არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნუციკო დეკანოზიშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyWed Mar 11, 2009 5:30 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Nuciko12

ნუციკო დეკანოზიშვილი

ადექი!

ადექი, ადექი, ადექი!
სკივრში ჩააწყე ზამთრის პომპონებიანი ქუდები
ან დაწვი.
ფრთხილად ადექი-თავბრუ არ დაგესხას-
ჯერ წამოიწიე, ფრთხილააად,
(გარეთ გაზაფხულია-
გაწვიმს),
თვალი არ აგიჭრელდეს, არ დაიბნე-
აქ-ვეფხვებიანი პლედის ქვეშ-სიყვარულს სძინავს,
არ გააღვიძო,
ჩუუუმად,
(ჯერ ისევ ცივა).
მძიმე ფარდა ჩამქრალი ცეცხლივით ბოლავს-
მარტივი ჰალუცინაციაა და
დილა ასრულებს სოლოს.
შეხედე-რა მშვიდად ამოდის მზე!
ხედავ თუ არა-
მაინც ამოდის და
ბრწყინავს.
მე სამყარო ვარ და შენ აქ
თავისუფლად შეგიძლია სუნთქვა,
ჩემს სხეულზე გათბობა
და უსასრულო საბადოების აღმოჩენა,
ოღონდ-
თვალი არ აგიჭრელდეს,
ფრთხიიილად,
მოდი...
და თუ ძალიან გენდომება,
შენს შვილს შეიძლება ლურჯი თვალებიც
ჰქონდეს.
და წინაც ერთი ფეხი გადმოდგი-ფრთხიიილად,
მიუტევე ბეღურას ფრთები,
ა-პა-ტი-ე,
ახლა მეორე ფეხი, ფრთხიიილად
ჩამოდგი და შეიგრძენი მიწა.
დილა
უნდა მოედოს სოფელს და "დიდებაზე""
ჩვენი ამბავი მოყვეს.
ადექი, ადექი, ადექი!
ყველა მწვერვალის თავში ვბრწყინავ,
რომ გითხრა-
დილა მშვიდობისა!

და მაინც

ახლა მარტია და სამარხვო ტრაპეზზე
ცრემლები შემოდგა ქოთნით...
მე ისევ ყველაზე ქალური ვარ,
შენ ისევ ყველაზე ლოთი.


Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 12:39 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Guest
Guest



ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyThu Mar 12, 2009 4:44 pm

ღმერთო, მაპატიე ჩემი პოეზია!

რა სისულელეა!
მორჩა პოეზია...
ხვალიდან ღამეებს ლექსში არ გავათევ!
ლოცვების მაგივრად მიეთ-მოეთია,
სიტყვებს ვაგროვებ და
კოცონად დავანთებ!

ღმერთო, მაპატიე
ჩემი პოეზია -
ტკივილი უღმრთობის სევდაში გაცრილი,
მე უიმედობის ქარი მომეწია
და დავრჩი ფიქრებში ლექსებად დაცლილი...
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptySat Mar 21, 2009 1:46 am

შენ არ იდარდო

შენ არ იფიქრო არაფერზე, შენ არ იდარდო,
ღამე ლოტოსის ასანაში ჩემსავით ჩაჯდა.
რადგანაც არ ხარ ცხენიანი ვინმე იდალგო,
აღარ იდარდო, არ გჭირდება ზეტმეტი განსჯა.

ყელში ბურთებიც გაქრებიან-შენ არ იფიქრო,
მდინარე უნდა გადმოგევლო, გზები და მთები.
მოდიან დაღმა, მწვერვალისკენ მიდის სიზიფე,
გორდება ლოდი, ვიღაც დღეში ათასჯერ კვდება.

შენ არ იდარდო არმოსული საღამოს ფერი.
ბახუსიც უკვე უძლურია, უკვე დაღალე,
როდესაც მცდარი თეზისების გამხმარი ჩერო
თავზე ცასავით ჩამოიქცა. მაინც, ამ ღამეს

ისევ უმტკიცებ შენ თავს რაღაც გმირობის მაგვარს,
ისევ ფიქრობ და მეღიმები. შენ არ იფიქრო,
რომ ქანცგაცლილი დავიღლები სრიალით სადღაც
და ალიონებს მოაკლდება ჩემი სიფითრე.

შენ არ იფიქრო არაფერზე, შენ არ იდარდო,
ღამე ლოტოსის ასანაში ჩემსავით ჩაჯდა.
რადგანაც არ ხარ ცხენიანი ვინმე იდალგო,
აღარ იდარდო, არ გჭირდება ზეტმეტი განსჯა.



flower flower flower flower
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyTue Mar 24, 2009 2:26 pm

ჭერმის ყვავილებთან ფიფქები

ჩემს ბაღში ჭერამი-
ქათქათა- ჭურვივით აფეთქდა!
ამისდა მიხედვით,
და, მიუხედავად ამისა,
უშენო დღეები
გულწასულს მიზელენ საფეთქელს
და ბედნიერებაც
გრაფიკში ჩამისვეს გაისად.

გარეწარ სატკივარს
მეცო-სოპრანოთი მივკივი,
ქარები ექოებს
სამყაროს კიდემდე აწვდენენ,
მუნჯი კინო ხარ და
მოგყვები ბოლოში ტიტრივით,
"ჰეფი ენდ"-ს გუაშის
ტონებით ვასრულებ საჩვენოდ,

და ამის მიხედვით
ჭერმის ოცნებები ყვავიან,
და, მიუხედავად ამისა,
შლეგურად გათოვდა,
წვიმები გვიცდიან,
წვიმები რიგებში არიან,
და დაასველებენ ერთ-ერთს
ჩვენ ორთაგანს-საცოდავს,

თენდება... ალიონს მამალი
მესამედ გაჰყივის,
იჯერებ, რადგანაც აქამდე
არასდროს გჯეროდა,
და, მიუხედავად ამისა,
მე ვხდები დაღლილი,
და, ამის მიხედვით,
შენ თვალებს აცეცებ ჩეროდან,

თენდება... თეთრ ბაღში
პოლარულ ღამეებს მირღვევენ,
ალიონს ვაბრალებ...
არადა, შუაში შენა ხარ!
ჭერმის ყვავილებთან
ფიფქები ხატავენ სიმღერებს,
სხვა კი არაფერი-
მხოლოდ ეს მინდოდა, გენახა.


I love you chemi-aseti gazafxulia...

gio, gagigime sunny
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyFri Mar 27, 2009 11:22 am

mixo,dilamshvidobis sunny ai, movitane es axalic flower


მე ვრჩები ქალად...

"ძვირფასო მარგარიტა ნიკოლაევნა, სთხოვეთ, რომ ალქაჯად დამტოვონ".
მიხaილ ბულგაკოვი, "ოსტატი და მარგარიტა"


წვიმები ფსონებზე თამაშებს გვთავაზობენ...
განწყობა იმსხვრევა-თოჯინა ფაიფურის.
იმპულსით ვაგზავნი ღიმილის დანაზოგებს,
დღითი-დღე ვივსები ვნებების ტაიფუნით.
მომიკივდი...
დაგიტირე...
თმებიც კი გავიშალე,
დროზე ვერ მოგეშველე, ვეღარც მოგეფერე,
მარტივად მომიკვდი-
თაღლითი,
დამნაშავე
შიშის გისოსებში...
და მაინც, ოდესმე რომ
წვიმები ფსონებზე თამაშებს გადაწყვეტენ,
უნდა გაიხადო ნაჩვევი ძველმანები,
უნდა გადავყარო სიმშვიდის ტაბლეტები,
უნდა დავიბრუნოთ მზე, რადგან გვემალება,
უნდა შევირიგოთ ცა, რადგან ავატირეთ...
და მაინც,
წვიმები ფსონებზე თამაშობენ,
ქერა ქალები კი, რატომღაც, ლოთდებიან.
გრძელი ფეხების, ფერების გადამკიდე.
რატომღაც გიკიდებენ...
მტანჯველი პროცესია.
ასე სიფერმკთალე არც ისე საეჭვოა-
იპოქონდრიის და ვნებების გასაყართან.
წვიმაში გავდივარ, ფსონებიც ავირჩიე-
მე ვრჩები ქალად!
გიტოვებ ჩემს სამყაროს!
წვიმები ფსონებზე თამაშებს გვთავაზობენ...
მე ვრჩები ქალად!
გიტოვებ სიდიადეს!
ცისკენ მივუყვები ღიმილის დანაზოგით,
წყენაც მახსენდება სულ უფრო იშვიათად.
მომიკვდი...
აპრილში აღდგომას მპირდებიან-
უნდა გაიხადო ნაჩვევი ძველმანები.
თავსაც მოგაყრდნობდი...
დღეები ბინდდებიან...
მე ვრჩები ქალად!
და შენ...
როგორ მენატრები...
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptySat Apr 11, 2009 9:22 pm

თავისუფალი ბრძანდებით!

თავისუფალი ბრძანდებით, სერ!
თქვენ აპრილს მოპარეთ მზე,
და ყველაზე დიდი სასჯელი
უვადო თავისუფლებაა...
თავისუფლება,- მონების მოგონილი
გენიალური ალიბია-
შეგიძლიათ, სიკვდილამდე დალიოთ,
ან დეპრესია გაიღრმავოთ,
ან, სულაც, ოთხმაგი სალტო გააკეთოთ,
და კედელს მიარტყათ თავი-
თქვენ თავისუფალი ბრძანდებით, სერ!
იმდენად თავისუფალი, რომ მე
უპირობოდ შემიძლია გაკოცოთ,
თქვენს საწოლზე დავწვე,
და მიყვარდეთ ასე...
თქვენ კი, ამ დროს, შეგიძლიათ ამიხსნათ,
რომ "სიყვარული" უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან,
რომ მე თქვენთვის "ძვირფასი" ვარ,
და, რატომღაც, კვირაში ერთხელ ამჟღავნებთ,
რომ გენატრებით,
ასე, თქვენებურად, მაგრამ მაინც...
"ძაღლის ბედი აქვსო"", სერ!
ჰმ... არასდროს მინატრია,
და ახლა ვხედავ თქვენი ძაღლის ბედს-
ყოველდღე რომ უყრით საჭმელს,
მეც იქვე-სადმე,
ახლოს დავჯდებოდი
და ხელისგულს გამოგიწვდიდით-
გაიღეთ ერთი პეშვი სიყვარული!
მე ხომ უპირობოდ მიყვარხართ,
თან ექსკლუზიური უფლებით...
და რადგან თქვენ
აპრილს მოპარეთ მზე,
მე უკვე შეგაბით თავისუფლების
ყულფები.
ვწუხვარ,
რომ თავისუფალი ბრძანდებით, სერ!

Like a Star @ heaven
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptySat Apr 11, 2009 9:26 pm

აისის წირვები

უსაყვარლეს ლუბა ელიაშვილს-დაპირებული


ხანდახან ხდება, რომ მიცოცავ სიცოცხლის დაგლეჯილ ბაგირზე,
ხანდახან ინვალიდ გაზაფხულს მისტირი, და ასე, ხანდახან
უსაზღვროდ გჭირდება მკრთალი იდილია, რომ ისევ გაგიჟდე,
და მერე, ღაწვები იხოკო-მზეო, და ღმერთო, და სადა ხარ?!

არადა, ცის კიდე ცეცხლწაკიდებული ღრუბლებით დაიწვა,
ქარი იქნებაო-ამბობენ, და ხვალემ მიხედოს ხვალსას,
წამოდი, გაჩვენო-საჩვენო სიცოცხლე იწყება საიდან,
სადამდე სუნთქავს და, როგორ იღიმება, ან კვდება დაისად...

ხანდახან იების საყნოსად იხრები (მცირე მეტანია),
და მერე, მიწაზე შეხება სხეულით შლეგივით გინდება,
გუშინ ცა დაიწვა, მე ისევ მიყვარდა... დღეს უკვე ქარია,
ხანდახან ხვდები, რომ დაჭრილ ემოციებს მიათრევ იმდენხანს,

რომ ყველა აპრილი ერთად და ცალკ-ცალკე გგონია ფიასკო,
და ვნების კვირაში უხსენებელივით მარტივად სრიალებ,
ხანდახან ხდება, რომ სულის ევფონია გინდება იამბო,
და გადაიფიქრო ეულად ჩრდილოეთ პოლუსზე ციალი,

და ისეც ხდება, რომ გაზაფხულს დამზრალი ტაძარში აუსწრებ,
და ფურისულების წარღვნაში გიწყებენ აისის წირვები,
ნაძვების ძირებში პეშვებით აგროვებ სიმშვიდეს- აურწყველს,
და ცვედან სამყაროს ასე უპირობო გაზაფხულს ჰპირდები!

Embarassed luba, chemisiyvarulianileqsi tqven cheers
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptySat Apr 11, 2009 9:40 pm

ser mixo, pircmindadaa shesrulebuli tqveni davaleba sunny movitane leqsebi
Back to top Go down
Guest
Guest



ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptySun Apr 12, 2009 11:44 am

ბანკროტი

ხვდები, რომ სრული ბანკროტი ხარ,
ან სახლში დაგრჩა საწვიმარი
დელგმაში...
მაინც გამოდიხარ!
ყოველი დილა-სამძიმარი-
უჩივის ღამეს მეძავობას,
ამ დროს კი ფანჯრებჩარაზული
სამყარო
არც ღირს სენტაო და...
აპრილის სამი,
ქარაგმული
ქარები სახლში გიცვივიან-
კითხვისნიშნებით,
რებუსებით,
ვიღაცისდარად,
სიცივეა...
ხვდები, რომ მართლა დაიღალე,
სუნთქვაც საოცრად გაგიჭირდა,
ბოლო რეისი,
სამი ღამე,
ხვდები, გიკლია ნაბიჯიღა
სულის გასვლამდე...
დაიღალე,
ხვდები, რომ სრული ბანკროტი ხარ!
გაგეხა ძველი საწვიმარი,
წვიმაში მაინც გამოდიხარ...


Very Happy

ახლა გამომიგზავნა ნუციკომ - ნახე მაინცო...
და მე კიდე - აქაც მოვიტანე...

Wink
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptySat Apr 18, 2009 10:56 am

საით, ანდრია?

საით წამოვიდე, ანდრია, საითკენ?
ჩემთვის ხომ, მუდმივად ადრეა ცოლობა...
რაღაცას წუწუნებ, რომ წლები გავიდნენ.
წავიდნენ, ანდრია... და შენთვის, მხოლოდღა.

ჩემთვის კი ადგომა ადრეა, ანდრია,
როცა შენ იღვიძებ და ჩაის არომატს
უჩემოდ უსინჯავ, და ცაზე ანთია
მთვარე-გუშინდელი, და მზეც კი ამოვა

უჩემო დღეზე, და შენ უძლებ განწყობას...
ასეა, ანდრია! მე მკლავენ ალები,
რომ რაღაც გეგმების მიხდება დაწყობა
და მუდმივ მოლოდინს ვაცეცებ თვალებით.

საით წამოვიდე? შენს სახლში, მუდმივად
სრული წესრიგით რომ მაგიჟებს ქაოსი?!
საწოლის კიდეზე დავჯდები უნდილად
და ასე მოვიწყენ... ანდრია, სალოსი

შენ არ ხარ! რად მყვედრი, რომ წლები გარბიან?
ჩემთან სულ ქარია და ღამეც ადრეა...
რაც არის, ეს არის,-და მაინც ნაღდია!
საით წამოვიდე, საითკენ, ანდრია?


flower gancyobis leqsi
Back to top Go down
irinka
Into Armury
Into Armury
irinka

Female
Number of posts : 110
Age : 32
Registration date : 11.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyWed Apr 22, 2009 7:21 pm

chemi nuci... sunny

ცისფერი მზერით

ცა აქ ახლოა უსაშველოდ
ცისფერი მზერით...
ექსკლუზიური უფლებით ჩანს
ჩემთვის მანძილი-
-გაწვდენა ხელის-
-სიმხდალიდან სითავხედემდე...
ჯვრით არეკლილი მისტიკური
ლოდი ვარძიის
მამუნჯებს, ჩემო... კატასტროფას
გავექცე მინდა
ტკივილგაცლილი,
ვნების ბორიალს დავუთმო
სულთქმა,
ხელისგულებზე ამოვიწვა მზის
საათები,
პირდაფჩენილი ხრამის ჯინაზე
შევეხო ვულკანს
ჩემი და შენი ესთეტური
მასლაათებით...
ნისლშერეული ჭოროხები
ახლოა ისე,
მეხამუშება ასე უშნო
შესამოსელი-
-თვალებს პირბადით ვიმალავ და
მხრისთავებს ვიჩენ,
რომ ხელუკუღმა დავაბრუნო
წუთისოფელი!

ცა აქ ახლოა უსაშველოდ
ცისფერი მზერით...
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyThu Apr 30, 2009 12:40 pm

წყალსაც წაუღია!

შაოსანი სპლინი მე მაინც მაგიჟებს,
გეძებ და გპოულობ-ლაღს და აუგიანს,
ამოგიჩემე და გაგხადე სამიზნედ-
-უშენო დღეები წყალსაც წაუღია!

ეეე... როგორ დაბერდი,
ბიჭო, რა მოგსვლია...
მივყვები უშენო დღეების ქარავანს,
მთვარე დღენაკლული-წვიმების ლოთია,
მაბნევ და შენს გზებში ვპოულობ სამალავს...

ახლა სტიქიურად მშვიდი და ფლიდი ვარ,
მოზომილ ლექსიკას გახვევ და გამუნჯებ,
საზღვრებს ვცილდები და
მივდივარ, მივდივარ,
ზღაპრებში მივყავარ წრეგასულ ფასკუნჯებს...

თვალში რომ ჩამხედე,
ხომ გახსოვს, თავხედო,
ბავშვობას ვნებები მხარზე გაუდია...
ერთი სისულელის უფლებით ვსარგებლობ-
-უშენო დღეები წყალსაც წაუღია!

I love you
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyTue May 12, 2009 2:50 pm

Like a Star @ heaven

მოლბერტი
შვიდი წლით გავიშალე,
მოვედი
ათასი საღებავით,
როგორც სამუდამო დამნაშავე
ციხის ალაყაფის გაღებამდე.
გხატავდი ცოდვების მონანიე
ტილოზე დაღვრილი
ცისფერებით,
გზაში ღიმილი რომ
მომაბნიე,
თვალებგახელილი
ვიფერებდი,
მერე, დავიჯერე ყველაფერი-
სევდა,
დუმილი და
მონატრება,
დოგმა-
არ კი არა, ვერ-გაფრენის,
აღარ დაშვების და...
მონმარტები
ასე დავივიწყე-სიზმარივით,
ხელში ჩიტივით რომ ამიყვანე,
სულზე დამეხვიე
ჭიპლარივით,
დედის საშოში რომ უძინარი
გელოდი ჯერ კიდევ
ჩასუნთქვამდე,
და ახლა სანაგვე ბუნკერიდან
ჩვილივით-
მალვით რომ გადააგდეს-
შეგყურებ,
გული მაქვს სულ მთელი და
ცრემლები
თვალებში სად დავმალო?
შემხედე!
როგორ ვჭამ მობუზული
მიწას და
გამჩენი არ მასვენებს!
მინდა,
მოგიკვდე და განაჩენად
შენი ხელისგულით გამასვენო...
მანამ კი,
თვალები სად დავმალო
შვიდი წლით გაშლილი
მოლბერტიდან?!
ჭიამაია რომ დავამწყრალე,
რომ ვხატე ნახევარ-ტონებით
და,
მაშინ ხომ არ მყავდი
დანახული,
და ასე ვიდექი-მომარხულე,
შემხედე, მოვედი
ტილოზე, რომ
ჭიამაიების კოპლებივით
მრავალწერტილებით
დანაღმული
ჩემი უკვდავება
მოგახურო.
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyWed May 20, 2009 1:17 pm

gmadlobt, chemo sayvarelo adamianebo, dzalian miyvarxart da gafasebt sunny



გვაგვიანდება... თამაშისას ნაღრძობი ფეხით
მივათრევთ სიზმრებს, და პატარა სპარტანელივით
ჭექა-ქუხილის გაჩენამდე გვეცემა მეხი,
რომ უსუსურებს გული სადღაც გადაგველევა,
ანდა, მოგვკლავენ ტყუილით, ან, რა ვიცი, თოფით

მიტოვებამდე... იოლია ასე და უფრო...
მკვდრებს მარტოოდენ ყვავილებს და ცრემლებს აწევენ,
გადაგორდება მერე შვიდი, ქელეხი, სუფრა,
და გათავდება მისატანი მკვდრებთან საწევრო,
ანდა, ჩუმად და უფერულად იტირებს ვინმე.

გვაგვიანდება... სხეულების ფუყე და მშვიდი,
უპრეტენზიო სურვილები გვაგვიანდება,
აღიარება მზის წნულში და ნერვებში, შიგნით,
სხეულის ენით სნეულების აღიარება,
რომ სული ისე დაგიმძიმდა და გულიც გწყდება,

რომ ხელისგულებს ვერ ატოლებ გადამფრენ ჩიტებს,
რომ ყინვებისას მიაფურთხო ყველა ზამთარს და
თბილი ქვეყნისკენ გაფრიალდე, რომ აღარ გღლიდეს
ასე უაზრო საღამო და მზე რომ გათავდა,
გამოიგონო უნდა შენი სამყარო, მაგრამ

გვაგვიანდება უსახური წლების გარდაქმნა,
ცალყბა ღიმილით გამოსყიდვა ვერთქმული ცოდვის,
ძებნა-აღქმული ჩვენთვის მიწა, ნეტავ, სად გაქრა?
კითხვები, მხოლოდ ლოცვისას რომ თავისით მოდის,

და მერე ფიქრობ-ისევ როგორ საშინლად კვდები,
ან როგორ უფრო მარტივია ახლა სიგიჟე,
რადგან დიადში აგერია შენ ვინმე დენდი,
და ეს დენდებიც, თურმე, ფუყე თავთავს იმკიდნენ,
ან კიდევ, სულაც არ იყვნენ და, გეგონა მხოლოდ.

გვაგვიანდება უპირობო აღიარება,
რომ სიყვარული მხოლოდ ჩვენში, ჩვენად და... ჩემო,
მომდის ცრემლები, ღალატები მომდის ღვარებად,
განადგურება სიყვარულის-ბითური ჩვევა,
ასე უმზეო ამინდებში მე დავიჩემე.

გვაგვიანდება, რომ სულები ვატოლოთ სულებს,
გვაგვიანდება... ღმერთთან მისვლა გვაგვიანდება.

Like a Star @ heaven
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptySun May 24, 2009 12:21 pm

ki, mixo, shevecdebi raime movuxerxo mag adgils-martali xar .

iqamde ki es iyos:

დელგმაში გაშვება

როგორ არ მინდოდა,
რომ ჩემი ნაწყენი თვალები გენახა,
ტაატით, ტიტინით
ხავსზე დაკიდული ცვიოდნენ დღეები...
არსად დაგირგივარ-
ეს მე აგიყვავდი მიწაზე ვენახად,
მსვამდი და თვრებოდი...
და წვიმებს ნავსივით წვიმები მოება,
იებით, ბიბინა მოლებით,
გახსნილი ხელებით,
ასფალტზე დათვლილი შენამდე ნაბიჯით,
და ასე-ტორტმანით,
მე-ფერდაკარგული,
და ულტიმატუმი-აღარსად სვენება!
გნახე და ვიფიქრე,
ჩემი პლანეტების შენამდე მოტანა,
და წვიმის ნოქტიურნი-
ვიღაცის ცრემლების მკვეთრი ალუზია
ფანჯრებზე ვაფარე,
რაფაზე დასხმული ღიმილის სანაცვლოდ,
გულში ვიხუტებდი ინვალიდ ღამეებს
და დღეებს-კუზიანს,
მკვდარი იდილია სველ თმაზე მისვამდა
ეჭვების სავარცხელს...
დავნაცრე ხიბლი და, ხარხარით (რატომღაც)
ვყვიროდი-
ისუნთქე!
გახსენი ფრთები და თვალები, ეს ერთხელ,
ბოლომდე გახსენი!
ხელებში მომიკვდი,
მაჯებზე მომება ბითური სისუსტე,
საცვალი ამინდმა იცვალა სვენებით,
ქუხილით,
და ხსენი
ძუძუში გამიშრა...
ჩვილი კი სველი და მშიერი ტიროდა...
(ნაწყენი თვალები),
და ვენახს სხლავდნენ და
ნერვებზე შაშვები
ნამცეცებს კენკავდნენ,
ნისკარტზე ეკიდათ სულ ყველა პირობა,
და გულში მტკიოდა, რომ გადამიწყვიტე
დელგმაში გაშვება...
Back to top Go down
irinka
Into Armury
Into Armury
irinka

Female
Number of posts : 110
Age : 32
Registration date : 11.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyTue Jun 16, 2009 1:42 pm

ბასარან!

დიდიმის დილა გაქვს თვალებში, ბასარან! მაოცებ,
შენს ზღვაში რამდენიც კენჭია, სულ ყველას დავითვლი,
ხელს მიწვდი-გოკჰან! და მე ნინა-გურჯი ვარ, საოხრევ,
რა თბილი ხელი გაქვს, ნეტავი, გრქმეოდა დავითი..

სილაში ვტკეპნით და, ნიშნავს, რომ მალე წაიშლება
ჩახჩახა კადრები. მშობლიურ ქალაქებს ვატოლებთ-
სულ ოცდათხუთმეტი ათასი... წარსულით შიშვლებმა
სიცილი ჩავიცვით, გადავცდით უხერხულ ფაქტორებს,

და მაინც, ალმური მომედო ზედმეტი რუჯივით,
მიმტკიცებ, რომ შენი გულივით ცხელია დიდიმი,
ქალაქი ქალია ახლა და... და ნინა-გურჯივით
რონინით მოგდევს და, რესპექტაბელურად გიღიმის,

მოლა ავდება და, მე პირჯვარს ვისახავ, ბასარან!
ბასრია, განა რა, ეს ჩემი ხის ჯვარი... ეფესოს
ზარმაცად აზმორებს, მედუზას თქმულება გაშალა-
მკლავზე დამიწვინა, მკერდში დანასავით შემესო

მრუმე ისტორია... ვამტვრევთ საზიარო ბრიტანულს,
შენ ზეთისხილივით ბლიკიან ღამეზე მიყვები...
ფლოქვების თქარუნი მიფეთქავს ტვინში და, მინდა, რომ
ყელზე მოგაბჯინო ქართველი ქალების მითები,

და ასე დავღვარო-ალუბლის წვენივით-ეგ სისხლი,
ვითომ შემთხვევით რომ დამექცა, მიფრთხილდი, საოხრევ!
ჰოი, როგორ ამეწვა ნინა-გურჯს ტაო და ეგრისი,
დიდიმის დილა გაქვს თვალებში, ბასარან! მაოხრებ...


მაგარი და მაგარი !
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyMon Jun 29, 2009 8:01 am

ღაწვზე ხალივით


ეს ქვადქცეული მარტოობა როგორ გაზრდილა
ღაწვზე ხალივით -
დამისაკუთრა, როგორც ქალი - შეშლილმა მამრმა,
არ მიშვებს, არა!
კარში ჩადგა - ნაპატივები,
და საჩუქარიც მომაჩეჩა - დეპრესია -
ყვითელი ქარვა...

მან ჩემი თეთრი მონუმენტი უნდა აღმართოს.

კალატოზობა დაიჩემე შენც, ჩემო თერძო,
და საჭრეთელიც მოაყოლე, როგორც როდენმა,
რუხი ჭინჭები შემოაცვი სვეგამწყრალ სეზონს -
მაინც არ ჩანდა მზე, არ იყო - ცერცვისოდენაც...

ღალატებივით დააქვს ზაფხულს ცოდვების სკივრი,
და ქვადქცეული მარტოობა ტანჯავს სიზიფეს,
მწვერვალზე ლოცვებაპყრობილი ირწევა მწირი,
წრეზე სიტყვებით დანთებული ცეცხლი გიზგიზებს,

ვდგავარ სიყვარულაყრილი და, რატომღაც, გტირი...

როგორ გაზრდილა მარტოობა, ფეხქვეშ განრთხმულა
ქვაკუთხედივით,
შევდგე უნდა, უნდა ავფოფხდე,
წახნაგები კი ხელისგულით გავაპრიალო,
ღალატიანო!
მოგწვდე, იქნებ, თავბრუდახვეულს,
და საფეთქელთან გიჩურჩულო:
დააგვიანე...

თავზარდამცემად ყმუის ყურთან შენი სიყალბე...

ეს ქვადქცეული მარტოობა როგორ გაზრდილა,
ღაწვზე ხალივით -
შენ რომ გიყვარდა.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptySat Jul 18, 2009 5:42 pm

დაბადების დღისთვის

ღმერთო, რამდენი გეძებე, ღმერთო-
დედაჩემის ნატიფი სახის ოვალი
რომ ტკივილებისგან მოიქცა, და
ჩიტმა შვებით ამოუსტვინა ივნისის
საღამო,
იმ დღიდან გეძებ-
სამშობიარო სახლის დერეფნებში რომ დაგიწყე
ძებნა, და ფართოდგახელილი ლურჯი
თვალები შეგანათე,
გახსოვს?
გიცანი-
დედის სუნი გდიოდა და
მკერდიდან რძე მოგდიოდა,
აი, მაშინ გთხოვე-
არ დამტოვო-მეთქი და,
ტანზე აგეკარი-
რა თბილი იყავი, ღმერთოო...

ჩიტებისამოსტვენიანი ივნისები მწყობრში ჩადგნენ
და შენ არ ჩანდი,
მინდვრის ყვავილებს ძილი დავურღვიე,
რომ მეპოვე-სადმე,
თუმცა, ბალახი აშრიალდა და,
სხვა არაფერი.

მერე, თოთო ბავშვი იყავი, ღმერთო-
ჩემი სისხლი და ხორცი, და
ჩემს კერტებს წოვდი-
თეკლა დაგარქვი,
ახლა, შენ ამეკარი, და
ჩიტმა კიდევ ერთხელ ამოუსტვინა ივნისის საღამო,
აი, მაშინ შეგპირდი-
არასოდეს დაგტოვებ-მეთქი,
რა უმწეო იყავი, ღმერთოო...

მამლის სამჯერადი ყივილები იყო
დაისებიდან აისებამდე,
დამტვრეული ხელები-
ვენერა მილოსელივით და,
რამდენს გელოდი,
არ ჩანდი,
მხოლოდ სრული ანალგია-დეპრესია-
ძალიან რომ არ მტკენოდა.

მერე, შენ კაცი იყავი, ღმერთო-
მხრებშიმოხრილი და სიტყვაგამართული,
ჩვენ ხან ლუდს ვსვამდით ერთად და, ხანაც-მარტინის,
მე ვბრწყინავდი, შენ-გაშტერებული მიყურებდი,
საძაგელი ჭრილობა რომ გაჩვენე, ხელში ამიყვანე და,
აი, მაშინ დამპირდი-
არასოდეს დაგიშვებო.
წყალს აყოლილი ნაფოტივით წაგყევი.
რა ყალბი იყავი, ღმერთოო...

მერე, მე უკიდეგანო ცას გამოვეკერე და,
შენ მიწაზე დაიჩემე სიყვარულის შეგროვება-
აქაოდა, ღმერთი ვარო.

ივნისის საღამოს კი, აპლოდისმენტების ფონზე,
ჩიტმა ჩემი მარტოობა ამოუსტვინა.

და, ვიდრე შაშვები ალუბალს აკენკავენ,
ბედისწერა კი ბოლო-საკონტროლო ტყვიას დამახლის,
მთის ძირში მინდა, გიჩურჩულო:

იცი, როგორ მიყვარხარ, ღმერთო?!

Like a Star @ heaven
Back to top Go down
keso
Front of Armury
Front of Armury
keso

Female
Number of posts : 96
Registration date : 28.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptySat Dec 26, 2009 7:05 pm

apriori

მგზავრი ვიყავი. მივდიოდი. ტყეს ახსოვდა ჩემი ტერფები.
კვალი თოვლიდან მოდიოდა და არსაით იკარგებოდა.
ვიკარგებოდი ანტრაქტებში. ხეებს შორის ჩემთვის ვდგებოდი.
ფეხზე დგებოდნენ მწვერვალები. მკლავს მიწვდიდნენ შემკრთალ მეგობარს.
მთები ზარმაცად ამთქნარებდნენ. მწვერვალები ფეხზე დგებოდნენ.

მგზავრი ვიყავი. დამემგზავრე.აელვარდნენ ხმელი ფოთლები.
ცას უყურებდა სახურავი ჩვენი სახლის. ანდა არ გვქონდა.
სიმამაცისთვის ვსვამდით. ასე ვსჯიდით ჩვენს ბედს-მთვრალი გუთები.
უფრო შესუნთქვა გამიჭირდა. გამომიშრა ტუჩი. და ქორდა
დამატებითი, უსარგებლო და უმიზნო-გულით დამქონდა.

და მივდიოდი. დამემგზავრე. მწყუროდა და მანიშნე წყალი
შენს ბნელ ბინაში.ჟინმოკლული მივადექი რაღაც სარეცელს.
მგზავრი ვიყავი. დავიღალე. მომასვენე დაღლილი მგზავრი.
პროკრუსტეს ლოგინს მიმაჯაჭვე. დამამოკლე დანის გარეშე.
გრძელი მოვედი. მივდიოდი. მამოკლებდი. ვიდრე დავეშვი.

ვიდრე გავჩერდი. მივდიოდი. და არსაით არ მქონდა გეზი.
მგზავრი ვიყავი-მოციმციმე. შენი ქოხის უცხო სტუმარი.
რიტმები კედლებს შევატოვე.იღიღინებ შენ ჩემთვის ჩემზე,
ოდესმე, როცა არ მექნება თბილ სიტყვებზე \"ჰო\" და \"უარი\".
უნდა გაგეშვი-აპრიორი. და მივდივარ-წასვლა თუ არის.

ვივლი მზესავით გამხელილი შენს თვალებთან, ზურგთან, ხელებთან.
დღეებზე-კალის მებრძოლებზე-მონადირე, სუნთქვის სიხარბით.
ხილვებით. კვალით თოვლიდან და გზით- არსაით, როგორც გენებოს
ისე დაარქვი ჩემს მოსვლას და სიკვდილამდე მშვიდად იყავი.
ნიშნისმოგებით ჩაუკარი თვალი შენს თავს.და გაიხსენე-
როგორ მიყვარდი.

es ra magari leqsi armovaChine...
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyMon Jan 11, 2010 6:11 pm

dzlivs movagwie aq, momenatret, mixo momenatra dzalian Smile


ალილო!

ჩემს ქვეყანაში სულ ზაფხული არ იცის ხოლმე.
დაზამთრდა, კარგო, და მამა ღმერთს წამოსცდა თოვლი.

შენ რაც მომეცი შენი ციდან, შენი სუნთქვიდან,
ღმერთო, მაღალო,
ათივე თითზე ჩამოვიცვი ბეჭდებად, თვლებად,
და მორჩილ თმაზე დავიბნიე მთელი სამყარო,
თავი ავიღე, ან არადა, დავდე, თუ გინდა,
დაარქვი ასე. და ჩავისხი თვალებში ტბები,
რომ მეხილა ჩემი საღამო.
და შენი ღამე.
ღმერთო, მაღალო!-
ბეთლემის ბაგა, ღვთისმშობელის ფერმკრთალი ბაგე,
და ლურჯი შობა სიყვარულის-ქარში დეკემბრის,
დარი-ავდარში.
მიდიხარ და ვერაფერს აგნებ,
და რაც მიაგე გაზაფხულებს, გაქრა, ეგება...

გათენებამდე ღამე მკლავზე დამითვლის ხალებს,
გაღვიძებამდე, როცა მთელი სიცოცხლე კვდები,
ღმერთო, მაღალო,
მე მინდოდა მხოლოდ ის ალი,
ბეთლემის ცაზე მოკისკასე ვარსკვლავის კდემა.

ალილო!
"რამე გამოიტა"-მოვსულვარ აბგით,
ღმერთო, ტრაპეზი გამიმზადე-ღვინო და პური.
ჩემზე-საკიდზე- საბრას შავი და მოკლე კაბა
ასრულებს სოლოს.
მიჭრიალებს სურვილი ურმით.

ალილო!
მაინც მოვედი და ვნახე იესო,
და სამსჭვალების მიჭედებაც დამედო ვალად,
ღმერთო, ღმერთმანი,
მთელი ჩემი ვრცელი სიესტა
თავსდება ერთ დიდ ცოდვაში, რომ ვიყავი ქალი.

ახლა გავრბივარ.

რა ჰიმალაი, და ვინ ლამა-თუნდაც დალაი,
გაქცევა ვიცი სულ სხვა მხარეს, და სხვანაირად.
თეთრი შუამთა.
შემუსვრილი გული.
არავინ,
როგორც არავინ
დაგიძახებ, ღმერთო,-
ალილო!

ჩემს ქვეყანაში სულ ზაფხული არ იცის ხოლმე.


shobas gilocavt!
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Way at Armury
Way at Armury
nuciko dekanozishvili

Female
Number of posts : 46
Humor : :)
Registration date : 27.12.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyTue Mar 09, 2010 4:52 pm

წერილი კლარას, 1944

მეორე მსოფლიო ომის დროს ერთი ქალაქის ჰოსპიტალში ერთი ახალგაზრდა ექიმიღა უვლიდა ტიფით დაავადებულ გერმანელ ტყვეებს. ტიფი გადაედო, როგორც მოსალოდნელი იყო, და 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს კაცი გახლდათ შალვა დეკანოზიშვილი-ჩემი დიდი პაპა.

ძვირფასო კლარა!
ვიდრე გვრემას დამიწყებს ფერდი,
ან მესაყვირე შტეფანივით გამეზრდება
უცებ მუცელი,
მოკლედ დაგიწერ:
აქ დილიდან წვიმს ჩვენს დაგებულ ქვაფენილებზე,
მოკირწყლულ ქუჩას ალაგ-ალაგ ემჩნევა ბზარი,
ჭექა-ქუხილზე ზანზარებენ თხელი მინები,
და მე სიკვდილთან გავანაღდე გუშინღამ ზავი.
თუ გახსოვს,-ჩვენი იადონი,
ჭრელ გალიაში სულს რომ ღაფავდა,
აი, ასე, და სწრაფად,
ურითმოდ
ფართხალებს გული,
და კოლნის ცივი დეკემბერი
მივლის ტერფებში.
ჰოსპიტლის კედლებს სდით იოდის მომწარო სუნი,
და სადღაც გაქრნენ, მოფარფატე აქვე, ექთნები.
"შობელძაღლები"!-
ყოველ დილით დუდღუნებს კაცი-
იდეალისტის მოქნილი და გრძელი თითებით.
რაღაც ასეთი გინებაა,
მგონია,-
"შვაინ",
რადგან ჰაერში მოქნეული მსხვილ-მსხვილი ნემსი
ჩემს დუნდულაში ათი წუთი მაინც ძაგძაგებს.
თუმცა,ისეთი თვალები აქვს-
პალადინის ან მღვდელმსახურის.
ჰოდა,
ყველანი დაიფანტნენ, და ჭერს შევყურებ,
ასეთ ამინდში ნატყვიარი ბარძაყთან მწიწკნის.
ვინც გაფრინდნენ და, ხო გაფრინდნენ,
ტოტზე ბეღურას
ნისკარტით მწვანე ჩიბუხივით უჭირავს წიწვი.
გინდა მოწიე,
აი, ახლა,
გინდა იყვირე,
არც ზარებია ამ ქალაქში,
ძვირფასო კლარა!
და მეც ამწაპნის დღეს ან ხვალე
დაღლილ სულს ტიფი.
ჰო, ის ექიმიც-
"შობელძაღლი"-
გუშინ მომკვდარა.

სალუტი!
ვკოცნი უფაფუკეს ვარდისფერ თითებს,
შენი ნიკოლა.


es iyo telavshi:)
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyMon Jun 14, 2010 10:45 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Mukhra10

მუხრან მაჭავარიანი და ნუციკო დეკანოზიშვილი, 2010 წლის მარტი.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptyFri Jun 10, 2011 12:55 am

ნუციკო დეკანოზიშვილი

გაზაფხული

ხეები აყვავდნენ და
თოკები გამოისხეს.
ქარში ფრიალებენ
დაზავების თეთრი დროშებივით, -
"დაუთმე უფალსა"...
პროჟექტორებივით გაფაციცებული თვალები
ფანჯრების მინებს კვეთენ და
ხსნას ეძებენ.
და მაინც - სად, სად?
ვერც ერთი ტოტი ვერ დამინდობს,
ვერც ერთი სიტყვა, -
ისე მძიმე ვარ.
თოკებიანად წამოვალ და
ვარდნა იქნება უსასრულო,
ჯოჯოხეთივით.
ხეებმა თოკები გამოისხეს,
თოკებმა - ფრთები.
ცასაც ვერ ჩამოეკიდები,
თორემ გაფრინდებოდი.
თითქოს, არც იყო არაფერი, -
ფილტვები, სავსე ტკივილით და
მუცელში ათასი ხვრელი, -
ჭიებით სავსე.
ყელში - თოკები.
გვერდით ოთახში -საწოლები.
აქეთ - მაგიდა.
ჭერი ისეთი მაღალია,
მე ვერ დამინდობს.
მისამძიმრებენ მეზობლები, -
წყებად დადიან.
ახლადშეღებილ უცხო კედლებში
კუბოც კი არ დგას,
რომ დავჯდე და
გულიანად გამოგიტირო.

study


Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 12:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptySat Nov 26, 2011 11:52 am

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Spotte10

ნუციკო დეკანოზიშვილი

ცეცხლი დამინთე, სალამანდრა

კუდს ნუ მოიქნევ, სალამანდრა -
არ მეშინია!
ცეცხლი დიდი ხნით მეკიდა და...
უკვე დავიწვი.
გოგენის ყვითლით შევიღებე...
დაგეშილია
ქვეცნობიერი - თვალი მითრთის,
თვალი - თვალის წილ,
ფეხები - ფეხის,
ხელი - ხელის,
გული - გულის წილ.
ხმელეთზე ხოხავ, დაიღალე, უნდა ჩაყვინთო.
დრო გაცნობიდან არცნობამდე, მერე გუშინწინ,
გუშინ, დღეს დილას, საათის წინ, წამის...
მაკინტოშს
ვინ შეგიკერავს, სალამანდრა, რომ არ დასველდე?!
მიჩვეული ხარ.
ჩადი,
ჩადი,
გაცურე ქვევით,
ფსკერზე დაეშვი - გველთევზებთან, ფსკერზე,
და შემდეგ
შეჭამე ყველა ლიფსიტა ან, იყავი ქველი -
მოკვდი შიმშილით, როგორც ძველად, კიბის ქვეშ,
ხელში
ფანქრებით, ჭიქით, ფერებით და
მხრებისკანკალით.
ტემპერა - კაცის გულიანი და არა კვერცხის,
თავი სინდისთან მიიტანე, იქვე დაკალი.
კუდს ნუ მოიქნევ, სალამანდრა!
ფერფლიდან მზელენ,
განთიადები, დაისები, თეთნულდზე თოვლი,
თვალი ნათელი, გული - გულში, მზიანი მზერა.
ხმელეთზე, ზევით, მწვერვალებზე
შეგხვდები მხოლოდ.
გზა ციცაბო და ქვიანია, გზა არის გრძელი,
ცეცხლი დამინთე, სალამანდრა, -
კლდის თავზე...
მოვალ.

ბმული - http://www.lib.ge/mybook/index.php?book=08664&rel=poetry

Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 EmptySat Dec 03, 2011 8:27 pm


ნუციკო დეკანოზიშვილი

...რომ გვერდით გედგე

ასე მინდოდა დამეწყო და ხარაჩოებს ვდგამდი ფანჯრებთან,
ხელუხლებელი მეტაფორით ვრთავდი ფრაზებს - სისხლში გაყინულს.
ასე მინდოდა დამეწყო და, რომ ეს იყო ჩემი სასჯელი,
უკვე ვიცოდი, ვიფერებდი, რომ აქ იყო ჩემი სალხინოც.
ვეზიდებოდი სიტყვებს სახლიდან.

დიდი კაცები ბადეს შლიდნენ. იყო დილა. იყო სისხლივით
წითელი სისხლი, დაკოპლილი, კალმახების ზურგზე აკრული.
სასკოლო მერხი - დაჩხაპნილი, და სამშობლო, გვერდით, "იხილეთ",
ვაშას კივილზე გამობმული (კოსმოსამდე) მკრთალი "ჩაკრულო".
და ბრჭყვიალებდა ტატოს "საყურე".

"ელია, ბიჭო"! - გეკითხები: რას ელიან აქ სულელები?
ქველმოქმედები, მასხარები, სწავლულები და ასე შემდეგ,
და ასე შემდეგ, ასე, შემდეგ, - დაკრეფილი გულზე ხელები,
რომ მახელებენ და რომ მინდა, ყველა ლაჩარს სიტყვებით შევდგე!
რომ აქ ვიყო და, რომ გვერდით გედგე.

რომ უკვე ყინავს გვარიანად, მინდა გითხრა, - ზამთარი მოვა,
მოვა და მერე შეგცივდება, მე გავიხდი, ჩაგაცვამ ტანზე.
შენი ბებერი გული ფეთქავს, ისე, როგორც ზამთარში თოვა,
და სულ არაფერს, - არც ერთ პასუხს , - აღარა აქვს ამჯერად აზრი,
როცა ვზივარ და არ ვფიქრობ სხვაზე.

უსაზღვრო სევდა დიდდება და გადანგრეულ საზღვრებს გადადის,
თვალი თვალში რომ გაგიყარო, წავხდები და დავკარგავ ედემს.
როგორ მინდოდა დამეწყო და ვრჩები ამბავს, ასე, - ვადამდე,
ვეღარც ვწერ, ვეღარც გეშველები, ვეღარც ვყვირი და ვეღარც ვკვდები.
ვდგავარ, აქ ვარ და გაბზარული შევყურებ კედლებს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   ნუციკო დეკანოზიშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ნუციკო დეკანოზიშვილი
Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: