არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 კატო ჯავახიშვილი

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyTue Nov 18, 2008 6:19 pm

კატო ჯავახიშვილი Kato_j11
Kato Javakhishvili

Kato Dschawachischwili

შენიდან ჩემამდე

"ვაი, წახდომილს, დიდებულს პალატს, მსწრაფლად დამხობილს, შვების სიხარულს, ტრფობით შეტკბობილს, ეტლს დაბრუნებულს" - თეკლე ბატონიშვილი.

შენიდან ჩემამდე
მთელი საუკუნე უხმოდ მიიწურა მოკლე ნაბიჯებით.
უბრალო ჩვევამდე დავიდა ამბოხი.
სისხლი მიყივის და შენს ბილიკს მთავაზობს
გზა,
სადაც არასდროს ვაკეთებ დანაზოგს.
გზა,
სადაც საზღაურს არ ვითხოვ არასდროს.
გზა,
სადაც ვიცი, რომ ბოლოს დავისჯები.
და როგორც ყოველთვის შეთქმული ვჩერდები
შენიდან ჩემამდე...
დაგმანულ დარაბებს
კვლავაც დაძარღვული სიტყვებით გავარღვევ
იმ ზეცის ფერამდე.
მთელი იმპერია აღსდგა და დაეცა
შენსავით ვიგრძენი:
სისხლი,
ჩამეკირა მე შენი სიძველით.
სისხლი,
ჩვენ ორს შორის წარსულის მეარღნე.
სისხლი,
გამხდომია შენსავით ცისფერი
და მანამ პატიმარს ამ ხელებს შემახებს
შენიდან ჩემამდე დაჭრილი მანძილი,
უბრალოდ, მომენდე-
ჩვენ ვგავართ ერთმანეთს!
და ვიტყვი ხმამაღლა:
რომ არ მაქვს ზოდებით ნაშენი სასახლე,
რომ არ მაქვს ტკივილი არავის სამადლო,
რომ არ მაქვს სამკვიდრო,
უბრალოდ გპირდები,
რომ ამ იმპერიას ჩვენ ერთად დავამხობთ..



კატო ჯავახიშვილი
პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი

კატო (ეკატერინე ჯავახიშვილი) დაიბადა 1979 წლის 3 მაისს თბილისში. დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტები.
თავად კატო ამბობს: ”ოჰ, როგორ არ მიყვარს ეს მშრალი, ბიოგრაფიული ცნობები, თავის თავში ცხოვრებას რომ ვერაფრით იტევს…”

წიგნები:
* „შენიდან ჩემამდე“, საარი 2008
* „მარცხნივ“, საუნჯე 2010
* „პუპა“, საუნჯე 2011
* „ნაცვალი სახელი“, საუნჯე 2012
* „იავნანა კაცებისთვის“, ინტელექტი 2015)
* „ორი ფინჯანი“ (ინტერვიუები), ინტელექტი 2015

ბმულები:
* https://poetry.ge/poets/kato-javakhishvili
* https://www.facebook.com/kato.javakhishvili
* https://www.intelekti.ge/author_ge.php?id=313
* https://www.facebook.com/კატო-ჯავახიშვილიKato-Javakhishvili-189024271152076/
* http://book.gov.ge/en/author/javakhishvili-kato/127/
* https://www.poetrysoup.com/poems_poets/poems_by_poet.aspx?ID=51597



Měsíc autorského čtení/ Authors´Reading Month 2017: Kato Dzavachisvili / კატო ჯავახიშვილი (Ostrava)
VĚTRNÉ MLÝNY
Published on Dec 8, 2017
(c) AVT Opava (30. 7. 2017)
(c) Authors’ Reading Month, 2017
Měsíc autorského čtení je největší středoevropský literární festival, který probíhá v Brně, Košicích, Ostravě, Lvově a Wroclawi www.autorskecteni.cz/www.authorsreading.eu

Kato Džavachišvili:
Novinářka a básnířka narozena roku 1979 v Tbilisi. Je autorkou pěti básnických sbírek: Od tebe ke mně (Saari, 2008), Nalevo (Saunje, 2010), Pupa (Saunje, 2011), Pseudonym (Saunje, 2012) a Ukolébavka pro muže (Intelekti, 2015). Napsala také sbírku esejů (Dva hrnky, Intelekti, 2015) a byla nominována na řadu literárních ocenění, z nichž mnohá také vyhrála. Její básně jsou zastoupeny v mnoha sbírkách a byly přeloženy do angličtiny, němčiny, slovenštiny, litevštiny a ruštiny. Její poezii charakterizují „surrealistické ikony a nová, reformační exprese“.

Kato Javakhishvili:
Born 3 May 1979 in Tbilisi, Georgia. A poet and a publicist, Javakhishvili is the author of five poetry collections (From You to Me, 2008, Saari; On the Left, 2010, Saunje; Pupa, 2011, Saunje; Deputy Name, 2012, Saunje; A Lullaby for Men, 2015, Intelekti,) and essays (Two Cups, 2015, Intelekti). She has been nominated for or won a number of literary competitions. Her poems have been translated into English, German, Slovak, Lithuanian and Russian, and have been included in various anthologies and almanacs. Javakhishvili’s poetry is distinctive with ‘surrealist icons and new, reformative expression’.

კატო ჯავახიშვილი:
პოეტი და პუბლიცისტი კატო ჯავახიშვილი თბილისში დაიბადა 1979 წელს. იგი ხუთი პოეტური კრებულის („შენიდან ჩემამდე“, საარი 2008; „მარცხნივ“, საუნჯე 2010; „პუპა“, საუნჯე 2011; „ნაცვალი სახელი“, საუნჯე 2012; „იავნანა კაცებისთვის“, ინტელექტი 2015) და ერთი ესსეების კრებულის („ორი ფინჯანი“, ინტელექტი 2015) ავტორია. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, სლოვაკურ, ლიტვურ და რუსულ ენებზე და შესულია სხვადასხვა ანთოლოგიებსა და ალმანახებში. კატოს პოეზია „გამოირჩევა სიურეალიტური ხატებით და ახალი, რეფორმატორული ექსპრესიით“.

flower


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 3:41 pm; edited 11 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyTue Dec 09, 2008 2:39 pm

კატო ჯავახიშვილი

და პირობითად...

დაშორებამდე მთელი თვეა
(და პირობითად)
ასფალტზე ნისლის გამთენია
მიშლის ნაწნავებს.
რაღაც ცალსახა განწყობაა
(ბოლოს დამჩემდა)
დეკემბერი რომ
უშენობას გადავუცვალე...
ისე შემცივდა-
ჩვევად მექცა
სანგრების გათხრა.
ტროტუარს ქვევით ამოვუდე-
(მგონი “მიყვარდი”)...
ლოგიკურია,
რომ უბრალოდ
მარტივად ახლა
თეთრი ბერეტი დავიხურო
და...
გავტრიალდე...
-კარისკენ
სადაც ჩვენ ორს შორის
ნაბიჯ- სიშორეს
უხმოდ დასცქერის
ცრუ-ბერკეტი-
იგივეობა,
დრო-პანტონიმა
ჩაკეტილი მრუდია-
(ვდუმვარ).
ვერ ვიტან ცრემლებს
ვერც ტაქტიკას...
დამშვიდობებას....
დაშორებამდე მთელი თვეა
(და პირობითად)
ასფალტზე ნისლის გამთენია წვება
(ნაწნავი)
ბურბონით მთვრალი
სტრიქონები ისე შემძულდა
როგორც ვერთქმული
მხოლოდ ერთი სიტყვა:
- ნახვამდ(ის)ე...

Exclamation


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 7:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
თეკლე
Way at Armury
Way at Armury
თეკლე

Female
Number of posts : 26
Age : 39
Registration date : 17.12.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyWed Dec 17, 2008 4:19 pm

კატო ჯავახიშვილი

მოლაღური

გადავიღალე...
ღამე - დაღლილ მოლაღურივით,
სახემორღვეულ პასაჟებით
მეღლაბუცება.
ჩავუნისკარტე -
ქალაქს ძველი საბარგულიდან
ჭრელი მარაო ამოვუღე -
ჩემი გაცნობა არც გაბედო.
(სახეს ვიფარავ).
გალანტურია?
არა,
იქნებ სულაც უბრალო...
კრიჭაშეკრული -
აჭრიალებს კარებს ზამთარი.
ჯვარს რომ გავაკრა -
ეს ტუჩები
დღესაც მჭირდება.
ყინვას - პირიდან უნებართვოდ
გამოვაცალე
ნოემბრის ბოლო.
ჭილოფივით ვიფენ - ქარნაკრავს.
ლოგიკურია?
არა,
მგონი, ესეც უბრალო...
ჩამომეცალეთ...
გზიდან ყველა ჩამომეცალეთ.
ჩიტის ბუდემდე
ჩემს სხეულსაც
თვითონ ავიტან.
მშვენის მარაო.
ღამე - ჩემი მამინაცვალი
პოეტობისთვის მასამართლებს -
ფერი გამიცვდა.
ახლა მიცანი?
ანდა,
იქნებ მართლა, უბრალოდ,
გადავიღალე...
და დაღლილი მოლაღურივით
ჩემი სიცოცხლე
დავაწურე წვიმად მთაწმინდას.


Exclamation
Back to top Go down
http://www.geowebi.com/kato/
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyThu Dec 18, 2008 7:34 pm

კატო ჯავახიშვილი 10

კატო ჯავახიშვილი

ჩემთან თოვს...

"ღმერთო დიდებულო, მამულის ანგელოზო,
ლერწი გვიმრავლე და გაგვიხარე".


გათოვდა...
ხის სახლში, ალბათ, ცხელ ღუმელთან
ჯვრებდასმულ ლობიანს დააცხობს ბებია.
თბილისში ისევ ვიფარებ საბანს
მარტოობის და
მიუსაფრობის...
იქ ჩიტის აზვრამდე მაკვრიელს ელიან
კერის მოსალოცად...
და სულის ზედაშე
ისეთი სუფთაა...
რომ შესმა გინდება:
რიონის,
რომელიც მიაპობს ნაპირებს
(მთებში მოცურავე ქალთევზა ნისლებით)
დავთვრები ხელდახელ.
შეშა შეუკეთეთ -
ცეცხლი შეუკვეთეთ -
ჩემივე თვალების ქვესკნელი მაშინებს.
ლექსად ჩამოვასხი ამ წლების ზედაშე
და მამისონამდე გავზომე...
(არშინი).
და თუ ჩამოვედი
ქალაქით გადაღლილს,
სულში ნაოჭებს რომ ჭიშკართან დავითვლი,
უბრალოდ მითხარი:
- ხომ იცი გელიან,
ყოველთვის გელიან -
ქვე შენი ჭირიმე...

ქალაქი ახლა იფარებს საბანს
მარტოობის და მიუსაფრობის.
გათოვდა...
მოტივად - ბედობაც მეყოფა
საბაბად - პირველი ფანტელის ჩამოყრა...
დასარეკად და ამის სათქმელად:
- ჩემთან თოვს....


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 11:45 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
თეკლე
Way at Armury
Way at Armury
თეკლე

Female
Number of posts : 26
Age : 39
Registration date : 17.12.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyTue Feb 03, 2009 10:17 pm

კატო ჯავახიშვილი

***
პატარა აღარ ვარ და მაინც შეგრძნება გაქცევის
არ მტოვებს. ვერ ვიტან თავდახრილ პაკლონებს პოზისთვის.
გადავცდი ამ საზღვრებს და ახლა სიყვარულნაჩვევი
ჩემს წილ მარტოობას მივათრევ თებერვლის ლოგინში-

და ახლა, როდესაც დღე ისე გრძელია ხანდახან,
ტუჩების გაცვლისთვის ღამეებს ვიგონებ, ვინ იცის-
ამხელა მანძილი ”შენიდან ჩემამდე” დამთავრდა,
ლექსებად დავწურე და ჭიქას აპრილი დამიცლის

იმ ქუჩის კუთხეში, კოცნით რომ თვრებიან წყვილები-
საჩემო კალაპოტს რაკურსებს შეუცვლის დინება.
მისმინე, პოეტო,
გგონია მე მართლა გავწითლდი?!
უბრალოდ მზეა და...
ჩეროში გაქცევა მინდება.

რადგანაც ვერ ვიტან თავდახრილ პაკლონებს პოზისთვის,
გავიდა ამ სახლის უკანა კარიდან ბავშვობაც
და დგას პოეზია-როგორც მარტოობის კოზირი,
ჩემს სველ ნაფეხურებს სხეულზე ლექსად რომ იშრობდა.

და მერე მარტივად ჩამოვფქვი წისქვილზე დღეები.
სივრცეა ნაკლული...
და მაინც ქაოსად მძერწავენ
რა მოხდა პოეტო
გიყვარვარ?! მე მხოლოდ გეხები
გაქცევის შეგრძნებით
სიშორით
”შენიდან ჩემამდე”

Exclamation
Back to top Go down
http://www.geowebi.com/kato/
თეკლე
Way at Armury
Way at Armury
თეკლე

Female
Number of posts : 26
Age : 39
Registration date : 17.12.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptySun Feb 08, 2009 3:02 am

კატო ჯავახიშვილი

მედეა

მიწაა კოლხეთის...
აყოლებს შელოცვას მთების ორთქლს
მისანი დიაცი
და თვალი ევსება ზაფრანით.
საღამოსმიწურულს
მთვარე ცის მკლავებში ნებივრობს
ჰეკატეს ბაღებში დადიხარ-
სიკვდილთან დაზავდი.
ქარების კვალდაკვალ
გრძნობების ქარტიებს ფანტავენ-
გრძნეული ხელები,
ქარიზმა ისეთი მძაფრია-
გაქცევა გინდება,
ამიტომ შენეულ ფანტომებს
ქურუმად უდგები
და მანამ დღე ღამეს გაჰყრია-
მუნჯდება სამყარო,
კეპავენ პელიასს შვილები
დრაკონის თვალები-
მძინარე მცველები საუნჯის
ჭიშკართან დატოვე,
სიყვარულს ასეთი სჭირდები
გრძნობების კასკადით
გრძნობების სიმძაფრით
სიმუნჯით.
იშვილე სიკვდილი-
შენივე საშოდან ნაშობი,
აყოლებს შელოცვას
მთების ორთქლს დიაცი-
მოხვედი?!
ბინდდება, ამ ეპოსს
უკვე რა ხანია დავშორდით
ღალატი!
ღალატი!
შვილმკვდარი
მიწაა კოლხეთის...

თქვი: ”რომელი ღმერთი დაგიჯერებს ფიცის გამტეხო?”…

Exclamation
Back to top Go down
http://www.geowebi.com/kato/
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptySun Feb 08, 2009 10:42 am

კატო ჯავახიშვილი

მედეა

მიწაა კოლხეთის...
აყოლებს შელოცვას მთების ორთქლს
მისანი დიაცი
და თვალი ევსება ზაფრანით.
საღამოს მიწურულს
მთვარე ცის მკლავებში ნებივრობს.
ჰეკატეს ბაღებში დადიხარ -
სიკვდილთან დაზავდი.
ქარების კვალდაკვალ
გრძნობების ქარტიებს ფანტავენ -
გრძნეული ხელები,
ქარიზმა ისეთი მძაფრია-
გაქცევა გინდება,
ამიტომ შენეულ ფანტომებს
ქურუმად უდგები
და მანამ დღე ღამეს გაჰყრია -
მუნჯდება სამყარო,
კეპავენ პელიასს შვილები.
დრაკონის თვალები -
მძინარე მცველები საუნჯის
ჭიშკართან დატოვე.
სიყვარულს ასეთი სჭირდები
გრძნობების კასკადით,
გრძნობების სიმძაფრით,
სიმუნჯით.
იშვილე სიკვდილი -
შენივე საშოდან ნაშობი.
აყოლებს შელოცვას
მთების ორთქლს დიაცი -
მოხვედი?!
ბინდდება, ამ ეპოსს
უკვე რა ხანია დავშორდით
ღალატი!
ღალატი!
შვილმკვდარი
მიწაა კოლხეთის...

თქვი: ”რომელი ღმერთი დაგიჯერებს ფიცის გამტეხო?”…


Arrow


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 7:21 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
თეკლე
Way at Armury
Way at Armury
თეკლე

Female
Number of posts : 26
Age : 39
Registration date : 17.12.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptySun Feb 08, 2009 2:02 pm

კატო ჯავახიშვილი D1a815be0f7c

ავტორისაგან: წინათქმის მაგიერ



სახელი:
მე... დაუწერელი ლექსების მესანთლე.

გვარი:
ფასეულობათა უღირსი მემკვიდრე.

სქესი:
ამორძალი.…

დაბადების თარიღი:
დრო, “როცა სიკვდილმა დაბადება შეწყვიტა”.

ოჯახური მდგომარეობა:
მაინც გავიღიმებ.

მისამართი:
ჟურნალი “ჩვენი მწერლობა”, “ლიტერატურული პალიტრა”.

განათლება:
დიპლომების შემგროვებელთა უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

სამუშაო გამოცდილება:
ლექსთფილოსოფების კათედრის სტაჟიორი.

მავანთა შეფასება:
ნიჭიერ-ამბიციური.

ჰობი:
აბსურდში აზრების შეგროვება.

საყვარელი სასვენი ნიშანი:
!

ფობია:
სიბერე (ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც).

საყვარელი სუნი:
ალუბლისფერი სევდა.

რა იყო:
იყო ბიწისფერი ნაღველი და რიყის სველი ნაცრისფერი ქვები...

რა არის:
არის მუჭში მომწყვდეული საფეთქლები...

რა იქნება:
ამოვატრიალებ ლექსებით სამყაროს!

დანაშაული:
ვალს როცა დავუბრუნებ სამყაროს, მაშინ ვიქურდებ.

სასჯელი:
ლექსის ეშაფოტი.

და ისევ:
მე... დაუწერელი ლექსების მესანთლე...
Back to top Go down
http://www.geowebi.com/kato/
თეკლე
Way at Armury
Way at Armury
თეკლე

Female
Number of posts : 26
Age : 39
Registration date : 17.12.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyThu Feb 19, 2009 1:50 pm

კატო ჯავახიშვილი

ჩემი სხეული ესე არს... შენი...

”დედამიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ,
რადგან აღარავინ იყიდის მათ საქონელს”...
აქ ხმა წყდება
და პირველსახეს იბრუნებს ფერი -
გულამოჭმული საკუთარი უსასრულობით.
ქალი გზის პირას საცვლებს რეცხავს ღრუბლის საფირით.
აღსარებისას ვერ ნათქვამი ცოდვებისათვის -
დაუწყლულებელ ბაგესავით ხმება ყანები -
ცეცხლის სამიტზე საპროტესტო დემარშს გზავნიან
პურიტანები.
ანგელოზები აფარებენ შავ მემორანდუმს
მეშვიდე ცასთან.
(კუტ დედამიწას არ შესცივდეს - ჩასძინებია)...
ხელისმომწერნი:
მე - დედამიწა
შენ - ჩემი ღმერთი.
ჩემი სხეული ესე არს... შენი...
მაშ, მოვემზადო ცხონებისთვის დაო მარიამ?!
შვიდთავა მხეცზე ამხედრებულ მსოფლიო მეძავს
გაუღვიძია.
“იტირებენ და იგლოვებენ დედამიწის მეფეები
რომლებიც ნებივრობდნენ მასთან
როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვალს”
თვალები მისი -
ჯოჯოხეთის უძირო ტბები
სასჯელი ჩემი მოგონილი კაცადყოფნისთვის.
დასაწყლულებლად
აიაზმით სავსე ჭურჭელი
(სხეული მისი)
და საშო მისი
უკანონო ნაყოფისათვის
ჩემი სხეული ესე არს...შენი...

აქ ხმა წყდება და,
აქ ხმა წყდება და,
აქ ხმა წყდება და...
“ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულით შემოსილო,
რადგან ერთ საათში დაიღუპება ესოდენ დიდი სიმდიდრე”.
პირველსახეს იბრუნებს ფერი -
გულამოჭმული საკუთარი უსასრულობით...
მეშვიდე ცაზე “ანგელოზებს” გამოუკრავთ
მემორანდუმი:
ჩემი სხეული ესე არს... შენი...
ხელისმომწერნი:
მე- დედამიწა
შენ -...


ნუ გამომყვები ჯოჯოხეთში დაო, მარიამ!

Exclamation
Back to top Go down
http://www.geowebi.com/kato/
თეკლე
Way at Armury
Way at Armury
თეკლე

Female
Number of posts : 26
Age : 39
Registration date : 17.12.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyThu Feb 19, 2009 1:59 pm

კატო ჯავახიშვილი

სიკვდილის ინტიმი

მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში წვება შებინდება.
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით
წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება.
ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით
მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება.
არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები,
გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა,
ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით
ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება.
სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან,
გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით.
ჩამოგსვამ!
თუ გინდა მელნად რვეულიდან,
და მერე ეს კვალი დაფარე ლექსებით.
მოგვდევენ!
ტყვიებად ცხელ ლავას გვესვრიან
და ლამის ეს სივრცე გავხვრიტო თვალებით.
გზაზე ასფალტივით დაკრული გესლია,
ზევით კი ნისლივით ქრებიან წამები.
მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში წვება შებინდება.
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.

king
Back to top Go down
http://www.geowebi.com/kato/
Guest
Guest



კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyMon Mar 09, 2009 4:28 pm

Arrow

კატო ჯავახიშვილი

პასუხი

მაშინებს სიმრავლე ხალხის და
ყოველდღე ფურშეტი.
დუბლი რვა.
ლექსების კითხვა და ყალბი ოვაცია.
სცენა უპარტერო.
უშენო ფრაზების ფოქსტროტი.
საღამოს სტატუსი- პოეტი.
რჩეულთა სანქცია.
შეხვედრა უსიტყვო.
გაკრული ღიმილი-
ბილბორდზე.
ფიქრი საღებავი.
შემხმარი ფურცელზე გაზეთის.
ნიუსი!
სნობიზმი,
რომელსაც რატომღაც ვიგონებთ.
განწყობა ჩვეული.
ამინდი საჩემოდ
ნაცრეცი.
მომწყინდით სიმრავლით და
ჩემთან დადგმული სპეკტაკლით.
სცენარებს არა ვარ ნაჩვევი.
უბრალოდ გაჩერდით!
სცენა უპარტერო.
დუბლი რვა.
საღამო.
სტოპკადრი:
წვიმაში მივდივარ
და ლექსებს მივათრევ ლანჩებით.


Exclamation Wink Laughing
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 655
Registration date : 17.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptySat Mar 21, 2009 1:47 am

კატო ჯავახიშვილი

მე

მე არ ვიყავი
ამ საფლავთან მდგარი მარტოხე.
არც სინანული,
წამომსკდარი ამ ნერგებიდან
და მე მჯეროდა,
თუ ამქვეყნად არის სამოთხე-
ამ სამოთხეშიც უპირობოდ იკარგებიან,
რომ შენი წილი ჯოჯოხეთის გადასარჩენად
შვიდჯერ მოკვდე
და
შვიდივეჯერ სცადო აღდგომა.
მე არ მიყვარდი-
ისე როგორც უბრალოდ მძულდი
და არც მტკენია
მკვდარ სხეულზე რომ დამაბიჯე.
სტოკატოს გრძნობდი
ჩემი სისხლის
სამოცჯერ წუთში
და მერე წნევას უზომავდი
შვილმკვდარ ამინდებს
რომ სველ გაზაფხულს
ვადამდელი არჩევნების დღეს
შენ, ამპლიტუდის მომატებას
ქრთამად დაჰპირდე.
ვიშიმშილებდი,
რომ შემეძლოს ნიშნად პროტესტის,
თუმცა სამალავდაკარგული კუჭი მაწუხებს .
ხატავს საღამო ჩემს თეთრ პროფილს
რაღაც გროტესკულ
ჩანახატივით
და
რატომღაც დარჩენილ წუთებს
მძიმე ლანგარზე მიაგორებს გარეთ ბადრაგი.
სადღაც ქარია
მოსწყენიათ ღრუბელებს მძევლობა
მზე არ მაჩვენეს
მზე კი იყო ალბათ ოდესღაც-
ისეთი ახლო,
რომ გისოსებს შორის ძვრებოდა.
სადა ხარ, ღმერთო..

მტკივან სულზე როცა მაბიჯებ,
ნუთუ, უბრალოდ
ჯოჯოხეთის არ გეშინია?!



flower flower flower
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 655
Registration date : 17.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyTue Mar 24, 2009 7:26 pm

კატო ჯავახიშვილი

ჩაიცვი!

ჩაიცვი!
შიშველი თვალები მოგიჩანს ჩადრიდან,
რომლებსაც სიყალბე უტარებს ქუჩაში მარათონს.
გაგიცვლი ამინდებს-
შენთან რა ხანია გაწვიმდა
და სველი ასფალტი
კალთების აკეცვას გთავაზობს.
ჩაიცვი!
ხომ გცივა,
ხომ გინდა ცრემლები დამალო,
რამხელა ტბებია
შეხედე, ისედაც შენს ირგვლივ,
შარვლის ტოტებივით ტანზე გიმოკლდება სამყარო,
შენ კი, გარინდული დგახარ
და უბრალოდ არ იძვრი
შენი ადგილიდან,
რომელიც დაგითმო ვიღაცამ,
რომ სიცარიელე ჩუმად ამოგევსო განცდებით,
შეხედე, გათელილ ჰორიზონტს ისე შემოაცვდა
მზერა თუ ღრუბლების თეთრი ქარავანი-
გავცდები
ამ თვალებს,
რომლებიც მოგიჩანს ჩადრიდან,
ყალბია მზერა და
ამინდსაც სცოდნია შეჩვევა.
ჩაიცვი!
ხომ გცივა,
ხომ გინდა ვიღაცამ სანგრიდან-
ჩუმად დაგიძახოს
და გითხრას:
გპატიობ არჩევანს...

jocolor
Back to top Go down
Guest
Guest



კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptySat Apr 04, 2009 10:51 am

Arrow

კატო ჯავახიშვილი (თეკლე ბატონიშვილი)

ბობოს

ვაწვები საწუთროს
წამები-თ დაწრეტილ მიწაზე,
ნაწყენი წამწამი
ცრემლებად დავხატე
ცის კარზე...

ქუჩაში ოცნება
შეკრული ხელებით
მიჰყავდათ...
იცი, გაოცება
შიშველი თვალებით
მიყვარდა...

ნაბრალებ ბრალდებებს
უბრალო საბაბით
ვიბრალებ...
კამათი გავბედე
და ლექსებს თასმებით
მიკრავენ...

jocolor
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
renuari

Female
Number of posts : 118
Age : 58
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptySat Jul 18, 2009 2:22 pm

კატო ჯავახიშვილი

ზავი

არაფერია,
გადაგივლის მალე წყენაც და
კვლავ გაიღიმებ
უარაფრო ღიმილით კაცის,
ხელში უფილტრო სიგარეტის
კოლოფს რომ ჭმუჭნის
და მთელი ქუჩის სიმარტოვე
კვამლის საკაცით-
მიაქვს ქალაქში,
სადაც ისე იკარგებიან-
ბგერის ამოთქმას ვერ ასწრებენ
კუთხიდან-ტუჩის
და მარტოობის დასიცხული ქვეშაგებიდან
წვეთავს სიჩუმე.
მუდმივობის ერთი ლაყუჩი
მოაჭერი დროს,
რომ უშენოდ ვერ შეძლოს სუნთქვა,
გვირაბის ბოლოს
უკანასკნელ ბრონქოსპაზმამდე,
შენს თავს თუ გაცდი
გაცდი შენს თავს
და მაინც გინდა
უკან დაბრუნდე
ან უბრალოდ ისევ დაზავდე
შენივე თავთან
და ეს წყენა არ გიღის სულაც,
არ მოგენატროს დარჩენილი
თავს უკან რაღაც
იმად, რომ შენი სამარშრუტო ტაქსი წასულა
დაიგვიანე.
ან მარტივად, იქნებ დაგღალა
გაჩერებებმა შუქნიშნებთან,
როცა ქალაქში,
იკარგებიან უნებართვოდ და გაფრენიდან
სრულ დაშვებამდე-
ან სრულ შვებამდე
ვერ ასწრებ ლოცვას,
ვერ ასწრებ ღიმილს
როცა უცებ დამუხრუჭება-
სხეულს, უფილტრო სიგარეტის ყუთივით ჭმუჭნის
ეშვები ღიმილს
და კარს უკან მზე იხუჭება.

flower flower flower
Back to top Go down
თეკლე
Way at Armury
Way at Armury
თეკლე

Female
Number of posts : 26
Age : 39
Registration date : 17.12.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyWed Aug 19, 2009 10:45 am

კატო ჯავახიშვილი

მწვანე მონასტერი (დაბრუნება)

შემხედე.
მოვდივარ თვალებახვეული ასფალტზე,
შიშველი ფეხებით ქალაქის მტვრიან გზას მოვათრევ.
გვირილას ფურცლები შარაზე შორი-შორ დავფანტე
ხელების ცეცებით ვკარგე და კვლავ ვპოვე სიმართლე.
ქარი წამომჯდარა ღრუბლების სალოსად ხიდისთავს,
ხიდსიქით ელავს და იღვრება გობიდან ცრემლები.
მეც ვტირი ხანდახან, იმდენჯერ წავაგე სიკვდილთან,
მეც ვაგებ ხანდახან...
ხანდახან ვდუმვარ…და
ვჩერდები
შენს წინ და თუ მაინც მწვანეში, მწვანით ვერ ვიწყები
ქვას ხელი არ ახლო! წყენით მეუბნები. მდინარემ
ოცდაორ კალმახად ტანზე დაიყარა წინწკლები
ვიდინე ტაძრამდე, დინებამ ხანდახან მინარეთს
მიმაგდო და მაინც მტვრიანი შიშველი ფეხებით
მოვედი ქალაქის დაღლილი ნაცემი ღამიდან.
შენ იცი, რომ წავალ და მაინც სველ შუბლზე მეხები,
შენ იცი, რომ წავალ და სიკვდილს დავიწყებ თავიდან.
რამდენ ხანს გეძებდი. რამდენ ხანს...
უთუოდ იცოდი
მერე რა, თუ მაინც მწვანეში არ ჩანდა სამრეკლო,
დამსაჯეს და ალბათ მე ხარკად დამადეს სიცოცხლე
რომ ამ ჯოჯოხეთის კარები ლექსისთვის გამეღო.

* * *

წლებქვეშ გამომწყვდეულს სხვას რას მოუყვები გზას
ან რით დაამოკლებ. ან რით გაიგრძელებ თუ
იმდენი გითქვამს, რომ შენივე სიტყვებზე დგას
შენი წისქვილი და შენივე საძვალე. გსურს
ის ვინც ქარნაკრავზე ქალაქს დაემალა და
ის ვინც განუწყვეტლივ ტკივილს გიმთელებდა ვინც
განდო სიყვარული და ისიც გევალა ხან
განდო მოგონება და ისიც გროშები ღირს.
წლებქვეშ გამომწყვდეულს სხვას რას მოუყვები გზას...

flower


Last edited by თეკლე on Wed Aug 19, 2009 11:13 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://www.geowebi.com/kato/
თეკლე
Way at Armury
Way at Armury
თეკლე

Female
Number of posts : 26
Age : 39
Registration date : 17.12.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyWed Dec 16, 2009 11:14 am

კატო ჯავახიშვილი

ნაქერალა

ვთენდები ახლა.
შენ ჰაერით გრძნობ ჩემს შემოსვლას.
მხრებიდან ქვევით. ნაწილ-ნაწილ
კიდით-კიდემდე.
ჩურჩული მახლავს,
როგორც იმ ქარს, თავის სამოსელს
დათოვლილ ტოტებს, რომ ატოვებს თოვლის საკიდზე.
ვმაღლდები უკვე.
ნამცეც-ნამცეც გეყრები ჭირხლად.
იქ, სადღაც შორს კი, ნაქერალას ათოვს უჩემოდ.
მე ერთხელ მოვკვდი
და მეორედ სიკვდილი მიჭირს,
ამიტომ წასვლას თუ გადავწყვეტ- არ შემაჩერო.
სველ თითებს ვგრძნობდი
წუხელ ისევ, დათოვლილ მთების.
შაორზე შარვალაკეცილი იდგა ზამთარი.
მახსოვს ის ქოხი.
მოგონილი. ჩემი და...
შენი
სხეულზე სიტყვად გაჩენილი კედლის ბზარებით.
თენდება სადღაც
და ხანდახან ნაბიჯის ხმაზე
კრთებიან ძილში, შორიახლოს ალბათ ნაძვები.
ხომ არის რაღაც, რასაც ხშირად სახელს არ ვარქმევთ
ვიგონებთ დროს და დროსთან ერთად ჩვენც ვიკარგებით.
ვთენდები ისევ.
შენ შაორის დგახარ ნაპირთან.
ვეშვები ქვევით, ნაწილ-ნაწილ.
ვჟონავ ქაღალდზე...
და ქოხში გიშვებ
სადაც ერთად ჩვენ არ ვყოფილვართ,
რომ ცხელი სუნთქვა გაგატანო ნაქერალამდე...

king
Back to top Go down
http://www.geowebi.com/kato/
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
irma shiolashvili

Female
Number of posts : 53
Age : 45
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyMon Dec 21, 2009 2:52 am

კატო ჯავახიშვილი

... ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ

შენ, ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
რომელ უცხო მიწაში გაიდგი მზემოკიდებული ფესვები,
რომელ უთვისტომოს მიადექი მიუსაფარი,
ვის კარზე ითხოვე თანაგრძნობა მოწყალებასავით,
ვისი კაბა ჩაიცვი, - ფერი? – წითელი თუ შავი.
სახელი რა გქვია?
ეკატერინე? კატო? ეკა?
თმა ისევ ისეთი შავი გაქვს, თუ უკვე შეიბუდა
ჩრდილოეთის დათვმა და უგაზაფხულო დღეებში
მოხრილი თათი ისე ჩატორა,
გეგონება თაფლს იღებსო სკიდან.
თავი, თავი ისევ გაწუხებს?
როგორი გაგიშვი იქით. ახლაც გხედავ,
უძილობისგან შეშუპებული თვალებით,
მობარბაცე, მოლოდინით ავსებული სხეულით..
რამსიმძიმე სიკვდილისთვის გამიმეტებიხარ.
ნეტა თუ გივლის მანდ ვინმე?
იპოვე? ვერა?
ეს რა უგულოდ მოსთქვამენ ჩვენზე.
ჩემზე და შენზე.
შენზე _ იქ, სამუდამოდ წასულზე.
ჩემზე - აქ უშენოდ დარჩენილზე.
რას სტირის ეს ხალხი, ეკატერინე?
შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
ამდენ სიკვდილში თვალსა და ხელს შუა ისე მენგრეოდი,
საომრად შემართულს შენი ნამტვრევები
ტერფებში რომ მერჭობოდა,
პოლიეთილენის პარკებს ვავსებდი და ვყრიდი.
ვავსებდი და გყრიდი.
რას იტყვის ხალხი?
რატომ მაღელვებდა ეს ყოველთვის და
შენი მყიდე სხეულიდან თავისუფლებას
გაწყვეტილი კრიალოსანივით რისთვის ვფანტავდი.
რამდენი სიკვდილი იყო ეკატერინე..
მე და შენ
მე და შენ ვიცით მარტო.
მეტი არავინ.
და მაშინ, როცა შენ ოთხად მოკეცილი
კი არ ტიროდი, დაჭრილი ნადირივით გმინავდი,
მე მაგ გახსნილ ჭრილობებზე წურბელასავით გეკვროდი.
გწოვდი და ვწერდი.
და დილით, როცა სახეს მაკიაჟით შევისწორებდი,
ხალხს გმირი ვეგონე.
შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
ყოველ ღამით პირჯვარის გადაწერისას
ღმერთს ჩემს კარგად ყოფნას რომ სთხოვდი,
მე კი, ღმერთი მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა,
როცა დაწერილი სიტყვა განაჩენად მექცეოდა ხოლმე.
მხდალი ვარ ეკატერინე.
ყველაზე მხდალი.
და სიყვარული?
თვალწინ ბავშვივით თვალებანთებული მიდგახარ,
ხუთფურცელა იასამანს გამალებით რომ ღეჭავს და..
მე! მე სულ მეგონა, ვერ გაგიგებდნენ,
შენს გულწრფელობას სინამდვილე დაამარცხებდა,
და ამიტომ სიტყვას ვნაყავდი.
რა გამოვიდა..
ამდენ სტრიქონებსა და ფორმებში მობორიალეს,
ამდენი ტკივილებითა თუ ცოდვებით კმაყოფილს _
ვერ გამიძელი
სიტყვა-სიტყვა დაგკარგე სადღაც.
შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
რომელ უცხო მიწაში გაიდგი მზემოკიდებული ფესვები,
ვის კარს მიუკაკუნე მიუსაფარმა,
ისინი ნახე?
უთხარი, უთხარი რომ..

სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. მოთოვოს. მოთოვოს.
ბუხრის წინ ფეხების მოკეცვა. ეს ნიშნავს თანხმობას.
ხის სახლში დღეების ჭრაჭუნი. და ცხელი სათონე.
და მერე ღრუბლები. ერთად ან პირიქით. კვერების დაცხობა.
სიჩუმე. ეს როცა, პოულობ თავს. ან როცა იზრდები.
იმდენად დიდი ხარ, რომ კოცონს ყინულზეც თამამად დაანთებ.
და მხოლოდ ჩასვლაა საჭირო მიწისქვეშ, რომ შენივ აზრებში
შენივე სიკვდილში იპოვო თავიდან. დუმილი. სიმართლე.
სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. რომ გარეთ ბარდნიდეს..
და ჭრელი თავშალი დავხიო უამრავ სურვილად. ჭინჭებად.
და რომ მოგონებას დავარქვათ უბრალოდ - ჩუმი და ადვილი.
და რომ გახსენება დაიწყოს მარტივად, სიტყვიდან – მჭირდები.
და ამ ჩემს ხმაურში ისეთი შორია ხანდახან სიცოცხლე,
რომ ღამით ჩურჩული მაღვიძებს. და როგორც სათავე _
მდინარის მოვდივარ. მოვდივარ. და ზამთარს ვამარცხებ.
სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. გათოვდეს. გათოვდეს.

შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
სადღაც ჩემს მიერ გადაკარგულო,
ყველა ჩემს სიტყვაზე ნამდვილი ხარ.

flower

Cemo lamazo, Semovedi axla sens gverdze da vikiTxe Seni lamazi lexebi. viCi, ukve aTiaTasjer gaqvs mosmenili, rom Zalian kargi gogo xar! bednier axal wels gisurveb!

flower
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 655
Registration date : 17.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptySun Nov 27, 2011 11:58 pm

კატო ჯავახიშვილი

***

შენ, ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
რომელ უცხო მიწაში გაიდგი მზემოკიდებული ფესვები,
რომელ უთვისტომოს მიადექი მიუსაფარი,
ვის კარზე ითხოვე თანაგრძნობა მოწყალებასავით,
ვისი კაბა ჩაიცვი, - ფერი? – წითელი თუ შავი.
სახელი რა გქვია?
ეკატერინე? კატო? ეკა?
თმა ისევ ისეთი შავი გაქვს, თუ უკვე შეიბუდა
ჩრდილოეთის დათვმა და უგაზაფხულო დღეებში
მოხრილი თათი ისე ჩატორა,
გეგონება თაფლს იღებსო სკიდან.
თავი, თავი ისევ გაწუხებს?
როგორი გაგიშვი იქით. ახლაც გხედავ,
უძილობისგან შეშუპებული თვალებით,
მობარბაცე, მოლოდინით ავსებული სხეულით..
რამსიმძიმე სიკვდილისთვის გამიმეტებიხარ.
ნეტა თუ გივლის მანდ ვინმე?
იპოვე? ვერა?
ეს რა უგულოდ მოსთქვამენ ჩვენზე.
ჩემზე და შენზე.
შენზე _ იქ, სამუდამოდ წასულზე.
ჩემზე - აქ უშენოდ დარჩენილზე.
რას სტირის ეს ხალხი, ეკატერინე?
შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
ამდენ სიკვდილში თვალსა და ხელს შუა ისე მენგრეოდი,
საომრად შემართულს შენი ნამტვრევები
ტერფებში რომ მერჭობოდა,
პოლიეთილენის პარკებს ვავსებდი და ვყრიდი.
ვავსებდი და გყრიდი.
რას იტყვის ხალხი?
რატომ მაღელვებდა ეს ყოველთვის და
შენი მყიდე სხეულიდან თავისუფლებას
გაწყვეტილი კრიალოსანივით რისთვის ვფანტავდი.
რამდენი სიკვდილი იყო ეკატერინე..
მე და შენ
მე და შენ ვიცით მარტო.
მეტი არავინ.
და მაშინ, როცა შენ ოთხად მოკეცილი
კი არ ტიროდი, დაჭრილი ნადირივით გმინავდი,
მე მაგ გახსნილ ჭრილობებზე წურბელასავით გეკვროდი.
გწოვდი და ვწერდი.
და დილით, როცა სახეს მაკიაჟით შევისწორებდი,
ხალხს გმირი ვეგონე.
შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
ყოველ ღამით პირჯვარის გადაწერისას
ღმერთს ჩემს კარგად ყოფნას რომ სთხოვდი,
მე კი, ღმერთი მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა,
როცა დაწერილი სიტყვა განაჩენად მექცეოდა ხოლმე.
მხდალი ვარ ეკატერინე.
ყველაზე მხდალი.
და სიყვარული?
თვალწინ ბავშვივით თვალებანთებული მიდგახარ,
ხუთფურცელა იასამანს გამალებით რომ ღეჭავს და..
მე! მე სულ მეგონა, ვერ გაგიგებდნენ,
შენს გულწრფელობას სინამდვილე დაამარცხებდა,
და ამიტომ სიტყვას ვნაყავდი.
რა გამოვიდა..
ამდენ სტრიქონებსა და ფორმებში მობორიალეს,
ამდენი ტკივილებითა თუ ცოდვებით კმაყოფილს _
ვერ გამიძელი
სიტყვა-სიტყვა დაგკარგე სადღაც.
შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
რომელ უცხო მიწაში გაიდგი მზემოკიდებული ფესვები,
ვის კარს მიუკაკუნე მიუსაფარმა,
ისინი ნახე?
უთხარი, უთხარი რომ..

სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. მოთოვოს. მოთოვოს.
ბუხრის წინ ფეხების მოკეცვა. ეს ნიშნავს თანხმობას.
ხის სახლში დღეების ჭრაჭუნი. და ცხელი სათონე.
და მერე ღრუბლები. ერთად ან პირიქით. კვერების დაცხობა.
სიჩუმე. ეს როცა, პოულობ თავს. ან როცა იზრდები.
იმდენად დიდი ხარ, რომ კოცონს ყინულზეც თამამად დაანთებ.
და მხოლოდ ჩასვლაა საჭირო მიწისქვეშ, რომ შენივ აზრებში
შენივე სიკვდილში იპოვო თავიდან. დუმილი. სიმართლე.
სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. რომ გარეთ ბარდნიდეს..
და ჭრელი თავშალი დავხიო უამრავ სურვილად. ჭინჭებად.
და რომ მოგონებას დავარქვათ უბრალოდ - ჩუმი და ადვილი.
და რომ გახსენება დაიწყოს მარტივად, სიტყვიდან – მჭირდები.
და ამ ჩემს ხმაურში ისეთი შორია ხანდახან სიცოცხლე,
რომ ღამით ჩურჩული მაღვიძებს. და როგორც სათავე _
მდინარის მოვდივარ. მოვდივარ. და ზამთარს ვამარცხებ.
სიმშვიდე. და ვითხოვ. მოვითხოვ. გათოვდეს. გათოვდეს.

შენ ჩემო სიკვდილადქცეულო მონატრებავ,
სადღაც ჩემს მიერ გადაკარგულო,
ყველა ჩემს სიტყვაზე ნამდვილი ხარ.



flower flower flower
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptySun Dec 18, 2011 10:23 am

კატო ჯავახიშვილი Kato_c10

წიგნის დასახელება – "ჭუპრი"
ავტორი – კატო ჯავახიშვილი
გამომცემლობა - “საუნჯე"
რედაქტორი - ლია სტურუა
მხატვარი - ზალიკო სულაკაური
ყდის დიზაინი - ნიკა ხვედელიძე
გვერდების რაოდენობა – 176
ყდა – მაგარი
მოთავსებულია - ტილოს თავმოსაკრავ ტომსიკაში, რომელსაც აწერია: "ჭუპრი"
ISBN 978-9941-9242-5-5
გამოცემის წელი: 2011


კატო ჯავახიშვილი Katos_10

ეს წიგნი მოთავსებულია ეგეთ ტომსიკაში:

კატო ჯავახიშვილი Cocoon10

ეს ცხოვრებაც ხომ სტადიებად არის და...

Exclamation

Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyTue Jul 31, 2012 8:00 am

კატო ჯავახიშვილი Kato_b10

კატო ჯავახიშვილი


შიში


გითხარი გამოდი ჩემიდან, ჩემიდან გადმოდი, ჩემიდან გადმო –

დი. დიდია ქალაქში, ქალაქში, რომელიც ცხოვრებას გაურბის, გაურბის ცხო –

ვრებას. სიცრუე. სიყალბე.შიშველი ცხედრები. შიში და ჩანასახ –

დაკარგულ სამყაროს კისერზე დამხრჩვალი ბატკნები ჰკიდია.

გითხარი. – წყლებიდან. წყლებიდან ვიმღვრევი. ვიმღვრევი სადმე თუ–

კი არ დავიბადე. უბრალოდ მოვკვდი და სიზმარში ავცხადდი -

დილამდე. გეთქვა და დილამდე. დილა კი, მნათობებ-

დაკარგულ ცაზე წევს. ისვენებს. გითხარი: გადმოდი. გადმოდი.



გეძებდე, გეტყოდე: - მხრებს უკან ღამეა, კბილებით დაძიძგნილ

ველ-მინდვრებს ქორი და. სცილა და. ქარიბდა. სცდებიან ერთმანეთ-

დაკარგულ ხეობებს. წვიმა და. ქარი და. ხელები ხეების

მაგივრად ჰამაკებს აბამენ. ავადობს. ჩავარდა ლოგინად -

ხმელეთი. მიწაა. მიწაზე ძვლები და. ცარცი და. დაფიდან

ნაფშვენებს ვაკავებთ. ვბერდებით შიგნიდან. ფუღუროს შიგნიდან -

გვეზრდება ნაძვები. ტყეა და სიჩუმე. გვეძებენ ქალაქებ-

დამარხულ მოწაზე. გეძებდე,გეტყოდე: - არ გინდა. რად გინდა.



ვიტყოდე: დარჩი და ჩემიდან გადმოდი.გადმოდი. გადმოდი ჩემი-

დან. ყელი და ბაწარი. გზები და შეხვედრა. ვიტყოდე: დარჩი და -

დილაა. დილა და სიბნელე. სიბნელე. დილა და. ნაპირებ-

მოხერხილ ღამიდან გამომაქვს ტანი. და უნიჩბო ნავიდან -

კიდურებ-დაკარგულს გაძინებ. გითხარი: – იმღვრევა წყლები და

იწყება მოქცევა. ვიძინოთ. ვიძინოთ. აქ უკვე მიწიდან

გვხედავენ. დილაა. დილა და სიბნელე. სიბნელე. დილა და

გითხარი: გამოდი ჩემიდან, ჩემიდან გადმოდი, გადმოდი ჩემი-

დან.


Exclamation



Last edited by Admin on Fri May 03, 2019 3:21 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptySun Aug 19, 2012 7:24 am

კატო ჯავახიშვილი


მაძღართათვის


ცხელოდა.

მუცელზეხელებშემოწყობილი იჯდა ღამე და

ფოჩიან სიზმრებს არჩევდა.

გიჩვევდი, როგორც იჩვევენ წარსულს,

როცა წასვლამდე მართლდება დრო და

როცა სტუმარი გზას ართმევს წამსვლელს,

როცა ამ სტუმარს ვეღარ ირჩევენ,

რადგან პირამდე სავსეა ტანი -

შემთხვევითი უამინდობით.

მიჩვევდი, როგორც იჩვევენ აწმყოს,

როცა მომავალს წყალში აქვს თვალი,

როცა წარსული არ გინდა. გახსოვს.

წამსვლელი მოვა

მომსვლელი წავა

დასასრულისკენ აპარებ თვალს და

ისევ თავიდან გადათვლი წამებს.



ეს მერე იყო.

აქ დავასრულეთ.

ერთხელ. ორჯერ. ათიათასჯერ.

ავტორი მე ვარ.



ჭრელია შენი სიჩუმე.

როცა სტომაქში ერთად იყრი

ძველ კარამელებს -

ნათაგური გეტყობა ტუჩზე.

დაჭიანებულ დედამიწას კბილი ჩამოტყდა

„ავის ნიშანი არისო“ - ღამემ.

ყველა სიზმარმა წაიღოს წყალი

და ტალღამ ზღვიდან კალმახივით გაისხმარტალოს

ხრიოკ ნაპირზე.

ახლა ასე სჯობს:

უცებ უხეშად მომხვიო ხელი -

სიზმარივით რომ არ გაგისხლტე.



ეს ადრე არის.

აქ ვგრძელდებით.

ერთხელ. ორჯერ. ათიათასჯერ.

ავტორი შენ ხარ.



ჩამომიტეხე ერთი დღის და ღამის მადლი -

უნდა დავნაყრდე.

ვინც მაძღარია იმან იკითხოს.

ვინც ვერ დანაყრდა - მისთვის მადლია.

გადამწიფებულ ხურმის ხეებს

მატლი გაუჩნდა.

კარმა სტუმარი შემოაღო

და პირმაღიდან ქრის ჩრდილოეთი -

ცივა. ქარია.

აქ, მერე ღამე დაჯდება და ფოჩიან სიზმრებს

მშიერთათვის ჩამოარიგებს.

შაოსან ქალებს წლების სევდა დაუწვრილდებათ,

სველ თვალის გუგებს მტვრით და დროით ამოივსებენ

„სტუმარი ღვთისაა“ - იტყვიან და

ჩვენ უბრალოდ გაგვეცინება,

რადგან ან წრეზე ყველა კარი ჩაკეტილია.



ეს გვიან იყო. მაშინ, როცა

წამსვლელს უთმობს სავალს სტუმარი,

როცა შენ იცი, რომელ დროში უნდა მიპოვნო,

როცა პირამდე სავსეა ტანი

შემთხვევითი უამინდობით,

და დამნაშავე გზები სადღაც იძებნებიან.


უავტოროა.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyMon Sep 17, 2012 8:38 am

კატო ჯავახიშვილი


გვალვა


ასეთ ღამეებს რა გალევს.

წელზე ბაფთად შემოსალტული გამთენია მენჯის ღრუში

წვეთ-წვეთ რომ გაღვრის მარტოობას

და გახრიოკებულ მინდვრებზე შემთხვევით ამოსული

მზესუმზირები წყურვილით იხრჩობიან.

ყმუილით მოგდევს ქარბუქი.

განჯღრევს.

საკუთარი ჩრდილიდან გამოდიხარ და

წვერ-ულვაშივით ამოწვერილ მოლოდინს

მტვრის კორიანტელში თესავ.

იპოვე? ვერა?

აი, შენი დაკარგული ხელი გზისპირას გდია.

სისხლის კვალი კი არ ეტყობა.

გეგონება, - გაღეჭაო ვინმემ.

ვიღაც დიდმა.

შენზე დიდმა და ღონიერმა.

„ტყე-ტყე იარეო“ - გითხრეს და შენი მარჯვენა თვალი

ხის კენწეროს უყუნწო ალუბალივით შესობია -

გადამფრენებმა რა ხანია გადაიფრინეს.

ეს რა წყალ-წყალა ამბები მოუტანია მდინარეს..

გამოღმა კაცის გვამი ჩამოუტარებია და იცინის.

გაღმა - ქორწილია და ტირილით თვალებს ისიებს.

იქაც შენი მოგლეჯილი ფეხი საფლავის სვეტად დაუდევს და

ზედ საქორწილო სუფრა გაუშლია.

მიდი და იზეიმე დასახიჩრება.

გასიებული ენა, კბილებს შორის უცხო სხეულივით რომ გამოგჩრია,

შენი ხელით ამოიგლიჯე და და იმ უყველპურო დღეებს

ლორის ცხიმიანი ნაჭერივით გადააწვინე.

უპოვართათვის მადლია.

შენთვის - ზედმეტი.

გაუდაბურებული ტანიდან სათითაოდ ამოკრიფე:

შეხვედრის კრისტალები;

მოლოდინის ქინძისთავები;

მარტოობის სათითეები;

განშორების - მაკრატლები;

გაფინე მერე თეთრი ზეწარი

ხმაურით დაუშვი სიმძიმე შენი სხეულიდან,

გუდასავით გამოკარი და პირველივე მგზავრს აჩუქე.

რა იცი, რაში გამოადგეს,

რა იცი, რა დროს დაუღამდეს.

შენი ცარიელი გული კი,

მომლოდინე კოკასავით შემოდგი სადმე -

წყაროსთან.

გამოივლიან და მწყურვალნი დარჩებიან.

გამოივლიან და გვალვა დააწყლულებთ.



მერე გაიქეცი,

ამ გახრიოკებული მინდვრებიდან გაიქეცი

და ნამდვილ მიწაში ჩამარხე შენი ნაკლული სხეული.

იქნებ საკუთარი ჩრდილიდან გამოსულს,

ვინმე შემოგხვდეს და გაგამთლიანოს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptySat Sep 22, 2012 7:47 pm

კატო ჯავახიშვილი


ეკატერინე

(დაკარგულთათვის)


მოდი და დღეებს გადავარქვათ სახელები.
თვეებსაც. წლებსაც.
მე შემიძლია პირუკუღმა აგიყირავო დედამიწა,
შენ კი, ბურთივით დაიჭირე ეგ თავი ხელში
და ტანი, სადაც ბედისწერა საწოლში გიწევს -
არც გაარხიო.

ახლოს ნუ მოხვალ.
ძუძუსთავებზე შემოხვეულ ასპიტს თვალები არ გაუნათოს
შენმა ფეხისხმამ –
ხორკლიან ენით გამაგრებულ მუცელს მიგრილებს.
მიწისძვრის შემდეგ მიტოვებულ სახლში დარჩენილ
ბავშვს მარტოობა თუ შეაწუხებს,
ბავშვს, სიძულვილი თუ შეაწუხებს,
ბავშვს, სიყვარული თუ შეაწუხებს,
კარს გავაღებ და ორკაპა გზებს მდინარით დავბან,
რომ ნაფოტივით წამოიღოს წყალმა საშოდან -
სხეული - ჩემი.

გაღვიძება აკრძალულია.
დაძინება ნებადართული.
ავტორი მე ვარ.
ეკატერინე მარქვეს ოდესღაც.
ე კ ა ტ ე რ ი ნ ე.
მოდი, მოგიყვე:

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.
იყო ქალაქი. იყო ხალხი. იყო სოფლები.
იყო ხორბალი. იყო ყანა. და ხარის რქებში
დასხმული ღვინო. იყო კაცი. უთვალთვალებდნენ
სოფლის შუკებში გაფანტული ჭრელი თავშლები.
და იწვებოდა იქვე ახლოს მწვადი მაყალზე.
ციცინათელებს ხურჯინიდან ჩუმად პენტავდა
ღამე და მერე განთიადის თამამ საყვირზე
იბადებოდა გოგო ვინმე ხორბლისხელა და
მოხდილ ქვევრებთან ღმერთის კაცად ცნობდნენ სტუმარს და
მტრისთვის ფრანგულის ერთი ცელად მოსმა ემართათ.
იყო არავინ. იყო სადმე. იყო. საიდან –
საით ქროდა ქარი. ქარისგან სადმე
დამალვას ცდილობს ქალი. აიტანს
გაცრეცილ სულს გოლგოთამდე და ვეღარ ადის.
და ვეღარ ადის და ვეღარც აღმართს ვეღარ უძლებს.
და მოდის დრო და ხელებს იწყობს უკან. ზურგზე.
როგორც დამტვრეულ სავარძელში ირწევა გზა და,
როგორც ხმელეთი ორმოებში ჩავარდნილთ არწევს,
ისე აჩრდილებს აბარბაცებს მიწა და ცა კი -
ბაცია ისეც.
იყო არავინ. იყო სადმე. იყო. ან არი.
ეს მე ვარ. ჰოდა, გამიხსენე. ეს მე ვარ, მე
ვარ. მე აქ ვიყავი აქამდეც , და ახლაც და მერეც
და მოვალ მაშინ, როცა თვალებს დახუჭავს ღამით
ქარი და როცა შენს მომავალს წარსულში ეძებ.
ეს მე ვარ, ყველა შენი დრო. და წელი. და ფიქრი.
ყველა ომი და დამარცხება.
ხელების ფშვნეტაც.
თვალები შავად შევიღებე. თავს ასე ვიქცევ -
ვიყო არავინ. ვიყო სადმე. ან ვიყო.
ნეტა.
მე ახლა მცივა გათენება. მე ახლა მცივა. და თვალებში მეზრდება მიწა.
მე გუშინ ღმერთი ვიყავი. და ხვალ დავბრუნდი. და გღალატობ გუშინდელ გზებზე.
მე ახლა ვიყოფ შენს მოსავალს. მე ახლა გიყოფ. და მკლავებზე ბავშვივივით მიწევს
სამყარო ჩემი სიზმრებიდან. სადაც ცხადში ბალახობს ფერადი ზებრა.
მე ახლა თითზე ჯვარედინებს. მე ახლა თითზე „ნიჩურიტებს“ ვიკეთებ. მხედავ.
მე ახლა გწირავ. და სიკვდილში სისხლნაკლული წყალსაც არ გაწვდი.
და როცა ქარი დაიძინებს. და როცა ცხენი ჩამოაგდებს ზურგიდან მხედარს
და როცა ვინმე გაიგონებს. და როცა ვინმე დაასრულებს ამ ტექსტის ნაწყვეტს –
მე მაშინ თვალებს გამოვიღებ. შენ კი ხელისგულზე ნახშირივით გამოწვი დარდი.
მე მაშინ კირით ამოგავსებ. შენ კი – დაბრუნება ტექსტებს შორის დეფისებს სთხოვე.
და როცა ქარი დაიძინებს. და როცა ხაჭო გაიკეთებს სიძველის ნადებს.
და როცა ტყეში გადარგავენ ჩვენს სულებს და შემოდგომა შეხვდებათ ხეებს –

არა ხარ სუსტი.
ადექი და მაშინ დაეცი.
ეს უნდა შეძლო.

მოდი და, ხელებს ნუღარ მომხვევ.
ძნელია, მაინც.
მე შემიძლია დაბადება გამოგიგონო,
როცა ცხოვრებას ნახირივით მიერეკები
და შენ გეგონოს, რომ შენია წუთის სოფელი
და ყველა კარი გაიხსნება
შენ ოღონდ სთხოვე:
–სეზამ, გაიღე!
ახლა შიშისგან დამიზამთრდი
და თვალებს მარტო მაშინ ხუჭავ,
როცა ლიბრივით ჩამოწოლილ უღვთო სიჩუმეს
გიბრუნებ. უკან.

გაღვიძება აკრძალულია.
დაძინება ნებადართული.
ეკატერინე მარქვეს ოდესღაც.
ე კ ა ტ ე რ ი ნ ე.
მოდი, მოგიყვე:

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.
იყო ომი და იყო გმირი. იყო ნაცარიც.
იყო დაფშვნილი ძვლები. იყო. თუჯის ქვაბებში
იხარშებოდა მოლოდინი. სიზმრებს იცვამდნენ
სოფლის მკვიდრნი და ჯირითობდნენ ავსულ ქარებზე.
და იშლებოდა სოფლის გზა და გრძელ პირმაღებზე
ქარებს ელოდა გოგო ვინმე ხორბლისხელა და
დამარცხებული ოცნებები ფაშვებს აღებდნენ
გამარჯვებას კი მხოლოდ ერთი ყანწი ევალა.
იყო არავინ. იყო სადმე. იყო. საიდან –
საით მიდის გზა და ამ გზისგან საით
იწყება ათვლა, იქიდან სადაც
ისრები - დროის რიკულები დასცვივდა საათს,
თუ სადაც ღამით გულებს ვხუჭავთ და გზას ვიგრძელებთ.
და მოდის დრო და ხელებს უცებ დაგვაწყობს მხრებზე.
და გადის დრო და სხეულს ცალი აკლია მხარი.
როცა ხმელეთი ორმოებში ჩავარდნილთ არწევს -
ცა ბაცი არის.
ვიყო არავინ. ვიყო სადმე. ვიყო. ან არი.
ეს მე ვარ. ჰოდა, გამიხსენე, ეს მე ვარ, მე
ვარ. და მე ვერცერთხელ ვერ მოვარგე ობიაბ კარებს
ის გასაღები, სადაც ჩემი დამარხეს გვამი.
იყო არავინ. იყო სადმე. იყო. საიდან
და მე ვარ, შენი დაბადება. სიცოცხლე. გზებიც.
ომში წასულის სიმღერაც და საყვარლის ნატვრაც.
თვალები შავად შევიღებე, ასე თავს ვიქცევ -
ვიყო არავინ. ვიყო სადმე. ან ვიყო. ნეტა.
და ახლა მცივა გათენება. მე ახლა მცივა. და თვალებში მეზრდება მიწა.
და ახლა მტკივა რომ მოგკალი. მე ახლა მტკივა. და სიტყვას დროში ვერ ვატევ.
მე ახლა ვკვდები რომ მოგკალი. მე ახლა ვკვდები. და სიკვდილში სოცოხლეს ვიწერ.
და ახლა ვდუმვარ რომ მოგკალი. და ახლა ვდუმვარ. და მინდორზე ცალფეხა მარტი
შეწირულ თავებს აბურთავებს. კვდება. კლავს. გზისპირას გაზაფხულს მარხავს.
და როგორც მცველი ჯოჯოხეთის ვდგავარ და თვალებით სველ მიწას ვფხოჭნი.
მე უკვე მაშინ მოგიგონე, მე უკვე მაშინ გაგიმეტე, როცა შენ არც გქონდა სახე.
მე ახლა ვდუმვარ რომ მოგკალი. მე ახლა ვდუმვარ, მე ახლა ვდუმვარ და მიჭირს..
მოდი და თვალები გამომიღე. მე რომ ხელისგულზე ნახშირივით გამოვწვა დარდი.
მოდი და კირით ამომავსე. მოდი.. მანამ ტექსტებს შორის დეფისებს ვიწერ.
მე ახლა ვიყოფ შენს მოსავალს. მე ახლა გიყოფ. და მკლავებზე სამყარო მიწევს
და ახლა მცივა გათენება. მე ახლა მცივა. და თვალებში მეზრდება მიწა.

მოდი და, წიგნებს ნუღარ დაწვავ.
ხე არის, მაინც.
მე შემიძლია სიყვარული გამოგიგონო,
როცა თვალებში სიძულვილი უხმოდ დაგორავს
და შენ გეგონოს, რომ შენშია მთელი სამყარო
და ტანი, სადაც ბედისწერა საწოლში გიწევს
არც გაარხიო.

არ ხარ ძლიერი.
გასწორდი და ახლა ადექი.
ეს უნდა შეძლო.
აქ ყველა გზა დანაღმულია.
ავტორი მე ვარ.
ეკატერინე მარქვეს სახელად.
ე კ ა ტ ე რ ი ნ ე.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.
იყო წიგნები. იყო ხალხი. იყო ცხოვრება.
კაცობრიობა სტრიქონივით ჩუმად ქრება და.
ადამიანებს დაბრუნებას ემათხოვრება.
იყო. ოცნება. სიყვარული. იყო თვალები.
იყო ზიზღიც და სიძულვილიც. იყო სიკეთეც.
და ახლა მხოლოდ წიგნებიდან გვითვალთვალებენ
მათ, ვისაც ჩვენი მომავლიდან მსხვერპლად ვიმეტებთ.
მაგრამ მანამდე:
მიწისძვრის შემდეგ მიტოვებულ სახლში დარჩენილ
ქალს მარტოობა თუ შეაწუხებს,
ქალს, სიძულვილი თუ შეაწუხებს,
ქალს, სიყვარული თუ შეაწუხებს,
ეს დედამიწა გლობუსივით დაატრიალოს,
რომ არ გავჩერდეთ...

ავარიული აფრენაა
დაეშვით ციდან.
გაღვიძება აკრძალულია.
დაძინება ნებადართული.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5158
Registration date : 09.11.08

კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი EmptyFri Nov 02, 2012 8:56 pm

კატო ჯავახიშვილი Kato_Javakhishvili


კატო ჯავახიშვილი


მარცხენა ხელით დაწერილი ლექსი

როცა ადამიანები ერთმანეთს ვერ ამჩნევენ,
მე ვფიქრობ: დროა ერთმანეთის უკან ჩამოვდგეთ.
და რამდენიმე ხნის წინ, ეს როცა
შენი სხეული ტანზე მატყლის საბანივით შემოვიკეცე
და მლაშე ტბებში - შენს თვალებში
ორი ქაღალდის გემი გავუშვი,
როცა ხმელეთი ტანზე ისე შემოცოტავდა
ჩვენ ერთმანეთის წილი მიწა ხელით მოვნიშნეთ,
როცა გითხარი, უკვე დროა აღარ ვიომოთ,
რომ უკვე დროა.
მშვიდობაში უნდა დავბრუნდეთ.
ჰო, ზუსტად ამ დროს, უჩვეულოდ ცხელი შემოდგომა
ჩამოცვენილი ფოთლებივით მიაფრიალებდა ქუჩებს,
როგორც ჩემს ლექსში, შენამდე რომ შემომეწერა.
„წინსაფარივით ავიფარე გაზაფხული და
სადილში მაინც მომაკვდავი ფოთლები ცვივა“.
ციოდა ასე.
ჩვენ ვიდექით მშვიდობის მიღმა
და საკუთარი ხმელეთიდან გადმოვდიოდით.

უცხო ქალაქებს არ ირჩევენ.
ის შეიძლება შენს ქალაქშიც აღმოაჩინო.
გაიარო და ვეღარ ცნობდე ადამიანებს.
აი, ფეხებთან მიწევს სისხლში დამხრჩვალი ჩვილი.
აი, ქუჩებმა სამართალი გაიადვილეს.
და პურმა ჭამა სამართალი
და კაცმა თვალა
და ჭამა პურმა სამართალი
და სისხლმა პური
და სისხლი მიწამ მიიბარა
და იძრა მიწა
და მიწა იძრა.
ეს სისხლით სავსე სასმისია ჩემი სამშობლო.
ახლა მე და შენ ამ სისხლ-ღვინოს ბოლომდე დავცლით
გადავეხვევით ერთმანეთს და..
შენ მხარს ჩამომჭრი.
შენ მხარს ჩამომჭრი,
რადგან არ გაქვს მესამე მხარი
რადგან მესამე მხარე ხარ და
ვერ დაიხარე -
მე რომ დაგეყრდნო.
მე კი, მდუმარედ ჩავიყრი ნაცარს
დაშუშხულ პირში
და ენის წვერზე შევიტოვებ
სიყვარულში თუ რამ შემოგვრჩა.
თუ პოეტი ვარ
ჩემს ტექსტებში უნდა გადავრჩე.

აი, თვალებში ჯერაც კიდევ ცოცხალი კაცი
ტანს მზერის იქით მიახოხებს.
აი, ჰორიზონტს იქით ღამე თხელ ხალათს აცმევს
აი, ჩვენც გვჯერა,
რომ ნანგრევებს როგორც მიაღწევს
თავს დოლაბის ქვეშ გაიჭეჭყავს.
თვალსაწიერი რა ფართოა...
აი, მხოლოდ თვალის უპეა
მე რომ გემები შევაცურე საღამოს ზღვაში.
ახლა მე და შენ ამ ტყუილსაც ბოლომდე დავცლით,
გადავეხვევით ერთმანეთს და...
შენ მხარს მახვედრებ.
შენ მხარს მიბრუნებ შენსას,
რადგან გზა ვერ მოხარე.
რადგან ზედმეტი არ გაქვს მხარი -
არ გაქვს მესამე,
რადგან ორი გაქვს და ცარიელ სახელოს მალავ,
რომ პურმა ჭამოს სამართალი
რომ პური სისხლმა
რომ სისხლი მიწამ,
რომ ორივეს მიწა გვიცავდეს.
ზურგზე ფერადი ფანქრებივით მოვიგდე ტყე და
როგორც ქორი დავაფრინდი შემთხვევით სარჩოს
ვთქვი: პოეტი ვარ.
რაც უნდა მოხდეს
ჩემს ტექსტებში უნდა ვიცოცხლო.

როცა ადამიანები ერთმანეთს ვერ ამჩნევენ,
მე ვფიქრობ: დროა ერთმანეთის უკან ჩამოვდგეთ.
და რამდენიმე დღის წინ, ეს როცა
შენი სხეული ტანზე მატყლის საბანივით შემოვიკეცე,
გარეთ კი მთელი შემოდგომა ამოპირქვავდა
მე მლაშე ტბებში - შენს თვალებში
ორი ქაღალდის გემი გავუშვი
მშვიდობიდან გამოვედი
და ვთქვი:
აჰა, ჩემი წილი სიყვარული.
აჰა, ჩემი დაძლეული შიში.
აჰა, ჩემი დანგრეული სანგარი.
აჰა, ჩემი, შენი, სხვისი შვილი,
რადგან:
სიყვარული ყოველთვის არ ნიშნავს ბედნიერებას.
მაგრამ ბედნიერება ყოველთვის გულისხმობს სიყვარულს.
რადგან, შიში ყოველთვის უფრო მეტია,
ვიდრე შეიძლება იყოს დანაკარგი.
რადგან, ცხოვრება იმდენად მარტივია
არ შეიძლება, მას შიშში ვხარჯავდეთ.
რადგან, ომი არ გულისხმობს მხოლოდ გამარჯვებას,
მაგრამ უხერხულია ელოდო სანგარში.
რადგან, სამშობლო ყოველთვის არ ნიშნავს სიმართლეს
ის ნიშნავს მიწას.
ნიშნავს შვილებს.
ნიშნავს ჩამოჭრილ მარჯვენა მხარს.
- გამიმთლიანდი.

და პურმა ჭამა სამართალი.
და კაცმა თვალა.

study


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 3:03 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




კატო ჯავახიშვილი Empty
PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   კატო ჯავახიშვილი Empty

Back to top Go down
 
კატო ჯავახიშვილი
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: