე ვფიქრობდი, _ ვუთხარი და მუხლები შევუთვალიერე.
_ ხო, აბა, იმ ოფიციანტზე ხომ არ იფიქრებდი... რას ფიქრობდი?
_ ნეტავ, შიშველი როგორი იქნება-მეთქი, _ ისევ დავხუჭე თვალები.
პასუხი არ მიმიღია...
პასუხი არ მიმიღია, სანამ მის ბინაში არ ამოვყავით თავი...
სავარძელში ჩამსვა, წინ დამიდგა და გაშიშვლდა...
_ აი, ასეთი, _ მითხრა და კალთაში ჩამიჯდა, მომეხვია...
მერე მე ვყვებოდი...
გვერდით მეწვა, თავი ჩემს მხრებზე ედო და ყურადღებით მისმენდა...
მოვყევი მთელი ის ოცწლიანი პერიოდი, სკოლის დამთავრების შემდეგ რომ გავიარე...
_ გიყვარს ცოლი? _ მკითხა მოულოდნელად.
და, ვერ ვუპასუხე...
_ ესე იგი, გიყვარს, _ თქვა მშვიდად, აუღელვებლად.
_ იცი, რა არის?..
_ ვიცი. გაჩუმდი, _ ტუჩებზე დამაფარა თითი.
ხუთი წუთი ხმა არ ამოგვიღია არცერთს...
გაუნძრევლად ვიწექით...
მერე ვთქვი:
_ შენ მიყვარხარ!
არც შერხეულა...
უფრო გაინაბა...
_ მართლა შენ მიყვარხარ. ახლა მივხვდი, ამ წუთას, _ ავუწიე ხმას.
ისევ განაბული იწვა...
მერე თავი წამოწია და თვალებში ჩამაცქერდა:
_ გაიმეორე.
_ შენ მიყვარხარ.
_ იცი, რამდენი ხანი ველოდებოდი ამ სიტყვებს?
_ ვიცი, _ დავაქნიე თავი.
გაეცინა:
_ არ იცი. არაფერი არ იცი, _ და, მაკოცა...
მერე მითხრა:
_ ახლა წადი. უკვე გვიანია...
_ ცოტა ხანს კიდევ დავრჩები, _ გავჯიუტდი მე.
_ არა, _ თქვა მკაცრად, _ ხვალ შევხვდეთ. ახლა წადი.
თვითონ არ ვიცი, რატომ დავემორჩილე...
წამოვჯექი და ჩაცმა დავიწყე...
_ წვიმს, _ თვითონაც წამოჯდა ლოგინზე და მკლავები მომხვია კისერზე, _ მანქანას გაგატან.
არ მინდა-მეთქი, გავიღიმე...
_ წაიყვანე. რატომ უნდა დასველდე? მეორეც მყავს.
_ ჰოო?
_ ჰო.
_ არ მინდა. ტაქსით წავალ. ისეც არ წვიმს.
_ ნუ გეშინია, არავინ გაგაჩერებს. ისეთი ნომრები აქვს, არავინ გაგაჩერებს.
_ ორივეს?
_ ორივეს, _ მიპასუხა გაკვირვებულმა და გაიცინა, _ უკვე ეჭვიანობ?
_ საიდან მოიტანე?
_ ვიცი, ეჭვიანობ. საიდან მანქანები, საიდან ეს ნომრები...
_ ნუ სულელობ, არაფერსაც არ ვეჭვიანობ, _ წამოვდექი ფეხზე _ უკვე ჩაცმული ვიყავი.
თვითონაც წამოდგა და ხალათი მოიცვა...
შემოსასვლელში გავედი და ქურთუკიც ჩავიცვი...
_ ესე იგი, არ მიგყავს მანქანა, _ გამომყვა უკან.
_ არა.
_ კი მაგრამ, რატომ?
_ რომ გითხრა, გაგეცინება.
_ თქვი.
_ ტარება არ ვიცი.
_ რაა? _ დააღო პირი.
_ ტარება არ ვიცი. არასოდეს მყოლია მანქანა.
_ როგორ თუ ტარება არ იცი, _ აუტყდა სიცილი, _ არა გრცხვენია?! ოცდაჩვიდმეტი წლის კაცმა მანქანის ტარება როგორ არ იცი?! ხვალიდან გაკვეთილებს ჩაგიტარებ და ერთ კვირაში გასწავლი.
_ რა მოხდა, სასირცხვილო რა არის? ოცდაჩვიდმეტი წლის კაცმა დღემდე ისიც არ ვიცოდი, სიყვარული რა იყო...
_ ახლა იცი, ხო?!
_ აბა?! _ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე, _ ხვალ სად გნახო?
_ მოიცა, ჩავიცვამ და მე წაგიყვან, _ საძინებელში დააპირა გასვლა.
ხელი ჩავავლე მკლავში:
_ არ გაბედო. სავსეა ქუჩები ტაქსებით. ორი ღერი სიგარეტი გამატანე.
ერთი კოლოფი გამომიტანა:
_ წაიღე, მე კიდევ მაქვს... ხვალ ხუთზე ისევ იქ შევხვდეთ...
სახლში თორმეტის ნახევარზე მივედი...
დენი გამოერთოთ და ჩემი ცოლ-შვილი უკვე ლოგინში იწვა...
_ ნასვამი ხარ? _ თავი წამოყო ცოლმა, როგორც კი ოთახში შევაბიჯე.
_ ხო, _ დავიწყე გახდა, _ თანამშრომლის დაბადების დღე იყო, სკოლაში მოიტანა პურ-მარილი.
ჩვენს ბიჭუნას ეძინა...
დავიხარე და ვაკოცე...
_ არ გააღვიძო, _ გამაფრთხილა ცოლმა.
_ რატომ უნდა გავაღვიძო?! _ მივუწექი ცოლს გვერდით, ლოყაზე ვაკოცე და გადმოვტრიალდი, დავიძინე...
ორ წუთში დამეძინა...
მთელი ცხოვრება უძილობა მტანჯავს, იმ დღეს კი ორ წუთში ჩამეძინა...
_ მაკარონია მოსატანი, _ მითხრა დილით ცოლმა.
ჯიბეები მოვიქექე, მაგრამ ვერაფერს მივაგენი...
არც ფული მედო და, მით უმეტეს, არც _ მაკარონი...
_ ფული უჯრაშია, _ თვალები გამისწორა მეორე ნახევარმა.
ხო-მეთქი, _ წავიბურდღუნე ჩემთვის...
_ როდის მერე დაიწყე ტაქსით სიარული?
_ ტაქსით? _ გავიოცესავით მე.
_ გუშინ მთელი საღამო ფანჯარასთან ვიდექი, გელოდებოდი.
_ რომ ამოვედი, იწექი.
_ ხო, სადარბაზოში რომ შემოხვედი, დავწექი. შენ არ გითქვამს, რომ დაგაგვიანდებოდა.
რა უნდა მეპასუხა?..
_ შენგან ასეთ რამეს არა ვარ მიჩვეული.
_ ზეთიც წამოვიღო?.. _ გამოვაღე უჯრა.
_ სად იყავი გუშინ? ორჯერ დავრეკე სკოლაში. არავინ პასუხობდა.
_ ტელეფონი გამოგვირთეს.
_ აბა, თათბირი გვაქვსო?!
უჯრა მივხურე და გასასვლელისკენ დავიძარი...
_ არ გესმის, რომ გელაპარაკები?
_ თათბირი გვქონდა. მერე გაირკვა, რომ თანამშრომლის დაბადების დღე ყოფილა. დავთვერი და ტაქსით წამოვედი. დაინგრა ქვეყანა?
ხმა არ ამოუღია...
მერე თვალი ამარიდა:
_ დაანებე თავი. მე ამოვიტან მაკარონს.
_ ძალიან კარგს იზამ. თორემ, დამაგვიანდა, _ დავხედე საათს, _ დღესაც შემაგვიანდება ცოტა.
_ შენი საქმისა შენ იცი.
კარი გამოვიხურე და წამოვედი...
წვიმიანი მოჟამული ამინდი იყო...
გაზეთი ვიყიდე და მეტროში ჩავძვერი...
სკოლის შენობასთან რომ მივედი, გულდასმით მოვათვალიერე ქუჩა, მაგრამ `მერსედესი~ არ დამინახავს...
გაკვეთილებს შორის ორჯერ გამოვყავი თავი ქუჩაში...
`მერსედესი~ არ იდგა...
ოთხის ნახევარზე დავამთავრე ყველა გაკვეთილი...
გამოვედი სკოლის შენობიდან და ისევ მოვათვალიერე ქუჩა, მაგრამ _ უშედეგოდ...
ნაცნობი `მერსედესი~ არ ჩანდა...
`ნუთუ, არ მოვა?~ _ გამკრა ეჭვმა...
იქნებ, მთელი გუშინდელი დღე შეცდომად ჩაუთვალა საკუთარ თავს და გადაიფიქრა ჩემთან შეხვედრა?..
იქნებ, მე რომ წამოვედი, თვალი არ მოუხუჭავს?..
თვალი არ მოუხუჭავს და ყველაფერი აწონ-დაწონა...
მაგრამ სამსახურში მაინც ხომ უნდა მოსულიყო?..
ნუთუ, მემალება?!.
ნუთუ, სხვაგან დააყენა მანქანა და საერთოდ არ აპირებს ჩემთან შეხვედრას?!.
და, უცებ მივხვდი _ როლები შეიცვალა...
ახლა მე ვიყავი შეყვარებული...
თანაც უიმედოდ...
რაკი მანქანა ვერ დავინახე _ გადავწყვიტე, რომ ჩემი ქალბატონი ჩემთან შეხვედრას თავს არიდებდა...
მოვდიოდი ქუჩაზე და, ლამის მეზიზღებოდა საკუთარი თავი...
მერე შევატყე _ უიმედოდ შეყვარებული კაცის ყოველი აზრი ეჭვიანი ყოფილა...
`რა მინდოდა, რას გადავეკიდე?.. ვინ დამითმობდა, ვინ შემარგებდა ასეთ ქალს?.. ასეთ ქალს დამსახურება უნდა... მე კი უცებ, ერთ წუთში მოვინდომე მისი დასაკუთრება... ჩემი ქეციანი ბიოგრაფიის პატრონს მასთან გატარებული ერთი საღამოც ოცნებად უნდა მქონოდა... და, რაკი ოცნება ამისრულდა, ილუზიებმა თავბრუ დამახვიეს... კაცმა რომ თქვას, არც ამ ოცნების ასრულებაში შემიტანია წვლილი... წვლილი კი არა, როლიც არ მქონია... გააკეთა ის, რაც იმ წუთში უნდოდა და ახლა აღარაფერში ვჭირდები... რა ძნელი მისახვედრი ესაა?.. ახლა სადმე ქუჩაში რომ შემხვდეს შემთხვევით, შეიძლება სალამიც კი არ მომცეს...~
ხშირად მიფიქრია, რომ ადამიანები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან...
არც მათი სურვილები და მისწრაფებები განსხვავდება...
განსხვავდება ამ სურვილებისა და მისწრაფებებისაკენ მავალი გზები...
და მაშინ, თითქოს ისე გამოდის, რომ მიზნის მისაღწევად ყოველგვარი გზა გამართლებულია...
თუ, ასეც არ არის?..
მაგრამ, როცა მიზანი მიღწეულია, განვლილი გზა და გამოყენებული საშუალებები მეორეხარისხოვანი ხდება...
მეორეხარისხოვანი ხდება და ისტორიას ბარდება...
გააკეთა ის, რაც იმ წუთში უნდოდა...
გააკეთა ის, რასაც ოცდაათი წელი ელოდა...
ეკუთვნოდა და მიიღო...
ახლა სადმე ქუჩაში რომ შემხვდეს შემთხვევით?..
უცებ ყველაფერი უაზრობად მომეჩვენა...
ნაბიჯს ავუჩქარე და ნაცნობ ღვინის სარდაფში ჩავედი...
ორასი გრამი არაყი და სალათა ავიღე...
მერე _ კიდევ ასი გრამი...
და მივხვდი, ალკოჰოლი საუკეთესო საშუალება ყოფილა...
ვინანე კიდეც _ ნეტავ, ადრე რატომ არ ვსვამდი, რამდენ პრობლემას გადავიტანდი უმტკივნეულოდ-მეთქი...
როგორც კი არაყიც გამომელია და ფულიც, დავრწმუნდი, რომ ესეც ილუზია ყოფილა...
პრობლემები ასე მარტივად არ გვარდება...
მათი ხელოვნურად გადავადება, მათ მოგვარებას არ ნიშნავს...
თუმცა, არაყმა რაღაც შედეგი მაინც გამოიღო...
ნასვამი კაცი ოპტიმისტია:
`იქნებ, მოვიდეს?!~
ხუთ საათზე სკოლასთან ვიდექი...
`მერსედესი~ არ ჩანდა...
`იქნებ, გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და მოვიდეს?!~
ექვსის ორ წუთზე სიგარეტს მოვუკიდე...
`თუკი საქმე გამოუჩნდა, შეიძლება დააგვიანდეს კიდეც~.
ექვსის ხუთ წუთზე ფილტრამდე დაყვანილი სიგარეტი ურნაში მოვისროლე...
`იქნებ, მოვიდეს?!~
`იქნებ, გულმა არ გაუძლოს და მაინც მოვიდეს?!~
`იქნებ, სულ ბოლო წამს შეცვალოს გადაწყვეტილება და...~
და, დამიძახა...
მოპირდაპირე მხარეს იდგა მანქანასთან, ერთი მკლავი გამოღებულ კარზე ჩამოეყრდნო და მიღიმოდა...
`მეორე მანქანა!~ _ უცებ დამარტყა თავში...
ორკარიანი, სპორტული, კოხტა მანქანა იყო...
ეს მანქანა მთელი დღე აქ იდგა...
დილიდანვე შევამჩნიე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი...
ქუჩა გადავჭერი, მივედი და გადავკოცნე...
სპორტულად ეცვა _ ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი...
გადავკოცნე და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა...
_ შენ რა გალოთდი? _ შეკრა წარბები.
_ არა. უბრალოდ, შეყვარებული ვარ.
_ ღვინოზე?
_ არა. შენზე.
_ ვიფიქრე, მანქანის ტარებას ვასწავლი-მეთქი. შენ კი დამთვრალხარ.
_ სიყვარულით, _ წავჩურჩულე ყურში.
_ ასეთ მდგომარეობაში ატარებ გაკვეთილებს?
_ ჩემი პედაგოგიური კვალიფიკაცია თუ გაინტერესებს, შეგიძლია გაკვეთილზე დამესწრო...
_ ჯერ შენ უნდა დაესწრო პატარა წვეულებას.
_ რა წვეულებას? _ გამიფართოვდა თვალები.
_ დაჯექი, გეტყვი, _ ჩაჯდა თვითონ მანქანაში.
გამოვაღე მეორე კარი და სავარძელში მოვთავსდი:
_ რა ხდება?
_ შვიდ საათზე ჩემს თანამშრომელთან ვარ დაპატიჟებული. დაბადების დღე აქვს.
_ დაბადების დღე?
_ ხო. გუშინ შენი თანამშრომლის დაბადების დღე იყო, დღეს _ ჩემი თანამშრომლის ყოფილა. შენ თუ არ წამოხვალ, არც მე წავალ.
_ მე რა მინდა?!
_ მივიდეთ ერთი საათით. ამერიკელია...
_ ამერიკელი?
_ რა მოგივიდა? ერთი საათით მივიდეთ და მერე ჩემთან წავიდეთ.
_ მივიდეთ. თუნდაც მადაგასკარელი იყოს. შენთან ერთად ყველგან წამოვალ.
_ ოღონდ, ჯერ საჩუქარი უნდა შევიძინოთ, _ დაძრა მანქანა.
_ კაცია?
_ ხო, _ დამიქნია თავი.
_ მაშინ _ მამაკაცის სუნამო მისწრებაა.
_ ვნახოთ. მაგათ სუნამოებით ვერ გააკვირვებ.
_ მაშინ _ ყანწი, ჩოხა და ხანჯალი უყიდე.
_ შენ ხუმრობ და, ჭკუას კარგავენ ეგეთ რაღაცებზე.
_ მე შენზე ვკარგავ ჭკუას, _ ხელი გადავუსვი თავზე.
გაიღიმა და თვალები დახუჭა ერთი წამით...
_ რას შვრები?! დავიმტვრევით, _ ვითომ შემეშინდა და საჭეს წავეტანე.
_ აი, შენ თუ არ მოისვენებ, მართლა დავიმტვრევით.
_ რა მომასვენებს?! ასეთი ქალის გვერდით რა მომასვენებს?!
_ როგორი ქალის? _ გააჩერა მანქანა.
_ რატომ გავჩერდით? _ მოვათვალიერე ქუჩა.
_ დრო გაჩერდა.
_ რა თქვი? რა გაჩერდა?
_ დრო.
თვალებში მიყურებდა...
რაღაც უნდა მეთქვა...
პირდაპირ გავიხედე და ვთქვი:
_ დრო არ გაჩერებულა. დრომ შენ შეგამჩნია, ცოტა ხნით შეჩერდა და თავიდან იწყო ტრიალი.
_ დრო არ ტრიალებს. დრო მიდის, _ მკლავზე დამადო ხელი.
_ ვფილოსოფოსობთ? _ გავიცინე მე.
მეგონა, თვითონაც გაიცინებდა...
_ იცი, რა?! _ გავუსწორე მზერა, _ მე არ წამოვალ დაბადების დღეზე. მე სახლში წავალ, ჩემს ნივთებს მოვაგროვებ, ჩანთაში ჩავყრი, ცოლს დავემშვიდობები და შენთან მოვალ.
_ გაგიჟდი? _ ლამის იკივლა.
_ გავგიჟდი. ჯერ გუშინ შუადღისას გავგიჟდი, პირველად რომ გნახე. მერე _ ხუთ საათზე რომ შეგხვდი, მაშინ გავგიჟდი. მერე _ რესტორანში. მერე _ შენთან სახლში. მერე, დღეს ვგიჟდებოდი მთელი დღე და რომ დაგინახე, სულ გადავგიჟდი...
_ ასე უცებ თუ გაგიჟდი, არ გეშინია, უცებვე რომ გადაგიაროს?!
_ ფსიქიატრებს ჯერ არ გამოუგონებიათ ის წამალი, ჩემს სიგიჟეს რომ მოარჩენს.
_ არა, შენ მართლა გაგიჟდი, _ შეშფოთებული მიყურებდა.
_ რა იყო? _ გავიცინე და სიგარეტი ამოვაძვრინე ჯიბიდან, _ არ გჭირდება სახლში გიჟი?
_ მთვრალი ხარ, _ დაასკვნა უცებ.
_ ყოველ შემთხვევაში, სიმთვრალე არ მალაპარაკებს. სიმთვრალე, უბრალოდ, მაბედინებს ამის თქმას.
_ ვაიმე, რა ვქნა? _ შეწუხდა და აქეთ-იქით გაიხედა.
_ რა უნდა ქნა, _ ვუთხარი მშვიდად, _ უნდა დაქოქო მანქანა, მიმიყვანო სახლში, მიხვიდე შენს ამერიკელთან, მერე წახვიდე შენს სახლში და დამელოდო, _ და, საათზე დავიხედე, _ თერთმეტისთვის მოვალ.
_ თერთმეტისთვის?..
_ ხო, ცოტა დრო მჭირდება ცოლთან ოფიციალური საკითხების მოსაგვარებლად. ხომ უნდა დაველაპარაკო.
_ არა, არა. შენ მართლა გაგიჟდი. მოდი, მიგიყვან სახლში და ეს ლაპარაკი ხვალისთვის გადავდოთ.
_ მიმიყვანე სახლში და თერთმეტისთვის მელოდე. თერთმეტზე შენთან ვიქნები.
ხმის ამოუღებლად დაძრა მანქანა...
მერე მკითხა:
_ სად ცხოვრობ?
სწორად მიდიხარ-მეთქი, ვუთხარი...
მთელი გზა ჩუმად ვისხედით...
_ ახლა საით? _ მკითხა ბოლოს, გზაჯვარედინს რომ მივუახლოვდით.
_ აქ გამიჩერე. სულაც არ არის საჭირო, ჩემმა ყოფილმა მეორე ნახევარმა დაგინახოს. ისიც ეყოფა, რისი გაგებაც დღეს მოუწევს.
_ იქნებ, არ ღირს აჩქარება, ა? _ გააჩერა მანქანა, _ ასეთი სერიოზული საკითხის ასე უცებ გადაწყვეტა...
_ სერიოზული საკითხები უცბად წყდება, _ გავაწყვეტინე მე, _ თუმცა შენთვის არაფერი მიკითხავს. იქნებ, სულაც არ გჭირდება გაფხეკილი, არაფრისმქონე მასწავლებელი.
_ ნუ სულელობ, _ გააქნია თავი.
_ ესე იგი, მოვიდე? _ გავაღე მანქანის კარი.
_ არ მოხვალ, _ თქვა ჩუმად.
_ რა თქვი?
_ არ მოხვალ, _ ოდნავ აუწია ხმას, _ დანამდვილებით ვიცი, რომ არ მოხვალ.
_ ვითომ, რატომ? _ მოვიხურე კარი.
ცოტა ხანი ჩუმად იჯდა...
მერე თქვა:
_ გული მიგრძნობს, არ მოხვალ... რაც გაგიცანი, იმ დღიდან არ ყოფილა წამი, როცა არ მიყვარდი. არ ყოფილა ღამე, როცა შენზე ფიქრში არ ჩამძინებია. არ ყოფილა დილა, როცა თვალის გახელისთანავე თვალწინ არ მედექი... ოცდაათი წელი... ახლა შენ რომ ჩემთან მოხვიდე და მერე მიმატოვო, ვეღარ გადავიტან... ის ოცდაათი წელი როგორღაც ერთ კალაპოტში ვცხოვრობდი. ერთ ამდენ ხანს კიდევ გავუძლებდი უშენობას. უბრალოდ, მივეჩვიე და ვერც წარმოვიდგენდი, ოდესმე ჩემი თუ იქნებოდი... მაგრამ ახლა რომ წამოხვიდე და მერე დამტოვო, ვეღარაფერი მიშველის...
_ არ დაგტოვებ, _ წავჩურჩულე, მკლავი მოვხვიე და მივიკარი.
_ ეგეც მეორეხარისხოვანია. იქნებ, ორკვირიანი ბედნიერებისთვის ღირდეს კიდეც ცხოვრება... უბრალოდ, გული მიგრძნობს, არ მოხვალ. გული მიგრძნობს, რომ არასოდეს ვიქნები ბედნიერი... ნეტავ, არაფერი გეთქვა დღეს... გუშინდელი სიყვარულის ახსნა სიმთვრალეში და მამაკაცური მოვალეობის მოხდის აუცილებლობაში ჩაგითვალე...
_ რაში ჩამითვალე? _ გავუშვი ხელი, _ პატარა ბავშვი გგონივარ?
_ ხო, _ ღიმილით დააქნია თავი, _ ჩემთვის ის ნულკლასელი ხარ, პირველად სკოლაში რომ ვნახე. ყოველთვის ის იქნები.
_ მერე, რას გადაეკიდე ეს ოცდაჩვიდმეტი წლის ქალი ექვსი წლის ბიჭს, _ ვცადე გახუმრება, _ არ გრცხვენია?
_ მრცხვენია, _ სახეზე აიფარა ხელები, _ შენი ცოლისაც მრცხვენია, შენი ბიჭისაც მრცხვენია...
_ კარგი, ჰო, _ მოვეხვიე ისევ, _ არ იტირო.
_ იცი, რა ქენი, _ გადაწყვიტა უცებ, _ ადი სახლში, ჩაალაგე ჩანთა და ჩამოდი. აქ დაგელოდები.
_ ესე, როგორ? _ ვთქვი ყოყმანით.
_ ხომ გითხარი, არ მოხვალ-მეთქი, _ გაიღიმა მწარედ.
_ მოვალ. აუცილებლად მოვალ. ოღონდ, ცოლს უნდა დაველაპარაკო. ბავშვიც უნდა ვნახო, თერთმეტზე შენთან ვარ.
_ იცოდე, ერთი წუთითაც რომ დააგვიანო, კარს აღარ გაგიღებ. დაიმახსოვრე, თერთმეტამდე თუ არ მოხვედი, აღარასოდეს მნახო. მერე არ დამიწყო ძებნა. წადი სახლში, კარგად მოიფიქრე და თუ გადაწყვიტე, თერთმეტამდე მოდი.
_ მოვალ, _ გადავიხარე, ვაკოცე და მანქანიდან გადმოვედი.
რამდენიმე წამი მიყურა და ნელა დაძრა მანქანა, მოძრაობას შეერია...
როგორც კი ბინაში შევაბიჯე, გუნება წამიხდა...
შემოსასვლელში სიდედრის პალტო ეკიდა...
ქურთუკი გავიხადე, გვერდით მივუკიდე პალტოს და ოთახში შევედი...
_ ბავშვია ავად, _ გამომხედა სიდედრმა.
_ გამარჯობა.
_ სიცხე აქვს. გამარჯობა.
_ მაღალი? _ მივუახლოვდი და გადავკოცნე.
_ ოცდათვრამეტი და ექვსი ჰქონდა. წამალი დავალევინეთ და ცოტა დაუწია.
საძინებლისკენ შევტრიალდი...
_ არ შეხვიდე. აძინებს.
უნებურად საათს დავხედე:
_ ექვსია...
_ სუსტად იყო. ეძინება.
სიგარეტი ამოვაძვრინე ჯიბიდან და ასანთი მოვიმარჯვე...
_ აივანზე მოწიე. ცოდოა ბავშვი, _ თქვა სიდედრმა.
სიგარეტი მაგიდაზე დავაგდე, სამზარეულოში გავედი და მაცივარი გამოვაღე...
რამდენიმე წუთში ცოლი შემოვიდა:
_ დაიძინა. სკოლიდან რომ გამოვიყვანე, უკვე ცხელი იყო. მგონი, გრიპი აქვს.
არაფერი მიპასუხია _ ძეხვს და პურს ვილუკმებოდი...
_ კარტოფილს შეგიწვავ, გინდა? _ მომაჩერდა ცოლი.
არა-მეთქი, გავაქნიე თავი...
ცოტა ხანში სიდედრიც შემოგვიერთდა:
_ ჩაის დავლევ და წავალ, _ და, მადუღარა წყლით აავსო.
წამოვდექი, ოთახში გავედი და ტელევიზორი ჩავრთე...
ცოლი და სიდედრი სამზარეულოში დარჩნენ...
თვალდახუჭული ვიჯექი...
ვფიქრობდი...
ვფიქრობდი ჩემს მომავალ ცხოვრებაზე...
როგორ მოვიკიდებდი ჩანთას და როგორ წავიდოდი ერთი ქალისგან მეორესთან...
რაღაც უცნაურად გამოდიოდა _ ოჯახს ვტოვებდი და იმის მაგივრად, რომ წარსულზე მეფიქრა, ცოლ-შვილთან ერთად გატარებული წუთები გამეხსენებინა, მომავალი მაფიქრებდა...
თვალწინ წარმომიდგა ჩემი თავი ახალ ოჯახში...
ახალი ცოლის გვერდით...
წარმოვიდგინე, როგორი შურით შემომხედავდნენ მამაკაცები, როცა ასეთი ქალის გვერდით დამინახავდნენ...
წარმოვიდგინე ჩემი დირექტორის სახე, ერთ მშვენიერ დღეს `მერსედესით~ რომ მივიდოდი სკოლაში...
წარმოვიდგინე ნაცნობ-ახლობელთა წრე და მათი დაღებული პირები...
წარმოვიდგინე და სიამოვნებისგან გავიზმორე...
მერე ჩამეძინა...
იქვე, ჩართულ ტელევიზორთან ჩამეძინა...
_ გაცივდები, დაწექი, _ გამაღვიძა ცოლის ხმამ.
ხო-მეთქი და უცებ გამოვფხიზლდი, საათს დავხედე...
ათი ხდებოდა...
_ წავიდა დედაშენი?
_ წავიდა. ადექი, დავწვეთ.
_ ათია...
_ მე დავწვები, ძალიან დავიღალე...
ცოლი საძინებელში გავიდა...
ვიფიქრე _ დაწვეს, მე მანამდე ჩემს ნივთებს მოვაგროვებ და წასვლის წინ ვეტყვი ყველაფერს-მეთქი...
კარადიდან ძველი, პატარა ჩემოდანი გამოვიღე...
მერე რაღაც-რაღაცები, აუცილებელი ნივთები მოვიძიე და ჩემოდანში ჩავაწყე...
დღეს მეტს ვერაფერს წავიღებ, დანარჩენი სხვა დროს იყოს-მეთქი, გავიფიქრე და საათს დავხედე...
თერთმეტის ოცი წუთი იყო...
`იცოდე, წუთითაც რომ დააგვიანო...~
უკვე მზად ვიყავი...
ოფიციალური საკითხიღა რჩებოდა მოსაგვარებელი...
სიგარეტს მოვუკიდე...
ვიდექი ფანჯარასთან და ვაბოლებდი...
ცოლთან ლაპარაკის დაწყების რამდენიმე ვარიანტი შევარჩიე...
ბოლოს ერთ-ერთზე შევჩერდი, ნამწვი ფანჯრიდან მოვისროლე და საძინებელში შევაბიჯე...
ჩემს ცოლ-შვილს მშვიდად ეძინა...
ცოლს ერთი მკლავი თავქვეშ ამოედო, მეორე _ ბავშვისთვის მოეხვია საბანსზემოდან და წყნარად სუნთქავდა...
თავზე დავადექი...
ასე ვიდექი ხუთი წუთი...
მერე გამოვედი საძინებლიდან და ისევ გავაბოლე...
საოცარი სიჩუმე იყო...
ბოლოს მივხვდი, დღეს არაფრის მთქმელი არ ვიყავი...
გადავწყვიტე, ხვალ დილით დავურეკავდი და ტელეფონში ავუხსნიდი ყველაფერს...
სიგარეტი საფერფლეში ჩავჭყლიტე...
გავედი შემოსასვლელში, ქურთუკი მოვიცვი და ჩემოდნის ასაღებად შევბრუნდი ოთახში...
მერე ერთი წამით შევყოყმანდი, ჩემოდანი დავდგი და საძინებელში შევედი...
მივედი საწოლთან, დავიხარე და ბავშვს ვაკოცე...
შეიშმუშნა და დედამისისკენ გადატრიალდა...
და, ამ დროს საბნიდან ტერფი გამოყო...
ვიდექი და შეპყრობილივით ვუყურებდი...
პატარა თეთრი ფეხისგული შუქურასავით ანათებდა სიბნელეში...
მერე უცებ შევტრიალდი, ოთახში გავედი, ჩემოდანი გავხსენი და ნივთები ამოვალაგე...
ჩემოდანი რომ დაცარიელდა, შვებით ამოვისუნთქე და საათს დავხედე...
თერთმეტს ოცი აკლდა...
სავარძელში ჩავჯექი, სახე მუხლებთან მივიტანე და მკლავები თავზე შემოვიჭდე...
ასე ვიყავი დიდხანს...
ძალიან დიდხანს...
ბოლოს ავდექი, საძინებელში შევედი, ჩუმად გავიხადე და ჩუმად მივუწექი ცოლს გვერდით...
ზურგზე ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი...
ვერ მოვისვენე...
ვერაფრით ვერ მოვისვენე...
წამოვდექი, ოთახში გავედი, ფანჯარა გამოვაღე, ჩემოდანს ხელი დავავლე და შორს, ძალიან შორს მოვისროლე...
წამით თვალები დავხუჭე...
ჩემოდანი ხმაურით დაასკდა ასფალტს...
უცებ მივაჯახუნე ფანჯარა და საძინებელს დავუბრუნდი...
უკვე ვწვებოდი, ჩვენმა ბიჭუნამ თვალები გახსნა და მისუსტებული ხმით მკითხა:
_ მამა, რა გააკეთე?
_ არაფერი, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. დაიძინე, _ ვუთხარი ჩუმად და ფეხებთან საბანი შევუკეცე ბიჭს...
1998 წელი.