არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 კატო ჯავახიშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptySun Jan 20, 2013 10:10 am

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Kato_j10

კატო ჯავახიშვილი

ჯარისკაცები

ჯარისკაცები დგებიან ადრე.
რეზინის ჩექმებს ისწორებენ.
ხელებს იფშვნეტენ.
მორყეულ, უშნო მაგიდებთან უხმოდ სხდებიან.
სიცარიელით ამოვსებული რკინის ჯამიდან -
მოლოდინს თქვლეფენ.
ეს რა თქმა უნდა, რომ არ არის ნაყინი-ბრიულე,
არც ბრიჯის ფლავი – ცუკატებით და ქიშმიშებით.
ჰორიზონტს იქით, გამოგონილ და შორ ქალაქში
მათი ქალები ბრინჯს კენკავენ და...
შიმშილობენ.
ზნედაცემული ოცნებებით ივსებენ სხეულს.
გარეთ წყვილები სეირნობენ მშვიდად ხელკავით.
ჯარისკაცები წვებიან ადრე.
თვალებს ხუჭავენ და მოსასვლელ
ბილიკს ხერგავენ.

დღეს რომ დაიღალოს ღამე, როგორც ჰოსპიტალში მედდა.
იდგე. იქ არავინ იყოს. თვალში იგროვებდე თითბერს.
მერე გაწყვეტილი მძივი – კართან უპატრონოდ ეგდოს.
შენ კი, კრიალოსანს ტყვიის მასრებივით თვლიდე.
მერე, რა თქმა უნდა ისევ, ანუ - ჩვეულებრივ. მთვრალი.
მერე, რა თქმა უნდა ისევ, ანუ - უჩვეულოდ. მძიმედ.
მერე, ძლივს იცვალე გვერდი. მაინც გეჩვენება ფართო.
მერე, მიიკუნტე სადღაც. ისევ კედლის მხარეს გძინავს.
დღეს რომ დაბრუნება აღარ. აღარ გამოვიდეს. რიგი
უცებ გაიწელოს პურის. ქარი შემოუდგეს კარებს.
ყოველ დაძინებას ახლა, უკვე უშენობით ვიგებ.
ყოველ გაღვიძებას ალბათ, უკვე უშენობით – არა!
დღეს რომ მხარი გამკრას ვინმემ - ფეხი ამერიოს სადმე.
შენ კი მშვიდად ხდიდე ნამუსს, სადღაც მტრის ბანაკში სხვა ქალს.
მერე, მოგონება ისევ, ვეღარ პოულობდეს ადგილს.
მერე... არაფერი. კარი. თითქოს არაფერი. წახვალ.

მათი ქალები დგებიან გვიან.
უძილობისგან დაღლილ სახეზე ისვამენ “პუდრას”
და სარკეებს თვალს არიდებენ.
წითელი ლაქით იფარავენ დამტვრეულ ფრჩხილებს
და მაგიდასთან, მოვერცხლილი პატარა კოვზით -
ბრინჯს მიირთმევენ.
მიირთმევენ და შიმშილობენ,
ზნედაცემული ოცნებებით ივსებენ სხეულს,
მტრის ბანაკში კი, თავს ძირს ხრიან ჯარისკაცები.
ეს რა თქმა უნდა, სულ არ არის ლოდინი უხმოდ,
არც ბრინჯის ფლავი, ცუკატებით და ქიშმიშებით.

მათი ქალები წვებიან გვიან.

Exclamation



კატო ჯავახიშვილი - ცხვარი

რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
Published on Oct 14, 2015

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია

მონაწილეობენ: ნიკა წერედიანი, ნინო ლეჟავა, ქეთი ჩაჩუა, დათო ბერაძე, პაატა კიკვაძე, ვახტანგ ნოზაძე, ჯემალ მელქაძე, ნუკრი კონსტანტინოვი.

საკუთარ ლექსებს კითხულობს კატო ჯავახიშვილი.
ჩაწერილია 2012 წელს.

study


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 3:48 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyThu Mar 07, 2013 12:14 pm

კატო ჯავახიშვილი

ლოლიტა

ღამით, როდესაც ყველა იძინებს
და საიდუმლო აღარ არის ასე მტანჯველი,
თითქოს მთვარის შუქს სათითაოდ მიჰყვებიან მოგონებები,
მილიონობით ფერწასული ადამიანის
პროფილს ხაზავენ და სიმარტოვეს
ასე უჩუმრად შემოპარულს კედლის ღრიჭოდან
აღსარების თქმა უგვიანდება,
რას ჩამომჯდარხარ პატარა გოგოვ,
ამ ვნებადაცლილ კაცის ფეხებთან?!
თითქოს ცხოვრებამ ამ ოთახში შემოიარა,
სათვალეებქვეშ ჩამოგხედა და გზას გაუყვა.
ამ ფეხის ხმაზე შენ მსუბუქად,
როგორც ბალეტის
გაკვეთილებზე
ნაბიჯით წინ, ან ერთით უკან,
ტრიალდები და
თეთრ სხეულში კარამელები
ნელ-ნელა მიმწვარ შაქრის ტბაში იძირებიან.
ყოველ წრეზე კი, შენ ჰაერზე
სწრაფ-სწრაფად სუნთქავ
და მორზეს ანბანს თვალხილულიც ემორჩილები.
ყაყაჩოების მინდორია თვალგახელილი
ამ კაცის ფერხთით გაფენილი მომცრო ხალიჩა.
ახლა პომადას გადაუსვი თხელი ტუჩები,
სარკეში სახის კონტურები შემოისწორე
და რომ მიხვდები ისტუმრებენ დღეები წუთებს,
და რომ მიხვდები ისტუმრებენ წუთები დღეებს,
საიქიომდე სანამ მივლენ, მანამ ცოცხლობენ,
დილით, სისხამზე გარეთ შიშველს როცა გნახავენ
წამოწექი და გუგულივით კაფე ან თესე
სველი ზეწრის ქვეშ გატრუნული შენი ბავშვობა.
და მერე ღამით,
მაშინ, როცა ყველა იძინებს
და საიდუმლო ხდება ბევრად, ბევრად მტანჯველი,
ვიდრე სკოლაში გაკვეთილის უცებ გაცდენა,
ანდა კანფეტის აწებება მაგიდის ფერდქვეშ,
შენ ხედავ გოგოს, ბავშვობისგან დაცლილ თვალებში
აჩრდილებივით როგორ ჩანან მოგონებები
და მის სხეულზე მიმობნეულ
ყაყაჩოებს
ეძებ მიწისქვეშ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyFri Mar 08, 2013 8:48 am

კატო ჯავახიშვილი

როცა პეპლები მრავლდებიან


როცა პეპლები მრავლდებიან, როცა გზა საით-

კენ მიდის. იცის მხოლოდ შავ-თეთრმა დაფამ,

რომელზეც უკვე ხანდაზმული სიცოცხლის ნაცვლად,

იმ წლების ნაცვლად, მხოლოდ მგზავრის პატარა საგზალს

იტოვებ შენთვის და ხელები გევსება მიწით

და მერე მიწას საბანივით ნიკაპთან იწევ,

და ხვალინდელი მოგონება სულს ისე ღაფავს,

შენ კვლავ გგონია: ფეხი ცაზე გიდგას. და ჩანხარ,

იქ, სადაც უკვე სულერთია რამდენჯერ გზომეს

და წაქცეული მათარიდან იცლები. გაწვიმს.



წყალი დავღვარე. თვალწყალი მაქვს. მალე პეპლების მინდვრებზე. გროვა.

სისხლიან ხელებს ეხვევა და - ქალაქიდან ხომ შორსაა ომი.

კადრი: აქ ხმელი ხეებია. წვანან. დრომ ხავსი გაუნადგურა.

კადრი: აქ მწვანე ხეებია. დგანან. ხელოვნურ ტყეს იშენებენ.

ჩვენ არ გვაქვს ფერი ჩვენი სევდის. ასე რომ გვსურდა.

ჩვენ არ გვაქვს სუნი ჩვენი პურის, ვჯერდებით ნარჩენს.

ხელები მაშინ გვიგრძელდება

თვალები მაშინ გვეხილება

მუცელი მაშინ გვებერება

როცა დრო გვაჩენს.



როცა გგონია, ბანალური ჯვარედინ დროში

გაბმული რითმა, ჯვრის გარეშეც ტარება დროის

ისე უშნოა, როგორც შენი მეზობლის ცოლის

ძირს დავარდნილი საყურე და

გარეთ კი დროშებს აფრიალებენ!

გარეთ კი კივის ქარის ესტრადა,

უსაფუაროდ მოზელილ ცომის

სახე აქვს ქალაქს, ჭას რომ ჩავარდა.

შენ კვლავ გგონია: ცალი ფეხი დამალე ქარში.

და ჩანხარ, როგორც ანარეკლი შენივ ეტრატთან.



ცრემლი ამძაღდა. პირწყალი მაქვს. ქვეწარმავალნი გამზირებს ჭამენ.

მზე რა შორია გაზაფხულზე. მით უფრო თუ მშვიდობა მოაქვს.

კადრი: აქ სხვისი ქალაქია. აქ მშვიდობა. აქ ჭიქაზე ნახეთქი. ბზარი.

კადრი:აქ ჩემი ქალაქია. აქ ომია. და უსისხლო სიკვდილის ნდობა.

ჩვენ არ გვაქვს ნდობა ჩვენი მკვდრების, მიწა რომ ვთხარეთ.

ჩვენ არ გვაქვს ლოცვა ცოცხალთათვის, არც დრო გვაქვს ჩვენთვის..

ხელები მაშინ გვიგრძელდება

თვალები მაშინ გვეხილება

მუცელი მაშინ გვებერება

როცა დროს ვაჩენთ.



როცა პეპლები მრავლდებიან, როცა გზა საით-

კენ ქრება, ვეღარ ვიგებთ, ან როცა სათქმელს,

თვალგახელილ სიმართლეს სხვისას,

ვიგუბებთ პირში, თუნდაც ძალა აღარა გვქონდეს აღმართის ავლის,

ვიგუბებთ პირში, რადგან ჩვენი აღმართიდან შორია მიწა,

და საკუთარი მაჯისცემა გვიჭირავს ხელში

და საკუთარი ფანჯრებიდან მშვიდობას ვხედავთ,

მაშინ ომია, ოღონდ ომში არავინ კვდება

და საკუთარი ცხოვრების გზა გვამებზე მიგვაქვს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptySat May 04, 2013 3:44 pm

კატო ჯავახიშვილი

შემთხვევა


აი, ჩემი დაბადება, ღმერთო.

ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ სამშობიაროში

ჩემი ვარდისფერი ფეხისგულებით მოტანილი დაბადება.

პირველი შვილის მოლოდინით თვალებაციმციმებულ დედას

იავნანა რომ ეგონა და მე უკვე ვიცოდი,

იმ ათასობით დაუბადებელი ბავშვიდან

გადარჩენა მხოლოდ იმიტომ მერგო წილად,

რომ ამ ჭრელ ქალაქში

სიტყვები ფეტვის ნამცეცევივით მომეპნია,

არარსებული ცხოვრების პარტერიდან კი,

იმ დაუბადებელი ბავშვების თვალები გამომყოლოდა გზაზე,

სადაც ყველაფერს შემთხვევა დავარქვით,

რომ ერთმანეთი უნებლიედ გაგვმართლებოდა.

აი, ჩემი მარტოობა, ღმერთო.

ჩემი სიტყვების სანაცვლოდ,

ლატარიაში მოგებული მარტოობა,

ბილეთის საფასურის პირდაპირპროპორციული მოგებით

იმ ახდენილი ლექსებისთვის საზღაურს რომ მიხდიდა და

ვერაფრით ვუხსნიდი ჩემს შვილს,

რატომ ვიცოდი ყოველთვის წინასწარ,

როცა სიკვდილი ვინმე ჩემიანს ხელს მოხვევდა და

მეცამ ცარიელ ჭაში ჩაგუბებული,

იქიდან პეშვებით ამოღებული სიცარიელით ვიკვებებოდი.


რომ დგახარ გზაზე. ან არ დგახარ. ან უკვე იყო.

რომ შეგხვდა გზაზე. ან არ შეგხვდა. ან როგორც არის.

რომ დაგხვდა კვერცხი საქათმეში. მძიმე, ან ლაყე.

რომ სახლი ნახე და შედიხარ. ან თუნდაც გარეთ,

რჩები. ან თუნდაც, ჩაუვლი და ვერ ამჩნევ თითქოს.

რომ გარეთ მზეა, ან პირიქით, მსუბუქად ბარდნის.

რომ ქარი, ჭრელი თავსაფრიდან მომავალს გიქნევს,

ან თუნდაც დგახარ და ვერ ზომავ მისასვლელ მანძილს.

რომ სადმე მგელი გადაგაწყდეს - მშიერი ფაშვით.

ან თუნდაც ნადირს სავსე ჰქონდეს კუჭი და წასვლა

შეგეძლოს მშვიდად. ან პირიქით, არაფრით გიშვებს,

რომ გაჭრილ მუხლზე გადაგისვას ხორკლივით ენა.

რომ შეგხვდა კაცი, ან არ შეგხვდა, ან უკვე იყო.

რომ ღამით ებრძვი მარტოობას. ან უკვე - აღარ.

რომ შეგიძლია იმშვიდო და სხვა ბილიკს მიყვე.

ან სულ პირიქით, - მის თითებში ცვილივით გალღვე.

რომ მიხვდე, შენ სხვა არჩევანი აღარ გაქვს თითქოს.

რომ გზაა შენი ასეთი და ვერაფერს შეცვლი.

და არ გჭირდება - ეს ცხოვრება, ზიხარ და ფიქრობ.

და შენ გჭირდება ეს ცხოვრება - აქ ტუჩის საცხი,

გადაისვი და დაელოდე, რომ სადმე იქით,

გელოდებიან, როცა დროა. როცა დრო. იცდი.


აი, ჩემი ქალაქისხელა თვალები, ღმერთო.

უამრავი ქალაქის წრეებად დაზოლილი სიმუქე

ფანჯარაში უნებლიედ გამკრთალი მზეების სანაცვლოდ

რომ გამოვიგონე და თავის ტვინში სხვაგან მოხვედრილ არტერიას

ექიმებმა განვითარების მანკი დაარქვეს,

რომ ჩემი ცხოვრების თანამდევი - თავის ტკივილი,

თავისივე სამედიცინო ცნობაში გამმართლებოდა.

აი, ჩემი ხეიბარი სიყვარული, ღმერთო.

ყამირ მიწაზე შემთხვევით მოხვედრილი

და ჩემი მლაშე სხეულიდან იასამნის ტყედ ამოზრდილი,

ტოტების დამტვერვის სანაცვლოდ,

საბანქვეშ მაისის მზიან ამინდებს რომ მალავდა

და ამინდის პროგნოზში გამოცხადებულ ცვალებად უამინდობას

სარეცხის თოკზე ფერადი სარჭებით ამაგრებდა,

რომ ფესვები ჩვენი სახლის ჟოლოპიდან თქრიალით წამოსული,

გამდინარე წყლით არ ამოვსებოდათ,

და ერთმანეთში გადარჩენილებს,

ვითომ შემთხვევით გვეთქვა:

-წვიმამ გადაიღო.

რომ წვიმას მთელი დედამიწის დატბორვის სანაცვლოდ,

ჩვენს ძარღვებში ეთქრიალა და ერთმანეთით გამართლებულებს

ვითომ შემთხვევით ჩაგვძინებოდა.


აი, ჩემი დაბადება, ღმერთო.

ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ სამშობიაროში

ჩემი ხორკლიანი ფეხისგულებით მოტანილი დაბადება.

აი, წითელი კვერცხი გაგორდა ღმერთო.


პარასკევია.


study


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 3:48 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptySun Jun 09, 2013 10:01 pm

კატო ჯავახიშვილი

ჯვარედინი


გზა ჯვარედინი. ჯვარედინი რითმის მაგიერ. გზა.

ჩემს უკან შენი ზამთარია. გზა დაბრუნდება უკან ისევ. ზეგ.

ზღვარგადასული. ზღვით ავსებული ნაპირები აქვს მას.

ზღვადაკარგული. უცხო ქალაქის მონატრება - მე.

ხელისგულები. ნიჩბებივით უღონოა. დღეს,

ან ხვალ ისევ გათენდება. დღეს თუ არა და ხვალ.

გზა დამალული სათქმელია. წასვლა თუ აღარ ღირს.

გზა - დაწერილი სიტყვებია. თუკი გაგკრავენ მხარს.

მზეა. ჩვენს შორის ახლა მზეა. მზეა. მზის იქით

აქეთ და იქით, სათიბებზე დამწვარან გზები.

მზეა. და ახლა დროულია სიკვდილი, - ფიქრობ,

მზეა და ახლა მზის გადასწვრივ მიწაზე მგზავრობ.

მზეა. და ახლა ისე შორი მზეა. მზეა. მზის აქეთ

ცვილის სახლებში კაცნი ბჭობენ. კაცნი უბნობენ.

მზეა. ვწევართ და ტანზე ზამთრით ნახანძრალს ვიქრობთ

და თვალებს ვხუჭავთ ჩვენს დაკარგულ ფერად საბნებზე.

-გზა ჯვარედინი. ჯვარედინი ნასკვის მაგიერ. შენ.

შენს უკან მთელი სამყაროა. მზე დაღამდება ალბათ. თუ.

ხმას თუ არ იღებს ნასახლარი. ნასახლარზე თუ არწევენ ჩვილს

ხმადაკარგული იავნანით. არ გაიარო. იყუჩე. ჩუ..

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyMon Apr 07, 2014 1:28 pm

კატო ჯავახიშვილი

ზედმეტად პირადული ამბავი


უნდა მოგიყვე,
ხურჯინი უნდა ამოვატრიალო და
იქიდან გადმოყრილი საგნებით:
ბასრებით
ბლაგვებით
მრგვალებით
უწახნაგოებით
ჩემი ცხოვრება უნდა მოგიყვე.
აი, ეს წვერწატეხილი ფერადი ფანქრები ჩემი ბავშვობაა.
90-იანი წლების სიმუქე ჩრდილად რომ დააწვა
და ფანჯრის რაფაზე, მთვარის შუქზე წიგნით ჩამომჯდარი
ვერც კი ვხვდებოდი, რომ
ჩემი მშობლების უსუსური ღიმილი
ჩემს დაცვას კი არა,
ხელოვნურად განაყოფიერებულ ბედნიერებას გულისხმობდა.
დიდ, თუჯის ნაგვის ურნებში იხარშებოდა მოლოდინი.
უკეთესი ცხოვრების მოლოდინი,
სადაც თბილისში ზედიზედ გაყიდული სამი სახლის მფლობელი კი არა,
ბაბუასთან ხელიხელჩაკიდებული ნაწნავიანი გოგო
სადილად მოსკოვში მიიჩქაროდა.
ამ დროს კი,
კერასინკაზე გაფიცხებული პურის სუნი
მთელ ქალაქში ისე იფრქვეოდა,
ხერხემალზე კუჭმიკრული გოგო-ბიჭები
სიმებდაწყვეტილი გიტარების და
სათამაშო ავტომატების თაობა,
სანთლის შუქზე ვიდექით
და ჩვენს ომგადაუხდელი სამშობლოს
ჩვენი დაკარგული ბავშვობით ვუხდიდით სამაგიეროს.
მოდი, მოგიყვე, როგორ მეძინა
პირშილულამიცემულ ავტომატებზე,
და ჩემს ლოგინს დენთის სუნი როგორ ასდიოდა,
მაშინ როცა ჩემი უმცროსი ძმა ჯერ კიდევ ფაფებს ჭამდა
და ჯერ კიდევ ახალგაზრდა დედაჩემი
ყელზე მარგალიტის მძივით,
როიალზე უკრავდა.
სევდიანი სიმღერა იყო.
სიტყვები არ მახსოვს.
როგორ წაიყვანა ნაპირებმორღვეულმა აფხაზეთმა
გმირობამოწყურებული ბიძაჩემი
და ზალა-ოთახში ჩამოკიდებული მისი სურათი
სკოლიდან დაბრუნებულს როგორ მაშინებდა.
როგორ მიმიყვანეს სროლაზე,
და როგორ მეგონა, რომ თითო გასროლილი ტყვია,
რომელსაც „დიანა“-ში ვისროდი
პასუხი იყო იმ განუკითხაობაზე,
რომელიც შეკითხვას სულაც არ სვამდა
და მე სულ, ჯიუტად ვცდილობდი პასუხები მეპოვნა.
როგორ ბნელდებოდა ჩემს ქალაქში ზუსტად ხუთ საათზე
როგორ მომაბჯინა ერთხელ ერთმა ხელებაკანკალებულმა ბიჭმა ყელზე დანა
და როგორ ეშინოდა მას.
და როგორ მეშინოდა მე.
როგორ სწრაფად ამოვიღე ჯიბიდან გაზის ბალონი
და როგორ შევასხი.
როგორ დაეცა და როგორ მეგონა რომ მოვკალი.
მას შემდეგ პოტენციური მკვლელი ვარ.
და ის, გაცილებით ძლიერია
ვიდრე ერთად აღებული დედამიწის ყველა სამშობლო.
ვიდრე ერთად აღებული დედამიწის ყველა უსამშობლობა.
აი, ეს ძველი, პატარა სარკე - ბებიაჩემია.
ერთადერთი, რაც მისგან შემომრჩა.
რადგან ამდენი უმისამართო და წელებგადმოყრილი წლის შემდეგ,
ამდენი უცნაური, რამდენიმე ადამიანისთვის გასავლელი ცხოვრების შემდეგ,
მხოლოდ ეს სარკეა, რაც ბავშვობას მახსენებს.
და მაშინ როცა, ცოტა უფრო მოზრდილი
სახლიდან გაქცეული, ყურსასმენებიანი გოგო,
მოტოციკლეტით გიჟივით დაჰქროდა მოქუფრულ,
უქალაქო ქუჩებში
და ცხოვრება ვითომ ფეხზე ეკიდა,
ბებიაჩემი სარკეში იხედებოდა და საკუთარ თავს მამსგავსებდა,
რომ მოსალოდნელი ხიფათისგან დავეცავი.
დედაჩემი კი უკრავდა როიალზე,
მოგვიანებით მე რომ გავყიდე.
ერთხელ, უწახნაგო მოლოდინი ვიპოვე.
არსად კუთხე არ ჰქონდა.
უცნაური საგნები, ისევე მიყვარდა,
როგორც უცნაური ფორმები მიყვარს ლექსებში,
მაგრამ ახლა ხომ უბრალოდ გიყვები,
ახლა ფორმა რა საჭიროა...
უნდა მოგიყვე,
როგორ მივედი რაღაც ოფიციალურ საახალწლო საღამოზე,
პეპის ფორმით,
როგორ ვიჯექი მთელი დღე სალონში,
როგორ დავიხატე ჭორფლები
რომელიც არასდროს მქონია
და ჩემი ქალაქისხელა თვალები როგორ შევანათე მას,
და როგორ ვერ გაიგო მან
და როგორ შერცხვა
ამდენი საპატიო სტუმრის წინაშე,
პრინცესას რომ არ ვგავდი,
რომ არ მეცვა ზურგამოჭრილი კაბა
და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
რომ დავდიოდი სკეიდბორდით,
რომ ფეხზე მეკიდა ბრილიანტის საყურეები.
და რომ - ბავშვი ვიყავი.
აი, ეს უცნაური თმის სარჭი ჩემი შვილია.
ქორწილში მეკეთა.
როცა ზურგამოჭრილი კაბა და
ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩამაცვეს.
ნახე, როგორი ბასრია.
ისეთი ბასრი, როგორიც შეიძლება შვილი იყოს.
ისეთი ბასრი, როგორიც შეიძლება უკვე წლების შემდეგ,
მშრალ ხიდზე ჩაბარებული ოქროული და მოგროვებული ბოთლები იყოს,
რომლის საფასურადაც,
საკუთარ თავისუფლებას ყიდულობ.
რომლის საფასურადაც შენს ცხოვრებაში
ერთი ნაბიჯით უკან დარჩენილი დრო,
არაფერია იმასთან შედარებით
რაც ჟანგბადივით გჭირდება.
რომლის საფასურადაც, მხოლოდ დედა კი არა,
მეგობარი ხდები.
სიჩქარე!
სიჩქარე!
ყვირი და იმაზე სწრაფი ხარ,
ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყავი.
და რომ იზრდები და ადამიანი აღარ გყოფნის.
უბრალოდ აღარ გყოფნის.
და რომ იქეცი პოტენციურ ნაძირალად
და რომ ეს უფრო მეტია,
ვიდრე ერთად აღებული დედამიწის ყველა ტკივილი.
და რომ ეს უფრო მეტია,
ვიდრე ერთად აღებული დედამიწის ყველა უტკივილობა.
უნდა მოგიყვე, როგორ გამიჭირდა გადარჩენა,
ცის ქვეშ მარტო დარჩენილს,
როგორ მეშინოდა, არ გადაეარათ,
არ გავეთელე,
როგორ მოვიგონე სიძლიერე თავის საპოვნელად,
და როგორი სუსტი ვიყავი ამ სიძლიერეში.
და როგორ მეშინოდა ტკივილის
და როგორ ვატკინე სხვებს.
ეს სულ კვადრატებია.
უკარო, გაუვლელი ოთახები,
მე რომ ავაშენე.
როგორ დავიცავი თავი
და ამ თავდაცვაში, როგორ დავკარგე ადამიანების ნდობა
და როგორ გავუხეშდი.
უნდა მოგიყვე,
როგორ დაიწყო სიკვდილების კასკადი ჩემს ცხოვრებაში,
როგორ ერთმანეთის მიყოლებით დავკარგე ადამიანები,
როგორ გავხდი თვითმკვლელის შვილი,
მკვლელობის თანამონაწილე,
როგორ დავისვარე სხვა ადამიანის სისხლით
და როგორ ვერაფერი ვერ ვუშველე.
როგორ ვერ გადავარჩინე, ჩემი 26 წლის დეიდაშვილი,
როცა ფილტვიდან სიკვდილი გამოებერა,
როგორ ვიჯექი წლების განმავლობაში ქრონიკულ ჭირისუფლად
და როგორ დავიტირე ჩემი თავი
მათთან ერთად.
როგორ ვეძებდი გზებს,
დასავიწყებელ გზებს,
არაფხიზელ გზებს,
თვალებდასახუჭ გზებს,
რომ არ მეფიქრა.
რომ ჩემს ტანში შედედებული სისხლი როგორმე გამომეღო
და მეცოცხლა/
როგორ მეგონა, რომ ჩილიმში ჩაყრილი ბალახი,
ტკივილს დამავიწყებდა.
ეს კუბებია.
დედაჩემი უკრავს როიალზე.
უსმინე.
დედაჩემი, რომელსაც სულ ეშინია,
რადგან იცის, როცა ტელეფონს არ ვიღებ,
რაღაც მიჭირს.
რისი ეშინია დედას?
ვინ იცის...
უნდა მოგიყვე, ამ აუტანელი სიმძიმეების
და გაუნელებელი ცეცხლის შემდეგ,
როგორ გამოჩნდა ადამიანი,
რომელმაც ყოველგვარი თავზეხელისგადასმის მაგიერ მითხრა:
-ადექი!
როგორ ავდექი, უფრო სწორად როგორ ავკრიფე ჩემი ძვლები მიწიდან
და როგორც ერთ-ერთი ჩემი მძიმე ოპერაციის შემდეგ სიარული ვისწავლე,
- ისე გავიღიმე.
როგორც გადარჩენილები იღიმებიან ხოლმე.
დაღლილი, ომგამოვლილიღიმილით.
როგორ ვიდექით ომში,
სადაც გამარჯვებაცა და დამარცხებაც ერთი დიდი სისულელე იყო,
და სადაც ყველაფერი სისულელე იყო,
ყინულზე დანთებული ცეცხლის გარდა,
რომელსაც ვერ მოვუარეთ.
როგორ ვიქეცი პოტენციურ გამყიდველად,
რადგან საკუთარი თავი არაფრით მეყო.
არც ადამიანი.
რადგან კიდევ უფრო გავიზარდე და ჩემს ნახევარსფეროში
შემთხვევით სხვაგან მოხვედრილი არტერია,
განვითარების მანკი,
ღამღამობით აღარ მიფეთქავდა.
ეს წრეებია.
სულ წრეები, რომლებსაც ვაჩენთ.
უნდა მოგიყვე, საშინელ სიცარიელეში,
ჯოჯოხეთური მარტოობის დღესასწაულში,
როგორ ვიპოვე სფერო და როგორ მივხვდი:
რომ როცა დღეები მოკლდებიან
და როცა მლაშე გემო დაჰკრავთ
და როცა ხელები ისე გიგრძელდება,
მანძილებს ფარავ და
როცა ხვდები,
ეს მანძილიც პირობითია,
რადგან პოვნის სიხარული იმხელაა,
სიმლაშეც რომ დაჰკრავდეს, ნაბიჯებს თავისით ამოკლებს
და როცა იცი, რაღაც გარდაუვალია და თითქოს ეს გარდაუვალი უკვე იყო,
და შენ უბრალოდ იმეორებ,
საკუთარ თავს იხსენებ და მაინც რაღაცნაირად გეშინია,
იმის, რაც აუცილებლად იქნება და მაინც მიდიხარ,
მიდიხარ, რადგან ამ გზაზე გავლა უფრო მეტად გიღირს,
ვიდრე დანარჩენი, რაც იყო, არის, ან იქნება
და ზუსტად იცი, ეს არ არის ის გზა,
რომელსაც ისურვებდი,
მაგრამ ეს სწორედ ის გზაა,
რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო
და რომ ადამიანი უნდა იყოს სფერო,
თავისი ნაკლითა და სიძლიერით,
თავისი დარდითა და სიხარულით,
ან ზღვა, რომ ადგე და დაიხრჩო.
რომ მერე საკუთარი გამართლება,
თუნდაც დამარცხებაში აღმოაჩინო.
რომ მერე, სიცარიელეც სხვანაირი მოვიდეს,
აი, სისავსის მერე რომ იცის ხოლმე, ისეთი.

ესეც ხურჯინი..
შეგიძლია, რაც არ მოგწონს - გადაყარო.

დედაჩემი აღარ უკრავს როიალზე.


2013

study


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 3:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptySat Sep 27, 2014 7:27 pm

კატო ჯავახიშვილი


***


წამოდი, შუა ომში დავსხდეთ და ლიმონიანი ჩაი დავლიოთ.
რა მნიშვნელობა აქვს ვინ იბრძვის, რატომ.
რა მნიშვნელობა აქვს ჩვენია ეს ომი, თუ არა.
რა მნიშვნელობა აქვს, ერთმანეთში ვმარცხდებით,
თუ საყოველთაო უძრაობაში გამარჯვებულები
მშვიდობას საკუთარი თავების გასამართლებლად ვიგონებთ.
წამოდი, გაგანია ომში მშვიდობა მოვიგონოთ და ქაფქაფა ჩაი დავხვრიპოთ.
ჩამოიარონ თავზარდაცემულმა ქალებმა და ზიზღით ჩამოგვხედონ.
ჩამოიარონ ანგაჟირებულმა ახალგაზრდებმა და
ავტომატები მოხრილ ზურგებზე გაგვიხახუნონ.
ჩამოიარონ ანაფორიანებმა და ჯვარი არ გადაგვსახონ.
ჩამოიარონ ჰალტუხიანებმა და ხურდა ჩაის ფინჯანში ჩაგვიყარონ.
წამოდი, ტყვიებს მოვუსმინოთ.
მე - ცარიელი მასრებისგან მძივებს გავაკეთებ.
შენ - გვამების ტამტამებს შემოჰკარი და თავი დახარე.
მე - შენს გარშემო ვიცეკვებ და ჩაის ფინჯანში მზეს გავაჩენ.
შენ - თავი მაღლა აწიე და სახიდან
ჩემი დამწვარი კაბის ნაფლეთები კანიანად გაიცალე.
მე - ფეხებს დანაღმულ მიწაში ჩავრგავ.
შენ - ფეხები დამბანე და ნაღმებს სიცოცხლე დაუბრუნე.
მე - საშოდან დაუბადებელ შვილებს გამოვაძვრენ და მაზუთში ამოვავლებ.
შენ - საპოხივით გადამისვი ტანზე შიში და ჩვენი მაზუთიანი შვილები გადაყლაპე.
ჩამოიარონ თავზარდაცემულმა ქალებმა და მოგვაწყევლონ.
ჩამოიარონ ანგაჟირებულმა ახალგაზრდებმა და გვესროლონ.
ჩამოიარონ ჰალტუხიანმა კაცებმა და მიწა გამოგვაცალონ.
ჩამოიარონ ანაფორიანებმა და ზურგი გვაქციონ.
წამოდი, ჩვენს ომში წავიდეთ.
შუაგულ ომში წავიდეთ და ლიმონიანი ჩაი დავხვრიპოთ.
რადგან ომში სხვანაირი სიყვარულია
და სიყვარული უფრო დანებებაა, ვიდრე გამარჯვება.
რადგან სიკეთე ხშირად ორგულია
და ორი გული მეტობას კი არა, ნაკლებობას ნიშნავს.
რადგან მრევლი ხშირად ტყუის,
და საკუთარი სიმართლე მხრებზე შემოდგმული კუბოსავით მოაქვს.
რადგან პროცესია აბსურდია
და ყველა აბსურდი ერთხელაც ყველაზე დიდი სიმართლე გახდება.
რადგან ყველა ომი ტყუილია
და ადამიანებს საკუთარი არსებობის დამტკიცება
არსებულის უარყოფით სჭირდებათ.
რადგან ძალადობა სისუსტეა
და ნებისმიერი სისუსტე უკვე სიძლიერის დამტკიცების პირობაა.
რადგან ძალიან იოლია,
ადამიანები არ მიიღო ისეთები, როგორებიც არიან
და ძალიან ძნელი
საკუთარი თავი მათ სისუსტეში აღმოაჩინო.
წამოდი შუა ომში ჩამოვსხდეთ.
ფეხმორთხმულები დავსხდეთ და ლიმონიანი ჩაი დავლიოთ.
სადაც სიმართლე მხოლოდ ისაა,
რომ კაცობრიობას ნებისმიერი ომი
შიშის დასაძლევად და გმირების მოსაგონებლად სჭირდება,
სადაც მე და შენ,
ასე მშვიდად შეგვიძლია ცხოვრებას დავცინოთ.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyMon Oct 06, 2014 11:25 am

კატო ჯავახიშვილი - Page 2 20181010
კატო ჯავახიშვილი ფრანკფურტში, 12 ოქტომბერი, 2018


კატო ჯავახიშვილი

***
ჩემი პერანგი გაფინა კაცმა მზეზე და პერანგი მაღლა ავიდა.
ქარი იყო უთუოდ, გარეთ.
ჩემი პერანგი გაფინა კაცმა მზეზე და ქარმა იგივე პერანგი ჩაიცვა,-
სახელად შავი.
ფრთებიდან ქატოს ვიფერთხავ გზაზე და ვტკეპნი შენი ყვირილის ნაპირს.
რომ დავიბადო შენი და ჩემი სიფხიზლისათვის,
დახაროს თავი ყველა ყვავილმა.

რომელ ღეროში ვიპოვო ღმერთი?
რომელ კალაპოტს ჩავასწრო ქვევით, რომ ვერ დავბრუნდე?

ჩემი პერანგი გაფინა კაცმა მზეზე და ზურგზე ფრთები შეიწყო,
ფრთები იყო უთუოდ ჩემი.
ჩემი პერანგი გაფინა კაცმა მზეზე და გზაზე მღვრიე წყალმა მიუსწრო
წყალი იყო რატომღაც ბევრი.
იქნება წყალმა სადმე წაიღოს და ლიანდაგებს გამოარიდოს
უდროობიდან შემთხვევით ამოზრდილი
ყვავილების ღეროების ღმერთი.

სად მიდის ღმერთი, როცა საკუთარ თავს ვუბრუნდებით?..
რომელ ყვავილში კვდება ასე დაუნანებლად?

ჩემი პერანგი მიაქვს გზას და გზისგარეთ ვხედავ საკუთარ თავს და პერანგს და გზას უპერანგოდ და გზას პერანგით და პერანგიან გზას და საკუთარ პერანგს, ჩემს გარეშე და მასთან ერთად და წყალს, რომელსაც ვერაფრით ავცდით, ვერც პერანგით და ვერც უპერანგოდ, და მიწას, სადაც ვჩანვართ და გვძინავს, როცა ცოცხლებს და მკვდრებსაც არ ვგავართ, და ღმერთს, რომელიც პერანგში გვხედავს, და ღმერთს, რომელიც პერანგებს გვხდიდა, და ღმერთს, რომელსაც უღმერთოდ შავი და ღმერთივით ჩია შაშვი ჩიოდა.

რის გარეთ ვდგავართ, როცა გვცივა, როცა ვმცირდებით?
ვისას ჩიოდა შავი შაშვი გათენებისას?

ჩემი პერანგი გაფინა გზამ და გზაზე მგზავრი არ იყო.
დრო არ ჩანდა საჩემოდ გრძელი.
ჩემი პერანგი გაფინა დრომ და ქარმა ბუმბულს დევნა დაუწყო
თითქოსდა მღერის.
მე ხელებს შენი ყვირილისაკენ
ვიშვერ და თვალში ბზინავს სიმართლე
მე ხელებს შენი დუმილისაკენ, -
ვიშვერ და თვალში ბზინავს სიცრუე
როცა მხრებიდან ვიწევი ზევით.

რის გამო მახსოვს მომავალი, როცა ვბრუნდები?
როცა ხანმოკლე განშორებებს ვემშვიდობები?

შენი ღმერთები ყვირიან ღამით და ღამე თითქოს სულაც არ იყოს
ისეთი შავი.
შენი ღმერთები მღერიან ღამით და თითქოს ჩემი მყიფე მხრებიდან
ზუზუნებს ქარი.
იქნება მხრები უნდა მოვხარო
იქნება მხრები უნდა გავშალო
რომ შენ უვნებლად ამოიყვანო
ბუსუსებიდან ამოზრდილი
ყვავილების ღეროების ღმერთი.

ვისას ჩიოდა შავი შაშვი გათენებისას?
ვისას ვცხოვრობთ და რომ გავდივართ, რად ვერ ვბრუნდებით?...

ჩემი ცხოვრება მიაქვს გზას და გზისგარეთ ვხედავ საკუთარ თავს და გზას გაუვლელს და გზას განვლილს და გზას გასავლელს და დუმილს, რომელიც ცხოვრებას ავსებს და დუმილს, რომელიც ცხოვრებას ღლიდა, და მხრებზე ქატოს, რომელიც ზღაპარს აფრთხობდა, მერე კი ცხადში თლიდა, კომბლებს, რომლებსაც ელოდა ცხვარი, კომბლებს, რომლებსაც ვაწყობდით ჭერში, კომბლებს, რომლებსაც ზღაპარი არა, ცხოვრება ჩემი მხრებივით თლიდა.

მოვკალი შენი ყვირილის ღმერთი და ხელებს უკვე ვეღარ მივაწვდენ
მაგ მლაშე ნაპირს.
შევკარი შენი წილი სიმართლე და გისმენ, როგორ დგახარ და
გულზე ქინძისთავს მაბნევ.

და ხედავ ჩემი კანის სირბილეს
და გრძნობ, რომ ამ ტანს წვიმა მირბილებს
და შენ ღმერთივით დგახარ ჩვენს შორის
იქ, სადაც ღმერთი არის სიშორე
და ხელებს ჩემი სიფხიზლისაკენ
იშვერ და გულში ბზინავს სიმართლე
და ხელებს ჩემი ღალატისაკენ
იშვერ და თვალში ბზინავს სიცრუე
და ხელებს უცხო მხარეებისკენ
იშვერ და გალობს ჩემი მხრებიდან
ის ჩია შაშვი.

სად არის ჩემი წყვეტილი ღამე?
ვის ბალიშზე წევს, დახუჭული როცა ვიღლები?

2019

study


Last edited by Admin on Sun Apr 21, 2019 11:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyMon Apr 27, 2015 1:59 pm

კატო ჯავახიშვილი

***

ამანა თქვა: მცივაო.
ავდექი და საწვიმარი გავიხადე.
იმან: - მეც რომ არ მაქვსო?
ავდექი და კაბა გავიხადე.
მესამემ: - ღმერთი მოგვცემსო.
გასახდელი არაფერი მქონდა და ღმერთი გავიხადე.
-რომ არ მოგვცესო?
მუცელში წვიმა ჩავიგუბე და შვილი გავიხადე.
პატარამ: - მოვიპაროთო.
ყურძენი დავსრისე და გული გავიხადე.
ჩემი თვალებით უნდა შეხედო:
ღამღამობით, როცა სახმელეთო ამბები სრულდება
და საკუთარი სიზმრის ნაოსნობაში წასულები სხვის სიზმრებში იღვიძებენ,
ღამღამობით, როცა საკუთარცხოვრებამიტოვებულები
სხვის ცხოვრებაში იძებნებიან,
ღამღამობით, როცა ენაგადმოტრიალებულები
სხვის სიტყვებში ძვალდებიან და
მომავალგადარბენილები წარსულში ერთი ნაჭერი ბედნიერებისთვის იქექებიან,
რომ ნამცეცებით ამოვსებული სტომაქებიდან
დრომ მათი წილი შიმშილი მოშიებული ჩიტივით არ ამოკენკოს
და პირში ჭიაყელასავით არ დაეკლაკნოთ ის,
რაც ხელისგულზე უხსოვარი დროიდან წაიწერეს
და ცხოვრება დაარქვეს,
რომ მერე, სიზმრის ტბაში ჩაგუბებულებმა
და თევზივით ასხმარტალებულებმა
საკუთარი ცხოვრება არ გადაყლაპონ და წარსულდაბრუნებულებს
საკუთარი თავის არ შეეშინდეთ,
ჰო, ღამღამობით, როცა ცხადში ჩაღეჭილი იასამნის ხუთფურცელა ფოთოლი
მწკლარტე გემოს მიტოვებს პირში
და წყლის დასალევად ფეხშიშველი გამოვდივარ სამზარეულოში,
რომ მუნჯი სურვილები წყალს სიზმრებით გავაყოლო,
მე ვხედავ, ხბორივით როგორ მივყვები საკუთარ ჩრდილს
ჩემი მომავლის გამოქვაბულში
და უკან დაბრუნებულს, საკუთარი თავი მშია.
ამანა თქვა - მშიაო.
მშია-მეთქი ვთქვი მეც და წყალი დავლიე.
- რომ არ გვაქვსო?
თევზები ენის კაუჭზე წამოვიცვი.
მესამემ: - ღმერთი მოგვცემსო.
ღმერთი სადღაა-მეთქი და ფარფლები ენიდან დავიფხიკე.
იმან: - რომ არ მოგვცესო?
ყელიდან ფხა გამოვიძვრინე.
პატარამ: - მოვიპაროთო.
მოვიპაროთ-მეთქი... და საკუთარი თავი ვიქურდე.
„ბოლია, ბოლია,
ხბო წითელია, ძროხა ჭრელია.“

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyThu May 14, 2015 7:03 pm

კატო ჯავახიშვილი

კაცი

ვიწრო არ იყოს და გაწყდეს.
არ იყოს ვიწრო და გაწყდეს.
თოკი კი არა და
გზა კი არა და
ღამე კი არა და
კაცი.
წელი არ ჰქონდეს და მოსწყდეს.
არ ჰქონდეს წელი და მოსწყდეს.
დროს კი არა და
ხმას კი არა და
კაცს კი არა და
– მანძილს
და ოდეს გზები დაიღალონ, დაიღალონ გზები ოდეს-
მე ზურგი ჩამოვიხსნა. კენჭებივით დავყარო ძვლები-
დან კირი ჩამოვფხიკო – უბათქაშო სურვილები. მანდე
კედლებად დავიწყება. მორყეული რიკულები. მქონდეს
თევზების მონატრება – უხერხემლო მოლოდინი. ძებნის-
გან წყალი დაგელიოს. შავთვალწყალში ჩააგდო ბადე –
ქარი არ იყოს და ჩადგეს.
არ იყოს ქარი და ჩადგეს.
ქალში კი არა და
კაცში კი არა და
ბავშვში კი არა და
– ხეში.
არ მაჩენდე და გავჩნდე.
არ მაჩენდე და ჩავრჩე.
დროში არა და
გზაში არა და
ქარში არა და
შენში
რომ ოდეს გზები დაიღალონ, დაიღალონ გზები, ოდეს –
თუ თევზი არ ამოჰყვეს გზაწვრილისკენ მოქნეულ ბადეს
თუ გზაზე ვიწრო იყოს, ვიწრო იყოს და გაწყდეს,
რომ დაიძინო ცოცხალივით, დაუფქვავი ხორბლის გზებზე. გქონდეს
თვალი და ვერ ხედავდე. გქონდეს ტანი და ვერაფრით ვერ ძრავდე.
ოდეს თუ ტვირთიც კი არ იყოს,
კაციც კი არ იყოს,
თავიც კი არ იყოს,
რომ გწამდეს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyTue Nov 03, 2015 12:29 pm

კატო ჯავახიშვილი - Page 2 2_finj10

წიგნის დასახელება - 2 ფინჯანი
ავტორი - კატო ჯავახიშვილი
ISBN 978-9941-458-68-2
კატეგორია -კრიტიკა-ესეისტიკა
გვერდები - 292
ფორმატი - 14.8x21
ყდა - მაგარი
ფასი - 8.15

ორი ფინჯანი იმ ინტერვიუების სრული კრებულია, რომლებიც წლების მანძილზე, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში ქვეყნდებოდა. ესაა პოეტის, კატო ჯავახიშვილის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე მწერალთა პიროვნების უკეთ გაცნობას საზოგადოებისთვის.
პოეტები, პროზაიკოსები, მთარგმნელები და პუბლიცისტები – კრებულში მრავალფეროვანი სპექტრია თავმოყრილი და თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესებზე ამ წიგნითაც შეიძლება მკაფიო წარმოდგენის შექმნა.
პოეტის მიერ მომზადებული ინტერვიუ დამატებით ხიბლს სძენს რესპოდენტის შინაგანი სამყაროს წარმოჩენას – თვალსაჩინოვდება ის სიღრმეები, ხშირად მკითხველისგან უხილავი პლასტები, რაც მწერლის შემოქმედებით ბიოგრაფიას განაპირობებს. ამ მხრივ კრებული ძალიან საინტერესოა.

ბმული - http://www.intelekti.ge/book_ge.php?id=447


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyWed Nov 15, 2017 2:22 pm

კატო ჯავახიშვილი - Page 2 20181012
კატო ჯავახიშვილი ფრანკფურტში, 12 ოქტომბერი, 2018

კატო ჯავახიშვილი

***
აი, მომიტანე ზედსართავი მოსართავად
ფარჩის კაბებად და აბრეშუმის მანჟეტებად
მხრებზე შორისდებულს ისე ვიახლოვებ
ცვივა ძველებური ღილი-მონეტები
ჩვენი უმომავლო პატარა სახლიდან
ვდგავარ ზურგშექცევით, მიწისკენ, ვირთვები.

აი, მომიტანე სიტყვა გასათვლელად
პირის ნაცვალი და დროში გასაცრელი
ვერცხლის ქინძისთავით ვძენძავ საღამოებს
თოკზე გაფენილი ქათქათა საცვლები
მიაქვთ ძილისპირულ ამბავში ღამურებს
მე კი მხოლობითში ვდგავარ და ვირთვები.

აი, მომიტანე ცხრა ძაფი და ცხრა სართავი
თვალის წინ და უკან მონაცვლებით დაბრუნება
ჩვენ წინ ბორბალი და კოჭი და ტრიალი
უკან მორევი და ძაფი და დინებას
ვიწრო გასასვლელში, უკუღმა სიარულით
მიაქვს ძველებური ღილი-მონეტები
ფარჩის კაბები და ჩემი მანჟეტები
ფარჩის კაბები და ჩემი მანჟეტები
მიაქვს დინებას და მე შენთვის ვირთვები.

აი, მომიტანე ზედსართავი მოსართავად.
აი, მომიტანე ზედსართავი მოსართავად.


study


Last edited by Admin on Sun Jan 13, 2019 10:35 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptySun Jan 13, 2019 9:47 am

კატო ჯავახიშვილი

თვითმკვლელთა შვილებს

ამ ჭიაღუებს დაბადება დაუგვიანდათ.
პეპლის ჭუპრიდან გამოჩეკილ ადამიანებს,
ფრთამოგლეჯილი ოცნებები ერგოთ საგზლად და
გათენებულზე - საკუთარ ხორცს ხარბად იჭამენ.
გადამწიფებულ დედამიწას სხვა რა შემორჩა,
თუ არა ომებს დააბრალოს კუზის ამოზრდა,
ხმელეთის გასწვრივ ამოსული არქიპელაგი.
ეს ნაწილ-ნაწილ მორღვეული კიდურები კი
ყრია, გგონია რომ ბავშვობის სათამაშოებს
ვიღაცამ მჭრელი, ბასრი დანა სიგრძივ დაუსვა
და დედამიწა დაიმტვერა მათი ნახერხით.
აქ სიკვდილია.
საფეთქელს და საფეთქელს შორის,
მიედინება წყალი მდორედ - გრძელ დერეფანში.
თვითმკვლელთა შვილებს - გადარჩენა გვიგვიანდება,
თვითმკვლელთა შვილებს - სიყვარულსაც არ გვპატიობენ
გრძელ სიცოცხლეში
და...
მე, ვისაც სამყარო ამ ერთი უძილო ღამისთვის მებევრა,
ლოცვისთვის განკუთვნილ სეფისკვერს - გაყინულ თითებში ვმალავდი.
მე - ვინც გაციებულ კოცონს ვასუნთქებდი სიცოცხლის საბერველს
და ღამეს ვუყოფდი, შემზარავ, სისხლიან, უძილო მოლოდინს.
მე - ვისაც არასდროს, არცერთი წუთით და წამით და საათით,
ცხოვრება _ ბორბლებზე შემდგარი ურჩხული, მარტოს არ მტოვებდა.
მე - ვინც ეს დუმილი, უსისხლო, უსახლო, ვერაფრით გავათბე
და წლობით ვატარე, სულები, ჩრდილები, თვალებში მსტოვრებად.
შვიდი თაობის საზიდ ხურჯინს მოვათრევ ზურგით,
ჭუპრებით სავსეს, და ხელები მევსება მიწით.
და როცა პეპლებს მოლოდინი ააფრთხიალებთ,
ან როცა ფრთებით საიდუმლოს დაიფერთხავენ,
ყველა ჭუპრიდან გადარჩენა, როგორც სათუო
გზა ისე ჩნდება, როგორც ექოს ჩავარდნა ჭაში.
აქ სიკვდილია.
საფეთქელს და საფეთქელს შორის,
მიედინება წყალი მდორედ გრძელ დერეფანში
თვითმკვლელთა შვილებს თვითმკვლელობაც გვეპატიება,
თვითმკვლელთა შვილებს სიყვარულიც გვეპატიება,
თვითმკვლელთა შვილებს დავიწყება გვეპატიება
იმ სიცოცხლეში...
შენ - ვისაც ამ ერთი უძილო ღამისთვის, არ შეგრჩა ძალები,
სხეულზე ჯვარსა და სულში კი ლოცვების მაჩვევდი ტარებას.
შენ, ვისაც გიცილებ და მაინც ამ გულში ტკივილად ძვალდები
და მაინც ახლოს ხარ, ყოველთვის მარცხნივ და საგულე კარებთან.
შენ - ვისაც ვერასდროს, ჩემი სიძულვილი ვერაფრით მოგწვდება,
და ჯვარი დამასვი ასეთი მძიმე და სასტიკი. ასეთი,
შენ მაინც ჩემში ხარ, ტუჩებთან, ხელებთან, თვალებთან, ღაწვებთან,
მოკვეთილ საფლავთან ტუჩებით, ხელებით, ცრემლებით მაერთებ.
ამ ჭიაღუებს დაბადება დაუგვიანდათ.
აქ სიკვდილია.
თვითმკვლელთა შვილებს
შეგვინდე, ღმერთო.


study


Last edited by Admin on Sun Apr 21, 2019 11:55 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptySun Jan 13, 2019 9:48 am

კატო ჯავახიშვილი - Page 2 20181011
კატო ჯავახიშვილი ფრანკფურტში, 12 ოქტომბერი, 2018

კატო ჯავახიშვილი

***
ვერავინ ნახოს, როგორ გაგცდი გასულ წელს, დილით.
ისე სცხელოდათ ამ ყვავილებს შუა ზამთარში.
ვერავინ ნახოს, როგორ გაგცდი გასულ წელს, დილით.
ვერავინ ნახოს, - ვერც დილამ და ვერც იმ ზამთარმა.
როცა სცხელოდათ ყვავილებს და მე გაგცდე დილით.
არც ისე დილით, და არც ისე შუა ზამთარში.
ახლა კი ჩემი ზამთრიანად მოგყვები უკან,
ძალიან დილით და ძალიან შუა ზამთარში.

2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyFri Feb 08, 2019 8:47 pm


კატო ჯავახიშვილი - ნირვანაში დაკარგულები

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია

მონაწილეობენ: ნიკა წერედიანი, ლილი ხურითი, გივი ჩუგუაშვილი, დათო ბერაძე, ქეთი ჩაჩუა, ზურაბ ცინცქილაძე, პაატა კიკვაძე, ვახტანგ ნოზაძე, გოგა ბერაძე, მათე კილასონია.

ჩაწერილია 2015 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/jf25hFXnLfM

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyFri Feb 08, 2019 9:01 pm


პოეტ კატო ჯავახიშვილის საღამო

Georgian Broadcaster
Published on Apr 25, 2014

პოეზიის საღამო სახელწოდებით "შეხვედრები არაფერზე" პოეტებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად, იდეა კატო ჯავახიშვილს ეკუთვნის და პოეტის მიზანია ამ საღამოებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს.

ავტორები: კოტე გრიგალაშვილი ლევან ჯობავა

study


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 3:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyTue Mar 12, 2019 9:42 am

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Kato_j12

კატო ჯავახიშვილი

***
გამცნობ: მე შენ და კიდევ ათასს, ათიათასს და ყველას ვინც გგავს, ვამცნობ:
ვინც შენ არ გგავს და უნდა გგავდეს, და თვალებს მალავს, როცა მზეა, მათთვის:
გუშინ იმ ქალმა შეიკერა ნაავდრალი ღრუბლისგან კაბა, და ვამცნე:
რომ ღრუბლებს აღარ ვრეცხავ, მხოლოდ ვავლებ, მხოლოდ ვდუმვარ და დუმილს ძაფივით ვართავ.

გამცნობ, რომ უნდა დაიღალო სიფხიზლისგან და სიხარულსაც გაექცე. გამცნე, -
რომ ერთხელ უნდა ამოივსო თვალები და საკუთარი ჩრდილიდან ადგე
იქ, სადაც სრული სიჩუმეა, - იქ დამუნჯდე. სადაც ძილიც და ღვიძილიც, ნაცნობ
ჰორიზონტს ვეღარ სწვდება, ვერ ეწევი ქარის ზეწარს, საშენო ადგილს

სადმე თუ მაინც გადააწყდი, სადმე თუ მაინც შეამჩნიე ჩიტების ბუდე
მამცნე, რომ თბილა, რომ თივაა. რომ ლოგინი - სუფთაა და მძიმე.
რომ ოთხად ისე მოვიკეცო, ხელისგულში ჩავტიო ტანი, და ვბედავ,
ვიდრე ეს სიცივე გაცხადდება, ვიდრე ეს ცხოვრება თეთრ სიზმარში მძირავს, -

გამცნო, რომ მიწა აღარ დარჩა, არცერთ ხეში და არცერთ გზაში. არცერთ
სიყვარულს არ გაუცვდა, არ გაუცვდა არც სიკვდილს, და მე მაინც გამცნობ
რომ მიწა უნდა იყოს ყამირი და სახლი კი სულ ნედლი ფიცრის
და ტბასთან კაცი დადიოდეს და სციოდეს და გულში იგროვებდეს ნაცარს.

გითხრა, რომ ვერსად შეგიყვარე, რადგან ვერსად დავსახლდი და ძილში
ჭერი გამეპარა ოთახიდან, რომელშიც მთელი წელი განუწყვეტლივ თოვდა.
დაგთმე, და ისე უხერხულად და ისე მოზომილად გიკემსავ მანძილს
თითქოს გაჩერებულ საათებში შემოპარულ შეხვედრებს ვართობ.

ვითმენ, რომ თოვლი აღარ მოდის, და თეთრი აღარ ვხდები, და მაინც ვითმენ
იმას, რომ უკვე დავლაქავდი, და წურბელებს გადაღლილ მუხლებში ვმალავ
იმას, რომ წყალზე მივდიოდი, ცეცხლი შემომხვდა და სქელ კედლებს მითბობს
იმას, რომ ცეცხლი შემომხვდა და წყალი ვერ დავაშრე, იმას რომ მალე, -

გამცნობ, მე შენ და კიდევ ათასს, ათიათასს და ყველას ვინც გგავს, ვამბობ:
რომ ყველა მლაშე მდინარე და ყველა შესართავი დაშრება ერთხელ
მერე გაიხსნება ყველა კარი და ფანჯარა და შენს ტანს, - დამბალს
ყანის განაპირად დაუყრიან შესეულ გულთეთრა მერცხლებს.

2019

flower

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptySun Apr 21, 2019 11:53 pm

კატო ჯავახიშვილი

ფარდულის ანგელოზები

დიდება ქვეყანასა ამას,
მუცელგაფატრული ბაღების ღმერთებისგან მკვდრადშობილს
დამარხულს ენით, მიწისძვრით და წყალდიდობებით.
ჭრელხალიჩაგადაფარებულს.
დიდება კოკობსა ვარდსა და ზურგიდან გამცვდარ დარდიან ხმასა
იავ-ნა-ნოს და ვარდო-ნა-ნოს, ნაწყალობევს და არც ისე თამამს,
თვალ-წამწამ-წასულ მინდვრების ალაგს
ტიკჭორით ჭას და მის ფსკერზე ფარას.
ცხვრისას.

დიდება ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეებს!

დიდება მგზავრს და მორჩენილ საგზალს
ზურგიდან ტყეს და წინიდან ხანძარს,
ფარდულში ფეხის შესწრებას და გზას,
რომელიც არ სჩანს.
დიდება ძარღვებამომჯდარ ხელებს
ქვიტკირის ფაფას სიზმრით რომ ზელენ
შარაზე სოფლის მაყვალს და ასკილს
ხარაჩოების შეწვდენას ცაში.

წყალმცენარეთა ხეივნების ყვავილობით სახედაკენკილ გმირებს დიდება!

დიდება შიმშილს და ხანგრძლივ ზამთარს
თხელ ფიცრულებში მონარჩენი ზღაპრებით მაძღართ
ფუნთუშებიდან ქიშმიშებივით ამომძვრალ ბავშვებს, -
გზის ყაყაჩოებს.
დიდება ხატს და დედასავით საფიცარს სამშობლოს ჩვენსას
მიწას და ყანას, კოლექტიურ მკასა და თესვას
მალებგამცვდარი ხერხემლიდან ასიდან ათი
წამოდგება და სახატეში კელაპტარს ანთებს, -
სად არის ახლა „ჩემი ხატია?“

დიდება გმირებს, მეჯართეებს, მაღაროელებს!

დიდება ომს და დიდება ფოლადს
ტყვიების წვიმას და მზეებს ფონად
და მდინარეებს, რომლებსაც მოაქვს
ზარბაზნის სიმფონია.
დიდება სიკვდილს და ყველა მკვდარსაც
დამარხულს, ანდა დაკარგულს გზაში
და ყველას, ვისაც სჯერა, რომ მოვლენ
ფარდულის ანგელოზები.

2019

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyFri May 03, 2019 3:24 pm

კატო ჯავახიშვილი

ფლეიტა

აქ ჩემზე დაწერენ.
იტყვიან _ საცერში ფქვილივით არჩევდა
ქატოსგან სტრიქონებს.
ბაბუაწვერები ჰაერში უშვებდნენ
უდროო განედებს,
სისხლიან ლიქიორს კი
ერქვა მდინარეთი ჩემი და სისხამზე
მკლავებჩამოყრილი ტიროდა ფლეიტა _
ვიდექი ამაყიც,
ვიდექი მორჩილიც,
სფინქსივით აღმდგარიც,
ხანდახან ფრენითაც
საშინლად დაღლილი
ბუდეებს ვეძებდი,
ნიადაგს ვსინჯავდი, თუმცა კი ლიანდაგს
ჩემი ლექსებივით ვერ ავცდი ვერც ერთი
წუთით და ეს კაბაც სხეულს რომ მილანდავს _
ისევ შევისწორე,
მუხლისთავს ჭრილობა,
რომ არ შეგემჩნიათ ცისფერი ხაზებით.
ვარღვევდი ყოველდღე ობიან ჭილოფს და
ჭინჭებში გამოკრულ დღეს ვანაფაზებდი,
რომ ისევ ნგრევაში შემშლოდა ბილიკი.
რომ ისევ კარავი დამეცა გზისპირას.
რომ მეთქვა: გაავდრდა, მანამ მოვიდოდი
ათჯერ გადაიღო და ათჯერ იწვიმა.
აქ ჩემზე დაწერენ,
რომ სიტყვის საცერში ხელებით არჩევდა
ქატოსგან სტრიქონებს,
რომ იყო ცეცხლიც და
რომ იყო ნაცარიც _
ბაბუაწვერების სიკვდილი _
სიშორე...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyFri May 03, 2019 3:31 pm


MSA 2017 – Kato Javakhishvili (GEO)

MBPWroclaw
Streamed live on Jul 25, 2017
25.07.2017, Mediateka, Wrocław, moderator: Konstantine Grdzelishvili

flower
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyFri May 03, 2019 3:34 pm

A left hand made verse 7

Now already we can boldly vomit out:
Nights spent at the bedside;
Late comings to the office;
Birthday present money collected with a trembling hand;
Cards stuck in cash machines;
Cinema tickets;
Rubbish bins attached to electricity;
Contraceptives;
Invented love
History oriented on politics;
Amicable trip ups;
Story of two seas and a little girl,-
As if a chewing gum is our homeland.
Stuck to stomach.

“Pedro, Donaldo,
Donaldo, Pedro, Pedro”…


Let’s everybody massacre our full up children.
With cookies
With chips
With emulsifiers
Overfill stomach and then massacre.
At least they won’t die of hunger.

Copyright © Kato Javakhishvili | Year Posted 2014

* https://www.poetrysoup.com/poem/a_left_hand_made_verse_7_568195

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 EmptyFri May 03, 2019 3:49 pm

კატო ჯავახიშვილი

ჯვარედინი

გზა ჯვარედინი. ჯვარედინი რითმის მაგიერ. გზა.
ჩემს უკან შენი ზამთარია. გზა დაბრუნდება უკან ისევ. ზეგ.
ზღვარგადასული. ზღვით ავსებული ნაპირები აქვს მას.
ზღვადაკარგული. უცხო ქალაქის მონატრება - მე.
ხელისგულები. ნიჩბებივით უღონოა. დღეს,
ან ხვალ ისევ გათენდება. დღეს თუ არა და ხვალ.
გზა დამალული სათქმელია. წასვლა თუ აღარ ღირს.
გზა - დაწერილი სიტყვებია. თუკი გაგკრავენ მხარს.
მზეა. ჩვენს შორის ახლა მზეა. მზეა. მზის იქით
აქეთ და იქით, სათიბებზე დამწვარან გზები.
მზეა. და ახლა დროულია სიკვდილი, - ფიქრობ,
მზეა და ახლა მზის გადასწვრივ მიწაზე მგზავრობ.
მზეა. და ახლა ისე შორი მზეა. მზეა. მზის აქეთ
ცვილის სახლებში კაცნი ბჭობენ. კაცნი უბნობენ.
მზეა. ვწევართ და ტანზე ზამთრით ნახანძრალს ვიქრობთ
და თვალებს ვხუჭავთ ჩვენს დაკარგულ ფერად საბნებზე.
-გზა ჯვარედინი. ჯვარედინი ნასკვის მაგიერ. შენ.
შენს უკან მთელი სამყაროა. მზე დაღამდება ალბათ. თუ.
ხმას თუ არ იღებს ნასახლარი. ნასახლარზე თუ არწევენ ჩვილს
ხმადაკარგული იავნანით. არ გაიარო. იყუჩე. ჩუ...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
კატო ჯავახიშვილი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: