არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნატა ვარადა

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptySat Jan 10, 2009 2:09 pm

ნატა ვარადა Nata_v10
Nata Varada

სიზმრისა

ახლა ვერაფრით ვერ დავაბრუნებ, პასუხად:
კარგად.
რადგან, მკვდრების პურის ლუკმებად ჩავიგუბეთ
ერთმანეთი -
როცა, სამოთხედან მომწერა:
გზაჯვარედინზე მოგკარი თვალი,
მონაცისფრო პალტოთი,
ტელეფონს ჩაჰყურებდი და იღიმოდი.
რომელიღაც საზვერედან ჩემი გზავნილი
ადრესტამდე ვერ მიაღწევდა:
შენი ბავშვობის ფოტოს
ეკრანზე ვუყურებ და ასე ვკვეთ ქუჩებს,
ტელეფონი ჩემი გულის ციცინათელა.
ბანალურია, მიამიტური...
და ძილს მივეცი ჩემი სიზმარიც.


ნატა ვარადა
პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი

ნატა ვარადა (ნატალია ვარადაშვილი) დაიბადა 1978 წლის 11 ივნისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში.
1994 წელს დაამთავარა საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ტელე-ჟურნალისტიკის განხრით.
1995 წლიდან იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.
2012 წელს რადიოთეატრში დაიდგა მისი რადიოპიესა ფოკუს-მოკუს-ფრრ (რეჟ. ზურაბ კანდელაკი), სადაც მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე. რადიოპიესაში მოთხრობილია ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის ცხოვრება და შემოქმედება, ამასთან მხატვრულ-ალეგორიული ხერხებით გაკრიტიკებულია საქართველოში წლების განმავლობაში გამეფებული უსამართლობა, ასევე ციხის საკნებში პატიმართა უფლებების უკანონო შელახვა და ის დამამცირებელი პოლიტიკა, რომელიც დაკანონებული იყო ხელისუფლების მიერ 2003-2012 წლებში.
2018 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული ჯილდო „საგურამოს პრემია“ პოეზიის ნომინაციაში.
ნატა ვარადას ლექსები თარგმნილია ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

წიგნები:
* ერთი საათით გვიან, გამომცემლობა „ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება“, რედ., როსტომ ჩხეიძე, მხატვ., ქრისტინე რობაქიძე, 2010, ISBN 978-9941-0-2997-4
* დედის კერძი, გამომცემლობა საუნჯე, რედაქტორი ბესო ხვედელიძე, 2012, ISBN 978-9941-9260-6-8; ასევე ელექტრონული გამომცემლობა ლითერასი.
* Varada mudra სკნელ(ებ)ი, ელექტრონული გამომცემლობა ლითერასი.
* ესეც ეს სე, ელექტორნული გამომცემლობა ლითერასი
* „ამებური სიმღერებიდან“, 2013
* „გამრავლების ტაბულა“.

ნატა ვარადა Aoaaa_11

ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/ნატა_ვარადა
* http://nataliavarada.blogspot.com/
* https://www.facebook.com/Natuka.varada
* http://nataliavarada.blogspot.com/2012/10/blog-post_17.html
* https://www.facebook.com/ნატა-ვარადაNata-Varada-415501555203324/
* https://1tv.ge/elit_author/nata-varada/
* http://translationlab.ge/authors/nata-varada-varadashvili/



მწერალი GeolibTV-ი ს
GeolibTV
Published on Feb 12, 2013
ქალბატონი ნატა ვარადა GeolibTV-ის მაყურებელს საკუთარ ლექსებს უკითხავს.

flower


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 11:22 am; edited 9 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
keso
Front of Armury
Front of Armury
keso

Female
Number of posts : 96
Registration date : 28.12.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyMon Jan 12, 2009 11:36 am

ნატას აღმოჩენა ამ საიტზე გამიხარდა, უცნაური გოგოს უცნაური ლექსები...


ნატა ვარადა
ბოჟმის ყვავილი

უსუნო ყვავილი ვარ,
ვარ რა, არავისი...
მუსუსა პეპელა დამფარფატებდა, -
ჩამოვასვენე.
სამ დღეს მზეს რომ ამოიყვანდა,
სამ ღამეს მთვარეს მინთებდა..
წასვლისას, გაპობილ ბაგეზე
ლამაზ-ლამაზი მოგონებები დამთოვა.

ბოჟმის ყვავილი ვარ,
ვარ და?!
სიცოცხლეში ერთხელ,
გადავწითლდი დამორცხვებული,
უკუნეთ ღამეს,
ვარსკვლავებსაც რომ ტკბილად ეძინათ.
გაიშუქა და ვითომ ვყვაოდი?

როგორ მომძებნი?
რკინის ქალამნებიც ჩაიცვა -
უსუნო ვარ.
ვარ რა.
არადა, განა რა?
მწვანე თვალებს დამიხუჭავდი.

მზის სხივს მოჰყევი,
ეგების,
“ტყეში ქორბუდა ირემი”!

მღვიმევი,
ჭღგნმ


როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ვარადას სავიზიტო ლექსი...Smile
იყოს აქაც!.. Smile
Back to top Go down
Guest
Guest



ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptySat Jun 13, 2009 10:05 am

ნატა ვარადა

ფრენები მერკურზე

ჯდეს დედალოსის კოშკში და ვარამს
ხარშავდეს გულში, მზის ვერმნახველი
ვიიონ

დატბორილ ქალაქში,
ეშვებივით რომ წაზრდია დანახშირებული
ძელები,
ოდესმე, ვითომ მე და..
შენ,
ნუ ენდობი ჩემს წარმოსახვას,
ის ცრუა, მე მგავს. ჩემს ბერწ საშოს ტყუპისცალივით
ჩამოემსგავსა.

ოდესღაც, სადაც იდგა კოშკები
და სარკმლიდან გადინებულ საკმევლის კვამლზე,
მოდიოდნენ მკვდარი ღმერთების სერაფიმები -
მტრედებივით ისხდნენ რაფაზე და
ჩვენ შიშვლებს გვაკვირდებოდნენ.
მზერით,
უსიტყვოდ გვანიშნებდნენ ერთმანეთისკენ:
- შენ აღარა ხარ, ეს უკვე იყო
და ჯერ-ჯერობით გვისვამდნენ ზურგზე.
ჯერ-ჯერობით ვტოვებდით მიწას.
გრძელი ფრთებით. ასე, მსუბუქად.
გაფრინდი, მიდი -
ჩავძახოდით და ბაცდებოდა გამონაგონი
გრავიტაცია

მე ახლა ვიცი, დიდი ხნის წინათ,
პატარა გოგოს დამტიროდა ბრმა
მოხუცი, მიტოვებულ
ძველ სასაფლაოს დაშლილ საყდართან.
მამაა ჩემი.
ის დარჩა მთას და გახდა მიწა.
მე, შენთან შერწყმის სურვილმა მომცა,
სხვა გოგოს ტანი, ნაზი სხეული
და ახლა, როცა შენს წინაშე თუ შენთან ერთად,
საწოლისკენ იკრეფავს ხელებს,
ჩუმად, ჩუმად ვეჩურჩულები:
- ქალწულად მოვკვდი. ჯერ ქალწული ვარ,
თუმცა თქვენს ღმერთებს მერკურიდან,
ხელცარიელს ხომ არ გაუშვებთ?
ან რა მიზეზით შემდეგ რეისზე.

დატბორილ ქალაქში,
ეშვებივით რომ წაზრდია დანახშირებული
კოშკები,
უჩვენობისას მხოლოდ ხეები,
გამოფიტული დემონები გვისვამენ მხრებზე:
- გაფრინდი, მიდი -
დაგვძახიან და მთელდება
გრავიტაცია -
დედამიწაზე დასაბრუნებლად.



ნატა ვარადა nata varada
Published on May 21, 2017
ნატა ვარადა კითხულობს თავისავე ლექსს

https://www.facebook.com/Natuka.varad...

Arrow
Back to top Go down
Guest
Guest



ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptySat Jun 13, 2009 10:06 am

სული გამშორდა


თუმცა: ცერა თითი არათითს ეხება შენსავეს,
რაღა დროს..
თვალებში ამოსულ ანარეკლს - არრარას
ვეღარ ცნობ..
ბრმავდები! სითხე დგას ძარღვებში, მარილწყლის
და ღმერთიც გაბრუნდა უდაბნოს..
ორმოცი დღითა და აღდგომით,
ქვასავით და მაინც გაძვერი:
გველივით; შუაში. მარხვაა.
მარხვა რა შუაში
ამ შუა მარხვაში -
რა ვუყოთ,
მიგიგავს სული უდაბურს;
მხრებზე კი
გადაშლილ თეთრ ფურცლებს - უცნაურს
სუნი აქვს
სისხლის და გამხელის.
კაფეში ქალაქი უარყოფს
ნაწყევლით ხეების გახმობას.
გაბაცდა ეს ზეცა, წახვედი..
დროა.
თუ უბრალოდ, დანებდი.
ლურჯია კენწერო: ჭადრების. განვედი..

სულის მოხსენების დამიდგა ჟამი -
ანა ახმატოვა.
Back to top Go down
არაბული
Into Armury
Into Armury
არაბული

Male
Number of posts : 186
Age : 28
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyWed Jun 17, 2009 1:26 pm

1978. ივნისი

(აღათო)

მოგყვები მაინც, ფეხადევნებული..
სად არ გადაუხვევ, რას არ ამოეფარები -
გზაკვალს მირევ და სულ არ მჭირდება
სიცხიანი მზე.
შენ სიბნელეში - როგორც ცხელი შანთი ძუძუზე.
როგორც, კატის გადარბენა შუა გზაზე.
რას შეგადარო?
უფრო უშენო ამბები დამიპირქვავდა.
უნდა მოგიყვე, მოგყვე.
სავსე არის კიდობანი სნეულ დღეებით.
სავსე არის ზღურბლი, ამძუნებული ტყუილებით -
გადიან და გამოდიან.
შეშდებიან ჩემამდე და ფეხაკრებით გარს უვლიან,
დედაბრის მუცელს -
გაწყალებულ ტყუპისცალს..
რა მოგიყვე, თუ ყველა ღამე იყო მუნჯი და ყოველი რიჟრაჟი
თვალებამომწვარი მოდიოდა და გასდიოდა სითხე თქრიალით?!
არადა:
ვწვებოდი აცაბაცა ღრუბლებზე დედიშობილა,
ამომცქეროდნენ ქვევიდან თითისტოლა ბალღები,
მისტვენდნენ ასე, შაშხანები რომ დაგიყარონ და
დაფეთებულს ხორხოცი გამოგაყოლონ.
კიდევ რამდენი რამ და ყველა ამნეზიური..
ხელებს ნაცარივით შეზელილი,
რომ მოხვალ უსუნო და ფერაცლილი,
უჩემობით შეგიცნობ და გეტყვი -
შენამდე ვყოფილვარ უშენო.
ეს თმაგათეთრებული ღამეები მიბრალებენ.
ეს მუნჯი დღეები აბრიალდნენ და
ხმაჩაწყვეტილ ვარსკვავებთან ხარჭობენ,
თორემ, აბა, გენახე შორიდან?!
მაშინ, როცა ფრთხებოდა ყველა მამრი,
გადარბოდა,
საყვარელი ცდუნების მიღმა -
დაგუბებული ტბა, მიწის შიდა წყლებში თავს იხრჩობს.
მაშინაც კი,
როცა იესო გადგა განზე და მისი ზურგი პიონებით დაიფარა,
მე წამოვედი თავქვე და შენსკენ და მისკენ და
ვუთხარი ჩემგან გაბრუნებულს:
გამწმინდე მტვრისგან, ტალახისგან.
ავმზიანდე, დამსკდარ ქვიშაზე ხვლიკის
მუცელზე,
თუკი გამომდგამ.
მერე, ავმღერდე -
გიგალობო ნეტარებისა და იესო აღარ იყო,
უცხო და სხვისი.
ფეხი აიდგას დაყრუებულმა ქარმა
და შენ,
უჩემობის ათი ათას წელს -
ეს რა კერპები მოიყოლიე?
ეს რა დარდები ჩაგიწყვია გულში ვაზნებად?
აბა, მიყურე,
აიაზმა ვასხურო და გაზაფხულის
ადიდებულ მდინარეში გადაგიყარო.
მოგიყვები, მოგყვები, გყვები.
გადახილე ბადე, -
არ გამიკვირვო.

2009. 19.01.
Back to top Go down
http://lib.ge/
nino nadiradze
Into Armury
Into Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 101
Age : 33
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyFri Jul 10, 2009 2:20 pm

ნატუსი სულ სხვა პლანეტის პოეტია..



საპატრიარქოს რადიო, გადაცემა საუბრები სტუდიაში, ნატა ვარადას წიგნის "გამრავლების ტაბულა"-ს წარდგენა
Published on Apr 19, 2017
საპატრიარქოს რადიო, ნინო სადღობელაშვილის საავტორო გადაცემა საუბრები სტუდიაში, სტუმრები_ ნატა ვარადა და ირმა ბერიძე
ნატა ვარადას წიგნის "გამრავლების ტაბულა"-ს წარდგენა

Exclamation
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyMon Jul 16, 2012 1:32 pm


ლიტერატურული რადიოინტერვიუები
GeolibTV
Published on Aug 22, 2013

პოეტი ნატა ვარადა გიორგი კილაძის ლიტერატურულ კითხვებს პასუხობს.

Exclamation

ნატა ვარადა Aaaaa_14

გამომცემლობა „საუნჯე"

რედაქტორი: ბესო ხვედელიძე
მხატვარი: ქრისტინე რობაქიძე

Exclamation


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 10:04 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptySun Nov 18, 2012 10:33 am

ნატა ვარადა Aoaaa_10

ნატა ვარადა

ერთი გვარის მთისშვილობისკენ, სიტყვების ფარდაგის გზამკვლევი

თუ გინდა გული ყელზე მოგებჯინოს, თუ გინდა სასულესთან დააგროვო ემოცია და დაუდო სულს ჯებირი, თუ გინდა სხეულში სულის მოძრაობა იგრძნო.. მარიამ წიკლაურის ახალ წიგნი გადაშალე.
თუ გინდა შენი ქვეყნის სტუმრებმა ემოციები თან გაიყოლონ, სწორედ ეს წიგნი აჩუქე და გაატანე. ჩავა მგზავრი საკუთარ ქვეყანაში, გადაშლის ამ წიგნს და ჩვენი ფერადოვანი და მადლიანი საქართველო სიტყვებად გაუბრწყინდება, როგორც თუშური თუ ფშაური ფარდაგ-ხალიჯები, თვალწინ გადაეშლება დიდი სამყარო სიტყვისა და იქ მარადისობის რიტუალიც ამზევდება.
ნებისმიერი რიტუალი მისტიკური დატვირთვითაა ხიბლით მოსილი.
ეს წიგნი ადამიანების, გარემოსა და უხილავი სამყაროს, ზენაარის არსზე მოგვითხრობს.
ერთი გვარის ისტორიას, რომელიც, რომ განაზოგადო მთელი საქართველოს პატარა მოდელს გადააწყდები.
გენეალოგია არაფერია, თუ არა, ფესვებისა და სისხლის ერთ დროში გახლართვა, უწყვეტი ძაფი, საიდანაც იქსოვება ჯიში და ჯილაგი.
მარიამ წიკლაურის რიგით ალბათ მეთექვსმეტე წიგნი, თუმცა რაოდენობას აქ მართლაც არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა ადამიანის უსაზღვრო ფანტაზია და ნაყოფიერებაც ხაზგასასმელია, ყველაზე გამორჩეულია თავისი უნიკალური და ორიგინალური კონცეპტით. მთის შვილებს მთის ტრადიციებისთვის არა ერთი და ორი, გენიალური და ღმერთისგან ნაბოძები ნაწარმოები - ბალადა, ლეგენდა, ლექსი, ზღაპარი - მიუძღვნია, ვაჟას და ყაზბეგის, ხვარამზესა და ბაჩანას შემოქმედების შემდეგ, თითქოს მთელი მთა ამღერდა და აგალობდა, მაგრამ ხევსური გვარის ქალპოეტას მარიამის ეს წიგნი, კიდევ ერთი განსხვავებული ამომღერებაა - სამშობლოსი, გვარისა და გენის, ფესვების, ტრადიციების, სალოცავების, კუთხე-კუნჭულის სიყვარულისა.
ზუსტად როდის გახმოვანდა ეს, არ მახსენდება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პატრიარქის ერთ-ერთი საშინაო დავალება ერის შვილებისათვის, ოჯახის გენეალოგიის დაწერაც არის. გვარის ხის შექმნა ყველა ოჯახის რომელიმე წევრისთვის აუცილებელ ღვთის სასიკეთო საქმედ დასახელდა.
ჩვენ, ქართველებს მეფეთა ანუ ბაგრატიონთა გენეალოგიით მოგვაქვს თავი, მაგრამ სხვა ქართული გვარების შესახებ რომ ბევრი არაფერი ვიცით, ამას კი განვიცდით. საერთოდ, გამორჩეულ რამდენიმე გვარს თუ არ ჩავთვლით, უმეტესობა გვარებისა, ამ გვართა გამოჩენილი წინაპრებისა არც სახელები ვიცით და ის საქმეებიც, რომლებმაც გაუთქვეს სახელი, დავიწყების წყალს მივეცით დაუნანებლად.
პოეტი, აქაც ნოვატორია.
დაწერს ერთ გაუწყვეტელ ბალადას, ლექსებს მრავალმარცვლიანს, შაირს, ვერბლანს, ვერლიბრს, რითმიანსა და პოეტურ პროზას ერთმანეთში ერთი საერთო ტკივილ-მითით გადახლართავს და სიტყვებს, როგორც თითისტარიდან ამოხვეული ძაფის გორგალი, ისე დაატრიალებს, შემდეგ კი ერთ მხატვრულ ტილოს ამოქარგავს, საკუთარი შთამომავლებისთვის.
დაწერს და გამომცემელიც მალევე გამოჩნდება. გამომცემლობა “საუნჯე” მრავალ კარგ წიგნს გამოსცემს, მაგრამ ეს წიგნი-საუნჯე, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უნიკალურობა, მაინც გამორჩეული იქნება.
უცნაურია, დროის განმარტებაზე მრავალ ათინელ და იერუსალიმის მეცნიერს ღამეები უთენებია, უამრავი ნაშრომი დაუწერია და მაინც ეს სამგანზომილებიანი არეალი ბოლომდე ვერ გაუშიფრავს. „მარადისობის რიტუალში” კი პირველივე რაც თვალში მომხვდა ეს დროის თავისებური, იქნებ მთისშვილობის თვალით დანახული პარამეტრია.
როგორც სამება, სამივე დრო წარსული, აწყმო, მომავალი - ერთმთლიანობაში განფენილი გვხვდება სიტყვების მშვენიერ მოქარგულ ნიმუშში. წარსული, რომელიც, თითქის დაუჯერებელ მითად, ანდერძ-ადრეზში შემორჩენილ ღვთისშვილთა და დევთა შერკინებას, ადამიანისა და სალოცავის ურთიერთჯიბრს, 21-საუკუნის გაუგონარი მატერიალისტობის გაბატონებისა და სისუფთავისა და ჰაერის მონატრულ დედას და ფეხმძიმე ქალიშვილს, რომლებიც მიდიან მთის სალოცავში, იქ, საიდანაც სწორედ ამ სალოცავისგან გაძევებული წინაპარი აბარგებულა და ის მოსავლინებელი ახალი სიცოცხლე, რომელიც ამ გზას კვლავაც გააგრძელებს, ოღონდ თავის ფესვებს, მამულს, გვარის სალოცავის მფარველ ღვთისშვილს შერიგებული, დამშვიდებული და გაერთიანებული - ადამიანი, როგორც უფლის მადიდებელი.
აკი, ასეც, ლეგენდით იწყება ეს უცნაური წიგნი, წიგნი ხატ-ჯვრებისა, ხევისბერისა და ღვთისშვილობისა, ადამიანად ყოფნის სევდისა.
მარადისობის რიტუალი საგზლით იწყება. მთას წამსვლელი კაციც ხომ პირველ რიგში საგზალს მოიმზადებს, რადგან იცის მთა ლამაზია, მაგრამ ისეთივე დაუნდობელი, როგორც შეყვარებული ბუნება. მოულოდნელი ელვაქუხილით, ნიაღვარად მომსკდარი დელგმით, სალ-კლდეების შეუვალობით, მაგრამ კაცს, პატარა გუდაში გამოკრული საგზალი იმედიანს ხდის, პური და ღვინო, მარადიული სიკეთის, იესოს ორი მატერიალური განსახიერება მთას მიმავალ მგზავრს აუცილებლად უნდა თან ჰქონდეს. თვითონ შესაძლებელია შიმშილი არც გაახსენდეს ისეთ გზაზე მიდიოდეს, მაგრამ გზად თუ მშიერ მგზავრს გადააწყდა - მას დაანაყრებს.
პოეტის ეს საგზალიც არ არის ჩვეულებრივი. აქაც, წყევლის ასახსნელ სიტყვების საგზალთან გვაქვს საქმე ანუ ლოცვასთან.
მოდით, მივყვეთ მარადისობის რიტუალს და როგორც მთის ჩქარი დინებით და ანკარა წყაროებით ცნობილი მდინარე, საითაც გაგვიტაცებს, ლოდებს შეგვყრის თუ კალმახებს, ნაპირზე აბიბინებულ დეკებსა თუ ნაძვნარს, ჩვენც იქეთ, დინებისკენ და ნაპირებისკენ მივყვეთ, მივყვეთ თვალდახუჭულნი, ლეგენდებისა და ერთი კონკრეტული გვარის, წიკლაურების გვარის ნაფუძნარამდე მივენდოთ.
უცნაურია, ფშავ-ხევსურეთისკენ გზა. მცხეთას რომ გაცდები ჟინვალისკენ გრძელდება. ჟინვალის წყალსაცავი კი ხელოვნურია და ამ ხელოვნურობის გარდა, ის რამდენიმე ათეულ უძველეს ქართულ, ახლა უკვე დაძირულ სოფელს მოიცავს. როცა ფსკერია, ძველი ქართველების ხელით ნაგები ეკლესიები, მირონმდინარე სასწაულმოქმედი ხატები, წინაპარ ასკეტ ბერთა საფლავები და საძვალეები, უფრო წინა საუკუნეების ცეცხლთაყვანისმცემელ მოგვთა შვილებისა და მებრძოლ რაინდების სამაროვნები, ვეფხვისტყაოსნის ხელნაწერები და ნუსხურ-ხუცურით შესრულებული ფსალმუნები - წყალსაცავზე მეტად, განძთსაცავი ხარ.
ამ ადგილას თამარის მეფობისას ისეთი დაბა-წალკოტი ყოფილა, ასეთი გადმოცემა არსებობს, სწორედ ამ ადგილას გადასცაო შოთა რუსთაველმა თავისი ხელნაწერი თამარ დედოფალს. ვინ იცის..
იმასაც ამბობენ, ხანდახან, მამლის ყივილის ხმა მოისმის ხოლმე ფსკერიდან, იქნებ ურმული და ფშაური დატირებაც, უცნაურად მოჩანს იქ ქართული ზეცაც. თითქოს წყლის სიღრმედან ამომცქირალი თეთრი ღრუბლები, წინაპართა სოფლების ცაა.
რადგან მთასთან ასასვლელ ბილიკებს შევუდექით, წიგნსაც ნუ დავივიწყებთ.
წიგნის ამ საგზლით წიკლაურების გვარის ლეგენდით უნდა დავნაყრდეთ.
„სულ მაწვალებდა ფიქრი რომ მოუზომავი სიტყვისათვის დაგვსაჯა ხატმა” - ეს იახსარის ხატია.
რა მომხდარა მაინც ასეთი?! სიტყვაა ღმერთი, თავდაპირველად სიტყვა იყო, სიტყვა რჩება.
წიკლაურების გვარის კაცს, იახსარის ხატზე ისეთი სიტყვა უთქვამს, რომ ეს სიტყვა გამხდარა მიზეზიც და საბაბიც, იახსარის განრისხებისა, სიმწრის კალო დატრიალებულა ამ გვარის მთელ სანათესაოზე და.. იახსარის დაწყევლის შემდეგ, წიკლაურების ერთადერთი გვარის წარმომადგენელი, ქალრძალი, რომელიც მუცელში სისხლსა და ხორცს მალავდა, აბარგებულა ფშავიდან და მთას აჰყოლია, ზევითკენ. ვინ იცის დარდიანს მთის ბუმბერაზობა მამისა და ქმრის მფარველობად მიაჩნდა. რა ამინდში, რა გაჭირვებით, რა ტყე-ღრეში გადამხდარი ჭინკთა და წყლის სულთა მოძახილით, მაგრამ მაინც ხევსურეთს შატილს და ბარისახოს ჩამუხლულა და შემდეგ, წიკლაურთა გვარიც, ამ ძეობის შემდეგ, იმედას დაბადებით იმედით მოსდებია მთას.
მარიამ წიკლაურისთვის ცნობილი იქნებოდა ეს ანდრეზი, რათქმაუნდა, მარიამის გონებაში მრავალჯერ გაფიქრებული, უამრავ ლექსად და სიტყვად გაწერილი და იახსარის მრისხანების ასახსნელი წამლის მაძიებელიც. თუმცა, როდესაც მან ფეხმძიმე ქალიშვილთან ერთად, არაშემთხვევითობით და უფრო კანონზომიერებით, სწორედ იახსარობას დააბიჯა ფშავის მიწას ფეხი და წიკლაურთა ნასახლარებთან დაბინავდა, პოეტი მიხვდა, რომ სიტყვის ძალით უნდა ხარკი მიერთმია ან იქნებ სავედრებელი, ან იქნებ სადიდებელი იახსარის ხევისბერისთვის, რათა ამდენი წლის მოგზაურობას ბოლო და სამიჯნე დასდებოდა და ხავსით გადაბიბინებულ სალოცავს შეეწირა.
დავარქვათ მარიამის ახალ წიგნს, აღსარება ყველასთვის, რადგან ხშირად ასეთ ამბებს ოჯახები და გვარები მეცხრე თაობამდე ინახავენ სიჩუმით და ნაცარს და მტვერ-აბლაბუდას აყრიან, თუმცა წინაპრები არ ახსოვთ შთამომავლებს, მაგრამ გასაჭირი კი არ სცილდებათ და ვერა კი გაუგიათ საიდან მოდის ეს უეცარი გაჭირვებები. პოეტი კი ქრისტიანული წესით, აღსარებისა და სინანულის საიდუმლოებით, ვინ იცის რამდენი წლის იახსარის სალოცავს განაიარაღებს და ერთი მთლიანი წერილი-წიგნის აღსარებით, საგვარეულოს დააზავებს, ანუ ადამიანსა და ხატს მიჯნას დაუდებს, სიტყვების მიჯნას.
პოეზიას ვინც ეთაყვანება, ამ წიგნში სათავისოს აუცილებლად იპოვნის. ილუსტრაციები მთის უცნაურ სიმბოლიკებს თვალხილულს აჩენს და ეს ძველ ფარდაგებზე ადამიანის ხელით გამოსახული უცნაური, ამოუხსნელი მზის, მამლის, ჯვრის და ყვავილების გამოსახულებებით შემკობილი წიგნის ფურცლები უფრო საინტერესოს ხდის, ამბავსაც, რომელიც პოეზიის ყველა საზომით არის გადმოცემული. კაფია თუ შაირი, ვერბლანი თუ ვერლიბრი, ფშაური დატირება თუ ხევსურთა საბრძოლო ბალადა, კონვენცია, თოთხმეტმარცვლიანი, რა გინდა სულო და გულო.
ახლა გამახსენდა მარიამი ნანინების ავტორიცაა. ქართულ იავნანას კიდევ ცალკე რიტმი და ენერგია შესწევს, ეს არის სიყვარულისა და იმედის აკვანთან ამოთქმული ჩვილის, სიცოცხლის სადიდებელი. მარადისობის რიტუალიც, თითქოს მარიამის აკვანთან წარმოსათქმელ ნანინებს ჩამოჰგავს, თავისი სინაზით.
მარიამი ერთნაირად არის დიდებისა და პატარების პოეტ-მწერალი, მეზღაპრე. მისი ნიჭი ლიტერატურულ ნებისმიერ ჟანრს სწვდება და სიტყვების ფლობის ამ საოცარ უნარს, რა თქმა უნდა, ამ თავის გამორჩეულ წიგნ-აღსარებაში მაქსიმალური ენერგიით ხარჯავს. წიგნი-აღსარება პოეზიის იდუმალებით მკითხველის თვალწინ გარდაისახება წიგნ-შელოცვად. რადგან იახსარის ხატი დაცხრა, რადგან ქალიშვილი ძეობისათვის ემზადება, შელოცვები და გამოლოცვები ხომ თავისთავად ენას მოადგება, რადგან გვარმა უნდა გაიშალოს, უნდა მობრუნდეს დაფუძნარზე, დალოცვა და სახლისანგელოზობა ხომ თავისთავად შესრულებელია, რადგან წიკლაურების ქალამ, იპოვა ამ საუკუნეში ანდრეზებით მოტანილი ცოდნა, რეალობად აქციოს და ლეგენდას თუ თქმულებას საბურველი ახადოს - როგორც ყველა საგზლით დაწყებულ ზღაპარში, აქაც ბოლო კეთილია.
აქ, მისტიკას, ზღაპარს, პარანორმალურობასა და ნორმალურობას შორის გავლებულ მიჯნაზე, თითქოს საამქვეყნიო ბეწვის ხიდზე გადახდენილი მისტერიის თვალსაჩინოებისას, მკითხველი იგებს ერთი გვარის გენეალოგია-ისტორია, როგორ ჰგავს თავისავე სამშობლოს, მიწას და რწმენას - კავშირი კი ეს არის გაუწყვეტელი სისხლის ძაფებით ამოკემსილი და ნაცარტუტათი თავის დატირებას, სჯობს რეალობას თვალებში შეხედო და თუ ძალა, არც ღონე არ მოგყვება, მაშინ სიტყვების გამოხმობით შეძლო, აჯობო შენივე სისხლის ენაგრძელობის ამბავს და დაუმოკლო კიდეც.
მთა, არა მარტო ბუნებაა. არც მარტო ხინკალია და ლუდი. არც მარტო ჰაერია და ციხე-ქალაქები. არც მარტო ცხენებია და სალოცავები. არც მარტო ტყეებია და მწვერვალები - მთა ადამიანებია, ქართველი, მამაცი ადამიანები და მათი გრძნობები, მათი ბიბლიური ამბებია. ამიტომაც, როდესაც მთას მიხვალ ეს წიგნი რუკასთან ერთად ჯიბეში უნდა გეგულებოდეს, რათა, როცა გაუვალ ტყეებში გზა აგერევა, გადაშლი, იქაური ადამიანის ხმას გაიგონებ, დაგამშვიდებს, სიყვარულსა და რწმენაზე იავნანის კილოზე მოგიყვება სხვა აქაური ადამიანების ბედზე და უბედობაზე და გზას გაგაგრძელებინებს. თუ აქაურობა გიყვარს, მაგრამ ადამიანები კი არ გახსოვს, ვისაც აქ უცხოვრია, ვაჟას და მის ჯალაბობას, ხევსურთა უსახელო რაინდებს, სამას უსაფლავო არაგველთ, ძამუკათ ხვარამზეს, ბერდედა თეკლას, თუ ხევისბერთა მისტიურ სახე-სახელებს, თუ ეს ასეა, მაშინ შეგეკვრება ფეხიც და უკან გამოგაბრუნებს.
ეს წიგნი-წერილიც ამ ადამიანურობაზეა. ღმერთი და ადამიანი განუყრელი რიტუალია, სადაც ერთი, იქ მეორე. მართლაც, ამ წიგნის ეპიგრაფის არ იყოს: „ვინ გვაპატიოს, ვინა თქვას ჩვენი ცოდვების შენდობა?!“

„მეც სამშობლო უნდა ვიპოვნო...
სტიქიაა, ვიცი, სამშობლოც,
ქარის ნაბიჯით მავალი და მოუხელთები...
მაგრამ სიტყვით კარგად იცნობა,
და ისაა შენი სამკვიდროც.
სადაც სიტყვად ხარ დადგენილი!
სტიქიაა, სიტყვაც, ღვთისათვის -
თავისივე თავის შემქნელი...

„იმდენი კაცი მყავს ნადში, ხატის ყანას არ მკის ამდენიო“ - ოდესმე უნდა დამდგარიყო შენდობისა და პატიების დღე, სიტყვის თქმას ბევრი რამ შეუძლია... დიახ, ასეა.
ბოლოთქმა წიგნის რედაქტორის საპატიო ადგილია. მლოცველს, საფშავლოს მიბრძანებულ, ორსულ ქალიშვილთან ერთად, იახსარი ხატობიდან მობრუნებული მარიამ ხუცურაული შეეგებება და გაოცდება კიდეც: მარიამი გენეტიკის და სისხლის ინფორმაციით გაჯერებული, მზის სხივებით განათებული, იახსარის ხატისკენ შებრუნებული პირჯვარს იწერს და თავმოდრეკით ევედრება. ფშაველი ქალის ბოლოთქმა, თითქოს ადგილის დედის დასტურია, დამდგარა ის დღე, პატიებისა და შერიგებისა.
მარადისობის რიტუალში - სიტყვების საზომით - პოეზიით - ადამიანის ღმერთთან შერიგების უცნაურობას ვაწყდებით და მართლაც, იქნებ მთა, ამ საიდუმლოსაც ინახავს დღემდე.


ბმული - http://nataliavarada.blogspot.com/2012/05/blog-post_06.html


ნატა ვარადა``ერთი საათით გვიან`` I
Published on Feb 20, 2011
2011 წლის 19 თებერვალს, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სალონი... ნაწილი პირველი


ნატა ვარადა ``ერთი საათით გვიან`` II
Published on Feb 20, 2011
2011 წლის 19 თებერვალი.. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სალონი.

study


Last edited by Admin on Fri May 03, 2019 10:10 am; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyThu Dec 06, 2012 9:07 am

ნატა ვარადა

Einsam. Lonely


ზამთრისპირის მოჩვენებავ, დამუწე პირი,

გაბრუნდი და კიბეებზე დაგორდი პირქვე.

ვერ ხედავ?! კედლებს საათების დარჩათ ოვალი,

ალი და კვალი ავურიე, აქ, მე სეზონებს ანუ გავაქრე.



კარი, ფანჯრებიც წელვადია. არის დამდნარი.

ხის იატაკიც, ლაქწასმული, აქერცლილია.

აქ, ჩემი ნებით, შუაღამეს მსტუმრობ ორალით,

და ფლამინდიურ სიმღერებით მართობ მოძღვარი.



არჩევანს, ახლაც, მივანიჭე შანსი დარჩენის,

როგორც ბავშვობის კიბისქვეშიდან ამოსულ ჩვილ ხმებს

დავურწიე თხილის აკვანი.

უმზეო დილა, ჰგავს ქვიშაში მოჩხრიალე

ზღვის ვერაგ ტალღას.

ცა კი განრთხმული მიწისპირზე -

შეშლილ მოლოზანს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyThu Dec 20, 2012 12:01 am

ნატა ვარადა

უშვილო ნინა და მართა


შილდაში, დედაჩემის დედინაცვლის

მხარეს,

უფანჯრო ოთახის ირმის თავიანი კარადა

როგორ

კავკასიონის ქედივით დაქრუშული მიყრიდა მზერას

თვალი თვალს,

ჭინკებშეჩენილი და ნისლით გაბრუებული.ისა.

აივანზე, სადაც სუსხი და მწვერვალებზე

დადებული უკვდავი თოვლის სითეთრე

გვეხვეოდა და გვწვავდა, ადუღებულ რძეში ვცურავდით.

როგორ ჰგავდა ეზოში დანთებულ კოცონს,

მწვადისთვის.

ცეცხლზე და ყინულზე

ერთნაირად გიწითლდება ხელ-ფეხი,

ერთნაირად გვწვავს ორივე.

ცეცხლი და ყინული.

ნინა დედაჩემის მამის მესამე ცოლი,

სომხის ოქროსკბილა ქალი.

უცნაური სიცილით ჩემდანახავი, უშვილო.

ის ცოცხალი იყო, როცა ერთ აღდგომას,

როცა 18 წლის მოწიფული ქალიშვილი გახლდით,

წავედით მე და დედა შილდაში,

დედის მშობლების საფლავებისთვის წითელკვერცხებით

და სანთლებით ამოვსებულ მოწნულ კალათით.

დედაჩემი - წითელქუდა,

სასაფლაოს გზაზე წითლდებოდა, ღუოდა,

სიხარულისგან.

დღეების დარჩა თავის დედას,

დედამისი სისხლისგან დაიცალა,

მდინარეზე რეცხავდა ჩვილის საფენებს და

ისე გაცივდა, 28 წლისამ მიატოვა სამი პატარა.

დედაჩემს მივყავარ ნაბოლარა,

დედაჩემი უღიმის მამამისს,

დედა მისთვის კი ისევ უცნობია.

იმ საფლავზე თითქოს მოვინათლე,

ხელისგულებით მოგროვილი სითბო სამუდამო ტატუდ

შემოვირჩინე.

საფლავიდან ფოსფორივით ამოსული პაპ-ბებიის სითბო.

უკან მობრუნებულებს, ნინა შემოგვხდვა ბოსტანში,

გოგრისხელა პომიდვრებიდან ოქროსკბილით

იღიმოდა ჩვენ შემხედვარე.

იმ ღამით,

ისეთ ფუმფულა ლოგინში დამაძინეს,

დედამ და დედინაცვალმა,

საწოლის ქვეშ სიმონა პაპას მოკლული დათვი

მეწვა და მდარაჯობდა,

მზემ გამაღვიძა, მომდგომოდა. რომ დილით,

თავისთავად მეთქვა:

-ასე კარგად არ მძინებია -

ნინას სახე აუვარდისფრდა.

და, როცა ჩემ ბავშვობის სკივრში თავით ვეყუდები,

თითქოს პურის ცომს ვაკრავ, დე, გახურებულ თონეს,

ხელები მეწვებოდეს და სახეც,

ამოდიან ხოლმე მართას თვალები.

მართა ბებიაჩემის დედინაცვალი.

დიდ პაპის მეორე ცოლი, ისიც უშვილო.

ახალსოფლის კარალიოკების ხეებში მჯდარი,

სიბერისგან გამოჭმული გულით.

როგორ ასწია გამოხრული მკლავები და

უკბილო სიხარულით ჩამეხუტა:

-ისე არ ვკვდები არ მენახე, ეს მე მითხრა.

ეს ბალღი ახლა მაჩუქა ღმერთმა, ეს კი თავზე წამომდგარ თავის ანგელოზს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyWed Feb 20, 2013 1:38 pm

ნატა ვარადა

"წითელი ვაშლი გაგორდა"

ხელისგულები მაგნიტივით ამოაკარი მიწისქვევიდან,
დაატოლე ჩემს ფეხისგულებს -
ასე მატარე,
თორემ, აჰა და, სადაცაა წაიქცევა შენი პატარა,
მოადენს ზღართანს, რუხი და სველი ქალაქის თავზე.
ვითომ თუთის ხეს ტოტი ჩამოტყდა.
აჯვარედინე შენი მაჯა ბებოს მაჯაზე, პულსაციას მე გამოვიდენ
და მსუბუქად გადამიყვანეთ.
ერთი ორი და სააამი
აფრინდა, აფრინდააა
გოგო აფრინდა!

არც რა. ეს უცხო ქალაქის ცაა და
შინაური ბეღურები ქსოვენ განთიადს.
სახლები წვანან თევზებივით და გონდოლები
მესაჭეებს წყალში ძირავენ.
არა, ფილაქანს თუ ამოვარდნია ქვები თვლებივით
და უჩირქდება გუბეს ჭრილობა, რა?
ბაღს, სადაც ერთგროშიან დრამას მართავენ,
იცავს ცერბერის ფორმიანი კარისკაცი და
არ შემესვლება.
ეს განა რამე. არა. შენ, ხელისგულები
დამატოლე გადაყვლეფილ ფეხისგულებზე -
მტვრის ბუღში გახვეულ
სოფლის გულყვითელა სასაფლაოს მიწის პირიდან
ამომწვდი, თორემ, სადაცაა ცას გაჭიმული ძაფი აწყდება -
და ეცემა შენი გოგო
ერთი,
ორი,
სამი
ნაპირიდან ნაპირზე
სკუპია..
ვბრუნდები!

დეკემბერი.08.
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyWed Mar 06, 2013 9:13 am

ნატა ვარადა Nata_v11

ნატა ვარადა

ყვავების წვიმა

ცა მიწაზე წევს მოკუნტული,
თეთრი ცარცივით ცვივა ფიფქები.

წვიმის გუბეებს უკუნეთიდან
ხეების ბაღში ციკლოპის თვალებს
უზის გუგაში მოყრანტალე
ყვავების გუნდი და არხეინად ბანაობენ.

მარტი მსუბუქი ყოფაქცევით
თავს შეიქცევს და ტოვებს კულისებს.

მე კი გზა მელის,
აღმოსავლეთის ველ-მინდვრებისა.
მთა-გორების, აღმართ-დაღმართის,
მდინარის გასწვრივ აფეთქებულ კვირტებიან
ალვის ხეების, იქნებ სულსწრაფი ნუშებისაც.
ეგ ჯერ არ ვიცი.
ჯერ ყვავილების ბაზრობაზე, ჰოლანდიური
ვარდისფერი ჰორტეზიები გამოვისყიდო,
გამოვტაცო ჩემი პრემია, ბანკის ბანკომატს,
რომ ფულით და ყვავილებით,
დავემშვიდობო ბავშვობის ბიჭს,
გულ-გაგლეჯილი, გარეული ნადირივით
გამეტებული, რომ გაწირეს სოფლის თებერვალში,
და ახლა მიწა თავისას ელის.

ცა მიწამდეა თავმოხრილი, დღეა ან ღამე,
ყვავებმა ფრთები განიბანეს,
ხეების ბაღში -
სიყვარულიც ასეთია, ხეების ჩარგვა,
მკვდრებისათვის ცოცხალთ გულ-გვამში.


study



Last edited by Admin on Fri May 03, 2019 11:32 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyWed Mar 06, 2013 9:20 am

ნატა ვარადა

ქართული ნანა

აქ, სიკვდილო, ნაცილ ნაჭამო,
მზის კუბო გადაგირწიე,
ჩაგიწვინე ძე, სამსხვერპლოდ,
ხელცარიელს არ გაგიშვებ.
შავი ყვავების ნისკარტებით და ფრთებით
დაფხრეწილი ზეცის კალთა -
ამ მინდვრის ბოლო,
ცერა თითზე დავიხვიე, დავართე.
განა რუ და ნაკადული,
სისხლით წითლად შეიფერა,
განა რა, ეს ყაყაჩო გაიწურა,
ისე შერცხვა ამ ამბის.

მოდი, ვითამაშოთ სულ სხვა
თამაში,
ნამდვილი სანადირო თოფით
ჩასაფრებით,
მეძებრებად გაწვრთნილი ბოროტი
ვნებებით.
ოღონდ მკვლელო, მკვლელო,
პირდაუბანელოს არ ვართ.


რა ჩამოგაყოლო, ბავშვობის მეგობარო,
გზად მიმავალს,
საიდანაც მომბრუნებელი არვინ გვინახავს.
არჩევანი შენია.
გული, რომელიც ტყვიით გასკდა,
ჩემი გულით არ გამთელდება.
მე შემიძლია ამის შემდეგ,
აქეთობას და იქეთობისას,
ვფიქრობდე შენზე და გზის პირას
აყვავებულ ხეების ძირში გხედავდე
სისხლში მწოლარეს, ეძინოს სოფელს.
გაზაფხული დარცხვენილი ცას შერჩენოდეს,
და არავის სჯეროდეს მისი.
ეს თამაში ნამდვილი სანადირო თოფით
და ნამდვილი ტყვიებით,
როდის იქცა ცხოვრებად?! როდის დავბერდით,
რომ დავადექით იმ ორღობეს,
სადაც პაპები, ბებიები გულზე ხელებდაკრეფილნი,
წვანან უძრავად.
მე თან გაყოლებ ამბებს, რომელიც
მშიერ ბავშვობას ერთად ვიხდენდით,
უშუქობა, ომის ხმა დამხრჩვალ
შავ-თეთრ კადრებით,
სკოლის მერე წასვლა მინდვრად,
მოსამკელად გამზადებულ შვრიის ყანაში.
სადაც ვთამაშობთ დაჭერობანას,
სადაც დავრბივართ შლეგიანები,
ბიჭები, მდინარის არხის გასწვრივ გადებულ ბოგირს,
გადადიხართ სათითაოდ და არ ვვარდებით.
სახეზე ხელებაფარებულნი ვიჭყიტებით,
ხდებით გმირები.
რა უბრალო და წმინდა იყო,
ის მინდვრებში გასეირნება,
ზღაპარივით დაუჯერებელი ბოლოთი.
და მაშინაც, გზის პირას დაგვხდა კაცი,
მეძებრით და მხარზე სანადირო თოფმოკიდებული,
და მაშინაც, ჩვენ დაგვამუნჯა იმ უეცარმა
დახვედრამ, ჩასაფრებამ.
და ძალიან უხმაუროდ გავიკრიფეთ
სახლებისაკენ. თან ერთმანეთის ნაბიჯებს ვაყურადებდით,
ერთმანეთს ვარჩენდით.
შენ ახლა გულდაფლეთილი,
სოფლის გზის პირას,
სანადირო თოფით და დაგეშილი სიგიჟით
თებერვლის და ზამთრის კუდის მოქნევას
გაჰყურებ და მე, გაყინულ მეგაპოლისში,
მეტროს ვაგონში ვიხსენებ შვრიის მინდვრებში
დაფანტულ ბავშვობას, ქარია, ცრის.
ეს მიწა სხვისია,
სხვისია ეს ქვეყანა,
აქ, ჩვენ ყველას გვიპოვნიან დახვრეტილებს,
გზის პირას,
სისხლიან-გულცომიანი,
კუტი და ნაცრიანი შვრიის პურებიან
გულისტოლ მუშტებით.
აქ, ჩვენ მიწას ისე შევერევით,
ოკეანეც რომ გადავცუროთ,
პოლისები და მატერიკები ჩამოვიტოვოთ,
მიწიდან ერთმანეთის ძახილი
დაგვაბრუნებს, ვეღარსად გაგვიშვებს.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptySun Feb 16, 2014 2:26 pm

ნატა ვარადა

სამშობლო ელეგიურია

ჰაერი მუნკის კივილია, პაჩეკო.
– იქნებ ჰაერი აღარ არის ჩემს სამშობლოში?
ჰაერი-მეთქი, ჰაერი!

ხელის მოჩრდილვას რას დამყაბულდი, საომრად მივდივარ თუ რა, რას მაბარებ ხელის დაქნევით ახალ გმირებთან, შენი მეორე ხელით განგმირულებთან.
ჰაერი-მეთქი, ჰაერი!

მწარე არის ჩემი სათქმელი, როგორც სულთმებრძოლს სასთუმალთან გიზივარ და აგონიით გათანგულს, გრილ მაჯას როდი გადებ შუბლზე, იავნანას როდი გიხსენებ, მესისხლე ხარ, სამშობლოო, ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტი აღარც ერთი რომ აღარ შეირჩინე, ცა ტყუილ, ხმელეთ ბერწს სიმართლეს გაწვეთებ. შენ კი თანახმა ხარ მოისმინო, ვერ გამაძევებ იძულებით ჩემი მიწიდან, ლტოლვილის სახელს აღარასოდეს აღარასოდეს აღარ ვჭამ, მორჩა.

სამშობლოო, ჰაერი-მეთქი, ჰაერი, ვერ დამიკარგავ ალალ-მართალ ნაბოლარა ძმებს თავიაანთ ქალაქში უგზო-უკვლოდ, ღია ცის ქვეშ ვერ დაუყრი მათ კიდურებს ღორებს.
ჰაერი-მეთქი, ჰაერი!

შაოსან თეთრ დედებსაც ვერ გამომიყრი მოძველებური სასტუმროდან ქუჩაში და დახლებს ვერ აუყირავებ. ლუკმას პირიდან ვერ გამოაცლი, თეთრწვერა, დამუნჯებულ მამებს, შენს შემხედვარეთ. სარეცელს ხარ მიჯაჭვული სამშობლოო, ო, ენავ, ჩემო, სხვა ენაზე რად დაგტირივარ და შუაღამეს შემოყრილი ყივჩაღის ძაღლივით შეგღმუი: ჰაერი-მეთქი, ჰაერი!

სანამდე დაგახურდავო, გაჩხრიალო. მანამ ძვლები არ აუდგეთ, ჩვენს გამჩხიბავებს, ვიდრე ნებით გადაგცვალო ხარახურაზე.

ჩემო სახლო ჩემთან.
ჩემო ძმაო ჩემთან.
ჩემო ზღვაო ჩემთან.

იქნებ ჰაერი აღარ არის ჩემს სამშობლოში? –
ხესუს ლოპეს პაჩეკოს კივილია. ჰაერი-მეთქი, ჰაერი! მეც ვკივი,მაგრამ ბგერები სასულეს გამჩხერია, ჩემი ძმების ვენებივით დავღარულვარ, ვეღარ ვსუნთქავ შენი ცის ქვეშ გაძარცვულო სამშობლოო.

მოდი, ოინი ვუყოთ მთელ დუნიას, როგორც აღმოსავლეთს ვაბოლებდით. მოდი, თვალები დაგიხუჭო, უკანასკნელმა ქართველმა ვინც დაინახა, შენი მკვდრეთიდ აღდგომა, ამიტომაც ასე მოგკალი, დაგასვენე ჩემი სისხლისგან, შენი ხორცისგან.

მიიცვალე ლაზარე,
უჰაეროდ დარჩენილო,
სასწაულს ელოდე,
სამშობლოს აჩრდილო.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyFri Feb 08, 2019 8:51 pm



ნატა ვარადა - ფოკუს მოკუს ფრრ...

რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია

მონაწილეობენ: ზურაბ ყიფშიძე, ქეთი ჩაჩუა, ნანა ხურითი, პავლე ნოზაძე, ვახტანგ ნოზაძე, დავით ველიჯანაშვილი, სოსო ხაინდრავა, ჯემალ მელქაძე, დათო ბერაძე, პაატა კიკვაძე, თემურ ხუციშვილი.

ფრანსუა ვიიონის ლექსების თარგმანი ეკუთვნით: გრიგოლ აბაშიძეს, გივი გეგეჭკორს და დავით წერედიანს.
რადიოდადგმაში გამოყენებულია მუსიკა კენ რასელის ფილმიდან „ლისტომანია“.
ჩაწერილია 2012 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/iEvNvsXtxm4

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Anne-Marie Le Sage
Admin
Admin
Anne-Marie Le Sage

Female
Number of posts : 368
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyMon Apr 01, 2019 1:18 pm


ლიტერატურული მონოლოგები

GeolibTV
Published on Feb 4, 2013

ქალბატონი ნატა ვარადა „უმსგავსის მონოლოგის" დაწერის ისტორიას იხსენებს და კითხულობს.

Exclamation

ნატა ვარადა

უმსგავსის მონოლოგი

რაღაზე უნდა ვწერო?
საკუთარი თავიღა შემომრჩა ან მასზე უკეთ ვინ ვიცი. მით უმეტეს, ახალი წლის
ოთხი უქმე დღე მხოლოდ, მხოლოდ ამოკეტილმა გავატარე და ეს ყველაზე ნამდვილი
ახალი წელი, იძულებითი სასჯელით მოვიყვანე. აი. ასე. ამათ ეგონათ რომ ვარ, იმათ
ეგონათ რომ ვათენებ თანამშრომლებთან, იმას ეგონა, რომ მარტო არ ვარ და იმას კიდევ
ეგონა, რომ ფორუმელ მეგობრებთან ერთად ვილოცები სადმე შობის საყდარში.
და რატომღა წერ?
აბა, რა ვაკეთო? იცი, რა არი, როცა ხვდები, რომ შენს ნებაზე ხარ მიშვებული, რაც
შენი მთელი ბავშვობიდან დღემდე, ყველგან თანმდევი სურვილია და სისხლი ჩააქციე
მოგეპოვებინა ეს თავისუფლება, როცა საკუთარ თავთანაც კი მეზობელივით გრძნობ
თავს და საკუთარ სახლშიც, სტუმრად გგონია თავი, გინდა ახალი რამ გამოიგონო და
ამიტომაც იწყებ წერას.
მაინცდამაინც ვერლიბრი რატომ?
რა უცნაურია. აბა სხვა რა? რადგან მთელი ცხოვრებაა ვერლიბრი. ეს ოდნავ
პოეტური და ოდნავ პროზაული გაელვებები. ნამდვილი და ცრუ განგაშები. ლამაზი
მეტაფორები და კადრები... გახსოვს, ის რიტუალ-წესი ოჯახის? ფოტოალბომის
გარდერობიდან ჩამოღება და ნარდის გადახურვა და პიტნიანი ჩაის მომზადება და მერე
ყვითელი სურათების თვალიერება რომ ერქვა?
მაინც რამდენი ძველი ფოტო იყო ბებიის ხავერდის გარეკანის ფოტოალბომში?
რამდენი ერთი...
აი, მაგალითად, ეს დიდი ფოტო... ადგილ-ადგილ თუ ალაგ-ალაგ დაცხრილული,
ქაღალდის უხილავი ჭიით დახვრეტილი... შენი პაპის მამა, საბა მამასახლისი ეკლესიის
ეზოში თეთრდროშიან ხალხთან ერთად... ძალიან მაღალი და ბებერი ვერხვის ორი ხე...
ზამთარია, როგორც ჩანს... შიშველია და ხმელი ეს ხეები და გაბარჯღული. მთელ
სოფელს თავი მოუყრია. კახური შავი თექის ქუდებით და მუხლებგამობერილ
წინდებში ჩატანებულ შარვლებით, ქალამანამოცმულები. მიწაზე, ეგრევე, დაუწყვიათ
შოთის გრძელი პურები და ფოკუსისკენ აქვთ თავები მოღერილი... ეს ფოტოამბავი, ათი
ათასი წელი რომ გავა, მერეც გემახსოვრება და სანამ შენი ერთი პატარა ლექსი, სადმე,
რომელიმე დაცენტრილ (ხეხ) ლიტერატურულ პორტალზე იქნება გამოდებული,
შიშველი მახასავით, მანამდე გემახსოვრება ეს ერთი პატარა, უსახური სოფლის ამბავი.
კიდევ ერთი ფოტო.
ბებია სკოლაში. ზის რაღაც ძალიან თხელი და ფარატინა. ამ ფოტოს გახსენებისას.
ის, 82 წლის, ძალიან დიდი მუცლით და წელში მოხრილი, კაწაწა თმით თვალწინ
მიდგება...
ის მიყვება მწვანეთვალება უჟმურ კაცზე, რომელიც, მე ვნახე ზუსტად 15 წლის
შემდეგ.
ეს კაცი ბღვერიაა, მაგრამ ძალიან ლამაზი. თეთრი, ტანმორჩილია, მაგრამ ძალიან
ლამაზი.
იცის, ვიცი ჩემ დას რომ გაიტყუებს ხოლმე სკოლის უკანა ეზოში, ხეებში ყოფნა
უყვარს და ალერსი.
იცის, მამაჩემთან უნდა მივიტანო ენა და მიბღვერს.
მიბღვერს.
თუმცა ეს არაფერია დღეს.
რადგან, ისიც მახსოვს, ხუთნი დანი ვიყავით და ერთი ბიჭი-ძმა - არჩილა გვყავდაო.
ჩემი ბრალი იყო, ეს მეხუთე პატარა გოგო, სამი წლისა, ისეთი ლამაზიო... ყველას
გვჯობნიდა სილამაზითო. მე ჩამოვდგიო ადუღებული წყლიანი ვედრო ღუმლიდან.
მეო. წამოვიდა ეს ბალღი ბორიალითო, ტრიალითო და ჩავარდაო. ჩემი ბრალიც არ
იყოო. ღვინოში დამბალ ხმელ პურებს გვაჭმევდაო დედაჩვენი. მეც ცოტათი თავბრუ
მესხმოდა და რეტიო და მიწოლილი ვიყავი ფარდაგზე და ჩამძინებოდაო. დამწვარი.
დაფუფქულიო. წავიდაო.
ის ფოტოალბომი წაიღო ბიძაშვილმა. უცხო გვარ-ტომის ფუძეზე ჩათესა. წაიღეს
მამიდაშვილებმა სხვა ნივთები. პაპაჩემის ოქროს მედალი, ლენინის ორდენოსანი
პაპისა. კიდევ გამოართვა ჩემს უფროს დას, ბებიაჩემის დამ, თავისი ძმის წერილები.
ფრონტიდან გამოგზავნილი. ჩემს დას ბებიაჩემმა თუ ბებიამისმმა აჩუქა. ეს თექვსმეტი
წლის თვალებციმციმა ბიჭის ამბავია, ქერჩში რომ მსახურობდა ჯარში. დარჩა ასე.
დებისთვისაც, ჩვენთვისაც. მამისთვისაც, ფოსტის შენობაში რომ მიეყინა სკამს, ომის
შემდეგ 30 წლის შემდეგ. ოთხი დის ძმა. ხო. ოთხის ძმა.
სამი წლის ვარ... ახალსოფლის ტყეში, წმინდა გიორგის მიტოვებული ეკლესიაა...
მხოლოდ ჩემი ბებიის გვარმა იცის იქ მისასვლელი ბილიკები... რადგან, მათი გვარის
ახალგაზრდა ავადმყოფ კაცს, გადადებული რომ იწვა ბნელში... გამოეცხადა წმინდა
გიორგი და უთხრა: აგღადგენ, მაგრამ ჯერ შენ უნდა წამომაყენოო... განცვიფრდა
სასიკვდილოდ განწირული, ტანზე წითელ წყლულება-ყვავილებ ამოსული კაცი... მეე?
შეეენ? წმინდა გიორგი? აქა და აქ... ტყეში, უღრანში... ქვა ქვა ვიშლები და
ვნადგურდები... მოდი, ამოდი... შემაკეთე... წელში გამშალე...და მეც გიშველი...
წამოფრენილა შუადღისას... გასცქერიან თურმე მშობლები... გაზაფხულია... ადიდებულ
ავანისხევში მთის ქვალოდებს რომ მოაცურებს... მოღრიალებს ბაყბაყდევივით.
შევარდნილა ეს საპყარ-კაცი... და გასულა თურმე გაღმა... ავარდნილა ფერდობზე და
ტყეში ნადირივით გაუჩინარებულა... გაჰყვა მამა, გზა ბილიკ-ბილიკ... ნახეს...
გუმბათგაცლილი წმინდა გიორგის ჩუმი საყდარი...
ხო... ჩემი გვარი... ყოველ გაზაფხულს... ადიოდა და წმინდა გიორგის ქადებს
დამცხვარზე სანთლებს უნთებდა... წაგვიყვანეს პირველად მე და სოფო... სოფო
უშიშარია... დიდი გულადი ვინმე... ჩემი პაპა დედას ეძახის... ოო, ამ დროს ლამის არის
ბოღმამ გამხეთქოს... საბედა ხარო... დედამთილი... იცინის ბაბოც. ჩემი დედაო... ჩემი
მეზღაპრე... და რაღაც დაწნულ ხიდზე დაგვსხეს... გაირბინეთო... ქვევით მოშხუის
ფსიხი ავანისხევი... დაბლა არ უნდა ჩავიხედოთ... გარბის სოფო... ზანზარებს თოკივით
დაწნული, სიფრიფანა ხიდი... და... აი, შიშიიი... გავშეშდი... თან ერთ ადგილას
ჩამტვრეულია... ვიხედები... უკვე აქაფებულ ტალღებში ვარ და... ასე შიშით მისულმა...
დღეეეეეეეეეეს... დღეეეეეეეეეეს, კიკი... როგორც მამას, გავებუტე... შენს ტაძარში არ
შემოვალ... არ შემოვალ... არ შემოვალ... და, დილას პორტალზე სიტყვების თოკი
დამხვდა... ნუ იცქირები იქეთ... ასე ჰქვია... და ახლა, უშიშარივით გადავდივარ ამ
თოკზე. და ვუბრუნდები ტაძარს, მგონია...
მე აღარაფერი გამაჩნდა.
მე შემიძლია წავიდე, რადგან ფესვები მარტო მიწა როდია.
მე ალბათ წავალ. თუმცა კონტინენტი უცვლელია. დრო კი შეიცვლება.
საბა მამასახლისის ცოლს, საბედა ერქვა. პაპაჩემის დედაა ეს საბედა. სოფოს ეუბნება
პაპა, დედაჩემი ხარო. გავსკდი გულზე. რას ქვია დედაჩემი ხარო. სულ საბედააო,
ეუბნება პაპასთან მოსული 90 წლის თედო. ზღაპრები უნდა მოგიყვეო სოფომ. კუზიანი
კვიცის ზღაპრები. შენ ხარ ჩემი დედაოო, პირწავარდნილი საბედა ხარო.
საბედას დატოვებული მზითვის სკივრი ჩამოვათრიე ამ ზაფხულს სხვენიდან.
კლიტეც ეგრევე ეკეთა და გასაღებიც. ფითილებით და თითისტარებით. ჩამოვათრიე და
ვრეცხე ჭის წყლით. მიყურა მამამ სახელოსნოდან, ვწუწაობ თან. ვიცინი. ვისხამ ამ
წყალს ტანზე, შიშველ ფეხებს მატიტელა ბალახს ვუსვამ. ჩხუბობს დედაჩემი. იცინის
მამა. ასე გავრეცხე ეს სკივრი... ვუყვარვარ მამას როცა მიხარია. როცა ცხვირ-პირი
ჩამომტირის, სახეს მარიდებს და საერთოდაც, შარმაზანასთან გადადის და ჭადრაკს
ეთამაშება.
ამ სკივრში ყველაფერი რაც შემომრჩა ჩავდე. ზემოდან ძველი, თუჯის სამოვარი
დავადგი, ჩემი საწოლის გვერდით. რაც გადამირჩა. აი, ღვთაების მთაში დანით
მოკვეთილი თაგვისკუდას ტოტი. ორი სანთელი ჩაუმწვარი. არარსებული ბერდიას
წერილები. ერთი წლის მანძილზე უწყვეტად გამოგზავნილი ცრუ სასიყვარულო
ბარათები. რაც ვაპრინტერე სოფია ფონ კიუნი, სანამ წაშლიდნენ. ხავსივით კი გადაჰყვა
იმ პლიუსსამებს. წაიღო ხავსივით ინტერნეტის წყალმა და ნიაღვარმა. თეთრფურცელა
ლექსები. ნაბოდვარი. მონოლოგები. გამოგონილი ტკივილებით სხეული რომ
ამილოკეს და შემოეჭამათ. პოეზიას მივეცი მერე ეს ხორცი. ეს გოგო.
და ახლა შემიძლია წავიდე.
ჩაწვება ქეთევანი ამ საწოლში ამოვა სუნი და მოედება ოთახს. ქეთევანი, რომელიც
სოფოს საშოში ცხრა თვე გვემალებოდა. სოფო, დედაა ჩემი _ ამბობს ის. ქეთევანი
კლიტეს მოარგებს გასაღებს და ახსნის თავს ამ ძველ, რკინის სკივრს. მე კი ორი საათის
განსხვავებით ვიდგმები რომელიმე გაჩახჩახებულ ხიდზე.
ნაგიჟაროო, არა ხარ ნორმალურიო.
რატო გწყინდა? იყოს ერთი გიჟი რა. ვის რა უშავდება.
მადლენა მირეკავს შობას. დარეკავს. 4 ათასი ევრო. ქალაქის სახელია ვერონა. ვაა.
რომეო ენდ ჯულიეტა. ძუძუზე ხელს რომ დავადებ პატარა ჯულიეტას მაშინ
მივხვდები გიყვარვარ თუ არ.
გიყვარვარ თუ არ.
ამიტომ ვერლიბრი. ძაღლი თუ მეყოლება, მხოლოდ, იმიტომ, რომ ეს ამბები აღარ
დავწერო... ის ჩუმად მოისმენს ამბებს და მერე გავა და ეზო-ყორეს მოედება და
წკმუტუნით გაიტანს გარეთ.
წერაც ასეა.
წერა. ბედის, ამბის, შენი.
სამში, შუაღამეს ის მოვიდა და კორპუსებს შორის დამეძებდა.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვინმე ამ ქალაქის განაპირა მასივში დადიოდა და
ეიი, აუუუ... სახელი მესმოდა მძინარეს და პირველად, რატომღაც მომაგონდა, რომ მან
თქვა, მე მოულოდნელ დროს მოვალ და თქვენ ვერ მიცნობთ მე.
და განთიადამდე მე მას ვურჩევდი სახელს: მკურნალი. და როგორც ყოველთვის
ვცდებოდი.
ახალი წლის პირველ ღამეს კი თორმეტჯერ რომ განათდა ცა. და ყველა კორპუსის
ყველა აივნიდან ამოვიდა ცეცხლის ენები. და ცის ჩრდილად იქცა თეთრი მიწა, მერე
ხეებმა დაიწყეს მოძრაობა. ეს არ იყო ქარი. ხეები მოძრაობდნენ...
ჩვენ მუნჯები ვართ. უხაროდათ. ცოცხლები და უენოები. უხაროდა...

კრებულიდან: „მონოლოგი და პირისპირ“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 2009

ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/6781/1/Monologi_%20Da_%20Pirispir.pdf

Arrow

_________________
Anne-Marie Le Sage Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyFri May 03, 2019 10:34 am


ნატა ვარადა nata varada პოემა "მერვე დღისა"

Published on Feb 23, 2019
აუდიო პოემა ჩაწერილია სტუდია "ხომლი"- ში
გაფორმება, ნახატის ავტორი_ ქრისტინე რობაქიძე
ავტორთან ერთად კითხულობენ მეგობარი პოეტები
https://www.facebook.com/Natuka.varad...
ფოტოს ავტორი_ Jon Iles
https://www.flickr.com/photos/joniles...
ნატა ვარადას პოემა "მერვე დღისა"

01 0:20 ვაზის ყვავილობა კითხულობს პოეტი რობერტ მესხი
02 1:33 ნატა ვარადას რელიეფი. ლურჯი
შაშვები კითხულობს პოეტი რობერტ მესხი
03 2:41 ლოცვა მეძავთათვის კითხულობს ავტორი ნატა ვარადა
04 4:54 ბოდბის ღვთისმშობლის კითხულობს ავტორი ნატა ვარადა
05 6:16 ვაზის სატირალო კითხულობს პოეტი რობერტ მესხი
06 8:14 სადიდო, დის სიმღერა კითხულობს პოეტი ნინო
სადღობელაშვილი
07 10:25 სტვირი, გადაფარვი ზონა, კითხულობს პოეტი ირმა ბერიძე
08 12:50 ადამიანეული კითხულობს პოეტი ბათუ
დანელია
09 14:12 რელიეფი, პიეტა კითხულობს პოეტი თორნიკე ჭელიძე
10 15:42 კუმურდოსფერი კითხულობ პოეტი თორნიკე ჭელიძე
11 18:06 დაუჯდომელი წმინდა ნატალიასი და ადრიანესი
კითხულობს პოეტი შალვა ბაკურაძე
12 28:53 რელიეფი, ზავი კითხულობს პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი
13 30:29 სახელი არ აქვს კითხულობს პოეტი ნიკა
ჩერქეზიშვილი
14 32:47 მესეიდუ კითხულობს პოეტი თორნიკე ჭელიძე
15 35:10 სიზმარი კითხულობს პოეტი ბათუ დანელია
16 36:42 წერილის ავტორი ნინია სადღობელაშვილი ნატა ვარადას
პოემა "მერვე დღისა"

Exclamation
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5167
Registration date : 09.11.08

ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა EmptyFri May 03, 2019 10:42 am

ნატა ვარადა Nata_v10

ნატა ვარადა

ოფოფ(ებ)ის გაცოცხლების საათი

ღამეს ალუბალი ძილში აუყვავდა,
ყვავები შეესიენ დასალიერს. დათბება უკვე.
ახალაშენებულ უნივერმაღის ვიტრინის მინას
თოხლო დისკო გაედღაბნა –
ერთად აწიკწიკებულ ათასობით კედლის საათის
სარქველი ათასფრად დაიფანტა იატაკზე.
სკოლის გაცდენა აღმოჩენად მივითვალე.
აქ დროები არეულია,
დედამიწის განედიც და ორი პოლუსიც,
ჰორიზონტი,
პოლარული ღამეებიც, ამ ოთხ კედელს შორის მოთავსდა.
არჩევანმა გვერდით ჩაიარა, ღარიბულ ქოხში დასახლდა.
ჰო, ჩვენ გვქონდა მრგვალი, ყვითელი
თუ კი გაქვს ერთი. რა საჭიროა,
მეორე თან ისიც კედელზე, ისიც გაკრული.
კლდე სიტყვების იქეთ დიდი ტრამალია,
გაბედავ, გახვალ, ივლი და ივლი,
თუ.
თეთრი მგელი თავის ლეკვებს არ ასეირნებს უმთვარო ღამეს,
ბუკნაჭოტი სულებს არ დასდევს ბინდის პირზე
მაშინ.
ისევე პირუკუ დგახარ,
დაგიღამდება.
არადანი ნიშნავს წაგებას.

ცოცხით მფრინავ კუდიან ბებერს,
რომელიც სულაც არ არის უშნო,
ის ბალახების ნახარშს იღებს ყოველ უზმოზე,
გაფუებულ ქალწულივით ტყის ბილიკებზე ფრთხილად მავალ
მონადირეს დაემგზავრება.
სულ არ ადარდებს, ტყის შუაგულში,
ქათმისფეხება მროკავი სახლი,
დღისით-მზისით თუ ცარიელია,
თოკზე ასხმულ სოკოების,
გასახმობ აბზინდა-ბალბების ჩარჩოებში –
სახლს სახლში,
ორგირჩიან ჯაჭვით დაბმულს
საკვამურში ოფოფი ჩაუსახლდა.

მულტ.ფილმში როლი მაქვს:
გზის გადაჭრა –
როგორც სამუზეუმო ექსპონატს,
ხელისგულ მოჩრდილული ვუთვალთვალებ.
უნივერმაღი ცოტა შორია, კარის ბებო კი გრძნობს,
როგორ მიყვარს ახალშენაძანი – თვალს იტყუებს, ყურსაც,
ენასაც.
ოფოფები მორიგეობით: – შენი არ ვართ, წადი აქედან,
შენი არ ვართ, წადი აქედან.
ეგ გუგულია, თან კერამიკა.
გირჩს თუ ჩამოწევ ზარი დარეკს, ეს ნიშნავს რომ წრე შეიკრა.
მრგვალმა ბურთმა ჰორიზონტზე გადაირბინა.

ჩავიბრუნე უკან სიტყვები,
გაზაფხული ჭალებიდან ამოდიოდა,
ჩუმ-ჩუმად და ფურუსულებით.

მზის შუაგულზე, ეზოს გადაღმა,
როცა უეცრად, შემოფრინდა ორი ყვითელი,
გახამებულ ბიბილოთი, გრძელ ნისკარტით,
ჩამბალ მიწიდან ჭიაღუების ამოკრეფა იწყეს მალიმალ.
კარგის ნიშანი არ უნდა იყოს – თქვა მოხუცმა.
სად იყო აბა, წმინდა ნინო,
წმინდა გიორგი,
ჩვენ ალუბლების აფეთქებაში ვხედავდით ხოლმე,
ან უცაბედად, გარეული ფრინველების შემოფრენაში,
განგების ნებას.

მოულოდნელად, გაუჩერდა
გირჩისფეხება საათი და რა არ იღონა,
ვერაფრით კი აამუშავა.
დიდი ხნის წინათ.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ნატა ვარადა Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა Empty

Back to top Go down
 
ნატა ვარადა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: